Professional Documents
Culture Documents
ცივილიზაცია ცნებებში
ცივილიზაცია ცნებებში
ცივილიზაცია ცნებებში
ლიბერალი
როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში s(w)e(dh) ფუძემ ორი განვითარება მიიღო: ერთის მხრივ,
თემი, საზოგადოება აღნიშნა (ბერძნული ethos, ლათინური sodalitas), მეორეს მხრივ კი -
„თავისუფლება“, ოღონდ ამ შემთხვევაში უფრო „არა-დაძაბულის“, „არა-შეკრულის“,
„მოდუნებულის“, „მოშვებულის“ მნიშვნელობით - როგორც თვისტომთა შორის შეიძლება
გრძნობდე თავს. ასე რომ, ამ ფუძის პირვანდელ მნიშვნელობასთან უფრო ახლოა
„თვისტომის", „თემის“ სემანტიკა, „თავისუფალი“ კი მხოლოდ მოგვიანებით ჩანს
განვითარებული.
დემოსი
უკეთ რომ გავიგოთ ამ სიტყვის მნიშვნელობა, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ δῆμος-სა და იგივე
ბერძნულ δαίμον-ს (დემონი, [რაღაცის] სული, [რაღაც „მიმართულების“] ღმერთი) საერთო
წარმომავლობა აქვს. მათივე მონათესავეა ინგლისური tid/tide (დინება, მიმოქცევა, ნაკადი,
მიმართულება). ამავე რიგს მიეკუთვნება პროტო-გერმანული *tidis- რომელმაც მოგვიანებით
მოგვცა გერმანული Zeit (დრო) და სხვა მრავალი პარალელური მნიშვნელობა დანიურ,
ფრანგულ, ისლანდიურ, შვედურ ენებში. ამიტომ, თუ დავუკვირდებით, მაშინვე გამოჩნდება,
რომ Δῆμος შემთხვევითი სიტყვა არ არის. მასში თემის, კომუნის უღრმესი შინაარსი ხმიანებს.
ერთი სიტყვით, δῆμος-ი თემს აღნიშნავდა, დემოკრატია კი თემის ძალაუფლებაა. „თემს რაც
სწადია, მას იზამს თავის თემობის წესითაო“, ვაჟა რომ ამბობს, სწორედ ეს არის დემოკრატია.
ჩვენ სულ გვაქვს ეს ცდუნება, რომ „რაც გვწადია ისა ვქნათ“, მაგრამ აღარ ვუყურებთ ხოლმე
იმას, თუ რამდენად ვრჩებით ამ დროს თემად. ერთი მიმართულების, „მეინსტრიმის“ გარეშე
თემი არ არსებობს.
როდესაც ცივი ომი დამთავრდა, მსოფლიოში გაჩნდა რწმენა, რომ გლობალური საფრთხეები
აღარ არსებობს; რომ გლობალური უსაფრთხოება ამიერიდან ხანგრძლივად იყო
გარანტირებული. ამ რწმენებმა სხვა შედეგებიც გამოიღო. მსოფლიოს ლიდერებმა ხელები
დაიკაპიწეს და „პოსტ-ისტორიული“ მსოფლიოს დალაგებას შეუდგნენ. ბუნებრივია,
დემოკრატიის გავრცელების გარდა სხვა მიზანი ამ „დალაგებას“ ვერ ექნებოდა. ძირითადი
მექანიზმი კი, როგორც მსოფლიოს წამყვანი დემოკრატოლოგები მაშინ ფიქრობდნენ,
არჩევნების კულტურის გავრცელება იყო.
მალე ბევრი მიხვდა, რომ ახალი დემოკრატიები საფრთხეს შეიცავდა. ისინი შიშით უყურებდნენ
ცენტრალური აზიის ზოგიერთ სახელმწიფოს, სადაც ამომრჩევლის აქტიურობა უკიდურესად
დაბალი იყო და ეს არ ხდებოდა არც მათი დაშინების, არც იმედის გაცრუების და არც
ამომრჩევლის გადაღლის და გამოფიტვის გამო. მოსახლეობას უბრალოდ არ აინტერესებდა
არჩევნები და თუ ვინმე მაინც მივიდოდა საარჩევნო ყუთთან, ხმას ვინმეს ხათრით ან რჩევით
უფრო მისცემდა, ან სულაც გაყიდიდა (რამე ხომ არ გვეცნობა). რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია
დიქტატურული რეჟიმების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს და მალე ზეცა მოიჭედა მათი
სახელობის ვარსკვლავებით.
„იდიოტები“
ანდრო ბარნოვი
14/02/2010