მედიაცია სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 11.03

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 15

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48,


31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი.“.

2. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:

„ი2) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან სამედიაციო


მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე;“.

3. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ა3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა3) ამ კოდექსის 1873 მუხლიდან გამომდინარე სარჩელებზე დავის საგნის ღირებულების 1%-
ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. თუ სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით
არ დასრულდა, საქმის წარმოების განახლებისას მოსარჩელე ვალდებულია დამატებით წარადგინოს
დავის საგნის ღირებულების 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი
ქვითრის დედანი;“;

ბ) „ა5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა6“ და „ა7 ქვეპუნქტები:

„ა6) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ


განცხადებაზე - 50 ლარს;

ა7) სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე - 150 ლარს;“.

4. 94-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სასამართლოში წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იმავე საქმეზე ან


მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.“.
5. 141-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მედიაციის პროცესის მონაწილეები - იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან


დაკავშირებით, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს
მედიაციის პროცესიდან.“.

6. 178-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მოსარჩელის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე.“.

7. 183-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“,
„ზ“, „კ“, „მ“ ან/და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები;“.

8. 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ ქვეპუნქტი:

„ბ3) არსებობს მხარეთა შორის მედიაციის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც მხარეები


თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, ამ
შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი
მიადგება;“.

9. 1871 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციას


დაქვემდებარებული საქმე შეიძლება გადაეცეს მედიატორს დავის მხარეთა შეთანხმებით
დასრულების მიზნით.“.

10. 1872 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1872. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოსაყენებელი


ნორმები

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოიყენება „მედიაციის


შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, ამ კოდექსის თავისებურებათა
გათვალისწინებით.“.
11. 1873 მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“-„გ5“ ქვეპუნქტები:

„გ1) შრომითსამართლებრივ დავებზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით


„საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული კოლექტიური დავისა;

გ2) საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებზე;

გ3) ქონებრივ დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 20000 ლარს;

გ4) საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანოებისა და არასაბანკო საკრედიტო


დაწესებულებების მიერ დადებული სესხის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული
სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება
10000 ლარს;

გ5) არაქონებრივ დავებზე;“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ5“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში


მოსამართლე წინასწარ აფასებს საქმის გარემოებებს და მხარეთა თანხმობის გარეშე იღებს
გადაწყვეტილებას მხარეთა შეთანხმების მიზნით დავის მედიატორისათვის გადაცემის შესახებ.“.

12. 1877 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1877. სასამართლო მედიაციის პროცესის დასრულება

1. სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილ ვადაში დავის მხარეთა შეთანხმებით


დასრულების შემთხვევაში სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი გადაწყდება ამ კოდექსის
XLIV13 თავის შესაბამისად.
2. თუ სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილ ვადაში დავა მხარეთა შეთანხმებით
არ დასრულდა, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების
მოთხოვნით.“.

13. 1878 და 1879 მუხლები ამოღებულ იქნეს.

14. 199-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა


იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში,
ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 36330 მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის
სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი,
რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.“.
15. 201-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მოპასუხის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე.“.

16. 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები:

„11. თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მოსარჩელემ ან/და მოპასუხემ
უარი თქვა დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, მოსამზადებელ სხდომაზე, ან
მხარეებთან სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის დროს მოსამართლე ვალდებულია
გამოარკვიოს ასეთი უარის მიზეზები და განუმარტოს მხარეს/მხარეებს დავის სასამართლო
მედიაციის გზით განხილვის დადებითი მხარეები და მისი სამართლებრივი შედეგები.

12. თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მხარეებმა თანხმობა
განაცხადეს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, საქმე დაუყოვნებლივ გადაეცემა
მედიატორს „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი
წესით.“.

17. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) მხარეთა შორის შედგა სამედიაციო მორიგება;“.

18. 279-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თუ ამ კოდექსის 1873 მუხლის საფუძველზე დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულების


მიზნით გადაეცა მედიატორს სასამართლოს მიერ, ან საქმის წარმოების დაწყების შემდეგ მხარეებმა
დავა გადასცეს მედიატორს, ან არსებობს მხარეთა შორის მედიაციის თაობაზე შეთანხმება,
რომლითაც მხარეები თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან
გარემოების დადგომამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ
სასამართლო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.“.

19. 281-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მედიაციის


დასრულებამდე.”.
20. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე6 კარი:

„კარი მეშვიდე6
სასამართლოს მონაწილეობა სამედიაციო მორიგების აღსრულებაში

თავი XLIV13
სამედიაციო მორიგების აღსრულება

მუხლი 36330. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ

1. მხარე უფლებამოსილია სასამართლო ან კერძო მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის


მიმდინარეობის პროცესში განცხადებით მიმართოს სასამართლოს სამედიაციო მორიგების
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2. თუ სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ
განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი
პირი არ მიმართავს სასამართლო ან კერძო მედიაციას და არ წარუდგენს სასამართლოს ამის
დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ან თუ მედიაციის დასრულებიდან, რაც უნდა
დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით, 10 დღის ვადაში მხარე არ წარადგენს სარჩელს/არ
მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარის
შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების
შესახებ.
3. მედიაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის სარჩელით/საქმის
წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გამოყენებული
სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიება გარდაიქმნება სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებად.
4. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის
XXIII თავით დადგენილი წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.

მუხლი 36331. სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვა

1. ერთ-ერთი ან ორივე მხარის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია


განიხილოს მედიაციის შედეგად მიღწეული სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი.
2. თუ სამედიაციო მორიგება მიღწეულ იქნა სასამართლო მედიაციის შედეგად, მისი
აღსრულების საკითხს განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს ის სასამართლო,
რომლის მიერაც, დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით, საქმე გადაეცა მედიატორს,
ხოლო თუ სამედიაციო მორიგება მიღწეულ იქნა კერძო მედიაციის შედეგად - რაიონული
(საქალაქო) სასამართლო განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს სამედიაციო მორიგების აღსრულების
მოთხოვნით, უნდა წარადგინოს სამედიაციო მორიგების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული
ასლი, თუ სამედიაციო მორიგება მიღწეულ იქნა სასამართლო მედიაციის შედეგად, ხოლო თუ
სამედიაციო მორიგება მიღწეულ იქნა კერძო მედიაციის შედეგად, ასევე - მედიაციის თაობაზე
მხარეთა შეთანხმება.
4. თუ სამედიაციო მორიგება მიღწეულ იქნა სასამართლო მედიაციის შედეგად, მის
აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს
შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს უწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას.
ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ
მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და
გადაწყვეტას.
5. კერძო მედიაციის შედეგად მიღწეული სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი
განიხილება ზეპირი მოსმენით, ორივე მხარის მონაწილეობით.

მუხლი 36332. უარი სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე

სასამართლო უარს იტყვის სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე თუ სამედიაციო მორიგების


შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოში არსებულ საჯარო
წესრიგს, ან თუ, მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია.

მუხლი 36333. განჩინება სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან დაკავშირებით

1. სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების


ფორმით. მხარეს განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.
2. სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება
გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
3. სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ
საჩივრდება.
4. სამედიაციო მორიგება, რომელიც დამტკიცებულია საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ
როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, აღსრულდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა
და აღსრულებისათვის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.”.

21. 368-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის
გზით განხილვა.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის


შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება
ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ და „ზ“-„ი“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით
გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ
სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების
განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი


განმარტებითი ბარათი

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“


საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

საქართველოს საერთო სასამართლოებში ბოლო წლებში არსებული მდგომარეობა ცხადყოფს,


რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ცდილობს, სამოქალაქო/სამეწარმეო
კანონმდებლობიდან გამომდინარე ნებისმიერი სადავო საკითხი სასამართლოსთვის მიმართვის
გზით გადაწყვიტოს, რის შედეგადაც სასამართლო სისტემა გადატვირთულია; ეს კი, თავის მხრივ,
სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. გადატვირთულობის გამო საქმის
კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულება, პრაქტიკულად, ვერ ხერხდება, საქმეთა
განხილვა ჭიანურდება, მოსამართლეთა დატვირთულობა მკვეთრად იზრდება და საფრთხე ექმნება
მხარეთა უფლებების დაცვასა და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასამართლოს განტვირთვის ერთ-ერთ ეფექტიან გზად მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და
გაძლიერება მიიჩნევა. მედიაციის პროცესში სათანადოდ მომზადებული, მიუკერძოებელი მესამე
პირი ეხმარება მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და
ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და
ეფექტიანად მოგვარებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ მედიაციის მიზანი არ არის და არც შეიძლება იყოს დავის გადაწყვეტის
ტრადიციული საშუალების (სასამართლოს) ან თუნდაც, არბიტრაჟის ჩანაცვლება. განვითარებული
მედიაციის მიზანია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ხელშეწყობა,
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაზრდა და სასამართლოს
მაქსიმალურად განტვირთვა ისეთი დავებისაგან, რომლებსაც აქვთ ურთიერთშეთანხმებით
დასრულების პერსპექტივა. ამასთან, მედიაციის მოქნილი მექანიზმი იძლევა ამ უკანასკნელის
დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებთან (სასამართლო, არბიტრაჟი) კომბინირებულად
გამოყენების შესაძლებლობას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მედიაციის როლსა და
მნიშვნელობას საერთო მიზნის მისაღწევად.

ამჟამად მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ


მედიაციისათვის მიმართვის შესაძლებლობას, თუმცა, ამ შესაძლებლობით სარგებლობა არცთუ ისე
ხშირად ხდება, რის განმაპირობებელ ძირითად ფაქტორადაც მედიაციის არაპოპულარობა და მის
მიმართ უნდობლობა შეიძლება ჩაითვალოს, რაც, ნაწილობრივ, ამ სფეროს საკანონმდებლო
რეგლამენტაციის დაბალი დონითაც არის განპირობებული. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქმედი
კანონმდებლობა მედიაციის ნაწილში მთელ რიგ ხარვეზებს შეიცავს და ამ სასარგებლო
ინსტიტუტის ეფექტურად გამოყენების საშუალებას არ იძლევა. ამდენად, საკანონმდებლო ბაზის
სიმწირე, ისევე, როგორც მედიაციის შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა,
მედიაციის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისათვის სათანადო ინსტიტუციური დასაყრდენის
არარსებობა, მედიატორთა კადრების ნაკლებობა და სხვა ფაქტორები ერთობლიობაში
მნიშვნელოვნად აფერხებს ამ ინსტიტუტის განვითარებას.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

ზემოაღნიშნული ვითარების ხელშესახებად შესაცვლელად საჭიროა ამ სფეროში


კომპლექსური საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება. სწორედ ამ მიზნით
შემუშავდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი, რომელიც, დავის
ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის
მიზნით, განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული
გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, მედიატორის უფლებამოსილებებსა და
მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. აღნიშნული კანონპროექტის შინაარსი
წარმოშობს მასთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისობაში
მოყვანის აუცილებლობას, განსაკუთრებით, იმ ნაწილში, რომელიც სასამართლო მედიაციის
წარმოების პროცესუალურ საკითხებს შეეხება (თავი XXI1).

გარდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან სამოქალაქო საპროცესო


კოდექსის შესაბამისობის უზრუნველყოფისა, ამ უკანასკნელში შესატანი ცვლილებები
თვითმყოფადი ხასიათის მატარებელია, შეიცავს მთელ რიგ სიახლეებს და ითვალისწინებს
მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით მოსამართლის როლის გაზრდას, მედიაციის შედეგად
მიღწეული შეთანხმების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას, მათ შორის, სამედიაციო
მორიგების უზრუნველყოფის პროცესუალური ინსტრუმენტების გაძლიერებას, მხარეთა
თანხმობით, საქმის წარმოების პირველივე საფეხურზე საქმის მედიაციისათვის გადაცემას და სხვ.

სასამართლოს მართლაც შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მედიაციის


განვითარების პროცესში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებაში
მხარეთა წახალისების გზით. მხარეთა მიერ დავის მედიაციის გზით მოგვარების შესახებ პირველ
ეტაპზე უარყოფითი პოზიციის გამოხატვის შემთხვევაშიც კი მოსამართლის ხელში რჩება საიმისო
ბერკეტები, რომ მხარეებთან კომუნიკაციის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული
სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით მოსამართლემ რეალურად გამოარკვიოს წინასწარ
გაცხადებული უარის მიზეზები (მათ შორის, ის, თუ რამდენად გააზრებული ჰქონდათ მხარეებს
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებაზე უარი) და განუმარტოს მათ
მედიაციის დადებითი ასპექტები, მისი უპირატესობები და მედიაციის წარმატებით დასრულების
სამართლებრივი შედეგები.

მედიაციის გამართულად ფუნქციონირება გარკვეულწილად მედიაციის შედეგად მიღწეული


მორიგების აღსრულების წესებზეც არის დამოკიდებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხს მხოლოდ ნაწილობრივ
აწესრიგებს. საპროცესო კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა, ერთი მხრივ, უნდა
გაითვალისწინოს სამედიაციო მორიგების აღსრულების ქმედითი მექანიზმი, ხოლო, მეორე მხრივ,
მოაწესრიგოს სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხი,
რათა მხარეს შეექმნას დამატებითი გარანტია და გაუჩნდეს იმის განცდა, რომ დავის
ალტერნატიული საშუალებით გადაწყვეტის შედეგად მიღწეული მორიგება აღუსრულებელი არ
დარჩება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღებით დაგეგმილია მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და


პოპულარიზაციის გზით დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარებისა და
სასამართლოების გადატვირთულობის თავიდან აცილების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით
არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით სახელმწიფო
კიდევ ერთხელ დაადასტურებს მედიაციის განვითარების მხარდაჭერისათვის მზადყოფნას.
საკანონმდებლო პაკეტით, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, მედიაციის პროცესში უნდა დამკვიდრდეს
თანამდროვე სტანდარტები, დაინერგოს მედიაციის ინსტიტუციონალიზაციის ყველაზე მეტად
მისაღები მოდელი და ბიძგი მიეცეს მედიაციის შეუფერხებელ განვითარებას. რაც შეეხება
უშუალოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს, მათი მიზანია სასამართლო
მედიაციის პროცესში „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა ეფექტიანი
იმპლემენტაცია, სამედიაციო მორიგების აღსრულების კონკრეტული მექანიზმების შეთავაზების
ჩათვლით.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია შეიცავს ბუნდოვან ფორმულირებებს


დავის მედიაციისთვის გადაცემის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ,
კოდექსი ადგენს, რომ მედიაციისთვის საქმის გადაცემის შემთხვევაში პროცესის მიმდინარეობა
შეჩერდება, მეორე მხრივ კი შეიცავს ნორმას, რომლის თანახმად, თუ მედიაციის პროცესში დავა
მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, ხდება არა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა, არამედ
- მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენა საერთო წესების დაცვით. კოდექსის 39-ე მუხლის „ა3“
ქვეპუნქტში შესატანი ცვლილებით ეს ხარვეზი სწორდება და მითითება კეთდება მხარეთა
შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებაზე.

კანონპროექტით ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთა მოწმედ დაკითხვაც არ შეიძლება.


სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ
მედიატორის მიმართ ადგენდა მოწმედ დაკითხვის დაუშვებლობას, 141-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის
ახალი რედაქციით მოწმედ დაკითხვასთან დაკავშირებული რეგულაციები გავრცელდება
მედიაციის პროცესის ყველა მონაწილის მიმართ - იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან
დაკავშირებით, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს
მედიაციის პროცესიდან.

კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სასამართლოს როლის გაზრდა


მედიაციის პოპულარიზაციის პროცესში. ამ მიზნით, იგეგმება ცვლილების განხორციელება
სარჩელის, შესაგებლისა და სააპელაციო საჩივრის ფორმებში და მათ დაემატება ცალკე გრაფა დავის
სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე მხარის პოზიციის დასაფიქსირებლად. მხარის
მიერ სარჩელის/შესაგებლის წარდგენის დროს დავის მედიაციის გზით მოგვარების შესახებ
უარყოფითი პოზიციის გამოხატვის შემთხვევაშიც კი მოსამართლე ვალდებულია მიმართოს
შესაბამის მხარესთან/მხარეებთან კომუნიკაციის მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და
განუმარტოს მათ მედიაციის უპირატესობები და მისი სამართლებრივი შედეგები. ამასთან, თუ
მხარეები სარჩელის/შესაგებლის წარდგენის ეტაპზე თანახმა არიან დავის მედიაციის გზით
გადაწყვეტაზე, საქმე შემდგომი შეფერხების გარეშე, დაუყოვნებლივ გადაეცემა კანონით
დადგენილი წესით შერჩეულ მედიატორს.

სამედიაციო შეთანხმების მნიშვნელობის ხაზგასასმელად, კოდექსის 186-ე მუხლს ემატება „ბ3“


ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს, რომ მხარეთა შორის მედიაციის თაობაზე შეთანხმების არსებობისას,
რომლითაც მხარეები თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან
გარემოების დადგომამდე,მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს ამავე შეთანხმებით
გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის შემთხვევა,
როდესაც მოსარჩელე დაადასტურებს, რომ საქმის სასამართლო განხილვის გარეშე მას
გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი ფართოვდება და მას


ემატება შემდეგი სახის დავები:

- შრომითსამართლებრივი დავები, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს


შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული კოლექტიური დავისა;

- საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები;

- ქონებრივი დავები, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 20000 ლარს;

- საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანოებისა და არასაბანკო საკრედიტო


დაწესებულებების მიერ დადებული სესხის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული
სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება
10000 ლარს;

- არაქონებრივი დავები.

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავების არსებობისას მოსამართლე თავიდანვე


შეაფასებს საქმის გარემოებებს და მხარეთა თანხმობის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას დავის
მედიატორისათვის გადაცემის შესახებ.

კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა 36330 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს


მხარის შესაძლებლობას, სასამართლო ან კერძო მედიაციის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობის
პროცესში მიმართოს სასამართლოს სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების
გამოყენების მოთხოვნით. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიებათა ბოროტად გამოყენების
თავიდან აცილების მიზნით, თუ სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების
გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფის შესახებ
განცხადების შემტანი პირი არ მიმართავს სასამართლო ან კერძო მედიაციას და არ წარუდგენს
სასამართლოს ამის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ან თუ მედიაციის დასრულებიდან,
რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით, 10 დღის ვადაში მხარე არ წარადგენს
სარჩელს/არ მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარის
შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების
შესახებ; იმ შემთხვევაში, როდესაც მედიაციის დასრულებიდან კანონით დადგენილ ვადაში
მოხდება სასამართლოსთვის სარჩელით/საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართვა,
სასამართლოს მიერ გამოყენებული სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარდაიქმნება.
ცვლილებების პროექტი სამედიაციო მორიგების აღსრულების მექანიზმსაც შეიცავს.
აღსრულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მხარეთა შეთანხმებით სასამართლო მედიაციის
შედეგად მიღწეული სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის სასამართლო წესით განხილვა
და ამ საკითხზე მიღებულ განჩინებასთან ერთად სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ამავე წესით
აღსრულდება კერძო მედიაციის გზით მიღწეული შეთანხმებაც. ამ მიზნით, კანონპროექტში
მოცემულია სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განიხილვის
წესი და პროცედურა.

სასამართლო უფლებამოსილი იქნება უარიც თქვას სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე.


პროექტით წარმოდგენილი კოდექსის 36332 მუხლის თანახმად, სასამართლო უარს იტყვის
აღსრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ: 1) სამედიაციო მორიგების შინაარსი ეწინააღმდეგება
საქართველოს კანონმდებლობას ან საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს, ან 2) თუ მორიგების
შინაარსიდან გამოდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია.

კანონპროექტით წესრიგდება მედიაციასთან დაკავშირებული სხვა პროცესუალური


საკითხებიც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის „სასამართლო მეციაციის“ თავიდან (თავი
XXI1) ამოღებულია ის ცალკეული ნორმები, რომელთა კონცეპტუალური მოწესრიგებაც „მედიაციის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით არის გათვალისწინებული.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ


სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის


უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან, რაც


განპირობებულია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის
თარიღით.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ


ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,


ვინაიდან სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ
განცხადებასა და სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე წესდება სახელმწიფო
ბაჟი (50 ლარი; 150 ლარი).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის


ცვლილებებს.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური


ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც


ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

დაინტერსებული მხარის მიერ სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების


გამოყენების შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს,
ხოლო სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე - 150 ლარს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის


ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის დადგენას სამედიაციო მორიგების


უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე 50 ლარის, ხოლო სამედიაციო
მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე - 150 ლარის ოდენობით.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან


დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს


წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან


და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ


ხელშეკრულებებს.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების


ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და
ასოცირების 2014-2016 წლების დღის წესრიგი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოს
ვალდებულებას, განავითაროს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, განსაკუთრებით
კი მედიაცია და არბიტრაჟი და შექმნას მათი გამოყენებისათვის ხელსაყრელი პირობები („Develop
alternative means of dispute settlement (mediation, arbitration)“). ანალოგიურ ვალდებულებაზე
საუბრობს 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგიც („Introduce fair and efficient, and more
widely used, alternative means of dispute settlement“). შემოთავაზებული საკანონმდებლო
ცვლილებებით სახელმწიფო კიდევ ერთხელ დაადასტურებს მზადყოფნას მედიაციის
განვითარების მხარდასაჭერად.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,


ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტი შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ 2017 წელს, კერძო სამართლის


რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით,
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში
შექმნილი სამუშაო ჯგუფის, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების - USAID-PROLoG-ისა და GIZ-ის
მხარდაჭერით.

კანონპროექტის მომზადების პროცესში გაიმართა კონსულტაციები საქართველოს ადვოკატთა


ასოციაციას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციას,
საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციას, აგრეთვე მედიაციის სფეროში მოქმედი სხვა
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და


ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის


სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით


გამოყენებულ იქნა საერთაშორისო იურიდიული ფირმა „Linklaters“-ის მიერ მომზადებული
დოკუმენტი - „კომერციული მედიაცია“ (შედარებითი ანალიზი)1, რომელიც იკვლევს 20-ზე მეტ
ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში,
იაპონიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში არსებულ მოდელებს - მედიაციის ფუნქციონირების

1https://www.linklaters.com/en/insights/thought-leadership/commercial-mediation-a-comparative-
review/commercial-mediation---a-comparative-review
ინსტიტუციონალურ ჩარჩოს, მედიაციის მიმდინარეობის პროცესუალურ მხარეს და მასთან
დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

You might also like