Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

IX კვირა

ქვის თაღოვანი ხიდები და ძველი გზები

საქართველოს მთიანმა რელიეფმა ხიდების მშენებლობის ხერხი განსაზღვრა. მათთვის


ირჩევდნენ ვიწრო და ადვილად მისადგომ ადგილებს. ძველი ქვის თაღოვანი ხიდების
უმთავრესი ნაწილია თაღი (მალი). ხიდების მშენებელ ოსტატებს სწრაფი დინების გამო შუა
მდინარეში ბურჯის მოწყობისათვის დიდი სიძნელეები ექმნებო–დათ. ამიტომ ისინი
ცდილობდნენ გადასასვლელები ერთი მალით (თაღით) აეგოთ. ხიდების ზომა და სიგანე,
ტრანსპორტის ხასიათზე იყო დამოკიდებული. ზოგჯერ მათი სიგანე ერთი ქართული ურმის
გავლის ზოლს უტოლდებოდა. იქ სადაც ურმის მოძრაობა შეუძლებელი იყო, აშენებდნენ
შედარებით ვიწრო ხიდებს ქვეითთათვის და საპალნიანი საქონლისათვის. დიდი ხიდების
მშენებლობის დამკვეთები, ძირითადად, მეფეები და ადგილობრივი ფეოდალები იყვნენ. ხშირ
შემთხვევაში ხიდებს სატრანსპ–ორტოსთან ერთად მშენებელთა შემოსავლის წყაროს
დანიშნულებაც ჰქონდათ. დაწესებული იყო სპეციალური ,,სახიდო გადასახადი’’.
საქართველოში ყველა დიდი ხიდი იმ ფეოდალთა გამგებლობაში იყო, რომელთა
სამფლობელოს ტერიტორიაზეც იყო ისინი აგებული. ხიდების მფლობელები გამვლელებს
განსაკუთრებით ვაჭრებს, თავიანთ სასარგებლოდ ახდევინებდნენ გადასახადებს.

აჭარაში ქვის თაღოვანი ხიდების რაოდენობა ბოლო დრომდე ზუსტად ცნობილი არ იყო.
სხვადასხვა ავტორი ხიდების განსხვავებულ რიცხვს ასახელებს. დღეისათვის სულ 35-მდე
ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, თხუთმეტამდე ხიდი კი შედარებით
კარგადაა დაცული. ისინი ძირითადად ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა განლაგებული და
ერთმანეთთან აკავშირებდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ძველ
გზებს. თაღოვანი ხიდების დიდი ნაწილი აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-
ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.

ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლობის ხელოვნება რომის იმპერიიდან მომდინარეობს და


ფაქტიურად, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე აგრძელებენ არსებობას მე-20 საუკუნემდე.
მთავარი პრინციპი ხიდის აგებისას არის მტკიცე კონსტრუქციის შექმნა, რომელიც გაუძლებს
დიდი რაოდენობის სიმძიმის ატანას. ხიდი ყოველთვის ეყრდნობოდა ორ ბურჯს. თაღს (მალს)
რომ სიმძიმისა და დატვირ–თვისათვის გაეძლო, იგი ამოჰყავდათ დიდი და მცირე ზომის
ქვების მონაცვლეობით, რომლებიც ერთმანეთთან კირხსნარით მჭიდროდ იყვნენ
შეკავშირებული. თაღის ამოყვანის დროს იქმნებოდა ბურჯებს შორის სპეციალური ხის
პლათფორმა. თაღის საბოლოო ფორმირება ხდებოდა ცენტრალურ ნაწილში ჩამკეტი ქვის
ჩასმით. ხიდის დასრულების შემდეგ ხის კონსტრუქცია მთლიანად იხსნებოდა.

ხიდების მშენებლობა აჭარაში IX-X სს-დან უნდა დაწყებულიყო, ამ დროისათვის იგი


ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი საერისთავოა და უშუალოდ მონაწილეობს იმ ისტორიულ
პროცესებში, რაც მიმდინარეობდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რეგიონებში და, კერძოდ,
არტანუჯში. არტანუჯი განსაკუთრებით დაწინაურდა ტაო-კლარჯეთის სამთავროს შექმნის
დროს. მის შესახებ ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი (912-959წწ) წერდა:
,,არტანუჯის ციხე ძალიან მტკიცეა და აქვს დიდი ,,რაბათიც’’ და დაბა-ქალაქიც. იქ მოდის
საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთისა, არმენიის და სირიის ყველა ქვეყნიდან. ამ
საქონლებიდან მას უამრავი ბაჟი შემოდის. არტანუჯის ციხის მიწა-წყალი დიდია და
ნაყოფიერი და წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს’’. ამ გასაღებს
ხიხანის, ციხისჯუარის და აწყუერის ციხეების ტერიტორიებთან ერთად საკმაოდ დიდი ხნის
მანძილზე აჭარის ერისთავთ-ერისთავები ფლობდნენ. ბუნებრივია, აჭარა, როგორც ტაო-
კლარჯეთის შემადგენელი ნაწილი, ჩართულია ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი
ნაწარმის რეალიზაცია თუ იმპორტი. აჭარაში არსებული ხიდების დიდი უმრავლესობაც
სწორედ იმ გზებზეა განლაგებული, რომელიც ისტორიული სამცხე-ჯავახეთისა და
განსაკუთრებით კი შავშეთის, იმიერხევისა თუ არტანუჯისაკენ მიემართებოდა. ასეთივე
სიტუაციაა ლაზეთის ტერიტორიაზეც. აქ არსებული ხიდების უმრავლესობაც სწორედ იმ
გზებზეა განლაგებული, რომლებიც ზღვისპირა ზოლს ფორტუნას, ხოფას თუ სხვა ხეობებით
აკავშირებდა არტანუჯთან, ტაოსთან, ისპირთან, ერზრუმთან თუ სხვა რეგიონებთან. უფრო
მეტიც, IX-X სს-ში თბილისი-ბიზანტიის გზამაც კი შეიცვალა მარშრუტი და გაძლიერდა ის
ტრასა, რომელიც გაივლიდა არტანუჯზე და შავიზღვისპირეთს აკავშირებდა თბილისთან. ასე,
რომ ამ პერიოდში, არამარტო აჭარაში, არამედ საქართველოში გამავალი გზების უმრავლესობაც
სამხრეთით, ტაო-კლარჯეთისაკენ და განსაკუთრებით კი, არტანუჯისაკენ მიემართება.
ვაჭრობის განვითარება კი მოითხოვდა, როგორც შიგა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი
გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ,,ქართველთა სამეფოს’’ მესვეურთ და, როგორც ჩანს,
დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების შესაკეთებლად, ახლის გასაყვანად, ხიდებისა და ფუნდუკ-
ქარვასლების ასაშენებლად. წერილობით წყაროების, არქიტექტურული მონაცემებისა და
ეპიგრაფიკულ წარწერების მიხედვით ინტენსიური მშენებლობის ხანა IX ს-დან იწყება, აშოტ
კურაპალატისა და მისი მემკვიდრეების დროს. როგორც აჭარაში, ისე ტაო-კლარჯეთსა და სხვა
მომიჯნავე რეგიონებში არსებული ხიდების უმრავლესობაც სწორედ ამ პერიოდში IX-X სს უნდა
აშენებულიყო. თუმცა ხიდების აგება მოგვიანო პერიოდშიც XI-XIII სს-შიც არ შეჩერებულა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხიდები.

ბასრიმელის ხიდი. მდებარეობს მდ. კინტრიშზე, სოფ. ტყემაკარავსა და ვარჯანაულს


შორის. ხიდი წრიული ფორმისაა. აგებულია მდინარის კლდოვან ნაპირებს შორის.

ცხემვანის ხიდი. მდებარეობს კინტრიშის ხეობაში. ხიდს მარცხენა ბურჯი ქვით აქვს
ამოშენებული, მარჯვენა კი ბუნებრივ კლდეს ებჯინება. ხიდის სიგრძე 20 მ-ია.

ვარჯანაულის ხიდი. მდებარეობს მდ. კინტრიშის ხეობაში. იგი საკმაოდ დიდი, ფართო და
მაღალია. აქვს ნახევარწრიული მოხაზულობა. 2008 წელს ხიდს ჩაუტარდა საკონსერვაციო
სამუშაოები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხიდები.

მახოს ხიდი. ხიდი აგებულია მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკად მახოსწყალზე, სოფ. მახოსთან.
ხიდის სიგრძეა 15,8 მ.

ცხემლარას ხიდი. მდებარეობს მდინარე მაჭახელაზე, ამ ხიდით სარგებლობდა მოსახლეობა


XX საუკუნის 60-იან წლებში ახალი სამანქანე ხიდის აშენებამდე. ხიდის სიგრძე 19,6 მ-ია. ხიდი
საკმაოდ ვიწროა და განკუთვნილი იყო ფეხით მოგზაურთათვის. 2008 წელს ხიდს
სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

ქოქოლეთის (ჩომახურისის) თაღოვანი ხიდი. მდებარეობს ქოქოლეთის წყალზე. ხიდი XVIII


საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს.

ორთაბათუმის ხიდი. მდებარეობს ყოროლისწყალზე ამავე დასახელების სოფე–ლში. ის


აგებულია XVIII საუკუნის ბოლოს. XX საუკუნის 60-იან წლებში ჩაუტარდა სარემონტო-
გამაგრებითი სამუშაოები. ხიდი დღესაც ინარჩუნებს თავის პირვანდელ ფუნქციას,
მოასფალტებულია და გამოიყენება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე სამანქანედ.

ჩხერის თაღოვანი ხიდი. მდებარეობს სოფ. ზედა ჩხუტუნეთში (კახიეთში). იგი გადებულია
მდინარე ჩხერისწყალზე, რომელიც მდინარე მაჭახელას ერთვის მარცხენა მხრიდან.
ზვარიას ხიდი. მდებარეობს საფუტკრეთში, ამავე სახელწოდების ღელეზე, რომელიც
მდინარე მაჭახელას მარცხნიდან ჩაერთვის. ეს ხიდი ამჟამად სამანქანე ხიდის ქვეშაა,
უკანასკნელ დრომდე ხიდი სრულად ყოფილა მოღწეული, მაგრამ მდინარის დინამიური
დატვირთვისაგან მნიშვნელოვნად დაზიანებულა.

მირვეთის ხიდი. მდებარეობს სოფ. მირვეთში. ხიდი აშენებულია ჭოროხის წყლის მარჯვენა
შენაკადზე XIII საუკუნეში.

ქედის მუნიციპალიტეტის ხიდები

დანდალოს ხიდი. მდებარეობს ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მახლობლად. ხიდის


ბურჯები კლდეზეა აღმართული. გეგმის თავისებურების გამო (ლათინური ასო S-ის ფორმა),
ამგვარი ხიდების აშენება სამშენებლო ტექნიკის თვალ–საზრისით, უფრო რთულია, რადგან
დატვირთვები მთელ ფართობზე არათანაბრად ნაწილდება. დანდალოს ქვის თაღიანი ხიდი
მდებარეობის გამო მრავალი ავტორის ყურადღების საგანი გახდა. ყოველი მათგანი
გაკვირვებულია ხიდის სილამაზით, პროპორციებით, მსუბუქი კონსტრუქციებით და
სიმტკიცით.

მახუნცეთის ხიდი. მდებარეობს ბათუმი-ხულოს ცენტრალური ტრასასთან ახლოს. ხიდი


საკმაოდ დიდი ზომისაა. იგი ოდნავ შეისრულია, ეყრდნობა ბუნებრივი კლდის ბურჯებს,
რომელთა სიმაღლეები განსხვავებულია. 2008 წელს განხორციელდა ხიდის სრულყოფილი
საკონსერვაციო სამუშაოები.

მიწის ხიდი. აგებულია აგარისწყლის მარჯვენა შენაკადზე, მდ. ჭანჭახათზე, ქედის


მუნიციპალიტეტის სოფ საღორეთის ტერიტორიაზე.

წონიარისის ხიდი. მდებარეობს სოფ. წონიარისში, ზერაბოსელ-წონიარისის გზაზე. ხიდი


მდინარის თითქმის ყველაზე ვიწრო მონაკვეთშია განთავსებული. იგი 2007 წლის აპრილში
ჩამოინგრა. შემორჩა მხოლოდ ხიდის ბურჯები. ჩამონგრევამდე ხიდი ნახევარწრიული
მოხაზულობისა იყო.

შუახევის მუნიციპალიტეტის ხიდები.

ფურტიოს ხიდი. მდებარეობს ამავე დასახელების სოფლისა და სხალთისწყლის ხეობის


დასაწყისში. ხიდი სხალთისწყლის ხეობის ძველ გზებს აჭარისწყლის ხეობაში გამავალ
ცენტრალურ ტრასასთან აკავშირებდა. ფურტიოს ხიდზე გავლით სხალთის ხეობიდან
ზღვისპირეთისაკენ (ბათუმისაკენ) მიემართებოდა უმოკლესი საქარავნო გზა, რომელიც
არტაანიდან და ახალციხიდან მოემართებოდა.

ჭვანის ხიდი. აგებულია ბარათაულის წყალზე, რომელიც სოფ. ჭვანასთან ერთვის


ჭვანისწყალს. მას ვარჯანაულის ხიდსაც უწოდებენ. იგი სელიმ ხიმშიაშვილის მეუღლეს ელმას
სურმანიძე-ხიმშიაშვილისას აუგია 1780 წელს თავისი მზითევის ხარჯით. ელმასი წარმოშობით
აქაური იყო, სოფელ ჭალიდან. ასეთი ტიპის ნაგებობა ხეობაზე გამავალი გზის მნიშვნელობაზე
მიუთითებს. ხიდი ყურადღებას იქცევს თაღის ქვების ნახევარწრიული, შესანიშნავი
პროპორციულობის მქონე წყობით. ადგილი აქვს განიერი და ვიწრო პარალელური რიგების
მონაცვლეობას. ასეთი წყობა ქვებისა აჭარის არც ერთ სხვა ხიდზე არ გვხვდება. მისი
საშუალებით ხუროთმოძღვა–რმა შედარებით უფრო მოხდენილი, ლამაზი ნაგებობა მიიღო.

ხულოს მუნციპალიტეტის ხიდები.

უჩხოს ხიდი. მდებარეობს დაბა ხულოდან 7 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან


900 მეტრის სიმაღლეზე, სოფელ უჩხოში. თარირდება XI-XIII სს-ით. იგი ერთმანეთთან
აკავშირებს სოფელ უჩხოს ხევის ორ ნაპირს. გადმოცემის თანახმად, ხიდი აგებულია თამარ
მეფის მმართველობის პერიოდში გურია-აჭარის სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელ
უმოკლეს საქარავნე გზაზე. 2005 წელს ხიდს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ,
ხიდის სარტყლის გასამაგრებლად ქვემოდან გაკეთდა სპეციალური სარტყელი და დაისხა
ბეტონი, რომელმაც ხიდს დაუკარგა პირვანდელი სახე.

ხაბელაშვილების ხის კოჭოვანი ხიდი. ქვის თაღოვანი ხიდების გარდა აჭარაში აშენებდნენ
ხის ხიდებსაც. ხის ხიდებიდან ჩვენამდე კარგადაა მოღწეული შუახევის მუნიციპალიტეტის
სოფ. ხაბელაშვილებში მდებარე ხის კოჭოვანი ხიდი. იგი აუშენებია გვარად ბერიძეს,
ხაბელაშვილების მკვიდრს. ხიდი სიგრძით 26 მეტრს აღწევს და დაახლოებით სამი საუკუნისაა.
ოსტატს იგი სოფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუგია, თუმცა არსებობს მოსაზრებაც,
რომ ხიდს წარსულში სატრანზიტო მნიშვნელობა ჰქონდა და შუახევის მუნიციპალი–ტეტის
ჭვანისწყლის ხეობის სოფლების ბრილის, ზემოხევისა და ბარათაულის დამაკავშირებელი
გზა იყო, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ხულოს მუნიციპალი–ტეტთან დამაკავშირებელ
გზას. ხაბელაშვილების ხიდი თავისი ავთენტურობით, მშენებლობისას გამოყენებული
ელემენტებითა და გადახურვით უნიკალური და უიშვიათესია მთელ დასავლეთ
საქართველოში. ხის კოჭებიანი ხიდი ქვის ბურჯებზეა დაყრდნობილი, მშენებლობისას
გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: წაბლი -ხიდის მზიდ და საყრდენ
მალებად, ურთხმელი - მალებად ბურჯებში, ჭერის ქვეშ (გადახურვისას) და მუხა-საყრდენ
ბოძებად. იატაკი, მოაჯირი და გადახურვის კოჭები ხისაა. იგი სახურავით მთლიან სიგრძეზეა
გადახურული, ხოლო ბოლოები სამკუთხა ფრონტონებით ბოლოვდება. გადახურვის დამჭერი
ძელები რკალური ფორმისაა. გადახურვა ეყრდნობა ხიდის მიმყოლად განლაგებულ ბოძებს,
რომლებიც გამაგრებულია დახრილად, განლაგებული ძელებით. ხიდის ბალავარი
ქვითკირითაა ნაგები. ასევე აღსანიშნავია, ისიც, რომ ხიდი ბზის მასალითაცაა აგებული. ადრე
იგი ხის კოჭებიანი ყავრით იყო გადახურული, მაგრამ XX
საუკუნის ბოლოს თუნუქით გადახურეს, დაზიანებების გამო.

თავისი უნიკალურობის გამო ხიდს 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი


ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

You might also like