არისტოფანე ლისისტრატე

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 58

Lysistrata Kallipygos or Army-disbander with the beautiful buttocks

Comedy In-yer-face style in two acts with a golden ratio, that is in the first act eight and in the second - five scenes. Adaptation
by Mikho Mosulishvili in 2010 of our era of Lysistrata - a comedy of Aristophanes, which is written 411 year B.C. (in Georgian
language).

(ორმოქმედებიანი კომედია ოქროს კვეთით, ანუ პირველ მოქმედებაში რვა და მეორეში – ხუთი სცენით. ჩვენს
წელთაღიცხვამდე 411 წელს დაწერილი არისტოფანეს “ლისისტრატეს” ჩვენი წელთაღრიცხვით 2010 წლის
ადაპტაცია)

შენიშვნა ქვესათაურისთვის: ოქროს კვეთი არის ერთი მთლიანის გაყოფა ორ არათანაბარ ნაწილად, სადაც პატარა
ნაწილი ისე შეესაბამება დიდს, როგორც დიდი - მთელს.

სწორედ ეს ღვთიური პროპორცია არის ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ოქროს კვეთზე
დასმული პიესა რომ გაცილებით უფრო აღთქმადია, ეს ჩვენზე უკეთესად იცოდნენ ძველმა ბერძნებმა.

მოქმედებენ:

1. ლისისტრატე კალიპიგოსი – ბერძნულად “ლისისტრატე” ნიშნავს “ჯარის დამშლელს”, ხოლო “კალლიპიგოსი”


კი “მშვენიერუკანალას”, ანუ გამოდის “ჯარის დამშლელი მშვენიერი უკანალით”, ქალთა აჯანყების
ხელმძღვანელი.

2. კლეონიკე – ლისისტრატეს მეზობელი.

3.

მირინე – კინესიასის ცოლი.

4. ლამპიტო – თეოგენეს ცოლი.

5. სტიმოდორი – მოხუცი ათენელი პრობულის დაცვიდან, შეთავსებით პრიტანიც, ანუ ხუთასკაციანთა საბჭოს
წევრი, დაახლოებით პარლამენტარი.

6. ფილუგრიუსი – მოხუცი ათენელი პრობულის დაცვიდან.

7. დრაკეტი – მოხუცი ათენელი პრობულის დაცვიდან, უვიროდ.

8. პრობული – ათკაციანი საგანგებო კოლეგიის წევრი ათენში, რაც თანამდებობრივად დაახლოებით არის, თუ
ჩვენ დროში “გადმოვთარგმნით”, პარლამენტის რომელიმე კომისიის თავმჯდომარე.

9. კინესიასი – მირინეს ქმარი, “კინესიასი” ბერძნულად ნიშნავს “მკვრელს”, შეთავსებით კორიფეოსი.

10.

ბავშვი – კინესიასის და მირინეს შვილი.


11. თეოგენე - სპარტის ელჩი, ლამპიტოს ქმარი.

უხმო როლები: ბეოტიელი ქალი, კორინთოელი ქალი, ბეოტიელი ელჩი, კორინთოელი ელჩი, კინესიასის მონა.

(სცენაზე ჩანს ლისისტრატეს სახლი, რომლის წინ დგას აფროდიტე კალიპიგოსის ქანდაკება, რომელიც შეიძლება
ვნახოთ ბმულზე - http://en.wikipedia.org/wiki/Venus_Kallipygos.

უკან შემაღლებულზე გადაშლილა აკროპოლი და მისი მთავარი კარიბჭე - პროპილაია).

პირველი მოქმედება

პირველი სცენა – აკროპოლის წინ

ლისისტრატე – (შეშფოთებული დადის თავის სახლის წინ) აფროდიტე კალიპიგოსის სილამაზის კონკურსზე რომ
დაუძახო, აქ ისეთი ამბავი ატყდება, რომ დედა შვილს ვერ აიყვანს. ახლა კი ერთი ქალიც არა ჩანს... მხოლოდ ჩემი
მეზობელი მოდის.

(შემოდის კლეონიკე).

გამარჯობა, კლეონიკე!

კლეონიკე – ვაიმე, გაბრაზებული ხარ? ნუ იჯავრებ, ჩვენო მშვენიერუკანალავ!

ლისისტრატე – (უკანალზე დაიხედავს) ეს რომ საქმეს შველოდეს... ეგ აღარ დამიძახო!

კლეონიკე – კარგი, მაშინ “მშვენიერიმას” დაგიძახებ! ჰოდა, ჩემო მშვენიერიმავ, სულ არ გიხდება ეს შეჭმუხნული
წარბები.

ლისისტრატე – გული შემტკივა, კლეონიკე!.. გული!

კლეონიკე – ვისზე შეგტკივა?

ლისისტრატე - ჩვენზე, ქალებზე შემტკივა და ვმწარდები. არადა, კაცები ეშმაკზე ერთი დღით ადრე გაჩენილებს
გვეძახიან...

კლეონიკე – მე ვიტყოდი, რომ ტყუილად – სულაც არა!

ლისისტრატე – ხომ ვუთხარი, რომ ერთ ძალიან დიდ საქმეზე უნდა შეკრებილიყავით?! ჰოდა, ისევ სძინავთ...

კლეონიკე – დაიცადე და მოვლენ: სახლიდან წამოსვლა ადვილი ხომ არ არის.

ზოგი ქმართან შარიშურობს, ზოგი მოსამსახურეს აღვიძებს და ზოგის ბავშვს უვლის.

ლისისტრატე – მაგრამ უფრო დიდი საქმე აქვთ...


კლეონიკე – რა დიდი საქმე, ლისისტრატე? რისთვის გვაგროვებ ქალებს? და ვითომ მართლა დიდი საქმეა?

ლისისტრატე – ვეებერთელა!

კლეონიკე – მსხვილიც არის?

ლისისტრატე – ძალიან!

კლეონიკე – მაშინ, მოვლენ!

ლისისტრატე – არა, არა, კაცის იმაზე კი არ ვამბობ! მაშინ ხომ ყველა აქ მოვარდებოდა!

კლეონიკე – ჰო, ყველა აქ მოცვივდებოდა! აბა, რა ხდება?

ლისისტრატე – მე ღამეები ვათენე თეთრად და ერთი კარგი რამე მოგიფიქრეთ.

კლეონიკე – ეგ შენი მოფიქრებული კარგი რამე მართლა კარგი და დახვეწილია?

ლისისტრატე – ისეთი დახვეწილი, ისეთი, რომ მთელი ელადის გადარჩენა ჩვენს ხელშია, ქალების ხელში.

კლეონიკე – (ხელებზე დაიხედავს) ქალების ხელში? ეჰ, შენ ისევ ქვიშის კოშკებს აშენებ!

ლისისტრატე – ჩვენს ხელშია მეთქი, თუ არა და, ვერც პელეპონისელები გადარჩებიან...

კლეონიკე – სჯობს, არც იყვნენ ცოცხლები!

ლისისტრატე – და ბეოტიელებიც ბოლოს სულ ამოწყდებიან.

კლეონიკე – დაიცა, ყველას ნუ გაწირავ!.. ბეოტიელები ხომ გველთევზებს იჭერენ ხოლმე და ის გემრიელი
გვლეთევზები მაინც დაგვიტოვე!

ლისისტრატე – ათენზე კი აღარაფერს ვიტყვი და თავად მიხვდები, რატომაც!

კლეონიკე – რაო, ათენიც დასაღუპად არის განწირული?!

ლისისტრატე - აი, როცა ყველა ბეოტიელი ქალი აქ შეგროვდება, მერე პელეპონისელიც და ათენელიც, ყველანი
ერთად გადავარჩენთ ელადას.

კლეონიკე – კარგი რა, მშვენიერიმავ, აბა, ჭკვიანური რა უნდა გააკეთონ ცოლებმა? შევიღებებით და ნაირ-ნაირ
სამშვენისებში და სანდლებში და გამჭვირვალე მანტიებში, მოკლედ, სულ ძოწეულებში და პორფირებში
ვსხედვართ.

ლისისტრატე – აი, სწორედ ეს გადაგვარჩენს. ძოწეულის ტუნიკები, საცხების სურნელი, პომადა და გამჭვირვალე
ქიტონები.

კლეონიკე – ეს როგორ?

ლისისტრატე – როგორ და ისე, რომ არც ერთი კაცი შუბს არ შემართავს.


კლეონიკე – მაშინ სულ ძოწეულში გავეხვევი!

ლისისტრატე – ფარს არც კი მიეკარება...

კლეონიკე – პორფირის ტუნიკას ჩავიცმევ!

ლისისტრატე – მახვილს დაეხსნება...

კლეონიკე – და სანდლებსაც ვიყიდი!

ლისისტრატე – ჰოდა, არ უნდა შეიკრიბონ ქალები?

კლეონიკე – ისე უნდა გამორბოდნენ აქეთ, სულ კისერზე იცემდნენ ფეხებს!

ლისისტრატე – ეჰ, კლეონიკე, ათენელები არიან და ამათი წესი ის არის, რომ ყველგან უნდა დააგვიანონ.

არც სანაპიროდან მოვიდა ვინმე და არც სალამინიდან...

კლეონიკე – ეგენი, ალბათ, საყანყალო ნავზე შეადგეს განთიადისას.

ლისისტრატე – და ისიც, ვისაც ყველაზე ძალიან ველოდი და მეგონა, რომ აქ პირველი იქნებოდა, ისიც კი არ ჩანს...

კლეონიკე – ვინ?

ლისისტრატე – ლამპიტო, სპარტელი თეოგენეს ცოლი!

კლეონიკე – ალბათ, ჩვენსკენ მომავალმა ლამპიტომ პატარაზე წაუჭორავა... ღვინის ფიალასთან. აგერ, ზოგ-ზოგი
უკვე გვიახლოვდება.

ლისისტრატე – იქიდან კი სხვები მოიჩქარიან.

კლეონიკე – ჰეი! ვინ ხართ? საიდან მოდიხართ?

ლისისტრატე – რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან იქნებიან, მაგალითად, ნეხვიანიდან!

კლეონიკე – ჰოდა, ნეხვები ვეფხვებივით მოდიან აქეთ!

(შემოდის მირინე).

მირინე – ხომ არ დავიგვიანეთ, ლისისტრატე? რას გაჩუმებილხარ?

ლისისტრატე – კარგი არ არის, ასეთ საქმეზე რომ აგვიანებ.

მირინე – იმ სიბნელეში ძლივს ვიპოვნე პომადა...


გამაგებინე, რა ხდება?

კლეონიკე – ჯერ დავიცადოთ, სანამ ბეოტიელებსაც და პელეპონისელებსაც არ გამოექცევიან ცოლები.

ლისისტრატე – მართლს ამბობ! აგერ, ლამპიტოც გამოჩნდა!

(შემოდის ლამპიტო, ხელში ფარით და ორი ქალის თანხლებით).

ლამპიტო – (ფარს შემართავს) მოგესალმებით, მშვენიერო მეგობრებო!

ლისისტრატე - სანუკვარო ლამპიტო! ნეტავ, რანაირად ბრწყინავ ასე?! როგორ გაიფურჩქნე! და თანაც ისე შეივსე
და გამაგრდი, ხარსაც კი დაახრჩობ!

ლამპიტო – ეგ იმიტომ, რომ თავდაუზოგავად ვვარჯიშობ სირბილში და ხტომებში.

ლისისტრატე – (ლამპიტოს მკერდს მოუშიშვლებს) თანაც რა მკერდი! დაინახავ და დაეცემი!

ლამპიტო – მსხვერპლივით არის, ყველა ცდილობს, ხელით შეეხოს. (უკანალზე წაატანებს ხელებს) შენი
სილამაზის კონკურსში გამარჯვებული კალლიპიგოსი როგორ ჰყავს ათენს?

ლისისტრატე – ეს ჩემი უკანალიც მასე იყო, ყველა ცდილობდა ხელით შეხებოდა, მაგრამ ფიდიასის მოწაფემ
პატივი მცა და აფროდიტე კალლიპიგოსად გამაკეთა... (ქანდაკებაზე უთითებს).

ლამპიტო – ვაიმე, რა მშვენიერია! ვინ არის ფიდიასის საყვარელი მოწაფე?

ლისისტრატე – აგორაკრიტოსი.

ლამპიტო – (თანმხლებელ ქალებს) წამოდით, ქალებო, ამ მშვენიერ სტატუეტს სამჯერ შემოვუაროთ, კარგად უნდა
დავათვალიერო!.. ალბათ, როგორ დაისვენა შენმა უკანალმა – დადგნენ და უყურონ და შეეხონ რამდენიც უნდათ!

ლისისტრატე – დაიცადეთ, ამის ნახვას მერეც მოასწრებთ... ეს ამაღელვებელი ქალბატონი ვინ არის და საიდან
მოიყვანე?

ლამპიტო – ეს ბეოტიის წამოგზავნილია.

ლისისტრატე – უჰ-უჰ, ბეოტიელო, შენც სულ დაცემა სიმრგვალეები გაქვს!

კლეონიკე – აფროდიტეს დელტაც მშვენივრად არის მოპარსული.

ლისისტრატე – და ეს, მეორე?

ლამპიტო – ეს ერთი პატიოსანი კორინთოელი ქალბატონია.

ლისისტრატე – ჰო, პატიოსნება ამ დაგრძელებულ კერტებზეც ეტყობა და ქვემოთაც!.. (ატრიალებს კორინთოელ


ქალს).
ლამპიტო – ერთი გამაგებინე, ვინ გადაწყვიტა ამ ქალების აქ შეკრება?

ლისისტრატე – მე!

ლამპიტო – აბა, გვითხარი, მშვენიერუკანალავ, რა გინდა?

კლეონიკე – და თანაც ორგზის! სულ ახლახან მეორედ გახდა კალლიპიგოსების სილამაზის კონკურსის
გამარჯვებული!

ლამპიტო – მაშინ გილოცავ!

(პაუზა).

მეორე სცენა – შეთქმულება და დაფიცება

კლეონიკე – აბა, გაგვანდე ის შენი დიდი და მსხვილი საქმე!

ლისისტრატე – გეტყვით, მაგრამ მანამდე ერთ შეკითხვას დაგისვამთ.

კლეონიკე – გვკითხე, რაც გინდა.

ლისისტრატე – ქმრების გარეშე მოწყენილი ხართ თქვენ და ბავშვები? მე ხომ ვიცი, რომ თქვენი ქმრები შორს
არიან.

კლეონიკე – ჩემი ხუთი თვის წინ ფრაკიაში წავიდა იქაური მთავარსარდლის დასაცავად და იმის მერე იმისი
არაფერი გამიგია.

მირინე – ჩემი სპარტელების პორტ პილოსში შვიდი თვე ომობს, ათენელებმა რომ აიღეს.

ლამპიტო – ჩემი თეოგენე კიდევ, მწყობრიდანაც ვერ ასწრებს გამოსვლას, რომ ისევ ფარს მოიმარჯვებს და გაქრება
ხოლმე. ბოლოს იმის ფარს სულ მე დავატარებდი, მაგრამ მაინც გამეპარა.

ლისისტრატე – ჩემი საყვარლის კვალიც კი გაქრა, რაც მილეთელებმა გვიღალატეს და ათენის კავშირიდან
გამოვიდნენ.

რვა თვის სავალზე ლომებრ წამომდგარი არაფერი მინახავს, რომ ისე დამეხრჩო, როგორც შენ ახრჩობ ხოლმე
ხარებს, ლამპიტო...

ლამპიტო – ეჰ... თუ ჩემი თეოგენე არ დაბრუნდა, არავისი დახრჩობა არ მინდა, სულ არავისი!..

ლისისტრატე - გინდათ, ამ ომის დამთავრების გზა გამოვნახო?

კლეონიკე – მე მზად ვარ, გინდაც ჩემი კაბის დაგირავება და იმ ფულის სულ შუშხუნა ღვინოში გამოხარჯვა
მომიწიოს.

მირინე – მეც თქვენთან ვარ, თუნდაც შუაზე გამჭრან ქამბალასავით!..

ლამპიტო – მეც! (ფარს აღმართავს) “ფარით ან ფარზე”!

კლეონიკე – ეგ რაღას ნიშნავს?

ლამპიტო – ან ფარით დავბრუნდები გამარჯვებული, ან ფარზე დასვენებულს მომიტანენ მეთქი! ჩემი თეოგენე
სულ ამას ამბობს...

ლისისტრატე – ახლა კი გეტყვით, აღარ დავმალავ...

ლამპიტო – გვითხარი, მალე!

ლისისტრატე - ქალებო, ქმრები რომ ვაიძულოთ, სამუდამო მშვიდობა შეინარჩუნონ, იცით რა უნდა ვქნათ?

ყველანი – რა?

ლისისტრატე - თავი უნდა შევიკავოთ...

კლეონიკე – რისგან?

ლისისტრატე – დამეთანხმებით რომ?

კლეონიკე – გინდაც აქვე დავიხოცოთ, ყველაფერს გავაკეთებთ!

ლისისტრატე – თავი უნდა შევიკავოთ კაცთან დაწოლისგან!..

(ქალები უკმაყოფილონი არიან).

რატომ შეტრიალდი, ლამპიტო? მირინე, საით გარბიხარ? თავებს რად აკანტურებთ? ყველა გაფითრდით!..
რა გატირებს, ბეოტიელო? თანახმა ხართ? თქვენ გეკითხებით!

კლეონიკე – არა, არაფრისდიდებით! წავიდნენ და იომონ!

მირინე – (კლეონიკესკენ გაიშვერს ხელს) მეც ამისკენ ვარ, მშვენიერუკანალავ! იყოს ომი!

ლისისტრატე – (მირინეს) ქამბალავ, შენც ამას ამბობ? გინდაც შუაზე გამჭრანო, ვინ გვეუბნეოდა?!

კლეონიკე – (აღშფოთებული) რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ.

თუ საჭიროა, ცეცხლშიც ჩავდგები, ოღონდ საწოლი არა! არა და არა!.. (დაუყვავებს) აბა, ლისისტრატე, ამაზე
უკეთესი სხვა რა არის ამ ცხოვრებაში?
ლისისტრატე – (მირინეს, დაჟინებით) შენ?

მირინე – და მეც მზად ვარ, თუნდაც ცეცხლში!

ლისისტრატე – ასეთი ვნებიანია ქალების ჯილაგი! ეს ამდენი ტრაგედია ტყუილ-უბრალოდ კი არ დაწყებულა


ჩვენგან!

ლამპიტო – (ფარს ასწევს) მე შენთან ვარ! ფარით ან ფარზე მეთქი!

ლისისტრატე – (ლამპიტოს) ჩემო ძვირფასო და სანუკველო ხარების დამხრჩობო, თუნდაც შენ ერთი იყო ჩემთან,
მაინც მოვიგებთ ამ საქმეს (მარჯვენას გაუშვერს) დაჰკარი ხელი!

ლამპიტო – აღარ დავახრჩობ ხარებს! (ხელზე ხელს დაურტყამს) ოღონდ, დროებით!..

ლისისტრატე – დროებით, რასაკვირველია, ვიდრე გავიმარჯვებთ!

ლამპიტო – ადვილი არ არის, ქალი რომ უქმროდ დაწვება მარტო! მაგრამ ახლა ასეა საჭირო, რადგან მშვიდობა
გვინდა!..

ლისისტრატე – მარტო შენა ხარ ღირსი, რომ ქალი გერქვას!

კლეონიკე – შენ რომ დაგიჯეროთ და მართლა თავი შევიკავოთ, - მაშინ მალე იქნება მშვიდობა?

ლისისტრატე – მალე!..

როცა შევიღებებით და გამჭვირვალე ქიტონებში გამოვეწყობით, ანდა სულაც შიშვლები გავივლით, მაშინ ჩვენი
ქმრები აეგზნებიან ჩვენი სურვილით და ხელებს რომ წაგვატანებენ უადგილო ადგილებში, ჩვენ ასე ვეტყვით:
ხელები დაიმოკლე!..

(პაუზა).

ჰოდა, დიდი ყოყმანი აღარც დასჭირდებათ, ზავის დასადებად გაიქცევიან.

მირინე – ჰო, ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ ისინი ჭკუიდან გადავიყვანოთ!

ლამპიტო – გაიხსენეთ მენელაოსი! ელენეს შიშველი მკერდი რომ დაინახა, თავისი მახვილი ღრმად ჩამარხა
მიწაში და მაშინვე იმის საწოლში დურთა თავი!..

კლეონიკე – ჰო, ეგ ცნობილი ამბავია, მაგრამ ქმრებმა რომ მიგვატოვონ?

ლისისტრატე – მაშინ თერეკრატეს კომედიიდან ეს მოიგონეთ: “ალკიბიადე, რომელიც, სულაც არ იყო ქმარი,
ყველა ცოლის ქმარი გახდა”. ოღონდ პირიქით...

ლამპიტო – ჰოდა, თუკი სულაც არ ვიქნები ცოლი და ჩემი ქმარი სახლიდან წავა, მაშინ ყველა ქმარის ცოლი
გავხდები! ფარით ან ფარზე!

კლეონიკე – რას მიედ-მოედება ეგ თქვენი თერეკრატე!

ლამპიტო – არაფერსაც არ მიედ-მოედება!

კლეონიკე - და თუ ხელი გვტაცეს და ძალით შეგვითრიეს საძინებელში?

ლისისტრატე – კარს ჩაეჭიდეთ!

კლეონიკე – და რომ მიგვტყიპონ?

ლისისტრატე – უწადინოდ დანებდი!

ლამპიტო - ვერ ისიამტკბილებს ქმარი, როცა ცოლისთვის სულ ერთია. მირინე – ჰო, სადაც ძალადობაა, იქ
სიამოვნება არ არის!..

ლისისტრატე - ქმრები უნდა გავამწაროთ, მაშინ დაიღლებიან და უკან დაიხევენ!

კლეონიკე – თანახმა ვართ!

მირინე – მაგრამ თუკი ჩვენს ქმრებს ვაიძულებთ, თვალთმაქცობის გარეშე დაიცვან მშვიდობა, ვინღა აიძულებს
ათენის უგუნურ ბრბოს, რომ ისევ ომზე არ დაიწყოს ლაყბობა?

ლისისტრატე – ჩვენ ქმრებს და საყვარლებს ხომ დავარწმუნებთ!

ლამპიტო – ვერა, მანამდე ვერ დაარწმუნებთ, სანამ ათენელებს საბრძოლო ხომალდები გყავთ და თქვენ
ღმერთქალებს კიდევ ოქრო-ვერცხლის მარაგი არ შემოლევიათ.

ლისისტრატე – ესეც მოფიქრებული მაქვს: დღეს ჩვენი აკროპოლი უნდა ავიღოთ. დედაბრებს ვუთხარი, რომ სანამ
ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, აკროპოლი უნდა დაეკავებინათ მსხვერპლის შეწირვის საბაბით.

ჰოდა, მთელი ის შეწირული ფული სულ ჩვენს ხელში აღმოჩნდება!

ლამპიტო – თუკი ასეა, მაშინ ყველაფერი კარგად წავა.

ლისისტრატე – ჰოდა, ლამპიტო, ნუღარ დავაყოვნებთ და ერთმანეთს შევფიცოთ!

ლამპიტო – შენ თქვი ფიცი და ჩვენ შემოგფიცავთ.

ლისისტრატე – ჩინებულია! რაღაც აღელვებული ხარ, მეომარო ქალბატონო! ფარი აქ დადე და ვინმემ მსხვერპლი
მომაწოდოს.

კლეონიკე – ოღონდ, მშვენიერიმავ, რანაირად დავიფიცოთ?

ლისისტრატე – ფარზე, როგორც ესქილესთან არის, ცხვრის შეწირვით...

კლეონიკე – არა, ლისისტრატე, არა. ფარზე ნუ დავიფიცავთ მშვიდობას. ფარზე დასვენებული იმდენი გვინახავს,
რომ...
ლისისტრატე – აბა, მაშ, როგორ? და ცხენი რომ ვიპოვოთ, თეთრი ცხენი და მსხვერპლად შევწიროთ?

კლეონიკე – როგორ თუ თეთრი ცხენი?

ლისისტრატე – აბა, რანაირად?

კლეონიკე – მე ვიცი, როგორც: დიდი თასი დავდგათ. დოქიდან შუშხუნა ღვინით შევავსოთ და იმ თასს
შევფიცოთ.

ლამპიტო – ეს უკვე მომწონს!@

ლისისტრატე – მაშინ დოქი და თასი მოიტანონ!

(შემოაქვთ დოქით ღვინო და თასი).

კლეონიკე – ჩემო გვრიტებო და გვირილებო, ეს თასი კი არა, როფია! ამას შესვამ და მაშინვე გამხიარულდები!
(თასს აიღებს და ათვალიერებს).

ლისისტრატე – (კლეონიკეს) დადგი! აბა, დაასხით! ქალღმერთო დედოფალო, მსხვერპლად მიიღე და შეიწირე
მეგობრობის ეს პატარა ფიალა ქალებისგან.

(ღვინიანი დოქიდან თასში ასხამენ ღვინოს).

კლეონიკე – როგორ მხიარულად მორაკრაკებს!

ლამპიტო – რა სასიამოვნო სურნელი აქვს!

კლეონიკე – ნება მომეცით, პირველმა მე დავიფიცო!

ლისისტრატე – სულსწრაფი ნუ ხარ! ყველა ერთად დავიფიცავთ!.. აბა, ხელი მოკიდეთ თასს!

(კლეონიკეს).

შენ ყველას მაგივრად გაიმეორე ფიცი!


(დანარჩენებს)

თქვენ კი დაიფიცეთ ამ სიტყვების დასამტკიცებლად! “ჩემთან არ მოვუშვებ არც საყვარელს, არც ქმარს...”

კლეონიკე – “ჩემთან არ მოვუშვებ არც საყვარელს, არც ქმარს...”

ლისისტრატე – “ვინც თანაყოფისათვის მოვა...”

(პაუზა).

კლეონიკე, რატომ გაჩუმდი?

კლეონიკე – არა, არა...

“ვინც თანაყოფისათვის მოვა...” მე კი არა, ჩემი კოლეგები ყოყმანობენ, ლისისტრატე.

ლისისტრატე – “მე სახლში წმინდად ცხოვრებას დავიწყებ...”

კლეონიკე - “მე სახლში წმინდად ცხოვრებას დავიწყებ...”

ლისისტრატე – “ძოწის ტუნიკას ჩავიცმევ და შევიწითლებ ლოყებს...”

კლეონიკე - “ძოწის ტუნიკას ჩავიცმევ და შევიწითლებ ლოყებს...”

ლისისტრატე – “რათა ვნებით აინთოს ჩემი ქმარი...”

კლეონიკე - “რათა ვნებით აინთოს ჩემი ქმარი...”

ლისისტრატე – “მაგრამ იმას ჩემი ნებით არ დავნებდები...”

კლეონიკე - “მაგრამ იმას ჩემი ნებით არ დავნებდები...”

ლისისტრატე – “და თუკი ძალით მაიძულებს...”

კლეონიკე - “და თუკი ძალით მაიძულებს...”

ლისისტრატე – “დავნებდები უწადინოდ, ყოველგვარი მოძრაობის გარეშე...”

კლეონიკე - “დავნებდები უწადინოდ, ყოველგვარი მოძრაობის გარეშე...”

ლისისტრატე – “ფეხებს ჭერამდე არ ავწევ...”

კლეონიკე - “ფეხებს ჭერამდე არ ავწევ...”

ლისისტრატე – “დედალი ლომივით არ დავდგები ოთხზე...”


კლეონიკე - “დედალი ლომივით არ დავდგები ოთხზე...”

ლისისტრატე – “არც ხარს დავახრჩობ!”

კლეონიკე – “არც ხარს დავახრჩობ!”

ლისისტრატე – “ამის დასმტკიცებლად ამ თასიდან ვსვამ მე...”

კლეონიკე - “ამის დასმტკიცებლად ამ თასიდან ვსვამ მე...”

ლისისტრატე – “და თუ ვიტყუები, წყლით გაივსე, თასო!”

კლეონიკე - “და თუ ვიტყუები, წყლით გაივსე, თასო!”

ლისისტრატე – ყველანი იფიცავთ?

ყველანი – ყველანი!

ლისისტრატე – მაშ, ვსვამ თასიდან!

კლეონიკე – მაგრამ ფსკერამდე ნუ ჩახვალ, ლისისტრატე!

მირინე – ცოტა ჩვენც დაგვიტოვე!..

ლამპიტო – მე და ეს ბეოტიელი და კორინთოელი ჩვენ ქალებს შევუთვლით და ჩათვალეთ, რომ მთელი სპარტა,
მთელი კორინთო და სრულიად ბეოტია ჩვენ შემოგვიერთდება!

(აიღებს თასს.

სცენის მიღმა ისმის ხმაური და ყვირილი).

ლამპიტო – ეს რა ყვირილია?

ლისისტრატე – ხომ გითხარით: აკროპოლი დედაბრებმა აიღეს და იცავენ.

ჩქარა, ლამპიტო, ჩქარა, შენ წინ წადი და მიხედე საქმეს.

(უთითებს ბეოტიელზე და კორინთოელზე).

ესენი კი მძევლებად დატოვე აქ.


(ლამპიტო მიდის).

კლეონიკე – ჩვენ რაღა ვქნათ?

ლისისტრატე – შენ და მირინე ათენში წახვალთ და ქალებს აცნობებთ, რომ აჯანყება დაიწყო!

მირინე – კარგი, წამოდი, კლეონიკე!

კლეონიკე – წავიდეთ, მაგრამ შენ რაღას იზამ, ლისისტრატე?

ლისისტრატე – (ბეოტიელ და კორინთოელ ქალებს) ჩვენ კი ჯერ ეს შემოსასვლელი ჩავხერგოთ და მერე


აკროპოლში გამაგრებულებს შევუერთდეთ.

კლეონიკე – შენ გგონია, რომ კაცები არ წამოვლენ ჩვენზე?

ლისისტრატე – იმათ ხომ ასეთი მუქარა ჯერ არ გამოუთქვამთ? კლეონიკე – ცეცხლიც არა აქვთ, ცეცხლი და...

ლისისტრატე - თუ ჩვენ პირობას არ შეასრულებენ, ვერასოდეს მოვლენ ჩვენთან! ვერასოდეს! თუ ეს ვერ


შევძელით, დავიღუპებით! მარტო ჩვენ კი არა, მთელი სამყარო განადგურდება ამ უაზრო ომით!

კლეონიკე – შევძლებთ!

მირინე – წავიდეთ, კლეონიკე!

(მირინე და კლეონიკე ერთ მხარეს გავლენ, ლისისტრატე და ბეოტიელი ქალი და კორინთოელი ქალი კი მეორე
მხარეს).

მესამე სცენა – აკროპოლის ალყა

(აკროპოლის კარიბჭისკენ ამავალ დაქანებულ ფერდობზე ამოდიან მოხუცი ათენელები. მხრებზე დაჩეხილი
შეშის შეკვრები მოუკიდიათ, ხელში საცეცხლე ქვაბები უკავიათ, სადაც ნახშირი იწვის).

სტიმოდორი – დაწინაურდი, დრაკეტ! სულ სირბილით გასწი, თუნდაც შენს მხრებს ჩემსავით უჭირდეს ამ შეშის
ზიდვა.
დრაკეტი – ეჰ, ჩემი ვირი რომ არ მოეკლათ! (წელათრევით მიდის წინ).

ფილუგრიუსი – რა უცნაური ამბები ხდება ამ გრძელ ცხოვრებაში! ვინ იფიქრებდა, ჩემო სტრიმოდორ, რომ
ქალები, ვისაც სახლში ვაჭმევდით, ეს ქვემძრომი გველები, ამ წმინდა სიძველეს აიღებდნენ?

სტიმოდორი – რომელს?

ფილუგრიუსი - ჩემს მშობლიურ აკროპოლს აიღებდნენ და კარიბჭეს ხერგილებით ჩაგვიკეტავდნენ.

სტიმოდორი – მაგრამ გავეჩქარებით ჩვენ აკროპოლისკენ, ჩემი გულითადო ფილუგრიუს, ყოველმხრივ შეშებს და
მორებს შემოვუწყობთ და ერთ დიდ კოცონს დავაბურბურებთ! ჩვენი ხელით დავწვავთ სუყველას, ვინც
შეთქმულებაში ჩაერთო და ბოროტი საქმე ქნა! ყველა ცოლს ერთი ხელის მოსმით გავანადგურებთ და პირველ
რიგში – ლისისტრატეს, ურიგო ცხოვრებას რომ ეწევა ზედ აკროპოლის შესასვლელთან! აბა, გახედე, როგორი
ქანდაკება დაუდგა ფიდიასის საყვარელმა მოწაფემ, აგორაკრიტოსმა! და რატომ დაუდგა?

ფილუგრიუსი – რატომ?

სტიმოდორი – იმიტომ, რომ ლისისტრატე თავის ორჯერ გამარჯვებულ უკანალს უჩვენებდა! სხვა რამეებსაც! და
თან ჩვენზე იცინოდა!..

ფილუგრიუსი – ვიდრე ცოცხალი ვარ, ესენი ვერ გაიცინებენ! თავად კლემეონმა, სპარტელთა მეფემ პირველად
რომ აიღო აკროპოლისი, ნახევარი ჯარი აღარ შერჩა! და მერე გენახა, როგორ გარბოდა, იარაღი რომ მე ჩამაბარა! იმ
თავისი მოკლე ლაბადის ფრიალ-ფრიალით! როგორი გაუპარსავი იყო! როგორი ჭუჭყიანი! როგორი
გაწვალებული და რამდენიმე წლის დაუბანელი! (მალულად ათვალიერებს ქანდაკებას ლისისტრატეს სახლის
წინ).

სტიმოდორი – ჩვენ ხომ უსასტიკეს ალყაში მოვაქციეთ ეგ თავზეხელაღებული!.. ჩვიდმეტი რიგი ვიდექით და
ღამეეებს ვათევდით კარიბჭეებთან. ჩვიდმეტი და...

და ახლა ეს ქალები, ჩვენი ცოლები...

ფილუგრიუსი – და ზოგის კიდევ საყვრლები!

სტიმოდორი – მთლად ბევრიც არა, მაგრამ მაინც კი! ჰოდა, ეს ქალები, ყველა ღმერთების დაუძინებელი მტრები
და ევრიპიდესიც, ვერ უნდა დავიმორჩილოთ და მათი თავხედობა ვერ უნდა ავლაგმოთ? მაშ, მარათონული
გამარჯვებების პრიზები შინ ტყუილად მიდგას?

დრაკეტი – აკროპოლამდე ეს კარიბჭე დაგვრჩა და მორჩა!.. და აქ უვიროდ როგორ შევიდე? ამ შეშებმა მხრები
გადამიყვლიფა ისედაც. მაგრამ მაინც უნდა ვიმოძრაოთ და ცეცხლი შეგინთოთ, ქალებო, თუ არ ჩაგვიქრა... ფუ-
ფუ! ეს რა საშინელი ბოლია!

ფილუგრიუსი – უჰ, ეს ცოფიანი ბოლი როგორ მოძვრება საცეცხლურიდან და თვალებს როგორ გვიწვავს, ეს
ძაღლიშვილი!

სტიმოდორი - შეიძლება, კუნძულ ლემნოსის ცეცხლიც კი დავარქვათ, სადაც ჰეფესოტოს ჰქონდა თავისი
სამჭედლო! აბა, მაშ, თვალებს თავისი კბილებით არ გამომიღრღნიდა ეს ბოლი.

დრაკეტი – ბოლს კბილები სადა აქვს, ჩემო სტიმოდორ?


სტიმოდორი – კბილები კი არა და, ღრჯოლები და ეშვები აქვს, ველური ტახივით!

ფილუგრიუსი – რა დროს ტახია, მალე შევიდეთ აკროპოლში და ჩვენი ქალაქის მფარველ ქალღმერთ ათინას
მივეხმაროთ!

დრაკეტი – სადა ხარ, სადა, ჩემო ვირო?!

ფილუგრიუსი – არ იდარდო, თუ დღეს არა, აბა, როდისღა უნდა მივეხმაროთ ჩვენს მშობლიურ ათენს, ჩემო
უვირო დრაკეტ?!. ფუ-ფუ! რა ბოლია!

სტიმოდორი – ჩვენი გაუტეხელი ნებით ცოცხლობს და ფხიზლობს ცეცხლის ალი. მოდით, ჯერ შეშა დავყაროთ
მიწაზე.

მერე წალამი ჩავდოთ ქოთანში, ავანთოთ და ეს კარიბჭე ტარანით დავაზანზაროთ. და თუ ჩვენს ამაყ მოწოდებაზე
საკეტებს არ გახსნიან, ყველაფერს ცეცხლს მივცემთ, სოროში ჩამძვრალი მელიებივით დავუბოლებთ ცოლებს,
რომ გარეთ გამოვყაროთ.

დრაკეტი – და საყვარლებსაც!

ფილუგრიუსი - მაშ, მიწაზე დავაწყოთ უვირებოდ აქ ამოტანილი ეს ჩვენი მძიმე ტვირთი!

სტიმოდორი - უჰ, უჰ, რა ბოლია, ძმებო!

დრაკეტი - აი, აჰა, შეშებო, თქვენც აღარ მაწევხართ ზურგზე!

ფილუგრიუსი - საცეცხლურო ქოთანო, შენი საქმე ის არის, რომ მალე აბურბურდე და მაშხალად იქცე!..

სტიმოდორი - და მაშინათვე მე მომაწოდეთ ხელში!.. ო, გამარჯვების სასწორო, ჩვენსკენ გადაიწონე!

დრაკეტი – ეჰ, ჩემო სტიმოდორ, ჩვენი ვირები რომ სპარტელებთან ომს არ შეეწირა, მართლა ჩვენსკენ იქნებოდა
გამარჯვების სასწორი!

ფილუგრიუსი – ახლაც ჩვენსკენ იქნება და ამ ცოლების სითავხედის ნაალაფარს გორებად დავდგამთ!

სტიმოდორი – და საყვარლებისაც!

(სწრაფად შემოდიან ქალები).

ლისისტრატე – ხრაკის სუნი მცემს და კვამლასაც ვხედავ, მეგობრებო, გეგონება, აქ ცეცხლი ანთიაო. აქეთ
წამოდით! აქეთ!

კლეონიკე – მოდი, ლამპიტო და ცეცხლისგან გვიხსენი.

მირინე - გვიხსენი ამ აბეზარი ბოლისგან და წყეული ბერიკაცებისგან. ლამპიტო – (შემოდის წყლით სავსე
ვედროთი) გვიან ხომ არ მივდივარ

დასახმარებლად!

კლეონიკე – რა ხანია, ეს ბაზრის საფრთხობელები კარიბჭესთან ყურყუტებენ და ენაზე სულ ჩვენი გინება აგდათ,
ეს უმაქნისი ქალები ცეცხლში უნდა დავფერფლოთო.

ლისისტრატე - ღმერთო, ნუ მაჩვენებ ცეცხლმოკიდებულ ქალებს, მაგრამ ამათი გაჩაღებული ომის


უგუნურებისაგან ამათივე გადარჩენილი ელადა და ათენელები მაჩვენე!

კლეონიკე - შენ მოგიხმობ მოკავშირედ, ათენის მფარველო თვალსხივოსანო ათინა! თუ ამ გამობენტერებულ


ბერიკაცებს პრობული მფარველობს, შენ კიდევ ჩვენ გადმოგვხედე!

ლისისტრატე – (დაინახავს მოხუცებს) ესენი იმისი დაცვიდან არიან!

ლამპიტო – ჩვენი ალყის ავყიები!

მირინე – ამათ უნდა გვაჯობონ, საკუთარი ხმა რომ აღარ ესმით?!

სტიმოდორი – ასეთ მოულოდნელ რამეს პირველად ვხედავ, ჩემო ფილუგრიუს! ქალების ქოთქოთი აქეთ მოდის
ალყაში მოქცეულთა დასახმარებლად. და რიტორიკული შეკითხვა მიჩნდება – ჩვენ მოვაქციეთ ისინი ალყაში თუ
პირიქით, იმათ შემოგვარტყეს ალყა?

ფილუგრიუსი – გააჩნია, ჩემო სტიმოდორ, საიდან შეხედავ! ფიდიასს და ალკამენეს რომ შეუკვეთეს ათინას
ქანდაკება, მაღალ კოლონადებზე უნდა აეტანათ. ფიდიასმა თავისი ქანდაკება იმ კოლონადების შესაბამისი
გააკეთა და კინაღამ ჩავქოლეთ, ისეთი უგვანი და უპროპორციო იყო მიწაზე. მაგრამ როცა ორივე სტატუეტი
ავიტანეთ პოსტამენტებზე, მაშინ ყველაფერი გამოსწორდა და დასაცინი ალკამენი შეიქნა! ანუ თვალი
გვატყუებდა, თვალი! და თვალმა არ მოგვატყუოს აქაც!

ლისისტრატე – რაო, შეგეშინდათ და იმიტომ მიედ-მოედებით ფიდიასზე? ჩვენ აქ ცოტანი ხომ არ გგონივართ?
მართლა ალყაში ხართ, რადგან ჩვენს მეათიათასედ ნაწილს ვერ ხედავთ ჯერ!

სტიმოდორი – ო, ფილუგრიუს, ნუთუ ამათ საშუალებას მივცემთ, რომ მასხარად აგვიგდონ?

ფილოგრიუსი - დიდი ხანია დროა, რომ ეს ჯოხი ამ ლამაზუკანალას ზედ ამ ლამაზ უკანალზე გადავამტვრიო!

ლამპიტო – Fფრთხილად იყავით, მაგ ჯოხებით ფარშევანგები არ გავაკეთოთ თქვენგან, თქვე ჩერჩეტო ბებრებო!

ლისისტრატე – ქალებო, როგორც კი ჩვენზე წამოვლენ, წყალი მივასხათ ვედროებიდან!

დრაკეტი – კბილებში უნდა მოარტყა მაგათ და თანაც ძალიან მაგრად! სტიმოდოდრი – ისე, რომ სულ ენებს
იკვნეტდნენ!

მირინე – მოდი, მყრალო ბერიკაცო! მოდი, მომარტყი და ნახავ, რაც მოგივა!

კლეონიკე - აჰა, მეც მზად ვარ...

ლამპიტო - ისე ჩაგაფრინდები, ნაგაზსაც კი შეშურდება!..


დრაკეტი – კბენა არ იყოს და ისე, სადაც გინდა, ჩამაფრინდი, ლამაზო ქალო!

ლამპიტო – (გადაიკისკისებს) ჩასაფრენი სადღა გაქვთ, სულ დამჭკნარი კიტრები გკიდიათ!

სტიმოდორი – ხმა ჩაიკმინდე, თორემ სიბერე შენს მიბეგვაში ხელს ვერ შემიშლის!

ლისისტრატე – აბა, ერთი გაბედე!

მირინე - მოდი და თუნდაც თითი დააკარე ვინმეს!

ფილუგრიუსი – (ერთი ხელით სილას აჩვენებ) ეს ლავაშია! (მეორე ხელით კი – მუშტს) ეს კიდევ კუტი! ჰოდა,
რომელი გინდათ? მითხარით, არ მოგერიდოთ! მე ისეთ კუტებს და ლავაშებს ვარიგებ, თქვენი მოწონებული!

კლეონიკე – ამ გრძელი ფრჩხილებით ჩაგაფრინდები და სულ სათითაოდ გამოგარიდებ კვერცხებს!@

ლამპიტო – და იმ კვერცხების გრძელ მეგობარსაც!

სტიმოდორი – ამ ქვეყნად ჩვენს ქალებზე უსირცხვილო მხეცებს ვერსად ნახავთ!

ლისისტრატე – აბა, ყველამ ერთად ავწიოთ წყლით სავსე ვედროები!

ფილუგრიუსი – თქვე უწმინდურო სალახანებო, აქ წყლით როგორ გაბედეთ მოსვლა?!

მირინე - შენ კიდევ, შე უშნოდ გაჩორკნილო კუბოვ, ცეცხლით რატომ მოხვედი? კოცონს იმზადებ?

დრაკეტი – არა, დიდი კოცონი უნდა დავანთო შენი დაქალების გამოსაბუგად!..

ლისისტრატე – ჩვენ კიდევ ამ თქვენ კოცონს წყლით ჩავაქრობთ.

ფილუგრიუსი – ეგ როგორ უნდა იკადროთ, რომ ამ წვალებით ამოტანილ შეშას და მერე ძლივს ანთებულ ცეცხლს
წყალი დაასხათ?

დრაკეტი – სულ უვირებოდ ამოვიტანეთ, საკუთარი ზურგებით!

კლეონიკე – ვირები რაღად გინდოდათ, თავად აქ არა ხართ?!..

სტიმოდორი – მოდით, მოდით, ამ მაშხალით უნდა შეგათბოთ!

ლამპიტო – თქვენ კიდევ, ისეთი ჭუჭყიანები ხართ, რომ ახლავე აბანოს მოგიწყობთ!

ფილუგრიუსი – ჭუჭყიანიებიო!.. გაიგე, ჩემო დრაკეტ, რა მოჩმახა?

დრაკეტი – ეჰ, ჩემო ფილუგრიუს, მე რომ ჩემი ვირი მყოლოდა, ამას ხომ ვეღარ მეტყოდნენ?!

კლეონიკე – არ იდარდო, მაინც გეტყოდით!

დრაკეტი - თქვენ მომიწყობთ აბანოს, თქვე მართლა აღვირახსნილო ვირებო?

სტიმოდორი – ვირებო კი არა, სახედრებო თქო! მაინც თავაზიანად უნდა გალანძღო, ჩემო დრაკეტ!
ფილუგრიუსი – თქვენ მოგვიწყობთ აბანოს? თქვე... თქვე...

კაპარჩხინებო და ანჩხლებო?!

ლამპიტო – ჰო, აბანოსაც მოგიწყობთ და თაფლობის თვესაც!

მირინე – თუ ივარგა თქვენმა დამჭკნარმა კიტრებმა!

სტიმოდორი – დამჭკნარმა კიტრებმაო! (ფილუგრიუსს) ხედავ, ჩემო ფილუგრიუს, ამათ ზღვარს გადაცდენილ
სითავხედეს?

დრაკეტი – ეჰ, ჩემი ვირი რომ აქ მყავდეს! დანალული იყო, ჩემო სტიმოდორ, და (ხელებით აჩვენებს) აი, ამხელა
ის ეკიდა! არა, უფრო დიდი! სწორედ საამათოდ! თანაც დანალული ვირისა ხომ სხვანაირია!

კლეონიკე – იმ თქვენ ომში მოკლულ ვირებზე მეტი ტვინი ხომ აღარც თქვენ შეგრჩათ!

სტიმოდორი – ქალბატონო, პირს მოგიკუპრავ, იცოდე!

ლისისტრატე – მოსამართლე მაინც ვერ გახდები!

ფილუგრიუსი – (საცეცხლურს მისწვდება) ეს გრძელ-გრძელი კულულები დავუწვათ, ოქროსფერი კულულები!

ლისისტრატე – (ვედროდან ასხამს წყალს) დათვი მჭლე და შენ მსუქანი, დათვი მჭლე და შენ მსუქანი!

სტიმოდორი – ვაიმე, ჩემო სტიმოდორ! სულ დამასველეს!

ფილუგრიუსი – მეც დამასველეს, მაგრამ ეგ ვის უთხარი?

სტიმოდორი – რა?

ფილუგრიუსი – ჩემო სტიმოდორ! – ეს ვის უთხარი?

დრაკეტი – იცი რას გეკითხება, ჩემო სტიმოდორ?! სტიმოდორი ხომ შენ თვითონა ხარ და “ჩემო სტიმოდორ” – ეს
ვიღას უთხარიო?!

სტიმოდორი – ჩემ საცოდავ თავს ვუთხარი და ვერ გავიგე, თქვენ იმათკენ ხართ თუ ჩემსკენ?

ფილუგრიუსი – თვალმა არ მოგატყუოს, ჩემო სტიმოდორ, როგორც ფიდიასის მეტოქე ალკამენე შეაცდინა!

დრაკეტი – მე რომ ჩემი ვირი ცოცხალი მყოლოდა, ამ შავ დღეში არ ვიქნებოდი!

კლეონიკე – რაო, ძალიან ცხელი იყო წყალი და სულ აგირიათ ეგ ისედაც არეული ტვინები?

ფილუგრიუსი – ცოტა მაინც გაგეთბოთ, სულ გამეყინა ყველაფერი!

დრაკეტი – ეჰ, ჩემი დანალული ვირი მაინც მყოლოდა!

ლამპიტო – მოგრწყეთ, რომ ეგ თქვენი დამჭკნარი კიტრები ცოტა გამოვაცოცხლოთ!


სტიმოდორი – ვაიმე, ჩემო კარგო სტიმოდორ, უკვე სულ ვკანკალებ!

ფილუგრიუსი – მეც ამაბაბანა, ჩემო ფილუგრიუს!

დრაკეტი – მეც სულ კბილს კბილზე მაცემინებს, ჩემო დრაკეტ და ჩემო ვირო!

ფილუგრიუსი – ეს ჩვენზე შორს წავიდა, ჩემო სტიმოდორ და თავის გმირულად დაღუპულ ვირს ელაპარაკება
უკვე!

დრაკეტი – მერედა, სად დაღუპულს, რომ იცოდეთ!

სტიმოდორი – სად?

დრაკეტი - სპარტელების პორტ პილოსის აღებისას ბევრი მარილიანი წყალი სვა სიხარულისგან და იმიტომ!

ფილუგრიუსი – სიხარულისგან?

დრაკეტი – ჰო! პორტი პილოსი რომ ავიღეთ, ძალიან გაუხარდა და...

სტიმოდორი – აბა, ნამდვილი ათენელიც ეგა ყოფილა!

დრაკეტი – ძალიან! ამ ქალებისგან განსხვავებით, არასოდეს მოუთხოვია მშვიდობა!

ფილუგრიუსი – მართალია, ჩემი ვირი ბეოტიელმა მგელმა დაგლიჯა, მაგრამ არც იმას მოუთხოვია ზავის დადება
მტერთან!

სტიმოდორი – ჩემმა ვირმა კი შვრია ჭამა უზომოდ, კორინთოელებს რომ ვეომებოდით და ასე უსახელოდ კი
აღესრულა, მაგრამ ზავზე არც იმას დასცდენია კრინტი!

ლისისტრატე – ჰოდა, თქვენი ვირების მაგივრად ახლა თქვენ ნუ იყროყინებთ!

ლამპიტო – დადექით ემაგ ცეცხლთან და გამოყინული და დამჭკნარი კიტრები გაითბეთ!

მეოთხე სცენა – შეტაკება ქალებსა და პრობულს შორის

(შემოდის პრობული).

პრობული – მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ ჩვენმა სახალხო კრებამ კანონის ისეთი აღვირები უნდა ამოვდოთ
ქალთა თავგასულობას, რომ ამის სურვილიც კი აღარ შერჩეთ! მე არავინ მიჯერებდა და აი, შედეგიც: ქალების
აჯანყების ცეცხლი უკვე მთელ ათენს მოედო!

სტიმოდორი – ჰო, სრულიად!

ფილუგრიუსი – საშინლად!..

პრობული – ნუ მაწყვეტინებთ! და რაღა მთელ ათენს, როცა მთელ ელადაში ამათი ამბოხების კოცონები
გიზგიზებს! ეს იმიტომ, რომ ქალებს აღვირები ვეღარ შევაბით!..

დრაკეტი – ვეღარ!

პრობული – რატომ მაწყვეტინებ?

დრაკეტი – მე მეგონა, მარტო იმათ უთხარი.

პრობული – ხოლო ქალებს აღვირები იმიტომ ვეღარ შევაბით, რომ სადაგი კანონი ვერ მივიღეთ! სადაგი კანონი
იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ აღვირები ვერ შევაბით! აღვირი, კანონი და ქალი! – აი, სამი უმძიმესი დილემა,
რომელიც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და მოელის დაუყოვნებლივ გადაჭრას, რადგან აბა, მითხარით, ვინ
არიან ქალები, ვისაც აღვირები არ აქვთ შებმული? ვინ? გათავხედებული ცოლები და საყვარლები, აი, ვინ!

სტიმოდორი – მე შემიძლია, მათი ახალი თავხედობა დავასახელო!

ფილეგრიუსი – მეც შემიძლია!

პრობული – თქვენ არა, ამან თქვას!

დრაკეტი – მე?

პრობული – ჰო, შენ!

დრაკეტი – მე ჩემს ვირს ერთი წუთითაც კი არა ვტოვებდი აღვირახსნილს!

პრობული – და მართებულადაც იქცეოდი!

სტიმოდორი – რა ვირი, ჩემო კარგო დრაკეტ?

ფილეგრიუსი – ეს ხომ ქალების თავხედობაზე გეკითხება!

პრობული – რაზე ვეკითხები? ჰო, ჰო, ქალების ახალ თავხედობაზე.

დრაკეტი – ჰო, მაგ ყურუმსაღებმა ვედროებიდან სულ დაგვაჟიეს და ტანისამოსიანად ოხრადა ვრჩებით და
ძეწრები გვინდა გასათბობადა.

ფილუგრიუსი – ჯერ პირსახოცები გვინდა გასამშრალებლად!

სტიმოდორი – ზეწრებისა და პირსახოცებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ჯერ სამიოდე კათხას გადავუშვებდი ამ


ჟანგიან ხახაში!

პრობული – თქვენ ოღონდ სამიკოტნო ან დუქანი დაგანახვათ სადმე! მაგრამ მოდით, საქმეზე ვილაპარაკოთ!
სტიმოდორი – მოდით!

პრობული – ჰოდა, როცა ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ ქალებს, როცა ჩვენ თვითონ ვუბიძგებთ თავაშვებულობის
მოლიპულ გზაზე, აი, როგორი ნაყოფი გამოაქვს რეალობაში.

ფილეგრიუსი – რას გამოაქვს ნაყოფი, მოლიპულ გზას?

სტიმოდორი – და ისეც ხშირად ხდება, რომ მივალთ სახელოსნოში და ვამბობთ: “ჰეი, იუველირო, შენ რომ მძივი
გაუკეთე, ჩემი ცოლი გუშინ იმით ცეკვავდა, ჰოდა, მაშინ საკეტის გასაღები დაკარგა, მე კიდევ კუნძულ სალამიზე
უნდა გავცურო...”

დრაკეტი – სადაო?

სტიმოდორი – კუნძულ სალამიზეო.

ფილუგრიუსი – კარგი კუნძულია, კი.

დრაკეტი – იქ ვირები არიან?

ფილუგრიუსი - სულ ვირებით არის სავსე!

პრობული – ნუ მაწყვეტინებთ მეთქი!.. ჰოდაო, მოიცალე და საღამოს შეუარე ჩემს ცოლსაო და, - კარგად მისმინეთ!
- შეუარეო და გასაღები მოარგე კარგადაო და გაუკეთე მაგრადაო. წარმოგიდენიათ?

სტიმოდორი – ვაი, ვაი, ვაი!

ფილუგრიუსი – უჰ, უჰ, უჰ!

დრაკეტი – პაჰ, პაჰ, პაჰ!

პრობული – მეტსაც გეტყვით! სხვა ქმარი კიდევ ხარაზთან მიდის და ეუბნება - “ხარაზო, მისმენ? ჩემ ცოლს
სანდლის თასმა უჭერს და სულ გადაეყვლიფა ფეხის საჩვენებელი თითი, ხოლო თითი კი ნაზია...

დრაკეტი – ფეხსაც თუ საჩვენები თითი ჰქონდა, არ მიფიქრია! შენ, ჩემო ფილუგრიუს?

ფილუგრიუსი – არც მე და შენ, ჩემო სტიმოდორ?

სტიმოდორი – ვიცი ეგ კაი ხანია, ძალიან, კი.

პრობული – ჰოდაო, - ნუ მაწყვეტინებთ! – ჰოდაო, შუადღისას შეირბინე ჩემ ცოლთანაო და გაუფართოვე, რომ
ხალვათად იყოსო! გესმით?

სტიმოდორი – ვაი, ვაი, ვაი!

ფილუგრიუსი – უჰ, უჰ, უჰ!

დრაკეტი – პაჰ, პაჰ, პაჰ!

პრობული - აი, რატომ მივედით ჩვენ იმ უკიდურეს მდგომარეობამდე, რომ თვითონ მე, პრობულმა, ჩვენი
ფლოტისთვის მენიჩბეები რომ დავიქირაო, აქამდეც კი ვიკადრე მოსვლა ფულისთვის, მაგრამ სად იყო და სად
არა, ამ აჯანყებულმა და ცალსახად მეამბოხე ცოლებმა კარიბჭეში არ შემიშვეს! თვითონ მე!

სტიმოდორი – იქნებ გაგვიღონ, დაველოდოთ!

პრობული - სულ ტყუილად ველოდებით. სულ ტყუილად!

(სტიმოდორს).

შენ ის ტარანი მოაგორე აქეთ. ამ ჩვენ უაღვირო ქალებს ამპარტავნობა და თავხედობა რომ ამოვუფერთხოთ
იმ არეული თავებიდან!..

(ფილუგრიუსს).

შენ რაღას ამთქნარებ, ბრიყვო?

(დრაკეტს).

ან შენ რაღას უდგახარ?

დრაკეტი – ჩემი ვირი მაინც მყოლოდა, ამხელა ტარანი როგორ უნდა მოვაგოროთ?!

პრობული - შენ ოღონდ დუქანი დაინახო ახლო-მახლო და მეტი არაფერი გინდა!

(სამივე ბერიკაცს).

ჭიშკრის ქვეშ ძალაყინი შეაცურეთ მალე! დააზანზარეთ! მე კი აქედან თავად მოგეხმარებით, თვითონ მე!

(კარიბჭიდან გამოდის ლისისტრატე).


ლისისტრატე – არ გინდათ! არ ჩამოაგდოთ ჭიშკარი! მე თავად მოვდივარ. რად გინდათ ძალაყინი?

სტიმოდორი – რად გვინდა და, ჭიშკრის ჩამოსაგდებად!

ლისისტრატე - არ გვინდა ძალაყინი, მაგრამ ძალიან გვინდა ჭკუა.

პრობული – პირწავარდნილი ბოროტმოქმედია! სად არის მცველი? ახლავე მოეშვი მაგ ტარანს და ამ ქალს ხელი
სტაცე და ხელები ფიცხლად ამოუტრიალე!

სტიმოდორი – ახლავე!

ლისისტრატე – (სტიმოდორს) აბა, მარტო ხელი მახლე! მართალია, მცველი ხარ, მაგრამ მაინც იტირებ! თან
მწარედ!

(სტიმოდორი უკან დაიხევს).

პრობული – დაფრთხი, ჩემო გულითადო სტიმოდორ?!

სტიმოდორი – ნაწილობრივ, ჩემო პრობულო!

პრობული – ნუ გეშინია! აი, სადაც ეს ქალი მსხვილდება, სწორედ იქა სტაცე ორთავე ხელი! (ფილუგრიუსს) შენ კი
საჩქაროდ მიეხმარე გათოკვაში!

ფილუგრიუსი – არის, საჩქაროდ!

კლეონიკე – (გამოდის პროპილეიადან. ფილუგრიუსს) ხელი არ დააკარო, თორემ ჭიანჭველასავით დაგასრეს


მიწაზე!

(ფილუგრიუსი უკან დაიხევს).

პრობული – ჭიანჭველასავით დაასრეს, არა? ჰეი, შენ, უვირო მსროლელო დრაკეტ, ჯერ ყბედობისათვის
წაუტიალე ერთი კაი მაგარი ქოთი!

მირინე – (გამოდის პროპილეიადან. დრაკეტს) ამ ქალს რომ შეეხო, ძალიან ბევრი ადგილი გექნება შესახვევი!

(დრაკეტი უკან იხევს, მასვე მიბაძავენ ფილუგრიუსი და სტიმოდორი).

პრობული – რა ხდება, რა? დაიჭირეთ, ჩემო მსროლელებო, როგორმე დაიჭირეთ ეს ქალბატონი და მე ამათ
სულელურ გამონაგონს ბოლოს მოვუღებ!

ლისისტრატე – არ მომიახლოვდეთ, თორემ მაგ ორიოდე შემორჩენილ ბუწუწს სულ ღერა-ღერა დაგაპუტავთ!

პრობული – ბედი არ მწყალობს! აბა, მე ამ შეტაკებაში ეს ერთი ციდა მსროლელები როგორ მეყოფა?! მაგრამ
ქალებს დავუთმო? ქალებს? ეს ხომ სირცხვილი და თავის მოჭრა იქნება! აბა, ქალებზე შეტევა, მსროლელებო!
ერთად დავარტყათ! რიგები შეამჭიდროვეთ!

ლისისტრატე – ახლა ნახავთ, რომ მძიმედ შეიარაღებული ქალი მეომრების ოთხი ასეული გვყავს!

პრობული – უკან ამოუტრიალეთ ხელები, მსროლელებო! უკან!

(სტიმოდორი, ფილუგრიუსი და დრაკეტი შეტევისთვის ემზადებიან).

ლისისტრატე – თანამებრძოლებო, ყველა აქ მოდით! თესლებით, ხილით და ნივრით მოვაჭრეებო, და პურითაც,


და ღვინითაც, შეავიწროვეთ მტერი! გატეხეთ! არ დანებდეთ! და უსირცხვილოდ ლანძღეთ!

(შეტაკება, ქალები იმარჯვებენ, რადგან ბერიკაცები მეტისმეტად მოფამფალებულები არიან).

პრობული – საკმარისია!

ლისისტრატე - გეყოფათ, შესდექით! საჭურველი არ წაართვათ!

პრობული – სამწუხაროდ, ლაჩრულად მოქმედებდა ჩემი ასეული!

ლისისტრატე – მონა ქალებს კი არ უტევდი! ხოლო ქალებს – ესეც კი არ იცი – სულ მრისხანების ოხშივარი ასდით!

პრობული – ოხშივარი მაშინ აგდით, როცა მახლობლად დუქანია და იმ დუქანში კიდევ – კაცები!

სტიმოდორი – ტყუილად დახარჯე სიტყვები, ათენის პრობულო. ფილუგრიუსი - ამისთანა მხეცებთან რატომ
დაიჭირე საქმე?

დრაკეტი - ხომ მოგიყევით, როგორი აბანო მოგვიწყვეს? თუმცა კი ჩვენ ლაბადებზე ჭუჭყი არა გვქონია.

კლეონიკე – შენც არ აგეწია მოყვასზე ხელი ტყუილ-უბრალოდ.

ლამპიტო - ასწიე და იარე ახლა, საყვარელო, დალუჯებულმა.

მირინე – აი, მე ძალზედ მორცხვი ვარ! მზად ვარ, სმენაზე ვიჯდე და ბალახს არ გავთელავ უბატონოდ, სანამ არ
შემიჩიჩხინებენ, როგორც კრაზანების მრისხანე ბუდეს.
მეხუთე სცენა – მეორე კამათი პრობულსა და ქალებს შორის

პრობული – ვინმემ მაინც მითხარით, რა მოვუხერხოთ ამ უბოროტეს ურჩხულებს? ამის მოთმენა არ შემიძლია...
ნეტავი, რა ჩაიფიქრეს ქალებმა, ჩვენი აუღებელი, დიადი, კლდოვანი ათენი და ჩვენი წმინდა აკროპოლი რომ
წაგვართვეს?

სტიმოდორი – მალევე ნუ დაუჯერებ!

ფილუგრიუსი – ჰო, დაკითხე, რომ ნიღაბი ჩამოხსნა.

დრაკეტი – მე, მაგალითად, სულ უბრალო საქმეზეც კი ჯერ ჯვარედინად დავკითხავდი და მერე კარგად
შევჯორავდი ხოლმე-ხოლმე ჩემს ვირს და ამ მეამბოხე ქალების დაუკითხავად დატოვება და
გაუსამართლებლადაც, თავს ლაფის დასხმა იქნება ჩვენთვის.

პრობული – მე მინდოდა, მეკითხა ქალებისთვის და ჯერ პასუხი მიმეღო: რატომ აიღეთ აკროპოლი და მისი
კარიბჭეები რად გადახერგეთ მეთქი?

ლისისტრატე – იმიტომ, რომ თქვენი ფული გადაგვერჩინა და რომ ომი არ ყოფილიყო ამ ფულის გამო.

პრობული – განა ჩვენ ახლა ფულის გამო ვომობთ?

ლისისტრატე – ულაპარაკოდ! შენ და შენისთანა პრობულებმა რომ რამე მოიპაროთ, ისევე, როგორც სხვებმა, ვინც
ხელისუფლებაში ტრიალებთ.

პრობული – ჩვენ?

ლისისტრატე – ჰო, მუდამ თქვენ აღვივებთ მტრობას. მაგრამ ახლა, რაც გინდათ, ის ჩაიფიქრეთ, ამ ფულს ვეღარ
ნახავთ.

პრობული – აბა, ვინ დაითვლის ფულს?

ლისისტრატე – ჩვენ!

პრობული – თქვენ?

ლისისტრატე – ჰო, ჩვენ!

პრობული - თქვენ დაიწყებთ ფულის თვლას?

ლისისტრატე – რასაკვირველია! და ამაში რა დაინახე საშინელი? განა სახლებში სულ ჩვენ არ განვაგებთ მთელ
თქვენს თანხებს?

პრობული – ეგ სულ სხვა საქმეა!

ლისისტრატე – რატომ, მითხარი!

პრობული – ჩვენ საომრად გვჭირდება ეს ფული.

ლისისტრატე – საერთოდ არ არის ომი საჭირო!

პრობული – აბა, სხვანაირად როგორ გადავრჩეთ?

ლისისტრატე – ჩვენ გადაგარჩენთ.

პრობული – თქვენ?

ლისისტრატე – ჰო, ჩვენ!

პრობული – (მცველებს) ამაზე საშინელს ვეღარაფერს მოიფიქრებდნენ!

მცველები – ვერა!

ლისისტრატე – ჰო, გადაგარჩენთ, თუმცა ეს არ გინდა.

პრობული – აი, უკვე მეწყინა! მეწყინა, რადგან მე არავისი გადარჩენა არა მჭირდება!

ლისისტრატე – გეწყინება თუ არა, ეს საჭიროა და გაკეთდება კიდეც.

პრობული - ეს უსამართლობაა!@

ლისისტრატე – ჩვენ უნდა გადაგარჩინოთ!

პრობული – გინდაც არ გთხოვოთ?

ლისისტრატე – ამიტომ უფრო მეტად!

პრობული – მაგრამ რატომ ზრუნავთ ასე ომსა და მშვიდობაზე?

ლისისტრატე – ჩვენ ყველაფერს აგისხნით.

პრობული – აბა, მშვენიერუკანალავ, ისე ილაპარაკე, რომ ყვირილი არ დამაწყებინო! (ხელს წაატანებს თეძოზე).

ლისისტრატე – ჰოდა, მისმინე! (ხელზე ხელს ჩაარტყამს) და ხელების ფათურს მოეშვი, იცოდე!

პრობული – არ შემიძლია, თავს ვერ ვიკავებ. ადვილი ხომ არ არის, თქვენს მრისხანებას ისე გავუძლო.

ლისისტრატე – მაშინ უფრო მწარედ იქვითინებ!

პრობული – მიდი, მითხარი, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ზოგი ქათამი კვერცხს არა სდებს და ტყუილად
აკაკანდება ხოლმე!

ლისისტრატე – შენ კიდევ საკუთარ თავს დასჩხავი, ბებერო ყვავო! მაგრამ მაინც გეტყვი.

პრობული – კარგი, ჰო, ჰო... ჰოდა, მითხარი და აჰა, მორჩა ხელების ფათური! (ხელებს უკან წაიღებს).

ლისისტრატე - ამ ჩავლილ წლებში, ომის დასაწყისიდან, ყველაფერს ვითმენდით და ვიტანდით ჩვენი


მოკრძალების გამო, რაც არ უნდა ჩაგედინათ ომში კაცებს.

ზოგჯერ სიტყვასაც არ გვათქმევინებდით, თუმცა ყველაფერი წესიერად არ კეთდებოდა.

პრობული - ეგ – ჰო! ეგ – ჰო! ოღონდ ნაწილობრივ! მთლიანად – არა!

ლისისტრატე – კარგად ვიცით, არა თუ ჰო! ჩვენ ყურადღებით გაკვირდებოდით.

პრობული – ომშიც?

ლისისტრატე - მართალია, ჩვენ შინ ვისხედით, მაგრამ გვესმოდა, როგორ ღებულობდით მნიშვნელოვან საქმეებზე
უხეირო გადაწყვეტილებებს და მაშინ ჩვენ, მთელი სულით და გულით ვწუხდით, მაგრამ მაინც ღიმილით
გეკითხებოდით – “დღევანდელ სახალახო კრებაზე რა გადაწყვიტეთ?” და ქმარი გვეტყოდა: “რა შენი საქმეა?
გაჩუმდი!” და ჩვენც ვჩუმდებოდით.

კლეონიკე – აი, მე კი არ გავჩუმდებოდი!

პრობული – არ გაჩუმდებოდი და ყვირილი მომიწევდა!

ლისისტრატე – ამიტომაც ჩუმად ვიყავით სახლში. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ უარეს თქვენ გადაწყვეტილებას რომ
გავიგებდით, ვცდილობდით გვეკითხა: “რატომ გადაწყვიტეთ, ჩემო კარგო ქმარო, ასე უგნურად?” ის
შუბლსქვემოდან გამოგვხედავდა და მოგვიგებდა: “თუ საქსოვს არ მიხედავ, საკუთარ თავზე იტირებ... ომი
კაცების საქმეა”.

პრობული – მართალი უთქვამს!

ლისისტრატე – განა სწორია, როცა თქვენი ცუდი გადაწყვეტილებების გამოსწორება კარგი რჩევებით არ
შეგვიძლია?

პრობული – აბა, როგორ გითხრა, აღარ ვიცი... ასე თუ ისე, მაინც, კი...

თუმცა, მთლად მასეც არა...

ლისისტრატე - და ჩვენც გვესმოდა თქვენი ნათქვამი ამ ჩვენი საყვარელი ათენის ქუჩებში: “სად არიან ჩვენი მიწის
გმირები?” და მართლაც, სად არიან ათენის გმირები? ჩვენი ქმრები სად არიან? ჩვენი შვილები სად არიან? სად?

პრობული - აღარ არიან... მათ მშობლიურ ათენს შესწირეს თავი!

ლისისტრატე – თქვენ რომ სამშობლოს სიყვარულზე ალაპარაკდებით, მაშინვე შიში შემიპყრობს ხოლმე!

პრობული – რისი შიში?


ლისისტრატე – იმისი, რომ ადვილად შესაწირი მსხვერპლი გჭირდებათ ომისთვის!

პრობული – პატრიოტიზმი და სხვა მაღალი იდეალები თქვენ არ იცით, არა...

ლისისტრატე – სწორედ ეგ რომ ვიცით, იმიტომ გადავწყვიტეთ, ერთად დავმდგარიყავით ელადის გადასარჩენად.
ყველა ქალი შევიკრიბეთ, რადგან მეტი ლოდინი უკვე აღარ შეიძლებოდა. თუკი ისურვებთ, ჩვენი კეთილი რჩევა
მშვიდად მოისმინოთ და გაჩუმდეთ, როგორც ჩვენ ვდუმდით, შეიძლება გამოგასწოროთ კიდევაც!

პრობული – ჩვენ უნდა გამოგვასწოროთ? ვაი, რა საშინელებას ამბობ!@ამის მოსმენაც კი არ შემიძლია! მოსმენაც
კი!..

ლისისტრატე – გაჩუმდი!

პრობული – შენ გაგიჩუმდე, წყეულო?! შენ გაგიჩუმდე, თავზე რომ მოსახვევი გიკეთია? ამას სჯობს მოვკვდე!

ლისისტრატე – თუ ამ ჩემმა მოსახვევმა შეგიშალა ხელი, მაშინ აჰა, მოიხვიე და გაჩუმდი.

კლეონიკე – ეს კალათიც აიღე საქსოვებით.

ლამპიტო - და ქსოვე და ქსოვე!

მირინე - მოსახვევიანი უფრო ლამაზი იქნები და ვინ იცის, ეგებ ლისისტრატესაც კი აჯობო კალიპიგოსების
კონკურსზე!..

ლისისტრატე - ომზე კი ცოლები ვიზრუნებთ!

პრობული – რაც მთავარია, ჯერ ისე არ გავბრაზებულვარ, რომ ყვირილი დამეწყო. ჰოდა, დამაცადე, უნდა
ვიფიქრო!

(პრობულკი იწყებს ბოლთის ცემას და ვედროებს წამოედება, აარახუნებს).

ლისისტრატე - (ქალებს) ჰეი, მოკავშირეებო, ვედროები აიღეთ გზიდან! ჩვენც უნდა დავეხმაროთ მეგობრებს, რაც
ძალი შეგვწევს!

ლამპიტო – (ცეკვა-ცეკვით იღებს ვედროებს) არ მახსოვს, რომ ცეკვაში დავღლილიყავი! ჩემი მუხლებს ეს შრომა
არასდროს ღლიდა!

მირინე - მე მზად ვარ ყველაფრისთვის, მზად ვარ გმირობისათვის იმას გავყვე, ვისაც აქვს ამის ძალა და
სილამაზეც!

კლეონიკე - აქვს სიმამაცე, და სიბრძნე და თავგანწირვა და ღირსება დიდი და ნამდვილი პატრიოტებისა!

ლისისტრატე – (აფროდიტე კალიპიგოსის ძეგლს მიმართავს) ოჰ, უმამაცესო ყველა ჭორიკანადან, ვისი ენაც
ჭინჭარზე უარესად სუსხავს, მამაცი იყავი ბრძოლაში, მტერს არ დანებდე და სულ ზურგის ქარით გეცუროს!
პრობული – (დაბნეული) ეგ ვის უთხარი?

ლისისტრატე – (ისევ აფროდიტე კალიპიგოსის ძეგლს მიმართავს) ხოლო როცა სიყვარულის ქალღმერთი
აფროდიტე ჩვენი კაცების გულებში ჩვენ სურვილს და მათ თეძოებში ღვთიურ სიამტკბილობის სურვილს
აღაგზნებს, მერე კი გამოაცოცხლებს იმათ ფალოსებს და ისინიც ჩვენს მოსახვევნად გამოესწრაფებიან, იმედი
მაქვს, მაშინ ელადაში ლასიმაქებს დაგვარქმევენ...

დამსახურებისამებრ!..

კლეონიკე – ლასიმაქებს, ანუ ომის შემწყვეტებს.

პრობული – რის გაკეთებას აპირებთ?

ლისისტრატე – ხელი უნდა შეგიშალოთ, რომ შენმა მცველებმა ბაზარში ვეღარ იყიალონ იარაღით. ძალიან
ბრიყვული გამომეტყველება აქვთ.

კლეონიკე – მეც გეთანხმები, მშვენიერიმავ!

ლისისტრატე – ახლა უკვე ქოთნების და მწვანილეულის რიგებში დააბოტებენ იარაღის ჟღარუნით და ჰგონიათ,
რომ ბაზარში წესრიგს იცავენ. შეხედავ და ექსტაზში ჩავარდნილ და ფარ-შუბებით მოცეკვავე ველურებს ჰგვანან.

პრობული – ასეც უნდა იქცეოდნენ მეომრები!

ლისისტრატე – მაგრამ ეს ღირსეული მებრძოლის დაცინვაა, თუკი ეს ბაზრის საფრთხობელა სტიმოდორი თან
ფარს დაათრევს მედუზა გორგონას გამოსახულებით და თან ქაშაყს ყიდულობს.

სტიმოდორი – აბა, მარტო თქვენ გინდათ კარგად შებოლილი ქაშაყი და მე – არა?

კლეონიკე – მე გუშინ ფილუგრიუსი დავინახე ცხენზე, თავის რკინის მუზარადში ერთი ბებერი დედაკაცისგან
ნაყიდი კვერცხეები ჩააწყო ფრთხილად.

ფილუგრიუსი – ერბო-კვერცხს ვერავინ აკეთებს ჩემზე უკეთესად!

მირინე – ეს კი, ეს უვირო დრაკეტი, მახვილს და საისრეს დააჩხარუნებს, ვაჭრებს აფრთხობს თავისი გარეგნობით
და თან ახლადშემოსულ ღეღვს ეძალება მეტისმეტად!..

დრაკეტი – კარგი რა, ვირიც აღარ მყავდეს და ლეღვი მაინც არა ვჭამო?!

პრობული – მაგრამ, აბა როგორ შევაჩერებთ არეულობებს და მღელვარებებს, ესენი რომ სულ გავუშვათ
სამსახურიდან?

ლისისტრატე – როგორ და მშვენივრად!

პრობული – მაინც როგორ?

ლისისტრატე – სწორედ ისე, როგორც მატყლის ნართავს აი, ასე ვიღებთ და საქსოვზე ვახვევთ, ერთი ძაფი შენსკენ,
მეორე პირიქით – ასე დავშლით მთელ ომს, თუ ამის უფლებას მოგვცემენ!
პრობული – როგორ დაშლით, ვერაფერი გავიგე მაგ თქვენი ძაფებით!

ლისისტრატე – ერთი შესკენ, მეორე - პირიქით, ანუ ელჩები რომ გავაგზავნოთ საქმის მოსაქსოვად, ეს ძაფი
შენიდან! და იმათი ელჩებიც რომ მივიღოთ, ესეც ძაფი იქიდან შენსკენ!..

პრობული – აბა, როგორ უნდა გადაწყვიტოთ მაგ თქვენი მატყლით, საქსოვით და გორგლებით ეს ურთულესი
საქმე? და მერე გწყინთ, თმაგრძელებს და ჭკუამოკლეებს რომ გეძახით!

ლისისტრატე – თქვენ რომ იმდენი ჭკუა გქონდეთ, რამდენიც ჩვენს მატყლს აქვს, მაშინ ქალაქის ყველა საკითხს
გადაწყვეტდით.

პრობული – როგორ? რანაირად? აბა, გვასწავლე!

ლისისტრატე – თავიდან ისე უნდა, როგორც მატყლს რეცხავენ ხოლმე გობებში, - მთელი ჩვენი ქალაქი უნდა
გავწმინდოთ და ნაგავი გადავყაროთ.

კლეონიკე - მერე ავიღოთ, საწოლზე გავშალოთ და ჯოხით კარგად გავბრეტყოთ, ბოლო ჭუჭყიც რომ
ამოვაცალოთ...

ლამპიტო – და სარეველებიც გამოვარჩიოთ, ანუ ყველა შეკრება და ყველა მოკამათე, ვინც მზად არის ერთმანეთს
ყელში სწვდეს და ხელისუფლებისკენ ისწრაფვის, - ისინი უნდა გადავყაროთ, თან თავებიც დავაყრევინოთ.

მირინე - და მერე კალათში მხოლოდ ერთნაირი მატყლი უნდა ავარჩიოთ – ძვირფასი და ძლიერი მეგობრობა!

კლეონიკე - იქვე დავამატოთ თავისუფალი ათენელი ხელოსნები!

მირინე - და ყველა უცხოქვეყნელი, ვინც ქალაქელთა მეგობარია.

ლამპიტო – და თუ ვინმეს საზოგადოების ვალი აქვს, - ასეთებიც უნდა ჩავამატოთ ცოტა.

ლისისტრატე - ჰოდა, ის ქალაქებიც უნდა მივიღოთ, სადაც კოლონიები დავაარსეთ, შეუძლიათ მოგვემსახურონ
ერთგულად და საიმედოდ. ყველა თავისთვის იქნება. მერე კი ამათ, ამ მატყლის კალათაში მოგროვილებს, ყველას
ერთად შევკრებთ, დავართავთ და უშველებელ გორგალზე დავახვევთ, საიდანაც ჩვენ ათენელებს სამოსს
მოვუქსოვთ.

პრობული – სირცხვილი და საშინელი თავის მოჭრა არ არის, რომ ამ საჭირბოროტო საქმეზე მატყლის კალათით
და ქსოვით ლაპარაკობთ, ამ დროს ომებში არც კი ყოფილხართ!

ლისისტრატე – გეშლება, პრობულო! ომისგან ჩვენ უფრო მეტად ვიტანჯებით! დედები ვართ და რამდენს
ვითმენთ, როცა საომრად ვაგზავნით ჩვენს ქმრებს და შვილებს...

პრობული – შენც გაჩუმდი და ცუდს ნუ დაიმახსოვრებ!

ლისისტრატე – და როცა მხიარულების დრო გვაქვს, ახალგაზრდობით დატკბობის ხანა, ამ ომების გამო სულ
მარტო გვძინავს. მაგრამ ჩვენს ტანჯვაზე საკმარისია, მე უფრო ის ქალები მეცოდებიან, ვინც მშვიდად და
დარდიანად ბერდებიან.

პრობული – კაცები რა, არა ბერდებიან?


ლისისტრატე – თქვენი და ჩვენი სიბერე ერთნაირი არ არის! ომიდან კაცი ხომ ჭაღარა მოხუცად დაბრუნდება,
მაგრამ ცოლად მაინც ახალგაზრდას ირთავს. ქალს კი ერთი მოკლე გადაფუჩქვნის ხანა აქვს და როცა იმას
ხელიდან გაუშვებს, აღარავინ ინდომებს იმის მაჭანკლობასაც კი და ზის ისიც, ამაო იმედით.

პრობული – და თუკი კაცი ისევ ჯანზეა?

ლისისტრატე – შენ მეუბნები მაგას, შე მოფამფალებულო, აქ ცოცხლებს რომ აკლიხარ და იქ კიდევ მკვდრებს?

ლამპიტო – მართლაცდა, რატომ აგვიანებ სიკვდილს? ცას ხომ არ უნდა გამოეკერო? მიწაში ადგილი საკმარისია,
კუბო იყიდე, კუბო! მე კი თაფლაკვერს გამოგიცხობ, აიღე და ამით დაკმაყოფილდი!

კლეონიკე – და შავი ლენტებიც, სამგლოვიარო, პატივცემულო, მიიღე ჩემგან!

მირინე – და ეს გვირგვინიც აიღე, მალე!

ლისისტრატე – რაღაც უცდი? ნავში ჩაჯექი! ქარონი გიხმობს, შენ კი გაცურვის წინ ზოზინებ.

(პრობულს გვიგვინს დაახურავენ და ლენტებს შემოახვევენ).

პრობული – ამას კი ვეღარ გაპატიებთ! ახლავე ჩემი ფეხით საბჭოზე წავალ მე თვითონ, მოვახსენებ თქვენზე და
მალევე გამოვჩნდები.

(მიდის).

ლისისტრატე – (პრობულს დაადევნებს) ჩვენ გვადანაშაულებ, რომ ვერ აგიტანეთ? მესამე დღეს, ალიონზე
კატაფალკასაც გამოგიგზავნით.

(ლისისტრატე, კლეონიკე და მირინე მიდიან).

მეექვსე სცენა – დისპუტი მთელი ათენის გასაგონად

პრობული – ახლა ძილის დრო არ არის, თავისუფლება უნდა დავიცვათ. შევიკრიბოთ, ქალაქელებო და საჩქაროდ
საქმეს მივხედოთ! ეტყობა, ამას საბედისწერო საქმის სუნი უდის! მე წინასწარ ვგრძნობ, ჰიპიას ტირანიას.
მე ვშიშობ, ლაკონელები ხომ არ მოპარულან აქ და შეთქმულებას ხომ არ გვიწყობენ ამ უგუნური ქალების
მეშვეობით! თორემ ჩვენ ქალებს სადა აქვთ იმდენი ეშმაკობა, რომ მთელი ჩვენი ფულები ჩაიგდონ ხელში და
მთელი ქონება გაგვიტიალონ?!.

ლისისტრატე – ჰო, რაც არ მოგწონთ, ყველაფერს შეთქმულება უნდა დაარქვათ! და მტერს გადააბრალოთ! აი, მე
კი ვფიქრობ, რომ ნუთუ ქალაქს სასარგებლო რჩევა არ უნდა მივცე? თუნდაც ქალად ვიყო დაბადებული! მეც ხომ
შემაქვს ჩემი წვლილი საერთო საქმეში, თანაც ყველაზე ფასეული – მე შვილებს გიჩენთ. თქვენ რა წვლილი
მიგიძღვით, ერთი მითხარით? მიპასუხეთ, ბეხრეკებო! სად არის თქვენი წვლილი, სად? თქვენი პაპების წვლილი,
იმათი სპარსელებზე გამარჯვების წვლილი ისე გამოფლანგეთ, რომ სალაროში ერთი ტალანტიც კი არ
შეგიტანიათ. იმდენი ქენით, რომ ლამის ყველანი დავიღუპოთ თქვენს გამო, ამიტომ ენა ჩაიგდეთ!

პრობული – (მიიხედ-მოიხედავს და რაკი არავინ არის, ხელს წაატანებს ლისისტრატეს). მოდი აქ,
მშვენიერუკანალავ!@

ლისისტრატე - ხელი არ მახლო, თორემ ამ ჩემი მაღალი ქოშებით თავის ქალას შუაზე გაგიპობ. შინ რომ
დაბრუნდები, ვეღარავინ გიცნობს!..

პრობული – საშინელებაა, ჩემო კარგო ათენელებო! ქალები ისე გათავხედდნენ, რომ ჭკუას გვასწავლიან! ყველა ეს
ცოლები და საყვარლები მატყლის დართვით და მოქსოვით მსჯელობენ და ათენელებს აიძულებენ, სპარტასთან
ზავი დადონ. ხოლო ამის იმედი კი ისე უნდა გვქონდეს, როგორც მგლის ხახაში გეგონოს, რომ გადარჩები.

ეს ქალები ჩვენ ისევ ტირანიას გვიმზადებენ! მაგრამ ტირანებს ჩემს კისერზე მე არ მოვითმენ, ფრთხილად
ვიქნები, სულ ჩემი მახვილით ვივლი და მუზარადს არ მოვიშორებ მცხუნვარე მზეშიც!.. ტირან ჰიპიას ძმის და
ჰიპარქეს მომკვლელის, არისტოგიტონის ძეგლის გვერდით დამაყენებენ კბილებამდე შეიარაღებულს! და ეგებ
ისეც მოხდეს, რომ ღმერთების მტერ ყველა ქალბატონს სულ კბილები ჩავუმტვრიო!

ლისისტრატე – საკუთარ თავს მიხედავდე, აჯობებდა! ტირანს ის მიწოდებს, ვინც თავად არის ტირანი! ხოლო
თქვენთან, თანამოქალაქენო, და ყველასთანაც მე ყოველთვის ათენის სასარგებლოდ ვილაპარაკებ! იმიტომ, რომ
მე ათენმა გამზარდა!.. მე შვიდი წლიდან თვლასხივოსანი ათენას მოსახურის მქსოველს ვეხმარებოდი, ხოლო ათი
წლისა ფქვილს ვუცრიდი ღმერთქალ-ქალბატონს და არტემიდას დღესასწაულზე ძუ დათვის სათამაშოდ
პორფირი მეცვა! მერე კი დიდი გოგო გავხდი და თავზე შემოდგმული სამსხვერპლო ლეღვის კალათითაც
ვიარებოდი პროცესიაში...

პრობული – ხედავთ, ვინ გვეუბნება ათენის სასარგებლო სიტყვას! ამას ჰგონია, უკანალების სილამაზის
კონკურსებში ორჯერ რომ გაიმარჯვა, პრობულზე მეტი სიტყვა ეთქმის! ჯერ სადა ხართ, ეს ამბავი უფრო შორსაც
კი წავა, თუ დროულ პასუხს არ გავცემთ, სანამ ძალა გვაქვს. მაშ, მკლავები დავიკაპიწოთ, რადგან კაცმა კაცებთან
ერთად უნდა ხნას ხოლმე, სითბოში კი არ უნდა მცონარობდეს! აბა, ვინც კი ჰიპიას ტირანიის წინააღმდეგ
ლეპსიდრიაში გამოცხადდა, ფეხშიშველებო, აქეთ იჩქარეთ! დღეს თქვენ ისევ უნდა გაახალგაზრდავდეთ,
ფრთები შეისხათ და გადაივიწყოთ სიბერის ულმობელი სენი!.. ნუ შევეგუებით ამ მშვენიერუკანალას ტირანიას!
ამას ჰგონია, რომ რაკი ფიდიასის მოწაფემ, - რა ჰქვია, სახელი დამავიწყდა, - ქანდაკება დაუდგა, უკვე ვეღარავინ
მოერევა!

ლისისტრატე – აგროკრიტოსი ჰქვია ფიდიასის მოწაფეს და შურით რომ გასკდე, შენზე მეტად მე დამიჯერებს
ხალხი, იმიტომ, რომ მართალი ვარ! და თუ ბრძოლაა, ჩვენც ხელებს დავიკაპიწებთ, რომ ქალებმა დაღმა
ვფარცხოთ თქვენი აღმა ნახნავი! ისე გაგიხდით საქმეს, პრობულო, რომ ნივრიანი ლობიო გენატრებოდეს!

პრობული – ამათ რომ სულ პატარა რამე დავუთმოთ, ამ საზარელ მოწოდებებს არ მოეშვებიან!@უფრო მეტიც,
მალე საბრძოლო ხომალდების აგებას დაიწყებენ და შეეცდებიან იმ ხომალდებით ჩვენებს ეომონ ღვინისფერ
ზღვაში! ანდა თუ ცხენებს მოასხდნენ, ჩვენი მხედრების საქმე დამთავრებულია. ქალები ხომ ბრწყინვალედ
დაჯირითობენ და ისე მარჯვედ სხედან უნაგირებზე და ისე ზუსტად ისვრიან ისარს, რომ ამაზონები გეგონება!
ერთიც კი არ ჩამოვარდება ცხენიდან, ერთიც კი!

სტიმოდორი – (შემოდის სცენაზე და ბოლო სიტყვებს მოჰკრავს ყურს) ამაზონები ვინ არიან?

ფილუგრიუსი – ცალძუძუიანი ამაზონების კაცებთან ომი მხატვარმა მიქონმა დაგვიხატა, თუ არ გინახავს, ჩემო
სტიმოდორ, მიდი აკროპოლში და ნახე.

სტიმოდორი – როგორ მივიდე, როცა იქ ქალები არიან გამაგრებული?

დრაკეტი – ეჰ, ჩემი ვირი მაინც მყოლოდა!

პრობული – იცით, რა უნდა ვუყოთ ამათ? ყველანი დაუყოვნებლივ უნდა დავიჭიროთ და კისრებზე მონის უღელი
უნდა დავადგათ!

ლისისტრატე – მონის ხმა მესმის! მუცლის მონისა! ჩვენი ქმრების და შვილების სისხლით გასუქებული მუცლის
მონისა!

პრობული – გამიშვით! (სტიმოდორს ჩაეჭიდება, რაკი ის არ იჭერს) გამიშვი, ჩემო სტიმოდორ, უნდა მოვკლა, ჩემო
ფილუგრიუს! უნდა მოვკლა და ის ორჯერ გამარჯვებული უკანალი ძაღლების სათრევად გავუხადო, ჩემო
დრაკეტ! გამიშვით მეთქი!

ლისისტრატე – გამოუშვით და მაგის გაფუებულ უკანალს მთელ ათენს ვაჩვენებთ!

სტიმოდორი – გატყუებს, არ გაუშვა, ჩემო ფილუგრიუს!

პრობული – გამიშვით!

ლისისტრატე – გამოუშვით!

ფილუგრიუსი – დაიჭი-გამოუშვი! დაიჭირე-გამოუშვი! ვეღარაფერი გავიგე, ჩემო დრაკეტ!

დრაკეტი – ჩემი ვირი მაინც მყოლოდა, ახლა როგორ გავიყვანოთ ეს ჩვენი პრობული აქედან?

მეშვიდე სცენა – ქალები აკროპოლიდან იპარებიან

(ლამპიტო აკროპოლიდან მიიპარება, ამ დროს კარიბჭიდან გამოდის ლისისტრატე).

ლამპიტო – რა სევდიანად დადიხარ, ლისისტრატე, ვინ გაგაბრაზა?


ლისისტრატე – ქალების ქცევამ, იმათმა სულელურმა ჭკუამ იძულებული გამხადა, რომ ჩემი დარდებიანად
მეხეტიალა.

ლამპიტო – რას მელაპარაკები?!

ლისისტრატე – სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს!

ლამპიტო – მითხარი, რა გვჭირს?!

ლისისტრატე – თქმა გვიანია, გაჩუმება კი ძნელი!

ლამპიტო – ჰოდა, ნუღარ გაჩუმდები!

ლისისტრატე – კაცებისკენ მივიწევთ, მოკლედ რომ ვთქვათ.

ლამპიტო – მოგვენატრა?!

ლისისტრატე – სიქა გამაცალეს დევნისაგან!

ლამპიტო – მართლა?

ლისისტრატე - იმალებიან, ჯგუფ-ჯგუფად გარბიან.

ერთი შუა ბილიკიდან მოვაბრუნე, უკვე გამოქვაბულამდე იყო მისული. მეორე ამ გალავნიდან ეშვება თოკით.
მესამე კიდევ მტრედივით აპირებს ქვევით ჩაფრენას, კაცებიან სახლში და ძლივს მოვასწარი თმაში ვწვდომოდი...
ყველა შინ გასაქცევ მიზეზებს ეძებს.

(მაღალი გალავნიდან თოკით ჯალამბარით ეშვება კლეონიკე).

შენ ეი, საით?

კლეონიკე – შინ უნდა შევირბინო, მილეთის მატყლი დამრჩა გაშლილი და ჩვენმა ვირმა არ შემიჭამოს...

ლისისტრატე – არავითარი ვირი! უკან დაბრუნდი!

კლეონიკე – ახლავე მოვალ. მარტო ერთხელ გადავაბრუნებ მატყლს და მოვალ.

ლისისტრატე – არსადაც არ წახვალ!

კლეონიკე – მთელი მატყლი რომ დამეღუპება?

ლისისტრატე – დაგეღუპოს! თუ საჭიროა!


(კარიბჭიდან ქურდულად მოიპარება მირინე).

შენ საითღა გაიწევია, მირინე?

მირინე – ვაი, ჩემ თავს, ჩემი გამჭვირვალე კაბა გასარეცხი დამრჩა სახლში.

ლისისტრატე – აჰა, კიდევ ერთი, გამჭვირვალე კაბაზე გაუწევია. უკან დაბრუნდი!

მირინე – მხოლოდ ერთხელ ამოვრეცხავ, გავწურავ, გავფენ და ისევ უკან მოვირბენ!

ლისისტრატე – დაწყებული არც კი გექნება რეცხვა, რომ სხვებიც თან მოგყვებიან.

(ახლა ლამპიტო შეჰკივლებს).

ლამპიტო – ვაიმე! მშობიარობა მეწყება! წავალ, მოფარებულ ადგილს მოვნახავ!

ლისისტრატე – რას მიედ-მოედები?

ლამპიტო – უნდა ვიმშობიარო!

ლისისტრატე – გუშინ ორსულად არა ყოფილხარ.

ლამპიტო – ეგ გუშინ! დღეს კი გამიშვი, ლისისტრატე, სამშობიაროდ მიმეჩქარება!

ლისისტრატე – რას ბოდავ? (მუცელს მოუსინჯავს).

ეს რა გაქვს, მაგარი?

ლამპიტო – ბიჭია!

ლისისტრატე – მოიცა, მოიცა! სპილენძის ქოთანს მალავ? ახლავე გავიგებ!..

(ლისისტრატე ლამპიტოს კაბას გაუხსნის).

უჰ, შე გაიძვერავ, ეს ათენას წმინდა მუზარადია, შენ კი ამის მშობიარობას აპირებ!

ლამპიტო – ჰო, ამის გაჩენას.

ლისისტრატე – და მუზარადისა რატომ?


ლამპიტო – აკროპოლში შეიძლება მშობიარობისას წამასწრონ. ჰოდა, მაშინ მომიწევს, როგორც მტრედმა,
პირდაპირ მუზარადში გავაჩინო.

ლისისტრატე – მაგ ფანდებს მოეშვი.

კლეონიკე – და თანაც მე აკროპოლში აღარ შემიძლია ძილი, რადგან იქ ანკარა გველი ვნახე!

მირინე – მე კიდევ, მე უბედური, ჭოტ-ბუების კივილისგან ვიტანჯები საღამოდან დილამდე!..

ლისისტრატე – ქალებო, ხუმრობებს მოეშვით! თქვენ ქმრები გენატრებათ. განა სხვები არა ვწუხდებით უიმათოდ?
მე ვიცი, როგორი მძიმეა ღამეები თქვენთვის, მაგრამ თავი შევიკავოთ, მეგობრებო, სულ ცოტა კიდევ
მოვითმინოთ! არის წინასწარმეტყვერლება, რომ ყველას ვაჯობებთ, თუკი ერთმანეთში არ ვიდავებთ...

მირინე – გვითხარი რა ეგ წინასწარმეტყველება!

ლისისტრატე – მაშ, მომისმინეთ! “თუკი მერცხლები ერთ ალაგას მიფრინდებიან, რათა გველებს გაექცნენ, და
აგრეთვე თავს შეიკავებენ საწოლისაგან, უბედურებებს ბოლო მოეღება, ცაზე მგრგვინავი მეხთა მტყორცნელი
ზევსი მაღალს მდაბლად გადააქცევს!..”

ლამპიტო – ვაიმე, მდაბლად?!

კლეონიკე – რა იყო?

ლამპიტო - აბა, მაშ, ჩვენ ზემოდან უნდა ვიყოთ ხოლმე-ხოლმე?

მირინე – არც მე მიყვარს ზემოდან!

ლისისტრატე – “ხოლო თუ თავიანთ სიტყვას გადაუხვევენ და წმინდა ტაძრიდან შორს გაფრინდებიან, მაშინ ეს
მერცხლები სამუდამოდ დარჩებიან სხვა ჭრელბუმბულა და უსირცხვილო ფრინველებს შორის”.

კლეონიკე – ორაკული ცხადია და ნათელი!..

ლისისტრატე – ჰოდა, როცა ვსევდიანობთ, არც მაშინ დავივიწყებთ საქმეს! დავბრუნდეთ! სირცხვილი ჩვენ, თუკი
ამ წინასწარმეტყველებას ვერ ავახდენთ! ნუთუ, ვერ ხვდებით, რომ გაძლებაზეა ახლა საქმე! ვინც გაუძლებს, ის
გაიმარჯვებს!

მერვე სცენა – უქალობით შეწუხებული პრობული ლისისტრატეს შებმას ცდილობს

(სცენაზე კიბით მოიპარება პრობული. მიიხედ-მოიხედავს და რაკი არავინ ჩანს, აფროდიტე კალიპიგოსის
ქანდაკებას კიბეს მიადგამს, ზედ აძვრება, ჯერ ეფერება და მერე უკანალზე ჰკოცნის ვნებიანად.
ამ დროს კარიბჭიდან გამოდის ლისისტრატე და ხედავს, პრობული რასაც აკეთებს).

ლისისტრატე – არ გააუპატიურო, თორემ მაგ თანამდებობასაც დაკარგავ და ქალაქიდანაც გაგაძევებთ!

პრობული - მოდი, მშვენიერუკანალა ქალო, ერთი მაგრად უნდა ჩაგკოცნო!

ლისისტრატე – სად უნდა მოვიდე, ნივრითა ჰქოთხარ!

პრობული – ნიორსაც გავფენ და შენც...

ლისისტრატე – მეტისმეტად ბანჯგვლიანი ხარ!

პრობული – მაგრამ ასე ხომ ბევრი ათენელი მხედართმთავარი მტრების გულის გასახეთქად ბაჯგვლიანი და
შავტრაკა იყო?

ლისისტრატე – სახელგანთქმული ზღაპრით უნდა გიპასუხო. არისტოფანეს თანამედროვე ათენელი, უტეხი


ტიმონი ცხოვრობდა ერთი, პირქუში და უკარება, ფეხდაუდგმელ ჭალებში მალავდა თავის მრისხანე ხმას.

ასე გაიქცა ეს ტიმონი მძვინვარებაში, წყევლა დაგჩხავლათ კაცებს!.. თქვენ ვერ გიტანდათ, წამხდარ და ბრაზიან
კაცებს, მაგრამ ცოლების მარადიული მეგობარი იყო.

პრობული – ან იყო და ან არა.

ლისისტრატე – გინდა, კბილებში მოგარტყა?

პრობული – ვაი, არ გინდა! მეშინია!

ლისისტრატე – კარგი, მაშინ წიხლსა გკრავ!

პრობული – სჯობს, შენი თბილი ალაგი მაჩვენო..! აფროდიტეს დელტა და ქვევით რაც არის!

ლისისტრატე – მაგ ქანდაკებას უნახე, მაგასაც ექნება!..

პრობული – (ხელებს უფათურებს ქანდაკებას) აქ იმხელა ბუჩქები ამოყრილა, შიგ ყვავი ბუდეს გაიკეთებს და
ბარტყებსაც დასჩეკავს!..

ლისისტრატე – (აკროპოლისკენ წავა) სანამ უკან დავბრუნდები, მანდ აღარ დამხვდე, თორემ იმ ბარტყებს
შეგიწვავ და სულ შენ შეგაჭმევ!

(პრობული ფაცხა-ფუცხით ჩამოდის ქანდაკებიდან და სანამ კიბეს მოიკიდებდეს, შემოირბენენ აქამდე


დამალული სტიმოდოდრი, ფილუგრიუსი და დრაკეტი, კიბეს მოიკიდებენ და მოძუძგავენ).
მეორე მოქმედება

მეცხრე სცენა – მირინეს კინესიასი ესტუმრა

(აკროპოლიდან გამოდის ლისისტრატე).

ლისისტრატე – (კივის) ჰეი, ქალებო, ჩქარა, ჩემსკენ!

(კლეონიკე, ლამპიტო, მირინე, ბეოტიელი ქალი და კორინთოელი ქალი გამოდიან მის ძახილზე).

კლეონიკე – რა ხდება? რა კივილი იყო?

ლისისტრატე – კაცს ვხედავ.

აქეთკენ მოდის. ქიტონი ისე გამობერვია, ალბათ, მზად არის აფროდიტეს ემსახუროს. ღმერთქალო დედოფალო,
სულ ამ გზაზე ატარე!

ლამპიტო – აბა, სად არის და ვინ არის?

ლისისტრატე – აი, იქ, ტაძართან.

კლეონიკე – ჰო, აგერ მოდის! ნეტავ, ვინ არის?

ლისისტრატე – ვინმე ხომ არ იცნობთ?

მირინე – მე!.. ჩემი ქმარია, კინესიასი.

ლისისტრატე – ჰოდა, მირინე, მაგისი ნელ ცეცხლზე კარგად შებრაწვა შენი ვალია. თვლათმაქცობით უნდა
გიყვარდეს და არც გიყვარდეს.

ყველაფერი მისცე და არც მისცე, ჩვენი ფიცის თანახმად.


მირინე – შენ არ იდარდო, მაგასაც მოვაწყობ!

ლისისტრატე – მე თვითონაც აქ დავრჩები და მაგას გავასულელებ, და გავაცურებ, თქვენ კი ყველანი წადით!

(ქალები მიდიან. შემოდის კინესიასი მონის თანხლებით, რომელსაც პატარა ბიჭი მოჰყავს).

კინესიასი – რა ბედკრული ვარ, ჩემო კარგო მონავ, რა ბედკრული! სპაზმები მსტანჯავენ! სპაზმები! შენ
წარმოდგინე, ეს ისეთი წამებაა, როგორც შენ რომ ამოგაჭერით ენა! და იმიტომ ამოგაჭერით, რომ გრძელი გქონდა!
მაგრამ შენ აქედან იმ დასკვნას ნუ გამოიტან, რომ რაც გრძელია, ყველაფერი მოსაჭრელია! ეს თქვენ უნდა
მოგაჭრათ ხოლმე, რომ ჭკუაზე მოგიყვანოთ, რადგან უმონებოდ ათენის ცხოვრება გაძლებაღა იქნება! მხოლოდ
გაძლება და გაძლებით ცხვორება კიდევ – ჩვენს მერეც ეყოფა კაცობრიობას!

ლისისტრატე – ჰეი, შენ ვინ ხარ, უკან დაბრუნდი!

კინესიასი – მე!

ლისისტრატე – კაცი ხარ?

კინესიასი – ჯერ-ჯერობით, კაცი!

ლისისტრატე – მაშინ წადი აქედან!

კინესიასი – რატომ მაგდებ? შენ ვინ ხარ?

ლისისტრატე – მცველი.

კინესიასი – გემუდარები, მირინეს დამიძახე!

ლისისტრატე – ახლა მირინესაც გამოუძახე! შენ თავად ვინ ხარ?

კინესიასი – იმისი ქმარი, კინესიასი.

ლისისტრატე – მაშ, კარგი გამარჯობა, ჩემო მეგობარო! შენი სახელი არცთუ უსახელოა ჩვენში და არცთუ უცნობი.
მირინე ხშირად გიხსენებს, კვერცხს აიღებს თუ ვაშლს, ნეტავი, კინესიასსაც მისცაო, სულ ამას ნატრობს...

კინესიასი – ჩემი მირინეა და იმიტომ ნატრობს!

ლისისტრატე – თუკი კაცებზე ჩამოვარდება სიტყვა, მაშინვე ამას ამბობს: “მარტო კინესიასთან, თორემ სხვებზე
გული არ მიმდისო!”

კინესიასი – ჰოდა, დაუძახე!

ლისისტრატე – სამაგიეროდ, რას მომცემ?

კინესიასი – რაც მაქვს, იმას მოგცემ და მაშინ, როცა მოინდომებ!


(გამობურცეულ ლაბადას დაანახვებს).

აი, მთელი ჩემი ყველაფერი! რითაც მდიდარი ვარ, მარტო ის მიხარია!

ლისისტრატე – მაშინ იმის დასაძახებლად მივდივარ...

კინესიასი – მალე, თორემ ჩემი ცხოვრება უსიხარულო გახდა. რაც შინიდან წავიდა, სახლში შესვლა მიჭირს და
უკაცური უდაბნო მგონია. საჭმელიც კი არ მახარებს, მარტო ჩემი მირინე მინდა!

მირინე – (გამოდის აკროპოლიდან) მიყვარს, მიყვარს, მაგრამ იმას არ უნდა, რომ სიყვარულის ღირსი იყოს. და მე
ნუ მეძახი!

კინესიასი – მირინიკო, რას აპირებ? აქეთ მოდი, აქეთ!

მირინე – არა!

კინესიასი – არ მოხვალ, მირინე?

მირინე – სამწუხაროდ, სულ ტყუილად მეძახი.

კინესიასი – ტყუილად? მე კი ძალიან დავიტანჯე!

მირინე – მე მივდივარ.

კინესიასი – დაიცადე, ბავშვს მაინც მოუსმინე! აბა, პატარავ, დედიკოს დაუძახე!

ბავშვი – დედიკო, დედიკო, დედიკო!..

კინესიასი – გული არა გაქვს? არ გეცოდება ეს დაუბანელი ბავშვი და თანაც მთელი კვირის მშიერი?

მირინე – ეს პაწაწუნა ცოდოა, მაგრამ ცუღლუტი, გაიძვერა და უსაქმური მამა ჰყავს!

კინესიასი – ჩქარა მოდი ბავშვთან!

მირინე – აბა, დედა რაში სჭირდება?! მოკლედ, მე წავალ, აბა, სხვა რა ვქნა?

კინესიასი – (მონას) მეჩვენება, რომ გაახალგაზრდავდა, გამოხედვა მშვენიერი და ცეცხლოვანი აქვს. თუნდაც მე
ასე მკაცრად მომექცეს, - უფრო მეტი ვნება მიპყრობს!

მირინე – ო, ცუდი მამის ძვირფასო ბავშვო, აკოცნინე შენს დედიკოს!

კინესიასი – რას აკეთებ, ბოროტო? სხვა ქალებსაც ბოროტებას ასწავლი, მე კიდევ მაწვალებ, თან თავადაც
დარდობ!
(მოხვევნას უპირებს).

მირინე – შორს, შორს მეთქი ხელები!

კინესიასი – სახლის მთელი ქონება უყურადღებოდ მიატოვე...

მირინე – რა ჩემი საქმეა!

კინესიასი – რა შენი საქმეა, ქათმები რომ შენ შეკერილებს კენკავენ და ბრჭყალებით ქექავენ?

მირინე – არ არის!

კინესიასი – და დიდი ხანია, აფროდიტეს საიდუმლოებებიც სულ დაივიწყე.

დაბრუნდი სახლში!

მირინე – არა, სანამ არ შერიგდებით და ომს არ დაამთავრებთ!

კინესიასი – თუკი ისურვებ, ამაზეც წავალთ.

მირინე – თუ ასე იზამ, მეც ფიცს მოგვემ, რომ დავბუნდები.

კინესიასი – წამოწექი, დიდი ხანია, ჩემთან არ ყოფილხარ!

მირინე – არა, არ შემიძლია, მაგრამ მაინც მიყვარხარ!

კინესიასი – მართლა გიყვარვარ? მაშინ, მირინიკო, ჩემთან არ დაწვები?

მირინე – სასაცილო ხარ! სად? ამ ბავშვის თვალწინ, აქ?

კინესიასი – არა. მონა მანეს, ბავში შინ წაიყვანე!

(მონას ბავშვი მიყავს).

აჰა, აი, ბავშვი წავიდა, წინაღობა აღარ არსებობს! დაწექი ჩემთან!

მირინე – ეს სად ვქნათ, შე გაჭირვებულო?

კინესიასი – პანის გამოქვაბულია აქვე, სწორედ რომ საამისოდ.

მირინე – და მერე როგორღა დავბრუნდები ქალაქში სუფთა?

კინესიასი – მშვენიერია, მეგობარო, მერე კი კლეპსიდრაზე, წმინდა წყაროზე დაიბან ცოდვას.


მირიმე – ესე იგი, ფიცი დავარღვიო, შე ცუცურაკო, წუწკო და უსურმაგო?

კინესიასი – დაარღვიე და ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს!

მირინე – დაიცადე, საწოლს გამოვიტან.

კინესიასი – არ გვინდა. მიწაზეც მშვენივრად გამოგვივა!

მირინე – ბოროტი კი ხარ, მაგრამ მიწაზე მაინც არ დაწვები!

(გარბის).

კინესიასი – აი, როგორ მაგრად ვუყვარვარ ჩემ ცოლს!

მირინე – (გამოაქვს საწოლი) აჰა, დაწექი, მე კი გავიხდი.

ოღონდ ნოხის მოტანაც მომიწევს.

კინესიასი – ნოხისა? არა!

მირინე – უნოხოდ სამარცხვინოა!

კინესაისი – მაკოცე!

მირინე – აჰა!

(აკოცებს და გარბის).

კინესიასი – უჰ, სიამტკბილობავ, რა კარგი რამ ხარ! მალე დაბრუნდი!

მირინე – (დაბრუნდება) აი ნოხი! დაწექი, მე კი გავიხდი. დაიცა, ბალიშიც არა გაქვს!

კინესიასი – არ მინდა ბალიში! არა!

მირინე – მე მინდა!

(გარბის).
კინესიასი – აქ ისე გვხვდებიან, როგორ ჰერაკლეს!

მირინე – (ბრუნდება ბალიშით) წამოიწიე! (ბალიშს ამოუდებს მხრებქვეშ) ახლა ხომ ყველაფერი მზად არის?

კინესიასი – ყველაფერი! ოქრო, ჩემთან! ჩემი ოქრო ჩემთან!

მირინე – სარტყელს ვიხსნი უკვე.

კინესიასი – მალე, მალე!

მირინე - მშვიდობაზე არ დაგავიწყდება, ხომ?!

კინესიასი – აბა, როგორ?!

მირინე - იცოდე, ჩემი მოტყუება არ გაბედო!

კინესიასი – მაშ, სულამც გავქრე!

მირინე – ვაიმე, ზეწარი არა გვაქვს!

კინესიასი – ზეწარი კი არა, შენ მინდიხარ, შენ!

მირინე – ყველაფერს მიიღებ, ახლავე მოვალ!

(გარბის).

კინესიასი – მომკლავს ამ თავისი ნაჭრებით და ახირებებით!

მირინე – (დაბრუნდება) წამოიწიე!

კინესიასი – წამოვიწიე, ვერ ხედავ?

მირინე – ნელსაცხებელი უნდა გცხო!

კინესიასი – არ მინდა!

მირინე – გინდა!

კინესიასი – არ მინდა, არა!

მირინე - მაინც უნდა გცხო, გინდა თუ არა!

(გარბის).
კინესიასი – სულამც დაღვრილა ის ნელსაცხებელი!

მირინე – (ბრუნდება ფლაკონით ხელში) ხელი მომეცი. აი, აიღე და ყველგან შეიზილე!

კინესიასი – ეს, არ მომწონს ეს ნელსაცხებელი, როცა ქორწილის და საძინებლის სურნელი არა მცემს!

მირინე – მე კი, სულელმა, როდოსული წამოვიღე!

კინესიასი – არა უსავს, ესეც გამოდგება, გულითადო!

მირინე – რას ბურტყუნებ?

(გარბის).

კინესიასი – აი, მიწამ უყოს პირი, ვინც ეს ნელსაცხებელი მოიგონა!

მირინე – (ბრუნდება სხვა ფლაკონით) აი, გამომართვი! ეს უკეთესია!

კინესიასი – მე ხომ უკვე მაქვს...

იწექი, სულელო, და ერთი წვეთიც კი აღარ მომიტანო!

მირინე – კარგი, აღარ მოვიტან! აი, უკვე ვიხდი. მაგრამ, იცოდე, საყვარელო, უნდა შემომფიცო, რომ მშვიდობას
მიაღწევ!

კინესიასი – ჰო, ჰო, ვფიცავ!

მირინე – ვაიმე!

კინესისასი – რა იყო?

მირინე – მთელი ჩვენი ქალების ტუნიკებს ვხარშავ ქვაბით ცეცხლზე და დამეწვება!

(მირინე შეირბენს კარიბჭეში და გაქრება).

კინესიასი - ცოლმა გამტანჯა, დამღუპა და გამაწამა და გამექცა. რა ვქნა? ვისთან ვისიამტკბილო? როგორ მწარედ
მომატყუა! და ბავშვს როგორ ვაჭამო ამიერიდან? გამზრდელი დავიქირავო?!

ლისისტრატე – (აფროდიტა კალიპიგოსის ქანდაკების უკანიდან ელაპარაკება) საშინელ სიბედკრულეში ხარ,


კინესიას და მწარედ მოტყუებული იტანჯები სულით და გულით.

კინესიასი – ვაიმე, ჩემს თავს!.. ვაი!

ლისისტრატე - მზად ვარ შეგიბრალო! რომელი ადამიანი მოითმენს ტკივილს? რომელი თირკმელები, რომელი
სული, რომელი გვერდები და ძალა ქმრების, რაც წამოყელყელავებულა ყველას დასანახად, მაგრამ... თავისას ვერ
შვრება.

კინესიასი – ო, აფროდიტე ლამაზუკანალავ, საშინელი სპაზმები დამეწყო!

სტიმოდორი – (გამოჩნდება თავის მეგობრებთან ერთად) რომელო ლამაზუკანალაო?

ფილუგრიუსი – აფროდიტეს უკანალს უთხრა, ჩემო სტიმოდორ!

დრაკეტი – უკანალი მე არ ვიცი, და მაგას რაც ჰქვია, ისა ჰქვია, ჩემო ფილუგრიუს, და ის არის...

პრობული – ტრაკეტ... ენა ჩაიგდე, ჩემო ტრაკეტ! (კინესაისს) აი, ჩემო კარგო და ჭკვიანო კინესიას, ნახე, რა
დაგმათა ამ უმაქნისმა აფროდიტე კალიპიგოსმა და იმ წყეულმა მირინემ?!

კინესიასი – თქვენ მითვალთვალებდით?!

პრობული – სულაც არა! ჩვენ შემოვლაზე ვართ! არა, ჩემო სტიმოდორ?

სტიმოდორი – ჰო, ძალიან! არა, ჩემო ფილუგრიუს?

ფილუგრიუსი – აბა, რა! ხომ კი, ჩემო დრაკეტ?

დრაკეტი – ძირითადად ეგრეა.

და გინდაც ის წყეული მირინე დავინახოთ, იმასაც უნდა ვუთვალთვალოთ!

კინესიასი – ჩემი მირინე წყეული კი არა, ძვირფასია და ენას კბილი დააჭირეთ ყველამ, თორემ მაგ თანამდებობებს
დაგარგვინებთ, იცოდეთ!

დრაკეტი – ეჰ, მე რომ ჩემი ვირი მყოლოდ, მაგას ვეღარ მეტყოდი!

ფილუგრიუსი – შენი მირინე ძვირფასი კი არა, ბოროტმოქმედია! სტიმოდოდრი – და საშინელი დამნაშავე!

პრობული – ხოლო შენ კი - უნდილი! უნდა სწვდომოდი ოხვრით და ქშენით და შენს ლომებრ წამომდგარ
მრისხანებაზე უნდა შემოგესვა და ისე გეკრა და გეკრა და გეკრა, რომ ამ ქანდაკებაზე მაღლა აგეთამაშებინა და
ცამდის აგეყვანა!

კინესიასი – (გაოცებული) რატომ უნდა ამეყვანა ცამდე?

პრობული – რატომ უნდა აგეყვანა და იმიტომ, რომ იქიდან გადმოგეგდო!

კინესიასი – (მთლად დაბნეული) და რატომ უნდა გადმომეგდო?

პრობული – იმიტომ უნდა გადმოგეგდო, რომ მიწისკენ გამოჩქარებულიყო და უცებ, სრულიად მოულოდნელად
ჩემს შამფურს დახტომოდა და მერე ვნახავდი, გაიჭედებოდა თუ არა!

კინესიასი – შენ რომ ჩემზე უარესი გაჭირვებული არ იყო, პრობულო, მაგ შამფურს მოგაჭრიდი!

პრობული – ეჰ, ჩემო კინესიას, ხომ წარმოგიდგენია, ჰეტერებიც კი აღარ გვნებდებიან, თვით ჰეტერებიც კი! და
მარტო ათენში კი არა, მთელ ელადაში!

კინესიასი – რატომ? რატომ არ იძლევიან?

პრობული – ფაა-ფუ, აღარა გვაქვსო!

კინესიასი – როგორ თუ აღარა გვაქვსო?!

პრობული – სანამ ზავს არ დადებთ, არც გვექნებაო და ზავის მერე ვნახოთო.

დრაკეტი – ეჰ, ჩემი ვირი რომ ცოცხალი ყოფილიყო, რამდენ ტალანტს ვიშოვნიდი!

მეათე სცენა – სპარტის წინადადება

(შემოდის თეოგენე, სპარტელების ელჩი და თან ბეოტიელების ელჩი და კორინთოელი ელჩი ახლავს).

თეოგენე – სად არის უხუცესთა საბჭო, პრობულები და პრიტანები სად არიან? წინადადება უნდა შევთავაზოთ!..

(წინ გადაეღობებიან პრობულის მცველები: სტიმოდორი, დრაკეტი და ფილუგრიუსი).

სტიმოდორი – შენ ვინღა ხარ?

ფილუგრიუსი - კაცი ხარ თუ არა-კაცი?

დრაკეტი – ჰა?

თეოგენე – კაცი ვარ, კაცი და სპარტადან მაცნედ მოვდივარ!

სტიმოდორი – რა უნდა გვამცნო?


თეოგენე - წინადადება მომაქვს, რომ ორმხრივი ზავი დავდოთ.

ფილუგრიუსი – და ესენი?

თეოგენე – ეს ბეოტიელების წარმოგზავნილია, ეს კი კორინთოელებისა!

სტიმოდორი – მაშ, ემაგ მახვილებს რაღას დაათრევთ ჩუმად?

თეოგენე – ეს თქვენი ლამაზტრაკა აფროდიტეა მოწამე, მახვილი არც ერთს არა გვაქვს!

დრაკეტი – ნუ ტრიალებ!

ფილუგრიუსი – აბა, მაშ, მაგ ლაბადების ქვეშ რასა მალავთ?

სტიმოდორი – ჰო, რასა მალავთ?

თეოგენე – ხომ არ გაგიჟდით, მოსალაპარაკებლად მოვიდეთ და თან მახვილები წამოვიღოთ, გიჟები კი არა ვართ!

დრაკეტი – (ლაბადას გადაუწევს თეოგენეს) ჰო! აქ უკვე სხვა ამბავია!

ფილუგრიუსი – (ლაბადას გადაუწევს ბეოტიელების ელჩს) ჰო, ჩემო დრაკეტ, ძალიან სხვა!

სტიმოდორი – (ლაბადას გადაუწევს კორინთოელების ელჩს) ეს სხვა საქმეა!

თეოგენე – რა?

სტიმოდორი - თქვენ ცოლის მოყვანა გდომებიათ!

თეოგენე – ცოლიღა მაკლია სწორედ!

დრაკეტი – ჰო, ძალიან გაკლია!

თეოგენე – რას მიედ-მოედებით!

სტიმოდორი – აბა, ეს რა გაქვს?

თეოგენე – ეს საძუძგურო კომბალია.

ფილუგრიუსი – მაშინ მეც მქონია მასეთი კომბალი.

მაგრამ სიმართლე მითხარ, - ისედაც ყველაფერი ვიცი, - სპარტაში რა ხდება?

თეოგენე – ლაკედემონი აგვიჯანყდა და სხვა მოკავშირეებიც ვერ არიან მთლად ყოჩაღად...

სტიმოდორი – მაინც საიდან მოვიდა თქვენთან ეს უბედურება?

თეოგენე – ჯერ ლამპიტომ, მერე სხვებმა, მთელი სპარტის ქალებმა, გეგონება ჭკუიდან გადავიდნენო და სულ
გადირივნენო, თავიანთი ქმრები და საყვარლები დაიფრინეს საწოლებიდან. მერე სპარტის ქალებს ბეოტიელებმა
მიბაძეს, ბეოტიელებს კიდევ კორინთოელებმაც...
ფილუგრიუსი – თქვენ რაღა ჰქენით?

თეოგენე – რა უნდა გვექნა, ჰეტერებიც კი უარზე არიან!

დრაკეტი – ვირები არ გყავდათ?

სტიმოდორი – ან თხები?

თეოგენე – ჩვენი ვირებიც და ჩვენი თხებიც ომმა შეიწირა...

სტიმოდორი – საწყლები!

ფილუგრიუსი – ჩვენც მაგ დღეში ვართ...

დრაკეტი – ეჰ, ჩემი ვირი მაინც მყოლოდა!

სტიმოდორი – აბა, რას შველით ამ უბედურებას?!

თეოგენე - მოედნებზე დავხეტიალობთ მემაშხლეებივით წელში ამოკაკვულები. ქალები თავიანთ მიტრასაც კი არ


გვაკარებენ, სანამ არ შევთანხმდებით, რომ მთელ ელადაში მშვიდობა დავამყაროთ.

სტიმოდორი – როგორც ახლა მივხვდი, ამ საქმეზე ქალებმა ყველგან მოილაპარაკეს.

თეოგენე – ათენშიც ეს ამბავია?

დრაკეტი – უარესი! არა, ჩემო ფილუგრიუს?

ფილუგრიუსი – ძალიან! არა, ჩემო სტიმოდორ?

სტიმოდორი – მაგრად! ხომ მართალი ვარ, ჩემო პრობულო?

პრობული – არსად არ არის ისეთი მხეცი, რომ ქალს აჯობოს. არც ცეცხლი და არცა ფოცხვერის ბოკვერი ისე
თავხედი არ არის, როგორც ქალი! (ქიტონს გაიხდის და მოისვრის) გამოდი, ლისისტრატე, საშინლად უნდა
დაგამარცხო!

სტიმოდორი – (ისიც გაიძრობს ქიტონს) გამოვიდნენ, არა, ჩემო ფილუგრიუს?

ფილუგრიუსი – (ისიც გაიძრობს ქიტონს) რასაკვირველია! ხომ ჩემო დრაკეტ?

დრაკეტი – (ისიც გაიძრობს ქიტონს) ძალიან!

(გალავნიდან გადმოიხედავს ლისისტრატე).

ლისისტრატე – პრობულო, თუკი ქალს ვერავინ აჯობებს, რაღას მებრძვი? შე საწყალო, ხომ შეგეძლო, რომ ჩემი
მარადიული მეგობარი გამხდარიყავი?
პრობული – ქალების სიძულვილს თავს არ დავანებებ!

ლისისტრატე – სადამდეც გინდა! მაგრამ დღეს არ მინდა, ამ ელჩებმა შიშვლები გნახონ და სხვებს მოუყვნენ, რა
სასაცილოები ხართ!..

მანდ დაიცადეთ, ჩამოვალთ და ქიტონებს ჩაგაცმევთ.

(ქალები გამოდიან აკროპოლიდან და მოხუცებს ეხმარებიან ქიტონების ჩაცმაში).

პრობული – ზევსია მოწამე, თქვენ ეს ყველაფერი ურიგოდ არ გამოგიგონიათ! მხოლოდ აუტანელი სიბრაზისაგან
გავიძრე ეს თეთრი ქიტონი.

ლისისტრატე – ახლა უკვე ნამდვილი კაცი ხარ და თან სასაცილოც აღარ ხარ.

პრობული – მე სასაცილო არცა ვყოფილვარ არასდროს!

კლეონიკე – და რომ არ გაგებრაზებინე, იმასაც ამოგიღებდი...

მირინე - თვალში რომ პატარა მწერი ჩაგიძვრა!

პრობული – თქვენ რა იცით, რომელმა მწერმა გამტანჯა?

სტიმოდორი - და საბოლოოდ გამაწამა?!

ფილუგრიუსი - გეხვეწები, თავიდან მომაშორე!

დრაკეტი - დიდი ხანია მკბენს და თვალებს მიჭამს.

ლისისტრატე – ასეც მოვიქცევით, თუმცა კი ბრაზიანი ბებრები ხართ.

(ქალები თვალებიდან კოღოებს ამოუღებენ მოხუცებს).

კლეონიკე - აჰა, ნახე!

მირინე - ეს არის შენი შემაწუხებელი კოღო, ათენის მახლობელი ჭაობებიდან მოფრინდა. თუ ვერ სცნობ?

პრობული – ძალიან მიშველე, დიდი ხანია მბურღავდა და კიდევ კარგი, ამოიყვანე, მაგრამ ცრემლი წყაროსავით
მომდის.

ლისისტრატე – ცრემლებსაც მოგწმენდ და თუმც კი საძაგელი ბერიკაცი ხარ, დაგკოცნი კიდეც...


პრობული – ვაი, არ გინდა!

ლისისტრატე – სულ ერთია, მაინც დაგკოცნი!

პრობული – თქვენ, ყველა ქალი, მატყუარა ხართ.

სტიმოდორი - მართალი არის და ტყუილად კი არ ამბობენ: “არც ამ წყეულ ქალებთან ერთად ღირს ცხოვრება, არც
უიმათოდ არა ღირს, არა”.

ფილუგრიუსი - მაგრამ ახლა შეგირიგდებით და ამიერიდან ცუდს არაფერს გაგიკეთებთ...

დრაკეტი - და არც თქვენგან მოვითმენთ.

პრობული - ჰოდა, ერთად შევგროვდეთ, რომ ზავი დავდოთ სპარტელებთან და ომი შევაჩეროთ!

ლისისტრატე – ჩვენც სწორედ ეგ გვინდა!

თეოგენე – მაშინ თქვენ აქ მშვიდობა გამოაცხადეთ და ელჩები დაგვახვედრეთ!

სტიმოდორი – შენ კი ეგ შენი კომბალი მტკიცებულებად წარუდგინე თქვენს საბჭოს და შესთავაზე, აქ


გამოსაგზავნი ელჩები ამოირჩიონ.

თეოგენე – მივფრინავ, მივფრინავ! ყველაფერი მშვენივრადა სთქვი!

(გადიან ცალ-ცალკე მხარეს).

მეთერთმეტე სცენა – სამშვიდობო ელჩობა

(აკროპოლის წინ მოედანზე შეკრებილი არიან კინესიასი, პრობული და მისი დაცვა: სტიმოდორი, ფილუგრიუსი
და დრაკეტი.

შემოდის თეოგენე, მოჰყვებიან ბეოტიელი და კორინთოელი ელჩები).

კინესიასი – ელჩებო, ჯანმრთელობას გისურვებთ.

გვითხარით, რით მოხვედით აქ?

თეოგენე – რაღა ბევრი გავაგრძელოთ? (თავის და სხვა ელჩების გამობერილ ლაბადებზე უთითებს) თავად ნახეთ,
როგორ გამოგეცხადეთ.

სტიმოდორი – ვაი, ვაი, უბედურება! როგორ დაგძაბვიათ ძარღვები და მათი მოდუნება ადვილი არ იქნება!

თეოგენე – სიტყვები არ გვყოფნის... ან სიტყვა რაა! მალე, საიდანაც გინდათ, მშვიდობა მოგვეცით!

ფილეგრიუსი – რომ შეხედავ, აქაურებიც სულ მასეთი ათლეტები გახდნენ!

დრაკეტი - მუცელს ქვემოდან ლაბადები გამობურცვიათ...

სტიმოდორი - და ყველა ამჩნევს: ათლეტიკური ავადმყოფობით არიან ავად.

კინესიასი – ვერავინ გვეტყვის, ლისისტრატე სად არის? ხომ გვხედავთ, ვინც ვართ და რაც ვართ!

სტიმოდორი – მერე კიდევ ამ ავადმყოფობას სხვა მოჰყვება... ხომ ხედავთ იმის შემოტევებს?

პრობული – ჰო. და ასეთი ავადობით, ისე დავიტანჯეთ, რომ თუ არ შეგვარიგებენ, საბოლოოდ მივყოფთ ხელს
ხელმრუდობას!

ფილუგრიუსი – თქვენ ხომ არ გადარეულხართ? ჩაიცვით ლაბადები, ბავშვებმა არ შეგამჩნიონ!

პრობული – თანახმა ვართ!

თეოგენე – შენ სიმართლე სთქვი, ჩავიცვათ ლაბადები!

პრობული – სტუმრებო, შეიძლებოდა უბედურება მომხდარიყო.

თეოგენე – ჰო, მეგობარო, შეიძლებოდა დავშავებულიყავი, ასე გაბერილს რომ დამინახავდნენ.

პრობული – ჰოდა, ელჩებო, გამოგვიცხადეთ, აქ რატომ მოხვედით.

თეოგენე – მშვიდობისათვის.

პრობული – ჩვენც ამაზე ვართ.

მაშინ მხოლოდ ლისისტრატე კალიპიგოსი გვჭირდება, მხოლოდ ის თუ შეგვარიგებს.

თეოგენე – მალე დაუძახეთ ლისისტრატეს!

კინესიასი – დაძახება არა სჭირდება.

პრობული - მალე აქ იქნება.

თეოგენე – კორინთოელო და ბეოტიელო, სანამ ქალები მოსულან, წამომყევით და კარგად დავათვალიეროთ ეს


მშვენიერი უკანალი!

კინესიასი – შენც მოგწონს, სპარტელო?

თეოგენე – ბრწყინვალეა! ეს ვის ეკუთვნის?


პრობული – სწორედ მაგ ბრწყინვალე უკანალის მეოხებით გაიმარჯვა ლისისტრატემ!

მეთორმეტე სცენა – ლისისტრატეს სიტყვა

(შემოდის ლისისტრატე და მისი მეამბოხე ქალები: კლეონიკე, ლამპიტო, მირინე, ბეოტიელი ქალი და
კორინთოელი ქალი).

ლისისტრატე – (აფროდიტე კალიპიგოსის სტატუეტს მიმართავს) გამარჯობა, უმამაცესო ქალო! ახლა უნდა
ეცადო გახდე მრისხანეც და კეთილიც, გულადიც, ბრაზიანიც, მშვიდიც, სიტყვაძუნწიც, ეშმაკიც. ელინების
ელჩები აქ შეიკრიბნენ, შენ ჯადოქრობას დაუთმეს, ყველა მოვიდა, რომ შენ გადმოგაბაროს მტკივნეული საერთო
საქმე.

და საქმე გაადვილდება, თუკი ერთმანეთისკენ ისწრაფვიან, ოღონდ უომრად.

მირინე – მაგას ახლავე ვნახავთ...

ლისისტრატე - აბა, ლამპიტო და თქვენც, ბეოტიელო და კორინთოელო, მიდით და მოიყვანეთ ჯერ სტუმრები,
მაგრამ მძიმე და უხეში ხელით კი არა, როგორც ჩვენი კაცები აკეთებდნენ, არამედ ქალივით ნაზად!

ლამპიტო – ახლავე, ლისისტრატე! (კორინთოელ ქალს და ბეოტიელ ქალს) აბა, წამოდით!

ლისისტრატე - და ვინც ხელს არ გამოგიწვდის, იმ თავიანთ კომბლებში ჩაეჭიდეთ და ისე მოათრიეთ აქ!

(ლამპიტოს მოიყვანს თეოგენეს და ქანდაკებასთან დააყენებს, ბეოტიელი ქალი ბეოტიელ ელჩს წამოიყვანს,
კორინთოელი ქალი კი კორინთოელ ელჩს).

ლისისტრატე – ჩვენ კიდევ ათენელები მოვიყვანოთ აქ!

კლეონიკე - ხელი მოვკიდოთ, მირინე, რაზეც მოგვაკიდინებენ და წამოვიყვანოთ!

(ლისისტრატე, კლეონიკე და მირინე მოიყვანენ პრობულს, კინესიასს, სტიმოდორს, ფილუგრიუსს და დრაკეტს).


ლისისტრატე – სტუმრებო, ჩემს მარჯვნივ დადექით, თქვენ კი, ათენელებო – აქეთ და მშვიდად მისმინეთ! მე
ქალი ვარ, ჭკუა არ მაკლია, უფროსებისგან და მამაჩემისგან ვსწავლობდი და ბევრი სასარგებლო რამე გავიგე.
თქვენ კი, ყველას უნდა გეჩხუბოთ. ერთი ჭალიდან კვეთავთ საკურთხებლებს, ახლობლები ხართ – ოლიმპიურ
თამაშებზეც, თერმოპოლშიც, სადაც სამასმა სპარტანელმა მეფე ლეონიდეს მეთაურობით გმირობა ჩაიდინა და
დელფოსშიც, აპოლონის ტაძარშიც – და სადაც გინდათ, თუკი განვაგრძობთ! და ბარბაროსების თვალწინ
ელადურ ქალაქებს ანგრევთ. აი, პირველი, რაც უნდა მეთქვა!..

პრობული – მე კი ვინგრევი ამჟამინდელი ათლეტური ავადმყოფობით!

ლისისტრატე – ახლა კი, ლაკონიელებო, თქვენ გეუბნებით. არ გახსოვთ, აქ პერიკლიდე როგორ მოვიდა და
დაჯდა, საომარი ლაბადა ეცვა გაფითრებულს და ათენელებს ევედრებოდა სამსხვერპლოებთან. ჯარს ითხოვდა,
რადგან აჯანყებული მესენელები მოდიოდნენ თქვენზე!@ხოლო პოსეიდონი თქვენს მიწას არყევდა, როცა ჩვენმა
ოთხი ათასმა მძიმედ შეჭურვილმა ჰოპლიტმა კიმონის სარდლობით თქვენი სპარტა და მთელი ლაკედემონი
გადაარჩინა.

ასეთი დახმარება მიიღეთ ათენიდან და თქვენი გადამრჩენების ქვეყანას ანგრევთ?!

პრობული – უმადურები არიან ესენი, ლისისტრატე! უმადურები და მეტი არაფერი!

თეოგენე – ჰო, უმადურები კი ვართ, მაგრამ... ვაი, ლამპიტო, ეგ შენი მკერდი და უკანალიც, ვაი-ვაი, როგორ
დაგმშვენებია!

ლამპიტო – კალიპიგოსების სილამაზის კონკურსი უნდა მოვიგო და იმიტომ!

კლეონიკე – მაგ კონკურსებს ჩვენთან ლისისტრატე იგებს ხოლმე, (ქანდაკებაზე უთითებს) ფაქტი სახეზეა!

მირინე – მაგრამ ვინ იცის, იქნებ შენც გამოგაქანდაკოს ფიდიასის საყვარელმა მოწაფემ, აგორაკრიტოსმა!

ლისისტრატე – და თქვენ, ათენელებო, თქვენც გეჩხუბებით. მე არ დამვიწყებია, როგორ მოვიდნენ ლაკონელები


იარაღით ჩვენთან, თავისუფლება წართმეულებთან და ბევრი თესალიელი აჩეხეს – იმ გულბოროტი ტირანის,
ჰიპიას მეგობრები! ჰო, დაგვეხმარნენ და მერე მოქალაქის ლაბადა დაუბრუნეს ხალხს.

თეოგენე – (ქანდაკებას და ლისისტრატეს ადარებს ერთმანეთს) ყოჩაღ, ფიდიასის მოწაფე აგორაკრიტოს! ისე
გაუკეთებია, ხელის შეხება მომინდა!

კინესიასი – ჰო, ამაზე გემრიელი ქალი მე არ მინახავს!

პრობული – მე კიდევ ამაზე წარმტაცი და მშვენიერი აფროდიტეს დელტა!

ლისისტრატე – ყური დამიგდეთ! ამდენი სიკეთე მიგიღიათ ერთმანეთისგან და რა გაომებთ ამაო სიშმაგით? რა?
ანდა შერიგებას ვინ გიშლით?

თეოგენე – ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ რომ შევრიგდეთ, ჩვენი რგოლი დაგვიბრუნონ!..

ლისისტრატე – რომელი რგოლი?

თეოგენე – ჩვენი ქალაქი პილოსი. დიდი ხანია გვენატრება.


პრობული – ოჰ, ოღონდ ეგ არა!

ლისისტრატე – დაუთმე, პრობულო! დაუთმე მეთქი!

პრობული – აბა, ჩვენ რაღას შემოვარტყათ ალყა?

ლისისტრატე – სამაგიეროდ, სხვა ადგილი მოითხოვეთ!

პრობული – მაშინ, კარგი!.. და, ესე იგი, მოგვეცით მაშინ ჩვენ, ჯერ ერთი, ექინუნტი, მალიის ყურე და მეგარის
ფეხები კიდევ.

თეოგენე – ოჰ, ოღონდ ეგ არა! (ლამპიტო მუჯლუგუნს უთავაზებს) ყველაზე – არა, მაგრამ შენზე კი ვიტყვი,
პრობულო, რომ ძუნწი ხარ და ქვაწვია! (ლამპიტო კიდევ უთავაზებს მუჯლუგუნს) და კიდევ ვიმეორებ – ყველაზე
არ ვამბობ!

პრობული – რატომ ვარ ძუნწი, როგორც კი გავიხდი, მაშინვე ყამირის მოხვნა მინდება. და არც ერთი მხვნელი
ძუნწი არ არის, არა!

თეოგენე – აი, მე კი თბილი ბუხრის გამოჩრეკა მინდა ჩემი საჩხრეკით!..

ლისისტრატე – ჯერ შერიგდით და მერე რამდენიც გინდათ, იმდენი ყამირი მოხანით და ბუხრებსაც უჩხრიკეთ და
უჩხრიკეთ.

პრობული – ჰო, მე ძალიან ღრმად მოხვნა ვიცი, ძალიან!@

თეოგენე – მე კი შეშასაც შევუკეთებ ხოლმე, რომ არ ჩაქრეს!

ლისისტრატე – ახლა კი, თუ გადაწყვიტეთ, მოითათბირეთ და რომ მოხვალთ, აცნობეთ კავშირს.

პრობული – კავშირს რატომ? ჩვენ ერთი რამე გვინდა, მოკავშირეებიც ამასვე გადაწყვეტენ: საწოლში გვინდა და ეგ
არის!

თეოგენე – მოკავშირეებო, ჩვენ ყველა თანახმა ვართ!

პრობული – ჩვენც!

ლისისტრატე – მშვენიერია! მაგრამ ცოტა ხანს კიდევ მოგიწევთ თავის შეკავება!

პრობული – რატომ?!

თეოგენე – გამატანეთ ჩემი ცოლი და გამიშვით, დაგიზავდით და სხვა რაღა გინდათ?

ლისისტრატე – აკროპოლში სუფრა გაგიშალეთ და ჩვენი მშვიდობა არ ვადღეგრძელოთ?

თეოგენე – აუცილებლად!

პრობული – სტუმართმოყვარეობის წესიც უნდა შევასრულოთ!

ლისისტრატე – ჰოდა, იმ სუფრაზე ერთმანეთს ერთგულების ფიცი მიეცით, მერე კი ყველამ თავ-თავის ცოლს
მოკიდოს ხელი და ჰაიდა, სახლში! აბა, წამოდით!

თეოგენე – საითაც მიბრძანებ, იქით წამოვალ!

პრობული – მაშ, წაგვიძეხი!

(ყველა შედის აკროპოლში).

მეცამეტე სცენა – აფროდიტე კალლიპიგოსის სილამაზის კონკურსი

ლისისტრატე – (თავზე კალათი ადგას, ასე გამოდის აკროპოლიდან და მოლაპარაკობს) ჭრელა-ჭრულა ნოხები და
ლაბადები, ოქროს სამაჯურები, რამდენიც არის.

არ მენანება, რომ ჩვენ ბავშვებს ვუბოძო: იმათ ატარონ, ვისი შვილიც ჩემსავით ღმერთქალის მსახურად წავა და
თავზე დადგმული კალათით ატარებს საზეიმო პროცესიებში ნაკურთხ ლეღვს...

სტიმოდორი – რა კეთილი ხარ, ლისისტრატე!

ფილუგრიუსი – ძალიან!

დრაკეტი – ჩემი ვირი მაინც მყოლოდა!

მირინე – ჩემი ვირი წაიყვანე, დრაკეტ!

დრაკეტი – მართლა?

კინესიასი – ჰო, წაიყვანე და მატყლს აღარ შეგვიჭამს!

ლისისტრატე - ყველას გეუბნებით: ჩემი სახლიდან წაიღეთ ნივთები. არ არსებობს ისეთი საკეტი, რომ ჩვენ ვერ
გავხსნათ. რაც სახლშია, ყველაფერი წაიღეთ!

კლეონიკე – თუ პური არ გყოფნით, არადა დიდი ოჯახი გაქვთ, პატარა ბავშვების მთელი ჯგრო, წმინდად
დაფქული ფქვილი წაიღეთ, თუ საჭიროა, ახლად გამომცხვარი და ცხელ-ცხელი პური დიდებული საჭმელია.
ვინაც ისურვებს, ტომრით მოვიდეს ჩემთან და კალათითაც, რომ პური მიიღოს: ჩემი პრობული ყველას
გაუყოფს!@

პრობული – (სცენის მიღმა) ჰეი, კარი გააღე! (გამოჩნდება კარიბჭეში, ფეხებში გაეჩხირებიან თავისი დაცვის
ბერიკაცები) გზიდან ჩამომეცალეთ! რას ჩამომდგარხართ? მართალია, ჩხუბი და დავიდარობა მეზარება, მაგრამ
თუ ეს ასე აუცილებელია, ძალიან ვეცდები.
სტიმოდორი – (მოსდევს) და ჩვენ შენთან ერთად ყველაფერს ავიტანთ.

პრობული – (მაშხალას იქნევს) იქით გაიწიე! აკროპოლიდან გამოდიან შეზარხოშებული ლაკონელები!

(გამოდიან თეოგენე და ლამპიტო, ბეოტიელი ელჩი და ქალი, კორინთოელი ელჩი და ქალი).

ფილუგრიუსი – ამისთანა ქეიფი ჯერ არ მინახავს! რა კარგები იყვნენ ჩვენი სტუმრები!

დრაკეტი - მაგრამ ჩვენ რომ ფიალებს ავიღებდით ხელში, უფრო მახვილსიტყვიანები ვიყავით.

პრობული – ჭეშმარიტად!

სტიმოდორი – ძალიან!

პრობული – ნუ მაწყვეტინებ, ჩემო სტიმოდორ! ჩვენ ფხიზლები უგუნურები ვართ. მე მინდოდა, ათენები
დამერწმუნებინდა, რომ ელჩებად მთვრალები გაეგზავნათ. ვინაიდან, როგორც კი ლაკედემონში მივალთ
ფხიზლები, უღმერთოდ ავურ-დავურევთ ხოლმე ყველაფერს.

ფილუგრიუსი – ჰო, რასაც გვეუბნებიან, მთლად ის არ გვესმის და რასაც არ გვეუბნებიან, იქ ყველაფერს


ვგულისხმობთ.

პრობული – მართალი კი ხარ, ჩემო ფილუგრიუს, მაგრამ ნურც შენ გამაწყვეტინებ! საქმე სხვა არის, ლაპარაკი კი
სულ სხვა.

დრაკეტი - ახლა კი ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა.

პრობული – და ნურც შენ, ჩემო დრაკეტ! და მართალი ხარ, ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და, სანამ
ქმრებს თავიანთ ცოლებს გავატანდეთ, აფროდიტე კალიპიგოსის შეჯიბრი რომ მოვაწყოთ, ყველა შეგვაქებს.

სტიმოდორი – კალლიპიგოსი ხომ ლამაზ უკანალს ნიშნავს?

ფილეგრიუსი – ნამდვილად! მაგრამ რად გინდა, ისევ ლისისტრატე გაიმარჯვებს! ეს სტატუეტი ხომ
ლისისტრატეს სახლის წინ იმიტომ დგას, რომ კიდევ მოიგო შარშან! თანაც მეორედ!

სტიმოდორი – ამბობენ, ფიდიასის საყვარელმა მოწაფემ, აგორაკრიტოსმა გაუკეთაო! იმ გათახსირებულმა!

დრაკეტი – მშვენივრად გააკეთა! ლისისტრატე მესამედაც გაიმარჯვებს და ასი წლის მერე აი, ამისთანა
ქანდაკებები მოედება მთელ ელადას, ჰო, სულ ამისთანები... მთელ ქვეყანას მოეფინება ამისი ასლები და ერთი
მათგანი სირაკუზას აფრიდიტეს ტაძარშიც კი დაიდგმება...

ფილეგრიუსი – მოგელანდა, ჩემო დრაკეტ?

დრაკეტი – არა, წინასწარმეტყველებას ვამბობ!


სტიმოდორი – მეტად უხამსი წინასწარმეტყვლებაა!

დრაკეტი – მე უხამსი და ხამსი არ ვიცი, მაგრამ ლეგენდა ივლის ორი დის შესახებ, ორთავეს ისეთი ლამაზი
უკანალები ექნება, რომ მთელი ქალაქი იდავებს, რომელისა უფრო ლამაზია, უფროსი დისა და უმცროსისა?

თეოგენე – ეგ ხომ მეც ვიცი!.. და გადაწყვეტენ გარეშეს ჰკითხონ, რათა გარეშე თვალმა გადაწყვიტოს ეს პრობლემა.

კინესიასი – და სირაკუზაში რომ მომდევნო ხომალდი მიცურდება, იქიდან ჩამოსული ერთი კარგი კაცს აირჩევენ
დები, თავიანთი ტუნიკების ბოლოებს წამოიხდიან და იმ ულამაზესი უკანალებს მთლად გაუშიშვლებენ.

სტიმოდორი – რა საშილებაა!

პრობული – და იმ მგზავრს ენა ჩაუვარდება ამისთანა სილამაზისაგან!

ფილუგრიუსი – სტიმოდორივით!

დრაკეტი - დიდხანს იყოყმანებს, ძალიან დიდხანს და ბოლოს მაინც უფროსი დის სიმშვენიერეს ამოირჩევს და...

ლისისტრატე – შეუყვარდება!

მირინე – და ცოლადაც შეირთავს!

კლეონიკე – ხალხი მაშინვე გამოუნახავს მეორე დასაც საქმროს, ხოლო ქალაქი ორივე დას დიდ თანხას
შეუგროვებს და მდიდრებად აქცევს.

ლამპიტო – მიღებული ფულით ის დები აფროდიტე კალლიპიგოსის ტაძარს ააშენებენ...

კლეონიკე - და იმ ტაძარში გამარჯვებული დის ქანდაკებაც დაიდგმება, სწორედ ამისნაირი და დაარქმევენ


აფროდიტე კალლიპიგოსს.

ლისისტრატე – ჰოდა, ქმრებო, სანამ ცოლებს გაგატანდეთ, მოდით, ჩვენი ქალების კალლიპიგების კონკურსი
გავმართოთ!

სტიმოდორი – ახლახანს არ იყო, შენ რომ მეორედ გაიმარჯვე?

ლისისტრატე – ის ათენის მასშტაბით იყო და მე მინდა, სრულიად ელადის ქალებსაც ვაჯობო!@

ლამპიტო – მაშინ გავმართოთ, მაგრამ ან მაჯობებ და ან – ვერა!

მირინე – მაგასაც ვნახავ, ვინ ვის აჯობებს!

კლეონიკე – არც მე მაქვს თქვენზე ნაკლები!

(ლისისტრატე, კლეონიკე, ლამპიტო, მირინე, ბეოტიელი ქალი, კორინთოელი ქალი ჩამწკრივდებიან და


უკანალებს კაცებისკენ მოაქცევენ).
პრობული – (ლისისტრატესკენ უთითებს) ამ თავისი ლამაზი უკანალით გვაჯობა ყველას!

დრაკეტი – (მუჯლუგს მარჯვნიდან წაჰკრავს სტიმოდორს) ჩემო სტიმოდორ, რომელი სჯობია, ჰა?!

ფილუგრიუსი – (მუჯლუგუნს მარცხნიდან წაჰკრავს სტიმოდორს) ჩემო სტიმოდორ, რომელი გირჩევნია, ჰა?!

სტიმოდორი – (მარჯვნივ, დრაკეტს) ეჰ, ჩემო დრაკეტ, (მარცხნივ, ფილუგრიუსს) ეჰ, ჩემო ფილუგრიუს, მე მაინც
პატიოსანი კაცი ვარ! (თვალებზე აიფარებს ხელებს და ყვირის) აბა, გვითხარით, ვისი სჯობია?

თეოგენე – კენჭი ვუყაროთ, კენჭი!

ყველა – (იწყებენ სკანდირებას) ლი-სის-ტრა-ტე! ლი-სის-ტრა-ტე! ლი-სის-ტრა-ტე!

დასასრული

2010 წელი

You might also like