Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

გვანცა ალიმბარაშვილი

შალვა მატუაშვილი

ფერთა სპექტრი ყოველი ცნობიერის ქვაკუთხედში უნიკალურად გარდატყდება და


ვლინდება იმ აკორდების სახით, რომელსაც ასე ვეტრფით კაცობრიობა , უძველესი
დროიდან დღემდე. ხელოვნება ეპოქის სულის, ღირსებებისა და ნაკლოვანებების
უტყუარი სარკეა, რომლითაც ვცხოვრობთ და ვიზრდებით. ეს არის ინდივიდუალური ხედვა
და სიყვარული შემოქმედების. მიუხედავად ხელოვნების უკიდეგანო ისტორიისა ,
მხატვრები მუდმივად სიახლის ძიებაში ცხოვრობენ, რათა ნოვაცია შეიტანონ მათსავე
აწმყოში, რაც მეტად საინტერესო, თუმცა, ამავდროულად, ძალიან რთულია. შორს არ
წავალ და, საქართველოს ფარგლებში, ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანსა და უდიდეს
ფერმწერზე შალვა მატუაშვილზე მოგახსენებთ.
ვფიქრობ, შემოქმედებით ავტორი მუდმივად გამოხატავს საკუთარ თავს, შეუძლებელია
შეიყვარო ნამუშევრები, რომელიც ყალბია , არ იგრძნობა , არ სუნთქავს , არ გითრევს და
არ გეხება, შეიყვარო ნამუშევრები, რომელშიც შემოქმედი არ ცხოვრობს და მას ვერიპოვი ,
რომელიც არ გეძახის და არ გესაუბრება, არ გსაყვედურობს ან არ გითანაგრძნობს , და ,
ვფიქრობ, ასეთ ნამუშევარს ვერ დახატავს ადამიანი, რომელსაც ფუნჯის გარეშე
არსებობის სწამს. მოკლედ, იმის ხაზგასმას ვცდილობ, თუ რამდენად მოხიბლული ვარ ამ
მხატვრის, როგორც გარეგანი გამოხატვის, ისე შინაგანი სამყაროთი. მე ბედნიერი ვარ ,
რადგან მასთან ერთად მიხატავს და მასთან ერთად დავმტკბარვარ ფუნჯთან
ურთიერთობით, რომ მიყურებია, როგორ ეპყრობა ნამუშევარს , როგორ უყვარს იგი და
როგორი ჯადოსნურია მისთვის მისი საჭრეთელი. მოთმინება ასე ჯერ არავისში მინახავს ,
როგორც მასში, თითქოს იქამდე გააზრებული აქვს ყველა მონასმი, სანამ პირველად
შეეხება მასალას. ნათქვამი აქვს, ვერ წარმომიდგენია არსებობა ფუნჯის გარეშე , თუნდაც
ერთი დღის მანძილზეო..
მხატვარი რენესანსის დიდი მოტრფიალე და გულშემატკივარია, მუდმივად
აღფრთოვანებულია ჩინკვეჩენტოს დიდი ტიტანების მოძღვრებებითა და შემოქმედებით .
მისი მუზა წინანდლის მშვენიერების წიაღში იშვა, დღეს კი არაერთი დიდებული ტილოს
იდეში ცხოვრობს. მისი შემოქმედება ხან ნატურმორტის, ხან პეიზაჟის, ხანაც პორტრეტის
სახით ვლინდება, რომელსაც განსაკუთრებით გამოვყოფ, ვინაიდან, ყველაზე მეტად მისი
შესრულებული პორტრეტები მხიბლავს, განსაკუთრებულია ჩემთვის თვალები, რომელიც
თავისი სიცხადით მაოცებს, ეს ხომ არ არის ფოტო და არც ჰიპერრეალისტური ნახატია ,
პირიქით, განსხვავებული შესრულების მანერა, ფერთა ჟღერადობა და ფორმები
თვალსაჩინოა და ზუსტად ეს იწვევს ჩემში აღტაცებას, აგრეთვე, არ შემიძლია არ
აღვნიშნო, მიწიერი და მისტიკური საწყისებით შექმნილი ქალის ზოგადი სახე მის
შემოქმედებაში, რომელიც, ხშირ შემთხვევაში მოკლებულია ყოველგვარ ყოფითობას და
კონკრეტიკას. მხატვარი ხშირად მიმართავს ბიბლიურ, მითოლოგიურ და ისტორიულ
თემებს, რომელიც თითქოს არარეალურ სიზმრისეულ კადრებს ჰქმნის ტილოზე.
გასაოცარია მის ნამუშევრებშ ამდენი ბუნდოვანება და ამავდროულად , სიზუსტე , რასაც
მხატვარი შუქ-ჩრდილების საინტერესო მონაცვლეობით, მუშაობის ტექნიკით , თავისი
მდიდარი კოლორიტით, იდეითა და ინდივიდუალიზმით აღწევს.
ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ხელოვანმა ადრეულ ასაკში ნიჭი არა
მხოლოდ ხატვით, არამედ სიმღერითა და ვიოლინოზე დაკვრით გამოავლინა, თუმცა,
ვინაიდან მისი გული ფერებთან ურთიერთობისკენ მეტად იწევდა , გეზი მთლიანად ერთი
სფეროს ძირფესვიანად დაუფლებისკენ მიმართა და შედეგმაც არ დააყოვნა . ვფიქრობ ,
მისი ნამუშევრები მხოლოდ ფერი და მის მიღმა არსებული იდეა არაა, რაც უნდა ღრმა
იყოს იგი, ეს არის ტექნიკის ცოდნა და უდიდესი განათლება, რომელიც ყოველ მონასმში
იჩენს თავს, ეს არის სიყვარული, სიყვარული შემოქმედებითი მწრამსის. შეუძლებელია
ისაუბრო ამომწურავად მის ნამუშევრებზე და ისე გიყვარდეს ისინი როგორც იმსახურებენ .
ვფიქრობ, ყოველი მათგანი სულიერია, ვინაიდან მათში მრავალი პერსონაჟი
სულმდგმულობს.
ზოგადად, შემოქმედებაში წამყვან როლს ასრულებს მუდმივად ან ტექნიკა ან იდეა ,
უკეთეს შემთხვევაში ორივე ერთად. იდეა ყველა ნამუშევარში იმდენად ნათელი ,
ამავდროულად ინტიმური, უნიკალური და სიმბოლურია მნახველი ყოველთვის დაინახავს
მის არსებობას, თუმცა იმპროვიზირებული მანერა ,ტექნიკა, რომელიც უმაღლეს
პროფესიონალურ დონეზეა აყვანილი იმდენად ემოციური ვერ იქნება, როდესაც
მნახველი ნახატზე მას დასრულებულს აღიქვამს. აქცენტი მაქვს პროცესზე, რომელიც
ერთი დიდი სასიამოვნო თეატრალური წარმოდგენაა. ეს არის ურთიერთობა , რომელსაც
რეალურად მართლა ვერ აღვწერ სიტყვებით, ეს არის მხატვრის უაღრესად სპეტაკი და
წმინდა დამოკიდებულება ნამუშევრის მიმართ, ისეთი მოთმინებით ისეთი სიყვარულით ,
როგორ უნდა მიუდგეს ადამიანი რაიმეს, ვერ წარმომიდგინია, თუ მკითხველი იფიქრებს
რომ ვაჭარბებ, ალბათ იმიტომ , რომ ეს პროცესი მას არ უნახავს. მისი ნამუშევრები არის
მუდმივად ღრმა და ამოუცნობი, უყურებ და ვერ წყვეტ დაკვირვებას თითოეულ მონასმზე ,
რომლის ფონზეც საღებავის მრავალი ფენა ისე თხლად და მსუბუქად ლივლივებს, ვერ
კითხოლობ ფერს როგორც ცალკეულს. ეს არ არის მხოლოდ ფერით წერა ეს არის
კოლორიტის თამამი პერფორმანსი,იმპროვიზაციის თამაში, ზეიმი და დღესასწაული ,
სიღრმე და სიმსუბუქე თანადროულად, რომელიც თან გითრევს ტილოს მიღმა
ფენებში,რათა დაგათროს თავისივე ნამუშევრიდან წამოსული სიყვარულის მძაფრი
სურნელით, და ამავდროულად მისი ზღაპრული გარსის მიღმა გტოვებს, მასში მუდმივად
არის რაღაც მაგიური, სიზმრისეული და ინტიმურიც რომელიც მხოლოდ მხატვრისაა და
შენ ბოლომდე მისი თანამონაწილე ვერიქნი,რაცუნდა ახლოს შეიცნო იგი. მე მიყვარს ეს
მაგიოურობა, ეს ბუნდოვანი საზღვარი, რომელსაც მხატვრის განათლება, სიყავრული და
დამოკიდებულება ქმნის ერთურთის თანაზიარებაში.
ემოციები, ვფიქრობ, დაუსრულებლად გამიგრძელდება, ამიტომ ბიოგრაფიულ
ფონსაც გაგაცნობთ. ფერმწერი და გრაფიკოსი შალვა მატუაშვილი 1958 წელს
წინანდალში დაიბადა. 1975- 1980 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის
ფაკულტეტზე სწავლობდა. ის 80-იანელთა თაობას მიეკუთვნება და ამ პერიოდში
ფიგურატიული ხელოვნების საზღვრებში მოღვაწე შემოქმედთა შორის მკაფიო
ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო
სამხატვრო აკადემია. 2007 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგად. 1987 წლიდან
მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებსა და აქციებში,
აწყობს პერსონალურ გამოფენებს.შალვა მატუაშვილის ნამუშევრები ინახება
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლური
ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი). მნიშვნელოვანი კოლექციაა დაცული ქართული სახვითი
ხელოვნების მუზეუმში, სადაც მხატვარს მთელი დარბაზი ეთმობა. ასევე მატუაშვილის
ნამუშევრები ინახება მიუნხენის, სტამბულის, ატლანტას, ტოკიოს, მილანის, პარიზის,
მოსკოვის, ბერლინის, ნიუ-იორკის კერძო კოლექციებსა და სხვადასხვა გალერეაში, და
ზემოთ აღნიშნული კი მხოლოდ მცირედია მისი გამოცდილებიდან.
ასე რომ,ვიმედოვნებ ჩემი სიყვარული მისი შემოქმედების მიმართ თქვენამდე
ნაწილობრივ მაინც მოვიტანე და გაგიზაირეთ. მადლობა !

You might also like