Professional Documents
Culture Documents
Poez1 PDF
Poez1 PDF
სარჩევი
მკითხველო!
ლექსები
იესოსადმი
(ლოცვის მაგიერ)
ლექსები
იესოსადმი
(ლოცვის მაგიერ)
ამ დილეგიდან ნუ გამომიშვებ,
ჰა, ჩემი სიტყვა, როგორც დასტური,
ნუ გამხდი ბოროტს, ღმერთო, და შიშველს,
შენ დამითრგუნე ესე მაცდური.
თუ არ ეღირსა განმეორება
ჩემს ლაღ ბავშვობას, ჩემს ლამაზ ედემს,
მფარველი ჩემი ნუ გამშორდება,
ვინაც მჩუქნიდა ბავშვობის გედებს.
***
მე გავაღვიძე ჩემი ვარსკვლავი,
შენზე სიმღერა მომინდა, დედა!
1984 წელი
ჰამლეტ გონაშვილს
მე ლექსებს არ ვწერ...
„მე არ ვწერ ლექსებს,
ლექსი თვითონ მწერს“.
ტიციან ტაბიძე
მე ლექსებს არ ვწერ... მათ ძერა მიწერს,
თმაგაწეწილი, ფრთებთეთრი ძერა...
და უიმისოდ, ალბათ ვერ შევძლებ
ორსიტყვიანი სტრიქონის წერას...
1988 წ.თებერვალი
დავით აღმაშენებელს
ღმერთად შეგიცანი
და კაცი ყოფილხარ!
კაცად შეგიცანი,
და ღმერთი ყოფილხარ!
...
ნაძერწი მკლავით,
ხრმალითა ავით,
შენ — კვერთხძლიერო
მეფეო დავით!
ნაკვთებით ლბილით,
მჭევრობით ტკბილით,
დიდებამოსილო
შენ ოქროს ფთილით!
ქარი ქრის დიდგორს,
ეს ქარი თითქოს
არც ახლა ცხრება
და სიტყვას ითხოვს!
...
ღმერთად შეგიცანი
და კაცი ყოფილხარ!
კაცად შეგიცანი,
და ღმერთი ყოფილხარ!
1988 წ.მარტი
ვაჟას
მომხიბლა, მომაჯადოვა
შენმა ლამაზმა ენამა,
თუმცა ბევრი დრო მადროვა
ქვეშ — მიწამ, მაღლა — ზენამა,
ვერ ამოგიხსენ, ფშაველო,
სახე რამ დაგიცვარნამა?!
ამ სტრიქონებმა მომნუსხეს,
ლამაზ სიტყვების ფენამა,
ვაჟაო, ვერ შევიგრძენი,
სახე რამ დაგიცვარნამა?!
— იქნებ მამულზე, ჭარმაგო,
გაუთავებლად ზრუნვამა?
— იქნებ ოფლი გდის იმიტომ, —
დაგღალა რუდუნებამა?..
ფშაველო, ვერ ამოგიხსენ,
სახე რამ დაგიცვარნამა?!
რამ დაგისუსხა გუგები,
— ლომთა კბილების ღრჭენამა?
ან თავი ვინ მოგაბეზრა,
— ბოროტთ ავსულად კბენამა?
მითხარ! მგოსანო ფშავლების,
სახე რამ დაგიცვარნამა?!
ვინ არ მოხიბლა, არ ვიცი,
შენმა მღერამ და ნანამა!
პირველად გამოქვეყნდა 1989წ. 10 თებერვალს,
საბავშვო გაზეთში — „ნორჩი ლენინელი“
1988 წ.16 ნოემბერი
(ვაჟას სახლ–მუზეუმში.
ტატო - ვაჟას თოფით მხარზე)
პოეტი
მე ვარ პოეტი, თუ ვარ მწერალი,
ჩემი თხზულების ვარ მომღერალი,
ავამეტყველებ მე ამ ჩემს კალამს,
ახმაურდება მყის ცხენთა ნალი...
* * *
ჩემს წინ სანთელი ზლაზვნით იღვენთება,
გაშტერებული ვუცქერ მის დნობას,
ხელი კი წერით სწრაფად ითენთება
დაღლილი კალამი განიცდის თრობას...
ფიქრი
დათოვლილია თეთრი ფიქრით
ჩემი გონება!
არა-რა მინდა, ფიქრის გარდა,
მეტი ქონება!
და ერთადერთი, მხოლოდ ერთი მაქვს მოწოდება!
რა ძვირფასია ფიქრი ჩემთვის,
და დაღონება!
ყველა ტკივილიც, მაშინ ტკბილია,
როს გაგონდება!
ჩახედეთ ერთი, რა თეთრია
ჩემი გონება!
თბილია როგორც გარიჟრაჟს მზის
გასხივოსნება.
ფიფქების მეტი, აღარ მინდა
მე სხვა ქონება!
და ერთადერთი, მხოლოდ ერთი,
მაქვს მოწოდება!
და სპეტაკია ფიქრი, როგორც
დილის თენება!
ბავშვის სულივით ქათქათაა
ფიქრთა დინება!
სათუთია, ვით თოვლში იის
გამოჩინება!
დათოვლილია თეთრი ფიქრით
ჩემი გონება!
ფიქრი — ფიფქია, და სუფთაა,
ვით გათენება!
1989 წ.10 იანვარი
თელა
ერთი ამაყი...
ტოტგართხმული
მოხსოვს მე
თელა...
გადაშხვართული,
ახალგაზრდა ტოტებით
ლაღად...
დილის
მზით შეცვლილ
შავბნელ ღამეს,
ყრუსა და
ელამს,
როცა რიჟრაჟი
წაადგებოდა თავზე —
სქელ ჯანღად...
თელა
კენწეროს,
ვით მხატვრის ფუნჯს,
აწობდა მზეში.
შემდეგ ხატავდა
კენწეროთი
შედევრებს ცაზე.
არ აშინებდა ამაყ თელას
წვიმა და თქეში,
მთვარეს ეტყოდა:
— ღამესთან ბრძოლა
უნდაო ასე...
ხე,
დამთრგუნავი
გრიგალების,
ქარის მქროლავის,
კიდევ ბევრჯერ ის
შეებრძოლა
შავ ღამეს, ელამს...
ერთი ამაყი,
ტანკენარი,
ზეცას მლტოლავი,
ზურმუხტისფერი,
ახალგაზრდა
მე მახსოვს თელა...
1989 წ.იანვარი
* * *
სველმა ფურცელმა შეიწოვა
ჩემი სტრიქონი,
და მიიხუტა მზრუნველად გულზე,
უალერსებდა;
ვიღაცის ლექსიც, გახარებული
სხეულს იკოცნის,
ფურცლით ჩაწნული აკვნიდან,
ვით ყლორტი ლერწმიდან!
მათხოვარი
დილას რაღაცამ გამახარა...
რამ? — ამას კი
ვერ ვიხსენებდი,
ამ სიხარულმა საოცარმა
მთელ დღეს გასტანა...
განწყობილებამ დამავიწყა ყველა
ბოროტი,
კარგ გუნებაზე დამავიწყდა
ყველა სატანა...
... და, მხოლოდ ღამით,
ვარსკვლავებით მოოჭვილ ცის
ყურებისას გამახსენდა,
რამ გამახარა...
ეს გამურული, ცოდვიანი, იდუმალების მმალავი ზეცა,
მოკამკამე მნათობებით
გადაფარული,
მაგონებდა,
დილას ნანახი ერთი ბეჩავი
მათხოვრის თვალებს...
დიდ, ღრმა თვალებში ნაღვლიანად მოგზნებულ
ალებს...
ფული მივეცი,
დაკოჟრილ და დაღარულ ხელში,
მსწრაფლ მივაჩეჩე
და გავიქეცი...
იმ ღამეს სიზმრად
ვნახე — ფრთოსან,
თეთრ ანგელოსად როგორ
ვიქეცი...
ეს მიხაროდა...
იქნებ ყოვლად ჩვეულებრივი,
ყოველდღიური რამ გავაკეთე...
რა მოხდა მერე?
არა! მე მაინც მიხაროდა...
ბეჩავ მათხოვარს
უბედურსა და ბედისგან ვაგლახ განწირულს
ხურდა მივეცი,
მის მადლობას მოვერიდე
და გავიქეცი.
ვინ იყო იგი!
რატომ იყო ის უბედური?!
იქნებ ვარსკვლავი არ სწყალობდა
თავისი ბედის?!
ან ამ წუმპეში,
ან ამ ჭუჭყში
რაღამ დააგდო?!
მის გვერდით ხალხი
(იქნებ მასზე არაფრით მეტიც)
ამაყად მიდის?!
ზოგი ფეხს წაკრავს,
მხოლოდ ცოტა თუ გაიმეტებს,
სულ მცირეოდენს
დაკოჟრილ ხელში
მისაჩეჩებლად...
ვინ იყო იგი!
რატომ გასწირა უფალმა ასე
მუდამ ბედისგან
ტკივილების მისაყენებლად?!
ორი რამ
პოეტისათვის
ორი რამაა
ყველაზე განუყრელი,
ყველაზე სანუკვარი:
პირველი — ქაღალდი,
მეორე — მეგობარი...
ალბათ იმიტომ
რომ ისინი ერთმანეთს ჰგვანან...
ორივეს ერთნაირად შეუძლია
პოეტის ნაფიქრის გაზიარება,
მისი აღბეჭდვა გულისფიცარზე
და პოეტთან
ჭირ-ვარამის გაყოფა...
ქაღალდი მეგობარივით ერთგულია,
მეგობარი
კი —
ქაღალდივით....
1989 წ. 20 მარტი
* * *
თურმე ლექსებიც განიცდიან
ხოლმე გაზაფხულს,
და გაზაფხული ჩემს ლექსებსაც
ულეწავს კვირტებს,
თურმე ისინიც შეიგრძნობენ
მთა-ველს არნახულს
თავს რომ დააღწევს გაზაფხული
ყინულის კირთებს!
ზაფხული ლექსებს მოუკიდებს
ღაწვებზე ალმურს,
თხელ ჯუბას ლექსსაც შემოახევს
ზაფხული ფიცხი,
მზე რომ გამართავს ჰორიზონტზე
ვარსკვლავთა აღლუმს,
ღაწვშერუჯული ლექსიც იწვის
თბილისის სიცხით...
მას შემოდგომა გაუგრილებს
შუბლს ტკბილი მაჭრით,
სისხლგადამსკდარი, საწნახელში
ლექსიც ჩადგება...
მომღერალ მიწას, ვაზის ფოთლის
ალერსით დაღლილს,
მკერდის გაბანა ისევ მაჭრით
მოენატრება...
ზამთარი ლექსებს ცეცხლს დაუნთებს
კერის ბუხართან
და შემოდგომის ნაზ მეწამულს
თეთრად შეღებავს...
ზამთარი ბუხარს მიფიცხებულ
ლექსს გაუხარდა,
ლექსის გულისკრის — თეთრი თოვლი —
სიმებს ეხება...
1989 წ.29 მარტი
ახლა ღამეა
ახლა ღამეა.
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმაში ვდგავარ...
აბეზარ ფიქრებს ერთმანეთს ვახლი!
გადაიტალღა
თმაგაშლილი ქარების გავამ,
ვდგავარ წვიმაში...
დასველებულს მაინც არ ვგავარ!
სახეს გამიპობს
თუ გავუპობ პირიქით სახეს
აცახცახებულ
ქარს, ღამეს რომ ნაზ კაბას ახევს!
ყოველი თითქოს
გარიჟრაჟის სიწითლეს ელის...
ფიქრი დამიძრწის,
როგორც ტყეში — მშიერი მგელი!
ახლა ღამეა.
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმა მცემს მხარზე...
სევდამ სულში დაიდო სახლი!
1989 წ. აპრილი
რუსთაველის რაინდები
(1989 წლის 9 აპრილი)
1989 წ. აპრილი
შემოსძარცვიათ კლდეებს ნისლები
(ჩემს საყვარელ მწერალ ალექსანდრე ყაზბეგს)
* * *
ისევ მაწყენინეს.
დავიმუქრე: იცოდეთ,
ლექსებს აღარ დავწერ-მეთქი...
მაგრამ...
მეორე დღესვე გავტეხე ფიცი...
1989 წ. ივნისი
ჯადოსნური წუთი
როცა ფიქრები ამიყვავდება,
განვმარტოვდები
სიზმრებთან ისევ,
ნატვრები როცა
დამიხვავდება
და უჩინარი სიტყვებს დამისევს,
უცებ გამკენწლის
ჩემი სტრიქონი,
გამასაუბრებს
საკუთარ გულთან,
როცა ვზივარ და
რითმებს ვიგონებ, —
მაშინ შევიგრძნობ ჯადოსნურ წუთსაც.
1989 წ. ივნისი
რა გამომილევს ფიქრებს თოვლიანს
რა გამომილევს ფიქრებს თოვლიანს,
ჯერ კიდევ მწყალობს ბებერი ძერა.
ეს ოცნებები თუკი მოვლიან,
ჩამიქროლებენ მერნები ცერად...
ძოწისფერია ზეცა
ძოწისფერია ზეცა
თვალებში სევდაჩაღვრილ მთვარეს ვესაუბრები.
დაჭრილ ცას ესალბუნებიან ლურჯი ღრუბლები.
ღამის ოცნებებს ვძერწავ.
გადაიჭორფლა ცა ვარსკვლავებით,
მათრთოლებს სუნთქვა შფოთიან ქარის,
უფერო ღამის ცივი მკლავები
ცახცახებენ და...
ჩურჩულებს არე...
სიჩუმის ხმა
არ ამიმღვრიოთ დაწმენდილი იდუმალება,
მე აუმღვრეველს ვუსმენ სიჩუმეს,
მე აუმღვრეველ სიჩუმეს ვუსმენ,
ვისმენ სიჩუმეს და... მდუმარებას!
* * *
მთვარის სიშორე მე ახლაც მტკივა;
ცრემლი ღვრის ცრემლებს... სიცივეს სცივა.
* * *
მაინც მტკივა თეთრი ღამე, ცრემლებად დაღვრილი,
თბილი ღამე ცას წამწამებს დაუკორტნის როცა,
ფიქრმა მორცხვად დამიმალა თვალები დახრილი,
ლურჯი ზეცა, ღამის ზეცა, წვიმის ზეცა მლოცავს!
სანთლები ლაჟვარდში
(პოემისათვის)
1.
ტატნობის სუსხმა დამითოვლა თბილი ფიქრები.
მაშინ ვუცქერდი გაშლილ სივრცეს მკერდატკივებულს,
ქუჩაში თოვდა ცის ცრემლები და ვარსკვლავები,
მტკიოდა ღამის აყვავება, სივრცის აჩრდილი
და მახარებდა ჩემი ფრთების რბილი სითეთრე.
უმთვარო ღამის ცივ კივილში შემომათენდა,
დილამ სიჩუმეს დაუკაწრა ღაწვისთავები.
უცებ მომწყურდა ჩემს ვარსკვლავთან განმარტოება
და ამ წყურვილის დარწყულება ჩემი ტკივილით.
მე არ ვიცოდი, ამ უთვალავ ვარსკვლავთა შორის
რომელი იყო სევდიანი ვარსკვლავი ჩემი,
მაგრამ მივენდე ჩემი ფრთების ქათქათა თვალებს,
მათ მიმიყვანეს აყვავებულ ჩემს სტრიქონებთან,
პატარა ვარსკვლავს რომ ამკობდნენ თანამგზავრებად.
2
რამდენი რამე აუტკივდათ მაშინ ჩემს ლექსებს, —
ფიქრიც, ოცნებაც, ხის ჩურჩული, ფოთლის შრიალი;
ქვითინს წავაწყდი, სიოს ქვითინს, სივრცის ვედრებას, —
აქ სამუდამოდ დაკარგულად რომ ვთვლიდი უკვე.
ცა — თმაგაშლილი მთვარეული ღამის კაბებით;
ხე — აფეთქებულ მონატრებით გადახუნძლული;
მთვარე — გვირგვინი, ვარსკვლავები — თეთრი ბეჭდები
სითეთრით დაღლილ ცას — დედოფალს — უმკობდნენ თითებს.
ჩემს ბწკარს წავაწყდი, აყვავებულს, კვირტებდახეთქილს,
წავაწყდი სევდას, — ზღვის სილურჯით ფერმკრთალ
ავადმყოფს,
ცეცხლს გაქვავებულს — თითქოს სულში ჩამწყდა რაღაცა...
3
თითქოს ნაცნობი ბწკარედები არ იყო ჩემი, —
იწვოდა ტბეთი, უთეთრესი თოვლის სიმკრთალით.
სიო ღელავდა...
თბილ ვარდების ლურჯი სინორჩე
და დაწმენდილი ცისარტყელა ამემღვრა სულში.
მეგონა, თითქოს დიდი ხნის წინ ვცხოვრობდი მე აქ,
და მერე თითქოს მივატოვე ვარსკვლავი ისევ.
ეს ტკივილებიც მივატოვე, ფიქრებიც, ფრთებიც,
ეს წყნარი მთვარეც — ლურჯი სივრცის ტკბილი
ჭრილობა.
სადღაც ლერწმებში სევდიანი ტიროდა ქარი,
და როგორც ღამის შიშრეული შემოკივლება, —
მკლავზე მესვენე,
მწვანე მთების თეთრო ღრუბელო!
4
მზე გარიჟრაჟის გულზე სითბოდ შემომეღვარა,
და ვარსკვლავები გაცრეცილი მაპკურა ქარმა.
ძახილის სითბომ მომიტანა ზეცის სურნელი, —
მკერდმოღრუბლული ცისკიდურის წითელი სიცხე.
ლურჯი ცრემლებით დალტობილი ციური ფერი
მეზმანა ძილში, ვით ტყემლების აელვარება.
გათოვდა ზეცა... და ღრუბლები შერჩნენ სველ სივრცეს —
ისევ მციოდა დათოვლილი ტატნობის სუსხი.
5
ახლაც არ მახსოვს, როგორ მოხდა...
ვიგრძენი უცებ:
ახლოს ვიყავი ცასთან... ღმერთთან ვიყავი ახლოს,
და მას ესმოდა ჩემი სევდა, ტკივილი ჩემი,
ჩემი ობოლი სტრიქონების თეთრი სათქმელი.
წარმოვიდგინე ღმერთის სახე იმდენად მძაფრად —
უსივრცო ფიქრმა მიმიყვანა კიდეც გამჩენთან;
ვნახე ემბაზი ცის ცვრით სავსე, სავსე ცის ფერით,
შევსვი სანთლების მხურვალება, სიწრფელე ლოცვის,
ღვთის სიტყვებივით სუფთა წყარო შევსვი პეშვებით
და ფრთებმა იგრძნეს უჩვეულო სილაღე სულის!
ვიგრძენი სითბო და ავმაღლდი ოცნების თვალში!
მითხრა უფალმა
(ლოცვისაგან მიმქრალ თვალებით
ჩაუქრობელი სათნოება შემომაკივლა):
„შენ იმ ვარსკვლავზე შენი სული იგრძენ, — აპრილი,
მისი ლოდინით აყვავება შენც განიცადე,
იგრძენი შვება, მოიკალი წყურვილი ფიქრის
და იქ იხილე სულ პირველად ფერის სინორჩე.
იქ ოცნებებმა აგიტაცეს ზეცაში ფრთებით
და დაგასიზმრეს მზის სათქმელი ტკივილი სივრცის.
ბედნიერების ელოდება სიმწვანე ყველას
მხოლოდ საკუთარ ვარსკვლავზე და საკუთარ სულში!“
„მე ვგრძნობ იმ სევდას, იმ სიხარულს, რაც აქ მომელის.
და ამიტომაც იმ ტკივილთა მინდა შეგრძნება!
მინდა ამ ცის ქვეშ ვეზიარო ბედნიერებას
და არასოდეს მივატოვო მისი სითეთრე!“
ჩრდილები
ქუჩაც ნაღვლიანია.
ნელი ნაბიჯით მივუყვები მას და
ვფიქრობ,
გამდნარ ასფალტზე
ნებივრად თვლემენ
გაფოთლილი ხეების,
მხიარული ადამიანების,
უნაპირო ლამპიონების მწკრივთა
ჩრდილები...
უხალისოდ ვაბიჯებ მათ და
თითქოს ვერც ვგრძნობ,
დანაშაულს რომ ჩავდივარ...
იქნებ ამ უხმო,
ცივ ჩრდილებსაც აქვთ საკუთარი
სული და
ფიქრი?
იქნებ უფრო სუფთები
და სპეტაკებიც არიან,
ვიდრე მათი პატრონები?
ჩრდილის სული
და ფიქრი
მისი სულის და ფიქრის
ანარეკლია,
ვისაც ის ეკუთვნის ალბათ...
...
აი, მივდივარ და...
ტანკენარი ხეების,
მოხარხარე ადამიანების ჩრდილებს
მივარღვევ...
თითქოს აზრადაც არ მომდიოდეს,
რა დანაშაულს ჩავდივარ...
1989 წ. სექტემბერი
ცა ატორტმანდა
ცა ატორტმანდა...
და დაიმსხვრა
როგორც ფანჯარა, —
დაორთქლილი
ლოდინის სუსხით!
ცივია ქარი,
მაგრამ მაინც
მათბობს როგორღაც...
ლხვება ყინული...
აქამდე რომ გულზე მქონდა
შემოჭერილი.
ამ ყინულს სევდას ეძახიან,
შემცივნულ სევდას,
რომელსაც ახლა
საკუთარი სიცივით
გათოშილს,
სარკმლის გისოსზე
უმწეო ცახცახი აუვარდა...
ცა ატორტმანდა...
და დაიმსხვრა...
ვოცნებობ მაინც.
მზე აილეწა.
მთვარეს ღაწვები აუხურდა.
და როგორც ლოცვა,
თეთრი დუმილი დაარღვია
ფოთლის ჩურჩულმა...
აფითრისფერდა გარემო და...
და თითქოს დათბა...
გაქვავებულ ზღვას...
ჟრუანტელმა გასცრა სხეულში...
მკვეთრი სილუეტი სავსე მთვარის —
მოლურჯო სივრცემ აირეკლა...
ისევ გათოვდა
ცა ნამსხვრევებად,
ცა — მოტორტმანე...
1989 წ. სექტემბერი
მერაბ კოსტავას
ფაფარაშლილი ლურჯაი
მხედარს იგლოვს და ჭიხვინებს,
რასაც სიცოცხლე შესწირე,
აწ ის სიზმარში იხილე:
იხილე ვით დაარწყულა
მტრის სისხლით გორდა ქართველმა,
იხილე ძველი ტრამალის
ნაკვესი ხმლებით გათელვა!
1989 წ. ნოემბერი
* * *
შორს მანდილივით იშლება ზეცა
და მდორე ნისლის რძიანი ფთილა
მთას ეღვენთება სიცხიან შუბლზე.
მზემ სველი ფრთები უხმოდ დაკეცა
და ჩაესვენა ჯერ ისევ თბილი
ყრუ საუფლოში ამღვრეულ ღრუბლის.
* * *
გარდაიცვალნენ შემოდგომის ცივი ხელები.
მკვდარი ნოემბრის მტვრიან სულში აყვავდა მთვარე.
ფოთლები ქრიან და ტბორავენ ქარს გახელებით.
წევს შემოდგომა... და არავინ უხუჭავს თვალებს.
1989 წ. დეკემბერი
შორეული ზარები
თოვს ამღვრეული ქარი, —
თებერვლის ცივი სისხლი,
სივრცეს ასველებს წყნარი
სუნთქვა რძისფერი ნისლის.
* * *
გამხდარი ქუჩა წყლიან თვალებს ხმაურით ახელს.
ქალაქს სველ მკლავზე ასვენია ზეცის სიმშვიდე.
ჩუმი ტკივილით იმეორებს აპრილის სახელს
და თეთრ სულს უწვდის ასაკენკად პატარა ჩიტებს...
1990 წ. აპრილი
არაფრისფერი მდუმარება
არაფრისფერი მდუმარება შემორჩათ რტოებს,
როგორც ნამსხვრევი უამურ ქარის.
ჩავა მთის მიღმა მფეთქავი მზეც და ფერფლს დატოვებს,
დგება საღამო სითბოში მთვარის.
ალუბლის იალქნები
მზემ იალქნები მოაალუბლა,
ზღვას ალუბალი გადაათოვა,
ჩამავალს წყალში ღაწვი დაეფლა,
და კულულები წყალზე დატოვა...
მეჯლისი ზამთარში
რა მონდომებით მოხატა ჭირხლმა
ყინვის ალერსის ნაზად ამტანი
სასახლის მინა, რომელის მიღმა
ნელი მეჯლისით ბრწყინავს ზამთარი.
\
გადამწვარი ღრუბლები
მზეჭაბუკნი და ამირანები,
დამწვარნი ქართლის ამომავალ მზით,
ღვთიურ მირონში განაბანები
ერს გაათბობენ ცეცხლით ანაგზით.
1991 წ. 22 დეკემბერი —
1992 წ. 10 იანვარი
ვარძიის მონოლოგი
გაზაფხულის მუსიკა
წყნარად მოფეთქავს ნისლის სურნელი,
აავსებს მსუბუქ ჰაერის ფარდას,
შეუშფოთველი და სასურველი
მდინარებაა ციურ ზღაპართა.
ცაში გამლხვალი ტრიალებს სული
და ანადენი მტვერი კვირტების,
აქ სიხარული დედოფლობს სრული,
გაგთვალავს, თუკი დააკვირდები.
ამოაქვს ცვარ-ნამს გაშლილ მწვანეზე
მადლი და სუნთქვა ყორნისფერ მიწის,
და ეხამება მოლის სინაზე
მიმოფანტული ცვრის რძისფერ სიცილს...
თვალზე ნელ რიდეს მოლანდავს
თეთრად აფეთქებული რტოების ქაფი,
ნიავი გაშლის ყვავილთა ეტრატს
და დაადნება ბაგეზე აპრილს...
მწერთა ორკესტრის მუსიკა ტკბილი,
ვით ვიოლინოს დამთვრალი ბგერა
პირველქმნილობით შემოსავს დილას
და სივრცეს ვარდის ფერად დასერავს.
ღაწვთა შეფაკვლა მძინარ ასულის,
მზით შეკრთომა და თვალის ახელა,
თეთრ სიზმრის შემდეგ ეს გაზაფხული
ჰგავს მიწის მწვანე ფიქრის გამხელას.
ამ სილამაზეს ველურს და ზვიადს,
აბრუებს მტრედთა ფრთების ტკრციალი,
სივრცე სიცოცხლით სავსეა,
მზეა და რძიან ნისლის სველი ციალი.
ცაში გალმხვალი ტრიალებს სული
და ანადენი მტვერი კვირტების,
აქ სიხარული დედოფლობს სრული,
გაგთვალავს, თუკი დააკვირდები.
1992 წ. აპრილი
1993 წ. მარტი
* * *
ბედნიერ ზღვაზე ლაჟვარდები ცისფრად ანთია,
გრილი ჰაერი გულუბრყვილოდ გამჭვირვალეა,
ზღვას ფრინველები ცაში ლაღად აუფანტია,
რა მსუბუქი და აღმტაცია მათი არევა.
მოჯადოებული ღამე
შედედებული მდუმარება დააწვათ ხევებს,
ლურჯი ღამეა და გრძნეულნი ხარშავენ ფაფას
ახლა მახინჯი გველეშაპი მთვარეს ჩაყლაპავს,
მთვარის სიცივე მუცელს ატკენს და გაახელებს.
ნუგზარ ფსუტურს
ამ სურნელს ატეხილ ბალახის მთისასა,
ამ ზეცის უწმინდეს ეთერთან მინაზავს,
მე შენი სიმღერა მილბობს და მინაზავს,
ვით წყარო ანკარა მწყემსის სალამურის.
მიჯნური
სამყარო ცხოვრობს ამ სიტყვაში უცხო და ვრცელი.
1993 წ. აგვისტო
გავეხმიანე, გავძახე,
ფრთაზე შევუსვი სიმღერა,
ხმახაფად დაიმყივარა,
ლურჯი ბრჭყალები მიღერა...
უდაბნო
თხემი სიცხიან მზეს გადავუდაფნო
ჩემი უმხურვალეს ხორშაკის ხელებით,
ბაგეებდამსკდარი ვიხრჩობი — უდაბნო,
გადამშრალ ქვიშთა მტვრიანი ხელებით.
სალაღობო
მე კი არ მესმის, რას მეკითხები,
დამეცა რაღაც ტკბილი თავზარი,
ხეები გახდნენ ნეკისხელები,
ბალახი გახდა უზარმაზარი.
ან მომაშორე მე ეგ თვალები,
ეგ ალუჩები გაბრწყინებული,
ან ამ კენჭებსაც შევებრალები,
ასე უმწეოდ გაშტერებული.
Eden
ბედნიერება ახლა ჩემთვის მხოლოდ ლურჯია,
ბედნიერების ერთადერთი — ზღვაა საუფლო,
ნაპირი ნაზად უყუჩდება ტალღისტუჩიან
წყლის ალერსს, რაა მშვენიერი ამაზე უფრო.
ფსალმუნი
სამადლობელი უფლისადმი
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასათვის
ოქროს ქანდაკება
(1989 წელს სიზმრად ნანახი)
ზვიად გამსახურდიას
ნუთუ იმ ღამეს ყრმათა თავზე ზეცა გაიყო,
უფალმა პეშვით დაგვაპნია
შენი ზღაპარი?
რა საოცარი სიზმარი იყო, —
გნახე ოქროში ჩამოსხმული,
წმიდა ოქროში
ქანდაკად მდგარი...
იყო ქალაქი,
მოედანი არმიწიური,
და შენი ოქრო ანათებდა სულიწმიდაში,
იდექ კვარცხლბეკზე
უფლისწული მზერამზიური,
კრავი ციური, —
სასუფევლის ძეთა წინაშე.
თვალის ჭრილებში
იცნობოდა ორი სასანთლე,
მაგრამ გრაგნილი რას ნიშნავდა
შენს დახრილ ხელში...
წერილი იგი
შეგვინდობს თუ გაგვასამართლებს,
რომ ვამჯობინეთ დარჩენა ბნელში?
ძეგლი კეთილი,
სასოებით გამოკვეთილი,
ახლაც დგას, სადაც კრავნი იშვებენ,
სადაც ჩქეფს წყარო სიცოცხლისა მარად მედინი,
მაგრამ ჩვენ სხვა ვართ,
იმ ქალაქში ვერ შეგვიშვებენ.
1999 წ. ივლისი
***
ცა დასცქერის გმირი ბავშვის ცხედარს,
ცა დღეს მის სულს აიტაცებს ნეტარს,
მიწა სამჯერ იუცხოვებს,
და მეოთხედ ძლივს იგუებს
მხოლოდ ტყვიით შეჩერებულ მხედარს.
აქ არ არის, გული ვისაც ეძებს,
აქ არ არის, ცაო, უკვე მანდ არი,
კუბოს მტვერი რომ აყრია მკერდზე,
მხოლოდ მისი სხეულია დამდნარი.
მიჯნურ ჭადარს ქარი ეჩურჩულება,
და ფოთლებზე ნაზად ელაციცება,
ქვეყნად გმირის დაბადებას უყვება
და მისებურ ერთგულებას ჰპირდება...
თბილ საბანზე ბავშვი ხელებს აწყობს,
მთელი დღე რომ დაუღლია ანბანს,
და აგრძელებს დედა წუხელ დაწყებულს —
გველეშაპთან მეომარის ზღაპარს.
ეტყვის, როგორ დაიბადა ბიჭი,
ვისაც ჰქონდა მისნაირი თვალები,
ბრძენი გული და ღვთიური ნიჭი,
და როგორი გზა ელოდა წვალების.
როცა ბოროტს მკერდი გაეგმირება,
ბავშვი მაშინ ჩაიძინებს მხოლოდ,
თვალცრემლიან დედას გაეღიმება,
გულს არ დაწყვეტს, ბიჭს არ ეცოდინება
ამ ამბავის სევდიანი ბოლო.
2000 წ.
როგორ გაწვალეს,
ვერ გედექი მხარში, ვაიმე,
გვერდით არ გყავდი,
როს გათრევდნენ ბილწი ენებით,
ნეტავ მარტოსთვის შემეწია
სიტყვა რაიმე,
ან სულაც ერთად მიგვეყარა
მტერზე ცხენები.
იძინე მშვიდად,
უშფოთველად,
ეგ ხვედრი გიჯობს,
ჩემო ტანჯვისთვის გაჩენილო,
ლამაზო ბიჭო.
მახსოვხარ —
შავი, ხუჭუჭი თმით,
შავი თვალებით,
რა დრო გასულა,
რა სპეტაკად გამთეთრებიხარ,
იძინე მშვიდად,
უკრთომელად,
ეგ ხვედრი გიჯობს,
ჩემო ტანჯვისთვის გაჩენილო,
დაღლილო ბიჭო.
ზვიად გამსახურდიას
ზვიად გამსახურდიას
1
მხედარო ნათლისაო,
მქუხარე რაინდო და
გულო ცრემლიანო,
მიწაზე რა გინდოდა.
სულ მართალს რად ჰყვიროდა
სული ყოვლისმხედი,
ან ვით დაგინდობდა
სოფლის მრუდე ბედი.
მხედარო ნათლისაო,
მწუხარე რაინდო და
შვენებამ მართლისაო,
რა მწველად დაღვენთოდა
მიწას შენი სისხლი, —
ბალახს ცვრად ეოცა,
მთისთვის გლოვის ნისლი
ქარს ვერ მოეხოცა.
გლოვობდა ქროლვა და
ქროლავდა საგლოვი,
შორიდან გალობდა
ციური საკრავი,
ია უარობდა
ცრემლით თვალნარევი,
არაო, — ამბობდა, —
ვნახეო ეგ მართალი,
ხარირმად გარბოდა
ისარდანაკრავი,
და მაინც დასხლტოდა
მდევარს უნახავი.
ნუ ეძებთ, სად თქმულა
ხარირმის საფლავი...
2
მდუმარე კრავო,
სიკვდილის წინარ,
დამსჭვალვად მზაო,
გადაგცა — ვინა,
დამდნარო ცვილო,
სახენაცისკრალო,
მარადო ძილო, —
გაუმკრთალო.
3
წარხდა მშვენება საქართველოსი,
გადაეფარა ჭკნობის ზეწარი,
ხრწნილებით მოკვდა თვით ანგელოსი,
მიწამ შემუსრა ნათლის მხედარი,
წარხდა მშვენება საქართველოსი,
ვერშესაცნობი ჰგია ცხედარი.
ამხდარია საწადელი,
შფოთვა გაატანეთ ქარს,
ეგ ხრწნილება საზარელი
გულუბრყვილოს უხვევს თვალს.
ნათლის ძენი ტყუვდებიან,
ცაში ქნარნი წვიმობენ,
„ციდან აღარ ბრუნდებიან“, —
სოფლისანი — ღიმობენ.
4
ლაზარეო, ლაზარე!
ბრმა ვიყავი აქამდე,
ლაზარე... ლაზარე...
სულში დაგინახავდი,
სულში დაგინახავდი,
თუ გონებამ ვერ იცნო,
ეგ წყლულები გშვენისო.
ბეთანიელი — ოთხი დღის მკვდარი,
ოთხჯერვე დაფლვა შენი,
„უფალო, ყარს...“ და, ცხედარი მჭკნარი,
უცნაურ სნების მჩენი.
5
ნათელღებულო სიკვდილითა მესიისა,
ლოდად გებულო,
ცის საფირონი მოგევლება ნიმბად, ვნებულო,
მარქვი, რა სიტყვამ გამოსახოს ეს სასწაული,
მაგრამ აღივსოს, დე, სოფელის ჯერ საწყაული.
6
„საფლავი — თორმეტი ადლი,
სუდარა — თავთან კრული,
გწყალობდეთ აღდგომის მადლი,
ანგელოსი მხიარული!“
* * * ზვიად გამსახურდიას
სასუფეველში
ზვიად გამსახურდიას
უძღები შვილი
შენმა გოდებამ დაბზარა ღამე,
ბორგავ, წრიალებ, წუხხარ,
კედლის საათი დაგკივის წამებს,
გარეთ ქარები ქუხან.
* * *
ის აიტაცა ბოროტმა ჟინმა,
სულ ერთი წუთით ცდუნდა,
ხეიბარს გზაზე მავალს დასცინა,
მოხიბლა ქარაფშუტა.
ორი მზე
დამესიზმრა სულის ზეცა,
ცოცხალი და ბევრად შორი,
ცოცხალს ჰგავდა თვითონ მზეცა,
მაგრამ, ღმერთო, იყო ორი.
კაბადონი გაიკეცა,
მნახველს ამითრთოლდა მძორი,
სად ერთი მზე ასხივებდა,
ზრუნვით იყო ცა გამთბარი,
სიყვარული შუქს თან სდევდა,
და სიკეთის იდგა დარი,
გავიფიქრე — ვით ამზევდა
ეს ამქვეყნად დანაცარი?
სად ელავდა მეორე მზე,
რაღაც მძაფრი, დიდებული,
იქ ხანძარი ენთო ცაზე,
ძრწოდა ვერდამშვიდებული,
რაც დიადი იყო ასე,
ავად ჩანდა რინდებული.
...განაღვიძი ვიმტვრევ მაჯებს,
ისევ მესმის ხმები მდორე,
ფანჯრით ხალხის ფუსფუსს ვარჩევ,
უკვე ნახულს განვეშორე,
ღმერთო, პირველს გაუმარჯვე,
განუქარვე ცას მეორე.
„შენ ვერ მიხილავ და ნუ დამეძებ“
ტერენტი გრანელი
არ შეგაწუხებ
მე ჩემი ყოფნით არ შეგაწუხებ,
დაე, სხვამ კოცნოს შენი ტუჩები,
სხვა გხვევდეს მკლავებს — ჩემთვის მარწუხებს,
როს უცხო ალერსს გაუყუჩდები.
* * *
თვალები — ლივლივი
ლურჯში და მწვანეში,
კულული ხვეული,
ნიავის თარეში,
ვიდრე წახვიდოდე
შვებათა მხარეში,
მირჩიე, მღიმარო,
რა ვქნა შენს გარეშე?
სიცოცხლე ერთფერი
გამისამოთხევე,
ტრფიალიც მომთხოვე,
კვლავ სევდა წამიღებს,
ნუ წახვალ ახლავე,
იქ ხვალაც გნახავენ...
სულაც ნუ გნახავენ...
ტერფებზე თლილებზე
ზღვის ქაფი გადაგდის,
ტანტალებ ნაპირზე,
კიაფო სმარაგდის,
სიცოცხლის ჟინით ჩქეფ,
ღიღინი არა გღლის,
რა მოხდა, ერთხელ რომ
ეს გულიც გალაღდეს?
თვალები — ლივლივი
ლურჯში და მწვანეში...
შენ ლამაზი ხარ...
გთხოვ, ამ საღამოს სარკისაკენ ნუ შებრუნდები,
შენ ლამაზი ხარ მეტისმეტად, ის კი — მაცდური,
და მაგ მშვენებით თვითონ შენვე ნუ გაბრუვდები,
დაეკარგება თვალებს შენსას შუქი ბავშვური.
ცეკვა ჩრდილებში
იისფერ ღამით დარბაზში მელი
ფერიის ღამით, — ხელი და ხელი;
ფარდებში ნაზი შუქების ვალსი,
ნელი ალმასი, თვალები სველი.
1999 წ. 10 მაისი
* * *
ავად ვარ შენით, ავად ვარ შენით,
ჩემ სნებას ჰქვია შენი თვალები,
სულში ჩამოდგნენ უხმო მოწყენით
გაფითრებული თებერვალები.
სტრიქონებს შორის
სტრიქონებს შორის სივრცეა თბილი,
ტკივილი სევდა და მძაფრი გლოვა,
სტრიქონებს შორის იმღვრევა დილა
და დასველებულ ფერების გროვა.
მე დავემსგავსე
სახლს დაღონებულს,
რომელიც ყველამ მიატოვა
და უსარგებლოდ მიიჩნია,
გაეშურა გასართობი დარბაზებისკენ.
ცეკვავენ,
ნაზად იღიმებიან,
და სიგარეტს ეწევიან შუა ცეკვის დროს,
ბოლს კი ისრუტავს
ბრჭყვიალა ჭაღი,
მერე შუქს აფენს
დეკოლტეებს
ამ უცრემლოთა.
მე, ანუ სახლი მოწყენილი,
ძლიერ შორსა ვარ,
ჩემს ოთახებში ჭაღი არ არის,
რომ გაანათოს ერთადერთი ხატი კედელზე…
* * *
ღამით თბილისში და მის ქუჩებში
წყვდიადი სუფევს,
ეს ცხოვრების გზა უფრო მოკლდება
და სადღაც უხვევს.
დადუმდა ქუჩა,
ძილს მიეცა და სიზმარს ხედავს,
ეს ძილია თუ
სამუდამოდ სიკვდილი ნეტავ?
დაიწერა, როდესაც რატი ათი წლის იყო...
მასპინძლის ქალიშვილი
ფრაგმენტი
შენი - ტატო