ტობითის წიგნი, კონსპექტი PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 17

ნ.

დროზდოვი, ტობითის წიგნის წარმოშობის შესახებ, ბიბლიოლოგიური


გამოკვლევა, კიევი, 1901(რუსულ ენაზე)

თანამედროვე ვითარება ტობითის წიგნის წარმოშობისა და მისი თავისებურებების


შესწავლის თაობაზე
ბიბლიურ წიგნთა შორის ტობითის წიგნი მეცნიერული შესწავლის
თვალსაზრისთ ყველაზე რთულ წიგნს წარმოადგენს. მართალია, იგი ჩვენამდე
მოღწეულია მრავალი ძველი ხელნაწერით სხვადასხვა ენაზე და მართალია, მის
შესახებ მოწმობებს ადრეულ ქრისტიან ავტორებთან, მაგრამ არც თავად მასში, არც
გარეგან მოწმობებში მის შესახებ არ არის სრულად განსაზღვრული მონაცემები,
რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა საბოლოოდ გადაწყვეტილიყო ამ
წიგნთან დაკავშირებული მრავალი საკითხი, მათ შორის, წარმოშობის საკითხიც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი რეფორმაციის დროიდან მოყოლებული
არაერთგზის იქნა მრავალმხრივ შესწავლილი დასავლელ მეცნიერთა მიერ, ყველა
მცდელობა მისი წარმოშობისა და თავისებურებების განსაზღვრისათვის
წარუმატებელი გამოდგა. ამ დრომდე არ არის დადგენილი მისი თავდაპირველი ენა
ანუ ორიგინალი ტექსტი. არც ის არის განსაზღვრული, დღეს არსებული
ტექსტებიდან რომელი გადმოგვცემს წიგნის თავდაპირველ შინაარსს. მაგალითად,
მეცნიერთა ნაწილი თავდაპირველ ტექსტად მიიჩნევს ებრაულს, სხვები - ქალდეურს
(არამეულს), სხვები - ახალ ებრაულს, კიდევ სხვები - ბერძნულს. მკვლევართა ერთი
ნაწილის აზრით, დედანთან ყველაზე ახლოს დგას ნეტარი იერონიმეს თარგმანი,
რომელიც „ვულგატას“ სახელით არის ცნობილი, სხვათა მოსაზრებით - ერთ-ერთი
ბერძნული ტექსტი. დღევანდელ დღემდე ზუსტად არ არის განსაზღვრული
ისტორიული მნიშვნელობა ტობითის წიგნისა. მკვლევართა ნაწილი მას ჭეშმარიტ
ისტორიად მიიჩნევს, სხვები - წმინდა მხატვრულ ნაწარმოებად, მესამენი შუალედურ
პოზიციაზე არიან და მას მიიჩნევენ ნამდვილად მომხდარი ამბების მხატვრულ
გადმოცემად. განსაკუთრებით განსხვავებულია თვალსაზრისები წიგნის წარმოშობის
დროის შესახებ. ცხრა საუკუნის მანძილზე - ასურეთის ტყვეობიდან ქრისტეს აქეთ
მე-3 საუკუნის ჩათვლით - ებრაელი ხალხის ისტორიაში თითქმის არ არის
პერიოდი, რომელთანაც რომელიმე მკვლევარს არ დაეკავშირებინოს წიგნის
წარმოშობა. ასეთივე მრავალგავრობა შეინიშნება წიგნის წარმოშობის ადგილის
თაობაზეც: თითქმის ყველა, სადაც კი ებრაელები იყვნენ გაფანტულნი მითითებულ
პერიოდში - პალესტინა, ბაბილონი, ასურეთი, მიდია, სპარსეთი, არმენია, ეგვიპტე -
სახელდება ამა თუ იმ მკვლევრის მიერ, როგორც სამშობლო განსახილველი წიგნის
ავტორისა. თვალსაზრისთა განსხვავებანი ტობითის წიგნის თაობაზე ხშირად
პირდაპირ წინააღმდეგობაშიც კი გადადის. მაგალითად, მკვლევართა ნაწილი
ხედავს მასში წმინდა ბიბლიურ რელიგიურ-ზნეობრივ მოძღვრებას. სხვები,
პირიქით, უარყოფენ მის ზნეობრივ მნიშვნელობას და მასში ხედავენ
ფარისეველობისა და თვით წარმართობის, კერძოდ, სპარსეთის რელიგიურ-

1
ზნეობრივი შეხედულებების ასახვასაც კი, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას.
ამრიგად, ტობითის წიგნის წარმოშობის საკითხი დღევანდელ დღემდე ღიად რჩება
და საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
წინამდებარე შრომა მიზნად ისახავს ახლებურად წარმოაჩინოს წიგნის
წარმოშობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, ამ საკითხთა გადასაწყვეტად
გამოიყენოს ახალი მეცნიერული მონაცემები (მაგ. მოწმობანი ლურსმული
წარწერებდან და ხალხური სიტყვიერებიდან), კვლევას საფუძვლად დაუდოს წიგნის
მნიშვნელოვანი ტექსტების ფილოლოგიური ანალიზი, სხვა ტექსტთა შორის
შესაბამისი ადგილი მიუჩინოს წიგნის სინურ ნუსხას, რომელიც დიდი ხანია
გამოცემულია, მაგრამ აქამდე არასათანადოდ არის შესწავლილი, გადაამოწმოს
ადრინდელ და თანამედროვე მეცნიერთა შეხედულებანი საკვლევ საკითხზე,
შეავსოს ან ცხადყოს ის, რაც მათ მხედველობის მიღმა დარჩათ, განსაკუთრებული
ყურადღება მიაქციოს ეკლესიის მამათა და მოძღვართა მსჯელობებს,
შესაძლებლობის ფარგლებში შეაერთოს ტრადიციული მოსაზრებებისადმი
პატივისცემა სამეცნიერო მოთხოვნებისამი პატივისცემასთან და ამ ძალზე
მნიშვნელოვანი, რთული და ჩახლართული საკითხის კვლევის შეძლებისდაგვარი
მცდელობით შეავსოს სიცარიელე ჩვენს საღვთისმეტყველო ლიტერატურაში.
ნაშრომის მთავარი მიზანი კი არის სპეციალისტთა ყურადღება მიაპყროს ამ
მრავალმხრივ საინტერესო წიგნს. თუკი ეს ნაშრომი მცირედით მაინც შეუმსუბუქებს
შრომას ამ საკითხის მომავალ მკვლევრებს, ჩვენი მიზანი მიღწეული იქნება.
ნაშრომი სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი მიზნად ისახავს
განსაზღვროს ის ტექსტი, რომლითაც ტობითის წიგნი შემორჩა ყველაზე ზუსტი
სახით ან ყველაზე ახლოს არის თავდაპირველ ტექსტთან. მეორე ნაწილში
შევეცდებით განვსაზღვროთ: წიგნის შინაარსი ფანტაზიის ნაყოფია, თუ რეალობას
ემყარება; მესამე ნაწილში განვიხილავთ საკითხებს დაწერის დროის, დაწერის
ადგილისა და ავტორის შესახებ.

ტობითის წიგნის თავდაპირველი ენა


წიგნის თავდაპირველი ენის თაობაზე ნეტარი იერონიმე გვაუწყებს ტობითის
წიგნის [მისეული თარგმანის] წინასიტყვაში, რომელიც მიუძღვნა ეპისკოპოსებს
ხრომატიოსსა და ილიოდორს: „თქვენ ითხოვთ, რომ მე წიგნი, დაწერილი ქალდეურ
ენაზე, საკუთრივ, ტობითის წიგნი, ვთარგმნო ლათინურ ენაზე. მე შევსარულე
თქვენი სურვილი, თუმცა კი იგი არ შეესატყვისებოდა ჩემს მისწრაფებებს... და
რამდენადაც ქალდეველთა ენა ახლოა ებრაულთან, მე, ვიპოვე რა ადამიანი,
რომელიც თავისუფლად საუბრობს ერთსა და მეორე ენაზე, ერთი დღე მივუძღვენი
შრომას და რაც მან ჩემთვის გადმოთარგმნა ებრაულ ენაზე, მე ის გადავეცი ჩემ მიერ
მოხმობილ ჩამწერს ლათინურ ენაზე“.
ამ ცნობისა და, ასევე ბერძნულ და ლათინურ ტექსტებში არსებული
ქალდეიზმების საფუძველზე, მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ წიგნი სწორედ

2
ქალდეურად უნდა იყოს დაწერილი. დიდ ნაწილს კი მიაჩნია, რომ ქალდეური
ხელნაწერი, რომელიც იერონიმეს ჰქონდა ხელთ, იყო თარგმანი და არა ორიგინალი,
ხოლო ორიგინალის ენა, მათი აზრით, უნდა იყოს ან ებრაული, ან ახალ-ებრაული ან
ბერძნული.
მტკიცებულებად იმისა, რომ იერონიმეს ხელთ არსებული ქალდეური ტექსტი
დედანს არ წარმოადგენდა და, საერთოდ, ტობითის წიგნი ქალდეურად არ
დაწერილა, ასახელებენ ორიგენეს მოწმობას წერილში სექსტუს იულიუს
აფრიკელისადმი იმის შესახებ, რომ ებრაელები არ სარგებლობენ ტობითის წიგნით
და არ გააჩნიათ იგი აპოკრიფთა შორის, რომლებიც ებრაულ ენაზე არის დაწერილი.
მიუთითებენ, ასევე, მრავალრიცხოვან შეცდომასა და ნაკლოვანებას, რაც იერონიმეს
თარგმანს გააჩნია, რომელიც ქალდეურიდან არის შესრულებული და, ასევე,
ასახელებენ იმ შეცდომებს, რომლებიც ტობითის ყველაზე ძველ - ბერძნულ ტექსტში
ებრაულის არასწორი გაგების შედეგად შეინიშნება.
მეორე მხრივ აღნიშნულია, რომ ნეტარი იერონიმე და მისი მეგობრები
თავდაპირველ ტექსტად ქალდეურ ტექსტს მიიჩნევდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში
ასე არ მოიხსენიებდნენ მას. ძნელი წარმოსადგენია მას სათარგმნად დედანი არ
გამოეყენებინა, და ამასთან ისეთი, რომელიც არ იყო საეკლესიო მიმოქცევაში, რადგან
ძველი აღთქმის წიგნთა თარგმნისას იგი მიზნად ისახავდა დასავლელ
ქრისტიანთათვის სწორედ დედნისეული თარგმანი მიეცა, რომელსაც ებრაელები
იყენებდნე და ამით ამ უკანასკნელთა საყვედური განექარვებინა, რომ ქრისტიანებს
არ გააჩნიათ ბიბლიის მართებული ტექსტი.
რაც შეეხება ორიგენეს ზემომოტანილ სიტყვებს, მართებულად გაგების
შემთხვევაში ისინი არანაირად არ უპირისპირდება იერონმეს მოწმობას. ორიგენეს
მოწმობით, ებრაელები „არ სარგებლობენ“ ტობითის წიგნით, ესე იგი არ
კითხულობენ მას ღვთისმსახურებაზე, და „არა აქვთ“ იგი აპოკრიფთა შორის,
რომლებიც ებრაულ ენაზე არის დაწერილი. შესაბამისად, ორიგენეს სიტყვები ასე
უნდა იქნას გაგებული: ტობითის წიგნი არ არის ებრაელთა კანონიკურ წიგნებს
შორის და იმ არაკანონიკურ (აპოკრიფულ) წიგნთა შორისაც, რომლებიც ებრაულად
არის დაწერილი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ეს წიგნი ებრაელთა
შორის არსებულიყო ქალდეურ ენაზე. ამ აზრს, როგორც ჩანს, ადასტურებს ორიგენეს
შემდეგი სიტყვები ნაშრომიდან „ლოცვის შესახებ“, სადაც ამბობს: „ებრაელები არ
აღიარებენ ტობითის, როგორც კანონიკური წიგნის ავტორიტეტს“. ეს სიტყვები
გვაფიქრებინებს, რომ ორიგენეს დროს ტობითის წიგნი არსებობდა ებრაელთა შორის
არაკანონიკურ წიგნთა რიცხვში.
ებრაელებს რომ მართლაც გააჩნდათ ტობითის წიგნის ტექსტი (ქალდეურ
ენაზე) და თანაც აპოკრიფთა შორის, ეს ჩანს იერონიმეს შემდეგი სიტყვებიდან
ტობითის წიგნის თარგმანის წინასიტყვაში: „ებრაელები, გამოყოფენ რა ტობითის
წიგნს საღვთო წიგნთა კატალოგიდან, მიათვლიან მას იმათ, რომელთაც აპოკრიფებს
უწოდებენ“.

3
თუკი ტობითის წიგნი თავდაპირველად დაიწერა ქალდეურ (არამეულ) ენაზე,
სად არის ეს ქალდეური წიგნი? არსებობს თუ არა იგი დღევანდელ დღემდე?
ორიგინალი ტექსტი ჩვენამდე მოღწეული არ არის. ამიტომაც გასარკვევი რჩება ორი
რამ: 1) მოღწეული თარგმანებიდან რომელი დგას ახლოს ორიგინალთან და 2) რა
ურთიერთმიმართება აქვთ მათ ერთმანეთთან.

ტობითის წიგნის არსებულ თარგმანთა მიმართება ორიგინალთან


და ერთმანეთთან
მკვლევართა უმრავლესობის აზრით, თავდაპირველ ტექსტთან ყველაზე
ახლოს დგას ტობითის წიგნის ის ვერსია, რომელიც სეპტუაგუნტაში არის დაცული
(ალექსანდრიულ და ვატიკანის ნუსხებში). ძველი ლათინური თარგმანი
შესრულებული უნდა იყოს ბერძნულიდან, ხოლო ნეტარმა იერონიმემ თავისი
თარგმანი შეასრულა ქალდეურიდან (არამეულიდან). სირიული თარგმანიც
ბერძნულდან არის შესრულებული.
ქალდეური ტექსტი (ბოდლეს ბიბლიოთეკის) წარმოადგენს მიდრაშიდან
Rabbah de Rabbah, საკუთრივ მისი მე-17 ნაწილიდან, გამოკრებილ ტექსტს.
შინაარსით იგი ახლოს დგას სეპტუაგინტასთან (ვატიკანურ ნუსხასთან), თუმცა იგი
წარმოადგენს არა თარგმანს, არამედ ტობითის წიგნის თარგმანის თავისუფალ
გადამუშავებას. ვარაუდობენ, რომ მას საფუძვლად უნდა ედოს უფრო ადრეული და
უფრო სრული ქალდეური ტექსტი, რომელიც თარგნილია ებრაულიდან და
რომელსაც ეყრდნობოდა იერონიმე თავისი თარგმანის შედგენისას.
ტობითის წიგნის ებრაული ტექსტი (მიუნსტერის გამოცემა)ახლოს დგას
სეპტუაგინტასთანაც და ქალდეურ ტექსტთანაც. დადგენილია, რომ ეს ებრაული
ტექსტი არ შეიძლება თარგმანად მივიჩნიოთ ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, ეს
არის ტობითის ისტორიის თავისუფალი გადამუშავება, რომელიც თალმუდიზმის
განვითარების ეპოქაში არის შექმნილი, იმ მიზნით, რომ ეს ისტორია უფრო
ხელმისაწვდომი და უფრო დამმოძღვრელობითი გახდეს იუდეველი
მკითხველისათის. ეს ტექსტი შექმნილი უნდა იყოს V, ან, ზოგი მოსაზრებით, IX-XI
ან სულაც XIII საუკუნეში.
ფაგიეს მიერ გამოცემული ებრაული ტექსტი კი ბერძნულის გავლენას
აირეკლავს და მისგან უნდა მომდინარეობდეს.
არსებული თარგმანების ურთიერთშედარების საფუძველზე დგინდება, რომ
ბერძნული ტექსტები (სინური, ალექსანდრიული და ვატიკანური ნუსხები)
ერთმანეთისგან დამოუკუდებლად არიან წარმოშობილნი რაღაც საერთო
ტექსტისგან, რომელისაც, თავის მხივ, ქალდეური დედანი უნდა ჰქონოდა
საფუძვლად.
ბერძნული ტექსტები საფუძვლად უდევს ყველა დანარჩენ ტექსტს ტობითის
წიგნისა, მათ შორის ვულგატასაც, რადგან ნეტარი იერონიმე თავისი თარგმანის

4
შესრულებისას უფრო მეტად ძველ ლათიუნურს ეყრდნობოდა, ვიდრე ქალდეურ
ტექსტს.
ტობითის წიგნის ტექსტთა ურთიერთმიმართება შემდეგი ცხრილით
შეიძლება წარმოვადინოთ.
ქალდეური (ორიგინალი)
ბერძ. ვატიკანური ბერძნ. სინური ბერძნ. ვულგატა
ალექსანდრიული
ა) ძვ. ლათინური. სირიული (მე- ა) სირიული (1-ლი
ბ) ებრ. (მიუნსტერის 2 ნახ.) ნახ.),
გამოცემა). ბ) ებრ. (ფაგიეს
გ) ვულგ. გამოცემა).

თავდაპირველ ტექსტთან ყველაზე ახლო მდგომად ვატიკანური კოდექსი


მიიჩნევა, ამიტომ განსახილველი წიგნის შესსწავლისას, უმთავრესად, სწორედ მას
დავეყრდნობით.

ტობითის წიგნის ისტორიული ხასიათი


წიგნის სახელწოდება, შედგენილობა და შინაარსი
ბიბლიის ნუსხებში ტობითის წიგნი ან მოკლედ არის ზედაწარწერილი:
Twbei`q, Tobei`t, Tobi`t, Tobi, Tobias, Tobit et Tobias, ან უფრო დაწვრილებითი
ზედაწარწერა გააჩნია. მაგ. Bi`bloj lo`gwn Tobi`t, Liber Tobiae, Liber utrisque Tobias ა. შ.
ზედაწარწერაში სახელ ტობითის ხსენება მიუთითებს წიგნის მთავარ პერსონაჟზე,
ხოლო მის გვერდით მისი შვილის სახელის ხსენება (Tobit et Tobias) მიუთითებს იმას,
რომ წიგნი შეიცავს ორივე პიროვნების ამბავს. მთავარი გმირი წიგნისა არის
ტობითი, რომლის ირგვლივაც თავს იყრის წიგნში აღწერილი ყველა მოვლენა,
შესაბამისა, მართებულად ის ზედაწარწერა მიაჩნიათ, სადაც მხოლოდ მისი სახელი
არის ნახსენები.
თუმცა აღნიშნავენ, რომ ორივე სახის ზედაწარწერა გვიანდელი წარმოშობისა
უნდა იყოს და თავად წიგნის ავტორს არ უნდა ეკუთვნოდეს. თავად ავტორს უნდა
ეკუთვნოდეს წიგნის პირველი თავის საწყის მუხლებში არსებული ზედაწარწერა,
მაგ. Bi`bloj lo`gwn Tobi`t.
ზედაწარწერის შემდეგ არის მოკლე ცნობები ტობითის წარმოშობის,
ცხოვრების დროის, და თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილის შესახებ
(ზემოგალილეა, ქალაქი თიბი ან თიშბი).
სიტყვები Bi`bloj lo`gwn Tobi`t სხვადასხვაგვარად გაიგება: ან ავტორზე
მითითებად, ანაც წიგნის შინაარსზე. უფრო მეტად უკანასკნელ პოზიციას უჭერენ
მხარს და, შესაბამისად, წარმოდგენილი ფრაზა ასე ითარმნება: „წიგნი ტობითის
ამბავთა“. თუმცა ამავროულად მიიჩვენენ, რომ ფრაზა სწორედ თავად ტობითის

5
მიერ მოთხრობილ ისტორიაზე მიანიშნებს, და არა მის შესახებ მონათხრობზე.
მართლაც, ამგვარი გაგების მართებულობას თავად წიგნიც ადასტურებს, სადაც
თხობა გვხვდება პირველ პირში, და სადაც ნათქვამია, რომ ტობითიდა ტობია,
ანგელოზის ბრძანებით, განადიდებდნენ ღმერთს და მომხდარი ამბავი ჩაწერეს
წიგნში და ყველას აუწყებდნენ (12.6,20,22).
შესაბამისად, წიგნის ავტორი გვატყობინებს, რომ აქ გადმოცემულია ამბავი,
რომელიც თავად ტობითის მიერ (ტობიასთან ერთად) არის ჩაწერილი. არის თუ არა
ტობითი ამ წიგნის პირველჩამწერი და მოაღწია თუ არა ჩვენამდე მისმა ჩანაწერებმა,
მოგვიანებოთ განვიხილავთ.
ზედაწარწერის გარდა (1.1-2)წიგნში გამოიყოფა ორი ნაწილი და ეპილოგი.
პირველ ნაწილში (1.3 – 3.6) თავად ტობითის პირით არის გადმოცემილი ტობითის
ისტორიის შესავალი, განსაკუთრებით აღნიშნულია მისი ღვთისმოშიშება,
გადმოცემულია მის თავს დატეხილი განსაცდელი ასურეთის მეფე სენახერიმის
დევნის სახით და მხედველობის დაკარგვა. მეორე ნაწილში (3.7 – 12) უკვე მესამე
პირში არისგადმოცემული ტობითის შვილის ტობიასა და მისიცოლის სარას
ისტორია. ეპილოგი შეადგენს მე-13 და მე-14 თავებს, რომელთაგანაც პირველში
გადმოცემულია ტობითის გალობა ღვთისადმი, ხოლო მეორეში არის დამატებითი
ცნობები ტობითისა და ტობიას ცხოვრების უკანასკნელი დღეებისა და
გარდაცვალების შესახებ.
წიგნი ასეთი შინაარსისაა:
ასურელთა მიერ ისრაელის სამეფოს განადგურებამდე მცირე ხნით ადრე ზემო
გალილეაში, ნეფთალემის ტომში, ქალაქ თიბში ან თისბში ცხოვრობდა ტობითი,
ტობიელის ძე, რომელიც სიჭაბუკიდანვე ღვთისმოშიშებითა და კეთილმსახურებით
გამოირჩეოდა. მიუხედავადა მთელი ნეფთალემის ტომის იუდასა და
იერუსალიმისაგან განშორებისა, იგი მკაცრად იცავდა მოსესრჯულის
დადგენილებებს, დღესასწაულთა დღეებში დადიოდა იერუსალიმში მსხვერპლისა
და მეათედის შესაწირად და არ მონაწილეობდა კერპთმსახურებაში, რაშიც იყვნენ
ჩაბმულნი მისი თანამემამულენი. ისრაელის სამეფოს განადგურების შემდეგ
ტობითი სხვებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს ასურეთში და იქ დასახლდა ნინევიაში,
ცოლად შეირთო ანა „მამამისის საგვარეულოდან“ და შეეძინა მისგან ძე
ტობია.მიუხედავად იმისა, რომ ტყვე იყო, იგი, თავის თანატომელთაგან
განსხვავებით, ინარჩუნებდა მოსეს რჯულისამდი ერთგულებას, არ ჭამდა
წარმართთა პურს და მრავალ კეთლ საქმეს აღასრულებდა თავის თანატომელთა
მიმართ. მას ყურადღება მიაქცია მეფე სალმანასარმა და ტობითი გახდა მისი
სოვდაგარი. ამან საშუალება მისცა ტობითს უფრო გაეფართოებინა თავისი
ქველმოქმედებითი მოღვაწეობა, ასევე შეეგროვებინა ათი ტალანტი ვერცხლი,
რომელიც მან შესანახად მიაბარა ტავის ნატესავ გაბაელს, მიდიის რაგეში მცხოვრებს.
მაგრამ სალმანასარის მემკვიდრე სენახერიმის დროს ტობითმა ვერ შეძლო მიდიაში
გამგზავრება, რადგან სადაც იგი ადრედადიოდა მეფის კარის სოვდაგრის სტატუსით

6
და ეს თანამდებობაც დაკარგა, რადგან ახალი მეფე მტრულად იყო განწყობილი
იუდეველებისადმი. მისიმტრობა განსაკუთრებით გაძლიერდა იუდაში
წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ, როცა მან დაიწყო სასტიკად დევნა
დატყვევებული ისრაელიანებისა და მათი ხოცვა, ამასთან მათი გვამები
დაუმარხავად ეყარნენ ქუჩებში. ამ დროს ტობითის კეთილმა საქმეებმა
განსაკუთრებული გასაქანი ჰპოვა. იგი არა მხოლოდ საკვებსა და სამოსს აძლევდა
გაჭირვებულ თანატომელებს, არამედ მალულად მარხავდა მათ გვამებს. ერთმა
ნინეველმა დაასმინა იგი მეფესთან და ტობითი იძულებული გახდა გაქცევით
ეშველა საკუთარი თავისათვის, რის დროსაც მთელი მისი ქონება კონფისკაციას
დაექვემდებარა და დაიტაცეს. მას არაფერი დარჩა, გარდა ცოლი ანასი და ძე
ტობიასი. თუმცა ამის შემდეგ მალევე სენახერიმი მოკლა მისმა ორმა ძემ და მის
ნაცვლად გამეფდა ესარხადონი, რომელმაც ტობითის ნათესავის ახიკარის
შუამდგომლობით, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეჭირა სამეფო კარზე, ნება
დართო ტობითს დაბრუნებულიყო ნინევიაში. მაგრამ მალე ახალი უბედურება
დაატყდა თავს ტობითს. ორმოცდაათობის დღესასწაულზე ტობიამ, რომელიც
ტობითმა გაგზავნა, რომ ვინმე გლახაკთაგანი, მაგრამ ღვთისმოშიში თანატომელი
მოეწვია სადღესასწაულო სუფრაზე, შეატყობინა მამასა, რომ მოედანზე ეგდო
გარდაცვლილი ისრაელიანის გვამი. ტობითმა დაუყოვნებლივ შეიტანა
მიცვალებული ერთ-ერთ შენობაში, ხოლო მზის ჩასვლისას დამარხა იგი, შემდეგ კი,
განიბანა რა, სიცხის დამო დაწვა არა სახლში, არამედ ეზოს კედელთან. როდესაც იგი
იწვა, ფრინველთა თბილი სკორე დაეცა თვალებზე, რის შედეგადაც იგი დაბრმავდა.
ამის შემდეგ იგი სარჩოს ღებულობდა ახიკარისგან, ხოლო ამ უკანასკნელის
ელიმაიდაში გადასვლისი შემდეგ თავი გაჰქონდა თავისი ცოლის შრომით. თავისი
უბედურება ტობითმა იტვირთა სრული მოთმინებით, მაგრამ ერთხელ ცოლმა
თავისი საყვედურებით გაანაწყენა იგი იმ ზომამდე, რომ მან სიკვდილი ითხოვა
ღვთისგან (თ. 1 – 3.6).
სწორედ ამ დროს სარა, ტობითის ნათესავის რეღუელის ასული, რომელიც
მიდიის ქალაქ ეკბატანში ცხოვრობდა, ევედრებოდა ღმერთს სიკვდილს, ან
ყვედრებისგან გათავისუფლებას, რადგან სასოწარკვეთილებამდე იყო მისული
უსამართლო საყვედურებით თავისი ერთ-ერთი მხევლისგან, რომ თითქოს მან
მოკლა თავისი შვიდი ქმარი. რომელთაც ქორწილის პირველივე ღამეს ხოცავდა
ბოროტი სული ასმოდე. ტობითისა და სარას ლოცვა შეისმინა ღმერთმა და ორივეს
გამოსახსნელად გამოგზავნა ანგელოზი რაფაელი (3.7-17).
ამასობაში ტობითმა, ელოდებოდა რა სიკვდილს, მოუხმო ტობიას, მისცა მას
მთელი რიგი მამობრივი დარიგებანი, აცნობა ვერცხლის შესახებ, და დაავალა მას
მოეძებნა საიმედო თანამგზავრი და წასულიყო მიდიაში გაბაელისაგან ვერცხლის
მისაღებად. ტობია შეხვდა ანგელოზ რაფაელს, რომელმაც თავი ერთ-ერთ
ისრაელიანად, აზარიად გააცნო, და თანამგზავრობა შესთავაზა. ეს უკანასკნელი

7
დათანხმდა და ორივენი, ტობითის ლოცვა-კურთხევით გაცილებულნი, გაუდგნენ
გზას (4-5).
როდესაც თანამგზავრები მივიდნენ მდინარე ტიგროსამდე, ტობიას,
რომელმაც მდინარეში ბანაობა გადაწყვიტა, დიდი თევზი დაესხა თავს. მაგრამ მან,
რაფაელის რჩევით, დაიჭირა თევზე, ამოაცალა მას გული, ღვიძლი და ნაღველი და
თან წაიღო. მოგზაურობისას რაფაელმა აუხსნა ტობიას თევზის ამ ნაწილთა
მაკურნებელი თვისებები, ხოლო როცა ეკბატანს მიუახლოვდნენ, ურჩია მას ცოლად
შეერთო სარა, რეღუელის ასული, და განუქარვა ყოველგავრი შიში ტობიას,
რომელსაც სმენოდა სარას პირველი შვიდი ქმრის ხვედრის შესახებ. მივიდა რა
რაფაელთან ერთად ეკბატანში, ტობია ძალზე გულითადად მიიღეს რეღუელმა,
ედნამ, მისმა ცოლმა და სარამ, მისმა ასულმა და რეღუელმა მისცა თანხმობა და
ლოცვა-კურთხევა სარაზე ქორწინებისა. ქორწინების პირველ ღამეს ტობიამ,
რაფაელის დარიგებით, საძინებელში აკმია თევზის გული და ღვიძლი და შემდეგ
სარასთან ერთად ლოცვით მიმართა ღმერთს და წყალობა გამოითხოვა. ასმოდე
გაიქცა ზემო ეგვიპტის ქვეყანაში და იქ შეკრა რაფაელმა. ამრიგად, ტობია გადაურჩა
სარას პირველი შვიდი ქმრის ხვედრს და რეღუელმა სიხარულით, მადლობდა რა
ღმერთს, თოთხმეტდღიანი ლხინი გადაიხადა, რომლის დროსაც რაფაელი, ტობიას
თხოვნით, გაემგზავრა მიდიის რაგეში, მოიტანა ვერცხლი გაბაელისგან და თავად
იგიც მოიყვანა ნადიმზე. ნადიმის დასასრულს ტობია უხვად დაასაჩუქრეს
რეღუელმა და ედნამ და გამოამგზავრეს სარასთან და რაფაელთან ერთად ნინევიაში,
რომ სწრაფად დასრულებულიყო მათ მშობელთა მღელვარება თავიანთი
ერთადერთი ძის თაობაზე (6-9).
ნინევისასთან მიახლოებისას ტობია, რაფაელის რჩევით, მასთან ერთად
წავიდა სარაზე წინ, რომ მოემზადებინათ სამყოფელი მისთვის, და როცა დაინახა
თავისი მამა, დაადო თევზის ნაღველი თვალებზე, რის შედეგადაც ტობითს
მხედველობა დაუბრუნდა და მადლი შესწირა ღმერთს. მშობელთა სიხარული ამ
განკურნებისა და საყვარელ შვილთან შეხვედრის გამო გააორმაგა მის ცოლთან
შეხვედრამ. მადლიერების ნიშნად ტობითი და ტობია რაფაელს სთავაზობენ ქონების
ნახევარს. რაფაელი უარს ამბობს ამ შემოთავაზებაზე, მაგრამ არიგებს ტობითსა და
ტობიას განადიდონ ღმერთი, აკეთონ სიკეთე და გაექცნენ ბოროტებას, უმხელს მათ,
რომ არის ანგელოზი რაფაელი, რომ მან მიიტანა ღმერთამდე ტობითისა და სარას
ლოცვა, გამოგზავნა ღმერთმა მათ დასახმარებლად და ახლა კვლავ ადის თავის
გამომგზავნთან, და სთავაზობს მათ, რომ ყველაფერი, რაც გადახდათ, წერილობით
გადმოსცენ. ტობითი და ტობია შიშისგან პირქვე დაეცნენ და როცა ადგნენ,
ანგელოზი უკვე აღარ იყო. მაშინ მათ აკურთხეს ღმერთი, განადიდეს იგი და
მოუთხრობდნენ ყველას მისი დიდებული საქმეების შესახებ და იმის შესახებ, თუ
როგორ გამოეცხადა მათ ანგელოზი (10-12).
ტობითის ბაგეთაგან წარმოითქვა ასევე სახოტბო გალობა, რომლითაც იგი
განადიდებს ღმერთს და საწინასწარმეტყველო ტონით საუბრობს იერუსალიმისა და

8
ღვთისმოშიში ხალხის მომავალზე (13). იერუსალიმისა და ღვთისმოშიში ხალხის
ხვედრს ტობითი ეხება ასევე თავის სიკვდილისწინა დარიგებაში, რომელშიც იგი
უბარებს თავის შვილს, რომ დაიცვას რჯულის მცნებანი და გადასახლდეს მიდიაში,
რადგან მოსალოდნელია უბედურებანი, რომელიც ასურეთს დაატყდება თავს.
როდესაც დაკრძალა მამა, რომელიც ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, და
დედა, ტობია გადასახლდა ეკბატანში რეღუელთან, თავის სიმამრთან. მან ასევე
დაკრძალა თავისი სიდედრი და სიმამრი და გარდაიცვალა ღრმა სიბერეს მიღწეული,
ისე რომ გარდაცვალებამდე შესაძლებლობა ჰქონდა ნინევიის დანგრევის ამბავი
მოესმინა (14).

განსხვავებული მოსაზრებანი ტობითის წიგნის შინაარსის თაობაზე


ტობითის წიგნის შინაარსის გაცნობისას ბუნებრივად ჩნდება კითხვა:
სინამდვილეს ეყრდნობა მასში გადმოცემული ამბავი თუ გამოგონილია?
შესაბამისად, გააჩნია თუ არა წიგნს ისტორიული ხასიათი თუ იგი მწერლობის
რომელიმე სხვა გვარს უნდა მივაკუთვნოთ? მკვლევართა მოსაზრებანი ამ კუთხით
სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ერთი მოსაზრებით, წიგნი არის ისტორიული
ნაშრომი, მეორე მოსაზრებით, იგი არის მხატვრული გამონაგონი, ხოლო მესამე
მოსაზრებით, წიგნი ისტორიულ საფუძველს ემყარება, მაგრამ ავტორი შეგნებულად
თუ შეუგნებლად ცვლის სინამდვილეს გადმოცემისას.
მე-16 საუკუნემდე გაბატონებული იყო პირველი პოზიცია. ძველი დროიდანვე
ტობითის წიგნი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით და რეფორმაციამდე არავინ
შეეჭვებულა მისი შინაარსის ისტორიული ხასიათის თაობაზე.
ყველა ძველ ბერძნულ და ლათინურ ნუსხაში იგი განთავსებულია სხვა
ბიბლიურ წიგნებთან ერთად, უმეტეს შემთხვევაში იმათთან, რომელნიც
კანონიკურად არიან მიჩნეულნი. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მას ძველი დროიდანვე
ქრისტიანულ ეკლესიაში სხვა წიგნთა გვერდით განიხილავდნენ და, შესაბამისად, არ
მიაჩნდათ, რომ მასში გამოგონილი ამბავი იყო გადმოცემული.
ასევე, აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ეკლესიის მამები, ეკლესიის
ადრეული ისტორიკოსები თუ ეგზეგეტები წიგნის ისტორიულ ხასიათს
აღიარებდნენ, მას პატივისცემით ეპყრობოდნენ და დამოძღვრის მიზნით მასაც ისევე
ეყრდნობოდნენ, როგორც სხვა წიგნებს. მაგალითად, კლიმენტი რომაელის მიწერილ
(კორინთელთა მიმართ) მეორე ეპისტოლეში (16.4) გვხვდება გამონათქვამები,
რომლებიც აშკარად ტობითის წინიდან უნდა იყოს აღებული (12. 8-9 და 4. 10), მაგრამ
თავისუფალი ინტერპრეტაციით. წმ. პოლიკარპე სმირნელს ფილიპელთა მიმართ
ეპისტოლეში (10. 2) მოაქვს სიტყვები ტობითის წიგნიდან (4. 10, 12. 9) იმის შესახებ,
რომ მოწყალება იხსნის სიკვდილისაგან. წმ. ირინეოს ლიონელი მართალია თავის
აზრს არ გამოთქვამს ტობითის წიგნზე, მაგრამ ნაშრომში „მხილება და დამხობა ცრუ
ცოდნისა“ (1. 30,11) ამბობს, რომ გნოსტიკოსები ამ წიგნს საწინასწარმეტყველოთა
შორის იხსენიებენ. კლიმენტი ალექსანდრიელს არათუ ციტატები მოაქვს თავის

9
„სტრომატებში“ (2. 23 და 6. 12) ტობითის წიგნიდან (4. 15 და 12. 8), არამედ მას
მოიხსენიებს, როგორც „წერილს“, ესე იგი, მიაკუთვნებს იმ სახელს, რა სახელითაც
იგი წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებს აღნიშნავს. გარდა ამისა, კლიმენტი
ტობითზე, ტობიასა და სარაზე საუბრობს როგორ რეალურ პიროვნებებზე და
მნიშვნელოვან მომენტებს მათი ცხოვრებიდან განიხილავს, როგორ ნამდვილად
მომხდარ ფაქტებს (სტრომ. 1. 21). სახელწოდებას „წერილი“, ან „საღვთო სიტყვა“
მიაკუთვნებს ორიგენეც ტობითის წიგნს, რომელიც ხშირად იმოწმებს ამ წიგნიდან
ციტატებს კანონიკური წიგნების გვერდით. იგი იულიანე აფრიკელის მიმართ
ეპისტოლეში (13) მოწმობს, ასევე, ამ წიგნის ღვთისმსახურებაში გამოყენების შესახებ
(a)ll’ e)pei= xrw=ntai t%= Tobi`# ai( e)kklhsi`ai...). მსგავსივე მიმართება გააჩნია ტობითის
წიგნისადმი იოანე ოქროპირს, რომელსაც შეტანილი აქვს იგი თავის „სინოპსისში“
(წმინდა წერილის წიგნთა მიმოხილვა). აღმოსავლური ეკლესიის საერთო აზრის
გამომხატველი აღნიშნულ წიგნზე შეიძლება იყოს ათანასე დიდი. იგი დიდი
პატივისცემით ეპყრობა ტობითის წიგნს და მოაქვს კიდეც მისგან ციტატები (4. 19, 12.
7) ნაშრომებში „აპოლოგია იმპერატორ კონსტანცისადმი“ და „არიანელთა
წინააღმდეგ“, მაგრამ მელიტონ სარდელის, კირილე იერუსალიმელისა და გრიგოლ
ღვთისმეტყველის მსგავსად, არ შეაქვს იგი კანონიკურ წიგნთა ნუსხაში (39-ე
პასქალური ეპისტოლე), არამედ მიაკუთვნებს მას არაკანონიკურ წიგნებს.
არანაკლები პატივისცემით სარგებლობდა ტობითის წიგნი დასავლეთის
ეკლესიაშიც. მაგალითად, წმ. კვიპრიანე კართაგენელს ძალზე ხშირად მოაქვს თავის
ნაშრომებში ფრაგმენტები ტობითის წიგნიდან, და მას, სხვა წიგნებთან ერთად,
უწოდებს „საკვირველ წერილს, ან „წმინდა წერილს“, ხოლო ტობითის ღვთივსათნო
ცხოვრებას ასახელებს, როგორც მისაბაძ მაგალითს. ილარიონ პიქტაველს მოაქვს
მოწმობანი ტობითის წიგნიდან ანგელოზთა შესახებ და ამბობს, რომ ზოგი ტობითის
წიგნს კანონიკური წიგნებს მიათვლის (ფსალმუნთა წიგნის წინასიტყვა, 15). წმ.
ამბროსი მედიოლანელმა განსაკუთრებული ნაშრომიც კი დაწერა ტობითის წიგნზე
(„ტობითის წიგნის შესახებ“). იგი ამ წიგნს მოიხენიებს, როგორც „წერილს“, აღიარებს
მის ისტორიულ შინაარსს და, ამავე დროს, მას საწინასწარმეტყველო წიგნადაც
მოიხსენიებს, ხოლო ტობითს წმინდა წინასწარმეტყველად, ასახელებს რა აქ
ტობითის სიტყვას იერუსალიმისა და ღვთისმოშიში ხალხის მომავლის შესახებ.
ზემოაღნიშნულთაგან შედარებით განსხვავებული შეხედულება გააჩნია ტობითის
წიგნზე ნეტარ იერონიმეს, რომელიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, მხოლოდ ორი
ეპოსკოპოსის თხოვნით კიდებს ხელს ამ წიგნის თარგმნას, მაშინ როცა თავად ამის
სურვილი არ გააჩნდა. იგი კანონიკურ წიგნებად მხოლოდ იმათ აღიარებდა,
რომლებიც ებრაულ ბიბლიაში იყო შეტანილი. შესაბამისად, ტობითის წიგნს იგი
აპოკრიფთა შორის მოიხსენიებდა. თუმცა ამ სახელით იგი აღნიშნავდა არა საკუთრივ
აპოკრიფებს, არამედ წმინდა წერილის არაკანონიკურ წიგნებს. გაცილებით
გარკვეულ აზრს გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე რუფინუსი. იგი ტობითის წიგნს
მიაკუთვნებს წიგნებს, რომელთაც მამები უწოდებენ არა კანონიკურ, არამედ

10
საეკლესიო წიგნებს, და გამოიყება ეკლესიაში საკიხავად, მაგრამ არა სარწმუნოების
სწავლების დასამოწმებლად, და მათგან განასხვავებს აპოკრიფებს, რომელებიც არ
იკითხება ეკლესიაში. სხვაგვარად უყურებს ტობითის წიგნს ნეტარი ავგუსტინე.
მისდევს რა აფრიკული ეკლესიის გადმოცემას, რომელიც კანონიკურად აღიარებდა
არაკანონიკურ წიგნებსაც, იგი ტობითის წიგნს კანონიკური წიგნებს მიათვლის და
მას იობისა და ესთერის წიგნებს შორის ათავსებს. ანდაც, როგორც სხვაგან ამბობს,
ტობითის წიგნი განეკუთვნება ისეთ წიგნებს, რომლების დაწერილია მაცხოვრის
მოსვლამდე, არ არიან მიღებულნი იუდაურ კანონში, მაგრამ შეწყნარებული აქვს
ქრისტიანული ეკლესიას. ნეტარი ავგუსტინეს თვალსაზრისი კანონის
შედგენილობაზე და, მათ შორის, ტობითის წიგნის კანონკურ მნიშვნელობაზე,
დაადასტურეს იპონიის (393 წ.) და კართაგენის (397 და 413 წ.) კრებებმა, პაპებმა
ინოკენტი I-მა და გელასი I-მა, რომის კრებამ 494 ან 496 წელს და ტრიდენტის კრებამ
1546 წელს. ტრიდენტის კრების დადგენილება დამკვიდრდა რომაულ-კათოლიკური
ეკლესიის პრაქტიკაში და დღემდე ძალშია, დაადასტურა რა 1870 წლის ვატიკანის
კრებამ.
რეფორმაციის დროიდან წარმოიშვა ახალი მიმართულება ტობითის წიგნის
გაგების თაობაზე. ეს უკავშირდება კანონიკური წიგნებისადმი იმ ახლებურ
მიმართებას, რასაც დასაბამი დაუდო მარტინ ლუთერმა. მან ტობითის წიგნი
აპოკრიფებს მიაკუთვნა, რომლებშიც იგი ჩვეულებრივ, ადამიანთა მიერ შექმნილ
წიგნებს გულისხმობდა, და უკვე ამით დაუშვა მასში ნებსითი თუ უნებლიე გადახრა
ჭეშმარიტებისგან. ტობითის წიგნის თარგმანის წინასიტყვაობაში (1530 წ.) იგი
თავდაპირველად გამოთქვამს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ისტორიულ წიგნად უნდა
მივიჩნიოთ ტობითი თუ პოეტურ ნაწარმოებად. თუკი ეს ისტორიაა, ამბობს იგი,
მაშინ ეს არის წმინდა ისტორია, ხოლო თუკი პოეტური ნაწარმოებია, მაშინ
შესანიშნავი, სასარგებლო და დამმოძღვრელობითი ნაწარმოებია. მაგრამ შემდეგ
ლუთერი პირდაპირ უწოდებს მას შესანიშნავ დამმოძღვრელობით კომედიას,
შესაბამისად, ლუთერმა სავსებით უარყო წიგნის ისტორიული ხასიათი და იგი
დამმოძღვრელობითი ხასიათს ჩვეულებრივ პოეტურ ნაწარმოებად მიიჩნია.
ლუთერის შეხედულებამ დიდ გავლენა მოახდინა ტობითის წიგნის
შემდგომდროინდელ მკვლევრებზე, განსაკუთრებით პროტესტანტებზე და
მოამზადა ნიადაგი რაციონალიზმისათვის, რომელიც ფართოდ გავრცელდა
პროტესტანტ თეოლოგთა შორის. რაციონალისტებმა, უარყოფდნენ რა საღვთო
გამოცხადებას, სასწაულებსა და იუდაური და ქრისტიანული ეკლესიის გადმოცემის
მნიშვნელობას, არა მხოლოდ არაკანონიკური, არამედ კანონიკური წიგნებიც კი
გაუთანაბრეს ჩვეულებრივ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და აუცილებლად
მიიჩნიეს მათზე მსჯელობისას მეცნიერული კრიტიკის გამოყენება, მაგრამ
სამეცნიერო მონაცემებად ხშირად ასაღებდნენ თავიანთ ჰიპოთეზას და
ცდილობდნენ არა იმდენად ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, რამდენადაც
საეკლესიო გადმოცემასა და გამოცხადების რწმენაზე დაფუძნებული

11
შეხედულებების უარყოფას. ამიტომაც პროტესტანტ მკვლევართა შორის ტობითის
წიგნის თაობაზე სხვადასხვაგვარი მოსაზრება აღმოცენდა. მართალია, ზოგიერთი
მათგანი უშვებს განსახილველი წიგნის საფუძველში ისტორიული სინამდვილის
არსებობას, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მასში შერეულია სხვადასხვა სახის გადაცდომა
სინამდვილიდან, რაც წიგნს ისტორიულ ხასიათს უკარგავს.
მაგრამ საკუთრივ რა შეადგენს ტობითის წიგნის ისტორიულ საფუძველს და
რა არ ეკუთვნის მას, ამის განსაზღვრა, მკვლევართა უმრავლესობის აზრით,
შეუძლებელია.

ტობითის წიგნის ისტორიულობის აღიარების საფუძვლები


თანამედროვე მკვლევართა ნაშრომების განხილვის საფუძველზე შეიძლება
დავასკვნათ, რომ, გავრცელებული აზრით, ტობითის წიგნი არ წარმოადგენს
ისტორიული ხასიათის წიგნს და თითქოს აქ აღწერილი მოვლენები არ შეესაბამება
სინამდვილეს. შესაბამისად, შევეცდებით კრიტიკული მიმართულების
წარმომადგენელთა ავტორიტეტს დავუპირისპიროთ ძველი ქრისტიანული ეკლესიის
ავტორიტეტი, რასაც ემყარება 15 საუკუნის მანძილზე ურყევად არსებული
შეხედულება ტობითის წიგნზე, როგორც თავიდან ბოლომდე ჭეშმარიტად
ისტორიულ ხასიათის წიგნზე. პირველ რიგში აღნიშნული საკითხი განხილვისას
ყურადღებას მივაქცევთ თავად წიგნს და თავად ავტორი როგორ დამოკიდებულებას
ავლენს ტობითისა და სხვა პირებისადმი, რომლებიც წიგნში არიან ნახსენები.
ავტორი საუბრობს ტობითის, ტობიასა და სხვა პირთა შესახებ, როგორც
ნამდვილად არსებულთა შესახებ, და გადმოსცემს ცნობებს მათზე, როგორც
რეალური ცხოვრებიდან აღებულ ამბებს. წიგნში ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ
ავტორი ცდილობს ჭეშმარიტების შუქზე წარმოადგინოს მის მიერ აღწერილი ეპოქა.
ამის შესაბამისად, იგი გადმოსცემს მოვლენებს ისეთი ფორმით, ავსებს რა თავის
თხრობას ისტორიული, გენეალოგიური, ქრონოლოგიური, გეოგრაფიული,
ტოპოგრაფიული და ა. შ. ცნობებით, რაც მხოლოდ ისტორიული თხრობისათვის
არის დამახასიათებელი. მაგალითად, იგი სრულიად განსაზღვრულად მიუთითებს
იმ ეპოქას, რომელშიც ცხოვრობდა ტობითი, და არ ამხოლოდ ახსენებს
უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს ამ დროისა, არამედ ტობითისა და მისი
შვილის ცხოვრებას გადმოსცემს ამ მოვლენებთან ერთად. ესენია: ასურელთა მიერ
ისრაელიანთა წარტყვევნა, სენახერიმის დამარცხება პალესტინაში და მის მოკვლა
მისივე საკუთარი შვილების მიერ, ნინევიის დანგრევა და ა. შ. ასახელებს იმ მეფეებს
(სალმანასარი, სანხერიბი, ესარხადონი), რომელთა მმართველობის დროსაც
ცხოვრობდა ტობითი ასურეთში; წარმოადგენს ტობითის დაწვრილებით
გენეალოგიას და მიუთითებს მის ნათესაურ დამოკიდებულებებს წიგნში
მოხსენიებულ სხვა პირებთან (ანა, ტობია, სარა, რეღუელი, ახიკარი). იგი არა
მხოლოდ იხსენიებს საკუთარი სახელებით იმ ქვეყნებსა და ქალაქებს, სადაც წიგნში
აღწერილი მოვლენები ხდება, არამედ მეტ-ნაკლები სიზუსტით განსაზღვრავს

12
ადგილმდებარეობებსაც. მაგალითად, თიშბის, ტობითის სამშობლოს შესახებ,
შენიშნულია, რომ იგი მდებარეობს კადეშ ნაფთალის მარჯვენა მხარეს, ზემო
გალილეაში, ასერის ზემოთ (1.2); ნათქვამია, რომ რაგე და ეკბატანა მდებარეობენ
მიდიაში (3.7; 4.1,20 და სხვ.), აღწერილია ამ ქალაქთა ადგილმდებარეობა,
განსაზღვრულია მათ შორის მანძილი. მაგრამ წიგნში განსაკუთრებით ყურადღებას
იქცევს ზუსტი ქრონოლოგიური მითითებანი, რომელნიც შესაბამისია მხოლოდ
რეალური ცხოვრების აღმწერი თხრობისთვის. არ იფარგლება რა ზოგად
მითითებებით იმ ისტორიულ მოვლენათა შესახებ, რომლებითაც განისაზღვრება
ტობითის ცხოვრების დრო, ავტორი მიუთითებს ტობითის ცხოვრების თითქმის
ყველა მნიშვნელოვანის თარიღს და, ასევე, სხვა მოვლენათა თარიღებსაც, რომლებსაც
უშუალო კავშირი არ გააჩნიათ წიგნში აღწერილ მოვლენებთან. მაგალითად, იგი
ამბობს, რომ სენახერიმი მოკლა ორმა ძემ მანამ, სანამ გავიდოდა 40 დღე (ან 50)
ტობითის ქონების კონფისკაციიდან (1.2); რომ ტობითი იყო 58 წლისა, როცა
მხედველობა დაკარგა და რვა წლის შემდეგ აეხილა (14.2), საქორწილო ნადიმი
ეკბატანში გაგრძელდა 14 დღე (8.20), ხოლო ნინევიაში 7 დღე (11.18), ტობითი
გარდაიცვალა 158 წლისა (14.11) და ა. შ. ბოლოს, ტობითის წიგნში თხრობა
წარმოდგენილია ისეთი წვრილმანი დეტალებით, რომელთა გამოგონებასაც
არავითარი მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს და რომლებიც შეიძლება აიხსნას მხოლოდ
ავტორის სურვილით, რაც შეიძლება ზედმიწევნით გადმოსცეს მომხდარი
სინამდვილე. მაგალითად, აქ ზუსტად არის აღწერილი ის ვითარება, როცა ტობითმა
მხედველობა დაკარგა; ასევე, ის გარემოებანი, რაც ანასათვის ქმრისადმი საყვედურის
მიზეზი გახდა (თ. 2); რეღუელმა საქორწილო ნადიმისათვის მოამზადა ბევრი პური,
ორი ძროხა და ოთხი ცხვარი (8.19 ვულგატას თანახმად); რაფაელმა რაგეში
გამგზავრებისას ერთი მსახური და ორი აქლემი იახლა თან (9.2), ტობიასა და
რაფაელს მიდიის რაგეში განგზავრებისას თან ახლდა ძაღლი (5.17), შვილის
შესახვედრად წამომდგარმა ტობითმა წაიბორძიკა (11.10) და ა. შ.

***
ტობითისა და ტობიას ისტორია მათი თანამედროვე ხალხებისა და ქვეყნების
მდგომარეობასთან კავშირში
ტობითი იყო ისრაელიანი, მაგრამ მან თავის სამშობლოში გაატარა მხოლოდ
ბავშვობა და ახალგაზრდობა (1. 2). მისი სრულწლოვანება ემთხევა ისრაელის
სამეფოს განადგურებას ასურელთა მიერ, როცა იგი თავის თანატომელებთან ერთად
ტყვედ წაიყვანეს ასურეთში და დასახლდა ნინევიაში, სადაც ცოლად შეირთო ანა და
შეეძინა შვილი ტობია. ნინევიაშივე გარდაიცვალა იგი მის დანგრევამდე მცირე ხნით
ადრე, მიღწეული 112 (158) წელს.

***
13
მტკიცებულებანი წიგნის სოლომონის ტაძრის დანგრევამდე წარმოშობის
შესახებ
ტობითის წიგნის დაწერის დროის განსაზღვრისასათვის თავად წიგნში
მითითებული გვაქვს დაწერის დროის უკიდურესი ქვედა ზღვარი - ტობიას
გარდაცვალება. რამდენადაც წიგნში აღწერილ მოვლენათაგან ყველაზე გვიანდელი
სწორედ ტობიას გარდაცვალებაა და ეს კი ნინევიის დანგრევიდან მალევე მოხდა
(14.14-15) და რამდენადაც ტექსტობრივი მონაცემებიდან შეიძლება ვიმსჯელოთ, ეს
უნდა ყოფილიყო 598 წელს ქრ.-მდე, შესაბამისად, წიგნი ვერ დაიწერებოდა ამ
თარიღზე ადრე. განსახილველი წიგნი გვაძლევს ასევე მონაცემებს, რომელთა
მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს მის დაწერის დროის ზედა ზღვარი. ეს არის
ტობითის სიტყვები (14.4-5): „წადი მიდიაში, შვილო, რადგან მჯერა, რაც იონა
წინასწარმეტყველმა თქვა ნინევეზე, დაემხობაო იგი. მიდიაში კი მშვიდობა იქნება,
ვიდრე ჟამი მოუწევდესო, ჩვენი ძმები მადლიანი ქვეყნიდან განიფანტებიანო,
იერუსალიმი გაუკაცრიელდება და გადაიბუგება ღვთის სახლი და უკაცრიელი
იქნება, ვიდრე არ მოვა ომის ჟამი. მერე კვლავ შეიწყალებს მათ ღმერთი და
დააბრუნებს აღთქმულ მიწაზე და ააშენებენ სახლს, არა წინანდელის მსგავსს, ვიდრე
საუკუნის დრო-ჟამი ამოიწურებოდეს. ამის შემდეგ დაბრუნდებიან ტყვეობიდან და
ააშენებენ იერუსალიმს პატიოსნად, აშენდება მასში ღვთის სახლი საუკუნის ყოველი
მოდგმისთვის - დიდებული სახლი, როგორც ამას გვაუწყებენ წინასწარმეტყველნი“.
განსახილველი ფრაზა არის დანაბარები ტობითისა და გამოსახავს
იერუსალიმის მომავალ ხვედრს. ეს ცნობა არის ნაწილობრივ გამეორება,
ნაწილობრივ კი შემდგომი გაგრძელება ან განვითარება იმისა, რაც არის ნაათქვამი
წინარე (13) თავში. ამიტომაც ორივე ეს ცნობა, როგორც ერთმანეთის შემავსებელნი,
ერთმანეთთან კავშირში უნდა იქნას განხილული.
ტობითის წიგნის ავტორი, ძველი აღთქმის სხვა წიგნების ავტორთა მსგავსად,
ებრაელი ხალხის ხვედრს განიხილავ მის რელიგიურ-ზნეობრივი მდგომარეობასთან
კავშირში. განსაცდელი, მისი აზრით, რაც ისრაელზე მოიწია, არის სასჯელი ღვთის
მცნებათა დარღვევისათვის. წიგნის მიხედვით ჩრდილოეთის სამეფომ უკვე
დაასრულა თავისი არსებობა, ხოლო იუდას სამეფო აგრძელებს თავის არსებობას,
მაგრამ უკვე ეს არსებობა დასასრულს უახლოვდება (13. 5). მაგრამ ეს სასჯელი იქნება
დროებითი: „ის შეგვაჭირვებს ჩვენ ურჯულოებაში და კვალად შეგვიწყალებს და
შეგვყრის ჩვენ ყველა ხალხებიდან, თუკი ვიქნებით განბნეულნი მათ შორის“ (13. 5).
ამასთან, შეწყალება მოხდება იმ შემთხევვაში, თუკი ცოდვილები მოიქცევიან
ღვთისადმი: „თუ მთელი გულით მოიქცევით მისკენ და მთელი სულით ჰყოფთ
სამართალს მის წინაშე, მაშინ ისიც მოიქცევა თქვენკენ და არ დაფარავს თქვენგან
თავის სახეს“ (13. 6). მე-13 თავის შემდგომი მუხლების განხილვიდან ჩანს, რომ აქ
საუბარია იერუსალიმისა და ტაძრის დანგრევაზე და ხალხის ტყვედ წაყვანაზე,
რომელნიც მომავალში იქნებიან შეწყალებული, დაბრუნდებიან გაფანტულობიდან
და ააშენებენ ახალ იერუსალიმსა და ტაძარს, მაგრამ არა ზორობაბელისას, რომლის

14
აშენებისასაც ნაწილი ისრაელიანებისა ტიროდა და რომელიც რომაელებმა
დაანგრიეს, არამედ იმას, რომელიც აშენდება საყოველთაო სიხარულით და
რომელიც მარადიულად იარსებებს. შესაბამისად, აქ იგულისხმება არა ის
იერუსალიმი, რომელიც ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ააშენეს იუდეველებმა,
არამედ ის დიდებული იერუსალიმი, რომელშიც შეიკრიბება არა მხოლოდ იუდა და
ისრაელი, არამედ სხვა ხალხებიც, რომლებიც აღიარებენ ჭეშმარიტი ღმერთს.
შესაბამისად, აქ მოსწავებულია მესიანური ჟამი და ახალი იერუსალიმი. იგივე აზრი
გრძელდება 14. 4-7-ში. თავდაპირველად აქაც მითითებულია მოსალოდნელ
ტყვეობა, შემდეგ საუბარია მომავალ შეწყალებაზე და კვლავაც მესიანური ტაძრის
აღდგენაზე. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ტობითის წიგნის ავტორმა არაფერი იცის
ზორობაბელის ტაძრის შესახებ, მის დროს არსებობს სოლომონის ტაძარი და
შესაბამისად, წიგნი დაიწერა სოლომონის ტაძრის დანგრევამდე და ბაბილონის
ტყვეობის დაწყებამდე, ესე იგი ქრ.-მდე 598 (ტობიას გარდაცვალების წელი) და 586
(სოლომონის ტაძრის დანგრევის წელი) წლებს შორის.

წიგნის დაწერის ადგილი და ავტორი


წიგნის დაწერის დროის საკითხს მჭიდროდ უკავშირდება საკითხი წიგნის
დაწერის ადგილისა და ავტორის შესახებ. რაც შეეხება წიგნის დაწერის ადგილს,
უნდა ითქვას, რომ თავად მასში გვაქვს მითითება იმის თაობაზე, რომ ტობითის
წიგნი დაიწერა პალესტინის ფარგლებს გარეთ. ამ თვალსაზრისით პირველ რიგში
ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ მოქმედების ადგილად წიგნში სახელდება
ტყვეობის ქვეყანა ასურეთი და მიდია. წიგნში გვხვდება მითითებანი და შეგონებანი
მოსეს რჯულის დაცვისა და იერუსალიმთან რელიგიური კავშირის შენარჩუნების
შესახებ. ავტორი არასოდეს მიჯნავს თავის თავს დატყვევებულ თანამემამულეთაგან
და სხვ. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ განსახილველი წიგნი დაიწერა
ასურეთში. ამას ადასტურებს: ა) წიგნში გადმოცემული ზუსტი ცნობები ამ ქვეყნის
ისტორიის, ყოფის, გეოგრაფიისა და ტოპოგრაფიის თაობაზე; ბ) ის ფაქტი, რომ
ავტორი მიუთითებს მოვლენებს ახიკარისა და ნადაბის ცხოვრებიდა, როგორც
ყველასათვის ცნობილი ამბებს, ცხადია, გულისხმობს მკითხველს, რომელმაც კარგად
იცის ეს ამბები. ასეთი მკითხველი კი ასურეთში მცხოვრები უნდა იყოს. გ) წიგნის
თავდაპირველი ენა - არამეული, რომელიც მაშინ ამ ქვეყანაში და ისრაელიანთა
შორის გავრცელებულ ენას წარმოადგენდა.
რაც შეეხება ავტორს, უკვე ის, რაც ითქვა წიგნის დაწერის დროისა და
ადგილის შესახებ, მიუთითებს, რომ წიგნის ავტორი იყო ტყვეობაში მყოფი
ისრაელიანი, ტობითისა და ტობიას თანამედროვე. წიგნში გაბნეული მრავალი
წვრილმანი ტობითის ცხოვრებისა და მისი ოჯახის შესახებ გვაფიქრებინებს, რომ
ავტორი არის თავად ტობითი ან ვინმე მასთან დაახლოებული პირი. ავტორი,
ცხადია, კარგად ფლობდა არამეულ ენას, გააჩნდა საფუძვლიანი ცოდნა წმინდა
წერილისა და ფლობდა ლიტერატურული გადმოცემის ხელოვნებას. ეს ყოველივე

15
გვაფიქრებინებს, რომ წიგნის ავტორი უნდა ყოფილიყო თავად ტობითი. ამის შესახებ
მიუთითებს თავად წიგნში არსებული სხვა მონაცემებიც: ზედაწარწერაში ტობითის
მოხსენიება, პირველ თავებში თხრობის პირველ პირში გადმოცემა, ანგელოზის
ბრძანება, რომ მომხდარი ჩაწერონ წიგნში (12. 20) და მინიშნება, რომ მე-13 თავში
მოტანილი ლოცვა ტობითის მიერ არის დაწერილი.
აქ გამონაკლისი შეიძლება იყოს წიგნის მე-14 თავი, რომელიც არ შეიძლება
ტობითს დაეწერა. რამდენადაც მე-14 თავი წიგნის დანარჩენი მონაკვეთის ორგანულ
ნაწილს წარმოადგენს, ფიქრობენ, რომ მისი შემდეგენელს ამავე დროს უნდა
გადაემუშავებინა პირველი ცამეტი თავიც და ახალდამატებული მონაკვეთით
მისთვის მთლიანობა და დასრულებული სახე მიეცა. თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს
რედაქტორი, ამის შესახებ მონაცემები არ გაგვაჩნია.
შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თავად ტობითის შრომა დაიწერა მე-11-12 თავებში
აღწერილი მოვლენების შემდეგ (ე. ი. 675 წ. ქრ.-მდე), ხოლო მისი რედაქტირება და
შევსება აღესრულა ტობითისა და ტობიას გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ
სოლომონის ტაძრის დანგრევამდე (598-596 წლებს შორის).

ტობითის წიგნის დაწერის საფუძველი და მიზანი


რაც შეეხება წიგნის დაწერის საფუძველსა და მიზანს, თავად ავტორი
მიუთითებს მხოლოდ წიგნის დაწერის გარეგან საფუძველს, კერძოდ, ანგელოზის
მიერ ბრძანებას ტობითისათვის, ჩაწეროს წიგნი მოხდარი ამბავი (12. 20). უკვე
აქედან ჩანს, რომ ტობითის წიგნს ისტორიული ხასიათი გააჩნია, რამდენადაც
მომხდარი ამბების აღწერას წარმოადგენს. მაგრამ თავად ისტორიული მოვლენების
აღწერის საფუძველს ამ მოვლენათა ხასიათი წარმოადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია
ვიფიქროთ, რომ მომხდარი მოლენების უჩეულობამ და მათმა განმსწავლელობითმა
ხასიათმა განაპირობა წიგნის შექმნა. ამას შეიძლება დაემატოს ავტორის განზრახვა
დატყვევებულთა ნუგეშისცემისა ღვთის მოწყალებისა და მფარველობის შეხსენებით.
შეგონება თანამემამულეთადმი მოსეს რჯულის დაცვისა და ღვთისმოშიშების
შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ; მოწოდება მოწყალებისა და გაჭირვებულთა
დახმარებისაკენ.

კითხვები ტობიას წიგნზე


1. ზოგადი ცნობები (მოსაზრებები წიგნის ავტორის, დაწერის დროისა და
ადგილის შესახებ);
2. ზოგადი ცნობები (მოსაზრებები წიგნის კანონიკური ღირსების,
ნამდვილობის და დაწერის მიზნის შესახებ);
3. როგორი პიროვნებაა ტობითი? (აღწერეთ მისი გამორჩეული პიროვნული
თვისებები; მისი სუსტი მხარეები (თუკი ხედავთ ასეთს));

16
4. თქვენი აზრით, რა არის ის, რაც ტობიასა და სარას ბედს ერთმანეთს
დაუკავშირებს? რა საერთოა მათ შორის? რატომ აღიწია მათი ლოცვა
უზენაესის წინაშე?
5. ტობიას გამგზავრება მიდიამელ გაბაელთან. თქვენი აზრით, ტობიას რა
თვისებებმა განაპირობა, რომ მას ამ მგზავრობისას მშობლების და ღვთის
კურთხევა გაეყოლებინა?
6. იმსჯელეთ ადამინურ ურთიერთობებზე, ტობიას ოჯახის შიგნით და
რეღუელის ოჯახთან დამოკიდებულებაში; როგორია მათი
ურთიერთპატივისცემა?
7. იმსჯელეთ, რა დარიგებებსა და სწავლებებს გვაძლევს ტობითის ეს წიგნი? რა
არის მთავარი აზრი და სათქმელი?

17

You might also like