Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

„ქებათა ქება ნიკორწმინდას“ ანალიზი

გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, რომელიც დაწერილია 1947 წელს. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში
დაუწყია გალაკტიონს წიგნის წერა, რომელსაც „ქართული ორნამენტი“ უნდა დარქმეოდა.
პოეტის მრწამსით, „ენით გამოხატულ სიბრძნეს — გამოხატავს ხელოვნება, არა მარტო
სიტყვიერი, არამედ უენოც, ქვაც, ხუროთმოძღვრება“. ამ „უენო“, მაგრამ პოეზიის ენაზე
ამეტყველებული ნიკორწმინდის ტაძრის ქებას აღავლენს პოეტი თავის ლექსში.[1] თუმცა, ეს
პოეტური ქმნილება მხოლოდ XI საუკუნის ცნობილი ისტორიული ტაძრის განსადიდებლად
დაწერილი ნაწარმოები როდია, იგი საერთოდ მთელი ქართული ხუროთმოძღვრების ხოტბასაც
წარმოადგენს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისადმი გალაკტიონის ასეთი
დამოკიდებულება რომ შემთხვევითი არაა, ამას გალაკტიონის მიერ საკუთარი შემოქმედების
საგულისხმო თვითშეფასებაც აშკარად ადასტურებს: ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის
პოეზიას ჩემსას გაიგებსო.1947 წელს გალაკტიონი დასასვენებლად კურორტ შოვში იმყოფებოდა.
კურორტის ხელმძღვანელობა თავს არ ზოგავდა პოეტისთვის კარგი პირობების შესაქმნელად.
ხელმძღვანელობის დავალებით ნიკორწმინდელ მოხუც დურგალს - ნიკოლოზ ვაჩაძეს
გალაკტიონისთვის ტყეში, მუხის ქვეშ, მაგიდა გაუკეთებია „დიდის გულმოდგინებით“ და
მასთან მისასვლელი ბილიკიც გაუყვანია. პოეტი იგონებს: „ამგვარად, ჩემს განკარგულებაში იყო
ახალთახალი ხეივანი, ჩემთვის სრულიად საკმარისი დაფიქრებისა და მოგონებებისათვის“.[2]
დურგალი მაგიდის კეთებისას გატაცებით უყვებოდა გალაკტიონს ნიკორწმინდის ტაძრის
ჩუქურთმების შესახებ. მოსმენილით მოხიბლული გალაკტიონი დაჰპირდა ნიკოლოზს, რომ ამ
მაგიდაზე დაწერდა რამეს ნიკორწმინდის შესახებ.[3][1] „მე ეს დაპირება შევასრულე, ვინაიდან
მე ჩვეული არა ვარ დაპირების არ ასრულებას. სახალხო პოეტების სიტყვა ყოველთვის საქმეა. იმ
დღესვე დავწერე „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, — ამთავრებს ლექსის შექმნასთან
დაკავშირებული ამბის თხრობას გალაკტიონი.[2] ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი
აღარაა ვახტანგ ჯავახაძის სიტყვები: „ჩემთვის ნიკორწმინდა ყველაზე მაღალი ტაძარია,—
სადღაც მაღლა, ვარსკვლავებთან ამაღლებული,— როგორც ქობულაძის ქაჯეთის ციხე და...
პირველად რომ ნამდვილი ნიკორწმინდა ვნახე, გავოცდი. თითქოს მომატყუეს, ციდან მიწაზე
ჩამომიყვანეს და ცივი წყალი გადამასხეს! საინტერესოა: თვითონ რომ ენახა, რას იტყოდა?! დიახ!
დიახ! გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!!“[3] გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის
გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა.თუ
„მთაწმინდის მთვარეში“ გამოიკვეთა ხელოვნების საკითხი, ანუ „ძალა აღმაფრენის, პოეზიის,
რომანტიზმის“[4], განსახილველ ლექსში ერთიც, მეორეც და მესამეც უკვე საგანგებოდაა ლექსის
თემად ქცეული, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწარმოებთა შექმნის თარიღები სამი
ათწლეულითაა ერთმანეთს დაშორებული.[1] ლექსში გადმოცემულია სამი ლირიკული განცდა.
სათქმელის მაქსიმალურად გამოკვეთის მიზნით სამივე მკვეთრი პოეტური საღებავებითაა
წარმოდგენილი.[5] ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ერთობ საყურადღებოა ლექსის
პირველივე ტაეპები: „ მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. “ ეს ხელოვანის
განაცხადია, ხელოვანისა, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის და რომელიც ტაძრის უცნობ
ხუროთმოძღვარს ამცნობს, რომ მის ნახელავს ღირსი აპოლოგეტი გამოუჩნდა.[1] საუკუნეებით
დაშორებული ორი დიდი ხელოვანის შეხვედრის სიხარულია გადმოცემული მომდევნო ორ
ტაეპში:[6] „ ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა.“ ამ სტრიქონებში უკვე იგრძნობა
ჩანასახი პირველი ლირიკული განცდისა, - განცდა თვით ტაძრის სიდიადისა, მისი როგორც
ხელოვნების ნიმუშის „იგავმიუწვდომელი“ სახისა.[5] აღნიშნულის დასტურია ლექსში
მიმობნეული მეშვიდე და მეცამეტე სტროფები: „ აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე
ნაგებია, სიზმრის გეგონება. ... მკვეთრი და მოქნილი ხაზთა დასრულება არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება. “ ორივე სტროფის ბოლო სტრიქონები ერთსა და იმავე განცდას
წარმოსახავს: რაღაც ირეალური, მხოლოდ ნატვრის განუსაზღვრელობისთვის, მხოლოდ
სიზმრის ფანტასტიკისთვის წარმოსადგენი სილამაზის ხაზგასმაა.[5]ამ სილამაზით მოხიბვლის
განცდას ექსოვება მეორე ლირიკული განცდა: ქედის მოხრა უკვე არა შემოქმედების შედეგის,
არამედ თვით შემოქმედის პიროვნების წინაშე. ხელოვანი უკვდავყოფილია მის მიერ აგებულ
ხელოვნების ნიმუშში. მან საუკუნეებს გაანდო და ქვაში ჩაკირა თავისი მღელვარე სული. ლექსში
ერთმანეთს არის გადაჯაჭვული ტაძრის მშვენიერებით აღტაცების განცდა თვით ხელოვანის
აპოლოგიასთან[6], რადგან მან არამარტო „მოჰქარა“ ტაძარი, არამედ — „ ...და როცა მოჰქარგა, შიგ
მიჰკარგ-მოჰკარგა გზნება - ნიკორწმინდა! “ აი, ამ ხელოვანის თაყვანისცემა ჩნდება
გალაკტიონის ლექსში. ეს თაყვანისცემა გრადაციის გზით მიდის: ჯერ ხდება ფაქტის
კონსტანტაცია:[7] „ მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა. “
ამას მოსდევს პოეტის გაოცება ტაძრის ამ სიმაღლეზე „აზიდვის“ გამო: „ ნეტა ვინ აზიდა, ან
როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა! “ ხოლო შემდეგ გაოცებას ცვლის
აღტაცება შემოქმედის ნიჭისა და მადლის წინაშე: „ ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა
მადლმა ააგო სვეტი - ნიკორწმინდა!“ ამ ორ განცდას ერთვის მესამე: ესაა აღტაცება და
სიხარული ქართველი ერის შემოქმედებითი ნიჭის ახალი დასტურის აღმოჩენის გამო[6] და
ლექსის ბოლო სტროფებში ფაქტობრივად მთელი საქართველოს, ერისა და მისი დიდი
სულიერი კულტურის პათეტიკური განდიდება:[8][7] „ რა განძი გვქონია, რა მხნე, რა
მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია - დარობს რამდი-დარი. ... მძლვრი ხელოვნება, ხალხის
ხელოვნება - ბრწყინავს საქართველოს ქებად ნიკორწმინდა! “ მოყვანილ ნაწყვეტში ფრაზა
„დარობს რამდი დარი“ შესაძლოა ორგვარად გავიგოთ. პირველი ვერსიით, იგი უბრალოდ
სიტყვის თამაშია ისევე, როგორც „დოვენ-დოვენ-დოვლი“ („მოვა, მაგრამ როდის?“). მეორე
ვერსიით, „რამდი“ არის იმერეთში ხმარებული დიალექტური სიტყვა, რომელიც ნიშნავს
„ვიდრე“, „ვიდრემდე“, „სანამ“. ესე იგი, აღნიშნული ფრაზის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს —
„სანამ (ვიდრე, ვიდრემდე) დარი დარობს“.[9] იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მთელი
ლექსი ერთი ამოსუნთქვით არის დაწერილი.[10] გალაკტიონის ცნობით, რეალურად ასეცაა,-
იმავე საღამოს დაუწერია, რომელ დღესაც დურგალმა მოუყვა ნიკორწმინდაზე. ამ ლექსში
რიტმმა თავისთავად მოიტანა რითმა, ორივემ ერთად კი - მუსიკა, ევფონია, ჰარმონია. მაინც
ლექსის უკანასკნელ სტრიქონებში იგრძნობა ანგარიშგაწევა 1940-იანი წლების
კონიუნქტურისადმი: „ შენ, ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს,
უახლესი. “ ეს უფრო ოცნებაა, ვიდრე რეალობა. საქართველოში და ყველგან - საბჭოთა
კავშირში - „უახლესი საუკუნე“ ტაძრებს კი არ იცავდა, ანგრევდა...[10] „ქებათა ქება
ნიკორწმინდას“ კლასიკური მაგალითია ლიტერატურული არტისტიზმის, პოეტური
იდუმალების არსში წვდომისა და რიტმულ-მუსიკალური ჯადოქრობისა. სიტყვიერი სილაღით,
ბგერითი დახვეწილობით, რითმების სიუხვითა და ევფონიით, ნათელი და მდიდარი ხატწერით,
გულწრფელი პათეტიზმით, ემოციური ექსპრესიითა და ეროვნული სიამაყის ღრმა შინაგანი
თვითგანცდით ამ ლექსს არა მარტო გალაკტიონის შემოქმედებაში, არამედ მთელს ქართულ
ლირიკულ პოეზიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.[8]

წყარო: გ.ახვლედიანი

You might also like