Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 21

ლექცია 11

შედარებით-ისტორიული
ენათმეცნიერება

ეთერ სოსელია
ენა ცოცხალი ორგანიზმია; დროთა განმავლობაში
ენაში ცვლილებები ხდება. ამ ცვლილებების გამომწვევი
შეიძლება სხვადასხვა სოციალურ-კულტურული
ფაქტორი იყოს.
ენა, როგორც დროში ცვალებადი ფენომენი,
შეიძლება შესწავლილი იქნეს დიაქრონიული
თვალსაზრისით, რაც გულისხმობს დროში მიმდინარე
ენობრივი ცვლილებების თანმიმდევრულ აღწერასა და
ანალიზს.
კონკრეტული ენის დიაქრონიული
თვალსაზრისით შესწავლა შესაძლებელია იმ
შემთხვევაში, როცა მოცემულ ენას აქვს დამწერლობა,
ანუ როცა არსებობს წერილობითი ძეგლები, რამლებშიც
დაფიქსირებულია ამ ენის ადრინდელი მდგომარეობა.
სხვადასხვა პერიოდის წერილობითი ძეგლების
შესწავლის, შედარება-შეპირისპირების საფუძველზე
განისაზღვრება ის ცვლილებები, რაც მოცემულმა
კონკრეტულმა ენამ განიცადა გარკვეული დროის
მანძილზე (გასაგებია, ეს დრო განისაზღვრება იმის
მიხედვით, თუ რა დროიდან აქვს მოცემულ ენას
დამწერლობა).
დიაქრონიული თვალსაზრისით ამგვარი
შესწავლა კონკრეტული ენისა არის ისტორიული
გრამატიკის ამოცანა. მაგრამ ისტორიული გრამატიკა
არაფერს გვეუბნება, თუ როგორი მდგომარეობა იყო
მოცემულ ენაში დამწერლობამდე, ე.ი. არაფერს
გვეუბნება მოცემული ენის წინარე ისტორიის
(პრეისტორიის) შესახებ.
დიაქრონიული თვალსაზრისით ამგვარი
შესწავლა შეუძლებელი ჩანს დამწერლობის არმქონე
ენებისა, ან თუნდაც ისეთი ენებისა, რომლებშიც ახლო
წარსულში შეიქმნა დამწერლობა.

დამწერლობის მქონე ენების პრეისტორიის და


დამწერლობის არმქონე ენების ისტორიის შესწავლის
შესაძლებლობას იძლევა შედარებით-ისტორიული
ენათმეცნიერება, რომელიც შეისწავლის ენათა
გარკვეულ ჯგუფებს, კერძოდ კი მონათესავე ენებს.

ენათა ნათესაობა გულისხმობს, რომ მონათესავე


ენებს საერთი წინაპარი ენა „ჰყავთ“, რომლისგანაც ეს
ენები მომდინარეობენ და ამ წინაპარ ენას ფუძეენას
უწოდებენ.
ენათმეცნიერებაში ენათა ნათესაობის იდეა გაჩნდა
შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების
ჩამოყალიბებამდე.

ენათა ნათესაობის იდეის გაჩენა განაპირობობა


ლინგვისტური ცოდნის დაგროვებამ. აღორძინების
ეპოქაში ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა
დარგის განვითარებასთან ერთად განვითარდა
ენათმეცნიერებაც, რაც იმაში გამოიხატა, რომ დაიწერა
სხვადასხვა ენის გრამატიკები, შეიქმნა ლექსიკონები.
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ენა ძალიან ჰგავს
ერთმანეთს როგორც ლექსიკის, ისე გრამატიკული
წყობის თვალსაზრისით. სწორედ აქ გაჩნდა ენათა
ნათესაობის იდეა: ასეთი მსგავსება შეიძლებოდა
ახსნილიყო ამ ენათა ნათესაობით, ე.ი. მათი
მომდინარეობით საერთო წინაპარი ენიდან.
1538 წელს ფრანგმა მეცნიერმა გვილელმ
პოსტელუსმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ენათა ნათესაობის
შესახებ“, რომელშიც პირველად იყო მოცემული ცდა
ენები დაეყოთ მონათესავე ენათა ოჯახებად.

შუა საუკუნეებში საზღვაო მიმოსვლის


განვითარება-გაფართოების შედეგად ევროპა გაეცნო
სანსკრიტს, ინდოეთის უძველეს მკვდარ ენას (ვედების
ენას) პანინის გრამატიკის (ჩვ. წ.-მდე V-IV სს)
წყალობით.

1786 წელს ინგლისელმა აღმოსავლეთმცოდნემ


სერ უილიამ ჯოუნსმა კალკუტაში, სააზიო
საზოგადოების სხდომაზე წარადგინა მოხსენება,
რომელშიც ასაბუთებდა სანსკრიტის ნათესაობას
ბერძნულთან ლათინურთან, კელტურთან, გუთურთან
და ძველ სპარსულთან.
სწორედ ეს თარიღი ითვლება შედარებით-ისტორიული
ენათმეცნიერების საწყის ათვლის წერტილად, თუმცა ამ
მიმდინარეობის მეცნიერული საფუძვლები
ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში და მის ფუძემდებლებად
ითვლებიან გერმანელი ენათმეცნიერები ფრანც ბოპი,
იაკობ გრიმი და დანიელი მეცნიერი რასმუს რასკი.
ფრანც ბოპი (1791-1867)
გერმანელი ენათმეცნიერი, შედარებით-
ისტორიული ენათმეცნიერების ერთ-
ერთი ფუძემდებელი.
ახალგაზრდობიდანვე სწავლობდა ძველ
ბერძნულს, სანსკრიტს, სპარსულს,
არაბულს. 1821 წლიდან არის ბერლინის
უნივერსიტეტის პროფესორი ზოგად
ენათმეცნიერებაში და 1829 წლიდან ხდება
აკადემიკოსი. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომია „სანსკრიტის,
ზენდის,სომხურის, ბერძნულის, ლათინურის, ლიტვურის,
გოთურის, ძვ. სლავურისა და გერმანული ენების შედარებითი
გრამატიკა“ (3 ტომად).
იაკობ გრიმი (1785-1853)
გერმანელი ენათმეცნიერი,
შედარებით-ისტორიული
ენათმეცნიერების ერთ-ერთი
ფუძემდებელი. თავიდან მიიღო
იურიდიული განათლება, მაგრამ
მისი მოწოდება იყო
ფილოლოგია. 1830 წელს გახდა
გიოტინგენის უნივერსიტეტში
გერმანული ენისა და
ლიტერატურის კათედრის გამგე. 1837 წელს
გაათავისუფლეს (სხვა 7 პროფესორთან ერთად)
უნივერსიტეტიდან და 1840 წლიდან არის ბერლინის
უნივერსიტეტის პროფესორი. მისი მნიშვნელოვანი
ნაშრომია „გერმანული გრამატიკა“, რომელიც გამოიცა
ოთხ ტომად (1819-37), რითაც საფუძველი ჩაეყარა
გერმანისტიკას. ცნობილია ასევე როგორც საბავშვო
მწერალი (თავის ძმასთან ერთად).
რასმუს რასკი (1787-1832)
დანიელი ენათმეცნიერი,
შედარებით-ისტორიული
ენათმეცნიერების ერთ-ერთი
ფუძემდებელი. იკვლევდა
ისლანდიურ ენას. შეისწავლა
აღმოსავლური ინდოევროპული
ენები, ფლობდა 25 ენას. 1823
წლიდან არის კოპენჰაგენის
უნივერსიტეტის პროფესორი. არის
რამდენიმე გრამატიკის
(ესპანურის, შვედურის,
ძვ. ინგლისურის და სხვ.) ავტორი. მისი ძირითადი ნაშრომია
„გამოკვლევა ძველი ჩრდილოური, ანუ ისლანდიური ენის
წარმოშობის შესახებ“ (1822).
შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ამოცანა
შემდეგია:
1.დაადგინოს ნათესაობა ენებს შორის;
2.დიდი მიახლოებით მოახდინოს რეკონსტრუქცია
მონათესავე ენათა ფუძეენისა;
3.განსაზღვროს ის გზა, რაც გაირა ცალკეულმა
მონათესავე ენამ ფუძეენიდან თანამედროვე
მდგომარეობამდე.

ინდოევროპულ შედარებით-ისტორიულ
ენათმეცნიერებაში კარგა ხანს არსებობდა სკეპტიკური
დამოკიდებულება აღნიშნული ამოცანების
შესრულების მიმართ იმ შემთხვევებში, როცა
შესადარებელი იყო დამწერლობის არმქონე ენები.
ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
აღმოჩნდა ამერიკელი ენათმეცნიერის ლეონარდ
ბლუმფილდის გამოკვლევა, რომელმაც შეისწავლა
ჩრდილოეთ ამერიკის დამწერლობის არმქონე ენები და
მათი შედარება-შეპირისპირების საფუძველზე
აღადგინა მათი ფუძეენა, რომელსაც პროტო-
ალგონკინური უწოდა და განსაზღვრა აღნიშნულ ენათა
ჩამოყალიბება-განვითარების გზები.

განვიხილოთ შედარებით-ისტორიული
ენათმეცნიერების ამოცანები და გავეცნოთ
თითოეულთან დაკავშირებულ პრობლემატიკას.
1. ენათა შორის ნათესაობის დადგენა
როგორც აღვნიშნეთ, ენათა ნათესაობის იდეამდე
მივიდნენ ენებს შორის მსგავსებების აღმოჩენის
შედეგად. მაგრამ ენებს შორის მსგავსება შეიძლება
სხვადასხვა სახისა იყოს:
ა) შესაძლებელია ორ ან სამ ენაში აღმოჩნდეს
ფონეტიკურად თითქმის იდენტური შედგენილობისა
და მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები (მაგალითად:
ქართ. მე ვარ და გერმ. ich war „მე ვიყავი“; ქართ. დიდი
და ლიტვ. didis „დიდი“; ინგლ. bad „ცუდი“ და სპარს.
bad „ცუდი“). ეს შემთხვევითი თანხვედრაა და ამგვარი
თანხვედრა მოკლე სიტყვებში დასტურდება.
შემთხვევითი თანხვედრა ენათა ნათესაობას ვერ
ამტკიცებს, რადგანაც ამგვარი თანხვედრების რიცხვი
მცირდება, როცა შესადარებელი ენების რაოდენობა
იზრდება. თანაც შემთხვევითი თანხვედრა ნაკლებ
მოსალოდნელია შედარებით გრძელ სიტყვებში.
ბ) შესაძლებელია სხვადასხვა ენაში გრძელი
სიტყვებიც დაემთხვეს ერთმანეთს (მაგალითად: ქართ.
რევოლუცია, რუს. революция, ინგლ. revolution; ქართ.
ალამი, არაბ. ‘alam, სპარს. alam; ქართ. ნიშანი, სპარს.
nešān). ეს არ არის შემთხვევითი თანხვედრა, ეს
სიტყვების სესხების ფაქტია, რაც, ასევე, ენათა
ნათესაობას არ ადასტურებს.

გ) არსებობს მსგავსების კიდევ ერთი ტიპი, როდესაც


ფონეტიკურად და შინაარსობრივად მსგავს სიტყვებში
ვლინდება რეგულარული ბგერითი თანაფარდობები.
სწორედ რეგულარული ბგერითი თანაფარდობების
არსებობა ენებს შორის ამტკიცებს ამ ენების ნათესაობას.
რეგულარული ბგერითი თანაფარდობები
დასტურდება ისეთ სიტყვებსა და მორფემებში,
რომლებიც ენის ძირითად ლექსიკურ ფონდს
შეადგენენ.
რეგულარული ბგერითი თანაფარდობების
მაგალითები ქართველურ ენებს შორის:
ქართ. ძმა მეგრ. ჯიმა ლაზ. ჯუმა სვან. ჯჷმილ „ძმა დისთვის“
ქართ. ასი მეგრ.-ლაზ. ოში სვან. აშირ
ქართ. ცხრა მეგრ.-ლაზ. ჩხორო სვან. ჩხარა
ქართ. კაცი მეგრ.-ლაზ. კოჩი სვან. ჭAშ
ქართ. შვიდი მეგრ.-ლაზ. შქვითი სვან. იშგUიდ

ამგვარად, ენებს შორის ნათესაობა დგინდება,


როდესაც დასტურდება რეგულარული
ბგერათფარდობები ამ ენებს შორის.
რეგულარული ბგერათფარდობების განმარტება:
მოცემულია ორი ენა: A და B.
თუ A ენის ნებისმიერ x ფონემას B ენაში
რეგულარულად შეესაბამება y ფონემა ძირეული
ლექსიკის სიტყვებსა და მორფემებში (რომლებიც
მნიშვნელობით ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან),
მაშინ ეს ენები ერთმანეთის მონათესავენი არიან.
შენიშვნის სახით დავუმატებთ: შესაბამისობის
(შესატყვისობის) რეგულარობა ნიშნავს, რომ ეს შესაბამისობა
თითქმის უგამონაკლისოა და გამონაკლისების შემთხვევაში, ამ
გამონაკლისებს ახსნა ეძებნება.
ამგვარად, შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების
პირველ ამოცანას უკავშირდება იმ კრიტერიუმის დადგენა,
რომლის საფუძველზეც დამტკიცდება ნებისმიერი ორი ენა
ერთმანეთის მონაათესავე არის თუ არა.
ენათა ნათესაობის დადგენის კრიტერიუმად
შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში
განისაზღვრა რეგულარული ბგერათფარდობების
არსებობა ენებს შორის.
2. მონათესავე ენათა ფუძეენის რეკონსტრუქცია
შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში, მას
შემდეგ, რაც დადგინდება კონკრეტულ ენებს შორის
ნათესაობა, დგება ამოსავალი ფუძეენის
რეკონსტრუქციის პრობლემა. ფერდინანდ დე
სოსიური თვლიდა, რომ მონათესავე ენათა შედარება,
რომელიც მიზნად არ ისახავს ამოსავალი სისტემის
რეკონსტრუქციას, არის „სტერილური“, რომ ამგვარი
კვლევა არ არის დასრულებული.
ფუძეენის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით
ენათმეცნიერებაში ორი თვალსაზრისი არსებობს:
ერთნი (შედარებით მცირე ნაწილი) თვლიან რომ
ფუძეენის რეკონსტრუქცია მხოლოდ ჰიპოთეტურია,
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა დროში
დაშორება (რასაც ქრონოლოგიურ სიღრმეს უწოდებენ)
ფუძეენასა და მისგან მომდინარე რეალურად არსებულ
ენას შორის 5 ათასწლეულს აღემატება);
უნდა აღინიშნოს, შედარებით-ისტორიულ
ენათმეცნიერებაში მონათესავე ენათა ბევრი ოჯახია
შესწავლილი, აღდგენილია შესაბამისი ფუძეენები,
თუმცა მათგან მხოლოდ ერთი ფუძეენაა ისტორიულად
დადასტურებული; ეს არის სახალხო ლათინური,
რომელიც წარმოადგენს ინდიევროპულ ენათა ოჯახში
შემავალი რომანული ენების (ესპანური,
პორტუგალიური, იტალიური, ფრნგული,
კატალანური,..) ქვეჯგუფის წინაპარ ენას.
მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ფუძეენის
რეკონსტრუქცია შესაძლებელია რეალობასთან დიდი
მიახლოებით და ამიტომაც ითვლება, რომ
რეკონსტრუირებული ფუძეენა თითქმის რეალურია,
იგი არსებობდა კონკრეტულ დროსა
(ენათმეცნიერებაში ეს დრო განისაზღვრება
გლოტოქრონოლოგიური მეთოდით) და კონკრეტულ
სივრცეში.
რეკონსტრუქციისთვის გამოიყენება ორი მეთოდი:

ა) შედარებითი რეკონსტრუქციის მეთოდი –


გულისხმობს მონათესავე ენათა შესატყვისი ფორმების
შედარება-შეპირისპირების გზით ამოსავალი ენობრივი
ფორმის აღდგენას;

ბ) შინაგანი რეკონსტრუქციის მეთოდი –


გულისხმობს ერთი ენის ფარგლებში გარკვეული
სტრუქტურული სქემების უნიფიცირებას და მათ
სავარაუდო უძველეს სტრუქტურაზე დაყვანას.
3.იმ ცვლილებების განსაზღვრა, რომლეთა შედეგად
ჩამოყალიბდნენ მონათესავე ენები

მას შემდეგ, რაც აღდგება ამოსავალი ენობრივი სისტემა,


შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერებაში ცდილობენ
განსაზღვრონ ის ენობრივი ცვლილებები, რამაც
განაპირობა მონათესავე ენათა ჩამოყალიბება.
ამ ცვლილებების განსაზღვრა დამყარებულია იმ
ენობრივი ცვლილებების ცოდნაზე, რომლებიც
ისტორიულად დადასტურებულია კონკრეტული ენების
გავითარების გზაზე (რასაც შეისწავლის კონკრეტული
ენის ისტორიული გრამატიკა).
ამიტომაც მე-3 და, ასევე, მე-2 ამოცანის
წარმატებით განსახორციელებლად უაღრესად
მნიშვნელოვანია ტიპოლოგიური მონაცემები.
მიჩნეულია, რომ ამოსავალი ენობრივი სისტემა
(ფუძეენა) მაშინ არის რეალურ ენასთან მიახლოებული,
თუ მასში არ არის რეკონსტრუირებული ისეთი
ენობრივი ფაქტები და მოვლენები, რომლებიც არც ერთ
ენაში არ არის დადასტურებული, ანუ თუ
რეკონსტრუირებული ფუძეენა არ ეწინააღმდეგება
სინქრონიული ტიპოლოგიის მონაცემებს; ეს კი იმას
ნიშნავს, რომ რეკონსტრუირებული ფუძეენა უნდა იყოს
ტიპოლოგიურად ვერიფიცირებადი.
გარდა ამისა, მონათესავე ენათა ჩამოყალიბება-
განვითარების გზის განსაზღვრისას არ უნდა
ივარაუდებოდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც არაა
დადასატურებული ისტორიულად რომელიმე
კონკრეტულ ენაში, ანუ რეკონსტრუირებული ფუძეენა
არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დიაქრონიული
ტიპოლოგიის მონაცემებს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ
რეკონსტრუირებული ფუძეენა უნდა იყოს
ტიპოლოგიურად გამოყვანადი.
ამგვარად, შედარებით-ისტორიული კვლევის
შედეგად რეკონსტრუირებული ფუძეენა რამდენად
არის მიახლოებული კონკრეტულ დროსა და სივრცეში
არსებულ რეალურ ენასთან, განსაზღვრავს
ტიპოლოგიური მონაცემები:
რეკონსტრუირებული ფუძეენა უნდა იყოს
ტიპოლოგიურად ვერიფიცირებადი და გამოყვანადი.

You might also like