Professional Documents
Culture Documents
სქოლიო
სქოლიო
არა, არ მინდა სახელი და დიდება! არა, არ მინდა დაფნის გვირგვინები! არა, არ მინდა
დაიწეროს ტომები იმის შესახებ, თუ როგორ ვწერდი ტომებს! არ მინდა და იწეროს ჩემზე
ვრცელი ბიოგრაფია! არა, არ მინდა სახელი და დიდება! მე მინდა სქოლიო! სქოლიო... რა
თბილია იგი. სქოლიო... რა სასიამოდ უღიტინებს იგი ჩემს გულს. სქოლიო... როგორ გავს
იგი ჩემს ოთახს (ზამთარში). სქოლიო... როგორ გავს იგი სამარეს.
საუკუნეები მიედინებიან ნელა და მდორედ იქ, სადაც მთავრდება დრო. წლები მიდიან
აჩქარებული ნაბიჯებით საუკუნისაკენ. დღეები და ღამეები გარბიან თავქუდმოგლეჯილნი
წლებისაკენ. საათები მიფრინავენ დღეებისა და ღამეებისაკენ. წუთები გადადიან ყირამალა .
წამები შემსხდარან სიცილზე და არ ჩანან. გრიალებენ მსოფლიო ამბები. გრიალებენ
სახლები და საქმენი დიდთა ადამიანთა. კათედრები დაღლილან და დოცენტები
დაძაბულან. ეძებენ ახალს. ერთმა მათგანმა „მიაგნო“ კიდეც. თვალები მიაბჯინა სქოლიოს
და ამოიკითხა: შ. ჩანტლაძე. ამოიტანა მივიწყებული გვარი სქოლიოდან. ეს ისე მოხდა,
როგორც პერსონალური პენსიონერი ამოიტანს ხოლმე სარდაფიდან შენახულ შეშას ,
როდესაც პირველი თოვლი ედება ქალაქს. პატარა ბავშვივით აუტატია ხელში შეშა,
თვალები გაფართოვებია. ყურებიანი ქუდი გვერდზე მოქცევია და მას სიყვარულით
გადმოყურებენ ფანჯრიდან გადმოკიდებული მსუქანი ცოლი და ღორის ბარკალი. ასე
ამოაქვს ახალგაზრდა დოცენტს - კათედრის იმედს - შ. ჩანტლაძე სქოლიოდან. შენ არ
გინდა ამოსვლა სქოლიოდან. შენ გინდა იყვირო, რომ ახალგაზრდა დოცენტი - კათედრის
იმედი - სტყუის შენ გინდა იყვირო, მაგრამ არ ძალგიძს დოცენტი გრძნობს შენს
აღშფოთებას და ეღიმება. რამდენიმე წუთიც და, დოცენტს ერთხმად ანიჭებენ დოქტორის
ხარისხს. შენ ისევ ჩაესვენები სქოლიოში, შენს სამარეში და უფრო მძაფრად იგრძნობ და
გაიფიქრებ: - ახ, რა კარგია სქოლიო!
ახ, რა კარგია სქოლიო! მაგრამ ვინ მაღირსებს მე მას. მე მექნება სახელი და დიდება! მე
მომიძღვნიან დაფნის გვირგვინებს. დაიწერება ტომები იმის შესახებ, თუ როგორ ვწერდი
ტომებს. დაიწერება ჩემზე ვრცელი ბიოგრაფია. ახ, რა კარგია სქოლიო! მაგრამ ვინ
მაღირსებს მე მას.
ახ, რა კარგია სქოლიო! მაგრამ ვინ მაღირსებს მე მას (თუნდაც იმიტომ, რომ მე დავწერე
,,სქოლიო“).
1957 წ.