Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 5

თომას ვულფი

ამერიკელი ნოველისტი თომას ვულფი 1900 წლის 3 ოქტომბერს ჩრდილოეთ


კაროლინის პატარა ქალაქ ეშვილში დაიბადა - მრავალშვილიან, მაგრამ
უზრუნველყოფილ ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩრდილოეთ კაროლინის
უნივერსიტეტში ჩაირიცხა და წარმატებით დაასრულა. 1922 წელს ოქსფორდის
უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლა დაამთავრა, მაგისტრის
ხარისხი მოიპოვა, რათა პიესების წერაში დახელოვნებულიყო...

თომას ვულფმა სიცოცხლეშივე დიდი წარმატება და აღიარება მოიპოვა. მის ცნობილ


ნაწარმოებებს შორისაა: „სახლს მიხედე, ანგელოსო“ (1929 წ.), „დროისა და მდინარის
შესახებ“ (1935 წ.), „დაკარგული ბიჭი“ (1937 წ.“), „კლდე და ქსელი“ (1939 წ.), „შინ
ვეღარ დაბრუნდები“ (1940 წ.). ამ მწერალს ლიტერატურის კრიტიკოსები მისი
ორიგინალური, პოეტური და იმპრესიონისტული, ასევე ავტობიოგრაფიული წერის
მანერის გამო აქებენ. მისი წიგნები, რომლებიც, ძირითადად, 1920-40 წლებში
გამოიცა, ბევრის აზრით, ამერიკულ კულტურას ყველაზე ნათლად გამოხატავს.

მწერლის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანამედროვე უილიამ ფოლკნერმა აღნიშნა,


რომ შესაძლოა, მათი თაობის ყველაზე ნიჭიერი მწერალი გამოემშვიდობა
სიცოცხლეს.

დიდია თომას ვულფის გავლენა ისეთ ცნობილ მწერლებზე, როგორებიც არიან: ჯეკ
კერუაკი, რეი ბრედბერი და ფილიპ როტი.

მწერალი 1938 წლის 15 სექტემბერს ბალტიმორში გარდაიცვალა.

შორიდან და ახლოდან

თარგმნა მედეა ზაალიშვილმა


(თომას ვულფი, „დაკარგული ბიჭი “, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2012)

პატარა ქალაქის გარეუბანში, ბორცვზე, შეთეთრებული მორებით შეკრული


კოპწია სახლი იდგა, რომელსაც თვალშისაცემად ხასხასამწვანე ფარდები ამშვენებდა
და სახლის უკან, ოდნავ მოშორებით, რკინიგზა მიემართებოდა. სახლის ერთ მხარეს
ბაღჩა-ბაღი იყო გაშენებული, კოხტად ჩამწკრივებული ბოსტნეულის კვლებით და
ვაზის ტალავერით, რომლის მტევნები აგვისტოს მიწურულს მწიფდებოდა. სახლის
წინ სამი ძლიერი ბერმუხა იდგა და ზაფხულობით სახლს საამო და უხვ ჩრდილს
ჰფენდა, მეორე მხარეს კი ათასფერი ყვავილების ზღუდე ერტყმოდა. მთლიანობაში,
ეს ადგილი სიფაქიზის, ყაირათიანობის და მოკრძალებული სიმყუდროვის
შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ყოველდღე, სამის წუთებზე, ამ ადგილს ორ ქალაქსშორისი სწრაფი მატარებელი
ჩაუვლიდა ხოლმე, რამდენიმე წუთს დიდი მატარებელი ქალაქის მახლობლად
შესასვენებლად შეჩერდებოდა და მთელ სიგრძეზე თანაბრად განლაგდებოდა,
ვიდრე თავბრუდამხვევ, სრულ სიჩქარეს აიღებდა. მერე კი, ჰორიზონტს ერწყმოდა
დინჯი რყევით და ორთქლმავლის მძლავრი, მოქანავე მოძრაობით ფოლადის
რელსებზე ჩაივლიდა ვაგონების მწყობრი, ყრუ რახრახით, ვიდრე თვალს
მიეფარებოდა. ორთქლმავლის სვლას მძაფრი გამონაბოლქვის ქშენა-გუგუნი თუ
მიანიშნებდა, რომელიც ბალახით დაფარულ მდელოს კიდეების ზემოთ ალაგ-ალაგ
ამოსკდებოდა ხოლმე, სანამ ყველაფერი არ მიჩუმდებოდა გარდა ბორბლების
მწყობრი რახრახისა, რომელიც შუადღის გარინდებულ სიმშვიდეში თანდათან
კლებულობდა.
ყოველდღე, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როცა მატარებელი სახლს
უახლოვდებოდა, მემანქანე ჩართავდა ხოლმე სასტვენს და ყოველდღე, როგორც კი
ქალი სიგნალის ხმას გაიგონებდა, სახლის უკანა კართან გამოჩნდებოდა და
მემანქანეს ხელს უქნევდა. პირველად, კაბის კალთაზე პატარა ბავშვი ეჭიდებოდა,
მაგრამ ახლა ბავშვი ზრდასრულ ქალად ქცეულიყო და ყოველდღე ისიც დედამისთან
ერთად გამოჩნდებოდა უკანა კართან და ხელს უქნევდა.
შრომაში გასულმა წლებმა თავისი გაიტანა, მემანქანე ხანში შევიდა და
გაჭაღარავდა. იმ მიწის გასწვრივ ათიათასჯერ მაინც უტარებია ხალხით სავსე
უზარმაზარი მატარებელი. მისი საკუთარი შვილები გაიზარდნენ და დაოჯახდნენ და
ოთხჯერ კი თავისი თვალით ნახა ლიანდაგებზე ტრაგედიის საზარელი კვალი,
რომელიც ერთ წერტილში შემკვრივებულიყო ქვემეხის ჭურვივით და საზარლად
ჩამუქებულიყო ჩამქრალი ბოილერის თავთან, – ბავშვებით სავსე მსუბუქი, ღია
ვაგონი, ერთად შექუჩებული პატარა, შეცბუნებული სახეებით, რელსებზე
აყირავებული იაფფასიანი ავტომობილი, შიშისგან ლამის დამბლადაცემული
ადამიანების გახევებული ფიგურები, რელსების სიახლოვეს მოხეტიალე,
ქანცგაწყვეტილი, უმუშევარი მაწანწალა, ყრუ და ბებერი, გამაფრთხილებელი
სასტვენის ხმაც რომ აღარ ესმოდა,ფანჯრიდან კივილით გადმოვარდნილი ადამიანის
სახე, – ყველაფერი ეს საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი და შეცნობილი. ბერიკაცს
ყველაფერი ის ჰქონდა განცდილი, რისი განცდაც ადამიანს შეეძლო, – მწუხარება,
სიხარული, საფრთხე და მძიმე შრომა. მუხლჩაუდრეკელ გარჯაში სახე დაუნაოჭდა
და დაუჭკნა და ახლა, ბედისაგან გამობრძმედილს, მეტი სიმხნევე და თავმდაბლობა
შესძენოდა. უკვე ხანშიშესულს ის კეთილშობილება და სიბრძნე ახლდა, რომელიც
ასეთ ადამიანებს ახასიათებს.
მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რა საფრთხე ან რა ტრაგედია ჰქონდა
განცდილი, – პატარა სახლი და ქალები, რომლებიც ასე თამამად და ასე თავისუფალი
შემართებით უქნევდნენ ხელს, მემანქანეს გონებაში ჩაბეჭდოდა, როგორც რაღაც
მშვენიერი და მარადიული, რომელიც სხვა ყველაფერს სცვლიდა, ანადგურებდა და
მაინც მარად უცვლელი დარჩებოდა; რა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რა უბედურებას,
მწუხარებას ან შეცდომას შეეძლო დაემსხვრია მისი დღეების რკინისებური განრიგი.
ამ პატარა სახლის და ამ ორი ქალის დანახვა განუცდელ ბედნიერებას ანიჭებდა.
ის მათ ათასნაირ შუქში ხედავდა: ზამთრის რუხ, ხეშეშ სინათლეში, მოყავისფრო,
დამზრალ, ნაწვერალ მიწაზე, და მერე, ისევ და ისევ თვალისმომჭრელ, მწვანე
ფერებით სავსე ჯადოსნური აპრილის თვეში. გული იმ პატარა სახლისკენ მიუწევდა,
რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და მათ მიმართ ისეთი სინაზით გამსჭვალულიყო,
რომლის დარი კაცმა შეიძლება მხოლოდ საკუთარი შვილების მიმართ იგრძნოს, და
საბოლოოდ, მათი ცხოვრების სურათი ისეთი სიცხადით ამოჰკვეთოდა გულში, რომ
დღის ყოველ საათსა თუ წუთს მათ ცხოვრებას მთელი სისავსით შეიგრძნობდა. და
ერთ სღესაც მტკიცედ გადაწყვიტა, რომ როცა მისი სამსახურის წლები
დასრულდებოდა, წავიდოდა, მოძებნიდა მათ და ბოლოს და ბოლოს იმ ადამიანებს
დაელაპარაკებოდა, რომელთა ცხოვრებაც ასე გადაჯაჭვოდა მისას.
ასეთი დღეც დადგა. მემანქანემ გადმოაბიჯა მატარებლიდან იმ ქალაქის
სადგურის ბაქანზე, სადაც ის ორი ქალი ცხოვრობდა. რელსებზე დგომით
გატარებული წლები დასრულდა. ახლა იგი იმ კომპანიის პენსიონერი გახლდათ და
აღარაფერი ევალებოდა. დინჯი ნაბიჯით გაიარა ბაქანი და ქალაქის ქუჩას გაუყვა.
ყველაფერი ისე უცნაურად ეჩვენებოდა, თითქოს ეს ქალაქი აქამდე არც კი ენახა. რაც
უფრო წინ მიდიოდა, მით უფრო მატულობდა მისი შეცბუნება და დაბნეულობა.
ნუთუ შეიძლებოდა ეს ის ქალაქი ყოფილიყო, რომლისთვისაც ათიათასჯერ მაინც
ჩაუვლია? ნუთუ ეს იგივე სახლები იყო, რომელიც ხშირად დაუნახავს თავისი
კაბინის მაღალი სარკმლიდან? ყველაფერი ისე უცხოდ, ისე ამაღელვებლად
ეჩვენებოდა, თითქოს ქალაქი სიზმრად ენახოს და რაც უფრო წინ მიიწევდა, მისი
სულის შეშფოთებაც მატულობდა.
ახლა, სახლები შეთხელდა და ქალაქის შორეულ, უწესრიგო დასახლებაში
აღმოჩნდა, ქუჩა კი სოფლის გზად იქცა, იმ გზად, რომელსაც იმ სახლთან უნდა
მიეყვანა, სადაც ქალები ცხოვრობდნენ. და კაცი მძიმედ მიაბიჯებდა სიცხესა და
მტვერში. და აი, ბოლოს, უკვე იმ სახლის წინ იდგა, რომლისკენაც ასე მოისწრაფოდა.
უმალვე მიხვდა,რომ იმ ადგილს მიაგნო. დაინახა სახლის წინ ცამდე აწვდილი
დიდებული ბერმუხები, ყვავილნარი, ბაღჩა-ბაღი, ტალავერი და მოშორებით
მოელვარე რელსები.
დიახ, ეს ის სახლი იყო, რომლისკენაც ასე მოისწრაფოდა, ადგილი, უამრავჯერ
რომ ჩაუვლია, დანიშნულების ადგილი, რომლისკენაც ასეთი ბედნიერების
გრძნობით ილტვოდა. მაგრამ, ახლა, როცა ამ ადგილს მიაგნო, როცა უკვე იქ იყო,
ხელი რატომ დაება ჭიშკართან? რატომ იქცა ქალაქი, გზა, მიწა, ამ ადგილის
შესასვლელი, რომელიც ასე უყვარდა უცხო, მახინჯ, სიზმარეულ პეიზაჟად? ახლა
რატომ შეიპყრო დაბნეულობის, ეჭვისა და უმწეობის გრძნობამ? ბოლოს მაინც შეაღო
ჭიშკარი, ნელი ნაბიჯით გაუდგა ბილიკს, წამში აიარა შესასვლელის სამი პატარა
საფეხური და უკვე კარზე აკაკუნებდა. ცოტა ხნის შემდეგ ფეხის ხმა მოესმა
ჰოლიდან, კარი გაიღო და ქალი მის პირისპირ იდგა.
და უმალ მწარე დანაკარგის და მწუხარების გრძნობამ შეიპყრო; ინანა კიდეც, რომ
მოვიდა. უმალვე გააცნობიერა, რომ მის წინ მდგარი ქალი, რომელიც უნდო თვალით
უყურებდა, სწორედ ის ქალი იყო, რომელიც ვინ იცის, რამდენჯერ ესალმებოდა
ხელის ქნევით. მაგრამ ახლა ხედავდა მის პირქუშ, უღიმღამო და გამხდარ
სახეს,მოდუნებული ხორცი ნაკეცებად რომ ეკიდა. ქალი პატარა თვალებით
უხერხულად, მერყევი უნდობლობით და შეფარული ეჭვით მიშტერებოდა. თუ ადრე
იგი ამ ქალის მოქმედებაში ამოიკითხავდა თავისუფლების შეუპოვარ წყურვილს,
სითბოსა და სიყვარულს, ახლა მის დანახვისას და არაკეთილგანწყობილი ხმის
გაგონებისას, ყველაფერი გაქრა.
ახლა საკუთარი ხმაც არარეალურად და საზარლად ჩაესმოდა, როცა ცდილობდა,
აეხსნა მისი იქ ყოფნის მიზეზი, ეთქვა ვინ იყო ან რას წარმოადგენდა, მაგრამ
შეყოყმანდა, ჯიუტად ებრძოდა სინანულისა და შეცბუნების საშინელ შეგრძნებას და
მის სულში აბორგებულ ურწმუნოებას, მთელ მის ადრინდელ სიხარულს რომ
ახშობდა და ახლა უკვე თავისი იმედებისა და სათუთი გრძნობების რცხვენოდა.
ბოლოს ქალმა ცალყბად შეიპატიჟა სახლში და თავის ქალიშვილს უხეში,
გამკივანი ხმით გასძახა. აგონიით შეპყრობილი კაცი ერთხანს იჯდა პატარა, უშნო
სასტუმრო ოთახში და ვიდრე ორი ქალი ჩამქრალი თვალებით, მტრული განწყობით,
პირქუშად და თავშეკავებული შეცბუნებით მიშტერებოდა, შეეცადა მათთან საუბრის
გაბმას. ბოლოს არც კი დაფიქრებულა ისე წაიბუტბუტა დამშვიდობების სიტყვები,
სახლი დატოვა, ბილიკს ჩაუყვა და ქალაქის გზაზე გავიდა. უცებ მთელი სიმწვავით
შეიგრძნო სიბერე. როდესაც რკინიგზის მშობლიურ ხედს გაჰყურებდა, მისი გული
შემართებით და თვითრწმენით ივსებოდა, ახლა კი ეჭვის ჭია შესჩენოდა და
შიშის ზარი იპყრობდა, რომ იმ მიწის უცხო და უჩვეულო სახეს ხედავდა, რომელიც
მისგან ქვის სროლის მანძილზე იყო, მაგრამ თურმე არც არასოდეს უნახავს და არც
სცნობია. და იცოდა, რომ იმ ნათელი, დაკარგული გზის მთელ ჯადოსნურობას, იმ
მბრწყინავი ხაზის ხედს, იმ წარმოსახვითი კუთხის პატარა, ნათელ სამყაროს,
რომელიც იმედის წყურვილს უღვივებდა, ვეღარასოდეს ნახავდა.

მოთხრობის გზამკვლევი

ილუზიის მომხიბვლელობა - რა ხშირად ხვდებიან ხოლმე ადამიანები ამ უხილავ


ბადეში. ის, რაც, ჩვეულებრივი აღქმით, არა მხოლოდ „კარგი“, არამედ
„შესანიშნავიცაა“, შესაძლოა აბსოლუტურად უსახური აღმოჩნდეს. ადამიანები
ხშირად უშვებენ შეცდომებს, როდესაც რაიმე მოვლენასა თუ სხვა ადამიანს
საკუთარი წარმოსახვის მიხედვით აფასებენ და არა მათივე თვისებებით. ასეთ დროს
ამ მოვლენისა თუ პერსონის ნამდვილი სახის ნაცვლად, მათზე ჩვენივე არასწორი
წარმოდგენა შეგვრჩება ხოლმე ხელთ.
ოცი წლის განმავლობაში მატარებლის მემანქანე პატარა ქალაქთან ჩერდება და
სიხარულით ივსება, როდესაც ხედავს, როგორ ესალმებიან ერთი კოპწია სახლიდან
ქალი და მისი შვილი. მემანქანეს ეს ორი ადამიანი წარმოედგინა „როგორც რაღაც
მშვენიერი და მარადიული, რომელიც სხვა ყველაფერს ცვლიდა, ანადგურებდა და
მაინც მარად უცვლელი დარჩებოდა“. ამის მიღმა აღარაფერს ჰქონდა რაიმე
მნიშვნელობა - მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთოდ არ იცნობდა და არც არასოდეს
ენახა ახლოდან, ეს ორი ადამიანი კაცს „განუცდელ ბედნიერებას ანიჭებდა“.
მემანქანის რეალური ცხოვრების ყველა პრობლემა ამ ბედნიერებას არაფრობად
ექცია.

ერთ მშვენიერ დღეს დადგა დრო, როდესაც კაცმა გადაწყვიტა კოპწია სახლის
ბინადარნი გაეცნო - საკუთარი ბედნიერებისთვის თვალებში ჩაეხედა. ოცი წლის
ოცნება უბრალო ილუზია აღმოჩნდა - იმედგაცრუება სრული და საბოლოო იყო. ის
ქალი, ვინც წლების განმავლობაში მისი ბედნიერების მწვერვალზე იდგა, ახლა
„...პატარა თვალებით უხერხულად, მერყევი უნდობლობით და შეფარული ეჭვით
უყურებდა. თუ ადრე იგი ამ ქალის მოქმედებაში ამოიკითხავდა თავისუფლების
შეუპოვარ წყურვილს, სითბოსა და სიყვარულს, ახლა მისი დანახვისას და
არაკეთილგანწყობილი ხმის გაგონებისას, ყველაფერი გაქრა“.

მოთხრობის სათქმელს მკითხველი სისავსით მაშინ აცნობიერებს, როდესაც


დანაცრებული ოცნების სახლიდან უკან გამობრუნებული მემანქანე უცებ მთელი
სიმწვავით შეიგრძნობს სიბერეს. ასეა - ადამიანი მაშინ ბერდება, როდესაც საოცნებო
აღარაფერი რჩება. სიბერე ცხოვრების აზრისა და მშვენიერების დაკარგვაა.

ზოგჯერ ის, რაც მომხიბვლელია შორიდან, ახლოდან დანახვისას უსახურდება და


წინარე წარმოსახვის საპირისპირო რამედ იქცევა. კარგია, თუ ამას ადამიანი სხვისი
(თუნდაც ლიტერატურული) მაგალითით ხვდება და არა საკუთარი გამოცდილებით.
მემანქანე გვამახსოვრდება, მაგრამ არ გვსურს, მის დღეში აღმოვჩნდეთ. მწერალი ამ
განწყობას „ჯერ“ და „მერეს“ დაუვიწყარი კონტრასტით ქმნის.

You might also like