ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის


I კურსის სტუდენტის სალომე ჩხიკვაძის

თემა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირება


საქართველოში.

ხელმძღვანელი: ს. გულიაშვილი

თბილისი

2019

1
,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დემოკრატიის ყველაზე უკეთესი და
ამავდროულად ყველაზე უარესი მონაპოვარია“ – ამ სიტყვებით იწყებს სამართლის
ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი აბრამსონი, თავის ნაშრომს ,,ჩვენ, ნაფიცები“.ეს
სიტყვები ყველაზე ნათლად გამოხატავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
წინააღმდეგობებით სავსე ინსტიტუტია. აბრამსონის ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო
შეფასება ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის
განვითარების ისტორია და გამოცდილება ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძველს,
რომ, ერთი მხრივ, ვამტკიცოთ მისი სიკეთე და მეორე მხრივ, მისი
ნაკლოვანება. მაგრამ, ვიდრე უშუალოდ რომელიმე აზრს მივემხრობით , პირველ
რიგში, კარგად უნდა შევისწავლოთ და გავაცნობიეროთ ცივილიზაციის ერთ-ერთი
ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი წარმონაქმნის, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის,
არსი და დანიშნულება.

თავისუფალ მოქალაქეებისაგან დაკომპლექტებული სასამართლო პროცესი, სადაც


გადაწყვეტილება უბრალოდ კანონის ნორმის კიარა, ადამიანური საწყისების,
სინდისის და ზნეობის საფუძველზე გამოაქვთ, ეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოა. ის
მსოფლიოს საზოგადოებისათვის უკვე კარგახანია ცნობილია. ამ ინსტიტუტის
მიზანია, არა მშრალად და ცივად აუარო გვერდი სისხლის სამართლის მძიმე
კატეგორიის საქმეებს, არამედ აღიქვას და გაითავისოს ის საზოგადოების უმთავრეს
ღირებულებებზე დაყრდნობით. ასევე აუცილებელია მისი გადაწყვეტილება
საზოგადოების მარტივი თვალით იქნეს დანახული. ნაფიც მსაჯულებთან
დაკავშირებით საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა,
რომელიც მოკლედ და კონკრეტულად აღწერდა ამ ინსტიტუტისადმი საზოგადოების
დამოკიდებულებას. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით ეს არის უნიკალური
სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მორგებულია საკუთრივ საზოგადოების იდეებსა და
თავისუფლების დაცვაზე, ასევე არსებობს ამისი საპირისპირო მოსაზრებები
მაგალითად; „ადამიანური სინდისის სასამართლო“ , „ანტი სახელმწიფოებრივი
სენატი“, „მართლმსაჯულების გვირგვინი“, „მოუმზადებელი ბრბოს
მართლმსაჯულება“, „ქუჩის სასამართლო“.(ნაჭყებია, 2013)

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავისი ფესვები სახელმწიფოების წარმოშობის


ადრეულ ეტაპზე გააჩნია. იგი უძველესი ტრადიციების მქონე სამართლებრივი
ინსტიტუტია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ფასდაუდებელი სამსახური
გაუწია და დიდი როლი შეასრულა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მართლმსაჯულების
განვითარებასა და დემოკრატიის დამკვიდრებაში.

2
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩანასახი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გაჩნდა.
საბერძნეთი ხომ დემოკრატიის აკვანია. დღევანდელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
სამშობლოს მე-11 საუკუნის ინგლისს მიიჩნევენ. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის
არსებობის ოფიციალური აღიარება 1215 წელს მოხდა, როცა მეფე ჯონ უმიწაწყლომ
ხელი მოაწერა ,,მაგნა კარტას“. ეს არა მხოლოდ ინგლისის, არამედ მსოფლიოს
ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ცალკეულ მუხლებში კი
ხაზი ესმებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, დოკუმენტი ასევე ადგენდა, რომ
ნებისმიერი დიდგვაროვანი თუ რიგითი მოქალაქე უნდა განესაჯათ თავად
მოქალაქეებს. ,, მაგნა კარტა“ აღიარებდა ყველა ადამიანის უფლებას, რომ მისი საქმე
განხილული ყოფილიყო ,,თანამოქალაქეთა“ მიერ.

ნაფიც მსაჯულთა სამართლოს, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის, უძველეს


წინაპრად, როგორც ვთქვით, მიიჩნევენ საბერძნეთს. კერძოდ, ძველ ათენში არსებულ
დიკასტერიას, იგივე ჰეილეიას. სახალხო მოსამართლეებს დიკასტერებსა და
ჰელეასტებს უწოდებდნენ. იდეა, რომ რიგ მოქალაქეებს ხმის უფლება უნდა
ჰქონოდათ, გაჩნდა ძვ. წ. V-VI საუკუნეების ათენში. დღევანდელ დემოკრატიულ
საზოგადოებასთან შედარებით ათენის სახელმწიფო ნაკლებად დემოკრატიული იყო,
ეს იყო დემოკრატია რჩეულთათვის, რადგან თავისუფალი მოქალაქეების გვერდით
არსებობდნენ მონებიც.

შუა საუკუნეებში ნაფიც მსაჯულები, მორჩილების მიზნით, შეიძლებაა ჩაეკეტათ


ოთახში, არ მიეცათ სითბო და საკვები, სანამ გამამტყუნებელ განაჩენს არ
გამოიტანდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
დემოკრატიული ხასიათი იყო წმინდა წყლის ფორმალობა.

რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უფრო დაიხვეწა და


განვითარდა, მიუხედავად მისი სიძველისა, ის ისევ ძლიერი ინსტიტუტია,
გაზრდილია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და მის მიმართ საზოგადოების
ნდობაც, რაზეც რამდენიმე ფაქტიც მეტყველებს: დიდ ბრიტანეთში ბრალდებულთა
უმეტესი ნაწილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ირჩევს იმ რწმენით, რომ აქ
გამართლების მეტი შანსია, ვიდრე ერთპიროვნულად საქმის განმხილველი
მოსამართლის პირობებში. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა დიდი განვითარება ჰპოვა
აშშ-შიც, სადაც ინსტიტუტმა უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკის სასამართლო
ხელისუფლებისადმი ნდობის განმტკიცებაში.

2010 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა


ინსტიტუტი, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის პირდაპირ, უშუალო

3
მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში. 12 ნაფიცი მსაჯულისგან
შემდგარი სასამართლო, რომლის განსჯადობაც მოიცავს მხოლოდ შერჩეულ
დანაშაულებს , გადაწყვეტს პირის ბრალეულობის საკითხს. მაგრამ, სინამდვილეში,
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ღრმა ფესვები აქვს საქართველოშიც. ჯერ კიდევ ილია
წერდა ,,მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება,
ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი. ერთის სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი
ადამიანობა. იგი განხორციელებული ნიმუშია და განსაკუთრებული სინდისია მთელი
ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისამებრ გაწმენდილი და კუთვნილ სიმაღლეზე
დაყენებული,” შეიძლება ასეთი შეფასება გადამეტებულია, მით უმეტეს, დღევანდელი
რეალობისთვის, მაგრამ ეს სიტყვები ნათელს ჰფენს, თუ რა სოციალური დანიშნულება
აქვს მსაჯულს.

თანამედროვე საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც ნაფიცთა


ინსტიტუტი არსებობს, დღესაც მიდის დავა ამ ინსტიტუტის არსებობის საჭიროების
შესახებ. აზრთა სხვადასხვაობა გასაგებიცაა თავად ინსტიტუტის რთული ბუნების
გამო. ამ რთულ სისტემაში კი რამდენიმე გამოკვეთილი საერთო პრობლემური
საკითხია:
კომპეტენტურობა– ,,როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა მოქალაქემ დაასკვნას
განსასჯელის ბრალეულობა?“ , ,,მოსამართლე და იურისტები რისთვის არიან ?“ – ეს ის
რიტორიკული შეკითხვებია, რომლებსაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
მოწინააღმდეგეები სვამენ. ერთი შეხედვით მათი შეხედულება მართებულია, ნაფიც
მსაჯულთა რიგში ხომ სწორედაც, რომ იურიდიული განათლების არმქონე პირებს
ნიშნავენ, ადამიანებს რომლებმაც არ იციან კანონები და არ იციან სამართლოს
საკითხები, ხოლო მოსამართლემ, რომელმაც უამრავი წელი შეალია თავის კარიერულ
განვითარებას, ახლა უბრალოდ სხდომის დამკვირვებლის როლი უნდა შეასრულოს.
მაგრამ, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის საქმეები, რომლებსაც განიხილავენ
ნაფიცები უმეტეს შემთხვევაში, არ წარმოადგენენ ისეთი სირთულის საქმეებს, რომ
საშუალო განათლების მქონე ადამიანმა ვერ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
მარტივად რომ ვთქვათ, თუნდაც მკვლელობის საქმეზე, თუ პროკურორი წარმოადგენს
შესაბამის მტკიცებულებებს მარტივია, მოქალაქემაც გამოიტანოს დასკვნა და ამას არ
სჭირდება სპეციალური იურიდული განათლება, ასე რომ, სისხლის სამართლის
საქმეები ძირითადად არის რიგითი მოქალაქისთვისაც დაძლევადი.
ნულიფიკაცია – ეს ალბათ ყველაზე პრობლემური საკითხია ნაფიც მსაჯულთა
ვერდიქტის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო. ნულიფიკაცია ანუ შემთხვევა, როცა
საქმეში უხვადაა გამამტყუნებელი მტკიცებულებები და ნაფიც მსაჯულებს
გამამართლებელი ვერდიქტი გამოაქვთ ნებისმიერი ქვეყნისთვის (სადაც ნაფიცთა

4
ინსტიტუტი არსებობს) მტკივნეული თემაა. ეს ის ძირითადი პრობლემაა, რომელიც
ყველაზე მეტად უსვამს ხაზს ამ ინსტიტუტის ნაკლოვანებას.
რესურსები– ყველასათვის ნათელია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხარჯიანი
და დროში გაწელილი პროცესია. მაგრამ ისმის კითხვა: სამართლიანი იქნება თუ არა
დროისა და ფულის ეკონომიის ხარჯზე გაუქმდეს ინსტიტუტი და ერთი მხრივ ამით
ადამიანს წაერთვას შესაძლებლობა, განახორციელოს სამართლიანი სასამართლოს
უფლება ამ ფორმით , მეორე მხრივ კი მოქალაქეებს წაერთვათ უფლება თავადაც
მიიღონ მონაწილეობა მართლმსაჯულებაში?! ვფიქრობ, საქართველოსნაირი
ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ეკონომიკურად არ ,,ულხინთ“, ეს მაინც არ არის ის
მყარი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება უარი ითქვას ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოზე.
სანდოობა- ნაფიც მსაჯულთა მიმართ სანდოობა ჯერ კიდევ დგას ეჭვქვეშ,
განსაკუთრებით, ისეთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გამოსულა
წარსულის ზეგავლენიდან. საზოგადოების უნდობლობა ნაფიც მსაჯულთა
ინსტიტუტის მიმართ განპირობებულია იმ მწარე გამოცდილებით, რომლებიც ჯერ
კიდევ საბჭოთა კავშირის ფიქტიურმა ,,სახალხო მსაჯულებმა“ წარმოშვა. სანდოობის
მხრივ პრობლემის წინაშე იდგა თავის დროზე აშშ-ც. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში,
როგორც ინგლისის კოლონიაში ,ინგლისის გავლენით გავრცელდა ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო, რომელიც ინგლისის ხელისუფლების მიერ იმართებოდა. ჯერ კიდევ
თომას ჯეფერსონი ამბობდა, რომ ბრიტანეთი ხშირად უცერემონიოდ ახორციელებდა
დაუშვებელ, უკანონო ზემოქმედებას ნაფიც მსაჯულთა ნიველირების მიზნით. თუმცა
აშშ-მ წლების განმავლობაში შეძლო სასამართლოს სისტემაში ნანატრი
დამოუკიდებლობის მოპოვება.

აღსანიშნავია, რომ სანდოობის და დამოუკიდებლობის პრობლემა, შესაძლოა, იდგეს


არამხოლოდ მსაჯულთა, არამედ პროფესიონალი მოსამართლეების მიმართაც. მეტიც,
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ამცირებს
ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენის
შესაძლებლობებს, ვინაიდან მხოლოდ მარტივი არითმეტიკიდანაც ცხადია, რომ ერთ
ადამიანზე (პროფესიონალ მოსამართლეზე) გაცილებით მარტივია ზეგავლენის
მოხდენა, მისი დაშანტაჟება, მუქარა ან მასთან გარიგება, ვიდრე თორმეტზე.
საქართველოში ამ ინსტიტუტის შემოღების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი სწორედ
ის იყო, რომ სასამართლო ხელისუფლების (და თავად მოსამართლეების) მიმართ
საზოგადოებაში არსებობდა მაღალი უნდობლობა და ადამიანებს არ ჰქონდათ

5
არანაირი განცდა, რომ მოსამართლის მიერ საქმის გადაწყვეტა ობიექტურად,
ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, დამოუკიდებლად ხდებოდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გამოძახილია


დემოკრატიისა. შეიძლება საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა თქვას, რომ
დემოკრატიისთვის არ არის აუცილებელი ამ ინსტიტუტის არსებობა, რომ ის არ არის
აუცილებელი მახასიათებელი დემოკრატიისა, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
ის არის, რაც უკვე საუკუნეებია ხელს უწყობს დემოკრატიის განმტკიცებას, ნაფიც
მსაჯულთა ინსტიტუტი მოსახლეობაში ზრდის სამართლიანობის განცდას, ნაფიც
მსაჯულთა ინსტიტუტი ხელს უშლის მოსამართლეების მიერ მათი.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. დიახ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი
უნდა არსებობდეს, რადგან ის არის საზოგადოების სახე, დემოკრატიას კი სწორედ ეს
საზოგადოება ქმნის.

6
ბიბლიოგრაფია:
კუსიანი, ე .2011.ნაფიც მსაჯულთა სასამართლო-დემოკრატიის იდეალი.
http://www.library.court.ge/upload/29962012-09-26.pdf.

ნაჭყებია, გ და სხვები. 2013. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში /The institution of


Trial by Jury in Georgia, თბილისი; გამომცემლობა „ივერიონი“

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია 1921, მუხლი 81-

ე.http://www.constcourt.ge/ge/publications/books/1921-wlis-saqartvelos-demokratiuli-

respublikis-konstitucia.page.

რეხვიაშვილი, თ. 2010. ანალიტიკური მიმოხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.


http://www.library.court.ge/upload/nafic_msajulTa_sasamarTlo.pdf

You might also like