Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 3

გიორგი ცხადაია, „პოლიტიკური ფილოსოფიის ისტორია“

არისტოტელეს „პოლიტიკა“

არისტოტელეს „პოლიტიკის“ განხილვამდე, მისი ბიოგრაფიის რამდენიმე დეტალი უნდა


გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, არისტოტელე მიუხედავად იმისა, რომ პლატონის
აკადემიაში მიიღო განათლება, არ იყო ათენელი. მისი მშობლიური მაკედონია ძვ. წ. მე-4
საუკუნეში საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქების დამორჩილებას ლამობდა. ამავე დროს, იმ
პერიოდში, როდესაც არისტოტელე ათენში მოღვაწეობდა (მან დაარსა პლატონის
სასწავლებლის კონკურენტი „ლიცეუმი“), ფილოსოფოსთათვის არც თუ ისე სახარბიელო
სიტუაცია უნდა ყოფილიყო, რადგან ყველას ახსოვდა სოკრატეს ბედი. არისტოტელე თავისი
მასწავლებლის, პლატონისგან განსხვავებით, დიალოგების ნაცვლად, ტრაქტატებით
ავრცელებდა თავის შეხედულებებს; არ დარჩენილა თითქმის ადამიანური ინტერესის არც
ერთი სფერო, რომელშიც არისტოტელეს თავისი სიტყვა არ ეთქვას.

არისტოტელე დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა შეურყეველ ავტორიტეტად.


მხოლოდ მე-17 საუკუნეში დაიწყო მასზე შეტევა, როდესაც თომას ჰობსმა თავის
„ლევიათანში“ იგი გააკრიტიკა, როგორც საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის საშიში
ფილოსოფოსი, მიიჩნია რა მისი იდეები რესპუბლიკურად. პარადოქსულია, რომ ჰობსამდე
სხვა დიდი მოაზროვნეები, მაგალითად, თომა აქვინელი და დანტე ალიგირიელი
არისტოტელეს მონარქიის ან აბსოლუტური მონარქიის დამცველებად თვლიდნენ. ამ ფონზე,
საინტერესოა, თუ რეალურად რას წარმოადგენა არისტოტელეს პოლიტიკა და რატომ იქცა
იქცა კონტროვერსიის საგნად.

„პოლიტიკის“ პირველ თავებში არისტოტელე აცხადებს, რომ ადამიანი პოლიტიკური


ცხოველია. პოლისი, ანუ ქალაქი, რომელშიც იგი მოღვაწეობს, ბუნებრივი წარმონაქმნია, მისი
მოქმედების ბუნებრივი ასპარეზია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ბიოლოგიურად
დეტერმინირებულია ქალაქში მოღვაწეობისთვის, როგორც მაგალითად ობობები
სპონტანტურად, ინსტიქტზე დაყრდნობით ქმნიან ქსელს და ჭიანჭველები აშენებენ ბუდეს.
ადამიანს აქვს ლოგოსი, ანუ ვერბალური კომუნიკაციის და რაციონალური აზროვნების
უნარი, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ იაზროვნოს მორალური კატეგორიებით, გაიგოს რა
არის მისთვის სასარგებლო და რა ზიანის მომტანი. ასევე, ლოგოსს ანუ გონებას შეუძლია
იმსჯელოს იმაზეც, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად და რა უსამართლოდ. ამ
ფონზე, რა ქმნის პოლისს ბუნებრივ წარმონაქმნად? არისტოტელე ამ კითხვაზე ორ
ორიგინალურ პასუხს იძლევა. პირველ რიგში, იგი საზოგადოებრივი ინსტიტუტების
ერთგვარ ანთროპოლიგიურ სურათს გვიხატავს: როგორ ვითარდებიან საზოგადოებრივი
ინსტიტუტები ყველაზე მარტივი ფორმიდან ყველაზე რთულამდე, ანუ პოლისამდე. ამავე
დროს, იგი გვეუბნება, რომ ჩვენი ქცევა პოლისში არ არის ბიოლოგიურად
დეტერმინირებული, არამედ ლოგოსი, რომელიც გამოგვარჩევს სხვა ბიოლოგიური
არსებებისგან, გვაძლევს ერთგვარ თავისუფლებას უნარს. ლოგოსი, ასევე, გვაკავშირებს სხვა
ადამიანებთან საერთო მორალური ენით, საერთო გამოცდილებით და კონვენციური
შეხედულებებით.

ჰობსისგან და ლოკისგან განსხვავებით, არისტოტელე თვლიდა, რომ ჩვენი


პოლიტიკური ცხოვრება არ არის ცალკეულ ინდივიდთა ინტერესების კალკულაციის და
შეჯერების შედეგი, არამედ მას მართავს სიყვარული და მეგობრობა, რის შესაძლებლობასაც
ლოგოსი გვიქმნის. ქალაქი, ანუ პოლისი ყოველთვის რომელიმე კონკრეტული პოლისია. ეს
არის პატარა, ჩაკეტილი საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც გვთავაზობს სრულქმნას. ის
იკვრება მეგობრობაზე დაყრდნობით, და არა სხვადახვა ინტერესების გაერთიანებით. ნდობა
შეიძლება მხოლოდ მეგობრობას ემყარებოდეს. იმპერიაში, რომელიც დიდი მასშტაბებით
გამოირჩევა, არ არის ნდობა, ამიტომ იგი დესპოტურია. ნდობა და მეგობრობა მოქმედებს არა
მხოლოდ შიდა საქალაქო დონეზე, არამედ „საერთაშორისო“ ასპარეზზეც. ქალაქები
არსებობენ სხვა ქალაქების გარემოცვაში. მათ ჰყავთ მეგობრები და მტრებიც, ამიტომ, ომი
ქალაქის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა.

ქალაქის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ იგი იყოს თავისუფალი, თუმცა


თავისუფლება მოიცავს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც. ამავე დროს, არისტოტელე
გვთავაზობს თავის კონტროვერსიულ დამოკიდებულებას მონობის მიმართ. პირველ რიგში,
იგი გამოყოფს ორ შეხედულებას, რომელიც მის დროს იყო გავრცელებული. ერთი
შეხედულების მიხედვით, მონობა გამართლებულია, რადგან საზოგადოება ბუნებრივად
უსამართლოს, და მეორე შეხედულება, რომ მონობა ხელოვნურია და თავსმოხვეულია.
არისტოტელეს მოჰყავს თავისი ორიგინალური არგუმენტი, თუ რატომ არის მონობა
გამართლებული. იგი მიიჩნევს, რომ ადამიანებს მხოლოდ ვნებებით ცხოვრება არ შეუძლიათ,
ამიტომ, აუცილებელია, რომ მათი ვნებები იმართებოდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ
არისტოტელე იცავს არა მონობის იმ ფორმას, რომელიც ძველ საბერძნეთში იყო
გავრცელებული, არამედ ერთგვარ მერიტოკრატიას : რჩეულების მმართველობას, რომელიც
თანამედროვე დემოკრატიული თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
არისტოტელეს მიხედვით, განათლება თანაბრად არ არის გადანაწილებული, ამიტომ,
თვითმმართველობის უნარი მხოლოდ უმცირესობას აქვს.

პოლიტიკის მე-3 და მე-4 თავებში არისტოტელე გვთავაზობს ერთგვარ შედარებით


პოლიტიკას. იგი ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა რეჟიმებს. „რეჟიმი“ არისტოტელეს
პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ცნებაა. რეჟიმი არ არის მხოლოდ ფორმალური
უფლებების და ვალდებულებების აღნუსხვის შედეგად მიღებული სტრუქტურა, არამედ ეს
არის ერთგვარი ცხოვრების წესი, კულტურა, მორალური დისპოზიციები. რეჟიმი ერთგვარი
ქალაქის იდენტობაა. რეჟიმს აქვს თავისი შინაარსი და ფორმა. მისი შინაარსი არიან
მოქალაქეები, რომლისგანაც ის შედგება. არისტოტელესთვის მნიშვნელოვანია იმისი
აღნიშვნა, რომ მოქალაქეები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან არა იმ მარტივი მიზეზით,
რომ თავი დაიცვან, ან კომერციული ურთიერთობები დაამყარონ, არამედ ისინი შეკრულნი
არიან ლოიალურობის და სიყვარულის ჯაჭვებით. ეს არ არის მარტივად დედმაშვილებს
შორის სიყვარული, არამედ სამოქალაქო პარტნიორებს შორის დამოკიდებულება., ხოლო
სამოქალაქო პარტნიორობა არ არის უბრალოდ რესურსების გაცვლა-გამოცვლა, არამედ
სიყვარული, „ფილია“.

მოქალაქე ასევე იმიტომ არის მოქალაქე, რომ მონაწილეობს სამოქალაქო მმართველობაში.


ის მონაწილეობას იღებს კანონის შექმნაში, თუმცა სხვადასხვა რეჟიმში მოქალაქეთა
მონაწილეობა თანაბარი არ არის. აქედან გამომდინარე, ისმება კითხვა: „ვინ მართავს ან ვინ
უნდა მართავდეს რეჟიმს?“ ეს კითხვა უკვე გულისხმობს რეჟიმის კონკრეტულ
მმართველობის ფორმაზე მსჯელობაზე გადასვლას. ზემოთ ჩვენ განვიხილეთ რეჟიმის
შინაარსი, ანუ მოქალაქეთა შორის ურთიერთობების არსი. ფორმალური განმარტებით კი,
რეჟიმი არის პოლისის მოწყობის ფორმა, განსაკუთრებით სამთავრობო პოსტების და
მმართველობითი ორგანოების. მმართველი ორგანოები შეადგენენ რეჟიმს.

არისტოტელეს შემოაქვს ნორმატიული მსჯელობა იმით, რომ ახდენს რეჟიმების


დახარისხებას კარგ და ცუდ რეჟიმებად. მაგალითად, სასარგებლო რეჟიმებს მიეკუთვნებიან :
მონარქია, არისტოკრატია და პოლიტეა, ხოლო საზიანო რეჟიმებია: ტირანია, ოლიგარქია და
დემოკრატია. საინტერესო ის არის, რომ ნორმატიული მსჯელობის გარდა, არისტოტელე
პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს თითოეული რეჟიმის მმართველებს იმისათვის, რომ
ძალაუფლება შეინარჩუნონ. ალბათ სწორედ ამიტომ გახდა მისი ნაშრომი კონტროვერსიული
და სხვა მოაზროვნემ არისტოტელეს პოლიტიკური თეორიის სხვადასხვა ასპექტი წამოწია
წინ. დემოკრატიული თეორიის ისეთმა მოაზროვნემაც კი, როგორიც ტოკვილი იყო,
არისტოტელეს იდეა სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ დემოკრატიული სახელმწიფოს
აუცილებელ პირობად ჩათვალა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არისტოტელე ყველა რეჟიმს აღწერს და განიხილავს, თუმცა


ჩვენთვის ალბათ უფრო საინტერესოა მისი მოსაზრებები დემოკრატიაზე. იგი თვლის, რომ
რაც უფრო ბევრნი არიან მმართველები, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ იყვნენ
კორუმპირებულნი. ამავე დროს, დემოკრატია საშუალებას სთავაზობს ყველა ადამიანს,
წამოაყენოს თავისი მოსაზრება, რაც დაახლოებით ნიშნავს იმას, რომ მრავალი მზარეულის
გაწყობილი სუფრა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე ერთი მზარეულის.

და ბოლოს, არისტოტელესთვის რეჟიმს გააჩნია შინაგანი კონფლიქტი, მაგალითად,


კონფლიქტი ოლიგარქიისა და დემოკრატიის მომხრეებს შორის. მარქსისგან განსხვავებით, ეს
არ არის კონფლიქტი რესურსების გადანაწილებისთვის, არამედ ღირსებისა და პრესტიჟის
მოპოვებისთვის. არისტოტელეს მიზანია ამ კონფლიქტში მოდერაციის შემოტანა. ერთ-ერთი
წამალი კი, რომელიც კონფლიქტს მოაგვარებს კანონის მმართველობაა, რადგან იგი
თავისუფალია ადამიანური ვნებებისგან და მიუკერძოებელია.

ზემოთაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, არისტოტელეს თეორია დღემდე


რელევანტური შეიძლება იყოს პოლიტიკური თეორიისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე,
როდესაც ანგლოსაქსური ტრადიცია კონტინენტურისგან გარკვეულ დარტყმებს განიცდის.

You might also like