კარლ პოლანი - დიდი ტრანსფორმაცია - ჩვენი დროის პოლიტიკური და ეკონომიკური საწყისები (1957)

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 9

კარლ პოლანი

“დიდი ტრანსფორმაცია - ჩვენი დროის პოლიტიკური და


ეკონომიკური საწყისები”, 1957

წიგნის წინასიტყვაობა
ავტორი: ფრედ ბლოკი

(არასრული თარგმანი)

პოლანისეული „ჩართულობის“ კონცეფცია

პოლანის მოსაზრებების ადექვატური აღქმისათვის აუცილებელია მისი „ჩართულობის“


კონცეფციის გაცნობა. აღნიშნულ მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სოციალური
აზროვნების შესწავლის პროცესში, მაგრამ ამასთანავე იწვევდა და იწვევს აზრთა
სხვადასხვაობას მეცნიერთა წრეებში. საკუთარი აზრის განვითარებისას პოლანი ხაზს უსვამს
თანამედროვე ეკონომიკის მთავარი პრინციპს - ეკონომიკა არის ერთგვარი გადაკვეთის
წერტილი ბაზრებს შორის, რომელიც თავისთავად არეგულირებს მოთხოვნა - მიწოდების
სისტემას ფასწარმოქმნის პროცესის გამოყენებით. არის მომენტები, როდესაც ეკონომისტები
აღიარებენ, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ხანდახან საჭიროა, რათა ბაზრის ჩავარდნა თავიდან
იქნას აცილებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ბაზრის თვითრეგულირების ფუნქციას
ეყრდნობიან. პოლანის მიზანია აჩვენოს, რომ ბაზრის თვითრეგულაციის თვისება რეალობაში
განსხვავებულად მოქმედებს, რასაც ისტორიული ფაქტები მოწმობენ. მისი მტკიცებით XIX
საუკუნემდე ეკონომიკა მჭიდროდ იყო დაკავშირებული(ჩართული) საზოგადოებასთან.

ცნება „ჩართულობა“(embeddednes) გამოხატავს იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკა არ არსებობს


„როგორც ასეთი“, ის არ მოქმედებს ავტონომიურად(როგორაცაა წარმოდგენილი ეკონომიკურ
თეორიებში). ეკონომიკა დიდ გავლენას განიცდის ისეთი ინსტიტუტებისაგან როგორებიცაა
პოლიტიკა,რელიგია და საზოგადოებრივი ურთიერთობები. პოლანის ზემოხსენებული
მოსაზრება არ უნდა აგვერიოს ეკონომიკაში ფართოდ გავრცელებულ წარმატების ფაქტორებზე,
როგორებიცა ნდობა, ურთიერთგაგება და სამართლებრივი საკითხები. „ჩართულობის“ ცნებას
ის იყენებს იმის სადემონსტრაციოდ თუ რამდენად რადიკალურად გაემიჯნენ კლასიკოსი
ეკონომისტები, განსაკუთრებით მალთუსი და რიკარდო, წინამორბედ მოაზროვნეებს.

საუკუნეების განმავლობაში მიღებული იყო პრაქტიკა, რომ ეკონომიკა დამოკიდებულია


საზოგადოებაზე, თვითრეგულირებადი ბაზრების კონცეფცია კი საპირისპიროს ქადაგებს -
საზოგადოებაა გარკვეულწილად დამოკიდებული ბაზარზე. პოლანი თავისი ნაშრომის პირველ
ნაწილში წერს, რომ ბაზრის მიერ ეკონომიკის მართვა საზოგადოების როლს გარკვეულწილად
აკნინებს და მას მეორეხარისხოვან ფაქტორად აქცევს. ზოგადად ეკონომიკა კი არ არის
„ჩართული“ საზოგადოებრივ ურთიერთქმედებაში, არამედ ეს უკანასკნელია ჩართული
ეკონომიკაში (ანუ ეკონომიკა თამაშობს მთავარ როლს და არა პირიქით). ხშირად პოლანის
ნააზრევს ეკონომიკისა და საზოგადოების როლის შესახებ არასწორად იგებენ - თითქოს
XIXსაუკუნეში კაპიტალიზმის ზრდასთან ერთად ეკონომიკა ამოვარდა საზოგადოების
„იურისდიქციიდან“ და თვითონ მოექცა სათავეში. პოლანის ნააზრევის ასეთი პრიმიტიული
გაგება აკნინებს მის რეალურ ორიგინალობასა და აზრობრივ მნიშვნელობას. პოლანიმ მართლაც
ისაუბრა ნეოკლასიკური ეკონომისტების სურვილზე გაეთავისუფლებინათ ეკონომიკა
საზოგადოების „მარწუხებიდან“, რის მიღწევასაც პოლიტიკოსების მეშვეობით ცდილობდნენ.
მაგრამ, ამასთანავე ის აღნიშნავს, რომ მათ არ და ვერ შეეძლოთ ამ მიზნის მიღწევა,
გამომდინარე იქედან, რომ თვითრეგულირებადი ბაზრის ცნება მას უტოპიად მიაჩნდა.
მაგალითად მისი ნაშრომის პირველივე თავში ის წერს: „ჩვენი თეორიაა, რომ ბაზრის
თვითრეგულირებადი ხასიათი ღრმა უტოპიაა. ასეთი ინსტიტუციის არსებობა მხოლოდ
კაცობრიობის და საზოგადოების გადაშენების შემთხვევაში იქნებოდა განხორციელებადი;
ასეთი სახის ბაზარი ფიზიკურად გაანადგურებდა ადამიანებს და ველურობას დაუდებდა
სათავეს“.

რატომ ვერ იქნება “ამორთულობა” წარმატებული?

პოლანი ამტკიცებს, რომ სრულად თვითრეგულირებადი ბაზრის არსებობისათვის


აუცილებელია ადამიანებისა და ბუნებრივი გარემოს „გასაქონლება“, რაც თავისთავად
საზოგადოებისა და თავად ბუნების განადგურებამდე მიგვიყვანს. აქედან გამომდინარე, მისი
გადმოსახედიდან თვითრეგულირებადი ბაზრის კონცეფციის მომხრე თეორიტიკოსები
საზოგადოებას უფსკრულისაკენ უბიძგებენ, ხოლო ადამიანებს, როგორც გონიერ არსებებს,
ხელეწიფებათ ეს შედეგი აიცილონ.

როდესაც პოლანი ადამიანის გასაქონლებაზე საუბრობს, უნდა გავერკვეთ რას გულისხმობს ის


ცნება „საქონელში“. მისი აზრით საქონელი არის ის, რაც ბაზარზე გასაყიდად შეიქმნა. ამ
გაგებით, მიწა, შრომა, და ფული არის ფიქციური საქონელი, რადგან ისინი არ ყოფილან
გამიზნულნი ბაზარზე გაყიდვისათვის. შრომა ადამიანთა მოქმედების ნაყოფია, მიწა ბუნების
საკუთრება და რაც შეეხება ფულს, მას მნიშვნელობა კონკრეტული პოლიტიკის გატარებით
ენიჭება. თანამედროვე ეკონომიკაში ითვლება, რომ ზემოხსენებული ფიქციური ხასიათის
საქონელი იმუშავებს როგორც რეალური. პოლანის მტკიცებით, ასეთი დამოკიდებულება
წააგავს კედელზე ჩრდილებით თამაშს, ანუ არის ფიქცია, რაც საზოგადოებას დიდი რისკის ქვეშ
აყენებს.

პოლანის ზემოხსენებულ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ორი ძირითადი დაშვება. პირველი


არის მორალური ხასიათის და ამბობს რომ ბუნებისა და ადამიანის განხილვა როგორც
საქონლის, რომელთა „ფასსაც“ ბაზარი განსაზღვრავს, მარტივად რომ ვთქვათ მცდარია. ასეთი
მიდგომა ხელყოფს საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ ერთგვარ საკრალურ
დამოკიდებულებას ადამიანთა და ბუნების მიმართ, აკნინებს რა მათ გამორჩეულ
მნიშვნელობას. მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ საზოგადოების ბედი დამოკიდებული იყოს
ბაზრის მახასიათებლებზე. მეორე დაშვებით პოლანი ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლს
ეკონომიკის წარმოებაში. თუკი ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ ბაზარს აქვს
თვითრეგულირების ფუნქცია, სახელმწიფოს მაინც უწევს გარკვეული მანიპულაციების
ჩატარება, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფლაციისა თუ დეფლაციის საშიშროებები.
სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს დროებით უმუშევრები, გადაამზადოს და განათლება
მისცეს მომავალ მუშახელს და აკონტროლოს იმიგრაციული მდგომარეობა. ხოლო რაც შეეხება
მიწათმოქმედებას, ფერმერებსა და ზოგადად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ხალხს
სახელმწიფომ ინტელექტუალური და საჭიროების შემთხვევაში მატერიალური დახმარება
უნდა გაუწიოს, რათა საკვების დეფიციტი თავიდან იქნას აცილებული. ამ ორი მარტივი
მაგალითიდან ჩანს, რომ თვითრეგულირებადი ბაზარი არც იმდენად „თვითრეგულირებადი“
ყოფილა, როგორსაც მისი მომხრეები წარმოადგენენ. ბაზრის რეგულირების საკითხებში
სახელმწიფოს როლის შემცირება შეიძლება ისეთი სირთულეების დასაბამი გახდეს,
როგორებიცაა მშრომელთა უფლებების შელახვა, უმუშევრობის შედეგების გამწვავება,
ადგილობრივი მწარმოებლების შევიწროება(ექსპორტის შედეგად) და სხვ.

შეუძლებელის შედეგები

თავისუფალი ბაზრის მომხრეებთან არგუმენტირებული „ბრძოლა“ საკმაო სირთულეებთან


არის დაკავშირებული, რადგან ისინი ნებისმიერ ჩავარდნასა და წარუმატებლობას ხსნიან არა
საბაზრო სტრატეგიის არამართებულებით, არამედ მისი განხორციელებისას დაშვებული
შეცდომებით - ყველაზე გავრცელებული მიზეზია სახელმწიფო პოლიტიკის გაკრიტიკება
არასაკმარისი პოლიტიკური ნების მოტივით და რაც მთავარია ისტორიულ მაგალითებს
რატომღაც ყოველთვის გვერდს უვლიან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ყოფილი
სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში პოპულარული იყო ე.წ. „შოკური თერაპია“, რომელიც
ძირითადად გამალებული პრივატიზაციითა და ზოგადად ეკონომიკის სწრაფი ტემპებით
ლიბერალიზაციაში გამოიხატებოდა. აღნიშნული პროცესის გადაფასებისას ყველა თანხმდება,
რომ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ თავისუფალი ბაზრის მომხრეები ამას არა მისი
შინაარსით, არამედ არასაკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერით ხსნიან.

სკეპტიციზმი ეკონომიკის სოციალურიდან “ამორთვის” შეუძლებლობის შესახებ დასაბამს


აძლევს პოლანის არგუმენტს “ორმაგი მოძრაობის” თაობაზე. იქიდან გამომდინარე რომ
ეკონომიკის სოციალურიდან ამორთვის მცდელობა აუცილებლად აწყდება წინააღმდეგობას,
პოლანი ამტკიცებს რომ საბაზრო საზოგადოება ორი ურთიერთდაპირისპირებული მოძრაობით
ხასიათდება. ერთია ბაზრის გამათავისუფლებელთა მოძრაობა და მეორე მათი საწინააღმდეგო,
რომელიც ცდილობს საზოგადოების დაცვას “საბაზრო მექანიზმებისაგან”. მართალია,
მშრომელთა კლასის მოძრაობა მსგავსი საწინააღმდეგო მოძრაობის მნიშვნელოვანი
შემადგენელი ნაწილია, მაგრამ პოლანი ხაზს უსვამს იმას, რომ საზოგადოების სხვა ჯგუფებიც
ასევე ჩართული არიან ამ პროცესში. მაგ. როდესაც პერიოდული ეკონომიკური კრიზისი საბანკო
სისტემას ანადგურებს ბიზნეს ჯგუფები მოითხოვენ ცენტრალური საბანკო სისტემის
გაძლიერებას იმისათვის რომ კრედიტზე შიდა მოთხოვნა გათავისუფლებულ იქნას
გლობალური ბაზრის წნეხისაგან. ამდენად, თვით კაპიტალისტებიც კი პერიოდულად
ეწინააღმდეგებიან იმ გაურკვევლობასა და ფლუქტუაციებს რაც თვითრეგულირებად ბაზარს
მოაქვს და ითხოვენ მეტ დაცულობას. პოლანის აზრით, მსგავსი სახის ორმაგი მოძრაობა
აუცილებელია სტაბილურობის შესანარჩუნებლად. როდესაც თავისუფალი ბაზრის მოძრაობა
განსაკუთრებით ძლიერდება, მაგ. აშშ-ში 1920-იან წლებში, მზარდი უთანასწორობა
ეკონომიკური აყვავების პროცესს საფუძველს უთხრის.

მართალია, პოლანის სიმპათია სწორედ საწინააღმდეგო დამცავი მოძრაობისკენაა, ის ასევე


აღიარებს რომ მან ხანდახან შეიძლება საშიშ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჩიხამდე მიგვიყვანოს.
მისი აზრით, როდესაც არცერთი მოძრაობა საკმარისად ძლიერი არ არის საზოგადოება
ნამდვილი პრობლემის წინაშე დგება. სწორედ ასე აანალიზებს ფაშიზმის აღმოცენებას პოლანი.

პოლანის „ორმაგი მოძრაობის“ თეზისი ეწინააღმდეგება როგორც ლიბერალური ბაზრის, ასევე


მარქსისტულ თეორიებს. საბაზრო ლიბერალიზმიცა და მარქსიზმიც ამტკიცებენ რომ
საზოგადოებას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს: კაპიტალიზმი ან სოციალიზმი. პოლანი კი
ამტკიცებს, რომ კაპიტალიზმი რეალურად არა არჩევანი, არამედ მხოლოდ უტოპიური ვერსიაა.
ხოლო სოციალიზმს ასე მოიხსენიებს: ინდუსტრიული ცივილიზაციის ტენდენცია
დაუმორჩილოს ბაზარი დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებს. შესაბამისად, მისი
აზრით, არსებობს სხვადასხვა გზა თუ როგორც შეიძლება მოხდეს ბაზრის სოციალურში
“ჩამაგრება”. ჩამაგრების ფორმაზე იქნება დამოკიდებული რამდენად ეფექტური იქნება და
წაახალისებს ის ინოვაციურობას, ან რამდენად “სოციალისტური”.

თავი 6:

თვითრეგულირებადი ბაზარი და ფიქციური საქონელი:

შრომა, მიწა და ფული

(არასრული თარგმანი)

ეკონომიკური სისტემისა და ბაზრების თუნდაც ზერელე მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ ბაზარი


არასდროს (თანამედროვე ეპოქამდე) არ წარმოადგენდა იმაზე მეტს ვიდრე ეკონომიკური ცხოვრების
უბრალო აქსესუარს (დანამატს). როგორც წესი, ეკონომიკური სისტემა სრულად ჩართულია სოციალურ
სისტემაში. რა პრინციპიც არ უნდა ყოფილიყო დომინანტი ეკონომიკაში, ის თავსებადი იყო ბაზართან.
ბარტერისა და გაცვლის პრინციპი არ ამჟღავნებდა ტენდენციას გაზრდილიყო ცხოვრების დანარჩენი
სფეროების ხარჯზე. იქ, სადაც ბაზარი კარგად იყო განვითარებული, მაგ. მერკანტილურ სისტემაში, ის
ცენტრალური ადმინისტრაციის კონტროლ ქვეშ იყო. ამდენად, რეგულაცია და ბაზარი ერთად
ვითარდებოდნენ. თვით-რეგულირებადი ბაზარი უცნობი მოვლენა იყო. თვით-რეგულირებადი
ბაზრის იდეა განვითარების ტენდენციის მთლიანად შებრუნებას ნიშნავდა. სწორედ ამ ფაქტების
გათვალისწინებით შესაძლებელია გავიგოთ ის უჩვეულო დაშვებები (ვარაუდები) რაც საბაზრო
ეკონომიკას უდევს საფუძვლად.
საბაზრო ეკონომიკა ეს არის ეკონომიკური სისტემა, რომელიც კონტროლირდება, რეგულირდება და
იმართება საბაზრო ფასებით. საქონლის წარმოება და განაწილება ასევე აღნიშნული
თვითრეგულირებადი მექანიზმით ხორციელდება. ასეთი სახის ეკონომიკა საფუძვლად იღებს
მოსაზრებას, რომ ადამიანის მოქმედება მაქსიმალურ ფულად მოგებაზეა ორიენტირებული.
ნაგულისხმევია ისეთი ბაზრის არსებობა, რომელშიც კონკრეტული ფასის მქონე საქონლის (ან
სერვისის) მოწოდება უთანაბრდება ამ ფასად მოცემულ საქონელზე მოთხოვნას. ასევე იგულისხმება
ფულის არსებობა, რომელიც მფლობელის ხელში მსყიდველობით ძალაუფლებას წარმოადგენს.
შედეგად, წარმოების კონტროლი ხდება ფასების მეშვეობით, რადგან ამაზეა დამოკიდებული
მწარმოებელთა მოგება. თავის მხრივ, საქონლის განაწილებაც დამოკიდებული იქნება ფასებზე, რადგან
ეს უკანასკნელი წარმოქმნის შემოსავალს. აღნიშნული მოსაზრებით, საქონლის წარმოება და
განაწილება კონტროლდება და რეგულირდება ფასების საშუალებით.

თვითრეგულაცია ასევე გულისხმობს, რომ წარმოება ხდება მხოლოდ გაყიდვის მიზნით და


ყველანაირი შემოსავალი ამ გაყიდვებიდან მოდის. შესაბამისად, არსებობს არამარტო საქონლის,
არამედ ინდუსტრიის ყველა ელემენტის შრომის, მიწისა და ფულის ბაზარი რომელთა, როგორც
საქონლის, ფასებს შესაბამისად ქვია: რენტა (ქირა), ხელფასი და პროცენტი. აღნიშნული
სახელწოდებები მიუთითებს იმაზე, რომ სამივე მათგანი შემოსავლის მომტანია. საპროცენტო
განაკვეთი ფულად სესხზე შემოსავლის მომტანია მისთვის, ვისაც შეუძლია აღნიშნული საქონლის
მოწოდება, ხელფასი არის შრომის ფასი და მოაქვს შემოსავალი მისთვის ვინც მას ყიდის. აღნიშნული
საქონლის (შრომა, მიწა, ფული) ფასი საბოლოო ჯამში იმათ მოგებას ზრდის, ვინც თავის სამეწარმეო
სერვისს ყიდის. შემოსავალი, რომელსაც “მოგებას” ვარქმევთ არის სხვაობა საქონლის ფასსა და მის
შექმნაზე გაწეულ ხარჯებს შორის. თუ აღნიშნული პირობები სახეზეა, მაშინ ყველანაირი შემოსავალი
მოდის ბაზარზე გაყიდვებიდან და ეს შემოსავალი იქნება საკმარისი მთლიანად წარმოებული
პროდუქციის შესაძენად.

რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკას, აქაც არსებობს გარკვეული წინასწარ ნაგულისხმევი პირობები.
არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ბაზრის ფორმირებას, ასევე არ დაიშვება გაყიდვების გარდა რაიმე
სხვა ფორმით შემოსავლის მიღება. არ უნდა ხდებოდეს ჩარევა ფასების ცვლილებაზე, იქნება ეს
საქონლის, შრომის, მიწის თუ ფულის ფასი. შესაბამისად, არამარტო უნდა არსებობდეს ინდუსტრიის
ყველა ელემენტის ბაზარი, არამედ არ უნდა იქნეს მიღებული ისეთი პოლიტიკა ან ზომები, რომლებიც
აღნიშნული ბაზრის მოქმედებაზე რაიმე სახის გავლენას მოახდენს. არ უნდა ხდებოდეს არც ფასის, არც
მოთხოვნისა და არც მიწოდების რეგულაცია ან ფიქსირება. დასაშვებია, მხოლოდ ისეთი პოლიტიკა,
რომელიც ეხმარება ბაზარს შეინარჩუნოს თვითრეგულაცია.

იმის სრულად გასააზრებლად თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე უნდა მივუბრუნდეთ მერკანტილურ


სისტემას და ეროვნულ ბაზრებს. ფეოდალიზმის პირობებში მიწა და შრომა სოციალური
ორგანიზაციის ნაწილს წარმოადგენდა (ფული ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული როგორც
ინდუსტრიის სრულყოფილი ნაწილი). მიწა წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ელემენტს, ბაზისს
სამხედრო, იურიდიული, ადმინისტრაციული და პოლიტიკური სისტემისათვის. მისი სტატუსი და
ფუნქცია განსაზღვრული იყო ლეგალური წესებითა და ტრადიციებით (ადათ-წესებით). ისეთი
საკითხები როგორიცაა მიწის მემკვიდრეობით გადაცემა, გადაცემის შემთხვევაში მესაკუთრის
უფლებები და მოვალეობები და ა.შ. მთლიანად მოწყვეტილი იყო ყიდვა-გაყიდვის პრინციპის
მიხედვით ორგანიზებას და ექვემდებარებოდა სრულიად განსხვავებულ ინსტიტუციურ
რეგულაციებს.

იგივე შეიძლება ითქვას შრომის ორგანიზებასთან დაკავშირებით. გილდიის1 სისტემაში


პროდუქტიული საქმიანობის მოტივები და გარემოებები საზოგადოების ზოგადი ორგანიზების
ნაწილი იყო. უფროსისა და შეგირდის ურთიერთობა, სამუშაო პირობები, შრომის ანაზღაურება და ა.შ.
რეგულირდებოდა ადათ-წესებით და ქალაქისა და გილდიის ადგილობრივი წესებით.
მერკანტილიზმს, მთელი თავისი მისწრაფებით კომერციალიზაციისაკენ, არასოდეს მიუტანია იერიში
მიწაზე და შრომაზე, იმისათვის რომ ისინი კომერციის საგანი გაეხადა. მერკანტილიზმი ბაზარს
აღიქვამდა საბაზრო ეკონომიკისგან სრულიად განსხვავებულად. ამის კარგი მაგალითია ის, რომ
სახელმწიფოს ჩარევა ძალიან დიდი იყო ინდუსტრიაში.

18-ე საუკუნის ბოლო დეკადამდე არცერთ ქვეყანაში თავისუფალი შრომის ბაზარი განხილვის საგანიც
კი არ ყოფილა. ეკონომიკური ცხოვრების თვითრეგულაცია კი საერთოდ ჰორიზონტს მიღმა იყო.
მერკანტილისტის მთავარი საზრუნავი ქვეყნის რესურსების განვითარება იყო, მათ შორის სრული
დასაქმების უზრუნველყოფა ვაჭრობისა და კომერციის საშუალებით. მიწისა და შრომის ტრადიციული
ორგანიზება მათთვის ბუნებრივად არსებული რამ იყო. ვაჭრისათვის (კომერსანტისთვის) ასევე
მისაღები იყო დესპოტის ხელში აბსოლუტური ძალაუფლების არსებობა. ისევე როგორც
დემოკრატიასა და წარმომადგენლობით ხელისუფლებაზე გადასვლა წარმოადგენდა გარღვევას და
ტრენდის შებრუნებას, ასევე გადასვლა რეგულირებულიდან თვითრეგულირებად ბაზარზე
წარმოადგენდა საზოგადოების ორგანიზაციის სრულ ტრანსფორმაციას 18-ე საუკუნის დასასრულს.

თვითრეგულირებადი ბაზარი მოითხოვს საზოგადოების ინსტიტუციურ დაყოფას ეკონომიკურ და


პოლიტიკურ სფეროებად. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მსგავსი სახის დაყოფა ნებისმიერ
საზოგადოებაში გვხვდება ნებისმიერ დროს. თუმცა მსგავსი მოსაზრება არასწორ დაშვებებს ეფუძნება.
მართალია, არცერთი საზოგადოება არ არსებობს ისეთი სისტემის გარეშე, რომელიც საქონლის
წარმოება/განაწილების გარკვეულ წესრიგს უზრუნველყოფს, მაგრამ ეს არ გულისხმობს
დამოუკიდებლად არსებული ეკონომიკური ინსტიტუტების არსებობას. როგორც წესი, ეკონომიკური
წესრიგი მხოლოდ სოციალური წესრიგის ფუნქციას წარმოადგენს. როგორც ვნახეთ, არც ტომობრივი,
არც ფეოდალური და არც მერკანტილური სისტემების ქვეშ ეკონომიკა არ არსებობდა როგორც
დამოუკიდებელი სისტემა. 19-ე საუკუნის საზოგადოება, რომელშიც მოხდა ეკონომიკის იზოლირება
(განცალკევება) განსაკუთრებული შემთხვევაა.

მსგავსი ინსტიტუციური მახასიათებელი შეუძლებელი იქნებოდა რომ არ მომხდარიყო საზოგადოების


დამორჩილება მისი მოთხოვნებისადმი. საბაზრო ეკონომიკა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ საბაზრო
საზოგადოებაში. საბაზრო ეკონომიკა მოიცავს ინდუსტრიის ყველა ელემენტს: მიწას, შრომას და
ფულს. თუმცა ამავდროულად შრომა და მიწა სხვა არაფერია თუ არა ერთის მხრივ ადამიანები,
რომელთაგანაც საზოგადოება შედგება და მეორეს მხრივ გარემო, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს.
ამ უკანასკნელთა საბაზრო მექანიზმში ჩართვა ნიშნავს საზოგადოების შინაარსის (არსის)
სუბორდინაციას ბაზრის კანონებისადმი.

1 შუა საკუნეებში სავაჭრო ობიექტები, საამქროები (მთარგმნელის შენიშვნა)


საბაზრო ეკონომიკა საქონლის კონცეფციით ახდენს ინდუსტრიული ცხოვრების ელემენტების
დამორჩილებას. საქონელი განისაზღვრება, როგორც ნივთი, რომელიც შექმნილია ბაზარზე გასაყიდად,
ხოლო ბაზარი განისაზღვრება, როგორც მყიდველსა და გამყიდველს შორის კონტაქტი. შესაბამისად,
იგულისხმება რომ ინდუსტრიის ყველა ელემენტი შეიქმნა გასაყიდად, რადგან მხოლოდ და მხოლოდ
ამ შემთხვევაში დაემორჩილება იგი მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმს, რომელიც კავშირშია ფასთან.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ბაზარი ინდუსტრიის ყველა ელემენტისათვის, ამ
ბაზარზე აღნიშნული ელემენტების ორგანიზება უნდა ხდებოდეს მოთხოვნა-მიწოდების პრინციპების
მიხედვით და ყველა ელემენტს უნდა ქონდეს ფასი, რომელიც განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდებით.
ასეთი სახის ბაზრები - ისინი უამრავი სახის არსებობს - კავშირშია ერთმანეთთან და ქმნიან ერთ დიდ
ბაზარს.

ყველაზე მთავარი საკითხი აქ არის ის რომ მიწა, შრომა და ფული ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი
შემადგენელი ნაწილებია და გამოდის მათი ორგანიზებაც უნდა მოხდეს ბაზრის საფუძველზე.
რეალურად, სწორედ მათი ბაზარი ქმნის ეკონომიკური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს.
თუმცა ცხადია, რომ შრომა, მიწა და ფული აშკარად არ წარმოადგენენ საქონელს. პოსტულატი იმის
შესახებ, რომ ყველაფერი რაც იყიდება და რისი შეძენაც ხდება შეიქმნა გასაყიდად ნამდვილად არ
მიესადაგება ამ სამ საგანს. შესაბამისად, საქონლის ემპირიული განსაზღვრების მიხედვით თუ
ვიმსჯელებთ ისინი არ წარმოდგენენ საქონელს. შრომა ადამიანის საქმიანობის აღმნიშვნელი ტერმინია,
რომელიც მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. იგი არ შექმნილა გაყიდვის მიზნით, არამედ
სრულიად სხვა მიზეზების გამო. ამ საქმიანობის განცალკევება ან მობილიზება ადამიანის
ცხოვრებისგან შეუძლებელია. მიწა ბუნების აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც ადამიანის მიერ არაა
შექმნილი. რაც შეეხება ფულს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მსყიდველობითი უნარის ნიშანია, რომელიც,
როგორც წესი, კი არ იწარმოება, არამედ მისი შექმნა ხდება საბანკო ან სახელმწიფო საფინანსო
მექანიზმების საშუალებით. შესაბამისად, არცერთის შექმნა არ ხდება მათი გაყიდვის მიზნით: შრომა,
მიწა და ფული ფიქციური (გამოგონილი) საქონელია.

აღნიშნულის მიუხედავად, შრომის, მიწისა და ფულის ბაზარი სწორედ ამ ფიქციას ეფუძნება. მათი
გაყიდვა და შეძენა მართლაც ხდება ბაზარზე და ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც მათი ბაზრების
შექმნას შეუშლის ხელს თავისთავად საფრთხეში ჩააგდებს თვითრეგულირებადი ბაზრის
ფუნქციონირებას. ფიქციური საქონლის იდეა ორგანიზების განსაკუთრებულ პრინციპს ახვევს თავს
საზოგადოებას, კერძოდ იმას რომ არავითარი მოქმედება ან გარიგება არ უნდა იქნას დაშვებული,
რომელიც საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. მაგრამ, როცა საქმე შრომას, მიწასა
და ფულს ეხება მსგავსი სახის პრინციპი ვერ იქნება გატარებული. დავრთოთ ნება ბაზარს იყოს
ადამიანების ცხოვრებისა და მათი ბუნებრივი გარემოს, ასევე მსყიდველობითი უნარის (ფულის)
ზომისა და გამოყენების ერთადერთი მაკონტროლირებელი ნიშნავს რომ საზოგადოება განადგურდება.
ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ შეუძლებელია “შრომას” როგორც საქონელს უდიერად ან
დისკრიმინაციულად მოეპყრო, ან დატოვო გამოუყენებელი, ისე რომ ამავდროულად არ დააზიანო ის
ადამიანი, ვინც აღნიშნული “საქონლის” მატარებელია (მფლობელია). ადამიანის “შრომითი
ძალაუფლების” განკარგვის შედეგად სისტემა ამავდროულად განკარგავს (ბატონობს) იმ ფიზიკურ,
ფსიქოლოგიურ და მორალურ ერთობაზე რასაც “ადამიანის” ქვია. კულტურული ინსტიტუტების
მფარველობისგან განძარცვული ადამიანები განადგურდებიან მსგავსი სოცილური დაუცველობის
პირობებში. ამავე დროს, ბუნება დაიშლება მის შემადგენელ ელემენტებად, სამეზობლოები და
ლანდშაფტები დაზიანდება, მდინარეები მოიწამლება, საკვებისა და ნედლეულის წარმოების
შესაძლებლობა განადგურდება. და ბოლოს, მსყიდველობითი უნარის (ფულის) ბაზრის მიერ მართვა
პერიოდულად მოახდენს ბიზნესის ლიკვიდირებას, რადგანაც ფულის ნაკლები ან ზედმეტი მიწოდება
ისეთივე კატასტროფა იქნება ბიზნესისათვის, როგორც გვალვა ან წყალდიდობა პრიმიტიულ
საზოგადოებებში. ეჭვს გარეშეა ის ფაქტი, რომ მიწის, შრომისა და ფულის ბაზარი უმნიშვნელოვანესია
საბაზრო ეკონომიკაში. მაგრამ ვერცერთ საზოგადოება ვერ გაუძლებდა მსგავს ფიქციურ სისტემას, რომ
არა მისი ადამიანური და ბუნებრივი გარემოს, ასევე ბიზნეს ორგანიზაციების დაცულობა აღნიშნული
სატანური წისქვილის წინაშე.

საბაზრო ეკონომიკის ხელოვნურობა ასევე ეფუძნება იმ ფაქტს, რომ წარმოების პროცესი


ორგანიზებულია ყიდვა-გაყიდვის მეშვეობით. კომერციულ საზოგადოებაში პროდუქციის
ორგანიზების სხვა ფორმა ვერ იარსებებს. შუა საუკუნეებში კომერსანტი (ვაჭარი) მთლიანად განაგებდა
წარმოების პროცესს, მან იცოდა როგორი იყო მოთხოვნა და ამავდროულად იგი წარმოადგენდა
ნედლეულის ძირითად მიმწოდებელს ე.წ. კოტეჯის მეწარმეებისათვის.2 ჩავარდნა ნედლეულის
მიწოდებაში დიდ რისკს არ უქმნიდა ვაჭარს, არამედ თავად მეკოტეჯეს, რომელსაც მუშაობა
უჩერდებოდა. ის ვინც ყიდიდა და იძენდა ამავდროულად იწვევდა პროდუქციის საჭიროებას - არ
არსებობდა სხვა რაიმე მოტივი საქონლის წარმოებისათვის. პროდუქტის შექმნა (წარმოება) არ
გამოხატავდა ურთიერთდახმარების სურვილს, ან შემქმნელის მიერ შექმნილი პროდუქტის აღიარების
სურვილს ან საჯარო შექების მოტივს - ერთადერთი მოტივი მოგების ნახვა იყო, რომელიც ასეთი
ნაცნობი მოტივია ადამიანისათვის, ვისი პროფესიაც ყიდვა-გაყიდვაა. 18-ე საუკუნემდე
ინდუსტრიული წარმოება მხოლოდ კომერციის აქსესუარს (დანამატს) წარმოადგენდა.

მანამ სანამ მანქანა (სამუშაო იარაღი) არ წარმოადგენდა ძვირ და სპეციფიურ იარაღს ამ სისტემას
ცვლილება არ ემუქრებოდა. მანქანების საშუალებით შეიძლებოდა უფრო მეტი პროდუქტის წარმოება
უფრო მეტ დროში, რაც მოგების გაზრდის შესაძლებლობა იყო. თუმცა ეს ფაქტი თავისთავად არ
ცვლიდა წარმოების ორგანიზების სახეს. ის თუ ვის ეკუთვნოდა ეს იაფი მანქანა (იარაღები) გარკვეულ
სოციალურ განსხვავებას იძლეოდა მუშასა და ვაჭარს შორის. იარაღების ფლობას, რა თქმა უნდა, დიდი
ზეგავლენა ქონდა მუშის შემოსავალზე, რადგანაც მისი შემოსავალი ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი
იყო. მაგრამ აღნიშნული ფაქტი არ აიძულებდა ვაჭარს გამხდარიყო ინდუსტრიული კაპიტალისტი ან
თავი შეეკავებინა სამუშაო იარაღის მფლობელი ადამიანებისათვის ფულის სესხებაში. მექანიზაცია,
როგორც ასეთი, არ იყო ცვლილების მთავარი ფაქტორი, მანამ სანამ ფრიად სპეციალიზებული
მანქანებისა და საწარმოების გაჩენამ არ მიგვიყვანა ქარხნების აღმოცენებამდე. აღნიშნულის შედეგად,
ინდუსტრიული წარმოება აღარ იყო კომერციის (ვაჭრობის) უბრალო დანამატი, ახლა ის უკვე უფრო
გრძელვადიან ინვესტიციას წარმოადგენდა შესაბამისი რისკებით. ამდენად, თუკი წარმოების ზრდა არ
იყო უზრუნველყოფილი, მსგავსი რისკი აუტანელი ხდებოდა.

რაც უფრო რთულდებოდა პროდუქციის სისტემა, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა


პროდუქციის ელემენტები, რომელთა მოწოდებაც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამათგან სამი:
შრომა, მიწა და ფული, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. კომერციულ
საზოგადოებაში მათი მოწოდების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა ის იყო რომ ისინი მზად უნდა

2 ადამიანები, რომლებიც სახლის პირობებში ეწეოდნენ საქონლის მანუფაქტურის სხვადასხვა ეტაპს


(მინი-წარმოება ქონდათ) (მთარგმნელის შენიშვნა).
ყოფილიყვნენ გასაყიდად. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიის აღნიშნულ ელემენტებზე საბაზრო
პრინციპის გავრცელება, ქარხნების სისტემის შემოღების აუცილებელი შედეგი იყო. შესაბამისად,
შრომა, მიწა და ფული გადაიქცა საქონლად, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იყო წარმოების
უწყვეტობის შენარჩუნება. თუმცა, მათი სრული გარდაქმნა საქონლად, მაინც არ იყო შესაძლებელი,
რადგან ისინი არ იყვნენ შექმნილი გასაყიდად. მაგრამ ტყუილი იმის შესახებ რომ ისინი სწორედ
ასეთად იყვნენ შექმნილნი გადაიქცა საზოგადოების ორგანიზების ახალ პრინციპად. აღნიშნული
სამისგან გამოირჩევა ერთი - შრომა, რომელიც ტექნიკური სინონიმია ისეთი “ადამიანის”, რომელიც
არა დამსაქმებელია არამედ დასაქმებული სხვის მიერ. აქედან გამომდინარე, შრომის ორგანიზება
შეიცვლება საბაზრო სისტემის ცვლილების პარალელურად. მაგრამ, იმდენად რამდენადაც შრომის
ორგანიზება ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების ამსახველი ტერმინია, ეს ნიშნავს რომ საბაზრო
სისტემის განვითარებას მოყვება მთლიანად საზოგადოების ცვლილება. საზოგადოება იქცევა
ეკონომიკური სისტემის დანამატად (აქსესუარად).

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ სოციალური კატასტროფა ინგლისში რაც მოყვა ინდუსტრიულ


რევოლუციას. გაუმჯობესება, როგორც ვთქვით, სოციალური დისლოკაციის ფასად მოდის. მაგრამ
როდესაც დისლოკაცია ძალიან ძლიერია ადამიანები წინააღმდეგობას წყვეტენ. სპონტანური
პროგრესის ბრმა რწმენამ ბევრს ფანატიკურად უბიძგა უსაზღვრო და დაურეგულირებელი
ცვლილებებისაკენ საზოგადოებაში. რომ არა საწინააღმდეგო მოძრაობები საზოგადოება
განადგურდებოდა ამ თვითდესტრუქციული მექანიზმის მეშვეობით.

19-ე საუკუნის სოციალური ისტორია ეს იყო ორმაგი მოძრაობის შედეგი: ერთის მხრივ ბაზარი
გაფართოვდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და წარმოებული საქონელი გაიზარდა დაუჯერებელი
მასშტაბით, მაგრამ მეორეს მხრივ, შეიქმნა ინსტიტუტები, რომლებიც ბაზრის მოქმედებას
აკონტროლებენ შრომას, მიწასა და ფულთან მიმართებაში.

You might also like