Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 528

სტიგ ლარსონი

გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე


დაანგრია

ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

პირველი ნაწილი. ინტერმეცო დერეფანში


8/IV – 12/IV
ამერიკის სამოქალაქო ომში დაახლოებით ექვსასი კაცად გადაცმული ქალი
იბრძოდა. საკვირველია, რომ ისტორიის ეს მონაკვეთი ჰოლივუდს გამორჩა – იქნებ
ეს ისტორიული მოვლენა იდეოლოგიურად მეტისმეტად რთული
დასამუშავებელია? ისტორიკოსებს ყოველთვის უჭირდათ ისეთი ქალების აღწერა,
რომლებიც სქესობრივი განსხვავების საზღვრებს არღვევდნენ. ყველაზე ნათლად ეს
განსხვავება სამხედრო დაპირისპირებებში ჩანს (დღესაც კი შვედეთში ქალის
ცხენირემზე ნადირობა დიდი მითქმა-მოთქმის საბაბი შეიძლება გახდეს).
თუმცა, ანტიკური ხანიდან დღემდე მრავალმა მითმა თუ ლეგენდამ მოაღწია
მებრძოლ ქალებზე, ამორძალებზე. ისტორიულ წიგნებში მათ მეომრების,
მმართველებისა და წინამძღოლების სახელი დაიმკვიდრეს. ეს ქალებიც
ჩერჩილივით, სტალინივით და რუზველტივით მსოფლიო მასშტაბის
გადაწყვეტილებებს იღებდნენ: სემირამიდა ნინევიელი, რომელმაც ასურეთის
იმპერია შექმნა, და დედოფალი ბუდიკა, რომელმაც ოკუპანტი რომაელების
წინააღმდეგ ბრიტანელები ააჯანყა, მრავალთაგან მხოლოდ ორი მაგალითია.
ბუდიკას ქანდაკება „ბიგ ბენის“ პირდაპირ, ვესტმინსტერის ხიდთან, თემზის
ნაპირას დგას. თუ ახლომახლო მოხვდებით, მისი მონახულება არ დაგავიწყდეთ.
მეორე მხრივ, ისტორია ძალიან თავშეკავებულია იმ მდაბიო ქალების მიმართ,
რომლებიც უბრალო ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ ომში. არადა, იშვიათია
ისეთი ომი, რომელშიც ქალს არ მიუღია მონაწილეობა.

თავი I
პარასკევი, 8/IV
ექიმი იუნასონი ვერტმფრენის დაშვებამდე ხუთი წუთით ადრე ექთანმა გააღვიძა.
ღამის ორის ნახევარი იყო.
– რა ხდება? – იკითხა დაბნეულმა ექიმმა.
– მაშველების ვერტმფრენს ორი პაციენტი მოჰყავს: ხნიერი კაცი და ახალგაზრდა
ქალი. ქალს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს.
– გასაგებია, – დაღლილი ხმით უპასუხა იუნასონმა.
სულ ნახევარ საათს ეძინა, მაგრამ ისეთი გაბრუებული იყო, თითქოს ღრმა ძილიდან
გამოაღვიძეს. გეტებორგის სოლგრენსკას საავადმყოფოში, ღამის ცვლაში მუშაობდა.
ღამის პირველის ნახევრისთვის ავადმყოფთა ნაკადი შემცირდა. ექიმმა პაციენტების
ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთი შემოვლით შეამოწმა და
მედპერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა, იქნებ ცოტა ხნით დასვენება
მოვახერხოო. იუნასონი დილის 6:00 საათამდე მორიგეობდა და თუნდაც ახალი
პაციენტები არ შემოეყვანათ, დაძინების საშუალება იშვიათად ეძლეოდა ხოლმე.
ოთახში შუქის ჩაქრობისთანავე ჩაეძინა.
როცა გაეღვიძა, ფანჯარაში გაიხედა. ზღვის თავზე გაიელვა და უეცარი თავსხმა
წამოვიდა. ვერტმფრენმა დროზე მოასწრო. გეტებორგში გაავდრდა.
კოკისპირულ წვიმაში მოედანზე ასაფრენად გამზადებული ვერტმფრენის ხმა
მოესმა. წამით სუნთქვა შეეკრა, რადგან პილოტს საფრენი აპარატის დამორჩილება
გაუჭირდა. მერე ვერტმფრენი თვალს მიეფარა და მისი ძრავის ხმა თანდათან
მინელდა. ექიმმა სასწრაფოდ მოხვრიპა ჩაი და ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას მიმღებში შეეგება. იუნასონის კოლეგა მორიგე
ექიმი პირველი საკაცით შემოგორებულ თავშეხვეულ ხნიერ მამაკაცს გაჰყვა,
რომელსაც სახეზე სერიოზული ჭრილობა ჰქონდა; იუნასონი კი ცეცხლსასროლი
იარაღით დაჭრილ ქალთან დარჩა. ერთიანად სისხლში მოსვრილი, ჭუჭყიანი ქალი
გარეგნულად თინეიჯერს ჰგავდა. იუნასონმა საბანი აუწია და ტანზე დახედა.
ვიღაცას ჭკუა ეხმარა და თეძოსა და მხარზე სანტექნიკური სკოჩი დაეკრა, რათა
ჭრილობები ინფექციისგან დაეცვა და სისხლდენა შეეჩერებინა. ერთი ტყვია თეძოში
მოხვედროდა და კუნთოვანი ქსოვილი გაეგლიჯა. იუნასონმა ფრთხილად ააწევინა
დაჭრილს მხარი და ზურგზე შემავალი ჭრილობა დაათვალიერა. გამავალი ჭრილობა
არსად ჩანდა: ტყვია მხარში იყო ჩარჩენილი. ექიმმა შიშით გაიფიქრა, ვაითუ
ფილტვი გაუხვრიტაო, მაგრამ ქალის პირში სისხლი რომ ვერ დაინახა, დამშვიდდა,
ალბათ შევცდიო.
– რენტგენი, – მოკლედ უთხრა ექთანს. ზედმეტი ახსნა-განმარტება არც
დასჭირვებია.
მერე გოგონას თავზე შემოხვეული დოლბანდი გახია და კიდევ ერთი შემავალი
ჭრილობის დანახვაზე გაოგნებული გაშეშდა – გოგონასთვის თავშიც ესროლათ და
ტყვია შიგ იყო ჩარჩენილი. ამან ექიმი იუნასონი შეაშფოთა.
მასთან ყოველდღე მიდიოდა უამრავი ადამიანი ერთადერთი მიზნით – მიეღო
დახმარება.
ის იმ მეკარესავით იყო, რომელიც პაციენტებსა და დამკრძალავ ბიუროს შორის
დგას. მას გადაწყვეტილების მიღება ევალებოდა. შეცდომა რომ დაეშვა, შეიძლება
პაციენტი მომკვდარიყო ან სამუდამოდ დახეიბრებულიყო. თუმცა, მეტწილად
უშეცდომოდ მოქმედებდა. დანით ფილტვებში დაჭრილის ან ავტოავარიაში
დამტვრეულის გადარჩენა ტრავმის სიმძიმესა და იუნასონის ოსტატობაზე იყო
დამოკიდებული.
მხოლოდ ორი სახის ტრავმა სძულდა – სერიოზული დამწვრობა, რადგან რაც უნდა
ეღონა, უმრავლეს შემთხვევაში დამწვრობა სიცოცხლის ბოლომდე სტანჯავდა
პაციენტს, და ტვინის ტრავმა.
საკაცეზე მწოლიარე გოგონას თეძოში ან მხარში ჩარჩენილი ტყვია არ მოკლავდა,
მაგრამ ტვინში ჩარჩენილი ტყვია კი მართლაც სერიოზული პრობლემა იყო.
იუნასონი უეცრად გამოერკვა. ექთანი რაღაცას ეუბნებოდა.
– ბოდიში. არ გისმენდით.
– ის არის.
– ვერ მიგიხვდით...
– ეს ლიზბეთ სალანდერია – გოგონა, რომელსაც სტოკჰოლმში სამმაგი
მკვლელობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა, დაეძებენ.
იუნასონმა უფრო ყურადღებით შეათვალიერა უგონოდ მყოფი პაციენტის სახე.
ექთანი სიმართლეს ამბობდა. იუნასონთან ერთად მთელმა შვედეთმა ნახა საგაზეთო
ჯიხურების ვიტრინებში გამოკრული ლიზბეთ სალანდერის საპასპორტო ფოტო. და,
აი, მკვლელს თვითონ ესროლეს ტყვია – მხატვრულად რომ ითქვას, სამართალმა
პური ჭამა.
თუმცა, იუნასონს ნებისმიერი პაციენტის გადარჩენა ევალებოდა, განურჩევლად
იმისა, სამმაგი მკვლელი იყო ის თუ ნობელის პრემიის ლაურეატი. ან ორივე ერთად.
შემდეგ ყველა ტრავმატოლოგიური განყოფილებისთვის დამახასიათებელი
პროდუქტიული ქაოსი ატყდა. იუნასონთან ერთად სხვა მორიგეებიც შეუდგნენ
საქმეს. სალანდერს ტანსაცმელი შემოახიეს. ექთანმა წნევა გაუზომა – 100/70 – ხოლო
ექიმმა ფონენდოსკოპი დაადო მკერდზე და გულისცემას მიუგდო ყური. მეტად
გასაოცრად, გულისცემა თანაბარი იყო, თუმცა, პაციენტს სუნთქვა საკმაოდ უჭირდა.
იუნასონმა სალანდერის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა. ჭრილობები მის
მხარსა და თეძოზე მოიცდიდა, ზედ კომპრესს დაადებდნენ; თუ არადა, ის სკოჩიც
კმაროდა, ვიღაც მახვილგონიერმა რომ დააწება. უმთავრესი მისი თავი იყო.
იუნასონმა გოგონასათვის ტომოგრაფიის გაკეთება ბრძანა იმ გაუმჯობესებული და
უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერით, რომელიც საავადმყოფომ სულ
ცოტა ხნის წინ შეიძინა.
ხანდახან იუნასონი მედიცინას არატრადიციული კუთხით უყურებდა. მიაჩნდა, რომ
ექიმები ხშირად დაუსაბუთებელ დასკვნებს აკეთებენ; ასე ვთქვათ, ადვილად
ნებდებიან. ხანაც მეტისმეტად დიდ დროს უთმობენ პაციენტის გამოკვლევას სწორი
დიაგნოზის დასასმელად. რასაკვირველია, გამოკვლევას დრო სჭირდება, მაგრამ
ზოგჯერ, სანამ ექიმი ფიქრობს, პაციენტი კვდება.
იუნასონს ჯერ არასდროს ჰყოლოდა თავში დაჭრილი პაციენტი. სალანდერს,
სავარაუდოდ, ტვინის ოპერაცია დასჭირდებოდა. ნეიროქირურგიული ოპერაციის
გასაკეთებლად იუნასონს საკმარისი თეორიული ცოდნა გააჩნდა, თუმცა თავს
ნეიროქირურგად არ მიიჩნევდა. გაიფიქრა, ამ საქმისთვის მე შეუფერებელი ვარო,
მაგრამ მერე დაამატა, შეიძლება იმაზე მეტად გამიღიმოს ბედმა, ვიდრე
ვიმსახურებო, და სანამ ხელს იბანდა და საოპერაციო ხალათს იცვამდა, ექთანი იხმო:
– სტოკჰოლმის კაროლინსკას საავადმყოფოში ამერიკელი, ბოსტონელი პროფესორი
მუშაობს. ამაღამ გეტებორგშია, სასტუმრო Elite Park Avenue-ში. ნეიროქირურგიაზე
წაიკითხა ლექცია. ჩემი მეგობარია. იქნებ მისი ტელეფონის ნომერი დამიდგინოთ.
სანამ იუნასონი რენტგენის სურათებს ელოდა, ექთანმა Elite Park Avenue-ს
ტელეფონის ნომერი დაუდგინა. სასტუმროს ღამის პორტიე სტუმრის გაღვიძებაზე
უარს ამბობდა, სანამ იუნასონმა რაც შეიძლებოდა მძაფრად არ დაუხატა
კრიტიკული სიტუაცია.
როგორც იქნა, დააკავშირეს პროფესორთან.
– გამარჯობა, ფრენკ. ანდერსი ვარ. „სოლგრენსკაში“ ხომ არ მოხვიდოდი, ტვინის
ოპერაციის გაკეთებაში რომ დამეხმარო?
– Are you bullshiting me?[1] – წარმოშობით ამერიკელი ექიმი ფრენკ ელისი, უკვე
მრავალი წელი იყო, შვედეთში ცხოვრობდა და შვედურად თავისუფლად
ლაპარაკობდა – ოღონდ ამერიკული აქცენტით – თუმცა როცა იუნასონი შვედურად
ელაპარაკებოდა, ელისი ყოველთვის მშობლიურ ენაზე პასუხობდა.
– დაახლოებით ოცდახუთი წლის ახალგაზრდა ქალია. ტყვია თავშია ჩარჩენილი.
– და მაინც ცოცხალია?
– პულსი სუსტია, მაგრამ თანაბარი; სუნთქვა გახშირებულია; სისხლის წნევა 100/70.
მხარსა და თეძოში ტყვიითაა დაჭრილი, თუმცა ამ ორ ჭრილობას თვითონაც
გავუმკლავდები.
– იმედის მომცემად ჟღერს.
– იმედის მომცემად?!
– თუ ტყვია თავში აქვს ჩარჩენილი და მაინც ცოცხალია, ეს იმედის მომცემად ჟღერს.
– გასაგებია... ფრენკ, შეგიძლია დამეხმარო?
– ანდერს, საღამო მეგობრებთან გავატარე. ღამის პირველ საათზე დავწექი და
ალკოჰოლით ვარ გაჟღენთილი.
– ოპერაციას თვითონ გავაკეთებ. უბრალოდ, მინდა, რომ ვინმემ შემაჩეროს, თუ რამე
სულელურს დავაპირებ. როცა საქმე ტვინის ოპერაციას ეხება, თვით გალეშილი
პროფესორი ფრენკ ელისიც კი ჩემზე რამდენიმე საფეხურით მაღლა დგას.
– კარგი, მოვალ. მაგრამ იცოდე, ჩემYთან ვალში იქნები.
– ტაქსის გამოვიძახებ და სანამ ვესტიბიულში ჩახვალ, უკვე კართან დაგხვდება,
საავადმყოფოში კი ოპერაციისთვის ექთანი მოგამზადებს.
– წლების წინ ბოსტონში პაციენტი მყავდა – იმ შემთხვევის შესახებ New England
Journal of Medicine-შიც დავწერე. ამ შენი პაციენტისხელა გოგონა იყო.
უნივერსიტეტში მიდიოდა, როცა ვიღაცამ არბალეტიდან ესროლა. ისარი მარცხენა
წარბს ზემოთ მოხვდა და მისი წვერი კეფიდან გამოვიდა.
– მერედა, გადარჩა?
– საავადმყოფოში რომ მოიყვანეს, ამქვეყნიურს აღარ ჰგავდა. ისარი გადავჭერით და
კომპიუტერული ტომოგრაფია გავუკეთეთ. ისარს პირდაპირ ტვინში გაევლო.
ყველანაირი ლოგიკით, ან უნდა მომკვდარიყო, ან კომაში ჩავარდნილიყო.
– რა მდგომარეობაში იმყოფებოდა?
– გონება წამითაც არ დაუკარგავს და, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ შოკში
იყო, საღად აზროვნებდა.
– და რა მოიმოქმედე?
– ბევრი არაფერი. პინცეტით ისარი ამოვაძრე და ჭრილობა შევუხვიე.
– გოგო გადარჩა?
– ერთი შეხედვით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, მაგრამ თავისუფლად
შეგვეძლო იმ დღესვე გაგვეწერა სახლში. ასეთი ჯანმრთელი პაციენტი არასდროს
მყოლია.
ანდერს იუნასონი დაეჭვდა, ელისი ხომ არ აზვიადებსო.
– მეორე მხრივ, – განაგრძო ელისმა, – სტოკჰოლმში ორმოცდაორი წლის პაციენტი
მყავდა, რომელმაც თავი ფანჯრის რაფას ჩამოარტყა. საავადმყოფოში სასწრაფო
დახმარების მანქანით მოიყვანეს. მე უგონო მდგომარეობაში დამხვდა. პატარა კოპი
ჰქონდა და მსუბუქი დაჟეჟილობა. გონს აღარ მოსულა და ცხრა დღის შემდეგ
რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა. დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, რამ
მოკლა. გაკვეთის ოქმში სიკვდილის მიზეზად უბედური შემთხვევის შედეგად
ტვინში სისხლჩაქცევა ჩავწერეთ, მაგრამ ამ ახსნამ ვერავინ დაგვაკმაყოფილა.
სისხლჩაქცევა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ, წესით, არანაირი ზიანი არ უნდა
მიეყენებინა პაციენტისთვის. თუმცა, ღვიძლმა, თირკმლებმა, გულმა და ფილტვებმა
ერთიმეორის მიყოლებით უმტყუნა. რაც უფრო ხანში შევდივარ, მით უფრო ხშირად
ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რულეტის თამაშს ჰგავს. ბოლომდე ვერასდროს
გავიგებთ, როგორ ფუნქციონირებს ტვინი, – ელისმა რენტგენის სურათზე კალმის
წვერით დააკაკუნა, – შენ რის გაკეთებას აპირებ?
– მეგონა, ამას შენ მეტყოდი.
– ჯერ შენი დიაგნოზი მოვისმინოთ.
– უპირველეს ყოვლისა, ჩანს, რომ ტყვია მცირე კალიბრისაა. საფეთქლიდან შევიდა
და ტვინში ოთხი სანტიმეტრის სიღრმეზე, გვერდითა პარკუჭთან გაიჩხირა. იქ
სისხლდენა მიმდინარეობს.
– რას მოიმოქმედებ?
– შენი ტერმინოლოგიით რომ ვთქვა, რას და, პინცეტის მეშვეობით ტყვიას იმავე
გზით ამოვიღებ ტვინიდან, რომლითაც შევიდა.
– ბრწყინვალე იდეაა. ყველაზე წვრილ პინცეტს გამოვიყენებდი, როგორიც ამ
საავადმყოფოში მოგეძევებათ.
– და მორჩა?
– ამ შემთხვევაში სხვა რა შეგვიძლია? შეგვიძლია, ტყვია თავში ჩავუტოვოთ და ამ
გოგომ ას წლამდე იცოცხლოს. თუმცა, სარისკოა. შესაძლოა, ეპილეფსია, შაკიკი და
სხვა დაავადებები განუვითარდეს. არ გირჩევ თავის ქალის გაბურღვას ან ოპერაციის
ერთი წლის შემდეგ გაკეთებას, როცა ჭრილობა უკვე შეხორცებული იქნება. ტყვია
მნიშვნელოვან სისხლძარღვებს ასცდა. გირჩევ, ტყვია ამოიღო, მაგრამ...
– რა მაგრამ?
– ტყვია იმდენად არ მაღელვებს. გოგომ ამდენს გაუძლო და იმედია, ტყვიის
ამოღებასაც გადაიტანს. ნამდვილი პრობლემა ესაა, – პროფესორმა ელისმა
რენტგენის სურათზე მიუთითა, – შემავალ ჭრილობასთან ძვლის ნამსხვრევებია
მიმოფანტული. სულ ცოტა, ათ ცალ ორმილიმეტრიან ნამსხვრევს მაინც ვხედავ.
ზოგიერთი ტვინის ქსოვილშია ჩარჭობილი. თუ ფრთხილად არ იმოქმედებ, ამ
ნამსხვრევებმა შეიძლება პაცინეტი მოკლას.
– ტვინის ეგ ნაწილი რიცხვებსა და მათემატიკურ უნარებზე არაა პასუხისმგებელი? –
ჰკითხა იუნასონმა.
– მამბო ჯამბო, – მხრები აიჩეჩა ელისმა, – აზრზე არ ვარ, ამ რუხ უჯრედებს რა
დანიშნულება აქვს. შენ მხოლოდ ის შეგიძლია, რომ ოპერაცია გააკეთო. მე აქვე
ვიქნები და თვალს გადევნებ.
მიქაელ ბლუმკვისტმა კედლის საათს შეხედა. უკვე ოთხი საათი დაწყებულიყო.
ხელშეკრული, თავს უხერხულად გრძნობდა. წუთით თვალები დახუჭა. ძალა
სრულიად გამოლეოდა, მაგრამ ადრენალინის მოზღვავება ჩაძინების საშუალებას არ
აძლევდა. თვალები გაახილა და პოლიციელს შეუბღვირა. ინსპექტორი თომას
პოლსონი გაოგნებული ჩანდა. ნოსებროსთან ახლოს, გოსებერგაში, ერთ-ერთი
თეთრი სახლის სამზარეულოში ისხდნენ. ბლუმკვისტმა ამ ადგილის არსებობაზე
პირველად სულ თორმეტი საათის წინ შეიტყო.
ცხადად ჩანდა, რომ რაღაც საშინელება მოხდა.
– იდიოტო, – თქვა ბლუმკვისტმა.
– ეი, ცოტა წესიერად...
– იდიოტო, – გაიმეორა ბლუმკვისტმა, – ჯანდაბა! ხომ გაგაფრთხილე, საშიშია-
მეთქი. გითხარი, ხელყუმბარასავით უფრთხილდი, შიშველი ხელით სულ ცოტა,
სამი კაცი ჰყავს მოკლული და ტანკივით მტკიცეა-მეთქი. შენ კიდევ სოფლის ორი
პოლიციელი გაგზავნე მის დასაჭერად, თითქოს ვიღაც უბრალო ლოთი ყოფილიყოს.
ბლუმკვისტმა თვალები ისევ დახუჭა და გაიფიქრა, იმედია, ამაზე უარესი ამაღამ
აღარაფერი მოხდებაო.
მხოლოდ ის მოახერხა, რომ გოგონა ვერტმფრენით გააგზავნინა სოლგრენსკას
საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ზუსტად აუხსნა, რომ სალანდერი
ორგან იყო დაჭრილი; რომ თავში ტყვია ჰქონდა ჩარჩენილი. რომელიღაც
გონებაგახსნილი სანიტარი დაარწმუნა, რომ დაზარალებულს აქ ვერ უშველიდნენ.
თუმცა, სევედან გოსებერგაში ვერტმფრენმა მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ
ჩამოაღწია. ბლუმკვისტმა თავლიდან ორი მანქანა ეზოში გამოაყვანინა და
შორსმაშუქები აანთებინა, რომ ვერტმფრენი დამჯდარიყო.
ვერტმფრენის ეკიპაჟი და ორი სანიტარი პროფესიონალურად მოქმედებდნენ. ერთი
სანიტარი სალანდერზე ზრუნავდა, მეორე – ზალაჩენკოზე, რომელსაც
ადგილობრივები კარლ აქსელ ბოდინის სახელით იცნობდნენ. ზალაჩენკო
სალანდერის მამა და მისი მოსისხლე მტერი იყო. მან ქალიშვილის მოკვლა სცადა,
მაგრამ ხელი მოეცარა. ბლუმკვისტმა ზალაჩენკო შეშის ფარდულში ნაჯახით
სახედასერილი და ფეხდაჩეხილი იპოვა, თუმცა მისი დახმარებით თავი არ
შეუწუხებია.
სანამ ვერტმფრენს ელოდა, რითაც შეეძლო, ეხმარებოდა სალანდერს. კარადის
უჯრიდან სუფთა ზეწარი გამოიღო და ნაჭრებად დახია, რომ სახვევად
გამოეყენებინა. საფეთქელზე შემავალ ჭრილობაზე სისხლი შედედებულიყო და
შეყოყმანდა, შევუხვიო თუ არაო. ბოლოს, მსუბუქად შემოახვია თავზე თეთრი
ნაჭერი, იმედია, ინფექციის შეჭრისგან მაინც დაიცავსო. თეძოს და მხრის
ჭრილობებიდან სისხლდენის შესაჩერებლად კი მარტივ გზას მიაგნო: სახლში
სანტექნიკური სკოჩი იპოვა და ჭრილობებზე ის დააწება. ბოლოს სველი
პირსახოცით მოსწმინდა სახე და შეძლებისდაგვარად ტალახი მოაშორა.
ფარდულში მიგდებულ ზალაჩენკოსთან არც კი შესულა. მისი ბედი ოდნავადაც არ
ანაღვლებდა. ჟურნალ „მილენიუმის“ მთავარ რედაქტორ ერიკა ბერგერს დაურეკა
და შექმნილი ვითარება გააცნო.
– კარგად ხარ? – ჰკითხა ბერგერმა.
– მე არა მიშავს, – უპასუხა ბლუმკვისტმა, – ლიზბეთია ძალიან მძიმე
მდგომარეობაში.
– საბრალო გოგონა, – თქვა ბერგერმა, – წეღან ბიორკის „სეპოსთვის“ განკუთვნილი
მოხსენება წავიკითხე. როგორ მოვიქცე?
– ახლა ამაზე ფიქრის თავი არ მაქვს, – უპასუხა ბლუმკვისტმა. მართალია, ეს
მოხსენება სალანდერის გასამართლებლად გამოადგებოდათ, მაგრამ გადაწყვიტა,
უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული საქმე შემდეგი დღისთვის გადაედო.
სანამ ბერგერს ელაპარაკებოდა, დივნის გვერდით, იატაკზე იჯდა და სალანდერს
თვალს არ აშორებდა. თეძოზე ჭრილობის შესახვევად მისთვის შარვალი გაეძრო და
ახლა იატაკზე დაგდებულ შარვალზე ედო ხელი. შარვლის ჯიბეში რაღაც იდო.
მოღუშული დააშტერდა პალმტოპს. მოახლოებული ვერტმფრენის ხმა რომ გაიგონა,
პალმტოპი თავის ქურთუკის ჯიბეში ჩაჩურთა და გოგონას ტანსაცმლის ჯიბეები
ამოუქექა. ჯიბეებში მოსებაკეში მისი ბინის გასაღები და ირენე ნესერის სახელზე
გაცემული პასპორტი იპოვა. ბლუმკვისტმა პასპორტი და გასაღები თავისი
ლეპტოპის ჩანთის გვერდითა ჯიბეში ჩადო.
ვერტმფრენის დაშვებიდან რამდენიმე წუთში ტროლჰეტანიდან პირველი
საპატრულო მანქანა მოვიდა. მას ინსპექტორი პოლსონი მოჰყვა და მეთაურობა
ჩაიბარა. ბლუმკვისტმა მომხდარის შესახებ მოყოლა სცადა, მაგრამ მალევე მიხვდა,
რომ მემწყობრე სერჟანტივით მკაცრი და გაბღენძილი პოლსონი ყურს არ უგდებდა.
სიტუაცია სწორედ პოლსონის გამოჩენის შემდეგ აირ-დაირია.
ინსპექტორს მხოლოდ ის ჩაებეჭდა გონებაში, რომ სამზარეულოში, დივნის წინ
იატაკზე გაწოლილი მძიმედ დაჭრილი გოგო სამმაგი მკვლელობისთვის ძებნილი
ლიზბეთ სალანდერი იყო. მაშინვე დაასკვნა, რომ ის სასწრაფოდ უნდა
დაეპატიმრებინა. გოგონაზე ზრუნვით დაკავებულ ექიმს სამჯერ ჰკითხა, მისი
დანაშაულის ადგილზე დაკავება თუა შესაძლებელიო. თავგაბეზრებული ექიმი
ბოლოს წამოუხტა და უყვირა, ფეხებში ნუ მებლანდებიო.
ამის შემდეგ პოლსონმა ფარდულში მიგდებულ დაჭრილ ბერიკაცზე გადაიტანა
ყურადღება. ბლუმკვისტმა გაიგონა, როგორ გადასცა პოლსონმა რაციით, როგორც
ჩანს, სალანდერმა კიდევ ერთი ადამიანის მოკვლა სცადაო.
ბლუმკვისტი ისე გააცოფა ინსპექტორის უყურადღებობამ, რომ მთელი ხმით
უღრიალა, დაუყოვნებლივ დაურეკეთ ინსპექტორ ბუბლანსკის სტოკჰოლმშიო.
საკუთარი მობილურიც შესთავაზა, ნომერს მე თვითონ აგიკრეფთო, მაგრამ
პოლსონი ვერც ამით დააინტერესა.
შემდეგ ბლუმკვისტმა ორი შეცდომა დაუშვა.
პირველი: მოთმინებით და მტკიცედ აუხსნა, რომ სტოკჰოლმში მკვლელობები
რონალდ ნიდერმანმა ჩაიდინა – ჯავშნიანი რობოტივით ძლიერმა და თანდაყოლილი
ანალგეზიით დაავადებულმა კაცმა, რომელიც ახლა ნოსებროს გზაზე საგზაო ნიშნის
ბოძზე მიბმული ორმოში იჯდა. ბლუმკვისტმა ზუსტად აუხსნა, სად უნდა ეპოვათ
ნიდერმანი, და დაჟინებით სთხოვა, შეიარაღებული ოცეული გაეგზავნა მის
ასაყვანად. როგორც იქნა, პოლსონმა ჰკითხა, ნიდერმანი იმ ორმოში როგორ
აღმოჩნდაო. ბლუმკვისტმა უპასუხა, იქ მე მივაბი, პისტოლეტი მქონდა და
მოკვლით დავემუქრეო.
– ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა! – მაშინვე „დაასკვნა“ ინსპექტორმა
პოლსონმა.
ამ დროისთვის ბლუმკვისტი წესით უკვე უნდა მიმხვდარიყო, რომ პოლსონი
სახიფათოდ სულელი იყო. აჯობებდა, თვითონ დაერეკა ბუბლანსკისთვის და
ეთხოვა, საქმეში ჩარეულიყო, თუმცა, ამის ნაცვლად, ბლუმკვისტმა მეორე შეცდომა
დაუშვა: ქურთუკის ჯიბიდან სალანდერის სტოკჰოლმის ბინაში იმ დღეს ნაპოვნი
„კოლტ 1911 გავერმენტი“ ამოიღო და პოლსონს ჩააბარა. სწორედ ამ იარაღით
დაემუქრა და განაიარაღა გოლიათი რონალდ ნიდერმანი.
შედეგად, პოლსონმა მიქაელ ბლუმკვისტი დააპატიმრა იარაღის უკანონოდ
ტარებისთვის. ნოსებროს გზაზე ნიდერმანის ასაყვანად კი მხოლოდ ორი ოფიცერი
გაგზავნა, დაადგინეთ, ბლუმკვისტი ხომ არ იტყუება და სანიშნე ბოძზე ვინმე თუა
მიბმულიო; ხოლო თუ მართლა აღმოაჩენთ ვინმეს, ხელბორკილი დაადეთ და
გოსებერგაში მოიყვანეთო.
ბლუმკვისტმა გააპროტესტა, ნიდერმანის დაპატიმრება არც ეგრე მარტივია,
ნამდვილი მანიაკი და ცივსისხლიანი მკვლელიაო. პოლსონმა კი არც მისი
პროტესტი შეისმინა. განერვიულებულმა ბლუმკვისტმა საბოლოოდ დაკარგა
მოთმინება და უვიცი იდიოტი უწოდა ინსპექტორს, მერე ოფიცრებს მიუბრუნდა,
სპეცრაზმის გარეშე ნიდერმანისთვის ხელის გახსნა არც იფიქროთო. აყალმაყალი
იმით დასრულდა, რომ თავად ბლუმკვისტს დაადეს ხელბორკილი და პოლსონის
მანქანის უკანა სავარძელზე შეაგდეს. ჟურნალისტი ლანძღვა-გინებით ადევნებდა
თვალს, როგორ გაემართა ორი ოფიცერი საპატრულო მანქანით მის მიერ
მითითებულ მისამართზე. ისღა ამშვიდებდა, რომ სალანდერი ვერტმფრენით
გეტებორგში წაიყვანეს. იმედოვნებდა, რომ მასზე სათანადოდ იზრუნებდნენ. სხვა
შემთხვევაში გოგონას სიკვდილი ელოდა.
იუნასონმა თავის ქალა ორგან ღრმად გაჭრა და შემავალი ჭრილობის გარშემო კანი
გადააცალა. ჭრილის დასამაგრებლად დამჭერი გამოიყენა. ამასობაში მედდამ საქაჩი
მილით ზედმეტი სისხლი მოაცილა. შემდეგ უფრო რთული მომენტი დადგა –
იუნასონმა ბურღის მეშვეობით თავის ქალაზე ნახვრეტი გააფართოვა. პროცედურა
გაუსაძლისად ნელა მიმდინარეობდა.
შედეგად, საკმაოდ დიდი ნახვრეტი მიიღო, რომ სალანდერის ტვინს მისწვდომოდა.
უაღრესად ფრთხილად ჩაყო ზონდი შიგ ჭრილობის არხის რამდენიმე მილიმეტრით
გასაფართოებლად, უფრო წვრილი ზონდით კი ტყვიის ზუსტი ადგილმდებარეობა
დაადგინა. რენტგენის სურათზე ჩანდა, რომ ტყვია შემავალი ჭრილობისკენ
ორმოცდახუთი გრადუსით გადახრილი გაიჩხირა. იუნასი ზონდით მიაწვა ტყვიას
და რამდენიმე წარუმატებული მცდელობის შემდეგ მისი გასწორება შეძლო; მერე
დაკბილულპირიანი პინცეტი ტყვიას მაგრად მოუჭირა და თავისკენ მოქაჩა. ტყვია
დაუბრკოლებლად ამოჰყვა. ნათურის შუქზე რამდენიმე წამს ათვალიერა ტყვია,
დარწმუნდა, რომ დაუზიანებელი იყო და ჯამში ჩააგდო.
– გაწმინდეთ! – თქვა და მისი მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულეს.
ელექტროკარდიოგრამაზე პაციენტის გული კვლავ ნორმალურად მუშაობდა.
– პინცეტი!
თავზემოთ დამაგრებული გამადიდებელი შუშა დასწია და ღია ჭრილობას
დააკვირდა.
– ფრთხილად, – უთხრა ელისმა.
მომდევნო ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში იუნასონმა შემავალი ჭრილობიდან
ძვლის ოცდათორმეტი წვრილი ნამსხვრევი ამოიღო. მათ შორის უწვრილესს
შეუიარაღებელი თვალით ვერც დაინახავდი.
სანამ ბლუმკვისტი ქურთუკის გულისჯიბიდან მობილური ტელეფონის ამოღებას
ცდილობდა – რაც ზურგს უკან შეკრული ხელებით შეუძლებელი იყო და არც ის
იცოდა, დარეკვას როგორ მოახერხებდა – გოსებერგას ფერმაში კიდევ რამდენიმე
ავტომანქანა მოვიდა და უფრო მეტი ფორმიანი ოფიცერი და ტექნიკური პერსონალი
მოიყვანა. პოლსონმა მათ ფარდულში საგამოძიებო მტკიცებულებების ამოღება და
სახლის, საიდანაც რამდენიმე პისტოლეტის კონფისკაცია უკვე მოეხდინათ,
გულდასმით გამოკვლევა დაავალა. ბლუმკვისტი მათ მიმოსვლას პოლსონის
მანქანის უკანა სავარძლიდან უხმოდ ადევნებდა თვალს.
ერთი საათი გავიდა, სანამ პოლსონი მიხვდებოდა, რომ ნიდერმანის
დასაპატიმრებლად წასული ოფიცრები არ დაბრუნებულან. მან ბლუმკვისტი
სამზარეულოში შეიყვანა და იმ ადგილის ზუსტად აღწერა მოსთხოვა.
ბლუმკვისტმა თვალები დახუჭა.
ჯერაც სამზარეულოში იჯდა პოლსონთან ერთად, როცა იმ ორი ოფიცრის
მოსაძებნად გაგზავნილმა ჯგუფმა რაციით გადმოსცა, ერთი კისერმოგრეხილი
ვიპოვეთ, მეორე – ცოცხალი, მაგრამ სასტიკად ნაცემიო. ორივე საგზაო ნიშანთან –
„ფრთხილად, გზაზე ცხენირმები გადადიან!“ – აღმოუჩენიათ. არც პოლიციელთა
ტაბელური იარაღი და საპატრულო მანქანა იყო ადგილზე.
ინსპექტორ პოლსონისთვის ყველაფერი შედარებით მარტივად დაიწყო, ახლა კი
მოკლული პოლიციელისა და გაქცეული შეირაღებული მკვლელის საქმესთან
მოუწევდა გამკლავება.
– იდიოტო, – გაიმეორა ბლუმკვისტმა.
– პოლიციელის შეურაცხყოფა არაფერს გიშველით.
– თქვენ შემთხვევაში მართლაც ასეა. მაგრამ თანამდებობრივი დაუდევრობისთვის
გიჩივლებთ და რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ. ქვეყნის ყველა გაზეთი
შვედეთის ყველაზე ყეყეჩ პოლიციელად გამოგაცხადებთ.
საჯარო დაცინვის ობიექტად ქცევის საშიშროებამ ინსპექტორი პოლსონი
სერიოზულად შეაშფოთა.
– რას მთავაზობთ?
– კი არ გთავაზობთ, მოვითხოვ, რომ სტოკჰოლმში ინსპექტორ ბუბლანსკის
დაურეკოთ. ახლავე! გულისჯიბეში მობილური ტელეფონი მიდევს. მისი ნომერი იქ
წერია.
ინსპექტორი მუდიგი საძინებლის მეორე ბოლოში აწკრიალებულმა ტელეფონმა
გააღვიძა. დილის ოთხ საათს სულ რამდენიმე წუთით გადასცდენოდა. მისი ქმარი
ისე მშვიდად ფშვინავდა, ყურის ძირში ყუმბარა რომ აგეფეთქებინათ, მაინც არ
გაიღვიძებდა. მუდიგი ადგა, ტელეფონს დამტენი გამოაძრო და უპასუხა.
„იან ბუბლანსკი, – გაიფიქრა მან, – სხვა ვინ იქნება?“
– ტროლჰეტანში საშინელება დატრიალდა, – მისალმებისა და მობოდიშების გარეშე
უთხრა უფროსმა, – ჩქაროსნული მატარებელი გეტებორგის მიმართულებით ^6:10
საათზე გადის. ტაქსი გამოიძახე.
– რა მოხდა?
– ბლუმკვისტი, რომელმაც სალანდერი, ზალაჩენკო და ნიდერმანი იპოვა, პოლიციის
ოფიცრის შეურაცხყოფის, დაუმორჩილებლობისა და იარაღის უკანონო
ფლობისთვის დააპატიმრეს. თავში დაჭრილი სალანდერი და ნაჯახით თავგაჩეხილი
ზალაჩენკოც სოლგრენსკას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიდერმანი გაიქცა, თან
პოლიციელი მოკლა.
ნამძინარევმა მუდიგმა თვალები რამდენჯერმე დააფახულა. უცებ ყველაზე მეტად
საწოლში დაბრუნება და ერთთვიანი შვებულების აღება მოუნდა.
– ჩქაროსნული მატარებელი. ^ რეისი 6:10 საათზე. გასაგებია. რას დამავალებ?
– ცენტრალურ სადგურში იერკერ ჰოლმბერგს შეხვდები. ტროლჰეტანის პოლიციაში
ინსპექტორ თომას პოლსონს დაუკავშირდებით. როგორც ჩანს, მთელი ეს არეულობა
მაგის კისერზეა. ბლუმკვისტმა უმაღლესი კლასის იდიოტი უწოდა.
– ბლუმკვისტს ელაპარაკე?
– დაპატიმრებულია და ხელბორკილი ადევს, მაგრამ პოლსონი დავარწმუნე, მცირე
ხნით გადაეცა ტელეფონი. ახლა კუნგსჰოლმენისკენ მივდივარ და ვეცდები,
გავარკვიო, რა ხდება. გზადაგზა მობილურით დაგიკავშირდები.
მუდიგმა კიდევ ერთხელ შეხედა საათს. მერე ტაქსი გამოიძახა და სააბაზანოში
შევიდა შხაპის მისაღებად. კბილები გაიხეხა, თმა დაივარცხნა, გრძელი შავი
შარვალი, შავი მაისური, ნაცრისფერი ჟაკეტი და ტყავის მუქი წითელი ქურთუკი
ჩაიცვა. ტაბელური პისტოლეტი ჩანთაში ჩაიდო და ბოლოს ქმარი გააღვიძა, რომ
ეთქვა, მივდივარ და დილით ბავშვებს შენ მიხედეო.
სადარბაზო კარიდან გავიდა თუ არა, ტაქსიც მოვიდა.
კრიმინალური ინსპექტორი ჰოლმბერგი არც უძებნია. ზუსტად იცოდა, რომ ვაგონ-
რესტორანში იქნებოდა და ასეც მოხდა – ჰოლმბერგს მუდიგისთვისაც ეყიდა ყავა და
სენდვიჩი. ხუთ წუთს უსიტყვოდ საუზმობდნენ. ბოლოს ჰოლმბერგმა ყავის
ფინჯანი განზე გასწია და თქვა:
– მგონი, აჯობებს სხვა სფეროში მოვსინჯო ძალები.
დილის ხუთი საათი იყო დაწყებული, როცა გოსებერგაში გეტებორგის პოლიციის
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების კრიმინალური ინსპექტორი,
მარკუს ერლანდერი გამოცხადდა და ინსპექტორ პოლსონისგან მეთაურობა ჩაიბარა.
ერლანდერი ორმოცდაათს გადაცილებული, ჭაღარა, ტანმორჩილი, მსუქანი კაცი იყო.
მან ბლუმკვისტს მოხსნა ხელბორკილი და ფუნთუშებსა და ყავაზე მიიპატიჟა.
მისაღებ ოთახში სასაუბროდ განმარტოვდნენ.
– ბუბლანსკის ვესაუბრე, – თქვა ერლანდერმა, – მე და ბუბლა, მრავალი წელია,
ერთმანეთს ვიცნობთ. ბოდიშს გიხდით პოლსონის უხეშობისა და სიჯიუტისთვის.
– მის სინდისზე ამაღამ ერთი მკვდარი პოლიციელია, – თქვა ბლუმკვისტმა.
– იმ ოფიცერს პირადად ვიცნობდი, – შენიშნა ერლანდერმა, – სანამ ტროლჰეტანში
გადმოიყვანდნენ, გეტებორგში მუშაობდა. სამი წლის ქალიშვილი ჰყავს.
– ვწუხვარ. პოლსონი გავაფრთხილე.
– დიახ, მითხრეს. თანაც, საკმაოდ კატეგორიული ყოფილხართ და ალბათ ამიტომაც
დაგადეს ხელბორკილი. შარშან ის მილიარდერი ფინანსისტი, ჰანს-ერიკ
ვენერსტრომი თქვენ ამხილეთ. ბუბლანსკი ამბობს, უსირცხვილო და ნაბიჭვარი
რეპორტიორია, მაგრამ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში – ისეთი გამოცდილი, რომ
რასაც ამბობს, ნამდვილად დაეჯერებაო. იქნებ მოამბოთ, რა მოხდა?
– რაც აქ წუხელ მოხდა, ენსკედეში ჩემი მეგობრების, დაგ სვენსონისა და მია
იოჰანსონის მკვლელობების საქმის კულმინაციაა. და კიდევ ერთი კაცის
მკვლელობისა, რომელიც ჩემი მეგობარი არ ყოფილა... ადვოკატ ბიურმანს
ვგულისხმობ, ლიზბეთ სალანდერის მეურვეს...
ერლანდერი ყავას ხვრეპდა და ბლუმკვისტის ნაამბობს ბლოკნოტში ინიშნავდა.
– ...უთუოდ გეცოდინებათ, რომ პოლიცია სალანდერს აღდგომის შემდეგ დაეძებს.
მას სამი ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ
სალანდერი არათუ უდანაშაულოა ამ მკვლელობებში, პირიქით, თვითონაა
მსხვერპლი.
– ენსკედეს საქმესთან არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ იმის გათვალისწინებით,
რაც პრესაში დაიწერა, არა მგონია, სალანდერი სრულიად უდანაშაულო იყოს.
– დამიჯერეთ, ის ნამდვილად უდანაშაულოა. მკვლელი რონალდ ნიდერმანია, ის,
ვინც ამაღამ თქვენი ოფიცერიც მოკლა. ის კარლ აქსელ ბოდინისთვის მუშაობს.
– იმ ბოდინისთვის, რომელიც სოლგრენსკაში თავში ნაჯახჩარჭობილი წაიყვანეს?
– ვფიქრობ, მისთვის თავის გაჩეხა სალანდერმა სცადა. მისი ნამდვილი სახელი
ალექსანდერ ზალაჩენკოა. რუსეთის სამხედრო დაზვერვის პროფესიონალი
მკვლელი იყო. სამოცდაათიან წლებში შვედეთის მთავრობას ჩაბარდა და საბჭოთა
კავშირის დაშლამდე „სეპოსთვის“ მუშაობდა. მას შემდეგ საკუთარ კრიმინალურ
ქსელს ხელმძღვანელობს.
ერლანდერმა მის წინ მჯდარი ბლუმკვისტი ყურადღებით შეათვალიერა.
ჟურნალისტს შუბლი ოფლით დაცვარვოდა, მაგრამ მაინც გაყინულსა და
გადაქანცულს ჰგავდა. აქამდე გონივრულად საუბრობდა, მაგრამ ერლანდერს
პოლსონის გაფრთხილება გაახსენდა (არადა, მის მოსაზრებებს დიდ ყურადღებას
არასდროს აქცევდა), ბლუმკვისტი რუს აგენტებსა და გერმანელ ქილერებზე რაღაცას
გაიძახოდაო. შვედურ პოლიციას მსგავსი საეჭვო ელემენტების დევნა ნაკლებად
უწევს. ამიტომ როცა ბლუმკვისტის ამბავში ასეთი პერსონაჟები გაჩნდნენ, როგორც
ჩანს, პოლსონმა მისი მოსმენა აღარ ისურვა. თუმცა, ვინაიდან ნოსებროს გზაზე
ერთი პოლიციელი მოკლეს, ხოლო მეორეს მძიმე ფიზიკური ტრავმა მიაყენეს,
ერლანდერმა გადაწყვიტა, ყველაფერი ბოლომდე მოესმინა. ოღონდ მაინც ეჭვით
ჩაილაპარაკა:
– აჰ, მაშ, რუსი ჯაშუში.
ბლუმკვისტს გაეღიმა, მიხვდა, რომ მისი მონათხრობი მეტისმეტად დაუჯერებლად
ჟღერდა.
– ყოფილი რუსი ჯაშუში. დაუსაბუთებლად არაფერს ვამტკიცებ.
– განაგრძეთ.
– ზალაჩენკო 1960-1970-იან წლებში ტოპ-ჯაშუში იყო. მერე ჩვენ ჩაგვბარდა და
„სეპომ“ შეიფარა. ხანში შესული ზალაჩენკო კი განგსტერად იქცა. როგორც ვხვდები,
საბჭოთა კავშირის დროს ასეთი ფაქტები ხშირი იყო.
– გასაგებია.
– როგორც უკვე გითხარით, ზუსტად არ ვიცი, წუხელ აქ რა მოხდა, მაგრამ ლიზბეთმა
თხუთმეტი წლის უნახავი მამის კვალს მიაგნო. ზალაჩენკო ლიზბეთის დედაზე
ძალადობდა და ერთხელ ისე სასტიკად სცემა, რომ ქალი სამუდამოდ დაინვალიდდა.
მან ლიზბეთის მოკვლაც სცადა; მან სვენსონისა და იოჰანსონის მკვლელობები
დაგეგმა და ნიდერმანის ხელით განახორციელა. გარდა ამისა, სალანდერის მეგობარი
მირიამ ვუ გაატაცებინა – ალბათ წაიკითხეთ მოკრივე პაოლო რობერტოს
ორთაბრძოლაზე ნიკვარნში; სწორედ მოკრივემ იხსნა ვუ უეჭველი სიკვდილისგან.
– თუ სალანდერმა მამამისს თავში ნაჯახი ჩაარტყა, მთლად უდანაშაულოს ვერ
ვუწოდებთ...
– ლიზბეთს სამჯერ ესროლეს. მგონი, შეგვიძლია იმის თქმა, რომ გოგონა თავს
იცავდა. საინტერესოა, რომ როცა ვიპოვე...
– განაგრძეთ.
– ...ლიზბეთი ჭუჭყიანი იყო, ერთიანად ტალახში ამოთხვრილი, თმაზე გამხმარი
თიხა მისწებებოდა. სამოსი ქვიშით ჰქონდა დაფარული, გარედანაც და შიგნიდანაც.
ისე გამოიყურებოდა, თითქოს მთელი ღამე მიწაში დაემარხოს ვინმეს. ნიდერმანს
ხალხის ცოცხლად დამარხვა სჩვევია – სოდერტელიეს პოლიციამ ნიკვარნთან ახლოს
„სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ორ სამარხს
მიაგნო.
– ორს კი არა, სამს. წუხელ კიდევ ერთი სამარხი იპოვეს. მაგრამ თუ სალანდერს
ესროლეს და დამარხეს, მიწიდან როგორ ამოძვრა?
– არ ვიცი, წუხელ რა მოხდა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სალანდერი ძალიან
მოხერხებული და საზრიანია. პოლსონს ძაღლების მოყვანა ვთხოვე, მაგრამ...
– უკვე მოჰყავთ.
– კარგია.
– პოლსონმა პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფისთვის დაგაპატიმრათ.
– ვაპროტესტებ, რადგან იდიოტი და არაკომპეტენტური ყეყეჩი კი ვუწოდე, მაგრამ
დამეთანხმებით, რომ ორივე ეპითეტი ზუსტად შეესაბამება მას.
– ჰმმ. შეიძლება დაგეთანხმოთ კიდეც, თუმცა თქვენ იარაღის უკანონო ფლობაშიც
დაგდეს ბრალი.
– შევცდი და თვითონ ჩავაბარე მას ეს იარაღი. ამაზე ჩემს ადვოკატთან
მოუთათბირებლად მეტს არაფერს ვიტყვი.
– კარგი. ეს საკითხი დროებით გადავდოთ. უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს
განსახილველი. ნიდერმანზე რა იცით?
– მკვლელია. რაღაც სჭირს. თითქმის ორმეტრიანია და ტანკივით მტკიცე. პაოლო
რობერტოს ჰკითხეთ, ის შეებრძოლა. თანდაყოლილი ანალგეზია სჭირს, რაც ნიშნავს,
რომ ტკივილს ვერ გრძნობს. გერმანელია, ჰამბურგში დაიბადა და მოზარდობის
ასაკში სკინჰედი იყო. ამჟამად ძებნილია და სახიფათოა ყველასთვის, ვინც გზაზე
გადაეყრება.
– ხომ არ იცით, სად შეიძლება გარბოდეს?
– არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ დავაბი და დასაპატიმრებლად გავამზადე, მაგრამ
შემდეგ ვიღაც ტროლჰეტანელმა იდიოტმა დამიწყო უფროსობა და...
ანიკა ჯიანინის შეშინებულს გამოეღვიძა, თითქოს შეანჯღრიესო. დილის 5:58 იყო.
პირველ კლინეტს 8:00 საათზე უნდა შეხვედროდა. თავის ქმარს, ენრიკოს, დახედა.
კაცს მშვიდად ეძინა და რვა საათამდე ალბათ არ გაიღვიძებდა. ანიკამ თვალები
მოიფშვნიტა და სანამ აბაზანაში შევიდოდა, ყავა დაადგა მოსადუღებლად.
აბაზანიდან გამოსულმა, შავი შარვალი, თეთრი მაისური და მუქი წითელი პიჯაკი
ჩაიცვა. ყველიანი გახუხული პური, ფორთოხლის ჯემი და ავოკადოს ნაჭრები
მისაღებში გაიტანა, რომ თან ესაუზმა და შვიდის ნახევრიანი საინფორმაციო
გამოშვებაც ენახა ტელევიზორში. ის იყო, ყავა მოსვა და ყველიანი პური პირთან
მიიტანა, რომ მთავარი თემის ანონსი მოესმა.
„ერთი პოლიციელი მოკლეს და მეორე მძიმედ დაშავდა. წუხანდელი დრამატული
შემთხვევა სამმაგი მკვლელობისთვის ძებნილი ლიზბეთ სალანდერის შეპყრობით
დასრულდა“.
ანიკა ჯიანინი დაიბნა. ვერ გაიგო, პოლიციელი სალანდერმა მოკლა თუ სხვამ.
ინფორმაციას მოკლედ და ფრაგმენტულად გადმოსცემდნენ, მაგრამ ის მაინც გაიგო,
რომ პოლიციელის მკვლელობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ოცდაათ წელს
გადაცილებულ, ჯერჯერობით უსახელო მამაკაცზე გამოცხადდა ძებნა. თავად
სალანდერი მძიმედ დაეჭრათ და სოლგრენსკას საავადმყოფოში გადაეყვანათ.
ანიკამ სხვა არხზე გადართო, მაგრამ ამაზე მეტი ვერაფერი შეიტყო. მობილურზე
თავის ძმას, მიქაელ ბლუმკვისტს დაურეკა. ავტომოპასუხე ჩაირთო. შიშის
ჟრუანტელმა დაუარა. ბოლოს მიქაელმა გეტებორგში მიმავალმა დაურეკა.
სალანდერის კვალს მიჰყვებოდა. სალანდერის და კიდევ ერთი მკვლელისას,
რომელსაც რონალდ ნიდერმანი ერქვა.
გამთენიისას ერთმა დაკვირვებულმა პოლიციის ოფიცერმა ფარდულთან სისხლის
კვალს მიაგნო. მეძებარი ძაღლი კვალს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სახლიდან
დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებით მდებარე ტყეში ამოთხრილ
ორმომდე მიჰყვა.
ბლუმკვისტი ინსპექტორ ერლანდერთან ერთად წავიდა იმ ადგილის
დასათვალიერებლად. ორმოში და მის სიახლოვეს ბლომად სისხლი დაღვრილიყო.
დაჭეჭყილი პორტსიგარი იპოვეს, რომელიც ნიჩბად გამოეყენებინათ. ერლანდერმა
ის სამხილების პაკეტში ჩადო და იარლიყი დააკრა. მერე სისხლით გაჟღენთილი
მიწის ბელტებიც შეაგროვა სისხლის ნიმუშის ასაღებად. ამასობაში ფორმიანმა
ოფიცერმა ორმოსთან უფილტრო სიგარეტის ნამწვი იპოვა. ესეც სამხილების
პაკეტში ჩადეს და იარლიყი დააკრეს. ბლუმკვისტს გაახსენდა, რომ ზალაჩენკოს
სახლში სამზარეულოს მაგიდაზე „პოლ მოლის“ კოლოფს მოჰკრა თვალი.
ერლანდერმა საავდროდ შეგროვილ ღრუბლებს ახედა. ქარიშხალმა, რომელიც წინა
ღამით გეტებორგს დაატყდა თავს, ნოსებროს სამხრეთით გადაინაცვლა, თუმცა
გაწვიმება მხოლოდ დროის საკითხი იყო. მან ერთ-ერთ ოფიცერს უბრძანა,
ორმოსთვის ბრეზენტი გადაეფარებინათ.
– მგონი, მართალი ხართ, – უთხრა ერლანდერმა ბლუმკვისტს, როცა სახლში
ბრუნდებოდნენ, – სისხლის ანალიზი ალბათ დაადგენს, რომ სალანდერს ესროლეს
და მიწაში ჩამარხეს. უკვე ვხვდები, რომ პორტსიგარზე მისი თითის ანაბეჭდებს
ვიპოვით. როგორღაც გადარჩა, საფლავიდან ამოღწევა შეძლო და...
– უკან დაბრუნდა და ზალაჩენკოს ნაჯახი ჩასცხო თავში, – მის მაგივრად დაასრულა
ბლუმკვისტმა, – ბრაზიანი ძუკნაა.
– მაგრამ ნიდერმანს როგორღა გაუმკლავდა?
ბლუმკვისტმა მხრები აიჩეჩა. ამაზე პასუხი მასაც ისევე აინტერესებდა, როგორც
ერლანდერს.

თავი II
პარასკევი, 8/IV
ცხრა საათი ახალი დაწყებული იყო, როცა მუდიგი და ჰოლმბერგი გეტებორგის
ცენტრალურ სადგურში ჩამოვიდნენ. გზაში მათ ბუბლანსკიმ დაურეკა და ახალი
მითითებები მისცა, გოსებერგაში წასვლა დაივიწყეთ, ტაქსით ერნსტ ფონტელსის
მოედანზე დასავლეთ გოტალანდის კრიმინალური პოლიციის მთავარ
სამმართველოში უნდა მიხვიდეთო. თითქმის ერთ საათს იცდიდნენ, სანამ
ინსპექტორი ერლანდერი მოვიდოდა და ბლუმკვისტსაც მოიყვანდა. ბლუმკვისტი
მუდიგს იცნობდა და მოიკითხა, ჰოლმბერგს კი, რომელსაც პირველად ხედავდა,
მხოლოდ ხელი ჩამოართვა. მათ ერლანდერის ერთ-ერთი თანაშემწე შეუერთდა
ნიდერმანის ძიების ახალი ფაქტების გასაცნობად. მისი მოხსენება საკმაოდ მოკლე
იყო.
– კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ორგანიზებით, ჯგუფი შევკრიბეთ და
ნიდერმანზე ძიება გამოვაცხადეთ. მოპარული საპატრულო მანქანა ამ დილით
ალინგსოსში ვიპოვეთ. ჯერჯერობით მისი კვალი აქ წყდება – სავარაუდოდ,
ნიდერმანმა მანქანა გამოიცვალა, თუმცა ახლომახლო პოლიციის არც ერთ
განყოფილებაში დაკარგულ მანქანაზე შეტყობინება არ შესულა.
– მედიასთან როგორ გვაქვს საქმე? – მორიდებით გახედა ბლუმკვისტს მუდიგმა.
– პოლიციელია მოკლული და, რა თქმა უნდა, პრესა მთელი ძალითY გააქტიურდა.
10:00 საათზე პრესკონფერენციას ვგეგმავთ.
– ლიზბეთ სალანდერის მდგომარეობაზე ვინმე თუ ფლობს ინფორმაციას? – იკითხა
ბლუმკვისტმა. მას სრულიად არ აინტერესებდა ნიდერმანის ძიების დეტალები.
– შუაღამისას ოპერაცია გაუკეთეს. თავიდან ტყვია ამოუღეს. ჯერ გონზე არ მოსულა.
– პროგნოზი როგორია?
– როგორც ვხვდები, სანამ გონზე არ მოვა, ვერაფერს ვიტყვით. თუმცა, ქირურგი
ამბობს, თუ გაუთვალისწინებელი დაბრკოლება არ შეგვექმნება, ალბათ გადარჩებაო.
– და ზალაჩენკო?
– ვინ? – გაუკვირდა ერლანდერის თანაშემწეს. ის ჯერ კარგად არ იცნობდა საქმის
დეტალებს.
– კარლ აქსელ ბოდინი.
– აჰ, მასაც გაუკეთეს ოპერაცია. ერთი ღრმა ჭრილობა სახეზე აქვს, მეორე –
კვირისტავზე. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.
მიქაელმა ყურადღებით მოისმინა ეს ცნობა.
– დაღლილი ჩანხართ, – შენიშნა მუდიგმა.
– მართალია. მესამე დღეა, წესიერად არ მძინავს.
– გინდ დაიჯერეთ, გინდა – არა, ნოსებროდან მოყოლებული, მანქანაში ეძინა, – თქვა
ერლანდერმა.
– შეგიძლიათ ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოგვიყვეთ? – სთხოვა ჰოლმბერგმა, –
ვხედავ, კერძო გამომძიებლებსა და პოლიციის გამომძიებლებს შორის ანგარიში
სამით ნულია.
ბლუმკვისტმა სუსტად გაუღიმა:
– ამ სიტყვებს ინსპექტორ ბუბლასგან სიამოვნებით მოვისმენდი.
ბუფეტში ჩავიდნენ სასაუზმოდ. ბლუმკვისტმა ნახევარი საათი მოანდომა
ზალაჩენკოს საქმის გამოძიების დეტალურად მოყოლას. პოლიციის გამომძიებლები
მის მონათხრობზე ჩაფიქრდნენ.
– თქვენს ნაამბობს რამდენიმე ხარვეზი აქვს, – თქვა ბოლოს ჰოლმბერგმა.
– შესაძლოა, – დაეთანხმა ბლუმკვისტი.
– მაგალითად, არ გითქვამთ, როგორ აღმოჩნდა თქვენს ხელში „სეპოს“ საიდუმლო
მოხსენება ზალაჩენკოს შესახებ.
– გუშინ ლიზბეთის საცხოვრებელი ბინის მისამართი დავადგინე და ეს მოხსენება იქ
ვიპოვე. ლიზბეთმა კი ალბათ ბიურმანის საზაფხულო კოტეჯში იპოვა.
– მაშ, სალანდერის სამალავს მიაგენით? – ჰკითხა მუდიგმა.
ბლუმკვისტმა თავი დაუქნია.
– მერე?
– მისი მისამართი თვითონ უნდა დაადგინოთ, მე არ გაგიმხელთ. ლიზბეთს ბევრი
უშრომია ბინის ადგილმდებარეობის საიდუმლოდ შესანახად.
მუდიგმა და ჰოლმბერგმა შეშფოთებით გადახედეს ერთმანეთს.
– მიქაელ... ეს მკვლელობის გამოძიებაა, – თქვა მუდიგმა.
– მაინც ვერ ხვდებით, არა? ლიზბეთ სალანდერი ფაქტობრივად უდანაშაულოა,
პოლიციამ კი მისი რეპუტაცია წარმოუდგენლად შელახა. „ლესბოსელ სატანისტთა
ბანდა“... ასეთი რამ საიდან მოიტანეთ? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბრალი
დასდეთ სამმაგ მკვლელობაში, რომელთანაც საერთო არაფერი აქვს. ასე რომ, თუ
მოუნდება, თვითონ გაგიმხელთ საკუთარ მისამართს.
– არსებობს კიდევ ერთი შეუსაბამობა, – განაგრძო ჰოლმბერგმა, – ამ საქმესთან
ბიურმანს რა კავშირი აქვს? ამბობთ, რომ ყველაფერი სწორედ მან დაიწყო, როცა
ზალაჩენკოს დაუკავშირდა და სალანდერის მოკვლა სთხოვა. ეს რაში დასჭირდა?
– ჩემი აზრით, ზალაჩენკოს მეშვეობით სალანდერის თავიდან მოშორება სურდა.
გეგმის მიხედვით, სალანდერიც ნიკვარნის საწყობში უნდა აღმოჩენილიყო.
– ბიურმანი სალანდერის მეურვე იყო. მოტივი ხომ უნდა ჰქონოდა?
– რთული ასახსნელია.
– არა უშავს, ყურადღებით მოგისმენთ.
– მას მშვენიერი მოტივი ჰქონდა. ბიურმანმა დანაშაული ჩაიდინა, რომლის
შესახებაც სალანდერმა იცოდა. გოგონა მის მომავალ კეთილდღეობას საფრთხეს
უქმნიდა.
– ასეთი რა ჩაიდინა?
– აჯობებს, სალანდერმა გიამბოთ ყველაფერი, – თვალი თვალში გაუყარა
ჰოლმბერგს ბლუმკვისტმა.
– მოდი, გამოვიცნობ, – ჩაერთო მუდიგი, – ბიურმანმა მასზე სექსუალური ძალადობა
განახორციელა.
ბლუმკვისტმა მხრები უსიტყვოდ აიჩეჩა.
– მაშ, ბიურმანის მუცელზე აღმოჩენილ ტატუზე არაფერი იცით?
– რომელ ტატუზე? – გულწრფელად გაიკვირვა ბლუმკვისტმა.
– მის მუცელზე დახატულ ტატუზე: „მე სადისტი ღორი, გარყვნილი და მოძალადე
ვარ“. ვფიქრობდით, ნეტა რას უნდა ნიშნავდესო.
ბლუმკვისტი ახარხარდა.
– რა გაცინებთ?
– სულ მაინტერესებდა, მეურვეზე შური როგორ იძია-მეთქი. მისმინეთ, არ მინდა ამ
თემაზე საუბარი და უკვე აგიხსენით, რატომაც. ნამდვილი მსხვერპლი სწორედ
ლიზბეთია. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რას გაამხელს და რას – არა. მაპატიეთ.
– გაუპატიურების თაობაზე პოლიციაში უნდა შეეტანა საჩივარი, – თქვა მუდიგმა.
– გეთანხმებით. მაგრამ ბიურმანმა ლიზბეთი ორი წლის წინ გააუპატიურა, საჩივარი
კი პოლიციაში დღემდე არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიზბეთს ეს არ სურს.
მნიშვნელობა არ აქვს, მე რას ვფიქრობ. ეს მისი გადაწყვეტილებაა. თანაც...
– გისმენთ.
– ის პოლიციას არ ენდობა და არცთუ უმიზეზოდ. ბოლოს, როცა პოლიციისთვის იმის
ახსნას ცდილობდა, რომ ზალაჩენკო ნამდვილი ღორია, თვიYთონ აღმოჩნდა
ფსიქიატრიულ კლინიკაში.
წინასწარი გამოძიების ხელმძღვანელი რიჰარდ ეკსტრომი ძლიერ ღელავდა, როცა
ინსპექტორი იან ბუბლანსკი სამუშაო მაგიდასთან მიიწვია. ეკსტრომმა სათვალე
გაისწორა და კოხტად შეკრეჭილ ბლანჟეზე ჩამოისვა ხელი. ქაოსური სიტუაცია
შეიქმნა. რამდენიმე კვირის განმავლობაში დაეძებდნენ ლიზბეთ სალანდერს,
რომელიც სწორედ მან გამოაცხადა ფსიქიკურად გაუწონასწორებელ საშიშ
ფსიქოპათად. განგებ გაანდო საგამოძიებო საიდუმლო პრესას, რომ მომავალი
სასამართლო პროცესისთვის თავისთვის სასარგებლო ფონი შეექმნა. თითქოს
ყველაფერი წესრიგში იყო.
ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სამმაგი მკვლელობა სალანდერმა ჩაიდინა. სასამართლო
პროცესი უბრალო ფორმალობად უნდა ქცეულიყო – საცირკო წარმოდგენად,
რომლის მთავარი გმირიც თვითონ იქნებოდა. შემდეგ ყველაფერი აირია. მკვლელი
სულ სხვა ვინმე აღმოჩნდა და სრული ქაოსი ატყდა, რომელსაც ჯერჯერობით ბოლო
არ უჩანდა.
„ეგ ძუკნა სალანდერი!“
– მოკლედ, მაგარ შარში გავეხვიეთ, – თქვა მან, – ამ დილით რამე ახალი ხომ არ
დაგიდგენია?
– რონალდ ნიდერმანზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა, მაგრამ
უკვალოდ გაუჩინარდა. ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიციის ოფიცრის მკვლელობაში
ედება ბრალი, მაგრამ ჩემი აზრით, მალე საკმარისი სამხილი გვექნება საიმისოდ,
რომ სტოკჰოლმში მომხდარ სამ მკვლელობაშიც დავადანაშაულოთ. აჯობებს
პრესკონფერენცია მოიწვიო.
ბუბლანსკიმ პრესკონფერენცია განზრახ უხსენა, იცოდა, ეკსტრომს
პრესკონფერენციები ეზიზღებოდა.
– ჯერჯერობით პრესკონფერენციებისგან თავს შევიკავებ, – მკვახედ უპასუხა
ეკსტრომმა. ბუბლანსკიმ ღიმილი ძლივს შეიკავა, ეკსტრომმა კი განაგრძო: – ეს,
უპირველეს ყოვლისა, გეტებორგის პოლიციის საქმეა.
– დანაშაულის ადგილზე მუდიგი და ჰოლმბერგი მივავლინეთ, მათთან
თანამშრომლობაზეც შევთანხმდით უკვე და...
– სანამ უფრო მეტს არ შევიტყობთ, პრესკონფერენციას არ ჩავატარებთ, –
გაღიზიანდა ეკსტრომი, – ყველაზე მეტად კი, აი, რა მაინტერესებს: რამდენად
დარწმუნებული ხარ, რომ სტოკჰოლმურ მკვლელობებში ნიდერმანია დამნაშავე?
– ამას პროფესიული ალღო მკარნახობს. დარწმუნებული ვარ ასი პროცენტით,
თუმცა ჯერჯერობით საქმე არც ისე მარტივი ჩანს. მკვლელობის მოწმეები არ გვყავს
და ნივთიერი მტკიცებულებები არ გვაქვს. მაგე ლუნდინი და სონი ნიემინენი
„სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბიდან“ არაფერს ამბობენ – ამტკიცებენ
ნიდერმანს საერთოდ არ ვიცნობთო. თუმცა, ნიდერმანი პოლიციელის
მკვლელობისთვის მაინც ჩაჯდება ციხეში.
– ზუსტადაც, – თქვა ეკსტრომმა, – ახლა მნიშვნელოვანი სწორედ მოკლული
პოლიციელია. ერთი ეს მითხარი: არსებობს რამე სამხილი, რომელიც მიუთითებს,
რომ სალანდერი როგორღაც მაინც იყო გარეული ამ მკვლელობებში? იქნებ მან და
ნიდერმანმა ერთად ჩაიდინეს მკვლელობები?
– დიდად მეეჭვება და შენს ადგილზე, მაგ თეორიას პრესაში არ გავახმაურებდი.
– მაშ, რა კავშირი აქვს ამ საქმესთან სალანდერს?
– როგორც ბლუმკვისტი ირწმუნება, მეტად ჩახლართული ამბავია...
ეკსტრომი ბლუმკვისტის ხსენებაზე შეკრთა.
– განაგრძე, – უთხრა ბუბლანსკის.
– მისი მთავარი პერსონაჟი ზალაა – ალექსანდერ ზალაჩენკო. ის პროფესიონალი
რუსი ჯაშუში-ქილერია, რომელსაც, როგორც ჩანს, სინდისის ნატამალი არ გააჩნია.
შვედეთის მთავრობას სამოცდაათიან წლებში ჩაბარდა. ლიზბეთ სალანდერისდა
საუბედუროდ, ზალაჩენკო მამამისია. მას თავად „სეპოში“ არსებული
მცირერიცხოვანი ჯგუფი აფინანსებდა და მისი ყველა დანაშაულის კვალს შლიდა.
„სეპოს“ ერთ-ერთმა აგენტმა სალანდერი ბავშვთა ფსიქიატრიულ კლინიკაში
გამოაკეტვინა. მაშინ სალანდერი თორმეტი წლის იყო და ზალაჩენკოს ნამდვილი
ვინაობის გამჟღავნებას საფრთხეს უქმნიდა.
– ცოტა ძნელი დასაჯერებელი ამბავია. საჯაროდ ამის გამხელა შეუძლებელია. თუ
სწორად ვხვდები, ცნობები ზალაჩენკოზე გასაიდუმლოებულია.
– მიუხედავად ამისა, ყველაფერი სიმართლეა. დამამტკიცებელი საბუთები მაქვს.
– შეიძლება ვნახო?
ბუბლანსკიმ მაგიდაზე 1991 წლით დათარიღებული მოხსენება დაუდო. ეკსტრომი
დააკვირდა ბეჭედს, რომლის სარეგისტრაციო ნომერიც მიუთითებდა, რომ
დოკუმენტი საიდუმლო იყო და „სეპოს“ ეკუთვნოდა. მერე სწრაფად გადაშალა
ასამდე ფურცელი და აქა-იქ რამდენიმე პარაგრაფი წაიკითხა. ბოლოს საქაღალდე
განზე გადადო.
– ცოტა უნდა შევამსუბუქოთ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს.
მაშასადამე, თავის დროზე სალანდერი საგიჟეთში გამოკეტეს, რადგან მამამისის,
ზალაჩენკოს, მოკვლა სცადა. ამჯერად კი ნაჯახით დაესხა მას თავს. შეგვიძლია ამას
წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა ვუწოდოთ. გარდა ამისა,
სტალარჰოლმენში მაგე ლუნდინის დაჭრისთვისაც უნდა აგოს პასუხი.
– შენს ადგილზე ვინმეს დაპატიმრებისას დიდ სიფრთხილეს გამოვიჩენდი.
– თუ საჯაროდ გამჟღავნდა, რომ ამ საქმეში „სეპოა“ გარეული, სერიოზული
სკანდალი აგორდება.
ბუბლანსკიმ მხრები აიჩეჩა. მას დანაშაულის გამოძიება ევალებოდა და არა
სკანდალების ჩაფარცხვა.
– იმ ნაბიჭვარ „სეპოს“ აგენტზე, გუნარ ბიორკზე რა იცი?
– ის ერთ-ერთი უმთავრესი მოთამაშეა. ხერხემლის თიაქარი აწუხებს და
შვებულებაშია. ამჟამად სმოდალარეში ცხოვრობს.
– კარგი... ჯერჯერობით „სეპოზე“ ნურაფერს გავამხელთ. მთავარი ყურადღება
პოლიციელის მკვლელზე გადავიტანოთ.
– ამ ამბის მიჩქმალვა ძნელი იქნება.
– რას გულისხმობ?
– ანდერსონი ბიორკის დაკითხვაზე დასაბარებლად გავგზავნე. ახლა ალბათ უკვე... –
ბუბლანსკიმ მაჯის საათზე დაიხედა, – დიახ, ახლა უკვე მასთან იქნება.
– რა ქენი?
– თვითონაც სიამოვნებით წავიდოდი სმოდალარეში, მაგრამ წუხანდელმა
მკვლელობამ შემაფერხა.
– მე ბიორკის დაპატიმრების ნებართვა არ გამიცია.
– მართალია. მაგრამ ეს დაპატიმრება არაა, მხოლოდ დასაკითხად ვიბარებთ.
– რაც უნდა იყოს, მაინც არ მომწონს.
ბუბლანსკი წინ გადაიხარა, თითქოს ეკსტრომს უნდა შეერწყასო.
– რიჰარდ, ყველაფერი ნათელია. ბავშვობიდან მოყოლებული, სალანდერის
უფლებები მრავალგზის დაარღვიეს. მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ. შეგიძლია
გამოძიების ხელმძღვანელობა ჩამომართვა, მაგრამ მაშინ ამასთან დაკავშირებით
ვრცელი მოხსენებითი ბარათის დაწერა მომიწევს.
რიჰარდ ეკსტრომმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს რაღაც მჟავე გადაეყლაპოს.
ავადმყოფობის გამო შვებულებაში მყოფმა „სეპოს“ იმიგრაციის განყოფილების
თავმჯდომარის თანაშემწე გუნარ ბიორკმა სმოდალარეში საზაფხულო კოტეჯის
კარი გააღო და შავი ტყავის ქურთუკიანი ჯმუხი, მოკლედ თმაშეჭრილი ქერა
მამაკაცი დაინახა.
– გუნარ ბიორკს ვეძებ.
– მე ვარ.
– კურტ ანდერსონი. ოლქის კრიმინალური პოლიციიდან, – მამაკაცმა მოწმობა
უჩვენა.
– გისმენთ.
– კუნგსჰოლმენზე უნდა გამომყვეთ, რათა პოლიციას ლიზბეთ სალანდერის საქმის
გამოძიებაში დაეხმაროთ.
– ეე... მგონი, რაღაც გაუგებრობაა.
– არანაირი გაუგებრობა არაა, – მოუჭრა ანდერსონმა.
– ვერ მიმიხვდით; თვითონაც პოლიციის ოფიცერი ვარ. ტყუილად რომ არ მოვცდეთ,
თქვენს უფროსობასთან წინასწარ გადაამოწმეთ.
– სწორედ ჩემმა უფროსმა გამომგზავნა თქვენს წასაყვანად.
– უნდა დავრეკო და...
– შეგიძლიათ კუნგსჰოლმენიდან დარეკოთ.
უეცრად ბიორკმა თავი სრულიად უძლურად იგრძნო.
„ეს მაინც მოხდა. დამაპატიმრებენ. ოხ, ეს ნაბიჭვარი ბლუმკვისტი და ნაბოზარი
სალანდერი“.
– მაპატიმრებთ? – ჰკითხა ანდერსონს.
– ჯერჯერობით არა, მაგრამ თუ ნებით არ გამომყვებით, მაშინ დაგაპატიმრებთ.
– არა... არა, რასაკვირველია, გამოგყვებით. პოლიციელ კოლეგებს დახმარებაზე უარს
როგორ ვეტყვი!
– ძალიან კარგი, – თქვა ანდერსონმა და შიგნით შევიდა, რომ თვალი სჭეროდა
ბიორკზე, რომელმაც ყავის მადუღარა გამორთო და საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა.
შუადღისას ბლუმკვისტს გაახსენდა, რომ ნაქირავები მანქანა გოსებერგაში დატოვა,
მაგრამ ისეთი დაღლილი იყო, რომ იქ წასვლის და მანქანის ამხელა გზაზე
წამოყვანის არც თავი ჰქონდა და არც საშუალება. ერლანდერმა ტექნიკურ
პერსონალს სთხოვა, აქეთობისას მისი მანქანაც წამოეყვანა.
– იმედია, წუხანდელ უხეშობას თქვენ მიმართ ამით გამოვისყიდით, – უთხრა
ბლუმკვისტს.
ბლუმკვისტმა მადლობა გადაუხადა და ლორენსბერგგატანზე მდებარე სასტუმროში
ტაქსით წავიდა. 800 კრონად ერთი ღამით ნომერი იქირავა და პირდაპირ ნომერში
ავიდა. გაიხადა, საწოლზე ჩამოჯდა და ქურთუკის გულისჯიბიდან ამოღებული
სალანდერის პალმტოპი ხელში შეათამაშა. მისდა გასაკვირად, პოლსონმა ჩხრეკისას
არ ჩამოართვა, ეტყობა, იფიქრა ბლუმკვისტისააო, ხოლო რაკი ოფიციალურად
დაპატიმრებას გადაურჩა, პალმტოპი ბლუმკვისტს დარჩა. მცირე ხნის ფიქრის
შემდეგ პალმტოპი ლეპტოპის ჩანთაში ჩადო, სადაც სალანდერის ბინაში ნაპოვნი
DVD იდო წარწერით: „ბიურმანი“. პოლსონს ისიც გამორჩა. ტექნიკურად, ამას
სამხილების დამალვა ერქვა, მაგრამ ბლუმკვისტმა იცოდა, რომ სალანდერი ამ
ნივთების სხვის ხელში მოხვედრას არ ისურვებდა.
მერე ტელეფონი ჩართო, დასატენად შეაერთა და თავის დას, ადვოკატ ანიკა
ჯიანინის დაურეკა.
– გამარჯობა, ანიკა.
– პოლიციელის წუხელ მომხდარ მკვლელობასთან რა საერთო გაქვს? – მისალმების
ნაცვლად ჰკითხა ანიკამ.
ბლუმკვისტმა მოკლედ უამბო, რაც მოხდა.
– მაშ, სალანდერი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს?
– დიახ და მისი ტრავმის სიმძიმეზე ვერაფერს შევიტყობთ, სანამ გონს არ მოვა.
თუმცა, ერთი რამ ცხადია: ადვოკატი დასჭირდება.
ჯიანინი წამით ჩაფიქრდა.
– გგონია, დათანხმდება, მისი ადვოკატი მე ვიყო?
– ეგ საერთოდ უარს იტყვის ადვოკატზე. ის ტიპი არაა, სხვას დახმარება სთხოვოს.
– მიქაელ... ადრეც გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, მას სისხლის სამართლის
სპეციალისტი სჭირდება. ყველა დოკუმენტი მომიტანე და გადავხედავ.
– ერიკას დაურეკე. ასლს მოგცემს.
დას დაემშვიდობა თუ არა, ბლუმკვისტმა თვითონ დაურეკა ერიკა ბერგერს. ქალმა
მობილურზე არ უპასუხა და ამიტომ ჟურნალ „მილენიუმის“ რედაქციაში დარეკა.
ყურმილი ჰენრი კორტესმა აიღო.
– ერიკა გასულია, – უთხრა მან.
ბლუმკვისტმა მოკლედ აუხსნა, რაც მოხდა და სთხოვა, ინფორმაცია ერიკას
გადაეციო.
– გადავცემ, – დაჰპირდა კორტესი, – ჩვენ როგორ მოვიქცეთ?
– დღეს ნურაფერს იზამთ, – უთხრა ბლუმკვისტმა, – ცოტას წავუძინებ. თუ რამე არ
მოხდა, ხვალ სტოკჰოლმში დავბრუნდები. მომხდარის ჩვენეულ ვერსიას
„მილენიუმის“ მომდევნო ნომერში დავბეჭდავთ. თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ მთელი
თვეა.
ბლუმკვისტმა ტელეფონი გამორთო და საბნის ქვეშ შეძვრა. ოცდაათ წამში ჩაეძინა.
ოლქის პოლიციის უფროსის თანაშემწე კარინა სპონგბერგმა წყლიან ჭიქაზე კალამი
დააკაკუნა და შეკრებილებს სიჩუმისკენ მოუწოდა. მის კაბინეტში საკონფერენციო
მაგიდას ცხრა ადამიანი შემოსხდომოდა. სამი ქალი და ექვსი კაცი: ძალადობრივი
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი და მისი თანაშემწე;
სამი კრიმინალური ინსპექტორი ერლანდერის ჩათვლით; გეტებორგის პოლიციის
პრეს-სპიკერი; წინასწარი გამოძიების ხელმძღვანელი პროკურატურიდან – აგნეტა
იერვასი; და ინსპექტორები, მუდიგი და ჰოლმბერგი – სტოკჰოლმის პოლიციიდან. ამ
უკანასკნელთა მიმართ კეთილი ნება გამოიჩინეს და მიანიშნეს, რომ გეტებორგში
დედაქალაქელ კოლეგებთან თანამშრომლობაზე არ ამბობდნენ უარს. თანაც, ალბათ
ძალიან სურდათ მათთვის ეჩვენებინათ, როგორ უნდა აწარმოო ნამდვილი
გამოძიება.
სპონგბერგს, რომელსაც ძირითადად მამაკაცების საზოგადოებაში უწევდა მუშაობა,
ფორმალობებსა და უბრალო ცერემონიებზე დროის ხარჯვა არ უყვარდა. მან
შეკრებილთ აუწყა, ოლქის პოლიციის უფროსი მადრიდში ევროპოლის შეხვედრებზე
იმყოფებოდა, მაგრამ როგორც კი მისი პოლიციის ოფიცრის მკვლელობის შესახებ
შეიტყო, ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში ბრუნდებაო. (თუმცა, პოლიციის
უფროსი მხოლოდ გვიან ღამით ჩამოდიოდა). შემდეგ ის ძალადობრივ დანაშაულთან
ბრძოლის განყოფილების უფროსს, ანდერს პერშონს მიუბრუნდა და საქმის
დეტალების მოკლედ გაცნობა სთხოვა.

– ათი საათის წინ ნოსებროვეგენზე ჩვენი კოლეგა მოკლეს. მკვლელს რონალდ


ნიდერმანი ჰქვია, თუმცა, ჯერჯერობით მისი ფოტო არ გვაქვს.
– სტოკჰოლმში მისი ოცი წლის წინანდელი ფოტო გვაქვს. მოკრივე პაოლო
რობერტოს გამოუგზავნეს გერმანიის მოკრივეთა კლუბიდან, ამიტომ ეს ფოტო არ
გამოდგება, – თქვა ჰოლმბერგმა.
– გასაგებია. მოგეხსენებათ, საპატრულო მანქანა, რომლითაც ნიდერმანი უნდა
გაქცეულიყო, ამ დილით ალინგსოსში, რკინიგზის სადგურიდან ოთხასიოდე მეტრში,
ჩიხში იპოვეს. განცხადება ამ დილით სხვა რომელიმე მანქანის მოპარვაზე
ჯერჯერობით არ შემოსულა.
– ძიების მიმდინარეობაზე რას გვეტყვით?
– სტოკჰოლმსა და მალმეში ჩასულ ყველა მატარებელს ვამოწმებთ. მთელი ქვეყნის
მასშტაბით გამოცხადდა ძებნა. დანიისა და ნორვეგიის პოლიციაც გავაფრთხილეთ.
ამწუთას გამოძიებით პოლიციის ოცდაათი ოფიცერია დაკავებული.
– ვერანაირ კვალს ვერ მივაგენით?
– ჯერჯერობით ვერა. თუმცა, ნიდერმანის გარეგნობის ადამიანი უკვალოდ დიდხანს
ვერ გაუჩინარდება.
– დაშავებული პოლიციელის მდგომარეობაზე რას იტყვით? – იკითხა ერთ-ერთმა
ოფიცერმა ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებიდან.
– სოლგრენსკაში წევს. მძიმედაა ტრავმირებული. ძნელი დასაჯერებელია, რომ
ვიღაცამ შიშველი ხელებით შეძლო, მისთვის ფეხები მოემტვრია, ნეკნები ჩაელეწა
და კისრის მალები დაეზიანებინა; არსებობს რისკი, რომ პარალიზებული დარჩეს.
წუთით ყველანი კოლეგის მდგომარეობაზე დაფიქრდნენ. შემდეგ სპონგბერგი
ერლანდერს მიუბრუნდა:
– მარკუს, გვითხარი, რა მოხდა სინამდვილეში გოსებერგაში.
– გოსებერგაში თომას პოლსონი „მოხდა“.
რამდენიმე პოლიციელმა ერთხმად ამოიოხრა.
– არ შეიძლება, ვინმემ ეგ კაცი ნაადრევ პენსიაზე გაუშვას? მოსიარულე პრობლემაა.
– პოლსონს კარგად ვიცნობ, – ჩაერთო სპონგბერგი, – თუმცა, ამ ბოლო... თითქმის
ორი წლის განმავლობაში მასზე საჩივარი არ შემოსულა. წუხელ ასეთი რა ჩაიდინა?
– იქაური პოლიციის უფროსი პოლსონის ძველი მეგობარია და მფარველობს მას.
სულაც არ ვაკრიტიკებ, მეგობრის მიმართ ალბათ კეთილი მიზნები ამოძრავებს.
თუმცა, წუხელ პოლსონი ისე უცნაურად მოიქცა, რომ მის გამო რამდენიმე ადამიანმა
მისაყვედურა.
– უცნაურ ქცევაში რას გულისხმობთ?
ერლანდერმა მუდიგსა და ჰოლმბერგს გადახედა. რცხვენოდა სტოკჰოლმელი
სტუმრების თანდასწრებით თავიანთ ორგანიზაციაში არსებულ ხარვეზებზე
საუბრის.
– ყველაზე უცნაურად ის მომეჩვენა, რომ ერთ-ერთ ოფიცერს ტექნიკური
განყოფილებიდან იმ შეშის ფარდულის, სადაც ზალაჩენკო ვიპოვეთ, მთლიანი
ინვენტარიზაცია ჩაატარებინა.
– კერძოდ, რა აღწერეს? – დაინტერესდა სპონგბერგი.
– ზუსტად რამდენი ნაჭერი შეშა ეწყო ფარდულში.
საკონფერენციო მაგიდის ირგვლივ დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს ისევ
ერლანდერმა განაგრძო:
– ამ დილით ისიც გაირკვა, რომ პოლსონი, სულ ცოტა, ორი სახის ანტიდეპრესანტს
იღებს. წესით, იძულებით შვებულებაში უნდა იყოს, მაგრამ მისი მდგომარეობის
შესახებ არავინ იცოდა.
– რომელი მდგომარეობის შესახებ? – სწრაფად იკითხა სპონგბერგმა.
– ზუსტად რა აწუხებს, არ ვიცი, რადგან სამედიცინო საიდუმლოა, თუმცა
ძლიერმოქმედ დამამშვიდებლებს და სტიმულატორებს რომ იღებს, ფაქტია.
წუხელაც მაგარ კაიფში იყო.
– ღმერთო ჩემო, – სპონგბერგი საავდრო ღრუბელივით მოიღუშა, – ახლავე აქ
მომიყვანეთ პოლსონი. უნდა გავესაუბრო.
– ამ დილით გული წაუვიდა და გადაღლილობის დიაგნოზით საავადმყოფოში
გადაიყვანეს. ბედმა გვიმტყუნა, რომ წუხელ ის მორიგეობდა.
– წუხელ მიქაელ ბლუმკვისტი მან დააპატიმრა?
– პოლსონმა ამ დილით მოხსენება დაწერა, ბლუმკვისტი თავხედობის,
დაუმორჩილებლობისა და იარაღის უკანონო ფლობისთვის დავაპატიმრეო.
– ბლუმკვისტი რას ამბობს?
– აღიარებს, გამოვლანძღე, მაგრამ ღირსი იყოო. მისი თქმით, დაუმორჩილებლობა
იმაში გამოიხატება, რომ ნიდერმანის დასაპატიმრებლად მხოლოდ ორი ოფიცრის
გაგზავნას აპროტესტებდა.
– მოწმეები გვყავს?
– გადარჩენილი პოლიციელი. არც იმის მჯერა, რასაც პოლსონი აბობს, თითქოს
ბლუმკვისტმა დაპატიმრებისას წინააღმდეგობა გაუწია. ჩემი აზრით, პოლსონი ამ
მოხსენებით წინასწარ იზღვევს თავს, თუ ბლუმკვისტი იჩივლებს.
– მაგრამ ბლუმკვისტმა ხომ მარტომ სძლია ნიდერმანს? – თქვა პროკურორმა
იერვასმა.
– პისტოლეტი დაუმიზნა.
– ესე იგი, ბლუმკვისტს პისტოლეტი ჰქონდა. მაშასადამე, მისი დაპატიმრება
მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა. ბლუმკვისტმა პისტოლეტი სად იშოვა?
– ადვოკატის გარეშე ამაზე პასუხის გაცემას არ აპირებს. პოლსონმა ის იმ დროს
დააპატიმრა, როცა პისტოლეტი ნებით ჩააბარა პოლიციას.
– შეიძლება არაოფიციალური რჩევა მოგცეთ? – ფრთხილად იკითხა მუდიგმა.
ყველა მისკენ მიტრიალდა.
– ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მიქაელ ბლუმკვისტს რამდენჯერმე
შევხვდი და ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. მგონი, გადაწყვეტილება მის
დადანაშაულებაზე თქვენ უნდა მიიღოთ... – პროკურორ იერვასს მიაპყრო მზერა. ამ
უკანასკნელმა თავი დაუქნია, – მაშინ, მერწმუნეთ, ბრალდებები თავხედობასა და
დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევაზე სრული სისულელეა. იმედია, მათ
მხედველობაში არ მიიღებთ.
– შესაძლოა, მაგრამ იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდება უფრო სერიოზულია.
– გირჩევთ, ცოტაც მოითმინოთ და ჩემი სიტყვების სიმართლეში თავად
დარწმუნდებით. ბლუმკვისტმა ეს თავსატეხი თავად ამოხსნა. პოლიციელებს
ყოველთვის ერთი ნაბიჯით გვისწრებდა. ჩვენთვისვე აჯობებს, მასთან კარგი
ურთიერთობა შევინარჩუნოთ და ვითანამშრომლოთ, თორემ შეიძლება თავისი
ჟურნალისა და მედიის საშაულებით მთელი ქვეყნის პოლიცია კრიტიკის
ქარცეცხლში გაგვხვიოს.
მუდიგს არც ერლანდერი ჩამორჩა და რამდენიმე წამის შემდეგ ყურადღების
მისაპყრობად ჩაახველა.
– სონიას ვეთანხმები. ჩემი აზრითაც, ბლუმკვისტთან თანამშრომლობა ნაღდად არ
გვაწყენს. წუხანდელი უხეში მოპყრობისთვის უკვე მოვუბოდიშე. როგორღაც
დაუდგენია, სალანდერი სადაც ცხოვრობს, მაგრამ მის მისამართს არ გვიმხელს.
პოლიციასთან ღიად დაპირისპირებას არ უფრთხის... მისი რეპუტაციის მქონე
ჟურნალისტის სიტყვას პრესაში ისეთივე წონა ექნება, როგორც პოლსონის
საბრალდებო მოხსენებას.
– მაგრამ პოლიციას სალანდერზე არანაირ ინფორმაციას არ აწვდის!
– ამბობს, სალანდერი დაკითხეთ და ყველაფერს მისგან გაიგებთ; არ ვაპირებ,
განვსაჯო ადამიანი, რომელიც უდანაშაულოა და რომლის უფლებებიც უხეშად
დაარღვიესო.
– რომელი პისტოლეტი ჩამოართვეს? – იკითხა იერვასმა.
– „კოლტ 1991 გავერმენტი“. სერიული ნომერი უცნობია. ამჟამად ექსპერტიზა
უტარდება და ჯერჯერობით არ ვიცით, ჩადენილია თუ არა ამ იარაღით შვედეთში
რამე დანაშაული. თუ კი, საქმე სულ სხვაგვარ ელფერს შეიძენს.
სპონგბერგმა კალამი ასწია:
– აგნეტა, შენზეა დამოკიდებული, წამოიწყებ თუ არა წინასწარ გამოძიებას მიქაელ
ბლუმკვისტის წინააღმდეგ, მაგრამ გირჩევ, ექსპერტიზის შედეგებს დაელოდო.
ახლა კი, მოდი, ზალაჩენკოზე გადავიდეთ... რას გვეტყვიან ჩვენი სტოკჰოლმელი
კოლეგები?
– საქმე ისაა, რომ გუშინდლამდე ზალაჩენკოსა და ნიდერმანზე არაფერი გვსმენოდა,
– აღიარა მუდიგმა.
– მეგონა, სტოკჰოლმში ლესბოსელ სატანისტთა ბანდას დაეძებდით, – შენიშნა ერთ-
ერთმა გეტებორგელმა დეტექტივმა.
მისი კოლეგები მოიღუშნენ. ჰოლმბერგი ფრჩხილების თვალიერებას შეუდგა და
პასუხის გაცემა მუდიგს მოუწია:
– ჩვენ შორის დარჩეს და, სტოკჰოლმშიც გვყავს ჩვენი ინსპექტორი პოლსონი და
ყველანაირი სისულელე ლესბოსელ სატანისტთა ბანდაზე მისი მონაჩმახია.
შემდეგ მუდიგი და ჰოლმბერგი დაწვრილებით მოყვნენ, როგორ მიმდინარეობდა
გამოძიება. ოთახში ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.
– თუ გუნარ ბიორკის ამბავი სიმართლე აღმოჩნდება, „სეპოს“ ყურები აეწვება, –
დაასკვნა ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსის
თანაშემწემ.
პროკურორმა იერვასმა ხელი ასწია.
– მეჩვენება, რომ თქვენი ეჭვები მხოლოდ დასკვნებსა და მეორეხარისხოვან
სამხილებს ეფუძნება. როგორც პროკურორს, სერიოზული მტკიცებულებების
ნაკლებობა მაღელვებს.
– გასაგებია, – თქვა ჰოლმბერგმა, – ვხვდებით, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ
ზოგიერთი კითხვა ჯერაც პასუხგაუცემელია.
– როგორც ვხვდები, ნიკვარნში ჯერაც არ დაგისრულებიათ გათხრები, – თქვა
სპონგბერგმა, – როგორ ფიქრობთ, რამდენ მკვლელობასთან გვაქვს საქმე?
ჰოლმბერგმა თვალები მოისრისა.
– ყველაფერი სტოკჰოლმში ორი მკვლელობით დაიწყო. შემდეგ მესამე ადამიანიც
მოკლეს. სალანდერის ძიება ჟურნალისტ დაგ სვენსონის, აკადემიკოს მია
იოჰანსონისა და ადვოტაკ ნილს-ერიკ ბიურმანის მკვლელობისთვის დავიწყეთ.
ნიკვარნში, საწყობის ეზოში სამ სამარხს, ანუ სამ დანაწევრებულ გვამს მივაგენით.
ერთ-ერთი ცნობილი ქურდბაცაცა „ბარიგისაა“. მეორე სამარხში ქალის გვამი იყო,
თუმცა მისი ვინაობა ჯერაც გაურკვეველია. მესამე სამარხი ჯერ არ გაგვითხრია. ის
ყველაზე ძველი ჩანს. გარდა ამისა, ბლუმკვისტმა ამ საქმესთან რამდენიმე თვის წინ
სოდერტელიეში მოკლული მეძავიც დააკავშირა.
– ამგვარად, თუ წუხელ გოსებერგაში მოკლულ პოლიციელს მივათვლით, სულ რვა
ადამიანის მკვლელობას ეხება საქმე. საზარელი სტატისტიკაა. თუ ყველა ამ
მკვლელობაში ნიდერმანია ეჭვმიტანილი, შეშლილი მანიაკი ყოფილა.
მუდიგმა და ჰოლმბერგმა ერთმანეთს გადახედეს. სიტყვა მუდიგმა აიღო.
– მიუხედავად იმისა, რომ არსებითი მტკიცებულებები გვაკლია, მე და ჩემს
უფროსს, ინსპექტორ ბუბლანსკის გვგონია, რომ ბლუმკვისტი მართალია და
სამმაგი მკვლელობა ნიდერმანმა ჩაიდინა. შესაბამისად, გამოდის, რომ სალანდერი
უდანაშაულოა. რაც შეეხება ნიკვარნში აღმოჩენილ სამარხებს, მათთან ნიდერმანი
სალანდერის მეგობრის, მირიან ვუს გატაცებით არის დაკავშირებული. არსებობდა
დიდი ალბათობა იმისა, რომ მირიამ ვუ მისი მორიგი მსხვერპლი გახდებოდა.
თუმცა, საწყობი „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“ თავმჯდომარეს
ეკუთვნის და სანამ ცხედრების ამოცნობა არ დასრულდება, დასკვნების გამოტანას
ნუ ვიჩქარებთ.
– ის ქურდბაცაცა, რომელიც ამოიცანით...
– ორმოცდაოთხი წლისაა, „ბარიგა“, ახალგაზრდობიდან მრავალჯერ იყო
ნასამართლევი. სავარაუდოდ, შიდა გარჩევებს ემსხვერპლა. „სვაველშეს
მოტოციკლეტისტთა კლუბი“ უკანონო საქმიანობაშია შემჩნეული, მათ შორის,
მეთამფეტამინის გასაღებაში. შესაძლოა, ნიკვარნი მათი მტრების სასაფლაო იყოს,
მაგრამ...
– დიახ?
– სოდერტელიეში მოკლული ახალგაზრდა მეძავი... გაკვეთამ დაადასტურა, რომ
სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა. როგორც ჩანს, მას ცემით ამოხადეს სული.
მისი ტრავმების ნამდვილი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. ბლუმკვისტის აზრით,
გოგონა ღონიერმა მამაკაცმა სცემა.
– ანუ ნიდერმანმა?
– შესაძლოა. თუმცა არანაირი სამხილი არ არსებობს.
– მაშ, როგორ მოვიქცეთ? – დაინტერესდა სპონგბერგი.
– ჯერ ბუბლანსკის უნდა დაველაპარაკო, – თქვა მუდიგმა, – თუმცა მომდევნო
ნაბიჯი, ლოგიკურად, ზალაჩენკოს დაკითხვაა. ჩვენთვის საინტერესოა, რას იტყვის
სტოკჰოლმში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე, თქვენთვის კი – რა საერთო აქვს მას
ნიდერმანთან. მისი დახმარებით იქნებ ნიდერმანის სავარაუდო ადგილმდებარეობა
დაადგინოთ.
– გოსებერგას ფერმაში რა იპოვეთ? – იკითხა ერთ-ერთმა გეტებორგელმა
დეტექტივმა.
– ოთხი რევოლვერი. დაშლილი და გაზეთილი „ზიგ-ზაუერი“ სამზარეულოს
მაგიდაზე; პოლონური „P-83 ვანადი“ სამზარეულოს დივნის გვერდით, იატაკზე;
„კოლტ 1911 გავერმენტი“, რომლის ჩაბარებასაც ცდილობდა ბლუმკვისტი
პოლსონისთვის; და ოცდაორკალიბრიანი „ბრაუნინგი“, რომელიც, სხვებთან
შედარებით, სათამაშო პისტოლეტს ჰგავს. ჩვენი აზრით, სწორედ ამ იარაღიდან
ესროლეს სალანდერს, რადგან თავში ტყვიაჩაჭედებული ცოცხალი გადარჩა.
– სხვა არაფერი?
– ზედა სართულზე, ნიდერმანის საძინებელში, ვიპოვეთ ჩანთა, რომელშიც 200 000
კრონა იდო.
– საიდან ვიცით, რომ ეს ნიდერმანის საძინებელია?
– იქიდან, რომ მას XXL ზომის სამოსი აცვია, ზალაჩენკოს კი – „მედიუმი“.
– ზალაჩენკოზე, ანუ ბოდინზე, რამე ხომ არ მოგეძევებათ არქივში? – იკითხა
ჰოლმბერგმა.
ერლანდერმა თავი გააქნია.
– ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ავხსნით ამოღებული იარაღის
არსებობას. გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა და მაღალტექნოლოგიური
სათვალთვალო სისტემისა, ეს ფერმა სხვა ფერმებისგან არაფრით გამოირჩევა,
სპარტანულად არის მოწყობილი. საეჭვო არაფერი გვიპოვია.
უკვე 12:00 საათი სრულდებოდა, როცა კარზე კაკუნით კაბინეტში ფორმიანი
პოლიციის ოფიცერი შემოვიდა და სპონგბერგს დოკუმენტი გადასცა.
– ინფორმაცია შემოვიდა ალინგსოსში პიროვნების დაკარგვაზე, – თქვა სპონგბერგმა,
– სტომატოლოგი, სახელად ანიტა კასპერსონი დილის 7:30 საათზე სახლიდან
მანქანით გავიდა. შვილი საბავშვო ბაღში მიიყვანა და სამსახურში 8:00 საათზე უნდა
მისულიყო, მაგრამ არ მივიდა. სტომატოლოგიური კლინიკა სულ ას ორმოცდაათ
მეტრში მდებარეობს იმ ადგილიდან, სადაც მიტოვებული საპატრულო მანქანა
იპოვეს.
ერლანდერმა და მუდიგმა ერთდროულად დაიხედეს მაჯის საათებზე.
– ესე იგი, ნიდერმანს ოთხსაათიანი უპირატესობა აქვს. რა მარკის მანქანაა?
– 1991 წლის მუქი ლურჯი „რენო“. აი, რეგისტრაციის ნომერი.
– მანქანაზე დაუყოვნებლივ ძებნა გამოცხადდეს. ნიდერმანი ახლა შეიძლება უკვე
ოსლოში ან მალმეში იყოს, ან სულაც – სტოკჰოლმში.
თათბირის დასასრულს გადაწყდა, რომ მუდიგი და ერლანდერი ერთად
დაკითხავდნენ ზალაჩენკოს.
კორტესმა მოღუშულმა გააყოლა თვალი კაბინეტიდან სამზარეულოსკენ მიმავალ
ერიკა ბერგერს. ცოტა ხანში ბერგერი სამზარეულოდან ყავის ფინჯნით გამოვიდა,
კაბინეტში დაბრუნდა და კარი დახურა.
კორტესი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. „მილენიუმი“ პატარა ჟურნალი იყო და
აქაური თანამშრომლები ახლობლობდნენ. უკვე მეოთხე წელი იყო, ჰენრი კორტესი
ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და ჟურნალთან ერთად მრავალი ქარტეხილი
გამოევლო. განსაკუთრებით სამ თვეს გაუჭირდათ, როცა ბლუმკვისტი
ცილისწამებისთვის დააპატიმრეს და რედაქცია კინაღამ დაიხურა. შემდეგ მათი
კოლეგა დაგ სვენსონი და მისი მეგობარი გოგონა მოკლეს.
კრიზისულ სიტუაციებში ბერგერი კლდესავით მტკიცედ იდგა. კორტესს არ
გაჰკვირვებია, ბერგერმა ის და ლოტა ქარიმი დილაადრიან სამუშაოდ რომ იხმო.
სალანდერის საქმე როგორც იქნა, გაიხსნა, ხოლო ბლუმკვისტი როგორღაც
გეტებორგელი პოლიციელის მკვლელობაში გაერია. ჯერჯერობით ყველაფერი
კონტროლს ექვემდებარებოდა. ქარიმი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იყო
დაბანაკებული და ვინმესგან ზუსტი ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. კორტესი
დილიდან ათასგან რეკავდა და წინა ღამით მომხდარის დეტალებს აკოწიწებდა.
ბლუმკვისტი მის ზარს არ პასუხობდა, მაგრამ სხვადასხვა წყაროდან ნათელი
სურათის შედგენა შეძლო.
აი, ბერგერი კი მთელი დილა დაბნეული ჩანდა. საერთოდ, ის კაბინეტში იშვიათად
იკეტებოდა – მხოლოდ მაშინ, თუ სტუმარი ჰყავდა ან მნიშვნელოვანი პრობლემის
გადაწყვეტაზე მუშაობდა. ამ დილით კი არც სტუმარი ჰყოლია და, რამდენადაც
კორტესმა იცოდა, არც მუშაობდა. კორტესმა ერთი-ორჯერ მიუკაკუნა, რომ მისთვის
ახალი ცნობები მიეწოდებინა. ბერგერი ფანჯარასთან იჯდა და გეტგატანზე ხალხის
ნაკადს დაფიქრებული უყურებდა. კორტესისთვის წესიერად არც მოუსმენია.
რაღაც ხდებოდა.
მერე კარზე ზარი გაისმა. კართან ადვოკატი ანიკა ჯიანინი იდგა. ჰენრი კორტესი
ბლუმკვისტის დას რამდენჯერმე შეხვედროდა, მაგრამ კარგად არ იცნობდა.
– გამარჯობა, ანიკა, – მიესალმა მას, – დღეს ბლუმკვისტი რედაქციაში არ არის.
– ვიცი, ერიკასთან მოვედი, – უპასუხა ჯიანინიმ.
ბერგერი კვლავ ფანჯარასთან იჯდა, მაგრამ სტუმარს როგორც კი შეხედა, მაშინვე
გამოცოცხლდა.
– გამარჯობა, მიქაელი დღეს რედაქციაში არ არის.
– ვიცი, – გაეღიმა ანიკა ჯიანინის, – აქ ბიორკის საიდუმლო მოხსენებისთვის ვარ.
მიკემ მთხოვა, გადაიკითხე, იქნებ სალანდერის ადვოკატად დაგვჭირდეო.
ბერგერმა თავი დაუქნია. წამოდგა, უჯრიდან საქაღალდე ამოიღო და ჯიანინის
გადასცა.
ჯიანინი წამით შეყოყმანდა, კაბინეტიდან გავიდე თუ არაო, მერე დაუპატიჟებლად
დაჯდა ბერგერის წინ.
– კარგი. მითხარი, რა გჭირს?
– „მილენიუმიდან“ წასვლას ვაპირებ და მიქაელს ვერ ვუმხელ. იმდენად ჩაეფლო
სალანდერის საქმეში, რომ ხელსაყრელი მომენტი ვერ შემირჩევია. არადა, ჯერ
სწორედ მას უნდა დაველაპარაკო და შემდეგ – დანარჩენებს. ამწუთას თავს
საშინლად ვგრძნობ.
ჯიანინიმ ქვედა ტუჩზე იკბინა.
– და მის მაგივრად მე მიმხელ. რატომ მიდიხარ?
– Svenska Morgon-Posten-ის მთავარ რედაქტორად მნიშნავენ.
– ღმერთო! მაშინ თვითგვემას და თითების მტვრევას შეეშვი. მოსალოცად გქონია
საქმე.
– ანიკა... „მილენიუმში“ ჩემი კარიერის დასრულებას ასე არ ვგეგმავდი. სრულ
ქაოსში ვტოვებ რედაქციას. ახალი სამსახური ისე მოულოდნელად შემომთავაზეს,
რომ უარი ვერ ვთქვი. ასეთი შანსი ხომ სიცოცხლეში ერთხელ გეძლევა ადამიანს.
შეთავაზება დაგის და მიას მკვლელობამდე მივიღე, მაგრამ ისეთი აურზაური ატყდა,
რომ გამხელა გადავიფიქრე. ახლა კი სინდისი მქენჯნის.
– გასაგებია. მიქაელს ამის თქმას ვერ უბედავ.
– საშინელებაა. ჯერ არავისთვის მითქვამს. მეგონა, Svenska Morgon-Posten-ში
მუშაობას შემოდგომაზე ვიწყებდი და ვფიქრობდი, სხვებს მოგვიანებით
დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ ახლა შემომითვალეს, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა
გადმოხვიდეო.
ბერგერი გაჩუმდა და ანიკა ჯიანინის შეხედა. ცოტაც და ატირდებოდა.
– ეს ჩემი ბოლო კვირაა „მილენიუმში“. მომდევნო კვირაში ორიოდე კვირით
დასასვენებლად მივდივარ... ძალების აღდგენა მჭირდება. ხოლო პირველი მაისიდან
Svenska Morgon-Posten-ში ვიწყებ მუშაობას.
– ავტობუსი რომ დაგჯახებოდა, „მილენიუმი“ ხომ მაშინაც წამში დარჩებოდა
მთავარი რედაქტორის გარეშე?
– მაგრამ ავტობუსი არ დამჯახებია, – შეეპასუხა ბერგერი, – მთელი ეს დრო განგებ
არ ვამხელდი, რომ სხვაგან გადავდივარ სამუშაოდ.
– გასაგებია. უხერხული სიტუაციაა, მაგრამ მიკე, კრისტერ მალმი და სხვები
გამოსავალს მოძებნიან. ვფიქრობ, ახლავე ყველაფერი უნდა გაუმხილო მათ.
– კარგი, მაგრამ შენი წყეული ძამიკო დღეს გეტებორგშია. სძინავს და ტელეფონი
გამორთული აქვს.
– ვიცი. ზუსტად მაშინ ვერ დაუკავშირდები, როცა გჭირდება. ვიცი, რომ ოცი წელია,
შენ და მიკე ერთად მუშაობთ და განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ
კრისტერზე და სხვა თანამშრომლებზეც უნდა იფიქრო.
– აქამდე საიდუმლოდ ვინახავდი და ბარემ ჯერ მიქაელს...
– რასაკვირველია, მიკე ალბათ გადაირევა, მაგრამ თუ თქვენი ოცწლიანი მეგობრობა
იმად არ უღირს, რომ შენგან ერთი შეცდომა მოითმინოს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია.
ბერგერმა შვებით ამოისუნთქა.
– მხნეობა მოიკრიბე, – განაგრძო ჯიანინიმ, – კრისტერი და სხვა თანამშრომლები
შეკრიბე. ახლავე.
კრისტერ მალმი რამდენიმე წამს გაუნძრევლად იჯდა. უკვე წასვლას აპირებდა,
როცა ერიკა ბერგერმა თანამშრომლები „მილენიუმის“ მცირე საკონფერენციო
ოთახში იხმო. კორტესი და ქარიმიც გაკვირვებულები ჩანდნენ. არც აღმასრულებელ
რედაქტორ მალინ ერიქსონს, რეპორტიორ მონიკა ნილსონს და მარკეტინგის
განყოფილების ხელმძღვანელ სონი მაგნუსონს სცოდნიათ რამე. როგორც სჩვეოდა,
შეხვედრას მხოლოდ ბლუმკვისტი არ ესწრებოდა. ის გეტებორგში იმყოფებოდა.
„ღმერთო ჩემო, მიქაელმაც არაფერი იცის, – გაიფიქრა მალმმა, – ნეტა რა რეაქცია
ექნება?“
უცებ გაიაზრა, რომ ბერგერმა ლაპარაკი შეწყვიტა და საკონფერენციო ოთახში
სამარისებური სიჩუმე გამეფდა. თავი გააქნია, წამოდგა, ბერგერს სპონტანურად
გადაეხვია და ლოყაზე აკოცა:
– გილოცავ, რიკი, Svenska Morgon-Posten-ის მთავარი რედაქტორობა წინ გადადგმული
ნაბიჯია.
კორტესი გამოცოცხლდა და ტაში დაუკრა.
ბერგერმა ხელები ასწია:
– შეწყვიტე. დღეს აპლოდისმენტებს არ ვიმსახურებ, – კოლეგებს თვალი მოავლო, –
ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ამგვარად მოხდა. თავიდანვე მინდოდა
თქვენთვის გამემხილა, მაგრამ დაგის და მიას მკვლელობას ისეთი აურზაური
მოჰყვა, ვეღარ შევძელი. შესაფერისი არც დრო იყო და არც – ადგილი. ამიტომაც
გადავდე დღემდე.
ერიქსონი ჟურნალის თანამშრომელთა სიმცირეზე დაფიქრდა და სინანულით
გაიფიქრა, რომ ბერგერი ძალიან დააკლდებოდათ. რაც უნდა მომხდარიყო, როგორი
პრობლემაც უნდა შექმნოდათ, ბერგერზე დაყრდნობა ყოველთვის შეეძლო.
„რა გასაკვირია, რომ ის უდიდესმა ყოველდღიურმა გაზეთმა გადაიბირა. მაგრამ
ახლა რა მოხდება? ერიკა „მილენიუმისთვის“ ყოველთვის საკვანძო ფიგურა იყო“.
– რაღაც-რაღაცეებში თავიდანვე უნდა გავერკვეთ, – განაგრძობდა ბერგერი, – ვიცი,
რომ ჩემი წასვლა რედაქციაში გარკვეულ სირთულეებს შექმნის. არ მინდა ასე იყოს,
მაგრამ ასეა. უპირველეს ყოვლისა: „მილენიუმს“ მთლიანად არ ვტოვებ. ჟურნალის
Yთანამფლობელად დავრჩები და საბჭოს შეხვედრებს დავესწრები. რასაკვირველია,
სარედაქციო პოლიტიკაში აღარ ჩავერევი.
მალმმა თავი დაუქნია.
– მეორე: ოფიციალურად ოცდაათ აპრილს შევწყვეტ აქ მუშაობას. თუმცა, დღეს ჩემი
ბოლო სამუშაო დღეა. როგორც იცით, მომდევნო კვირიდან სამოგზაუროდ მივდივარ.
რა ხანია, ამას ვგეგმავ. გადავწყვიტე, ახალ სამსახურში გადასვლამდე აქ აღარ
დავბრუნდე, – წამით შეყოვნდა, – ჟურნალის მომდევნო ნომერი გამზადებულია და
კომპიუტერში ინახება. კიდევ რამდენიმე მცირე დეტალია გასასწორებელი. ეს ჩემი
ბოლო ნომერი იქნება. სამუშაო მაგიდას დღესვე გავათავისუფლებ.
ოთახში სრული სიჩუმე იდგა.
– ახალ მთავარ რედაქტორს საბჭო აირჩევს. სავარაუდო კანდიდატურაზე თქვენც
იფიქრეთ.
– მიქაელი, – თქვა მალმმა.
– არა, მიქაელი გამორიცხეთ. ის ყველაზე ცუდი მთავარი რედაქტორი იქნება.
ვაღიარებ, ბრწყინვალე რედაქტორია, სტატიებს ჩინებულად არედაქტირებს და
ნებისმიერ მასალას მოამზადებს დასაბეჭდად, მაგრამ მთავარ რედაქტორს
ინიციატივის თავის თავზე აღებაც უნდა შეეძლოს. მიქაელი თუ საქმეს მოკიდებს
ხელს, სანამ არ დაასრულებს, ვეღარ ეშვება და შეიძლება კვირობიYთ გადაიკარგოს.
მალმი უხალისოდ დაეთანხმა და დაამატა:
– „მილენიუმი“ იმით ცოცხლობდა, რომ შენ და მიქაელი ერთმანეთს აბალანსებდით.
– ეს ერთადერთი მიზეზი არაა. გახსოვთ, მიქაელი ჰედესტადში ერთი წლით რომ
გადაიკარგა? „მილენიუმი“ უმისოდ ხომ ფუნქციონირებდა?! ჰოდა, უჩემოდაც
იმუშავებს.
– მაშ, შენ ვისზე ფიქრობ?
– ჩემი აზრით, მთავარი რედაქტორი შენ უნდა იყო, კრისტერ.
– ეგ არ მოხდება, – ხელები გაასავსავა მალმმა.
– თუმცა, რაკი ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი, სხვა კანდიდატურაც მყავს. მალინ,
დღეიდან მთავარ რედაქტორად შენ იმუშავებ.
– მე? – გაკვირვება ვერ დამალა ერიქსონმა.
– დიახ, შენ. ბრწყინვალე აღმასრულებელი რედაქტორი იყავი.
– მაგრამ მე...
– სცადე. ამაღამ კაბინეტს დავცლი. ორშაბათიდან კი ჩემს ადგილს შენ დაიკავებ.
მაისის ნომერი უკვე მზადაა – მასზე დაუღალავად ვიმუშავეთ. ივნისში ორმაგი
ნომერი გამოდის, ივლისში კი ერთი თვით დაისვენებ. თუ დაკისრებულ
მოვალეობას თავს ვერ გაართმევ, აგვისტოში საბჭო ახალ მთავარ რედაქტორს
მოძებნის. ჰენრი, აღმასრულებელი რედაქტორის თანამდებობაზე მალინის ადგილს
შენ დაიკავებ. ახალი თანამშრომლის აყვანაც მოგვიწევს, მაგრამ ეს უკვე თქვენი და
საბჭოს გადასაწყვეტია, – ბერგერმა შეკრებილებს ჩაფიქრებით გადახედა, – და
კიდევ: მიუხედავად იმისა, რომ Svenska Morgon-Posten და „მილენიუმი“
კონკურენტები არ არიან, მაინც აჯობებს, მომდევნო ორი ნომრის მასალებზე იმაზე
მეტი, რაც ახლა ვიცი, აღარაფერი გამიმხილოთ. ასეთი საკითხები ამ წუთიდან
მალინთან უნდა გადაწყვიტოთ.
– სალანდერის საქმეს რა ვუყოთ? – იკითხა კორტესმა.
– ეს მიქაელთან ერთად გადაწყვიტეთ. სალანდერზე Svenska Morgon-Posten-ში ჩემგან
ვერაფერს შეიტყობენ, – ბერგერს გულიდან მძიმე ლოდი აეხსნა, – სულ ეს არის, –
თქვა და თავის კაბინეტში დაბრუნდა.
„მილენიუმის“ თანამშრომლები ხმის ამოუღებლად ისხდნენ.
მალინ ერიქსონმა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ დააკაკუნა ბერგერის კაბინეტის
კარზე.
– შეიძლება?
– გისმენ.
– რაღაც უნდა გითხრათ.
– რა?
– თუ შეიძლება, გამოდი.
ბერგერი წამოდგა და კართან მივიდა. საკონფერენციო ოთახში ნამცხვარი და ყავა
ელოდა.
– თავის დროზე შესაფერის გამოსამშვიდობებელ წვეულებას მოგიწყობთ, – თქვა
მალმმა, – ჯერჯერობით კი ყავით და ნამცხვრით დავკმაყოფილდეთ.
ბოლო დღეების განმავლობაში ბერგერს პირველად გაეღიმა.

თავი III
პარასკევი, 8/IV – შაბათი, 9/IV
19:00 საათზე, როცა ინსპექტორები, მუდიგი და ჰოლმბერგი პალატაში შევიდნენ,
ზალაჩენკო უკვე რვა საათის გაღვიძებული იყო. რთული ოპერაციის შედეგად ყბა
გაუსწორეს და ტიტანის ხრახნებით დაუმაგრეს. თავი მთლიანად შეხვეული
ჰქონდა, მხოლოდ მარცხენა თვალი და პირი უჩანდა. სამედიცინო დასკვნით,
ნაჯახმა მას ღაწვის ძვალი ჩაუმტვრია და შუბლი დაუზიანა, სახის მარჯვენა მხარეს
კანი ჩამოათალა და თვალის ფოსო განზე გაქაჩა. ზალაჩენკო საშინელ ტკივილს
განიცდიდა, ამიტომ ტკივილგამაყუჩებლებს აძლევდნენ. ამის მიუხედავად,
შეძლებისდაგვარად საღად აზროვნებდა და ლაპარაკობდა. თუმცა, ინსპექტორები
გააფრთხილეს, ზედმეტად არ გადაღალოთო.
– საღამო მშვიდობისა, ჰერ ზალაჩენკო, – მიესალმა მუდიგი და თავისი კოლეგაც
წარუდგინა.
– მე კარლ აქსელ ბოდინი მქვია, – ძლივს გამოთქვა კრიჭაშეკრულმა ზალაჩენკომ,
თუმცა მშვიდი ხმა ჰქონდა.
– ზუსტად ვიცი, ვინც ხართ. „სეპოში“ თქვენს ნამდვილ საბუთებს გავეცანი, –
რასაკვირველია, მუდიგი ცრუობდა.
– ეგ დიდი ხნის წინ იყო, – არ შეეპუა ზალაჩენკო, – ახლა კარლ აქსელ ბოდინი ვარ.
– თავს როგორ გრძნობთ? საუბარი შეგიძლიათ?
– მინდა განცხადება გავაკეთო. ჩემმა ქალიშვილმა ჩემი მოკვლა სცადა.
– ვიცით. თავის დროზე ყველაფერს გამოვიძიებთ, – თქვა ერლანდერმა, – ახლა
უფრო საჩქარო საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ.
– მკვლელობის მცდელობაზე უფრო საჩქარო რა უნდა იყოს?
– თქვენგან ინფორმაცია გვჭირდება სტოკჰოლმში მომხდარ სამ მკვლელობაზე,
ნიკვარნში მომხდარ სულ ცოტა სამ მკვლელობაზე და ადამიანის გატაცებაზე.
– მე არაფერი ვიცი. ვინ მოკლეს?
– ჰერ ბოდინ, საკმარისი საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ამ დანაშაულებში
თქვენი ახლობელი, ოცდათხუთმეტი წლის რონალდ ნიდერმანია გარეული, – თქვა
ერლანდერმა, – წუხელ მან ტროლჰეტანელი პოლიციელიც მოკლა.
მუდიგს გაუკვირდა, რომ ერლანდერი ზალაჩენკოს თხოვნას დაემორჩილა და მას
შეცვლილი გვარით მიმართა.
ზალაჩენკომ თავი შეაბრუნა, რომ ერლანდერი უკეთ დაენახა, და ხმა უფრო
შეარბილა:
– არც კი ვიცი, რა ვთქვა... ძალიან სამწუხაროა. ნიდერმანის საქმიანობაზე ვერაფერს
ვიტყვი. მე არავინ მომიკლავს. წუხელ თვითონ დამესხნენ თავს და კინაღამ
მომკლეს.
– ამწუთას რონალდ ნიდერმანს მთელ ქვეყანაში დაეძებენ. ხომ ვერ გვეტყვით, სად
შეიძლება იმალებოდეს?
– არ ვიცი, რა წრეში ტრიალებს. უნდა... – ზალაჩენკო რამდენიმე წამით შეყოყმანდა
და შეპარვით განაგრძო, – უნდა გამოგიტყდეთ, რომ ხანდახან ნიდერმანზე ძალიან
ვღელავ.
ერლანდერი მისკენ გადაიხარა.
– რას გულისხმობთ?
– ვატყობ, რომ სისასტიკისადმი აქვს მიდრეკილება... სიმართლე ითქვას, მისი
მეშინია.
– მაშ, ნიდერმანისგან საფრთხეს გრძნობდით? – ჰკითხა ერლანდერმა.
– დიახ. მოხუცი ხეიბარი ვარ. თავის დაცვა არ შემიძლია.
– ხომ ვერ გვეტყვით, ნიდერმანთან რა გაკავშირებთ?
– ინვალიდი ვარ, – ფეხებზე ანიშნა ზალაჩენკომ, – ჩემმა ქალიშვილმა უკვე მეორედ
სცადა ჩემი მოკვლა. რამდენიმე წლის წინ ნიდერმანი თანაშემწედ ავიყვანე. მეგონა,
დამიცავდა... მან კი ჩემი ცხოვრების წარმართვა დაიწყო. მაშინ მოდის და მიდის,
როცა თვითონ მოესურვება... მეტს ვერაფერს დავამატებ.
– რაში გეხმარებათ? – ჩაერთო მუდიგი, – იმაში, რის კეთებაც თვითონ არ
შეგიძლიათ?
ზალაჩენკო მუდიგს საღი თვალით მიაშტერდა.
– ვიცი, რომ თქვენმა ქალიშვილმა ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მოლოტოვის
კოქტეილი შემოგიგდოთ მანქანაში, – უთხრა მუდიგმა, – ხომ ვერ გვეტყვით, რამ
უბიძგა ამისკენ?
– აჯობებს, ჩემს ქალიშვილს ჰკითხოთ. ფსიქიკურად დაავადებულია, – ხმაში
მტრული ტონი შეეპარა ზალაჩენკოს.
– ანუ, 1991 წელს ლიზბეთ სალანდერი უმიზეზოდ დაგესხათ თავს?
– ჩემი ქალიშვილი ფსიქიკურად არის ავად. ამის დამადასტურებელი საბუთები
არსებობს.
მუდიგმა თავი გვერდზე გადახარა. ზალაჩენკო მის შეკითხვებს უფრო მტრულად და
აგრესიულად პასუხობდა. ეს ერლანდერმაც შენიშნა.
„კარგი პოლიციელი, ცუდი პოლიციელი“.
მუდიგმა ხმას აუწია.
– იქნებ გოგონას ქმედება იმით იყო გამოწვეული, რომ დედამისს სასტიკად სცემეთ
და ტვინი სამუდამოდ შეურყიეთ?
ზალაჩენკომ თავი ამჯერად მუდიგისკენ შეატრიალა.
– რა სისულელეა. დედამისი კახპა იყო. ალბათ რომელიმე კლიენტმა სცემა. მე
მხოლოდ შევიარე მასთან.
მუდიგმა წარბები აზიდა.
– მაშ, სრულიად უდანაშაულო ხართ?
– დიახ, უდანაშაულო ვარ.
– ზალაჩენკო, მოდი, გავიმეორებ, იქნებ არასწორად გაგიგეთ: ამბობთ, რომ
არასდროს გიცემიათ მეგობარი ქალი, აგნეტა სოფია სალანდერი, ლიზბეთის დედა,
მიუხედავად იმისა, რომ „სეპოს“ გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტში ყველაფერი
დაწვრილებითაა აღწერილი თქვენი მაშინდელი ზედამხედველის, გუნარ ბიორკის
მიერ?
– ჩემთვის ბრალი არასდროს არაფერში დაუდიათ. არასდროს
გავუსამართლებივართ. თუ „სეპოს“ რომელიმე აგენტი თავის მოხსენებაში
რაღაცეებს ფანტაზიორობს, მე ვერაფერს ვიზამ. ეჭვმიტანილი რომ ვყოფილიყავი,
დამკითხავდნენ მაინც.
მუდიგმა არაფერი უპასუხა. სახვევით სახედაფარული ზალაჩენკო აშკარად
იღიმებოდა.
– ამგვარად, მინდა, ჩემს ქალიშვილს მკვლელობის მცდელობისთვის ვუჩივლო.
მუდიგმა ამოიოხრა:
– ახლა ვხვდები, რატომ ჩაგცხოთ თქვენმა ქალიშვილმა თავში ნაჯახი.
ერლანდერმა ჩაახველა:
– ჰერ ბოდინ, აჯობებს ისევ რონალდ ნიდერმანს დავუბრუნდეთ. იქნებ რამე
ინფორმაციას ფლობდეთ მის საქმიანობაზე?
მუდიგმა ინსპექტორ ბუბლანსკის ზალაჩენკოს პალატის კართან, დერეფანში
მდგარმა დაურეკა.
– არაფერი, – უთხრა უფროსს.
– არაფერი?
– სალანდერს უჩივის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და მკვლელობის
მცდელობისთვის. ამბობს, სტოკჰოლმში მომხდარ მკვლელობებზე არაფერი ვიციო.
– იმ ფაქტს რით ხსნის, რომ სალანდერი გოსებერგაში მისი ფერმის ტერიტორიაზე
მიწაში იყო ჩამარხული?
– ამბობს, გაციებული ვიყავი და მთელი დღე ვიწექიო. თუ სალანდერს ესროლეს, ეს
ალბათ ნიდერმანის ნახელავი იქნებაო.
– ჩვენ რა ვიცით?
– მას ოცდაორკალიბრიანი „ბრაუნინგიდან“ ესროლეს. ამიტომაც გადარჩა ცოცხალი.
იარაღი ამოღებულია. ზალაჩენკო აღიარებს, რომ „ბრაუნინგი“ თავისია.
– გასაგებია. ესე იგი, იცის, რომ „ბრაუნინგზე“ მის ანაბეჭდებს აღმოვაჩენთ.
– დიახ. თუმცა, ამტკიცებს, პისტოლეტი, ბოლოს რომ ვნახე, ჩემს უჯრაში იდოო.
– რაც ნიშნავს, ჰერ ნიდერმანმა პისტოლეტი მაშინ ამოიღო, როცა ზალაჩენკოს ეძინა,
და სალანდერს ესროლა. ცბიერი ნაბიჭვარი. საწინააღმდეგოს დამტკიცება თუ
შეგვიძლია?
მუდიგმა მცირე ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა:
– ზალაჩენკო შვედურ კანონმდებლობას და პოლიციის პროცედურებს კარგად
იცნობს. არაფერს აღიარებს. განტევების ვაცად ნიდერმანი გამოჰყავს. მგონი,
ვერაფერს დავუმტკიცებთ. ერლანდერს მისი ტანსაცმელი ლაბორატორიაში
გავაგზავნინე, იქნებ ექსპერტიზამ ზედ დენთის კვალი აღმოაჩინოს, მაგრამ ხომ
ვიცი, თავს გაიმართლებს, ორი დღის წინ სროლაში ვვარჯიშობდიო.
ლიზბეთ სალანდერმა ნუშისა და ეთილის სპირტის სუნი იგრძნო. პირში თითქოს
ალკოჰოლი ჰქონდა დაგუბებული, მაგრამ ვერ ყლაპავდა, ენა გაშეშებოდა. ვერც
თვალის გახელა მოახერხა. შორიდან ვიღაცის ხმა ჩაესმა. მას ელაპარაკებოდნენ,
მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა. უცებ გარკვევით გაიგონა: „მგონი, გონს მოდის“.
იგრძნო, რომ ვიღაც შუბლზე შეეხო, და ხელის მოშორება სცადა, მაგრამ იმწამსვე
მარცხენა მხარზე ტკივილი იგრძნო და შეეშვა.
– გესმით ჩემი, ლიზბეთ?
„თავი დამანებე“.
– შეგიძლიათ თვალი გაახილოთ?
„ვინ არის ეს იდიოტი, ტვინს რომ მიბურღავს?“
როგორც იქნა, თვალები გაახილა. თავიდან უცნაური სინათლის ლაქები დაინახა,
მერე ვიღაცის ფიგურა გამოიკვეთა. მზერის ფოკუსირება სცადა, მაგრამ ფიგურა
გამუდმებით უსხლტებოდა მხედველობის არიდან. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს ნაბახუსევზე იყო და საწოლი უკან-უკან იხრებოდა.
– გამყუჩბლეი, – თქვა ლიზბეთმა.
– გაიმეორე!
– დიოტ.
– შესანიშნავია. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაახილოთ თვალი?
ლიზბეთმა ოდნავ ასწია ქუთუთოები და ვიწრო ჭრილიდან შეათვალიერა უცნობის
სახე. მაშინვე დაიმახსოვრა სახის ყველა ნაკვთი. მისგან ნახევარ მეტრში ქერა,
ლურჯთვალება, ოთხკუთხასახიანი მამაკაცი იდგა.
– გამარჯობა. მე ანდერს იუნასონი მქვია. ექიმი ვარ. თქვენ საავადმყოფოში
იმყოფებით. სერიოზულად დაშავდით და ოპერაცია გაგიკეთეთ. შეგიძლიათ თქვენი
სახელი და გვარი მითხრათ?
– პშლანდრი, – უპასუხა სალანდერმა.
– კარგია. ახლა თუ შეიძლება ათამდე დაითვალეთ!
– ერთი, ორი, ოთხი... არა... სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი...
და გული წაუვიდა.
ექიმი იუნასონი მისი პასუხებით კმაყოფილი დარჩა. ლიზბეთს თავისი სახელი და
გვარი ახსოვდა და თვლაც შეძლო. ესე იგი, შემეცნების უნარი არ დაუკარგავს,
აზროვნება შეუძლია. ოპერაციის დასრულებიდან დაახლოებით თექვსმეტი საათის
შემდეგ „გამოღვიძების“ გრაფაში 21:06 ჩაწერა. იუნასონს მთელი დღის
განმავლობაში ეძინა და საავადმყოფოში 19:00 საათზე დაბრუნდა. იმ დღეს
ისვენებდა, მაგრამ რაღაც საბუთები ჰქონდა შესავსები.
ვერ მოითმინა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმ პაციენტის მოსანახულებად
შეიარა, რომლის ტვინშიც გამთენიისას იქექებოდა.
– აცადეთ, იძინოს, მაგრამ ელექტროენცეფალოგრამა რეგულარულად შეუმოწმეთ.
ტვინი არ შეუშუპდეს ან სისხლი არ ჩაექცეს. მკლავის ამოძრავებისას მარცხენა
მხრის ტკივილი იგრძნო. თუ გამოიღვიძებს, საათში ერთხელ ორი გრამი მორფინი
გაუკეთეთ.
იუნასონმა სოლგრენსკა ამაღლებულ განწყობაზე დატოვა.
ალინგსოსელი სტომატოლოგი ანიტა კასპერსონი მხოლოდ თხელი შარვლისა და
სვიტერის ამარა, აცახცახებული მიფორხილებდა ტყეში. მთელი სხეული
გაჰყინვოდა. შიშველი ფეხები დასისხლიანებოდა. ბეღლიდან, რომელშიც იმ კაცმა
დააბა, როგორღაც გამოაღწია, მაგრამ ზურგს უკან შეკრულ ხელებს ვერ იხსნიდა.
ხელის თითებს საერთოდ ვეღარ გრძნობდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო ან რამდენ საათს დაეხეტებოდა უმისამართოდ.
უკვირდა, რომ ჯერაც ცოცხალი იყო.
უცებ ხეებს შორის შუქი დაინახა და გაჩერდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ გაბედა შუქთან მიახლოება. ბუჩქებს შორის გაძვრა და
ბლოკით ნაშენი ერთსართულიანი სახლის ეზოში აღმოჩნდა. გაკვირვებულმა
მიმოიხედა.
მერე კართან მიბარბაცდა და ქუსლით დააკაკუნა კარზე.
სალანდერმა თვალი გაახილა და ჭერზე სინათლე დაინახა. წუთის შემდეგ თავი
გვერდზე მიატრიალა და მიხვდა, რომ სამედიცინო საყელო ეკეთა. თავი
დამძიმებოდა, ხოლო მარცხენა მხარზე მწვავე ტკივილს გრძნობდა. თვალები
დახუჭა.
„საავადმყოფო, – გაიფიქრა მან, – აქ როგორ აღმოვჩნდი?“
მისუსტებული, აზრებს თავს ვერ უყრიდა. უცებ ერთიმეორის მიყოლებით
ყველაფერი გაახსენდა. თვალწინ დაუდგა, მიწიდან როგორ ამოძვრა ცოცხლად
დამარხული. კრიჭა შეეკრა და სულის მოთქმა სცადა.
ცოცხალი იყო, მაგრამ აღარ იცოდა, გახარებოდა ეს თუ არა.
ნელ-ნელა მოზაიკის დეტალებივით შეაკოწიწა ბუნდოვანი მოგონებები – როგორ
ჩასცხო ნაჯახი მამამისს თავში.
„ზალაჩენკო. ნეტა ცოცხალია თუ მკვდარი?“
წესიერად ვერ გაიხსენა, რა დაემართა ნიდერმანს. ახსოვდა, რომ მისდა გასაკვირად,
ნიდერმანი გაიქცა, მაგრამ არ ახსოვდა, რატომ.
უცებ ისიც გაახსენდა, რომ ნაბიჭვარი კალე ბლუმკვისტი დაინახა.
„შეიძლება ყველაფერი დაემესიზმრა. მაგრამ, არა, სამზარეულო მახსოვს –
გოსებერგას ფერმაში ვიყავი. ისიც დავინახე. მიახლოვდებოდა. ალბათ ჰალუცინაცია
იყო“.
მერე აწმყოზე დაფიქრდა და თვალები ისევ გაახილა.
თვითონაც ხვდებოდა, რომ სერიოზულად იყო დაშავებული. მარჯვენა ხელით
მოისინჯა თავი. შეხვეული ჰქონდა. ერთბაშად ყველაფერი გაახსენდა.
„ნიდერმანი. ზალაჩენკო. იმ ბებერ ნაბიჭვარსაც ჰქონდა პისტოლეტი.
ოცდაორკალიბრიანი „ბრაუნინგი“.
სხვა პისტოლეტებთან შედარებით ოცდაორკალიბრიანი „ბრაუნინგი“ ნამდვილი
სათამაშო იყო. ამიტომაც გადარჩა ცოცხალი.
„თავში მესროლეს. ჰმ, ნახვრეტში თითი რომ შემეყო, ტვინს შევეხებოდი“.
ვერ იჯერებდა, რომ ცოცხალი გადარჩა. თუმცა, დიდად აღარ ღელავდა.
„თუ სიკვდილი ის შავი სიცარიელეა, რომლისგანაც ახლა გამოვფხიზლდი, საშიში
სულაც არ ყოფილა. ვერანაირ განსხვავებას ვერ იგრძნობ“.
ამ ეზოთერული ფიქრებით თვალები დახუჭა და ისევ დაიძინა.
სულ რამდენიმე წუთს ეძინა, როცა მოძრაობა იგრძნო და თვალები ოდნავ გაახილა.
მისკენ თეთრხალათიანი მედდა გადმოხრილიყო. ლიზბეთმა თავი მოიმძინარა.
– მგონი, გღვიძავთ, – თქვა მედდამ.
– მმმ, – ჩაიბურტყუნა ლიზბეთმა.
– გამარჯობა, მე მარიანი მქვია. გესმით, რასაც გეუბნებით?
სალანდერმა თავის დაქნევა სცადა, მაგრამ სამედიცინო საყელომ არ გაუშვა.
– არა, ნუ გაინძრევით. ნურაფრის გეშინიათ. დაშავდით და ოპერაცია გაგიკეთეს.
– თუ შეიძლება წყალი დამალევინეთ, – ითხოვა სალანდერმა.
მედდამ ჭიქიდან ჩხირით მოაწრუპვინა წყალი. წყლის სმისას მხარმარცხნივ მდგარი
მეორე ქალი დაინახა.
– გამარჯობა, ლიზბეთ. გესმით ჩემი?
– მმმ.
– მე ექიმი ჰელენა ენდრინი ვარ. იცით, სად იმყოფებით?
– საავადმყოფოში.
– დიახ, სოლგრენსკას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ოპერაცია
გაგიკეთეს.
– ...
– ნურაფრის გეშინიათ.
– თავში ტყვიით დამჭრეს.
ელდრინმა წამიერი ყოყმანის შემდეგ უპასუხა:
– დიახ, მართალია. მაშასადამე, გახსოვთ, რაც მოხდა.
– ბებერ ნაბიჭვარს პისტოლეტი ჰქონდა.
– ჰა... აჰ, ჰო, რომელიღაცას ჰქონდა.
– ოცდაორკალიბრიანი.
– გასაგებია. ეს არ ვიცოდი.
– მძიმედ დავშავდი?
– პროგნოზი ოპტიმისტურია. ძალიან მძიმედ იყავით, მაგრამ გვჯერა, რომ სრულად
გამოჯანმრთელდებით.
სალანდერმა მიღებული ინფორმაცია აწონ-დაწონა. შემდეგ ექიმისთვის თვალის
გასწორება სცადა, მაგრამ მხედველობა დაებინდა.
– ზალაჩენკოს რა მოუვიდა?
– ვის?
– ბებერ ნაბიჭვარს. ცოცხალია?
– ალბათ კარლ აქსელ ბოდინს გულისხმობთ?
– არა, მე ალექსანდერ ზალაჩენკოს ვგულისხმობ. მისი ნამდვილი სახელი და გვარი
ესაა.
– ეს არ ვიცოდი. ხანში შესული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც თქვენთან ერთად
მოიყვანეს საავადმყოფოში, კრიტიკულია, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.
ექიმის სიტყვებზე სალანდერს გული შეეკუმშა.
– ახლა სად არის?
– ამავე სართულზე, ერთ-ერთ პალატაში. მასზე ნუ ღელავთ. აჯობებს, თქვენს
გამოჯანმრთელებაზე იზრუნოთ.
სალანდერმა თვალები დახუჭა. გაიფიქრა, ნეტა ძალა თუ მეყოფა, საწოლიდან
ავდგე, რამე მძიმე საგანი ვიპოვო და დაწყებული საქმე დავამთავროო. მისდა
სამწუხაროდ, თვალებს ძლივს ახელდა.
„ისევ გაიქცევა. ზალაჩენკოს მოკვლის შანსი ხელიდან გავუშვი“.
– თუ შეიძლება, გაგსინჯავთ. მერე ისევ დაიძინეთ, – თქვა ექიმმა ელდრინმა.
ბლუმკვისტს უეცრად გამოეღვიძა. ვერ მიხვდა, რატომ ან სად იყო. მერე გაახსენდა,
რომ სასტუმროში დარჩა გამოსაძინებლად. უკუნ სიბნელეში ხელის ფათურით
მიაგნო ტუმბოზე მდგარ ღამის ელექტროლამპას, აანთო და საათს შეხედა. ღამის 2:00
საათი იყო. თხუთმეტ საათს გადაბმულად უძინია.
კარგა ხანს იდგა შხაპის ქვეშ. მერე ტანი გაიმშრალა და ჯინსის შარვალი და
სპორტული სვიტერი ჩაიცვა. ღამის პორტიეს დაურეკა, ასე გვიან სენდვიჩის და
ყავის მირთმევა თუა შესაძლებელიო. პორტიემ დადებითი პასუხი გასცა.
ზემოდან ქურთუკი მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა. იქ ყავა, ყველი და ღვიძლის პაშტეტი
შეუკვეთა და Göteborgs-Posten იყიდა. ცნობა ლიზბეთ სალანდერის დაპატიმრების
შესახებ გაზეთის პირველ გვერდზე ეწერა. ბლუმკვისტმა საუზმეც და გაზეთიც
თავის ნომერში აიტანა. ცნობები ძველებურად მოკლე და გაურკვეველი იყო, მაგრამ
ამჯერად სწორ გზას მაინც ადგნენ. პოლიციელის მკვლელობისთვის
ოცდათხუთმეტი წლის რონალდ ნიდერმანს ეძებდნენ. პოლიციას მისი დაკითხვა
სტოკჰოლმურ მკვლელობებთან დაკავშირებითაც სურდა. პოლიცია სალანდერის
მდგომარეობაზე არაფერს ამბობდა, ზალაჩენკოს სახელს კი საერთოდ არ
ახსენებდნენ. მას სამოცდახუთი წლის გოსებერგელ ფერმერად მოიხსენიებდნენ.
როგორც ჩანდა, მედიას ის უდანაშაულო მსხვერპლად მიაჩნდა.
კითხვას რომ მორჩა, ბლუმკვისტმა ტელეფონი ჩართო. ოცი ახალი შეტყობინება
მოსვლოდა. სამი ატყობინებდა, ბერგერს დაურეკეო. ორი მისი დისგან, ანიკასგან
იყო, თოთხმეტი – სხვადასხვა გაზეთის ჟურნალისტებისგან, რომლებსაც მასთან
დალაპარაკება სურდათ. ერთი კრისტერს მალმს გამოეგზავნა. მოკლედ
ატყობინებდა: „აჯობებს, პირველივე მატარებლით დაბრუნდე შინ“.
ბლუმკვისტი მოიღუშა. მალმისგან ასეთი შეტყობინება ცოტათი უჩვეულო ეჩვენა.
SMS წინა საღამოს 19:06 საათზე გამოეგზავნა. ბლუმკვისტმა ღამის 3:00 საათზე
დარეკვა და ვინმეს გაღვიძება გადაიფიქრა. „აიბუქი“ ჩართო და ინტერნეტის
კაბელი შეაერთა. გაარკვია, რომ სტოკჰოლმის მიმართულებით პირველი
მატარებელი 5:20 საათზე გადიოდა, ხოლო Aftonbladet-ის ელექტრონულ ვერსიაში
ახალი არაფერი ეწერა.
Word-ის ახალი დოკუმენტი გახსნა, სიგარეტს მოუკიდა და სამი წუთით ცარიელ
ეკრანს მიაშტერდა. შემდეგ ბეჭდვა დაიწყო:
მას ლიზბეთ სალანდერი ჰქვია. შვედეთმა ის პოლიციელთა მოხსენებებით, პრეს-
რელიზებითა და საგაზეთო სტატიებით გაიცნო. ის ოცდაექვსი წლისაა და 1,5 მეტრის
სიმაღლისა ძლივს იქნება. მას ფსიქოპათი, მკვლელი და ლესბოსელი სატანისტი
უწოდეს. ბევრი რამ გამოუგონეს და დააბრალეს. „მილენიუმის“ ამ ნომერში
წაიკითხავთ, როგორ შეიკრნენ მთავრობის მაღალჩინოსნები მის წინააღმდეგ და
პათოლოგიური მკვლელის დასაცავად...
ორმოცდაათი წუთის განმავლობაში შეუჩერებლად წერდა. ძირითადად იმ ღამის
ფაქტები შეაჯამა, როცა დაგ სვენსონი და მია იოჰანსონი დახოცილები იპოვა და
პოლიციამ ლიზბეთ სალანდერი მთავარ ეჭვმიტანილად გამოაცხადა. მოიყვანა
საგაზეთო სათაურები, რომლებშიც სალანდერს ლესბოსელ სატანისტობას
აბრალებდნენ და მკვლელობის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად სადომაზოხისტურ
სექსს ასახელებდნენ.
საათი შეამოწმა და „აიბუქი“ სასწრაფოდ დახურა. ჩანთა ჩაალაგა და ვესტიბიულში
ჩავიდა. ნომრის საფასური საკრედიტო ბარათით გადაიხადა და გეტებორგის
ცენტრალურ სადგურში ტაქსით წავიდა.
ბლუმკვისტი მაშინვე ვაგონ-რესტორანში შევიდა და კვლავ ყავა და სენდვიჩი
შეუკვეთა. მერე „აიბუქი“ გახსნა და ტექსტი გადაიკითხა. იმდენად გაერთო
კითხვით, რომ ინსპექტორი მუდიგი არც შეუმჩნევია, სანამ ამ უკანასკნელმა არ
ჩაახველა და ჰკითხა, თუ შეიძლება შემოგიერთდეთო. ბლუმკვისტმა თავი ასწია,
მუდიგს დარცხვენილად გაუღიმა და „აიბუქი“ დახურა.
– შინ მიემგზავრებით?
– როგორც ვხედავ, თქვენც.
მუდიგმა თავი დაუქნია.
– ჩემი კოლეგა კიდევ ერთ დღეს დარჩება.
– სალანდერის მდგომარეობაზე თუ იცით რამე? მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ ვნახე,
მკვდარივით მეძინა.
– საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაუკეთეს ოპერაცია და წუხელ მოვიდა გონს.
ექიმები იმედოვნებენ, რომ სრულად გამოჯანმრთელდება. ბედმა გაუღიმა.
ბლუმკვისტმა მუდიგს თავი დაუქნია. უცებ გაიაზრა, რომ სალანდერზე საერთოდ არ
უნერვიულია. რატომღაც თავიდანვე სჯეროდა მისი გადარჩენის. სხვაგვარად ვერც
წარმოედგინა.
– სხვა საინტერესო არაფერი მომხდარა? – ჰკითხა მუდიგს.
მუდიგი დაფიქრდა, ჟურნალისტისთვის რის გამხელა შეიძლებაო, მიუხედავად
იმისა, რომ ბლუმკვისტმა მასზე მეტი იცოდა. თანაც, მუდიგი ხომ თვითონ მიუჯდა
მის მაგიდას. ჯანდაბას, სხვა ასობით ჟურნალისტმა ალბათ უკვე მოასწრო
გამომძიებლების მოკლედ გამოკითხვაო, გაიფიქრა ბოლოს.
– არ მინდა, ჩემი ნათქვამი თქვენს სტატიაში მოხვდეს, – გააფრთხილა ბლუმკვისტი.
– მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო გეკითხებით.
მუდიგმა გაანდო, რომ რონალდ ნიდერმანს მთელ ქვეყანაში დაეძებდნენ,
განსაკუთრებით – მალმეს რაიონში.
– და ზალაჩენკო? ის დაკითხეთ?
– დიახ, დავკითხეთ.
– მერე?
– ამაზე ვერაფერს გეტყვით.
– კარგი რა, სონია. სტოკჰოლმში ჩასვლისთანავე სიტყვასიტყვით შევიტყობ, რა
ილაპარაკეთ. გპირდებით, ერთ სიტყვას არ დავწერ თქვენი მონაყოლიდან.
მცირე ყოყმანის შემდეგ მუდიგმა ბლუმკვისტს თვალი გაუსწორა.
– ზალაჩენკო სალანდერს უჩივის, ჩემი მოკვლა უნდოდაო. სავარაუდოდ, გოგონას
მასზე თავდასხმასა და მკვლელობის მცდელობაში დასდებენ ბრალს.
– სალანდერი კი განაცხადებს, რომ თავს იცავდა.
– იმედია... – თქვა მუდიგმა.
– პოლიციელისგან უჩვეულო მოსასმენია.
– ბოდინი... ზალაჩენკო გველივით გაქნილია, ჩვენს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.
მჯერა, რომ ყველაფერი დაახლოებით ისე მოხდა, როგორც თქვენ გვიამბეთ გუშინ
და სალანდერი თორმეტი წლის ასაკიდან უსამართლობის მსხვერპლია.
– სწორედ ამ ისტორიის დაბეჭდვას ვაპირებ, – თქვა ბლუმკვისტმა.
– ზოგ-ზოგიერთს ეს არ მოეწონება.
მუდიგი ისევ შეყოყმანდა. ბლუმკვისტი ელოდა.
– ნახევარი საათის წინ ბუბლანსკის ველაპარაკე. მითხრა, რომ თქვენი მეგობრების
მკვლელობისთვის სალანდერის წინააღმდეგ დაწყებული წინასწარი გამოძიება
შეწყდა. მთავარი ყურადღება ნიდერმანზე გადაიტანეს.
– ეს ნიშნავს, რომ... – ბლუმკვისტმა წინადადება აღარ დაასრულა.
მუდიგმა მხრები აიჩეჩა.
– სალანდერის საქმის გამოძიებას ვინ უხელმძღვანელებს?
– არ ვიცი. რაც გოსებერგაში მოხდა, ეს გეტებორგის პოლიციის საქმეა. თYუმცა,
საქმის მასალების შესაჯერებლად სტოკჰოლმიდან ვინმეს გამოგზავნიან.
– გასაგებია. როგორ ფიქრობთ, დიდია შანსი იმისა, რომ გამოძიებას „სეპო“
მოჰკიდებს ხელს?
მუდიგმა თავი გააქნია.
მატარებელმა ალინგსოსამდე მიაღწია. ბლუმკვისტი მუდიგისკენ გადაიხარა.
– სონია, მგონი, კარგად აცნობიერებთ ამჟამინდელ ვითარებას. თუ ზალაჩენკოს
ამბავი მედიაში გავრცელდება, დიდი სკანდალი ატყდება. „სეპომ“ ფსიქიატრთან
შეკრა პირი სალანდერის საგიჟეთში გამოსაკეტად. ახლა მხოლოდ ისღა დარჩენიათ,
ჯიუტად ამტკიცონ, სალანდერი მართლაც ფსიქიკურად ავადმყოფია და 1991 წელს
მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსება სწორი გადაწყვეტილება იყოო.
მუდიგმა თავი დაუქნია.
– ყველაფერს ვიზამ ასეთი განცხადებების გასაქარწყლებლად. მჯერა, რომ
სალანდერი ფსიქიკურად ისეთივე ჯანმრთელია, როგორც მე და თქვენ. ვაღიარებ,
უცნაური ადამიანია, მაგრამ ინტელექტი ნაღდად არ აკლია, – ბლუმკვისტი წამით
შეყოვნდა, რომ მუდიგისთვის ნათქვამის გააზრება დაეცლია, – ვინმე ისეთი
მჭირდება, ვინც შიგნიდან მომაწვდის ინფორმაციას.
მუდიგმა თვალი თვალში გაუყარა.
– სალანდერის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად მე არ ვარ
კომპეტენტური.
– სამაგიეროდ, იმის სათქმელად, რომ ის უსამართლობის მსხვერპლი გახდა, ხომ
ხართ კომპეტენტური?
– რას მთავაზობთ?
– მინდა, მაცნობოთ, კიდევ ერთხელ ხომ არ აპირებენ სალანდერის მიმართ
უსამართლოდ მოქცევას.
მუდიგმა არაფერი უპასუხა.
– მე გამოძიების დეტალები და მსგავსი რამ არ მაინტერესებს. მხოლოდ ის მინდა
ვიცოდე, რაში სდებენ ბრალს.
– ნამდვილად კარგი საშუალებაა, სამსახურიდან დამითხოვონ.
– ჩემი ინფორმატორი იქნებით. თქვენს სახელს არ გავამჟღავნებ.
ბლუმკვისტმა ბლოკნოტის ფურცელზე თავისი ელექტრონული მისამართი დაწერა.
– ეს დაცული Hotmail მისამართია. ახალი ამბები შეგიძლიათ, აქ მომწეროთ ხოლმე.
ოღონდ თქვენი ოფიციალური ელფოსტიდან ნუ მომწერთ. დროებით ახალი
მისამართი შექმენით.
მუდიგმა ფურცელი ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო, ოღონდ ბლუმკვისტს არაფერს
დაჰპირებია.
ინსპექტორი ერლანდერი შაბათს, დილის 7:00 საათზე სატელეფონო ზარმა გააღვიძა.
ტელევიზორი ჩართული იყო, სამზარეულოდან კი ყავის სუნი გამოდიოდა. მისი
ცოლი უკვე ამდგარიყო და სამზარეულოში ფუსფუსებდა. მთელი
ოცდაოთხსაათიანი მუშაობის შემდეგ მელნდალში მდებარე ბინაში ღამის 1:00
საათზე დაბრუნდა და ახლა ნახევრად მძინარე მისწვდა ტელეფონის ყურმილს.
– რიკარდსონი ვარ, ღამის მორიგე. გძინავთ?
– აღარ, – უპასუხა ერლადერმა, – რა მოხდა?
– ახალი ამბავია. ანიტა კასპერსონი ვიპოვეთ.
– სად?
– სეგლორას მისადგომებთან. ბუროსში.
ერლანდერმა გონებაში წარმოიდგინა რუკა.
– სამხრეთში, – თქვა მან, – ნიდერმანი სოფლის გზებზე მოძრაობს. 180-ე
გზატკეცილით ბუროსამდე მივიდა და მერე სამხრეთით გადაუხვია. მალმეს
პოლიცია გააფრთხილეთ?
– დიახ. მალმეც გავაფრთხილეთ, ჰელსინგბორგიც, ლანდსკრონაც, ტრელებორგიც და
კარლსკრონაც. ვიფიქრე, იქნებ ბორნით აღმოსავლეთში აპირებდეს გადასვლას.
ერლანდერმა კეფა მოიქექა.
– თითქმის ოცდაოთხი საათით გვისწრებს. შეიძლება უკვე ქვეყნიდან იყოს გასული.
კასპერსონი როგორ იპოვეს?
– სეგლორას განაპირას ერთ-ერთ სახლს მიადგა.
– რაო?
– ერთ-ერთი სახლის კარზე მიაკაკუნა...
– ანუ, ცოცხალია?
– მაპატიეთ. გასაგებად ვერ აგიხსენით. კასპერსონმა 4:10 საათზე ერთ-ერთი სახლის
კარზე მიაკაკუნა და მძინარე ცოლ-ქმარი და მათი შვილები ძალიან დააფრთხო.
ფეხშიშველსა და გათოშილს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ახლა ბუროსის
საავადმყოფოშია. მასთან მისი ქმარია.
– მშვენიერია. ყველას გვეგონა, რომ ცოცხალი აღარ იქნებოდა.
– ზოგჯერ დაუჯერებელიც ხდება. თუმცა, ცუდი ამბავიც მაქვს: ოლქის პოლიციის
უფროსის თანაშემწე სპონგბერგი დილის ხუთიდან აქაა. მთხოვა, თქვენთვის
გადმომეცა, რომ დაუყოვნებლივ ბუროსში უნდა გაემგზავროთ კასპერსონის
დასაკითხად.
შაბათი იყო და ბლუმკვისტს ეგონა, „მილენიუმის“ რედაქცია ცარიელი დამხვდებაო.
მატარებელი სტოკჰოლმში რომ შევიდა, მალმს დაურეკა და ჰკითხა, შინ
დაბრუნებას რატომ მაჩქარებდიო.
– უკვე ისაუზმე? – ჰკითხა მალმმა.
– კი, მატარებელში.
– მაშ, ჩემთან მოდი და რამე უფრო ნოყიერს გაჭმევ.
– რა ხდება?
– რომ მოხვალ, მაშინ გეტყვი.
ბლუმკვისტი მეტროსადგურ „მედბორგარპლატსენზე“ ამოვიდა და
აჰელგონაგატანამდე ფეხით იარა. კარი მალმის მეგობარმა ბიჭმა, არნოლდ
მაგნუსონმა გაუღო. მის დანახვაზე ბლუმკვისტს ყოველთვის ისეთი შეგრძნება
ეუფლებოდა, რომ სარეკლამო პლაკატს უყურებდა. სამეფო დრამატული თეატრის
მსახიობი მაგნუსონი შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობ მამაკაცად
ითვლებოდა. მასთან პირადად შეხვედრა ყოველთვის შოკის მომგვრელი იყო.
ბლუმკვისტს ცნობილი ადამიანები დიდად არ ხიბლავდა, მაგრამ სახასიათო
როლებით ცნობილი მაგნუსონი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა.
განსაკუთრებული პოპულარობა დეტექტიურ სერიალში ფიცხი, მაგრამ პატიოსანი
ინსპექტორი ფრისკის როლით მოიპოვა. ბლუმკვისტს სულ ეგონა, მაგნუსონი
გუნარ ფრისკივით გამოელაპარაკებოდა.
– გამარჯობა, მიკე, – მიესალმა მაგნუსონი.
– გამარჯობა.
– სამზარეულოში შევიდეთ.
მალმს მაყვლისჯემიანი ვაფლი და ყავა გაემზადებინა საუზმედ. დაინტერესდა,
გოსებერგაში რა მოხდაო. ბლუმკვისტმა მოკლედ უამბო. უკვე მესამე ვაფლს ჭამდა,
როცა გაახსენდა ეკითხა, რა ხდებაო.
– სანამ შენ გეტებორგში ბლუმკვისტობდი, „მილენიუმში“ მცირე პრობლემა
შეგვექმნა.
ბლუმკვისტი დაჟინებით მიაჩერდა მალმს.
– რა პრობლემა?
– სერიოზული არაფერი. ერიკა Svenska Morgon-Posten-ის მთავარი რედაქტორი გახდა.
გუშინ „მილენიუმში“ ბოლო დღე ჰქონდა.
ბლუმკვისტს რამდენიმე წამი დასჭირდა ახალი ამბის გასააზრებლად. გაოგნებული
იჯდა, თუმცა, მოსმენილის სიზუსტეში ეჭვი არ შეჰპარვია.
– უფრო ადრე რატომ არ გვითხრა? – იკითხა ბოლოს.
– იმიტომ, რომ ჯერ შენთვის აპირებდა თქმას, შენ კი სულ სადღაც დარბოდი და
სალანდერის საქმის გამოძიებით იყავი დაკავებული. თანაც, სინდისი ქენჯნიდა.
ვერც ერთმა ვერაფერი შევატყვეთ.
ბლუმკვისტმა თვალები დახუჭა.
– ჯანდაბა.
– ვიცი. ისე გამოვიდა, რომ შენ ყველაზე ბოლოს გაიგე ეს ამბავი. მინდოდა, მე მეთქვა
ეს შენთვის, რომ მიმხვდარიყავი, რა როგორ მოხდა და არ გეფიქრა, რომ შენ ზურგს
უკან ვმოქმედებდით.
– არა, ამას არც ვფიქრობ. კარგია, რომ ახალი სამსახური იშოვა, თუ Svenska Morgon-
Posten-ში სურს მუშაობა, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ?
– მომდევნო ნომრიდან უკვე მალინ ერიქსონი შეუდგება მთავარი რედაქტორის
მოვალეობის შესრულებას.
– ერიქსონი?
– თუ, რა თქმა უნდა, შენ არ გინდა მთავარი რედაქტორობა...
– ღმერთო, არა.
– მეც ასე ვიფიქრე.
– აღმასრულებელ რედაქტორად ვინ დანიშნეთ?
– ჰენრი. უკვე ოთხი წელია, ჩვენთან მუშაობს. სტაჟიორს ვეღარ უწოდებ.
– მე ვეღარაფერს შევცვლი?
– ვერა, – უპასუხა მალმმა.
ბლუმკვისტს ცივად გაეცინა.
– კარგი. იყოს, როგორც გადაწყვიტეთ. მალინი შეუპოვარი პიროვნებაა, მაგრამ
თავდაჯერებულობა აკლია. ჰენრი პირდაპირია და დაუფიქრებლად მოქმედება
სჩვევია. ორივეს თვალი უნდა ვადევნოთ.
– კარგი.
ბლუმკვისტმა ჩუმად გამოცალა ფინჯანი. ჟურნალის მომავალი ბერგერის გარეშე
ვერაფრით წარმოედგინა.
– ერიკას უნდა დავურეკო...
– არ გირჩევ.
– რატომ?
– რედაქციაში სძინავს. აჯობებს, პირდაპირ მიხვიდე და დაელაპარაკო.
ბერგერს თავის კაბინეტში, დივანზე ეძინა. მთელი ღამე პირად ნივთებსა და
დოკუმენტებს ალაგებდა ყუთებში. ხუთი ხის ყუთი გაავსო. ბლუმკვისტი
რამდენიმე წამს შორიდან უყურებდა მას. მერე დივნის კიდეზე ჩამოჯდა და
გააღვიძა.
– ჩემს ბინაში წასულიყავი დასაძინებლად, თუ გვიანობამდე სამსახურში შემორჩი, –
უთხრა ბლუმკვისტმა.
– გამარჯობა, მიქაელ, – მიესალმა ბერგერი.
– კრისტერმა ყველაფერი მითხრა.
ბერგერმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბლუმკვისტი დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
– ხომ არ გეწყინა?
– ძალიან.
– მაპატიე. ასეთ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყოდი. ცუდია, რომ ასეთ რთულ
ვითარებაში გტოვებთ.
– გემის მიტოვების გამო ნამდვილად ვერ გაგაკრიტიკებ, რადგან მე ამაზე უარეს
ვითარებაში მიგატოვე მარტო.
– ამ ორ შემთხვევას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. შენ შვებულება აიღე. მე კი
სამუდამოდ მივდივარ და ეს არავისთვის მითქვამს. მაპატიე.
ბლუმკვისტმა სუსტად გაუღიმა.
– შენი დრო მოვიდა და ეგაა, – მერე ინგლისურად დაამატა: – A woman’s gotta do what a
woman’s gotta do.[2]
ბერგერს გაეღიმა. თვითონაც სწორედ ეს სიტყვები უთხრა ბლუმკვისტს, როცა ის
კუნძულ ჰედებიზე მიდიოდა.
– გასაგებია, რომ გინდა, ამ საგიჟეთს გაერიდო, მაგრამ კარგა ხანი დამჭირდება იმის
დასაჯერებლად, რომ შვედეთის ყველაზე მოსაწყენ, ბებერი კაცებისთვის
განკუთვნილ ძველმოდურ გაზეთში გადადიხარ სამუშაოდ.
– იქ ქალებიც მუშაობენ.
– სისულელეა. პირველ გვერდს დახედე. შეშლილი მაზოხისტი ხარ. წამო, ყავა
დავლიოთ.
ბერგერი წამოდგა.
– მომიყევი, გეტებორგში რა მოხდა.
– უკვე სტატიას ვწერ, – უთხრა ბლუმკვისტმა, – და როცა დავბეჭდავთ, ნამდვილი
ომი ატყდება. სასამართლო პროცესის დაწყებას უნდა დავამთხვიოთ. იმედია, ამ
მასალას Svenska Morgon-Posten-ში არ წაიღებ. სხვათა შორის, სანამ წახვალ, მინდა,
ზალაჩენკოზე დაწერო სტატია.
– მიკე, მე...
– ეს შენი ბოლო სტატია იქნება. დაწერე, როცა გინდა. სასამართლო პროცესის
დაწყებამდე მაინც არ დაიბეჭდება.
– არა მგონია, ეს კარგი იდეა იყოს. შენი აზრით, სტატია რაზე უნდა იყოს.
– მორალზე, – უპასუხა ბლუმკვისტმა, – იმაზე თუ როგორ მოკლეს ჩვენი კოლეგა
მთავრობის თხუთმეტი წლის წინანდელი უმოქმედობის გამო.
ბერგერი ზუსტად მიხვდა, როგორ სტატიას სთხოვდა ბლუმკვისტი. ბოლოს და
ბოლოს, როცა სვენსონი მოკლეს, „მილენიუმის“ საჭესთან ჯერ კიდევ თვითონ იდგა.
უცებ თავი გაცილებით უკეთ იგრძნო.
– კარგი, – თქვა მან, – ეს ჩემი ბოლო სარედაქციო სტატია იქნება.
თავი IV
შაბათი, 9/IV – კვირა, 10/IV
შაბათს, 13:00 საათისთვის, სოდერტელიელმა პროკურორმა ფრანსონმა საქმის
მასალები კიდევ ერთხელ გადაიკითხა და დაფიქრდა. ნიკვარნში მოკლულთა
სამარხები აღმოაჩინეს და გასული ოთხშაბათის შემდეგ, რაც პაოლო რობერტომ
საწყობში ნიდერმანთან ბრძოლა გამართა, ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლის
განყოფილების ბიჭები მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ. საქმე ეხებოდა სულ ცოტა
სამ მკვლელობას, სალანდერის მეგობრის, მირიამ ვუს გატაცებას და ხანძრის
გაჩენას.
ნიკვარნის აღმოჩენებს პირდაპირ უკავშირდებოდა სტალარჰოლმენის ინცინდენტი,
რომელიც სინამდვილეში სედერმანლანდის ოლქის პოლიციის სტრენგნესის
განყოფილების საქმე იყო. საკვანძო ფიგურა იმ საქმეში „სვაველშეს
მოტოციკლეტისტთა კლუბის“, პრეზიდენტი კარლ-მაგნუს ლუნდინი იყო, რომელიც
ახლა სოდერტელიეს საავადმყოფოში იწვა, ცალ ფეხზე თაბაშირი ედო და
მონგრეული ყბა მავთულით ჰქონდა დამაგრებული. შესაბამისად, ყველა
დანაშაულის გამოძიება მთლიანად ოლქის იურისდიქციაში შედიოდა, რაც იმას
ნიშნავდა, რომ ბოლო სიტყვა სტოკჰოლმს უნდა ეთქვა.
პარასკევს მოსმენა გაიმართა. ლუნდინს ფორმალურად დასდეს ბრალი ნიკვარნის
შემთხვევასთან კავშირში. გაირკვა, რომ საწყობი Medimport Company-ს ეკუთვნოდა,
ხოლო ეს უკანასკნელი – ლუნდინის ორმოცდათორმეტი წლის ბიძაშვილს, რომელიც
ესპანეთის ქალაქ პუერტო ბანუსში ცხოვრობდა და არც ერთხელ არ იყო
ნასამართლევი.
ფრანსონმა წინასწარი გამოძიების მასალების შემცველი საქაღალდე დახურა.
გამოძიება ჯერ ისევ გრძელდებოდა და სანამ სასამართლომდე მიიტანდნენ,
საქაღალდეს კიდევ ასობით გვერდი შეემატებოდა. ფრანსონს რამდენიმე
გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მან კოლეგებს გადახედა.
– ლუნდინის მირიამ ვუს გატაცებაში დასადანაშაულებლად საკმარის სამხილებს
ვფლობთ. პაოლო რობერტომ მასში ფურგონის მძღოლი ამოიცნო. აგრეთვე
შეგვიძლია ბრალი დავდოთ ხანძრის გაჩენაში. თუმცა, სანამ საწყობის მიმდებარე
ტერიტორიაზე აღმოჩენილ ცხედრებს არ ამოიცნობენ, მათ მკვლელობაში
დადანაშაულებას ნუ იჩქარებთ.
პოლიციის ოფიცრებმა თავი დაუქნიეს. ზუსტად ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ.
– სონი ნიემინენს რა ვუყოთ?
ფრანსონმა ნიემინენის საქმე გადაფურცლა.
– ამ კაცს შთამბეჭდავი კრიმინალური წარსული აქვს: ქურდობა, იარაღის უკანონოდ
ტარება, თავდასხმა, მკვლელობა და ნარკოტიკებით ვაჭრობა. ლუნდინთან ერთად
სტალარჰოლმენში დააპატიმრეს. დარწმუნებული ვარ, ისიც გარეულია, მაგრამ
სამხილები არ გაგვაჩნია.
– ამბობს, ნიკვარნის საწყობში არასდროს ვყოფილვარ და ლუნდინთან ერთად
მოტოციკლეტით ვსეირნობდიო, – თქვა სტალარჰოლმენის შემთხვევის
გამომძიებელმა სოდერტელიეს პოლიციიდან, – ამტკიცებს, არ ვიცოდი, ლუნდინი
სტალარჰოლმენში რამეს თუ გეგმავდაო.
ფრანსონი დაფიქრდა, იქნებ ეს საქმე როგორმე სტოკჰოლმელ პროკურორ ეკსტრომს
გადავაბაროო.
– ნიემინენი მომხდარზე საუბარს თავს არიდებს, – განაგრძო დეტექტივმა, –
კატეგორიულად აცხადებს, დანაშაულში მონაწილეობა არ მიმიღიაო.
– თავი ისე უჭირავთ, თითქოს ის და ლუნდინი იყვნენ დაზარალებულები, –
საქაღალდეზე თითი დააკაკუნა გაღიზიანებულმა ფრანსონმა, – ლიზბეთ
სალანდერი სიმაღლეში სულ მეტრ-ნახევარია და მოზარდს ჰგავს. ლუნდინს და
ნიემინენს ცალ-ცალკეც ვერ მოერევა და ორივეს ერთად ხომ – მით უმეტეს.
– ალბათ შეიარაღებული იყო.
– მაგრამ ეს მომხდარის ჩვენეულ ვერსიას არ შეესაბამება.
– ჰო, მან ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ლუნდინს ფეხებშუა და სახეში ისეთი
წიხლი უთავაზა, რომ ცალი ყვერიც გაუჭეჭყა და ყბაც მოუნგრია. ამის მერეღა
ესროლა ფეხში. თუმცა, მეეჭვება, გოგონა პისტოლეტით ყოფილიყო შეიარაღებული.
– ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პისტოლეტი, რომლითაც ლუნდინს ესროლეს,
პოლონური „P-83 ვანადია“„მაკაროვის“ ტყვიებით და მასზე სალანდერის თითის
ანაბეჭდებია. სავარაუდოდ, იარაღი გოსებერგაში წაიღო.
– კი მაგრამ, სერიული ნომრის მიხედვით ირკვევა, რომ პისტოლეტი ოთხი წლის წინ
ერებროს ცეცხლსასროლი იარაღის მაღაზიიდან მოიპარეს. ქურდები დაიჭირეს,
მაგრამ პისტოლეტის გადამალვა მოასწრეს. ერთ-ერთი ადგილობრივი ნარკომანი
იყო, რომელიც „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბში“ დაეთრეოდა. ჩემი აზრით,
პისტოლეტი ლუნდინს ან ნიემინენს ეკუთვნოდა.
– შესაძლოა, პისტოლეტი სალანდერმა ლუნდინს წაართვა. მერე შემთხვევით
გაუვარდა და ტყვია ფეხში მოარტყა, თორემ მოკვლა რომ ნდომოდა, ამას
მოახერხებდა კიდეც.
– ან შეიძლება ფეხში მხოლოდ სადისტური სიამოვნებისთვის ესროლა. ეს კარგი,
მაგრამ ნიემინენს როგორღა გაუმკლავდა?! მას შესამჩნევი ტრავმა არ მიუღია.
– მიიღო. მკერდი ერთი-ორგან ამომწვარი აქვს.
– მძიმე დამწვრობებია?
– არა, „ტასერის“ ლაქებს ჰგავს.
– ესე იგი, სალანდერს „ტასერი“, ცრემლსადენი გაზის ბალონი და პისტოლეტი
ჰქონია. ეს ყველაფერი ერთად რამდენს იწონის? არა, თითქმის დარწმუნებული ვარ,
რომ პისტოლეტი ნიემინენს ჰქონდა და სალანდერმა წაართვა. როგორ დაიჭრა
ლუნდინი ფეხში, მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა ერთ-ერთი მხარე ალაპარაკდება.
– გასაგებია.
– ამჟამად კი ვითარება ასეთია: ლუნდინს ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებების
საფუძველზე ვაპატიმრებთ, ხოლო ნიემინენის წინააღმდეგ არაფერი გაგვაჩნია,
ალბათ დღესვე გავათავისუფლებ.
ნიემინენი საზიზღარ განწყობაზე იყო, როცა სოდერტელიეს პოლიციის
განყოფილების იზოლატორი დატოვა. პირგამომშრალი, მაშინვე მაღაზიაში შევიდა,
„პეპსი“ იყიდა და იქვე გამოცალა. მერე ერთი კოლოფი „ლაქი სთრაიქი“ და
გეტებორგული ბურნუთი შეიძინა. მობილური გახსნა და „სვაველშეს
მოტოციკლეტისტთა კლუბში“ რიგით მესამეს, ჰანს-ოკე ვალტარის, ნომერი აკრიფა.
ოთხი ზარი გავიდა, სანამ ვალტარი უპასუხებდა.
– ნიემინენი ვარ. გამომიშვეს.
– გილოცავ.
– სად ხარ?
– ნიჩოპინგში.
– მანდ რა ჯანდაბას აკეთებ?
– შენ და მაგე რომ დაგიჭირეს, ავითესეთ. ცოტა ხანს დავიცდით, სანამ სიტუაციაში
გავერკვევით.
– ჰოდა, სიტუაციაში ხომ უკვე გაერკვიე. სხვები სად არიან?
ვალტარიმ უთხრა, სად იმყოფებოდა „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“
დანარჩენი ხუთი წევრი. სიახლეს ნიემინენი არც გაუხარებია და არც დაუმშვიდებია.
– მერედა, საქმეს ვინ ჩემი ფეხები აკეთებს, სანამ თქვენ ქალაჩუნებივით იმალებით?
– კარგი რა. შენ და მაგე ისე გადაიკარგეთ, ჩვენთვის არაფერი დაგიბარებიათ. მერე
იმ ნაბოზარ ძუკნას, მთელი პოლიცია რომ დასდევს, სროლა აუტეხეთ. შენ და მაგე
დაგიჭირეს. აქეთ კიდევ ნიკვარნში გვამები ამოთხარეს.
– მერე რა?
– რა „მერე რა“? მერე ის, რომ ვიფიქრეთ, შენ და მაგე რაღაცას გვიმალავდით.
– რა ჯანდაბა უნდა დაგვემალა თქვენგან? კლუბისთვის ჩვენ ვშოულობთ საქმეს.
– მაგალითად, ის, რომ საწყობის ეზოს სასაფლაოდ ვიყენებდით. მანდ ვინ მარხია?
ნიემინენს ენის წვერზე მოადგა გინება, მაგრამ თავი შეიკავა. ახლა მთავარი იდიოტ
ვალტართან კამათი კი არა, ძალების კონსოლიდაცია იყო. ხუთ დაკითხვას გაუძლო
და პოლიციის განყოფილებიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით, ტელეფონით ვერ
დაიწყებდა ლაყბობას, ვიცი, სინამდვილეში რაც მოხდაო. ამიტომ ვალტარს, რაც
შეეძლო, მშვიდად აუხსნა:
– დაივიწყე ეგ გვამები. მაგაზე არაფერი ვიცი. მაგე ყელამდე ნეხვში ჩაეფლო. კარგა
ხანს ციხეში გაატარებს. მანამდე კი „კლუბს“ მე ვუხელმძღვანელებ.
– გასაგებია და რა ვქნათ? – ჰკითხა ვალტარიმ.
– კლუბს თვალყურს ვინ ადევნებს?
– კლუბის მისახედად ბენი დარჩა. რომ დაგაპატიმრეს, იმ დღესვე გაჩხრიკეს
იქაურობა. ვერაფერი იპოვეს.
– ბენი კარლსონი? – იყვირა ნიემინენმა, – ის ბენი, ჯერ პირზე რძე რომ არ შეშრობია?
– დამშვიდდი. იმ ქერა ნაბიჭვართან ერთადაა, შენთან და მაგესთან რომ დადის
ხოლმე.
ნიემინენი გაშეშდა. მიმოიხედა და მაღაზიის კარს მოშორდა.
– რა თქვი? – ლამის ჩურჩულით ჰკითხა ვალტარის.
– იმ ქერა ურჩხულთანაა, შენთან და მაგესთან რომ დადის ხოლმე. მოვიდა და
სამალავი მჭირდებაო, გვთხოვა.
– ჯანდაბა, ვალტარი! მაგას მთელ ქვეყანაში დაეძებენ!
– ჰო... მაგიტომაც სჭირდებოდა სამალავი. რა უნდა გვექნა? შენი და მაგეს ძმაკაცი
არაა?
ნიემინენმა ათი წამით დახუჭა თვალები. ნიდერმანს „სვაველშეს
მოტოციკლეტისტთა კლუბისთვის“ წლების განმავლობაში მოჰქონდა სარფიანი
საქმე და ფული, მაგრამ მეგობრად მას არავინ თვლიდა. ის ნაბიჭვარი საშიში
ფსიქოპათი იყო, რომელსაც პოლიციელის მკვლელობისთვის დაეძებდნენ.
ნიემინენი ნიდერმანს წამითაც არ ენდობოდა. ყველაფერს აჯობებდა, ვინმეს
მისთვის შუბლში ტყვია დაეჭედებინა და პოლიციაც მათ დევნას შეწყვეტდა.
– სად გაუშვით?
– ბენიმ ვიქტორთან წაიყვანა.
ვიქტორ იორანსონი – კლუბის ხაზინადარი და ფინანსური მრჩეველი – ქალაქ
იერნასთან ახლოს ცხოვრობდა. მან ბუღალტერია შეისწავლა და მუშაობა ბარების
მფლობელ იუგოსლავიელთან დაიწყო, მაგრამ მალე მთელი ბანდა
თაღლითობისთვის დააპატიმრეს. ლუნდინს კუმლას ციხეში ოთხმოცდაათიანი
წლების დასაწყისში შეხვდა. იორანსონი „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“
ერთადერთი კოსტიუმიანი და ჰალსტუხიანი წევრი იყო.
– ვალტარი, ახლავე მანქანაში ჩაჯექი და სოდერტელიეში შემხვდი. ორმოცდახუთ
წუთში რკინიგზის სადგურზე ვიქნები.
– კარგი, მაგრამ ასეთი რა საჩქაროა?
– სიტუაცია სასწრაფოდ კონტროლს უნდა დავუქვემდებაროთ. ავტობუსით ხომ არ
წავალ?
გზად სვაველშესკენ ვალტარი ჩუმად აპარებდა თვალს თაგვივით გაყურსული
ნიემინენისკენ. ლუნდინისგან განსხვავებით, ნიემინენთან ურთიერთობა იოლი არ
იყო. მოდელის გარეგნობა და სუსტი აღნაგობა კი ჰქონდა, მაგრამ გულფიცხი და
საშიში იყო, განსაკუთრებით – სიმთვრალეში. ახლა კი ფხიზელი იყო, მაგრამ მისი
უფროსობა დიდად არ ეხალისებოდა. ლუნდინი როგორღაც ახერხებდა ნიემინენის
გაკონტროლებას. ლუნდინის გარეშე კი მისი მოთოკვა გაჭირდებოდა.
ბენი კლუბში არ დახვდათ. ნიემინენმა ორჯერ დაურეკა მობილურზე, მაგრამ
უშედეგოდ.
მერე ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარე ნიემინენის სახლში წავიდნენ.
პოლიციას იქაურობა გაეჩხრიკა, მაგრამ ნიკვარნის საქმესთან დაკავშირებით
ღირებული ვერაფერი ეპოვა. ამიტომაც გაათავისუფლეს ნიემინენი.
სანამ ნიემინენი შხაპს იღებდა და ტანსაცმელს იცვლიდა, ვალტარი მოთმინებით
ელოდა სამზარეულოში. შემდეგ სახლის უკან, ტყეში ას ორმოცდაათი მეტრის
სიღრმეში შევიდნენ და მიწიდან სკივრი ამოთხარეს. შიგ ექვსი ცალი პისტოლეტი,
ავტომატი AK5, ვაზნები და თითქმის ორი კილოგრამი ასაფეთქებლები ინახებოდა.
ეს ნიემინენის საბრძოლო არსენალი იყო. პისტოლეტებს შორის ორი პოლონური „P-
83 ვანადი“ იყო. მესამეც ჰქონდა, მაგრამ სტალარჰოლმენში ლიზბეთ სალანდერმა
წაართვა.
სალანდერის გახსენება არ სიამოვნებდა. არადა, სოდერტელის პოლიციის
იზოლატორში თვალწინ სულ ის მომენტი ედგა: ის და ლუნდინი ადვოკატ
ბიურმანის საზაფხულო აგარაკზე მივიდნენ და იქ უკვე წასასვლელად გამზადებულ
სალანდერს გადაეყარნენ.
ნიემინენი იქ ლუნდინმა წაიყვანა კოტეჯის დასაწვავად, იმ წყეული ქერა
გოლიათის ბრძანებით. სწორედ მაშინ შეხვდნენ იმ ნაბოზარ სალანდერს – მეტრ-
ნახევარი სიმაღლის, ჩხირივით წვრილ გოგოს. მერე კი ნამდვილი ჯოჯოხეთი
დატრიალდა, რასაც არც ის და არც ლუნდინი საერთოდ არ ელოდნენ.
სალანდერმა ლუნდინს ცრემლსადენი გაზი შეასხა სახეში, მერე კი ორჯერ დაარტყა.
ყბის მოსამტვრევად დიდი ღონე სულაც არაა საჭირო. სალანდერმა
მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა. ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს.
თუმცა, გოგონა მასაც ხომ მოერია – თვით სონი ნიემინენს, ვისთან ჩხუბსაც კარგად
ნავარჯიშები, ღონიერი მამაკაცებიც კი ერიდებოდნენ. სალანდერი ისე სწრაფად
დაეტაკა, ნიემინენმა პისტოლეტის ამოღებაც ვერ მოასწრო. მას „ტასერი“ ჰქონდა.
მას...
გონს რომ მოვიდა, აღარაფერი ახსოვდა. ლუნდინი ფეხში იყო დაჭრილი. მერე
პოლიცია გამოჩნდა. სტრენგნესის და სოდერტელიეს პოლიცია კარგა ხანს
თათბირობდა, ვისი იურისდიქცია ვრცელდებოდა იმ ტერიტორიაზე და ბოლოს,
ნიემინენი სოდერტელიეს პოლიციის განყოფილების იზოლატორში აღმოჩნდა. ჰო,
კიდევ, სალანდერმა მაგე ლუნდინის მოტოციკლეტი წაიყვანა; მანამდე კი
ნიემინენის ტყავის ქურთუკიდან კლუბის ლოგო ამოჭრა – სიმბოლო, რომლის
დანახვისას ბარში ყველა გზას უთმობდა და ბევრისთვის საოცნებო სტატუსს
ანიჭებდა. სალანდერმა ის დაამცირა.
ნიემინენს გული უდუღდა. დაკითხვებზე პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული.
სტალარჰოლმენში მომხდარზე ვერავის ვერაფერს გაუმხელდა. იმ შემთხვევამდე
სალანდერი მისთვის არაფერს წარმოადგენდა – ერთი უბრალო საქმე იყო,
ლუნდინმა დამატებითი ფულის საშოვნელად რომ მოჰკიდა ხელი იმ ნაბიჭვარი
ნიდერმანის თხოვნით.
ნიემინენმა, რომელიც, როგორც წესი, ცივსისხლიანად და გეგმაზომიერად
მოქმედებდა ხოლმე, გადაწყვიტა, სირცხვილის ჩამოსაწმენდად ადრე თუ გვიან
აუცილებლად გასწორებოდა სალანდერს. ოღონდ ჯერ „სვაველშეს
მოტოციკლეტისტთა კლუბში“ ნიდერმანისა და სალანდერის წყალობით ატეხილი
ქაოსი უნდა დაეცხრო.
ნიემინენმა ორივე პოლონურ პისტოლეტში ჩადო მჭიდი და ერთ-ერთი ვალტარის
მისცა.
– რამე გეგმა გვაქვს?
– ნიდერმანს უნდა დაველაპარაკოთ. ის ჩვენიანი არ არის და არც ერთხელ არაა
ნასამართლევი. თუ დაიჭირეს, არავინ იცის, რას იზამს; თუ ჩაგვიშვა, ყველას ციხეში
გვიკრავენ თავს.
– ანუ, უნდა...
ნიემინენს უკვე გადაეწყვიტა ნიდერმანის თავიდან მოშორება, მაგრამ ვალტარი არ
დააფრთხო.
– არ ვიცი. ვნახოთ, რა აქვს ჩაფიქრებული. თუ ქვეყნიდან გაქცევას აპირებს,
დავეხმარებით. ვერაფრით დავუშვებთ, რომ დაიჭირონ. ეს ჩვენთვის სარისკოა.
შებინდებულზე, როცა ნიემინენი და ვალტარი მიადგნენ, იორანსონის სახლში შუქი
არ ენთო, რაც მათ ცუდად ენიშნათ. ცოტა ხანს მანქანაში დარჩნენ და მოითათბირეს.
– იქნებ სახლში არ არიან, – ივარაუდა ვალტარიმ.
– ჰო. ნიდერმანთან ერთად ბარში წავიდოდნენ, – ირონიულად ჩაილაპარაკა
ნიემინენმა და მანქანის კარი გააღო.
სახლის კარი ღია იყო. ნიემინენმა ჰოლში შუქი აანთო. ყველა ოთახი მოიარეს.
ყველგან სისუფთავე და წესრიგი ხვდებოდათ, რაც ალბათ იმ ქალის დამსახურება
იყო, რომელთანაც იორანსონი ცხოვრობდა.
ბოლოს, იორანსონი და მისი მეგობარი ქალი სარდაფში, სამრეცხაოში დაყრილები
იპოვეს.
ნიემინენი დაიხარა და გვამები დაათვალიერა. ქალის სხეული ყინულივით ცივი და
გაქვავებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი დაახლოებით ოცდაოთხი საათის
წინ მოკლეს.
ნიემინენი პათანატომის დასკვნის გარეშეც მშვენივრად მიხვდა მათი სიკვდილის
მიზეზს. ქალისთვის, რომელსაც მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა, კისერი
მოეგრიხათ. სხვა არანაირი ტრავმა არ ეტყობოდა.
იორანსონი კი საცვლების ამარა ეგდო. სასტიკად იყო ნაწამები. ხელები გადატეხილი
ხის ტოტებივით გადაეგრიხათ. ნიემინენის დაკვირვებით, კისერში ძლიერი
დარტყმით იყო მოკლული. ხორხი ჩავარდნილი ჰქონდა.
ნიემინენი ზემოთ ავიდა და ეზოში გავიდა. ვალტარიც უკან მიჰყვა და ორმოცდაათ
მეტრში მდგარი გარაჟის რაზა ჩამოსწია.
შიგნით 1991 წლის მუქი ლურჯი „რენო“ იდგა.
– იორასონს რა მანქანა ჰყავდა?
– „სააბი“.
ნიემინენმა თავი დააქნია. მერე ქურთუკის ჯიბიდან გასაღების ასხმულა ამოიღო და
გარაჟის ბოლოში მდებარე კარი გააღო თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ დაიგვიანეს –
კარადის კარი ღია იყო.
– თითქმის 800 000 კრონა, – მოიღუშა ნიემინენი.
– რა?
– „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“ კუთვნილი 800 000 კრონა. ეს ჩვენი
საცავი იყო.
მხოლოდ სამმა ადამიანმა – იორანსონმა, ლუნდინმა და ნიემინენმა – იცოდა, რომ
„სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბს“ ნაღდი ფული ჰქონდა. ნიემინენი მის
ინვესტირებით გათეთრებას აპირებდა. ნიდერმანს პოლიცია დაეძებდა. მას ნაღდი
ფული სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ ფულს იორანსონი განკარგავდა.
ნიემინენმა კარი დახურა და გარაჟიდან გამოვიდა. ეს კატასტროფის ტოლფასი იყო.
„სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“ აქტივებზე, რომელთა ნაწილიც
ობლიგაციებში იყო დაბანდებული, ნიემინენსაც მიუწვდებოდა ხელი.
ინვესტიციების ნაწილს მაგე ლუნდინის საშუალებით აღადგენდნენ. თუმცა,
კაპიტალდაბანდებების ჩამონათვალი ძირითადად იორანსონის გონებაში
„ინახებოდა“, თუ სიკვდილამდე არ მოასწრო მაგე ლუნდინისთვის მკაფიო
მითითებების მიცემა, რაშიც ნიემინენს ეჭვი ეპარებოდა, რადგან ლუნდინი
ფინანსურ საკითხებში ყოველთვის ცუდად ერკვეოდა. ნიემინენის უხეში
გამოთვლით, იორანსონის სიკვდილით „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბმა“
აქტივების დაახლოებით 60 პროცენტი დაკარგა. ეს გამანადგურებელი დარტყმა იყო.
ყოველდღიური ხარჯების გასასტუმრებელი ნაღდი ფულიც აღარ დარჩათ.
– რა ვქნათ? – ჰკითხა ვალტარიმ.
– პოლიციას უნდა შევატყობინოთ.
– პოლიციას შევატყობინოთ?
– ჰო. სახლი ჩემი თითის ანაბეჭდებითაა სავსე. იორანსონი და მისი ძუკნა რაც
შეიძლება მალე უნდა იპოვონ, რათა ექსპერტიზამ დაადგინოს, რომ ისინი მაშინ
დახოცეს, როცა მე იზოლატორში ვიჯექი.
– გასაგებია.
– კარგი. წადი და ბენი მოძებნე. უნდა დაველაპარაკო, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია.
მერე ნიდერმანს ვიპოვით. სკანდინავიის ნახევარკუნძულზე ყველა კლუბს აცნობე,
რომ ასი თვალი გამოიბან. იმ ნაბიჭვრის თავი ლანგრით უნდა მომართვან. ალბათ
იორანსონის „სააბით“ დადის. მანქანის ნომერი დაადგინე.
სალანდერს კვირას, 14:00 საათზე გაეღვიძა. ექიმი სინჯავდა.
– დილა მშვიდობისა, – მიესალმა ის, – მე ექიმი ბენი სვანტესონი ვარ. ტკივილს
გრძნობთ?
– დიახ, – უპასუხა სალანდერმა.
– ტკივილგამაყუჩებლებს მოგცემთ. მანამდე კი უნდა გაგსინჯოთ.
ექიმი დაჭრილ-დაჟეჟილ ტანზე თითებს ძლიერად აჭერდა. სალანდერს ეს
აღიზიანებდა, მაგრამ ჩხუბის ატეხას ამჯობინა, ბოლომდე მოეთმინა.
– როგორ ვარ? – ჰკითხა ექიმს.
– აუცილებლად გამოკეთდებით, – მოკლედ მიუგო ექიმმა, ბლოკნოტში რაღაც
ჩაინიშნა და პალატიდან გავიდა. მერე მედდა შემოვიდა და გოგონას მოშარდვაში
დაეხმარა. შემდეგ კი ისევ დაეძინა.
ზალაჩენკო, იგივე კარლ აქსელ ბოდინი, თხევადი საკვებით ასადილეს. სახის
კუნთების ოდნავი მოძრაობაც კი ყბისა და ღაწვების უდიდეს ტკივილს ჰგვრიდა და
ღეჭვა გამორიცხული იყო.
თუმცა, ტკივილს უძლებდა. ტკივილს მიჩვეული იყო. თხუთმეტი წლის წინ, როცა
ჩირაღდანივით აბრიალდა საკუთარ მანქანაში, თვეების განმავლობაში განიცდიდა
უსასტიკეს ტკივილს. მაშინ მკურნალობა აგონიისა და ტანჯვის მარათონად ექცა.
ახლა ექიმებმა დაასკვნეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ,
მძიმე ტრავმების და ასაკის გათვალისწინებით, რეანიმაციულ განყოფილებაში
კიდევ რამდენიმე დღეს უნდა დარჩენილიყო.
შაბათს ხუთი მნახველი ჰყავდა.
დილის 10:00 საათზე ინსპექტორი ერლანდერი დაბრუნდა და იმ წყეული მუდიგის
ნაცვლად უფრო სანდომიანი ინსპექტორი ჰოლმბერგი მოიყვანა. თითქმის იგივე
შეკითხვები დაუსვეს ნიდერმანზე, რაც წინა საღამოს. ზალაჩენკომაც ზუსტად იგივე
გაიმეორა, ზედმეტი არაფერი წამოსცდენია. როცა სექს-ტრეფიკინგსა და სხვა
კრიმინალურ საქმიანობებზე ჩამოუგდეს საუბარი, კვლავ ყველაფერი უარყო,
ინვალიდის პენსიაზე ვცხოვრობ და წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობთო.
ყველაფერში ნიდერმანი დაადანაშაულა და ინსპექტორებს პირობა მისცა,
ყველანაირად დაგეხმარებით მის შეპყრობაშიო.
ისიც დაამატა, არ ვიცი, ნიდერმანი ვისთან ახლობლობდა, ან ვის მიმართავდა
თავშესაფრისთვისო.
დაახლოებით 11:00 საათზე ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა პროკურატურის
წარმომადგენელთან, რომელმაც აუწყა, რომ ლიზბეთ სალანდერზე თავდასხმასა და
მის წინასწარ განზრახვით მკვლელობის მცდელობაში ედებოდა ბრალი. ზალაჩენკომ
მშვიდად აუხსნა, პირიქით, მსხვერპლი მე ვარ, ეს სალანდერმა სცადა ჩემი მოკვლაო.
პროკურატურის წარმომადგენელმა დახმარება შესთავაზა, სახელმწიფოს ხარჯებით
დაგინიშნავთ ადვოკატსო, და ზალაჩენკო დაჰპირდა, მოვიფიქრებო.
რასაკვირველია, არაფრის მოფიქრებას არ აპირებდა. მას უკვე ჰყავდა ადვოკატი და
იმ დილით, პირველ ყოვლისა, სწორედ მას დაურეკა, ახლავე ჩემთან მოდიო.
შესაბამისად, მისი მეოთხე სტუმარი მარტინ თომასონი იყო, რომელიც უდარდელი
გამომეტყველებით შემოვიდა პალატაში, ხშირი, ქერა თმა და სათვალე შეისწორა და
მერეღა ჩამოართვა კლიენტს ხელი. პუტკუნა, მაგრამ მომხიბლავი მამაკაცი იყო.
იუგოსლავიური მაფიისთვის მუშაობაში სდებდნენ ბრალს და ამის გამოძიება ჯერ
კიდევ მიმდინარეობდა, მაგრამ თომასონს სახელი საქმეების მოგებითაც გაეთქვა.
ზალაჩენკოს ეს ადვოკატი ერთმა ნაცნობმა ურჩია ხუთი წლის წინ, როცა
ლიხტენშტაინში თავის პატარა საფინანსო ფირმასთან დაკავშირებული ფონდების
რესტრუქტურიზაცია დასჭირდა. საქმე არცთუ დიდ თანხას ეხებოდა, მაგრამ
თომასონის მოხერხებულობის წყალობით ზალაჩენკომ გადასახადები აიცილა
თავიდან. შემდეგ კიდევ ორჯერ დაიხმარა თომასონი. ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ
ფული კრიმინალური საქმიანობიდან შემოდიოდა, მაგრამ ეს სულ არ აწუხებდა.
საბოლოოდ, ზალაჩენკომ მთელი საქმიანობის რესტრუქტურიზაცია და ახალი
კომპანიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. კომპანიას სათავეში ის და ნიდერმანი უნდა
ჩასდგომოდნენ. მან თომასონს პარტნიორობა შესთავაზა, მესამე ხელმძღვანელი
თქვენ იქნებით და ფინანსურ საკითხებს განაგებთო. თომასონი დაუფიქრებლად
დასთანხმდა.
– ჰერ ბოდინ, კარგად ნამდვილად არ გამოიყურებით.
– თავს დამესხნენ და ჩემი მოკვლა სცადეს, – უპასუხა ზალაჩენკომ.
– ამას მეც ვხედავ. ვიღაც ლიზბეთ სალანდერი დაგესხათ თავს, თუ არ ვცდები.
ზალაჩენკომ ხმას დაუწია:
– ჩვენმა პარტნიორმა ნიდერმანმა კი საქმე სულ გააფუჭა.
– გასაგებია.
– პოლიცია ეჭვობს, რომ მეც ვარ გარეული.
– ეს სიცრუეა. თქვენ მსხვერპლი ხართ და დაუყოვნებლივ უნდა ვიზრუნოთ იმაზე,
რომ პრესამაც ასე წარგადგინოთ. ფრეკენ სალანდერის მიმართ ისედაც
უარყოფითადაა განწყობილი საზოგადოება... ამ პრობლემას მე მოვაგვარებ.
– გმადლობთ.
– ოღონდ თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ სისხლის სამართლის სპეციალისტი არ
ვარ. სანდო ადვოკატს მოგიძებნით.
მეხუთე სტუმარი 23:00 საათზე ეწვია. ექთნებს პირადობის დამადასტურებელი
მოწმობის წარდგენით დაუსხლტა, გადაუდებელი საქმე მაქვსო. ის ზალაჩენკოს
პალატასთან მიაცილეს. პაციენტს არ ეძინა, უგუნებოდ იყო.
– მე იუნას სანდბერგი ვარ, – გაეცნო სტუმარი და ხელი გაუწოდა, მაგრამ
ზალაჩენკომ არ ჩამოართვა.
ოცდათხუთმეტი-ოცდათექვსმეტი წლისა იქნებოდა. ქერა თმა ჰქონდა და უბრალოდ
ეცვა – ჯინსის შარვალი, კუბოკრული პერანგი და ტყავის ქურთუკი. ზალაჩენკო
თხუთმეტ წამს ათვალიერებდა მას.
– სულ ველოდი, რომ გამოჩნდებოდით.
– RPS/Säk-ს წარმოვადგენ, – და ზალაჩენკოს საიდენტიფიკაციო ბარათი უჩვენა.
– მეეჭვება, – თქვა ზალაჩენკომ.
– უკაცრავად?
– შეიძლება უსაფრთხოების სამსახურში ხარ, მაგრამ არა მგონია, მათთვის
მუშაობდე...
სანდბერგმა მიმოიხედა და სკამი საწოლთან ახლოს მიაჩოჩა.
– ასე გვიან იმიტომ მოვედი, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიმექცია. უკვე
ვითათბირეთ, როგორ დაგეხმაროთ და ახლა თქვენთან უნდა შევთანხმდეთ
სამომავლო გეგმაზე. მომხდარის თქვენეული ვერსია უნდა მოვისმინო და თქვენი
მიზნების შესახებ შევიტყო, რომ ერთიანი სტრატეგია შევიმუშავოთ.
– როგორ სტრატეგიაზე ფიქრობთ?
– ჰერ ზალაჩენკო... ამ პროცესის მავნე ეფექტების წინასწარ განჭვრეტა
შეუძლებელია, – თქვა სანდბერგმა, – ამაზე უკვე ვითათბირეთ. ძნელი იქნება იმის
ახსნა, საიდან გაჩნდა გოსებერგას ფერმაში საფლავი და ვინ ესროლა გოგონას
სამჯერ. თუმცა, იმედს საბოლოოდ ნუ გადავიწურავთ. თქვენსა და თქვენს
ქალიშვილს შორის არსებული კონფლიქტით შეიძლება ავხსნათ, რატომ გადადგით
ასეთი რადიკალური ნაბიჯი... ვშიშობ, მცირე ხნით მაინც მოგიწევთ საკანში
ჩაჯდომა.
ზალაჩენკო ისე გამხიარულდა, განძრევა რომ შეძლებოდა, გულიანად
გადაიხარხარებდა. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ტუჩების დაპრუწვა შეძლო.
– მაშ ეს არის ჩვენი სტრატეგია?
– ჰერ ზალაჩენკო, მოსალოდნელი ზიანი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. საერთო
სტრატეგიაზე უნდა შევთანხმდეთ. ყველაფერს ვიღონებთ, რაც შეგვიძლია,
ადვოკატსაც დაგინიშნავთ და ა. შ. მაგრამ თქვენი თანამშრომლობა და გარკვეული
გარანტიები გვჭირდება.
– ჩემგან მხოლოდ ერთ გარანტიას მიიღებთ. უნდა იზრუნოთ, რომ საქმე
ჩაიფარცხოს, – ხელი გააქნია ზალაჩენკომ, – ნიდერმანი განტევების ვაცია და
გარანტიას გაძლევთ, რომ მას ვერავინ იპოვის.
– არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები...
– ფეხებზე მკიდია მტკიცებულებები. მთავარია, გამოძიებას როგორ აწარმოებენ და
ფაქტებს როგორ წარმოადგენენ. მე ამის გარანტიას გაძლევთ: თუ ჯადოსნური
ჯოხის აქნევით არ გააქრობთ ფაქტებს, პრესკონფერენციას გავმართავ მედიისთვის.
ჩემთვის ბევრი სახელი, თარიღი და მოვლენაა ცნობილი. მგონი, არაა საჭირო იმის
შეხსენება, მე ვინ ვარ.
– თქვენ არ გესმით...
– მშვენივრად მესმის. შენ ხელის ბიჭი ხარ. უფროსს ჩემი სიტყვები გადაეცი. ის
გაიგებს. უთხარი, რომ მე ყველაფრის ასლი მაქვს. შემიძლია ყველა ჩაგძიროთ.
– როგორმე უნდა შევთანხმდეთ.
– საუბარი დამთავრდა. გაეთრიე აქედან. უფროსებს გადაეცი, შემდეგში ჩემთან
მოსალაპარაკებლად ლაწირაკს ნუღარ გამოგზავნიან.
ზალაჩენკომ სტუმარს თვალი მოარიდა. სანდბერგი მცირე ხანს ზალაჩენკოს
მიშტერებოდა, მერე მხრები აიჩეჩა და წამოდგა. უკვე კართან იდგა, როცა
ზალაჩენკოს ხმა გაიგონა.
– და კიდევ ერთი.
სანდბერგი მისკენ შეტრიალდა.
– სალანდერი.
– მასთან რაღა გინდათ?
– უნდა გაქრეს.
– რას გულისხმობთ?
სანდბერგს მღელვარება დაეტყო და ზალაჩენკომ გაიღიმა, მიუხედავად იმისა, რომ
ყბა ძლიერად ასტკივდა.
– ვხედავ, ქალაჩუნები მის მოკვლას ვერ ბედავთ, საამისო რესურსი არ გაქვთ, მაგრამ
არ მაინტერესებს: ის უნდა გაქრეს. მისმა ჩვენებამ ძალა უნდა დაკარგოს.
სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა გამოკეტოთ.
სალანდერმა დერეფანში ნაბიჯის ხმა გაიგონა. ასეთი ხმა მანამდე არასდროს
მოესმინა.
მისი პალატის კარი მთელი საღამო ღია იყო და მასთან ყოველ ათ წუთში მედდები
შემოდიოდნენ. მკაფიოდ გაიგონა, როგორ მოსთხოვა ვიღაც კაცმა ექთანს, კარლ
აქსელ ბოდინი აუცილებლად უნდა ვნახოო. გაიგონა, რომ კაცმა ექთანს პირადობის
მოწმობა უჩვენა, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამს, ვინ იყო და რას წარმოადგენდა.
ექთანმა მას დერეფანში მოცდა ურჩია, სანამ თვითონ პალატაში შევიდოდა და
შეამოწმებდა, ეძინა თუ არა კარლ აქსელ ბოდინს. სალანდერმა დაასკვნა, მოწმობაში
ისეთი რამ ეწერა, რამაც ექთანი დაარწმუნაო.
გაიგონა, რომ ექთანი მარცხნივ წავიდა და ჩვიდმეტი ნაბიჯი გადადგა, სანამ
პალატასთან მივიდოდა. სტუმარს კი იმავე მანძილის გასავლელად თოთხმეტი
ნაბიჯის გადადგმა დასჭირდა. ესე იგი, ზალაჩენკოს პალატა დაახლოებით
თხუთმეტ-ნახევარ ნაბიჯში მდებარეობდა, თუ ერთი ნაბიჯი საშუალოდ სამოცი
სანტიმეტრის სიგრძისაა, გამოდიოდა, რომ იქამდე დაახლოებით ათი მეტრი მაინც
იქნებოდა. პალატის სიგანე დაახლოებით ხუთი მეტრი იყო და შესაბამისად,
ზალაჩენკო სალანდერის პალატიდან მარცხნივ, ორი პალატის დაშორებით იწვა.
სალანდერმა ელექტროსაათზე დრო დაინიშნა. ზალაჩენკოსთან უცნობის შეხვედრა
ზუსტად ცხრა წუთს გაგრძელდა.
ზალაჩენკო იუნას სანდბერგის წასვლის შემდეგ დიდხანს ფიქრობდა. მისი აზრით,
იუნას სანდბერგი ყალბი სახელი და გვარი იყო. პირადი გამოცდილებიდან იცოდა,
რომ შვედ ვითომჯაშუშებს ძალიან უყვარდათ ფსევდონიმების დარქმევა მაშინაც
კი, როცა ამას საჭიროება არ მოითხოვდა. მოკლედ, ამ სანდბერგის თუ
ვითომსანდბერგის გამოჩენა პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ მისმა პრობლემამ
„სექციის“ ყურადღება მიიქცია, რაც მედიის დაინტერესების გათვალისწინებით,
მოსალოდნელიც იყო. ამ სტუმრობის შედეგად ზალაჩენკომ დაასკვნა, რომ ეს
პრობლემა მათ რეალურად აღელვებდათ.
ზალაჩენკომ რამდენიმე ვარიანტი აწონ-დაწონა და ერთმანეთს შეადარა. ცხადად
აცნობიერებდა, რომ ყველაფერი აირ-დაირია. საქმე რომ კარგად წასულიყო, ახლა
გოსებერგაში თავის სახლში იჯდებოდა, ნიდერმანი საზღვარგარეთ გაიქცეოდა,
ხოლო სალანდერი მიწაში იწვებოდა. მართალია, თეორიულად კი ზუსტად იცოდა,
რაც მოხდა, მაგრამ მაინც ვერაფრით იჯერებდა, რომ სალანდერი ნიდერმანის
გათხრილი საფლავიდან ამოძვრა, სამგან დაჭრილმა ფერმამდე მიაღწია და მას
ნაჯახის ორი დარტყმით კინაღამ სული გააფრთხობინა. მისი ქალიშვილი ძალიან
მოხერხებული გამოდგა.
სამაგიეროდ, კარგად ხვდებოდა, რა დაემართა ნიდერმანს – რატომ უშველა
გაქცევით თავს, ნაცვლად იმისა, რომ სალანდერისთვის ბოლო მოეღო. ზალაჩენკომ
იცოდა, რომ ნიდერმანს თავში ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა – რაღაცეები
ელანდებოდა. ზალაჩენკოს არაერთხელ დაუმშვიდებია მოულოდნელად
დამფრთხალი და მობუზული ნიდერმანი.
ზალაჩენკო ნერვიულობდა. მართალია, რაკი გასული ოცდაოთხი საათის
განმავლობაში ვერ დაიჭირეს, ესე იგი, ნიდერმანი ჯერჯერობით რაციონალურად
მოქმედებდა – ალბათ ტალინში გაიქცეოდა, სადაც ზალაჩენკოს კრიმინალი
ნაცნობები დამალავდნენ, მაგრამ თუ უეცრად თავისი სიგიჟე წამოუვლიდა,
შეცდომას დაუშვებდა და გაქცევას ვეღარ შეძლებდა; ხოლო თუ ვერ გაიქცეოდა,
აუცილებლად გამოიჭერდნენ და ვინაიდან პოლიციას ნებით არ ჩაბარდებოდა,
ალბათ რომელიმე პოლიციელს შემოაკვდებოდა.
ამ ფიქრებმა ზალაჩენკო დააღონა. ნიდერმანის სიკვდილი არ სურდა. ბოლოს და
ბოლოს, შვილი იყო. თუმცა, მეორე მხრივ, ნიდერმანის ცოცხლად შეპყრობა
არანაირად არ აწყობდა, რადგან ზალაჩენკომ არ იცოდა, პოლიციასთან
ურთიერთობაში გამოუცდელი ნიდერმანი დაკითხვაზე როგორ მოიქცეოდა.
ეეჭვებოდა, ნიდერმანს დუმილი შეენარჩუნებინა. ამგვარად, მიუხედავად იმისა,
რომ მისი სიკვდილი სამწუხარო იქნება, ნამდვილად აჯობებს, პოლიციამ მოკლას,
რადგან თუ ნიდერმანი ალაპარაკდა, თვითონ მომიწევს სიცოცხლის ბოლომდე
ციხეში ჯდომაო, – ფიქრობდა ზალაჩენკო.
თუმცა, ნიდერმანი ჯერ ისევ თავისუფალი იყო. ესე იგი, ჯერაც საღად აზროვნებდა,
ასეთ ნიდერმანს კი ვერავინ დაამარცხებდა.
ამის მიუხედავად, ზალაჩენკო მაინც ნერვიულობდა, მამის რჩევების გარეშე როგორ
გაძლებსო. მასთან მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად იცოდა, რომ ნიდერმანი
გაუბედავი და მერყევი იყო.
უკვე მერამდენედ ნანობდა, რომ მის ვაჟს მისი თვისებები არ გამოჰყვა. რონალდ
ნიდერმანი გონიერი იყო, ფიზიკური სიძლიერე კი მეტ სიმტკიცესა და
სოლიდურობას სძენდა, ჩინებული ორგანიზატორული ნიჭიც ჰქონდა, მაგრამ
ლიდერობის უნარი აკლდა. ყოველთვის სჭირდებოდა ვინმე, ვინც რამის
ორგანიზებას დაავალებდა.
თუმცა, ზალაჩენკოს ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ შეეძლო. ახლა მხოლოდ
თავის თავზე უნდა ეზრუნა, რადგან ახლა თვითონაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
ადვოკატი თომასონი დიდად არ ეიმედებოდა. მართალია, წარმატებული
პროფესიონალის რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ ის კორპორაციული ადვოკატი იყო და
სისხლის სამართლის საქმეში მართლაც ვერ დაეხმარებოდა.
იუნას სანდბერგმა უფრო გრძელი და გამძლე სამაშველო ბაგირი გადმოუგდო,
მაგრამ შესაძლოა, ამ ბაგირს ხაფანგში შეეტყუებინა. ზალაჩენკოს თავისი კოზირი
კარგად უნდა გაეთამაშებინა და ვითარება სათავისოდ შემოეტრიალებინა.
ბოლოს და ბოლოს, შეეძლო პირადი რესურსების გამოყენებაც. რამდენიმე დღეში ან
ერთ კვირაში მომჯობინდებოდა, საავადმყოფოდან გაწერდნენ და თუ საქმე ცუდად
წაუვიდოდა, პირდაპირ ცხვირწინ მოტრიალე პოლიციელებისგან მოუწევდა
დასხლტომა. ამ დროს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი თუ ექნებოდა. სამალავი,
ყალბი პასპორტი და ნაღდი ფული დასჭირდებოდა. ამას თომასონისგან მიიღებდა,
ოღონდ ჯერ ძალა უნდა მოეკრიბა, რომ გაქცევა მოეხერხებინა.
ღამის 1:00 საათზე მედდამ პალატაში შემოიხედა. ზალაჩენკომ თავი მოიმძინარა.
მედდამ კარი რომ გაიხურა, ძლივძლივობით წამოიმართა და საწოლიდან ფეხები
გადმოიღო. კარგა ხანს გაუნძრევლად იჯდა, წონასწორობა არ დავკარგოო. შემდეგ
მარცხენა ფეხი ფრთხილად დადგა იატაკზე. საბედნიეროდ, ნაჯახი უკვე
დასახიჩრებულ მარჯვენა ფეხზე მოხვდა. ტუმბოდან პროთეზი გამოიღო და ტაკვზე
მიიმაგრა. წამოდგა და როცა სხეულის წონა ჯანსაღ ფეხზე გადაიტანა, მარჯვენა
ფეხში მწვავე ტკივილმა დაუარა.
კრიჭაშეკრულმა გადადგა ნაბიჯი. კედელ-კედელ კოჭლობით მივიდა პალატის
კარამდე. ამისთვის რამდენიმე წუთი დასჭირდა. ყოველი ნაბიჯი ძლიერი ტკივილის
ფასად უჯდებოდა.
ცალ ფეხზე მდგარმა ოდნავ გამოაღო კარი და დერეფანში გაიჭყიტა. არავინ
დაუნახავს და მთლიანად გაყო თავი. მარცხნიდან ხმადაბალი საუბარი მოესმა და
იქით გაიხედა. მისგან ოციოდე მეტრის მოშორებით მორიგე პერსონალი თავის
ოთახში ისვენებდა.
ზალაჩენკომ ახლა მარჯვნივ გაიხედა და დერეფნის ბოლოში გასასვლელი დაინახა.
დღისით ლიზბეთ სალანდერის მდგომარეობა იკითხა, ბოლოს და ბოლოს, ჩემი
ქალიშვილიაო. მედდებს ეკრძალებოდათ სხვა პაციენტების შესახებ საუბარი, მაგრამ
ერთ-ერთმა მოკლედ უთხრა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდაო, თან
ქვეცნობიერად მარცხნივ გაიხედა.
მაშინ ზალაჩენკო მიხვდა, რომ ლიზბეთ სალანდერი მის პალატასა და გასასვლელს
შორის რომელიღაც პალატაში იწვა.
ზალაჩენკომ ფრთხილად მიხურა კარი. საწოლთან მიბანცალდა და პროთეზი
მოიხსნა. საბნის ქვეშ რომ შეძვრა, ოფლში იწურებოდა.
დამშეულ-დაქანცული ინსპექტორი ჰოლმბერგი სტოკჰოლმში კვირადღეს
დაბრუნდა. რატუშამდე მეტროთი იმგზავრა, იქიდან პოლიციის მთავარ
სამმართველომდე კი ფეხით იარა. პირდაპირ ინსპექტორ ბუბლანსკის კაბინეტში
შევიდა. მუდიგი და ანდერსონი იქ დახვდნენ. ბუბლანსკიმ შეხვედრა კვირას
სპეციალურად დანიშნა, რადგან იცოდა, რომ წინასწარი გამოძიების ხელმძღვანელი
პროკურორი ეკსტრომი სხვაგან იყო.
– გმადლობთ, რომ მოხვედით, – თქვა ბუბლანსკიმ, – ამ არეულობაში გასარკვევად
მშვიდი და წყნარი თათბირი გვჭირდება. იერკერ, სიახლეა რამე?
– ისეთი არაფერი, რაც ტელეფონში არ მითქვამს. ზალაჩენკო უკან არ იხევს. თავს
ყველაფერში უდანაშაულოდ მიიჩნევს. ერთი ეგაა...
– რა?
– სონია, მართალი ყოფილხარ, ეგეთი საძაგელი ადამიანი არასდროს შემხვედრია.
პოლიციელი ასეთ რამეს ალბათ არ უნდა ამბობდეს, მაგრამ მგონია, რომ ცბიერია და
რაღაცას მალავს.
– გასაგებია, – ჩაახველა ბუბლანსკიმ, – კიდევ რა ვიცით? სონია...
მუდიგმა სუსტად გაუღიმა.
– ეს რაუნდი გამომძიებელმა ჟურნალისტმა მოიგო. საჯარო რეესტრში ზალაჩენკოზე
ვერაფერი ვიპოვე. აი, კარლ აქსელ ბოდინი კი თურმე 1942 წელს უდევალაში
დაბადებულა. მისი მშობლები – მარიან და გეორგ ბოდინები – 1946 წელს
ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. კარლ აქსელ ბოდინი ნორვეგიაში მცხოვრებმა
ბიძამ გაზარდა. ასე რომ, სამოცდაათიან წლებამდე, სანამ შვედეთში
დაბრუნდებოდა, მასზე ჩანაწერები არ არსებობს. მიქაელ ბლუმკვისტის თეორიის
გადამოწმება, რომ ის ГРУ-ს მიერ დევნილი ჯაშუშია, შეუძლებელია, თუმცა, მაინც
მგონია, რომ ის არ ცდება.
– და ეს რა ნიშნავს?
– იმას, რომ მას ყალბი დოკუმენტები მისცეს. ეს კი ხელისუფლების ჩარევის გარეშე
ვერ მოხერხდებოდა.
– უსაფრთხოების სამსახურს, „სეპოს“ გულისხმობ?
– ამას ბლუმკვისტი ამტკიცებს. როგორც ჩანს, მისი პირადობის მოწმობა და სხვა
საიდენტიფიკაციო დოკუმენტებიც გაყალბებულია და საჯარო რეესტრშია
გატარებული. ამ ქმედების არალეგიტიმურობაზე საუბარიც კი არ ღირს. რახან
ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდა, გადაწყვეტილება მთავრობის
მაღალჩინოსანს უნდა მიეღო.
ბუბლანსკის კაბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა. ოთხივე გამომძიებელი ამ მინიშნებაზე
ჩაფიქრდა.
– კარგი, – თქვა ბოლოს ბუბლანსკიმ, – ჩვენ ოთხი სულელი პოლიციელი ვართ. თუ
საქმეში მაღალჩინოსნები არიან გარეულები, მათ დაკითხვას არ ვაპირებ.
– ჰმმმ, – თქვა ანდერსონმა, – ამან შეიძლება კონსტიტუციურ კრიზისამდე
მიგვიყვანოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წევრების დაკითხვა
დაბალი ინსტანციის სასამართლოშიც შეიძლება, შვედეთში კი – მხოლოდ
საკონსტიტუციო კომიტეტის მეშვეობით.
– შეგვიძლია ხელმძღვანელს ვკითხოთ, – თქვა ჰოლმბერგმა.
– ვინ ხელმძღვანელს? – ჰკითხა ბუბალნსკიმ.
– თურბიორნ ფელდინს. იმ დროს ის იყო პრემიერ-მინისტრი.
– რა, თურბიორნ ფელდინს შინ ვეწვიოთ და ვკითხოთ, დევნილი საბჭოთა
ჯაშუშისთვის საბუთები ხომ არ გაგიყალბებიათო?!
– ფელდინი ჰერნესენდის ოლქში, ქალაქ ოსში ცხოვრობს. იქიდან რამდენიმე
კილომეტრის დაშორებით ვიზრდებოდი. მამაჩემი „ცენტრისტული პარტიის“ წევრია
და ფელდინს კარგად იცნობს. მას მეც შევხვედრივარ, ბავშვობაშიც და შემდგომაც.
ძალიან კეთილი ადამიანია.
სამმა ინსპექტორმა გაკვირვებით შეხედა ჰოლმბერგს.
– ფელდინს იცნობ?! – გაკვირვება ვერ დამალა ბუბლანსკიმ.
ჰოლმბერგმა თავი დაუქნია. ბუბლანსკიმ წარბი ასწია.
– სიმართლე ითქვას, – განაგრო ჰოლმბერგმა, – ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომ
განცხადებას გააკეთებდეს, ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოგვიგვარებდა –
სულ ცოტა, იმას მაინც გავიგებდით, ჩვენ რა როლი გვაკისრია ამ ამბავში. შემიძლია
წავიდე და დაველაპარაკო. თუ არაფერს გაგვიმხელს, არ გაგვიმხელს და ეგ იქნება.
თუ გაგვიმხელს, ბევრ დროს დავზოგავთ.
ბუბლანსკიმ მისი წინადადება აწონ-დაწონა და თავი გააქნია. ცალი თვალით
დაინახა, რომ მუდიგი და ანდერსონი ჩაფიქრებით აქნევდნენ თავებს.
– ჰოლმბერგ, გმადლობ შემოთავაზებისთვის, მაგრამ აჯობებს ეგ იდეა დროებით
დავივიწყოთ და საქმეს დავუბრუნდეთ.
– ბლუმკვისტის თქმით, ზალაჩენკო შვედეთში 1976 წელს ჩამოვიდა. რამდენადაც
ვხვდები, ეს ინფორმაცია ერთადერთი ადამიანისგან შეიძლებოდა მიეღო, – განაგრძო
მუდიგმა.
– გუნარ ბიორკისგან, – დააზუსტა ანდერსონმა.
– ბიორკმა რა გვითხრა? – იკითხა ჰოლმბერგმა.
– ბევრი არაფერი. ამბობს, საიდუმლო ინფორმაციაა და უფროსობის ნებართვის
გარეშე ვერ გავამხელო.
– მისი უფროსები ვინ არიან?
– არ ამხელს.
– მაშ, მას რა ბედი ეწევა?
– პროსტიტუციის შესახებ კანონის დარღვევაში დავადანაშაულე და დავაპატიმრე.
დაგ სვენსონის ჩანაწერები მტკიცებულებად გამოგვადგება. ეკსტრომს ეს არ
მოეწონა, მაგრამ რაკი ოფიციალური მოხსენება შევადგინე, წინასწარი გამოძიების
შეწყვეტისთვის პრობლემები შეექმნებოდა, – თქვა ანდერსონმა.
– გასაგებია. პროსტიტუციის კანონის დარღვევისთვის შეიძლება იმხელა ჯარიმა
დააკისრონ, მის შემოსავალს ათჯერ რომ აღემატება.
– ჯარიმის გადახდით ციხიდან კი გამოძვრება, მაგრამ მისი დაკითხვის ნება
გვექნება.
– თუმცა, ასე „სეპოს“ საქმეებში ჩავერევით, რამაც შეიძლება უკმაყოფილება
გამოიწვიოს.
– არაფერი მოხდებოდა, საქმეში „სეპო“ რომ არ ჩარეულიყო. შესაძლოა, ზალაჩენკო
მართლაც რუსი ჯაშუში იყო, რომელიც შვედეთის მთავრობას ჩაბარდა და
თავშესაფარი მიიღო. შესაძლოა, მართლაც „სეპოს“ მრჩევლად მუშაობდა მათთვის
საჭირო საკითხებში და მისი ანონიმურობის დაცვის მიზნით ყალბი დოკუმენტებიც
გაუკეთეს. მაგრამ არსებობს სამი პრობლემა. პირველი: 1991 წლის კანონდარღვევით
წარმოებული გამოძიების წყალობით, ლიზბეთ სალანდერი ფსიქიატრიულ
კლინიკაში მოათავსეს; მეორე: მას შემდეგ ზალაჩენკოს საქმიანობას შვედეთის
ეროვნულ უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს – ზალაჩენკო ჩვეულებრივი
განგსტერია, რომელიც მკვლელობებსა და კრიმინალურ საქმიანობაშია
ეჭვმიტანილი; და მესამე: ფაქტია, რომ ლიზბეთ სალანდერი დაჭრეს და ცოცხლად
დამარხეს ზალაჩენკოს ფერმის ტერიტორიაზე.
– სხვათა შორის, იმ სამარცხვინო მოხსენების წაკითხვა მეც მინდა, – თქვა
ჰოლმბერგმა.
ბუბლანსკი მოიღუშა.
– იერკერ, ის მოხსენება პარასკევს ეკსტრომმა წაიღო და როცა დაბრუნება ვთხოვე,
მითხრა, ასლს გადავიღებო. სამწუხაროდ, ასლი არ გადაუღია. დამირეკა,
გენერალურ პროკურორს ველაპარაკე და პრობლემა შეიქმნაო. გენერალური
პროკურორის თქმით, „გრიფით საიდუმლო“ ნიშნავს, რომ მოხსენების ასლის
გადაღება არ შეიძლება. ამიტომ სონიამ თავისი ასლიც დათმო.
– ესე იგი, მოხსენება აღარ გვაქვს?
– არა.
– ჯანდაბა, – თქვა ჰოლმბერგმა, – ცუდადაა საქმე.
– ვიცი, – თქვა ბუბლანსკიმ, – უარესი ისაა, რომ ვიღაც ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს,
თან სწრაფად და ეფექტურად. არადა, სწორედ იმ მოხსენებამ გაგვიყვანა სწორ
გზაზე.
– მაშ, უნდა დავადგინოთ, ვინ მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ, – თქვა ჰოლმბერგმა.
– ერთი წუთით, – თქვა მუდიგმა, – ფსიქიატრი პეტერ ტელებორიანი არ
დაგვავიწყდეს. მან ლიზბეთ სალანდერზე მოგვაწოდა ცნობები.
– ზუსტად, – მკაცრად თქვა ბუბლანსკიმ, – და რა გვაცნობა?
– მისი მდგომარეობა ძალიან აშფოთებდა და სიკეთე უსურვა. თუმცა, განხილვის
მიწურულს დაამატა, ძალიან სახიფათოა და შეიძლება დაპატიმრებისას
წინააღმდეგობა გაგვიწიოსო. გამოძიებისას მისი ცნობებით ვხელმძღვანელობდით.
– ჰანს ფასტეც მისმა სიტყვებმა „დაქოქა“, – თქვა ჰოლმბერგმა, – სხვათა შორის,
ფასტესგან რა ისმის?
– შვებულებაშია, – მოკლედ უპასუხა ბუბლანსკიმ, – ახლა გასარკვევი ისაა, ჩვენ
როგორ უნდა ვიმოქმედოთ.
მომდევნო ორი საათის განმავლობაში მოქმედების გზებს განიხილავდნენ.
ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტილება ის იყო, რომ მუდიგს მომდევნო დღესვე
გეტებორგში დაბრუნება დაევალა, იქნებ სალანდერს ჰქონდეს რამე სათქმელიო. ამ
შეთანხმებით დაიშალნენ. მუდიგი და ანდერსონი ერთად წავიდნენ
ავტოსადგომისკენ.
– ახლა ვფიქრობდი და... – გაჩერდა ანდერსონი, – ტელებორიანის დაკითხვისას შენ
ერთადერთი იყავი ჩვენს ჯგუფში, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა.
– მერე?
– არა... არაფერი... უბრალოდ, კარგი ალღო გქონია, – უთხრა ანდერსონმა.
როგორც წესი, ანდერსონი კომპლიმენტებით არავის ანებივრებდა. პირველად
მოხდა, რომ მუდიგს რაღაც სასიამოვნო და გამამხნევებელი უთხრა. გაოგნებული
მუდიგი კარგა ხანს იდგა მანქანის კართან.
თავი V
კვირა, 10/IV
ბლუმკვისტმა შაბათი ღამე ბერგერთან ერთად გაატარა. საწოლში იწვნენ და
ზალაჩენკოს საქმის დეტალებს განიხილავდნენ. ბლუმკვისტი ბერგერს სრულიად
ენდობოდა, წამითაც არ შეუწუხებია იმ ფაქტს, რომ ის კონკურენტ გაზეთში
გადადიოდა სამუშაოდ. არც ბერგერი აპირებდა ამ მასალის მითვისებას – ეს
სენსაციური ამბავი „მილენიუმს“ ეკუთვნოდა. თუმცა, ცოტათი გული სწყდებოდა,
რომ სკანდალური ნომრის გამოსვლისას თვითონ ჟურნალის მთავარი რედაქტორი
აღარ იქნებოდა და „მილენიუმში“ თავის კარიერას ხმაურიანად ვერ დაასრულებდა.
ჟურნალის მომავალზეც ისაუბრეს. ბერგერი „მილენიუმის“ თანამფლობელად და
საბჭოს წევრად დარჩენას გეგმავდა, მიუხედავად იმისა, რომ სარედაქციო
პოლიტიკაში ვეღარ ჩაერეოდა.
– ყოველდღიურ გაზეთში მუშაობა შეიძლება რამდენიმე წელიწადში მომბეზრდეს.
პენსიაზე გასვლამდე იქნებ „მილენიუმში“ დაბრუნება მოვასწრო, – თქვა მან.
რაც შეეხება მათ ჩახლართულ ურთიერთობას: შეთანხმდნენ, რომ არაფერი
შეიცვლებოდა. უბრალოდ, ისე ხშირად ვეღარ ნახავდნენ ერთმანეთს – ისევე,
როგორც ოთხმოციან წლებში, როცა „მილენიუმი“ ჯერ კიდევ არ დაეარსებინათ და
სხვადასხვაგან მუშაობდნენ.
– ალბათ წინასწარ მოგვიწევს ხოლმე შეხვედრის თარიღის დათქმა, – სევდიანად
გაეღიმა ბერგერს.
კვირა დილით ნაჩქარევად დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ერიკა ბერგერი შინ
თავის ქმართან, გრეგერ ბეკმანთან წავიდა.
ბლუმკვისტმა სოლგრენსკას საავადმყოფოში დარეკა სალანდერის ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამოსაკითხად, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. ბოლოს ინსპექტორ
ერლანდერს დაურეკა. ამ უკანასკნელს შეეცოდა და დაამშვიდა, არსებული
ვითარების გათვალისწინებით, სალანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია და ექიმები ფრთხილ, მაგრამ მაინც ოპტიმისტურ პროგნოზს
იძლევიანო. ბლუმკვისტმა ჰკითხა, მისი მონახულება თუ შეიძლებაო, რაზეც
ერლანდერმა უპასუხა, სალანდერი დაპატიმრებულია და პროკურორის ნებართვის
გარეშე მასთან ვერავინ შევა, თუმცა, ახლა იმ მდგომარეობაში მაინც არ არის, რომ
მისი დაკითხვა შეიძლებოდესო. ბოლოს ერლანდერი დაჰპირდა, თუ გოგონას
მდგომარეობა გაუარესდება, აუცილებლად დაგირეკავთო.
ბლუმკვისტმა ტელეფონი შეამოწმა. ორმოცდაორი ახალი შეტყობინება მოსვლოდა,
უმეტესობა – კოლეგა ჟურნალისტებისგან. როცა გაირკვა, რომ სალანდერი სწორედ
ბლუმკვისტმა იპოვა და იხსნა, მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა, მოვლენების
შემდგომ განვითარებასთან მას აშკარად კავშირი უნდა ჰქონდესო.
ბლუმკვისტმა კოლეგების ყველა მესიჯი წაშალა და თავის დას, ანიკას დაურეკა,
სადილად მეწვიეო. შემდეგ Milton Security-ის გენერალურ დირექტორს, დრაგან
არმანსკის დაურეკა. არმანსკი კუნძულ ლიდინგეზე, თავის სახლში იმყოფებოდა.
– გაზეთის პირველ გვერდზე მოხვედრის დიდი ნიჭი გაქვთ, – უთხრა არმანსკიმ.
– უფრო ადრე მინდოდა დაგკავშირებოდით. შეტყობინება მივიღე, რომ მეძებდით,
მაგრამ დრო არ მქონდა...
– Milton Security-მაც ჩაატარა კერძო გამოძიება, თან ჰოლგერ პალმგრენისგან
შევიტყვე, რომ რაღაც ინფორმაციას ფლობდით. თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენზე
გაცილებით წინ წასულხართ.
ბლუმკვისტმა წამიერი ყოყმანის შემდეგ ჰკითხა:
– თქვენი ნდობა შეიძლება?
– ზუსტად რას გულისხმობთ?
– სალანდერის მხარეზე ხართ თუ არა?
– მე მისი მეგობარი ვარ. თუმცა, ეს ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ის ჩემი
მეგობარია.
– გასაგებია. მხოლოდ ის მაინტერესებს, მზად ხართ თუ არა, მის მტრებთან მძიმე
ბრძოლაში ჩაებათ?
– მე სალანდერის მხარეზე ვარ.
– შემიძლია გაგანდოთ ინფორმაცია და არ მეშინოდეს, რომ ის პოლიციის ან ვინმე
სხვის ხელში აღმოჩნდება?
–კრიმინალურ საქმიანობაში ვერ ჩავერთვები, – გააფრთხილა არმანსკიმ.
– ეს არც მითხოვია.
– შეგიძლია მენდოთ, თუ კრიმინალური ინფორმაციის გამხელას არ აპირებთ
ჩემთვის.
– ძალიან კარგი. უნდა შევხვდეთ.
– ამ საღამოს ქალაქში ვიქნები. ერთად ვივახშმოთ?
– დღეს არ მცალია, მაგრამ მადლობელი დაგრჩებით, თუ ხვალ საღამოს შევხვდებით.
მე, თქვენ და ალბათ კიდევ რამდენიმე ადამიანი უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
– Milton Security-ში მობრძანდით. საღამოს ექვსი საათი გაწყობთ?
– კიდევ ერთი... შუადღისას ჩემს დას, ადვოკატ ანიკა ჯიანინის უნდა შევხვდე.
ფიქრობს, სალანდერი კლიენტად აიყვანოს, მაგრამ უფასოდ ვერ იმუშავებს.
გასამრჯელოს ნაწილს ჩემი ჯიბიდან ავუნაზღაურებ. დანარჩენ თანხას Milton Security
ხომ ვერ გაიღებს?
– მაგ გოგოს სისხლის სამართლის კარგი სპეციალისტი სჭირდება. მაპატიეთ, მაგრამ
არა მგონია, თქვენი და მისთვის საუკეთესო არჩევანი იყოს. Milton Security-ის მთავარ
იურისტს უკვე ვესაუბრე და შესაფერის კანდიდატს ეძებს. პირადად მე პეტერ
ალთინზე ან ვინმე მსგავსზე ვფიქრობ.
– დიდ შეცდომას უშვებთ. სალანდერს სულ სხვანაირი დახმარება სჭირდება. რომ
შევხვდებით, აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ. მოკლედ, თანხის გაღებაზე თანახმა
ხართ თუ არა?
– ისედაც დაგეგმილი მქონდა, რომ Milton Security-ს მისთვის ადვოკატი
დაექირავებინა...
– ეს „დიახ“ არის თუ „არა“? მე ვიცი, რა შეემთხვა მას; ვიცი, ამ ყველაფრის უკან ვინ
დგას, და სტრატეგია შევიმუშავე.
არმანსკის გაეცინა.
– სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს და თუ მომეწონება, თქვენ გვერდით
მიგულეთ.
ბლუმკვისტმა დას ლოყაზე აკოცა თუ არა, მაშინვე ჰკითხა:
– ლიზბეთ სალანდერის უფლებათა დამცველი იქნები?
– უარი უნდა გითხრა. ხომ იცი, მე სისხლის სამართლის სპეციალისტი არ ვარ.
მართალია, სამმაგ მკვლელობაში აღარ ადანაშაულებენ, მაგრამ სხვა რამეებში
ნამდვილად დასდებენ ბრალს. ამიტომ ჩემზე გავლენიანი და გამოცდილი ადვოკატი
დასჭირდება.
– ცდები. შენც ქალთა უფლებების გამოცდილი და ცნობილი დამცველი ხარ. ჩემი
აზრით, სალანდერს სწორედ შენნაირი ადვოკატი სჭირდება.
– მიქაელ... მგონი, ვერ ხვდები, რა გველის. ეს სისხლის სამართლის მძიმე
დანაშაულია და არა ქალზე ფიზიკური ძალადობის ჩვეულებრივი საქმე. ჩემი
ადვოკატობის პირობებში ყველაფერი შეიძლება საშინელი მარცხით დასრულდეს.
ბლუმკვისტს გაეღიმა.
– ანიკა, მთავარს ვერ ხვდები. სალანდერისთვის რომ მიას და დაგის მკვლელობაში
დაედოთ ბრალი, სილბერსკის ან სისხლის სამართლის სხვა მძიმეწონიან
სპეციალისტს დავიქირავებდი, მაგრამ ეს სასამართლო პროცესი სულ სხვა კუთხით
წარიმართება.
– აჯობებს, წესიერად ამიხსნა.
თითქმის ორ საათს ისაუბრეს, თან ყავას და სენდვიჩებს მიირთმევდნენ. მიქაელმა,
როგორც იქნა, დაარწმუნა ანიკა. მერე გეტებორგში ინსპექტორ ერლანდერს
დაურეკა.
– გამარჯობა. ისევ ბლუმკვისტი გაწუხებთ.
– სალანდერზე ახალი არაფერი მსმენია, – აშკარად გაღიზიანდა ერლანდერი.
– რაც, რასაკვირველია, კარგია. მე სხვა რამ უნდა გაცნობოთ.
– გისმენთ.
– მისთვის ადვოკატი დავიქირავე. ანიკა ჯიანინი ჰქვია და ახლავე დაგალაპარაკებთ.
ბლუმკვისტმა ტელეფონი თავის დას გადააწოდა.
– გამარჯობა, მე ანიკა ჯიანინი ვარ და სასამართლოზე ლიზბეთ სალანდერის
ინტერესებს წარმოვადგენ. ჩემს კლიენტს უნდა შევხვდე, რომ მისგან ოფიციალური
თანხმობა მივიღო. მჭირდება პროკურორის ტელეფონის ნომერიც.
– როგორც ვიცი, მას სახელმწიფომ უკვე დაუნიშნა ადვოკატი, – დაიბნა ერლანდერი.
– გასაგებია, მაგრამ ლიზბეთ სალანდერს ჰკითხა ვინმემ აზრი?
– მასთან დალაპარაკების საშუალება ჯერ არ გვქონია. თუ ჯანმრთელად იქნება,
ხვალ შევხვდებით.
– კარგი. მაშ ახლავე გეტყვით, რომ სანამ თავად არ იუარებს, სალანდერის
უფლებებს ოფიციალურად მე ვიცავ. ჩემ გარეშე მის დაკითხვას გიკრძალავთ.
შეგიძლიათ მოიკითხოთ და ჰკითხოთ, თანახმაა თუ არა, მე ვიყო მისი ადვოკატი. ეს
არის და ეს. გასაგებია?
– დიახ, – ამოიხვნეშა ერლანდერმა. ზუსტად არც იცოდა, მსგავს შემთხვევაში კანონი
რას ითვალისწინებდა, – ჩვენი უმთავრესი მიზანია, დავადგინოთ, ფლობს თუ არა
ფრეკენ სალანდერი რონალდ ნიდერმანის სავარაუდო ადგილსამყოფელზე რაიმე
ინფორმაციას. შეიძლება ეს ვკითხოთ... თქვენი თანდასწრების გარეშე?
– შეგიძლიათ. ნიდერმანის შესახებ ჰკითხეთ, რაც გნებავთ. აი, მისთვის წასაყენებელ
სავარაუდო ბრალდებებზე კი ნურაფერს ჰკითხავთ. შევთანხმდით?
– მგონი, კი.
ინსპექტორი ერლანდერი მაშინვე წამოდგა და წინასწარი გამოძიების ხელმძღვანელ
აგნეტა იერვასს გააცნო ადვოკატ ჯიანინისთან თავისი საუბრის შინაარსი.
– აშკარად ბლუმკვისტმა დაიქირავა. არა მგონია, სალანდერმა მასზე რამე იცოდეს.
– ჯიანინი ქალთა უფლებების დამცველია. ერთხელ მის ლექციას დავესწარი.
საზრიანი ქალია, მაგრამ სალანდერის საქმისთვის სრულიად შეუფერებელი.
– ეს სალანდერის გადასაწყვეტია.
– შეიძლება სასამართლოში გავაპროტესტო. სალანდერისთვისვე აჯობებს,
შესაფერისი დამცველი შევურჩიოთ და არა მედიაში გამოჩენის მოყვარული
პოპულარული სახე. ჰმმ. სალანდერი უნარშეზღუდულად არის გამოცხადებული.
არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე.
– რა ვქნათ?
აგნეტა იერვასი წუთით ჩაფიქრდა.
– არ ვიცი, ვინ უხელმძღვანელებს ამ საქმეს. შეიძლება სტოკჰოლმში პროკურორ
ეკსტრომს გადასცენ. ყოველ შემთხვევაში, სალანდერს ადვოკატი სჭირდება. კარგი...
ჰკითხეთ სალანდერს, სურს თუ არა ჯიანინი.
ბლუმკვისტი 17:00 საათზე დაბრუნდა შინ და მაშინვე „აიბუქი“ გახსნა გეტებორგში
დაწყებული სტატიის გასაგრძელებლად. შვიდსაათიანი მუშაობის შემდეგ ტექსტის
ყველაზე თვალშისაცემი ხარვეზები აღმოაჩინა. ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო
გამოსაკვლევი. მთავარი კითხვები, რომელთაც არსებული მასალებიდან ვერ სცემდა
პასუხს, შემდეგი იყო: გუნარ ბიორკის გარდა კიდევ ვინ მონაწილეობდა „სეპოს“
შეთქმულებაში? ერთმანეთთან რა აკავშირებდათ გუნარ ბიორკს და ფსიქიატრ
პეტერ ტელებორიანს?
„აიბუქი“ დაკეცა და დასაძინებლად დაწვა. ბოლო დღეების განმავლობაში
პირველად მიეცა მოდუნებისა და მშვიდად დაძინების საშუალება. მართალია, ყველა
კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, მაგრამ სენსაციური სტატიისთვის საკმარისი მასალა
გააჩნდა და იმედოვნებდა, რომ სკანდალური საგაზეთო სათაურების წარღვნას
გამოიწვევდა.
მიუხედავად გვიანი ღამისა, ყურმილი აიღო და ბერგერთან დარეკვა დააპირა, ახალ
ამბებს შევატყობინებო. უცებ გაახსენდა, რომ ბერგერი „მილენიუმში“ აღარ
მუშაობდა და გადაიფიქრა. ძილი გაუტყდა.
ყავისფერპორტფელიანი კაცი 19:30 საათზე ფრთხილად ჩამოვიდა მატარებლიდან
სტოკჰოლმის რკინიგზის სადგურზე. მგზავრების ნაკადში მცირე ხანს შეყოვნდა,
სანამ დაადგენდა, საით უნდა წასულიყო. 8:00 საათზე ლაჰოლმიდან გამოვიდა.
გეტებორგში მეგობართან ისადილა და მერე სტოკჰოლმისკენ განაგრძო გზა.
სტოკჰოლმში ბოლოს ორი წლის წინ იმყოფებოდა და დედაქალაქში ჩამოსვლას
აღარც გეგმავდა. მართალია, კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ სტოკჰოლმში
გაატარა, მაგრამ თავს ამ ქალაქში ყოველთვის უადგილოდ გრძნობდა. პენსიაზე
გასვლის შემდეგ კი ეს გრძნობა სულ უფრო და უფრო უმძაფრდებოდა.
ბაქანზე ნელა მიაბიჯებდა; პრესის ჯიხურში საღამოს გაზეთები და ორი ცალი ბანანი
იყიდა და ჩადრიანი მუსლიმი ქალის შესათვალიერებლად შედგა. ჩადრიანების
საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ შუა სტოკჰოლმში მათი დანახვა მაინც
ეხამუშებოდა. მისი აზრით, ასეთი ჩაცმულობისთვის უფრო შესაფერისი ადგილი
სომალი იყო.
სამასი მეტრი გაიარა ვასაგატანზე და ძველი ფოსტის შენობის გვერდით მდგარ
სასტუმრო Freys-ს მიადგა. ყოველ ჯერზე ამ სასტუმროში ჩერდებოდა, რადგან
ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და სუფთა იყო. ყველაზე მეტად მისი სიიაფე
მოსწონდა, რადგან ამ ვიზიტების საფასურს თვითონ იხდიდა. ნომერი წინა დღით
დაჯავშნა ევერტ გულბერგის სახელზე.
ნომერში ასვლისთანავე სააბაზანოში შევიდა. უკვე იმ ასაკში იყო, რომ ტუალეტში
ხშირად დადიოდა. ეს ბოლო წლები ყოველღამე უწევდა ბუნებრივი
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ადგომა.
ტუალეტიდან გამოსულმა, ვიწროფარფლიანი, მუქი მწვანე ინგლისური ფეტრის
ქუდი მოიხადა და ჰალსტუხი შეიხსნა. 1, 8 მეტრის სიმაღლისა სულ 70 კილოგრამს
იწონიდა, რაც ნიშნავდა, რომ გამხდარი და აწოწილი იყო. კუბოკრული პიჯაკი და
ნაცრისფერი შარვალი ეცვა. ყავისფერი პორტფელიდან ორი პერანგი, ჰალსტუხი და
ქვედა საცვალი ამოიღო და უჯრაში ჩააწყო. მერე პალტო და პიჯაკი გარდერობში
ჩამოკიდა.
დასაძინებლად ჯერ კიდევ ადრე იყო, გასასეირნებლად – უკვე გვიანი. თუმცა,
სეირნობა დიდად არც ეხალისებოდა. სასტუმროს ნომრის აუცილებელ ატრიბუტზე,
რბილ სავარძელზე ჩამოჯდა და მიმოიხედა. მერე ტელევიზორი ჩართო და ხმას
დაუწია. ყავის შეკვეთას აპირებდა, მაგრამ დარეკვა გადაიფიქრა, უკვე გვიანიაო.
ამის მაგივრად მინიბარი გამოაღო, „ჯონი უოკერის“ მინიატურული ბოთლიდან
ვისკი დაისხა და ცოტა წყლით გააზავა. მერე საღამოს გაზეთი გადაშალა და
ყველაფერი წაიკითხა, რაც იმ დღეს რონალდ ნიდერმანის ძებნასა და ლიზბეთ
სალანდერის საქმეზე დაიწერა. ცოტა ხნის შემდეგ პორტფელიდან ტყავისყდიანი
ბლოკნოტი ამოიღო და რაღაცეები ჩაინიშნა.
უსაფრთხოების სამსახურის, „სეპოს“, ყოფილი მთავარი ადმინისტრატორი,
სამოცდათვრამეტი წლის ევერტ გულბერგი, აგერ უკვე მეცამეტე წელი იყო,
პენსიაზე იმყოფებოდა. თუმცა, დაზვერვის ოფიცრები ხომ სინამდვილეში არასდროს
გადიან პენსიაზე; უბრალოდ, ჩრდილში რჩებიან.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 19 წლის გულბერგი სამხედრო-საზღვაო
ფლოტში ჩაირიცხა. სამხედრო სამსახური უმცროსი ოფიცრობით დაიწყო, შემდეგ
ოფიცრების სკოლაში გაგზავნეს. თუმცა, ნაცვლად ზღვისა, კარლსკრონაში ფლოტის
სადაზვერვო სამსახურში რადიომზვერავად გაამწესეს. დავალებას ადვილად
ართმევდა თავს; ძირითადად, იმას იკვლევდა, ბალტიის ზღვის გადაღმა რა
ხდებოდა. მოსაწყენი და უინტერესო საქმე იყო. თუმცა, წვრთნის პერიოდში
რუსული და პოლონური ენები შეისწავლა. სწორედ ენების გამო აიყვანეს „სეპოში“
1950 წელს, როცა „სეპოს“ მესამე ქვედანაყოფს უნაკლო და უშეცდომო გეორგ
თულინი ხელმძღვანელობდა. გულბერგმა რომ მუშაობა დაიწყო,
ოთხმოცდათექვსმეტკაციანი საიდუმლო პოლიციის მთლიანი ბიუჯეტი 2,7 მილიონი
კრონა იყო, ხოლო 1992 წელს, როცა გულბერგი ფორმალურად პენსიაზე გავიდა – 350
მილიონ კრონაზე მეტი; თანამშრომლების სრული რაოდენობა კი თვითონაც არ
იცოდა.
გულბერგმა მთელი ცხოვრება მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახურს
შეალია, ან უფრო ზუსტად – სოციალ-დემოკრატთა „საყოველთაო კეთილდღეობის
სახელმწიფო სამსახურს“. ბედის ირონიით, თვითონ ყოველთვის „ზომიერთა
პარტიას“ აძლევდა ხმას არჩევნებში, გარდა 1991 წლის არჩევნებისა, როცა განგებ
მათ წინააღმდეგ მისცა ხმა, რადგან მიაჩნდა, რომ კარლ ბილდტი
„რეალპოლიტიკისთვის“[3] ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა. მაშინ ინგმარ
კარლსონს მისცა ხმა. შვედეთის „საუკეთესო მთავრობის“ მმართველობის წლებმა
მისი ეჭვები გაამართლა. ზომიერთა მთავრობა მმართველობაში საბჭოთა კავშირის
დაშლის პერიოდში მოვიდა და, გულბერგის აზრით, არც ერთი სხვა ქვეყნის
მთავრობა არ შეხვედრია ასე მოუმზადებლად აღმოსავლეთში გაჩენილ ახალ
პოლიტიკურ შესაძლებლობებს და არც ერთს ისე ცუდად არ გამოუყენებია
შპიონაჟის ხელოვნება. სიტუაციით სარგებლობის ნაცვლად, ბილდტის მთავრობამ
ბიუჯეტის შეკვეცის მიზნით „საბჭოთა“ განყოფილება დახურა და ბოსნიასა და
სერბეთში საერთაშორისო არეულობაში ჩაება – თითქოს სერბეთი შვედეთისთვის
საფრთხეს წარმოადგენდა. შედეგად, მოსკოვში გრძელვადიანი ინფორმატორების
ჩანერგვის შესაძლებლობა დაიკარგა. ერთხელაც იქნება, რუსეთთან ურთიერთობა
დაიძაბება (გულბერგის აზრით, ეს გარდაუვალი იყო) და მერე „სეპოს“ და სამხედრო
დაზვერვის სამსახურს აბსურდული მოთხოვნებით მიადგებიან, თითქოს
ჯადოსნური ჯოხი გვქონდეს და ჯაშუშებს ჩვენს ნებაზე ვაჩენდეთო, – ფიქრობდა
გულბერგი.
უსაფრთხოების სამსახურის მესამე ქვედანაყოფის „საბჭოთა“ განყოფილებაში
ორწლიანი მუშაობის შემდეგ გულბერგმა კაპიტნის ჩინი მიიღო და 1952-1953
წლებში მოსკოვში შვედეთის საელჩოს საჰაერო ძალების ატაშედ გადავიდა.
სინამდვილეში კი პირველ საველე დავალებას ასრულებდა – ერთი ცნობილი
ჯაშუშის ნაკვალევს მიჰყვებოდა. რამდენიმე წლით ადრე ზუსტად იგივე
თანამდებობა სახელგანთქმულ პოლკოვნიკ სტიგ ვენერსტრომს ეკავა.
შვედეთში დაბრუნებული გულბერგი კონტრდაზვერვაში მსახურობდა და ათი წლის
შემდეგ „სეპოს“ იმ ახალგაზრდა ოფიცრებს შორის იყო, რომლებმაც ოტო
დანიელსონის მეთაურობით, სტიგ ვენერსტრომი სამშობლოს ღალატში ამხილეს და
სამუდამო პატიმრობის განაჩენით ლონგჰოლმენის ციხეში ჩასვეს.
1964 წელს, პერ გუნარ ვინგეს ხელმძღვანელობით, „სეპო“ „პოლიციის ეროვნული
სამმართველოს უსაფრთხოების დეპარტამენტად“, RPS/Säk[4]-ად, გადაკეთდა.
სწორედ ამ დროს იმატა თანამშრომელთა რიცხვმა მკვეთრად. იმ დროისთვის
გულბერგს სპეცსამსახურში მუშაობის თოთხმეტწლიანი სტაჟი ჰქონდა და
გამოცდილ ვეტერანად ითვლებოდა.
გულბერგი უსაფრთხოების სამსახურს „სეპოს“ არასდროს უწოდებდა. ოფიციალურ
ტექსტებში RPS/Säk-დ მოიხსენიებდა, ხოლო კოლეგებთან საუბრისას – „კომპანიას“,
„ფირმას“ ან „ქვედანაყოფს“. მიზეზი მარტივი იყო: მრავალი წლის განმავლობაში
„ფირმის“ უმთავრეს დანიშნულებას ე. წ. პერსონალური კონტროლი წარმოადგენდა,
ანუ თვალთვალი და აღრიცხვა შვედეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც
კომუნისტურ ან სხვა საზიანო შეხედულებებს იზიარებდნენ. „ფირმაში“ სიტყვები
„კომუნისტი“ და „მოღალატე“ სინონიმები იყო. ტერმინი „სეპო“ პოტენციურად
საზიანო შეხედულებების მქონე კომუნისტურმა ჟურნალმა Clarté-მ დაამკვიდრა
კომუნისტებზე მონადირე სპეცსამსახურის დასაკნინებლად. გულბერგი ვერაფრით
წარმოიდგენდა, რომ მისი ყოფილი შეფი პ. გ. ვინგე თავის მემუარებს „სეპოს შეფი
1962-1970“-ს დაარქმევდა.
გულბერგის მომავალი კარიერა სწორედ 1964 წლის რეორგანიზაციამ განსაზღვრა.
სახელწოდება RPS/Säk თავისთავად მიუთითებდა, რომ საიდუმლო პოლიცია,
იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ცნობის მიხედვით, „თანამედროვე
პოლიციურ ორგანიზაციად“ ტრანსფორმირდა, რასაც ავტომატურად მოჰყვა
თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა. საჭირო გახდა მათი გაწვრთნა და
შემოწმება. ქვედანაყოფის გაფართოებამ „მტერს“ საშუალება მისცა, უფრო იოლად
ჩაენერგა ჯაშუშები. საბოლოოდ კი შიდა კონტროლი ძალიან გამკაცრდა –
უსაფრთხოების სამსახური უკვე აღარ იყო ყოფილი ოფიცრების კლუბი, სადაც
ყველა ერთმანეთს იცნობდა და ახალწვეულის უმთავრეს კვალიფიკაციად ოფიცრის
შვილობა ან შვილიშვილობა ითვლებოდა.
1963 წელს გულბერგი კონტრდაზვერვიდან თანამშრომელთა კონტროლის
განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ თანამდებობას სტიგ ვენერსტრომის ორმაგი
აგენტობის გამოაშკარავების შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ
პერიოდში ჩაეყარა საფუძველი „პოლიტიკური შეხედულებების რეესტრს“ – სიას,
რომელშიც სამოციანი წლების მიწურულს არასასურველი პოლიტიკური
შეხედულებების მქონე შვედეთის 300 000 მოქალაქე იყო აღრიცხული. თუმცა,
შვედეთის მოქალაქეების შემოწმებაზე ბევრად მნიშვნელოვანი თავად RPS/Säk-ის
თანამშრომლების კონტროლი იყო.
ვენერსტრომის ფაქტორმა უსაფრYთხოების სამსახურში მრავალი დილემა
წარმოშვა. თუ თავდაცვის შტაბის პოლკოვნიკი და ბირთვული თავდასხმისა და
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მთავრობის მრჩეველი, ვენერსტრომი
რუსებისთვის მუშაობდა, ხომ შეიძლებოდა, რუსებს თავად უსაფრთხოების
სამსახურშიც ჰყოლოდათ მაღალჩინოსანი აგენტი?! რა გარანტია იყო, რომ „ფირმის“
უმაღლესი და საშუალო თანამდებობების პირები რუსებისთვის არ მუშაობდნენ?!
მოკლედ რომ ვთქვათ, გასარკვევი იყო, ჯაშუშებზე ვინ იჯაშუშებდა!
1964 წელს გულბერგი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანაშემწესთან, ჰანს
ვილჰელმ ფრანკესთან, თათბირზე იხმეს. თათბირს „ფირმის“ უმაღლესი ეშელონის
წარმომადგენლები – სამდივნოს უფროსის მოადგილე და საბიუჯეტო
დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდნენ. დღის ბოლოს გულბერგი ახლად შექმნილ
განყოფილებას ჩაუყენეს სათავეში. განყოფილების სამუშაო სახელი „სპეციალური
სექცია“ იყო, მაგრამ დაწინაურებულმა გულბერგმა უპირველესად სწორედ თავის
განყოფილებისთვის სახელის გადარქმევა მოინდომა და მას „სპეციალური ანალიზი“
უწოდა. ამაზე საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა უთხრა, sa ნაცისტურ ss-ზე
ბევრად უკეთ არ ჟღერსო და საბოლოოდ ორგანიზაციას „სპეციალური ანალიზის
სექცია“, სას, უწოდეს; შემოკლებით – „სექცია“, რათა ყოველდღიურ საუბრებში
„ქვედანაყოფისგან“ ან „ფირმისგან“ განესხვავებინათ.
„სექციის“ შექმნა ფრანკეს იდეა იყო. მას „თავდაცვის ბოლო ზღვარს“ უწოდებდა. ამ
ზესაიდუმლო ჯგუფს „ფირმაში“ სტრატეგიული პოზიცია მიენიჭა, მაგრამ
ოფიციალურად არ არსებობდა, არც სამსახურეობრივ და საბიუჯეტო დოკუმენტებში
მოიხსენიებდნენ, რათა მასში ჯაშუშებს ვერ შეეღწიათ. „სექციას“ ეროვნული
უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა. ფრანკეს საკმარისი ძალაუფლება გააჩნდა, რომ
თავისი იდეა განეხორციელებინა. ფარული ქვესტრუქტურის შესაქმნელად
სამდივნოს უფროსისა და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის დახმარება იყო
საჭირო. ეს უკანასკნელნი კი მისი ძველი კოლეგები და საერთო მტერთან ბრძოლაში
გამოცდილი მეგობრები იყვნენ.
პირველ წელს „სექცია“ გულბერგისა და სპეციალურად შერჩეული მისი სამი
კოლეგისგან შედგებოდა. მომდევნო ათ წელიწადში კი ეს რიცხვი მხოლოდ
თერთმეტამდე გაიზარდა, მათგან ორი ძველი სკოლის წარმომადგენელი,
ადმინისტრაციული მდივანი იყო, ხოლო დანარჩენი ცხრა – პროფესიონალი
ჯაUშუშებზე მონადირე. აქ მხოლოდ ერთი უფროსი იყო და დანარჩენი მისი
ხელქვეითები. გულბერგი ყოველდღე ყველას სათითაოდ ხვდებოდა. „სექციის“
მიზანი იყო, ყველაფრის ფასად ეფექტური შედეგისთვის მიეღწია.
ფორმალურად გულბერგი უსაფრთხოების სამსახურის სამდივნოს უფროსზე
რანგით ქვემოთ მყოფ ადამიანებს ემორჩილებოდა და ყოველთვიურად მათთვის
მოხსენებებს ადგენდა, მაგრამ რეალურად განსაკუთრებულ ძალაუფლებას
ფლობდა. მის გარდა სხვას არავის შეეძლო „სეპოს“ ბოსების მიკროსკოპის ქვეშ
შემოწმება. თუ მოისურვებდა, შეეძლო პერ გუნარ ვინგეს ცხოვრება
ძირისძირობამდე გამოეკვლია (და ასეც მოიქცა). შეეძლო კერძო გამოძიება და
სატელეფონო მოსმენები წამოეწყო ზემდგომთა ნებართვის გარეშე. მისი
შთაგონების წყარო იყო ლეგენდარული ჯეიმს ჯიზეს ენგლტონი, რომელსაც sia-ში
მსგავსი თანამდებობა ეკავა და რომელსაც პირადად იცნობდა.
RPS/Säk-ში „სექცია“ მიკროორგანიზაციად ჩამოყალიბდა – ის უსაფრთხოების
სამსახურის გარეშეც მოქმედებდა და მასთან ერთადაც. ის გეოგრაფიულადაც
დამოუკიდებელი იყო. „სექციას“ კუნგსჰოლმენზე ჰქონდა ოფისი, მაგრამ
უსაფრთხოების მიზნით, თითქმის მთელი ჯგუფი პოლიციის მთავარი
სამმართველოდან ოსტერმალმში, ლამის ციხესიმაგრედ გადაკეთებულ
თერთმეტოთახიან ბინაში გადაიყვანეს. იქ ოცდაოთხი საათის განმავლობაში
ყოველთვის ვიღაც იმყოფებოდა, რადგან შესასვლელ კართან ახლომდებარე ორ
ოთახში გულბერგის ერთგული და შეუცვლელი მდივანი, ელეანორ ბადენბრინკი
ცხოვრობდა.
გულბერგი და მისი ხელქვეითები საჯარო ცხოვრებიდან გაქრნენ – მათ სპეციალური
ფონდიდან აფინანსებდნენ, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურის არც ერთ
ოფიციალურ სტრუქტურაში, რომლებიც საპოლიციო კომისიას ან იუსტიციის
სამინისტროს ექვმდებარებოდნენ, არ არსებობდნენ. თვით RPS/Säk-ის უფროსმა
არაფერი იცოდა ყველაზე იდუმალ აგენტებზე, რომლებსაც ყველაზე დელიკატურ
საქმეებთან გამკლავება ევალებოდათ.
ორმოცი წლის ასაკში გულბერგი იმ ადამიანად იქცა, რომელსაც შეეძლო სრულიად
უნებართვოდ ნებისმიერ ადამიანზე დაეწესებინა თვალთვალი.
გულბერგისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ „სპეციალური ანალიზის სექცია“
ფრთხილ მიდგომას საჭიროებდა და შეიძლებოდა ოდესმე პოლიტიკური
დაპირისპირების საგანი გამხდარიყო. „სექციის“ მოვალეობები ბუნდოვანი იყო,
დოკუმენტაცია – უაღრესად მწირი. 1964 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა
ერლანდერმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც „სექციისთვის“
მნიშვნელოვანი დაფინანსება უნდა გამოეყოთ. ეს იყო ერთ-ერთი იმ თორმეტ
საკითხთაგან, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანაშემწე ჰანს
ვილჰელმ ფრანკემ შეხვედრაზე წამოჭრა. ეს საიდუმლო დოკუმენტი RPS/Säk -ის
სპეციალურ საოქმო განყოფილებაში შეინახეს.
პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა ნიშნავდა, რომ „სექცია“ კანონიერად აღიარებულ
სტრუქტურად იქცა. პირველი წლის ბიუჯეტი 52 000 კრონას შეადგენდა. ასეთი
მცირე თანხის გამოყოფა ნამდვილად გონივრული ნაბიჯიაო, გაიფიქრა გულბერგმა.
„სექციის“ შექმნა ბევრმა მორიგ რუტინულ საქმედ მიიჩნია.
სინამდვილეში კი პრემიერ-მინისტრი თავისი ხელმოწერით ოფიციალურად
აღიარებდა „შიდა პერსონალური კონტროლისთვის“ სპეციალური ჯგუფის შექმნის
საჭიროებას.
იმავდროულად, პრემიერ-მინისტრის განკარგულება შეიძლებოდა შემდეგნაირადაც
გაგვეგო, რომ აუცილებელი იყო ჯგუფი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის
გარეთაც ადევნებდა თვალყურს პიროვნებებს, რომლებიც განსაკუთრებით ფაქიზ
მიდგომას საჭიროებდნენ და რომელთა გამოც იქმნებოდა პოლიტიკური
პრობლემები.
ევერტ გულბერგმა შეამჩნია, რომ ვისკის ჭიქა დაცარიელდა. ალკოჰოლი დიდად არ
უყვარდა, მაგრამ ხანგრძლივი მგზავრობისა და დამღლელი დღის შემდეგ
განტვირთვა სჭირდებოდა. თანაც, მის ასაკში მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ერთ ჭიქა
ვისკის დალევდა თუ ორს. „გლენფიდიხის“ მინიატურული ბოთლიდან ისევ დაისხა
ვისკი.
ყველაზე დელიკატური, რა თქმა უნდა, ულოფ პალმეს საქმე იყო.
გულბერგს 1976 წლის არჩევნების ყოველი დეტალი ახსოვდა. თანამედროვე
შვედეთის ისტორიაში მაშინ პირველად აირჩიეს კონსერვატიული მთავრობა.
სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრად თურბიორნ ფელდინი დანიშნეს და არა – მასზე
კვალიფიციური გესტა ბომანი. თუმცა, ყველაზე მთავარი ის იყო, რომ პალმე
დამარცხდა და გულბერგმაც შვებით ამოისუნთქა.
პალმეს თანამდებობისთვის შეუფერებლობა არაერთხელ გამხდარა კამათის საგანი
RPS/Säk-ის შეხვედრებზე. 1969 წელს ვინგე თანამდებობიდან მოხსნეს, როცა პალმეს
ბრალი დასდო, КГБ-ის აგენტიაო. ვინგეს მოსაზრებას „ქვედანაყოფში“ ბევრი
იზიარებდა. სამწუხაროდ, ნორბოტენში ვიზიტისას ვინგემ გუბერნატორ
ლასინანტისთან ღიად ისაუბრა ამ თემაზე. გაკვირვებულმა ლასინანტიმ ამის
შესახებ სახელმწიფო კანცელარიას აცნობა და ვინგე მთავრობის მეთაურთან
დაიბარეს.
გულბერგისდა სამწუხაროდ, პალმეს რუსულ აგენტურასთან სავარაუდო კავშირი
არასდროს გამოუძიებიათ. მიუხედავად იმისა, რომ „სექცია“ ამ კვალის დადგენას და
საჭირო მტკიცებულების – „მბოლავი პისტოლეტის“[5] – მოპოვებას დაჟინებით
ცდილობდა, წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. თუმცა, გულბერგს სულაც არ გაჰქრობია
ეჭვი, რომ პალმე ჯაშუში იყო. პირიქით, მას ცბიერ აგენტად თვლიდა, რომელიც სხვა
საბჭოთა ჯაშუშებისგან განსხვავებით, შეცდომას არასდროს უშვებდა და წლების
განმავლობაში ახერხებდა მათთვის თავგზის აბნევას. 1982 წელს პალმე მეორე
ვადით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად და მისი საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
თუმცა, შემდეგ სვეავეგენზე მკვლელმა გაისროლა და საკითხმა მნიშვნელობა
დაკარგა.
1976 წელი „სექციისთვის“ რთული წელი გამოდგა. RPS/Säk-ში, იმ ვიწრო წრეში,
რომელმაც „სექციის“ არსებობის შესახებ იცოდა, უკმაყოფილებამ იმატა. ბოლო ათ
წელიწადში უსაფრთხოების სამსახურიდან პოლიტიკურად არასანდოობის
საფუძველზე სამოცდახუთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. თუმცა,
ბრალდებების უმეტესობა დოკუმენტურად განმტკიცებული არ ყოფილა და
უფროსობა ეჭვმა შეიპყრო, „სექციას“ პარანოიკი შეთქმულების თეორიის
მოყვარულები ხომ არ ხელმძღვანელობენო.
გულბერგი დღესაც ბრაზით იხსენებდა RPS/Säk-ის მიერ 1968 წელს დაქირავებული
ოფიცრის საქმეს. შვედეთის არმიის ლეიტენანტს, ინსპექტორ ბერგლინგს თავად
გულბერგი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა. შემდეგში გაირკვა, რომ
ბერგლინგი საბჭოთა სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ის პოლკოვნიკი ყოფილა.
გულბერგმა ოთხჯერ მოითხოვა მისი გადაყენება, მაგრამ მისი მოთხოვნა ოთხჯერვე
უარყვეს. 1977 წლამდე, სანამ ბერგლინგით „სექციის“ გარეთაც არ დაინტერესდნენ,
არაფერი შეცვლილა, მერე კი შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ისტორიაში ეს
ამბავი ყველაზე ხმაურიან სკანდალად იქცა.
„სექციის“ კრიტიკამ სამოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში იმატა და უკვე
სამოცდაათიანების შუაში გულბერგთან არაერთხელ მიაღწია ხმამ, ბიუჯეტის
შეკვეცას აპირებენ და თავად „სექციაც“ დიდად აღარ სჭირდებათო.
„სექციის“ მომავალი ეჭვქვეშ დადგა. იმ წელს RPS/Säk-ისთვის პრიორიტეტულ
საკითხად ტერორიზმი იქცა. შპიონაჟის კუთხით საქმე ძალიან მოსაწყენი გახდა,
რადგან მხოლოდ არაბ და პრო-პალესტინურ ელემენტებთან კავშირში შემჩნეულ
ახალგაზრდებს დასდევდნენ. უსაფრთხოების სამსახურში ვერ გადაეწყვიტათ,
შვედეთში მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეების შემოწმების უფლება
„პერსონალური კონტროლის“ განყოფილებისთვის მიეცათ თუ კვლავ იმიგრანტთა
განყოფილების პრეროგატივად დარჩენილიყო.
ამ ბიუროკრატიული გაურკვევლობის შედეგად „სექცია“ იძულებული გახდა, კიდევ
ერთი სანდო თანამშრომელი აეყვანა, ამჯერად უკვე იმიგრანტთა განყოფილების
წევრების სათვალთვალოდ და გასაკონტროლებლად.
საქმე ახალგაზრდა ოფიცერს მიანდეს, რომელიც RPS/Säk-ში 1970 წლიდან მუშაობდა.
მისი წარსული და პოლიტიკური ერთგულება „სექციისთვის“ შესაფერისად
ჩათვალეს. თავისუფალ დროს ის ერთი ორგანიზაციის – „დემოკრატიული
ალიანსის“ – აქტივისტობასაც ახერხებდა. ამ ორგანიზაციას მედია სოციალ-
დემოკრატთა უკიდურეს მემარჯვენე ფრთად ახასიათებდა. „სექციისთვის“ ეს
დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, რადგან „სექციის“ კიდევ სამი თანამშრომელი ამ
ორგანიზაციის წევრი იყო. თავად „სექციამ“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
„დემოკრატიული ალიანსის“ დაფუძნებაში და მას ფინანსურადაც ეხმარებოდა.
ახალგაზრდა ოფიცერიც სწორედ ამ ორგანიზაციაში შეამჩნიეს და გადაიბირეს.
ახალ თანამშრომელს გუნარ ბიორკი ერქვა.
„სექციას“ ბედმა გაუღიმა, რომ 1976 წლის არჩევნების დღეს ნორმალმის პოლიციის
სამმართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მოსათხოვად შესული ალექსანდერ
ზალაჩენკო იმიგრანტთა განყოფილების ახალგაზრდა ოფიცერმა გუნარ ბიორკმა
მიიღო. ბიორკი უკვე ყველაზე საიდუმლო ჯგუფის საიდუმლო აგენტი იყო.
ბიორკმა მაშინვე იყნოსა ზალაჩენკოს მნიშვნელოვნობა და განდგომილი საბჭოთა
ჯაშუში სასტუმრო „კონტინენტალში“ გადამალა. ბიორკმა პირველად გულბერგს
შეატყობინა ამის შესახებ და არა თავის ფორმალურ უფროსს იმიგრანტთა
განყოფილებაში. სატელეფონო ზარი ზუსტად იმ დროს გაისმა, როცა საარჩევნო
ყუთებს ლუქავდნენ და, ყველა პროგნოზით, არჩევნებში პალმე მარცხდებოდა.
გულბერგი შინ იყო და ტელევიზორში არჩევნების შესახებ რეპორტაჟს უყურებდა.
თავდაპირველად ახალგაზრდა ოფიცრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ
დაიჯერა. თუმცა, სასტუმრო „კონტინენტალში“, რომელიც იმ სასტუმროდან ახლა
რომ იჯდა, სულ სამას მეტრში მდებარეობს, მაინც წავიდა, რათა ზალაჩენკოს
საქმისთვის პირადად ეხელმძღვანელა.
იმ ღამით გულბერგის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. სიტყვა „საიდუმლომ“
სრულიად ახლებური მნიშვნელობა შეიძინა – მან რენეგატი აგენტის ირგვლივ
ახალი სტრუქტურის შექმნა გადაწყვიტა.
ზალაჩენკოს ჯგუფში გულბერგმა ბიორკიც ჩართო, ვინაიდან ბიორკმა ზალაჩენკოს
არსებობის შესახებ უკვე იცოდა. აჯობებდა, შიგნით ჰყოლოდა, ვიდრე მისი გარეთ
დატოვებით საიდუმლოს გამჟღავნების საფრთხე გაზრდილიყო. ბიორკი
იმიგრანტთა განყოფილებიდან ოსტერმალმის ოფისში გადაიყვანეს.
გულბერგმა საბჭოთა ჯაშუშის გადმობირების ამბავი მხოლოდ ერთ ადამიანს,
სამდივნოს უფროსს გაუმხილა, რადგან ამ უკანასკნელმა უკვე იცოდა, „სექცია“ რა
საქმიანობასაც ეწეოდა. რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ სამდივნოს უფროსმა
ურჩია, ასეთი მნიშნველოვანი ფაქტი RPS/Säk-ს და მთავრობას აუცილებლად უნდა
ეუწყოსო.
უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელმა შეფმა „სპეციალური ანალიზის
სექციის“ არსებობის შესახებ იცოდა, მაგრამ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა მის
საქმიანობაზე. სამდივნოს უფროსმა მას პირად საუბარში აუხსნა, რომ „სექცია“
მთავრობამ შექმნა და ამ საიდუმლო ჯგუფს განსაკუთრებული ოპერაციების
განხორციელების უფლებამოსილება მიანიჭა. ვინაიდან უსაფრთხოების სამსახურის
უფროსი საპოლიციო იერარქიაში დღე-დღეზე დაწინაურებას ელოდა, ზედმეტი
კითხვების დასმისგან თავი შეიკავა, ჩემს კითხვებს უსიამოვნო პასუხი არ
მოჰყვესო, და დაასკვნა, როგორც ჩანს, „სპეციალური ანალიზის სექციის“ საქმიანობა
მე არ მეხებაო.
გულბერგმა სამდივნოს უფროსის რჩევა უხალისოდ გაითვალისწინა, თუმცა,
საგანგებო მითითება გასცა, რომ თვით RPS/Säk-ის უფროსსაც უაღრესი სიფრთხილე
დაეცვა ამ თემის განხილვისას. გადაწყდა, რომ ზალაჩენკოს „სპეციალური ანალიზის
სექცია“ მიხედავდა.
უკვე მიმავალ პრემიერ-მინისტრს, რასაკვირველია, არაფერი გაუმხილეს. ახალ
პრემიერ-მინისტრს კი მინისტრთა კაბინეტი უნდა დაეკომპლექტებინა და სხვა
კონსერვატიულ პარტიებთან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე
მოლაპარაკებას აწარმოებდა, ამიტომ უსაფრთხოების სამსახურისთვის არ ეცალა.
RPS/Säk-ის შეფი და გულბერგი მას მხოლოდ ერთი თვის შემდეგ ესტუმრნენ
რუსენბადში. გულბერგი მთავრობის ინფორმირების წინააღმდეგი იყო, მაგრამ
RPS/Säk-ის შეფმა თავისი გაიტანა, პრემიერ-მინისტრისთვის ამის დამალვა
კონსტიტუციურად გაუმართლებელი იქნებაო. გულბერგმა მთელი თავისი
ორატორული ნიჭი გამოიყენა პრემიერ-მინისტრის დასარწმუნებლად, რომ
ზალაჩენკოს შესახებ ხმა მისი კაბინეტიდან არ უნდა გასულიყო. არც საგარეო
საქმეთა მინისტრმა, არც თავდაცვის მინისტრმა და არც მთავრობის სხვა რომელიმე
წევრმა არაფერი არ უნდა იცოდნენო.
მნიშვნელოვანი საბჭოთა ჯაშუშის მიერ შვედეთში პოლიტიკური თავშესაფრის
მოთხოვნამ ფელდინი დააფრთხო. პრემიერ-მინისტრმა დაიჩივლა, უსამართლობა
იქნება, ასეთი საიდუმლო კოალიციური მთავრობის სხვა წევრებს არ გავუმხილოო,
მაგრამ გულბერგი მისგან წინააღმდეგობას წინასწარ ელოდა და მთავარი კოზირი
გაათამაშა – ფელდინს ხმადაბლა აუხსნა, ასეთ შემთხვევაში, თანამდებობიდან
გადადგომა მომიწევსო. ამან ფელდინზე შთაბეჭდილება მოახდინა. გულბერგმა
მიანიშნა, თუ ეს საიდუმლო გამოაშკარავდება და რუსები ზალაჩენკოს მოსაკლავად
სადამსჯელო რაზმს გამოგზავნიან, პასუხისმგებლობას თქვენ დაგაკისრებენ; ხოლო
თუ ადამიანი, რომელსაც ზალაჩენკო უნდა დაეცვა, თქვენ გამო თანამდებობიდან
გადადგება, ეს პრემიერ-მინისტრისთვის დამღუპველი იქნებაო.
პრემიერ-მინისტრობას ჯერ კიდევ შეუჩვეველი ფელდინი დანებდა –
დაუყოვნებლივ გამოსცა საიდუმლო განკარგულება, რომლითაც „სექციას“
ზალაჩენკოს დაცვა და მისგან სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება დაევალა.
განკარგულებითვე გადაწყდა, რომ ზალაჩენკოს არსებობას, პრემიერ-მინისტრის
გარდა, ვერავინ შეიტყობდა. ამ განკარგულებით ფელდინმა დაადასტურა, რომ მას
საიდუმლო ეცნობა, მაგრამ საკითხის განხილვა ეკრძალებოდა. ერთი სიტყვით,
შეეძლო ზალაჩენკო დაევიწყებინა; თუმცა, კატეგორიულად მოითხოვა, რომ მის
მიერ სპეციალურად შერჩეული კიდევ ერთი პიროვნება, მისი ადმინისტრაციის
წევრი – სახელმწიფო მდივანი ჩაერთოთ საქმეში. რენეგატ აგენტთან
დაკავშირებულ საქმეებში ის შუამავლის როლს შეასრულებდა. ამაზე გულბერგი
დათანხმდა. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მდივანს ადვილად
გაუმკლავდებოდა.
RPS/Säk-ის შეფი კმაყოფილი დარჩა – ზალაჩენკოს საკითხი კონსტიტუციურად
გადაწყდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან თავი დაიზღვია. არც გულბერგი დარჩენილა
უკმაყოფილო. მან კარანტინის შექმნა მოახერხა, რის შედეგადაც ინფორმაციის
ნაკადს თვითონ აკონტროლებდა. ახლა ზალაჩენკოს ბედს მხოლოდ თვითონ
განაგებდა.
ოსტერმალმის ოფისში დაბრუნებულმა, იმ ხალხის სია ჩამოწერა, ვინც ზალაჩენკოს
შესახებ იცოდა. ესენი იყვნენ: თვითონ გულბერგი, ბიორკი, „სექციის“ ოპერატიული
ხელმძღვანელი ჰანს ფონ როტინგერი, უფროსის თანაშემწე ფრედრიკ კლინტონი,
„სექციის“ მდივანი ელეანორ ბადენბრინკი და კიდევ ორი ოფიცერი, რომლებსაც
ზალაჩენკოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება
ევალებოდათ – შვიდი ადამიანისგან შემდგარი „შიდა წრე“ თავად „სექციის“ შიგნით.
„სექციის“ გარეთ ზალაჩენკოს შესახებ მხოლოდ Hუსაფრთხოების სამსახურის
შეფმა, მისმა თანაშემწემ და სამდივნოს უფროსმა იცოდნენ. მთავრობის
წარმომადგენლებიდან კი – მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა და სახელმწიფო
მდივანმა. ჯამში თორმეტმა ადამიანმა. მხოლოდ ეს მცირე ჯგუფი ინახავდა ამ
საიდუმლოს.
სიის ჩამოწერისას გულბერგი უეცრად მოიღუშა: არსებობდა მეცამეტე ადამიანიც.
გუნარ ბიორკს ზალაჩენკოს გამოჩენის დღეს თან ახლდა ადვოკატი ნილს ერიკ
ბიურმანი. მისი „სექციაში“ მიღება გამორიცხული იყო. ბიურმანს პოლიციელის
არანაირი კვალიფიკაცია არ გააჩნდა, RPS/Säk-ში მხოლოდ სტაჟირებას გადიოდა.
გულბერგმა მრავალი ვარიანტი განიხილა და ბოლოს ბიურმანის საქმიდან
ფრთხილად გაყვანა გადაწყვიტა. ჯერ დაემუქრა, ზალაჩენკოზე ერთი სიტყვაც რომ
წამოგცდეს, სამშობლოს ღალატისთვის სამუდამო პატიმრობას მოგისჯითო, მერე
მაცდური წინადადება შესთავაზა, სამომავლოდ აუცილებლად დაგასაქმებთო, და
ბოლოს, კომპლიმენტებით თავბრუ დაახვია, ნიჭიერი და საჭირო ახალგაზრდა
ხართო. მან ბიურმანი რესპექტაბელურ იურიდიულ ფირმაში მოაწყო, რომ იქ საქმე
თავზესაყრელად ჰქონოდა და სხვა ვეღარაფრისთვის მოეცალა. სამწუხაროდ,
ბიურმანი ერთი საშუალო დონის ადვოკატი გამოდგა და შესაძლებლობები
წესიერად ვერ გამოიყენა. ათი წლის შემდეგ მან ფირმა დატოვა და საკუთარი
საადვოკატო ბიურო გახსნა ოდენპლანზე.
მომდევნო ათი წლის განმავლობაში გულბერგი ბიურმანს ფარულად
უთვალთვალებდა. ეს ბიორკის საქმე იყო, სანამ ოთხმოციანი წლების მიწურულს
საბჭოთა კავშირმა დაშლა არ დაიწყო და ზალაჩენკომაც თანდათან მნიშვნელობა არ
დაკარგა. თავდაპირველად „სექცია“ იმედოვნებდა, რომ ზალაჩენკოს მეშვეობით
ულოფ პალმეს საქმეში გაერკვეოდა. პირველი დაკითხვისას გულბერგმა მას
სწორედ ულოფ პალმეზე ჰკითხა.
თუმცა, კვანძის გახსნა ვერ მოხერხდა, რადგან ზალაჩენკოს შვედეთში არასდროს
ემუშავა და ქვეყანას ცუდად იცნობდა. სამაგიეროდ, ინფორმაცია მიაწოდა ერთ
მაღალჩინოსან შვედზე და ერთ სკანდინავიელ პოლიტიკოსზე, რომელიც КГБ-
ისთვის მუშაობდა.
გულბერგმა იმ ადამიანთა სია შეადგინა, რომლებიც პალმესთან იყვნენ
დაკავშირებულნი: კარლ ლიდბომი, პიერ შორი, სტენ ანდერსონი, მარიტა
ულვსკოგი და სხვები. ის დროდადრო უბრუნდებოდა ამ სიას, მაგრამ სასურველ
პასუხს ვერა და ვერ იღებდა.
თანდათან გულბერგი დიდ მოთამაშედ იქცა. მას სიხარულით ხვდებოდნენ რჩეული
მეომრების ექსკლუზიურ კლუბში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა და კონტაქტი
ოფიციალური არხებითა და ბიუროკრატიული რეგულაციებით კი არა, პირადი
ურთიერთობებითა და ნდობით მყარდებოდა. ჯეიმს ჯიზეს ენგლტონი გაიცნო და
MI6-ის შეფთან ერთად ლონდონის საიდუმლო კლუბში ვისკის დასალევად წავიდა.
გულბერგი ელიტის ნაწილი გახდა.
თავის წარმატებების შესახებ ვერავის უმხელდა, მემუარებშიც კი ვერ გაიხსენებდა.
მუდმივად ღელავდა, მტერს ჩემი ხშირი მოგზაურობა დააეჭვებს, ზედმეტ
ყურადღებას მივიპყრობ და, ჩემდა უნებურად, რუსებს ზალაჩენკოს კვალზე
გავიყვანო.
ამ მხრივ, ზალაჩენკო გულბერგის მოსისხლე მტერი იყო.
პირველ წელს რენეგატი აგენტი „სექციის“ კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა. ის არც
ერთ რეესტრში ან საჯარო დოკუმენტში არ იყო ნახსენები. „ზალაჩენკოს ჯგუფი“
ნელ-ნელა გეგმავდა მის მომავალს. მხოლოდ 1978 წლის გაზაფხულზე მისცეს
პასპორტი კარლ აქსელ ბოდინის სახელზე და ფიქტიური, მაგრამ შვედეთის
არქივებში ადვილად გადასამოწმებელი პირადი ისტორიაც შეუქმნეს.
თუმცა, დაიგვიანეს: ზალაჩენკო უკვე იმ სულელ კახპას, აგნეტა სოფია სალანდერს,
ქალიშვილობაში – შელანდერს, ჟიმავდა, ვისთვისაც დაუფიქრებლად თავისი
ნამდვილი გვარი – ზალაჩენკო – გაემხილა. გულბერგმა თანდათან შეამჩნია, რომ
ზალაჩენკოს თავში ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა. დაეჭვდა კიდეც, რუს ჯაშუშს
თავის გამოაშკარავება ხომ არ უნდა; იქნებ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს,
თორემ ასე იდიოტურად არ მოიქცეოდაო.
ზალაჩენკო ხან მეძავებთან დაეთრეოდა, ხან ლოთობდა და ბარ-რესტორნებში
ჩხუბობდა. შვედეთის პოლიციამ ის ლოთობისთვის სამჯერ და ბარში ჩხუბისთვის
ორჯერ დააპატიმრა. ხუთივე შემთხვევაში, ციხიდან „სექციამ“ იხსნა და ისიც
მოახერხა, არქივში ჩანაწერები ჩაესწორებინათ და პატიმრობის დამადასტურებელი
დოკუმენტები გაექროთ. გულბერგმა ბიორკს დაავალა ზალაჩენკოს მუდმივი
მეთვალყურეობა. იოლი საქმე არ იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ.
არადა, შეიძლებოდა სიტუაცია გამოსწორებულიყო. 1980-იანი წლების დასაწყისში
ზალაჩენკო შედარებით დამშვიდდა და შვედურ გარემოს შეეგუა. თუმცა,
სალანდერი არ მიუტოვებია და მისგან ტყუპი ქალიშვილები, კამილა და ლიზბეთ
სალანდერები გაუჩნდა.
„ლიზბეთ სალანდერი“, – გულბერგს ამ სახელის წარმოთქმაც კი სძულდა.
გოგოები ცხრა-ათი წლისანი იყვნენ, როცა გულბერგს ლიზბეთის მიმართ ცუდი
წინათგრძნობა გაუჩნდა. ფსიქიატრის დასკვნა სულაც არ სჭირდებოდა იმის
დასანახად, რომ გოგონა ნორმალური არ იყო. ბიორკმა აცნობა, გოგონას მამა არ
მოსწონს, ხშირად ეუხეშება და მისი ოდნავადაც არ ეშინიაო. გოგონა სიტყვაძუნწი
იყო, მაგრამ თავის აგრესიას ათასნაირად გამოხატავდა. მისგან პრობლემები იყო
მოსალოდნელი, მაგრამ გულბერგი კოშმარულ ფანტაზიებშიც კი ვერ
წარმოიდგენდა, რაც სალანდერმა ჩაიდინა. ყველაზე მეტად იმას უფრთხოდა,
ოჯახური პრობლემები სოციალური უზრუნველყოფის სამსახურამდე მიაღწევს და
ზალაჩენკო ახალ შარში გაეხვევაო. ხშირად უჩიჩინებდა მას, სალანდერი მიატოვე და
ახლოს ნუღარ გაეკარებიო. ზალაჩენკოც ჰპირდებოდა, ასე ვიზამო, მაგრამ პირობას
ყოველთვის არღვევდა. სხვა კახპებთანაც დადიოდა – ქალები ნამდვილად არ აკლდა
– მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც იმ აგნეტა სალანდერს უბრუნდებოდა.
„ნაბიჭვარი ზალაჩენკო“.
ჯაშუში, რომლის ცხოვრებასაც ამდგარი სირი განაგებს, კარგი ჯაშუში არ არისო, –
ფიქრობდა გულბერგი. ჩანდა, ზალაჩენკო ნებისმიერ წესზე და კანონზე მაღლა
აყენებდა თავს. ჯანდაბას, გაეჟიმა ის ნაბოზარი სალანდერი, მაგრამ თითქოს თავისი
მეთვალყურეების ჯინაზე, ამ თავის საყვარელს ყოველთვის სცემდა.
გულბერგი საბოლოოდ დარწმუნდა, ზალაჩენკო ავადმყოფი ნაბიჭვარიაო, მაგრამ
იმის ფუფუნება არ ჰქონდა, რომ ГРУ-ს აგენტი დაეწუნებინა. ამას ზალაჩენკოც
ხვდებოდა. მან მშვენივრად იცოდა საკუთარი ფასი.
„ზალაჩენკოს ჯგუფი“ მისი ნებისმიერი დანაშაულის კვალს ფარავდა. ზალაჩენკო კი
თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა, რადგან იცოდა, რომ მისი მეთვალყურეები
მაინც ყველა პრობლემას მოუგვარებდნენ. განსაკუთრებით ბოროტად მაშინ
იყენებდა მათ სამსახურს, როცა საქმე აგნეტა სოფია შელანდერს ეხებოდა.
არადა, ამ ურთიერთობისთვის არაერთხელ მიეზღო. თორმეტი წლის სალანდერმა
დანა ჩაარტყა. ჭრილობა სასიკვდილო არ ყოფილა. ზალაჩენკო წმ. იორანის
საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ჯგუფმა კვალის წაშლაზე სერიოზულად
იმუშავა. მაშინ გულბერგმა მკაცრად გააფრთხილა, სალანდერებს აღარ გაეკაროო, და
ზალაჩენკომაც პირობა მისცა, მაგრამ ექვსი თვის თავზე აგნეტა-სოფია სალანდერის
სახლში მივიდა და ისე სასტიკად სცემა, რომ ქალი სამუდამოდ დააინვალიდა.
სალანდერმა დარჩენილი ცხოვრება კლინიკაში გაატარა.
გულბერგმა იმდენი ვეღარ გათვალა, რომ ლიზბეთ სალანდერი „მოლოტოვის
კოქტეილს“ დაამზადებდა. ის დღე ნამდვილი კოშმარი იყო. ყველანაირი გამოძიება
წამოიწყეს, რაც კი შეიძლებოდა და ზალაჩენკოს ბედი – მასთან ერთად კი მთელი
„სექციისა“ – ბეწვზე დაეკიდა. სალანდერს რომ გუდისთვის მოეხსნა პირი,
ზალაჩენკოს ამბავი გასკდებოდა და ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მთელი
ევროპის მასშტაბით დაგეგმილი ყველა საიდუმლო ოპერაცია ჩაიშლებოდა;
არსებობდა იმის საფრთხეც, რომ „სექციის“ შემოწმებას დაიწყებდნენ. გულბერგს
ნებისმიერ ფასად უნდა აღეკვეთა ეს საფრთხე. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სექციის“
არქივები რომ გაეხსნათ, გაირკვეოდა, რომ „სექცია“ ყოველთვის არ მოქმედებდა
კანონის ფარგლებში; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ულოფ პალმესა და სხვა
გამოჩენილ სოციალ-დემოკრატებზე თვალთვალს ეხებოდა. პალმეს მკვლელობიდან
სულ რამდენიმე წელი გასულიყო და ეს თემა კვლავაც მეტად დელიკატურად
რჩებოდა. გულბერგს და მის რამდენიმე თანამშრომელს აუცილებლად
გაასამართლებდნენ. უარესი, რომელიმე ამბიციური ჟურნალისტი ახალ თეორიას
გამოაცხობდა, პალმე „სექციამ“ მოკლაო და უფრო ხმაურიანი მითქმა-მოთქმა და
სკანდალური გამოძიება დაიწყებოდა. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა ბოლო წლებში შეიცვალა და თვით
RPS/Säk-ის ახალმა შეფმაც კი არაფერი იცოდა „სექციის“ არსებობის შესახებ. RPS/Säk-
თან ყოველგვარი კავშირი სამდივნოს უფროსის ახალი მოადგილის კაბინეტში
წყდებოდა. ეს უკანასკნელი კი ბოლო ათი წელი „სექციის“ წევრი იყო.
საიდუმლო ჯგუფი პანიკამ შეიპყრო. გამოსავალი ბიორკმა მოიფიქრა. RPS/Säk-ის
კონტრდაზვერვის განყოფილებას არაერთხელ დასჭირდა ფსიქიატრ პეტერ
ტელებორიანის დახმარება. ის ერთ ინდუსტრიულ ჯაშუშზე თვალთვალისას
კონსულტანტად მიიწვიეს. გამოძიების კრიტიკულ მომენტში საჭირო გახდა
გაერკვიათ, როგორი რეაქცია ექნებოდა ეჭვმიტანილს, თუ სტრესულ
მდგომარეობაში ჩააგდებდნენ. ტელებორიანმა მათ რჩევა მისცა, რომლის
წყალობითაც RPS/Säk-მა ეჭვმიტანილს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა და ორმაგ
აგენტად აქცია.
სალანდერის ზალაჩენკოზე თავდასხმის შემდეგ ბიორკმა ტელებორიანი „სექციის“
კონსულტანტად ფარულად მიიწვია.
პრობლემა მარტივად გადაწყდა. კარლ აქსელ ბოდინი რეაბილიტაციის გასავლელად
წავიდა და გაქრა. აგნეტა სოფია სალანდერი კი სამუდამოდ მოათავსეს კლინიკაში.
ყველა საპოლიციო მოხსენება RPS/Säk-ში შეგროვდა, სამდივნოს უფროსის
მოადგილემ კი „სექციის“ საიდუმლო არქივში გადაგზავნა.
ტელებორიანი უფსალის წმ. სტეფანის სახელობის ბავშვთა ფსიქიატრიული
კლინიკის მთავარი ექიმის თანაშემწე იყო. მან და ბიორკმა ერთად შეადგინეს
ლიზბეთ სალანდერის ფსიქიატრიული დასკვნა და სასამართლოს დადგენილებაც
ადვილად მოიპოვეს. მთავარი ის იყო, საქმეს როგორ წარმოადგენდნენ. ბოლოს და
ბოლოს, საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხებოდა და კონსტიტუციის
უგულებელყოფაც შეიძლებოდა.
თანაც, სალანდერი აშკარად გიჟი იყო. კლინიკაში რამდენიმე წლის გატარება
წაადგებოდა და არაფერს დაუშავებდა. გულბერგმა ბიორკის შეთავაზება მოიწონა.
მრავალი პრობლემის ერთბაშად გადაწყვეტის გზას მაშინ მიაგნეს, როცა
„ზალაჩენკოს ჯგუფი“ ისედაც დაშლას აპირებდა. საბჭოთა კავშირი დაინგრა და
ზალაჩენკო უსარგებლოდ იქცა.
ჯგუფმა უსაფრთხოების სამსახურის ფონდიდან საკმაოდ დიდი თანხა გამოყო და
ზალაჩენკოს რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარა. ექვსი თვის შემდეგ კი
თვითმფრინავით ესპანეთში გაამგზავრა. ზუსტად ერთი კვირაში გულბერგი
პენსიაზე გავიდა და „სექციის“ მართვის სადავეები თავის მოადგილეს, ფრედრიკ
კლინტონს გადააბარა. მას შემდეგ გულბერგი მხოლოდ რჩევებს იძლეოდა
განსაკუთრებით მძიმე ოპერაციების მიმდინარეობისას. სტოკჰოლმში კიდევ სამ
წელს ცხოვრობდა, მაგრამ თანდათან ჩამოშორდა „სექციას“ და მშობლიურ ქალაქ
ლაჰოლმში დაბრუნდა. თავიდან ხშირად ჩადიოდა სტოკჰოლმში, მაგრამ ნელ-ნელა
უკლო ვიზიტებს და ლაჰოლმიდან აკონტროლებდა სიტუაციას.
ზალაჩენკო აღარც ახსოვდა, სანამ ერთ დილას ყველა გაზეთში მისი ქალიშვილის
ფოტო არ გამოჩნდა.
გულბერგი გაოცებული ადევნებდა თვალს გამოძიებას. რასაკვირველია, გოგონას
მეურვედ ბიურმანი შემთხვევით არ დაუნიშნავთ; თუმცა ვერაფრით
წარმოიდგენდა, რომ ზალაჩენკოს ძველი ისტორია ისევ ზედაპირზე
ამოტივტივდებოდა. მისი აზრით, სალანდერი ჭკუაშერყეული იყო და თავისუფლად
მოკლავდა იმ სამ ადამიანს, რასაც აბრალებდნენ კიდეც , მაგრამ ის, რომ
დანაშაულთან ზალაჩენკოსაც ექნებოდა კავშირი, მისთვის მოულოდნელობა
აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გადარეკა საჭირო ხალხთან და სტოკჰოლმში გამგზავრება
გადაწყვიტა.
„სექცია“ შექმნის დღიდან პირველად აღმოჩნდა სერიოზული კრიზისის წინაშე.
ზალაჩენკო ტუალეტამდე მიჩანჩალდა. ყავარჯნები მოუტანეს და ოთახში სიარული
უკვე შეეძლო. კვირას თავს ხანმოკლე ვარჯიშიც აიძულა. ყბა ჯერაც სტკიოდა და
ამიტომ მხოლოდ თხევად საკვებს ჭამდა. ამდენი წელი ფეხის პროთეზით
მცხოვრები ზალაჩენკო ყავარჯნებს მიჩვეული იყო. მათი მეშვეობით საწოლს
უხმაუროდ არტყამდა წრეს, მიუხედავად იმისა, მარჯვენა ტერფის იატაკზე ყოველი
დადგმისას მთელ ფეხში საშინელი ტკივილი უვლიდა.
კბილები გააღრჭიალა, როცა გაახსენდა, რომ მისი ქალიშვილი მისგან მარჯვნივ, ორი
პალატის მოშორებით იწვა.
ამის გარკვევას კი მთელი დღე მოანდომა.
1:50 საათზე ღამის მედდამ ბოლოჯერ შემოიხედა მის პალატაში და დერეფანში
სიჩუმე ჩამოვარდა. ღამის 2:00 საათზე ზალაჩენკო გაჭირვებით წამოდგა საწოლიდან
და ყავარჯნებს წაავლო ხელი. მიაყურადა, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა. კარი
გამოაღო და დერეფანში გავიდა. მედდების ოთახიდან ჩუმი მუსიკის ხმა
გამოდიოდა. ზალაჩენკო დერეფნის ბოლომდე მივიდა, კარს მიაწვა და ცარიელ
კიბის ბაქანს გახედა. იმ მხარეს ლიფტები იყო. უკან გამობრუნდა და თავისი
ქალიშვილის პალატის კართან ყავარჯენზე დაყრდნობილი შედგა. ნახევარი წუთის
განმავლობაში აყურადებდა.

სალანდერმა თვალები გაახილა. ჭრაჭუნის ხმა ისმოდა. თითქოს ვიღაც იატაკს


ფხაჭნისო. მერე სიჩუმემ დაისადგურა და სალანდერმა იფიქრა, ალბათ მომეჩვენაო.
თუმცა, ხმა ისევ გაისმა, ოღონდ თანდათან უფრო შორიდან. სალანდერი აფორიაქდა.
გარეთ აშკარად ზალაჩენკო დადიოდა.
თვითონ საწოლს იყო მიჯაჭვული. სამედიცინო საყელოს ქვეშ კისერი ექავებოდა.
ძალიან სურდა წამოდგომა, თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, მხოლოდ
წამოჯდომა მოახერხა და ისევ ბალიშზე დადო თავი.
თითებით მიაგნო სამედიცინო საყელოს სამაგრებს და გახსნა. მაშინვე გაუადვილდა
სუნთქვა. საყელო იატაკზე დააგდო.
იარაღი და ძალ-ღონე ინატრა, რომ წამომდგარიყო და დაწყებული საქმე
დაემთავრებინა.
ელექტროლამპას მისწვდა და აანთო. მიმოიხედა, მაგრამ სასიკვდილო იარაღად
ვარგისი ვერაფერი დაინახა. უცებ საწოლის პირდაპირ, კედელთან მდგარ მედდის
მაგიდას შეავლო თვალი. ვიღაცას ფანქარი დაეტოვებინა.
მთელი ღამე მოთმინებით იცდიდა, სანამ ღამის მედდა მის პალატაში შედი-
გადიოდა. იმ ღამით მედდა ამას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აკეთებდა, რაც
ალბათ იმას ნიშნავდა, რომ სალანდერის მდგომარეობა შედარებით უკეთესი იყო;
წინა დღეს ყოველ ათ წუთში ერთხელ მაინც ამოწმებდნენ. არადა, თავად
სალანდერი ვერანაირ განსხვავებას ვერ გრძნობდა.
გოგონამ ძალა მოიკრიბა და საწოლიდან ფეხები გადმოყო. მაჯაზე და გულზე
ელექტროდები ჰქონდა მიმაგრებული, მაგრამ სადენებიც მაგიდის მიმართულებით
იყო გაჭიმული. სხეულის წონა ფეხებზე გადაიტანა და ადგა. უეცრად თავბრუ
დაეხვა და წონასწორობა დაკარგა. ეგონა, გული წაუვიდოდა, მაგრამ ხელით კედელს
მიეყრდნო და თვალი მაგიდას გაუსწორა. ნელა, ბარბაცით მიუახლოვდა მაგიდას და
ფანქარს ხელი სტაცა.
შემდეგ საწოლთან დაბრუნდა. ამ რამდენიმე ნაბიჯმა ძალა გამოაცალა.
ცოტა ხანში ძალა მოიკრიბა და საბანი ნიკაპამდე აიწია. მერე ფანქარი დაათვალიერა.
ახლად წვერწათლილი ფანქარი. თვალში ან სახეში ჩასარჭობად გამოადგებოდა.
ფანქარი ფეხთან დაიდო და დაიძინა.

თავი VI
ორშაბათი, 11/IV
უკვე ათი საათი იყო დაწყებული, როცა ბლუმკვისტი ადგა და „მილენიუმში“ მალინ
ერიქსონთან დარეკა.
– დილა მშვიდობისა, მთავარო რედაქტორო, – მიესალმა მას.
– ჯერაც ვერ დამიჯერებია, რომ ერიკა წავიდა, შენ კი მისი თანამდებობა მე
დამითმე. ერიკას კაბინეტი ცარიელია.
– მაშინ გიჯობს, დღევანდელი დღე იქ გადაბარგებას დაუთმო.
– თავს უხერხულად ვგრძნობ.
– სულ ტყუილად. ყველა შეთანხმდა, რომ შენ საუკეთესო არჩევანი ხარ. თანაც, თუ
რამე გაგიჭირდება, შეგიძლია მე და კრისტერს გვკითხო.
– გმადლობ, რომ ჩემი გჯერა.
– შენ ეს დაიმსახურე, – უთხრა ბლუმკვისტმა, – განაგრძე ისე, როგორც აქამდე
მუშაობდი. ნებისმიერ პრობლემას გავუმკლავდებით ახლაც და მომავალშიც.
შემდეგ დაამატა, დღეს მთელი დღე შინ ვიმუშავებო. ერიქსონი მიხვდა, რომ
ბლუმკვისტი დღის განრიგს უთანხმებდა, როგორც უწინ – ერიკა ბერგერს.
– კარგი. რამეს ხომ არ დაგვავალებ?
– არა. პირიქით... თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. ჯერ კიდევ სალანდერის
ისტორიაზე ვმუშაობ. ვცდილობ, მასში გავერკვიო. სხვას ყველაფერს ჟურნალში შენ
წყვეტ. შენ გვერდით მიგულე.
– მცდარი გადაწყვეტილება რომ მივიღო?
– თუ რამე უჩვეულოს მოვკრავ თვალს ან ყურს, დავილაპარაკებთ. თუმცა, ეს
მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოხდება. როგორც წესი, ასი პროცენტით
სწორი ან მცდარი გადაწყვეტილება არ არსებობს. შენ შენებურ გადაწყვეტილებებს
მიიღებ, რაც შეიძლება სულაც არ ჰგავდეს ჩემს ან ერიკას გადაწყვეტილებებს,
მაგრამ ახლა მთავარი შენი გადაწყვეტილებებია.
– გასაგებია.
– გახსოვდეს, კარგმა უფროსმა აზრი სხვებსაც უნდა გაუზიაროს. ჯერ ჰენრის და
კრისტერს დაელაპარაკე, მერე – მე, და თუ რამე პრობლემა იქნება, სარედაქციო
საბჭოზე ერთად განვიხილავთ.
– ვეცდები, თავი არ შევირცხვინო.
– წარმატებებს გისურვებ.
ბლუმკვისტი მისაღებ ოთახში დივანზე ჩამოჯდა, მუხლებზე „აიბუქი“ დაიდო და
მთელ დღეს თავი არ აუწევია. საბოლოო ჯამში ორი ოცდაერთგვერდიანი სტატიის
შავი ვარიანტი გაამზადა. მათში მოთხრობილი იყო სვენსონისა და იოჰანსონის
მკვლელობის დეტალები – ის, თუ რა თემაზე მუშაობდნენ ისინი, რა გახდა მათი
მკვლელობის მიზეზი და ვინ იყო მკვლელი. ბლუმკვისტის გამოთვლით, ზაფხულის
ნომრისთვის ორი ამდენი მასალა იქნებოდა საჭირო. ცალკე სტატია უნდა დაეწერა
სალანდერზეც, ოღონდ ისე, რომ მის პირად ცხოვრებაში არ შეჭრილიყო და მისი
ნდობა არ დაეკარგა. ბლუმკვისტმა სალანდერზე ისეთი რამეები იცოდა, რის
ჟურნალში გამომზეურებასაც გოგონა ნამდვილად არ ისურვებდა.
გულბერგმა სასტუმროს კაფეში ერთი ნაჭერი პურითა და ერთი ფინჯანი შავი ყავით
ისაუზმა. შემდეგ ტაქსით ოსტერმალმში, არტილერიგატანზე წავიდა. 9:15 საათზე
სადარბაზოს კარი გაუღეს. ლიფტით ავიდა მეშვიდე სართულზე, სადაც „სექციის“
ახალმა შეფმა, ბირგერ ვადენშემ მიიღო.
როცა გულბერგი გადადგა, ვადენშე ჯერ კიდევ ახალწვეული იყო. მოხუცმა ინატრა,
ნეტა მის მაგივრად ახლა აქ გაბედული ფრედრიკ კლინტონი იყოსო. კლინტონი
„სექციას“გულბერგის შემდეგ ხელმძღვანელობდა, 2002 წლამდე, სანამ დიაბეტისა
და არტერიული პრობლემების გამო სამსახურს ჩამოსცილდებოდა. გულბერგს
ვადენშე თვალში დიდად არ მოსდიოდა, მასზე ამბობდა, რა მასალისგან არის, ვერ
გაიგებო.
– გამარჯობა, ევერტ, – ვადენშემ ყოფილ შეფს ხელი ჩამოართვა, – კარგია, რომ დრო
გამონახეთ და მოხვედით.
– შეიძლება ითქვას, რომ თუ რამე დამრჩა, ეს სწორედ დროა, – თქვა გულბერგმა.
– ხომ იცით, როგორც ხდება. კარგი იქნებოდა, ძველ და ერთგულ კოლეგებთან
ურთიერთობის შენარჩუნებისთვის გვეცალოს.
გულბერგმა ამ გადაკრულ შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია. თავის ყოფილ
კაბინეტში შევიდა და ფანჯარასთან მიმდგარ მრგვალ საკონფერენციო მაგიდას
მიუჯდა. შაგალისა და მონდრიანის რეპროდუქციები ალბათ ვადენშემ ჩამოკიდაო,
გაიფიქრა ოთახის მოთვალიერებისას. მის დროს კედელზე საბრძოლო გემების –
„კრონანისა“ და „ვასას“ – ნახაზები ეკიდა. ყოველთვის ოცნებობდა ზღვაზე და
სინამდვილეში საზღვაო ოფიცერი იყო, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით იმსახურა
ფლოტში.
თუ არ ჩავთვლით კომპიუტერებს, ოთახში ყველაფერი ზუსტად ისევე იყო, როგორც
მის წასვლამდე.
ვადენშემ ყავა დაუსხა.
– დანარჩენები უკვე გზაში არიან, – თქვა მან, – მანამდე ჯერ ჩვენ დავილაპარაკოთ.
– ჩემებიდან რამდენი კაცი შემორჩა „სექციას“?
– ჩემ გარდა, მხოლოდ ოტო ჰალბერგი და გეორგ ნისტრომი. ჰალბერგი წელს
პენსიაზე გადის, ხოლო ნისტრომი სამოცის ხდება. სხვები სულ ახალწვეულები
არიან, თუმცა შეიძლება ზოგიერთს იცნობდეთ კიდეც.
– სულ რამდენი კაცი მუშაობს „სექციაში“?
– მცირე რეორგანიზაცია მოვახდინეთ და... სრული დატვირთვით – სულ შვიდი
ადამიანი. ასე ვთქვათ, შტატი შევამცირეთ. თუმცა, უსაფრთხოების სამსახურიდან
ოცდათერთმეტი ჩვენი თანამშრომელია. მათი უმეტესობა აქ საერთოდ არ მოდის.
თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და როცა დაგვჭირდება, ფარულად ჩვენთვისაც
მუშაობენ.
– ოცდათერთმეტი თანამშრომელი.
– და ჩვენ შვიდი. ბოლოს და ბოლოს, სისტემა თქვენი შექმნილია. ჩვენ მხოლოდ
დავხვეწეთ. ჩვენი ორგანიზაცია დღესდღეობით, როგორც იტყვიან, შიდა და გარე
რესურსებისგან შედგება. როცა ვინმე აგვყავს, ძირითადი მოვალეობის
შესრულებისგან დროებით ვათავისუფლებთ და ვწვრთნით. წვრთნებს, რაც
სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში მიმდინარეობს, ჰალბერგი ხელმძღვანელობს.
საფუძვლების გავლას ექვსი კვირა სჭირდება. შემდეგ RPS/Säk-ში თავიანთ საქმეს
უბრუნდებიან, მაგრამ უკვე ჩვენთვის მუშაობენ.
– გასაგებია.
– ჩინებული სისტემაა. ჩვენი თანამშრომლების უმეტესობას სხვების შესახებ
წარმოდგენა არ აქვს. აქ კი, უბრალოდ, ანგარიშებს ვიბარებთ. თქვენეული წესებით
ვმოქმედებთ. ჩვენი ორგანიზაცია არაიერარქიულია.
– ოპერატიული ჯგუფი თუ გყავთ?
ვადენშე მოიღუშა. გულბერგის დროს ოთხკაციანი ოპერატიული ჯგუფი არსებობდა,
რომელსაც გამჭრიახი ჰანს ფონ როტინგერი ხელმძღვანელობდა.
– აღარ. ფონ როტინგერი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. ნიჭიერი ახალგაზრდა
გვყავს, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში,
ძირითადად, გარედან ვიშველიებთ ხალხს. რასაკვირველია, სატელეფონო მოსმენა
და ბინაში შეპარვა დღეს ტექნიკურად გართულებულია, რადგან ყველგან
სიგნალიზაცია და დამცავი სისტემებია დაყენებული.
გულბერგმა თავი დააქნია.
– ბიუჯეტი?
– წელიწადში – დაახლოებით თერთმეტი მილიონი. მესამედი ხელფასებში მიდის,
მესამედი – ხარჯებში და მესამედიც – ოპერაციებში.
– ბიუჯეტი შემცირებულა.
– ცოტათი. თუმცა, ახლა უფრო ნაკლები თანამშრომელი გვყავს, რაც ნიშნავს, რომ
ოპერაციებზე უფრო მეტი ფული იხარჯება.
– RPS/Säk-თან როგორი ურთიერთობა გვაქვს?
ვადენშემ თავი გააქნია.
– სამდივნო და საბიუჯეტო დეპარტამენტების უფროსები ჩვენი ხალხია.
ფორმალურად, მხოლოდ სამდივნოს უფროსისთვის არის ცნობილი ჩვენი
საქმიანობის შესახებ. ოფიციალურად, ჩვენი საიდუმლო ჯგუფი არც არსებობს.
რეალურად, ჩვენზე სამდივნოს და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსების
მოადგილეებმაც იციან, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, არაფერი შეიმჩნიონ.
– რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, RPS/Säk-ის
ამჟამინდელი შეფი უსიამოვნოდ გაკვირვებული დარჩება. თავდაცვის
სამინისტროსა და მთავრობაზე რას მეტყვით?
– ათი წელია, თავდაცვის სამინისტროში აღარავინ გვყავს, მთავრობები კი მიდიან
და მოდიან.
– ესე იგი, ყელამდე ნეხვში თუ ჩავეფლობით, თავს ჩვენით თუ ვუშველით?
ვადენშემ თავი დაუქნია.
– რას ვიზამთ, უნაკლო არაფერია. უპირატოსებებთან ერთად მინუსებიც იქნება.
თანაც, ჩვენი პრიორიტეტებიც შეიცვალა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
ევროპაში სულ სხვა პოლიტიკური სიტუაციაა. ჯაშუშებს ნაკლებად დავდევთ.
უფრო ტერორიზმს ვუფრთხით... და ამა თუ იმ მნიშვნელოვანი თანამდებობისთვის
პოლიტიკოსების შესაფერისობას ვიკვლევთ.
– ამას ისედაც ყოველთვის ვაკეთებდით.
კარზე დააკაკუნეს. გულბერგმა სამოცს მიღწეული კოხტად ჩაცმული მამაკაცი და
ჯინსის შარვლიანი და ტვიდის პიჯაკიანი ახალგაზრდა დაინახა.
– მობრძანდით... ეს ევერტ გულბერგია. ევერტ, ეს იუნას სანდბერგია. უკვე ოთხი
წელია, ჩვენთან ოპერატიულ დავალებებს ასრულებს. მასზე უკვე გესაუბრეთ.
გეორგ ნისტრომს კი თავადაც იცნობთ.
– გამარჯობა, გეორგ, – მიესალმა გულბერგი.
გულბერგმა და ახალმოსულებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მერე გულბერგმა
სანდბერგს ჰკითხა:
– სადაური ხართ?
– სულ ბოლოს გეტებორგში ვიყავი, – გაიხუმრა სანდბერგმა, – მას ვეწვიე.
– ზალაჩენკოს?
სანდბერგმა თავი დაუქნია.
– ბატონებო, დაბრძანდით, – შესთავაზა ვადენშემ.
– ბიორკი, – გულბერგი მოიღუშა, როცა სკამის საზურგეზე გადაწოლილმა ვადენშემ
სიგარას მოუკიდა. ვადენშემ გულბერგს შეხედა და გაკვირვებით გაიფიქრა, მოხუცი
ძალიან გამხდარაო.
– პარასკევს პროსტიტუციის კანონის დაღვევის გამო დააპატიმრეს, – თქვა
ნისტრომმა, – საქმე სასამართლოს გადაეცა, მაგრამ მან მაშინვე აღიარა დანაშაული
და კუდამოძუებული გაიძურწა სახლში. სმოდალარეში ცხოვრობს, ახლა
ავადმყოფობის გამო შვებულებაშია. პრესას ჯერ არაფერი შეუტყვია მასზე.
– ერთ დროს „სექციის“ ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი იყო, – თქვა გულბერგმა, –
ზალაჩენკოს საქმეში საკვანძო ფიგურა. ჩემი პენსიაზე გასვლის შემდეგ ასეთი რა
დაემართა?
– ბიორკი იმ იშვიათთაგანია, რომელმაც შიდა ორგანიზაცია დატოვა. თქვენს დროსაც
კი სულ გარე-გარე მიუწევდა გული.
– მახსოვს, მთხოვა, ცოტა დასვენება და თვალსაწიერის გაფართოება მჭირდებაო.
1980-იან წლებში ორი წლით დაგვტოვა და სამხედრო დაზვერვის ატაშედ წავიდა.
1976 წლიდან ზალაჩენკოს გვერდიდან არ მოსცილებია და ვიფიქრე, მცირე
შვებულება არ აწყენს-მეთქი. 1985-დან 1987 წლამდე საზღვარგარეთ მუშაობდა და
მერე ისევ დაგვიბრუნდა.
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან „სექციაში“ 1994 წლამდე იმუშავა, სანამ საგარეო
ორგანიზაციაში გადავიდოდა. 1996 წელს იმიგრანტთა განყოფილების უფროსის
მოადგილედ დაინიშნა. იმდენად დამღლელი და რთული სამუშაო ჰქონდა, რომ
ვეღარაფრისთვის იცლიდა. რა თქმა უნდა, „სექციასთან“ კონტაქტი არ გაუწყვეტია
და ამ ბოლო დრომდე თვეში ერთხელ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს.
– ავად არის?
– სერიოზული არაფერია, მაგრამ მტკივნეულია. ხერხემლის თიაქარი აქვს.
დროდადრო შეახსენებს ხოლმე თავს. ორი წლის წინ ოთხი თვით შვებულებაში იყო.
შარშან აგვისტოში ტკივილებმა ისევ შეაწუხა. მუშაობა იანვარში უნდა
განეახლებინა, მაგრამ შვებულება გაუგრძელდა და ახლა ოპერაციის მოლოდინშია.
– და შვებულებაში მყოფი, ბოზებში დადიოდა? – იკითხა გულბერგმა.
– ჰო. ბიორკი მარტოხელაა და, თუ სწორად მივხვდი, წლებია, მეძავებთან დადის, –
თქვა სანდბერგმა, რომელიც ბოლო ნახევარ საათს ხმის ამოუღებლად იჯდა, – დაგ
სვენსონის ხელნაწერი წავიკითხე.
– გასაგებია. იქნებ უკეთ ამიხსნათ, სინამდვილეში რა მოხდა?
– როგორც ჩანს, მთელი ეს არეულობა ბიორკმა გამოიწვია. სხვანაირად ვერაფრით
ავხსნით იმ ფაქტს, რომ 1991 წლის მოხსენება ადვოკატ ბიურმანის ხელში
აღმოჩნდა.
– ეგეც მეძავებთან ერთობოდა? – დაინტერესდა გულბერგი.
– რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, არა. ის სვენსონის ტექსტში ნახსენები არ არის.
თუმცა, ადვოკატი ბიურმანი ლიზბეთ სალანდერის მეურვე იყო.
ვადენშემ ამოიოხრა:
– ეს ალბათ ჩემი შეცდომაა. თქვენ და ბიორკმა სალანდერი 1991 წელს დააპატიმრეთ
და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეთ. გვეგონა, იქ დიდხანს დაჰყოფდა, მაგრამ
ადვოკატი დაუნიშნეს, ჰოლგერ პალმგრენი, რომელმაც მისი იქიდან გამოთრევა
მოახერხა. ერთ ოჯახში გააშვილეს, იმ დროს თქვენ უკვე პენსიაზე იყავით.
– მერე რა მოხდა?
– სალანდერს თვალს ვადევნებდით. იმავდროულად, მისი ტყუპისცალი კამილა
უფსალაში გააშვილეს. ჩვიდმეტი წლის ასაკში ლიზბეთმა თავის წარსულში ქექვა
დაიწყო. ზალაჩენკოს ეძებდა და, რაც კი იცოდა, ყველა საჯარო რეესტრი მოიარა.
როგორღაც – გაუგებარია, როგორ – იმ დასკვნამდე მივიდა, ზალაჩენკოს
ადგილსამყოფელი კამილას ეცოდინებაო.
– მართლა ასე იყო?
– წარმოდგენა არ მაქვს, – მხრები აიჩეჩა ვადენშემ, – დებს უკვე რამდენიმე წელი არ
ენახათ ერთმანეთი. ლიზბეთი კამილას დაუპირისპირდა, ყველაფერი მითხარი, რაც
იციო. დებს შორის კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
– მერე?
– იმ პერიოდში ლიზბეთს გულმოდგინედ ვუთვალთვალებდით. კამილა
გაფრთხილებული გვყავდა, თქვენი და აგრესიული და სულიერად ავადმყოფიაო.
ლიზბეთის უეცარი ვიზიტის შემდეგ სწორედ კამილა დაგვიკავშირდა და,
შესაბამისად, ლიზბეთზე თვალთვალი გავაძლიერეთ.
– მისი ტყუპისცალი თქვენი ინფორმატორი იყო?
– კამილას ძალიან ეშინოდა დის. ლიზბეთი სხვა მხრივაც ქმნიდა საშიშროებას.
რამდენჯერმე სოცუზრუნველყოფის ხალხთანაც ჰქონდა შეხლა-შემოხლა და
დავასკვენით, რომ ზალაჩენკოს ანონიმურობისთვის კვლავინდებურად საფრთხეს
წარმოადგენდა. შემდეგ მეტროში ის ინციდენტი მოხდა.
– პედოფილს რომ სცემა?
– დიახ. აშკარად აგრესიისკენ ჰქონდა მიდრეკილება და ფსიქიკურად
გაუწონასწორებელი იყო. ვიფიქრეთ, აჯობებდა, თუ კიდევ ერთხელ
გაუჩინარდებოდა რომელიმე კლინიკაში და შანსის გამოყენება გადავწყვიტეთ. ამ
საქმეს კლინტონმა და ფონ როტინგერმა მოჰკიდეს ხელი. კვლავ ფსიქიატრ
ტელებორიანს დაუკავშირდნენ და წარმომადგენლის მეშვეობით სასამართლოს
წარუდგინეს მისი დასკვნა, ლიზბეთ სალანდერს ხელახალი
ინსტიტუციონალიზაცია სჭირდებაო. სალანდერი პალმგრენმა დაიცვა და
ყველასთვის მოულოდნელად სასამართლომ მისი რეკომენდაცია გაითვალისწინა –
ოღონდ იმ პირობით, რომ სალანდერს მეურვეს დაუნიშნავდნენ.
– ბიურმანი როგორ გაერია ამ ამბავში?
– პალმგრენს 2002 წელს ინსულტი ჰქონდა. სალანდერს თვალს არ ვაშორებდით და
ვაკვირდებოდით, რომელიმე მონაცემთა ბაზაში მისი სახელი თუ
ამოტივტივდებოდა. იმდენი მოვახერხე, რომ მის ახალ მეურვედ ბიურმანი
დავანიშნინე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ბიურმანმა არ იცოდა, ლიზბეთი
ზალაჩენკოს ქალიშვილი თუ იყო. უბრალოდ, ვიფიქრეთ, რომ თუ სალანდერი
ზალაჩენკოზე ლაყბობას დაიწყებდა, ბიურმანი შეშფოთდებოდა და აუცილებლად
გვაცნობებდა.
– ბიურმანი იდიოტი იყო. ზალაჩენკოსთან დაკავშირებულ საქმეში არასდროს არ
უნდა გაგერიათ; მით უმეტეს, მისი ქალიშვილის მეურვედ არ უნდა დაგენიშნათ, –
ვადენშეს შეხედა გულბერგმა, – სერიოზული შეცდომა დაუშვით.
– ვიცი, – თქვა ვადენშემ, – მაგრამ იმ მომენტში შესაფერის კანდიდატურად
მოგვეჩვენა. რას წარმოვიდგენდი, თუ...
– კამილა სალანდერი სად არის?
– არ ვიცით. ცხრამეტი წლისამ ბარგი-ბარხანა შეკრა და სახლიდან გაიქცა. მას შემდეგ
მასზე აღარაფერი გვსმენია.
– განაგრძეთ.
– პოლიციაში ინფორმატორი გვყავს, რომელიც პროკურორ ეკსტრომს ელაპარაკა, –
ჩაერთო სანდბერგი, – გამოძიების ხელმძღვანელი ინსპექტორი ბუბლანსკი
მიიჩნევს, რომ ბიურმანმა სალანდერი გააუპატიურა.
გულბერგი გაკვირვებული მიაშტერდა სანდბერგს.
– გააუპატიურა?!
– ბიურმანს მუცელზე ტატუ ჰქონდა: „მე სადისტი ღორი, გარყვნილი და მოძალადე
ვარ“.
სანდბერგმა გაკვეთის ფერადი ფოტო მაგიდაზე დადო. გულბერგმა ზიზღით დახედა
მას.
– და ეს ზალაჩენკოს ქალიშვილის ნამოქმედარია?
– სხვა ვერსიის დაშვება რთულია. სალანდერი მორცხვი ია სულაც არ არის.
„სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“ ორი ბანდიტი მიაწვინა.
– ზალაჩენკოს ქალიშვილი, – ჩაილაპარაკა გულბერგმა და ისევ ვადენშეს
მიუბრუნდა, – იცით რა, ეგ გოგო „სექციაში“ უნდა გადმოიბიროთ.
ვადენშეს ისე გაუკვირდა, გულბერგი იძულებული გახდა აეხსნა, ვიხუმრეო.
– დავუშვათ ბიურმანმა მართლაც გააუპატიურა სალანდერი და გოგომაც შური იძია
მასზე. კიდევ რას მეტყვით?
– ზუსტად რა მოხდა, ამის თქმა მხოლოდ ბიურმანს შეეძლო, მაგრამ უკვე მკვდარია.
მთავარი ის არის, რომ, წესით, ბიურმანს ვერანაირად ვერ უნდა გაეგო, რომ
სალანდერი ზალაჩენკოს ქალიშვილია. ეს არც ერთ რეესტრში არ წერია. თუმცა,
ბიურმანმა როგორღაც მაინც შეიტყო მათ ნათესაურ კავშირზე.
– ხომ არ გამოსულელდით, ვადენშე! სალანდერმა ხომ იცოდა მამამისის ვინაობა?!
იქნებ სულაც თვითონ გაუმხილა ბიურმანს...
– ვიცი. ჩვენ... ამაზე არ მიფიქრია.
– ეს უპატიებელი არაკომპეტენტურობაა, – შენიშნა გულბერგმა.
– საკუთარ თავზე ვბრაზობ ამის გამო. თუმცა, ბიურმანი იმ იშვიათთაგანი იყო,
რომელმაც ზალაჩენკოს არსებობის შესახებ იცოდა, და ვიფიქრე, თუ რომელიმე
მეურვემ უნდა გაიგოს, აჯობებს, ისევ ბიურმანმა გაიგოს, რომ სალანდერი
ზალაჩენკოს ქალიშვილია-მეთქი. ხომ შეიძლებოდა სალანდერს ეს ვინმე უცხოსთვის
ეთქვა?!
გულბერგმა ყურის ბიბილო დაისრისა.
– კარგი. განაგრძეთ.
– ჩვენი ვარაუდით, ბიურმანმა სალანდერზე იძალადა, სალანდერმა კი შური ამით
იძია, – გაკვეთის ფოტოზე ანიშნა ნისტრომმა.
– ჭეშმარიტად მამამისის ქალიშვილია, – გულბერგის ხმაში ცხადად იგრძნობოდა
აღფრთოვანება.
– შედეგად ბიურმანი ზალაჩენკოს დაუკავშირდა იმ იმედით, რომ მის ქალიშვილს
თავიდან მოიშორებდა. როგორც ვიცით, ზალაჩენკოს ლიზბეთი სძულს და საამისო
მიზეზიც აქვს. ზალაჩენკომ მისი მოკვლა „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბს“
და თავის ნაცნობ ნიდერმანს დაავალა.
– მაგრამ ბიურმანი როგორ დაუკავშ... – გულბერგი გაჩუმდა. პასუხი ისედაც ცხადი
იყო.
– ბიორკი, – თქვა ვადენშემ, – ზალაჩენკოსთან ბიორკმა დააკავშირა.
– ჯანდაბა, – თქვა გულბერგმა.
დილით თეთრეულის გამოსაცვლელად შემოსულმა ორმა მედდამ ფანქარი იპოვა.
– ეს აქ საიდან გაჩნდა?! – წამოიძახა ერთ-ერთმა და ფანქარი ჯიბეში ჩაიდო.
ლიზბეთმა ქალს ზიზღნარევი მზერა გააყოლა.
უიარაღოდ რჩებოდა, მაგრამ გასაპროტესტებლად ძალა არ ეყო.
გაუსაძლისი თავის ტკივილი აწუხებდა და ძლიერმოქმედ გამაყუჩებლებს
ასმევდნენ. თუ ხელს უხერხულად ასწევდა ან საწოლში გადატრიალებას ეცდებოდა,
მარცხენა მხარზე მწვავე ჩხვლეტას გრძნობდა. ზურგზე იწვა და სამედიცინო საყელო
ეკეთა. საყელო კიდევ რამდენიმე დღეს უნდა ეტარებინა, სანამ თავზე ჭრილობა
ბოლომდე არ შეუხორცდებოდა. დილით ოცდაცხრამეტ გრადუსამდე აუწია სიცხემ,
რაც, ექიმი ენდრინის თქმით, ჭრილობაში ინფექციის შეჭრის ნიშანი იყო, თუმცა ამას
სალანდერი უთერმომეტროდაც ხვდებოდა.
აი, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სამკურნალო დაწესებულებაში. მართალია, საწოლზე
ტყავის ღვედებით აღარ იყო მიბმული, მაგრამ ამის საჭიროება არც არსებობდა –
ოთახიდან გასვლის კი არა, წამოჯდომის ძალაც არ ჰქონდა.
ორშაბათს ექიმმა იუნასონმა ინახულა.
– გამარჯობა. გახსოვართ?
სალანდერმა თავი გააქნია.
– ოპერაციის შემდეგ მე გაგაღვიძეთ. ოპერაცია მე გაგიკეთეთ. იმის საკითხავად
შემოვედი, თავს ხომ უკეთ გრძნობთ და ყველაფერი ხომ რიგზეა.
სალანდერმა უკმაყოფილოდ შეხედა, განა ეს ექიმი ვერ ხედავს, რომ ყველაფერი
რიგზე არ არისო.
– გავიგე, წუხელ სამედიცინო საყელო მოგიხსნიათ.
სალანდერმა თვალებით ანიშნა, დიახო.
– ეგ საყელო იმისთვის გაგიკეთეთ, რომ თავი არ ამოძრაოთ და შეხორცების პროცესი
დაჩქარდეს.
ექიმი უკვე კართან იდგა, როცა სალანდერის ხმა მოესმა.
– იუნასონი, ხომ?
ექიმი შემობრუნდა და გაკვირვებულმა გაუღიმა გოგონას.
– დიახ, იუნასონი. თუ ჩემი გვარი გახსოვთ, უფრო ფხიზელი ყოფილხართ, ვიდრე
მეგონა.
– ტყვია თქვენ ამომიღეთ თავიდან?
– დიახ.
– თუ შეიძლება მითხარით, როგორ არის ჩემი საქმე. ზუსტ პასუხს არავინ მეუბნება.
იუნასონი საწოლთან დაბრუნდა და სალანდერს თვალი თვალში გაუყარა.
– ბედმა გაგიღიმათ. თავში გესროლეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ტყვიას სასიცოცხლო არე
არ დაუზიანებია, თუმცა სისხლჩაქცევის რისკი ჯერ კიდევ არსებობს და ამიტომაც
არის საჭირო თქვენი გაუნძრევლად წოლა. გარდა ამისა, ინფექციაც შეგეჭრათ.
სავარაუდოდ, მხრის ჭრილობაში. თუ ინფექციას ანტიბიოტიკებით ვერ მოვერევით,
ვშიშობ, კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება მოგვიწევს. ამჯერად – მხარზე. ტკივილი
ჭრილობის შეხორცებამდე შეგაწუხებთ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, იმედს არ
ვკარგავ, რომ სრულად გამოჯანმრთელდებით.
– ტვინი ხომ არ დამიზიანდება?
იუნასონმა ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ თავი დაუქნია.
– ამის ალბათობა არსებობს. თუმცა, ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მძიმე
მდგომარეობიდან გამოძვერით. არსებობს საშიშროება, რომ ტვინის ქსოვილზე
ნაიარევი დარჩეს, რაც პრობლემას გამოიწვევს... მაგალითად – ეპილეფსიას. თუმცა,
ეს ყველაფერი ვარაუდებია. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. პრობლემებს
გზადაგზა გავუმკლავდებით. კმაყოფილი ხართ ამ მკაფიო პასუხით?
სალანდერმა თვალები დახუჭა, დიახო.
– რამდენ ხანს უნდა ვიწვე ასე?
– საავადმყოფოში? მინიმუმ ორი კვირა კიდევ ვერ გაგწერთ.
– მაინტერესებს, წამოდგომას და სიარულს როდის შევძლებ?
– ეს შეხორცების პროცესის სიჩქარეზეა დამოკიდებული. თუმცა, იმედი ნუ გექნებათ,
რომ ორ კვირაზე ადრე შევძლებთ თქვენთვის რაიმე სახის ფიზიკური თერაპიის
ჩატარებას.
სალანდერმა გამჭოლი მზერა მიაპყრო ექიმ იუნასონს და უცებ ჰკითხა:
– შემთხვევით სიგარეტი ხომ არ გაქვთ?
ექიმ იუნასონს გაეცინა და უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ვწუხვარ. საავადმყოფოში მოწევა აკრძალულია. ვეცდები, ნიკოტინის პლასტირი
ან საღეჭი რეზინი ვიშოვო თქვენთვის.
სალანდერმა მცირე ხნის ფიქრის შემდეგ ისევ დასვა შეკითხვა:
– ის მოხუცი ნაბიჭვარი როგორაა?
– ვინ? ის...
– ჩემთან ერთად რომ მოიყვანეს.
– ჩანს, თქვენი მეგობარი არ უნდა იყოს. არა უშავს, გადარჩება. უკვე ყავარჯნებით
დადის, თუმცა, სიმართლე გითხართ, ის თქვენზე უარესადაა. სახეზეც მძიმე
ჭრილობა აქვს. როგორც ვხვდები, თავში ნაჯახი ჩაარტყით.
– ჩემი მოკვლა სცადა, – ხმადაბლა თქვა სალანდერმა.
– ეს ძალიან ცუდია. გინდათ, ისევ შემოგაკითხოთ?
სალანდერმა ცოტა ხანს იფიქრა და მერე თვალებით ანიშნა, კიო. ექიმის წასვლის
შემდეგ ჭერს მიაშტერდა.
„ზალაჩენკოს ყავარჯნები მისცეს. აი, თურმე რის ხმა მესმოდა წუხელ“.
სანდბერგი, როგორც ყველაზე უმცროსი, საჭმლის მოსატანად გაგზავნეს. ის სუშითი
და მსუბუქი ლუდით დაბრუნდა და საკონფერენციო მაგიდის გარშემო მსხდომთ
ჩამოურიგა. გულბერგს ნოსტალგია შემოაწვა. გაახსენდა, რომ მძიმე ოპერაციებისას
ოცდაოთხ საათს მუშაობდნენ.
ერთადერთი განსხვავება, მისი აზრით, ის იყო, რომ მის დროს სადილად უმი თევზის
ჭამა არავის მოუვიდოდა თავში. ინატრა, ნეტა სანდბერგს კარტოფილისპიურეიანი
და მოცვისსოუსიანი კატლეტი შეეკვეთაო. თვითონ დიდად არ შიოდა, ამიტომ
სუშის ხელი არ ახლო. ერთი ნაჭერი პური შეჭამა და მინერალური წყალი დააყოლა.
თათბირი არც სადილობისას შეუწყვეტიათ. საჩქაროდ უნდა დაესახათ სამოქმედო
გეგმა.
– ზალაჩენკოს არ ვიცნობდი, – თქვა ვადენშემ, – როგორი პიროვნება იყო?
– თითქმის ისეთივე, როგორიც დღესაა, – უპასუხა გულბერგმა, – ფენომენალურად
გონიერი და ფოტოგრაფიული მახსოვრობის. თუმცა, ჩემი აზრით, ნამდვილი ღორია;
თან, ცოტას აფრენს.
– იუნას, გუშინ ხომ ელაპარაკე მას. რას გვეტყვი? – ჰკითხა ვადენშემ.
სანდბერგმა ჩხირები განზე გადადო.
– მიზანში ვყავართ ამოღებული. მის ულტიმატუმზე უკვე გითხარით: ან ამ საქმეს
ჩავფარცხავთ, ან „სექციის“ გამოაშკარავებით იმუქრება.
– რანაირად ჩავფარცხავთ, როცა ყველა მედიასაშუალება ამ ამბავს აშუქებს? –
იკითხა ნისტრომმა.
– მთავარი ის კი არაა, ჩვენ რა შეგვიძლია, არამედ ის, რომ ზალაჩენკოს ჩვენი
გაკონტროლება სურს.
– როგორ ფიქრობთ, პრესას მართლა დაელაპარაკება? – ჰკითხა ვადენშემ.
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თითქმის შეუძლებელია, – შეყოყმანდა გულბერგი, –
ზალაჩენკო ტყუილად არასდროს იმუქრება. იმას იზამს, რაც მისთვისაა უმჯობესი.
ამ მხრივ, პროგნოზირებადია. თუ ჩათვლის, რომ პრესასთან საუბარი წაადგება – ან
ამნისტიას მიიღებს, ან სასჯელს შეუმსუბუქებენ – უეჭველად ჩაგვიშვებს. ხოლო
თუ იგრძნობს, რომ ვუღალატეთ, ანგარიშსწორებას შეეცდება.
– მიუხედავად შედეგისა?
– მიუხედავად შედეგისა. მას სურს დაამტკიცოს, რომ ჩვენზე მაგარია.
– თუნდაც ალაპარაკდეს, რატომ გვგონია, რომ უთუოდ დაუჯერებენ?! ჩვენი
არქივის გარეშე ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს.
– გინდათ გარისკოთ? დავუშვათ, ზალაჩენკო ალაპარაკდა, ვინ იქნება შემდეგი? მისი
ჩვენება ბიორკმა რომ დაადასტუროს? ან დიალიზის აპარატზე მიერთებული
კლინტონი ავიღოთ... რა მოხდება, უცებ რელიგიური რომ გახდეს და ყველას და
ყველაფრის მიმართ სიბრალული იგრძნოს? ვაითუ ცოდვების მონანიება მოუნდეს?
დამიჯერეთ, ერთი ვინმეც რომ ალაპარაკდეს, ეს „სექციის“ დასასრული იქნება.
– მაშ... რა ვქნათ?
მაგიდის ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. პირველად გულბერგმა ამოიღო ხმა:
– ეს მრავალშრიანი პრობლემაა. უპირველეს ყოვლისა, უკვე შევთანხმდით, რომ
დაუშვებელია, ზალაჩენკო ალაპარაკდეს. შედეგად, მთელი სისტემა თავზე
დაგვენგრევა – „სექციის“ რამდენიმე წევრს ციხეში წასვლა მოუწევს.
– ჩვენი საქმიანობა სრულიად კანონიერია... სინამდვილეში მთავრობის
ხელშეწყობით ვმოქმედებთ.
– მე მაინც ნუ მიყვებით ამ ზღაპრებს, – თქვა გულბერგმა, – ყველამ ჩემსავით
მშვენივრად იცით, რომ სამოციანი წლების შუახანებში შედგენილი დოკუმენტი
დღეს ჩირადაც არ ღირს. მგონი, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა მოხდება, თუ
ზალაჩენკო ალაპარაკდება.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
– მაშასადამე, მთავარია, როგორმე ზალაჩენკო გავაჩუმოთ, – თქვა ბოლოს
ნისტრომმა.
– ამისთვის კი რამე არსებითი და ხელშესახები უნდა შევთავაზოთ. პრობლემა ისაა,
რომ ის არაპროგნოზირებადია. განაწყენებულმა შეიძლება დაუფიქრებლად
დაგვაბეზღოს. რამე უნდა მოვიფიქროთ და როგორღაც გავაკონტროლოთ.
– მის მოთხოვნაზე რას იტყვით? – იკითხა სანდბერგმა, – საქმე რომ ჩავფარცხოთ და
სალანდერი ისევ საგიჟეთში დავაბრუნოთ...
– სალანდერს მოვერევით, ზალაჩენკოა ჩვენი პრობლემა. მივადექით მეორე საკითხს:
მოსალოდნელი ზიანის მინიმუმამდე დაყვანას. 1991 წელს შედგენილი
ტელებორიანის მოხსენება უკვე გამომზეურდა და ეს ზალაჩენკოს მუქარასავით
პოტენციურ საფრთხეს გვიქმნის.
ნისტრომმა ჩაახველა.
– გაირკვა თუ არა, რომ მოხსენება პოლიციას ჩაუვარდა ხელში, საჭირო ზომები
მივიღე. RPS/Säk-ში ჩვენს იურისტს, ფორელიუსს, გენერალურ პროკურორთან
დავარეკვინე. გენერალურმა პროკურორმა მოხსენება პოლიციას ჩამოართვა და მისი
ასლის გადაღება-გავრცელება აუკრძალა.
– გენერალური პროკურორისთვის რამდენია ცნობილი? – იკითხა გულბერგმა.
– არაფერი. ის RPS/Säk-ის ოფიციალური მოთხოვნით მოქმედებს. დოკუმენტი
საიდუმლოა და გენერალური პროკურორი ვერაფერს იზამს.
– პოლიციაში ვინ წაიკითხა მოხსენება?
– სულ ორი ასლი არსებობდა. ერთი ინსპექტორმა ბუბლანსკიმ და მისმა კოლეგა
ინსპექტორმა მუდიგმა წაიკითხეს, მეორე წინასწარი გამოძიების ხელმძღვანელმა
რიჰარდ ეკსტრომმა. სავარაუდოდ, პოლიციის ორი ოფიცერი... – ნისტრომმა
ბლოკნოტში ჩაიხედა, – კურტ ანდერსონი და იერკერ ჰოლმბერგიც იცნობენ მასალას.
– ესე იგი, ოთხმა პოლიციელმა და პროკურორმა. თითოეულზე რა ვიცით?
– 42 წლის პროკურორი ეკსტრომი ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. იუსტიციის
სამინისტროში გამომძიებლად მუშაობდა და რამდენიმე ხმაურიანი საქმის გახსნაში
მონაწილეობდა. ზემდეტად გულმოდგინეა. „პიარს“ ყურადღებას აქცევს.
კარიერისტია.
– სოციალ-დემოკრატია? – იკითხა გულბერგმა.
– შესაძლოა, მაგრამ არააქტიური.
– გამოძიებას ბუბლანსკი აწარმოებს. ტელევიზორში მისი პრესკონფერენცია ვნახე.
ვიდეოკამერების წინ თავს უხერხულად გრძნობდა.
– ის ეკსტრომზე უფროსია და ნამსახურეობის შთამბეჭდავი ნუსხა აქვს. თუმცა,
ამბობენ, უჟმური და ჯიუტიაო; თანაც კონსერვატორია.
– და ქალი... ვინ არის?
– სონია მუდიგი. ოცდაცხრამეტი წლის. დაოჯახებული. ორი შვილი ჰყავს.
კარიერულ წარმატებას სწრაფად მიაღწია. ტელებორიანს ვესაუბრე, ემოციურ
პიროვნებად აღმიწერა. ძალიან ბევრ შეკითხვას სვამს.
– შემდეგი.
– ანდერსონი – მაგარი ტიპი. ოცდათვრამეტი წლისაა და სოდერის ბანდებთან
ბრძოლით გაითქვა სახელი. საყოველთაო ყურადღების ცენტრში ორიოდე წლის წინ
მოექცა, როცა ვიღაც ხულიგანი გააგორა. მოხსენების მიხედვით, სასამართლომ
გაამართლა. სწორედ ის გაგზავნა ბუბლანსკიმ ბიორკის დასაპატიმრებლად.
– გასაგებია. დავიმახსოვროთ, ვიღაც მოუკლავს. თუ ბუბლანსკის გუნდისთვის
ჩრდილის მიყენება დაგვჭირდება, ყოველთვის შევძლებთ ანდერსონისთვის
არამზადა პოლიციელის იარლიყის მიკერებას. იმედია, რამდენიმე
მედიასაშუალებასთან დღემდე ვინარჩუნებთ კონტაქტს. ბოლო პოლიციელზე რას
მეტყვით?
– ჰოლმბერგი. ორმოცდათხუთმეტი წლის. წარმოშობით ნორლანდელია და
სინამდვილეში დანაშაულის ადგილის დათვალიერების სპეციალისტია. ორი წლის
წინ დაწინაურების მიზნით ტრენინგის გავლა შესთავაზეს, მაგრამ იუარა. როგორც
ჩანს, თავისი საქმე უყვარს.
– რომელიმე მათგანი პოლიტიკურად აქტიურია?
– არა. ჰოლმბერგის მამა 1970-იანი წლებში ცენტრისტთა პარტიის წარმომადგენელი
იყო მუნიციპალურ საბჭოში.
– საკმაოდ მოკრძალებული, მაგრამ შეკრული გუნდი ჩანს. მათი როგორმე
იზოლირება შეგვიძლია?
– მათ გუნდში მეხუთე პოლიციელიცაა, – თქვა ნისტრომმა, – ორმოცდაშვიდი წლის
ჰანს ფასტე. როგორც დავადგინე, მასა და ბუბლანსკის შორის განსხვავებული
მოსაზრებების გამო უთანხმოება მოხდა, იმდენად დიდი, რომ ფასტე ავადმყოფობის
მომიზეზებით შვებულებაში გავიდა.
– მასზე რა ვიცით?
– მასზე ინფორმაციის მოძიებისას სხვადასხვაგვარი შეფასებები მოვისმინე.
პროფესიონალია. შენიშვნებს თითქმის არ იღებს. თუმცა, მასთან ურთიერთობა
რთულია. ის და ბუბლანსკი სალანდერის თაობაზე წაკამათდნენ.
– კონკრეტულად რაზე?
– ფასტემ ერთ-ერთ გაზეთში დაწერილი სტატია ლესბოსელ სატანისტთა ბანდაზე
მეტისმეტად სერიოზულად მიიღო. სალანდერი არ მოსწონს და მის არსებობას
პიროვნულ შეურაცხყოფად მიიჩნევს. შესაძლოა, ჭორების უმეტესობა მისი
გავრცელებული იყოს. მისი ყოფილი კოლეგისგან შევიტყვე, რომ ქალებთან მუშაობა
უჭირს.
– საინტერესოა, – ჩაილაპარაკა გულბერგმა, – რახან პრესამ უკვე დაწერა ლესბოსელ
სატანისტებზე, აჯობებს, ეს თემა განვავრცოთ. ამით სალანდერის მიმართ ნდობა არ
გაიზრდება.
– აი, ის ოფიცრები კი, რომლებმაც ბიორკის მოხსენება წაიკითხეს, დიდ პრობლემას
გვიქმნიან, – თქვა სანდბერგმა, – მათ იზოლირებას შევძლებთ?
ვადენშემ კიდევ ერთ სიგარას მოუკიდა.
– წინასწარი გამოძიების ხელმძღვანელი თუ ვენერსტრომია...
– მაგრამ გამოძიებას ბუბლანსკი აწარმოებს, – თქვა ნისტრომმა.
– დიახ, მაგრამ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს, –
გულბერგისკენ შეტრიალდა ვადენშე, – თქვენ ჩემზე გამოცდილი ხართ, მაგრამ ეს
საქმე იმდენად ჩახლართულია... ჩემი აზრით, აჯობებს, ბუბლანსკი და მუდიგი
სალანდერს ჩამოვაშოროთ.
– ყოჩაღ, ვადენშე, – შეაქო გულბერგმა, – სწორედ ასე მოვიქცევით. ბუბლანსკი
ენსკედელი წყვილისა და ბიურმანის მკვლელობებს იძიებს, რაშიც სალანდერი უკვე
აღარაა ეჭვმიტანილი. ახლა მთავარი დამნაშავე ის გერმანელი რონალდ ნიდერმანია.
ბუბლანსკი და მისი გუნდი ნიდერმანზე უნდა გადაერთონ. სალანდერი მათი
დავალება აღარ არის. ნიკვარნის საქმეც გამოსაძიებელია. სამი მოკლულის სამარხი
იპოვეს. ეს მკვლელობებიც ნიდერმანთანაა დაკავშირებული. ნიკვარნის საქმეს ახლა
სოდერტელიეში იძიებენ, მაგრამ ორივე საქმე უნდა გაერთიანდეს. ამით
ბუბლანსკის კარგა ხანს დავასაქმებთ და, ვინ იცის, იქნებ ნიდერმანი მართლაც
დაიჭიროს? ამასობაში, ჰანს ფასტე... როგორ ფიქრობთ, შეძლებს სამსახურში
დაბრუნებას? მგონი, სალანდერის მიმართ გაჩენილი ბრალდებების
გადასამოწმებლად შესაფერისი ჩანს.
– ვხვდები, რასაც გეგმავთ, – თქვა ვადენშემ, – გინდათ ეკსტრომმა სალანდერისა და
მკვლელობების საქმეები გაყოს, ამისთვის კი ეკსტრომის გაკონტროლებაა საჭირო.
– არა მგონია, ეს დიდი პრობლემა იყოს, – თქვა გულბერგმა და ნისტრომს გადახედა.
ამ უკანასკნელმა თავი დაუქნია:
– ეკსტრომს მე მივხედავ. მგონი, უკვე ნატრობს კიდეც, ნეტა ზალაჩენკოზე არაფერი
გამეგოო. როგორც კი RPS/Säk-მა მოითხოვა, ბიორკის მოხსენება მაშინვე ჩააბარა.
აგრეთვე დათანხმდა, რომ თუ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხება საქმე,
ნებისმიერ მითითებას შეასრულებს.
– რა ჩაიფიქრეთ? – ჰკითხა ნისტრომს ვადენშემ.
– ასეთი სცენარი მოვამზადე: დელიკატურად ავუხსნით, როგორ იმოქმედოს, რომ
კარიერის უეცარ დასასრულს როგორმე თავი აარიდოს.
– და ყველაზე სერიოზული, მესამე საკითხი: პოლიციას ბიორკის მოხსენება თავისით
არ მოუპოვებია... ჟურნალისტმა მიაწოდა. როგორც მოგეხსენებათ, ნამდვილი
პრობლემა ჩვენს საქმეში სწორედ პრესაა. განსაკუთრებით, ჟურნალი „მილენიუმი“.
ნისტრომმა ბლოკნოტი შემდეგ გვერდზე გადაფურცლა.
– მიქაელ ბლუმკვისტი.
„ჰანს-ერიკ ვენერსტრომის საქმე“ ყველას გაეგონა; იცოდნენ, ვისზეც იყო საუბარი.
– სვენსონი, მოკლული ჟურნალისტი, „მილენიუმისთვის“ მუშაობდა. ის სექს-
ტრეფიკინგის თემაზე წერდა სტატიას. ასე გავიდა ზალაჩენკოზე. სვენსონისა და
მისი მეგობარი გოგონას გვამები სწორედ ბლუმკვისტმა იპოვა. მეორე მხრივ,
ბლუმკვისტი სალანდერს იცნობს და სჯერა მისი უდანაშაულობის.
– ზალაჩენკოს ქალიშვილს საიდან იცნობს? რაღაც მეტისმეტად დიდი დამთხვევაა.
– არა გვგონია, რომ ეს დამთხვევაა, – თქვა ვადენშემ, – ჩვენი აზრით, სალანდერი
ყველა მათგანის დამაკავშირებელი რგოლია, ოღონდ ჯერ ვერ ვხვდებით, როგორ.
გულბერგმა ბლოკნოტის ფურცელზე კონცენტრული წრეები დახაზა. ბოლოს თავი
ასწია.
– ამაზე უნდა დავფიქრდე. ცოტა ხანს გავისეირნებ. ერთ საათში ისევ შევიკრიბებით.
გულბერგის სეირნობა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. ათი წუთის გასული
იქნებოდა ქუჩაში, როცა ერთ კაფეს მიაგნო, სადაც მრავალნაირ ყავას ყიდდნენ.
გულბერგმა შავი ყავა შეუკვეთა და შესასვლელთან ახლოს დაჯდა. დიდხანს
ფიქრობდა და დროდადრო ბლოკნოტში რაღაცას ინიშნავდა.
საათ-ნახევრის შემდეგ გონებაში გეგმის მონახაზი შეადგინა.
სრულყოფილი გეგმა არ იყო, მაგრამ ალტერნატივების აწონ-დაწონის შემდეგ
დაასკვნა, რომ პრობლემის გადასაწყვეტად რადიკალური ქმედებები იყო საჭირო.
საბედნიეროდ, კადრების ნაკლებობას არ განიცდიდნენ. გეგმა განხორციელებადი
იყო.
წამოდგა. სატელეფონო ჯიხურში შევიდა და ვადენშეს დაურეკა.
– შეხვედრა კიდევ ცოტა ხნით გადავდოთ. რაღაც საქმე მაქვს. 14:00 საათზე
შევიკრიბოთ.
გულბერგი სტურეპლანამდე ფეხით ჩავიდა და იქ ტაქსი გააჩერა. მძღოლს ბრომას
გარეუბანში მისამართი უკარნახა. ტაქსიდან გადმოსულმა ერთი კვარტალი ფეხით
გაიარა და ორბინიანი სახლის კარზე დააკაკუნა. კარი ორმოცს გადაცილებულმა
ქალმა გაუღო.
– დღე მშვიდობისა. ფრედრიკ კლინტონს ვეძებ.
– თქვენ ვინ ბრძანდებით?
– მისი ძველი კოლეგა.
ქალმა თავი დაუქნია და მისაღებ ოთახში შეუძღვა. კლინტონი დივნიდან
ძლივძლივობით წამოდგა. სამოცდარვა წლის იყო, თუმცა გაცილებით ხნიერად
გამოიყურებოდა. ავადმყოფობას მძიმე დაღი დაესვა.
– გულბერგ, – გაუკვირდა კოლეგის დანახვა კლინტონს.
ერთმანეთს კარგა ხანს ათვალიერებდნენ, მერე გადაეხვივნენ.
– მეგონა, ვეღარასდროს გნახავდი, – კლინტონმა დილის გაზეთის პირველ გვერდზე
მიუთითა, – მგონი, აქ ამიტომაც მოხვედი.
გაზეთში ნიდერმანის ფოტო იყო გამოსახული და მსხვილი შრიფტით ეწერა:
პოლიციელის მკვლელს დანიაში ეძებენ.
– როგორ ხარ?
– ცუდად.
– ამას მეც ვხედავ.
– თუ ახალ თირკმელს ვერ ვიშოვი, მალე იმქვეყნად გავემგზავრები. ამ სახალხო
რესპუბლიკაში თირკმლის შოვნის შანსი ძალიან მცირეა.
ოთახში ქალი შემოვიდა და გულბერგს ჰკითხა, რამეს ხომ არ ინებებთო.
– სიამოვნებით დავლევ ყავას, თუ შეიძლება, – უთხრა გულბერგმა ქალს და როცა
ისევ მარტონი დარჩნენ, კლინტონს ჰკითხა: – ეს ვინ არის?
– ჩემი ქალიშვილი.
„სექციის“ თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან მეგობრობდნენ,
ერთმანეთის პირადი ცხოვრებას არ იცნობდნენ. გულბერგმა თითქმის ყველა
კოლეგის ძლიერი და სუსტი მხარეები იცოდა, მაგრამ ბუნდოვანი წარმოდგენა
ჰქონდა მათ ოჯახებზე. კლინტონი ოცი წლის განმავლობაში გულბერგის უახლოესი
კოლეგა იყო. გულბერგმა იცოდა, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ არც
ქალიშვილის სახელი უკითხავს ოდესმე, არც უკვე გარდაცვლილი ცოლისა, და არც
იმით დაინტერესებულა, სად ატარებდა შვებულებებს – თითქოს ის, რაც „სექციის“
გარეთ ხდებოდა, ტაბუირებული იყო და განხილვას არ ექვემდებარებოდა.
– რით შემიძლია დაგეხმარო? – ჰკითხა კლინტონმა.
– მაინტერესებს, ვადენშეზე რას ფიქრობ?
– ამ საქმეში გარევა არ მსურს, – თავი გააქნია კლინტონმა.
– სხვა რამეს გეკითხები. ვადენშეს იცნობ. შენთან ათი წელი მუშაობდა.
კლინტონმა კიდევ ერთხელ გააქნია თავი.
– დღეს „სექციას“ ის ხელმძღვანელობს. ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს.
– კარგი ხელმძღვანელია?
– იდიოტი არ არის.
– მაგრამ?
– ის ანალიტიკოსია, თავსატეხების ამოხსნის დიდოსტატი. კარგი ალღო აქვს.
ბრწყინვალე ადმინისტრატორია, ხარჯები ისე მნიშვნელოვნად შეამცირა, ჩვენ ვერც
კი წარმოვიდგენდით.
გულბერგი თავს უქნევდა. თუმცა, კლინტონს ვადენშეს მთავარ თვისებაზე არაფერი
უთქვამს.
– მზად ხარ, სამუშაოს დაუბრუნდე?
კლინტონმა გაკვირვებულმა შეხედა.
– ევერტ... – დაიწყო ყოყმანით, – დღეში ცხრა საათს საავადმყოფოში დიალიზის
აპარატს ვარ მიერთებული. კიბეზე ასვლისას სუნთქვა მეკვრის. ძალა საერთოდ
აღარ მაქვს.
– მჭირდები. ბოლო ოპერაციაა.
– არ შემიძლია.
– შეგიძლია. დღეში ცხრა საათს დიალიზის აპარატს არც მოწყდები. კიბეზე ფეხით კი
არა, ლიფტით ივლი. თუ საჭირო გახდება, საკაცით გატარებთ წინ და უკან. მე შენი
ინტელექტი მჭირდება.
– მოყევი, – ამოიხვნეშა კლინტონმა.
– განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით და ოპერატიული ექსპერტის
დახმარება გვჭირდება. ვადენშეს ოპერატიულ განყოფილებაში პირზე
რძეშეუშრობელი იუნას სანდბერგის გარდა არავინ ჰყავს. თანაც, ამ საქმის
გასაკეთებლად ვადენშეს გამბედაობა არ ეყოფა. შეიძლება ბიუჯეტის მართვაში
გენიოსია, მაგრამ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია. „სექციის“
საველე სამუშაოებში ჩართვას ერიდება.
კლინტონმა ჩაიღიმა.
– ოპერაცია ერთდროულად ორ ფრონტზე უნდა ჩატარდეს. პირველი ზალაჩენკოს
ეხება. როგორმე უნდა ვაიძულოთ, ჭკუას მოუხმოს და მგონი, ვიცი, ამას როგორ
გავაკეთებ. მეორე ოპერაცია აქ, სტოკჰოლმში ჩატარდება. პრობლემა ისაა, რომ
„სექციაში“ ამ ოპერაციის განმახორციელებელი არავინ არის. ამიტომ მინდა,
ოპერაციას შენ უხელმძღვანელო. ეს შენი ბოლო საქმე იქნება. შენ მხოლოდ
უხელმძღვანელებ. შავ სამუშაოს სანდბერგი და ნისტრომი შეასრულებენ.
– ვერც კი ხვდები, რას მთხოვ.
– კი, ვხვდები და აჯობებს, გადაწყვიტო, თანახმა ხარ თუ არა. თუ ჩვენ, მოხუცები,
არ მივაშველებთ ხელს, „სექცია“ რამდენიმე კვირაში არსებობას შეწყვეტს.
კლინტონი იდაყვით დაეყრდნო დივნის სამკლაურს და თავი ხელისგულზე ჩამოდო.
დაახლოებით ორ წუთს ფიქრობდა გულბერგის წინადადებაზე.
– შენს გეგმაზე მიამბე, – უთხრა ბოლოს.
გულბერგი და კლინტონი დიდხანს საუბრობდნენ.
ვადენშე თვალებს არ უჯერებდა, როცა 14:57 საათზე გულბერგი კლინტონთან
ერთად დაბრუნდა. კლინტონი ცოცხლად ჩამომხმარიყო. სუნთქვა უჭირდა და ცალი
ხელით გულბერგს ეყრდნობოდა.
– ეს რას ნიშნავს? – წამოიძახა ვადენშემ.
– მოდი, თათბირი განვაგრძოთ, – მოკლედ მოუჭრა გულბერგმა.
კვლავ მაგიდას შემოუსხდნენ ვადენშეს კაბინეტში. კლინტონი ჩუმად ჩაჯდა
მისთვის შეთავაზებულ რბილ სავარძელში.
– ფრედრიკ კლინტონს ყველა იცნობთ, – დაიწყო გულბერგმა.
– დიახ, – თქვა ვადენშემ, – მაგრამ საკითხავი ისაა, აქ რას აკეთებს?
– კლინტონმა გადაწყვიტა, აქტიურ სამსახურს დაუბრუნდეს. „სექციის“
ოპერატიულ განყოფილებას უხელმძღვანელებს, სანამ კრიზისულ ვითარებას არ
დავძლევთ, – ვადენშემ გაპროტესტება დააპირა, მაგრამ გულბერგმა ხელის აწევით
შეაჩერა: – კლინტონი ავადაა. დახმარება დასჭირდება. ყოველდღე საავადმყოფოში
უნდა იაროს, დიალიზისთვის. ვადენშე, ამისთვის კლინტონს ორი თანაშემწე უნდა
გამოუყოთ. და კიდევ, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ გადაწყვეტილებებს
კლინტონი მიიღებს.
გულბერგი წამით შეყოვნდა, მაგრამ მისი ნათქვამი არავის გაუპროტესტებია, და
განაგრძო:
– გეგმა მაქვს. ამ პრობლემასთან გამკლავებას ალბათ შევძლებთ, ოღონდ სწრაფად
უნდა ვიმოქმედოთ, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ყველაფერი „სექციის“
გამბედაობაზეა დამოკიდებული.
– გაგვაცანით თქვენი გეგმა, – სთხოვა ვადენშემ.
– დავიწყებ პოლიციით. უკვე შევთანხმდით, რომ მათი იზოლირებაა საჭირო.
გამოძიება როგორმე ნიდერმანის ძებნაზე უნდა გადაერთოს. ეს ნისტრომის
დავალება იქნება. ნიდერმანის ბედი ჩვენთვის უმნიშვნელოა. სალანდერის საქმის
ძიებას ფასტეს ჩავუყენებთ სათავეში.
– ეს იოლია, – თქვა ნისტრომმა, – პროკურორ ეკსტრომს დიპლომატიურად
დაველაპარაკები.
– რომ გაჭირვეულდეს?
– მეეჭვება. ეკსტრომი ამბიციური პიროვნებაა და ყველაფერზე ხელს მოაწერს, რაც
მის კარიერას წაადგება. თუ დამჭირდება, ზეწოლის ბერკეტს გამოვიყენებ. მას
ძალიან ეშინია სკანდალში გახვევის.
– კარგი. მეორე საკითხი: ჟურნალი „მილენიუმი“ და მიქაელ ბლუმკვისტი.
კლინტონი ამიტომაც დაბრუნდა. აქ განსაკუთრებული ზომების მიღება
დაგვჭირდება.
– ეს უკვე აღარ მომწონს, – თქვა ვადენშემ.
– „მილენიუმის“ იოლად მანიპულირება შეუძლებელია. არადა, ჟურნალი ჩვენთის
სახიფათოა ერთადერთი რამის გამო და ეს „რამე“ ბიორკის 1991 წლის მოხსენებაა.
ჩემი აზრით, ეს მოხსენება ახლა მხოლოდ ორ ან სამ ადგილას არსებობს. მოხსენება
სალანდერმა იპოვა, მაგრამ ბლუმკვისტმა როგორღაც ჩაიგდო ხელში. ეს ნიშნავს,
რომ ბლუმკვისტი და ძებნილი სალანდერი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.
კლინტონმა ხელი ასწია და პირველად ამოიღო ხმა:
– ეს ჩვენი მოწინააღმდეგის გამბედაობაზე მიუთითებს. ბლუმკვისტს გარისკვის არ
ეშინია. გაიხსენეთ „ვენერსტრომის საქმე“.
გულბერგმა თავი დაუქნია.
– ბლუმკვისტმა მოხსენება ჟურნალის მთავარ რედაქტორს მისცა, ამ უკანასკნელმა
კი ინსპექტორ ბუბლანსკის გაუგზავნა. მაშასადამე, მოხსენება ბერგერმაც წაიკითხა.
უნდა დავასკვნათ, რომ უსაფრთხოებისთვის მოხსენების ასლი გადაიღეს. ჩემი
აზრით, ერთი ასლი ბლუმკვისტს ექნება, ერთი კი ალბათ რედაქციაში ინახება.
– გონივრულად ჟღერს, – თქვა ვადენშემ.
– „მილენიუმი“ ყოველთვიური ჟურნალია, ასე რომ, მასალას ხვალვე არ დაბეჭდავენ.
დრო ცოტა გვაქვს. უნდა გავარკვიოთ, მომდევნო ნომრის გამოსვლამდე რამდენი
დარჩა და მანამდე მოხსენების ორივე ასლი ჩამოვართვათ. ოღონდ ამას გენერალური
პროკურორის დახმარებით ვეღარ შევძლებთ.
– გასაგებია.
– ამგვარად, ბლუმკვისტის ბინასა და „მილენიუმის“ რედაქციაში შეპარვა
დაგვჭირდება. შეძლებ ამას, იუნას?
სანდბერგმა ვადენშეს შეხედა.
– ევერტ, უნდა გაგვიგოთ, რომ ეგეთ რამეებს აღარ ვაკეთებთ, – თქვა ვადენშემ, –
ახლა სხვა დროა. საქმეს კომპიუტერების „გატეხითა“ და ელექტრონული
თვალთვალით ვაგვარებთ. იმისთვის, რასაც თქვენ გვთავაზობთ, საკმარისი
ადამიანი რესურსი არ გაგვაჩნია.
გულბერგი წინ გადაიხარა.
– ვადენშე, რესურსების მოძიება მოგიწევს და თან ძალიან სწრაფად. ხალხი
დაიქირავე, თუნდაც იუგოსლავიელი სკინჰედები, რომ საჭიროების შემთხვევაში
ბლუმკვისტი კარგად მიბეგვონ კიდეც. რაც მთავარია, ის ორი ასლი დავიბრუნოთ.
თუ ასლები არ ექნებათ, არც სამხილები ექნებათ. თუ ამ უბრალო საქმის გაკეთებაც
არ შეგიძლია, მაშინ იჯექი აქ და ელოდე, როდის მოგაკითხავს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტი.
გულბერგი და ვადენშე რამდენიმე წამს უბღვერდნენ ერთმანეთს.
– ამ საქმეს მე მივხედავ, – თქვა უეცრად სანდბერგმა.
– დარწმუნებული ხარ?
სანდბერგმა თავი დააქნია.
– კარგი. ამ წუთიდან შენი უფროსი კლინტონია. მის ბრძანებებს დაემორჩილები.
სანდბერგი თავის ქნევით დაეთანხმა.
– ბევრი თვალთვალი მოგვიწევს, – თქვა ნისტრომმა, – რამდენიმე კანდიდატს
შემოგთავაზებთ. ერთი კაცი გვყავს, მორტენსონი – RPS/Säk-ში პირად მცველად
მუშაობს. უშიშარი და იმედისმომცემი ბიჭია. უკვე ისედაც ვაპირებდი მის აქ
მოყვანას, ვიფიქრე, შემცვლის-მეთქი.
– კარგი აზრია, – თქვა გულბერგმა, – მაგრამ კლინტონმა გადაწყვიტოს.
– ვშიშობ, მესამე ასლიც არსებობს, – თქვა ნისტრომმა.
– სად?
– დღეს დავადგინე, რომ სალანდერმა ადვოკატი იქირავა. ანიკა ჯიანინი ჰქვია.
ბლუმკვისტის და.
გულბერგი ამ ახალ ცნობაზე დაფიქრდა.
– მართალს ამბობს, ბლუმკვისტი თავის დასაც მისცემდა ასლს. მაშასადამე,
ჯერჯერობით სამივეს – ბლუმკვისტს, ჯიანინის და ბერგერს – უნდა
ვუთვალთვალოთ.
– ბერგერზე დარდი აღარ ღირს. ამ დილით გაირკვა, რომ Svenska Morgon-Posten-ში
გადადის მთავარ რედაქტორად. „მილენიუმთან“ შეხება აღარ ექნება.
– მაინც გადავამოწმოთ. რაც შეეხება „მილენიუმს“, რედაქციასა და თანამშრომლების
სახლებში მოსასმენი და სათვალთვალო მოწყობილობები უნდა დავაყენოთ. მათი
ელფოსტა ვაკონტროლოთ. უნდა ვიცოდეთ, ვის ხვდებიან და ელაპარაკებიან. მათი
გეგმის ყოველი დეტალი და სტრატეგია წინასწარ უნდა გავარკვიოთ. თუმცა,
უპირველეს ყოვლისა, მოხსენების ასლები უნდა ჩავიგდოთ ხელში. მოკლედ, საქმე
თავზესაყრელად გვაქვს.
– ევერტ, გავლენიანი ჟურნალისა და Svenska Morgon-Posten-ის მთავარი რედაქტორის
წინააღმდეგ ოპერატიული ღონისძიების გატარებას გვთხოვ? – დაეჭვებით იკითხა
ვადენშემ, – ეს ძალიან სარისკო საქმეა.
– გაიგე, რომ სხვა არჩევანი არ გაქვს. თვითონ თუ არ დაიკაპიწებ მკლავებს, შენ
მაგივრად სხვა გაუძღვება ამ საქმეს.
მაგიდასთან ვითარება დაიძაბა.
– მგონი, „მილენიუმთან“ გამკლავებას შევძლებ, – თქვა სანდბერგმა, – თუმცა,
მთავარი პრობლემა ამით არ გადაწყდება. ზალაჩენკოს რა ვუყოთ? თუ ალაპარაკდა,
სულ ტყუილად დავშვრებით.
– ვიცი, – თქვა გულბერგმა, – და მას მე მივხედავ. ვიცი, როგორ დავარწმუნო, რომ
პირზე ბოქლომი დაიდოს. ოღონდ ჯერ უნდა მოვემზადო. ამ საღამოს გეტებორგში
მივემგზავრები.
გულბერგი შეყოვნდა და მაგიდის ირგვლივ მსხდომთ მოავლო თვალი. ბოლოს
მზერა ვადენშეზე შეაჩერა.
– სანამ არ ვიქნები, ოპერატიულ გადაწყვეტილებებს ვადენშე მიიღებს, – დაასრულა
მან.
ექიმმა ენდრინმა მხოლოდ ორშაბათ საღამოს, კოლეგა ექიმ იუნასონთან
კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტა, რომ სალანდერის ჯანმრთელობის
მდგომარეობა საკმარისად სტაბილური იყო იმისთვის, რომ გოგონას მნახველები
მიეღო. ჯერ ორ პოლიციელს გამოუყვეს თხუთმეტი წუთი მასთან შესასვლელად.
სალანდერი მოღუშული მიაჩერდა ორ ოფიცერს, რომლებიც მის საწოლთან სკამებზე
დასხდნენ.
– გამარჯობა, მე მარკუს ერლანდერი ვარ, კრიმინალური ინსპექტორი. გეტებორგის
პოლიციაში ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში
ვმუშაობ. ეს ჩემი კოლეგა ინსპექტორი მუდიგია სტოკჰოლმის პოლიციიდან.
სალანდერს ხმა არ ამოუღია. გამომეტყველება არ შესცვლია. მუდიგი იცნო. ის
ბუბლანსკის საგამოძიებო ჯგუფის წევრი იყო. ერლანდერმა ცივად გაუღიმა
გოგონას.
– როგორც ვიცი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი არ გიყვართ.
წინასწარ შეგახსენებთ, რომ ვალდებული არ ხართ, რამე მითხრათ. თუმცა,
მადლობელი დაგრჩებით, თუ ჩვენს სათქმელს მოისმენთ. თქვენთან რამდენიმე
საკითხი გვაქვს განსახილველი, მაგრამ ამისთვის დღეს დრო არ გვეყოფა.
მოგვიანებით კიდევ შევხვდებით.
სალანდერი კვლავ დუმდა.
– უპირველეს ყოვლისა, გაცნობებთ, რომ მიქაელ ბლუმკვისტის თქმით, ადვოკატი
ანიკა ჯიანინი მზადაა თქვენი უფლებები დაიცვას. ის თქვენს საქმეს გაეცნო.
ბლუმკვისტმა გვითხრა, რომ ჯიანინის თაობაზე ერთხელ უკვე გესაუბრათ. მინდა,
დამიდასტუროთ, რომ ჯიანინის კანდიდატურა მოგწონთ. აგრეთვე მაინტერესებს,
ხომ არ გსურთ ჯიანინი გეტებორგში ჩამოვიდეს, რომ უკეთ წარმოადგინოს თქვენი
ინტერესი.
„ანიკა ჯიანინი. ბლუმკვისტის და“. ბლუმკვისტმა ერთხელ იმეილში უხსენა.
სალანდერი არც კი დაფიქრებულა, რომ ადვოკატი დასჭირდებოდა.
– მაპატიეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიპასუხოთ. „კი“ ან „არა“ საკმარისი იქნება.
თუ „კის“ იტყვით, გეტებორგის პროკურორი ჯიანინის დაუკავშირდება. თუ „არას“
იტყვით, სასამართლო სახელმწიფო დამცველს გამოგიყოფთ. აირჩიეთ.
სალანდერმა ერლანდერის წინადადება აწონ-დაწონა. ის, რომ ადვოკატი
სჭირდებოდა, ცხადი იყო, მაგრამ ნაბიჭვარი კალე ბლუმკვისტის დის დამცველად
აყვანა ცოტა ზედმეტი ეჩვენებოდა. მეორე მხრივ, ვიღაც უცხო სახელმწიფო
დამცველი ვერ უშველიდა. ერთადერთი სიტყვა ამოღერღა:
– ჯიანინი.
– გასაგებია. გმადლობთ. ახლა სხვა შეკითხვას დაგისვამთ. შეგიძლიათ თქვენი
ადვოკატის გარეშე არ მიპასუხოთ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არც თქვენ და არც
თქვენს კეთილდღეობას ეს შეკითხვა არაფერს ავნებს. პოლიცია პოლიციის ოფიცრის
მკვლელობისთვის გერმანიის მოქალაქე რონალდ ნიდერმანს დაეძებს.
სალანდერმა წარბები შეჭმუხნა. მას მერე, რაც ფარდულიდან გაიქცა, ნიდერმანი
აღარც გახსენებია.
– გეტებორგის პოლიცია ცდილობს, რაც შეიძლება, სწრაფად დააკავოს ის. ჩემს
სტოკჰოლმელ კოლეგას ამას წინათ სტოკჰოლმში მომხდარ სამმაგ მკვლელობასთან
დაკავშირებით სურს მისი დაკითხვა. აქვე გაცნობებთ, რომ თქვენ იმ მკვლელობებში
ეჭვმიტანილი უკვე აღარ ხართ. მოკლედ, დახმარებას გთხოვთ. ხომ არ იცით...
როგორმე ხომ ვერ დაგვეხმარებით ამ კაცის მოძებნაში?
სალანდერმა ჯერ ერლანდერს გახედა ეჭვით, მერე – მუდიგს.
„არ იციან, რომ ის ჩემი ძმაა“.
იმაზე დაფიქრდა, ნიდერმანის დაჭერა მაწყობს თუ არაო. ყველაზე მეტად ის
უნდოდა, გოსებერგაში წაეყვანა და იმ ორმოში ჩაემარხა. უნებურად შეტოკდა, რაც
მაშინვე ინანა – მარცხენა მხარი ტკივილმა გაუკავა.
– დღეს რა დღეა? – ჰკითხა პოლიციელებს.
– ორშაბათი.
– რონალდ ნიდერმანის შესახებ პირველად გასულ ხუთშაბათს შევიტყვე.
გოსებერგამდე ვდიე. არ ვიცი, სად არის ან სად შეიძლება წავიდეს, მაგრამ რაც
შეიძლება სწრაფად ეცდება ქვეყნიდან გაღწევას.
– საზღვარგარეთ რატომ უნდა გაიქცეს?
სალანდერმა მცირე ფიქრის შემდეგ უპასუხა.
– იმიტომ, რომ სანამ ნიდერმანი ჩემთვის საფლავს თხრიდა, ზალაჩენკომ მითხრა,
სიტუაცია მეტისმეტად დაიძაბა და ნიდერმანი ცოტა ხნით ქვეყნიდან უნდა
წავიდესო.
სალანდერს პოლიციელისთვის ამხელა სიტყვა თორმეტი წლის ასაკიდან არ ეთქვა.
– ზალაჩენკომ... ანუ, მამათქვენმა?
„ეს მაინც დაუდგენიათ. ალბათ ნაბიჭვარი კალე ბლუმკვისტის წყალობით“.
– უნდა გაცნობოთ, რომ მამათქვენი გიჩივით, ჩემს მოკვლას ცდილობდაო. სარჩელი
პროკურორის მაგიდაზე დევს და მისი გადასაწყვეტია, ბრალი წაგიყენოთ თუ არა.
ამჟამად დაპატიმრებული ხართ ზალაჩენკოზე თავდასხმისა და ნაჯახით მისთვის
ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მუდიგი გადაიხარა სალანდერისკენ და
უთხრა:
– იცოდეთ, რომ ზალაჩენკოს მონათხრობისა პოლიციაში ბევრს არ სჯერა. ადვოკატს
მოეთათბირეთ. ჩვენ კიდევ დავბრუნდებით და საუბარი მაშინ გავაგრძელოთ.
დეტექტივები წამოდგნენ.
– გმადლობთ, რომ ნიდერმანის მოძებნაში გვეხმარებით, – უთხრა ერლანდერმა.
სალანდერს გაუკვირდა, რომ პოლიციელები პროფესიონალურად, თითქმის
მეგობრულად მოექცნენ. მუდიგის ნათქვამზე დაფიქრდა. რაღაც ფარული მოტივი
უნდა ჰქონდესო, დაასკვნა თავისთვის.

თავი VII
ორშაბათი, 11/IV – სამშაბათი, 12/IV
ორშაბათს, 17:45 საათზე, ბელმანსგატანზე, შინ, სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარმა
მიქაელ ბლუმკვისტმა „აიბუქი“ დაკეცა და წამოდგა. ქურთუკი შემოიცვა და
სლუსენთან ახლოს, Milton Security-ის ოფისში შეიარა. ლიფტით ავიდა მეოთხე
სართულზე და მიმღებში შევიდა თუ არა, მაშინვე საკონფერენციო ოთახში
შეუძღვნენ. ზუსტად 18:00 საათზე მივიდა, მაგრამ ყველაზე ბოლო აღმოჩნდა.
– გამარჯობა, დრაგან, – ხელი ჩამოართვა არმანსკის, – გმადლობთ, რომ ამ
არაოფიციალურ შეხვედრას დათანხმდით.
ბლუმკვისტმა შეკრებილებს მოავლო თვალი. მის გარდა ოთახში იმყოფებოდნენ
მისი და ანიკა ჯიანინი, სალანდერის ყოფილი მეურვე ჰოლგერ პალმგრენი, მალინ
ერიქსონი და კრიმინალური ინსპექტორი სონი ბომანი, რომელიც ახლა Milton Security-
ისთვის მუშაობდა და, არმანსკის დავალებით, პირველივე დღიდან მონაწილეობდა
სალანდერის საქმის გამოძიებაში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში პალმგრენი პირველად გამოვიდა კლინიკიდან. ექიმ
სივარნანდანს ერსტას სარეაბილიტაციო ცენტრიდან მისი გამოშვება არ უნდოდა,
მაგრამ თავად პალმგრენმა დაიჟინა. ის ინვალიდთა სპეციალური ტრანსპორტით
გამოუშვეს და თან პერსონალური მომვლელი გამოაყოლეს – იოჰანა კაროლინა
ოსკარსონი, რომლის ხელფასსაც საიდუმლოდ დაარსებული ფონდი იხდიდა.
ოსკარსონი საკონფერენციო ოთახის გვერდით ერთ-ერთ კაბინეტში იცდიდა და თან
წამოღებულ წიგნს კითხულობდა. ბლუმკვისტმა საკონფერენციო ოთახის კარი
მიხურა.
– ვინც არ იცნობთ, გაიცანით: ეს „მილენიუმის“ ახალი მთავარი რედაქტორი მალინ
ერიქსონია. აქ მოსვლა იმიტომ ვთხოვე, რომ დღევანდელი განსახილველი თემა მის
სამსახურზეც აისახება.
– ესეც ასე, ყველა აქაა, – თქვა არმანსკიმ, – ყურადღებით გისმენთ.
ბლუმკვისტი დაფასთან დადგა და მარკერი აიღო.
– ასეთ გიჟურ საქმეში პირველად გავერიე, – დაიწყო მან, – როცა ყველაფერი
მორჩება, „იდიოტური მაგიდის რაინდების“ ასოციაციას დავაარსებ და ყოველწლიურ
წვეულებებზე შევიკრიბებით ლიზბეთ სალანდერის თავგადასავლების მოსაყოლად.
თქვენ ყველანი ამ ასოციაციის წევრები იქნებით.
ბლუმკვისტი შეყოვნდა.
– მაშ ასე, აი, რა ხდება სინამდვილეში, – თქვა მან და არმანსკის დაფაზე მოკლე
თეზისები ჩამოწერა. თითქმის ნახევარ საათს წერდა. თათბირი კი სამ საათზე
მეტხანს გაგრძელდა.
თათბირის დასრულების შემდეგ გულბერგი კლინტონის გვერდით ჩამოჯდა.
რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ წამოდგა და ძველმა კოლეგებმა ერთმანეთს
ხელი ჩამოართვეს.
გულბერგი ტაქსით დაბრუნდა სასტუმროში, ბარგი ჩაალაგა, ანგარიში გაასწორა და
ღამის მატარებლით გეტებორგში გაემგზავრა. პირველი კლასის ბილეთი ჰქონდა და
კუპეში მარტო Yიჯდა. ორსტაბრონს რომ გასცდა, ბლოკნოტი და ავტოკალამი
ამოიღო. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ბლოკნოტი გადაშალა და შენიშვნების
ჩამოწერას შეუდგა. ნახევარ გვერდი გაავსო და ფურცელი ბლოკნოტიდან ამოხია.
დოკუმენტების გაყალბება მისი მოვალეობა და სპეციალობა არასდროს ყოფილა,
მაგრამ ახლა საქმეს ის ამარტივებდა, რომ წერილს თვითონ მოაწერდა ხელს. მეორე
მხრივ, საქმეს ის ართულებდა, რომ ამ წერილში ერთი სიტყვაც კი არ იქნებოდა
სიმართლე.
ნიჩოპინგი უკან დარჩა, მას კი ხელთ წერილის რამდენიმე დაწყებული ვარიანტი
ჰქონდა, თუმცა საჭირო ფრაზებს და წინადადებებს თანდათან იფიქრებდა.
გეტებორგში წერილის თორმეტი განსხვავებული ვარიანტით ჩავიდა. ყოველ
ფურცელზე გამიზნულად დატოვა თითის ანაბეჭდები.
გეტებორგის რკინგზის სადგურში ქსეროქსის აპარატი მოძებნა და წერილების
ქსეროასლი გადაიღო. მერე კონვერტები და საფოსტო მარკები იყიდა და წერილები
იმ საფოსტო ყუთში ჩაყარა, რომელსაც ღამის ცხრა საათზე აცარიელებდნენ.
ლორენსბერგგატანზე, City Hotel-ში ტაქსით წავიდა. იქ კლინტონს უკვე დაეჯავშნა
მისთვის ნომერი. ეს სწორედ ის სასტუმრო იყო, რომელშიც რამდენიმე დღის წინ
ბლუმკვისტმა გაატარა ერთი ღამე. გულბერგი პირდაპირ ნომერში ავიდა და
საწოლზე ჩამოჯდა. გადაქანცულს, გაახსენდა, რომ მთელი დღის განმავლობაში
მხოლოდ ორი ნაჭერი პური ჭამა. ამის მიუხედავად, არ შიოდა. გაიხადა, საწოლში
ჩაწვა და მაშინვე ჩაეძინა.
სალანდერს კარის გაღების ხმა მოესმა და უეცრად გამოეღვიძა. მაშინვე მიხვდა, რომ
ეს მედდა არ იყო. თვალები ოდნავ გაახილა და ყავარჯნებიანი ადამიანის სილუეტი
გაარჩია. დერეფნიდან შემოსულ შუქში ზალაჩენკო აკვირდებოდა.
თავის გაუნძრევლად გახედა ტუმბოზე შემოდებულ ელექტროსაათს. ეკრანზე 3:10
ციმციმებდა.
ტუმბოზე წყლის ჭიქაც იდგა. მანძილი გამოთვალა. შეეძლო ჭიქას გაუნძრევლად
მისწვდომოდა.
ხელის გაშლას, ჭიქის აღებას და ტუმბოს კიდეზე მის გადამტვრევას სულ
რამდენიმე წამი დასჭირდებოდა. თუ ზალაჩენკო მისკენ დაიხრებოდა, ჭიქის
ნამსხვრევს ნახევარ წამში გამოუსვამდა ყელში. ჭიქის გარდა იარაღად გამოსადეგს
სხვას ვერაფერს მისწვდებოდა.
მოდუნდა და ლოდინი დაიწყო.
ზალაჩენკო ორი წუთი გაუნძრევლად იდგა. მერე კარი გაიხურა.
სალანდერმა ყავარჯნების ჩუმი ჭრაჭუნი გაიგონა. ზალაჩენკო თავის პალატაში
ბრუნდებოდა.
ხუთი წუთის შემდეგ, მარჯვენა იდაყვს დაყრდნობილი, ჭიქას მიწვდა და წყალი
მოსვა. ფეხები საწოლიდან გადმოყო. ძლივძლივობით წამოდგა, მკლავებიდან და
მკერდიდან ელექტროდები მოიხსნა და წაბარბაცდა. რამდენიმე წამი დასჭირდა
წონასწორობის აღსადგენად. კარამდე მიბანცალდა და კედელს მიეყუდა სულის
მოსათქმელად. აღგზნებულს, ერთიანად ცივი ოფლი ასხამდა.
„შე ნაბიჭვარო ზალაჩენკო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგიღო ბოლო“.
იარაღი სჭირდებოდა.
უცებ დერეფნიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი მოესმა.
„ჯანდაბა. ელექტროდები“.
– ღმერთო ჩემო, რას აკეთებთ? – ჰკითხა ღამის მედდამ.
– მე... მე... ტუალეტში მინდოდა, – ძლივს ამოილუღლუღა სალანდერმა.
– ახლავე საწოლში დაბრუნდით.
მედდამ სალანდერს მკლავზე წაავლო ხელი და დაწოლაში დაეხმარა. მერე ღამის
ქოთანი მოუტანა.
– თუ ტუალეტში მოგინდებათ, დაგვირეკეთ. ეს ღილაკი ამისთვისაა.
ბლუმკვისტმა სამშაბათს 11:30 საათზე გაიღვიძა. შხაპი მიიღო, ყავა მოიდუღა და
„აიბუქს“ მიუჯდა. Milton Security-იდან დაბრუნებულმა დილის ხუთ საათამდე
იმუშავა. სტატია თანდათან იღებდა საბოლოო სახეს. ზალაჩენკოს ბიოგრაფია ჯერაც
ბუნდოვანი იყო – მასზე მხოლოდ ის ინფორმაცია გააჩნდა, რაც ბიორკს გამოსძალა
და პალმგრენისგან შეიტყო. აი, სალანდერის ისტორია კი თითქმის დაასრულა.
დეტალურად აღწერა, როგორ შეკრეს პირი „ცივ ომს“ მონატრებულმა RPS/Säk-
ელებმა მის წინააღმდეგ და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს, რათა
ზალაჩენკოს საიდუმლო არ გაემჟღავნებინა.
ბლუმკვისტი ნამუშევრით კმაყოფილი იყო. რამდენიმე შტრიხიღა რჩებოდა, და
სენსაციური სტატია გამოდიოდა. მის გამოქვეყნებას მთავრობის ბიუროკრატიულ
ეშელონებში ვულკანის ამოფრქვევა მოჰყვებოდა.
ჩაფიქრებულმა გააბოლა სიგარეტი.
ორი ხარვეზისთვის უნდა მიექცია ყურადღება. პირველს შედარებით ადვილად
მოევლებოდა – პეტერ ტელებორიანთან უნდა გაერკვია საქმე და ამისთვის უკვე
ემზადებოდა. მის საქმეს რომ მოვრჩები, შვედეთის ყველაზე ცნობილი ფსიქიატრი
ყველაზე საძულველ ადამიანად იქცევაო, დარწმუნებით ფიქრობდა.
მეორე საკითხი უფრო რთული იყო.
სალანდერის წინააღმდეგ შეთქმულები – ბლუმკვისტმა მათ „ზალაჩენკოს კლუბი“
შეარქვა – უსაფრთხოების სამსახურის წევრები იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს, ბიორკს,
იცნობდა, მაგრამ პასუხისმგებელი მხოლოდ ბიორკი ვერ იქნებოდა. ალბათ რაღაც
ჯგუფი, ქვედანაყოფი არსებობდა, რომელსაც ხელმძღვანელებიც ჰყავდა და
საიდანღაც ფინანსდებოდა. თუმცა ბლუმკვისტმა არ იცოდა, როგორ მოეძებნა ეს
ხალხი ან ძებნა საიდან დაეწყო. მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა „სეპოს“
სტრუქტურულ აგებულებაზე.
ორშაბათს კვლევა იმით დაიწყო, რომ კორტესი სოდერმალმში გაგზავნა,
ბუკინისტურ მაღაზიებში „სეპოსთან“ დაკავშირებული ყველა წიგნი იყიდე და
მომიტანეო. კორტესი ბინაში ნაშუადღევს ესტუმრა და ექვსი წიგნი მოუტანა:
მიქაელ როსქვისტის „შპიონაჟი შვედეთში“ (Tempus, 1988); პერ გუნარ ვინგეს „სეპოს“
შეფი 1962-1970“ (Wahlström & Widstrand, 1988); იან ოტოსონის და ლარს მაგნუსონის
„საიდუმლო ძალები“ (Tiden, 1991); ერიკ მაგნუსონის „ბრძოლა „სეპოზე“
გაბატონებისთვის“ (Corona, 1989); კარლ ლიდბომის „დავალება“ (Wahlström &
Widstrand, 1990) და, ბლუმკვისტისთვის მოულოდნელად, თომას უაითსაიდის
„ჩანერგილი აგენტი“ (Viking, 1966), რომელიც სტიგ ვენერსტრომის საქმეს ეხებოდა –
XX ს-ის სამოციანი წლების საქმეს და არა – რამდენიმე წლის წინანდელ ჰანს-ერიკ
ვენერსტრომისას.
წიგნების თვალიერება ორშაბათ ღამით დაიწყო და მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტა.
კითხვისას ორი რამ შენიშნა. ის, რომ უსაფრთხოების სამსახურზე დაწერილი
წიგნების უმეტესობა ოთხმოციან წლებში გამოეცათ (ბლუმკვისტმა ინტერნეტით
გაარკვია, რომ ამ თემაზე ლიტერატურა უკვე ნაკლებად გამოიცემოდა); და ის, რომ
შვედეთის სპეცსამსახურების საქმიანობა არც ერთ წიგნში წესიერად განხილული არ
იყო, შესაძლოა, იმიტომ, რომ საქმეების უმეტესობა გასაიდუმლოებული იყო და
ავტორებს დოკუმენტებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. არც ერთი მკვლევარი,
ინსტიტუტი თუ მედიასაშუალება „სეპოს“ კრიტიკულად არ აფასებდა.
ბლუმკვისტმა კიდევ ერთი უცნაურობაც შეამჩნია: კორტესის მოტანილ არც ერთ
წიგნს ბიბლიოგრაფია არ ერთვოდა. სამაგიეროდ, სქოლიოებში საღამოს გაზეთის
სტატიის სათაურები ან „სეპოს“ რომელიმე პენსიაზე გასული თანამშრომლის
სახელი იყო მიYთითებული.
„საიდუმლო ძალები“ შესანიშნავი წიგნი აღმოჩნდა, მაგრამ ძირითადად, მეორე
მსოფლიო ომამდელ და ომის დროინდელ მოვლენებს ეხებოდა. ბლუმკვისტმა პერ
გუნარ ვინგეს წიგნი პროპაგანდად შეაფასა, სამსახურიდან დათხოვნილმა და
კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩენილმა „სეპოს“ ყოფილმა შეფმა თავის
გასამართლებლად რომ დაწერა. „ჩანერგილი აგენტის“ პირველსავე თავში
შვედეთზე იმდენი უზუსტობა აღმოაჩინა, რომ წაუკითხავად მოისროლა სანაგვე
ყუთში. ორად ორ წიგნში აღწერდნენ უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას მეტ-
ნაკლები სიზუსტით. ესენი იყო: „ბრძოლა „სეპოზე“ გაბატონებისთვის“ და
„შპიონაჟი შვედეთში“. ორივე წიგნი შეიცავდა მონაცემებს, სახელებსა და
საიდუმლო დოკუმენტების ასლებს. მაგნუსონის წიგნის წაკითხვა ნამდვილად
ღირდა. მართალია, ბლუმკვისტის კითხვებს პირდაპირ ვერ სცემდა პასუხს, მაგრამ
„სეპოს“ სტრუქტურულ აგებულებასა და ათწლეულების განმავლობაში მისი
საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე გარკვეული შთაბეჭდილება შეექმნა.
ყველაზე ძლიერ კი ლიდბომის „დავალებამ“ გააკვირვა. წიგნში აღწერილი იყო, რა
პრობლემები შეექმნა საფრანგეთში შვედეთის ყოფილ ელჩს, როცა ულოფ პალმეს
მკვლელობიდან და „ებე კარლსონის საქმიდან“ მალევე „სეპოს“ საქმიანობის
გამოძიება დაავალეს. ბლუმკვისტს ლიდბომის სხვა არაფერი წაეკითხა და ავტორის
სარკასტულმა ტონმა და მახვილგონივრულმა დაკვირვებებმა მოხიბლა. თუმცა,
ბლუმკვისტმა საჭირო ინფორმაცია ვერც ლიდბომის წიგნში მოძებნა, მიუხედავად
იმისა, რომ თანდათან ხვდებოდა, ვის და რას უპირისპირდებოდა.
მერე კორტესს დაურეკა.
– გამარჯობა, ჰენრი. გმადლობ, რომ გუშინ ჩემთვის წიგნების ყიდვა არ დაიზარე.
– ახლა რაღა გინდა?
– მინდა, დღესაც არ დაიზარო.
– მიკე, მაპატიე, მაგრამ სამუშაო მაქვს. ახლა აღმასრულებელი რედაქტორი ვარ.
– კარიერულ წინსვლას გილოცავ.
– რა გაინტერესებს?
– წლების განმავლობაში „სეპოს“ საქმიანობა რამდენჯერმე გამოიკვლიეს. ერთხელ –
კარლ ლიდბომმა. სხვა კვლევებიც იქნება.
– გასაგებია.
– პარლამენტიდან ყველაფერი გამოიტანე, რასაც მოგცემენ: ფინანსური ანგარიშები,
საჯარო მოხსენებები, ოფიციალური დაკითხვის ოქმები და ა. შ. და კიდევ, „სეპოს“
ყოველწლიური მოხსენებებიც წამომიღე – ყველა წლისა, თუკი იპოვი.
– დიახ, მბრძანებელო.
– ყოჩაღ. ჰო, ჰენრი...
– გისმენ.
– ხვალამდე ნუ იჩქარებ.
სალანდერი მთელ დღეს ზალაჩენკოზე ფიქრობდა. იცოდა, რომ ის სულ ორი
პალატით მოშორებით იწვა, ღამღამობით დერეფანში დაეხეტებოდა და 3:10 საათზე
მის პალატაში შემოიხედა.
გოსებერგაში როცა მიაგნო, სალანდერმა მისი მოკვლა მოინდომა, მაგრამ ხელი
მოეცარა. შედეგად, ზალაჩენკო ახლა მისგან ათიოდე მეტრში იწვა.
თავად სალანდერიც რთულ სიტუაციაში იყო; შიშობდა, ალბათ მეც საზღვარგარეთ
გაქცევა მომიწევს, თორემ კვლავ საგიჟეთში ჩამკეტავენ და დარაჯად ტელებორიანს
მომიჩენენო.
გაქცევამდე კი პრობლემა ის იყო, რომ წამოჯდომაც კი უჭირდა. თავს გამოკეთებას
ვერ ატყობდა. თავის ტკივილი ისევ აწუხებდა; მართალია, მუდმივად აღარ, მაგრამ
დროდადრო წამოუვლიდა ხოლმე. მარცხენა მხარში ტკივილი ოდნავ დაუცხრა,
მაგრამ განძრევისას მაინც თავს ახსენებდა.
მის კართან ნაბიჯის ხმა გაისმა. მედდა ეგონა, მაგრამ კარი შავშარვლიანმა,
თეთრკოფთიანმა და ნაცრისფერქურთუკიანმა ქალმა შემოაღო. ლამაზი, ტანადი,
შავთმიანი ქალი იყო. თავდაჯერებულებას ასხივებდა. შავი პორტფელი ეჭირა.
სალანდერმა მაშინვე შეამჩნია, რომ მასაც ისეთივე თვალები ჰქონდა, როგორც
ბლუმკვისტს.
– გამარჯობა, ლიზბეთ, მე ანიკა ჯიანინი ვარ, – მიესალმა ქალი, – შეიძლება
შემოვიდე?
სალანდერმა უემოციოდ შეათვალიერა ჯიანინი. რატომღაც ბლუმკვისტის დასთან
შეხვედრა აღარ მოუნდა და ინანა, მის ადვოკატად აყვანას რატომ დავთანხმდიო.
ჯიანინიმ კი კარი მიხურა და სკამზე ჩამოჯდა. კარგა ხანს თვალებში უყურებდა
კლიენტს.
გოგო საშინლად გამოიყურებოდა. თავი შეხვეული ჰქონდა, უპეები –
ჩალურჯებული.
– სანამ საუბარს დავიწყებთ, უნდა მითხრა, მართლა გინდა თუ არა, შენი ადვოკატი
ვიყო. სინამდვილეში მე სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი ვარ და ოჯახური
ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლთა უფლებებს ვიცავ. სისხლის
სამართლის სპეციალისტი არ ვარ. თუმცა, შენი საქმის დეტალები შევისწავლე და
სიამოვნებით წარმოვადგენ შენს ინტერესებს. აგრეთვე გაცნობებ, რომ მე მიქაელ
ბლუმკვისტის და ვარ – ალბათ ეს უკვე იცი – და ჰონორარს ის და დრაგან არმანსკი
მიხდიან, – ჯიანინი შეყოვნდა, მაგრამ სალანდერისგან პასუხი რომ ვერ მიიღო,
განაგრძო: – თუ გინდა, რომ შენი ადვოკატი ვიყო, შენთვის ვიმუშავებ და არა – ჩემი
ძმისთვის ან არმანსკისთვის. უნდა გაცნობო, რომ სასამართლო პროცესის
მიმდინარეობისას შენი ყოფილი მეურვე, ჰოლგრენ პალმგრენიც დამეხმარება.
გამოცდილი ადვოკატია; თან შენს დასახმარებლად ავადმყოფის სარეცელიდან
წამოდგა.
– პალმგრენი?
– დიახ.
– ნახე?
– დიახ.
– როგორ არის?
– განრისხებულია, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, შენზე სულაც არ ღელავს.
სალანდერს ცალყბად ჩაეღიმა, სოლგრენსკას საავადმყოფოში – პირველად.
– შენ როგორ გრძნობ თავს? – ჰკითხა ჯიანინიმ.
– ნეხვის გროვასავით.
– გასაგებია. მაშ, გინდა თუ არა შენი ადვოკატი ვიყო?
– დიახ. მაგრამ ჰონორარს მე თვითონ გადაგიხდი. არმანსკისგან და კალე
ბლუმკვისტისგან ერთი ერეც არ მინდა. გადაგიხდი, ოღონდ ჯერ ინტერნეტში
შესვლა დამჭირდება.
– გასაგებია. მაგ პრობლემას მოგვიანებით მოვაგვარებთ. ყოველ შემთხვევაში,
თანხის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო იხდის. თათბირის დაწყებამდე მიქაელის
შეტყობინებას გადმოგცემ. გამოცანასავით კი ჟღერს, მაგრამ დამარწმუნა, ლიზბეთი
ყველაფერს მიხვდებაო.
– ოჰო!
– უნდა, იცოდე, რომ ყველაფერი მიამბო, გარდა რამდენიმე დეტალისა. არაფერი
უთქვამს იმ შენს უნარებზე, რომლებზეც ჰედესტადში შეიტყო.
„მიქაელმა იცის, რომ ფოტოგრაფიული მახსოვრობა მაქვს... იცის, რომ ჰაკერი ვარ“.
– გასაგებია.
– გარდა ამისა, არაფერი უთქვამს DVD-ზე. ვერ ვხვდები, რას გულისხმობს, მაგრამ
დაიჟინა, თუ სურვილი ექნება, სალანდერი თვითონ მოგიყვებაო. შენ თუ ხვდები,
რაზე მიგანიშნებს?
„ვიდეოზე, რომელშიც ბიურმანი მაუპატიურებს“.
– დიახ.
– მაშ, კარგი, – ანიკა ჯიანინი უეცრად შეყოყმანდა, – ჩემს ძმაზე ცოტა ნაწყენი ვარ.
მართალია, დამიქირავა, მაგრამ მხოლოდ იმას მეუბნება, რაც თვითონ ნებავს. შენც
აპირებ რაღაც-რაღაცეების დამალვას?
– არ ვიცი. იქნებ ამაზე სხვა დროს გიპასუხო?
– რა თქმა უნდა. ამიერიდან ხშირად მოგვიწევს შეხვედრა და საუბარი. ამჯერად
დიდხანს არ მცალია. ორმოცდახუთ წუთში პროკურორ იერვასთან მაქვს შეხვედრა.
მხოლოდ იმის გაგება მინდოდა, მართლა გსურს თუ არა, რომ შენი ადვოკატი ვიყო.
თუმცა, კიდევ ერთი რამ უნდა გითხრა.
– გისმენ.
– ჩემ გარეშე პოლიციასთან სიტყვა არ დაძრა, რაც უნდა გკითხონ. თუნდაც
გამოგიწვიონ ან დაგადანაშაულონ. შეგიძლია ეს?
– უპრობლემოდ.
გადაღლილმა გულბერგმა სამშაბათს დილის 9:00 საათზე გაიღვიძა – ჩვეულებრივზე
ოთხი საათით გვიან, და სააბაზანოში შევიდა.კედლის სარკეში დიდხანს
აკვირდებოდა თავს. მერე სააბაზანოში შუქი ჩააქრო და ოთახში დაბრუნდა.
ყავისფერი პორტფელიდან ერთადერთი სუფთა პერანგი ამოიღო, ჩაიცვა და
ყავისფერზოლიანი ჰალსტუხიც გაიკეთა.
სასტუმროს რესტორანში ისაუზმა. ერთ ფინჯან შავი ყავასთან ერთად ყველიანი და
ჯემიანი პური მიირთვა და ერთი ჭიქა მინერალური წყალიც დააყოლა.
შემდეგ სასტუმროს ვესტიბიულში გავიდა და საქალაქო ტელეფონიდან კლინტონს
მობილურზე დაურეკა.
– მე ვარ. როგორ არის საქმე?
– საკმაოდ ცუდად.
– ფრედრიკ, შეძლებ ამასთან გამკლავებას?
– კი, ძველი დრო გამახსენდა; ერთი ეგაა, ფონ როტინგერი აღარ არის ჩვენთან.
ოპერაციების დაგეგმვა ჩემზე უკეთ მას ეხერხებოდა.
– არც შენ იყავი მასზე ნაკლები. ნებისმიერ წამს შეგეძლოთ ერთმანეთის შეცვლა და
ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ.
– მას უკეთესი ალღო ჰქონდა.
– მითხარი, ახლა რას აკეთებთ?
– სანდბერგი იმაზე გამჭრიახი აღმოჩნდა, ჩვენ რომ გვეგონა. მორტენსონს
დავასაქმებთ. შავი სამუშაოებისთვის გამოგვადგება. ბლუმკვისტის სახლის და
მობილურ ტელეფონებს უკვე ვუსმენთ. ჯიანინისა და „მილენიუმის“ რედაქციის
ტელეფონებს დღეს მივხედავთ. ახლა მათი შენობების გეგმას ვიკვლევთ. ვეცდებით,
რაც შეიძლება მალე შევაღწიოთ შიგნით.
– უპირველეს ყოვლისა, 1991 წლის მოხსენების ასლებს უნდა მიაკვლიოთ...
– უკვე მივაკვლიე. ბედმა გაგვიღიმა. ამ დილით ჯიანინიმ ბლუმკვისტს დაურეკა.
ჰკითხა, სულ რამდენი ასლი გაქვთო და გაირკვა, რომ ბლუმკვისტს მხოლოდ ერთი
აქვს. ბერგერმა მოხსენების ასლი გადაიღო, მაგრამ ბუბლანსკისთვის გაუგზავნია.
– კარგია. ზედმეტ დროს აღარ დავხარჯავთ.
– ვიცი, მაგრამ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით უნდა გაკეთდეს. თუ ყველა ასლს
ერთდროულად არ ჩავიგდებთ ხელში, არაფერი გამოვა.
– მართალია.
– საქმე ცოტა გართულდა, რადგან ჯიანინი გეტებორგში გაემგზავრა. ბიჭები
ვერტმფრენით დავადევნე. ახლახან ჩაფრინდნენ გეტებორგში.
– კარგი, – მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა გულბერგმა, – გმადლობ, ფრედრიკ.
– არაფერს. თირკმლის გულხელდაკრეფით ლოდინს ისევ ასე სჯობია.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ. გულბერგმა სასტუმროში ანგარიში გაასწორა და
ქუჩაში გავიდა. თამაში უკვე დაიწყო. მთავარი იყო, ყველაფერი სწორად დაეგეგმათ.
სასტუმრო Elite Park Avenue-ში შევიდა და ფაქსის აპარატით სარგებლობა ითხოვა –
გამიზნულად მივიდა სხვა სასტუმროში – და წინა დღეს დაწერილი წერილების
ასლები გაგზავნა. სასტუმროდან ქუჩაზე გავიდა ტაქსის გასაჩერებლად. წერილების
ასლები დახია და სანაგვეში ჩაყარა.
ჯიანინიმ პროკურორ იერვასთან თხუთმეტი წუთი დაყო. აინტერესებდა, რა
ბრალდებების წაყენებას აპირებდა პროკურორი სალანდერისთვის. გაარკვია, რომ
იერვასს ჯერ ვერ გადაეწყვიტა, როგორ ემოქმედა.
– ჯერჯერობით თავდასხმასა და წინასწარ განზრახული მკვლელობის მცდელობით
შემოვიფარგლები. სალანდერმა რომ მამამისს ნაჯახი ჩაარტყა, იმას ვგულისხმობ.
თქვენ ალბათ გაასაჩივრებთ, სალანდერი თავს იცავდაო.
– შეიძლება.
– სიმართლე გითხრათ, ამწუთას ჩემთვის ნიდერმანია პრიორიტეტული.
– გასაგებია.
– გენერალურ პროკურორს ვესაუბრე. შესაძლოა, თქვენი კლიენტისთვის
წაყენებული ბრალდებები სტოკჰოლმის პროკურატურას გადაეცეს და ისინი აქ
მომხდართან გააერთიანონ.
– ისედაც ველოდი, რომ საქმე სტოკჰოლმს გადაეცემოდა, – თქვა ჯიანინიმ.
– ძალიან კარგი. თუმცა, მანამდე გოგონა ჩვენ უნდა დავკითხოთ. ამას როდის
შევძლებYთ?
– ექიმ ანდერს იუნასონის დასკვნით, სალანდერი კიდევ რამდენიმე დღე ვერ
შეძლებს დაკითხვაში მონაწილეობას. მძიმე ტრავმა მიიღო და ჯერაც
ტკივილგამაყუჩებლებს სვამს.
– მისი დასკვნა მეც მივიღე და, იმედია, ხვდებით, რომ ძალიან გამაღიზიანა.
ვიმეორებ, რომ ჩემთვის ნიდერმანი უფრო პრიორიტეტულია. თქვენი კლიენტი
აცხადებს, რომ არ იცის, ის სად იმალება.
– ის ნიდერმანს არც კი იცნობს. იპოვა და გოსებერგამდე მისდია, რომ ზალაჩენკოს
კვალზე გასულიყო.
– თქვენი კლიენტი როგორც კი მოღონიერდება, მის დაკითხვაზე შევხვდებით, –
თქვა იერვასმა.
გულბერგი ყვავილების თაიგულით ხელში ყავისფერქურთუკიან, მოკლეთმიან
ქალთან ერთად შევიდა სოლგრენსკას საავადმყოფოს ლიფტში. გამოსვლისას წინ
ქალი გაატარა.
– მე ანიკა ჯიანინი ვარ, ადვოკატი, და ჩემი კლიენტის, ლიზბეთ სალანდერის, ნახვა
მინდა, – უთხრა ქალმა მიმღებში მორიგეს.
გულბერგმა ნელა მიატრიალა თავი და ქალს გაკვირვებით შეხედა. სანამ მედდა
ჯიანინის პირადობის მოწმობას ამოწმებდა, გულბერგმა მისი პორტფელი
შეათვალიერა.
– მეთორმეტე პალატაში მიბრძანდით, – უთხრა მედდამ ჯიანინის.
– გმადლობთ, გზა უკვე ვიცი, – ქალი დერეფანს გაუყვა.
– რით დაგეხმაროთ? – გულბერგს მიუბრუნდა მედდა.
– დიახ, მინდა ეს ყვავილები კარლ აქსელ ბოდინს გადავცე.
– ჩვენ გადავცემთ.
გულბერგმა ყვავილები გამიზნულად წამოიღო, რომ მიმღების კარგად
დათვალიერების საშუალება ჰქონოდა. მედდას მადლობა გადაუხადა და კიბისკენ
წავიდა. გზად ზალაჩენკოს პალატას ჩაუარა. იუნას სანდბერგმა აცნობა,
მეთოთხმეტე პალატაში წევსო.
კიბის ბაქანზე შედგა. მინის კარს უკნიდან უთვალთვალებდა, როგორ შეიტანა
მედდამ თაიგული ზალაჩენკოს პალატაში. სანამ მედდა თავის მაგიდას
დაუბრუნდებოდა, გულბერგი სწრაფად შევიდა დერეფანში და მეთოთხმეტე
პალატის კარი შეაღო.
– დილა მშვიდობისა, ალექსანდერ, – მიესალმა ზალაჩენკოს.
ზალაჩენკომ გაკვირვებით შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს.
– მეგონა, უკვე მოკვდი, – თქვა ბოლოს.
– ჯერ არა.
– რა გინდა?
– შენი აზრით?
გულბერგმა საწოლთან სკამი მისწია და დაჯდა.
– ალბათ ჩემი სიკვდილი.
– ამისთვის მადლობელი დაგრჩებოდით. ასეთი სისულელე როგორ ჩაიდინე? ჩვენ
ახალი ცხოვრებით დაგასაჩუქრეთ, შენ კი აქ ამოყავი თავი.
ზალაჩენკოს რომ სიცილის ძალა ჰქონოდა, გაიცინებდა. მისი აზრით, შვედეთის
უსაფრთხოების სამსახური არაპროფესიონალთა ბრბო იყო. ეს გულბერგსაც ეხებოდა
და ბიორკსაც, რომ აღარაფერი ითქვას იმ იდიოტ ბიურმანზე.
– კიდევ ერთხელ უნდა ამოგათრიოთ ჭაობიდან.
ზალაჩენკოს „მოლოტოვის კოქტეილისგან“ დამახინჯებულ სახეზე უკმაყოფილება
აღებეჭდა.
– არ მჭირდება შენი ჭკუის სწავლება. დროზე გამიყვანეთ აქედან.
– აქ სწორედ ამაზე სასაუბროდ მოვედი.
გულბერგმა პორტფელი მუხლებზე დაიდო, ბლოკნოტი ამოიღო, ცარიელ გვერდზე
გადაფურცლა და ზალაჩენკოს გამჭოლი მზერა მიაპყრო.
– ერთი რამ მაინტერესებს... იმის შემდეგ, რაც შენთვის გავაკეთეთ, მართლა
აპირებდი ჩვენს ღალატს?
– შენ როგორ ფიქრობ?
– გააჩნია, რამდენად გიჟი ხარ.
– გიჟს ნუ მეძახი. მე გადარჩენისთვის ვიბრძვი და გადასარჩენად ყველაფერს ვიზამ.
გულბერგმა თავი გააქნია.
– არა, ზალაჩენკო, რასაც აკეთებ, იმიტომ აკეთებ, რომ ავი და დამპალი ხარ.
„სექციისგან“ პასუხს ელოდი და მეც მოგიტანე. ამჯერად შენს დასახმარებლად
თითსაც არ გავანძრევთ.
ზალაჩენკო გულბერგს დაეჭვებით მიაშტერდა, იქნებ მატყუებსო.
– არჩევანი არ გაქვთ, – თქვა ბოლოს.
– არჩევანი ყოველთვის არსებობს, – მშვიდად უპასუხა გულბერგმა.
– იცოდე, მე...
– შენ ვეღარაფერს იზამ.
გულბერგმა ამოიხვნეშა, პორტფელის გარეთა ჯიბე გახსნა და ამიღო 9
მილიმეტრიანი, ოქროსტარიანი რევოლვერი, რომელიც ოცდახუთი წლის წინ
ბრიტანული სადაზვერვო სამსახურისგან მიიღო საჩუქრად – ბრიტანელებს
შეუფასებელი ინფორმაცია მიაწოდა MI5-ის კანცელარიის მოხელეზე, რომელიც
ფილბივით[6] რუსებისთვის ჯაშუშობდა.
ზალაჩენკოს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. შემდეგ გადაიხარხარა.
– მაგით რას მიზამ? მომკლავ? შენი უბადრუკი ცხოვრების ბოლო წლების ციხეში
გატარება მოგიწევს.
– არა მგონია.
ამჯერად ზალაჩენკო სერიოზულად დაეჭვდა, გულბერგი არ უნდა იტყუებოდესო.
– დიდი სკანდალი ატყდება.
– არც ეს მგონია. რამდენიმე გაზეთში დაბეჭდავენ ამ ამბავს, მაგრამ ორიოდე კვირის
შემდეგ გვარი „ზალაჩენკო“ აღარავის ემახსოვრება.
ზალაჩენკომ თვალები მოჭუტა.
– შე ნაბიჭვარო, – ისე ცივად წარმოთქვა გულბერგმა, რომ ზალაჩენკოს ცივმა
ჟრუანტელმა დაუარა.
ის იყო, პროთეზიანი ფეხის საწოლიდან გადმოყოფა დააპირა, რომ გულბერგმა
სასხლეტს თითი გამოჰკრა და ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედა. ზალაჩენკო
ბალიშზე დაეცა. მისი საღი ფეხი ოთხჯერ-ხუთჯერ შეტოკდა და გაშეშდა. საწოლის
უკან, კედელზე სისხლის შხეფები წითელი ყვავილივით გაიშალა. გულბერგმა
თავისუფალი ხელით მშვიდად დაისრისა მარცხენა დაგუბებული ყური.
მერე წამოდგა, ლულა ზალაჩენკოს საფეთქელზე მიადო და სასხლეტს კიდევ ორჯერ
გამოჰკრა თითი. უნდა დარწმუნებულიყო, რომ ეს ნაბიჭვარი მართლა მოკვდა.
პირველი გასროლისთანავე სალანდერი ისე მკვეთრად წამოჯდა, რომ მარცხენა
მხარი ტკივილმა გაუკავა. შემდეგი ორი გასროლა რომ გაისმა, საწოლიდან
წამოდგომა დააპირა.
ჯიანინი სულ რამდენიმე წუთის შესული იყო მის პალატაში. ადვოკატი სკამზე
გაშეშდა და სცადა დაედგინა, საიდან ისმოდა დამაყრუებელი ხმაური. სალანდერის
რეაქციამ მიახვედრა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა.
– დაწექი, – კლიენტს მკერდზე მიადო ხელი და საწოლს მიალურსმა.
მერე პალატის კართან მიირბინა და ოდნავ გამოაღო. ორი მედდა ერთ-ერთი
პალატისკენ გარბოდა. პირველი მედდა ზღურბლთან შეჩერდა.
– არა! რას აკეთებთ? – დაიყვირა მან და უკან დახევისას მეორე მედდას შეეჯახა, –
რევოლვერი აქვს. გაიქეცი!
მედდებმა სალანდერის გვერდითა პალატას შეაფარეს თავი.
დერეფანში კუბოკრულპიჯაკინი, თმაჭაღარა მოხუცი გამოვიდა, ხელში
რევოლვერით. ანიკამ იცნო კაცი. მასთან ერთად ამოვიდა ლიფტით.
მათი მზერა ერთმანეთს შეეფეთა. მოხუცი დაბნეული ჩანდა, თუმცა ქალს
რევოლვერი დაუმიზნა და მისკენ გამოემართა. ჯიანინიმ მაშინვე შიგნით შეყო თავი
და კარი მიხურა. სასოწარკვეთილმა მიმოიხედა. კედელთან მდგარი მედდის მაგიდა
კართან მიაგორა და მისი ზედაპირი სახელურს მიაბჯინა.
უცებ შარიშური მოესმა და შებრუნდა. სალანდერი ისევ ლოგინიდან წამოდგომას
ცდილობდა. ჯიანინიმ სწრაფად მიირბინა მასთან, ელექტროდები დააგლიჯა, ხელში
აიტაცა და ტუალეტში გაიყვანა. იქ უნიტაზზე დასვა. თვითონ ისევ პალატაში
დაბრუნდა და ტუალეტის კარი ჩაკეტა. მერე ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი
ამოიღო და პოლიციას დაურეკა.
გულბერგი სალანდერის პალატის კარს მიაწვა, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა.
კართან შეყოვნდა, ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა. ჯიანინი პალატაში იყო და ბიორკის
მოხსენების ასლი ალბათ პორტფელში ედო. თუმცა, კარს ვერ აღებდა; მისი
შემტვრევის ძალა კი არ ჰქონდა.
„ეს ჩემს გეგმაში მაინც არ შედიოდა. ჯიანინის კლინტონი მიხედავს. ჩემი დავალება
ზალაჩენკო იყო“.
მიმოიხედა. ყველა მხრიდან მედდები, პაციენტები და მნახველები უყურებდნენ.
რევოლვერი ასწია და კედელზე დაკიდებულ ნახატს ესროლა. მაყურებლები თვალის
დახამხამებაში გაქრნენ.
უკანასკნელად შეავლო თვალი სალანდერის პალატის კარს და ზალაჩენკოს
პალატაში დაბრუნდა. კარი მიხურა, სკამზე ჩამოჯდა და შეხედა რუს ჯაშუშს,
რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ათ წუთს გაუნძრევლად იჯდა, სანამ დერეფანში ნაბიჯების ხმა არ გაისმა. პოლიცია
მოვიდა. გულბერგმა უკანასკნელად ასწია რევოლვერი, საფეთქელზე მიიდო და
სასხლეტს თითი გამოჰკრა.
საავადმყოფოში თვითმკვლელობა არცთუ კარგი აზრია – გულბერგი მაშინვე
ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გააქანეს, სადაც ექიმმა იუნასონმა მის
გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.
ბოლო ერთ კვირაში იუნასონს ორჯერ მოუხდა თავის ქალის გაბურღვა და ტყვიის
ამოღება. ოპერაცია ხუთ საათს გაგრძელდა. გულბერგის მდგომარეობა კრიტიკული
იყო, მაგრამ გადარჩა.
თუმცა, მისი დაზიანება სალანდერისაზე ბევრად სერიოზული იყო და მომდევნო
დღეების განმავლობაში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა.
ბლუმკვისტი ჰორნსგატანზე კაფე-ბარში იჯდა, როცა რადიოში გამოაცხადეს,
ლიზბეთ სალანდერის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი სამოცდახუთი
წლის მამაკაცი გეტებორგის სოლგრენსკას საავადმყოფოში მოკლესო. ბლუმკვისტმა
ყავა ხელუხლებლად დატოვა, ლეპტოპის ჩანთას ხელი დაავლო და გეტგატანზე,
„მილენიუმის“ რედაქციისკენ გაეშურა. მარიატორგეტი გადაკვეთა და სანქტ-
პოლსგატანისკენ უხვევდა, როცა მისი მობილური ტელეფონი აწკრიალდა.
– ბლუმკვისტი გისმენთ.
– გამარჯობა, მალინი ვარ.
– ახალი ამბავი მოვისმინე. მკვლელის ვინაობა ცნობილია?
– ჯერ არა. ჰენრი ცდილობს გარკვევას.
– მოვდივარ. ხუთ წუთში მანდ ვიქნები.
„მილენიუმის“ რედაქციის კართან კორტესს შეეჩეხა.
– 15:00 საათზე ეკსტრომი პრესკონფერენციას მართავს, – აცნობა კორტესმა, – ახლა
კუნგსჰოლმენზე მივდივარ.
– ამწუთას რა ვიცით? – ჰკითხა ბლუმკვისტმა.
– მალინი გეტყვის, – მიაძახა კორტესმა და გაიქცა.
ბლუმკვისტი ბერგერის, უფრო სწორად, უკვე ერიქსონის კაბინეტში შევიდა.
მალინი ტელეფონზე ლაპარაკობდა და ბლოკნოტში რაღაცას ინიშნავდა.
ბლუმკვისტს ხელი აუქნია, ჯერ არ მცალიაო. ბლუმკვისტი სამზარეულოში გავიდა,
პოლიტიკური პატიების ლოგოიან ორ ჭიქაში რძიანი ყავა ჩამოასხა და მალინთან
დაბრუნდა. ის უკვე მაგიდასთან იჯდა. ბლუმკვისტმა „სოციალ-დემოკრატების“
ლოგოიანი ჭიქა მალინს დაუდგა.
– მაშ ასე, 13:15 საათზე ზალაჩენკო მოკლეს, – ბლუმკვისტს შეხედა ერიქსონმა, –
ახლახან სოლგრენსკას საავადმყოფოს ექთანს ვესაუბრე. ამბობს, მკვლელი ერთი
ბერიკაცია, რომელმაც მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ზალაჩენკოს
ყვავილები მოუტანაო. ბერიკაცმა ზალაჩენკოს თავში სამჯერ ესროლა და მერე
თვითმკვლელობა სცადა. ზალაჩენკო მკვდარია, მკვლელი კი – ჯერაც ცოცხალი.
ოპერაციას უკეთებენ.
ბლუმკვისტმა შვებით ამოისუნთქა. მას შემდეგ, რაც კაფე-ბარში ახალი ამბავი
მოისმინა, შიშობდა, ვაითუ მკვლელი სალანდერი იყოსო. ეს კი ნამდვილად
ჩაუშლიდა საგულდაგულოდ დამუშავებულ გეგმას.
– მკვლელის ვინაობა ცნობილია?
ერიქსონმა თავი გააქნია. უცებ ტელეფონი ისევ აწკრიალდა. ერიქსონმა უპასუხა და
მისი საუბრისგან ბლუმკვისტმა შეიტყო, რომ მას გეტებორგში შტატგარეშე
ჟურნალისტი გაეგზავნა. ბლუმკვისტი თავის კაბინეტში შევიდა და მაგიდას
მიუჯდა.
ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში
რედაქციაში პირველად იყო. მაგიდაზე გაუხსნელი წერილების დასტა იდო.
წერილები განზე გასწია და თავის დას დაურეკა.
– ჯიანინი გისმენთ.
– მიქაელი ვარ. გაიგე, სოლგრენსკაში რაც მოხდა?
– შეიძლება ასეც ითქვას.
– სად ხარ?
– საავადმყოფოში. ის ნაბიჭვარი მეც მიმიზნებდა.
დის სიტყვებზე ბლუმკვისტს რამდენიმე წამით ენა ჩაუვარდა.
– რაო? მანდ იყავი?
– ჰო. ჩემი ცხოვრების უსაშინლესი წუთები იყო.
– ხომ არ დაშავდი?
– არა. ლიზბეთის პალატაში შემოსვლა სცადა. კარს მაგიდა მივადგი და ტუალეტში
ჩავიკეტეთ.
ბლუმკვისტის ირგვლივ მთელი სამყარო შეირყა. მისი და კინაღამ...
– როგორ არის?
– კარგად. ანუ, დღეს არაფერი მოსვლია.
ბლუმკვისტს გულზე მოეშვა.
– ანიკა, მკვლელზე იცი რამე?
– არაფერი. კოხტად ჩაცმული მოხუცი კაცი იყო. მომეჩვენა, რომ შეცბუნებულს
ჰგავდა. არ ვიცნობ, მაგრამ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მასთან ერთად
ლიფტში ვიჯექი.
– უკვე საბოლოოდ დადასტურდა, რომ ზალაჩენკო მკვდარია?
– დიახ. სამი გასროლა გავიგონე. როგორც ამბობენ, სამჯერვე თავში ესროლა. აქ
სრული ქაოსია. ათასი პოლიციელი დადის და მთელი სართულის ევაკუაციას
ითხოვს. არადა, ზოგიერთი პაციენტის განძრევა არ შეიძლება. ერთ-ერთმა
ლიზბეთის დაკითხვა მოინდომა ისე, რომ არც კი უკითხავს, როგორია გოგონას
ჯანმრთელობის მდგომარეობა. კიდევ კარგი, მე შევესწარი და მაშინვე დავიფრინე
პალატიდან.
ინსპექტორმა ერლანდერმა სალანდერის პალატაში ჯიანინი დაინახა, რომელიც
მობილური ტელეფონით ელაპარაკებოდა ვიღაცას.
მკვლელობიდან ორი საათის შემდეგ დერეფანში ჯერაც ქაოსი იყო. ზალაჩენკოს
პალატა დაილუქა. ექიმებმა დახმარება სცადეს, მაგრამ ზალაჩენკოს გადარჩენა
შეუძლებელი იყო. მისი ცხედარი პათანატომს წაუღეს და პალატა ზედაპირულად
დაათვალიერეს.
ერლანდერის მობილური ტელეფონი აწკრიალდა. საგამოძიებო ჯგუფის წევრი
ფრედრიკ მალმბერგი ურეკავდა.
– მკვლელის ვინაობა დავადგინეთ, – უთხრა მალმბერგმა, – მას ევერტ გულბერგი
ჰქვია და სამოცდათვრამეტი წლისაა.
„სამოცდათვრამეტის. მკვლელობისთვის საკმაოდ ბებერია“.
– ევერტ გულბერგი ვინ ოხერია?
– პენსიონერია. ლაჰოლმში ცხოვრობს. საგადასახადო სამართლის სპეციალისტია.
ვიღაცამ RPS/Säk-დან დამირეკა, ახლახან მის საქმიანობასთან დაკავშირებით
წინასწარი გამოძიება დავიწყეთო.
– როდის და რატომ?
– არ ვიცი, ზუსტად როდის. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლების
წარმომადგენლებისთვის გიჟური და მუქარის წერილების გაგზავნა ჰქონდა ჩვევად.
– მაგალითად, ვისთვის?
– თუნდაც იუსტიციის მინისტრისთვის.
„მაშ, შეშლილი ფანატიკოსია“, – ამოიხვნეშა ერლანდერმა.
– ამ დილით „სეპოს“ სხვადასხვა გაზეთიდან დაურეკეს. გულბერგს მათთვის
წერილები გაუგზავნია. იუსტიციის სამინისტროდანაც დაურეკავთ, გულბერგი
კარლ აქსელ ბოდინის მკვლელობით იმუქრებოდაო.
– იმ წერილების ასლები მინდა.
– „სეპოდან“?
– ჰო. თუ საჭირო იქნება, სტოკჰოლმში გაემგზავრე და პირადად წამოიღე.
დაახლოებით ერთ საათში, სამმართველოში რომ დავბრუნდები, ასლები უკვე
მაგიდაზე უნდა მეწყოს.
რამდენიმე წამით დაფიქრების შემდეგ კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა მალმბერგს.
– შენ „სეპოდან“ დაგირეკეს?
– ჰო, ხომ გითხარი.
– არა, მათ დაგირეკეს თუ შენ დაურეკე?
– მათ დამირეკეს.
ერლანდერმა მობილური ტელეფონი დაკეცა.
გაუკვირდა, რატომ მოუნდა „სეპოს“ ასე მოულოდნელად პოლიციასთან
დაკავშირება მაშინ, როცა ჩვეულებრივ, მათ სიტყვასაც ვერ გამოსტყუებო.
ვადენშემ „სექციის“ ოფისის იმ ოთახის კარი შეაღო, რომელშიც კლინტონი
ისვენებდა. ვადენშეს დანახვაზე კლინტონი გაჭირვებით წამოჯდა.
– რა ჯანდაბა ხდება? – აყვირდა ვადენშე, – გულბერგმა ზალაჩენკო მოკლა და თავში
ტყვია დაიჭედა.
– ვიცი, – თქვა კლინტონმა.
– იცით? – დაიღრიალა ვადენშემ და სახე ისე აუჭარხლდა, თითქოს ცოტაც და ტვინში
სისხლი ჩაექცევაო, – ღმერთო, მან თავის მოკვლა სცადა. გაგიჟდა?
– რას ნიშნავს, „სცადა“?! ცოცხალია?
– ჯერჯერობით კი, მაგრამ ტვინი ძლიერ აქვს დაზიანებული.
კლინტონმა ამოიოხრა.
– რა სამწუხაროა.
– სამწუხარო?! – იყვირა ვადენშემ, – გულბერგი მართლა გაგიჟდა. ვერ ხვდებით,
რომ...
– გულბერგს კუჭის, მსხვილი ნაწლავისა და შარდის ბუშტის კიბო აქვს, –
გააწყვეტინა კლინტონმა, – ნელ-ნელა კვდება. სულ ორიოდე თვის სიცოცხლეღა
დარჩენია.
– კიბო?
– ბოლო ექვსი თვეა, რევოლვერი თან დააქვს, რომ სანამ ტკივილი გაუსაძლისი
გახდება და სნეულება მთელ ძალ-ღონეს გამოაცლის, თავი მოიკლას. „სექციას“
უკანასკნელი სამსახური გაუწია. დიდებულად წავიდა.
ვადენშე ყურს არ უჯერებდა.
– იცოდით? იცოდით, რომ ზალაჩენკოს მოკვლას აპირებდა?
– რასაკვირველია. მისი დავალება ზალაჩენკოს გაჩუმება იყო. ზალაჩენკოს
მორჯულება და დაშინება სხვაგვარად კი, თავადაც იცით, შეუძლებელი იყო.
– ვერ ხვდებით ამას რამხელა სკანდალი შეიძლება მოჰყვეს? თუ თქვენც
გულბერგივით სულ დაკარგეთ ჭკუა?
კლინტონი ძლივძლივობით წამოდგა, ვადენშეს თვალი გაუსწორა და ფაქსის
ასლები გადასცა.
– ეს ოპერატიული გადაწყვეტილება იყო. ვწუხვარ ძველი მეგობრის გამო, მაგრამ
ვიცი, მალე მეც მის გზას გავუყვები. რაც შეეხება სკანდალს... საგადასახადო
სამართლის პენსიონერმა სპეციალისტმა პოლიციას, გაზეთებს და იუსტიციის
სამინისტროს პარანოიკული წერილები მისწერა. აი, ამ წერილების ნიმუში.
გულბერგი ზალაჩენკოს ადანაშაულებს ყველაფერში – დაწყებული პალმეს
მკვლელობით, დამთავრებული შვედი ხალხის ქლორით მოწამვლის მცდელობით.
წერილები აშკარად შეშლილის დაწერილს ჰგავს. ხელწერა ალაგ-ალაგ ძნელი
გასარჩევია, უადგილოდაა გამოყენებული მთავრული ასოები, ძახილის ნიშნები და
სხვა სასვენი ნიშნები. განსაკუთრებით მომწონს, კიდეებზე რომ გადადის.
ვადენშემ შუბლზე ხელმიდებულმა წაიკითხა წერილები.
– რაც უნდა მოხდეს, ზალაჩენკოს სიკვდილს „სექციასთან“ ვერავინ დააკავშირებს,
მკვლელი ერთი შერეკილი პენსიონერია, – დასძინა კლინტონმა, რომელსაც ასაკისა
და ავადმყოფობის მიუხედავად, ძველებურად მტკიცე გამოხედვა ჰქონდა. მცირე
პაუზის შემდეგ მან ვადენშეს გამჭოლი მზერა მიაპყრო და დაამატა: – ახლა
მთავარია, საქმეში შენც ჩაერთო. უნდა გახსოვდეთ, რომ „სექცია“ შვედი ერის
დამცველთა მეწინავე რაზმია. ჩვენი ვალია, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ.
სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.
ვადენშე ეჭვის თვალით უყურებდა კლინტონს.
– ჩვენ არ ვარსებობთ, – განაგრძო კლინტონმა, – მადლობას არავინ გადაგვიხდის.
ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, სხვა რომ ვერ ბედავს, მით უმეტეს,
პოლიტიკოსები, – ბოლო სიტყვები ზიზღით წარმოთქვა, – დაემორჩილეთ ჩემს
მითითებებს და, შესაძლოა, „სექცია“ გადარჩეს. ამისთვის შეუპოვრობა გვმართებს,
არაფრის წინაშე უკან არ უნდა დავიხიოთ.
ვადენშეს შიშით გული შეეკუმშა.
კორტესი კუნგსჰოლმენის პოლიციის სამმართველოს საპრესკონფერენციო
დარბაზში მოსმენილი ყოველი სიტყვის ჩაწერას ცდილობდა. პრესკონფერენცია
პროკურორმა ეკსტრომმა გახსნა. მან განაცხადა, რომ გოსებერგაში პოლიციის
ოფიცრის მკვლელობას – რომლისთვისაც რონალდ ნიდერმანი იძებნებოდა –
გეტებორგის პროკურატურა გამოიძიებდა, ხოლო თავად რონალდ ნიდერმანის
საქმეს – ეკსტრომი. ნიდერმანს დაგ სვენსონისა და მია იოჰანსონის მკვლელობაში
ედებოდა ბრალი. ადვოკატ ბიურმანზე არაფერი უთქვამს. ეკსტრომი გამოიძიებდა
და წაუყენებდა ბრალს ლიზბეთ სალანდერსაც, რომელიც მრავალ დანაშაულში იყო
ეჭვმიტანილი.
ეკსტრომმა ჟურნალისტებს აუხსნა, რომ პრესკონფერენციის გამართვა გეტებორგში
იმ დღეს მომხდარი შემთხვევის გამო გადაწყვიტა – სოლგრენსკას საავადმყოფოში
კარლ აქსელ ბოდინი მოკლეს, და სურდა, მედიაში მოარული ჭორები
გაექარწყლებინა.
– მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ კარლ აქსელ ბოდინის
ქალიშვილს, რომელსაც მამამისი თავდასხმასა და მკვლელობის მცდელობაში
ადანაშაულებდა, ამ მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.
– მაშ, ვინ არის მკვლელი? – ჰკითხა Dagens Eko-ს ჟურნალისტმა.
– იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც 13:15 საათზე სასიკვდილოდ დაჭრა კარლ აქსელ
ბოდინი და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, უკვე დადგენილია. ის
სამოცდათვრამეტი წლის პენსიონერია, რომელიც, კარგა ხანია, უკურნებელი სენით
არის ავად და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური მოშლილობითაც იტანჯება.
– ლიზბეთ სალანდერთან აქვს რამე საერთო?
– არანაირი. ეს ადამიანი ტრაგიკული ფიგურაა, რომელიც, როგორც ჩანს,
პარანოიკული ილუზიების ტყვეობაში მოქცეული მოქმედებდა. უსაფრთხოების
სამსახურმა ამას წინათ მის წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო, რადგან ცნობილ
პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებებს უცნაურ წერილებს უგზავნიდა. გაზეთებმა
და სამთავრობო დაწესებულებებმა ამ დილითაც მიიღეს წერილები, რომლებშიც
მოხუცი კარლ აქსელ ბოდინის მოკვლით იმუქრებოდა.
– რატომ არ მიუჩინა პოლიცამ ბოდინს დაცვა?
– წერილები წუხელ არის დაგზავნილი და ადრესატებმა მხოლოდ დღეს დილით
მიიღეს, ზუსტად იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა. რეაგირება ვეღარ მოასწრეს.
– რა ჰქვია მკვლელს?
– სანამ მის ნათესავებს არ ვაცნობებთ, მკვლელის სახელს ვერ გაგიმხელთ.
– რას გვეტყვით მის შესახებ?
– როგორც ვიცი, ბუღალტრად და საგადასახადო იურისტად მუშაობდა. თხუთმეტი
წელია, პენსიაზეა. ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, მაგრამ მისი
წერილების შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტრაგედიას
თავიდან ავიცილებდით, თავად საზოგადოებას უფრო მეტი თანაგრძნობა რომ
გამოეჩინა.
– ვინმე სხვასაც ხომ არ დამუქრებია?
– მითხრეს, რომ კი, მაგრამ არ გაუმხელიათ, კონკრეტულად ვის.
– მომხდარი სალანდერის საქმეზე თუ მოახდენს გავლენას?
– ალბათ არა. კარლ აქსელ ბოდინის ჩვენება გვაქვს, რომელიც მან ჩვენს
გამომძიებლებს მისცა. სალანდერის წინააღმდეგ ნივთიერი მტკიცებულებებიც
გაგვაჩნია.
– თუმცა, ხომ არსებობს ცნობები იმაზე, რომ ბოდინმა საკუთარი ქალიშვილის
მკვლელობა სცადა?
– ეს ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, მან მართლაც სცადა
სალანდერის მოკვლა. დღევანდელი მონაცემებით, ამ ქმედუუნარო ოჯახის წევრებს
სასტიკად სძულდათ ერთმანეთი, რაც, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა.
კორტესმა კეფა მოიქექა. შეამჩნია, რომ სხვა ჟურნალისტები მასავით სწრაფად
იწერდნენ მოსმენილს ბლოკნოტში.
როცა გუნარ ბიორკმა სოლგრენსკას საავადმყოფოში მომხდარ მკვლელობაზე
შეიტყო, პანიკამ მოიცვა. ზურგი საშინელმა ტკივილმა გაუკავა.
მთელი საათი დასჭირდა მხნეობის მოსაკრებად. ბოლოს ყურმილი აიღო და
ლაჰოლმში მცხოვრებ ძველ მფარველს დაურეკა, მაგრამ არავინ უპასუხა.
ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებას უყურა და პროკურორ ეკსტრომის
განცხადების მოკლე რეზიუმეს უსმინა. ზალაჩენკოსთვის სამოცდათვრამეტი წლის
საგადასახადო იურისტს უსვრია.
„ღმერთო ჩემო, სამოცდათვრმეტი წლისასო!“
კიდევ ერთხელ სცადა გულბერგთან დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ.
ბოლოს ვეღარ მოითმინა. სმოდალარეს საზაფხულო კოტეჯში ჯდომა არას არგებდა.
იქ დაუცველი იყო. დრო და უსაფრთხო ადგილი სჭირდებოდა დასაფიქრებლად.
ტანსაცმელი, წამლები და პირადი ჰიგიენის ნივთები ჩაალაგა. სახლის ტელეფონით
სარგებლობა არ უნდოდა, ამიტომ სატელეფონო ჯიხურიდან ლანდსორტში დარეკა
და „ძველ შუქურაში“ ორი კვირით დაჯავშნა ოთახი. ლანდსორტი დასაკარგავში იყო
და იქ ძებნას არავინ დაუწყებდა.
მაჯის საათზე დაიხედა. უნდა ეჩქარა, რომ ბოლო ბორანზე არ დაჰგვიანებოდა. მერე
მტკივანი წელით რაც შეიძლებოდა, სწრაფად დაბრუნდა კოტეჯში, მაშინვე
სამზარეულოში შევიდა და შეამოწმა, ყავის ავტომატი ხომ გამორთულიაო. მერე
მისაღებში დაბრუნდა ჩანთის ასაღებად და ოთახში შესვლისთანავე ადგილზე
გაშეშდა.
თვალებს ვერ უჯერებდა – ვიღაცას ჭაღი ჩამოეხსნა და ყავის მაგიდაზე დაედო. მის
ნაცვლად კი თოკი ეკიდა და ქვეშ ტაბურეტი იდგა.
ბიორკმა ყულფს გაოგნებულმა შეხედა.
უცებ უკნიდან ხმა მოესმა და მუხლები აუკანკალდა.
ნელა მიტრიალდა.
იქ ორი ადამიანი იდგა. აღმოსავლეთ ევროპელებს ჰგავდნენ. არც კი
შეწინააღმდეგებია მათ, როცა იღლიებში ხელები ამოსდეს და სკამისკენ წაათრიეს.
სკამზე რომ აჰყავდათ, მგრძნობელობა უკვე თითქმის დაკარგული ჰქონდა.
სანდბერგს თან ახლდა კაცი – მეტსახელად ფალუნი, რომელიც ახალგაზრდობაში
ბინების პროფესიონალი გამტეხი იყო, შემდეგ „გადამზადება“ გაიარა და ზეინკლად
დაიწყო მუშაობა. ფალუნი პირველად ჰანს ფონ როტინგერმა დაიქირავა 1986 წელს,
რომ ანარქისტთა ჯგუფის ლიდერის სახლში შეეღწიათ. ოთხმოცდაათიანი წლების
შუახანებამდე ფალუნს დროდადრო იძახებდნენ ხოლმე, თუმცა თანდათან ამ ტიპის
ოპერაციებზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო. დილით ადრე კლინტონმა ფალუნი
ისევ იხმო და ახალი დავალება მისცა. ფალუნს ათწუთიანი საქმისთვის ხელზე 10
000 კრონას მისცემდნენ. სამაგიეროდ, მან პირობა დადო, რომ ბინიდან არაფერს
მოიპარავდა. ბოლოს და ბოლოს, „სექცია“ კრიმინალური დაჯგუფება ხომ არ იყო.
ფალუნი წესიერად ვერ ხვდებოდა, ვის ინტერესებს წარმოადგენდა კლინტონი,
ალბათ სამხედროებისო, ფიქრობდა თავისთვის. ჟან გიიუს წიგნები წაეკითხა და
ზედმეტ კითხვებს არასდროს სვამდა. თუმცა, კმაყოფილი იყო, რომ ამდენწლიანი
დუმილის შემდეგ ყოფილ უფროსს კვლავ დასჭირდა.
მას, როგორც საკეტების გატეხის „ექსპერტს“, კარის გაღება ევალებოდა.
ბლუმკვისტის კარის გასაღებად ხუთი წუთი მაინც დასჭირდა. ფალუნი კიბის
ბაქანზე იცდიდა, სანამ ბინაში სანდბერგი შევიდოდა.
– შევედი, – ყურსაცვამი მობილური ტელეფონით აცნობა სანდბერგმა კლინტონს.
– კარგია, – უპასუხა კლინტონმა, – ფრთხილად იმოქმედე. მითხარი, რას ხედავ.
– ჰოლში ვარ, ჩემგან მარჯვნივ გარდერობი და საკიდი დგას, მარცხნივ სააბაზანოა.
მთელი ბინა დაახლოებით ორმოცდაათი კვადრატული მეტრი ფართობის ერთი
დიდი ოთახია. ოთახის მარჯვენა კუთხეში პატარა სამზარეულოა.
– მაგიდა არსად დგას?
– როგორც ჩანს, სამზარეულოს მაგიდასთან ან დივანზე მჯდარი მუშაობს... ერთი
წუთით.
კლინტონი დაელოდა.
– დიახ. აი, სამზარეულოს მაგიდაზე საქაღალდე დევს და შიგ ბიორკის მოხსენებაა.
დედანს ჰგავს.
– ძალიან კარგი. მაგიდაზე სხვა საინტერესო არაფერია?
– წიგნები. პერ გუნარ ვინგეს მემუარები, ერიკ მაგნუსონის „ბრძოლა სეპოზე
გაბატონებისთვის“ და ასეთივე შინაარსის კიდევ ოთხი-ხუთი წიგნი.
– კომპიუტერი არის?
– არა.
– სეიფი?
– არა... ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ.
– ბინა ყურადღებით დაათვალიერე. ნუ იჩქარებ. მორტენსონი ბლუმკვისტს
უთვალთვალებს, ჯერაც რედაქციაშიაო. ხელთათმანები ხომ გიკეთია?
– რა თქმა უნდა.
ერთი-ორჯერ როგორღაც მოსწყდნენ მობილურ ტელეფონებს და ერლანდერმა
ჯიანინისთან გამოლაპარაკება მოახერხა სალანდერის პალატაში. ერლანდერმა
ადვოკატს გასაცნობად ხელი გაუწოდა. მერე სალანდერს მიესალმა და ჰკითხა, თავს
როგორ გრძნობთო. სალანდერმა უემოციოდ შეათვალიერა გამომძიებელი.
ერლანდერი ისევ ჯიანინის მიუბრუნდა.
– რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ.
– გისმენთ.
– ხომ ვერ მეტყვით, ამ დილით რა მოხდა?
ჯიანინიმ უამბო, რაც დაინახა, და სალანდერთან ერთად ტუალეტში რომ ჩაიკეტა.
ერლანდერმა სალანდერს გახედა და ისევ ადვოკატისკენ მიტრიალდა.
– მაშ, დარწმუნებული ხართ, რომ მკვლელი ამ პალატაში შემოსვლას ცდილობდა?
– გავიგონე, კარს რომ დაეჯაჯგურა.
– იქნებ მოგესმათ? როცა შეშინებული ან აღელვებული ხარ, ასე ხშირად ხდება
ხოლმე.
– არა, გარკვევით გავიგონე, რომ კართან იდგა. მან დამინახა და პისტოლეტი
დამიმიზნა; იცოდა, რომ ამ პალატაში ვიყავი.
– როგორ ფიქრობთ, ჰქონდა რაიმე მიზეზი საიმისოდ, რომ თქვენი მოკვლა წინასწარ
დაეგეგმა?
– არ ვიცი. როცა პისტოლეტი დამიმიზნა, თავი შემოვყავი და კარი ჩავხერგე.
– სწორად მოქცეულხართ. თქვენი კლიენტის ტუალეტში გადამალვაც გონივრული
საქციელია. პალატის კარი ისეთი თხელია, რომ გაესროლა, ალბათ ტყვია შიგნით
შემოაღწევდა. მე იმის გარკვევას ვცდილობ, პირადად თქვენზე თავდასხმა სურდა
თუ უბრალოდ, იმან განარისხა, რომ მას უყურებდით. დერეფანში თქვენ ყველაზე
ახლოს იმყოფებოდით მასთან.
– იმ ორი მედდის გარდა.
– როგორ ფიქრობთ, ხომ არ გიცნოთ?
– არა მგონია.
– იქნებ გაზეთებიდან ახსოვდით? თქვენ ხომ რამდენიმე გახმაურებულ საქმეში
მონაწილეობდით.
– შესაძლოა. ვერაფერს გეტყვით.
– თქვენ თუ გინახავთ ის სადმე სხვაგან?
– ამ დილით ლიფტით ერთად ამოვედით. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის.
მხოლოდ ის მახსოვს, რომ ცალ ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა, მეორეში –
პორტფელი.
– ერთმანეთისთვის ხომ არ შეგიხედავთ?
– არა. ის პირდაპირ იყურებოდა.
– ლიფტში პირველი ვინ შევიდა?
– თითქმის ერთდროულად შევედით.
– დაბნეული ხომ არ ჩანდა ან...
– მე არაფერი შემიმჩნევია. ლიფტში მშვიდად იდგა ყვავილებით ხელში.
– მერე რა მოხდა?
– ორივე ამ სართულზე ამოვედით. მე ჩემს კლიენტთან შესახვედრად წამოვედი.
– პირდაპირ აქ შემოხვედით?
– დიახ... არა. ჯერ მიმღებში მედდას ჩემი პირადობის მოწმობა ვუჩვენე.
პროკურორმა ჩემს კლიენტს მნახველების მიღება აუკრძალა.
– ის კაცი ამ დროს სად იყო?
ჯიანინი დაფიქრდა.
– ზუსტად ვერ გეტყვით. მგონი, ჩემ უკან იდგა. არა, მოიცათ. ლიფტიდან პირველი
გავიდა, მაგრამ გაჩერდა და წინ მე გამატარა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი,
ისიც მიმღებში მაგიდასთან მივიდა. უბრალოდ, მე გავასწარი. მორიგე მედდებს
ეცოდინებათ.
„ხნიერი, ზრდილობიანი და მკვლელი“, – გაიფიქრა ერლანდერმა.
– დიახ, ის მორიგე მედდასთან მივიდა, – დაადასტურა ერლანდერმა, – მედდის
მითითებით თაიგული მაგიდაზე დატოვა. ეს არ დაგინახავთ?
– არა. ეს არ მახსოვს.
ერლანდერს მეტი კითხვა არ ჰქონდა. გაღიზიანებული იყო. ცუდი წინათგრძნობა
აწუხებდა და პირადი გამოცდილებიდან ხვდებოდა, რომ რაღაც გამოეპარა, რაღაც
ისე არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
მკვლელის ვინაობა დაადგინეს. მას ევერტ გულბერგი ერქვა და ბუღალტერი იყო,
ბიზნეს-კონსულტატად და საგადასახადო იურისტადაც ემუშავა. გულბერგი უკვე
პენსიონერი იყო. მის წინააღმდეგ „სეპომ“ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რადგან
შერეკილი იყო და მუქარის წერილებს უგზავნიდა ცნობილ ადამიანებს.
ერლანდერს პირადად ჰქონია შეხება ასეთ შერეკილებთან, პათოლოგიურ
მანიაკებთან, რომლებიც ცნობილ ადამიანებს დასდევენ და მათი ვილების წინ
ხეებსა და ბუჩქებში იმალებიან. როცა მათ სიყვარულს უარით პასუხობენ,
სიყვარული უმალ სიძულვილად ექცევათ ხოლმე. ორი ასეთი არანორმალური
გერმანიიდან და იტალიიდან ჩამოვიდა, რომ პოპ-ჯგუფის ოცდაერთი წლის
სოლისტისთვის თავიანთი გული შეეთავაზებინათ, მაგრამ როცა გოგონამ მათ უარი
უთხრა, ძალიან განაწყენდნენ. ერლანდერს ენახა „უსამართლობის“ წინააღმდეგ
თავგადაკლული ნამდვილი თუ ვითომმებრძოლებიც, რომელთა ქცევაც ზოგჯერ
ძალადობაში გადაიზრდებოდა ხოლმე. არსებობდნენ ფსიქიოპათები და
შეთქმულების თეორეტიკოსებიც, რომლებიც სხვისთვის შეუმჩნეველი
მინიშნებების „გაშიფვრის“ დიდოსტატები იყვნენ.
ერლანდერს ბევრი მაგალითის მოყვანა შეეძლო, თუ როგორ შეიძლება ასეთი
ფსიქოპათი „საქმეზე“ გადავიდეს. განა ანა ლინდის[7] მკვლელსაც გიჟურმა
იმპულსმა არ უბიძგა დანაშაულისკენ?
თუმცა, ინსპექტორ ერლანდერს დიდად არ სჯეროდა, რომ შეშლილი ბუღალტერი
(თუ ვინც იყო) საავადმყოფოში ცალ ხელში თაიგულითა და მეორეში – პისტოლეტით
შეეხეტა საავადმყოფოში და შემთხვევითY მოკლა ეჭვმიტანილი, რომლის საქმესაც
პოლიცია – თავად ერლანდერი – იძიებდა. ეჭვმიტანილი, საბუთებით კარლ აქსელ
ბოდინი, ბლუმკვისტის თქმით, სინამდვილეში გვარად ზალაჩენკო იყო – შვედეთში
გამოქცეული საბჭოთა ჯაშუში და ქილერი.
ზალაჩენკო, სულ ცოტა, დანაშაულის თვითმხილველი იყო, თუ მრავალ
მკვლელობაში მონაწილე არა. ერლანდერმა ორჯერ მოასწრო მისი დაკითხვა და
ზალაჩენკოს ვერც ერთმა პროტესტმა ვერ დაარწმუნა, რომ ის უდანაშაულო იყო.
ზალაჩენკოს მკვლელმა სალანდერის ან მისი ადვოკატის მოკვლაც მოინდომა.
პალატაში შესვლა დააპირა, მაგრამ კარი ვერ გააღო.
შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ექიმების თქმით, მისი მცდელობა წარმატებული
გამოდგა, რადგან მიუხედავად მისი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობისა, ცოცხალი
დიდხანს ვეღარ გასტანდა. ევერტ გულბერგი სასამართლოს წინაშე ვეღარ
წარდგებოდა.
ერლანდერს ვითარება აეჭვებდა, მაგრამ არანაირი სამხილი არ ჰქონდა იმის
დასამტკიცებლად, რომ გულბერგი შეშლილი მანიაკი არ იყო, როგორც ერთი
შეხედვით ჩანდა. ამიტომაც ფრთხილად მოქმედება გადაწყვიტა. ჯიანინის შეხედა.
– სალანდერი სხვა პალატაში უნდა გადავიყვანოთ. მიმღების მაგიდიდან მარჯვნივ
ერთი ცარიელი და უფრო უსაფრთხო პალატაა, რომელიც მაგიდიდანაც ჩანს. იქ
გოგონა მუდმივად მედდების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. სოლგრენსკას
ექიმებისა და მედდების ნებართვის გარეშე, თქვენ გარდა მასთან არავინ დაიშვება.
პირად მცველს მივუჩენ, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში მისი პალატის
კართან იდგება.
– გგონიათ, სალანდერს საფრთხე ემუქრება?
– ჯერჯერობით ამის არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია, მაგრამ აჯობებს, თუ არ
გავრისკავთ.
სალანდერი თავისი ადვოკატისა და პოლიციელის საუბარს ყურადღებით უსმენდა
და ჯიანინის დეტალურმა და მკაფიო პასუხებმა აღაფრთოვანა. უფრო მეტად ის
მოეწონა, რომ მის ადვოკატს ამხელა წნეხის ქვეშაც არ დაუკარგავს თავი.
მას შემდეგ, რაც ჯიანინიმ ლოგინიდან წამოაგდო და ტუალეტში შეიყვანა,
საშინლად სტკიოდა თავი. საავადმყოფოს პერსონალთან საქმის დაჭერა ნაკლებად
სურდა. დახმარების თხოვნა და სისუსტის გამოვლენა არ უყვარდა, მაგრამ თავის
ტკივილი იმდენად აუტანელი და ძლიერი იყო, რომ ღილაკს დააწვა და მედდა
გამოიძახა.
ჯიანინის გეტებორგში პირველი ვიზიტი ხანგრძლივი სამუშაოს აუცილებელ
შესავლად ესახებოდა. მას სალანდერის გაცნობა, მისი მდგომარეობის გარკვევა და
მისთვის ბლუმკვისტთან ერთად შემუშავებული სტრატეგიის წარდგენა უნდოდა.
საღამოსვე აპირებდა სტოკჰოლმში დაბრუნებას, მაგრამ დილის დრამატული
შემთხვევის გამო სალანდერთან წესიერად დალაპარაკება ვერ მოახერხა. მისი
კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე მეტად დამძიმდა, ვიდრე თავიდან
ეგონა. გოგონას თავის ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე ჰქონდა. ექიმმა
ელდრინმა ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი, ანტიობიოტიკი და დასვენება
გამოუწერა. შესაბამისად, სალანდერის ახალ პალატაში გადაყვანისა და მისთვის
მცველის მიჩენის შემდეგ, ჯიანინის თავაზიანად სთხოვეს, საავადმყოფო
დაეტოვებინა.
უკვე 16:30 საათი იყო. ჯიანინი ყოყმანობდა. სტოკჰოლმში კი დაბრუნდებოდა, რომ
სცოდნოდა, გეტებორგში ხვალვე არ მოუწევდა გამგზავრება. გეტებორგში რომ
დარჩენილიყო, ვაითუ სალანდერი არ მომჯობინებულიყო და მასთან არ შეეშვათ?!
არც სასტუმროს ნომერი ჰქონდა დაჯავშნილი. თანაც, სასტუმროში ფულის გადაყრა
ენანებოდა – მეტწილად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მცირეშემოსვალიანი
ქალების დამცველი თავს ასეთი ფუფუნების ნებას ვერ მისცემდა. ჯერ სახლში
დარეკა და ქმარი გააფრთხილა, მერე გეტებორგში მცხოვრებ კოლეგას და
იურიდიული სასწავლებლის ყოფილ თანაკურსელს, ლილიან იოსეფსონს დაურეკა.
– გეტებორგში ვარ, – უთხრა მას, – სტოკჰოლმში დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ
რაღაც შემემთხვა და ამაღამ აქ დარჩენა მიწევს. შეიძლება შენთან დავიძინო?
– რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება. საუკუნეა, ერთმანეთი არ გვინახავს.
– ხელს ხომ არ შეგიშლი?
– სულაც არა. ოღონდ სხვა ბინაში გადავედი. ახლა ლინეგატანის გადაკვეთაზე,
გვერდითა ქუჩაზე ვცხოვრობ და სტუმრის საძინებელიც მაქვს. მოდი და სადმე
ბარშიც დავსხდეთ ერთად.
შეთანხმდნენ, რომ ჯიანინი 18:00 საათზე ესტუმრებოდა.
ჯიანინი ავტობუსით წავიდა ლინეგატანზე და ერთი საათი ბერძნულ რესტორანში
გაატარა. დამშეული, ქაბაბით დანაყრდა და დილით მომხდარზე დაფიქრდა.
ორგანიზმში ადრენალინის დონის დაკლებასთან ერთად უფრო ანერვიულდა,
მაგრამ საკუთარი თავით მაინც კმაყოფილი იყო. დილით საფრთხეს მშვიდად
შეხვდა. მართალია, ინსტინქტურად იმოქმედა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები
მიიღო. სიამოვნებდა, რომ სწრაფი რეაგირება შეძლო.
ელექტრონული დამგეგმავი ამოიღო და შენიშვნების განყოფილება გახსნა.
გულდასმით ჩაიკითხა ყველა პუნქტი და ძმის გეგმაში რატომღაც რაღაც აღარ
მოეწონა. გუშინდელი თათბირისას კი დამაჯერებელი ეჩვენა, მაგრამ დღეს – უფრო
ნაკლებად. თუმცა მის განხორციელებას მაინც აპირებდა.
18:00 საათზე ანგარიში გაასწორა და ოლივედალსგატანზე ლილიანთან წავიდა.
ელექტროსაკეტზე მეგობრის ნაკარნახევი კოდი შეიყვანა და სადარბაზოში შევიდა.
ის იყო, კიბის საფეხურზე შედგა ფეხი და შუქის ჩამრთველს დაუწყო ძებნა, რომ
უკნიდან ვიღაც დაესხა თავს. ქალი კაფელით მოპირკეთებულ კედელს მიენარცხა,
თავი ძლიერად მიარტყა და ძირს დაეცა.
სწრაფი ნაბიჯის ხმა გაიგონა. ვიღაცამ კარი გააღო და გაიხურა. ჯიანინი
ძლივძლივობით წამოდგა და შუბლზე ხელი მიიდო. ხელისგული გაუსისხლიანდა.
„რა ჯანდაბაა!“
ქუჩაში გავიდა და უცნობის ზურგს მოჰკრა თვალი, რომელიც სვეაპლანის
მოსახვევში თვალს მიეფარა. გაოგნებული მთელი წუთი გაუნძრევლად იდგა. მერე
კართან დაბრუნდა და ელექტროსაკეტის კოდი ხელახლა აკრიფა.
უეცრად გაიაზრა, რომ პორტფელი თან აღარ ჰქონდა. გაძარცვეს. რამდენიმე წამში
ყველაფერს მიხვდა.
„ო, არა. ზალაჩენკოს საქაღალდე!“
პანიკამ მოიცვა.
ნელა ჩამოჯდა კიბის საფეხურზე.
უცებ წამოხტა და ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო ხელი.
„დამგეგმავი. მადლობა ღმერთს“.
რესტორნიდან გამოსვლისას პორტფელის ნაცვლად დამგეგმავი ჯიბეში ჩაიდო.
მასში სალანდერთან დაკავშირებული გეგმა პუნქტებად ჰქონდა ჩამოწერილი.
კიბით ავიდა მეხუთე სართულზე და მეგობრის ბინის კარზე მიაკაკუნა.
ჯიანინის ნახევარი საათი დასჭირდა გონს მოსაგებად და ძმასთან დასარეკად. ცალი
უპე ჩაშავებოდა და გამსკდარი წარბიდან ჯერაც სისხლი სდიოდა. ლილიანმა
ჭრილობა სპირტით გაუწმინდა და ზედ პლასტირი დააკრა. არა, საავადმყოფოში
წასვლა არ მინდაო, იუარა ჯიანინიმ, როცა საღად აზროვნების უნარი დაუბრუნდა.
უპირველეს ყოვლისა, ძმას დაურეკა.
ბლუმკვისტი ჯერაც „მილენიუმის“ რედაქციაში იყო და ერიქსონთან და კორტესთან
ერთად ზალაჩენკოს მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.
შეშფოთებულმა მოისმინა ჯიანინის ნაამბობი.
– რამე ხომ არ მოიტეხე? – ჰკითხა დას.
– თვალი მაქვს ჩაშავებული. ცოტა დავწყნარდები და ეგაა. არა მიშავს.
– მაშ, გაგძარცვეს?
– მიქაელ, პორტფელი მომპარეს. შიგ ბიორკის მოხსენება მედო, შენ რომ მომეცი.
– რა პრობლემაა. ახალ ასლს გადავიღებ შენთვის...
უცებ თმა ყალყზე დაუდგა.
„ჯერ ზალაჩენკო. ახლა ანიკა“.
„აიბუქი“ დაკეცა, ჩანთაში ჩაიდო და სწრაფი ნაბიჯით უსიტყვოდ დატოვა
რედაქცია. სულ სირბილ-სირბილით მივიდა ბელმანსგატანამდე და კიბეზე აირბინა.
საკუთარი ბინის კარი ჩაკეტილი დახვდა.
თუმცა, შიგნით შესვლისთანავე შეამჩნია, რომ სამზარეულოს მაგიდაზე
დატოვებული საქაღალდე გამქრალიყო. არც კი უძებნია. ზუსტად იცოდა, რომ
მაგიდაზე დატოვა. დაღონებული ჩაეშვა სავარძელში.
ვიღაც, ვინც ზალაჩენკოს კვალის წაშლას ცდილობდა, მის ბინაში შემოიპარა.
ბიორკის 1991 წლის მოხსენების ასლი მასაც წაართვეს და მის დასაც.
ერთადერთი ასლი ბუბლანსკის ჰქონდა.
თუ აღარ?
ბლუმკვისტმა დარეკვა დააპირა, მაგრამ ერთმა აზრმა გაუელვა და ყურმილიანი
ხელი გაუშეშდა. ვიღაც მის ბინაში შემოიპარა. სახლის ტელეფონს ეჭვით დახედა და
ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო.
„ვითომ მობილური ტელეფონიც ისმინება?“
მობილურიც დადო და მიმოიხედა.
„აშკარად პროფესიონალებთან მაქვს საქმე. იმას, ვინც ბინაში საკეტის გაუტეხლად
შემოიპარა, არც სათვალთვალო მოწყობილობის დაყენება გაუჭირდებოდა“.
ისევ დაჯდა.
ლეპტოპის ჩანთას დახედა.
„ვითომ ელფოსტის გატეხვაც ადვილია? კი, ადვილია. სალანდერმა ეს ხუთ წუთში
შეძლო“.
კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ბლუმკვისტი ისევ ყურმილს დასწვდა და თავის დას
დაურეკა. ყოველი სიტყვა უაღრესი სიფრთხილით შეარჩია.
– როგორ ხარ?
– კარგად ვარ, მიკე.
– დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა სოლგრენსკას საავადმყოფოში მისვლიდან
შენზე თავდასხმის მომენტამდე.
ჯიანინის ათი წუთი დასჭირდა ყველაფრის მოსაყოლად. ბლუმკვისტმა მხოლოდ
კითხვები დაუსვა, მომხდარზე თავისი აზრი არ გაუზიარებია. აღელვებული ძმის
როლს თამაშობდა, იმავდროულად კი მნიშვნელოვან დეტალებს იმახსოვრებდა და
აანალიზებდა.
ჯიანინიმ გეტებორგში დარჩენა 1^6:30 საათზე გადაწყვიტა. მეგობარს მობილური
ტელეფონით დაურეკა და მისამართი და ელექტროსაკეტის კოდი გამოართვა.
მძარცველი მას ზუსტად ^18:00 საათზე სადარბაზოში ელოდა.
ანიკას მობილურ ტელეფონს აშკარად უსმენდნენ!
„რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს მობილურსაც უსმენენ! სულელი უნდა ვიყო, ეს რომ არ
დავიჯერო“.
– ბიორკის მოხსენება დაიკარგა, – გაიმეორა ჯიანინიმ. ბლუმკვისტი წამით
შეყოყმანდა. იმან, ვინც ანიკას ასლი მოიპარა, უკვე იცოდა, რომ ბლუმკვისტის
ასლიც მოიპარეს. ამის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.
– ჩემიც.
– რა?
– შინ მოვედი და ლურჯი საქაღალდე მაგიდაზე აღარ დამხვდა, – მოწყენით აუხსნა
ბლუმკვისტმა, – საშინელებაა. ის მოხსენება ჩვენი უმთავრესი მტკიცებულება იყო.
– ძალიან ვწუხვარ, მიკე.
– მეც, – თქვა ბლუმკვისტმა, – ჯანდაბა! მაგრამ ეს შენი ბრალი არაა. მოხსენება
ხელში ჩამივარდა თუ არა, მაშინვე უნდა გამომექვეყნებინა.
– ახლა რაღა ვქნათ?
– წარმოდგენა არ მაქვს. ამაზე უარესი ვერაფერი მოხდებოდა. მთელი ჩვენი გეგმა
თავდაყირა დააყენა. ბიორკის ან ტელებორიანის წინააღმდეგ არანაირი სამხილი
აღარ დაგვრჩა.
კიდევ ორ წუთს ისაუბრეს.
– ხვალვე ჩამოდი სტოკჰოლმში, – უთხრა დას, სანამ ყურმილს დაკიდებდა.
– სალანდერი უნდა ვნახო.
– დილით მიდი მის სანახავად. უნდა შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ, როგორ
მოვიქცევით.
დასთან საუბრის შემდეგ ბლუმკვისტი დივანზე დაჯდა და ცარიელ სივრცეს
მიაშტერდა. მათ, ვინც ამ საუბარს უსმინეს, უკვე იცოდნენ, რომ „მილენიუმმა“ 1991
წლის მოხსენება და ბიორკისა და ტელებორიანის მიმოწერა დაკარგა. ახლა ალბათ
კმაყოფილები ისხდნენ, ბლუმკვისტი და ჯიანინი თავგზაბნეულები არიანო.
სხვა თუ არაფერი, ჯაშუშების წიგნებიდან ბლუმკვისტმა ის მაინც შეიტყო, რომ
ნებისმიერი შპიონაჟის საფუძველი დეზინფორმაციის გავრცელებაა, რაც ხანგრძლივ
პერსპექტივაში, შესაძლოა, ჯაშუშისთვის სასარგებლო გამოდგეს.
მან ლეპტოპის ჩანთა გახსნა და ბიორკის მოხსენების ბოლო ასლი ამოიღო, რომელიც
არმანსკისთვის გადაიღო, მაგრამ ჯერ მისთვის არ გადაეცა. ამის დაკარგვას უკვე
აღარ აპირებდა. პირიქით, დაგეგმა, რომ კიდევ ხუთი ასლი გადაეღო და უსაფრთხო
ადგილას შეენახა.
შემდეგ ერიქსონს დაურეკა, რომელიც შინ წასასვლელად ემზადებოდა.
– ასე საჩქაროდ სად გაიქეცი? – ჰკითხა ერიქსონმა.
– შეგიძლია კიდევ რამდენიმე წუთს დარჩე რედაქციაში? წასვლამდე რაღაც მინდა
შენთან განვიხილო.
ყველა პერანგი გასარეცხი ჰქონდა. ბიორკის მოხსენების ბოლო ასლთან ერთად
წვერსაპარსი და „ბრძოლა სეპოზე გაბატონებისთვის“ ჩაიდო ჩანთაში და ბინიდან
გავიდა. Dressmann-ში ოთხი პერანგი, ორი შარვალი და რამდენიმე საცვალი იყიდა და
რედაქციაში წავიდა.
სანამ ბლუმკვისტი შხაპს მიიღებდა, ერიქსონი იცდიდა, ნეტა რა ხდებაო.
– ვიღაც ჩემს ბინაში შეიპარა და ბიორკის მოხსენება მოიპარა. ვიღაცამ გეტებორგში
ანიკა გაძარცვა და ჩანთასთან ერთად მოხსენების ასლი გასტაცა. ზუსტად ვიცი, რომ
მისი მობილური ტელეფონი ისმინება, რაც ნიშნავს, რომ ჩემიც. შესაძლოა, შენი
სახლის და „მილენიუმის“ რედაქციის ყველა ტელეფონიც. თუ ვიღაცამ თავი
შეიწუხა და ჩემს ბინაში შეიპარა, სულელი ყოფილა, თუ აქ არ დააყენა
სათვალთვალო მოწყობილობა.
– გასაგებია, – უღონოდ თქვა ერიქსონმა და მაგიდაზე დადებულ თავის ტელეფონს
დახედა.
– ჩვეულებრივად იმუშავე. მობილურითაც ისარგებლე, მაგრამ მნიშვნელოვანი
ინფორმაცია არ გასცე. ხვალ ჰენრისაც უამბე ყველაფერი.
– ერთი საათის წინ წავიდა. შენს მაგიდაზე საჯარო ანგარიშების დასტა დატოვა. შენ
რას აკეთებ აქ?
– ამაღამ აქ დავიძინებ. თუ დEღეს ზალაჩენკო მოკლეს, მოხსენების ასლები
მოიპარეს და ჩემს ბინაში მოსასმენი მოწყობილობები დააყენეს, შესაძლოა,
რედაქციაში შემოღწევა ვეღარ მოესწროთ. თან აქ მთელ დღეს ხალხი იყო. არ მინდა
ღამით აქაურობა ცარიელი დავტოვო.
– ფიქრობ, რომ ზალაჩენკოს მკვლელობა... კი, მაგრამ მკვლელი ხომ მოხუცი
შეშლილია.
– მალინ, მე დამთხვევებისა არ მჯერა. ვიღაც ზალაჩენკოს კვალს ფარავს. არ
მაინტერესებს, ვინ ჰგონია ხალხს ის მოხუცი შერეკილი ან რამდენი გიჟური წერილი
მისწერა მან მთავრობას. აშკარად დაქირავებული მკვლელია. ის ზალაჩენკოს
მოსაკლავად მივიდა... და შეიძლება, ლიზბეთისაც.
– მაგრამ მან ხომ თავი მოიკლა თუ თვითმკვლელობა სცადა. დაქირავებული
მკვლელი ამას რატომ იზამდა?
ბლუმკვისტი წუთით დაფიქრდა და მთავარ რედაქტორს თვალებში შეხედა.
– შეიძლება იმიტომ, რომ სამოცდათვრამეტი წლისაა და დასაკარგი ბევრი არაფერი
აქვს. ის თვითონ არის ამაში გარეული. ყველაფერს რომ ამოვქექავთ, ამასაც
დავამტკიცებთ.
ერიქსონმა ყურადღებით შეათვალიერა ბლუმკვისტი. ასეთი თავდაჭერილი და
მტკიცე არასდროს ენახა. გააცახცახა, რაც ბლუმკვისტმაც შეამჩნია.
– კიდევ ერთი: ახლა უბრალო კრიმინალების ბანდას აღარ ვებრძვით; ამჯერად ჩვენ
წინააღმდეგ სახელმწიფო დეპარტამენტია. წინ მძიმე ბრძოლა გველის.
ერიქსონმა თავი დაუქნია.
– არ მეგონა, ასე შორს თუ მოგვიწევდა შეტოპვა. მალინ, ის, რაც დღეს მოხდა,
ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოდ შეიძლება განვითარდეს
მოვლენები. თუ საქმიდან გასვლა გინდა, მხოლოდ თქვი.
ერიქსონმა გაიფიქრა, ნეტა ბერგერი როგორ მოიქცეოდაო. მერე შეუპოვრად გააქნია
თავი.
მეორე ნაწილი. HACKER REPUBLIC
[8]
A1/V – 22/V
ირლანდიური კანონის მიხედვით, 697 წელს ქალებს ჯარისკაცობა აეკრძალათ, რაც
ნიშნავს, რომ მანამდე ქალებს ბრძოლაში მონაწილეობა შეეძლოთ. არაბები,
ბერბერები, ქურთები, რაჯპუტები, ჩინელები, ფილიპინელები, მაორიები,
მიკრონეზიელები და ამერიკელი ინდიელები საუკუნეების განმავლობაში
იშველიებდნენ ქალებს ომში.
არსებობს მრავალი ლეგენდა ანტიკური საბერძნეთის უშიშარ მეომარ ქალებზე,
რომლებსაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას – აჩვევდნენ
იარაღის ხმარებას და წვრთნიდნენ ფიზიკურად. ისინი მამაკაცებისგან
იზოლირებულად ცხოვრობდნენ და იბრძოდნენ. მითების მიხედვით, მათ ბრძოლის
ველზე მამაკაცებიც კი დაუმარცხებიათ. ამორძალები ახ. წ-ით დაახლოებით 600
წელს, ჰომეროსის „ილიადაში“ არიან ნახსენები.
მათ სახელი „ამაზონი“ ბერძნებმა უწოდეს, რაც „უმკერდოს“ ნიშნავს. გადმოცემის
თანახმად, იმისათვის, რომ მშვილდის მოზიდვაში ხელი არ შეშლოდათ, მათ ან
ჩვილობაში აჭრიდნენ მარჯვენა ძუძუს, ან ზრდასრულ ასაკში შანთით
ამოსწვავდნენ ხოლმე. ამაზე ბერძენი ექიმებიც, ჰიპოკრატეცა და გალენოსიც
მიუთითებენ, რომ მსგავსი ოპერაცია ხელს შეუწყობდა ამაზონების
ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას; თუმცა, მაინც საეჭვოა, ძველად ასეთი
ოპერაციები მართლა ეკეთებინოთ. საქმე უფრო ეხება ლინგვისტურ გამოცანას –
სიტყვაში „ამაზონი“ წინსართი „ა“ ნიშნავს თუ არა მაინცდამაინც „უქონლობას“?
არსებობს ვერსია, რომ „ა“-ს ამ შემთხვევაში საპირისპირო მნიშვნელობა აქვს და
„ამაზონი“ გამორჩეულად დიდი მკერდის მქონე ქალის აღმნიშვნელია. მსოფლიოს
არც ერთ მუზეუმში არ არსებობს ქანდაკება, ნახატი, ამულეტი ანტიკური ქალისა,
რომ მარჯვენა ძუძუ აკლდეს; არადა, მითები მკერდის ამპუტაციაზე ნამდვილ
ფაქტს რომ ემყარებოდეს, ასეთი ქანდაკებები ხშირად უნდა გვხვდებოდეს.

თავი VIII
კვირა, 1/V – ორშაბათი, 2/V
როცა ლიფტის კარი გაიღო, ბერგერმა ღრმად ჩაისუნთქა და Svenska Morgon-Posten-ის
რედაქციაში შევიდა. 10:15 საათი იყო. შავი შარვალი, წითელი სვიტერი და მუქი
ჟაკეტი ეცვა. პირველი მაისის მშვენიერი დარი იდგა. ქუჩებში მშრომელთა ჯგუფები
გროვდებოდა. თვითონ მშრომელთა მსვლელობაში ბოლოს ოცი წლის წინ
მონაწილეობდა.
წუთით ლიფტის კართან შეყოვნდა, მარტო და ყველასთვის შეუმჩნეველი.
„პირველი დღე ახალ სამსახურში“, – გაიფიქრა მღელვარედ.
ხედავდა რედაქციას, რომლის შუაგულშიც ახალი ამბების განყოფილება
მდებარეობდა. დაინახა მთავარი რედაქტორის შუშისკარიანი კაბინეტიც, რომელიც
ახლა მას ეკუთვნოდა.
უეცრად ეჭვი შეეპარა, რომ შესაფერისი კანდიდატი იყო ისეთი უფორმო
ორგანიზაციის სამართავად, როგორც Svenska Morgon-Posten იყო. „მილენიუმში“ სულ
რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, ამ ყოველდღიურ გაზეთს კი ოთხმოცი რეპორტიორი
ჰყავდა; ადმინისტრაციული პერსონალის, ინფორმაციული ტექნოლოგიის
სპეციალისტების, გარეკანის დიზაინერების, ფოტოგრაფებისა თუ სარეკლამო
წარმომადგენლების რიცხვი კი ოთხმოცდაათს შეადგენდა და თუ ამათ
საგამომცემლო სახლს და ხელმძღვანელობასაც დავამატებდით, ჯამში 230
ადამიანზე მეტი გამოდიოდა.
ლიფტთან მდგარმა ბერგერმა საკუთარ თავს ჰკითხა, დიდი შეცდომა ხომ არ
დავუშვიო.
უცებ მიმღები განყოფილების ორი მდივნიდან უფროსმა შეამჩნია, წამოდგა,
ბერგერს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.
– ფრუ ბერგერ, მოგესალმებით Svenska Morgon-Posten-ში.
– ერიკა დამიძახეთ. გამარჯობა.
– ბეატრისი. მობრძანდით. მთავარ რედაქტორ მორანდერთან მიგაცილოთ?
უკაცრავად, უკვე ყოფილ მთავარ რედაქტორთან.
– გმადლობთ; ისედაც ვხედავ, აი იმ შუშის გალიაში ზის, – გაეღიმა ბერგერს, – ჩემით
მივალ.
ბერგერი მთავარი რედაქტორის კაბინეტისკენ დაიძრა. მისი გამოჩენისთანავე
ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. ბერგერმა იგრძნო, რომ ყველა მას უყურებდა. ის ახალი
ამბების ნახევრად ცარიელ განყოფილებასთან შეჩერდა და რეპორტიორებს თავი
დაუქნია.
– ცოტა ხანში ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, – უთხრა მათ და მერე შუშისკარიან
კაბინეტზე მიაკაკუნა.
სამსახურიდან მიმავალ მთავარ რედაქტორ ჰოკან მორანდერს შუშის გალიაში
თორმეტი წელი გაეტარებინა. ბერგერის მსგავსად, ისიც გაზეთის მფლობელებმა
გადმოიბირეს და თავის დროზე მანაც გაიარა პირველად რედაქციაში. მორანდერმა
დაბნეულმა ამოიხედა და ბერგერი რომ დაინახა, წამოდგა.
– გამარჯობა, ერიკა, – მიესალმა ქალს, – მეგონა, ხვალიდან იწყებდით მუშაობას.
– შინ ვეღარ გავძელი და მოვედი.
მორანდერმა ხელი გაუწოდა.
– კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენთან. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ
თქვენ უნდა შემცვალოთ.
– როგორ ბრძანდებით? – ჰკითხა ბერგერმა.
მორანდერმა მხრები აიჩეჩა. ამ დროს მდივანმა ბეატრისმა კაბინეტში რძიანი ყავა
შემოიტანა.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნახევარი ძალით ვმუშაობ. სიმართლე გითხრათ, არ
მინდა ამაზე საუბარი. მთელი ცხოვრება ყმაწვილივით დადიხარ და თავი უკვდავი
გგონია, უცებ კი აღმოაჩენ, რომ დრო თითქმის აღარ დაგრჩა. ერთი რამ ზუსტად ვიცი
– დარჩენილი დროის ამ შუშის გალიაში გატარებას არ ვაპირებ.
მორანდერმა მკერდზე მიიდო ხელი. მას გულისა და სისხლძარღვების პრობლემა
ჰქონდა და ამიტომაც უწევდა ბერგერს მისი დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე
შეცვლა.
ბერგერი შეტრიალდა და რედაქციას მოავლო თვალი. რეპორტიორი და ფოტოგრაფი
ლიფტისკენ მიდიოდნენ, ალბათ საპირველმაისო მსვლელობაზე სიუჟეტის
მოსამზადებლად.
– ჰოკან, თუ დღეს დაკავებული ხართ და მე თავს გაბეზრებთ, ახლავე წავალ. ხვალ
ან ზეგ დავბრუნდები.
– დღეს ჩემი დავალება დემონსტრაციაზე სარედაქციო სტატიის დაწერაა, რასაც
თვალდახუჭულიც კი ვიზამ. თუ სოციალისტები დანიასთან ომის წამოწყებას
მოითხოვენ, ამის მიზეზი უნდა ავხსნა; ხოლო თუ სოციალისტები დანიასთან ომის
წინააღმდეგები გამოვლენ, მაშინ ამის მიზეზი უნდა ავხსნა.
– დანიასთან ომის?
– დიახ. პირველი მაისს აუცილებლად უნდა შეეხო იმიგრანტთა ინტეგრაციის
საკითხს. სოციალისტები, რაც უნდა თქვან, უთუოდ არასწორები იქნებიან, – და
მორანდონმა გადაიხარხარა.
– ყოველთვის ასეთი ცინიკური ხართ?
– მოგესალმებით Svenska Morgon-Posten-ში.
ერიკა მორანდერს ახლოს არ იცნობდა. ის ელიტარულ მთავარ რედაქტორებს შორის
ყველაზე იდუმალი იყო. მისი სტატიები მოსაწყენი და კონსერვატიული ეჩვენებოდა.
როცა საქმე პრესის თავისუფლებას ეხებოდა, გადასახადებზე წუწუნის ექსპერტი
ტიპური ლიბერტარიანელი ხდებოდა.
– სამსახურზე სასაუბროდ ცოტა დროს ხომ ვერ დამითმობთ?
– ივნისის ბოლოს მივდივარ. მანამდე ორი თვე ერთად ვიმუშავებთ. დადებითსაც
ბევრს შეიტყობთ და უარყოფითსაც. მე, როგორც ცინიკოსი, უმეტესად უარყოფითს
ვხედავ.
მორანდერი ბერგერის გვერდით დადგა და მასთან ერთად შეავლო თვალი ახალი
ამბების განყოფილებას.
– მალე მიხვდებით, რომ იქ ბევრი მტერი გყავთ – ყოველდღიური რედაქტორები და
ვეტერანი რედაქტორები, რომლებსაც თავიანთი მცირე იმპერიები აქვთ შექმნილი.
მათ კლუბში ვერ გაწევრიანდებით. ეცდებიან, თავიანთი სტატიები და იდეები
მოგახვიონ თავს. საკუთარი აზრის დასაცავად ბრძოლა მოგიწევთ.
ბერგერმა თავი დააქნია.
– თქვენი დღის რედაქტორები ბილინგერი და კარლსონი იქნებიან... მათ ერთმანეთი
ეზიზღებათ, სხვადასხვა ცვლაში მუშაობენ, მაგრამ ისე იქცევიან, თითქოს მთავარი
რედაქტორები თვითონ იყვნენ. გყავთ ახალი ამბების განყოფილების რედაქტორიც –
ანდერს ჰოლმი; მასთან ხშირად მოგიწევთ მუშაობა და ალბათ დაპირისპირებაც.
პირდაპირ გეტყვით, Svenska Morgon-Posten-ს ყოველდღე სწორედ ის გამოსცემს.
ზოგიერთი რეპორტიორი ჭირვეულ პრიმადონას ჰგავს, ზოგი კი – საერთოდ
გასაშვებია აქედან.
– კარგი თანამშრომელი არ გყავთ?
მორანდერს ისევ გაეცინა.
– გვყავს, ოღონდ თავად უნდა გადაწყვიტოთ, ვისთან დაიჭერთ საქმეს. ზოგიერთი
რეპორტიორი მართლაც ძალიან ნიჭიერია.
– ხელმძღვანელობაზე რას მეტყვით?
– გენერალური დირექტორი მაგნუს ბორგშეა. სწორედ მან დაგიქირავათ.
მომხიბვლელია. ცოტათი ძველმოდურია და ცოტათი რეფორმატორი, და საბოლოო
გადაწყვეტილებას ის იღებს. დირექტორთა საბჭოს წევრთაგან ზოგიერთი გაზეთის
მფლობელი ოჯახის წარმომადგენელია და მათ დრო გაჰყავთ, ზოგიც ყველგან
ცხვირს ჰყოფს, რომ პროფესიონალების იმიჯი ჰქონდეთ.
– გატყობთ, ხელმძღვანელობით დიდად კმაყოფილი არ უნდა იყოთ.
– შრომას ვინაწილებთ: ჩვენ გაზეთს ვუშვებთ, ისინი გვაფინანსებენ. წესით,
გაზეთის შიდა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ, მაგრამ დროდადრო გაუგებრობები
მაინც ჩნდება ხოლმე. ჩვენ შორის დარჩეს, ერიკა, და პირდაპირ გეტყვით, რომ
ძალიან გაგიჭირდებათ.
– რატომ?
– დიდებული სამოციანი წლების შემდეგ ტირაჟი 150 000 ეგზემპლარით შემცირდა.
მალე ის დროც მოვა, რომ Svenska Morgon-Posten წამგებიან გაზეთად იქცევა.
რეორგანიზაცია მოვახდინეთ. შტატი 180 ადამიანით შევამცირეთ. ტაბლოიდურ
ფორმატზეც გადავედით (ეს ოცი წლის წინ უნდა გვექნა) და Svenska Morgon-Posten
ჯერჯერობით ისევ ერთ-ერთი უდიდესი გაზეთია, თუმცა მალე მეორეხარისხოვნად
იქცევა, თუ უკვე არ ქცეულა.
– მაშ, მე რატომ ამირჩიეს? – ჰკითხა ბერგერმა.
– იმიტომ, რომ ჩვენი მკითხველების საშუალო ასაკი ორმოცდაათ წელს ზემოთაა, ოც
წელს გადაცილებულთა რაოდენობა კი თითქმის ნულს უდრის. გაახალგაზრდავება
გვჭირდება. ამიტომაც დირექტორთა საბჭომ ყველაზე შეუფერებელი მთავარი
რედაქტორის დანიშვნა გადაწყვიტა.
– ანუ, ქალის?
– ვინმე უბრალო ქალის კი არა, იმის, ვინც ჰანს-ერიკ ვენერსტრომის იმპერია
დაანგრია, ვინც საგამოძიებო ჟურნალისტიკის დედოფლად ითვლება და ვისაც
შეუპოვარი მთავარი რედაქტორის რეპუტაცია აქვს. აბა, დაფიქრდით, თქვენ გარდა
ვერავინ გააახალგაზრდავებს გაზეთს. Svenska Morgon-Posten არა მხოლოდ ერიკა
ბერგერს, არამედ მთელ მის სახელსა და რეპუტაციას ყიდულობს. სწორი
გადაწყვეტილებაა.
უკვე სამი საათი დაწყებულიყო, როცა ბლუმკვისტმა ჰორსტულის მოედანზე,
კინოთეატრთან მდებარე კაფე „კოპაკაბანა“ დატოვა, მზის სათვალე გაიკეთა და
მეტროსკენ გაემართა. ბერგსუნდსტრანდზე რომ შეუხვია, კუთხეში ნაცრისფერი
„ვოლვო“ შეამჩნია. ნაბიჯის შეუნელებლად ჩაუარა გაჩერებულ მანქანას.
სარეგისტრაციო ნომერი იცნო. შიგ არავინ იჯდა.
ბოლო ოთხ დღეში მეშვიდედ დაინახა ეს მანქანა, თუმცა შეიძლება მანქანის
პატრონი მეზობლად ცხოვრობდა და მანამდე არ აკვირდებოდა. პირველად ეს
„ვოლვო“ ოთხშაბათ დილით, სამსახურში მიმავალს ბელმანსგატანზე მისი
კორპუსის წინ დახვდა. სარეგისტრაციო ნომერი – KAB – შემთხვევით დაიმახსოვრა,
რადგან ზალაჩენკოს ფირმის სახელის, კარლ აქსელ ბოდინის ინიციალებს
ემთხვეოდა. „ვოლვო“ საერთოდ გადაავიწყდებოდა, რამდენიმე საათის მერე
კორტესთან და ერიქსონთან ერთად სადილობისას „მილენიუმის“ რედაქციასთან
რომ არ დაენახა.
პარანოია ხომ არ დამეწყოო, თავისთვის გაიფიქრა, მაგრამ იგივე მანქანა იმავე
საღამოს ერსტას სარეაბილიტაციო ცენტრში პალმგრენთან სტუმრობისას კლინიკის
ავტოსადგომზეც შეამჩნია. ამას დამთხვევა აღარ ერქვა. ბლუმკვისტმა ყურადღება
გაათკეცა და როცა მომდევნო დილით ნაცრისფერი „ვოლვო“ ისევ დაინახა, აღარ
გაჰკვირვებია.
შიგ მძღოლი ერთხელაც არ შეუმჩნევია.
სატრანსპორტო საშუალებათა ეროვნულ რეესტრში გაარკვია, რომ მანქანა
ველინგბიში, ვიტანგიგატანზე მცხოვრებ იორან მორტენსონს ეკუთვნოდა.
ერთსაათიანი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ მორტენსონი ბიზნეს-კონსულტანტი
იყო და ფლემინგგატანზე დარეგისტრირებულ კერძო კომპანიას ფლობდა. ძალიან
საინტერესო გამოდგა მორტენსონის ავტობიოგრაფია. 1983 წელს, თვრამეტი წლისას
სანაპირო დაცვის ქვედანაყოფში სამხედრო სამსახური გაევლო და ჯარში
ჩარიცხულიყო. 1989 წელს ლეიტენანტის წოდება მიეღო და სოლნას პოლიციის
აკადემიაში გაეგრძელებინა სწავლა. 1991-1996 წლებში ის სტოკჰოლმის პოლიციაში
მუშაობდა. 1997 წლიდან იქიდან გაქრა და 1999 წელს საკუთარი ფირმა დააარსა.
„მაშასადამე, „სეპოში“ წავიდა“.
მითვალთვალებენო, დაასკვნა ბლუმკვისტმა. თუმცა, ამას ისე ტლანქად
აკეთებდნენ, რომ ძნელად თუ დარჩებოდა შეუმჩნეველი, მით უმეტეს –
საგამოძიებო ჟურნალისტიკით გატაცებული ბლუმკვისტისთვის.
ან იქნებ გამიზნულად გააგებინეს, რომ უთვალთვალებდნენ? ბლუმკვისტს
პირველად ხომ სარეგისტრაციო ნომერი KAB მოხვდა თვალში, თორემ იმ „ვოლვოს“
ზედაც არ შეხედავდა.
პარასკევს KAB საეჭვოდ არ გამოჩენილა. ბლუმკვისტს მოეჩვენა, რომ პარასკევს
მთელი დღე წითელი „აუდი“ დაჰყვებოდა. მაგრამ მისი სარეგისტრაციო ნომრის
დამახსოვრება ვერ მოახერხა. შაბათს „ვოლვო“ დაბრუნდა.
ბლუმკვისტის „კოპაკაბანადან“ გასვლიდან ოცი წამის შემდეგ კაფე „როსოს“
ჩრდილში მიმალულმა მალმმა ბლუმკვისტს ადევნებულ ორ მამაკაცს „ნიკონით“
თორმეტი ფოტო გადაუღო.
ქერა მამაკაცი ორმოც წლამდე იქნებოდა; მეორე – ჟღალთმიანი, ოდნავ
შემელოტებული და მზის სათვალიანი – პირველზე უფროსი ჩანდა. ორივეს ჯინსის
შარვალი და ტყავის ქურთუკი ეცვა.
ნაცრისფერ „ვოლვოსთან“ დაიშალნენ. უფროსი მანქანაში ჩაჯდა, უმცროსი კი
მეტროსადგურ „ჰორნსტულისკენ“ მიმავალ ბლუმკვისტს გაჰყვა.
მალმმა ფოტოაპარატი დაუშვა. ბლუმკვისტს მისთვის არ აუხსნია, რატომ უნდა
ესეირნა კვირადღეს „კოპაკაბანას“ ტერიტორიაზე და ეთვალთვალა KAB-სერიიანი
ნაცრისფერი „ვოლვოსთვის“. მხოლოდ დაავალა, როგორმე მძღოლის ფოტო გადაიღე
და ყურადღებით იყავი, თუ ვინმე ამედევნებაო.
მალმის აზრით, ბლუმკვისტის მორიგი თავგადასავალი იწყებოდა. ვერაფრით
გაერკვია, ბლუმკვისტს ბუნება ჰქონდა პარანოიკული თუ უბრალოდ – ნიჭი.
გოსებერგას შემთხვევის შემდეგ კიდევ უფრო ჩაიკეტა; მასთან დალაპარაკებაც კი
გართულდა. თუმცა, მალმს ასეთი რამ ადრეც ენახა – როცა ბლუმკვისტი რთულ
საქმეზე მუშაობდა, უცნაურად იქცეოდა და გარესამყაროს ეთიშებოდა – მაგალითად,
ჰანს-ერიკ ვენერსტრომის მხილების წინ.
მეორე მხრივ, მალმმა ახლა ცხადად დაინახა, რომ ბლუმკვისტს მართლაც
უთვალთვალებდნენ. ნეტა ახლა რა შარში უნდა გავეხვიოთო, გაიფიქრა თავისთვის.
როგორც ჩანდა, ეს ახალი კოშმარი „მილენიუმის“ მთელ დროს, ენერგიასა და
რესურსებს მოითხოვდა. მალმს სულაც არ მოსწონდა, რომ ბლუმკვისტი რაღაც
გიჟურს გეგმავდა იმ დროს, როცა ჟურნალი მთავარმა რედაქტორმა ცნობილ
ყოველდღიურ გაზეთში გაცვალა და „მილენიუმის“ გაჭირვებით მოპოვებული
სტაბილურობა კვლავ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
თუმცა, რაკი გეი-აღლუმის გარდა, ბოლო ათ წელიწადს არც ერთ დემონსტრაციაში
მონაწილეობა არ მიეღო, საპირველმაისოდ კოლეგის დახმარება გადაწყვიტა და
ბლუმკვისტს ადევნებულ მამაკაცს გაჰყვა. მისი კვალი ლონგჰოლმსგატანზე
დაკარგა.
როცა ბლუმკვისტი მიხვდა, ტელეფონები ისმინებაო, ჰენრი კორტესი ნახმარი
მობილურების საყიდლად გაგზავნა. კორტესმა ლამის კაპიკებად იშოვა რამდენიმე
ძველი Ericsson T10. ბლუმკვისტმა Comviq-ზე რამდენიმე ანონიმური საბარათე
ანგარიში გახსნა და ტელეფონები ერიქსონს, კორტესს, ჯიანინის, მალმს და
არმანსკის დაურიგა, ერთი კი თავისთვის დაიტოვა. ამ ტელეფონებით მაშინ
ისარგებლებდნენ, როცა ერთმანეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის განდობა
დასჭირდებოდათ. სხვა დროს კი საკუთარი ტელეფონებით იკონტაქტებდნენ, რაც
იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან ორ-ორი ტელეფონის ტარება მოუწევდათ.
საღამოს ბლუმკვისტს „მილენიუმის“ რედაქციაში კორტესი დახვდა, რომელიც ამ
შაბათ-კვირას მორიგეობდა. ზალაჩენკოს მკვლელობის შემდეგ ბლუმკვისტმა
ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა დააწესა და რედაქციაში ყოველღამე ვიღაც რჩებოდა.
ერთმანეთს ის, კორტესი, ერიქსონი და მალმი ენაცვლებოდნენ. ლოტა ქარიმს
სიბნელის ეშინოდა და რედაქციაში ღამით მარტო არაფრისდიდებით არ რჩებოდა.
ნილსონს სიბნელის არ ეშინოდა, მაგრამ ისე გულმოდგინედ მუშაობდა პროექტებზე,
რომ თანამშრომლები შეთანხმდნენ, სამუშაო დღის შემდეგ შინ გაეშვათ ხოლმე.
მაგნუსონი უკვე ასაკოვანი იყო და თან სარედაქციო საქმიანობასთან შეხება არ
ჰქონდა. ამას გარდა, შვებულებაში გასასვლელად ემზადებოდა.
– სიახლეა რამე?
– განსაკუთრებული არაფერი, – უპასუხა კორტესმა, – დღეს ყველას პირველი მაისი
აკერია პირზე.
– ერთ-ორ საათს აქ მე ვიქნები, – შესთავაზა ბლუმკვისტმა, – წადი, ცოტა დაისვენე
და ცხრა საათზე დაბრუნდი.
კორტესის წასვლისთანავე ბლუმკვისტმა ანონიმური მობილური ტელეფონით
გეტებორგში დამოუკიდებელ ჟურნალისტს, დანიელ ოლსონს დაურეკა. წლების
განმავლობაში „მილენიუმს“ მისი რამდენიმე სტატია გამოეცა და ბლუმკვისტს
სჯეროდა, რომ მას საჭირო ინფორმაციის მოპოვება ყოველთვის შეეძლო.
– გამარჯობა, დანიელ. მიქაელ ბლუმკვისტი ვარ. შეგიძლია დამელაპარაკო?
– კი.
– მინდა, ჩემთვის პატარა კვლევა ჩაატარო. ხუთი დღის საფასურს გადაგიხდით,
სტატია არ გვჭირდება. რასაკვირველია, შეგიძლია სტატიაც დაწერო და
დაგიბეჭდავთ, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი კვლევაა.
– გასაგებია.
– დელიკატური საკითხია. მხოლოდ ჩემთან უნდა განიხილო და მხოლოდ
ელფოსტით უნდა დამიკავშირდე. არავის უთხრა, რომ „მილენიუმისთვის“
ჟურნალისტურ კვლევას აწარმოებ.
– ოჰო, საინტერესო ჩანს. რას ვეძებთ?
– მინდა, სოლგრენსკას საავადმყოფოზე მომიმზადო რეპორტაჟი. რეპორტაჟს
„სასწრაფო დახმარებას“ დავარქმევთ და ერთმანეთს რეალობასა და ტელესერიალს
შევადარებთ. სასწრაფო დახმარების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის
განყოფილებების მუშაობას შეისწავლი. ექიმებს, მედდებს, სანიტრებს,
საავადმყოფოს ყოველ თანამშრომელს დაელაპარაკე. გამოჰკითხე, როგორია მათი
სამუშაო პირობები, რას აკეთებენ და ა. შ. ფოტოებიც გადაიღე.
– ინტენსიური თერაპიის განყოფილება? – გაიკვირვა ოლსონმა.
– დიახ. მაინტერესებს 11C ბლოკში მძიმედ დაშავებული პაციენტების მკურნალობა.
გამირკვიე, როგორ გამოიყურება ის დერეფანი, ვინ მუშაობს იქ; აღმიწერე მათი
გარეგნობა და მათი წარსულიც გამოქექე.
– თუ არ ვცდები, 11C ბლოკში ლიზბეთ სალანდერი წევს.
ოლსონს მიხვედრილობა ნაღდად არ აკლდა.
– მართლა? – ვითომ გაიკვირვა ბლუმკვისტმა, – გამიგე, რომელ პალატაშია, მის
გვერდით პალატებში თუ წევს ვინმე და როგორია სამუშაო დღის გრაფიკი იმ
განყოფილებაში.
– რატომღაც მგონია, რომ რეპორტაჟი სულ სხვა თემაზე იქნება, – შენიშნა ოლსონმა.
– როგორც გითხარი, ჩემთვის მთავარი კვლევის შედეგად მოპოვებული ცნობებია.
ერთმანეთში ელფოსტის მისამართები გაცვალეს.
სალანდერი იატაკზე პირაღმა იწვა, როცა პალატაში მედდა მარიანი შევიდა.
– ჰმ, – ჩაილაპარაკა მან და ამით მიანიშნა, რომ ინტენსიური თერაპიის
განყოფილებაში ასეთი ქცევა მიუღებელია. თუმცა, მის პაციენტს სხვა სავარჯიშო
ადგილი არ ჰქონდა და აღარ გაუპროტესტებია.
სალანდერი ოფლში ცურავდა. ფიზიოთერაპევტის მითითებით, ოცდაათი წუთის
განმავლობაში მკლავებსა და მუცლის პრესს ივარჯიშებდა. სამი კვირის წინ
გაკეთებული ოპერაციით დასუსტებული მხრისა და თეძოს კუნთების
გასაძლიერებლად მითითებული მოძრაობები ყოველდღიურად უნდა
შეესრულებინა. ძლივს სუნთქავდა. ფორმიდან ამოვარდნილი, უცებ იღლებოდა.
მარცხენა მხარი სწრაფად ეჭიმებოდა და სტკიოდა. თუმცა, გრძნობდა, რომ
გამომჯობინების გზას ადგა. თავის ტკივილები სულ უფრო და უფრო იშვიათად
აწუხებდა.
ლიზბეთის აზრით, უკვე საკმარისად კარგად იყო იმითვის, რომ სავადმყოფოდან
გაეწერათ ან გაქცეულიყო, მაგრამ ხელსაყრელი შემთხვევა არა და არ ეძლეოდა.
ერთი მხრივ, ექიმები არ უშვებდნენ, სრულად არ გამოჯანმრთლებულხარო, მეორე
მხრივ, მისი პალატის კარს მუდმივად დერეფანში სკამზე მჯდარი დაცვის
პოლიციის თანამშრომელი დარაჯობდა.
წესით, ჩვეულებრივ სარეაბილიტაციო განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ
საავადმყოფოს ადმინისტრაცია და ექიმები შეთანხმდნენ, გოგონა ჯერჯერობით
კვლავ მე-18 პალატაში დაეტოვებინათ. ეს პალატა უფრო ადვილი დასაცავი იყო,
ახლომახლო მუდამ საავადმყოფოს პერსონალი ტრიალებდა, თანაც, L-ის ფორმის
დერეფნის ბოლოს მდებარეობდა. 11C ბლოკში სალანდერს განსაკუთრებით
უფრთხილდებოდნენ ზალაჩენკოს მკვლელობის შემდეგ.
ასე თუ ისე, სოლგრენსკას საავადმყოფოდან ორიოდ კვირაში მაინც გაწერდნენ.
ექიმების მეთვალყურეობისგან რომ გათავისუფლდებოდა, სასამართლო პროცესის
დაწყებას სტოკჰოლმის კრუნობერგის საპატიმროში დაელოდებოდა. მისი
საავადმყოფოდან გაწერის თარიღი კი ექიმ იუნასონს უნდა დაედგინა.
ექიმმა იუნასონმა სალანდერის სერიოზულად დაკითხვის ნება პოლიციას მხოლოდ
ოპერაციიდან ათი დღის შემდეგ მისცა. ეს ადვოკატ ჯიანინის ძალიანაც აწყობდა.
მეორე მხრივ, ექიმი იუნასონი ადვოკატ ჯიანინისაც უკრძალავდა კლიენტთან ხშირ
სტუმრობას, რაც ადვოკატს ცოტათი აბრაზებდა.
გულბერგის მიერ ზალაჩენკოს მკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის
შედეგად ატეხილი აურზაურის შემდეგ ექიმმა იუნასონმა სალანდერის
ჯანმრთელობის მდგომარეობა გულდასმით გამოიკვლია. მან ისიც გაითვალისწინა,
რომ სამმაგ მკვლელობაში დადანაშაულებით და აწ განსვენებულ მამაზე ლამის
ფატალური თავდასხმით გოგონამ მძიმე სტრესი მიიღო. იუნასონს წარმოდგენა არ
ჰქონდა, სალანდერი მართლა დამნაშავე იყო თუ არა, მაგრამ როგორც ექიმს, ეს სულ
არ აინტერესებდა. მას აინტერესებდა მხოლოდ ის, რომ სალანდერი სტრესულ
მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან სამი ტყვია ესროლეს და ერთ-ერთმა ლამის ტვინი
გაასხმევინა; მას მაღალი სიცხე და თავის ტკივილი აწუხებდა.
თუნდაც მკვლელი ყოფილიყო, სალანდერი მისი პაციენტი იყო და მის
გამოჯანმრთელებაზე უნდა ეზრუნა. პაციენტთან მნახველების შეშვება ამიტომაც
აკრძალა და მას მედიკამენტები და წოლით რეჟიმში დასვენება გამოუწერა.
მეორე მხრივ, იუნასონი აცნობიერებდა, რომ გარესამყაროსგან სრული იზოლაცია
მეტად არაჰუმანური ნაბიჯი იყო; მისი აზრით, ეს წამებას არაფრით
ჩამოუვარდებოდა. გადაწყვიტა, ახლობლებისგან მოწყვეტილი ადამიანი თავს
კარგად ვერაფრით იგრძნობსო, და ადვოკატ ჯიანინის სალანდერის მეგობრის
სტატუსი მიანიჭა. ჯიანინის აუხსნა, რომ სალანდერთან ყოველდღე თითო საათით
შეუშვებდა; შეგიძლიათ ელაპარაკოთ, ან უბრალოდ, მის გვერდით იჯდეთ და
კომპანიონობა გაუწიოთ, ოღონდ მის პრობლემებსა და მომავალ იურიდიულ
ბატალიებზე საუბარს ნუ გაუბამთო.
– ლიზბეთ სალანდერს თავში ესროლეს და სერიოზულად დაშავდა, – უთხრა
ჯიანინის ექიმმა იუნასონმა, – ვფიქრობ, საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ
ყოველთვის არსებობს სისხლჩაქცევის ან სხვა უეცარი გართულების რისკი. მას
დასვენება და გამოსაჯანმრთელებლად დრო სჭირდება. დააცადეთ, მოღონიერდეს.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს იურიუდიული პრობლემების მოგვარებას.
ადვოკატმა ჯიანინიმ ექიმ იუნასონს დაუჯერა. სალანდერს ზედაპირულად აცნობდა
ბლუმკვისტთან ერთად დასახული სტრატეგიის მონახაზს, მაგრამ
ტკივილგამაყუჩებლებით გაბრუებულ გოგონას მისი თითქმის არ ესმოდა და სანამ
ჯიანინი ლაპარაკობდა, უეცრად ჩაეძინებოდა ხოლმე.
არმანსკიმ მალმის ფოტოები გულდასმით დაათვალიერა. მამაკაცი, რომელიც
„კოპაკაბანადან“ გასულ ბლუმკვისტს დაედევნა, გარკვევით ჩანდა.
– არა, – დაასკვნა ბოლოს, – ესენი არასდროს მინახავს.
ბლუმკვისტმა თავი დააქნია. არმანსკის კაბინეტში იმყოფებოდნენ. ბლუმკვისტი
Milton Security-ის ოფისში გარაჟიდან შევიდა.
– შედარებით უფროსი იორან მორტენსონია. „ვოლვო“ მისია. ერთი კვირაა, შეიძლება
უფრო მეტიც, სინდისივით თან დამდევს.
– ფიქრობთ, რომ „სეპოს“ აგენტია?
ბლუმკვისტმა მორტენსონის ბიოგრაფიაზე ანიშნა. არმანსკი შეყოყმანდა.
უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის უშვებს შეცდომებს და სულელურ
მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ეს არა მხოლოდ შვედურ „სეპოს“, მსოფლიოს
ნებისმიერ სადაზვერვო სამსახურს ეხება. მაგალითად, ფრანგულმა საიდუმლო
პოლიციამ Greenpeace-ის გემის Rainbow Warrior-ის ჩასაძირად ახალ ზელანდიაში
მყვინთავი-მზვერავი გაგზავნა, რაც ყველაზე იდიოტური სადაზვერვო ოპერაცია იყო,
თუ არ მივათვლით პრეზიდენტ ნიქსონის უგუნურ შეჭრას უოტერგეიტის
კომპლექსში. ასეთი კრეტინი მმართველების ხელში გასაკვირი არაა, რომ
სკანდალები ხდება. საიდუმლო სამსახურის წარმატებების შესახებ ვერავინ იგებს,
მაგრამ თუ რამე შეუფერებელი და სულელური ხდება, პრესა უსაფრთხოების
სამსახურს დაუფიქრებლად გადაუვლის ხოლმე.
ერთი მხრივ, მედიისთვის „სეპო“ ინფორმაციის სანდო წყაროა. ნებისმიერი უხეში
პოლიტიკური შეცდომისა თუ დაუდევრობის შემდეგ საგაზეთო სტატიები ასე
იწყება: „სეპო ეჭვობს რომ...“ სათაურში „სეპოს“ ხსენება სტატიას წონას სძენს.
მეორე მხრივ, სხვადასხვა ჩინის პოლიტიკოსები თუ მედიის წარმომადგენლები
ერთხმად აკრიტიკებენ შვედი მოქალაქეების თვალთვალში „სეპოს“
გამოაშკარავებულ აგენტებს.
არმანსკის „სეპოს“ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა: ვიღაცამ ხომ უნდა ადევნოს
თვალყური, რომ შერეკილმა ნაციონალ-ბოლშევიკებმა, რომლებსაც ბაკუნინის ან
ნეონაცისტების საყვარელი სხვა ავტორების წიგნები წაუკითხავთ, სასუქისა და
ნავთის მეშვეობით ბომბი არ დაამზადონ და პრემიერ-მინისტრ რუსენბადის წინ
დაყენებულ ფურგონში არ დაამონტაჟონო. „სეპოს“ არსებობა საჭირო იყო და,
არმანსკის აზრით, არც მცირე თვალთვალი აფუჭებდა რამეს, თუკი ის ქვეყნის
უსაფრთხოების სახელით იწარმოებოდა.
პრობლემის არსი სინამდვილეში სხვა რამეა: მოქალაქეებზე მოთვალთვალე
ორგანიზაცია საზოგადოების მხრიდან მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და მასზე
მაღალი დონის საკონსტიტუციო ზედამხედველობა მიმდინარეობდეს. თუმცა,
პარლამენტისთვის „სეპოს“ გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია, მაშინაც კი,
როცა პრემიერ-მინისტრი სპეციალურ გამომძიებელს ნიშნავს, რომელსაც, წესით,
ყველაფერზე მიუწვდება ხელი. არმანსკიმ ბლუმკვისტს ლიდბომის „დავალება“
გამოართვა და წიგნს გაოგნებული კითხულობდა. ბოლოს განაცხადა, ჩვენ რომ აშშ-
ში ვცხოვრობდეთ, „სეპოს“ ათობით მაღალჩინოსანს დარღვევებისთვის
დააპატიმრებდნენ და კონგრესის საჯარო კომიტეტის წინაშე წარადგენდნენო.
შვედეთში კი ისინი ხელშეუხებლები იყვნენ.
სალანდერის საქმემ გამოაჩინა, რომ ორგანიზაციის შიგნით რაღაც წესრიგში არ იყო.
როცა ბლუმკვისტმა ძველი მობილური ტელეფონი მოუტანა, არმანსკიმ იფიქრა, ეს
კაცი პარანოიკიაო. მხოლოდ მისი მოსმენისა და მალმის ფოტოების დათვალიერების
შემდეგ აღიარა უხალისოდ, რომ ბლუმკვისტს ეჭვის ყველანაირი საფუძველი
ჰქონდა. შეთქმულები, რომლებმაც თხუთმეტი წლის წინ სალანდერის თავიდან
მოშორება სცადეს, ჯერაც მოქმედებდნენ და ეს კარგს არაფერს მოასწავებდა.
იმდენი რამ მოხდა, ეს უბრალო დამთხვევად ვეღარ ჩაითვლებოდა. ბებერი მანიაკის
მიერ ზალაჩენკოს მკვლელობას რომ თავი დავანებოთ, ზუსტად იმავე დღეს
ბლუმკვისტი და ჯიანინი გაძარცვეს და მოჰპარეს საბუთი, რომელიც მათი
მტკიცებულებების ქვაკუთხედად ითვლებოდა. გარდა ამისა, მთავარმა მოწმემ
ყველასთვის მოულოდნელად თავი ჩამოიხრჩო.
– მაშ, თანახმა ხართ, ეს ჩემს საკონტაქტო პირს გადავცე? – ბლუმკვისტის
დოკუმენტები მოაგროვა არმანსკიმ.
– ეგ თქვენ საკონტაქტო პირი სანდოა?
– უაღრესად პატიოსანი ადამიანია.
– და „სეპოში“ მუშაობს? – დაუფარავი უნდობლობით ჰკითხა ბლუმკვისტმა.
– უნდა შევთანხმდეთ. მე და ჰოლგერმა თქვენი გეგმა მოვიწონეთ და თქვენთან
ვთანამშრომლობთ. ოღონდ ამ საქმეს მარტო ვერ მოვერევით. თუ გინდათ, რომ
კატასტროფას გადავურჩეთ, ბიუროკრატებს შორის უნდა ვიპოვოთ მოკავშირეები.
– გასაგებია, – უხალისოდ დაუქნია თავი ბლუმკვისტმა, – სტატიის შესახებ
ინფორმაცია წინასწარ არასდროს გამივრცელებია.
– ამ შემთხვევაში უკვე გაავრცელეთ. მე, თქვენს დას და ჰოლგერს მოუყევით.
– მართალია.
– ეს იმიტომ გააკეთეთ, რომ ხვდებით, საქმე მორიგ სენსაციურ მასალას არ ეხება.
ამჯერად ჟურნალისტურ გამოძიებას კი არ აწარმოებთ, ჩახლართული ამბის
მონაწილე ხართ. ამიტომაც დახმარება გჭირდებათ. მარტო ვერ გაიმარჯვებთ.
ბლუმკვისტი დანებდა. თანაც, არმანსკისთვის ან ანიკასთვის სიმართლე სრულად
არ გაუმხელია. ჯერ კიდევ ინახავდა ერთ-ორ საიდუმლოს სალანდერის შესახებ.
მან არმანსკის ხელი ჩამოართვა.

თავი IX
ოთხშაბათი, 4/V
Svenska Morgon-Posten-ის მთავარ თანარედაქტორად მუშაობის დაწყებიდან სამ
დღეში, შუადღის შესვენებაზე, ჰოკან მორანდერი გარდაიცვალა. მან მთელი დილა
შუშის გალიაში გაატარა, სანამ ბერგერი თავის თანაშემწე პეტერ ფრედრიკსონთან
ერთად სპორტული განყოფილების რედაქტორებს ხვდებოდა. სიტყვაძვირი, მაგრამ
დიდი გამოცდილების მქონე, ორმოცდახუთი წლის თავაზიანი ფრედრიკსონი
ბერგერივით შედარებით ახალი მოსული იყო გაზეთში. ბერგერმა გადაწყვიტა,
ხომალდის კაპიტნობას რომ ჩავიბარებ, ფრედრიკსონის გამჭრიახობასა და ცოდნას
დავეყრდნობიო. ბერგერისთვის მნიშვნელოვანი იყო სანდო გუნდი. ფრედრიკსონი
კი ამ გუნდში წევრობის უპირველესი კანდიდატი იქნებოდა.
ახალი ამბების განყოფილებაში რომ დაბრუნდნენ, მორანდერი წამოდგა და
კაბინეტის შუშის კართან მივიდა. შეშინებულს ჰგავდა.
უცებ წინ გადაიხარა, სავარძლის საზურგეს ხელი ჩაავლო, რამდენიმე წამს ასე იდგა
და ბოლოს ძირს დაეცა.
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
სამუშაო დღის მეორე ნახევარში ახალი ამბების განყოფილებაში დაძაბული
ატმოსფერო იყო. გენერალური დირექტორი ბორგშე 14:00 საათზე გამოჩნდა და
თანამშრომლები მორანდერის სულის მოსახსენიებლად შეკრიბა. მან მორანდერი
გაიხსენა, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიუძღვნა მან თავისი ცხოვრების ათწლეულზე
მეტი გაზეთში მუშაობას და როგორ თავდადებით იღვწოდა მისი წარმატებისთვის.
შემდეგ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი მის ხსოვნას.
ბერგერმა შეამჩნია, რომ რამდენიმე თანამშრომელი შეფარვით ათვალიერებდა.
ბერგერმა ჩაახველა და ისე, რომ არ იცოდა, რა ეთქვა, მოულოდნელად ერთი ნაბიჯი
წადგა წინ.
– ჰოკან მორანდერი სულ სამი დღის წინ გავიცანი, – მტკიცე ხმით დაიწყო, – ეს
მცირე დროა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ამ სამ დღეში მივხვდი, რომ
სიამოვნებით გავიცნობდი მას უფრო უკეთ.
წამით შეყოვნდა, როცა ცალი თვალით დაინახა, რომ ბორგშე მისჩერებოდა. მიხვდა,
რომ ბორგშესთვის მოულოდნელი იყო ბერგერის სიტყვით გამოსვლა. ბერგერმა
კიდევ ერთი ნაბიჯი წადგა წინ.
– მთავარი რედაქტორის მოულოდნელი გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ახალი
ამბების განყოფილებას გარკვეულ პრობლემას შეუქმნის. მე მორანდერი ორი თვის
შემდეგ უნდა შემეცვალა. ამასობაში კი მისგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებდი.
ბერგერმა დაინახა, რომ ბორგშემ პირი დააღო, თითქოს რაღაცის თქმას აპირებსო.
– სამწუხაროდ, ეს ვეღარ მოხერხდება და ყველას რთული პერიოდის გადატანა
მოგვიწევს. გვახსოვდეს, მორანდერი ყოველდღიური გაზეთის მთავარი რედაქტორი
იყო და ეს გაზეთი ხვალაც უნდა გამოვიდეს. გაზეთის დასაბეჭდად ცხრა საათი
დაგვრჩა, პირველი გვერდის მოსამზადებლად – ოთხი. შეიძლება გავიგო... ვინ იყო
თქვენ შორის მორანდერის ნდობით აღჭურვილი პირი?
ხანმოკლე სიჩუმე ჩამოვარდა. თანამშრომლებმა ერთმანეთს გადახედეს. ბოლოს
ოთახის მარცხენა კუთხიდან ბერგერს ხმა მოესმა.
– ეს ალბათ მე ვარ.
ეს გაზეთში მუშაობის ოცდათხუთმეტწლიანი სტაჟის მქონე გუნარ მაგნუსონი იყო,
პირველი გვერდის რედაქტორის თანაშემწე.
– ვინმემ ნეკროლოგი უნდა დაწეროს. მე ამას ვერ ვიზამ... კადნიერებაში
ჩამომართმევენ. იქნებ თქვენ შეძლოთ ეს?
– კარგი, დავწერ, – მცირე ყოყმანის შემდეგ უპასუხა მაგნუსონმა.
– მთელ პირველ გვერდს მას დავუთმობთ. სხვა მასალებს უკან გადავიტანთ.
მაგნუსონმა თავი დაუქნია.
– ფოტოები დაგვჭირდება, – ბერგერმა მხარმარჯვნივ მდგარ ფოტორედაქტორს,
ლენარტ ტორკელსონს გაუსწორა თვალი. ტორკელსონმაც თავი დაუქნია.
– საქმეს შევუდგეთ. თავიდან ცოტა გაგვიჭირდება. როცა გადაწყვეტილების
მისაღებად დახმარება დამჭირდება, თქვენ მოგმართავთ და თქვენი გამოცდილებისა
და პროფესიონალიზმის იმედი მაქვს. თქვენ უკვე იცით, ეს გაზეთი როგორ კეთდება,
მე კი ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
შემდეგ ფრედრიკსონისკენ შებრუნდა.
– პეტერ, მორანდერი ძალიან გენდობოდათ. საწყის ეტაპზე მასწავლებლობას
გამიწევთ და ჩვეულებრივზე მეტად დაიტვირთებით. გთხოვთ, ჩემი მრჩეველი
იყოთ.
ფრედრიკსონმა თავი დაუქნია. სხვა რა გზა ჰქონდა?!
ბერგერი ისევ პირველი გვერდის თემას დაუბრუნდა.
– კიდევ ერთი: ამ დილით მორანდერი სარედაქციო სტატიას წერდა. გუნარ,
შეგიძლიათ მისი კომპიუტერი ჩართოთ და შეამოწმოთ, დაასრულა თუ არა?
თუნდაც დამთავრებული არ ჰქონდეს, ეს მისი ბოლო სარედაქციო სტატია იყო და
სირცხვილი იქნება, თუ არ გამოვაქვეყნებთ. გაზეთის ახალი ნომერი კვლავ ჰოკან
მორანდერის სახელით გამოვა.
სიჩუმე.
– თუ ვინმეს დროებით განმარტოება და ფიქრი გსურთ, ხელს არავინ შეგიშლით.
ისედაც ყველამ იცით ჩვენი გრაფიკი.
ისევ სიჩუმე. ბერგერმა შეამჩნია, რომ რამდენიმე თანამშრომელი მოწონებით
აქნევდა თავს.
– Go to work, boys and girls[9], – ხმადაბლა თქვა ბერგერმა.
ჰოლმბერგმა ხელები გაასავსავა. ბუბლანსკი და მუდიგი მერყეობდნენ. ანდერსონს
ნეიტრალური გამომეტყველება ჰქონდა. ჰოლმბერგმა იმ დილით წინასწარი
გამოძიება დაასრულა და ოთხივე მას აანალიზებდა.
– არაფერი? – იკითხა გაკვირვებულმა მუდიგმა.
– არაფერი, – თავი გააქნია ჰოლმბერგმა, – პათანატომის საბოლოო დასკვნა ამ
დილით მოვიდა. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ თავი ჩამოიხრჩო.
კიდევ ერთხელ დააკვირდნენ სმოდალარეს საზაფხულო კოტეჯის მისაღებ ოთახში
გადაღებულ ფოტოებს. ჩანდა, უსაფრთხოების სამსახურის საიმიგრაციო
განყოფილების უფროსის თანაშემწე გუნარ ბიორკი ტაბურეტზე აძვრა, ჭაღის კავზე
თოკი გამოაბა, ყულფში თავი გაყო და მტკიცედ მოისროლა ტაბურეტი კედლისკენ.
პათანატომმა სიკვდილის დროის ზუსტად დადგენა ვერ შეძლო, მაგრამ ის კი
გაარკვია, რომ ბიორკმა 12 აპრილს დღისით ჩამოიხრჩო თავი. მისი გვამი 19 აპრილს
ინსპექტორმა ანდერსონმა აღმოაჩინა. ბუბლანსკიმ რამდენჯერმე სცადა ბიორკთან
დაკავშირება, მაგრამ არავინ რომ არ უპასუხა, გაბრაზებულმა ანდერსონი გაგზავნა
მასთან.
ანდერსონის მისვლამდე კავი ჭერიდან ჩამომწყდარიყო და ბიორკი იატაკზე ეგდო.
ანდერსონმა ის ფანჯრიდან დაინახა და მაშინვე პოლიცია და სასწრაფო დახმარება
გამოიძახა. ბუბლანსკიმ და სხვა პოლიციელებმაც, რომლებიც საზაფხულო კოტეჯში
გამოცხადდნენ, იქაურობა დანაშაულის ადგილად გამოაცხადეს, რადგან წინასწარ
დაასკვნეს, ბიორკი ვიღაცამ დაახრჩოო. მოგვიანებით ტექნიკურმა ჯგუფმა ჭაღის
კავი იპოვა. ბიორკის სიკვდილის მიზეზის დადგენა ჰოლმბერგს დაავალეს.
– არანაირი სამხილი არ არსებობს იმისა, რომ დანაშაული მოხდა ან ბიორკი იმ დროს
მარტო არ იყო, – თქვა ჰოლმბერგმა.
– ჭაღი?
– ჭაღზე კოტეჯის მფლობელის ორი წლის წინანდელი თითის ანაბეჭდებია,
რომელიც ალბათ მაშინ დარჩა ზედ, როცა ჭერზე ჩამოკიდა. ჭაღზე ბიორკის თითის
ანაბეჭდებიცაა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჭერიდან თვითონ ჩამოხსნა.
– თოკი საიდან გაჩნდა?
– ბაღში მდგარი ფლაგშტოკიდან. ვიღაცამ ორმეტრიანი თოკი ჩამოჭრა. უკანა
კართან ფანჯრის რაფაზე დანა ეგდო. კოტეჯის მეპატრონის თქმით, „მორას“ მარკის
ეს დანა მას ეკუთვნის და, ჩვეულებრივ, სამზარეულოს მაგიდის უჯრაში ინახავს
ხოლმე. უჯრის სახელურზე და დანაზე ბიორკის ანაბეჭდები ვიპოვეთ.
– ჰმმმ, – ჩაილაპარაკა მუდიგმა.
– კვანძი როგორ იყო? – დაინტერესდა ანდერსონი.
– ჩვეულებრივი, უხეირო კვანძი. ყულფი – ოდნავ მოშვებული. მხოლოდ ეს თუ
იძლევა ეჭვის საფუძველს. ბიორკი მეზღვაური იყო და, წესით, კვანძის გაკეთება
უნდა სცოდნოდა. თუმცა, როცა კაცი თვითმკვლელობისთვის ემზადება, შეიძლება
კვანძის სიმაგრე სულაც არ ადარდებდეს.
– ნარკოტიკებზე რას გვეტყვი?
– ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ ბიორკის სისხლში აღმოჩენილია
ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებლის კვალი. მედიკამენტი ექიმის გამოწერილია.
აგრეთვე აღმოჩენილია ალკოჰოლის კვალი, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო, რომ
სათქმელადაც არ ღირს. ერთი სიტყვით, ის ფხიზელი იყო.
– პათანატომის დასკვნაში წერია, რომ ბიორკს ნაკაწრი ჰქონდა.
– მარცხენა მუხლისთავზე, სამსანტიმეტრიანი ნაკაწრი. დიდი არაფერი. ათასგვარად
შეიძლებოდა გაეკაწრა... მაგალითად, სკამის ან მაგიდის კუთხეზე მუხლის გაკვრით.
მუდიგმა ბიორკის დამახინჯებული სახის ფოტო აიღო. ყულფი ისე ღრმად
ჩარჭობოდა კანში, რომ თოკი აღარ ჩანდა. სახე საზიზღრად გასივებოდა.
– თითქმის ოცდაოთხი საათი ჰაერში ეკიდა, სანამ კავი ჩამოწყდებოდა. კავის
ჩამოწყდომისას კი მისი ცხედარი ალბათ მკერდით ყავის მაგიდას დაეცა, რადგან
მკერდი დალურჯებული ჰქონდა. აშკარაა, რომ ეს ჭრილობა მისი სიკვდილიდან
კარგა ხნის შემდეგ გაჩნდა.
– საშინელი აღსასრულია, – შენიშნა ანდერსონმა.
– არ ვიცი. ყულფი ისეთი ვიწრო იყო, რომ კანში ჩაერჭო და სისხლის მოძრაობა
შეაჩერა. ალბათ რამდენიმე წამში გონება დაკარგა და ორიოდე წუთში გარდაიცვალა
კიდეც.
ბუბლანსკიმ უკმაყოფილოდ დაკეცა წინასწარი გამოძიების დასკვნა. ეს ვითარება
არ მოსწონდა. აფიქრებდა ზალაჩენკოსა და ბიორკის ერთ დღეს სიკვდილი. თუმცა,
კრიმინალური ექსპერტიზის დასკვნა ეჭვის არანაირ საფუძველს არ იძლეოდა.
ბიორკის სიკვდილში მესამე მხარის მონაწილეობა არ იკვეთებოდა.
– დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, – თქვა ბუბლანსკიმ, – იცოდა, რომ ზალაჩენკოს
საქმე მალე გასკდებოდა და სექს-ვაჭრობაში მონაწილეობისთვის ციხეში მოხვედრა
არ ასცდებოდა, თან მედიაც საჯაროდ გამოაჭენებდა. ალბათ ძალიან დაფრთხა. ავად
იყო, მრავალი წელი ქრონიკული ავადმყოფობით იტანჯებოდა... არ ვიცი. ნეტა
წერილი მაინც დაეტოვებინა.
– ბევრი არ ტოვებს წერილს.
– ვიცი. კარგი, ბიორკი უნდა დავივიწყოთ, სხვა გზა არ გვაქვს.
ბერგერმა მორანდერის მაგიდასთან მაშინვე დაჯდომა და მისი ნივთების
გადალაგება უხერხულად მიიჩნია. მან მაგნუსონს სთხოვა, მორანდერის
ქვრივისთვის დაერეკა და ეთხოვა, მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს
მოსულიყო ან ვინმე გამოეგზავნა გარდაცვლილი ქმრის ნივთების წასაღებად.
მორანდერის კაბინეტის ნაცვლად ახალი ამბების განყოფილების შუაგულში
დაადგმევინა მაგიდა და ზედ თავისი ლეპტოპი გახსნა. ასე უეცრად ჩაიბარა გაზეთის
მთავარი რედაქტორობა. სრული ქაოსი სუფევდა, მაგრამ Svenska Morgon-Posten-ის
საჭესთან ბერგერის დადგომიდან სამ საათში გაზეთის პირველი გვერდი
დასაბეჭდად უკვე მზად იყო. მაგნუსონმა ოთხსვეტიანი სტატია მოამზადა
მორანდერის ცხოვრებასა და კარიერაზე. გვერდის ზედა მხარეს, სტატიის შუაში
შავჩარჩოიანი ფოტო ჩასვეს. მორანდერის დაუსრულებელი სარედაქციო სტატია
მარცხენა კუთხეში მოათავსეს და ქვედა მხარეს ფოტოების სერია დაურთეს.
პირველი გვერდი არცთუ იდეალური, მაგრამ ემოციურად ნამდვილად შთამბეჭდავი
გამოვიდა.
უკვე შვიდი საათი იყო დაწყებული. ბერგერი მეორე გვერდის სათაურებს
ათვალიერებდა და კორექტორთან ერთად ტექსტებს ასწორებდა, როცა ბორგშე
მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. ბერგერმა თავი ასწია.
– შეიძლება დაგელაპარაკოთ?
კაფეტერიაში ყავის ავტომატთან მივიდნენ.
– მინდოდა მეთქვა, რომ თქვენი დღევანდელი ქცევით კმაყოფილი ვარ. ისე
ბუნებრივად აიღეთ თქვენს თავზე ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, რომ
ყველანი გაგვაკვირვეთ.
– სხვა არჩევანი არც მქონდა. თუმცა, სანამ აქაურობას შევეჩვევი, ცოტა
გაგვიჭირდება.
– ჩვენთვის ეს გასაგებია.
– ჩვენთვის?!
– თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს ვგულისხმობ. განსაკუთრებით –
დირექტორთა საბჭოს. თუმცა, თქვენი დღევანდელი გამოსვლის შემდეგ უკვე
სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ზუსტად დროზე
გამოჩნდით ჩვენთან და ამ რთულ ვითარებაში გაზეთის ხელმძღვანელობა იკისრეთ.
ბერგერი თოთხმეტი წლის ასაკიდან პირველად, ლამის გაწითლდა.
– შეიძლება რაღაც გირჩიოთ?
– გისმენთ.
– გავიგე, რომ ანდერს ჰოლმთან სათაურზე ვერ შეთანხმდით.
– ვერ შევთანხმდით, როგორი კუთხით მივაწოდოთ სტატია მთავრობის ახალი
საგადასახადო შეთავაზების შესახებ. ჰოლმმა სათაურშივე დააფიქსირა თავისი
პოზიცია. ახალი ამბების განყოფილებაში კი ინფორმაცია ნეიტრალური უნდა იყოს.
ჩვენ-ჩვენი პოზიცია სარედაქციო გვერდისთვის უნდა შემოვინახოთ. რახან ამ თემას
შევეხეთ... დროდადრო მეც დავწერ სტატიებს, მაგრამ ვინაიდან არც ერთი
პოლიტიკური პარტიის აქტივისტი არ ვარ, სარედაქციო განყოფილების
ხელმძღვანელის საკითხი ახლავე უნდა გადავწყვიტოთ.
– ჯერჯერობით მაგნუსონს მივანდოთ ეგ საქმე, – თქვა ბორგშემ.
ბერგერმა მხრები აიჩეჩა.
– ჩემთვის სულერთია, ვის დანიშნავთ. მთავარია, ისეთი ადამიანი იყოს, ვინც
გაზეთის საერთო ხედვას იზიარებს. საკუთარი მოსაზრება სარედაქციო გვერდზე
უნდა გავახმაუროთ და არა – ახალი ამბების ბლოკში.
– მართალს ბრძანებთ. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჰოლმს ცოტა უნდა
დაუთმოთ. დიდი ხანია, Svenska Morgon-Posten-ში მუშაობს და, თხუთმეტი წელია,
ახალი ამბების განყოფილებას ხელმძღვანელობს. იცის, რასაც აკეთებს. ზოგჯერ
ზედმეტად უხეში ჩანს, მაგრამ შეუცვლელია.
– ვიცი. მორანდერმა მითხრა. თუმცა, როცა საქმე გაზეთის საერთო პოლიტიკას ეხება,
ისიც გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოექცეს. ბოლოს და ბოლოს, გაზეთის სამართავად მე
დამიქირავეთ და არა – ის.
– პრობლემების მოგვარებაზე მათი წარმოშობისას ვიმუშავებთ, – ხანმოკლე ფიქრის
შემდეგ უპასუხა ბორგშემ.
ოთხშაბათ საღამოს გეტებორგის ცენტრალურ სადგურში სტოკჰოლმისკენ მიმავალ
ექსპრეს-მატარებელში ანიკა ჯიანინი გადაღლილი და გაღიზიანებული ავიდა.
ვაგონ-რესტორანში ყავა იყიდა, თავისი ადგილი დაიკავა და სალანდერთან ბოლო
საუბრისას გაკეთებული შენიშვნების გადასაკითხად ბლოკნოტი გადაშალა. სწორედ
ამ საუბარმა გადაღალა და გააღიზიანა.
„რაღაცას მალავს. ეგ პატარა სულელი ყველაფერს არ მიმხელს. მიკეც რაღაცას
მალავს. ღმერთმა უწყის, რა ჩაიფიქრეს“.
ჯიანინიმ დაასკვნა, რახან ჩემი ძმა და ჩემი კლიენტი ჯერ ერთმანეთს არ
შეხვედრიან, შეთქმულება – თუ მართლა შეთქმულები იყვნენ – ბუნებრივად
წარმოქმნილაო. ჯერ არ იცოდა, შეთქმულება რას ეხებოდა, მაგრამ რადგან ძმა
უმალავდა, ესე იგი, ასე მიიჩნევდა საჭიროდ.
ჯიანინი ფიქრობდა, საქმე ალბათ მორალურ საკითხს ეხება, რაც მიკეს სისუსტეაო.
მისი ძმა სალანდერის მეგობარი იყო. ჯინინიმ იცოდა, რომ თუ მიქაელი ვინმეს
დაუმეგობრდებოდა, ბოლომდე ჯიუტად უერთგულებდა, თუნდაც ის აუტანელი და
უვარგისი ადამიანი ყოფილიყო. აგრეთვე შეეძლო ნებისმიერი სიბრიყვე ეპატიებინა
მეგობრისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელს გარკვეული ზღვარისთვის არ უნდა
გადაებიჯებინა. ეს ზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვაგან გადიოდა.
Yთუმცა, ჯიანინის ახსოვდა, როგორ გაწყვიტა კავშირი ბლუმკვისტმა
ადამიანებთან, რომლებიც უწინ ახლო მეგობრებად მიაჩნდა და იმიტომ, რომ მათ
მისთვის სრულიად მიუღებელი და ამორალური რამ ჩაიდინეს. ამ მხრივ
ბლუმკვისტი შეუვალი იყო. ერთხელ გაწყვეტილ კავშირს აღარასდროს აღადგენდა.
რა ხდებოდა ბლუმკვისტის თავში, ჯიანინი ხვდებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ
ჰქონდა, რა ხდებოდა სალანდერის თავში. ხანდახან ფიქრობდა, რომ საერთოდ
არაფერი.
მასთან ურთიერთობისას შეამჩნია, რომ გოგონა ახირებული და გულჩათხრობილი
იყო. სანამ პირადად გაიცნობდა, ეგონა, როგორც კი მის ნდობას მოვიპოვებ,
გადაუვლისო. თუმცა, ერთი თვის შემდეგაც – პირველი ორი კვირა უქმად დახარჯა,
რადგან წამლებით გაბრუებულ სალანდერს მისი თითქმის არ ესმოდა – მათ
საუბრებს დიალოგს ვერ უწოდებდით; ჯიანინის მონოლოგი უფრო ეთქმოდა.
ზოგჯერ სალანდერი დეპრესიაში მყოფს ემსგავსებოდა. საერთოდ არ ადარდებდა
საკუთარი მომავალი. თითქოს ვერ ხვდებოდა ან არ აინტერესებდა, რომ ადვოკატი
მის ეფექტიანად დაცვას მხოლოდ მაშინ შეძლებდა, თუ მნიშვნელოვანს ყველაფერს
გაუმხელდა.
სალანდერი ყოველთვის შუბლშეკრული იყო; ზოგჯერ ხმასაც არ იღებდა, ხოლო თუ
დაილაპარაკებდა, დიდხანს და ფრთხილად არჩევდა საჭირო სიტყვებს. ზოგჯერ
რამდენიმე დღის წინ დასმულ შეკითხვაზე პასუხობდა. დაკითხვისას ჩუმად იჯდა
და წინ უაზროდ იყურებოდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამომძიებლებს არ
პასუხობდა, თუმცა, მაგალითად, ინსპექტორ ერლანდერს უპასუხა: როცა მან
ჰკითხა, რონალდ ნიდერმანზე რა იცითო, ამ დროს ერლანდერს შეხედა და
აუღელვებლად, დეტალურად უამბო, რაც იცოდა; ხოლო როგორც კი ერლანდერმა
თემა შეცვალა, გოგონა ისევ დამუნჯდა.
პრინციპში, ჯიანინიმ წინასწარ იცოდა, რომ სალანდერს ხელისუფლების
წარმომადგენლებთან საუბარი არ უყვარდა. ერთი მხრივ, ეს აწყობდა კიდეც.
მართალია, კლიენტს სულ უჩიჩინებდა, პოლიციელებს პასუხი გაეციო, მაგრამ
გულის სიღრმეში სალანდერის დუმილით კმაყოფილი იყო, რადგან დუმილი არც
სალანდერისთვის საზიანო ტყუილს შეიცავდა, არც – ურთიერთსაწინააღმდეგო
ფაქტებს, რომლებიც სასამართლოში მას უარყოფითი კუთხით წარმოაჩენდა.
თუმცა, სალანდერის თავდაჭერილობა მაინც აკვირვებდა. როცა მარტონი
რჩებოდნენ, ეკითხებოდა, ასე პროვოკაციულად რატომ უარობ პოლიციასთან
საუბარსო.
– ჩემს ნათქვამს სათავისოდ გადააკეთებენ და ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებენ.
– მაგრამ თუ თავის გამართლებას არ ეცდები, ბრალს დაგდებენ.
– დამდონ რა. ეს აურზაური მე არ გამომიწვევია. თუ ჩემი დადაშაულება სურთ, ეს
მათი პრობლემაა.
ადვოკატს კი სალანდერმა თანდათან უამბო, რა მოხდა სტალარჰოლმენში.
ყველაფერი უამბო, გარდა იმისა, როგორ აღმოჩნდა მაგე ლუნდინის ფეხში ტყვია.
ჯიანინი რამდენჯერმე ჩაეძია და სცადა გამოეტეხა, მაგრამ სალანდერი დუმილითა
და ჩვეული ალმაცერი ღიმილით პასუხობდა.
გოგონამ ჯიანინის გოსებერგაში მომხდარზეც უამბო. თუმცა, არ აუხსნია, რატომ
დაუპირისპირდა მამას ან მართლა მის მოსაკლავად წავიდა იქ (როგორც
პროკურორი ამტკიცებდა) თუ მის შესაგონებლად.
ერთხელ ჯიანინიმ სალანდერის ყოფილი მეურვის, ადვოკატ ნილს ერიკ ბიურმანის
საკითხიც წამოსწია, მაგრამ გოგონამ მხოლოდ ის თქვა, მისთვის მე არ მისვრიაო.
მის მკვლელობაში სალანადერს მაინც აღარ ადანაშაულებდნენ.
ბოლოს ჯიანინი მთელი ისტორიის საკვანძო მომენტს მიადგა: დაინტერესდა,
ფსიქიატრიული კლინიკის 1991 წლის მოვლენებში ექიმმა პეტერ ტელებორიანმა რა
როლი შეასრულაო. სალანდერი ისე გაყუჩდა, თითქოს ენა გადაყლაპა და ლაპარაკის
უნარი სამუდამოდ წაერთვაო.
„ასე ვერაფერს მივაღწევთ, – დაასკვნა ჯიანინიმ, – თუ არ მომენდობა, საქმეს
წავაგებთ“.
სალანდერი საწოლის კიდეზე იჯდა და ფანჯრიდან ავტოსადგომის უკან მდგარ
შენობას გაჰყურებდა. ასე გაუნძრევლად იჯდა მას მერე, რაც გაბრაზებულმა
ჯიანინიმ პალატის კარი გაიჯახუნა. მართალია, მსუბუქად, მაგრამ თავი კვლავ
ასტკივდა.
ჯიანინი აღიზიანებდა. ერთი მხრივ, ხვდებოდა, ადვოკატი რატომაც ცდილობდა
მისი წარსულის დეტალების დადგენას – დიახ, ჯიანინის ფაქტები სჭირდებოდა,
მაგრამ სალანდერს არანაირი სურვილი არ ჰქონდა საკუთარ გრძნობები და ქცევები
მასთან განეხილა. თავის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის ნებას ვერ მისცემდა. რა
სალანდერის ბრალი იყო მამამისის პათოლოგობა? ან რა სალანდერის ბრალი იყო,
თუ მისმა ძმამ პოლიციელი მოკლა? მადლობა ღმერთს, ჯერ არავინ იცოდა, რომ
ნიდერმანი მისი ძმა იყო, თორემ ამასაც მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ
ფსიქიატრიული გამოკვლევისას, რომელსაც ადრე თუ გვიან ჩაუტარებდნენ.
სვენსონი და იოჰანსონი მას არ მოუკლავს. არც ის უთხოვია, მეურვედ სადისტი
ღორი და მოძალადე დამინიშნეთო.
არადა, სწორედ მისი ცხოვრება დააყენეს თავდაყირა. იმისთვის, რომ თავი დაიცვა,
ბოდიში უნდა მოეხადა და თავი ემართლებინა.
მხოლოდ ის უნდოდა, რომ თავისთვის, მშვიდად ეცხოვრა. ბოლოს და ბოლოს,
მასთან მეგობრობა ხომ მაინც არავის უნდოდა?! ანიკა ჯიანინი ვითომ მას
ემხრობოდა, მაგრამ ეს პროფესიონალი ადვოკატის პროფესიონალური მეგობრობა
იყო და მეტი არაფერი. გარდა ამისა, სადღაც ნაბიჭვარი კალე ბლუმკვისტიც
დაეხეტებოდა. ჯიანინი თავის ძმაზე საუბარს რატომღაც თავს არიდებდა და
სალანდერიც არაფერს ეკითხებოდა. მისი აზრით, მას მერე, რაც სვენსონის
მკვლელობის ამბავი გაირკვა და სენსაციური მასალა ხელში ჩაიგდო, ბლუმკვისტი
მისით ალბათ დიდად აღარ დაინტერესდებოდა.
გაიფიქრა, ნეტა არმანსკი რას ფიქრობს ჩემზე მას შემდეგ, რაც მოხდა; ან პალმგრენი
როგორ აფასებს ამ სიტუაციასო.
ჯიანინის თქმით, ორივე მას ემხრობოდა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვები იყო. ისინი
სალანდერის პრობლემების მოსაგვარებლად თავს არ გაიფუჭებდნენ.
ნეტა მირიამ ვუ რას გრძნობს ჩემ მიმართო, გაიფიქრა.
მერე იმაზე დაფიქრდა, თვითონ რას გრძნობდა საკუთარი თავის მიმართ და
გაიაზრა, რომ თავისი ცხოვრება სულ ფეხებზე ეკიდა.
უეცრად მარტოობა პირადმა მცველმა დაურღვია – გასაღები გადაატრიალა და
პალატაში ექიმი იუნასონი შემოუშვა.
– საღამო მშვიდობისა. დღეს როგორ გრძნობთ თავს, ფრეკენ სალანდერ?
– კარგად, – მოკლედ უპასუხა სალანდერმა.
ექიმმა იუნასონმა სიცხე გაუზომა. ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა. იუნასონი
კვირაში ორჯერ ნახულობდა და სალანდერი მის ვიზიტებს მიეჩვია. საერთოდ,
აღიზიანებდა, როცა ვინმე ეხებოდა, მაგრამ ამ ექიმს ენდობოდა. არასდროს
შეუმჩნევია, იუნასონს მისთვის უჩვეულოდ შემოეხედოს. ექიმი ცოტას
ესაუბრებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა და ზედმეტი
შეკითხვებით – ნიდერმანთან და ზალაჩენკოსთან რა საერთო გაქვს, სრულ ჭკუაზე
თუ ხარ, ან პოლიციამ რატომ დაგიჭირაო, – თავს არ აბეზრებდა, მხოლოდ მისი
კუნთები, ტვინი და საერთო ფიზიკური მდგომარეობა აინტერესებდა.
თანაც, იუნასონი მის ტვინში იქექებოდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
სალანდერის აზრით კი, მას, ვისაც შენი ტვინი ამოუქექავს, პატივისცემით უნდა
მოექცე. თავისდა გასაკვირად, იუნასონის სტუმრობები სიამოვნებდა, მიუხედავად
იმისა, რომ ხელითაც ეხებოდა და სიცხესაც უზომავდა.
– შეიძლება გაგსინHჯო? – როგორც ყოველთვის, ნებართვა აიღო იუნასონმა, მერე
თვალის გუგები შეუმოწმა და პულსი და წნევა გაუზომა.
– როგორ ვარ?
– ბევრად უკეთ. ოღონდ უფრო მეტი უნდა ივარჯიშო. და კიდევ, თმის ვარცხნისას
თავზე ფუფხს ნუ ეხები... შეიძლება რაღაც გკითხო?
სალანდერმა თვალებში შეხედა და მცირე ფიქრის შემდეგ თავი დაუქნია.
– ეგ დრაკონის ტატუ... რატომ დაიხატე?
– პირველად ხედავ?
იუნასონს გაეცინა:
– არა, კი დავხედე, სანამ შიშველი იწექი, მაგრამ მაშინ ტყვიის ამოღებითა და ჭრა-
კერვით ვიყავი დაკავებული.
– რატომ მეკითხები?
– ცნობისმოყვარეობის გამო.
სალანდერი დაფიქრდა.
– დრაკონის დახატვის მიზეზის შენთან განხილვა არ მინდა.
– მაშინ, დაივიწყე, რომ გკითხე.
– გინდა, წესიერად ნახო?
– კი, რატომაც არა?! – ცოტათი დაიბნა იუნასონი.
სალანდერი შეტრიალდა, პერანგი აიწია და ისე დაჯდა, რომ ფანჯრიდან შემოსული
დღის შუქი ზურგზე დასცემოდა. იუნასონმა კი მისი დრაკონი შეათვალიერა. ლამაზი
და დახვეწილი ტატუ იყო, თითქმის ხელოვნების ნიმუში.
ცოტა ხნის შემდეგ სალანდერმა გამოხედა.
– დაკმაყოფილდი?
– ლამაზია, მაგრამ ალბათ ძალიან მტკივნეული იყო.
– საშინლად, – დაუდასტურა სალანდერმა.
იუნასონმა სალანდერის პალატა ოდნავ დაბნეულმა დატოვა. მისი ფიზიკური
რეაბილიტაციით კმაყოფილი იყო. თუმცა, ამ უცნაური გოგოსი ვერაფერი გაეგო.
ფსიქოლოგიაში მაგისტრის ხარისხი სულაც არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ
სალანდერის ემოციური მდგომარეობა არასახარბიელო იყო. გოგონა თავაზიანად,
მაგრამ ყოველთვის უნდობლად ესაუბრებოდა. მედპერსონალს კარგად ეპყრობოდა,
მაგრამ პოლიციელებთან საუბარს უარობდა. თავის ნაჭუჭში ჩაკეტილიყო და
გარშემო მყოფთაგან თავი შორს ეჭირა.
პოლიციამ პალატაში გამოკეტა. პროკურორი კი მის მკვლელობის მცდელობასა და
თავდასხმაში დადანაშაულებას აპირებდა. იუნასონი ვერაფრით იჯერებდა, რომ ეს
პატარა, გაჩხიკინებული გოგო ასეთ ძალადობას შეძლებდა, მით უმეტეს, რომ
დაზარალებულები ზრდასრული მამაკაცები იყვნენ.
დრაკონის ტატუზე განგებ ჰკითხა, იქნებ მისთვის საინტერესო თემით საუბარში
ავიყოლიოო, სინამდვილეში დიდად არც აინტერესებდა, რატომ დაიხატა
სალანდერმა ზურგზე დრაკონი, მაგრამ ფიქრობდა, რაკი ასეთი თვალშისაცემი
ტატუ გაიკეთა, ალბათ რამე განსაკუთრებული მიზეზიც ექნებოდაო. მასთან
საუბრის წამოწყება ამიტომაც სცადა.
საერთოდაც, სალანდერის მკურნალი ექიმი ენდრინი გახლდათ, იუნასონი
საკუთარი სურვილით ნახულობდა მას. იუნასონი ტრავმატოლოგიურ
განყოფილებას ხელმძღვანელობდა და სალანდერისთვის გაკეთებული რთული
ოპერაციით ამაყობდა. სწორად მოიქცა, როცა ტვინიდან ტყვიის ამოღება
გადაწყვიტა. გოგონა მახსოვრობას არ უჩიოდა, არც სასიცოცხლო ფუნქციები
დაჰქვეითებია და ტრავმის შედეგად არც არანაირი ნაკლი არ დარჩენია. ასეთი
ტემპით გამოჯანმრთელების შემთხვევაში საავადმყოფოს მხოლოდ ნაიარევით
დატოვებდა. სხვა საქმე იყო მის სულში დარჩენილი ნაიარევი.
იუნასონს კაბინეტის კართან კედელს მიყრდნობილი შავკოსტიუმიანი მამაკაცი
ელოდა. ხშირი თმა და კოხტად გაკრეჭილი ბლანჟე ჰქონდა.
– ექიმი იუნასონი ბრძანდებით?
– დიახ.
– მე პეტერ ტელებორიანი ვარ. უფსალის წმ. სტეფანის ფსიქიატრიული კლინიკის
მთავარი ექიმი.
– დიახ, გიცნობთ.
– ძალიან კარგი. თუ გცალიათ, იქნებ ცალკე დავილაპარაკოთ?
იუნასონმა კარი გააღო და სტუმარს კაბინეტში შეუძღვა.
– რით დაგეხმაროთ?
– საქმე თქვენს ერთ-ერთ პაციენტს, ლიზბეთ სალანდერს ეხება. მისი ნახვა მინდა.
– ნებართვა პროკურორს უნდა სთხოვოთ. პაციენტი დაპატიმრებულია და
მნახველების მიღება ეკრძალება. გარდა ამისა, მნახველი წინასწარ უნდა
შეYუთანხმდეს სალანდერის ადვოკატს.
– დიახ, დიახ, ვიცი, მაგრამ ვიფიქრე, ამდენი ფორმალობა რა საჭიროა-მეთქი. მე
ექიმი ვარ და შეგიძლიათ სამედიცინო საფუძველზე შემიშვათ მასთან.
– დიახ, შემიძლია, მაგრამ თქვენი სტუმრობის მიზანი ჩემთვის უცნობია.
– წმ. სტეფანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ორი წლის განმავლობაში
ვმკურნალობდი ლიზბეთ სალანდერს. თვრამეტ წლამდე თვალს ვადევნებდი მას,
სანამ საოლქო სასამართლო მეურვეს მიუჩენდა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის
მიზნით დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებას მისცემდა. წინასწარ გეტყვით, ამის
წინააღმდეგი ვიყავი. სალანდერისთვის მინიჭებული თავისუფლების შედეგად რაც
მივიღეთ, თვალნათლივ ვხედავYთ.
– მართლა?
– დღემდე პასუხისმგებლობას ვგრძნობ მის მიმართ და გამიხარდება, თუ მომცემთ
შანსს, შევამოწმო, რამდენად გაუარესდა მისი ფსიქიკური მდგომარეობა ბოლო ათ
წელიწადში.
– გაუარესდა?
– მოზარდობის ასაკთან შედარებით, როცა კვალიფიციურ დახმარებას იღებდა,
ვიფიქრე, როგორც ექიმი ექიმს, გამიგებდით.
– სანამ დამვიწყებია, იქნებ ერთ ჩემთვის გაუგებარ საკითხში გამარკვიოთ... როგორც
ექიმმა ექიმი. როცა ლიზბეთ სალანდერი სოლგრენსკას საავადმყოფოში დააწვინეს,
სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩავუტარე. ჩემმა კოლეგამ ფრეკენ
სალანდერისთვის ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა გამომიგზავნა.
დასკვნას ხელს ექიმი იესპერ ჰ. ლედერმანი აწერს.
– მართალია. სანამ პენსიაზე გავიდოდა, ექიმი ლედერმანის თანაშემწე ვიყავი.
– გასაგებია. მაგრამ შევამჩნიე, რომ დასკვნა უაღრესად ბუნდოვანია.
– მართლა?
– დასკვნა დიაგნოზს არ შეიცავს. პირში წყალჩაგუბებული პაციენტის აკადემიურ
კვლევას უფრო ჰგავს.
ტელებორიანს გაეცინა.
– ჰო, სალანდერთან ურთიერთობა იოლი არაა. როგორც დასკვნაში წერია, ის ექიმ
ლედერმანთან საუბარს გამუდმებით უარობდა. შედეგად ლედერმანმა საკუთარი
მოსაზრება დაწერა მასზე და სწორადაც მოიქცა.
– და სასამართლოს სალანდერის ინსტიტუციონალიზაციის რეკომენდაცია მისცა?
– ეს სალანდერის წარსულის საფუძველზე გააკეთა. წლების განმავლობაში მისი
ფსიქიკური აშლილობის მკაფიო სურათი ჩამოვაყალიბეთ.
– ზუსტად ეგ ვერ გამირკვევია. ჩვენთან რომ მოათავსეს, წმ. სტეფანის კლინიკიდან
მისი სამედიცინო ისტორიის ასლი მოვითხოვეთ, მაგრამ ჯერაც არ მიგვიღია.
– ამისთვის ბოდიშს გიხდით. საოლქო სასამართლოს ბრძანებით, მისი სამედიცინო
ისტორია გასაიდუმლოებულია.
– როგორ შევძლებთ სალანდერის მკურნალობას, თუ მის სამედიცინო ისტორიაზე
ხელი არ მიგვიწვდება. ამწუთას მის ჯანმრთელობაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი
და სხვა არავინ.
– სალანდერს მას შემდეგ ვმკურნალობ, რაც თორმეტი წელი შეუსრულდა და არა
მგონია, შვედეთში რომელიმე ექიმი ჩემზე უკეთ იცნობდეს მის კლინიკურ
მდგომარეობას.
– რომელიც გვიჩვენებს რას?
– იმას, რომ ლიზბეთ სალანდერი სერიოზული ფსიქიკური აშლილობით იტანჯება.
მოგეხსენებათ, ფსიქიატრია ზუსტი მეცნიერება არ არის. კონკრეტული დიაგნოზის
დასმისგან თავს შევიკავებ, თუმცა აშკარად პარანოიკული შიზოფრენიით
გამოწვეული აკვიატებული აზრები აწუხებს. ამას გარდა პერიოდულად ვარდება
მანიაკალურ დეპრესიაში და მოკლებულია ემპათიის უნარს.
იუნასონი ათ წამს დაჟინებიYთ აკვირდებოდა ექიმ ტელებორიანს, შემდეგ კი
უთხრა:
– არ შეგეკამათებით, ექიმო ტელებორიან, მაგრამ უფრო მარტივ დიაგნოზზე არ
გიფიქრიათ?
– მაგალითად?
– თუნდაც ასპერგერის სინდრომზე. მისი ფსიქიატრიული გამოკვლევა არ
ჩამიტარებია, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ აუტიზმის გარკვეულ ფორმასთან
გვაქვს საქმე. სწორედ ამით აიხსნება სოციალური ქცევის წესებთან სალანდერის
შეუთავსებლობა.
– მაპატიეთ, მაგრამ ასპერგერის სინდრომიანი პაციენტები თავიანთ მშობლებს
ცეცხლს არ უკიდებენ. დამიჯერეთ, ასე მკვეთრად გამოხატული სოციოპათია
პაციენტში ჯერ არასდროს შემიმჩნევია.
– ჩემი აზრით კი, ის გულჩათხრობილი ადამიანია და არა პარანოიკი სოციოპათი.
– სალანდერი მანიპულატორია, – თქვა ტელებორიანმა, – ისე იქცევა, როგორც, მისი
აზრით, თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა იქცეოდეს.
იუნასონი მოიღუშა. მას სალანდერზე სრულიად სხვაგვარი აზრი ჩამოუყალიბდა.
ტელებორიანი კი საპირისპიროს უმტკიცებდა. იუნასონს ღრმად სწამდა, რომ
სალანდერი მანიპულატორი არ იყო. პირიქით, ჯიუტად ცდილობდა გარშემო
მყოფთაგან თავი შორს დაეჭირა და არანაირი ემოცია არ გაემჟღავნებინა.
ტელებორიანის ნათქვამი საერთოდ არ შეესაბამებოდა სალანდერის იუნასონისეულ
ფსიქოლოგიურ პორტრეტს.
– თქვენ მას მხოლოდ რამდენიმე კვირაა, იცნობთ, თანაც, მძიმე ტრავმის გამო
პასიურია. პირადად მინახავს, როგორ წამონთებულა ბრაზით; უგუნური
სიძულვილი სჩვევია. მრავალი წელია, ლიზბეთ სალანდერის დახმარებას ვცდილობ.
აქ ამიტომაც მოვედი. სოლგრენსკას საავადმყოფომ წმ. სტეფანის კლინიკასთან
უნდა ითანამშრომლოს.
– რა სახის თანამშრომლობაზე საუბრობთ?
– თქვენ მის ფიზიკურ სიჯანსაღეზე ზრუნავთ და მჯერა, უკეთეს დახმარებას
ვერავისგან მიიღებს. თუმცა, მე მისი ფსიქიკური მდგომარეობა მადარდებს და
მინდა, ადრეულ სტადიაზე ჩავერთო მის მკურნალობაში. მზად ვარ, ყველანაირი
დახმარება გაგიწიოთ.
– გასაგებია.
– ამიტომაც უნდა შემიშვათ მასთან, რომ პირადად გამოვიკვლიო მისი
მდგომარეობა.
– სამწუხაროდ, მე ვერ დაგეხმარებით.
– უკაცრავად?
– როგორც გითხარით, სალანდერი დაპატიმრებულია. თუ ფსიქიატრიული
მკურნალობის დაწყება გსურთ, გეტებორგის პროკურორ იერვასს მიმართეთ
თხოვნით. ასეთ საკითხებს ის წყვეტს. გარდა ამისა, კიდევ გაგიმეორებთ, რომ ამის
თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობოს სალანდერის ადვოკატ ანიკა ჯიანინის. თუ
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება გნებავთ, მაშინ სასამართლოს
განკარგულება დაგჭირდებათ.
– სწორედ ამ ბიუროკრატიული პროცედურებისთვის თავის არიდება მინდოდა.
– გასაგებია, მაგრამ სალანდერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რადგან უახლოეს
მომავალში სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, ჩვენ მიერ მიღებული ყველა ზომა
ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული. ამიტომაც აუცილებლად უნდა
დავიცვათ ყველა ბიუროკრატიული პროცედურა.
– კარგი. მაშ გეტყვით, რომ სტოკჰოლმში პროკურორ ეკსტრომისგან უკვე მივიღე
ოფიციალური უფლება, სალანდერს სასამართლო-ფსიქიატრიული გამოკვლევა
ჩავუტარო. ჩემი დასკვნა სასამართლო პროცესზე დასჭირდებათ.
– ძალიან კარგი. თუ ეგრეა, საჭირო კავშირების მეშვეობით არც სალანდერთან
შესვლის ნებართვის მოპოვება გაგიჭირდებათ და აღარც წესების დარღვევა
მოგვიწევს.
– დიახ, მაგრამ სანამ ჩვენ ბიუროკრატიულ პროცედურებს ვიცავთ, სალანდერის
მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. მე მხოლოდ მის კეთილდღეობაზე ვზრუნავ.
– მეც, – უპასუხა იუნასონმა, – ჩვენ შორის დარჩეს და, პირადად მე სალანდერი
ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი მგონია. მას ცუდად ეპყრობოდნენ და დიდი
სტრესის ქვეშ იმყოფება. შიზოფრენიისა და პარანოიის ვერანაირ ნიშნებს ვერ
ვხედავ.
როცა ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ იუნასონს ვერ გადაარწმუნებდა,
განაწყენებული ტელებორიანი სწრაფად წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა.
იუნასონი კარგა ხანს იჯდა და იმ სავარძელს შესცქეროდა, რომელშიც ტელებორიანი
იჯდა. ექიმები ხშირად უკავშირდებოდნენ და რჩევას აძლევდნენ ან აზრს
უზიარებდნენ მკურნალობის თაობაზე, ოღონდ ისეთი ექიმები, რომლებიც ამა თუ იმ
პაციენტს თვითონაც მკურნალობდნენ. პირველად მოხდა, რომ მფრინავი თეფშივით
მოულოდნელად მის წინაშე ვიღაც ფსიქიატრი გაჩნდა და ყოველგვარი წესდების
დაცვის გარეშე პაციენტთან შეშვება ითხოვა. არადა, აშკარად ჩანდა, ტელებორიანს
სალანდერთან მრავალი წელი შეხება არ ჰქონია.
იუნასონი ფიქრებიდან გამოერკვა და მაჯის საათზე დაიხედა. 19:00 საათი იყო.
ყურმილი აიღო და სოლგრენსკას საავადმყოფოს ფსიქოლოგ მარტინა კალგრენს
დაურეკა. საჭიროების შემთხვევაში, კალგრენი ტრავმატოლოგიური განყოფილების
პაციენტებსაც მკურნალობდა.
– გამარჯობა. ალბათ უკვე წახვედი სამსახურიდან. ხომ არ გაწუხებ?
– არა უშავს. სახლში ვარ, მაგრამ არაფერს ვაკეთებ.
– რაღაც მაინტერესებს. როგორც ვიცი, ჩვენს ცნობილ პაციენტს, ლიზბეთ სალანდერს
ესაუბრე. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა მასზე?
– რა გითხრა, სამჯერ შევედი მასთან და საუბარი შევთავაზე. სამჯერვე თავაზიანი,
მაგრამ მტკიცე უარი მივიღე მისგან.
– როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა მასზე?
– რას გულისხმობ?
– მარტინა, ვიცი, რომ ფსიქიატრი არ ხარ, მაგრამ მაინც, მის ხასიათზე, მის ფსიქიკურ
მდგომარეობაზე რას ფიქრობ?
– ზუსტად არ ვიცი, როგორ გიპასუხო, – ხანმოკლე დუმილის შემდეგ თქვა
კალგრენმა, – საავადმყოფოში მოთავსებიდან რამდენიმე დღეში ორჯერ ვინახულე,
მაგრამ მაშინ ისეთ მდგომარეობაში იყო, მასთან წესიერად ურთიერთობა ვერ
მოვახერხე. მესამედ, ჰელენა ენდრინის თხოვნით, ერთი კვირის წინ შევედი მასთან.
– ჰელენამ რატომ გთხოვა მისი ნახვა?
– სალანდერი გამოჯანმრთელების გზას ადგას, თუმცა, ძირითადად, სულ წევს და
ჭერს მიშტერებია. ექიმმა ენდრინმა მთხოვა, იქნებ ნახო, რამე ხომ არ აწუხებსო.
– მერე რა მოხდა?
– გავეცანი. რამდენიმე წუთს ვილაპარაკეთ. ვკითხე, თავს როგორ გრძნობ,
ვინმესთან საუბარი ხომ არ გინდა-მეთქი. მითხრა, არაო. ვკითხე, რამე ხომ არ
გჭირდება-მეთქი. მთხოვა, იქნებ უჩუმრად ერთი კოლოფი სიგარეტი
შემომიტანოთო.
– გაბრაზებული ხომ არ ყოფილა, აგრესია ხომ არ გამოუვლენია?
– არა, ასე არ ვიტყოდი. მშვიდად მელაპარაკა, მაგრამ გარკვეულ დისტანციას
ინარჩუნებდა. ვიფიქრე, რომ სიგარეტი სერიოზულად არ უთხოვია და მხოლოდ
მეხუმრა. შევთავაზე, იქნებ კითხვა გინდოდეთ, წიგნებს შემოგიტანთ-მეთქი.
თავიდან მიპასუხა არაო, მაგრამ მერე გადაიფიქრა, სამეცნიერო ჟურნალები თუ
გაქვთ, გენეტიკასა და ტვინის კვლევებზე სტატიები რომ იყოსო.
– რაზე?
– გენეტიკაზე.
– გენეტიკაზე?
– ჰო. ვუთხარი, ჩვენს ბიბლიოთეკაში მაგ თემაზე რამდენიმე სამეცნიერო-
პოპულარული წიგნი გვაქვს-მეთქი. წიგნებმა არ დააინტერესა, მითხრა, რამდენიმე
ეგეთი წიგნი უკვე წამიკითხავსო, და ჩემთვის უცნობი ავტორების უცნობი
ნაწარმოებები ჩამომითვალა. ერთი სიტყვით, ღრმადმეცნიერული ნაშრომები უფრო
აინტერესებდა.
– საოცარია.
– ვუთხარი, პაციენტებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში ასეთი ნაშრომები
ალბათ არ მოგვეპოვება – „ფილიპ მარლოუ“[10] უფრო გვაქვს, ვიდრე სამეცნიერო
ლიტერატურა – მაგრამ შენთვის რამეს მოვძებნი-მეთქი.
– მერედა, მოძებნე?
– ბიბლიოთეკიდან ჟურნალ Nature-ისა და New England Journal of Medicine-ის ძველი
ნომრები ვითხოვე. სალანდერს ძალიან გაუხარდა და შეწუხებისთვის მადლობა
გადამიხადა.
– კი მაგრამ, იმ ჟურნალებში ხომ მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები
იბეჭდება?
– დიდი ინტერესით კითხულობს.
იუნასონს რამდენიმე წამით ენა ჩაუვარდა.
– მის ფსიქიკურ მდგომარეობას ამ მომენტისთვის როგორ შეაფასებ?
– თავის თავშია ჩაკეტილი. პირად საკითხებზე ჩემთან სიტყვა არ დაუძრავს.
– ხომ არ მოგეჩვენა, რომ ფსიქიკურად ავადმყოფია? მანიაკალური დეპრესია ან
პარანოია ხომ არ შეგიმჩნევია?
– არა, რას ამბობ?! ეგ რომ მგონებოდა, მაშინვე განგაშს ავტეხდი. უცნაურია, დიდი
პრობლემები აქვს და სტრესის ქვეშ იმყოფება, მაგრამ გაწონასწორებულია და
სიძნელეებს უმკლავდება. და ეს ყველაფერი რატომ მკითხე? რამე მოხდა?
– არა, არაფერი. უბრალოდ, ვცდილობ, მის ბუნებაში გავერკვიო.

თავი X
შაბათი, 7/V – ხუთშაბათი, 12/V
ბლუმკვისტმა ლეპტოპის ჩანთა, რომელშიც ოლსონის მიერ გეტებორგში
მოპოვებული მასალები ეწყო, სამუშაო მაგიდაზე დადო და ფანჯრიდან გეტგატანზე
ხალხის ნაკადს გადახედა. ამიტომაც უყვარდა თავისი კაბინეტი. გეტგატანზე
დღედაღამ ხალხი მიმოდიოდა და ფანჯარასთან მიმჯდარი ბლუმკვისტი თავს
მარტოსულად აღარ გრძნობდა.
გადაღლილი იყო. თავაუღებლად მუშაობდა სტატიებზე, მაგრამ იმდენი მასალა
დაუგროვდა, რომ ხვდებოდა, ჟურნალის ერთ სპეციალურ ნომერშიც ვერ ჩაატევდა.
როგორც „ვენერსტრომის საქმის“ შემთხვევაში, ახლაც მასალების წიგნად
გამოქვეყნება გადაწყვიტა. 150-გვერდიანი ტექსტი უკვე მზად ჰქონდა. წინასწარი
გათვლებით წიგნი 320-336-გვერდიანი გამოვიდოდა.
იოლი ნაწილი მალევე დაასრულა: დაწერა, როგორ მოკლეს სვენსონი და იოჰანსონი,
და აღწერა, თვითონ როგორ აღმოჩნდა დანაშაულის ადგილზე. იმასაც მოჰფინა
ნათელი, რატომ იქცა სალანდერი ეჭვმიტანილად. ცალკე თავი მიუძღვნა იმას, თუ
როგორ ამოსვარა ლაფში პრესამ სალანდერის სახელი და რა დააბრალა მას
პროკურორმა ეკსტრომმა. ამგვარად, ირიბად ოფიციალურ გამოძიებასაც გაჰკრა
კბილი, მაგრამ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ტონი შეარბილა. ამისკენ პროკურორ
ეკსტრომის პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერმა უბიძგა, სადაც ბუბლანსკი
ეკსტრომის ნაჩქარევი დასკვნებითა და ბრალდებებით აშკარად უკმაყოფილო
ჩანდა.
ასეთი დრამატული შესავლის შემდეგ წარსულს დაუბრუნდა და აღწერა
ზალაჩენკოს შვედეთში ჩამოსვლა, სალანდერის ბავშვობა და ის მოვლენები, რის
შედეგადაც გოგონამ უფსალის წმ. სტეფანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოჰყო
თავი. არც ტელებორიანი და განსვენებული ბიორკი დაინდო. 1991 წლის
ფსიქიატრიული დასკვნა წარმოადგინა და ახსნა, რატომ იქცა სალანდერი
საფრთხედ იმ სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომლებიც განდგომილ საბჭოთა
ჯაშუშს მფარველობდნენ. ტელებორიანისა და ბიორკის მიმოწერიდანაც მოიყვანა
ციტატები.
შემდეგ ზალაჩენკოს „გაშვედების“ ამბავი და მისი კრიმინალური საქმიანობა
აღწერა. დაწერა ნიდერმანზეც, რომელმაც სალანდერის მეგობარი მირიამ ვუ გაიტაცა
და გოგონა მხოლოდ პაოლო რობერტოს ჩარევამ იხსნა. ბოლოს, კვანძი გოსებერგაში
მომხდარით გახსნა, როცა სალანდერი დაჭრეს და ცოცხლად დამარხეს. ისიც დაამატა,
რომ იმ ღამით პოლიციელი სრულიად უსარგებლოდ დაიღუპა, რადგან ნიდერმანი
ხელებშეკრული და საგზაო ნიშანზე მიბმული იყო.
შემდეგ წერის ტემპი შენელდა. პრობლემა ის იყო, რომ მის სტატიაში ჯერაც ბლომად
მოიძევებოდა ხარვეზები. ბიორკი მარტო არ მოქმედებდა. მოვლენათა ჯაჭვის უკან
დიდძალი ფინანსური რესურსის და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ჯგუფი
იკვეთებოდა. თუმცა, ფიქრის შედეგად ბლუმკვისტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ
სალანდერის მიმართ უსამართლობა არც მთავრობის მიერ იყო სანქცირებული და
არც – უსაფრთხოების სამსახურის უფროსობისგან. ამის საფუძველს ბლუმკვისტს
მთავრობის მიმართ ნდობა როდი აძლევდა; უბრალოდ, ხვდებოდა, ეს ოპერაცია
პოლიტიკურად მოტივირებული რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს საიდუმლოდ ვერ
შეინახავდნენ. ვიღაც აუცილებლად მოინდომებდა მეორესთან საქმის გარჩევას და
პრესაც რამდენიმე წლით ადრე შეიტყობდა სალანდერის ამბავს.
ბლუმკვისტის აზრით, ზალაჩენკოს მცირე ანონიმური ჯგუფი მფარველობდა.
ჯერჯერობით არც ერთ მათგანზე წარმოდგენა არ ჰქონდა, გარდა მორტენსონისა –
პოლიციელისა, რომლის საიდუმლო დავალება „მილენიუმის“ რედაქტორის
თვალთვალი იყო.
ამასობაში ცხადი გახდა, რომ სალანდერის სასამართლო პროცესი აუცილებლად
შედგებოდა.
პროკურორმა ეკსტრომმა ის მაგე ლუნდინზე თავდასხმასა და კარლ აქსელ ბოდინის
მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.
ჯერჯერობით სასამართლო პროცესის დაწყების თარიღი არ დაედგინათ, მაგრამ
ბლუმკვისტის კოლეგების აზრით, თუ სალანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა
არ გაუარესდებოდა, ეკსტრომი ივლისისთვის გეგმავდა. ბლუმკვისტი ეკსტრომს
ჩანაფიქრს მიუხვდა: საზაფხულო შვებულებების პერიოდში სალანდერის
სასამართლო პროცესი ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობდა.
ბლუმკვისტს სურდა, წიგნის გამოცემა სასამართლო პროცესის პირველი დღისთვის
დაემთხვია. მან და მალმმა გადაწყვიტეს, წიგნი თხელყდიანი ყოფილიყო, რათა
„მილენიუმის“ საზაფხულო სპეციალურ ნომერთან ერთად გაევრცელებინათ.
კორტესსა და ერიქსონს უსაფრთხოების სამსახურის შესახებ სტატიების წერა
დაევალათ.
ბლუმკვისტი მოღუშული იყურებოდა ფანჯრიდან.
„ჯერ არაფერი დასრულებულა. შეთქმულება გრძელდება. ამით აიხსნება
სატელეფონო მოსმენები, ანიკაზე თავდასხმა და 1991 წლის მოხსენების ასლების
მოპარვა. მგონი ზალაჩენკოს მკვლელობაც ამ შეთქმულების ნაწილია“.
თუმცა, ამის არანაირი სამხილი არ ჰქონდა.
ერიქსონთან და მალმთან თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ დაგ სვენსონის მიერ
სექს-ტრეფიკინგის შესახებ დაწერილი წიგნის გამოსვლასაც სასამართლო პროცესის
დაწყებას დაამთხვევდნენ. ამ წიგნის გამოცემის გადავადების არანაირი მიზეზი არ
არსებობდა. პირიქით, ამხელა ყურადღებას ალბათ ვერც ვერასდროს მიიპყრობდა.
სალანდერზე წიგნის წერაში ბლუმკვისტს კორტესი და ერიქსონიც ეხმარებოდნენ.
ამგვარად, ქარიმი და მალმი (მისი ნების საწინააღმდეგოდ) „მილენიუმის“ დროებით
აღმასრულებელ რედაქტორებად იქცნენ. რეპორტიორის მოვალეობას მხოლოდ
ნილსონი ასრულებდა. შესაბამისად, ერიქსონმა რამდენიმე დამოუკიდებელ
ჟურნალისტს დაუკვეთა მომავალი ნომრებისთვის სტატიების მომზადება. ეს
საკმაოდ ძვირი დაუჯდათ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ.
ბლუმკვისტმა ჩასანიშნ ქაღალდზე წააწერა, სვენსონის ოჯახთან საავტორო
უფლებაზე დალაპარაკება არ დამავიწყდესო. სვენსონის მშობლები ერებროში
ცხოვრობდნენ და მისი ერთადერთი სამართალმემკვიდრეები იყვნენ. წესით, წიგნის
სვენსონის სახელით გამოსაცემად მათი ნებართვა სულაც არ სჭირდებოდა, მაგრამ
მათ მონახულებას და მათი აზრის მოსმენას მაინც გეგმავდა. ეს შეხვედრა დროის
უქონლობის გამო რამდენჯერმე გადადო, მაგრამ მეტს ვეღარ დაიცდიდა.
გასათვალისწინებელი იყო ასობით სხვა დეტალიც. მაგალითად, როგორ
წარმოედგინა სალანდერი სტატიაში. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
სალანდერთან პირადად გასაუბრება და სიმართლის ან მისი მცირე ნაწილის
გასამხელად ნებართვის მისგან მიღება სურდა. სამწუხაროდ, სალანდერთან
გასაუბრება არ შეეძლო, რადგან გოგონა დაპატიმრებული იყო და მასთან
მნახველები არ დაიშვებოდნენ.
ამ მხრივ, ვერც თავის დას დაიხმარებდა. ის წესდებას მკაცრად იცავდა და
ბლუმკვისტის შუამავლობას არ აპირებდა. ჯიანინი კლიენტთან განხილულ თემებს
საიდუმლოდ ინახავდა და ძმასთან მხოლოდ იმ საკითხებზე თათბირობდა, რაც
სალანდერის წინააღმდეგ შეთქმულებას ეხებოდა – აქ მას ძმის დახმარება
სჭირდებოდა. ეს ბლუმკვისტს აღიზიანებდა, მაგრამ აცნობიერებდა, რომ მისი და
სწორად იქცეოდა. შესაბამისად, ბლუმკვისტმა არ იცოდა, გაუმხილა თუ არა
სალანდერმა ჯიანინის, რომ ის ყოფილმა მეურვემ ნილს ერიკ ბიურმანმა
გააუპატიურა; თავად კი, შურისძიების მიზნით, მუცელზე მამხილებელი ტატუ
დაახატა. რადგან ჯიანინი ამაზე არაფერს ამბობდა, ვერც ბლუმკვისტი ბედავდა
მასთან ამ თემის წამოწევას.
სალანდერის იზოლირებამ კიდევ ერთი მწვავე პრობლემა წარმოშვა. სალანდერი
ჰაკერი იყო, რაც ჯიანინიმ არ იცოდა. ბლუმკვისტი სალანდერს დაჰპირდა, რომ მის
საიდუმლოს შეინახავდა და პირობას ასრულებდა. თუმცა, ამჯერად ძალიან
სჭირდებოდა მისი ჰაკერული ნიჭი.
ამიტომ მასთან დაკავშირების გზა უნდა ეპოვა.
ოხვრით ხელახლა გახსნა ოლსონის საქაღალდე. შიგ პასპორტის ფოტოასლი იდო,
პასპორტი კი 1950 წელს დაბადებულ იდრის ღიდის – ულვაშიან, თმაშევერცხლილ
შავგვრემან მამაკაცს ეკუთვნოდა.
ღიდი ერაყიდან დევნილი ქურთი იყო. ოლსონს საავადმყოფოს თანამშრომლებს
შორის ყველაზე მეტი ინფორმაცია მასზე მოეძიებინა. თავის დროზე ამ კაცს მედიის
ყურადღება მიეპყრო – მასზე რამდენიმე სტატიაც დაეწერათ.
ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულში დაბადებული ღიდი უნივერსიტეტში ინჟინრის
პროფესიას დაეუფლა და 1970-იან წლებში ქვეყნის დიდ ეკონომიკურ ნახტომში
საკუთარი წვლილიც შეიტანა. 1984 წელს მოსულის სამშენებლო-ტექნიკურ
სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლობა. პოლიტიკური აქტივისტი არასდროს
ყოფილა, მაგრამ როგორც ქურთი, სადამ ჰუსეინის ერაყში „პოტენციურ დამნაშავედ“
ითვლებოდა. 1987 წელს ღიდის მამა აქტივისტობის ბრალდებით დააპატიმრეს და
თუმცა მისი დანაშაული არ დაუკონკრეტებიათ, 1988 წლის იანვარში სიკვდილით
დასაჯეს. ამ ამბიდან სამი თვის თავზე ერაყის საიდუმლო პოლიციამ იდრისიც
დააკავა. ის მოსულიდან წაიყვანეს და თერთმეტი თვის განმავლობაში აწამებდნენ
დანაშაულის აღიარების მიზნით. ღიდიმ კი არ იცოდა, რა უნდა ეღიარებინა.
1989 წლის მარტში ღიდის ერთ-ერთმა ბიძამ „ბაასის“ პარტიის ადგილობრივ
ლიდერს 50 000 შვედური კრონის ეკვივალენტური თანხა გადაუხადა ღიდის მიერ
სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ორი დღის შემდეგ
ღიდი ბიძას ჩააბარეს. გათავისუფლებული ღიდი სულ ოცდაცხრამეტ კილოს
იწონიდა და ვეღარ დადიოდა. გათავისუფლებამდე უროთი მარცხენა ფერდი
ჩაულეწეს, რომ „ავაზაკობა“ აღარასოდეს გაებედა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. მომჯობინდა თუ არა, ბიძამ
სოფელში წაიყვანა. ღიდი სრულად აღარასდროს გამოჯანმრთელებულა. აგვისტოში
შეიტყო, რომ ორი ძმა დაუპატიმრეს, და მას შემდეგ ისინი აღარ უნახავს. ბიძამისმა
რომ შეიტყო, სადამ ჰუსეინის პოლიცია კვლავ დაეძებდა, ღიდი 30 000 კრონის
ექვივალენტური თანხის სანაცვლოდ თურქეთში გააპარა და იქიდან ყალბი
პასპორტით ევროპაში გაუშვა.
იდრის ღიდი სტოკჰოლმის არლანდას აეროპორტში 1989 წლის ოქტომბერში დაეშვა.
შვედურად ერთი სიტყვაც არ იცოდა, მაგრამ გაფრთხილებული იყო, მაშინვე
სასაზღვრო-საპასპორტო პოლიციისთვის მიემართა და პოლიტიკური თავშესაფარი
ეთხოვა. ღიდიმ ეს დამტვრეული ინგლისურით შეძლო. ის უპლანდსვესბის
დევნილთა ბანაკში გაგზავნეს, სადაც ორი წელი გაატარა. ბოლოს იმიგრაციულმა
სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ღიდის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა შვედეთში
ცხოვრების უფლების მისაღებად.
იმ დროისთვის ღიდი უკვე ლაპარაკობდა შვედურად და ორი ოპერაციის შედეგად
უყავარჯნოდ სიარულიც შეეძლო. იმ პერიოდში შებეს ოლქში რეფერენდუმის
შედეგად უკანონო იმიგრანტთა არსებობა აიკრძალა, რამაც შვედეთში დიდი
სკანდალი გამოიწვია. დევნილთა ბანაკებზე თავდასხმები განხორციელდა და ბერტ
კარლსონმა პარტია „ახალი დემოკრატია“ ჩამოაყალიბა.
ღიდის ახალმა ადვოკატმა პირდაპირ პრესას მიმართა და მის შესახებ სტატიები
გამოქვეყნდა. საქმეში შვედეთში მცხოვრები სხვა ქურთებიც ჩაერივნენ, მათ შორის –
ბაქშიების ცნობილი ოჯახის წევრებიც. საპროტესტო მიტინგები გაიმართა.
იმიგრაციულ საკითხთა მინისტრ ბირგიტ ფრიგებოს საჩივრის წერილიც კი
გაუგზავნეს. ამ ყველაფრის შედეგად, იდრის ღიდიმ შვედეთის სამეფოში
ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიიღო. 1992 წლის იანვარში უპლანდსვესბი მან
თავისუფალი მოქალაქის სტატუსით დატოვა.
ღიდიმ მალე აღმოაჩინა, რომ ერაყში განათლებამიღებული და გამოცდილი ინჟინერი
შDვედეთში არაფერს ნიშნავს. იმუშავა გაზეთების გამყიდველად, ჭურჭლის
მრეცხავად, შვეიცარად და ტაქსისტად. ტაქსისტობა მოსწონდა, მაგრამ ორი
პრობლემა ჰქონდა: სტოკჰოლმის და მისი შემოგარენის ქუჩებს წესიერად არ
იცნობდა და ყოველ საათში ერთხელ, გაუნძრევლად ჯდომის გამო თეძო აუტანლად
სტკიოდა.
1998 წელს შორეულმა ნათესავმა შეიბრალა და გეტებორგში თავისთან მწმენდავად
დააწყებინა მუშაობა. ღიდის ნათესავის ფირმას სოლგრენსკას საავადმყოფოსთან
ჰქონდა კონტრაქტი და ღიდიც კვირაში ექვს დღეს საავადმყოფოს იატაკს წმენდდა,
მათ შორის, როგორც ოლსონმა დაადგინა, 11C ბლოკის იატაკსაც.
ბლუმკვისტი იდრის ღიდის ფოტოს დააკვირდა. მერე ინტერნეტით მედიაარქივში
შევიდა და ის სტატიები გადაიკითხა, რომელსაც ოლსონის ანგარიში ეფუძნებოდა.
შემდეგ სიგარეტს მოუკიდა. ბერგერის წასვლისთანავე „მილენიუმის“ რედაქციაში
მოწევის აკრძალვა გაუქმდა. კორტესს საფერფლე უკვე მაგიდაზე ედო.
ბოლოს ბლუმკვისტმა ოლსონის მიერ ექიმ ანდერს იუნასონზე მომზადებული
ანგარიში წაიკითხა.
ორშაბათს ბლუმკვისტს ნაცრისფერი „ვოლვო“ აღარ შეუმჩნევია. არც ის უგრძნია,
რომ ვინმე უთვალთვალებდა და უკან დაჰყვებოდა, მაგრამ წიგნის მაღაზიიდან
სუპერმარკეტ Nordiska Kompaniet-ის გვერდითა შესასვლელში მაინც სწრაფი ნაბიჯით
შევიდა, სუპერმარკეტი კი მთავარი შესასვლელიდან დატოვა. თუ ვინმე
დაჰყვებოდა, ზეადამიანი უნდა ყოფილიყო, ხალხმრავალ სუპერმარკეტში მისი
კვალი რომ არ დაეკარგა. ბლუმკვისტმა ორივე მობილური ტელეფონი გამორთო და
გალერეის გავლით გუსტავ-ადოლფის მოედნამდე მივიდა, პარლამენტის შენობა
უკან მოიტოვა და გამლასტანისკენ გაემართა. ყოველი შემთხვევისთვის ვიწრო
ქუჩებში მიხვეულ-მოხვეული გზით იარა და, ბოლოს, გამომცემლობა Svartvitt-ის კარს
მიადგა.
14:30 საათი იყო. შეხვედრა წინასწარ არ დაუთქვამთ, მაგრამ გამომცემლობის
რედაქტორს, კურდო ბაკსის მისი დანახვა გაუხარდა.
– გამარჯობა, – მხიარულად მიესალმა ბაკსი, – სამი წელია, აღარ გამოჩენილხარ.
– აი, გამოვჩნდი, – გაუღიმა ბლუმკვისტმა.
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
ბლუმკვისტმა ბაკსი ოთხმოციან წლებში გაიცნო. როცა ბაკსიმ ჟურნალ Svartvitt-
ის[11] გამოცემა და ღამღამობით ეროვნულ პროფკავშირში გავრცელება დაიწყო,
ბლუმკვისტი მას რჩევებს აძლევდა. ბაკსი ფაქტზე გამოიჭირა პერ-ოკე ოსტრომმა,
რომელიც 1980-იან წლებში პროფკავშირში კვლევითი კომისიის მდივანი იყო. ის
ქსეროასლების განყოფილებაში ჟურნალის პირველი ნომრის სქელ დასტას და
აშკარად დათრგუნვილ ბაკსის გადააწყდა. ოსტრომმა ჟურნალის გარეკანის ასლს
დახედა და თქვა, ღმერთო დიდებულო, ჟურნალი ასე არ უნდა გამოიყურებოდესო,
და შექმნა ლოგო, რომელიც Svartvitt-ის პირველ გვერდს თხუთმეტი წლის
განმავლობაში ამშვენებდა, ანუ მანამ, სანამ ჟურნალის რედაქცია გამომცემლობად
არ გადაკეთდა. იმ დროს ბლუმკვისტი პროფკავშირში ინფორმაციული
ტექნოლოგიების კონსულტანტად მუშაობდა – საზიზღარი გამოცდილება მიიღო და
მას შემდეგ ამ სფეროსთან საერთო აღარ ჰქონია. ოსტრომმა სწორედ ბლუმკვისტს
სთხოვა, ჟურნალ Svartvitt-ის გამომცემელს კორექტურასა და რედაქტირებაში
დაეხმარეო. ბაკსი და ბლუმკვისტი იმ დროს დამეგობრდნენ.
ბლუმკვისტი დივანზე ჩამოჯდა. ბაკსიმ ყავა მოუტანა. ერთმანეთი მოიკითხეს.
საუბარს ხშირად წყვეტდნენ, რადგან ბაკსის მობილური ტელეფონი არ ჩერდებოდა.
ვიღაცას დაჟინებით უმტკიცებდა რაღაცას ქურთულად, თურქულად, არაბულად თუ
ბლუმკვისტისთვის უცხო სხვა ენაზე. ბლუმკვისტს ეს არ გაჰკვირვებია. ბაკსის
მსოფლიოს ყველა კუთხიდან ურეკავდნენ ხოლმე.
– ძვირფასო მიქაელ, აღელვებული მეჩვენები. რას შეუწუხებიხარ? – ჰკითხა ბოლოს.
– შეგიძლია ცოტა ხნით ეგ მობილური გამორთო?
ბაკსიმ ტელეფონი გამორთო.
– სამსახური უნდა გამიწიო. სერიოზული სათხოვარი მაქვს შენთან. საქმე
სასწრაფოდ და საიდუმლოდ უნდა გაკეთდეს.
– მითხარი.
– 1989 წელს შვედეთში ერაყიდან დევნილი იდრის ღიდი ჩამოვიდა. დეპორტაციის
საფრთხის წინაშე მდგარს შენი ოჯახი დაუდგა გვერდით და მან ჩვენს ქვეყანაში
ცხოვრების უფლება მიიღო. არ ვიცი, მამაშენმა თუ შენმა რომელიმე სხვა ნათესავმა
გაუწია დახმარება.
– ბიძაჩემმა მაჰმუთმა. ღიდის ვიცნობ. რა ხდება?
– გავიგე, გეტებორგში მუშაობს. მარტივი დავალება მაქვს მისთვის. ფულს
გადავუხდი.
– რა დავალება?
– მენდობი, კურდო?
– რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
– უჩვეულო დავალებაა. დეტალებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გარწმუნებ, არც შენ
და არც ღიდის კანონთან პრობლემა არ შეგექმნებათ.
– არ გინდა მითხრა, ასეთი რა დავალებაა? – დაჟინებით შეხედა ბაკსიმ.
– რაც უფრო ცოტა ადამიანს ეცოდინება, მით უკეთესი. უნდა დამეხმარო და ღიდი
დაითანხმო, რომ მომისმინოს.
ბაკსიმ სამუშაო მაგიდის უჯრიდან მისამართების წიგნაკი ამოიღო, ღიდის
ტელეფონის ნომერი იპოვა, დაურეკა და ქურთულად ელაპარაკა. ბლუმკვისტმა
სახეზე შეატყო, რომ ჯერ მიესალმა და მოიკითხა, მერე დასერიოზულდა და აუხსნა,
რატომაც ურეკავდა. ცოტა ხანში კი ბლუმკვისტს ჰკითხა:
– მასთან შეხვედრა როდის გინდა?
– თუ სცალია, პარასკევს შუადღისას. ჰკითხე, თუ შეიძლება, რომ შინ ვესტუმრო.
ბაკსიმ კიდევ ცოტა ხანს ილაპარაკა და ყურმილი დაკიდა.
– იდრისი ანგერედში ცხოვრობს, – მოახსენა ბლუმკვისტს, – მისი მისამართი გაქვს?
ბლუმკვისტმა თავი დაუქნია.
– პარასკევს, დღის ხუთ საათზე შინ იქნება. შეგიძლია ეწვიო.
– გმადლობ, კურდო.
– სოლგრენსკას საავადმყოფოში დამლაგებლად მუშაობს, – უთხრა ბაკსიმ.
– ვიცი.
– გაზეთებში წავიკითხე, რომ სალანდერის საქმეში ხარ გარეული.
– ეგრეა.
– მას ესროლეს.
– ჰო.
– გავიგე, რომ სოლგრენსკაში წევს.
– ეგეც მართალია.
ბაკსი მიხვდა, რომ ბლუმკვისტი რაღაც ეშმაკურს გეგმავდა, რაშიც ბადალი არ
ჰყავდა. ახლო მეგობრები არ იყვნენ, მაგრამ არც ერთმანეთს მტრობდნენ და
ბლუმკვისტიც აუცილებლად დაეხმარებოდა, ბაკსის რომ მისთვის ეთხოვა.
– რამე შარში ხომ არ ვყოფ თავს?
– გეუბნები, ამ საქმესთან კავშირი არ გექნება. შენი როლი უკვე შეასრულე:
თხოვნაზე უარი არ მითხარი და შენს ახლობელთან დამაკავშირე. ვიმეორებ,
უკანონობის ჩადენას არ ვთხოვ.
ბაკსის დასამშვიდებლად ეს ახსნა-განმარტება საკმარისი გამოდგა.
ბლუმკვისტი წამოდგა.
– შენთან ვალში ვარ.
– ერთმანეთისგან ყოველთვის დავალებულები ვართ, – თქვა ბაკსიმ.
კორტესმა ყურმილი დაკიდა და თითები მაგიდაზე ისე გამალებით ააკაკუნა, რომ
ნილსონმა დაუბღვირა. თუმცა, ნილსონმა შეამჩნია, რომ კორტესი ფიქრებში
ჩაფლულიყო, და გადაწყვიტა, თავისი ბოღმა კორტესზე არ გადაენთხია.
ბლუმკვისტი სალანდერის ისტორიაზე ერიქსონთან, კორტესთან და მალმთან
ერთად მუშაობდა. ნილსონს და ქარიმს არაფერს უმხელდნენ; ამ უკანასკნელთ
ბერგერის წასვლის შემდეგ რეალური ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი
„მილენიუმის“ მომდევნო ნომრისთვის შავი სამუშაოს კეთება უწევდათ. ერიქსონს
ბერგერის გამოცდილება და ავტორიტეტი აკლდა, კორტესი კი ჯერაც
ცხვირმოუხოცავი ღლაპი იყო.
ნილსონს ის კი არ აღიზიანებდა, რომ ის უმნიშვნელოდ მიიჩნიეს ან მათი
თანამდებობები უნდოდა – სულაც არა. მას „მილენიუმისთვის“ სამთავრობო და
საპარლამენტო სიახლეების მოპოვება ევალებოდა. ეს საქმე მოსწონდა და კარგად
იცოდა. გარდა ამისა, სხვა საქმეებიც ჰქონდა – პროფკავშირის ჟურნალისთვის
ყოველკვირა სტატიას წერდა. სულაც არ ეხალისებოდა „მილენიუმის“ მთავარი
რედაქტორობა, დღეში მინიმუმ თორმეტ საათს მუშაობა და შაბათ-კვირას
თავისუფალი დროის გაწირვა.
მაგრამ გრძნობდა, რომ „მილენიუმში“ რაღაც შეიცვალა, ოღონდ ზუსტად ვერ
ხსნიდა, რა და რატომ.
როგორც ყოველთვის, ბლუმკვისტი უპასუხისმგებლოდ იქცეოდა და დროდადრო
სადღაც გადაიკარგებოდა, თავის ნებაზე მიდი-მოდიოდა. პრინციპში, „მილენიუმის“
თანამფლობელი იყო და რასაც უნდოდა, იმას იზამდა, მაგრამ ცოტა მეტი
პასუხისმგებლობა ნამდვილად არ აწყენდა.
მალმიც ჟურნალის თანამფლობელი იყო, მაგრამ პასუხისმგებლობით დიდად არც ის
გამოირჩეოდა. რედაქციაში გინდ ყოფილიყო, გინდ – არა. ნიჭი და ჭკუა ნაღდად არ
აკლდა და როცა ბერგერს არ ეცალა, მის მაგივრად მართვის სადავეებს მალმი
იღებდა, მაგრამ როგორც წესი, ყოველთვის სხვის გადაწყვეტილებებს
ემორჩილებოდა და მათი კარნახით მოქმედებდა. დიზაინისა და პრეზენტაციის
საკითხებში ვერავინ შეედრებოდა, მაგრამ როცა ჟურნალის დაგეგმვაზე მიდგებოდა
საქმე, მალმი სრულიად უსარგებლო ხდებოდა.
ნილსონი მოიღუშა.
არა, არასწორად ვმსჯელობო, გაიფიქრა გულში. სინამდვილეში ის აწუხებდა, რომ
რედაქციაში რაღაც მოხდა. ბლუმკვისტი ერიქსონთან და კორტესთან ერთად
მუშაობდა, დანარჩენები კი განზე გარიყეს. სამეულმა ვიწრო წრე შექმნა და
ბერგერის... უფრო ზუსტად, უკვე ერიქსონის კაბინეტში ჩაიკეტებოდნენ ხოლმე
სათათბიროდ, იქიდან კი პირში წყალჩაგუბებულები გამოდიოდნენ. ასეთი რამ
ბერგერის ხელმძღვანელობის დროს არასდროს ხდებოდა. მაშინ მთელი რედაქცია
ერთი ოჯახი იყო.
ბლუმკვისტი სალანდერის ისტორიაზე მუშაობდა და ამაზე სიტყვას არ ძრავდა. ამას
არა უშავდა – ვენესტრომის საქმეზე მუშაობისასაც ასე იქცეოდა, ბერგერსაც კი
არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ ამჯერად ორი თანამესაიდუმლე გაიჩინა.
ერთი სიტყვით, ნილსონი დაბოღმილი იყო. შვებულება და ცოტა ხნით ქალაქგარეთ
დასვენება სჭირდებოდა.
უცებ კორტესი წამოდგა და ხავერდის პიჯაკი ჩაიცვა.
– ცოტა ხნით გავდივარ. მალინს უთხარი, რომ ორ საათში დავბრუნდები.
– რა ხდება?
– მგონი, ვიცი, კარგი სტატიისთვის მასალა სად მოვიპოვო. უნიტაზებზე დავწერ.
რაღაც-რაღაცეები უნდა გადავამოწმო, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ივნისის
ნომრისთვის ფანტასტიკურ სტატიას გამოვაცხობ.
– უნიტაზებზე, – ჩაიბურტყუნა ნილსონმა.
ბერგერმა ლიზბეთ სალანდერის მომავალ სასამართლო პროცესზე მომზადებული
სტატია მაგიდაზე დააგდო. მოკლე, ორსვეტიანი სტატია იყო შვედეთის ახალი
ამბების მეხუთე გვერდისთვის. წუთით სტატიას ტუჩებმოპრუწული დაჰყურებდა.
ხუთშაბათი იყო, 15:30 საათი. ზუსტად თორმეტი დღის წინ დაიწყო Svenska Morgon-
Posten-ში მუშაობა.
ყურმილი აიღო და ანდერს ჰოლმს დაურეკა.
– გამარჯობა. ბერგერი ვარ. იოჰანეს ფრისკი მიპოვე და, რაც შეიძლება, სწრაფად
მომიყვანეთ.
მოთმინებით იცდიდა, სანამ შუშის გალიაში ჰოლმი შემოვიდოდა და ფრისკს
შემოიყოლებდა. ბერგერმა მაჯის საათზე დაიხედა.
– ოცდაორი, – თქვა მან.
– რა „ოცდაორი“? – ჰკითხა ჰოლმმა.
– ოცდაორი წუთი დაგჭირდათ წამოსადგომად, ფრისკის მაგიდამდე თხუთმეტი
მეტრის გასავლელად და მის აქ მოსაყვანად.
– ხომ თქვით, საჩქარო არააო? დაკავებული ვიყავი.
– პირიქით, გთხოვეთ, ფრისკი კაბინეტში მომიყვანეთ, თან, რაც შეიძლება სწრაფად-
მეთქი. არ მითქვამს, ხვალ ან სკამიდან უკანალის აწევა როცა მოგეპრიანებათ, მაშინ
მომიყვანეთ-მეთქი.
– იცით რა, ჩემი აზრით...
– კარი დაკეტეთ!
სანამ ჰოლმი კარს ხურავდა, ბერგერმა ის ყურადღებით შეათვალიერა. ჰოლმი ახალი
ამბების განყოფილების უთუოდ კომპეტენტური რედაქტორი იყო. მისი წყალობით
Svenska Morgon-Posten-ში ყოველდღიურად ზუსტი და ლოგიკური სტატიები სწორედ
იმ თანმიმდევრობით იბეჭდებოდა, როგორც დილის თათბირზე შეთანხმდებოდნენ.
ეს ნიშნავდა, რომ ჰოლმი ყოველდღიურად კოლოსალურ შრომას სწევდა.
თუმცა, ბერგერს მუდმივად ეურჩებოდა. ამ უკანასკნელმა ყველაფერი სცადა მასთან
საერთო ენის გამოსანახავად. ხან მეგობრულად ურჩია, ხანაც მკაცრად უბრძანა, ხან
წააქეზა კიდეც, კარგად დაფიქრდი და შენებურად გააკეთეო – მოკლედ,
ყველანაირად სცადა მიენიშნებინა მისთვის, როგორი ფორმის მიცემა სურდა
გაზეთისთვის.
მაგრამ არაფერმა იმოქმედა.
სტატია, რომელიც ბერგერმა შუადღისას დაიწუნა, სამსახურიდან მისი წასვლის
შემდეგ, საღამოს გაზეთში აღმოჩნდა. გაზეთში გაჩენილი ადგილი რაღაცით უნდა
შეგვევსო და ეს სტატია გამოვიყენეო, – თავი იმართლა ჰოლმმა; ხოლო საYთაური,
რომელიც ბერგერმა მოიწონა, მასთან შეუთანხმებლად შეიცვალა. მართალია,
შეცვლილი სათაური ბერგერის ვარიანტს სჯობდა, მაგრამ ცვლილება ბერგერის
დაუკითხავად გამომწვევი უტიფრობა იყო.
წვრილმანს წვრილმანი ემატებოდა. 14:00 საათზე დანიშნულ შეხვედრას უცებ
ნახევარი საათით ადრე დაიწყებდნენ და ბერგერს არც აფრთხილებდნენ. თათბირზე
შესულს, გადაწყვეტილებების უმეტესობა მიღებული ხვდებოდა. ბოდიში,
სიჩქარეში შენი გაფრთხილება დაგვავიწყდაო, ეუბნებოდა ჰოლმი.
ბერგერი ვერაფრით მიმხვდარიყო, რატომ ექცეოდა ჰოლმი ასე, მაგრამ გადაწყვიტა,
მშვიდი მეგობრული დატუქსვები არ გაჭრიდა. აქამდე კოლეგების თვალწინ
მისთვის საყვედური არ უთქვამს, ახლა კი ფრისკი სპეციალურად მოაყვანინა,
რადგან იცოდა, რომ მის კაბინეტში მომხდარს ფრისკი აუცილებლად გაავრცელებდა
თანამშრომლებში.
– როგორც კი აქ მუშაობა დავიწყე, მაშინვე გაგაფრთხილეთ, რომ განსაკუთრებით
დაინტერესებული ვარ სალანდერის საქმით; აგიხსენით, რომ ყველა სავარაუდო
სტატიაზე ინფორმაცია წინასწარ უნდა მოგეწოდებინათ ჩემთვის და ჩემი
ნებართვის გარეშე არაფერი დაგებეჭდათ. პარასკევის თათბირზე არაერთხელ
შეგახსენეთ ეს. კონკრეტულად რომელი მითითება ვერ გაიგეთ?
– ყველა დაგეგმილი ან დასაბეჭდად გამზადებული სტატია ყოველდღიურად
სამსახურებრივ იმეილზე გეგზავნებათ და შეგიძლიათ თქვენს კომპიუტერში ნახოთ.
თქვენ ყოველთვის ინფორმირებული ხართ, – უპასუხა ჰოლმმა.
– სისულელეა, – თქვა ბერგერმა, – როცა ამ დილით გაზეთის ელექტრონული ვერსია
მივიღე, ახალი ამბების რუბრიკის ადგილას სამსვეტიანი სტატია დამხვდა
სალანდერსა და სტალარჰოლმენურ შემთხვევაზე.
– ეგ მარგარეტა ორინგის სტატიაა. დამოუკიდებელი ჟურნალისტია. სტატია გუშინ
საღამოს შვიდ საათზე მოიტანა.
– მარგარეტამ გუშინ დილის თერთმეტ საათზე დამირეკა და სტატია შემომთავაზა.
თორმეტის ნახევარზე თქვენ მისი გეგმა მოიწონეთ და სტატიის დაწერა დაავალეთ.
თუმცა, ორსაათიან თათბირზე ამის შესახებ ჩემთვის არაფერი გითქვამთ.
– ცნობა ამის შესახებ წერილობითი სახით გამოგეგზავნათ.
– მართლა? წაგიკითხავთ, რა წერია ამ ცნობაში: „მარგარეტა ორინგი, ინტერვიუ
პროკურორ მარტინა ფრანსონთან. თემა: სოდერტელიეში აღმოჩენილი
ნარკოტიკები“.
– სტატია მარტინა ფრანსონთან ძირითადად პოლიციის მიერ ამოღებულ
ანაბოლიკურ სტეროიდებს ეხებოდა. პოტენციური მყიდველი – სვაველშელი
ბაიკერი დააკავეს, – უპასუხა ჰოლმმა.
– ზუსტად. წერილობით ცნობაში კი „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბზე“
არაფერია ნათქვამი. არც ისაა ნახსენები, რომ ინტერვიუ მაგე ლუნდინსა და
სტალარჰოლმენურ შემთხვევას, შესაბამისად, სალანდერის საქმის გამოძიებას
შეეხება.
– ეს საკითხი ალბათ ინტერვიუს მიმდინარეობისას ამოტივტივდა.
– ანდერს, არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალებში მიყურებთ და უტიფრად ცრუობთ.
მარგარეტას ველაპარაკე და თქვენზე მითხრა, ზუსტად ავუხსენი, რას შეეხებოდა
ჩემი ინტერვიუო.
– სამწუხაროდ, ვერ გავიაზრე, რომ ყურადღების ცენტრში სალანდერი მოექცეოდა.
საღამოს კი უკვე დასრულებული სტატია მივიღე. რა მექნა, არ დამებეჭდა? ორინგმა
ჩინებული ტექსტი გამოგზავნა.
– გეთანხმებით, მშვენიერი სტატიაა. თუმცა, აი, უკვე ზედიზედ მესამედ
მომატყუეთ. ორინგმა სტატია დღის ოთხის ოც წუთზე გამოგზავნა, მე კი
სამსახურიდან საღამოს ექვს საათზე წავედი.
– ბერგერ, თქვენი ხმის ტონი არ მომწონს.
– ძალიან კარგი. არც მე მომწონს თქვენი ხმის ტონი, მიკიბულ-მოკიბული პასუხები
და ტყუილები.
– ასე მგონია, თქვენ წინააღმდეგ შეთქმულებაში მადანაშაულებთ.
– კითხვაზე მაინც არ მიპასუხეთ. და კიდევ: დღეს მაგიდაზე იოჰანესის ტექსტი
დამხვდა. არ მახსოვს, ორსაათიან თათბირზე ეს განგვეხილოს. როგორ მოხდა, რომ
ერთ-ერთმა ჩვენმა რეპორტიორმა სალანდერის თემაზე მთელი დღე იმუშავა, მე კი
არავინ გამაფრთხილა?
ფრისკი აწრიალდა, მაგრამ ჭკუა ეყო და ენას კბილი დააჭირა.
– იცით რა, ჩვენ გაზეთს გამოვცემთ და ასობით სტატია გვჭირდება. ყველაფერს
თქვენ ვერ შეგითანხმებთ, – თქვა ჰოლმმა, – Svenska Morgon-Posten-ში გარკვეულ
წესრიგს ვემორჩილებით. იმდენი დრო არ მაქვს, კონკრეტულ სტატიებს
განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო.
– ეს არ მითხოვია. ორი რამ გთხოვეთ: პირველი, წინასწარ უნდა მაცნობოთ, თუ
სალანდერის საქმესთან დაკავშირებით აპირებთ სტატიის დაბეჭდვას; და მეორე, ჩემ
დაუკითხავად ამ თემაზე არაფერი დაბეჭდოთ. მაშ ასე, კიდევ ერთხელ გკითხავთ...
კონკრეტულად რომელი მითითებაა თქვენთვის გაუგებარი?
ჰოლმმა თავგაბეზრებული ადამიანის სახით ამოიხვნეშა.
– კარგი, – თქვა ბერგერმა, – მკაფიოდ და გასაგებად გეტყვით. ამაზე თქვენთან
კამათს აღარ ვაპირებ. აბა, ვნახოთ, ჩემს მითითებებს დაემორჩილებით თუ არა. თუ
მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, ახალი ამბების განყოფილების რედაქტორის
თანამდებობიდან გაგათავისუფლებთ. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას
გაიგონებთ და უცებ ოჯახური ამბების ან კომიქსების განყოფილებაში ამოყოფთ
თავს. ახალი ამბების განყოფილების რედაქტორად ვერ დავტოვებ მას, ვისაც არ
ვენდობი და ვინც ყველა ჩემს გადაწყვეტილებას უგულებელყოფს. გასაგებია?
ჰოლმმა ხელები უმწეოდ გაშალა იმის საჩვენებლად, თქვენი ბრალდებები
უსაფუძვლოაო.
– გასაგებია თუ არა?
– მესმის, რასაც მეუბნებით.
– გკითხეთ, გასაგებია თუ არა-მეთქი?
– მართლა გგონიათ, რომ ეს შეგრჩებათ? ეს გაზეთი იმიტომ გამოდის, რომ მე და ჩემი
კოლეგები დაუღალავი შრომით ერთიან მექანიზმს ვქმნით. დირექტორთა საბჭო
აუცილებლად...
– დირექტორთა საბჭო ჩემს მითითებებს დაემორჩილება. მე ამ გაზეთის
გასაახლებლად მოვედი. წინასწარ შევუთანხმდი გაზეთის მმართველებს, რომ
საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ განყოფილებაში შემიძლია ცვლილების შეტანა.
თუ ვინმე ზედმეტია, მოვიცილებ და გაზეთს ახალ სისხლს გადავუსხამ. იცოდეთ,
ჰოლმ... თანდათან ზედმეტი მეჩვენებით.
ბერგერი გაჩუმდა. ჰოლმმა თვალი გაუსწორა. გაბრაზებულს აღარ ჰგავდა.
– სულ ეს არის, – უთხრა ბერგერმა, – იმედია, ჩემს გაფრთხილებას ყურად იღებთ.
– არა მგონია...
– თქვენი გადასაწყვეტია. ახლა კი წადით!
ჰოლმი შეტრიალდა და შუშის გალიიდან გავიდა. ბერგერი თვალს ადევნებდა,
როგორ ჩაიკარგა კაფეტერიისკენ მიმავალი რეპორტიორების ზღვაში. ფრისკიც
წამოდგა და წასვლა დააპირა.
– თქვენ დარჩით, იოჰანეს.
ბერგერმა სტატიას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი.
– როგორც ვიცი, აქ დროებით მუშაობთ.
– დიახ. მეხუთე თვეა, აქ ვმუშაობ. ეს ჩემი ბოლო კვირაა.
– რამდენი წლის ხართ?
– ოცდაშვიდის.
– მაპატიეთ, რომ ჩემსა და ჰოლმს შორის გაუგებრობაში გაგრიეთ. ამ სტატიაზე
მიამბეთ.
– ამ დილით ცნობები მივიღე და ჰოლმს გავაცანი. მითხრა, საქმეს ბოლომდე
მიჰყევიო.
– გასაგებია. სტატია პოლიციის ვარაუდს ეხება, რომ ლიზბეთ სალანდერი
ანაბოლიკური სტეროიდების გაყიდვაში იყო გარეული. ორინგის გუშინდელ
სტატიაში დაიწერა, რომ სოდერტელიეში სტეროიდები აღმოაჩინეს. სალანდერის
საქმე სოდერტელიეს საქმესთან არის დაკავშირებული?
– რამდენადაც ვიცი, არა, თუმცა, გამორიცხული არაფერია. ჩემი სტეროიდების
სტატია მოკრივეებთან, პაოლო რობერტოსთან და მის ბიჭებთან სალანდერის
კავშირს ეხება.
– პაოლო რობერტო სტეროიდებს იყენებს?
– რა? არა, რას ამბობთ. ზოგადად, კრივის სამყაროს ვგულისხმობ. სალანდერი
მოკრივეთა კლუბში ვარჯიშობდა. საქმეს ამ კუთხით პოლიცია მიუდგა, მე კი არა.
ეჭვი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა, სალანდერი სტეროიდებს ყიდდა.
– ესე იგი, თქვენი სტატია მხოლოდ ჭორებს ემყარება და არანაირი საფუძველი არ
გააჩნია?
– ეს პოლიციის ერთ-ერთი ვარაუდია, ჭორი სულაც არაა. ოღონდ სიმართლეა თუ არა,
ეს არ ვიცი.
– კარგი, იოჰანეს, მინდა, გახსოვდეთ, რასაც ახლა თქვენთან ერთად განვიხილავ,
ჰოლმთან ჩემს ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩემი აზრით, შესანიშნავი
რეპორტიორი ხართ. კარგად წერთ და მახვილი თვალი გაქვთ. ერთი სიტყვით, კარგი
სტატიაა. პრობლემა ისაა, რომ მასში მოცემული ვარაუდის არ მჯერა.
– გარწმუნებთ, მე არაფერი მომიგონია.
– აგიხსნით, რა არის სტატიის უმთავრესი მინუსი. ცნობა ვისგან მიიღეთ?
– ინფორმატორი პოლიციელია.
– ვინ?
ფრისკი ავტომატურად შეყოყმანდა. როგორც ნებისმიერ სხვა ჟურნალისტს, არც მას
უნდოდა ინფორმატორის ვინაობის გამხელა. მეორე მხრივ, ერიკა ბერგერი მთავარი
რედაქტორი იყო და სრული უფლება ჰქონდა, მისგან ეს ინფორმაცია მოეთხოვა.
– ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ინსპექტორი
ფასტე.
– თვითონ დაგირეკათ თუ თქვენ დაურეკეთ?
– თვითონ დამირეკა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ დაგირეკათ?
– სალანდერზე გამოცხადებული ძებნის დროს რამდენჯერმე ინტერვიუ
ჩამოვართვი. იცის, ვინც ვარ.
– ისიც იცის, რომ ოცდაშვიდი წლის დროებითი თანამშრომელი ხართ და
პროკურორისთვის საჭირო ინფორმაციის გასავრცელებლად თქვენი გამოყენება
შეიძლება.
– დიახ, ამას მეც ვხვდები. ფასტე მიკავშირდება, კაფეში ვხვდები და ამას მიყვება. მე
ზუსტად მის სიტყვებს ვიმეორებ სტატიაში. არასწორად მოვიქეცი?
– ეჭვიც არ მეპარება, რომ ზუსტად მის სიტყვებს იმეორებთ, მაგრამ შეცდომა მაშინ
დაუშვით, როცა ინფორმაცია ჰოლმს არ მიაწოდეთ. შემდეგ ჰოლმი ჩემთან უნდა
მოსულიყო, ყველაფერი აეხსნა და ერთად დაგვეგეგმა, როგორ მოვქცეულიყავით.
– გასაგებია, მაგრამ მე...
– თქვენ მასალა ჰოლმს დაუტოვეთ, რადგან ის ახალი ამბების განყოფილების
რედაქტორია. სწორად მოიქეცით. მაგრამ, მოდი, თქვენი სტატია გავაანალიზოთ.
უპირველეს ყოვლისა, რაში აწყობდა ფასტეს, ინფორმაციას პრესაში გაეჟონა?
ფრისკმა მხრები აიჩეჩა.
– ანუ, არ იცით თუ არ გაინტერესებთ?
– არ ვიცი.
– რომ გითხრათ, ეს სიცრუეა და სალანდერს ანაბოლიკურ სტეროიდებთან შეხება არ
ჰქონია-მეYთქი, რას მეტყვით?
– საპირისპიროს ვერ დაგიმტკიცებთ.
– მართლაც ვერა. მაშ, რატომ უნდა დავბეჭდოთ სტატია, რომელიც შეიძლება
ტყუილი იყოს?! მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ვერ ვამტკიცებთ?
– არა, რასაკვირველია, ჟურნალისტური პასუხისმგებლობა გვაკისრია. თუმცა,
ზოგჯერ ბალანსირება გვიწევს. როცა ინფორმატორი განცხადებას აკეთებს, მის
დაბეჭდვაზე უარს ვერ ვიტყვით.
– სამაგიეროდ, შეგვიძლია ვიკითხოთ, რატომაა ინფორმატორი ინფორმაციის
გაჟონვით დაინტერესებული. მოდი, აგიხსნით, რატომ ვითხოვ, რომ სალანდერთან
დაკავშირებული ყველა სტატია ჩემთან შეთანხმების გარეშე არ დაიბეჭდოს. Svenska
Morgon-Posten-ში არავინაა ჩემზე ჩახედული მის საქმეში. იურიდიულმა
განყოფილებამ იცის, რომ სალანდერზე გარკვეულ ინფორმაცის ვფლობ, მაგრამ
მათთვის გაზიარება არ შემიძლია. „მილენიუმთან“ დადებული კონტრაქტის
თანახმად, Svenska Morgon-Posten-ში სალანდერზე მასალას ვერ გამოვაქვეყნებ,
მიუხედავად იმისა, რომ აქ ვმუშაობ. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ „მილენიუმის“
მთავარი რედაქტორობის პერიოდში მოვიპოვე და ყოფილ კოლეგებს ვერ
დავაღალატებ. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?
– დიახ.
– „მილენიუმში“ მუშაობისას შევიტყვე, რომ თქვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია
სიცრუეა და სალანდერის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
– სალანდერის უფრო მეტად დისკრედიტაცია რთული იქნება, უკვე იმდენი რამ
გაირკვა მასზე...
– თითქმის ყველა ფაქტი დამახინჯებულია. სწორედ ჰანს ფასტემ გაავრცელა,
სალანდერი ძალადობისკენ მიდრეკილი ლესბოსელი სატანისტი და
სადომაზოხისტიაო. მედიამ ფასტეს დაუჯერა, რადგან ის სერიოზული
ინფორმატორი ჰგონიათ და თან, სადომაზოხიზმე წერა ყოველთვის მომგებიანია. ის
ახლა ახალი კუთხით ცდილობს სალანდერის საზოგადოების თვალში დაკნინებას და
ამისთვის ჩვენს გაზეთს იყენებს. მაპატიეთ, მაგრამ მე ამას ვერ დავუშვებ.
– გასაგებია.
– ძალიან კარგი, თუ გასაგებია. მაშინ მოკლედ გეტყვით, როგორც ჟურნალისტს,
გევალებათ, ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენოთ და კრიტიკულად შეაფასოთ,
მიუხედავად იმისა, რამდენად მაღალჩინოსანი და სანდო ინფორმატორისგანაც
უნდა იღებდეთ ინფორმაციას. ეს ყოველთვის გახსოვდეთ. კარგად წერთ, მაგრამ ეგ
ნიჭი არაფერში გამოგადგებათ, თუ საკუთარ მოვალეობას დაივიწყებთ.
– კარგი.
– ამ სტატიას არ დავბეჭდავ.
– გასაგებია.
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გენდობით.
– გმადლობთ.
– ახლა გაგიშვებთ და ახალ დავალებას მოგცემთ.
– გისმენთ.
– პრობლემას „მილენიუმთან“ ჩემი კონტრაქტი ქმნის. სალანდერზე ჩემთვის
ცნობილ ინფორმაციას ვერ გავამხელ. მეორე მხრივ, მთავარი რედაქტორი ვარ
გაზეთისა, რომელიც ინფორმაციის უქონლობის გამო შესაძლოა, კონკურენტებს
ჩამორჩეს. რამე უნდა ვიღონოთ. ეს უნიკალური შემთხვევაა. ვაპირებ, ავირჩიო
რეპორტიორი, ვისაც სწორი მიმართულებით ვუბიძგებ. როცა „მილენიუმი“
სპეციალურ ნომერს გამოუშვებს, არ მინდა ჩვენ სამარცხვინო მდგომარეობაში
აღმოვჩნდეთ.
– მაშ, ფიქრობთ, რომ „მილენიუმი“ სალანდერზე სენსაციურ მასალას
გამოაქვეყნებს?
– კი არ ვფიქრობ, ვიცი. „მილენიუმის“ სტატია სალანდერის ამბავს თავდაყირა
დააყენებს. მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ ამ ინფორმაციის ჩვენს გაზეთში დაბეჭდვა არ
შემიძლია.
– ჩემი სტატია დაიწუნეთ, სიცრუეაო. ეს ნიშნავს, რომ მასში ისეთი რამაა, რაც ყველა
ჟურნალისტს გამოეპარა.
– დიახ.
– მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ მთელი შვედეთის მედია ერთდროულად
გაასულელეს...
– სალანდერი მედიააჟიოტაჟის ობიექტად იქცა. ასეთ დროს ჩვეულებრივი წესები
აღარ მოქმედებს და ნებისმიერი სისულელე იბეჭდება.
– მაშ, ამბობთ, რომ სინამდვილეში სალანდერი ისეთი არაა, როგორიც ყველას
ჰგონია.
– წარმოიდგინეთ, რომ სალანდერი უდანაშაულოა, რომ მისი მედიის მიერ შექმნილი
პორტრეტი დამახინჯებულია და მის წინააღმდეგ თქვენთვის ჯერჯერობით უცხო
ძალა იბრძვის.
– ეს სიმართლეა?
ბერგერმა თავი დაუქნია.
– მაშ, ჩემი სტატიით ჩემდა უნებურად მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის
ნაწილი გავხდი?
– ზუსტად.
ფრისკმა კეფა მოიფხანა. ბერგერი მოთმინებით ელოდა, როდის მორჩებოდა ფიქრს.
– რა გინდათ, რომ გავაკეთო?
– სამუშაო მაგიდას დაუბრუნდით და ახალ ვარიანტზე დაიწყეთ მუშაობა. ნუ
იჩქარებთ. მთავარია, სალანდერის სასამართლო პროცესის დაწყებამდე დიდი
სტატია დავბეჭდოთ, რომელშიც სალანდერის წინააღმდეგ წამოყენებულ ყველა
ბრალდებას კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ. სათითაოდ წაიკითხეთ მასზე
დაწერილი ყველა სტატია, შეადგინეთ მის სახელზე გაკეთებული დაუსაბუთებელი
მტკიცებულებისა თუ განცხადებების სია და თითოეულის სანდოობა გადაამოწმეთ.
– კარგი.
– რეპორტიორივით იფიქრეთ. გამოიძიეთ, რატომ და ვინ ავრცელებს მასზე მცდარ
ინფორმაციას და ვის მიზანს ემსახურება ეს.
– მაგრამ, როცა სასამართლო პროცესი დაიწყება, მე აქ აღარ ვიქნები. ეს ჩემი ბოლო
კვირაა Svenska Morgon-Posten-ში.
ბერგერმა მაგიდის უჯრიდან საქაღალდე ამოიღო და ფრისკს წინ ქაღალდის
ფურცელი დაუდო.
– თქვენთან ხელშეკრულება სამი თვით გავახანგრძლივე. კვირის ბოლომდე
ამჟამინდელ საქმეებს მორჩებით და ორშაბათიდან მხოლოდ ჩემ წინაშე იქნებით
ანგარიშვალდებული.
– გმადლობთ.
– რასაკვირველია, თუ Svenska Morgon-Posten-ში მუშაობის გაგრძელება გინდათ.
– ძალიან მინდა.
– ხელშეკრულების მიხედვით, ჩვეულებრივი სარედაქციო საქმიანობისგან
განსხვავებული ჟურნალისტური გამოძიების წარმოება მოგიწევთ. მოპოვებულ
მასალებს პირადად მე მომაწვდით. თქვენ სალანდერის სასამართლო პროცესის
სპეციალური მიმომხილველი იქნებით.
– ახალი ამბების განყოფილების რედაქტორი შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს.
– ჰოლმზე ნუ იღელვებთ. იურიდიული განყოფილების უფროსს ვესაუბრე და ამ
მხრივ პრობლემა არ შეგვექმნება. გახსოვდეთ, ახალი ამბების მოძიება კი არა, სხვის
წარსულში ქექვა მოგიწევთ. ეს გაწყობთ?
– მაწყობს.
– მაშ, კარგი. სულ ეს არის. ორშაბათს გელოდებით.
ბერგერმა ფრისკი კარამდე მიაცილა და შეამჩნია, რომ დარბაზის მეორე ბოლოდან
მისკენ ჰოლმი იყურებოდა. ჰოლმმა თავი დახარა, ვითომ ბერგერს საერთოდ არ
უთვალთვალებდა.
თავი XI
პარასკევი, 13/V – შაბათი, 14/V
პარასკევს დილით „მილენიუმის“ რედაქციიდან ლუნდაგატანზე სალანდერის
ძველი ბინისკენ მიმავალმა ბლუმკვისტმა ყურადღებით შეამოწმა, ვინმე ხომ არ
მომყვებაო. გეტებორგში იდრის ღიდის უნდა შეხვედროდა. ეს როგორმე
შეუმჩნევლად უნდა მოეხერხებინა. მატარებლით გამგზავრება გადაიფიქრა, რადგან
საკრედიტო ბარათის გამოყენება არ უნდოდა. ადრე ბერგერისგან მანქანას
თხოულობდა ხოლმე, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელი იყო. ერთი პირობა ისიც იფიქრა,
იქნებ კორტესს ან სხვა ვინმეს ჩემთვის მანქანა დავაქირავებინოო, მაგრამ ასე კვალს
დატოვებდა.
ბოლოს მშვენიერი აზრი მოუვიდა თავში. მას სალანდერის „ჰონდის“ გასაღები
ჰქონდა. მანქანა მარტის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის წინ ეყენა. ბლუმკვისტი
სავარძელზე მოხერხებულად მოკალათდა. შეამოწმა და ბენზინის ავზი სანახევროდ
სავსე აღმოჩნდა. ბლუმკვისტმა მანქანა დაძრა და ლილიეჰოლმბრონის გავლით, E4
გზატკეცილის მიმართულებით გაემართა.
14:50 საათზე მანქანა გეტებორგში ავენინთან ახლოს, ვიწრო შესახვევში დააყენა.
პირველსავე კაფეში ისადილა. 1^6:10 საათზე ანგერედისკენ მიმავალ ტრამვაიში
ავიდა და ქალაქის ცენტრში ჩამოვიდა. იდრის ღიდის საცხოვრებელი ბინის პოვნას
ოცი წუთი მოანდომა და შეხვედრაზე ათი წუთის დაგვიანებით მივიდა.
ღიდიმ კარი გაუღო, ხელი ჩამოართვა და უბრალო ავეჯით გაწყობილ სასტუმრო
ოთახში კოჭლობით შეუძღვა. ბლუმკვისტი მაგიდასთან დაჯდა და მაგიდის
გვერდით, ჭურჭლის კარადის თაროზე ჩარჩოიან ფოტოსურათებს შეავლო თვალი.
– ჩემი ოჯახია, – უთხრა ღიდიმ.
ისეთი უხეში აქცენტით ლაპარაკობდა, ბლუმკვისტმა გაიფიქრა, „შვედეთის
სახალხო პარტიის“ რეკომენდებულ შვედური ენის გამოცდას ალბათ ვერ
ჩააბარებდაო.
– თქვენი ძმები არიან?
– მარცხნივ მდგარი ჩემი ორი ძმა სადამ ჰუსეინმა ოთხმოციან წლებში მოაკვლევინა.
შუაში მამაჩემი დგას. ჩემი ორი ბიძა სადამმა ოთხმოცდაათიანების შუაში
დაახვრეტინა. დედაჩემი 2000 წელს გარდაიცვალა. ჩემი სამი და ჯერაც ცოცხალია.
ორი მათგანი სირიაში ცხოვრობს, ნაბოლარა კი – მადრიდში.
ღიდიმ თურქული ყავა დაუსხა.
– კურდო ბაკსიმ მოგიკითხათ.
– კურდომ მითხრა, შენთვის დავალება აქვსო, მაგრამ არ უთქვამს, რა. წინასწარ
გაფრთხილებთ, უკანონობას ვერ ჩავიდენ. შარის თავი არ მაქვს.
– უკანონოს არაფერს გთავაზობთ. თუმცა, უჩვეულო საქმე კია. ორიოდ კვირას მაინც
გასტანს. დავალების შესრულება ყოველდღიურად მოგიწევთ, მაგრამ ამისთვის
სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. კვირაში ათას კრონას გადაგიხდით. თანხას
პირდაპირ ხელზე მიიღებთ და საშემოსავლო არ დაგექვითებათ.
– გასაგებია. რა უნდა გავაკეთო?
– როგორც ვიცი, სოლგრენსკას საავადმყოფოში კვირაში ექვს დღეს ინტენსიური
თერაპიის განყოფილების 11C ბლოკს ალაგებთ.
ღიდიმ თავი დაუქნია.
ბლუმკვისტი მისკენ გადაიხარა და თავისი გეგმა გაანდო.
პროკურორმა ეკსტრომმა ჭაღარა სტუმრის დანაოჭებული სახე შეათვალიერა.
კომისარ ნისტრომს მესამედ ხვდებოდა. ნისტრომი პირველად კარლ აქსელ ბოდინის
მკვლელობის მეორე დღეს მოვიდა და RPS/Säk-ის მოწმობა წარუდგინა. დიდხანს და
ხმადაბლა ისაუბრეს.
– მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ მე საქმეში ჩარევას და თქვენზე ზეწოლას არ
ვცდილობ. ასევე ხაზს ვუსვამ, რომ ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არც ერთ
შემთხვევაში არ უნდა გაავრცელოთ საჯაროდ, – გააფრთხილა ნისტრომმა.
– გასაგებია.
სიმართლე იYთქვას, ეკსტრომმა წესიერად ვერაფერი გაიგო, მაგრამ ზედმეტი
კითხვების დასმით თავის იდიოტად წარმოჩენას დუმილი არჩია. იმდენს კი
ხვდებოდა, რომ ზალაჩენკოს მკვლელობა უაღრესი სიფრთხილით უნდა
გამოეძიებინათ. იმასაც მიხვდა, რომ ნისტრომის ვიზიტი არაფორმალური იყო,
თუმცა – აშკარად უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებული.
– სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, – უთხრა პირველი სტუმრობისას ნისტრომმა, –
უსაფრთხოების სამსახურისთვის ყველაფერი, რაც ზალაჩენკოს ეხება,
ზესაიდუმლოს წარმოადგენს. მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ ის განდგომილი
აგენტია, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ყოფილი ჯაშუში და XX ს-ის სამოცდაათიან
წლებში დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ წარმოებული რუსული ოპერაციების
მთავარი დამგეგმავი და განმახორციელებელი იყო.
– ზუსტად ამავეს ამტკიცებს „მილენიუმის“ ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი.
– და არც ცდება. ამ ჟურნალისტმა შემთხვევით შეიტყო შვედეთის
სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ყველაზე საიდუმლო ოპერაციის შესახებ.
– და ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებს.
– რა თქმა უნდა. ის ხომ მედიის წარმომადგენელია თავისი დადებითი და
უარყოფითი მხარეებით. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და
პრესას ვერ ვუკარნახებთ, რა წეროს და რა – არა. პრობლემა ისაა, რომ
ბლუმკვისტისთვის ზალაჩენკოს საქმის მხოლოდ მცირე ნაწილია ცნობილი,
დანარჩენი კი მხოლოდ მისი მცდარი დასკვნებია.
– გასაგებია.
– ბლუმკვისტი ვერ ხვდება, რომ თუ ზალაჩენკოს შესახებ სიმართლე გამჟღავნდება,
რუსები რუსეთში ჩვენს ინფორმატორებსა და აგენტებს გამოააშკარავებენ და
ხალხი, რომელიც დემოკრატიისთვის სიცოცხლეს რისკავდა, სასიკვდილო საფრთხის
წინაშე აღმოჩნდება.
– მაგრამ დღეს რუსეთიც ხომ დემოკრატიული ქვეყანაა? ანუ ეგეთი რამეები
კომუნისტების დროს ხდებოდა...
– ეგ ილუზიაა. საქმე იმ ხალხს ეხება, ვინც ყოფილ საბჭოთა კავშირში ჯაშუშობდა –
მსოფლიოს არც ერთი რეჟიმი არ შეურიგდება ამას, თუნდაც მრავალი წლის შემდეგ.
ზოგიერთი ჩვენი ინფორმატორი კი დღემდე ცოცხალია.
სინამდვილეში არანაირი საიდუმლო აგენტი არ არსებობდა, მაგრამ ეკსტრომმა ეს არ
იცოდა. თანაც, იმან, რომ ასეთი ზესაიდუმლო ინფორმაცია არაფორმალურად, მაგრამ
მაინც გაუმხილეს, სიამაყით აავსო. კი გაუკვირდა, შვედეთის უსაფრთხოების
სამსახურმა რუსულ დაზვერვაში ასე ღრმად ჯაშუშები როგორ ჩანერგაო, მაგრამ
იფიქრა, ჩაძიება და დეტალურად გამოკითხვა არ ივარგებსო. საერთოდაც, ამ
ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა.
– სანამ დაგიკავშირდებოდით, თქვენი ბიოგრაფია დაწვრილებით შევისწავლეთ.
ცდუნებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო ცდუნების ობიექტის სისუსტეები.
პროკურორ ეკსტრომის სისუსტე ის იყო, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა
ჰქონდა და შექება სიამოვნებდა. ნისტრომმაც ეს კოზირი გაათამაშა – ეკსტრომს
თავი რჩეულად აგრძნობინა.
– დავრწმუნდით, რომ პოლიციაში და, რასაკვირველია, მთავრობაშიც პატივისცემით
სარგებლობთ.
ეკსტრომმა ნასიამოვნები სახე მიიღო. იმან, რომ თურმე მთავრობაშიც პატივს
სცემდნენ (თუმცა, ნისტრომს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ, ვინ), იმედი ჩაუსახა,
თუ სწორად ვიმოქმედებ, მათგან მადლობას დავიმსახურებო.
– ერთი სიტყვით, დამავალეს, რაც შეიძლება ფრთხილად და დელიკატურად
მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია. ვითარება დამძიმდა და ეს უნდა გამოსწორდეს.
ერთი მხრივ, წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს და მას თქვენ ხელმძღვანელობთ.
ვერავინ, ვერც მთავრობის წევრები, ვერც უსაფრთხოების სამსახური ან ვინმე სხვა,
თქვენს საქმეში ვერ ჩაერევა. დამნაშავეები უნდა იპოვოთ და სასამართლოს
წარუდგინოთ. ეს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა.
ეკსტრომმა თავი დაუქნია.
– მეორე მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება, თუ
სიმართლე ზალაჩენკოს შესახებ პრესაში გაჟონავს.
– მაშ, რა არის თქვენი ვიზიტის ნამდვილი მიზანი?
– პირველი, სიტუაციის დელიკატურობა გაცნობოთ. ჩემი აზრით, მეორე მსოფლიო
ომის შემდეგ შვედეთი ასეთ რთულ ვითარებაში არ ყოფილა. შეიძლება ითქვას,
შვედეთის ბედი ახლა თქვენს ხელშია.
– თქვენი უფროსი ვინ არის?
– მაპატიეთ, მაგრამ ამ საქმეზე მომუშავე ვერც ერთი ადამიანის ვინაობას ვერ
გაგიმხელთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მითითებები უმაღლეს დონეზე გაიცა.
„ღმერთო, ნისტრომი მთავრობის დავალებით მოქმედებს. სახელებს ვერ ამხელს,
რადგან ეს პოლიტიკურ სკანდალს გამოიწვევს“.
ნისტრომმა შეამჩნია, რომ ეკსტრომი მის ანკესს წამოეგო.
– სამაგიეროდ, შემიძლია ინფორმაცია მოგაწოდოთ. ნება დამრთეს, ჩემი
განსჯისამებრ გაგანდოთ შვედეთის ზესაიდუმლო.
– გასაგებია.
– ეს ნიშნავს, რომ თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, ყოველთვის მე უნდა მომმართოთ.
ჩემ გარდა უსაფრთხოების სამსახურის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა
ესაუბროთ. ლაბირინთში გზას მე გაგიკვალავთ და განსხვავებული ინტერესების
შეჯახების შემთხვევაში გამოსავალს ერთად ვიპოვით.
– გასაგებია. თქვენ და თქვენს კოლეგებს მადლობას მოგახსენებთ, რომ გამოძიებაში
გვეხმარებით.
– მიუხედავად რთული ვითარებისა, კანონის ფარგლებს არ უნდა გავცდეთ.
– გარწმუნებთ, ფრთხილად ვიმოქმედებ. ბოლოს და ბოლოს, საიდუმლო
ინფორმაციასთან ადრეც მქონია საქმე.
– დიახ, ეს ჩვენთვის ცნობილია.
შემდეგ ეკსტრომმა რამდენიმე კითხვა დაუსვა, ნისტრომმა კითხვები ჩაიწერა და
სათითაოდ გასცა პასუხი. მესამე ვიზიტისას ნისტრომს უნდა ეპასუხა წინა
შეხვედრისას დასმულ კითხვებზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო:
ასეთი რა ეწერა ბიორკის 1991 წლის მოხსენებაში?
– ეს სერიოზული საკითხია, – მოიღუშა ნისტრომი, – მას შემდეგ, რაც მოხსენება
ამოტივტივდა, ანალიტიკური ჯგუფი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობს იმის
დასადგენად, სინამდვილეში რა მოხდა. მგონი, უკვე ახლოს ვართ დასკვნების
გამოტანასთან. სამწუხაროდ, არცთუ სასიამოვნო დასკვნებია.
– წარმომიდგენია. მოხსენების მიხედვით ისე გამოდის, რომ უსაფრთხოების
სამსახურისა და ფსიქიატრ პეტერ ტელებორიანის თანამშრომლობის შედეგად
ლიზბეთ სალანდერი ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა.
– მარტო ეგ რომ იყოს ჩვენი პრობლემა, არა უშავდა, – გაეღიმა ნისტრომს.
– ვერ მივხვდი.
– ასეთ შემთხვევაში დანაშაული იქნებოდა ჩადენილი და დამნაშავე კანონის
შესაბამისად დაისჯებოდა. სირთულეს ის ქმნის, რომ ეს მოხსენება ჩვენს არქივში
დაცულ სხვა მოხსენებებს არ შეესაბამება, – ნისტრომმა ლურჯი საქაღალდე გახსნა, –
აქ გუნარ ბიორკის მიერ 1991 წელს შედგენილი ნამდვილი მოხსენება მიდევს. აქვეა
მისი და ტელებორიანის მიმოწერის დედანი. ეს ორი ვარიანტი ერთმანეთს არ
ემთხვევა.
– გთხოვთ ამიხსნათ.
– სამწუხაროდ, ბიორკმა თავი ჩამოიხრჩო. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ბლუმკვისტი
მისი სექსუალური „თავგადასავლების“ ჟურნალში დაბეჭდვით დაემუქრა. ბიორკი
ძლიერ დაითრგუნა და სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა. დედანში მოხსენება ეხება
ლიზბეთ სალანდერის მიერ მამის, ალექსანდერ ზალაჩენკოს თვითნაკეთი ბენზინის
ბომბით მკვლელობის მცდელობას. ბლუმკვისტის მიერ მოპოვებული მოხსენების
პირველი ოცდაათი გვერდი ემთხვევა ამ დედანს. სიმართლე ითქვას, ამ ოცდაათ
გვერდზე განსაკუთრებული არაფერი წერია. ბიორკს ოცდამეცამეტე გვერდზე
გამოაქვს დასკვნა და რეკომენდაციას იძლევა. სწორედ აქედან იწყება შეუსაბამობა.
– რა შეუსაბამობა?
– დედანში ბიორკი ხუთ მკაფიო რეკომენდაციას იძლევა. ალბათ ვერ დავმალავთ,
რომ ის ზალაჩენკოს საქმის ჩასაფარცხად და მედიაში მისი სახელის მისაჩქმალად
საჭირო ნაბიჯის გადადგმას ითხოვს... ბიორკი გვთავაზობს, ზალაჩენკოს
საზღვარგარეთ ვუმკურნალოთ – მან მძიმე ხარისხის დამწვრობები მიიღო. გარდა
ამისა, ბიორკი გვთავაზობს, სალანდერს საუკეთესო ფსიქიატრიული მკურნალობა
ჩაუტარდეს.
– გასაგებია...
– საქმე ისაა, რომ ზოგიერთი წინადადება ძლივს შესამჩნევად შეცვალეს. ისე
გამოვიდა, თითქოს ოცდამეთოთხმეტე გვერდზე ბიორკი გვთავაზობდეს,
სალანდერი სულით ავადმყოფად გამოვაცხადოთ, რათა არავინ დაიჯეროს მისი
სიტყვები, თუ ვინმე ზალაჩენკოზე რამეს ჰკითხავს.
– მოხსენების დედანში ბიორკი ასეთს არაფერს წერს?
– არ წერს. მას მსგავსი არაფერი შემოუთავაზებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
ეს უკანონობა იქნებოდა. ბიორკი მხოლოდ იმას წერს, რომ სალანდერს საჭირო
ფსიქიატრიული დახმარება გაეწიოს. ბლუმკვისტის ასლის მიხედვით კი, ბიორკი
სალანდერის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს.
– შეიძლება დედანი წავიკითხო?
– ინებეთ. ოღონდ ვერ დაგიტოვებთ, წასვლისას წავიღებ. სანამ წაიკითხავდეთ,
თქვენს ყურადღებას გავამახვილებ დანართზე, რომელიც ბიორკისა და
ტელებორიანის შემდგომ მიმოწერას შეიცავს. თითქმის სრულადაა გაყალბებული. აქ
საქმე ძლივს შესამჩნევ ცვილებებთან კი არა, ნაღდ ფალსიფიკაციასთან გვაქვს.
– ფალსიფიკაციასთან?
– დიახ, სხვაგვარად ამას ვერ ვუწოდებთ. დედანში ცხადად ჩანს, რომ ტელებორიანს
სასამართლომ ლიზბეთ სალანდერისთვის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება
დაავალა. ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. თორმეტი წლის სალანდერმა ხომ
მამის მოკვლა სცადა. გასაკვირი იქნებოდა, ამ შოკისმომგვრელი საქციელის შემდეგ
მისი ფსიქიკური მდგომარეობით არ დაინტერესებულიყვნენ.
– მართალს ბრძანებთ.
– თქვენ რომ ყოფილიყავით პროკურორი, დარწმუნებული ვარ, ერთდროულად
სოციალურ და ფსიქიატრიულ გამოკვლევას მოითხოვდით.
– რა თქმა უნდა.
– უკვე იმ პერიოდში ტელებორიანი ცნობილ საბავშვო ფსიქიატრად ითვლებოდა და
სამედიცინო ექსპერტიზაც არაერთხელ ჩაეტარებინა. მან დავალება მიიღო, გოგონას
გამოკვლევა ჩაუტარა და ფსიქიკურად ავადმყოფად გამოაცხადა. პროფესიონალური
ტერმინების გამოყენება ალბათ არ ღირს.
– არა, არა...
– ტელებორიანმა ეს თავის დასკვნაში დაწერა და ბიორკს გაუგზავნა. მისი დასკვნა
საოლქო სასამართლოს გადაეცა და სასამართლომ სალანდერის წმ. სტეფანის
ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსება გადაწყვიტა. ბლუმკვისტის ვარიანტს
ტელებორიანის სამედიცინო დასკვნა აკლია. ამის ნაცვლად ბიორკის და
ტელებორიანის მიმოწერაა ჩამატებული, რომელშიც ბიორკი სამედიცინო
ექსპერტიზის შედეგის გაყალბებას ითხოვს.
– და თქვენ ამბობთ, რომ ეს გამოგონილია?
– უეჭველად.
– მაგრამ ამის გაკეთება ვის უნდა დასჭირვებოდა?
ნისტრომმა მოხსენება მაგიდაზე დადო და მოიღუშა.
– პრობლემის მთავარ არსს მიადექით.
– პასუხად კი რას მივიღებ?
– არაფერს. არ ვიცით, ვინ უნდა იყოს ამით დაინტერესებული. სწორედ ამ საკითხზე
მუშაობს ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი.
– იქნებ თავად ბლუმკვისტმა გააყალბა მოხსენება?
ნისტრომს გაეცინა:
– თავიდან ჩვენც ეგ ვიფიქრეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ბლუმკვისტის ნამოქმედარი
არ უნდა იყოს. უფრო მეტად გვგონია, რომ მოხსენება დიდი ხნის წინ, დაწერიდან
მალევე გააყალბეს. ამას კი სამწუხარო და უსიამოვნო დასკვნამდე მივყავართ. ამის
ჩამდენი სრულად ინფორმირებული ყოფილა და, როგორც ჩანს, ბიორკის საბეჭდ
მანქანაზეც მიუწვდებოდა ხელი.
– ანუ...
– ზუსტად არ ვიცით, ბიორკმა ეს მოხსენება სად დაბეჭდა – შეიძლება სახლში,
სამსახურში ან სადმე სხვაგან. ორი ვარიანტის წარმოდგენა შეიძლება.
გამყალბებელი ფსიქიატრიულ კლინიკაში ან სასამართლო ექსპერტიზის
განყოფილებაში მუშაობდა და ტელებორიანის სკანდალში გარევა სურდა, ან
გამყალბებელს სულ სხვა მიზნები ჰქონდა და ერთ-ერთი ჩვენგანი იყო
უსაფრთხოების სამსახურიდან.
– რა მიზნები უნდა ჰქონოდა?
– ეს 1991 წელს მოხდა. ეს შეიძლება RPS/Säk-ში ჩანერგილი რუსი აგენტი ყოფილიყო,
რომელმაც ზალაჩენკოს კვალს მიაგნო. ამჟამად უამრავ ძველ პერსონალურ საქმეს
ვამოწმებთ.
– კი მაგრამ, ГРУ-ს რომ ზალაჩენკოს კვალისთვის მიეგნო, ეს ამბავი ამდენ ხანს არ
დაიმალებოდა.
– მართალია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი
ინგრეოდა და ГРУ-ც დაიშალა. არ ვიცი, იქნებ გეგმა უკვე შემუშავებული ჰქონდათ,
მაგრამ მისი განხორციელება ვეღარ მოასწრეს. ГРУ ყოველთვის გამოირჩეოდა
გაყალბებითა და დეზინფორმაციის გავრცელებით.
– რაში დასჭირდა საბჭოთა სამხედრო დაზვერვას ამ დოკუმენტის გაყალბება?
– არც ეგ ვიცით. ალბათ შვედეთის მთავრობის სკანდალში გარევას აპირებდნენ.
ეკსტრომმა ქვედა ტუჩზე იკბინა.
– მაშ, ამბობთ, რომ სალანდერის სამედიცინო დასკვნა ზუსტია?
– დიახ, რა თქმა უნდა. გასაგებად რომ ვთქვათ, სალანდერი ნამდვილი გიჟია. ამაში
ეჭვი არ მეპარება. მისი ინსტიტუციონალიზაცია სწორი გადაწყვეტილება იყო.
– უნიტაზები? – ერიქსონს ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ეჭვობს, კორტესი ხომ არ
მატყუებსო.
– უნიტაზები, – გაიმეორა კორტესმა.
ერიქსონს სიცილი აუტყდა. პარასკევს კორტესს სახეზე დაუფარავი აღტაცება
შეატყო და მაშინვე ამოიცნო მასში რეპორტიორი, რომელსაც საინტერესო მასალა
ჩაუგდია ხელში.
– ამიხსენი.
– ძალიან მარტივია, – თქვა კორტესმა, – შვედეთის წამყვანი მრეწველობის დარგი
ჯერჯერობით მშენებლობაა. ამ ბიზნესის საზEღვარგარეთ, თუნდაც ლონდონში
გადატანა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც უნდა მოხდეს, სახლები შვედეთში
უნდა აშენონ.
– და ამაში ახალი რა არის?
– ამაში არაფერი. ახალი ის არის, რომ სამშენებლო დარგი სულ ცოტა, ორი სინათლის
წელიწადით მაინც ჩამორჩება მრეწველობის სხვა დარგებს, თუ საქმე
კონკურენციასა და ეფექტიანობაზე მიდგება. „ვოლვო“ ისევ არაეფექტიანად და
უკონკურენციოდ რომ აწყობდეს მანქანებს, უახლესი მოდელი მილიონი ან სულაც
ორი მილიონი კრონა ეღირებოდა. საწარმოების უმეტესობისთვის ფასების
შემცირება უმთავრესია, სამშენებლო ბიზნესში კი პირიქითაა, ერთი კვადრატული
მეტრი ფართობის ფასი გამუდმებით იზრდება. სახელმწიფო გადასახადების
გადამხდელთა ფულით ფასების სუბსიდირებას ახდენს, რომ საცხოვრებელი ბინის
ფასები ხელმისაწვდომი იყოს.
– ბოლოს და ბოლოს, რით არის ეს თემა საინტერესო?
– დამაცადე. რთული ასახსნელია. ჰამბურგერის ფასის ზრდა სამოცდაათიანი
წლებიდან ამავე ტემპით რომ შენარჩუნებულიყო, დღეს ერთი „ბიგ-მაკი“ 150 კრონა
ან უფრო მეტი ეღირებოდა. „ბიგ-მაკთან“ ერთად ჩიფსებისა და „კოკა-კოლას“
ყიდვას კი „მილენიუმში“ ჩემი ხელფასით ნაღდად ვერ გავწვდებოდი. რამდენი
თქვენგანი წავიდოდა „მაკდონალდსში“ 150-კრონიანი ჰამბურგერის საჭმელად?
არავინ უპასუხა.
– გასაგებია, რომ არავინ. როცა Nordic Construction Company კუნძულ ლიდინგეზე
გოსჰაგაში ნაჩქარევად წამომართავს თუნუქის კოლოფებს და სამოთახიან კოლოფს
თვეში 10-12 000 კრონად აქირავებს, ბევრი თქვენგანი გადაიხდის ამდენ თანხას?
– მე ვერ გავწვდები, – თქვა ნილსონმა.
– რა თქმა უნდა, ვერა. თუმცა, შენ უკვე ცხოვრობ დანვიკსტულთან ახლოს
ოროთახიან ბინაში, რომელიც ოცი წლის წინ მამაშენმა გიყიდა. მისი გაყიდვა რომ
მოინდომო, ალბათ მილიონ-ნახევარ კრონას მიიღებ. მაგრამ რა ქნას ოცი წლის
ახალგაზრდამ, რომელსაც ცალკე უნდა ცხოვრება? ის ასეთ ბინას ვერ იყიდის.
ამიტომაც ან იქირავებს, ან პენსიაზე გასვლამდე დედასთან იცხოვრებს.
– და რა შუაშია აქ უნიტაზები? – ჰკითხა მალმმა.
– იქამდეც მივალ. საკითხი ასე დგას: რატომ ღირს ბინები ასე ძვირი? იმიტომ, რომ
მან, ვინც მშენებლობას უკვეთავს, არ იცის, ეს როგორ გააკეთოს – მაგალითად,
დამკვეთი რეკავს Skanska-ში და ეუბნება, ასი ბინა მჭირდება და რა დამიჯდებაო.
Skanska ხარჯებს დათვლის და უპასუხებს, 500 მილიონი კრონაო. დეველოპერი
კვადრატულ მეტრს X კრონად შეაფასებს, ხოლო თუ ბინას დაიქირავებ,
ყოველთვიურად 10 000 კრონას გადაიხდი. არჩევანის საშუალება არ გაქვს – იხდი
იმდენს, რამდენსაც მოცემულ მომენტში გთხოვენ. სადღაც ხომ უნდა იცხოვრო?!
– ჰენრი, გთხოვ, უფრო ახლოს საქმესთან!
– საქმეც ეს არის. რატომ უნდა იხადო თვეში 10 000 კრონა ჰამარბიჰამნენის სოროში
საცხოვრებლად? იმიტომ, რომ სამშენებლო კომპანია ფასების შემცირებაზე
საერთოდ არ ზრუნავს. რაც უნდა მოხდეს, კლიენტი მაინც გადაიხდის. ყველაზე
მეტი სამშენებლო მასალებში ეხარჯებათ. სამშენებლო მასალებით ბიYთუმად
ვაჭრობენ, ბითუმად მოვაჭრეები კი საკუთარ ფასებს აწესებენ. ვინაიდან ამ
ბიზნესში ნამდვილი კონკურენცია არ არსებობს, ერთი აბაზანა შვედეთში 5000
კრონა ღირს, ხოლო გერმანიაში იმავე ქარხნის წარმოებული ზუსტად იგივე აბაზანა
– 2000 კრონა. არანაირი დამატებითი ხარჯი არ არსებობს, რომ ფასში ამხელა
ცვლილება აიხსნას.
მაგიდის ირგვლივ უკმაყოფილოდ აბუტბუტდნენ.
– ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს სამთავრობო კომისიამ „სამშენებლო
ხარჯებზე“ ანგარიში მოამზადა, რომლითაც ძალიან ბევრ რამეს შეიტყობთ. მას
შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა. გაუმართლებლად მაღალი ფასების გამო
სამშენებლო კომპანიებს არავინ აკრიტიკებს. დამკვეთები სიხარულით იხდიან
დაწესებულ ფასს და, საბოლოო ჯამში, მთელი ხარჯი ბინის დამქირავებლებს ან
გადასახადების გადამხდელებს აწვებათ მხრებზე.
– ჰენრი, უნიტაზები!
– ის მცირედიც, რაც „სამშენებლო ხარჯების აღმრიცხველი“ სამთავრობო კომისიის
ანგარიშის შედგენის შემდეგ შეიცვალა, შეიცვალა ადგილობრივ დონეზე,
ძირითადად სტოკჰოლმს გარეთ. ზოგიერთ დამკვეთს უკვე მობეზრდა მაღალი
სამშენებლო ფასები. მაგალითად, Karlskrona Hem სახლებს იმათზე გაცილებით იაფად
აშენებს, ვინც სამშენებლო მასალებს თვითონ ყიდულობს. თამაშში Svensk Handel-იც
ჩაერთო. მათი აზრით, სამშენებლო მასალებზე ფასი უაზროდაა გაბერილი და
ცდილობენ, სამშენებლო კომპანიებს გაცილებით იაფი, მაგრამ ხარისხიანი
სამშენებლო მასალები მიჰყიდონ. შარშან ელვშეში სამშენებლო მასალების
გამოფენა-გაყიდვას მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. Svensk Handel-მა ვიღაც
ტაილანდელი მოიყვანა, რომელიც უნიტაზს 500 კრონად ჰყიდდა.
– მერე რა მოხდა?
– მისი უახლოესი კონკურენტი შვედური ბითუმად მოვაჭრე Vitavara Inc.-ია,
რომელიც ნამდვილ შვედურ უნიტაზებს 1700 კრონად ყიდის. მუნიციპალიტეტის
გამჭრიახმა დამკვეთებმა კეფა მოიქექეს და იფიქრეს, 1700 კრონას რატომ ვიხდით,
თუკი ასეთსავე ტაილანდურ უნიტაზს 500 კრონად ვიყიდითო.
– იქნებ შვედური უფრო ხარისხიანია, – თქვა ქარიმმა.
– ხარისხი ზუსტად ერთნაირია.
– ტაილანდი, – თქვა მალმმა, – მანდ ხომ ბავშვებს ამუშავებენ? ალბათ დაბალი ფასი
ამით აიხსნება.
– სულაც არა, – შეეპასუხა კორტესი, – ტაილანდში ბავშვთა შრომას მეტწილად
საფეიქრო მრეწველობასა და სუვენირების წარმოებაში იყენებენ; აგრეთვე
სექსბიზნესში, რასაკვირველია. გაერო ბავშვების შრომას მკაცრად აკონტროლებს და
ეს ტაილანდური კომპანიაც შევამოწმე. პატიოსანი და საქმიანი კომპანიის სახელი
აქვთ. საყოფაცხოვრებო ნივთებსა და საკანალიზაციო ტექნიკას აწარმოებენ.
– ეგ კარგი... მაგრამ მაინც იმ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, სადაც სახელფასო შემოსავლები
დაბალია. ისე არ მოხდეს, რომ სტატიაში შვედური მრეწველობის ტაილანდურით
შევიწროებას, აქაური ქარხნების დახურვასა და შვედი მუშების უსაქმურად
დარჩენას მიემხრო.
კორტესს სახეზე ღიმილი გადაეფინა. სკამის საზურგეზე გადაწვა და
თვითკმაყოფილმა მოავლო თვალი მაგიდასთან მსხდომთ.
– აბა, თუ მიხვდებით Vitavara Inc. სად ამზადებს უნიტაზებს, რომლებსაც მერე
შვედეთში 1700 კრონად ყიდის?
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
– ვიეტნამში.
– ხუმრობ? – წამოიძახა ერიქსონმა.
– უკვე ათ წელზე მეტია, უნიტაზებს იქ ამზადებენ. შვედი მუშები რბოლას ჯერ
კიდევ 1990-იან წლებში გამოეთიშნენ.
– ჯანდაბა.
– ახლა მთავარი მოისმინეთ. თუ უნიტაზის იმპორტს პირდაპირ ვიეტნამის
ქარხნიდან განახორციელებენ, საცალო ფასი 390 კრონას შეადგენს. აბა, რით ახსნით
ტაილანდური და ვიეტნამური უნიტაზების ფასში ამხელა განსხვავებას?
– ახლა არ მითხრა, რომ...
– დიახ, ზუსტად. Vitavara Inc.-ის ქვეკონტრაქტორია კომპანია Fong Soo Industries,
რომელიც გაეროს 2001 წლის შემოწმების დროს იმ საეჭვო კომპანიების სიაში
მოხვდა, ბავშვების შრომას რომ იყენებენ. ყოველ შემთხვევაში ის კი ცნობილია, რომ
მუშების უმეტესობა მსჯავრდებულია.
ერიქსონს სიცილი აუტყდა.
– დიდებულია. მართლაც დიდებული მასალაა. დარწმუნებული ვარ, რომ
გაიზრდები, შენგან კარგი ჟურნალისტი დადგება. სტატიას რამდენ ხანში
მოამზადებ?
– ორ კვირაში. ჯერ საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში ბევრი რამ უნდა შევამოწმო
და გამოვიკვლიო. გარდა ამისა, სტატიისთვის „ცუდი ტიპიც“ დაგვჭირდება და
დავადგენ, ვინ არის Vitavara Inc.-ის მფლობელი.
– ესე იგი, ივნისისთვის მოესწრება?
– უპრობლემოდ.
ინსპექტორი ბუბლანსკი პროკურორ ეკსტრომს უემოციოდ უსმენდა, თუმცა მთელი
შეხვედრის განმავლობაში (შეხვედრა კი ორმოც წუთს გაგრძელდა) თავს ძლივს
იკავებდა, რომ ეკსტრომის სამუშაო მაგიდიდან „შვედეთის სამეფოს სამართალი“ არ
აეღო და პროკურორისთვის თავში არ ჩაერტყა. ისიც კი გაიფიქრა, ნეტა რა მოხდება,
ასე რომ მოვიქცეო. მომხდარზე ალბათ საღამოს გაზეთებში დაიბეჭდებოდა, მას კი
ფიზიკურ შეურცხყოფასა და თავდასხმაში დაადანაშაულებდნენ. ცივილიზებული
ადამიანიც ხომ ის არის, ვინც ასეთ სურვილებს თოკავს. ინსპექტორ ბუბლანსკის
ხომ უმეტეს შემთხვევაში სწორედ მას შემდეგ იძახებდნენ, რაც ვინმე მსგავსი
იმპულსის გავლენით იმოქმედებდა.
– ვფიქრობ, შევთანხმდით, – თქვა ეკსტრომმა.
– არა, არ შევთანხმებულვართ, მაგრამ წინასწარ გამოძიებას თქვენ
ხელმძღვანელობთ, – წამოდგა ბუბლანსკი, ბურტყუნით გაემართა თავისი
კაბინეტისკენ და მუდიგსა და ანდერსონს გასძახა, გამომყევითო. მეტად უდროოდ,
ჰოლმბერგს ორკვირიანი შვებულება აეღო და ამ ორის გარდა იმ მომენტში სხვას
ვერავის დაიხმარებდა.
– ჩემს კაბინეტში შემოდით და ყავაც წამოიღეთ!
მაგიდასთან დასხდნენ და ბუბლანსკიმ ეკსტრომთან შეხვედრისას ჩანიშნულ
შენიშვნებს გადაავლო თვალი.
– ამ მომენტში ასეთი ვითარება გვაქვს: წინასწარი გამოძიების ხელმძღვანელმა
ლიზბეთ სალანდერს მოუხსნა სამმაგი მკვლელობის ბრალდება, რომლისთვისაც
პოლიციის მიერ იძებნებოდა. სალანდერი ჩვენი წინასწარი გამოძიების ობიექტი
აღარ არის.
– სხვა თუ არაფერი, წინ გადადგმული ნაბიჯია, – თქვა მუდიგმა.
ანდერსონს, როგორც ყოველთვის, არაფერი უთქვამს.
– მე კი რაღაც მაეჭვებს, – თქვა ბუბლანსკიმ, – სალანდერი სტალარჰოლმენსა და
გოსებერგაში მომხდართან დაკავშირებით კვლავაც ეჭვმიტანილად ითვლება.
თუმცა, იმ შემთხვევებს ჩვენ აღარ ვიძიებთ. ნიდერმანის პოვნასა და ნიკვარნში
ნაპოვნ სამარხებზე უნდა გადავერთოთ. მეორე მხრივ, უკვე ცხადია, რომ ეკსტრომი
სალანდერს ახალ ბრალდებებს წაუყენებს. საქმე სტოკჰოლმს გადმოაბარეს და
სრულიად ახალი გამოძიება წამოიწყეს.
– მართლა? – გაიკვირვა მუდიგმა.
– აბა, თუ მიხვდებით, სალანდერის საქმეზე ვინ იმუშავებს? – ჰკითხა მათ
ბუბლანსკიმ.
– გაფიქრებაც კი არ მინდა.
– ჰანს ფასტე. სამსახურს დაუბრუნდა. ეკსტრომის თანაშემწე იქნება.
– ეს სიგიჟეა. სალანდერის საქმის გამოძიებაში ფასტე ყველაზე შეუფერებელი
კანდიდატურაა.
– ვიცი, მაგრამ ეკსტრომს კარგი არგუმენტი აქვს. ფასტე შვებულებიდან ახლახან
დაბრუნდა, ავადმყოფობის შემდეგ ამ მარტივ საქმეზე მუშაობა წაადგებაო.
– მოკლედ, სალანდერის საქმის მასალები დღესვე მას უნდა გადავცეთ.
– გუნარ ბიორკის, „სეპოს“ და 1991 წლის მოხსენების საქმეს...
– ...ფასტე და ეკსტრომი გამოიძიებენ.
– ეს არ მომწონს, – თქვა მუდიგმა.
– არც მე, მაგრამ უფროსი ეკსტრომია და მაღალ ეშელონებში ჰყავს მოკავშირეები.
ერთი სიტყვით, ჩვენ მკვლელის მოძებნა დაგვევალა. კურტ, ამჟამად როგორი
ვითარებაა?
ანდერსონმა თავი გააქნია.
– ნიდერმანი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. უნდა ვაღიარო, რომ კარიერის განმავლობაში
ასეთი რამ არასდროს მინახავს. ჯერჯერობით ერთი მოწმეც კი არ გვყავს, ვინც მას ან
შემთხვევით შეხვდა, ან იცის, სად შეიძლება იმალებოდეს.
– დაუჯერებელია, – თქვა მუდიგმა, – მას გოსებერგაში პოლიციელის
მკვლელობისთვის, მეორე პოლიციელზე თავდასხმისთვის, სალანდერის
მკვლელობის მცდელობისთვის, სტომატოლოგ ანიტა კასპერსონის გატაცებისთვის
და სვენსონისა და იოჰანსონის მკვლელობისთვის დაეძებენ. მის წინააღმდეგ
ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს.
– ეგ ცოტათი მაინც გვშველის. „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“
ხაზინადარის საქმეზე რამე ხომ არ გარკვეულა?
– ვიქტორ იორასონისა და მისი მეგობარი ქალის, ლენა ნიგრენის მკვლელობაშიც
რონალდ ნიდერმანის კვალი იკვეთება – ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია.
იორასონის სხეულიდან აღებულია თითის ანაბეჭდები და დნმ-ი. როგორც ჩანს,
იორასონის ცემისას ნიდერმანმა თითები გადაიტყავა და სისხლი წამოუვიდა.
– თავად „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბზე“ რა ისმის?
– სანამ ლუნდინი პატიმრობაშია და მირიამ ვუს გატაცების ბრალდებით
სასამართლოს წინაშე წარდგომას ელის, კლუბის პრეზიდენტი ნიემინენი გახდა. ხმა
გავრცელდა, რომ ნიემინენმა ჯილდო დააწესა მისთვის, ვინც ნიდერმანის
ადგილსამყოფელს შეატყობინებს.
– თუ მთელი კრიმინალური სამყაროც მას დაეძებს, დაუჯერებელია, რომ აქამდე ვერ
იპოვეს. იორასონის მანქანაზე რას მეტყვით?
– რახან კასპერსონის მანქანა იორასონის გარაჟში ვიპოვეთ, ცხადია, რომ მანქანები
ნიდერმანმა გაცვალა. ჯერჯერობით იორასონის მანქანა არსად ჩანს.
– მაშინ საკითხი ასე უნდა დავსვათ: ნიდერმანი ჯერაც შვედეთში იმალება თუ არა?
და თუ იმალება, ვისთან? იქნებ სულაც საზღვარგარეთ გაიქცა უკვე?
– არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ქვეყანა დატოვა, თუმცა, ეს
ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.
– ასეთ შემთხვევაში მანქანას სად დამალავდა?
მუდიგმა და ანდერსონმა მხრები აიჩეჩეს. ეჭვმიტანილის ძებნის ათიდან ცხრა
შემთხვევაში სიტუაცია ასე არასდროს რთულდებოდა – უნდა გაგერკვია ვინ იყვნენ
მისი მეგობრები, ვისთან ერთად მჯდარა ციხეში, სად ცხოვრობდა მისი მეგობარი
ქალი, ვისთან ერთად უყვარდა სმა, საიდან დარეკა ბოლოს მისმა მობილურმა, სად
იყოს მისი ავტომანქანა და, ბოლოს და ბოლოს, ეჭვმიტანილს აუცილებლად
იპოვიდი.
ნიდერმანის შემთხვევაში კი პრობლემას ის ქმნიდა, რომ მას არც მეგობრები ჰყავდა,
არც მეგობარი ქალი, არც რეგისტრირებული მობილური ტელეფონი ჰქონდა და არც
ნასამართლევი იყო.
გამოძიება იორასონის მანქანის ძიებაზე გადაერთო, რადგან დიდი ალბათობით ის
ნიდერმანმა მოიპარა. რატომღაც ელოდნენ, რომ მანქანას რამდენიმე დღეში
სტოკჰოლმის რომელიმე ავტოსადგომზე იპოვიდნენ, მაგრამ ამაოდ. მანქანის კვალი
არსად ჩანდა.
– თუ საზღვარგარეთ გაიქცა, რომელ ქვეყანაში წავიდოდა?
– გერმანიის მოქალაქეა და, ლოგიკურად – გერმანიაში.
– როგორც ჩანს, ჰამბურგელ ნაცნობებს არ დაკავშირებია.
ანდერსონმა ხელი გააქნია.
– გერმანიაში წასვლა რომ ნდომოდა, სტოკჰოლმში რატომ ჩამოვიდოდა? უმჯობესი
არ იქნებოდა, მალმეს მიმართულებით წასულიყო და ხიდით ან ბორნით
კოპენჰაგენში გადასულიყო?
– უმჯობესი იქნებოდა და, სხვათა შორის, გეტებორგის პოლიციის ინსპექტორი
ერლანდერიც პირველივე დღიდან ამ ვერსიაზე მუშაობს. იორასონის მანქანის
თაობაზე დანიის პოლიციას ვაუწყეთ და ზუსტად ვიცით, რომ ნიდერმანი დანიაში
არ გადასულა.
– ჰო, ნიდერმანი სტოკჰოლმში ჩამოვიდა, აქედან სვაველშეში წავიდა,
„მოტოციკლეტისტთა კლუბის“ ხაზინადარი მოკლა და, შეგვიძლია ვივარაუდოთ,
ხელს რაღაც რაოდენობის თანხაც გააყოლა. წესით, მისი შემდეგი ნაბიჯი რა უნდა
იყოს?
– შვედეთიდან გაღწევის მცდელობა, – თქვა ბუბლანსკიმ, – ლოგიკურად თუ
ვიმსჯელებთ, ბორნით რომელიმე ბალტიისპირულ ქვეყანაში უნდა გადავიდეს.
იორასონი და მისი მეგობარი ქალი 9 აპრილს გვიან ღამით მოკლეს. შეიძლება
ნიდერმანმა უკვე მეორე დილას ბორნით დატოვა შვედეთი. მკვლელობების შესახებ
დაახლოებით თექვსმეტი საათის შემდეგ შეგვატყობინეს და მანქანაზე ძებნა
იმდროიდან გამოვაცხადეთ.
– თუ ქვეყნიდან ბორნით წავიდა, იორასონის მანქანა რომელიმე პორტში იდგება, –
თქვა მუდიგმა.
– იქნებ მანქანა იმიტომ ვერ ვიპოვეთ, რომ ნიდერმანმა შვედეთი ჩრდილოეთიდან,
ჰაპარანდას გავლით დატოვა? ბოტნიის ყურის გარს შემოვლა დიდ დროს
წაართმევდა, მაგრამ თექვსმეტ საათში უკვე ფინეთში იქნებოდა.
– დიახ, მაგრამ მერე მანქანა ფინეთში უნდა მიეგდო და ამასობაში, წესით, კიდეც
უნდა გვეპოვა.
კარგა ხანს სამივე ჩუმად იჯდა. მერე ბუბლანსკი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
– იქნებ სადმე იმალება და გარეთ არ გამოდის? მაგალითად, საზაფხულო კოტეჯში
ან...
– არა მგონია, ვინმეს აგარაკზე იყოს. წელიწადის ამ დროს ყველა ამოწმებს საკუთარ
კოტეჯს.
– თანაც, ალბათ „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბს“ გაურბის. მათთან
შეხვედრა ნაღდად არ აწყობს.
– ამიტომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც შეგვიძლია გამოვრიცხოთ.
მათთან ვერ დაიმალებოდა. იქნებ მეგობარი ქალი ჰყავს და ჩვენ არ ვიცით...
შეეძლოთ ბევრი რამ ევარაუდათ, თუმცა ვარაუდებს ფაქტებით გამტკიცება
სჭირდებოდა.
სამუშაო დღე დასრულდა და ანდერსონი შინ წავიდა. მუდიგი ბუბლანსკის
კაბინეტთან მივიდა და ღია კარზე დააკაკუნა. ბუბლანსკიმ ხელი დაუქნია,
შემოდიო.
– ორიოდე წუთით გცალია? – ჰკითხა მუდიგმა.
– რა ხდება?
– ეკსტრომისა და ფასტეს კავშირი და მათი წამოწყებული ახალი გამოძიება არ
მომწონს. ბიორკის მოხსენება შენც წაიკითხე და მეც. 1991 წელს სალანდერს
უსამართლოდ მოექცნენ და ეკსტრომმა ეს იცის. რა ჯანდაბა ხდება?
ბუბლანსკიმ სათვალე მოიხსნა და გულის ჯიბეში ჩაიდო.
– არ ვიცი.
– არც რამე თეორია გაქვს?
– ეკსტრომი ამტკიცებს, ბიორკის მოხსენება და მისი ტელებორიანთან მიმოწერა
გაყალბებულიაო.
– ტყუილია. გაყალბებული რომ ყოფილიყო, დაკითხვისას ამას ბიორკი იტყოდა.
– ეკსტრომი ამბობს, ალბათ იმიტომ არ უთქვამს არაფერი, რომ ზესაიდუმლო
ინფორმაციააო. საყვედური მივიღე, რომ თავი გამოვიდე და ბიორკი დაკითხვაზე
ძალით მოვიყვანე.
– უფრო და უფრო მაეჭვებს ეკსტრომი.
– ყველა მხრიდან აწვებიან.
– ამით თავს ვერ გაიმართლებს.
– სონია, ჭეშმარიტების მონოპოლისტები კი არ ვართ. ეკსტრომი ამბობს, სამხილი
მივიღე, რომ მოხსენება გაყალბებულია და ეგეთი მოხსენება აღრიცხული საერთოდ
არ ყოფილაო. ამტკიცებს, დოკუმენტი ფალსიფიცირებულია, სიმართლე და ტყუილი
ერთმანეთშია არეულიო.
– რა არის სიმართლე და რა – ტყუილი, ძალიან მაინტერესებს, – თქვა მუდიგმა.
– სიუჟეტური ჩარჩო მეტწილად ზუსტია. ზალაჩენკო სალანდერის მამაა და ეგ
ნაბიჭვარი დედამისს სცემდა, თუმცა ქალი პოლიციაში არ ჩიოდა და ეს ძალადობა
წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ბიორკს დაავალეს გაერკვია, რატომ
მოინდომა სალანდერმა მამის მოკვლა. ის ტელებორიანს სწერდა, მაგრამ მიმოწერა,
რომელსაც ჩვენ გავეცანით, ფალსიფიკაცია ყოფილა. ტელებორიანმა სალანდერის
ფსიქიკური მდგომარეობა გამოიკვლია და დაასკვნა, რომ ის ფსიქიკურად
ავადმყოფი იყო. პროკურორმა მის წინააღმდეგ საქმე დახურა, რადგან სალანდერს
მკურნალობა სჭირდებოდა. ასე აღმოჩნდა გოგონა წმ. სტეფანის ფსიქიატრიულ
კლინიკაში.
– მიმოწერა ვის უნდა გაეყალბებინა და რატომ?
ბუბლანსკიმ მხრები აიჩეჩა.
– როგორც ვხვდები, ეკსტრომი კიდევ ერთხელ აპირებს სალანდერისთვის
ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებას.
– ეს დაუშვებელია.
– ეს საქმე ჩვენ აღარ გვეხება.
– ჰო, ფასტემ შეგვცვალა. იან, თუ ეს ნაბიჭვრები კიდევ ერთხელ ეცდებიან
სალანდერს გადაუარონ, აუცილებლად მედიას მივმართავ.
– არა, სონია. არ მიმართავ. მოხსენების ასლზე ხელი აღარ მიგვიწვდება და საკუთარ
სიტყვებს ვერაფრით დაასაბუთებ. ამით შენი კარიერაც დასრულდება.
– მოხსენების ასლი მაქვს, – ხმადაბლა უთხრა მუდიგმა, – კურტისთვის გადავიღე,
მაგრამ მიცემა ვერ მოვასწარი.
– თუ მოხსენებას საჯაროდ გაავრცელებ, არა მხოლოდ სამსახურიდან დაგითხოვენ,
თანამდებობრივი დაუდევრობისათვის დაგაპატიმრებენ.
მუდიგი წამით გაჩუმდა და უფროსს შეხედა.
– სონია, დამპირდი, რომ ამას არ იზამ.
– ვერ დაგპირდები, იან, რადგან მთელი ეს ამბავი ძალიან საეჭვო ჩანს.
– მართალს ამბობ, მაგრამ რადგან არ ვიცით, ამწუთას ჩვენი მტერი ვინ არის,
არაფერს იზამ.
მუდიგმა გვერდულად გახედა.
– შენ ხომ აპირებ, რამე მოიმოქმედო?
– შენთან ამის განხილვას არ ვაპირებ. მენდე. პარასკევი საღამოა. შინ წადი.
დაისვენე. ეს საუბარი დაივიწყე.
სალანდერის პალატის წინ მჯდარი ნიკლას ადამსონი საგამოცდოდ ემზადებოდა.
შაბათი იყო, ორის ნახევარი, როცა ხმადაბლა მოზუზუნე იატაკის საწმენდის ტრიალა
ჯაგრისების ხმა გაიგონა. თავი ასწია და კოჭლობით მომავალი შავგვრემანი
იმიგრანტის სახე დაინახა. ეს კაცი ყოველთვის თავაზიანად უქნევდა თავს, მაგრამ
არასდროს იცინოდა, თუ ადამსონი რამე სასაცილოს იტყოდა. დამლაგებელმა
საწმენდი სითხის ბოთლი ამოიღო, სითხე მიმღების მაგიდის ზედაპირზე დაასხა და
ტილო გადაუსვა. მერე ცოცხით დერეფნის ის კუთხეები დაგავა, სადაც იატაკის
საწმენდის ჯაგრისები არ წვდებოდა. მცველმა ცხვირი ისევ ეკონომიკის
სახელმძღვანელოში ჩარგო და კითხვა გააგრძელა.
დამლაგებელს ათი წუთი დასჭირდა დერეფნის ბოლოს მჯდარ ადამსონამდე
მისაღწევად. ერთმანეთს თავი დაუკრეს. როგორც ყოველთვის, ადამსონი წამოდგა,
რომ დამლაგებლისთვის სალანდერის პალატის წინ დერეფნის გამოწმენდის
საშუალება მიეცა. ადამსონს დამლაგებლის სახელი არ ახსოვდა – რაღაც უცხოური
ერქვა – მაგრამ მისი პირადობის მოწმობის შემოწმება აზრადაც არ მოსვლია. ჯერ
ერთი, მას შიგნით არ უშვებდნენ – სალანდერის პალატას დილაობით ორი
დამლაგებელი ქალი ალაგებდა – და თანაც, კოჭლი დამლაგებელი ადამსონისთვის
არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

დამლაგებელმა გვერდითა ოთახის კარი შეაღო. ადამსონმა მისკენ გაიხედა. არა, იქ


საწყობი იყო და საწმენდ ხელსაწყოებსა და ნივთებს ინახავდნენ. მომდევნო ხუთ
წუთში დამლაგებელმა ვედრო დაცალა, ჯაგრისები გაწმინდა და ურიკა სანაგვე
ტომრებით აავსო. ბოლოს ურიკა საწყობში შეაგორა.
ღიდიმ იცოდა, რომ დერეფანში მცველი იდგა. ახალგაზრდა ქერა მამაკაცი კვირაში
ორჯერ ან სამჯერ მორიგეობდა და თან წიგნს კითხულობდა. სტუდენტი იყო და
მცველად ალბათ თავისუფალ დროს მუშაობდა. გარშემო რა ხდებოდა, საერთოდ არ
აქცევდა ყურადღებას.
სალანდერის პალატაში რომ ვინმემ შესვლა მოინდომოს, ნეტა რას იზამს, ან ამ
ბლუმკვისტს სინამდვილეში რა უნდაო, – ფიქრობდა ღიდი.
ექსცენტრულ ჟურნალისტზე გაზეთებში წაიკითხა და მაშინვე დაუკავშირა 11C
დერეფნის პალატაში მოთავსებულ ქალს. ეგონა, ბლუმკვისტი ალბათ მთხოვს,
მასთან მალულად რაღაც შეიტანეო, არადა, იმ პალატაში შესვლა ეკრძალებოდა და
იმ პაციენტს საერთოდ არ იცნობდა. თუმცა, ბლუმკვისტმა სრულიად სხვა რამე
დაავალა. უკანონოს არაფერს სჩადიოდა. ღიდიმ კარის ღრიჭოდან დერეფანში
გაიჭყიტა. ადამსონი ისევ წიგნს კითხულობდა. ახლომახლო სხვა არავინ ჩანდა. მერე
სამუშაო ხალათის ჯიბიდან Sony Ericsson Z600 ამოიღო. რეკლამაში ენახა და იცოდა,
რომ ეს უახლესი მოდელი 3500 კრონა ღირდა.
ჯიბიდან სახრახნისი ამოიღო, თითისწვერებზე შედგა და სალანდერის პალატის
კედლის მხარეს სავენტილაციო ხვრელის პანელი გახსნა. როგორც ბლუმკვისტმა
დაავალა, რაც შეიძლებოდა ღრმად შეაცურა სავენტილაციო ხვრელში მობილური
ტელეფონი და მერე პანელი ისევ თავის ადგილას მიახრახნა.
სულ ორმოცდახუთი წამი დასჭირდა. მომდევნო დღეს უფრო სწრაფად მორჩებოდა
ამ საქმეს. ტელეფონის ჩამოღება, ბატარეების გამოცვლა და მისი ისევ
სავენტილაციო ხვრელში შედება ევალებოდა. დამჯდარ ბატარეებს სახლში
წაიღებდა და ღამით დატენიდა.
ღიდის მეტი არაფერი მოეთხოვებოდა.
სალანდერს ამით როგორ დაეხმარებითო, ჰკითხა ბლუმკვისტს. გოგონას პალატის
კედელზეც პანელი იყო მიხრახნილი და თუ კიბე და სახრახნისი არ ჰქონდა,
ტელეფონს სავენტილაციო ხვრელიდან ვერ გამოიღებდა.
– ვიცი, – უპასუხა ბლუმკვისტმა, – მაგრამ ტელეფონისთვის ხელის ხლებაც არ
დასჭირდება.
ღიდის ეს ყოველდღე უნდა ეკეთებინა, სანამ ბლუმკვისტი არ შეაწყვეტინებდა.
ამ მარტივი საქმისთვის ღიდი კვირაში 1000 კრონას პირდაპირ ხელზე მიიღებდა.
დავალების შესრულების შემდეგ კი მობილური მას დარჩებოდა.
რასაკვირველია, ბლუმკვისტს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ რა, ამას ღიდი
ვერ ხვდებოდა. რაში უნდა გამოეყენებინა სავენტილაციო ხვრელში ჩართული,
მაგრამ ქსელში ჩაურთველი მობილური ტელეფონი? თუ ბლუმკვისტს პაციენტთან
დაკავშირება სურს, აჯობებს, რომელიმე მედდა მოისყიდოსო, გაიფიქრა თავისთვის.
თუმცა, ბლუმკვისტისთვის დავალების შესრულებაზე უარი არ უთქვამს და არც
ზედმეტი შეკითხვები დაუსვამს მისთვის.
იუნასონმა ჰაგაგატანზე თავისი საცხოვრებელი კორპუსის რკინის კარს
მიყრდნობილი კეისიანი მამაკაცი დაინახა და ნაბიჯი შეანელა. მისი სახე საიდანღაც
ეცნობოდა.
– ექიმი იუნასონი ბრძანდებით? – ჰკითხა კაცმა.
– დიახ, მე ვარ.
– მაპატიეთ, რომ ქუჩაში გაწუხებთ. თქვენთან საავადმყოფოში მოსვლა არ
მინდოდა, არადა, უნდა დაგელაპარაკოთ.
– რაზე უნდა დამელაპარაკოთ, ან ვინ ბრძანდებით?
– მე ბლუმკვისტი ვარ, მიქაელ ბლუმკვისტი. ჟურნალისტი. ჟურნალ „მილენიუმში“
ვმუშაობ. საქმე ლიზბეთ სალანდერს ეხება.
– აა, ახლა გიცანით. სასწრაფო დახმარება თქვენ გამოიძახეთ. სანტექნიკური სკოჩიც
თქვენ დააწებეთ ჭრილობებზე?
– დიახ.
– ჭკვიანურად მოქცეულხართ. თუმცა, ჟურნალისტებთან ჩემი პაციენტების შესახებ
არ ვსაუბრობ. სხვების მსგავსად სოლგრენსკას საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილებას უნდა მიმართოთ.
– ვერ გამიგეთ. მე ინფორმაცია არ მჭირდება, პირად საქმეზე მოვედი. ნურაფერს
მეტყვით და გამიმხელთ, პირიქით, მე მოგაწვდით ინფორმაციას.
იუნასონი მოიღუშა.
– გთხოვთ, მომისმინეთ, – უთხრა ბლუმკვისტმა, – ქირურგების ქუჩა-ქუჩა დევნა არ
მჩვევია, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ. შეიძლება ყავაზე
დაგპატიჟოთ?
– რა უნდა მითხრათ?
– საქმე ლიზბეთ სალანდერის მომავალსა და კეთილდღეობას ეხება. მე მისი
მეგობარი ვარ.
ბლუმკვისტის მაგივრად სხვა ჟურნალისტი რომ ყოფილიყო, იუნასონი ალბათ
იუარებდა. ბლუმკვისტი საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება იყო და იფიქრა,
ნაკლებად სავარაუდოა, რამე მაქინაციას მიწყობდესო.
– ინტერვიუს არ მოგცემთ და არც ჩემს პაციენტზე გეტყვით რამეს.
– გასაგებია, – თქვა ბლუმკვისტმა.
ახლომდებარე კაფეში შევიდნენ.
– აბა, რა გნებავთ? – ჰკითხა ბლუმკვისტს, როცა მიმტანმა ორივე ყავა მოუტანა.
– უპირველეს ყოვლისა გეტყვით, რომ ჩემს სტატიაში თქვენს ნათქვამს არ
დავბეჭდავ და თქვენ საერთოდ არ გახსენებთ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ჩვენი
საუბარი არც შემდგარა. მინდა, ერთი სამსახური გამიწიოთ. ჯერ აგიხსნით, რატომ,
და თავად გადაწყვიტეთ, დამეხმარებით თუ არა.
– რაღაც არ მომწონს საუბრის მიმართულება.
– მხოლოდ იმას გთხოვთ, მომისმინოთ. ექიმი ხართ და ლიზბეთის ჯანმრთელობასა
და კეთილდღეობაზე ზრუნვა თქვენი ვალია. მისი მეგობარი ვარ და მეც იგივე
მევალება. იმის ნიჭი არ მაქვს, რომ მისი თავის ქალიდან ტყვიები ამოვაძრო, მაგრამ
შემიძლია სხვანაირად გამოვადგე მას.
– მაინც რით?
– მე ინფორმაციის მოძიება შემიძლია. დავადგინე, სინამდვილეში რა შეემთხვა
ლიზბეთ სალანდერს.
– კარგი.
– მოკლედ მოგიყვებით და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ.
– გისმენთ.
– იმასაც გეტყვით, რომ ანიკა ჯიანინი, ლიზბეთის ადვოკატი, რომელსაც მგონი,
შეხვედრიხართ, ჩემი დაა და სალანდერის უფლებების დასაცავად ფულს მე ვუხდი.
– გასაგებია.
– სამწუხაროდ, ამ თხოვით ანიკას ვერ მივმართავდი. მან სალანდერთან თავისი
საუბრები საიდუმლოდ უნდა შეინახოს. ვფიქრობ, ლიზბეთის შესახებ გაზეთებში
წაიკითხავდით.
იუნასონმა თავი დაუქნია.
– მას ფსიქოპათი და ლესბოსელი მანიაკი უწოდეს. ეს ყველაფერი სისულელეა.
ლიზბეთ სალანდერი ფსიქოპათი არ არის. ის ჩემსავით და თქვენსავით ნორმალური
ადამიანია. ხოლო მისი სექსუალური გემოვნება და მისწრაფებები სხვისი გასარჩევი
არ არის.
– თუ არ მეშლება, ახლა მკვლელობების გამო ვიღაც გერმანელი იძებნება.
– დიახ. ნიდერმანი უსინდისო, სასტიკი მკვლელია. ლიზბეთს კი მტრები ჰყავს,
გავლენიანი, საძაგელი მტრები. ზოგიერთი მათგანი „სეპოში“ მუშაობს.
იუნასონი გაკვირვებული მიაშტერდა ბლუმკვისტს.
– თორმეტი წლის ლიზბეთ სალანდერი უფსალის ფსიქიატრიულ კლინიკაში
მოათავსეს. რატომ? იმიტომ, რომ ლამის იმ საიდუმლოს ახადა ფარდა, რომელსაც
„სეპო“ საგულდაგულოდ მალავდა. მამამისი ალექსანდერ ზალაჩენკო – იგივე კარლ
აქსელ ბოდინი, რომელიც თქვენს საავადმყოფოში მოკლეს – ყოფილი საბჭოთა
ჯაშუში იყო, „ცივი ომის“ დროინდელი რელიკვია. ის წლების განმავლობაში სცემდა
ლიზბეთის დედას. თორმეტი წლის ლიზბეთმა ზალაჩენკოს „მოლოტოვის
კოქტეილით“ დაწვა სცადა. ამიტომაც გამოკეტეს კლინიკაში.
– ვერ მივხვდი. თუ მამამისის მოკვლა სცადა, სწორედაც რომ უნდა მოეთავსებინათ
ფსიქიატრიულ კლინიკაში.
– მალე სტატიას გამოვაქვეყნებ, რომელშიც წაიკითხავთ, რომ „სეპომ“ ზალაჩენკოს
მოძალადე ბუნების შესახებ იცოდა. ბოლოს ისე მწარედ სცემა ლიზბეთის დედას,
რომ საბრალო ქალი სამუდამოდ დაინვალიდდა და სიცოცხლის ბოლომდე
საავადმყოფოში მკურნალობდა. სწორედ ამან გაამწარა იმ დღეს ლიზბეთი. თუმცა,
„სეპომ“ ზალაჩენკო დაიცვა, რადგან ის მნიშვნელოვანი ინფორმატორი იყო,
ამიტომაც დიაგნოზი გააყალბეს და ლიზბეთი ფსიქიატრიულში გაგზავნეს.
იუნასონს ისეთი სკეპტიკური გამომეტყველება მიეღო, რომ ბლუმკვისტს გაეცინა.
– ყველაფრის დასაბუთება შემიძლია. ლიზბეთის სასამართლო პროცესი რომ
დაიწყება, სენსაციურ სტატიას გამოვაქვეყნებ. დამიჯერეთ, დიდ ხმაურს
გამოიწვევს.
– განაგრძეთ.
– ვამხელ ორ ექიმს, რომლებიც „სეპოს“ ლაქიებად ემსახურებოდნენ და ლიზბეთის
საგიჟეთში გამოკეტვაში დაეხმარნენ. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი და
პატივცემული პიროვნებაა.
– თუ ექიმი მართლაც გარეულია, ეს ფაქტი მთელ ჩვენს პროფესიას წასცხებს ლაქას.
– კოლექტიური ბრალის არა მწამს. ლაქა მხოლოდ იმათ სახელს წაეცხება, ვინც
დააშავა. იმავეს ვიტყვი „სეპოზე“. მჯერა, რომ „სეპოში“ კარგი ხალხიც მუშაობს. ამ
შემთხვევაში საქმე შეთქმულთა მცირერიცხოვან ჯგუფს ეხება. რამდენიმე წლის
შემდეგ თვრამეტი წლის ლიზბეთის ხელახლა ინსტიტუციონალიზაცია სცადეს.
თუმცა, ამჯერად ხელი მოეცარათ და ლიზბეთს მხოლოდ მეურვე მიუჩინეს. ამ
სასამართლო პროცესზე კვლავ მის ლაფით მოთხვრას შეეცდებიან. მე, უფრო
ზუსტად, ჩემი და ანიკა ეცდება, რომ სასამართლომ ის გაამართლოს და
ქმედუუნაროს სტატუსი მოუხსნას.
– გასაგებია.
– მაგრამ ლიზბეთი შეიარაღებული უნდა იყოს. მოკლედ აგიხსენით, რა პრობლემის
წინაშეც დგას. იმასაც დავამატებ, რომ ზოგიერთი პოლიციელი სინამდვილეში
ლიზბეთს ემხრობა. თუმცა, პროკურორი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. მან ლიზბეთს
ახალი ბრალდებები წაუყენა. ლიზბეთს სასამართლო პროცესის დაწყებამდეც
სჭირდება დახმარება.
– მე ადვოკატი არ ვარ.
– არა, მაგრამ ლიზბეთის ექიმი ხართ და მასთან შესვლის უფლება გაქვთ.
იუნასონმა თვალები მოჭუტა.
– ახლა რასაც გთხოვთ, შეიძლება არაეთიკური და უკანონოც იყოს.
– მართლა?
– მაგრამ მორალური თვალსაზრისით... მოკლედ, ლიზბეთის კონსტიტუციურ
უფლებებს ზუსტად ის ხალხი არღვევს, ვინც უნდა იცავდეს. მაგალითს მოგიყვანთ.
ლიზბეთთან მნახველები არ დაიშვებიან, მას გაზეთების კითხვა და
გარესამყაროსთან კონტაქტი ეკრძალება. პროკურორმა იმდენი შეძლო, რომ
ადვოკატს ინფორმაციის გახმაურება აუკრძალა. ანიკაც წესებს დაემორჩილა. არადა,
თავად პროკურორი ავრცელებს იმ ბინძურ ინფორმაციას სალანდერზე, რომელსაც
პრესა ბეჭდავს.
– მართლა?
– მაგალითად, ეს სტატია ავიღოთ, – ბლუმკვისტამ ერთი კვირის წინანდელი გაზეთი
გადაფურცლა, – წყარო საგამოძიებო ჯგუფიდან აცხადებს, რომ სალანდერი
შეურაცხადია და, შესაბამისად, გაზეთი ლიზბეთის სულით ავადმყოფობით
სპეკულირებას იწყებს.
– ეგ სტატია წავიკითხე. სისულელეა.
– მაშ, არ ფიქრობთ, რომ ის გიჟია?
– მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ვიცი, რომ ლიზბეთს შესაბამისი გამოკვლევა არ
ჩატარებია, ამიტომ ეგ სტატია სისულელეა.
– შემიძლია დავამტკიცო, რომ ადამიანი, ვისგანაც ამ ინფორმაციამ გაჟონა,
გამომძიებელი ჰანს ფასტეა, რომელიც პროკურორ ეკსტრომთან მუშაობს.
– ჰმმმ.
– ეკსტრომი დახურულ სასამართლო პროცესს მოითხოვს, რათა ლიზბეთის
წინააღმდეგ არსებული სამხილები ვერავინ შეამოწმოს და შეაფასოს. უარესი ისაა,
რომ პროკურორის მოთხოვნით, ლიზბეთი იზოლირებულია და ვერ შევძლებთ
თავდაცვისთვის საჭირო მასალების შეგროვებას.
– განა ეს მის ადვოკატს არ ევალება?
– ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ ლიზბეთი ექსტრაორდინალური პიროვნებაა. ის
ბევრ რამეს მალავს; მისი ბევრი საიდუმლო ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს დას ვერ
გავუმხელ. ლიზბეთმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გაამჟღავნებს თუ არა ამ
საიდუმლო ფაქტებს სასამართლოს წინაშე.
– გასაგებია.
– გადაწყვეტილების მისაღებად კი ეს დასჭირდება.
ბლუმკვისტმა მაგიდაზე სალანდერის პალმტოპი და ბატარეის დამტენი დადო.
– ეს ლიზბეთის არსენალში უმნიშვნელოვანესი იარაღია – აუცილებლად თან უნდა
ჰქონდეს.
იუნასონმა დაეჭვებით შეხედა პალმტოპს.
– მის ადვოკატს რატომ არ მიეცით?
– იმიტომ, რომ ამის მეშვეობით სამხილებს ლიზბეთის გარდა ვერავინ მოიპოვებს.
იუნასონს რამდენიმე წუთს პალმტოპისთვის ხელი არ უხლია.
– მოდი, ახლა ერთი-ორი სიტყვით ექიმ პეტერ ტელებორიანზეც მოგახსენებთ, –
კეისიდან საქაღალდე ამოიღო ბლუმკვისტმა.
შაბათს, 20:00 საათს რომ გადასცდა, არმანსკიმ ოფისი დატოვა და სანქტ-
პაულსგატანზე, სოდერის კონგრეგაციის სინაგოგასთან ფეხით მივიდა. კარზე
დააკაკუნა, რაბინს გაეცნო და შიგ შევიდა.
– აქ ნაცნობს უნდა შევხვდე, – თქვა არმანსკიმ.
– ზედა სართულზე აბრძანდით. გზას მიგასწავლით.
რაბინმა ქიფა შესთავაზა და არმანსკიმაც უხალისოდ დაიხურა. მუსლიმურ ოჯახში
აღზრდილმა, თავი უხერხულად იგრძნო.
ბუბლანსკისაც ქიფა ეხურა.
– გამარჯობა, დრაგან. გმადლობ, რომ მოხვედი. რაბინმა სასაუბროდ ოთახი
გამოგვიყო და არავინ შეგვაწუხებს.
არმანსკი ბუბლანსკის წინ ჩამოჯდა.
– ეტყობა, ასეთი კონსპირაციულობისთვის საბაბი გაქვს.
– ბიკიბვ-მოკიბვას არ დავიწყებ: ვიცი, რომ სალანდერის მეგობარი ხარ.
არმანსკიმ თავი დაუქნია.
– მაინტერესებს, რა მოიფიქრეთ შენ და ბლუმკვისტმა მის დასახმარებლად.
– რამე რატომ უნდა მოგვეფიქრებინა?
– იმიტომ, რომ პროკურორმა ეკსტრომმა უკვე მერამდენედ მკითხა, Milton Security-ში
დრაგან არმანსკიმ რა იცის სალანდერის საქმის გამოძიების შესახებო. ამას უბრალო
ცნობისმოყვარეობის გამო როდი მეკითხება – შიშობს, რაღაც ისეთს მოიმოქმედებენ,
რაც მედიაში ვნებათაღელვას გამოიწვევსო.
– გასაგებია.
– რახან ეკსტრომი ღელავს, ესე იგი, იცის ან ეჭვობს მაინც, რომ რაღაცას ამზადებთ.
შეიძლება ვინმეს ელაპარაკა, ვისაც გარკვეული ეჭვები აქვს თქვენ მიმართ.
– ასეთი ვინმე ვინ უნდა იყოს?
– დრაგან, მოდი, ერთმანეთს ნუღარ ვეთამაშებით. კარგად იცი, რომ
ოთხმოცდაათიანების დასაწყისში სალანდერი უსამართლობის მსხვერპლი გახდა და
ვშიშობ, ახლაც ისეთივე ბედი ეწევა.
– შენ დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიციელი ხარ. თუ რამე იცი, უნდა
იმოქმედო.
– ვიმოქმედებ კიდეც, – თავი დაუქნია ბუბლანსკიმ, – ოღონდ საკითხავია, როგორ?
– მკითხე, რაც გაინტერესებს.
– მაინტერესებს, რას აპირებთ შენ და ბლუმკვისტი. არა მგონია, უსაქმურად
ისხდეთ.
– რთული ასახსნელია. თან შენ რატომ უნდა გენდო?
– ბლუმკვისტმა 1991 წლის მოხსენება იპოვა...
– ვიცი.
– იმ მოხსენებაზე ხელი აღარ მიმიწვდება.
– არც მე. ბლუმკვისტს და მის დას, სალანდერის ადვოკატს, ასლები მოჰპარეს.
– რა? მოჰპარეს?
– ბლუმკვისტის ასლი ბინიდან მოიპარეს, ჯიანინი კი გეტებორგში გაძარცვეს. ეს
ყველაფერი ზალაჩენკოს მკვლელობის დღეს მოხდა.
ბუბლანსკი ჩაფიქრდა.
– ჩვენ რატომ არ ვიცით ამის შესახებ?
– ბლუმკვისტმა ასე ახსნა: სტატია მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტში შეიძლება
დაიბეჭდოს, სხვა დრო არ გამოდგებაო.
– ანუ, თქვენ ორნი... ის რა, ბიორკის მოხსენების გამოქვეყნებას აპირებდა?
არმანსკიმ თავი დაუქნია.
– თავდასხმა გეტებორგში და ქურდობა სტოკჰოლმში ერთსა და იმავე დღეს, – თქვა
ბუბლანსკიმ, – ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად ორგანიზებულია.
– ბარემ იმასაც გეტყვი, რომ ჩვენი აზრით, ჯიანინის ტელეფონი ისმინება.
– ვიღაც არც კანონდარღვევას ერიდება.
– საკითხავია, ვინ?
– მეც ეგ მაინტერესებს. სავარაუდოდ, ეს „სეპოა“ – ბიორკის მოხსენების გაქრობა მათ
ენდომებოდათ. მაგრამ, დრაგან, ჩვენ ახლა შვედეთის უსაფრთხოების სამსახურზე,
სახელმწიფო სტრუქტურაზე ვსაუბრობთ. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ოპერაცია „სეპოს“
მიერ არის სანქცირებული. წარმოუდგენელია, „სეპო“ ასეთ საქმეში მონაწილეობდეს.
– ამის დაჯერება მეც მიჭირს. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ვიღაცამ
სოლგრენსკაში შეისეირნა და ზალაჩენკოს შუბლი გაუხვრიტა. იმავდროულად,
მოხსენების ავტორმა ბიორკმა თავი ჩამოიხრჩო.
– მაშ, ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელის ნამოქმედარია? გეტებორგის
პოლიციის ინსპექტორმა მითხრა, არანაირი სამხილი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ
ზალაჩენკო შეშლილ ბერიკაცს აკვიატებული იდეის გამო არ მოუკლავსო. ბიორკის
სახლი სრულად გამოვიკვლიეთ და ყველაფერი თვითმკვლელობაზე მიანიშნებს.
– გულბერგი, სამოცდათვრამეტი წლის, დაავადებული კიბოთი, ბოლოს დეპრესია
აწუხებდა და იმკურნალა. ჩვენი ოპერატიული განყოფილების უფროსმა იოჰან
ფრეკლუნდმა მისი ბიოგრაფია შეისწავლა.
– მერე?
– სამხედრო სამსახური ორმოციან წლებში კარლსკრონაში გაიარა, შეისწავლა
სამართალი, ბოლოს საგადასახადო საქმეების კონსულტანტად მუშაობდა. ოცდაათი
წლის განმავლობაში სტოკჰოლმში მუშაობდა: კერძო კლიენტებს – არ ვიცი, ვის –
იურიდიულ კონსულტაციას უწევდა. 1991 წელს პენსიაზე გავიდა. 1994 წელს
მშობლიურ ქალაქ ლაჰოლმში დაბრუნდა. უჩვეულო არაფერია, გარდა...
– რა?
– ერYთი-ორი გასაკვირი დეტალისა. ფრეკლუნდის თქმით, გულბერგი არც ერთ
წერილობით დოკუმენტში არ არის ნახსენები. არც გაზეთებში დაწერილა მასზე
ოდესმე რამე. ვერავინ ვიპოვეთ ისეთი, მისი კლიენტების ვინაობა რომ იცოდეს.
თითქოს ის კაცი ამქვეყნად არც არსებულა.
– რას გულისხმობ?
– რატომღაც „სეპოსთან“ ვაკავშირებ. ზალაჩენკო განდგომილი საბჭოთა ჯაშუში იყო.
„სეპოს“ გარდა მის მფარველობას ვინ ითავებდა? ამავე დროს მახსენდება 1991 წელს
შემუშავებული სტრატეგია, რათა სალანდერი საგიჟეთში გამოეკეტათ. ამას
დაამატეთ ბინის გატეხა, ძარცვა და სატელეფონო მოსმენები. თუმცა, ვერ
დავიჟინებ, რომ ამის უკან „სეპო“ დგას. ბლუმკვისტი ამ დაჯგუფებას „ზალაჩენკოს
კლუბს“ უწოდებს. „კლუბი“ შედგება „ცივი ომის“ მომხრე რამდენიმე პასიური
აგენტისგან, რომლებიც „სეპოს“ ბნელ დერეფნებში იმალებიან.
– მაშ, რა უნდა ვქნათ? – ჰკითხა არმანსკის ბუბლანსკიმ.

თავი XII
კვირა, 15/V – ორშაბათი, 16/V
შვედეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის – კუდ-ის – უფროსი,
კომისარი ტორსტენ ედკლინთი ნელა ატრიალებდა ღვინით სავსე ბროლის ჭიქას და
ყურადღებიYთ უსმენდა Milton Security-ის გენერალურ დირექტორს, რომელმაც
მოულოდნელად დაურეკა და სთხოვა, კუნძულ ლიდინგეზე მესტუმრეო. არმანსკის
ცოლს, რიტვას, გემრიელი კასეროლი მოემზადებინა. ისადილეს და თან თავაზიანად
ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე. ედკლინთი უსმენდა მასპინძელს და ფიქრობდა,
ნეტა სინამდვილეში რა უნდა უნდოდესო. ნასადილევს რიტვა ტელევიზორის
საყურებლად გავიდა და კაცები მაგიდასთან მარტო დატოვა. არმანსკიმ ედკლინთს
ლიზბეთ სალანდერის ისტორია უამბო.
ედკლინთმა და არმანსკიმ თორმეტი წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი, როცა ერთ-ერთ
პარლამენტარ ქალს სიკვდილით დაემუქრნენ. ქალმა ამის შესახებ პარტიის
თავმჯდომარეს აცნობა, პარტიის თავმჯდომარემ კი – პარლამენტის უსაფრთხოების
განყოფილებას. საბოლოოდ, ამ ამბით „სეპოც“ დაინტერესდა. იმ პერიოდში პირადი
დაცვის სამსახურს ყველაზე მცირე ბიუჯეტი ჰქონდა. პარლამენტარ ქალს დაცვა
გამოუყვეს, რომელიც მას ოფიციალური გამოსვლებისას იცავდა; მაგრამ სამუშაო
დღის მიწურულს, როცა დაცვა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, დაუცველად
ტოვებდნენ. პარლამენტარი დაეჭვდა, „სეპო“ ჩემს დაცვას ვერ შეძლებსო.
ერთ საღამოს შინ დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მის სახლში ვიღაც შეპარულიყო,
მისაღები ოთახის კედლებზე უხამსი სექსუალური ეპითეტები დაეწერა და მის
საწოლში არც მასტურბაციას მორიდებოდა. ქალმა მაშინვე Milton Security დაიქირავა.
„სეპოსთვის“ კი არაფერი უცნობებია. მომდევნო დილით, როცა პარლამენტარი ქალი
ტების სკოლაში სიტყვით უნდა გამოსულიყო, სახელმწიფო დაცვის წევრები და
Milton Security-ის პირადი მცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
იმ პერიოდში ედკლინთი „სეპოს“ პირადი დაცვის განყოფილების უფროსის
თანაშემწე იყო. მას არ მოეწონა, რომ სახელმწიფოს გასაკეთებელი საქმისთვის
ქალმა ვიღაც კუნთმაგარი ბიჭები დაიქირავა. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ქალს
უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად ჰქონდა. სიტუაციის გამძაფრების თავიდან
ასაცილებლად Milton Security-ის გენერალური დირექტორი სადილად დაპატიჟა.
შეთანხმდნენ, რომ საქმე იმაზე რთულად იყო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
ედკლინთმა ისიც შეიტყო, რომ არმანსკის ბიჭები უკეთ გაწვრთნილები და
აღჭურვილებიც იყვნენ. საბოლოოდ უფლება-მოვალეობანი ასე გადაინაწილეს:
არმანსკი და მისი გუნდი პარლამენტარ ქალს დაიცავდა, ხოლო „სეპო“ გამოძიებას
აწარმოებდა და ხარჯებს დაფარავდა.
ედკლინთმა და არმანსკიმ ერთმანეთს კარგად გაუგეს და მომდევნო წლებში სხვა
საქმეებზეც ითანამშრომლეს. ედკლინთი არმანსკის დიდ პატივს სცემდა და როცა
მან სადილად დაპატიჟა, რაღაც უნდა გითხრაო, მაშინვე დათანხმდა, მისთვის
მოესმინა.
თუმცა, იმას ნამდვილად არ ელოდა, რომლის არმანსკი კალთაში ასაფეთქებლად
გამზადებულ ყუმბარას ჩაუგდებდა.
– მეუბნები, რომ „სეპო“ კრიმინალურ საქმიანობას ეწევა?
– არა, – უთხრა არმანსკიმ, – სწორად ვერ გამიგე. მე ვამბობ, რომ თვითონ „სეპოში“
მცირერიცხოვანი ჯგუფი ეწევა კრიმინალურ საქმიანობას. არ მჯერა, რომ ეს
ოპერაცია RPS/Säk-ის უფროსობის ან მთავრობის მიერ არის სანქცირებული.
ედკლინთმა მალმის გადაღებული ფოტოები დაათვალიერა. ვიღაც კაცი ჯდებოდა
მანქანაში, რომლის სარეგისტრაციო სერია იყო KAB.
– დრაგან, ხომ არ მეხუმრები?
– ნეტა გეხუმრებოდე.
მომდევნო დილით ედკლინთი პოლიციის სამმართველოში თავის კაბინეტში იჯდა
და სათვალის მინებს საგულდაგულოდ წმენდდა. ედკლინთს ჭაღარა თმა, დიდი
ყურები და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა; თუმცა, ახლა დაბნეულს უფრო ჰგავდა.
ჯერ კიდევ იმას ფიქრობდა, არმანსკის მოწოდებულ ინფორმაციაზე როგორი
რეაგირება მოეხდინა.
არცთუ სასიამოვნო ფიქრები უტრიალებდა თავში: „სეპო“ შვედეთის ყველა
(თითქმის ყველა) პარტიისთვის სახელმწიფოსთვის საჭირო ორგანიზაციად
ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ შეთქმულების უამრავი
დაუჯერებელი თეორია იქმნებოდა. „სეპო“ არც სკანდალების ნაკლებობას
განიცდიდა; განსაკუთრებით – 1970-იან წლებში, რადიკალ მემარცხენეთა
მმართველობის ხანაში, როცა კონსტიტუციურად გაუმართლებელ რამდენიმე
შემთხვევას ჰქონდა ადგილი. თუმცა, ხუთი სახელმწიფო გამოძიებისა და მძაფრის
კრიტიკის შემდეგ, „სეპოში“ ახალი თაობა მოვიდა – ფინანსური დარღვევების,
იარაღით ვაჭრობისა და თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილებებიდან
შეკრებილი, ნამდვილ გამოძიებებში გამობრძმედილი პროფესიონალები და არა –
პოლიტიკური მირაჟების მადევარნი. კონსტიტუციური უსაფრთხოების
განყოფილებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა. მის მოვალეობას,
მთავრობის მითითებით, შეადგენდა ქვეყნის შიდა საფრთხეების აღმოჩენა და
გაუვნებელყოფა. საფრთხეს წარმოადგენდა „უკანონო საქმიანობა, რომელიც
ძალადობის, მუქარისა და სახელმწიფო წყობის ძალისმიერი მეთოდებით
ცვლილებას, მმართველი პოლიტიკური ორგანოებისა თუ სახელმწიფო
მოხელეებისთვის გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დაძალებას ან ქვეყნის
ნებისმიერი მოქალაქისთვის კონსტიტუციურად დაცული უფლებების გამოხატვის
თავისუფლების აკრძალვას ისახავს მიზნად“.
მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილი ან სავარაუდო ანტიდემოკრატიული
საფრთხეებისგან შვედური დემოკრატიის დასაცავად ძირითადად ანარქისტებს და
ნეონაცისტებს ებრძოდნენ: ანარქისტებს იმიტომ, რომ ისინი სამოქალაქო
დაუმორჩილებლობას ქადაგებდნენ; ნეონაცისტებს იმიტომ, რომ ისინი
დემოკრატიის აშკარა მტრებს წარმოადგენდნენ.
იურიდიული განათლების მიღებისა და ხარისხის მოპოვების შემდეგ ედკლინთი
პროკურორად მუშაობდა, ოცდაერთი წლის წინ კი „სეპოს“ შეუერთდა. ჯერ
პერსონალური დაცვის განყოფილებაში მსახურობდა, შემდეგ – კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტში ანალიტიკოსად და ადმინისტრატორად.
საბოლოოდ სამმართველოს უფროსად, ანუ შვედური დემოკრატიის უპირველეს
დამცველად იქცა. თავს დემოკრატად მიიჩნევდა. ევალებოდა, პარლამენტის მიერ
დამტკიცებული კონსტიტუცია უპირობოდ დაეცვა.
შვედური დემოკრატიის ამოსავალი დებულებაა: „სიტყვის თავისუფლების
უფლება“. ნებისმიერს შეუძლია თქვას, იფიქროს და იწამოს ის, რაც მას სურს. ეს
უფლება ვრცელდება შვედეთის ყველა მოქალაქეზე დაწყებული ტყეში მცხოვრები
შეშლილი ნეო-ნაცისტებითა და დამთავრებული ქვის მსროლელი ანარქისტებით.
ყველა სხვა ძირითადი უფლება – მაგალითად, „მთავრობის ფორმირების“ ან
„ორგანიზაციის თავისუფლების“ უფლებები, „სიტყვის თავისუფლების უფლების“
პრაქტიკულ გაგრძელებას წარმოადგენს. სწორედ ამ ერთადერთ კანონზეა
დაფუძნებული დემოკრატიის სიძლიერე ან სისუსტე.
ყველა დემოკრატიას აქვს თავისი შეზღუდვები. „სიტყვის თავისუფლების
უფლების“ შეზღუდვები „პრესის თავისუფლების აქტით“ რეგულირდება. არსებობს
ოთხი უმთავრესი აკრძალვა:
1. იკრძალება ბავშვთა პორნოგრაფიისა და სექსუალური ძალადობის სცენების
ასახვა, მიუხედავად იმისა, რამდენად მხატვრულად მიიჩნევს მათ ავტორი.
2. იკრძალება დანაშაულის ჩადენისკენ ბიძგი/მოწოდება.
3. იკრძალება პიროვნების ლანძღვა/ცილისწამება.
4. იკრძალება ეთნიკური ჯგუფების შევიწროება.
პრესის თავისუფლებასაც პარლამენტი ამტკიცებს და საზოგადოების სოციალურად
და დემოკრატიულად მისაღებ შეზღუდვებს ეფუძნება. სახელმწიფო
კანონმდებლობის მთავარი არსი ის არის, რომ არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება,
სხვა ადამიანი დაამციროს.
ვინაიდან „სიტყვის თავისუფლების უფლება“ და „პრესის თავისუფლების აქტი“
კანონებია, საჭიროა სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ კანონების დაცვას
უზრუნველყოფს. შვედეთში ამ მოვალეობას ორი სახელმწიფო ორგანო ასრულებს:
1. გენერალური პროკურატურა, რომელიც „პრესის თავისუფლების აქტის“
დარღვევის შემთხვევებს იძიებს, რაც ტორსტენ ედკლინთს დიდად არ მოსწონდა,
რადგან, მისი აზრით, გენერალური პროკურორი მეტისმეტ შემწყნარებლობას
იჩენდა ისეთი დანაშაულების მიმართ, რომლებსაც თავად ედკლინთი შვედეთის
კონსტიტუციისთვის უდიდეს საფრთხეებად მიიჩნევდა და რომლებზეც
გენერალური პროკურორი ასე პასუხობდა: დემოკრატიის პრინციპი იმდენად
მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ჩარევა და საქმის აღძვრა მხოლოდ უკიდურესი
საჭიროების შემთხვევაშია აუცილებელიო. სხვათა შორის, მსგავსი განწყობა ბოლო
წლებში თანდათან შეიცვალა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვედური
„ჰელსინკის კომიტეტის“ გენერალურმა მდივანმა რობერტ ჰორდმა წარმოადგინა
ანგარიში, რომელშიც გენერალური პროკურორის უინიციატივობა და უმოქმედობა
კრიტიკულად იყო შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, თითქმის არავინ ისჯებოდა
ეთნიკური ჯგუფების შევიწროებისთვის.
2. შვედეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და მისი უფროსი
კომისარი ტორსტენ ედკლინთი, საკუთარ მოვალეობას უაღრესი
პასუხისმგებლობით ასრულებდა. მისი აზრით, ამაზე მაღალი თანამდებობა
შვედეთში პოლიციელისთვის არ არსებობდა და მას შვედეთის არცერთ იურიდიულ
თუ საპოლიციო თანამდებობაში არ გაცვლიდა. მის გარდა მთელ შვედეთში
პოლიტიკური ძალაუფლებით სხვა არც ერთი პოლიციელი არ იყო აღჭურვილი. მას
საქმისადმი დელიკატური, გონივრული და თავშეკავებული მიდგომა
მოეთხოვებოდა, რადგან მრავალი ქვეყნის მაგალითიდან ჩანდა, რომ პოლიტიკური
პოლიცია ძალიან მარტივად შეიძლება გარდაიქმნას დემოკრატიის უმთავრეს
საფრთხედ.
მედიას და საზოგადოებას მიაჩნდა, რომ კუდ-ის უმთავრესი მოვალეობა
ნაცისტებისა და მებრძოლი ვეგეტარიანელების თვალყურის დევნება იყო. დიახ,
დეპარტამენტი მართლაც ინტერესდებოდა მსგავსი ჯგუფებით, მაგრამ ამათ გარდა,
მათი ყურადღების ცენტრში სხვა მრავალი ინსტიტუტი თუ მოვლენაც ხვდებოდა.
მაგალითად, მეფეს და მთავარსარდალს უეცრად რომ გადაეწყვიტათ,
საპარლამენტო მმართველობა დიქტატურით უნდა შეიცვალოსო, მაშინვე
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკვირვების საგნად
იქცეოდნენ. ან თუ პოლიციელთა ჯგუფი კანონით დაწესებულ ზღვარს
გადააბიჯებდა და ამით პიროვნების რომელიმე კონსტიტუციურ უფლებას
დაარღვევდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აუცილებლად
რეაგირებას მოახდენდა. ასეთ სერიოზულ შემთხვევებში საქმეს გენერალური
პროკურორიც აღძრავდა ხოლმე.
რასაკვირველია, პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტს მხოლოდ ანალიტიკური და საგამოძიებო ფუნქცია
ჰქონდა და ოპერატიულ საქმიანობას არ აწარმოებდა. ამიტომ, როცა მაგალითად,
ნეონაცისტებს აპატიმრებდნენ, საქმეში ჩვეულებრივი პოლიცია ან „სეპოს“ სხვა
ქვედანაყოფები ერთვებოდნენ ხოლმე.
ედკლინთს ასეთი მდგომარეობა უაღრესად არადამაკმაყოფილებლად მიაჩნდა.
თითქმის ყოველი დემოკრატიული ქვეყანა ინარჩუნებს დამოუკიდებელ
საკონსტიტუციო სასამართლოს ამა თუ იმ ფორმით, რათა მთავრობამ ქვეყანაში
მიმდინარე დემოკრატიული პროცესები არ გადათელოს. შვედეთში კი ამ
მოვალეობას გენერალური პროკურორი ან საპარლამენტო ომბუდსმენი ასრულებენ,
ოღონდ ისინიც მხოლოდ სხვა დეპარტამენტების მიერ გაცემული მითითებების
მიხედვით მოქმედებენ. შვედეთს რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჰქონოდა,
სალანდერის ადვოკატი მაშინვე სახელმწიფოს დასდებდა ბრალს მისი კლიენტის
კონსტიტუციური უფლებების დარღვევისთვის. საკონსტიტუციო სასამართლო
ყველა დოკუმენტს გამოითხოვდა საიდუმლო არქივებიდან და თუნდაც პრემიერ-
მინისტრს გამოიძახებდა მოწმედ, სანამ საკითხს ნათელი არ მოეფინებოდა. ამ
შემთხვევაში კი ადვოკატს მხოლოდ ის შეეძლო, საპარლამენტო ომბუდსმენისთვის
მიეწერა საჩივარი, თუმცა, ეს უკანასკნელი „სეპოს“ არქივებიდან საიდუმლო
დოკუმენტებს ვერ გამოითხოვდა, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა.
აგერ უკვე მერამდენე წელი მიდიოდა, ედკლინთი საკონსტიტუციო სასამართლოს
შექმნას თავგამოდებული ითხოვდა. ამ შემთხვევაში არმანსკის მიერ მოწოდებულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით უფრო მარტივად იმოქმედებდა. არსებული
მდგომარეობით, მას არანაირი იურიდიული უფლებამოსილება არ გააჩნდა
წინასწარი გამოძიების წამოსაწყებად.
ედკლინთმა ერთი მწიკვი ბურნუთი შეიყნოსა.
თუ არმანსკის ინფორმაცია ზუსტი იყო, გამოდიოდა, რომ „სეპოს“ მაღალჩინოსანმა
ოფიცრებმა ჯერ შვედეთის მოქალაქეზე განხორცილებულ ძალადობაზე დახუჭეს
თვალი, შემდეგ მისი ქალიშვილი, გაყალბებული დიაგნოზის წყალობით,
ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს და, ბოლოს, ყოფილ საბჭოთა ჯაშუშს სრული
კარტ-ბლანში მისცეს, იარაღით, ნარკოტიკებითა და სექსით თავისუფლად ევაჭრა.
ედკლინთს დათვლაც კი ეზარებოდა, რამდენი კანონი დაირღვა ამ ხნის
განმავლობაში, რომ არაფერი ვთქვათ ბლუმკვისტის ბინაში შეპარვაზე, სალანდერის
ადვოკატზე თავდასხმასა და, სავარაუდოდ, ალექსანდერ ზალაჩენკოს
მკვლელობაში მონაწილეობაზე. ედკლინთს ამის დაჯერებაც კი უჭირდა.
დიდად არ ეხალისებოდა ამ არეულობაში გარევა, მაგრამ მას მერე, რაც არმანსკიმ
ყველაფერი უამბო, უკან დასახევი გზა მოეჭრა.
ახლა მას უნდა გადაეწყვიტა, როგორ გაუმკლავდებოდა შექმნილ ვითარებას. ამ
კითხვას ერთი შეხედვით მარტივი პასუხი ჰქონდა. თუ არმანსკი არ ცდებოდა,
გამოდიოდა, რომ ლიზბეთ სალანდერს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და
თავისუფლება შეუზღუდეს. კონსტიტუციური თვალსაზრისით, ჩნდებოდა
საფუძვლიანი ეჭვი, რომ მმართველ პოლიტიკურ ორგანოებს გარკვეული
გადაწყვეტილებები ძალდატანებით მიაღებინეს. ეს კუდ-ის კრედოს ხელყოფას
ნიშნავდა. ედკლინთმა, პოლიციელმა, დანაშაულის შესახებ შეიტყო და,
შესაბამისად, ვალდებული იყო, პროკურორისთვის ეცნობებინა.
სინამდვილეში კი პასუხი მარტივი კი არა, რბილად რომ ვთქვათ, მეტისმეტად
ჩახლართული იყო.
ინსპექტორი მონიკა ფიგეროლა, მიუხედავად მისი უჩვეულო გვარისა, წარმოშობით
დალარნელი იყო. მისი წინაპრები შვედეთში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, გუსტავ I
ვასას დროს დასახლდნენ. ოცდათექვსმეტი წლის ლურჯთვალება, ხუჭუჭა,
ქერათმიანი, ტანმაღალი და ტანადი, ბევრის ყურადღებას იმსახურებდა.
ის სპორტით იყო გატაცებული.
ჩვიდმეტი წლის უმაღლესი კლასის ტანმოვარჯიშეს ცოტა დააკლდა, რომ
ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრილიყო. სპორტის ამ სახეობსს თავი მალე დაანება,
მაგრამ კვირაში ხუთ დღეს სპორტდარბაზში სავარჯიშოდ მაინც დადიოდა. იმდენად
ხშირად ვარჯიშობდა, რომ მისი სხეულის მიერ გამომუშავებული ენდორფინები
ნარკოტიკივით მოქმედებდნენ და, შეიძლება ითქვას, ვარჯიშზე დამოკიდებულს
ხდიდნენ. დარბოდა, სიმძიმეებს სწევდა, ჩოგბურთს თამაშობდა და კარატეს
საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა. რამდენიმე წლის წინ ათლეტიზმს – სპორტის
ამ ექსტრემალურ სახეობას – შეეშვა, თორემ მანამდე დღეში ორ საათს კუნთების
დაბერვას უთმობდა. ამდენმა ვარჯიშმა მაინც თავისი ქნა და ისეთი დაკუნთული
სხეული ჰქონდა, რომ ღვარძლიანი კოლეგები ჰერ ფიგეროლას ეძახდნენ. როცა
უსახელო მაისური ან საზაფხულო კაბა ეცვა, მის ბიცეპსებსა და მტკიცე მხარ-ბეჭს
თვალს ვერავინ აშორებდა.
მამაკაც კოლეგებს ინტელექტითაც აფრთხობდა. ფიგეროლამ სკოლა წარჩინებით
დაამთავრა, ოცი წლისა პოლიციის ოფიცერი გახდა და ცხრა წელი უფსალის
პოლიციის სამმართველოში იმსახურა. თავისუფალ დროს სამართალს სწავლობდა.
გასართობად პოლიტოლოგიაც შეისწავლა და ხარისხიც მიიღო.
როცა რიგითი პატრულობიდან კრიმინალურ ინსპექტორად დააწინაურეს, უფსალის
ქუჩებმა მისი სახით უსაფრთხოების დიდი დამცველი დაკარგა. თავდაპირველად
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში იმუშავა, შემდეგ – ფინანსურ
დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში; 2000 წელს „სეპოს“ უფსალის
სამმართველოში გადაიყვანეს, 2001 წელს კი უკვე – სტოკჰოლმისაში. მუშაობა
კონტრდაზვერვის განყოფილებაში დაიწყო, მაგრამ ედკლინთმა შეამჩნია და მაშინვე
თავისთან, კუდ-ში გადაიბირა. ედკლინთი ფიგეროლას მამას იცნობდა და მის
კარიერას წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს.
ედკლინთმა დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ დაასკვნა, არმანსკის მიერ
მოწოდებულ ინფორმაციას უყურადღებოდ ვერ დავტოვებო, და ფიგეროლა თავის
კაბინეტში იხმო. უკვე სამი წელი იყო, ფიგეროლა კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტში მუშაობდა, მაგრამ ისევ უბრალო პოლიციის ოფიცერს უფრო
ჰგავდა.
იმ დღეს ფიგეროლას ჯინსის ვიწრო შარვალი, დაბალქუსლიანი ფირუზისფერი
სანდალი და ლურჯი ჟაკეტი ეცვა.
– ამჟამად რაზე მუშაობ, მონიკა?
– სუნეში მაღაზიის გაძარცვის ფაქტს ვიძიებთ.
ფიგეროლა ხელმძღვანელობდა ხუთკაციან ჯგუფს, რომელიც პოლიტიკურ
დანაშაულებს იძიებდა. ძირითადად, ჩვეულებრივი პოლიციის მონაცემთა ბაზაში
შედიოდნენ და მომხდარზე შედგენილ მათ მოხსენებებს აანალიზებდნენ. შვედეთის
პოლიციის ნებისმიერ სამმართველოში წარდგენილი თითქმის ყველა მოხსენება
ფიგეროლას დეპარტამენტის კომპიუტერებში იფილტრებოდა. კომპიუტერული
პროგრამა ყველა მოხსენებას ასკანირებდა და 310 საკვანძო სიტყვაზე რეაგირებდა.
ასეთი სიტყვები იყო: „ზანგი“, „სკინჰედი“, „სვასტიკა“, „იმიგრანტი“, „ანარქისტი“,
„ჰაილ, ჰიტლერ“, „ნაცისტი“, „ნაციონალ-დემოკრატი“, „მოღალატე“, „ურიების
მოყვარული“, „ზანგების მოყვარული“ და ასე შემდეგ. მოხსენება რომელიმე ასეთი
სიტყვის დაფიქსირებისთანავე ამოიბეჭდებოდა და მას შეისწავლიდნენ.
კუდ-ი ყოველწლიურ ანგარიშს, „ეროვნული უშიშროების საფრთხეებს“ აქვეყნებს.
სწორედ ეს ანგარიში წარმოადგენს პოლიტიკური დანაშაულების ერთადერთ სანდო
სტატისტიკას. სტატისტიკა პოლიციის ადგილობრივ სამმართველოებში
დამუშავებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით დგება. როგორც წესი, „სეპო“
მაღაზიის გაძარცვის ფაქტებს არ იძიებდა, მაგრამ ამჯერად პოლიციელის მიერ
შედგენილ მოხსენებაში სამი საკვანძო სიტყვა – „ზანგი“, „იმიგრანტი“ და „სამკერდე
ნიშანი“ – დაფიქსირდა. ორ ნიღბიან კაცს პისტოლეტი დაემიზნებინა მაღაზიის
მფლობელი იმიგრანტისთვის და მისთვის 2780 კრონა და ერთი ბლოკი სიგარეტი
წაერთმია. ერთ-ერთ მძარცველს მოკლე ქურთუკი სცმია მკერდზე შვედეთის
დროშით; მეორეს რამდენჯერმე დაუყვირია მაღაზიის მეპატრონისთვის, „დამპალო
ზანგოო“, და იატაკზე ძალით დაუწვენია.
ფიგეროლას ჯგუფს მეტი არც სჭირდებოდა; მაშინვე წინასწარი გამოძიება დაიწყეს,
მძარცველები დაკავშირებულნი ხომ არ იყვნენ ვერმლანდელი ნაცისტების
ბანდასთან და ხომ არ შეიძლებოდა ამ ძარცვის რასისტულ დანაშაულად
კვალიფიცირება. ამ შემთხვევაში, ინციდენტს ყოველწლიურ ანგარიშში შეიტანდნენ,
მოგვიანებით კი ამ სტატისტიკას საერთო ევროპულ სტატისტიკას შეუერთებდნენ
ევროკავშირის ვენის ოფისში.
– შენთვის რთული დავალება მაქვს, – თქვა ედკლინთმა, – შეიძლება პრობლემაც კი
შეგექმნას კარიერის მხრივ, მაგრამ თუ საქმეს გაუმკლავდები, დიდ ნაბიჯს
გადადგამ წინ.
– ყურადღებით გისმენთ.
– შენს კუდ-ის ოპერატიულ ქვედანაყოფში გადაყვანას ვაპირებ.
– უკაცრავად, მაგრამ ჩვენ რომ ოპერატიული ქვედანაყოფი არ გვყავს?!
– გვყავს, – თქვა ედკლინთმა, – ამ დილით ჩამოვაყალიბე. ჯერჯერობით მხოლოდ
შენ შედიხარ მის შემადგენლობაში.
– გასაგებია, – სკეპტიკურად ჩაილაპარაკა ფიგეროლამ.
– ჩვენი განყოფილების მოვალეობა კონსტიტუციის ე. წ. „შიდა საფრთხეებისგან“,
ანუ რადიკალი მემარცხენეებისა და მემარჯვენეებისგან, დაცვაა. მაგრამ როგორ
მოვიქცეთ, როცა კონსტიტუციას საფრთხეს თვითონ ჩვენი ორგანიზაციის წევრები
უქმნიან?
ედკლინთი ნახევარ საათს უამბობდა ფიგეროლას, რაც არმანსკისგან მოისმინა წინა
ღამით.
– ამ ინფორმაციის წყარო ვინ არის? – ჰკითხა ფიგეროლამ, როცა ედკლინთმა თხრობა
დაასრულა.
– წყაროს შეეშვი, ინფორმაციაზე იფიქრე.
– მხოლოდ ის მაინტერესებს, ინფორმატორი სანდოა თუ არა.
– სანდოა. ამ ადამიანს, წლებია, ვიცნობ.
– როგორ ვთქვა, ცოტა... დაუჯერებლად ჟღერს.
– ვიცი. ჯაშუშური რომანის სიუჟეტს ჰგავს.
– მე რის გაკეთებას მთხოვთ?
– ამ წუთიდან ყველა სხვა მოვალეობისგან გათავისუფლებ და ერთადერთ
დავალებას გაძლევ: ამ ამბის ნამდვილობა გადაამოწმო. ან დაამტკიცებ, რომ
ყველაფერი სიმართლეა, ან უარყოფ. ანგარიშს მხოლოდ მე ჩამაბარებ.
– ახლა უკვე ვხვდები, რატომაც გამაფრთხილეთ, შეიძლება თავი გაიფუჭოო.
– მაგრამ თუ ეს ამბავი ნამდვილია – ან თუნდაც მისი მცირე ნაწილი – მაშინ აშკარად
კონსტიტუციური კრიზისი გვაქვს.
– საიდან დავიწყო?
– მარტივიდან. ჯერ ბიორკის მოხსენება წაიკითხე. მერე დაადგინე, ვინ შეიძლება
უთვალთვალებდეს ბლუმკვისტს. ჩემი ინფორმატორის თქმით, მანქანა იორან
მორტენსონს – ველინგბიში ვიტანგიგატანზე მცხოვრებ პოლიციელს – ეკუთვნის.
ბოლოს ბლუმკვისტის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული მამაკაცის ვინაობა
გაარკვიე.
ფიგეროლამ უფროსის მითითებები ჩაინიშნა.
– შეისწავლე გულბერგის ბიოგრაფიაც. ეს გვარი არასდროს მსმენია, მაგრამ
ინფორმატორის თქმით, ისიც „სეპოს“ უკავშირდება.
– გამოდის, რომელიღაც „სეპოელმა“ ყოფილი ჯაშუშის მოკვლა სამოცდათვრამეტი
წლის ბერიკაცს დაავალა?
– მაინც გადაამოწმე. იცოდე, გამოძიების შესახებ არავის არაფერი უთხრა. სანამ
რამეს მოიმოქმედებ, ჯერ მე შემატყობინე. არ მინდა, ეს ფაქტი გახმაურდეს.
– ამდენ საქმეს ერთად მარტო როგორ გავწვდები?
– ჯერჯერობით პირველადი შემოწმება ჩაატარე. თუ მეტყვი, რომ ვერაფერი
გაარკვიე, შევეშვებით. თუ მეტყვი, რომ რაღაც გაარკვიე და ჩემი ინფორმატორი არ
ცდება, მაშინ ერთად დავსახავთ სამოქმედო გზას.
ფიგეროლამ შესვენებაზე პოლიციის სპორტდარბაზში ტრენაჟორებზე ივარჯიშა.
მერე სადილი – შავი ყავა და ჭარხლის გუფთა – კაბინეტში წაიღო, კარი მიხურა,
მაგიდიდან ყველაფერი გადაალაგა და ბიორკის მოხსენების კითხვას შეუდგა.
წაიკითხა დანართიც, რომელიც ბიორკისა და ექიმი ტელებორიანის მიმოწერას
შეიცავდა. ჩაინიშნა ყველა სახელი და შემთხვევა, რომელიც უნდა გადაემოწმებინა.
ორი საათის შემდეგ ადგა, ყავის ავტომატთან მივიდა და პლასტმასის ჭიქაში ყავა
დაიმატა. კაბინეტიდან გამოსულმა კი, RPS/Säk-ის წესდების თანახმად, კარი
გასაღებით ჩაკეტა.
მოხსენების კითხვისას, პირველ ყოვლისა, მოხსენების სარეგისტრაციო ნომერი
რეგისტრატორთან გადაამოწმა და შეიტყო, რომ ასეთი ნომრით
დარეგისტრირებული მოხსენება არ არსებობდა.
შემდეგ მედიაარქივს მიმართა. ამჯერად უკეთესი შედეგი მიიღო: 1991 წლის
ზუსტად იმ საეჭვო დღეს საღამოს ორი და დილის ერთი გაზეთი იუწყებოდა, რომ
ლუნდაგატანზე მანქანაში გაჩენილმა ხანძარმა შუახნის მამაკაცი მძიმედ დააზიანა.
მისი სახელი გაზეთებში არ უხსენებიათ. ერთ-ერთ საღამოს გაზეთში ისიც დაიწერა,
ხანძარი გამიზნულად გააჩინა პატარა გოგონამო.
მოხსენების ავტორი გუნარ ბიორკი კი ნამდვილად არსებობდა. ის იმიგრანტთა
განყოფილებაში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე; ბოლო დროს თურმე ხშირად
ავადმყოფობდა და სულ მცირე ხნის წინ თავი მოეკლა.
კადრების განყოფილებაში არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა, რას საქმიანობდა
ბიორკი 1991 წელს. მისი საქაღალდე ისე გასაიდუმლოებული იყო, რომ წაკითხვა
RPS/Säk-ის თანამშრომლებსაც კი ეკრძალებოდათ.
ფიგეროლამ ადვილად დაადგინა, რომ 1991 წელს სალანდერი დედასთან და
ტყუპისცალ დასთან ერთად ლუნდაგატანზე ცხოვრობდა. მოხსენებაში ჩანიშნული
იყო, რომ მომდევნო ორი წელი გოგონას წმ. სტეფანის ბავშვთა ფსიქიატრიულ
კლინიკაში გაეტარებინა. მოხსენების ეს ნაწილი მაინც ემთხვეოდა სინამდვილეს.
ცნობილი ფსიქიატრი პეტერ ტელებორიანი, რომელიც ხშირად ჩნდებოდა
ტელევიზიით, 1991 წელსაც წმ. სტეფანის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა და
უკვე მისი მთავარი ექიმი იყო.
ფიგეროლამ კადრების განყოფილების უფროსის მოადგილეს დაურეკა:
– კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში რაღაცას ვაანალიზებთ.
პიროვნების სანდოობასა და ფსიქიკურ მდგომარეობას ვამოწმებთ. ფსიქიატრის ან
სხვა ისეთი პროფესიონალის დახმარება მჭირდება, ვისაც საიდუმლო ინფორმაციის
გაცნობის უფლება აქვს. პეტერ ტელებორიანი მირჩიეს და, რას ფიქრობთ,
დავიქირავო?
რამდენიმე წუთის შემდეგ უპასუხეს:
– ექიმი ტელებორიანი RPS/Säk-მა რამდენჯერმე მოიწვია კონსულტანტად. მისი
სანდოობა გადამოწმებულია და მასთან საიდუმლო ინფორმაციის განხილვა
ნებადართულია. თუმცა, სანამ მას მიმართავთ, ბიუროკრატიული პროცედურა უნდა
გაიაროთ, ანუ თქვენმა უფროსმა ოფიციალურად უნდა მოითხოვოს ექიმ
ტელებორიანთან კონსულტაცია.
ფიგეროლას გული შეეკუმშა. მან ისეთი რამ შეიტყო, რაც RPS/Säk-ის აგენტების
მხოლოდ ვიწრო წრეს თუ ეცოდინებოდა: ტელებორიანს მართლაც ჰქონდა კავშირი
უსაფრთხოების სამსახურთან.
მოხსენება განზე გადადო და ედკლინთის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სხვა
ასპექტებზე გადაერთო – იმ ორი მამაკაცის ფოტო შეისწავლა, რომლებიც 1-ლ მაისს
„კოპაკაბანადან“ გამოსულ ბლუმკვისტს აედევნენ.
სატრანსპორტო საშუალებათა რეესტრში დარეკა და იქ გადაამოწმა, რომ ფოტოზე
გამოსახული ნაცრისფერი „ვოლვო“ მართლაც იორან მორტენსონს ეკუთვნოდა.
კადრების განყოფილებაში დაუდასტურეს, მორტენსონი მართლაც ჩვენი
თანამშრომელიაო. კიდევ ერთხელ შეეკუმშა გული.
ოფიცერი მორტენსონი პირადი დაცვის განყოფილებაში მუშაობდა. ის პირადი
მცველი იყო და იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ოფიციალური შეხვედრებისას
პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს. რამდენიმე კვირის წინ
დროებით კონტრდაზვერვის განყოფილებაში გადაეყვანათ. მაგრამ 10 აპრილს, ანუ
სალანდერის და ზალაჩენკოს სოლგრენსკას საავადმყოფოში მოთავსებიდან ორიოდ
დღეში, დაკისრებული მოვალეობისგან დროებით გაეთავისუფლებინათ, თუმცა
მსგავსი გადანაცვლებები ხშირად ხდებოდა განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა
ესა თუ ის განყოფილება კადრების სიმცირეს განიცდიდა.
ფიგეროლამ კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის მოადგილეს დაურეკა.
განყოფილებაში მუშაობის მცირე სტაჟის წყალობით, უფროსის მოადგილეს
იცნობდა. ჰკითხა, იორან მორტენსონი რამე მნიშვნელოვან საქმეზე ხომ არ მუშაობს,
იქნებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში გვათხოვოთ
გამომძიებლადო.
კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის მოადგილე დაიბნა. ინსპექტორო
ფიგეროლა, ალბათ შეცდით, ვწუხვარ, მაგრამ მორტენსონი კონტრდაზვერვის
განყოფილებაში არ გადმოუყვანიათო.
ფიგეროლა გაკვირვებული დააშტერდა ყურმილს. კადრების განყოფილებაში
იცოდნენ, რომ მორტენსონი კონტრდაზვერვის განყოფილებაში გადაიყვანეს;
კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის მოადგილე კი ამბობდა, მორტენსონი
ჩვენთან არ არისო. კადრების მსგავს გადანაცვლებებს აუცილებლად სამდივნოს
უფროსის ნებართვა სჭირდებოდა. ფიგეროლამ მასთან დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ
გადაიფიქრა, თუკი კადრების განყოფილებამ მორტენსონი „გაასხვისა“, ესე იგი, ამას
სამდივნოს უფროსის თანხმობით იზამდაო. თუმცა, მორტენსონი კონტრდაზვერვის
განყოფილებაში არ იყო და ეს სამდივნოს უფროსმა ალბათ იცოდა. ეცოდინებოდა
ისიც, რომ მორტენსონს რომელიღაც განყოფილებამ ჟურნალისტის თვალთვალი
დაავალა.
ედკლინთმა გააფრთხილა, ჩვენი ამბავი არ უნდა გახმაურდესო. სამდივნოს
უფროსთან ამ საკითხის წამოწევას კი მდორე წყალში ლოდის ჩაგდების ეფექტი
ექნებოდა.
ბერგერი კაბინეტში, თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა. ორშაბათი იყო, დილის 10:30
საათი. საშინლად უნდოდა კაფეტერიის ცხელი ყავა. სამუშაო დღე თათბირებით
დაიწყო. პირველმა თათბირმა თხუთმეტ წუთს გასტანა. ფრედიკსონმა დღის გეგმა
და მთავარი მიმართულებები წარუდგინა. ვინაიდან ანდერს ჰოლმის მიმართ ნდობა
დაკარგა, ბერგერი ფრედრიკსონის რჩევებსა და მოსაზრებებზე უფრო და უფრო
დამოკიდებული ხდებოდა.
მეორე თათბირი ერთ საათს გაგრძელდა. გენერალურ დირექტორ მაგნუს
ბორგშესთან, ფინანსურ დირექტორ კრისტერ სელბერგთან და მთავარ ბუღალტერ
ულფ ფლუდინთან ერთად განიხილა სარეკლამო შემოსავლებისა და საცალო
გაყიდვების კლება. ფინანსური დირექტორი და მთავარი ბუღალტერი ხარჯების
შემცირებას ითხოვდნენ.
– წლის პირველ კვარტალში პრობლემებს თავი იმით დავაღწიეთ, რომ სარეკლამო
შემოსავლები ოდნავ გაიზარდა და ორი გამოცდილი, მაღალანაზღაურებადი
თანამშრომელი პენსიაზე გავიდა, მათ ნაცვლად კი ჯერ არავინ აგვიყვანია, – თქვა
ფლუდინმა, – ამ კვარტალს ალბათ მცირე დეფიციტით ჩავამთავრებთ. სამწუხაროდ,
უფასო გაზეთები – Metro და Stockholm City სტოკჰოლმში სარეკლამო ბაზარს
გვართმევს. ჩემი გათვლებით, მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად ვიზარალებთ.
– რა შეგვიძლია გავაკეთოთ? – იკითხა ბორგშემ.
– სხვა გზა არ გვაქვს, კადრები უნდა შევამციროთ, რაც 2002 წლის შემდეგ არ
გაგვიკეთებია. წლის ბოლომდე ათი თანამშრომელი უნდა გავუშვათ.
– რომელი თანამდებობებიდან? – იკითხა ბერგერმა.
– ყველგან ცოტ-ცოტას ჩამოვაკლებთ. სპორტის განყოფილებას ამჟამად ექვსი სრულ
და ერთ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ჟურნალისტი ჰყავს. სრულ განაკვეთზე
მომუშავე ხუთ ჟურნალისტს დავტოვებთ.
– როგორც ვხვდები, სპორტის განყოფილება ისედაც სულს ღაფავს. გამოდის,
სპორტული მიმოხილვაც უნდა შევამციროთ.
ფლუდინმა მხრები აიჩეჩა.
– უკეთესს თუ რამეს შემოგვთავაზებთ, გისმენთ.
– უკეთესს ვერაფერს შემოგთავაზებთ, მაგრამ პრინციპი ასეთია: თუ კადრებს
შევამცირებთ, მაშინ გაზეთის მასშტაბებიც უნდა შევამციროთ. ხოლო თუ გაზეთს
შევამცირებთ, მყიდველების რაოდენობაც იკლებს და სარეკლამო შემოსავლებისაც.
– მარადიულად ჩაკეტილი წრე, – თქვა სელბერგმა.
– მე ამ გაზეთის გამოსაცოცხლებად დამიქირავეს, – შენიშნა ბერგერმა, – მე
საქმისადმი აგრესიულ მიდგომას ვამჯობინებ, გაზეთს მხოლოდ ამით თუ გავხდით
მკითხველისთვის მიმზიდველს. თუმცა, თუ კადრებს შემიმცირებთ, ამას ვეღარ
ვიზამთ, – ბერგერი ბორგშესკენ მიბრუნდა: – რამდენ ხანს გაუძლებს გაზეთი
კრიზისს, სანამ უკიდურეს ზღვარს მივაღწევთ?
ბორგშე დაფიქრდა:
– ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან Svenska Morgon-Posten-მა თითქმის სულ
დახარჯა ძველი კონსოლიდირებული აქტივები. ათი წლის წინანდელთან
შედარებით, ჩვენი აქციების ფასი ოცდაათი პროცენტით დაეცა. ამ ფონდების
უდიდესი ნაწილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში
დავხარჯეთ. გასავალიც დიდი გვქონდა.
– შევამჩნიე, რომ Svenska Morgon-Posten-ს ტექსტის რედაქტირების საკუთარი სისტემა
აქვს შემუშავებული. ეს რა დაგიჯდათ?
– დაახლოებით ხუთი მილიონი კრონა.
– რაში დასჭირდა Svenska Morgon-Posten-ს საკუთარი პროგრამის შექმნა, როცა ბაზარზე
იაფფასიანი პროგრამები თავზე საყრელადაა?
– ჰო, ერიკა, სწორი შეკითხვაა! ინფორმაციული ტექნოლოგიების ყოფილმა უფროსმა
დაგვარწმუნა, მომავალში ასე უფრო იაფად გამოვალთ და სხვა გაზეთებსაც
მივყიდით პროგრამის ლიცენზიასო.
– მერედა, ვინმემ იყიდა თქვენგან ლიცენზია?
– სხვათა შორის, იყიდა – ერთმა რეგიონულმა ნორვეგიულმა გაზეთმა.
– ამ დროს კი რედაქციაში ხუთი-ექვსი წლის წინანდელი კომპიუტერები გვიდგას, –
უხალისოდ აღნიშნა ბერგერმა.
– წელს კომპიუტერების განახლება გამორიცხულია, – თქვა ფლუდინმა.
თათბირმა ასეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. ფინანსური დირექტორისა და
მთავარი ბუღალტრისთვის ხარჯების შესამცირებლად კადრების შემცირება
საუკეთესო გამოსავალი იყო, ახლად დანიშნული მთავარი რედაქტორისთვის კი –
არა. ბერგერი ყველაზე მეტად იმან გააღიზიანა, რომ ყველაფერზე ღიმილით
ეუბნებოდნენ უარს, თითქოს სკოლის მოსწავლე ყოფილიყოს. ერთი შეუფერებელი
სიტყვაც არ წამოსცდენიათ, მაგრამ მაინც ცხადად გამოამჟღავნეს საქმისადმი
ადამისდროინდელი მიდგომა: „მაგ კოხტა თავს რთულ საკითხებზე ფიქრით ნუ
დაიმძიმებ, პატარა გოგო“.
ბერგერს არც ბორგშემ აუბა მხარი. მართალია, მისგან აგდებული დამოკიდებულება
არ უგრძნია, მაგრამ ის ფლუდინსა და სელბერგს აცლიდა ლაპარაკს.
ბერგერმა ამოიოხრა და ლეპტოპი გახსნა. ცხრამეტი ახალი იმეილი მიეღო. ოთხი
წერილი სპამი იყო. ერთი ვიაგრას შეძენას სთავაზობდა, მეორე – კიბერსექსს
„ინტერნეტის ყველაზე სექსუალურ ლოლიტებთან“ წუთში მხოლოდ ოთხ აშშ
დოლარად, მესამე – „ცხოველთან სექსს, ყველაზე მაგარ ჟიმაობას ცხენთან“ და
მეოთხე – საიტ Fashion.nu-ზე დარეგისტრირებას. ასეთი ნაგვის ნაკადი არ წყდებოდა,
რამდენიც უნდა დაებლოკა. მომდევნო შვიდი იმეილი ე. წ. „ნიგერიული
წერილი“[12] იყო, აბუ-დაბის ბანკის „ყოფილი მმართველის“ ქვრივი დიდძალ ფულს
სთავაზობდა, თუ ბერგერი ჯერ სასტარტო თანხით დაეხმარებოდა და სხვა ასეთი
სისულელეები.
აგრეთვე მიეღო სამი წერილი ფრედრიკსონისგან დღის მთავარი სტატიების შესახებ,
ერთი წერილი პირადი ბუღალტრისგან, რომელიც „მილენიუმიდან“ Svenska Morgon-
Posten-ში გადასვლით გამოწვეული სახელფასო ცვლილებების განსახილველად
შეხვედრას სთხოვდა და ერთიც სტომატოლოგისგან, რომელმაც ყოველკვარტალური
გამოკვლევის თარიღის მოახლოება შეახსენა. ეს თარიღი არ აწყობდა, რადგან იმ
დღეს დიდი სარედაქციო თათბირი ჰქონდა დანიშნული. გადაწყვიტა,
სტომატოლოგთან ვიზიტი გადაევადებინა.
ბოლოს <centraled@smpost.se>-სგან მიღებული იმეილი გახსნა. წერილის სათაური იყო:
[მთავარი რედაქტორის საყურადღებოდ].
ბერგერმა ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
ბოზო! გგონია, რამეს წარმოადგენ, შე კახპავ? არც იფიქრო, აქ ყველას ჩემს ჭკუაზე
ვატარებო. იცოდე, სახრახნისს გაგთხრით ფეხებშუა და ისე გიხმართ, შე ნაბოზარო!
რაც უფრო მალე წაეთრევი აქედან, მით უკეთესი შენთვის.
ბერგერმა თავი ასწია და ინსტინქტურად ანდერს ჰოლმის სამუშაო მაგიდისკენ
გაიხედა. მაგიდა ცარიელი იყო. ჰოლმი არც ახალი ამბების განყოფილებაში ჩანდა.
ბერგერმა ჯერ გამომგზავნის მისამართი შეამოწმა და მერე ინფორმაციული
ტექნოლოგიების განყოფილების უფროსს, პეტერ ფლემინგს დაურეკა.
– დილა მშვიდობისა, პეტერ. <centraled@smpost.se> მისამართით ვინ სარგებლობს?
– არავინ. Svenska Morgon-Posten-ს ეგეთი მისამართი არ აქვს.
– ახლახან ამ მისამართიდან წერილი მივიღე.
– ყალბი მისამართია. ვირუსი ხომ არ მოჰყვა?
– არ ვიცი. ანტივირუსულ პროგრამას რეაგირება არ მოუხდენია.
– გასაგებია. ელექტრონული მისამართის გაყალბება ძალიან ადვილია. ინტერნეტში
ბევრი საიტია, საიდანაც ანონიმური წერილების გაგზავნა შეიძლება.
– ასეთი იმეილის კვალის პოვნა შეიძლება?
– თითქმის შეუძლებელია, თუნდაც ვინმე სულელმა პირადი კომპიუტერიდან
გამოგზავნოს. შეგიძლია სერვერის IP მისამართი დაადგინო, მაგრამ თუ გამომგზავნი
Hotmail-ზე შექმნილ ანგარიშს იყენებს, კვალი გაწყდება.
ბერგერმა ფლემინგს მადლობა გადაუხადა. ვიღაც შერეკილისგან მუქარის წერილი
პირველად როდი მიუღია. ამ წერილში, უკვე როგორც Svenska Morgon-Posten-ის
მთავარ რედაქტორს, ემუქრებოდნენ. გაიფიქრა, ვინმე შეშლილი მორანდერის
სიკვდილში ხომ არ მადანაშაულებსო. ან იქნებ წერილის გამომგზავნი რედაქციაში
იმყოფებოდა?
ფიგეროლა დიდხანს ფიქრობდა, როგორ გამოეძიებინა გულბერგის წარსული.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობას ის უპირატესობა
ჰქონდა, რომ შვედეთში მომხდარ რასისტულ ან პოლიტიკურ დანაშაულებზე
შედგენილ ყველა მოხსენებაზე მიუწვდებოდა ხელი. ზალაჩენკო იმიგრანტი იყო,
ფიგეროლას კი შვედეთის საზღვრებს გარეთ დაბადებული შვედეთის მოქალაქეების
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაც ევალებოდა, რათა დაედგინა, იყო
თუ არა დანაშაული რასისტულად მოტივირებული. შესაბამისად, უფლება ჰქონდა,
ზალაჩენკოს მკვლელობა გამოეძიებინა იმის გასარკვევად, ხომ არ ჰქონდა კავშირი
გულბერგს, მის მკვლელს, რომელიმე რასისტულ ორგანიზაციასთან ან მკვლელობის
მომენტში ხომ არ იძახდა რამეს რასისტულს.
ფიგეროლამ ზალაჩენკოს მკვლელობის ფაქტზე შედგენილი მოხსენება გამოითხოვა.
იპოვა იუსტიციის მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელშიც
დიატრიბასთან და პიროვნულ ლანძღვა-გინებასთან ერთად გამოყენებული იყო
სიტყვები „ზანგების მოყვარული“ და „მოღალატე“.
17:00 საათზე ფიგეროლამ ყველა საბუთი სეიფში შეინახა, კომპიუტერი გამორთო,
ყავის ჭიქა გარეცხა და სამსახურიდან წასვლის დრო დააფიქსირა. სანქტ-
ერიკსპლანზე სპორტდარბაზში შეიარა და მომდევნო ერთი საათი მსუბუქ ვარჯიშს
დაუთმო.
სპორტდარბაზიდან პონტონიერგატანზე მდებარე ოროთახიან ბინაში წავიდა, შხაპი
მიიღო და დაგვიანებული, მაგრამ ნოყიერი სადილი მიირთვა. გადაწყვიტა იმავე
ქუჩაზე სამი კვარტლის მოშორებით მცხოვრები დანიელ მოგრენისთვის დაერეკა.
მოგრენი დურგალი და ათლეტი იყო და სამი წლის განმავლობაში ფიგეროლასთან
ერთად ხშირად ვარჯიშობდა. ამ ბოლო თვეებში დროდადრო მეგობრული სექსიც
ჰქონდათ.
სექსი ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებდა ფიგეროლას, როგორც მძიმე ვარჯიში, მაგრამ
უკვე ოცდაათს გადაცილებული, უფრო ზუსტად, ორმოცს მიღწეული ფიგეროლა
ფიქრობდა, მუდმივი პარტნიორის პოვნისა და დაოჯახების დრო ხომ არ მოვიდაო.
შვილებსაც გააჩენდა... ოღონდ არა მოგრენისგან.
საბოლოოდ, იმ საღამოს სექსი გადაიფიქრა და საწოლში ანტიკური ისტორიის
წიგნით ხელში შეძვრა.

თავი XIII
სამშაბათი, 17/V
ფიგეროლას სამშაბათს, დილის 6:10 საათზე გაეღვიძა. ნორ მელარსტრანდზე ირბინა,
შხაპი მიიღო და პოლიციის სამმართველოში 8:10 საათზე გამოცხადდა.
მისვლისთანავე წინა დღეს მოკვლეული მასალის მოკლე რეზიუმე შეადგინა.
უკვე 10 საათი დაწყებულიყო, როცა ედკლინთი მოვიდა. ფიგეროლამ ოცი წუთი
დააცადა, სანამ ედკლინთი ელფოსტას შეამოწმებდა და მერე კაბინეტის კარზე
მიუკაკუნა. ედკლინთმა ოთხგვერდიანი რეზიუმე თავიდან ბოლომდე წაიკითხა.
ბოლოს თავი ასწია.
– სამდივნოს უფროსი, – თქვა მან.
– ალბათ სწორედ მან გასცა მორტენსონის „გასხვისების“ ნებართვა. ესე იგი, იცის,
რომ მორტენსონი კონტრდაზვერვის განყოფილებაში არ გადაუყვანიათ, როგორც ეს
კადრების განყოფილებაში ჰგონიათ.
ედკლინთმა სათვალე მოიხსნა და მინები ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდა.
სამდივნოს უფროსს, ალბერტ შენკეს ხშირად ხვდებოდა თათბირებსა და შიდა
კონფერენციებზე, მაგრამ ვერ იტყოდა, რომ მას კარგად იცნობდა. უკვე
ორმოცდათხუთმეტი წლის ტანმორჩილი და წითელთმიანი შენკეს წელის
გარშემოწერილობა წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდებოდა. RPS/Säk-ში
ოცდახუთი წლის წინ მოეწყო უფროსის მოადგილედ, ათი წლის წინ კი
დააწინაურეს და უფროსი თავად გახდა. ედკლინთის აზრით, სიტყვაძვირი შენკე,
საჭიროების შემთხვევაში, არც სისასტიკეს მოერიდებოდა. ედკლინთს წარმოდგენა
არ ჰქონდა, სამდივნოს უფროსი თავისუფალ დროს რით ერთობოდა, მაგრამ
ახსოვდა, რომ ერთხელ გარაჟში უბრალო სამოსში ჩაცმულსა და გოლფის ჯოხებიანი
ჩანთით მიმავალს მოჰკრა თვალი. ერთხელ შემთხვევით ოპერაშიც შეხვდა.
– ერთმა აზრმა გამიელვა თავში, – თქვა ფიგეროლამ, – ევერტ გულბერგი ჯარში 1940-
იან წლებში მსახურობდა, მერე საგადასახადო სამართლის სპეციალისტი გახდა,
1950-იან წლებში კი სადღაც გაქრა.
– მერე?
– გუშინ ამ თემაზე რომ ვსაუბრობდით, გულბერგი რატომღაც დაქირავებულ
მკვლელად წარმოვიდგინეთ.
– ვიცი, რომ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ...
– ჰოდა, ვიფიქრე, რახან მასზე ასე მწირი ინფორმაცია იძებნება, იქნებ სულაც
ყველაფერი გაყალბებული იყოს-მეთქი. 1950-1960-იან წლებში შენობის გარეთაც
ბევრი ფიქტიური კომპანია შეიქმნა სხვადასხვა მიზნით.
– ვფიქრობდი, ნეტა ამას როდის მიხვდება-მეთქი, – თქვა ედკლინთმა.
– 1950-იანი წლების საკადრო მონაცემთა ბაზის გადასამოწმებლად ნებართვა
მჭირდება.
– არა, – თავი გააქნია ედკლინთმა, – არქივებში სამდივნო უფროსის ნებართვის
გარეშე ვერ შევალთ. სანამ რამე ხელჩასაჭიდს არ მივაგნებთ, ზედმეტ ყურადღებას
ნუ მივიპყრობთ.
– მაშ, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
– მორტენსონი, – უპასუხა ედკლინთმა, – გაიგე, რას საქმიანობს.
სალანდერი სავენტილაციო ხვრელის ჩარჩოს აკვირდებოდა, როცა საკლიტურში
გასაღები გადატრიალდა და პალატაში ექიმი იუნასონი შემოვიდა. სამშაბათი ღამის
თერთმეტი საათი დაწყებულიყო. ექიმის გამოჩენამ სალანდერს სოლგრენსკას
საავადმყოფოდან გაპარვის გეგმის მოფიქრებაში შეუშალა ხელი.
გოგონამ მოასწრო და თვალით გაზომა სავენტილაციო ხვრელის ფანჯარა; დაასკვნა,
თავი უპრობლემოდ გამეტევა და როგორმე ტანსაც გავაძვრენო. მესამე სართულზე
კი იმყოფებოდა, მაგრამ ეს პრობლემა ზეწრითა და ტორშერის სამმეტრიანი
სადენით მოგვარდებოდა.
გაქცევის ყოველი დეტალი მოიფიქრა. მხოლოდ ის არ იცოდა, რა ჩაეცვა. თან
მხოლოდ საცვლები, პაციენტის საღამური და ნათხოვარი სანდლები ჰქონდა. 200
კრონის ოდენობის ნაღდი ფული ისესხა ანიტა ჯიანინისგან, საავადმყოფოს
ტკბილეულის ჯიხურში სასუსნავს ვიყიდიო; სინამდვილეში კი იმედოვნებდა, ეს
გეტებორგში, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ნახმარი ჯინსის შარვლისა და
მაისურის საყიდლად მეყოფაო. დარჩენილი თანხით Plague-ს, Hacker Republic-ის
წევრს, დაურეკავდა და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა – გაქცევიდან
რამდენიმე დღეში გიბრალტარში გაფრინდებოდა, მერე კი ყალბი პირადობის
მოწმობით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებდა დასახლებას.
იუნასონის სტუმრის სკამზე დაჯდა. სალანდერი საწოლის კიდეზე იჯდა.
– გამარჯობა, ლიზბეთ. მაპატიე, რომ ამდენ ხანს ვერ გინახულე. ეს ბოლო დღეებია,
საქმეს ვერ ავუდივარ. თან ორი პრაქტიკანტიც მომაბარეს.
სალანდერი არც ელოდა, რომ იუნასონს ის აუცილებლად უნდა მოენახულებინა.
იუნასონმა სალანდერის ჟურნალი აიღო და ტემპერატურის გრაფა და
მედიკამენტების მიღების განრიგი შეამოწმა. ტემპერატურა 37-სა და 37,2 გრადუსს
შორის მერყეობდა. ბოლო კვირას თავის ტკივილის საწინააღმდეგო აბების მიღებაც
შეეწყვიტა.
– შენ ექიმი ენდრინი გმკურნალობს. როგორ შეეწყვე მას?
– ცუდი ექიმი არ არის, – უემოციოდ უპასუხა სალანდერმა.
– წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ გაგსინჯო?
სალანდერმა თავი გააქნია, არ ვარო. იუნასონმა ფანრიანი ავტოკალამი ამოიღო და
თვალებზე მიანათა, რომ თვალის გუგების გაფართოება-შევიწროებას
დაკვირვებოდა. შემდეგ პირი გააღებინა და ყელი შეუმოწმა. ბოლოს ხელები ნაზად
მოჰკიდა კისერზე და თავი ჯერ წინ და უკან, მერე აქეთ და იქით გადაახრევინა.
– კისერი ხომ არ გტკივა?
სალანდერმა თავი გააქნია.
– თავის ტკივილი აღარ გაწუხებს?
– ზოგჯერ, მაგრამ მალე გამივლის ხოლმე.
– შეხორცების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. თავის ტკივილი თანდათან გაქრება.
სალანდერს თმა ჯერაც არ გაზრდოდა და ყურს ზემოთ ნაიარევისთვის თითის
შესახებად თმის გადაწევა საჭირო სულაც არ იყო. ნაიარევი შეხორცებულიყო, მაგრამ
ზედ ფუფხი გადაჰკვროდა.
– იცოდე, ნაიარევს ნუ იფხან!
სალანდერმა თავი დაუქნია, კარგიო. იუნასონმა მარცხენა მკლავი გააშლევინა.
– შეგიძლია მარცხენა ხელი ასწიო?
სალანდერმა ასწია.
– ხომ არ დაგეჭიმა?
– ცოტათი.
– მხრის კუნთები უფრო უნდა გაავარჯიშო.
– ძნელია, ივარჯიშო პალატაში გამოკეტილმა.
– ეგ დიდხანს არ გაგრძელდება, – გაუღიმა იუნასონმა, – თერაპევტის მითითებულ
ვარჯიშებს თუ ასრულებ?
სალანდერმა თავი დაუქნია.
იუნასონმა ფონენდოსკოპი გასათბობად რამდენიმე წამით მაჯაზე დაადო. მერე
თვითონაც საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, გოგონას საღამურის თასმები შეუხსნა და
გულისცემა მოისმინა, პულსიც გაუზომა. მერე წინ გადაიხარეო, სთხოვა, და
ფონენდოსკოპი ზურგზე მიადო ფილტვების მოსასმენად.
– დაახველე.
სალანდერმა დაახველა.
– კარგი, საღამური შეიკარი და დაწექი. სამედიცინო თვალსაზრისით, უკვე
ჯანმრთელი ხარ.
სალანდერს ეგონა, იუნასონი წამოდგება და კიდევ რამდენიმე დღით
დამემშვიდობებაო, მაგრამ იუნასონი არ განძრეულა. რაღაცაზე ფიქრობდა.
სალანდერი მოთმინებით იცდიდა.
– იცი, რატომ გავხდი ექიმი? – თქვა იუნასონმა.
სალანდერმა თავი გააქნია.
– ექიმობა ყოველთვის მინდოდა. მოზარდობის ასაკში ფსიქიატრად გახდომასაც კი
ვაპირებდი. ძალიან ჭკვიანი ვიყავი.
სიტყვა „ფსიქიატრის“ გაგონებაზე სალანდერი დაიძაბა.
– მაგრამ მერე დავეჭვდი, პროგრამას ვერ დავძლევ-მეთქი, და სკოლის დამთავრების
შემდეგ შემდუღებლის ხელობას დავეუფლე. ცოტა ხანს შემდუღებლად ვმუშაობდი;
ვიფიქრე, თუ სამედიცინო განათლების მიღებას ვერ შევძლებ, მთლად უპროფესიოდ
არ დავრჩები-მეთქი. სხვათა შორის, შემდუღებლობა და ექიმობა დიდად არც
განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივე შემთხვევაში რაღაცის შეწებება გიწევს. აქ,
სოლგრენსკაში, შენნაირ ხალხს ვაწებებ.
სალანდერი დაეჭვდა, რამეს ხომ არ მატყუებსო.
– ლიზბეთ, ერთი რამ მაინტერესებს... – იუნასონი იმდენ ხანს შეყოვნდა, რომ
სალანდერმა ლამის ჰკითხა, რაო, თუმცა როგორღაც შეიკავა თავი, – ხომ არ
გაბრაზდები, პირადული შეკითხვა რომ დაგისვა? შენს პასუხს არც ჩავინიშნავ და
არც სხვას გავანდობ. თუ არ გენდომება, ნუ მიპასუხებ.
– რა გაინტერესებს?
– მას შემდეგ, რაც თორმეტი წლისა წმ. სტეფანის ფსიქიატრიულ კლინიკაში
მოგათავსეს, არც ერთ ფსიქიატრს არ დალაპარაკებიხარ. რატომ?
სალანდერს თვალთ დაუბნელდა და იუნასონს არაფრის მთქმელი მზერა მიაპყრო.
ორ წუთს ხმა არ ამოუღია.
– ეს რატომ გაინტერესებს? – ჰკითხა ბოლოს.
– სიმართლე გითხრა, ზუსტად არ ვიცი. რაღაცაში გარკვევას ვცდილობ.
სალანდერმა ტუჩები ოდნავ მოპრუწა.
– მაგ „გიჟების ექიმებს“ იმიტომ არ ველაპარაკები, რომ ჩემი მოსმენა არ უნდათ.
იუნასონს გაეცინა.
– მაშ, მითხარი... პეტერ ტელებორიანზე რას ფიქრობ?
იუნასონმა ეს სახელი და გვარი ისე მოულოდნელად წარმოთქვა, რომ გოგონა ლამის
საწოლიდან წამოხტა. თვალები მოჭუტა.
– ეს რა, დაკითხვაა? რას ჩამაცივდი? – ხმა გაუმკაცრდა სალანდერს.
იუნასონი მისკენ ისე დაიხარა, ლამის ეხებოდა გოგონას.
– იმიტომ, რომ ეგ – როგორც შენ უწოდე – „გიჟების ექიმი“ პეტერ ტელებორიანი,
რომელიც ჩემი საკმაოდ ცნობილი კოლეგაა, უკვე ორჯერ მესტუმრა და სცადა
დავერწმუნებინე, შენი გამოკვლევის ნება მიმეცა მისთვის.
სალანდერს ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
– საოლქო სასამართლო მას შენთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და
დასკვნის დადებას სთხოვს.
– და?
– ეგ კაცი არ მომწონს. ვუთხარი, რომ შენთან ვერ შემოვა. მეორედ ჩემგან მალულად
გამოჩნდა და მედდას დაჟინებით სთხოვდა, სალანდერთან შემიშვითო.
სალანდერმა ტუჩები მოკუმა.
– რატომღაც ძალიან მონდომებული მეჩვენება. ჰოდა, მეც მაინტერესებს, შენ რას
ფიქრობს მასზე?
იუნასონი კარგა ხანს მოთმინებით ელოდა სალანდერის პასუხს.
– ტელებორიანი მხეცია, – ბოლოს და ბოლოს ხმა ამოიღო სალანდერმა.
– პირადი შუღლი გაქვს მასთან?
– შეიძლება ასეც ითქვას.
– გარდა ამისა, კიდევ ერთ ოფიციალურ პირს ვესაუბრე, რომელიც ტელებორიანის
შენთან შემოშვებას ითხოვდა.
– მერე?
– ვკითხე, სამედიცინო განათლება თუ გაქვთ, რომ სალანდერის ჯანმრთელობის
მდგომარეობა ჩემზე უკეთ შეაფასოთ-მეთქი, და ჯანდაბაში გავუშვი.
რასაკვირველია, ეს უფრო დიპლომატიურად გავაკეთე. ახლა კი ბოლო შეკითხვა: მე
რატომ მელაპარაკები?
– იმიტომ, რომ შენ კითხვებს მისვამ.
– მაგრამ მეც ხომ ექიმი ვარ, მით უმეტეს – ფსიქიატრიასაც ვსწავლობდი. მაშ, რატომ
მელაპარაკები? შემიძლია დავასკვნა, რომ მე ცოტათი მაინც მენდობი?
სალანდერმა არ უპასუხა.
– შენს დუმილს თანხმობად ჩავთვლი. მინდა იცოდე: შენ ჩემი პაციენტი ხარ. ეს
ნიშნავს, რომ მე მხოლოდ შენთვის ვმუშაობ და სხვისთვის არავისთვის.
სალანდერმა დაეჭვებით შეხედა. იუნასონიც თვალს არ აშორებდა. ბოლოს, ექიმმა
უფრო ლაღად უთხრა:
– როგორც გითხარი, სამედიცინო თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად
გამოჯანმრთელდი, სამწუხაროდ.
– რატომ „სამწუხაროდ“?
– ძალიან სწრაფად ჯანმრთელდები, – მხიარულად გაუღიმა იუნასონმა.
– რას გულისხმობ?
– იმას, რომ შენი აქ დაყოვნების უფლება აღარ მაქვს. პროკურორი მალე შენს
სტოკჰოლმის ციხეში გადაყვანას მოითხოვს. ექვს კვირაში სასამართლო პროცესი
იწყება და იქ უნდა დაიცადო. ჩემი აზრით, პროკურორის მოთხოვნას მომავალ
კვირაში მივიღებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტელებორიანს შენი გამოკვლევის შანსი
მიეცემა.
სალანდერი გაშეშდა. იუნასონმა ბალიში გაუსწორა და უცებ ისეთი ხმით
წარმოთქვა, Yთითქოს ხმამაღლა ფიქრობსო:
– არც თავი გტკივა და აღარც სიცხე გაქვს. ექიმი ენდრინი ალბათ გაგწერს, – უეცრად
წამოდგა, – გმადლობ, რომ დამელაპარაკე. სანამ საავადმყოფოდან გადაგიყვანენ,
კიდევ გინახულებ.
უკვე კარს აღებდა, როცა სალანდერის ხმა მოესმა:
– ექიმო იუნასონ.
იუნასონი გოგონასკენ შეტრიალდა.
– გმადლობთ.
იუნასონმა თავი დაუკრა, პალატიდან გავიდა და კარი ჩაკეტა.
სალანდერი კარგა ხანს მისჩერებოდა ჩაკეტილ კარს. მერე დაწვა და ჭერს
მიაშტერდა.
უცებ იგრძნო, რომ თავი რაღაც მყარ საგანზე ედო. ბალიში ასწია და დიდად
გასაკვირად პატარა ნაჭრის ჩანთა დაინახა, რომელიც ადრე იქ აშკარად არ ყოფილა.
ჩანთა გახსნა და თვალს არ დაუჯერა: შიგ პალმტოპი და ბატარეის დამტენი იდო.
კომპიუტერს უფრო ყურადღებით დააკვირდა და ზედა მარცხენა კუთხეში ნაკაწრი
შეამჩნია. გულისცემა აუჩქარდა.
„ჩემი პალმტოპი. კი, მაგრამ როგორ..?“
გაოცებულმა გახედა ჩაკეტილ კარს. იუნასონისგან ასეთ სიურპრიზს ნაღდად არ
ელოდა. გახარებულმა ჩართო კომპიუტერი და აღმოაჩინა, რომ ის პაროლით იყო
დაცული.
გაწბილებული მიაჩერდა მოციმციმე ეკრანს.
„ჯანდაბა, როგორ უნდა?..“
ნაჭრის ჩანთაში ჩაიხედა და შიგ დაკეცილი ქაღალდის ნაგლეჯი იპოვა, რომელზეც
კოხტად გამოყვანილი ასოებით შესრულებული წინადადება ეწერა:
„შენ ხომ ჰაკერი ხარ, გამოიცანი!
კალე ბ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სალანდერს პირველად გაეცინა.
„მართალია!“
რამდენიმე წამს ფიქრობდა, მერე სტილუსი აიღო და პაროლის გრაფაში 9277 ჩაწერა,
ციფრების ეს კომბინაცია კლავიატურაზე W-A-S-P ასოებს ემთხვეოდა. სწორედ ეს
კოდი ამოიცნო ნაბიჭვარმა კალე ბლუმკვისტმა, როცა ფისკარგატანზე მის ბინაში
დაუპატიჟებლად შევიდა და სიგნალიზაციის გამორთვა დასჭირდა.
პაროლი არ მოიხსნა.
სალანდერმა 52553 აკრიფა. ციფრების ეს კომბინაცია K-A-L-L-E-ს ემთხვეოდა.
არც ამან იმოქმედა. რაკი ბლუმკვისტმა პალმტოპი გამოუგზავნა, ესე იგი, სურდა,
რომ სალანდერს ის გამოეყენებინა; შესაბამისად, რთულ პაროლს არ მოიფიქრებდა.
შეტყობინებას ხელი „კალეთი“ მოაწერა, არადა, ეს მეტსახელი სძულდა.
სალანდერმა ასოციაციით დაკავშირება სცადა. აშკარად რაღაც საწყენი მეტსახელი
უნდა ყოფილიყო. მცირე ფიქრის შემდეგ 74774 აკრიფა. ციფრთა ეს კომბინაცია P-I-P-
P-I-ს ემთხვეოდა – წყეულ პეპი გრძელიწინდას[13].
ოპერაციული სისტემა ჩაიტვირთა და ეკრანზე გაჩნდა ტექსტი:
„ხედავ – არც ისე რთული იყო. გირჩევ, დამახსოვრებულ დოკუმენტზე დააწკაპუნო“.
სიის სათავეში დოკუმენტ [სალამი, სალი]-ს მიაგნო და ზედ დააწკაპუნა:
„უპირველეს ყოვლისა, გაცნობებ, რომ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს. შენმა
ადვოკატმა, ჩემმა დამ, ანიკამ არ იცის, რომ შენ ეს კომპიუტერი გაქვს. არც უნდა
გაიგოს.
არ ვიცი, იცი თუ არა, შენი ჩაკეტილი პალატის მიღმა რაც ხდება, მაგრამ რაც უნდა
უცნაური იყოს (მიუხედავად შენი ხასიათისა), რამდენიმე იდიოტი კვლავ შენი
ერთგულია და შენს დახმარებას ცდილობს. უკვე დავაარსე ელიტური საზოგადოება
„იდიოტური მაგიდის რაინდები“. ყოველწლიურად შევიკრიბებით და შენზე
სისაძაგლეების გამოგონებით გავერთობით (შენ კი არ დაგპატიჟებთ).
ახლა საქმეს დავუბრუნდეთ. ანიკა ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლოსთვის
სათანადოდ მოემზადოს. რასაკვირველია, პრობლემას ის ქმნის, რომ იძულებულია,
ის წყეული კონფიდენციალობა დაიცვას. ამიტომაც არ მიმხელს, თქვენ ორნი რაზე
თათბირობთ და, სიმართლე გითხრა, ეს ცოტათი ხელს მიშლის. საბედნიეროდ,
ჩემგან ინფორმაციის მიღება არ ეკრძალება.
მე და შენ აუცილებლად უნდა ვიკონტაქტოთ, მაგრამ იმეილს ნუ მომწერ.
შეიძლება პარანოია დამეწყო, მაგრამ მაქვს საბაბი, ვიფიქრო, რომ ჩემ გარდა მას
სხვაც კითხულობს. თუ ჩემთვის რამის შეტყობინება მოგინდება, შედი Yahoo Group-
ში [Stolliga-Bordet]-ზე. ჩაწერე სახელი Pippi და პაროლი p9i2p7p7i.
მიქაელი
სალანდერმა ორჯერ წაიკითხა წერილი და შეცბუნებული დააშტერდა პალმტოპს.
კომპიუტერთან ამდენხნიანი განშორების შედეგად კიბერ-აბსტინენციით
იტანჯებოდა და ახლა გაბრაზებული ფიქრობდა, ნეტა ბლუმკვისტმა ჭკუა სულ ხომ
არ დაკარგა, მარტო პალმტოპი რომ შემომიგზავნა, არ იცის, რომ ინტერნეტთან
დასაკავშირებლად მობილური ტელეფონიც მჭირდებოდაო.
დერეფანში ნაბიჯის ხმამ გამოაფხიზლა. კომპიუტერი მაშინვე გამორთო და
ბალიშის ქვეშ შეაცურა. საკლიტურში გასაღებს ატრიალებდნენ, როცა მიხვდა, რომ
ნაჭრის ჩანთა და დამტენი ჯერაც ტუმბოზე იდო. ჩანთას დასწვდა და მაშინვე
საბნის ქვეშ შეჩურთა, დახვეული დამტენი კი ფეხებშუა ჩამალა. როცა მედდა
შემოვიდა, სალანდერი ჭერს შეჰყურებდა. მედდა თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა,
რამე ხომ არ გნებავთო.
სალანდერმა უპასუხა კარგად ვარ და თუ შეიძლება ერთი კოლოფი სიგარეტი
მომიტანეთო. სიგარეტის ნაცვლად ერYთი კოლოფი ნიკოტინის საღეჭი რეზინი
მისცეს. მედდამ გასასვლელად კარი რომ გამოაღო, სალანდერმა დერეფანში მჯდარ
მცველს მოჰკრა თვალი. დაელოდა, სანამ მედდის ნაბიჯის ხმა მიწყნარდებოდა, და
მხოლოდ ამის შემდეგ გამოიღო ბალიშის ქვემოდან პალმტოპი.
კომპიუტერი ჩართო და სიგნალის დაჭერა სცადა.
მისდა გასაკვირად, პალმტოპმა ინტერნეტთან დაკავშირება შეძლო.
„ქსელში ვარ. დაუჯერებელია“.
საწოლიდან ისე წამოხტა, რომ ნაჭრილობევი თეძო ასტკივდა.
„როგორ?“
ოთახის ყოველი კუნჭული შემოიარა. არა, მობილური ტელეფონი არსად იდო. არადა,
ინტერნეტთან დაკავშირება ხომ შეძლო? უცებ სახეზე ალმაცერი ღიმილი გადაეფინა.
კავშირი რადიოსიგნალით კონტროლდებოდა და „ბლუთუსის“ საშუალებით
მობილური ტელეფონიდან გადმოიცემოდა ათი-თორმეტი მეტრის რადიუსში.
სალანდერმა მზერა სავენტილაციო ხვრელისკენ გადაიტანა.
ნაბიჭვარმა კალე ბლუმკვისტმა გვერდითა პალატის სავენტილაციო ხვრელში
როგორღაც მობილური ტელეფონი შეაპარა. სხვა ახსნა არ არსებობდა.
„ბარემ მობილური ტელეფონიც აქვე შემოეპარებინა... აჰ, ჰო, ბატარეა“.
მის პალმტოპს სამ დღეში ერთხელ სჭირდებოდა დატენა, მუდმივად აქტიური
მობილური ტელეფონის ბატარეა კი ამდენ ხანს ვერ გაძლებდა. ბლუმკვისტი ან
ვინმე მის მიერ დაქირავებული, ალბათ ხშირ-ხშირად გამოცვლიდა ბატარეას.
ხოლო პალმტოპი დამტენთან ერთად შემოგზავნა.
„არც ისეთი სულელი ყოფილა“.
უპირველეს ყოვლისა, სალანდერმა პალმტოპისთვის სამალავის მოძებნა
გადაწყვიტა. კართან და საწოლის უკან ორი როზეტი იყო, ელექტროსაათისა და
ელექტროლამპის შტეფსელების შესაერთებლად. კედელზე ნიშა იყო ამოჭრილი,
სადაც ადრე რადიო იდო, მაგრამ უკვე წაეღოთ. სალანდერს გაეღიმა. პალმტოპი და
მისი დამტენიც თავისუფლად შეეტეოდა ამ ნიშაში. პალმტოპს კი დღისით
ტუმბოდან გამოუღებლადაც დატენიდა.
სალანდერს სიხარულისგან გული ძლიერ უცემდა, როცა ბოლო ორი თვის
განმავლობაში პირველად შევიდა ინტერნეტში.
რა თქმა უნდა, პაწაწინაეკრანიანი პალმტოპი, რომელიც სტილუსის მეშვეობით
უნდა გემართა, ვერაფრით შეედრებოდა „პაუერბუქის“ ორმოცდასამსანტიმეტრიან
ეკრანს, მაგრამ ინტერნეტში მაინც დაძვრებოდა სალანდერი. სოლგრენსკას
პალატიდან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოხვდებოდა.
ჯერ ერთი თვითნასწავლი, უნიჭო მხატვრის საიტზე შევიდა. მხატვარს გილ ბეიტსი
ერქვა და წარმოშობით პენსილვანიის ქალაქ ჯობსვილიდან იყო. სალანდერმა
ერთხელ გადაამოწმა და ასეთი ქალაქი სინამდვილეში არ არსებობდა. მიუხედავად
ამისა, ბეიტსს ორასზე მეტი სურათით ფოტოების გალერეა შეექმნა. სალანდერმა
167-ე ფოტოზე დააწკაპუნა და გაადიდა. ფოტოზე ჯობსვილის ეკლესია იყო
გამოსახული. კურსორი ეკლესიის გუმბათის წვეტზე დააყენა და დააწკაპუნა.
მაშინვე კონტექსტური ფანჯარა ამოხტა და სახელისა და პაროლის ჩაწერა
„მოითხოვა“. სალანდერმა სტილუსით სახელის გრაფაში Remarkable[14] ჩაწერა,
პაროლისაში კი – A(89)Cx#magnolia.
გამოჩნდა დიალოგის ფანჯარა ტექსტით [Error–you have the wrong password][15] და
ღილაკით [OK–try again][16]. ლიზბეთმა იცოდა, რომ თუ [OK–try again]-ზე
დააწკაპუნებდა და სხვა პაროლს შეიყვანდა, მაინც იგივე ფანჯარა ამოხტებოდა. ასე
განმეორდებოდა სამუდამოდ, რამდენიც უნდა ეცადა. ამის მაგივრად სალანდერმა
სიტყვა Error-ში ასო o-ზე დააწკაპუნა.
ეკრანი გაშავდა. უცებ ანიმაციური კარი გაიღო და ლარა კროფტის მსგავსმა
ფიგურამ გამოაბიჯა. გაჩნდა ბუშტი შიგ ჩაწერილი შეკითხვით [WHO GOES THERE?]
[17]. სალანდერმა ბუშტზე დააწკაპუნა და ჩაწერა Wasp. მაშინვე მიიღო პასუხი
[PROVE IT OR ELSE...][18] და ანიმაციურმა ლარა კროფტმა პისტოლეტს დამცველი
მოხსნა. სალანდერმა იცოდა, რომ ეს ცარიელი მუქარა არ იყო. თუ პაროლს სამჯერ
ზედიზედ არასწორად ჩაწერდა, საიტი დაიბლოკებოდა, სახელი Wasp კი წევრების
სიიდან ამოიშლებოდა. ამიტომ ფრთხილად ჩაწერა პაროლი MonkeyBusiness.
ეკრანმა კვლავ შეიცვალა ფერი და ლურჯ ფონზე ტექსტი გამოისახა.
[Welcome to Hacker Republic, citizen Wasp. It has been 56 days since your last visit. There are 11
citizens online. Do you want to (a) Browse the Forum, (b) Send a Message, (c) Search the Archive,
(d) Talk, (e) Get Laid?][19]
სალანდერმა (დ) Talk-ზე დააწკაპუნა და [Whose online?][20] მენიუში შევიდა.
სახელების სია ჩამოიშალა: Andy, Bambi, Dakota, Jabba, uckRogers, Mandrake, Pred, Slip,
SisterJen, SixOfOne, და Trinity.
<Hi, gang.> – დაწერა Wasp-მა.
<Wasp. That really U?> – იკითხა SixOfOne-მა, – <Look who’s back.>
<Where you been keeping yourself?> – დაწერა Trinity-მ.
<Plague said you were in some trouble.>[21] – დაწერა Dakota-მ.
სალანდერმა ზუსტად არ იცოდა, მაგრამ ეჭვობდა, რომ Dakota ქალი იყო. ხაზზე
მყოფი სხვა „მოქალაქეები“ და, მათ შორის, SisterJen-იც კი – მამაკაცები. ჰაკერების
რესბუბლიკა სალანდერის ბოლო ვიზიტისას სულ სამოცდაორ მოქალაქეს ითვლიდა
და მათგან მხოლოდ ოთხი იყო ქალი.
<Hგამარჯობა, Trinity.> – დაწერა Wasp-მა, – <ყველას გაუმარჯოს.>
< Trin-ს ცალკე რატომ მიესალმე? თქვენ შორის რამე ხდება თუ ჩვენ გვჭირს რამე?> –
ჰკითხა Dakota-მ.
<ერთმანეთს ვხვდებოდით.> – დაწერა Trinity-მ, – <Wasp-ს მხოლოდ
ინტელექტუალებთან აქვს ურთიერთობა.>
Trinity ერთდროულად ხუთმა მოქალაქემ გამოლანძღა.
სამოცდაორი მოქალაქიდან Wasp-ი მხოლოდ ორს შეხვედროდა პირისპირ: Plague-ს,
რომელიც რატომღაც ხაზზე არ იყო, და ლონდონელ Trinity-ს. ამ უკანასკნელს ორი
წლის წინ შეხვდა, როცა სალანდერი და ბლუმკვისტი ჰარიეტ ვანგერს დაეძებდნენ.
Trinity მაშინ სენტ-ოლბენსში მცხოვრები მისი ბიძაშვილის ტელეფონის უკანონოდ
მოსმენაში დაეხმარა. სალანდერმა ინატრა, ამ მოუხერხებელი სტილუსის ნაცვლად
კლავიატურა მომცაო.
<ჯერ კიდევ აქ ხარ?> – ჰკითხა Mandrake-მა.
<ბოდიში. პალმტოპით ვარ შემოსული და ძლივს ვწერ.> – უპასუხა Wasp-მა.
<შენს კომპიუტერს რა დაემართა?> – დაინტერესდა Pred-ი.
<ჩემი კომპიუტერი მშვენივრადაა. ეს მე მაქვს პრობლემა.>
<აბა, უამბე უფროს ძამიკოს, რა შეგემთხვა?> – მოსწერა Slip-მა.
<დამაპატიმრეს.>
<რა? რატომ?> – ყველა მხრიდან ერთდროულად მოაყარეს.
სალანდერმა ხუთ ხაზზე დაატია თავისი ამჟამინდელი მდგომარეობა.
თანამოქალაქეებმა კი თავიანთ კომენტარებში შეშფოთება გამოთქვეს.
<როგორ ხარ?> – ჰკითხა Trinity-მ.
<თავი მაქვს გახვრეტილი.>
<განსხვავებას ვერ ვხედავ.> – მოსწერა Bambi-მ.
<Wasp-ს ყოველთვის უქროდა თავში.> – დაწერა SisterJen-მა, რასაც Wasp-ის გონებრივი
შესაძლებლობების დამაკნინებელი შენიშვნების კორიანტელი მოჰყვა. სალანდერს
გაეღიმა. მთავარ თემაზე საუბარი Dakota-მ განაახლა.
<ერთი წუთით! ჰაკერების რესპუბლიკის მოქალაქეს თავს დაესხნენ. მტერს პასუხი
არ გავცეთ?>
<სტოკჰოლმს ატომური ბომბი ვესროლოთ.> – დაწერა SixOfOne-მა.
<არა, ეს მეტისმეტია.> – დაწერა Wasp-მა.
<სულ პაწაწინა ბომბი რომ იყოს, მაინც არა?>
<წადი რა, თავი მოიკალი, SixOfOne!>
<მთელი სტოკჰოლმი ხომ არ „გამოგვერთო“?> – დაწერა Mandrake-მა.
<ვირუსით, რომელიც მთელ მთავრობას „გამორთავს“.>
სინამდვილეში ჰაკერების რესპუბლიკის მოქალაქეები ვირუსებს არ ავრცელებდნენ.
პირიქით, ისინი ჰაკერები იყვნენ და ყველა ხერხით ებრძოდნენ ვირუსების
ერთადერთი მიზნით, ქსელის დასაზიანებლად და კომპიუტერების მწყობრიდან
გამოსაყვანად გამავრცელებლებს. ჰაკერების რესპუბლიკის მოქალაქეები
ინფორმაციული ნარკომანები იყვნენ და მუდმივმოქმედი ქსელი სჭირდებოდათ
სხვადასხვა საიტისა თუ პროგრამის გასატეხად.
თუმცა, მათი მუქარა ცარიელი სიტყვები არ ყოფილა – მართლაც შეეძლოთ
შვედეთის მთავრობის გამორთვა. ჰაკერების რესპუბლიკა საუკეთესოთა შორის
საუკეთესო ექსკლუზიურ ჯგუფს წარმოადგენდა და მსოფლიოს ნებისმიერი
თავდაცვითი ორგანიზაცია დიდძალ თანხას გადაიხდიდა მათი კიბერ-სამხედრო
მიზნებით გამოსაყენებლად, თავად ჰაკერების რესპუბლიკის მოქალაქეებს რომ
ნდომოდათ რომელიმე სახელმწიფოსთან თანამშრომლობა. მაგრამ ეს ნაკლებად
მოსალოდნელი იყო.
ეს „კომპიუტერის ჯადოქრები“ კომპიუტერული ვირუსების შექმნაში ძლიერ
დაოსტატებულები იყვნენ. თუ საჭიროება მოითხოვდა, სპეციალურ ღონისძიებებსაც
უყოყმანოდ მიმართავდნენ. რამდენიმე წლის წინ ჰაკერების რესპუბლიკის ერთ-
ერთ მოქალაქეს, რომელიც სინამდვილეში პროგრამისტად მუშაობდა
კალიფორნიაში, ერთმა dot-com კომპანიამ უფასოდ დააწერა პროგრამის პატენტი და
იმის თავხედობაც ეყო, რომ მისთვის სასამართლოში ეჩივლა. ამის გამო ჰაკერების
რესპუბლიკის მოქალაქეებმა ექვსი თვე დაუღალავად იმუშავეს და იმ კომპანიის
კუთვნილი ყველა კომპიუტერი გაანადგურეს. კომპანიის ყველა საიდუმლო და
იმეილი – იმ ყალბ დოკუმენტთან ერთად, რომელმაც შესაბამისი სახელმწიფო
ორგანოები დააეჭვა, გენერალური დირექტორი საგადასახადო თაღლითობას ეწევაო
– ინტერნეტში საჯაროდ გამოფინეს, და დადეს ფოტოები, როგორ ყნოსავდა კოკაინს
რომელიღაც ჰოლივიდურ წვეულებაზე. კომპანია ექვს თვეში გაკოტრდა. ჰაკერებს
რესპუბლიკის „სახალხო ლაშქრის“ წევრები კი, რომლებიც მტერს იოლად არ
ივიწყებდნენ, წლების შემდეგაც აგრძელებდნენ ყოფილი გენერალური დირექტორის
დევნას.
მსოფლიოს ორმოცდაათ საუკეთესო ჰაკერს რომ კოორდინირებულად მიეტანა
იერიში მთელ სახელმწიფოზე, სახელმწიფო კი გადარჩებოდა, მაგრამ სერიოზულად
დაზარალდებოდა. სალანდერის ერთი თანხმობა და შვედეთი რამდენიმე მილიარდი
კრონით იზარალებდა. სალანდერი მცირე ხნით ჩაფიქრდა.
<ჯერ არ ღირს. მაგრამ თუ საქმე ისე არ წამივა, როგორც მე მინდა, მაშინ დახმარება
დამჭირდება.>
<შენ მხოლოდ გვითხარი.> – მოსწერა Dakota-მ.
<კარგა ხანია, მთავრობას არ დავპირისპირებივართ.> – დაწერა Mandrake-მა.
<მოდი, საგადასახადო სისტემა შევცვალოთ და ნორვეგიასავით პატარა ქვეყანაში
ყველა მოქალაქისთვის ინდივიდუალური პროგრამა შევქმნათ.> – დაწერა Bambi-მ.
<კარგი აზრია. ოღონდ სტოკჰოლმი შვედეთში მდებარეობს.> – დაწერა Trinity-მ.
<სულერთია. შეგვიძლია, შემდეგნაირად მოვიქცეთ...>
ბალიშს მიყრდნობილი სალანდერი საუბარს ღიმილით ადევნებდა თვალს.
თვითონვე უკვირდა, რომ ის, ლიზბეთ სალანდერი, ვისაც ჩვეულებრივი სისხლისა
და ხორცისგან შემდგარ ადამიანებთან საკუთარ თავზე საუბარი უჭირდა,
ინტერნეტში ვიღაც სრულიად უცნობ იდიოტებს თავისი ცხოვრების ყველაზე
ინტიმურ დეტალებს უმხელდა. მხოლოდ ამ შერეკილებისთვის შეეძლო ეწოდებინა
სალანდერს ოჯახი ან მეგობრები. სინამდვილეში ვერც ერთი მათგანი ვერ
მოუგვარებდა შვედეთის სახელმწიფოსთან პრობლემას, მაგრამ საჭიროების
შემთხვევაში დროისა და თავის დაუზოგავად მოახდენდნენ საკუთრი
შესაძლებლობებისა და ნიჭის დემონსტრირებას. ჰაკერების ამ ქსელის მეშვეობით
საზღვარგარეთ სამალავის მოძებნასაც შეძლებდა. სწორედ Plague-ის მეშვეობით
იშოვა ნორვეგიული პასპორტი ირენე ნესერის სახელზე.
სალანდერს წარმოდენა არ ჰქონდა როგორ გამოიყურებოდნენ და რას
წარმოადგენდნენ ჰაკერების რესპუბლიკის მოქალაქეები სინამდვილეში – საკუთარ
ვინაობას არც ერთი არ ამხელდა. SixOfOne-მა ერთხელ განაცხადა, შავკანიანი
ამერიკელი კათოლიკე მამაკაცი ვარ და ტორონტოში ვცხოვრობო, მაგრამ ადვილად
შეიძლებოდა შვედეთში მცხოვრები თეთრკანიანი ლუთერანი ქალი ყოფილიყო.
ყველაზე უკეთ სალანდერი Plague-ს იცნობდა – სწორედ მან წარუდგინა Wasp
„ოჯახს“, ამ ექსკლუზიურ კლუბში კი რეკომენდაციის გარეშე არავის იღებდნენ.
ჰაკერების რესპუბლიკის მოქალაქე ვერ გახდებოდი, თუ რომელიმე მის მოქალაქეს
პირადად არ იცნობდი.
ქსელში Plague გონიერ და სოციალურად აქტიურ მოქალაქედ მიიჩნეოდა,
სინამდვილეში კი მსუქანი და სოციალურად ქმედუუნარო ოცდაათი წლის მამაკაცი
იყო, რომელიც სუნდბიბერგში ინვალიდის პენსიაზე ცხოვრობდა. იშვიათად
ბანაობდა და მისი ბინა მაიმუნის გალიასავით ყარდა. სალანდერი მას საუკუნეში
ერთხელ თუ შეუვლიდა ხოლმე. მასთან ინტერნეტით ურთიერთობაც ყოფნიდა.
სანამ საუბარი გრძელდებოდა, სალანდერმა ჰაკერების რესპუბლიკის საფოსტო
ყუთი შეამოწმა. თანამოქალაქეებს პირადი შეტყობინებები გამოეგზავნათ მისთვის.
ერთი Poison-ისგან იყო და პროგრამა Asphyxia 1.3-ის განახლებულ ვერსიას შეიცავდა.
ეს პროგრამა რესპუბლიკის არქივში ინახებოდა და ყველა მოქალაქისთვის
ხელმისაწვდომი იყო. პროგრამა Asphyxia ინტერნეტის მეშვეობით სხვა
კომპიუტერებს აკონტროლებდა. Poison ატყობინებდა, ეს ვერსია უკვე წარმატებით
გამოვცადე და Unix-ის, Apple-ის და Windows-ის უახლეს ვერსიებზეც ყენდებაო.
სალანდერმა მას მოკლე წერილით გადაუხადა მადლობა.
თანდათან აშშ-ში მოსაღამოვდა და ქსელში კიდევ ექვსი მოქალაქე შემოვიდა. ისინი
Wasp-ს მიესალმნენ და დებატებში ჩაერთნენ. როცა სალანდერი ჰაკერების
რესპუბლიკიდან გამოვიდა, დანარჩენები იმას თათბირობდნენ, ნეტა შვედეთის
პრემიერ-მინისტრის კომპიუტერს რა დონის დაცვა ექნება დაყენებული, რომ
გავტეხოთ და იქიდან სხვა სახელმწიფოს მეთაურებს ცივილიზებული, მაგრამ
გიჟური იმეილები გავუგზავნოთო. ამ საკითხის გამოსაკვლევად სამუშაო ჯგუფი
შეიქმნა. გასვლამდე სალანდერმა დაიბარა:
<განაგრძეთ თათბირი, მაგრამ ჩემი თანხმობის გარეშე ნურაფერს იზამთ. როგორც კი
შევძლებ, შემოვალ.>
ყველამ კოცნა გამოუგზავნა; ურჩიეს, გახვრეტილი თავი არ გაიცივოო.
ჰაკერების რესპუბლიკიდან გამოსვლის შემდეგ სალანდერი Yahoo-ს სადისკუსიო
ჯგუფ [Stolliga–Bordet]-ზე შევიდა. ჯგუფს ორი წევრი ჰყავდა – სალანდერი და
ბლუმკვისტი. საფოსტო ყუთში 15 მაისს გამოგზავნილი ერთი შეტყობინება – [ჯერ
ეს წაიკითხე] – ინახებოდა.
„გამარჯობა, სალი.
ამჟამად ასეთი სიტუაციაა:
პოლიციას შენი ბინის ადგილსამყოფელი არ დაუდგენია, არც ბიურმანის შენზე
ძალადობის ამსახველი DVD უპოვია. ეგ დისკი ძლიერი სამხილია. შენი ნებართვის
გარეშე ანიკას მას ვერ გადავცემ. შენი ბინის გასაღები და ირენე ნესერის სახელზე
აღებული პასპორტი მე მაქვს.
პოლიციამ გოსებერგაში შენი ჩანთა იპოვა. არ ვიცი, შიგ რამე მაკომპრომეტირებელი
თუ დევს.
სალანდერი ჩაფიქრდა: „მგონი, შიგ ნახევრად ცარიელი ყავის თერმოსი, რამდენიმე
ვაშლი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი იდო. პრობლემა არაა“.
ზალაჩენკოზე თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობისთვის და
სტალარჰოლმენში მაგნუს ლუნდინზე თავდასხმისა და მისთვის ფიზიკური ზიანის
მიყენებისთვის – ფეხში დაჭრისთვის და მისთვის ყბის მონგრევისთვის –
გაგასამართლებენ. თუმცა, სანდო პოლიციელმა ინფორმატორმა მაუწყა, რომ
ბრალდების მხარეს დამაჯერებელი სამხილები არ გააჩნია. ქვემოთ აღნიშნული
ძალზე მნიშვნელოვანია:
მკვლელობამდე ზალაჩენკომ ყველაფერი უარყო და განაცხადა, სალანდერს ალბათ
ნიდერმანმა ესროლა და მანვე დამარხაო.
მაგნუს ლუნდინსა და სონი ნიემინენს სიტყვაც არ უთქვამთ სტალარჰლმენში
მომხდარზე. ლუნდინი მირიამ ვუს გატაცებისთვის დააკავეს. ნიემინენი კი
პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
სალანდერს უკვე განეხილა ეს ყველაფერი ჯიანინისთან. გოსებერგაში მომხდარიც
დეტალურად უამბო. მხოლოდ ბიურმანის მასზე ძალადობის ფაქტის გამხელისგან
შეიკავა თავი.
მგონი, შენ თამაშის წესებს ვერ მიხვდი.
„სეპო“ ზალაჩენკოს „ცივი ომის“ დროს გაურიგდა. მას თხუთმეტ წელიწადს
მფარველობდნენ და რაც უნდა ჩაედინა, ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ.
ზალაჩენკოს დახმარებით ხალხმა კარიერა შეიქმნა. რამდენჯერმე მისი
გაფუჭებული საქმეც ჩაფარცხეს, რაც კრიმინალია – შვედეთის ხელისუფალნი
ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალს
ფარავდნენ.
ეს რომ გამჟღავნდეს, დიდი სკანდალი ატყდება და ორივე, კონსერვატიული და
სოციალ-დემოკრატიული, პარტია იზარალებს. რაც უმთავრესია, „სეპოს“
მაღალჩინოსნებს კრიმინალურ და ამორალურ საქმიანობაში ამხელენ. მიუხედავად
იმისა, რომ კონკრეტული დანაშაულების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა
ამოწურულია, სკანდალს მაინც ვერ ავცდებით. ბევრ უკვე პენსიაზე მყოფ ან
გასასვლელად მომზადებულ მნიშვნელოვან პერსონას შეექმნება პრობლემა.
ისინი ყველაფერს იზამენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდნენ; ეს კი იმას
ნიშნავს, რომ კვლავ პაიკად იქცევი მათ თამაშში. ოღონდ ამჯერად საქმე პაიკის
გაწირვა-არგაწირვას კი არა, მათ პირად კეთილდღეობას ეხება. ამიტომაც შენს
ხელახლა საგიჟეთში ჩაკეტვას მოინდომებენ.
მათ იციან, რომ ზალაჩენკოს საიდუმლოს ვეღარ დამალავენ. მე მასალები ჩავიგდე
ხელთ და ადრე თუ გვიან სტატიას გამოვაქვეყნებ. ზალაჩენკო უკვე მკვდარია,
ამიტომ ის დიდად აღარ ადარდებთ. მათთვის მთავარია, თავი გადაირჩინონ.
შესაბამისად, მათი მიზანია: დაარწმუნონ საოლქო სასამართლო (მასთან ერთად,
საზოგადოებაც), რომ 1991 წელს შენი წმ. სტეფანის ფსიქიატრიულ კლინიკაში
მოთავსება ლეგიტიმური გადაწყვეტილება იყო, რადგან შენ მართლაც ფსიქიკურად
ავადმყოფი იყავი.
„სალანდერის საქმე“ „ზალაჩენკოს საქმისგან“ განაცალკევონ. საფუძველს
იმზადებენ იმის განსაცხადებლად, რომ დიახ, ზალაჩენკო ნამდვილი ავაზაკი იყო,
მაგრამ მისი ქალიშვილის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩაკეტვის
გადაწყვეტილებასთან მას საერთო არ აქვს. გოგონა შეშლილი იყო, რაც უნდა
მოიგონოს ვიღაც გაბოროტებულმა ჟურნალისტმაო. არც ზალაჩენკოს ვაფარებდით
ხელს – ეს ფსიქიკურად ავადმყოფი მოზარდი გოგონას ფანტაზიის ნაყოფიაო.
არაფრით არ დაუშვებენ, რომ სასამართლომ გაგამართლოს, რადგან თავისთავად
დადგინდება, რომ გიჟი არ ხარ და, შესაბამისად, 1991 წელს ფსიქიატრიულ
კლინიკაში შენი მოთავსება უკანონობა იყო. ნებისმიერ ფასად კლინიკაში უნდა
დაგაბრუნონ. თუ სასამართლო ფსიქიკურად ავადმყოფად გამოგაცხადებს, მედია
„სალანდერის საქმის“ მიმართ ინტერესს დაკარგავს. მედია ასე მუშაობს.
ხომ ხვდები, შენთვის რის თქმას ვცდილობ?
ამ ყველაფერს სალანდერი თვითონაც ხვდებოდა. პრობლემა ის იყო, რომ არ იცოდა,
თავი როგორ დაეცვა.
ლიზბეთ, სერიოზულად ვამბობ, ბრძოლის ბედს მასმედია გადაწყვეტს და არა
სასამართლო. სამწუხაროდ, სასამართლო პროცესი დახურული იქნება „პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის მიზნით“.
იმ დღეს, როცა ზალაჩენკო მოკლეს, ბინა გამიქურდეს. ბინის კარი არ გაუტეხიათ,
არც რამე გადაუადგილებიათ – მხოლოდ ის საქაღალდე მოიპარეს, რომელშიც
ბიურმანის საზაფხულო აგარაკიდან წამოღებული ბიორკის მოხსენება ინახებოდა.
იმავდროულად, ჩემი და დააყაჩაღეს და მოხსენების ასლი მასაც წაართვეს. ეგ
საქაღალდე შენი უმთავრესი მტკიცებულებაა.
თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ ბიორკის მოხსენება დავკარგე და მორჩა. სინამდვილეში
მესამე ასლიც მაქვს, რომლის გადაცემას არმანსკისთვის ვაპირებდი. უკვე
რამდენიმე ასლი გადავიღე და უსაფრთხო ადგილას გადავმალე.
რასაკვირველია, ჩვენი ოპონენტებიც – მათ შორის რამდენიმე მაღალჩინოსანი და
ცნობილი ფსიქიატრი – ემზადებიან სასამართლო პროცესისთვის. მათ პროკურორი
ეკსტრომიც ემხრობა. ინფორმატორი მყავს, რომელიც შიდა ინფორმაციას მაწვდის
და ამით გარკვეული წარმოდგენა მექმნება. ვიმედოვნებ, შენ უკეთ შეძლებ საჭირო
ინფორმაციის მოპოვებას. ეს საჩქაროა.
პროკურორი შენს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებას ეცდება. მას შენი ძველი
ნაცნობი პეტერ ტელებორიანი ეხმარება.
ანიკა პროკურატურას მედიაკამპანიის წარმოებაში ვერ შეეჯიბრება. ანიკასგან
განსხვავებით, პროკურატურა არც პრესაში ინფორმაციის გავრცელებას ერიდება. მე
კი ამ მხრივ შეზღუდული არ ვარ. რასაც მინდა, დავწერ და როცა მინდა, დავბეჭდავ –
ჩემს განკარგულებაშია მთელი ჟურნალი.
მხოლოდ ორი დეტალი მაკლია:
უპირველეს ყოვლისა, მჭირდება სამხილი იმისა, რომ პროკურორი ეკსტრომი პეტერ
ტელებორიანთან არის შეკრული და მათი მიზანია, კანონიერი თუ უკანონო გზით
საგიჟეთში ჩაგამწყვდიონ. განზრახული მაქვს, ტელევიზიით გამოვიდე და
წარმოვადგინო დოკუმენტები, რომელიც პროკურორის არგუმენტებს გააქარწყლებს.
მედიაომის საწარმოებლად საჯაროდ უნდა გავავრცელო შენი პირადი ცხოვრების
დეტალებიც კი. აღდგომის შემდეგ შენს პირად ცხოვრებაში ისედაც უხეშად
შეიჭრნენ. მაგრამ მე შენი სრულიად ახლებური პორტრეტი უნდა შევქმნა, თუნდაც
შენ პირადი დეტალების გამომზეურება არ გსიამოვნებდეს. ასე რომ, აჯობებს,
თვითონვე დამრთო ამის ნება. ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?
სალანდერმა [Stolliga–Bordet-ის] არქივი გახსნა. იქ ოცდაექვსი დოკუმენტი
ინახებოდა.

თავი XIV
ოთხშაბათი, 18/V
ფიგეროლა ოთხშაბათს დილის 5:00 საათზე ადგა, ცოტა ხანს ირბინა, შხაპი მიიღო და
შავი ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და თხელი ნაცრისფერი ქურთუკი ჩაიცვა.
ყავა მოადუღა, თერმოსში ჩაასხა და სენდვიჩები მოიმზადა. პისტოლეტის ბუდე, შიგ
ჩადებული „ზიგ-ზაუერით“ მხარიღლივ გადაიკიდა. უკვე დილის შვიდი საათი იყო
დაწყებული, როცა თეთრი „სააბ 9-5“-ით ველინგბიში, ვიტანგიგატანისკენ დაიძრა.
მორტენსონის ბინა გარეუბანში, სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე
მდებარეობდა. წინა დღეს ფიგეროლამ საჯარო არქივებიდან, რის ამოქექვაც
შეიძლებოდა, ყველაფერი ამოქექა მასზე. მორტენსონი უცოლო იყო, მაგრამ ეს იმას
არ ნიშნავდა, რომ მეგობარი ქალი არ ჰყავდა. მას სამართალდამცავებთან პრობლემა
არასდროს ჰქონია, საკმაოდ ღარიბულად ცხოვრობდა და შვებულებასაც იშვიათად
იღებდა.
ფიგეროლას უჩვეულოდ მხოლოდ ის მოეჩვენა, რომ მორტენსონს თექვსმეტნაირი
ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მათგან სამი სანადირო თოფი იყო. მართალია, მათი
ტარების უფლება ჰქონდა, მაგრამ ამდენი იარაღის მფლობელს ფიგეროლა მაინც
ეჭვის თვალით უყურებდა.
ნაცრისფერი „ვოლვო“, რომლის რეგისტრაციის ნომერი KAB-ით იწყებოდა,
ავტოსადგომზე იდგა. ფიგეროლამ მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით გააჩერა
თავისი „სააბი“. ქაღალდის ჭიქაში თერმოსიდან ყავა დაისხა და ყველიანი სენდვიჩი
მიირთვა. შემდეგ ფორთოხალი გაფცქვნა და წვენი ბოლომდე გამოწრუპა.
დილის შემოვლისას სალანდერმა თავი შეუძლოდ იგრძნო და თავის ტკივილის
გასაყუჩებლად „ტაილენოლი“ მოითხოვა. წამალი მაშინვე მოუტანეს.
ერთი საათის შემდეგ Yთავის ტკივილი გაუძლიერდა და მედდა იხმო,
„ტაილენოლი“ კიდევ მომიტანეთო. არც ამან უშველა. შუადღისთვის ტკივილი
გაუსაძლისი გახდა და მედდამ ექიმი ენდრინი გამოიძახა. ამ უკანასკნელმა კი
ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი გამოუწერა.
სალანდერმა ტაბლეტები ენის ქვეშ ამოიდო და პალატაში მარტო დარჩენისთანავე
გადმოაფურთხა.
14:00 საათზე აღებინა. 15:00 საათზე ხელმეორედ აღებინა.
16:00 საათზე, როცა ექიმი ენდრინი უკვე წასასვლელად ემზადებოდა,
განყოფილებაში ექიმმა იუნასონმა შემოიარა და ცოტა ხანს ითათბირეს.
– გული ერევა და თავი სტკივა. „დექსოფენი“ დავალევინე. ვერ ვხვდები, რა სჭირს.
ბოლო დროს მშვენივრად იყო. შეიძლება, გაცივდა.
– ტემპერატურა მაღალი აქვს?
– არა. ერთი საათის წინ 37,2 ჰქონდა.
– კარგი. ამაღამ თვალყურს ვადევნებ.
– სამი კვირით შვებულებაში გავდივარ, – თქვა ენდრინმა, – სალანდერს ან შენ
მიხედავ, ან სვანტესონი. თუმცა, სვანტესონმა სულ ერთი-ორჯერ ნახა.
– ნუ ღელავ. სანამ შენ შვებულებაში იქნები, მას მე ვუმკურნალებ.
– გმადლობ. თუ პრობლემა შეგექმნება და დახმარება დაგჭირდება, დამირეკე.
მერე სალანდერის პალატაში შევიდნენ. გოგონას ცხვირამდე გადაეფარებინა საბანი
და შესაბრალისად გამოიყურებოდა. ექიმმა იუნასონმა შუბლზე ხელი დაადო და
თქვა, ოფლიანიაო.
– აჯობებს, მცირე გამოკვლევა ჩავუტაროთ.
მან ექიმ ენდრინს მადლობა გადაუხადა და ისიც წავიდა.
17:00 საათზე იუნასონმა ჩაინიშნა, რომ სალანდერს სიცხემ 37,8 გრადუსამდე აუწია.
იმ საღამოს კიდევ სამჯერ გაუზომა ტემპერატურა. ტემპერატურა არა და არ
უვარდებოდა. ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო იმისთვის, რომ ნორმალურად
ჩაეთვალა და ძალიან დაბალი იმისთვის, რომ სერიოზული საფრთხე შეექმნა
სალანდერისთვის. 20:00 საათზე იუნასონმა მას თავზე რენტგენი გადაუღო.
რენტგენის სურათის დაკვირვებით დათვალიერებისას საშიში არაფერი უნახავს,
თუმცა, ნატყვიარის ირგვლივ ძლივსშესამჩნევი სიშავე შეამჩნია და ჟურნალში
კარგად გააზრებული, ორაზროვანი ტექსტი ჩაწერა:
„რენტგენული გამოკვლევა კონკრეტული დასკვნის საშუალებას არ იძლევა. თუმცა,
პაციენტის მდგომარეობა აშკარად გაუარესდა. ვერ გამოვრიცხავთ მცირე
სისხლჩაქცევას, რომელიც რენტგენის სურათზე არ ჩანს. ამ ეტაპზე პაციენტს წოლით
რეჟიმში დასვენება და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.
ოთხშაბათს, დილის 06:30 საათზე სამსახურში მისულ ბერგერს ოცდასამი ახალი
იმეილი დახვდა.
ერთ-ერYთი <editorial-sr@swedishradio.com>-ისგან იყო გამოგზავნილი და ერთადერთი
სიტყვა ეწერა:
კახპა
საჩვენებელი თითი ასწია წერილის წასაშლელად, მაგრამ გადაიფიქრა და საფოსტო
ყუთში ორი დღის წინანდელი იმეილი მოძებნა. ის <centraled@smpost.se>-ისგან იყო
გამოგზავნილი.
„ჰმმ... ორივე იმეილში სიტყვა „კახპა“ წერია.
ბერგერმა ახალი საქაღალდე შექმნა, [მედიასულელი] დაარქვა და ორივე წერილი იქ
შეინახა. შემდეგ დანარჩენი იმეილების გადაკითხვას შეუდგა.
მორტენსონი სახლიდან 7:40 საათზე გამოვიდა. „ვოლვოში“ ჩაჯდა და ქალაქის
ცენტრისკენ დაიძრა, თუმცა სტურა ესინგენისა და გრენდალის გავლით
სოდერმალმისკენ გაუხვია, ჰორნსგატანი გაიარა და ბრენჩირკაგატანით
ბელმანსგატანზე გავიდა. აქედან მარცხნივ ტავასტგატანზე შეუხვია და ლუდის ბარ
Bishop’s Arms-ის კუთხეში გააჩერა მანქანა.
მონიკა ფიგეროლას ბედმა გაუღიმა. როცა Bishop’s Arms-ს უახლოვდებოდა,
ბელმანსგატანისა და ტავასტგატანის გადაკვეთაზე, ავტოსადგომი ფურგონმა
დატოვა და ადგილი გამოთავისუფლდა. ფიგეროლამ ბორცვის წვერზე
სათვალთვალოდ იდეალური პოზიცია დაიკავა – მორტენსონის „ვოლვოს“ უკანა
მინას ხედავდა. მის წინ, პრისგრენდისკენ მიმავალ დამრეც ფერდობზე
მდებარეობდა ბელმანსგატანის №1. ფიგეროლა სახლს გვერდიდან უყურებდა და
სადარბაზოს კარს ვერ ხედავდა, სახლიდან გამოსულს კი მაშინვე შეამჩნევდა.
მორტენსონი აქ უმიზეზოდ არ მოსულა. ეს ბლუმკვისტის სახლი იყო.
ფიგეროლამ შეამჩნია, რომ ბელმანსგატანის №1-ის მიმდებარე ტერიტორია
სათვალთვალოდ არცთუ ხელსაყრელი ადგილი იყო. სადარბაზოს კარის
თვალთვალი ზედა ბელმანსგატანის პომენადიდან ან მარიაჰისენთან მდებარე
საცალფეხო ხიდიდანაც შეიძლებოდა. იქ მანქანას ვერსად დააყენებდი, რადგან
საცალფეხო ხიდზე მდგარი მოთვალთვალე სოფლის შარაგზის გასწვრივ
სატელეფონო მავთულზე ჩამოსკუპებული მერცხალივით ყველა მხრიდან ჩანდა.
ბელმანსგატანის და ტავასტგატანის გადაკვეთა ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც
ფიგეროლა მანქანიდან გადმოუსვლელად ხედავდა მთელ პერიმეტრს. თუმცა, ვერც
ამ ადგილს დაარქმევდით იდეალურს, რადგან დაკვირვებული ადამიანი მასაც
შენიშნავდა მანქანაში. სამწუხაროდ, მანქანიდან გადმოსვლა უარესი იყო. თვალში
მოსახვედრი გარეგნობა ჰქონდა და თვალთვალისას ეს არ გამოადგებოდა.
ბლუმკვისტი სახლიდან 9:10 საათზე გამოვიდა. ფიგეროლამ დრო ჩაინიშნა. დაინახა,
რომ ბლუმკვისტმა ზედა ბელმანსგატანზე საცალფეხო ხიდს ახედა და მისკენ
აღმართს შეუყვა.
ფიგეროლამ ხელჩანთიდან სტოკჰოლმის რუკა ამოიღო და მგზავრის სავარძელზე
გაშალა. ბლოკნოტი გახსნა და ქურთუკის ჯიბიდან ავტოკალამი ამოიღო. შემდეგ
მობილური ტელეფონი ყურზე მიიდო ისე, რომ პროფილი დაეფარა და მგზავრის
სავარძლისკენ გადაიხარა, ვითომ ვიღაცას ელაპარაკებოდა, თან რუკაზე რაღაცას
ეძებდა.
შეამჩნია, რომ ბლუმკვისტმა ტავასტგატანს გახედა. მან აშკარად იცოდა, რომ
უთვალთვალებდნენ, ალბათ მორტენსონის „ვოლვოც“ დაინახა, მაგრამ ნაბიჯი არ
შეუნელებია.
„მშვიდად და თავშეკავებულად იქცევა. ზოგიერთი მანქანის კარს გამოაღებდა და იმ
ტიპს კარგად მიბეგვავდა“.
ამასობაში ბლუმკვისტმა მის მანქანას ჩაუარა. მიუხედავად იმისა, რომ ფიგეროლას
თავი არ აუწევია, იგრძნო, ბლუმკვისტმა მასაც შემოხედა.
„გარშემო ყველაფერი აეჭვებს“.
გვერდითა ხედვის სარკეში აკვირდებოდა, როგორ მიდიოდა ბლუმკვისტი
ჰორნსგატანისკენ. ტელევიზორში რამდენჯერმე მოეკრა მისთვის თვალი, მაგრამ
ახლოდან პირველად ხედავდა. ლურჯი ჯინსის შარვალი, მაისური და ნაცრისფერი
პიჯაკი ეცვა. მხარზე ჩანთა გადაეკიდა და არხეინად მიაბიჯებდა.
„სიმპათიური მამაკაცი ყოფილა“.
Bishop’s Arms-ის კუთხიდან მორტენსონი გამოჩნდა და ბლუმკვისტს თვალი
გააყოლა. მას მხარზე დიდი სპორტული ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და
მობილურზე ვიღაცას ემშვიდობებოდა. ფიგეროლას გასაკვირად, ბლუმკვისტის
ადევნების ნაცვლად მორტენსონმა მის თვალწინ ქუჩა გადაჭრა და ბლუმკვისტის
სახლისკენ დაეშვა. უცებ ფიგეროლას მანქანას ლურჯხალათიანმა მამაკაცმა ჩაუარა
და მორტენსონს წამოეწია.
„ოჰო, შენ საიდანღა მოხვედი?“
სადარბაზოს კართან შედგნენ. მორტენსონმა ელექტროსაკეტის კოდი აკრიფა და
ორივენი სადარბაზოში გაუჩინარდნენ.
„ბინას ჩხრეკენ. არაპროფესიონალთა აღლუმი“.
ამ დროს ფიგეროლამ გვერდითა ხედვის სარკეში დაინახა, რომ ბლუმკვისტი მისგან
ათიოდე მეტრის მოშორებით ისეთ ადგილას გაჩერებულიყო, რომ ფერდობიდან
ბელმანსგატანის №1 და მორტენსონი და მისი მეგობარი დაენახა. რამდენიმე წამში
ბლუმკვისტი შეტრიალდა და ჰორნსგატანისკენ განაგრძო გზა.
ფიგეროლა ნახევარ წუთს არ განძრეულა.
„იცის, რომ უთვალთვალებენ. იმახსოვრებს, მის გარშემო რა ხდება. მაგრამ რატომ არ
რეაგირებს? ნორმალურ ადამიანს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ექნებოდა... ეტყობა,
რაღაც ჩაიფიქრა“.
ბლუმკვისტმა ყურმილი დაკიდა და სამუშაო მაგიდაზე გადაშლილ ბლოკნოტს
დახედა. სატრანსპორტო საშუალებათა რეესტრში ახლახან შეიტყო, რომ
ბელმანსგატანის დასაწყისში ნანახი მანქანა, რომელშიც ქერა ქალი იჯდა, 1969 წელს
დაბადებულ და კუნგსჰოლმენზე, პონტონიერგატანზე მცხოვრებ მონიკა
ფიგეროლას ეკუთვნოდა. რადგან მანქანაში ქალი იჯდა, ბლუმკვისტმა დაასკვნა,
ალბათ თავად ფიგეროლა იქნებოდაო.
ის ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა და მგზავრის სავარძელზე გაშლილ რუკას
დაჰყურებდა. ბლუმკვისტს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა ეფიქრა, რომ ისიც
„ზალაჩენკოს კლუბის“ წევრი იყო, მაგრამ თუ თავის გარშემო, მით უმეტეს,
სამეზობლოში რამე უჩვეულოს შეამჩნევდა, ყველაფერს ინიშნავდა.
ქარიმს დაუძახა.
– ვინ არის ეს ქალი, ლოტა? მისი პასპორტის ფოტო ამოქექე, გამირკვიე, სად
მუშაობს და რას წარმოადგენს. რასაც შეძლებ, ყველაფერი დაადგინე მასზე.
სელბერგმა დაბნეული სახით გადადო განზე ქაღალდის ფურცელი, რომელზეც
ბერგერს ცხრა მოკლე პუნქტად ჩამოეწერა საბიუჯეტო კომიტეტის
ყოველკვირეული თათბირისთვის გამზადებული შენიშვნები. ფლუდინიც
შეწუხებული ჩანდა. ბორგშე, როგორც ყოველთვის, ნეიტრალურობას ინარჩუნებდა.
– ეს შეუძლებელია, – თავაზიანად გაუღიმა სელბერგმა ბერგერს.
– რატომ? – ჰკითხა ბერგერმა.
– დირექტორთა საბჭო ამას არასდროს დათანხმდება. ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება.
– მოდი, თავიდან დავიწყოთ, – შესთავაზა ბერგერმა, – მე იმისთვის დამიქირავეს,
რომ Svenska Morgon-Posten კვლავ მომგებიანად ვაქციო. ამისთვის კი რაღაც ხომ უნდა
მქონდეს, რითაც ვიმუშავებ, არა?
– დიახ, მაგრამ...
– ჯადოსნურ ჯოხს ვერ გავაქნევ და ყოველდღიური გაზეთისთვის მასალას ვერ
გავაჩენ მხოლოდ ამ შუშის გალიაში ჯდომითა და სურვილების ჩათქმით.
– თქვენ მძიმე ეკონომიკურ რეალობას ვერ ამჩნევთ.
– შესაძლოა. სამაგიეროდ, ვიცი, როგორ კეთდება გაზეთი. რეალობა კი ისაა, რომ
ბოლო თხუთმეტ წელიწადში Svenska Morgon-Posten-ის შტატი 118 ადამიანამდე
შემცირდა. მართალია, მათ შორის ნახევარი გრაფიკოსი იყო, რომლებიც ახალმა
ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს, მაგრამ იმავდროულად, სტატიებზე მომუშავე
რეპორტიორების რიცხვი 48 ადამიანით შემცირდა.
– ეს აუცილებელი იყო. კადრები რომ არ შეგვემცირებინა, გაზეთი დიდი ხნის წინ
დაიხურებოდა. მორანდერი ამას ხვდებოდა.
– მოდი, ჯერ დავიცადოთ და ვნახოთ, რა არის აუცილებელი და რა – არა. სამ
წელიწადში ცხრამეტი რეპორტიორი დაითხოვეთ. ამავდროულად გვაქვს ცხრა
ვაკანტური პოზიცია, რომლებზეც დროებითი თანამშრომლები მუშაობენ. სპორტის
განყოფილებას რეპორტიორები აკლია. იქ მინიმუმ ცხრა თანამშრომელი უნდა
გვყავდეს, მაგრამ ბოლო ორი წელია, ორი ადგილი ვაკანტურია.
– პასუხი მარტივია: ფულს ვზოგავთ.
– კულტურის განყოფილებას სამი რეპორტიორი აკლია, ბიზნესის განყოფილებას –
ერთი. იურიუდიული განყოფილება პრაქტიკულად არ არსებობს; მხოლოდ
განყოფილების რედაქტორი გვყავს, რომელიც ახალი ამბების განყოფილებისგან
თხოულობს რეპორტიორებს. ბოლო რვა წელია, Svenska Morgon-Posten სახელმწიფო
უწყებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას თვალს სერიოზულად არ ადევნებს.
სრულიად ვართ დამოკიდებული დამოუკიდებელი ჟურნალისტების და
საინფორმაციო სააგენტო TT-ს მიერ მოწოდებულ სტატიებსა და ცნობებზე.
მოგეხსენებათ, TT-მ შესაბამისი განყოფილება, უკვე რამდენიმე წელია, დახურა.
ერთი სიტყვით, შვედეთში არ არსებობს რედაქცია, რომელიც სახელმწიფო
უწყებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას აღწერს და განიხილავს.
– საგაზეთო ბიზნესს მძიმე დრო უდგას...
– რეალობა ასეთია: Svenska Morgon-Posten ან დაიხურება, ან თავის გადასარჩენად
აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს. რაც უფრო ვამცირებთ კადრებს, მით უფრო
იზრდება დატვირთვა დარჩენილ თანამშრომლებზე. ისინიც ცუდ, ზედაპირულ და
არადამაჯერებელ სტატიებს წერენ. სწორედ ამიტომ კარგავს ჩვენი გაზეთი
მკითხველებს.
– სიტუაციას სათანადოდ ვერ აფასებთ...
– უკვე მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ სიტუაციას სათანადოდ ვერ ვაფასებ. ვიღაც
გასართობად მოსული პრაქტიკანტი კი არ ვარ.
– მაგრამ თქვენი შემოთავაზებული წინადადება სრული სიგიჟეა.
– ვითომ რატომ?
– თქვენ გვთავაზობთ, რომ გაზეთი ფინანსურად მომგებიანი აღარ იყოს.
– მისმინეთ, სელბერგ, წელს გაზეთის ოცდასამ აქციონერს დივიდენდების სახით
დიდძალი თანხა უნდა გადაუხადოთ. ამას დაუმატეთ ის უპატიებლად სულელური
პრემიები დირექტორთა საბჭოს ცხრა წევრისთვის 10 მილიონი კრონის ოდენობით.
ადმინისტრაციული შემცირებისთვის პრემიის სახით საკუთარ თავს 400 000 კრონა
გამოუწერეთ. რასაკვირველია, Skandia-ს დირექტორების მიერ საკუთარი თავისთვის
გამოწერილ პრემიებთან ეგ თანხა ახლოსაც ვერ მოვა, მაგრამ ჩემი აზრით, პრემიის
კი არა, ერთი ერეს ღირსიც კი არ ხართ. პრემია იმ ხალხმა უნდა მიიღოს, ვინც Svenska
Morgon-Posten-ის გასაძლიერებლად ძალ-ღონეს არ იშურებს. სიმართლე თუ გინდათ,
თქვენმა შემცირებებმა ჩვენი გაზეთი დაასუსტა და კრიზისი უფრო გააღრმავა.
– უსამართლო კრიტიკაა. დირექტორთა საბჭომ ჩემი ყველა გადაწყვეტილება
მოიწონა.
– რასაკვირველია, მოიწონა, თქვენ ხომ მათ გარანტირებულ ყოველწლიურ
დივიდენდებს დაჰპირდით. სწორედ ეს უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ!
– მაშ, სერიოზულად გვთავაზობთ, რომ დირექტორთა საბჭომ დივიდენდებსა და
პრემიებზე უარი თქვას? საიდან მოიტანეთ, რომ აქციონერები ამ წინადადებას
დათანხმდებიან?
– გთავაზობთ, ეს წელიწადი უშემოსავლო წლად გამოვაცხადოთ. ეს ოცდაერთი
მილიონი კრონის დაზოგვისა და შტატის გაზრდის საშუალებას მოგვცემს. გარდა
ამისა, გთავაზობთ, ხელმძღვანელობას ხელფასები შევუმციროთ. თვეში 88 000
კრონას მიხდიან, რაც სრული სიგიჟეა იმ დროს, როცა გაზეთს სპორტის
განყოფილებაში ერთი რეპორტიორის დამატების საშუალება არ აქვს.
– მაშ, საკუთარი ხელფასის შემცირებას ითხოვთ? სახელფასო კომუნიზმს
ქადაგებთ?
– სისულელეს ნუ მიედ-მოედებით. ყოველწლიური პრემიის ჩათვლით,
ყოველთვიურად 112 000 კრონას გამოიმუშავებთ. ეს სიგიჟეა. გაზეთი რომ
სტაბილური იყოს და დიდი შემოსავალი ჰქონდეს, მაშინ სიტყვას არ დავძრავდი
თქვენს პრემიებზე. ახლა კი თქვენთვის ხელფასის გაზრდის დრო ნამდვილად არ
არის. გთავაზობთ, გაზეთის ხელმძღვანელების ხელფასები გავანახევროთ.
– მგონი, არ გესმით, რომ აქციონერებმა გაზეთის აქციები იმიტომ იყიდეს, რომ
შემოსავლის მიღება უნდათ. ამას კაპიტალიზმი ჰქვია. თუ მათ ფულს
დააკარგვინებთ, აქციებს გაყიდიან.
– მე მათ ფულის დაკარგვას არ ვთავაზობ, თუმცა, შეიძლება ასეც მოხდეს. ფლობა
პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. როგორც აღნიშნეთ, საქმე კაპიტალიზმს ეხება.
Svenska Morgon-Posten-ის მფლობელებს ფულის შოვნა უნდათ, მაგრამ ბაზარი წყვეტს,
ფულს იშოვი თუ დაკარგავ. თქვენი ლოგიკით, კაპიტალიზმის წესები მხოლოდ
გაზეთის თანამშრომლებს უნდა შეეხოს, თქვენ და აქციონერები კი გამონაკლისები
იყოთ.
სელბერგმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და ბორგშეს მუდარით შეხედა, მაგრამ
გენერალური დირექტორი ბერგერის ცხრაპუნქტიან პროგრამას ჩაფიქრებული
კითხულობდა.
ფიგეროლა ორმოცდაცხრა წუთს იცდიდა, სანამ მორტენსონი და მისი
სპეცხალათიანი ამხანაგი ბელმანსგატანის №1-იდან გამოვიდოდნენ. როცა აღმართს
მისკენ ამოუყვნენ, „ნიკონის“ 300 მმ ტელეობიექტივიანი ფოტოაპარატი მოიმარჯვა
და ორი სურათი გადაიღო. ფოტოაპარატი მანქანის სათავსოში შედო და ის იყო, ისევ
რუკისკენ უნდა დახრილიყო, რომ მარიაჰისენისკენ გაექცა მზერა. ზედა
ბელმანსგატანის ბოლოს, მარიაჰისენის კართან, შავთმიანი ქალი იდგა და ციფრული
ფოტოაპარატით მორტენსონსა და მის ამხანაგს იღებდა.
„რა ჯანდაბაა? დღეს ბელმანსგატანზე ჯაშუშების ყრილობა ხომ არაა?“ – თვალები
გაუფართოვდა ფიგეროლას.
ბორცვის წვერზე მორტენსონი და მისი ამხანაგი სიტყვის უთქმელად დასცილდნენ
ერთმანეთს. მორტენსონი ტავასტგატანზე გაჩერებული მანქანისკენ წავიდა. შიგ
ჩაჯდა და თვალს მიეფარა.
ფიგეროლა უკანახედვის სარკეში ჯერ კიდევ ხედავდა ლურჯხალათიანი კაცის
ზურგს. მერე ის ქალი დაინახა; ფოტოების გადაღება უკვე შეეწყვიტა და მისი
მიმართულებით მოდიოდა.
„რომელს გავყვე?“
მან უკვე იცოდა, ვინ იყო მორტენსონი და რას საქმიანობდა; აი, ლურჯხალათიანი
კაცი და ფოტოაპარატიანი ქალი სრულიად უცნობები იყვნენ. თუმცა, მანქანიდან
გადმოსვლა არ უნდოდა, რათა ქალს არ შეემჩნია.
გაუნძრევლად იჯდა საჭესთან და გვერდითა ხედვის სარკეში უყურებდა, როგორ
გაუხვია ლურჯხალათიანმა კაცმა ბრენჩირკაგატანისკენ. ფიგეროლამ დაიცადა,
სანამ ფოტოაპარატიანი ქალი მის პირდაპირ გზაჯვარედინამდე მივიდოდა, მაგრამ
ეს უკანასკნელი ლურჯხალათიან კაცს აღარ გაჰყოლია, 180 გრადუსით შეტრიალდა
და ბელმანსგატანის №1-ისკენ დაღმართზე დაეშვა. ქალი მოკლე შავი თმით, შავი
ჯინსის შარვლითა და შავი ქურთუკით თვალს მიეფარა თუ არა, ფიგეროლა
მანქანიდან გადმოხტა და ბრენჩირკაგატანისკენ გაიქცა. ლურჯხალათიანი აღარსად
ჩანდა, თუმცა იმავე წამს ტროტუართან „ტოიოტას“ ფურგონი გაჩერდა. ფიგეროლამ
ფურგონის ნომერი დაიმახსოვრა. თუნდაც ნომრები არასწორად დაემახსოვრებინა,
ფურგონს მაინც იპოვიდა გვერდზე მიხატული რეკლამით „ლარს ფაულსონი –
საკეტები და გასაღებები“. ქვეშ კი ტელეფონის ნომერი მიეწერათ.
ფურგონს აღარ გაჰყოლია. მშვიდად დაბრუნდა ბორცვის წვერზე და ზუსტად ბოლო
წამს მოჰკრა თვალი, როგორ შევიდა ფოტოაპარატიანი ქალი ბლუმკვისტის სახლის
სადარბაზოში.
ფიგეროლა მანქანაში ჩაჯდა და ბლოკნოტში ლარს ფაულსონის ავტომანქანისა და
ტელეფონის ნომრები ჩაინიშნა. მერე ბელმანსგატანის №1-ის სახურავს აჰხედა. მან
ქალაქის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს ნახაზებიდან უკვე იცოდა, რომ
ბლუმკვისტის ბინა ბოლო სართულზე მდებარეობდა, მისი ფანჯრები კი
გამლასტანს და რიდარფიარდენს გადაჰყურებდა. საკმაოდ პრესტიჟული ადგილი
იყო. ნეტა ბლუმკვისტი თავმომწონე მეტიჩარა ხომ არ არისო, გაიფიქრა ფიგეროლამ.
ათი წუთის შემდეგ ფოტოაპარატიანი ქალი შენობიდან გამოვიდა, ბორცვი ჩაიარა და
პრისგრენდის კუთხეში მარჯვნივ შეუხვია.
„ჰმმ. თუ მანქანა იქ უყენია, ცუდია“.
თუ ფეხით განაგრძობდა გზას, პუსტეგრენდის გავლით ბრენჩირკაგატანამდე უნდა
ასულიყო და იქიდან სლუსენის მიმართულებით გაეხვია.
ფიგეროლა მანქანიდან გადმოვიდა და ბრენჩირკაგატანზე სლუსენის
მიმართულებით დაიძრა. უკვე პუსტეგრენდს უახლოვდებოდა, როცა ქალი უეცრად
გამოჩნდა. მისკენ მოდიოდა.
„არის!“
ფიგეროლა უჩუმრად აედევნა. ქალმა სოდერმალმსტორგზე H Hotel Hilton-ს და
სლუსენთან ახლოს – სახელმწიფო მუზეუმს ჩაუარა. სწრაფად და მტკიცედ
მიაბიჯებდა. უკან ერთხელაც არ მოუხედავს. ფიგეროლა მას ოცდაათიოდე მეტრით
ჩამორჩებოდა. როცა ქალი მეტროსადგურში ჩავიდა, ფიგეროლამ ნაბიჯს აუჩქარა,
მაგრამ დაინახა, რომ ის საგაზეთო ჯიხურთან მივიდა და თვითონაც მაშინვე
გაჩერდა.
ქალი რიგში ჩადგა. დაახლოებით 1,7 მეტრის სიმაღლის იქნებოდა. სპორტული
ფეხსაცმლები ეცვა. ფიგეროლას რატომღაც მოეჩვენა, რომ ის პოლიციელი იყო. ქალმა
ბურნუთი იყიდა, გარეთ გამოვიდა, კატარინავაგენი გადაჭრა და მარჯვნივ გაუხვია.
ფიგეროლა უკან გაჰყვა. დარწმუნებული იყო, რომ ქალს არ დაუნახავს. მაგრამ მან
„მაკდონალდსთან“ კუთხეში შეუხვია და სანამ ფიგეროლა წამოეწეოდა, უკვალოდ
გაქრა.
დაბნეული ფიგეროლა გაჩერდა. შენობების წინ აიარ-ჩაიარა. უცებ ერთ-ერთ კარზე
თითბრის დაფა შეამჩნია წარწერით: Milton Security.
ფიგეროლა ბელმანსგატანზე დაბრუნდა.
გეტგატანამდე, სადაც „მილენიუმის“ რედაქცია მდებარეობდა, მანქანით მივიდა და
მომდევნო ნახევარი საათი ახლომდებარე ქუჩები ფეხით შემოიარა, თუმცა
მორტენსონის „ვოლვო“ არსად შეუმჩნევია. შუადღისას პოლიციის სამმართველოში
დაბრუნდა და მომდევნო ორ საათს სპორტდარბაზში ვარჯიშობდა.
– პრობლემა გვაქვს, – თქვა კორტესმა.
ერიქსონი და ბლუმკვისტი „ზალაჩენკოს საქმის“ ხელნაწერს მოსწყდნენ და
კორტესს შეხედეს. დღის ორის ნახევარი იყო.
– დაჯექი, – შესთავაზა ერიქსონმა.
– საქმე Vitavara Inc.-ს ეხება, კომპანიას, რომელიც ვიეტნამში დამზადებულ
უნიტაზებს 1700 კრონად ყიდის.
– და რა პრობლემაა? – ჰკითხა ბლუმკვისტმა.
– Vitavara Inc.-ს Svea Construction Inc.-ის შვილობილი კომპანია ყოფილა.
– გასაგებია. ეგ ძალიან დიდი ფირმაა.
– დიახ. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მაგნუს ბორგშეა. ის აგრეთვე Svenska
Morgon-Posten-ის გენერალური დირექტორი და მისი აქციების ათი პროცენტის
მფლობელია.
– დარწმუნებული ხარ?
– კი. ბერგერის უფროსი დიდი ნაბიჭვარია, რომელიც ვიეტნამში ბავშვების
ექსპლუატაციას ეწევა.
14:00 საათზე, როცა ბერგერს კაბინეტის კარზე მიუკაკუნა, ფრედრიკსონი აშკარად
ცუდ განწყობაზე იყო.
– რა არის?
– ცოტა კი მერიდება, მაგრამ ახალი ამბების განყოფილებაში ვიღაცამ თქვენგან
იმეილი მიიღო.
– ჩემგან? და შიგ რა წერია?
ფრედრიკსონმა კულტურის განყოფილების პრაქტიკანტის, ოცდაექვსი წლის ევა
კარლსონისთვის გაგზავნილი იმეილების ქაღალდის ფურცელზე ამობეჭდილი
ვერსიები მიაწოდა. გამომგზავნის მისამართი იყო <erika.berger@smpost.se>.
ძვირფასო ევა, მინდა, მოგეფერო და მკერდი დაგიკოცნო. თავს ვეღარ
ვაკონტროლებ, ისე ძლიერ მინდიხარ. გთხოვ ჩემი გრძნობები გაიზიარო. შეიძლება
შევხვდეთ?
ერიკა.
ამის გარდა ევასთვის კიდევ ორი წერილი გაეგზავნათ:
I) უძვირფასესო, უსაყვარლესო ევა. გთხოვ, ნუ უარმყოფ. შენი დაუფლების
სურვილი მაგიჟებს. შიშველი მინდიხარ. გაგაბედნიერებ. ამას არასდროს ინანებ.
შენი სხეულის, შენი მკერდის და შენი სურნელოვანი მუცლის ყოველ სანტიმეტრს
დაგიკოცნი.
II) ევა, რატომ არ მპასუხობ? ჩემი ნუ გეშინია. ზურგს ნუ მაქცევ. შენ ხომ უმანკო
აღარ ხარ. ეს შენთვის უცხო არაა. შენთან სექსი მინდა და ამისთვის უხვად
დაგაჯილდოებ. თუ მასიამოვნებ, მეც გასიამოვნებ. ვიცი, რომ აქ დროებით მუშაობ
და ვადის გაგრძელება ითხოვე. მე შემიძლია არათუ გაგიხანგრძლივო სამუშაო ვადა,
არამედ შტატში აგიყვანო. დღეს 21:00 საათზე გარაჟში ჩემს მანქანასთან შევხვდეთ.
შენი ერიკა.
– გასაგებია, – თქვა ერიკამ, – ახლა ალბათ ის აინტერესებს, მართლა მე გავუგზავნე
თუ არა ეს წერილები.
– არა... ანუ... ღმერთო.
– პეტერ, გთხოვთ, პირდაპირ მითხარით.
– პირველი იმეილი რომ მიიღო, კი გაუკვირდა, მაგრამ ლამის დაიჯერა. თუმცა,
მიხვდა, რომ ეს თქვენი სტილი არაა და შემდეგ...
– რა შემდეგ?
– ის, რომ ძალიან ერიდება და აღარ იცის, რა ქნას. თან, თქვენ ძალიან მოსწონხართ
და... ანუ, როგორც უფროსი... ჰოდა, ჩემთან მოვიდა და რჩევა მკითხა.
– თქვენ რა უთხარით?
– ვუთხარი, რომ ვიღაცამ თქვენი ელექტრონული მისამართი გააყალბა და ახლა მას
აწუხებს. ან ორივე თქვენგანს აწუხებს უხამსი შეთავაზებებით. დავპირდი, რომ ამ
თემაზე დაგელაპარაკებოდით.
– გმადლობთ. თუ შეიძლება სთხოვეთ, ათ წუთში აქ შემოვიდეს!
ამასობაში ბერგერმა ახალი წერილი შეადგინა.
ჩემამდე მოვიდა ცნობა, რომ Svenska Morgon-Posten-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა
ჩემი სახელით რამდენიმე იმელი მიიღო. იმეილები უხამს სექსუალურ
შეთავაზებებს შეიცავს. მსგავსი შინაარსის იმელი მეც მივიღე ვინმე ცენტრალრედ-
ისგან, რომელიც თითქოსდა ჩვენი გაზეთის სერვერზეა დარეგისტრირებული.
თუმცა, ასეთი ელექტრონული მისამართი სინამდვილეში არ არსებობს.
ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსს ვესაუბრე. მან მითხრა,
რომ გამომგზავნის მისამართის გაყალბება ძალიან ადვილია. არ ვიცი, ეს როგორ
კეთდება, მაგრამ ინტერნეტში არსებობს შესაბამისი საიტები. შესაბამისად, ვასკვნი,
რომ ამ ყველაფრის უკან ავადმყოფური აზროვნების ადამიანი დგას.
მაინტერესებს, სხვა რომელიმე თანამშრომელს ხომ არ მიუღია მსგავსი უჩვეულო
იმეილი. თუ კი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აუწყოთ ფრედრიკსონს. Yთუ ეს
უსიამოვნო ხუმრობები გაგრძელდება, პოლიციას მივმართავთ.
მთავარი რედაქტორი ერიკა ბერგერი.
ბერგერმა იმეილის ასლიც ამობეჭდა და გაზეთის ყველა თანამშრომელთაც
გაუგზავნა. ამ დროს კარზე ევა კარლსონმა დააკაკუნა.
– გამარჯობა. დაბრძანდით, – შესთავაზა ბერგერმა, – პეტერმა მითხრა, რომ ჩემის
სახელით იმეილი მიიღეთ.
– იცით, მივხვდი, რომ ეს იმეილი თქვენ არ გამოგიგზავნიათ.
– ოცდაათი წამის წინ ნამდვილად ჩემგან მიიღეთ იმეილი. თვითონ დავწერე და
ყველა თანამშრომელს გავუგზავნე.
ბერგერმა კარლსონს ამონაბეჭდი გაუწოდა.
– გასაგებია, – თქვა გოგონამ.
– ვწუხვარ, რომ ვიღაცამ ამ ბინძური კამპანიის სამიზნედ თქვენ შეგარჩიათ.
– ვიღაც იდიოტის ნამოქმედარის გამო ნუ მებოდიშებით.
– უბრალოდ, მინდა დავრწმუნდე, რომ ყველა ეჭვი გაგიფანტეთ.
– არც არასდროს მჯეროდა, რომ ეს თქვენი ნამოქმედარი იყო.
– გმადლობთ, – გაუღიმა ბერგერმა.
ფიგეროლამ მთელი შუადღე ინფორმაციის შეგროვებას დაუთმო. ჯერ ფაულსონის
საპასპორტო ფოტოები მოიძია, მერე გადაამოწმა, აღრიცხვაზე ხომ არ ჰყავდათ
აყვანილი. მისი ძიება შედეგიანი გამოდგა.
ორმოცდაჩვიდმეტი წლის ლარს ფაულსონს, მეტსახელად ფალუნს, კრიმინალური
კარიერა ჩვიდმეტი წლისას მანქანების პარვით დაეწყო. 1970-1980-იან წლებში
ორჯერ დააპატიმრეს ბინის გატეხის, ძარცვისა და ნაქურდალის გასაღების
ბრალდებით. პირველად მცირე სასჯელი მიუსაჯეს, მეორედ სამი წლით
დააპატიმრეს. იმ პერიოდში კრიმინალურ წრეებში მას „იმედის მომცემად“
მიიჩნევდნენ და სამ სხვა ძარცვასთან – მათ შორის, ვესტეროსში სუპერმარკეტის
სეიფის მეტად ჩახლართულ და გახმაურებულ გაქურდვასთან – დაკავშირებითაც
დაკითხეს. 1984 წელს ციხიდან გამოვიდა და მას შემდეგ ხელი აღარ გაუსვრია;
ყოველ შემთხვევაში, აღარ დაუპატიმრებიათ. ერთგვარი „გადამზადება“ გაიარა და
არც მეტი, არც ნაკლები, ზეინკლად დაიწყო მუშაობა. 1987 წელს კი სტოკჰოლმში,
ნორტულთან ახლოს, საკუთარი ფირმა „ლარს ფაულსონი – საკეტები და
გასაღებები“ დაარეგისტრირა.
იმ ქალის ვინაობა, რომელმაც მორტენსონს და ფაულსონს ფოტოები გადაუღო,
მოსალოდნელზე იოლად დაადგინა. უბრალოდ, Milton Security-ში დარეკა და იკითხა,
თქვენს ერთ-ერთ ქალბატონ თანამშრომელს ვეძებ, ცოტა ხნის წინათ გავიცანი,
მაგრამ სახელი დამავიწყდაო. ქალის გარეგნობა ზუსტად აღუწერა. ოპერატორმა კი
უპასუხა, სუსან ლინდერს უნდა გულისხმობდეთო, და მასთან დააკავშირა. როცა
ლინდერმა უპასუხა, ფიგეროლამ ყურმილი დაკიდა, უკაცრავად, ნომერი არასწორად
ავკრიფეო.
საჯარო რეესტრის ცნობების მიხედვით, სტოკჰოლმის ოლქში 18 სუსან ლინდერი
ცხოვრობდა. მხოლოდ სამი მათგანი იყო დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლისა.
ერთი ნორტელიეში ცხოვრობდა, ერთი – სტოკჰოლმში და ერთიც – ნაკაში.
ფიგეროლამ მაშინვე მათი ფოტოები მოიძია და ნაკაში მცხოვრებ სუსან ლინდერში
ის ქალი ამოიცნო, ვისაც ბელმანსგატანზე უთვალთვალებდა.
მოპოვებული ინფორმაციის მოკლე რეზიუმე შეადგინა და ედკლინთის სანახავად
გაეშურა.
ბლუმკვისტმა ჰენრი კორტესის მასალებით სავსე საქაღალდე დაკეცა და ზიზღით
გასწია განზე. მალმმა კორტესის სტატიის ამონაბეჭდი მეოთხედ გადაიკითხა და
ფურცელი მაგიდაზე დადო. კორტესი ერიქსონის კაბინეტის დივანზე დამნაშავის
გამომეტყველებით იჯდა.
– ყავას მოვიტან, – წამოდგა ერიქსონი და მალე ოთხი ჭიქითა და ყავადნით
დაბრუნდა უკან.
– დიდებული სტატია ბინძურ საქმეზე, – თქვა ბლუმკვისტმა, – პროფესიონალური
კვლევაა. დოკუმენტურად დასაბუთებული. ჩინებული დრამაა უარყოფითი
პერსონაჟით, რომელიც საკანონმდებლო სისტემის მეშვეობით სრულიად
ლეგალურად ატყუებს შვედეთის მოსახლეობას, მაგრამ იმდენად ხარბი და
სულელია, რომ სამუშაოს ვიეტნამურ ქვეკონტრაქტორს უკვეთავს.
– კარგადაცაა დაწერილი, – დაამატა მალმმა, – ამ სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე
დღესვე ბორგშე „პერსონა ნონ გრატად“ იქცევა. ამბავს ტელევიზიაც აიტაცებს. მასაც
Skandia-ს გენერალური დირექტორების გვერდით მიუჩენენ ადგილს. „მილენიუმის“
ახალი სენსაცია. ყოჩაღ, ჰენრი.
– მაგრამ ერიკა კუპრის წვეთია ერთ კასრ თაფლში, – შენიშნა ბლუმკვისტმა.
– ვერ ვხვდები, რა პრობლემაა, – თქვა ერიქსონმა, – ერიკა ხომ არ არის ავაზაკი? მერე
რა, რომ ბორგშე მისი უფროსია, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ან
გენერალური დირექტორის საქმიანობის შესწავლას ვერავინ დაგვიშლის.
– არა, დილემის წინაშე აღმოვჩნდით, – შეეპასუხა ბლუმკვისტი.
– ერიკას „მილენიუმი“ სულ ხომ არ მიუტოვებია, – თქვა მალმმა, – ჟურნალის
ოცდაათ პროცენტს ფლობს და ჩვენი დირექტორთა საბჭოს წევრია. უფრო მეტიც,
ჯერ ისევ საბჭოს თავმჯდომარეა, სანამ ჰარიეტ ვანგერს არ ავირჩევთ. ეს კი
აგვისტომდე არ მოხერხდება. პლუს, ერიკა Svenska Morgon-Posten-ში მუშაობს, ჩვენ კი
მის მხილებას ვაპირებთ.
სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
– აბა, რა ჯანდაბა ვქნათ? – იკითხა ბოლოს კორტესმა, – სტატია გავაუქმოთ?
ბლუმკვისტმა კორტესს თვალი გაუსწორა.
– არა, ჰენრი, არ გავაუქმებთ. „მილენიუმში“ ასე არ ვიქცევით. თუმცა, ჯერ ისევ
რაღაცეების დაზუსტება მოგვიწევს. ერიკას ეწყინება, ამ ყველაფერს სრულიად
მოულოდნელად, გაზეთებიდან თუ შეიტყობს.
მალმმა თითი გააქნია.
– ერიკას უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებთ. „მილენიუმში“ თავისი წილის
გაყიდვა და საბჭოს დატოვება მოუწევს... არადა, Svenska Morgon-Posten-იდან
დაითხოვენ. ასე თუ ისე, ინტერესთა კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდება. ჰენრი, მეც
მიქაელს ვეთანხმები, სტატიას დავბეჭდავთ, ოღონდ ერთი თვის შემდეგ, მომდევნო
ნომერში.
– იმიტომ, რომ ჩვენც არჩევანის წინაშე ვდგებით, – დაამატა ბლუმკვისტმა.
– ერიკას ხომ არ დავურეკო?
– არა, კრისტერ, – თქვა ბლუმკვისტმა, – თვითონ დავურეკავ და ამაღამ შევხვდები.
ფიგეროლამ ედკლინთს მოკლედ უამბო იმ საცირკო წარმოდგენის შესახებ,
რომელიც ბლუმკვისტის ბინასთან გაიმართა. ედკლინთს გულმა რეჩხი უყო.
– RPS/Säk-ის თანამშრომელი ბლუმკვისტის სახლში ზეინკლად „გადამზადებული“
ბინის მძარცველთან ერთად შეიპარა.
– დიახ.
– როგორ ფიქრობ, სადარბაზოში რას აკეთებდნენ?
– არ ვიცი, მაგრამ იქ ორმოცდაცხრა წუთი დაჰყვეს. ჩემი აზრით, ფაულსონმა კარი
გააღო, მორტენსონი კი ბლუმკვისტის ბინაში შეიპარა.
– იქ რა საქმე უნდა ჰქონოდათ?
– არა მგონია, მოსასმენი მოწყობილობები დაეყენებინათ, ამას სულ ერთი წუთი
სჭირდება. მორტენსონი ალბათ ბლუმკვისტის დოკუმენტებში იქექებოდა; ან, რა
ვიცი, კიდევ რას ინახავს ბინაში.
– მაგრამ ბლუმკვისტი ხომ უკვე გაფრთხილებულია? მათ ბიორკის მოხსენება
მოიპარეს.
– დიახ, მან იცის, რომ უთვალთვალებენ, თვითონაც უთვალთვალებს იმათ, ვინც მას
უთვალთვალებს. იცდის.
– რას უცდის?
– მგონი, გეგმა აქვს. ინფორმაციას აგროვებს და მორტენსონის მხილებას აპირებს.
სხვაგვარად მის საქციელს ვერ ავხსნი.
– და ის ლინდერი ვინღაა?
– სუსან ლინდერი, ყოფილი პოლიციელი.
– პოლიციელი?
– პოლიციის აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ ექვსი წელი სოდერმალმის
კრიმინალურ განყოფილებაში იმუშავა. პოლიციაში მუშაობა უეცრად შეწყვიტა. მის
დოსიეში მიზეზი არ წერია. რამდენიმე თვე უსამსახუროდ იყო და შემდეგ Milton
Security-მ აიყვანა.
– არმანსკი, – ჩაფიქრებით თქვა ედკლინთმა, – შენობაში რამდენი ხანი დაყო?
– ცხრა წუთი.
– რას აკეთებდა?
– რახან ქუჩაში მორტენსონს და ფაულსონს ფოტოებს უღებდა, ჩემი აზრით, მათ
საქმიანობას დოკუმენტებით ასაბუთებდა. ეს ნიშნავს, რომ Milton Security
ბლუმკვისტის მხარესაა და არმანსკიმ მის ბინაში ან სადარბაზოში სათვალთვალო
კამერები დააყენა.
ედკლინთმა ამოიოხრა. ზალაჩენკოს ამბავი უფრო და უფრო იხლართებოდა.
– გმადლობ. შინ წადი. მე უნდა ვიფიქრო.
ფიგეროლა სანქტ-ერიკსპლანზე, სპორტდარბაზში წავიდა.
ბლუმკვისტმა ბერგერს Svenska Morgon-Posten-ის სამსახურის ტელეფონზე
სათადარიგო მობილურით დაურეკა. ბერგერი რედაქტორებთან თათბირობდა,
როგორი კუთხით წარმოეჩინათ საერთაშორისო ტერორიზმის თემაზე დაწერილი
სტატია, როცა ზარი გაისმა.
– გამარჯობა, შენ ხარ... ერთი წამით.
ბერგერმა ყურმილს ხელისგული დააფარა.
– მგონი, მოვრჩით, – უთხრა რედაქტორებს და ბოლო მითითება მისცა მათ.
კაბინეტში მარტო დარჩენილმა ბლუმკვისტთან საუბარი განაგრძო: – გამარჯობა,
მიქაელ. ბოდიში, რომ სულ მიგივიწყე. ყელამდე საქმეში ვარ ჩაფლული. ათასი რამ
მაქვს სასწავლი. სალანდერის სტატიის საქმე როგორ მიდის?
– კარგად. მაგრამ მე სულ სხვა თემაზე გირეკავ. ამაღამ უნდა გნახო.
– სიამოვნებით შეგხვდებოდი, მაგრამ რვა საათამდე აქ უნდა ვიყო. უკვე დაღლილი
ვარ, დილიდან არ შემისვენია. რა ხდება?
– როცა შეგხვდები, პირადად გეტყვი. არა მგონია, გაგიხარდეს.
– ცხრის ნახევარზე შინ გესტუმრები.
– არა, ჩემს ბინაში ნუ მოხვალ. გრძელი ისტორიაა, მაგრამ ჩემი ბინა დროებით
გამოუსადეგარია. „სამირის ქვაბში“ შევხვდეთ, ლუდი დავლიოთ.
– მანქანიYთ ვიქნები.
– მაშინ მაგარ ლუდს ნუ დავლევYთ.
ბერგერი ოდნავ აღელვებული შევიდა „სამირის ქვაბში“. თავს დამნაშავედ
გრძნობდა იმის გამო, რომ Svenska Morgon-Posten-ში მუშაობის დაწყების შემდეგ
ბლუმკვისტისთვის ერთხელაც არ დაერეკა.
ბლუმკვისტმა კუთხეში მდგარი მაგიდიდან დაუქნია ხელი. ბერგერი კართან
გაჩერდა. რატომღაც ბლუმკვისტი უცხოდ მოეჩვენა.
როცა ბლუმკვისტი წამოდგა და ლოყაზე აკოცა, ბერგერი მიხვდა, რომ კაცი, რომელიც
რამდენიმე კვირა არ ენახა, საშინლად მონატრებოდა. უნებურად გაიფიქრა, Svenska
Morgon-Posten-ში გატარებული დღეები საშინელი კოშმარია და მალე „მილენიუმის“
რედაქციაში დივანზე წამოწოლილს გამეღვიძებაო.
– გამარჯობა, მიქაელ.
– გამარჯობა, მთავარო რედაქტორო. რას შეჭამ?
– უკვე ცხრის ნახევარია. შენსავით საძაგელი ჩვევა კი არ მაქვს, ღამღამობით ვჭამო.
თუმცა, როცა სამირმა მენიუ მოიტანა, ბერგერი მიხვდა, რომ ცდუნებას ვერ
გაუძლებდა, და მსუბუქი ლუდი და კალმარი კარტოფილთან ერთად შეუკვეთა,
ბლუმკვისტმა კი – კუსკუსი და ლუდი.
– როგორ ხარ? – ჰკითხა ბერგერმა.
– საინტერესო დროში ვცხოვრობთ. მეც ყელამდე საქმეში ვარ ჩაფლული.
– და სალანდერი?
– ის ამ საინტერესო დროის შემადგენელი ნაწილია.
– მიკე, შენი მასალის მოპარვას არ ვაპირებ.
– შენს შეკითხვას არ გავურბივარ. სიმართლე ისაა, რომ ამჟამად გაურკვევლობაში
ვარ. სიამოვნებით მოგიყვებოდი ყველაფერს, მაგრამ ამას მთელ ღამეს
მოვანდომებთ. როგორ მოგწონს Svenska Morgon-Posten-ის მთავარი რედაქტორობა?
– „მილენიუმის“ მთავარ რედაქტორობას ვერ შეედრება. შინ მისული ჩამქრალი
სანთელივით ვარ. თვალის გახელისთანავე თვალწინ ელექტრონული ცხრილები
მიდგას. მომენატრე. შეიძლება შენთან წავიდეთ და დავიძინოთ? სექსის თავი აღარ
მაქვს, მაგრამ შენთან ჩახუტებასა და ძილზე უარს არ ვიტყვი.
– მაპატიე, რიკი, მაგრამ ჩემი ბინა ამჟამად გამოუსადეგარია.
– რატომ? რამე მოხდა?
– ბინაში მოსასმენი მოწყობილობები დამიყენეს და მგონი, ჩემს ყოველ სიტყვას
უსმენენ. ფარული კამერები დავაყენებინე, რომ გავიგო, ვინ დაიპარება ჩემს ბინაში.
მგონი, არ ღირს, სახელმწიფო არქივებში ჩვენი შიშველი უკანალების
ვიდეოჩანაწერი ინახებოდეს.
– ხუმრობ?
– არა. თუმცა, ამაღამ სულ სხვა თემაზე მინდა შენთან საუბარი.
– რა ხდება? მითხარი.
– პირდაპირ გეტყვი. მასალა მოვიპოვეთ, რომელიც შენს გენერალურ დირექტორს
ჩაძირავს. საქმე ვიეტნამელი ბავშვებისა და პოლიტპატიმრების ექსპლუატაციას
ეხება.
ბერგერმა ჩანგალი დადო და ბლუმკვისტს მიაშტერდა. მაშინვე მიხვდა, რომ
ბლუმკვისტი არ ხუმრობდა.
– ასეთი ვითარებაა, – განაგრძო ბლუმკვისტმა, – ბორგშე უდიდესი მეწილე და
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა კომპანიისა სახელად Svea Construction, რომლის
შვილობილიციაა Vitavara Inc. ისინი უნიტაზებს ამზადებენ ვიეტნამის ერთ-ერთ
ქარხანაში, რომელიც გაერომ ბავშვთა შრომის გამოყენებაში დაადანაშაულა.
– გამიმეორე.
ბლუმკვისტმა მას კორტესის სტატიის ყოველი დეტალი უამბო. ლეპტოპის
ჩანთიდან ამონაბეჭდის ასლიც ამოიღო. ბერგერმა დინჯად ჩაიკითხა სტატია და
კითხვას რომ მორჩა, ბლუმკვისტს გაუსწორა თვალი. მის მზერაში მღელვარება და
დაბნეულობა იკითხებოდა.
– ჯერ წესიერად არც წავსულვარ „მილენიუმიდან“ და Svenska Morgon-Posten-ის
მმართველების საქმიანობის გამოკვლევა დაიწყეთ?
– ასე არაა, რიკი, – და ბლუმკვისტმა ბერგერს აუხსნა, როგორ დაიწყო ყველაფერი.
– რამდენი ხანია, ეს იცით?
– დღეს შევიტყვეთ. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს.
– რას აპირებთ?
– არ ვიცი. სტატია უნდა დავბეჭდოთ. გამონაკლისს ვერ დავუშვებთ მხოლოდ
იმიტომ, რომ საქმე შენს უფროსს ეხება. პრობლემა ისაა, რომ შენი წყენინება არ
გვინდა. ეს სიტუაცია არავის მოგვწონს. განსაკუთრებით – ჰენრის.
– მე ჯერაც „მილენიუმის“ საბჭოს წევრი ვარ, ჟურნალის თანამფლობელი. ამას
სხვანაირად გაიგებენ...
– ვიცი. Svenska Morgon-Posten-ში მაგრად გაილანძღები.
ბერგერს დაღლილობა მოეძალა და კინაღამ ბლუკვისტს სთხოვა, ეს სტატია არ
დაბეჭდოო. ბოლო წამს შეიკავა თავი.
– ჯანდაბა, – წამოიძახა მან, – ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნებული ხარ?
ბლუმკვისტმა თავი დაუქნია.
– მთელი დღე ჰენრის მტკიცებულებებს ვამოწმებდი. ბორგშე დასაკლავად გვყავს
გამზადებული.
– მაშ, რას აპირებთ და როდისთვის?
– ეს მასალა ორი თვის წინ რომ მოგვეპოვებინა, შენ რას იზამდი?
ბერგერი დაჟინებით მიაჩერდა მეგობარს, რომელიც იმავდროულად ბოლო ოცი წლის
განმავლობაში მისი საყვარელიც იყო. მერე თავი ჩახარა.
– კარგად იცი, რასაც ვიზამდი.
– საშინელი დამთხვევაა. ჩვენი სტატია შენ წინააღმდეგ არ არის. ძალიან ვწუხვარ.
ამიტომაც მოვინდომე შენთან შეხვედრა. უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცევით.
– უნდა გადავწყვიტოთ?
– მისმინე. ეს სტატია ივნისის ნომერში უნდა დაგვებეჭდა, მაგრამ აგვისტომდე
გადავავადებინე. შემიძლია, უფრო მეტი დრო მოგცე.
– გასაგებია, – ხმა გაუმკაცრდა ბერგერს.
– გადაწყვეტილების მიღებას ნუ ვიჩქარებთ. ეს დოკუმენტები შინ წაიღე და კარგად
იფიქრე. ნურაფერს მოიმოქმედებ, სანამ საერთო სტრატეგიაზე არ შევთანხმდებით.
დრო გვაქვს.
– საერთო სტრატეგიაზე?
– სანამ სტატიას დავბეჭდავYთ, ან „მილენიუმის“ დირექტორთა საბჭო უნდა
დატოვო, ან Svenska Morgon-Posten-ის მთავარი რედაქტორის პოსტი. ორივე ქუდს
ერთდროულად ვერ დაიხურავ.
ბერგერმა თავი დაუქნია.
– „მილენიუმთან“ ისეთი ახლო კავშირი მაქვს, რომც გადავდგე, მაინც არავინ
დაიჯერებს, რომ ამ ამბავში ჩემი ხელი არ ურევია.
– სხვა გამოსავალიც არსებობს: შეგიძლია ეს სტატია Svenska Morgon-Posten-ში წაიღო,
ბორგშეს თავად დაუპირისპირდე და მისი გადადგომა მოითხოვო. დარწმუნებული
ვარ, ჰენრი უარს არ იტყვის.
– ანუ იქ მუშაობა იმ კაცის მოშორებით დავიწყო, ვინც სამსახურში ამიყვანა?
– ვწუხვარ.
– ის ცუდი კაცი არ არის.
– მჯერა შენი, მაგრამ ხარბია.
– შინ მივდივარ, – წამოდგა ბერგერი.
– რიკი, მე...
– საშინლად დავიღალე, – გააწყვეტინა ბერგერმა, – გმადლობ, რომ გამაფრთხილე.
პასუხს შეგატყობინებ.
ბერგერს წასვლამდე ბლუმკვისტისთვის ლოყაზე არ უკოცნია. ანგარიშიც მას
დაუტოვა გასასწორებლად.
სანამ მანქანასთან მივიდოდა, რომელიც ბარიდან ორასიოდე მეტრში ჰყავდა
დატოვებული, ბერგერს გული ისე აუძგერდა, რომ იძულებული გახდა, სულის
მოსათქმელად კედელს მიყრდნობოდა.
კარგა ხანს იდგა და მაისის გრილ ჰაერს ისუნთქავდა. პირველი მაისის შემდეგ
თითქმის სამი კვირა დღეში თხუთმეტ საათს მუშაობდა.
„ნეტა სამი თვის შემდეგ როგორ ვიგრძნობ თავს? ან მორანდერი რას გრძნობდა,
როცა პირდაპირ რედაქციაში გარდაიცვალა?“
ათი წუთის შემდეგ ისევ „სამირის ქვაბში“ შებრუნდა და უკვე წასასვლელად
გამზადებულ ბლუმკვისტს შეეჩეხა.
– ერიკა... – გაშეშდა ბლუმკვისტი.
– მიქაელ, ნურაფერს მეტყვი. ამდენი წელია, მეგობრები ვართ და ჩვენს მეგობრობას
ვერაფერი დაანგრევს. ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ახლა ზუსტად ისე ვგრძნობ
თავს, როგორც ორი წლის წინ, როცა ჰედესტადში გადაიკარგე. ოღონდ ამჯერად მე
მიგატოვე.
ბლუმკვისტი მოეხვია. ბერგერს ცრემლი მოადგა თვალზე.
– Svenska Morgon-Posten-ში გატარებულმა სამმა კვირამ უკვე სულიერად გამტეხა, –
თქვა ჩუმად.
– აბა, აბა, ერიკა ბერგერს ასე იოლად ვერაფერი მოერევა!
– შენი ბინა ისმინება, არადა, ისეთი დაღლილი ვარ, საჭესთან დამეძინება და
ავტოავარიაში დავიღუპები. გადაწყდა. სასტუმრო Scandic Crown-ში ნომერს
დავჯავშნი. შენც გამომყევი.
– დღეს მაგ სასტუმროს Hilton ჰქვია.
– ჩემთვის სულერთია.
ხელიხელჩაკიდებულებმა ხმისამოუღებლად იარეს სასტუმრომდე. ბერგერს
ბლუმკვისტიც ძლიერ დაღლილი ეჩვენა.
ორადგილიანი ნომერი იქირავეს და ანგარიში ბერგერის საკრედიტო ბარათით
გაასწორეს. ნომერში ტანთ გაიხადეს, შხაპი მიიღეს და საწოლში ჩაწვნენ. ბერგერს
კუნთები ისე სტკიოდა, თითქოს სტოკჰოლმის მარათონში ერბინოს. ჩახუტებულებს
რამდენიმე წამში ჩაეძინათ.
არც ერთ მათგანს არ შეუმჩნევია ვესტიბიულში მამაკაცი, რომელიც ლიფტში
შესვლისას მათ თვალს ადევნებდა.

თავი XV
ხუთშაბათი, 19/V – კვირა, 22/V
სალანდერმა ოთხშაბათი ღამის და ხუთშაბათის დილის დიდი ნაწილი
ბლუმკვისტის სტატიების და წიგნის მეტ-ნაკლებად დასრულებული თავების
კითხვას დაუთმო. რაკი პროკურორი ეკსტრომი სასამართლო პროცესის დაწყებას
ივლისში გეგმავდა, ბლუმკვისტმა წიგნის დასაბეჭდად გასაგზავნ ბოლო ვადად 20
ივნისი დათქვა. ამგვარად, წიგნის დასასრულებლად და ყველა ხარვეზის
აღმოსაფხვრელად ერთი თვეღა რჩებოდა.
თავად სალანდერს ვერაფრით წარმოედგინა, ერთ თვეში ეს წიგნი როგორ უნდა
დაესრულებინათ, მაგრამ ეს ბლუმკვისტის პრობლემა იყო და არა – მისი. მისი
პრობლემა ის იყო, როგორმე ბლუმკვისტის შეკითხვებისთვის ეპასუხა.
პალმტოპი ჩართო და [Stolliga–Bordet]-ში შევიდა, ბლუმკვისტს რამე ახალი ხომ არ
გამოუგზავნიაო. ახალი არაფერი დახვდა. მერე დოკუმენტი [მთავარი შეკითხვები]
გახსნა. ტექსტი უკვე ზეპირად იცოდა, მაგრამ მაინც გადაიკითხა.
ბლუმკვისტის სტრატეგიაზე სალანდერს ჯიანინიც ესაუბრებოდა, მაგრამ მას ცალი
ყურით უსმენდა, თითქოს ეს საკითხი მას საერთოდ არ ეხებოდა. აი, ბლუმკვისტმა
კი, ჯიანინისგან განსხვავებით, მასზე ბევრი რამ იცოდა და ამიტომ უფრო
დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა შეეძლო. მეოთხე პარაგრაფს კიდევ
ერთხელ გადაავლო თვალი:
„შენი ბედი შენსავე ხელშია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად თავდაუზოგავად
იმუშავებს ანიკა ან რას გავაკეთებთ შენს საკეთილდღეოდ მე, არმანსკი და
პალმგრენი. შენს დარწმუნებას, ასე ან ისე მოიქეცი-მეთქი, არ ვაპირებ.
გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო. ან სასამართლოს წინაშე თავს გაიმართლებ,
ან ნებას მისცემ, დამნაშავედ გამოგაცხადონ. ერთი იცოდე: ბრძოლა მოგიწევს“.
გოგონამ პალმტოპი გამორთო და ჭერს მიაშტერდა. ბლუმკვისტი თავის წიგნში
სიმართლის გამხელის ნებას სთხოვდა. იმის ხსენებას, რომ ბიურმანმა სალანდერი
გააუპატიურა, არ აპირებდა – წიგნის ეს ნაწილი უკვე დაესრულებინა. ბზარების
ამოსავსებად დაეწერა, ბიურმანი ზალაჩენკოს შეეკრა, მაგრამ მათი კავშირი მაშინ
გაწყდა, როცა ბიურმანი პანიკამ შეიპყრო და თავზე კონტროლი დაკარგა;
შესაბამისად, ნიდერმანს სხვა გზა აღარ დარჩა და ბიურმანი თავიდან მოიშორაო.
ბლუმკვისტი ბიურმანის მოტივებზე არაფერს წერდა.
ნაბიჭვარი კალე ბლუმკვისტი სალანდერს ცხოვრებას ურთულებდა.
ღამის 2:00 საათზე სალანდერმა სტილუსი მოიმარჯვა და ციფრულ პალმტოპშივე
კლავიატურაზე ასოების აკრეფა დაიწყო.
„მე ლიზბეთ სალანდერი მქვია. 1978 წლის 30 აპრილს დავიბადე. დედაჩემს აგნეტა
სოფია შელანდერი ერქვა. ოცდაორი წლისამ გამაჩინა. მამაჩემი – ალექსანდერ
ზალაჩენკო – ფსიქოპათი, მკვლელი და მოძალადე იყო. ის აღმოსავლეთ ევროპაში
საბჭოთა კავშირის დაზვერვის – ГРУ-ის – აგენტად მუშაობდა“.
სტილუსით ბეჭდვა ძალიან უჭირდა, თან ყოველ წინადადებაზე დიდხანს
ფიქრობდა. ნაწერი ერთხელაც არ გადაუსწორებია. ოთხ საათამდე წერდა, მერე
კომპიუტერი გამორთო და ტუმბოს უკან, ნიშაში შედო დასატენად. ორ საათში ორი
AAA4 ფორმატის გვერდის შევსება მოასწრო.
შუაღამისას მორიგე მედდამ ორჯერ შემოყო თავი პალატაში, მაგრამ სალანდერს ჯერ
კიდევ შორიდან ესმოდა მისი ნაბიჯის ხმა და სანამ მედდა გასაღებს
გადაატრიალებდა, კომპიუტერის დამალვასა და თავის მომძინარებას ასწრებდა.
ბერგერს დილის 7:00 საათზე გაეღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რვა საათს
გადაბმულად ეძინა, თავს მაინც დაღლილად გრძნობდა. ბლუმკვისტი ჯერაც
მშვიდად ფშვინავდა მის გვერდით.
ქალმა მობილური ტელეფონი ჩართო შეტყობინებების შესამოწმებლად. ქმარს,
გრეგერ ბეკმანს, თერთმეტჯერ დაერეკა.
„ჯანდაბა. მისი გაფრთხილება დამავიწყდა“.
მაშინვე გადაურეკა ქმარს და აუხსნა, სად იყო და რატომ არ მივიდა სახლში. ბეკმანი
გაბრაზებული ჩანდა.
– ერიკა, ასე აღარ მოიქცე. კარგად იცი, რომ პრობლემა მიქაელი არაა. წუხელ ძალიან
ვინერვიულე. ვიფიქრე, რომ უბედურება შეგემთხვა. როცა შინ არ მოდიხარ, უნდა
გამაფრთხილო. ასეთი რამის დავიწყება არ შეიძლება.
ბეკმანი არ აპროტესტებდა, რომ ბლუმკვისტი მისი ცოლის საყვარელი იყო. ამიტომ
ყოველთვის, როცა ბლუმკვისტთან აპირებდა დარჩენას, ბერგერი ქმარს ურეკავდა
და აფრთხილებდა ხოლმე.
– მაპატიე, წუხელ დაღლილობისგან გავითიშე, – მოუბოდიშა ქმარს. ბეკმანმა
უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა რაღაც, – გთხოვ, ნუ გამიბრაზდები, გრეგერ. ახლა
შენთან კამათის თავი არ მაქვს. შეგიძლია ღამით გადმომანთხიო ბოღმა.
ბეკმანმა კიდევ ერთხელ ჩაიბურტყუნა რაღაც და დაჰპირდა, ამაღამ კარგად
გამოგლანძღავო.
– ჰო, კარგი. მიქაელი როგორ არის? – იკითხა ბოლოს.
– მკვდარივით სძინავს, – ბერგერი ახარხარდა, – გინდ დაიჯერე, გინდა არა, მაგრამ
წუხელ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, ბალიშზე თავის დადებისთანავე დაგვეძინა
ორივეს.
– ერიკა, ეს სახუმარო აღარ არის. ექიმთან უნდა მიხვიდე.
ქმართან საუბრის შემდეგ ბერგერმა სამსახურში დარეკა და ფრედრიკსონისთვის
შეტყობინება დატოვა, რაღაც საქმე გამომიჩნდა და ცოტა შემაგვიანდება, ამიტომ
კულტურის განყოფილების რედაქტორთან დათქმული შეხვედრა გააუქმეო.
შემდეგ ხელჩანთიდან კბილის ჯაგრისი ამოიღო და სააბაზანოში შევიდა.
სააბაზანოდან გამოსულმა კი ბლუმკვისტი გააღვიძა.
– სწრაფად! მიდი, პირი დაიბანე და კბილები გაიხეხე.
– რა... ჰა? – ბლუმკვისტი დაბნეული წამოჯდა. ბერგერმა შეახსენა, რომ სასტუმროში
იმყოფებოდნენ.
– ჰოდა, დროზე სააბაზანოში!
– რა გვეჩქარება?
– შენთან ალერსი მეჩქარება, – მაჯის საათს დაჰხედა ბერგერმა, – 11:00 საათზე
გადაუდებელი შეხვედრა მაქვს. მაკიაჟის გასაკეთებლად ნახევარი საათი
დამჭირდება. გზად სუფთა სამოსის საყიდლადაც უნდა შევირბინო მაღაზიაში.
შესაბამისად, დაკარგული დროის ასანაზღაურებლად ორი საათი გვაქვს.
ბლუმკვისტი მაშინვე სააბაზანოში შევიდა.
ჰოლმბერგმა მამამისის „ფორდი“ ჰერნესენდის ოლქში მდებარე სოფელ ოსში
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თურბიორნ ფელდინის სახლის წინ გააჩერა,
მანქანიდან გადმოვიდა და მიმოიხედა. სამოცდაცხრამეტი წლის ფელდინი აქტიური
ფერმერი ნამდვილად ვეღარ იქნებოდა და ჰოლმბგერგმა გაიფიქრა, ნეტა მის
მეურნეობას ვინ უძღვებაო. იგრძნო, რომ სამზარეულოს ფანჯრიდან უყურებდნენ.
სოფლის მცხოვრებლებს ასე სჩვევიათ. თავად ჰოლმბერგიც სენდებრონთან ძალიან
ახლოს მდებარე ულამაზეს სოფელ ჰელედალში გაიზარდა. დიახ, მას თავისი
სოფელი მსოფლიოში ულამაზესად მიაჩნდა.
აივანზე ავიდა და კარზე დააკაკუნა.
ცენტრისტთა პარტიის ყოფილ ლიდერს ხანი დასტყობოდა, მაგრამ მარდი და
ენერგიული ჩანდა.
– გამარჯობა, თიურბიორნ. მე იერკერ ჰოლმბერგი ვარ. ადრეც შევხვედრივართ,
წლების წინ. მამაჩემი გუსტავ ჰოლმბერგი, 1970-1980-იან წლებში ცენტრისტთა
დეპუტატი იყო.
– დიახ, გიცანით, იერკერ. გამარჯობა. სტოკჰოლმში პოლიციელად მუშაობთ, არა?
ათი-თხუთმეტი წელი იქნება, არ მინახავხართ.
– მგონი, უფრო მეტიც. შეიძლება შემოვიდე?
ჰოლმბერგი სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა, ფელდინმა ყავა დაუსხა.
– იმედია, მამათქვენი კარგადაა. აქ მის გამო ხომ არ მოსულხართ?
– არა. მამა კარგადაა. საზაფხულო კოტეჯის სახურავს არემონტებს.
– რამდენი წლისაა?
– ორი თვის წინ სამოცდათერთმეტი წლისა შესრულდა.
– მართლა? – გაიკვირვა ფელდინმა და ჰოლმბერგს გვერდით მიუჯდა, – მაშ, თქვენი
სტუმრობა რას მივაწერო?
ჰოლმბერგმა ფანჯრიდან დაინახა, როგორ დაეშვა მისი „ფორდის“ გვერდით კაჭკაჭი
მიწაზე და რაღაცის კენკვა დაიწყო.
– მაპატიეთ, რომ დაუპატიჟებლად გესტუმრეთ, მაგრამ დიდი პრობლემა მაქვს, –
უთხრა ფელდინს, – შესაძლოა, ამ საუბრის გამო სამსახურიდან დამითხოვონ. აქ
სამსახურეობრივი პრობლემის გამო ვარ, ოღონდ ჩემი უფროსის, სტოკჰოლმის
პოლიციის ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების
კრიმინალური ინსპექტორ იან ბუბლანსკის ნებართვის გარეშე.
– სერიოზულად ჟღერს.
– თუ ჩემმა უფროსებმა ამ ვიზიტის შესახებ შეიტყვეს, შავ დღეს დამაყრიან.
– გასაგებია.
– მეორე მხრივ, ვშიშობ, რომ თუ უქმად ვიჯდები, ერთი ქალის უფლებებს უხეშად
ხელყოფენ და, რაც უარესია, ეს მეორედ მოხდება.
– აჯობებს, ყველაფერი დეტალურად მიამბოთ.
– საქმე ალექსანდერ ზალაჩენკოს ეხება. ის საბჭოთა ГРУ-ის ჯაშუში იყო 1976
წლამდე, სანამ არჩევნების დღეს შვედეთის მთავრობას ჩაბარდებოდა. შემდეგ მას
თავშესაფარი მისცეს და „სეპოსთვის“ მუშაობა დაიწყო. მაქვს საფუძველი,
ვიფიქრო, რომ თქვენ მისი ამბავი იცით.
ფელდინმა ჰოლმბერგი ყურადღებით შეათვალიერა.
– ეს გრძელი ისტორიაა, – თქვა ჰოლმბერგმა და ბოლო რამდენიმე თვეში
წარმოებული წინასწარი გამოძიების შესახებ უამბო.
ბოლოს და ბოლოს, ერიკა ბერგერი მუცელზე გადაბრუნდა და ნიკაპი საკუთარ
მუშტებზე ჩამოდო.
– მიქაელ, არასდროს გიფიქრია, რომ მე და შენ ნამდვილი შერეკილები ვართ?
– რას გულისხმობ?
– მე ასე მგონია. შენ მიმართ დაუოკებელ ლტოლვას განვიცდი და თავს ცერცეტა
თინეიჯერად ვგრძნობ.
– მართლა?
– მერე შინ წასვლა და ქმართან სექსიც მინდება.
ბლუმკვისტს გაეცინა.
– კარგ თერაპევტს ვიცნობ.
ბერგერმა მუცელზე უჩქმიტა.
– მიქაელ, თანდათან მეჩვენება, რომ Svenska Morgon-Posten-ში გადასვლით დიდი
შეცდომა დავუშვი.
– სისულელეა. ეს შენთვის დიდი გამოწვევაა. იმ მომაკვდავი გაზეთის გადარჩენა
მხოლოდ შენ შეგიძლია.
– ალბათ, მაგრამ პრობლემაც სწორედ ისაა, რომ Svenska Morgon-Posten უკვე მოკვდა.
ამას ბორგშეზე შენი სკანდალური მასალაც დაუმატე.
– ცოტა მოიცადე და ყველაფერი დალაგდება.
– ვიცი, მაგრამ ბორგშეს სიტუაცია რთულია და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ
გავუმკლავდე.
– არც მე. ერთად რამეს მოვიფიქრებთ.
ბერგერი წუთით გაჩუმდა.
– მენატრები.
– მეც მენატრები.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ Svenska Morgon-Posten-ში გადმოხვიდე ახალი
ამბების რედაქტორად?
– მაგას არასდროს ვიზამ. თქვენთან ხომ ახალი ამბების განყოფილების
რედაქტორი... რა ჰქვია მაგ კაცს... ჰო, მანდ ხომ რედაქტორი ჰოლმია?
– ის ნაღდი იდიოტია.
– მართალია.
– იცნობ?
– კი, 1980-იანი წლების შუაში მასთან სამი თვით ვმუშაობდი. ნაბიჭვარი, ხალხს
ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებს. თანაც...
– თანაც რა?
– არაფერი.
– მითხარი.
– ერთი დროებითი თანამშრომელი გოგოც გვყავდა, მგონი, ულა ერქვა.
ირწმუნებოდა, ჰოლმი უხამსი წინადადებებით მაწუხებსო. არ ვიცი, ეს მართალი
იყო თუ არა, ყოველ შემთხვევაში, პროფკავშირს არაფერი მოუმოქმედებია და
ულასაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს.
ბერგერმა საათს შეხედა და ამოიოხრა. საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოში შევიდა.
ბლუმკვისტი ისევ იწვა, როცა ბერგერი სააბაზანოდან გამოვიდა, ტანი გაიმშრალა და
ჩაიცვა.
– ცოტას კიდევ წავუძინებ, – თქვა ბლუმკვისტმა.
ბერგერმა ლოყაზე აკოცა და გასვლის წინ ხელი დაუქნია.
ფიგეროლა მორტენსონის „ვოლვოსგან“ შვიდი მანქანის მოშორებით გაჩერდა
ლუნტმაკარგატანზე, ულოფ პალმეს ქუჩის კუთხეში. მორტენსონი ავტომატთან
მივიდა პარკინგის საფასურის გადასახდელად. მერე სვეავეგენის მიმართულებით
წავიდა.
ფიგეროლამ საფასური არ გადაიხადა, ამასობაში მორტენსონი გამექცევაო, და
პირდაპირ მას გაჰყვა. მორტენსონმა მარცხნივ, კუნგსგატანზე შეუხვია და მაღალი
შენობის კაფეში შევიდა. ფიგეროლამ სამ წუთს იცადა და შეჰყვა. მორტენსონი უკვე
სპორტული აღნაგობის ქერა მამაკაცს ესაუბრებოდა. პოლიციელიაო, მაშინვე
გაიფიქრა ფიგეროლამ. მასში მალმის მიერ „კოპაკაბანას“ წინ გადაღებულ ფოტოზე
გამოსახული მეორე მამაკაცი ამოიცნო.
ფიგეროლამ ყავა შეუკვეთა, კაფეს შორეულ კუთხეში მოკალათდა და Dagens Nyheter
გადაშალა. მორტენსონი და მისი ამხანაგი ხმადაბლა საუბრობდნენ. ფიგეროლამ
მობილური ტელეფონი ამოიღო და ვითომ ვიღაცას დაურეკა (თუმცა, მამაკაცები მას
საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას), სინამდვილეში კი ფოტო გადაუღო –
მართალია, ცუდი ხარისხისა, მაგრამ მათი შეხვედრის მტკიცებულებად
გამოდგებოდა.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში ქერა მამაკაცმა კაფე დატოვა. ფიგეროლამ გულში
შეიგინა, გარეთ რატომ არ დავრჩი, რომ გამოვიდოდა, ხომ მაინც ვიცნობდიო.
უნდოდა, წამომხტარიყო და დასდევნებოდა, მაგრამ მორტენსონი ჯერაც
მაგიდასთან იჯდა და ყავას წრუპავდა. ახლავე მის მეგობარს რომ გავეკიდო,
მორტენსონი დაეჭვდებაო, იფიქრა ფიგეროლამ.
ცოტა ხნის შემდეგ მორტენსონი ტუალეტში შევიდა. კარი მიიხურა თუ არა,
ფიგეროლა წამოხტა და ქუჩაში გავარდა. მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ქერა მამაკაცი
აღარსად ჩანდა.
სვეავეგენის კუთხემდე მაინც მიირბინა. იქაც რომ ვერ დაინახა, მეტროსადგურში
შევიდა, მაგრამ ამაოდ.
დაღონებული შებრუნდა უკან, მაგრამ მორტენსონიც წასული დახვდა.
რესტორანთან დატოვებულ BMW-სთან მისულმა ბერგერმა ხმამაღლა შეიგინა.
მანქანა ადგილზე იდგა, მაგრამ ვიღაც ნაძირალას ოთხივე საბურავი გაეხვრიტა.
„წყეული ნაბიჭვრები“.
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ევაკუაციის სამსახური გამოიძახა, უთხრა,
მაგვიანდებაო და გასაღები გამოსაბოლქვ მილში დატოვა. თვითონ ჰორნსგატანზე
ჩაირბინა და ტაქსი გააჩერა.
ლიზბეთ სალანდერი „ჰაკერების რესპუბლიკაში“ შევიდა. Plague ხაზზე იყო. მაშინვე
მისწერა.
<გამარჯობა, Wasp. სოლგრენსკაში რა ხდება?>
<სიმშვიდეა. შენი დახმარება მჭირდება.>
<გამოუშვი.>
<იორან მორტენსონი. ცხოვრობს ველინგბიში. მის კომპიუტერში შეღწევა
მჭირდება.>
<OK.>
<ყველაფერი მიქაელ ბლუმკვისტს უნდა გაუგზავნო.>
<ეგრე ვიზამ.>
<„დიდი ძმა“ ბლუმკვისტის ტელეფონს უსმენს და ალბათ ელფოსტასაც
უკონტროლებს. მასალები Hotmail-მისამართზე გაგზავნე.
<OK.>
<თუ რაიმე მიზეზით ჩემთან კონტაქტი ვერ მოხერხდება, ბლუმკვისტმა შენთან
დაკავშირება უნდა შეძლოს.>
<ოჰო.>
<ცოტათი უხეშია, მაგრამ მისი ნდობა შეიძლება.>
<ჰმ.>
<რამდენი გინდა?>
Plague-ს რამდენიმე წამს პასუხი არ გაუცია.
<ამ საქმეს შენს ამჟამინდელ მდგომარეობასთან რამე საერთო აქვს?>
<კი.>
<მაშინ ფული არ მჭირდება.>
<გმადლობ, მაგრამ მე ვალში არასდროს ვრჩები. სასამართლო პროცესის დაწყებამდე
შენი დახმარება სულ დამჭირდება. 30 000-ს გამოგიგზავნი.>
<მაგდენი ფული გაქვს?>
<მაქვს.>
<მაშ კარგი.>
<მგონი, Trinity-ც დაგვჭირდება. შეგიძლია შვედეთში ჩამოსვლაზე დაითანხმო?>
<რისთვის?>
<იმისთვის, რაშიც საუკეთესოა. სტანდარტულ ჯამაგირს გადავუხდი და ხარჯებსაც
ავუნაზღაურებ.>
< ასეთი რა საქმეა?>
სალანდერმა დეტალურად აუხსნა, რაც უნდა ექნათ.
პარასკევს დილით ექიმ იუნასონს აშკარად გაღიზიანებული ინსპექტორი ეჯდა
პირისპირ.
– ვერაფერს ვხვდები, – წამოიწყო ფასტემ, – მეგონა, სალანდერი გამოკეთდა.
გეტებორგში ორი რამისთვის ჩამოვედი: მის დასაკითხად და სტოკჰოლმის
საპატიმროში გადაყვანისთვის მოსამზადებლად – სწორედ საკანშია მისი ადგილი.
– ვწუხვარ, რომ ტყუილად ჩამოხვედით, – თქვა იუნასონმა, – სიამოვნებით
გავწერდი, რადგან პალატების ნაკლებობას განვიცდით, მაგრამ...
– იქნებ თვალთმაქცობს და არაფერი სჭირს?
იუნასონმა თავაზიანად ჩაიცინა.
– არა მგონია. იცით, ლიზბეთ სალანდერს თავში ესროლეს. ტყვია ტვინიდან
ამოვუღე. მისი გადარჩენა-არგადარჩენის ალბათობა ორმოცდაათი ორმოცდაათზე
იყო. ის გადარჩა და გამოკეთების გზას ადგას... მე და ჩემი კოლეგები უკვე მის
გასაწერად ვემზადებოდით, მაგრამ გუშინ მდგომარეობა უეცრად გაუუარესდა:
თავის ტკივილები განუახლდა; ტემპერატურამაც აუწია – წუხელ 380 ჰქონდა; და
ორჯერ აერია გული. ღამით მომჯობინდა და ვიფიქრე, მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება შემთხვევითობა იყო-მეთქი, თუმცა ამ
დილით ტემპერატურა ისევ 390-მდე აუვარდა. ეს უკვე სერიოზულია.
– მიზეზი?
– არ ვიცი, მაგრამ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ცხადად აჩვენებს, რომ ეს
არც გრიპია და არც რომელიმე ვირუსული ინფექცია. მაღალი სიცხის გამომწვევი
მიზეზი ჯერ ვერ დამიდგენია – შეიძლება, უბრალოდ რომელიმე მედიკამენტზე ან
ისეთ რამეზე აქვს ალერგია, რასთანაც ამ ბოლო დროს ჰქონდა შეხება.
კომპიუტერში ერთ-ერთ ფოტოზე დააწკაპუნა და მონიტორი ფასტესკენ მიაბრუნა.
– თავის ქალის რენტგენი გადავუღე. ჭრილობასთან ახლოს ალბათ ამჩნევთ შავ
ლაქებს, რაც შესაძლოა, შეხორცებისას დარჩენილი ნაწიბური ან მცირე სისხლჩაქცევა
იყოს. პოლიციას კი ეჩქარება, მაგრამ სანამ არ დავადგენ, რა სჭირს, საავადმყოფოდან
ვერ გავწერ.
ფასტე ექიმებს არასდროს ეკამათებოდა, რადგან ისინი დედამიწაზე ღმერთის
უმთავრეს წარმომადგენლებად მიაჩნდა. რა თქმა უნდა, პოლიციელების შემდეგ.
– მაშ, რას აპირებთ?
– წოლითი რეჟიმი გამოვუწერე და ფიზიკური თერაპია, რაც მხრისა და თეძოს
ჭრილობის გამო სჭირდებოდა, დროებით შევუჩერე.
– გასაგებია. სტოკჰოლმში პროკურორ ეკსტრომს დავურეკავ. ეს ამბავი არ
გაუხარდება. რა გადავცე?
– ორი დღის წინ სალანდერის გაწერას ამ კვირის ბოლოს ვაპირებდი, მაგრამ
ამჟამინდელი მდგომარეობით, მისი გაწერა სავარაუდოდ კარგა ხნით გადაიდება.
მოგიწევთ შეეგუოთ იმას, რომ სალანდერი მომდევნო კვირასაც აქ გაატარებს.
სტოკჰოლმში მის გადაყვანას ალბათ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეძლებთ.
თუმცა, გააჩნია მისი გამოკეთების ტემპს.
– სასამართლო პროცესი ივლისისთვისაა დანიშნული...
– თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მანამდე უკვე ფეხზე იდგება.
ბუბლანსკიმ ეჭვით შეხედა მაგიდის მეორე მხარეს მჯდარ დაკუნთულ ქალს. ნორ
მელარსტრანდზე, ღია კაფეში ყავას სვამდნენ. პარასკევი იყო, 20 მაისი. ჰაერში უკვე
ზაფხულის სითბო იგრძნობოდა. ინსპექტორმა ფიგეროლამ, მოწმობის თანახმად,
RPS/Säk-ის აგენტმა, სახლიდან გამოსვლისას გააჩერა და სთხოვა ფინჯან ყავაზე
დამეწვიეთ, თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელიო.
თავიდან ბუბლანსკი თავშეკავებულად იქცეოდა, მაგრამ ფიგეროლამ დაარწმუნა,
თქვენი დაკითხივს უფლება არ მაქვს და თუ არ გინდათ, სულაც ნურაფერს
მეტყვითო. ბუბლანსკიმ ჰკითხა, ჩემგან რა გაინტერესებთო და ფიგეროლამ აუხსნა,
ჩემმა უფროსმა არაოფიციალურად დამავალა, გავარკვიო, რა სიმართლეა და რა –
ტყუილი ე. წ. „ზალაჩენკოს საქმეში“, რომელსაც ზოგი „სალანდერის საქმესაც“
უწოდებსო.
– რის გაგება გსურთ? – ჰკითხა ბოლოს ბუბლანსკიმ.
– მითხარით, რა იცით სალანდერის, მიქაელ ბლუმკვისტის, გუნარ ბიორკისა და
ზალაჩენკოს შესახებ. რა საერთო აქვთ მათ ერთმანეთთან?
მათი საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ედკლინთი დიდხანს ფიქრობდა, რა გზას დასდგომოდა. ხუთდღიანი გამოძიების
შემდეგ ფიგეროლამ უტყუარი მტკიცებულებები წარმოუდგინა, რომ RPS/Säk-ში
ყველაფერი რიგზე ვერ იყო. სანამ დამატებით ინფორმაციას შეაგროვებდა,
ფრთხილად უნდა ემოქმედა. კონსტიტუციური დილემის წინაშე იდგა: საიდუმლო
გამოძიების წარმოების უფლება არ ჰქონდა, მით უმეტეს, კოლეგების წინააღმდეგ.
შესაბამისად, საკუთარი ქმედების ლეგიტიმაციისთვის საბაბი სჭირდებოდა. უარეს
შემთხვევაში, შეეძლო პოლიციელობა მოემიზეზებინა – დანაშაულის გამოძიება ხომ
მისი უპირველესი მოვალეობა იყო. თუმცა, იმდენად დელიკატურ საქმესთან
ჰქონდა შეხება, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი და მაშინვე დაითხოვდნენ. ამიტომაც
მთელი პარასკევი კაბინეტში იჯდა და ფიქრობდა.
ბოლოს, დაასკვნა, რამდენად დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, არმანსკი
სიმართლეს ამბობსო. RPS/Säk-ში მართლაც არსებობდა შეთქმულება და
მცირერიცხოვანი ჯგუფი ჩვეულებრივი ოპერაციების მიღმა პარალელურ
საქმიანობას ეწეოდა. რაკი მათი საქმიანობა უკვე მრავალი წელი გრძელდებოდა –
სულ ცოტა, 1976 წლიდან, როცა ზალაჩენკო ჩამოვიდა შვედეთში – აუცილებლად
ზედა ეშელენობის მიერ უნდა ყოფილიყო სანქცირებული. თუმცა, რამდენად
მაღალჩინოსნები იყვნენ შეთქმულნი, ედკლინთს წარმოდგენა არ ჰქონდა.
მან ბლონკოტის ფურცელზე სახელები ჩამოწერა:
„იორან მორტენსონი, პირადი დაცვის განყოფილება. კრიმინალური ინსპექტორი.
გუნარ ბიორკი, იმიგრანტთა განყოფილების უფროსის მოადგილე. გარდაცვლილი
(თვითმკვლელობა?).
ალბერტ შენკე, სამდივნოს უფროსი, RPS/Säk.
ფიგეროლა ეჭვობდა, რომ მორტენსონი პირადი დაცვის განყოფილებიდან ვითომდა
კონტრდაზვერვის განყოფილებაში სამდივნოს უფროსის თანხმობით გადაიყვანეს.
სინამდვილეში მორტენსონი ჟურნალისტ მიქაელ ბლუმკვისტს უთვალთვალებდა
და კონტრდაზვერვის განყოფილების ოპერაციებში საერთოდ არ მონაწილეობდა.
ედკლინთმა სიას კიდევ რამდენიმე სახელი დაამატა:
პეტერ ტელებორიანი, ფსიქიატრი.
ლარს ფაულსონი, ზეინკალი.
ოთხმოციანების მიწურულს და ოთხმოცდაათიანების დასაწყისში RPS/Säk-მა
ტელებორიანი სამჯერ მოიწვია კონსულტანტად და ედკლინთმა არქივში სამივე
საქმეს გადახედა. პირველი შემთხვევა მეტად ექსტრაორდინალური იყო:
კონტრდაზვერვამ შვედურ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში რუსი
ინფორმატორი გამოავლინა. ჯაშუშის წარსულიდან ირკვეოდა, რომ გამოშკარავების
შემთხვევაში მას შეიძლებოდა თავი მოეკლა. ტელებორიანის ბრწყინვალე ანალიზის
შემდეგ კონტრდაზვერვამ მისი ორმაგ აგენტად ქცევა მოახერხა. მომდევნო ორ
შემთხვევაში ტელებორიანი ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმისთვის იხმეს: RPS/Säk-
ის ერთ-ერთ თანამშრომელს ალკოჰოლთან პრობლემა ჰქონდა და მას დაეხმარა,
მესამედ ერთი აფრიკელი დიპლომატის უჩვეულო სექსუალური ქცევების მიზეზები
დაადგენინეს.
არც ტელებორიანი და მით უმეტეს, არც ფაულსონი RPS/Säk-ში არ მუშაობდნენ.
თუმცა, მათი საქმიანობა მაინც დაკავშირებული იყო... რასთან?
შეთქმულება პირდაპირ უკავშირდებოდა აწ გარდაცვლილ ალექსანდერ
ზალაჩენკოს, რომელიც 1976 წლის არჩევნების დღეს ჩაბარდა შვედეთის მთავრობას.
ამ ადამიანზე მანამდე არავის არაფერი სმენოდა.
„ნუთუ ეს შესაძლებელია?“
ედკლინთმა სცადა წარმოედგინა, 1976 წლის იმ დღეს, როცა ზალაჩენკომ
თავშესაფარი ითხოვა, უსაფრთხოების სამსახურის შეფი რომ ყოფილიყო, თვითონ
როგორ მოიქცეოდა.
„რას ვიზამდი? უპირველეს ყოვლისა, ფაქტს გავასაიდუმლოებდი. რაც უფრო
ნაკლებ ადამიანს ეცოდინებოდა ამის შესახებ, მით უფრო ნაკლები ალბათობა
იქნებოდა იმისა, რომ ინფორმაცია რუსებამდე მიაღწევდა. მოკლედ, რამდენ
ადამიანს ვეტყოდი?
ოპერატიულ განყოფილებას ვაცნობებდი?
უცნობ ოპერაციათა განყოფილებას?“
წესით და რიგით, ზალაჩენკოსთვის კონტრდაზვერვის განყოფილებას უნდა
მიეხედა. უკეთესი იქნებოდა, სამხედრო დაზვერვის სამსახურს რომ ეკისრა მისი
მფარველობა, მაგრამ მათ ამ ტიპის ოპერატიული ღონისძიების გასატარებლად არც
რესურსი გააჩნდათ და არც – გამოცდილება. ამგვარად, დარჩა მხოლოდ RPS/Säk.
თუმცა, კონტრდაზვერვის განყოფილებაში ზალაჩენკოს საქმე არ მოხვედრილა.
საკვანძო ფიგურა ბიორკი იყო; სწორედ ის ზედამხედველობდა ზალაჩენკოს. ბიორკს
კი კონტრდაზვერვასთან შეხება არასდროს ჰქონია. საერთოდაც, ის იდუმალების
ბურუსში იყო გახვეული. ოფიციალურად სამოცდაათიანი წლებიდან იმიგრანტთა
საკითხების განყოფილებაში მუშაობდა, მაგრამ სინამდვილეში ოთხმოცდაათიანი
წლების დასაწყისამდე, ანუ მანამ, სანამ უეცრად განყოფილების უფროსის
მოადგილედ დანიშნავდნენ, იქ იშვიათად ხედავდნენ.
გარდა ამისა, ბიორკი ბლუმკვისტის მთავარი ინფორმატორი იყო. როგორ აიძულა
ბლუმკვისტმა ბიორკი, მისთვის, ჟურნალისტისთვის, ასეთი სკანდალური
ინფორმაცია გაემხილა?
მეძავების მეშვეობით.
ბიორკი თინეიჯერ მეძავებთან ერთობოდა და „მილენიუმი“ მის მხილებას
აპირებდა. ბლუმკვისტმა ბიორკი ალბათ დააშანტაჟა.
შემდეგ ამ ამბავში სალანდერიც გაერია.
აწ გარდაცვლილი ადვოკატი ბიურმანი იმიგრანტთა საკითხების განყოფილებაში
ბიორკთან ერთად მუშაობდა. სწორედ ისინი შეხვდნენ პირველად ზალაჩენკოს.
მაგრამ ვისი ბრძანების თანახმად?
შვედეთის მთავრობას ისეთმა მნიშვნელოვანმა საბჭოთა ჯაშუშმა სთხოვა
თავშესაფარი, რომ განკარგულებები ალბათ უმაღლესი ეშელონიდან გაიცემოდა.
„ზალაჩენკოსთან დაკავშირებით განკარგულება მთავრობამ გასცა. ამ ოპერაციას
მთავრობა მფარველობდა. სხვანაირად გამორიცხულია“.
ედკლინთს ცუდი წინათგრძნობა გაუჩნდა. ყველაფერი ზემოთ თქმული
დამაჯერებელი იყო. მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა.
აი, 1991 წლის შემთხვევა გაუგონარი იყო: ბიორკმა ტელებორიანი დაიქირავა, რომ
ყალბი დასკვნა დაეწერა და ფსიქიკურად ავადმყოფად გამოცხადებული სალანდერი
ბავშვთა ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩაეკეტათ. ეს საშინელი დანაშაული იყო.
ასეთ განკარგულებას მთავრობა ვერ გასცემდა, ეს უკვე ვიღაც ერთი ადამიანის
განკარგულება უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი ინგმარ
კარლსონი კარლ ბილდტმა შეცვალა. ვერა, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა
მსგავსი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ეს ამბავი
რომ გამსკდარიყო, მათი კარიერა სამუდამოდ დასამარდებოდა.
„თუ ამ საქმეში შვედეთის მთავრობა მაინც გარეულია, მაშინ არაფრით ყოფილა
მსოფლიოს ნებისმიერ დიქტატურაზე უკეთესი. ეს შეუძლებელია“.
აქეთ კიდევ 12 აპრილის შემთხვევები... „სოლგრენსკაში“ ზალაჩენკო ვიღაც
შეშლილმა, მოხუცმა ფანატიკოსმა მოკლა, იმავდროულად ბლუმკვისტის ბინა
გაქურდეს და ადვოკატი ჯიანინი დააყაჩაღეს. ორივე შემთხვევაში ბიორკის 1991
წლის მოხსენების ასლი მოიპარეს. პოლიციაში ძარცვის თაობაზე არც ერთს არ
განუცხადებია.
იმავდროულად, ბიორკმა – ვისაც ედკლინთი ალბათ სერიოზულად
დაელაპარაკებოდა – თავი ჩამოიხრჩო.
ამდენი დამთხვევის არც ედკლინთს სჯეროდა, არც – ინსპექტორ ბუბლანსკის და
არც – ბლუმკვისტს. ედკლინთმა კიდევ ერთხელ აიღო ხელში ავტოკალამი.
„ევერტ გულბერგი, სამოცდათვრამეტი წლის. საგადასახადო სამართლის
სპეციალისტი?“
„ვინ ჯანდაბაა ევერტ გულბერგი?“
RPS/Säk-ის შეფთან დარეკვას აპირებდა, მაგრამ თავი იმ უბრალო მიზეზით შეიკავა,
რომ არ იცოდა, რამდენად მაღალ საფეხურამდე ვრცელდებოდა შეთქმულთა წრე.
უკვე ვეღარ ხვდებოდა, ვინ იყო სანდო და ვინ – არა.
ისიც კი იფიქრა, იქნებ ჩვეულებრივ პოლიციას მივმართოო. იან ბუბლანსკი რონალდ
ნიდერმანის საქმის ძიებას ხელმძღვანელობდა და საქმესთან დაკავშირებული
ნებისმიერი ინფორმაციით დაინტერესდებოდა. თუმცა, წმინდა პოლიტიკური
თვალსაზრისით, ამის გაკეთება არ ივარგებდა.
მხრებზე მძიმე ტვირთი დააწვა.
არსებობდა კონსტიტუციურად გამართლებული ერთადერთი გზა, რომელიც მძიმე
ვითარებაში აღმოჩენის შემთხვევაში იხსნიდა – უფროსისთვის უნდა მიემართა და
მისგან პოლიტიკური მხარდაჭერა მიეღო.
პარასკევს, 16:00 საათზე, ყურმილი აიღო და დაურეკა იუსტიციის მინისტრს,
რომელთანაც მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებდა და რომელსაც ყრილობებსა და
თათბირებზე ხშირად ხვდებოდა. მასთან ხუთ წუთში დააკავშირეს.
– გამარჯობა, ტორსტენ, – მიესალმა მინისტრი, – კარგა ხანია, არ შევხვედრივართ.
პრობლემაა რამე?
– სიმართლე გითხრათ, იმის გასაგებად გირეკავთ, რამდენად სანდოდ მიგაჩნივართ.
– სანდოდ? უცნაური შეკითხვაა. პირადად მე სრულიად გენდობით. რატომ
მეკითხებით?
– თქვენთან მეტად უჩვეულო სათხოვარი მაქვს. თქვენ და პრემიერ-მინისტრს უნდა
შეგხვდეთ და რაც შეიძლება მალე.
– ოჰო!
– თქვენი ნებართვით, დანარჩენს პირადად აგიხსნით. ახლა მაგიდაზე ისეთი საქმე
მიდევს, თქვენ და პრემიერ-მინისტრმა აუცილებლად უნდა იცოდეთ.
– ტერორისტებსა და მათ მუქარებს ხომ არ ეხება საქმე?
– არა, უფრო სერიოზულია. თქვენთან ამ თხოვნით დარეკვით სასწორზე ჩემს
რეპუტაციას და კარიერას ვდებ.
– გასაგებია. ამიტომაც მკითხეთ სანდოობაზე. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა
როდისთვის გინდათ?
– თუ შეიძლება, დღესვე.
– ახლა უკვე მართლა ავღელდი.
– სამწუხაროდ, მიზეზი ნამდვილად გაქვთ.
– შეხვედრა რამდენ ხანს გაგრძელდება?
– ალბათ ერთ საათს.
– გადმოგირეკავთ.
იუსტიციის მინისტრმა ათ წუთში დაურეკა და შეატყობინა, რომ პრემიერ-მინისტრი
ედკლინთს თავის რეზიდენციაში 21:30 საათზე მიიღებდა.
„ხვალ დილით ჩემს კარიერას შეიძლება ბოლო მოეღოს“, – ხელისგულები ოფლით
დაეცვარა ედკლინთს და მაშინვე ფიგეროლას დაურეკა.
– გამარჯობა, მონიკა. 21:00 საათზე სამსახურში გამოცხადდი. აჯობებს, კოხტად
ჩაიცვა.
– მე ყოველთვის კოხტად მაცვია, – უპასუხა ფიგეროლამ.
პრემიერ-მინისტრმა კონსტიტუციური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს
ისეთი დაეჭვებით შეხედა, რომ ედკლინთს მოეჩვენა, თითქოს პრემიერ-მინისტრის
სათვალის მინებს მიღმა კბილანები სწრაფად ტრიალებდა.
პრემიერ-მინისტრმა ედკლინთიდან მზერა ფიგეროლაზე გადაიტანა, რომელსაც
ანგარიშის წარდგენისას ხმა არ ამოუღია. ამ უჩვეულოდ მაღალსა და დაკუნთულ
ქალს თავაზიანი, მოლოდინით აღსავსე გამომეტყველება ჰქონდა. ბოლოს პრემიერ-
მინისტრმა იუსტიციის მინისტრს შეხედა. ეს უკანასკნელი ერთიანად
გაფითრებულიყო.
პრემიერ-მინისტრმა ამოიოხრა, სათვალე მოიხსნა და ცარიელ სივრცეს მიაშტერდა.
– კიდევ ერთ ფინჯან ყავას დავლევდი. თქვენც ხომ არ გნებავთ? – იკითხა ბოლოს.
– დიახ, თუ შეიძლება, – თქვა ფიგეროლამ.
ედკლინთმაც თავი დაუქნია და პრემიერ-მინისტრმა ყავა ყავადნიდან ფინჯნებში
ჩამოასხა.
– მოდი, ერთხელაც გადავამოწმებ, ხომ სწორად გავიგე, – თქვა პრემიერ-მინისტრმა,
– ეჭვობთ, რომ უსაფრთხოების სამსახურში შეთქმულებაა, შეთქმულები
კონსტიტუციის დარღვევით მოქმედებენ და წლების განმავლობაში მრავალი
სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს.
– დიახ.
– ხოლო მე იმიტომ მომმართეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსობას არ
ენდობით?
– მთლად ასე ვერ ვიტყოდი, – თქვა ედკლინთმა, – პირადად თქვენ იმიტომ
მოგმართეთ, რომ მსგავსი საქმიანობა არაკონსტიტუციურია. თუმცა, ჯერ არ ვიცი,
შეთქმულების მიზანი რა არის და შეიძლება რაღაც შეცდომით გავიგე. ისიც ხომ
შეიძლება, რომ მსგავსი საქმიანობა მთავრობის მიერ იყოს სანქცირებული? ასეთ
შემთხვევაში, არ მინდა, უნებლიეთ ხელი შევუშალო საიდუმლო ოპერაციას.
პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრს გადახედა. ორივე მიხვდა, რომ
ედკლინთი თავს იზღვევდა.
– ასეთი რამ არასდროს მსმენია. თქვენ ხომ არ იცით რამე ამის შესახებ?
– სრულიად არაფერი, – უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, – უსაფრთხოების
სამსახურის არც ერთ მოხსენებაში ამ საქმეზე არანაირი მინიშნება არ შემიმჩნევია.
– ბლუმკვისტს მიაჩნია, რომ „სეპოში“ დაჯგუფება არსებობს, და მას „ზალაჩენკოს
კლუბს“ უწოდებს, – თქვა ედკლინთმა.
– არასდროს მსმენია, რომ შვედეთმა ასეთი მნიშვნელოვანი რუსი ჯაშუში შეიფარა, –
თქვა პრემიერ-მინისტრმა, – მაშ, ეს ფელდინის მმართველობის დროს მოხდა?
– არ მჯერა, რომ ფელდინმა ეს არავის გაუმხილა, – თქვა იუსტიციის მინისტრმა, –
მსგავსი მაღალი დონის ჯაშუშის შესახებ ინფორმაციას აუცილებად გადასცემდა მის
შემდეგ მოსულ ადმინისტრაციას.
ედკლინთმა ჩაახველა.
– არ დაგავიწყდეთ, რომ ფელდინის კონსერვატიული მთავრობა ულოფ პალმეს
მთავრობამ შეცვალა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ RPS/Säk-ში ჩემი
წინამორბედები პალმეს ეჭვის თვალით უყურებდნენ...
– ანუ ვიღაცას სოციალ-დემოკრატთა მთავრობის ინფორმირება დაავიწყდა?
ედკლინთმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
– ფელდინი ორჯერ აირჩიეს პრემიერ-მინისტრად და კოალიციური მთავრობა
ორჯერვე დაიშალა. პირველად ის 1979 წელს, უმცირესობის ლიდერმა ულა
ულსტენმა შეცვალა. შემდეგ ის კოალიციური მთავრობაც დაიშალა, რადგან
„ზომიერებმა“ ალიანსი დატოვეს და „სახალხო პარტიასთან“ ერთად
ხელისუფლების სათავეში კვლავ ფელდინი მოვიდა. დარწმუნებული ვარ, იმ
ქაოსურ პერიოდში მინისტრთა კაბინეტში დიდი არეულობა სუფევდა. ისიც
შეიძლება, რომ ინფორმაციას ზალაჩენკოს არსებობაზე ძალიან ვიწრო წრე ფლობდა
და ფელდინმაც არაფერი იცოდა.
– ასეთ შემთხვევაში ვინ არის პასუხისმგებელი? – იკითხა პრემიერ-მინისტრმა.
ფიგეროლას გარდა ყველამ თავი გააქნია.
– ვეჭვობ, ეს ყველაფერი პრესაში გაჟონავს, – შენიშნა პრემიერ-მინისტრმა.
– ბლუმკვისტი და მისი ჟურნალი „მილენიუმი“ ამ ინფორმაციის გახმაურებას
აპირებს. ერთი სიტყვით, ორ ცეცხლს შუა მოვექეცით და გამოსავალი უნდა ვეძიოთ,
– ედკლინთმა სიფრთხილე გამოიჩინა და გამიზნულად გამოიყენა მრავლობითი
ფორმა.
პრემიერ-მინისტრმა თავი დაუქნია. ის სიტუაციის სირთულეს ცხადად
აცნობიერებდა.
– მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ ეს ინფორმაცია დროულად მომაწოდეთ.
როგორც წესი, დაუგეგმავ შეხვედრებზე არ ვთანხმდები ხოლმე, მაგრამ იუსტიციის
მინისტრმა მითხრა, რომ კეთილგონიერი ადამიანი ხართ და თქვენს დაჟინებულ
თხოვნას, სწრაფად და უჩუმრად შევხვედროდით, სათანადო მიზეზი აუცილებლად
ექნებოდა.
ედკლინთმა შვებით ამოისუნთქა. რაც უნდა მოხდეს, პრემიერ-მინისტრის რისხვა
მაინც აღარ დამატყდება თავსო.
– ახლა კი უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცევით. რამეს ხომ არ
შემოგვთავაზებთ?
– შეიძლება, – შეყოყმანდა ედკლინთი.
მაგრამ სანამ ის მხნეობას მოიკრებდა, ფიგეროლამ ჩაახველა.
– შეიძლება რაღაც ვთქვა?
– გთხოვთ, – ნება დართო პრემიერ-მინისტრმა.
– თუ მთავრობამ მართლა არაფერი იცის ამ ოპერაციის შესახებ, მაშინ ის უკანონოა.
პასუხისმგებელი პიროვნება სახელმწიფო მოხელე, ან სულაც მოხელეები, ყოფილან,
რომელთაც თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს. თუ ბლუმკვისტის ყველა
ბრალდება დადასტურდება, გამოვა, რომ RPS/Säk-ის თანამშრომელთა ჯგუფი
წლების განმავლობაში კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა. ამ შემთხვევაში
პრობლემა ორად გაიყოფა.
– რას გულისხმობთ?
– უპირველეს ყოვლისა ჩნდება შეკითხვა: ეს როგორ მოხდა? ვინ არის
პასუხისმგებელი? როგორ მოხერხდა ავტორიტეტულ პოლიციურ ორგანიზაციაში
შეთქმულთა დაჯგუფების შექმნა? ან ასეთი რამ ამდენი ხნის განმავლობაში ასე
შეუმჩნევლად როგორ გაგრძელდა? ვინ მალავდა და აფინანსებდა მსგავს
საქმიანობას?
– განაგრძეთ, – სთხოვა ფიგეროლას პრემიერ-მინისტრმა.
– ამ თემაზე ალბათ წიგნები დაიწერება. ცხადია, შეთქმულთა ჯგუფი
ყოველწლიურად სულ ცოტა, რამდენიმე მილიონი კრონით ფინანსდებოდა.
უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი გადავამოწმე და იქ ვერც ერთი ისეთი მუხლი
ვერ ვიპოვე, „ზალაჩენკოს კლუბისთვის“ ფინანსების გამოყოფის ვალდებულებას
რომ ჰგავდეს. თუმცა, მოგეხსენებათ, არსებობს რამდენიმე საიდუმლო ფონდი,
რომლებზეც მხოლოდ საბიუჯეტო დეპარტამენტისა და სამდივნოს უფროსებს
მიუწვდებათ ხელი.
პრემიერ-მინისტრმა პირქუშად დაუქნია თავი და გაიფიქრა, რატომ არის „სეპო“
ყოველთვის ძნელად სამართავიო.
– ახლა მეორე საკითხი: ვინ არის გარეული? უფრო ზუსტად, ვინ უნდა
დავაპატიმროთ? ჩემი აზრით, ამ შეკითხვებზე პასუხს მომდევნო რამდენიმე
წუYთში თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს, – უთხრა
ფიგეროლამ პრემიერ-მინისტრს.
ედკლინთს სუნთქვა შეეკრა. რომ შესძლებოდა, წვივზე ფეხსაც კი გაჰკრავდა
ფიგეროლას, რომელმაც მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ პრემიერ-მინისტრს
დააკისრა პასუხისმგებლობა. თავად ედკლინთსაც საბოლოოდ აქამდე უნდა
მიეყვანა საუბარი, მაგრამ უფრო გრძელი, დიპლომატიური გზით.
– თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ?
– მგონი, ერთნაირი პოზიცია გვაქვს. სამი წელია, კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტში ვმუშაობ და ამ ორგანიზაციას შვედეთის დემოკრატიისთვის
უმნიშვნელოვანესად მივიჩნევ. ბოლო წლებში უსაფრთხოების სამსახური
კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდენია და, ბუნებრივია, მინდა, რომ ეს სკანდალი
მთელ RPS/Säk-ს არ შეეხოს. უნდა გვახსოვდეს, რომ კრიმინალურ საქმიანობას
მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი ეწევა.
– ამ ტიპის ოპერაცია მთავრობის მიერ ნამდვილად არ არის სანქცირებული, – თქვა
იუსტიციის მინისტრმა.
ფიგეროლამ თავი უხმოდ დაუქნია, რამდენიმე წამის შემდეგ კი განაგრძო:
– ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, სკანდალი მთავრობას არ შეეხოს, ხოლო თუ
მთავრობა ამ ამბის მიჩქმალვას შეეცდება, ეს აუცილებად მოხდება.
– მთავრობა კრიმინალზე თვალს არ ხუჭავს, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.
– გეთანხმებით, მაგრამ მაინც ვივარაუდოთ, რომ მთავრობას ამის გაკეთება
მოუნდეს – ამას მასშტაბური სკანდალი მოჰყვება.
– განაგრძეთ, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
– ამ შემთხვევაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ამ საქმის
გამოსაძიებლად თავად მოუწევს კანონის დარღვევა. ჩვენ კი გვინდა, რომ
ყველაფერი კანონიერად და კონსტიტუციის შესაბამისად მოხდეს.
– ეს ყველას გვინდა, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
– მაშინ გირჩევთ, გამოიყენოთ პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და კუდ-ს
დაუყოვნებლივ ამ ვაკხანალიაში გარკვევა დაავალოთ, – თქვა ფიგეროლამ, – გაეცით
წერილობითი განკარგულება და მოგვანიჭეთ სათანადო უფლებამოსილება.
– არა მგონია, თქვენი წინადადება კანონიერი იყოს, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.
– კანონიერია. როცა კონსტიტუციას საფრთხე ემუქრება, მთავრობას თითქმის
უსაზღვრო ძალაუფლება ენიჭება. როცა სამხედრო ან საპოლიციო ჯგუფი
დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ
შვედეთში დე-ფაქტო გადატრიალება მოხდა.
– საგარეო პოლიტიკის? – გაიკვირვა იუსტიციის მინისტრმა.
მოულოდნელად პრემიერ-მინისტრმა თავი დააქნია.
– ზალაჩენკო უცხოელი ჯაშუში იყო, – თქვა ფიგეროლამ, – ბლუმკვისტის თქმით, ის
უცხოური დაზვერვის სამსახურებიდან მოპოვებულ ცნობებს გვაწვდიდა. რადგან
ამის შესახებ მთავრობას არ შეატყობინეს, გამოდის, სახელმწიფო გადატრიალება
მომხდარა.
– თქვენი არგუმენტი ჩემთვის გასაგებია, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, – ახლა ჩემს
აზრს მოგახსენებთ.
ის წამოდგა, მაგიდას შემოუარა და ედკლინთის წინ გაჩერდა.
– ძალიან ნიჭიერი კოლეგა გყოლიათ. პირდაპირ მიზანში მოარტყა.
ედკლინთმა ნერწყვი ჩაყლაპა და თავი დააქნია. პრემიერ-მინისტრი იუსტიციის
მინისტრს მიუბრუნდა:
– სახელმწიფო მდივანსა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
დაუკავშირდით. ხვალ დილით მაგიდაზე უნდა მედოს დოკუმენტი, რომლითაც
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს განსაკუთრებული
უფლებამოსილება მიენიჭება სამოქმედოდ. დეპარტამენტს ევალება, გადაამოწმოს
ის მტკიცებულებები, რომლებიც ახლახან განვიხილეთ. უნდა გაირკვეს უკანონო
საქმიანობის მასშტაბები და მისი მონაწილეები. დოკუმენტში არ უნდა ჩაიწეროს,
რომ თქვენ წინასწარ გამოძიებას ატარებYთ. თუ არ ვცდები, წინასწარი გამოძიების
ხელმძღვანელის დანიშვნა ასეთ ვითარებაში მხოლოდ გენერალურ პროკურორს
შეუძლია. ჩემი ნებართვით, უფლება გეძლევათ, კერძო გამოძიება აწარმოოთ. ანუ,
ოფიციალურ საჯარო მოხსენებას მოამზადებთ. გასაგებია?
– დიახ, მაგრამ წინასწარ ვიტყვი, რომ თავად ყოფილი პროკურორი გახლავართ.
– იურიუდიული დეპარტამენტის უფროსს დაველაპარაკებით და ვკითხავთ, როგორ
მოგვარდეს იურიუდიული ფორმალობები. ყოველ შემთხვევაში, იცოდეთ, რომ
გამოძიების შედეგებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ ერთს დაგეკისრებათ.
თანაშემწეებს თავად შეარჩევთ. თუ კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელ
მტკიცებულებებს აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ გენერალურ პროკურორს მიაწვდით.
თუ საჭირო იქნება, საქმეს ის აღძრავს.
– ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პარლამენტის სპიკერი და საკონსტიტუციო კომისია
უნდა გააფრთხილოთ, თორემ ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება... – თქვა
იუსტიციის მინისტრმა.
– რაც ნიშნავს, რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ფიგეროლამ ხელი ასწია.
– გისმენთ, – საუბრის ნება დართო პრემიერ-მინისტრმა.
– კიდევ ორი პრობლემა რჩება: „მილენიუმის“ პუბლიკაცია შეიძლება ჩვენს
გამოძიებას შეეჯახოს; და ლიზბეთ სალანდერის საქმის განხილვა რამდენიმე
კვირაში დაიწყება.
– ვერ დავადგენთ, „მილენიუმი“ როდის გეგმავს მასალის გამოქვეყნებას?
– შეგვიძლია ვიკითხოთ, – თქვა ედკლინთმა, – პრესასთან დაპირისპირება
ნამდვილად არ გვინდა.
– რაც შეეხება სალანდერს... – დაიწყო იუსტიციის მინისტრმა, მაგრამ წამით
შეყოვნდა, – საშინელებაა, თუ მართლა ისე უსამართლოდ მოექცნენ, როგორც
„მილენიუმი“ ამტკიცებს. ნუთუ ეს შესაძლებელია?
– ვშიშობ, რომ კი, – უპასუხა ედკლინთმა.
– ასეთ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული
გამოვისყიდოთ. რაც მთავარია, უსამართლობის მსხვერპლი ხელახლა აღარ უნდა
გახდეს.
– ეს როგორ უნდა მოხერხდეს? – ჩაერთო იუსტიციის მინისტრი, – მთავრობა
მიმდინარე სასამართლო პროცესში ვერ ჩაერევა. ეს კანონს ეწინააღმდეგება.
– პროკურორს ვერ დაველაპარაკებით?
– ვერა, – თავი გააქნია ედკლინთმა, – პრემიერ-მინისტრს იურიდიულ პროცესებში
ჩარევა ეკრძალება.
– ერთი სიტყვით, სალანდერს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს, – თქვა
იუსტიციის მინისტრმა, – თუ საქმეს წააგებს და საჩივრით სახელმწიფოს
მიმართავს, მთავრობა მხოლოდ მაშინ შეძლებს შეიწყალოს ან გენერალურ
პროკურატურას სთხოვოს გადაამოწმოს, არსებობს თუ არა საქმის ხელახალი
განხილვისთვის რაიმე საფუძველი. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ
სალანდერს პატიმრობას მიუსჯიან. ხოლო Yთუ ფსიქიატრიულ კლინკიაში
მოათავსებენ, მთავრობა ვეღარაფერს იზამს. ეს უკვე ექიმების კომპეტენციაა.
პრემიერ-მინისტრი ვერ გადაწყვეტს, სალანდერი ჯანმრთელია თუ შეურაცხადი.
პარასკევს, 22:00 საათზე, სალანდერმა საკლიტურში გასაღების გადატრიალების ხმა
გაიგონა და პალმტოპი მაშინვე ლეიბის ქვეშ შეაცურა. თავი რომ ასწია, პალატაში
ექიმი იუნასონი დაინახა.
– საღამო მშვიდობისა, ფრეკენ სალანდერ, – მიესალმა ექიმი, – თავს როგორ გრძნობ?
– თავი მისკდება და სიცხე მაქვს.
– ეს ცუდია.
სალანდერი არც თავის ტკივილით გაწამებულს ჰგავდა და არც – დასიცხულს.
იუნასონმა ათი წუთი დაუთმო მის გამოკვლევას. გაირკვა, რომ საღამოს მისი
სხეულის ტემპერატურა კვლავ საგრძნობლად მომატებულიყო.
– არადა, რეაბილიტაციის პროცესი ისე კარგად მიდიოდა; სამწუხაროა, რომ
ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა გაუარესდა. კიდევ ორი კვირა ვეღარ გაგწერ
საავადმყოფოდან.
– წესით, ორი კვირა უნდა მეყოს.
ლონდონიდან სტოკჰოლმამდე დაახლოებით 1900 კილომეტრია. ავტომანქანით ამ
მანძილის გავლას დაახლოებით ოცი საათი სჭირდება. სინამდვილეში კი
დაახლოებით ოცი საათი დასჭირდა Trinity-ს გერმანიისა და დანიის ჩრდილოეთ
საზღვრამდე ფურგონით მისაღწევად. ცა საავდრო ღრუბლებს დაეფარა და
ერესუნდბრუნში თავსხმა წამოეწია. მან სიჩქარე შეანელა და საქარე მინის
საწმენდები ჩართო.
Trinity-ს ევროპაში მანქანით მოგზაურობა სძულდა, რადგან ამ კონტინენტზე ყველა
გზის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა. შინიდან პარასკევს დილით
გამოვიდა და დოვერიდან ბორნით კალეში გადავიდა. შემდეგ ლიეჟის გავლით
გადაკვეთა ბელგია, გერმანიის საზღვარზე გადავიდა აახენთან და ავტობანით
ჰამბურგისა და დანიის მიმართულებით იარა.
მის თანამგზავრ Bob the Dog-ს უკანა სავარძელზე ეძინა. საჭეს რიგრიგობით
მართავდნენ და გზაში ორჯერ რამდენიმე საათით შეჩერების გარდა, მუდმივად
თანაბარი, 90 კმ/სთ-ის სიჩქარით მიდიოდნენ. ფურგონი უკვე თვრამეტი წლის იყო
და უფრო სწრაფად მაინც ვერ ივლიდა.
ლონდონიდან სტოკჰოლმამდე თვითმფრინავით უფრო იოლად ჩააღწევდა, მაგრამ
ჩვეულებრივი რეისით ოცდაათ კილოგრამ ელექტრომოწყობილობებს არავინ
წააღებინებდა. ექვსი სახელმწიფოს საზღვარი გადაკვეთეს, მაგრამ არც ერთ
საბაჟოზე არ გაუჩერებიათ. Trinity ევროკავშირის თავგამოდებული დამცველი იყო,
რადგან მისი წესები და კანონები კონტინენტზე სტუმრობას უადვილებდა.
Trinity ბრედფორდში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდან ლონდონში ცხოვრობდა.
საშუალო სკოლაში უბადრუკი განათლება მიიღო, შემდეგ პროფესიული
სასწავლებელი დაამთავრა სატელეკომუნიკაციო ტექნიკოსის სპეციალობით და სამი
წელი, სანამ ოცდაორი წლის გახდებოდა, British Telecom-ში იმუშავა. კარგად
შეისწავლა, როგორ ფუნქციონირებდა სატელეფონო ქსელი და, როცა მიხვდა, რომ ის
ძალიან მოძველებული იყო, უსაფრთხოების კერძო კონსულტანტად დაიწყო
მუშაობა, სიგნალიზაციებს და სახლის სხვა დამცავ მოწყობილობებს ამონტაჟებდა.
განსაკუთრებულ კლიენტებს ფარული კამერებით თვალთვალსა და სატელეფონო
მოსმენებსაც სთავაზობდა.
უკვე ოცდათორმეტი წლისა ელექტრონიკასა და კომპიუტერულ ტექნიკაში ისე
მაგრად ერკვეოდა, რომ ამ სფეროში ნებისმიერ პროფესორს გაუწევდა
კონკურენციას. კომპიუტერს ათი წლისა დაუამხანაგდა და პირველი კომპიუტერი
ცამეტი წლისამ „გატეხა“.
მადააღძრული, ამ საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდა და თექვსმეტი წლისა უკვე
მსოფლიოს საუკეთესო ჰაკერებს უწევდა კონკურენციას. ხანდახან დღეობით
კომპიუტერის ეკრანის წინ იჯდა, ახალ პროგრამებს წერდა და ინტერნეტში
ვერაგულ ხაფანგებს აგებდა. BBC-ის, თავდაცვის სამინისტროს და სკოტლანდ-
იარდის საიტები „გატეხა“. რამდენიმე საათით ჩრდილოეთის ზღვაში მოცურავე
ატომურ წყალქვეშა ნავზეც კი დაამყარა კონტროლი. კიდევ კარგი, Trinity
ცნობისმოყვარე ჰაკერი უფრო იყო, ვიდრე ბოროტი ინტერნეტ-მოროდიორი. როგორც
კი უცხო კომპიუტერში შეაღწევდა და საჭირო ინფორმაციას მოიპოვებდა,
ყველანაირ ინტერესს კარგავდა.
ის „ჰაკერების რესპუბლიკის“ ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, ხოლო Wasp – ამ
რესპუბლიკის მოქალაქე. სტოკჰოლმში კვირას, დილის 7:30 საათზე ჩავიდნენ.
სკერჰოლმენში კუნგენს-კურვაზე IKEA-ს მაღაზიას რომ ჩაუარეს, Trinity-მ
მობილური ტელეფონი გახსნა და დამახსოვრებულ ნომერზე დარეკა.
– მე ვარ, Plague.
– სად ხართ, ბიჭებო? – ჰკითხა Plague-მა.
– ხომ გვითხარი, IKEA-ს რომ ჩაუვლით, დამირეკეთო?
Plague-მა მათ ლონგჰოლმენზე მდებარე ახალგაზრდული საერთო საცხოვრებლის
მისამართი უკარნახა, თქვენთვის იქ დავჯავშნე ნომერიო. რადგან Plague სახლს
იშვიათად ტოვებდა, შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღის 10:00 საათზე მასთან
შეხვდებოდნენ. Plague-მა ინგლისელი სტუმრების ხათრით ჭურჭელი დარეცხა,
სახლი მიალაგა და ფანჯრები გამოაღო ოთახის გასანიავებლად.

მესამე ნაწილი. Disk Crash


[22]
A27/V – 6/VI
II ს-ის ისტორიკოსმა, დიოდორე სიცილიელმა (მას სხვა ისტორიკოსები არასანდო
წყაროდ მიიჩნევენ) აღწერა ლიბიელი ამაზონები (ლიბია იმ დროს მთელ ჩრდილოეთ
აფრიკას მოიცავდა, გარდა ეგვიპტისა). ამაზონების სახელმწიფოში მატრიარქატი
იყო; მაღალ თანამდებობებზე, მაYთ შორის, სამხედროზეც, მხოლოდ ქალები
ინიშნებოდნენ. ლეგენდის მიხედვით, დედოფალმა მირინამ 30 000 ქალი
ჯარისკაცითა და 3000 ქალი მხედრით ეგვიპტე და სირია დალაშქრა და ეგეოსის
ზღვამდე მამაკაცთა მრავალი არმია დაამარცხა. ბოლოს, დედოფალი მირინა
ბრძოლაში დაიღუპა და მისი ლაშქარიც დაიფანტა.
თუმცა, მისმა ლაშქარმა რეგიონს თავისი კვალი დაატყო” როცა მამაკაცი-
ჯარისკაცები მასშტაბურმა გენოციდმა იმსხვერპლა, კავკასიიდან შემოჭრილი
თავდამსხმელების წინააღმდეგ ანატოლიელმა ქალებმა იშიშვლეს ხმლები. იქაური
ქალები ხმლებით, მშვილდ-ისრით, შუბებითა და საბრძოლო ნაჯახებით ბრძოლაში
გაწაფულები იყვნენ. ბრინჯაოს სამკერდულებისა და აბჯრის მომზადება
ბერძნებისგან გადმოიღეს.
ლიბიელი ამაზონები ქორწინებას და ამით მამაკაცისადმი მორჩილებას
უარყოფდნენ. შვილების გასაჩენად სამხედრო სამსახურიდან დროებით
თავისუფლდებოდნენ და ახლომახლო ქალაქებში მცხოვრებ მამაკაცებთან
წვებოდნენ.
ქალწულობის დაკარგვის ნება მხოლოდ იმ ქალს ჰქონდა, რომელიც ბრძოლაში
მამაკაცს მოკლავდა.

თავი XVI
პარასკევი, 27/V – სამშაბათი, 31/V
ბლუმკვისტმა „მილენიუმის“ შენობა პარასკევს ღამის თერთმეტის ნახევარზე
დატოვა, მაგრამ პირველ სართულზე ჩასულმა, ქუჩაში გასვლის ნაცვლად მარცხნივ
გაუხვია, სარდაფის გავლით შიდა ეზო გადაჭრა და მეზობლად მდგარი შენობიდან
გავიდა ჰეკენსგატაზე. იქ მოსებაკედან მომავალი ახალგაზრდების ჯგუფს შეეჩეხა,
მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. თუ ვინმე უთვალთვალებდა,
იფიქრებდა, ბლუმკვისტი ამაღამაც „მილენიუმში“ დარჩაო. აპრილის შემდეგ
რედაქციაში ღამღამობით ყოველთვის ვიღაც რჩებოდა. ახლა მალმი მორიგეობდა.
მოსებაკეს ირგვლივ თხუთმეტ წუთს იარა ხეივნებსა და ვიწრო ქუჩებში და ბოლოს
ფისკარგატანის №9-ისკენ გაემართა. სადარბაზოს კარის ელექტროსაკეტში კოდი
შეიყვანა, სადარბაზოში შევიდა, კიბით ბოლო სართულზე ავიდა, სალანდერის ბინის
კარი გასაღებით გააღო და სიგნალიზაცია გამორთო. ამხელა ბინაში ყოველთვის
იბნეოდა: თუმცა, ოცდაერთი ოთახიდან მხოლოდ სამი იყო ავეჯით გაწყობილი.
სანამ სალანდერის კაბინეტში შევიდოდა და „პაუერბუქს“ ჩართავდა, ჯერ
სენდვიჩები და ყავა მოიმზადა.
აპრილის მერე, როცა ბიორკის მოხსენების ასლი მოჰპარეს და მიხვდა, რომ
უთვალთვალებდნენ, ბლუმკვისტმა შტაბი სალანდერის ბინაში მოიწყო და ყველაზე
მნიშვნელოვანი დოკუმენტები სალანდერის სამუშაო მაგიდაზე გადმოალაგა. ამ
ბინაში კვირაში რამდენიმე ღამეს ატარებდა, სალანდერის საწოლში ეძინა და მის
კომპიუტერზე მუშაობდა. გოსებერგაში ზალაჩენკოსთან დასაპირისპირებლად
წასვლამდე სალანდერს მყარი დისკი მთლიანად წაეშალა. ბლუმკვისტმა დაასკვნა,
ეტყობა, დაბრუნებას აღარ აპირებდაო. კომპიუტერის ასამუშავებლად სალანდერის
სისტემური დისკები გამოიყენა.
აპრილიდან მოყოლებული, ბლუმკვისტს თავისი „აიბუქისთვის“ ინტერნეტის
კაბელი ერთხელაც არ შეუერთებია. სალანდერის კომპიუტერით ICQ ჩეთ-
პროგრამაში შევიდა და მიუთითა მისამართი, რომელიც სალანდერმა მისთვის
შექმნა და Yahoo-ჯგუფის [Stolliga–Bordet-ის] მეშვეობით შეატყობინა.
<გამარჯობა, სალი.>
<მოყევი.>
<იმ ორ თავზე ვმუშაობდი, კვირის დასაწყისში რომ განვიხილეთ. ახალი ვარიანტი
Yahoo-ზე დევს. შენთან როგორ მიდის საქმე?>
<17 გვერდი მზადაა. ახლა ვტვირთავ.>
<მივიღე. წავიკითხავ და მერე დავილაპარაკოთ.>
<კიდევ მაქვს.>
<რა?>
<ახალი Yahoo ჯგუფი შევქმენი – Riddama[23].>
ბლუმკვისტს გაეღიმა.
<„იდიოტური მაგიდის რაინდები“.>
<პაროლი – yacaraca12.>
<ოთხი წევრია. მე, შენ, Plague და Trinity.>
<შენი იდუმალი ღამეული მეგობრები.>
<ყოველი შემთხვევისთვის.>
<OK.>
<Plague-მა პროკურორ ეკსტრომის კომპიუტერიდან ყველაფერი გადმოიწერა. მისი
კომპიუტერი აპრილში „გავტეხეთ“. თუ პალმტოპს ჩამომართმევენ, ის მოგაწვდის
ინფორმაციას.>
<კარგი. გმადლობ.>
ბლუმკვისტი ახალშექმნილ ჯგუფში შევიდა. იქ Plague-ის დატოვებული ბმული
დახვდა, რომელიც მხოლოდ ციფრებისგან შემდგარ ანონიმურ მისამართზე
გადადიოდა. ბლუმკვისტმა მისამართი Explorer-ში დააკოპირა, Return ღილაკს დააწვა
და თავი ამოყო უცნობ ვებ-საიტზე, სადაც პროკურორ ეკსტრომის
თექვსმეტგიგაბაიტიანი მყარი დისკი აეტვირთათ.
Plague-ის ყველაფერი ერთიანად გადმოეწერა, ბლუმკვისტს კი თითქმის ერთი საათი
დასჭირდა მასალების დასახარისხებლად. სისტემური ფაილები, პროგრამები და
რამდენიმე წლის წინანდელი წინასწარი გამოძიების მასალები ხელუხლებლად
დატოვა. ოთხი საქაღალდე ჩამოტვირთა. სამ მათგანს ერქვა [წინასწ.გამ/
სალანდერი], [სისულელე/სალანდერი] და [წინასწ.გამ/ნიდერმანი]. მეოთხე
საქაღალდე ეკსტრომის ელფოსტის ასლს შეიცავდა და წინა დღის ორ საათზე
შეექმნათ.
– გმადლობ, Plague, – ჩაილაპარაკა ბლუმკვისტმა.
სამი საათი კითხულობდა ეკსტრომის წინასწარი გამოძიების მასალებს და
ეცნობოდა მის სტრატეგიას სასამართლო პროცესისთვის. რასაკვირველია,
ძირითადი აქცენტი სალანდერის ფსიქიკურ მდგომარეობაზე კეთდებოდა.
ეკსტრომს მისთვის სრულფასოვანი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
ჩატარება სურდა და მის კრონობერგის იზოლატორში სასწრაფოდ გადაყვანას
ითხოვდა.
ეკსტრომის მიმოწერიდან ირკვეოდა, რომ ნიდერმანის საქმე ერთ ადგილზე გაიყინა;
რომ ნიდერმანის ძებნას ხელმძღვანელობდა ინსპექტორი ბუბლანსკი, რომელსაც
სვენსონისა და იოჰანსონის, აგრეთვე ბიურმანის მკვლელობებთან ნიდერმანის
დამაკავშირებელი საკმაო სამხილები ეპოვა. ამ სამხილების კვალზე ის თურმე
ბლუმკვისტის სამ ხანგრძლივ დაკითხვას დაუყენებია. ამგვარად, თუ ნიდერმანს
დაიჭერდნენ, ბლუმკვისტს საქმის განხილვაზე მოწმედ გამოსვლა მოუწევდა.
ბიურმანის ბინაში ნაპოვნი თმის ღერებიდან და ოფლის წვეთებიდან აღებული დნმ-
ი გოსებერგაში ნიდერმანის პირადი ნივთებიდან აღებულ დნმ-ს ემთხვეოდა. იგივე
დნმ-ი ეპოვათ „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“ ხაზინადრის, იორანსონის
ცხედარზეც.
მეორე მხრივ, ეკსტრომს თითქმის არანაირი სამხილი არ გააჩნდა ზალაჩენკოს
წინააღმდეგ.
ბლუმკვისტმა სიგარეტს მოუკიდა და ფანჯრიდან დიურგორდენს გახედა.
პროკურორი ეკსტრომი ერთდროულად ორ წინასწარ გამოძიებას აწარმოებდა.
კრიმინალური ინსპექტორი ფასტე სალანდერთან დაკავშირებულ ყველა საკითხს
იძიებდა, ხოლო ინსპექტორი ბუბლანსკი მხოლოდ ნიდერმანს ეძებდა.
როცა წინასწარ გამოძიებაში ზალაჩენკოს სახელი ამოტივტივდა, ლოგიკურად
ეკსტრომს უსაფრთხოების სამსახურის შეფისთვის უნდა მიემართა და გაერკვია,
ვინ იყო სინამდვილეში ზალაჩენკო, მაგრამ ბლუმკვისტმა ვერც ერთ მის იმეილში,
დღიურსა თუ ჩანაწერში ასეთ მიმართვას ვერ მიაგნო. ეკსტრომის შენიშვნებს შორის
ბლუმკვისტმა ბუნდოვანი წინადადებები აღმოაჩინა.
„სალანდერის საქმე გაყალბებულია. ბიორკის მოხსენების დედანი ბლუმკვისტის
ასლს არ ემთხვევა. ზესაიდუმლო დოკუმენტი“.
ამას მოჰყვებოდა შენიშვნების სერია, რომელშიც სალანდერი პარანოიკად და
შიზოფრენიკად იყო დახასიათებული.
„სალანდერის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსება 1991 წელს აუცილებელი იყო“.
რით უკავშირდებოდა ორი წინასწარი გამოძიება ერთმანეთს, ბლუმკვისტმა
[სისულელე/სალანდერი]-ს საქაღალდის გაცნობით შეიტყო. პროკურორი ეკსტრომი
იქ ინახავდა წინასწარი გამოძიებისთვის შეუსაბამო ცნობებს, რომლებსაც
სასამართლო პროცესზე სამხილებად ვერ წარმოადგენდა. ამ საქაღალდეში
ინახებოდა Yთითქმის ყველაფერი, რაც ზალაჩენკოს ეხებოდა.
გამოძიება სრულიად არაადეკვატურად მიმდინარეობდა.
ბლუმკვისტი ჩაფიქრდა, ნეტა ეს შემთხვევითობაა თუ წინასწარვე ასეა
ჩაფიქრებულიო.
„სად გადის ზღვარი? ან ეკსტრომმა თუ იცის რამე ამ ზღვარის შესახებ? იქნებ
ეკსტრომს ვიღაც დამაჯერებელ, მაგრამ მცდარ ინფორმაციას გამიზნულად აწვდის?“
ბოლოს, ბლუმკვისტმა Hotmail-ის ექვსივე ანონიმური ფოსტა შეამოწმა. ყოველდღე
ამოწმებდა ფოსტას, რომლის მისამართი ინსპექტორ მუდიგს მისცა. დიდი იმედი არ
ჰქონდა, რომ მუდიგი დაუკავშირდებოდა, და ძალიან გაუკვირდა, როცა საფოსტო
ყუთში <ressallskap9april@hotmail.com >-ის იმეილი დახვდა:
„კაფე Madelein-ში, მეორე სართულზე, შაბათს, დილის 11:00 საათზე“.
Plague სალანდერს შუაღამისას დაუკავშირდა და წერა შეაწყვეტინა. სალანდერი
ჰოლგერ პალმგრენის მეურვეობის შესახებ წერდა. გაბრაზებულმა დახედა ეკრანს.
<რა გინდა?>
<სალამი, Wasp; სასიამოვნოა შენთან საუბარი.>
<ჰო, ჰო. რა არის?>
<ტელებორიანი.>
სალანდერი წამოჯდა და პალმტოპის მონიტორს მონდომებით დააჩერდა.
<მოყევი.>
<Trinity-მ ყველაფერი რეკორდულ დროში მოასწრო.>
<როგორ?>
<ეგ „გიჟების ექიმი“ ერთ ადგილას არ ჩერდება. სულ უფსალას და სტოკჰოლმს
შორის დაეხეტება. HHHostile Takeover-ისთვის შანსი არ გვეძლევა.>
<გასაგებია. როგორ?>
<კვირაში ორჯერ ჩოგბურთს თამაშობს. დაახლოებით ორ საათს. კომპიუტერი
გარაჟში დაყენებულ მანქანაში დატოვა.>
<აჰა.>
<Trinity-მ ადვილად გამორთო მანქანის სიგნალიზაცია და კომპიუტერი გამოვიღეთ.
ნახევარ საათში Firewire-ის დახმარებით ყველაფერი გადმოიწერა და Asphyxia
დააყენა.>
<სად?>
Plague-მა იმ სერვერის URL მისცა, სადაც ტელებორიანის მყარი დისკი ინახებოდა.
<Trinity-ს სიტყვებს ვიმეორებ: „This is some nasty shit“[24].>
<?>
<მისი მყარი დისკი შეამოწმე.>
სალანდერმა Plague-სთან კავშირი გაწყვიტა და მის მიერ მითითებულ სერვერზე
გადაწერილ ტელებორიანის მყარ დისკზე შევიდა. თითქმის სამი საათის
განმავლობაში ათვალიერებდა მის საქაღალდეებსა და ფაილებს.
ტელებორიანს ვიღაც კაცი Hotmail-ის მისამართიდან დაშიფრულ იმეილებს
უგზავნიდა. ვინაიდან ტელებორიანის PGP-გასაღებამდე ხელი მიუწვდებოდა,
წერილები იოლად გაშიფრა. გამომგზავნს იუნასი ერქვა. გვარი მითითებული არ იყო.
იუნასი და ტელებორიანი საეჭვოდ იყვნენ დაინტერესებულნი სალანდერის
ჯანმრთელობის მდგომარეობით.
„არის! შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ შეთქმულება არსებობს“.
თუმცა, ყველაზე მეტად სალანდერი ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი
დაახლოებით 9000 ფოტოს შემცველმა ორმოცდაშვიდმა საქაღალდემ დააინტერესა.
სათითაოდ აწკაპუნებდა თხუთმეტი წლის ან უფრო უმცროსი შიშველი ბავშვების
ფოტოებზე. რამდენიმე ფოტოზე სკოლამდელი ასაკის ბავშვები იყვნენ გამოსახული.
ძირითადად – გოგონები და თან სადისტურ პოზებში.
მიაგნო ბმულებსაც ათობით უცხოური საიტისა, რომლებზეც ბავშვთა პორნოებს
უცვლიდნენ ერთმანეთს.
სალანდერმა ქვედა ტუჩზე იკბინა, სხვა მხრივ გამომეტყველება არ შესცვლია.
გაახსენდა ღამეები, როცა თორმეტი წლისა წმ. სტეფანეს ფსიქიატრიულ კლინიკაში
„გამაღაზიანებელი ფაქტორებისგან“ მოშორებული, საწოლზე მიბმული იწვა.
ტელებორიანი მასთან ყოველღამე შედიოდა და ნახევრად ბნელში აკვირდებოდა.
ამას მაშინაც ხვდებოდა. ტელებორიანი არასდროს ეხებოდა, მაგრამ ხვდებოდა.
ტელებორიანს წლების წინ უნდა გასწორებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ ICQ-ში ბლუმკვისტს დაუმესიჯა.
ბლუმკვისტმა ღამე ფისკარგატანზე, სალანდერის ბინაში გაატარა. კომპიუტერი
დილის 6:30 საათამდე არ გამოურთავს და, რომ ჩაეძინა, ბავშვთა პორნოგრაფიის
ამსახველი საძაგელი ფოტოები ესიზმრებოდა. 10:15 საათზე გაიღვიძა, სალანდერის
საწოლიდან წამოხტა, შხაპი მიიღო და ტაქსი სოდრას თეატრთან გამოიძახა. 10:55
საათზე ბირგერ-იარლსგატანზე ჩამოვიდა და კაფე Madelein-ამდე ფეხით მივიდა.
მუდიგს წინ შავი ყავით სავსე ფინჯანი ედგა და მას ელოდა.
– გამარჯობა, – მიესალმა ბლუმკვისტი.
– ძალიან ვრისკავ, – მისალმების ნაცვლად უთხრა მუდიგმა.
– ჩემგან ამ შეხვედრის შესახებ ვერავინ გაიგებს.
მუდიგი აშკარად ღელავდა.
– გასაგებია.
– ორივესთვის ანონიმურობის გარანტიას ვითხოვ.
– არც კი ვიცი, რომელ კოლეგაზე საუბრობთ.
– მოგვიანებით გეტყვით. მინდა, რომ ის ანონიმურ ინფორმატორად დარჩეს.
– პირობას გაძლევთ.
მუდიგმა მაჯის საათს დახედა.
– გეჩქარებათ?
– დიახ. ათ წუთში სტურეგალერიანში ქმარს და შვილებს უნდა შევხვდე. ჩემს ქმარს
ჰგონია, რომ ახლა სამსახურში ვარ.
– ბუბლანსკიმ არ იცის, რომ ვხვდებით?
– არა.
– კარგი. თქვენ და თქვენი კოლეგის ანონიმურობა, როგორც ინფორმატორებისა,
დაცული იქნება სიცოცხლის ბოლომდე.
– ჩემს კოლეგას იერკერ ჰოლმბერგი ჰქვია. მას გეტებორგში შეხვდით. მამამისი
„ცენტრისტთა პარტიის“ წევრია და იერკერი პრემიერ-მინისტრ ფელდინს
ბავშვობიდან იცნობს. სწორედ მას ესტუმრა და ზალაჩენკოს შესახებ პირადად
ესაუბრა.
ბლუმკვისტს პულსი აუჩქარდა.
– იერკერმა ჰკითხა, შვედეთში გამოქცეულ ყოფილ საბჭოთა ჯაშუშზე თუ
გსმენიათო, მაგრამ ფელდინმა არაფერი უპასუხა. მაშინ ჰოლმბერგმა აუხსნა,
ვეჭვობთ, თორმეტი წლის სალანდერი სწორედ ზალაჩენკოს მფარველებმა
გამოაკეტვინეს საგიჟეთშიო, და ამან ფელდინი ძლიერ დააღონა.
– რამე აღიარა?
– ფელდინი ჰოლმბერგს გამოუტყდა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან
მალევე „სეპოს“ შეფი და მისი კოლეგა ესტუმრნენ და უჩვეულო ამბავი უამბეს
დევნილ რუს Hჯაშუშზე, რომელმაც შვედეთს სთხოვა თავშესაფარი. მათი თქმით, ეს
შვედეთის ყველაზე დელიკატური სამხედრო საიდუმლო იყო და მასზე
მნიშვნელოვანი შვედურ სამხედრო დაზვერვას არავინ გააჩნდა. ფელდინმა აღიარა,
რომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო; „სოციალ-დემოკრატების“ ორმოცწლიანი
მმართველობის შემდეგ მოსული ახალი მთავრობაც გამოუცდელი იყო. მას ურჩიეს,
გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო და თუ რომელიმე მთავრობის წევრს
გაუმხელდა ამ ინფორმაციას, „სეპო“ „ხელებს დაიბანდა“. ის შეხვედრა ძალიან
უსიამოვნოდ მახსენდებაო, დაუმატებია ფელდინს.
– მერედა, რა გადაწყვიტა?
– მივხვდი, „სეპოს“ შეფისა და მისი კოლეგის რჩევა უნდა გამეთვალისწინებინა,
სხვა გზა არ მქონდაო. მან განკარგულება გასცა და საბჭოთა ჯაშუში პირადად
„სეპოს“ მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდა. პირობა დადო, რომ მის შესახებ არავის
გაუმხელდა, და შეასრულა – ფელდინს ზალაჩენკოს სახელი აღარასდროს
უხსენებია.
– დაუჯერებელია.
– პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მისით აღარც დაინტერესებულა. თუმცა, ერთი
გონივრული რამ მაინც გააკეთა. დაიჟინა, საიდუმლო სახელმწიფო მდივნისთვის
გაემხილათ, რათა მას, საჭიროების შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტსა და
ზალაჩენკოს მფარველებს შორის შუამავლობა ეკისრა.

– თუ ახსოვს, რომელ სახელმწიფო მდივანზეა საუბარი?


– ბერტილ კ. იანერიდზე, რომელიც ამჟამად შვედეთის ელჩია ნიდერლანდებში.
ჰოლმბერგმა ფელდინს აუხსნა, რამდენად სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს,
და მანაც იანერიდს წერილი მისწერა.
მუდიგმა ბლუმკვისტისკენ კონვერტი გააცურა.
„ძვირფასო ბერტილ,
საიდუმლო, რომელსაც მე და შენ ვინახავდით ჩემი პრემიერ-მინისტრობის
დროიდან მოყოლებული, ახლა სერიოზული ეჭვის საგნად იქცა. ადამიანი, ვისაც ეს
საიდუმლო ეხებოდა, უკვე გარდაიცვალა და მას ზიანი აღარ მიადგება. სამაგიეროდ,
შეიძლება სხვები დაზარალდნენ.
აუცილებელიაა საჭირო კითხვებს პასუხი გაეცეს.
ადამიანი, ვინც ამ წერილს მოგიტანს, არაოფიციალურად მუშაობს და ჩემი ნდობით
სარგებლობს. გთხოვ, მოუსმინო და მის შეკითხვებს უპასუხო.
გამოიყენე შენი ცნობილი კეთილგონიერება.
თურბიორნ ფელდინი
– სანდო პიროვნებაში ფელდინი ალბათ ჰოლმბერგს გულისხმობს.
– არა. იერკერმა ფელდინს სთხოვა, სახელი არ ჩაეწერა, ჯერ არ ვიცი, ჰააგაში ვინ
გაემგზავრებაო.
– ანუ...
– მე და იერკერმა ვითათბირეთ. ისედაც რთულ მდგომარეობაში ვართ.
ნიდერლანდებში ელჩის დასაკითხად ჩასვლის უფლება არ გვაქვს. სამაგიეროდ,
თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.
ბლუმკვისტმა წერილი დაკეცა და კონვერტში აბრუნებდა, როცა მუდიგმა მაჯაზე
წაავლო ხელი.
– ინფორმაცია ინფორმაციის სანაცვლოდ, – თქვა მან, – სიტყვასიტყვით
მოგვიყვებით, რასაც იანერიდი გიამბობთ.
ბლუმკვისტმა თავი დაუქნია. მუდიგი წამოდგა.
– ერთი წუთით. თქვენ თქვით, რომ ფელდინს „სეპოს“ შეფი და მისი კოლეგა
ესტუმრნენ. იმ კოლეგას რა ერქვა? – შეაჩერა ბლუმკვისტმა.
– ფელდინი მას მხოლოდ მაშინ შეხვდა და სახელი აღარ ახსოვს. შეხვედრის ოქმი არ
შეუდგენიათ. გამხდარი კაცი ყოფილა, მოკლეულვაშიანი. მგონი, „სპეციალური
ანალიზის სექციის“ უფროსად წარმიდგინესო. ფელდინს მოგვიანებით
გადაუმოწმებია, მაგრამ „სეპოში“ ასეთი სექცია ვერ უპოვია.
„ზალაჩენკოს კლუბი“, – გაიფიქრა ბლუმკვისტმა.
მუდიგი სათანადო სიტყვებს არჩევდა.
– შეიძლება თავს სასიკვდილოდ ვწირავ, მაგრამ ჯანდაბას, მაინც გეტყვით, – თქვა
ბოლოს, – არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც არც ფელდინს და არც სხვებს
არ გახსენებიათ.
– რა ჩანაწერი?
– ფელდინის სტუმართა სარეგისტრაციო ჟურნალი რუსენბადში. იერკერმა
გამოითხოვა. საჯარო დოკუმენტია.
– მერე?
მუდიგი კიდევ ერთხელ შეყოყმანდა.
– ჟურნალში მხოლოდ ის წერია, რომ პრემიერ-მინისტრი „სეპოს“ შეფს და მის
კოლეგას შეხვდა ზოგადი საკითხების განსახილველად.
– კოლეგის სახელი ეწერა?
– დიახ. ე. გულბერგი.
– ევერტ გულბერგი, – დინჯად წარმოთქვა ბლუმკვისტმა.
ბლუმკვისტმა თავისი ანონიმური მობილური ტელეფონით კაფედანვე დარეკა
ამსტერდამის რეისის ბილეთის დასაჯავშნად. თვითმფრინავი არლანდას
აეროპორტიდან 14:50 საათზე მიფრინავდა. კუნგსგატანზე Dressman-ში პერანგი და
ერთი წყვილი საცვალი იყიდა, აფთიაქში – კბილის ჯაგრისი და პირადი ჰიგიენის
სხვა საშუალებები. შეამოწმა, ხომ არავინ მითვალთვალებსო და აეროპორტამდე
არლანდას ექსპრესს გაჰყვა.
თვითმფრინავი სხიპჰოლის აეროპორტში 16:50 საათზე დაეშვა. 18:30 საათზე
ბლუმკვისტი ჰააგის ცენტრალური სადგურიდან თხუთმეტი წუთის სავალზე
მდებარე პატარა სასტუმროში დაბინავდა.
ორი საათი დასჭირდა შვედეთის ელჩის ადგილსამყოფელის დადგენას და საღამოს
ცხრა საათისთვის მასთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო. მთელი თავისი
მჭევრმეტყველება გამოიყენა მის დასარწმუნებლად, გადაუდებელი საქმე მაქვს და
აუცილებად უნდა შეგხვდეთო. ბოლოს და ბოლოს, ელჩი გატყდა და კვირა დილის
ათი საათისთვის დაუთქვა შეხვედრა.
ბლუმკვისტმა სასტუმროსთან ახლოს, რესტორანში მსუბუქად ივახშმა და ღამის
თერთმეტ საათზე დაიძინა.
ბერტილ კ. იანერიდმა ბლუმკვისტი ლანგე-ფურჰაუტზე მდებარე რეზიდენციაში
მიიღო. სტუმარს ყავა დაუსხა, თუმცა, დიდი სიტყვაუხვობით აშკარად არ
გამოირჩეოდა.
– აბა, გისმენთ, რა საჩქარო საქმე გაქვთ?
– ალექსანდერ ზალაჩენკოზე უნდა გესაუბროთ. საბჭოთა ჯაშუშზე, რომელმაც
შვედეთს 1976 წელს შეაფარა თავი, – უთხრა ბლუმკვისტმა და იანერიდს ფელდინის
წერილი გაუწოდა.
გაკვირვებულმა იანერიდმა წერილი გამოართვა და მაგიდაზე დადო.
ბლუმკვისტმა მოკლედ აუხსნა საქმის არსი და ისიც, რატომ მოსწერა ფელდინმა.
– ამ... ამ საკითხს თქვენთან ვერ განვიხილავ, – თქვა ბოლოს იანერიდმა.
– განიხილავთ.
– ვერა, ამაზე საუბარი მხოლოდ პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტთან
შემიძლია.
– სრულიად შესაძლებელია, რომ კომიტეტთან საუბარიც მოგიწიოთ. თუმცა, ამ
წერილში კეთილგონიერების გამოჩენას გთხოვენ.
– ფელდინი პატიოსანი ადამიანია.
– ეჭვიც არ მეპარება. არც თქვენი და არც ფელდინის დაზარალება არ მინდა. არც
ზალაჩენკოს მიერ მოწოდებული რომელიმე სამხედრო საიდუმლოს გამხელას
გთხოვთ.
– მე არანაირი საიდუმლო არ ვიცი. ისიც კი არ ვიცოდი, რომ მას ალექსანდერ
ზალაჩენკო ერქვა. მას ფსევდონიმით, რუბენის სახელით ვიცნობდი. თუმცა,
ჟურნალისტთან ამ თემაზე საუბარი არ მსურს.
– მოდი, ერთ კარგ მიზეზს გეტყვით, რატომაც უნდა მესაუბროთ, – თქვა
ბლუმკვისტმა და სავარძელში გასწორდა, – მთელი ეს ამბავი მალე გამოქვეყნდება
და პრესა ან ნაკუწებად დაგგლეჯთ, ან პატიოსან სახელმწიფო მოხელედ გაქცევთ,
რომელმაც რთული ვითარებიდან გამოსავალს მიაგნო. ფელდინმა თქვენ
ზალაჩენკოს მფარველებთან თავის შუამავლად დაგნიშნათ. ეს უკვე ვიცი.
იანერიდი თითქმის მთელ წუთ დუმდა.
– მისმინეთ, ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. იმაზე, რაც
მომიყევით, წარმოდგენა არ მქონდა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი... იმ ხალხთან
ურთიერთობის არაფერი გამეგებოდა. მთავრობაში მუშაობისას წელიწადში ორჯერ
ვხვდებოდით ხოლმე. მეუბნებოდნენ, რუბენი – თქვენთვის ზალაჩენკო – ცოცხალი
და ჯანმრთელია, ჩვენთან თანამშრომლობს და შეუფასებელ ინფორმაციას
გვაწვდისო. დეტალებს არასდროს ჩავძიებივარ. მათი თქმით, ეს მე მაინც არ
მეხებოდა.
ბლუმკვისტი არ აწყვეტინებდა.
– რუბენი ადრე საზღვარგარეთ მუშაობდა და შვედეთთან შეხება არ ჰქონია, ამიტომ
ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდა. ერთი-ორჯერ
პრემიერ-მინისტრსაც ჩავაბარე ანგარიში, თუმცა, საუწყებელი არც არაფერი იყო.
– გასაგებია.
– მეუბნებოდნენ, რუბენს, როგორც წესია, ისე ვიყენებთ და მისგან მოწოდებულ
ინფორმაციას შესაბამისი არხების მეშვეობით ვამუშავებთო. რა მეთქვა? თუ
ჩავეძიებოდი, ღიმილით მეტყოდნენ, მსგავსი ინფორმაციის მიღება თქვენი
უფლებამოსილების ზღვარს სცდებაო. თავს იდიოტად ვგრძნობდი.
– არასდროს მოგჩვენებიათ ეს საეჭვოდ?
– რატომ უნდა მომჩვენებოდა? ვფიქრობდი, რომ „სეპომ“ თავისი საქმე იცოდა, რომ
ამისთვის საკმარისი გამოცდილება გააჩნდა. არა, ამ თემაზე თქვენთან საუბრის
უფლება არ მაქვს.
– კარგი. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მხოლოდ ერთი რამაა: იმ
პიროვნებების სახელები, ვისაც ხვდებოდით.
იანერიდმა დაბნეულმა შეხედა ბლუმკვისტს.
– ხალხმა, რომელიც ზალაჩენკოს მფარველობდა, უფლებამოსილებას გადააჭარბა.
სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს და მათ წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას.
სწორედ ამიტომ გამომგზავნა ფელდინმა თქვენს სანახავად. „სეპოს“ ხალხს თქვენ
ხვდებოდით და მათი სახელები მხოლოდ თქვენ იცით.

იანერიდმა თვალები დაახამხამა და ტუჩები მოკუმა.


– ერთს ევერტ გულბერგი ერქვა... ის ყველაზე მთავარი იყო, – მიეშველა
ბლუმკვისტი.
იანერიდმა თავი დაუქნია.
– მას რამდენჯერ შეხვდით?
– ერთის გარდა ყველა შეხვედრას ესწრებოდა. ფელდინის პრემიერ-მინისტრობის
პერიოდში დაახლოებით ათი შეხვედრა შედგა.
– სად ხვდებოდით?
– რომელიმე სასტუმროს ვესტიბიულში. ძირითადად, Sheraton-ში, ერთხელ Amaranten-
ში კუნგსჰოლმენზე, ზოგჯერ პაბ Continental-შიც.
– შეხვედრებს კიდევ ვინ ესწრებოდა?
– ეს დიდი ხნის წინ იყო; აღარ მახსოვს.
– გაიხსენეთ.
– ერთი გვარად კლინტონი იყო... როგორც ამერიკის პრეზიდენტი.
– რა ერქვა?
– ფრედრიკი. ოთხჯერ თუ ხუთჯერ ვნახე.
– კიდევ ვინ იყო?
– ჰანს ფონ როტინგერი. დედაჩემისგან ვიცნობდი მას.
– დედათქვენისგან?
– დიახ, დედა ფონ როტინგერების ოჯახთან მეგობრობდა. ჰანს ფონ როტინგერი
სასიამოვნო ადამიანი იყო. სანამ გულბერგთან ერთად ერთხელ შეხვედრაზე არ
გამომეცხადა, წარმოდგენა არ მქონდა, რომ „სეპოსთვის“ მუშაობდა.
– არც მუშაობდა, – თქვა ბლუმკვისტმა.
იანერიდი გაფითრდა.
– ის „სპეციალური ანალიზის სექციაში“ მუშაობდა, – აუხსნა ბლუმკვისტმა, – ამ
ჯგუფზე რა იცით?
– არაფერი. უფრო ზუსტად, მხოლოდ ის, რომ საბჭოთა ჯაშუშს ისინი
მფარველობდნენ.
– ეგ კი, მაგრამ უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ისინი „სეპოს“ არც ერთ
ორგანიზაციულ სტრუქტურაში არ ჩანან?
– ეს ხომ სასაცილოა...
– მართლაც რომ სასაცილოა! შეხვედრებს როგორ აწყობდით? ისინი გირეკავდნენ თუ
თქვენ ურეკავდით?
– არც ერთი და არც მეორე. მომდევნო შეხვედრის თარიღსა და ადგილზე ბოლო
შეხვედრაზე ვთანხმდებოდით.
– მათთან დაკავშირებას როგორ ახერხებდით? მაგალითად, შეხვედრის თარიღის
შეცვლა რომ მოგენდომებინათ?
– ერთი ნომერი მომცეს.
– რა ნომერი?
– გამიჭირდება გახსენება.
– ვინ გპასუხობდათ?
– არ ვიცი. არასდროს დამირეკავს იმ ნომერზე.
– შემდეგი შეკითხვა. თქვენი საქმე ვის გადააბარეთ?
– რას გულისხმობთ?
– როცა ფელდინის პრემიერ-მინისტრობის ვადა ამოიწურა, თქვენ ვინ შეგცვალათ?
– არ ვიცი.
– ანგარიში არ შეგიდგენიათ?
– არა. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. ჩანაწერების კეთებაც კი მეკრძალებოდა.
– ანუ, თქვენი შემცვლელითვის არაფერი გიცნობებიათ?
– არა.
– მაშ, რა მოხდა?
– რა და... ფელდინი თანამდებობაზე ულა ულსტენმა შეცვალა. მითხრეს, რომ
მომდევნო არჩევნებამდე უნდა დაგვეცადა. ამასობაში ფელდინი ხელმეორედ
აირჩიეს და შეხვედრებიც განახლდა. 1985 წელს ხელახალი არჩევნები ჩატარდა.
„სოციალ-დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს და ულოფ პალმემ ჩემ მაგივრად სხვა
დანიშნა. მე საგარეო საქმეთა სამინისტროში გადამიყვანეს და დიპლომატი გავხდი.
ჯერ ეგვიპტეში გამგზავნეს, შემდეგ – ინდოეთში.
ბლუმკვისტი კიდევ რამდენიმე წუთს აგრძელებდა მის გამოკითხვას, თუმცა, უკვე
ხვდებოდა, რომ იანერიდმა ყველაფერი უთხრა, რაც იცოდა. მისგან სამი სახელი
შეიტყო.
ფრედრიკ კლინტონი.
ჰანს ფონ როტინგერი.
და ევერტ გულბერგი – კაცი, რომელმაც ზალაჩენკო მოკლა.
„ზალაჩენკოს კლუბი“.
ბოლოს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ლანგე-ფურჰაუტზე ფეხით
გაისეირნა, სასტუმროდან ცენტრალურ სადგურში კი ტაქსით გაემგზავრა და
მხოლოდ ტაქსიში ჩაჯდომისას გამორთო პიჯაკის ჯიბეში დამალული დიქტოფონი.
შუშის გალიაში მჯდარმა ბერგერმა თავი ასწია და ნახევრად ცარიელ ახალი ამბების
განყოფილებას შეავლო თვალი. იმ დღეს ანდერს ჰოლმი ისვენებდა. არც ღიად და
არც მალულად მის მიმართ ინტერესს არავინ იჩენდა. არანაირი მიზეზი არ ჰქონდა
ეფიქრა, რომ რომელიმე თანამშრომელს მისთვის ცუდი სურდა.
ერთი წუთის წინ <editorial@aftonbladet.com>-ისგან იმეილი მიიღო. რატომ
AAAftonbladet-ისგან? იმიტომ, რომ ეს მისამართიც ყალბი იყო.
დღევანდელი შეტყობინება JPEG ფორმატის ფაილს შეიცავდა. ბერგერმა ფაილი
Photoshop-ით გახსნა.
ფოტო პორნოგრაფიული აღმოჩნდა: განსაკუთრებით დიდმკერდიან შიშველ ქალს
ძაღლის საყელური ეკეთა, ოთხზე იდგა და უკნიდან ჟიმავდნენ.
ქალის სახე ბერგერის სახით შეეცვალათ. არცთუ პროფესიონალური კოლაჟი იყო,
მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. ბერგერის ფოტო „მილენიუმის“ საიტიდან
ჩამოეტვირთათ.
სურათის ქვეშ Photoshop-შივე ერთადერთი სიტყვა მიეწერათ:
კახპა
ეს უკვე შვედეთის რომელიმე ცნობილი გამომცემლობის სახელით გამოგზავნილი
მეცხრე ანონიმური წერილი იყო, რომელშიც „კახპას“ უწოდებდნენ. ბერგერს კიბერ-
მანიაკი გადაეკიდა.
სატელეფონო მოსმენა კომპიუტერის მონიტორინგზე ბევრად რთული საქმე იყო.
Trinity-მ უპრობლემოდ მიაგნო პროკურორ ეკსტრომის სახლის ტელეფონის კაბელს.
პრობლემას ის ქმნიდა, რომ პროკურორი ეკსტრომი სამსახურებრივ ზარებს სახლის
ტელეფონით იშვიათად ან სულაც არ ახორციელებდა. Trinity-ს კუნგსჰოლმენზე
პოლიციის მთავარ სამმართველოში პროკურორ ეკსტრომის სამსახურის
ტელეფონზე მოსასმენი მოწყობილობის დაყენება არც უფიქრია, რადგან შვედეთის
საკაბელო ქსელთან ასეთი გლობალური წვდომა არ ჰქონდა.
თუმცა, Trinity-მ და Bob the Dog-მა ერთკვირიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ
პოლიციის მთავარი სამმართველოდან ერთი კილომეტრის რადიუსში ეკსტრომის
ტელეფონის ამოცნობა და სხვა 200 000 მობილურის ხმაურისგან მისი იზოლირება
შეძლეს.
ამისთვის გამოიყენეს Random Frequency Tracking System-ის[25] საკმაოდ ცნობილი
ტექნიკა. ეს სისტემა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ, NSA-მ,
განავითარა და უამრავ სატელიტში ჩაამონტაჟა, რათა მათი მეშვეობით მსოფლიოს
დიდი დედაქალაქების, განსაკუთრებით კრიზისში ან ომის ზღვარზე მყოფი
წერტილების მონიტორინგი ეწარმოებინა.
NSA უდიდეს რესურსებს ფლობდა და ერთდროულად რამდენიმე რეგიონში
მობილური ტელეფონების მთელ ქსელს უსმენდა. ყოველ ინდივიდუალურ ზარს
კომპიუტერი სხვებისგან აცალკევებდა და ფილტრავდა. პროგრამა კონკრეტულ
სიტყვებზე რეაგირებდა, მაგალითად, „ტერორისტზე“ ან „კალაშნიკოვზე“. თუ
სატელეფონო საუბრისას რომელიმე ასეთი სიტყვას გამოიყენებდნენ, კომპიუტერი
განგაშის სიგნალს გზავნიდა და ოპერატორი საუბრის მიყურადებას იწყებდა.
კონკრეტული მობილური ტელეფონის იდენტიფიცირება უფრო რთული იყო. ყოველ
მობილურს ტელეფონის ნომრის სახით უნიკალური ხელწერა – თითის ანაბეჭდი –
აქვს. ზემგრძნობიარე აღჭურვილობის მეშვეობით NSA-ს რომელიმე კონკრეტულ
რეგიონში მობილურის ზარების იზოლირებულად ამოცნობა შეეძლო. ტექნიკა
მარტივი იყო, მაგრამ არა ასი პროცენტით საიმედო. განსაკუთრებით გამავალი
ზარების ამოცნობა ჭირდა, თორემ შემავალ ზარებს წინ ტელეფონის ნომრის აკრეფა
სდევდა, რათა რომელიმე მოცემულ მობილურს სიგნალი მიეღო.
Trinity-ს და NSA-ს საქმისადმი მიდგომაში განსხვავება ეკონომიკური პირობებით
იყო გამოწვეული. NSA-ს ყოველწლიური ბიუჯეტი მილიარდობით დოლარს
შეადგენდა, 12 000 სრულ განაკვეთზე მომუშავე აგენტი ჰყავდა და უახლესი
სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა გააჩნდა. Trinity-ს აღჭურვილობა კი სულ სამოც
კილოგრამს იწონიდა და ყველაფერი მისი და Bob the Dog-ის აწყობილი იყო.
გლობალური სატელიტური მონიტორინგის მეშვეობით NSA ზემგრძნობიარე
ანტენებს მსოფლიოს ნებისმიერ შენობას უმიზნებდა, Bob the Dog-ის დამზადებული
ანტენა კი მხოლოდ ხუთასი მეტრის რადიუსში იჭერდა სიგნალს.
შესაბამისად, Trinity იძულებული იყო, თავისი ფურგონით ბერგსგატანზე ან
ახლომდებარე ქუჩებში მდგარიყო, სანამ შინნაკეთი მოწყობილობებით პროკურორ
ეკსტრომის მობილური ტელეფონის ნომერს, ანუ მის „თითის ანაბეჭდებს“ არ
ამოიცნობდა. რაკი თვითონ შვედური არ ესმოდა, სიგნალს Plague-ს გადასცემდა და
საუბრებს სწორედ ის უსმენდა ხოლმე.
ხუთი დღე-ღამის განმავლობაში ამაოდ უსმენდა უპეებჩაშავებული Plague პოლიციის
მთავარ სამმართველოში და მის მეზობლად მდგარ შენობებში სატელეფონო ზარებს.
მოისმინა მიმდინარე გამოძიებების დეტალები, პაემნების დანიშვნები და სხვა
მსგავსი, საათობით გაწელილი სრულიად უინტერესო ამბები. მეხუთე საღამოს
Trinity-მ გამოგზავნა სიგნალი, რომელიც ციფრულ მონიტორზე ეკსტრომის
მობილურის ნომრად იდენტიფიცირდა. Plague-მა პარაბოლური ანტენა მაშინვე
სათანადო სიხშირეზე დააყენა.
RFTS-ის ტექნოლოგია ძირითადად ეკსტრომის მობილურ ტელეფონზე შემავალ
ზარებზე მოქმედებდა. Trinity-ს პარაბოლური ანტენა ეკსტრომის მობილურისკენ
გაგზავნილ ნებისმიერ სიგანლს იჭერდა.
Trinity პროკურორ ეკსტრომის სატელეფონო საუბრებს იწერდა, ხოლო Plague მისი
ხმის ჩანაწერს ამუშავებდა.
Plague-მა პროკურორის ხმა სპეციალურ პროგრამაში Voiceprint Recognition System[26]
(VPRS)-ში დაამუშავა. ცალკე გამოყო სიტყვა „სალანდერი“, რომელსაც ეკსტრომი
ხშირად იყენებდა. ერთი კონკრეტული სიტყვის ხუთ ნიმუშზე დაკვირვებით
დაადგინა, რამდენ დროს ხარჯავდა ეკსტრომი მათ წარმოთქმაზე, დაადგინა ხმის
ტემბრი და სიხშირის რადიუსი, დაადგინა ხმის ტონი სიტყვის ბოლოს მაღლდებოდა
თუ დაბლდებოდა და ა. შ. შედეგად მიიღო მრუდი, რომლის დახმარებითაც
ეკსტრომის გამავალი ზარების მონიტორინგიც შეეძლო. მისი პარაბოლური ანტენა
მუდმივად აფიქსირებდა სიგნალს, რომელიც ეკსტრომის მიერ ხშირად
გამოყენებული სიტყვებით შედგენილ გრაფიკულ მრუდს შეიცავდა. ტექნოლოგია
არასრულყოფილი იყო, მაგრამ ეკსტრომის მიერ პოლიციის მთავარი
სამმართველოდან ან მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელებული სატელეფონო
ზარების ნახევარზე მეტი მოისმინეს და ჩაიწერეს.
სისტემას ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა: თუ Trinity-მ მისი ადგილსამყოფელი არ იცოდა,
რომ ფურგონი ახლოს დაეყენებინა, ეკსტრომი პოლიციის სამმართველოს შენობას
დატოვებდა თუ არა, მობილური ტელეფონის მოსმენა შეუძლებელი ხდებოდა.
უმაღლესი ეშელონიდან მიღებული ნებართვის შემდეგ ედკლინთმა ლეგიტიმური
ოპერატიული ქვედანაყოფი შექმნა. სპეციალურად შეარჩია ოთხი ისეთი
ახალგაზრდა და ახალბედა თანამშრომელი, რომელთაც ჩვეულებრივ პოლიციაში
მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ; ორი მათგანი თაღლითობასთან ბრძოლის
განყოფილებიდან იყო, ერთი – ფინანსური პოლიციიდან და ერთიც – ძალადობრივ
დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებიდან. ედკლინთმა ისინი კაბინეტში იხმო,
დავალება მისცა და გამოძიების დეტალების საიდუმლოდ შენახვა უბრძანა. ყველას
ნათლად აუხსნა, რომ გამოძიება პირადად პრემიერ-მინისტრის განკარგულებით
ტარდებოდა. ქვედანაყოფს ინსპექტორი ფიგეროლა ჩაუდგა სათავეში.
თუმცა, გამოძიების ტემპი ძალიან ნელი იყო; ალბაYთ იმიტომ, რომ წესიერად არც
ერთმა არ იცოდა, ვინ ან რა უნდა გამოეძიებინათ. ერთი-ორჯერ ედკლინთმა და
ფიგეროლამ მორტენსონის დაკითხვაც კი მოინდომეს, მაგრამ მალევე გადაიფიქრეს
და დაცდა გადაწყვიტეს – მისი დაპატიმრებით ოპერაციის საიდუმლოებას ფარდა
აეხდებოდა.
ბოლოს, ხუთშაბათს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან მეთერთმეტე დღეს,
ფიგეროლა ედკლინთს კაბინეტში ეწვია.
– მგონი, ხელჩასაჭიდი გამოგვიჩნდა.
– დაჯექი.
– ევერტ გულბერგი. ერთ-ერთი ჩვენგანი ზალაჩენკოს მკვლელობის გამომძიებელ
მარკუს ერლანდერს ელაპარაკა. ერლანდერის თქმით, მკვლელობიდან ორ საათში
გეტებორგის პოლიციას RPS/Säk დაუკავშირდა და გულბერგის მუქარის წერილების
შესახებ აცნობა.
– სწრაფად უმოქმედიათ.
– მეტისმეტად სწრაფად. RPS/Säk-ს გულბერგის ცხრა წერილი ფაქსით გაუგზავნია.
თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა.
– რა პრობლემა?
– გულბერგს ორი წერილი იუსტიციის სამინისტროში პირადად იუსტიციის
მინისტრისა და მისი მოადგილისთვის გაუგზავნია.
– ეგ ვიცი.
– ოღონდ მინისტრის მოადგილისთვის გაგზავნილი წერილი მომდევნო დღემდე არ
დარეგისტრირებულა. ის უფრო გვიან მივიდა ადრესატამდე.
ედკლინთი ფიგეროლას მიაშტერდა. ჩანდა, მისი ეჭვები მართლდებოდა. ფიგეროლა
შეუჩერებლად აგრძელებდა.
– მაშასადამე, RPS/Säk-მა გეტებორგის პოლიციას ფაქსით გაუგზავნა იმ წერილის
ასლი, რომელიც ჯერ ადრესატამდე არ იყო მისული.
– ღმერთო ჩემო, – წამოიძახა ედკლინთმა.
– ფაქსი პირადი დაცვის განყოფილების რომელიღაც თანამშრომელმა გაგზავნა.
– ვინ?
– არა მგონია, ის ამ საქმეში გარეული იყოს. წერილები მის სამუშაო მაგიდაზე
დილით აღმოჩნდა და ზალაჩენკოს მკვლელობიდან მალევე გეტებორგის
პოლიციასთან დაკავშირება უბრძანეს.
– ვინ უბრძანა?
– სამდივნოს უფროსის მოადგილემ.
– ღმერთო, მონიკა, ხვდები, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ RPS/Säk ზალაჩენკოს
მკვლელობაშია გარეული.
– სულაც არა. თუმცა, ის კი ცხადია, რომ RPS/Säk-ის ზოგიერთმა თანამშრომელმა
წინასწარ იცოდა მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ. საკითხავია – ვინ?
– სამდივნოს უფროსმა...
– დიახ. თუმცა, რატომღაც ეჭვი გამიჩნდა, რომ „ზალაჩენკოს კლუბი“ სადღაც ამ
შენობის გარეთ მდებარეობს.
– რის თქმა გსურს?
– იმის, რომ მორტენსონი პირადი დაცვის განყოფილებიდან გადაიყვანეს და
დამოუკიდებლად მოქმედებს. მთელი კვირა ვუთვალთვალებდით და RPS/Säk-ის
არც ერთ აქ მომუშავე თანამშრომელს არ შეხვედრია. მობილურზე ურეკავენ, მაგრამ
მისი მოსმენა არ შეგვიძლია. არ ვიცით, რა ნომერი აქვს, მაგრამ აშკარად არ არის
ჩვეულებრივი ნომერი. ვიღაც ქერათმიან მამაკაცს შეხვდა, რომლის ამოცნობაც ვერ
მოვახერხეთ.
ედკლინთი მოიღუშა. იმავე წამს კაბინეტის კარზე ანდერს ბერგლუნდმა დააკაკუნა.
ისიც საგამოძიებო ჯგუფის წევრი იყო – ოფიცერი ფინანსური პოლიციიდან.
– მგონი, ევერტ გულბერგი ვიპოვე, – თქვა ბერგლუნდმა.
– შემოდი, – შიგნით შეიპატიჟა ედკლინთმა.
ბერგლუნდმა კუთხეგადაკეცილი შავ-თეთრი ფოტო დადო მაგიდაზე. ედკლინთმა
და ფიგეროლმა ფოტოს დახედეს და მასზე გამოსახული ადამიანი მაშინვე იცნეს.
ლეგენდარულ ორმაგ აგენტს, პოლკოვნიკ სტიგ ვენერსტრომს სამოქალაქო
ტანსაცმელში გამოწყობილი ორი მხარბეჭიანი პოლიციის ოფიცერი მიუძღვოდა.
– ეს გამომცემლობა Åhlén and Åkerlund-ის ფოტოა, ჟურნალ Se-ს 1964 წლის
გაზაფხულის ნომერში დაიბეჭდა. ფოტო სასამართლო პროცესის
მიმდინარეობისასაა გადაღებული. ვენერსტრომის უკან სამი ადამიანი ჩანს.
მარჯვნივ – კომისარი ოტო დანიელსონი, პოლიციელი, რომელმაც ვენერსტრომი
დააპატიმრა. დანიელსონის მარცხნივ და უკან მდგარ კაცს შეხედეთ.
ქუდიანი და მოკლეულვაშიანი ტანმაღალი მამაკაცი ედკლინთმა მწერალ დეშილ
ჰემეთს მიამსგავსა.
– ეს სახე გულბერგის სამოცდაექვსი წლის ასაკში გადაღებულ პასპორტის ფოტოს
შეადარეთ.
ედკლინთი მოიღუშა.
– ვერ დავიფიცებ, რომ ერთი და იგივე პიროვნებაა...
– მაგრამ არის, – თქვა ბერგლუნდმა, – გადააბრუნეთ ფოტო.
რევერსზე დარტყმული ბეჭედი იუწყებოდა, რომ ფოტო გამომცემლობა Åhlén &
Åkerlund-ს ეკუთვნოდა და ფოტოგრაფს იულიუს ესტჰოლმი ერქვა. ფანქრით
შემდეგი ტექსტი წაეწერათ: „სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს შენობაში სტიგ
ვენერსტრომს ორი პოლიციელი მიუძღვის. უკანა პლანზე: ო. დანიელსონი, ე.
გულბერგი და ჰ. ვ. ფრანკე“.
– ევერტ გულბერგი, – თქვა ფიგეროლამ, – ესე იგი, RPS/Säk-ში მუშაობდა.
– არა, არ მუშაობდა, – თქვა ბერგლუნდმა, – ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში არა,
როცა ეს ფოტო გადაიღეს.
– რას გულისხმობთ?
– RPS/Säk ოთხი თვის შემდეგ შეიქმნა. ამ ფოტოზე ის ჯერაც საიდუმლო პოლიციის
თანამშრომელია.
– ჰ. ვ. ფრანკე ვინ არის? – იკითხა ფიგეროლამ.
– ჰანს ვილჰელმ ფრანკე, – თქვა ედკლინთმა, – ოთხმოცდაათიანების დასაწყისში
გარდაიცვალა. ორმოცდაათიანების მიწურულს და სამოციანების დასაწყისში
საიდუმლო პოლიციის უფროსის თანაშემწედ მუშაობდა. ოტო დანიელსონივით
ისიც ლეგენდარულ პიროვნებად ითვლება. რამდენჯერმე შევხვედრივარ კიდეც.
– მართლა? – გაუკვირდა ფიგეროლას.
– RPS/Säk სამოციანების მიწურულს დატოვა. ფრანკე და პ. გ. ვინგე ერთმანეთს ვერ
ეწყობოდნენ და, შეიძლება ითქვას, რომ აიძუUლეს, 50-55 წლის ასაკში
გადამდგარიყო. მერე საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.
– საკუთარი ბიზნესი?
– კერძო ორგანიზაციებს უსაფრთხოების საკითხებში კონსულტაციას უწევდა.
სტურეპლანზე ჰქონდა ოფისი. თუმცა, დროდადრო RPS/Säk-ში ტრენინგებსაც
ატარებდა. სწორედ იქ შევხვედრივარ.
– ვინგე და ფრანკე რატომ ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს?
– უბრალოდ, ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. „ქაუბოი“ ფრანკეს ყველგან КГБ-
ის აგენტები ელანდებოდა, ხოლო ვინგე ძველმოდური ბიუროკრატი იყო. ფრანკეს
წასვლიდან მალევე ვინგეც დაითხოვეს. ბედის ირონიით, ვინგემ ულოფ პალმე КГБ-
ის აგენტობაში დაადანაშაულა.
ფიგეროლა ფოტოზე გვერდიგვერდ მდგარ გულბერგსა და ფრანკეს თვალს არ
აშორებდა.
– მგონი, იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთხელ უნდა დაველაპარაკოთ, – თქვა
ედკლინთმა.
– დღეს „მილენიუმის“ ახალი ნომერი გამოვიდა, – თქვა ფიგეროლამ.
ედკლინთმა მას დაჟინებული მზერა მიაპყრო.
– ზალაჩენკოზე ერთი სიტყვაც არსად უწერიათ, – დაამატა ფიგეროლამ.
– ესე იგი, შემდეგი ნომრის გამოსვლამდე კიდევ ერთი თვე გვაქვს. ძალიან კარგი.
ბლუმკვისტსაც უნდა მივხედოთ. მთელი ამ არეულობის შუაგულში ასაფეთქებლად
გამზადებულ ყუმბარასავით ტრიალებს.

თავი XVII
ოთხშაბათი, 1/VI
საღამოს შვიდი საათი იყო. ბლუმკვისტი არ ელოდა, რომ ბელმანსგატანის №1-ში
მდებარე სახლის ბოლო სართულის კიბის ბაქანზე ვინმე დახვდებოდა, და
გაკვირვებული შედგა, როცა კიბის ბოლო საფეხურზე ჩამომჯდარი ქერა,
მოკლეთმიანი ქალი დაინახა. მაშინვე იცნო ქარიმის მიერ მოპოვებულ ფოტოზე
ნანახი RPS/Säk-ის აგენტი მონიკა ფიგეროლა.
– გამარჯობა, ბლუმკვისტ, – მხიარულად მიესალმა ფიგეროლა და დაკეცა წიგნი,
რომელსაც კითხულობდა. ბლუმკვისტმა შეამჩნია, რომ წიგნი ინგლისური იყო და
ანტიკურ სამყაროში ღმერთის აღქმას ეხებოდა. მერე კი ფეხზე წამომდგარი
დაუპატიჟებელი სტუმარი შეათვალიერა. ქალს მოკლესახელოიანი საზაფხულო კაბა
ეცვა, ხოლო კიბის მოაჯირზე აგურისფერი ტყავის ქურთუკი გადაეკიდა.
– უნდა დაგელაპარაკოთ, – უთხრა ფიგეროლამ ბლუმკვისტს.
ფიგეროლა ბლუმკვისტზე ისედაც მაღალი იყო, მაგრამ სიმაღლეში სხვაობას ის
უფრო შYთამბეჭდავს ხდიდა, რომ ის ახლა ორი საფეხურით ზემოთ იდგა. ხელ-
ფეხიც ბლუმკვისტზე უფრო დაკუნთული ჰქონდა.
– როგორც ჩანს, კვირაში რამდენიმე საათს სპორტდარბაზში ატარებთ, – შენიშნა
ბლუმკვისტმა.
ფიგეროლამ გაუღიმა და მოწმობა ამოიღო.
– ჩემი სახელია...
– მონიკა ფიგეროლა, დაიბადეთ 1969 წელს, ცხოვრობთ პონტონიერგატანზე.
წარმოშობით ბურლენგეელი ხართ და უფსალის პოლიციაში გიმუშავიათ. უკვე
მესამე წელია, RPS/Säk-ში მუშაობთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტში. ვარჯიში გიტაცებთ და ერთ დროს პირველი კლასის ათლეტი
იყავით, შვედეთის ოლიმპიურ გუნდში მოხვედრამდე ცოტა დაგაკლდათ. ჩემგან რა
გინდათ?
გაოგნებული ფიგეროლა სწრაფად მოეგო გონს.
– ძალიან კარგი, – ხმადაბლა თქვა მან, – ესე იგი, უკვე იცით, ვინც ვარ და ჩემი აღარ
შეგეშინდებათ.
– აღარ?
– ვიღაცეებს თქვენთან პირადად შეხვედრა და მშვიდად საუბარი სურთ. რადგან
თქვენს ბინაში სათვალთვალო და მოსასმენი მოწყობილობები აყენია, აჯობებს, ეს
შეხვედრა უსაფრთხო ადგილას შედგეს. თქვენს წასაყვანად გამომგზავნეს.
– „სეპოს“ თანამშრომელს სადმე რატომ უნდა გავყვე?
– იცით... ან თავაზიან მიპატიჟებაზე დამთანხმდებით, ან თუ გნებავთ,
ბორკილდადებულს წაგიყვანთ, – ხანმოკლე პაუზის შემდეგ უპასუხა ფიგეროლამ
და ეშმაკურად გაიღიმა, – მისმინეთ, ბლუმკვისტ, ჩემთვის გასაგებია, რომ მიზეზი
არ გაქვთ RPS/Säk-ს ენდობოდეთ, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ჩვენგანი არ არის
თქვენი მტერი. ჩემს უფროსებს თქვენთან საუბარი სურთ. აბა, რა გირჩევნიათ?
ნებით წამოხვალთ თუ ბორკილდადებული წაგიყვანოთ?
– წელს ერთმა პოლიციელმა უკვე დამადო ბორკილები და ეს საკმარისია. სად
მივდივართ?
ფიგეროლას მანქანა პრისგრენდის კუთხეში გაეჩერებინა. მის ახალ „სააბ 9-5“-ში
რომ ჩასხდნენ, ფიგეროლამ ტელეფონი გახსნა და ნომერი აკრიფა.
– თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნებით.
მერე ბლუმკვისტს უთხრა, უსაფრთხოების ღვედი შეიკარითო, და ოსტერმალმისკენ
გაემართა. არტილერიგატანის პარალელურ ქუჩაზე გააჩერა მანქანა და
გადასვლამდე ბლუმკვისტისკენ მიტრიალდა:
– ეს მეგობრული შეხვედრაა, ბლუმკვისტ, არაფერს კარგავთ.
ბლუმკვისტს არაფერი უთქვამს, ჯერ ვნახო, რა უნდათ, და სიტუაციას მერე
შევაფასებო.
ფიგეროლამ სადარბაზო კარის ელექტროსაკეტის კოდი აკრიფა. მეხუთე სართულზე
ლიფტით ავიდნენ და ერთ-ერთ ბინას მიადგნენ. ბინის კარზე გამოკრულ დაფაზე
„მარტინსონი“ ეწერა.
– ეს ბინა ამ შეხვედრისთვის ვიქირავეთ, – ფიგეროლამ კარი გააღო, – მარჯვნივ,
მისაღებ ოთახში.
ბლუმკვისტმა ჯერ ტორსტენ ედკლინთი დაინახა, რაც სულაც არ გაჰკვირვებია,
რადგან „სეპო“ მომხდარში მონაწილეობდა, თანაც ედკლინთი ფიგეროლას უფროსი
იყო. თუმცა, ის ფაქტი, რომ თავად კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის უფროსმა მოითხოვა მასთან შეხვედრა, მიანიშნებდა, რომ ზემოთ
ვიღაც ღელავდა.
შემდეგ ფანჯარასთან მდგარი ფიგურა შეამჩნია. იუსტიციის მინისტრი. ამან
გააკვირვა.
უცებ მარჯვნიდან ნაბიჯის ხმა მოესმა და სავარძლიდან წამომდგარი პრემიერ-
მინისტრი დაინახა. მას ბლუმკვისტი ნამდვილად არ ელოდა.
– საღამო მშვიდობისა, ჰერ ბლუმკვისტ, – მიესალმა პრემიერ-მინისტრი, –
უკაცრავად, რომ ასე სწრაფად და გაუფრთხილებლად წამოგიყვანეთ. ვითათბირეთ
და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თქვენთან გასაუბრება გადავწყვიტეთ.
ყავას ან სხვა სასმელს ხომ არ ინებებთ?
ბლუმკვისტმა მიმოიხედა. შავ სასადილო მაგიდაზე ჭიქები, ყავის ფინჯნები და
სენდვიჩის ნარჩენები ეწყო. ალბათ მის გამოჩენას რამდენიმე საათს ელოდნენ.
– „რამლოსას“ დავლევ, – თქვა ბლუმკვისტმა.
ფიგეროლმამ მინერალური წყალი დაუსხა. კაცები დივანზე ჩამოსხდნენ. ფიგეროლა
უკანა პლანზე დარჩა.
– მიცნო, იცოდა ჩემი სახელი, სად ვცხოვრობ, სად ვმუშაობ და ისიც, რომ ვარჯიშით
ვარ გატაცებული, – ყველას გასაგონად აღნიშნა ფიგეროლამ.
პრემიერ-მინისტრმა ჯერ ედკლინთს შეხედა, მერე – ბლუმკვისტს. ბლუმკვისტი
მაშინვე მიხვდა, რომ პრემიერ-მინისტრს მისგან რაღაც უნდოდა, მაგრამ
წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იცოდა ბლუმკვისტმა. ეს ბლუმკვისტს გარკვეულ
უპირატესობას ანიჭებდა.
– როგორ შეიტყვეთ ინსპექტორი ფიგეროლას ვინაობა? – ჰკითხა პრემიერ-
მინისტრმა.
ბლუმკვისტმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს
შეხედა. ჯერ არ იცოდა, პრემიერ-მინისტრმა მასთან შეხვედრა ნაქირავებ ბინაში
რატომ მოინდომა, მაგრამ უეცრად შთაგონების მოზღვავება იგრძნო.
„ეს ყველაფერი არმანსკიმ წამოიწყო – სხვა ვარიანტი არ არსებობს. სანდო ადამიანს
ინფორმაცია მიაწოდა. ალბათ ედკლინთს ან ედკლინთის ახლობელს. უნდა
გავრისკო“.
– ჩვენი საერთო მეგობარი გესაუბრათ, – უთხრა ედკლინთს, – ფიგეროლას
დაავალეთ გაერკვია, რა ხდება. ფიგეროლამ აღმოაჩინა, რომ „სეპოს“ აგენტები ჩემს
ბინაში უკანონოდ შეიჭრნენ, რაღაც მომპარეს და სათვალთვალო და მოსასმენი
მოწყობილობები დააყენეს. ეს ნიშნავს, რომ უკვე იცით იმ საიდუმლო დაჯგუფების
შესახებ, რომელსაც მე „ზალაჩენკოს კლუბს“ ვუწოდებ. ამან ისე აგაღელვათ, რომ
მიხვდით, აუცილებლად რაღაც უნდა გეღონათ, ოღონდ კარგა ხანს ვერ
გადაწყვიტეთ, რა გზას დასდგომოდით. ბოლოს იუსტიციის მინისტრს მიმართეთ,
მან კი პრემიერ-მინისტრთან დაგაკავშირათ. ახლა ყველანი აქ ვართ. რა გინდათ
ჩემგან?
ბლუმკვისტი ისე თავდაჯერებულად საუბრობდა, თითქოს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტში სანდო ინფორმატორი ჰყავდა და ედკლინთის
თითოეულ ნაბიჯს უთვალთვალებდა. ედკლინთის გაფართოებული თვალები რომ
შეამჩნია, მიხვდა, რომ მიზანში მოარტყა.
– „ზალაჩენკოს კლუბი“ მე მითვალთვალებს, მე მათ ვუთვალთვალებ, – განაგრძო
ბლუმკვისტმა, – თქვენც „ზალაჩენკოს კლუბს“ უთვალთვალებთ. პრემიერ-
მინისტრს ეს ფაქტი აშფოთებს და აბრაზებს. იცის, რომ ეს საუბარი შეიძლება ისეთი
სკანდალით დასრულდეს, მთელი მთავრობაც კი შეიწიროს.
ფიგეროლა მიხვდა, რომ ბლუმკვისტი იტყუებოდა. უცებ ისიც გაიაზრა, როგორ
შეიტყო მან მისი სახელი და ბიოგრაფიის დეტალები, რომ თავისი
ყოვლისმცოდნეობით გაეკვირვებინა.
„ბელმანსგატანზე მანქანაში დამინახა. მანქანის რეგისტრაციის ნომერი ჩაიწერა და
მფლობელის ვინაობა გადაამოწმა. დანარჩენს კი ალბათ თავად მიხვდა“.
თუმცა, ქალს ხმა არ ამოუღია.
პრემიერ-მინისტრი ამჯერად მართლა შეშფოთდა.
– მაშ, ფიქრობთ, რომ მთავრობა სკანდალში გაეხვევა? – იკითხა მან.
– მთავრობის ბედი დიდად არ მადარდებს, – მხრები აიჩეჩა ბლუმკვისტმა, – ჩემი
მიზანი „ზალაჩენკოს კლუბის“ მხილებაა.
– ჩემი მოვალეობა კი ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად მართვაა, – თქვა პრემიერ-
მინისტრმა.
– რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი პრობლემა მთავრობის პრობლემაცაა და არა – პირიქით.
– იქნებ წრეზე სიარულს მოვრჩეთ? როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრაზე რატომ
მოგიწვიეთ?
– რათა გაიგოთ, რა ვიცი და როგორ ვაპირებ ამ ცოდნის გამოყენებას.
– ნაწილობრივ სიმართლეს ბრძანებთ. კონსტიტუციურ კრიზისში აღმოვჩნდით.
წინასწარ გეტყვით, რომ ამ საქმეში მთავრობის ხელი არ ურევია. ეს ჩვენთვისაც
მოულოდნელია. არასდროს მსმენია მაგ თქვენს „ზალაჩენკოს კლუბზე“. არც
იუსტიციის მინისტრმა იცოდა მათი არსებობის შესახებ და არც RPS/Säk-ის
მაღალჩინოსანმა და „სეპოში“ მუშაობის მრავალწლიანი სტაჟის მქონე ტორსტენ
ედკლინთმა.
– არც ესაა ჩემი პრობლემა.
– გასაგებია. მაინტერესებს, როდის გეგმავთ თქვენი სტატიის გამოქვეყნებას და
ზუსტად რა ეწერება მასში. უბრალოდ, გეკითხებით, მოსალოდნელი ზიანის
მინიმუმამდე დაყვანას არ ვცდილობ.
– ვითომ?
– ჰერ ბლუმკვისტ, ამ სიტუაციაში ყველაზე უარესი ის იქნება, თქვენი სტატიის
შინაარსისა და ფორმის შეცვლა ვცადო. პირიქით, თანამშრომლობას გთავაზობთ.
– უფრო გასაგებად ამიხსენით.
– ვინაიდან უკვე დადასტურდა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციის ყველაზე
დელიკატურ ნაწილში შეთქმულება არსებობს, გამოძიების დაწყების ბრძანება
გავეცი, – პრემიერ-მინისტრი იუსტიციის მინისტრს მიუბრუნდა, – გთხოვთ,
აუხსენით, როგორია მთავრობის განკარგულება.
– საქმე ძალიან მარტივადაა, – დაიწყო იუსტიციის მინისტრმა, – ტორსტენ
ედკლინთს მტკიცებულებების აღმოჩენა დაევალა. მოპოვებული სანდო ინფორმაცია
გენერალურ პროკურორს უნდა გადასცეს, ეს უკანასკნელი კი გადაწყვეტს, ღირს თუ
არა საქმის აღძვრა. მკაფიო მითითებაა. ამ საღამოს ედკლინთმა გამოძიების
მიმდინარეობის შესახებ ანგარიში გაგვაცნო. მოსალოდნელი კონსტიტუციური
გართულებების შესახებ დიდხანს ვითათბირეთ. რასაკვირველია, გვინდა,
ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდეს.
– ბუნებრივია, – თქვა ბლუმკვისტმა. მისი ხმის ტონი ცხადად მეტყველებდა, რომ
ოდნავადაც არ სჯეროდა პრემიერ-მინისტრის სიტყვების.
– გამოძიება უკვე დელიკატურ სტადიაზეა. ჯერჯერობით ვერ გაგვირკვევია,
ზუსტად ვინ არის ამ საქმეში გარეული. ამას დრო დასჭირდება. ამიტომაც
გამოვგზავნეთ ინსპექტორი ფიგეროლა თქვენს მოსაწვევად.
– ამას მოწვევას ვერ დავარქმევთ.
პრემიერ-მინისტრი მოიღუშა და ფიგეროლას შეხედა.
– ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, – თქვა ბლუმკვისტმა, – ფიგეროლა სამაგალითოდ
მოიქცა. გთხოვთ, მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ.
– თქვენი სტატიის გამოქვეყნების თარიღის დადგენა გვინდა. გამოძიება
საიდუმლოდ მიმდინარეობს. თუ სტატიას გამოძიების დასრულებამდე
გამოაქვეყნებთ, ყველაფერი ჩაგვეშლება.
– მაშ, როდის გინდათ, რომ ჩემი სტატია გამოვაქვეყნო? ალბათ მომდევნო
არჩევნების შემდეგ, არა?
– ეს თავად გადაწყვიტეთ. მე ვერაფერს დაგაძალებთ. უბრალოდ, თარიღი
გვითხარით, რომ გამოძიების დასრულების ბოლო ვადა ვიცოდეთ.
– გასაგებია. თანამშრომლობა ახსენეთ...
– დიახ, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, – მაგრამ ჯერ იმას გეტყვით, რომ ნორმალურ
ვითარებაში ჟურნალისტს ასეთ შეხვედრაზე მოსვლას არასდროს ვთხოვდი.
– ნორმალურ ვითარებაში ალბათ ყველაფერს იზამდით, რომ ჟურნალისტს ასეთი
შეხვედრის შესახებ არაფერი შეეტყო.
– დიახ. ჩემთვის გასაგებია, რა გამოძრავებთ. თქვენ კორუფციასთან მებრძოლი
ჟურნალისტის სახელი გაქვთ. ამ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს
ემთხვევა და დაპირისპირების არანაირი მიზეზი არ არსებობს.
– არანაირი?
– არანაირი. უფრო ზუსტად, შეიძლება ჩვენ მოსაზრებები იურიუდიული კუთხით
განსხვავდებოდეს, მაგრამ მიზანი ერთი გვაქვს. თუ „ზალაჩენკოს კლუბი“
ნამდვილად არსებობს, ეს კრიმინალური შეთქმულება ეროვნული
უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათი უკანონო საქმიანობა უნდა
შეწყდეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ამ მხრივ, მგონი, ერთმანეთს ვეთანხმებით.
ბლუმკვისტმა თავი დააქნია.
– და, თანამშრომლობის სანაცვლოდ, მე რას მივიღებ?
– არაფერს. ცრუ დაპირებებს არ მოგცემთ. თუ გნებავთ, სტატია ხვალვე
გამოაქვეყნეთ. მე კონსტიტუციურად გაუმართლებელ ვაჭრობაში არ ჩავებმები. მე
ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გთავაზობთ თანამშრომლობას.
– ასეთ შემთხვევაში „არაფერი“ ძალიან ბევრს შეიძლება ნიშნავდეს, – თქვა
ბლუმკვისტმა, – პირდაპირ გეტყვით, ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ
მთავრობაზეც, „სეპოზეც“ და ყველა იმ ნაბიჭვარზეც, რომლებმაც თორმეტი წლის
გოგონა ჯერ საგიჟეთში გამოკეტეს და მერე უნარშეზღუდულად გამოაცხადეს.
– ამიერიდან ლიზბეYთ სალანდერის საქმეს მთავრობა პირადად მეთვალყურეობს, –
გაიღიმა პრემიერ-მინისტრმა, – მიქაელ, სალანდერის უბედურებამ მეც შემძრა.
გთხოვთ, დამიჯერეთ, დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან. მაგრამ მანამდე მათი
ვინაობა უნდა დავადგინოთ.
– ჩემთვის პრიორიტეტული სალანდერის გამართლება და მისი ქმედუნარიანიად
გამოცხადებაა.
– ამაში ვერ დაგეხმარებით. კანონზე მაღლა არ ვდგავარ და სამართალდამცავებს
ვერაფერს ვუკარნახებ. სალანდერი სასამართლომ უნდა გაამართლოს.
– მაშ, კარგი, – თქვა ბლუმკვისტმა, – რახან თანამშრომლობას მთხოვთ, ედკლინთის
გამოძიებაში უნდა ჩამახედოთ და მეც გეტყვით როდის და რის გამოქვეყნებას
ვაპირებ.
– ამას თუ ვიზამ, თქვენ მიმართ ისეთ პოზიციაში აღმოვჩნდები, როგორც ყოფილი
იუსტიციის მინისტრი – ებე კარლსონის[27] მიმართ.
– მე ებე კარლსონი არ ვარ, – მშვიდად შენიშნა ბლუმკვისტმა.
– ვიცი. მეორე მხრივ, თავად ედკლინთის გადასაწყვეტია, გამოძიების დეტალებს
გაგიზიარებთ თუ არა.
– ჰმ, – თქვა ბლუმკვისტმა, – მინდა, ვიცოდე, ვინ იყო ევერტ გულბერგი.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– სავარაუდოდ, გულბერგი მრავალი წლის განმავლობაში სწორედ იმ შეთქმულთა
ჯგუფს ხელმძღვანელობდა, თქვენ რომ „ზალაჩენკოს კლუბს“ უწოდებთ, – თქვა
ბოლოს ედკლინთმა.
პრემიერ-მინისტრმა მკაცრად შეხედა ედკლინთს.
– მგონი, ეს უკვე ისედაც იცის, – თითქოს მოიბოდიშა ედკლინთმა.
– დიახ, ვიცი, – თქვა ბლუმკვისტმა, – „სეპოში“ მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო და
1960-იან წლებში „სპეციალური ანალიზის სექციის“ უფროსი გახდა. ზალაჩენკოს
საქმეს ის კურირებდა.
– იმაზე მეტი გცოდნიათ, ვიდრე უნდა იცოდეთ, – თავი გააქნია პრემიერ-მინისტრმა,
– ძალიან მაინტერესებს, ეს ინფორმაცია როგორ მოიპოვეთ, მაგრამ არაფერს
გკითხავYთ.
– ჩემი სტატია დაუსრულებელია, – შენიშნა ბლუმკვისტმა, – ნაპრალები უნდა
ამოვავსო. მომაწოდეთ საჭირო ინფორმაცია და თქვენს კომპრომეტირებას არ
ვეცდები.
– როგორც პრემიერ-მინისტრს, ამ ტიპის ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს.
ედკლინთიც ძალიან გარისკავს, თუ ამას იზამს.
– კმარა ჩემი გასულელება! ვიცი, თქვენ რაც გინდათ, და იცით, მე რა მინდა. თუ
ინფორმაციას მომაწვდით, ჩემი ინფორმატორები გახდებით და თქვენი
ანონიმურობა დაცული იქნება. სხვანაირად ნუ გამიგებთ... სტატიაში ჩემი თვალით
დანახულ სიმართლეს შემოგთავაზებთ. თუ თქვენც გარეული ხართ, თქვენც
გამხელთ და ყველაფერს ვიზამ, რომ ხელმეორედ აღარ აგირჩიონ. თუმცა,
ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ მაქვს, ასე ვიფიქრო.
პრემიერ-მინისტრმა ედკლინთს შეხედა და ხანმოკლე ფიქრის შემდეგ თავი დააქნია.
ბლუმკვისტმა ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კანონის დარღვევის ნიშნად მიიღო
– ის ჟურნალისტისთვის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებას დათანხმდა.
– ამ პრობლემის იოლად გადაწყვეტა შეიძლება, – თქვა ედკლინთმა, – საგამოძიებო
გუნდისთვის თვითონ ავარჩევ კოლეგებს. გუნდში ვერ ჩაგრთავთ, რადგან ამ
შემთხვევაში ინფორმაციის გაუვრცელებლობის ფიცის დადება მოგიწევთ, მაგრამ
მოწვეულ კონსულტანტად თქვენი დაქირავებით არაფერი დაშავდება.
მორანდერის ჩანაცვლების შემდეგ ბერგერის ცხოვრება დაუსრულებელ
შეხვედრებად და ოცდაოთხსაათიან მუშაობად იქცა.
ბლუმკვისტის მიერ თითქმის ორი კვირის წინ მოწოდებული კორტესის კვლევის
(კვლევა ბორგშეს უკანონო საქმიანობას ეხებოდა) გასაცნობად მხოლოდ ოთხშაბათ
ღამით მოიცალა. საქაღალდე რომ გახსნა, მიხვდა, რატომაც აჯანჯლებდა ამ საქმეს
ამდენ ხანს. კატასტროფა გარდაუვალი იყო.
სალტშებადენში შინ, კერძო სახლში, უჩვეულოდ ადრე, საღამოს შვიდ საათზე
დაბრუნდა და ჰოლში რომ სიგნალიზაცია გამორთო, გაახსენდა, ქმარი შინ არ იყო.
დილით მას ხანგრძლივი კოცნით დაემშვიდობა, რადგან ბეკმანი პარიზში
მიფრინავდა და კვირის ბოლომდე არ დაბრუნდებოდა. ბერგერს წარმოდგენა არ
ჰქონდა, სად ან რის შესახებ კითხულობდა ლექციებს მისი ქმარი.
მეორე სართულზე ავიდა, აბაზანა წყლით გაავსო და ტანსაცმელი გაიხადა.
კორტესის საქაღალდე თან წაიღო და მომდევნო ნახევარი საათი მის კითხვას
დაუთმო. კითხვისას უნებურად ეღიმებოდა, კორტესისგან ძალიან მაგარი
რეპორტიორი დადგებაო. ოცდაექვსი წლის კორტესი „მილენიუმში“ პირდაპირ
უნივერსიტეტიდან მოვიდა. უკვე მეოთხე წელი იყო, ჟურნალში მუშაობდა. ბერგერს
სიამაყის გრძნობა დაეუფლა – სტატიაში „მილენიუმის“ ხელწერა იგრძნობოდა;
ყოველი სიტყვა თუ წინადადება დასაბუთებული იყო.
თუმცა, მეორე მხრივ, დასევდიანდა. ბორგშე კარგი ადამიანი იყო.
ასეთი სისულელე როგორ ჩაიდინა, იქნებ რამე ახსნა ან შემარბილებელი გარემოება
არსებობდესო, – გაიფიქრა, მაგრამ კვლევაში მოყვანილი ფაქტების გამართლება
შეუძლებელი იყო.
საქაღალდე განზე გადადო, აბაზანაში უფრო მოხერხებულად მოეწყო და შექმნილ
სიტუაციაზე დაფიქრდა:
„მიქაელი და „მილენიუმი“ სტატიას აუცილებლად გამოაქვეყნებენ. მათ ადგილას
მეც წამითაც არ შევყოყმანდებოდი. ის, რომ წინასწარ გამაფრთხილეს, მხოლოდ
„მილენიუმის“ მხრიდან გამოჩენილი თავაზიანობაა; სურთ, პიროვნულად რაც
შეიძლება ნაკლები ზიანი მომადგეს. სიტუაცია რომ შეიცვალოს და Svenska Morgon-
Posten-ს ჩაუვარდეს სკანდალური მასალა „მილენიუმის“ საბჭოს თავმჯდომარეზე
(ანუ ჩემზე), დაუფიქრებლად გამოაქვეყნებდნენ“.
ეს სტატია ბორგშესთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა. მთავარი ის კი არ იყო, რომ
ბორგშეს კომპანია Vitavara Inc. ბავშვთა შრომის გამოყენების და პოლიტპატიმრების
ექსპლუატაციის გამო გაეროს შავ სიაში მოხვედრილი კომპანიებისგან აწარმოებდა
იმპორტს, არამედ ის, რომ ბორგშემ ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ Fong Soo Industries-
ის მაინც უკვეთავდა უნიტაზებს. კაპიტალისტების ასეთი სიხარბე, განსაკუთრებით
Skandia-ს ყოფილი პრეზიდენტის კრიმინალური საქმიანობის გამოვლენის შემდეგ
შვედეთის მოქალაქეებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.
რასაკვირველია, ბორგშე ყველაფრის უარყოფას ეცდებოდა, Fong Soo Industries-ის
მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცოდიო, მაგრამ კორტესს უტყუარი სამხილი
მოეპოვებინა და ბორგშეს უმალვე ტყუილში გამოიჭერდა – 1997 წელს ბორგშე
პირადად იყო ვიეტნამში პირველი ხელშეკრულების დასადებად და იმ ათ დღეში
კომპანიის ქარხნებიც მოინახულა.
„თუ იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ იქ მომუშავე თორმეტი-ცამეტი წლის ბავშვები
არ უნახავს, მით უარესი მისთვის – იდიოტად გამოჩნდება“.
კორტესს სტატიაში გაეროს კომისიის 2001 წლის ანგარიში მოეყვანა, რომელშიც
ეწერა, Fong Soo Industries ბავშვთა შრომას იყენებსო. ეს ანგარიში იმ პერიოდის პრესის
განხილვის საგანიც გამხდარა. ბავშვთა შრომის გამოყენებასთან მებრძოლ ორ
ცნობილ ორგანიზაციას მიეწერა წერილები იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც Fong
Soo Industries-თან საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდა. შვიდი წერილი
გაეგზავნათ Vitavara Inc.-ისთვისაც, მათგან ორი – პირადად ბორგშესთვის და
სამხილების წარმოდგენის მზადყოფნა გამოეთქვათ, მაგრამ მათთვის Vitavara Inc.-ს
არაფერი ეპასუხა.
სიტუაციას უფრო ამძიმებდა ისიც, რომ კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ბორგშე
ვიეტნამში კიდევ ორჯერ, 2001 და 2004 წლებში იმყოფებოდა, ასე რომ, „არ ვიცოდი“-
ს მტკიცებით თავს ვერ დაიძვრენდა.
გარდაუვალ მედიააჟიოტაჟს ერთადერთი დასასრული ექნებოდა. ან ბორგშე ჭკუას
მოუხმობდა, ბოდიშს მოიხდიდა და ყველა თანამდებობას დატოვებდა, ან
შეწინააღმდეგებას გაბედავდა და კარიერას სამუდამოდ დაისამარებდა.
ბერგერს Vitavara Inc.-ის ბედი არ ადარდებდა. მისთვის მნიშვნელოვანი Svenska
Morgon-Posten-ის კეთილდღეობა იყო, განახლების გზაზე მდგარ გაზეთს კი
გენერალურ დირექტორად უკანონო საქმიანობაში გარეული ბორგშეს ყოფნა
ნაღდად არაფერში წაადგებოდა.
ბერგერმა გადაწყვეტილება მიიღო:
„ბორგშესთან მივალ, მის წინააღმდეგ მომზადებულ სტატიას წავაკითხებ და
დავარწმუნებ, რომ გადადგეს, სანამ სტატია გამოუქვეყნებიათ. თუ გაჯიუტდება,
დირექტორთა საბჭოს შევკრებ, სიტუაციას გავაცნობ და დირექტორებს ვაიძულებ
ბორგშეს გადაყენებას. თუ უარს იტყვიან, დაუყოვნებლივ თვითონ გადავდგები
მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან“.
სანამ ფიქრობდა, აბაზანაში წყალი გაცივდა. ბერგერი წამოდგა, შხაპი გადაივლო,
ტანი შეიმშრალა და ხალათის ჩასაცმელად საძინებელში შევიდა. მერე მობილური
ტელეფონი აიღო და ბლუმკვისტს დაურეკა, მაგრამ მან არ უპასუხა. პირველ
სართულზე ჩავიდა, ყავა მოიდუღა და Svenska Morgon-Posten-ში მუშაობის
დაწყებიდან პირველად დაინტერესდა, ტელევიზორში რამე კარგი ფილმი ხომ არ
გადის, რომ ვუყურო და ცოტათი განვიტვირთოო.
ჰოლში რომ შევიდა, ქუსლში მწვავე ტკივილი იგრძნო. ძირს დაიხედა და სისხლი
დაინახა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და უკვე მთელი ტერფი ასტკივდა. კუთხეში
მდგარ კლასიკური სტილის სავარძელთან ასკინკილით მივიდა და ჩამოჯდა. მისდა
გასაკვირად, ქუსლში შუშის ნამსხვრევი შერჭობოდა. ლამის გული წაუვიდა, მაგრამ
მხნეობა მოიკრიბა, ნამსხვრევს ხელი ჩაავლო, მაგრად მოქაჩა და ქუსლიდან ამოიღო.
ჭრილობიდან სისხლმა იფეთქა.
ბერგერმა გარდერობის უჯრა გამოაღო, რომელშიც ხელთათმანებს, შარფებსა და
ქუდებს ინახავდა. პირველივე შარფს სტაცა ხელი და ტერფზე მჭიდროდ შემოიხვია.
ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და კიდევ ერთი სახვევი დაიმატა. სისხლდენამ
შედარებით იკლო.
შუშის ნამსხვრევს გაკვირვებულმა დახედა.
„ეს აქ საიდან გაჩნდა?“
მერე იატაკზე უფრო მეტი ნამსხვრვევი შეამჩნია.
„ღმერთო!“
წამოდგა და სასტუმრო ოთახში შეიხედა. ოთახის შუშის კედელი ჩაემსხვრიათ და
იატაკი ნამსხვრევებით იყო მოფენილი.
შემოსასვლელში დაყრილი საგარეო ფეხსაცმლები ჩაიცვა. უფრო ზუსტად, ერთი
ჩაიცვა, ხოლო მეორეში დაჭრილი ფეხის თითები ჩაყო და ასკინკილით შევიდა
სასტუმრო ოთახში.
ოთახის შუაგულში აგური ეგდო.
ვერანდის კარამდე ძლივძლივობით მივიდა და ბაღში გავიდა. უკანა კედელზე
ვიღაცას ერთმეტრიანი ასოებით მიეწერა:
კახპა
უკვე ღამის ათი საათი იყო დაწყებული, როცა ფიგეროლამ ბლუმკვისტს მანქანის
კარი გაუღო. მერე მანქანას შემოუარა და მძღოლის სავარძელში ჩაჯდა.
– შინ მიგიყვანოთ თუ სადმე ჩამოგსვათ?
ბლუმკვისტი წინ იყურებოდა.
– სიმართლე გითხრათ, ცოტათი დაბნეული ვარ. პრემიერ-მინისტრს ადრე არასდროს
დავპირისპირებივარ.
– თქვენი კოზირი კარგად გაათამაშეთ, – გაეცინა ფიგეროლას, – ვერ
წარმოვიდგენდი, პოკერის უბადლო მოთამაშე თუ იქნებოდით.
– ჩემი ყოველი სიტყვა სიმართლე იყო.
– რასაკვირველია. მე ის ვიგულისხმე, რომ თავი ისე მოაჩვენეთ, თითქოს იმაზე მეტი
იცით, ვიდრე სინამდვილეში. ამას მაშინ მივხვდი, როცა გავიაზრე, მე როგორ
მიცანით.
ბლუმკვისტი ფიგეროლასკენ შეტრიალდა.
– ჩემი მანქანის ნომერი ჩაიწერეთ, როცა თქვენი სახლის წინ ფერდობზე ვიდექი.
არადა, ისე ისაუბრეთ, თითქოს პრემიერ-მინისტრის სამდივნოში ჩვენს თათბირს
ესწრებოდით და ყველაფერი მოისმინეთ.
– რატომ არაფერი თქვით? – ჰკითხა ბლუმკვისტმა.
ფიგეროლამ გრევ-ტურეგატანზე შეუხვია.
– თამაშის წესები. იქ მანქანა არ უნდა გამეჩერებინა, მაგრამ თავისუფალი ადგილი
ვერ ვიპოვე. როგორც ვატყობ, ყველაფერს ყურადღებით აკვირდებით.
– წინა სავარძელზე რუკა გქონდათ გაშლილი და მობილურზე ლაპარაკობდით.
მანქანის ნომერი ჩავიწერე და მფლობელის ვინაობა გადავამოწმე. ყველა საეჭვო
მანქანის ნომერს ვიმახსოვრებ და ვამოწმებ. ჩემი ძიება უმეტეს შემთხვევაში
უშედეგოდ სრულდება, მაგრამ თქვენ შემთხვევაში „სეპოს“ თანამშრომელს
გადავაწყდი.
– მე მორტენსონს ვუთვალთვალებდი.
– აა. რა მარტივია.
– მერე აღმოვაჩინე, რომ Milton Security-ელი სუსან ლინდერის მეშვეობით თქვენც მას
უთვალთვალებდით.
– არმანსკიმ დაავალა, ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვალყური სჭეროდა.
– მერე ლინდერი თქვენს სადარბაზოში შევიდა; ალბათ ბინაში სათვალთვალო
მოწყობილობები დაგიყენათ.
– ასეა. ფარული კამერით გადავიღეთ, როგორ დაიპარებიან ბინაში და იქექებიან ჩემს
დოკუმენტებში. მორტენსონს პორტატული ქსეროქსის აპარატი აქვს. მისი ამხანაგის
ვინაობა თუ დაადგინეთ?
– მისი ვინაობა უმნიშვნელოა. ერთი ნასამართლევი ზეინკალია, რომელიც საკეტების
გახსნით ირჩენს თავს.
– რა ჰქვია?
– ინფორმატორის ვინაობა დაცული იქნება?
– რა თქმა უნდა.
– ლარს ფაულსონი, მეტსახელად – ფალუნი. 47 წლისაა. 1980-იან წლებში სეიფის
გატეხისა და სხვა წვრილმანებისთვის გაასამართლეს. ნორტულში მაღაზია აქვს.
– გმადლობთ.
– მოდი, საიდუმლოებები ხვალისთვისაც შემოვინახოთ.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იმით დასრულდა, რომ ბლუმკვისტი
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიბარეს ინფორმაციის
გასაცვლელად.
სერგელს-ტორგს გასცდნენ. ბლუმკვისტი ჩაფიქრდა.
– იცით რა? საშინლად მშია. ადრე ვისადილე და შინ მაკარონის მომზადებას
ვაპირებდი, მაგრამ სადღაც შეხვედრაზე გამაქანეთ. თქვენ ისადილეთ?
– კარგა ხნის წინ.
– მაშინ, რესტორანში წავიდეთ და რამე კარგი მივირთვათ.
– ცუდი საჭმელი არ არსებობს.
– მეგონა, ჯანმრთელი საკვების მოყვარული იყავით.
– არა, მე სპორტული ვარჯიშის მოყვარული ვარ. თუ რეგულარულად ვარჯიშობ,
შეგიძლია ყველაფერი ჭამო, რაც მოგინდება. რასაკვირველია, ზომიერად.
ფიგეროლამ კლარაბერგის ვიადუკზე დაამუხრუჭა და დაფიქრდა. იმის ნაცვლად,
რომ უკან, სოდერმალმში დაბრუნებულიყო, გზა კუნგსჰოლმენისკენ განაგრძო.
– არ ვიცი, სოდერში როგორი რესტორნებია, მაგრამ ფრიდჰემსპლანზე ჩინებული
ბოსნიური სასადილო მეგულება. იქაური ბურეკი საუკეთესოა.
– მადისაღმძვრელად ჟღერს, – თქვა ბლუმკვისტმა.
სალანდერი საკუთარ ბიოგრაფიაზე დღეში საშუალოდ ხუთ სააYთს მუშაობდა და
ნელა, აბზაც-აბზაც მიიწევდა წინ. ყოველ სიტყვას ფრთხილად არჩევდა; დეტალებს,
რომლებიც შეიძლებოდა მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, ტოვებდა.
ის, რომ პალატაში ჩაკეტეს, პირიქით, წაადგა. როგორც კი გასაღების ჩხარუნს ან
საკლიტურში ჩხაკუნის ხმას გაიგონებდა, მაშინვე ინახავდა პალმტოპს.
„ის იყო, ბიურმანის საზაფხულო კოტეჯის კარის ჩაკეტვას ვაპირებდი, რომ
მოტოციკლეტებით კარლ-მაგნუს ლუნდინი და სონი ნიემინენი გამოჩნდნენ. ისინი,
ზალაჩენკოსა და ნიდერმანის დავალებით, დიდხანს მეძებდნენ, თუმცა ჩემმა იქ
დანახვამ ორივე გააკვირვა. მაგე ლუნდინი მოტოციკლეტიდან გადმოვიდა და თქვა,
მგონი, ამ პატარა ძუკნას კაცი მოენატრაო. ისიც და ნიემინენიც მემუქრებოდნენ და
სხვა გზა არ მქონდა, თავდაცვის უფლება გამოვიყენე. შემთხვევის ადგილი
ლუნდინის მოტოციკლეტით დავტოვე. მოგვიანებით მოტოციკლეტი ელვშეს
სავაჭრო ცენტრის წინ მივაგდე.
სალანდერმა საჭიროდ არ ჩათვალა იმის დამატება, რომ ლუნდინმა მას ნაბოზარი
უწოდა, სალანდერი კი ამის გამო ნიემინენის „P-83 ვანადს“ დასწვდა და ტყვიით
ფეხი გაუხვრიტა. პოლიცია ამას როგორმე თვითონაც მიხვდებოდა და, დაე,
თვითონვე დაემტკიცებინათ. დანაშაულში გამოტყდომით პოლიციისთვის საქმის
გაიოლებას და ციხეში მოხვედრას ნაღდად არ აპირებდა.
ტექსტი უკვე ოცდაცამეტ გვერდს შეადგენდა და თითქმის დასრულებული იყო.
ზოგიერთი მონაკვეთი რთულად დასაწერი გამოდგა, რადგან არ უნდოდა ზედმეტი
წამოსცდენოდა და სასამართლოში მის წინააღმდეგ სამხილად გამოეყენებინათ.
აშკარა სამხილებს გაკვრით ახსენებდა და სიუჟეტის განვითარების მომდევნო
ეტაპზე გადადიოდა.
ის მონაკვეთი, რომელშიც დაწვრილებით აღწერდა, როგორ სადისტურად
გააუპატიურა ადვოკატმა ბიურმანმა, რამდენჯერმე გადაიკითხა და გადაასწორა.
გაუპატიურების აღწერა ცხრამეტი სტრიქონისგან შედგებოდა. სალანდერს არაფერი
გამოუტოვებია. დაწერა, როგორ დაარტყა ბიურმანმა ხელი, საწოლზე პირქვე
დააგდო, პირი აუკრა და ხელბორკილი დაადო. არც იმის აღნიშვნა დაჰვიწყებია, რომ
ადვოკატმა იმ ღამით არაერთხელ გააუპატიურა. მერე მაისური გახადა და ყელში ისე
წაუჭირა, რომ სალანდერმა გონება დაკარგა და ლამის დაიხრჩო. ახსენა
ხელსაწყოებიც, რომელსაც ბიურმანი მის გასაუპატირებლად იყენებდა: მოკლე
მათრახი, ანალური სარჭი, უხეში დილდო და მომჭერები, რომლებიც ძუძუსთავებზე
მიამაგრა.
დაფიქრებულმა ერთხელაც გადაიკითხა ეს მონაკვეთი. მერე სტილუსი აიღო და
ტექსტში რამდენიმე სტრიქონი ჩაამატა.
ერთ მომენტში, როცა პირი ჯერ კიდევ აკრული მქონდა, ბიურმანმა ჩემს
პირსინგებსა და ტატუებზე, მათ შორის გახვრეტილ მარცხენა ძუძუსთავზე
კომენტარი გააკეთა, ეტყობა პირსინგები მოგწონსო. ოთახიდან გავიდა და ცოტა
ხანში ნემსით დაბრუნდა. ნემსი მარჯვენა ძუძუსთავში გამიყარა.
უემოციო თხრობა ტექსტს ისეთ სიურრეალისტურ ელფერს აძლევდა, რომ ავტორის
წარმოსახვის ნაყოფს ჰგავდა.
ამბავი დაუჯერებლად ჟღერდა.
სალანდერსაც სწორედ ეს უნდოდა.
უცებ გასაღების ჩხარუნი მოესმა. პალმტოპი მაშინვე გამორთო და ტუმბოს უკან
გადამალა. პალატაში ადვოკატი ჯიანინი შემოვიდა. სალანდერი მოიღუშა. ღამის
ცხრა საათზე ჯიანინი არასდროს მოდიოდა.
– გამარჯობა, ლიზბეთ.
– გამარჯობა.
– როგორ ხარ?
– ჯერ არ დამიმთავრებია.
ჯიანინიმ ამოიოხრა.
– ლიზბეთ, სასამართლო პროცესი 13 ივლისისთვის დანიშნეს.
– ძალიან კარგი.
– არა, არ არის კარგი. დრო გადის, შენ კი არაფერს მიმხელ. უკვე ვფიქრობ, რომ
ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როცა შენს ადვოკატობას დავთანხმდი. თუ არ
მომენდობი, გამარჯვების არანაირი შანსი არ გვექნება. უნდა ვითანამშრომლოთ.
სალანდერი დიდხანს აკვირდებოდა მას. მერე თავი ბალიშზე დადო და ჭერს
მიაშტერდა.
– ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. მიქაელის გეგმას ვხვდები. ის მართალია.
– მეეჭვება.
– მე არა.
– პოლიციას ხელახლა უნდა შენი დაკითხვა. სტოკჰოლმელი დეტექტივი, ჰანს
ფასტე ჩამოვა.
– ჩამოვიდეს რა, სიტყვას არ დავძრავ.
– ახსნა-განმარტება უნდა მისცე.
სალანდერმა მკაცრად შეხედა ჯიანინის.
– ვიმეორებ: გამომძიებელს არაფერს ვეტყვი და სასამართლო პროცესზე პროკურორი
ჩემს აღიარებას ვერ დაეყრდნობა. მოუწევთ, იმ ტექსტით დაკმაყოფილდნენ, ახლა
რომ ვწერ და შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოთ. ამ ტექსტს სასამართლო პროცესის
დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებენ.
– ავტოკალამს და ფურცელს როდის აიღებ ხელში, რომ ახსნა-განმარტება დაწერო?
– რამდენიმე დღეში. ოღონდ პროკურორმა ის ზუსტად სასამართლო პროცესის
დაწყების წინ უნდა მიიღოს.
ჯიანინიმ სკეპტიკურად გააქნია თავი. უეცრად სალანდერმა ალმაცერად გაუღიმა.
– ნდობაზე მელაპარაკებოდი. შემიძლია გენდო?
– რა თქმა უნდა, შეგიძლია.
– მაშინ როგორმე იქნებ პალმტოპი შემოაპარო, რომ საჭირო ხალხთან ინტერნეტით
ურთიერთობა შევძლო.
– მაგას ვერ ვიზამ. ვინმემ რომ გაიგოს, ადვოკატის ლიცენზიას ჩამომართმევენ.
– ვინმე სხვამ რომ შემომიტანოს, პოლიციას აცნობებ?
ჯიანინიმ შუბლი შეკრა.
– თუ არ მეცოდინება...
– რომ გაიგო, მაშინ?
– თვალს დავხუჭავ. რატომ მეკითხები?
– ეს სავარაუდო პალმტოპი მალე სავარაუდო იმეილს გამოგიგზავნის. როცა მას
წაიკითხავ, ჩემთან მოდი.
– ლიზბეთ...
– მოიცა. ვითარება ასეთია: პროკურორი დანიშნული დასტით თამაშობს. რაც უნდა
ვქნა, მაინც წაგებული ვრჩები. სასამართლოს მიზანი ისაა, რომ ფსიქიატრიულ
კლინიკაში მომათავსონ.
– ვიცი.
– თავის გადასარჩენად მეც აკრძალული წესებით უნდა ვიბრძოლო.
როგორც იქნა, ჯიანინიმ თავი დაუქნია.
– ჩემთან პირველად რომ მოხვედი, ბლუმკვისტის შეტყობინება გადმომეცი, – თქვა
სალანდერმა, – თქვი, ყველაფერი მიამბო, გარდა რამდენიმე დეტალისაო,
მაგალითად, არაფერი უთქვამს ჩემს უნარზე, რომელზეც მან ჰედესტადში შეიტყო.
– დიახ.
– ბლუმკვისტი იმას გულისხმობდა, რომ კომპიუტერებში კარგად ვერკვევი.
იმდენად კარგად, რომ შემიძლია ეკსტრომის კომპიუტერში შევიდე, იქიდან
ყველაფერი გადმოვიწერო და წავიკითხო.
ჯიანინი გაფითრდა.
– ამაში შენ ვერ გაერევი. ამ გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს ვერც
სასამართლოში გამოიყენებ, – თქვა სალანდერმა.
– მართალია.
– შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ამაზე არაფერი იცი.
– შევთანხმდით.
– სამაგიეროდ ვინმე სხვას – მაგალითად, შენს ძმას – შეუძლია ნაწყვეტები
გამოაქვეყნოს. როცა სასამართლო პროცესზე ჩვენი სტრატეგიის დასახვას დაიწყებ,
ესეც გაითვალისწინე.
– გასაგებია.
– ანიკა, სასამართლოში ის გაიმარჯვებს, ვინც უფრო შეუპოვარი იქნება.
– ვიცი.
– მიხარია, რომ ჩემი ადვოკატი ხარ. გენდობი და შენი დახმარება მჭირდება, მაგრამ
თუ ჩემს არაეთიკურ მეთოდებს ვერ შეეგუები, საქმეს წავაგებთ.
– მართალია.
– ასე რომ, ახლავე უნდა ვიცოდე, რას ფიქრობ. ახალი ადვოკატის მოძიება ადვილი
არ არის.
– ლიზბეთ, კანონს ვერ დავარღვევ.
– კანონის დარღვევა არც დაგჭირდება. უბრალოდ, თვალი დახუჭე იმაზე, რომ მე
ვარღვევ კანონს. შეძლებ ამას?
სალანდერი მთელი წუთი ელოდა, სანამ ჯიანინი თავს დაუქნევდა.
– კარგი. მოდი, იმ ძირითად პუნქტებს გაგაცნობ, რასაც ჩემს ახსნა-განმარტებით
ბარათში ჩავწერ.
ფიგეროლა არ შემცდარა. ბურეკი ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. როცა ის
ტუალეტიდან გამოვიდა, ბლუმკვისტმა ყურადღებით შეათვალიერა. ფიგეროლა
ბალერინასავით გრაციოზულად მოაბიჯებდა, მაგრამ ისეთი ფიგურა ჰქონდა...
ბლუმკვისტი მისით მოიხიბლა. კინაღამ წამოხტა და ხელით შეეხო მის კუნთებს.
– დიდი ხანია, ვარჯიშობთ? – ჰკითხა ქალს.
– ბავშვობიდან.
– კვირაში რამდენ საათს ვარჯიშობთ?
– დღეში ორ საათს. ზოგჯერ სამს.
– რატომ? ანუ ვიცი, რომ ხალხს ვარჯიში უყვარს, მაგრამ...
– ფიქრობთ, რომ გადაჭარბებულია?
– თვითონაც არ ვიცი, რას ვფიქრობ.
ფიგეროლას გაეღიმა. ბლუმკვისტის შეკითხვებს არ გაუღიზიანებია.
– შეიძლება დაკუნთული ქალის დანახვამ შეგაწუხათ. ფიქრობთ, რომ ეს არაქალური
ან უშნოა?
– სულაც არა. პირიქით, გიხდებათ. ძალიან სექსუალურად გამოიყურებით.
ფიგეროლას გაეცინა.
– სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ნაკლებს ვვარჯიშობ. ათი წლის წინ ათლეტიზმით
ვიყავი გატაცებული. მაგარი იყო. მაგრამ ახლა უფრო ვფრთხილობ, არ მინდა,
კუნთები ცხიმის გროვებად მექცეს. კვირაში ერთხელ სიმძიმეებს ვწევ, დანარჩენ
დროს კი ხან დავრბივარ, ხან ბადმინტონს ვთამაშობ, ხან ვცურავ და ა. შ. ჩემთვის ეს
განტვირთვა უფროა, ვიდრე დატვირთვა.
– გასაგებია.
– ვარჯიშის მოყვარულებისთვის სპორტი სიამოვნების წყაროა. ორგანიზმი
ტკივილგამაყუჩებელ ჰორმონებს გამოყოფს და მასზე დამოკიდებული ხდები. თუ
ყოველდღე არ ირბენ, რამდენიმე დღეში უსიამოვნო სიმპტომები იჩენს თავს. როცა
ბოლომდე იხარჯები, თავს არაჩვეულებრივად გრძნობ. პირადად მე ვარჯიში
ისეთსავე სიამოვნებას მანიჭებს, როგორც კარგი სექსი.
ბლუმკვისტს გაეცინა.
– თქვენც უნდა დაიწყოთ ვარჯიში, – უთხრა ფიგეროლამ, – თორემ ნელ-ნელა ღიპი
დაგედებათ.
– ვიცი, – ამოიოხრა ბლუმკვისტმა, – და ამის გამო ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ.
ზოგჯერ დავრბივარ და ზედმეტ კილოგრამებს ვიშორებ. მერე რაღაც საქმე
გამომიჩნდება და ყველაფერი თვეობით მავიწყდება, მათ შორის, სირბილიც.
– ამ ბოლო თვეებში სულ დაკავებული იყავით. თქვენზე გაზეთებში ხშირად
ვკითხულობდი. პოლიციას რამდენიმე ნაბიჯით გაუსწარით, როცა ზალაჩენკოს
ადგილსამყოფელს მიაგენით და ნიდერმანი ამოიცანით.
– ყველაზე სწრაფი ლიზბეთ სალანდერი აღმოჩნდა.
– საიდან გაიგეთ, რომ ნიდერმანი გოსებერგაში იყო?
ბლუმკვისტმა მხრები აიჩეჩა.
– ჩვეულებრივი გამოძიების შედეგად. ნიდერმანი მე არ მიპოვია. ის ჩვენმა
აღმასრულებელმა... არა, უკვე მთავარმა რედაქტორმა მალინ ერიქსონმა ამოქექა
კორპორატიულ ჩანაწერებში. ნიდერმანი ზალაჩენკოს კომპანიის, KAB Import-ის,
მმართველთა საბჭოში შედიოდა.
– ასე მარტივად...
– თქვენ რატომ დაიწყეთ „სეპოში“ მუშაობა? – ჰკითხა უცებ ბლუმკვისტმა.
– გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, მაგრამ ძველმოდურად დემოკრატი ვარ. ანუ, ვთვლი,
რომ პოლიციის არსებობა აუცილებელია და დემოკრატიას პოლიტიკური დაცვა
სჭირდება. ამიტომაც ვამაყობ იმით, რომ კუდ-ში ვმუშაობ.
– ეს მართლა საამაყოა? – ჰკითხა ბლუმკვისტმა.
– ვატყობ, „სეპო“ გულზე არ გეხატებათ.
– არ მომწონს ინსტიტუტები, რომლებიც საპარლამენტო კონტროლს არ
ექვემდებარება, რადგან რამდენად კარგი მიზნებიც უნდა გქონდეს, ძალაუფლების
ბოროტად გამოყენების ცდუნების წინაშე დგები. ანტიკური რელიგია ასე ძლიერ
რატომ გაინტერესებთ?
ფიგეროლამ გაოცება ვერ დამალა.
– ჩემი ბინის წინ კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი, ამ წიგნს კითხულობდით, – აუხსნა
ბლუმკვისტმა.
– ეს თემა მიზიდავს.
– გასაგებია.
– ბევრი რამ მაინტერესებს. პოლიციაში მუშაობის პარალელურად სამართალს და
პოლიტოლოგიას ვსწავლობდი. მანამდე – ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას.
– სუსტი მხარეები არ გაგაჩნიათ?
– მხატვრულ ლიტერატურას არ ვკითხულობ, კინოში არ დავდივარ და
ტელევიზორში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურებ. თქვენზე რას
მეტყვით? ჟურნალისტი რატომ გახდით?
– იმიტომ, რომ არსებობს „სეპოს“ მსგავსი ინსტიტუტები, რომლებსაც
საპარლამენტო მეთვალყურეობა აკლია და ზოგჯერ რაღაც-რაღაცეებში უნდა
ამხილო. ზუსტად არ ვიცი. ალბათ თქვენს პასუხს გავიმეორებ: კონსტიტუციური
დემოკრატიის მჯერა და ვფიქრობ, რომ მას ზოგჯერ დაცვა სჭირდება.
– როგორც ჰანს-ერიკ ვენერსტრომისგან დაიცავით?
– დაახლოებით.
– დაოჯახებული არ ხართ. თქვენ და ერიკა ბერგერი ერთად ხართ?
– ერიკა ბერგერი გათხოვილია.
– მაშ, ის ხმები, რაც თქვენს ურთიერთობაზე დადის, ჭორებია? მეგობარი გოგო არ
გყავთ?
– მუდმივი – არა.
– ესე იგი, ჭორები სიმართლე ყოფილა.
ბლუმკვისტს გაეღიმა.
მალინ ერიქსონმა ორსტაში მდებარე თავის სახლში „მილენიუმის“ ბიუჯეტის
ცხრილების ამონაბეჭდის კითხვაში მთელი ღამე თეთრად გაათენა. თან თავის
მეგობარ ბიჭზე, ანტონზე ბრაზობდა, ჩემთან საუბარს თანდათან რატომ შეეშვაო.
ამასობაში ანტონმა ჭურჭელი დარეცხა, თავისთვის სენდვიჩი და ყავა მოიმზადა და
CSI-ის[28] ძველი სერიების საყურებლად ტელევიზორს მიუჯდა.
აქამდე მალინს მხოლოდ საოჯახო ბიუჯეტის განკარგვა უწევდა, თუმცა ხანდახან
ბერგერს ყოველთვიური ბუღალტრული დავთრების მოწესრიგებაში ეხმარებოდა და
გარკვეული გამოცდილება მიღებული ჰქონდა. მას შემდეგ კი, რაც ჟურნალის
მთავარი რედაქტორი გახდა, ბიუჯეტზე პასუხისმგებლობაც მას დაეკისრა.
შუაღამემდე იწვალა, ნაშუაღამევს კი გადაწყვიტა, რაც უნდა დამიჯდეს,
პროფესიონალ ბუღალტერს დავიხმარებო. „მილენიუმში“ ერთი ბუღალტერი,
ინგელა ოსკარსონი კი ჰყავდათ, მაგრამ ის ჟურნალის ბიუჯეტზე პასუხს არ აგებდა
და სრულიად უსარგებლო ხდებოდა, როცა საქმე დამოუკიდებელი ჟურნალისტის
ჰონორარს ან ახალი ლაზერული პრინტერის ყიდვას ეხებოდა. მეტად გასაკვირად,
„მილენიუმი“ მომგებიანი ჟურნალი იყო, ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ ბერგერი
ხარჯების მაქსიმალურად შეკვეცას ახერხებდა – მაგალითად, ისეთ ფუნდამენტურ
რამეზე ამბობდა უარს, როგორც ლაზერული პრინტერია (რადგან 45 000 კრონა
ღირდა) და 8 000 კრონიანი შავ-თეთრი პრინტერით კმაყოფილდებოდნენ.
წამით ბერგერის შეშურდა, Svenska Morgon-Posten-ში 45 000 კრონა ალბათ წვრილმანი
ხარჯი იქნებაო.
ბოლო წლის მონაცემებით, „მილენიუმის“ ფინანსური მდგომარეობა სტაბილური
იყო. თუმცა, მოგების უდიდესი წილი ბლუმკვისტის მიერ „ვენერსტრომის საქმეზე“
დაწერილი წიგნის გაყიდვებზე მოდიოდა. წლის დასაწყისიდან კი ახალი
კაპიტალდაბანდებებისთვის გადადებული თანხა კატასტროფულად სწრაფად
მცირდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სალანდერის საქმესთან დაკავშირებით
ბლუმკვისტის ხარჯები იყო. „მილენიუმს“ ნამდვილად არ გააჩნდა იმის ფინანსური
რესურსი, რომ მუდმივად დაეფარა მანქანის დაქირავების, სასტუმროში ცხოვრების,
ტაქსით მგზავრობის, მასალების მოძიებისა და ტელეფონების ყიდვის ხარჯები.
ერიქსონმა გეტებორგელი დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის, დანიელ
ოლსონისთვის, განკუთვნილ ჩეკს ხელი მოაწერა და ამოიხვნეშა. ბლუმკვისტმა 14
000 კრონა დახარჯა იმ მასალის მოძიებაში, რომლის გამოქვეყნებასაც არ აპირებდა.
იდრის Hღიდის გასამრჯელო ანონიმი ინფორმატორის სახელზე გაფორმდა.
შესაბამისად, ბუღალტერი ქვითრისა და ანგარიშფაქტურის უქონლობაზე
აწუწუნდებოდა და საკითხის განხილვას საბჭოს სხდომაზე მოითხოვდა. გარდა
ამისა, „მილენიუმის“ სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა ნაწილობრივ ადვოკატ
ჯიანინის გასამრჯელო. „მილენიუმი“ იხდიდა გეტებორგში მისი მგზავრობისა და
ცხოვრების ხარჯებსაც.
ერიქსონმა ავტოკალამი აიღო და რიცხვები შეაჯამა. ბლუმკვისტს სალანდერის
საქმეზე უკვე 150 000 კრონა დაეხარჯა, რაც მათ ბიუჯეტს ბევრად აღემატებოდა. ასე
გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
ერიქსონმა გადაწყვიტა, ბლუმკვისტს დაველაპარაკებიო.
ბერგერმა საღამო ტელევიზორთან კი არა, ნაკას საავადმყოფოს გადაუდებელ
შემთხვევათა განყოფილებაში გაატარა. მინის ნამსხვრევი ისე ღრმად ჩაერჭო
ქუსლში, რომ სისხლდენა ვერ შეიჩერა. ნამსხვრევი ქუსლში ჩარჩენილიყო და
აუცილებლად უნდა ამოეღო. ლოკალური ანესთეზია გაუკეთეს, ნამსხვრევი
ამოუღეს და ჭრილობაზე სამი ნაკერი დაადეს.
ბერგერმა რამდენჯერმე სცადა, საავადმყოფოდან ქმრისთვის ან ბლუმკვისტისთვის
დაერეკა, მაგრამ არცერთი არ პასუხობდა. ღამის ათი საათისთვის ტერფი სქლად
შეუხვიეს, ყავარჯენი მისცეს და შინ ტაქსით დაბრუნდა.
სასტუმრო ოთახი კოჭლობით დაგავა. მერე ფანჯრისYთვის ახალი მინა შეუკვეთა.
ბედმა გაუღიმა და მინის ხელოსნები ოც წუთში მოვიდნენ. სამწუხაროდ, იმხელა
მინა თან არ აღმოაჩნდათ და ფანჯარაზე დროებით ფანერის აკვრა შესთავაზეს.
ბერგერი სიხარულით დათანხმდა მათ წინადადებას.
სანამ ფანჯარაზე ფანერს აკრავდნენ, ბერგერმა დაცვის სამსახურში, Nacka Integrated
Protection-ში დარეკა და გაბრაზებულმა იკითხა, ჩემს სახლში ფანჯრის მინა რომ
ჩაამტვრიეს, სიგნალიზაცია რატომ არ ჩაირთოო.
NIP-იდან თანამშრომელი გამოგზავნეს ზარალის დასათვალიერებლად. გაირკვა, რომ
წლების წინ სიგნალიზაციის დამყენებელს ფანჯრის სადენების სასტუმრო ოთახის
სადენებთან მიერთება დაჰვიწყებოდა.
ბერგერი ამან ძლიერ განარისხა.
NIP-ის თანამშრომელი დაჰპირდა, ამას ხვალ დილითვე გამოვასწორებო. ბერგერმა
უთხრა, ნუღარ შეწუხდებითო, მერე Milton Security-ში დარეკა, თავისი მდგომარეობა
აუხსნა და ითხოვა, დაცვის სრული კომპლექტი ხვალვე დამიყენეთო.
– ვიცი, რომ ჯერ კონტრაქტი უნდა გავაფორმო, მაგრამ არმანსკის უთხარით, ერიკა
ბერგერმა დარეკა-თქო; ხვალ დილით აუცილებლად ვინმე გამოგზავნოს.
სულ ბოლოს პოლიციაში დარეკა. მორიგე ოფიცერმა უპასუხა, ამჟამად თავისუფალი
მანქანა არ გვყავს, რომ თქვენთან გამოვგზავნოთო, და ურჩია, დილით პოლიციის
ადგილობრივ განყოფილებას მიმართეთო.
„გმადლობთ. ჯანდაბამდე გზა გქონიათ!“
გაცეცხლებული ჩამოჯდა, რომ სული მოეთქვა. უცებ გაიაზრა, რომ მარტო უნდა
დაეძინა უსიგნალიზაციო სახლში, როცა სამეზობლოში ვიღაც მანიაკი დაძრწოდა,
რომელიც „კახპას“ ეძახდა და მინებს უმსხვრევდა.
იფიქრა, ქალაქში ხომ არ წავიდე და ერთი ღამით რომელიმე სასტუმროში დავრჩეო,
მაგრამ მის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა, ვინმეს მუქარის გამო უკან დაეხია.
ყოველი შემთხვევისთვის, სიფრთხილის ზომებს მაინც მიმართა.
გაახსენდა ბლუმკვისტის ნაამბობი, ლიზბეთ სალანდერი სერიულ მკვლელ მარტინ
ვანგერს გაუმკლავდაო. ამიტომ გარაჟში შევიდა და გოლფის ჩანთიდან, რომელიც
ბოლოს თხუთმეტი წლის წინ გაეხსნა, რკინის მძიმე ჯოხები ამოიღო. ერთი ჯოხი
საწოლის გვერდით დაიდო; მეორე, შედარებით მოკლე – ჰოლში; მესამე კი –
სამზარეულოში. სააბაზანოში ხელსაწყოების ყუთიდან ამოღებული ჩაქუჩი შეიტანა.
ტუმბოზე ცრემლსადენი გაზის ბალონი მოიმარაგა, ხოლო საძინებლის კარის ქვეშ
რეზინის ფეხსაწმენდი შეჩურთა. ამ ყველაფრის შემდეგ კმაყოფილმა ისიც კი
გაიფიქრა, იმ იდიოტმა, კახპას რომ მეძახის და ფანჯრის მინას მიმსხვრევს, ნეტა
ერთი გაბედოს ამაღამ აქ მოსვლაო.
სახლის გამაგრებას ღამის 1:00 საათზე მორჩა. დილის 8:00 საათზე კი სამსახურში
უნდა ყოფილიყო. მომდევნო დღის განრიგი შეამოწმა. ოთხი შეხვედრა ჰქონდა,
აქედან პირველი – დილის 10:00 საათზე. გაიხადა და საწოლში ჩაწვა.
მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფრით დაიძინა. ფეხი საშინლად სტკიოდა.
„კახპა“.
ცხრა იმეილი მიიღო, ცხრავე ვითომდა სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, რომელშიც
„კახპას“ უწოდებდნენ. პირველი საკუთარი გაზეთის ახალი ამბების
განყოფილებიდან გამოუგზავნეს, ოღონდ მისამართი აშკარად გაყალბებული იყო.
პირველი იმეილი, ყველაზე უხეში და თავხედური, რომელშიც სახრახნისით
გაჟიმვით ემუქრებოდნენ 16 მაისს, ორი კვირის წინ მიიღო; მეორე იმეილი – ორი
დღის შემდეგ, 18 მაისს.
შემდგომ კვირაში იმეილი აღარ მოსვლია; შემდეგ კი ოცდაოთხსაათიანი
ინტერვალებით დაიწყეს იმეილების გამოგზავნა. ბოლოს მის სახლშიც შემოიჭრნენ
და კვლავ „კახპა“ უწოდეს.
პარალელურად კულტურის განყოფილების ჟურნალისტ ევა კარლსონს მისი
სახელით ვიღაცამ იმეილი გაუგზავნა. არ იყო გამორიცხული, რომ იგივე პიროვნება
სხვებსაც უგზავნიდა მისი სახელით მსგავსი შინაარსის იმეილებს, მაგრამ ბერგერმა
მათზე არაფერი იცოდა.
ამის გაფიქრება ნამდვილად არ ესიამოვნა, თუმცა ყველაზე მეტად სახლზე
თავდასხმის ფაქტი აწუხებდა.
ვიღაცამ მისი მისამართის დადგენით, აქ მოსვლითა და მინის აგურით ჩამსხვრევით
შეიწუხა თავი. თავდასხმა აშკარად დაგეგმილი იყო – თავდამსხმელმა საღებავიანი
ბალონიც მოიტანა. უცებ ბერგერს თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი გაახსენდა და
გაშეშდა. იმ ღამით, როცა სასტუმროში ბლუმკვისტთან ერთად დარჩა, ვიღაცამ მისი
მანქანის ოთხივე საბურავი გახვრიტა.
დასკვნა ნათელი და არასასიამოვნო იყო: მას ვიღაც აეკიდა – მანიაკი, რომელიც
სრულიად უცნობი მიზეზით მის დაშინებას ცდილობდა.
ის, რომ სახლს დაესხნენ თავს, გასაგები იყო – სახლი ერთ ადგილას იდგა და სხვაგან
ვერ წაიღებდი, მაგრამ რახან მანქანას სოდერმალმის რომელიღაც ქუჩაზე
გაუხვრიტეს საბურავები, ესე იგი, თავდამსხმელი სასტუმროს ავტოსადგომის
ახლომახლო იმყოფებოდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბერგერს უთვალთვალებდნენ.

თავი XVIII
ხუთშაბათი, 2/VI
ბერგერის მობილური ტელეფონი დილის 9:05 საათზე აწკრიალდა.
– დილა მშვიდობისა, ფრუ ბერგერ. დრაგან არმანსკი ვარ. გავიგე, წუხელ ჩვენთან
დაგირეკავთ.
ბერგერმა აუხსნა, რაც მოხდა, და ჰკითხა, თუ შეიძლება Nacka Integrated Protection-ი
Milton Security-მ ჩაანაცვლოსო.
– რასაკვირველია, სიგნალიზაციის დაყენება შეგვიძლია, – თქვა არმანსკიმ, – მაგრამ
ერთი პრობლემაა: ღამით ჩვენი მანქანა ნაკას ცენტრში დგას. განგაშის შემთხვევაში
თქვენამდე მოსვლას ნახევარი საათი დასჭირდება. ამ საქმეს თუ ხელს მოვკიდებთ,
ქვეკონტრაქტორის მოძებნა მოგვიწევს. მანდ, ფისკსერტაში, ერთ ადგილობრივ
დაცვის სამსახურთან, Adam Security-სთან გვაქვს საქმიანი ურთიერთობა და, წესით,
გამოძახებიდან მაქსიმუმ ათ წუთში თქვენთან იქნებიან.
– ათ წუთს არა უშავს, NIP-იდან საერთოდ არ მოდიან ხოლმე.
– Adam Security ოჯახური ბიზნესია. ბერძენი მამის, მისი ორი ვაჟიშვილისა და
რამდენიმე ბიძაშვილისგან შედგება. კარგი ხალხია. მამას, მრავალი წელია, ვიცნობ.
წელიწადში დაახლოებით სამას ოც დღეს მუშაობენ. დღესასწაულებზე ან სხვა
დასვენების დღეებში წინასწარ გვაფრთხილებენ და მათ მანქანას ნაკაში ჩვენით
ვანაცვლებთ.
– ეს მაწყობს.
– დღის პირველ ნახევარში კაცს გამოვგზავნი. დავიდ რუსინი ჰქვია. სიმართლე
გითხრათ, უკვე გამოსულია. თუ შინ არ იქნებით, იქნებ გასაღები დაუტოვოთ.
კიდევ, თქვენი ნებართვა დასჭირდება, რომ სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული
გამოიკვლიოს. სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის ფოტოებს გადაიღებს.
– კარგი.
– რუსინი გამოცდილი თანამშრომელია და რამდენიმე დღეში უსაფრთხოების
დაცვის სრულყოფილ გეგმას წარმოგიდგენთ. გეგმაში გათვალისწინებული იქნება
სიგნალიზაცია პირადად თქვენზე თავდასხმის შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო
დაცვა, საევაკუაციო გეგმა და სახლში შეპარვის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია.
– გასაგებია.
– აგრეთვე გასწავლით, როგორ მოიქცეთ იმ ათი წუთის განმავლობაში, სანამ
ფისკსეტრადან მანქანა მოვა.
– კარგი აზრია.
– სიგნალიზაციას შუადღისას დაგიყენებთ. მერე ხელშეკრულებას დავდებთ.
ბერგერი არმანსკისთან საუბრის დასრულების შემდეგღა მიხვდა, რომ შეხვედრაზე
აგვიანებდა, ამიტომ ფრედრიკსონს დაურეკა, აუხსნა, დავშავდიო, და სთხოვა,
ათსაათიანი შეხვედრა გააუქმეო.
– რა მოხდა? – ჰკითხა ფრედრიკსონმა.
– ფეხი გავიჭერი, – უპასუხა ბერგერმა, – როგორც კი შევძლებ, კოჭლობით მოვალ.
საძინებლის სააბაზანოში შევიდა, შავი შარვალი და მაისური ჩაიცვა და დაჭრილ
ფეხზე გრეგერის სანდალი ამოიცვა. ბოლოს ჟაკეტი შემოიცვა და სანამ საძინებლის
კარს გამოაღებდა, ცრემლსადენი გაზის ბალონი მოიმარჯვა.
დერეფანი ფრთხილად გაიარა და სამზარეულოში ყავის მადუღარა ჩართო.
საუზმობისას ყურები დაცქვეტილი ჰქონდა, ხმაური ხომ არ ისმისო. მეორე ფინჯან
ყავას სვამდა, როცა კარზე დააკაკუნეს. დავიდ რუსინი მოვიდა.
ფიგეროლა ბერგსგატანზე ფეხით მივიდა და ოთხი კოლეგა დილის თათბირზე იხმო.
– დროში შეზღუდულები ვართ, – გამოუცხადა მათ, – საქმეს 13 ივლისამდე უნდა
მოვრჩეთ, სანამ სალანდერის სასამართლო პროცესი დაიწყება. დაახლოებით ექვსი
კვირა გვაქვს. ახლავე შევთანხმდეთ, ჩვენთვის რა უფრო პრიორიტეტულია. ვინ
დაიწყებს?
ბერგლუნდმა ჩაახველა.
– მორტენსონს რომ ქერა მამაკაცი ახლავს, ვინ არის?
– ფოტოები გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიპოვოთ. მასზე ოფიციალურად ძებნის
გამოცხადება არ შეგვიძლია.
– მაშ, გულბერგზე რას გვეტყვით? რაღაც ხელმოსაჭიდი ხომ უნდა არსებობდეს, რომ
მის კვალზე გავიდეთ? ორმოცდაათიანების დასაწყისიდან 1964 წლამდე, ანუ
RPS/Säk-ის დაარსებამდე, უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. მერე გაქრა.
ფიგეროლამ თავი დააქნია.
– შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ზალაჩენკოს კლუბი“ ერთგვარი საიდუმლო
დაჯგუფებაა, რომელიც ზალაჩენკოს გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე, 1964 წელს
შეიქმნა?
– შეგვიძლია. ალბათ თავიდან სულ სხვა მიზნები ჰქონდათ... საიდუმლო
ორგანიზაცია ორგანიზაციის შიგნით.
– სტიგ ვენერსტრომის შემდგომ პერიოდზე ვსაუბრობთ. მაშინ ყველა პარანოიით
იყო შეპყრობილი.
– ესე იგი, რაღაც საიდუმლო სადაზვერვო პოლიციის მსგავსი ორგანიზაციაა?
– საზღვარგარეთ მსგავსი ორგანიზაციები მართლა არსებობს. შეერთებულ შტატებში
CIA-მ შიდა კონტროლისთვის სპეციალური ჯგუფი შექმნა. ჯგუფს ჯეიმს ჯიზეს
ენგლტონი ხელმძღვანელობდა და ლამის მთელი CIA ორმაგ აგენტობაში ამხილა.
ენგლტონის ფანატიკოსი და პარანოიკი ბიჭები ამტკიცებდნენ, CIA-ში ყოველი
მეორე რუსეთის ჯაშუშიაო. შედეგად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს
საქმიანობა მრავალ სფეროში სერიოზულად შეიზღუდა.
– დიახ, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ სპეკულაციებია.
– ძველი პირადი საქმეები სად ინახება?
– შევამოწმე. გულბერგის საქმე მათ შორის არაა.
– კი მაგრამ, ბიუჯეტი? ასეთი ოპერაცია ხომ უნდა ფინანსდებოდეს?
თათბირი შუადღემდე გაგრძელდა. ფიგეროლა კოლეგებს დროებით დაემშვიდობა
და სპორტდარბაზში განსამარტოებლად და საფიქრელად წავიდა.
ბერგერი რედაქციაში შუადღისას გამოჩნდა. ფეხი ისე სტკიოდა, რომ ძირს
დადგმასაც ვერ ბედავდა. კოჭლობით შევიდა შუშის გალიაში და სავარძელში
ჩაჯდომისას შვებით ამოისუნთქა.
მის დანახვაზე თავის სამუშაო მაგიდასთან მჯდარი ფრედრიკსონი წამოდგა.
ბერგერმა ხელის ქნევით იხმო კაბინეტში.
– რა დაგემართათ? – Gჰკითხა ფრედრიკსონმა.
– შუშის ნამსხვრევს დავაბიჯე და ქუსლში შემერჭო.
– უი... რა ცუდია.
– ჰო, ძალიან ცუდია. პეტერ, უცნაური იმეილები კიდევ ხომ არ მიუღია ვინმეს?
– არ ვიცი, მე არაფერი გამიგია.
– ყურადღებით იყავით. უნდა ვიცოდე, Svenska Morgon-Posten-ში რამე უცნაური ხომ არ
ხდება.
– უცნაური რა უნდა ხდებოდეს?
– ვშიშობ, ვიღაც იდიოტი უხამს იმეილებს გზავნის და მიზანში მე ამომიღო. ჰოდა,
თუ რამეს გაიგებთ, შემატყობინეთ.
– ისეთ იმეილებს გულისხმობთ, ევა კარლსონმა რომ მიიღო?
– დიახ. თუმცა, ყველანაირი უცნაურობის შესახებ შემატყობინეთ. პირადად მე უკვე
ბევრი იმეილი მივიღე – ათას სისულელეს მაბრალებენ და ბინძური რამეებით
მემუქრებიან.
ფრედრიკსონი მოიღუშა.
– ეს, დიდი ხანია, გრძელდება?
– უკვე რამდენიმე კვირაა... კარგი, ახლა ის მითხარი, ხვალისთვის რის დაბეჭდვას
ვგეგმავთ გაზეთში?
– იცით...
– რა იყო?
– ჰოლმი და იურიუდიული განყოფილების რედაქტორი გაბრაზებულები არიან.
– რატომ?
– ფრისკის გამო. თქვენ მას კონტრაქტი გაუხანგრძლივეთ და დავალება მიეცით.
ფრისკი კი დავალების შინაარსს არავის უმხელს.
– შინაარსის გამხელა ეკრძალება. ჩემი ბრძანებაა.
– ფრისკიც ამას ამბობს. ამიტომაც ჰოლმი და იურიუდიული განყოფილების
რედაქტორი თქვენ წინააღმდეგ საომრად განეწყვნენ.
– გასაგებია. იურიუდიული განყოფილების რედაქტორთან სამ საათზე დანიშნეთ
შეხვედრა. ყველაფერს ავუხსნი.
– ჰოლმი უკმაყოფილოა...
– არც მე ვარ მისით კმაყოფილი, ასე რომ, ბარიბარში ვართ.
– იმდენად უკმაყოფილოა, რომ დირექტორთა საბჭოში გიჩივლათ.
ბერგერმა ფრედრიკსონს აჰხედა.
„ჯანდაბა. ბორგშეს პრობლემასთან დაპირისპირება მომიწევს“.
– ნაშუადღევს ბორგშე მოვა და პირადად დაგელაპარაკებათ. ვეჭვობ, რომ ეს ჰოლმის
დამსახურებაა.
– რომელ საათზე მოვა?
– ორ საათზე, – უპასუხა ფრედრიკსონმა და თავის სამუშაო მაგიდასთან დაბრუნდა.
ექიმმა იუნასონმა სალანდერი სადილობისას ინახულა. სალანდერმა ბოსტნეულის
წვნიანი განზე გადადო. როგორც ყოველთვის, იუნასონმა მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა შეამოწმა. თუმცა – შედარებით ზერელედ.
– მშვენივრად ხარ, – უთხრა სალანდერს.
– ჰმმ. საავადმყოფოს საჭმელს რამე უნდა მოუხერხოთ.
– რას უწუნებ?
– იქნებ როგორმე პიცა შემომიტანო?
– ვწუხვარ. ეს ჩვენს ბიუჯეტში არ შედის.
– ასეც ვიცოდი.
– ლიზბეთ, ხვალ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას განვიხილავთ...
– გასაგებია. მე მშვენივრად ვარ.
– კრონობერგის იზოლატორში გადასაყვანად უკვე ჯანმრთელი ხარ. შემიძლია, შენი
გაწერა კიდევ ერთი კვირით გადავავადო, მაგრამ ჩემი კოლეგები დაეჭვდებიან.
– ამის გაკეთება საჭირო არ არის.
– დარწმუნებული ხარ?
სალანდერმა თავი დაუქნია.
– მზად ვარ. ადრე თუ გვიან ხომ მაინც მომიწევს საავადმყოფოს დატოვება.
– თუ ეგრეა, ხვალ გზას გახსნილად გამოვაცხადებ, – თქვა იუნასონმა, – ალბათ
მალევე გადაგიყვანენ.
– გასაგებია.
– შეიძლება ამ შაბათ-კვირასვე. საავადმყოფოს ადმინისტრაციას შენი აქ დიდხანს
დატოვება აღარ უნდა.
– მათ ვერავინ დაადანაშაულებს.
– ეე... ეგ შენი მოწყობილობა...
– ტუმბოს უკან, ნიშაში დამალულს დავტოვებ.
– კარგი აზრია.
წუთით ორივე ჩუმად იჯდა. მერე იუნასონი წამოდგა.
– სხვა პაციენტები მელოდებიან.
– ყველაფრისთვის გმადლობ. შენთან ვალში ვარ.
– მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.
– არა. შენ ჩემთვის ბევრად მეტი გააკეთე. ამას არ დავივიწყებ.
ბლუმკვისტი კუნგსჰოლმენზე მდებარე პოლიციის მთავარ სამმართველოში
პოლჰემსგატანიდან შევიდა. ფიგეროლა მას კუდ-ის ოფისისკენ გაუძღვა.
– როგორ ფიქრობთ, კარგია, რომ პოლიციის სამმართველოში დავსეირნობ? – ჰკითხა
ბლუმკვისტმა ლიფტში, – შეიძლება ვიღაცამ დაგვინახოს და დაეჭვდეს.
– ამიერიდან ფრიდჰემსპლანზე ნაქირავებ ბინაში შევხვდებით ხოლმე. თუმცა,
აქაური შეხვედრა ნუ შეგაშინებთ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი
პატარა, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია ქვედანაყოფია, რომელიც RPS/Säk-ში
დიდად არავის აინტერესებს. თანაც, დანარჩენი „სეპოსგან“ მოშორებით, სხვა
სართულზე გვაქვს ოფისი.
ბლუმკვისტი ედკლინთს და მის ორ კოლეგას ხელის ჩამოურთმევლად მიესალმა. ის
ორი კოლეგა მხოლოდ სახელებით გაეცნო. ერთს სტეფანი ერქვა, მეორეს – ანდერსი.
ბლუმკვისტს ჩაეღიმა და იკითხა:
– საიდან დავიწყოთ?
– მოდი, ჯერ ყავა დავლიოთ. მონიკა... – თქვა ედკლინთმა.
– გმადლობთ, სიამოვნებით დავლევ, – უპასუხა ფიგეროლამ.
ედკლინთი ალბათ იმას გულისხმობდა, მონიკა, ყავა მოგვიტანეო, მაგრამ წამიერი
ყოყმანის შემდეგ წამოდგა და საკონფერენციო მაგიდიდან, რომელზეც ფინჯნები
უკვე ეწყო, თვითონ მოიტანა ლანგრით ყავადანი. ბლუმკვისტმა შეამჩნია, რომ
ედკლინთს გაეღიმა, და ეს კარგად ენიშნა.
– გულახდილად გეტყვით, ასეთ სიტუაციაში როგორ მოვიქცე, არ ვიცი, –
დასერიოზულდა ედკლინთი, – „სეპოს“ თათბირს ჟურნალისტი ჯერ არასდროს
დასწრებია. ახლა ძალიან დელიკატურ, ზესაიდუმლო საკითხებს განვიხილავთ.
– სამხედრო საიდუმლოებები არ მაინტერესებს. მხოლოდ „ზალაჩენკოს კლუბის“
შესახებ მიამბეთ.
– რაღაც ბალანსი მაინც უნდა დავიცვათ. უპირველეს ყოვლისა, თქვენს სტატიაში
დღევანდელი შეხვედრის მონაწილეების სახელები არ უნდა ახსენოთ.
– შევთანხმდით.
ედკლინთმა გაკვირვებით შეხედა ბლუმკვისტს.
– მეორე, მხოლოდ ჩემთან და მონიკა ფიგეროლასთან შეგიძლიათ საუბარი. ჩვენ
გადავწყვეტთ, რის თქმა შეიძლება თქვენთვის.
– თუ ამდენი მოთხოვნა გქონდათ, გუშინვე უნდა გეთქვათ.
– გუშინ ყველაფერი არ მქონდა მოფიქრებული.
– მაშინ მეც მაქვს თქვენთვის რაღაც სათქმელი. ჩემს პროფესიულ კარიერაში ეს
ალბათ პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როცა გამოუქვეყნებელი სტატიის
დეტალებს პოლიციის ოფიცერს ვუმხელ. ამიტომ თქვენს სიტყვებს ვიმეორებ: არ
ვიცი, ასეთ სიტუაციაში როგორ მოვიქცე.
მაგიდასთან სიჩუმე ჩამოვარდა.
– იქნებ...
– ხომ არ აჯობებს...
ედკლინთმა და ფიგეროლამ ერთდროულად წამოიწყეს საუბარი და ორივე
ერთდროულად გაჩუმდა.
– ჩემი მიზანი „ზალაჩენკოს კლუბის“ მხილებაა, – განაგრძო ბლუმკვისტმა, – თქვენ
კი „ზალაჩენკოს კლუბისთვის“ ბრალის წაყენება გინდათ. მოდი, ამაზე შევჩერდეთ.
ედკლინთმა თავი დაუქნია.
– აბა, რა იცით და რას გამიმხელთ? – ჰკითხა ბლუმკვისტმა.
ედკლინთმა ბლუმკვისტს დეტალურად უამბო, რა გაარკვიეს ფიგეროლამ და მისმა
კოლეგებმა. ფოტოც უჩვენა, რომელზეც პოლკოვნიკი ვენერსტრომი და ევერტ
გულბერგი არიან გამოსახულნი.
– კარგია. ამის ასლს გადავიღებ.
– ეს ფოტო გამომცემლობა Åhlén and Åkerlund-ის არქივიდანაა, – თქვა ფიგეროლამ.
– ასლი მიეცით, – ბრძანა ედკლინთმა.
– ეს ნიშნავს, რომ ზალაჩენკო „სექციამ“ მოკლა.
– მკვლელობა ჩაიდინა კიბოთი დაავადებულმა ადამიანმა, რომელმაც მოგვიანებით
თავის მოკვლაც სცადა. გულბერგი გადარჩა, მაგრამ ექიმების თქმით, მხოლოდ
რამდენიმე კვირის სიცოცხლე უწერია. თვითმკვლელობის მცდელობისას ტვინი ისე
დაიზიანა, რომ მისი გამოჯანმრთელება გამორიცხულია.
– სწორედ გულბერგი იყო ზალაჩენკოზე პასუხისმგებელ პირთა შორის უმთავრესი.
– რა იცით?
– ზალაჩენკოს შვედეთში ჩამოსვლიდან ექვს კვირაში გულბერგი პრემიერ-მინისტრ
ფელდინს შეხვდა.
– ამის დამტკიცება შეგიძლიათ?
– შემიძლია. მისი სახელი და გვარი მთავრობის სამდივნოს სტუმართა ჟურნალშია
დარეგისტრირებული. გულბერგი პრემიერ-მინისტრს RPS/Säk-ის შეფთან ერთად
ესტუმრა.
– „სეპოს“ მაშინდელი შეფი უკვე მკვდარია.
– მაგრამ ფელდინი ცოცხალია და მზადაა, ამ თემაზე ისაუბროს.
– თქვენ რა, მას...
– არა, მე არა. სხვა. სახელს ვერ გეტყვით. ინფორმატორის ანონიმურობას ვიცავ.
ბლუმკვისტმა მათ უამბო, რა რეაქცია ჰქონდა ფელდინს, როცა ზალაჩენკოს შესახებ
აცნობეს, და როგორ გაემგზავრა თვითონ ჰააგაში იანერიდთან სასაუბროდ.
– მაშასადამე, „ზალაჩენკოს კლუბს“ ამ შენობაში აქვს ბინა, – ფოტოზე მიუთითა
ბლუმკვისტმა.
– ნაწილობრივ. ჩვენი აზრით, ეს არის ორგანიზაცია ორგანიზაციაში. „ზალაჩენკოს
კლუბი“ ამ შენობაში მომუშავე მნიშვნელოვანი პირების დახმარების გარეშე ვერ
იარსებებს. თუმცა, ე. წ. „სპეციალური ანალიზის სექციას“ შტაბი სადღაც სხვაგან
უნდა ჰქონდეს.
– მაშ, გამოდის, რომ ადამიანი „სეპოსთვის“ მუშაობს, ხელფასს „სეპოში“ იღებს და
ანგარიშს სხვას აბარებს?
– დაახლოებით.
– მერედა, ვინ მუშაობს ამ შენობაში „ზალაჩენკოს კლუბისთვის“?
– ჯერ არ ვიცით. თუმცა, რამდენიმეზე გვაქვს ეჭვი.
– ჩემი აზრით, მორტენსონი, – ივარაუდა ბლუმკვისტმა.
ედკლინთმა თავი დაუქნია.
– მორტენსონი „სეპოსთვის“ მუშაობს და როცა, „ზალაჩენკოს კლუბს“ სჭირდება,
თავის ძირითადი მოვალეობისგან ათავისუფლებენ ხოლმე, – თქვა ფიგეროლამ.
– ასეთი რამ შესაძლებელია?
– კარგი შეკითხვაა, – გაეღიმა ედკლინთს, – თქვენ ხომ არ გნებავთ ჩვენთან
მუშაობის დაწყება?
– იოცნებეთ, – უპასუხა ბლუმკვისტმა.
– გეხუმრეთ, რასაკვირველია. შეკითხვა კი მართლაც კარგია. ეჭვმიტანილი გვყავს,
მაგრამ მის წინააღმდეგ სამხილები ჯერ არ გაგვაჩნია.
– მოდი, გამოვიცნობ... ალბათ ხელმძღვანელობის წარმომადგენელია.
– სამდივნოს უფროს ალბერტ შენკეზე ვეჭვობთ, – თქვა ფიგეროლამ.
– ესეც ჩვენი პირველი „ფეხწამოსაკრავი ქვა“, – თქვა ედკლინთმა, – სახელი
გითხარით, მაგრამ მტკიცებულება არ გვაქვს. რას იზამთ?
– სამხილის გარეშე სახელს ვერ გავამხელ. შენკე რომ უდანაშაულო იყოს,
„მილენიუმს“ ცილისწამებისთვის უჩივლებს.
– ძალიან კარგი. ვფიქრობ, შევთანხმდით. თანამშრომლობა ნდობას უნდა
ეფუძნებოდეს. ახლა თქვენი ჯერია. თქვენ რა იცით და რას გაგვიმხელთ?
– სამი სახელი ვიცი, – უპასუხა ბლუმკვისტმა, – ორი მათგანი 1980-იან წლებში
„ზალაჩენკოს კლუბის“ წევრი იყო.
ედკლინთი და ფიგეროლა მაშინვე სმენად იქცნენ.
– ჰანს ფონ როტინგერი და ფრედრიკ კლინტონი. ფონ როტინგერი უკვე მკვდარია.
კლინტონი პენსიაზეა.
– და მესამე? – დაინტერესდა ედკლინთი.
– ტელებორიანს ვიღაც იუნასთან აქვს კავშირი. მისი გვარი არ ვიცი, მაგრამ ის კი
ცნობილია, რომ „ზალაჩენკოს კლუბის“ წევრია... იმასაც ვვარაუდობ, რომ იუნასი
სწორედ ის ქერა მამაკაცია, კაფე „კოპაკაბანასთან“ გადაღებულ ფოტოზე
მორტენსონთან ერთად რომ ჩანს.
– სახელმა „იუნასმა“ როგორ კონტექსტში გაიჟღერა?
„სალანდერმა ტელებორიანის კომპიუტერი „გატეხა“ და გავარკვიეთ, რომ
ტელებორიანს იუნასთან ისეთივე მიმოწერა აქვს, როგორიც 1991 ჰქონდა წელს
ბიორკთან“, – გაიფიქრა ბლუმკვისტმა, ხმამაღლა კი თქვა:
– ტელებორიანს მითითებებს აძლევს. ახლა კი მეორე „ფეხწამოსაკრავ ქვას“
მივადექით. ნათქვამის დასაბუთება შემიძლია, მაგრამ ინფორმატორის ვინაობის
გამხელის გარეშე საჭირო დოკუმენტებს ვერ მოგაწვდით. უბრალოდ, სიტყვაზე
უნდა მენდოთ.
ედკლინთი ჩაფიქრდა.
– იქნებ ტელებორიანის რომელიმე უფსალელი კოლეგაა. კარგი, მოდი, კლინტონით
და ფონ როტინგერით დავიწყოთ. მოგვიყევით, რა იცით.
ბორგშემ ბერგერი დირექტორთა საბჭოს სხდომათა დარბაზის გვერდით მდებარე
კაბინეტში მიიღო.
– გავიგე, რომ ფეხი გაგიჭრიათ, – უთხრა ბორგშემ.
– გამივლის, – ყავარჯნები მაგიდას მიაყუდა ბერგერმა და სავარძელში ჩაჯდა.
– ძალიან კარგი. ერიკა, უკვე ერთი თვეა ჩვენთან მუშაობთ და მინდა, გავიგო,
როგორ მიდის საქმეები. აბა, რას მეტყვით?
„Vitavara Inc.-ზე უნდა ვუთხრა, მაგრამ... როდის? როგორ?“
– თანდათან ვეჩვევი სიტუაციას. ორი პრობლემა გვაქვს, ფინანსურად გვიჭირს და
მწირი ბიუჯეტი გაზეთს ახრჩობს; მეორე მხრივ, ახალი ამბების განყოფილება
ზედმეტი ტვირთისგანაა გასაწმენდი.
– პოზიტიური ვერაფერი შეამჩნიეთ?
– რა თქმა უნდა, შევამჩნიე. მრავლად გვყავს პროფესიონალები. პრობლემებს ისინი
ქმნიან, ვინც ამ პროფესიონალებს ხელს უშლის.
– ჰოლმი მესაუბრა...
– ვიცი.
ბორგშე შეცბა.
– თქვენზე გარკვეული შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდა. დიდწილად უარყოფითი.
– არა უშავს. მეც ჩამომიყალიბდა მასზე გარკვეული შთაბეჭდილება.
– აგრეთვე უარყოფითი? ცუდია, თქვენ ორი თანამშრომლობას თუ ვერ ახერხებთ...
– მასთან თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ეს ჰოლმს არ უნდა
ჩემთან თანამშრომლობა, – ამოიხვნეშა ბერგერმა, – ლამისაა ჭკუიდან შემშალოს.
ძალიან გამოცდილია და ერთ-ერთი საუკეთესო რედაქტორია, ვისთანაც კი
მიმუშავია. ამავდროულად, ისეთი არამზადაა, მეტი რომ არ შეიძლება. ინტრიგების
ხლართვა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება უყვარს. ოცდახუთი წელია, ამ
სფეროში ვმოღვაწეობ და ხელმძღვანელად ასეთი ადამიანი არ შემხვედრია.
– საქმეს რომ გაუმკლავდეს, ცოტა მკაცრი უნდა იყოს. ყველა მხრიდან წნეხის ქვეშაა.
– სიმკაცრე ერთია, იდიოტიზმი – მეორე. სამწუხაროდ, ჰოლმი ერთ-ერთი მიზეზია
იმისა, რომ თანამშრომლები გუნდურად მუშაობას ვერ ახერხებენ. როგორც ჩანს, ის
„გათიშე და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს.
– უხეში ნათქვამია.
– ერთ თვეს ვაძლევ. თუ დამოკიდებულებას არ შეიცვლის, ახალი ამბების
განყოფილების რედაქტორის თანამდებობიდან გავათავისუფლებ.
– ამის უფლება არ გაქვთ. ორგანიზაციული სტრუქტურის დასარღვევად კი არ
ამიყვანიხართ სამსახურში.
ბერგერმა გენერალურ დირექტორს თვალი გაუსწორა.
– მაპატიეთ, მაგრამ შეგისწორებთ – სწორედ ამისთვის ამიყვანეთ სამსახურში.
კონტრაქტის თანახმად, უფლება მაქვს, განვახორციელო სარედაქციო ცვლილებები,
თუ ამას საჭიროდ მივიჩნევ. მე გაზეთის განახლება მევალება და ამას მხოლოდ
საკადრო ცვლილებებითა და ახლანდელი სამუშაო გარემოს გაუმჯობესებით
შევძლებ.
– ჰოლმმა მთელი ცხოვრება Svenska Morgon-Posten-ს მიუძღვნა.
– დიახ. ის ორმოცდათვრამეტი წლისაა, პენსიაზე გასვლამდე კიდევ შვიდი წელი
დარჩა. ამდენ ხანს ხათრის გამო გაზეთში ვერ დავტოვებ. ცუდად ნუ გამიგებთ,
მაგნუს. იმ წუთიდან, რაც იმ შუშის გალიაში დავჯექი, ჩემს უმთავრეს მიზნად
Svenska Morgon-Posten-ის ხარისხის ამაღლება და მისი ტირაჟისა და რეალიზაციის
გაზრდა იქცა. ჰოლმმა უნდა აირჩიოს: ან ჩემს მითითებებს დაემორჩილება და
ჩემებურად იმუშავებს, ან აქ აღარ იმუშავებს. არ გავახარებ არავის, ვინც ხელს
შემიშლის ან Svenska Morgon-Posten-ს ზიანს მიაყენებს.
„ჯანდაბა... Vitavara-ს საკითხი უნდა წამოვწიო. მაგრამ ბორგშეს ხომ მოხსნიან“.
უეცრად ბორგშეს გაეღიმა:
– ღმერთო, სიმკაცრეც ამას ჰქვია!
– დიახ, მკაცრი ვარ და, ძალიან სამწუხაროა, რომ სიმკაცრის გამოვლენის საჭიროება
არსებობს. მე კარგი გაზეთის გამოშვება მევალება, რაც მხოლოდ ქმედუნარიანი
რედაქტორებისა და საკუთარი საქმის მოყვარული ჟურნალისტების
თანამშრომლობით მოხერხდება.
ბორგშესთან შეხვედრის შემდეგ ბერგერი კოჭლობით დაბრუნდა შუშის გალიაში.
დაღონებული იყო. მასთან მთელი ორმოცდახუთი წუთი დაყო და Vitavara არც
უხსენებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გულახდილი და გულწრფელი არ
ყოფილა.
კომპიუტერს რომ მიუჯდა, საფოსტო ყუთში ახალი იმეილი დახვდა
<MikBlom@millennium.nu>-სგან. რასაკვირველია, ჟურნალ „მილენიუმში“ ასეთი
ელექტრონული მისამართი არ არსებობდა. იმეილი გახსნა.
გგონია, ბორგშე გიშველის, შე პატარა ბოზო? ფეხი აღარ გტკივა?
უნებლიეთ ასწია თავი და ახალი ამბების განყოფილება მოათვალიერა. მზერა ჰოლმს
მიაპყრო. ჰოლმმა მისი მზერა იგრძნო და თვითონაც შემოხედა. შემდეგ გაუღიმა.
„უკვე ცხადია, რომ იმეილებს Svenska Morgon-Posten-ის რომელიღაც თანამშრომელი
გზავნის“.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შეხვედრა 17:00 საათამდე
გაგრძელდა. შეხვედრის მიწურულს შეთანხმდნენ, რომ შემდეგ კვირაშიც
შეიკრიბებოდნენ. თუ მანამდე RPS/Säk-Yთან კონტაქტი დაგჭირდება, ფიგეროლას
დაურეკეო, უთხრეს ბლუმკვისტს. ბლუმკვისტმა ლეპტოპი ჩანთაში ჩადო, წამოდგა
და იკითხა:
– აქედან როგორ გავიდე?
– აქ მარტო ნამდვილად ვერ ისეირნებთ, – უთხრა ედკლინთმა.
– მე გავაცილებ, – წამოდგა ფიგეროლა, – მაგრამ რამდენიმე წუთით მოიცადეთ; ჩემს
კაბინეტში შევირბენ.
კრონობერგის პარკის გავლით ფრიდჰემსპლანისკენ ფეხით გაემართნენ.
– ახლა რა მოხდება? – ჰკითხა ბლუმკვისტმა.
– ვითანამშრომლებთ, – უპასუხა ფიგეროლამ.
– „სეპოსთან“ ურთიერთობა უკვე მომწონს.
– დაგვიანებული სადილის მირთმევაზე რას იტყვი?
– ისევ ბოსნიური სამზარეულო?
– არა, ყოველ საღამოს რესტორანში სადილობის ფული არ მაქვს. სახლში რამე
უბრალოზე დამეწვიე.
ფიგეროლა შედგა და ბლუმკვისტს ღიმილით ჰკითხა:
– იცი, ახლა რა მინდა?
– რა?
– შინ წაგიყვანო და გაგაშიშვლო.
– უხერხული არ იქნება?
– კი. მაგრამ ჩემს უფროსს არაფერს გავუმხელ.
– ჯერ არ ვიცით, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. შეიძლება ბარიკადების
სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდეთ.
– არა უშავს, გავრისკავ. აბა, ნებით წამოხვალ თუ ხელბორკილით წაგიყვანო?
19:00 საათზე, როცა ბერგერი სამსახურიდან დაბრუნდა, შინ Milton Security-ის
კონსულტანტი დახვდა. ბერგერი კოჭლობით შევიდა სამზარეულოში და უახლოეს
სკამზე ჩამოჯდა. ფეხი ძლიერ სტკიოდა. დავიდ რუსინს ყავა მოედუღებინა. მან
ბერგერსაც დაუსხა.
– გმადლობთ. Milton Security-ის მომსახურებაში ყავის მოდუღებაც შედის?
რუსინმა თავაზიანად გაუღიმა. ის ორმოცდაათს გადაცილებული ტანმორჩილი,
წითელბლანჟეიანი, მსუქანი კაცი იყო.
– გმადლობთ, რომ დღეს მთელი დღით თქვენი სამზარეულო დამითმეთ.
– როგორ გეკადრებათ. აბა, როგორი მდგომარეობაა?
– ჩვენმა ტექნიკოსებმა საუკეთესო სიგნალიზაცია დააყენეს. ახლავე გაჩვენებთ,
როგორ მუშაობს. თქვენი სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული გამოვიკვლიე
სარდაფიდან სხვენამდე. მიმდებარე ტერიტორიაც დავათვალიერე. Milton Security-ში
კოლეგებთან ვითათბირე და რამდენიმე დღეში გეგმას წარმოგიდგენთ. მანამდე
ერთი-ორ რამეზე უნდა დაგელაპარაკოთ.
– გისმენთ.
– უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ფორმალობა უნდა მოვაგვაროთ. საბოლოო
ხელშეკრულებას მაშინ გავაფორმებთ, როცა მომსახურების სახეობაზე
შევთანხმდებით, მაგრამ მანამდე ამ ხელშეკრულებას გაეცანით. აქ წერია, რომ Milton
Security-ს სიგნალიზაციის დაყენება დაავალეთ. სტანდარტული დოკუმენტია –
მომხმარებელიც და მიმწოდებელიც გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ თავზე.
თქვენც რაღაც მოგეთხოვებათ და ჩვენც.
– მეც რაღაც მომეთხოვება?
– დიახ. სიგნალიზაცია სიგნალიზაციაა, მაგრამ თუ რომელიმე მანიაკი პისტოლეტით
შემოგივარდებათ სასტუმრო ოთახში, სიგნალიზაცია რას გიშველით? თქვენივე
უსაფრთხოებისთვის, მინდა თქვენ და თქვენმა ქმარმა რაღაც-რაღაცეები
გაითვალისწინოთ და სათანადო ზომებს მიმართოთ. დეტალებს გაგაცნობთ.
– გასაგებია.
– ახლა ცოტა წინ გადავხტები და სიტუაციის საბოლოო შეფასებაზე გადავალ.
მოკლედ, ასეთი მდგომარეობაა: თქვენ და თქვენი ქმარი საკუთარ სახლში
ცხოვრობთ. სახლის უკან პლაჟი გაქვთ, ახლომახლო კი რამდენიმე დიდი სახლი
დგას. მეზობლებისთვის თქვენი სახლის ხედი დიდწილად დაფარულია. შეიძლება
ითქვას, რომ თქვენი ვილა სხვებისგან იზოლირებულია.
– დიახ.
– შესაბამისად, თავდამსხმელს სახლთან შეუმჩნევლად მოახლოება შეუძლია.
– ჩვენგან მარჯვნივ მცხოვრები მეზობლები იშვიათად არიან სახლში, მარცხნივ კი
მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ისინი ადრე წვებიან.
– გარდა ამისა, ფასადზე ბევრი ფანჯარა არაა. როგორც კი თავდამსხმელი თქვენს
ეზოში შემოდგამს ფეხს – გზიდან გადმოხვევას და თქვენს სახლთან უკნიდან
მოახლოებას სულ ხუთი წამი სჭირდება – მას ვეღარავინ დაინახავს. თქვენი სახლის
უკანა ხედს მესერი, გარაჟი და დიდი, განცალკევებული შენობა ფარავს.
– იმ შენობაში ჩემს ქმარს სახელოსნო აქვს.
– როგორც ვხვდები, მხატვარი უნდა იყოს?
– დიახ. შემდეგ?
– ის, ვინც ფანჯარა ჩაგიმსხვრიათ და თქვენი კედელი მოხატა, ამას შეუმჩნევლად
იზამდა. არსებობდა იმის შანსი, რომ ვინმეს მინის მსხვრევის ხმა გაეგონა, მაგრამ აქ
სახლები ერთმანეთთან კუთხით დგას და ფასადმა ხმაური დაახშო.
– გასაგებია.
– აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან დიდი კარ-მიდამო გაქვთ. მარტო საცხოვრებელი
ფართი სარდაფისა და სხვენის გარეშე დაახლოებით 250 კვადრატული მეტრს
შეადგენს. გარდა პირველი სართულის ფანჯრებისა, ჩვენს წინამორბედებს
სარდაფის ექვსი ფანჯარაც სიგნალიზაციის გარეშე დაუტოვებიათ. და ბოლოს,
სახლში შემოპარვას სახანძრო გასასვლელითაც შევძლებდი და ასაწევი კარითაც,
რომელიც სხვენიდან სახურავზე გადის და უბრალო ურდულით იკეტება.
– გამოდის, ჩემს სახლს კარი ტყუილად აქვს. რა ვქნათ?
– დღეს დროებითი სიგნალიზაცია დაგიყენეთ. შემდეგ კვირას დავრუნდებით და
პირველი სართულისა და სარდაფის ყველა ფანჯარაზე სიგნალიზაციას დავაყენებთ.
– ძალიან კარგი.
– თუმცა, ამჟამად კონკრეტული ინდივიდისგან თავდასხმის საშიშროება
გემუქრებათ. ეს უფრო სერიოზულია, მით უმეტეს, რომ არ ვიცით მისი ვინაობა,
მოტივები, ან რაზეა წამსვლელი. საქმე მხოლოდ უხამს ანონიმურ იმეილებს რომ
ეხებოდეს, პირდაპირი თავდასხმის საფრთხეს ნაკლებ რეალურად შევაფასებდით,
მაგრამ ეს პიროვნება ამსიშორეზე, სალტშებადენამდე მოვიდა, რომ სახლში
დაგსხმოდათ თავს. ეს უკვე საშიშია.
– გეთანხმებით.
– დღეს დრაგანს ვესაუბრე და ისიც მეთანხმება, რომ სანამ ამ პიროვნებაზე უფრო
მეტს არ შევიტყობთ, ყველანაირი რისკისგან უნდა ვიყოთ დაზღვეული.
– ეს რას ნიშნავს?
– ჯერ ერთი, დღეს დაყენებული სიგნალიზაცია ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი
მხრივ, ის ჩვეულებრივი სიგნალიზაციაა, რომელიც თქვენი არყოფნისას სახლს
მძარცველებისგან იცავს. მეორე მხრივ, მასში პირველი სართულისთვის
სპეციალური სენსორია ჩამონტაჟებული და ღამით საძინებელში ასვლისას,
აუცილებლად უნდა ჩართოთ.
– ჰმ.
– ალბათ უხერხულობას შეგიქმნით, რადგან მისი გამორთვა ქვემოთ ყოველი
ჩამოსვლისას მოგიწევთ.
– გასაგებია.
– ახლა მეორე, დღეს თქვენი საძინებლის კარი შევცვალეთ.
– კარი მთლიანად შეცვალეთ?
– დიახ. უფრო საიმედო რკინის კარით. ნუ ღელავთ... თეთრად არის შეღებილი და
საძინებლის ჩვეულებრივ კარს ჰგავს, ოღონდ დახურვისთანავე ავტომატურად
იკეტება. შიგნიდან კარს უბრალოდ, სახელურის ჩამოწევით გააღებთ, მაგრამ
გარედან გასაღებად სახელურზე დამაგრებულ ფირფიტაზე მოგიწევთ სამციფრიანი
კოდის აკრეფა.
– ეს ყველაფერი დღეს მოასწარით?
– თუ ვინმე სახლში შემოგეჭრებათ, საძინებელს შეაფარებთ თავს. საკმაოდ გამძლე
კედლებია და, თუნდაც თავდამსხმელს თან ხელსაწყო-იარაღები ჰქონდეს, კარი
ჩამოგდებას დიდხანს მოუნდება.
– ეს სასიამოვნო მოსასმენია.
– მესამე, სათვალთვალო კამერებს დავაყენებთ და საძინებლიდან შეძლებთ
დაინახოთ, რა ხდება ბაღში ან პირველ სართულზე. ამას კვირის ბოლოს ვიზამთ,
როცა მოძრაობის დეტექტორებს დავამონტაჟებთ სახლის ირგვლივ.
– როგორც ჩანს, ამიერიდან ჩემი საძინებელი არც ისეთი რომანტიკული ადგილი
იქნება.
– არა, ეგ პატარა მონიტორი ხელს არ შეგიშლით. შეგვიძლია გარდერობში ან
რომელიმე უჯრაში დავამონტაჟოთ, რომ თვალში არ შეგეჩხიროთ.
– გმადლობთ.
– მოგვიანებით კაბინეტისა და პირველი სართულის ოთახის კარებსაც
გამოგიცვლით. საშიშროების შემთხვევაში, სწრაფად მოასწრებთ იქ შემალვას და
დახმარებას დაელოდებით.
– ძალიან კარგი.
– თუ სიგნალიზაცია შემთხვევით ჩაირთვება, მაშინვე Milton Security-ის განგაშის
ცენტრში დარეკავთ და გამოძახებას გააუქმებთ. ამისთვის ჩვენთან
დარეგისტრირებული სპეციალური პაროლი დაგჭირდებათ. თუ პაროლი
დაგავიწყდებათ, მანქანას მაინც გამოვგზავნით და გარკვეული თანხის გადახდა
მოგიწევთ. მეოთხე, იმ შემთხვევისთვის, თუ სახლს თავს დაესხმიან: ამჟამად
ოთხგან დაყენდა სიგნალიზაცია – სამზარეულოში, ჰოლში, მეორე სარYთულზე,
თქვენს კაბინეტში, და საძინებელში. მას ორი ღილაკი აქვს და ჩასართავად სამი
წამით ორივეს ერთდროულად უნდა დააჭიროთ თითი. სიგნალიზაციის ჩართვის
შემთხვევაში სამი რამ მოხდება: პირველი – Milton Security მანქანებს გამოგზავნის.
ჯერ ფისკსეტრადან მოვა Adam Security-ის მანქანა. 10-12 წუთში აქ ორი კაცი
გაჩნდება; მეორე – ნაკადან Milton Security-ის მანქანა მოვა უკეთეს შემთხვევაში 20
წუთში ან, მაქსიმუმ, 25 წუთში. მესამე, სიგნალიზაცია ავტომატურად გამოიძახებს
პოლიციას. ერთი სიტყვით, რამდენიმე წუთის ინტერვალით დანაშაულის ადგილზე
რამდენიმე მანქანა შეიყრება.
– გასაგებია.
– ამ გამოძახებას სიგნალიზაციის შემთხვევით ჩართვისნაირად ვერ გააუქმებთ. ვერ
დარეკავთ და ვერ იტყვით, რომ შეცდით. თუნდაც ქუჩაში დაგვხვდეთ და
გვითხრათ, შევცდიო, პოლიცია მაინც შემოვა. მოგვიწევს დავრწმუნდეთ, რომ ვინმეს
თქვენი ქმრისთვის შუბლზე პისტოლეტის ლულა არ აქვს მიბჯენილი. ამგვარად,
სიგნალიზაციას ჩართავთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად საფრთხე
დაგემუქრებათ.
– გასაგებია.
– აუცილებელი არაა, ფიზიკურად დაგესხან თავს. გამოგვიძახეთ, თუ სახლში ვინმე
შემოჭრას დააპირებს, ან ბაღში ვინმე უცნობს შეამჩნევთ. თუ რამე საშიშროებას
იგრძნობთ, სიგნალიზაცია გამოიყენეთ, ოღონდ სანამ ღილაკებს დააჭერთ, კარგად
დაფიქრდით.
– დავფიქრდები.
– შევამჩნიე, რომ სახლში სხვადასხვა ადგილას გოლფის ჯოხები გიწყვიათ.
– დიახ. წუხელ სახლში მარტო მეძინა.
– თქვენს ადგილზე სასტუმროში წავიდოდი. რასაკვირველია, თავდაცვას ვერავინ
დაგიშლით, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გოლფის ჯოხით ადვილად
შეიძლება თავდამსხმელი შემოგაკვდეთ.
– ჰმ.
– ხოლო თუ შემოგაკვდათ, მკვლელობისთვის გაგასამართლებენ. თუ აღიარებთ,
რომ გოლფის ჯოხები სპეციალურად დააწყვეთ ოთახებში, შეიძლება საქმეს განზრახ
მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭონ.
– თუ ვინმე თავს დამესხმება, რასაკვირველია, ვეცდები, თავდამსხმელს თავი
გავუტეხო.
– მესმის თქვენი. მაგრამ Milton Security-ის მომსახურებით სარგებლობის მიზანიც ხომ
ის არის, რომ ამის გაკეთება არ დაგჭირდეთ.
– ძალიან მიხარია ამის მოსმენა.
– თანაც, პისტოლეტიან თავდამსხმელთან გოლფის ჯოხებით ვერაფერს გააწყობთ.
თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, როცა ავის მსურველს ერთი ნაბიჯით უსწრებ.
– ამიხსენით, ეს როგორ უნდა შევძლო, როცა მანიაკი დამდევს?
– ეცადეთ, მოახლოების შანსი არ მისცეთ. ჯერჯერობით კიდევ რამდენიმე დღე
დაგვჭირდება სინგალიზაციის სრულად გასამართად. შემდეგ თქვენს ქმარსაც
დაველაპარაკებით და იმავეს გავუმეორებთ, რაც თქვენ გითხარით. ისიც უნდა
გავაფრთხილოთ.
– ძალიან კარგი. თვითონაც დაველაპარაკები.
– მანამდე კი სადმე სხვაგან უნდა გადახვიდეთ.
– ვერსად ვერ წავალ. ჩემი ქმარი ორიოდ დღეში დაბრუნდება. თუმცა, ჩვენ ხშირად
ცალ-ცალკე ვმოგზაურობთ და დროდადრო სახლში მარტო დარჩენა გვიწევს.
– გასაგებია, მაგრამ მე მხოლოდ დროებით გთხოვთ გადასვლას, სანამ
სიგნალიზაციის და სათვალთვალო მოწყობილობების მონტაჟს დავასრულებთ.
იქნებ რომელიმე მეგობართან დარჩეთ?
ბერგერმა ბლუმკვისტის ბინაზე გაიფიქრა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რომ ამჟამად
არც მისი ბინა იყო უსაფრთხო.
– გმადლობთ, მაგრამ მირჩევნია, აქ დავრჩე.
– ასეც ვიცოდი. მაშინ კვირის ბოლომდე აუცილებლად ვინმე უნდა დარჩეს
თქვენთან ერთად.
– იცით...
– მეგობარს რომ სთხოვოთ თქვენთან დარჩენა?
– კარგი, მაგრამ საღამოს რვის ნახევარზე ვერ დავურეკავ და ახლავე მოსვლას ვერ
ვთხოვ, როცა ჩემს ბაღში ვიღაც მანიაკი დაიპარება.
რუსინი წუთით ჩაფიქრდა.
– წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თქვენთან Milton Security-ის თანამშრომელი რომ
დარჩეს? დავრეკავ და გავარკვევ, ჩემს კოლეგას, სუსან ლინდერს თუ სცალია
ამაღამ. დარწმუნებული ვარ, დამატებით რამდენიმე ასეული კრონის
გამომუშავებაზე უარს არ იტყვის.
– ეს რა ეღირება?
– ფასზე პირადად მოელაპარაკეთ. ეს არაფორმალური მომსახურება იქნება.
პირადად მე გირჩევთ, სახლში მარტო არ დარჩეთ!
– სიბნელის არ მეშინია.
– ვიცი. რომ გეშინოდეთ, წუხელ აქ არ დაიძინებდით. სუსან ლინდერი
ამავდროულად ყოფილი პოლიციელია. თანაც ეს მხოლოდ დროებითია. ხომ არ
გეუბნებით, პირად დაცვას მოგიჩენთ-მეთქი. ეს სულ სხვა რამაა და უფრო ძვირიც
ჯდება.
რუსინის სერიოზულმა ტონმა ბერგერზე იმოქმედა. უცებ გაიაზრა, რომ საქმე მის
სიცოცხლეს ეხებოდა და თავს გაუწყრა, თუ რუსინი აჭარბებს და მის
პროფესიონალურ აზრს არად ჩავაგდებ, მაშინ საერთოდ რატომ დავრეკე Milton
Security-შიო.
– კარგი, დაურეკეთ. სტუმრის საძინებელს გავამზადებ.
უკვე ღამის თერთმეტი საათი იყო დაწყებული, როცა ფიგეროლამ და ბლუმკვისტმა
გადასაფარებლები შემოიხვიეს და სამზარეულოში მაკარონის სალათის, თინუსის,
ბეკონის ნარჩენებით წასახემსებლად შევიდნენ. საჭმელს წყალს აყოლებდნენ.
ფიგეროლამ გადაიკისკისა.
– რა გაცინებს?
– ახლა რომ ედკლინთი გვხედავდეს, ძალიან შეწუხდებოდა. როცა დამავალა,
ბლუმკვისტზე თვალი გეჭიროსო, არა მგონია, შენთან დაწოლა ეგულისხმოს.
– მე უდანაშაულო ვარ. დამემუქრე, ნებით თუ არ წამოხვალ, ბორკილდადებულს
წაგიყვანო, – თქვა ბლუმკვისტმა.
– დიახ, მაგრამ შენი დარწმუნება არ გამჭირვებია.
– არ ვიცი, ხვდები თუ არა – ალბათ, კი – რომ სექსუალურად ძალიან გამომწვევი ხარ.
ცდუნებას ვერავინ გაუძლებს.
– გმადლობ, მაგრამ ეგეთი სექსუალურიც არ ვარ და არც ასე ხშირად მაქვს სექსი.
– მაოცებ.
– დამიჯერე, ძალიან ცოტა მამაკაცთან ვწოლილვარ. გაზაფხულზე ერთ ტიპს
ვხვდებოდი, მაგრამ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.
– რატომ?
– სიმპათიური იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მკლავჭიდს დაემსგავსა. მასზე
ღონიერი ვიყავი და ამას ვერ შეეგუა. შენც ხომ არ აპირებ ჩემთან შეჯიბრებას?
– ანუ, ხომ არ არის ჩემთვის პრობლემა, რომ ფიზიკურად ჩემზე ძლიერი და ღონიერი
ხარ? სულაც არა.
– გულწრფელობისთვის გმადლობ. შევამჩნიე, რომ ჩემით ბევრი მამაკაცი
ინტერესდება, მაგრამ მერე ჩემთან გაჯიბრებას იწყებენ და ჩემზე დომინირების
გზებს ეძებენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირკვევა, რომ პოლიციელი ვარ.
– შენთან გაჯიბრებას არ ვაპირებ. ჩემს საქმეში მე შენზე უკეთესი ვარ. შენს საქმეში
კი შენ ხარ ჩემზე უკეთესი.
– მსგავსი მიდგომა მაწყობს.
– მე რატომ ამირჩიე?
– ხშირად იმპულსებს მივენდობი ხოლმე. შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა!
– მაგრამ შენ ხომ, არც მეტი, არც ნაკლები, „სეპოს“ ოფიცერი ხარ და თან ახლა იმ
საქმეს იძიებ, რომელშიც მე ვარ გარეული...
– ანუ, რამდენად არაპროფესიონალურად ვიქცევი? მართალია. ეს არ უნდა მექნა. ეს
რომ ედკლინთმა გაიგოს, სერიოზული პრობლემა შემექმნება.
– გპირდები, არაფერს ვეტყვი.
– ძალიან რაინდულია.
კარგა ხანს ჩუმად ისხდნენ.
– არ ვიცი, ეს ყველაფერი რით დასრულდება. შარში ხშირად ეხვევი ხოლმე, არა?
– სამწუხაროდ. სხვათა შორის, ამ ეტაპზე არც მუდმივ პარტნიორს ვეძებ.
– გაფრთხილებისთვის გმადლობ. ისე, არც მე ვეძებ მუდმივ პარტნიორს. იქნებ
მეგობრებად დავრჩეთ?
– მგონი, ასე აჯობებს. მონიკა, არავის ვეტყვი, რომ ერთად ვიწექით. ოღონდ უნდა
ვიფრთხილოთ, თორემ შენს კოლეგებთან შეიძლება სერიოზული პრობლემა
შეგვექმნას.
– არა მგონია. ედკლინთი სამართლიანი კაცია. თანაც შენც და ჩვენც ერთი მიზანი
გვაქვს.
– ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.
– შენ ხომ ლიზბეთ სალანდერთანაც გქონდა სექსი.
ბლუმკვისტი დასერიოზულდა.
– მისმინე...G გადაშლილი წიგნი კი არ ვარ, რომ ყველამ მიკითხოს. ლიზბეთთან ჩემი
ურთიერთობა არავის საქმე არ არის.
– ის ზალაჩენკოს ქალიშვილია.
– დიახ, და მთელი ცხოვრება ასე დარჩება. მაგრამ ის ზალაჩენკო არ არის. მათ შორის
დიდი სხვაობაა.
– მე ეს არ მიგულისხმია. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რატომ ხარ მისით ასე
დაინტერესებული.
– ლიზბეთი ჩემი მეგობარია. მგონი, ეს საკმაოდ მკაფიო განმარტებაა.
ჯინსის შარვალში, შავ ტყავის ქურთუკსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი
სუსან ლინდერი სალტშებადენში საღამოს ცხრა საათზე მოვიდა და რუსინმა
ბერგერის სახლი დაათვალიერებინა. ლინდერმა ბერგერის ჩანთიდან სასტუმრო
ოთახში ლეპტოპი, ხელკეტი, ცრემლსადენი გაზის ბალონი, ხელბორკილი და
კბილის ჯაგრისი ამოალაგა.
ბერგერმა ყავა მოადუღა.
– ყავისთვის გმადლობთ. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი სტუმარი ვარ და უნდა
მიმასპინძლოთ. მე შედარებით ნაკლები სიავე ვარ, რომელიც უეცრად დაგატყდათ
თავს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით. ექვსი წელი პოლიციაში ვიმუშავე, Milton
Security-ში კი მეოთხე წელია ვმუშაობ. მე პროფესიონალი პირადი მცველი ვარ.
– გასაგებია.
– საფრთხე გემუქრებათ და აქ იმიტომ ვარ, რომ თქვენი სახლი დავიცვა, რათა
მშვიდად ძილი, კითხვა და მუშაობა შეძლოთ. თუ საუბარი მოგინდებათ,
მოგისმენთ. თუ არადა, მეც წამოვიღე ჩემთვის წიგნი და წავიკითხავ.
– გასაგებია.
– იმას ვგულისხმობ, რომ შეგიძლიათ ჩვეულებრივად ცხოვრება განაგრძოთ;
ვალდებული არ ხართ, ყურადღება მომაქციოთ ან გამართოთ. არ მინდა, ხელი
შეგიშალოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დროებითი კოლეგა ვარ.
– იცით, მსგავს სიტუაციას მიუჩვეველი ვარ. ადრეც მემუქრებოდნენ, როცა
„მილენიუმში“ ვმუშაობდი, მაგრამ მაშინ მუქარები სამსახურს უკავშირდებოდა.
ახლა კი ვიღაც სერიოზულად არასასიამოვნო ინდივიდი...
– მაინცდამაინც თქვენ გადაგეკიდათ.
– დაახლოებით.
– პირადი მცველი რომ აიყვანოთ, ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ამდენი ფულის
გადაყრას არ გირჩევთ, რადგან მკაფიო და კონკრეტული საფრთხე არ არსებობს.
ჩემთვის ეს დამატებითი სამუშაოა, ღამეში 500 კრონას გამოგართმევთ და კვირის
ბოლომდე თქვენთან დავრჩები. ეს იმაზე ბევრად იაფია, რასაც Milton Security მიხდის
დავალების შესრულებაში. გაწყობთ?
– მაწყობს.
– თუ რამე მოხდება, მინდა, რომ საძინებელში ჩაიკეტოთ, სიტუაციას მე
გავუმკლავდები. თქვენი მოვალეობაა, სინგალიზაციის ღილაკებს დააწვეთ. არ
მინდა, ხიფათის შემთხვევაში ფეხებში ამებლანდოთ.
ბერგერი საძინებელში ღამის თერთმეტ საათზე შევიდა და კარის მიხურვისას
საკეტის ტკაცუნის ხმა გაიგონა. ჩაფიქრებულმა გაიხადა ტანსაცმელი და ლოგინში
ჩაწვა.
კი უთხრეს, ვალდებული არ ხართ „სტუმარი“ გაართოთო, მაგრამ ორი საათი
ლინდერთან ერთად გაატარა სამზარეულოში. ერთმანეთს კარგად გაუგეს.
განიხილეს ფსიქოლოგიის საკითხები, თუ რატომ უჩნდება მამაკაცს ქალის დევნის
სურვილი. ლინდერმა პირდაპირ უთხრა, ფსიქოლოგიური აბდაუბდის არაფერი
გამეგებაო. სამგიეროდ მაგ ნაბიჭვრების შეპყრობა მიყვარს და ამიტომაც მომწონს
ჩემი სამსახური, რადგან მეტწილად ეგეთ შეშლილ მანიაკებთან მაქვს საქმეო.
– პოლიციიდან რატომ წამოხვედით? – ჰკითხა ბერგერმა.
– უკეთესი იქნებოდა, გეკითხათ, საერთოდ რატომ გავხდი პოლიციელი?
– რატომ გახდით პოლიციელი?
– იმიტომ, რომ ჩვიდმეტი წლის ასაკში ჩემი უახლოესი მეგობარი მანქანაში სამმა
ნაბიჭვარმა დააყაჩაღა და გააუპატიურა. გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ
დანაშაულის აღკვეთა პოლიციელის მოვალეობაა.
– მერე?
– ვერაფერიც ვერ აღვკვეთე. როგორც ხდება, ყოველთვის დანაშაულის ადგილზე
მიწევდა მისვლა. ვერც პოლიციელების ქედმაღლურ ჟარგონს ავუღე ალღო და მალე
იმასაც მივხვდი, რომ ზოგიერთი საქმე საერთოდ გამოუძიებელი რჩება. თქვენი
შემთხვევა ტიპური მაგალითია. მომხდარის თაობაზე პოლიციას აცნობეთ?
– დიახ.
– მერედა, აქ მოსვლით შეიწუხეს თავი?
– არა, მითხრეს, ადგილობრივ განყოფილებაში შეიტანეთ განცხადებაო.
– ახლა უკვე იცით, რატომაც წამოვედი პოლიციიდან. არმანსკისთან მუშაობა
იმიტომ მომწონს, რომ დანაშაულის აღკვეთა შემიძლია.
– ალბათ მეტწილად საფრთხის ქვეშ მყოფ ქალებს ეხმარებით?
– ყველანაირ დავალებას ვასრულებ. უსაფრთხოების საკითხებს ვაანალიზებ,
პირადი მცველიც ვყოფილვარ, ვიღაცეებს ვუთვალთვალებ და ა. შ. თუმცა,
ძირითადად საფრთხეში მყოფ ადამიანებს ვეხმარები. ეს ძალიან მომწონს. თუმცა,
პოლიციასთან შედარებით კერძო დაცვის სამსახურში მუშაობას ერთი ნაკლი აქვს.
– რა ნაკლი?
– მხოლოდ შეძლებულ ხალხს ვემსახურებით.
საწოლში ბერგერი ლინდერის სიტყვებზე დაფიქრდა. დაცვის სამსახურის
მომსახურებით ყველა ვერ ისარგებლებდა. თვითონ უყოყმანოდ დათანხმდა რუსინს
კარების გამოცვლაზე, სათვალთვალო მოწყობილობების და სიგნალიზაციის
დაყენებაზე. ეს ყველაფერი ერთად ალბათ 50 000 კრონა მაინც ეღირებოდა, მაგრამ
ბერგერს ამ თანხის გადახდის საშუალება ჰქონდა.
მერე მანიაკის ვინაობას გამოცნობას შეეცადა. აშკარად Svenska Morgon-Posten-ის
რომელიღაც თანამშრომელი იყო, რომელმაც იცოდა, რომ ფეხი გაიჭრა. მთავარი ეჭვი
ჰოლმზე ჰქონდა. ის არ მოსწონდა. თუმცა, მის გარდა ლამის მთელმა ახალი ამბების
განყოფილებამ შეამჩნია ყავარჯნებიანი ბერგერი.
გარდა ამისა, ბორგშეს პრობლემაც აწუხებდა.
უცებ საწოლში წამოჯდა და შუბლშეკრულმა მიმოიხედა, ბორგშეს და მისი Vitavara
Inc.-ის საქმიანობის შესახებ კორტესის სტატია სად შევინახეო.
ადგა, ხალათი შემოისხა, ყავარჯენს დაეყრდნო და კაბინეტში შევიდა. შუქი აანთო.
არა, კაბინეტში მას შემდეგ არ ყოფილა, რაც... რაც აბაზანაში ჩაწოლილმა წაიკითხა
კორტესის სტატია. გაახსენდა, რომ საქაღალდე წინა ღამით ფანჯრის რაფაზე დადო.
სააბაზანოში შეიხედა. საქაღალდე რაფაზე არ იდო.
კარგა ხანს აღელვებული იდგა სააბაზანოს კართან.
დილით საქაღალდისთვის თვალი არ მოუკრავს; არც სადმე სხვაგან გადაუდია.
გაფითრებულმა დაათვალიერა სააბაზანო და მერე საძინებელსა და სამზარეულოშიც
გადაქექა ქაღალდის დასტები. ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდა, რომ საქაღალდე
გაქრა.
მას მერე, როცა შუშის ნამსხვრევს ფეხი დააბიჯა მომდევნო დილამდე, სანამ რუსინი
მოვიდა, ვიღაც მის სააბაზანოში შევიდა და Vitavara Inc.-ის უკანონო საქმიანობის
ამსახველი სტატია მოიპარა.
უცებ ისიც გაახსენდა, რომ სახლში სხვა საიდუმლოებებსაც მალავდა. ბერგერი
საწოლის გვერდით მდგარი კამოდის ქვედა უჯრას ეცა და გამოაღო თუ არა, გული
შეეკუმშა. საიდუმლო ყველას აქვს. ბერგერი თავის საიდუმლოს საძინებელში
ინახავდა – ის დღიურს აწარმოებდა. იქვე ინახავდა სასიყვარულო წერილებსაც,
რომლებსაც ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში სწერდნენ.
ერთ-ერთ კონვერტში ოდესღაც გადაღებული ფოტოები ეწყო. ოცდახუთი წლის
ბერგერი კლუბ Xtreme-ის წევრი იყო და კლუბში ტყავის სამოსის
მოყვარულებისთვის კერძო წვეულებები იმართებოდა. იმ წვეულებებზე
გადაღებული ფოტოების ფხიზელი თვალით დათვალიერებისას საკუთარი თავი
მთლად დაწყობილი არ ეჩვენებოდა.
და ყველაზე უარესი – ვიდეოჩანაწერი. 1990-იანი წლების დასაწყისში ის და ბეკმანი
მხატვარ ტორკერ ბოლინგერს სტუმრობდნენ კოსტა-დელ-სოლის ვილაში. ამ
პერიოდში ბერგერმა აღმოაჩინა, რომ ბეკმანს ბისექსუალური მიდრეკილებები
ჰქონდა და ორივენი ბოლინგერის საწოლში აღმოჩნდნენ. სასიამოვნო შვებულება
გამოუვიდათ. მაშინ ვიდეოკამერები მოდურად ითვლებოდა და გასართობად
გადაღებული ვიდეო ყველას სანახავად ნამდვილად არ იყო განკუთვნილი.
უჯრა ცარიელი დახვდა.
„რა სულელი ვარ!“
უჯრის ძირზე ვიღაცას საღებავით ბერგერისთვის უკვე ნაცნობი სიტყვა დაეწერა.

თავი XIX
პარასკევი, 3/VI – შაბათი, 4/VI
სალანდერმა ავტობიოგრაფიის წერა პარასკევს გამთენიისას დაასრულა და ასლი
ბლუმკვისტს გაუგზავნა Stolliga–Bordet-ის მეშვეობით. მერე დაწვა და ჭერს
მიაშტერდა.
ვალპურგის ღამეს ოცდაშვიდი წლის გახდა, მაგრამ 30 აპრილს საკუთარი
დაბადების დღე არც გახსენებია. დაპატიმრებული იყო. მეცამეტე დაბადების დღესაც
წმ. სტეფანის ფსიქიატრიულ კლინიკაში შეხვდა. თუ საქმე ცუდად წამივა, კიდევ
მრავალი დაბადების დღის გადახდა მომიწევს ჩაკეტილშიო, გაიფიქრა გულში.
ამას ნამდვილად არ აპირებდა.
პირველად რომ მოათავსეს კლინიკაში, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ახლა უკვე
გაიზარდა და ცოდნა და გამოცდილება შეიძინა. საზღვარგარეთ გაქცევაც
შეიძლებოდა, როგორმე ყალბ დოკუმენტებს ვიშოვი და ახალ ცხოვრებას დავიწყებო.
ადგა, ტუალეტში შევიდა და სარკეში თავისი ანარეკლი შეათვალიერა. აღარ
კოჭლობდა. ჯერ თეძოზე ნაჭრილობევს შეახო თითი. მერე მკლავები გაშალა და
მარცხენა ხელი გაიქნია. ოდნავ დაეჭიმა, მაგრამ აღარ ასტკივებია. ახლა თავზე
გადაისვა ხელი. თავში ტყვია ჩააჭედეს, მაგრამ ტვინი დაზიანებას გადაურჩა.
აშკარად ბედმა გაუღიმა.
სანამ კომპიუტერს შემოუგზავნიდნენ, სულ იმას გეგმავდა, „სოლგრენსკას“
ჩაკეტილი პალატიდან როგორ გაქცეულიყო.
მერე ექიმმა იუნასონმა და ბლუმკვისტმა პალატაში პალმტოპი შემოაპარეს.
სალანდერმა ბლუმკვისტის სტატიები წაიკითხა და მის ნაწერს დიდხანს
აანალიზებდა. ბლუმკვისტის სტრატეგიის დადებით და უარყოფით მხარეებს
ერთამანეთს ადარებდა და საკუთარ შანსებს წონიდა. ბოლოს გადაწყვიტა, ერთხელ
მაინც დაეგდო ბლუმკვისტის რჩევისთვის ყური და სისტემა გამოეცადა.
ბლუმკვისტმა დაარწმუნა, დასაკარგი მაინც არაფერი გაქვსო, და გათავისუფლების
სრულიად სხვაგვარი გზა შესთავაზა. თუ ბლუმკვისტის გეგმა არ იმუშავებს, წმ.
სტეფანის კლინიკიდან ან სხვა რომელიმე საგიჟეთიდან, სადაც მომათავსებენ,
როგორმე თვითონ გავიქცევიო, დაასკვნა სალანდერმა.
სინამდვილეში ბლუმკვისტის თამაშის წესებს იმიტომ დაემორჩილა, რომ
შურისძიება სურდა.
სალანდერი არავის არაფერს პატიობდა.
ზალაჩენკო, ბიურმანი და ბიორკი უკვე მკვდრები იყვნენ.
სამაგიეროდ, ტელებორიანი იყო ცოცხალი.
ცოცხალი იყო მისი ნახევარძმა რონალდ ნიდერმანიც. თუმცა, ნიდერმანი
სალანდერის პრობლემა ნაკლებად იყო. მართალია, ის ზალაჩენკოს ეხმარებოდა მის
მოკვლასა და დამარხვაში, მაგრამ ნიდერმანის როლი გოგონას მაინც უმნიშვნელოდ
ეჩვენებოდა.
„თუ ოდესმე სადმე შევხვდები, ვნახოთ; მანამდე კი პოლიციამ ეძებოს“.
და მაინც, ბლუმკვისტი არ ცდებოდა: შეთქმულების უკან სალანდერისთვის უცნობი
სხვა ხალხი იდგა და სწორედ ამ ხალხმა დაუმახინჯა ცხოვრება. აუცილებად უნდა
დაედგინა მათი ვინაობა და პირადი ნომრები.
ამგვარად, მან ბლუმკვისტის გეგმით მოქმედება გადაწყვიტა და ამიტომაც დაწერა
შეულამაზებელი სიმართლე საკუთარ ცხოვრებაზე. ორმოცგვერდიანი
ავტობიოგრაფია გამოვიდა. არაფერი დაუმალავს. ბლუმკვისტმა აუხსნა, შვედურმა
მედიამ ლაფში ისე ამოგსვარა, რომ ვერანაირი დაუჯერებელი აღიარება შენს
რეპუტაციას უფრო მეტად ვეღარ შელახავსო.
თუმცა, ავტობიოგრაფია მაინც მხატვრულ ნაწარმოებს ჰგავდა. რასაკვირველია,
სალანდერს სრული სიმართლე არ გაუმხელია და ამას არც აპირებდა.
ისევ დაწვა და საბანი გადაიფარა.
რაღაც აწუხებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა. ჯიანინის ნაჩუქარ და თითქმის უხმარ
ბლოკნოტს დასწვდა. პირველ გვერდზე გადაშალა. იქ მხოლოდ ფორმულა ეწერა: (x3
+ y3 = z3)
ზამთარში კარიბის კუნძულებზე ისვენებდა და ფერმას უკანასკნელ თეორემაზე
იმტვრევდა თავს. შვედეთში დაბრუნებული, სანამ ზალაჩენკოზე ნადირობაზე
გადაერთვებოდა, განტოლებებს ჩაჰკირკიტებდა. აი, ახლა რატომღაც ისეთი გრძნობა
ჰქონდა, რომ პასუხს მიაგნო... განტოლება ამოხსნა.
საუბედუროდ, პასუხს ვეღარ იხსენებდა.
ეს სალანდერისთვის უცხო ფენომენი იყო. რამდენჯერმე შეიმოწმა თავი.
ინტერნეტში შემთხვევითი HTML კოდები შეარჩია, ერთი შეხედა, დაიმახსოვრა და
მერე ზუსტად გაიმეორა.
ფოტოგრაფიული მეხსიერება, რომელიც ყოველთვის წყევლად მიაჩნდა, არ
დაუკარგავს.
მისი ტვინი ჩვეულებრივად მუშაობდა.
მხოლოდ ის აწუხებდა, რომ რატომღაც ეგონა ფერმას თეორემა ამოვხსენიო, მაგრამ
როგორ, როდის და სად, აღარ ახსოვდა.
უარესი ის იყო, რომ ფერმას თეორემის მიმართ ინტერესი დაკარგა. ეს კი ავად
ენიშნა. ყოველთვის ასე ემართებოდა. რაღაც რთული და ჩახლართული გაიტაცებდა,
მაგრამ როგორც კი პასუხს მიაგნებდა, მაშინვე ინტერესს კარგავდა.
და აი, ახლაც ფერმას თეორემაც მხრებზე ტვირთად აღარ აწვა და გონების დაძაბვას
აღარ აიძულებდა. თეორემა ფურცელზე წაჯღაბნილ უბრალო ფორმულად იქცა.
სალანდერს მასთან შერკინების არანაირი სურვილი აღარ ჰქონდა.
სწორედ ეს აწუხებდა. ბლოკნოტი ტუმბოზე დადო.
„უნდა დავიძინო“.
თუმცა, დაძინების ნაცვლად ისევ პალმტოპი აიღო და ინტერნეტში შევიდა. მცირე
ფიქრის შემდეგ არმანსკის მყარი დისკი შეამოწმა. არმანსკი ბლუმკვისტთან
თანამშრომლობდა, მაგრამ საინტერესო იყო, ამჟამად რას საქმიანობდა.
გონებაგაფანტულმა ზერელედ გადაავლო თვალი მის ელფოსტას და ელექტრონულ
წერილებს შორის დავიდ რუსინის მიერ ბერგერის სახლის დასაცავად
მომზადებული გეგმა აღმოაჩინა. თვალებს არ დაუჯერა, როცა გეგმა ბოლომდე
ჩაიკითხა.
„ერიკა ბერგერს მანიაკი აჰკიდებია“.
ვინმე სუსან ლინდერს წინა ღამე ბერგერის სახლში გაეტარებინა და არმანსკისთვის
მოხსენება იმეილით გაეგზავნა. სალანდერმა გამოგზავნის დრო შეამოწმა.
დაახლოებით ღამის 3:00 საათი. ბერგერს აღმოეჩინა, რომ მისი საძინებლის
კამოდიდან მისი დღიური, წერილები, ფოტოები და ინტიმური შინაარსის პირადი
ვიდეოჩანაწერი გამქრალიყო.
„მე და ფრუ ბერგერი შევთანხმდით, რომ ქურდობა მისი ნაკას საავადმყოფოში
ყოფნის პერიოდში უნდა მომხდარიყო. ორსაათ-ნახევრის განმავლობაში სახლი
ცარიელი იყო, ხოლო NIP-ის სიგნალიზაცია – გამორთული. სხვა დროს ქურდობა ვერ
მოხდებოდა, რადგან სახლში ან ბერგერი იმყოფებოდა, ან დავიდი.
დასკვნა: ქურდი იმ დროს ახლომახლო იმყოფებოდა და დაინახა, რომ ბერგერი
ტაქსით სხვაგან წავიდა. ალბათ ისიც შეამჩნია, რომ ის დაშავებული იყო. ქურდმა
დრო იხელთა და სახლში შეიპარა“.
სალანდერმა არმანსკის მყარი დისკიდან სიახლეები გადმოიწერა და პალმტოპი
გამორთო. ჩაფიქრდა. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები დაეუფლა.
ბერგერი არ მოსწონდა. კარგად ახსოვდა, როგორ დამცირებულად იგრძნო თავი
წელიწად-ნახევრის წინ, ახალი წლის წინა ღამეს, როცა ჰორნსგატანზე ის და
ბლუმკვისტი ხელიხელგადახვეულები დაინახა.
თავის ცხოვრებაში მსგავსი სულელური მომენტის გამეორებას არაფრით
დაუშვებდა.
მაშინ საშინელი სიძულვილი იგრძნო ბერგერის მიმართ და თავი ძლივს შეიკავა,
რომ მისთვის არაფერი ევნო.
ამ სიძულვილს ახლა სირცხვილით იხსენებდა – უკვე განიკურნა; მაგრამ ბერგერი
მაინც არ შეებრალა.
ნეტა იმ „ინტიმური შინაარსის“ ვიდეოკასეტაზე რა არის ჩაწერილიო, გაიფიქრა.
თვითონაც ჰქონდა ერთი ასეთი ჩანაწერი, რომელზეც ასახული იყო, როგორ
გააუპატიურა ნაბიჭვარმა ბიურმანმა. ეს DVD ახლა ბლუმკვისტთან ინახებოდა.
„ვინმეს რომ ჩემთვის მოეპარა ეს დისკი, ნეტა მე როგორ მოვიქცეოდი? პრინციპში,
რაც ბლუმკვისტმა ჩაიდინა, მოპარვა გამოდის. თუმცა, ის ჩემთვის ზიანის მოყენებას
არ აპირებს. ჰმ, ნამდვილად უხერხული სიტუაციაა“.
ბერგერმა ვეღარ დაიძინა. მთელი ღამე ბოლთას სცემდა. ლინდერი ფხიზლად
ადევნებდა თვალს.
2:30 საათზე ლინდერმა როგორღაც დაარწმუნა ქალი, დაწექით, იქნებ როგორმე
ჩაგეძინოთო. როცა ბერგერმა საძინებლის კარი მიიხურა, შვებით ამოისუნთქა და
ლეპტოპი გახსნა, რომ არმანსკისთვის მომხდარის მოკლე რეზიუმე გაეგზავნა.
იმეილი წესიერად გაგზავნილი არც ჰქონდა, რომ ისევ ბერგერის ნაბიჯის ხმა
გაიგონა.
დილის რვის ნახევარზე ბერგერს სამსახურში დაარეკვინა და ავადმყოფობის
მომიზეზებით ერთდღიანი შვებულება ააღებინა. ბერგერს ფანერმიკრული ფანჯრის
წინ დივანზე დაეძინა. ლინდერმა საბანი გადააფარა. მერე არმანსკის დაურეკა და
აუხსნა, რუსინმა მთხოვა, ბერგერთან დავრჩენილიყავიო.
– კარგი, დარჩი მასთან, – ნება დართო არმანსკიმ, – და შენც დაიძინე ცოტა ხნით.
– არ ვიცი, ეს ანგარიშში შევა თუ არა...
– მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
ბერგერს დღის სამის ნახევარზე გაეღვიძა. ლინდერს სასტუმრო ოთახში გასაშლელ
სავარძელში ჩასძინებოდა.
ფიგეროლას პარასკევს გვიანობამდე ეძინა. დილით სირბილი ვეღარ მოასწრო. ამაში
ბლუმკვისტი დაადანაშაულა და შხაპის მიღების შემდეგ, საწოლიდან წამოაგდო.
ბლუმკვისტი პირდაპირ სამსახურში წავიდა. „მილენიუმის“ რედაქციაში მისი ასე
ადრიანად დანახვა ძალიან გაუკვირდათ. ბლუმკვისტმა მიზეზად რაღაც
ჩაიბურტყუნა, ყავა მოიდუღა და კორტესი და ერიქსონი კაბინეტში იხმო. სამ საათს
განიხილავდნენ ჟურნალის სპეციალური ნომრის სტატიებს და წიგნის წერის
პროცესს.
– დაგის წიგნი გუშინ სტამბაში გაიგზავნა, – თქვა ერიქსონმა, – რბილ ყდაში
გამოვცემთ.
– ჟურნალის სპეციალურ ნომერს „ლიზბეთ სალანდერის ამბავი“ ერქმევა, – თქვა
კორტესმა, – სასამართლო პროცესის დაწყების თარიღს წარამარა ცვლიან, მაგრამ
ჯერჯერობით 13 ივლისია გამოცხადებული. იმ დროისთვის ტირაჟი უკვე
დაბეჭდილი იქნება, მაგრამ მისი გაყიდვის კონკრეტული თარიღი შენ უნდა
მოიფიქრო.
– კარგი. გვრჩება წიგნი ზალაჩენკოს შესახებ, რომელიც ამწუთას სრული ქაოსია. მას
„სექციას“ დავარქმევ. მის პირველ ნაწილში ძირითადად იმავეს წაიკითხავთ, რასაც
ჟურნალში. წიგნი დაგისა და მიას მკვლელობებით იწყება და ჯერ სალანდერის,
მერე ზალაჩენკოს და ბოლოს ნიდერმანის ძიების ამსახველი ფაქტებით გრძელდება.
წიგნის მეორე ნაწილში მოხვდება ყველაფერი, რაც „სექციაზე“ ვიცით.
– მიქაელ, მართალია, სტამბაში ყველანაირად ანგარიშს გვიწევენ, მაგრამ მინიმუმ ამ
თვის ბოლოს დასრულებული ფაილები უნდა გავუგზავნოთ, – თქვა ერიქსონმა, –
კრისტერს ყდის დიზაინის გასაკეთებლად და ტექსტის ასაწყობად დაახლოებით
ერთი კვირა დასჭირდება. ამგვარად, წიგნის დასასრულებად ორი კვირაღა გვრჩება.
ვერ ვხვდები, ამ დროში როგორ უნდა ჩავეტიოთ.
– მთელი ამბის ამოქექვას ვეღარ მოვასწრებთ, – დანებდა ბლუმკვისტი, – თუმცა,
ამისთვის ერთი წელიც არ გვეყოფოდა. ამ წიგნში მომხდარს აღვწერთ. თუკი სადმე
სამხილი დაგვაკლდება, ამას არ დავმალავ. საკუთარ მოსაზრებებს მკაფიოდ
დავაფიქსირებთ. მაშასადამე, ვწერთ იმას, რაც მოხდა, რაც დასაბუთებულია და რაც
გვგონია, რომ მოხდა.
– მგონი, ცოტათი ბუნდოვანი გამოვა, – თქვა კორტესმა.
– არა, – თავი გააქნია ბლუმკვისტმა, – არა, როცა დავწერ, რომ ჩემს ბინაში „სეპოს“
აგენტი შეიპარა და სამხილად ვიდეოჩანაწერს წარმოვადგენ, ეს უკვე დასაბუთებაა.
თუ დავამატებ, რომ ის „სექციის“ დავალებით მოქმედებდა, ეს უკვე სპეკულაციაა;
თუმცა, სხვა ყველაფრის ფონზე ჩემი ვარაუდი საკმაოდ დამაჯერებელი გამოჩნდება.
ხვდები განსხვავებას?
– კი.
– ყველა ხარვეზის აღმოსაფხვრელად დრო არ მეყოფა. ჰენრი, აი, იმ სტატიების სია,
შენ რომ უნდა მოამზადო. დაახლოებით ორმოცდაათ გვერდს დაიკავებს წიგნში.
მალინ, როგორც დაგის წიგნის შემთხვევაში, ახლაც ჰენრის მიეხმარები. სამივეს
სახელი ყდაზე და სატიტულო გვერდზე დაიწერება. თანახმანი ხართ?
– ძალიან კარგი, – თქვა ერიქსონმა, – ოღონდ ჯერ სხვა უფრო საჩქარო პრობლემები
გვაქვს.
– მაგალითად?
– სანამ შენ ზალაჩენკოს წიგნზე მუშაობდი, აქ საქმეს ვერ ავუდიოდით...
– ანუ, დაგაკლდით?
ერიქსონმა თავი დააქნია.
– მართალია, მაპატიეთ.
– მობოდიშება საჭირო არ არის. ვიცით, რომ როცა რაღაცაზე მუშაობ, სხვა ყველაფერი
გავიწყდებათ. თუმცა, ეს ჩვენ არ გვაწყობს. პირადად მე არ მაწყობს. ერიკა მე
მეყრდნობოდა, მე ჰენრის ვეყრდნობი, მაგრამ სამწუხაროდ, ჰენრის შენი დახმარებაც
უწევს. შენი ჩათვლითაც კი რედაქციაში ორი თანამშრომელი გვაკლია.
– ორი?
– დიახ, ერიკა არ ვარ, მას ვერ შევეჯიბრები. ის გამოცდილი იყო, მე კი მხოლოდ ახლა
ვსწავლობ ამ საქმეს. მონიკა თავაუწევლად მუშაობს, ლოტაც. სულის მოთქმისა და
დაფიქრების საშუალება არ გვაქვს.
– ეს ყველაფერი დროებითია. როგორც კი სასამართლო პროცესი დაიწყება...
– არა, მიქაელ. როცა სასამართლო პროცესი დაიწყება, მდგომარეობა გაუარესდება. არ
გახსოვს, რა ხდებოდა ვენერსტრომზე დაწერილი წიგნის გამოსვლის შემდეგ? სამი
თვე ვეღარ გნახავთ, ხან ერთ ტელეარხზე იქნები სტუმრად, ხან – მეორეზე.
ბლუმკვისტმა ამოიოხრა.
– აბა, რა მირჩევ?
– საშემოდგომოდ „მილენიუმს“ ახალი სისხლი დასჭირდება. სულ ცოტა, ორი ან სამი
ახალი ჟურნალისტი უნდა ავიყვანოთ. იმისთვის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, ძალა
არ გვეყოფა და თანაც...
– რა?
– არ ვიცი, მზად ვარ ამისთვის თუ არა.
– მესმის შენი, მალინ.
– არ ვხუმრობ. აღმასრულებელი რედაქტორობა კარგია, როცა უფროსად ერიკა
ბერგერი გყავს. თავიდან ხომ შევთანხმდით, გადავხედოთ, ზაფხულის
განმავლობაში როგორ იმუშავებო? ჰოდა, გადავხედეთ და გაირკვა, რომ მთავარ
რედაქტორად არ ვვარგივარ.
– სისულელეა, – თქვა კორტესმა.
ერიქსონმა თავი გააქნია.
– მალინ, გასაგებია, რასაც გულისხმობ, მაგრამ გახსოვდეს, რომ ახლა ექსტრემალურ
სიტუაციაში ვიმყოფებით, – თქვა ბლუმკვისტმა.
– ჩათვალე, რომ ხელქვეითისგან საჩივარი მიიღე, – უთხრა მალინმა და სევდიანად
გაუღიმა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა პარასკევი მიქაელ
ბლუმკვისტის მოწოდებული ინფორმაციის ანალიზს დაუთმო. ყველანაირი
დოკუმენტაცია ფრიდჰემსპლანზე შეაგროვეს და საგამოძიებო ჯგუფის ორი წევრიც
იქ გადაბარგდა. ცოტა მოუხერხებელი კი იყო, რადგან კომპიუტერული ქსელი
მთავარ სამმართველოში ჰქონდათ და წინ და უკან სიარული უწევდათ. მართალია,
ფრიდჰემსპლანიდან პოლიციის სამმართველომდე ათი წუთის სავალი იყო, მაგრამ
მაინც იღლებოდნენ. უკვე შუადღისთვის საკმარისი მტკიცებულება მოიძიეს, რომ
ფრედრიკ კლინტონს და ჰანს ფონ როტინგერს მართლაც ჰქონდათ კავშირი
„სეპოსთან“ 1960-1970-იან წლებში.
ფონ როტინგერი „სეპოში“ სამხედრო დაზვერვის სამმართველოდან მოვიდა.
მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო დაზვერვის „სეპოსთან“
კოორდინებულ მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი; კლინტონი საჰაერო ძალებში
მსახურობდა, უსაფრთხოების სამსახურის პერსონალური დაცვის ქვედანაყოფში
მუშაობა კი 1967 წელს დაიწყო.
RPS/Säk ორივემ დატოვა: კლინტონმა 1971 წელს, ფონ როტინგერმა – 1973-ში.
კლინტონი ბიზნეს-კონსულტანტი გახდა, ფონ როტინგერი კი საჯარო სამსახურში
გადაბარგდა – შვედეთის ატომური ენერგიის ლონდონის სააგენტოში მკვლევრად
დაიწყო მუშაობა.
უკვე საღამოს ფიგეროლას ხელთ ჰქონდა საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები,
რომ RPS/Säk-იდან წასვლის შემდეგ არც კლინტონი გამხდარა ბიზნეს-კონსულტანტი
და არც ფონ როტინგერს უმუშავია მკვლევრად. კლინტონის კვალის მიყოლა ჭირდა.
ბიზნეს-კონსულტანტობა ძალიან ბევრ რამეს მოიცავს და, რაც მთავარია,
მთავრობისთვის არანაირი ანგარიშის ჩაბარება არ გიწევს. შემოსავლების
დეკლარაციიდან ჩანდა, რომ კარგ ფულს შოულობდა, მაგრამ მისი კლიენტების
უმეტესობას შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში დაფუძნებული კომპანიები
წარმოადგენდა და კლინტონის საქმიანობის სიყალბის დამტკიცება არც ისე იოლი
იყო.
აი, ფონ როტინგერს კი არასდროს დაუდგამს ფეხი ლონდონის ოფისში, სადაც
ვითომ მუშაობდა. 1973 წელს ის შენობა, რომელშიც როგორც თვითონ ამტკიცებდა,
ფონ როტინგერი მუშაობდა, კინგსქროსის რკინიგზის სადგურის გაფართოების
მიზნით დაენგრიათ. როგორც ჩანდა, დოკუმენტების გაყალბებისას ვიღაცამ
უყურადღებობა გამოიჩინა. დღის განმავლობაში ფიგეროლამ და მისი გუნდის
წევრებმა შვედეთის ატომური ენერგიის სააგენტოს რამდენიმე ყოფილი
თანამშრომელი დაკითხეს. არც ერთ მათგანს არ ახსოვდა ჰანს ფონ როტინგერი.
– მთავარია, დავადგინოთ, სინამდვილეში რას საქმიანობდნენ, – თქვა ედკლინთმა
მას შემდეგ, რაც ფიგეროლას ანგარიში მოისმინა.
– ბლუმკვისტს რა ვუყოთ? – ჰკითხა ფიგეროლამ.
– რას გულისხმობ?
– ხომ დავპირდით, თუ რამეს გავარკვევთ კლინტონსა და ფონ როტინგერზე,
შეგატყობინებთო.
– ადრე თუ გვიან, მაინც გაარკვევს მათ ამბავს, – ხანმოკლე ფიქრის შემდეგ თქვა
ედკლინთმა, – მასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გვჭირდება. შეგიძლია
მოძიებული მასალების შესახებ უამბო. რას და რამდენს ეტყვი, თვითონ
გადაწყვიტე.
– კარგი, – დაჰპირდა ფიგეროლა და შაბათ-კვირის გეგმები შეათანხმეს. ფიგეროლა
დაისვენებდა, მისი ორი კოლეგა კი მუშაობას დასვენების დღეებშიც გააგრძელებდა.
სამსახურიდან სანქტ-ერიკსპლანზე, სპორტდარბაზში შეიარა და გამოტოვებული
ვარჯიშის ანაზღაურება მძიმე დატვირთვით სცადა. შინ 7:00 საათზე დაბრუნდა.
შხაპი მიიღო, მსუბუქად ივახშმა და ტელევიზორი ჩართო საინფორმაციო
გამოშვების საყურებლად. შინ ვერ მოისვენა და სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა.
ბინის კართან შედგა და დაფიქრდა.
„ოჰ, ეგ ნაბიჭვარი ბლუმკვისტი“.
მობილური ტელეფონი ამოიღო და ბლუმკვისტს ანონიმურ მობილურზე დაურეკა.
– ფონ როტინგერსა და კლინტონზე გარკვეული ინფორმაცია მოვიძიეთ.
– გისმენ.
– ჩემთან თუ მოხვალ, მოგიყვები.
– მაშანტაჟებ?
– სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი, რომ მოჭარბებული ენერგია სირბილში
დავხარჯო, – უთხრა ფიგეროლამ, – წავიდე თუ დაგელოდო?
– შეიძლება ცხრა საათის შემდეგ მოვიდე?
– შეიძლება.
პარასკევს, საღამოს 8 საათზე, სალანდერი ექიმმა იუნასონმა მოინახულა. ის
სტუმრის სკამზე დაჯდა და საწოლისკენ გადაიხარა.
– უნდა გამსინჯო? – ჰკითხა სალანდერმა.
– ამაღამ არა.
– კარგი.
– დღეს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ და პროკურორს
შევატყობინეთ, რომ შენს გასაწერად მზად ვართ.
– გასაგებია.
– ამაღამვე სურთ შენი გეტებორგის იზოლატორში გადაყვანა.
– ასე მალე?
იუნასონმა თავი დააქნია.
– სტოკჰოლმი ვერ ითმენს. ვუთხარი, ხვალ კიდევ რამდენიმე გამოკვლევა უნდა
ჩავუტარო და კვირამდე ვერ გავწერ-მეთქი.
– რატომ?
– არ ვიცი. უბრალოდ, გამაღიზიანა მათმა მოუთმენლობამ.
სალანდერს გაეღიმა, საშუალება რომ მქონდეს, რამდენიმე წელიწადში ექიმი
იუნასონისგან ჩინებულ ანარქისტს დავაყენებდიო. ექიმს აშკარად მიდრეკილება
ჰქონდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ.
– ფრედრიკ კლინტონი, – თქვა ფიგეროლას გვერდით გაშოტილმა, ჭერს
მიშტერებულმა მიქაელ ბლუმკვისტმა.
– იცოდე, სიგარეტს თუ მოუკიდებ, გამოგართმევ და ჭიპში ჩაგასრეს, – გააფრთხილა
ფიგეროლამ.
ბლუმკვისტმა შეშინებულმა დახედა ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტის
ღერს.
– მაპატიე. შეიძლება აივანზე მოვწიო?
– ოღონდ მერე კბილები გამოიხეხე.
ბლუმკვისტმა წელზე ზეწარი შემოიხვია. ფიგეროლა კი სამზარეულოში წყლის
დასალევად გავიდა. შემდეგ აივნის კარის ჩარჩოს მიეყრდნო.
– ჯერ კლინტონი?
– თუ ცოცხალია, წარსულთან დამაკავშირებელი რგოლი ის არის.
– მომაკვდავია; თირკმლის გადანერგვა თუ უშველის, მკურნალობს და დიალიზს
იკეთებს.
– მაგრამ ჯერაც ცოცხალია. უნდა შევხვდეთ და პირდაპირ ვკითხოთ, რაც
გვაინტერესებს. იქნებ ალაპარაკდეს.
– არა, – თქვა ფიგეროლამ, – ჯერ ერთი, ეს წინასწარი გამოძიებაა და მას პოლიცია
აწარმოებს; ასე რომ, არავითარი „უნდა შევხვდეთ“. მეორე, ამ ინფორმაციას მხოლოდ
და მხოლოდ იმიტომ გაწვდი, რომ ედკლინთმა დაგვრთო ნება. შენ პირობა მოგვეცი,
რომ პირადი ინიციატივებით გამოძიებას ხელს არ შეუშლიდი.
– უი, „სეპომ“ ლაგამი ამომდო, – ბლუმკვისტმა ფიგეროლას გაუღიმა და სიგარეტი
ჩააქრო.
– მიქაელ, არ გეხუმრები.
ბერგერი შაბათ დილას სამსახურში გულდამძიმებული წავიდა. შაბათ-კვირას
კარგად დასვენებას აპირებდა, მაგრამ ყველაზე ინტიმური პირადი ნივთების
დაკარგვა და ბორგშეს საკითხი ძალიან აწუხებდა და აფორიაქებდა.
მთელი ღამე ლინდერთან ერთად სამზარეულოში გაატარა. შიშით ელოდა, რომ
„შხამიანი კალამი“[29] მის თამამ ფოტოებს საჯაროდ გაავრცელებდა. ინტერნეტი
საუკეთესო საშუალებაა ნაძირალებისთვის.
„ღმერთო, ვიდეო, რომელშიც ჩემს ქმართან და სხვა კაცთან ერთად ვჟიმაობ,
მსოფლიოს ყველა ვებსაიტზე აღმოჩნდება“.
პანიკამ და შიშმა მთელი ღამე თეთრად გაათენებინა.
ლინდერმა ძლივს დაითანხმა, დაწოლილიყო.
8:00 საათზე ადგა და რედაქციაში წავიდა. შინ მაინც ვერ მოისვენებდა, თუ
ქარიშხალი ახლოვდება, პირისპირ შევეგებებიო.
თუმცა, შაბათს ნახევრად ცარიელ ახალი ამბების განყოფილებაში ყველაფერი
ნორმალურად მიდიოდა. სამუშაო მაგიდებთან კოჭლობით ჩავლისას
თანამშრომლები მიესალმნენ. ჰოლმი შაბათს ისვენებდა. მას ფრედრიკსონი
ცვლიდა.
– დილა მშვიდობისა, მეგონა, დღეს ისვენებდით, – მიესალმა ის ბერგერს.
– დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ გუშინ შეუძლოდ ვიყავი და საქმე დაუსრულებელი
დამრჩა. რამე ხდება?
– არა, დღეს სიმშვიდეა. დალარნის ხის გადამამუშავებლ ინდუსტრიაში აღმასვლა
შეინიშნება და ნორჩეპინგში მომხდარი ძარცვისას ერთი ადამიანი დაშავდა –
ყველაზე ხმაურიანი ახალი ამბები ესაა.
– კარგი. ცოტა ხანს კაბინეტში ვიმუშავებ.
ბერგერი მაგიდას მიუჯდა, ყავარჯნები კარადას მიაყუდა და კომპიუტერი ჩართო.
ჯერ საფოსტო ყუთი შეამოწმა. რამდენიმე იმეილი მიეღო, მაგრამ არც ერთი –
„შხამიანი კალმისგან“. ბერგერი მოიღუშა. სახლში შეჭრიდან ორი დღე გავიდა,
მაგრამ მანიაკი მოპოვებულ ძვირფას მასალებს ჯერაც არ იყენებდა.
„რატომ? იქნებ ტაქტიკა შეცვალა და ჩემს დაშანტაჟებას ეცდება? თუ მხოლოდ
მეთამაშება?“
გაზეთის სტრატეგიულ დოკუმენტზე წამუშავება სცადა, ფაილი გახსნა, მაგრამ
თხუთმეტი წუთი უაზროდ მისჩერებოდა კომპიუტერის ეკრანს. სიტყვებს ვერ
ხედავდა.
მერე გრეგერთან დარეკვა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. შეიძლება საზღვარგარეთ მის
მობილურზე არც ირეკებოდა. არა, რომ მოენდომებინა, ქმართან როგორმე
დაკავშირებას კი შეძლებდა, მაგრამ ამისთვის მეტისმეტად შეშინებული იყო.
მერე ბლუმკვისტთან დარეკვა სცადა, ვეტყვი, ბორგშეს საქაღალდე მომპარესო,
მაგრამ არც ბლუმკვისტმა უპასუხა.
10:00 საათზე შინ წასვლა დააპირა, მაინც არაფერი გამომდისო. კომპიუტერის
გამორთვას აპირებდა, რომ ICQ სიგნალი გაისმა. გაუკვირდა. ICQ რაც იყო, იცოდა,
მაგრამ ჩეთში იშვიათად შედიოდა.
უხალისოდ დააწვა Answer-ს.
<გამარჯობა, ერიკა.>
<გამარჯობა. რომელი ხარ?>
<პირად თემაზე უნდა გელაპარაკო. მარტო ხარ?>
„ვინმე მეხუმრება? „შხამიანი კალამია“?“
<კალე ბლუმკვისტის ბინაში შევხვდით, როცა სანდჰამნიდან დაბრუნდა.>
ბერგერი ეკრანს მიაშტერდა. რამდენიმე წამი დასჭირდა გასახსენებლად. „ლიზბეთ
სალანდერი. შეუძლებელია“.
<მანდ ხარ?>
<კი.>
<არავითარი სახელები. ხვდები, ვინც ვარ?>
<იქნებ მატყუებ?>
<ვიცი, რატომ აქვს მიქაელს კისერზე ნაიარევი.>
ბერგერმა ნერწყვი გადაყლაპა. ბლუმკვისტის ნაირევის წარმოშობის შესახებ
მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. მათ შორის – სალანდერმა.
<კი, მაგრამ ჩემთან ჩეთში როგორ შემოხვედი?>
<კომპიუტერებში კარგად ვერკვევი.>
„სალანდერი კომპიუტერის გიჟია, მაგრამ ახლა ხომ სოლგრენსკას პალატაშია
გამოკეტილი და იქიდან რანაირად დამიკავშირდა?“
<მჯერა შენი.>
<შემიძლია გენდო?>
<რას გულისხმობ?>
<ჩვენი საუბრის შესახებ არავინ არ უნდა შეიტყოს.>
„არ უნდა პოლიციამ გაიგოს, რომ ინტერნეტზე მიუწვდება ხელი. რასაკვირველია, არ
უნდა. ამიტომაც ეჩეთავება შვედეთის ერთ-ერთი უდიდესი გაზეთის მთავარ
რედაქტორს“.
<გასაგებია. რა გინდა?>
<ვალის გადახდა.>
<რას გულისხმობ?>
<„მილენიუმმა“ მხარი დამიჭირა.>
<ჩვენ მხოლოდ ჩვენი საქმე გავაკეთეთ.>
<მხოლოდ თქვენ. სხვა გამოცემებს არ გაუკეთებიათ.>
<ტყუილუბრალოდ დაგწამეს ცილი. უდანაშაულო ხარ.>
<მანიაკი დაგდევს.>
უეცრად ბერგერს გულისცემა აუჩქარდა.
<რა იცი?>
<ვიდეოჩანაწერი მოგპარეს.>
<მართალია. შეგიძლია დამეხმარო?>
ბერგერმა ვერც კი დაიჯერა, რომ სალანდერს ეს ჰკითხა. სულელურად გამოუვიდა.
სალანდერი სოლგრენსკაში იწვა და თავისი პრობლემებიც ჰყოფნიდა. ყველაზე
შეუფერებელი ადამიანი იყო, ვისთვისაც ამ თხოვნით მიმართვა შეიძლებოდა.
<რა ვიცი. ვცდი.>
<როგორ?>
<ჯერ მიპასუხე. შენი აზრით, ეგ გიჟი შენი თანამშრომელია?>
<ვერ დავამტკიცებ.>
<ასე რატომ გგონია?>
ბერგერმა ხანმოკლე ფიქრის შემდეგ უპასუხა.
<წინათგრძნობა მაქვს. ყველაფერი Svenska Morgon-Posten-ში ჩემი მოსვლიდან დაიწყო.
ჩემმა თანამშრომლებმაც მიიღეს „შხამიანი კალმისგან“ ჩემი სახელით გაგზავნილი
უხამსი შეტყობინებები.>
<„შხამიანი კალმისგან“?>
<მაგ ავადმყოფს ასე შევარქვი.>
<გასაგებია. ეგ მანიაკი შენ რატომ გადაგეკიდა?>
<აზრზე არ ვარ.>
<იქნებ რამე პირადულის გამო?>
<რას გულისხმობ?>
<გაზეთში რამდენი თანამშრომელი გყავს?>
<დაახლოებით 230. შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები.>
<პირადად რამდენს იცნობ.>
<ზუსტად ვერ გეტყვი. რამდენიმე ჟურნალისტს და კოლეგას ადრეც
შევხვედრივარ.>
<რომელიმესთან ნაჩხუბარი ხომ არ იყავი, სანამ Svenska Morgon-Posten-ში
გადახვიდოდი?>
<არ მახსენდება.>
<იქნებ რომელიმეს შენზე შურისძიება უნდა?>
<შურისძიება? რისთვის?>
<შურისძიების წყურვილი უდიდესი მოტივატორია.>
ეკრანს მიშტერებულმა ბერგერმა სალანდერის სიტყვების არსში ჩაწვდომა სცადა.
<აქ ხარ?>
<კი. შურისძიებაზე რატომ მკითხე?>
<რუსინის მოხსენება წავიკითხე იმ ინციდენტებზე, რომელსაც „შხამიან კალამს“
უკავშირებ.>
ბერგერმა უნებურად გაიფიქრა: „რატომ არ მიკვირს?“
<მერე?>
<მანიაკის ნამოქმედარს არ ჰგავს.>
<რატომ?>
<მანიაკებს სექსუალური ლტოლვა ამოძრავებთ. აქ კი ვიღაც მანიაკის მიბაძვას
ცდილობს. სახრახნისით გაჟიმვა... ? კაი, რა, აშკარა პაროდიაა.>
<ასე გგონია?>
<ნამდვილი მანიაკები მინახავს. ისინი გაცილებით გარყვნილები და უხეშები არიან.
ერთდროულად სიყვარულსაც ავლენენ და სიძულვილსაც.>
<მაშ, ჩემი მანიაკი საკმარისად გარყვნილი არ არის?>
<არა, არ არის. ევა კარლსონისთვის მიწერილი წერილი მანიაკისას არ ჰგავს. ვიღაცას
შენთან ანგარიშსწორება უნდა.>
<გასაგებია. ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია.>
<ეს მანიაკი არ არის. შურისმაძიებელია.>
<კარგი. რას მირჩევ?>
<მენდობი?>
<ალბათ.>
< Svenska Morgon-Posten-ის შიდა ქსელში უნდა ჩამრთო.>
<ოო, მოიცა, ეს მეტისმეტია.>
<სწრაფად, თორემ გადამიყვანენ და ინტერნეტი აღარ მექნება.>
ბერგერი ათი წამით შეყოყმანდა.
„შიდა ქსელში ჩავრთო... ვინ? ვიღაც შეშლილი. სალანდერს შეიძლება არავინ
მოუკლავს, მაგრამ მას ნორმალურს ვერ უწოდებ. თუმცა, დასაკარგი მაინც არაფერი
მაქვს“.
<როგორ?>
<შენს კომპიუტერში პროგრამას ჩავტვირთავ.>
<ფაირვოლი მაქვს.>
<უნდა დამეხმარო. ინტერნეტში შედი.>
<უკვე შესული ვარ.>
<Explorer-ით?>
<დიახ.>
<მისამართს გამოგიგზავნი. დააკოპირე და Explorer-ში ჩასვი.>
<გავაკეთე.>
<ახლა პროგრამების სიას დაინახავ. Asphyxia Server-ს დააწექი და ჩამოტვირთე.>
ბერგერმა ეს მითითებაც შეასრულა.
<მზადაა.>
<Asphyxia ჩართე.>
ამას სამი წუთი დასჭირდა.
<მზადაა. ახლა კომპიუტერი უნდა დაარესტარტო. რამდენიმე წუთით კავშირი
გაწყდება.>
<გასაგებია.>
<დარესტარტების შემდეგ შენს მყარ დისკს ერთ-ერთ სერვერზე გადავწერ.>
<კარგი.>
<მიდი, დაარესტარტე. მალე შეგეხმიანები.>
სანამ რესტარტდებოდა ბერგერი გაოგნებული მისჩერებოდა ეკრანს. გაიფიქრა, ხომ
არ გავგიჟდიო. უცებ ისევ დაუმესიჯეს.
<სალამი, ისევ მე ვარ.>
<სალამი.>
<თუ დამეხმარები, უფრო მალე მოვრჩები. ჩემს გამოგზავნილ მისამართზე შედი.>
<შევედი.>
<ახლა შეკითხვას დაინახავ. Start-ს დააწექი.>
<დავაწექი.>
<ახლა მყარი დისკისთვის სახელის დარქმევას მოგთხოვენ. SMP-2 დაარქვი.>
<დავარქვი.>
<ახლა წადი და ყავა დალიე. ამას კარგა ხანი დასჭირდება.>
ფიგეროლას შაბათს ჩვეულებრივზე ორი საათით გვიან, 8 საათზე, გაეღვიძა.
წამოჯდა და ბლუმკვისტს გახედა. ბლუმკვისტი ხვრინავდა.
„იდეალური არავინაა“.
ნეტა ეს ურთიერთობა სადამდე მიგვიყვანსო, გაიფიქრა. მისი ბიოგრაფიიდან
იმდენი კი იცოდა, რომ ბლუმკვისტი ერთგულ მამაკაცთა რიცხვს ნამდვილად არ
ეკუთვნოდა, ამიტომ მასთან ხანგრძლივ ურთიერთობაზე ოცნება არც ღირდა. თანაც,
არც თვითონ იყო მზად ერთად ცხოვრებისთვის, ოჯახის შექმნისა და ბავშვების
გაჩენისთვის. ათობით უშედეგო სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ უკვე
ეჭვობდა, სტაბილური კავშირი არც არსებობსო. ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა
უფსალელ კოლეგასთან ჰქონდა – მასთან ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
არც ერთღამიანი ურთიერთობის მომხრე იყო, თუმცა სექსი ყველანაირი
უგუნებობისა და ავადმყოფობის უებარ საშუალებად მიაჩნდა. ბლუმკვისტთან
სექსს კი, მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმაში ნაღდად არ იყო, არაფერი სჯობდა.
გარდა ამისა, ის კარგ პიროვნებად მიაჩნდა. ფიგეროლას ჟურნალისტთან
ურთიერთობის გაგრძელება მოუნდა.
რა იყოს ეს – დროებითი რომანი? სასიყვარულო კავშირი? იქნებ ბლუმკვისტი
მართლა შეუყვარდა?
სააბაზანოში შევიდა, პირი დაიბანა და კბილები გამოიხეხა. შორტი და სპორტული
ქურთუკი ჩაიცვა და ჩუმად გავიდა ბინიდან. დაახლოებით ორმოცდახუთ წუთს
ირბინა და შინ 9:00 საათზე დაბრუნდა. ბლუმკვისტს ჯერაც ეძინა. მისკენ დაიხარა
და ყურზე უკბინა. ბლუმკვისტმა მაშინვე თვალები ჭყიტა.
– დილა მშვიდობისა, ძვირფასო. მინდა, ზურგი გამიხეხო.
ბლუმკვისტმა რაღაც ჩაიბურტყუნა.
– რა თქვი?
– ბანაობა რად გინდა, ისედაც სველი ხარ-მეთქი.
– დავრბოდი. შენც უნდა ირბინო ხოლმე.
– შენს დევნაში ინფარქტი დამარტყამს.
– სისულელეა. მიდი, ადექი.
ბლუმკვისტმა ფიგეროლას ზურგი გაუხეხა და მხრები, თეძოები, მუცელი, მკერდი
გაუსაპნა. მალე ფიგეროლას ბანაობა სულ გადაავიწყდა და ბლუმკვისტი ისევ
საწოლისკენ წაათრია.
მერე ნორ-მელარსტრანდზე ღია კაფეში ყავა დალიეს.
– მგონი, ცუდ ჩვევად მექეცი, – თქვა ფიგეროლამ, – არადა, სულ რამდენიმე დღეა
ერთმანეთს ვიცნობთ.
– ძალიან მიმზიდველი მეჩვენები. თუმცა, ეს უკვე იცი.
– ნეტა რატომ?
– ვწუხვარ, მაგრამ მაგ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. ვერასდროს ვხვდები, რატომ
მიზიდავს ერთი ქალი და არ მომწონს მეორე.
ფიგეროლას გაეღიმა.
– დღეს ვისვენებ, – თქვა მან.
– მე – არა. სანამ სასამართლო პროცესი დაწყებულა, ათასი რამ მაქვს
დასამთავრებელი. საქმის კეთების ნაცვლად კი ბოლო სამი ღამე შენთან გავატარე.
– რა სამწუხაროა.
ბლუმკვისტი ადგა და ფიგეროლას ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა. ფიგეროლამ
სახელოში ჩაავლო ხელი.
– მიქაელ, შენთან უფრო მეტი დროის გატარება მინდა.
– მეც, მაგრამ სანამ ამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ, წესიერად არც ერთს არ
გვეცლება.
ბლუმკვისტი ჰანტვერკარგატანის მიმართულებით წავიდა.
ბერგერმა ყავა მოიტანა და კომპიუტერის ეკრანს მიაშტერდა. ორმოცდაცამეტი
წუთის განმავლობაში არაფერ მომხდარა. ბოლოს, როგორც იქნა, სალანდერმა ისევ
მოსწერა.
<მზადაა. მყარ დისკზე ბევრი ნაგავი გიყრია. დავირუსებულიცაა.>
<ვწუხვარ. აბა, ახლა რას ვაკეთებთ?>
<SMP-ის შიდა ქსელის ადმინისტრატორი ვინ არის?>
<არ ვიცი. ალბათ პეტერ ფლემინგი, ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების
განყოფილების უფროსი.>
<გასაგებია.>
<მე რა ვქნა?>
<არაფერი. შინ წადი.>
<მე აღარ გჭირდები?>
<თვითონ დაგიკავშირდები.>
<კომპიუტერი ჩართული დავტოვო?>
სალანდერს ჩეთი უკვე დაეტოვებინა და აღარ უპასუხა. ბერგერი უკმაყოფილო
სახით მიაშტერდა ეკრანს. ბოლოს, კომპიუტერი გამორთო და მყუდრო კაფეს
მოსაძებნად წავიდა, რომ დამჯდარიყო და მშვიდად ეფიქრა.

თავი XX
შაბათი, 4/VI
ბლუმკვისტი ოცდახუთ წუთს მგზავრობდა მეტროთი, ერთი ხაზიდან მეორეზე
გადაჯდა და სხვადასხვა მიმართულებით იარა. ბოლოს სლუსენზე ავტობუსიდან
ჩამოვიდა, კატარინაჰისენის ლიფტით ავიდა მოსებაკემდე და შემოვლითი გზით
მივიდა ფისკარგატანის №9-მდე. მინიმარკეტში ნაყიდი პური, რძე და ყველი
მაცივარში შეაწყო და სალანდერის კომპიუტერი ჩართო.
მცირე ყოყმანის შემდეგ Ericsson T10-იც ჩართო. თავისი ძველი მობილური
ტელეფონი გამორთული ჰქონდა, რადგან მათთან, ვისაც ზალაჩენკოს საქმესთან
კავშირი არ ჰქონდა, საუბარი მაინც არ სურდა. ბოლო ოცდაოთხი საათის
განმავლობაში რამდენიმე ზარი გამოეტოვებინა: სამი კორტესისგან, ორი
ერიქსონისგან და რამდენიმე ბერგერისგან.
კორტესს მხოლოდ რამდენიმე დეტალის შეთანხმება სურდა. საჩქარო არაფერი იყო.
ერიქსონს უბრალოდ, მოსაკითხად დაურეკავს.
ბოლოს ბერგერთან დარეკა, მაგრამ მისი ტელეფონი დაკავებული იყო.
Stolliga–Bordet-ზე შევიდა და იქ სალანდერის ავტობიოგრაფიის დასრულებული
ვარიანტი დახვდა. გაეღიმა, დოკუმენტი მაშინვე ამობეჭდა და კითხვას შეუდგა.
ბოლო ერთი საათის განმავლობაში სალანდერი Svenska Morgon-Posten-ის შიდა ქსელში
დაძვრებოდა. პეტერ ფლემინგის ანგარიში არ გაუტეხავს, რადგან სრული
ადმინისტრაციული უფლებები არც სჭირდებოდა. მას მხოლოდ გაზეთის საკადრო
მონაცემების დათვალიერება სურდა და ამ გაკეთება ბერგერის ანგარიშითაც
შეიძლებოდა.
წუწუნებდა, რა იქნებოდა, ბლუმკვისტს ჩემი „პაუერბუქის“ შემოგზავნა
მოეხერხებინაო, რადგან პალმტოპის პატარა ეკრანი და კლავიატურა ძალიან
აწვალებდა. გაზეთში სულ 223 ადამიანი მუშაობდა, მათ შორის 82 ქალი იყო. მათი
სია გადმოწერა და ყველას სათითაოდ შემოწმება დაიწყო.

ქალები სიიდან მაშინვე ამოშალა. თუმცა, იმიტომ კი არა, რომ ქალი ასეთ
სისაძაგლეს არასდროს ჩაიდენს; უბრალოდ, სტატისტიკის თანახმად, ქალებს
უმეტესად მამაკაცები სდევნიან და შეურაცხყოფენ. ეჭვმიტანილთა რიცხვი 141
ადამიანამდე შემცირდა.
ასევე სტატისტიკის მიხედვით, ანონიმური წერილების ავტორები ძირითადად
მოზარდები ან შუახნის ადამიანები არიან. ვინაიდან Svenska Morgon-Posten-ში
მოზარდი არ მუშაობდა, სალანდერმა სიიდან ოცდახუთ წელს ქვემოთ და
ორმოცდათხუთმეტ წელს ზემოთ მყოფი ყველა თანამშრომელი ამოშალა. სია 103
ადამიანამდე შემცირდა.
დაფიქრდა. ბევრი დრო არ ჰქონდა. მაქსიმუმ – ოცდაოთხი საათი. მყისიერი
გადაწყვეტილება მიიღო. დისტრიბუციის, სარეკლამო, ფოტო და ინფორმაციული
ტექნოლოგიების განყოფილებების თანამშრომლებიც ამოშალა და მთელი
ყურადღება ჟურნალისტებსა და სარედაქციო პერსონალზე გადაიტანა. სია
ორმოცდარვა მამაკაცამდე შემცირდა.
უცებ გასაღების ჩხაკუნი მოესმა. პალმტოპი გამორთო და საბნის ქვეშ შეინახა. ეს
მისი ბოლო სადილი იყო სოლგრენსკას საავადმყოფოში. ნაღვლიანად დახედა
ჩაშუშულ კომბოსტოს. იცოდა, რომ არც ნასადილევს მიეცემოდა მშვიდად მუშაობის
საშუალება. პალმტოპი ტუმბოს უკან შეინახა და მოთმინებით ელოდა, როდის
მორჩებოდა ორი ერითრიელი ქალი პალატის დალაგებას და მისი ლოგინის
გამოცვლას.
ერთ-ერთ დამლაგებელს მისთვის მალულად სიგარეტი შემოჰქონდა ხოლმე.
ერთხელ სანთებელაც შემოუტანა და სალანდერი მასაც ტუმბოს უკან მალავდა.
სალანდერმა სიხარულით გამოართვა ორი ღერი სიგარეტი და ღამით
ვენტილატორთან მოსაწევად გადაინახა.
14:00 საათზე პალატაში ისევ მარტო დარჩა. პალმტოპი ჩართო და ინტერნეტში
შევიდა. სანამ Svenska Morgon-Posten-ის შიდა ქსელში შევიდოდა, საკუთარი
პრობლემებიც გაიხსენა. Stolliga–Bordet-ზე ახალი არაფერი დახვდა. აგერ უკვე მესამე
დღე იყო, ბლუმკვისტი არაფერს სწერდა. ნეტა რას საქმიანობსო, გაიფიქრა.
„ეს ნაბიჭვარი ალბათ რომელიმე დიდძუძუებიან ქერათმიან ძუკნას ჟიმავს“.
შემდეგ თავის მიერ შექმნილ ჯგუფ Riddama-ში შევიდა, Plague-ს ხომ არაფერი
მოუწერიაო. იქაც არაფერი იყო.
ეკსტრომის მყარი დისკიც შეამოწმა. იქ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული
მისთვის უინტერესო წერილები დახვდა.
ბოლოს ტელებორიანის მყარ დისკზე შევიდა და როგორც ყოველთვის, მოეჩვენა,
თითქოს მისმა სხეულის ტემპერატურამ ერთბაშად რამდენიმე გრადუსით დაიკლო.
ტელებორიანს უკვე შეედგინა სამედიცინო დასკვნა, რაც, წესით, სალანდერის
გამოკვლევის შემდეგ უნდა ექნა. ტექსტი ცოტათი გაეშალაშინებინა, მაგრამ ახალი
მაინც არაფერი ეწერა. სალანდერმა მისი დასკვნა ჩამოტვირთა და Stolliga–Bordet-ზე
გაგზავნა. ტელებორიანის საფოსტო ყუთში ბოლო ოცდაოთხ საათში მიღებულ
იმეილებსაც ერთი მეორის მიყოლებით გადაავლო თვალი. ერთი მოკლე შეტყობინება
კინაღამ გამორჩა:
შაბათს, 15:00 საათზე ცენტრალური სადგურის მოედანზე.
იუნასი
„ჯანდაბა, იუნასი. ეს სახელი ტელებორიანის წერილებში ხშირად მეორდება. Hotmail-
მისამართიდანაა გამოგზავნილი. ვინაობა უცნობია“.
სალანდერმა ტუმბოზე შემოდებულ ელექტროსაათს გახედა. 14:28 საათი იყო.
მაშინვე ჩეთში შევიდა და ბლუმკვისტს დაუმესიჯა, მაგრამ არავინ უპასუხა.
ბლუმკვისტმა 220-გვერდიანი ხელნაწერი ამობეჭდა, კომპიუტერი გამორთო და
სალანდერის მაგიდას წითელი ფანქრით ხელში მიუჯდა.
ტექსტით კმაყოფილი იყო, მხოლოდ ერთი გიგანტური თეთრი ლაქა რჩებოდა. არ
იცოდა, „სექციის“ დანარჩენი წევრები როგორ ეპოვა. შეიძლება, ერიქსონი არ ცდება
და ყველაფრის გასარკვევად დრო აღარ გვეყოფაო, გაიფიქრა.
გაბრაზებულმა სალანდერმა შეიგინა და ამჯერად Plague-ს დაუმესიჯა. არც იმან
უპასუხა. კვლავ საათს შეხედა. 14:30.
საწოლის კიდეზე ჩამომჯდარმა ჯერ კორტესს, შემდეგ ერიქსონს ამაოდ მისწერა.
„შაბათია. ყველა ისვენებს“.
14:32.
ბერგერთან დაკავშირება სცადა.
„ჯანდაბა, ეგ ხომ სახლში გავგზავნე. ფუ ამის...“
14:33.
ბლუმკვისტის ტელეფონზე მესიჯს კი გაგზავნიდა, მაგრამ ის ისმინებოდა. ქვედა
ტუჩზე იკბინა.
სასოწარკვეთილმა, მედდა იხმო.
14:35 საათზე კარი გაიღო და პალატაში მედდა აგნეტამ შემოიხედა.
– გამარჯობა. კარგად ხართ?
– ექიმი იუნასონი შემოვლაზეა?
– თავს ცუდად გრძნობთ?
– კარგად ვარ, მაგრამ Yთუ შეიძლება მასთან დალაპარაკება მინდა.
– ცოტა ხნის წინ ვნახე. რა ხდება?
– უნდა დაველაპარაკო.
მედდა აგნეტამ შუბლი შეკრა. თუ თავი არ სტკიოდა ან სერიოზული პრობლემა არ
აწუხებდა, სალანდერი არასდროს რეკავდა ხოლმე. მედდებს თავს არ აბეზრებდა და
არც რომელიმე ექიმთან საუბარი მოუთხოვია. თუმცა, მედდა აგნეტამ შეამჩნია, რომ
ექიმი იუნასონი ამ დაპატიმრებულ და გარესამყაროსგან მოწყვეტილ,
გულჩათხრობილ პაციენტთან გარკვეულ დროს ატარებდა. შეიძლება, როგორღაც
მასთან დაახლოება შეძლოო, გაიფიქრა მედდამ.
– გავიგებ, თუ სცალია, – ნაზად უთხრა სალანდერს და კარი გაიკეტა. 14:36 იყო. იმავ
წამს ელექტროსაათზე 14:37 დაეწერა.
სალანდერი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. საათს თვალს არ აცილებდა. 14:39.
14:40.
14:44 საათზე დერეფანში ნაბიჯის ხმა და გასაღების ჩხაკუნი გაისმა. პალატაში ექიმი
იუნასონი შემოვიდა და სალანდერის სასოწარკვეთილი გამომეტყველების
დანახვაზე კართან გაშეშდა.
– რამე მოხდა?
– ამწუთას ხდება! მობილური ტელეფონი თან გაქვს?
– რა?
– ტელეფონი. უნდა დავრეკო.
იუნასონმა მხარუკუღმა გახედა პალატის კარს.
– ანდერს, ტელეფონი მჭირდება. ახლავე!
სალანდერის ხმაში ისეთი სასოწარკვეთა იგრძნობოდა, რომ იუნასონმა შარვლის
ჯიბიდან უყოყმანოდ ამოიღო თავისი Motorola. სალანდერმა ხელიდან გამოსტაცა
მობილური ტელეფონი. ბლუმკვისტს ვერ დაურეკავდა, რადგან მისი Ericsson T10-ის
ნომერი არ იცოდა. ბლუმკვისტი ვერაფრით იფიქრებდა, რომ დაპატიმრებული
სალანდერი მასთან დარეკვას შეძლებდა და ნომერი აღარ მიუცია. სალანდერი წამის
მეათედით შეყოყმანდა და ბერგერის ნომერი აკრიფა. სამი ზარი გავიდა, სანამ
ბერგერი უპასუხებდა.
ბერგერი BMW-ში იჯდა და სალტშებადენში თავის სახლიდან ერთი კილომეტრის
სავალზე იმყოფებოდა, როცა მობილურმა დარეკა.
– ბერგერი გისმენთ.
– სალანდერი ვარ. ასახსნელად დრო არ მაქვს. მიქაელის მეორე ნომერი თუ გაქვს?
იმის, რომელსაც არ უსმენენ.
– დიახ.
სალანდერმა დღეს უკვე მეორედ გააოცა.
– დაურეკე! ახლავე! ტელებორიანი იუნასს სამ საათზე ცენტრალური სადგურის
მოედანზე ხვდება.
– რა...
– იჩქარე! ტელებორიანი. იუნასი. ცენტრალური სადგურის მოედანი. სამ საათზე.
თხუთმეტი წუთი დარჩა.
სალანდერმა კავშირი გაწყვიტა, რომ ბერგერს ძვირფასი წამები ზედმეტ
შეკითხვებში არ დაეხარჯა.
ბერგერმა მანქანა ტროტუართან გააჩერა. ჩანთიდან მისამართების წიგნაკი ამოიღო
და მოძებნა ნომერი, რომელიც ბლუმკვისტმა „სამირის ქვაბში“ შეხვედრისას
ჩააწერინა.
ბლუმკვისტმა მობილურის წკრიალი გაიგონა. სამზარეულოდან სალანდერის
კაბინეტში გავიდა და საწერი მაგიდიდან მობილური აიღო.
– გისმენთ.
– ერიკა ვარ.
– გამარჯობა.
– ტელებორიანი იუნასს სამ საათზე ცენტრალური სადგურის მოედანზე ხვდება.
რამდენიმე წუთი დაგრჩა.
– რა? რა თქვი?
– ტელებორიანი...
– ეგ გავიგე. შენ საიდან იცი?
– მაგას მერე გეტყვი. ახლა საქმეს მიხედე!
მიქაელმა მაჯის საათზე დაიხედა. 14:47 იყო.
– გმადლობ. ნახვამდის.
ლეპტოპის ჩანთას ხელი დაავლო და კიბეზე კისრისტეხით დაეშვა. გზაში კორტესს
დაურეკა Ericsson T10-ზე.
– კორტესი გისმენთ.
– სად ხარ?
– Akademibokhandeln[30]-ში.
– ტელებორიანი იუნასს სამ საათზე ცენტრალური სადგურის მოედანზე ხვდება.
გავრბივარ, მაგრამ შენ უფრო ახლოს ხარ.
– რაო? მოვდივარ!
ბლუმკვისტმა გეტგატანამდე ჩაირბინა და სლუსენის მიმართულებით გაიქცა.
სლუსპლანამდე რომ მივიდა, სულს ძლივს ითქვამდა. ფიგეროლა მართალია, უნდა
ვივარჯიშოო, გაიფიქრა აქოშინებულმა და ტაქსი გააჩერა.
სალანდერმა მობილური ტელეფონი ექიმ იუნასონს დაუბრუნა.
– გმადლობ.
– ტელებორიანი? – იუნასონმა ყველაფერი გაიგონა.
სალანდერმა თვალი გაუსწორა.
– ტელებორიანი ნამდვილი ნაბიჭვარია. ვერც კი წარმოიდგენ, რა გარეწარია.
– არა, მაგრამ ასეთი აღელვებული ჯერ არასდროს მინახავხარ. იმედია, იცი, რასაც
აკეთებ.
სალანდერმა ალმაცერად გაუღიმა.
– მაგ კითხვაზე პასუხს მალე მიიღებ.
კორტესი წიგნის მაღაზიიდან შეშლილივით გამოვარდა. სვეავეგენი მესტერ
სამუელსგატანზე ვიადუკით გადაჭრა და პირდაპირ კლარა-ნორაზე დაეშვა. იქიდან
კლარაბერგის ვიადუკამდე ირბინა და ვასაგატანი გადაჭრა. კლარაბერგსგატანზე
ავტობუსსა და ორ მანქანას შორის გაძვრა და ზუსტად 15:00 საათზე ცენტრალურ
სადგურში შევარდა.
ესკალატორი კისრისტეხით ჩაირბინა მოსაცდელ დარბაზამდე, წიგნების ჯიხურს
ჩაუქროლა და მხოლოდ ამის შემდეგღა შეანელა სვლა, რომ ზედმეტი ყურადღება არ
მიეპყრო. მოედანთან მდგარი ან მოსიარულე ყოველი ადამიანის სახეს
აკვირდებოდა.
არც ტელებორიანი და არც „კოპაკაბანასთან“ მალმის მიერ გადაღებული მამაკაცი,
რომელსაც იუნასად მიიჩნევდნენ, არსად ჩანდა. საათს შეხედა. 15:01. ისე ქოშინებდა,
თითქოს მარათონში ერბინოს.
დარბაზიდან გარეთ, ვასაგატანზე გავარდა და მიმოიხედა, იქნებ ქუჩაში მოვკრა
რომელიმეს თვალიო, მაგრამ ამაოდ.
ისევ სადგურში შებრუნდა. 15:03. მოედანი თითქმის ცარიელი იყო.
მერე ზემოთ აიხედა და დარბაზის მეორე მხარეს, პრესის ჯიხურთან, ტელებორიანის
გაბურძგნილ პროფილსა და ბლანჟეს მოჰკრა თვალი. მეორე წამს მალმის ფოტოზე
გამოსახული მამაკაცი გაჩნდა მის გვერდით. იუნასი!
ტელებორიანი და იუნასი დარბაზიდან ჩრდილოეთ გასასვლელით ვასაგატანზე
გავიდნენ.
კორტესმა შვებით ამოისუნთქა. შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და მათ აედევნა.
ტაქსი ცენტრალურ სადგურზე 15:07 საათზე მივიდა. ბლუმკვისტი მაშინვე
მოსაცდელ დარბაზში შევარდა და მიმოიხედა. ვერც ტელებორიანი შეამჩნია სადმე
და ვერც ვინმე ისეთი, იუნასს რომ მგვანებოდა. სხვათა შორის, ვერც კორტესი.
კორტესთან დარეკვას აპირებდა, რომ მისი Ericsson T10 აწკრიალდა.
– მათ ვუთვალთვალებ. ვასაგატანზე პაბ Tre Remmare-ში სხედან, კიბის მხარეს.
– გმადლობ, ჰენრი. შენ სად ხარ?
– მე ბარში ვზივარ და ლუდს გეახლებით. მგონი, დავიმსახურე.
– ძალიან კარგი. ისინი მე მიცნობენ, ამიტომ არ დავენახვები. ალბათ არ გესმის, რაზე
საუბრობენ, არა?
– ეგ გამორიცხულია. მხოლოდ იუნასის ზურგს ვხედავ. ის წყეული ფსიქიატრი კი
ისე ლუღლუღებს რაღაცას, პირს არც კი ამოძრავებს.
– გასაგებია.
– იცი, შეიძლება პრობლემა შეგვექმნას.
– რა პრობლემა?
– ეს წუთია, იუნასმა მაგიდაზე საფულე და მობილური ტელეფონი ტელეფონი
დადო. საფულეს კი ზედ მანქანის გასაღები დაადო.
– მაგას მე მივხედავ.
ფიგეროლამ მობილურ ტელეფონზე ზარად ეყენა მელოდია ფილმიდან „Once Upon a
Time in the West“. მელოდიის გაგონებით გულმოსულმა ფიგეროლამ წიგნი ანტიკური
რელიგიების შესახებ განზე გადააგდო – წიგნის ბოლომდე წაკითხვას ვერა და ვერ
ეღირსა.
– გამარჯობა, მიქაელი ვარ. რას აკეთებ?
– შინ ვარ და ძველი საყვარლების ფოტოებს ვახარისხებ. ამ დილით უსინდისოდ
მიმატოვეს.
– მანქანა ახლოს გყავს?
– როგორც მახსოვს, ჯერაც ავტოსადგომზე დგას.
– კარგი. შუადღისას ქალაქში გასეირნებაზე რას იტყვი?
– დიდად არ მეხალისება. რა ხდება?
– ფსიქიატრი პეტერ ტელებორიანი ცნობილ ფარულ აგენტს იუნასის ფსევდონიმით
ვასაგატანზე ხვდება. ვინაიდან ამ ბოლო დროს სპეცსამსახურებთან
ვთანამშრომლობ, ვიფიქრე, შენც დაინტერესდებოდი.
ფიგეროლა მაშინვე წამოხტა და მანქანის გასაღებს დასწვდა.
– არ მეხუმრები?
– რა დროს ხუმრობაა! იუნასს მაგიდაზე უკვე მანქანის გასაღები უდევს და
წასასვლელად ემზადება.
– მოვდივარ.
ერიქსონი ტელეფონს არ პასუხობდა, მაგრამ ბლუმკვისტს ბედმა გაუღიმა და
ქარიმი გამოიჭირა, რომელიც სუპერმარკეტში ქმრისთვის დაბადების დღის
საჩუქარს ყიდულობდა, და სთხოვა, სასწრაფოდ კორტესის დასახმარებლად
გაქცეულიყო. შემდეგ ისევ კორტესს დაურეკა.
– გეგმა ასეთია. ხუთ წუთში მანქანა მეყოლება. პაბის შორიახლოს იერნვეგსგატანზე
გავჩერდებით. მალე ლოტაც შემოგიერთდება.
– კარგი.
– პაბიდან რომ გამოვლენ, შენ იუნასს გაჰყევი. მობილურზე დამირეკე ხოლმე, თუ
რამე საინტერესოს შეამჩნევ. როგორც კი მანქანასთან მივა, შეგვატყობინე.
ტელებორიანს ლოტა დაედევნება. თუ ჩვენს მოსვლამდე წავლენ, მისი მანქანის
ნომერი ჩაიწერე.
– გასაგებია.
ფიგეროლამ მანქანა არლანდას ექსპრესის ბაქანთან ახლოს, სასტუმრო Nordic Light-
ის გვერდით გააჩერა. ერთი წუთის შემდეგ მისი კარი ბლუმკვისტმა გამოაღო.
– რომელ პაბში სხედან?
Bბლუმკვისტმა უთხრა.
– დამხმარე ძალა უნდა გამოვიძახო.
– ცუდი აზრია. ისედაც ვუთვალთვალებთ. ბევრმა მზარეულმა შეიძლება წვნიანი
სულ გააფუჭოს.
ფიგეროლამ დაეჭვებით შეხედა.
– რა იცოდი, რომ ეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო?
– ბოდიში, მაგრამ ინფორმატორის ანონიმურობას ვერ დავარღვევ.
– „მილენიუმში“ საკუთარი სადაზვერვო სამსახური გყავთ? – წამოიძახა
ფიგეროლამ.
ბლუმკვისტი ნასიამოვნები ჩანდა. უხაროდა, რომ „სეპოს“ მათსავე კომპტენციაში
სჯობნიდა.
სინამდვილეში წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან გაიგო ბერგერმა ამ შეხვედრის
შესახებ. აპრილის დასაწყისიდან მას „მილენიუმის“ სარედაქციო სამუშაოსთან
შეხება აღარ ჰქონია. რა თქმა უნდა, ტელებორიანის შესახებ კი იცოდა, მაგრამ
იუნასი მხოლოდ მაისში გამოჩნდა და ბერგერს არათუ მისი არსებობის,
„მილენიუმისა“ და „სეპოს“ მისით დაინტერესების შესახებაც კი არაფერი არ უნდა
სცოდნოდა.
ბერგერს მოგვიანებით გამოვკითხავო, გადაწყვიტა ბლუმკვისტმა.
სალანდერი პირმოკუმული მისჩერებოდა პალმტოპის ეკრანს. იუნასონის
მობილური ტელეფონით დარეკვის შემდეგ „სექციაზე“ ფიქრი თავიდან ამოიგდო და
მთლიანად ბერგერის პრობლემაზე გადაერთო. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ
ოცდაექვსიდან ორმოცდათოთხმეტ წლამდე ასაკის მამაკაცების სიიდან
დაოჯახებულებიც ამოშალა. საქმე მეტისმეტად გაიმარტივა და ამას თვითონაც
ხვდებოდა. სელექცია ყოველგვარ სტატისტიკურ, სოციოლოგირ და სამეცნიერო
ლოგიკას მოკლებული იყო. ადვილად შეიძლებოდა „შხამიან კალამს“ ცოლი, ხუთი
შვილი და ფინიაც კი ჰყოლოდა. უფრო მეტიც, „შხამიანი კალამი“ შეიძლებოდა
ქალიც კი ყოფილიყო.
სალანდერს მხოლოდ ეჭვმიტანილთა რიცხვის შემცირება უნდოდა და ამ შეკვეცით
მისი სია 48-დან 18 კაცამდე შემცირდა. ესენი იყვნენ ოცდათხუთმეტ წელს
გადაცილებული ცნობილი რეპორტიორები, მენეჯერები და რედაქტორები. თუ
საინტერესოს ვერაფერს მივაგნებ, ამ სიას გავაფართოებო, დაგეგმა სალანდერმა.
16:00 საათზე „ჰაკერების რესპუბლიკაში“ შევიდა დ Plague-ს სია აუტვირთა. Plague
რამდენიმე წუთში შეეხმიანა.
<18 სახელი. ეს რა არის?>
<ეს სხვა პროექტია. მარტივი საქმეა. ცოტას გაივარჯიშებ.>
<მგონი გასაგებია.>
<ამათგან ერთ-ერთი მანიაკია. იპოვე.>
<პირობები?>
<სწრაფად უნდა იმუშაო. ხვალ გადავყავარ. მანამდე უნდა ვიპოვოთ.>
მოკლედ აუხსნა „შხამიანი კალმის“ და ბერგერის სიტუაცია.
<ეს საქმე მომგებიანია?>
<კი. მაგ შენს ჭაობში არ მოვალ და არ გადაგბუგავ.>
<ვითომ?>
<როცა ჩემთვის მუშაობ, ყოველთვის გიხდი ხოლმე. ახლა ჩემთვის არ მუშაობ.
ჩათვალე, რომ საშემოსავლოს იხდი.>
<ვხედავ, საზოგადოებრივ საკითხებში სულ უფრო და უფრო უკეთ ერკვევი.>
<მართლა?>
მერე Svenska Morgon-Posten-ის შიდა ქსელის პაროლები გაუგზავნა და ICQ-დან
გამოვიდა.
ჰენრი კორტესს 1^6:20-მდე აღარ დაურეკავს.
– წასვლას აპირებენ.
– მზად ვართ.
სიჩუმე.
– ორივე სხვადასხვა მხარეს მიდის, ტელებორიანი – სამხრეთისკენ, იუნასი –
ჩრდილოეთისკენ.
ბლუმკვისტმა თითით ანიშნა იუნასზე, როცა მან ვასაგატანზე მათ წინაშე ჩაიარა.
ფიგეროლამ თავი დაუქნია და მანქანა დაქოქა. რამდენიმე წამში კორტესიც
გამოჩნდა.
– ვასაგატანი გადაჭრა, კუნგსგატანისკენ მიდის, – მობილური ტელეფონით აცნობა
კორტესმა.
– დისტანცია შეინარჩუნე, რომ არ დაგინახოს.
– ქუჩაში ხალხმრავლობაა.
სიჩუმე.
– ჩრდილოეთით, კუნგსგატანზე გადაუხვია.
– ჩრდილოეთით, კუნგსგატანზე, – გაიმეორა ბლუმკვისტმა.
ფიგეროლა გაზის პედალს დააწვა და ვასაგატანზე გავიდა. წითელ შუქზე
გაჩერდნენ.
– ახლა სად არის? – ჰკითხა კორტესს ბლუმკვისტმა, როცა კუნგსგატანზე გავიდნენ.
– სუპერმარკეტ PUB-ის მოპირდაპირე მხარეს. სწრაფად მიდის. აი, ახლა
ჩრდილოეთით, დროტნინგგატანისკენ გაუხვია.
– ჩრდილოეთით, დროტნინგგატანზე, – გაიმეორა ბლუმკვისტმა.
– გასაგებია, – ფიგეროლამ კანონდარღვევით შეუხვია კლარა-ნორაზე, იქიდან კი
ულოფ პალმესგატანისკენ გაემართა. მოუხვია და პროფკავშირების შენობის წინ
დაამუხრუჭა. იუნასმა ულოფ პალმესგატანი გადაჭრა და სვეავეგენის
მიმართულებით წავიდა. კორტესი ქუჩის მეორე მხარეს გაჩერდა.
– აღმოსავლეთით...
– ორივეს გხედავთ.
– ჰოლენდარგატანისკენ შეუხვია. ოჰო... მანქანა. წითელი „აუდი“.
– მანქანა, – თქვა ბლუმკვისტმა და გაიმეორა სერია და ნომერი, რომელიც კორტესმა
უკარნახა.
– მანქანა დაძრა და თქვენკენ მოდის!
ფიგეროლა უკვე დროტნინგგატანისკენ უხვევდა. მართალია, გამვლელებისთვის
წითელი შუქი აინთო, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაინც ცდილობდა ქუჩაზე
გადასვლას. ფიგეროლამ დაასიგნალა და გამვლელები მიმოფანტა.
– გმადლობთ, ჰენრი. აქედან უკვე ჩვენ მივხედავთ ამ საქმეს.
წითელმა „აუდიმ“ სვეავეგენზე შეუხვია. ფიგეროლას ცალი ხელი საჭეზე ეკიდა,
მეორით მობილური ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.
– წითელი „აუდის“ მფლობელი დამიდგინეთ! – მოითხოვა მან და მანქანის ნომერი
უკარნახა.
– იუნას სანდბერგი. დაბადებული 1971 წელს. რა თქვით, სად ცხოვრობსო?
ჰელსინგერსგატანი, კისტა. გმადლობთ.
ბლუმკვისტმა მონაცემები ბლოკნოტში ჩაინიშნა.
წითელ „აუდის“ ჰამნგატანის გავლით სტანდვეგენამდე და იქიდან
არტილერიგატანამდე მისდიეს. იუნას სანდბერგმა მანქანა არმიის მუზეუმიდან
ერთი კვარტლის მოშორებით გააჩერა. ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა და 1890-იანი
წლების შენობის სადარბაზო კარზე მიაკაკუნა.
– საინტერესოა, – ბლუმკვისტისკენ შებრუნდა ფიგეროლა.
შენობა, რომელსაც იუნას სანდბერგი მიადგა, მხოლოდ ერთი კვარტლით იყო
დაშორებული იმ ბინისგან, პრემიერ-მინისტრმა ბლუმკვისტთან საიდუმლო
შეხვედრისთვის რომ იქირავა.
– კარგი ნამუშევარია, – შენიშნა ფიგეროლამ.
ამ დროს ქარიმმა დარეკა, ტელებორიანი ცენტრალური სადგურის ესკალატორით
კლარაბერგსგატანამდე ავიდა და იქიდან კუნგსჰოლმენზე პოლიციის მთავარი
სამმართველოსკენ გაემართაო.
– შაბათს ხუთ საათზე პოლიციის მთავარ სამმართველოში რა უნდა?
ფიგეროლამ და ბლუმკვისტმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს. ფიგეროლა
მოვლენების უეცარმა განვითარებამ დააფიქრა. რამდენიმე წუთის შემდეგ
მობილური ტელეფონი აიღო და კრიმინალურ ინსპექტორ იან ბუბლანსკის
დაურეკა.
– გამარჯობა, მონიკა ვარ RPS/Säk-იდან. ცოტა ხნის წინ ნორ მელარსტრანდზე
შევხვდით.
– რა გნებავთ? – ჰკითხა ბუბლანსკიმ.
– ამ შაბათ-კვირას თქვენთან სამმართველოში ვინმე მორიგეობს?
– მუდიგი, – უპასუხა ბუბლანსკიმ.
– თქვენი დახმარება მჭირდება. თუ იცით, ახლა სამმართველოშია?
– მეეჭვება. უკვე საღამოა. თან ამინდიც მშვენიერია.
– შეგიძლიათ თქვენი საგამოძიებო ჯგუფიდან ვინმეს დაურეკოთ და სთხოვოთ,
პროკურორ ეკსტრომის კაბინეტში შეიხედოს? მაინტერესებს, მის კაბინეტში
ამწუთას შეხვედრა ხომ არ მიმდინარეობს.
– რა შეხვედრა?
– ახლა ვერ აგიხსნით. ჯერ გამიგეთ, შეხვედრა თუ მიმდინარეობს და პროკურორი
ეკსტრომი კერძოდ ვის ხვდება.
– გინდათ, რომ პროკურორს, რომელიც იმავდროულად ჩემი უფროსიცაა,
ვუთვალთვალო?
– დიახ, სწორედ მაგას გთხოვთ, – ხანმოკლე პაუზის შემდეგ უპასუხა ფიგეროლამ.
– ვეცდები დაგეხმაროთ, – ბუბლანსკიმ ყურმილი დაკიდა.
სონია მუდიგი იმაზე უფრო ახლოს იმყოფებოდა პოლიციის მთავარ
სამმართველოსთან, ვიდრე ბუბლანსკის ეგონა. ვასასტადენზე, მეგობრის ბინის
აივანზე, ქმართან ერთად ყავას მიირთმევდა. შვილები მისმა მშობლებმა ერთი
კვირით თავისთან წაიყვანეს, მუდიგი კი ქმართან ერთად დროს ძველმოდურად
ატარებდა: ყავას სვამდნენ, საღამოს კი კინოში წასვლას გეგმავდნენ.
ბუბლანსკიმ მოკლედ აუხსნა, რატომაც ურეკავდა.
– ეკსტრომთან რა მოვიმიზეზო? – ჰკითხა მუდიგმა.
– გუშინ დავპირდი, ნიდერმანის ძიების თაობაზე ახალ მასალებს გაგაცნობ-მეთქი,
მაგრამ საქაღალდის გადაცემა დამავიწყდა. ჩემს მაგიდაზე დევს.
– გასაგებია, – თქვა მუდიგმა. მერე თავის ქმარს და მეგობარს შეხედა, –
სამმართველოში საქმე გამომიჩნდა. მანქანით წავალ და იმედია, ერთ საათში
დავბრუნდები.
მისმა ქმარმა და მეგობარმა ერთდროულად ამოიოხრეს.
– ამ შაბათ-კვირას ვმორიგეობ, – მოიბოდიშა მუდიგმა.
მანქანა ბერგსგატანზე გააჩერა, ლიფტით ავიდა ბუბლანსკის კაბინეტში და აიღო
სამგვერდიანი მოხსენება, რომელიც ნიდერმანის ძიების უმნიშვნელო სიახლეებს
შეიცავდა.
ზედა სართულზე კიბით ავიდა და დერეფნის კართან შეჩერდა. ზაფხულის თბილ
საღამოს პოლიციის სამმართველო თითქმის ცარიელი იყო. მუდიგმა დერეფანში
ფეხაკრეფით შეაბიჯა და ეკსტრომის კაბინეტის დაკეტილ კართან შედგა. შიგნიდან
ხმები მოესმა და უეცრად მხნეობა სულ დაკარგა. თავი სულელურად იგრძნო.
ჩვეულებრივ სიტუაციაში, კარზე დააკაკუნებდა, შეაღებდა და შიგნით შევიდოდა,
მაგრამ ამჯერად ამას ვერ იზამდა.
მიმოიხედა.
რატომ დაურეკა ბუბლანსკიმ? ან აქ რას თათბირობენ?!
ეკსტრომის კაბინეტის პირდაპირ საკონფერენციო ოთახი იყო და იქ ათი კაცი
თავისუფლად დაეტეოდა. მუდიგს იქ რამდენჯერმე პრეზენტაციაც ჩაეტარებინა.
საკონფერენციო ოთახში შევიდა და კარი დახურა. ჟალუზი ჩამოშვებული იყო, ხოლო
დერეფნისგან გამყოფ შუშის ტიხარზე ფარდა ჩამოეფარებინათ. ბნელოდა.
სავარძელზე დაჯდა და ფარდა ოდნავ გასწია, რომ დერეფანი დაენახა.
ნერვიულობდა. ვინმე რომ შემოსულიყო, დაეჭვდებოდა, აქ რას აკეთებო. მობილური
ტელეფონი ამოიღო და ეკრანზე დროს დახედა. შვიდი დაწყებულიყო. ტელფონი
ვიბრაციაზე გადაიყვანა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა.
19:00 საათზე Plague-მა სალანდერს მოსწერა: <მზადაა. SMP-ის შიდა ქსელის
ადმინისტრატორი ვარ.> – და ბმული გამოუგზავნა.
<24 საათში ვერ მოვასწრებთ. თვრამეტივეს ელფოსტის მისამართი რომც გვქონდეს,
ყველას კომპიუტერის „გატეხას“ დღეები დასჭირდება. მათი უმეტესობა შაბათს
ქსელში ალბათ არც არის.>
<შენ სახლის კომპიუტერებს მიხედე, რედაქციის კომპიუტერებს ჩემს თავზე ვიღებ.>
<ეგ მეც ვიფიქრე. შენი პალმტოპის შესაძლებლობები შეზღუდულია. კიდევ რამით
ხომ არ დაგეხმარო?>
<არა, მხოლოდ სახლის კომპიუტერებზე იმუშავე.>
<OK.>
<Plague...>
<რა?>
<თუ ხვალამდე ვერაფერს დავადგენთ, ძიება არ შეწყვიტო.>
<OK.>
<ამ შემთხვევაში ფულს გადაგიხდი.>
<დაივიწყე. ეს მხოლოდ გასართობი საქმეა.>
სალანდერი ICQ-დან გამოვიდა და ბმულს მიჰყვა სერვერამდე, სადაც Plague-ს Svenska
Morgon-Posten-ის ადმინისტრატორის უფლებები აეტვირთა. ჯერ შეამოწმა, რომ
ფლემინგი ქსელში ან სამსახურში ნამდვილად არ იყო და მისი მონაცემებით Svenska
Morgon-Posten-ის საფოსტო სერვერზე შევიდა. ასე თავისუფლად ადევნებდა თვალს
ელექტრონული ფოსტის სისტემაში მიმდინარე აქტივობებს და ინდივიდუალური
ანგარიშებიდან დიდი ხნის წინ წაშლილ იმეილებსაც წაიკითხავდა.
Svenska Morgon-Posten-ის ერთ-ერთი მორიგე რედაქტორისგან, ორმოცდასამი წლის
ერნსტ თეოდორ ბილინგერისგან დაიწყო. მისი საფოსტო ყუთი გახსნა და ყოველ
იმეილზე სათითაოდ დააწკაპუნა. თითო იმელს საშუალოდ ორ წამს უთმობდა.
გამომგზავნის სახელს იმახსოვრებდა და წერილს სწრაფად გადაავლებდა თვალს.
რამდენიმე წუთში დაადგინა, როგორ გამოიყურებოდა მოხსენებითი ბარათები,
განრიგები და ა. შ. ასეთი იმეილების გამოტოვება დაიწყო.
სათითაოდ გადაამოწმა ბოლო სამი თვის იმეილები. ბოლოს მხოლოდ სათაურების
კითხვაზე გადავიდა და, თუ სათაური მის ყურადღებას მიიქცევდა, მაშინღა ხსნიდა
წერილებს. დაადგინა, რომ ბილინგერი ვიღაც სოფიას ხვდებოდა და მას უხეშად
მიმართავდა. თუმცა, ამაში უჩვეულო არაფერი იყო, რადგან ასეთივე უხეში ტონი
იგრძნობოდა ბილინგერის მიერ რეპორტიორებისთვის, ფოტოგრაფებისთვის,
დიზაინერებისთვის და სხვებისთვის გაგზავნილ იმეილებში. თუმცა, სალანდერი
მაინც გააკვირა იმ ფაქტმა, რომ ბილინგერი მეგობარ ქალს „გასივებულს“,
„უტვინოს“ და „ნაბოზარს“ უწოდებდა.
ერთსაათიანი კვლევა-ძიების შემდეგ, ბილინგერი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოშალა
და ორმოცდათერთმეტი წლის სტაჟიან რეპორტიორ ლარს ერიან ვოლბერგზე
გადაერთო.
ედკლინთი პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში შაბათ საღამოს რვის
ნახევარზე შევიდა. ფიგეროლა და ბლუმკვისტი საკონფერენციო ოთახში ელოდნენ.
ბლუმკვისტი იმავე ადგილას იჯდა, რომელზეც წინა დღეს.
ედკლინთმა საკუთარ თავს შეახსენა, ეს აღარ უნდა განმეორდესო. მან წესდება
დაარღვია, როცა ბლუმკვისტს ამ სართულზე შემოსვლის ნება მისცა. ფიგეროლას
მისი აქ შემოპატიჟების არანაირი უფლება არ ჰქონდა. თვით თანამშრომლების
მეუღლეებიც კი არ დაიშვებოდნენ RPS/Säk-ის საიდუმლო დერეფნებში, ისინიც კი
კიბის ბაქანზე იცდიდნენ. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ბლუმკვისტი
ჟურნალისტი იყო. ამიერიდან, ბლუმკვისტს მხოლოდ ფრიდჰემსპლანზე დროებით
ოფისში ვიხმობო, გაიფიქრა ედკლინთმა.
რასაკვირველია, სპეციალური მოწვევით ამ სართულზე გარეშე პირებიც
დაიშვებოდნენ: უცხოელი სტუმრები, მკვლევარები, აკადემიკოსები,
დამოუკიდებელი კონსულტანტები... ედკლინთმა ბლუმკვისტი ე. წ.
კონსულტანტების რიცხვს მიაკუთვნა. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის ვიღაც
წყვეტს ამა თუ იმ პიროვნებას გარკვეული უფლებამოსილება მიანიჭოს და
ედკლინთმაც გადაწყვიტა, თუ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავეხვევით, ვიტყვი, რომ
საიდუმლო სართულზე შემოშვების ნებართვა პირადად მე გავეციო.
ედკლინთი ჩამოჯდა და ფიგეროლას შეხედა.
– შეხვედრის შესახებ როგორ შეიტყვე?
– დაახლოებით სამ საათზე ბლუმკვისტმა დამირეკა, – ღიმილით უპასუხა
ფიგეროლამ.
ედკლინთი ბლუმკვისტს მიუბრუნდა.
– შეხვედრის შესახებ როგორ შეიტყვეთ?
– ინფორმატორმა მაცნობა.
– ანუ, ტელებორიანს უთვალთვალებთ?
ფიგეროლამ თავი გააქნია.
– თავიდან მეც ეგ ვიფიქრე, – მხიარულად თქვა მან, თითქოს ბლუმკვისტი ოთახში
არც მჯდარიყოს, – მაგრამ დეტალები ერთმანეთს არ ეწყობა. თუნდაც ბლუმკვისტის
დავალებით ტელებორიანს ვინმე უთვალთვალებდეს, მას მაინც არ ეცოდინებოდა,
რომ ტელებორიანი მაინცდამაინც იუნას სანდბერგთან აპირებდა შეხვედრას.
– მაშ, აბა უკანონოდ უსმენთ მის ტელეფონს? – განაგრძო ედკლინთმა.
– გარწმუნებთ, – მტკიცედ წარმოთქვა ბლუმკვისტმა, რომ მათთვის თავი
შეეხსენებინა, – უკანონოდ არავის ვუსმენ. მოდი, რეალობას ნუ მოვწყდებით.
უკანონო მოსმენები მთავრობის პრეროგატივაა.
– ანუ, არ გვეტყვით, ამ შეხვედრის შესახებ როგორ შეიტყვეთ? – მოიღუშა
ედკლინთი.
– უკვე გითხარით, რომ არა. ინფორმატორის ანონიმურობა დაცულია. იქნებ იმაზე
ვისაუბროთ, რაც გავარკვიეთ?
– არ მიყვარს გაურკვევლობები, – თქვა ედკლინთმა, – მაგრამ კარგი. რა გაარკვიეთ?
– მას იუნას სანდბერგი ჰქვია, – თქვა ფიგეროლამ, – პროფესიონალი სამხედრო
მყვინთავია. 1990-იანი წლების დასაწყისში პოლიციის აკადემიაში სწავლობდა. ჯერ
უფსალაში მუშაობდა, შემდეგ – სოდერტელიეში.
– შენ ხომ უფსალელი ხარ?
– დიახ, მაგრამ ერთმანეთს ერთი წლით ავცდით. RPS/Säk-ის კონტრდაზვერვის
განყოფილებაში 1998 წელს აიყვანეს. 2000 წელს საზღვარგარეთ საიდუმლო
დავალებით გაგზავნეს. ოფიციალური მონაცემებით, ახლა მადრიდში, შვედეთის
საელჩოში მუშაობს, თუმცა საელჩოში დავრეკე და იუნას სანდბერგზე იქ არაფერი
სმენიათ.
– მორტენსონის მსგავსად. ოფიციალურად გადაიყვანეს სადღაც, სადაც არ არსებობს.
– მსგავსი რამ სამდივნოს უფროსის გარეშე არ მოხდებოდა.
– და ჩვეულებრივ სიტუაციაში ამ ჩახლართულ ბიუროკრატიულ აბდაუბდაში
გარკვევას არავინ ეცდებოდა. კონკრეტული პიროვნებებით დაინტერესება რომ არა,
ვერც ჩვენ შევამჩნევდით რამეს. უხერხული შეკითხვების დასმა რომ დაიწყო,
გეტყვიან ინფორმაცია კონფიდენციალურია ან საქმე ტერორიზმს ეხებაო, და
თავიდან მოგიშორებენ.
– ბიუჯეტის საკითხიც უნდა გადავამოწმოთ.
– საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსიც?
– შესაძლოა.
– კიდევ რას მეტყვით?
– სანდბერგი სოლეტუნაში ცხოვრობს. მარტოხელაა, მაგრამ სოდერტელიელი
მასწავლებლისგან შვილი ჰყავს. პირად საქმეში შენიშვნები არ აქვს. ორი
ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვს. კეთილსინდისიერია, ალკოჰოლს
არ სვამს. ერთი რამ მაეჭვებს: სანდბერგი ევანგელისტია და 1990-იანი წლების
„სიცოცხლის სიტყვის“[31] მრევლი იყო.
– ეს საიდან გაიგე?
– უფსალაში ყოფილ უფროსს ველაპარაკე. სანდბერგი კარგად ახსოვს.
– ქრისტიანი მყვინთავი, ორი პისტოლეტითა და სოდერტელიელი შვილით. კიდევ?
– მისი ვინაობა სულ სამი საათის წინ დავადგინეთ. ასეთ მცირე დროში ამაზე მეტი
რაღა გინდათ?
– მართალია. არტილერიგატანზე მდებარე იმ შენობაზე რა ვიცით?
– ჯერ ბევრი არაფერი. სტეფანი ქალაქის მშენებლობის საქმეთა სამმართველოში
წავიდა და იქ ვიღაცისგან შენობის გეგმა იშოვა. ექვსართულიანი და
ოცდაოროთახიანი შენობაა, გარდა ამისა ეზოში მცირე, რვაოთახიანი შენობაც დგას.
მდგმურების ვინაობა შევამოწმე, მაგრამ უჩვეულო ვერაფერი შევამჩნიე.
მობინადრეებიდან ორი აღრიცხვაზეა აყვანილი.
– კერძოდ ვინ?
– მეორე სართულზე მცხოვრები სამოცდასამი წლის ლინდსტრომი, რომელიც 1970-
იან წლებში სადაზღვევო თაღლითობისთვის გაასამართლეს და მეოთხე სართულზე
მცხოვრები ორმოცდაშვიდი წლის ვიტფელტი. ორჯერ გაასამართლეს ცოლის
ცემისთვის. სხვა მხრივ, საშუალო ფენის შვედები არიან. მხოლოდ ერთი ბინა იძლევა
ეჭვის საფუძველს.
– რომელი?
– ბოლო სარYთულის. თერთმეტოთახიანია. კომპანია Bellona Inc.-ს ეკუთვნის.
– ეგ კომპანია რას საქმიანობს?
– ღმერთმა უწყის. მარკეტინგულ კვლევებს აწარმოებს და მისი ყოველწლიური
შემოსავალი 30 მილიონ კრონას შეადგენს. ყველა მფლობელი საზღვარგარეთ
ცხოვრობს.
– აჰა.
– რა, „აჰა“?
– არაფერი. უბრალოდ „აჰა“. Bellona Inc. უკეთ შეამოწმეთ.
ამ დროს ოთახში შემოვიდა ოფიცერი, რომელსაც ბლუმკვისტი სტეფანის სახელით
იცნობდა.
– გამარჯობა, შეფ, – მიესალმა ედკლინთს, – Bellona Inc.-ის ისტორია გადავამოწმე და
რაღაც საინტერესოს მივაგენი.
– გისმენთ.
– Bellona Inc. სამოცდაათიან წლებში დაარსდა. ბინა კრისტინა კედერჰოლმისგან
იყიდეს. 1917 წელს დაბადებული კრისტინა კედერჰოლმი ჰანს ვილჰელმ ფრანკეს
მეუღლე იყო, სწორედ იმ დაუმორჩილებელი ფრანკესი, RPS/Säk-ის შექმნისას პერ
გუნარ ვინგეს რომ დაუპირისპირდა.
– ყოჩაღ, კარგი ნამუშევარია, – შეაქო ედკლინთმა, – მონიკა, იმ შენობაზე
ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი უნდა დაწესდეს. ტელეფონის ნომრები დაადგინე.
მინდა, ვიცოდე, ვინ შედის და გადის, რა მარკის და ვისი მანქანები დგას ეზოში.
მერე ედკლინთი ბლუმკვისტისკენ მიტრიალდა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ
თავი შეიკავა. ბლუმკვისტმა მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო.
– მიღებული ინფორმაციით კმაყოფილი ხართ? – ჰკითხა ბოლოს ედკლინთმა.
– ძალიან. „მილენიუმთან“ თანამშრომლობით კმაყოფილი ხართ?
ედკლინთმა უხალისოდ დაუქნია თავი.
– იმედია, ხვდებით, რომ შესაძლოა, დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდე.
– ჩემ გამო – არა. ფაქტებს გავახმაურებ, მაგრამ ინფორმატორს არ გავამხელ. სანამ
სტატიას გამოვაქვეყნებ, ფორმალურ ინტერვიუს ჩამოგართმევთ. თუ რამეზე
პასუხის გაცემა არ მოგინდებათ, მიპასუხეთ „უკომენტაროდ“ და მორჩა.
რასაკვირველია, შეგიძლიათ „სპეცანალიზის სექციაზე“ საკუთარი აზრი
დააფიქსიროთ. თქვენი გადასაწყვეტია.
– მართლაც, – თავი დაუქნია ედკლინთმა.
ბლუმკვისტი სიხარულს ვერ მალავდა. ბოლო რამდენიმე საათში „სექციამ“
ხელშესახები ფორმა შეიძინა. საქმე დაიძრა.
მუდიგისდა სამწუხაროდ, ეკსტრომის კაბინეტში შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა.
საბედნიეროდ, ვიღაცას საკონფერენციო ოთახში ერთი ბოთლი მინერალური წყალი
დაეტოვებინა. ორჯერ დაუმესიჯა ქმარს, ბოდიში, რომ შევყოვნდი, შინ
დაბრუნებისთანავე გამოვისყიდი ჩემს დანაშაულსო. თანდათან მოუსვენრობამ
შეიპყრო, თავს დაუპატიჟებელ სტუმრად გრძნობდა.
შეხვედრა რვის ნახევარზე დასრულდა. უეცრად კარი გაიღო და კაბინეტიდან ჰანს
ფასტე გამოვიდა. ფასტეს ექიმი ტელებორიანი გამოჰყვა, ხოლო ტელებორიანს –
ხანში შესული, ჭაEღარა მამაკაცი, რომელიც მუდიგს არასდროს ენახა. სულ ბოლოს
პროკურორი ეკსტრომი გამოჩნდა, პიჯაკი ჩაიცვა და კარის ჩაკეტვამდე კაბინეტში
შუქი ჩააქრო.
მუდიგმა ფარდის უკნიდან მობილური ტელფონით დაბალი ხარისხის ორი ფოტო
გადაუღო ეკსტრომის კაბინეტთან მდგარ ჯგუფს. რამდენიმე წამში ოთხივე
მამაკაცი დერეფანს გაუყვა.
მუდიგი სუნთქვაშეკრული იჯდა, სანამ ისინი საკონფერენციო ოთახს საკმაოდ
დაშორდებოდნენ. კიბეზე გამავალი კარის გაღებისა და დახურვის ხმა რომ გაიგონა,
უკვე ცივ ოფლში იწურებოდა. მუხლებაკანკალებული წამოდგა.
უკვე 9:00 საათი იყო დაწყებული, როცა ფიგეროლას ბუბლანსკიმ დაურეკა.
– გაინტერესებდათ, ეკსტრომს შეხვედრა ჰქონდა თუ არა.
– დიახ, – თქვა ფიგეროლამ.
– შეხვედრა ახლახან დასრულდა. ეკსტრომი ექიმ პეტერ ტელებორიანს, ჩემს ყოფილ
კოლეგა კრიმინალურ ინსპექტორ ჰანს ფასტეს და ერთ უცნობ, ასაკოვან მამაკაცს
შეხვდა.
– ერთი წუთით, – ფიგეროლამ ტელეფონს ხელი დააფარა და სხვებს მიუბრუნდა: –
ტელებორიანი პირდაპირ ეკსტრომთან წასულა.
– ალო, გესმით ჩემი?
– უკაცრავად. მესამე მამაკაცი როგორ გამოიყურებოდა?
– თავად ნახეთ. ფოტოს გამოგიგზავნით.
– ფოტოს? თქვენთან ვალში ვარ.
– კარგი იქნება, მითხრათ, რა ხდება.
– გადმოგირეკავთ.
საკონფერენციო მაგიდის ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა.
– მაშ ასე, – თქვა ბოლოს ედკლინთმა, – ტელებორიანი ჯერ „სექციის“ წევრს ხვდება
და მერე პირდაპირ პროკურორ ეკსტრომთან მიდის. რას არ დავთმობდი, რომ
გავიგო, რაზე ისაუბრეს.
– თუ გნებავთ, მე გეტყვით, – უთხრა ბლუმკვისტმა.
ედკლინთმა და ფიგეროლამ ბლუმკვისტს შეხედეს.
– სალანდერის საქმის განხილვის დაწყებამდე ბოლო დეტალები შეათანხმეს.
ფიგეროლამ გამჭოლი მზერა მიაპყრო. მერე თავი დააქნია.
– ეს მხოლოდ თქვენი ვარაუდია, – შეეპასუხა ედკლინთი, – თუ არადა,
ნათელმხილველი ყოფილხართ.
– ეს ვარაუდი არ არის, – თქვა ბლუმკვისტმა, – სალანდერის ფსიქიატრიული
გამოკვლევის დასკვნის განსახილველად შეიკრიბნენ. ტელებორიანმა ახლახან
დაასრულა დასკვნა.
– რა სისულელეა. სალანდერი ჯერ არ გამოუკვლევიათ.
ბლუმკვისტმა მხრები აიჩეჩა და ლეპტოპი გახსნა.
– ამას ტელებორიანისთვის არც წარსულში შეუშლია ხელი. აგერ მისი დასკვნის
უახლესი ვარიანტი. როგორც ხედავთ, საქმის განხილვის დაწყების დროით არის
დათარიღებული.
ედკლინთმა და ფიგეროლამ დასკვნა წაიკითხეს. მერე ერთმანეთს გადახედეს და
ორივე ერთად ბლუმკვისტისკენ შეტრიალდა.
– ეს დასკვნა ვისგან მოიპოვეთ? – ჰკითხა ედკლინთმა.
– ინფორმატორისგან, რომლის ვინაობასაც ვერ გავამხელ, – უპასუხა ბლუმკვისტმა.
– ბლუმკვისტ, ერთმანეთს უნდა ვენდოთ. თქვენ ინფორმაციას არ გვიმხელთ. კიდევ
ხომ არ გაქვთ ჩვენთვის სიურპრიზი შემონახული?
– რასაკვირველია, საიდუმლოები მეც მაქვს. დარწმუნებული ვარ, არც თქვენ
გაგიმხელიათ ჩემთვის „სეპოს“ ყველა საიდუმლო.
– ეს ერთი და იგივე არ არის.
– ერთი და იგივეა. ჩვენ თანამშრომლობაზე შევთანხმდით. თავად თქვით, რომ
ერთმანეთს უნდა ვენდოთ. ისეთს არაფერს გიმალავთ, რაც „სექციის“ საქმის
გამოძიებაში დაგეხმარებათ და მათ მიერ ჩადენილ მრავალ დანაშაულს ნათელს
მოჰფენს. უკვე გადმოგეცით მტკიცებულება იმისა, რომ 1991 წელს ტელებორიანმა
ბიორკის ხელშეწყობით დანაშაული ჩაიდინა, და გაგაფრთხილეთ, იმავეს გაკეთებას
ისევ აპირებს-მეთქი. ჩემი სიტყვების დამამტკიცებელი დოკუმენტი ახლახან
წარმოგიდგინეთ.
– მაგრამ უმთავრეს მასალებს გვიმალავთ.
– დიახ და ამას ან შეეგუებით, ან თანამშრომლობას შევწყვეტთ.
– უკაცრავად, – ხელი ასწია ფიგეროლამ, – მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ
ეკსტრომი „სექციისთვის“ მუშაობს?
ბლუმკვისტმა შუბლი შეკრა.
– ეგ არ ვიცი. ჩემი აზრით, ის პატიოსანია, მაგრამ „სექცია“ იყენებს. ამბიციური
სულელია. ერთი ინფორმატორისგან ვიცი, რომ როცა სამმაგი მკვლელობისთვის
სალანდერს დაეძებდნენ, ტელებორიანის მიერ მასზე ნათქვამი ყოველი სიტყვა
დაიჯერა.
– მაშ, გგონიათ, რომ მისით მანიპულირება ადვილია?
– დიახ. აი, კრიმინალური ინსპექტორი ჰანს ფასტე კი ნაღდი იდიოტია, რადგან
სჯერა, რომ სალანდერი მართლა ლესბოსელი სატანისტია.
დათრგუნვილი ბერგერი გონს ვერ მოდიოდა და ვერანაირ საქმეს გულს ვერ
უდებდა. შინ იჯდა და ყოველ წამს ელოდა, აი, ახლა დამირეკავენ და მეტყვიან, შენი
ფოტოები რომელიღაც ვებ-გვერდზე გამოქვეყნდაო.
უფრო და უფრო მეტს ფიქრობდა სალანდერზე, თუმცა იმედი იმისა, რომ ის
დაეხმარებოდა, ნაკლებად ჰქონდა. სალანდერი სოლგრენსკას საავადმყოფოში იყო
გამოკეტილი. მასთან მნახველებს არ უშვებდნენ; გაზეთის წაკითხვაც კი
ეკრძალებოდა. თუმცა, ამ ახალგაზრდა ქალს მოხერხებულობას და ნიჭიერებას ვერ
დაუწუნებდით – მიუხედავად იზოლირებულობისა, ბერგერს ჩეთშიც ესაუბრა და
მობილურზეც დაურეკა. ორი წლის წინ კი, სრულიად მარტომ შეძლო ჰანს-ერიკ
ვენერსტრომის ფინანსური იმპერიის დანგრევა და „მილენიუმი“ გაკოტრებისგან
იხსნა.
20:00 საათზე ლინდერი მოვიდა და კარზე დააკაკუნა. ბერგერი შეკრთა, თითქოს
სასტუმრო ოთახში ვიღაცას ტყვია გაესროლოს.
– გამარჯობა, ერიკა. სიბნელეში დაღვრემილი ზიხარ?
ბერგერმა თავი დაუქნია და შუქი აანთო.
– გამარჯობა. წავალ, ყავას მოვადუღებ...
– იყოს, თვითონ ვიზამ. რამე სიახლეა?
„შეიძლება ითქვას. ლიზბეთ სალანდერი დამიკავშირდა და ჩემს კომპიუტერს
დაეპატრონა. მერე დამირეკა და მითხრა, ვიღაც იუნასი ტელებორიანს ცენტრალური
სადგურის მოედანზე ხვდებაო“. თუმცა, ლინდერს სულ სხვა რამ უპასუხა:
– არა, არაფერი, თუმცა, შენი აზრი მაინტერესებს.
– რასთან დაკავშირებით?
– იქნებ მანიაკი კი არა, რომელიმე ჩემი ნაცნობი დამდევს, რომელსაც ჩემი გაჟიმვა
უნდა?
– რა განსხვავებაა?
– ჩემთვის მანიაკი უცნობი ადამიანია, რომელიც უმიზეზოდ გადაგეკიდება. ამ
შემთხვევაში კი შეიძლება ვიღაცას ჩემზე შურისძიება და პირადი მიზეზით ჩემთვის
ცხოვრების გამწარება უნდა.
– საინტერესო ვარაუდია. საიდან გაგიჩნდა?
– დღეს ამ თემაზე... ერთს ვესაუბრე. მის სახელს ვერ გეტყვი. მითხრა, ნამდვილი
მანიაკი სხვანაირად დაგემუქრებოდაო. მისი თქმით, ნამდვილი მანიაკი კულტურის
განყოფილების რეპორტიორს იმეილს არასდროს მისწერდაო.
– შეიძლება მართალიც იყოს, – თქვა ლინდერმა, – თუ შეიძლება, ეგ იმეილები
მაჩვენე, ჯერ არ წამიკითხავს.
ბერგერმა სამზარეულოს მაგიდაზე ლეპტოპი დადო.
ფიგეროლამ ბლუმკვისტი პოლიციის მთავარი სამმართველოდან ღამის 22:00
საათზე გამოაცილა. კრონობერგის პარკში იმავე ადგილას გაჩერდნენ, სადაც წინა
დღეს.
– აი, ისევ აქ ვდგავართ. სამუშაოდ აპირებ წასვლას თუ შინ გამომყვები და ჩემთან
დაწვები?
– რა ვიცი...
– მე არ გაძალებ, მიქაელ. თუ სამუშაო გაქვს, იმუშავე.
– მისმინე, ფიგეროლა, მგონი, გეჩვევი.
– შენ კი არ გინდა, რომ რამეზე დამოკიდებული გახდე?
– არა, მაგას არ ვგულისხმობდი. ამაღამ ვიღაცას უნდა ველაპარაკო და ეს დიდ დროს
წამართმევს. სანამ მოვრჩები, შენ ალბათ დაგეძინება.
ფიგეროლამ მხრები აიჩეჩა.
– ნახვამდის.
ბლუმკვისტმა ლოყაზე აკოცა და ფრიდჰემსპლანზე ავტობუსის გაჩერებისკენ
წავიდა.
– მიქაელ, – დაუძახა ფიგეროლამ.
– რა?
– ხვალაც თავისუფალი ვარ. თუ გეცლება, შემომიარე და ერთად ვისაუზმოთ.

თავი XXI
შაბათი, 4/VI – ორშაბათი, 6/VI
როცა ახალი ამბების განყოფილების რედაქტორის იმეილებს კითხულობდა,
სალანდერი უსიამოვნო წინათგრძნობამ შეიპყრო. ანდერს ჰოლმი
ორმოცდათვრამეტი წლის იყო და ეჭვმიტანილთა სიაში, წესით, არ უნდა
მოხვედრილიყო, მაგრამ ვინაიდან ის და ბერგერი სამკვდრო-სასიცოცხლოდ
გადაჰკიდებოდნენ ერთმანეთს, სალანდერმა მაინც ჩართო. ჰოლმი ინტრიგანი იყო,
ერთ კოლეგას მეორეზე სწერდა, დავალება ცუდად შეასრულაო.
სალანდერისთვის თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ჰოლმს ბერგერი სძულდა და
ბევრისთვის მიეწერა, იმ ძუკნამ ესა და ეს თქვა და ესა და ეს გააკეთაო. ქსელში
მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებულ ვებ-გვერდებზე შედიოდა. სხვა რამე
ინტერესი თუ ჰქონდა, ალბათ Google-ს ან სხვა კომპიუტერს იყენებდა.
სალანდერმა ჰოლმი „შხამიანი კალმის“ კანდიდატად მაინც შერაცხა, მაგრამ
უმთავრესი კანდიდატი სხვა იყო. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ დაასკვნა, ჰოლმი
ისეთი ქედმაღალია, საეჭვოა, ანონიმური წერილების წერით თავი შეიწუხოს,
ბერგერისთვის „კახპის“ წოდებას არც ღიად მოერიდებოდაო. იმ კაცს ნაღდად არ
ჰგავდა, ბერგერის სახლში შუაღამისას შეპარულიყო.
22:00 საათზე სალანდერმა ცოტა ხნით შეისვენა და [Stolliga–Bordet]-ზე შევიდა.
ბლუმკვისტს ჯერაც არ ეპასუხა. ამან გააღიზიანა, ნეტა ეგ ნაბიჭვარი კალე
ბლუმკვისტი რას გეგმავს ან ტელებორიანის შეხვედრაზე მისვლა თუ მოასწროო.
შემდეგ ისევ Svenska Morgon-Posten-ის სერვერზე დაბრუნდა და მომდევნო
ეჭვმიტანილზე გადავიდა – სპორტული განყოფილების რედაქტორის თანაშემწეზე,
29 წლის კლას ლუნდინზე. ის იყო, მისი პირველი იმეილი გახსნა, რომ უცებ რაღაც
გაახსენდა, გაჩერდა, ტუჩზე იკბინა, კლას ლუნდინის საფოსტო ყუთი დახურა და
ბერგერის საფოსტო ყუთი გახსნა. ვინაიდან მისი ელფოსტა მხოლოდ 2 მაისს
შეიქმნა, საფოსტო ყუთში სხვებთან შედარებით ცოტა იმეილი ინახებოდა. პირველი
შეტყობინება პეტერ ფრედრიკსონისგან გამოგზავნილი წერილობითი ცნობა იყო.
დღის განმავლობაში ბერგერისთვის კიდევ რამდენიმე კოლეგას მიელოცა Svenska
Morgon-Posten-ში მუშაობის დაწყება.
სალანდერმა ყურადღებით წაიკითხა ბერგერის საფოსტო ყუთში შენახული ყველა
წერილი. ჰოლმთან მის მიმოწერაში მტრული დამოკიდებულება დღითიდღე
იზრდებოდა. ვერც ერთ საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ და სალანდერმა შეამჩნია,
რომ ჰოლმი ბერგერს გულის გასაწყალებლად უბრალო წვრილმანებზეც კი დღეში
ორ-სამ იმეილს უგზავნიდა.
სალანდერი სარეკლამო იმეილებს, სპამს და წერილობით ცნობებს არ კითხულობდა,
მხოლოდ პირადი ხასიათის მიმოწერაზე მოახდინა კონცენტრირება. წაიკითხა
წერილები საბიუჯეტო გამოთვლებისა და სარეკლამო და მარკეტინგული
პროექტების შესახებ; გაეცნო ბერგერის ერთკვირიან მიმოწერას ფინანსურ
დირექტორ სელბერგთან (ისინი შტატების შემცირების გამო კამათობდნენ). ბერგერს
იურიდიული დეპარტამენტის უფროსისგან იმეილი მიეღო, რომელშიც ეს
უკანასკნელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, დროებითი თანამშრომლისთვის,
იოჰანეს ფრისკისთვის რაღაც საიდუმლო დავალება მიგიციათ და ჩვენ არაფერს
გვიმხელსო. ჩანდა, გაზეთის ხელმძღვანელებს შორის ბერგერის არგუმენტები და
შეთავაზებები გულზე არავის ეხატებოდა.
სალანდერი საფოსტო ყუთში პირველ იმეილს დაუბრუნდა და დაფიქრდა. Svenska
Morgon-Posten-ის ხელმძღვანელებიდან მხოლოდ ოთხი არ დაპირისპირებოდა ერიკა
ბერგერს: გენერალური დირექტორი მაგნუს ბორგშე, მთავარი რედაქტორის
თანაშემწე ფრედრიკსონი, პირველი გვერდის რედაქტორის თანაშემწე მაგნუსონი
და კულტურის განყოფილების რედაქტორი სტრანდლუნდი.
„Svenska Morgon-Posten-ში ქალებზე არაფერი სმენიათ? ყველა განყოფილების
რედაქტორი მამაკაცია“.
ამ ოთხთაგან ბერგერს ყველაზე ნაკლები შეხება სტრანდლუნდთან ჰქონდა.
კულტურის განყოფილების რედაქტორისთვის მხოლოდ ორი იმეილი გაეგზავნა.
ყველაზე მეგობრული და სასიამოვნო იმეილები პირველი გვერდის რედაქტორის
თანაშემწე გუნარ მაგნუსონისგან მოსდიოდა. ბორგშე მოკლე და საქმიან წერილებს
სწერდა.
„რისთვის დაიქირავა ბიჭების ამ ჯგუფმა ბერგერი, თუ ყველა მათგანი მის
ნაკუწებად ქცევას ცდილობს?“
ყველაზე ახლო ურთიერთობა ბერგერს ფრედრიკსონთან ჰქონდა. ის მისი მარჯვენა
ხელი იყო, ყოველ შეხვედრას თუ თათბირს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა.
წერილობით ცნობებს ადგენდა, ბერგერს სტატიების ან პრობლემების შესახებ
ატყობინებდა და, ფაქტობრივად, დაკისრებული დავალებების სათანადოდ
შესრულებას თვალყურს ადევნებდა.
ბერგერს დღეში ათ იმეილს მაინც უგზავნიდა.
სალანდერმა ფრედრიკსონის მიერ ბერგერისთვის გაგზავნილი ყველა იმეილი
გადაახარისხა და წაიკითხა. რამდენიმე მათგანში ფრედრიკსონს ბერგერის
მიღებული გადაწყვეტილება გაეპროტესტებინა და არგუმენტირებული
კონტრწინადადებაც წამოეყენებინა. ბერგერი აშკარად ენდობოდა მას, რადგან
საკუთარი გადაწყვეტილება შეეცვალა და ფრედრიკსონის არგუმენტი მიეღო.
ფრედრიკსონი მტრულ დამოკიდებულებას არ იჩენდა, თუმცა, მის იმეილებში
არანაირად არ იგრძნობოდა, რომ ბერგერთან რაიმე სახის პირადი ურთიერთობა
აკავშირებდა.
სალანდერმა ბერგერის საფოსტო ყუთი დახურა და ფრედრიკსონისა გახსნა.
Plague მთელი საღამო უშედეგოდ ცდილობდა Svenska Morgon-Posten-ის
თანამშრომლების სახლის კომპიუტერებში რაიმე საინტერესოს პოვნას. ჰოლმის
სახლის კომპიუტერი სამსახურის კომპიუტერთან იყო დაკავშირებული და დღე-
ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლო სამსახურის საქმეებზე ემუშავა. Plague-მაც
ადვილად შეაღწია მის სახლის კომპიუტერში, მაგრამ ჰოლმის მყარი დისკი ყველაზე
მოსაწყენად მოეჩვენა. არც იმ ჩვიდმეტი ადამიანის კომპიუტერების შემთხვევაში
გაუღიმა ბედმა, სალანდერის ეჭვმიტანილთა სიაში რომ შედიოდნენ. შაბათი
საღამოს ალბათ არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა ქსელში. შეუსრულებელი
მიისისთვის თავის მინებებას აპირებდა, რომ თერთმეტის ნახევარზე ჩეთში
სალანდერმა მოსწერა.
<სალამი.>
<რა ხდება?>
<პეტერ ფრედრიკსონი.>
<OK.>
<სხვები დაივიწყე. ფრედრიკსონი შეამოწმე.>
<რატომ?>
<ინტუიცია მკარნახობს.>
<ამას გარკვეული დრო დასჭირდება.>
<მოკლე გზაც არსებობს. ფრედრიკსონი მთავარი რედაქტორის თანაშემწეა და
პროგრამა Integrator-ის მეშვეობით შინიდან უკავშირდება სამსახურის კომპიუტერს.>
<Integrator-ზე არაფერი ვიცი.>
<პატარა ხარვეზიანი პროგრამაა, რომელიც ორი წლის წინ გამოუშვეს. უკვე
მოძველებულია. „ჰაკერების რესპუბლიკის“ არქივში იპოვი. თეორიულად
პროგრამის მეშვეობით სამსახურის კომპიუტერიდან სახლის კომპიუტერთან
დაკავშირებაც შეგიძლია.>
Plague-მა ამოიოხრა. ეს გოგო ერთ დროს მისი მოსწავლე იყო, ახლა კი უკვე გაუსწრო.
<ვცდი.>
<თუ რამეს იპოვი და მე ქსელში არ ვიქნები, კალე ბლუმკვისტს გაუგზავნე.>
ბლუმკვისტი მოსებაკეზე სალანდერის ბინაში 23:00 საათზე მივიდა. დაღლილმა
შხაპი მიიღო და ყავა მოიდუღა. მერე სალანდერის კომპიუტერი ჩართო და ჩეYთში
შევიდა.
<როგორც იქნა, გამოჩნდი.>
<მაპატიე.>
<სად იყავი დაკარგული?>
<საიდუმლო აგენტთან სექსი მქონდა. თან იუნასს დავდევდი.>
<შეხვედრას მიუსწარი?>
<კი. ერიკას შენ აცნობე?>
<სხვანაირად ვერ დაგიკავშირდი.>
<ყოჩაღ.>
<ხვალ ციხეში გადავყავარ.>
<ვიცი.>
<ქსელში Plague იმუშავებს.>
<კარგი.>
<ახლა მხოლოდ ფინალი რჩება.>
<რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვიზამთ.>
<ვიცი. ადვილად პროგნოზირებადი ხარ.>
<შენ კი, როგორც ყოველთვის, ძალიან მომხიბვლელი ხარ.>
<კიდევ რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის სათქმელი?>
<არა.>
<მაშინ ქსელში საქმე მაქვს დასამთავრებელი.>
<წარმატებები.>
ლინდერი კვირას უეცრად აწიკწიკებულმა ყურსასმენმა გააღვიძა – ვიღაცამ
პირველი სართულის ჰოლში დაყენებულ მოძრაობის დეტექტორს დააბიჯა. საათს
შეხედა. დილის 5:23 საათი იყო. ჩუმად ადგა საწოლიდან, ჯინსის შარვალი, მაისური
და სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვა. უკანა ჯიბეში ცრემლსადენი გაზის ბალონი
ჩაიდო და ხელკეტი მოიმარჯვა.
ბერგერის საძინებელს უხმაუროდ ჩაუარა, რადგან კარი ჩაკეტილი იყო.
კიბის თავში შედგა და მიაყურადა. პირველი სართულიდან ჩუმი ნაბიჯის ხმა
ისმოდა. ნელა ჩავიდა კიბეზე და ჰოლში გაჩერდა.
სამზარეულოში სკამმა დაიჭრიალა. ლინდერმა ხელკეტი ასწია და სამზარეულოს
კართან მიიპარა. მელოტი, წვერგაუპარსავი მამაკაცი მაგიდას მისჯდომოდა,
ფორთოხლის წვენს სვამდა და Svenska Morgon-Posten-ს კითხულობდა. კაცმა
ლინდერის მიახლოება იგრძნო და თავი ასწია.
– ვინ ბრძანდებით?
ლინდერმა ამოისუნთქა და კარის ჩარჩოს მიეყუდა.
– მგონი, გრეგერ ბეკმანი ხართ. გამარჯობა. მე სუსან ლინდერი ვარ.
– გასაგებია. თავი უნდა გამიტეხოთ თუ ფორთოხლის წვენს დალევთ?
– დიახ, სიამოვნებით, – ხელკეტი დაუშვა ლინდერმა, – ანუ, წვენს დავლევ.
ბეკმანმა მეორე ჭიქა აიღო და ლინდერსაც დაუსხა ფორთოხლის წვენი.
– Milton Security-ისთვის ვმუშაობ, – თქვა ლინდერმა, – აჯობებს, თქვენმა ცოლმა
აგიხსნათ, აქ რას ვაკეთებ.
– ერიკას რამე დაემართა? – წამოხტა ბეკმანი.
– თქვენი ცოლი ახლა მშვენივრადაა, მაგრამ რაღაც უსიამოვნება შეემთხვა.
თქვენთან პარიზში დაკავშირება ვცადეთ.
– პარიზში? რატომ პარიზში? ღმერთო, მე ხომ ჰელსინკიში ვიყავი. პარიზში შემდეგ
თვეში მივემგზავრები, – ბეკმანი სამზარეულოდან ჩDქარი ნაბიჯით გავიდა.
– საძინებლის კარი ჩაკეტილია, გასაღებად კოდი დაგჭირდებათ, – მიაძახა
ლინდერმა.
– ბატონო? რა კოდი?
ლინდერმა სამციფრიანი კოდი უკარნახა. ბეკმანმა მეორე სართულზე აირბინა.
კვირას დილის 10:00 საათზე სალანდერის პალატაში ექიმი იუნასონი შევიდა.
– გამარჯობა, ლიზბეთ.
– გამარჯობა.
– გასაფრთხილებლად შემოვედი: შუადღისას პოლიცია მოვა.
– კარგი.
– მღელვარება არ გეტყობა.
– არ ვღელავ.
– შენთვის საჩუქარი მაქვს.
– საჩუქარი? რისთვის?
– დიდი ხანია, შენსავით საინტერესო პაციენტი არ მყოლია.
– კაი ერთი, – სკეპტიკურად ჩაილაპარაკა სალანდერმა.
– გავიგე, დნმ-ი და გენური ინჟინერია გაინტერესებს.
– ენა ვინ მოგიტანა? ალბათ იმ ფსიქოლოგმა ქალბატონმა.
ექიმმა იუნასონმა თავი დაუქნია.
– თუ ციხეში მოგწყინდება... ეს წიგნის დნმ-ის უახლეს კვლევებზეა.
მან სალანდერს ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორის, იოშიტო ტაკამურას წიგნი
„სპირალები – დნმ-ის საიდუმლოებანი“ გაუწოდა. სალანდერმა წიგნი გადაშალა და
სარჩევს თვალი გადაავლო.
– მაგარია, – თქვა მან.
– იმედია, ოდესმე შევიტყობ, რანაირად კითხულობ ისეთ აკადემიურ ტექსტებს,
რომელთა გაგება მეც კი მიჭირს.
ექიმი იუნასონი პალატიდან გავიდა თუ არა, სალანდერმა პალმტოპი ამოიღო. ბოლო
შანსიღა დარჩა. Svenska Morgon-Posten-ის კადრების განყოფილების არქივიდან
შეიტყო, რომ ფრედრიკსონი უკვე მეექვსე წელი იყო, რაც გაზეთში მუშაობდა. ამ
დროის განმავლობაში ის ორჯერ იმყოფებოდა შვებულებაში ავადმყოფობის გამო:
2003 წელს – ორი თვით და 2004 წელს – სამი თვით. ორივე შემთხვევაში მიზეზი
გადაღლილობა იყო. ბერგერის წინამორბედ მორანდერს ერთხელ საპასუხისმგებლო
თანამდებობიდან მის გადაყენებაზეც უფიქრია.
„ბლა-ბლა-ბლა. ხელჩასაჭიდი არაფერია“.
11:45 საათზე ჩეთში Plague-მა იხმო.
<რა?>
<ჯერაც სოლგრენსკაში ხარ?>
<შენ როგორ გგონია?>
<ის არის.>
<დარწმუნებული ხარ?>
<ნახევარი საათის წინ შინიდან სამსახურის კომპიუტერში შევიდა. დრო ვიხელთე
და მის სახლის კომპიუტერში შევაღწიე. მყარ დისკზე ბერგერის დასკანერებულ
ფოტოებს ინახავს.>
<გმადლობ.>
<ეგ ბერგერი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.>
<კარგი რა, Plague.>
<ჰო, ვიცი, ვიცი. ახლა რა ვქნა?>
<ფოტოები ქსელში ხომ არ გამოუქვეყნებია?>
<როგორც ვხედავ, ჯერ არა.>
<მისი კომპიუტრის „დანაღმვა“ შეგიძლია?>
<უკვე „დავნაღმე“. თუ 20 კილობაიტზე მეტი მოცულობის იმეილის გაგზავნას ან
ფაილის ატვირთვას შეეცდება, მყარი დისკი გადაეწვება.>
<მაგარია.>
<ახლა უნდა დავიძინო. აბა, შენ იცი.>
<როგორც ყოველთვის.>
სალანდერი ჩეთიდან გამოვიდა. საათს შეხედა. შუადღემდე ცოტაღა რჩებოდა.
შეტყობინება [Stolliga–Bordet]-ზე დაამისამართა:
მიქაელ, ეს მნიშვნელოვანია. სასწრაფოდ ბერგერს დაურეკე და უთხარი, რომ
„შხამიანი კალამი“ ფრედრიკსონია.
შეტყობინების გაგზავნისთანავე დერეფნიდან ნაბიჯის ხმა მოესმა. პალმტოპის
ეკრანი გაწმინდა, გამორთო და ტუმბოს უკან ნიშაში შემალა.
– გამარჯობა, ლიზბეთ, – პალატაში ადვოკატი ჯიანინი შემოვიდა.
– გამარჯობა.
– შენს წასაყვანად მალე პოლიცია მოვა. ტანსაცმელი მოგიტანე. იმედია, მოგერგება.
სალანდერმა უნდობლად შეხედა შავ ნაჭრის შარვალს და ცისფერ კოფთას.
მის წასაყვანად ორი გეტებორგელი ფორმიანი პოლიციელი ქალი მოვიდა.
საგამოძიებო იზოლატორმადე თავის კლიენტს ადვოკატი ჯიანინიც მიაცილებდა.
დერეფანში მიმავალმა სალანდერმა შეამჩნია, რომ მედპერსონალი ცნობისმოყვარედ
აკვირდებოდა. მათ მეგობრულად დაუქნია თავი. რამდენიმემ თავის ქნევითვე
უპასუხა. მიმღების მაგიდასთან, ვითომ შემთხვევით, ექიმი იუნასონი იდგა.
ერთმანეთს თვალი გაუსწორეს და თავი დაუქნიეს. როგორც კი გვერდით ჩაუარა,
სალანდერმა ცალი თვალით დაინახა, რომ იუნასონი მაშინვე მისი პალატისკენ
წავიდა.
იზოლატორამდე სალანდერს პოლიციელი ქალებისთვის ერთი სიტყვა არ უთქვამს.
ბლუმკვისტმა თავისი „აიბუქი“ კვირას, დილის 7:00 საათზე გამორთო. ცოტა ხანს
სალანდერის საწერ მაგიდასთან გაუნძრევლად იჯდა და სივრცეს მიშტერებოდა,
მერე საძინებელში შევიდა და სალანდერის უზარმაზარ საწოლს შეხედა. ცოტა ხნის
შემდეგ ისევ კაბინეტში დაბრუნდა და ფიგეროლას დაურეკა.
– გამარჯობა. მიქაელი ვარ.
– გაგიმარჯოს. უკვე ადექი?
– მუშაობას ახლახან მოვრჩი და დაძინებას ვაპირებდი. უბრალოდ, მოგიკითხე.
– მამაკაცების მხოლოდ მოსაკითხად არასდროს რეკავენ.
ბლუმკვისტს გაეცინა.
– მიქაელ, თუ გინდა, ჩემთან დაიძინე.
– არც ისე კარგი კომპანიონი ვარ.
– როგორმე გაგიძლებ.
ბლუმკვისტი პონტონიერგატანზე ტაქსით წავიდა.
ბერგერმა კვირა დილა ქმართან ერთად გაატარა საწოლში. ხან საუბრობდნენ, ხან –
ჩასთვლემდათ. შუადღისას ადგნენ და ნავსადგურში გაისეირნეს.
– შევცდი, Svenska Morgon-Posten-ში არ უნდა გადავსულიყავი, – თქვა ბერგერმა, როცა
შინ დაბრუნდნენ.
– მაგას ნუ ამბობ. თავიდანვე იცოდი, რომ იოლი არ იქნებოდა. ცოტა ხანში მიეჩვევი
და სიტუაციაც გამოსწორდება.
– მე სამუშაო კი არა, იქაური ატმოსფერო მაშინებს.
– გასაგებია.
– იქაურობა არ მომწონს, მაგრამ ასე უცებ, სულ რამდენიმე კვირაში, სამსახურიდან
ვერ წამოვალ.
ბერგერი სამზარეულოში სკამზე დაჯდა და უაზროდ მიაშტერდა სივრცეს. ბეკმანი
პირველად ხედავდა ასე დათრგუნვილ ცოლს.
ინსპექტორი ჰანს ფასტე ლიზბეთ სალანდერს პირველად კვირადღეს, პირველის
ნახევარზე შეხვდა, როცა ის პოლიციელმა ქალმა გეტებორგის პოლიციის
სამმართველოში, ინსპექტორ ერლანდერის კაბინეტში შეიყვანა.
– შენი დაჭერა გაგვიჭირდა, – უთხრა მას ფასტემ.
სალანდერმა გულდასმით შეათვალიერა ის და დარწმუნდა, ნაღდი იდიოტია და
მისი არსებობით თავის შეწუხება არც ერთი წამით აღარ ღირსო.
– სტოკჰოლმში ინსპექტორი გუნილა ვერინგი გამოგყვებათ, – თქვა ერლანდერმა.
– კარგი, – თქვა ფასტემ, – მაშინ ახლავე წავიდეთ. შენთან სერიოზულად გასაუბრება
ბევრ ვინმეს უნდა, სალანდერ.
ერლანდერი სალანდერს დაემშვიდობა. გოგონას არაფერი უთქვამს.
საქმის გამარტივებისთვის პატიმრის სტოკჰოლმში მანქანით გადაყვანა
გადაწყვიტეს. საჭესთან ვერინგი დაჯდა. გვერდით ჰანს ფასტე ეჯდა და თავი
მიებრუნებინა, სალანდერს გამოველაპარაკებიო, მაგრამ ალინგსოს რომ მიადგნენ,
კისერი ასტკივდა და ამაო მცდელობას შეეშვა.
სალანდერი ფანჯრიდან იყურებოდა. მისთვის ჰანს ფასტე არ არსებობდა.
„ტელებორიანი მართალი ყოფილა. ეს გოგო მართლა გონებაშეზღუდულია, –
გაიფიქრა ფასტემ, – არა უშავს, სტოკჰოლმში რომ ჩავალთ, გამოვასწორებთ“.
დროდადრო სალანდერს შეხედავდა და ცდილობდა, გარკვეული წარმოდგენა
შეექმნა ქალზე, რომელსაც ამდენი ხანს დაეძებდა. ამ გალეული გოგოს დანახვაზე
თვით ფასტეც კი დაეჭვდა. ნეტა რამდენს იწონის ეს ქალიო, გაიფიქრა და გონებაში
მაშინვე შეასწორა, ის ხომ ლესბოსელია და ნამდვილი ქალი არც არისო.
აი, სატანიზმის ბრალდება კი გადაჭარბებად მოეჩვენა. სალანდერი ნაღდად არ
ჰგავდა სატანისტს.
დიდი სიამოვნებით დააპატიმრებდა მას სამმაგი მკვლელობისთვის, ეს გალეული
გოგოც კი შეძლებდა პისტოლეტის ხელში დაჭერას და გასროლასო, მაგრამ
სალანდერს ეს ბრალდებები მოეხსნა და ახლა მხოლოდ „სვაველშეს
მოტოციკლეტისტთა კლუბის“ ლიდერზე თავდასხმისთვის ასამართლებდნენ. ამ
საქმეში მის წინააღმდეგ სამხილებიც არსებობდა. თუმცა, სალანდერი,
რასაკვირველია, ყველაფრის უარყოფას აპირებდა.
ფიგეროლამ ბლუმკვისტი 13:00 საათზე გააღვიძა. მან მთელი დილა აივანზე გაატარა
და ანტიკური სამყაროს რელიგიებზე წიგნის კითხვა საძინებლიდან მომავალი
ბლუმკვისტის მშვიდი ფშვინვის თანხლებით დაამთავრა. საძინებელში რომ შევიდა
და ბლუმკვისტს დახედა, მიხვდა, რომ ასე ძლიერი მიზიდულობა არც ერთი
მამაკაცის მიმართ არ უგრძნია.
ერთდროულად სასიამოვნო და შემაწუხებელი გრძნობა იყო. ბლუმკვისტი მის
ცხოვრებაში შემოიჭრა, მაგრამ ცხოვრების შემადგენელ ნაწილად ქცევას არ
აპირებდა.
მათ ნორ-მელარსტრანდზე, კაფეში დალიეს ყავა. მერე ისევ ფიგეროლას ბინაში
დაბრუნდნენ და დაწვნენ. ბლუმკვისტი შინ 19:00 საათზე წავიდა.
გამომშვიდობებისას, როცა ლოყაზე კოცნიდა, ქალს ისეთი გრძნობა დაეუფლა,
თითქოს მას სამუდამოდ შორდებოდა.
კვირას, 20:00 საათზე ბერგერის სახლის კარზე ლინდერმა დააკაკუნა. ბეკმანი
დაბრუნდა და ლინდერი მასთან დარჩენას აღარ აპირებდა. თუმცა, ეს ვიზიტი
საქმესთან დაკავშირებული არ იყო. ბერგერთან გატარებული რამდენიმე ღამის
განმავლობაში სამზარეულოში ხანგრძლივ საუბრებს მიეჩვია და მას ძალიან შეეწყო.
შეატყო, რომ ბერგერი სასოწარკვეთილებას მალავდა. სამსახურში ყოველთვის
მშვიდი სახით მიდიოდა, მაგრამ სინამდვილეში ნერვული აშლილობის ზღვარზე
იყო.
ლინდერის აზრით, ბერგერის მღელვარების მიზეზი მხოლოდ „შხამიანი კალამი“ არ
უნდა ყოფილიყო. თუმცა, მის საქმეებსა და პრობლემებში ჩარევას არ აპირებდა.
ახლა მხოლოდ მის მოსანახულებლად და მასთან მეგობრულად სასაუბროდ მოვიდა.
ცოლ-ქმარი სამზარეულოში მოწყენილი იჯდა.
ბეკმანმა ყავა მოადუღა. ლინდერის მისვლიდან რამდენიმე წუთში ბერგერის
მობილური ტელეფონი აწკრიალდა.
ბერგერის ყოველ ზარს შიშით პასუხობდა.
– ბერგერი გისმენთ.
– გამარჯობა, რიკი.
„ჯანდაბა, ბლუმკვისტი. მისთვის არ მითქვამს, რომ ბორგშეს საქაღალდე გაქრა“.
– სალამი, მიკე.
– ამ საღამოს სალანდერი გეტებორგის იზოლატორში გაატარებს და ხვალ დილით
სტოკჰოლმში გადაიყვანენ.
– გასაგებია.
– მან შენთვის... შეტყობინება დატოვა.
– მართლა?
– ცოტათი გაუგებარი.
– რა გითხრა?
– „შხამიანი კალამი“ ფრედრიკსონიაო.
ბერგერს რამდენიმე წამით ენა ჩაუვარდა.
„შეუძლებელია. პეტერი ასეთი არ არის. სალანდერი ალბათ შეცდა“.
– სულ ეს იყო?
– დიახ. მიხვდი რამეს?
– კი.
– რიკი, შენ და ის გოგო რას გეგმავთ? ჩემთვის ტელებორიანის შეხვედრის შესახებ
საცნობებლად შენ დაგირეკა და...
– გმადლობ, მიკე. მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი.
ბერგერმა ტელეფონი გამორთო და ლინდერს გაოგნებულმა შეხედა.
– მითხარი, რა შეიტყვე, – სთხოვა ლინდერმა.
ლინდერში ურთიერთსაწინააღმეგო ემოციები ებრძოდა ერთმანეთს. ბერგერს
აცნობეს, რომ ანონიმურ იმეილებს მისი თანაშეწმე პეტერ ფრედრიკსონი
უგზავნიდა. ლინდერმა ჰკითხა, როგორ გაიგე, რომ მანიაკი ფრედრიკსონიაო, მაგრამ
ბერგერმა პირში წყალი ჩაიგუბა.
– ვერ გეტყვი.
– რას ნიშნავს, ვერ მეტყვი?
– სუსან, მთავარი ის არის, რომ ყველაფრის უკან თურმე ფრედრიკსონი დგას.
სამწუხაროდ, ინფორმატორის ვინაობას ვერ გაგიმხელ.
– თუ გინდა, რომ დაგეხმარო, უნდა გამიმხილო.
– არა... ვერ გაგიმხელ. არ შემიძლია, – ბერგერმა ლინდერს ზურგი აქცია. კარგა ხანს
ფანჯარასთან იდგა მდუმარედ, შემდეგ მოტრიალდა და თქვა: – მასთან სახლში
უნდა მივიდე.
– არავითარ შემთხვევაში არ წახვალ იმ ადამიანის სახლში, ვისაც სძულხარ.
ბერგერი აშკარად დაბნეული იყო; ვეღარ გაეგო, როგორ მოქცეულიყო.
– დაჯექი და მომიყევი, რაც ხდება. ბლუმკვისტმა დაგირეკა, არა?
ბერგერმა თავი დაუქნია.
– მე... დღეს ერთ ჰაკერს ვთხოვე, ჩემი თანამშრომლების კომპიუტერები
შეემოწმებინა.
– გასაგებია. ესე იგი, დღეს სერიოზული დანაშაული ჩაიდინე. ჰაკერის ვინაობას არ
გამიმხელ?
– პირობა მივეცი, რომ ამას არავის გავუმხელდი. ეს სხვებსაც ეხებათ. მიქაელი ერთ
მასალაზე მუშაობს...
– ბლუმკვისტმა თუ იცის ანონიმურ წერილებისა და შენს სახლში უცხო პირის
შემოჭრის შესახებ?
– არა. მან მხოლოდ შეტყობინება გადმომცა.
ლინდერმა თავი გვერდზე გადააგდო და უცებ მის გონებაში ლოგიკური ჯაჭვი აეწყო.
„ერიკა ბერგერი. მიქაელ ბლუმკვისტი. „მილენიუმი“. იდუმალი პოლიციელი,
რომელიც ბლუმკვისტის ბინაში შეიპარა და იქ მოსასმენი მოწყობილობები დააყენა.
ლინდერი ბლუმკვისტის მოთვალთვალეებს უთვალთვალებდა. ბლუმკვისტი
თავაუღებლად მუშაობს ლიზბეთ სალანდერის ბიოგრაფიულ სტატიაზე“.
სალანდერი რომ კომპიუტერის ჯადოქარი იყო, Milton Security-ში ყველამ იცოდა.
სამაგიეროდ არავინ იცოდა, როდის და როგორ შეიძინა მან ეს უნარ-ჩვევები.
ლინდერს ჯერ არასდროს სმენოდა, სალანდერზე ვინმეს ეთქვას, ჰაკერიაო. ისე,
ერთხელ არმანსკი ამბობდა, სალანდერმა პირადი ინფორმაციის მოძიებისას
წარმოუდგენელი მასალები მოიპოვაო. ჰაკერი...
„მაგრამ სალანდერი ხომ გეტებორგშია და დაპატიმრებულია? რა სისულელეა“.
– სალანდერზე ვსაუბრობთ? – ჰკითხა უცებ ბერგერს.
ერიკა ბერგერი მეხდაცემულივით გაშეშდა.
– ინფორმატორის ვინაობას ვერ გავამხელ. მორჩა, მეტს აღარაფერს ვიტყვი.
ლინდერს გაეცინა: „ინფორმატორი სალანდერია. ამაზე უფრო ცხადად ვეღარ
დამიდასტურებდა. სრულიად დაკარგა წონასწორობა. თუმცა, მაინც
წარმოუდგენელია. პატიმრობაში მყოფმა სალანდერმა „შხამიანი კალმის“ ვინაობის
დადგენა გაბედა. რა სიგიჟეა“, – ლინდერის გონება სრული დატვირთვით მუშაობდა.
„სალანდერის საქმისა“ ლინდერს არაფერი გაეგებოდა. Milton Security-ში ერთობლივი
მუშაობის პერიოდში მას სულ ხუთჯერ თუ შეხვედროდა, მაგრამ ერთხელაც არ
გამოლაპარაკებოდა. სალანდერს პირქუშ და ასოციალურ პიროვნებად მიიჩნევდა,
ჯიუტი და ხისთავიანიაო. მას მერე, რაც შეიტყო, რომ სალანდერს თავად არმანსკი
მფარველობდა, დაასკვნა, ალბათ რაღაც მიზეზი უნდა არსებობდეს, ამ პირქუშ
გოგოს ამდენს რომ უთმენსო. ლინდერი არმანსკის დიდ პატივს სცემდა.
„ფრედრიკსონი „შხამიანი კალამია“. იქნებ სალანდერი შეცდა? სამხილი თუ
გააჩნია?“
ლინდერმა საფუძვლიანად გამოჰკითხა ბერგერს, ფრედრიკსონი რა თანამდებობაზე
მუშაობს, შენთან როგორი ურთიერთობა აქვსო და ა. შ. თუმცა, ბერგერის პასუხები
ვერაფერში დაეხმარა.
ბერგერს ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ერთი მხრივ, ფრედრიკსონთან
მისვლა და მასთან დაპირისპირება სურდა; მეორე მხრივ, ვერაფრით იჯერებდა, რომ
სწორედ ის იყო „შხამიანი კალამი“. ბოლოს და ბოლოს, ლინდერმა დაარწმუნა,
მასთან მივარდნა და დადანაშაულება არას გარგებს, ფრედრიკსონი რომ
უდანაშაულო აღმოჩნდეს, სამარცხვინო ვითარებაში აღმოჩნდებიო.
ლინდერი დაჰპირდა, ამ საქმეს მე მივხედავო, და მაშინვე ინანა, რადგან
წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ემოქმედა.
თავისი „ფიატ სტრადა“ ფისკსეტრაზე ფრედრიკსონის საცხოვრებელ კორპუსთან,
რაც შეიძლებოდა, ახლოს დააყენა, მანქანა ჩაკეტა და მიმოიხედა. მხოლოდ ერთი
გეგმა ჰქონდა, კარზე მივუკაკუნებ და როგორმე ვაიძულებ, შეკითხვებზე
მიპასუხოსო. ცხადად აცნობიერებდა, ეს რომ დრაგან არმანსკის შეეტყო,
უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის გაუწყრებოდა.
თუმცა, გეგმის განხორციელება არც დასცალდა. სადარბაზოს რომ უახლოვდებოდა,
სადარბაზო კარი გაიღო და ფრედრიკსონი გამოვიდა. ლინდერმა მაშინვე იცნო
Svenska Morgon-Posten-ის თანამშრომლების შესწავლისას ბერგერის კომპიუტერში
ნანახი ფოტოდან. ლინდერი არ გაჩერებულა და ერთმანეთს ჩაუარეს. ფრედრიკსონი
ავტოფარეხისკენ წავიდა. შუაღამე ახლოვდებოდა, ფრედრიკსონი კი სადღაც
მიიჩქაროდა. ლინდერი შეტრიალდა და თავის მანქანისკენ გაიქცა.
ბლუმკვისტი კარგა ხანს დასჩერებოდა მობილურს, მას შემდეგ რაც ბერგერმა
დაუკიდა. მერე გაბრაზებულმა შეხედა სალანდერის კომპიუტერს. გოგონა ალბათ
უკვე გეტებორგის იზოლატორში იჯდა და მას ვერაფერს ჰკითხავდა.
Ericsson T10 გახსნა და ანგერედში იდრის ღიდის დაურეკა.
– გამარჯობა, მიქაელ ბლუმკვისტი ვარ.
– გამარჯობა, – მიესალმა ღიდი.
– შეგიძლიათ ჩემი დავალების შესრულება შეწყვიტოთ.
მას შემდეგ, რაც სალანდერი საავადმყოფოდან წაიყვანეს, ღიდი ისედაც ელოდა
ბლუმკვისტის ზარს.
– გასაგებია, – თქვა მან.
– როგორც შევთანხმდით, შეგიძლიათ, ტელეფონი დაიტოვოთ. დარჩენილ ფულს კი
ამ კვირაში გამოგიგზავნით.
– გმადლობთ.
– პირიქით, გმადლობთ, რომ დამეხმარეთ.
ბლუმკვისტმა „აიბუქი“ გახსნა. ბოლო ოცდაოთხ საათში მომხდარმა ცხადჰყო, რომ
ხელნაწერის დიდი ნაწილი გადასაკეთებელი იყო – შიგ სრულიად ახალი მასალები
იქნებოდა ჩასამატებელი.
ბლუმკვისტმა ამოიოხრა და საქმეს შეუდგა.
ღამის თორმეტის თხუთმეტ წუთზე ფრედრიკსონმა ბერგერის სახლიდან სამი
კვარტალის მოშორებით გააჩერა მანქანა. ლინდერმა უკვე იცოდა, ფრედრიკსონი
სადაც მიდიოდა, ამიტომ ფრედრიკსონის გაჩერებული მანქანა უკან მოიტოვა და
ორი წუთის შემდეგ ბერგერის სახლიდან ოდნავ მოშორებით გააჩერა თავისი ფიატი,
რათა ფრედრიკსონს თვალში არ მოხვედროდა.
ჯიბიდან ბურნუთის კოლოფი ამოიღო და შეიყნოსა. მერე მანქანის კარი გამოაღო და
მიმოიხედა. როგორც კი ფრედრიკსონი სალტშებადენისკენ წამოვიდა, ლინდერი
მიხვდა, რომ სალანდერი არ შემცდარა. ფრედრიკსონი ამსიშორეზე მხოლოდ
გასართობად არ წამოვიდოდა, აშკარად რაღაცას გეგმავდა.
ძალიანაც კარგი, დანაშაულის ადგილზე გამოვიჭერო, იმედოვნებდა ლინდერი.
მანქანიდან გასახსნელი ხელკეტი ამოიღო და ხელში შეათამაშა. ტარზე ღილაკს
დააწვა და ხელკეტის პირიდან რკინის ზამბარა გამოხტა. ლინდერმა კბილები
გააღრჭიალა.
სწორედ ამის გამო წამოვიდა სოდერმალმის პოლიციიდან. მაშინ განრისხებულმა
იმით, რომ სამ დღეში სამჯერ გამოიძახეს ჰეგერსტენში ერთსა და იმავე მისამართზე,
თავი ვეღარ შეიკავა. ქალი პოლიციაში რეკავდა და სასოწარკვეთილი ითხოვდა
შველას, ჩემი ქმარი მცემსო. როგორც წინა ორ შემთხვევაში, სიტუაცია მესამედაც
პოლიციის მისვლამდე დარეგულირდა.
ქმარი გარეთ, კიბის ბაქანზე გაიყვანეს, ცოლი კი ბინაში დაკითხეს. არა, პოლიციაში
ჩივილს არ ვაპირებ, შეცდომა დავუშვი; ჩემი ქმარი არაფერ შუაშია, ყველაფერი ჩემი
ბრალია, მე თვითონ გამოვიწვიეო, ამტკიცებდა ქალი.
მთელი ის დრო კი მისი ნაბიჭვარი ქმარი გაღიმებული იდგა და ლინდერს პირდაპირ
თვალებში უტიფრად შესცქეროდა.
ლინდერმა თვითონაც არ იცოდა, რას აკეთებდა, მაგრამ უეცრად „გადაეკეტა“ და იმ
ნაბიჭვარს ხელკეტი სახეში სთხლიშა. პირველი დარტყმა მსუბუქი იყო, კაცი
მუხლებზე დაეცა. მომდევნო ათ წამში კი, სანამ კოლეგები აზრზე მოვიდოდნენ და
შენობიდან გაიყვანდნენ, ლინდერმა მისთვის ზურგში, თირკმლებში, თეძოებსა და
მხრებში დარტყმაც მოასწრო.
მის წინააღმდეგ საქმე არ აღუძრავთ. ქალმა იმავე ღამით დატოვა პოლიცია, შინ
წავიდა და ერთი კვირა ტიროდა. ერთი კვირის შემდეგ კი მხნეობა მოიკრიბა და
დრაგან არმანსკისთან წავიდა. აუხსნა, რაც შეემთხვა, და ჰკითხა, ჩემთვის რამე
საქმეს ხომ ვერ გამოძებნითო. თავიდან არმანსკი მის თხოვნას სკეპტიკურად
შეხვდა, მოსაფიქრებლად დრო დამჭირდებაო; ექვსი კვირის შემდეგ კი, როცა
ლინდერს იმედი თითქმის გადაეწურა, თავად დაურეკა, მზად ვარ გამოგცადოთო.
ამ უსიამო მოგონებით გაღიზიანებულმა ლინდერმა ხელკეტი ზურგს უკან, ქამარში
გაირჭო და შეამოწმა, მარჯვენა ჯიბეში ცრემლსადენი გაზის ბალონი ხომ მიდევს და
ფეხსაცმლის თასმები ხომ კარგად მაქვს შეკრულიო. მერე ბერგერის სახლთან
მივიდა და ბაღში შეიპარა.
ეზოში დეტექტორები ჯერ არ დაეყენებინათ და მესრის გასწვრივ, მოლზე
უხმაუროდ მიაბიჯებდა. ფრედრიკსონი არსად ჩანდა. ლინდერმა სახლს შემოუარა
და გაჩერდა. უცებ ბეკმანის სახელოსნოსთან, ბნელში, ფრედრიკსონის ჩრდილი
შეამჩნია.
„სულელი, როგორ ვერ ხვდება, რომ მისი აქ დაბრუნება არ შეიძლებოდა?“
ფრედრიკსონი წელში მოხრილი იყურებოდა სასტუმრო ოთახის გვერდითა ოთახის
ფანჯარაში. მერე ვერანდაზე ავიდა და ჯერ კიდევ ფანერაკრულ ფანჯარა-კედელზე
ჩამოშვებული ჟალუზის ჭრილიდან სცადა შიგნით შეეხედა.
სანამ ფრედრიკსონი მისგან ზურგით იდგა, ლინდერი სახლის კუთხესთან მიიპარა
და მოცხარის ბუჩქებს ამოეფარა. ტოტებს შორიდან უთვალთვალებდა
ფრედრიკსონს, რომელიც აშკარად რაღაც საინტერესოს ხედავდა, რადგან მხოლოდ
ათი წუთის შემდეგ მოიცვალა ფეხი ადგილიდან. ლინდერს უფრო მიუახლოვდა.
სახლის კუთხეში რომ მოუხვია და გვერდით ჩაუარა, ლინდერი წამოდგა და
ხმადაბლა უთხრა:
– გამარჯობა, ჰერ ფრედრიკსონ.
ფრედრიკსონი შეჩერდა და მყისვე მისკენ შეტრიალდა.
სიბნელეში თვალები უელვარებდა. ლინდერი მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ
გაიგონა, როგორ შეეკრა კაცს მოულოდნელობისგან სუნთქვა.
– აჯობებს, მარტივად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, – თქვა ლინდერმა, – ახლა თქვენს
მანქანასთან მივალთ და...
ფრედრიკსონმა ზურგი შეაქცია და გაქცევა დააპირა, მაგრამ ლინდერმა მთელი
ძალით დასცხო ხელკეტი მუხლში.
ფრედრიკსონმა წამოიკვნესა და დაეცა.
ლინდერმა ხელმეორედ მოიქნია ხელკეტი, მაგრამ დარტყმისგან თავი შეიკავა.
ზურგი თითქოს დრაგან არმანსკის მზერამ აუწვა.
დაიხარა, ფრედრიკსონი პირქვე დააწვინა და მუხლი ზურგზე დააბჯინა. მერე
ხელები გადაუგრიხა და ბორკილი დაადო. ფრედრიკსონი სუსტი იყო და
წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ბერგერმა სასტუმრო ოთახში ელექტროლამპა გამორთო და კოჭლობით ავიდა მეორე
სართულზე. ყავარჯნები აღარ სჭირდებოდა, მაგრამ ფეხის იატაკზე დაბიჯებისას
ქუსლი მაინც სტკიოდა. ბეკმანმა სამზარეულოში გამორთო შუქი და ცოლს გაჰყვა.
ასეთი უბედური ერიკა ჯერ არასდროს ენახა. ბევრს ეცადა, მაგრამ ცოლი ვერაფრით
დაამშვიდა.
ბერგერმა ტანსაცმელი გაიხადა, დაწვა და ქმარს ზურგი აქცია.
– ეს შენი ბრალი არ არის, გრეგერ, – უთხრა ქმარს.
– თავს ცუდად გრძნობ, – მხრებზე ხელი მოჰხვია ბეკმანმა, – რამდენიმე დღით
სახლში დარჩი.
ბერგერს მისი ხელი არ მოუშორებია. ბეკმანმა ფრთხილად აკოცა ყელზე და მაგრად
ჩაეხუტა.
– ჩემს მდგომარეობას ვერანაირი ნუგეშით ვერ გამოასწორებ. ვიცი, რომ დასვენება
მჭირდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩქაროსნულ მატარებელში ჩავჯექი,
მაგრამ რეისი შემეშალა.
– რამდენიმე დღით საცურაოდ წავიდეთ. ამ ყველაფერს მოვშორდეთ.
– არა, ვერ მოვშორდები, – ბერგერი ქმრისკენ გადაბრუნდა, – ახლა ყველაზე უარესი
გაქცევა იქნება. სანამ პრობლემებს არ მოვაგვარებ, ვერსადაც ვერ წავალთ.
– გასაგებია, – თქვა ბეკმანმა, – როგორც ჩანს, მე ვერაფრით გეხმარები.
ბერგერს სევდიანად გაეღიმა.
– ვერა. მაგრამ იმისთვისაც გმადლობ, რომ ჩემ გვერდით ხარ. სიგიჟემდე მიყვარხარ –
და ეს კარგად იცი.
ბეკმანმა რაღაც ჩაიბურტყუნა.
– ვერაფრით დამიჯერებია, რომ ეს პეტერ ფრედრიკსონია, – განაგრძო ბერგერმა, –
მისგან მტრული დამოკიდებულება ოდნავადაც არ მიგრძნია.
პირველ სართულზე შუქი რომ ჩააქრეს, სუსან ლინდერი შეყოყმანდა, კარზე ზარი
დავრეკო თუ არაო. ფრედრიკსონს დახედა. გაუნძრევლად იწვა. კარგა ხნის ფიქრის
შემდეგ ძირს დაიხარა, ფრედრიკსონი წამოაყენა და კედელზე მიაყუდა.
– ფეხზე დადგები? – ჰკითხა მას.
ფრედრიკსონმა არ უპასუხა.
– კარგი, მაშინ პირდაპირ გეტყვი: გაინძრევი და მარჯვენა ფეხშიც მოგხვდება.
წინააღმდეგობის გაწევას თუ ეცდები, ხელებს დაგამტვრევ. გასაგებია?
ფრედრიკსონი მძიმედ სუნთქავდა. ვითომ ძლიერ შეშინდა?!
ლინდერმა ის წინ გაიგდო და მის მანქანასთან მიიყვანა. ფრედრიკსონი კოჭლობდა
და ლინდერი იჭერდა, რომ არ წაქცეულიყო. მანქანასთან მიახლოებულებმა კაცი
დაინახეს, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. კაცი მაშინვე გაჩერდა და
ბორკილდადებულ ფრედრიკსონს მიაშტერდა.
– პოლიციელი ვარ და დამნაშავე დავიჭირე, – მტკიცედ უთხრა ლინდერმა, – შინ
წადით.
კაცი მაშინვე შეტრიალდა და იმ მხარეს წავიდა, საიდანაც მოვიდა.
ლინდერმა ფრედრიკსონი უკანა სავარძელზე დასვა და შინ, ფისკსეტრაში წაიყვანა.
ღამის პირველის ნახევარი იყო, როცა სადარბაზოში შევიდნენ. არავინ შეხვედრიათ.
ლინდერმა ფრედრიკსონს ჯიბიდან ბინის გასაღები ამოაცალა და კიბით ავიდნენ
მეოთხე სართულზე.
– ჩემს ბინაში შემოსვლის უფლება არ გაქვს, – როგორც იქნა, ხმა ამოიღო
ფრედრიკსონმა.
ლინდერმა ბინის კარი გააღო და ფრედრიკსონს შიგნით უბიძგა.
– უფლება არ გაქვს. ჯერ ბინის გაჩხრეკის ორდერი უნდა მოიტანო...
– მე პოლიციის ოფიცერი არ ვარ, – ხმადაბლა უთხრა ლინდერმა.
ფრედრიკსონი დაეჭვებით მიაშტერდა მას.
ლინდერმა პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი, მისაღებში შეათრია და დივანზე
დააგდო. სამოთახიანი კოხტა ბინა იყო: მისაღები ოთახის მარცხნივ საძინებელი
მდებარეობდა, ჰოლის გასწვრივ – სამზარეულო, ხოლო მისაღები ოთახის გვერდით –
პატარა კაბინეტი.
კაბინეტში შეიხედა და შვებით ამოისუნთქა. საწერ მაგიდაზე, კომპიუტერის
გვერდით, ბერგერის ალბომიდან ამოღებული ფოტოები ეყარა. კედელზე
დაახლოებით ოცდაათი ფოტო ჭიკარტით მიემაგრებინა. ლინდერმა წარბაზიდულმა
გადაავლო თვალი ამ გამოფენას. ბერგერი ლამაზი ქალი იყო და უფრო აქტიური
სექსუალური ცხოვრება ჰქონდა, ვიდრე ლინდერს.
გაიგონა, როგორ წამოდგა ფრედრიკსონი. მაშინვე მისაღებ ოთახში გავიდა, ხელკეტი
წელში დასცხო, კაბინეტში შეათრია და იატაკზე დააგდო.
– არ გაინძრე!
სამზარეულოდან ქაღალდის პაკეტი გამოიტანა და სათითაოდ ჩამოხსნა კედლიდან
ფოტოები. მალე ბერგერის დღიურსა და დაგლეჯილ ალბომსაც მიაგნო.
– ვიდეოჩანაწერი სად არის? – ჰკითხა ფრედრიკსონს.
ფრედრიკსონმა არაფერი უპასუხა. ლინდერი მისაღებ ოთახში გავიდა და
ტელევიზორი ჩართო. ვიდეომაგნიტოფონში კასეტა კი იდო, მაგრამ ვერ მოახერხა
ვიდეოზე გადართვა, რომ შეემოწმებინა, ამიტომ კასეტა ამოიღო და იქაურობა
მოათვალიერა, სადმე ასლიც ხომ არ დევსო.
ბერგერის თინეიჯერობის დროინდელი სასიყვარულო წერილები და ბორგშეს
საქაღალდეც იპოვა. მერე ფრედრიკსონის კომპიუტერს მიაპყრო ყურადღება.
კომპიუტერთან სკანერი იყო შეერთებული. სკანერს თავსახური ახადა და Club
Xtreme-ის წვეულებაზე გადაღებული ბერგერის ფოტო დაინახა – კედელზე გაკრული
ბანერი ახალი, 1986 წლის დადგომას იუწყებოდა.
ლინდერმა კომპიუტერი ჩართო, მაგრამ სისტემა პაროლით იყო დაცული.
– პაროლი მითხარი! – უბრძანა ფრედრიკსონს.
ფრედრიკსონი ჯიუტად დუმდა.
თავისდა გასაკვირად, ლინდერი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მან იცოდა, რომ ერთი
მეორის მიყოლებით რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა – ადამიანი გაიტაცა და მის
ბინაში უკანონოდ შეიჭრა; მაგრამ ეს სულაც არ ანაღვლებდა. პირიქით, შეიძლება
ითქვას, უხაროდა კიდეც.
ჯიბიდან შვეიცარიული სამხედრო ჯაყვა ამოიღო და 15 წუთში მყარი დისკი მოხსნა.
ყოველი შემთხვევისთვის, კარადის უჯრები, ქაღალდის დასტები და თაროებიც
შეამოწმა. უცებ ფანჯრის რაფაზე ძველ სასკოლო ალბომს მოჰკრა თვალი. ყდაზე
ეწერა: „დიურსჰოლმის გიმნაზია. 1978 წელი“. ბერგერიც ხომ წარმოშობით
დიურსჰოლმელიაო, გაიფიქრა უნებურად. ალბომი გახსნა და დამამთავრებელი
კლასის მოსწავლეების ფოტოების თვალიერებას შეუდგა.
უცებ თვრამეტი წლის მოღიმარი ერიკა ბერგერის ფოტო დაინახა. ბერგერს ჩაჩი
ეხურა, თხელი, თეთრი ბამბის კაბა ეცვა და ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა.
ფრიადოსანი, უცოდველი თინეიჯერის სახე ჰქონდა.
მომდევნო გვერდზე კი სრულიად შემთხვევით მიაგნო იმას, თუ რა აკავშირებდათ
ფრედრიკსონს და ბერგერს. ფოტოს ქვემოთ სახელი რომ არ წაეწერათ, ალბათ ვერც
იცნობდა – პეტერ ფრედრიკსონს, ბერგერის პარალელურკლასელს, რომელიც
ფოტოზე სერიოზული სახით იყურებოდა.
ლინდერმა ფრედრიკსონს გახედა.
– მაშინაც კი კახპა იყო.
– კაი ერთი.
– ყველა ბიჭთან ჟიმაობდა.
– მეეჭვება.
– ერთი ნაბოზარი...
– საკმარისია. მერე რა მოხდა? შენ ვერ შეუძვერი კაბის ქვეშ?
– ისე მექცეოდა, თითქოს არც ვარსებობდი. დამცინოდა. Svenska Morgen-Posten-ში
მუშაობა რომ დაიწყო, ვერც კი მიცნო.
– გასაგებია, – უხალისოდ თქვა ლინდერმა, – ძალიან მძიმე ბავშვობა გქონია. მგონი,
სერიოზული საუბარი მოგვიწევს!
– რა გინდა?
– მე პოლიციის ოფიცერი არ ვარ, – უთხრა ლინდერმა, – თუმცა, შენნაირი
ხალხისთვის ჭკუის სწავლება მევალება.
ლინდერი წუთით შეყოვნდა, რათა ფრედრიკსონის ფანტაზიისთვის გასაქანი მიეცა.
– მინდა ვიცოდე, მისი ფოტოები ინტერნეტში ხომ არ გამოგიქვეყნებია?
ფრედრიკსონმა თავი გააქნია.
– ხომ არ მატყუებ?
– არა.
– ბერგერის გადასაწყვეტია, მუქარისთვის, დევნისა და მის სახლში შეჭრისთვის
ოფიციალურად გიჩივლებს თუ მეგობრულად მოგირიგდება.
ფრედრიკსონს არაფერი უთქვამს.
– თუ ყურადღებას არ მოგაქცევს – და მეტის ღირსი არც ხარ – შენზე თვალი
მეჭირება! – ლინდერმა ხელკეტი ასწია, – თუ ბერგერის სახლს კიდევ ერთხელ
მიუახლოვდები, მას დაემუქრები, იმეილს გაუგზავნი ან სხვანაირად ეცდები მის
შეურაცხყოფას, იცოდე, დავბრუნდები და ისე გცემ, რომ დედაშენიც ვერ გიცნობს.
ხომ ყველაფერი გასაგებია?
ფრედრიკსონმა არც ამჯერად უპასუხა.
– ჰოდა, შანსი გეძლევა, ეს ამბავი შენთვისვე სასიკეთოდ დაასრულო. აბა, თანახმა
ხარ?
ფრედრიკსონმა თავი დაუქნია.
– ასეთ შემთხვევაში, ფრუ ბერგერს ვურჩევ, შეგეშვას. ოღონდ სამსახურში მისვლა
არც იფიქრო. ამ წუთიდან გათავისუფლებული ხარ.
ფრედრიკსონმა თავი დაუქნია.
– მისი ცხოვრებიდან გაქრები და სტოკჰოლმიდან გადაიკარგები. ფეხებზე მკიდია,
როგორ იცხოვრებ ან სად აღმოჩნდები. გეტებორგში ან მალმეში იშოვე სამსახური.
თუ გინდა, ავადმყოფობა მოიმიზეზე. რაც გინდა, ქენი, ოღონდ ბერგერს თავი
დაანებე. შევთანხმდით?
– მისთვის ზიანის მიყენება არ მინდოდა, – აქვითინდა ფრედრიკსონი, – მხოლოდ...
– მისი ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევას აპირებდი და ეს შეძელი კიდეც. აბა, სიტყვას
მაძლევ თუ არა?
ფრედრიკსონმა თავი დაუქნია.
ლინდერი დაიხარა, ფრედრიკსონი მუცელზე გადააბრუნა და ბორკილები შეხსნა;
მერე ქაღალდის პაკეტით წაიღო ბერგერის ინტიმური ცხოვრების დეტალები და
ფრედრიკსონი იატაკზე დაგდებული დატოვა.
ლინდერი ფრედრიკსონის ბინიდან ღამის 2:30 საათზე გამოვიდა. ბერგერს ხვალ
დავურეკავო, გადაწყვიტა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მის ადგილზე თვითონ ამდენ
ხანს ვერ გაძლებდა. თანაც, მისი მანქანა ჯერაც სალტშებადენში ეყენა. ამიტომ
ტაქსი გამოიძახა.
სანამ ზარის დარეკვას მოასწრებდა, სახლის კარი ბეკმანმა გაუღო. მას ჯინსის
შარვალი ეცვა და ახალგაღვიძებულს სულაც არ ჰგავდა.
– ერიკას ღვიძავს? – ჰკითხა ლინდერმა.
– კი. კიდევ რამე მოხდა?
ლინდერმა გაუღიმა.
– შემოდი. სამზარეულოში ვსაუბრობთ.
ბეკმანი შიგნით შეუძღვა.
– გამარჯობა, ერიკა, – მიესალმა ლინდერი, – ზოგჯერ მაინც უნდა დაიძინო ხოლმე.
– რა მოხდა?
ლინდერმა ქაღალდის პაკეტი გაუწოდა.
– ფრედრიკსონი გპირდება, რომ თავს დაგანებებს. ღმერთმა უწყის, სიტყვას
შეასრულებს თუ არა, მაგრამ პოლიციაში საჩივრის შეტანას და მერე სასამართლოში
საქმის განხილვას კი ჯობია. შენი გადასაწყვეტია.
– მაშ, მანიაკი მართლა ფრედრიკსონი იყო?
ლინდერმა თავი დაუქნია. ბეკმანმა ყავა დაუსხა. ლინდერმა არ დალია, ბოლო
დღეებში ისედაც ზედმეტი დავლიეო. დაჯდა და ყველაფერი უამბო, რაც მათი
სახლის წინ მოხდა.
ბერგერი ცოტა ხანს ჩუმად იჯდა. მერე მეორე სართულზე ავიდა და სკოლის
ფოტოალბომი ჩამოიტანა. ფრედრიკსონის ფოტოს დიდხანს აკვირდებოდა.
– მახსოვს ეს ბიჭი, – თქვა ბოლოს, – მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს
იგივე პეტერ ფრედრიკსონია. ქვეშ რომ არ ეწეროს, სახელსაც ვერ გავიხსენებდი.
– რა მოხდა? – ჰკითხა ლინდერმა.
– არაფერი. სრულიად არაფერი. ჩუმი და უინტერესო ბიჭი იყო. მგონი, რამდენიმე
საგანი ერთად გვიტარდებოდა, მათ შორის – ფრანგული, თუ სწორად მახსოვს.
– მითხრა, ისე მექცეოდა, თითქოს არც ვარსებობდიო.
– ალბათ. წესიერად არ ვიცნობდი და არც ჩემი მეგობრების წრეში შედიოდა.
– ხომ არ დასცინოდით ან ჩაგრავდით?
– არა... ღმერთო, არა. სხვისი დაცინვა და ჩაგვრა ყოველთვის მეზიზღებოდა.
სკოლაში ამის საწინააღმდეგო კამპანიაც წამოვიწყეთ და მოსწავლეთა საბჭოს
თავმჯდომარე ვიყავი. არ მახსოვს, რომ ფრედრიკსონი დამლაპარაკებოდეს.
– მაგრამ შენზე აშკარად ნაწყენია, – თქვა ლინდერმა, – სტრესისა და გადაღლილობის
გამო ორჯერ გასულა შვებულებაში. შეიძლება შვებულების მიზეზი სულაც სხვა რამე
იყოს.
ლინდერი წამოდგა და ტყავის ქურთუკი შემოიცვა.
– მისი მყარი დისკი მაქვს. ტექნიკურად, ეს მოპარული ნივთია, ამიტომ თქვენთან
ვერ დავტოვებ. ნუ ღელავთ, შინ მისვლისთანავე გავანადგურებ.
– ერთი წუთით, სუსან. მადლობა როგორ გადაგიხადო?
– როცა არმანსკის რისხვა დამატყდება თავს, იმედია, მხარს დამიჭერ.
– ამისთვის პრობლემა შეგექმნება? – აღელდა ბერგერი.
– არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი.
– იქნებ ფული გადაგიხადოთ...
– არა. თუმცა, იმედია, არმანსკი ამღამინდელი მომსახურებისთვის ანგარიშს
გამოგიწერთ. ასეთ შემთხვევაში, არ გამიწყრება და არც სამსახურიდან გამაგდებს.
– აუცილებლად გამოვაგზავნინებ ანგარიშს.
ბერგერი წამოდგა და ლინდერს გადაეხვია.
– გმადლობ, სუსან. თუ ოდესმე მეგობარი დაგჭირდება, შენ გვერდით მიგულე. თუკი
რამით შევძლებ დაგეხმარო...
– გმადლობ. ეს ფოტოები უყურადღებოდ აღარ დაყარო. სხვათა შორის, Milton Security
საუკეთესო სეიფებს ამონტაჟებს.
ბერგერს გაეღიმა. ლინდერი მანქანამდე ბეკმანმა მიაცილა.

თავი XXII
ორშაბათი, 6/VI
ორშაბათს ბერგერს დილის 6:00 საათზე გაეღვიძა. მხოლოდ ერთი საათი თუ ეძინა,
მაგრამ თავს საოცრად მხნედ გრძნობდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში
პირველად სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და ნავსადგურში სარბენად გაიქცა.
თუმცა, ასიოდე მეტრის შემდეგ ქუსლი ისე ასტკივდა, რომ ტემპი შეანელა.
თითქოს ხელახლა დაიბადა. ბედმა გაუღიმა – ფრედრიკსონს მისი ფოტოები და
ვიდეოჩანაწერი მთელი ოთხი დღე ჰქონდა სახლში, მაგრამ მათი გამომზეურება ვერ
მოასწრო. არადა, სკანერში ჩარჩენილი ფოტო აშკარად იმაზე მიანიშნებდა, რომ
რაღაც მზაკვრობას აპირებდა.
გადაწყვიტა, საშობაოდ სუსან ლინდერისთვის განსაკუთრებული საჩუქარი
ეჩუქებინა.
რვის ნახევარზე, როცა ბეკმანს ჯერ კიდევ ეძინა, Svenska Morgon-Posten-ის რედაქციაში
წავიდა. მანქანა გარაჟში დააყენა, ახალი ამბების განყოფილებაში ლიფტით ავიდა
და თავის შუშის გალიაში შევიდა. უპირველეს ყოვლისა, დამლაგებელი იხმო.
– პეტერ ფრედრიკსონმა სამსახური დატოვა. აღარ დაბრუნდება, – უთხრა მას, – მისი
პირადი ნივთები ყუთებში ჩაალაგეთ და დაუყოვნებლივ ბინაში გაუგზავნეთ.
დარბაზში ჰოლმი შემოვიდა. ბერგერის მზერა იგრძნო და მას თავი დაუქნია.
ბერგერმაც დაუქნია თავი.
ჰოლმი დიდი ინტრიგანი იყო, მაგრამ ორიოდე კვირის წინ მკაცრი საუბრის შემდეგ
დაპირისპირება შეწყვიტა. ასე თუ გააგრძელებს, იქნებ ახალი ამბების
განყოფილების რედაქტორობა კიდეც შეინარჩუნოსო, გაიფიქრა ბერგერმა.
რატომღაც იმედი მიეცა, რომ სიტუაციის გამოსწორებას შეძლებდა.
8:45 საათზე ლიფტიდან ბორგშე გამოვიდა და კიბით ავიდა ზედა სართულზე, სადაც
მისი კაბინეტი მდებარეობდა.
„დღეს ბორგშეს უნდა ველაპარაკო“.
ყავა მოიდუღა, თან დღის გეგმებს გაეცნო. საინტერესო არაფერი ხდებოდა, მხოლოდ
სააგენტოს მოეწოდებინა ინფორმაცია, რომ წინა დღეს სალანდერი სტოკჰოლმის
ციხეში გადაეყვანათ. ერიკა მასალებს გაეცნო, მოიწონა და ჰოლმს გაუგზავნა.
8:59 საათზე ბორგშემ დაურეკა:
– ბერგერ, ახლავე ამოდით ჩემს კაბინეტში.
ბორგშე გაფითრებული იჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან. ბერგერის დანახვაზე
წამოდგა, ქაღალდების სქელი დასტა მაგიდაზე დაანარცხა და იღრიალა:
– ეს რა ჯანდაბაა?
ბერგერს გული შეეკუმშა. საქაღალდის დანახვისთანავე მიხვდა, რა მიიღო ბორგშემ
დილის ფოსტით.
ფრედრიკსონმა მისი ფოტოების გამომზეურება ვერ მოასწრო, სამაგიეროდ
კორტესის სტატიის ასლი გაეგზავნა ბორგშესთვის.
ბერგერი მშვიდად ჩამოჯდა სკამზე.
– ეს რეპორტიორ ჰენრი კორტესის სტატიაა, რომლის დაბეჭდვასაც „მილენიუმი“
გეგმავს.
ბორგშე მღელვარებას ვერ მალავდა.
– როგორ ბედავთ? Svenksa Morgon-Posten-ში მე მოგიყვანეთ და მოსვლისთანავე ჩემ
წინააღმდეგ დაიწყეთ ბრძოლა?! ნამდვილი მედიაკახპა ყოფილხართ!
ბერგერმა თვალები მოჭუტა. ყელში ამოუვიდა. ამ ბოლოს დროს ძალიან ხშირად
უწოდებდნენ „კახპას“.
– გგონიათ, ამით ვინმე დაინტერესდება? გგონიათ, ამ სისულელით ძირს
გამომითხრით? და საერთოდ, ანონიმურად რატომ გამომიგზავნეთ?
– ეგ საქაღალდე მე არ გამომიგზავნია, მაგნუს.
– მაშინ მითხარით, ვინ გამომიგზავნა.
– პეტერ ფრედრიკსონმა, რომელიც Svenska Morgon-Posten-იდან გუშინ დავითხოვე.
– რას ნიშნავს, „დავითხოვე“?
– გრძელი ამბავია. ეგ სტატია კი ორი კვირაა, სახლში მიდევს და არ ვიცოდი, ამ
საკითხზე როგორ გაგსაუბრებოდით.
– ამ სტატიის უკან თქვენ დგახართ?
– არა. კვლევა და სტატია მთლიანად ჰენრი კორტესს ეკუთვნის. მე არაფერი
ვიცოდი.
– გგონიათ, დაგიჯერებთ?
– როგორც კი ჩემმა ძველმა „მილენიუმელმა“ კოლეგებმა შეიტყვეს, რომ ტექსტი
თქვენ გეხებოდათ, მიქაელ ბლუმკვისტმა სტატიის დაბეჭდვა დროებით შეაჩერა.
დამირეკა და სტატიის ასლი გადმომცა, რომ ჩემს მდგომარეობას მინიმალური ზიანი
მისდგომოდა. სტატიის ასლი მომპარეს და თქვენ გამოგიგზავნეს. „მილენიუმმა“
შანსი მომცა, თქვენ დაგლაპარაკებოდით, სანამ სტატიას დაბეჭდავდნენ.
გამოქვეყნებას აგვისტოს ნომერში გეგმავენ.
– თქვენნაირ უნამუსო ჟურნალისტს არასდროს შევხვედრივარ. ჟურნალისტიკა
ტალახში ამოსვარეთ.
– სტატია ხომ წაიკითხეთ? თავადაც ხვდებით, რომ კორტესის სამხილები
უტყუარია.
– ვითომ ეს რას ნიშნავს?
– როცა „მილენიუმი“ ამ სტატიას დაბეჭდავს, თუ კვლავ აქ იქნებით, ეს Svenska
Morgon-Posten-ს ავნებს. ბევრი ვიფიქრე, რომ რამე გამოსავალი მეპოვა, მაგრამ ამაოდ.
– რას გულისხმობთ?
– უნდა გადადგეთ.
– რა სისულელეა. უკანონო არაფერი ჩამიდენია.
– მაგნუს, ნუთუ ვერ ხვდებით, რა სკანდალი მოჰყვება ამ მამხილებელ სტატიას? არ
მინდა, დირექტორთა საბჭოს სხდომა მოვიწვიო. ეს ძალიან სამარცხვინო იქნება.
– ვერაფერსაც ვერ მოიწვევთ. Svenska Morgon-Posten-ში აღარ მუშაობთ.
– ცდებით, ჩემი დათხოვნა მხოლოდ დირექტორთა საბჭოს შეუძლია. შეგიძლიათ
რიგგარეშე სხდომა მოიწვიოთ. დღესვე!
ბორგშემ მაგიდას შემოუარა და ბერგერთან ისე ახლოს მივიდა, რომ მის სუნთქვასაც
კი გრძნობდა.
– ბერგერ, მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ, ამ ამბავს გადაურჩეთ: „მილენიუმში“ იმ
თქვენს წყეულ კოლეგებს დაარწმუნებთ, ეს სტატია არ დაბეჭდონ. თუ ამას
მოახერხებთ, შეიძლება თქვენი ნამოქმედარი დავივიწყო კიდეც.
ბერგერმა ამოიხვნეშა:
– მაგნუს, თქვენ ამ საქმის სერიოზულობას სათანადოდ ვერ აფასებთ. რას
დაბეჭდავს „მილენიუმი“, ამას მე აღარ ვწყვეტ. რაც უნდა ვთქვა, სტატია მაინც
გამოქვეყნდება. მე მხოლოდ Svenska Morgon-Posten-ის ბედი მადარდებს. ამიტომაც
უნდა გადადგეთ.
ბორგშე ბერგერის სკამის საზურგეს დაეყრდნო.
– ბერგერ, იქნებ შენი „მილენიუმელი“ მეგობრები კარგად დაფიქრდნენ, როცა
გაიგებენ, რომ სამსახურს დაკარგავ, როგორც კი ამ სისულელეს დაბეჭდავენ, – თქვა
მან და წელში გაიმართა, – დღეს ნორჩეპინგში თათბირი მაქვს, – მკაცრად და
ქედმაღლურად შეხედა ბერგერს, – Svea Construction-თან.
– გასაგებია.
– ხვალ დავბრუნდები და მომახსენებთ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია.
გასაგებია?
სანამ ბორგშე პიჯაკს იცვამდა, ბერგერი თვალებმოჭუტული შესცქეროდა.
– და იქნებ Svenska Morgon-Posten-ში ადგილი შეინარჩუნოთ. ახლა კი მიბრძანდით
ჩემი კაბინეტიდან!
ბერგერი შუშის გალიაში დაბრუნდა და ოცი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად
იჯდა. მერე ყურმილი აიღო და ანდერს ჰოლმი იხმო. ამჯერად ჰოლმი ერთ წუთში
ეახლა.
– დაბრძანდით.
ჰოლმი ცალწარბაწეული დაჯდა და სარკასტულად იკითხა:
– ამჯერად რა დავაშავე?
– ანდერს, ეს ჩემი ბოლო დღეა Svenska Morgon-Posten-ში. გადადგომის თაობაზე
განცხადებას ახლავე დავწერ. შუადღისას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილეს და საბჭოს რაც შეიძლება ბევრ წევრს მოვიწვევ.
ჰოლმი დაუფარავი გაკვირვებით მიაშტერდა.
– საბჭოს წინაშე მთავარ რედაქტორად წამოგაყენებთ.
– რაა?
– წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
ჰოლმი სკამის საზურგეზე გადაწვა და ბერგერს დაეჭვებით შეხედა:
– მთავარი რედაქტორობა არასდროს მდომები.
– ეგ ვიცი, მაგრამ ამ საქმისთვის მხოლოდ თქვენ ვარგიხართ. ყველაფერზე წახვალთ,
რომ კარგი სტატია დაბეჭდოთ. ერთი ეგაა, რომ ხანდახან საღად აზროვნების უნარი
გაკლიათ.
– მაშ, აბა რა მოხდა?
– ჩვენ მუშაობის განსხვავებული სტილი გვაქვს. ამა თუ იმ საკითხზე ყოველთვის
ვკამათობდით და მგონი, ვერც ვერასდროს შევთანხმდებით.
– ვერა, – დაეთანხმა ჰოლმი, – ვერ შევთანხმდებით. შეიძლება იმიტომ, რომ
ძველმოდური ვარ.
– მგონი, „ძველმოდური“ შესაფერისი სიტყვა არაა. ძალიან კარგი ჟურნალისტი
ხართ, მაგრამ უზნეოდ იქცევით. მგონი, ყველაზე მეტად იმაზე ვკამათობდით, რომ
სტატიის შეფასებაზე პიროვნულმა დამოკიდებულებამ ზეგავლენა არ უნდა
იქონიოს – სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდით.
ბერგერმა ჰოლმს ეშმაკურად გაუღიმა, ჩანთა გახსნა და ჰენრი კორტესის სტატიის
ასლი ამოიღო.
– მოდი, ვნახოთ, მართლა ერთგული ხართ თუ არა საკუთარი პრინციპების.
„მილენიუმის“ ჟურნალისტისგან სტატია მივიღე და ამ დილით გადავწყვიტე, რომ
ეს სტატია დღის მთავარ თემად გამოვაქვეყნოთ, – ბერგერმა საქაღალდე ჰოლმს
კალთაში ჩაუგდო, – ახალი ამბების განყოფილების რედაქტორი ხართ.
მაინტერესებს, იზიარებთ თუ არა ჩემს აზრს ამ სტატიის შესახებ.
ჰოლმმა საქაღალდე გახსნა და კითხვა დაიწყო. შესავლიდანვე თვალები
გაუფართოვდა. სკამზე გაიმართა და ბერგერს შეხედა. მერე ტექსტი ბოლომდე
ჩაიკითხა. კიდევ ათი წუთი დაუთმო ინფორმატორებისა და წყაროების შესწავლას.
ბოლოს საქაღალდე ფრთხილად გადადო განზე.
– ამას დიდი სკანდალი მოჰყვება.
– ვიცი. ამიტომაც მივდივარ. „მილენიუმი“ ამ სტატიის დაბეჭდვას ივნისის ნომერში
აპირებდა, მაგრამ მიქაელ ბლუმკვისტმა აგვისტომდე გადაავადა. სტატიის ასლი
მომცა, რომ მანამდე ბორგშეს დავლაპარაკებოდი.
– მერე?
– ბორგშემ მიბრძანა, სტატიის დაბეჭდვა გადააფიქრებინეო.
– გასაგებია. ბორგშეს ჯიბრზე სტატიას Svenska Morgon-Posten-ში დაბეჭდავ.
– არა, ჯიბრი არაფერ შუაშია. სხვა გამოსავალი არაა. თუ Svenska Morgon-Posten
დაბეჭდავს ამ სტატიას, შანსი მოგვეცემა, სკანდალიდან სუფთად გამოვძვრეთ.
ბორგშე აუცილებლად უნდა გადადგეს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ
მთავარ რედაქტორად ვერც მე დავრჩები.
ჰოლმი ორ წუთს ჩუმად იჯდა.
– ჯანდაბა, ბერგერ... არ მეგონა, ასეთი მაგარი თუ იყავით. ვერ წარმოვიდგენდი,
ოდესმე ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ ისეთი მებრძოლი ხასიათი გქონიათ, მენანება,
რომ მიდიხართ.
– როგორც ახალი ამბების განყოფილების რედაქტორს, შეგიძლიათ, სტატიის
დაბეჭდვაზე უარი თქვათ, მაგრამ თუ ჩემთან ერთად თქვენც თანახმა იქნებით... რას
იტყვით, დაბეჭდავთ ამ სტატიას?
– რასაკვირველია, დავბეჭდავთ. ადრე თუ გვიან, ეს ამბავი მაინც გაჟონავს.
– დიახ.
ჰოლმი ადგა და ბერგერის მაგიდასთან შეყოყმანდა.
– საქმეს შეუდექით, – უთხრა ბერგერმა.
ჰოლმის კაბინეტიდან გასვლის შემდეგ ხუთ წუთს შეიცადა, მერე ყურმილი აიღო და
ერიქსონს დაურეკა.
– გამარჯობა, მალინ. ჰენრი მანდ არის?
– კი, მაგიდასთან ზის.
– შეგიძლია კაბინეტში იხმო და სპიკერფონი ჩართო? უნდა ვითათბიროთ.
კორტესი თხუთმეტ წამში ერიქსონთან გაჩნდა.
– რა ხდება?
– ჰენრი, დღეს ამორალური საქციელი ჩავიდინე.
– მართლა?
– შენი სტატია Vitavara-ს უკანონო საქმიანობაზე Svenska Morgon-Posten-ის ახალი
ამბების განყოფილების რედაქტორს გადავეცი.
– რა?!
– ვუთხარი, სტატია ხვალინდელ ნომერში დაბეჭდოს. რასაკვირველია, შენი
სახელით. ჰონორარსაც გადაგიხდიან. შეგიძლია, თანხა თვითონვე დაასახელო.
– ერიკა, რა ჯანდაბა ხდება?
ბერგერმა მოკლედ უამბო ბოლო კვირების ამბები, კინაღამ როგორ იმსხვერპლა
ფრედრიკსონმა.
– ღმერთო ჩემო, – თქვა კორტესმა.
– ვიცი, რომ ეს შენი სტატიაა, ჰენრი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. რას იტყვი?
კორტესი დიდხანს დუმდა.
– გმადლობ, რომ ნებართვა მთხოვე, – თქვა ბოლოს, – სტატიის ჩემი სახელით
დაბეჭდვაზე თანახმა ვარ. რა თქმა უნდა, თუ მალინი არაა წინააღმდეგი.
– მე თანახმა ვარ, – თქვა ერიქსონმა.
– ორივეს გმადლობთ, – გულზე მოეშვა ბერგერს, – შეგიძლიათ მიქაელსაც
შეატყობინოთ? არა მგონია, ჯერ რედაქციაში იყოს.
– მიქაელს მე დაველაპარაკები, – თქვა ერიქსონმა, – მაგრამ, ერიკა, ეს იმას ნიშნავს,
რომ დღეიდან უმუშევარი ხარ?
ბერგერს გაეცინა.
– ერთი წლით დასვენება გადავწყვიტე. დამიჯერე, Svenska Morgon-Posten-ში
გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ცოტაც კია.
– ვფიქრობ, შვებულებაში გასვლა ცოტა ხნით უნდა გადადო, – უთხრა ერიქსონმა.
– რატომ?
– შეგიძლია შუადღისას ჩვენთან მოხვიდე?
– რისთვის?
– დახმარება მჭირდება. თუ ჩვენთან დაბრუნება და მთავარი რედაქტორობა გინდა,
ხვალიდანვე შეუდექი საქმეს.
– მალინ, მთავარი რედაქტორი შენ ხარ და მორჩა.
– მაშინ აღმასრულებელი რედაქტორობით დაიწყე, – გაეცინა ერიქსონს.
– სერიოზულად მეუბნები?
– ერიკა, ისე მაკლიხარ, ლამისაა მოვკვდე. „მილენიუმში“ მუშაობა, სხვა
ყველაფერთან ერთად, შენი ხათრითაც დავიწყე. შენ კი სხვაგან წახვედი.
ბერგერი წუთით გაჩუმდა. „მილენიუმში“ დაბრუნებაზე არც უფიქრია.
– მაშ, მიმიღებთ უკან? – ჰკითხა ბოლოს ერიქსონს.
– და შენ როგორ გგონია? მიგიღებთ კი არა, დიდ ზეიმსაც მოვაწყობთ. პირადად მე
ვიქნები ორგანიზატორი. ზუსტად დროზე მოასწრებ დაბრუნებას, სანამ „ის“
გამოგვიქვეყნებია. კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ.
ბერგერმა საათს შეხედა. თერთმეტს უკლდა ხუთი წუთი. ბოლო ორ საათში მთელი
მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. უეცრად გააცნობიერა, რომ ძალიან ენატრებოდა
„მილენიუმის“ კიბეზე ასვლა.
– რაღაც საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი. ოთხ საათზე შემოვივლი. გაწყობთ?
ლინდერი არმანსკის პირდაპირ თვალებში უყურებდა, როცა ღამით მომხდარზე
ანგარიშს აბარებდა. მხოლოდ ის არ უთქვამს, რომ ფრედრიკსონის კომპიუტერი
სალანდერმა „გატეხა“. ეს ორი მიზეზით გააკეთა: პირველი, ძალიან დაუჯერებლად
გაიჟღერებდა; და მეორე, იცოდა, რომ დრაგან არმანსკი მიქაელ ბლუმკვისტთან
ერთად სალანდერის საქმეში ყელამდე ჩაფლული იყო.
არმანსკის სიტყვა არ გაუწყვეტინებია. ყურადღებით უსმენდა. ბოლოს კი თქვა:
– ერთი საათის წინ ბეკმანმა დარეკა.
– მერე?
– ის და ბერგერი კვირის ბოლოს ხელშეკრულების გასაფორმებლად მოვლენ. სურს,
მადლობა გადაგვიხადოს იმისთვის, რაც Milton Security-მ გააკეთა და ყველაზე მეტად
იმისთვის, რაც შენ გააკეთე.
– გასაგებია. კარგია, რომ კლიენტი კმაყოფილი დარჩა.
– გარდა ამისა, სახლისთვის სეიფი შეგვიკვეთეს. სეიფის და სიგნალიზაციების
დამონტაჟებას ამ კვირის ბოლომდე უნდა მოვრჩეთ.
– ძალიან კარგი.
– გვითხრა, ლინდერსაც გადავუხდით ამ შაბათ-კვირის გასამრჯელოსო. საკმაოდ
დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, – არმანსკიმ ამოიოხრა, – სუსან, იმას თუ ხვდები,
რომ ფრედრიკსონს შეუძლია პოლიციაში გიჩივლოს კანონის მრავალი პუნქტის
დარღვევისთვის?
ლინდერმა თავი დააქნია.
– კი. და თვალის დახამხამებაში თვითონაც ციხეში ამოყოფს თავს, ამიტომ, არა
მგონია, პოლიციაში წასვლა გაბედოს.
– გასაგებია, მაგრამ შენ ჩემი მითითებები დაარღვიე.
– ვიცი.
– რას ფიქრობ, როგორ უნდა მოვიქცე?
– ეს თქვენი გადასაწყვეტია.
– მაშინ, რას ფიქრობ, როგორ მოვიქცევი?
– მე რას ვფიქრობ, უმნიშვნელოა. ყოველთვის შეგიძლიათ ჩემი დათხოვნა.
– არა. შენი დონის პროფესიონალს იოლად ვერ დავკარგავ.
– გმადლობთ.
– ოღონდ მსგავსი რამ თუ კიდევ განმეორდება, ძალიან გავბრაზდები.
ლინდერმა თავი დააქნია.
– მყარ დისკს რა უყავი?
– გავანადგურე.
– მაშინ ეს ყველაფერი დავივიწყოთ.
დარჩენილი დილა ერიკა ბერგერმა Svenska Morgon-Posten-ის დირექტორთა საბჭოს
წევრების მოძიებას დაუთმო. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ვაქსჰოლმში
საზაფხულო აგარაკზე დაურეკა და სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად ქალაქში
ჩამოდითო. ნასადილევს საბჭო არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ბერგერმა მათ
უამბო, როგორ ჩაუვარდა ხელში კორტესის სტატია და რა შედეგებამდე მიიყვანდა
გაზეთს მისი დაბეჭდვა.
როგორც მოელოდა, თავიდან სხვა გამოსავლის პოვნა მოითხოვეს. ბერგერმა მათ
აუხსნა, სტატიას თავად Svenska Morgon-Posten დაბეჭდავს და ეს ჩემი ბოლო დღე
იქნება მთავარი რედაქტორის თანამდებობაზეო. მისი გადაწყვეტილება საბოლოო
იყო.
მან საბჭოს ორი გადაწყვეტილება მიაღებინა:
1. მაგნუს ბორგშეს გენერალური დირექტორის თანამდებობას დაატოვებინებდნენ;
2. მთავარ რედაქტორად ანდერს ჰოლმს დანიშნავდნენ.
ამის მერე ბოდიშის მოხდით გავიდა დარბაზიდან და საბჭოს წევრები შექმნილი
ვითარების განსახილველად დატოვა.
14:00 საათზე კადრების განყოფილებაში ჩავიდა და ხელშეკრულება შეადგენინა.
მერე კულტურის განყოფილების რედაქტორ სებასტიან სტრანდლუნდს და
ჟურნალისტ ევა კარლსონს დაელაპარაკა.
– როგორც ვხვდები, ევას ნიჭიერ ჟურნალისტად მიიჩნევთ.
– დიახ, ასეა, – უთხრა სტრანდლუნდმა.
– და ბოლო ორი წელია ითხოვთ, რომ კულტურის განყოფილებაში სულ ცოტა ორი
რეპორტიორი მაინც დაგიმატონ.
– დიახ.
– ევა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ იმეილს, შეიძლება საშინელი ჭორები
აგორდეს, თუ შტატში ჩაგსვამთ. მაინც თანახმა ხართ ამაზე?
– რა თქმა უნდა.
– მაშინ Svenska Morgon-Posten-ში ჩემი ბოლო გადაწყვეტილება ამ შრომითი
ხელშეკრულების გაფორმება იქნება.
– თქვენი ბოლო გადაწყვეტილება?
– გრძელი ისტორიაა. დღეს სამსახურს ვტოვებ. ძალიან გთხოვთ, ერთი-ორი საათით
ეს ფაქტი არ გაახმაუროთ.
– რა...
– მალე ყველა თანამშრომელი წერილობით ცნობას მიიღებს.
ბერგერმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და დოკუმენტი ევა კარლსონისკენ
გააცურა.
– წარმატებას გისურვებთ, – თქვა ღიმილით.
– ხნიერი მამაკაცი, რომელიც შაბათს ეკსტრომის კაბინეტში შეხვედრას ესწრებოდა,
პოლიციის კომისარი გეორგ ნისტრომია, – ფიგეროლამ მაგიდაზე მუდიგის
მობილური ტელეფონით მალულად გადაღებული ფოტოები დააწყო.
– კომისარი, – ჩაილაპარაკა ედკლინთმა.
– მისი ვინაობა წუხელ სტეფანმა დაადგინა. ნისტრომი წუხელ არტილერიგატანზე
იმ შენობაში შევიდა.
– მასზე რა ვიციYთ?
– ჩვეულებრივი პოლიციელობით დაიწყო და 1983 წლიდან RPS/Säk-ში მუშაობს. 1996
წლიდან შიდა კონტროლსა და RPS/Säk-ის მიერ უკვე დახურული საქმეების
გადამოწმებას ხელმძღვანელობს.
– გასაგებია.
– შაბათ დილის შემდეგ იმ შენობაში ჩვენთვის საინტერესო ექვსი პიროვნება
შევიდა. გარდა სანდბერგისა და ნისტრომისა, კლინტონიც იქიდან უნდა
მონაწილეობდეს ოპერაციაში. ამ დილით სასწრაფო დახმარების მანქანამ დიალიზზე
წაიყვანა.
– დანარჩენი სამი ვინ არის?
– ოტო ჰალბერგი, რომელიც RPS/Säk-ში ოთხმოციანი წლებიდან ირიცხება, მაგრამ
სინამდვილეში თავდაცვის გენერალურ შტაბს არის მიმაგრებული და საზღვაო-
სამხედრო დაზვერვისთვის მუშაობს.
– გასაგებია. სულაც არ მიკვირს.
ფიგეროლამ კიდევ ერთი ფოტო დადო მაგიდაზე.
– ამ კაცის ვინაობა ჯერ არ დაგვიდგენია. ჰალბერგთან ერთად ისადილა. ამაღამ შინ
რომ დაბრუნდება, ვეცდებით, უკეთესი სურათი გადავუღოთ. ყველაზე საინტერესო
კი ეს კაცია, – ფიგეროლამ ედკლინთს ფოტო უჩვენა.
– ამას ვიცნობ.
– ვადენშე ჰქვია.
– დიახ. თხუთმეტი წლის წინ ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებაში მუშაობდა.
ერთ დროს „ფირმის“ შეფობის უპირველეს კანდიდატად ითვლებოდა.
– 1991 წელს გადადგა. აბა, თუ გამოიცნობთ, ერთი საათის წინ ვის შეხვდა?
ფიგეროლამ ბოლო ფოტო დადო მაგიდაზე.
– სამდივნოს უფროს ალბერტ შენკეს და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროს
გუსტავ ატერბორნს. მინდა, ამ ბატონებზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი
დაწესდეს. უნდა ვიცოდეთ, ვის ხვდებიან.
– შეუძლებელია. მხოლოდ ოთხი კაცი მყავს თავისუფალი, – ჩაფიქრებულმა
ედკლინთმა ქვედა ტუჩზე იკბინა. ბოლოს ფიგეროლას შეხედა, – უფრო მეტი ხალხი
გვჭირდება. შეგიძლია უჩუმრად დაუკავშირდე ინსპექტორ ბუბლანსკის და
სთხოვო, დაახლოებით საღამოს შვიდი საათისთვის ჩემთან ერთად ივახშმოს?
შემდეგ ედკლინთმა ყურმილი აიღო და ტელეფონის ნომერი აკრიფა.
– გამარჯობა, არმანსკი. ედკლინთი ვარ. მინდა, ამასწინდელი მშვენიერი
სადილისთვის სამაგიერო გადაგიხადო. არა, დაჟინებით მოვითხოვ. შვიდ საათზე.
რას იტყვი?
სალანდერმა ღამე კრონობერგის იზოლატორში გაატარა, რომელიც სიგანეში ორი
მეტრი იყო, სიგრძეში – ოთხი. რასაკვირველია, შიგ ცოტაოდენი ავეჯი იდგა, მაგრამ
მცველმა საკნის კარი ჩაკეტა თუ არა, სალანდერს თითქმის მაშინვე დაეძინა.
ორშაბათ დილით ადრიანად გაეღვიძა და სოლგრენსკას საავადმყოფოში ფიზიკური
თერაპევტის მიერ გამოწერილი ვარჯიშები შეასრულა. ამასობაში საუზმე მოუტანეს.
ნასაუზმევს საწოლზე ჩამოჯდა და ცარიელ სივრცეს მიაშტერდა.
9:30 საათზე დასაკითხ საკანში შეიყვანეს. მცველად ტანმორჩილი, მელოტი,
პირმომრგვალებული, სათვალიანი ბერიკაცი მიუჩინეს. ის სალანდერს თავაზიანად
ექცეოდა.
ჯიანინი გულითადად მიესალმა. სალანდერს ფასტესთვის ყურადღება არ
მიუქცევია. პროკურორ ეკსტრომს პირველად ხედავდა. მომდევნო ნახევარი საათი
სკამზე გაქვავებული იჯდა და პროკურორის თავზემოთ, კედელზე ერთ წერტილს
მისჩერებოდა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, არც კი განძრეულა.
10:00 საათზე პროკურორმა ეკსტრომმა უშედეგო დაკითხვა შეწყვიტა, რადგან ამ
თოჯინავით გაჩხინკულ გოგოს ხმა ვერ ამოაღებინა.
„როგორ მოახერხა სტალარჰოლმენში ლუნდინის და ნიემინენის ცემა? თუნდაც
დამაჯერებელი სამხილების არსებობის შემთხვევაში დაიჯერებს კი ამას
სასამართლო?“
სალანდერს შუადღისას უბრალო სადილი მოუტანეს. ნასადილევს, გონებაში
განტოლებებს ხსნიდა.
სამის ნახევარზე ისევ დაკითხვის საკანში გამოიძახეს. ამჯერად მცველად
ახალგაზრდა ქალი მიუჩინეს. სალანდერი ცარიელ საკანში სკამზე ჩამოჯდა და
განსაკუთრებით რYთულ განტოლებაზე დაიწყო ფიქრი.
ათი წუთის შემდეგ კარი გაიღო და სალანდერმა პეტერ ტელებორიანის ხმა იცნო:
– გამარჯობა, ლიზბეთ.
გოგონა გაშეშდა. გონებაში დაწყობილი განტოლებები სულ ერთმანეთში აერ-
დაერია. რიცხვები და მათემატიკური სიმბოლოები ისე ახმაურდნენ, თითქოს
ფიზიკური ფორმა ჰქონოდეთ.
ტელებორიანმა გაუღიმა და გოგონა ყურადღებით შეათვალიერა, სანამ მის წინ,
სკამზე დაჯდებოდა. სალანდერი კვლავ კედელს მიაშტერდა.
ცოტა ხნის შემდეგ კი ტელებორიანს მიაპყრო მზერა.
– ვწუხვარ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი, – თქვა ტელებორიანმა, – ვეცდები,
ყველანაირად დაგეხმარო. იმედია, ერთმანეთის ნდობას შევძლებთ.
სალანდერმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა იგი. გაწეწილი თმა. ბლანჟე.
ნაპრალი წინა კბილებს შორის. თხელი ტუჩები. ახალთახალი ყავისფერი პიჯაკი.
საყელოჩახსნილი პერანგი.
– იმედია, ამჯერად უფრო მეტად დაგეხმარები, ვიდრე ჩვენი პირველი შეხვედრისას,
– კვლავ გაისმა მისი ხავერდოვანი და მაცდურად მეგობრული ხმა.
ტელებორიანმა მაგიდაზე ბლოკნოტი და ვერცხლისფერი კალამი დადო. სალანდერი
წარბშეკრული მიაჩერდა კალამს.
„გააანალიზე მოსალოდნელი შედეგები“.
თვალებით მოძებნა ტელებორიანის ნეკი და ზედ თეთრი ნაიარევი შეამჩნია.
თხუთმეტი წლის წინ ნეკზე ისე ძლიერ უკბინა, რომ ლამის მოაგლიჯა. სამმა
მცველმა ძლივს გააღებინა პირი, რომ ტელებორიანის თითი გაეთავისუფლებინათ.
„მაშინ პატარა გოგო ვიყავი. ახლა უკვე ზრდასრული ქალი ვარ და შემიძლია
ნებისმიერი ვინმე მოვკლა“.
კვლავ კედელს მიაშტერდა და გონებაში გაფანტული რიცხვებითა და
მათემატიკური სიმბოლოებით განტოლება ხელახლა შეადგინა.
ტელებორიანი სალანდერს უემოციოდ აკვირდებოდა. საყოველთაოდ ცნობილი
ფსიქიატრი ტყუილად კი არ იყო; ემოციების და გუნება-განწყობილების ამოცნობის
დიდი ნიჭი ჰქონდა. იგრძნო, როგორ გადაეფინა საკანს სუსხიანი ჩრდილი და,
მიუხედავად პაციენტის გარეგნული სიმშვიდისა, ეს მისი შიშისა და სირცხვილის
გამოვლინებად მიიღო; დაასკვნა, ეს ჩემმა სიახლოვემ გამოიწვიაო და ესიამოვნა,
რომ სალანდერის დამოკიდებულება მის მიმართ წლების განმავლობაში არ
შეცვლილიყო.
„სასამართლოზე საკუთარ თავს თვითონ გამოუტანს განაჩენს“.
ბერგერმა გადაწყვიტა, ყველა თანამშრომლისთვის ეცნობებინა Svenska Morgon-Posten-
იდან წასვლის თაობაზე. გაბრაზებულმა ორგვერდიანი ახსნა-განმარტება დაწერა
წასვლის მიზეზებზე და რამდენიმე კოლეგაზე საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა.
შემდეგ ტექსტი წაშალა და წერა თავიდან დაიწყო.
ფრედრიკსონი არ უხსენებია, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველა მასზე გადაიტანდა
ყურადღებას და იფიქრებდნენ, რომ ბერგერის გადადგომის მთავარი მიზეზი
სექსუალური დევნა იყო.
ბერგერის თქმით, წასვლის მთავარი მიზეზი ხელმძღვანელობასთან
ხელმძღვანელთა და გაზეთების მფლობელთა ხელფასების შემცირებაზე
შეუთანხმებლობა იყო. განაცხადა, ამის გამო შტატების შემცირება მომიწევდა; მათ
არა მხოლოდ ჩემთან შრომითი ხელშეკრულების დადებისას მოცემული პირობა
დაარღვიეს, არამედ გაზეთის გაძლიერების ყოველგვარი გზაც მომიჭრესო.
მეორე მიზეზად ბორგშეს მხილება დაასახელა. ბორგშემ მამხილებელი სტატიის
დაბეჭდვა ამიკრძალა და ეს ჩემი ჟურნალისტური ღირსების შელახვად ჩავთვალეო.
ბოლოს, დასკვნის სახით მიაწერა, პრობლემების თავიდათავი რიგითი
ჟურნალისტები კი არა, Svenska Morgon-Posten-ის ხელმძღვანელები არიანო.
ტექსტი გადაიკითხა, შეცდომები გაასწორა და იმეილით ყველა თანამშრომელს
გაუგზავნა. ტექსტის ასლი მედიაჟურნალ Pressens Tidning-ს და პროფკავშირების
ჟურნალ Journalisten-საც გაუგზავნა. მერე ლეპტოპი ჩანთაში ჩაიდო და თავის
სამუშაო მაგიდასთან მჯდარ ჰოლმთან მივიდა.
– ნახვამდის.
– ნახვამდის, ბერგერ. თქვენთან მუშაობა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.
ერთმანეთს გაუღიმეს.
– წასვლამდე კიდევ ერთ რაღაცას გთხოვთ.
– გისმენთ.
– ჩემი დავალებით, ფრისკი ერთ საქმეზე მუშაობს.
– ჰო, და არავინ იცის, რაზე.
– გთხოვთ, დაეხმარეთ მას. უკვე საკმაოდ ბევრი გააკეთა. მასთან კავშირს არ
გავწყვეტ. დაასრულებინეთ დაწყებული საქმე და გპირდებით, შედეგით
უკმაყოფილო არ დარჩებით.
ჰოლმი დასერიოზულდა. შემდეგ თავი დააქნია.
ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ. ბერგერმა ელექტრონული საშვი
მაგიდაზე დატოვა და გარაჟში ლიფტით ჩავიდა. უკვე ხუთი იყო დაწყებული, როცა
BMW „მილენიუმის“ რედაქციის წინ დააყენა.

მეოთხე ნაწილი. სისტემის გადატვირთვა


A1/VII – 7/X
მიუხედავად მრავალი ბერძნული, სამხრეთ ამერიკული თუ აფრიკული ლეგენდისა,
ამაზონების არსებობის შესახებ მხოლოდ ერთი ისტორიულად დასაბუთებული
მაგალითის მოყვანა შეიძლება: დასავლეთ აფრიკაში, დაჰომეას სამეფოში მცხოვრებ
ფონის ხალხს ქალების არმია ჰყავდა.
მათ სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში არ ახსენებენ; მათ შესახებ არც
მხატვრული ფილმები გადაუღიათ; ისინი მხოლოდ ისტორიის წიგნების
სქოლიოებში თუ არსებობენ. მათზე მხოლოდ ერთი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა –
სტენლი ბ. ელპერნის „შავი სპარტის ამაზონები“ (C. Hurst & Co., London, 1998). არადა,
დაჰომეელი ამაზონების ლაშქარი მამაკაცებისგან შემდგარ კოლონისტთა არცერთ
ელიტურ არმიას არ ჩამოუვარდებოდა.
ფონის არმიის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგი ისტორიკოსი 1600-იან წლებს
ასახელებს. თავიდან სამეფო გვარდია იყო, მაგრამ თანდათან 6000-ქალიან სამხედრო
შენაერთად გარდაიქმნა. ქალ ჯარისკაცებს ნახევრად ღვთიური სტატუსი ჰქონდათ.
ისინი 200 წლის განმავლობაში ებრძოდნენ ევროპელ კოლონისტებს; მათ
განსაკუთრებით ფრანგები უფრთხოდნენ, რომლებიც დაჰომეელ ამაზონებთან
რამდენიმე ბრძოლაში დამარცხდნენ. ქალების არმია მხოლოდ 1892 წელს
დამარცხდა, როცა საფრანგეთმა მათ წინააღმდეგ არტილერისტები, უცხოელთა
ლეგიონი, საზღვაო ქვეითები და კავალერია გაგზავნა.
უცნობია, რამდენი მეომარი ქალი დაეცა ბრძოლის ველზე. გადარჩენილები კიდევ
დიდხანს განაგრძობდნენ პარტიზანულ ომს, ხოლო ვეტერანებს 1940-იან წლებშიც
კი ინტერვიუებს ართმევდნენ და ფოტოებს უღებდნენ.

თავი XXIII
პარასკევი, 1/VII – კვირა, 10/VII
ლიზბეთ სალანდერის საქმის განხილვის დაწყებამდე ორი კვირით ადრე კრისტერ
მალმმა 352-გვერდიანი წიგნის გაფორმება დაასრულა. წიგნს მოკლე სათაური
ჰქონდა: „სექცია“. ყდა ცისფერი იყო, წარწერები – ყვითელი. ყდის ქვედა მხარეს
მალმმა შვედეთის პრემიერ-მინისტრების საფოსტო მარკის ზომის ფოტოები
თანმიმდევრულად დაალაგა. მათ ზემოდან ზალაჩენკოს ფოტო დასცქეროდა.
მალმმა ილუსტრაციისთვის ზალაჩენკოს პასპორტის ფოტო გამოიყენა,
კონტრასტულობა ისე გაუზარდა, რომ მხოლოდ მუქი არეები გამოკვეთილიყო და
მთელ ყდას ჩრდილივით გადაფენოდა. საკმაოდ ეფექტური დიზაინი გამოვიდა.
ავტორებად ბლუმკვისტი, კორტესი და ერიქსონი იყვნენ მითითებულები.
მალმმა მთელი ღამე იმუშავა და საქმეს დილის 5:00 საათზე მორჩა. საშინლად
უნდოდა შინ წასვლა და დაძინება. მთელი ეს დრო ერიქსონი გვერდით ეჯდა და
ფურცელ-ფურცელ შეჰქონდა უკანასკნელი შესწორებები ტექსტში. მალმი
შესწორებებს იწონებდა. სანამ ის საბოლოო ვერსიას პრინტერზე ბეჭდავდა,
ერიქსონს დივანზე ჩაეძინა.
მალმმა ამონაბეჭდიც და ილუსტრაციებიც ერთ საქაღალდეში შეინახა და ყველაფერი
CD-ზეც ჩაიწერა. ერთი CD სეიფში შეინახა. მეორე გამოუძინებელ ბლუმკვისტს
გადასცა დილის 7:00 საათზე.
– შინ წადი და დაისვენე, – უთხრა ბლუმკვისტმა.
– ჰო, მივდივარ.
ერიქსონი არ გაუღვიძებიაYთ. წასვლამდე სიგნალიზაცია ჩართეს. 8:00 საათზე მის
შეცვლას კორტესი აპირებდა.
ბლუმკვისტი ლუნდაგატანზე წავიდა, სალანდერის „ჰონდა“ კიდევ ერთხელ
უნებართვოდ ითხოვა და უფსალის დასავლეთით მორგონგოვაში, რკინიგზასთან
მდებარე სტამბაში, Hallvigs Reklam-ში წავიდა. ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ფოსტას
ვერ მიანდობდა.
ბლუმკვისტმა შეიცადა, სანამ სტამბაში CD-ს შეამოწმებდნენ, და კიდევ ერთხელ
გააფრთხილა მესტამბე, ტირაჟი სალანდერის საქმის განხილვის პირველ დღეს მზად
უნდა იყოსო. დაბეჭდვაზე მეტი დრო კინძვას მიჰქონდა. თუმცა, სტამბის მენეჯერმა
იან ჩებინმა დაარწმუნა, 10 000-იანი ტირაჟის სულ მცირე 500 ეგზემპლარს მაინც
აუცილებლად გამოგიგზავნიო.
ბოლოს, ბლუმკვისტმა სტამბის ყველა თანამშრომელს ყველაფრის საიდუმლოდ
შენახვა სთხოვა, მაგრამ ამის საჭიროება არც არსებობდა – ორი წლის წინ ზუსტად
ასეთსავე ვითარებაში Hallvigs Reklam-მა მას ჰანს-ერიკ ვენერსტრომზე დაწერილი
წიგნი დაუბეჭდა.
ბლუმკვისტი სტოკჰოლმში დაბრუნდა და მანქანა ბელმანსგატანის №1-ში გააჩერა,
თავის ბინაში შეიარა და ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები შეაგროვა.
შინიდან ვერმდეში, სტავნესის ნავსადგურში წავიდა, „ჰონდა“ იქ დააყენა, თვითონ
კი ბორნით სანდჰამნში გაემგზავრა.
ქრისტეშობის შემდეგ პირველად ესტუმრა თავის საზაფხულო კოტეჯს. ფანჯრები
გამოაღო, რომ გაენიავებინა, და „რამლოსა“ მოსვა. საქმის დასრულების და ტექსტის
სტამბაში გაგზავნის შემდეგ, როგორც ყოველYთვის, ახლაც სიცარიელეს გრძნობდა.
კოტეჯი გამოგავა და გამოწმინდა, საშხაპე მიალაგა, მაცივარი ჩართო, წყლის მილები
შეამოწმა და ანტრესოლში ლოგინი გამოცვალა. ამას ერთი საათი დასჭირდა. შემდეგ
სასურსათო მაღაზიაში წავიდა და მთელი შაბათ-კვირის სამყოფი პროდუქტი იყიდა.
ბოლოს ყავის მადუღარა დაადგა და თვითონ ვერანდაზე დაჯდა. სიგარეტს
აბოლებდა და არაფერზე არ ფიქრობდა.
უკვე 17:00 საათი ხდებოდა, როცა ნავსადომში ფიგეროლას დახვდა.
– მეგონა, თავისუფალ დროს ვერ გამონახავდი, – ლოყაზე აკოცა ქალს.
– მეც ასე მეგონა; მაგრამ ედკლინთს ვუთხარი, ბოლო რამდენიმე კვირა
შეუსვენებლად ვმუშაობდი და მალე გადავიწვები-მეთქი. ვუთხარი, რომ
აკუმულატორის დასატენად ორი დღე მჭირდებოდა.
– სანდჰამნში?
– არ მითქვამს, სად, – ეშმაკურად გაუღიმა ფიგეროლამ.
ფიგეროლამ ბლუმკვისტის ოცდაათი კვადრატული მეტრი ფართობის ქოხი
მოათვალიერა. პატარა სამზარეულოს, სააბაზანოსა და ანტრესოლის კრიტიკული
თვალით შემოწმების შემდეგ თავი კმაყოფილების ნიშნად დააქნია, შხაპი მიიღო და
საზაფხულო თხელი კაბა ჩაიცვა. ამასობაში ბლუმკვისტმა ცხვრის ხორცის
კატლეტები შეწვა, ღვინო მოასხა და ვერანდაზე გაშლილ სუფრაზე გაიტანა. ჩუმად
სადილობდნენ, ნავსადგომისკენ ან ნავსადგომიდან მცურავ იახტებსა და ნავებს
ადევნებდნენ თვალს და ღვინოს წრუპავდნენ.
– ძალიან ლამაზი კოტეჯი გქონია. მეგობარი ქალები აქ მოგყავს ხოლმე? – ჰკითხა
ფიგეროლამ.
– მხოლოდ მნიშვნელოვანები.
– ერიკა ბერგერი ნამყოფია აქ?
– ბევრჯერ.
– სალანდერი?
– როცა ვენერსტრომზე წიგნს ვწერდი, აქ რამდენიმე კვირა დაჰყო. ორი წლის წინ
ქრისტეშობა აქ გავატარეთ.
– გამოდის, ერიკა ბერგერიც და ლიზბეთ სალანდერიც შენთვის მნიშვნელოვანები
არიან.
– ერიკა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ოცდახუთი წელია, ვმეგობრობთ. ლიზბეთი
სულ სხვა საქმეა. ის სრულიად უნიკალურია, ასეთი ასოციალური პიროვნება სხვა
არ შემხვედრია. შეიძლება ითქვას, პირველივე შეხვედრისას დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა ჩემზე. ის მომწონს და ასევე, ჩემი მეგობარია.
– გებრალება?
– არა. რაც შეემთხვა, საკუთარ თავს დააბრალოს. თუმცა, ძალიან თანავუგრძნობ.
– მაშ, არც ბერგერი გიყვარს და არც სალანდერი?
ბლუმკვისტმა მხრები აიჩეჩა:
– თუ სიყვარული „ძალიან მოწონების“ ტოლფასია, მაშინ გამოდის, რომ რამდენიმე
ვინმე ერთდროულად მიყვარს.
– ახლა მეც გიყვარვარ?
ბლუმკვისტმა თავი დაუქნია. ფიგეროლამ შეუბღვირა.
– რა, ეს გაწუხებს?
– ის, რომ აქ სხვა ქალებიც გყოლია? არა. მე ის მაწუხებს, რომ არ ვიცი, ჩვენ შორის რა
ხდება. არა მგონია, ურთიერთობა ავაწყო კაცთან, რომელიც, ვისთანაც უნდა,
იმასთან ჟიმაობს.
– მე ასე ვცხოვრობ და ამისთვის მობოდიშებას არ ვაპირებ.
– თუმცა, რატომღაც მგონია, რომ სწორედ ისეთი მომწონხარ, როგორიც ხარ. შენთან
ვწევარ, რადგან ვიცი, რომ ეს არაფერს მავალდებულებს; შენთან თავს
უსაფრYთხოდ ვგრძნობ. ამისკენ გიჟურმა იმპულსმა მიბიძგა. ასეთი რამ იშვიათად
მემართება და ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. უკვე მეც იმ გოგოდ ვიქეცი, შენ რომ
ამ კოტეჯში ეპატიჟები ხოლმე.
რამდენიმე წუთს ორივე დუმდა.
– შეგეძლო, არ მოსულიყავი.
– კი, შემეძლო. ო, მიქაელ...
– ვიცი.
– თავს უბედურად ვგრძნობ. არ მინდა, შემიყვარდე, რადგან როცა ყველაფერი
დამთავრდება, გული ძლიერ დამწყდება.
– ეს ქოხი, ოცდახუთი წელია, მაქვს. მამაჩემი რომ გარდაიცვალა და დედაჩემი
ნორლანდში დაბრუნდა საცხოვრებლად, ეს ქოხი მე მერგო, ჩემს დას კი ჩვენი ბინა
გადაეცა. ოთხმოციანების დასაწყისში რამდენიმე შემთხვევით ნაცნობს თუ არ
ჩავთვლით, შენამდე აქ სულ ხუთი ქალი მყოლია: ერიკა, ლიზბეთი, ჩემი ყოფილი
ცოლი, რომელსაც ოთხმოციანების მიწურულს გავშორდი; ქალი, რომელთანაც
ოთხმოცდაათიანების მიწურულს სერიოზული ურთიერთობა მქონდა და კიდევ
ერთი ქალი, რომელიც ორი წლის წინ გავიცანი და დროდადრო ვხვდები ხოლმე. აქ
განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე...
– კაი ერთი.
– ამ ქოხში ქალაქის ხმაურს ვემალები და ვისვენებ. ჩემთვის ვარ, ვკითხულობ, ვწერ,
ნავსადგურში ვსეირნობ და ნავებს ვათვალიერებ. ეს საიდუმლო სასიყვარულო
ბუდე არ არის.
ბლუმკვისტი ადგა, რომ ჩრდილში დადგმული ღვინის კიდევ ერთი ბოთლი
მოეტანა.
– ვერაფერს დაგპირდები. ცოლს იმიტომ დავშორდი, რომ ერიკასთან ურთიერთობის
გაწყვეტა არ შემეძლო, – ბლუმკვისტმა ჭიქები შეავსო, – თუმცა, შენსავით
საინტერესოს, დიდი ხანია, არავის შევხედრივარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი
ურთიერთობა პირველივე დღიდან დაიწყო. ბინის კართან რომ დამხვდი, მაშინვე
დაიპყარი ჩემი გული. მას შემდეგ ჩემს ბინაში სულ რამდენჯერმე მეძინა და
შუაღამით გამოღვიძებულს შენ მომნატრებიხარ. არ ვიცი, სამუდამოდ მინდა თუ არა
შენთან ურთიერთობა, მაგრამ შენი დაკარგვის ძალიან მეშინია. რას იტყვი, როგორ
მოვიქცეთ?
– კარგად დავფიქრდეთ, – უპასუხა ფიგეროლამ, – მეც ძალიან მიზიდავ.
– ჩვენი ურთიერთობა სულ უფრო სერიოზულ სახეს იძენს, – თქვა ბლუმკვისტმა.
უეცრად ფიგეროლას სევდა შემოაწვა. კარგა ხანს ჩუმად იყვნენ. რომ ჩამობნელდა,
მაგიდა აალაგეს, ოთახში შევიდნენ და კარი ჩაკეტეს.
სალანდერის საქმის განხილვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, პარასკევს,
ბლუმკვისტი სლუსენზე პრესის ჯიხურთან შეჩერდა და დილის გაზეთების პირველ
გვერდებს გადაავლო თვალი. Svenska Morgon-Posten-ის გენერალური დირექტორი და
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მაგნუს ბორგშე დანებებულიყო და
თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება გაეკეთებინა. ბლუმკვისტმა
გაზეთები იყიდა და ჰორნსგატანზე კაფეში სასაუზმოდ შევიდა. ბორგშე
მოულოდნელი გადადგომის მიზეზად ოჯახურ პირობებს ასახელებდა. კითხვაზე,
ხომ არ იყო მისი გადადგომა რამენაირად დაკავშირებული ბერგერის მთავარი
რედაქტორის თანამდებობიდან წასვლასთან, რადგან მას Vitavara Inc.-ის უკანონო
საქმიანობის ამსახველი სტატიის დაბეჭვდა აუკრძალეს, ბორგშემ პასუხისგან თავი
შეიკავა. სტატიის ბოლოს თავად რეპორტიორს მიეწერა, რომ შვედური საწარმოების
კონფედერაციას ეთიკური კომიტეტისთვის შვედური კომპანიების სამხრეთ-
აღმოსავლეთი აზიის იმ ქვეყნებთან, სადაც ბავშვების შრომას იყენებდნენ, ბიზნეს-
ურთიერთობების გამოძიება დაევალებინა.
ბლუმკვისტმა ჩაიცინა და გაზეთი დაკეცა. მერე Ericsson T10 გახსნა და ძველ ნაცნობს,
TV4-ზე საავტორო გადაცემის წამყვან ქალს დაურეკა.
– გამარჯობა, ძვირფასო, – მიესალმა ბლუმკვისტი, – იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე
ჩემთან ერთად ისადილებ.
– გამარჯობა, მიქაელ, – გაეცინა გადაცემის წამყვან ქალს, – ვწუხვარ, მაგრამ ჩემს
გემოვნებაში არ ჯდები.
– და მაინც, იქნებ ამ საღამოს ერთ საქმეზე გვესაუბრა?
– რა გაქვს ჩაფიქრებული?
– ორი წლის წინ ვენერსტრომის ამბავზე ერიკა ბერგერმა შენთან გარიგება დადო.
მეც ასეთსავე გარიგებას გთავაზობ. წარმატება გარანტირებულია.
– გისმენ.
– ჯერ პირობებზე უნდა შევთანხმდეთ. ერთ სტატიაზე ვმუშაობ. წიგნსაც გამოვცემთ
და ჟურნალის თემატურ ნომერსაც. მასალას ექსკლუზიურად გაგაცნობ, ოღონდ იმ
პირობით, რომ წიგნის გამოსვლამდე ინფორმაციას არ გაავრცელებ. ამჯერად საქმე
უფრო რთულადაა, რადგან წიგნის გამოცემა კონკრეტულ თარიღს უნდა
დავამთხვიოთ.
– სენსაციური მასალაა?
– ვენერსტრომის ამბავზე უფრო სენსაციურია, – უპასუხა ბლუმკვისტმა, –
დაინტერესდი?
– დამცინი? სად შევხვდეთ?
– „სამირის ქვაბში“? ერიკა ბერგერიც შემოგვიერთდება.
– ბერგერს რა ბედი ეწია? Svenska Morgon-Posten-იდან გამოგდების შემდეგ ისევ
თქვენთან დაბრუნდა?
– არავის გამოუგდია. მაგნუს ბორგშესთან უთანხმოების გამო თვითონ წამოვიდა.
– ეგ ბორგშე ნაღდი იდიოტი ჩანს.
– გეთანხმები, – თქვა ბლუმკვისტმა.
ფრედრიკ კლინტონი ყურსასმენებით ჯუზეპე ვერდის არიას უსმენდა. მხოლოდ
მუსიკა თუ გადაატანინებდა ყურადღებას მწვავე ტკივილიდან, რომელსაც ზურგის
არეში გრძნობდა. თვითონ არ ღიღინებდა. თვალდახუჭული, მარჯვენა ხელს ნოტებს
აყოლებდა.
ყოველთვის ასე ხდება: ვიბადებით, ვიზრდებით, ვბერდებით, ვკვდებით.
კლინტონმა თავისი წილი ცხოვრება გალია. ახლა მისი წასვლის დროც მოვიდა.
საკუთარი ცხოვრებით უჩვეულოდ კმაყოფილი იყო.
ახლა ძველი მეგობრის, ევერტ გულბერგის ხსოვნის პატივსაცემად „უკრავდა“.
შაბათი იყო, 9 ივლისი. ოთხ დღეში სასამართლო პროცესი დაიწყებოდა და „სექცია“
ამ ავადსახსენებელ საქმეს უკან მოიტოვებდა. კლინტონს იმ დილით სამწუხარო
ამბავი შეატყობინეს. გულბერგმა გმირულად გაძლო (9 მმ-იან ტყვიას რომ თავში
დაიხლი, ვერავინ იფიქრებს, რომ გადარჩები). მაგრამ სამი თვის თავზე მისი უგონო
სხეული მაინც დანებდა სიკვდილს. ექიმები ჯიუტად იბრძოდნენ მის
გადასარჩენად, მაგრამ გულბერგის სიცოცხლე მაინც ვერ იხსნეს. ბედის ირონიით,
მას ბოლო კიბომ მოუღო და არა ტყვიამ.
გულბერგი მტანჯველი სიკვდილით მოკვდა და ამაზე ფიქრმა კლინტონი დააღონა.
მართალია, გარესამყაროს ვერ ეკონტაქტებოდა, მაგრამ ზოგჯერ გონს მოდიოდა და
როცა მედპერსონალი ლოყაზე ეხებოდა – იღიმოდა, ან როცა სტკიოდა – კვნესოდა.
ხანდახან სიტყვებისა და თვით წინადადების წარმოთქმასაც ცდილობდა, მაგრამ
მისი არავის ესმოდა.
გულბერგს ოჯახი არ ჰყავდა და არც ერთ მეგობარს არ მოუნახულებია
საავადმყოფოში. ცოცხალთა სამყაროდან ღამის მედდამ, სარა კიტამამ გააცილა.
მედდას მომაკვდავი გულბერგის ხელი ეჭირა, სანამ ამ უკანასკნელს სული
ამოხდებოდა.
კლინტონი ხვდებოდა, რომ მალე თვითონაც თანამებრძოლის გზას გაუყვებოდა.
ალბათობა იმისა, რომ თირკმლის გადანერგვას გადაურჩებოდა, დღითი დღე
მცირდებოდა. ყოველი გამოკვლევისას მისი სასიცოცხლო ფუნქციები უფრო და
უფრო ქვეითდებოდა.
კლინტონი მხოლოდ შობამდე მიღწევას ნატრობდა.
თუმცა, მაინც კმაყოფილი იყო იმის გამო, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში
სამსახურში დაბრუნება შეძლო.
არადა, ბედისგან ამ უეცარ საჩუქარს ნაღდად არ ელოდა.
ზუსტად იმ წამს, როცა ვერდის არიის უკანასკნელი ნოტები დასრულდა,
არტილერიგატანზე „სექციის“ შტაბის მცირე ოთახის კარი გაიღო.
კლინტონმა თვალები გაახილა. ოთახში ვადენშე შემოვიდა.
კლინტონის აზრით, ვადენშე ზედმეტი ტვირთი იყო. შვედეთის ნაციონალური
უსაფრთხოების დამცველი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის დირექტორობისთვის
ის აშკარად არ ვარგოდა. კლინტონი ვერაფრთი მიმხვდარიყო, როგორ დაუშვეს მან
და ფონ როტინგერმა ამხელა შეცდომა და ვადენშე შესაფერის შემცვლელად
მიიჩნიეს.
ვადენშე მხოლოდ ზურგის ქარში იბრძოდა კარგად. კრიზისულ მდგომარეობაში
მერყევი ხდებოდა და გადაწყვეტილებას ვეღარ იღებდა. ეს უხერხემლო არსება
ერთხელაც დაიბნეოდა, მოქმედების უნარს საერთოდ დაკარგავდა და „სექციას“
დაღუპავდა.
ყველაფერი მარტივადაა. ზოგი არაფრით უკან არ დაიხევს, შეუპოვრობა სულში
აქვს. ზოგი კი მცირე დაბრკოლების წინაშეც შედრკება ხოლმე.
– ჩემთან საუბარი გინდოდათ? – კარში იკითხა ვადენშემ.
– დაბრძანდით, – უთხრა კლინტონმა.
ვადენშე დაჯდა.
– ჩემს მდგომარეობაში დროის დაკარგვა აღარ შეიძლება. პირდაპირ გეტყვით. როცა
ეს ყველაფერი მორჩება, მინდა, რომ „სექციის“ დირექტორის თანამდებობიდან
გადადგეთ.
– მართლა?
კლინტონმა ტონი შეარბილა.
– კარგი ადამიანი ხართ, ვადენშე, მაგრამ გულბერგის შემცვლელად არ ვარგიხართ.
ამხელა პასუხისმგებლობა თქვენთვის არ უნდა დაგვეკისრებინა. ავად რომ გავხდი,
მე და ფონ როტინგერმა ჩვენი საქმის გამგრძელებლის არჩევა ვიჩქარეთ.
– არასდროს მოგწონდით.
– ცდებით. როცა „სექციის“ სათავეში მე და ფონ როტინგერი ვიდექით, ჩინებული
ადმინისტრატორი იყავით. უთქვენოდ ძალიან გაგვიჭირდებოდა; თქვენ
პატრიოტიზმსაც პატივს ვცემ. მაგრამ თქვენ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ
და ეს გაფერხებთ.
ვადენშემ უხალისოდ გაიღიმა.
– ამის შემდეგ, არა მგონია, „სექციაში“ დარჩენა მომინდეს.
– გულბერგი და ფონ როტინგერი ცოცხლები აღარ არიან და საბედისწერო
გადაწყვეტილებების მიღება თავად მიწევს, – თქვა კლინტონმა, – თქვენ კი ჩემს
ყველა გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით.
– ისევ ვიმეორებ, რომ თქვენი გადაწყვეტილებები აბსურდულია, უბედურების მეტს
არაფერს მოგვიტანს.
– შესაძლოა. მაგრამ თქვენი უმოქმედობაც ისეთსავე შედეგს მოგვიტანდა. ახლა
შანსი მაინც გვაქვს და როგორც ჩანს, ჯერჯერობით ჩვენი გეგმა მუშაობს.
„მილენიუმმა“ აღარ იცის, რა გზას დაადგეს. ალბათ ჩვენს არსებობას ეჭვობენ,
მაგრამ სამხილები აკლიათ. ვერც სამხილებს იპოვიან და ვერც – ჩვენ.
ვადენშემ ფანჯრიდან შენობის სახურავებს გახედა.
– ზალაჩენკოს ქალიშვილის თავიდან მოშორებაღა დაგვრჩა, – თქვა კლინტონმა, –
თუ ვინმე მისი წარსულის ქექვას და გოგონას გამოკითხვას დაიწყებს, არავინ იცის,
რა მოხდება. არა უშავს, რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესი დაიწყება და
ყველაფერი დასრულდება. ამჯერად სალანდერი ისე ღრმად უნდა დავმარხოთ, რომ
ჩვენYთვის საფრთხის შექმნა ვეღარასდროს შეძლოს.
ვადენშემ თავი გააქნია.
– ვერ ვხვდები, რა გაღელვებთ, – თქვა კლინტონმა.
– ვიცი, რომ ვერ ხვდებით. სამოცდარვა წლის ხართ, კვდებით. არარაციონალურ
გადაწყვეტილებებს იღებთ, მაგრამ როგორღაც მაინც მოაჯადოვეთ ნისტრომი და
სანდბერგი. ისე გემორჩილებიან, თითქოს მამაღმერთი იყოთ.
– „სექციაში“ მე მართლაც მამაღმერთი ვარ. ჩვენ გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ.
საქმეში ჩემი ჩარევით „სექციას“ გადარჩენის შანსი გაუჩნდა. სრულიად
დარწმუნებით ვაცხადებ, რომ „სექცია“ ასეთ უმწეო მდგომარეობაში აღარ
აღმოჩნდება. როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენი საქმიანობა საფუძვლიანად
უნდა შევამოწმოთ.
– გასაგებია.
– ახალი დირექტორი ნისტრომი იქნება. უკვე ხნიერია, მაგრამ უკეთესი კანდიდატი
არ გვყავს. სიტყვა მოგვცა, კიდევ ექვს წელიწადს არ გავალ პენსიაზეო. სანდბერგი
მეტისმეტად ახალგაზრდაა და საქმისადმი თქვენი დამოკიდებულების გამო –
ძალიან გამოუცდელი. წესით, ახლა სრულად გაწვრთნილი უნდა იყოს.
– კლინტონ, ნუთუ ვერ ხედავთ, რა ჩაიდინეთ? თქვენ ადამიანი მოკალით. ბიორკი
„სექციაში“ ოცდათხუთმეტი წელი მუშაობდა, თქვენ კი ის მოაკვლევინეთ. ვერ
ხვდებით...
– კარგად იცით, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. გვიღალატა და პოლიციის
ზეწოლას ვეღარ გაუძლებდა.
ვადენშე წამოდგა.
– ჯერ არ დამისრულებია.
– მაშინ მოგვიანებით გავაგრძელოთ. სანამ თქვენ აქ წევხართ და თავი
ყოვლისშემძლედ წარმოგიდგენიათ, საქმე მაქვს გასაკეთებელი.
– თუ მომხდარი თქვენს მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მიდით
ბუბლანსკისთან და დანაშაულში გამოუტყდით.
– ამას ვაპირებდი კიდეც. თუმცა, რAაც უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ,
ყველაფერს ვიღონებ „სექციის“ დასაცავად.
ვადენშემ კარი გააღო და ოთახისკენ მომავალ ნისტრომს და სანდბერგს შეეჩეხა.
– გამარჯობა, ფრედრიკ, – მიესალმა ნისტრომი, – უნდა ვისაუბროთ.
– ვადენშე უკვე მიდის.
ნისტრომმა დაიცადა, სანამ ვადენშე კარს გაიხურავდა.
– ფრედრიკ, ძალიან ვღელავ.
– რა ხდება?
– მე და სანდბერგი რაღაცამ დაგვაეჭვა. უცნაური რამეები ხდება. ამ დილით
ადვოკატმა პროკურორს სალანდერის წერილობითი ჩვენება გადასცა.
– რაო?!
ინსპექტორი ფასტე ადვოკატ ჯიანინის აკვირდებოდა, სანამ პროკურორი ეკსტრომი
თერმოსიდან ყავას დაისხამდა. დილით სამსახურში მისული ეკსტრომი და ფასტე
ძლიერ გააკვირვა მოულოდნელმა დოკუმენტმა. მან და ფასტემ სალანდერის
ორმოცგვერდიანი ავტობიოგრაფია წაიკითხეს და დიდხანს განიხილავდნენ ამ
უცნაურ დოკუმენტს. ბოლოს, ეკსტრომმა ადვოკატი ჯიანინი იხმო არაფორმალურ
შეხვედრაზე.
ეკსტრომის კაბინეტში საკონფერენციო მაგიდასთან ისხდნენ.
– გმადლობთ, რომ მოხვედით, – უთხრა ადვოკატ ჯიანინის ეკსტრომმა, – ამ დილით
ეს... ჰმმ... ჩვენება წავიკითხე და რამდენიმე საკითხის გარკვევა მინდა.
– ვეცდები, დაგეხმაროთ.
– არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. უპირველეს ყოვლისა, იმას გეტყვით, რომ მე და
ინსპექტორი ფასტე გაკვირვებულები ვართ.
– მართლა?
– ვერ გამიგია, რა ჩაიფიქრეთ.
– რას გულისხმობთ?
– ამ ავტობიოგრაფიის თუ რაც არის... მიზანი რა არის?
– მიზანი ცხადია. ჩემს კლინეტს სურს, მის თავს გადამხდარის მისეული ვერსია
გიჩვენოთ.
ეკსტრომმა გულღიად გაიცინა და ბლანჟეზე ჩამოისვა ხელი. ამას ისე ხშირად
აკეთებდა, ჯიანინის უკვე აღიზიანებდა.
– თქვენს კლიენტს რამდენიმე თვე ჰქონდა ჩვენების მისაცემად, მაგრამ ინსპექტორ
ფასტესთან დაკითხვისას სიტყვა არ დაუძრავს.
– რამდენადაც ვიცი, კანონი არავის ავალდებულებს, ჩვენება მაშინ მისცეს, როცა ეს
ინსპექტორ ფასტეს სურს.
– არა, მე იმას ვგულისხმობ, რომ... სასამართლოში საქმის განხილვა ოთხ დღეში
იწყება, სალანდერმა კი ბოლო წამს მოგვაწოდა ეს ტექსტი. სიმართლე გითხრათ,
ისეთი პასუხისმგებლობა დამეკისრა, რომელიც ჩემი, როგორც პროკურორის,
მოვალეობების ფარგლებს სცდება.
– მართლა?
– არ მინდა, ჩემი სიტყვები საწყენად მიიღოთ, მაგრამ ამ ქვეყანაში სასამართლო
პროცესი გარკვეული პროცედურის დაცვით ტარდება. თქვენ, ფრუ ჯიანინი, ქალთა
უფლებების დამცველი ხართ და სისხლის სამართლის საქმის განხილვისას
კლიენტის ინტერესები არასდროს წარმოგიდგენიათ. ლიზბეთ სალანდერს ბრალს
იმიტომ კი არ ვდებ, რომ ქალია, არამედ ძალის გადამეტებულ გამოყენებასა და
მკვლელობის მცდელობაში. ვფიქრობ, თქვენც კი ხვდებით, რომ ის ფსიქიკურად
ავადმყოფია და სახელმწიფოს მხრიდან მზრუვენლობას და დაცვას საჭიროებს.
– შიშობთ, რომ სალანდერის უფლებებს სათანადოდ ვერ დავიცავ, – მეგობრულად
შენიშნა ჯიანინიმ.
– თქვენს განსჯას არ ვაპირებ, – თქვა პროკურორმა ეკსტრომმა, – არც თქვენს
კომპეტენტურობაში შემაქვს ეჭვი. მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ გამოცდილება
გაკლიათ.
– ჩემთვის ყველაფერი გასაგებია და გეთანხმებით. სისხლის სამართლის
სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ.
– მაგრამ მაინც უარი თქვით ბევრად გამოცდილი იურისტების დახმარებაზე...
– ჩემი კლიენტის მოთხოვნით. ლიზბეთ სალანდერს სურს, სასამართლოს წინაშე
მისი უფლებები მე დავიცვა, – თავაზიანად გაიღიმა ჯიანინიმ.
– ძალიან კარგი, მაგრამ მაინტერესებს, ნამდვილად აპირებთ ამ ნაწერის
სასამართლოსთვის წარდგენას?
– რა თქმა უნდა. ეს სალანდერის ჩვენებაა.
ეკსტრომმა და ფასტემ ერთმანეთს გადახედეს. ფასტემ შუბლი შეკრა. ვერ
ხვდებოდა, პროკურორ ეკსტრომს რა ადარდებდა. თუ ჯიანინი იმას ვერ
აცნობიერებს, რომ საკუთარ კლიენტს ზიანს აყენებს, ეს რა პროკურორის ბრალიაო.
მისი აზრით, ჯიანინისთვის მადლობა უნდა ეთქვათ, დოკუმენტი გამოერთმიათ და
პრობლემა მარტივად მოეგვარებინათ.
თავად ფასტეს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ სალანდერი შერეკილი იყო. მან ყველა
ხერხის გამოყენებით სცადა, გოგონასთვის მისამართი მაინც ეთქმევინებინა,
წყეული სალანდერი კი ყოველ დაკითხვაზე გაქვავებული იჯდა სკამზე და კედელს
მიშტერებოდა. ფასტემ რამდენჯერმე სიგარეტი შესთავაზა, მაგრამ სალანდერმა არ
გამოართვა; არც მისთვის მოტანილი ყავისა და გამაგრილებელი სასმელისთვის
დაუკარებია პირი. სალანდერი არანაირად არ რეაგირებდა ფასტეს შეგონებებზე ან
მის მკაცრ ტონზე. ასეთი მომაბეზრებელი დაკითხვები ინსპექტორ ფასტეს
ცხოვრებაში არ ეწარმოებინა.
– ფრუ ჯიანინი, – თქვა ეკსტრომმა ბოლოს, – ჩემი აზრით, აჯობებს, თქვენი
კლიენტი დავინდოთ და ამ სასამართლო პროცესით ნუ გავაწვალებთ. ის
ავადმყოფია. ამის თქმის საფუძველს მაღალკვალიფიციური ექიმის ფსიქიატრიული
დასკვნა მაძლევს. სალანდერს ფსიქიატრიული მკურნალობა სჭირდება, რაც ამ
წლების განმავლობაში ასე აკლდა.
– როგორც ვხვდები, სასამართლოსაც ამ თხოვნით მიმართავთ.
– დიახ, მივმართავ. ჩემი საქმე არაა, კლიენტის უფლებებს როგორ დაიცავთ. თუმცა,
თუ ამ გზის გაგრძელებას აპირებთ, პირდაპირ გეტყვით, სრულიად აბსურდული
სიტუაცია შეიქმნება. ეს ჩვენება დაუჯერებელ და უსაფუძვლო ბრალდებებს შეიცავს
რამდენიმე ადამიანის, განსაკუთრებით კი მისი მეურვის, ადვოკატ ბიურმანისა, და
ექიმ პეტერ ტელებორიანის მიმართ. იმედია, სერიოზულად არ ფიქრობთ, რომ
სასამართლო მტკიცებულებად მიიღებს ამ ავტობიოგრაფიას, რომელიც სრულიად
დაუსაბუთებლად ეჭვქვეშ აყენებს ექიმ ტელებორიანის კომპეტენტურობას.
მაპატიეთ მეტაფორისთვის, მაგრამ ეს დოკუმენტი თქვენი კლიენტის კუბოში
დაჭედებული ბოლო ლურსმანი იქნება.
– მესმის თქვენი.
– სასამართლო პროცესზე შეიძლება ამტკიცოთ, რომ სალანდერი ჯანმრთელია, და
განმეორებითი ფსიქიატრიული გამოკვლევა მოითხოვოთ, რის შემდეგაც საქმე
განსახილველად სამედიცინო საბჭოს გადაეცემა. თუმცა, სიმართლე გითხრათ,
თავად სალანდერის ჩვენება არანაირ ეჭვს აღარ ტოვებს, რომ ნებისმიერი
ფსიქიატრიული გამოკვლევა ექიმ ტელებორიანის დასკვნას დაეთანხმება: ეს
ჩვენება დასაბუთებული მტკიცებულებაა იმისა, რომ სალანდერი ნამდვილი
შიზოფრენიკია.
ადვოკატმა ჯიანინიმ თავაზიანად გაიღიმა.
– ხომ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად მოხდეს?! – იკითხა უცებ.
– როგორ სხვანაირად?
– სალანდერის ყოველი სიტყვა სიმართლე აღმოჩნდეს და სასამართლომ მისი
დაიჯეროს.
ეკსტრომმა ჯერ გაოცება ვერ დამალა, მერე კი გაიღიმა და ბლანჟეზე ჩამოისვა ხელი.
კლინტონი თავის კაბინეტში ფანჯარასთან იჯდა. შუბლშეკრული ყურადღებით
უსმენდა ნისტრომს და სანდბერგს.
– „მილენიუმის“ თანამშრომელთა ტელეფონებისა და ელფოსტის მონიტორინგს
აპრილიდან ვაწარმოებთ, – თქვა კლინტონმა, – დადასტურდა, რომ ბლუმკვისტი,
ერიქსონი და კორტესი სასოწარკვეთილები არიან. ჟურნალის შემდეგი ნომრის
სამუშაო ვერსიას გავეცანით. როგორც ჩანს, ბლუმკვისტმაც კი შეიცვალა პოზიცია –
სალანდერი მასაც ფსიქიკურად გაუწონასწორებლად მიაჩნია. ცდილობს, ეს
სოციალური პირობებით ახსნას; ამტკიცებს, სალანდერი საზოგადოებამ გარიყაო, და
ამით ამართლებს იმას, რომ მან მამამისის მოკვლა სცადა. ეს არადამაჯერებელი
არგუმენტია. ბლუმკვისტი სტატიაში საერთოდ არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ მისი
ბინა გაქურდეს და გეტებორგში მისი და დააყაჩაღეს. იცის, ვერაფრით დაამტკიცებს,
რომ ბიორკის მოხსენების ასლები დაიკარგა.
– პრობლემაც სწორედ ეგაა, – თქვა სანდბერგმა, – ბლუმკვისტმა უეჭველად იცის,
რომ უთვალთვალებენ, მაგრამ რატომღაც არაფერს იმჩნევს. მაპატიეთ, მაგრამ ეს
„მილენიუმის“ სტილი არაა. თანაც, ჟურნალს ერიკა ბერგერი დაუბრუნდა, მთელი
ნომერი კი ჯერ ისევ ისეთი უშინაარსო და არეულ-დარეულია, რომ სასაცილოდ
მოგეჩვენება.
– ანუ, ყველაფერი თვალის ასახვევად კეთდება?
სანდბერგმა თავი დააქნია.
– ზაფხულის ნომერი ივნისის ბოლო კვირაში უნდა გამოვიდეს. მალინ ერიქსონის
ერთ-ერთი იმეილის მიხედვით, ტირაჟი სოდერტელიეს ერთ-ერთ სტამბაში უნდა
დაიბეჭდოს, მაგრამ დილით იმ სტამბაში რომ დავრეკე, მითხრეს, ჯერ დედანიც არ
მიგვიღია, მხოლოდ თხოვნით მოგვმართეს ერთი თვის წინო.
– ადრე სად ბეჭდავდნენ ხოლმე? – იკითხა კლინტონმა.
– მორგონგავაში. სტამბას Hallvigs Reklam ჰქვია. დღეს დავრეკე, „მილენიუმიდან“
ვარ, რამდენი ეგზემპლარი დაბეჭდეთ-მეთქი, მაგრამ მენეჯერმა არაფერი მითხრა. ამ
საღამოს წავალ და იქაურობას თვითონ დავათვალიერებ.
– კარგი აზრია. გეორგ, შენ რა ინფორმაცია გაქვს?
– გასული კვირის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს მოვუსმინე, – თქვა
ნისტრომმა, – უცნაურია, მაგრამ „მილენიუმის“ თანამშრომლებს ზალაჩენკოს
თემაზე ერთხელაც არ უსაუბრიათ.
– საერთოდ არ უსაუბრიათ?
– არა. მის სახელს მხოლოდ მაშინ ახსენებენ, თუ თავიანთ თანამშრომელს არ
ესაუბრებიან. მაგალითად, ბლუმკვისტს Aftonbladet-ის ჟურნალისტმა დაურეკა და
ჰკითხა, მომავალ სასამართლო პროცესზე კომენტარს ხომ ვერ გააკეთებდითო, –
ნისტრომმა მაგიდაზე დიქტოფონი დადო და ჩართო, – აბა, უსმინეთ.
– ვწუხვარ, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
– ამ ამბავში ხომ თავიდანვე მონაწილეობდით. გოსებერგაში სალანდერი სწორედ
თქვენ იპოვეთ. არადა, ამაზე ერთი სიტყვაც არ დაგიწერიათ. როდის აპირებთ
სტატიის დაბეჭდვას?
– როცა საჭიროდ ჩავთვლი და იმ შემთხვევაში, თუ რამე მექნება სათქმელი.
– მერედა, გაქვთ?
– იყიდეთ „მილენიუმის“ ახალი ნომერი და თავად ნახავთ.
ნისტრომმა დიქტოფონი გამორთო.
– ადრე ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. ახლა დავჯექი და ჩანაწერებს
ხელმეორედ სათითაოდ ვუსმინე. თურმე სულ ასე ხდება. ბლუმკვისტი
ზალაჩენკოზე მხოლოდ სტანდარტული ფრაზებით საუბრობს. ამ თემას თავის
დასთანაც კი არ განიხილავს. ის კი სალანდერის ადვოკატია.
– იქნებ სათქმელი მართლაც არაფერი აქვს?
– ვარაუდებსაც არ გამოთქვამს? გამორიცხულია. არადა, დღედაღამ რედაქციაშია; შინ
თითქმის აღარ მიდის. თუ ამდენს მუშაობს, რამე შინაარსიანი და საინტერესო უნდა
დაეწერა, და არა ის სისულელე, რასაც „მილენიუმის“ მომდევნო ნომერში გეგმავს.
– რედაქციაში ტელეფონების მოსასმენი მოწყობილობების დაყენება ვერ შევძელით?
– ვერა, – უპასუხა სანდბერგმა, – მას შემდეგ, რაც ბლუმკვისტის ბინაში შევიპარეთ,
რედაქციაში ნებისმიერ დროს ვიღაც მაინც არის ხოლმე. ესეც გასათვალისწინებელია.
შუქი ყოველთვის ანთია და ხან ბლუმკვისტი მორიგეობს, ხან – კორტესი, ერიქსონი
ან ის პედერასტი... ეე... კრისტერ მალმი.
კლინტონი ნიკაპს ჩამოეყრდნო და მცირე ხნით ჩაფიქრდა.
– გასაგებია. დასკვნა?
– მგონი ჩვენს მოსატყუებლად სპექტაკლს თამაშობენ, – თქვა ნისტრომმა.
კლინტონს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა:
– ამას აქამდე რატომ ვერ მივხვდით?
– წესიერად არ ვუსმენდით, რას ამბობდნენ და რას არა. გაგვიხარდა, როცა მათ
იმეილებში დაბნეულობა ამოვიკითხეთ. ბლუმკვისტმა კარგად იცის, რომ ვიღაცამ
მას და მის დას ბიორკის 1991 წლის მოხსენება მოჰპარა, მაგრამ რატომღაც ეს
თითქოს სულ არ ადარდებს.
– ამის თაობაზე პოლიციაში არ განუცხადებიათ?
ნისტრომმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– სალანდერის დაკითხვებს ჯიანინიც ესწრებოდა. ის თავაზიანია, მაგრამ
მნიშვნელოვანს არაფერს ამბობს. სალანდერი კი დამუნჯებულია.
– ჩვენც ეს გვაწყობს. რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებს, მით უკეთესი. ეკსტრომი რას
ამბობს?
– ორიოდე საათის წინ შევხვდი. სალანდერის ჩვენება გადასცეს, – კლინტონს
მუხლებზე დადებულ ფურცლებზე მიუთითა, – ეკსტრომი დაბნეულია.
საბედნიეროდ, სალანდერს წერის ნიჭიც კი არ გააჩნია. გარეშე პირს ეს სრულ
ბოდვად მოეჩვენება – შეთქმულების თეორია პორნოგრაფიული ელემენტებით.
თუმცა, თითქმის მიზანში არტყამს. ზუსტად აღწერს, როგორ გამოკეტეს წმ.
სტეფანის კლინიკაში; ამტკიცებს, ზალაჩენკო „სეპოსთვის“ მუშაობდაო; წერს,
ყველაფრის უკან „სეპოში“ არსებული კონსპირატორთა მცირე ჯგუფი დგასო, და
„სექციის“ არსებობაზე მიანიშნებს. მთლიანობაში, მისი თეორია თანმიმდევრულია,
მაგრამ როგორც ვთქვი, არადამაჯერებელი. ეკსტრომი დაბნეულია. ჰგონია, რომ
ჯიანინი სასამართლო პროცესზე კლიენტის დაცვას ამ ჩვენებაზე დაყრდნობით
ეცდება.
– ჯანდაბა, – კლინტონმა თავი ჩაქინდრა. რამდენიმე წუთის შემდეგ თავი ასწია და
განკარგულებები გასცა: – იუნას, მორგონგოვაში წახვალ და გაარკვევ, იქ რა ხდება.
თუ „მილენიუმს“ ბეჭდავენ, ერთ ეგზემპლარსაც იშოვი.
– ფალუნსაც წავიყვან.
– კარგი. გეორგ, ეკსტრომს შეხვდები და ცოტა აზრზე მოიყვან. მეგონა, ყველაფერი
კარგად მიდიოდა, მაგრამ თქვენმა ნაამბობმა ამაღელვა. ყველაფერს აჯობებს,
სასამართლო საერთოდ არ შედგეს, – კლინტონი კიდევ რამდენიმე წუთს გაჩუმდა,
ბოლოს ნისტრომს შეხედა: – ნისტრომ, ნახე ერთი, რის გაკეთება შეიძლება.
ნისტრომმა თავი დააქნია. სანდბერგმაც თავი დააქნია.
სანდბერგმა და ფალუნის მეტსახელით ცნობილმა ზეინკალმა მანქანა რკინიგზიდან
რამდენიმე მეტრის მოშორებით გააჩერეს და მორგონგოვაში ფეხით განაგრძეს გზა.
საღამოს ცხრის ნახევარზე ჯერ კიდევ არ ბნელოდა და სტამბაში ვერ
შეიპარებოდნენ. იქაურობა ქუჩიდან შეათვალიერეს.
– თუ სიგნალიზაცია აყენია, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებ, – თქვა ფალუნმა, –
აჯობებს, ფანჯრიდან შევიხედოთ. თუ რამეს დაინახავ, ქვით მინა ჩაამსხვრიე,
შიგნით შეძვერი, აიღე, რაც გჭირდება და სასწრაფოდ გამოიქეცი.
– კარგი, – უთხრა სანდბერგმა.
– თუ მხოლოდ ჟურნალის ერთი ეგზემპლარი გჭირდება, უკანა ეზოში სანაგვეები
შევამოწმოთ. გაფუჭებული ან საცდელი ასლები სანაგვეში ეყრება.
სტამბა Hallvigs Reklam აგურის დაბალ შენობაში იყო განთავსებული. სანდბერგი და
ფალუნი შენობას სამხრეთიდან. სანდბერგი ქუჩის გადაჭრას აპირებდა, როცა
ფალუნმა მკლავზე წაავლო ხელი და უჩურჩულა:
– პირდაპირ იარე.
– რა?
– პირდაპირ იარე, ვითომ ვსეირნობთ.
სტამბას ჩაუარეს და მთელი უბანი ფეხით შემოიარეს.
– რა ხდება? – ჰკითხა სანდბერგმა ფალუნს.
– ასი თვალი უნდა გამოიბა. სტამბაში მარტო სიგნალიზაცია კი არ აყენია, შენობის
წინ მანქანაც იდგა.
– ანუ სტამბაში ვიღაც არის?
– Milton Security-ის მანქანა იყო. ჩანს, სტამბას საიმედოდ იცავენ.
– Milton Security? – წამოიყვირა შეშფოთებულმა კლინტონმა.
– ფალუნი რომ არა, პირდაპირ ხელში ჩავუვარდებოდი, – თქვა სანდბერგმა.
– აშკარად რაღაც ხდება, – თქვა ნისტრომმა, – წარმოუდგენელია, ქალაქგარეთ
მდებარე პატარა სტამბამ Milton Security ოცდაოთხსაათიანი დაცვისთვის
დაიქირავოს.
კლინტონი ჩაფიქრდა. უკვე ღამის თორმეტი დაწყებულიყო და დასვენება
ესაჭიროებოდა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ „მილენიუმს“ რაღაც აქვს ჩაფიქრებული, – წამოიწყო
სანდბერგმა.
– ამას მეც ვხვდები, – თქვა კლინტონმა, – მოდი, სიტუაცია გავაანალიზოთ.
წარმოვიდგინოთ ყველაზე უარესი სცენარი. რა შეიძლება იცოდნენ? – და ნისტრომს
შეკითხვის თვალით შეხედა.
– სავარაუდოდ, საქმე ბიორკის მოხსენებას ეხება, – თქვა ნისტრომმა, – მას შემდეგ
რაც ასლები მოვპარეთ, დაცვა გააძლიერეს. ალბათ მიხვდნენ, რომ
ვუთვალთვალებთ. უარესი სცენარი ის არის, რომ შეიძლება მოხსენების კიდევ ერთი
ასლი ჰქონდეთ.
– მაგრამ ბლუმკვისტი ხომ ჭკუაზე არ იყო, როცა მოხსენების ასლი დაკარგა?
– ვიცი, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება გაგვაცურეს.
– კარგი, ამ ვარაუდს დავეყრდნობით, – თქვა კლინტონმა, – სანდბერგ?
– უკვე ვიცით, სალანდერი თავის დაცვას როგორ ეცდება. ის სიმართლის თავის
ვერსიას წარმოადგენს. მისი ავტობიოგრაფია წავიკითხე. სიმართლე გითხრათ, მისი
ჩვენება გვაწყობს. გაუპატიურების, ძალადობისა და სამოქალაქო უფლებების
დარღვევის ისეთ მძიმე ფაქტებს აღწერს, რომ ყველას პარანოიკის ნაბოდვარად
მოეჩვენება.
– თანაც, ვერც ერთი ბრალდების დამტკიცებას ვერ შეძლებს, – თქვა ნისტრომმა, –
ეკსტრომი ამ ჩვენებას მისსავე წინააღმდეგ გამოიყენებს. სალანდერის მიმართ
ყველა დაკარგავს ნდობას.
– ტელებორიანმა შესანიშნავი დასკვნა დაწერა. რასაკვირველია, შეიძლება ჯიანინიმ
საკუთარი სამედიცინო ექსპერტი მოიწვიოს და იმან დაასკვნას, რომ სალანდერი
გიჟი არაა, მაგრამ ასეა თუ ისე, საქმე სამედიცინო საბჭოს გადაეცემა. თუმცა, თუ
სალანდერი ტაქტიკას არ შეცვლის და არც მათ დაელაპარაკება, ისინიც დაასკვნიან,
რომ ტელებორიანი სიმართლეს წერს. სალანდერი საკუთარი თავის მტერია.
– და მაინც, ყველაფერს აჯობებს, სასამართლო საერთოდ არ გაიმართოს, – თქვა
კლინტონმა.
ნისტრომმა თავი გააქნია.
– ეს თითქმის შეუძლებელია. სალანდერი კრონობერგის ციხეში ზის და სხვა
პატიმრებთან კონტაქტი არ აქვს. ყოველდღე სახურავზე გაჰყავთ, ყველასგან
განცალკევებით ასეირნებენ. იქ ვერ მივწვდებით. საპატიმროს პერსონალში სანდო
კაცი არ გვყავს.
– დრო კიდევ გვაქვს.
– თუ მისი თავიდან მოშორება გვინდოდა, ეს სოლგრენსკას საავადმყოფოში უნდა
გვექნა. ალბათობა იმისა, რომ ქილერს ვერ დაიჭერენ, Yთითქმის ნულს უდრის. ასეთ
საქმეზე ვის დაითანხმებ? ასეთ მოკლე დროში „უბედური შემთხვევის“ ან
„თვითმკვლელობის“ ორგანიზება ძალიან ძნელია.
– ასეც ვიცოდი. თანაც, უეცარი სიკვდილი ყოველთვის ეჭვს აჩენს. თვალი ვადევნოთ
სასამართლო პროცესის მიმდინარეობას. რეალურად, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა.
ისედაც ველოდით, რომ საპასუხო ნაბიჯს გადადგამდნენ და ეს ნაბიჯი სალანდერის
ე. წ. ავტობიოგრაფია აღმოჩნდა.
– პრობლემა „მილენიუმია“, – თქვა სანდბერგმა.
– „მილენიუმი“ და Milton Security, – დაამატა კლინტონმა, – სალანდერი
არმანსკისთვის მუშაობდა, ხოლო ბლუმკვისტი სალანდერთან მეგობრობდა.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამივე ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანდა?
– სტამბას, რომელშიც „მილენიუმის“ მომდევნო ტირაჟი იბეჭდება, Milton Security
ტყუილად არ დაიცავდა. ეს უბრალო დამთხვევა ვერ იქნება.
– მომდევნო ნომერი როდის გამოდის? სანდბერგ, შენ თქვი, რომ გრაფიკს ორი
კვირით ჩამორჩებიან. თუ ვივარაუდებთ, რომ Milton Security სტამბას იმ მიზნით
დარაჯობს, რომ „მილენიუმის“ ახალი ნომრის ეგზემპლარი ხელში არავის
ჩაუვარდეს, გამოდის, ისეთ რამეს ბეჭდავენ, რის წინასწარ გამხელაც არ სურთ; ან
არადა, ტირაჟი უკვე დაბეჭდილია და ინახავენ.
– რათა მისი გამოსვლა სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებას დაამთხვიონ, –
თქვა სანდბერგმა, – სხვა ახსნა არ არსებობს.
კლინტონმა თავი დააქნია.
– რა შეიძლება მოხვდეს ჟურნალში?
კარგა ხანს ფიქრობდნენ, სანამ სიჩუმე ნისტრომმა არ დაარღვია.
– როგორც აღვნიშნე, უარეს შემთხვევაში ბიორკის 1991 წლის მოხსენება შეიძლება
ჰქონდეთ.
– კი მაგრამ, რაში გამოადგებათ? – იკითხა სანდბერგმა, – მოხსენება ბიორკისა და
ტელებორიანის თანამშრომლობაზე მიუთითებს. ბიორკი უკვე მკვდარია, მხოლოდ
ტელებორიანზე თუ მოახდენენ ზეწოლას. ტელებორიანი თავს დაიცავს,
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ვატარებდიო. გასარკვევი ის იქნება, ვის
სიტყვას დაუჯერებენ.
– თუ მოხსენებას გამოაქვეყნებენ, როგორ მოვიქცეთ? – იკითხა ნისტრომმა.
– მგონი, კოზირი ჯერ ისევ ჩვენ გვიჭირავს, – თქვა კლინტონმა, – თუ მოხსენებას
გამოაქვეყნებენ, პრესის ყურადღების ცენტრში „სეპო“ მოექცევა და არა – „სექცია“.
„სეპო“ არქივიდან 1991 წლის მოხსენებას გამოითხოვს.
– მოხსენება კი უკვე შეცვლილია, – დაასრულა სანდბერგმა.
– შენკემ არქივში მოდიფიცირებული ვერსია შეინახა – ის, რომელიც პროკურორ
ეკსტრომს მივეცით წასაკითხად. მოხსენება დანომრილია. ამგვარად, მედიას
სწრაფად მივაწვდით დეზინფორმაციას. ორიგინალი, რომელიც ბიურმანმა ჩაიგდო
ხელში, ხომ ჩვენ გვაქვს, „მილენიუმს“ მხოლოდ ასლი აქვს. შეგვიძლია ხმა
გავავრცელოთ, რომ დედანი სწორედ ბლუმკვისტმა გააყალბა.
– კარგი. კიდევ რა შეიძლება იცოდეს „მილენიუმმა“?
– შეუძლებელია „სექციაზე“ რამე იცოდნენ. ალბათ „სეპოზე“ მოახდენენ
კონცენტრირებას; შედეგად ბლუმკვისტს შეთქმულების თეორიების მოყვარულად
შერაცხავენ.
– ამწუთას ის კარგი რეპუტაციით სარგებლობს, – შენიშნა კლინტონმა, –
ვენერსტრომის საქმის შემდეგ მის მიმართ ნდობა გაიზარდა.
– როგორმე რეპუტაცია უნდა შევულახოYთ, – თქვა სანდბერგმა.
ნისტრომმა და კლინტონმა ერთმანეთს გადახედეს.
– როგორ ფიქრობ, შეძლებ ორმოცდაათი გრამი კოკაინის შოვნას? – ჰკითხა
კლინტონმა ნისტრომს.
– იუგოსლავიელებს დავუკავშირდები.
– როგორმე იშოვე. უნდა ვიჩქაროთ. საქმის განხილვა სამ დღეში იწყება.
– ვერ მივხვდი, – თქვა სანდბერგმა.
– ეს ოინი ჩვენი პროფესიასავით ძველია, თუმცა – ყოველთვის შედეგიანი.
– მორგონგოვაში? – მოიღუშა ედკლინთი. ხალათშემოსხმული იჯდა შინ და
სალანდერის ავტობიოგრაფიას უკვე მესამედ კითხულობდა, როცა ფიგეროლამ
დაურეკა. რახან უკვე შუაღამე იყო, იფიქრა, რაღაც სერიოზული უნდა ხდებოდესო.
– დიახ, მორგონგოვაში, – გაიმეორა ფიგეროლამ, – იუნას სანდბერგი და ლარს
ფაულსონი იქ ღამის ცხრის ნახევარზე შეამჩნიეს. მათ ბუბლანსკის საგამოძიებო
ჯგუფის წევრი, ინსპექტორი ანდერსონი მიჰყვებოდა; სანდბერგის მანქანაში
რადიოგადამცემი დავაყენეთ. მათ მანქანა რკინიგზასთან გააჩერეს, ცოტა ფეხით
გაიარეს, მერე ისევ მანქანაში ჩასხდნენ და სტოკჰოლმში დაბრუნდნენ.
– გასაგებია. ვინმეს ხომ არ შეხვდნენ ან...
– არა და უცნაურიც ეგაა. ანდერსონის თქმით, მანქანიდან გადმოვიდნენ, ცოტა ხანს
ისეირნეს და პირდაპირ სტოკჰოლმში დაბრუნდნენ.
– კარგი. ახლა ის მითხარი, ღამის პირველის ნახევარზე რატომ მირეკავ ამის
სათქმელად?
– თავიდან ვერაფერს მივხვდით. მათ სტამბას ჩაუარეს. ამის შესახებ ბლუმკვისტს
ველაპარაკე. სწორედ იმ სტამბაში იბეჭდება „მილენიუმის“ ახალი ნომრის ტირაჟი.
– ჯანდაბა, – თქვა ედკლინთმა. მან მაშინვე დააკავშირა ეს ორი ფაქტი
ერთმანეთთან.
– რაკი სანდბერგს ფაულსონიც ახლდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ღამით სტამბაში
შეპარვას აპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს, – თქვა ფიგეროლამ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ბლუმკვისტმა არმანსკის სთხოვა, სანამ „მილენიუმის“ ახალი
ნომრის ტირაჟი დაიბეჭდება, სტამბას თვალყური ადევნეო. სანდბერგმა და
ფაულსონმა ალბათ Milton Security-ის მანქანა შეამჩნიეს. ვიფიქრე, ეს შენთვის
სასწრაფოდ უნდა მეცნობებინა.
– მართალია. ალბათ რაღაც იყნოსეს...
– როცა მანქანა დაინახეს, მათ გონებაში ალბათ განგაშის ზარმა ჩამოკრა. სანდბერგმა
ფაულსონი ქალაქში ჩამოსვა, თვითონ არტილერიგატანზე წავიდა. ვიცით, რომ იქ
კლინტონია. იმავდროულად, ნისტრომიც გამოჩნდა. საკითხავი ისაა, რას გეგმავენ?
– სასამართლოში საქმის განხილვა ოთხშაბათს იწყება... ბლუმკვისტს
დაუკავშირდი. ყოველი შემთხვევისთვის, „მილენიუმის“ რედაქციაში ყურადღება
გააორმაგონ.
– ისედაც საკმაოდ ფხიზლად არიან. პროფესიონალებივით ავრცელებენ ცრუ
ინფორმაციას იმ ტელეფონებით, რომლებიც ისმინება. ბლუმკვისტი ნამდვილი
პარანოიკია, მისი დივერსიული ტაქტიკის შესწავლა არც ჩვენ გვაწყენდა.
– ძალიან კარგი, მაგრამ შენ მაინც დაურეკე.
ფიგეროლამ ტელეფონი ტუმბოზე დადო და საწოლზე შიშვლად გაწოლილ
ბლუმკვისტს შეხედა.
– დამავალა, ბლუმკვისტს დაურეკე, „მილენიუმის“ დაცვა გააძლიეროსო.
– გმადლობ რჩევისთვის, – თქვა ბლუმკვისტმა.
– სერიოზულად გეუბნები. თუ რამე იყნოსეს, არაფერს მოერიდებიან. შეიძლება
რედაქციის კარიც კი შეამტვრიონ.
– რედაქციაში ამაღამ ჰენრის სძინავს. კარის შემტვრევის შემთხვევაში კი
სიგნალიზაცია პირდაპირ ჩვენგან სამი წუთის სავალზე, Milton Security-ში
ჩაირთვება... ჰმ, პარანოიკიო, – თვალი არ გაუხელია, ისე ჩაიბურტყუნა
ბლუმკვისტმა.

თავი XXIV
ორშაბათი, 11/VII
ორშაბათს, დილის 6:00 საათზე ბლუმკვისტს Ericsson T10-ზე სუსან ლინდერმა
დაურეკა.
– ხალხო, თქვენ ოდესმე გძინავთ? – ჰკითხა ნახევრად მძინარე ბლუმკვისტმა.
ფიგეროლა უკვე ამდგარიყო, სპორტული შორტი ჩაეცვა და ახლა მაისურს იცვამდა.
– გვძინავს, მაგრამ ღამის მორიგემ გამაღვიძა. შენს ბინაში დაყენებული ჩუმი
სიგნალიზაცია შუაღამისას ჩაირთო.
– მართლა?
– შენი ბინის დასათვალიერებლად წავედი. ცოტათი გაურკვეველი საქმეა. შეგიძლია
რაც შეიძლება სწრაფად მოხვიდე Milton Security-ში? იჩქარე!
– ეს უკვე სერიოზულია, – თქვა არმანსკიმ.
ცხრა საათი ახალი დაწყებული იყო, როცა არმანსკი, ბლუმკვისტი და ლინდერი
Milton Security-ის საკონფერენციო ოთახში დიდი ტელევიზორის წინ დასხდნენ.
არმანსკიმ სოლნას პოლიციის ყოფილი კრიმინალური ინსპექტორი, ახლა კი Milton
Security-ის ოპერატიული დანაყოფის უფროსი იოჰან ფრეკლუნდი და ყოფილი
ინსპექტორი სონი ბომანიც იხმო. ბომანი სალანდერის საქმის გამოძიებაში
თავიდანვე მონაწილეობდა. ყველანი ფარული კამერით გადაღებულ ვიდეოჩანაწერს
უყურებდნენ.
– ეკრანზე ახლა „სეპოს“ ოფიცერი იუნას სანდბერგი ჩანს, – განმარტავდა ლინდერი,
– 3:17 საათზე ის ბლუმკვისტის ბინის კარს აღებს საკუთარი გასაღებით. ალბათ
გახსოვთ, რომ ზეინკალმა ფაულსონმა გასაღების ასლი დაამზადა, როცა რამდენიმე
კვირის წინ ის და იორან მორტენსონი ბინაში პირველად შეიპარნენ.
არმანსკიმ პირქუშად დააქნია თავი.
– სანდბერგი ბინაში დაახლოებით რვა წუთს ჩერდება. ამ დროის განმავლობაში ჯერ
სამზარეულოში შედის, ცელოფნის პარკს იღებს და კოკაინით ავსებს, შემდეგ შენს
მისაღებ ოთახში მდგარი დინამიკის უკანა ფირფიტას ხსნის და პარკს დინამიკის
უკან მალავს. ის ფაქტი, რომ ცელოფნის პარკი შენს სამზარეულოში აიღო, ძალიან
მნიშვნელოვანია.
– ეს „კონსუმის“ პარკია, – თქვა ბლუმკვისტმა, – შიგ ყველს და ეგეთ რამეებს ვახვევ
ხოლმე.
– მეც. ოღონდ პარკი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ზედ შენი თითის ანაბეჭდებია.
მერე სანაგვიდან Svenska Morgen-Posten-ის ძველ ნომერს იღებს, მასში რაღაცას ახვევს
და შენი გარდერობის ზედა თაროზე დებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქაღალდზე
შენი თითის ანაბეჭდებია.
– გასაგებია, – თქვა ბლუმკვისტმა.
– შენს ბინაში დაახლოებით დილის ხუთ საათზე მივედი, – თქვა ლინდერმა, – და
რაღაც-რაღაცეები ვიპოვე: შენს დინამიკში ახლა დაახლოებით ას ოთხმოცი გრამი
კოკაინი ინახება. ნიმუშად ერთი გრამი წამოვიღე.
ლინდერმა მაგიდაზე სამხილი დადო.
– გარდერობში რა არის? – ჰკითხა ბლუმკვისტმა.
– დაახლოებით 120 000 კრონა ნაღდი ფული.
არმანსკიმ ლინდერს ანიშნა, ტელევიზორი გამოერთო. მერე ფრეკლუნდისკენ
შეტრიალდა.
– მაშასადამე, მიქაელ ბლუმკვისტი ნარკოტიკებით ვაჭრობს, – თქვა ფრეკლუნდმა, –
აშკარად აღელვებთ ის, რაზეც ბლუმკვისტი მუშაობს.
– ეს საპასუხო სვლაა, – თქვა ბლუმკვისტმა.
– რის საპასუხო?
– წუხელ მორგონგოვაში Milton Security-ის მანქანა შეამჩნიეს.
ბლუმკვისტმა მათ სანდბერგის სტამბაში სტუმრობის შესახებ უამბო.
– ეგ ნაბიჭვარი, – წამოიძახა ბომანმა.
– კი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ახლა?
– ალბათ ნერვიულობენ, რას დაწერს „მილენიუმი“, როცა სასამართლოში საქმის
განხილვა დაიწყება, – თქვა ფრეკლუნდმა, – თუ ბლუმკვისტს კოკაინით
ვაჭრობისთვის დააპატიმრებენ, მისი რეპუტაცია ძალიან შეილახება და
საზოგადოების თვალში ნდობასაც დაკარგავს.
ლინდერმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. ბლუმკვისტი ეჭვებმა შეიპყრო.
– როგორ მოვიქცეთ? – იკითხა არმანსკიმ.
– დაველოდოთ, – უპასუხა ფრეკლუნდმა, – ყველა კოზირი ხელში გვიჭირავს.
ცხადზე უცხადესი სამხილი გვაქვს იმისა, რომ კოკაინი და ფული ბლუმკვისტის
ბინაში სანდბერგმა შეინახა. ვაცადოთ მახეში გაბმა. თქვენი უდანაშაულობისა და
„სექციის“ კრიმინალური საქმიანობის დამტკიცებას წამში შევძლებთ. დიდი
სიამოვნებით ვიქნებოდი პროკურორი, როცა ამ ბიჭებს სასამართლოს წინაშე
წარადგენენ.
– არ ვიცი, – თქვა ბლუმკვისტმა, – საქმის განხილვა ზეგ იწყება. ჟურნალი
ჯიხურებში პარასკევს, სასამართლო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს
გამოჩნდება. თუ ჩემთვის ნარკომოვაჭრეობის დაბრალებას აპირებენ, ჟურნალის
გამოსვლამდე თავის გამართლებას ვერ მოვასწრებ. შეიძლება საკანში აღმოვჩნდე
და სასამართლო პროცესის დაწყებას ვერ დავესწრო.
– ჰოდა, აჯობებს ეს ერთი კვირა თვალში არავის გაეჩხირო, – უთხრა არმანსკიმ.
– კი, მაგრამ... TV4-თან უნდა ვიმუშაო, სხვა რამეებიც მაქვს მოსაგვარებელი. ახლა
დამალვა ძალიან არ მაწყობს...
– რატომ მაინცდამაინც ახლა? – იკითხა უეცრად ლინდერმა.
– რას გულისხმობ? – კითხვაზე კითხვითვე მიუგო არმანსკიმ.
– ბლუმკვისტის გასასვრელად სამი თვე ჰქონდათ. ამას ახლა რატომ აკეთებენ? რაც
უნდა მოხდეს, ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლას ხელს ვერ შეუშლიან.
წუთით ყველა გაჩუმდა.
– ალბათ იმიტომ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რის დაბეჭდვას აპირებ, მიქაელ, – თქვა
არმანსკიმ, – ხვდებიან, რომ რაღაც ჩაიფიქრე, მაგრამ ჰგონიათ, რომ მხოლოდ
ბიორკის მოხსენების ასლი გაქვს. ვერაფრით წარმოიდგენენ, რომ მთელი „სექციის“
მხილებას აპირებ. თუ მხოლოდ ბიორკის მოხსენება გაქვს, მათი აზრით, ეს ოპერაცია
შენს „გასაშავებლად“ წესით, საკმარისი უნდა იყოს. თუ ნარკოტიკების
გასაღებისთვის დაგაპატიმრებენ, შენს ყოველ სიტყვას ფასი დაეკარგება. ეს დიდ
სკანდალს გამოიწვევს. „სახელგანთქმული მიქაელ ბლუმკვისტი ნარკოტიკებით
ვაჭრობაში ამხილეს“. ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა გემუქრება.
– შეიძლება ამ ვიდეოჩანაწერის ორი ასლი მომცეთ? – ითხოვა ბლუმკვისტმა.
– რისთვის გჭირდება?
– ერთს ედკლინთს მივცემ. მეორეს თან წავიღებ. სამ საათში TV4-ში მივდივარ.
მგონი, აჯობებს, ეს ვიდეომასალა ტელევიზიით გასაშვებად მზად გვქონდეს, როცა
ხმაური ატყდება.
ფრიდჰემსპლანზე დროებით შტაბში ფიგეროლამ DVD-ფლეიერი გამორთო და
დისტანციური მართვის პულტი მაგიდაზე დადო.
– კოკაინი, – ჩაილაპარაკა ედკლინთმა, – ძალიან ბინძური თამაში წამოიწყეს.
ჩაფიქრებულმა ფიგეროლამ ბლუმკვისტს შეხედა.
– ვიფიქრე, ეს უნდა გცოდნოდათ, – მხრები აიჩეჩა ბლუმკვისტმა.
– ეს არ მომწონს, – თქვა ფიგეროლამ, – აშკარად იგრძნობა სასოწარკვეთილება და
დაუფიქრებლობა. იმდენს როგორ ვერ უნდა მიხვდნენ, რომ უბრძოლველად არ
დანებდები და ნაკროტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ციხეში თავს არ ჩაასმევინებ?
– ჰო, ეს ჩემთვისაც გაუგებარია, – თქვა ბლუმკვისტმა.
– თუნდაც დამნაშავედ გაღიარონ, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ხალხი შენს
სიტყვებს მაინც დაიჯერებს. არც შენი „მილენიუმელი“ კოლეგები ისხდებიან ჩუმად.
– გარდა ამისა, ეს ოპერაცია საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, – განაგრძო
ედკლინთმა, – ჯერ მარტო 120 000 კრონის ოდენობის ნაღდი ფული გამოყვეს; ამას
კოკაინის ღირებულებაც დაუმატეთ.
– ვიცი, მაგრამ არცთუ ურიგო გეგმაა, – თქვა ბლუმკვისტმა, – გეგმავენ, სალანდერი
ისევ საგიჟეთში გამოკეტონ, მე კი ეჭვების საბურველში გამხვიონ. თანაც, მიაჩნიათ,
რომ მთელი ყურადღება „სეპოსკენ“ იქნება მიპყრობილი და არა – „სექციისკენ“.
– კი, მაგრამ ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის დეპარტამენტს შენი ბინის
ჩრეკაზე როგორ დაითანხმებენ? არა მგონია, ანონიმური ზარის ან წერილის გამო
ვინმე ცნობილი ჟურნალისტის ბინაში შევარდეს. ამ ყველაფერმა რომ შედეგი
გამოიღოს, ოპერაცია, წესით, უახლოეს ოცდაოთხ საათში უნდა ჩატარდეს.
– მათ ზუსტ გრაფიკზე არაფერი ვიცით, – წამოდგა ბლუმკვისტი.
უეცრად დაღლილობა მოერია და ინატრა, ნეტა ყველაფერი მალე მორჩებოდესო.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა ფიგეროლამ, – უნდა ვიცოდე, მომდევნო რამდენიმე დღის
განმავლობაში სად იქნები.
– TV4-ში შეხვედრა მაქვს. ექვს საათზე ერიკა ბერგერს ვხვდები „სამირის ქვაბში“.
პრეს-რელიზზე უნდა წავიმუშაოთ. სხვა დროს ალბათ „მილენიუმში“ ვიქნები.
ფიგეროლამ ბერგერის ხსენებაზე თვალები მოჭუტა:
– დღის განმავლობაში ხშირ-ხშირად დამიკავშირდი. აჯობებს, თუ სასამართლო
პროცესის დაწყებამდე არსად გამოჩნდები.
– რამდენიმე დღით შენთან ხომ არ გადმოვსულიყავი საცხოვრებლად? – ეშმაკურად
გაუღიმა ბლუმკვისტმა.
ფიგეროლა მოიღუშა. ნაჩქარევად გახედა ედკლინთს.
– მონიკა მართალია, – ჩაერთო ედკლინთი, – კარგი იქნება, თუ ამ დღეებში თვალში
არავის მოხვდებით.
– თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ, – Yთქვა ბლუმკვისტმა, – მე ჩემსას მივხედავ.
TV4-ის საავტორო გადაცემის წამყვანი ქალი ბლუმკვისტის მიწოდებულმა
ვიდეომასალამ აღაფრთოვანა. ბლუმკვისტი მისმა დაუფარავმა კმაყოფილებამ
გააკვირვა. მთელი კვირა თავდაუზოგავად იშრომეს „სექციის“ შესახებ
დამაჯერებელი მასალის შეკოწიწებასა და სატელევიზიო ვარიანტის შექმნაზე.
საავტორო გადაცემის პროდიუსერი და TV4-ის საინფორმაციო რედაქციის უფროსი
დარწმუნებული იყო, რომ ეს ამბავი ნამდვილ სენსაციას გამოიწვევდა. რეპორტაჟი
საიდუმლოდ მზადდებოდა, მასზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა.
ბლუმკვისტის დაჟინებული მოთხოვნით, გადაწყდა, რომ ერთსაათიან სპეციალურ
ტელეგადაცემას სასამართლო პროცესის მესამე დღეს გაუშვებდნენ.
ბლუმკვისტს მათთვის უკვე მიეწოდებინა რამდენიმე ფოტოსურათი, მაგრამ
ტელევიზიაში ვიდეომტკიცებულებას არაფერი შეედრება. ბლუმკვისტის ნაცნობი
ტელეწამყვანი ქალი სიხარულს ვერ მალავდა პირდაპირი მნიშვნელობით, როცა
ბლუმკვისტმა აჩვენა ვიდეოჩანაწერი, როგორ მალავს პოლიციის ოფიცერი მის
ბინაში კოკაინს.
– დიდებული ტელეგადაცემა იქნება. რეპორტაჟის სათაური: „სეპოს“ აგენტი
ჟურნალისტის ბინაში კოკაინს დებს.
– „სეპოსი“ კი არა, „სექციისა“, – შეუსწორა ბლუმკვისტმა, – ეს ორი ერთმანეთში ნუ
აგერევა.
– სანდბერგი ხომ „სეპოსთვის“ მუშაობს?!
– დიახ, მაგრამ ის „სეპოში“ ჩანერგილი აგენტია. თვალსაჩინო ზღვარი უნდა გაავლო.
– გასაგებია. ეს რეპორტაჟი „სეპოს“ კი არა, „სექციის“ შესახებაა. მიქაელ, ყოველთვის
სკანდალებში როგორ ეხვევი? გეთანხმები, ეს „ვენერსტრომის საქმეზე“ ხმაურიანი
იქნება.
– ამის ნიჭი მაქვს. ბედის ირონიით, ეს ყველაფერი ვენერსტრომით დაიწყო. ოღონდ
სხვა ვენერსტრომით – სამოციანი წლების სკანდალური ჯაშუშით.
16:00 საათზე ბერგერმა დარეკა. ბეჭდური მედიის ასოციაციის სხდომაზე იყო და
კოლეგებს Svenska Morgon-Posten-ში კადრების შემცირებაზე საკუთარ მოსაზრებას
უზიარებდა. მისი გადადგომას პროფკავშირებში დიდი მითქმა-მოთქა მოჰყვა.
ბერგერმა ბლუმკვისტს აცნობა, შვიდის ნახევრამდე დამაგვიანდებაო.
სანდბერგმა კლინტონი ინვალიდის ეტლიდან წამოაყენა და არტილერიგატანზე
განთავსებული შტაბის მოსასვენებელ ოთახში შესვლაში დაეხმარა. მთელი დილა
დიალიზის აპარატთან მიერთებული კლინტონი შტაბში ახლახან დაბრუნებულიყო.
გადაღლილი და ბოლო დღეების უძინარი, ნატრობდა, ნეტა ყველაფერი მალე
დასრულდებოდესო.
კლინტონი საწოლზე მოხერხებულად მოეწყო, რომ ნისტრომიც გამოჩნდა.
კლინტონმა ძალ-ღონე მოიკრიბა და ჰკითხა:
– მზადაა?
– ახლახან ძმებ ნიკოლიჩებს შევხვდი, – თქვა ნისტრომმა, – 50 000 კრონა
დაგვიჯდება.
– მაგდენი ფული გვაქვს, – თქვა კლინტონმა.
„ღმერთო, ნეტა ახალგაზრდა ვიყო“.
მან ჯერ ნისტრომს შეხედა, მერე – სანდბერგს, და ორივეს ჰკითხა:
– სინდისი ხომ არ გქენჯნით?
ორივემ უარის ნიშნად გააქნია თავი.
– როდის? – იკითხა კლინტონმა.
– უახლოეს ოცდაოთხ საათში, – უპასუხა ნისტრომმა, – ძნელია, გაარკვიო,
ბლუმკვისტი ღამეს სად ათევს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, ამას „მილენიუმის“
რედაქციის წინ იზამენ.
– შანსი ამაღამვე, ორიოდ საათში მოგვეცემა, – თქვა სანდბერგმა.
– მართლა?
– წეღან ერიკა ბერგერმა დაურეკა. „სამირის ქვაბში“ სადილობენ. რესტორანია
ბელმანსგატანზე.
– ბერგერი... – შეყოყმანდა კლინტონი.
– იმედია, მას არაფერი... – დაიწყო ნისტრომმა.
– ამით არაფერი დაშავდება, – გააწყვეტინა სანდბერგმა.
კლინტონი და ნისტრომი გაკვირვებულები მიაშტერდნენ მას.
– უკვე შევთანხმდით, რომ ბლუმკვისტი ჩვენი მთავარი მტერია და „მილენიუმის“
მომდევნო ნომერში ჩვენთვის საზიანო სტატიის გამოქვეყნებას აპირებს. ჟურნალის
დაბეჭდვას ხელს ვერ შევუშლით, ამიტომ თავად ბლუმკვისტის რეპუტაცია უნდა
შევლახოთ. თუ მას ტიპურ კრიმინალურ გარჩევებში მოკლავენ და შემდეგ პოლიცია
მის ბინაში ნარკოტიკებსა და დიდი ოდენობის ნაღდ ფულს იპოვის, გამოძიება
გარკვეულ დასკვნებს გამოიტანს. ყოველ შემთხვევაში, თავიდანვე „სეპოსთან“
დაკავშირებული შეYთქმულების თეორიებით არ დაინტერესდებიან.
– განაგრძე, – უთხრა კლინტონმა.
– ერიკა ბერგერი სინამდვილეში ბლუმკვისტის საყვარელია, –
მრავალმნიშვნელოვნად დაამატა სანდბერგმა, – ქმარს ღალატობს. თუ კრიმინალურ
გარჩევას ისიც ემსხვერპლება, ეს ცალკე სპეკულაციის თემა გახდება.
კლინტონმა და ნისტრომმა ერთმანეთს გადახედეს. სანდბერგს კვალის დაფარვის
დიდი ნიჭი ჰქონდა, თუმცა, კლინტონი და ნისტრომი მაინც ღელავდნენ. სანდბერგი
სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებს მეტისმეტად მსუბუქად უდგებოდა და ეს ცუდი
იყო. მარტო იმიტომ, რომ შანსი მოგეცა, უკიდურესი ზომების მიღება საჭირო არაა.
მკვლელობას მხოლოდ მაშინ უნდა მიმართო, როცა სხვა გამოსავალი აღარ გრჩება.
„Collateral damage[32], – თავი გააქნია კლინტონმა და უეცრად მთელი ოპერაციის
მიმართ ზიზღი იგრძნო, – მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურეთ, ახლა კი
პრიმიტიული დაქირავებული მკვლელებივით ვიქცევით. ზალაჩენკოს მოკვლა
აუცილებელი იყო, ბიორკისა... – სამწუხარო, გულბერგი არ ცდებოდა: ბიორკი
აუცილებლად გატყდებოდა. ბლუმკვისტის მოკვლა... ალბათ აუცილებელია. აი,
ერიკა ბერგერი კი სრულიად უდანაშაულოა და ტყუილად შეეწირება ამ ამბავს“.
კლინტონმა მკაცრად შეხედა იუნას სანდბერგს, ეს ახალგაზრდა კაცი უკვე
ფსიქოპათად ხომ არ ქცეულაო, და იკითხა:
– ძმებმა ნიკოლიჩებმა რა იციან?
– ჩვენზე – არაფერი. ჩემ გარდა არავის შეხვედრიან. სხვა სახელით გავეცანი და ჩემს
კვალზე ვერ გამოვლენ. მათ ჰგონიათ, რომ მკვლელობა ტრეფიკინგს ეხება.
– მკვლელობის შემდეგ რას იზამენ?
– შვედეთიდან გაიქცევიან. როგორც ბიორკის შემთხვევაში, თუ გამოძიება ვერაფერს
დაადგენს, რამდენიმე კვირის შემდეგ უკან დაბრუნდებიან.
– მეთოდი?
– სიცილიური: ბლუმკვისტს მთელ მჭიდს დააცლიან და წავლენ.
– იარაღი?
– ავტომატური, ოღონდ რა მოდელის – არ ვიცი.
– იმედია, მთელ რესტორანს არ გადაცხრილავენ.
– ნუ ღელავთ, ცივსისხლიანი პროფესიონალები არიან; იციან, რაც უნდა ქნან. მაგრამ
თუ ბერგერიც იმავე მაგიდასთან იჯდება...
„Collateral damage“, – ისევ გაიფიქრა კლინტონმა და თქვა:
– მნიშვნელოვანია, რომ ვადენშემ ამ ოპერაციის შესახებ არაფერი შეიტყოს.
განსაკუთრებით, თუ ბერგერიც უნდა დაიღუპოს. ისედაც ზღვარზეა. სამწუხაროდ,
როცა ამ საქმეს მოვრჩებით, მისი პენსიაზე გაშვება მოგვიწევს.
ნისტრომმა თავი დაუქნია.
– ამიტომ, როცა ბლუმკვისტის მკვლელობის შესახებ გვაცნობებენ, სპექტაკლი უნდა
გავითამაშოთ. კრიზისულ კრებას მოვიწვევთ და მოვლენების ამგვარი
განვითარებით „დაზაფრულები“. გამოვთქვამთ ვარაუდს, ვინ შეიძლება იდგეს
მკვლელობის უკან, მაგრამ არაფერს ვიტყვით ნარკოტიკებზე, სანამ პოლიცია
სამხილებს არ მიაგნებს.
ბლუმკვისტი ტელევიზიიდან 17:00 საათზე გამოვიდა, მასალა დაამუშავეს,
ბლუმკვისტს მაკიაჟი გაუკეთეს და ინტერვიუს ჩასაწერად სტუდიაში შეუშვეს.
ერთ-ერთ შეკითხვას წესიერი პასუხი ვერ გასცა და რამდენიმე დუბლი ჩაწერეს.
შეკითხვა კი ასეთი იყო:
„ნუთუ შესაძლებელია, რომ შვედი სახელმწიფო მოხეელები მკვლელობის
ჩადენასაც აღარ ერიდებიან?“
ბლუმკვისტს ამ შეკითხვაზე ბევრჯერ ეფიქრა, სანამ TV4-ის საავტორო გადაცემის
წამყვანი ქალი დაუსვამდა. „სექციამ“ ალბათ ჩათვალა, რომ ზალაჩენკო
სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა და მისი მოშორება აუცილებელი იყო.
თუმცა, ბლუმკვისტს ეს პასუხი არ აკმაყოფილებდა. ის არც იმ პასუხმა
დააკმაყოფილა, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას წამყვან ქალს გასცა:
„– მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წლების განმავლობაში „სექცია“ სექტად
ჩამოყალიბდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. კნუტბის და პასტორ ჯიმ ჯონსს
დაემსგავსა. ისინი საკუთარ კანონებს ადგენენ; მათთვის „მართალსა“ და „მცდარს“
მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს ხალხი ამ კანონების მეშვეობით, როგორც ჩანს,
სრულიად მოსწყდა ნორმალურ საზოგადოებას.
– რაღაც მხრივ ფსიქიკურ დაავადებას ჰგავს, არა?
– ვფიქრობ, ეს საკმაოდ ზუსტი დახასიათებაა“.
ბლუმკვისტი სლუსენამდე მეტროთი მივიდა. „სამირის ქვაბში“ მისასვლელად ჯერ
ისევ ადრე იყო. ცოტა ხნით სოდერმალმსტორგზე შეყოვნდა. ღელავდა, მაგრამ მაინც
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მის ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე
დადგა. ვერ ხვდებოდა, რომ ბერგერი აკლდა, სანამ ის „მილენიუმში“ არ დაბრუნდა.
თანაც, ბერგერის მიერ მართვის სადავეების ხელში აღებას არანაირი შიდა
კონფლიქტი არ მოჰყოლია; მალინ ერიქსონი, მისივე თქმით, სიხარულით დაბრუნდა
აღმასრულებელი რედაქტორის თანამდებობაზე, ჩემი ცხოვრება ისევ ჩვეულ
კალაპოტში ჩადგებაო.
ბერგერის დაბრუნებით იმასაც მიხვდნენ, რომ ბოლო სამი თვე თანამშრომლები
აკლდათ. ბერგერი მონდომებით შეუდგა „მილენიუმში“ თავისი მოვალეობის
შესრულებას და მან და ერიქსონმა ერთობლივი ძალისხმევით მრავალი
ორგანიზაციული სირთულე აღმოფხვრეს.
ბერგერთან შეხვედრამდე დარჩენილი დროის მოსაკლავად ბლუმკვისტმა საღამოს
გაზეთები იყიდა და ჰორნსგატანზე კაფეში ყავის დასალევად შევიდა.
გენერალური პროკურატურის პროკურორმა, რაგნჰილდ გუსტავსონმა, სათვალე
საკონფერენციო მაგიდაზე დადო და ირგვლივ მსხდომთ გადაავლო თვალი.
დანაოჭებული სახე ჰქონდა, მაგრამ ლოყები ვაშლივით უღაჟღაჟებდა; ჭაღარა თმა
მოკლედ შეეჭრა. პროკურორობის ოცდახუთწლიანი სტაჟის მქონე
ორმოცდათვრამეტი წლის გუსტავსონი გენერალურ პროკურატურაში
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა.
სულ სამიოდე კვირის წინ ის კუდ-ის უფროსთან, კომისარ ედკლინთან
შესახვედრად გენერალურ პროკურატურაში გამოიძახეს, არადა, იმ დღეს ორიოდე
რუტინული საქმე დაასრულა და კუნძულ ჰუსარეზე, საზაფხულო აგარაკზე
ექვსკვირიანი შვებულებისთვის სუფთა სინდისით ემზადებოდა. ამის ნაცვლად,
შეხვედრაზე „სექციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის
გამოძიება დაავალეს. წინასწარ გააფრთხილეს, უახლოეს მომავალში ეს იქნება
თქვენი მთავარი საქმეო და ოპერატიული ჯგუფის შექმნისა და საჭირო
გადაწყვეტილების მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად მიღების ნება მისცეს. მისი
შვებულება გადაიდო.
– ეს გამოძიება შესაძლოა შვედეთის ისტორიაში ყველაზე სენსაციური აღმოჩნდეს, –
თქვა გენერალურმა პროკურორმა.
რაგნჰილდ გუსტავსონი თანდათან ხვდებოდა, რომ გენერალურმა პროკურორმა
სიმართლე თქვა.
გუსტავსონმა გაოცებულმა შეიტყო ედკლინთისგან, თუ როგორ დაიწყო მან
პრემიერ-მინისტრის დავალებით გამოძიება. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდებოდა,
მაგრამ ედკლინთის თქმით, მის გუნდს უკვე საკმარისი მასალები ჰქონდა
მოგროვებული, რომ საქმე პროკურორისთვის გადაეცა.
უპირველეს ყოვლისა, გუსტავსონი ედკლინთის მიერ მოწოდებულ საქმის მასალებს
გაეცნო და როცა კრიმინალური საქმიანობის მასშტაბები ცხადად გამოიკვეთა,
მიხვდა, რომ მის მიერ მიღებულ ყოველ გადაწყვეტილებას მომავალში
ისტორიკოსები და მათი მკითხველები ძირისძირობამდე განიხილავდნენ. ამ
მომენტიდან ყოველ თავისუფალ წუთს ერთმანეთთან დაკავშირებულ მრავალ
დანაშაულში გარკვევას ცდილობდა. საქმე შვედური კანონმდებლობისთვის
უნიკალური იყო და ვინაიდან ოცდაათწლიანი კრიმინალური საქმიანობის
გამოძიება უწევდა, გუსტავსონმა განსაკუთრებული ოპერატიული ჯგუფის შეკრება
გადაწყვიტა. გაახსენდა იტალიის მთავრობის ანტიმაფიოზური პოლიტიკა:
სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში იტალიელი გამომძიებლები იატაკქვეშეთიდან
ებრძოდნენ მაფიას, თორემ სხვანაირად ვერ გადარჩებოდნენ. ედკლინთიც
საიდუმლოდ აწარმოებდა გამოძიებას, რადგან არ იცოდა, ვის შეიძლებოდა
მინდობოდა.
გუსტავსონმა გენერალური პროკურატურიდან სამი კოლეგა იხმო. მათთან ერთად
მრავალი წელი მუშაობდა და სამივეს კარგად იცნობდა; დაიქირავა ცნობილი
ისტორიკოსიც, რომელიც დანაშაულის პრევენციის სახელმწიფო საბჭოში მუშაობდა
და ათწლეულების განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურის
უფლებამოსილებებისა და მოვალეობების ზრდას აანალიზებდა. საგამოძიებო
ჯგუფს სათავეში ფორმალურად ინსპექტორი ფიგეროლა ჩაუყენა.
„სექციის“ საქმის გამოძიებამ კონსტიტუციური ფორმა მიიღო. ამიერიდან ის
ჩვეულებრივ კრიმინალურ გამოძიებას დაემსგავსა, მიუხედავად იმისა, რომ
სრულიად საიდუმლოდ მიმდინარეობდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში პროკურორმა გუსტავსონმა მრავალი პიროვნება
გამოიძახა ოფიციალურ, მაგრამ გასაიდუმლოებულ დაკითხვაზე. გარდა
ედკლინთისა და ფიგეროლასი, დაკითხეს კრიმინალური ინსპექტორები:
ბუბლანსკი, მუდიგი, ჰოლმბერგი და ანდერსონი. გუსტავსონმა დაკითხა მიქაელ
ბლუმკვისტი, მალინ ერიქსონი, ჰენრი კორტესი, კრისტერ მალმი, ადვოკატი
ჯიანინი, დრაგან არმანსკი და სუსან ლინდერი. პირადად ესტუმრა ლიზბეთ
სალანდერის ყოფილ მეურვეს, ჰოლგერ პალმგრენს. მხოლოდ „მილენიუმის“
ჟურნალისტებმა არ უპასუხეს პრინციპულად ისეთ კითხვებს, რომლებსაც
შეიძლებოდა მათი ინფორმატორების ვინაობა გაეცა, სხვები კი დეტალურად
პასუხობდნენ, ზოგმა საერთოდაც დოკუმენტურად დასაბუთებული
მტკიცებულებები წარადგინა.
პროკურორ გუსტავსონს დიდად არ მოსწონდა, რომ „მილენიუმის“ დადგენილი
გრაფიკით უნდა ემოქმედა. ეს იმას ნიშნავდა, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ დღეს
კონკრეტული პიროვნებები უნდა დაეჭირა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თორემ
სხვა შემთხვევაში დაპატიმრებების ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ
გადავიდოდა. სამწუხაროდ, ბლუმკვისტი გაჯიუტდა, „მილენიუმი“ სამთავრობო
დადგენილებებსა და წესდებებს არ ემორჩილება და ჟურნალის სპეციალურ ნომერს
აუცილებლად სალანდერის საქმის განხილვის დაწყებიდან მესამე დღეს გამოვცემო.
შესაბამისად, გუსტავსონიც იძულებული გახდა, მათთვის ანგარიში გაეწია და
საკუთარი გრაფიკი ისე შეედგინა – საქმის განხილვის დაწყებიდან ჟურნალის
გამოსვლამდე უნდა შეეპყრო ყველა ეჭვმიტანილი, რომ რომელიმე სამხილებთან
ერთად არ გამქრალიყო. პროკურორ გუსტავსონის გასაკვირად, ბლუმკვისტს
ედკლინთი და ფიგეროლაც მიემხრნენ. სხვათა შორის, ბლუმკვისტის გეგმას
გარკვეული უპირატესობები მართლაც ჰქონდა. სისხლის სამართლის საქმის
აღძვრის შემთხვევაში, გუსტავსონი, როგორც პროკურორი, მედიის ყურადღების
ცენტრში აღმოჩნდებოდა. ამასთან, მთელი ოპერაცია ისე სწრაფად
განხორციელდებოდა, რომ მისი დეტალები ბიუროკრატიულ წრეებში არ გაჟონავდა
და, შესაბამისად, ვერც „სექციის“ ყურამდე მიაღწევდა.
– ბლუმკვისტისთვის მთავარი სალანდერის გამართლებაა, „სექციის“ გამოჭერა
მისთვის მეორეხარისხოვანია, – შენიშნა ფიგეროლამ.
სასამართლოში ლიზბეთ სალანდერის საქმის განხილვა ოთხშაბათს, ანუ ორ დღეში
იწყებოდა. ორშაბათის შეხვედრაზე უახლეს საგამოძიებო მასალებს უნდა
გასცნობოდნენ და დავალებები გადაენაწილებინათ.
შეხვედრას ცამეტი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის: გენერალური
პროკურატურიდან – რაგნჰილდ გუსტავსონი და მისი ორი უახლოესი კოლეგა,
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან – მონიკა ფიგეროლა, სტეფან
ბლადი და ანდერს ბერგლუნდი; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის
დირექტორი ტორსტენ ედკლინთი დამკვირვებლის როლში იყო.
გუსტავსონის გადაწყვეტილებით, ასეთი მნიშვნელოვანი საქმე მხოლოდ RPS/Säk-ის
ფარგლებში არ უნდა განხილულიყო, ამიტომ მან ინსპექტორი ბუბლანსკი და მისი
გუნდიც – მუდიგი, ჰოლმბერგი და ანდერსონი – მოიწვია პოლიციიდან. ისინი,
აღდგომიდან მოყოლებული, სალანდერის საქმეზე მუშაობდნენ და საქმის
დეტალებს კარგად იცნობდნენ. გუსტავსონს გეტებორგიდან პროკურორი იერვასი
და ინსპექტორი ერლანდერიც გამოეძახებინა. „სექციის“ საქმის გამოძიება პირდაპირ
უკავშირდებოდა ალექსანდერ ზალაჩენკოს მკვლელობას.
როცა მონიკა ფიგეროლამ გამოაცხადა, შეხვედრას მოწმის სტატუსით ყოფილი
პრემიერ-მინისტრი თურბიორნ ფელდინიც დაესწრებაო, მუდიგი და ჰოლმბერგი
უხერხულად შეიშმუშნენ.
ხუთი საათის განმავლობაში ერთიმეორის მიყოლებით განიხილავდნენ „სექციის“
წევრობაში ეჭვმიტანილებს. შემდეგ „სექციასთან“ დაკავშირებული დანაშაულების
ჩამონათვალი შექმნეს. ეჭვმიტანილთა სიას კიდევ ცხრა ადამიანი დაემატა,
მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილან არტილერიგატანზე მდებარე „სექციის“
შტაბში. ისინი კუნგსჰოლმენზე მუშაობდნენ, მაგრამ „სექციის“ აგენტებს
შეხვედროდნენ.
– ჯერჯერობით კვლავაც შეუძლებელია შეთქმულების მასშტაბებზე საუბარი. არ
ვიცით, რა ვითარებაში ხვდება ეს ხალხი ვადენშეს ან ვინმე სხვას. შესაძლოა,
ინფორმატორები არიან ან ჰგონიათ, რომ საშინაო საქმეებზე ან რამე მსგავსზე
მუშაობენ. ამ ხალხის თანამონაწილეობის საკითხი ბუნდოვანია და ამაში გარკვევას
მხოლოდ მათი დაკითხვის შემდეგ შევძლებთ. და ბოლოს, ეს ის ხალხია, ვინც ამ
ბოლო კვირებში თვალთვალის შედეგად შევამჩნიეთ; შეიძლება მათ გარდა სხვებიც
იყვნენ.
– მაგრამ სამდივნოს და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსები...
– დიდი ალბათობით, ისინი „სექციისთვის“ მუშაობენ.
ორშაბათს, 18:00 საათზე, პროკურორმა გუსტავსონმა ერთსაათიანი შესვენება
გამოაცხადა.
ყველა წამოიშალა და ოთახიდან გასასვლელად ემზადებოდნენ, როცა იესპერ
თუმსმა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფის
წევრმა, მონიკა ფიგეროლა განზე გაიხმო და ბოლო რამდენიმესაათიანი
თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გააცნო:
– კლინტონმა მთელი დილა და შუადღე საავადმყოფოში გაატარა,
არტილერიგატანზე 15:00 საათზე დაბრუნდა. ჩვენთვის საინტერესო რამით მხოლოდ
ნისტრომი იყო დაკავებული, თუმცა, ზუსტად არ ვიცით, რა გააკეთა.
– დაწვრილებით მიამბე, – უთხრა თუმსს ფიგეროლამ.
– ორის ნახევარზე ის ცენტრალურ სადგურში ორ ტიპს შეხვდა. მერე სასტუმრო
Sheraton-ის ბარში ყავა დალიეს. შეხვედრა დაახლოებით ოც წუთს გაგრძელდა, რის
შემდეგაც ნისტრომი არტილერიგატანზე დაბრუნდა.
– ის ორი ტიპი ვინ არის, ვისაც შეხვდა?
– არ ვიცით. ოცდაათ წელს გადაცილებულები იქნებიან, გარეგნულად
აღმოსავლეთევროპელებს ჰგვანან. სამწუხაროდ, ჩვენმა მოთვალთვალემ მეტროში
მათი კვალი დაკარგა.
– გასაგებია, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ფიგეროლამ.
– აი, ფოტოები, – თუმსმა თვალთვალისას გადაღებული რამდენიმე ფოტო გადასცა.
ფიგეროლა მისთვის უცნობი ორი მამაკაცის ფოტოს დააკვირდა.
– გმადლობ, – უთხრა თუმსს, ფოტოები მაგიდაზე დააწყო და ჩანთა აიღო, გარეთ
გავალ და წავიხემსებო.
იქვე მდგარი ანდერსონი მაგიდისკენ დაიხარა და ფოტოებს დახედა.
– ჯანდაბა, – წამოიძახა უცებ, – ამ საქმეში ძმები ნიკოლიჩებიც მონაწილეობენ?
ფიგეროლა მაშინვე მისკენ შეტრიალდა.
– ვინ?
– ეს ორი გარეწარი, ტომი და მირო ნიკოლიჩები.
– იცნობ მათ?
– ჰუდინგეელი სერბი ძმები არიან. ათიოდე წლის წინ ვუთვალთვალებდით. მირო
ძალიან სახიფათოა. ფიზიკური შეურაცხყოფისა და გადამეტებული ძალის
გამოყენებისთვის, უკვე წელიწადზე მეტია, იძებნება. მეგონა, სერბეთში
დაბრუნდნენ პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად.
– პოლიტიკური კარიერის?
– ჰო, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში იუგოსლავიაში გაემგზავრნენ და იქაური
მაფიის ლიდერს, არკანს, ეთნიკურ წმენდაში ეხმარებოდნენ. არკანი ფაშისტურ
სახალხო ლაშქარს მეთაურობდა. ნიკოლიჩებმა „მსროლელების“ სახელი
დაიმკვიდრეს.
– „მსროლელების“?
– ჰო, მკვლელების. ბელგრადსა და სტოკჰოლმს შორის დაეხეტებოდნენ. მათ ბიძას
ნორმალმში რესტორანი აქვს და ცოტა ხანს იქ მუშაობდნენ. ეჭვი გვაქვს, რომ
„სიგარეტების ომში“ სულ ცოტა ორი ადამიანი მაინც მოკლეს, მაგრამ სამხილები ვერ
ვიპოვეთ.
ფიგეროლა დამუნჯებული დააშტერდა ფოტოებს. მერე სახეზე მკვდრისფერი
დაედო და ედკლინთს შეხედა.
– ბლუმკვისტი, – წამოიძახა შეშინებულმა, – მის სკანდალში გახვევას კი არა,
მოკვლას აპირებენ. მერე გამოძიება დაიწყება, პოლიცია კოკაინს იპოვის და
შესაბამის დასკვნას გამოიტანს.
ედკლინთს თვალები გაუფართოვდა.
– ერიკა ბერგერს „სამირის ქვაბში“ უნდა შეხვდეს, – ფიგეროლამ ანდერსონს მხარში
ჩაავლო ხელი, – იარაღი თან გაქვს?
– კი.
– გამომყევი.
ფიგეროლა საკონფერენციო ოთახიდან გავარდა. თავის კაბინეტშDი შეირბინა და
სამუშაო მაგიდის უჯრიდან ტაბელური იარაღი ამოიღო. აკრძალვის მიუხედავად,
კაბინეტის კარი ღია დატოვა, თვითონ კი ლიფტისკენ გაიქცა. ანდერსონი წამით
შეყოყმანდა.
– წადი, – მიმართა ბუბლანსკიმ, – სონია, შენც გაჰყევი.
ბლუმკვისტი „სამირის ქვაბში“ 18:20 საათზე მივიდა. ბერგერი უკვე მოსულიყო და
შესასვლელთან ახლოს იჯდა. ბლუმკვისტმა მას ლოყაზე აკოცა. ორივემ ჩაშუშული
ცხვრის ხორცი და თითო კათხა მაგარი ლუდი შეუკვეთა.
– როგორ არის შენი ნაცნობი წამყვანი? – ჰკითხა ბერგერმა.
– კარგად, როგორც ყოველთვის.
– ფრთხილად, მაგანაც არ გაგიტაცოს, – გაეცინა ბერგერს, – წარმოგიდგენია, ქალი
ბლუმკვისტის მომხიბვლელობას უძლებს.
– სხვათა შორის, ასეთი მხოლოდ ის არაა, – თქვა ბლუმკვისტმა, – შენმა დღემ როგორ
ჩაიარა?
– დავიღალე, მაგრამ „პუბლიცისტთა კლუბში“ Svenska Morgon-Posten-ის ამჟამინდელი
მდგომარეობის შესახებ დებატებში მონაწილეობას მაინც დავთანხმდი. მორჩა, ეს ამ
საქმეში ჩემი ბოლო მონაწილეობაა.
– შესანიშნავია.
– როგორ მიხარია, რომ „მილენიუმში“ დავბრუნდი.
– წარმოდგენაც არ გაქვს, რა ბედნიერებაა შენი დაბრუნება. სიხარულისგან ჯერაც
გაბრუებული ვარ.
– სამსახურში სიარული ისევ მსიამოვნებს. ბედნიერი ვარ.
– მე კი ტუალეტში უნდა წავიდე, – წამოდგა ბლუმკვისტი და კინაღამ ბარში
შემოსულ კაცს დაეჯახა. ბლუმკვისტმა შეამჩნია, რომ მას აღმოსავლეთ ევროპელის
გარეგნობა ჰქონდა და რატომღაც დაჟინებით უყურებდა. უცებ მის ხელში ავტომატი
შეამჩნია, მეორე ხელში კი – ცარიელი ჩანთა.

რიდარჰოლმენი გაიარეს და ედკლინთმაც დარეკა, ბერგერმა და ბლუმკვისტმა


რესტორანში ალბათ მობილურები გამორთეს, არც ერთი არ პასუხობსო.
ფიგეროლამ შეიგინა და სიგნალზე ხელდაჭერილმა ისე მკვეთრად შეუხვია
ჰორნსგატანზე, რომ ანდერსონი კარს ჩაეჭიდა. ანდერსონმა პისტოლეტი ამოიღო და
მჭიდი შეამოწმა. მუდიგიც იმავეს აკეთებდა უკანა სავარძელზე.
– დამხმარე ძალა უნდა გამოვიძახოთ, – უთხრა ანდერსონმა ფიგეროლას, – ძმებ
ნიკოლიჩებთან ხუმრობა არ ღირს.
ფიგეროლამ კბილები გააღრჭიალა.
– ასე მოვიქცევით: მე და სონია რესტორანში შევალთ. იმედია, ბლუმკვისტი და
ბერგერი იქ დაგვხვდებიან. კურტ, შენ ძმებ ნიკოლიჩებს სახეზე სცნობ და
სათვალთვალოდ გარეთ დარჩები.
– გასაგებია.
– თუ ყველაფერი კარგად იქნება, ბლუმკვისტსა და ბერგერს მანქანაში ჩავსვამთ და
კუნგსჰოლმენზე წავიყვანთ; თუ რამე საეჭვოს შევამჩნევთ, რესტორანში დავრჩებით
და დამხმარე ძალას გამოვიძახებთ.
– კარგი, – თქვა მუდიგმა.
ფიგეროლა უკვე რესტორანს უახლოვდებოდა, როცა მანქანაში დისპეტჩერის ხმა
გაისმა:
– ყველა დანაყოფს. სოდერმალმში ტავასტგატანზე სროლა ისმის. რესტორანი
„სამირის ქვაბი“.
ფიგეროლამ მკერდში ძლიერი ტკივილი იგრძნო.
ბერგერმა დაინახა, როგორ შეეჯახა ტუალეტისკენ მიმავალი ბლუმკვისტი უცნობს,
და რატომღაც არ ესიამოვნა. უცნობი ბლუმკვსიტს ისე მიაშტერდა, თითქოს იცნოო.
უცებ კაცმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ჩანთა იატაკზე დააგდო. ბერგერი
დამბლადაცემულივით გაშეშდა, როცა უცნობმა ჩანთიდან ავტომატი ამოიღო და
ბლუმკვისტს დაუმიზნა.
ბლუმკვისტი არ დაბნეულა, მარცხენა ხელი ავტომატს ჩაავლო და ჭერისკენ
მიმართა. იმავე წამს დარბაზში ავტომატის დამაყრუებელი კაკანი გაისმა. მირო
ნიკოლიჩმა თერთმეტი ტყვია გაისროლა და ბლუმკვისტს თავზე ბროლის ჭაღის
ნამსხვრვები დააცვივდა.
ნიკოლიჩმა ავტომატი თავისკენ გაქაჩა. ბლუმკვისტი ამას არ ელოდა და ლულა
ხელიდან გაუსხლტა. უმალ გაიაზრა, რომ სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა და
ჩაკუზვის ან მაგიდას ამოფარების ნაცვლად, ინსტინქტურად თავდამსხმელს
ეძგერა, კვლავ ავტომატს ჩაავლო ხელი და თავდამსხმელი მთელი ძალით მიანარცხა
კედელს. კიდევ ექვსი თუ შვიდი გასროლა გაისმა. ბლუმკვისტი ისევ ავტომატს
წაეჯაჯგურა, რომ ლულა იატაკისკენ მიემართა.
როცა ავტომატი ისევ აკაკანდა, ბერგერი ინსტინქტურად დაიხარა. წაბორძიკდა და
თავი სკამის საზურგეს ჩამოარტყა. იატაკზე გაწოლილმა ფრთხილად ასწია თავი და
დაინახა, რომ კედელზე, რომელთანაც წამის წინ თვითონ იჯდა, სამი ნახვრეტი
გაჩენილიყო.
დაზაფრულმა, კარისკენ გაიხედა. ბლუმკვისტი თავდამსხმელს შებმოდა.
მუხლებზე დაცემულიყო და ავტომატს ორივე ხელით ექაჩებოდა. თავდამსხმელი
ავტომატის ხელიდან გამოგლეჯას ცდილობდა, თან ცალ მუშტს ბლუმკვისტს
სახეში, საფეთქელთან ურტყამდა.
ფიგეროლამ მანქანა ქუჩის გადაღმა გააჩერა, კარი გამოაღო, გადახტა და ქუჩა
გადაირბინა. „ზიგ-ზაუერით“ ხელში, ის იყო, რესტორანში შევარდნას აპირებდა, რომ
ზედ შესასვლელთან მდგარი მანქანა დაინახა.
საჭესთან ტომი ნიკოლიჩი იჯდა. ფიგეროლამ პისტოლეტი ფანჯრის მინიდან
პირდაპირ თავში დაუმიზნა.
– პოლიცია. ხელები მაღლა! მანქანიდან გადმოდი და პირქვე დაწექი! ახლავე! –
იყვირა მან.
ტომი ნიკოლიჩმა ხელები ასწია.
ფიგეროლამ ახლა ანდერსონსა და მუდიგს უყვირა:
– რესტორანში!
მუდიგს რატომღაც თავისი შვილები გაახსენდა. ყველა წესდებას ეწინააღმდეგებოდა
რესტორანში პისტოლეტიანად შევარდნა, სანამ დამხმარე ძალა არ მოვიდოდა და
ზუსტ ვითარებას არ დაადგენდა.
უცებ შიგნიდან გასროლის ხმა გაისმა.
ბლუმკვისტმა შუათითი სასხლეტს უკან შეჰყო, რომ მირო ნიკოლიჩისთვის
სასხლეტის გამოკვრა და გასროლა არ დაეცლია. ზურგსუკან მინის ჩამსხვრევის ხმა
გაისმა. თავდამსხმელი სასხლეტს მთელი ძალით აწვებოდა – ბლუმკვისტისთვის
შუათითი ლამის მოეგლიჯა. ბლუმკვისტი ჯერჯერობით გასროლას არ ანებებდა,
თან ცალ ხელს სახეში ურტყამდა და თანდათან ძალას აცლიდა.
„ამისთვის ძალიან ბებერი ვარ. დროზე უნდა მოვრჩე“, – იფიქრა ბლუმკვისტმა. ეს
მისი პირველი გონივრული აზრი იყო მას შემდეგ, რაც ავტომატიანი კაცი შეამჩნია.
ძალა მოიკრიბა და შუათითი კიდევ უფრო ღრმად შეყო სასხლეტს უკან. მერე მხრით
დაეტაკა თავდამსხმელს და ძლივძლივობით წამოდგა ფეხზე. ავტომატს მარჯვენა
ხელი გაუშვა და იდაყვი სახეზე აიფარა, რომ ნიკოლიჩის მუშტისგან თავი დაეცვა.
ნიკოლიჩმა სახის ნაცვლად იღლიაში და გვერდებში მისცხო. წამით მათი მზერა ისევ
ერთმანეთს შეხვდა.
მეორე წამს თავდამსხმელი მოაშორეს და ბლუმკვისტის წინ ზორბა ანდერსონი
აისვეტა. პოლიციელმა მირო ნიკოლიჩს ქეჩოში სტაცა ხელი, აიტაცა და კედელს
თავით მიანარცხა. ნიკოლიჩი ადგილზე ჩაიკეცა.
– პოლიცია! დაწექით! არ გაინძრეთ! – გაისმა ამ დროს მუდიგის ყვირილიც. ქალს
პისტოლეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა და რესტორანში გამეფებულ ქაოსში
გარკვევას ცდილობდა. ბოლოს პისტოლეტის ლულა ჭერისკენ მიმართა და
ბლუმკვისტს შეხედა, – კარგად ხარ?
ბლუმკვისტს შუბლიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. თავბრუც ესხმოდა.
– მგონი, თითი მოვიტეხე, – თქვა მან და ძირს დაჯდა.
ერთი წუთიც არ იყო გასული, რაც ფიგეროლამ ტომი ნიკოლიჩი მიწაზე დააწვინა,
რომ სოდერმალმის პოლიციის სპეცრაზმი მოვიდა. ფიგეროლამ პირადობის მოწმობა
წარადგინა და დაკავებული პოლიციელებს დაუტოვა. თვითონ რესტორანში
შეირბინა და იქაურობას თვალი მოავლო.
ბლუმკვისტი და ბერგერი გვერდიგვერდ ისხდნენ. ბლუმკვისტს სახე
დასისხლიანებოდა. ფიგეროლამ შვებით ამოისუნთქა – რაც მთავარია, ბლუმკვისტი
ცოცხალი იყო. უცებ ბლუმკვისტს ბერგერმა დაადო მხარზე ხელი და ფიგეროლა
მოიღუშა, თუმცა ესიამოვნა, რომ ბერგერსაც დალურჯებოდა სახე.
მუდიგი მათ გვერდით ჩაცუცქულიყო და ბლუმკვისტს ხელს უსინჯავდა.
ანდერსონი კი მირო ნიკოლიჩს ხელბორკილს ადებდა. ნიკოლიჩი ისეთი
გაბრუებული ჩანდა, თითქოს სატვირთო მანქანას შეეჯახაო. იატაკზე შვედური
არმიის არსენალში შემავალი M/45 მოდელის ავტომატი ეგდო.
ფაიფურის დამსხვრეულ ჭურჭელს, აყირავებულ ავეჯსა და ტყვიით დაცხრილულ
სხვა ნივთებს შორის ელდანაკრავი რესტორნის მეპატრონე და შეშინებული
სტუმრები იდგნენ. ჰაერში დენთის სუნი ტრიალებდა. მოკლული ან დაჭრილი
არავინ ჩანდა. რესტორანი თანდათან ივსებოდა შეიარაღებული პოლიციელებით.
ფიგეროლამ ანდერსონს დაადო მხარზე ხელი. ანდერსონი წამოდგა.
– ხომ თქვი, მირო ნიკოლიჩი ძებნაშიაო?
– დიახ. ერთი წელია, იძებნება ჰალუნდაში ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობისთვის.
– მაშ, მოდი, ასე მოვიქცეთ, – შესთავაზა ფიგეროლამ, – მე რაც შეიძლება სწრაფად
გავქრები ბლუმკვისტთან და ბერგერთან ერთად. შენ და მუდიგი კი იტყვით, რომ
რესტორანში ერთად სადილობდით და უცებ შენ ნიკოლიჩი იცანი. მისი
დაპატიმრება სცადე, მან კი ავტომატი „დააძრო“ და სროლა ატეხა. ჰოდა, შენც
ხელბორკილი დაადე.
– კი მაგრამ, მოწმეები ხომ არსებობენ? – გაიკვირვა ანდერსონმა, – არ დაგვიჯერებენ.
– მოწმეები იტყვიან, ვიღაცეები ჩხუბობდნენ და ისროდნენო. როგორმე ხვალ
საღამომდე მაინც გაზეთებში ის უნდა ეწეროს, რომ ძმებ ნიკოლიჩებს სრულიად
შემთხვევით გადააწყდით და დააპატიმრეთ.
ფიგეროლამ რესტორნის ირგვლივ შეკრებილ პოლიციელებს შორის გაიკვალა გზა და
ბლუმკვისტი და ბერგერი თავისი მანქანის უკანა სავარძელზე დასვა. მერე
სპეცრაზმის უფროსს მიუბრუნდა და ნახევარ წუთს ხმადაბლა ელაპარაკა. ხელით
ანიშნებდა მანქანისკენ, რომელშიც ბერგერი და ბლუმკვისტი ისხდნენ. სპეცრაზმის
უფროსი დაბნეული ჩანდა, მაგრამ ბოლოს თავი მაინც დააქნია. ფიგეროლამ მანქანა
ცინკენსდამზე გააჩერა და მგზავრებისკენ მიბრუნდა.
– მძიმედ დაშავდით?
– რამდენიმე მუშტი მომხვდა, მაგრამ ყველა კბილი ადგილზეა. შუათითი მოვიტეხე.
– სანქტ-იორანის საავადმყოფოში წაგიყვან.
– რა მოხდა? – იკითხა ბერგერმა, – ან თქვენ ვინ ხართ?
– უკაცრავად, – მოიბოდიშა ბლუმკვისტმა, – ერიკა, ეს ინსპექტორი მონიკა
ფიგეროლაა. „სეპოში“ მუშაობს. მონიკა, ეს ერიკა ბერგერია.
– ამას ჩემითაც მივხვდი, – უემოციოდ შენიშნა ფიგეროლამ ისე, რომ ბერგერისთვის
არც შეუხედავს.
– მონიკა RPS/Säk-ში ჩემი შუამავალია.
– გასაგებია, – თქვა ბერგერმა და მოულოდნელად კანკალი აუვარდა.
ფიგეროლამ მკაცრად შეხედა ბერგერს.
– რა მოხდა? – ჰკითხა ფიგეროლას ბლუმკვისტმა.
– არასწორად გავიგეთ, – თქვა ფიგეროლამ, – გვეგონა, კოკაინი იმიტომ დაგიდეს
ბინაში, რომ შენი სკანდალში გახვევა უნდოდათ. სინამდვილეში კი შენი მოკვლა
ნდომებიათ. მკვლელობის შემდეგ პოლიცია შენს ბინას გაჩხრეკდა და კოკაინს
იპოვიდა.
– რომელ კოკაინს? – დაინტერესდა ბერგერი.
ბლუმკვისტმა თვალები დახუჭა და ითხოვა:
– საავადმყოფოში წამიყვანე.
– დააპატიმრეს? – წამოიყვირა გულგახეთქილმა კლინტონმა.
– ყველაფერი რიგზეა, – თქვა ნისტრომმა, – უბრალოდ, ბედმა არ გაგვიღიმა.
– ბედმა არ გაგვიღიმა?
– ერთი წელია, მირო ნიკოლიჩს ვიღაცის ცემისთვის დაეძებენ. „სამირის ქვაბში“
ერთმა პოლიციელმა იცნო და მისი დაპატიმრება სცადა. ნიკოლიჩი დაფრთხა და
თავის გადასარჩენად სროლა ატეხა.
– მერედა, ბლუმკვისტი?
– ის არ მონაწილეობდა. არც კი ვიცით, იმ დროს რესტორანში იყო თუ არა.
– დაუჯერებელია, – წამოიძახა კლინტონმა, – ძმებმა ნიკოლიჩებმა რა იციან?
– ჩვენ შესახებ? არაფერი. ჰგონიათ, რომ ბიორკიც და ბლუმკვისტიც ტრეფიკინგში
იყვნენ ჩართულები.
– მაგრამ ხომ იციან, რომ სამიზნე ბლუმკვისტი იყო?
– დიახ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამაზე სიტყვას არ დაძრავენ. სასჯელსაც
მხოლოდ იარაღის უკანონოდ ტარებისა და დაპატიმრებისას წინააღმდეგობის
გაწევისთვის მოიხდიან.
– წყეული უმაქნისები, – თქვა კლინტონმა.
– ჰო, სერიოზულად ჩაისვარეს. ჯერჯერობით ბლუმკვისტი ხელიდან გაგვისხლტა,
მაგრამ ჩვენთვის საზიანო არაფერი მომხდარა.
უკვე 23:00 საათი იყო, როცა ლინდერმა და Milton Security-ის ორმა პირადმა მცველმა
ბლუმკვისტი და ბერგერი კუნგსჰოლმენიდან წამოიყვანეს.
– მოკლედ, სულ შარში ეხვევი, – უთხრა ბერგერს ლინდერმა.
– ვწუხვარ, – უპასუხა დაღვრემილმა ბერგერმა.
გზად საავადმყოფოსკენ ბერგერმა თანდათან გაიაზრა, რომ ის და ბლუმკვისტი
კინაღამ მოკლეს, და შოკში ჩავარდა.
ბლუმკვისტს მთელ საათს იკვლევდნენ. თავზე რენტგენი გადაუღეს და სახე
შეუხვიეს. ამასობაში შუათითზე ზედა ფალანგა გაუსივდა და ფრჩხილი ასძვრა.
ბედის ირონიით, თითი ორთაბრძოლისას კი არა, სწორედ მაშინ მოიტეხა, როცა
ანდერსონმა მირო ნიკოლიჩი უკან გაათრია – თითი ავტომატის სასხლეტში
გაეჩხირა და გადატყდა.
ბლუმკვისტმა მომხდარის სერიოზულობა მხოლოდ RPS/Säk-ში, კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტში, მისვლისას გაიაზრა, როცა პროკურორ
გუსტავსონს და ინსპექტორ ბუბლანსკის ანგარიში ჩააბარა. ცახცახი აუტყდა და
ისეთი დაღლილობა მოეძალა, რომ დაკითხვისას კინაღამ ჩაეძინა.
– ზუსტად უცნობია, რას გეგმავენ და ისიც არ ვიცით, მარტო ბლუმკვისტის მოკვლას
აპირებდნენ თუ ერიკაც მათი სამიზნე იყო, – თქვა ფიგეროლამ, – არ ვიცით, ამის
გაკეთებას კვლავ ეცდებიან თუ არა, ან „მილენიუმის“ სხვა რომელიმე
თანამშრომელსაც ხომ არ ემუქრება საფრთხე. იქნებ პირდაპირ სალანდერი მოკლან?
ბოლოს და ბოლოს, „სექციისთვის“ ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს.
– ბლუმკვისტს ჭრილობებს რომ უხვევდნენ, ჩემს თანამშრომლებს დავურეკე, –
თქვა ბერგერმა, – სანამ ჟურნალის ახალი ნომერი გამოვა, ყველა შინ დარჩება.
რედაქციას ცარიელს დავტოვებთ.
ედკლინთმა ბერგერისა და ბლუმკვისტისთვის პირადი მცველების მიჩენა
გადაწყვიტა, მაგრამ მისი და ფიგეროლას აზრით, უსაფრთხოების სამსახურის
პირადი დაცვის განყოფილებიდან ბიჭების გამოყოფა არცთუ გამართლებული
იქნებოდა. ბერგერმა პრობლემა იმით გადაწყვიტა, რომ პოლიციელთა დახმარებაზე
უარი თქვა და დრაგან არმანსკის დაურეკა. იმ ღამეს სუსან ლინდერი სამსახურში
გამოიძახეს.
ბერგერი და ბლუმკვისტი ეკერეს გზაზე უსაფრთხო თავშესაფრის ბოლო
სართულზე მოათავსეს. ეს 1930-იანი წლების ვილა იყო, საიდანაც ტბა მელარენზე
მშვენიერი ხედი გადიოდა. ვილას დიდი ეზო და ლამაზი ბაღი ჰქონდა. კარ-მიდამო
Milton Security-ს ეკუთვნოდა, მაგრამ ვილაში მარტინა შეგრენი ცხოვრობდა – ქვრივი
მათი კოლეგა ჰანს შეგრენისა, რომელიც თხუთმეტი წლის წინ დავალების
შესრულებისას დაიღუპა. მისი დაკრძალვის შემდეგ არმანსკი ფრუ შეგრენს
ესაუბრა და ქალი კარ-მიდამოს მცველად და სახლის გამგედ დანიშნა. მარტინა
შეგრენი პირველ სართულზე ცხოვრობდა, ხოლო მეორე სართული Milton Security-ს იმ
კლიენტებისთვის ჰქონდა გამზადებული, რომლებსაც ნამდვილი თუ წარმოსახული
საფრთხეების გამო დამალვა ესაჭიროებოდათ. მსგავსი რამ წელიწადში
რამდენჯერმე ხდებოდა.
მათ ფიგეროლაც გაჰყვა. სამზარეულოში სკამზე ჩამოჯდა და ფრუ შეგრენის
მორთმეული ყავა დალია, ამასობაში კი სუსან ლინდერმა სიგნალიზაცია და
ელექტრონული სათვალთვალო მოწყობილობები შეამოწმა.
– სააბაზანოს გარეთ, კარადაში, კბილის ჯაგრისებია, – ასძახა მათ შეგრენმა.
ლინდერი და სხვა პირადი მცველები პირველ სართულზე განთავსდნენ.
– დილის ოთხ საათზე გამაღვიძეს და მას შემდეგ ფეხზე ვარ, – თქვა ლინდერმა, –
მორიგეობის გრაფიკი შეადგინეთ, ოღონდ ხუთ საათამდე დაძინების საშუალება
მომეცით.
– შეგიძლია მთელი ღამე იძინო. ჩვენ ვიმორიგევებთ, – შესთავაზა ერთ-ერთმა
პირადმა მცველმა.
– გმადლობ, – სუსან ლინდერი მაშინვე დასაძინებლად წავიდა.
ფიგეროლა ყვავილებით მოხატულ ყავის ფინჯნებს ათვალიერებდა და
გონებაგაფანტული უსმენდა მცველებს, რომლებმაც მოძრაობის დეტექტორები
ჩართეს და წილი ყარეს, პირველი ვინ იმორიგევებდა. პირველმა მორიგემ სენდვიჩი
მოიმზადა და სამზარეულოს გვერდითა ოთახში გავიდა ტელევიზორთან. დილიდან
ფიგეროლაც ფეხზე იდგა და გადაქანცული იყო. უკვე შინ წასვლას აპირებდა, როცა
ქვემოთ ბერგერი ჩამოვიდა, ყავა დაისხა და ფიგეროლას წინ ჩამოჯდა.
– მიქაელს ბალიშზე თავის დადებისთანავე ჩაეძინა.
– რეაქცია ადრენალინზე, – შენიშნა ფიგეროლამ.
– ახლა რა მოხდება?
– რამდენიმე დღით უნდა დაიმალოთ. ერთ კვირაში, კარგად თუ ცუდად, ყველაფერი
დასრულდება. თავს როგორ გრძნობთ?
– გონს ჯერაც ვერ მოვსულვარ. ასეთი რამ ყოველდღე კი არ ხდება. წეღან ქმარს
დავურეკე და ავუხსენი, რომ შინ ვერ მივალ.
– ჰმ.
– მე გათხოვილი ვარ...
– ვიცი, ვისზეც ხართ გათხოვილი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ფიგეროლამ თვალები მოისრისა და მთქნარებით თქვა:
– შინ უნდა წავიდე და დავიძინო.
– თუ ღმერთი გწამს, გეყო სისულელეების როშვა. წადი და მიქაელს მიუწექი.
ფიგეროლამ გაკვირვება ვერ დამალა.
– ასე იოლად შესამჩნევია?
ბერგერმა თავი დაუქნია.
– მიქაელმა გითხრა რამე?
– სიტყვაც არ დაუძრავს. როცა საქმე მის მეგობარ ქალებს ეხება, ძალიან
სიტყვაძუნწია. თუმცა, ზოგჯერ მის სახეზე ყველაფრის წაკითხვა შეიძლება. თანაც,
შენ სულ მტრულად მიმზერ. აშკარად რაღაცას მალავთ.
– ჩემს უფროსს ვუმალავთ, – თითქოს თავი იმართლა ფიგეროლამ.
– რატომ?
– რომ გაიგოს, მე და ბლუმკვისტი ერთად ვართ, ძალიან გაბრაზდება.
– გასაგებია.
სიჩუმე.
– არ ვიცი თქვენ შორის რა ხდება, მაგრამ მე შენი მტერი არ ვარ, – გაუღიმა ბერგერმა.
– არ ხარ?
– მე და მიქაელს დროდადრო სექსი გვაქვს, მაგრამ მე სხვაზე ვარ გათხოვილი.
– გავიგე, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ. შენზე სანდჰამნში მიამბო.
– სანდჰამნში წაგიყვანა? ესე იგი, საქმე სერიოზულადაა.
– ნუ დამცინი.
– მონიკა, იმედია, შენ და მიქაელი... ვეცდები, ხელი არ შეგიშალოთ.
– რომ ვერ შეძლო?
ბერგერმა მხრები აიჩეჩა.
– როცა მიქაელის ცოლმა შეიტყო, რომ ქმარი ჩემთან ღალატობდა, გადაირია და
სახლიდან გამოაგდო. ეს ჩემი ბრალი იყო. თუ მიქაელი თავისუფალია და მარტოა,
რატომაც არა, მაგრამ თუ ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა ექნება, პირობა
დავდე, რომ ახლოს არ გავეკარები.
– არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა მისი ნდობა?
– მიქაელი განსაკუთრებული კაცია. გიყვარს?
– მგონი, კი.
– კარგია, ოღონდ ჯერ არ უთხრა. ახლა კი წადი, დაწექი.
ფიგეროლა წუთით შეყოყმანდა, მერე ზემოთ ავიდა, ტანსაცმელი გაიხადა და
ბლუმკვისტს გვერდით მიუწვა. ბლუმკვისტმა რაღაც ჩაიბურტყუნა და წელზე ხელი
შემოჰხვია.
ბერგერი დიდხანს იჯდა სამზარეულოში. თავს უბედურად გრძნობდა.

თავი XXV
ოთხშაბათი, 13/VII – ხუთშაბათი, 14/VII
მიქაელ ბლუმკვისტს ყოველთვის უკვირდა, რატომ არის სასამართლოებში ასეთი
ჩუმი და თითქმის უხილავი დინამიკებიო. ძლივს გაიგონა განცხადება, რომ ლიზბეთ
სალანდერის საქმის განხილვა მე-5 დარბაზში 10:00 საათზე დაიწყებოდა.
ბლუმკვისტი ადრიანად მოვიდა და მე-5 დარბაზის შესასვლელთან დაიკავა
ადგილი. ერთ-ერთი პირველი შეუშვეს შიგნით. დარბაზის მარცხენა მხარეს უბრალო
დამსწრეთათვის განკუთვნილ რიგში დაჯდა. აქედან უკეთ დაინახავდა
ბრალდებულის მაგიდას. ადგილები სწრაფად შეივსო. სასამართლო პროცესის
მოახლოებასთან ერთად მედიის ინტერესმაც იმატა და გასულ კვირას პროკურორ
ეკსტრომს ლამის ყოველდღე ართმევდნენ ინტერვიუს.
ლიზბეთ სალანდერს ბრალი ედებოდა კარლ-მაგნუს ლუნდინზე თავდასხმასა და
მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში; აწ გარდაცვლილი კარლ აქსელ ბოდინის, იმავე
ალექსანდერ ზალაჩენკოს, მკვლელობის მცდელობასა და მისთვის ფიზიკური
ზიანის მიყენებაში; აწ გარდაცვლილი ადვოკატის, ნილს ერიკ ბიურმანის
საზაფხულო კოტეჯსა და ბინაში შეპარვასა და მის გაქურდვაში; „სვაველშეს
მოტოციკლეტისტთა კლუბის“ წევრის, სონი ნიემინენის „ჰარლი დევიდსონის“
მოპარვაში; გოსებერგაში ნაპოვნი სამი უკანონო იარაღის – ცრემლსადენი გაზის
ბალონის, „ტასერისა“ და პოლონური „P-83 ვანადის“ – ტარებაში; სამხილის
მოპარვასა და მალვაში – ფორმულირება მთლად ზუსტი არ იყო, მაგრამ ბიურმანის
აგარაკზე ნაპოვნი დოკუმენტები იგულისხმებოდა; აგრეთვე, სხვა წვრილმანი
დანაშაულების ჩადენაში. საერთო ჯამში, ლიზბეთ სალანდერს თექვსმეტ მუხლში
წაუყენეს ბრალი.
ეკსტრომმა პრესაში ინფორმაცია გაავრცელა, ლიზბეთ სალანდერის ფსიქიკური
მდგომარეობა საგანგაშოაო. მან ჯერ ექიმ იესპერ ჰ. ლედერმანის სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოიშველია, რომელიც თვრამეტი წლის
სალანდერის გამოკვლევის შედეგად დაიწერა, შემდეგ ექიმი პეტერ ტელებორიანისა,
რომელმაც საქმის წინასწარი მოსმენისას, საოლქო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ხელახლა „გამოიკვლია“ სალანდერი. ვინაიდან სულით
ავადმყოფი გოგო ფსიქიატრებთან საუბარს კატეგორიულად უარობდა,
ტელებორიანს დასკვნა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი თვით ადრე
კრონობერგის ციხის საკანში გამოკეტილ სალანდერზე „დაკვირვების“ საფუძველზე
გამოეტანა. ტელებორიანმა, რომელიც ადრეც მკურნალობდა პაციენტს, შემდეგი
დიაგნოზი დასვა: სერიოზული ფსიქიკური აშლილობა; ამ დასკვნაში ის იყენებდა
ტერმინებს – „ფსიქოპათია“, „პათოლოგიური ნარცისიზმი“ და „პარანოიკული
შიზოფრენია“.
პრესაში ისიც დაიწერა, პოლიციამ სალანდერი შვიდჯერ დაკითხა და შვიდჯერვე
გოგონამ გამომძიებლებისთვის გამარჯობის თქმაც კი იუარაო. თავიდან
გეტებორგის პოლიცია კითხავდა, შემდეგ სტოკჰოლმისა. დაკითხვის
ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა, რომ პოლიციამ ყველანაირ ხერხს მიმართა, რომ გოგონა
აელაპარაკებინა, მაგრამ ამაოდ – სალანდერს ერთხელაც კი არ ჩაუხველებია.
ვიდეოჩანაწერში დროდადრო ადვოკატ ჯიანინის ხმა ისმოდა, ჩემი კლიენტი ამ
კითხვაზე პასუხის გაცემას არ აპირებსო. სალანდერისთვის წაყენებული ბრალი
სასამართლო მტკიცებულებებსა და გამოძიების შედეგად დადგენილ ფაქტებს
ეფუძნებოდა.
სალანდერის დუმილი ზოგჯერ მის ადვოკატს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა,
რადგან ისიც იძულებული იყო, ხმა არ ამოეღო. ადვოკატ ჯიანინის და სალანდერის
პირადი საუბრები კონფიდენციალური იყო.
ეკსტრომმა თავიდანვე ცხადად დააფიქსირა, რომ ბრალდებულის ფსიქიატრიულ
კლინიკაში მოთავსებას მოითხოვდა; ამას თუ ვერ მიაღწევდა, მაშინ – მის ციხეში
ჩასმას. თან თავს იმართლებდა, წესით, პროკურორი ყოველთვის პირიქით
მოქმედებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა
იმდენად ცხადია და ფსიქიატრიული დასკვნებიც იმდენად ერთმნიშვნელოვანი,
რომ სხვა გზა აღარ მრჩებაო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას
სასამართლო თითქმის ყოველთვის ითვალისწინებდა.
ეკსტრომს აგრეთვე მიაჩნდა, რომ სალანდერისთვის ქმედუუნარობის სტატუსი არ
უნდა შეეცვალათ. ინტერვიუში შეწუხებული სახით განაცხადა, შვედეთში
ფსიქიკურად გაუწონასწორებელი რამდენიმე ისეთი სოციოპათი გვყავს, რომლებიც
როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენენ და
მათი ფსიქიატრიულ კლინიკებში მოთავსების გარდა სხვა გამოსავალი არ
არსებობსო. მან სამოცდაათიანი წლების ერთი სულით ავადმყოფი გოგონას
მაგალითი მოიყვანა, რომელიც ძალადობისკენ მიდრეკილების გამო იმ პერიოდში
პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა; ის გოგო დღესაც, ოცდაათი წლის
შემდეგ, ისევ დახურულ ფსიქიატრიულ კლინიკაშია ჩაკეტილი და, მიუხედავად
იმისა, რომ რამდენჯერმე სცადეს შეზღუდვების შემსუბუქება, ყოველი მცდელობა
გოგონას მიერ ახლობლებსა და ნათესავებზე თავდასხმითა და საკუთარი თავის
დაზიანებით დასრულდაო. ეკსტრომის აზრით, სალანდერიც მსგავსი ფსიქოპათური
აშლილობით იტანჯებოდა.
მედიის ინტერესს ისიც Aაძლიერებდა, რომ სალანდერის ადვოკატ ანიკა ჯიანინის
პრესაში ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. მან ყველა ინტერვიუზე უარი თქვა
და ამგვარად მედიის წარმომადგენლებს, მათივე თქმით, „არ მიეცათ მეორე მხარის
არგუმენტების წარმოდგენის საშუალება“. შედეგად, ჟურნალისტები რთულ
მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: ბრალდების მხარე ინფორმაციას ჭარბად აწვდიდა,
ხოლო მოპასუხე მხარე არაფერს ამბობდა იმაზე, რას ფიქრობდა სალანდერი
მისთვის წაყენებულ ბრალდებებზე და როგორ აპირებდა თავის დაცვას.
ერთ-ერთმა საღამოს გაზეთმა იურისტი მოიწვია შექმნილი მდგომარეობის
განსახილველად. იურისტმა თავის სვეტში დაწერა, ადვოკატი ჯიანინი ქალთა
უფლებების ცნობილი დამცველია, მაგრამ სისხლის სამართლის საქმესთან ეს მისი
პირველი შეხებაა და ამ სფეროში გამოუცდელია; შესაბამისად, სალანდერის
დამცველად არ ივარგებსო.
საკუთარი დისგან ბლუმკვისტმა შეიტყო, რომ რამდენიმე ცნობილ ადვოკატს
მისთვის დახმარება შეეთავაზებინა. ჯიანინის კი, კლიენტის მოთხოვნით, ყველა
შეთავაზებაზე უარი ეთქვა.
სანამ საქმის განხილვა დაიწყებოდა, ბლუმკვისტი დარბაზში მსხდომთ
ათვალიერებდა და წამით მისი მზერა გასასვლელთან მჯდარი არმანსკისას შეხვდა.
ეკსტრომს მაგიდაზე ქაღალდების სქელი დასტა ედო. ის რამდენიმე ჟურნალისტს
მიესალმა.
ჯიანინი ეკსტრომის პირდაპირ, სხვა მაგიდასთან იჯდა. თავი ჩაეღუნა და
ქაღალდებში იქექებოდა. ბლუმკვიტს მოეჩვენა, რომ მისი და დაძაბული იყო; ოდნავ
შეშინებულიც კი.
დარბაზში მთავარი მოსამართლე, მისი მრჩეველი და ნაფიცი მსაჯულები
შემოვიდნენ. მოსამართლე იორგენ ივერსენი – ჭაღარა, წვრილსახიანი მამაკაცი
მსუბუქად მოაბიჯებდა. ბლუმკვისტმა გადაამოწმა და გაარკვია, რომ ივერსენი
გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მოსამართლე იყო, რომელიც ბევრ ხმაურიანი
საქმის განხილვას ხელმძღვანელობდა.
სულ ბოლოს დარბაზში ლიზბეთ სალანდერი შემოიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბლუმკვისტი მიჩვეული იყო სალანდერის ჩაცმულობის
გამომწვევ სტილს, ძლიერ გაუკვირდა, რომ მისმა დამ გოგონას სასამართლო
დარბაზში ასე „გამოპრანჭულად“ შემოსვლის ნება მისცა. სალანდერს შავი ტყავის
მინიკაბა ეცვა. უსახელო მაისური წარწერით I AM ANNOYED[33], ტატუებს ძლივს
უფარავდა. ყური ათგან გაეხვრიტა, ხოლო მარცხენა წარბზე რგოლი დაეკიდა.
ნაოპერაციევ თავზე ამოსული სამი თვის თმა უწესრიგოდ ასჩეჩვოდა. ნაცრისფერი
ტუჩსაცხი წაესვა და წამწამები შავად შეეღება. ბლუმკვისტს ასეთი სალანდერი
არასდროს ენახა. როცა ერთად იყვნენ, სალანდერი მაკიაჟით არასდროს
დაინტერესებულა.
რბილად რომ ვთქვათ, ვულგარულად გამოიყურებოდა. გოთს ჰგავდა; 60-იანი
წლების პოპ-არტ ფილმიდან გადმომხტარ რომელიღაც ვამპირს. ბლუმკვისტმა
შეამჩნია, რომ რამდენიმე რეპორტიორს გაოგნებისგან სუნთქვა შეეკრა, ზოგს კი
გაეღიმა. ბოლოს და ბოლოს, იხილეს სკანდალური გოგონა, რომელზეც ამდენს
წერდნენ. რასაკვირველია, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
ბლუმკვისტი მიხვდა, რომ ეს საგანგებო კოსტიუმი იყო. ჩვეულებრივ, სალანდერი
აგდებულად და უგემოვნოდ იცვამდა და, ბლუმკვისტის აზრით, მოდურობას კი არა,
თავის ინდივიდუალობას უსვამდა ხაზს. ჯაჭვებიანი ტყავის ქურთუკი, როგორც
ზღარბის ეკლები, თავდაცვით საშუალებად მიაჩნდა, თითქოს გარშემო მყოფთ
ანიშნებდა: „არ შემეხოთ, თორემ გეტკინებათ“.
თუმცა, სასამართლო დარბაზში საკუთარ პაროდიას ჰგავდა.
ეს შემთხვევით არ მომხდარა – ჯიანინის სტრატეგიის ნაწილი იყო.
სალანდერი რომ თმადავარცხნილი, კოხტად გამოწყობილი და ქუსლიანი
ფეხსაცმლით მოსულიყო, ყველას თაღლითი ეგონებოდა, რომელიც
სასამართლოსთვის თავის მოწონებას ცდილობს. არა, მან თავისი რეპუტაცია
დაიცვა. ისეთი მოვიდა, როგორიც სინამდვილეში იყო; ოღონდ ცოტათი
გროტესკული – უფრო მეტი სიცხადისთვის. თავს სხვა ვინმედ კი არ აჩვენებდა,
სასამართლოს მიანიშნა, საკუთარი თავის არ მრცხვენია და თვალთმაქცობას არ
ვაპირებ, თუ ჩემი გარეგნობა არ მოგწონთ, ეგ თქვენი პრობლემაა და არა ჩემიო.
სახელმწიფომ მას ბევრი რამ დააბრალა, პროკურორმა კი სასამართლო დარბაზში
შემოათრია. თავისი გარეგნობით სალანდერმა ცხადად გამოხატა, რომ პროკურორის
ბრალდებები სრულ სისულელედ მიაჩნდა და მათ გაქარწყლებას აპირებდა.
გოგონამ თავდაჯერებულად გაიარა დარბაზი და თავის ადვოკატს გვერდით
მიუჯდა. მაყურებლებს თვალი გადაავლო. მხოლოდ იმათ აკვირდებოდა და
იმახსოვრებდა, ვინც პრესაში უკვე გაასამართლა იგი.
ბლუმკვისტმა ის ბოლოს გოსებერგას სამზარეულოში დივანზე გასისხლიანებული
ნაჭრის თოჯინასავით მიგდებული ნახა, ნორმალურ ვითარებაში კი – წელიწად-
ნახევრის წინ, თუ ლიზბეთ სალანდერს „ნორმალური ვითარება“ როგორმე
მიესადაგება. რამდენიმე წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. სალანდერმა
მასზე შეაჩერა მზერა, მაგრამ არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. ის კი შეამჩნია, რომ
ბლუმკვისტს ღაწვი და საფეთქელი დალურჯებოდა და მარცხენა წარბზე
სამედიცინო პლასტირი ჰქონდა დაწებებული. ბლუმკვისტმა თითქოს დაინახა,
სალანდერს თვალები ეშმაკურად აუციმციმდაო, მაგრამ მეორე წამს დაეჭვდა, მგონი,
მომეჩვენაო. მოსამართლე ივერსენმა ჩაქუჩი მაგიდაზე დააკაკუნა და დარბაზს
სიჩუმისაკენ მოუწოდა.
მაყურებლები სასამართლო დარბაზში მხოლოდ ნახევარ საათს იმყოფებოდნენ. ამ
ოცდაათი წუთის განმავლობაში მათ ეკსტრომის შესავალი სიტყვა მოისმინეს.
ყველა რეპორტიორი, გარდა ბლუმკვისტისა, პროკურორის სიტყვებს ბლოკნოტში
იწერდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ წინასწარ იცოდა, რა ბრალდებებს
წაუყენებდა ის სალანდერს.
ეკსტრომის შესავალი სიტყვა ოც წუთს გაგრძელდა. მერე ადვოკატ ჯიანინის ჯერი
დადგა. მისი შესავალი სიტყვა სულ ოცდაათწამიანი გამოდგა და ადვოკატმა ის
მტკიცე ხმით წაიკითხა:
– დაცვის მხარე უარყოფს ჩემი კლიენტისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებას,
გარდა ერთისა. ის აღიარებს იარაღის, კერძოდ, ცრემლსადენი გაზის ბალონის,
უკანონოდ ტარებას. სხვა ყველა პუნქტში ჩემი კლიენტი თავს უდანაშაულოდ
მიიჩნევს. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ პროკურორის ბრალდებები მცდარია და ჩემი
კლიენტის სამოქალაქო უფლებები უხეშად დაირღვა. მოვითხოვ, რომ ჩემს კლიენტს
ყველა ბრალდება მოუხსნან, ქმედუნარიანად გამოაცხადონ და სასამართლო
დარბაზიდან გაათავისუფლონ.
პრესის წარმომადგენლები აბუტბუტდნენ. როგორც იქნა, ადვოკატ ჯიანინის
სტრატეგიაც გაცხადდა. რეპორტიორები აშკარად სხვა განცხადებას ელოდნენ. მათ
უმეტესობას ეგონა, რომ ადვოკატი ჯიანინი თავისი კლიენტის სულით
ავადმყოფობას როგორღაც სათავისოდ გამოიყენებდა. ბლუმკვისტს გაეღიმა.
– გასაგებია, – რაღაც ჩაინიშნა მოსამართლე ივერსენმა და ადვოკატ ჯიანინის
შეხედა, – დაასრულეთ?
– დიახ. სულ ეს იყო.
– პროკურორს ხომ არ სურს რამის დამატება? – ეკსტრომს მიმართა მოსამართლე
ივერსენმა.
პროკურორმა ეკსტრომმა მოსამართლის ოთახში განცალკევებით შეხვედრა
მოითხოვა და იქ მოსამართლეს საქმის განხილვის დახურულ კარს მიღმა
გაგრძელება შესთავაზა. განაცხადა, ერთი მხრივ, საქმე ქმედუუნარო პიროვნების
ფსიქიკურ მდგომარეობას და კეთილდღეობას ეხება; მეორე მხრივ, სასამართლო
პროცესის მიმდინარეობისას ისეთი საკითხებიც უნდა განვიხილოთ, რომელთა
საჯაროდ გავრცელება შვედეთის სახელმწიფოს საფრთხეს შეუქმნისო.
– მგონი, ზალაჩენკოს ამბავს გულისხმობთ, – თქვა მოსამართლე ივერსენმა.
– დიახ. ალექსანდერ ზალაჩენკო დიქტატორულ რეჟიმს გამოექცა და შვედეთში
პოლიტიკური დევნილის სტატუსით ითხოვა თავშესაფარი. მისი საქმიანობა და
პირადი კავშირები დღემდე გასაიდუმლოებულია, მიუხედავად იმისა, რომ ჰერ
ზალაჩენკო უკვე მკვდარია. ვითხოვ, საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა
გაგრძელდეს და საქმის განსაკუთრებით დელიკატური დეტალები საიდუმლოდ
დარჩეს.
– ვფიქრობ, თქვენი მოთხოვნა მართებულია, – აღნიშნა მოსამართლე ივერსენმა და
შუბლი შეკრა.
– გარდა ამისა, საქმე ეხება ბრალდებულის მეურვეობის საკითხსაც. ჩვეულებრივ
შემთხვევაშიც კი მსგავსი დეტალები ავტომატურად საიდუმლო ხდება. სწორედ
ბრალდებულის პატივსაცემად ვითხოვ საქმის განხილვის დახურულ კარს მიღმა
გაგრძელებას.
– ადვოკატი ჯიანინი ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას?
– ჩვენთვის სულერთია.
მოსამართლე ივერსენი ჯერ მრჩეველს მოეთათბირა, მერე სასამართლო დარბაზში
დაბრუნდა და გამოაცხადა, პროკურორის თხოვნით, საქმის განხილვა დახურულ
კარს მიღმა გაგრძელდებაო. ამან რეპორტიორები ძალიან გაანაწყენა.
ბლუმკვისტმა სასამართლო დარბაზი დატოვა.
არმანსკი ბლუმკვისტს სასამართლოს შენობის კიბის ძირას ელოდა. ივლისის ხვატი
იდგა და ბლუმკვისტს იღლიები გაოფლიანებოდა. შენობიდან გამოსულს მაშინვე
ორი პირადი მცველი ამოუდგა გვერდით. ორივემ თავი დაუქნია დრაგან არმანსკის.
– პირადი მცველებით სიარულს ვერაფრით მივეჩვიე, – თქვა ბლუმკვისტმა, – ეს
ყველაფერი რა დამიჯდება?
– ჩვენი კომპანია ხარჯებს თვითონ დაფარავს. პირადად ვარ დაინტერესებული შენი
კეთილდღეობით. მაგრამ თუ მაინც გაინტერესებს, ბოლო რამდენიმე თვეში pro
bono[34] თითქმის 250 000 კრონა დავხარჯეთ.
– ყავა ხომ არ დაგველია? – ბერგსგატანზე, იტალიური ღია კაფესკენ მიუთითა
ბლუმკვისტმა.
ბლუმკვისტმა ლატე შეუკვეთა, არმანსკიმ – ორმაგი ესპრესო ერთი კოვზი რძით.
ქუჩაში, ქოლგის ქვეშ დასხდნენ. პირადი მცველები გვერდითა მაგიდას მიუსხდნენ
და „კოკა-კოლა“ შეუკვეთეს.
– დახურული მოსმენა, – თქვა არმანსკიმ.
– ეს მოსალოდნელი იყო და კარგიცაა: ინფორმაციას ასე უფრო იოლად
გავაკონტროლებთ.
– მართალია. ჩვენთვის სულერთია, მაგრამ ეს პროკურორი ეკსტრომი სულ უფრო
ნაკლებად მომწონს, – თქვა არმანსკიმ.
ყავას სვამდნენ და შეჰყურებდნენ სასამართლოს შენობას, სადაც სალანდერის ბედი
წყდებოდა.
– ბოლო ბრძოლა, – თქვა ბლუმკვისტმა.
– სალანდერი ბრძოლისთვის მზადაა, – თქვა არმანსკიმ, – უნდა გამოგიტყდე, შენმა
დამ მომხიბლა. თავიდან მისი სტრატეგია თითქოს არ მომწონდა, მაგრამ ახლა, რაც
უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ეფექტური მეჩვენება.
– ამ საქმის ბედი სასამართლოს დარბაზში არ გადაწყდება, – ბოლო თვეების
განმავლობაში ბლუმკვისტი ამ სიტყვებს შელოცვასავით იმეორებდა.
– მოწმედ გამოგიძახებენ, – უთხრა არმანსკიმ.
– ვიცი და მზად ვარ. მაგრამ ეს მხოლოდ ზეგ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ
ამის იმედი გვაქვს.
პროკურორ ეკსტრომს საკითხავი სათვალე შინ დარჩა, ამიტომ ტექსტისთვის ბოლო
წუთს წვრილი შრიფტით მიწერილი შენიშვნების წასაკითხად სათვალის შუბლზე
აწევა და მზერის დაძაბვა უწევდა. ბოლოჯერ ჩამოიწია სათვალე, ბლანჟეზე ხელი
ჩამოისვა და სასამართლო დარბაზს თვალი მოავლო.

ლიზბეთ სალანდერი წელგამართული იჯდა და პროკურორს თვალგაშტერებული,


უემოციო სახით უყურებდა. ფიქრებით თითქოს სხვაგან დაფრინავდა. პროკურორის
შეკითხვების დასმის დრო დადგა.
– მინდა ფრეკენ სალანდერს შევახსენო, რომ ფიცი დადო და სრული სიმართლე
უნდა ილაპარაკოს, – თქვა ბოლოს და ბოლოს ეკსტრომმა.
სალანდერს წარბი არ შეუხრია. პროკურორმა ეკსტრომმა შეიცადა, იქნებ გოგონამ
რამე თქვასო და მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო.
– თქვენ დაიფიცეთ, რომ სრულ სიმართლეს ილაპარაკებდით.
სალანდერმა თავი გვერდზე გადააგდო. ჯიანინი წინასწარი გამოძიების მასალებში
იქექებოდა და პროკურორ ეკსტრომის სიტყვები არც გაუგონია. ეკსტრომმა თავისი
ქაღალდები მოაგროვა და უხერხული სიჩუმის დასარღვევად ჩაახველა.
– მაშ კარგი, – თქვა ეკსტრომმა, – მოდით, პირდაპირ გადავიდეთ ამა წლის 6 აპრილს
სტალარჰოლმენში ადვოკატ ბიურმანის საზაფხულო აგარაკზე მომხდარ
მოვლენებზე, რამაც სათავე დაუდო საქმეს, რომლის შესავალი სიტყვა ამ დილით
წარმოვთქვი. ნათელი უნდა მოვფინოთ იმას, როგორ მოხვდით სტალარჰოლმენში
და რატომ ესროლეთ კარლ-მაგნუს ლუნდინს.
ეკსტრომმა გამომწვევად შეხედა სალანდერს, მაგრამ ამ უკანასკნელს არც ამჯერად
შეუხრია წარბი. იმედგაცრუებულმა პროკურორმა უმწეოდ გაასავსავა ხელები და
მოსამართლეს მუდარით შეხედა. მოსამართლე ივერსენმა უკმაყოფილოდ გახედა
ადვოკატ ჯიანინის, რომელიც კვლავ ქაღალდებში იქექებოდა და საერთოდ არ
ესმოდა, გარშემო რა ხდებოდა.
მოსამართლე ივერსენმა ჩაახველა და სალანდერს მიმართა:
– თქვენი დუმილი იმას მიანიშნებს, რომ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ გსურთ?
სალანდერმა მოსამართლე ივერსენს გაუსწორა თვალი.
– სიამოვნებით ვუპასუხებ შეკითხვებს.
მოსამართლე ივერსენმა თავი დააქნია.
– მაშინ იქნებ ჩემს შეკითხვას უპასუხოთ, – ჩაერთო პროკურორი ეკსტრომი.
სალანდერმა ეკსტრომს შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– გთხოვთ, გასცეთ პასუხი! – უთხრა სალანდერს მოსამართლე ივერსენმა.
სალანდერი მოსამართლისკენ შებრუნდა, წარბები ასწია და მკაფიოდ და მტკიცედ
წარმოთქვა:
– რას? ჯერჯერობით იმ კაცს, – და თითი ეკსტრომისკენ გაიშვირა, – ჩემთვის
შეკითხვა არ დაუსვამს, მხოლოდ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს. დამისვას
კითხვა და ვუპასუხებ.
ჯიანინიმ თავი ასწია. მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით იდაყვი მაგიდაზე
ჩამოდო და ნიკაპით მუშტს დაეყრდნო.
ეკსტრომს წამით აზრები გაეფანტა.
– გთხოვთ, გაიმეორეთ შეკითხვა, – ჩაერთო მოსამართლე ივერსენი.
– გკითხეთ... სტალარჰოლმენში ადვოკატ ბიურმანის საზაფხულო აგარაკზე კარლ-
მაგნუს ლუნდინისთვის სასროლად წახვედით თუ არა-მეთქი.
– არა. თქვენ თქვით, ნათელი უნდა მოვფინოთ, როგორ მოხვდით სტალარჰოლმენში
და რატომ ესროლეთ კარლ-მაგნუს ლუნდინსო. ეს შეკითხვა კი არა, ზოგადი
განცხადებაა და რატომღაც ჩემგან პასუხს ელით. ვალდებული არ ვარ, თქვენი
დასკვნები განვმარტო.
– სიტყვებს ნუ გამოეკიდებით. უბრალოდ, მიპასუხეთ.
– არა.
სიჩუმე.
– რას ნიშნავს არა?
– „არა“ პასუხია თქვენს შეკითხვაზე.
პროკურორმა ეკსტრომმა ამოიოხრა. მიხვდა, რომ წინ გრძელი დღე ელოდა.
სალანდერი მოთმინებით ელოდა მის მორიგ შეკითხვას.
– აჯობებს თავიდან დავიწყოთ, – თქვა ეკსტრომმა, – ამა წლის 6 აპრილს,
შუადღისას, იყავით თუ არა სტალარჰოლმენში აწ გარდაცვლილი ადვოკატი
ბიურმანის საზაფხულო აგარაკზე?
– დიახ.
– იქ როგორ მოხვდით?
– ჩქაროსნული მატარებლით სოდერტელიეში ჩავედი, იქიდან კი სტრენგნესის
ავტობუსს გავყევი.
– სტალარჰოლმენში რატომ წახვედით? კარლ-მაგნუს ლუნდინთან და მის მეგობარ
სონი ნიემინენთან შეხვედრა გქონდათ დანიშნული?
– არა.
– მაშ, იმათ რაღა უნდოდათ იქ?
– ეს მათ ჰკითხეთ.
– მე თქვენი პასუხი მაინტერესებს.
სალანდერმა არ უპასუხა.
მოსამართლე ივერსენმა ჩაახველა.
– ჩემი აზრით, ფრეკენ სალანდერი არ გპასუხობთ იმიტომ, რომ მართალია,
მექანიკურად, მაგრამ კვლავ ზოგადი განცხადება გააკეთეთ, – მიეშველა
პროკურორს მოსამართლე.
ანიკა ჯიანინიმ უეცრად ისე ხმამაღლა ჩაიფხუკუნა, რომ ყველამ გაიგონა. ადვოკატი
მაშინვე დასერიოზულდა და კვლავ ქაღალდებში ჩარგო თავი. ეკსტრომმა მკაცრად
გადახედა ადვოკატს.
– როგორ ფიქრობთ, რა უნდოდათ ნიემინენს და ლუნდინს ადვოკატ ბიურმანის
საზაფხულო აგარაკზე?
– არ ვიცი. ჩემი აზრით, კოტეჯის დაწვას აპირებდნენ. ლუნდინს პლასტმასის
ბოთლით ერთი ლიტრი ბენზინი მოჰქონდა.
ეკსტრომმა ტუჩები გამობერა.
– თქვენ რატომ წახვედით ადვოკატ ბიურმანის საზაფხულო აგარაკზე?
– ინფორმაციას ვეძებდი.
– რა სახის ინფორმაციას?
– ინფორმაციას, რომლის გასანადგურებლადაც, ჩემი აზრით, იქ ნიემინენი და
ლუნდინი მოვიდნენ და რომელსაც შეეძლო ნათელი მოეფინა იმ ნაბიჭვრის
მკვლელის ვინაობისთვის.
– მაშ, თქვენი აზრით, ადვოკატი ბიურმანი ნაბიჭვარი იყო? სწორად გაგიგეთ?
– დიახ.
– ასე რატომ გგონიათ?
– ის სადისტი ღორი, გარყვნილი და მოძალადე იყო – შესაბამისად, ნაბიჭვარიც.
სალანდერმა გარდაცვლილ ადვოკატის მუცელზე დახატული ტატუს ტექსტი
სიტყვასიტყვით გაიმეორა და ამით ცხადად მიანიშნა, რომ სწორედ თვითონ იყო
მისი ავტორი. თუმცა, ეს შემთხვევა მისთვის წაყენებული ბრალდებების სიაში არ
შედიოდა. ბიურმანს პოლიციაში ტატუს შესახებ არ განუცხადებია და ახლა რთული
იქნებოდა იმის დამტკიცება, ტატუ ნებით დაიხატა თუ ძალით დაახატეს.
– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეურვეს თქვენზე ძალადობას აბრალებთ. იქნებ
უთხრათ სასამართლოს, ზუსტად როდის მოხდა ეს?
– პირველად 2003 წლის 18 თებერვალს, სამშაბათს, მეორედ – იმავე წლის 7 მარტს,
პარასკევს.
– დაკითხვებზე გამომძიებლების შეკითხვებს არ პასუხობდით. რატომ?
– მათთვის სათქმელი არაფერი მქონდა.
– თქვენმა ადვოკატმა რამდენიმე დღის წინ, სრულიად მოულოდნელად, თქვენი ე. წ.
ავტობიოგრაფია გადმომცა. წავიკითხე და უნდა აღვნიშნო, რომ მეტად უცნაური
დოკუმენტია, რომელსაც მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ. მასში
თქვენ ამტკიცებთ, რომ ადვოკატმა ბიურმანმა პირველად ორალური სექსი
გაიძულათ, ხოლო მეორედ მთელი ღამე გაუპატიურებდათ და გაწამებდათ.
სალანდერმა არ უპასუხა.
– ეს სიმართლეა?
– დიახ.
– გაუპატიურების თაობაზე პოლიციაში თუ განაცხადეთ?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ პოლიცია არასდროს მისმენდა, როცა რამეს ვეუბნებოდი. ჰოდა,
ჩავთვალე, რომ არც ამის განმარტებას ექნებოდა აზრი.
– გაუპატიურების შესახებ ახლობელთან ხომ არ გისაუბრიათ? ვთქვათ, დაქალთან?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს მათი საქმე არაა.
– რომელიმე ადვოკატისთვის ხომ არ მიგიმართავთ?
– არა.
– მაშ, როგორც ამტკიცებთ, მძიმე ფიზიკური ტრავმა მოგაყენეს? ექიმმა გაგსინჯათ?
– არა.
– არც ქალთა რომელიმე კრიზისულ ცენტრში მისულხართ.
– ახლა კვლავ ზოგად განცხადებას აკეთებთ.
– უკაცრავად. ქალთა კრიზისულ ცენტრში ხომ არ მისულხართ?
– არა.
ეკსტრომი მოსამართლისკენ მიტრიალდა.
– მინდა, სასამართლომ იცოდეს, რომ ბრალდებული ამტკიცებს, ორჯერ
გამაუპატიურესო. მეორე შემთხვევაში – განსაკუთრებით სასტიკად. მისივე თქმით,
მოძალადე მისი მეურვე, აწ გარდაცვლილი ადვოკატი ნილს ერიკ ბიურმანი იყო.
საქმის ამჟამინდელი მდგომარეობით ეს ფაქტებიც აუცილებლად უნდა იყოს
გათვალისწინებული, – ეკსტრომმა მაგიდაზე გაშლილ ქაღალდის ფურცლებში
ჩაიხედა, – ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების მიერ წარმოებული
გამოძიების შედეგად არ გამოვლენილა არც ერთი ფაქტი, რომელიც ლიზბეთ
სალანდერის განცხადების სისწორეს გაამყარებდა. ბიურმანი ნასამართლევი არ
ყოფილა, პოლიციაში მასზე საჩივარი არასდროს შესულა და არც ერთ გამოძიებაში
მისი სახელი არ უხსენებიათ. სხვა რამდენიმე პიროვნების მეურვე ან მზრუნველი
ყოფილა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ დაუდანაშაულებია ამა თუ იმ ფორმით
ძალადობის გამოვლინებაში. პირიქით, ყველა აცხადებს, რომ ბიურმანი მათ
თავაზიანად და კეთილად ექცეოდა.
ეკსტრომმა მომდევნო გვერდზე გადაფურცლა.
– ჩემი ვალია, სასამართლოს შევახსენო, რომ ლიზბეთ სალანდერს პარანოიკული
შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ახალგაზრდა ქალს ძალადობისკენ აქვს
მიდრეკილება და მოზარდობის ასაკიდან უჭირს საზოგადოებასთან ურთიერთობა.
რამდენიმე წელი ბავშვთა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა და თვრამეტი წლის
ასაკიდან მეურვეობის ქვეშ იმყოფება, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, არცთუ
უმიზეზოდ. ლიზბეთ სალანდერი საფრთხეს წარმოადგენს თავისი თავისთვის და
სხვებისთვისაც. ჩემი ღრმა რწმენით, მას ციხეში სასჯელის მოხდის ნაცვლად
ფსიქიატრიული მკურნალობა სჭირდება, – ეკსტრომი უფრო მეტი ეფექტის
მოსახდენად, რამდენიმე წამით შეყოვნდა, – ახალგაზრდა ადამიანის ფსიქიკური
მდგომარეობის განხილვა რთული საქმეა. ხდება ადამიანის პირად სამყაროში შეჭრა
და მისი გონებრივი შესაძლებლობების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება. ჩვენს
შემთხვევაში უნდა შევაფასოთ სამყაროს ლიზბეთ სალანდერისეული მცდარი
ხედვა. ეს ხედვა ჩამოყალიბებულია მის ე. წ. „ავტობიოგრაფიაში“. აქ ყველაზე
ცხადად ჩანს, თუ რამდენადაა დაშორებული იგი რეალობას. არ გვჭირდება არც
მოწმეები და არც ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა – მისი სიტყვები
ყველაფერზე მეტყველებს. თვითონ განსაჯეთ, რამდენად დამაჯერებელია მისი
განცხადება.
პროკურორმა ეკსტრომმა სალანდერს მიაპყრო მზერა. გოგონამ მტრულად გაუცინა.
ეკსტრომი მოიღუშა.
– ადვოკატი ჯიანინის ხომ არ სურს რამის თქმა? – იკითხა მოსამართლე ივერსენმა.
– არა, – თქვა ჯიანინიმ, – მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პროკურორ ეკსტრომის
დასკვნა სრული უაზრობაა.
შუადღის სესია მოწმეების ჯვარედინი დაკითხვით დაიწყო. პირველად ულრიკა
ფონ ლიბენსტაალი დაკითხეს სამეურვეო სააგენტოდან. ეკსტრომმა ის იმის
გადასამოწმებლად გამოიძახა, უჩიოდნენ თუ არა ადვოკატ ბიურმანს სამეურვეო
პირები. ფონ ლიბენსტალმა ყველაფერი კატეგორიულად უარყო და ბრალდებას
შეურაცხმყოფელი ცილისწამება უწოდა.
– სამეურვეო საქმეები მკაცრად კონტროლდება. ადვოკატი ბიურმანი თითქმის ოცი
წელი ემსახურებოდა სამეურვეო სააგენტოს, სანამ ასე სასტიკად მოკლავდნენ, –
თქვა მან და ლიზბეთ სალანდერს გამკიცხავად შეხედა, მიუხედავად იმისა, რომ
ბიურმანის მკვლელობაში მას ბრალი არ მიუძღვოდა; პოლიციას უკვე საბოლოოდ
დაედგინა, რომ მკვლელი რონალდ ნიდერმანი იყო, – მთელი ამ წლების
განმავლობაში ადვოკატ ბიურმანის წინააღმდეგ ერთი საჩივარიც კი არ შემოსულა.
ის კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას.
– მაშ, არადამაჯერებლად მიგაჩნიათ ლიზბეთ სალანდერის მტკიცება, რომ
ადვოკატმა ბიურმანმა მასზე სექსუალურად იძალადა?
– ვფიქრობ, ეს მტკიცება სასაცილოა. ჩვენ ადვოკატ ბიურმანისგან ყოველთვიურ
ანგარიშს ვღებულობდით. რამდენჯერმე პირადადაც შევხვედრივარ მას.
– ადვოკატმა ჯიანინიმ მოითხოვა, ლიზბეთ სალანდერს დაუყოვნებლივ მოეხსნას
მეურვეობა.
– სამეურვეო სააგენტოში ყველაზე მეტად გვიხარია, როცა პიროვნებას მეურვეობა
აღარ სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება და
წესდების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. ლიზბეთ სალანდერს ჯერ ფსიქიატრიული
გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება სამეურვეო
სააგენტოს, მისთვის მეურვეობის მოხსნის საკითხი დააყენოს.
– გასაგებია.
– ეს ნიშნავს, რომ მან ფსიქიატრიული გამოკვლევა უნდა გაიაროს; თუმცა, ყველას
კარგად მოეხსენება, რომ ლიზბეთ სალანდერი ამის წინააღმდეგია.
ულრიკა ფონ ლიბენსტაალის დაკითხვა ორმოც წუთს გაგრძელდა. განიხილეს
ბიურმანის ყოველთვიური ანგარიშებიც.
ულრიკა ფონ ლიბენსტაალს ადვოკატმა ჯიანინიმაც დაუსვა შეკითხვა:
– 2003 წლის 7 მარტის ღამეს ადვოკატ ბიურმანის საძინებელში იმყოფებოდით?
– რა თქმა უნდა, არა.
– მაშასადამე, არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ, ცრუობს თუ არა ჩემი კლიენტი?
– ადვოკატ ბიურმანისთვის წაყენებული ბრალდება სრული აბსურდია.
– ეს მხოლოდ თქვენი აზრია. შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ ალიბი ან სხვა
დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ადვოკატ ბიურმანს ჩემს კლიენტზე არ
უძალადია?
– ბუნებრივია, ეს შეუძლებელია. მაგრამ ალბათობა იმისა...
– გმადლობთ. სულ ეს იყო, – გააწყვეტინა ადვოკატმა ჯიანინიმ.
ბლუმკვისტი თავის დას 19:00 საათზე Milton Security-ის ოფისში შეხვდა, რათა დღე
შეეჯამებინათ.
– ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით, – თქვა ჯიანინიმ, – ვენერსტრომი
სალანდერის ავტობიოგრაფიას წამოეგო.
– კარგია. სალანდერი როგორ არის?
ჯიანინის გაეცინა.
– მშვენივრად. ნამდვილი სოციოპათივით წარდგა სასამართლოს წინაშე.
ბუნებრივად იქცევა.
– დიდებულია.
– დღევანდელი დღე მეტწილად სტალარჰოლმენის აგარაკზე მომხდარ შემთხვევას
დაეთმო. ხვალინდელი – გოსებერგულ შემთხვევას დაეთმობა. პოლიციელებს და
დანაშაულის ადგილის მომკვლევებს დაკითხავენ. ეკსტრომი ეცდება დაამტკიცოს,
რომ სალანდერი იქ მამამისის მოსაკლავად მივიდა.
– გასაგებია.
– ოღონდ ტექნიკური პრობლემა გვაქვს. დღეს ეკსტრომმა სამეურვეო სააგენტოდან
ულრიკა ფონ ლიბენსტაალი გამოიძახა მოწმედ. მან კი ჩემზე თქვა, ლიზბეთის
ინტერესების დაცვის უფლება არ აქვსო.
– ვითომ რატომ?
– ამბობს, ლიზბეთი ჯერაც მეურვეობის ქვეშ იმყოფება და ადვოკატს თვითონ ვერ
აირჩევსო. ასე რომ, სამეურვეო სააგენტოს ოფიციალური ნებართვის გარეშე
ლიზბეთის ადვოკატი ვერ ვიქნები.
– მერე?
– მოსამართლე ივერსენი გადაწყვეტილებას ხვალ დილით მიიღებს. დღის
მიწურულს მასთან ხანმოკლე საუბარი მქონდა. ვფიქრობ, ნებას დამრთავს,
ლიზბეთის ინტერესები წარმოვადგინო. ვუთხარი, სამეურვეო სააგენტოს ჩემი
ადვოკატობის გასაპროტესტებლად სამი თვე ჰქონდა და ეს მხოლოდ სასამართლო
პროცესის დაწყების შემდეგ რომ გაახსენდათ, პროვოკაციას ჰგავს-მეთქი.
– მგონი, პარასკევს ტელებორიანი გამოვა მოწმედ. გახსოვდეს, ის შენც უნდა
დაკითხო.
ხუთშაბათს რუკებისა და ფოტოების დათვალიერების და გოსებერგაში მომხდარზე
ექსპერტთა შეხედულებების მოსმენის შემდეგ ეკსტრომმა დაასკვნა, ყველა სამხილი
იმაზე მიუთითებს, რომ ლიზბეთ სალანდერი გოსებერგას ფერმაში მამამისის
მოსაკლავად წავიდაო. სამხილთა ჯაჭვის ყველაზე ძლიერი რგოლი პოლონური „P-83
ვანადი“ იყო, რომელიც სალანდერმა თან წაიღო.
ის ფაქტი, რომ თავის მხრივ, ალექსანდერ ზალაჩენკომ (სალანდერის ჩვენების
მიხედვით) და პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რონალდ ნიდერმანმაც
(სოლგრენსკას საავადმყოფოში ალექსანდერ ზალაჩენკოს მიერ სიკვდილის წინ
მიცემული ჩვენების მიხედვით) სცადეს მისი მოკვლა და ტყის პირას მიწაში
ჩამარხეს, არანაირად არ არბილებდა იმ გარემოებას, რომ სალანდერმა გოსებერგაში
მიაგნო მამას და მის მოკვლას აპირებდა. მან ზალაჩენკოს თავში ნაჯახი ჩაარტყა.
ეკსტრომმა მკვლელობის მცდელობისთვის ან მკვლელობის დაგეგმვისა და მძიმე
ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის სალანდერის გასამართლება მოითხოვა.
სალანდერის ჩვენებაში ეწერა, რომ გოსებერგაში მამასთან დასაპირისპირებლად
ჩავიდა: მსურდა დამერწმუნებინა, დაგ სვენსონისა და მია იოჰანსონის
მკვლელობები ეღიარებინაო. ეს ჩვენება მეტად მნიშვნელოვანი იყო მისი მოტივის
დასადგენად.
როგორც კი ერიქსონმა დაასრულა გეტებორგის პოლიციის ტექნიკური
განყოფილების თანამშრომლის, მელკერ ჰანსონის დაკითხვა, ამ უკანასკნელს
ადვოკატმა ჯიანინიმაც დაუსვა რამდენი მოკლე შეკითხვა.
– ჰერ ჰანსონ, თქვენს მოპოვებულ საგნობრივ მტკიცებულებებსა და ტექნიკურ
დოკუმენტაციაში არის თუ არა ისეთი რამ, რაც დაადასტურებდა, რომ ლიზბეთ
სალანდერი იტყუება და გოსებერგაში მამამისის მოკვლის მიზნით ჩავიდა?
შეგიძლიათ ამის დამტკიცება?
– არა, – უპასუხა ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ჰანსონმა.
– მაშ, ვერაფერს იტყვით მის მიზანზე?
– ვერა.
– ესე იგი, პროკურორ ეკსტრომის მაღალფარდოვანი და სიტყვაუხვი დასკვნა
მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია?
– ალბათ ასეა.
– ლიზბეთ სალანდერი აცხადებს, რომ პოლონური „P-83 ვანადი“ სრულიად
შემთხვევით წაიყოლა გოსებერგაში, რადგან წინა დღით სონი ნიემინენისთვის
წართმევის შემდეგ ჩანთაში ეგდო და არ იცოდა, მისთვის რა ექნა. თქვენ მიერ
მოძიებულ ტექნიკურ მტკიცებულებებში არის თუ არა ისეთ რამ, რაც სალანდერის
ამ განცხადებას ეწინააღმდეგება?
– არა.
– გმადლობთ, – თქვა ჯიანინიმ და დაჯდა. ჰანსონის დაკითხვა ერთ საათს
გრძელდებოდა, მაგრამ ჯიანინის აღარაფერი უთქვამს.
ვადენშემ „სექციის“ შტაბ-ბინა არტილერიგატანზე ხუთშაბათს, 18:00 საათზე
დატოვა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მის თავზე საავდრო ღრუბლები
გროვდებოდა და გამანადგურებელი ქარიშხალი უახლოვდებოდა. ეს ბოლო
რამდენიმე კვირა ფორმალურად ერქვა „სპეციალური ანალიზის სექციის“
დირექტორი; მის აზრს, პროტესტსა და რჩევებს წონა აღარ ჰქონდა, ყველა
გადაწყვეტილებას ფრედრიკ კლინტონი იღებდა. „სექცია“ რომ ღია და საჯარო
ინსტიტუტი ყოფილიყო, ვადენშე უპრობლემოდ მიმართავდა ზემდგომ ორგანოებს
და თავის პრეტენზიებს მოახსენებდა.
თუმცა, შექმნილ ვითარებაში, იმას, რაც ხდებოდა, ვერავისთან გააპროტესტებდა.
კლინტონი ერთპიროვნულად მმართველობდა. ცინგლიანი სანდბერგი და ერთგული
ვეტერანი ნისტრომი კი ბებერ გიჟს ყოველ ახირებას უსრულებდნენ.
მართალია, კლინტონი საკუთარ ძალაუფლებას „სექციის“ ინტერესების დასაცავად
იყენებდა, ყოველ შემთხვევაში მიაჩნდა, რომ „სექციის“ ინტერესებს იცავდა, მაგრამ
ვადენშეს აზრით, მთელი ორგანიზაცია ახლა თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში
იმყოფებოდა, კოლექტიური ჰიპნოზის ქვეშ აღმოჩენილი თანამშრომლები ვერც კი
ხვდებოდნენ, რომ ყოველი ნაბიჯით, ყოველი მიღებული და განხორციელებული
გადაწყვეტილებით სულ უფრო უახლოვდებოდნენ უფსკრულს.
ლინეგატანზე დაყენებულ მანქანას ვადენშე გულდამძიმებული მიუახლოვდა.
სიგნალიზაცია გამორთო და კარის გაღებას აპირებდა, როცა უკნიდან ვიღაცის
მოახლოება იგრძნო. შეტრიალდა და ხელით მზე დაიჩრდილა, რომ მის წინ
ტროტუარზე მდგარი კაცი გაერჩია.
– საღამო მშვიდობისა, ჰერ ვადენშე, – მიესალმა ტორსტენ ედკლინთი, – ათი წელია,
პირადად აღარ ვმონაწილეობ საველე ოპერაციებში, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დღეს
მეც აქ უნდა ვყოფილიყავი.
უცებ ედკლინთს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი პოლიციელი ამოუდგა
გვერდით. გაკვირვებულმა ვადენშემ ბუბლანსკი იცნო, მეორე პოლიციელი კი –
ვერა.
მიხვდა, რაც ხდებოდა.
– სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ გენერალურმა პროკურორმა თქვენი
დაპატიმრება ბრძანა ერთდროულად იმდენი სამართალდარღვევისთვის, რომ მათ
ჩამოთვლას რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება.
– რა ხდება? – აღშფოთდა ვადენშე.
– ამწუთას ის ხდება, რომ გაპატიმრებთ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის;
აგრეთვე ბრალი გედებათ შანტაჟში, მოქრთამვაში, უკანონო სატელეფონო
მოსმენებში, დოკუმენტების გაყალბებაში, ფინანსების არამიზნობრივად
გახარჯვაში, სხვისი ბინის გატეხასა და გაქურდვაში, თანამდებობის ბოროტად
გამოყენებაში, შპიონაჟსა და სხვა მრავალ შედარებით წვრილმან, მაგრამ არცთუ
უმნიშვნელო კანონდარღვევაში. ახლა მე და თქვენ კუნგსჰოლმენზე წავალთ და იქ
მშვიდად და წყნარად ვილაპარაკებთ.
– მე არავინ მომიკლავს, – სუნთქვა შეეკრა ვადენშეს.
– ამას გამოძიება დაადგენს.
– დამნაშავე კლინტონია. ყველაფერი მისი ბრალია, – თქვა ვადენშემ.
ედკლინთმა კმაყოფილმა დააქნია თავი.
ნებისმიერმა პოლიციელმა იცის, რომ ეჭვმიტანილის დაკითხვის ორი კლასიკური
ხერხი არსებობს – „კარგი პოლიციელი“ და „ცუდი პოლიციელი“. ცუდი პოლიციელი
იგინება, იმუქრება, მაგიდაზე მუშტს აბრახუნებს და აგრესიულად იქცევა, რომ
ეჭვმიტანილი დააშინოს და გამოტეხოს. კარგი პოლიციელი ხშირად ტანმორჩილია,
ჭაღარა, ასაკოვანი; ეჭვმიტანილს სიგარეტს და ყავას სთავაზობს, თანაუგრძნობს და
კეთილგონივრულად ესაუბრება.
ბევრმა პოლიციელმა – მაგრამ ყველამ არა – იცის, რომ კარგი პოლიციელი
დაკითხვისას უკეთეს შედეგს აღწევს. გამოცდილსა და გამობრძმედილ ქურდს
ცუდი პოლიციელის როლით ვერ გააკვირვებ. ხოლო გამოუცდელი
არაპროფესიონალის დაშინება არც არის საჭირო – დიდი ალბათობით ის მაინც
ყველაფერს დაფქვავს, მიუხედავად მის მიმართ გამოყენებული დაკითხვის
ხერხისა.
ბლუმკვისტი ბირგერ ვადენშეს დაკითხვას გვერდითა ოთახიდან ადევნებდა
თვალს. თავიდან მისი დაკითხვაზე დასწრების საკითხი დიდი შიდა
დაპირისპირების საგანი გახდა. ბოლოს ედკლინთმა გადაწყვიტა, დაე, მოუსმინოს
ვადენშეს, იქნებ ბლუმკვისტმა რამე ისეთი გაიგოს, რაც ჩვენც გამოგვადგებაო.
ბლუმკვისტმა შეამჩნია, რომ ედკლინთი დაკითხვის მესამე ხერხს – „სულერთიას“ –
იყენებდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ტექნიკა უკეთ მუშაობდა. ედკლინთი
დაკითხვის ოთახში შევიდა, ფინჯნებში ყავა დაასხა, დიქტოფონი ჩართო, სკამის
საზურგეს მიეყრდნო და დაიწყო:
– მოგახსენებთ ამჟამინდელ მდგომარეობას: თქვენ წინააღმდეგ ყველანაირი
მტკიცებულება გაგვაჩნია. თქვენი აღიარება დიდად არ გვაინტერესებს, რადგან ის
მხოლოდ დაგვიდასტურებს იმას, რაც უკვე ვიცით. მხოლოდ ერთ შეკითხვაზე
გაგვეცით პასუხი: რატომ? როგორ მოგივიდათ ეს იდიოტური აზრი თავში, რომ
ადამიანების ლიკვიდირებას შეძლებდით, თითქოს შვედეთში კი არა, ჩილეში,
პინოჩეტის დიქტატურაში ვცხოვრობთ? დიქტოფონი ჩართულია. თუ რამის თქმა
გსურთ, ახლა სწორედ შესაფერისი დროა; თუ ლაპარაკი არ გსურთ, დიქტოფონს
გამოვრთავ, ჰალსტუხს და ფეხსაცმლის თასმებს ჩამოგართმევთ და ზედა
სართულზე, იზოლატორში შეგაცილებთ. იქ დაელოდებით ადვოკატს, სასამართლო
პროცესს და განაჩენს.
ედკლინთმა ყავა მოსვა და დადუმდა. ორწუთიანი სრული სიჩუმის შემდეგ
დიქტოფონი გამორთო და წამოდგა.
– რამდენიმე წუთში იზოლატორში წაგიყვანენ. ღამე მშვიდობისა.
– მე არავინ მომიკლავს, – თქვა ვადენშემ, როცა ედკლინთმა ოთახის კარი გამოაღო.
ედკლინთი ზღურბლზე შეყოვნდა.
– თქვენთან პირადი საუბრით დაინტერესებული არ ვარ. თუ ჩვენების მოცემა
გსურთ, დავჯდები და დიქტოფონს ჩავრთავ. შვედეთის ხელისუფლება –
განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრი – თქვენს აღიარებას ელოდება. ჯერ მე
მომიყევით და მე ამაღამვე ვესტუმრები პრემიერ-მინისტრს მოვლენათა
განვითარების თქვენეული ვერსიის გასაცნობად. გინდაც მე არაფერი მითხრათ,
მაინც გაგასამართლებენ და პატიმრობას მოგისჯიან.
– გთხოვთ, დაბრძანდით, – უთხრა ვადენშემ.
ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ვადენშე ბედს შეურიგდა. ბლუმკვისტმა შვებით
ამოისუნთქა. მის გვერდით ფიგეროლა, პროკურორი გუსტავსონი, „სეპოს“ ანონიმი
აგენტი სტეფანი და ორი უცნობი პიროვნება იდგა. ბლუმკვისტმა გაიფიქრა, ერთ-
ერთი მათგანი უეჭველად იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელი იქნებაო.
– მკვლელობებთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს, – დაიწყო ვადენშემ, როცა
ედკლინთმა ხელახლა ჩართო დიქტოფონი.
– მკვლელობებთანო? – ფიგეროლას გადაუჩურჩულა ბლუმკვისტმა.
– ჩშშშ! – გააჩუმა ფიგეროლამ.
– ყველაფერი კლინტონის და გულბერგის ბრალია. გეფიცებით, არ ვიცოდი, რა
ჰქონდათ ჩაფიქრებული. შოკში ჩაავვარდი, როცა გავიგე, რომ გულბერგმა
ზალაჩენკო მოკლა. ვერ დავიჯერე... ვერაფრით დავიჯერე, რომ ეს სიმართლე იყო.
როცა ბიორკის ამბავი გავიგე, მეგონა, ინფარქტი დამარტყამდა.
– ბიორკის მკვლელობის შესახებ მიამბეთ, – ტონის შეუცვლელად უთხრა
ედკლინთმა, – ეს როგორ მოხდა?
– კლინტონმა ქილერები დაიქირავა. ზუსტად არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ
ვიღაც ორი იუგოსლავიელი იყო. თუ არ ვცდები, სერბები. მათ გეორგ ნისტრომი
დაუკავშირდა, ფულიც მან გადაუხადა. როცა ამის შესახებ შევიტყვე, მაშინვე
მივხვდი, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა.
– მოდით, თავიდან დავიწყოთ, – შესთავაზა ედკლინთმა, – „სექციაში“ მუშაობა
როდის დაიწყეთ?
ვადენშე ალაპარაკდა და აღარ გაჩერებულა. დაკითხვა თითქმის ხუთ საათს
გაგრძელდა.

თავი XXVI
პარასკევი, 15/VII
ტელებორიანი თავდაჯერებული ჩანდა, როცა პარასკევს დილით მოწმეებისთვის
განკუთვნილ ადგილას დაჯდა. პროკურორი ეკსტრომი თითქმის საათ-ნახევრის
განმავლობაში უსვამდა კითხვებს, ის კი მშვიდად და პროფესიონალურად
პასუხობდა. ზოგჯერ შეწუხებულ სახეს მიიღებდა, ზოგჯერ – ცნობისმოყვარეს.
– მოდი, შევაჯამოთ, – ეკსტრომმა თავისი ჩანაწერები გადაფურცლა, – თქვენ,
როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქიატრს, მიგაჩნიათ, რომ ლიზბეთ
სალანდერი პარანოიკული შიზოფრენიით იტანჯება?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ძნელია მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება.
მოგეხსენებათ, რომ პაციენტი ექიმებთან და ხელისუფლების წარმომადგენლების
მიმართ ლამის აუტიზმს ავლენს. ჩემი ვარაუდით, ლიზბეთ სალანდერს სერიოზული
ფსიქიკური აშლილობა აქვს, მაგრამ ამ მომენტში ზუსტი დიაგნოზის დასმა
გამიჭირდება.
– ყოველ შემთხვევაში, მას ფსიქიკურად ავადმყოფად მიიჩნევთ.
– ამას მთელი მისი ისტორია ცხადად გვიჩვენებს.
– თქვენ საშუალება მოგეცათ წაგეკითხათ ლიზბეთ სალანდერის მიერ
სასამართლოსთვის წარდგენილი ე. წ. „ავტობიოგრაფია“. ამაზე რა კომენტარს
გააკეთებდით?
ტელებორიანმა ხელები გაასავსავა და მხრები აიჩეჩა.
– როგორ ფიქრობთ, მისი ჩვენება სანდოა?
– არანაირად. ეს, უბრალოდ, სხვადასხვა პიროვნებაზე მისი ერთმანეთზე უფრო
დაუჯერებელი შეხედულებების ნაკრებია. მთლიანობაში მისი ტექსტი ჩვენს ეჭვებს
ადასტურებს, რომ ლიზბეთ სალანდერი პარანოიკული შიზოფრენიით იტანჯება.
– მაგალითს ხომ ვერ მოგვიყვანდით?
– მისი ავტობიოგრაფია ძალიან დეტალურია. ასეთი გროტესკული ფანტაზიის
უნარი მხოლოდ ბავშვებს აქვთ. არსებობს მრავალი მსგავსი შემთხვევა ოჯახური
ინცესტის საქმეებიდან, როცა ბავშვი საკუთარ წარმოსახვას იყენებს და ისეთ
დაუჯერებელ რამეებს აღწერს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რის საგნობრივად
დამტკიცებაც შეუძლებელია. ეს ეროტიკული ფანტაზიებია, რომლებიც
მცირეწლოვან ბავშვსაც კი შეუძლია გაუჩნდეს... თითქოს ტელევიზორში
საშინელებათა ფილმს უყურებდნენ.
– მაგრამ ლიზბეთ სალანდერი ბავშვი კი არა, ზრდასრული ქალია, – თქვა ეკსტრომმა.
– ერთი მხრივ, მართალს ბრძანებთ, ფიზიკურად ზრდასრული ქალია, მაგრამ,
გასარკვევია, გონებრივი განვითარების რა დონეზე იმყოფება. დიახ, ის ზრდასრული
ქალია და სჯერა, იმისა, რაც თავის ე. წ. „ავტობიოგრაფიაში“ დაწერა.
– მაშ, ამბობთ, რომ ის იტყუება.
– არა, თუ მას სჯერა იმისა, რასაც წერს, ეს ტყუილი ვერ იქნება. მისი ტექსტი
ადასტურებს, რომ ლიზბეთ სალანდერი წარმოსახულს სინამდვილისგან ვერ
ასხვავებს.
– მაშ, ის ადვოკატ ბიურმანს არ გაუუპატიურებია?
– ეს გამორიცხულია. გოგონას მკურნალობა სჭირდება.
– თქვენც ფიგურირებთ ლიზბეთ სალანდერის ჩვენებაში...
– დიახ და ეს ძალზე დამაინტრიგებლად მეჩვენება. მაგრამ კიდევ ერთხელ
ვიმეორებ: ეს მისი წარმოსახვის ნაყოფია. თუ ამ საბრალო გოგოს ვენდობით, მე
პედოფილი ვარ, – გაიღიმა ტელებორიანმა, – ესეც მორიგი გამოხატულებაა იმისა,
რაზეც უკვე ვისაუბრე. სალანდერის „ავტობიოგრაფიაში“ ვკითხულობთ, რომ წმ.
სტეფანის კლინიკაში საწოლზე ღვედებით მიბმულს დიდხანს ვტოვებდით, რომ
ღამღამობით მის პალატაში შევდიოდი... აი, კლასიკური მაგალითი სალანდერის
უუნარობისა, განასხვავოს სინამდვილე წარმოსახულისგან; ან უფრო ზუსტად,
სინამდვილეს იგი თავისებურად ხედავს.
– გმადლობთ. ახლა დაცვის მხარეს შეუძლია შეკითხვები დაგისვათ, თუ რა თქმა
უნდა, ფრუ ჯიანინის აქვს ამის სურვილი.
ვინაიდან სასამართლო პროცესის პირველ ორ დღეს ადვოკატ ჯიანინის ბევრი
შეკითხვა არ ჰქონია და არც პროტესტი გამოუთქვამს, ყველა ელოდა, რომ ახლაც
რამდენიმე მოკლე, სავალდებულო შეკითხვით შემოიფარგლებოდა და
ტელებორიანის დაკითხვაც ამით დასრულდებოდა.
„დაცვის მხარე სამარცხვინოდ სუსტია“, – გაიფიქრა კიდეც ეკსტრომმა.
– დიახ, მაქვს, – თქვა ჯიანინიმ, – რამდენიმე შეკითხვას დავსვამ და ეს საკმაო დროს
წაიღებს. უკვე თორმეტის ნახევარია. იქნებ შევისვენოთ და ნასადილევს
განვაგრძოთ მოწმის დაკითხვა.
მოსამართლე ივერსენმა მისი შეთავაზება მიიღო და შესვენება გამოაცხადა.
ზუსტად შუადღისას ანდერსონი რესტორან Mäster Anders-ის წინ მდგარ კომისარ
ნისტრომს ორი ფორმიანი პოლიციელის თანხლებით მიუახლოვდა და მხარზე ვეება
ხელი დაადო. გაკვირვებულმა ნისტრომმა უკან მიიხედა თუ არა, ცხვირწინ
პოლიციელის მოწმობა აუფრიალეს.
– გამარჯობა. დაპატიმრებული ხართ. ბრალი გედებათ მკვლელობის დაგეგმვასა და
მკვლელობის მცდელობაში. ბრალს ნაშუადღევს გენერალური პროკურორი
წაგიყენებთ. გირჩევთ, ნებით წამოგვყვეთ, – მიმართა მას ანდერსონმა.
ნისტრომი ვერ მიხვდა, ანდერსონი რას ეუბნებოდა, მაგრამ ის კი უცებ გაიაზრა, რომ
მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ივარგებდა.
ზუსტად შუადღისას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის
თანამშრომელმა, სტეფან ბლადმა ინსპექტორი ბუბლანსკი ინსპექტორ მუდიგისა
და შვიდი ფორმიანი პოლიციელის თანხლებით კუნგსჰოლმენზე, „სეპოს“
დახურულ სამფლობელოში შეუშვა. ბლადი ერთ-ერთი კაბინეტის კართან შედგა.
სამდივნოს უფროსის მოადგილე აშკარად დაიბნა, როცა ბუბლანსკიმ პოლიციელის
მოწმობა წარუდგინა.
– თუ შეიძლება, ადგილზე დარჩით. პოლიცია ოპერაციას აწარმოებს.
ბუბლანსკიმ კაბინეტის კარი შეაღო. სამდივნოს უფროსი, ალბერტ შენკე
ტელეფონზე საუბრობდა.
– აქ ვინ შემოგიშვათ? – მკაცრად იკითხა მან.
– მე კრიმინალური ინსპექტორი, იან ბუბლანსკი ვარ. დაპატიმრებული ხართ
შვედეთის კონსტიტუციის დარღვევისათვის. მრავალპუნქტიან ბრალდებას
ნაშუადღევს წაგიყენებენ.
– რა თავხედობაა! – წამოიძახა შენკემ.
– ნამდვილად, – დაეთანხმა ბუბლანსკი.
შენკეს კაბინეტი დაალუქინა და კართან ორი პოლიციელი დააყენა, ზღურბლზე
არავინ გადააბიჯოს; თუ ვინმე ძალით ეცდება შიგნით შესვლას, ნებას გრთავთ,
ხელკეტი და ტაბელური იარაღი გამოიყენოთო.
თვითონ კი პოლიციელების თანხლებით დერეფანს გაუყვა. სტეფან ბლადი სხვა
კაბინეტის კართან შეჩერდა. იგივე პროცედურა გაიმეორეს საბიუჯეტო
დეპარტამენტის უფროს გუსტავ ატერბორნთანაც.
ზუსტად შუადღისას შეიარაღებული სოდერმალმელი პოლიციელების თანხლებით
ინსპექტორმა ჰოლმბერგმა გეტგატანზე „მილენიუმის“ რედაქციის მოპირდაპირე
მხარეს მდებარე შენობის მეოთხე სართულზე საოფისედ დაქირავებული ბინის
კარზე მიაკაკუნა.
არავინ რომ არ გამოეხმაურა, ჰოლმბერგმა პოლიციელებს კარის შემტვრევა უბრძანა.
მაგრამ სანამ ძალაყინს გამოიყენებდნენ, კარი ოდნავ შეიღო.
– პოლიციაა, – განაცხადა ჰოლმბერგმა, – ასწიეთ ხელები და გამოდით!
– მე თვითონ პოლიციელი ვარ, – უთხრა ინსპექტორმა მორტენსონმა.
– ვიცი და იარაღის ტარების უფლებაც გაქვთ.
– დიახ... მე დავალებას ვასრულებ.
– არა მგონია, – თქვა ჰოლმბერგმა.
მისმა კოლეგებმა მორტენსონი კედელთან მიაყენეს და ტაბელური იარაღი
ჩამოართვეს.
– დაპატიმრებული ხართ უკანონო სატელეფონო მოსმენისთვის, უფლება-
მოვალეობების გადაჭარბებისთვის, ბელმანსგატანზე მიქაელ ბლუმკვისტის ბინაში
მრავალგზის შეპარვისა და კიდევ სხვა დანაშაულების ჩადენისთვის. ხელბორკილი
დაადეთ.
ჰოლმბერგმა ოთახი სწრაფად დაათვალიერა. იქ იმდენი ელექტრომოწყობილობა
ეწყო, მთელ ხმის ჩამწერ სტუდიას ეყოფოდა. ერთ-ერთ პოლიციელს ოთახის დაცვა
დაავალა, ოღონდ სკამზე დაჯექით, რომ თითის ანაბეჭდი არსად დატოვოთო.
როცა მორტენსონი სადარბაზოდან გამოიყვანეს, ჰენრი კორტესმა ციფრული
ფოტოაპარატით ოცდაორი ფოტო გადაიღო. რასაკვირველია, კორტესი
პროფესიონალი ფოტოგრაფი არ იყო და ფოტოებიც დიდი ვერაფერი გამოვიდა,
მაგრამ მომდევნო დღეს ერთ-ერთ საღამოს გაზეთს მაინც სარფიანად მიჰყიდა.
მოულოდნელი ინციდენტი მხოლოდ ფიგეროლას შეემთხვა. ის ნორმალმელი
სპეცრაზმელების და სამი „სეპოელი“ კოლეგის თანხლებით შევიდა
არტილერიგატანზე მდებარე შენობაში, პირდაპირ ბოლო სართულზე ავიდა და
Bellona Inc.-ის სახელზე დარეგისტრირებული ბინის კარს მიადგა.
ოპერაცია სწრაფად დასრულდა. ფიგეროლას ნიშანზე ორმა კუნთმაგარმა
ნორმალმელმა პოლიციელმა ორმოცკილოგრამიანი რკინის ტარანი ასწია და ორი
დარტყმით შეამტვრია კარი. ჯავშანჟილეტიანმა და ავტომატებიანმა
სპეცრაზმელებმა ათ წამში დაამყარეს კონტროლი მთელ ბინაში და „სექციის“
ხუთივე წევრი დააპატიმრეს.
ფიგეროლასაც ჯავშანჟილეტი ეცვა. მან „სექციის“ სამოციანი წლებიდან კუთვნილი
ბინის ყველა კუთხე შეამოწმა. კარებს ერთი მეორის მიყოლებით აღებდა. ოთახებში
დასტებად იმდენი ქაღალდი დაეხვავებინათ, მის დასახარისხებლად ალბათ
არქეოლოგის დახმარება დასჭირდებოდა.
ბოლოს, ერთი პატარა ოთახის კარი შეაღო. იქაურობა კომფორტულად მოეწყოთ.
ეტყობა, ღამით აქ იძინებდნენ. ფიგეროლა იუნას სანდბერგს შეეჩეხა. ოპერაციის
დაგეგმვისას და დავალებების განაწილებისას არავინ იცოდა, ის სად უნდა ეპოვათ,
რადგან წინა საღამოს აგენტმა სანდბერგის კვალი დაკარგა. მისი მანქანა
კუნგსჰოლმენზე, პოლიციის სამმართველოსთან ეყენა, მაგრამ სანდბერგი ღამით
ბინაში არ მისულა.
„უსაფრთხოების მიზნით აქაურობას ცარიელს არასდროს ტოვებენ. სანდბერგს
წუხელ აქ ეძინა“.
სანდბერგი ტრუსის ამარა იდგა და ნამძინარევი, თვალებს იფშვნეტდა. მერე
ტუმბოზე დადებული ტაბელური იარაღისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ფიგეროლამ
დაასწრო და პისტოლეტი იატაკზე მოისროლა.
– იუნას სანდბერგ, დაპატიმრებული ხართ გუნარ ბიორკის და ალექსანდერ
ზალაჩენკოს მკვლელობების დაგეგმვისა და თანამონაწილეობისთვის; აგრეთვე
მიქაელ ბლუმკვისტისა და ერიკა ბერგერის მკვლელობის მცდელობისთვის. ახლავე
ჩაიცვით.
სანდბერგმა ფიგეროლას მუშტი მოუქნია. ფიგეროლამ ინსტინქტურად მოიგერია.
– მეხუმრები? – თქვა ფიგეროლამ, ხელი დაუჭირა და მაჯა ისე გადაუგრიხა, რომ
სანდბერგი იატაკზე დაეცა. ფიგეროლამ პირქვე გადააბრუნა და ზურგზე მუხლი
დააბჯინა. RPS/Säk-ში მუშაობის დაწყებიდან პირველად ხელბორკილის გამოყენება
დასჭირდა.
სანდბერგი ერთ-ერთ სპეცრაზმელს ჩააბარა, თვითონ კი გზა განაგრძო. ბინის
სიღრმეში სულ ბოლო ოთახის კარი შეაღო. ესკიზების მიხედვით, ეს პატარა,
ოთხკუთხა ოთახი ეზოს გადაჰყურებდა. ოთახში გაძვალტყავებული კაცი დახვდა.
ფიგეროლა მაშინვე მიხვდა, რომ ეს ადამიანი მომაკვდავი იყო.
– ფრედრიკ კლინტონ, დაპატიმრებული ხართ მკვლელობაში
თანამონაწილეობისთვის, მკვლელობის მცდელობისთვის და სხვა მრავალი კანონის
დარღვევისთვის, – თქვა ფიგეროლამ, – დარჩით საწოლში. კუნგსჰოლმენზე
სასწრაფო დახმარების მანქანით წაგიყვანთ.
კრისტერ მალმს არტილერიგატანზე მდებარე შენობის წინ დაეკავებინა ადგილი.
კორტესისგან განსხვავებით, მან კარგად იცოდა, როგორ გამოეყენებინა თავისი
ციფრული ფოტოაპარატი. მან მოკლე ტელეფოტოობიექტივის მეშვეობით
საუკეთესო ხარისხის ფოტოები გადაიღო.
ფოტოებზე ჩანდა, როგორ გამოჰყავდათ სადარბაზოდან „სექციის“ წევრები და
პოლიციის მანქანაში სვამდნენ. სულ ბოლოს სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა
ფრედრიკ კლინტონის წასაყვანად. კლინტონმა ფოტოაპარატისკენაც კი გამოიხედა,
როცა მალმი ღილაკს დააწვა. მოხუცი აღელვებული და დაბნეული ჩანდა.
ამ ფოტომ მოგვიანებით „წლის ფოტოს“ ჯილდო მოიპოვა.

თავი XXVII
პარასკევი, 15/VII
პირველის ნახევარზე მოსამართლე ივერსენმა მაგიდას ჩაქუჩი დასცხო და საქმის
განხილვა განახლდა. მან შეამჩნია, რომ ადვოკატის მაგიდასთან მესამე ადამიანიც
გაჩნდა. ეს ინვალიდის ეტლში მჯდარი ჰოლგერ პალმგრენი იყო.
– გამარჯობა, ჰოლგერ, – მიესალმა მოსამართლე ივერსენი, – რა ხანია, სასამართლო
დარბაზში აღარ შევხვედრივართ.
– დღე მშვიდობისა, მოსამართლე ივერსენ. ზოგიერთი საქმე ისეთი ჩახლართულია,
ახალგაზრდა ადვოკატებს დახმარება სჭირდებათ.
– მეგონა, პენსიაზე გახვედით.
– ავად ვიყავი. ადვოკატმა ჯიანინიმ მრჩევლად მომიწვია.
– გასაგებია.
ადვოკატმა ჯიანინიმ ჩაახველა.
– აღსანიშნავია, რომ ადვოკატი პალმგრენი ავად გახდომამდე ლიზბეთ სალანდერის
მეურვე იყო.
– ამაზე ყურადღების გამახვილებას არ ვაპირებ, – თქვა მოსამარYთლე ივერსენმა.
მერე თავი დაუქნია ადვოკატ ჯიანინის და ისიც წამოდგა. ბლუმკვისტის დას
ყოველთვის ეზიზღებოდა შვედური სასამართლო პროცესების ტრადიცია, რომ
საქმის განხილვა მაგიდასთან მიმდინარეობს, თითქოს წვეულებაზე ისხდნენ.
თვითონ ფეხზე მდგარი უკეთ გრძნობდა თავს.
– იმით განვაგრძოთ, რაზეც შევჩერდით. მოწმის ბოლო კომენტარს გამოვეხმაურები.
ექიმო ტელებორიან, რატომ ფიქრობთ, რომ რასაც ლიზბეთ სალანდერი ამბობს,
ყველაფერი სიცრუეა?
– იმიტომ, რომ მისი არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება, – თქვა
ტელებორიანმა თავდაჯერებულად.
ადვოკატი ჯიანინი მოსამართლისკენ მიტრიალდა.
– მოსამართლე ივერსენ, ექიმი ტელებორიანი ამტკიცებს, რომ ლიზბეთ სალანდერი
იტყუება და ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფია. დაცვის მხარე ეცდება აჩვენოს,
რომ ლიზბეთ სალანდერი სიმართლეს ამბობს. წარმოგიდგენთ სამხილებს,
ვიზუალურსაც და წერილობითსაც, და მოწმეთა ჩვენებებს. უკვე იმ სტადიაზე ვართ,
როცა მეტ-ნაკლებად ცნობილია, რა ელემენტებზე ააგებს ბრალდების მხარე თავის
საქმეს. უკვე მოვისმინეთ, კონკრეტულად რაში ედება ბრალი ლიზბეთ სალანდერს.
უეცრად ჯიანინის პირი გაუშრა და ხელები აუკანკალდა. ღრმად ჩაისუნთქა და
მინერალური წყალი მოსვა. შემდეგ მტკიცედ ჩაავლო ხელი სკამის საზურგეს, რომ
მღელვარება არ გაეცა.
– პროკურორის სიტყვიდან გავიგეთ, რომ მას თეორია და ვარაუდი ბევრი აქვს,
სამხილები კი – ცოტა. მას სჯერა, რომ სტალარჰოლმენში კარლ-მაგნუს ლუნდინს
ლიზბეთ სალანდერმა ესროლა. მას მიაჩნია, რომ ლიზბეთ სალანდერი გოსებერგაში
მამამისის მოსაკლავად წავიდა. ის ასკვნის, რომ ჩემი კლიენტი პარანოიკი
შიზოფრენიკი და ფსიქიკურად ავადმყოფია. დასკვნა კი ერთადერთ
ინფორმატორზე დაყრდნობით გამოაქვს. ეს ინფორმატორი კი ექიმი პეტერ
ტელებორიანია.
ჯიანინიმ მცირე პაუზა გააკეთა, სული მოითქვა და უფრო ნელი ტემპით განაგრძო.
– ამ მომენტში პროკურორ ეკსტრომის ბრალდება ექიმი ტელებორიანის სამედიცინო
დასკვნაზეა დაფუძნებული. თუ ექიმი ტელებორიანი მართალია, პროკურორი და
ექიმი ტელებორიანიც თავისას მიაღწევენ და ჩემს კლიენტს საჭირო ფსიქიატრიულ
მკურნალობას დაუნიშნავენ.
ისევ პაუზა.
– მაგრამ თუ ექიმი ტელებორიანი ცდება, ვითარება შეიცვლება. უფრო მეტიც, თუ
ექიმი ტელებორიანი იტყუება, გამოდის, რომ აქ, ამ სასამართლო დარბაზში, ჩემი
კლიენტის სამოქალაქო უფლებები უხეშად ირღვევა – და ასე გრძელდება, უკვე
მრავალი წელია.
ადვოკატი ჯიანინი პროკურორ ეკსტრომისკენ მიტრიალდა.
– დღეს ჩვენ ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ თქვენი მოწმე მატყუარაა და რომ
პროკურორმა მცდარი ინფორმაცია დაიჯერა.
ტელებორიანს გაეღიმა. ხელები გაშალა და ადვოკატ ჯიანინის თავი დაუქნია
ნიშნად იმისა, გისმენთო.
ჯიანინი ისევ მოსამართლისკენ მიტრიალდა:
– თქვენო ღირსებავ, დაგიმტკიცებთ, რომ ექიმი პეტერ ტელებორიანის ე. წ.
სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა თავიდან ბოლომდე ყალბია. დაგიმტკიცებთ,
რომ ის ლიზბეთ სალანდერზე მხოლოდ სიცრუეს ამბობს. დაგიმტკიცებთ, რომ
წარსულში ჩემი კლიენტის უფლებები უხეშად ირღვეოდა. დაგიმტკიცებთ, რომ
სინამდვილეში ლიზბეთ სალანდერი ისეთივე ნორმალური და გონიერია, როგორც
ნებისმიერი ამ დარბაზში მჯდომი.
– უკაცრავად, მაგრამ... – დაიწყო პროკურორმა ეკსტრომმა.
– ერთი წუთით, – ადვოკატმა ჯიანინიმ თითი ასწია, – ორი დღის განმავლობაში
თქვენთვის სიტყვა ერთხელაც არ შემიწყვეტინებია. ახლა ჩემი ჯერია, – თქვა და
ისევ მოსამართლე ივერსენისკენ მიტრიალდა, – ჩემი სიტყვების დასაბუთება რომ არ
შემეძლოს, მოწმეს სასამართლოს წინაშე ასეთ რამეს არ დავაბრალებდი.
– გთხოვთ, განაგრძეთ, – უთხრა მოსამართლემ, – ოღონდ მორიგი შეთქმულების
თეორიის მოსმენა აღარ მინდა. გახსოვდეთ, რომ შეიძლება სასამართლოს წინაშე
წარმოთქმული ცილისწამებისთვის დაისაჯოთ.
– გმადლობთ. თქვენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.
ადვოკატი ჯიანინი ექიმი ტელებორიანისკენ შეტრიალდა, რომელიც ჯერაც
იღიმებოდა.
– დაცვის მხარემ, მისი შესწავლის მიზნით, არაერთხელ მოითხოვა წმ. სტეფანის
ფსიქიატრიული კლინიკიდან მოზარდი ლიზბეთ სალანდერის სამედიცინო
ისტორია, მაგრამ თქვენგან უარი მივიღეთ. რატომ?
– იმიტომ, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს დოკუმენტი
გასაიდუმლოებულია. გადაწყვეტილება ლიზბეთ სალანდერის სასიკეთოდ მიიღეს.
თუ უზენაესი სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, რასაკვირველია,
დოკუმენტებს გაგაცნობთ.
– გმადლობთ. იმ ორი წლის განმავლობაში, როცა ლიზბეთ სალანდერი წმ. სტეფანის
ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, ოდესმე დაგიბამთ თუ არა იგი საწოლზე?
– ზუსტად ვერ გეტყვით.
– თავად ლიზბეთ სალანდერი ამტკიცებს, რომ კლინიკაში გატარებული 786 დღე-
ღამიდან 380 დაბმულმა გაატარა.
– დღეების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ 380 ძალიან გადაჭარბებული
რიცხვია. საიდან მოიტანეთ?
– ეს მის ავტობიოგრაფიაში წერია.
– და თქვენ გჯერათ, რომ მას ზუსტად ახსოვს ასეთი დღეების რაოდენობა? ეს ხომ
წარმოუდგენელია.
– მართლა? თქვენ რამდენი გახსოვთ?
– ლიზბეთ სალანდერი უაღრესად აგრესიული და ძალადობისკენ მიდრეკილი
პაციენტი იყო. იგი რამდენჯერმე მოვათავსეთ „გამაღიზიანებული ფაქტორებისგან“
მოშორებით, ცალკე ოთახში. სჯობს, აგიხსნათ, რას ნიშნავს „გამაღიზიანებული
ფაქტორებისგან“ განცალკევებული ოთახი...
– გმადლობთ, არ არის საჭირო. ისედაც ცხადია, რომ პაციენტი ამ ოთახში
გამაღიზიანებელ ფაქტორებს უნდა გაარიდონ. მე ის მაინტერესებს, რამდენი დღე-
ღამე გაატარა ცამეტი წლის ლიზბეთ სალანდერმა მარტოდამარტო, საწოლზე
დაბმულმა?
– თუ სწორად მახსოვს... კლინიკაში გატარებული დღეებიდან დაახლოებით
ოცდაათი დაყო იმ ოთახში.
– ოცდაათი. არადა, ის ამტკიცებს, ბევრად მეტი, სამას ოთხმოცი დღე გავატარეო. 30
380-ის 10 პროცენტიც არაა.
– დიახ...
– მის სამედიცინო ისტორიაში თუ შეგვიძლია ზუსტი რიცხვის ამოკითხვა?
– შეიძლება.
– ძალიან კარგი, – თქვა ადვოკატმა ჯიანინიმ და კეისიდან სქელი საქაღალდე
ამოიღო, – ნება მომეცით, სასამართლოს გავაცნო წმ. სტეფანის კლინიკის არქივში
მოპოვებული ლიზბეთ სალანდერის სამედიცინო ისტორიის ასლი. გადავთვალე და
აღმოჩნდა, რომ ჩემი კლიენტი სამას ოთხმოცდაერთჯერ დაუბამთ საწოლზე. ერთით
მეტჯერ, ვიდრე მას ახსოვდა.
ტელებორიანს თვალები გაუფართოვდა.
– ერთი წუთით... ეს გასაიდუმლოებულია ინფორმაციაა. ეს დოკუმეტი საიდან
გაქვთ?
– ჟურნალ „მილენიუმის“ ერთ-ერთმა რეპორტიორმა მომცა. არა მგონია,
გასაიდუმლოებული დოკუმენტი იყოს, რახან ჟურნალის რედაქციის მაგიდაზე გდია.
იმასაც დავამატებ, რომ ამ დოკუმენტის ფრაგმენტები დღეს „მილენიუმის“ ახალ
ნომერში გამოქვეყნდა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მას სასამართლოც უნდა
გაეცნოს.
– ეს უკანონობაა.
– არა. ლიზბეთ სალანდერმა ჟურნალს ნება დართო, ფრაგმენტები გამოექვეყნებინა.
ჩემს კლიენტს დასამალი არაფერი აქვს.
– თქვენი კლიენტი ქმედუუნაროდ არის გამოცხადებული და მსგავსი
გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს.
– ქმედუუნარობის საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. ჯერ იმაში გავერკვევით,
როგორ ექცეოდნენ ჩემს კლიენტს წმ. სტეფანის ფსიქიატრიულ კლინიკაში.
მოსამართლე ივერსენმა შუბლშეკრულმა გამოართვა ადვოკატ ჯიანინის
საქაღალდე.
– პროკურორისთვის ასლი არ გადამიღია; მან ეს საიდუმლო დოკუმენტი ერთი თვის
წინ მიიღო.
– რანაირად? – დაინტერესდა მოსამართლე.
– პროკურორ ეკსტრომს ეს დოკუმენტი თავად ექიმმა ტელებორიანმა გადასცა
მისსავე კაბინეტში ამა წლის 4 ივნისს, შაბათს 17:00 საათზე.
– ეს სიმართლეა? – იკითხა მოსამართლე ივერსენმა.
ეკსტრომმა თავიდან უარყოფა გადაწყვიტა, მაგრამ სწრაფად გაიაზრა, რომ
ჯიანინის ამის სამხილიც ექნებოდა.
– მე ინფორმაციის გაუვრცელებლობის პირობით სამედიცინო ისტორიის
ფრაგმენტების წაკითხვის უფლება ვითხოვე, – თქვა ეკსტრომმა, – უნდა
დავრწმუნებულიყავი, რომ სალანდერის მონათხრობი სინამდვილეს შეესაბამება.
– გმადლობთ, – თქვა ადვოკატმა ჯიანინიმ, – უკვე ცხადია, რომ ექიმი ტელებორიანი
არა მარტო იტყუება, არამედ მან კანონიც დაარღვია, როცა გასცა დოკუმენტი,
რომელიც, მისივე თქმით, გასაიდუმლოებულია.
– ამას ჩავინიშნავთ, – თქვა მოსამართლე ივერსენმა.
მოსამართლე ივერსენი ძლიერ აღელდა. ადვოკატმა ჯიანინიმ სერიოზული იერიში
მიიტანა მოწმეზე და მისი ჩვენების უდიდესი ნაწილი ნაცარტუტად აქცია.
„თანაც ამტკიცებს, რომ ყველაფრის დასაბუთება შეუძლია“, – მოსამართლე
ივერსენმა სათვალე გაისწორა.
– ექიმო ტელებორიან, გამომდინარე სამედიცინო ისტორიიდან, რომელიც თქვენი
ხელით დაწერეთ, შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი დღე გაატარა დაბმულ
მდგომარეობაში ლიზბეთ სალანდერმა? – განაგრძო ჯიანინიმ.
– არ მახსოვდა, ასეთი დღეების რიცხვი ამხელა თუ იყო, მაგრამ რახან სამედიცინო
ისტორიაში ასე წერია, ესე იგი, ასეცაა.
– 381 დღე-ღამე. ეს რიცხვი მეტისმეტად დიდად ხომ არ გეჩვენებათ?
– დიახ.
– ცამეტი წლის ასაკში ვინმეს წელიწადზე მეტხანს რკინისჩარჩოიან საწოლზე
ღვედებით რომ დაებით, ამას როგორ მიიღებდით? არ იფიქრებდით, რომ ეს წამებაა?
– უნდა გესმოდეთ, რომ პაციენტი საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ თავს, არამედ
სხვებსაც...
– კარგი. მოდი, ვნახოთ, წარმოადგენდა თუ არა ლიზბეთ სალანდერი საფრთხეს
თავისი თავისთვის. ლიზბეთ სალანდერს ოდესმე დაუზიანებია თავი?
– არსებობდა საფრთხე...
– ვიმეორებ შეკითხვას: ლიზბეთ სალანდერს ოდესმე დაუზიანებია თავისი თავი?
– ჩვენ, ფსიქიატრებს, საერთო სურათის შეფასება გვევალება. რაც შეეხება ლიზბეთ
სალანდერს, თავადაც ხედავთ, მის სხეულს მრავალი ტატუ და პირსინგი ამშვენებს.
ეს თვითგანადგურებისკენ სწრაფვაზე მიანიშნებს და ერთგვარად სხეულისთვის
მიყენებული ზიანიცაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სალანდერს საკუთარი თავი სძულს.
ჯიანინიმ სალანდერს გახედა.
– თქვენი ტატუები საკუთარი თავის სიძულვილის გამოვლინებაა?
– არა, – უპასუხა სალანდერმა.
ჯიანინი ისევ ტელებორიანისკენ შეტრიალდა.
– მე საყურეც მიკეთია და ინტიმურ ადგილას ტატუც მაქვს. მაშ, თქვენ მიგაჩნიათ,
რომ მეც სახიფათო ვარ?
პალმგრენმა ჩაიფხუკუნა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ფხუკუნი ხველებად
გაესაღებინა.
– არა, რა თქმა უნდა... ტატუ სოციალური რიტუალის ნაწილიც შეიძლება იყოს.
– და არ შეიძლება, რომ ლიზბეთ სალანდერის ტატუ სოციალური რიტუალის ნაწილი
იყოს?
– თავადაც ხედავთ, რომ მისი ტატუები გროტესკულია და სხეულის დიდ ნაწილს
უფარავს. ეს ფეტიშიზმის ან სხეულის გალამაზების ნორმალური გამოვლინება არ
არის.
– რამდენი პროცენტი?
– უკაცრავად?
– კანის რამდენი პროცენტი უნდა ეკავოს ტატუს, რომ ფეტიშიზმიდან ფსიქიკურ
ავადმყოფობად იქცეს?
– თქვენ ჩემს სიტყვებს ამახინჯებთ.
– მართლა? მაშინ აგვიხსენით, რატომ ითვლება ტატუ ჩემს ან სხვის სხეულზე
სოციალური რიტუალის ნაწილად, ხოლო როცა საქმე ჩემი კლიენტის გონებრივი
შესაძლებლობების შეფასებას ეხება, ტატუ სახიფათო ხდება?
– მე, როგორც ფსიქიატრი, საერთო სურათს ვსწავლობ. ტატუ მხოლოდ და მხოლოდ
ინდიკატორია. ერთ-ერთი იმ ინდიკატორთაგან, რომელიც, მისი გონებრივი
შესაძლებლობების შეფასებისას, მხედველობაში უნდა მივიღო.
ადვოკატი ჯიანინი რამდენიმე წამით გაჩუმდა, მაგრამ პეტერ ტელებორიანისთვის
თვალი არ მოუშორებია. საუბარი ნელა განაგრძო.
– კი, მაგრამ ექიმო ტელებორიან, როცა ჩემს კლიენტს, ცამეტი წლისას საწოლზე
აბამდით, მას ჯერ ერთი ტატუც კი არ ჰქონდა.
ტელებორიანი დაიბნა, ჯიანინიმ კი გააგრძელა:
– წინასწარ ვერაფრით განჭვრეტდით, რომ მომავალში ლიზბეთ სალანდერი ტატუს
კეთებას დაიწყებდა, ამიტომ არა მგონია, მისთვის ხელ-ფეხის შეკვრის მიზეზი ეს
ყოფილიყო.
– რა თქმა უნდა, არა. 1991 წელს მის მდგომარეობასთან ტატუებს საერთო არაფერი
აქვს.
– ამგვარად, ჩემს მთავარ შეკითხვას დავუბრუნდით: ლიზბეთ სალანდერს თავისი
თავისთვის ისეთი ზიანი თუ მიუყენებია, რომ მთელი წლით საწოლზე დაგებათ?
მაგალითად, დანით ან სამართებლით ხომ არ დაუჭრია თავი?
ტელებორიანი წამით შეყოყმანდა.
– არა... ტატუები მხოლოდ თვითგანადგურებისკენ სწრაფვის მაგალითად
მოვიყვანე.
– და შევთანხმდით, რომ ტატუ სოციალური რიტუალის ნაწილია. მე გკითხეთ,
მთელი წელი საწოლზე რატომ აბამდით-მეთქი, თქვენ მიპასუხეთ, საკუთარი
თავისთვის საფრთხეს წარმოადგენდაო.
– დიახ, გვქონდა მიზეზი, რომ ასე გვეფიქრა.
– მიზეზი, რომ გეფიქრათ? მაშ, მხოლოდ ვარაუდის გამო აბამდით ცამეტი წლის
გოგონას?
– ჩვენ მას ვიკვლევდით და დასკვნები გამოგვქონდა.
– უკვე ხუთი წუთია, ერთსა და იმავეს გეკითხებით. თქვენ მპასუხობთ, რომ ჩემი
კლიენტი თვითგანადგურებისკენ ისწრაფვოდა და ამიტომაც იმ ორი წლიდან,
რომელიც თქვენს კლინიკაში გაატარა, წელიწადზე მეტი საწოლზე მიბმული იყო.
ბოლოს და ბოლოს, იქნებ მომიყვანოთ ერთი მაგალითი მაინც
თვითგანადგურებისკენ მისი სწრაფვისა.
– მაგალითად, გოგონა ძალიან გამხდარი იყო. ნაწილობრივ ეს იმან გამოიწვია, რომ
ჭამაზე უარს ამბობდა. ჩვენ ანორექსიას ვეჭვობდით.
– გასაგებია. მაშ, ანორექსიკი იყო? როგორც ხედავთ, ჩემი კლიენტი დღესაც ძალიან
გამხდარია.
– გამიჭირდება პასუხის გაცემა. დიაგნოზის დასასმელად ხანგრძლივი დაკვირვებაა
საჭირო.
– თქვენ მას ორი წელი აკვირდებოდით. ახლა არ მითხრათ, რომ ჩემი კლიენტის
ბუნებრივი სიდაბლე და სიგამხდრე ანორექსიაში შეგეშალათ. ამბობთ, რომ ის ჭამას
უარობდა...
– დიახ, ზოგჯერ ძალით ვაჭმევდით საჭმელს.
ადვოკატი ჯიანინი თავისი კლიენტისკენ მიტრიალდა.
– ლიზბეთ, მართალია, რომ წმ. სტეფანის კლინიკაში ჭამაზე უარს ამბობდით?
– დიახ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეგ ნაბიჭვარი საჭმელში ფსიქოტროპულ წამლებს ურევდა.
– გასაგებია. ექიმი ტელებორიანი თქვენთვის მედიკამენტების შემოპარებას
ცდილობდა. თვითონ რატომ არ სვამდით წამლებს?
– ის წამლები არ მომწონდა. ტვინს მილაყებდა. ვეღარ ვფიქრობდი. თვალი ღია
მქონდა, მაგრამ გაბრუებული ვიყავი. ეს ნაბიჭვარი წამლის შემცველობას არ
მიმხელდა.
– და ამიტომაც არ სვამდით წამლებს?
– დიახ. მერე იმ ნაგვის საჭმელში ჩაყრა დამიწყო. ჰოდა, მეც ჭამა შევწყვიტე. როცა
საჭმელში რამეს ვიპოვიდი, მომდევნო ხუთი დღე პირს არაფერს ვაკარებდი.
– ანუ შიმშილობდით.
– ყოველთვის არა. ხანდახან რომელიმე სანიტარი ჩუმად მაჭმევდა სენდვიჩებს.
ერთ-ერთ სანიტარს თითქმის ყოველღამე მოჰქონდა ჩემთვის საჭმელი.
– მაშ, წმ. სტეფანის მედპერსონალმა იცოდა, რომ შიმშილობდით და თქვენთვის
საჭმელი ჩუმ-ჩუმად მოჰქონდა?
– ეს იმ პერიოდში ხდებოდა, რომ ამ ნაბიჭვარს ფსიქოტროპული წამლების გამო
ვებრძოდი.
– უფრო დაწვრილებით მოგვიყევით.
– მას ჩემთვის გამაბრუებელი წამლების მოცემა უნდოდა. წამლების მიღებაზე უარი
ვთქვი. მერე წამლების საჭმელში ჩაყრა დამიწყო. ჭამაზეც უარი ვთქვი. მერე
საჭმლის ძალით ჭმევა დამიწყო. მე ნაჭამს ვარწყევდი.
– ესე იგი, საკმაოდ რაციონალური მიზეზი გქონდათ იმისთვის, რომ საჭმელზე უარი
გეთქვათ.
– დიახ.
– თორემ სინამდვილეში ჭამის სურვილი გქონდათ?
– დიახ. უმეტესწილად სულ მშიოდა.
– წმ. სტეფანის კლინიკის დატოვების შემდეგ ჩვეულებრივად იკვებებით?
– როცა მშია, ვჭამ.
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენსა და ექიმ ტელებორიანს შორის კონფლიქტი
გაღვივდა?
– დიახ, შეგვიძლია.
– წმ. სტეფანის კლინიკაში იმიტომ მოგათავსეს, რომ მამათქვენს ბენზინი შეასხით
და ცეცხლი წაუკიდეთ.
– დიახ.
– ეს რატომ ჩაიდინეთ?
– იმიტომ, რომ დედაჩემს სცემდა.
– ამის შესახებ ვინმეს უთხარით?
– დიახ.
– ვის?
– პოლიციელებს, რომლებმაც დამკითხეს. სოციალურ მუშაკებს. ექიმებს. პასტორს.
ამ ნაბიჭვარსაც.
– „ამ ნაბიჭვარში“ ვის გულისხმობთ?
– აი, ამ კაცს, – ტელებორიანზე მიუთითა სალანდერმა.
– ნაბიჭვარს რატომ უწოდებთ?
– წმ. სტეფანის კლინიკაში რომ მიმიყვანეს, ვცადე, მისთვის ამეხსნა, რაც მოხდა.
– და ექიმმა ტელებორიანმა რა გითხრათ?
– არ მომისმინა. ამტკიცებდა, იგონებო. საწოლზე დამაბა, სანამ ფანტაზიორობას არ
შეეშვები, სულ ასე დაისჯებიო. მერე ფსიქოტროპული წამლების ძალით მოცემა
დამიწყო.
– ეს ტყუილია, – წამოიძახა ტელებორიანმა.
– ამიტომაც არ ელაპარაკებით მას?
– იმ ღამიდან, რაც ცამეტი წლისა შევსრულდი, მაგ ნაბიჭვრისთვის სიტყვაც არ
მითქვამს. საწოლზე ვიყავი მიბმული. დაბადების დღეზე ეს ვაჩუქე საკუთარ თავს.
ადვოკატი ჯიანინი ტელებორიანისკენ მიტრიალდა.
– ჩემი კლიენტი ამბობს, რომ ჭამაზე უარს ამბობდა, რადგან მას ფსიქოტროპული
მედიკამენტების მიღებას აძალებდით.
– ეტყობა, ის ამას ასე უყურებს.
– თქვენს ხედვას ხომ არ გაგვაცნობდით?
– მე არანორმალურად რთულ პაციენტს ვმკურნალობდი. ახლაც ვთვლი, რომ ის
საკუთარი თავისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ ამის ინტერპრეტირება
სხვადასხვანაირად შეიძლება. ის აშკარად ძალადობისკენ იყო მიდრეკილი და
ფსიქოზური ქცევით გამოირჩეოდა. აშკარად საფრთხეს წარმოადგენდა
სხვებისთვისაც. წმ. სტეფანის კლინიკაში იმიტომ მოხვდა, რომ მამამისის მოკვლა
სცადა.
– ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით. ჯამში, ის 381 დღე იყო საწოლზე
დაბმული. იქნებ ასე სჯიდით თქვენ მიმართ გამოვლენილი
დაუმორჩილებლობისთვის?
– ეს სრული სისულელეა.
– ვითომ? ჩემი კლიენტის სამედიცინო ისტორიიდან ირკვევა, რომ 381 შემთხვევიდან
320 პირველსავე წელს მოხდა... რატომ შემცირდა დაბმის სიხშირე თანდათან?
– პაციენტი უფრო მშვიდი და დამჯერი გახდა.
– თუ იმიტომ, რომ თქვენმა კოლეგებმა თქვენი მეთოდები მეტისმეტად სასტიკად
მიიჩნიეს?
– რას გულისხმობთ?
– განა მედპერსონალმა სხვა ბევრ რამესთან ერთად ლიზბეთ სალანდერის ძალით
კვების გამო პროტესტი არ გამოთქვა?
– ბუნებრივია, რომ ამა თუ იმ ვითარებას ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს.
უბრალოდ, მისი ძალით გამოკვება შეუძლებელი გახდა, რადგან ძალიან
გვიძალიანდებოდა...
– კი არ გიძალიანდებოდათ, უარს ამბობდა, მიეღო ფსიქოტროპული მედიკამენტები,
რომლებიც თავბრუს ახვევდა და აუძლურებდა. როცა საჭმელში წამალს არ
უყრიდით, მშვენივრად ჭამდა. იქნებ ძალის გამოყენებას მკურნალობის ეს მეთოდი
სჯობდა?
– უკაცრავად, ფრუ ჯიანინი, მაგრამ მე ექიმი ვარ და ამ სფეროში თქვენზე მეტი
ცოდნა გამაჩნია. თქვენგან არ მესწავლება, მკურნალობის რა მეთოდებს მივმართო.
– დიახ, მართალია, მე ექიმი არ ვარ, ჰერ ტელებორიან, მაგრამ ადვოკატის
პროფესიის გარდა სტოკჰოლმში ფსიქოლოგიაც შევისწავლე. ჩემი პროფესიისთვის
ეს დარგი მნიშვნელოვანია.
სასამართლო დარბაზში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. ეკსტრომი და
ტელებორიანი გაკვირვებით მიაშტერდნენ ჯიანინის.
– განა მკურნალობის თქვენეული მეთოდის გამო თქვენს უფროსთან, კლინიკის
მაშინდელ მთავარ ექიმ იოჰანეს კალდინთან უთანხმოება არ მოგივიდათ? –
ულმობლად აგრძელებდა ჯიანინი.
– ეს სიცრუეა.
– ექიმი კალდინი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ჩვენებას ვერ მოგვცემს.
თუმცა, ამ დარბაზში იმყოფება პიროვნება, რომელიც რამდენჯერმე შეხვედრია ექიმ
კალდინს. ეს პიროვნება ჩემი მრჩეველი ჰოლგერ პალმგრენია.
ჯიანინიმ პალმგრენს მიმართა:
– ხომ ვერ გვეტყვით, ეს როგორ მოხდა?
პალმგრენმა ჩაახველა. ნაინსულტარს ჯერაც უჭირდა სიტყვების გარკვევით
წარმოთქმა.
– მას შემდეგ, რაც მამამისმა დედამისი დააინვალიდა, მცირეწლოვანი დები
მშობლის გარეშე დარჩნენ და ლიზბეთ სალანდერის მზრუნველად დამნიშნეს.
ლიზბეთ სალანდერის დედას სამუდამოდ დაუზიანდა ტვინი, რამდენჯერმე ტვინში
სისხლიც ჩაექცა.
– თქვენ ალბათ ალექსანდერ ზალაჩენკოზე საუბრობთ, – წინ გადაიხარა პროკურორი
ეკსტრომი.
– დიახ, – თქვა პალმგრენმა.
– მინდა შეგახსენოთ, რომ ახლა ზესაიდუმლო თემაზე საუბრობთ, – თქვა
ეკსტრომმა.
– არა მგონია, საიდუმლო იყოს, რომ ალექსანდერ ზალაჩენკო გამუდმებით სცემდა
ლიზბეთის დედას, – თქვა ჯიანინიმ.
ტელებორიანმა ხელი ასწია.
– საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ფრუ ჯიანინი წარმოგვიდგენს.
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა ფრუ ჯიანინიმ.
– დიახ, ლიზბეთ სალანდერი ოჯახური ტრაგედიის თვითმხილველი გახდა... 1991
წელს დედამისს სერიოზული ტრავმა მიაყენეს. თუმცა, არ არსებობს არანაირი
მტკიცებულება იმისა, რომ ლიზბეთ სალანდერის დედას წლების განმავლობაში
სცემდნენ, როგორც ამას ფრუ ჯიანინი აცხადებს. შეიძლება ეს ერთჯერადი
შემთხვევა იყო ან უბრალო კამათი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. სიმართლე
ითქვას, დასაბუთებულად ვერც იმას ვიტყვით, რომ ლიზბეთის დედაზე
ალექსანდერ ზალაჩენკომ იძალადა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ის მეძავი იყო და
შესაძლოა, სულ სხვა პიროვნებას ეცემა.
ჯიანინიმ გაკვირვებით შეხედა ტელებორიანს. წამით სიტყვის წარმოთქმის უნარი
დაკარგა. მერე ექიმ ტელებორიანს თვალი თვალში გაუყარა.
– იქნებ უფრო განავრცოთ? – სთხოვა მას.
– იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენ მხოლოდ ლიზბეთ სალანდერის მონათხრობს
ვეყრდნობით.
– მერე?
– ჯერ ერთი, სალანდერს ტყუპისცალი და ჰყავს: კამილა სალანდერი. კამილას
არასდროს უთქვამს, მამაჩემი დედაჩემს სცემსო; პირიქით, ამას კატეგორიულად
უარყოფდა. თანაც, ოჯახში რომ ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონოდა, სოცმუშაკების
ანგარიშებში აუცილებლად აისახებოდა.
– შეგვიძლია გავეცნოთ კამილა სალანდერის დაკითხვის ოქმს?
– დაკითხვის ოქმს?
– შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ დოკუმენტი, რომ კამილა სალანდერს მართლა
ჰკითხეს, რა მოხდა მის ოჯახში?
დის სახელის გაგონებაზე სალანდერი სკამზე მოიბუზა და ჯიანინის უკმაყოფილოდ
გახედა.
– ალბათ სოცუზრუნველყოფის სააგენტომ მოკვლევა ჩაატარა და ანგარიშიც...
– ახლახან დარწმუნებით განაცხადეთ, კამილა სალანდერს არასდროს უთქვამს
მამაჩემი დედაჩემს სცემდა, პირიქით, ამას კატეგორიულად უარყოფდაო. რამ
მოგცათ ამის თქმის საფუძველი?
ტელებორიანი რამდენიმე წამით გაჩუმდა. ჯიანინიმ მის თვალებში ამოიკითხა, რომ
ის შეცდომას ნანობდა. ტელებორიანი ხვდებოდა, საითაც მიჰყავდა ჯიანინის
საუბარი, მაგრამ შეკითხვას თავს ვეღარ აარიდებდა.
– როგორც მახსოვს, ეს პოლიციის მოხსენებაში ეწერა, – თქვა მან ბოლოს.
– „როგორც გახსოვთ“. ბევრი ვეძებე, მაგრამ ლუნდგატანზე მომხდარი შემთხვევის
შესახებ, რომლის დროსაც ალექსანდერ ზალაჩენკო მძიმედ დაშავდა, პოლიციის
არქივში მხოლოდ დანაშაულის ადგილზე მისული ოფიცრის რამდენიმესიტყვიანი
მოხსენება ვიპოვე.
– შეიძლება...
– ჰოდა, მაინტერესებს, როგორ წაიკითხეთ ისეთი მოხსენება, რომელზეც დაცვის
მხარეს ხელი არ მიუწვდება?
– ამაზე ვერ გიპასუხებთ, – თქვა ტელებორიანმა, – მოხსენება 1991 წელს წამაკითხეს,
როცა მამამისის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის გამო თქვენს კლიენტს
სამედიცინო გამოკვლევა ჩავუტარე.
– ეს მოხსენება პროკურორ ეკსტრომსაც წააკითხეს?
ეკსტრომი მოიბუზა და ბლანჟეზე ჩამოისვა ხელი. უკვე ხვდებოდა, რომ ადვოკატი
ჯიანინი სათანადოდ არ შეაფასა. თუმცა, სიმართლის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.
– დიახ, წავიკითხე.
– დაცვის მხარეს რატომ არ მიეცა ამ მასალის გაცნობის საშუალება?
– ჩავთვალე, რომ სასამართლოსთვის ეს საინტერესო არ იქნებოდა.
– თუ შეიძლება გვითხარით, ვინ წაგაკითხათ ეს მოხსენება? პოლიციას რომ
მივმართე, მიპასუხეს, ასეთი მოხსენება არ არსებობსო.
– მოხსენება „სეპომ“ შეადგინა. დოკუმენტი გასაიდუმლოებულია.
– ესე იგი, „სეპომ“ ქალზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე საიდუმლო მოხსენება
შეადგინა?
– ეს იმიტომ, რომ კანონდამრღვევი ალექსანდერ ზალაჩენკო პოლიტიკური
დევნილი იყო.
– მოხსენება ვინ შეადგინა?
სიჩუმე.
– პასუხი არ მესმის. ვისი სახელი და გვარი ეწერა სატიტულო გვერდზე?
– მოხსენება RPS/Säk-ის იმიგრაციის განყოფილების თანამშრომელმა გუნარ ბიორკმა
შეადგინა.
– გმადლობთ. ეს ის გუნარ ბიორკია, რომელმაც, როგორც ჩემი კლიენტი ირწმუნება,
ექიმ პეტერ ტელებორიანთან ერთად 1991 წელის მისი სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა?
– სავარაუდოდ ის არის.
ჯიანინი ტელებორიანისკენ შეტრიალდა.
– 1991 წელს თქვენ ლიზბეთ სალანდერი წმ. სტეფანის დახურულ ფსიქიატრიულ
კლინიკაში მოათავსეთ...
– არა, ასე არ ყოფილა.
– მართლა?
– დიახ. ლიზბეთ სალანდერი ფსიქიატრიულ კლინიკაში სასამართლომ მოათავსა.
სAQაქმე ფსიქიკურად გაუწონასწორებელ არასრულწლოვანს ეხებოდა. ეს ჩემი
პირადი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
– 1991 წელს სასამართლომ ლიზბეთ სალანდერი წმ. სტეფანის დახურულ
ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა. რატომ მიიღო სასამართლომ ასეთი
გადაწყვეტილება?
– სასამართლომ ყურადღებით შეისწავლა თქვენი კლიენტის ქმედებები და
ფსიქიკური მდგომარეობა – ბოლოს და ბოლოს, მან ბენზინის ბომბით მამამისის
დაწვა სცადა. ასეთ რამეს ნორმალური მოზარდი არ ჩაიდენს – ტატუიანი თუ
უტატუო, – თავაზიანი ღიმილით უპასუხა ტელბორიანმა.
– სასამართლოს განაჩენი რას ემყარებოდა? თუ სწორად ვხვდები, მხოლოდ
სამედიცინო გამოკვლევის დასკვნაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება.
დასკვნა თქვენ და პოლიციელმა გუნარ ბიორკმა დაწერეთ.
– ეს უკვე ფრეკენ სალანდერის შეთითხნილი შეთქმულების თეორებია, ფრუ
ჯიანინი. მაპატიეთ, მაგრამ...
– უკაცრავად, ჯერ შეკითხვა არ დამისვამს, – თქვა ჯიანინიმ და კვლავ პალმგრენს
მიუბრუნდა, – ჰოლგერ, წეღან აღვნიშნე, რომ ჰერ ტელებორიანის უფროსს ექიმ
კალდინს შეხვედრიხართ.
– დიახ. მე ხომ ლიზბეთ სალანდერის მზრუნველად დავინიშნე. მაშინ გოგონას
წესიერად არც ვიცნობდი. თავიდან სხვების მსგავსად, მეც მომეჩვენა, რომ მას
სერიოზული ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა. თუმცა, ვინაიდან ასე მევალებოდა,
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულდასმით გამოვიკითხე.
– და რა გითხრათ მთავარმა ექიმმა კალდინმა?
– სალანდერი ექიმი ტელებორიანის პაციენტი იყო და ექიმი კალდინი მას
განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა, მხოლოდ ანალიზებს უკეთებდა და
ხანდახან სინჯავდა. ლიზბეთის საზოგადოებაში რეაბილიტაციაზე მასთან საუბარი
მხოლოდ მეორე წელს დავიწყე და ექიმ კალდინს მისი გაშვილება შევთავაზე. წმ.
სტეფანის კლინიკის შიდა საქმეებზე არაფერი ვიცი და ვერ ვიტყვი, რა მოხდა,
მაგრამ ექიმი კალდინი ლიზბეთით დაინტერესდა.
– მისი დაინტერესება რაში გამოიხატებოდა?
– იმაში, რომ მისი და ექიმი ტელებორიანის შეხედულებები ერთმანეთს არ
ემთხვეოდა, – თქვა ჰოლგერ პალმგრენმა, – ერთხელ მითხრა, ლიზბეთის
მკურნალობის მეთოდი უნდა შევცვალოო. მოგვიანებით მივხვდი, რომ გოგონას
საწოლზე მიბმას გულისხმობდა. ექიმი კალდინი ამის წინააღმდეგი გამოვიდა,
რადგან მისი აზრით, საამისო მიზეზი არ არსებობდა.
– ესე იგი, მან ექიმი ტელებორიანის მითითებები უკუაგდო?
– ვაპროტესტებ, – ჩაერია ეკსტრომი, – ეს მხოლოდ ვარაუდებია.
– სულაც არა, – შეეპასუხა პალმგრენი, – ექიმ კალდინს ვთხოვე, ჩემთვის ანგარიში
შეედგინა, რომელიც ლიზბეთის საზოგადოებასთან ინტეგრირებაში დამეხმარებოდა.
ექიმ კალდინის ამ ანგარიშს დღემდე ვინახავ.
მან დოკუმენტი ადვოკატ ჯიანინის გადასცა.
– შეგიძლიათ მოკლედ აგვიხსნათ, შიგ რა წერია?
– ექიმი კალდინის გამოგზავნილი ეს წერილი 1992 წლის ოქტომბრით თარიღდება,
მაშინ უკვე მეცხრამეტე თვე იწურებოდა, რაც ლიზბეთი წმ. სტეფანის კლინიკაში
მოათავსეს. აქ ექიმი კალდინი პირდაპირ წერს: „ჩემმა გადაწყვეტილებამ, პაციენტი
აღარ დაგვება და ძალით აღარ გვეკვება, შესამჩნევი შედეგი გამოიღო და ის ახლა
შედარებით მშვიდია. ფსიქოტროპული წამლების საჭიროება აღარ არსებობს. თუმცა,
პაციენტი მეტისმეტად გულჩათხრობილი და არაკომუნიკაბელურია და
გამამხნევებელი თერაპიები სჭირდება“.
– მაშასადამე, ექიმი კალდინი პირდაპირ წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მან მიიღო, –
შენიშნა ადვოკატმა ჯიანინიმ.
– დიახ. ექიმმა კალდინმა ასევე გადაწყვიტა, რომ ლიზბეთ სალანდერის
საზოგადოებასთან ინტეგრირება მისი გაშვილების გზით უნდა მომხდარიყო.
სალანდერმა თავი დააქნია. მას ექიმი კალდინი ისევე ცხადად ახსოვდა, როგორც წმ.
სტეფანის კლინიკაში ყოფნის ყოველი დეტალი. არც ექიმ კალდინს ელაპარაკებოდა.
ისიც ხომ „გიჟების ექიმი“ იყო, თეთრხალათიანი, რომელიც მის გრძნობებში
იქექებოდა. თუმცა, ის მეგობრულად და კეთილად ექცეოდა. ერთხელ ექიმმა
კალდინმა კაბინეტში შეიყვანა და რაღაც-რაღაცეებზე ესაუბრა.
ექიმი კალდინი განაწყენდა, როცა ლიზბეთმა არაფერი უპასუხა. ბოლოს, გოგონამ
მას თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
„– არც თქვენ და არც რომელიმე სხვა „გიჟების ექიმს“ აღარ დაველაპარაკები. არც
ერთი არ მისმენთ, როცა რაღაცას გიხსნით. შეგიძლიათ, სიკვდილამდე აქ ჩამკეტოთ.
ეს არაფერს შეცვლის. მაინც არ დაგელაპარაკებით“.
ექიმმა კალდინმა გაკვირვებულმა შეხედა და თანაგრძნობით თავი დაუქნია,
თითქოს ყველაფერს მიხვდაო.
– ექიმო ტელებორიან, – მიმართა მას ადვოკატმა ჯიანინიმ, – უკვე დავადგინეთ, რომ
ლიზბეთ სალანდერი ბავშვთა ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩაკეტეთ. სწორედ თქვენ
მიაწოდეთ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა და სწორედ ეს დასკვნა გახდა
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი. ხომ ასეა?
– არსებითად სიმართლეა, მაგრამ, ჩემი აზრით...
– თქვენი აზრის დაფიქსირების საშუალება აუცილებლად მოგეცემათ. როცა ლიზბეთ
სალანდერი თვრამეტი წლის შესრულდა, თქვენ კიდევ ერთხელ ჩაერიეთ მის
ცხოვრებაში და ხელახლა სცადეთ მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩაკეტვა.
– მაშინ მე არ დამიწერია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა...
– არა, დასკვნა ექიმმა იესპერ ჰ. ლედერმანმა დაწერა, იმ დროს დოქტორის ხარისხის
კანდიდატმა და თქვენმა ასპირანტმა. რასაკვირველია, დასკვნას თქვენც გაეცანით
და მოიწონეთ.
– იმ დასკვნებში არაეთიკური და უკანონო არაფერი წერია. ჩემი პროფესიის ყოველი
წესის დაცვითაა შედგენილი.
– ახლა ლიზბეთ სალანდერი ოცდაშვიდი წლისაა და თქვენ უკვე მესამედ ცდილობთ,
დაარწმუნოთ სასამართლო, რომ ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დახურულ
ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა მოათავსონ.
ტელებორიანმა ღრმად ამოისუნთქა. ჯიანინი კარგად იყო მომზადებული.
რამდენიმე ჩამჭრელი შეკითხვა დაუსვა და პასუხები გაუფუჭა. არც ტელებორიანის
პიროვნულ შარმს ნებდებოდა და არც მის ავტორიტეტს აქცევდა ყურადღებას.
არადა, ტელებორიანი მიჩვეული იყო, რომ ყოველ მის სიტყვას ხალხი თავის ქნევით
ეთანხმებოდა.
„ნეტა რამდენი იცის ამ ქალმა?“
მან უმწეოდ გახედა პროკურორ ეკსტრომს, მაგრამ მიხვდა, რომ მისგან დახმარებას
ამაოდ ელოდა. შტორმისთვის მარტო უნდა გაეძლო.
საკუთარ თავს შეახსენა, მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ავტორიტეტული ექიმი
ვარო.
„ჯიანინის სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ჩემი მოსაზრებაა“.
ჯიანინიმ მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა
აიღო.
– მოდი, უკეთ გავეცნოთ თქვენს ბოლო დასკვნას. დიდ ყურადღებას უთმობთ
ლიზბეთ სალანდერის ემოციურ ცხოვრებას. დასკვნის უდიდესი ნაწილი ეთმობა
მისი პიროვნების, ქცევის და სექსუალური ჩვევების თქვენეულ შეფასებას.
– ამ დასკვნაში მთლიანი სურათის დახატვა ვცადე.
– ძალიან კარგი. და ამ მთლიანი სურათის შესწავლის შემდეგ ასკვნით, რომ ლიზბეთ
სალანდერს პარანოიკული შიზოფრენია აწუხებს.
– ზუსტი დიაგნოზის დასმისგან თავს შევიკავებდი.
– თუმცა, ამ დასკვნამდე ლიზბეთ სალანდერთან გასაუბრების გარეშე მიხვედით.
ხომ ასეა?
– მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ თქვენი კლიენტი ჩემთან ან ხელისუფლების
რომელიმე წარმომადგენელთან საუბარზე უარს ამბობს. თვით მისი ეს საქციელიც
ბევრ რამეზე მეტყველებს. შეიძლება ითქვას, პაციენტის პარანოიამ უკიდურეს
ზღვარს მიაღწია და ხელისუფლების წარმომადგენელთან უბრალო საუბარიც კი
აღარ შეუძლია. მას ჰგონია, რომ მისთვის ყველას ცუდი უნდა, შეშინებული
საკუთარ ნაჭუჭში იკეტება და პირში წყალს იგუბებს.
– ვხედავ, სიტყვებს უაღრესი სიფრთხილით არჩევთ. მაგალითად, ამბობთ, შეიძლება
ითქვასო...
– დიახ, ვფრთხილობ. ფსიქიატრია ზუსტი მეცნიერება არაა, დასკვნების
გამოტანისას ყურადღებით უნდა ვიყო. მეორე მხრივ, არც ისაა სიმართლე, თითქოს
ფსიქიატრებს დასკვნები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოგვაქვს.
– რაც მთავარია, საკუთარ თავს კარგად უფრთხილდებით. ფაქტი კი ის არის, რომ
მას შემდეგ, რაც ჩემს კლიენტს ცამეტი წელი შეუსრულდა, მასთან ერთხელაც არ
გისაუბრიათ, რადგან ლიზბეთ სალანდერი აღარ გელაპარაკებათ.
– არა მხოლოდ მე. ის არც ერთ ფსიქიატრს არ ელაპარაკება.
– ეს ნიშნავს, რომ როგორც აქ წერთ, დასკვნა ჩემს კლიენტზე „დაკვირვებითა“ და
„პირად გამოცდილებაზე“ დაყრდნობით გამოიტანეთ.
– დიახ, ასეა.
– რა შეიტყვეთ გოგოსგან, რომელიც სკამზე გულხელდაკრეფილი ზის და არ
გელაპარაკებათ?
პეტერ ტელებორიანმა ამოიოხრა, აქაოდა, რა მარტივი რამის ახსნა მიწევსო. მერე
გაიღიმა.
– პაციენტისგან, რომელიც ზის და არაფერს ამბობს, იგებ, რომ მას ჯდომა და
არაფრის თქმა ეხერხება. თვით ესეც კი არანორმალური გადახრაა, მაგრამ დასკვნა
მხოლოდ ამის საფუძველზე არ გამომიტანია.
– დღესვე მოგვიანებით კიდევ ერთ ფსიქიატრს გამოვიძახებ მოწმედ. მას სვანტე
ბრანდენი ჰქვია და სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მთავარი ექიმი და
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სპეციალისტია. იცნობთ მას?
ტელებორიანმა კვლავ თავდაჯერებულობა იგრძნო. ის ელოდა, რომ დასკვნის
დეტალების ეჭვქვეშ დასაყენებლად ჯიანინი სხვა ფსიქიატრსაც გამოიძახებდა
მოწმედ. ტელებორიანი ამისთვის მზად იყო და ყველა არგუმენტის გაბათილებას
უპრობლემოდ შეძლებდა. სიმართლე ითქვას, მეგობრულ დებატებში აკადემიკოს
კოლეგასთან გამკლავება ერჩივნა ადვოკატ ჯიანინისთან კამათს, რომელიც მის
ყოველ სიტყვას ათასნაირად ატრიალებდა.
– ის პატივცემული და გამოცდილი სასამართლო ფსიქიატრია. თუმცა, უნდა
გესმოდეთ, ფრუ ჯიანინი, რომ მსგავსი დასკვნის დაწერა აკადემიური და
სამეცნიერო პროცესია. შეიძლება არ დაეთანხმოთ ჩემს დასკვნას, სხვა ფსიქიატრმა
კი სხვაგვარად შეაფასოს რომელიღაც ქმედება თუ მოვლენა. შესაძლოა, თქვენ სულ
სხვა კუთხით შეხედოთ ამა თუ იმ საკითხს. ან შეიძლება ერთი ექიმი პაციენტს ისე
კარგად არ იცნობდეს, როგორც მეორე. სვანტე ბრანდენმა შეიძლება სულ სხვა რამ
დაასკვნას ლიზბეთ სალანდერზე. ფსიქიატრიაში ასეთი რამ ხშირად ხდება.
– ჰერ ბრანდენი ამიტომ არ გამომიძახებია. მას ლიზბეთ სალანდერი არ
გამოუკვლევია და არც მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებას ეცდება.
– ...
– ვთხოვე, ლიზბეთ სალანდერზე დაწერილი თქვენი ორივე დასკვნა წაეკითხა და წმ.
სტეფანის ფსიქიატრიული კლინიკის ჩანაწერებსაც გასცნობოდა. მისთვის ჩემი
კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა არ მითხოვია. მაინტერესებს,
წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, თქვენს ჩანაწერებში მოიპოვება თუ არა
საკმარისი საფუძველი იმისა, რომ მსგავსი დასკვნა გამოგეტანათ.
ტელებორიანმა მხრები აიჩეჩა.
– დიდი ბოდიში, მაგრამ ლიზბეთ სალანდერს ჩემზე უკეთ შვედეთის არც ერთი
ფსიქიატრი არ იცნობს. მის განვითარებას თორმეტი წლიდან ვადევნებ თვალს და,
სამწუხაროდ, მისი ქმედებები ყოველთვის ემთხვეოდა ჩემს დასკვნებს.
– ძალიან კარგი, – თქვა ჯიანინიმ, – მოდით, თქვენს დასკვნას გავეცნოთ. თქვენ
წერთ, რომ მკურნალობის პროცესს ხელი შეუშალა თხუთმეტი წლის ლიზბეთ
სალანდერის გაშვილებამ.
– დიახ, ასეა. ეს სერიოზული შეცდომა იყო. მკურნალობის კურსი რომ
დაგვესრულებინა, შესაძლოა, დღეს ამ სასამართლო დარბაზში არც ვმსხდარიყავით.
– ანუ, კიდევ ერთი წელი რომ დაგცლოდათ მისი საწოლზე დაბმა, ლიზბეთ
სალანდერი უფრო მორჩილი იქნებოდა?
– ძალიან გთხოვთ, ჩემს პასუხს ნუ ამახინჯებთ.
– ბოდიშს ვიხდი. უბრალოდ, ის სიტყვები გაიმეორეთ, რაც თქვენმა ასპირანტმა
იესპერ ჰ. ლედერმანმა დაწერა თვრამეტი წლის ლიზბეთზე დაწერილ დასკვნაში.
განვაგრძოთ. დასკვნაში წერთ: „მისი თვითგანადგურებისკენ სწრაფვა და
ანტისოციალური ქცევა დასტურდება მის მიერ ნარკოტიკების მოხმარებით და
ამორალური ცხოვრების წესით, რასაც წმ. სტეფანის ფსიქიატრიული კლინიკიდან
გაწერის შემდეგ მიჰყო ხელი“. ამ სიტყვებში კონკრეტულად რას გულისხმობთ?
ტელებორიანი რამდენიმე წამს დუმდა.
– იცით... ცოტათი უკან დახევა მომიწევს. მას შემდეგ, რაც ლიზბეთ სალანდერი წმ.
სტეფანის ფსიქიატრიული კლინიკიდან გაწერეს, როგორც ველოდი, ალკოჰოლთან
და ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ის არაერთხელ
დააპატიმრა პოლიციამ. სოცუზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშშიც
დაფიქსირებულია, რომ გარყვნილი სქესობრივი კავშირი ჰქონდა თავისზე ბევრად
ასაკოვან მამაკაცებთან და, სავარაუდოდ, პროსტიტუციასაც ეწეოდა.
– მოდით, დეტალურად განვიხილოთ. თქვენ ამტკიცებთ, რომ ლიზბეთ სალანდერი
ალკოჰოლს მოიხმარდა. რამდენად ხშირად თვრებოდა იგი?
– უკაცრავად?
– კლინიკიდან გაწერის დღიდან თვრამეტი წლის შესრულებამდე სვამდა
ყოველდღე? კვირაში ერთხელ?..
– ბუნებრივია, ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ.
– კი, მაგრამ ახლახან არ განაცხადეთ, ალკოჰოლთან პრობლემა ჰქონდაო?!
– არასრულწლოვანი ლიზბეთ სალანდერი არაერთხელ დააკავა პოლიციამ
არაფხიზელ მდგომარეობაში.
– აგერ უკვე მეორედ თქვით, „პოლიციამ ის არაერთხელ დააკავაო“. რამდენად
ხშირად ხდებოდა ეს? კვირაში ერთხელ? ორ კვირაში ერთხელ?
– არა, ასე ხშირადაც არა...
– ლიზბეთ სალანდერი სულ ორჯერ დააპატიმრეს სიმთვრალისთვის ჩვიდმეტი
წლის ასაკში. ისეთი მთვრალი იყო, რომ საავადმყოფოში წაიყვანეს. ამ ორი
შემთხვევის გარდა, კიდევ დამთვრალა უგონოდ?
– არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი საქციელი...
– უკაცრავად, ხომ სწორად გაგიგეთ? თქვენ არ იცით, არასრულწლოვანი ლიზბეთ
სალანდერი უფრო მეტჯერ დამთვრალა თუ არა, მაგრამ შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ
სალანდერი ლოთობდა. თქვენს დასკვნაში ლოთობის გარდა, მას ნარკოტიკების
მოხმარებასაც აბრალებთ.
– ეს სოცუზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშში ეწერა, მე არ მომიგონია. საქმე
ლიზბეთ სალანდერის ცხოვრების წესს ეხება. რა გასაკვირია, რომ როგორც კი
მკურნალობა შეუწყდა, მისი ცხოვრება ლოთობის, დაპატიმრებებისა და
ამორალურობის ერთ უწყვეტ ჯაჭვად იქცა.
– რას გულისხმობთ „ამორალურობაში“?
– იმას, რომ ამორალურად ცხოვრობდა. თავისზე ბევრად უფროს მამაკაცებთან
ჰქონდა სქესობრივი კავშირი.
– ეს კანონდარღვევად არ ითვლება.
– არა, მაგრამ 17 წლის გოგოს ეს არ შეჰფერის. საკითხავი ისაა, ამას საკუთარი ნებით
აკეთებდა თუ სიტუაციიდან გამომდინარე.
– ხომ თქვით, სავარაუდოდ, პროსტიტუციას ეწეოდაო?
– ეს ალბათ იმის შედეგი იყო, რომ განათლება აკლდა, სკოლა ვერ დაამთავრა, ვერც
უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო სწავლა და, შესაბამისად, ვერც სამსახური
იშოვა. შეიძლება ასაკით უფროსი მამაკაცები მამებად ესახებოდა, ხოლო
სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ფული – წამახლისებელ პრემიად.
ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ნერვულ აშლილობასთან.
– მაშ, გგონიათ, რომ ჩვიდმეტი წლის გოგო, რომელიც მამაკაცთან სქესობრივ
კავშირს ამყარებს, ნერვიულია?
– აი, კვლავ დაამახინჯეთ ჩემი სიტყვები.
– კი მაგრამ, თქვენ ხომ არ იცით, აუღია თუ არა ოდესმე ფული ლიზბეთს სალანდერს
სექსუალური მომსახურებისთვის.
– პროსტიტუციისთვის ის არასდროს დაუპატიმრებიათ.
– ვერც დააპატიმრებდნენ, რადგან პროსტიტუცია ჩვენს ქვეყანაში დანაშაულად არ
ითვლება.
– დიახ, მართალია. მის შემთხვევაში ალბათ ადგილი ჰქონდა იძულებით ნერვიულ
ქმედებას.
– და ამ გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ასკვნით, რომ ლიზბეთ
სალანდერი ფსიქიკურად ავადმყოფია? თექვსმეტი წლისამ მამაჩემს ერთი ბოთლი
არაყი მოვპარე და უგონოდ დავთვერი. თქვენი აზრით, მეც ფსიქიკურად ავადმყოფი
ვარ?
– რასაკვირველია, არა.
– იმედია, თავხედობაში არ ჩამომართმევთ, მაგრამ განა ჩვიდმეტი წლის ასაკში ერთ-
ერთ წვეულებაზე თქვენ და თქვენმა მთვრალმა მეგობრებმა უფსალაში შენობის
ფანჯრის მინები არ ჩაამსხვრიეთ? მაშინ პოლიციამ დაგაპატიმრათ და
გამოფხიზლებამდე არ გაუთავისუფლებიხართ.
ტელებორიანს თვალები გაუფართოვდა.
– ეს ხომ ნამდვილად მოხდა, ექიმო ტელებორიან?
– დიახ. იცით, ჩვიდმეტი წლის ასაკში ახალგაზრდები ბევრ გაუაზრებელ რამეს
სჩადიან...
– მაგრამ ამის გამო ვინმემ ფსიქიკურად ავადმყოფი გიწოდათ?
პეტერ ტელებორიანი ბრაზობდა. ეს წყეული ადვოკატი მის სიტყვებს წაღმა-უკუღმა
ატრიალებდა და დეტალებზე ყურადღებას ამახვილებდა. ის მთლიანი სურათის
დანახვას უარობდა. ან ეს მისი ბავშვური ცელქობის ამბავი... ნეტა საიდან შეიტყო?
ტელებორიანმა ჩაახველა და ხმამაღლა თქვა:
– სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიში მივიჩნიე სარწმუნოდ. მან
დამარწმუნა, რომ ლიზბეთ სალანდერი ალკოჰოლს და ნარკოტიკებს მოიხმარდა და
ამორალურად ცხოვრობდა. სოციალური სამსახურების მიერ სალანდერი
პროსტიტუციაშიც იქნა შემჩნეული.
– სოციალურ სამსახურებს არასდროს უთქვამთ, სალანდერი მეძავიაო.
– ის დააპატიმრეს, როცა...
– არ დაუპატიმრებიათ, – გააწყვეტინა ჯიანინიმ, – ტანტოლუნდენზე ასაკით ბევრად
უფროს მამაკაცთან ერთად შეამჩნიეს და გაჩხრიკეს. იმავე წელს სხვა მამაკაცთან
ერთად სიმთვრალის გამო დააპატიმრეს. სოციალურ სამსახურებში შიშობდნენ,
ვაითუ პროსტიტუციას ეწეოდესო. სამხილი იმისა, რომ ლიზბეთ სალანდერი
მეძავია, არავის წარმოუდგენია.
– მას აღვირახსნილი ურთიერთობა ჰქონდა ორივე, მამრობითი და მდედრობითი
სქესის ადამიანებთან.
– თქვენს დასკვნაში ჩემი კლიენტის სექსუალურ ჩვევებზეც ამახვილებთ
ყურადღებას. წერთ, რომ ლიზბეთ სალანდერის ურთიერთობა მირიამ ვუსთან
თქვენს ეჭვებს ადასტურებს ლიზბეთ სალანდერის „სექსუალურ ფსიქოპათობაზე“.
რაზე დაყრდნობით ასკვნით ასეთ რამეს?
ტელებორიანმა არ უპასუხა.
– გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჰომოსექსუალიზმს ფსიქიკურ დაავადებად არ
მიიჩნევთ, – თქვა ჯიანინიმ, – სხვათა შორის, ეს უკანონო განცხადება იქნება.
– რა თქმა უნდა, არა. მხედველობაში მათი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი
სადისტური ელემენტები მქონდა.
– ფიქრობთ, რომ ჩემი კლიენტი სადისტია?
– მე...
– აქ მაქვს მირიამ ვუს ჩვენება. ის ამტკიცებს, რომ მათი ურთიერთობა სადისტური
არ ყოფილა.
– მათ სადომაზოხისტური სექსი ჰქონდათ...
– რატომღაც მგონია, რომ ძალიან ბევრი „ყვითელი“ გაზეთი წაიკითხეთ. ლიზბეთ
სალანდერი და მირიამ ვუ სასიყვარულო თამაშებით ერთობოდნენ. ზოგჯერ მირიამ
ვუ ჩემს კლიენტს ხელებს უკრავდა მისთვის სექსუალური სიამოვნების
მისანიჭებლად. ამაში უჩვეულო და უკანონო არაფერია. ამიტომ გინდათ ჩემი
კლიენტის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩაკეტვა?
პეტერ ტელებორიანმა უარის ნიშნად ხელი გააქნია.
– თექვსმეტი წლისა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე არაერთხელ დავმთვრალვარ.
ნარკოტიკებიც გამისინჯავს. მარიხუანაც მომიწევია და ოცი წლის წინ ერთხელ
კოკაინიც შევიყნოსე. თხუთმეტი წლისას თანაკლასელ ბიჭთან პირველი სექსი
მქონდა, ხოლო ოცი წლისას ჩემმა მეგობარმა ბიჭმა სქესობრივი აქტის დროს
საწოლზე ხელებით მიმაბა. ოცდაორი წლისა რამდენიმე თვის განმავლობაში
ორმოცდაშვიდი წლის მამაკაცს ვხვდებოდი. თქვენი აზრით, მეც ფსიქიკურად
ავადმყოფი ვარ?
– ფრუ ჯიანინი, თქვენ ალბათ ხუმრობთ, რადგან თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ამ
საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
– რატომ? თქვენს ე. წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას რომ
ვკითხულობ, პუნქტები, რომლებიც ლიზბეთ სალანდერის ფსიქიკურ
ავადმყოფობაზე მიუთითებს, თუ კონტექსტიდან ამოვგლეჯთ, მეც სრულად
მომესადაგება. რატომ ვარ მე ჯანმრთელი და გონიერი, ხოლო ლიზბეთ სალანდერი
საშიში სადისტი?
– მნიშვნელოვანი სულ სხვა დეტალებია. თქვენ ხომ მამათქვენის მოკვლა ორჯერ არ
გიცდიათ...
– რეალობა ის არის, ექიმო ტელებორიან, რომ თქვენ არავინ გკითხავთ, ლიზბეთ
სალანდერს სექსი ვისთან ექნება. თქვენი საქმე არ არის, რა სქესისაა მისი
პარტნიორი და რა ფორმით დაამყარებენ სქესობრივ კავშირს. რატომღაც მისი
ცხოვრების სწორედ ამ ინტიმურ დეტალებს ამზეურებთ და მათზე დაყრდნობით
აცხადებთ, რომ ჩემი კლიენტი ავადმყოფია.
– ლიზბეთ სალანდერის მთელი ცხოვრება – ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის
პერიოდიდან – ნათელი მაგალითია უმიზეზო მრისხანებისა და სიბრაზის
გამოვლინებისა თუნდაც მასწავლებლების და მოსწავლეების მიმართ.
– ერთი წუთით, – უეცრად ადვოკატ ჯიანინის ხმა გაუმკაცრდა, – შეხედეთ ჩემს
კლიენტს!
ყველამ სალანდერს შეხედა.
– ჩემს კლიენტი საშინელ ოჯახურ პირობებში გაიზარდა. მამამისი წლების
განმავლობაში სცემდა დედამისს.
– ეს...
– დამასრულებინეთ. ლიზბეთ სალანდერის დედას ძალიან ეშინოდა ალექსანდერ
ზალაჩენკოსი და მასთან დაპირისპირებას ვერ ბედავდა; ვერც ექიმთან მიდიოდა;
ვერც ქალთა კრიზისულ ცენტრს მიმართავდა. ბოლოს ზალაჩენკომ ისე ძლიერ სცემა,
რომ თავის ტრავმა მიიღო და სამუდამოდ დაინვალიდდა. პიროვნება, რომელმაც
ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა აიღო თავზე,
ლიზბეთ სალანდერია. სწორედ მას დააწვა მხრებზე ეს მძიმე ტვირთი, რადგან
სახელმწიფოსთვის ჯაშუშ ზალაჩენკოს კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი
აღმოჩნდა, ვიდრე ლიზბეთისა და მისი დედისა.
– ვერ...
– შედეგად მივიღეთ ის, რომ ლიზბეთ სალანდერის დედა და მისი ორი ქალიშვილი
საზოგადოებამ ბედის ანაბარა მიატოვა. რა გასაკვირია, რომ ლიზბეთს სკოლაში
პრობლემები ჰქონდა? შეხედეთ მას. ის ტანდაბალი და გამხდარია. კლასში ყველაზე
დაბალი, გულჩათხრობილი და ექსცენტრული იყო. მეგობრები არ ჰყავდა. იცით,
როგორ ექცევიან ბავშვები „განსხვავებულ“ თანატოლებს?
ტელებორიანმა ამოიოხრა.
– შემიძლია სათითაოდ განვიხილო ყველა ის შემთხვევა, როცა სკოლაში ლიზბეთმა
აგრესია გამოიჩინა, – განაგრძობდა ადვოკატი ჯიანინი, – ინციდენტებს ყოველთვის
წინ უძღოდა გარკვეული პროვოკაცია. ადვილად შესამჩნევია ჩაგვრისა და
დამცირების ნიშნები. იცით, რას გეტყვით?
– რას?
– აღფრთოვანებული ვარ ლიზბეთ სალანდერით. ის ჩემზე მაგარია. ცამეტი წლისა
ვინმეს საწოლზე რომ მივები, ალბათ გავტყდებოდი, ის კი შეგებრძოლათ
ერთადერთი იარაღით, რომელიც მას გააჩნდა – თქვენი უგულებელყოფით.
ადვოკატ ჯიანინის მღელვარება სადღაც გაქრა. იგრძნო, რომ სიტუაციას თვითონ
აკონტროლებდა.
– დილით თქვენს ჩვენებაში ბევრი ისაუბრეთ ფანტაზიებზე. მაგალითად, აღნიშნეთ,
რომ ლიზბეთ სალანდერის მტკიცება, ადვოკატმა ბიურმანმა გამაუპატიურაო, მისი
ფანტაზიის ნაყოფია.
– დიახ.
– რას ეფუძნება თქვენი დასკვნა?
– პირად გამოცდილებას, რომ მას რაღაც-რაღაცეების წარმოსახვა სჩვევია.
– თქვენს პირად გამოცდილებას, რომ მას რაღაც-რაღაცეების წარმოსახვა სჩვევია?
როგორ ხვდებით, როდის ფანტაზიორობს ლიზბეთი სალანდერი? მაგალითად, როცა
ამბობს 380 დღე-ღამე საწოლზე ვიყავი მიბმულიო, თქვენი აზრით, ის
ფანტაზიორობს, მიუხედავად იმისა, რომ იგივე რიცხვი წერია თქვენს სამედიცინო
ჩანაწერებში?
– ეს სულ სხვა შემთხვევაა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ადვოკატმა
ბიურმანმა ლიზბეთ სალანდერი გააუპატიურა. ვგულისხმობ, ძუძუსთავებში
ნემსების შერჭობას და სხვა ვითომდა მის მიმართ გამოვლენილ სისასტიკეებს, რის
შედეგადაც სალანდერს უეჭველად ექიმის დახმარება დასჭირდებოდა... ცხადია, რომ
მსგავსი არაფერი მომხდარა.
ადვოკატმა ჯიანინიმ მოსამართლე ივერსენს მიმართა:
– დღეისთვის პროექტორის მოტანა ვითხოვე...
– პროექტორი ადგილზეა, – უთხრა მოსამართლემ.
– თუ შეიძლება, ფანჯრებს ფარდები ჩამოაფარეთ.
ადვოკატმა ჯიანინიმ თავისი „პაუერბუქი“ გახსნა და პროექტორის კაბელი შეაერთა.
შემდეგ თავის კლიენტს მიუბრუნდა:
– ლიზბეთ, ახლა ვიდეოჩანაწერს ვნახავთ. მზად ხართ?
– ეს ყველაფერი მე შემემთხვა, – მშრალად თქვა სალანდერმა.
– ნებას მრთავთ, რომ ეს ვიდეოჩანაწერი მთელ დარბაზს ვაჩვენო?
სალანდერმა ადვოკატ ჯიანინის თავი დაუქნია და პეტერ ტელებორიანს დაჟინებით
მიაშტერდა.
– შეგიძლიათ გვითხრათ, როდისაა ჩაწერილი?
– 2003 წლის 7 მარტს.
– ვინ ჩაიწერა?
– მე. Milton Security-ის სტანდარტული ფარული კამერით.
– ერთი წუთით, – ჩაერთო პროკურორი ეკსტრომი, – ეს უკვე საცირკო წარმოდგენას
ემსგავსება.
– რის ჩვენებას აპირებთ? – ხმა გაუმკაცრდა მოსამართლეს.
– ექიმი ტელებორიანი ამტკიცებს, რომ ლიზბეთი სალანდერი იგონებს, ადვოკატმა
ბიურმანმა გამაუპატიურაო. მე საპირისპიროს დაგიმტკიცებთ. ჩანაწერი საათ-
ნახევარს გრძელდება, მაგრამ მე რამდენიმე ფრაგმენტს წარმოგიდგენთ. წინასწარ
გაფრთხილებთ, არცთუ სასიამოვნო სცენებს შეიცავს.
– ეს რა მონტაჟია? – დაინტერესდა პროკურორი ეკსტრომი.
– ახლავე შევამოწმებთ, – უპასუხა ადვოკატმა ჯიანინიმ და დისკი ლეპტოპის DVD
ფლეიერში ჩადო.
„შენ რა, საათის ცნობა არ იცი?“ – ბურტყუნებს ადვოკატი ბიურმანი. კამერა მის
ბინაში შედის.
ცხრა წუთის შემდეგ მოსამართლე ივერსენმა ჩაქუჩი მაგიდაზე დააკაკუნა. ამ
მომენტში ადვოკატი ბიურმანი ლიზბეთ სალანდერს ანუსში დილდოს ურჭობდა.
ადვოკატმა ჯიანინიმ ხმას აუწია. პირაკრული სალანდერის მოგუდული კივილი
მთელ დარბაზს მოედო.
– გამორთეთ, – ხმამაღლა და მკაცრად მოითხოვა მოსამართლე ივერსენმა.
ჯიანინი Stop-ს დააწვა და დარბაზში შუქი აანთეს. მოსამართლე ივერსენი
წამოწითლებულიყო. პროკურორი ეკსტრომი გაქვავებული იჯდა. ტელებორიანს
მკვდრისფერი ედო.
– ადვოკატო ჯიანინი, როგორ თქვით, რამდენ ხანს გრძელდება ეს ჩანაწერი?
– საათ-ნახევარს. თავად გაუპატიურება ხანმოკლე პაუზებით დაახლოებით ხუთ-
ექვს საათს გრძელდებოდა, მაგრამ ჩემი კლიენტი ბოლო რამდენიმე საათი უგონოდ
იყო და არაფერი ახსოვს, – ჯიანინი ტელებორიანისკენ მიბრუნდა, – თუმცა,
ჩანაწერში არის სცენა, რომელშიც ადვოკატი ბიურმანი ჩემს კლიენტს ძუძუსთავში
ნემსს ურჭობს; რაც ადასტურებს, რომ ეს ჩემი კლიენტის ველური წარმოსახვის
ნაყოფი არ არის. ეს სამოცდამეთორმეტე წუთზე ხდება და გთავაზობთ, აქვე და
ახლავე ვნახოთ ეს სცენა.
– გმადლობთ, არ არის საჭირო, – თქვა მოსამართლე ივერსენმა, – ფრეკენ
სალანდერ... – მოსამართლეს წამით აზრი გაეფანტა და შეყოვნდა, – ფრეკენ
სალანდერ, რატომ ჩაიწერეთ ეს ვიდეო?
– მანამდე ბიურმანმა ერთხელ უკვე გამაუპატიურა და უფრო მეტს ითხოვდა.
პირველად იმ ბებერმა ნაბიჭვარმა მომაწოვინა. მეგონა, ისევ მინეტის გაკეთებას
მაიძულებდა. ვიფიქრე, ამას ჩავიწერ და დავაშანტაჟებ, რომ შემეშვას-მეთქი.
შევცდი. სათანადოდ ვერ შევაფასე.
– კი, მაგრამ თუ ეს ვიდეომტკიცებულება გქონდათ, პოლიციას რატომ არ მიმართეთ?
– პოლიციელებს არ ველაპარაკები, – უემოციოდ უპასუხა სალანდერმა.
ინვალიდის ეტლიდან პალმგრენი წამოდგა და მაგიდის ძგიდეს დაეყრდნო.
მკაფიოდ და გარკვევით წარმოთქვა:
– ჩვენი კლიენტი პრინციპულად არ ელაპარაკება პოლიციას ან ხელისუფლების სხვა
წარმომადგენლებს და, მით უმეტეს, ფსიქიატრებს. მიზეზი მარტივია: ბავშვობიდან
სულ იმას ცდილობდა, რომ პოლიციელებისა და სოციალური მუშაკებისთვის აეხსნა,
ალექსანდერ ზალაჩენკო დედაჩემს სცემსო. შედეგად თვითონ ლიზბეთ სალანდერი
დასაჯეს, რადგან სახელმწიფო მოხელეებმა ალექსანდერ ზალაჩენკო მასზე
მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, – პალმგრენმა ჩაახველა და გააგრძელა: – ბოლოს და
ბოლოს, ლიზბეთი მიხვდა, რომ არავინ უსმენდა და ალექსანდერ ზალაჩენკოსგან
დედის დაცვა მხოლოდ ძალის გამოყენებით შეეძლო. მერე ამ ნაბიჭვარმა, რომელიც
თავს „ექიმს“ უწოდებს, – პალმგრენმა ტელებორიანზე მიუთითა, – ყალბი
ფსიქიატრიული დიაგნოზი დასვა, ლიზბეთი ფსიქოპათად გამოაცხადა და წმ.
სტეფანის ფსიქიატრიულ კლინიკაში 380 დღე საწოლზე ჰყავდა მიბმული. ეს
არამზადა!
პალმგრენი დაჯდა. მოსამართლე ივერსენი მისმა გამოხდომამ გააკვირვა.
სალანდერს მიმართა:
– იქნებ შესვენება გნებავთ?
– რატომ? – ჰკითხა სალანდერმა.
– მაშ, განვაგრძოთ. ადვოკატო ჯიანინი, ვიდეოჩანაწერს შეამოწმებენ და მის
ნამდვილობაში დარწმუნდებიან. ამ ამაზრზენი სცენების ყურებას აღარ ვაპირებ.
საქმის განხილვას დავუბრუნდეთ.
– არც მე მეხალისება ამ ამაზრზენი სცენების ყურება, – თქვა ადვოკატმა ჯიანინიმ, –
ჩემი კლიენტი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის
მსხვერპლი. ამაში უმთავრესი დამნაშავე ექიმი პეტერ ტელებორიანია. მან ექიმის
ფიცი დაარღვია და პაციენტს უღალატა! მან, „სეპოს“ შიგნით არსებული უკანონო
დაჯგუფების წევრის, გუნარ ბიორკის დახმარებით, ყალბი სასამართლო-
სამედიცინო დასკვნა დაწერა უხერხული მოწმის ფსიქიატრიულ კლინიკაში
ჩასაკეტად. ვფიქრობ, ეს შვედური იურისპრუდენციის ისტორიაში უნიკალური
შემთხვევაა.
– აღმაშფოთებელი ბრალდებაა, – თქვა ტელებორიანმა, – მე ლიზბეთ სალანდერის
დასახმარებლად თავი არ დამიზოგავს. მან მამამისის მოკვლა სცადა. ცხადია, რომ
რაღაც სჭირს...
ადვოკატმა ჯიანინიმ გააწყვეტინა.
– ახლა მინდა, სასამართლოს ყურადღება გავამახვილო ექიმ პეტერ ტელებორიანის
მიერ დღეს წარმოდგენილ მეორე დასკვნაზე. ვამტკიცებ, რომ ისევე, როგორც 1991
წლის დასკვნა, ესეც სრული ფალსიფიკაციაა.
– იცით რა, ეს უკვე... – წამოიძახა ტელებორიანმა.
– თქვენო ღირსებავ, გთხოვთ, მიუთითოთ მოწმეს, აღარ გამაწყვეტინოს!
– ჰერ ტელებორიან...
– გავჩუმდები. უბრალოდ, აღმაშფოთებელი ბრალდებებია. რა გასაკვირია, რომ
გავცხარდი...
– ჰერ ტელებორიან, გთხოვთ ჩუმად იჯექით, სანამ შეკითხვას არ დაგისვამენ.
განაგრძეთ, ადვოკატო ჯიანინი.
– სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ექიმმა ტელებორიანმა
სასამართლოს წარუდგინა, ეფუძნება „დაკვირვებებს“, რომლებიც თითქოსდა ჩემი
კლიენტის კრონობერგის ციხეში გადმოყვანის შემდეგ, 5 ივნისიდან 5 ივლისამდე
მიმდინარეობდა.
– დიახ, დასკვნაში ასე წერია, – თქვა მოსამართლე ივერსენმა.
– ექიმო ტელებორიან, მართალია თუ არა, რომ ექვს ივნისამდე ჩემი კლიენტის
გამოკვლევის საშუალება არ გქონიათ? მანამდე ის სოლგრენსკას საავადმყოფოში
სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა.
– დიახ, მართალია.
– თქვენ ორჯერ სცადეთ სოლგრენსკაში ჩემი კლიენტის პალატაში შესვლის
უფლების მოპოვება, მაგრამ ორჯერვე უარი მიიღეთ.
– დიახ.
ადვოკატმა ჯიანინიმ კეისიდან დოკუმენტი ამოიღო, მაგიდას შემოუარა და
მოსამართლე ივერსენს გადასცა.
– გასაგებია, – თქვა მოსამართლე ივერსენმა, – ეს ექიმი ტელებორიანის დასკვნის
ასლია. ამით რას ამტკიცებთ?
– მსურს გამოვიძახო ორი მოწმე, რომლებიც ახლა სასამართლო დარბაზის კართან
იცდიან.
– ვინ არიან ეს მოწმეები?
– „მილენიუმის“ ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი და „სეპოს“ კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, კომისარი ტორსტენ ედკლინთი.
– ისინი გარეთ დგანან?
– დიახ.
– შემოუშვით, – ბრძანა მოსამართლე ივერსენმა.
– ეს წესდებას ეწინააღმდეგება, – თქვა პროკურორმა ეკსტრომმა.
ეკსტრომი შეწუხებული ადევნებდა თვალს, როგორ აცამტვერებდა ადვოკატი
ჯიანინი მისი მთავარი მოწმის ჩვენებას. ვიდეოჩანაწერი გამანადგურებელი
სამხილი იყო. მოსამართლე ივერსენმა პროკურორ ეკსტრომის პროტესტს
ყურადღება არ მიაქცია და მანდატურებს ბლუმკვისტისა და ედკლინთის დარბაზში
შემოშვება ანიშნა.
– პირველად მოწმედ მიქაელ ბლუმკვისტს ვიხმობ.
– მაშინ ჰერ ტელებორიანს დროებით განზე გადგომას ვთხოვ, – თქვა მოსამართლე
ივერსენმა.
– ჩემს დაკითხვას მორჩით? – იკითხა ტელებორიანმა.
– არა, ჯერ არა, – უპასუხა ადვოკატმა ჯიანინიმ.
მოწმის ადგილი მიქაელ ბლუმკვისტმა დაიკავა. მოსამართლე ივერსენმა სწრაფად
მოაგვარა ფორმალობები და ბლუმკვისტმა ფიცი დადო.
– მიქაელ, – ჯიანინიმ გაიღიმა, – თქვენო ღირსებავ, იმედია, მაპატიებთ, მაგრამ ჩემს
ძმას ჰერ ბლუმკვისტს ვერ ვუწოდებ და ამიტომ მხოლოდ სახელით მივმართავ.
შემდეგ მოსამართლე ივერსენთან მივიდა და დროებით გამოართვა სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც წეღან თვითონ გადასცა მას.
დოკუმენტი ბლუმკვისტს მიაწოდა.
– ეს დოკუმენტი ადრე გინახავთ?
– დიახ, ამ დოკუმენტის სამი ასლი მაქვს. პირველი 12 მაისს ვიშოვე, მეორე – 19
მაისს და მესამე, ანუ ეს – 3 ივნისს.
– ხომ ვერ გვეტყვით, როგორ იშოვეთ ეს ასლები?
– ანონიმი ინფორმატორისგან მოვიპოვე.
სალანდერმა ტელებორიანს შეხედა. ის კვლავ მკვდარივით გაფითრებულიყო.
– სად წაიღეთ ეს ასლები?
– კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს, ტორსტენ
ედკლინთს გადავეცი.
– გმადლობთ, მიქაელ. ახლა მოწმედ ვიძახებ ტორსტენ ედკლინთს, – ჯიანინიმ
ექსპერტიზის დასკვნა მოსამართლე ივერსენს დაუბრუნა.
ფიცის დადების პროცედურა განმეორდა.
– კომისარო ედკლინთ, მართალია, რომ მიქაელ ბლუმკვისტისგან ლიზბეთ
სალანდერის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის დასკვნა მიიღეთ?
– დიახ, მართალია.
– ეს როდის მოხდა?
– მიღების თარიღად RPS/Säk-ში 4 ივნისია დარეგისტრირებული.
– ეს იგივე დასკვნაა, რომელიც ახლახან მოსამართლე ივერსენს გადავეცი?
– თუ უკან ჩემი ხელმოწერაა, მაშინ დიახ, იგივეა.
მოსამართლემ დოკუმენტის უკანა გვერდს დახედა და იქ კომისარ ედკლინთის
ხელმოწერა დაინახა.
– კომისარო ედკლინთ, ხომ ვერ აგვიხსნით, როგორ აღმოჩნდა თქვენს ხელში იმ
პაციენტის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის დასკვნა, რომელიც ჯერ კიდევ
სოლგრენსკას საავადმყოფოს იზოლირებულ პალატაში იწვა?
– ექიმი ტელებორიანის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის დასკვნა ყალბია.
დასკვნა დაიწერა ვინმე იუნას სანდბერგის დახმარებით; ისევე, როგორც 1991 წლის
დასკვნა – გუნარ ბიორკის დახმარებით.
– ეს ტყუილია, – სუსტად გააპროტესტა ტელებორიანმა.
– ეს ტყუილია? – ჩაეძია ადვოკატი ჯიანინი.
– სულაც არა, – თქვა ედკლინთმა, – აქვე დავამატებ, რომ იუნას სანდბერგი, ათამდე
სხვა პიროვნებასთან ერთად, ამ დილით გენერალური პროკურორის ბრძანებით
დააპატიმრეს. სანდბერგს ბრალი ედება გუნარ ბიორკის მკვლელობაში
თანამონაწილეობაში. იგი „სეპოში“ არსებული იმ კრიმინალური დაჯგუფების
წევრია, რომელიც სამოცდაათიანი წლებიდან ალექსანდერ ზალაჩენკოს
მფარველობდა. სწორედ ამ ჯგუფის წყალობით მოხვდა 1991 წელს სალანდერი
ფსიქიატრიულ კლინიკაში. გაგვაჩნია მყარი მტკიცებულებები და თავად
დაჯგუფების ლიდერის აღიარებითი ჩვენება.
დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
– ექიმი ტელებორიანი ხომ არ გააკეთებდა კომენტარს? – იკითხა მოსამართლე
ივერსენმა.
ტელებორიანმა თავი გააქნია.
– მაშინ თავს მოვალედ ვცნობ, გაუწყოთ, რომ შესაძლოა, სასამართლოს წინაშე
დადებული ფიცის დარღვევასა და ცრუჩვენების მიცემის გამო დაისაჯოთ, – თქვა
მოსამართლე ივერსენმა.
– თუ შეიძლება, რაღაცას ვიტყვი, მოსამართლე ივერსენ, – ითხოვა მიქაელ
ბლუმკვისტმა.
– გისმენთ.
– ექიმ ტელებორიანს ამაზე დიდი პრობლემები აქვს. სასამართლო დარბაზის კართან
ორი პოლიციელი უცდის, რათა სამმართველოში დასაკითხად წაიყვანონ.
– გასაგებია, – თქვა მოსამართლე ივერსენმა, – საკითხი ჩვენს საქმეს უკავშირდება?
– მგონი, კი, თქვენო ღირსებავ.
მოსამართლე ივერსენმა მანდატურს ანიშნა და დარბაზში ინსპექტორი მუდიგი და
კიდევ ერთი პოლიციელი ქალი შემოვიდა, რომელიც პროკურორმა თავიდან ვერ
იცნო. ეს ლისა კოლშე იყო – პოლიციის ეროვნული სამმართველოს ბავშვთა
პორნოგრაფიისა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
განყოფილების ინსპექტორი.
– აქ რა საქმე გაქვთ? – ჰკითხა მათ მოსამართლე ივერსენმა.
– თქვენი ნებართვით, პეტერ ტელებორიანს დავაპატიმრებთ, თუ, რა თქმა უნდა,
სასამართლო პროცესს ეს ხელს არ შეუშლის.
მოსამართლე ივერსენმა ადვოკატ ჯიანინის გახედა.
– ჯერ მისი დაკითხვა არ დამისრულებია... მაგრამ სასამართლომ ალბათ საკმარისი
შეიტყო ექიმ ტელებორიანზე.
– ნებას გრთავთ, წაიყვანოთ, – უთხრა მოსამართლე ივერსენმა პოლიციელებს.
ინსპექტორი კოლშე ექიმ ტელებორიანთან მივიდა.
– პეტერ ტელებორიან, დაპატიმრებული ხართ ბავშვთა პორნოგრაფიის ამკრძალავი
კანონის დარღვევისთვის.
ტელებორიანი გაუნძრევლად იჯდა და მძიმედ სუნთქავდა. ანიკა ჯიანინიმ
შეამჩნია, რომ მას უსიცოცხლო მზერა ჰქონდა.
– კერძოდ, თქვენს კომპიუტერში ცხრა ათასზე მეტი ბავშვთა პორნოგრაფიული
ფოტოს აღმოჩენისათვის.
ინსპექტორი კოლშე დაიხარა და პეტერ ტელებორიანის ლეპტოპი აიღო:
– ლეპტოპი ჩამორთმეულია, როგორც მტკიცებულება.
სასამართლო დარბაზიდან პოლიციელების თანხლებით მიმავალ პეტერ
ტელებორიანს ლიზბეთ სალანდერის მწველი მზერა მიაცილებდა.

თავი XXVIII
პარასკევი, 15/VII – შაბათი, 16/VII
მოსამართლე ივერსენმა მაგიდაზე კალმით დააკაკუნა ტელებორიანის
დაპატიმრების შედეგად ატეხილი ჩოჩქოლის დასაცხრობად. დაბნეულმა, მცირე
ყოყმანის შემდეგ პროკურორ ეკსტრომს შეხედა.
– ბოლო ერთ საათში მომხდარსა და მოსმენილზე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით?
ეკსტრომი წამოდგა. ჯერ მოსამართლე ივერსენს შეხედა, მერე მის წინ მჯდარ
კომისარ ედკლინთს და ბოლოს ლიზბეთ სალანდერის დაჟინებულ მზერას შეეჩეხა.
მიხვდა, რომ დამარცხდა. მერე ბლუმკვისტს გახედა და სასოწარკვეთილმა
გაიფიქრა, დიდი შანსია, „მილენიუმის“ ფურცლებზე მოვხვდეო... ეს კი მისი
კარიერის დასასრულს ნიშნავდა.
ეკსტრომი ვერაფრით იჯერებდა იმას, რაც მოხდა. სასამართლო პროცესი
თავდაჯერებულმა დაიწყო, ეგონა, საქმეს საფუძვლიანად იცნობდა.
კომისარ ნისტრომთან გულწრფელი საუბრების შემდეგ კარგად გააცნობიერა, რომ
ეროვნული უსაფრთხოება ამ საქმისადმი დელიკატურ მიდგომას ითხოვდა. მას
აუხსნეს, რომ სალანდერის 1991 წლის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა
ფალსიფიცირებული იყო. საჭირო შიდა ინფორმაცია მიაწოდეს. ბევრი რამით
დაინტერესდა და ასობით შეკითხვაზე მიიღო პასუხი. სიცრუე ეროვნული
ინტერესებისთვის. ახლა კი, ედკლინთის თქმით, ნისტრომი დააპატიმრეს.
ეკსტრომს ტელებორიანის სჯეროდა, რადგან ძალიან კომპეტენტურად და
თავდაჯერებულად ეჩვენებოდა.
„ღმერთო დიდებულო. ეს რა შარში გავეხვიე? ამ ხათაბალას თავი როგორ
დავაღწიო?“
ბლანჟეზე ხელი ჩამოისვა, ჩაახველა და სათვალე მოიხსნა.
– სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ გამოძიების არსებით დეტალებზე მცდარი
ინფორმაცია მომაწოდეს.
გაიფიქრა, იქნებ ყველაფრის გამომძიებლებზე გადაბრალება შევძლოო. უცებ
ინსპექტორი ბუბლანსკი დაუდგა თვალწინ.
„ბუბლანსკი მხარს არ დამიჭერს. თუ არასწორ ნაბიჯს გადავდგამ, ბუბლანსკი
პრესკონფერენციას მოიწვევს და ჩამძირავს“.
ეკსტრომმა ისევ სალანდერს შეხედა. გოგონა მშვიდად იჯდა და ცნობისმოყვარე და
შურისძიების სურვილით აღსავსე თვალებით ელოდა მის სიტყვას.
„არანაირი კომპრომისი“.
კვლავაც შეეძლო სტალარჰოლმენის ინციდენტში სალანდერის დადანაშაულება.
გოსებერგაში მამამისზე თავდასხმასა და მკვლელობის მცდელობაშიც დასდებდა
ბრალს. სასწრაფოდ უნდა შეეცვალა სტრატეგია; ყველაფერი, რაც ტელებორიანს
უკავშირდებოდა, უნდა მიევიწყებინა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სალანდერის
ფსიქოპათობაზე დავა აღარ ღირდა. მისი ქმედუუნარობა სრული ფიქცია იყო...
„პლუს, მას ვიდეოჩანაწერი აქვს“.
და უცებ გონება გაუნათდა.
„ღმერთო, ის ხომ მსხვერპლია. მორჩა და გათავდა“.
– მოსამართლე ივერსენ, მგონი, ვეღარ დავეყრდნობი იმ დოკუმენტებს, რომლებიც
ხელთ მაქვს.
– გეთანხმებით, – თქვა მოსამართლე ივერსენმა.
– იძულებული ვარ, შესვენება ან საქმის განხილვის გადადება მოვითხოვო, სანამ
ვითარებაში გავერკვევი.
– თქვენ რას იტყვით, ადვოკატო ჯიანინი? – ჰკითხა მოსამართლე ივერსენმა.
– მოვითხოვ, ჩემი კლიენტი ბრალდების ყველა პუნქტში გამართლდეს და
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. გარდა ამისა, მოვითხოვ, სასამართლომ ლიზბეთ
სალანდერისთვის ქმედუუნაროს სტატუსის მოხსნის საკითხზე იმსჯელოს. მეტიც,
მიმაჩნია, რომ მას მიყენებული მორალური თუ ფიზიკური ზიანის
ასანაზღაურებლად ფულადი კომპენსაცია ეკუთვნის.
ლიზბეთ სალანდერმა მოსამართლე ივერსენს შეხედა.
„არანაირი კომპრომისი“.
მოსამართლე ივერსენმა ჯერ სალანდერის ავტობიოგრაფიას დახედა და მერე
პროკურორ ეკსტრომს შეხედა.
– მეც მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, რამ მიგვიყვანა ამ სამწუხარო
შედეგებამდე. ვშიშობ, თქვენ ამ საქმის გამოძიებისთვის არ გამოდგებით.
იურისტისა და მოსამართლის მრავალწლიანი სტაჟი მაქვს, მაგრამ ასეთი
იურიდიული დილემის წინაშე არასდროს ვმდგარვარ. ვაღიარებ, არც კი ვიცი, რა
ვთქვა. პირველად შევესწარი, რომ სასამართლოში პროკურორის მთავარი მოწმე
დააპატიმრეს, ხოლო ერთი შეხედვით დამაჯერებელი სამხილი სრულ
ფალსიფიკაციად იქცა. სიმართლე გითხრათ, ბრალდების მხარეს არგუმენტიც კი
აღარ დარჩა.
პალმგრენმა ჩაახველა.
– გისმენთ, – ნება დართო მოსამართლე ივერსენმა.
– როგორც დაცვის მხარის წარმომადგენელი, თქვენს შეხედულებას ვიზიარებ.
ზოგჯერ უკან უნდა დაიხიო და ფორმალობებზე წინ საღი აზრი დააყენო. უნდა
გითხრათ, რომ თქვენ, როგორც მოსამართლემ, მხოლოდ მცირე ნაწილი იხილეთ იმ
სკანდალისა, რომელიც მალე მთელ ისტებლიშმენტს შეარყევს. დღეს „სეპოს“
თორმეტი თანამშრომელი დააპატიმრეს. მათ ბრალი ედებათ მკვლელობებში და
სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, რომელთა გამოძიებას საკმაო დრო
დასჭირდება.
– როგორც ჩანს, საქმის განხილვის გადადება მომიწევს.
– მაპატიეთ, რომ ვერევი, მაგრამ ეს ძალიან მცდარი გადაწყვეტილებაა.
– მაშ, რას მირჩევთ?
– ლიზბეთ სალანდერი უდანაშაულოა. მისი ავტობიოგრაფია, რომელსაც ექიმმა
ტელებორიანმა ფსიქოპათის წარმოსახვის ნაყოფი უწოდა, სრული სიმართლეა.
ყველაფერი დასაბუთებულია. სალანდერის სამოქალაქო უფლებები უხეშად
დაარღვიეს. სასამართლოს, რა თქმა უნდა, შეუძლია ფორმალობებს გამოეკიდოს და
ამ საქმის განხილვა განაგრძოს, სანამ სალანდერი საბოლოოდ არ გამართლდება.
თუმცა, არსებობს ერთი აშკარა ალტერნატივა: ყველაფერი, რაც ლიზბეთ სალანდერს
ეხება, ახალ გამოძიებას გადავცეთ. ასეთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ამ
არეულობაში გარკვევას ცდილობს.
– თქვენი აზრი გასაგებია.
– როგორც ამ საქმის მოსამართლეს, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ. ყველაზე
გონივრული იქნება, თუ პროკურორ ეკსტრომის წინასწარი გამოძიების შედეგებს
უკუაგდებთ და მას საქმის მასალების განახლებას მოსთხოვთ.
მოსამართლე ივერსენმა მკაცრად შეხედა პროკურორ ეკსტრომს.
– სამართლიანი იქნება, თუ ჩემს კლიენტს დაუყოვნებლივ გაამართლებთ. ის
ბოდიშის მოხდასაც იმსახურებს, მაგრამ ეს დროს წაიღებს და თან ხელახალი
გამოძიების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
– თქვენი მესმის, ადვოკატო პალმგრენ, მაგრამ სანამ თქვენს კლიენტს
უდანაშაულოდ გამოვაცხადებ, მე თვითონ წესიერად უნდა გავერკვე ვითარებაში.
ამისთვის დრო დამჭირდება...
მოსამართლე ივერსენი შეყოყმანდა და ჯიანინის შეხედა.
– სასამართლო რომ ორშაბათამდე გადავდო და თქვენი სურვილი დავაკმაყოფილო,
რახან თქვენი კლიენტის პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძველი არ
გამაჩნია – ეს ნიშნავს, რომ რაც უნდა მოხდეს, მას სასჯელის მოხდა ციხეში
არავითარ შემთხვევაში არ მოუწევს – მომცემთ გარანტიას, რომ გამოძახების
შემთხვევაში სასამართლოში გამოცხადდება?
– რა თქმა უნდა, – სასწრაფოდ უპასუხა პალმგრენმა.
– არა, – მკვეთრად გააპროტესტა სალანდერმა.
ყველა ამ დრამის მთავარ გმირს მიაშტერდა.
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა მოსამართლე ივერსენმა.
– როგორც კი გამათავისუფლებთ, ქვეყანას დავტოვებ. ამ დარბაზში მეტჯერ ფეხს
აღარ დავდგამ.
– მაშ, თუ გამოგიძახებთ, არ მოხვალთ?
– არ მოვალ. თუ კიდევ რამე გაინტერესებთ ჩემგან, საკანში დამტოვეთ. როგორც კი
გამათავისუფლებთ, ჩემთვის ეს ამბავი დასრულდება. ვერც თქვენთვის მოვიცლი,
ვერც პროკურორ ეკსტრომისთვის და ვერც სხვა რომელიმე პოლიციელისთვის.
მოსამართლე ივერსენმა ამოიხვნეშა. პალმგრენი გაოგნებული უყურებდა
სალანდერს.
– ჩემს კლიენტს ვეთანხმები, – თქვა ადვოკატმა ჯიანინიმ, – ეს მთავრობამ და
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს დანაშაული ლიზბეთ სალანდერის
წინააღმდეგ და არა – პირიქით. იმდენს მაინც იმსახურებს, რომ ამ დარბაზიდან
გამართლებული გავიდეს და ეს საშინელება წარსულში დატოვოს.
„არანაირი კომპრომისი“.
მოსამართლე ივერსენმა მაჯის საათს დახედა.
– უკვე სამი საათია. მაშ, მაიძულებთ, რომ თქვენი კლიენტი საკანში დავაბრუნო?
– თქვენს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით. როგორც ფრეკენ სალანდერის
ინტერესების წარმომადგენელი, მოვითხოვ, ჩემს კლიენტს პროკურორ ეკსტრომის
წაყენებული ყველა ბრალდება მოეხსნას და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ასევე
მოვითხოვ, ქმედუუნაროს სტატუსი გაუუქმდეს და ყველა სამოქალაქო უფლება
დაუყოვნებლივ აღუდგეს.
– ქმედუუნაროს სტატუსის გაუქმებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, რაც თქვენს კლიენტს
ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდება.
– ეს ჩვენთვის მიუღებელია, – თქვა ადვოკატმა ჯიანინიმ.
– რატომ?
– ლიზბეთ სალანდერს იგივე სამოქალაქო უფლებები უნდა გააჩნდეს, რაც შვედეთის
ნებისმიერ მოქალაქეს. ის დანაშაულის მსხვერპლია. ის შეცდომით გამოაცხადეს
ქმედუუნაროდ. ამის დამამტკიცებელი სამხილები გაგვაჩნია. მისი მეურვეობის ქვეშ
ყოფნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და, შესაბამისად, ქმედდუნაროს
სტატუსი უპირობოდ უნდა გაუუქმოთ. არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, ჩემი
კლიენტი ფსიქიატრებმა გამოიკვლიონ. არც ერთ დანაშაულის მსხვერპლს არ უწევს
იმის მტკიცება, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი არაა.
მოსამართლე ივერსენი ამ სიტყვებზე დაფიქრდა.
– ადვოკატო ჯიანინი, ვაცნობიერებ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევაა.
თხუთმეტწუთიან შესვენებას ვაცხადებ, რათა აზრები მოვიკრიბოთ. არანაირი
სურვილი არ მაქვს, თქვენი კლიენტი საკანში იჯდეს, თუკი ის უდანაშაულოა.
მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი უნდა გავაგრძელოთ, სანამ მას
ოფიციალურად არ გამოვაცხადებთ უდანაშაულოდ.
– ძალიან კარგი, – თქვა ჯიანინიმ.
ბლუმკვისტი დას გადაეხვია.
– როგორ მიდის საქმე?
– მიქაელ, ტელებორიანი გავანადგურე.
– ხომ გეუბნებოდი, ვერავინ დაგამარცხებს-მეთქი. საქმე საქმეზე თუ მიდგება, ეს
ამბავი ჯაშუშებსა და სპეცსამსახურების აგენტებზე კი არა, ქალთა მიმართ
ძალადობასა და ამ ძალადობის ხელშემწყობ მამაკაცებზეა. რასაც მე შევესწარი,
უბადლო იყავი. სალანდერს აუცილებლად გაამართლებენ.
– მართალი ხარ. არანაირი ეჭვი აღარ არსებობს.
მოსამართლე ივერსენმა მაგიდაზე ჩაქუჩი დააკაკუნა.
– თუ შეიძლება ყველაფერი მოკლედ შეაჯამეთ, რომ მომხდარის მთლიანი სურათი
აღვიდგინო.
– მაშ, კარგი, – თქვა ჯიანინიმ, – დავიწყოთ „სეპოს“ შიგნით არსებული საიდუმლო
ჯგუფით, რომელიც თავს „სექციას“ უწოდებდა და სამოცდაათიან წლებში დევნილი
საბჭოთა ჯაშუშის მფარველად იქცა. ეს ამბავი დღეს „მილენიუმის“ ახალ ნომერში
დაიბეჭდა. დარწმუნებული ვარ, საღამოს ყველა საინფორმაციო გამოშვება ამ თემით
დაიწყება...
18:00 საათზე მოსამართლე ივერსენმა სალანდერის გათავისუფლება და მისი
ქმედუნარიანად გამოცხადება გადაწყვიტა.
ოღონდ განაჩენი ერთი პირობით გამოიტანა: მოსამართლე ივერსენმა მოითხოვა,
სალანდერი ფორმალურ დაკითხვაზე გამოცხადებულიყო, რომელზეც
დაადასტურებდა, ზალაჩენკოს საქმის შესახებ ჩემთვის ცნობილიაო. თავიდან
სალანდერმა იუარა. მისმა უარმა მცირე კამათი გამოიწვია. ბოლოს მოსამართლე
ივერსენმა ხმას აუწია. წინ გადაიხარა და სალანდერს თვალი გაუსწორა:
– ფრეკენ სალანდერ, რაკი ქმედუნარიანად გაცხადებთ, თქვენც იმავე უფლებებით
ისარგებლებთ, რითაც შვედეთის ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს. ეს კი იმასაც
ნიშნავს, რომ თქვენც იგივე ვალდებულებები დაგეკისრებათ. შესაბამისად, თქვენი
მოვალეობაა, განკარგოთ საკუთარი ფინანსები, გადაიხადოთ გადასახადები,
დაემორჩილოთ კანონს და დაეხმაროთ პოლიციას სერიოზული დანაშაულების
გამოძიებაში. ამგვარად, როგორც შვედეთის სრულუფლებიან მოქალაქეს,
დაკითხვაზე გიბარებთ, რადგან თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა
სასიცოცხლო აღმოჩნდეს გამოძიებისთვის.
ამან სალანდერზე იმოქმედა. განაწყენებულმა ტუჩი კი აიბზუა, მაგრამ კამათი
შეწყვიტა.
– როცა პოლიცია დაგკითხავთ, წინასწარი გამოძიების ხელმძღვანელი – ამ
შემთხვევაში, გენერალური პროკურორი – გადაწყვეტს, საჭირო იქნება თუ არა
შემდგომში თქვენი კიდევ ერთხელ დაკითხვა. როგორც შვედეთის ნებისმიერ
მოქალაქეს, თქვენც შეგიძლიათ დაკითხვაზე არ გამოცხადდეთ. როგორ მოიქცევით,
ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ გახსოვდეთ, კარტ-ბლანში აღარ გაქვთ. თუ დაკითხვაზე
არ გამოცხადდებით, როგორც ნებისმიერ ქმედუნარიან ზრდასრულ ადამიანს,
კანონის დაუმორჩილებლობასა და სიმართლის დაფარვაში დაგდებენ ბრალს.
გამონაკლისები არ დაიშვება.
სალანდერი კიდევ უფრო მოიღუშა.
– აბა, რას მიპასუხებთ? – ჰკითხა მოსამართლე ივერსენმა.
ხანმოკლე ფიქრის შემდეგ სალანდერმა თავი დააქნია.
„კარგი, მცირე კომპრომისი“.
იმავე საღამოს, ზალაჩენკოს საქმის განხილვისას, ადვოკატმა ჯიანინიმ პროკურორ
ეკსტრომზე მიიტანა იერიში. საბოლოოდ, პროკურორმა ეკსტრომმა აღიარა, რომ
მოვლენები დაახლოებით ისე განვითარდა, როგორც ამას ადვოკატი ჯიანინი
აღწერდა – წინასწარი გამოძიების წარმოებაში კომისარი ნისტრომი მეხმარებოდა,
ხოლო ექიმი ტელებორიანი ინფორმაციას მაწვდიდაო. შეთქმულებაში პროკურორ
ეკსტრომის მონაწილეობაზე საუბარი არც ყოფილა; თავისთავად ცხადი იყო, რომ
მას, წინასწარი გამოძიების ხელმძღვანელს, მხოლოდ კეთილი მიზნები ამოძრავებდა
და „სექციის“ ინტრიგის მსხვერპლი გახდა. როცა შეთქმულების დეტალებში
გაერკვა, პროკურორმა სალანდერს ყველა ბრალდება მოუხსნა და ამით მთელი რიგი
ბიუროკრატიული ფორმალობებისა წამში მოგვარდა. მოსამართლე ივერსენმა
შვებით ამოისუნთქა.
მრავალი წლის შემდეგ სასამართლო დარბაზში დაბრუნებული ჰოლგერ პალმგრენი
ძლიერ დაიღალა. ერსტას სარეაბილიტაციო ცენტრში ის Milton Security-ის ფორმიანმა
მცველმა წაიყვანა. წასვლამდე მოხუცმა სალანდერს მხარზე დაადო ხელი.
ერთმანეთს უსიტყვოდ შეხედეს. სალანდერმა თავი დაუქნია და გაუღიმა.
ჯიანინიმ 19:00 საათზე ბლუმკვისტს დაურეკა და აცნობა, სალანდერს ყველა
ბრალდება მოუხსნეს, მაგრამ ერთი-ორი საათით პოლიციის სამმართველოში
მოუწევს დარჩენა, რადგან უნდა დაკითხონო.
ამ დროს „მილენიუმის“ ყველა თანამშრომელი რედაქციაში იყო შეკრებილი. მას
შემდეგ, რაც ჟურნალის ახალი ნომრის ტირაჟის პირველი ეგზემპლარები
გავრცელდა, რედაქციაში სატელეფონო ზარები ატყდა. საღამოს TV4-მა ზალაჩენკოსა
და „სექციისადმი“ მიძღვნილი სპეციალური რეპორტაჟი გაუშვა. მთელი ქვეყნის
ყურადღება მედიასაშუალებებმა მიიპყრო.
ბლუმკვისტი კაბინეტიდან გამოვიდა, ორი თითი პირში ჩაიდო და ხმამაღლა
დაუსტვინა.
– უმაგრესი ამბავია. ლიზბეთ სალანდერს ყველა ბრალდება მოუხსნეს.
რედაქციაში საყოველთაო ოვაცია ატყდა. მერე ყველა ტელეფონს მიუბრუნდა,
თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
რედაქციაში ტელევიზორი იყო ჩართული და TV4-ის საინფორმაციო გამოშვება
იწყებოდა. მოკლე ანონსში უჩვენეს, როგორ მალავდა იუნას სანდბერგი
ბლუმკვისტის ბინაში კოკაინს.
„ვიდეოჩანაწერში „სეპოს“ აგენტი „მილენიუმის“ ჟურნალისტის, მიქაელ
ბლუმკვისტის, ბინაში კოკაინს მალავს“.
მერე ეკრანზე საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გაჩნდა.
„დღეს „სეპოს“ თორმეტი თანამშრომელი დააკავეს მრავალი, მათ შორის,
მკვლელობის, ბრალდებით. წარმოგიდგენთ სპეციალურ საინფორმაციო
გამოშვებას“.
ეკრანზე მისი ნაცნობი წამყვანი ქალის გამოჩენაზე და მის გვერდით სავარძელში
საკუთარი თავის დანახვაზე, ბლუმკვისტმა ხმას დაუწია, – ისედაც იცოდა, თვითონ
რა ილაპარაკა, – იმ მაგიდას გახედა, რომელთანაც დაგ სვენსონი მუშაობდა ხოლმე.
მისი კვლევა სექს-ტრეფიკინგის თემაზე აღარსად ჩანდა, მაგიდაზე საბუთების და
ქაღალდების უწესრიგო გროვა ეყარა, რომელთა მილაგებისთვის არავის ეცალა.
სწორედ ამ მაგიდასთან დაიწყო ბლუმკვისტისთვის „ზალაჩენკოს საქმე“. ინატრა,
ნეტა დაგს მისი დასასრული ენახაო. ბლუმკვისტის „სექციის“ შესახებ დაწერილი
წიგნის რამდენიმე ეგზემპლარის გვერდით სვენსონის ახლახან გამოცემული წიგნის
ეგზემპლარები იწონებდა თავს.
„ეს ძალიან მოგეწონებოდა“.
მის კაბინეტში ტელეფონი აწკრიალდა, მაგრამ ბლუმკვისტს ყურმილის აღება
დაეზარა. კარი გაიხურა, ბერგერის კაბინეტში შევიდა და ფანჯარასთან
კომფორტულ სავარძელში ჩაჯდა. ბერგერი ტელეფონზე საუბრობდა. ბლუმკვისტმა
მიმოიხედა. უკვე ერთი თვე გასულიყო ბერგერის დაბრუნებიდან, მაგრამ აპრილში
აქედან წასვლისას ჩამოხსნილი ფოტოები და ნახატები ჯერაც არ დაეკიდა კედელზე.
კარადის თაროებიც ცარიელი იყო.
– აბა, როგორ ხარ? – ჰკითხა ბერგერმა მას შემდეგ, რაც ყურმილი დადო.
– მგონი, ბედნიერი ვარ, – უპასუხა ბლუმკვისტმა.
ბერგერს გაეცინა.
– შენი წიგნი ნამდვილი სენსაცია იქნება. ყველა გაზეთი თუ ტელევიზია
გადარეულია. რას იტყვი, დღეს Aktuellt-ის ცხრასაათიან გამოშვებაში გამოსვლის
განწყობაზე ხარ?
– არა მგონია.
– ასეც ვიცოდი.
– ამ თემაზე კიდევ რამდენიმე თვეს ისაუბრებენ. საჩქარო არაფერია.
ბერგერმა თავი დაუქნია.
– ამ საღამოს რას აკეთებ? – ჰკითხა მერე.
– არ ვიცი, – ტუჩზე იკბინა ბლუმკვისტმა, – ერიკა, მე...
– ფიგეროლა, – გაეღიმა ბერგერს.
ბლუმკვისტმა თავი დაუქნია.
– საქმე სერიოზულადაა?
– არ ვიცი.
– მას უყვარხარ.
– მგონი, მეც მიყვარს, – თქვა ბლუმკვისტმა.
– გპირდები, შენგან თავს შორს დავიჭერ, სანამ... ხომ იცი, ყველაფერი ხდება, – თქვა
ბერგერმა.
7:00 საათზე „მილენიუმში“ არმანსკი და ლინდერი მოვიდნენ. გამარჯვების
აღსანიშნავად რამდენიმე ბოთლი შამპანური მიეტანათ. ბერგერი ლინდერს
გადაეხვია და ყველას წარუდგინა. არმანსკი ბლუმკვისტის კაბინეტში ჩამოჯდა.
ნელ-ნელა წრუპავდნენ შამპანურს. კარგა ხანს არც ერთს არაფერი უთქვამს. ბოლოს
სიჩუმე არმანსკიმ დაარღვია:
– იცი რა, ბლუმკვისტ, პირველად რომ შეგხვდი ჰედესტადის საქმესთან
დაკავშირებით, დიდად არ მომეწონე.
– კაი ერთი.
– მაშინ ლიზბეთ სალანდერი მკვლევრად დაიქირავე და ხელშეკრულების
გასაფორმებლად მოხვედი.
– მახსოვს.
– მგონი, შენზე ვიეჭვიანე. სალანდერი სულ რამდენიმე საათის გაცნობილი გყავდა,
მაგრამ უკვე შენთან ერთად იცინოდა. მე კი იმდენი წელი სულ მასთან
დამეგობრებას ვცდილობდი, მაგრამ ჩემთვის არც კი გაუღიმია.
– დიდი წარმატებისთვის არც მე მიმიღწევია.
კვლავ გაჩუმდნენ.
– კარგია, რომ ყველაფერი დამთავრდა, – თქვა არმანსკიმ.
– გილოცავთ! – ბლუმკვისტმა დანარჩენებს ჭიქები მიუჭახუნეს.
სალანდერის ფორმალურ დაკითხვას ინსპექტორები, ბუბლანსკი და მუდიგი
აწარმოებდნენ. გადატვირთული დღის შემდეგ შინ დაბრუნებულები, ისევ
პოლიციის მთავარ სამმართველოში იხმეს.
სალანდერს ადვოკატი ჯიანინიც ახლდა. გოგონამ ბუბლანსკისა და მუდიგის
ყველამ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა და ჯიანინის ჩარევა ან დამატებითი
კომენტარის გაკეთება აღარ დასჭირვებია.
სალანდერმა მხოლოდ ორჯერ იცრუა. სტალარჰოლმენის ინციდენტის აღწერისას
ჯიუტად იმეორებდა, მაგე ლუნდინი შემთხვევით სონი ნიემინენმა დაჭრა, რადგან
როცა ტასერი მივადე, პისტოლეტი გაუვარდაო. როცა ჰკითხეს, ტასერი საიდან
მოიტანეო, უპასუხა, ლუნდინს წავართვიო.
ბუბლანსკის და მუდიგს მისი სიტყვების არ სჯეროდათ, მაგრამ საპირისპიროს
დასამტკიცებლად არც სამხილები გააჩნდათ და არც მოწმეები ჰყავდათ.
სალანდერის ჩვენების გაპროტესტება მხოლოდ ნიემინენს შეეძლო, მაგრამ ის
ინციდენტის შესახებ არაფერს ამბობდა; სიმართლე ითქვას, როცა სალანდერმა
ტასერით დაშოკა ნიემინენი, რამდენიმე წამს უგონოდ იყო და არაფერი ეხსომებოდა.
რაც შეეხება სალანდერის გოსებერგაში ვიზიტს, გოგონა ამტკიცებდა, იქ ერთადერთი
მიზნით ჩავედი, მამაჩემი დამერწმუნებინა, პოლიციას ჩაბარებოდაო.
სალანდერი ამას ისეთი გულწრფელი სახით ყვებოდა, რომ ვერაფრით
დაასკვნიდით, იტყუებაო. ჯიანინიმ ამ საკითხზე არაფერი იცოდა და არც აზრი
გამოუთქვამს.
ერთადერთი პიროვნება, რომელმაც იცოდა, რომ სალანდერი გოსებერგაში მამასთან
ანგარიშის ერთხელ და სამუდამოდ გასასწორებლად ჩავიდა, ბლუმკვისტი იყო.
მაგრამ ის სასამართლო დარბაზში დაკითხვის შემდეგ სწრაფადვე დაითხოვეს და
არც არავის გაუგია, რომ სალანდერი მას სოლგრენსკას საავადმყოფოდან
ინტერნეტით უჩუმრად ესაუბრებოდა.
მედიას სალანდერის გათავისუფლება საერთოდ გამორჩა. ზუსტი თარიღი რომ
ცნობილი ყოფილიყო, ჟურნალისტების დიდი არმია შეიკრიბებოდა პოლიციის
სამმართველოს წინ. მაგრამ „მილენიუმის“ ახალი ნომერის გამოსვლის შემდეგ
„სეპოს“ თანამშრომლების მიერ „სეპოს“ სხვა თანამშრომლების დაპატიმრების
შედეგად ატეხილმა ქაოსმა ჟურნალისტებს ყურადღება გაუფანტა.
მხოლოდ TV4-ის საავტორო გადაცემის წამყვანმა ქალმა იცოდა, სინამდვილეში რაც
ხდებოდა. მისმა ერთსაათიანმა რეპორტაჟმა დიდი მოწონება დაიმსახურა და
რამდენიმე თვის შემდეგ „წლის საუკეთესო საინფორმაციო რეპორტაჟის“ ჯილდოც
მოიპოვა.
მუდიგმა სალანდერი და ჯიანინი პოლიციის სამმართველოს გარაჟში ჩაიყვანა და
მანქანით ჯიანინის ჩირკოპლანზე მდებარე ოფისში წაიყვანა. იქ ჯიანინის მანქანაში
გადასხდნენ. მუდიგი შინ წავიდა, ხოლო ჯიანინი – სოდერმალმში. პარლამენტის
შენობას რომ ჩაუარეს, ჯიანინიმ სიჩუმე დაარღვია.
– საიYთ?
– ლუნდაგატანზე სადმე ჩამომსვი, – ხანმოკლე ფიქრის შემდეგ უპასუხა
სალანდერმა.
– მირიამ ვუ იქ აღარ ცხოვრობს.
სალანდერმა ჯიანინის შეხედა.
– საავადმყოფოდან გაწერეს თუ არა, საფრანგეთში გაემგზავრა. მშობლებთან
ცხოვრობს, თუ მასთან დაკავშირება გინდა.
– აქამდე რატომ არ მითხარი?
– არ გიკითხავს. ასე თქვა, განმარტოება მჭირდებაო. დილით მიქაელმა ეს მომცა,
სალანდერს დაუბრუნე, დასჭირდებაო.
ჯიანინიმ გასაღების ასხმა მიაწოდა. სალანდერმა გამოართვა.
– გმადლობ. მაშინ იქნებ ფოლკუნგაგატანზე ჩამომსვა?
– არ მეტყვი, საც ცხოვრობ?
– სხვა დროს. ახლა მარტო ყოფნა მინდა.
უცებ ჯიანინის მობილური ტელეფონი აწკრიალდა.
– მიქაელია, – ეკრანს დახედა ჯიანინიმ, – ბოლო რამდენიმე საათია, ყოველ ათ
წუთში ერთხელ რეკავს.
– მასთან საუბარი არ მინდა.
– მითხარი... შეიძლება პირადული შეკითხვა დაგისვა?
– კი.
– ასეთი რა გაწყენინა მიქაელმა, რომ ასე ძლიერ გძულს? ის რომ არა, ალბათ დღესვე
საგიჟეთში გამოგკეტავდნენ.
– არ მძულს და არც არაფერი უწყენინებია. უბრალოდ, ახლა მისი ნახვა არ მინდა.
ჯიანინიმ თავის კლიენტს შეხედა.
– არ მინდა, შენს პირად საქმეში ჩავერიო, მაგრამ მგონი ჩემი ძმა გიყვარს.
სალანდერმა ფანჯრისკენ იბრუნა პირი და არაფერი უპასუხა.
– როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, ჩემი ძმა ძალიან
უპასუხისმგებლოდ იქცევა. ვისთანაც მოუნდება, იმასთან წვება და საერთოდ არ
ფიქრობს ქალებზე, რომლებისთვისაც უფრო მეტია, ვიდრე დროებითი საყვარელი.
– შენთან მიქაელზე საუბარი არ მინდა, – თვალი გაუსწორა ჯიანინის სალანდერმა.
– კარგი, – თქვა ჯიანინიმ და მანქანა ერსტაგატანის გზაჯვარედინზე, ტროტუართან
გააჩერა მანქანა, – აქ გაწყობს?
– კი.
ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ. სალანდერი მანქანიდან არ გადადიოდა. მაშინ ჯიანინიმ
ძრავა გამორთო.
– ახლა რა მოხდება? – იკითხა სალანდერმა ბოლოს.
– ის, რომ ხვალიდან ქმედუნარიანად გამოგაცხადებენ და ისე იცხოვრებ, როგორც
მოგესურვება. მართალია, სასამართლოში საქმე მოვიგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი
ბიუროკრატიული ფორმალობაა მოსაგვარებელი. სამეურვეო სააგენტოში ამ
საკითხს განიხილავენ, იმსჯელებენ კომპენსაციის თაობაზე და ა. შ. დანაშაულის
გამოძიებაც გაგრძელდება.
– არანაირი კომპენსაცია არ მჭირდება, ოღონდ თავი დამანებონ.
– გასაგებია, მაგრამ ეს შენს სურვილზე არაა დამოკიდებული. გირჩევ, ადვოკატი
დაიქირავო.
– შენ აღარ გინდა ჩემი ადვოკატობა?
ჯიანინიმ თვალები მოისრისა. დამღლელი დღის შემდეგ თავს გამოფიტულად
გრძნობდა. შინ წასვლა და წყლის გადავლება უნდოდა. ქმარს ზურგის მასაჟს
გააკეთებინებდა.
– არ ვიცი. არ მენდობი. არც მე გენდობი. არ მინდა, ხანგრძლივ პროცესში ჩავერთო,
როცა ვიცი, რომ თუ რჩევას მოგცემ ან რამეს გკითხავ, შენგან პასუხად მხოლოდ
დუმილს მივიღებ.
სალანდერს კარგა ხანს არაფერი უთქვამს.
– მე... მე ადამიანთან ურთიერთობა მიჭირს. მაგრამ გენდობი.
მისმა სიტყვებმა ბოდიშივით გაიჟღერა.
– შეიძლება, მაგრამ ეს მხოლოდ შენი პრობლემაა. აი, თუ შენს ადვოკატობას
გავაგრძელებ, მაშინ ჩემი პრობლემაც გახდება.
ისევ გაჩუმდნენ.
– გინდა, რომ კვლავ შენი ადვოკატი ვიყო?
სალანდერმა თავი დააქნია. ჯიანინიმ ამოიხვნეშა.
– ფისკარგატანის №9-ში ვცხოვრობ. იქამდე მიმიყვან?
ჯიანინიმ თავის კლიენტს შეხედა და მანქანა დაძრა. სალანდერი მითითებულ
მისამართზე მიიყვანა.
– ვცადოთ, – თქვა ჯიანინიმ, – აი, ჩემი პირობები: შენი ადვოკატი ვიქნები, ოღონდ,
როცა დაგირეკავ, მიპასუხებ; როცა სამოქმედოდ შენი აზრის გაგება დამჭირდება,
მკაფიო პასუხს გამცემ; როცა გეტყვი, რომ პოლიციელს ან პროკურორს უნდა შეხვდე
ან გამომძიებლებს დაეხმარო, ჩათვალე, რომ მე ამას საჭიროდ მივიჩნევ – დათქმულ
დროს საჭირო ადგილზე ყოველგვარი წუწუნის გარეშე გამოცხადდები. შეძლებ ამას?
– კი.
– თუ გაჭირვეულდები, შენს ადვოკატობას შევწყვეტ. გასაგებია?
სალანდერმა თავი დააქნია.
– კიდევ ერთი: შენსა და ჩემს ძმას შორის ურთიერთობაში მე ვერ ჩავერევი. თუ
მასთან პრობლემა გაქვს, თავად მოაგვარე. თუმცა, გახსოვდეს, ის შენი მტერი არ
არის.
– ვიცი. ამ საქმეს მე მივხედავ. ოღონდ ცოტა დრო მჭირდება.
– ახლა რას აპირებ?
– არ ვიცი. თუ რამე დაგჭირდება, იმეილი მომწერე. გპირდები, როგორც კი შევძლებ,
გიპასუხებ. ოღონდ იცოდე, ელფოსტას ყოველდღე არ ვამოწმებ.
– ადვოკატი შენს დამონებას კი არ აპირებს. ჯერჯერობით ესეც საკმარისია. აბა, ახლა
მოუსვი მანქანიდან. საშინლად დაღლილი ვარ და მეძინება.
სალანდერმა კარი გააღო და გადავიდა. კარის მიკეტვას აპირებდა, მაგრამ ისევ
ჯიანინისკენ შებრუნდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ საჭირო სიტყვები ვერ
მოიფიქრა.
– ყველაფერი კარგადაა, ლიზბეთ, – უთხრა ჯიანინიმ, – შინ წადი და დაიძინე. ეცადე,
ცოტა ხნით შარში არ გაყო თავი.
სალანდერი ტროტუარზე იდგა, სანამ ჯიანინის მანქანის უკანა ფარები მოსახვევში
არ გაუჩინარდა.
– გმადლობ, – თქვა ბოლოს.

თავი XXIX
შაბათი, 1/VII – პარასკევი, 7/X
სალანდერმა თავისი პალმტოპი ჰოლში, მაგიდაზე იპოვა. პალმტოპის გვერდით იდო
მანქანის გასაღები და ჩანთა, რომელიც ლუნდაგატანზე სადარბაზო კართან
ლუნდინის თავდასხმისას დაკარგა. იქვე იპოვა ჰორნსგატანის საფოსტო ყუთიდან
ამოღებული გახსნილი და გაუხსნელი წერილები.
„ოხ, ეს მიქაელ ბლუმკვისტი“.
ფრთხილად შეაბიჯა ავეჯით გაწყობილ ოთახებში. ბლუმკვისტის ნაკვალევს
ყველგან მიაგნო. თურმე ბლუმკვისტს მის საწოლში ეძინა და მის მაგიდასთან
მუშაობდა. მისი პრინტერიც გამოეყენებინა. სანაგვე კალათაში „სექციის“
ხელნაწერის შავი ვარიანტი და შენიშვნებით აჭრელებული დაჭმუჭნილი ფურცლები
ეყარა.
ბლუმკვისტს პროდუქტებიც ეყიდა და მაცივარში შეეწყო.
სამზარეულოს მაგიდაზე თეთრი კონვერტი იდო და ზედ სალანდერის სახელი
ეწერა. ბლუმკვისტს მოკლე შეტყობინება დაეტოვებინა: თავისი ტელეფონის
ნომერი.
სალანდერი მიხვდა, რომ ახლა ჯერი მასზე იყო. ბლუმკვისტი აღარ
დაუკავშირდებოდა. მან სამუშაო დაასრულა, ბინის გასაღები დაუტოვა და მასთან
დარეკვას აღარ აპირებდა, თუ ეს თავად სალანდერს არ მოუნდებოდა.
„ჯიუტი ნაბიჭვარი“.
სალანდერმა ყავა დაადგა მოსადუღებლად, ოთხი სენდვიჩი მოიმზადა, ფანჯრის
რაფაზე ჩამოჯდა, დიურგორდენს გახედა, სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრდა.
ყველაფერი დასრულდა, მაგრამ თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა.
„მირიამ ვუ საფრანგეთში წასულა. ჩემ გამო კინაღამ მოკლეს“.
მიმის გახსენებაზე სალანდერს გააცახცახა. დაგეგმილი ჰქონდა, გამათავისუფლებენ
თუ არა, პირველ ყოვლისა, მიმის ვინახულებო – ის კი საფრანგეთში წავიდა.
უეცრად ბევრ ვინმესთან ვალში აღმოჩნდა.
პალმგრენთან. არმანსკისთან.
„მათ უნდა დავურეკო და მადლობა ვუთხრა“.
პაოლო რობერტოსთან. Trinity-სთან. Plague-სთან. იმ წყეულ პოლიციელებთანაც,
ბუბლანსკისთან და მუდიგთან, რომლებიც დაუფარავად უჭერდნენ მხარს. არადა,
სალანდერს არ უყვარდა, როცა ვინმესთან ვალში იყო. ახლა თავს პაიკად გრძნობდა
თამაშში.
ვალში იყო „ნაბიჭვარ კალე ბლუმკვისტთან“ და თვით იმ პრანჭია, თავდაჯერებულ
ერიკა ბერგერთანაც.
ყველაფერი დამთავრდაო, თქვა ანიკა ჯიანინიმ, როცა პოლიციის მთავარი
სამმართველოდან გამოვიდნენ. სასამართლო პროცესი მართლაც დასრულდა;
დასრულდა ჯიანინისთვის; დასრულდა ბლუმკვისტისთვისაც – მან წიგნი გამოსცა;
მალე რომელიმე სატელევიზიო გადაცემაში გამოჩნდებოდა და ალბათ რომელიმე
სულელურ ჯილდოსაც მიიღებდა; მაგრამ ლიზბეთ სალანდერისთვის არაფერი
დასრულებულა. ეს მისი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღე იყო.
დილის 4:00 საათზე ფიქრი შეწყვიტა. პანკური ტანსაცმელი გაიხადა და იატაკზე
დაყარა, და სააბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად. სახიდან მაკიაჟი მოირეცხა. შავი
ფართხუნა შარვალი, თეთრი მაისური და თხელი ჟაკეტი ჩაიცვა. ჩანთაში რამდენიმე
წყვილი საცვალი და ორი მაისური ჩაალაგა, პალმტოპი აიღო და მოსებაკეს
მოედანზე ტაქსი გამოიძახა. დაახლოებით 6:00 საათზე არლანდას აეროპორტში იყო
და ირჩევდა, სად გაფრენილიყო. ბოლოს მალაგის დილის რეისზე იყიდა ბილეთი.
თავისი ნამდვილი პასპორტით ისარგებლა. მისდა გასაკვირად, არც სალაროსთან და
არც რეგისტრაციისას არავის უცნია.
მალაგაში შუადღის ხვატში ჩაფრინდა. აეროპორტში მცირე ხნით შეყოვნდა, სად
წავიდეო. მერე იქვე მაღაზიაში მზის სათვალე იყიდა, ტაქსის გაჩერებაზე გავიდა და
პირველივე ტაქსის უკანა სავარძელზე მოკალათდა.
– გიბრალტარი. საკრედიტო ბარათით გადავიხდი.
სანაპიროს გასწვრივ მგზავრობამ სამ საათს გასტანა. სალანდერი ბრიტანეთის
საპასპორტო კონტროლთან ჩამოვიდა, საზღვარი გადაკვეთა და იუროპ-როუდზე,
ნაწილობრივ 425 მეტრიან მონოლითზე მდგარ Rock Hotel-ში შევიდა. იკითხა,
Yთავისუფალი ნომერი თუ გაქვთო. ორკაციანი ნომერი ორი კვირით დაჯავშნა და
ადმინისტრატორს საკრედიტო ბარათი გაუწოდა.
შხაპი მიიღო და აივანზე პირსახოცშემოხვეული გავიდა. გიბრალტარის ყურეში
სატვირთო გემები და რამდენიმე იახტა დაცურავდა. ყურის გადაღმა, ჰორიზონტზე,
მაროკოს სანაპირო მოჩანდა. ირგვლივ სიმშვიდეს დაესადგურებინა.
ცოტა ხანში სალანდერი ნომერში შევიდა და დაიძინა.
მეორე დილით სალანდერს 5:00 საათზე გაეღვიძა. ადგა, შხაპი მიიღო და პირველ
სართულზე სასტუმროს ბარში ყავა დალია. 7:00 საათზე მანგოს და ვაშლის
საყიდლად წავიდა. მთის წვერზე ტაქსით ავიდა და მაიმუნების სანახავად გაეშურა.
ასე ადრიანად ჯერ მხოლოდ რამდენიმე ტურისტი გამოსულიყო სასეირნოდ და
ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდა ცხოველებთან.
სალანდერს გიბრალტარი მოსწონდა. უკვე მესამედ იყო ამ უჩვეულო კლდეზე,
რომელზეც აბსურდულად მჭიდროდ დასახლებული ინგლისური ქალაქი
მდებარეობდა. გიბრალტარი მსოფლიოს არც ერთ სხვა ადგილს არ ჰგავდა. ეს
ქალაქი-კოლონია ათწლეულების განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდა, მაგრამ
ესპანეთთან მიერთებაზე მაინც უარს ამბობდა. ესპანელები, რასაკვირველია,
აპროტესტებდნენ ოკუპაციას (სალანდერის აზრით, ესპანელებს ხმა არ
ამოეღებოდათ, რადგან ყურის გადაღმა, მაროკოს ტერიტორიაზე, სეუტას ანკლავი
ჰქონდათ ოკუპირებული). ეს მთელი მსოფლიოსგან მოწყვეტილი ადგილი
უჩვეულო კლდისგან დაახლოებით ორი კვადრატული კილომეტრი ფართობის
ქალაქისა და აეროპორტისგან (რომელიც ზღვაში იწყებოდა და ზღვაშივე
მთავრდებოდა) შედგებოდა. ამ მცირე კოლონიის ყოველი სანტიმეტრი ათვისებული
იყო და მისი გაფართოება მხოლოდ ზღვის ხარჯზე თუ მოხერხდებოდა. მაგალითად,
ქალაქში მოსახვედრად სტუმრებს აეროპორტის ასაფრენ ზოლზე გადასვლა
უწევდათ.
გიბრალტარი „კომპაქტური დასახლების“ ცნებას სრულიად ახალ მნიშვნელობას
სძენდა.
ბერბერიული მამრი მაიმუნი ბილიკის გვერდით მდგარ კედელზე აძვრა და
სალანდერს შეუღრინა. სალანდერმა კარგად იცოდა, რომ ცხოველების მოფერება არ
შეიძლებოდა.
– გამარჯობა, მეგობარო, – მიესალმა მაიმუნს, – დავბრუნდი.
გიბრალტარს პირველად რომ ესტუმრა, ამ მაიმუნებზე არაფერი იცოდა. კლდის
წვერზე ხედით დასატკბობად ავიდა და შემთხვევით აედევნა ტურისტების ჯგუფს.
მოულოდნელად ბილიკის ორივე მხარეს ზევით-ქვევით მცოცავი მაიმუნების
შუაგულში აღმოჩნდა.
უცნაური შეგრძნებაა, როცა ბილიკზე მიაბიჯებ, ირგვლივ კი ათობით მაიმუნი
დახტის. სალანდერი ფრთხილობდა. მაიმუნები აგრესიულები არ იყვნენ, მაგრამ თუ
დაემუქრებოდი ან დააშინებდი, მწარედ კბენას არ ერიდებოდნენ.
სალანდერმა ერთ-ერთ მცველს ხილით სავსე პაკეტი უჩვენა და ჰკითხა, თუ
შეიძლება, მაიმუნებს ვაჭამოო. მცველმა ნება დართო.
გოგონამ ერთი მანგო ამოიღო და მამრი მაიმუნის შორიახლოს დადო.
– საუზმობის დროა, – თქვა სალანდერმა, კედელს მიეყრდნო და ვაშლი ჩაკბიჩა.
მამრმა მაიმუნმა ერთი შემოხედა, კბილები დაკრიჭა და კმაყოფილმა აიტაცა მანგო.
ხუთი დღის შემდეგ, შუადღისას სასტუმროდან ორი კვარტლის მოშორებით მეინ-
სტრიტის პარალელურ ქუჩაზე „ჰარის ბარში“ მჯდარი ლიზბეთ სალანდერი
სკამიდან ჩამოვარდა. მას შემდეგ, რაც კლდის მწვერვალზე მაიმუნები მოინახულა,
ყოველდღე თვრებოდა; ძირითადად სვამდა ჰარი ო’კონელთან, ბარის
მეპატრონესთან ერთად, რომელიც ირლანდიური აქცენტით საუბრობდა, მაგრამ
ცხოვრებაში არ დაედგა ფეხი ირლანდიაში. ჰარიმ შეწუხებულმა შეხედა გოგონას.
პირველად რომ შეუკვეთა სასმელი, ჰარიმ პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვა,
რადგან არასრულწლოვანი ეგონა. ლიზბეთს ჰარი ლიზის ეძახდა. გოგონა
ნასადილევს მოდიოდა, ბარის შორეულ კუთხეში, მაღალ სკამზე ჯდებოდა და
ძალიან ბევრ ლუდს ან ვისკის სვამდა.
ნებისმიერი ხარისხის და მარკის ლუდს სვამდა, რასაც ჰარი მიუტანდა; აი, ვისკის კი
მხოლოდ Tullamore Dew-ს მარკისას უკვეთავდა. მხოლოდ ერთხელ შეათვალიერა
დახლს უკან სასმლით სავსე ბოთლები და Lagavulin მოითხოვა. ჰარიმ ვისკი ჭიქით
მიუტანა. ლიზბეთმა დასუნა, რამდენიმე წამს დააშტერდა და ერთი ყლუპი მოსვა.
მერე ჭიქა დადგა და ისე დააშტერდა, თითქოს მისი მოსისხლე მტერი ყოფილიყოს.
ბოლოს ჭიქა განზე გასწია და ჰარის სთხოვა, ისეთი რამ მომიტანე, ნავის გაფისვა
რომ შევძლოო. ჰარიმ ისევ Tullamore Dew დაუსხა და ლიზბეთმაც დალია. ბოლო ოთხ
დღეში მან მთელი ბოთლი გამოცალა. ლუდს უზომოდ სვამდა. ჰარის უკვირდა,
ასეთი გამხდარი ქალი ამდენს როგორ სვამსო, მაგრამ დაასკვნა, თუ სმა უნდა,
ჩემთან თუ არა, სხვაგან მაინც დალევსო, და შეეშვა.
ლიზბეთი ნელ-ნელა სვამდა, სხვა კლიენტებს ყურადღებას არ აქცევდა და არც
ხმაურობდა. ერთთავად პალმტოპში იყო თავჩარგული, რომელსაც მობილურ
ტელეფონს უერთებდა. ჰარიმ რამდენჯერმე სცადა მასთან გამოლაპარაკება, მაგრამ
პასუხად მხოლოდ პირქუში დუმილი მიიღო. ჩანდა, გოგონა კომპანიონს არ ეძებდა.
ზოგჯერ, როცა ბარში ბევრი ხალხი იყო, ვერანდაზე გადაინაცვლებდა; ერთი-ორჯერ
მეზობლად მდებარე იტალიურ რესტორანში ისადილა. შემდეგ ისევ „ჰარის ბარში“
დაბრუნდა და Tullamore Dew შეუკვეთა. ბარს ყოველთვის 22:00 საათზე ტოვებდა და
ჩრდილოეთისკენ ბარბაცით მიდიოდა.
დღეს უფრო ბევრი და უფრო სწრაფად დალია – ორ საათში 7 ჭიქა Tullamore Dew.
ჰარიმ გადაწყვიტა, მეტს აღარ დავუსხამო. სწორედ ამ დროს მოესმა სკამიდან
ჩამოვარდნილი სალანდერის ბრაგვანი.
ჰარიმ დადო ჭიქა, რომელსაც ამშრალებდა, დახლს შემოუარა და ლიზბეთს
წამოდგომაში დაეხმარა. გოგონა გაბრაზდა.
– მგონი, უკვე ბევრი დალიე, ლიზ, – უთხრა ჰარიმ.
ლიზბეთმა თვალებდაბინდულმა შეხედა მას, მაგრამ უჩვეულოდ მტკიცე ხმით
თქვა:
– ჰო, მგონი, მართალი ხარ.
ცალი ხელით დახლზე დაყრდნობილმა ზედა ჯიბიდან ფული ამოიღო და დახლზე
დადო. მერე კარისკენ გაბარბაცდა. ჰარიმ მხარზე ნაზად დაადო ხელი.
– ერთი წუთით! იქნებ ტუალეტში შეხვიდე და ეგ ბოლო ჭიქა ამოარწყიო. მერე ცოტა
ხანს კიდევ დარჩი ბარში. ასეთ მდგომარეობაში ვერ გაგიშვებ.
სალანდერი მორჩილად შეჰყვა ტუალეტში, მორჩილად გააღო პირი და ჰარის შიგ
თითი ჩააყოფინა. ბარში დაბრუნებულს ჰარიმ გაზიანი წყალი დაუსხა. სალანდერმა
ჭიქა გამოცალა და დააბოყინა. ჰარიმ ჭიქა ისევ გაუვსო.
– ხვალ დილით თავს საშინლად იგრძნობ, – უთხრა ჰარიმ.
სალანდერმა თავი დააქნია.
– რა ჩემი საქმეა, მაგრამ შენ ადგილზე რამდენიმე დღე აღარ დავლევდი.
სალანდერმა ისევ დაუქნია თავი, მერე ტუალეტში დაბრუნდა და კვლავ აღებინა.
„ჰარის ბარში“ კიდევ ერთ საათს დარჩა. ამასობაში ცოტა გამოფხიზლდა და ჰარიმაც
გაუშვა. გოგონა ბარბაცით მივიდა აეროპორტამდე და ნავსადგურის გასწვრივ
სანაპიროს გაუყვა. ცხრის ნახევრამდე დასეირნობდა, სანამ მის ფეხქვეშ მიწამ რყევა
არ შეწყვიტა. მერე სასტუმროში წავიდა. ლიფტით ავიდა თავის ნომერში, კბილები
გაიხეხა, პირი დაიბანა, ტანსაცმელი გამოიცვალა და სასტუმროს ბარში ჩავიდა. ერთი
ფინჯანი შავი ყავა და ერთი ბოთლი მინერალური წყალი შეუკვეთა.
ერთ-ერთ სვეტთან გაუნძრევლად იჯდა და ბარში მყოფთ აკვირდებოდა. ოცდაათს
გადაცილებული წყვილი ხმადაბლა საუბრობდა. ქალს ღია ფერის საზაფხულო კაბა
ეცვა. კაცს მაგიდის ქვეშ მისი ხელი ეჭირა. ორი მაგიდის მოშორებით შავკანიანების
ოჯახი იჯდა. კაცს საფეთქელთან თმა შევერცხლოდა, ქალს ლამაზი, ჭრელი კაბა
ეცვა. აქეთ-იქიდან ორი შვილი ეჯდათ. ჰალსტუხ-პერანგიანი ბიზნესმენების
ჯგუფიც შეათვალიერა. პიჯაკები სკამის საზურგეებზე მიეკიდათ და ლუდს
სვამდნენ. ხანში შესული მამაკაცები ამერიკელ ტურისტებს ჰგავდნენ: ბეისბოლის
კეპები ეხურათ, სპორტული მაისურები და ფართხუნა შარვლები ეცვათ. უცებ
ვესტიბიულში ღია ფერის ტილოს პიჯაკიანი, რუხპერანგიანი და შავჰალსტუხიანი
მამაკაცი შემოვიდა, მიმღებში ნომრის გასაღები გამოართვა; ბართან ლუდი
შეუკვეთა და სალანდერისგან სამიოდ მეტრში დაჯდა. სალანდერი დაჟინებით
მიაჩერდა მას. კაცმა მობილური ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას გერმანულად
ელაპარაკა:
– გამარჯობა. ...ყველაფერი რიგზეა? ...კი, საქმე კარგად მიდის; ხვალ შუადღით
მორიგი შეხვედრა გვაქვს. ...არა, მგონი, ყველაფერი გამოვა. ...აქ კიდევ ხუთ-ექვს
დღეს დავრჩები და მერე მადრიდში წავალ. ...ვერა, მომდევნო კვირის ბოლომდე ვერ
ჩამოვალ. ...მეც. მიყვარხარ. ...კარგი. ...კვირის ბოლოს დაგირეკავ. ...გკოცნი.
1, 85 მეტრი სიმაღლის იქნებოდა, 50-55 წლის, ქერა თმა ოდნავ გასჭაღარავებოდა,
წვრილი სახე ჰქონდა. პატარა ღიპი დასდებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ სიმპათიური
ეთქმოდა. Financial Times-ს კითხულობდა. ლუდი რომ დალია, წამოდგა და
ლიფტისკენ წავიდა. სალანდერი უკან გაჰყვა.
კაცმა მეექვსე სართულის ღილაკს მიაჭირა თითი. სალანდერი გვერდით იდგა და
თავი ლიფტის კედლისთვის მიედო.
– მთვრალი ვარ, – თქვა სალანდერმა.
– მართლა? – გაუღიმა კაცმა.
– ჰო. ერთი კვირაა გადაბმულად ვსვამ. მოდი, გამოვიცნობ. ბიზნესმენი ხარ
ჰანოვერიდან ან ჩრდილოეთ გერმანიის რომელიმე ქალაქიდან. დაოჯახებული ხარ.
ცოლი გიყვარს. გიბრალტარში კიდევ რამდენიმე დღით უნდა დარჩე. ბარში
მობილურზე რომ ლაპარაკობდი, გისმენდი.
კაცმა გაკვირვება ვერ დამალა.
– მე შვედი ვარ და ძალიან მინდა ვინმესთან სექსი. ჩემთვის სულერთია, ცოლი გყავს
თუ არა და არც შენი ტელეფონის ნომერი მაინტერესებს.
კაცი შეცბა.
– 771-ე ნომერში ვარ. მეშვიდე სართულზე. ახლა ნომერში ავალ, წყალს გადავივლებ
და დავწვები. თუ გინდა დამეწვიო, ნახევარ საათში კარზე მომიკაკუნე. თუ არადა,
დავიძინებ.
– ეს რა ხუმრობაა? – ჰკითხა კაცმა, როცა ლიფტი გაჩერდა.
– არა, უბრალოდ, ახლა ბარში წასვლა და ვინმეს შებმა მეზარება. კარზე მომიკაკუნე
ან დავიძინებ.
ოცდახუთი წუთის შემდეგ სალანდერის ნომრის კარზე კაკუნი გაისმა. ტანზე
პირსახოცშემოხვეულმა გააღო კარი.
– შემოდი, – შეიპატიჟა კაცი.
კაცი შიგნით შევიდა და დაეჭვებით მიმოიხედა.
– აქ მარტო ვარ, – უთხრა სალანდერმა.
– რამდენი წლის ხარ?
სალანდერმა კამოდიდან პასპორტი აიღო და კაცს უჩვენა.
– უფრო ახალგაზრდა ჩანხარ.
– ვიცი, – თქვა სალანდერმა, პირსახოცი მოიხსნა და სკამზე მიაგდო. მერე საწოლთან
მივიდა და საბანი გადასწია.
მხარუკუღმა გახედა კაცს, რომელიც მის ტატუებს აკვირდებოდა.
– მახეს არ გიგებ. მარტოხელა ქალი ვარ და აქ რამდენიმე დღით ვრჩები. უკვე
რამდენიმე თვეა, სექსი არ მქონია.
– მე რატომ ამირჩიე?
– იმიტომ, რომ ამ ბარში მხოლოდ შენ მომეჩვენე მარტოსული.
– მე ცოლი მყავს...
– არც შენი ცოლის ვინაობა მაინტერესებს და არც შენი. არც სოციოლოგიაზე საუბარს
ვაპირებ. მხოლოდ სექსი მინდა. ტანსაცმელი გაიხადე ან შენს ნომერში დაბრუნდი.
– ასე მარტივად?
– რატომაც არა! ზრდასრული კაცი ხარ და იცი, რაც უნდა ქნა.
კაცი ნახევარ წუთს ფიქრობდა. თითქოს წასვლას აპირებდა. სალანდერი საწოლის
კიდეზე ჩამომჯდარი უცდიდა. კაცმა ტუჩზე იკბინა. ბოლოს შარვალი და პერანგი
გაიხადა და ტრუსის ამარა დადგა.
– ყველაფერი გაიხადე, – უთხრა სალანდერმა, – საცვლიანად ხომ არ ვიჟიმავებთ?
პრეზერვატივი გაიკეთე. მე კი ვიცი, მე სად ვიყავი, მაგრამ შენ სად იყავი, არ ვიცი.
კაცმა ტრუსიც გაიხადა. სალანდერს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
სალანდერმა თვალები დახუჭა, როცა კაცი მის საკოცნელად დაიხარა. კოცნა
ეგემრიელა. კაცს დაჰყვა და ზურგზე დაწვა. კაცი ზემოდან დააწვა. ის საკმაოდ მძიმე
აღმოჩნდა.
ქუინსვეი-ქუეიზე, „ბუქანენ-ჰაუსის“ სადარბაზო კარის გაღებისას ადვოკატ ჯერემი
სტიუარტ მაკმილანს თმა ყალყზე დაუდგა. კარი ღია იყო. შეაღო. თამბაქოს სუნი ეცა
და სკამის ჭრაჭუნი გაიგონა. დილის 8:00 საათი დაწყებულიყო. იფიქრა, ქურდს
შევუსწარიო.
მერე სამზარეულოდან ყავის სურნელიც გამოვიდა. რამდენიმეწამიანი ყოყმანის
შემდეგ ზღურბლს გადააბიჯა და ჰოლში შევიდა. მის ვრცელსა და კოხტად
გაწყობილ კაბინეტში, მისკენ ზურგით, მისსავე სავარძელში სალანდერი იჯდა და
ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოეწყო. როგორც ჩანდა, პაროლი უპრობლემოდ გაეტეხა
და მისი პერსონალური კომპიუტერი ჩაერთო. არც სეიფის გაღება გასჭირვებოდა.
პირადი მიმოწერისა და უმნიშვნელოვანესი საბუღლატრო ჩანაწერების შემცველი
საქაღალდე კალთაში ედო.
– დილა მშვიდობისა, ფრეკენ სალანდერ, – მიესალმა მაკმილანი.
– ა, მოხვედი? – წამოიძახა სალანდერმა, – სამზარეულოში ახალმოდუღებული ყავა
და კრუასანები გელის.
– გმადლობ, – ამოიხვნეშა მაკმილანმა.
მართალია, ეს ოფისი სალანდერის მოთხოვნითა და ფულით შეიძინა, მაგრამ მაინც
არ ელოდა, რომ გოგონა გაუფრთხილებლად დაადგებოდა თავზე. უარესი, უჯრაში
დამალული მისი ჰომოსექსუალების პორნო-ჟურნალიც ეპოვა და იმას
ათვალიერებდა.
„რა სამარცხვინოა“.
ან იქნებ არა.
მაკმილანმა პირადი გამოცდილებიდან იცოდა, რომ სალანდერი ხალხს საკუთარი
შეხედულებისამებრ სჯიდა. თუმცა, არასდროს ამახვილებდა ყურადღებას მათ
სისუსტეებზე. სალანდერმა იცოდა, რომ მაკმილანი ოფიციალურად
ჰეტეროსექსუალი იყო, მაგრამ ჩუმ-ჩუმად კაცებისკენ აპარებდა თვალს, ცოლთან
განშორების შემდეგ კი ინტიმური სურვილების ახდენა დაიწყო.
„უცნაურია, მაგრამ სალანდერთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ“.
რახან გიბრალტარში ვარ, ბარემ ჯერემი მაკმილანს ვინახულებო, გადაწყვიტა
სალანდერმა. ეს ადვოკატი მის ფინანსებს განკარგავდა. მას ბოლოს ახალ წელს
დაუკავშირდა და შიშობდა, ვაითუ მთელი ეს დრო ჩემი გაკოტრებით იყო
დაკავებულიო.
თუმცა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული, გიბრალტარში ასე
საჩქაროდ მაკმილანის სანახავად ნაღდად არ ჩასულა. უბრალოდ, განმარტოება
სურდა და გიბრალტარი საამისოდ საუკეთესო ადგილი იყო. ერთი კვირა ლოთობდა,
მერე რამდენიმე დღე გერმანელ ბიზნესმენთან იწვა – ეს უკანასკნელი, ბოლოს და
ბოლოს, დიტერად გაეცნო. ალბათ მოატყუა, მაგრამ სალანდერს გადამოწმებით თავი
არ შეუწუხებია. დღისით მასთან ერთად ესწრებოდა შეხვედრებს, საღამოობით –
მასთან ერთად ვახშმობდა და ნავახშმევს თავის ან მის ნომერში მიდიოდნენ.
დიტერს საწოლში არა უშავდა, მაგრამ, სალანდერის აზრით, ცოტათი გამოცდილება
აკლდა და ზოგჯერ მეტისმეტ სიტლანქეს იჩენდა.
დიტერი გერმანელი ბიზნესმენი იყო. მას ცოლი ჰყავდა და, სიმართლე ითქვას, მისი
ღალატი ან მივლინებებზე დროებითი საყვარლების გაჩენა არ სჩვეოდა. მაგრამ როცა
გამხდარი, ტატუიანი გოგონა თავისი ფახით გამოეცხადა, ცდუნებას ვერ გაუძლო.
ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობდა.
სალანდერს კი საერთოდ არ აინტერესებდა მისი ნათქვამი. მასთან სექსი მხოლოდ
რეკრეაციული მიზნით ჰქონდა, თუმცა, ატყობდა, რომ დიტერი ყველანაირად
ცდილობდა მისთვის სიამოვნების მინიჭებას. მხოლოდ, ბოლო მეოთხე დღეს
შეიპყრო დიტერი პანიკამ, ჩემი ცოლი რას მეტყვისო. რას გეტყვის, ენას კბილი
დააჭირე და ვერც ვერაფერს გაიგებსო, ფიქრობდა სალანდერი.
თუმცა, თავისი აზრი დიტერისთვის არ გაუზიარებია.
ის ზრდასრული ადამიანი იყო და შეეძლო, მის მიპატიჟებას საერთოდ არ
დათანხმებოდა. რა სალანდერის ბრალი იყო, დიტერი სინდისმა რომ შეაწუხა? რაც
უნდა, ის უთხრას თავის ცოლსო, ფიქრობდა ზურგშექცევით მწოლიარე მთელი ის
თხუთმეტი წუთი, სანამ დიტერი მარტო იმას გაიძახოდა, რა მეშველებაო. ბოლოს
თავგაბეზრებული სალანდერი მისკენ გადატრიალდა და ზედ შეაჯდა.
– იქნებ წუწუნს მორჩე და კიდევ ერთხელ მასიამოვნო?
ჯერემი მაკმილანი სულ სხვა საქმე იყო. როგორც მამაკაცი, სალანდერს ის საერთოდ
არ იზიდავდა. ის თაღლითი იყო, თუმცა, ძალიან ჰგავდა დიტერს – ისიც ასაკოვანი
საქმოსანი გახლდათ; ორმოცდარვა წლისა, ჩასუქებული, შევერცხლილი ღია
წაბლისფერი, ხუჭუჭა, შუბლიდან უკან გადავარცხნილი თმით. წვრილი,
ოქროსჩარჩოიანი სათვალე ეკეთა.
კემბრიჯის კურსდამთავრებული მაკმილანი ადრე ბიზნეს-იურისტი იყო და
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბროკერად მუშაობდა. კარგ მომავალს
უწინასწარმეტყველებდნენ, პარტნიორი იყო იურიდიული ფირმისა, რომელიც დიდ
კორპორაციებს და მდიდარ „იაპიებს“ უძრავი ქონების შეძენასა და გადასახადების
გადახდაში ეხმარებოდა. მხიარული ოთხმოციანი წლები ახალგამდიდრებული
ცნობილი სახეების გარემოცვაში გაატარა. ბევრს სვამდა და კოკაინს ყნოსავდა მათ
საზოგადოებაში. არ გაუსამართლებიათ, მაგრამ როცა რამდენიმე ტრანზაქცია
გააფუჭა და საქმიან მოლაპარაკებაზე მთვრალი გამოცხადდა, სამსახურთან ერთად
ცოლი და ორი შვილიც დაკარგა.
გამოფხიზლებული, კუდამოძუებული გამოიძურწა ლონდონიდან, თუმცა რატომ
ჩამოვიდა მაინცდამაინც გიბრალტარზე, თვითონაც არ იცოდა. 1991 წელს
ადგილობრივ იურისტთან ერთად პატარა ფირმა გახსნა, რომელიც შედარებით
მოკრძალებულ საქმეებზე მუშაობდა: ქონების აღწერაზე, ანდერძის შედგენაზე და ა.
შ. არაოფიციალურად, Macmillan & Marks ოფშორული კომპანიების შექმნაშიც
ეხმარებოდა საეჭვო წარმომავლობის ევროპელ ბიზნესმენებს. ფირმას თავი ძლივს
გაჰქონდა, სანამ ლიზბეთ სალანდერი Macmillan & Marks-ს შვედი ფინანსისტის, ჰანს-
ერიკ ვენერსტრომის ნგრევის პირას მყოფი იმპერიისთვის მოპარული 2, 6
მილიარდი შვედური კრონის განმკარგავად აირჩევდა.
რასაკვირველია, მაკმილანი თაღლითი იყო, მაგრამ სალანდერი მას „თავისიან“
თაღლითად მიიჩნევდა; თანაც, მაკმილანი მის საქმეებს აშკარად პატიოსნად
აგვარებდა. თავიდან სალანდერმა მას მარტივი რამ დაავალა – მოკრძალებული
გასამრჯელოს სანაცვლოდ, ოფშორული კომპანიების დარეგისტრირება. ამ
კომპანიებში სალანდერმა თითო მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა. სალანდერი მას
ტელეფონით დაუკავშირდა, პირადად არც შეხვედრია. მაკმილანს ფულის
წარმოშობის დადგენა არც უცდია. სალანდერის დავალება შეასრულა და ხუთი
პროცენტი საკომისიო მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ სალანდერმა დიდი ოდენობის
თანხა გადმორიცხა, რომლითაც მაკმილანმა კოპორაცია Wasp Enterprises დააარსა.
კორპორაციის სახელით სტოკჰოლმში მრავალოთახიანი მდიდრული ბინა შეიძინა.
სალანდერთან მისი ურთიერთობა თანდათან უფრო სარფიანი გახდა, თუმცა არა
მასშტაბური.
ორი თვის შემდეგ სალანდერი გიბრალტარში ჩაფრინდა და ტელეფონით
შეუთანხმდა, Rock Hotel-ში (გიბრალტარის ყველაზე დიდ თუ არა, ყველაზე ცნობილ
სასტუმროში) სადილად მეწვიეო. ვის-ვის და მაკმილანი ნაღდად არ ელოდა
თინეიჯერის დანახვას. დაეჭვდა, ვინმე ხომ არ მაშაყირებსო.

თუმცა, აზრი მალევე შეიცვალა. ახალგაზრდა ქალი მას სერიოზულად ელაპარაკა,


ერთხელაც არ გაუღიმია და არც თავაზიანობა გამოუჩენია. მაკმილანი რამდენიმე
წუთი დამბლადაცემულივით გაშეშებული იჯდა.
– რა გნებავთ? – ჰკითხა ბოლოს.
– გარკვეული ოდენობის თანხა მოვიპარე, – სერიოზული სახით აუხსნა სალანდერმა,
– და თაღლითს ვეძებ, ვინც ამ თანხის განკარგვაში დამეხმარება.
მაკმილანი დაეჭვდა, ეს გოგო გიჟი ხომ არ არისო, მაგრამ თამაშში აჰყვა, იოლი
მსხვერპლია და ცოტა ფულს დავტყუებო, თუმცა როცა სალანდერმა აუხსნა, ვის,
როგორ და რამდენი ფული მოჰპარა, გაოგნებულს ენა ჩაუვარდა. საერთაშორისო
ფინანსურ სამყაროში „ვენერსტრომის საქმე“ იმ დროს ყველაზე სკანდალური თემა
იყო.
– გასაგებია.
თავში მაშინვე ათასგვარი გეგმა დააწყო.
– გამოცდილი ბიზნეს-იურისტი და ბროკერი ხარ. იდიოტი რომ იყო, ოთხმოციან
წლებში ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდი. თუმცა, იდიოტივით კი მოიქეცი და
სამსახურიდან გამოგაგდეს.
მაკმილანი შეკრთა.
– ამიერიდან მე შენი ერთადერთი კლიენტი ვიქნები. ოღონდ ორი პირობით:
პირველი – არასდროს ჩაიდენ დანაშაულს ან ისეთ რამეს, რაც პოლიციას
ყურადღებას ჩემს კომპანიებსა და ანგარიშებზე გადმოატანინებს; და მეორე –
არასდროს მომატყუებ. არასდროს. არც ერთ შემთხვევაში. თუ მომატყუებ, ჩვენი
საქმიანი ურთიერთობა უმალ გაწყდება და თუ გამაბრაზებ, გაგანადგურებ.
სალანდერმა ღვინო დაისხა.
– ჩემს მოტყუებას აზრი არ აქვს. შენზე ისედაც ყველაფერი ვიცი. ვიცი, რამდენს
შოულობ წარმატებულ თვეში და რამდენს – წარუმატებელში. ვიცი, რამდენს
ხარჯავ. ვიცი, რომ ფული არასდროს გყოფნის. ვიცი, რომ გრძელვადიანი და
მოკლევადიანი სესხი გაქვს აღებული და ჯამში 120 000 ფუნტი გადევს ვალად. ვიცი,
ხშირად გიწევს გარისკვა და მაქინაციებში მონაწილეობა, რომ ყოველთვიური
პროცენტის დროულად გადახდა შეძლო. ძვირფასი სამოსი გაცვია და წარმატებული
ადამიანის იმიჯს ინარჩუნებ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გაბადია და უკვე
რამდენიმე თვეა, ახალი პიჯაკი არ გიყიდია. სამაგიეროდ, ორი კვირის წინ ძველი
პიჯაკი მკერავს მიუტანე გასაკერად. ადრე რარიტეტულ გამოცემებს აგროვებდი,
მაგრამ ახლა თანდათან ყიდი კოლექციას. წინა თვეს „ოლივერ ტვისტის“ ძველი
გამოცემა £760-ად გაყიდე.
სალანდერმა საუბარი შეწყვიტა და მაკმილანს გამჭოლი მზერა მიაპყრო. მაკმილანმა
ნერწყვი ჩაყლაპა.
– წინა კვირას ხელი კარგად მოითბე. ერთი ქვრივი ჭკვიანურად გაძარცვე. 6000
ფუნტი შეაწერე, რასაც ალბათ ვერასდროს მიხვდება.
– ჯანდაბა, ეს საიდანღა იცი?
– ვიცი, რომ დაოჯახებული იყავი. ლონდონში ორი შვილი გყავს, რომლებსაც შენი
დანახვა არ უნდათ. ცოლთან გაყრის შემდეგ ჰომოსექსუალური ურთიერთობები
გაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის გრცხვენია, რადგან გეი-კლუბებს თავს არიდებ და
არც მეგობარ მამაკაცებთან ერთად ჩნდები ქუჩაში. ასეთ პაემნებზე ყოველთვის
ესპანეთში მიდიხარ.
მაკმილანს ენა ჩაუვარდა. უეცრად პანიკამ მოიცვა. სალანდერს როგორღაც ისეთი
ინფორმაცია შეეგროვებინა, რომ სურვილის შემთხვევაში, წამში გაანადგურებდა.
– ამას მხოლოდ ერთხელ გეტყვი. ფეხებზე მკიდია, ვისთან გაქვს სექსი. ეს ჩემი საქმე
არ არის. ვიცი, ვინ ხარ და რას წარმოადგენ, მაგრამ ამ ცოდნას არ გამოვიყენებ. არ
დაგაშანტაჟებ და არც დაგემუქრები.
მაკმილანი სულელი სულაც არ იყო. მშვენივრად ხვდებოდა, მსგავსი ინფორმაციის
ფლობა უკვე შანტაჟს ნიშნავდა. სიტუაციას სალანდერი აკონტროლებდა. წამით
ისიც კი გაიფიქრა, მოვკიდებ ხელს და აივნიდან გადავაგდებო, მაგრამ თავი შეიკავა.
– რა გინდა? – ამის თქმაღა მოახერხა.
– შენთან თანამშრომლობა. მიმდინარე საქმეებს დაასრულებ და ექსკლუზიურად
ჩემთვის იმუშავებ. ჩემი კომპანიის მეშვეობით იმდენ ფულს იშოვი, ვერც კი
იოცნებებდი.
სალანდერმა მაკმილანს აუხსნა, რა და როგორ უნდა ეკეთებინა.
– მე არ უნდა ვჩანდე, – უთხრა მას, – ჩემს საქმეებს შენ უნდა მიხედო. ყველაფერი
კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს. თუ დამოუკიდებლად ვიშოვი ფულს, ამას
ჩვენს ერთობლივ ბიზნესთან საერთო არ ექნება.
– გასაგებია.
– ერთ კვირას გაძლევ ძველ კლიენტებთან გამოსამშვიდობებლად და შენი პატარა
მაქინაციების დასამთავრებლად.
მაკმილანი მიხვდა, რომ მსგავს შეთავაზებას ცხოვრებაში ვეღარავისგან მიიღებდა.
მთელ წუთს ფიქრობდა და ბოლოს დათანხმდა. მხოლოდ ერთი შეკითხვა დასვა:
– რატომ ხარ დარწმუნებული, რომ შენც არ „გადაგაგდებ“?
– ამაზე არც იფიქრო, თორემ მთელი შენი უბადრუკი ცხოვრების განმავლობაში
ინანებ.
მაკმილანს არც უფიქრია. სალანდერი მას იმხელა შემოსავალს ჰპირდებოდა, რომ
რაღაც კაპიკების გამო თაღლითობა არ ღირდა. მთავარია, ფინანსურ მაქინაციაში არ
გავერიო და უზრუნველი მომავალი გარანტირებული მაქვსო, დაასკვნა მაკმილანმა.
ამგვარად, საქმეს პატიოსნად, უფრო ზუსტად, მეტ-ნაკლებად პატიოსნად შეუდგა,
როგორც ეს ასტრონომიული თანხის განსაკარგავად დანიშნულ სახელგატეხილ
ადვოკატს შეეძლო.
სალანდერი თავისი შემოსავლებით დიდად არ ინტერესდებოდა. მაკმილანს
მხოლოდ იმას სთხოვდა, ფული საქმეში დაებანდებინა, რომ სალანდერს თავისი
საკრედიტო ბარათებით მუდმივად სარგებლობა შესძლებოდა. მან მაკმილანს
აუხსნა, ბიზნესი როგორ ემართა და მაკმილანიც მის მითითებებს ასრულებდა.
თანხის უდიდესი ნაწილი სტაბილურ ფონდებში დააბანდეს და სალანდერმა
სიცოცხლის ბოლომდე ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამიერიდან
შეეძლო, დაუნანებლად ეხარჯა ფული. სწორედ ამ ფონდებიდან ფინანსდებოდა
მისი საკრედიტო ბარათები.
თანხის დარჩენილ ნაწილს მაკმილანი საკუთარი სურვილისამებრ იყენებდა და
აბანდებდა. ერთადერთი რამ ეკრძალებოდა: ფული სულელური წვრილმანი
მაქინაციებისთვის არ გამოეყენებინა და ამით პოლიციასთან პრობლემა არ
შექმნოდა. მსგავსი პრობლემის შემთხვევაში პოლიცია გამოძიებას დაიწყებდა,
გამოძიება კი სალანდერის კვალზეც გავიდოდა.
გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, რამდენს მიიღებდა მაკმილანი.
– დასაწყისისთვის £500 000-ს მოგცემ. ამით ვალებსაც გადაიხდი და ბლომადაც
დაგრჩება. მერე კი ფულს თვითონ იშოვი. ახალ კომპანიას შექმნი და მე და შენ
პარტნიორები ვიქნებით. შენ მთლიანი მოგების 20%-ს მიიღებ. მინდა, საკმარისად
მდიდარი იყო, რომ თაღლითობა აღარ მოგინდეს, მაგრამ არა იმდენად მდიდარი,
რომ საქმეს აგდებულად მოეკიდო.
მაკმილანმა ახალ საქმეს გასული წლის 1 თებერვალს მოჰკიდა ხელი. მარტის
ბოლოსთვის ყველა ვალი გასტუმრებული ჰქონდა და პირადი ფინანსური
მდგომარეობაც – მყარი. სალანდერმა დაჟინებით მოსთხოვა, პირადი საქმეები
მოაგვარე და გადახდისუნარიანი გახდიო. მაისში ლოთ კოლეგასთან, ჯორჯ
მარკსთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის გამო ცოტათი სინდისმა კი შეაწუხა,
მაგრამ მარკსის სალანდერის ბიზნესში ჩართვა სრულიად გამორიცხული იყო.
ეს საკითხი სალანდერთან განიხილა, როცა გოგონა ივლისის დასაწყისში კვლავ
მოულოდნელად ჩამოვიდა გიბრალტარში და აღმოაჩინა, რომ მაკმილანი სახლში
მუშაობდა და არა – თავის ძველ ოფისში.
– ჩემი პარტნიორი ლოთია და ამ საქმეს ვერ გაუმკლავდება. ბიზნესში მისი ჩართვა
ძალიან სარისკოა. თუმცა, თხუთმეტი წლის წინ სწორედ მან დამიყენა გვერდში და
გადამარჩინა.
სალანდერი ჩაფიქრდა, თან მაკმილანს თვალს არ აშორებდა:
– გასაგებია. ერთგული თაღლითი ყოფილხარ. მცირე ანგარიში შექმენი მისთვის, რომ
ყოველთვიურად რამდენიმე ათასი იშოვოს და თავი გაიტანოს.
– ამაზე თანახმა ხარ?
სალანდერმა თავი დაუქნია. მერე მარტოხელა მაკმილანის „სორო“ დაათვალიერა.
მაკმილანი საავადმყოფოსთან, ერთ-ერთ ჩიხში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა.
ბინის ერთადერთი ღირსება ის იყო, რომ ფანჯრიდან მშვენიერი ხედი იშლებოდა.
თუმცა, მსგავსი ხედი გიბრალტარში იშვიათობა სულაც არ იყო.
– ახალი ოფისი და უკეთესი ბინა გჭირდება, – Yუთხრა მაკმილანს.
– ამისთვის დრო ვერ გამოვნახე.
სალანდერმა მაკმილანს გიბრალტარის ცენტრში, ქუინსვეი-ქუეიზე, „ბუქანენ-
ჰაუსში“ 130 კვადრატული მეტრი ფართობის აივნიანი ოფისი უყიდა და ოფისის
გასარემონტებლად და ავეჯით გასაწყობად დეკორატორიც დაუქირავა.
მაკმილანს გაახსენდა, რომ მაშინ, როცა თვითონ ქაღალდებში ჰქონდა თავი
ჩარგული, სალანდერი პირადად ხელმძღვანელობდა სიგნალიზაციის,
კომპიუტერული ტექნიკისა და სეიფის მონტაჟს. იმ დილით კი, მის მოსვლამდე,
უკვე ყველაფერი გადაექექა.
– რამე დავაშავე? – იკითხა მაკმილანმა.
გოგონამ მაკმილანის მიმოწერის შემცველი საქაღალდე განზე გადადო.
– არა, ჯერემი. არაფერი დაგიშავებია.
– კარგია, – თქვა მან და ყავა დაისხა, – როცა არ გელი, მაშინ გამოჩნდები ხოლმე.
– ამ ბოლო დროს არ მეცალა. მაინტერესებს, როგორ მიდის საქმეები.
– როგორც ვიცი, სამმაგ მკვლელობაში დაგდეს ბრალი, თავში დაგჭრეს და კიდევ
ათას რამეში დაგადანაშაულეს. ცოტას ვღელავდი. მეგონა, ჯერაც ციხეში იჯექი.
გამოიქეცი?
– არა, გამამართლეს და გამათავისუფლეს. ბევრი რამ შეიტყვე?
მაკმილანი წამით შეყოყმანდა, მერე კი თქვა:
– როცა გავიგე, რომ პრობლემა შეგექმნა, მთარგმნელი დავიქირავე. შვედურ
სტატიებს მითარგმნიდა და შენზე სიახლეებს ასე ვიგებდი.
– თუ შენი ცოდნა შვედური გაზეთების სტატიებს ემყარება, არაფერი გცოდნია.
თუმცა, ჩემი რამდენიმე საიდუმლო მაინც შეგიტყვია.
მაკმილანმა თავი დააქნია, მერე კი იკითხა:
– ახლა რა მოხდება?
გოგონამ გაკვირვებული სახე მიიღო:
– არაფერი. ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. შვედეთში ჩემი პრობლემები
ჩვენს საქმიან ურთიერთობას ხელს არ შეუშლის. მითხარი, სანამ მე არ ვიყავი, რა
ხდებოდა, კარგად იქცეოდი?
– აღარ ვსვამ, თუ ამას გულისხმობ.
– არა. შენი პირადი ცხოვრება მე არ მეხება მანამ, სანამ ის ჩვენს ბიზნესს არ ვნებს. მე
ის მაინტერესებს, ამ ერთ წელიწადში უფრო გავმდიდრდი თუ პირიქით,
გავღარიბდი?
მაკმილანი სტუმრის სავარძელზე დაჯდა. მისაზე სალანდერი იჯდა.
– შენ 2, 5 მილიარდი შვედური კრონა მომანდე. 200 მილიონი შენთვის კერძო
ფონდებში დავაბანდეთ. დანარჩენი მე მომეცი ბირჟაზე სათამაშოდ.
– მერე?
– ფონდებში დაბანდებულ შენს თანხას მხოლოდ საპროცენტო სარგებელი დაემატა.
შემეძლო, მოგება გამეზარდა, მაგრამ...
– მე მოგების გაზრდით არ ვარ დაინტერესებული.
– შენ უმნიშვნელო თანხა დახარჯე. ძირითადი ხარჯი შენთვის შეძენილმა ბინამ და
იმ ადვოკატ პალმგრენისთვის შექმნილმა ფონდმა შეადგინა. სხვა მხრივ, დიდი
გასავალი არ გვქონია. საპროცენტო განაკვეთი ჩვენთვის მისაღები იყო. მოკლედ,
შემოსავალ-გასავალი თითქმის თანაბარია.
– ძალიან კარგი.
– დანარჩენი თანხა, როგორც იცი, თვითონ დავაბანდე. შარშან ბევრი ვერაფერი
ვიშოვეთ. მაშინ ფორმაში არ ვიყავი, მაგრამ მერე ბაზარი ხელახლა შევისწავლე.
საკმაოდ დიდი ხარჯი გვქონდა. წლევანდლამდე მოგება თითქმის არ მიგვიღია.
წლის დასაწყისიდან დაახლოებით შვიდი მილიონი გამოვიმუშავეთ. შვიდი
მილიონი დოლარი, რა თქმა უნდა.
– რომლის ოცი პროცენტი შენია.
– რომლის ოცი პროცენტი ჩემია.
– საკმარისია?
– ექვს თვეში მილიონ დოლარზე მეტი ვიშოვე. კი, საკმარისია.
– ხომ იცი... ფულს ძალიანაც არ უნდა დახარბდე. როცა ხვდები, რომ საკმარისია,
უნდა შეეშვა. მთავარია, ჩემს საქმეებს დაუთმო ყურადღება.
– ათი მილიონი დოლარი, – თქვა მაკმილანმა.
– ვერ გავიგე.
– ათ მილიონს რომ შევაგროვებ, შევეშვები. კარგია, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი.
ბევრი რამ გვაქვს განსახილველი.
– გამოუშვი.
მაკმილანმა ხელები გაასავსავა.
– ამდენი ფული ძალიან მაფრთხობს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. არ ვიცი, რა მიზანი
აქვს ჩვენს კომპანიას, გარდა იმისა, რომ უფრო მეტი ფული აკეთოს. რისთვის
გამოვიყენებთ ამდენს ფულს?
– არ ვიცი.
– არც მე. ფული შეიძლება თვითმიზნად იქცეს. ეს სიგიჟეა. ამიტომაც გადავწყვიტე,
რომ როცა ათ მილიონს ვიშოვი, ამ საქმეს შევეშვა. ამხელა პასუხისმგებლობას თავზე
ვერ ავიღებ.
– გასაგებია.
– მაგრამ, სანამ თამაშიდან გავალ, უნდა გადაწყვიტო, ამხელა ქონებას მომავალში
რისთვის გამოიყენებ. რაღაც მიმართულება და მიზანი უნდა გაგაჩნდეს, რაღაც
ორგანიზაცია უნდა შეიქმნას, რომელიც საქმეს გადაიბარებს. ბიზნესის ასე მართვა
შეუძლებელია. შენი მოცემული ფულით გრძელვადიანი, მყარი
კაპიტალდაბანდებები განვახორციელე უძრავ ქონებაში, ფასიან ქაღალდებში და ა. შ.
სრული სია კომპიუტერშია.
– ვიცი, უკვე ვნახე.
– თანხის ნაწილით ბირჟაზე ვთამაშობ. მაგრამ ერთ ადამიანს ამდენი ფულის
კონტროლი მიჭირს. ამიტომაც ჯერსიში საინვესტიციო კომპანია დავაარსე. ამჟამად
ლონდონში ექვსი თანამშრომელი გყავს. ორი ახალგაზრდა, ნიჭიერი ბროკერი და
ოთხი კლერკი.
– Yellow Ballroom Ltd.? ვერ მივხვდი, რა იყო.
– ჩვენი კომპანიაა. აქ, გიბრალტარში, მდივანი და იმედისმომცემი იურისტი
ავიყვანე. სხვათა შორის, ნახევარ სააYთში მოვლენ.
– ვიცი. ორმოცდაერთი წლის მოლი ფლინტი და ოცდაექვსი წლის ბრაიენ დელანი.
– მათთან შეხვედრა გინდა?
– არა. ბრაიენი შენი საყვარელია?
– რა? არა, – აღშფოთდა მაკმილანი, – თანამშრომლებთან არ...
– ძალიან კარგი.
– სხვათა შორის, ახალგაზრდებით, ანუ გამოუცდელებით, არ ვარ დაინტერესებული.
– ჰო, ცინგლიან ბიჭებზე მეტად მაგარი ტიპები გიზიდავს. ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ,
ჯერემი...
– რა.
– თავს გაუფრთხილდი.
სალანდერი გიბრალტარში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა; ერთი-ორი კვირა
ვიქნები და გავერკევი, რა გზას დავადგეო. თუმცა, უეცრად აღმოაჩინა, რომ
წარმოდგენა არ ჰქონდა, სად წასულიყო ან რა ექნა. გიბრალტარში სამი თვე დარჩა.
ელფოსტას ყოველდღე ამოწმებდა. რამდენჯერმე ადვოკატი ჯიანინი შეეხმიანა და
მას პასუხი მაშინვე მისწერა, თუმცა არ გაუმხელია, სად იყო. სხვებს იმეილებზე არ
პასუხობდა.
ყოველ საღამოს „ჰარის ბარში“ დადიოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი-ორ კათხა ლუდს
სვამდა. დღის უმეტეს ნაწილს სასტუმროში ატარებდა, ან ეძინა, ან აივანზე იჯდა.
ოცდათერთმეტი წლის საზღვაო ქვეითი გაიცნო, მაგრამ მასთან მხოლოდ ერთხელ
იწვა და, საბოლოო ჯამში, ჯარისკაცს მასზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
ბოლოს ერთფეროვნება მოსწყინდა.
ოქტომბრის დასაწყისში მაკმილანთან ერთად ისადილა. გიბრალტარში ყოფნისას
მას სულ რამდენჯერმე შეხვდა. ბნელოდა. არომატულ ღვინოს სვამდნენ და
თათბირობდნენ, რა ექნათ მილიარდებისთვის. უეცრად მაკმილანმა ჰკითხა,
მოწყენილი რატომ ხარო.
სალანდერმა ყურადღებით შეათვალიერა მაკმილანი და მერე, თავისდა გასაკვირად,
მოწყენილობის მიზეზი აუხსნა. უამბო მირაიმ ვუსთან თავის ურთიერთობაზე,
როგორ სცემეს და კინაღამ მოკლეს მის გამო. ანიკა ჯიანინის პირით შემოთვლილი
მოკითხვის გარდა, მიმისგან სიტყვაც არ სმენოდა. მიმი ახლა საფრანგეთშიაო,
დაასრულა თხრობა სალანდერმა.
მაკმილანი ჩუმად უსმენდა.
– გიყვარს? – ჰკითხა ბოლოს.
სალანდერმა თავი გააქნია.
– არა. მგონი, ის ტიპი არ ვარ, ვისაც ვინმე უყვარდება. მიმი ჩემი მეგობარი იყო.
მასთან სექსი მქონდა.
– ოდესმე ყველას უყვარდება ვინმე, – თქვა მაკმილანმა, – შეიძლება უარყოფენ,
მაგრამ მეგობრობა სიყვარულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
სალანდერმა გაკვირვებით შეხედა მაკმილანს.
– რაღაც რომ გითხრა, ხომ არ გამიბრაზდები?
– არა.
– პარიზში წადი.
თვითმფრინავი შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში დღის სამის ნახევარზე
დაეშვა. სალანდერი ტრიუმფალურ თაღამდე აეროპორტის ავტობუსს გაჰყვა და ორი
საათი ფეხით დაეხეტებოდა ახლომახლო მდებარე სასტუმროებში თავისუფალი
ნომრის საპოვნელად. ბოლოს მდინარე სენასთან, პატარა სასტუმრო „ვიქტორ
ჰიუგოს“ მიაგნო.
შხაპი მიიღო და მირიამ ვუს დაურეკა. ერთმანეთს ნოტრდამთან ახლოს ბარში
შეხვდნენ. მიმის თეთრი კაბა და ჟაკეტი ეცვა. მომხიბლავად გამოიყურებოდა.
სალანდერმა მაშინვე დაიმორცხვა. ერთმანეთს ლოყაზე კოცნით მიესალმნენ.
– მაპატიე, რომ არ დაგირეკე და არც შენს სასამართლო პროცესს დავესწარი, – უთხრა
მიმიმ.
– არა უშავს. პროცესი მაინც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
– სამი კვირა საავადმყოფოში ვიწექი. ლუნდაგატანზე ბინაში დაბრუნებულს სრული
ქაოსი დამხვდა. ვერ ვიძინებდი. სულ ის ნაბიჭვარი ნიდერმანი მესიზმრებოდა. მერე
დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, პარიზში ჩამოსვლა მინდა-მეთქი.
სალანდერმა უთხრა, გასაგებიაო.
– მაპატიე, – მოუბოდიშა მიმიმ.
– ნუ ხარ სულელი. ბოდიშის მოსახდელად მე მოვედი.
– რისთვის მიხდი ბოდიშს?
– დაუფიქრებლად მოვიქეცი. როგორ ვერ მივხვდი, რომ ჩემი ბინის შენთვის
დათმობით საფრთხეში ჩაგაგდე. ჩემი ბრალია, რომ კინაღამ მოგკლეს. უფლება
გაქვს, გძულდე.
– ლიზბეთ, ასეთი რამ წამითაც არ მიფიქრია, – აღშფოთდა მიმი, – ჩემი მოკვლა შენ
კი არა, რონალდ ნიდერმანმა სცადა.
მცირე ხნით ორივე დადუმდა.
– მაშ, კარგი, – თქვა სალანდერმა ბოლოს.
– კარგი, – თქვა მიმიმაც.
– აქ იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ მიყვარხარ, – თქვა სალანდერმა.
მიმიმ თავი დააქნია.
– შენთან სექსი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ არ მიყვარხარ.
– ლიზბეთ, მგონი...
– იმის თქმა მინდოდა, რომ იმედია...
– რა?
– მე ბევრი მეგობარი არ მყავს...
მიმიმ თავი დააქნია.
– პარიზში კიდევ ცოტა ხანს დავრჩები. სტოკჰოლმში სწავლას თავი ვერ მოვაბი და
აქაურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ერთ კურსს მაინც დავხურავ. მერე არ ვიცი, რა
მოხდება. სტოკჰოლმში აუცილებლად დავბრუნდები. ლუნდაგატანზე ბინის ქირას
ყოველთვიურად ვიხდი. ბინის შენარჩუნება მინდა. თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ.
– ბინა შენია და როგორც გინდა, ისე მოიქეცი.
– ლიზბეთ, გამორჩეული ადამიანი ხარ, – თქვა მიმიმ, – შენთან მეგობრობის
გაგრძელება მინდა.
ორ საათს საუბრობდნენ. სალანდერს მირიამ ვუსგან დასამალი აღარაფერი ჰქონდა.
„ზალაჩენკოს საქმე“ შვედური გაზეთების მეშვეობით საყოველთაოდ ცნობილი იყო
და მიმისაც დიდი ინტერესით ედევნებინა თვალი გამოძიების მიმდინარეობისა და
სასამართლოში საქმის განხილვისთვის. მან დეტალურად უამბო სალანდერს, რა
მოხდა ნიკვარნის საწყობში და როგორ იხსნა სიკვდილისგან პაოლო რობერტომ.
შემდეგ მირიამ ვუს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში წავიდნენ.
ეპილოგი: ქონების აღწერა
პარასკევი, 2/XII – კვირა, 18/XII
21:00 საათზე, როცა ანიკა ჯიანინი სოდრას თეატრის ბარში შევიდა, სალანდერი უკვე
მეორე კათხა ლუდს ცლიდა.
– ბოდიში, რომ დავაგვიანე, – მაჯის საათზე დაიხედა ჯიანინიმ, – სხვა კლიენტთან
მქონდა შეხვედრა.
– არა უშავს, – უთხრა სალანდერმა.
– რამეს აღნიშნავ?
– არა, უბრალოდ, ვსვამ.
ჯიანინიმ სკეპტიკურად შეხედა და დაჯდა.
– ასე ხშირად იქცევი?
– გათავისუფლების შემდეგ რამდენჯერმე უგონოდ დავთვერი. ნუ ღელავ, არ
გავლოთებულვარ. უბრალოდ, ცხოვრებაში პირველად მაქვს უფლება აქ, შვედეთში,
ჩემს ნებაზე გამოვთვრე.
ჯიანინიმ კამპარი შეუკვეთა.
– მარტო სმა გირჩევნია თუ სხვასთან ერთად?
– მარტო. თუმცა, თუ ბევრს არ ილაპარაკებ, შეგიძლია იჯდე. ვფიქრობ, ჩემს ბინაში
წასვლასა და ჩემთან სექსზე უარს იტყვი.
– უკაცრავად?
– ჰო, უარს იტყვი. შენ სწორხაზოვნად ჰეტეროსექსუალი ხარ.
ჯიანინი გამხიარულდა.
– ჩემს კლიენტთაგან პირველი ხარ, ვინც სექსი შემომთავაზა.
– ჩემმა წინადადებამ დაგაინტერესა?
– სამწუხაროდ, ოდნავადაც ვერა. თუმცა, შემოთავაზებისთვის მაინც გმადლობ.
– აბა, მაშ, რა გინდა, ადვოკატო?
– ორი რამ: ან აქ და ახლავე შევწყვეტ შენს ადვოკატობას, ან როცა გირეკავ,
მიპასუხებ. როცა გაგათავისუფლეს, მაშინ უკვე ვისაუბრეთ ამაზე.
სალანდერი ჯიანინის მშვიდად უყურებდა.
– ერთი კვირაა, შენთან დაკავშირებას ვცდილობ. გირეკავდი, წერილი მოგწერე,
იმეილი გამოგიგზავნე.
– სხვაგან ვიყავი.
– მთელი შემოდგომა ხელში ვერ ჩაგიგდე. ასე არ შეიძლება. დაგპირდი, იურიდიული
ფორმალობების მოსაგვარებლად სახელმწიფოსთან გიშუამდგომლებდი. ათას
საბუთს უნდა მოეწეროს ხელი; პასუხი გაეცეს შეკითხვებს. შენთან დაკავშირება
ნებისმიერ წამს უნდა შემეძლოს და არ მინდა, თავს იდიოტად ვგრძნობდე იმის
გამო, რომ არ ვიცი, სად ჯანდაბაში ხარ.
– ორი კვირით სხვაგან წავედი. შინ გუშინ დავბრუნდი და როგორც კი შევიტყვე, რომ
მეძებდი, მაშინვე დაგირეკე.
– ეს არ კმარა. უნდა შემატყობინო შენი ადგილსამყოფელი და კვირაში ერთხელ
მაინც დამიკავშირდე, სანამ კომპენსაციის და სხვა მსგავსი საკითხები საბოლოოდ
არ გადაწყდება.
– ფეხებზე მკიდია ეგ კომპენსაცია. მინდა, სახელმწიფომ თავი დამანებოს.
– მნიშვნელობა არ აქვს, შენ რა გინდა. შენმა გამართლებამ მოვლენათა ახალ ჯაჭვს
დაუდო სათავე. საქმე მხოლოდ შენ არ გეხება. იმისთვის, რაც დაგმართა,
ტელებორიანი დაისჯება. მოწმედ გამოსვლა მოგიწევს. ეკსტრომის წინააღმდეგაც
აღიძრა საქმე თანმდებობრივი დაუდევრობისთვის; ხოლო თუ დაუმტკიცდა, რომ
მან „სექციის“ სასარგებლოდ თანამდებობა შეგნებულად ბოროტად გამოიყენა,
შეიძლება დააპატიმრონ კიდეც.
სალანდერმა წარბები ასწია. ამ ახალმა ამბავმა დააინტერესა.
– თუმცა, საქმე აქამდე ალბათ არ მივა. ეკსტრომმა მხოლოდ „სექციის“ ტყუილები
დაიჯერა და სინამდვილეში მათთან საერთო არაფერი აქვს. ერთი კვირის წინ
პროკურატურამ საქმე სამეურვეო სააგენტოს წინააღმდეგაც აღძრა. საპარლამენტო
ომბუდსმენისა და იუსტიციის მინისტრის სახელზე საჩივრები გაიგზავნა.
– მე არანაირი საჩივარი არ დამიწერია.
– არა, მაგრამ ცხადია, რომ სამსახურებრივ დაუდევრობას სამეურვეო სააგენტოშიც
ჰქონდა ადგილი. შენ ერთადერთი დაზარალებული არ ხარ.
სალანდერმა მხრები აიჩეჩა.
– ეს საქმე მე არ მეხება, მაგრამ ვეცდები, უფრო ხშირად დაგიკავშირდე. ბოლო ორი
კვირა გამონაკლისი იყო. ვმუშაობდი.
ჯიანინიმ მისი არ დაიჯერა.
– რას საქმიანობ?
– კონსულტანტი ვარ.
– გასაგებია, – თქვა ჯიანინიმ, – ახლა მეორე საკითხზე გადავიდეთ. ქონების აღწერა
უკვე მზადაა.
– რომელი ქონების?
– მამაშენის. ვერავინ გიპოვა და სახელმწიფოს იურიუდიული წარმომადგენელი მე
დამიკავშირდა. შენ და შენი და ზალაჩენკოს მემკვიდრეები ხართ.
სალანდერი ჯიანინის დაჟინებით მიაშტერდა. მერე მიმტანის მზერა დაიჭირა და
თითით ანიშნა ცარიელ კათხაზე.
– მამაჩემის მემკვიდრეობა არ მჭირდება. რაც გინდა, ის უქენი.
– ცდები. თავად უქენი, რაც გინდა შენს მემკვიდრეობას. მე მხოლოდ ის მევალება,
რომ შენ ამის შესაძლებლობა მოგეცეს.
– მაგ ღორისგან ერთი ერეც არ მინდა.
– მაშინ ფული სულაც ბუნების დამცველებს მიეცი.
– ფეხებზე მკიდია სელაპები.
უცებ ჯიანინიმ ხმა შეარბილა:
– ლიზბეთ, თუ გინდა, რომ სრულუფლებიანი მოქალაქე იყო, უფრო მეტი
პასუხისმგებლობა მოგეთხოვება. სულ არ მანაღვლებს, შენს ფულს რას უზამ.
მხოლოდ აქ მომიწერე ხელი, რომ ქონების მიღება დაადასტურო და მერე შეგიძლია
მარტომ განაგრძო სმა.
სალანდერმა ჯერ ჯიანინის შეხედა, მერე თავი ჩახარა. ანიკამ დაასკვნა, ეს ალბათ
სალანდერის შეზღუდულ რეპერტუარში ბოდიშის გამომხატველი ჟესტიაო.
– რა თანხაზეა საუბარი?
– არც ისე უმნიშვნელოზე. მამაშენი 300 000 კრონის ფასიან ქაღალდებს ფლობდა.
გოსებერგას ფერმა და მიმდებარე პატარა ტყე კი მილიონ-ნახევარ კრონად
გაიყიდება. გარდა ამისა, მემკვიდრეობით სამი უძრავი ქონებაც გერგო.
– კერძოდ?
– როგორც ჩანს, მამაშენმა კაპიტალდაბანდებები განახორციელა. უსაშველოდ
ძვირფასი არა, მაგრამ უდევალაში ექვსბინიან საცხოვრებელ სახლს ფლობდა და
იქიდან მცირე შემოსავალი აქვს. თუმცა, შენობა ცუდ მდგომარეობაშია. მამაშენს
რემონტის გაკეთებით თავი არ შეუწუხებია. ვერ გამდიდრდები, მაგრამ თუ
მოინდომებ, საკმაოდ სარფიანად გაყიდი; გარდა ამისა, ის სმოლანდში 250 000
კრონის ღირებულების საზაფხულო აგარაკს ფლობდა. და ბოლოს, ნორტელიეს
სიახლოვეს მდგარი ნახევრად დანგრეული ქარხანაც შენ გერგო.
– რა ჯანდაბად ყიდულობდა ამ ნაგავს?
– წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, საშემოსავლოს გადახდის შემდეგ მათი გაყიდვიდან
ოთხი მილიონი კრონა დაგრჩება, ოღონდ...
– ოღონდ, რა?
– მემკვიდრეობა შენსა და შენს დას შორის თანაბრად უნდა გაიყოს. პრობლემა ისაა,
რომ შენი დის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაკვლია.
სალანდერმა უსიტყვოდ შეხედა ჯიანინის.
– აბა?
– რა „აბა“?
– არ მეტყვი, სად არის შენი და?
– რა ვიცი. ათი წელია, არ მინახავს.
– მისი მონაცემები გასაიდუმლოებულია, მაგრამ გავარვკიე, რომ ქვეყნიდან
წასულად ითვლება.
– გასაგებია, – უინტერესოდ თქვა სალანდერმა.
ჯიანინიმ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა:
– კარგი. გთავაზობ, უძრავი ქონება გავყიდოთ და მისი წილი ფული ბანკში
შევიტანოთ, სანამ გამოჩნდება. თუ ნებას მომცემ, მოლაპარაკებებს დავიწყებ.
სალანდერმა მხრები აიჩეჩა:
– მამაჩემის ფული არაფერში მჭირდება.
– ეგ უკვე გავიგე, მაგრამ მემკვიდრეობა ოფიციალურად უნდა ჩაგბარდეს. ეს შენი,
როგორც ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქის, მოვალეობაა.
– მაშინ გაყიდე ეგ ნაგავი. ფულის ნახევარი ბანკში შეიტანე, ნახევარი კი, ვისაც
გინდა, იმას გაუგზავნე.
ჯიანინიმ ყურადღებით შეათვალიერა თავისი კლიენტი. კი იცოდა, რომ მას ფული
ჰქონდა გადანახული, მაგრამ ვერასდროს იფიქრებდა, იმდენი თუ ექნებოდა,
მილიონ კრონაზე მეტი ღირებულების მემკვიდრეობაზე უარი ეთქვა. უფრო მეტიც,
აზრზე არ იყო, სად და როგორ იშოვა სალანდერმა ამდენი ფული.
– ლიზბეთ, გთხოვ, წაიკითხე ეს ნუსხა და ოფიციალურად დამრთე ნება, რომ ეს
საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტო.
სალანდერმა ბურტყუნით გამოართვა საქაღალდე, ჩანთაში ჩაიდო და დაჰპირდა,
აუცილებლად წავიკითხავ და მოგწერ, როგორ მოიქცეო. მერე ისევ ლუდს
მიუბრუნდა. ჯიანინი თითქმის მთელ საათს იჯდა მასთან, მაგრამ მხოლოდ
მინერალურ წყალს სვამდა.
სალანდერმა დაჭმუჭნილი საქაღალდე ჩანთიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ
ამოიღო, როცა ჯიანინიმ დაურეკა და შეახსენა, „ქონების აღწერა“ წაიკითხეო.
სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა, დაჭმუჭნილი ქაღალდები გაასწორა და კითხვას
შეუდგა.
ქონების ნუსხა რამდენიმე გვერდს იკავებდა. ყველანაირი ნაგავი ჩამოეწერათ,
გოსებერგის განჯინაში ნაპოვნი ფაიფურის ჭურჭლის, ტანსაცმლის, კამერების და
სხვა პირადი ნივთების ჩათვლით. ამქვეყნად ზალაჩენკოს ძვირფასი არაფერი
დაეტოვებინა; მით უმეტეს, არაფერი ისეთი, ლიზბეთ სალანდერისთვის ღირებული
რომ ყოფილიყო. გადაწყვიტა, ჯიანინის ბარში რაც ვუთხარი, იმავეს გავუმეორებ,
გაყიდოს ეს ნაგავი და ფული დაარიგოსო. სრულიად დარწმუნებული იყო, რომ
ზალაჩენკოსგან ერთი ერეც არ უნდოდა; თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ზალაჩენკოს
ნამდვილი ქონება საგადასახდო ინსპექტორისთვის მიუწვდომელ ადგილას
იქნებოდა დამალული.
ბოლოს ნორტელიეში საკუთრების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი
გადაშალა.
სამი შენობისგან შემდგარი, ჯამში 20 000 კვადრატული მეტრი ფართობის ქარხანა
ნორტელიესა და რიმბოს შორის ქალაქ შედერიდის გარეუბანში მდებარეობდა.
ქონების აღმწერს ქარხანა ზერელედ დაეთვალიერებინა და მიეთითებინა, რომ ეს
აგურის ქარხანა სამოციან წლებში დაიხურა და მას შემდეგ თითქმის სულ
მიტოვებული იყო. მხოლოდ სამოცდაათიან წლებში იყენებდნენ სატყეო მასალის
საწყობად. ქონების აღმწერი წერდა, შენობის კედლები ცუდ მდგომარეობაშია და
მისი გარემონტება შეუძლებელიაო. ხანძარს გაენადგურებინა და თითქმის სულ
დანგრეულიყო ჩრდილოეთი შენობაც. ქონების აღმწერის თქმით, მხოლოდ მთავარ
შენობას ეტყობოდა რემონტის კვალი.
ქარხნის შეძენის თარიღს რომ დააკვირდა, სალანდერი შეკრთა. ზალაჩენკოს
ნახევრად დანგრეული ქარხანა 1984 წლის 12 მარტს კაპიკებად უყიდია, თუმცა,
მყიდველად აგნეტა სოფია სალანდერი იყო მითითებული.
ძველი ქარხნის პირველი მფლობელი ლიზბეთ სალანდერის დედა იყო, მაგრამ 1987
წელს ზალაჩენკოს მისგან 2000 კრონად გამოესყიდა. მას შემდეგ თხუთმეტი წელი
შენობა უქმად იდგა. ქონების აღწერაში ეწერა, რომ 2003 წელს KAB Import-ს NorrBygg
Inc.-ის მშენებლები დაექირავებინა სახურავისა და იატაკის შესაკეთებლად და
წყლისა და ელექტროგაყვანილობის გასამართად. რემონტი ორ თვეს გრძელდებოდა
და ნოემბრის ბოლოს დასრულდა. NorrBygg Inc.-ის ანგარიში გამოეგზავნა, რომელიც
სრულად გადაეხადათ.
მამის ქონებიდან ლიზბეთი სწორედ ამ ქარხნით დაინტერესდა. რასაკვირველია, თუ
KAB Import კანონიერი საქმიანობით დაკავებულ კომპანიად თავის მოჩვენებას
ცდილობდა, გარკვეული აქტივები აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ლიზბეთისთვის
ისიც გასაგები იყო, რომ ქარხნის საყიდლად ზალაჩენკომ აგნეტა სალანდერი
გამოიყენა, მერე კი მისგან იაფად გადაიფორმა.
მაგრამ რაში დასჭირდა ზალაჩენკოს 440 000 კრონის დახარჯვა ნახევრად
დანგრეული ქარხნის გასარემონტებლად, თუ 2005 წლის მონაცემებითაც ის კვლავ
უმოქმედოდ იდგებოდა?
სალანდერს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, მაგრამ მისი ძიებით თავი დიდად არ
შეუწუხებია. საქაღალდე დახურა და ანიკა ჯიანინის დაურეკა.
– „ქონების აღწერა“ წავიკითხე. კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები. გაყიდე ეს ნაგავი და
ფულს რაც გინდა უქენი. ზალაჩენკოსგან არაფერი მინდა.
– გასაგებია. თანხის ნაწილს შენი დის სახელზე შევანახვინებ ბანკში, შენს წილს კი
ქველმოქმედებაში დავხარჯავ, იმას გადავურიცხავ, ვისაც ყველაზე მეტად
სჭირდება.
– კარგი, – უთხრა სალანდერმა და მაშინვე ყურმილი დაკიდა.
ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და სალტშენს გახედა.
მომდევნო ერთი კვირა არმანსკის ეხმარებოდა. სასწრაფო საქმე იყო. სალანდერს
უნდა ეპოვა და ამოეცნო პიროვნება, რომელიც ბავშვის გასატაცებლად დაიქირავეს
შვედი ქალის და მისი ლიბანელი ქმრის გაყრის შედეგად ატეხილი სასამართლო
დავის პერიოდში. სალანდერს ევალებოდა იმ კაცის ელფოსტის შემოწმება,
რომელმაც სავარაუდოდ გამტაცებელი დაიქირავა. საბედნიეროდ, ცოლ-ქმარმა
იურიდიულ შეთანხმებას მიაღწია და Milton Security-ის დახმარება საჭირო აღარ
გახდა.
ქრისტეშობამდე ერთი კვირით ადრე, 18 დეკემბერს, სალანდერს დილის 6:00 საათზე
გაეღვიძა და გაახსენდა, რომ ჰოლგერ პალმგრენისთვის საჩუქარი ჰქონდა
საყიდელი. მერე იმაზე დაფიქრდა, იქნებ სხვებსაც, მაგალითად, ჯიანინისაც,
ვუყიდო საჩუქარიო. ადგა, შხაპი მიიღო და აუჩქარებლად ისაუზმა გახუხული
პურით, ყველით, ჯემითა და ყავით.
ნასაუზმევს სამუშაო მაგიდა მიალაგა. საბუთები და ჟურნალები გადააწყო. უცებ
„ქონების აღწერას“ მოჰკრა თვალი. საქაღალდე გახსნა და ისევ ნორტელიეში
საკუთრების ფლობის დამადასტურებელი მოწმობა გადაიკითხა.
„არა, უნდა გავარკვიო, რა ჯანდაბას საქმიანობდა იმ ქარხანაში“.
თბილი სამოსი და ჩექმები ჩაიცვა და ფისკარგატანის მიწისქვეშა ავტოსადგომიდან
თავისი „ჰონდათი“ დილის 8:30 საათზე გამოვიდა. ყინავდა, მაგრამ მოწმენდილ,
ლურჯ ცაზე მზე ანათებდა. ნორტელიეს მიმართულებით ნელა გაემართა. 10:00
საათზე შედერიდის გარეუბანში ბენზინგასამართ სადგურში შეუხვია, ბარემ
ვიკითხავ, ძველ აგურის ქარხანასთან როგორ მივიდეო. თუმცა, მანქანა გააჩერა თუ
არა, მიხვდა, რომ გზის მისწავლება არ სჭირდებოდა.
ბორცვიდან, რომელზეც თვითონ იმყოფებოდა, ხეობის ხედი იშლებოდა. მარცხნივ,
ნორტელიეს მხარეს სამშენებლო მასალების საწყობი და ბულდოზერები ჩანდა.
მარჯვნივ, სამრეწველო ზონის კიდეში, გზატკეცილიდან დაახლოებით ოთხას
მეტრში – ნახევრად დანგრეული ქარხანა. შენობა გზისა და პატარა ღელეს მიღმა,
ყველაფრისგან განცალკევებით, სამრეწველო ზონის უკანასკნელი ავანპოსტივით
იდგა. სალანდერმა ჩაფიქრებით შეათვალიერა ქარხანა, რა ჯანდაბად წამოვედი
ნორტელიეშიო.
უკან, ბენზინგასამართი სადგურისკენ მიიხედა. იქ „საერთაშორისო საგზაო
გადაზიდვების“ ემბლებმიანი მისაბმელიანი სატვირთო მანქანა შემოვიდა.
სალანდერს გაახსენდა, რომ კაპელსჩერიდან მომავალ მთავარ გზაზე იდგა. სწორედ
კაპელსჩერის საზღვაო ტერმინალიდან შემოდიოდა შვედეთში ბალტიისპირეთიდან
მომავალი ტვირთის უდიდესი ნაწილი.
სალანდერი მანქანაში ჩაჯდა და ძველი ქარხნისკენ გაემართა. ქარხნის ეზოში
გაჩერდა. გარეთ ყინავდა, ამიტომ მანქანიდან გადმოსულმა ქუდი დაიხურა და
ტყავის ხელთათმანები გაიკეთა.
მთავარი შენობა ორსართულიანი იყო. პირველ სართულზე ფანჯრებზე ფანერები
აეკრათ, ხოლო მეორეზე მინები თითქმის ყველა ფანჯარაში ჩამსხვრეული იყო.
ქარხანა იმაზე დიდი გამოდგა, ვიდრე სალანდერს წარმოედგინა, მაგრამ უფრო
დანგრეულიც. რემონტის კვალი არაფერს ეტყობოდა. ირგვლივ სულიერი არავინ
ჩანდა, მაგრამ ვიღაცას ეზოში ნახმარი პრეზერვატივი დაეგდო, ხოლო ნახევარი
ფასადი გრაფიტით მოეხატათ.
„რაში სჭირდებოდა ზალაჩენკოს ეს ქარხანა?“
ქარხანას უკნიდან შემოუარა და თითქმის სულ დანგრეულ ჩრდილოეთ ფლიგელს
მიაგნო. ქარხნის მთავარი შენობის ყველა კარი რკინის ჭანჭიკებითა და ჯაჭვებით
გამაგრებული ბოქლომებით იყო ჩაკეტილი. მხოლოდ უკანა კარის ბოქლომი იყო
შედარებით სუსტი.
„ჯანდაბა, ეს ხომ ჩემი ქარხანაა!“
სალანდერმა მიმოიხედა, ჯართის გროვაში ვიწრო რკინის მილი იპოვა და ბოქლომის
გასატეხ ბერკეტად გამოიყენა.
პირველი სართულის დერეფანშივე კიბე იწყებოდა. შიგნით ბნელოდა, მხოლოდ აქა-
იქ თუ აღწევდა ფანერაკრული ფანჯრების ნაპრალებიდან შუქი. სალანდერი
რამდენიმე წუთს იდგა, სანამ სიბნელეს თვალს მიაჩვევდა. მერე ჯართის გროვა
დაინახა: ფიცრები, მანქანა-მოწყობილობების ნაწილები, სამშენებლო მასალები.
სიგრძეში 45 მეტრის და სიგანეში 20 მეტრის სახელოსნოს ჭერი სქელ სვეტებს
ეყრდნობოდა. აგურის გამოსაწვავი ღუმლები უკვე დაეშალათ და მათ ადგილას
წყლით სავსე ღრმულები დარჩენილიყო, ხოლო იატაკი ალაგ-ალაგ დაობებულიყო.
დამპალი ნაგავი საშინლად ყარდა და სალანდერმა ზიზღით ცხვირი აიბზუა.
უკან მიბრუნდა და კიბეზე ავიდა. ზედა სართული მშრალი იყო და ორმოცი
კვადრატული მეტრი ფართობისა და რვა მეტრი სიმაღლის ორი ერთნაირი
ოთახისგან შედგებოდა. ჭერთან ახლოს, მიუწვდომელ სიმაღლეზე, ფანჯრები
ამოეჭრათ. იქიდან ვერაფერს დაინახავდით, სამაგიეროდ გარედან დღის შუქი
შემოდიოდა. ისევე როგორც ქვედა სართულზე, ზემოთაც ჯართი და ნაგავი ეყარა.
ერთიმეორეზე ეწყო ერთმეტრიანი ხის ყუთები. სალანდერი ერთ-ერთს დასწვდა,
მაგრამ ძვრა ვერ უყო. ყუთზე დაკრულ იარლიყზე ეწერა: MACHINE PARTS 0-A77;
იგივე ეწერა ქვეშ რუსულადაც. პირველ ოთახში შუა გზაზე გაჩერებული სატვირთო
ლიფტი მოჩანდა.
როგორც ჩანდა, აქ ერთ დროს მანქანა-მოწყობილობების საწყობი იყო.
სალანდერი შიდა ოთახში შევიდა და მიხვდა, რომ სწორედ ის გაარემონტეს. ეს
ოთახიც ხის ყუთების, ნაგვის და ძველი საოფისე ავეჯის ლაბირინთად ქცეულიყო.
იატაკის ფიცრები გამოეცვალათ. სალანდერმა შეამჩნია, რომ რემონტი უეცრად
შეეწყვიტათ. განის ხერხი, მრგვალი ხერხი, ლურსმნის დამჭედი დამბაჩა, ძალაყინი,
ხელსაწყოების ყუთი – ოთახში ეყარა. სალანდერი მოიღუშა. თუნდაც რემონტი
შეეწყვიტათ, ხელოსნებს ხელსაწყო-იარაღები ხომ უნდა წაეღოთ? ამ შეკითხვას
პასუხი მაშინ გაეცა, როცა სახრახნისი დღის შუქზე დაათვალიერა. სახრახნისს
რუსული წარწერა ჰქონდა. ეტყობა, ზალაჩენკომ რემონტისთვის ხელსაწყო-
იარაღებიც იმპორტული გამოიყენა და ხელოსნებიც.
სალანდერი მრგვალი ხერხის ღილაკს დააწვა. ხერხზე მწვანე შუქი აინთო. ესე იგი,
შენობაში ელექტროგაყვანილობა მწყობრში იყო. მრგვალი ხერხი ისევ გამორთო.
ოთახის ბოლოს შედარებით მომცრო ოთახებში შემავალი სამი კარი მოჩანდა.
სალანდერი ერთ-ერთ განაპირა კარს მიაწვა. ჩაკეტილი აღმოჩნდა. ხელსაწყო-
იარაღების ყუთიდან ძალაყინი ამოიღო. კარგა ხანს ეჯახირა და კარი შეამტვრია.
ოთახში ბნელოდა და ნესტის სუნი იდგა. კედელზე ხელი მოაფათურა და
ჩამრთველი იპოვა. ჭერზე ჩამოკიდებული ნათურა აინთო. სალანდერმა გაოცებულმა
მიმოიხედა.
ოთახში სამი საწოლი იდგა. ზედ ლეიბები იყო დაგებული. კიდევ სამი ლეიბი
იატაკზე ეგდო. ჭუჭყიანი ზეწრები უწესრიგოდ მიეყარათ. მარჯვნივ სპირალიანი
ელექტროქურა და დაჟანგული ონკანის ქვეშ რამდენიმე ქვაბი იდგა, კუთხეში –
ვედრო და ტუალეტის ქაღალდის რულონი.
აქ აშკარად ვიღაც ცხოვრობდა. ვიღაც კი არა, ვიღაცეები.
უცებ სალანდერმა შეამჩნია, რომ კარს შიგნიდან სახელური არ ჰქონდა და ცივმა
ჟრუანტელმა დაუარა.
ოთახის ერთ-ერთ კუთხეში თეთრეულის კარადა იდგა. კარადაში ორი ჩემოდანი
იდო. პირველ ჩემოდანში ტანსაცმელი ეწყო. ტანსაცმელი გადაქექა და
რუსულიარლიყიანი კაბა ამოარჩია. ხელჩანთაც იპოვა და იატაკზე დააპირქვავა.
კოსმეტიკურ საშუალებებსა და სხვა წვრილმანებს შორის შავთმიანი ქალის
პასპორტი აღმოჩნდა. პასპორტი რუსული იყო, მის მფლობელს კი ვალენტინა ერქვა.
სალანდერი ოთახიდან დეჟა-ვუს შეგრძნებით გავიდა. ასეთივე დანაშაულის
ადგილი დაათვალიერა ორ-ნახევარი წლის წინ კუნძულ ჰედებიზე. ქალის სამოსი.
საკანი. ჩაფიქრებული დიდხანს იდგა გაუნძრევლად. უკვირდა, რომ ტანსაცმელი და
პასპორტი ხელუხლებად დატოვეს. რაღაც აეჭვებდა.
ისევ ხელსაწყო-იარაღების ყუთთან მივიდა და ფანარი მოძებნა. შეამოწმა, ხომ
ინთებაო და ქვემოთ, სახელოსნოში ჩავიდა. იატაკზე გაჩენილ გუბეში რომ ჩააბიჯა,
ფეხსაცმელში წყალი შეუვიდა.
რაც უფრო ღრმად შედიოდა სახელოსნოში, მით უფრო ძლიერდებოდა გულისამრევი
სუნი. ერთ-ერთ აგურით ამოშენებულ, წყლით თითქმის პირთამდე ავსებულ
საცეცხლესთან შეჩერდა. ჩაბნელებულ საცეცხლეს ფანარი მიანათა, მაგრამ ვერაფერი
გაარჩია. წყლის ზედაპირი წყალმცენარეების მწვანე ლორწოს დაეფარა. იქვე
დაგდებული რკინის ძელი აიღო და მოურია. საცეცხლე დაახლოებით ნახევარი
მეტრის სიღრმისა იქნებოდა. რკინის ძელი მაშინვე რაღაცას შეეხო. ძელის
მეშვეობით ეს რაღაც ზედაპირზე ამოატივტივა – ჯერ სახე გამოჩნდა, სიკვდილისა
და ხრწნის მოღიმარი ნიღბით დაფარული, მერე მთელი სხეული.
სუნთქვაშეკრულმა სალანდერმა სახეს ფანარი მიანათა. ქალი იყო – სავარაუდოდ,
ზემოთ ნაპოვნი პასპორტის მფლობელი. დამდგარ, ცივ წყალში ხრწნის ტემპზე
სალანდერმა არაფერი იცოდა, მაგრამ ისედაც მიხვდა, რომ გვამი აქ დიდი ხნის წინ
უნდა ჩაეგდოთ.
წყლის ზედაპირზე რაღაც შეირხა. მატლს ჰგავდა.
სალანდერმა გვამი ისევ საცეცხლის სიღრმეში ჩაუშვა და ძელით კიდევ კარგა ხანს
ურია წყალს. საცეცხლის კიდეში კიდევ ეგდო რაღაც, ალბათ მეორე გვამი, მაგრამ ის
აღარ ამოუწევია ზედაპირზე. ძელი ამოიღო, იატაკზე დააგდო და ჩაფიქრდა.
სალანდერი კიბით ისევ ზემოთ ავიდა. შუა კარის გასაღებადაც ძალაყინი გამოიყენა.
ოთახი ცარიელი აღმოჩნდა.
ბოლო კართან მივიდა და ძალაყინი მოიმარჯვა, მაგრამ დაწოლა არც დასჭირდა,
კარი იოლად შეიღო. შიგნით შევიდა და მიმოიხედა.
დაახლოებით ოცდაათი კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში ფანჯრები
ნორმალურ სიმაღლეზე ამოეჭრათ. იქიდან ქარხნის მთელი ეზოც ჩანდა და ბორცვზე,
ბენზინგასამართი სადგურიც. ოთახში საწოლი და მაგიდა იდგა, ონკანიც იყო.
გოგონამ უცებ იატაკზე ბანკნოტებით სავსე გახსნილი ჩანთა დაინახა.
გაკვირვებულმა გადადგა ჩანთისკენ ორი ნაბიჯი და მერეღა მიხვდა, რომ ოთახში
თბილოდა, ამის მიზეზი კი შუა ოთახში ჩართული გამათბობელი იყო. ყავის
მადუღარაზე წითელი ნათურა ციმციმებდა.
სალანდერი შენობაში მარტო არ იყო. აქ ვიღაც ცხოვრობდა.
მაშინვე შეტრიალდა და შიდა ოთახისკენ გაიქცა, იქიდან – გარე ოთახისკენ, რათა
სახელოსნოში ჩაერბინა, საიდანაც შემოვიდა. მაგრამ კიბემდე ხუთ ნაბიჯში შედგა,
რადგან ჩაკეტილი და ბოქლომდადებული კარი დაინახა. მიიხედ-მოიხედა, მაგრამ
არავინ ჩანდა.
– გამარჯობა, დაიკო, – სადღაც მარჯვნიდან მოესმა მხიარული ხმა.
ხმის მიმართულებით შეტრიალდა და ყუთებს უკნიდან ნიდერმანის ვეებერთელა
ფიგურა დალანდა დიდი დანით ხელში.
– იმედი არ დამიკარგავს, რომ ოდესმე კიდევ შეგხვდებოდი, – განაგრძო ნიდერმანმა,
– ჩვენი წინა შეხვედრა ძალიან ხანმოკლე გამოდგა.
სალანდერმა მიმოიხედა.
– ნუ ღელავ, – უთხრა ნიდერმანმა, – აქ ჩვენ გარდა არავინაა. ერთადერთი
გასასვლელი კი ჩაკეტილია.
სალანდერმა ნახევარძმას შეხედა.
– ხელი როგორ გაქვს?
ნიდერმანმა გაუღიმა და მარჯვენა ხელი ასწია. ხელზე ნეკი აკლდა.
– ინფექცია შემეჭრა და იძულებული გავხდი, მომეჭრა.
ნიდერმანი ტკივილს ვერ გრძნობდა. გოსებერგაში, სანამ ზალაჩენკო თავში ესროდა,
სალანდერმა მისთვის ბარით ხელის გაჭრა მოასწრო.
– იმ ბარით თავი უნდა გამეპო შენთვის, – ცივად უთხრა სალანდერმა, – აქ რა
ჯანდაბას აკეთებ? მეგონა, ქვეყნიდან მრავალი თვის წინ გაიქეცი.
ნიდერმანმა კიდევ ერთხელ გაუღიმა.
რა ჯანდაბას აკეთებდა ამ ნახევრად დანგრეულ ქარხანაში, რონალდ ნიდერმანმა
თვითონაც არ იცოდა.
გოსებერგადან თავისუფლების შეგრძნებით წამოვიდა, ზალაჩენკო მოკვდა და
ბიზნესს ახლა მე ჩავუდგები სათავეში, მით უმეტეს, ჩინებული ორგანიზატორი
ვარო.
ალინგსოსში მანქანა გამოიცვალა, შეშინებული სტომატოლოგი ანიტა კასპერსონი
საბარგულში ჩატენა და ბუროსისკენ წავიდა. გეგმა არ ჰქონდა. გზადაგზა
იფიქრებდა, რა მოემოქმედებინა. კასპერსონის ბედი არ ადარდებდა. სულ ფეხებზე
ეკიდა, მოკვდებოდა თუ გადარჩებოდა. თავიდან არასასურველი მოწმის თავიდან
მოშორებას აპირებდა, მაგრამ ბუროსის მისადგომებთან მიხვდა, რომ მისი
სხვანაირად გამოყენება შეეძლო. სამხრეთით გაუხვია და სეგლორასთან, ტყეში,
ვიღაცის ბეღელში დაბმული დატოვა. იფიქრა, რამდენიმე საათში თავს
გაითავისუფლებს და პოლიციას მცდარ კვალზე დააყენებსო. თუ თავს ვერ
გაითავისუფლებს, შიმშილით ან სიცივით მოკვდება და მოწმესაც თავიდან
მოვიშორებო.
თვითონ უკან, ბუროსში, დაბრუნდა და იქიდან სტოკჰოლმის აღმოსავლეთით
გასწია. სვაველშეში ჩავიდა, ოღონდ მოტოციკლეტისტთა კლუბში არ მისულა.
მისდა სამწუხაროდ, მაგე ლუნდინი ციხეში იჯდა. პირდაპირ კლუბის მანდატურ
ჰანს-ოკე ვალტარისთან მივიდა და უთხრა, სადმე დამმალეო. ვალტარიმ კლუბის
ხაზინადარ იორანსონთან გაგზავნა. მაგრამ ნიდერმანი მასთან მხოლოდ რამდენიმე
საათით დარჩა.
თეორიულად, რონალდ ნიდერმანს ფულის პრობლემა არ ჰქონდა. მართალია,
გოსებერგაში 200 000 კრონა დარჩა, მაგრამ ფონდებში დაბანდებულ ფულზე ხელი
მაინც მიუწვდებოდა, უბრალოდ ნაღდი ფული შემოაკლდა. იორანსონი „სვაველშეს
მოტოცკლეტისტთა კლუბის“ ფინანსებს განკარგავდა და ნიდერმანმა ადვილად
აიძულა, გარაჟში საიდუმლო სეიფიდან ნაღდი ფული მიეცა მისთვის. ნიდერმანს
ბედმა გაუღიმა. სეიფში 800 000 კრონა აღმოჩნდა.
იორანსონს სახლში საყვარელიც ჰყავდა, მაგრამ ნიდერმანს აღარ ახსოვდა, მას რა
უყო.
იორანსონს მანქანაც წაართვა, რომელსაც პოლიცია ჯერ არ ეძებდა და
ჩრდილოეთისკენ გასწია. კაპელსჩერიდან ბორნით ტალინში გადასვლას გეგმავდა.
მაგრამ კაპელსჩერში რომ მივიდა, იქაურობა პოლიციელებით გადატენილი დახვდა.
კარგა ხანს უმისამართოდ დაეხეტებოდა სამალავის ძიებაში. ნორტელიესთან
მიახლოებულს ძველი აგურის ქარხანა გაახსენდა. გარემონტების შემდეგ ქარხანაში
აღარც ყოფილიყო. ძმები ჰარი და ათო რანტაები იყენებდნენ ამ ქარხანას
ბალტიისპირეთიდან შემოტანილი და შვედეთიდან გასატანი საქონლის დროებით
საწყობად. მაგრამ მას შემდეგ, რაც იმ ჟურნალისტმა სვენსონმა ბოზებით ვაჭრობის
ბიზნესში ცხვირის ჩაყოფა დაიწყო, ძმები რანტაები ქვეყნიდან გაიქცნენ და ქარხანა
დაცარიელდა.
ნიდერმანმა იორანსონის „სააბი“ ქარხნის უკან, ფარდულში დააყენა, თვითონ კი
შიგნით შევიდა. პირველ სართულზე კარი შეამტვრია და პირველ ყოვლისა, პირველი
სართულის კუთხის ფანჯარას მორყეული ფანერი ააძრო, რომ სათადარიგო
გასასვლელი ჰქონოდა. მოგვიანებით გატეხილი ბოქლომი შეცვალა და თვითონ
მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში მოიწყო ბინა.
იმავე საღამოს კედლის მიღმა ფხაკუნი მოესმა. თავიდან იფიქრა, ნაცნობი
მოჩვენებებიაო. თითქმის ერთი საათი შეშინებული იჯდა; შემდეგ სახელოსნოში
გავიდა, რომ იქიდან მიეყურადებინა. კარგა ხანს მოთმინებით იცდიდა. ბოლოს,
კვლავ გაიგონა ფხაჭნის ხმა.
პირსაბანთან გასაღებს მიაგნო. კარი გააღო და ძალიან გაუკვირდა, როცა ორი
გაძვალტყავებული რუსი მეძავი შერჩა ხელში. ბოლო პაკეტი ბრინჯის დამთავრების
შემდეგ თურმე მხოლოდ ჩაისა და წყალს სვამდნენ.
ერთ-ერთი გოგო იმდენად დაუძლურებულიყო, რომ საწოლიდან ვეღარ დგებოდა. ის
მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდა, მაგრამ ნიდერმანს ცოტა რუსული ესმოდა და
გაიგო, რომ გოგონა ღმერთს და მას მადლობას სწირავდა გადარჩენისთვის. გოგონა
მუხლებზე დაეცა და ფეხებზე შემოეხვია. ნიდერმანმა გოგონა მოიშორა, ოთახიდან
გავიდა და კარი ისევ ჩაკეტა.
ნიდერმანმა არ იცოდა, რა ექნა მეძავებისთვის. სამზარეულოში ნაპოვნი კონსერვი
გახსნა და გოგოებს წვნიანი მოუმზადა. სანამ ისინი ჭამდნენ, თვითონ ფიქრობდა.
დასუსტებული გოგონა ცოტათი მოღონიერდა. გაირკვა, რომ ისინი მეძავები კი არა,
სტუდენტები იყვნენ, რომლებსაც ძმები რანტაებისთვის შვედეთში წაყვანისთვის
ფული გადაეხადათ. ძმები მათ ვიზებსა და სამუშაოს დაწყების უფლების
მოპოვებას დაპირებოდნენ – შვედეთში თებერვალში კაპელსჩერიდან შემოვედით,
პირდაპირ ამ საწყობში მოგვიყვანეს და ჩაგვკეტესო.
ნიდერმანი მოიღუშა. თურმე ნაბიჭვარი ძმები რანტაები ზალაჩენკოს გვერდის
ავლითაც აკეთებდნენ ფულს. ეს გოგოები კი ალბათ მიავიწყდათ ან სულაც ფეხებზე
დაიკიდეს, როცა საჩქაროდ გაიქცნენ ქვეყნიდან.
საკითხავი ის იყო, მათთვის რა ექნა. არანაირი მიზეზი არ ჰქონდა მათთვის რამე
დაეშავებინა, მაგრამ ვერც გაუშვებდა, რადგან გოგონები ამ მიტოვებული ქარხნის
კვალზე პოლიციას გამოიყვანდნენ. მათ ვერც რუსეთში გაგზავნიდა, რადგან
კაპელსჩერიმდე ვერ მიიყვანდა, იქ მისი გამოჩენა ძალიან სარისკო იყო. შავთიანმა
ვალენტინამ სექსიც კი შესთავაზა, ოღონდ დაგვეხმარეო. ნიდერმანს მათთან სექსი
სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ ვალენტინას წინადადებამ მის თვალში ორივე
გოგო მეძავად აქცია. დიახ, მორჩა და გათავდა, ყველა ქალი მეძავიაო, გაიფიქრა
ნიდერმანმა.
სამი დღის შემდეგ მათმა გაუთავებელმა ხვეწნა-მუდარამ და კედლებზე კაკუნმა
თავი მოაბეზრა. სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. უკანასკნელად გააღო მათი ოთახის
კარი და სანამ ვალენტინას კისერს მოუგრეხდა, ბოდიში მოუხადა. მეორე გოგო
საწოლზე გაუნძრევლად იწვა, წინააღმდეგობა არც გაუწევია. მერე ორივე გვამი
ქვემოთ, წყლით სავსე ორმოში ჩააგდო. ბოლოს და ბოლოს, სიჩუმემ დაისადგურა.
ნიდერმანი ქარხანაში დიდხანს დარჩენას არც აპირებდა. ფიქრობდა, პოლიცია მალე
რომ ვერ მიპოვის, შემეშვებიანო. თავზე თმა გადაიპარსა და წვერი მოუშვა.
გარეგნობა შეეცვალა. რომელიღაც მუშის დატოვებული კომბინეზონი იპოვა,
რომელიც საკმარისად დიდი იყო და მოერგო. ბეისბოლის კეპიც დაიხურა, ჯიბეში
გასაშლელი სახაზავი ჩაიდო და საEღამოს ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში
შევიდა. შინ მიმავალ მუშას ჰგავდა, რომელმაც გზად მაღაზიაში შეიარა. „სვაველშეს
მოტოციკლეტისტთა კლუბის“ სეიფიდან წამოღებული ფული საკმარისად ჰქონდა.
მას შემდეგ კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა საყიდლებზე. მაღაზიაში ყველა
მეგობრულად ესალმებოდა და ექცეოდა.
თავიდან ნიდერმანი ძალიან უფრთხოდა მიტოვებულ ქარხანაში მობინადრე
არსებებს, რომლებიც ღამღამობით კედლებიდან გამოდიოდნენ და სახელოსნოში
დაძრწოდნენ.
თვითონ თავის ოთახში იკეტებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ მათგან მალვა
მობეზრდა. განჯინის უჯრიდან დანა ამოიღო და ურჩხულებთან შესაბმელად გასწია.
მათთვის ბოლო უნდა მოეღო.
მისდა გასაკვირად, ურჩხულებმა უკან დაიხიეს. ცხოვრებაში პირველად,
მოჩვენებები შეაშინა. მის მიახლოებაზე მოიბუზნენ და ხის ყუთებსა და კარადებში
ჩაიმალნენ. ნიდერმანმა დაიღრიალა და ისინი გაიქცნენ.
ნიდერმანი თავის ოთახში დაბრუნდა და ის ღამე ურჩხულების მოლოდინში
თეთრად გაათენა. ურჩხულებმა შეტევა გამთენიისას განაახლეს. ნიდერმანი კვლავ
უშიშრად დაუპირისპირდა მათ და ისინი ისევ გაიქცნენ.
ნიდერმანი პანიკამ და სიხარულმა ერთდროულად მოიცვა.
მთელი ცხოვრება ეს ღამის არსებები სტანჯავდნენ, მაგრამ ახლა თვითონ
აკონტროლებდა სიტუაციას. არაფერს აკეთებდა. ეძინა. ჭამდა. თავს მშვიდად
გრძნობდა.
დღე დღეს მიჰყვებოდა, კვირა – კვირას, გაზაფხული დასრულდა და ზაფხული
დაიწყო. რადიომიმღებისა და საღამოს გაზეთების წყალობით ხვდებოდა, რომ
პოლიციის მკვლელი რონალდ ნიდერმანის ძებნამ თანდათან უკანა პლანზე
გადაიწია და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს დაუთმო ადგილი. სტატიები
ზალაჩენკოს მკვლელობის შესახებ დიდი ინტერესით წაიკითხა.
„რა სასაცილოა. ზალაჩენკო ვიღაც შერეკილმა მოკლა“.
ივლისში სალანდერის საქმის განხილვას ადევნებდა თვალს. ვერაფრით იჯერებდა,
რომ ის გაამართლეს. სალანდერი გაათავისუფლეს, თვითონ კი მალვა უწევდა.
ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში „მილენიუმის“ სპეციალური ნომერი იყიდა
და ყველაფერი წაიკითხა ზალაჩენკოზე, სალანდერსა და ნიდერმანზე. ჟურნალისტი
მიქაელ ბლუმკვისტი მას პათოლოგ მკვლელსა და ფსიქოპათს უწოდებდა.
ნიდერმანი მოიღუშა.
ამასობაში შემოდგომა დადგა, ნიდერმანი კი ქარხნიდან წასვლას არ აპირებდა. რომ
აცივდა, მაღაზიაში ელექტროქურა იყიდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა აყოვნებდა
ნახევრად დანგრეულ ქარხანაში.
ხანდახან ქარხნის ეზოში ახალგაზრდები შემოდიოდნენ, მაგრამ მას არ აწუხებდნენ,
შენობაში შესვლას არ ცდილობდნენ. სექტემბერში ვიღაც კაცი მოვიდა მანქანით და
ქარხნის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. კარის სახელურებს აწვებოდა და
გამუდმებით რაღაცას ინიშნავდა ბლოკნოტში. ნიდერმანი მას ზედა სართულის
ფანჯრიდან უთვალთვალებდა. ის ოც წუთს დარჩა, ბოლოჯერ მიმოიხედა ეზოში და
წავიდა. ნიდერმანმა შვებით ამოისუნთქა. ეს კაცი ნიდერმანისთვის უცნობი მიზნით
აშკარად ქარხანას ათვალიერებდა. ნიდერმანს აზრად არ მოსვლია, რომ ზალაჩენკოს
სიკვდილის შემდეგ დღის წესრიგში მისი ქონების აღწერა დადგებოდა.
სალანდერზე ბევრს ფიქრობდა. მისი ნახვის იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ მისით
აღფრთოვანებული იყო. თუმცა, ეშინოდა კიდეც მისი. მასზე, რონალდ ნიდერმანზე,
რომელსაც ამქვეყნად არც ერთი სულიერის არ ეშინოდა, დამ – უფრო ზუსტად,
ნახევარდამ – დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სალანდერის მსგავსად არავის
დაემარცხებინა ნიდერმანი. მიწაში დამარხა, მაგრამ ის მკვდრეთით აღდგა და ახლა
თვითონ სდევნიდა. ყოველღამე ესიზმრებოდა იგი და ცივ ოფლში გაწურულს
ეღვიძებოდა. სალანდერმა მისი ღამეული მოჩვენებები ჩაანაცვლა.
ოქტომბერში საბოლოოდ გადაწყვიტა, სანამ ჩემს დას არ ვიპოვი და არ
გავანადგურებ, შვედეთიდან არ წავალო. ზუსტი გეგმა არ ჰქონდა, სამაგიეროდ,
მიზანი გაუჩნდა. არ იცოდა, სად იყო სალანდერი ან როგორ უნდა ეპოვა ის.
მიტოვებული ქარხნის მეორე სართულზე თავის ოთახში იჯდა და ფანჯრიდან
იყურებოდა. ასე გადიოდა დღეები და კვირები.
და აი ერთხელაც, ქარხნის ეზოში „ჰონდა“ გაჩერდა და ნიდერმანისთვის
მოულოდნელად, მანქანიდან სალანდერი გადმოვიდა.
„ღმერთი მოწყალეა“, – გაიფიქრა ნიდერმანმა.
ამდენ ხანს ტყუილად კი არ უცდია?! მალე სალანდერიც იმ ორ ქალს შეუერთდებოდა
წყლით სავსე ორმოში და ნიდერმანი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა.
სალანდერი მიხვდა, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა. ტვინი დაძაბა.
ძალაყინი კი ეჭირა, მაგრამ დიდი ვერაფერი იარაღი იყო იმ კაცის წინააღმდეგ,
რომელიც ტკივილს ვერ გრძნობდა. ესეც ასე – 1000 კვადრატული მეტრი ფართობის
შენობაში ჩაიკეტა ჯოჯოხეთიდან მოვლენილ მკვლელ-რობოტთან ერთად!
ნიდერმანმა მისკენ გადმოდგა ნაბიჯი. სალანდერმა ძალაყინი ესროლა, მაგრამ
ნიდერმანმა ადვილად აარიდა თავი. სალანდერი ქვესადგამზე შეხტა და იქიდან ხის
ყუთისკენ ისკუპა. ჯერ ერთ და მერე მეორე ყუთზე მაიმუნივით სხარტად აძვრა და
ნიდერმანს ოთხი მეტრის სიმაღლიდან ჩამოხედა. ნიდერმანი ქვემოდან შესცქეროდა
და უცდიდა.
– ჩამოდი, – მშვიდად უთხრა მან, – ვერ გაიქცევი. აღსასრული გარდაუვალია.
სალანდერმა გაიფიქრა, იმედია, პისტოლეტი არ აქვს, თორემ მაშინ კი მართლა
დავიღუპეო.
ნიდერმანმა ტაბურეტი ესროლა. სალანდერმა აიცილა.
ნიდერმანი გაბრაზდა და თვითონაც დაიწყო ყუთებზე აცოცება. სალანდერმა
დაიცადა, სანამ ის ბოლო ყუთამდე ამოვიდოდა, ორი ნაბიჯი გადაგა, გაექანა და
მეორე რიგის სულ ზედა ყუთისკენ ისკუპა. იქიდან იატაკზე ჩახტა და ძალაყინს
დასტაცა ხელი.
ნიდერმანი საკმაოდ მოქნილი იყო, მაგრამ ყუთიდან ჩამოხტომა ვერ გაბედა, ვაითუ
ფეხი მოვიტეხოო. ძირს ფრთხილად ჩაძვრა. ყოველთვის ნელა და მეთოდურად
მოძრაობდა – საკუთარი სხეულის მართვას მთელი ცხოვრება სწავლობდა. ცალი
ფეხი იატაკზე ჰქონდა დადგმული, როცა უკნიდან ნაბიჯის ხმა მოესმა და დროზე
მოასწრო შებრუნება, რომ მთელი ძალით მოქნეული ძალაყინი მოეგერიებინა. ამ
დროს ხელიდან დანა გაუვარდა.
სალანდერს დარტყმისას ძალაყინი ხელიდან გაუვარდა. დანის აღება ვერ მოასწრო,
მაგრამ ფეხი წაარტყა და შორს მოისროლა. იმავდროულად, ნიდერმანის ძლიერი
მუშტი მოიგერია და ხის ყუთებისკენ დაიხია. ცალი თვალით დაინახა, როგორ
გამოიშვირა ნიდერმანმა მისკენ ხელები, მაგრამ ყუთზე ამძვრალმა დროზე
გამოაცალა ფეხი. ყუთები ორ რიგად იყო დაწყობილი, სამ-სამი ყუთი იდგა
ერთმანეთზე ცენტრში და ორ-ორი – განაპირას. სალანდერი მესამედან მეორე ყუთზე
ჩაძვრა და დაახლოებით 200-კილოგრამიან გვერდითა ყუთს ყუთს ფეხით მიაწვა.
გაუჭირდა, მაგრამ ყუთი მაინც გადააცურა და ცენტრალურ რიგში ჩააგდო.
ნიდერმანმა გადმოვარდნილი ყუთი დაინახა და განზე გახტა. ყუთის კუთხე
მკერდში მოხვდა, მაგრამ არაფერი დაშავებია. წამოდგა და ყუთებზე აცოცება
დაიწყო. ის იყო, მესამე ყუთის უკნიდან ამოყო თავი, რომ შუბლში სალანდერის
ფეხი მოხვდა. ნიდერმანმა ამოიოხრა და შექანდა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა
და ზემოთ მაინც აძვრა. სალანდერმა არ დაახანა და ცენტრალური რიგის მეორე
მხარეს ისკუპა. ზურგზე გადაკოტრიალდა და ძირს ჩახტა. ნიდერმანმა მისი
ნაბიჯების ხმა გაიგონა. სალანდერი შიდა ოთახის კარში გაუჩინარდა.
სალანდერმა ირგვლივ მიმოიხედა. გადარჩენის ერთადერთი შანსი ჰქონდა –
როგორმე ნიდერმანის მუშტები უნდა აეცდინა და ახლოს არ მიეშვა. თუმცა, ასე
გაგრძელებაც არ შეიძლებოდა, ადრე თუ გვიან, შეცდებოდა და ნიდერმანი ბოლოს
მოუღებდა. ნიდერმანისთვის წამიც კმაროდა, ერთი დარტყმა და ბრძოლა
დასრულდებოდა.
სალანდერს იარაღი სჭირდებოდა.
„პისტოლეტი. ტყვიამფრქვევი. ჯავშანსაწინააღმდეგო ყუმბარა. ნაღმი. სულერთია
რა, ოღონდ რამე“.
კიდევ ერთხელ მიმოიხედა.
არსად არაფერი ჩანდა.
მხოლოდ ხელსაწყოები; და მრგვალი ხერხი – მაგრამ ნიდერმანი დაზგაზე ნებით არ
დაწვებოდა. ძალაყინი დაინახა, რომლის შუბად გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ
მეტისმეტად მძიმე იყო. კარში გაიხედა. ნიდერმანი ყუთებიდან ჩამომძვრალიყო და
მისგან სულ თხუთმეტი მეტრი აშორებდა. ნიდერმანი მისკენ მორბოდა. სალანდერი
კარს მოშორდა. ხუთი წამიც და ნიდერმანი თავს დააცხრებოდა. ბოლოჯერ გახედა
ხელსაწყო-იარაღებს.
„იარაღი ან... სამალავი“.
ნიდერმანი არ ჩქარობდა. მან ხომ გასასვლელი კარგად ჩაკეტა და დაიკო ვერსად
გაექცეოდა. თუმცა, სალანდერი სახიფათო იყო. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ
ზალაჩენკოს ქალიშვილი იყო. ერჩივნა, სალანდერს აქეთ-იქით ერბინა, დაღლილიყო
და ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაეგდო ხელში, ისე, რომ თვითონ არ
დაშავებულიყო.
შუა ოთახში შეიხედა. ხელსაწყოების გროვას, ავეჯსა და ნახევრად დაგებულ იატაკს
შეავლო თვალი. სალანდერი არსად ჩანდა.
– ვიცი, რომ აქ ხარ. მაინც გიპოვი.
ნიდერმანი გაუნძრევლად იდგა და აყურადებდა. მხოლოდ საკუთარი ქშენა ესმოდა.
სალანდერი დაემალა. გაეღიმა. სალანდერი ბრძოლაში იწვევდა. მისი სტუმრობა და-
ძმის თამაშში გადაიზარდა.
უცებ ოთახის ცენტრიდან შარიშური მოესმა. თავი იქით მიატრიალა, მაგრამ
ვერაფერი დაინახა. მერე ისევ გაეღიმა. იქ, სხვა ნაგვისგან მოშორებით, ხუთი მეტრი
სიგრძის ხის დაზგა იდგა. დაზგას ქვეშ უჯრები და სამი მოზრდილი, გასაწევკარიანი
სათავსო ჰქონდა.
ნიდერმანი დაზგას გვერდიდან მიუახლოვდა. იქ არავინ იყო.
„მაშ, სათავსოში შეძვრა. სულელი!“
მარცხენა სათავსოს კარი გასწია.
იმავ წამს შუა სათავსოდან მოესმა ხმაური. ორი ნაბიჯი გადადგა და შუა სათავსოს
კარი გამარჯვებული სახით გასწია. ღიმილი სახეზე შეეყინა.
„ცარიელია“.
უცებ ძალიან ახლოს ტყვიის გასროლის მსგავსი მკვეთრი ტკაცუნი გაისმა.
მიტრიალება სცადა, მაგრამ მარცხენა ფეხი ვერ ასწია. ძირს დაიხედა და დაინახა,
რომ სალანდერის ხელს ლურსმნის დამჭედი დამბაჩა ახლა უკვე მის მარჯვენა
ფეხზე გადაჰქონდა.
სალანდერი დაზგის ქვეშ იმალებოდა.
ნიდერმანი პარალიზებული იდგა, ამასობაში კი სალანდერმა კიდევ ხუთი ცალი
თვრამეტსანტიმეტრიანი ლურსმანი დააჭედა ტერფში.
ნიდერმანმა განძრევა სცადა.
ძვირფასი წამები დაკარგა იმის გააზრებაში, რომ განძრევა არ შეეძლო. სალანდერს
კი დრო ფუჭად არ დაუკარგავს. ყოველი შემთხვევისთვის, მარცხენა ტერფი კიდევ
ოთხი ლურსმნით დაუჭედა ახალდაგებულ იატაკზე.
ნიდერმანმა სცადა მისწვდომოდა, მაგრამ წაბარბაცდა და წონასწორობა
დაზგისთვის ხელის ჩავლებით შეინარჩუნა. ლურსმნის დამჭედი დამბაჩა არ
ჩერდებოდა. ბახ-ბახ, ბახ-ბახ. სალანდერი ისევ მის მარჯვენა ფეხზე გადავიდა.
ლურსმნებს დიაგონალურად ესროდა და ნიდერმანს ქუსლით იატაკზე აჭედებდა.
განრისხებულმა ნიდერმანმა დაიღრიალა და სცადა, სალანდერის ხელს
მისწვდომოდა.
სამალავიდან სალანდერმა დაინახა, რომ ნიდერმანის შარვლის ტოტები ზემოთ
აიქაჩა და მიხვდა, დახრას აპირებსო. მაშინვე ხელი უშვა ლურსმნის დამჭედ
დამბაჩას. მისი ხელი ხვლიკივით სხარტად გაუჩინარდა სათავსოს ქვეშ და
ნიდერმანმა მისი დაჭერა ვერ მოასწრო.
მაშინ დამბაჩის აღება მოინდომა, მაგრამ სალანდერი თითის წვერებით სადენს
მისწვდა და დამბაჩაც სათავსოს ქვეშ შეათრია.
დაშორება იატაკსა და სათავსოს შორის სულ ოცი სანტიმეტრი იქნებოდა. ნიდერმანი
მთელი ძალით მიაწვა სათავსოს და გადააყირავა. თვალებდაჭყეტილმა სალანდერმა
განაწყენებული სახით შემოხედა. ლურსმნის დამჭედი დამბაჩა დაუმიზნა და
ნახევარი მეტრიდან ესროლა. ლურსმანი ნიდერმანს წვივში მოხვდა.
სალანდერმა დამბაჩა დააგდო და თვალის დახამხამებაში გადაკოტრიალდა განზე,
ნიდერმანისგან შორს. ორიოდე მეტრით უკან დაიხია და გაჩერდა.
ნიდერმანმა ფეხის აწევა სცადა, მაგრამ კვლავ წაბარბაცდა და წონასწორობის
შესანარჩუნებლად ხელები გაასავსავა. განრისხებული ძირს დაიხარა.
ამჯერად ლურსმნის დამჭედი დამბაჩა ხელში ჩაიგდო. სალანდერს დაუმიზნა და
სასხლეტს თითი გამოჰკრა.
არაფერი მომხდარა. გაწბილებულმა შეხედა ჯერ დამბაჩას, მერე – სალანდერს.
გოგონამ ჩამრთველი დაანახვა. გაბრაზებულმა ლურსმნის დამჭედი დამბაჩა
სალანდერს ესროლა. სალანდერმა აიცდინა.
მერე ხელსაწყო ისევ შეაერთა შტეფსელში და ლურსმნის დამჭედი დამბაჩა
თავისკენ გაათრია.
გაოგნებულმა ნიდერმანმა სალანდერის არაფრის მთქმელ თვალებს შეხედა. მან
დაამარცხა.
„მართლაც ზებუნებრივი არსებაა“.
ინსტინქტურად სცადა იატაკიდან ფეხის აწევა.
„ურჩხულია“.
მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით ასწია ფეხი, მერე ლურსმნის თავმა არ გაუშვა.
ყველა ლურსმანი სხვადასხვა კუთხით ჰქონდა ჩარჭობილი და
გასათავისუფლებლად ტერფის ნაწილებად გაგლეჯვა მოუწევდა. თვით
არაადამიანური ძალის მქონე ნიდერმანსაც კი არ შეეძლო იატაკიდან ფეხის აწევა.
რამდენიმე წამს აქეთ-იქით ირხეოდა, თითქოს ცურავდა. მის ფერხთით იატაკზე
სისხლი გუბდებოდა.
ლიზბეთ სალანდერი სკამზე ჩამოჯდა და აკვირდებოდა, გაითავისუფლებდა თუ არა
ნიდერმანი თავს. ვინაიდან ის ტკივილს ვერ გრძნობდა, საკითხავი იყო, შეძლებდა
Yთუ არა ის ლურსმნის თავების პირდაპირ ტერფში გაძვრენას. ნიდერმანმა ათი
წუთი უშედეგოდ იჯახირა. მთელი ეს დრო სალანდერი გაუნძრევლად იჯდა და
უემოციოდ ადევნებდა თვალს.
ცოტა ხნის შემდეგ წამოდგა, უკნიდან მიუახლოვდა და ლურსმნის დამჭედი დამბაჩა
კისერს ქვემოთ, ხერხემალზე მიაბჯინა.
სალანდერი გამალებით ფიქრობდა. ამ კაცს შვედეთში მოტყუებით შემოჰყავდა
ქალები, მათ ნარკოტიკებით ჭყეპდა და ცემდა და ბითუმად და ცალობით ჰყიდდა.
მან სულ ცოტა, რვა ადამიანი მოკლა, მათ შორის, გოსებერგელი პოლიციელი და
„სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“ წევრი თავისი ცოლითურთ. სალანდერს
წარმოდგენა არ ჰქონდა კიდევ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იყო მისი
ნახევარძმის ანგარიშზე და სინდისზე, მაგრამ ის კი იცოდა, რომ მთელ შვედეთში
ცოფიანი ძაღლივით დასდევდნენ.
სასხლეტს თითს არ უშვებდა.
ნიდერმანმა ჟურნალისტი დაგ სვენსონი და მისი საცოლე მია იოჰანსონი დახოცა.
გოსებერგაში სალანდერი ერთხელ უკვე „მოკლა“ – მიწაში ცოცხლად დამარხა. ახლა
ისევ გამოჩნდა, რომ სალანდერი ხელახლა მოეკლა.
ზოგისთვის ამაზე ცოტაც საკმარისია განსარისხებლად.
სალანდერი მისი ცოცხლად დატოვების ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავდა. ნიდერმანი
უსაზღვროდ სძულდა.
„რა მოხდება, პოლიციას რომ ჩავაბარო? გაასამართლებენ? სამუდამოს მიუსჯიან?
როდისმე რომ შეიწყალონ? ან რომ გაიქცეს? როგორც იქნა, მამაჩემი მკვდარია...
კიდევ რამდენ წელს უნდა ვიარო შიშით, რომ ერთ დღესაც უკნიდან ჩემი ძმა
მომეპარება?“
ხელში ლურსმნის დამჭედი დამბაჩის სიმძიმეს გრძნობდა. შეეძლო, ერთხელ და
სამუდამოდ ყველაფერი დაესრულებინა.
„გააანალიზე მოსალოდნელი შედეგი“.
ქვედა ტუჩზე იკბინა.
სალანდერს არავისი და არაფრის არ ეშინოდა. მიაჩნდა, რომ წარმოსახვის უნარი
აკლდა, რათა მოსალოდნელი შედეგები დაენახა და შეეფასებინა – და ეს ერთგვარი
დასტური იყო იმისა, რომ მთლად დაწყობილი ტვინი არ ჰქონდა.
ნიდერმანს სძულდა იგი და სალანდერმაც სიძულვილით უპასუხა. ნიდერმანი მაგე
ლუნდინის, მარტინ ვანგერის, ალექსანდერ ზალაჩენკოს და სხვა მათი მსგავსი
ნაბიჭვრების რიცხვს ეკუთვნოდა; სალანდერის აზრით, ისინი ყველანი სიკვდილის
ღირსები იყვნენ. დიდი სიამოვნებით დაყრიდა მათ უკაცრიელ კუნძულზე და
ატომურ ბომბს ესროდა.
„მაგრამ მკვლელობა? ღირს კი? რომ მოვკლა, რა მომივა? ვინმემ რომ გაიგოს? მზად
ვარ, ბოლოჯერ გავისროლო ლურსმნის დამჭედი დამბაჩიდან?“
შეეძლო მოემიზეზებინა, თავს ვიცავდიო... მაგრამ არა, ნიდერმანს ხომ ფეხი იატაკზე
ჰქონდა დაჭედებული.
უცებ ჰარიეტ ვანგერი გაახსენდა. მასაც ხომ აწამებდნენ მამა და ძმა. გაახსენდა,
როგორ ეკამათა ნაბიჭვარ მიქაელ ბლუმკვისტს და ჰარიეტ ვანგერი კარგად
გამოლანძღა. სწორედ ჰარიეტ ვანგერის ბრალი იყო, რომ მისი ძმა მარტინ ვანგერი
წლების განმავლობაში ხოცავდა ქალებს.
„– შენ რას იზამდი?“ – ჰკითხა მაშინ მიქაელ ბლუმკვისტმა.
„– მაგ ნაბიჭვარს მაშინვე ჩავაძაღლებდი“, – მტკიცედ უპასუხა სალანდერმა.
ახლა თვითონაც ჰარიეტ ვანგერის მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„რომ გავუშვა, კიდევ რამდენ ქალს მოკლავს ნიდერმანი? ახლა მე შვედეთის
სრულუფლებიანი, ქმედუნარიანი მოქალაქე ვარ და ჩემს საქციელზე პასუხს ვაგებ.
ჩემი სიცოცხლის რამდენი წელი უნდა გავიღო მსხვერპლად? რამდენი წელი არ
დათმო ჰარიეტ ვანგერმა?“
უცებ ნიდერმანის ზურგზე მიბჯენილი ლურსმნის დამჭედი დამბაჩა ძლიერ
დამძიმდა. ორივე ხელით ძლივს ეჭირა.
ხელსაწყო ძირს დასწია და გამოფხიზლდა. ნიდერმანი რაღაცას გაურკვევლად
ბურტყუნებდა. გერმანულად ამბობდა რაღაცას ეშმაკზე, რომელიც მის წასაყვანად
მოვიდა.
ნიდერმანი მას არ ესაუბრებოდა; როგორც ჩანდა, ოთახის მეორე ბოლოში ვიღაცას
ხედავდა. სალანდერმა მის მზერას თვალი გააყოლა, მაგრამ იქ არავინ იდგა. თმა
ყალყზე დაუდგა.
სალანდერი მიტრიალდა, ძალაყინი აიღო და გარეთა ოთახში გავიდა ჩანთის
მოსაძებნად. ჩანთას რომ იღებდა, დანას მოჰკრა თვალი. ხელთათმანი ეკეთა და
დანა დაუფიქრებლად აიღო.
მცირე ყოყმანის შემდეგ დანა გამოსაჩენ ადგილას, ხის ყუთებს შორის დადო.
ძალაყინის გამოყენებით სამ წუთში გატეხა ბოქლომი და გასასვლელი
გაითავისუფლა.
ლიზბეთი მანქანაში იჯდა და დიდხანს ფიქრობდა. ბოლოს მობილური ტელეფონი
გახსნა და ორ წუთში „სვაველშეს მოტოციკლეტისტთა კლუბის“ ტელეფონის
ნომერი დაადგინა.
– გისმენთ.
– ნიემინენს სთხოვეთ.
– ერთი წუთით.
ნიემინენმა მხოლოდ სამი წუთის შემდეგ უპასუხა.
– რომელი ხარ?
– შენი საქმე არაა, – ისე ხმადაბლა უთხრა სალანდერმა, რომ ნიემინენმა მისი
სიტყვები ძლივს გაარჩია. ვერც კი მიხვდა, ქალი ესაუბრებოდა თუ კაცი, – გინდა,
გითხრა ნიდერმანი სად იმალება?
– რა ვიცი, მინდა?
– სახუმაროდ არ მცალია. გინდა თუ არა?
– გისმენ.
სალანდერმა ნორტელიესთან მისადგომებთან მდგარი აგურის ქარხნისკენ მიმავალი
გზა მიასწავლა და თან დაამატა, თუ იჩქარებ, ნიდერმანი ჯერაც იქააო.
მერე მობილური დაკეცა, მანქანა დაძრა და ბენზინგასამართ სადგურამდე მივიდა.
მანქანა ისეთ ადგილას დააყენა, რომ ქარხნის ეზო კარგად დაენახა.
თითქმის ორ საათს იცდიდა. ორის ნახევარზე გზატკეცილზე ფურგონმა ჩაიარა.
გადასახვევთან ხუთი წუთით შეჩერდა და მერე აგურის ქარხნისკენ წავიდა.
დეკემბერი იყო და უკვე ბინდდებოდა.
სალანდერმა ბინოკლი გამოიღო და ფურგონიდან გადმოსულებს დააკვირდა. ნაცნობ
ნიემინენYთან ერთად ვალტარი და კიდევ სამი უცნობი მამაკაცი შეამჩნია.
„ახალი სისხლი. როგორც ჩანს, ნიემინენმა გუნდი ხელახლა შეკრიბა“.
როცა ნიემინენმა და მისმა ბიჭებმა ქარხნის უკანა შესასვლელს მიაგნეს,
სალანდერმა ისევ მობილური ტელეფონი მოიმარჯვა. მესიჯი დაწერა და
ნორტელიეს პოლიციის განყოფილებაში გაგზავნა.
პოლიციელის მკვლელი რონალდ ნიდერმანი შედერიდესთან ახლოს
ბენზინგასამართი სადგურისგან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მდგარ
ძველ აგურის ქარხანაში იმალება. მის მოკვლას ს. ნიემინენი და „სვაველშეს
მოტოციკლეტისტთა კლუბის“ წევრები აპირებენ. ქარხნის პირველ სართულზე
მოკლული ქალები ყრია.
ქარხნის ეზოში არავინ ჩანდა.
სალანდერმა დრო დაინიშნა.
სანამ იცდიდა, ტელეფონიდან SIM ბარათი ამოიღო და ფრჩხილის მაკრატლით
გაჭრა. მერე ფანჯარა გამოაღო და ნაგლეჯები გარეთ გადაყარა. საფულიდან ახალი
SIM ბარათი ამოიღო და ტელეფონში ის ჩადო. Comviq-ის ბარათებს იყენებდა და მათი
მფლობელის ვინაობის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. Comviq-ში დარეკა
და ანგარიშზე 500 კრონა ჩაარიცხვინა.
მესიჯის გაგზავნიდან თერთმეტ წუთში ნორტელიეს მხრიდან აგურის ქარხანას
სირენაგამორთული, მაგრამ ციმციმაანთებული ორი საპატრულო ფურგონი
მიუახლოვდა. ისინი ნიემინენის ფურგონის გვერდით გაჩერდნენ. ორ წუთში კიდევ
ორი საპატრულო მანქანა მოვიდა. პოლიციელებმა მოითათბირეს და შენობისკენ
ერთად დაიძრნენ. სალანდერმა ბინოკლი აიღო. ერთ-ერთმა პოლიციელმა რაციის
მეშვეობით დისპეტჩერს ნიემინენის ფურგონის ნომერი უკარნახა. პოლიციელები
შენობის წინ იცდიდნენ. ორ წუთში კიდევ ერთი მანქანა მოვიდა.
მორჩა! ამბავი, რომელიც მისი გაჩენის დღეს დაიწყო, აგურის ქარხანაში დასრულდა.
სალანდერი გათავისუფლდა.
როცა პოლიციელებმა შაშხანები მოიმარჯვეს, ჯავშანჟილეტები ჩაიცვეს და ქარხნის
გარშემო პოზიციები დაიკავეს, სალანდერი მაღაზიაში შევიდა, ყავა და სენდვიჩი
იყიდა და იქვე წაიხემსა.
მანქანაში რომ დაბრუნდა, უკვე ბნელოდა. კარის გაღებისას შორიდან ორჯერ
ჩხაკუნი მოესმა. გასროლის ხმას ჰგავდა. ქარხნის შესასვლელთან კედელს შავი
ფიგურები აჰკვროდნენ. მერე სირენას კივილი გაისმა და უფსალის მხრიდან კიდევ
ერთი საპატრულო მანქანა გამოჩნდა. გზის პირას რამდენიმე მანქანა გაჩერებულიყო
და მძღოლები და მგზავრები სეირს თვალს ადევნებდნენ.
სალანდერმა „ჰონდა“ დაძრა და შინისაკენ გაემართა.
19:00 საათზე სალანდერის ბინის კარზე ზარმა დარეკა. სალანდერი თბილ აბაზანაში
იწვა. კართან მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლებოდა მდგარიყო.
თავიდან კარის გაღებას არ აპირებდა, მაგრამ მესამე ზარზე ამოიოხრა, აბაზანიდან
გადმოვიდა და ტანზე პირსახოცშემოხვეული, გაბუტული გავიდა ჰოლში. კარი
ოდნავ გამოაღო.
– გამარჯობა, – მიესალმა ბლუმკვისტი.
სალანდერი არ მისალმებია.
– ახალი ამბები გაიგე?
სალანდერმა თავი გააქნია.
– ვიფიქრე, გაგიხარდებოდა იმის გაგება, რომ რონალდ ნიდერმანი მკვდარია. დღეს
ნორტელიეში „სვაველშელმა მოტოციკლეტისტებმა“ მოკლეს.
– მართლა?
– ნორტელიეში მორიგე ოფიცერს ველაპარაკე. როგორც ამბობენ, შიდა გარჩევა
ჰქონდაYთ. ნიდერმანი უწამებიათ და დანით აუკუწავთ. ქარხანაში ჩანთით
რამდენიმე ასეული ათასი კრონა იპოვეს. სვაველშელთა ბანდა დააკავეს. მათ
წინააღმდეგობა სცადეს. სროლა ატყდა და სტოკჰოლმიდანაც გაგზავნეს დამხმარე
ძალა. ბაიკერები საღამოს ექვსი საათისთვის დანებდნენ.
– ჰოო?
– შენი ძველი „მეგობარი“ სონი ნიემინენი დაცხრილეს. მთლად გადარეულა და
სროლით მოუნდომებია თავის დაძვრენა.
– ძალიან კარგი.
ბლუმკვისტი ოდნავ გამოღებულ კართან იდგა და ერთმანეთს ვიწრო ნაპრალიდან
უყურებდნენ.
– ხელს ხომ არ გიშლი? – ჰკითხა ბოლოს სალანდერს.
– აბაზანაში ვიწექი, – მხრები აიჩეჩა სალანდერმა.
– ვხედავ. ხომ არ შემოგიერთდე?
სალანდერმა მკაცრად შეხედა.
– აბაზანაში კი არა. ბაგელები მოვიტანე, – პაკეტი დაანახვა ბლუმკვისტმა, –
ესპრესოც. Jura Impressa X7 ტყუილად ხომ არ გაქვს, გამოყენება უნდა ისწავლო.
სალანდერმა წარბები ასწია. არ იცოდა, ბლუმკვისტის ნახვა უნდა გახარებოდა თუ
სწყენოდა.
– მხოლოდ ვახშმად დამეწვევი?
– მხოლოდ ვახშმად დაგეწვევი, – დაუდასტურა ბლუმკვისტმა, – მეგობარი
ვინახულე. ესაა და ეს. იმედია, მეგობარსაც გაუხარდა ჩემი დანახვა.
სალანდერი შეყოყმანდა. ორი წელი მიქაელ ბლუმკვისტისგან თავი შორს ეჭირა.
ბლუმკვისტი კი ფეხსაცმლის ლანჩზე მიწებებული საღეჭი რეზინივით არ
შორდებოდა, ხან რეალურ ცხოვრებაში გამოეცხადებოდა, ხან – ინტერნეტში.
ინტერნეტში კიდევ არა უშავდა – იქ ბლუმკვისტი მხოლოდ ელექტრონები და
სიტყვები იყო. რეალურ ცხოვრებაში მისი კარის ზღურბლზე მდგარი კი
ძველებურად მიმზიდველი ეჩვენებოდა. თანაც, მან სალანდერის ყველა საიდუმლო
იცოდა, ისევე, როგორც სალანდერმა იცოდა მისი.
სალანდერი დაჟინებით მიაშტერდა მას და მიხვდა, რომ მის მიმართ აღარაფერს
გრძნობდა. ყოველ შემთხვევაში, როგორც მამაკაცი, აღარ უყვარდა.
რომ დაფიქრდა, ეს ბოლო წელი ბლუმკვისტი მისთვის მხოლოდ კარგი მეგობარი
იყო.
მას ენდობოდა და ეს აწუხებდა, რადგან იმ ერთადერთ ადამიანს ენდობოდა, ვისაც
ყველაზე მეტად გაურბოდა.
ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო: უნდა შეჰგუებოდა მის არსებობას. მით უმეტეს,
რომ მისი დანახვა გულს აღარ სტკენდა.
სალანდერმა კარი გააღო და ბლუმკვისტი ისევ თავის ცხოვრებაში შეუშვა.
[1] მეხუმრები? (ინგ.)
[2] „ქალმა თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს“.
[3] პოლიტიკა, რომელიც ძალაუფლებას, პრაქტიკულ და მატერიალურ ფაქტორებს
ეფუძნება და არა იდეოლოგიურსა და მორალისტურს.
[4] Rikspolisstyrelsens säkerhetsavdelning (შვედ.)
[5] ფაქტი ან საგანი, რომელიც დანაშაულის ძირითად მტკიცებულებად გამოიყენება.
ტერმინი ართურ კონან დოილის ერთ-ერთ რომანში გამოყენებული ფრაზის
მიხედვით წარმოიშვა.
[6] კიმ ფილბი (1912-1988) – ბრიტანული დაზვერვის ორმაგი აგენტი, რომელიც
საბჭოთა კავშირისთვის ჯაშუშობდა.
[7] ანა ლინდი (1957-2003) – შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.
მოიაზრებოდა შვედეთის მომავალ პრემიერ-მინისტრად, მაგრამ 2003 წლის 11
სექტემბერს სერბული წარმოშობის შვედეთის მოქალაქემ, მიხაილო მიხაილოვიჩმა,
მოკლა. მიხაილო მიხაილოვიჩი სასამართლომ შეურაცხადად ცნო.
[8] „ჰაკერების რესპუბლიკა“ (ინგ.)
[9] საქმეს შეუდექით, ბიჭებო და გოგოებო (ინგ.)
[10] რეიმონდ ჩენდლერის დეტექტიური რომანების მთავარი გმირი
[11] „შავ-თეთრი“ (შვედ.)
[12] თაღლითობის გავრცელებული სახეობა. თაღლითი უცნობ პირს წერილს
უგზავნის და გარკვეულ თანხას სთხოვს ფულადი ოპერაციების ჩასატარებლად,
სანაცვლოდ კი შემოსავლიდან პროცენტებს ჰპირდება.
[13] შვედურად: Pippi Långstrump
[14] შესანიშნავი (ინგ.)
[15] შეცდომა – პაროლი არასწორია (ინგ.)
[16] თავიდან სცადეთ (ინგ.)
[17] რომელი ხარ? (ინგ.)
[18] დაამტკიცე, თორემ... (ინგ).
[19] მოგესალმებით ჰაკერების რესპუბლიკაში, მოქალაქე Wasp. თქვენი ბოლო
სტუმრობიდან გასულია 56 დღე. ამჟამად ხაზზეა 11 მოქალაქე. გნებავთ ა) ფორუმში
შესვლა, ბ) შეტყობინების გაგზავნა, გ) არქივის დათვალიერება, დ) საუბარი, ე)
ჟიმაობა? (ინგ.)
[20] ვინ არის ხაზზე? (ინგ.)
[21] „ბანდას გაუმარჯოს“.
„Wasp, მართლა შენ ხარ? ნახეთ, ვინ დაბრუნდა“.
„სად იყავი დაკარგული?“
„Plague-მა გვითხრა, შარში გაეხვიაო“. (ინგ.)
[22] დისკის ავარიული გათიშვა (ინგ.)
[23] „რაინდები“ (შვ.)
[24] „ეს რა ნაგავია!“ (ინგ.)
[25] შემთხვევითი სიხშირეების ამოცნობის სისტემა (ინგ.)
[26] ხმის ამოცნობის სისტემა (ინგ.)
[27] ებე კარლსონი – საფრანგეთში შვედეთის ელჩის, კარლ ლიდბომის, ახლობელი
გამომცემელი, რომელიც ულოფ პალმეს მკვლელობაში ქურთ მუშათა პარტიას
ადანაშაულებდა. იუსტიციის მინისტრმა ანა გრეტა ლეიონმა მას ფარული
ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება და მკვლელობაში „სეპოს“ მონაწილეობის
სამხილების მოპოვება დაავალა. ამ ფაქტის გამჟღავნებას 1988 წელს დიდი
სკანდალი მოჰყვა და იუსტიციის მინისტრი იძულებული გახდა, გადამდგარიყო.
[28] ამერიკული დეტექტიური სერიალი
[29] Poison pen letters (ინგ.) – სიტყვასიტყვით: „შხამიანი კალმით ნაწერი წერილები“.
ანონიმური სალანძღავი და შეურაცხმყოფელი წერილები.
[30] წიგნის მაღაზიათა ქსელი შვედეთში
[31] ულფ ეკმანის მიერ 1983 წელს უფსალაში დაარსებული კონგრეგაცია
[32] (ინგ.) არაპირდაპირი ზიანი
[33] შეწუხებული ვარ (ინგ).
[34] საყოველთაო კეთილდღეობისთვის (ლათ).

You might also like