Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

გიორგი მანქანებით მოვაჭრე ფირმის ,,დავითი და მეგობრები“ სარეკლამო ბუკლეტში

ამოიკითხავს, რომ ფირმას ჩამოჰყავს საოცნებო მანქანები უცხოეთიდან ორი თვის ვადაში,
შერჩეული მანქანის საფასურის ოდენობის ნახევრის წინასწარი გადახდით. გიორგი, რომელიც
გადაწყვეტს დიდი ხნის ოცნება აიხდინოს, მიმართავს ფირმას განცხადებაში მითითებულ
მისამართზე. ის დიდხანს ათვალიერებს ფირმის წარმომადგენლის დავითის მიერ შემოთავაზებულ
კატალოგს და ბოლოს არჩევანს აკეთებს 1999 წლის ლურჯ მერსედეს ბენცზე c-220 მოცემული
მონაცემებით – გარბენი_67000კმ, ძრავის მოცულობა_2,2ლ. შემოთავაზებულ ფასად 12000 აშშ
დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება იდება 1 მარტს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია
ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო, სხვა ვალდებულებები მხარეებს არ აქვთ
შეთანხმებული. მანქანის საკუთრებაში გადაცემა უნდა განხორციელდეს 1 მაისს. გიორგი
განუმარტავს კომპანიას, რომ ის 1 მაისს მანქანა უნდა გასცეს იჯარით შემოსავლის მიღების მიზნით
თვეში 500 ლარად.

ერთ თვეში, 1 აპრილს გიორგი არასახარბიელო ინფორმაციას შეიტყობს. მის შერჩეულ ფირმას
სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და საოცნებო მანქანების მოლოდინშიც არაერთია
იმედგაცრუებული. დაეჭვებული გიორგი შიშობს, რომ ვერ მიიღებს მანქანას დათქმულ დროში,
შეშფოთებული უკავშირდება დავითს და სთხოვს, სასწრაფოდ უზრუნველყონ მისთვის მანქანის
ჩამოყვანა (შესრულების ვადაზე ადრე მოთხოვნა), წინააღმდეგ შემთხვევაში ის უარს იტყვის
ხელშეკრულებაზე (ვადაზე ადრე ხელშეკრულებიდან გასვლა). დავითი უცხადებს გიორგის, რომ
ფირმის მიერ დათქმული დრო არ გასულა და რომ ფირმა მერსედეს ბენცს ჩამოიყვანს ზუსტად
დათქმული დღისთვის მისი განმარტებით, ფირმის გადახდისუუნარობა დადასტურებული არ
არის და გიორგის ეჭვის საფუძველი არ აქვს. დავითი აქვე უთითებს, რომ თუკი ჩქარობს, მაშინ
გამოსავალს შესთავაზებს - შეთანხმებული მერსედესის ნაცვლად შეიძინოს გამოფენაზე
გამოტანილი იმავე ღირებულების ჯიპი, მიცუბიში მონტერო, რომელიც ჩამოყვანილიცაა და
განბაჟებულიც. მაგრამ გიორგი ამაზე თანახმა არ არის, რადგან მისი საოცნებო მანქანა მერსედესია
(სხვა შესრულების მიღების ვალდებულება არსებობს, თუნდ მაღალი ღირებულების მქონესი?).

1 მაისს კომპანია ატყობინებს გიორგის, რომ მანქანის მიწოდებას დასჭირდება კიდევ 30 დღე,
რადგან მანქანა შესყიდვის ქვეყნიდან უკვე გამოგზავნილია. გიორგი თანხმდება დამატებითი
ვადის დანიშვნას, რადგან ახალი მანქანის ჩამოყვანას უფრო დიდი დრო დასჭირდება და შედეგად
უფრო დიდი ხნით დაყოვნდება მისთვის შემოსავლის მიღება მანქანის იჯარით გაცემის
შეუძლებლობის საფუძველზე.

30 მაისს ჩამოყვანილი მერსედეს ბენცი გიორგის სპეციალისტთან მიჰყავს შესაფასებლად, სადაც ის


აღმოაჩენს, რომ მანქანა ნაავარიევია, რაც კარგადაა შენიღბული კაპიტალური რემონტით, რომელიც
1 კვირის წინ არის ჩატარებული (აღმოჩნდა რომ კომპანიას მანქანა 1 კვირის წინ ჩამოუყვანია და
შეუკეთებია). ნაკლის გარეგნული გამოსწორების მიუხედავად, მანქანა ექსპერტიზის დასკვნით
შეზღუდულად ახორციელებს მის სამეურნეო დანიშნულებას, რომელიც დროთა განმავლობაში
კიდევ ექვემდებარება გაუარესებას. აღშფოთებული გიორგი მიდის დავითთან, მოითხოვს მისგან
მანქანის უკან დაბრუნების სანაცვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ეს უკანასკნელი კი
ამტკიცებს, რომ მანქანა უკვე შეკეთებულია და ნაკლი გამოსწორებულია, ხოლო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მახასიათებლები დაცულია. გიორგი ამტკიცებს, რომ კაპიტალური რემონტი
ვერ აღადგენს ნივთს უნაკლო მდგომარეობაში, რადგან მანქანის ღირებულება მისი
ნაავარიებულობის გამო 5 000 აშშ დოლარით არის შემცირებულია და ამასთან, შემცირებულია
მანქანის ტექნიკური რესურსი, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება.

კომპანია აცხადებს, რომ ის გადამყიდველია, არაფერი იცოდა ნაკლის შესახებ (იპოვეთ მუხლი
ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებში, როდესაც გამყიდველი
ინფორმირებულია ნაკლზე) და არ აგებს პასუხს მანქანის ხარისხზე (აღწერეთ რა არის
გამყიდველის ძირითადი ვალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულებაში).

გიორგი ითხოვს 1. ხელშეკრულებიდან გასვლას (გადახდილი სახელშეკრულებო თანხის ნახევრის


დაბრუნებას), 2. ბანკისათვის გადახდილი პროცენტის ანაზღაურებას, რომელიც მან გადაიხადა
სახელშეკრულებო თანხის სესხად მიღებისათვის (ხელშეკრულებაში მითითებული იყო რომ
გიორგიმ სახელშეკრულებო თანხა ბანკისგან სესხის სახით ჰქონდა მიღებული, რომელსაც
დაფარვადა მანქანის ოჯარით გაცემისგან მისაღები შემოსავლით). 3. პირგასამტეხლოს
ანაზღაურებას; 4. გიორგი ასევე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით,
რომელიც მან დაკარგა მანქანის იჯარის ხელშეკრულებით სარგებლობაში გადაცემის
შეუძლებლობის გამო. ახალი მანქანა 2 თვის შემდეგ ჩამოვა საქართველოში, ამიტომ დაკარგული
მიუღებელი შემოსვლის ოდენობა ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოში მანქანის
შესყიდვა ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან უმრავლესობა ნაავარიევი და
შეკეთებულია.

კომპანია აცხადებს რომ გიორგის მხოლოდ პირგასამტეხლოს და ფასის შემცირების (5000 აშშ
დოლარით) მოთხოვნა შეუძლია, რადგან ვალდებულება შესრულებულია, თუმც დამატებით
ვადაში. ამიტომ გიორგის ვალდებულების დარღვევისთვის შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ
პირგასამტეხლო და შეუმცირდეს სახელშეკრულებო ფასი, მან უნდა დაიტოვოს ნაკლიანი ნივთი
და ხელშეკრულება უნდა დარჩეს ძალაში.

დაასაბუთეთ გიორგის მოთხოვნების საფუძვლიანობა.

შეკითხვები (2-2 ქულა)

1. რომელი მეორეული მოთხოვნის უფლებებია ერთმანეთთან თავსებადი და რომელი


ალტერნატიული?

2. რამდენად დასაშვებია ხელშეკრულებიდან გასვლა გულისხმიერების ვალდებულების


დარღვევის საფუძველზე და სსკ-ის უშუალოდ რომელი მუხლიდან გამომდინარეობს აღნიშნული?
პირველი ჰიპოთეზა: გიორგის შესაძლოა ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება სსკ-ის
405-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 491-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;
სახელშეკრულებო ფასის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 352-ე მუხლის საფუძველზე.

იმისათვის, რომ ჰიპოთეზაში აღნიშნული უფლებები წამოიშვას, საჭიროა, თავდაპირველად


არსებობდეს ვალდებულება. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია
ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები, კერძოდ, ვალდებულების წარმოშობის
საფუძველია მხარეებს შორის დადებული ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება -
ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა (ოფერტი და აქცეპტი) და 327-ე მუხლის პირველი
ნაწილით არსებით პირობებზე შეთანხმება. მოცემულ კაზუსში სახეზე გვაქვს ნასყიდობის
ხელშეკრულება, ერთი მხრივ, მოწვევა ოფერტზე სარეკლამო ბუკლეტის სახით, ოფერტი და
აქცეპტი. 477-ე მუხლით მოწესრიგებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია.
ნასყიდობის ხელშეკრულებას აქვს კანონით დადგენილი არსებითი პირობები, კერძოდ,
მხარეები, საგანი და ფასი. ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს გიორგი, მეორე მხარე კი
არის მანქანებით მოვაჭრე ფირმა „დავითი და მეგობრები“, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი -
დავითი. სსკ-ის 103-ე მუხლის მიხედვით, გარიგება შესაძლებელია დაიდოს წარმომადგენლის
მეშვეობითაც. კაზუსიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს წარმოადგენს
მინდობილობის საფუძველზე წარმოშობილ წარმომადგენლობას. დავითი არის მანქანებით
მოვაჭრე ფირმის წარმომადგენელი. მის მიერ გარიგებაში მონაწილეობით უფლებები და
მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს - სსკ 104-ე მუხლის მიხედვით.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი არსებითი პირობებისა, მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ ნივთის
სპეციალური მახასიათებლებიც, რაც ნივთს ინდივიდუალურად განსაზღვრულად აქცევს. ამას
ენიჭება არსებითი პირობის ხასიათი და შესაბამისად, მისი შეცვლა ან არშესრულება ჩაითვლება
ვალდებულების დარღვევად. მოცემულ შემთხვევაში ასეთ ინდივიდუალურად განსაზღვრულ
პირობას წარმოადგენს მანქანის კონკრეტული მახასიათებლები - ძრავის მოცულობა,
გარბენი...არსებით პირობად მიიჩნევა შესრულების განსაზღვრული ვადაც.
კაზუსის მიხედვით, თავდაპირველად გიორგიმ იეჭვა, რომ მხარე ვალდებულების შესრულებას
ვერ შეძლებდა და მოითხოვა ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე, წინააღმდეგ
შემთხვევაში კი განაცხადა, რომ იგი ხელშეკრულებაზე უარს იტყოდა. 367-ე მუხლის
მიხედვით, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების დაუყონებლივ შესრულება,
თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ან იგი
საერთოდ ვერ წარმაოდგინა. ამ შემთხვევაში, კაზუსიდან არ იკვეთება დადასტურებული ფაქტი
რომელიმე ნახსენები პირობისა. საგულისხმოა, რომ მოვალის ქონებრივი მდგომარეობის
გაუარესება კუმულატიურად უნდა არსებობდეს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის
რეალურ საფრთხესთან ერთად, რაც აბსოლუტურად შეფასებით კატეგორიას წარმოადგენს.
მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არსებითი
იმდენად, რომ მის აქტივს არ აღენიშნებოდეს ნაკისრი ვალდებულების შესრულების
შესაძლებლობა. ვინაიდან ასეთი დამადასტურებელი ფაქტი არ ყოფილა წარმოდგენილი,
რამდენიმე უკმაყოფილო მომხმარებლის იმედგაცრუება ვერ შეგვიქმნის საერთო სურათს და
უნდა ვივარაუდოთ, რომ გიორგის არ აქვს 367-ე მუხლის საფუძველზე დაუყონებლივ
შესრულების მოთხოვნის უფლება. მოცემული შემთხვევა 366-ე მუხლის „საეჭვოობისას“
მდგომარეობაა, როდესაც ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა
ვადაზე ადრე.
აქვე უნდა აღინიშნოს მომენტი, როდესაც მანქანებით მოვაჭრე ფირმამ გიორგის ვადაზე ადრე
შესრულებაზე უარი განუცხადა და უთხრა, რომ შეეძლო მიეღო უკვე ადგილზე მყოფი და
განბაჟებული მიცუბიში მონტერო, თუმცა 381-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან ხელშეკრულების
საგანია ინდივდუალურად განსაზღვრული ნივთი, კრედიტორი ვალდებული არაა მიიღოს სხვა
ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე.
მხარეები შეთანხმდნენ ნების ორმხრივი გამოვლინების საფუძველზე ვადაგადაცილებაზე
პირგასამტეხლოს არსებობაზე, სსკ-ის 316-ე მუხლის მიხედვით. ამისთვის არსებით პირობას
წარმოადგენს მისი წერილობით გაწერა. პირგასამტეხლო ვლინდება მაშინ, როდესაც ადგილი
აქვს ხელშეკრულების მხარისაგან ვალდებულების შესრულებას ან არაჯეროვან შესრულებას.
ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარეს იმ
დროიდან, როცა ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და მისი დარიცხვა გრძელდება
ვალდებულების შესრულებამდე.
მოცემულ კაზუსში მხარეები შეთანხმებულები არიან, რომ გიორგის მანქანა უნდა მიეღო 1
მაისს, მაგრამ ვინაიდან ფირმამ თავისი ბრალით ვერ მოახერხა ორი თვის ვადაში მანქანის
გიორგისთვის მიწოდება, ადგილი ჰქონდა ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, ვადის
გადაცილებას სსკ-ის მე-400 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ
ქართული კანონმდებლობა ხელშეკრულების შესრულებაზეა ორიენტირებული და ზემოთ
აღწერილ სიტუაციებში დამატებითი ვადის დანიშვნას არა უფლებად, არამედ მოვალეობადაც
კი. გიორგიმ მეორეული მოთხოვნის ფარგლებში დამატებითი ვადა - 30 დღე დაუწესა ფირმას,
რაც 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა განსაზღვრული. სსკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი
პირობა, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ
დროსა და ადგილას, განსაკუთრებულად დაირღვა მაშინ, როდესაც გიორგიმ დაგვიანებით
ჩამოყვანილი მანქანა მიიყვანა ექსპერტთან და გაირკვა, რომ მანქანის კაპიტალური რემონტით
დაფარული იყო რეალურად არსებული ნაკლი, რომლის გამოც მანქანა შეზღუდულად
ახორციელებდა მის სამეურნეო დანიშნულებას. მანქანა იყო დაზიანებული იმდენად, რომ მისი
ღირებულება 5000$ით შემცირდა. ექსპერტის ამგვარი დასკვნა მიუთითებს მოვალის მხრიდან
ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე, კერძოდ, სსკ-ის 487-488 მუხლების მიხედვით,
გამყიდველს აქვს მოვალეობა, მყიდველს გადასცეს ნივთობრივად (და უფლებრივად) უნაკლო
ნივთი. მართალია, კაზუსში არაა ნახსენები, რომ ხარისხი წინასწარ შეთანხმებულია, მაგრამ
ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან
ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნივთის შეზღუდულად გამოყენება უკვე ნიშნავს, რომ იგი არ
არის ვარგისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისთვის. აქვე დავურთოთ 380-
ე მუხლი - თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული,
მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს
საშუალო ხარისხის ნივთი.
კაზუსიდან გამომდინარე ირკვევა, რომ შესრულების საგანი - მანქანა - კომპანიამ 30 მაისამდე 1
კვირით ადრე მიიღო, მაგრამ არ გადასცა იგი გიორგის და გამოიყენა ეს დრო მისი კაპიტალური
რემონტისათვის. ფირმა ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანქანა იყო ნაავარიევი და,
შესაბამისად, ნაკლიანი, მაგრამ მან დაარღვია მისი ინფორმაციის გაცემის ვალდებულება (318-ე
მუხლი) და არ შეატყობინა აღნიშნული მყიდველს. გარდა ამისა, მხარე აპელირებს, რომ მისი
პასუხისმგებლობა ნივთის ხარისხზე არ იკვეთება, ვინაიდან იგი მას სხვა, მესამე პირისგან
იღებს, თუმცა 497-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან
გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი
შეთანხმება ბათილი იქნება, თუკი გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ. ეს ამ
შემთხვევაში ნათლად ჩანს - გამყიდველმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება ეცნობებინა
მყიდველისთვის მანქანის ნაავარიებულობა. აქვე, ანალოგიით შეიძლება ვიმსჯელოთ 397-ე
მუხლზეც, რომელიც ამტკიცებს მოვალის პასუხისმგებლობას შესრულებისთვის მაშინაც, როცა
შესრულების საგანი სხვა პირისგან უნდა მიეღო. გამყიდველის ბრალი აშკარაა იმ შედეგთან, რაც
დადგა. მან კაპიტალური რემონტი მანქანას ჩაუტარა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიზუალური
დათვალიერებით მისი ნაკლი - ავარიის შემდგომი დაზიანება - არ ყოფილიყო შესამჩნევი. ეს არ
შეგვიძლია მივიჩნიოთ ნაკლის გამოსწორებად. ნაკლის გამოსწორება, ექსპერტის დასკვნის
მიხედვით, შეუძლებელია - მანქანის ტექნიკური რესურსი ვეღარ აღდგება, თუნდაც შეუსაბამო
ხარჯების გადახდის შემთხვევაშიც კი. გამყიდველი ამ ქეისში ვალდებული იყო, სცოდნოდა
ნაკლის შესახებ და იცოდა კიდეც, რაც აუცილებლად უნდა შეეტყობინა მყიდველისთვის.
იმისათვის, რომ კრედიტორი ხელშეკრულებიდან გავიდეს, მოვალე უნდა არღვევდეს
ვალდებულებას. აქ მოიაზრება ვალდებულების შინაარსიდან ნებისმიერი გადახვევა. თუკი
მოვალე დაამტკიცებდა, რომ ნაკლი უმნიშვნელოა, მაშინ შესაძლოა გვესაუბრა იმაზე, რომ
გიორგის არ ექნებოდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება 405-ე მუხლის მიხედვით, მაგრამ
როდესაც მანქანის გასაყიდი ფასი 12000$-ია და შემდეგ იგი 5000$-ით იკლებს სწორედ ამ ნაკლის
გამო, შეუძლებელია უმნიშვნელო დარღვევად მივიჩნიოთ. ამ ნაკლის გამოსწორება, როგორც
უკვე აღვნიშნეთ, შეუძლებელია, თუნდაც კიდევ გაუხანგრძლივოს გიორგიმ ფირმას
დამატებითი ვადა - ამას ობიექტურად არავითარი შედეგი არ ექნება. 490-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაც, რასაკვირველია, შეუძლებელია.
გიორგის არ აქვს ინტერესი იმისა, რომ ჰყავდეს თითქმის ნახევარ ფასად შეფასებული მანქანა,
ასე რომ არ ყოფილიყო, იგი საქართველოს ბაზარზე არსებულ მანქანასაც ენდობოდა და
შეიძენდა, მაგრამ მისი სახელშეკრულებო ინტერესი უნდა განიმარტოს მაქსიმალურად აშკარად,
რომ მას არ სურდა ნაავარიევი ავტომობილი ჰყოლოდა. სახელშეკრულებო ნება დარღვეული
იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მას შევბოჭავთ ფასის შემცირების უფლებით და არა
ხელშეკრულებაზე უარის თქმით. მოვალის სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ მას მანქანის
ნაავარიებულობის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია მყიდველისთვის და ეცადა, ეს ფაქტი
დაემალა. გიორგის რომ ნაკლის შესახებ სცოდნოდა, სავარაუდოა, რომ იგი ხელშეკრულებას არც
დადებდა, იგი ობიექტურად ელოდა გამყიდველისგან ასეთი ინფორმაციის მიღებას.
შუალედური დასკვნა: გიორგის ასეთ შემთხვევაში წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის
უფლება სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 352-ე მუხლის მიხედვით,
მიღებული შესრულება მხარეებს ამ დროს უკან უბრუნდებათ, კერძოდ, გიორგის მიერ ავანსად
გაცემული სახელშეკრულებო ფასის ნახევარი მას უკან დაუბრუნდება. გიორგიმ უნდა
შეასრულოს 355-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა და გასვლის შესახებ აცნობოს მეორე
მხარეს.

მეორე ჰიპოთეზა: გიორგის შესაძლოა ჰქონდეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების


მოთხოვნის უფლება სსკ-ის 394-ე,407-ე, 411-ე მუხლის საფუძველზე, ასევე ბანკისთვის
გადახდილი პროცენტების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 394-I, 407-ე მუხლების საფუძველზე.

გარდა იმისა, რომ გიორგის გადახდილი სახელშეკრულებო ფასის ნახევარი უნდა დაუბრუნდეს,
უნდა ანაზღაურდეს ის ზიანიც, რომელიც მას ხელშეკრულების დადებით და შემდგომ მისი
არაჯეროვანი შესრულებით მიადგა. ამას გულისხმობს სრულფასოვანი რესტიტუცია -
პირველადი მდგომარეობის აღდგენა.
უპირველეს ყოვლისა, განვსაზღვროთ ის კონკრეტული ქონებრივი ზიანი, რომელიც მყიდველს
მიადგა. ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული, რომ მანქანა ჩამოვიდოდა 1-ლ მაისს და
გიორგის ამ დღესვე უნდა გადაეცა მანქანა მესამე პირისთვის იჯარით სარგებლობისათვის, 500
ლარად. გიორგიმ დაკარგა აღნიშნული 500 ლარი მაშინაც, როდესაც დამატებით 30 დღე
განუსაზღვრა ფირმას და იმის შემდეგაც, რაც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო
მას ახალი მანქანის ლოდინი კიდევ ორ თვეს მოუწევდა. ეს თანხა წარმოადგენს მიუღებელ
შემოსავალს, რომელსაც გიორგი მიიღებდა მაშინ, თუკი ფირმა „დავითი და მეგობრები“ ნაკისრ
ვალდებულებას შეასრულებდა 361-ე მუხლით გათვალისწინებული პირობებით. სსკ-ის 411-ე
მუხლი ეხება ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვის, კერძოდ: „ზიანი უნდა
ანაზღაურდეს არამხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ
მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს
და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.

იმისათვის, რომ ფირმას წარმოეშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 394-ე მუხლის
საფუძველზე, აუცილებელია არსებობდეს ზოგადი წინაპირობები - წარმოშობილი
ვალდებულება, რომელიც არ შესრულდა და დაირღვა. თითოეული მათგანი აშკარაა.
აღსანიშნავია, რომ სახეზე არ ყოფილა სახელშეკრულებო ნოვაცია, რითაც შეიძლებოდა
გვესაუბრა, რომ უშუალოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა გაგრძელდებოდა და
არა დამატებითი ვადის სახით გვექნებოდა შესრულების ახალი ვადა. ითვლება, რომ მართალია,
გიორგიმ გაუგრძელა ამგვარი შესრულების ვადა, მაგრამ ვალდებულება მაინც დარღვეულია და
კრედიტორს ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებითი დამატებითი მოთხოვნები
წარმოეშობა. გიორგის აქვს უფლება მოითხოვოს 1500 ლარი, რომელსაც იგი მიიღებდა მაისის
პერიოდში და ივნისი-ივლისის პერიოდში, სანამ ახალი მანქანა ჩამოვა. ამასთან,
დავადასტუროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ დამატებითი ვადა მისცა ფირმას
თავისი თანხმობით, შეიძლება ითქვას, რომ მას ამის ვალდებულებაც კი ჰქონდა
ხელშეკრულების შინააარსიდან გამომდინარე. გართულდებოდა იმის მტკიცება, რომ მან
დაკარგა სახელშეკრულებო ინტერესი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული სამართალი
შესრულებაზეა ორიენტირებული და დამატებითი ვადის დაწესება გამოიყენება როგორც ყველა
სხვა მეორეულ მოთხოვნაზე უფრო პრიორიტეტული მოთხოვნა. თუკი ადგილი ექნებოდა
სახელშეკრულებო ნოვაციას, ვალდებულების დარღვევად ვადაგადაცილების ფაქტს ვერ
მივიჩნევდით და, შესაბამისად, ფირმა მხოლოდ ორი თვის მიუღებელ შემოსავალს
აანაზღაურებდა.
გიორგი ასევე ითხოვს ბანკისათვის გადახდილი პროცენტის ანაზღაურებას. როგორც ზოგადი
წესი 408-ე მუხლზე დაყრდნობით გვკარნახობს, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია
აუნაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ
დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუკი ჰიპოთეტურად
წარმოვიდგენთ, რომ 1 მაისს გიორგიმ მანქანა მიიღო, მომავალ 1 თვეში იგი აიღებდა არა 500
ლარს, არამედ 500 ლარს მინუს იმ პროცენტს, რომელსაც იგი ამ იჯარის თანხიდან ბანკში
გადაიხდიდა. მსგავსად მოხდებოდა მომდევნო ორ თვეში და გიორგი საბოლოოდ მიიღებდა
1500 ლარს მინუს ბანკის სამი თვის ჯამურ პროცენტს. გამოდის, ეს პროცენტი უნდა შევიყვანოთ
იმ საერთო თანხაში, რომელიც გიორგის მიუღებელი შემოსავლის სახელით უნაზღაურდება.
ამასთან, გავიხსენოთ, რომ 412-ე მუხლის მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის
ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი
მოქმედების უშუალო შედეგს. ვინაიდან ხელშეკრულებაში თავიდანვე იყო მითითებული
პროცენტისა და იჯარის შესახებ, ეს წარმოადგენდა მოვალის ბრალით დამდგარ (395-ე მუხლი
დაკმაყოფილებულია - ადგილი არ ჰქონია დაუძლეველ ძალას), მისთვის შეცნობად ზიანს,
რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას.

მეორე შუალედური დასკვნა: აქედან გამომდინარე, საფუძვლიანია, გიორგის აუნაზღაურდეს


ზიანი 394-ე, 407-ე მუხლის საფუძველზე, შესრულდეს 408-ე მუხლით ჩამოყალიბებული
ზოგადი წესი - აღდგეს მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო
ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (ანაზღაურდეს როგორც პოზიტიური, ისე
ნეგატიური ზიანი).

მესამე ჰიპოთეზა: გიორგის შესაძლოა ჰქონდეს პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის


უფლება სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას სსკ-ის


416-ე მუხლის მიხედვით. იგი მხარეთა შეთანხმებით ვადაგადაცილებისთვის
დაწესებული/განსაზღვრული თანხაა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალ ვალდებულების
შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის (417-ე მუხლი). პირგასამტეხლოს
არსებით პირობას წარმოადგენს ის, რომ იგი წერილობით უნდა იყოს განსაზღვრული (418-ე
მუხლი), რაც მოცემული კაზუსით დასტურდება. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული.
ვალდებულების დარღვევა ზემოთ უკვე დავადასტურეთ, ამასთან ნათელია მოვალის
ბრალეულობაც. კრედიტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა მას ავტომატურად უკარგავს
პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის დაყენების უფლებას, მაგრამ თუკი ამ ზოგად წესს
მოვარგებთ ჩვენს შემთხვევას:

გიორგის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება მაისის თვეზე შეუძლია. კაზუსიდან ჩანს, რომ
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზეა დაკისრებული. ვადა გადაცილებულია 1 მაისიდან 30
მაისამდე პერიოდში. ზიანის ანაზღაურება, რისიუფლებაც ასევე აქვს გიორგის,
დამოუკიდებელი კატეგორიაა, ხოლო პირგასამტეხლო სხვაა, მაგრამ ვინაიდან მთელი ამოხსნა
ამ კაზუსისა ემსახურება პირველადი მდგომარეობის რესტიტუციას, პირგასამტეხლოზე უნდა
ვიმსჯელოთ იმ კონტექსტში, თუ როგორ ანაზღაურდება იგი. ეს იმიტომ, რომ ფაქტია, ზემოთ
აღნიშნული წინაპირობები სახეზეა და მოთხოვნის უფლება არსებობს. საკითხის გადაწყვეტამ
უნდა უზრუნველყოს, რომ გიორგის უსაფუძვლო გამდიდრება არ მოხდეს. მაისის თვეში რომ
მიუღებელ შემოსავალს ადგილი არ ჰქონოდა, ვერც პირგასამტეხლოს ანაზღაურების
დაკისრებას შევძლებდით, მაგრამ ორივე ერთად, უეჭველია, რომ პირვანდელ მდგომარეობაზე
მეტ თანხას აუნაზღაურებს გიორგის. ამიტომაც ზიანი პირგასამტეხლოში ან პირიქით უნდა
გაიქვითოს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მათგანია მეტი (კაზუსი ამსი გადაწყვეტის
საშუალებას არ გვაძლევს). თუკი პირგასამტეხლო ზიანზე, 500 ლარზე, მეტი იქნება, სრულიად
შესაძლებელია ამ 500 ლარის გარდა გიორგიმ დარჩენილი პირგასამტეხლოს თანხაც
მოითხოვოს, ხოლო თუ პირიქით, მაგალითად, პირგასამტეხლო 100 ლარია, გიორგის 500 ლარია
უნაზღაურდება.

მესამე შუალედური დასკვნა: მართალია, გიორგის აქვს უფლება მოითხოვოს პირგასამტეხლოს


ანაზღაურება 417-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა, საბოლოოდ, მას აუნაზღაურდება არა ჯამური
თანხა (პირგასამტეხლო + ზიანი), არამედ ის, რომელიც რაოდენობრივად უფრო მეტს შექმნის.

საბოლოო დასკვნა:
1. გიორგის აქვს ხელშეკრულებიდან გასვლისა და სახელშეკრულებო ფასის ნახევრის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
2. გიორგის აქვს მიუღებელი შემოსავლის მიღების უფლება.
3. გიორგის არ აქვს დამატებითად ბანკის პროცენტის მიღების უფლება.
4. გიორგის აქვს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, თუმცა არა დამატებითად, არამედ
მიუღებელ შემოსავალში გაქვითვის გზით (აუნაზღაურდება ის, რომელიც მეტია
რაოდენობრივად).

კითხვები.
1) რომელი მეორეული მოთხოვნის უფლებებია ერთმანეთთან თავსებადი და რომელი
ალტერნატიული?

ვალდებულების დარღვევის განსაზღვრული ოთხი ტიპი - ვადის გადაცილება, შესრულების


შეუძლებლობა, ნაკლიანი შესრულება და გულისხმიერების ვალდებულების დარღვევა
აფუძნებს მეორეულ მოთხოვნებს, რომლებიც ასევე ოთხი სახისაა. ესენია ხელშეკრულებიდან
გასვლა, დამატებითი შესრულება, ფასის შემცირება და ზიანის ანაზღაურება. ზოგიერთი
მათგანი წარმოადგენს ალტერნატიულ ვარიანტს ვალდებულების დარღვევისას
გამოსაყენებლად, ზოგიერთი კი კუმულაციურად - სხვა მეორეულ მოთხოვნასთან შეიძლება
გამოვიყენოთ.
კომბინირებულად შეიძლება იყოს გამოყენებული ზიანის ანაზღაურება. იგი თავსებადია
როგორც ხელშეკრულებიდან გასვლასთან, ასევე ფასის შემცირებასთან, ვინაიდან შესაძლებელია
არსებობდეს სიტუაცია, როდესაც ნაკლიანმა ნივთმა უკვე მიაყენა ზიანი მყიდველს.
დამატებითი შესრულება გამოირიცხება ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში - ისინი
ერთმანეთის ალტერნატიულ მეორეულ მოთხოვნებს წარმოადგენენ. ვინაიდან ხელშეკრულების
მიზანი მისი აღსრულებაა, გასვლა გამოიყენება როგორც ულტიმა რაციო. მაგალითად, ნაკლიანი
ნივთის დროს გამოიყენება ნაკლის გამოსწორება და გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა,
როდესაც იგიარაგონივრულ ხარჯებთანაა გაკავშირებული. დამატებითი შესრულება აგრეთვე
ფასის შემცირების ალტერნატივაა.

2) რამდენად დასაშვებია ხელშეკრულებიდან გასვლა გულისხმიერების ვალდებულების


დარღვევის საფუძველზე და სსკ-ის უშუალოდ რომელი მუხლიდან გამომდინარეობს
აღნიშნული?

316-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულება უნდა შესრულდეს


ხელშეკრულების შესატყვისაც და განსაკუთრებული გულისხმიერების დაცვით.
ვალდებულების დარღვევაა ნებისმიერი გადახვევა სახელშეკრულებო შეთანხმებიდან - ზემოთ
ჩამოთვლილი ოთხი ტიპი მოიცავს გულისხმიერების ვალდებულების დარღვევასაც, რასაც
მეტწილად გერმანული ვალდებულებითი სამართლის მოდიფიკაციის მონაპოვარს
წარმოადგენს. გულისხმიერების ვალდებულება კანონისმიერია, ის შესაძლოა მხარეებმა
ხელშეკრულებაში არ გაითვალისწინონ, მაგრამ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ მისი არსებობა.
გულისხმიერების ვალდებულება ქმნის ვალდებულების შესრულების ფარგლებსაც - ჯეროვან
შესრულებად ვერ ჩაითვლება შესრულება, თუკი გულისხმიერების ვალდებულება
დარღვეულია. მხარე ვალდებულია ანგარიში გაუწიოს და მხედველობაში მიიღოს
კონტრაჰენტის ქონებრივი და უფლებრივი ინტერესები. როგორც ყველა დანარჩენი
ვალდებულების დარღვევის ტიპი, გულისხმიერების ვალდებულების დარღვევაც უკიდურეს
შემთხვევაში იწვევს მხარისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. თავდაპირველად
გულისხმიერების ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგია ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება. 405 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, კრედიტორს უფლება
აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან, თუ მას 316-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევის გამო
ხელშეკრულებაში დარჩენა არ შეიძლება მოეთხოვოს. ამ დროს მთავარია, რომ მან დაკარგა
ნდობა მისი კონტრაჰენტისადმი და ვერ დაეკისრება ხელშეკრულების გაგრძელების
ვალდებულება. აუცილებელი პირობაა, რომ გულისხმიერების ვალდებულების დარღვევა იყოს
არსებითი და არა უმნიშვნელო.

You might also like