Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ჰიპოთეტური კაზუსი

2018 წლის 15 სექტემბერს გიორგი ჩიკვილაძემ მოტყუებით გაიტაცა ერთ-ერთი ბანკირის 13


წლის შვილი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა და სპეციალურ წამალს ღებულობდა.
16 სექტემბერს გიორგი ჩიკვილაძე დააკავა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა და
გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა
გიორგი ჩიკვილაძეს ბანკირის შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის
გამჟღავნება მოსთხოვა, თუმცა, ის დუმილს ინარჩუნებდა. იმ მიზნით, რომ გიორგი
ჩიკვილაძეს დუმილი დაერღვია, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა მის მიმართ
გამოიყენა ფსიქიკური იძულების მეთოდი, როდესაც ამ მეთოდმაც არ გაჭრა,
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა თვალახვეულ და ბორკილებდადებულ გიორგი
ჩიკვილაძეს ჯერ ანთებული სიგარეტით დაუწვა სხეული, ხოლო შემდგომ სპეციალური
ხელსაწყოთი ამოაძრო ფრჩხილი, რის შედეგადაც გიორგი ჩიკვილაძემ ბანკირის შვილის
ადგილსამყოფელი გაამხილა. ბანკირის შვილი იპოვნეს უგონო მდგომარეობაში, თუმცა,
ექიმებმა მაინც შეძლეს მისი გადარჩენა და აღნიშნეს, რომ 5 წუთით გვიან რომ მიეყვანათ
საავადმყოფოში, შესაძლოა, ის ვერც გადაერჩინათ.

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი ოპერირებდა ,,პოლიციის შესახებ’’


საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმის საფუძველზე, რომელიც პოლიციელს ნებას
რთავდა გამოეყენებინა ფსიქიკური და ფიზიკური იძულება, როცა ადამიანის სიცოცხლესა
და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა.

შეაფასეთ ეს სიტუაცია და განსაზღვრეთ ის უფლებები, რომლებიც სასწორის 2 პინაზეა


მოთავსებული. ამასთან, კაზუსის ამოხსნის სქემის შესაბამისად, დაადგინეთ, ადგილი აქვს
თუ არა კონსტიტუციის რომელიმე ძირითადი უფლების დარღვევას.

ძირითადი უფლება ირღვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლება ახორციელებს


გაუმართლებელ ჩარევას ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში.

1) ძირითადი უფლებით დაცული სფერო


სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში საჯარო
ხელისუფლების განმახორციელებელ პირად გვევლინება, გიორგი ჩიკვილაძის მიმართ
განხორციელებული ფსიქიკური და ფიზიკური იძულებისას, შესაძლოა არღვევდეს
ძალადობის ობიექტის ძირითად უფლებებს. ასეთი უფლება უპირველეს ყოვლისა შესაძლოა
იყოს საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის
ღირსების ხელშეუვალობა, კერძოდ - ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს
სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა,
ან ასეთი სასჯელის გამოყენება. აქვე განვსაზღვროთ ის, თუ ვინ წარმოადგენს მეცხრე
მუხლის 0ყველა ადამიანი, ყველა ფიზიკური პირი.

რას წარმოადგენს ამ კონკრეტული ძირითადი უფლებით დაცული სფერო


ერთმნიშვნელოვნად ვერ განიმარტება, მისი დეფინიცია კონკრეტულ სამართლებრივ
გადაწყვეტილებებსა და ფაქტებში უნდა ვეძიოთ. ერთი რამ ცალსახაა, ღირსების უფლება
არის ბევრად უფრო მოცულობითი, ვიდრე პატივი, ან თუნდაც სამოქალაქოსამართლებრივი
განმარტება ღირსების უფლებისა. ღირსების უფლება, ყველაზე მოკლედ, ადამიანად
დაბადებულის ადამიანადვე ცხოვრების უფლებაა. სწორედ ამიტომაა, რომ ღირსების
უფლების სუბიექტი ნებისმიერი ადამიანია, მიუხედავად ნებისმიერი ნიშნისა.

2) ა. მოხდა თუ არა ჩარევა დაცულ სფეროში?

თავდაპირველად განვსაზღვროთ თუ რა არის ჩარევა. მისი დეფინიცია შემდეგია - ესაა


სახელმწიფოს მიერ მიღებული/განხორციელებული ნებისმიერი უზენაესი აქტი ან
ღონისძიება, რომელიც ინდივიდს უშუალოდ და გამიზნულად ხელს უშლის ან უკრაძალავს
ისეთ მოქმედებას, რომელიც ხვდება ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში.

ჩარევა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ პირდაპირ და იმპერატიულად. როგორც ვიცით,


მისი სამი გზა არსებობს. მოცემულ კაზუსში სახეზეა ძირითად უფლებაში ჩარევა
აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებით, კერძოდ, აღმასრულებელ ხელისუფლებას
წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც თავისი მოქმედებით
პირდაპირ ერევა კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებაში. როდესაც
თანამშრომელმა ჯერ ფსიქიკური იძულების მეთოდი სცადა, შემდეგ სიგარეტით დაუწვა
სხეული, ამოაძრო ფრჩხილი და ა.შ., რასაკვირველია, ეს ძლიერ ფიზიკურ ტკივილთან
ერთად, იწვევს ფსიქიკურ ტრავმასაც, სულიერი ტანჯვა, რაც თავისი არსით წარმოადგენს
წამებას მთელი მისი მოცულობით, არაადამიანურ მოპყრობას. იგი განხორციელებულია
კონკრეტული განზრახვით - მოცემულ შემთხვევაში - ინფორმაციის მიღების მიზნით.

ლოგიკურია, რომ კონსტიტუციის მეცხრე მუხლით გათვალისწინებული ძირითადი


უფლების დაცულ სფეროში ჩარევა მოხდა, შესაბამისად, დაცული სფერო ღიაა, ანუ გაიხსნა.

ბ) ვის მიერ განხორციელდა ჩარევა?


დაცულ სფეროში ჩარევა ხდება სახელმწიფოს მხრიდან უშუალოდ და იმპერატიულად.
მოცემულ კაზუსში, ვინაიდან ღირსების უფლების ხელშეუვალობას არღვევს
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, ხდება უფლებაში ადმინისტრაციული ჩარევა,
ანუ სწორედ ეს თანამშრომელი ახორციელებს ჩარევას.

3) ჰქონდა თუ არა დაცულ სფეროში ჩარევას კონსტიტუციურსამართლებრივი


საფუძველი?

კაზუსში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს ეტაპია, უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა


სახელმწიფოს დაცულ სფეროში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი, რამდენად
არგუმენტირებული და გამართლებული იყო მისი მხრიდან ეს კონკრეტული მოქმედება,
ანდაც რამდენად დაშვებული იყო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან
გიორგი ჩიკვილაძის წამება მისგან არასრულწლოვნის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის
მიღების მიზნით? რომელია უფრო წონადი უფლება, ღირსების ხელშეუვალობა თუ
არასრუწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისგან განთავისუფლება
ნებისმიერ ფასად?

დაცულ სფეროში ჩარევას რომ კონსტიტუცურსამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს, სულ


მცირე, დარღვეული უფლება, რომელიც სასწორზე დევს, აბსოლუტური ხასიათის არ უნდა
იყოს და ზოგიერთ შემთხვევაში მას სხვა უფლება უნდა გადაწონიდეს. ვინაიდან
შესავალშივე განვსაზღვრეთ, რომ ჩარევა მოხდა ღირსების უფლებაში და იგი გამოიხატა
კონკრეტულად წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის აკრძალვაში, ვიმსჯელოთ აქვს თუ არა
ამ უფლებას აბსოლუტური ხასიათი.

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა, ლიტერატურაში ღირსების უფლება


„თითქმის აბსოლუტურ უფლებად“ მოიხსენიება. სხვა ღირებულებებთან დაპირისპირებისას,
მან შეიძლება უკან დაიხიოს, თუმცა, დანაშაულთან ბრძოლის სირთულე ადამიანის
ღირსების ხელშეუვალობის დარღვევას ვერ გაამართლებს. ის მიზეზები, რამაც წამების
აკრძალვა შესაძლოა გადაწონოს, გამონაკლისებს უფრო წარმოადგენს, მაგალითად,
ევთანაზია არის ის შემთხვევა, როდესაც სიცოცხლის უფლება ღირსების უფლებაზე წინ
დგება, მაგრამ ამ დროს საქმე ერთ სუბიექტთან გვაქვს, ჩვენ ერთ პირთან დაკავშირებით
ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, ჩიკვილაძის საქმეში კი
ღირსების უფლების სუბიექტი გიორგია, რომლის იძულების შედეგადაც ხდება სხვა პირის -
13 წლის არასრულწლოვნის - სიცოცხლის გადარჩენა. წამების აკრძალვა, შესაძლოა ითქვას,
რომ აბსოლუტური უფლებაა და მის მიმართ აწონ-დაწონვის პრინციპის გამოყენება
მიზანშეუწონელია. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სიკეთე დევს სასწორის მეორე მხარეს,
წამება ყველა შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს, უმნიშვნელოა სიცოცხლის ყოველგვარი
რელატივაცია და კვანტიფიკაცია, რა დონეზე მნიშვნელოვნადაც არ უნდა მიგვაჩნდეს
არასრულწლოვნის სიცოცხლე გამტაცებლის ფრჩხილთან შედარებით.
მეცხრე მუხლში არსებობს კონსტიტუციის უშუალო კონსტიტუციური ზღვარი - მისი მეორე
ნაწილი ამბობს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი ოპერირებდა


ადმინისტრაციული ნორმით, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ კანონის შესაბამისი 31-ე
მუხლით, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს რთავს ნებას, მხოლოდ
კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოიყენოს ფიზიკური იძულება, თუმცა მისი შინაარსი
წინააღმდეგობაში სრულებით არ მოდის ამავე კანონის მეცხრე მუხლის მეორე ნაწილთან,
რომელიც ამბობს, რომ საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება,
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. შესაბამისად, ეს ვერ იქნება ის
სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც შესაძლოა გავამართლოთ ადმინისტრაციული
ორგანოს თანამშრომლის მოქმედება, იგი იყო გადაჭარბებული და წინააღმდეგობაშ
მოდიოდა როგორც კონსტიტუციასთან, ასევე იმ კანონის ძირითად პრინციპთან, რომელზეც
თავად ეს თანამშრომელი აპელირებდა.

დამატებით უნდა აღინიშნოს, მოცემული მოპასუხის მხრიდან ოპერირებული კანონი


რამდენად აკმაყოფილებს განსაზღვრულობის პრინციპს. ვინაიდან კანონის ძირითადი
პრინციპების თავში პირდაპირაა აკრძალული როგორც წამება, ისე არაადამიანური მოპყრობა,
ფიზიკური იძულების ნორმა კი პირდაპირ განსაზღვრავს ამ ქმედების პირობებს, ნორმები
საკმაოდ მკაფიოა და წინააღმდეგობაში არ მოდის არც ერთმანეთთან და არც
კონსტიტუციასთან, განსხვავებით უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის
ქმედებისგან.

დაცულ სფეროში ჩარევას არ ჰქონდა კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძველი. ორგანოს


თანამშრომელმა არ დაიცვა ადამიანის ღირსების უფლება და სასტიკი ფორმით ჩაერია მასში.

4) ადმინისტრაციის კონკრეტული მოქმედების კონსტიტუციასთან შესაბამისობა


თანაზომიერების სქემის მიხედვით.

ა) აქვს თუ არა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ჩარევას ლეგიტიმური მიზანი?

თანაზომიერების პრინციპი უზრუნველყოფს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში


ხელისუფლება აუცილებელზე მეტად არ ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში. სწორედ ეს
პრინციპი უწესებს ყველა ქმედებას უმაღლეს კონსტიტუციურ ბარიერს, რომელიც
საბოლოოდ გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობას. ლეგიტიმური მიზანი არის
ის, რომლის არარსებობის პირობებშიც ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს
აღნიშნულ თვითნებურ ხასიათს და, შესაბამისად, ამ კონკრეტული კაზუსის მაგალითზე,
უნდა განვიხილოთ ჰქონდა თუ არა ლეგიტიმური მიზანი გიორგი ჩიკვილაძის აბსოლუტურ
უფლებაში ჩარევას. წამების აკრძალვა ვინაიდან უკვე ჩავთვალეთ აწონ-დაწონვისთვის
შეუსაბამო ძირითად უფლებად, შეუძლებელია არსებობდეს ის ლეგიტიმური მიზანი,
რომელიც ამ ჩარევას სამართლებრივად მიზანშეწონილად ჩათვლიდა. მიუხედავად ამისა,
ლეგიტიმური მიზანი, რომელმაც ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მსგავსი
მოქმედება განაპირობა, იყო უპირველეს ყოვლისა კონსტიტუციით დაცული სიცოცხლის
უფლება. სწორედ ეს წარმოადგენდა უმთავრეს მიზანს აღნიშნული ფსიქიკური და
ფიზიკური იძულებისა, გარდა დანაშაულის გახსნისა.

ბ და გ) შემდეგ ორ პირობას წარმოადგენს ჩარევის გამოსადეგობა და აუცილებლობა,


რომელიც უფრო ნათლად განიმარტება მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს კანონისმიერი ჩარევა.
გამოსადეგობა ამ შემთხვევაში რთული დასამტკიცებელია, რომ სახეზე არ იყო, ვინაიდან,
რეალურად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა ამ მეთოდით მიზანს მიაღწია და
ბავშვი გადაარჩინა. რაც შეეხება აუცილებლობას, იგი მოითხოვს, რომ დასახული მიზნის
მისაღწევად არსებული ალტერნატიული საშუალებებიდან არჩეული მეთოდი უნდა იყოს
ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანი. რამდენად იყო თვალების ახვევის, სხეულის დაწვის და
ა.შ. აუცილებლობა მოცემულ კაზუსში? თავიდანვე აღნიშნულია, რომ ფსიქიკური იძულება
არ გამოდგა შედეგიანი გიორგი ჩიკვილაძესთან მიმართებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ
ამგვარი სასტიკი მოპყრობა აუცილებელი იყო მიზნის მისაღწევად. სამართალდამცავი
ორგანოს თანამშრომელს, ვფიქრობ, ჰქონდა ვალდებულებაც კი, რომ ეპოვა ინფორმაციის
მიღების ისეთი საშუალება, რომელიც ასე უხეშად არ დაარღვევდა ჩიკვილაძის უფლებებს.

დ) პროპორციულობა - პროპორციულობა განსაზღვრავს დამოკიდებულებას მიზანსა და


საშუალებას შორის, კერძოდ კი ადგენს, იმყოფება თუ არა საშუალებით გამოწვეული
უფლების შეზღუდვა შეზღუდვის მიზანთან პროპორციულ, თანაზომიერ
დამოკიდებულებაში. საქართველოს სსსსკ-ის მეოთხე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ:
„მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და სისხლის სამართლის პროცესის სხვა
მონაწილეები ვალდებულნი არიან სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დაიცვან
პროცესის მონაწილეთა ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“. სახელმწიფომ
უნდა უზრუნველყოს, რომ ბრალდებული იყოს სისხლის სამართლის პროცესის სუბიექტი
და არა მისი ობიექტი, ამიტომაც, როდესაც საქმე ამდენად ფართო და „თითქმის
აბსოლუტურ“ უფლებას ეხება, სახელმწიფო და ნებისმიერი ადმინისტრაციული
უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი უნდა მოქმედებდეს იმ ფარგლებში, რის
ნებასაც მას სამართალი აძლევს. ეს კონკრეტული კაზუსი წარმოადგენს ისეთ შემთხვევას,
როდესაც საჭირო არაა ბევრი მსჯელობა ღირსების უფლების და მასში გააზრებული წამების
აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი შეზღუდვა, ფაქტობრივად, ვერც ერთი
საფუძვლით ვერ იქნება მიზანთან თანაზომიერ და პროპორციულ კავშირში, რაც არ უნდა
დიდ სამართლებრივ სიკეთედ გვეჩვენებოდეს არასრულწლოვნის სასწორის მეორე პინაზე
არსებული სიცოცხლე.

დასკვნა: სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მოხდა გიორგი ჩიკვილაძის


ძირითად უფლებაში - ღირსებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა, რაც
გაუმართლებელია ნებისმიერი საფუძვლით.

You might also like