Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

იოსიფ ბროდსკი

ბროდსკის საუბარი ამერიკელ ლიტერატორ ჯონ გლედთან იმ ნიშნით არის საინტერესო, რომ
ის არ გვევლინება ე. წ. ობიექტური კრიტიკოსის ამპლუაში. პირიქით, პოეტის შეხედულებები
უკიდურესად სუბიექტურია და სწორედ ამიტომაც არის მიმზიდველი. ჯონ გლედი
პროვოცირებას უწევს პოეტს, მას ისეთ თემებზე ალაპარაკებს, რაც საეჭვოა ან საჭოჭმანო. ამით
სუბიექტურობის ხარისხი მატულობს. ბროდსკი თითქოს საცალფეხო ბილიკზე გადის, მაგრამ
მაინც არ თმობს თავისი საუბრის სტილს.

ბროდსკის საუბარი - ეს არის ლაბორატორიული გამოცდილების გამხელა თუ გაზიარება,


მუდმივი პროფესიული მზადყოფნის სააშკარაოზე გამოტანა. პოეტის საუბარში ჩანს, რომ ის
მთლიანად ლიტერატურით არის შთანთქმული, მისთვის ლიტერატურული ცხოვრება არის არა
რაღაც გარეგნული ფაქტორების თავმოყრა, არამედ წმინდა თვითრეფლექსია, საკუთარი, ჯერ
გაუმხელელი მიგნებების გამომზეურება. საუბრებიდან ისიც ირკვევა, რომ უჩინარი ცდების
გამხელა პოეტისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს. ის გამოცდილების სფეროში ცხოვრობს
არა იმიტომ, რომ მერე ვინმეს გაუზიაროს თავისი შინაცხოვრება, არამედ სხვაგვარად ყოფნა არ
შეუძლია. ეს მისი ცხოვრების წესია, საკუთარ თავში, საკუთარ არსებაში ჩაბრუნებული
ცხოვრების წესი.

ჯონ გლედს მოჰყავს სხვა ამერიკელი კრიტიკოსის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ იოსიფ
ბროდსკი დაიბადა 1940 წელს, ე.ი. იმ დროს, როცა რუსული პოეზიისთვის კრიზისული,
„ქრონიკული დაცემის“ ხანა იდგა. ამიტომაც პოეტი თვითონ იკაფავდა გზას, ის არ იყო რაიმე
ტრადიციის გამგრძელებელი. ბროდსკი ეთანხმება ამ აზრს და უფრო მეტად აღრმავებს კიდეც.
მისი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ახმატოვაც ცოცხალი იყო და პასტერნაკიც,
მათი არსებობა არ ცვლიდა ზოგად სურათს და ამ პოეტების ზეგავლენის ძალა ვერ აღწევდა
ახალგაზრდა მწერლებამდე. ე.ი. ისეთი ვითარება იყო ხელოვნურად შექმნილი, თითქოს
ახმატოვა და პასტერნაკი სხვა სივრცეში არსებობდნენ. ასე იყო ჩვენშიც. გალაკტიონ ტაბიძე
მოჩვენებასავით დადიოდა თბილისის ქუჩებში. ისიც სხვა დროსა და სივრცეში არსებობდა.

ტოტალიტარული რეჟიმი ნამდვილ ლიტერატურულ ღირებულებებს ჩქმალავდა. ცხოვრების


წინა პლანზე სხვა ღირებულებები იყო წამოწეული. ბროდსკი ახსენებს არსენი ტარკოვსკის და
ამბობს, რომ ამ პოეტს იმხანად ცუდად იცნობდნენ, მხოლოდ სამოციანი წლების ბოლოს გახდა
ის მეტ-ნაკლებად ცნობილი.

პარადოქსულია და უცნაური ბროდსკის განაცხადი იმის თაობაზე, რომ ის და მისი თაობა -


ბობიშევი, რეინი, ნაიმანი, გორბოვსკი, კუშნერი - ლიტერატურაში გონებრივი,
ინტელექტუალური, კულტურული არყოფნიდან მოვიდნენ. პოეტი ამ ნათქვამს უფრო და უფრო
აკონკრეტებს და ამბობს, რომ ისინი ყველანი ძალზე ბევრს კითხულობდნენ, მაგრამ მათს
მოღვაწეობას არავითარი მემკვიდრეობითობის ნიშანი არ ეტყობოდა. არაფერი არ
მეტყველებდა იმაზე, რომ ეს პოეტები რაღაც გარკვეული ტრადიციის გამგრძელებლები იყვნენ.
ეს ცოტა არ იყოს გასაკვირია. მე ვფიქრობ, აქ ბროდსკის თხრობის თავისებურ მანერას
რამდენადმე ეწირება აზრი. მართალია, ადვილი ხელმისაწვდომი არ იყო ცვეტაევას,
მანდელშტამის, ახმატოვას ლექსები, მაგრამ მაინც ხომ არსებობდა ეს სახელები, ხელიდან
ხელში გადადიოდა მათი ნაწერები. ეს კი უკვე გამორიცხავს კულტურულ ვაკუუმს.

იოსიფ ბროდსკი რუსულ ენაზე წერდა ლექსებს, წერილებს კი რუსულად და ინგლისურადაც.


ე.ი. ის რუსულენოვანი ესეისტი იყო. პოეტი დასძენდა, რომ ფუნქციების ამგვარი განაწილება
მისთვის იდეალურ ვარიანტს წარმოადგენდა.

ბროდსკის აღიზიანებს ჯონ გლედის მიერ ციტირებული აზრი იმის შესახებ, რომ მწერალი
მხოლოდ ერთადერთ, მშობლიურ ენაზე შეიძლება წერდეს. ამ აზრს პოეტი „ეპარქიალურს“
უწოდებს. ბროდსკი ამბობს, რომ როცა ჩვეულებრივად რუსულ ენაზე თხზავს ლექსს და რითმას
ეძებს, რუსული რითმის ნაცვლად ინგლისური რითმა ამოუტივტივდება ხოლმე.

მთელ ამ საუბარში იოსიფ ბროდსკი პოეტის ორენოვნებას ემხრობა. მწერლების ორ ენაზე


წერის ფაქტს ის ჩვეულებრივ ფაქტად, ნორმად მიიჩნევს, თუმცა არც იმას ივიწყებს,რომ
ორენოვნების განხორციელება პოეზიაში ძალზე ძნელია. ამ ზეპირ მსჯელობაში პოეტის
თეორიული დოქტრინა არ ემთხვევა მის პრაქტიკულ მოღვაწეობას. მისი აღიარებით,
არავითარი ამბიცია არ გააჩნია, რათა გახდეს ვლადიმირ ნაბოკოვი ან ჯოზეფ კონრადი. ე.ი. ის
რუსი პოეტია, ხოლო ესეებს პრაქტიკული მოსაზრებით წერს ინგლისურად. სხვათაშორის,
ემიგრანტი პროზაიკოსი (კანადაში ცხოვრობს) საშა სოკოლოვი ამბობს, რომ მართალია რუსულ
ენაზე წერს, მაგრამ ორიენტირებულია მეტწილად ამერიკელ და, ზოგადად, დასავლელ
მკითხველზე. საშა სოკოლოვს ეკუთვნის ბრწყინვალე, მეტად შთამბეჭდავი რომანი „სკოლა
სულელთათვის“.

ძალზე საგულისხმოა იოსიფ ბროდსკის საუბარი პოეტის აუდიტორიასთან კონტაქტის


თაობაზე. მისი აზრით, აუდიტორიასთან კონტაქტის განცდა იმთავითვე ფიქტიური განცდაა.
როცა მაყურებელი, იგივე მსმენელი სცენაზე მდგომ პოეტს უყურებს და მის წაკითხულ ტექსტს
ისმენს, მისი დამოკიდებულება ყოველთვის იდიოსინკრაზიულია: ყოველი ადამიანი აღიქვამს
იმას, რისი აღქმაც თვითონ ძალუძს, ე.ი. იმას, რასაც თვითონ ხედავს თავისი აბსოლუტურად
უნიკალური პრიზმის მეშვეობით.

იოსიფ ბროდსკისთვის ყოველგვარი შემოქმედებითი პროცესი თავისთვის და თავისთავად


მიმდინარეობს, მისი საბოლოო მიზანი არა არის პუბლიკასთან კონტაქტი ან ნაუცბათევი
რეაქცია. რა თქმა უნდა, უკეთესია, პუბლიკა ტაშს გიკრავდეს, ვიდრე გისტვენდეს, მაგრამ
პოეტის აზრით, ორივე შემთხვევაში რეაქცია არაადექვატურია, ამიტომ ამ თემაზე სერიოზული
დაფიქრება საერთოდ არ ღირს.

პოეზიაში მთავარი ენაა. ენა კარნახობს პოეტს სათქმელს. ენის დიქტატია ის, რასაც
ჩვეულებრივ მუზის დიქტატად მოიხსენიებენ. ასეა ყველა პოეტისთვის. ის ყოველთვის
პირისპირ დგას არა პუბლიკის, არამედ თავისი ენის წინაშე. ის პოეტებიც კი, რომლებიც
თავიანთ ლექსებს ყველაზე უფრო საჭირბოროტო თემებზე თხზავენ და პუბლიკასთან
შეხვედრას ესწრაფვიან, ყველაზე მეტად ენისგან არიან დავალებულნი და „ენის პირისპირ
დგანან“. პუბლიკასთან შეხვედრა მხოლოდ გარეგნული ფაქტორია, გარეგანი საბაბია.

ბროდსკი მიიჩნევს, რომ პოეტის ევოლუციას ყველაზე მეტად პროსოდია ე.ი. მის მიერ
გამოყენებული სხვადასხვაგვარი საზომები ავლენს. ეს საზომები განსხვავებულ ფსიქიკურ
მდგომარეობებს გადმოსცემენ. ამჟამად, ბროდსკის აღიარებით, ის ნეიტრალურ ტონს,
ყოველგვარი ლირიკული ელემენტის ნეიტრალიზებას ესწრაფვის და ამის მიხედვით ცვლის
საზომს ან საზომის ხარისხს. ჩემი აზრით, ამგვარი ცნობიერი დამოკიდებულება პროსოდიის
მიმართ და, საერთოდ, ლექსის მიმართ იმ ნიშნით იჩენს თავს, რომ ლირიკული ტონალობა
იცვლება ანუ კლებულობს, რაც ყველასთვის ერთნაირად მისაღები ვერ იქნება.

მიმზიდველად საუბრობს იოსიფ ბროდსკის პიროვნებაზე და შემოქმედებაზე პოეტი იური


კუბლანოვსკი. მის კეთილგანწყობას ბროდსკისადმი ბუნებრივად ერწყმის ის აზრი, რომ
ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებაზე სიჭაბუკიდანვე
ოცნებობდა. ეს ოცნება მას საბოლოოდ აუხდა. ბროდსკის იზიდავდა არა ევროპის მცირე
ქვეყნები, არამედ ისეთი სუპერსახელმწიფო, როგორიც შტატებია. ბროდსკი ყოველთვის
ფიქრობდა, რომ მისი დაბადების ადგილი ვიწრო პროვინციული ჩიხი იყო და სადაც კი
არსებობდა ნათელი, ცივილიზებული, განსხვავებული სუპერსახელმწიფო.

არ ვიცი, რამდენად მართალია ეს აზრი. ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას ბროდსკის


ერთგვაროვანი, ჩვეულებრივი, პარადოქსულობასმოკლებული შეხედულება თითქმის
არასდროს არა აქვს. ვთქვათ, როცა სხვა ინტერვიუში (გავიხსენოთ ინტერვიუების მთელი სერია,
რომელიც ვლადიმირ ვოლკოვმა მოამზადა) პოეტი თავისი გადასახლების პერიოდზე
საუბრობს და საკმაოდ მძიმე ყოფა-ცხოვრებით პირობებს აღწერს, მოულოდნელად დაასკვნის,
რომ ეს წელიწადნახევარი მისთვის სწორედ პოზიტიური ნიშნით იყო დაუვიწყარი.

ასე რომ, შეიძლება ის რამენაირად, თუნდაც ქვეცნობიერად ისწრაფვოდა ფროსტის,


ელიოტის, ოდენის ქვეყნისკენ, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია მას შტატებში გადასახლებაზე
ეოცნება. მახსენდება მისივე წრის ერთ-ერთი პოეტის ალექსანდრ კუშნერის მოგონება, სადაც
აღწერილია ბროდსკის შტატებში გამგზავრების მომენტი (პოეტი საბჭოთა კავშირიდან 1972
წელს გაასახლეს). იმ წუთებში პოეტი საოცრად დათრგუნულია და აშკარად ჩანს, რომ თავისი
ცხოვრების საბედისწერო გზაჯვარედინზე იმყოფება.

მე ზემოთ შევეხე ბროდსკის ენასთან დამოკიდებულების აქცენტს. ამის თაობაზე


კუბლანოვსკიც ლაპარაკობს. როგორღაც ბროდსკის კუბლანოვსკისთვის უთქვამს, შენ
პასტერნაკის შემდეგ რუსულ პოეზიაში ყველაზე მდიდარი ლექსიკური მარაგი გაქვსო.
კუბლანოვსკი ოდნავი ირონიით დასძენს, რომ მისი ენის ფორმირება პროვინციაში მოხდა, მას
ბროდსკისგან განსხვავებული ენა აქვს, მაგრამ ეს ფაქტი ამ ენის განსაკუთრებულ სიმდიდრეზე
არ მეტყველებს.

ჩემი მხრივ, მინდა ერთი რამ დავძინო: ბროდსკის ენაში შერწყმულია მწიგნობრული, ყოფითი,
ჟარგონული და სხვა ლექსიკური კომპონენტი. ასეთი სიჭრელე ლირიკული პერსონის ხასიათით
არის განპირობებული. ამასვე ამბობს, ოღონდ სხვა სიტყვებით კუბლანოვსკი: „ეს არის
პიტერის, ნაბოკოვის დროის ენა, ამასთანავე აქ საბჭოთა ენაც არის, სადაც ჟარგონს სხვაგვარი
ელფერი აქვს“.

რუსი ემიგრანტი პროზაიკოსი ფრიდრიხ გორენშტეინი დასძენს, რომ მისთვისაც ძალზე


მნიშვნელოვანია ენა, რომლის მეშვეობითაც რიტმია გადმოცემული. მისი აზრით, უმთავრესი
სწორედ რიტმის გრძნობაა, პოეტისაგან განსხვავებით პროზაული რიტმის გრძნობა არც
მანდელშტამს აქვს და არც ბროდსკის.
ზოგიერთი ემიგრანტი მწერალი ბროდსკის სნობიზმში ადანაშაულებდა. ამის გამო ისიც
ითქვა, რომ სნობიზმის გაჩენას თავისი გამომწვევი მიზეზები ჰქონდა. პოეტს უნდა დაეძლია
რუტინა, მას რაღაც უნდა დაეპირისპირებინა რუტინისთვის და ამიტომ წარმოიშვა მისი
სნობიზმი. ეს ნათქვამი ადრეულ ბროდსკის ეხება. სნობიზმში აქ, ჩემი ვარაუდით, პოეტის
ლიტერატურისადმი დამოკიდებულება, მისი ექსცესური, ზედმეტად ორიგინალური
გამონათქვამები იგულისხმება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს დაკვირვება გარკვეულწილად
შეიცავს კიდეც ჭეშმარიტების მარცვალს, მაგრამ ბროდსკის ესეისტიკის წრფელი ინტონაცია
იმთავითვე გამორიცხავს რამენაირ გონებაჭვრეტითობას და ხელოვნურობას. ეს მისი
ბუნებრივი აზროვნების წესია, როგორც ესეებში, ისე პოეზიაში.

იოსიფ ბროდსკის მიერ განხორციელებული ნოვაცია მისი არაორდინარული აზროვნების


შედეგია. ამას გულისხმობს ვიქტორ ეროფეევი, როცა ამბობს, რომ მან ორი
ურთიერთგამომრიცხავი რამ შეუთანადა ერთმანეთს: ავანგარდი შეაერთა ერთგვარ
კლასიციზმთან, აბსურდის სამყარო წესრიგის სამყაროსთან შეანივთა.

რაც შეეხება ბროდსკის ესეიზმს, ძალზე საყურადღებო აზრს გამოთქვამს ასევე ემიგრანტი
მწერალი ბორის ხაზანოვი. ის ამბობს, რომ ბროდსკი პოეტი-ესეისტია. მისი აზრით, ესეიზმი
მსოფლმხედველობის თავისებური ტიპია. ხაზანოვის გამოთქმას „პოეტი-ესეისტი“ გარკვეული
მიზეზი აქვს. კერძოდ, მწერალი-ემიგრანტი უარყოფს ბროდსკის ლირიკულ ხასიათს და ამის
საპირისპიროდ აღიარებს მის ესეისტურობას.

მე მინდა დავსვა ასეთი კითხვა: იქნებ ეს გადაჭარბებული, რადიკალური აზრია?

ამა თუ იმ პოეტის ლირიკული წყობა სხვადასხვაგვარია, არსებობს აგრეთვე ლირიკული


ხარისხის მეტ-ნაკლებობა და იქნებ ბროდსკი თავისებური წყობის ლირიკოსია და არა
ანტილირიკოსი? და თუ ის „ანტიაკმეისტების მემკვიდრეა“ , ეს ჯერ კიდევ არ მეტყველებს
„ლირიკული სტიქიისადმი“ მის სრულ გაუცხოებაზე. არადა, ბორის ხაზანოვი ჯიუტად იმეორებს
და ასკვნის კიდეც: „ბროდსკი, ჩემი აზრით, პირველი და ერთადერთი დიდი პოეტია რუსულ
პოეზიაში, რომელიც არ უნდა მივიჩნიოთ ლირიკოსად“.

არგუმენტები ასეთია: „ბროდსკის პოეზიაში ვერ იპოვით ემოციურ გამოძახილს სულიერი და


გარეგნული ცხოვრების წვრილმან მოვლენებზე, რაც განსაზღვრავს კიდეც ლირიკოსის სახეს“,
„ბროდსკი გულგრილია რუსულ პოეზიაში არსებული ლირიკული ნაკადისადმი, მას არ უყვარს
ალექსანდრ ბლოკი“, ძალზე ძნელია მისი ლექსების ზეპირად დამახსოვრება“ და ა. შ.

შეიძლება ამ გამონათქვამებში სიმართლის წილი იყოს კიდეც, მაგრამ სამყაროს აღქმის


სირთულე, რომელიც ბროდსკის მონაპოვარია და რომელზეც საუბრობს ოპონენტი,
ტრადიციულ ლირიკულ ჟღერადობას ვერ შეუთავსდებოდა. მე მგონი, ესეც უნდა ითქვას.

You might also like