Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 66

ჯემალ ქარჩხაძე

იუპიტერის სინანული

დასაწყისი

(ღმერთების ქორო და იუპიტერი) ქორო - ძრწოდე, სამყაროვ! ძრწოდეთ, მოკვდავნო!


ძრწოდეთ, საგნებო, სულიერნო და უსულონო! უზენაესი კონვეიერის ღრმა
ხვეულებიდან ტყვიის ღრუბლები მოედინებიან და ცის თავანზე პირს მუქარით
იკრავენ! ო, განსხეულებავ - ყოყმანის მყიფე ნაშიერო! ო, ზღვართა ბუნებავ, სამყაროს
სახსრებში ჩამონტაჟებულო! ო, ბედისწერის იდუმალო სახისმეტყველებავ,
ყოფიერების უხილავ პორებში ჩაბუდებულო! ო, ათვლის სისტემათა გუთნეულო -
არსებობის ფარულო ბზარებო! ო, შესაქმეს ბეწვის ხიდო! ო, თეზავ და ანტითეზავ -
ნამჯავ გაულეწავო! ო, სასწორის პინებო - ჟამთა ბორკილების ნიშანო და სასწაულო!..
ყოვლადძლიერ იუპიტერს, იდეათდამბადებელსა და მატერიათმოქმედს, ყოველთა
სამეუფოთა მეუფეს, ელემენტთა ჰარმონიის მიზეზთმიზეზს, მნათობთა მწყემსსა და
ზედამხედველს, ბირთვულ მარცვალთა მთესველსა და ატომურ კრიალოსანთა დიდ
ხელოსანს, პლაზმათბატონს, შავი ხვრელებისა და თეთრი ჯუჯების მბრძანებელს,
არსისა და არაარსის მპყრობელს, უფალს უზენაესს, ვინც მუდამ მხნე იყო და
მოძრავი, ვინც მუხლჩაუხრელად იღვწოდა და თავის ნაღვაწს თვალისჩინივით
უფრთხილდებოდა, ვინც რუდუნებით ქმნიდა ბუნების ოპტიმალურ კანონებსა და
შიშსა და იმედს თანაბრად თესავდა, რათა სამყაროში ბალანსი არ დარღვეულიყო, ეს
რამდენიმე საუკუნეა გულჩათხრობილობა დასჩემდა, ელვა-მეხი - ღვთაებრივი
პირველიარაღი, რომელიც ეგზომ შვენოდა - აიყარა და გვერდზე გადასდო, ზის ახლა
მდუმარედ ცეცხლოვან ტახტზე ორჭოფობის მღვრიე ნისლით შებურვილი, მაღალი
შუბლი საავდროდ მოღრუბლვია და ჭმუნვით ჩასცქერის თავის დუალისტურ
ნახელავს. მის მიუწვდომელ ფიქრთა ზეგარდმო იმპულსები ავის მომასწავებლად
ტრიალებენ ყოფიერების ცაზე, როგორც უკანასკნელ ფეიერვერკად ასაფეთქებელი
ვარსკვლავები. დაძაბული სამყარო უცხო მოლოდინით თრთის და ცახცახებს. შიშს
დაუზაფრავს ყოველი არსი. შიშის წითელმა თვალმა უკვდავეთშიც შემოანათა და
ჩვენი ღვთაებრივი გულებიც შეძრა. თვით იუნონაც შეკრთა - ყოვლადძლიერის
ერთადერთი გულის მესაიდუმლე და მისი საიუპიტერო სარეცელის მოზიარე;
შეკრთა და, შეშინებულმა და საგონებელში ჩავარდნილმა, მთელი საკარნავალო
ტანსაცმელი - არწივის ფრთებიც, ოქროს წვიმაც, თეთრი ხარის ტყავიც, ღრუბლის
ქულაც... - ყველაფერი, რაც ამას წინათ ეჭვიანობის ნიადაგზე თავის მზითევის
სკივრში დაუმალა, საკუთარი ხელით უკანვე ამოალაგა და მორიდებით დაუწყო
ტახტზე, მაგრამ უზენაესმა, ადრე რომ ესოდენ უყვარდა ექსტრავაგანტური
კოსტუმით მიწაზე დაშვება და ჯიშიან ბანოვანებზე მედგარი იერიშის მიტანა,
ამჯერად სამოსს ზედ არ შეხედა. განიმედსაც კი ახლო არ იკარებს. ზის ასე მუნჯად,
გაშეშებული და ღრმა ფიქრებში ჩაფლული... ნეტა რას მოასწავებს შენი უძრაობა, ო,
მეხთამტეხელო? რაზე მეტყველებს შენი დუმილი? საით მიგიმართავს ღვთაებრივ
ფიქრთა ლაზერები? რამ შეჭმუხნა შენი იუპიტერული შუბლი?.. ო, წამის მიჯნავ -
დიდო გაუსაძლისობავ! ო, იდუმალების მწვავე ანაზდეულობავ! ო, თვალო
ლიბრგადაკრულო!.. შევეხმიანოთ, უკვდავებო! გვეყო, რაც ვითმინეთ. ჩვენც ხომ
ღმერთები ვართ და ყოვლისმცოდნეობა გვმართებს! აბა, ერთად! მეხთამტეხელო!
მოგვაპყარ ყური და ისმინე ჩვენი კანონიერი ღაღადისი: ვეღარა გცნობთ,
ყოვლადძლიერო! რა ხანია შენი მქუხარე ხმა აღარ გაგვიგონია! რა ხანია შენი
მძლავრი ნება არ გვიგრძვნია! რა ხანია უქმად ზიხარ და ნაღვლიანად ჩასცქერი
ქვეყნიერებას! შიშით აღარა ვართ, კრონიონო! ცოდნა ჩვენი ბუნებაა, არცოდნა ჩვენი
ბუნების შებღალვაა. გაგვიმხილე შენი ჭმუნვის მიზეზი!

იუპიტერი - გაგიმხელთ, თანამოღმერთენო. ან კი რა მაქვს დასამალი! ამას წინათ


დროის საბძელში შევიხედე და თვალწინ ისეთი შემზარავი სურათი გადამეშალა,
შევძრწუნდი და ვინანე, რომ წმინდა იდეას ნივთიერი სახე მივეცი. მას აქეთ
ვფიქრობ და, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები: სამყაროს შექმნა შეცდომა
იყო.

ქორო - მაგას რას ამბობ, შეუმცდარო! განა ნივთიერი სამყარო მშვენიერი არ არის?!
განა ეს ციცქნა პლანეტა ჩვენი სიხარული და სიამაყე არ არის?! განა სიცოცხლე
პერპეტუუმ-მობილე არ არის, რომელმაც ისეთი ყვავილი გამოიღო, როგორიცაა
ადამიანი - ამბროზიის დაუშრეტელი წყარო?!

იუპიტერი - პლანეტა ლაფში იძირება. პერპეტუუმ-მობილეს ჟანგი ედება. სიცოცხლე


დეფექტური გამოდგა. ადამიანი შხამიანი ყვავილია. ვერ ხედავთ, თავს როგორ
გავიდნენ?! აღარ გვეპუებიან, ძაღლად არ გვაგდებენ. უარგვყვეს კიდეც. თურმე ნუ
იტყვით და, არც კი ვარსებობთ!

ქორო - ადამიანის ყბედობა რა ყურადსაღებია, უზენაესო! დაე, ნუ ვიარსებებთ! ან კი


სულ ერთი არ არის, ვარსებობთ თუ არა?! მთავარია, მათ არ შეუძლიათ არ იფიქრონ
ჩვენზე და, მაშასადამე, არ გვაღიარონ, ხოლო როგორ გვაღიარებენ - არსებულებად
თუ არარსებულებად - ამას რა მნიშვნელობა აქვს?!

იუპიტერი - მე მათ ზნეობის კანონები მივეცი, მათ კი ჩემი კანონები ფეხქვეშ


გათელეს.

ქორო - შენ მათ ზნეობის კანონები მალამოდ მიეცი, რათა სიცოცხლის ტკივილი -
ორბუნებათშორისი ხახუნი - შეგემსუბუქებინა, და ეს შენის მხრივ უანგარო
გულმოწყალების ღვთაებრივი აქტი იყო. თუკი ვერ შეიფერეს, მით უარესი მათთვის!
დაე, იტანჯონ! ჩვენ რა! დამწიფებული სიცოცხლის ფუნქცია ამბროზიის წარმოებაა
და ზნეობას მასთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორც გამრავლების ტაბულას რიცხვის
უსასრულო ბუნებასთან. განა შეგირდს, რომელმაც გამრავლების ტაბულა ცუდად
იცის, შეუძლია ამ თავისი უვიცობით რიცხვის ბუნება შეცვალოს? ესეც არ იყოს,
ყოვლადძლიერო, როცა კანონი მიეცი, სასჯელიც ხომ დაუწესე! და ყველა, ვინც შენს
კანონს გადავა, შესაფერისად ისჯება. განა ასე არ არის?

იუპიტერი - ეგ კი ეგრეა, მაგრამ მათდა (და, აგრეთვე, ჩვენდა) სამწუხაროდ, ისინი


ვერც კანონში ხედავენ კანონს და ვერც სასჯელში ხედავენ სასჯელს, ვინაიდან მათი
შემეცნება - რომელიც განფენილობასაც კი ხუთიოდე დაშლამული არხით
უკავშირდება, რეალურ სამყაროზე ხომ სულაც ერთადერთი და ისიც
ექსპერიმენტული გამტარითაა მიერთებული - ძალზე პრიმიტიულია და მიზეზ-
შედეგობრიობის უმარტივეს დეკორაციას იქით ვერაფერს ხედავს. კანონი უქმად
მუშაობს, ხოლო უზნეობის ყოველი აქტი, დიდი თუ მცირე, დაძაბულობის მუხტებს
გამოჰყოფს, რომლებიც, რაკი ბუნებაში არაფერი იკარგება, - და ეს კანონიც ხომ ჩვენი
დადგენილია! - არსებობის პორებში კონდენსირდებიან მესამე თვისების სახით და,
მიაღწევენ თუ არა კრიტიკულ დონეს, - რაც სულ მალე უნდა მოხდეს - სისტემის
თვითნებურ აფეთქებას გამოიწვევენ. ასე რომ, სირცხვილსაც ვჭამთ და ამბროზიაც
სხვაგან შეგვექნება საძებნელი.

ქორო - ო, ემანაციის აუხსნელი უსისტემობავ! ო, განზომილებათა სამების ცრუ


ერთიანობავ! ეს რა გვითხარი, კრონიონო! ეს რა საგონებელში ჩაგვყარე! რა
ვიღონოთ? როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთაებრივი რეპუტაცია გადავირჩინოთ?.. იქნებ
ნაცადი ხერხი ვიხმაროთ: წარღვნა მოვუვლინოთ მაგ თავგასულებს. ერთი
ჩვენებურად ვაწვიმოთ მიწას. კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყლით. თუ დასტურს
გვეტყვი, ბარემ დავტრიალდებით და საჯიშე წყვილებს გადავარჩევთ.

იუპიტერი - არა, თანამოღმერთენო! წარღვნით ვერ მივაღწევთ საჭირო ეფექტს.


ჩვენში დარჩეს და, არც შეგვფერის. თავად განსაჯეთ: თუ მარტო კაცთა მოდგმის
მოსრვას ვაპირებთ, ნადირსა და ფრინველს რას ვერჩით? თუ მთელი ფაუნის
განადგურება გვინდა, წყლის ბინადართ წარღვნით რას დავაკლებთ?.. ან საჯიშე
წყვილებს სად იპოვით? აკი დევკალიონი და პირაც წმინდანები გვეგონენ, მაგრამ
ხომ ხედავთ, რა შთამომავლობა დაგვიტოვეს!

ქორო - მაშ, იქნებ განფენილობის დანარჩენი არხებიც გაგვეხსნა და ჭეშმარიტების


დამატებითი გამტარებიც ჩაგვერთო, რომ შენი დიადი კანონის სიღრმეს ჩაწვდნენ?

იუპიტერი - არ ივარგებს. მინიმალური დამოუკიდებლობა მივეცით და, აგერ, რა


უკუღმართად გამოიყენეს! მეტი რომ მივცეთ, რაღას იზამენ! არა. უმალ იმ
ერთადერთ გამტარსაც გამოვრთავ და ყველას უკანვე ავრეკავ ხეზე, თუნდ ამის გამო
მაღალხარისხოვან ამბროზიაზე უარის თქმა მოგვიხდეს!

ქორო - აბა რა ვქნათ, ო, კრონიონო! ნუთუ გულხელდაკრეფილები უნდა ვისხდეთ


და ველოდოთ, როდის აგვიფეთქდება ეს წვითა და დაგვით შექმნილი პლანეტა?..

იუპიტერი - ნუ ღელავთ, თანამოუკვდავენო! თვითნებური აფეთქების ნებას არ


მივცემთ. თუ აქამდე მივიდა საქმე, ვიდრე აფეთქდებოდეს, ჩვენ თვითონ
გავაუქმებთ. ბოლოს და ბოლოს, უარს ვიტყვით ამ ექსპერიმენტებზე და სხვა
ექსპერიმენტს წამოვიწყებთ. ცოტა დამაცადეთ. ჯერ რისხვითა და სინანულით ვარ
შეპყრობილი, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება უჯეროა. დავმშვიდდები და
ყოველივეს გულდინჯად ავწონ-დავწონი. ეგებ დასაბამითვე ავჩქარდით და საწყისი
ბიძგი ვერ მოვზომეთ. ეგებ პირველ უჯრედში გაგვეპარა შეცდომა. ეგებ
განვითარების ხაზში ყველაფერი ვერ გავითვალისწინეთ. ეგებ მაიმუნის გზა არ იყო
სწორი და სხვა რომელიმე ცხოველზე უნდა აგვეღო აქცენტი - ვთქვათ, სახედარზე,
ან ორკუზიან აქლემზე... ვნახოთ. გამივლის თუ არა რისხვა და სინანული,
ყველაფერს მოვიფიქრებ. დროის ვექტორს ყურადღებით გავჩხრეკ და, სიტყვას
გაძლევთ, ღვთაებრივად ობიექტურ განაჩენს გამოვიტან... თქვენც გირჩევთ დროის
ვექტორის შედარებით შესწავლას. მერწმუნეთ, ძალზე საინტერესო და საგულისხმოა
ჟამთამიერი სიჭრელიდან საერთო მნიშვნელის გამოყოფა...

კაპრა ბუცია

მარტის კალენდების წინა ღამეს (ქალაქის დაარსებიდან რვაას მეთორმეტე წელს)


იმპერატორმა ნერონმა თავისი ყველაზე დიადი განაჩენი გამოიტანა, ხოლო დილით
ძველი სასახლის ზედა, მრგვალ დარბაზში, სადაც ლექსებს თხზავდა ხოლმე და
უახლოესი მეგობრების გარდა, ჩვეულებრივ, არავის იღებდა, სამი ერთგული და
სანდო ქვეშევრდომი დაიბარა.

გამჭვირვალე გუმბათიდან სხივებად დაშვებული დღის შუქი, იატაკის ბაც ყვითელ


მარმარილოში და კედლების მდიდრულ მოხატულობაში რბილად შეზავებული,
ვეება დარბაზს მსუბუქი და ხალისიანი სილამაზით ავსებდა. იმპერატორი სპილოს
ძვლის განიერ სავარძელში იჯდა, მკლავები აქეთ-იქით გადაეწყო, მოგრძო ტუნიკის
ქვეშ მუხლები განზე გადაეყარა, წინ, მარმარილოს ორ თლილ სვეტს შორის, სპილოს
ძვლისავე მაგიდაზე, მაღალი, ოვალური სარკე ედგა, რომლის ოქროს ჩარჩოს სამ
მხარეს - გვერდებზე და თავზე - სამი ნატიფი მუზა ამშვენებდა, და
თვალებმილულული და მთელი სხეულით საამოდ მოთენთილი ხან საკუთარ თავს
მისჩერებოდა და ხან ცისფერთვალა სპორუსს, რომელიც ტყავის პატარა, მრგვალ
ქუდქვეშ ჩამოშლილ წითურ თმას კულულებად უხვევდა. შორეულ კუთხეში
მოხუცი ტერპნუსი იდგა, ხელთ კითარა ეპყრა, წყნარად უკრავდა და დაბალ ხმაზე
დამღეროდა.

ნახევრადშიშველი სპორუსი ციბრუტივით დასტრიალებდა თავს და ირგვლივ ნორჩი


სილამაზის სურნელს აფრქვევდა. ამ ოქროსქოჩრიან ბიჭუნას ნერონი თავის გულში
ოლიმპოელთა მშვენიერ მწდეს ადარებდა. თავიდან, ამ მსგავსებისთვის რომ მეტად
გაესვა ხაზი, თვითონაც მწდედ დაყენება დაუპირა, მაგრამ მერე მაინც შეეშინდა
იუპიტერის რისხვისა და გადაიფიქრა. ან კი რად უნდა გაეღიზიანებინა ისედაც
მიზეზიანი ღმერთი უტიფარი გამოწვევით?! სპორუსი ღვთაებასავით ლამაზი იყო
და სხვა მეტი რა უნდოდა! მით უფრო, რომ მწდეზე უკეთესი საქმე გაუჩინა. ახლაც,
თმაში რომ მის მოქნილსა და ნაზ თითებს გრძნობდა, ტანში ტკბილი ჟრუანტელი
უვლიდა, რის გამოც ჯერ რისხვა მოულბა, მერე სიმწარე გამონელდა, მერე
წუხანდელი დიადი განაჩენიც დროებით გაბუნდოვანდა, ბოლოს კი, როდესაც
ფიქრებით წვრილმან უსიამოვნებათა პატარ-პატარა გუბურებს გასცდა და
მარადიულობის ნელთბილ ზღვაში შეაბიჯა, მისი არსებიდან თანდათან გამოიდევნა
ქვეყნის მმართველი და იქ მხოლოდ ხელოვანი დარჩა, რაც სრული ნეტარების
დადგომას მოასწავებდა.

სწორედ ამ დროს გაიღო კარი და დარბაზში ანიკეტუსი შემოვიდა, მიზენის ფლოტის


სარდალი და ზღვის ჭეშმარიტი მგელი, რომლის მრავალრიცხოვან ღირსებათა
შორის მარგალიტივით ბრწყინავდა ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული და
სასარგებლო ღირსება, კერძოდ ის, რომ თავზეხელაღებული მამაცი იყო და სხვა
თავზეხელაღებულ მამაცთა მსგავსად შიში რა არის, არ იცოდა, ვინაიდან, - ზოგი
იმასაც ამბობს, ყველა, ვინც კი მამაცია, სწორედ ამ მიზეზით არის მამაციო -
ერთგულების მათრობელა ბურუსში გახვეული, კედელს, როგორც წესი, მანამ ვერ
ამჩნევდა ხოლმე, სანამ ზედ არ შეასკდებოდა.

ნერონმა სარკიდან გახედა უხერხულად ატუზულ სარდალს, რომელსაც მკერდი


ძალუმად აუდ-ჩაუდიოდა.

ანიკეტუსს ძალიან დიდი თავი ჰქონდა. დიდი, კუთხოვანი და ფუტურო. ნერონს


ყოველთვის უკვირდა, რისთვის უნდა დასჭირვებოდათ უკვდავ ღმერთებს ამოდენა
სკივრის შექმნა, თუკი შიგ ნამცეცი საუნჯის ჩადებას არ აპირებდნენ? ანიკეტუსის
საუნჯე ცოტა უფრო ქვემოთ იყო, მკერდში. იქ ხმამაღლა, გამალებით და
თავდავიწყებით სცემდა ვეებერთელა გული, რომელიც იმპერატორისთვის
იკუმშებოდა, იმპერატორისთვის ფართოვდებოდა და იმპერატორს ეკუთვნოდა.
მთელ რომში ნერონს სხვა არავინ ეგულებოდა, ვისაც ისე ალალად და
გულწრფელად ყვარებოდა, როგორც ანიკეტუსს უყვარდა. ამ ხუთი წლის წინ,
როდესაც ყმაწვილი ბრიტანიკუსი - მამინაცვლის შვილი, დედის გერი და თავისი
სავარაუდო მეტოქე - ყველას თვალწინ მოწამლა და ამის გამო დიდი მითქმა-მოთქმა
ატყდა, რადგან მანამდე ახალი იმპერატორი მართალთა ქომაგი და მორყეული
ზნეობის აღმადგენელი ეგონათ, ანიკეტუსი, ალბათ, ერთადერთი იყო, ვისაც მის
საქციელში საძრახისი არაფერი დაუნახავს. ანიკეტუსს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ,
რასაც ნერონი სჩადიოდა, ყველაფერს ღმერთების ჩაგონებით სჩადიოდა, ღმერთებმა
კი ჩვენზე უკეთ იციან, როდის ვისი მოწამვლაა საჭირო. ახლაც, სიყვარულისა და
ერთგულებისაგან რეტდასხმული, არაბუნებრივად გაჯგიმული იდგა კართან, გული
ყელში ჰქონდა მობჯენილი, აზრებს თავს ვერ უყრიდა და ირგვლივ ჩამოწოლილ
ნაცრისფერ ბურუსში ყოველივე - დარბაზიც, იმპერატორიც, მთელი ქვეყნიერებაც -
ისე ირწეოდა და ტოტმანებდა, ლამის ზღვის ავადმყოფობა შეჰყროდა, რაც ამგვარ
ჯანმრთელ მეზღვაურს მხოლოდ ხმელეთზე შეიძლება მოუვიდეს.
„ვისაც მე ვუყვარვარ, მეც ის მიყვარს“, გაიფიქრა ნერონმა და გუნებაში გაეღიმა,
რადგან ანიკეტუსის სიყვარული შეუძლებელი იყო. ზოგჯერ, განსაკუთრებით
ღამეული ღრეობის შემდეგ, როდესაც დაცარიელებულსა და გამოფიტულს ყელში
მარტოობის გორგალი მოაწვებოდა, უკანასკნელი ნატვრის სიმძაფრით ნატრობდა
ხოლმე ნამდვილი მეგობარი ჰყოლოდა, ისეთი ერთგული და თავდადებული,
როგორიც ანიკეტუსი იყო, ოღონდ ანიკეტუსზე ნაკლებ რეგვენი. მერე, ნასმურევის
სიმძიმილი რომ გაუვლიდა, თავის თავზე თვითონვე ეცინებოდა. ეცინებოდა, ჯერ
ერთი, იმის გამო, რომ წამიერმა სისუსტემ ასე სამარცხვინოდ ჩაითრია მღვრიე
მორევში, და მეორეც, იმის გამო, რომ ჭკვიან მეგობარს ნატრობდა, თითქოს არ
სცოდნოდა, რომ იმპერატორთან მეგობრობა სტიქსეს ზვირთებთან თამაშია. ჭკვიანი,
აბა, ასეთ ხიფათში თავს რად ჩაიგდებს!

„მაინც სწორად მოვიქეცი, რომ ეს ავირჩიე, - გაიფიქრა ნერონმა და კიდევ ერთხელ


შეავლო თვალი ანიკეტუსს, - მეგობრად არ ვარგა, მაგრამ იარაღადაა კარგი და კარგი
იარაღიც ხომ მეგობარია!“

მილულული თვალების მზერა სარდალს მოაშორა და კვლავ სპორუსზე გადაიტანა.


ბიჭუნა - გრძელწამწამა და კვირტებდაბერილი - წეღანდელივით მარჯვედ და
სიყვარულით დასტრიალებდა თავს, მაგრამ ნერონი, რაკი ანიკეტუსის შემოსვლამ
ხელოვნების ნეტარი ზღვიდან ამოაგდო და კვლავ იმპერატორად და პრინცეპსად
აქცია, ფიქრებით თავის დიად განაჩენს მიუბრუნდა.

არა, ეს განაჩენი წუხელ არ გამოუტანია. წუხელ, უბრალოდ, ყოყმანისა და


გაუბედავი მერყეობის ნისლიდან ამოიღო და დღის სინათლეზე დადო, თორემ რა
ხანია მას გულით ატარებდა და მოთმინებით ამზადებდა, როგორც გლადიატორს
ამზადებენ დიდი ბრძოლისათვის.

დედა-შვილს ერთმანეთი არასოდეს ჰყვარებიათ. მართალია, აგრიპინა რომ


პირველობისაკენ მიმავალ გზას ჯიუტად და შეუპოვრად უკაფავდა, ამ საქციელს
ბევრი (ზოგჯერ თავად ნერონიც კი) შვილის სიყვარულით ხსნიდა, მაგრამ, როცა
საწადელს მიაღწია, მოჩვენებითი მიზნის უკან თანდათან ნამდვილი მიზანიც
გამოიკვეთა: დედას თურმე იმიტომ უნდოდა შვილი პრინცეპსის სავარძელში ჩაესვა,
რომ ქვეყანა თვითონ ემართა. ოღონდ ბრძოლით გართულს ერთი რამ გამორჩა
მხედველობიდან: ამასობაში შვილი წამოიზარდა და საკუთარი მიზნები გაუჩნდა. და
ნერონმა, დედისთვის რომ თავისი სრულწლოვანება ეცნობებინა და თან ისიც
შეეხსენებინა, სავარძელში თვლემას არ ვაპირებო, ადგა და ბრიტანიკუსი მოკლა.

ცხადია, მარტო ამის გამო არ მოუკლავს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მოკლა
და, რაკი იცოდა ამგვარ თავნებობას აგრიპინა იოლად არ აპატიებდა, მოსალოდნელი
ბრძოლისთვისაც მოემზადა. არსებითად, მოიგო კიდეც ეს ბრძოლა. ისე
დამაჯერებლად დაუსაბუთა ბრიტანიკუსის მოკვლის აუცილებლობა, ხელმოსაჭიდი
არაფერი დაუტოვა. მაშინ აგრიპინამ, რა დაინახა, შვილი საბოლოოდ დაუსხლტა
ხელიდან და მის დიდ იმედებს ნიადაგი გამოეცალა, ისტორიას კიდევ ერთი საბუთი
მისცა იმისა, რომ ქალი, რაოდენ ჭკვიანიც არ უნდა იყოს, მაინც უჭკუოა: იმის
ნაცვლად, რომ გასცლოდა, დამშვიდებულიყო და ახალი ვითარება ცივი გონებით
აეწონ-დაეწონა, სამაგიეროს გადახდის ფუჭ, წმინდა ქალურ გრძნობას აჰყვა და
ღვარძლიანი სიცილით ასეთი რამ უთხრა: „თუ გულის მოსაოხებლად ლაპარაკობ,
ილაპარაკე, მაგრამ თუ ისიც გინდა, რომ დაგიჯერონ, უმჯობესია სხვასთან სცადო
ბედი, რადგან დედის მოტყუება თითქმის შეუძლებელია. განა მე თვალი მჭირდება,
რომ დაგინახო? ან ყური მჭირდება, რომ მოგისმინო? განა შენ ჩემი ნაწილი არა ხარ?
მე შემიძლია არ გაგიმხილო, მაგრამ არ შემიძლია არ ვიცოდე, რომ საბრალო
ბრიტანიკუსი პოლიტიკის გამო არ მოგიკლავს. სიმღერა შეგშურდა მისი და ამ
პატარა, წვრილმანი შურის გამო მოკალი. ვერ მოგივიდა კარგად. ნაადრევად ენდე
თავს. ჯერ რა დროს შენი დამოუკიდებელი ნაბიჯებია! ჩემთვის რომ გეკითხა,
უეჭველად დაგიშლიდი. ახლა კი რაღა გინდა ქნა? ახლა უნდა მიჰყვე და, თუ ვინმემ
სიმღერა იცის, ყველა დახოცო; მათ შორის ისინიც, ვინც ცოცხალი აღარაა“. იმ ღამეს
ნერონს ცუდად ეძინა, ძილში ბორგავდა და დროდადრო ბრიტანიკუსის ნაღვლიანი
სიმღერა ჩაესმოდა, ხოლო აგრიპინამ, შვილს რომ დაუნდობლად დაადგა ფეხი
ყველაზე უფრო მტკივნეულ ადგილას, ამით პირველ ყოვლისა საკუთარი ბედი
გადაწყვიტა, რადგან ნერონმა უკვე იგრძნო, - თუმცაღა ჯერ კიდევ ბუნდოვნად და
გაუცნობიერებლად - რომ ადრე თუ გვიან დედაც მიანიჭებდა იმ შემზარავ და ნეტარ
განცდას, რაც ყმაწვილმა ბრიტანიკუსმა მიანიჭა. აგრიპინა მალე მიხვდა, რომ
მეტისმეტი მოუვიდა, და შერიგება სცადა. ნერონიც შეურიგდა. იმ ხანებში
სიმღერისა და პოეზიის გარდა ტრაგედიების თამაშშიც ვარჯიშობდა და სწორედ
ჩინებული შემთხვევა მიეცა, თავისი ოსტატობა მაყურებელთა სამსჯავროზე
გამოეტანა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. აგრიპინამ „შერიგების“ ნამდვილი ფასი
მაშინღა გაიგო, როცა შვილმა ნელ-ნელა ყველა სადავე გამოაცალა ხელიდან და
ბოლოს - თუმცა, ცხადია, ტკბილი ღიმილითა და ისეთი მიზეზებით, რომელთაც
ერთიმეორეზე უფრო საპატიო შესახედაობა ჰქონდათ - სასახლიდანაც გააძევა.
აგრიპინასთვის ნათელი შეიქნა, რომ ბრძოლა წაგებული იყო, მაგრამ ზვიადმა და
მოუსვენარმა ბუნებამ ნება არ მისცა დაშოშმინებულიყო და მარცხს შეჰგუებოდა.
იხტიბარს არ იტეხდა, ყველა საყვარელს პრინცეპსის სავარძელს ჰპირდებოდა და
ცდილობდა როგორმე შეთქმულება შეეკოწიწებინა. ნერონს ეს ამბები მისდიოდა,
მაგრამ გარს უკვე იმდენი მომხრე ეხვია (მათ შორის, რაც მთავარია, რომის
უპირველესი ჭკუა - ფილოსოფოსი და მწერალი ანეუს სენეკა, და რომის
უპირველესი ხმალი - პრეტორიის პრეფექტი აფრანიუს ბუროსი), რომ შიში
აღარაფრისა ჰქონდა და დედის გაწიწმატებასაც მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ
აქცევდა. აგრიპინა კი არ ისვენებდა, ბობოქრობდა, იმუქრებოდა და ვერ ატყობდა,
რომ ის გზა, რომელსაც ასეთი ქადილით დაადგა, სიკვდილის ჭალებისკენ მიდიოდა.
გუშინ, როგორც იქნა, სამზადისი დასრულდა და წრე შეიკრა. სადილობის წინ,
როდესაც ნერონი, ჩვეულებისამებრ, მეგობრებთან ერთად გრილ აუზში ბანაობდა,
ერთგულმა კაცებმა, რომლებიც ფულსა და წყალობას დასმენით შოულობენ,
აგრიპინასა და თხის ამბავი მოუტანეს. ეს ამბავი, უფრო სწორად, მისი პირველი
ნაწილი, ნერონმა აქამდეც იცოდა. იცოდა, რომ აგრიპინას, რომელიც, რაც რომიდან
წავიდა და ანციუმის მამულში დასახლდა, ორგიებს ორგიებზე მართავდა და
წესიერებას ნიღბადაც კი აღარ ხმარობდა, ერთი თხა შეუჩვევია, ერთი ავადმყოფი,
გაძვალტყავებული, ბალანგაცვენილი ნეზვი თხა, ყველაზე მახინჯი იმათ შორის, რაც
კი იმ არემარეზე ოთხფეხი დადიოდა; თავისი ხელით აჭმევდა, ეფერებოდა და
შვილივით უვლიდა; ყელზე წითელი ბაფთა შეუბამს და ზოგჯერ, დღესასწაულების
დროს, რქებზე თურმე დაფნის გვირგვინს ადგამდა.

თხაც შესჩვევია და, საცა კი დაინახავდა, ხრინწიანი კიკინით მაშინვე მისკენ


მირბოდა. აგრიპინას ამ უცნაურ ახირებას ძალაუნებურად ყველანი შეეგუენ -
სახლეულნიცა და გარეშენიც. მხოლოდ პირველად მოსულებს უკვირდათ. მერე
ისინიც ეჩვეოდნენ. ეს ყოველივე ნერონმა იცოდა. არ იცოდა მხოლოდ ამ ამბის
ბოლო ნაწილი, რომელიც ორი თუ სამი დღის წინ მომხდარა. ორი თუ სამი დღის
წინ, როცა მეგობრებით გარშემორტყმული თურმე ბაღში სეირნობდა და ამ დროს
წითელბაფთიანი თხა, რომელსაც შორიდან მოეკრა თვალი პატრონისათვის,
შემზარავი კიკინით მისკენ გამოქანებულა, ერთ-ერთ სტუმარს - რუბელიუს
პლავტუსის ხელდებულ ვიღაც ბერძენ რიტორს - თავისი გაკვირვება ხმამაღლა
გამოუთქვამს, რაზედაც აგრიპინას ასეთი პასუხი გაუცია: „მას შემდეგ, რაც
სასახლეში აღარ დავდივარ და ვერც პრინცეპსთა შორის საუკეთესო ახერხებს დედის
სანახავად ჩამოსვლას, - რაც, ცხადია, არ გაემტყუნება, რადგან მთელი ეს ამოდენა
ქვეყანა მის მხრებზე დგას - ეს თხა არის ჩემი ერთადერთი შვება და ნუგეში. ამის
კიკინს რომ გავიგონებ, ასე მგონია საყვარელი შვილის ღვთაებრივ სიმღერას ვისმენ“.
როდესაც ამბის მომტანმა კაცებმა ისიც დაატანეს, ამ პასუხზე იქ მყოფთ ბევრი
იცინესო, ნერონს მკაფიოდ ჩაესმა, როგორ უხმობდა ბრიტანიკუსის სული აგრიპინას
სულს. ნერონი ზოგჯერ თვითონაც დაეჭვდებოდა ხოლმე საკუთარ ნიჭიერებაში და
გუნება უფუჭდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ასეთი რამ იშვიათად მოსდიოდა.
საერთოდ კი მტკიცედ სჯეროდა თავისი მაღალი დანიშნულებისა, ბეჯითად
ვარჯიშობდა და სწამდა, რომ ღმერთებმა ისეთი ხვედრი გაუმზადეს, როგორიც
მანამდე არავის ღირსებია: მას, რომისა და მთელი ქვეყნიერების მპყრობელს, ეს
ქვეყნიერება ხელახლა, ამჯერად თავისი ხელოვნებით, უნდა დაეპყრო და ჭეშმარიტი
მპყრობელი შექმნილიყო, ვინაიდან ხმლის ძალა შიშს თესავს, ხელოვნების ძალა კი -
სიყვარულს, ხოლო როცა ერთიც შენს ხელთაა და მეორეც, ისეთ სიმაღლეზე
იმყოფები, საიდანაც უკვდავები უფრო ახლო არიან, ვიდრე მოკვდავები. რა
გასაკვირია, რომ ასეთი მიზნების პატრონს, როცა თვითონ დაეჭვდებოდა საკუთარ
თავში, გუნება ეშხამებოდა, ხოლო როცა სხვა დაეჭვდებოდა, ცოფი ერეოდა. ამიტომ,
როგორც კი თხის ამბავი მოისმინა, მყისვე მიხვდა, რომ ფიქრისა და ყოყმანის ჟამი
გავიდა და მოქმედების ჟამი დადგა; ღამით, როდესაც მოუსვენრად ტრიალებდა
ლოგინში და ძილი არ ეკარებოდა, რადგან გაუთავებლად და საკვირველი სიცხადით
ხან თხის კიკინი ჩაესმოდა და ხანაც აგრიპინას სტუმრების სიცილი, რის გამოც
გონება ემღვრეოდა, სისხლი ეყინებოდა და გულში დატრიალებულ მძვინვარების
გრიგალს ლამის ყველაფერი ნაფლეთებად ექცია, ეს აზრი კიდევ უფრო
განუმტკიცდა, ხოლო ნაშუაღამევს დედას საბოლოოდ გამოუტანა განაჩენი, რადგან
ნაშუაღამევს გადამწყვეტი მიზეზიც იპოვა, რომელიც იმდენად ჰგავდა ნამდვილს,
რომ თავისუფლად შეიძლებოდა ნამდვილი ყოფილიყო: სენეკა და ბუროსი რომ
მუდამ შეხმატკბილებულად არწმუნებდნენ, დედაშენი შეთქმულებას კი არ
ამზადებს, შეთქმულობანას თამაშობს, რათა თავმოყვარეობაშელახულმა გული
მოიფხანოს და თუკი შეძლებს, ცოტა შენც გაგამწაროსო, ამას იმიტომ სჩადიოდნენ,
რომ - მარტო გაფიქრებამაც კი შეიძლება კაცს თავზარი დასცეს - ორივენი აგრიპინას
კაცები იყვნენ და ხელსაყრელ შემთხვევასღა ელოდნენ, რომ აშკარად
გადასულიყვნენ მის მხარეს! დიახ, აგრიპინა თურმე გაცილებით უფრო ვერაგი
ყოფილა, ვიდრე ნერონს ეგონა, და შვილიც იმთავითვე ალყაში ჰყოლია მოქცეული.
ნერონს რომ ცოტა მეტი გამოცდილება ჰქონოდა, ამას ადვილად მიხვდებოდა. ან კი
რა მიხვედრა უნდოდა! განა სენეკა და ბუროსი, სახელმწიფოს ეს ორი მთავარი
საყრდენი ბოძი, აგრიპინამ საკუთარი ხელით არ გამოთალა?! მართალია, ის
აურაცხელი სიმდიდრე, რომელიც სენეკას თავისი ელვარე მოძღვრების უკან ეწყო,
სულ ნერონის წყალობა იყო, მაგრამ ეს წყალობა ხომ შეუძლებელი იქნებოდა,
კლავდიუსის მიერ გადასახლებული რომ აგრიპინას დაჟინებული მოთხოვნით
უკანვე არ ჩამოეყვანათ და ნერონის აღმზრდელად და მრჩევლად არ დაედგინათ!
მაშასადამე, სენეკაც პირველ რიგში აგრიპინას მადლიერი უნდა ყოფილიყო და არა
ნერონისა. ის გარემოება, რომ სახელგანთქმული ფილოსოფოსის მადლიერების
გრძნობა მისსავ სიბრძნესა და განსწავლულობას დიდად ჩამოუვარდებოდა, ბევრს
ვერაფერს შეცვლიდა, რადგან არც აგრიპინა იყო ისეთი ქალი, თავისი სამსახური
ვინმესთვის წყალში გადაეყრევინებინა. რაც შეეხება ბუროსს, ის ხომ ნერონმა
დედამისის რჩევით დანიშნა პრეტორიის პრეფექტად და განა ბუროსის სასაცილო
პატიოსნებას ამის დავიწყება შეეძლო?! სხვა კი, მათ გარდა, ვინ ჰყავდა? ვინ
დაუდგებოდა გვერდით? ვისი იმედი უნდა ჰქონოდა მტრებითა და მოღალატეებით
გარშემორტყმულს? მძვინვარე და პატივმოყვარე აგრიპინა ხომ უკან არაფერზე
დაიხევდა! ვინც ქმარი არ დაინდო, შვილს რაღად დაინდობდა? არა, თავის თავს არ
დარდობდა იმპერატორი. ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა, შვილი თუ დედას
შეეწირება! მაგრამ რომისა და რომაელი ხალხისათვის რა პასუხი მიეცა? ხომ ცხადზე
უცხადესი იყო, რომ ერთი პრინცეპსის სიკვდილი წამსვე პრინცეპსობის მრავალ
მაძიებელს გააცოცხლებდა და, ვინ იცის, სამოქალაქო ომიც ამტყდარიყო! განა
ქვეყნის მმართველს შეეძლო ასეთი რამ დაეშვა?! სამშობლოსათვის თავის გაწირვა
ყოველ ჭეშმარიტ რომაელს შეუძლია. პრინცეპსმა მეტი უნდა შეძლოს. პრინცეპსმა
სხვისი გაწირვაც უნდა შეძლოს!.. ნერონმა გადაწყვიტა ასეც მოქცეულიყო და
საქვეყნო ვალი პირნათლად მოეხადა, მაგრამ მალე ახალი საფიქრალი გაუჩნდა:
ვალის სიმძიმეს შესრულების სიძნელეც ართულებდა. ნერონს ხომ ერთგული ხალხი
აღარ ჰყავდა და აზატებისა და მონების ამარა იყო დარჩენილი. თავიდან ამან ძალიან
შეაშფოთა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ აზატებისა და მონების იმედად დარჩენა არც
ისე დიდი უბედურებაა, თუკი შეძლებ ისეთი გზა გამონახო, რომელზედაც აზატებსა
და მონებს სხვაზე უფრო ემარჯვებათ სიარული. ბოლოს და ბოლოს, ბრძოლას ის კი
არ იგებს, ვისაც უკეთესი ჯარი ჰყავს, არამედ ის, ვინც ჯარს უკეთესად
უწინამძღვრებს... იმ ღამეს ნერონმა ბევრი იფიქრა და მრავალი ვარაუდი მოსინჯა.
ძალიან კი უჭირდა მშვიდად და დინჯად განსჯა, რადგან ფიქრის ძაფს წამდაუწუმ
უწყვეტდა აგრიპინას თხის კიკინი, მაგრამ ნაშუაღამევს მაინც მოახერხა საბოლოო
გეგმის შედგენა და თავისი მდივნის, გამჭრიახი ეპაფროდიტუსის, გარდა ორი
ყველაზე სანდო ქვეშევრდომი მოიწვია: ფლიდი და ქვეშქვეშა დორითერუსი და ეს
თავსუსტი და გულმაგარი ანიკეტუსი. სიზმარი, რომელიც მათთვის უნდა ეამბნა, არ
უნახავს, მაგრამ ეს მისი ბრალი არ იყო. არ დაეძინა, თორემ, რომ დასძინებოდა, ეჭვი
არაა, სწორედ იმას ნახავდა, რის მოყოლასაც აპირებდა.

ნერონმა ცალი თვალით გახედა სარდალს, რომელსაც მკერდი ისევ ისე ძალუმად
აუდ-ჩაუდიოდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ დამშვიდებას ჯერ არ აპირებდა,
და უთხრა: - ახლო მოდი, ჩემო ანიკეტუს.

და როცა სარდალი, რომელიც, რაც ფლოტის უფროსად დაინიშნა, ხმელეთზე


მთლად მყარად ვერ დადიოდა, გაუბედავი ნაბიჯით მიუახლოვდა, ხელი
დაუდევრად გადაუგდო. ანიკეტუსი დაიხარა, იმპერატორის ხელი - რბილი,
ფაფუკი, წითელლაქებიანი - მოწიწებით აიღო, ტუჩები ფრთხილად შეახო და ამ
დროს ტანში ძლიერად გააჟრჟოლა.

- ჩემო ანიკეტუს, შენი დახმარება მჭირდება, - თქვა ნერონმა და სპორუსს


მიუბრუნდა, - გასწი, ჩემო ბიჭუნა, სხვა დროს განვაგრძოთ. შენც წადი, ტერპნუს,
როცა დამჭირდები, დაგიძახებ. ახლა ხელოვნებისთვის არა მცალია. ახლა მე და
ანიკეტუსს რომის ბედი გვაქვს გადასაწყვეტი.

ანიკეტუსი მთლად დარწმუნებული არ იყო, რომ რომის ბედის გადაწყვეტას


შეძლებდა, მაგრამ, რაკი მისი სიცოცხლე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სამშობლოსა
და იმპერატორს ეკუთვნოდა, მაინც შეეცადა ისეთი კაცის სახე მიეღო, ვისაც საქვეყნო
ტვირთი მუდამ საიმედოდ დააქვს თავისი ძლიერი მხრებით, რაშიაც, სამწუხაროდ,
ხელს უშლიდა მკვრივი და თეთრი, ნახევრადშიშველი სპორუსი, რომელიც რბილი
ნაბიჯით, ღვთაებრივი ტანის ოდნავი რწევით მიდიოდა კარისაკენ.

იმპერატორს არ გამოჰპარვია სარდლის დეზერტირობა.

- მოგწონს? - ჰკითხა და თვითონაც გახედა ოქროსკულულებიან ბიჭუნას. მერე ისევ


კიბორჩხალასავით გაწითლებულ სარდალს მიუბრუნდა და ღიმილით დაუმატა, -
მეც მომწონს.

დარცხვენილმა და არეულმა ანიკეტუსმა არ იცოდა, რა ეთქვა და ამიტომ არც


არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაუგებრად ჩაილუღლუღა რაღაც. სამაგიეროდ, რაკი
სპორუსი უკვე გავიდა, მეტი მონდომებით (და მეტი წარმატებითაც) მოემზადა
რომის ბედის გადასაწყვეტად.
ნერონმა კი მცირე დუმილის შემდეგ უთხრა: - შენს ერთგულებას, ჩემო ანიკეტუს,
დიდად ვაფასებ, ხოლო ერთგულებაზე მეტად შენს სიყვარულს ვაფასებ, რადგან
კარგად ვიცი, რომ იმპერატორის სიყვარული კიდევ უფრო ძნელია, ვიდრე
იმპერატორის ერთგულება. - აქ ერთხანს გაჩუმდა, მერე ცოტა ნაღვლიანად შეხედა
სარდალს, რომელსაც გული ყელში ჰქონდა დაცობილი და ბედნიერებისგან ძლივსღა
სუნთქავდა, - სამწუხაროა, რომ მაგ სიყვარულს ის არ ახლავს თან, რაც ყველაზე
მეტად დაამშვენებდა... ეჰ, ჩემო ანიკეტუს, ჩემო ანიკეტუს, შენს გულმხურვალებას
რომ გვირგვინად ჭკუის ლამპარი ედგას, ვინ იცის, სადამდე გადავწევდით იმპერიის
საზღვრებს... შენს თავში რომ, მაგალითად, სენეკას ცივი ტვინი იდოს, ან სენეკას
მკერდში შენი ცხელი გული.. მაგრამ რას ვიზამთ! ღმერთები შურიანები არიან და
ერთი კაცისთვის ერთ სიქველეზე მეტს ძნელად იმეტებენ... - ამ სიტყვებზე მცირე
ხნით გაჩუმდა, მერე თავი გადაიქნია და დაფიქრებით განაგრძო, - ეგებ შურით არ
მოსდით, ეგებ სიყვარული, უბრალოდ, ბნელაში სჯობს, ვინაიდან ჭკუის ლამპარმა,
ვინ იცის, ისეთი რამ გაანათოს, პირველი ჩრდილი სწორედ სიყვარულს დაეცეს... - აქ
მთელი ტანით შეტრიალდა და სარდალს სახეში შეხედა, - ან იქნებ შენ გეგულება,
ჩემო ანიკეტუს, ვინმე, ჭკუა და ერთგულება ერთმანეთის შესაფერისი ჰქონდეს?

სარდალმა ანიკეტუსმა ბევრი რამ არ იცოდა და, რაც არ იცოდა, უმთავრესად არც
მიაჩნდა საჭიროდ, მაგრამ ის კი გულით უნდოდა სცოდნოდა, თუ რატომ აქებდა
ხოლმე, როგორც კი საამისო შემთხვევა მიეცემოდა, დორითერუსს, რომელიც მთელი
არსებით სძულდა, ვინაიდან მასში თავისი ზოგიერთი გაუბედავი ოცნების
განხორციელებას ხედავდა.

- დორითერუსი, ჩემო იმპერატორო, - უპასუხა მანამ, სანამ მოიფიქრებდა, თუ რა


ეპასუხა, - განა დორითერუსი ჭკვიანიც არ არის და ერთგულიც?

- ის ლამპარი რომ ენთოს, რომელიც წეღან ვახსენეთ, ესოდენ საჭოჭმანო საკითხებს


ეგრე იოლად არ გადაწყვეტდი... დორითერუსი, ჩემო ანიკეტუს, გაიძვერაა და არა
ჭკვიანი, და ქლესაა და არა ერთგული. თუმცა, ჩვენ თუ ვივარგებთ, შეგვიძლია,
გაიძვერას ჭკვიანის გასაკეთებელი გავაკეთებინოთ, ქლესას კიდევ ერთგულისა. აგერ
ისიც.

მართლაც დარბაზში დორითერუსი შემოვიდა - შავი, ქაჩალი, წვრილთვალებიანი.


ანიკეტუსმა შურითა და ჩუმი მძულვარებით შეხედა, მაგრამ თან შვებითაც
ამოისუნთქა, რადგან სამართლიანად შიშობდა, რომ იმპერატორთან მარტო ყოფნას
მისი მღელვარე გული დიდხანს ვერ გაუძლებდა.

დორითერუსი სწრაფი, საქმიანი ნაბიჯით მივიდა იმპერატორთან, დაიხარა და


ხელზე ემთხვია.

- შენი ბრძანება რომ მომივიდა, გადაუდებელი საქმე მქონდა და გადადება მომიხდა,


რისთვისაც ღმერთებს, ღმერთების სწორო, მადლობას ვწირავ: თურმე სამშობლოს
ჯერ კიდევ სჭირდება ჩემი სუსტი ძალ-ღონე, - ამ სიტყვებით ისევ გაიმართა და
მზერა ტყავის ქუდზე შეაჩერა, რომელიც ნერონს ჯერ კიდევ თავზე ეხურა.

ანიკეტუსს დორითერუსის ნათქვამი შეშურდა, მით უფრო, რომ გულში თვითონაც


ჩინებული სიტყვები ჰქონდა მომზადებული, ოღონდ ეს იყო, ხმამაღლა თქმა ვერ
გაბედა, ვაითუ ყალბი და მაღალფარდოვანი გამომივიდესო.

ნერონმა კი, დორითერუსის ცნობისმოყვარე მზერა რომ შენიშნა, ქუდი მოიხადა,


დააცქერდა, ერთხანს ასე უყურა და მერე მაგიდაზე დადო.

- ეს მინერვას მუზარადია, - თქვა ბოლოს, - კვინკვატრიუმზე მინერვას სახით მინდა


წარვდგე მეგობრების წინაშე და ახალი სიმღერა ვიმღერო, რომელიც ამ ცოტა ხნის
წინ შევთხზე. სამოსი უკვე გამიმზადეს. თმას სპორუსი დამიხვევს. მაგრამ ის ვერ
გადამიწყვეტია, ბაგეები წითლად შევიღებო თუ არა, და თქვენი რჩევა მინდა, ჩემო
ანიკეტუს და ჩემო დორითერუს.

ანიკეტუსმა, რომელსაც ძალიან ესიამოვნა, ნერონმა რომ დორითერუსის წინ


მოიხსენია, გუნებაში მგზნებარედ დაასკვნა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ
ჰქონდა, შეიღებავდა თუ არა ბაგეებს იმპერატორი, ვინაიდან მისი ბაგეებიდან,
შეღებილიდანაც და შეუღებავიდანაც, მუდამ ოქრო გადმოდიოდა, მთავარი კი
სწორედ ეს იყო, მაგრამ ამ ფიქრების ხმამაღლა გაცხადება რომ დააპირა, ეჭვი
შეეპარა, ვაითუ ყალბი და მაღალფარდოვანი გამომივიდესო, და ყოყმანი დაიწყო,
ხოლო სანამ ის ყოყმანობდა და ეჭვებს ებრძოდა, დორითერუსმა დათაფლული
ღიმილით თქვა: - შენი ბაგეებიდან, ღმერთების სწორო, ოქრო გადმოედინება. ოქრო
კი ყოველთვის ოქროა, მაშინაც, როცა წითელი ბაგეებიდან გადმოდის, და მაშინაც,
როცა ღია ვარდისფერი ბაგეებიდან გადმოდის.

ანიკეტუსმა განცვიფრებისაგან თვალები დააჭყიტა - ისე უბრალოდ და ბუნებრივად


გაისმა დორითერუსის პასუხი - და წამით ბუნდოვნად იგრძნო, რომ თურმე მთავარი
ის კი არ არის, თუ რა ითქმის, არამედ ის, თუ ვის მიერ ითქმის, მაგრამ რაკი იგი,
ჯარისკაცად დაბადებული, ხმლით აზროვნებას იყო ჩვეული და არა გონებით, ამ
დიდ აღმოჩენაში ბუნების კანონი ვერ შეიცნო, რასაც, საფიქრებელია, იმანაც შეუწყო
ხელი, რომ ამ დროს კიდევ ერთხელ გაიღო კარი და დარბაზში ეპაფროდიტუსი
შემოვიდა.

ნერონმა სამივენი თავის სავარძელთან მიიხმო და ზურგს უკან დაიყენა. შუაში


ეპაფროდიტუსი იდგა, მარჯვნივ - დორითერუსი, მარცხნივ - ანიკეტუსი. ნერონი
მათ სარკეში უყურებდა.

ის, რაც უნდა ეთქვა, კარგად ჰქონდა მოფიქრებული, მრავალჯერ გაიმეორა ლოგინში
და ზეპირადაც დაისწავლა, მაგრამ ახლა, როცა სამივე ერთად იდგა მის ზურგს უკან
და სარკეში ასე ახლო, ასე მკაფიოდ ხედავდა ამ სახეებს, რომლებსაც მონური
მორჩილების ბეჭედი ესვა და ზედ მხოლოდ წვრილმანი აზრები, წვრილმანი
საზრუნავი, წვრილმანი ბოროტება ეწერა, და წარმოიდგინა, რომ ერთი წუთის
შემდეგ ეს ხალხი თავისი დიადი ჩანაფიქრის თანამზრახველები უნდა გაეხადა,
გულში მწარე და დამამცირებელი გრძნობა შემოეპარა და უეცრად აგრიპინა
შეებრალა. შეებრალა არა იმის გამო, რომ უნდა მოეკვლევინებინა - დედა რომ შვილს
ქვეყნის სამასხაროდ და სათრევად გახდის, ის რა შებრალების ღირსია! - არამედ იმის
გამო, რომ ამ მონებისთვის უნდა მოეკვლევინებინა, ამ ანიკეტუსისთვის, ამ
დორითერუსისთვის, ამ ეპაფროდიტუსისთვის. თუ ნერონს არ ჩავთვლით,
ანიკეტუსს ამქვეყნად ყველა სულიერი სძულდა, ზოგი იმის გამო, რომ მასზე
უკეთესი იყო, და ზოგი იმის გამო, რომ მასზე უარესი იყო. განსაკუთრებით ძველი
და კეთილშობილი გვარები სძულდა, და მით უფრო სძულდა, რაც უფრო ძველი იყო
გვარი, რაც უფრო კეთილშობილი და რაც უფრო მეტ სახელოვან წინაპარს ითვლიდა.
დორითერუსი წვრილმანი იყო, ქლესა, გაიძვერა და სამივე ამ თვისებას ფულის
საშოვნელად იყენებდა, ვინაიდან ღრმად სწამდა, რომ ფული უნივერსალური
უპირატესობაა, რომელსაც ნებისმიერი სხვა უპირატესობის გაბათილება შეუძლია;
დიდსა და პატარას ყველას გულმოდგინედ კუდს უქიცინებდა და ყველას, ვისაც
კუდს უქიცინებდა, ორიოდე გროშის გულისთვის ასევე გულმოდგინედ საფლავს
უთხრიდა. ეპაფროდიტუსი ნერონის კარზე ხანგრძლივად ტრიალში გარეგნულად
შედარებით დაიხვეწა, მაგრამ ისიც მონა იყო, მონის გული ჰქონდა და მონურ,
მღვრიე გასართობებს ეტანებოდა. განსაკუთრებულ სიამოვნებას ორი გასართობი
ანიჭებდა: ერთი ის, რომ სიკვდილმისჯილი, რომელსაც ნერონი, გადარჩენის მცირე
შანსი რომ მიეცა, ცირკის არენაზე გაუშვებდა ხოლმე ლომთან შესაბმელად,
ბრძოლის დაწყების წინ მაყურებლისკენ შემოტრიალდებოდა და გლადიატორთა
დაძახილს დაიძახებდა: „დიდება ცეზარს! სალამს მოგიძღვნი სიკვდილის გზაზე
შემდგარი!“ განწირულის ეს უკანასკნელი სიტყვები ეპაფროდიტუსის, ასე ვთქვათ,
სახელმწიფოებრივი სიამოვნება იყო. „სიკვდილის გზაზე შემდგარის“ ბოლო
დაძახილი, მისი აზრით, დუღაბივით კრავდა დიდებული რომის საძირკველს და
ისეთ დამატებით სიმტკიცეს ანიჭებდა, რომელსაც ვერც მტერი დააკლებდა რამეს და
ვერც დრო. მეორე განსაკუთრებული სიამოვნება - უკვე პირადი, კერძო - იყო
გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცის ცქერა, კაცისა, რომელმაც არ იცის,
რა მოელის, ამიტომ გაუგებრობის ეჭვები ტანჯავს, ბნელში ფათურობს, ვერ
გადაუწყვეტია, საით წავიდეს, და იმედსა და სასოწარკვეთას შორის საცოდავად
ფართხალებს, თვითონ კი, ეპაფროდიტუსმა, ყველაფერი იცის და კმაყოფილი
დუმს... განა ზვიადი აგრიპინა, ნერონის დედა, გერმანიკუსის შვილი, დრუზუსის
შვილიშვილი, ტიბერიუსის ძმისშვილიშვილი, ჭკვიანი, ამაყი, მშვენიერი, იმდენს არ
იმსახურებდა, რომ ამაღლებული სიკვდილით მომკვდარიყო და არა ამ ნაძირალების
ხელით?! ბარემ, არც თვითონ ნერონს ეკადრებოდა ასეთ ხალხთან საქმის დაჭერა,
სხვა გზა რომ ჰქონოდა. „ო, უკვდავო ღმერთებო, რა ბინძურ დროში მარგუნეთ
ცხოვრება!“ - მწარე ნაღველით გაიფიქრა და ხმადაბლა ამოიოხრა. თქმა არ უნდა,
ძალიან ადარდებდა, რომ მშობელი დედა შეურაცხმყოფელი სიკვდილით უნდა
მოეკლა, მაგრამ რა ექნა? სად ეპოვა ის ოქროს ხმალი, რომელიც აგრიპინას ნატიფ
კისერს შეეფერებოდა? ვის ერტყა? ბუროსს? მაგრამ ბუროსის ნდობა არ
შეიძლებოდა. კაცი, რომელსაც სახეზეც ის აწერია, რაც გულში უდევს, არასოდეს
სანდო არაა. ბუროსის უმწიკვლო პატიოსნება, რომელიც ნერონის ღრმა რწმენით
ადრე თუ გვიან პატრონს დაღუპვის კარამდე მიიყვანდა, რადგან თანამდებობასა და
პატიოსნებას საერთო სარეცელში სიამტკბილობით წოლა არ შეუძლიათ,
გულწრფელად და დაწვრილებით შეუდგებოდა მტყუანისა და მართლის გარჩევას,
თითქოს პოლიტიკა მტყუანისა და მართლის გასარჩევად ყოფილიყოს მოგონილი.
მაშ, ეგებ სენეკას? მაგრამ არც სენეკას ნდობა შეიძლებოდა. სენეკას ტვინი ისეთი
წვეტიანი ეკლებით ჰქონდა დაფარული, რომლებზედაც ყოველი სიტყვა, რასაც კი
წარმოთქვამდი, ათას ნაწილად ქუცმაცდებოდა და, თუკი შიგ რაიმე საიდუმლო
გქონდა გახვეული, მყისვე დღის სინათლეზე გამოდიოდა. ცბიერი ესპანელი შენი
საიდუმლოთი პირს იტკბარუნებდა, თავისას კი მალავდა, და ერთი
გონებამახვილური აზრი ყოველთვის ჰქონდა შავი დღისთვის გადანახული. ასეთი
კაცი არათუ სანდო არ არის, საშიშიცაა. ღმერთების შეწევნით აღარც ნერონი იყო
მიამიტი ბალღი და ყოველივე ეს კარგად იცოდა; რაკი ეს იცოდა, ისიც იცოდა, რომ
ესოდენ მაღალი ჭკუის პატრონი პირველი უნდა იყოს, ხოლო რაკი არ შეიძლება
პირველი იყოს, ისა სჯობს სულ არ იყოს... სხვაც, ბუროსსა და სენეკაზე უფრო
სანდო, არავინ ეგულებოდა. მახინჯი თხა კი კიკინებდა და კიკინებდა. განა ასეთ
მძიმე ვითარებაში ადამიანს გაემტყუნება, რომ ნატიფ საშუალებათა ძებნას თავი
მიანებოს და იმას დასჯერდეს, რაც ნამდვილად აქვს? ეს სამი კაცი, რომელთა
სახეების ცქერა ნერონს გულს უკუმშავდა, საიმედო ხალხი იყო. ამ ტუტუც
ანიკეტუსს იმპერატორი დაუოკებელი, ლამის საეჭვო სიყვარულით უყვარდა, მისი
გულისთვის ვეზუვის მხრჩოლავ კრატერში ჩადგებოდა და ერთი კვნესა არ
დასცდებოდა. ანიკეტუსი ბასრი ხმალი იყო, რომელსაც მოქნევაღა ესაჭიროებოდა.
დორითერუსს მახეების დაგება ემარჯვებოდა, თვითონ ყველა მახეს იოლად აღწევდა
თავს, არასოდეს იბნეოდა, ჩინებული ალღო ჰქონდა და შეუცდომლად ატყობდა,
როდის რა ეთქვა და როდის როგორ მოქცეულიყო. ეპაფროდიტუსი ფრთხილი და
წინდახედული იყო, ბუნდოვანებას ვერ იტანდა, სანამ ნაბიჯს გადადგამდა,
ყოველივეს ათასგზის გასინჯავდა და შეამოწმებდა, არცერთი წვრილმანი არ
გამოეპარებოდა, ამიტომ შეცდომაც თითქმის არასდროს მოსდიოდა. რაც მთავარია,
სამივე მათგანს ჯერჯერობით ნერონი ისე სჭირდებოდა, როგორც პური და წყალი.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, როცა ვითარება საკმაოდ დაიძაბა და ეს


დაძაბულობა სარკიდან გამომცქირალ სახეებსაც ისე დაემჩნა, რომ უკვე შიშის ფერში
იწყო გადასვლა, ნერონმა თქვა: - წუხელ უკვდავმა ღმერთებმა სიზმარი მომივლინეს,
- ამ სიტყვებით თავი უკან გადაიგდო, ნახევრადმოჭუტული თვალები გუმბათიდან
შემომავალ შუქს მიაპყრო, ერთხანს შეიცადა, რათა მოლოდინისთვის მეტი სიმძაფრე
მიეცა და მერე ნელა, მძიმედ განაგრძო, - ვესტას ტაძარში ცეცხლი ჩამქრალიყო და
ქალწულები მოთქმით ტიროდნენ, კაპიტოლიუმის თავზე კუდიანი ვარსკვლავი
იდგა, ხოლო ანციუმის მხრიდან გრძელი ნაბიჯებით მოდიოდა ქალღმერთი კიბელა,
რომელსაც შავი ფერი ედო და ყორნის ფრთები ესხა...
დარბაზში მძიმე დუმილი ჩამოვარდა. ყველანი გაშეშებულები იყვნენ. მხოლოდ
ანიკეტუსი, რომელსაც ამ ავბედითმა სიზმარმა უეცრად გაახსენა, რომ იმპერატორმა
აქ რომის ბედის გადასაწყვეტად მოიწვია, მხრებში ოდნავ შეირხა და კიდევ უფრო
გაიმართა, რათა სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო.

ნერონიც უძრავად იჯდა და გუმბათის წვერს შესცქეროდა. მთავარ იმედს იგი


სიზმრის ბოლო მონაკვეთზე და დორითერუსზე ამყარებდა. მამაცი ანიკეტუსი,
რომლის გაფართოებული თვალებიდან ლურჯი, კამკამა და უძირო სისულელე
იმზირებოდა, ცხადია, ვერ მიხვდებოდა, რას უნდა ნიშნავდეს ყორნისფრთებიანი
ქალღმერთი, რომელიც მაინცადამაინც ანციუმიდან მოდის. ეპაფროდიტუსი
მიხვდებოდა, მაგრამ არ შეიმჩნევდა, რადგან ბუნდოვანება ისეთი გორგალია,
რომელსაც რამდენიმე წვერი აქვს და, თავი რომ საიმედოდ დაეზღვია, მანამ არ
ჩაერეოდა, სანამ არ გაიგებდა, რომელი წვერის გამოწევას აპირებდა პატრონი.
ერთადერთი, დორითერუსი თუ გაბედავდა ქარაგმის გაგრძელებას. დორითერუსს
მტკიცედ სჯეროდა თავისი გაიძვერობისა და დარწმუნებული იყო, ყოველნაირ
სიბნელეში გაიგნებდა გზას.

მართლაც, მცირე დუმილის შემდეგ, დორითერუსმა თქვა: - ბალბილუსისგან


გამიგონია, ღმერთების სწორო, - ბალბილუსი კი, ჩემზე უკეთ მოგეხსენება, ისეთი
მოგვი და მისანია, ეგვიპტის მრავლისმნახველი ქურუმებიც კი შეგირდებივით
უსმენენ - რომ უკვდავები განსაკუთრებული კაცისაგან განსაკუთრებული სიზმრით
განსაკუთრებულ მსხვერპლს ითხოვენ, ისეთ მსხვერპლს, რომელიც ყველაზე მეტად
გენანება და ყველაზე ნაკლებად გემეტება.

ნერონი კმაყოფილი დარჩა. დორითერუსმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქარაგმა


ზუსტად ამოხსნა და თავის მხრივ მკაფიო და გასაგები გეზიც მისცა.

- მართალს ამბობ, ჩემო დორითერუს, - მიუგო მან, - მეც არაერთხელ მსმენია


ბალბილუსისაგან მსგავსი რამ... ყველაზე სამწუხარო სიმართლე კი ის არის, რომ
უკვდავებმა ძილშივე გამიმჟღავნეს თავიანთი ნება და ისიც მიმანიშნეს, თუ რას
მოითხოვენ... ჩვენს მძიმე დროში, როცა ზნეობა იმდენად სულის სამკაული აღარაა,
რამდენადაც გონების იარაღი, თქვენს მეტი არავინ მეგულება, ვისაც თამამად და
უშიშრად შემიძლია ვენდო, - აქ კიდევ ერთხელ ხანგრძლივად გაჩუმდა და მერე,
რომ განაგრძო, ხმაში ძლიერი ნაღველი გამოურია, - თქმა სირცხვილია, უთქმელობა
კი - დანაშაული... დედაჩემი აგრიპინა შეთქმულებას ამზადებს. პრინცეპსობა
რუბელიუს პლავტუსს უნდა მისცეს. მრავალი ჭირის მომსწრე რომი ახალი
განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. და ეს მაშინ, როცა პართია კვლავ ძალებს იკრებს და
აღმოსავლეთის საზღვრებს გამუდმებული ზრუნვა და ყურადღება ესაჭიროება.
დაყოვნება აღარ შეიძლება. რაც გადასაწყვეტია, დღესვე უნდა გადაწყდეს. ვიცი, და
აგერ დორითერუსმაც დამიდასტურა, რომ ღმერთები უდიდეს მსხვერპლს მთხოვენ.
ის უნდა შემოგვწირო, ვინც ყველაზე მეტად გიყვარსო, მეუბნებიან. თავად განსაჯეთ:
დედისგან შობილს დედაზე მეტად ვინ უნდა უყვარდეს! და მაინც წუხელ,
ხანგრძლივი ფიქრის შედეგად, დავრწმუნდი, რომ ჩემი თავიც მყვარებია. რა თქმა
უნდა, ისე არა, როგორც დედა, მაგრამ ისე კი, რომ ღმერთებმა მსხვერპლად იკმარონ.
ამიტომ ვფიქრობ, უარი ვთქვა პრინცეპსობაზე და ჩემი ნებით ვეახლო პლუტონს.
ამით ღმერთებსაც დავაშოშმინებ და დედასაც მძიმე ცოდვისაგან ვიხსნი. აქ
საყოყმანო არაფერია და თუ მაინც ვყოყმანობ, მხოლოდ იმის შიშით, რომ ვაითუ
ხალხმა არ ინდომოს პლავტუსი, ვაითუ რომაელი რომაელის წინააღმდეგ აღდგეს,
ქვეყანა აიშალოს და სიკეთისთვის გაღებული მსხვერპლი ბოროტების მიზეზი
შეიქნეს. ამ ეჭვებმა მაიძულა თქვენ მომეწვიეთ და თქვენთვის მეთხოვა დახმარება.
იქნებ მოვახერხოთ, რომ ჯარმა დედაჩემს დაუჭიროს მხარი; სენეკა და ბუროსი,
მგონი, წინააღმდეგი არ წავლენ; და თუ სენატსაც მოვიმხრობთ, ეჭვი არ მეპარება,
შეერთებული ძალით ქვეყანასაც დავიყოლიებთ და რუბელიუს პლავტუსი სისხლის
დაუღვრელად გახდება პრინცეპსი.

ნერონი გაჩუმდა.

ანიკეტუსს მკერდი აღელვებულ ზღვასავით აუდ-ჩაუდიოდა და თვალზე ცრემლი


ადგა. დორითერუსს პირველი ვალი მოხდილი ჰქონდა და მოვლენათა შემდგომ
განვითარებას ელოდა. ჯერი ეპაფროდიტუსზე იყო.

ეპაფროდიტუსმა თვითონაც კარგად იცოდა, რომ ახლა, როცა პრინცეპსის ჩანაფიქრი


საბოლოოდ გამოიკვეთა, სიტყვა უკვე მას ეკუთვნოდა. გულში ცოტა ნაწყენიც დარჩა
იმის გამო, რომ ნერონმა ბოლომდე დაუღეჭა სათქმელი, თითქოს ისე ვერ
მიხვდებოდა, თუ რა მოსაზრება და რა საბუთები დაეპირისპირებინა მისი
სავარაუდო თავგანწირვის უარსაყოფად.

ეპაფროდიტუსი პირმოთნეობის მოდათა კანონმდებელი იყო. ფხიზელი გონების,


ფაქიზი სმენისა და სიტყვის ჩინებული გრძნობის წყალობით იმპერიის ყველა დიდ
პირმოთნეს, რომაელსაც და ბარბაროსსაც, მთელი ნაბიჯით უსწრებდა ხოლმე წინ.
მუდამ პირველი ატყობდა, როდის იფიტებოდა სიტყვა, როდის ცვდებოდა ფრაზა,
როდის კარგავდა დადგენილი ფორმულა ზემოქმედების ძალას, და მყისვე
შესაბამისი ცვლილებები შეჰქონდა. თუ საჭიროდ მიიჩნევდა, არა მარტო ძველ
ფორმულას, მთელს ძველ მოდელსაც გაბედულად უარყოფდა და მის ადგილას
ახალს ამკვიდრებდა. ერთი ასეთი, თვისობრივად განსხვავებული მოდელი, სწორედ
ამ ბოლო ხანებში შეიმუშავა დროისა და პრინცეპსის ბუნებაში მიმდინარე
ცვლილებათა ანალიზის საფუძველზე. ეს უახლესი მოდელი, რომელიც ჯერ არც კი
გამოეცადა, რადგან მნიშვნელოვანი შემთხვევა არ მისცემია, უმნიშვნელოზე
დასახურდავებლად კი არ ემეტებოდა, თამაშის უღრმესსა და უწვრილეს, თითქმის
მოუხელთებელ ძაფებს ეყრდნობოდა და ისეთი ხასიათისა იყო, რომ ყველაზე, ვინც
პირმოთნეობის ნატიფ ნიუანსებში ვერ ერკვეოდა, გამბედაობის თავზარდამცემი
შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა. ამიტომ, ალბათ, სჯობდა პირველი გამოცდა
ფორუმზე შემდგარიყო, მრავალრიცხოვანი ბრბოს თანდასწრებით. თუმცა არც ეს
უაღრესად ხელსაყრელი, ღმერთების მიერ თითქოს საგანგებოდ მიძღვნილი,
შემთხვევა დაიწუნებოდა.

- რის თქმასაც ვაპირებ, ჩემო ბატონო, ეგებ ზედმეტ სითამამედ მოგეჩვენოს, - ცოტა
არ იყოს, მწყრალი კილოთი დაიწყო მან, - მაგრამ სითამამეს მცველად
გულწრფელობას დავუდგენ, რომელიც ყოველგვარ მჭევრმეტყველებაზე უფრო
მჭევრმეტყველია, და ჩემს ბედს მას მივანდობ. თუნდაც გამირისხდე და იმათ
მსგავსად, ვინც ერთგულებას ყურით ზომავს და არა გონებით, პირდაპირობა
ორგულობად ჩამითვალო, ჩემს სინდისს მაინც ვერ ვუღალატებ, მაინც დაუფარავად
გეტყვი, რომ შენი გადაწყვეტილება რამდენადაც კეთილშობილურია, იმდენადვე
უადგილოა. დედაშვილური სიყვარული დიაღაც რომ სათუთი და
მოსაფრთხილებელი გრძნობაა, მაგრამ, ვისაც არ ძალუძს ეს გრძნობა უფრო მაღალი
გრძნობის - ქვეყნის სიყვარულის - სამსხვერპლოზე მიიტანოს, ის არც ქვეყნის
მმართველად ვარგა. მართალია, როცა რომის ძლევამოსილმა ლეგიონებმა და
თავისუფლებისმოყვარე რომაელმა ხალხმა პრინცეპსობა დაგავალა, ჯერ კიდევ
მცირეწლოვანი იყავი, მაგრამ ისე პატარაც არ გეთქმოდა, რომ არ გცოდნოდა:
რომაელების წინამძღოლი რომის მონაა, რომელმაც ყველაფერი, რაც პირადულია,
გულში უნდა ჩაიკლას და მხოლოდ ის აკეთოს, რასაც პატრონი უბრძანებს. რომში
არა ერთი და ორი კაცი მოიძებნება, ვისაც შეუძლია მშობელი დედა მშობელ ქვეყანას
შესწიროს, და თუ შენ არ შეგიძლია ასეთი რამის ჩადენა, მაშ, რომში არა ერთი და
ორი კაცი ყოფილა, ვისაც რომი შენზე მეტად ჰყვარებია. ერთსაც გაგიბედავ, თუნდაც
ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადო: თავი რომ მოიკლა, ისტორია შენი სიკვდილის
გვერდით სიტყვა „სიმხდალეს“ დაწერს და არა სიტყვა „თავგანწირვას“, ხოლო თუ
ქვეყანა აირია - და არც შეიძლება არ აირიოს - მაშინ იქნებ უარესი სიტყვაც დაწეროს,
უფრო მწარე და შეურაცხმყოფელი. მე, ჩემო ბატონო, იმ ზომამდე ერთგული ვარ
შენი, შემიძლია თავს უფლება მივცე, შენ გვერდი აგიარო და საბოლოო ნებართვის
მისაღებად იმას მივმართო, ვინც შენზე მაღლა დგას - რომს! რომი კი, მიუდგომელი
მსაჯული და ჩვენი შეუმცდარი უფალი, ბრძანებს: დღეს სხვა გზა არა გვაქვს და
ამიტომ აგრიპინა უნდა მოკვდეს!

ნერონმა იცოდა, რომ ეპაფროდიტუსი ლიტერატურის მოყვარული იყო და


მოცალეობის ჟამს ძალასაც ცდიდა ხოლმე ამ სფეროში. სიტყვაც - თუმცა კი ცოტა
დაღვლარჭნილი - რიგიანი გამოუვიდა. რაც მთავარია, ყველაფერი კარგად გაიგო,
იმდენად კარგად, რომ, როდესაც ნერონმა პასუხად კოპები შეიკრა და რისხვით
შეხედა სახეში, თვალი მშვიდად გაუსწორა, ვინაიდან ეს კოპებიცა და ეს რისხვაც
სწორად შეაფასა.

ერთხანს ასე უყურეს ერთმანეთს, ბოლოს ნერონმა თვალი აარიდა, თავი ჩაქინდრა
და მცირე დუმილის შემდეგ ყრუ ხმით იკითხა: - თქვენც ასე ფიქრობთ, ჩემო
ანიკეტუს და ჩემო დორითერუს?
ანიკეტუსმა დაუდასტურა. მართალია ის, რაც დასტურის ნიშნად თქვა,
დაუნაწევრებელი და გაუგებარი გამოვიდა, მაგრამ ხმის კილო და თვალების
ელვარება მოწმობდა, რომ ეს სწორედ დასტური იყო.

დორითერუსმაც დაუდასტურა. ოღონდ გაცილებით უფრო მკაფიოდ და


დალაგებულად: - პრინცეპსობა, ღმერთების სწორო, მძიმე და უმადური შრომაა,
რომლის ღირსეულად შეფასებას მხოლოდ შთამომავლობა თუ შეძლებს. პრინცეპსთა
შორის უკეთესი კი, ალბათ, ის არის, ვისაც ძალა შესწევს ტკივილი არად ჩააგდოს,
თუკი ამით ქვეყანას შეუმსუბუქებს ტკივილს.

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. ნერონმა იდაყვები მაგიდას დააყრდნო და სახე ხელებში


ჩარგო. ყველაფერი თავისი რიგით მიდიოდა.

ხანი რომ გამოხდა, ხმადაბლა, მაგრამ გულისგამგმირავად მწარე კილოთი ქვა: -


როგორ მოვკლა მშობელი დედა!

ეს რომ თქვა, თავი არ აუღია. თავი ისევ ხელებში ჰქონდა ჩარგული და გაშეშებული
იჯდა. მერე ერთბაშად, ძლიერი ბიძგით წამოიჭრა, მთელი ტანით გაიმართა,
მაგიდას მუშტი დაჰკრა და ხმამაღლა შესძახა: - კმარა ყოყმანი! ცრემლები ქალებს
დავანებოთ, ქალებსა და ისეთ კაცებს, რომლებსაც მკერდში ქალების გული უდევთ.
დაე, აღსრულდეს ღმერთების ნება! აბა, დასხედით ყველანი და მოვიფიქროთ, თუ
რომელი გზა უმჯობესი იქნება, რომ არც რომს ვუღალატოთ, არც ჩვენი პატიოსანი
სახელი შეიბღალოს და არც დედაჩემის - ოჰ, დედა! - თავგანწირვა გამოდგეს ფუჭი
და ამაო. ეპაფროდიტუს, მცველები გააფრთხილე, ვიდრე თათბირს არ
დავასრულებთ, რა მნიშვნელოვანი საქმეც არ უნდა გამოჩნდეს, ხელი არ
შეგვიშალონ, რადგან რომის პრინცეპსს ახლა არ შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანი
საქმე ჰქონდეს, ვიდრე ისაა, რომელიც დედას ეხება.

ეპაფროდიტუსმა მცველები გააფრთხილა, მერე ყველანი დასხდნენ და ბჭობას


შეუდგნენ. მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ ყოველივე საიდუმლოდ მოეგვარებინათ
და აგრიპინა ისე მოეკლათ, კვალი არ დარჩენილიყო.

ანიკეტუსი, რომელიც პოლიტიკაში ცუდად ერკვეოდა და დიპლომატიასა და


მკვლელობას ერთმანეთისგან ვერ არჩევდა, რის გამოც ეგონა, მთელი ეს თათბირი
ძვირფასი დროის დაკარგვის მეტი არაფერი იყო, ჟამიდან ჟამზე ერთსა და იმავე
ამოჩემებულ აზრს - მისი რწმენით ყველაზე უტყუარსა და ყველაზე პრაქტიკულს -
იმეორებდა: შენ თუ მიბრძანებ, ჩემო იმპერატორო, სამიოდ მამაც ცენტურიონს
ვიახლებ და მაგ საფიქრალისგან რამდენიმე საათში გაგათავისუფლებო, მაგრამ არ
უგონებდნენ.

დორითერუსის ფიქრები თავიდან საწამლავს დასტრიალებდა; ალბათ, იმიტომ, რომ


საწამლავი იმ დროს ფრიად გავრცელებული საშუალება იყო და რომაელებიც, როცა
ვინმეს მოკლვა მოუნდებოდათ, უფრო მეტი ხალისით მას მიმართავდნენ, ადამიანის
გონებას კი ბუნებითი სიზანტის გამო ახლის მოფიქრებას ყოველთვის
მოფიქრებული ურჩევნია; მაგრამ ნერონს ეს წინადადება ჭკუაში არ დაუჯდა, ხოლო
როდესაც დორითერუსმა ლოკუსტაც ახსენა, საწამლავების ყველაზე ცნობილი და
პოპულარული ოსტატი, მოიქუფრა კიდეც და სქელი ტუჩი უკმაყოფილოდ
გამობურცა. ამ აშარი დედაკაცის სახელის გაგონებაც არ სურდა! ბრიტანიკუსისთვის
სწორედ მას დაამზადებინა საწამლავი და მაშინდელი მწარე გამოცდილება დღემდე
ახსოვდა. ან კი რა დაავიწყებდა! მაგ წუნკალმა სიფრთხილის მომიზეზებით ისეთი
წყალწყალა საწამლავი დაუმზადა, რომ საბრალო ბიჭს კუჭი ძლივს აეშალა! ამისთანა
საწამლავი კაცს მთელი ამფორა უნდა დააცლევინო, რომ ცოტათი მაინც მოკვდეს!
ბრიტანიკუსი კი სრულიად ყმაწვილი იყო და თითქმის უცოდველი - მთელი ამფორა
საწამლავი როგორ დაელევინებინა! ხომ არ გაჭყიპავდა ბავშვს! აკი სენეკა სულ იმას
ჩასჩიჩინებდა, ადამიანი უნდა გიყვარდესო! როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი,
რომელსაც პაწაწინა სტომაქში მთელ ამფორა საწამლავს ჩაასხამ?! კიდევ კარგი, იმ
კუჭის აშლამ მშვიდობიანად ჩაიარა და აგრიპინას ეჭვი არაფერზე აუღია! ეგ
ლოკუსტაა თუ მორიელი არც მერე დაუმზადებდა, ალბათ, კარგ საწამლავს, მაგრამ
ნერონი თავზე დაადგა; მანამ ადუღებინა, სანამ საჭირო იყო, და ამის შემდეგ ცოტა
კიდევ ადუღებინა. მაშინ კი, იცოცხლეთ, საწამლავმა გაჭრა და ყმაწვილი
ბრიტანიკუსი ქვასავით მოკვდა, მაგრამ მღელვარებამ მაინც ისეთი ლექი დაუტოვა,
რომ ახლაც, ამდენი ხნის შემდეგ, იმ ქალის გახსენებაზე ყელში ბრაზი აწვებოდა.

დორითერუსის გეგმა ეპაფროდიტუსმაც დაიწუნა, ოღონდ მისი საბუთები, ნერონის


საბუთებისაგან განსხვავებით, მხოლოდ გონების მონაცემებს ეყრდნობოდა და სამი
მთავარი პუნქტისაგან შედგებოდა: ერთი ის, რომ თავისი ყველაზე ერთგული ხალხი
აგრიპინას მუდამ და ყველგან თან ახლდა ხოლმე და ირგვლივ კედელივით ერტყა,
ამიტომ საწამლავი დანიშნულების ადგილს ისე ვერ მიაღწევდა, გზად რამდენიმე
მეორეხარისხოვანი სტომაქი არ გაევლო, რაც საიდუმლოს გამჟღავნების სრული
გარანტია იყო; მეორე - აგრიპინას თავისი ანტილოკუსტა ჰყავდა და ყოველი საეჭვო
ტრაპეზის წინ შხამის საწინააღმდეგო საგანგებო წამალს სვამდა; და მესამეც -
თუნდაც ეს ორივე გადაულახავი დაბრკოლება გადაელახათ და ღმერთების ნება და
სამშობლოს დავალება შეესრულებინათ, საიდუმლოს დაცვა მაინც გაჭირდებოდა,
ვინაიდან, როგორც ცნობილია, რომაელებს ავი მეხსიერება აქვთ და, აგრიპინას
სიკვდილს რომ შეიტყობდნენ, არ შეიძლებოდა ამ მეხსიერებაში ბრიტანიკუსის
სიკვდილი არ ამოტივტივებულიყო და საეჭვო მსგავსებას ბრალდების სახე არ
მიეღო.

- თუკი მაინც გამჟღავნდება, - უკვირდა ანიკეტუსს, - ბარემ სამ ცენტურიონს


ვიახლებდი და რამდენიმე საათში მთელი ეს საზრუნავი მოშორებული გექნებოდა.
მერე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, მკვდარს ხომ ვეღარ გააცოცხლებენ! ოღონდ
მიბრძანე, ჩემო იმპერატორო!

- დრო მოვა და გიბრძანებ, ჩემო ანიკეტუს, - დაყვავებით მიუგო ნერონმა, -


გიბრძანებ იმას, რაც საჭირო იქნება.
და ბჭობა განაგრძეს.

ანიკეტუსმა მოიწყინა და ერთი-ორჯერ მალულად დაამთქნარა. მერე, თვლემა რომ


არ წამოპაროდა (ან, უფრო სავარაუდოა, ღმერთების ჩაგონებით), გასართობს დაუწყო
ძებნა და სულ მალე, მართლაც გონების თვალწინ ის ხალისიანი ეპიზოდი
წარმოუდგა, სამხედრო ხომალდების უკანასკნელი მანევრების დროს რომ ბერძენი
ხელოსნების მიერ მოგონილი „გემბანის ჩამოქცევა“ გამოსცადეს და მერე, წარმატების
აღსანიშნავად, ფალერნუმის ღვინო მთელი ღამე გაუზავებლად სვეს. მაინც რა
გონებამახვილი ხალხი იყო ეს ბერძნები! ანიკეტუსს ვერც კი წარმოედგინა, რომ
ამგვარი რამ რომაელს მოეგონებინა. არადა, თითქოს რთულიც არაფერი იყო: მთელი
ოინი იმაში მდგომარეობდა, რომ გემბანის შუა წელს საგანგებო საყრდენები იჭერდა,
რომლებიც, ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ერთ კაცს თავისუფლად შეეძლო
გამოეცალა, ხოლო თუ წინასწარ კარგად დაზეთავდით, ორიოდ საათში
თავისთავადაც გამოეცლებოდა, გემბანი ჩაიქცეოდა, კაიუტებს თან ჩაიტანდა,
მენიჩბეებს ქვეშ მოიყოლებდა და ხომალდსაც ჩაძირვისაგან ვერაფერი იხსნიდა.
ანიკეტუსმა არ იცოდა გამოადგებოდა თუ არა რამეში ეს გამოგონება, მაგრამ
ბერძნები არწმუნებდნენ, ჯერ ისეთი არაფერი გამოგონილა, გამოუყენებელი
დარჩენილიყოსო, და ხატოვნად, როგორც სჩვევიათ, უყვებოდნენ, როგორ
ჩაიგდებდა ხელში ამგვარ ხომალდს, დაზეთილსა და გამზადებულს, მოწინააღმდეგე
და, ვიდრე სიხარულის ყიჟინას მოათავებდა, როგორ ჩამოემხობოდა თავზე მთელი
ჭერი. ასე იყო თუ ისე, იმ ღამეს ბევრი სვეს. თანაც გაუზავებლად. ფიქრებში
ჩაფლულმა ანიკეტუსმა თავს ძალა დაატანა და შეეცადა გახარებული მოწინააღმდეგე
წარმოედგინა, რომელსაც ჰგონია, დავლა იშოვა, სინამდვილეში კი სიკვდილი იშოვა,
მაგრამ მოწინააღმდეგის ნაცვლად მოულოდნელად თვალწინ აგრიპინა წარმოუდგა.
ანიკეტუსმა ძალიან მკაფიოდ დაინახა აგრიპინა - ამპარტავანი, დამცინავი,
საძულველი - და ჭერი, რომელიც გრუხუნით ჩამოიქცა. ეს ისეთი წარმტაცი
სანახაობა იყო, რომ, ვიდრე საკუთარი ხმა არ ჩაესმა და სამი წყვილი თვალიც არ
დაინახა, რომლებიც გაკვირვებით შემოსცქეროდნენ, მანამ ვერ მიხვდა, რომ
ხმამაღლა იცინოდა. რაკი მიხვდა, სიცილიც წამსვე შეწყვიტა, აირია, გაწითლდა,
დაიბნა, ხოლო როდესაც იმპერატორმა მშვიდობიანი ხმით, თითქმის ტკბილად,
მიზეზი ჰკითხა, სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და სიმართლე უთხრა. მისდა
გასაოცრად, გაკვირვებით შემომცქირალ თვალებში გაკვირვების გარდა
მოულოდნელად რაღაც კიდევ გაჩნდა ისეთი, რის გამოც ანიკეტუსს უნებურად და
სრულიად გაუცნობიერებლად საკუთარი თავის პატივისცემა მოემატა (მერე
ბეჯითად ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ ეს ჩინებული იდეა ჭკუის ნაყოფი
იყო და არა უჭკუობისა, და ნაწილობრივ შეძლო კიდეც).

ნერონმა დაწვრილებით გამოიკითხა ყველაფერი. ჯერ არ იცოდა, როგორ


მოხერხდებოდა ამ ბერძნული გამოგონების რომაული მიზნისთვის გამოყენება,
მაგრამ გუმანით გრძნობდა, რომ იდეა კარგი იყო, და არ უნდოდა ხელიდან გაეშვა.
ასეთ ვითარებაში მთელი ძალით აელვარდა დორითერუსის ცბიერი და მახვილი
ჭკუა, რომელიც ყველაზე უფრო ჩახლართულსა და ბნელ ლაბირინთებში ისე
გრძნობდა თავს, როგორც რომაელი რომის ქუჩებში. მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ
ანიკეტუსს მიზენის ნავსადგურში სამი პატარა, ადვილად სამართავი ხომალდი
ედგა, რომელთა „ბერძნულ ყაიდაზე“ გადაკეთება სწრაფად და საიდუმლოდ
შეიძლებოდა, ნერონს მიუბრუნდა და ჰკითხა: - სად აპირებ, ღმერთების სწორო,
მინერვას დღესასწაულის გადახდას?

- რომში, - მიუგო ნერონმა და ამ მოულოდნელი შეკითხვით ოდნავ გაკვირვებულმა,


სახეში ყურადღებით შეხედა, მაგრამ იქ ისეთი ვერაფერი წაიკითხა, რაც პასუხად
გამოდგებოდა.

- ეგებ ბაიებში სჯობდეს...

„ზედმეტად ტკბება თავისი ცბიერებით“, - დაასკვნა ნერონმა და ღიმილით ჰკითხა: -


ბაიებში? რატომ ბაიებში?

- იმიტომ, ღმერთების სწორო, რომ ჩვენი ანიკეტუსისათვის ძნელი არ იქნება სამივე


„ბერძნული“ ხომალდი სადღესასწაულოდ ბაიებში ჩაიყვანოს, რათა პრინცეპსის
ბრწყინვალე დედამ მათგან ერთ-ერთი აირჩიოს, როცა მეოთხე, რომლითაც თვითონ
ჩამოვა მას შემდეგ, რაც შენს მიპატიჟებას მიიღებს, დაზიანდება და
გასამგზავრებლად არ ივარგებს.

ნერონი წამით დაიბნა კიდეც, იმდენად მარჯვედ შეკრა და გაკვანძა დორითერუსის


გველაძუა გონებამ სხვადასხვა მხარეს გაფანტული ბილიკები. მერე ჰკითხა: - რომ არ
ჩამოვიდეს? - და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰკითხა, ბუნდოვნად იგრძნო, რომ ეს
შეკითხვა იმდენად აგრიპინას არ შეეხებოდა, რამდენადაც თავად დორითერუსს.

- ჩამოვა. თუკი პრინცეპსი მოპატიჟების ერთ-ერთ მიზეზად იმასაც მისწერს, რომ


მეგობრები და ახლობლები ახალი სიმღერით დაატკბოს, ასეთ შემთხვევას დედა
ხელიდან არ გაუშვებს და უეჭველად ჩამოვა, რათა შვილის ღვთაებრივი სიმღერა
მოისმინოს.

დორითერუსი რომ მიმხვდარიყო, პრინცეპსის შეკითხვა თვითონ მას უფრო


შეეხებოდა, ვიდრე აგრიპინას, სიტყვა „ღვთაებრივის“ წარმოთქმას მოერიდებოდა და
იმასაც შეეცდებოდა, თვალებში აციმციმებული შორეული ნაპერწკლები დაემალა.

„შორს წასულა, - გაიფიქრა ნერონმა, - იმდენად შორს წასულა, რომ საკუთარ


გაიძვერობას საღად ვეღარ აფასებს და თავს ზედმეტად ენდობა, ხოლო
თავდაჯერება, რომელსაც ჭკუის ლაგამი არ იჭერს, ადრე თუ გვიან ერთგულების
არტახებსაც გაგლეჯს, რაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ღმერთები ყოველ
კაცს თავის ბედს თავისივე ხელით აჭედვინებენ... ბებერი ქარონი კი დაუზარელიცაა
და დაუღალავიც... ოღონდ ჯერ ადრეა, ჯერ კარგად უნდა გამოიწუროს, რათა
ზედმეტი წვენი არ გაჰყვეს...“

ასე ფიქრობდა ნერონი, მაგრამ ეს ხვალის ფიქრი იყო, დღეს კი დორითერუსის გეგმა
მაცდუნებლად უტყუარი ჩანდა.

ნერონმა ეპაფროდიტუსს შეხედა. ეპაფროდიტუსმა რამდენიმე დამატებითი


შეკითხვა დასვა, ზოგი დორითერუსის მისამართით და ზოგიც ანიკეტუსის
მისამართით, და მას შემდეგ, რაც ამომწურავი პასუხები მიიღო და საჭირო
წვრილმანები დააზუსტა, გეგმა მოიწონა.

მალე ყველაფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ: ანიკეტუსი, დღესასწაულის


მოსაბაბებით, დანიშნულ დროს სამივე ხომალდს, ლამაზად მორთულ-მოკაზმულს,
ბაიებში ჩაიყვანდა. იმ ხომალდის დაზიანებას, რომლითაც აგრიპინა ჩავიდოდა,
დორითერუსი კისრულობდა. ეპაფროდიტუსი მთელ ოპერაციას ყურადღებით
ადევნებდა თვალს, რათა მუდამ მზად ყოფილიყო იმ შემთხვევისათვის, თუ რაიმე
გაუთვალისწინებელი გარემოება გამოჩნდებოდა და გეგმაში ოპერატიული
ცვლილებების შეტანა შეიქნებოდა საჭირო.

ამის შემდეგ ნერონმა თათბირის დასრულება ბრძანა: - მაშ, საქმეს მივხედოთ!


გადაწყვეტილებას მოქმედება ამშვენებს. გასწით და გახსოვდეთ: თქვენს ხელთ არის
რომის ბედი და პრინცეპსის ნდობა. სამშობლო მძიმე მსხვერპლს მოითხოვს და,
რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს მსხვერპლი უნდა გავიღოთ. - ამ სიტყვებზე ერთი
ღრმად ამოიოხრა და დაუმატა, - ოჰ, დედა!... - მაგრამ იგრძნო, რომ ოხვრა ცოტა
მშრალი გამოუვიდა, ხოლო ამოძახილი - არასაკმაოდ ბუნებრივი, ამიტომ იქვე
გადაწყვიტა, დრო გამოეძებნა და დამატებითი რეპეტიციები გაევლო.

დილით, შვილის წერილი რომ წაიკითხა, აგრიპინამ გაიფიქრა: „ჩემი ლაშებიანი


ურჩხული!...“ შუადღისას, აბაზანის შემდეგ, მხევლები რომ თეთრ სხეულს
სურნელოვანი ნელსაცხებლებით უზელდნენ, გაიფიქრა: „როცა აჰენობარბუსთა
ნაშიერი ასეთ დათაფლულ წერილს გწერს, გულში რაღაც მზაკვრობა უდევს“.
ნასადილევს, ბაღში სასეირნოდ გამოსულს რომ წითელბაფთიანი თხა სასაცილო
კუნტრუშით შემოეგება, გაიფიქრა: „საბედნიეროდ, აჰენობარბუსთა ნაშიერი ისე
ვერაფერს დამალავს, კუდი გარეთ არ დარჩეს“, ხოლო საღამოს, საწოლ ოთახში,
წერილი აცერონიას აჩვენა, უერთგულეს მოახლეს და, რაც ქალაქიდან წამოვიდა და
ანციუმში დასახლდა, ლამის ერთადერთ გულის მესაიდუმლეს, რომელსაც ისე
უყვარდა თავისი ქალბატონი, ისე წუხდა შვილთან მის უსიამოვნებას, ისე ნატრობდა
კვლავ სასახლეში ეხილა - ზვიადი, ბრწყინვალე, დიდებით გარემოსილი - ისე
შესციცინებდა, ისე შეჰხაროდა და ისე ბედნიერი იყო თავისივე სიყვარულით,
ღმერთებს რომ ეხუმრათ და იგი ანიკეტუსისთვის ცოლად შეერთვევინებინათ,
შესაძლებელია, რომში ადამიანის ახალ ჯიშს ჩაჰყროდა საფუძველი. წერილი რომ
წაიკითხა, სადაც ნერონი ირწმუნებოდა, არათუ ადამიანთა მიეთ-მოეთი და ბოროტი
ზრახვები, არამედ თვით ტლანქი და სწორხაზოვანი პოლიტიკაც კი, რომელიც თავის
გზაზე განურჩევლად თელავს ყველაფერს, დედაშვილური სიყვარულის წინაშე
შემკრთალი და შეცბუნებული უკან იხევს, ვინაიდან დედაშვილური სიყვარული
ყველა სხვა გრძნობათა უწინარესი გრძნობაა, ყველა ადამიანური სიქველე მასზეა
აღმოცენებული, თვითონ კი - ღრმა, წმინდა და ამაღლებული - ღმერთების საუფლო
სფეროებს წვდება და ამიტომ ღვთაებრივი ბუნებისააო, სიხარულისაგან ჯერ
ტირილი აუვარდა და ქალბატონის კალთა ცხელი ცრემლით დაალბო, მერე ტირილი
შეწყვიტა და სახეგაბადრულმა ბავშვური აღტკინებით დაიწყო ტიტინი. ისეთი
მაღალფარდოვანი, უცხო და იშვიათად ხმარებული სიტყვებით ლაპარაკობდა,
რომლებიც, სახალხო ტრიბუნის პირით წარმოთქმული, ალბათ, საშინლად ყალბი და
ამაზრზენი იქნებოდა, შავტუხა და შავთვალწარბა აცერონია კი, თავისი ალალი
ბუნების წყალობით, ამ უცხო და უჩვევ სიტყვებს ისე უბრალოდ და ლამაზად
აფრქვევდა, თითქოს მეგობრებს მინდვრის ყვავილებს ურიგებდა. აგრიპინა,
რომელსაც მისი გულუბრყვილო და ტკბილი ჟღურტული გულზე ყოველთვის
მალამოდ ედებოდა, არ აწყვეტინებდა და მანაც ბევრი ილაპარაკა იმის შესახებ, თუ
რა ქველი და სულდიდი ყოფილა პრინცეპსთა შორის საუკეთესო პრინცეპსი, რა
ამაღელვებელი და გრძნობათამაფორიაქებელი იქნებოდა დედა-შვილის შეხვედრა
ბაიების ხავერდოვანი ზღვის პირას, რა ზარ-ზეიმით ავიდოდა ქალბატონი
პალატინზე და როგორ დაუბრუნებდნენ გერმანელ მცველთა რაზმს, რომელიც მის
ყოველ გამოჩენას ისეთ ბრწყინვალებას ანიჭებდა, ტრიუმფის პროცესია
გეგონებოდათ. აგრიპინა ღიმილით უგდებდა ყურს და დროდადრო მოფერებით
უსვამდა ხელს მხრებზე მძიმედ დაფენილ სქელ, შავ თმაზე. ამ ქალისა ყველაფერი
მოსწონდა: რბილი, მოღუღუნე ხმაც, ხატოვანი და მოქნილი ენაც, შავგვრემანი,
ეშხიანი სახეც, სიყვარულით აციმციმებული თვალებიც, ზოგჯერ კი, მის ტკბილ
ტიკტიკს რომ უსმენდა, ისეთი გრძნობა უჩნდებოდა, თითქოს უცხო და საკვირველ
სიზმარს ხედავდა. აცერონია რომ გაისტუმრა და მარტო დარჩა, საბოლოოდ
გადაწყვიტა, შვილის მიპატიჟებაზე თანხმობა ეთქვა და სადღესასწაულოდ ბაიებში
ჩასულიყო. უფრო სწორად, საბოლოოდ ეს გადაწყვიტა ადამიანმა აგრიპინამ, თორემ
პოლიტიკოსი აგრიპინა წერილის მიღებისთანავე მიხვდა, რომ უარის თქმა
შეუძლებელი იყო, ვინაიდან დედის უარი შვილს საშუალებას მისცემდა ცრუ და
უკუღმართი ვარაუდები აეგო და კვლავ შეეთითხნა იმის მსგავსი ცილისწამება,
როგორიც ამას წინათ ერთხელ უკვე შეთითხნა. მაშინ აგრიპინა სენეკას ბრძნულმა
წინდახედულებამ და ბუროსის პატიოსანმა პირდაპირობამ იხსნა. მეორედ რომ
შექმნილიყო საჭირო მათი ჩარევა, ეგებ ვერც ჩარეულიყვნენ, რადგან ამით შეიძლება
თვითონაც დაეტეხათ თავს ეჭვიანი იმპერატორის რისხვა. დილით აგრიპინამ
ნერონს საპასუხო წერილი მისწერა და დასტურთან ერთად თბილი, გრძნობიერი,
დედაშვილური სიტყვებით მადლობა შეუთვალა სიყვარულისა და
ყურადღებისათვის, ხოლო დღესასწაულის დაწყებისას, მეთოთხმეტე დღეს აპრილის
კალენდებამდე, მცირე ამალა იახლა და პატარა, სწრაფმავალი ლიბურნული
ხომალდით, რომელსაც გამოცდილი მეზღვაური და მისი ერთი ყველაზე სანდო
აზატი, კრეპერეუს გალუსი, მეთაურობდა, ბაიების ნაპირს მიადგა, სადაც პრინცეპსი
უკვე ელოდა ანეუს სენეკასა და აფრანიუს ბუროსთან ერთად.

ბაიებში უამრავი ხალხი ირეოდა. მათ ადრევე შეეტყოთ, რომ ნერონი აქ აპირებდა
დღესასწაულის გადახდას და მყისვე თვითონაც იქაურობას მოწყდომოდნენ, რათა
თავიანთი ქლესა ერთგულება და მონური სიყვარული ეჩვენებინათ და ამით
საკუთარი უხიფათობის კედელში კიდევ თითო აგური ჩაედოთ. დედა და შვილი
ღია ტახტრევანით გაემგზავრნენ პრინცეპსის რეზიდენციისაკენ და გზად მოწყალე
ღიმილით უმასპინძლდებოდნენ ხალხს, რომელიც, მათი შერიგებით გახარებული,
ხმამაღალი ყიჟინით ესალმებოდა. ნერონი დღევანდელი შეხვედრის სიამისა და
მოგონებათა ტკბილი სევდის რიტმული მონაცვლეობით მთელი გზა იმ ნეტარ
დროზე ლაპარაკობდა, როცა პატარა იყო, როცა ყოველდღე ხედავდა დედას, როცა
დედა-შვილის ურთიერთობა მხოლოდ სიყვარულით საზრდოობდა, როცა
პოლიტიკის ყინულს ჯერ სისხლი არ გაეციებინა და გულების საუბარში გონება არ
ჩარეულიყო. აგრიპინა წყნარად უგდებდა ყურს, შიგადაშიგ თვითონაც ჩაურთავდა
რაიმე ტკბილ-სევდიან მოგონებას და თან ფარულად უთვალთვალებდა, მაგრამ
შვილის სახეზე ვერც მაშინ, ვერც მერე, მთელი დღის განმავლობაში, ვერაფერი
წაიკითხა და მოგვიანებით, როცა სენეკასა და ბუროსთან ერთად ვახშამს
შეექცეოდნენ, სინანულით აღმოაჩინა ის, რასაც სხვა შემთხვევაში სიამაყით
აღმოაჩენდა: აჰენობარბუსთა სისხლისთვის კლავდიუსების სისხლს უჯობნია და
ნერონი ჭკუითაც, მოხერხებითაც და თავის დაჭერის ხელოვნებითაც მამაზე მეტად
დედას დამსგავსებია. ერთადერთი, რაც დაეჭვების საბაბს იძლეოდა, ის იყო, რომ
პრინცეპსი გადაჭარბებულად მხიარულობდა (რის გამოც აგრიპინას ერთი-ორჯერ
თავისი ცელქი თხა წარმოუდგა თვალწინ) და დედას ზედმეტი გულმოდგინებით
აჩვენებდა სიყვარულს, მაგრამ ეს აგრიპინას ახალს არაფერს ეუბნებოდა და მხოლოდ
იმას უდასტურებდა, რომ შვილს გულში ფარული განზრახვა ედო, რაც ანციუმშივე
კარგად იცოდა. თუმცა ერთ რამეს მაინც მიხვდა ისეთს, რასაც აქ ჩამოუსვლელად
ვერ მიხვდებოდა: ნერონს თავისი განზრახვა სენეკასა და ბუროსისთვის არ
გაუმხელია. ბუროსი გახარებული ჩანდა დედა-შვილის შერიგებით, მისი
სიხარულის გულწრფელობაში კი, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ამ კაცს
ყოველთვის ყველაფერი ალალად ეწერა სახეზე, ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. რაც
შეეხება სენეკას, მას, მართალია, ნიღაბი ჰქონდა აფარებული (ეს აგრიპინამ,
მიუხედავად ფილოსოფოსის ბეჯითი მეცადინეობისა, მალევე შეამჩნია), მაგრამ ამ
ნიღბის უკან (არც ამის შემჩნევა გასჭირვებია) იმალებოდა არა ნერონის
თანამზრახველი, არამედ გამოცდილი აღმზრდელი, რომელიც თავის აღზრდილს
ფხიზლად უთვალთვალებს, ვინაიდან რაღაცას ატყობს საეჭვოსა და სახიფათოს. ამ
აღმოჩენამ აგრიპინა თან შეაშფოთა და თან თითქოს დაამშვიდა კიდეც. შეაშფოთა
იმის გამო, რომ, თუ ნერონმა თავისი საიდუმლო ჩანაფიქრი სენეკასა და ბუროსს არ
გაანდო, ადვილი შესაძლებელია, ეს ჩანაფიქრი მონებისათვის შესაფერისი მდაბალი
შურისძიება ყოფილიყო, და მაშინ ხიფათიც დიდი და ძნელად ასარიდებელი
იქნებოდა. ხოლო დაამშვიდა იმის გამო, რომ ორივენი, სენეკაცა და ბუროსიც,
როგორც კი პრინცეპსის უნდობლობას დაინახავდნენ, იძულებული შეიქნებოდნენ
აგრიპინას მხარე დაეჭირათ, რადგან რომში ყველამ იცოდა, რომ ნერონის
უნდობლობა იგივე სასიკვდილო განაჩენი იყო, რომელსაც მხოლოდ აღსრულების
ვადის გამოცხადებაღა აკლდა. ჯერჯერობით აგრიპინა ხელშესახებ რამე ხიფათს ვერ
ხედავდა. მოწამვლის შიში არ ჰქონდა. განა იმიტომ, რომ მისი ერთგული მსახურები
ყოველივეს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს და ვერც ერთი კერძი ქალბატონამდე
ისე ვერ მიაღწევდა, მათ არ გაესინჯათ! რა თქმა უნდა, ესეც იყო, მაგრამ ამ
შემთხვევაში, მსახურებიც რომ არა, მოწამვლის შიში მაინც არ ექნებოდა, რადგან
ნერონი ორი მკვლელობისათვის ერთსა და იმავე საშუალებას არ გამოიყენებდა.
ნერონი ხელოვანი იყო. მართალია, მეტად უნიჭო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად
პატივმოყვარე. პატივმოყვარეობა კი, რომელსაც შთაგონების ნიღაბი ჰქონდა
აფარებული, რათა უნიჭობა გარეშე თვალისაგან დაემალა, ნებას არ მისცემდა
საკუთარი თავი გაემეორებინა და ამით ფანტაზიის სიმწირე გამოემჟღავნებინა. როცა
კაცს ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი გაქვს გადასაწყვეტი,
როგორიცაა დედის მოკვლა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება წვრილმან სისულელეებს
გაუწიო ანგარიში, მაგრამ აგრიპინა კარგად იცნობდა შვილს და იცოდა, რომ ის
პირველ რიგში სწორედ წვრილმან სისულელეებს გაუწევდა ანგარიშს, ვინაიდან
მისთვის მკვლელობაშიც ხელოვნება იყო მთავარი.

საღამო ისე დადგა, რომ აგრიპინამ იმის მეტი, რაც უკვე იცოდა, ვერაფერი შეიტყო.
სუფრა მხიარული და საამო იყო. მემუსიკენი, დეკლამატორები, მიმები ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ, ოღონდ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ, თავიანთ საქმეს წყნარად
აკეთებდნენ, გადაუჭარბებლად, ისე, რომ ერთსა და იმავე დროს ხალისიანი ფონიც
შეექმნათ და არც ტკბილი მუსაიფისთვის შეეშალათ ხელი. სენეკა, მიუხედავად
იმისა, რომ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდებოდა, დაძაბული ყურადღებით
ადევნებდა თვალს, კარგ გუნებაზე იყო და ორი-სამი ღრმა და მახვილგონივრული
მოსაზრებაც კი გამოიმეტა იმ მარაგიდან, რომელიც წიგნებისთვის ჰქონდა
გადანახული და ზეპირ საუბარში, როგორც წესი, არ ხარჯავდა ხოლმე. ბუროსიც
კარგ გუნებაზე იყო. იგი, საერთოდ, ყოველთვის კარგ გუნებაზე იყო, როცა ლამაზ
ქალს უყურებდა. მართალია, აგრიპინა მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდა მისი
აღვირახსნილი ცხოვრების გამო, მაგრამ, უმთავრესად, არ ეპიტნავებოდა მანამ, სანამ
ვერ ხედავდა. როცა დაინახავდა, აღვირახსნილობა უკანა პლანზე გადაინაცვლებდა
ხოლმე, წინა პლანზე კი სილამაზე გამოდიოდა - ასხლეტილი ტანი, მაღალი
თეძოები, სავსე მკერდი, ოდნავ სველი, ლაპლაპა ტუჩები, ცოტა დამცინავი, მაგრამ
მიბნედილი და ალერსიანი თვალები, რომლებიც ისე შემოგცქეროდნენ, თითქოს
რაღაც იდუმალ გულისთქმას გიმხელენო, რის გამოც ადვილი შესაძლებელი იყო,
რეტი დაგსხმოდა და ლაპარაკის უნარი წაგრთმეოდა. ნერონიც კარგ გუნებაზე იყო,
მაგრამ ნერონი თავს მაინც ამჟღავნებდა, რადგან ზომიერებას ვერ იცავდა და იმაზე
უფრო კარგ გუნებაზე იყო, ვიდრე გარემოება მოითხოვდა.
აგრიპინა ცოტას ჭამდა, ბევრს იღიმებოდა, მშვიდად და ძალდაუტანებლად
საუბრობდა და დროდადრო თავის პატარა აცერონიას, რომელიც ფერხთით ეჯდა,
შავ თმაზე სიყვარულით უსვამდა ხელს. რაკი შვილის იდუმალი ზრახვები ვერ
გამოიცნო, ბოლოს იმაზე დაიწყო ფიქრი, ეგებ არც არაფერია გამოსაცნობიო. იქნებ
ნერონს მართლა მოენატრა დედა? იქნებ საბოლოოდ არ გადავგვარებულვართ? იქნებ
ნამდვილი სიყვარული ჯერ კიდევ ბოგინობს რომის იმპერიაში? ასე კი ფიქრობდა,
მაგრამ, რაკი იმასაც გრძნობდა, რომ ამგვარი ფიქრი, რომელიც უსაგნო ოცნებას
უფრო ჰგავდა, ვიდრე საღ მსჯელობას, დაღლილობის ბრალი უნდა ყოფილიყო,
ცოტა შიშიც შემოეპარა, რადგან დაღლილობა შეცდომასაც იწვევს, შეცდომა კი,
თუნდაც უმცირესი, ახლა შესაძლებელია საბედისწერო გამომდგარიყო.

ნერონს თმა დახვეული ჰქონდა, მინერვას სამოსიც მუზარადთან და წაღებთან


ერთად გამზადებული ეწყო გვერდით ოთახში, მაგრამ უკანასკნელ წამს, ყველას
გასაკვირად, სიმღერაზე უარი თქვა.

აგრიპინა დაგვიანებით მიხვდა, რომ უმჯობესი იქნებოდა არ შეეხსენებინა. არც


ფიქრობდა შეხსენებას, მაგრამ, როცა ვახშამი დასასრულს მიუახლოვდა, ნერონი კი
სიმღერას ჯერ არ აპირებდა, იფიქრა, ალბათ, ჩემს თხოვნას ელისო, ხოლო რაკი
იცოდა, რომ, თუ ნერონი ვინმესგან რამეს ელოდა და არ მიიღებდა, ამას ყოველთვის
ცუდად ჩაიხვევდა გულში, ღიმილით უთხრა, ჩემი ხომალდი ჩვეულებრივზე
ორჯერ უფრო სწრაფად მოარღვევდა ტალღებს და ისე მოიჩქაროდა, თითქოს ისიც
გრძნობდა, რომ დედას ერთი სული აქვს, შვილის ღვთაებრივი სიმღერა მოისმინოსო.
სიტყვა „ღვთაებრივი“ რომ თქვა და გონების თვალწინ ქეციანი თხა დაუდგა, შეატყო,
რომ შეცდომა მოუვიდა. თავისი შეცდომა მან შვილის სახეზე დაინახა, სადაც ელვის
უსწრაფესად გადაირბინა მოულოდნელმა ჩრდილმა. ის ვერ ივარაუდა, რომ ნერონს
შეიძლებოდა თხის ამბავი გაგებული ჰქონოდა, ამ უეცარი ცვლილების ამხსნელი
სხვა მიზეზი კი ვერაფერი იპოვა და საბოლოოდ ისღა იფიქრა, ალბათ,
ჩემდაუნებურად ხმაში ირონია შემეპარაო. სინამდვილეში შეცდომა უფრო დიდი
იყო, ვიდრე უნებლიე ირონია: ის სიტყვა, რომელმაც აგრიპინას წარმოდგენაში
სულელი თხა გააჩინა, ნერონს ყურში ხრინწიან კიკინად ჩაესმა და გუნება გაუფუჭა.
გუნების გაფუჭება ადვილად დამალა, სიმღერაზე კი იძულებული შეიქნა უარი
ეთქვა, ვინაიდან უეცრად შეძრწუნებით იგრძნო, რომ, როგორც კი სიმღერას
დაიწყებდა, სიმღერის ნაცვლად ყელიდან კიკინი ამოუვიდოდა, ხოლო, რაკი უარის
დასასაბუთებლად ამ მიზეზს ვერ გაამხელდა, ღიმილით მოისაწყლა თავი და თქვა,
როგორც ყველა დამწყები ხელოვანი, მორცხვი და გაუბედავი ვარ, მეგონა
ვიმღერებდი, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ისეთი ნატიფი შემფასებლის წინაშე,
როგორიც საყვარელი დედა აგრიპინაა, გინდაც დამძრახოთ, ვერ ვიმღერებო.

სიმღერის დროს ნერონი მართლა ღელავდა ხოლმე, მაგრამ გაუბედაობა და


სიმორცხვე მისთვის სრულიად უცხო რამ იყო და ეს ახლობლებმა კარგად იცოდნენ.
ამიტომ, რაკი უარის საბუთად ისეთი მიზეზი დაასახელა, რასაც ყველაზე ნაკლებად
დაუჯერებდნენ, თანამესუფრეებმა ივარაუდეს, ალბათ, აგრიპინას თხოვნა არ იკმარა
და საჭიროა ამ თხოვნას ჩვენც შევუერთდეთო. ეს საქმე სენეკამ იკისრა, მაგრამ იქვე
ინანა, რადგან ნერონმა სიტყვის დასრულება არ აცალა და თავისი უარი ისეთი
კილოთი გაიმეორა, რომელიც მოწმობდა, რომ ეს უარი მართლა უარი იყო და,
შესაძლებელია, უარზე მეტიც. ამ მოულოდნელმა გარემოებამ სუფრის სილაღეში
ბზარი გააჩინა. ეს ყველამ იგრძნო, თუმცა შემჩნევით არავინ შეიმჩნია. აგრიპინა
კვლავაც მომხიბლავად იღიმებოდა, ოღონდ გუნებაში უკვე იმას ანგარიშობდა,
ნერონმა მართლა ახლა გადაწყვიტა უარის თქმა, თუ ეს წინასწარ გამიზნული ფანდი
და ფარული გეგმის ნაწილიაო. სენეკა და ბუროსი დაძაბული ეძებდნენ რაიმე
უწყინარ ოხუნჯობას, რომელიც საშუალებას მისცემდათ ვითარება განემუხტათ და
საუბრის თემა შეეცვალათ, მაგრამ მეტისმეტი მოწადინების გამო შესაფერისი
ვერაფერი ეპოვათ. ნერონი თვალდახუჭული ელოდებოდა, როდის მიწყდებოდა
თხის საძაგელი კიკინი, რომელიც შორეულ ექოსავით ჯერ კიდევ ედგა ყურებში.

სწორედ ამ დროს დარბაზში სწრაფი ნაბიჯით და აღელვებული სახით შემოვიდა


კრეპერეუს გალუსი და აგრიპინას შეშფოთებული ხმით აუწყა, ხომალდი
დაგვიზიანდა და ზღვაში გასვლა შეუძლებელიაო.

„აი, თურმე, რა ჰქონია გულში!“ - ელვასავით დაკვესა ფიქრმა აგრიპინას გონებაში


და, თუმცა ახლა ქვეყანას ერჩივნა შვილისთვის ერთი თავისებური დამცინავი
ნიშნისმოგებით შეეხედა თვალებში, სადაც მწარე იმედგაცრუების დანახვას
ვარაუდობდა, ძველმა გამოცდილებამ, რომელსაც კარგად ახსოვდა, რომ ამგვარი რამ
შეიძლებოდა ძვირად დაჯდომოდა, ინსტინქტის ბიძგით უბიძგა და აიძულა მყისვე
გალუსისკენ მიტრიალებულიყო, რათა მიხვედრა და მიხვედრის სიხარული, რაც,
ისე როგორ იქნებოდა, წამით მაინც არ აღბეჭდოდა სახეზე, შვილს არ შეემჩნია.
ამასობაში გონებაც ამუშავდა და, დრო რომ მოეგო, გალუსს უბრძანა, დაწვრილებით
მოეთხრო ყველაფერი, ხოლო მერე, ვიდრე უგულისყუროდ ისმენდა, თუ როგორ
შევარდნილა წყალი ხომალდში გახვრეტილი ფსკერიდან, როგორ ხაპავდნენ, თუმცა
ამით ბევრს ვერაფერს შველოდნენ, როგორ უჭირდათ იმის გამო, რომ ხელოსნები არ
ჰყავდათ და, გარდა ამისა, ადგილიც მიუდგომელი იყო, აგრიპინამ თავისუფლად
მოასწრო, ყველაფერი, რაც კი სახეზე ეწერა, გულში ჩაებრუნებინა და შვილის
გეგმაც, აქამდე საიდუმლოებით მოცული, სააშკარაოზე გამოეტანა. ახლა ნათელი
იყო არა მარტო ის, რომ, ვინც ხომალდს ძირი გაუხვრიტა, ნერონის ბრძანება
შეასრულა, არამედ ისიც, რომ, ვინც ხომალდს ძირი გაუხვრიტა, ნერონის ბრძანება
ცუდად შეასრულა. ნაპირთან მდგომი ხომალდის დაზიანებას რა აზრი ჰქონდა! არა,
ნერონი, რომელსაც, რაც აგრიპინას არ ენახა, ჭკუა თუ არა, ეშმაკობა კი ნამდვილად
მომატებოდა, თავის ბრიყვ მონებს, ცხადია, იმას უბრძანებდა, რომ ხომალდი ისე
დაეზიანებინათ, ვიდრე გაშლილ ზღვაში არ გავიდოდნენ, სადაც ხსნის არავითარი
იმედი აღარ ექნებოდათ, მანამ ვერავის ვერაფერი შეემჩნია, იმათ კი, ბრიყვებს, მეტი
მოუვიდათ. ეგებ სიბრიყვით კი არ მოუვიდათ მეტი, არამედ გადაჭარბებული
ერთგულებით. ზომიერება ერთგულებაშიც საჭიროა. მეტისმეტმა მოწადინებამ კი,
აი, რა შეიძლება გამოიწვიოს! საბრალო ბიჭს მთელი გეგმები წყალში ჩაეყარა! ვინ
იცის, რამდენი იწვალა, რამდენი ღამე თეთრად გაათენა და რამდენი ოფლი ღვარა,
ვიდრე ამ გეგმას თავსა და ბოლოს მოაბამდა! და აჰა, სანუკვარი ოცნება, ნაფერები და
ნალოლიავები, ერთი ხელის მოსმით გაქრა, ვითომ არც არსებობდა!.. აგრიპინამ
წარმოიდგინა, იმედგაცრუებისა და მრისხანების რა გრიგალი ტრიალებდა ნერონის
გულში, და კვლავ დიდი ძალით მოუნდა შვილის სახე დაენახა, მაგრამ - თუმც კი ამ
ხნის განმავლობაში ნერონი, ალბათ, შეძლებდა რისხვაც ჩამოერეცხა სახიდან და
იმედგაცრუებაც - მაინც თავის შეკავება ამჯობინა.

აქ ნერონმა თვითონ დაარღვია დუმილი.

- ამ კაცმა ჩამოიყვანა, დედა, შენი ხომალდი ბაიებში? - ისეთი კილოთი იკითხა,


რომლის უკან ქარიშხალი იდგა, და ხელი გალუსს მიაშვირა.

შვილის სიტყვებმა აგრიპინას საშუალება მისცა თავი ნელა და ბუნებრივად


მიეტრიალებინა. ნერონის სახეზე იმედგაცრუება არ ეწერა, მაგრამ ის რისხვა,
რომელიც თვალების შორეულ სიღრმეში ზვირთებად ადი-ჩადიოდა, აგრიპინამ
თავისი ვარაუდის საბოლოო დასტურად ჩათვალა და თავი ისე დაიჭირა, ვითომ
არაფერი შეუმჩნევია.

- კი, ამ კაცმა ჩამოიყვანა, - თქვა და მცირე ყოყმანის მერე ფრთხილად დაატანა, - ეს


კაცი გამოცდილი მეზღვაურია და ჩემი ყველაზე ერთგული აზატი.

- ერთგული!.. - ზიზღით ჩაილაპარაკა ნერონმა და გალუსს მიუბრუნდა, - ეს


ფათერაკი რომ შუა ზღვაში შეგმთხვეოდათ, მაშინ რას აპირებდი?! არ გასინჯე
ხომალდი, სანამ გზას დაადგებოდით?

- გავსინჯე, უფალო, - შეშინებული ხმით თქვა გალუსმა, - თითქოს ყველაფერი


რიგზე იყო...

- თითქოს... - დამცინავად გაიმეორა ნერონმა და უცებ იფეთქა, - იცი კია, შე


ძაღლიშვილო, რა ძვირფასი საუნჯე გაქვს მონდობილი?! თითქოსო! ჯვარზე გაკვრა
ცოტაა შენთვის და, ჩემი რომ იყო, არც გაკმარებდი! - აქ მრისხანე მზერა გალუსს
მოაშორა და სენეკასა და ბუროსს მიუბრუნდა, - გესმით?! თითქოს ყველაფერი
რიგზე იყო! „თითქოს“ უფრთხილდება, „თითქოს“ ემსახურება, „თითქოს“ ასრულებს
თავის მოვალეობას! 97 ეს რომ თქვა, ისევ გალუსს მიუტრიალდა, ოღონდ ხმისთვის
აღარ აუწევია, - ეს ქალი, რომელიც ათასგზის შემოწმებული ხომალდის ნაცვლად
„თითქოს“ შემოწმებული ხომალდით მოგყავს, შე ვირო და ვირების ნაშიერო, განა
მარტო პრინცეპსის დედაა, - თუმცა ესეც უნდა კმაროდეს მისი სრული
უხიფათობისათვის - მთელი რომაელი ხალხის სათაყვანებელი დედაა, - ამ
სიტყვებით ორ თავის აზატს მიუბრუნდა, რომლებიც ტახტს უკან თავთით ედგნენ,
და უბრძანა, - ანიკეტუსია, მგონი, ბაიებში, ფლოტის სარდალი; სასწრაფოდ
მოძებნეთ და აქ მომგვარეთ. შენ კი, - მრისხანედ უთხრა გალუსს, - გასწი და
მონებთან ერთად წყალი ხაპე ხომალდიდან. მარჯვედ იმუშავე, იცოდე, თორემ, თუ
ბოლომდე არ ამოგიხაპავს, რაც ამოუხაპავი დაგრჩება, იმაში ჩაგახრჩობ. გაეთრიე! -
და, მას შემდეგ, რაც გალუსი თავჩაღუნული უხმაუროდ გაიძურწა, დაფიქრებით
განაგრძო, - ზედმეტად გავერთეთ ჩვენივე დიდსულოვნებით. მეც, თქვენც, სხვებიც.
ერთმანეთს ვეჯიბრებით მონების განთავისუფლებაში და იმაზე კი არ ვფიქრობთ,
მართლა არიან თუ არა თავისუფლების ღირსნი! აი, შედეგიც! თითქოს ყველაფერი
რიგზე იყოო!.. - აქ ნერონი გაჩუმდა. დიდხანს იყო ჩუმად, მაგრამ ისეთი სახე
ჰქონდა, სიტყვის ჩართვა ვერავინ გაბედა. ბოლოს ისევ თვითონ განაგრძო, -
რომაელები კი ყველაზე ერთგულად ჭორების ღმერთს ემსახურებიან, - უკვე დაბალ
ხმაზე ლაპარაკობდა, ნელა და ნაღვლიანად, - ასეთ შემთხვევას ხელიდან როგორ
გაუშვებენ, რომ რაღაც ამაზრზენი ცილი არ დამწამონ... განა ისეთი რა საბაბი
მივეცი... წალაპარაკება ვის არ მოსვლია?! არის სადმე ასეთი ოჯახი? არის სადმე
ასეთი დედა-შვილი? აი, შენ, ჩემო სენეკა, რომელმაც კორსიკაზე ისეთი სიტყვა
შეთხზე, არა მარტო დედაშენ ჰელვიას, არამედ ყოველ რომაელ დედას გულზე
მალამოდ დაედო, შენ, რომელიც დედაშვილური სიყვარულის მაგალითს იძლევი,
განა ისე გაიზარდე, ისე დავაჟკაცდი, ისე გამოიარე შენი ცხოვრება, ერთხელ მაინც
ოჯახში უკმაყოფილება არა გქონია? მაშ, მე რა დავაშავე? ჩვენი ერთი უბრალო
შელაპარაკება, რომელიც ორივეს იქვე დაგვავიწყდა, რატომ დაიხვია ყველამ ხელზე
და რატომ გახდა ყველას სალაპარაკო?.. რა ხმები არ დამიყარეს, რა ბინძური ჭორები
არ მომიგონეს, რა არ დამწამეს, რა ლაფში არ გამსვარეს... ახლა კიდევ ამ ხომალდის
დაზიანება... ასეთი ამბის შემხედვარეთ რა შეუშლით ხელს, რომ ამ ბილწი მონების
დაუდევრობა მე დამაბრალონ! ვის დავარწმუნებ, რომ, - აქ ერთი მწარედ ჩაიცინა, -
დედაჩემის ხომალდის დაზიანებაში მე არ მიმიძღვის ბრალი... ვის დავარწმუნებ,
რომ მე, რომის პრინცეპსს, არცერთ რომაელზე ნაკლებად არ მიყვარს დედა!..

აგრიპინა გულისყურით უსმენდა შვილს და გაკვირვების გარდა თანდათან, სულ


მეტად და მეტად, რაღაც უცხო, იდუმალი და შემაშფოთებელი გრძნობა
ეუფლებოდა, რომლის ბუნებაში ვერ გარკვეულიყო, ვინაიდან იგი თითქოს უამრავი
ერთიმეორის საწინააღმდეგო გრძნობათა ნარევს წარმოადგენდა და ირგვლივ
სახიფათო და მაცდუნებელ ბადედ ეკვროდა. მერე, როდესაც გაკვირვებაც ამ
გაუგებარ გრძნობაში აირია, მიხვდა, რომ შვილს ვეღარ ცნობდა, და მთლად დაიბნა.
ნერონი ან გულწრფელად ლაპარაკობდა, ან არადა, თუ თამაშობდა, უნაკლოდ
თამაშობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აგრიპინა ან მაშინ ცდებოდა, როცა მზაკვრობას
სწამებდა, ან მაშინ, როცა უნიჭობას სწამებდა. მეორე მხრივ, მზაკვრობაც კარგად
იცოდა მისი და უნიჭობაც. მაშ, რა ხდებოდა? თვალი აღარ უჭრიდა, ყური თუ
გონება? აგრიპინამ შეატყო, რომ საკუთარი თავის რწმენა, აქამდე მტკიცე და
შეუვალი, ახლა ერთბაშად მოერყა, და აცერონიას სქელი თმა მარჯვენა ხელით
ინსტინქტურად მთელი ძალით ჩაბღუჯა. მერე იფიქრა, ეგებ ამ უცნაური გამოცანის
პასუხი სენეკასა და ბუროსის სახეებზე წავიკითხოო, და იმათ დაუწყო თვალთვალი,
მაგრამ სანუგეშო იქაც ვერაფერი ნახა. ბუროსს, თავად პატიოსანს, სხვის
პატიოსნებაში ეჭვის შეტანა ძალიან უჭირდა და ნერონს გულწრფელი
თანაგრძნობით უსმენდა. სენეკა თვითონაც დაბნეული იყო და ამიტომ ცდილობდა
სტოიკური სიმშვიდე და აუმღვრევლობა შეენარჩუნებინა.

ნერონი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. სიტყვები თავისთავად, უწყვეტ ნაკადად


მოედინებოდა რომელიღაც შორეული და უხილავი სიღრმიდან. ბუნებით უნდო და
ეჭვიანი, თავიდან მაინც ცდილობდა, ვიდრე ხმამაღლა წარმოთქვამდა, ჯერ გონებით
კარგად შეემოწმებინა, რომ შეცდომა არაფერი მოსვლოდა, მაგრამ მალე მიხვდა, ეს
სიტყვები მისი არსების უფსკრულიდან მოდიოდა და ისეთი ძალა აფრქვევდა,
რომლის უტყუარობას გონების კონტროლი აღარ სჭირდებოდა. ამ აღმოჩენამ ჯერ
შეაცბუნა, მერე საამო გაკვირვება მოჰგვარა, ბოლოს კი ნეტარებით მიხვდა, რომ ეს
სწორედ ის შთაგონება იყო, რომელსაც რომში, მუზების მრგვალ, გუმბათოვან
დარბაზში ლექსების შეთხზვის დროს ამაოდ უხმობდა ხოლმე და ამის გამო მზად
იყო მთელ ქვეყანაზე ეყარა ჯავრი.

ანიკეტუსი რომ შემოვიდა, ნერონის შთაგონება კვლავ შორეულ სოროში ჩაბრუნდა


და აგრიპინამაც შვებით ამოისუნთქა, რადგან ის მომნუსხველი და შემაშფოთებელი
გრძნობა ერთბაშად გაქრა, ბურუსი გაიფანტა და გაფანტული ბურუსიდან გონებამ,
როგორც იქნა, თავისუფლად გამოიხედა.

- ჩემო ანიკეტუს! - უთხრა ნერონმა, - მე არაერთხელ მინახავს მეზღვაურები


დღესასწაულებზე და კარგად ვიცი, რა გადამდები თავდავიწყებით ეძლევიან ხოლმე
ლხინს. მაგრამ ისეთი თავდავიწყებაც არ არსებობს, რომელსაც შეეძლოს კაცის
გულიდან სამშობლო და მოვალეობა გამოდევნოს. შენს იმპერატორს შენი და შენი
ხალხის დახმარება სჭირდება. შეგიძლიათ თუ არა, მცირე ხნით ლხინი შეწყვიტოთ
და თქვენი ღონიერი ბეჭები მოვალეობის უამურ ტვირთს შეუყენოთ?

- მიბრძანე, ჩემო იმპერატორო! - შესძახა ანიკეტუსმა.

- ჩემი საყვარელი დედის, ბრწყინვალე აგრიპინას, ხომალდია შესაკეთებელი. ბაიებში


ეგებ უკვე გავრცელდა ხმა, აგრიპინას ხომალდს ძირი ნერონმა საკუთარი ხელით
გაუხვრიტაო, მაგრამ შენ ამას ნუ დაიჯერებ. წაიყვანე შენი ყოჩაღი მეზღვაურები და
ხომალდი სასწრაფოდ შეაკეთე. ოღონდ ისე არა ქნა, სიჩქარის გამო უყურადღებოდ
დაგრჩეს რაიმე. - აქ წამით შეყოვნდა, მერე ანიკეტუსს თვალი თვალში გაუყარა და
გამაფრთხილებელი კილოთი დაატანა, - ვისაც ჭორები უყვარს, იმათ რომ
ჭორებისთვის საბაბი არაფერი მივცე, დედაჩემთან ერთად ამაღამ მეც გავემგზავრები
მაგ ხომალდით.

ანიკეტუსი რომ წავიდა, სუფრას კვლავ ძველებური ხალისი დაუბრუნდა.


მხიარულების მაგალითი დანარჩენებს ნერონმა მისცა, რომელიც მიხვდა, რომ
პირველსა და უმთავრეს მიზანს მიაღწია: დედის გულისყური დაზიანებულ
ხომალდს შემოახვია და ეჭვის თოკებით ისე მიაბა, რომ ნამდვილ ხიფათს ახლა,
ალბათ, შეუმჩნევლად შეეძლო ასპარეზზე გამოსვლა.
აგრიპინამ მთელი ეს სცენა ყურადღებით მოისმინა, თან შვილს მადლიერი
ღიმილით შესცქეროდა. ერთი მხრივ, თითქოს ნათელი იყო, რომ ნერონს ახლა სხვა
გზა არ დარჩენოდა, მარცხს უნდა შერიგებოდა, ხომალდი მართლა შეეკეთებინა და
დედა მშვიდობით გაესტუმრებინა, შურისძიებისთვის კი სხვა, უფრო ხელსაყრელ
შემთხვევას დალოდებოდა, მეორე მხრივ, - თუმცა კი მიზეზს ვერ მიმხვდარიყო -
ძალზე აფიქრებდა ის გარემოება, რომ ნერონს ზომიერების დაცვა უჭირდა და
თითქმის ყოველ ეპიზოდში თითო ზედმეტ ნაბიჯს დგამდა.

მალე ანიკეტუსი უკან მობრუნდა და, როგორც ნაბრძანები ჰქონდა, შეწუხებულმა -


ცოტა კომიკურად, მაგრამ მაინც საკმაოდ დამაჯერებლად შეწუხებულმა - ამბავი
მოიტანა, ხომალდი გაცილებით ძლიერ აღმოჩნდა დაზიანებული, ვიდრე
ვარაუდობდნენ და, თუნდ მთელი მიზენის ფლოტი აქ მყავდეს, ხვალ საღამომდე
მაინც ისე ვერ შევაკეთებთ, რომ გულდანდობით შეგვეძლოს ზღვაში გაშვებაო.

ნერონი მოიქუფრა და თვალებში რისხვა ჩაუდგა. აგრიპინამ იგრძნო, რომ ის წამი


დადგა, როცა რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი უნდა გაეგო, და თუმცა სახეზე
ღიმილი არ მოშორებია, ამ ღიმილს უკან ერთიანად დაიძაგრა და მოლოდინად იქცა.
დარბაზში წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ნერონი ზეზე წამოდგა.
ნელა წამოდგა, მძიმედ, ავის მომასწავებლად და, სულ მთლად რომ გაიმართა, დიდი
ხმით დაიყვირა: - როგორ თუ!.. - და ერთბაშად გაჩუმდა. გაჩუმდა, მოქურუხებული
სახე დაუცხრა, დაეწმინდა, რისხვა უკვალოდ გაქრა და რისხვის ნაცვლად, თითქოს
ცამ ღრუბლები გადაიყარაო, ღიმილმა გამოანათა. წამით ასე გაღიმებული იდგა და
აგრიპინას შესცქეროდა, მერე ხმამაღლა გაიცინა და ისევ ტახტზე დაეშვა.

- გამწარებამ გონება ამირია, - ამ სიტყვებით გადაიხარა და დედას ნაზად აკოცა, - და


სულ დამავიწყდა, რომ ამ ჩემი ყვირილით ცუდი მასპინძლის შთაბეჭდილებას
ვტოვებ. ძალიან კარგია, ანიკეტუს, რომ ხვალ საღამომდე ხომალდი ვერ შეკეთდება.
მაშ, ხვალ საღამომდე საყვარელი დედა ჩემთან დარჩება და პრინცეპსის მძიმე და
უმადურ საქმიანობას კიდევ ერთი დღის სიხარულს წავგლეჯ.

ეს ცრუ ხაფანგი, რომელსაც საბოლოოდ უნდა აებნია თავგზა აგრიპინასათვის,


ვინაიდან, თუ ეჭვებისა და უნდობლობის მარაგიდან კიდევ დარჩა რამე, ეს
დარჩენილიც აქ უნდა დაებანდებინა და სრულიად უმწეო დარჩენილიყო, ნერონს
წინასწარ არ ჰქონია მომზადებული. წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით ამ
ადგილას ერთხანს უნდა ეყვირა და მერე, როცა ყვირილით გულს იჯერებდა,
ხმამაღლა დაეწყო გამოსავლის ძებნა იმ იმედით, რომ ანიკეტუსის სამი პაწაწინა
ხომალდი, რომლებიც ერთად იდგნენ ნაპირთან ისეთ ადგილას, რომ დარბაზის
მაღალი ფანჯრებიდან მშვენივრად ჩანდნენ, ვინმეს გაახსენდებოდა, ხოლო თუ
ღმერთები წყალობას არ მოიღებდნენ და არავის გაახსენდებოდა, შესაფერის დროსა
და ვითარებას შეარჩევდა და სიფრთხილის ყველა ზომის დაცვით თვითონვე
გაიხსენებდა. მაგრამ, ყვირილი რომ დაიწყო, შორეული არხი უეცრად კვლავ
გაიხსნა, შთაგონება ნიაღვარივით მოვარდა, გონება და ყველაფერი, რაც გონებიდან
გამომდინარეობდა, დატბორა, ვითარების სადავეები თვითონ იგდო ხელთ და
აგრიპინას ეჭვებს კიდევ ერთი ცრუ საზრდო შეაჩეჩა, რათა ხაფანგიდან თავის
დაღწევის აღარავითარი იმედი არ დაეტოვებინა.

შთაგონების ძალას წინ რა დაუდგება! აგრიპინას გული მოეწურა და წამით


პანიკურმა შიშმა მოიცვა, როგორც კურდღელი, რომელსაც ყოველი მხრიდან, საითაც
კი გაქცევას დააპირებს, მწევარი წამოუვარდება. დღეს მთელი დღე
თვალმოუშორებლივ აკვირდებოდა შვილს და აკი აღიარა კიდეც, რომ
კლავდიუსების კვალზე წასულა. თურმე ის, რაც აღიარა, წვეთი ყოფილა ზღვაში
იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში აღმოჩნდა. სინამდვილეში კლავდიუსებიც
უკან მოუტოვებია და მართლა ურჩხული დამდგარა. აგრიპინა გულში ღმერთებს
მადლობას სწირავდა, რომ დროზე მიხვდა თავის შეცდომას. ახლა ცხადი იყო, რომ,
ვინც მისი ხომალდი დააზიანა, მან ნერონის ბრძანება სწორედ რომ კარგად
შეასრულა! მთავარი თურმე ხომალდის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ ის, რომ
დედა დღეს ბაიებიდან არ გაეშვა... როგორ გაზრდილა! როგორ დავაჟკაცებულა!

აგრიპინამ შვილის თბილ ღიმილს არანაკლებ თბილი ღიმილი შეაგება და უთხრა: -


არა, ჩემო პრინცეპსო და საყვარელო შვილო, ცუდი მასპინძლის შთაბეჭდილებას არ
ტოვებ, კარგი და კარგად მომზადებული მასპინძლის შთაბეჭდილებას ტოვებ და,
როცა მომიპატიჟე, მაშინვე რომ შემოგეთავაზებინა ხვალ საღამომდე აქ დარჩენა,
სიამოვნებითაც დავრჩებოდი; მაგრამ, ხომ იცი, მთელი ღამის სტუმრობას სხვაგვარი
მომზადება სჭირდება, - განსაკუთრებით ქალისაგან - ასე მოუმზადებლად წამოსული
კი აბა როგორ უნდა დავრჩე!

ნერონმა არა ხმის კილოზე, არამედ ღიმილზე შეატყო, რომ ხრიკმა გაჭრა და დედა
არასგზით არ დარჩებოდა, ამიტომ ბევრი ეხვეწა, წყენაც გამოურია ხმაში, ცოტათი
გაიბუტა კიდეც, თან სიამოვნებით ატყობდა, რომ, რაც უფრო აძალებდა, მით უფრო
მტკიცე უარს იღებდა. ბოლოს, ყველა საშუალება რომ ამოწურა და დედა კი მაინც
ვერ დაიყოლია, უთხრა: - რა ვქნა! შენ დედა ხარ, მე - შვილი, შენ უფროსი ხარ, მე -
უმცროსი, შენ ბრძანება გმართებს, მე - შესრულება. წადი. მაგრამ როგორ გაგიშვა?
რითი? ვის ვანდო შენი თავი? - აქ მცირე ხნით შეყოყმანდა და დაუმატა, - აგერ,
სენეკა და ბუროსი, ორივე შენი კარგი მეგობარია. ეგებ ამათ გირჩიონ რამე. მე,
სიმართლე გითხრა, ამ ხომალდის ამბავმა ძალიან შემაფიქრიანა.

სენეკასა და ბუროსს თავიდანვე ისეთი ადგილი ჰქონდათ მიჩენილი სუფრასთან,


რომ ფანჯრიდან პირდაპირ ანიკეტუსის ხომალდებს უყურებდნენ, მაგრამ მათზე
ადრე ხომალდები თვითონ აგრიპინამ დაინახა.

- ის ვისი ხომალდებია, ფანჯრიდან რომ მოჩანს? - იკითხა მან.

ნერონმა ხომალდებს გახედა და ხმაში მცირეოდენი წყენა და სინანული გამოურია: -


ანიკეტუსის.
აგრიპინა ანიკეტუსს მიუბრუნდა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ზეზე იდგა: - ერთ
ხომალდს ვერ მათხოვებ, ჩემო ანიკეტუს?

- სამივე ინებე, - მიუგო ანიკეტუსმა და ყოყმანით დაუმატა, - თუ იმპერატორის ნებაც


იქნება...

- დამცინი, ანიკეტუს? - მწარე ღიმილით თქვა ნერონმა, - მე ვინღა მეკითხება რამეს!..

- სამივე არ მინდა, - თქვა აგრიპინამ, - ერთი დამითმე. - აქ უეცრად შორეულმა ეჭვმა


გაკრა გულში და ანიკეტუსს სახეში შეხედა, - რომელს გაიმეტებ?

- მე კარგად ვიცნობ მაგ ხომალდებს და გარწმუნებ, შენი შესაფერისი არცერთი არაა, -


ჩაერია ნერონი, - მაგრამ, რაკი არ იშლი, რომელიც გინდა, ის აირჩიე. ჩემს დამყოლ
ხასიათს რა ვუთხრა, თორემ ჩემზე უკეთესი შვილი ასეთ ხომალდში დედას არ
ჩასვამდა.

ხომალდის შერჩევა აგრიპინამ ბუროსს დაავალა, მერე, უკვე შერჩეული და


გამზადებული ხომალდი გალუსთან ერთად თვითონვე დაათვალიერა და ბრძანა,
აუცილებელი ბარგი გადმოეზიდათ.

გულზე გაუგებარი სევდა აწვა და რაღაც მღვრიე, უსიამოვნო გრძნობა ჰქონდა,


თითქოს, თავისდაუნებურად, ისეთი რამ ჩაიდინა, საკუთარ სახელსა და ღირსებას
ჩრდილი მიაყენა.

საბედნიეროდ, ის კი შეძლო, რომ გამცილებლებს არაფერი აგრძნობინა. სენეკასა და


ბუროსს მხნე ღიმილით გამოემშვიდობა, შვილს ნაზად აკოცა, ხელიც კი გადაუსვა
თავზე დედობრივი სიყვარულის უფლებით და ბოგირზე შედგა, რომლის ბოლო
ხომალდს იყო მიბჯენილი.

მიდიოდა აგრიპინა, მიდიოდა მშვენიერი და უბერებელი და, ბოგირი რომ წყალზე


ოდნავ ირწეოდა, ეს მცირედი რწევა მის მკვრივ, მოქნილ სხეულს კიდევ უფრო მეტ
სინატიფესა და მომხიბლაობას ანიჭებდა. ხოლო ნაპირზე იდგა სამი გამოჩენილი
ვაჟკაცი, რომელთაც ღმერთებმა იმპერიის ბედი მიანდეს, მონუსხულები
შესცქეროდნენ რომის დედასა და დედოფალს და თავიანთ გულში ერთსა და იმავე
აზრს სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ. სენეკა ფიქრობდა: „საკვირველია! რა
ბობოქარი ცხოვრება გამოიარა და დღესაც კი ეს ორმოცდაოთხი წლის ქალი ისე
დაგარეტიანებს, რომ ამის ასახსნელად ზენონი და ქრიზიპე არ გამოდგება, ვინაიდან
ეს სულ სხვა ჭეშმარიტებაა. ეს ვნებისა და სილამაზის ჭეშმარიტებაა. ეს
ჭეშმარიტებათა ჭეშმარიტებაა...“ ბუროსი ფიქრობდა: „ვფიცავ ჰერკულესსა და
რომაული ხმლის ორლესულ პატიოსნებას, გარყვნილებაში არის რაღაც
დიდებულება, რომლის გაგება მე არ ძალმიძს!“ ნერონი ფიქრობდა: „ოდესმე ეგებ
მწარედ ვინანო. ცოდვაა ასეთი ლამაზი ქალის მოკვლა, თუნდაც დედა იყოს. ოჰ,
დედა!..“
ღამე წყნარი იყო, ზღვა - მშვიდი, ცა - ვარსკვლავებით მოჭედილი. აგრიპინა ფართო,
მაღალკედლებიან, ტახტრევანივით გადახურულ საწოლზე იჯდა თავის კაიუტაში
და მშფოთვარე ფიქრებში ჩაფლული ცალ ხელს მექანიკურად უსვამდა სქელ თმაზე
პატარა აცერონიას, რომელიც ფერხთით ეჯდა, თავი მის კალთაში ედო და ტკბილი,
მეოცნებე ხმით ჟღურტულებდა. აცერონია აღტაცებული იყო დღევანდელი
მოგზაურობით. ყველაფერი ძალიან მოეწონა, ყველაფრით მოხიბლული იყო, ხოლო
ნერონი ცოტათი შეუყვარდა კიდეც, რის გამოც, მას რომ ახსენებდა, ტკბილი და
მოღუღუნე ხმა კიდევ უფრო ტკბილი და კიდევ უფრო მოღუღუნე უხდებოდა.

აგრიპინა ყურს არ უგდებდა. ჟღურტული კი ჩაესმოდა, მაგრამ ეს ჟღურტული


მხოლოდ შორეულ ფონად მისდევდა მის აბურდულ ფიქრებს.

ის უმიზეზო სევდა და მღვრიე, აუხსნელი წუხილი, რომელიც ბაიებშივე შემოეპარა


გულში უცხო სენივით და თან რაღაც საშიში, დამთრგუნველი გრძნობა შემოიყოლა,
ზღვაზე არათუ არ დაცხრა, კიდევ უფრო გამძაფრდა და შხამიანი საცეცები მთელ
სხეულში უხილავ ფესვებად გაიდგა. ყველგან დაძრწოდა ეს უცნაური წუხილი,
ძარღვებს უღიზიანებდა, სისხლს უფორიაქებდა, დროდადრო კი გულზე ისე
შემოეჭდობოდა და ისე მოუჭერდა მარწუხებს, ტკივილისაგან ლამის ეტირა. მერე
წუხილი ავ წინათგრძნობად ექცა. წინათგრძნობა გველივით დაცურავდა სხეულში
და შიშის კვალს ტოვებდა. თითქოს საშიში არაფერი იყო: ხომალდი ბუროსმა
შეარჩია, მერე გალუსთან ერთად თვითონაც შეამოწმა. უცხოც არავინ გამოჰყოლია -
მხოლოდ და მხოლოდ ხომალდის მეთაური, ანიკეტუსის ერთი ცენტურიონი
რამდენიმე მეზღვაური მონის თანხლებით, იმათ კი მეთვალთვალედ გალუსი
მიუჩინა, რომელიც სწორედ ამ მიზნით წამოიყვანა. გზაც დიდი არ ედო. მაშ, რიღასი
შიში უნდა ჰქონოდა?..

ასე გონივრულად კი მსჯელობდა თავის გულში, მაგრამ გონიერება ბევრს ვერაფერს


შველოდა. ავი წინათგრძნობა და ავი წინათგრძნობის შიში მოსვენებას არ აძლევდა.

„ეგებ დავბერდი? - გაიფიქრებდა დროდადრო, - და სიბერის გამო ისე მომდის


შეცდომები, ვერ ვამჩნევ?.. ან ეგებ დავიღალე?“

ირგვლივ დუმილი იდგა. მხოლოდ აცერონიას ხმა ისმოდა, როგორც ნაკადულის


შორეული რაკრაკი. მაგრამ აცერონიას ხმა დუმილს ვერ არღვევდა. აგრიპინამ ყური
მიუგდო. დუმილი დაძაბული და ავის მომასწავებელი ეჩვენა.

„ნამდვილად დავბერდი“, - გაიფიქრა და იგრძნო, რომ სიმშვიდე უკანასკნელი


ძალების დაძაბვით ცდილობდა შიში დაეძლია.

მაგრამ შიში დაუძლეველი ჩანდა და მაშინ აცერონიას უბრძანა: - ადექი, აცერონია.


აი, აქ დამიჯექი, გვერდით.
აცერონიამ შავი, ბრიალა თვალები გაკვირვებით შემოანათა, მაგრამ ბრძანება კი
წამსვე შეასრულა. მარდად წამოხტა, გვერდით მიუჯდა და, როცა აგრიპინამ ხელი
მოჰხვია და მისი თავი მკერდზე მიიკრა, კატასავით გაინაბა.

აცერონიას სითბომ აგრიპინას წამით თითქოს შვება მოჰგვარა.

„რომაელ კაცებს ჭკუა არა აქვთ, - გაიფიქრა მან, - საერთოდ, ადამიანს ცხოვრება ის
არ ჰგონია, რაც სინამდვილეშია. ახალგაზრდა პატრიციუსები, იმის ნაცვლად, რომ
ასეთი კოხტა, ეშხიანი ქალები აირჩიონ და მთელი არსებით დაეწაფონ ნეტარებას,
რადგან ნეტარებაზე დიდი ჭეშმარიტება ცხოვრებას სხვა არაფერი გააჩნია, ქონებას
გამოეკიდებიან ხოლმე, მოიყვანენ ვიღაც გონჯსა და უსახურს და მერე ამ ქონების
საფასურად, რომელსაც საკუთარსაც კი ვერ დაარქმევენ, ვინაიდან მათი სიკვდილის
შემდეგ სხვას უნდა დარჩეს, ყოველ ღამე ოხვრითა და ხვნეშით იხდიან სასჯელს...“ -
აქ თავისი კაცები გაახსენდა და აცერონია კიდევ უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე.
ქმრები არ უვარგოდა. არც სულელი აჰენობარბუსი ვარგოდა და არც სნეული
კლავდიუსი, რომლის ალერსი განწირულის ბრძოლას ჰგავდა. სამაგიეროდ, სხვა
კაცებს შორის მართლა ერივნენ კაცები, ერთი-ორი ისეთიც კი ერია, დავიწყება რომ
გაგიჭირდება. „რა ჩემი საქმეა პოლიტიკა, - გაიფიქრა ამის გახსენებაზე, - პოლიტიკა
სიბერეა. პირველობისთვის ცვედანებმა და ყავლგასულებმა უნდა იბრძოლონ. მე
კი... მორჩა, ასეც ვიზამ... ჩავალ თუ არა ანციუმში... ჩავალ თუ არა ანციუმში... ჩავალ
თუ არა ანციუმში...“ მაგრამ აზრი ვერ დაამთავრა. ანციუმის ყოველ ხსენებაზე
გონების თვალით თავის ქეციან თხას ხედავდა და უეცრად შემზარავმა ეჭვმა გაჰკრა:
„ეგებ სწორედ ამიტომ თქვა უარი სიმღერაზე... ეგებ მართლა მიუვიდა ის სიტყვები,
პლავტუსის აზატს რომ დაუფიქრებლად ვუთხარი... ვინ ესწრებოდა იმ ამბავს?.. ის
სიტყვები თუ მიუვიდა...“ აქ უმიზეზოდ და ყოველგვარი კავშირის გარეშე ის
მოაგონდა, ყეყეჩ ანიკეტუსს რომ ხომალდი სთხოვა და თან გულში წამიერმა,
მოუხელთებელმა ეჭვმა გაუელვა... დარბაზის ფანჯრიდან სამივე ხომალდი კარგად
მოჩანდა... როგორც ნახატი, საგანგებოდ დახატული... ძალიან კარგად მოჩანდა..
ზედმეტად კარგად...

აგრიპინას ძარღვებში სისხლი გაუჩერდა, ხელ-ფეხი გაეყინა და წამით თვალთ


დაუბნელდა. აცერონიამ რომ ოდნავ შეჰკივლა, მაშინღა გამოერკვა და მისი მკლავი,
რომელსაც ფრჩხილებით ჩაფრენოდა, გაუშვა.

„ნუთუ მართლა დავბერდი?.. არა, დავიღალე... სიბერე ჯერ შორსაა. მაგრამ ახლა
დაღლილობას თუ ვერ ვაჯობე, სიბერეს იქნებ ვეღარც მოვესწრო... თუმცა რა
დასაჯერებელია... მაშ, დარჩენას რაღად მეხვეწებოდა?.. გამოთხოვებისას მხიარული
იყო... ზედმეტად მხიარული. მხიარულების უკან, ალბათ, მზაკვრობა იმალებოდა და
ღრჯო სიხარული, ისეთი, როგორიც მხოლოდ დედის სიკვდილის მოლოდინმა
შეიძლება მოგანიჭოს. მაგრამ მე ვერც მზაკვრობა დავინახე და ვერც სიხარული,
რადგან დაღლილობამ მძლია.. ნუთუ ეს არის ჩემი უკანასკნელი ღამე?.. ხმელეთი კი
რა შორსაა!..“
დიდხანს იჯდა უძრავად. მთელი სხეული შიშით ჰქონდა გათანგული. გული
თითქოს შეეკუმშა, დაუპატარავდა, თითის ტოლა გაუხდა და მკერდის ღრუს ვეება
და ბნელ სიცარიელეში უსასოოდ გამოკიდებული სასოწარკვეთილი ცახცახებდა.
„ნუთუ ეს არის ჩემი უკანასკნელი ღამე?..“ - დროდადრო გაიფიქრებდა და გონების
თვალი მტკივნეული სიცხადით ხედავდა, რომ ყოველი მხრით ზღვა ერტყა, დიდი,
ღრმა, დაუნდობელი ზღვა.

მაგრამ იდუმალი ძალები, რომელთაც კარგად იციან, რომ ადამიანი მღელვარების


მწვერვალზე დიდხანს ვერ გაძლებს, ბოლოს და ბოლოს, თავიანთი შორეული
ჯურღმულიდან დაიძრნენ, საშველად წამოვიდნენ და გაყინულ გულში მალე
მართლაც იმედის თბილმა სხივებმა შემოიხედა.

გალუსს ნაბრძანები ჰქონდა, ხომალდის მეთაურისა და მისი მონებისათვის თვალი


არ მოეშორებინა, და გალუსი, ეჭვი არაა, ბრძანებას პირნათლად შეასრულებდა,
დაღლილობა კი იმდენად შეცდომას არ იწვევს, რამდენადაც შეცდომის უსაფუძვლო
შიშს. ამ შიშის უსაფუძვლობაში რომ კარგად დარწმუნებულიყო, აგრიპინამ
გადაწყვიტა მთელი დღევანდელი დღე გონების თვალით წვრილად გაეჩხრიკა და
ყველაფრისათვის, რაც კი საეჭვო ჩანდა, საღი ახსნა მოეძებნა.

ამასობაში ნახევარზე მეტი გზა გაიარეს. თუმცა ავი წინათგრძნობა ჯერ კიდევ
საბოლოოდ ვერ მოეშორებინა, საფუძვლიანმა ანალიზმა დაარწმუნა, რომ მისმა ვაჟმა
მზაკვრულ ჩანაფიქრს ხორცი ვერ შეასხა და იძულებული შეიქნა დედა მშვიდობით
გაესტუმრებინა. „თქმა არ უნდა, მალე ახალი გეგმის დაწყობას შეუდგება, მაგრამ
გულხელდაკრეფილი არც მე ვიჯდები და ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს“. ეს რომ
გაიფიქრა, გულში ჩაეცინა და თითქმის სულ მთლად დამშვიდდა.

აი, ამ დროს ამუშავდა ანიკეტუსის მანქანა. ჯერ რაღაც ყრუ, მძიმე,


გულისმომკვლელი ჭრაჭუნი გაისმა, თითქოს სასოწარკვეთილმა ხომალდმა
სიმწრისაგან კბილები გააღრჭიალაო. ამ ჭრაჭუნს მოჰყვა გრუხუნი, ხანგრძლივი,
როგორც შორეული ქუხილი, რომელიც ტალღა-ტალღა მოდის, მერე გრუხუნში სხვა
ხმებიც აირია და ისეთი შემზარავი ხმაური ატყდა, გეგონებოდათ ცა ჩამოიქცა და
ქვეყანა ქვეშ მოიყოლაო.

აგრიპინა შეკრთა, აცერონიამ შეჰკივლა და იმავ წამს ისე მიეკრნენ ერთმანეთს,


თითქოს ტოლები ყოფილიყვნენ.

ვიდრე აგრიპინა გონებას მოიკრებდა და რამეს მიხვდებოდა, ერთი ძლიერი


გრუხუნი მათ თავზეც გაისმა და ჭერი ზრიალით წამოვიდა ძირს. აგრიპინამ
თვალები დახუჭა, ასე თვალდახუჭული ნათლად ხედავდა, როგორ იქცეოდა ჭერი,
და გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში განძრევას ვერ ბედავდა. მაგრამ ხანი
გამოხდა და, მისდა გასაკვირად, არაფერი მომხდარა. მალე ზრიალიც მიწყდა.
მხოლოდ დროდადრო კიდევ ცვიოდა ცალკეული ნამტვრევები და ყრუ ხმაურით
მიექანებოდა სადღაც ქვემოთ. ცოტა ხნის შემდეგ ესეც ჩათავდა და დუმილი ჩამოწვა.
აგრიპინამ ფრთხილად გაახილა თვალი.

ჯერ ეგონა, ღმერთებმა გონება დამიბნელეს და ისეთ რამეს ვხედავ, რაც


სინამდვილეში არ არსებობსო: კაიუტა აღარსად იყო. ზემოთ მკრთალი ვარსკვლავები
ჩანდა, ქვემოთ - აქაფებული ზღვა. ზღვაში ხომალდი ირწეოდა; მაგრამ ხომალდს
გემბანი აღარ ჰქონდა. გემბანის ნაცვლად ქვემოდან ვეება, შავი უფსკრული
იმზირებოდა. აგრიპინამ ისევ დახუჭა თვალები. აცერონიას თავი მის მკერდზე
მიედო და ცხოველივით ცახცახებდა. ირგვლივ რაღაცის მძაფრი, უსიამოვნო სუნი
იდგა.

ელდამ რომ გაუარა და ცოტა გონს მოეგო, თვალები კვლავ გაახილა და იქაურობა
უფრო დაკვირვებით მოათვალიერა. იატაკი ისე ჩაქცეულიყო, რომ საწოლზე
მჯდომარეს ფეხები ლამის ზედ უფსკრულის პირას ეწყო. კაიუტისაგან მხოლოდ
უკანა კედელი გადარჩენილიყო, უკანა კედელი და ჭერის ნაწილი, რომელსაც,
ეტყობოდა, საწოლის მაღალი, მტკიცე ზურგი იჭერდა.

აგრიპინას გონება ელვის სისწრაფით ამუშავდა. როგორ გადარჩა, ან რატომ გადარჩა,


ვერ გაეგო, მაგრამ ცხადი იყო, რომ ღმერთებმა ხომალდის კიჩოსთან, სადაც მისი
კაიუტა იდგა, ბედისწერის ხაზი გაავლეს, რომელმაც სწორედ კედელთან მიდგმული
საწოლის წინ გაიარა. ხსნა განიზრახეს ღმერთებმა მისი თუ, უბრალოდ,
ერთობოდნენ, როგორც კატა ერთობა თაგვის წვალებით, არ იცოდა. ყოველ
შემთხვევაში, თუ გადარჩენა ეწერა, პირველ რიგში როგორმე ამ კედელსა და თავზე
ჩამოწოლილ ჭერს უნდა გასცლოდა.

ფრთხილად წამოდგა და აკანკალებული აცერონიაც წამოაყენა. ნელა მოძრაობდა და


ცდილობდა, ჩქამი არ გაეღო, ვინაიდან ახლა სულ უმნიშვნელო ბიძგიც კი კმაროდა,
რომ საწოლის ზურგს დაყრდნობილი ჭერი მომწყდარიყო და ყველაფერი
უფსკრულში დანთქმულიყო.

- აქეთ, აცერონია, - უთხრა ჩურჩულით, - ამ კედელს უნდა მოვშორდეთ.

ხელიხელჩაკიდებულები ნელა მიდიოდნენ და უფსკრულისკენ არ იყურებოდნენ.


ფიცრები ზოგან ჩამტვრეული იყო, ზოგან - ამოცვენილი. ამიტომ, ვიდრე ნაბიჯს
გადადგამდნენ, იატაკის სიმტკიცეს წინასწარ ფეხით სინჯავდნენ. დიდხანს იარეს
ასე. ბოლოს, როგორც იქნა, კედელს გასცდნენ და ხომალდის კიდეს მიადგნენ. აქ
შეჩერდნენ და სიჩუმეს მიუგდეს ყური. უცებ ხომალდი მძლავრად შეტორტმანდა.
აგრიპინა და აცერონია მოაჯირს მოეჭიდნენ. იმავ წამს უკნიდან გრიალი მოისმა და
კაიუტის ის ერთი გადარჩენილი კედელიც უფსკრულში დაინთქა.

ვარსკვლავები სუსტად ანათებდნენ. ხომალდი გვერდზე იხრებოდა და ნელ-ნელა


იძირებოდა.
- ნავი! - ხმადაბლა, მაგრამ აღელვებით წამოიძახა უცებ აცერონიამ და სიბნელეში
ხელი გაიშვირა.

- ჩუმად! - მკაცრად დაიჩურჩულა აგრიპინამ, ხელი სწრაფად ააფარა პირზე და


მხოლოდ ამის შემდეგ, რაც ორივენი ფრთხილად დაეშვნენ მუხლებზე და მოაჯირს
ამოეფარნენ, დააკვირდა ნავს, რომელიც ნაპირის მხარეს, ხომალდისგან მოშორებით,
უძრავად იდგა.

ახლა ყველაფერი ნათელი შეიქნა და აგრიპინამ გადაწყვეტილებაც სწრაფად და


უყოყმანოდ მიიღო.

- ყური დამიგდე, ჩემო აცერონია, - უთხრა ჩურჩულით, - და, რასაც გეტყვი,


ყველაფერი ზუსტად შეასრულე. ეს ფათერაკი ღმერთებმა ჩემი გულისთვის
მოავლინეს. დიდი ხანია ნეპტუნი რომის ძლიერების საფასურად ჩემს თავს
მსხვერპლად ითხოვს. ეს ამბავი ავგურებმაც მითხრეს და ჰარუსპიკებმაც. მეც აღთქმა
დავდე და ახლა ეს აღთქმა უნდა შევასრულო. შენ კი ასე ქენი: წყალში გადახტი, აი,
იქით, კიჩოსთან, მაგ ნავისკენ წადი და თან ხმამაღლა იყვირე, მომეშველეთ, მე
ნერონის დედა ვარ-თქო. ხომ გაიგე?

აცერონიას ტირილი აუვარდა.

- თუკი შენ უნდა დაიღუპო, ჩემო ქალბატონო, მე რაღად მინდა სიცოცხლე! ნება
მომეცი, შენთან ერთად მეც შევეწირო რომის ძლიერებას!

- თავი დაანებე ამ უხამს ერთგულებას და, რასაც გიბრძანებ, ის შეასრულე! - სუსხი


გამოურია ხმაში აგრიპინამ. მერე ხელი მოჰხვია, აკოცა და უკვე თბილი კილოთი
დასძინა, - ხომ უნდა ამცნოს ვინმემ რომაელ ხალხს, რისთვის დაიღუპა პრინცეპსის
დედა! თორემ შეიძლება პრინცეპსს დაბრალდეს. აბა, მშვიდობით. გასწი!

აცერონია კიდევ აპირებდა გაჭირვებულებას, მაგრამ აგრიპინამ ხელი ალერსიანი


წაქეზებით უბიძგა. მერე, მიმავალს, ხმადაბლა მიაძახა: - ყვირილი არ დაგავიწყდეს!

აცერონია კიჩოს მიადგა, სადაც წყალი უკვე წვდებოდა ხომალდის პირს, ერთი კიდევ
მოიხედა და, აგრიპინამ რომ ხელი დაუქნია, ზღვაში გადაეშვა.

აგრიპინა ხან მას უყურებდა, ხან ნავს. აცერონია ხელებს იქნევდა და, როგორც
ნაბრძანები ჰქონდა, ხმამაღლა ყვიროდა: - მომეშველეთ! მე ნერონის დედა ვარ!
მომეშველეთ!

ნავი ერთხანს კიდევ უძრავად იდგა, მერე ერთბაშად მოწყდა ადგილს და სწრაფად
გამოეშურა აცერონიასაკენ.

მაშინ აგრიპინაც კიჩოს მიადგა, გრძელი სტოლა სწრაფად გაიხადა და ტუნიკისამარა


გადახტა საპირისპირო მხარეს.
სანამ სუნთქვა ეყო, ყვინთვით მიცურავდა; ძალიან რომ გაუჭირდა, მაშინღა ამოყო
თავი წყლიდან. უნდოდა უკან მიეხედა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნავზე მყოფთ
არ შეუმჩნევიათ და არ დადევნებიან, მაგრამ, რაკი კარგად იცოდა, ახლა წამის
დაკარგვაც არ შეიძლებოდა, თავს ძალა დაატანა, სწრაფად ჩაისუნთქა და ისევ
ჩაყვინთა. კარგახანს იცურა ასე და მხოლოდ მაშინ, როცა შეატყო, რომ, თუ მცირე
ხნით არ შეისვენებდა, გზის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა, ამ შესვენებით
ისარგებლა და მიიხედა. ხომალდი აღარსად იყო. ირგვლივ, სადამდეც კი თვალი
წვდებოდა, მშვიდი ზღვა იწვა, რომლის მკრთალ ზედაპირზე შორს წერტილივით
მოჩანდა ნავი. აგრიპინას მოეჩვენა, თითქოს აცერონიას ხმაც გაიგონა, მაგრამ
ყურადღება აღარ მიუქცევია და, რაც შეეძლო, სწრაფად განაგრძო გზა. დიდხანს
მიცურავდა. რომ დაიღლებოდა, მცირე ხნით შეჩერდებოდა, გულაღმა გაწვებოდა,
მკლავებს მოადუნებდა, ცოტას შეისვენებდა და მერე ისევ წინ გასწევდა. რა
მანძილზე იმყოფებოდა ნაპირიდან, არ იცოდა, მაგრამ ის იცოდა, რომ ერთადერთი
იმედი ნაპირი იყო. გულში სასოებით ლოცულობდა, ზღვათა და წყალთა ღმერთს
გულმხურვალედ ევედრებოდა ხსნას და მრავალ დიდებულ მსხვერპლს
ჰპირდებოდა, თან დროდადრო, ზოგჯერ შუა ლოცვაში, თავისდაუნებურად,
თვალწინ მოღიმარე შვილი დაუდგებოდა, რომელიც უნაკლოდ თამაშობდა და
მრავალნაცად დედას მიამიტი ბალღივით აბრიყვებდა.

ნეპტუნი, როგორც დიდ-დიდ ღმერთებს სჩვევიათ, რომელთაც გაჭირვება საკუთარ


ტყავზე არ გამოუცდიათ, დიდხანს გულგრილად ადევნებდა თვალს აგრიპინას
წვალებას და მხოლოდ მაშინ, როცა არაქათგამოცლილსა და გასავათებულს
ყოველგვარი იმედი გადაეწურა, მისი ვედრება შეისმინა და ხსნა მოუვლინა.

ყვირილი რომ შემოესმათ, მებადურები, რომლებიც იმ ღამეს უნებურად და


შეუმჩნევლად იმაზე უფრო შორს გასცდნენ ნაპირს, ვიდრე სხვა დროს გასცდენიან,
ჯერ შეშინდნენ და გულგახეთქილებმა პირი ნაპირისკენ იბრუნეს, მერე ცოტა
დამშვიდდნენ, გონება მოიკრიბეს და, თუმცა ძარღვებში ჯერ კიდევ შიში ედგათ,
ცნობისწადილმა მაინც გადასძლიათ და ნავი ისევ იქითკენ მიატრიალეს, საიდანაც
ხმა მოისმოდა. ხოლო როცა აქაფებული ზღვიდან ღვთაებასავით ლამაზი ქალი
ამოიყვანეს, რომელსაც სველი ტუნიკა ისე შემოჰკვროდა ტანზე, რომ ყველა ნაკვთი
შიშველივით მკაფიოდ ჩანდა, კიდევ უფრო შეშინდნენ, ვინაიდან ეგონათ, თავად
ვენერა მოგვევლიანო, და განცვიფრებულები და პირდაღებულები მაშინღა მოეგნენ
გონს, როცა აგრიპინამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რათა ხმის კილოსთვის საჭირო
მრისხანება მიენიჭებინა: - რას მომჩერებიხართ?! მე აგრიპინა ვარ, ნერონის დედა!

...შუაღამე ახალი გადასული იყო, როცა აგრიპინა, დაღლილობისაგან ჯერ კიდევ


მისავათებული, მაგრამ დაბანილი და ნელსაცხებლებით დაზელილი, თბილ
ლოგინში იწვა და საბოლოოდ დარწმუნებული, რომ სულ ამაოდ იწვალა, ამაოდ
ებრძოლა ვეება ზღვას და აცერონიაც ამაოდ გაიმეტა, რადგან, სულ ერთი იყო,
მშვიდობით გადარჩენას ახლა ნერონი არამც და არამც არ აპატიებდა, ბერძენ მონას
უკანასკნელ წერილს კარნახობდა, რათა სიკვდილის წინ - რაკი ამის მეტზე ხელი
უკვე აღარაფერზე მიუწვდებოდა - კიდევ ერთხელ შეხმიანებოდა შვილს.

იმ ღამეს ნერონს თვალი არ მოუხუჭავს. სენეკა და ბუროსი რომ გაისტუმრა, მაშინვე


თავისი შეთქმულები იხმო. ოპერაციის შედეგს ერთად უნდა დალოდებოდნენ და
ამიტომ არ შეეძლო არ მოეწვია, თორემ ახლა სამივე მათგანი ღრმა სიძულვილით
სძულდა, რადგან საზიარო საქმემ თვითონაც მათ ამხანაგად აქცია და ჰაერში
თანასწორობის მყრალ სუნს გრძნობდა. საზოგადოდ, ერთგული ხალხი ყოველთვის
აღიზიანებდა - ერთგულება ხომ ისეთივე მტერია თავისუფლებისა, როგორც მონობა
- და ახლა, როცა ეს საშინელი და სანუკვარი ღამე, ბოლოს და ბოლოს, დადგა,
გაცილებით ერჩივნა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, სენეკა და ბუროსი ჰყოლოდა
გვერდით, ან ოტონი, ან პეტრონიუსი, ან სხვა სახელოვანი პატრიციუსები,
განათლებული და დახვეწილი ხალხი, ისინი, ვისაც შეეძლო ღირსეულად
შეეფასებინა დღევანდელი დღე, რომელიც დიდი და განსაკუთრებული იყო,
ვინაიდან ნერონმა დღეს თამაშის სრულყოფას მიაღწია, სუფთა მსახიობად იქცა,
სუფთა სანახაობად, ისე შეერწყა თავის ნიღაბს, ნიღბის შიგნით აღარაფერი დარჩა,
რითაც ყველა ჯაჭვი გაწყვიტა და ის ღვთაებრივი თავისუფლება მოიპოვა,
რომლისკენაც ჯერჯერობით ამაოდ მიილტვის ადამიანი და რომელსაც მხოლოდ
ათასეული წლების შემდეგ თუ მიუახლოვდება. მაგრამ ღმერთებმა ასეთ დიად დღეს
ამ საცოდავი და ქვემძრომი მონების გვერდით ყოფნა არგუნეს და ისიც იძულებული
იყო ბედს დამორჩილებოდა.

ოთხივენი ჩუმად ისხდნენ. ნერონი ფიქრებში იყო ჩაფლული, დანარჩენები კი მისი


მყუდროების დარღვევას ერიდებოდნენ.

გონების თვალით ნერონი ღამის სიბნელეში ჩაძირულ ვეება ზღვას ხედავდა,


რომელშიაც ნელა მიიკვლევდა გზას ანიკეტუსის პაწაწინა ხომალდი, და რაც უფრო
შორდებოდა ნაპირს, მით უფრო მეტად სცილდებოდა ჭერის დაზეთილი ნაპირი
საყრდენების დაზეთილ თავებს და ნანატრი წამი ახლოვდებოდა. აგრიპინა მშვიდად
იჯდა თავის კაიუტაში და ღვარძლიანი კმაყოფილებით ფიქრობდა, რომ შვილს
ჭკუით აჯობა, გალუსი კი, მისი ერთგული ძაღლი, ხომალდზე დაძვრებოდა და
ყველაფერს დაეჭვებით ყნოსავდა. მაგრამ იმ დროს, როცა გამარჯვებაში
დარწმუნებული აგრიპინა გულში დამცინავად იღიმებოდა და თან იმის ცდაში იყო,
რამე გონებამახვილური ფრაზა მოეგონებინა, რომ ანციუმში, თავისი კუროების
წინაშე, ღვიძლი შვილი მასხრად აეგდო, ხომალდის ჭერი საბოლოოდ მოწყდა
საყრდენებს და ზათქით ჩამოწვა. ყველაფერი ერთმანეთში აირია და ერთხანს
ირგვლივ გამაყრუებელი გუგუნის მეტი არაფერი ისმოდა. მერე გუგუნი მიწყნარდა,
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და ამ სიჩუმეში აქაფებული წყალი ნელ-ნელა
ნთქავდა დამსხვრეულ ხომალდს. მხოლოდ ანიკეტუსის ცენტურიონმა, რომელსაც
ამბავი უნდა მოეტანა, უკანასკნელ წამს პატარა ნავი ჩაუშვა ზღვაში, მცირე მანძილზე
მოშორდა ხომალდს, იქ შეჩერდა, ერთხანს შეიცადა და მერე, ხომალდი რომ
საბოლოოდ ჩაიძირა და ჩაძირული ხომალდის თავზე ზღვა ისე მოსწორდა და
მოკრიალდა, თითქოს ვიღაცის მოტყუებას ლამობსო, მოვალეობამოხდილმა მთელი
ძალით მოუსვა ნიჩბებს და ბაიებისკენ გამოეშურა.

შუაღამე რომ მოახლოვდა, ნერონს დაღლილობა მოეძალა. დაღლილობაც მოეძალა,


მღელავრებაც მოემატა, მობეზრდა კიდეც ეს გაჭიანურებული ოპერაცია და გულში
მადლი შესწირა ღმერთებს, რომელთაც ადამიანის ცხოვრება ისე გონივრულად
მოაწყეს, რომ კაცს ერთზე მეტი დედა არა ჰყავს.

დრო ნელა მიდიოდა.

ნერონის მღელვარება ძლიერდებოდა. ამის გამო სახე თანდათან ექუფრებოდა და


ატყობდა, რომ გუნებაც უფუჭდებოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ანიკეტუსი
გარეთ გაგზავნა, რათა თავის ცენტურიონს იქ დახვედროდა. ანიკეტუსი გავიდა,
მაგრამ დროდადრო ისევ შემოაღებდა კარს და გალახული ძაღლივით
შემოიხედავდა. რამდენჯერმე რომ გამეორდა ასე, ერთხელაც გახარებული
ძაღლივით შემოიხედა.

- მოვიდა, ჩემო იმპერატორო! - შესძახა ამაყად და ნებართვას არ დალოდებია, ისე


შემოუძღვა დარბაზში თავის ცენტურიონს.

ანიკეტუსის ცენტურიონი ძმასავით ჰგავდა ანიკეტუსს.

ნერონმა მოუთმენლობა დამალა და მშვიდად ჰკითხა: - რა ამბავი მოიტანე?

ცენტურიონმა ხმა ჩაიწმინდა და მხნე კილოთი უპატაკა: - დედაშენი, ჩემო


იმპერატორო, ბრწყინავლე აგრიპინა, მკვდარია!

- ოჰ, დედა! - შესძახა ნერონმა და ხელები სახეზე აიფარა.

იმავ წამს რაღაცამ შეაკრთო. ამ ამოძახილს არა ერთი და ორი რეპეტიცია მიუძღვნა
და ჩინებულ შედეგსაც მიაღწია, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ის ხმა, რომელიც ახლა
აღმოხდა, სულ სხვა იყო და რეპეტიციებზე დამუშავებულს არ ჰგავდა. ახლა ამ
სიტყვებს რაღაც ამოჰყვა თან, როგორც ნიადაგიდან ამოთხრილ ნერგს ამოჰყვება
მიწა, რომელიც თითქოს ზედმეტია და ფესვთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ამავე
დროს სრულიად აუცილებელია, რადგან სწორედ ის ანიჭებს ფესვს ფესვობას. აი,
როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ნიღაბი! რეპეტიციები უსარგებლო გამოდგა.
სრულყოფილება, სულ ახლო რომ ეგონა, ერთბაშად გაუფრინდა და ახლა
მიუწვდომელი სიმაღლიდან გადმოჰყურებდა. „ნუთუ მართლა მაკლია ნიჭი?.. -
გაიფიქრა მწარედ და ნაწლავები აეწვა, - ნუთუ ბუნებრიობის ასეთ ღვთაებრივ
სიმაღლეს ხელოვნურად ვერასოდეს მივაღწევ?..“

ერთხანს ჩუმად იჯდა სახეზე ხელებაფარებული. მერე ნელა ასწია თავი,


ცენტურიონს შეხედა და უბრძანა დაწვრილებით მოეთხრო ყველაფერი.
ცენტურიონმაც, პირნათელი კაცის კილოთი, ხატოვნად და მორცხვი კვეხნით უამბო,
თუ როგორ მოშორდნენ თანდათან ნაპირს რაც შეიძლებოდა დიდ მანძილზე, როგორ
გამოკეტა, დრომ რომ მოაწია, თანმხლები მონები თავის კაიუტაში, როგორ
გამოასალმა სიცოცხლეს საკუთარი ხელით კრეპერეუს გალუსი და როგორ ჩაუშვა
ნავი წყალში სწორედ იმ წამს, რა წამსაც გრუხუნი გაისმა, როგორ ჩაიქცა გემბანი და
როგორ ჩაიტანა თან ყველა კაიუტა, როგორ იდგა თვითონ ნავით მოშორებით, რათა
ყველაფერი ბოლომდე ენახა, როგორ მოესმა უცებ - იმ დროს, როცა ხომალდი
თითქმის უკვე ჩაძირული იყო - შორეული ყვირილი, როგორ გაეშურა ყვირილის
ხმაზე, როგორ დაინახა იმპერატორის ბრწყინვალე დედა, რომელიც - რაღაც
ჯადოქრობით სიკვდილს გადარჩენილი - წყალში ფართხალებდა და შველას
იხვეწებოდა, როგორ მიუახლოვდა ნავით და როგორ ჩასცხო თავში ნიჩაბი, როგორ
ჩაყურყუმალავდა იმპერატორის ბრწყინვალე დედა და როგორ დაიხრჩო, როგორ
ელოდა მერე, ვიდრე ხომალდიც საბოლოოდ ჩაიძირებოდა, და როგორ გამოეშურა
ბაიებისაკენ, რათა დროზე მოეტანა ამბავი.

ნერონმა ცენტურიონის ნაამბობი ყურადღებით მოისმინა. ბოლოს ჰკითხა: - მაშ, შენს


გარდა არავინ გადარჩენილა?

- არავინ, ჩემო იმპერატორო.

ნერონმა ეპაფროდიტუსს ნიშანი მისცა. ეპაფროდიტუსი გავიდა და მალე


იმპერატორის სამ მცველთან ერთად დაბრუნდა. ნერონმა მცველებს შეხედა, ხელი
ანიკეტუსის ცენტურიონს მიაშვირა და წყნარად თქვა: - ეს კაცი წაიყვანეთ და მზის
ამოსვლისას ნეპტუნს მიჰგვარეთ!

ცენტურიონს სახე მოეღრიცა და ახლა ანიკეტუსს ისე ძალიან აღარ ჰგავდა. ყბა
აუცახცახდა, რამდენჯერმე კბილი კბილზე დააცემინა და ხმაც, წეღანდელი ბოხი და
ღონიერი ხმა, უეცრად წვრილი და მკივანა გაუხდა.

- ჩემო იმპერატორო! - ბორძიკით წამოიკნავლა ამ მოულოდნელად დაწვრილებული


ხმით, - მე ხომ ბრძანება შევასრულე!..

ნერონმა შუბლი შეიჭმუხნა.

- მეტს არც ესენი იზამენ რამეს. - მცველებს მიაშვირა ხელი, - თუ გგონია, მარტო შენ
უნდა შეასრულო ამ ქვეყნად ბრძანება და სხვამ არა?! რომაელი არა ხარ?! შიშმა ასე
როგორ წაგახდინა?! შენს მაგივრად მე მრცხვენია! გაიყვანეთ!

ანიკეტუსს სული შეუგუბდა. გახევებული და დაბნეული ერთხანს განცვიფრებით


შესცქეროდა ნერონს, მერე, მცველებმა რომ მისი ცენტურიონი გაიყვანეს, ყელში
გაჩხერილი ჰაერი ხმაურით გამოუშვა პირიდან და თქვა: - ჩემო იმპერატორო... ეს
კაცი... ძალიან ერთგული და.. ძალიან გამოსადეგი და... ძალიან...

- ანიკეტუს! - რბილი საყვედურით შეაწყვეტინა ნერონმა, - მაგ კაცმა დედა მომიკლა.


ანიკეტუსი შეცბა. საქმის ამ მხარეზე აქამდე არ დაფიქრებულა. მხოლოდ ახლა
მიხვდა, რაოდენ ბუნებრივი და სამართლიანია, კაცს, რომელიც დედას მოგიკლავს,
სამაგიერო გადაუხადო.

ნერონმა მონებს ღვინო შემოატანინა. შუაღამე კარგახნის გადასული იყო, მაგრამ არ


ეძინებოდა. რაღაცას გრძნობდა ისეთს, რის გამოც ჩვეულებრივი, ყოველდღიური
კალაპოტიდან ამოვარდნილი იყო, და თუმცა ეს ბუნდოვანი გრძნობა ვერ
განესაზღვრა და სახელი ვერ დაერქმია, ის კი დაბეჯითებით იცოდა, რომ, ვიდრე ამ
ზედმეტი მუხტებისგან არ განთავისუფლდებოდა, ვერ დაიძინებდა, ზედმეტი
მუხტებისგან განთავისუფლებისათვის კი ღვინოზე უკეთესი საშუალება არც მას
ეგულებოდა რამე და არც სხვას.

ნელ-ნელა სვამდნენ და თითქმის არ ლაპარაკობდნენ. ამასობაში ინათა კიდეც.

უცებ კარი გაიღო და მცველთა რაზმის უფროსი შემოვიდა.

- ჩემო იმპერატორო, - მკაფიო კილოთი დაიწყო მან და მთელი სათქმელი


დახვეწილად, ლაკონურად, სტილის ჩინებული გრძნობით ჩამოქნა, - აქ ერთი კაცია,
ვინმე ლუციუს აგერმუსი, დედაშენის, ბრწყინვალე აგრიპინას, აზატი, და
დაჟინებით ითხოვს შენს ნახვას, რათა სასწრაფო და მნიშვნელოვანი ამბავი გაუწყოს.

- მაგ კაცს უთხარი, - მიუგო ნერონმა, - პრინცეპსმა უკვე შეიტყო აგრიპინას დაღუპვა
და არავის ნახვა არ სურს-თქო.

მცველთა უფროსი გავიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოაღო კარი.

- ჩემო იმპერატორო, - წეღანდელივით ლაკონურად და დახვეწილად ჩამოაყალიბა


მან, - ის კაცი, ლუციუს აგერმუსი, უფრო მეტი დაჟინებით მოითხოვს შენს ნახვას,
რათა გაუწყოს არა დედაშენის, ბრწყინვალე აგრიპინას, დაღუპვა, რაც, მისი
სიტყვით, უკვე ძველი და უმნიშვნელო ამბავია, არამედ დედაშენის, ბრწყინვალე
აგრიპინას, მშვიდობით გადარჩენა.

ნერონი, როგორც იჯდა, ისე გაშეშდა. დანარჩენებიც გაშეშდნენ. რაზმის უფროსიც


გაშეშებული იდგა. ერთხანს დუმილი ჩამოვარდა და ეს დუმილი ისეთი მძიმე იყო,
თითქოს ჰაერი ტყვიად იქცაო. ნერონს გულგვამში რაღაც გაუგებრად და დიდი
ხმაურით უდუღდა და ამავე დროს მტკივნეულად გრძნობდა, რომ ასე გახევებული
და მცველთა რაზმის უფროსს მიშტერებული კიდევ უფრო დაემსგავსა თავის
შეთქმულ მონებს, ამიტომ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რათა ხმა არ გაბზაროდა, და
ბრძანა: - შემოიყვანე!

ლუციუს აგერმუსმა, შემოდგა თუ არა ფეხი დარბაზში, აღელვებული ხმით შესძახა: -


უფალო! აგრიპინა ცოცხალია! - საპასუხო შეძახილი რომ ვერ გაიგონა, ცოტა კი შეცბა,
მაგრამ, რაკი გამოცდილებით იცოდა, როგორ ამუნჯებს კაცს დიდი სიხარული,
დუმილი არაფრად ჩაუგდია და ისევ ისე აღელვებული ხმით დაატანა, - წერილი
გაახლა ჩემი ხელით. - ამ სიტყვებით ტოგის ფართო ნაკეციდან გრაგნილი ამოიღო.

ნერონმა ეპაფროდიტუსს ხელით ანიშნა და, როდესაც ეპაფროდიტუსმა შიკრიკს


გრაგნილი ჩამოართვა, სიტყვიერი ბრძანებაც მისცა: - წაიკითხე!

ეპაფროდიტუსმა წაიკითხა: „აგრიპინა მიესალმება საყვარელ შვილს

ჩანს, ღმერთებს სხვაგვარი სიკვდილი აქვთ ჩემთვის გადაწყვეტილი, რაკი ასეთ


განსაცდელს გადავურჩი! მართლაცდა, ჯერ იყო და, ხომალდი ძალიან მყიფე
გამოდგა - ნახევარი გზა ძლივს ჰქონდა გავლილი, რომ ნაფოტებად იქცა, მერე იყო
და, ხომალდის მეთაური ძალიან სულელი გამოდგა - იმის ნაცვლად, რომ ჩემკენ
წამოსულიყო თავისი ნავით, პატარა აცერონიასკენ წავიდა მხოლოდ იმის გამო, რომ
პატარა აცერონია (რომელიც, უნდა გითხრა, აღტაცებული დარჩა შენი
მასპინძლობით და, თუ გუმანი არ მღალატობს, მგონი, შეუყვარდი კიდეც) მიამიტად
გაჰყვიროდა, აგრიპინა ვარო. აბა, ამის შემდეგ სხვა რა დამრჩენოდა გარდა იმისა,
რომ გადავრჩენილიყავი! ეს მოულოდნელი სიხარული, ალბათ, ელდასავით
დაგეტაკება, მით უფრო, რომ, ეჭვი არ მეპარება, ჩემი დაღუპვის ცრუ ამბავი კარგა
ხანია უკვე შეიტყე და, ღრმა და უნუგეშო მწუხარებით შეპყრობილი, ხელებს თავში
იცემ. მეშინია კიდეც, ასეთ დიდ მწუხარებას რომ ასეთი დიდი სიხარული შეერთვის,
ვაითუ ვერ გაუძლო - მე ხომ ვიცი, რა ნაზი გული გაქვს, რა მგრძნობიარე, რა
მოყვარული! დღესაც მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა როგორ აღელვებული
დახტოდი ხოლმე სამსხვერპლოდ შერჩეული ცხოველის ირგვლივ, მერე კი, როცა
დაკლავდნენ, როგორ შეუშვერდი ფუნჩულა ხელებს, როგორ აივსებდი პეშვს
სისხლით და როგორ რწყავდი პაწაწკინტელა ნერგებს, რათა პაწაწკინტელა ნერგები
მალე გაზრდილიყო! მაგრამ იმედი მაქვს, მშვიდობით გადაურჩები ამ უეცარ
სიხარულს და ბაიებში ერთად გატარებული საამო დღე შენც ჩემსავით დიდხანს
გემახსოვრება. იმის იმედიცა მაქვს, რომ მალე კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. თუ
დროს გამონახავ და ანციუმში მეწვევი, ჩემს საყვარელ თხას გაჩვენებ, ჩემს კაპრა
ბუციას. ვიცი, მოგეწონებათ ერთმანეთი, იმასაც შენსავით ღვთაებრივი ხმა აქვს.

კარგად იყავი“.

ნერონს სახეზე შავი ფერი დაედო და ირგვლივ საზარელი დუმილი ჩამოწვა,


რომელიც დიდხანს გაგრძელდა. ნერონი გაშეშებული იჯდა და ქურუხი სახით
თვალგაშტერებული გასცქეროდა სივრცეს. ბოლოს ერთბაშად შეკრთა,
გამოფხიზლდა, დარბაზს მოატარა მზერა და მერე ეპაფროდიტუსს მოკლედ და
მოწყვეტით, თითქოს ქვა სტყორცნაო, უბრძანა: - მცველები!

ეპაფროდიტუსი სწრაფად გავიდა და ის სამი მცველი შემოიყვანა, რომლებსაც ცოტა


ხნის წინ ანიკეტუსის საბრალო ცენტურიონი გაატანეს. ნერონმა ხელი აგრემუსისკენ
გაიშვირა და ისევ ისე მოკლედ ბრძანა: - ეს კაციც!
ამის გაგონებაზე ანიკეტუსსაც მოაგონდა თავისი ცენტურიონი და, მცველებმა რომ
აგერმუსი გაიყვანეს, იმაზე დაფიქრდა, ისევ ხომ არ ვიშუამდგომლო მის
გადასარჩენადო. შუამდგომლობის მიზეზს, მისი აზრით, ის იძლეოდა, რომ ნერონმა
ცენტურიონის დასჯა აგრიპინას მოკვლისთვის ბრძანა, ახლა კი გამოირკვა, რომ
თურმე მას აგრიპინა არ მოუკლავს. მაგრამ მცირე ფიქრის შემდეგ მაინც მიხვდა, რომ
ახლა ასეთი სისულელით შეიძლებოდა დიდი ხიფათი დაეტეხა თავს, და გაჩუმება
ამჯობინა.

ხოლო ნერონი ერთხანს უძრავად იჯდა, მერე მაგიდას ხელი დაჰკრა და დაიყვირა: -
სასწრაფოდ სენეკა და ბუროსი!

ამის შემდეგ დუმილი აღარ დარღვეულა. ნერონს ქვედა ტუჩი კბილებშუა მოექცა და
თვალებმოწკურული დაძაბულად ფიქრობდა. დანარჩენები განძრევას ვერ
ბედავდნენ.

სენეკა და ბუროსი რომ შემოვიდნენ, თავი ნელა ასწია, ერთხანს უაზროდ უყურა,
თითქოს ვერ იცნოო, მერე სწრაფად წამოვარდა ზეზე და ხელები მათკენ გაიშვირა.

- აგერ, რომის ბურჯებიც! - შესძახა ხმამაღლა და იმავ წამს იგრძნო, რომ შთაგონების
არხი გაეხსნა, - აქამდე უმწეო და უნუგეშო ვიყავი, რადგან არც ხმალი მქონდა თან
და არც აზრი. ახლა, როცა ერთიც მომივიდა და მეორეც, აღარაფერი მიჭირს. ახლა
ყოველივეს კარგად, გონივრულად და, რაც მთავარია, სამართლიანად გადავწყვეტთ.
- აქ ბუროსს მიუბრუნდა, - შენი არჩეული ხომალდი, ჩემო ბუროს, ხუხულასავით
დაიფშვნა და ზღვის გაუმაძღარ სტომაქში დაინთქა. შეკრთით? არაფერია, ახლავე
მაგ თქვენს შეკრთომას შვების მალამოს წავცხებ. ხომალდი დაიღუპა, მაგრამ
დედაჩემი გადარჩა. ერთადერთი დედაჩემი გადარჩა. ხომ გაგახარეთ?! მაშ, ახლა
მითხარით, რა ვქნა, როგორ მოვიქცე? როგორ დავარწმუნო, საყვარელი დედა, ან
რომაელები როგორ დავარწმუნო, რომ ეს ყველაფერი ჩემი ნახელავი არ არის? რომ მე
განგებ არ ჩამომიყვანია დედა ბაიებში, რომ მე არ დამიზიანებია მისი ხომალდი და
სამაგიეროდ უარესი არ შემიჩეჩებია? რომ ყოველივე წინასწარ არ მქონდა კარგად
მოფიქრებული და ზუსტად დაგეგმილი, ვთქვათ, აგერ, ეპაფროდიტუსთან ერთად,
დორითერუსთან ერთად, ანიკეტუსთან ერთად? ვის დავარწმუნებ, როცა ლამისაა მე
თვითონაც ეჭვი შემეპაროს!.. დედაჩემმა კი უკვე მუქარის მოწერაც მოასწრო...
მირჩიეთ, რა ვქნა. მე ჯერ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვარ. თანაც მშიშარა. სადაც
კი რამე გაიფაჩუნებს, ყველგან შეთქმულება მელანდება. ამიტომ ჩემს თავს ვერ
ვენდობი. თქვენ უნდა მითხრათ, თქვენ უნდა დამისაბუთოთ, რომ საშიში არაფერია,
რომ დედაჩემი აგრიპინა ურჩხული არ არის, მომხრეებს არ შემოიკრებს, რომიდან არ
გაიქცევა, პროვინციებს არ აგვიჯანყებს... ხოლო თუ ამას ვერ დამისაბუთებთ და
თქვენც ჩემსავით იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ იმპერიას ხიფათი ემუქრება, მაშინ
ის მირჩიეთ, ეს ხიფათი როგორ ავირიდოთ. იარაღი ავისხათ? ერთმანეთს
დავერიოთ? სამოქალაქო ომი გავაჩაღოთ? ეგებ მართლა გაგვეჩაღებინა! - რა ხანია
სამოქალაქო ომი არა გვქონია, ვინ იცის, რომაელ ხალხს მოენატრა კიდეც... ან იქნებ
ისა სჯობს, თბილ აბაზანებში ჩავწვეთ და ვენები გადავიჭრათ? თუმცა თქვენ
რატომ? მე მარტო ჩავწვები აბაზანაში, მე ვიკმარებ მსხვერპლად. თქვენ გირჩევნიათ
დედაჩემის მხარეს გადახვიდეთ. ახლავე, აქედანვე შეგიძლიათ შეუთვალოთ
მორჩილება. ამით სიცოცხლესაც შეინარჩუნებთ და თანამდებობასაც... - აქ მცირე
ხნით გაჩუმდა და მერე წყნარად განაგრძო, - მე არც ხმალი მიჭრის შენსავით, ჩემო
ბუროს, და არც გონება მიჭრის შენსავით, ჩემო სენეკა. ჩემი ძალაც თქვენა ხართ და
ჩემი სიბრძნეც. მაშ, გადაწყვიტეთ რომის ბედი! - ამ სიტყვებით ისევ სავარძელში
ჩაეშვა და თავი ხელებში ჩარგო.

მთელი გუშინდელი დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე ბუნდოვანი ეჭვებით იყო


გაჟღენთილი, ახლა ყველა ეჭვისგან გაიწმინდა და საბოლოოდ განათდა. და სენეკამ
ცხადად დაინახა, რომ ეს ტირადა, რომელიც მისმა გაზრდილმა დაუჯერებლად
კარგად წარმოთქვა, გამიზნული იყო არა აგრიპინასათვის, არამედ მისთვის. მისთვის
და ბუროსისთვის. აგრიპინას ბედი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და შესაძლებელია
მკვლელებიც გაგზავნილი ჰყავდა. ახლა მათ ბედს წყვეტდა. წინააღმდეგობის გაწევა
უაზრობა იყო. აგრიპინას ვეღარაფერი იხსნიდა. ან კი ღირდა ამ ღვარძლიანი,
გარყვნილი დედაკაცისთვის თავის გაწირვა? განა ასეთი სიკვდილი სისულელედ
უფრო არ ჩაეთვლებოდა, ვიდრე სიმამაცედ? მით უფრო, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ
ჰქონდა გასაკეთებელი, ბევრი რამ ჰქონდა დასაწერი ისეთი, რომ, ვინ იცის,
ისტორიას შემოენახა და შთამომავლობას გამოსდგომოდა!.. და თუმცა წამით
მძაფრად, მწვავე ტკივილით იგრძნო, რომ გონიერების ეს მსჯელობა კოჭლი და
საპყარი იყო, მაინც გონიერებას დაემორჩილა და თქვა: - უნდა მოკვდეს.

ნერონმა სახეზე აფარებული ხელები ოდნავ გადასწია აქეთ-იქით და შუაში


გამოიხედა.

- უნდა მოკვდეს, ჩემო სენეკა? ვინ უნდა მოკვდეს?

სენეკამ ტუჩები მოკუმა, მერე თვალი გაუსწორა და თქვა: - აგრიპინა უნდა მოკვდეს.

„ვძულვარ“, - კმაყოფილებით გაიფიქრა ნერონმა. მერე თავი სინანულით გადაიქნია.

- მაშ, შენ ფიქრობ... - თქვა გაჭიანურებით და უცებ ბუროსს მიუბრუნდა, - შენ, ჩემო
ბუროს? შენ რაღას ფიქრობ?

ბუროსის თვალში აგრიპინა და ნერონი ორივენი ბიწიერების განსახიერება იყვნენ და


ერჩივნა ამგვარი კითხვა სხვისგან მოესმინა, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ორ ბიწიერებას
მაინც ერთი სჯობდა.

- მეც ასე ვფიქრობ. - უპასუხა მშვიდად.

„ჩემო იმპერატოროო“ არ დაატანა“, - გაიფიქრა ნერონმა და უთხრა: - შეგვიძლია, შენს


ხალხს დავავალოთ?
- არა! - სწრაფად და გადაჭრით მიუგო ბუროსმა, - ჩემს ხალხს ფიცი აქვს დადებული
და პრინცეპსისა და პრინცეპსის ნათესავთა სისხლს ვერ დაღვრის!

ნერონმა ერთხანს უხმოდ უყურა. მერე ანიკეტუსს მიუბრუნდა: - ანიკეტუს! კიდევ


გყავს ერთგული ხალხი?

- ჩემი ხალხი ყველა შენი ერთგულია, ჩემო იმპერატორო! - შესძახა ანიკეტუსმა და


თითქოს რაღაცით გაკვირვებული დარჩა.

- ჩემს ერთგულებს მე თვითონ დავითვლი, - მშვიდად, მაგრამ ცოტა უკმაყოფილო


კილოთი თქვა ნერონმა, - შენ შენი მითხარი. შეგიძლია, ის საქმე, რომლის
მოგვარებაზეც ბუროსმა უარი მითხრა, შენ იკისრო?

ანიკეტუსი კვლავ გაკვირვებული დარჩა, ოღონდ ახლა იცოდა კიდეც, რა უკვირდა:


ის უკვირდა, რომ ბოლოს მაინც მისი წინადადება აღმოჩნდა ყველაზე მართებული.
ალბათ, გაკვირვებაზე მეტად ამის გამო სიამაყე მართებდა, - ამას თვითონაც
გრძნობდა - მაგრამ რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო სიამაყეს მაინც გაკვირვება
სძლევდა.

- მიბრძანე, ჩემო იმპერატორო! - თქვა მხურვალედ, - სამიოდ მამაც ცენტურიონს


ვიახლებ და დაუყოვნებლივ წავალ!

- წადი, ჩემო ანიკეტუს. რაკი რომის სიბრძნე და რომის პატიოსნება ერთხმად


გვირჩევს დედის მოკვლას, მე და შენ სხვა რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ
დავემორჩილოთ! მით უფრო, რომ ჩვენი სენეკა, ალბათ, თვითონვე დაუსაბუთებს
სენატს ამ თავისი გადაწყვეტილების აუცილებლობას. წადი. ცენტურიონები კი
უმამაცესები იახლე, რადგან მძიმე და უთანასწორო ბრძოლა მოგელის. - მერე,
ანიკეტუსი რომ მტკიცე, დაჯერებული ნაბიჯით გავიდა, დანარჩენებს მიუბრუნდა, -
თქვენც წადით. მარტო მინდა დავრჩე დედასთან...

ყველანი რომ გაისტუმრა, ერთხანს უძრავად იდგა, ხელები მკერდზე დაეკრიბა და


ქუშად ჩასცქეროდა იატაკს. ბოლოს შეტრიალდა, ნელი ნაბიჯით წავიდა დარბაზის
შორეული კუთხისაკენ, სადაც მაღალი სარკე იდგა, ახლო მივიდა, ჩაიხედა, უყურა
თავის გამოსახულებას, უყურა და უეცრად ენა გამოუყო. ამან დროის დინება წამით
უკუღმა დაატრიალა და შორს, სარკის სიღრმეში, პატარა ნერონი და ახალგაზრდა
დედა აგრიპინა გამოჩნდნენ, რომლებიც ისე იდგნენ და ისე შესცქროდნენ
ერთმანეთს, თითქოს მთავარი დასკვნა, რაც კი შეიძლებოდა ამ სურათიდან
გამოგეტანათ, ეს იყო, რომ დედასა და შვილს ერთმანეთი უყვარდათ. ამის
დანახვაზე თავი უკმაყოფილოდ გაიქნია. დედა-შვილი გაქრა და მათ ადგილას ახლა
სენეკა და ბუროსი გაჩნდნენ. ხოლო იმავე წამს შთაგონების შორეული არხი გაიხსნა
და, ძარღვებში რომ სისხლის მაგივრად მჟღერი და ომახიანი ლათინური სიტყვების
ფერადი ზვირთები დაიძრა, თვალდახუჭულმა ნეტარებითა და სინანულით
გაიფიქრა: „ამაოება!.. მთელი ეს უგვანი იმპერია ერთ კარგ სიმღერად არა ღირს!..“
გადია და პარალელური ხაზები

მეშვიდე დღეს ივნისის იდებამდე (ქალაქის დაარსებიდან რვაას ოცდაერთ წელს),


შუაღამისას, იმპერატორმა ნერონმა უკანასკნელად გაიღვიძა.

იმპერატორი სიჩუმემ გააღვიძა.

სიჩუმეს, რომელსაც, ჩვეულებრივ, სიცოცხლის სუნი ასდის, ვინაიდან, ქვეყნიური


ხმაური რომ მიწყდება, მაშინ ისმის სამყაროს ღვთაებრივი გალობა და მთრთოლვარე
სულიც ყოვლისმომცველი ჰარმონიის სარკეში თავის ნამდვილ გამოსახულებას
ხედავს, ახლა აქ, ქალაქის განაპირას, ვრცელი ბაღით გარშემორტყმულ ვილაში,
სიკვდილის სუნი ასდიოდა. ეს სხვარიგი სიჩუმე იყო. ეს იყო სიჩუმეთა სიჩუმე, როცა
ქვეყნიურ ხმაურთან ერთად, რასაც მოკვდავთა დაუდგრომელი ბუნება იწვევს,
ყველა ზეგარდმო ბგერაც ქრება - ცარგვალის ბრუნვა, სფეროთა სრბოლა, ნამის
დნობა, დღე-ღამის მონაცვლეობა, ბალახის ზრდა... თვითონ სიჩუმეც კი, საკუთარი
მყუდროება რომ არ დაარღვიოს, ფეხაკრეფით მიიპარება და ირგვლივ სიბნელის
შავი უძრაობა ისადგურებს, სამარის დიდი დუმილი, რომელსაც მთელი სამყარო
დაუგმანავს და ყველაფერი სიკვდილის გახევებულ არარსებობად უქცევია.

ნერონი ძალღონემიხდილი იწვა ამ გაუვალ დუმილში და ერთადერთი გრძნობა,


რომელიც თავში გავარვარებული შანთივით ჰქონდა გაყრილი და გონებას ჯერ
კიდევ არ აძლევდა ჩაქრობის ნებას, იყო უმწვერვალესი შიში, ისეთი შიში, როცა
მდუმარების თვალშეუდგამ ჭაობს სიცოცხლის ყველა დანარჩენი ნიშანი საიმედოდ
ჩაუხვევია მარადიული სიბნელის სტომაქში და თავისი ბლანტი, წებოვანი
საცეცებით ახლა ცნობას შემოსჭდობია, უკანასკნელ ნიშანსა და ყველაზე
მგრძნობიარე, ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე შიშველ ნერვს. დაყვირება რომ
შეძლებოდა, ნერონი დაიყვირებდა, მაგრამ ყველაფერი, სადაც კი დაყვირების ძალა
შეეძლო მოეპოვებინა, უკვე ჭაობში იყო ჩაძირული, ამიტომ სასომიხდილი და
ძარღვებმოდუნებული, უგრძნობი შიშით შეჰყურებდა მკვდარი სამყაროს შავ
ღრუბელს, რომელიც გარდაუვალობის ულმობელი გულგრილობით ისრუტავდა
მისი გონების უკანასკნელ სინათლეს.

მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა ცნობა საბოლოოდ უნდა დანთქმულიყო სიბნელეში,


მკვრივი დუმილის ყრუ კედელი უეცრად რაღაც ხმამ გამოარღვია და, ერთ ადგილას
თავმოყრილი შიში რომ მყისვე მთელ სხეულში ბასრ ტკივილად გაიშალა და, საცა კი
შევიდა, ტკივილთან ერთად სიცოცხლის ხმაც შეიტანა, - რადგან სიცოცხლე სხვა
არაფერია, თუ არა ტკივილი - შემკრთალმა იმპერატორმა უცხო ხმას მიაყურადა. ჯერ
ქარის შორეულ სტვენას მიამსგავსა, მერე თაგვის ფხაჭუნს. და უცებ მიხვდა: დანების
ლესვის ხმა იყო. ტვინში ელვამ დაკვესა და ნაპერწკლები გაჰყარა. წამსვე საბანი
თავზე წაიფარა, ღრმად შეძვრა ლოგინში, ფეხები ისე შემოიკეცა, ლამის მკერდზე
მიიბჯინა, თავი მხრებში ჩარგო და მთელი სხეულით მოიკუნტა, რათა იმ ზომამდე
დაპატარავებულიყო, რომ შურისძიების ანთებულ თვალს ვერ შეემჩნია. რა
ხდებოდა, არ იცოდა, ვინაიდან ცოდნა, როგორც დამსხვრეული სარკის უთვალავი
ნამცეცი, ქაოტურად მიმოფანტულიყო მქისე სიბნელეში და ნაცარწაყრილ გონებას
მათი აკრეფისა და დალაგების თავი არ ჰქონდა.

მჭიდროდ შემოკრული სქელი საბანი ერთხანს წარმატებით ისხლეტდა დანების


ლესვის ხმას და იმპერატორის პაწაწინა სანგარში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა,
მაგრამ როგორც კი გონებამ, ამ ხანმოკლე სიმშვიდით გულმოცემულმა, მღვრიე
ნისლიდან გამოიხედა, ნერონს ყველაფერი მოაგონდა და მწარედ ინანა, რომ
ძილშივე არ გაქრა და ისევ ამ დაწყევლილ სინამდვილეში აღმოჩნდა, სადაც
საშინელი და სამარცხვინო სიკვდილი ელოდა, რადგან აჯანყებულ ვინდექსს,
თავიდან რომ მხოლოდ ესპანეთი აჰყვა იმ ბებერი ძაღლის - გალბას - მეთაურობით,
მერე დანარჩენი პროვინციებიც მიემხრნენ და ახლა შეერთებული ძალით
მოდიოდნენ საბანქვეშ დამალული პრინცეპსის დასამხობად.

გამოფხიზლებულმა ნერონმა გონების თვალი უკიდეგანო იმპერიას მოავლო,


რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მისი იყო, და გულ-მუცელი აეწვა. მზით გაბრწყინებულ
დიდ მინდორზე, მთავარ ბანაკში, ლეგიონებით გარშემორტყმული ვინდექსი და
გალბა რომზე წამოსვლის წინ ლაღად შეექცეოდნენ ღვინოს და უწმაწური,
ჯარისკაცული მახვილსიტყვაობით ლაშქარში ისეთ ხორხოცს იწვევდნენ, ცა და მიწა
ზანზარებდა. მერე, ღვინის სმას რომ მორჩნენ, ცხენებზე შესხდნენ და
გულდაჯერებული ღიმილით წამოვიდნენ. მოდიოდნენ ლაღები, თამამები, წელში
გამართულები, თამაშ-თამაშით მოჰყავდათ ცხენები და ამაყად თავაწეულები
მოუძღოდნენ ლაშქარს; მტკიცედ სწამდათ, რომ სულ მალე გამარჯვებას
იზეიმებდნენ...

ნერონს გული შეეკუმშა. ნეტა თვითონაც მათთან იყოს! ნეტა აქ მის მაგივრად ვიღაც
სხვა იმალებოდეს, თვითონ კი ვინდექსთან და გალბასთან ერთად აჯანყებულებს
ედგას სათავეში... თეთრ ცხენზე იჯდეს და იმათ შუა მოდიოდეს... ოდნავ მათზე
წინ, როგორც მთავარსარდალს შეეფერება... ვინდექსი და გალბა მისი თანაშემწეები
იყვნენ და მას მოჰყვებოდნენ, რათა საბანქვეშ ლაჩრულად შემალული ტირანი
სამარცხვინო სამალავიდან გამოეთრიათ და რომისთვის ბორკილები შემოეხსნათ...
მაგრამ, რამდენიც არ ეცადა, ეს საამური სურათი ვერ წარმოიდგინა. ვინდექსი და
გალბა, თეთრ ცხენზე ამხედრებული ნერონი რომ ისეთი უწყინარი სახით
ჩადგებოდა მათ შუა, თითქოს სწორედ აქ იყო მისი ადგილი, წამსვე ქრებოდნენ,
როგორც ჩრდილები შუადღის მზის ქვეშ. ეჭვი არაა, ნერონის გვერდით ყოფნა არ
სურდათ. ნერონის წინააღმდეგ ყოფნა ერჩივნათ. ნერონი უნდოდათ გამოეთრიათ
მისი პატარა და არასაიმედო სამალავიდან... გამოათრევდნენ კიდეც, თუ რამეს არ
იღონებდა. მაგრამ რა ეღონა? გაქცევაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. მასზე უკეთ ვინ
იცოდა, რომ რომიდან გაქცევა შეუძლებელი იყო! რამდენს უცდია, მაგრამ რომელი
ერთი გაქცეულა?! ან კი როგორ გინდა, ქვეყნიერების დასალიერამდე გადაჭიმულ
იმპერიაში შეუმჩნევლად მიაღწიო საზღვარს?.. მით უფრო, იმპერატორი თუ ხარ და
პროვინციები აგიჯანყდნენ. რომმა ხომ - და ეს, ალბათ, ღმერთების ავი ხუმრობაა -
ისე მოიქცია თავი პროვინციების ალყაში, ერთი გასაქცევი გზა არ დაიტოვა. რომი
საკუთარი თავის საფლავია, პროვინციების მაღალი ყორეებით შემოზღუდული...
აჯანყების ხმა დიდი სისწრაფით გავრცელდა, ხანძარივით მოედო მთელ იმპერიას
და ცეცხლის წრედ იქცა, რომელიც ახლა თანდათან ვიწროვდებოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ
უახლოვდებოდა ნერონის თავშესაფარს, ნერონის უკანასკნელ სამფლობელოს, ვიწრო
საბანში გახვეულ პატარა იმპერიას... „ალბათ, უკვე ქალაქში არიან“, - გაიფიქრა და
მოეჩვენა, თითქოს ფეხის ხმაც შემოესმა, რის გამოც კიდევ უფრო მოიკუნტა, კიდევ
უფრო გაიტრუნა და სასოწარკვეთილმა ყრუდ ამოიგმინა: - ოჰ, დედა!..

საკუთარი ხმის გაგონებაზე შეკრთა, ტანში ჟრჟოლამ დაუარა და ისეთი გრძნობა


გაუჩნდა, თითქოს ლუკმა ყელზე დასდგომოდეს. იმავ წამს ეს უაზროდ
წამოსროლილი სიტყვა უცნაურად გამრავლდა, ათასად და ათი ათასად იქცა,
საზარელი სისინით შემოესია, მაჯლაჯუნასავით დააწვა და ისე ამოქოლა და
ამოლესა თავის პაწაწინა თავშესაფარში, თითქოს ვიღაცამ ვიწრო საფლავში ჩატენა,
ოღონდ გულმავიწყობის გამო ის აღარ მოაგონდა, რომ წინასწარ მოეკლა...

სული რომ არ შეხუთვოდა, ჩქარ-ჩქარა სუნთქავდა, ქშენით, და, ამ ქშენის რიტმს


აყოლილი, ასევე ჩქარ-ჩქარა ფიქრობდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტად. აგრიპინას მოკვლა,
რაღა თქმა უნდა, დიდი შეცდომა იყო. საერთოდ, დედების დახოცვა შეცდომაა...
კარგი იქნებოდა ახლა ამის ხმამაღლა თქმა... იქნებ ვინმეს გაეგონა, ვინმეს
გამოსდგომოდა... ადრე უნდა მოეფიქრებინა. ფორუმზე უნდა გამოსულიყო და
მთელი ხალხი გაეფრთხილებინა, ყველა რომაელისთვის ერჩია... რომაელებო!
ცხოვრების მთავარი სიბრძნე ისაა, შვილმა დედა არ მოკლას... თუმცა რატომ უნდა
ეთქვა? განა სხვაცა კლავს ვინმე დედას?..

დიახაც! ვისაც ვისზე ხელი მიუწვდება, ყველა ყველას კლავს. ვინც არა კლავს, ვერა
კლავს... დღეს ვიღაცას, ალბათ, ნერონზე მიუწვდება ხელი... ვის? ვინდექსს?
გალბას? არა. დაქირავებულ მკვლელს მოუგზავნიან, რომელსაც ხანჯალი
ტანსაცმელში ექნება დამალული.

მცველები არ შემოუშვებენ...

Q
მცველები!

სწრაფად, მკვეთრი ბიძგით წამოჯდა საწოლში და თავზე გადაფარებული საბანი


ორივე ხელით ფეხებისაკენ გადაკეცა. მცველები!.. ნუთუ სამარისებური დუმილი,
რომელმაც ისე გამოაღვიძა, როგორც უეცარმა ქუხილმა შეიძლება გამოგაღვიძოს,
იმას მოასწავებდა, რომ... ამის გაფიქრებაზე ხელ-ფეხი გაეყინა და საფეთქლებზე ისე
დააწვა რაღაც, თითქოს რკინის გახურებული სალტე შემოუჭირესო.

გაიტრუნა და სიბნელეს მიაყურადა. ირგვლივ დუმილი იდგა. ეტყობოდა,


სიცოცხლის ყველა ნიშანი სამუდამოდ გამქრალიყო. მაშინ საწოლიდან ფრთხილად
გადმოვიდა და ფეხაკრეფით მიადგა კარს. ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმოდა.
აკანკალებული მოტრიალდა, ახლა სარკმელს მიაშურა, კედელს აეკრა და გაიხედა.
ცაზე ვარსკვლავები ბჟუტავდნენ და ბინდში ჩაძირული ბაღი მკრთალად მოჩანდა.
ბაღში ვერავინ დაინახა, თუმცა დიდხანს და დაჟინებით გასცქეროდა, რადგან ამ
მხარეს, სარკმელთან, სულ ცოტა, სამი მცველი მაინც ეგულებოდა. იმპერატორს
ძარღვებში სისხლი გაუჩერდა. მაშ, ასე: მისმა ლაჩარმა მცველებმა, რომელთაც ფიცი
ჰქონდათ დადებული, რომ ხიფათს უყოყმანოდ შეხედავდნენ თვალებში და
იმპერატორს კი არ მიატოვებდნენ, როგორც კი ფიცმა შესრულება მოითხოვა,
იმპერატორი უყოყმანოდ მიატოვეს, რათა ხიფათისთვის თვალებში არ შეეხედათ...
და ახლა სიჩუმეს სიკვდილის სუნი ასდიოდა... ახლა იმპერატორისკენ მომავალი
გზა თავისუფალი იყო. ვისაც კი მოეპრიანებოდა, უშიშრად და დაუბრკოლებლად
შეეძლო შემოსულიყო და გულში ხანჯალი ჩაეცა...

წეღანდელი უაზროდ, უადგილოდ წამოსროლილი „დედა“ ისევ წამოიშალა ურიცხვ


და უთვალავ სიტყვად, როგორც მტვერი წამოიშლება ქარის დაბერვაზე.

სხეულში მდუღარესავით ესხა შიში და პატარა, დამჭკნარი, ცოცხალ-მკვდარი გული


მკერდის ღრუს ბნელ სიცარიელეში საცოდავად კონწიალობდა.

თუ შეიარაღებული მცველები გაიპარნენ, მსახურებსა და მონებს რაღა გააჩერებდა!..


და ახლა კაციშვილი არსად ჭაჭანებს. მთელი სახლი ცარიელია. მთელი ბაღი
უდაბურია. გზა თავისუფალია. შემოდით, მკვლელებო. არავინ შეგაჩერებთ, წინ
არავინ გადაგიდგებათ... „ნერონის უკანასკნელი ღამე...“ - ისე გაიფიქრა, თითქოს
პირშეუკრავ ჭრილობაზე ხელი მოუხვდაო. იმავ წამს სარკმელს მოშორდა და ისევ
კარს მიადგა. მკვლელი, ალბათ, უხმაუროდ წაადგება თავს, ჩუმად, ფეხაკრეფით...
მაგრამ ნუთუ შეძლებს ისე შემოვიდეს, ერთი ჩქამი არ გაიღოს?.. ნერონი
გამობრუნდა, წამოვიდა, შუა ოთახში შეჩერდა, გაშეშდა, მერე ერთაშად ადგილზე
შეტრიალდა და ახლა ასე გაშეშდა. იმ მხარეს, საითაც იყურებოდა, უფრო იმედიანად
იყო, უკნიდან კი ერთთავად თავდასხმას მოელოდა. რატომ ზურგზე კი არ უნდა
ესხას თვალები ადამიანს! ასე უმწეოდ რისთვის დაგვყარეთ, უკვდავებო?!. ბოლოს
ისევ საწოლს მიაშურა, ლოგინში შეძვრა და საბანი თავზე წაიფარა, მაგრამ მალევე
მიხვდა, რომ ასე საბანწაფარებულს მკვლელი უფრო იოლად წამოეპარებოდა,
ამიტომ თავი ისევ ამოჰყო. „ანიკეტუსი არ უნდა დამეკარგა!“ - გაიფიქრა და ამის
გაფიქრებაზე უეცრად ისეთი ზიზღი იგრძნო, ლამის გული აერია. სანამ ამ ზიზღის
მიზეზს მიხვდებოდა, ინსტინქტურად გადაიგდო საბანი და საწოლიდან ისე
გადმოხტა, თითქოს ლოგინში მცურავი შეძრომოდეს. გული გამალებით უცემდა და
მუხლები უკანკალებდა. ანიკეტუსმა, ერთგულმა ჯარისკაცმა, რომლის მოვალეობის
გრძნობა ისევე გაუგებარი იყო, როგორც ბუროსის პატიოსნება, კეთილსინდისიერი
დაწვრილებით უამბო აგრიპინას მოკვლის ამბავი. განაჩენის აღსასრულებლად რომ
მისულა, აგრიპინა ლოგინში დახვედრია. მგონი, გაეხარდა, მე და ჩემი
ცენტურიონები რომ დაგვინახაო, ანიკეტუსმა; ჯერ გამიცინა, მერე უცებ საბანი
გადაიძრო, პერანგი აიწია და ისეთი რამ გამოაჩინა, რისი გამოჩენაც ამდენი კაცის
თანდასწრებით წესი არ არისო; ის, რისი გამოჩენაც წესი არ არის, ჩემკენ გამოზნიქა
და „აი, აქ ჩამეცი, ჩემო ანიკეტუს, შენი ბასრი მახვილი, რომელიც პატიოსნად იცავს
რომს, რადგან რომი სწორედ ამან დაღუპა“, - მითხრაო. ანიკეტუსმა გულახდილად
აღიარა, ლენჩივით ვიდექი, თვალგაშტერებით ჩავცქეროდი იმ ადგილს, საცა
მახვილის დაცემა მიბრძანა, და მკლავი არ მემორჩილებოდაო; კიდევ კარგი,
ცენტურიონებმა იმარჯვეს და ხმლები თავში დაუშინესო... ანიკეტუსისთანა
ერთგული ქვეშევრდომი ნერონს სხვა არავინ ჰყოლია - ეტყობა, ერთგულება მართლა
სიბრიყვის უკანონო შვილია - და ნერონმაც ღირსეულად დაუფასა სამსახური: სხვები
რომ სიკვდილით დასაჯა, იმას გადასახლება აკმარა. ალბათ, აჯობებდა არც
გადაესახლებინა. ახლა რომ აქ ჰყოლოდა, დიდი ნუგეში იქნებოდა. ანიკეტუსი არ
გაიპარებოდა. ანიკეტუსი არ მიატოვებდა თავის იმპერატორს... მერედა, საიდან
უნდა სცოდნოდა ნერონს, ასეთ დღეში თუ ჩავარდებოდა?! საიდან უნდა სცოდნოდა,
რომ ანიკეტუსი სანატრელი გაუხდებოდა?! განა უნდოდა გადაესახლებინა, მაგრამ
რა ექნა? უკეთესი და უარესი მხარე ყველაფერს აქვს. ანიკეტუსმა დავალება კი
პატიოსნად შეასრულა მაშინ, მაგრამ ასევე პატიოსნად რომ უამბო ყველაფერი, მას
შემდეგ ნერონს მის დანახვაზე ყოველთვის გაუგებარი ზიზღი ეუფლებოდა და, რომ
არ მოეკლა, იმიტომაც გადაასახლა...

ჩუ!..

გაიფაჩუნა რაღაცამ თუ არ გაიფაჩუნა?

ჯერ ეგონა, რომ გაიფაჩუნა, მერე, განაბულმა რომ დაძაბულად მიუგდო ყური,
იფიქრა, მომეჩვენაო, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გახურებულმა გონებამ
ორივე ვარაუდი შეძლებისდაგვარად აწონ-დაწონა, მიხვდა, რომ სულ ერთი იყო,
მოეჩვენა თუ მართლა გაიფაჩუნა. თუ არ გაიფაჩუნა, გაიფაჩუნებს. ღამის სიბნელეში
ჩაფლული ვეება ბაღი მკვლელებითაა სავსე. ბევრნი არიან და ყველგან არიან.
ბუჩქებში, ხეების ძირას, ქანდაკებების უკან, სვეტებქვეშ... შეიარაღებულები,
გაფაციცებულები, მომზადებულები... ნიშანსღა ელიან, რომ შემოცვივდნენ და
ყოველი მხრიდან ერთდროულად დაესხან თავს... ნეტა ყველა ნერონივით კანკალებს
სიკვდილის მოლოდინში, თუ ნერონი განსაკუთრებით მგრძნობიარეა? რომ
სცოდნოდა, სიკვდილთან შეხვედრა ასეთი ძნელი იქნებოდა, ეგებ ამდენი ხალხი არც
დაეხოცა. მაგრამ, საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე, ისე სხვის სიმწარეს როგორ
გაიგებ?.. ანიკეტუსი ირწმუნებოდა, აგრიპინას შიშისა არაფერი ეტყობოდაო. თუმცა
ანიკეტუსი რას შეამჩნევდა! სენეკა? აკი სენეკამ, როგორც ნერონს უამბეს, საკუთარი
მაგალითით დაამტკიცა, რომ სოკრატეს აუმღვრეველი სიმშვიდე მითი და ლეგენდა
არ ყოფილა! დაამტკიცა კია?.. ნერონს წამით ყელში სიბრაზე მოაწვა და ინანა, რომ
სენეკას ასეთი ზარ-ზეიმით მოაკვლევინა თავი იმის ნაცვლად, რომ ჩუმად და
უხმაუროდ მოეშორებინა, როგოც ბუროსი მოიშორა, რომელსაც წამლად საწამლავი
შეაპარა...

საწამლავის ხსენებაზე აბურდული ფიქრები უეცრად ადგილზე გაშეშდნენ. გუშინ,


როდესაც საბოლოოდ გადაუწყდა იმედი და დარწმუნდა, ბრძოლას აზრი აღარ
ჰქონდა, საწამლავი მოიმარაგა; სათუთად ჩადო ოქროს პატარა კოლოფში, როგორც
უკანასკნელი ნუგეში, რომელსაც შერცხვენისგან უნდა ეხსნა, და თან წამოიღო.
სასაცილოც იყო და გულისმომკვლელიც, რომ საწამლავი იმ ავყია ლოკუსტას
გამოართვა, რომლის ხსენებასაც კი ვერ იტანდა...

უეცრად ტვინში რაღაც განათდა. პირველი მკვლელობაც ლოკუსტას საწამლავით


ჩაიდინა და უკანასკნელი მკვლელობაც ლოკუსტას საწამლავით უნდა ჩაედინა. ეს
ხელოვნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ცხოვრებას. ამის გაფიქრებაზე ნაწლავებზე
რაღაცამ საამოდ და სევდიანად შეუღიტინა, ხოლო იმავ წამს ის ლექსები მოაგონდა,
რომლებიც ჯერ არ შეეთხზა და, ჩანს, ვერც ვეღარასოდეს შეთხზავდა, და ამჯერად
ის ადგილი, სადაც წეღან შეღიტინება იგრძნო, მწარედ აეწვა. საწამლავი სად შეინახა,
აღარ ახსოვდა და იმაზე დაიწყო ფიქრი, გაეხსენებინა თუ არა. სიკვდილის შიში
ერთი უმთავრესი ადამიანური თვისებაა და თუ აგრიპინამ არაფერი შეიმჩნია, ან
სენეკამ არაფერი შეიმჩნია, ან სხვებმა - თუნდაც სოკრატემ - არაფერი შეიმჩნიეს,
იმიტომ კი არა, რომ არ ეშინოდათ, არამედ იმიტომ, რომ შიში ხელოვნურად
დამალეს და ბუნებას აუმხედრდნენ. ბუნების წინააღმდეგ ამხედრება კი
უგუნურებაა. ნერონზე შორს ამ გზაზე არავინ წასულა და ნერონზე უკეთ არავინ
იცის, რომ ბუნების ნიღბით შეცვლა შეუძლებელია, რადგან ეს ღმერთების არსებობას
ხიფათს უქმნის, ხოლო რაკი ასეა, შიშის გამომჟღავნება არ არის სირცხვილი,
პირიქით - შიშის დამალვაა სირცხვილი. გონიერების მაგალითი კი ვინ უნდა მისცეს
ადამიანებს, თუ არა ადამიანთა შორის უკეთესმა?..

ასეთი ახსნა გასაჭირში ჩავარდნილ პატივმოყვარეობას თავიდან კარგ სალბუნად


დაედო და ნერონს გულს მოეფინა, მაგრამ მალე ისევ შემოეპარა ეჭვი: თუ მაინც ისა
სჯობს, სიმამაცის მაგალითი მისცეს ადამიანებს იმპერატორმა და არა შიშის?...

საბოლოოდ გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა და საწამლავი მოეძებნა, რათა


საჭიროების შემთხვევაში ორივე მაგალითის მისაცემად მზად ყოფილიყო, მაგრამ
მისდა გასაკვირად, საწამლავი ვერსად იპოვა, თუმცა მთელი ოთახი გადააქოთა.
ნერონი შეფიქრიანდა. კარგად ახსოვდა, რომ საწამლავი ნამდვილად წამოიღო. მაშ,
რა იქნა? „ალბათ, ბიბლიოთეკაში დავტოვე“, - იმედიანად თქვა გულში მცირე
ყოყმანის შემდეგ. ბიბლიოთეკა გვერდით იყო, მარცხნივ, და საწოლი ოთახისგან
მაღალი, მოჩუქურთმებული კარი ჰყოფდა. ნერონი ამ კარს მიადგა. ჯერ მიაყურადა,
მერე ნელა შეაღო. რაკი საშიში ვერაფერი შეამჩნია, გაბედა და ფრთხილად შევიდა.
ბიბლიოთეკაში უფრო ბნელოდა, ვიდრე საწოლ ოთახში, და დიდხანს ვერაფერს
ხედავდა ატარგატისის თეთრი ქანდაკების გარდა, რომელიც, პაროსის მარმარილოში
გამოკვეთილი, შორეულ კუთხეში ისე იდგა, როგორც პატარა დღე დიდ ღამეში.
სირიელთა ეს ქალღმერთი მისი უკანასკნელი ღვთაებრივი სიყვარული იყო. ყველა
ღმერთი რომ მოიძულა, მთელი იმედები მასზე დაამყარა, მხოლოდ მას სწირავდა
მსხვერპლს, მხოლოდ მას ერთგულებდა და მხოლოდ მას ევედრებოდა შემწეობას,
მაგრამ ბოლოს მასზეც აიყარა გული და ახლა, როცა აჯანყებულთა რკალი ისე
ვიწროვდებოდა, როგორც ყელში წაჭერილი ყულფი, აღარავინ ჰყავდა გვერდით,
აღარც ღმერთი და აღარც კაცი, რომ აკანკალებული ხელი ხელში მოეკიდა და
ცოტაოდენი შვება ეგრძნო...

ამასობაში სიბნელეს თვალი შეაჩვია და საწამლავს დაუწყო ძებნა. დიდხანს ეძია.


თაროებზე, მაგიდაზე, ქანდაკებათა კვარცხლბეკებზე, იატაკზე, გრაგნილებს შორის,
დაფებს შორის... საწამლავი უკვალოდ გაქრა. ალბათ, მცველებმა მოიპარეს და თან
წაიღეს, ან მსახურებმა... რა უნდოდა საწამლავს ოქროს კოლოფში!..

ნერონი უეცრად სიცივემ აიტანა. არათუ ღმერთი, არათუ მეგობარი და ახლობელი,


საწამლავიც კი აღარ დარჩა, სიკვდილიც კი მოპარეს, რომ სიცოცხლემ რაც შეიძლება
დიდხანს სტანჯოს...

ბრიტანიკუსი რომ მოკლა, იმ სცენას მერე, დიდი ხნის განმავლობაში, გონების


თვალით თითქმის ყოველდღე ხედავდა და გულმოდგინედ აკვირდებოდა. ძალიან
აინტერესებდა, რა განიცადა იმ წამს ბრიტანიკუსმა: მიხვდა, რომ სიკვდილმა ცივი
ხელები მოჰხვია, რათა ცივ გულში ჩაეკრა, თუ არაფერი გაუგია და დღესაც არ იცის,
ცოცხალია თუ მკვდარი?.. ახლა რომ საწამლავი ჰქონოდა, ნერონს შეეძლო თავისი
ეჭვები შეემოწმებინა, მაგრამ საწამლავი გაქრა, რადგან ღმერთებს არ ესიამოვნებათ,
ცხოვრება და ხელოვნება რომ ერთმანეთში აირიოს.

„არა, ბრიტანიკუსი არ უნდა მომეკლა“, - გაივლო გულში და იმავ წამს თითქოს


დაინახა კიდეც, როგორ შემოვარდა ავად გატრუნულ, ჩაბნელებულ ბაღში
გულითადი მეგობარი ერთგული და მამაცი მეომრებით, როგორ დაიფრინა
მკვლელები, როგორ დააფრთხო შიში და როგორ მოიტანა იმედი. „ჩემო პრინცეპსო!
აქა ვარ შენი ბრიტანიკუსი! აჯანყება ჩაქრობილია და ვინდექსისა და გალბას მიერ
გაბრიყვებული ლეგიონები შეწყალებას გევედრებიან. თვითონ ვინდექსი და გალბა
დატყვევებულები გელიან ოქროს სასახლეში!“... დიაღაც რომ შეიძლებოდა, ეს
სინამდვილე ყოფილიყო და არა განწირულის ფუჭი ოცნება. ვითომ რატომ ვერ
გახდებოდნენ გულითადი მეგობრები, რომლებიც ერთი აზრით არიან
გამსჭვალული, ერთი ფიქრით, ერთი იმედით, და ერთმანეთი საკუთარ თავზე
მეტად უყვართ?! ასეთ მეგობრებს აჯანყებას ვინ გაუბედავს, ხიფათი ახლო როგორ
გაეკარება?! „არ უნდა მომეკლა...“ - გაიფიქრა ნერონმა, მაგრამ იმავ წამს ისევ
დაეჭვდა. კარგი და, რომ არ მოეკლა, რომელი მათგანი წარმოთქვამდა, ჩემო
პრინცეპსოო? რომელი იქნებოდა იმპერატორი და რომელი იმპერატორის
ქვეშევრდომი?.. ერთხელ, როდესაც ნერონი რამდენიმე ამფსონთან ერთად - ყველას
თრაკიელ გლადიატორთა შარვლები ეცვათ და თავზე ფრიგიული ქუდები ეხურათ -
იაფფასიან დუქანში გვიან ღამით ღვინოს სვამდა და ჩხუბის საბაბს ეძებდა, ერთი
ეგვიპტელი მისანი მოუყვანეს, რომლის წინასწარმეტყველების ნიჭზე საკვირველ
ამბებს ყვებოდნენ. „რას მეტყვი?“ - ჰკითხა ნერონმა. „გეტყვი, რომ სამოსი ვერაფერი
სამალავია და, ვისაც ცოტათი მაინც უჭრის თვალი, ყველა ადვილად მიხვდება,
უფალო, რომ იმპერატორი ხარ“, - მიუგო მისანმა. ნერონს გაუკვირდა, მაგრამ არ
შეიმჩნია - ამ კაცს შეიძლებოდა ადრეც ჰყოლოდა ნანახი და ახლა რაღაცას
ცუღლუტობდა - და უთხრა: „ეგ ხომ მეც ვიცი. შენ ისეთი რამ მითხარი, მე არ
ვიცოდე!“ ეგვიპტელს ღამესავით შავი თვალები ჰქონდა და შიგ შეფარული და ცოტა
უტიფარი ღიმილი ედგა. „გეტყვი, უფალო. ისეთ რამეს გეტყვი, არც შენ იცოდე და
არც სხვამ. დღეს შენს იმპერიაში შენს გარდა კიდევ ცხრა კაცი დადის, რომლებიც
ღმერთებმა უკვე აკურთხეს იმპერატორებად და ახლა თავთავიანთ რიგსღა ელიან“.
მისანი ღიმილით უყურებდა და ცოტათი ტკბებოდა კიდეც თავისი
წინასწარმეტყველებით, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ნერონს შემოწმება არ
შეეძლო. ასეთი რამის შემოწმება მხოლოდ ისტორიას შეუძლია, ისიც იმ
შემთხვევაში, თუ ჩვენი სამარცხვინო საქმეები დავიწყებას გადაურჩა. ისტორია
დაითვლის იმპერატორებს და, თუ მართლა ცხრა გამოდგა, დაასკვნის, რომ ის
თმახუჭუჭა, გრძელცხვირა ეგვიპტელი ჭეშმარიტი მისანი ყოფილა, თუმცაღა ამ
დასკვნას დიდი ფასი აღარ ექნება, ვინაიდან მისანი მისნობას შეეწირა, როგორც
გმირი ეწირება გმირობას, და არათუ ოდესმე ვინმემ გაიხსენოს, დღესაც კი მისი
სახელი უკვე აღარავინ იცის. ერთადერთი, რასაც ისტორია ამ მაგალითის მიხედვით
დაბეჯითებით დაასკვნის, ის იქნება, რომ თურმე მისნობა შესაძლებელი ყოფილა და
ყველა, ვინც ამ სახიფათო ხელობას მისდევს, თაღლითი არ არის... ხოლო რაკი ყველა
თაღლითი არ არის, ადვილი შესაძლებელია, ცხრა იმპერატორს ახლა ტკბილი
ძილით სძინავს... ცხრა იმპერატორი ნერონთან ერთად. ნერონის გვერდით. ზოგი
ნაცნობი, ზოგი უცნობი, ზოგი ახლობელი, ზოგი შორებელი... „ნეტა ბრიტანიკუსი
რომ არ მომეკლა, - გაიფიქრა ნერონმა, - მაინც ცხრანი იქნებოდნენ? თუ ათნი?“ უნდა
იცოდე, ვინ და ვინ არის!.. ალბათ, რამდენჯერ შეხვედრიხარ, რამდენჯერ
დალაპარაკებიხარ, რამდენჯერ წყალობაც მიგიგია... მოკვლით კი ერთხელაც არ
მოგიკლავს... ვიღაც-ვიღაცეები კი დახოცა ნერონმა, მაგრამ ისინი გამორჩა. „ვინც
დავხოცე, ნეტა სულ ტყუილად დავხოცე, თუ ცოტათი მაინც შევამცირე
იმპერატორების რიცხვი?... იქნებ გაცილებით მეტნი იყვნენ და ცხრამდე
ჩამოვიყვანე!.. მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარა აქვს. გინდ ცხრა ყოფილა და გინდ
ცხრაჯერ ცხრა.. თუ ყველა არ დახოცე, ნაწილის დახოცვა რას გარგებს! ერთიც რომ
დაგრჩეს, შენთვის ისიც საკმარისია...“ შესაძლებელი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა,
ისა სჯობდა, ყველა დაეხოცა. მთელი სენატი, ყველა კონსული და კონსულარი,
პროვინციათა ყველა გამგებელი, ყველა პროკურატორი, ყველა ლეგატი, ყველა
ტრიბუნი. ყველა, ვისაც კი რაიმე თანამდებობა ეკავა... შავ ეგვიპტელთან შეხვედრის
შემდეგ ნერონი დიდხანს ფიქრობდა ამ გრანდიოზულ იდეაზე, რადგან ის ცხრა
იმპერატორი არც დღე და არც ღამე მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ საბოლოოდ
მაინც ვერ გაბედა ხორცშესხმა. ჩანს, ღმერთებმა ათქმევინეს უარი. მართლაცდა, თუ
მისანი არ ტყუოდა და ცხრა იმპერატორი ღმერთების მიერ იყო დანიშნული, ნერონი
მათ როგორ დახოცავდა! - მოკვდავს ვინ მისცა იმის ძალა, უკვდავის ნებას
წინააღუდგეს! - ხოლო თუ დახოცავდა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ის მისანი
ცრუ და მატყუარა ყოფილა, არავითარი ღმერთების მიერ დანიშნული იმპერატორები
არ არსებობდნენ, და, მაშასადამე, ამოდენა ხოცვა-ჟლეტაც უაზრო და უმიზნო
აღმოჩნდებოდა. „რაღაც უცნაური შეუსაბამობაა, - გაიფიქრა ნერონმა, - რაღაც
გაუვალ ჩიხში მოვექეცი. ამის ახსნას ფილოსოფიური განსწავლულობა სჭირდება...
სენეკა არ უნდა მომეკლა...“

ნერონი დაიღალა და ოფლმა დაასხა.

საწამლავი არსად იყო.

სამაგიეროდ, უეცრად მიხვდა, რომ საწამლავის გაქრობაში ღმერთების ხელი ერია.


ვინც მოიპარა, უკვდავთა ბრძანებით მოიპარა. შურიან ღმერთებს შიში ჰქონდათ,
რომ საწამლავს შეეძლო ისეთი წრე შეეკრა, არსებობა ხელოვნებაში გახსნილიყო და
სიცოცხლეს ღვთაებრივი ბუნება შეეძინა.

ამ მოსაზრებაში მალევე შეეპარა ეჭვი, რადგან მოეჩვენა, რომ თეთრი ატარგატისი მის
ვარაუდს არ იზიარებდა. არა, ღმერთებმა შურის გამო კი არ გააქრეს საწამლავი,
არამედ ნერონის ხსნა გადაწყვიტეს, რათა ხელოვნებად ქცეულ სიცოცხლეზე ლექსი
შეეთხზა და სადმე (ბერძნებს უკეთ ესმით პოეზია, ვიდრე რომაელებს) კითარაზე
დაემღერებინა. მართლაცდა, განა ღმერთების მხრივ მართებული იქნებოდა, ამხელა
ხელოვანი ისე მოეკლათ, უამრავი დიადი ლექსი, რომლებიც ბარტყებივით ესხა
უბეში, დაუფრენელი დარჩენოდა!

ამის გაფიქრებაზე ძარღვებში სისხლი ძველებურად აუმოძრავდა, ძალ-ღონე მოემატა


და მხნეობით აივსო. ახლა ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ყველაფერი სწორედ ისე იყო,
როგორც ივარაუდა: ღმერთებმა გააღვიძეს შუაღამისას, რათა დროზე გასცლოდა
აქაურობას და, როცა მკვლელები ბაღში შემოცვივდებოდნენ, უკვე შორს
ყოფილიყო... ეგვიპტეში წავა. ან სირიაში. ან სულაც პართიაში... ეს აჯანყებაც
ღმერთებმა ჩააგონეს ვინდექსს. იმისთვის ააჯანყეს, რომ ძვირფასი დრო, რომელიც
ნერონს სიმღერისა და პოეზიისთვის უნდა მიეძღვნა, იმპერატორობაში არ დაეკარგა!

ამ რწმენამ მათრობელა ტალღად დაუარა სისხლში და თავი საამო და გამაბრუებელი


ბანგით აევსო. სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ბიბლიოთეკიდან, გაიარა ცარიელი
დარბაზები და, ტუნიკისამარა და ფეხშიშველა, წინკარში გავიდა. ის იყო,
მარმარილოს სვეტების მომცრო ხეივანსაც გასცდა და კიბეზე უნდა დაშვებულიყო,
რომ უეცრად უკნიდან მოესმა: - სად მიდიხარ?

გავარვარებული ნაკვერჩხალი იუპიტერის მომაკვდინებელი ცეცხლივით ჩაერჭო


თავში და მწყრალი შიშხინით წავიდა ქვევით. ელდანაკრავი იმპერატორი,
ფეხშიშველა და ტუნიკისამარა იმპერატორის ელდანაკრავ ქანდაკებად იქცა,
რომელიც არაბუნებრივ პოზაში იდგა. იუპიტერის ცეცხლი დიდი სისწრაფით
მიარღვევდა სხეულს და, მართალია, თან თითქოს რაღაც ახლდა ისეთი, რაც
გამთანგავ შიშს ეურჩებოდა, მაგრამ ზარდაცემულ გონებას ირგვლივ გაუვალი
სიბნელე ერტყა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოშიშხინე ნაკვერჩხალმა მთელი სხეული
გაიარა და მთავარი ელდაც გაიტანა, ტვინი ოდნავ შეირხა და ნერონმა მოხუცი
გადიას ხმა იცნო.

ნელა შეტრიალდა. ძარღვები ჯერ კიდევ მოდუნებული ჰქონდა და ძალაგამოცლილი


ფეხებიც მომჩვარულ სხეულს ძლივძლიობით იმაგრებდნენ.

გადია - პატარა, დამჭკნარი, წელში მოკაკული - ჩამქრალი თვალებით


შემოსცქეროდა.

ერთხანს დუმილი იდგა. ბოლოს, როგორც იქნა, ნერონმა თავს სძლია: - მცველები რა
იქნენ? მსახურები რა იქნენ? ხალხი რა იქნა?

გადია ისე მისჩერებოდა, თითქოს მისი შეკითხვა არც გაუგია. მერე მშვიდად თქვა: -
წავიდნენ. ახლა ჩემს მეტი არავინ გჭირდება. მე კი აქა ვარ. რატომ ადექი ამ
შუაღამისას? ძილი რატომ დაიკელი? ადამიანის ფერი არ გადევს. რა იყო? გეშინია?
მერე რა! ძილი მაინც არ უნდა დაგეკლო. რაც არ უნდა თქვან შენმა ბრძენმა და
სწავლულმა ექიმებმა, ჯანმრთელობის ორი მთავარი საწინდარი ის არის, რომ ძილი
არ დაიკლო და ხშირად იარო ფეხშიშველამ. შეციებულივით კანკალებ ამ სიცხეში.
წამოდი. თხის რძეს დაგალევინებ. დღეს მაინც არ უნდა დაგეკლო ძილი.
უკანასკნელი ძილი კაცმა კარგად უნდა გამოიყენო. აწი ვინ დაგაძინებს! ნუ გეშინია,
შენი მოხუცი გადია არ მიგატოვებს. ახლა მთავარია, ბედის განჩინებას ღირსეულად
შეხვდე და ლაპარაკის მოყვარულ რომს სალაპარაკო არ მისცე. დანარჩენზე ნუ
იდარდებ. ისე აგიგებ წესს, როგორც ცეზარს ეკადრება. რა იყო? არ იცოდი, რომ შენი
ბოლო ეს იქნებოდა? აბა, ამდენი მაგალითი რისთვის გიდევს წინ? აი, თბილ-თბილი
რძე. დალიე, მოგიხდება. სიკვდილის წინ თხის რძეს არაფერი სჯობს. მე ყოველდღე
ვსვამ, სიკვდილმა რომ რძედაულეველზე არ მომისწროს. გეამა? აკი გითხარი! ახლა
წადი. ტოგას ნუ ჩაიცმევ. აგერ, ეს ლაბადა წამოისხი, გზაში არავინ გიცნოს. სწორედ
ისეთი სახე გაქვს, როგორც ბავშვობაში გქონდა, სასახლეში რომ პირველად
მოგიყვანეს. აბუზული დადიოდი, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდი და დედაშენს ერთ
მტკაველზე არ შორდებოდი. მაგრამ ახლა ხომ ბავშვი არა ხარ! შენით თუ ვერ
მიხვდი, ამდენი მასწავლებელი რისთვის გყავდა! ერთს მაინც ეთქვა, რომ ადრე თუ
გვიან არ შეიძლებოდა ეს დღე არ დამდგარიყო. აბა, რა ვიცოდი, თორემ მე გეტყოდი.
გეტყოდი, რომ ქვეყნის გამგებელს სიკვდილზე უფრო ახლობელი ქვეყანაზე არავინა
ჰყავს. წამოდი. როგორ ჰგავხართ ყველანი ერთმანეთს!.. ყველას მოვესწარი.
ნამდვილი ცეზარის გარდა. ის ადრე იყო. სხვამ ყველამ ჩემს თვალწინ ჩაიარა.
ყველანი ჩემს თვალწინ დაიხოცნენ... ოქტავიანესაც მოვესწარი, ოღონდ ოქტავიანე
ჩემს დროს უკვე მოხუცი იყო და გვარიანად გამოჩერჩეტებული - ან კი მისი ცოლის
ხელში რა სიკეთე დაეყრებოდა! სისხლიც მოყირჭებული ჰქონდა... შენ ყველაზე
უკეთესი ხარ. ტიბერიუსიც კარგი იყო, რაც მართალია, მართალია, მაგრამ შენ სხვა
ხარ. შენი სიძულვილი ხალისიანია, დაუდევარი, ღვთაებრივი. ტიბერიუსის
სიძულვილი ქუში იყო, მძიმე, ნისლოვანი. სწორედ ამიტომაა, რომ შენ თამამად და
უშიშრად დაგცინიან, მის დაცინვას კი ვერ ბედავდნენ, მისი ჩრდილისაც ეშინოდათ.
დაცინვაში ყოველთვის ურევია სიყვარული. ტიბერიუსი საკუთარ სიძულვილში
იხარშებოდა და ღვთაებრივი არ იყო, შენ მუდამ შენს სიძულვილზე მაღლა იდექი და
ღვთაებრივი ხარ. ტიბერიუსს ეშინოდა თავისი სიძულვილის და დედის მოკვლა ვერ
გაბედა, შენ კი დედაშენი იოლად და არხეინად მოკალი, იმიტომ, რომ ადამიანებს
ისეთი სიმაღლიდან უყურებდი, საიდანაც ძალიან პატარები და უმნიშვნელონი
ჩანან. მაგრამ მთლად ღმერთი ვერ გახდი, რადგან, შენი ჯერი რომ დადგა, ვეღარ
შესძელი, შენი თავიც იმ სიმაღლიდან დაგენახა. აქეთ წამოდი. იმ კარიდან სჯობს
გასვლა. არაფერია. მთლად ღვთაებრივი მხოლოდ ღმერთები არიან... აბა, გასწი. შავი
ცხენი შეგირჩიე - სიბნელეში არ გამოჩნდება. პირდაპირ ფაონის მამულში წადი.
მაინცდამაინც თავაწეული ნუ ივლი, ვინმე არ გადაგეყაროს და არ გიცნოს...
ეპაფროდიტუსი და სპორუსი მიგელიან იქ. ცოტა ხნის შემდეგ მეც მოვალ.
გამხნევდი და თავი არ შეირცხვინო. ეცადე, ისე მოიქცე, ვითომ არ გეშინია. ამით
ღმერთების სიმაღლეს ვერ მიაღწევ, მაგრამ ადამიანების სიმდაბლეს მაინც ასცდები...

უკან ქალაქი გუგუნებდა, ხალხის შორეული ხმაური ისმოდა და ანთებული


ჩირაღდნები პეპლებივით ფარფატებდნენ ჰაერში.

ნერონი შავ ცხენზე იჯდა, შავი ლაბადა ეცვა და შავ ღამეს ფრთხილად მიარღვევდა.
დიდი გზა არ ჰქონდა გასავლელი. ფაონის მამულამდე ქალაქის ბოლოდან სულ
სამი-ოთხი მილი თუ იქნებოდა. გზაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ქალაქში კი ხმაური
იზრდებოდა და თითქოს თანდათან ახლოვდებოდა. ნერონი უკან არ იყურებოდა.
წეღანდელი შიში სადღაც გამქრალიყო. შიშის მაგივრად გულში ახლა ნაღველი ედგა,
მწარე, ენით გამოუთქმელი ნაღველი, და ასე ეგონა, ხალხი კი არ ხმაურობდა მის
ზურგს უკან, ხალხის ყიჟინა და ღრიანცელი კი არ ახლოვდებოდა, არამედ თავად
ქალაქი რომი აღმდგარიყო, დაძრულიყო ეს ვეება, საშინელი ურჩხული, სიყვარულ-
სიძულვილის გაუგებარი და გამოუხსნელი გორგალი, დაძრულიყო თავის
სახლებიანად და სასახლეებიანად, ტაძრებიანად და ქანდაკებებიანად, ქუჩებიანად
და მოედნებიანად, დაძრულიყო შვიდივე ბორცვი და ფეხდაფეხ მოსდევდა. და
ნერონმა არც კი იცოდა, რა ერჩივნა: გაქცეოდა თუ ვერ გაქცეოდა.
უკან ხმაური იზრდებოდა, ჩირაღდნების რიცხვი მატულობდა და ქალაქი ისე
ჩახჩახებდა, თითქოს ხანძარი გასჩენიაო. წინ კი სიბნელე და სიწყნარე იყო. ნერონი
თავისდაუნებურად ყურს უგდებდა ქალაქის ხმაურს და ნაღველში გახსნილი შიშით
გაჟღენთილ გულში დროდადრო მწარე სიცილი უფეთქავდა. სულელი რომაელები
თავიანთი სისულელის გამო დარწმუნებული არიან, რომ, როგორც კი ნერონს
მოიშორებენ, მყისვე ღვთაებრივი სამართლიანობის მარადიულ ნათელში შევლენ.
ბრმა გულუბრყვილობა. ჭკუამოკლე სიხარული. ბერწი მეხსიერება. ამათ სიახლე
განახლება ჰგონიათ და ამიტომ დღეს ისეთივე აღტაცებით ზეიმობენ ნერონის
დამხობას და გალბას აღზევებას, როგორი აღტაცებითაც გუშინ კლავდიუსის
დამხობა და ნერონის აღზევება იზეიმეს. ცხრა იმპერატორი კი თავის რიგს ელის. და
ტრიალებს ასე წუთისოფელი ბრმა შურისძიებასა და ცრუ იმედს შორის... ამაოება...
და ნერონიც, ამხელა ხელოვანი, ისე გაიხსნა და განზავდა ამაოებაში, ერთი
ღირსეული ლექსი ვერ შეთხზა!.. რაც აქამდე უკეთებია, მხოლოდ მზადება და
ვარჯიში იყო. ნუთუ ყოველივე მზადებით უნდა დამთავრდეს?.. რად გინდოდა ეს
იმპერატორობა?! რა ხმლად და ფარად გამოგადგება?! რატომ გვიბნევენ ასე
უწყალოდ გზა-კვალს ღმერთები, რატომ?! ახლა რომ ყველაფრის თავიდან დაწყება
შეძლებოდა, ნერონი ბრიტანიკუსს დაუთმობდა პირველობას - თვალის ჩინივით
გაუფრხილდებოდა, რომ შემთხვევით საჭმელში საწამლავი არ შეჰყოლოდა -
თვითონ კი ფაფუკ ღრუბელში გაეხვეოდა და სამხრეთის ნიავს გაჰყვებოდა, თავის
სიცოცხლეს ლექსებად დაჭრიდა, ტკბილი სიმღერის ნაკურთხ ჭურჭელში ჩააწყობდა
და ხელოვნების წმინდა ცეცხლზე მსხვერპლად მიიტანდა, რათა შეწირული
მსხვერპლისაგან სხვა სიცოცხლე წარმოქმნილიყო, რომელიც მარადიული
გაზაფხულის უსასრულო ჭალების ბოლოს ზეციერ მწვერვალზე შედგამდა ფეხს,
სადაც დიდი უსინათლო უკვდავ ღმერთებს ლექსად ებაასება. ეს იყო ნერონის
მოწოდება და არა იმპერატორობა. მაგრამ ნერონი ამას გვიან მიხვდა... თუმცა, ვინ
იცის, იქნებ არც არის გვიან?.. ამაღამდელ ღამეს თუ გადაურჩა... ფაონის მამულში
ეპაფროდიტუსი ელის. იქნებ ოსტიაში ხომალდი ჰყავს გამზადებული? იქნებ
მოესწროს გაქცევა?.. გადიას სიბერისაგან ტვინი გაწყალებული აქვს და ამიტომ
როშავს სისულელეებს...

მარციუსის არხი გადაჭრა და ფაონის მამულამდე თითქმის აღარაფერი ჰქონდა


დარჩენილი, რომ უცებ მარჯვნიდან, სადაც პრეტორიის ბანაკი იყო, გზაზე
რამდენიმე მხედარი გამოჩნდა. ნერონს გული გაუცივდა და ცხენი ინსტინქტურად
შეაყენა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და მყისვე ისევ განაგრძო გზა, ოღონდ ოდნავ
გვერდზე კი შებრუნდა, რომ სახე არ ეჩვენებინა.

მხედრებმა ერთი შეავლეს თვალი, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ, თავიანთი


გზით წავიდნენ. ნერონმა შვებით ამოისუნთქა და იმავ წამს კიდევ ერთი მხედარი
დაინახა, რომელიც, ჩანს, დანარჩენებს ჩამორჩენოდა. დიდი იყო, ფართო მხარ-ბეჭი
ჰქონდა, გაჩაჩხული იჯდა ცხენზე და თავისთვის რაღაცას ღიღინებდა. ნერონი რომ
დაინახა, ღიღინი შეწყვიტა, ყურადღებით დააცქერდა, ერთხანს ასე უყურა, მერე
უცებ თავისი ცხენი მის ცხენს გაუპირდაპირა და ნაბიჯსაც აუჩქარა. ნერონს ისევ
გაუცივდა გული. ნუთუ ეს არის? ნუთუ ეს დათვი აირჩია ბედისწერამ იმპერატორის
მკვლელად?.. მხედარი აშკარა ქადილით მოდიოდა და ნერონის გული - პატარა,
გამხმარი, უსიცოცხლო - მკერდის ბნელ ღრუში უსასოოდ ცახცახებდა და უხმოდ
ფეთქავდა. ნერონი ცდილობდა სახე მოერიდებინა, თან ჩუმად უთვალთვალებდა.
ჯერ ანიკეტუსს მიამსგავსა, მერე ანიკეტუსის ცენტურიონს, რომელიც ანიკეტუსს
ჰგავდა. ერთი დაპირება დააპირა, ცხენი გვერდზე გაეწია, მაგრამ ძალა არ ეყო.
როდესაც სულ ახლო მოვიდა, ისე, რომ ცხენებმა ლამის შუბლი შუბლს მიაბჯინეს,
მხედარი უცებ შეკრთა, თვალები გაუფართოვდა, სახეც შეეცვალა, სწრაფად მოზიდა
მარჯვნივ აღვირი და ნერონს გზა მისცა, თან შიშით, განცვიფრებით თუ სიხარულით
- ამის გარკვევა ძნელი იყო - ისე, თითქოს ყელში გაჩხერილი ლუკმა უკანვე
ამოაგდოო, ამოიძახა: - დიდება ცეზარს!

და სწრაფად გაეცალა.

ნერონი გახევდა. ერთხანს ასე გახევებული იდგა. ფიქრები დამფრთხალი ჩიტებივით


გაიფანტნენ. ბოლოს, როგორც იქნა, დამშვიდდა და გულში იმედი და სიხარული
აუმოძრავდა. მეომარმა იცნო. იცნო და, იმის ნაცვლად, რომ მოეკლა, სალამი მისცა.
განა მთელი ლაშქარი ასე არ მოიქცევა? იმპერატორის ურჩობა ადვილია, სანამ
იმპერატორი არა ჩანს. როგორც კი დაინახავენ, ყველანი ასე შეშინდებიან. მთავარია,
ნერონმა გაბედოს და თავაწეული, მხნე ნაბიჯითა და ზვიადი ღიმილით, წარდგეს
ხალხისა და ლაშქრის წინაშე...

ცხენი ნელა მიატრიალა და გაიხედა, მაგრამ, ქალაქის ბორცვებზე რომ ურიცხვი


ჩირაღდანი დაინახა და ყრუ გუგუნი გაიგონა, რომელშიაც არტახებშეხსნილი მუქარა
იდგა, ცხენი უკანვე შემოატრიალა. არა, ის ქალაქი - ანთებული, აღტკინებული,
იმედიანი - მისი აღარ იყო.

ეპაფროდიტუსი გზის პირას დახვდა, ფაიონის მამულის კუთხეში, სახლიდან კარგა


მოშორებით. ნერონს არ დაუნახავს. მაშინღა შენიშნა, ხმა რომ შემოესმა: - აქეთ, ჩემო
ბატონო, აქეთ მიდის ჩვენი გზა.

ნერონმა ცხენი შეაყენა და ეპაფროდიტუსს გაკვირვებით შეხედა.

- ჭიშკარი განა იმ მხარეს არ არის, ეპაფროდიტუს?

- მთავარი ჭიშკარი იმ მხარეს არის, მაგრამ ახლა ყველა ზედმეტი თვალი საშიშია.

ამ სიტყვებით ცხენს აღვირში მოუკიდა ხელი და უკითხავად წინ გაუძღვა.

„ჩანს ოსტიაში ხომალდი მელის!“ - იმედიანად გაიფიქრა ნერონმა და იმავ წამს


რისხვამ წამოუარა. რომის იმპერატორს არ შეჰფერის უკანა კარიდან ქურდულად
შესვლა! მაგრამ თვითონვე მიხვდა, რომ მისი რისხვა უილაჯო იყო და გაჩუმება
ამჯობინა.
ბაღს ქვემოდან შემოუარეს და უკანა, ვიწრო კარით შევიდნენ. აქ მარჯვნივ გაუხვიეს
და სულ ბოლოში, ყველაზე შორეულ კუთხეში, ერთ რაღაც მომცრო სადგომს
მიადგნენ, რომელიც სიბნელეში ნერონმა სამლოცველოს მიამსგავსა. ეპაფროდიტუსი
შეჩერდა და ცხენი შეაჩერა. ნერონი ჩამოქვეითდა. ეპაფროდიტუსი კვლავ წინ
გაუძღვა და რკინის დაბალი კარი შეაღო. შიგნით შუქი გაკრთა. ნერონი ქვის კიბეს
დაუყვა, რომელიც კარგა ღრმად მიდიოდა ქვევით. ახლა აქაურობა ქვის
უსწორმასწორო იატაკითა და ქვის კედლებით აკლდამას უფრო ჰგავდა. ერთ მხარეს
ქვის მაგიდა და რამდენიმე ქვის სკამი იდგა. კედლის შემაღლებულ შვერილზე
ლამფა ენთო და ვრცელ სარდაფს მოიდუმალო-მკრთალ შუქს ჰფენდა. იატაკის
შუაგულში შეშა ეყარა. ფაონი და სპორუსი კედელთან იდგნენ ლამფის ქვეშ.
სპორუსს საწყალობელი სახე ჰქონდა და ნერონმა დაეჭვებით გაიფიქრა: „ვითომ
მელის ხომალდი ოსტიაში?“

ეპაფროდიტუსმა კარი დაკეტა და თვითონაც ჩამოვიდა.

ნერონის დიდ ნაღველს ახალი ნაღველი დაემატა, რაღაც უცხო და გაუგებარი


ნაღველი, ამიტომ შეეცადა, რაც შეიძლებოდა, მხნედ ელაპარაკა.

- აბა, რას მეტყვით, მეგობრებო, ახალს?

მაგრამ იგრძნო, რომ ეს „მეგობრებო“ ლაქუცივით გამოუვიდა, და გული მოეწვა.

- დრო ცოტა გვაქვს, ჩემო ბატონო, - წყნარად მიუგო ეპაფროდიტუსმა.

და თუმცა ნერონს მისი ხმა მოგუდული ეჩვენა და წამით ისეთი გრძნობა გაუჩნდა,
თითქოს სამარიდან ელაპარაკებოდნენ, თავს ძალა დაატანა და გაიფიქრა: „ოსტიაში
ხომალდი მელის“. მერე იმედიანად იკითხა: - მივდივართ?

ეპაფროდიტუსმა შეხედა, ოღონდ ამჯერად თქმით აღარაფერი უთქვამს, უხმოდ


შეტრიალდა, კედელში დატანებული სამალავიდან, რომელიც ნერონს არ შეუმჩნევია,
ხანჯალი გამოაძრო, შემოტრიალდა, წამოვიდა, ხანჯალი მაგიდაზე დადო და ისევ
ისე უსიტყვოდ შეხედა ნერონს. ნერონი მიხვდა, რომ ყველა იმედი მკვდარი ყოფილა,
და ეპაფროდიტუსის მშვიდი, უშფოთველი სახის დანახვაზე უცებ გაიფიქრა: „რატომ
ეს კი არ მოვკალი? თითქმის ყველანი დავხოცე. დორითერუსიც კი არ დავინდე,
მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ვემართლებოდი, მარტო ეს დავტოვე. რისთვის?..“
დაიძაბა და შეეცადა გაეხსენებინა, მაგრამ გაფანტული გონება, რომელშიაც რაღაც
ყრუ, გაუგებარი გუგუნი იდგა, არ ემორჩილებოდა და იძულებული შეიქნა ამ
უიმედო მცდელობისთვის თავი მიენებებინა. „ალბათ, ამ დღისთვის. ალბათ,
ღმერთებმა შემომანახვინეს...“ მერე ეპაფროდიტუსს თვალი აარიდა, ნელი ნაბიჯით
მიუახლოვდა მაგიდას, ქვის უზურგო სკამზე ჩამოჯდა, ხანჯალი აიღო, ერთხანს
უაზროდ ათვალიერა, წვერიც მოუსინჯა და ისევ მაგიდაზე დადო. „ხომალდი არ
მელის, ყველაფერი დამთავრებულია...“ - ნაღვლიანად გაიფიქრა. მერე უცებ ფაონს
მიუბრუნდა: - ერთი ჯამი ღვინო დამალევინე, ფაონ. ღვინო თუ არა გაქვს, წყალი
მაინც დამალევინე.

ფაონმა კედელში დატნეული განჯინიდან ვერცხლის მოზრდილი სურა და


ვერცხლის თასი გამოიღო, თასი ღვინით აავსო და მოწიწებით გაუწოდა. ნერონმა
ჩამოართვა, ნელ-ნელა დალია, სვენებ-სვენებით და, რომ დაცალა, ჰკითხა: -
ვეზუვისაა?

- ვეზუვის გახლავს, უფალო, სულ მარცვალ-მარცვალ მაქვს გადარჩეული.

ლამფის შუქი, ხანჯლის მოელვარე პირიდან ცერად ასხლეტილი, პირდაპირ


ნერონის თვალებში იმსხვრეოდა, რის გამოც ხანჯალიცა და მთელი მაგიდაც
სხივების ნაზად მოცახცახე, სქელ, ნახევრადგამჭვირვალე ბურუსში იყო გახვეული
და ნერონს წამით მოეჩვენა, თითქოს ეს ხანჯალიც, ეს მაგიდაც, ეს პირქუში, ბინდში
ჩაფლული ქვის სარდაფიც, მთელი ეს კოშმარული ღამე, სინამდვილეში კი არ
არსებობდა, არამედ მხოლოდ მის წარმოსახვაში, მის საუკეთესო ლექსში, რომლის
შეთხზვაზეც მთელი სიცოცხლე ოცნებობდა და, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა,
შეთხზა, და სულ მალე, ამ ღვთაებრივად ტრაგიკულ ლექსს რომ კითარაზე
ბოლომდე დაამღერებდა, ეს შემაძრწუნებელი და ამაღლებული ხილვაც გაქრებოდა,
ეს საშინელი და უწმინდესი ღამეც გათენდეოდა და იმპერატორი ოქროს სასახლის
დიდ და ნათელ დარბაზში აღმოჩნდებოდა, მოღიმარე, ბედნიერი, აღტაცებული
მსმენელებით გარშემორტყმული.

მეორე წამს, როდესაც ამ დიადი ხილვით გამოწვეულმა ცრუ ნეტარებამ მთელი


სხეული გაიარა, ფეხისგულებიდან გავიდა და თავის გზაზე სასოწარკვეთის
სიცარიელე დატოვა, რომელმაც შუბლზე ოფლის ყინულოვან წვეთებად გამოჟონა,
ნერონმა აკანკალებული ხელი გაიწოდა და ხანჯალს ოდნავ შეუცვალა ადგილი.

ფაონი კვლავაც დაწურავს ვეზუვის ღვინოს. დინჯად გადაარჩევს მარცვლებს და


ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ ცოცხალია, ვინაიდან სიცოცხლე მისთვის
იმდენად ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ იქნება, აზრადაც არ მოუვა ბედნიერებად
ჩათვალოს.

ყველანი დარჩებიან... მთელი იმპერია დარჩება... მხოლოდ ნერონი წავა. ოქროს


სასახლეც დარჩება. მაშ, რაღად უნდოდა? რისთვის ააგო? რატომ იწვალა?..
ამაოება... ამოდენა ქვეყანაზე იმპერატორს ერთი პატარა თავშესაფარი აღარ დარჩა,
სადაც შეიძლებოდა თავის იმპერიას დამალვოდა... ამაოება... რად გინდა იმპერია,
თუ შენ მოკვდები და ის კი დარჩება! რამოდენა ნუგეში იქნებოდა, ყველაფერი რომ
ჩვენთან ერთად იღუპებოდეს!.. „ეგებ მცდიან ღმერთები, - გაიფიქრა და შეეცადა,
სასოწარკვეთიდან უკანასკნელი იმედი გამოეწურა, - ეგებ ბოლო წამს უცხო
სასწაული მოავლინონ და ჩემი მომაკვდავი მზე ახალი ბრწყინვალებით აინთოს!
ადამიანებმა თუ არ იციან, ღმერთებმა ხომ იციან, რაცა ვარ! ამხელა ხელოვანს ისე
როგორ გამიმეტებენ, საუკეთესო ლექსები შეუთხზავი დამრჩეს!..“
- ეპაფროდიტუს, - თქვა მცირე დუმილის შემდეგ, - დარწმუნებული ხარ, რომ
გაქცევას ვერ შევძლებთ? ნუთუ ყველა გზა მოჭრილი გვაქვს?

- ყველა გზა მოჭრილი გვაქვს, ჩემო ბატონო, - მშვიდად და, როგორც ნერონს
მოეჩვენა, ცოტა მშრალადაც მიუგო ეპაფროდიტუსმა, - ერთი გზის გარდა.

„პირველ რიგში ეს უნდა მომეკლა“, - გაიფიქრა ნერონმა. მერე მსუბუქად ამოიოხრა


და სინანულით ჩაილაპარაკა: - რამხელა ხელოვანი ვიღუპები!..

ამის შემდეგ ერთხანს ჩუმად იჯდა. მერე ისევ აიღო ხანჯალი, აუჩქარებლად,
დაკვირვებით მოუსინჯა წვერი და უცებ წყრომით თქვა: - ამ ხანჯალს ალესვა აკლია!
ერთიანად დამძიძგნის!

ეპაფროდიტუსმა ფაონს ანიშნა. ფაონმა ხანჯალი აიღო, სარდაფის შორეულ კუთხეში


წაიღო, ჩაცუცქდა და ლესვა დაუწყო. ნერონს გაახსენდა, ცოტა ხნის წინ რომ
ლოგინში დანების ლესვის ხმა ესმოდა. მაგრამ ის ხმა ამ ხმას არ ჰგავდა. ეს ხმა ისეთი
იყო, თითქოს ქვაზე კი არა, მის ძვლებზე ლესავდნენ, და გააჟრჟოლა. მერე უცებ
ლესვის ხმას რაღაც სხვა ხმა შეერია. ნერონმა გაკვირვებით ასწია თავი. სპორუსი
ტიროდა.

ეპაფროდიტუსი სპორუსს მიუბრუნდა და მის მშვიდ ხმაში ამჯერად წყრომა


გამოერია: - გაჩუმდი!

- ნუ დაუშლი, ეპაფროდიტუს, - წყნარად და ნაღვლიანად უთხრა ნერონმა, -


იტიროს. იტირე, ჩემო ბიჭუნა. შენი ცრემლი წმინდა ნაკადულივით გამიძღვება წინ
და მტვრიან გზას დამინამავს... რამხელა ხელოვანი ვიღუპები!... ეს შეშა ჩემთვისაა,
ეპაფროდიტუს?

- დიახ, ჩემო ბატონო.

ფაონმა ხანჯალი მოიტანა და, როგორც ძვირფასი ძღვენი, მოწიწებით დაუდო წინ.
ნერონმა აიღო, კვლავ გაუსინჯა სიმჭრელე, მერე ორივე ხელი ვადაში ჩაავლო და
წვერი ყელში მიიბჯინა. ცოტა ხანს იყო ასე და ხანჯალი ისევ მაგიდაზე დადო.

- ძნელია, ეპაფროდიტუს, - თქვა ნაღვლიანად და ცოტა ჭირვეულად, - მე ხომ ამ


საქმეში გამოცდილება არა მაქვს!

- დრო აღარ ითმენს, - მშვიდად მიუგო ეპაფროდიტუსმა.

„სხვა მაინც მოკლავს, ადრე იქნება თუ გვიან“, - გაიფიქრა ნერონმა და თქვა: - რა


გვეჩქარება?..

- საცაა მოგვაგნებენ, - ისევ ისე მშვიდად მიუგო ეპაფროდიტუსმა, - ცოცხლად თუ


ჩაგიგდეს ხელში, ბრბოს წინაშე გაგიყვანენ და წინაპართა კანონით სამარცხვინო
წამებით ამოგხდიან სულს.
„ნუთუ ჩვენი წინაპრებიც ჩვენსავით გულბოღმიანები და დაუნდობლები იყვნენ?!“ -
გაიფიქრა ნერონმა და უცებ ყელში ბრაზი მოაწვა. ბრაზი უილაღო იყო, უსასოო,
უღონო, მაგრამ მაინც ყველგან შეაღწია, საცა ჯერ კიდევ ედგა გამწარებული
სიცოცხლე. რას ერჩით, უკვდავებო, საწყალ კაცს? რატომ დაუდგინეთ, რომ ადრე
თუ გვიან ყველაფერი უნდა მოეკითხოს და ყველაფერი უნდა გადახდეს?! როგორ
აუფერულებს ჩვენს ნამოქმედართა სიდიადეს შურისძიების ეს მუდმივი შიში!
რატომ უნდა მოგვეკითხოს? რატომ უნდა მოგვეზღოს? რატომ უნდა გადაგვხდეს?
რატომ გვადებთ ბორკილებს და რატომ არ გვაძლევთ გასაქანს, უკვდავებო? გშურთ
ადამიანის თავისუფლება? თუ გეშინიათ ადამიანის თავისუფლების?..

უეცრად გარედან ყრუ, გაურკვეველი ხმაური მოისმა. ნერონი შეკრთა, ყური


მიუგდო, მერე ეპაფროდიტუსს შეხედა.

- რა არის ეს, ეპაფროდიტუს?

- მოვიდნენ, ჩემო ბატონო, - ეპაფროდიტუსის ხმაში ლაგამამოდებულმა


მოუთმენლობამ გამოჟონა, - უნდა აჩქარდე...

სპორუსი ტიროდა. ნერონი მიხვდა, რომ ახლა კი ჟამმა დაჰკრა. თუ არ გინდა,


წამებითა და სამარცხვინო სიკვდილით მოკვდე... ხანჯალი აიღო და ორივე ხელით
ჩაბღუჯა. „ალბათ, დედაჩემმა აგრიპინამაც გამოსცადა ეს ძრწოლა, ქვეყნიერების
მთელ სიმწარეს რომ შენს პატარა, აკანკალებულ გულში მოუყრია თავი და ისე აწვება
თხელ, სუსტ, მთრთოლვარე კედლებს, საცაა გაგლეჯს და ნაფლეთებად აქცევს...
რამდენი მშვენიერი ლექსი მრჩება შეუთხზველი!..“

ხანჯლის წვერი ყელში მიიბჯინა, მაგრამ გამოფიტულ სხეულში ძალა ვეღარ იპოვა
და ეპაფროდიტუსს მიუბრუნდა: - მომეხმარე, ეპაფროდიტუს...

ეპაფროდიტუსი მშვიდად მიუახლოვდა, ოდნავ დაიხარა და, რაკი ხანჯლის ვადაზე


ადგილი აღარ იყო დარჩენილი, თავისი ხელები ნერონის ხელებს შემოაჭდო.
ეპაფროდიტუსს ხელისგულები ტენიანი ჰქონდა და ნერონს გულში უსიამოვნო
გრძნობამ გაჰკრა. მერე, იმ ერთი თვალის დახამხამებაში, ჯერ კიდევ რომ ჰქონდა
დარჩენილი, სახეში შეხედა და მოეჩვენა, თითქოს იქ კმაყოფილების შეუმჩნეველმა
ჩრდილმა გადაირბინა. ამის გამო გულზე მწარედ უკბინა რაღაცამ, დააპირა კიდეც
ებრძანებინა, შეწყვიტეო, მაგრამ ვეღარ მოასწრო. უკანასკნელი, რაც იგრძნო, ის იყო,
რომ, როდესაც ცეცხლოვანი ტკივილის პასუხად თავისდაუნებურად
სასოწარკვეთილი ხრიალით ამოიძახა „ააა!...“, ამ „ა“-ს წინ რაღაც უცხო ბგერა
უძღოდა, რაღაც სამარცხვინო, გაურანდავი, ბარბაროსული ბგერა, რომელიც
ტკბილხმოვან ლათინურ ენაში არ არსებობდა.

დასასრული
(ღმერთების ქორო და იუპიტერი უსიტყვოდ) ქორო - ო, დროის ტეხილო ხაზო -
განფენილობის გეომეტრიულო ჭრილობავ! ო, მრავალკუთხედის გვერდებო -
უსასრულობის ტუსაღებო ჟამიერების საპატიმროში! ო, მიჯნის ღვთაებრივო
ჟრუანტელო! ო, ფეხმძიმე მოლოდინო!.. ძრწოდე, სამყაროვ! ძრწოდეთ, მოკვდავნო!
ძრწოდეთ, საგნებო, სულიერნო და უსულნო! ბედი იწერება! განაჩენი ახლოვდება!
იუპიტერი ფიქრობს!

(იუპიტერი ფიქრობს)

You might also like