70815 ევრიპიდე მედეა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ევრიპიდე

მედეა
ძვ.წ. 431 წ.

ტრაგედიის მოკლე შინაარსი


წაკითხვის დრო: 10-15 წთ.

მოქმედება ხდება კორინთოში.

პროლოგი: ძიძის სიტყვებიდან ვიგებთ, რომ მედეას თავს დიდი უბედურება


ტრიალებს, იასონმა განიზრახა მისი ღალატი და ქალაქის მეფის, კრეონის ასულის
შერთვა. მედეას რისხვა და წუხილი უზომოა. შემოდის აღმზრდელი, რომელსაც
მოაქვს ახალი, ამაფორიაქებელი ცნობა. კრეონს უბრძანებია, რომ მედეამ თავისი
შვილებითურთ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს კორინთო. სცენის მიღმა გაისმის
მედეას მოთქმა. განრისხებული მედეა წყევლის შვილებს და მათ მამას. ძიძა და
აღმზრდელი შიშობენ, ეს რისხვა არ გადაიზარდოს სასტიკ შურისძიებაში.

პაროდოსში კორინთოელ ქალთა გუნდი მღერის თანაგრძნობით აღსავსე სიმღერას


მარტოდ დარჩენილ ქალბატონზე.

ეპისოდიონი პირველი: გამოდის თავისი უბედურებით შეძრული მედეა. იასონის


ღალატი აუტანელია მისთვის. მისთვის ხომ ქმარი აქ უცხოობაში ყველაფერი იყო.
ღალატით მიყენებულ ტკივილს ემატება სიმარტოვის მწველი განცდა:

მოულოდნელად თავზე დამტყდარმა ამ ამბავმა


სული შემიძრა და დავკარგე ცხოვრების აზრი.
სიკვდილსღა ვნატრობ, ძვირფასებო, ახლა მე მხოლოდ.
იგი ხომ ჩემთვის იყო მთელი ბედნიერება,
ჩემი მეუღლე, ვინაც ურცხვად გატეხა ფიცი.
ყველა მათ შორის, ვინც კი სუნთქავს და ვინც აზროვნებს,
გამოვირჩევით უბედურებით ჩვენ, ქალები.
ჯერ ხომ არის და ქმარი უნდა ვიყიდოთ ერთობ
დიდ ფასად, მერე ვიქციოთ განმგებელად ჩვენი
სხეულის. ეს კი უფრო მეტი სატკივარია.
მთავარია კი, ვის გავყევით, ცუდსა თუ კარგ კაცს?
რადგან ქალისთვის გაშორება სასირცხვილოა.
ხოლო მერე ქმრის დაწუნება შეუძლებელი.
თუ ქალი თავს რგავს ახალ ზნესა და კანონებში,
რომლებზეც სახლში არაფერი უსწავლებიათ,
ჰმართებს მისნობა ასარჩევად თანამეცხედრის.

და თუმცა ყველა ქალის ხვედრი მძიმეა, მედეას მდგომარეობა კორინთოელ ქალების


მდგომარეობაზე ბევრად უფრო ძნელია. ის ასე მიმართავს გუნდს:
შენი და ჩემი ვითარება განა ერთია,
აქაა შენი ქალაქი და წინაპრის სახლი,
ამ ცხოვრების სიამენი და მეგობართა წრე,
მე კი სულ მარტომ, დარჩენილმა უსამშობლოოდ,
მოტაცებულმა ბარბაროსთ მხრიდან, ზვიადობა
უნდა ვითმინო. არც დედა, არც ძმა, არც მოკეთე
არ შემიფარებს ამ ავდრისას ნავსაყუდელში.

მედეა გუნდს სთხოვს, არ შეუშალოს ხელი შურისგების გეგმების განხორციელებაში.


იგი ამის მოტივაციას ქალის ბუნების თავისებურებით ახდენს:

ქალი მხდალია სხვა რამეებში, თუნდაც მაშინ,


როდესაც ხედავს ბრძოლას ანდა მსახვრალ მახვილს,
მაგრამ, თუ ვინმე საქორწინო სარეცელს ხელყოფს,
არ არის სული მასზე უფრო სისხლისმოსურნე.

შემოდის კრეონი. იგი გადასცემს მედეას ბრძანებას შვილებითურთ დაუყოვნებლივ


დატოვოს ქალაქი. მეფე არ მალავს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს: მას ეშინია
მედეასი. ერთსღა ახერხებს სასოწარკვეთილი ქალი – გამოსთხოვოს კრეონს ერთი
დღე მოსამზადებლად. მეფე თანხმდება, თუმცა გრძნობს, რომ მისი ლმობიერება
შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. მედეა ზეიმობს ამ თითქოსდა უმნიშვნელო
დათმობას. მის თავში თანდათან მწიფდება შურისგების სხვადასხვა ვარიანტები,
რომელთაგანაც იგი უპირატესობას საწამლავს ანიჭებს. მაგრამ ვინ შეიფარებს მედეას
და მის შვილებს? და თუმცა ჯერ მის თავში ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, თუ
როგორ გამოიყენებს იგი ამ ერთ დღეს, ერთი ნათელია – ის არავის მისცემს
მიტოვებული ქალის დაცინვის საშუალებას. ის საკუთარ თავს აგულიანებს და
მოუწოდებს მოქმედებისკენ.

თუ ბუნებამ ჩვენ, ქალები, იმგვარად შეგვქმნა, რომ სიკეთის ქმნის არ მოგვცა ნიჭი,
სამაგიეროდ სიავეში არ გვყავს ბადალი.

პირველ სტასიმონში გუნდი თანაგრძნობას უცხადებს სამშობლოდან გადახვეწილ


მედეას.

მეორე ეპისოდიონი: შემოდის იასონი. ის მშვენივრად გრძნობს, რა ძნელია


გამეხებულ მედეასთან ლაპარაკი; ამიტომ გაღმა შედავების გზას ადგება და ცოლს
საყვედურობს რისხვაში თავაშვებულობას. თან მოვალეობას იმით იხდის, რომ
მედეას ფულს სთავაზობს დევნილობაში თავის გასატანად და შვილების სარჩენად.
მედეა იასონს ეუბნება ყოველივეს, რასაც მასზე ფიქრობს. ის ქმარს ბრალს სდებს, რომ
მან დაივიწყა მედეას მიერ მისთვის გაკეთებული ყველა სიკეთე და ფიცი გატეხა.
მედეა ზევსს შესჩივის, რატომ მიეცი კაცს ყალბი ოქროს გამოცნობის უნარი, ფლიდს
კი შუბლზე არ ამოუშანთე ნიშანი მისი სიმუხთლისა და ვერაგობისაო. გუნდის
კორიფევსი შეშფოთებულია, რადგან კარგად იცის, რა საშიშია ის რისხვა, რომელიც
„მოყვასს მოყვასთან წაჰკიდებს შუღლით“.

იასონი თითქოს მზად იყო ამ შემოტევისთვის. იგი მთელი ორატორული ხელოვნების


მოხმობით ცდილობს გააბათილოს მედეას ბრალდებები. თუ რაიმე გაუკეთა მედეამ
იასონს, ეს, უპირველეს ყოვლისა, აფროდიტეს დამსახურებაა, რომელმაც სიყვარული
აღუძრა ქალს გულში. განა ამით წააგო რამე მედეამ? ის ბარბაროსთა ქვეყნიდან
ცივილიზებულ ელადაში აღმოჩნდა, ამით გაითქვა სახელი მთელ ქვეყანაზე. და განა
იასონი ისევ და ისევ თავისი ცოლ-შვილის სიკეთისთვის არ ფიქრობს, როდესაც
მეფის ასულს ირთავს ცოლად? თუკი იასონს ექნება სიმდიდრე და ძალაუფლება, ეს
მის შვილებსაც გაუხსნის გზას ცხოვრებაში. მშობლებისთვის კი შვილების სიკეთეზე
უფრო მეტი ბედნიერება რა არის? მისი მსჯელობიდან ბუნებრივი ჩანს დასკვნა:
მედეას უნდა უხაროდეს, რომ იასონი მას ტოვებს და სხვა ქალს ირთავს. იგი თვლის,
რომ მედეას მთელი რისხვა იმით არის განპირობებული, რომ მას ვიღაც შეეცილა
სარეცელში. ქალებისთვის ხომ ეს არის რისხვის უმთავრესი წყარო. რა კარგი
იქნებოდა, რომ კაცებს შვილების გასაჩენად აე სჭირდებოდეთ ქალები, რამდენ
უბედურებას აგვაშორებდა ეს. მედეა არ იღებს იასონისაგან არავითარ დახმარებას.
იასონი ტოვებს გაშმაგებულ ცოლს.

პირველ სტასიმონში გუნდი მღერის:

როცა უწყალოდ შმაგობს ეროსი,


ვეღარც დიდებას და ვეღარც სახელს
ვეღარ მოიხვეჭს კაცი
ტრფობით გახელებული.

გუნდი თანაუგრძნობს მედეას უსამშობლოობისა და უთვისტომობის გამო და გმობს


იასონის ორგულობას.

მეორე ეპისოდიონი: შემოდის ეგევსი, ათენის მეფე. იგი დელფოდან ბრუნდება,


სადაც აპოლონს სამისნოს სწვევია თავისი უშვილობის მიზეზის დასადგენად.
მედეასგან ეგევსი იგებს იასონის ღალატისა და მისი განდევნის ამბავს. ეგევსი
აღშფოთებულია იასონის არაკაცური საქციელით. ქალი სთხოვს მეფეს, შეიკედლოს
ლტოლვილები, სამაგიეროდ, იგი ასწავლის შვილიანობის წამალს. მეფე ფიცს დებს,
რომ მედეას აუცილებლად შეიფარებს თავის ქალაქში:

ვფიცავ მიწას, მზის ნათელს და, მასთან ერთად, სხვა ღმერთებსაც,


რომ ჩემს აღთქმას არ ვუღალატებ.

მედეა ზეიმობს. თვით ღმერთმა გამოუგზავნა მას ეგევსი. ახლა ქალს შეუძლია
შურისძიების გეგმა განახორციელოს. იგი ჩამოყალიბებულ სახეს იღებს. მედეას
უნდა, საერთოდ ამოძირკვოს იასონის მოდგმა. მის გეგმაში ჩნდება შვილების
დახოცვის მოტივი. მედეამ იცის, რომ ეს მას შვილების მკვლელის დაღს დაასვამს,
მაგრამ იგი არც ამის წინაშე შედრკება. მთავარია, დაღუპვა და ტკივილი მოუტანოს
მათ, ვისაც მისი სასაცილოდ გახდომა განიზრახავს:

ვერავინ მიწოდებს სუსტს და უმწეოს, რადგანაც სულ სხვანაირია ბუნება ჩემი. მტრისთვის –
სასტიკი, მოყვრისთვის კი – კეთილმოწყალი. ესაა წესი ამაყი სულის.

მედეა ძიძას ავალებს იასონის მოყვანას. იგი ბრმა იარაღად უნდა გამოიყენოს თავისი
გეგმების განხორციელებაში.

მესამე სტასიმონი: გუნდი ევედრება მედეას, შვილების სისხლი არ დაღვაროს და


იმედს გამოთქვამს, რომ ამ საზარელი დანაშაულის ჩადენას ვერ შეძლებს კოლხეთის
მეფის ასული:

რა გული მოგცემს,
ანდა მკლავი სად პოვებს ძალას,
რომ სასიკვდილოდ გაიმეტო შენი შვილები?
როცა ჩახედავ იმათ უმანკო თვალებს,
ო, ნუთუ მდუღარე ცრემლი
ხელშივე არ შეგაყინავს
სასიკვდილოდ შემართულ მახვილს?!
არა, ვერ შესძლებ, ვერ გასწირავ,
როს მუხლმოყრილნი
შემოგტირებენ, შეგვიბრალეო.

მეოთხე ეპისოდიონი: შემოდის იასონი. მას ხვდება სრულიად სახეცვლილი მედეა,


რომელიც აღიარებს, რომ რისხვას აჰყვა, საღი განსჯის შემდეგ კი მიხვდა, რომ
ცდებოდა. იასონს მართლაც სიკეთე უნდა შვილებისთვის. მედეა დაუყოვნებლივ
აპირებს ქალაქის დატოვებას. მას სურს მხოლოდ, რომ შვილები იასონმა დაიტოვოს.
აიეტის ასულს უნდა, ამის შესახებ იასონმა თავად სთხოვოს თავის ახალ ცოლს.
კრეონის ასულის გული რომ მოიგოს, მედეა მზადაა, საჩუქრები გაუგზავნოს
ბავშვების ხელით: პეპლოსი და ოქროს გვირგვინი. იასონი თანხმდება, თუმცა
საჩუქრების გაგზავნა ზედმეტად მიაჩნია, მაგრამ მედეა ამ სიტყვებით არწმუნებს
იასონს:

ძღვენი ღმერთებსაც არ აწყენთო, გამიგონია;


მოკვდავთ კი, მით უმეტეს, ერთი ოქრო მეტად უღირთ ათას სიტყვაზე.

და იასონი შვილებთან ერთად, რომელთაც მიაქვთ საჩუქარი კრეონის ასულისთვის,


გზას გაუყვება.

მეოთხე სტასიმონი: გუნდი მღერის, რომ ბავშვების გადარჩენის იმედი განქარდა.


გუნდი წინასწარ დასტირის მედეას:

ახლა კი ცხარე ცრემლით დავტირი


შენს ხვედრს, დედავ, შვილების მკვლელო!
შენს შეგინებულ სარეცელსა და მუხანათი
ქმრის შავბნელ ღალატს
მსხვერპლად რომ სწირავ შენსავ ნაშიერთ.

მეხუთე ეპისოდიონი: ბრუნდება აღმზრდელი და მოჰყავს ბავშვები. იგი მოუთხრობს


თავის ქალბატონს, რა კარგად მიიღო კრეონის ასულმა ბავშვები, როგორ სწრაფად
დათანხმდა იასონის მომავალი მეუღლე მათ კორინთოში დატოვებას. მედეას ღელვა
ეტყობა. იგი ისტუმრებს აღმზრდელს. მისი მონოლოგი არის ჭიდილი შვილების
მოყვარულ დედასა და დაუნდობელ შურისმაძიებელს შორის. განუწყვეტლივ
იცვლება მედეას განწყობილებები: დედის სინაზე და მკვლელის სისასტიკე
გრძნობათა კონტრასტულობას ამძაფრებს. ბოლოს და ბოლოს, მასში მაინც რისხვა
იმარჯვებს:

ვაიმე გულო! ნუთუ მე უნდა ჩავაქრო თქვენი სხივოსანი თვალები? ჩემივე ხელით წავშალო
თქვენი ღიმილი? არა, ამას ვერ ვიზამ, დებო! ორივეს თან წავივან, შორს გავიტაცებ. რად მინდა
მამის ტანჯვა ჩემი შვილების სიკვდილისა და ჩემივე უბედურების ფასად ვიყიდო? შორს
ჩემგან სისხლი, შორს შავი ზრახვა!.. მაგრამ რას ვამბობ? მაშ მტერი ვაცინო ჩემზე? დაუსჯელად
დავტოვო იგი? უნდა გავბედო! ოჰ, შე ჯაბანო ჩემო თავო, მხდალო, ლაჩარო, წყეულო მონავ
ლმობიერების! [...] შენ კი არ შედრკე, უბედურო, სიმტკიცე გმართებს! [...] მორჩა, ყველა გზა
მოჭრილია!

მედეას გადაწყვეტილებას განამტკიცებს მაცნის უწყება. შემოსული მაცნე თავის


თხრობას იწყებს სიტყვებით:

ო, საზარელი საქმის მქნელო, ჩქარა გაიქეც! ხომალდით, ეტლით, რითაც გინდა, მხოლოდ
ჩქარა გაიქეც-მეთქი!

ამის შემდეგ იგი უყვება მედეას, თუ როგორ სიამოვნებით მიიღო კრეონის ასულმა
ძღვენი. მან ბავშვების წამოსვლისთანავე სარკესთან მოირგო საჩუქრები და ერთობ
კმაყოფილიც იყო, მაგრამ მალე შხამით გაჟღენტილმა პეპლოსმა და გვირგვინმა
დაიწყეს მოქმედება. ისინი უმოწყალოდ წვავდნენ ქალს, რომელიც ვერაფრით
იშორებდა მათ ტანიდან. ბოლოს ის უსულოდ დაეცა. შეძრწუნებული მამა დაეკონა
შვილის ცხედარს, მაგრამ ვეღარ შეძლო წამოწევა. შხამმა ისიც დაიკრო და სული
მასაც განატევებინა. ახლა მედეას კრეონის ახლობელთა სასტიკი შურისძიება ელის.
ამ ცნობამ აიეტის ასულს მხოლოდ კმაყოფილება მოუტანა. წინ ყველაზე ძნელი აქტია
აღსასრულებელი: შვილების მოკვლა. მედეა გადის.

მეხუთე სტასიმონი: გუნდის აღშფოთებული კორიფევსი ამაოდ მოუხმობს ღმერთებს.


გუნდი კარის შელეწვასაც კი აპირებს, შვილები რომ გამოგლიჯოს მრისხანებისგან
გონდაკარგულ დედას. სცენის მიღმიდან მოისმის ბავშვების განწირული ძახილი,
მაგრამ ისინი დედის შურისძიებას თავს ვერ აღწევენ. გუნდი დედის მიერ შვილების
მოკვლის პრეცედენტს იხსენებს:

ეს იყო ინო, ჰერას რისხვით დევნილი,


უღვთოდ ნაწამები, ცნობამიხდილი...
მერე კი მაღალი კლდიდან
ზღვის უფსკრულში გადაეშვა
შვილების მკვლელი
და ტალღებმა ჩაიხვიეს
სისხლიანი მისი სხეული...

ექსოდოსი: შემოდის იასონი. იგი ეძებს ბოროტმოქმედ მედეას. წუხს შვილების


მომავალ ბედზე, მათზე ხომ შეიძლება კორინთოელებმა იძიონ შური, მაგრამ აქ მას
ახვედრებენ უფრო შემზარავ ამბავს: მას შვილები აღარ ჰყავს. მთლად გატეხილ
იასონს ერთი სურვილიღა დარჩა – გაიღოს კარი და თავად იხილოს დახოცილი
შვილები.

ჩნდება ჰელიოსის გველეშაპშებმული ეტლი. მასზე დგას მედეა. იქვეა მისი შვილების
ცხედრები. მედეა საოცრად მშვიდია, თითქოს მთლიანად მოშორებულია ამქვეყნიურ
ვნებათაღელვას. იასონი მას სთხოვს, ბავშვები მისცეს, რომ დაკრძალოს, მაგრამ მედეა
თავად აპირებს შვილების ქალღმერთის წმინდა ჭალაში დაკრძალვას, სადაც მათ
საფლავს ვერავინ ხელყოფს. იასონს იგი იმის უფლებასაც არ აძლევს, რომ
უკანასკნელად შეეხოს თავის შვილებს. იასონის ბოლო სიტყვები სულ ცოტა ხნის წინ
საკუთარ თავში ესოდენ დარწმუნებული გმირის სრულ სასოწარკვეთილებასა და
მედეას წინაშე უძლურებას გადმოსცემს:

ხომ ხედავ, ზევსო, როგორ გამწირა ამ ძუ ლომმა, შვილების წყეულმა მკვლელმა?! აწ რაღა
დამრჩა?! გულმდუღარე შემოგტირით, ზესკნელის მკვიდრნო! თქვენა ხართ მოწმე, შვილებს
ახლო არ გამაკარა, რომ ცხარე ცრემლით დამეტირა საბრალონი. ნეტა არასდროს ჩამესახა და
არც ამ დღეს მოვსწრებოდი!

გუნდი მღერის საბოლოო სიმღერას:

კაცთა ბედ-იღბალს ოლიმპოზე წყვეტს მხოლოდ ზევსი,


ბედისწერა კი განაგებს ყოველს,
რასაც მოველით, არ მოხდება, მოულოდნელს კი
ხშირად ღვთის რისხვად თავს დაგვატეხს განგების ნება,
ასეთია მოკვდავთა ხვედრი.

You might also like