ნებისყოფა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1

XI კვირა
10. ნებისყოფა
ადამიანი არამარტო ასახავს სინამდვილეს, არამედ მის მიმართ აქტივობასაც იჩენს, მოქმედებს მასზე,
გარდაქმნის მას. გარე სინამდვილის ასახვაც ხდება მოქმედების პროცესში.
აქტივობა წარმოადგენს ყოველი ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელ თვისებას.ცხოველიც
ამჟღავნებს აქტივობის გარკვეულ ფორმებს: ეგუება გარემოს, მოძრაობს, შოულობს საკვებს, ებრძვის სხვა
ცხოველებს და ა. შ.
ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანს ახასიათებს აქტივობის ისეთი სპეციფიკური ფორმებიც,
რომლებიც მიუწვდომელია ცხოველებისთვის და რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის ცხოველისაგან
განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად თვისებას. აქტივობის ასეთ ფორმას პირველ რიგში წარმოადგენს
ნებისმიერი მოქმედება. ნებისმიერი მოქმედების უნარი ანუ ნებისყოფა წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ
განსაკუთრებით დამახასიათებელ ნიშან-თვისებას.
ცხოველს, ისევე როგორც პატარა ბავშვს, გააჩნია მხოლოდ უნებლიე, იმპულსური მოქმედების
უნარი. გაჩნდება თუ არა მოქმედების იმპულსი, იგი უშუალოდ გადადის მოქმედებაში ადამიანის მიერ
ყოველგვარი ცნობიერი კონტროლის, მისი შეფასების, მასზე მსჯელობის გარეშე. ადამიანი ამ დროს არ
ფიქრობს ამ მოქმედების მიზანშეწონილებაზე. მოქმედების შინაგანი ბიძგი - იმპულსი - უშუალოდ გადადის
მოქმედებაში. ამ თვალსაზრისით, იმპულსური ქცევა უშიუალო ქცევაა. იმპულსსა და მოქმედებას შორის არ
არის ცნობიერი შემფასებელი, ”შუამავალი”. მოქმედების შესრულება არ საჭიროებს არავითარ განზრახვას ან
მოქმედების მიზნის წინასწარ დასახვას სუბიექტის მიერ.
სულ სხვა ბუნებისაა ნებისმიერი მოქმედება, იგი ატარებს მიზანდასახულ ხასიათს. ნებისმიერი
მოქმედება - ესაა გაცნობიერებელი, განზრახული მოქმედება. ადამიანი წინასწარ ისახავს მოქმედების
მიზანს, აწონ-დაწონის შესაძლო მოქმედებებს, შეაფასებს მათ ღირებულებას მისი მიზნებისათვის, ამ
შეფასების საფუძველზე გადაწყვეტს გარკვეული მოქმედების შესრულებას და იმოქმედებს გამოტანილი
გადაწყვეტილების მიხედვით. ამრიგად, ნებისმიერი მოქმედება გაშუალებულია სუბიექტის მსჯელობით,
შეფასებით, გადაწყვეტილების გამოტანით. იგი წარმოადგენს ობიექტივაციის პლანში მიმდინარე
მოქმედებას.
რადგანაც ნებისმიერი მოქმედება განისაზღვრება არა უშუალოდ მოქმედების იმპულსით, არამედ
ატარებს ცნობიერად შერჩეული მოქმედების ხასიათს, ამდენად ეს მოქმედება წარმოადგენს პიროვნების, ”მე-
ს” ცნობიერად წარმართვის პროცესს. ნებისყოფის აქტი სუბიექტის მიერ რეგულირებული პროცესია. ამ
მოქმედებით ადამიანი, როგორც პიროვნება ავლენს თავის თავს.
ნებისმიერი მოქმედების შემთხვევაში მოქმედების იმპულსი უშუალოდ არ გადადის მოქმედებაში.
მომავალი მოქმედება სუბიექტის მსჯელობის საგნადაა გადაქცეული მანამ, სანამ დაიწყებოდეს მოქმედება.
მოქმედება დაიწყება მხოლოდ სუბიექტის ”სანქციის” შემდეგ, მისი განზრახვის თანახმად, მის მიერ
დასახული მიზნის მიმართულებით.
ნებისმიერ ქცევაში გაწყვეტილია ის უშუალო კავშირი იმპულსსა და მოქმედებას შორის, რომელიც
ასე დამახასიათებელია უნებლიე, იმპულსური ქცევისათვის: იმპულსი სუბიექტის კონტროლის გარეშე ვერ
2

გადადის მოქმედებაში, იმპულსსა და მოქმედებას შორის დგას პიროვნება, რომელიც მსჯელობს, აფასებს
შესაძლო მომავალ მოქმედებებს და ამ შეფასების შედეგად გამოტანილ გადაწყვეტილებას ასრულებს
მოქმედების სახით. მაგალითად, მწყურვალე ბავშვმა დაინახა თუ არა ჭიქაში წყალი, დაუფიქრებლად,
უშუალოდ დაავლო მას ხელი და დაეწაფა წყალს - ეს იმპულსური ქცევაა. როდესაც უდაბნოში მძიმე
გადასვლის დროს დაქანცულ და მწყურვალე ალექსანდრე მაკედონელს მუზარადით მიართვეს ძნელად
ნაშოვნი წყალი, მან ჯარის თვალწინ გადაღვარა ეს წყალი - ეს ნებისმიერი ქცევაა. ცხადია, რომ ამ
შემთხვევაში ალექსანდრე მაკედონელს ექნებოდა წყლის დალევის ძლიერი იმპულსი, მაგრამ იგი ამ
მოთხოვნილების საფუძველზე იმპულსურად კი არ მოიქცა, არამედ აწონ-დაწონა სიტუაცია და გადაწყვიტა,
რომ დაღლილ-დაქანცული ჯარის გასამხნევებლად უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სწორედ მის მიერ
შესრულებული ქცევა: მან დაანახა ჯარს, რომ მათი იმპერატორი უარს ამბობს თავის პრივილეგიაზე და
ჯართან ერთად იტანს ლაშქრობის ყველა სიძნელეს.
იმპულსურ და ნებისმიერ ქცევას შორის განსხვავება კარგად ჩანს ნებისყოფის დაავადების ზოგიერთ
ფორმაში. ერთ-ერთია აპრაქსია, როცა ავადმყოფს შეუძლია მხოლოდ იმპულსური მოქმედების შესრულება
ანუ ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც განსაზღვრულია სიტუაციით. იგივე მოქმედების
შესრულება მას არ შეუძლია, თუ არ არსებობს მისი შესრულების უშუალო მოთხოვნილება. აღსანიშნავია,
რომ თვითონ მოძრაობები ავადმყოფს არა აქვს, მაგრამ მას არ შეუძლია ნებისმიერი მოძრაობის შესრულება.
მაგალითად, აპრაქსიით დაავადებული ადვილად და ნორმალურად შეიკრავს პალტოს ღილებს, როდესაც
შესცივდება, მაგრამ როდესაც მას არ სცივა და არა აქვს ღილების შეკვრის მოთხოვნილება, მაშინ არ შეუძლია
ღილების შეკვრა, რამდენიც არ უნდა სთხოვოს ექიმმა. ერთი სიტყვით, ნებისმიერი მოქმედების უნარის
დაკარგვის გამო ადამიანი გადაიქცევა ამჟამად მოცემული სიტუაციის მონად, მას შეუძლია მხოლოდ
სიტუაციით განპირობებული იმპულსური მოქმედების შესრულება.
ნებისმიერი მოქმედების პერიოდები.
ნებისმიერი მოქმედება შეიცავს 3 პერიოდს:
1. სანამ ადამიანი განიზრახავს გარკვეული მოქმედების შესრულებას, ხდება შესაძლო მოქმედებათა აწონ-
დაწონა, მათი შეფასება. სუბიექტი მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეს, რა მოქმედებაა უფრო
მიზანშეწონილი, უფრო ღირებული მისთვის, ითვალისწინებს მოცემულ სიტუაციაში შესაძლო მოქმედებათა
უპირატესობებს და ნაკლოვანებებს. სუბიექტი მსჯელობს თითოეულ შესაძლებლობაზე - ითვალისწინებს
ყველა საბუთს თითოეული მათგანის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ორშაბათისათვის
შესასრულებელი სამუშაო შაბათს საღამოს შეასრულოს და კვირას თავისუფალი იყოს, თუ პირიქით შაბათს
დაისვენოს და კვირას იმუშაოს.
2. პირველი პერიოდი წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს მეორე პერიოდისათვის. იმისათვის, რომ
ადამიანმა იმოქმედოს, არაა საკმარისი მხოლოდ მოქმედების შეფასება, მან უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ
მოიქცეს. ეს მომენტი - გადაწყვეტილების გამოტანა - წარმოადგენს ნებისმიერი მოქმედების მეორე პერიოდს.
ნებისმიერი მოქმედების მეორე პერიოდი მზადდება წინა პერიოდში: გადაწყვეტილების გამოტანა ხდება
პირველ პერიოდში გათვალისწინებული არგუმენტების საფუძველზე სათანადო მოტივის ჩამოყალიბებით.
3

შესაძლებელია ადამიანმა კარგად შეაფასოს შესასრულებელი მოქმედებები, გაითვალისწინოს მათი


დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ვერ შეჩერდეს ვერც ერთ მოქმედებაზე, ვერ გადაწყვიტოს თუ
როგორ მოიქცეს. გადაწყვეტილების გამოტანა სპეციფიკური ფსიქიკური აქტია, განსაკუთრებული პროცესია,
რომელიც შეფასების მსჯელობაზე ვერ დაიყვანება. ამ პროცესის სპეციფიკურობა კარგად ჩანს ნებისყოფის
დაავადებიდან, რომელიც მდგომარეობს გადაწყვეტილების გამოტანის უნარის დარღვევაში, ნებისყოფის ამ
დაავადებას ეწოდება აბულია, რომლის დროს ადამიანი მოკლებულია გადაწყვეტილების გამოტანის უნარს.
3. ნებისმიერი მოქმედების მესამე პერიოდს წარმოადგენს გადაწყვეტილების შესრულება ანუ მოქმედების
განხორციელება. გადაწყვეტილების გამოტანით ნებისმიერი მოქმედება არ მთავრდება, გადაწყვეტილებას
უნდა შესრულება. ადამიანი ბევრ რამეს გადაწყვეტს, მაგრამ როცა ამ გადაწყვეტილებათა შესრულებისას
შეხვდება დაბრკოლება, გადაწყვეტილებას ვერ ასრულებს. ნებისყოფის სისუსტე ვლინდება არა მარტო
გადაწყვეტილების გამოტანის სიძნელეში, არამედ გადაწყვეტილების შესრულების უნარმოკლებულობაშიც.
სუსტი ნებისყოფის ადამიანი მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ ასრულებს.
პიროვნების ძირითადი ნებელობითი თვისებები.
ნებელობით ქცევაში ყალიბდება და ვლინდება პიროვნების შესაბამისი ნებელობითი ნიშნები.
ადამიანის ძირითადი ნებელობითი თვისებებია: მიზანმიმართულობა, დამოუკიდებლობა, სიმტკიცე,
შეუპოვრობა, თავშეკავება (თვითფლობა), დისციპლინირებულობა.
მიზანმიმართულობა - ესაა პიროვნების ნებელობითი თვისება, რომელიც გულისხმობს ადამიანის
მიერ თავისი მოქმედებების დაქვემდებარებას ძირითადი ცხოვრებისეული მიზანის მისაღწევად. ესაა
ადამიანის მთელი ძალების მობილიზება დასახული მიზნის განსახორციელებლად.
დამოუკიდებლობა - ესაა ნებელობითი თვისება, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ მიზნების
დასახვას საკუთარი ინიციატივით, დამოუკიდებლად და მისი მიღწევის გზების მონახვასა და მიღებული
გადაწყვეტილების პრაქტიკულ განხორციელებას. დამოუკიდებელი ადამიანი ორიენტირებულია საკუთარ
შეხედულებაზე, ცოდნაზე, თუმცა მხედველობაში იღებს სხვების რჩევებსაც.
სიმტკიცე - იგულისხმება ადამიანის უნარი, დროულად მიიღოს დასაბუთებული და მყარი
გადაწყვეტილებები და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე შეუდგეს მის განხორციელებას. გადაწყვეტილების
დროულად მიღება ნიშნავს მის მიღებას საჭირო მომენტში, როცა ამას მოითხოვს გარემოება. არამტკიცე
ადამიანები ძალიან ნაადრევად ან დაგვიანებით ღებულობენ საჭირო გადაწყვეტილებებს.
შეუპოვრობა - ესაა მიღებული გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანის და წინააღმდეგობის
გადალახვის უნარი. შეუპოვარი ადამიანი გამოირჩევა ენერგიის მობილიზებით, მას ვერ აშინებს სიძნელეები
და მტკიცედ მიიწევს დასახული მიზნისაკენ.
თავშეკავება (თვითფლობა) ეწოდება პიროვნების ნებელობით თვისებას, რომელიც ვლინდება
მიზნის მიღწევის პროცესში ფიზიკური და ფსიქიკური გამოვლინებების შეკავების უნარში. ამის
საწინააღმდეგო თვისებაა იმპულსურობა, რომელიც ვლინდება სწრაფი და დაუფიქრებელი პასუხის
მიცემაში.
დისციპლინირებულობა - არის პიროვნების უნარი, შეგნებულად დაუმორჩილოს საკუთარი ქცევა
საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს.

You might also like