Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ეკონომიკური ცოდნის მინიმუმი მენეჯერთა და ბიზნესმენთათვის

1. ეკონომიკური სისტემის ტიპები


როგორც სოციალური მეცნიერება ეკონომიკა შეისწავლის დოვლათის შექმნისა და გადანაწილების
გზებს. დოვლათში მოიაზრება „ნებისმიერი ფასეულობა“, მათ შორის, ბიზნესის მიერ წარმოებული
საქონელი და მომსახურება. დოვლათის გადანაწილების გზა უბრალოდ ნიშნავს, თუ „ვის რა ერგება“.
მარტივად რომ ითქვას, ცალკეულმა პირებმა, ბიზნესმა, მთავრობამ და საზოგადოებამ უნდა მიიღონ
გადაწყვეტილებები, რომლებიც თითოეული ჯგუფის პრიორიტეტებს ასახავენ კონკრეტული დროის
პერიოდში. მაგალითად, წარმოიდგინეთ, გსურთ უიქენდზე მოგზაურობა ეგზოტიკურ დასასვენებელ
ადგილას და, იმავდროულად, ინვესტირების პროგრამის დაწყება. რადგან თქვენი ფინანსური
რესურსებიდან გამომდინარე, ორივეს ვერ ანხორციელებთ, გადაწყვეტილება პრიორიტეტის
სასარგებლოდ უნდა მიიღოთ. კომპანიები, მთავრობები და, გარკვეულწილად, საზოგადოებაც, ერთი და
იგივე ტიპის გადაწყვეტილებების წინაშე დგებიან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას,
დეფიციტი ყოველმა ჯგუფმა უნდა დაძლიოს. ამ შემთხვევაში დეფიციტი ნიშნავს „რესურსების
ნაკლებობას“ - ფული, დრო, ბუნებრივი რესურსები და სხვა – ის, რაც საჭიროა მოთხოვნილების ან
სურვილის დასაკმაყოფილებლად.
ექსპერტები ეკონომიკურ პრობლემებს ორი განსხვავებული კუთხით განიხილავენ: მიკროეკონომიკა
და მაკროეკონომიკა. მიკროეკონომიკა ცალკეულ პირთა მიერ მიღებული და ბიზნესგადაწყვეტილებათა
შესწავლაა. მაგალითად, მიკროეკონომიკა ადგენს, თუ როგორი კავშირია საქონლის ფასაა და მის
წარმოებას შორის, ასევე განსაზღვრავს მომხმარებლის სავარაუდო ქცევას მრავალფეროვანი არჩევანის
პირობებში. მეორე მხრივ, მაკროეკონომიკა ეკონომიკურ პროცესებს საერთო ეროვნულ დონეზე
შეისწავლის. მაკროეკონომიკა ადგენს ეროვნული შემოსავლის, უმუშევრობის, ინფლაციის,
გადასახადების, მთავრობის ხარჯების, საპროცენტო განაკვეთებისა და მსგავსი ფაქტორების
ეკონომიკურ გავლენას საზოგადოებაზე.
ცალკეულ პირთა, კომპანიების, მთავრობისა და საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
და გზა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ქმნიან და ანაწილებენ დოვლათს, განსაზღვრავენ
ეკონომიკური სისტემის ტიპს. ისტორიულად მსოფლიოში ეკონომიკური სისტემები, ძირითადად, ორი
მიმართულებით განვითარდა: კაპიტალიზმი და მბრძანებლური ეკონომიკა.
კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რომელშიც საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ
უმეტეს რესურსებს ცალკეული პირები ფლობენ და მართავენ. კაპიტალიზმის თეორია სათავეს იღებს
შოტლანდიელი ეკონომისტის ადამ სმითის (Adam Smith) თეორიებისგან. 1776 წელს გამოცემულ წიგნში
„გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ შემოკლებით „ხალხთა სიმდიდრე“
(Wealth of Nations) სმითი ამტკიცებდა, რომ საზოგადოების ინტერესებს ყველაზე უკეთ ემსახურებიან
მაშინ, როცა საზოგადოების ცალკეულ წევრებს ეძლევათ საკუთარი ეგოისტური ინტერესების
განხორციელების საშუალება. სმითის თანახმად, როცა ცალკეული ადამიანები ცდილობენ საკუთარი
მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისინი ამით არაპირდაპირ ხელს უწყობენ საზოგადოების ინტერესების
დაკმაყოფილებას. „ყველა ადამიანი მოქმედებს პირადი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე,
თუმცა ამ დროს ის ასრულებს ისეთ ფუნქციას, მიემართება ისეთი მიზნისაკენ, რომელსაც ის თავიდან
სრულებითაც არ ისახავდა“, ამით სმითმა ეგოისტური ინტერესები დააკავშირა საზოგადოებრის
ინტერესებტან და  „უხილავი ხელი“ უწოდა. უხილავ ხელში იგულისხმება კონკურენციული საბაზრო
მექანიზმი, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს მოთხოვნა - მიწოდების წონასწორობასა და
რესურსების ეფექტიან განაწილებას. ადამ სმითის კაპიტალიზმი შემდეგ ფუნდამენტურ საკითხებს
ემყარება:
1. დოვლათის შექმნა, ჩვეულებრივ, ცალკეული პირთა და არა მთავრობის საქმეა.
2. ინდივიდები უნდა ფლობდნენ კერძო ქონებასა და საჭირო რესურსებს დოვლათის შესაქმნელად.
3. ეკონომიკური თავისუფლება უზრუნველყოფს კონკურენტული ბაზრების არსებობას, რომლებიც
მყიდველს და გამყიდველს საშუალებას აძლევენ, შევიდნენ სასურველ ბაზრებზე.

1
4. მთავრობის როლი შეზღუდული უნდა იყოს, ის მხოლოდ „ღამის დარაჯის“ ფუნქციას უნდა
ასრულებდეს, რაც გამოიხატება საზოგადოების უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და განათლების
უზრუნვეყოფაში.
სმითის აზრით, მთავრობის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მას სჯეროდა,
რომ მთავრობა უნდა მოქმედებდეს, მხოლოდ როგორც კანონმდებელი და შუამავალი. ფრანგული
ტერმინი laissez faire (სიტყვასიტყვით ჩაურევლობა, თავისუფლება) სმითის კაპიტალისტურ სისტემას
ასახავს და გულისხმობს მთავრობის მხრიდან ჩაურევლობას ეკონომიკაში. მიახლოებით ის „მოქმედების
თავისუფლებას“ ნიშნავს (იმოქმედონ საჭიროებისამებრ). ადამ სმითის თავისუფალი კაპიტალიზმი
(laissez-faire) ეფუძნება საბაზრო ეკონომიკის იდეას. საბაზრო ეკონომიკა (ზოგჯერ აღნიშნავს
თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას) ეკონომიკური სისტემაა, რომელშიც ბიზნესი და ცალკეული პირები
წყვეტენ, თუ რა აწარმოონ და იყიდონ, ხოლო ბაზარი ადგენს ფასებსა და გასაყიდ რაოდენობას.
რესურსების მფლობელებს უნდა ჰქონდეთ მათი (რესურსების) სათანადოდ გამოყენების თავისუფლება
და შეეძლოთ აღნიშნული რესურსებით მიღებული შემოსავლითა თუ მოგებით სარგებლობა.
საბაზრო სტრუქტურა კაპიტალიზმის განვითარების კვალობაზე თანდათან იცვლებოდა. მე-XX
საუკუნის პირველ ათწლეულში თავისუფალი კონკურენციის ბაზრები შეიცვალა, მონოპოლიური,
გაუწონასწორებელი ბაზრებით. 1929-1933 წლების „დიდმა დეპრესიამ“ დაადასტურა, რომ საბაზრო
მექანიზმი ავტომატურად აღარ მოქმედებდა და კრიზისების, მასობრივი უმუშევრობის, სიღარიბის
თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ბაზრის სახელმწიფოებრივი რეგულირება. ამის ყოველმხრივი
მეცნიერული დასაბუთაბა მოგვცა ჯონ მეინარდ კეინზმა ნაშრომში „ფულის, პროცენტის და დასაქმების
ზოგადი თეორია’’ (1936 წ.), სადაც ჩამოაყალიბა ეფექტიანი მოთხოვნის კონცეფცია - სახელმწიფომ
საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის
სტიმულირება, როდესაც ბაზარზე ადგილი აქვს ჭარბწარმოებას, ხოლო ჭარბი მოთხოვნისას კი მისი
შეკუმშვა.
ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების გააქტიურებამ უდიდესი როლი შეასრულა მეორე
მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ეროვნული მეურნეობების აღდგენაში, სტაბილური ეკონომიკური
განვითარების უზრუნველყოფაში, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის განხორციელებაში,
ეკონომიკის სოციალურად ორიენტაციაში, საფუძველი ჩაუყარა პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას -
ცოდნის ეკონომიკას. ცოდნის ეკონომიკაში საკუთრება, როგორც საზოგადოებაში სოციალური
სტრატიფიკაციის კრიტერიუმი, კარგავს თავის განმსაზღვრელ ძალას და გადამწყვეტი ხდება
ინტელექტი, განათლებისა და ცოდნის დონე. ის ფაქტი, რომ თანამედროვე ლიტერატურაში კამათი
გრძელდება არა იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება,
არამედ მის მასშტაბებზე, ფორმებზე, მეთოდებსა და ეფექტიანობაზე; ხოლო სახელმწიფოებრივი
რეგულირების ძირითად მიზნებად აღიარებულია: სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დასქმების მაღალი
დონე, მყარი ფასები და საგარეო ეკონომიკური წონასწორობა; მიუთითებს საბაზრო ეკონომიკის,
როგორც დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი, ეფექტიანი ეკონომიკური სისტემის არარსებობაზე.
თანამედროვე ეკონომიკური სისტემა ადამ სმითის თავისუფალი კაპიტალიზმიდან იღებს სათავეს.
თუმცა, რეალურად, ის იმდენად თავისუფალი არ არის, როგორც სმითი ისურვებდა, რადგან დღეს
მთავრობის როლი კანონმდებელსა და მედიატორზე მეტია. ფაქტიურად თანამედროვე ეკონომიკური
სისტემა შერეული ეკონომიკაა. შერეული ეკონომიკა ჩამოყალიბებული, ერთიანი, მდგრადი
ეკონომიკური სისტემაა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს საკუთრებისა და მეწარმეობის
სხვადასხვა ფორმა. ამასთან, სწორედ ის, რომ საბაზრო მექანიზმი განსაზღვრავს ფასებს და წარმოების
მოცულობას ბევრ სფეროში, ხოლო სახელმწიფო არეგულირებს ბაზარს, მიუთითებს, რომ ორივე მხარე -
ბაზარი და სახელმწიფო არსებითია, ანუ ეკონომიკის მართვა რომელიმეს გარეშე შეუძლებელი ან
არაეფექტიანია, განსაზღვრავს შერეული ეკონომიკის არსს. ამრიგად, შერეული ეკონომიკა გულისხმობს
საბაზრო და სახელმწიფო რეგულირების ოპტიმალურ შეხამებას. ამასთან ეს შეხამება განსხვავებულია
ქვეყანათა მიხედვით.
ბრძანებლური ეკონომიკა. მბრძანებლური ანუ ცენტრალიზებული (გეგმიანი) ეკონომიკა
საქართველოში გაბატონებული იყო დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. თუ ადამ სმითი კაპიტალიზმის
2
მამა იყო, კარლ მარქსი კომუნიზმის ფუძემდებელი გახლდათ. მე-19 საუკუნის შუა პერიოდის
ნაშრომებში, მარქსი მხარს უჭერდა კლასობრივი დაყოფის გარეშე არსებულ საზოგადოებას, რომლის
წევრებიც ყველა ეკონომიკურ რესურსს ფლობდნენ. ყველა მუშაკი, საკუთარი შესაძლებლობებიდან
გამომდინარე, წვლილს შეიტანდა კომუნისტურ საზოგადოებაში და სარგებელსაც საკუთარი
მოთხოვნილებების მიხედვით მიიღებდა. მბრძანებლური ეკონომიკური სისტემა ითვალისწინებს
ცენტრალიზებულ დაგეგმვას და სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევას ეკონომიკურის რესურსების
განაწილებაში. ამ დროს საწარმოთა უმეტესი ნაწილი სახელმწიფო (საზოგადოებრივ) საკუთრებაშია.
საბჭოთა იმპერიაში საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ გეგმური ეკონომიკა არის ხომალდი,
რომელიც ზუსტად ექვემდებარება მისი მეთაურის ბრძანებას და შეუფერხებლად მიდის აღებული
კურსის შესაბამისად. ამასთან, გეგმიან მეურნეობაში დასაშვები იყო ცალკეული ჩავარდნები, მაგრამ
საერთო ანგარიშით, საზოგადოება კონტროლს უწევდა განვითარებას, ცენტრი აწარმოებდა რესურსებით
მანევრირებას, წარმართავდა მას პრიორიტეტულ სფეროებში და ამით უზრუნველყოფდა უპირატეს
განვითარებას იქ, სადაც ეს, მისი აზრით, აუცილებელი იყო. სინამდვილეში კი, სოციალისტური
დაგეგმვის პრინციპები შორს იყო ჭეშმარიტებისაგან. დეტალურად შემუშავებული გეგმები მაინც არ
სრულდებოდა, რადგან არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო რესურსებით და შრომითი მოტივაციით.
მბრძანებლური ეკონომიკის ძირითად ნაკლოვენებებს წარმოადგენდა არარაციონალურობა და
მფლანგველობა, არასტაბილურობა, ენდოგენური რყევები; სიმდიდრის და შემოსავლების ან
ძალაუფლების არასამართლიანი განაწილება; წინააღმდეგობები ნორმალური განვითარებისათვის,
გადამეტებული დამოკიდებულება ხელისუფლებაზე; ნამდვილი თავისუფლების არქონა, რამაც მისი
კრახი და საბჭოთაკავშირის დაშლა განაპირობა.

2. ეკონომიკუეი მაჩვენებების განსაზვრა


დღეს რთულია, ჩართო რადიო, უყურო ახალ ამბებს ტელევიზორში, ისარგებლო ინტერნეტით ან
წაიკითხო გაზეთი და თვალი არ მოჰკრა ეკონომიკის შესახებ არსებულ ინფორმაციას. ერთი წუთით
დაფიქრდით შემდეგ შეკითხვებზე:
 იზრდება თუ იკლებს შიდა პროდუქტის ოდენობა?
 რატომ არის უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვანი?
 სამუშაო ძალა საქართველოში ისეთივე პროდუქტიულია, როგორც სხვა ქვეყნებში?
ამ და მსგავსი ტიპის სხვა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო ინფორმაციის მოძიება მარტივად
შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მათი პასუხების
გამოყენება შესაძლებელია ეროვნული ეკონომიკის მდგომარეობის ინდიკატორადაც.
პროდუქტიულობის მნიშვნელობა გლობალურ ბაზარზე. ეროვნული ეკონომიკური მაჩვენებლეის
დადგენის ერთ-ერთი გზა მისი პროდუქტიულობის შეფასებაა. პროდუქტიულობა მომუშავის
საათობრივი შედეგის საშუალო მაჩვენებელია. პროდუქტიულობის მატებას შედეგად ეკონომიკური
ზრდა მოჰყვება, რადგან საქონლისა და მომსახურების დიდი ნაწილი არსებული მუშა-მოსამსახურეთა
მიერ იწარმოება. ეკონომიკასა და ხალხზე პროდუქტიულობის გავლენის უკეთ დასანახად, განიხილოთ
მომდევნო სამი კითხვა:
კითხვა: როგორ მოქმედებს პროდუქტიულობის ზრდა ეკონომიკაზე?
პასუხი: გაზრდილი პროდუქტიულობის გამო დღეს ნაკლები მუშახელია საჭირო,
რათა აწარმოონ მეტი საქონელი და მომსახურება. შედეგად, დამსაქმებლებმა შეამცირეს ხარჯები, მიიღეს
მეტი მოგება და გაყიდეს საკუთარი პროდუქცია ნაკლებ ფასად. და ბოლოს, პროდუქტიულობის ზრდა
ეხმარება ეროვნულ ბიზნესს, უფრო ეფექტიანი კონკურენცია გაუწიოს სხვა ერებს კონკურენტულ
გარემოში.
კითხვა: როგორ ავამაღლოთ პროდუქტიულობას?
პასუხი: ხარჯების შემცირება და დასაქმებულთათვის უფრო ეფექტიანად მუშაობის საშუალების
მინიჭება პროდუქტიულობის გაუმჯობესების ყველა ძალისხმევის საფუძველია. მაგალითად,
პროდუქტიულობის მატებას ელიან აშშ-ში, რადგან სულ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობები
ინტერნეტით ხორციელდება, რაც ამცირებს მომხმარებლის მომსახურების ხარჯებს და ფირმებს შორის
3
ყოველდღიური შეკვეთების ფუნქციების მართვას. ამრიგად ტექნოლოგიების განვითარება წარმოადგენს
პროდუქტიულობის ზრდის ძირითად წყაროს.
კითხვა:პროდუქტიულობის ზრდა ყოველთვის კარგია?
პასუხი: მეტი საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ ნაკლებ მუახელს შეუძლია უმუშევრობის
მაღალი დონის გამოწვევა. ამ შემთხვევაში, გაზრდილი პროდუქტიულობა კარგია დამსაქმებლებისთვის,
მაგრამ არ არის კარგი მაღალ კონკურენტულ გარემოში სამსახურის მაძიებელი მუშებისთვის. რადგან
ბოლო პერიოდის ეკონომიკურ კრიზისის დროს, დამსაქმებლებს შეეძლოთ მეტი საქონლისა და
მომსახურების წარმოება ნაკლები მუშახელის მეშვეობით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების
შემდეგ, ახალი თანამშრომლების დასაქირავებლად მათ აღარ მოისურვეს ფირმის სახელფასო ხარჯების
გაზრდა.
მთლიანი შიდა პროდუქტი. პროდუქტიულობის გარდა, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის
ინდიკატორად, მთლიანიშიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლის გამოყენებაც შეიძლება. მთლიანი შიდა 
პროდუქტი (Gross domestic product – GDP) ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე
წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულებაა. მაგალითად,
აშშ-ში მდებარე, ამერიკელების მფლობელობაში მყოფი ჯენერალ მოტორსისა და იაპო-
ნელების მფლობელობაში მყოფი ტოიოტას ქარხნის დასაქმებულთა მიერ წარმოებული
ავტომობილების ღირებულება, აშშ-ის მშპ-ში შედის. მშპ-ის მონაცემები საქართველოსა და სხვა
ქვეყნების შედარების საშუალებას გვაძლევს, რადგან ეს სამეურნეო გაანგარიშების საერთაშორისო
სახელმძღვანელოებში გამოყენებული სტანდარტია. გარდა ამისა, ქვეყნის სხვადასხვა პერიოდის მშპ-ის
შედარებაცაა შესაძლებელი. შედარება დამკვირვებლებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის
განსაზღვრის საშუალებას მისცემს.
სხვადასხვა წლის მშპ-ის უფრო ზუსტი შედარებისთვის, ფულადი ღირებულება ინფლაციის დონეს
უნდა მოვარგოთ. ინფლაცია ფასების დონის ზოგადი მატებაა. ინფლაციის საპირისპიროდ, დეფლაცია
ფასების კლებას ნიშნავს. ინფლაციაზე მორგებული ციფრების გამოყენებით, შეგვიძლია ერის რეალური
მშპ-ს განსაზღვრა.
პროდუქტიულობის, მშპ-ისა და რეალური მშპ-ის გარდა, არსებობს სხვა ეკონომიკური მაჩვე-
ნებლებიც, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. ბოლო
დროის ეკონომიკური კრიზისის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც
გამუდმებით ტრიალებს ახალ ამბებში, უმუშევრობის დონეა. უმუშევრობის დონე ქვეყნის უმუშევარ
მუშა-მოსამსახურეთა პროცენტული მაჩვენებელია ნებისმიერ მომენტში. როდესაც მუშახელი
დაუსაქმებელია, ისინი, მათი ოჯახები და მთლიანად ქვეყანა დანაკარგებს განიცდის. მუშა-
მოსამსახურეები და მათი ოჯახები ხელფასებს კარგავენ და, თავის მხრივ, ქვეყანა კარგავს საქონელს ან
მომსახურებას, რომლის წარმოებაც შესაძლებელი იყო. გარდა ამისა, იკარგება აღნიშნულ
მუშამოსამსახურეთა მყიდველობითი უნარი, რამაც შესაძლოა სხვა თანამშრომელთა უმუშევრობა
გამოიწვიოს.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი არის ყოველთვიური მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს
ტიპური მომხმარებლის მიერ შეძენილი, ფიქსირებული სამომხმარებლო კალათის ფასის ცვლილებას.
სამომხმარებლო ფასის ინდექსში შესული პროდუქცია მოიცავს საკვებს, სასმელს, ტრანსპორტირებას,
საცხოვრებელ პირობებს, ტანსაცმელს, ჯანდაცვას, რეკრეაციას, განათლებას, კომუნიკაციას და სხვა
საქონელსა და მომსახურებას. ეკონომისტები ხშირად იყენებენ სამომხმარებლო ფასების ინდექსს
ინფლაციის გავლენის დასადგენად არა მხოლოდ ეროვნულ ეკონომიკაზე, არამედ ცალკეულ
მომხმარებლებზე. მორიგ, ყოველთვიურ ინდექსს, მწარმოებლის ფასების ინდექსი წარმოადგენს.
მწარმოებლის ფასების ინდექსი განსაზღვრავს მწარმოებლის მზა პროდუქციაზე მიღებულ ფასებს.
რადგან მწარმოებლის ფასის ინდექსის ცვლილებები ფასების მატებას თუ კლებას ასახავს საბითუმო
ფასების დონეზე, ამ ტიპის ინდექსი წინასწარ ასახავს სამომხმარებლო ფასის ინდექსის ცვლილებებსა.

4
3. ბიზნესის ციკლი
მსოფლიოს ყველა ქვეყანა ისწრაფის ეკონომიკური ზრდის, სრული დასაქმებისა და ფასების
სტაბილურობისკენ. თუმცა ყოველწლიურად ეროვნული ეკონომიკა უფრო მეტად მერყეობს, ვიდრე
სტაბილურად ვითარდება. სინამდვილეში აშშ-ის მსგავსი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის
გრაფიკულად ასახვის შემთხვევაში, ის მოგაგონებდათ „ამერიკულ გორაკებზე“ გასეირნებას პიკითა
(უმაღლესი წერტილი) და ფსკერით (უდაბლესი წერტილი). ეს ცვლილებები ბიზნესის ციკლს 
განეკუთვნება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ზრდისა და ვარდნის პერიოდების
მონაცვლეობას ასახავს. ეკონომიკური ზრდისა თუ ვარდნის შედეგად გამოწვეული ცვლილებები
გავლენას ახდენს საქონლისა და მომსახურების რაოდენობაზე, რომელთა შეძენაც სურთ
მომხმარებელებს, რაც, თავის მხრივ, აისახება კომპანიების მიერ წარმოებული საქონლისა თუ
მომსახურების რაოდენობაზე.
ბიზნესის ციკლი ოთხი ფაზისგან შედგება: პიკი (ეკონომიკური განვითარება, აყვავება), ვარდნა,
ფსკერი და აღმავლობა (ზრდა). პიკის პერიოდში (განვითარება/აყვავება), ეკონომიკა განვითარების
უმაღლეს წერტილზეა, უმუშევრობის დონე დაბალია, ხოლო მთლიანი შემოსავალი – შედარებით
მაღალი. ხელსაყრელი ეკონომიკური პერსპექტივების პერიოდში მომხმარებლებსაც აქვთ საქონლისა და
მომსახურების შეძენის სურვილი. ფაქტობრივად, ბიზნესი ხშირად ფართოვდება და გვთავაზობს ახალ
პროდუქტებსა და მომსახურებას პიკის პერიოდში, რათა გამოიყენოს მომხმარებელთა გაზრდილი
მყიდველობითი უნარი.
ეკონომისტები ვარდნას (recession) განსაზღვრავენ, როგორც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქციის
კლების ზედიზედ ორ ან მეტ სამთვიან პერიოდს. რადგან, ვარდნის დროს უმუშევრობა იმატებს,
შესაბამისად, მთლიანი მყიდველობითი უნარი იკლებს. პესიმიზმი, რომელიც ამ პერიოდს ახლავს,
თრგუნავს არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ ბიზნესის ხარჯებსაც. მყიდველობითი უნარის
შემცირების პარალელურად, მომხმარებელიც ხელმომჭირნე ხდება და იძულებულია, უარი თქვას
ნაკლებად საჭირო ნივთების შეძენაზე. ხოლო, თავის მხრივ, კომპანიები და მთავრობა ყველა დონეზე, ამ
პერიოდში ხშირად შენელებული ტემპით ახორციელებენ მთავარ პროექტებს ან ახდენენ მათ
გადავადებას. ვარდნის საპასუხოდ, ბევრი ბიზნესი ორიენტირებული ხდება თავისი მომხმარებლისთვის
ყველაზე ღირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებაზე. ამ შემთხვევებშიც კი არსებობს
შესაძლებლობები კარგად მართული კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ თავიანთი
მომხმარებლების მოთხოვნილების შესაბამის საქონელსა და მომსახურებას. მაგალითად, კატერპილარს
(Caterpillar), მიწის სამუშაოებისა და სამშენებლო აღჭურვილობის მწარმოებელ გლობალურ კომპანიას,
მოგება განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე სამშენებლო ბუმმა მოუტანა. ამ ქვეყნებში, მსოფლიო
ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ძირითადი ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა წინ
მიიწევს. ეკონომისტები დაცემას განსაზღვრავენ, როგორც მკაცრ ვარდნას, რომელიც, ჩვეულებრივ,
ვარდნაზე მეტ ხანს გრძელდება. ამ დროს გაცილებით ნაკლებია/სუსტია ბიზნესაქტივობა. დაცემა
უმუშევრობის განსაკუთრებით მაღალი დონით, დაბალი ხელფასებით, შემცირებული მყიდველობითი
უნარით, ეკონომიკისადმი უნდობლობით, აქციების დაბალი ღირებულებითა და ეკონომიკური
აქტივობის კლებით გამოირჩევა.
ბიზნესციკლის მესამე ფაზა არის ფსკერი (trough). ვარდნის ან დაცემის ფსკერი გარდამტეხი
მომენტია, როდესაც ქვეყანაში წარმოება და დასაქმების დონე ეცემა და ყველაზე დაბალ ნიშნულს
აღწევს. ვარდნისა და დაცემის გავლენის დასაბალანსებლად, ფედერალური მთავრობა იყენებს
მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას. მონეტარული პოლიტიკა  ეროვნულის ბანკის
გადაწყვეტილებებია, რომლებიც ქვეყანაში ფულის მიწოდების ოდენობასა და საპროცენტო განაკვეთის
დონეს განსაზღვრავენ. ფისკალური პოლიტიკის დროს მთავრობას დანაზოგებისა და დანახარჯებზე
ზეგავლენა საგადასახადო სისტემისა და სამთავრობო დახარჯების დონის ცვლილებით შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა იღებს ყოველწლიურ შემოსავლს გადასახადების სახით, ის
ჩვეულებრივ, მეტს ხარჯავს, ვიდრე იღებს, რასაც შედეგად ბიუჯეტის დეფიციტი მოჰყვება.
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს სახელმწიფო ვალი ეწოდება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით,

5
მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების ეფექტიან გამოყენებას შეუძლია აღმავლობის დაჩქარება და
ეკონომიკური ვარდნის პერიოდის შემცირება.
აღმავლობა ეკონომიკის ფსკერიდან ან პიკამდე მოძრაობაა. უმუშევრობის დონე იკლებს,
შემოსავალი იზრდება, მატულობს შესყიდვების სურვილი და შესაძლებლობა.
ხშირად ბევრი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი კამათობს კონკრეტული პერიოდის ეკონომიკური
ციკლის ფაზის დადგენაზე. ისინი ცდილობენ განსაზღვრონ თუ რომელ ფაზაში იმყოფება ეკონომიკა -
პიკი, ვარდნა, ფსკერი, თუ აღმასვლის დასაწყისი.

4. კონკურენციის ტიპები

კაპიტალისტური სისტემა უზრუნველყოფს, რომ ცალკეულმა პირებმა და ბიზნესმა თავად


გადაწყვიტოს, თუ რა როგორ აწარმოოს და რა ფასი დააწესოს პროდუქტზე. მაგალითად, Mattel, Inc.-ს
შეუძლია მისი ბარბის ცნობილი თოჯინების ახალი ვერსიების წარდგენა, ბარბის სახელის
ლიცენზირება, თოჯინის ფასისა და დისტრიბუციის სახის შეცვლა, ბარბის წარმოება და გაყიდვა სხვა
ქვეყნებში ან ინტერნეტ ვებგვერდის www.mattel.com-ის მეშვეობით. საბაზრო სისტემა, აგრეთვე,
მომხმარებელს აძლევს Mattel-სა და მისი კონკურენტების მიერ წარმოებულ პროდუქციას შორის
არჩევანის გაკეთების უფლებას. როგორც მომხმარებელი, თქვენ დგახართ არჩევანის წინაშე, რომელი
პროდუქტები თუ მომსახურება შეიძინოთ. Mattel-სა და სათამაშოების სხვა მწარმოებლებს შორის
არსებული მსგავსი კონკურენცია, კაპიტალიზმის საჭირო და ძალზე მნიშვნელოვანი
გვერდითი პროდუქტია.  
კონკურენცია, ძირითადად, კომპანიებს შორის არსებული მეტოქეობაა ბაზარზე უპირატესობის
მოსაპოვებლად. საბაზრო ეკონომიკაში კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ ის საკუთარ
მომხმარებლებს კარგ მომსახურებას უწევს და მათი მოთხოვნილების შესაბამისი საქონლითა
თუ მომსახურებით უზრუნველყოფას ახდენს. ეკონომისტები განასხვავებენ კონკურენციის ოთხ
განსხვავებულ ხარისხს, რომლებიც იცვლება იდეალური სრული კონკურენციიდან კონკურენციის
სრულიად არარსებობამდე. ესენია: სრულყოფილი კონკურენცია, მონოპოლიური კონკურენ-
ცია, ოლიგოპოლია და მონოპოლია.
სრულყოფილი კონკურენცია - სიტუაცია ბაზარზე, როდესაც პროდუქტის ბევრი მყიდველი და
გამყიდველია და დამოუკიდებლად არც ერთს არ გააჩნია საკმარისი ძალაუფლება პროდუქტის ფასზე
გავლენის მოსახდენად. სრული კონკურენციის არსებობას უზრუნველყობს შემდეგი პირობები:
 ბაზარზე წარმოდგენილი არიან დიდი რაოდენობით მყიდველები და გამყიდველები,
რომელთა ძალები მეტნაკლება ბალანსირებულია ანუ ერთი მყიდველი ან გამყიდველი
მთლიან ბაზარზე გავლენას ვერ ახდენს;
 ბაზარზე შეღწევა მარტივია;
 პროდუქტი არის სტანდარტული და შეუძლებელია მისი დიფერენცირება (განსხვავება) მაგ:
ფქვილი, ფოლადი, შაქარი.
 ყველა მყიდველი და გამყიდველი ფლობს საჭირო ინფორმაციას ბაზრის შესახებ.
სრული კონკურენციის არსებობის შემთხვევაში, ყველა გამყიდველმა უნდა მოითხოვოს
ერთი და იგივე ფასი. რატომ? ერთი გამყიდველი რომ ითხოვდეს სხვებთან შედარებით მაღალ ფასს ის
ვერაფერს ვერ გაყიდის. მეორე მხრივ, ფირმა, რომელსაც სურს მიმდინარე ფასზე ნაკლებად გაყიდვა,
საქონელს უფრო სწრაფად გაყიდდა. თუმცა უკანასკნელი დაკარგავდა შემოსავალს (და მოგებას), რადგან
მყიდველებს სინამდვილეში მეტის გადახდა სურთ. სრულყოფილ კონკურენციაში გამყიდველებმა,
ისევე, როგორც მყიდველებმა, მიმდინარე ფასი უნდა მიიღონ. თითოეული პროდუქტის ფასი
განისაზღვრება ყველა მყიდველისა და გამყიდველის ერთობლივი ქმედებებით, მოთხოვნისა და
მიწოდებიდან გამომდინარე.
 მოთხოვნის და მიწოდების საფუძვლები. კონკრეტული პროდუქტის მიწოდება არის პროდუქტის
რაოდენობა, რომლის სხვადასხვა ფასად გაყიდვაც მწარმოებლებს სურთ. მწარმოებლები რაციონალური

6
ხალხია, ასე რომ, ჩვენ მათგან ველით პროდუქტის მეტი წილის მაღალ ფასად და პროდუქტის ნაკლები
წილის დაბალ ფასად გაყიდვას, როგორც მიწოდების წითელი მრუდი გვიჩვენებს. მოთხოვნა არის
პროდუქტის რაოდენობა, რომლის სხვადასხვა ფასად შეძენაც მყიდველებს სურთ. მყიდველებიც
რაციონალური ხალხია. ასე რომ, ჩვენ მათგან, როგორც ჯგუფისგან, ველით პროდუქტის მეტი წილის
შეძენას, როდესაც მისი ფასი დაბალია და პროდუქტის ნაკლები წილის შეძენას მაღალი ფასის
შემთხვევაში, როგორც ეს მოთხოვნის ლურჯ მრუდზეა ასახული.

 ფასი, ბაზარი, თუ წონასწორობა. ყოველთვის არსებობს ერთი კონკრეტული ფასი, რომლის


პირობებშიც მოთხოვნა ზუსტად უტოლდება მიწოდებას. ეკონომისტები ამ ფასს საბაზრო ფასს
უწოდებენ. ნებისმიერი პროდუქტის, საბაზრო ფასი მასზე მოთხოვნისა და მიწოდების ტოლობის
პირობებში მიიღწევა. თეორიულად და რეალურ ცხოვრებაშიც, საბაზრო
ფასებზე გავლენას ახდენს მიწოდებასა და მოთხოვნაზე მოქმედი ნებისმიერი ფაქტორი. მაგალითად,
მოთხოვნა ფქვილზე შეიძლება შეიცვალოს, თუ მკვლევარები უეცრად
აღმოაჩენენ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მანამდე უცნობ მის თვისებას. მაშინ მყიდველები ფქვილს
ნებისმიერ ფასად მოითხოვენ. ან შეიძლება შეიცვალოს ფქვილის მიწოდება, თუ ახალი ტექნოლოგიის
წყალობით, მიწის იგივე ფართობზე მოხდებოდა პროდუქციის მეტი რაოდენობის წარმო-
ება. კონკურენტულ ფასებზე გავლენის მქონე სხვა ცვლილებებს განეკუთვნება მყიდველის გემოვნების
ცვლილება, ახალი პროდუქტის განვითარება, შემოსავლის ცვლილება ინფლაციისა თუ ეკონომიკური
ვარდნის გამო, ან თუნდაც ამინდის ცვლილება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ფქვილის
წარმოებაზე. სრულყოფილი კონკურენცია საკმაოდ იშვიათია დღევანდელ მსოფლიოში, ბევრი რეალური
ბაზარი მონოპოლიური კონკურენციის მაგალითია.
მონოპოლიური კონკურენცია არის სიტუაცია ბაზარზე, რომელშიც უამრავ მყიდველთან
ერთად შედარებით ბევრი გამყიდველია. მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე ხელმისაწვდომი
სხვადასხვა პროდუქტი ბუნებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ყველა მათგანი ერთი და იგივე
მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაა განკუთვნილი. თუმცა ყოველი გამყიდველი ცდილობს,
საკუთარი პროდუქტი განასხვაოს სხვებისაგან განსხვავების ისეთი განსაკუთრებული ნიშნების
მინიჭებით, როგორებიცაა მიმზიდველი ბრენდული სახელი, განუმეორებელი შეფუთვა, ან ისეთი
მომსახურებით, როგორიცაა უფასო მიწოდება ან უვადო გარანტია. პროდუქტის დიფერენციაცია არის
კონკურენტ პროდუქტებს შორის განსხვავებების განვითარების პროცესი. ეს ცხოვრებისეული რეალობაა
მრავალი სამომხმარებლო საქონლის მწარმოებლებისთვის, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას
საპნითა და ტანსაცმლით დაწყებული, ავეჯისა თუ ფეხსაცმლის ჩათვლით. პროდუქციის
დიფერენცირებით კომპანიებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქტის ბაზარი გამოყონ
კონკურენტებისაგან და იყვნენ ერთგვარი მონოპოლისტები. მაგალითად, კოკაკოლამ საკუთარი
პროდუქტი, რეკლამაში და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში გაწეული დანახარჯების წყალობით,
გამოყო სხვა გამაგრილებელი სასმელებისაგან და იქ გვევლინება მონოპოლისტად.
ოლიგოპოლია სიტუაცია ბაზრზე, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე გამყიდველია. ზოგადად, ეს
საკმაოდ მსხვილი გამყიდველები არიან და მათ ბაზარზე შესასვლელად დიდი ინვესტიციებიცაა
საჭირო. ოლიგოპოლიის მაგალითებია ავტომობილების, ავიახაზების, მარცვლეულისა და
სასოფლოსამეურნეო მანქანების მრეწველობები. რადგან ოლიგოპოლიაში ცოტა გამყიდველია, თითო-
7
ეულის საბაზრო ქმედებას შესაძლოა, ძლიერი გავლენა ჰქონდეს კონკურენტების გაყიდვებსა და
ფასებზე. თუ, მაგალითად, General Motors-ი შეამცირებს ავტომობილების ფასებს, საკუთარი საბაზრო
წილის შესანარჩუნებლად Ford-ი, Honda, Toyota და Nissan-ი, ჩვეულებრივ, იგივეს მოიმოქმედებენ.
დაბალი საფასო კონკურენციის პირობებში, პროდუქტის დიფერენციაცია კონკურენციის მთავარი
იარაღი ხდება. ეს უფრო ცხადად ავტომობილების დიდ მწარმოებლთა რეკლამაში ჩანს. მაგალითად,
როდესაც ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხების გამო ტოიოტას გაყიდვებმა იკლო, ახალი
მყიდველების მოსაზიდად მან დაიწყო მყიდველებისთვის შეღავათების შეთავაზება. მალევე, ფორდმა
და ჯენერალ მოტორსმაც დაიწყეს მსგავსი შეღავათების შეთავაზება ზუსტად იგივე მიზეზის გამო -
მოეზიდათ ახალი მყიდველები.
მონოპოლია არის ბაზარი მხოლოდ ერთი გამყიდველითა და დარგში სხვა ფირმების შესვლის
ხელისშემშლელი ბარიერებით. მონოპოლიაში პროდუქტისა თუ მომსახურების ანალოგი არ არსებობს.
რადგან პროდუქტის მომწოდებელი მხოლოდ ერთი ფირმაა, მას ჰგონია, რომ ფასზე სრული კონტროლი
აქვს. თუმცა კონკურენციის არარსებობის გამო, არც ერთ ფირმას არ შეუძლია დააწესოს თავისი ფასი
ასტრონომიულ ციფრებში, რადგან ასეთ შემთხვევაში, ფირმა მალე აღმოაჩენს, რომ არც მომხმარებლები
ჰყავს და არც გაყიდვებიდან აქვს შემოსავალი. ამის სანაცვლოდ, მონოპოლიის მფლობელმა ფირმამ უნდა
გაითვალისწინოს მოთხოვნა საკუთარ პროდუქტზე და დააწესოს ყველაზე მომგებიანი ფასი.
აშშ-ში არსებული მონოპოლიის კლასიკური მაგალითებია კომუნალური მომსახურების
დაწესებულებები, მათ შორის ადგილობრივი გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა თუ
ელექტროენერგიის მომწოდებლები. ყოველი მათგანი ბუნებრივ მონოპოლიას მიეკუთვნება. ეს არის
დარგი, რომელიც დიდი ოდენობის კაპიტალდაბანდებას საჭიროებს და რომელშიც ნებისმიერი
მომსახურების გამეორება ამაო იქნება. ბუნებრივ მონოპოლიებს არსებობის უფლება აქვთ, რადგან ისინი
ყველაზე უკეთ აკმაყოფილებენ საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ ისინი
მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოების მეთვალყურეობის ქვეშ.
იურიდიული მონოპოლია – იქმნება, როდესაც სამთავრობო დაწესებულება გასცემს ფრანშიზას,
ლიცენზიას, საავტორო უფლებას, პატენტსა თუ სავაჭრო ნიშანს. მაგალითად, არსებობს საავტორო
უფლება განსაზღვრული დროით და იგი შეიძლება გამოიყენონ წერილობითი მასალების მფლობელების
დასაცავად კონკურენტების მიერ მასალის თვითნებურად გამოყენებისგან, რომლებსაც არანაირი დრო
და ძალისხმევა არ დაუხარჯავთ და არც მათი განვითარებისთვის საჭირო ხარჯები გაუწევიათ. რადგან
Microsoft-ი პოპულარული Windows-ის პროგრამების საავტორო უფლებას ფლობს, ის იყენებს
იურიდიული მონოპოლიის პოზიციას. ბუნებრივი და იურიდიული მონოპოლიების გარდა, კანონი
კრძალავს მონოპოლიებსაც და მათი შექმნის მცდელობებსაც.

დავალება
1. ჩანაწერების წარმოება წარმატებისთვის
განვლილი თავის ინფორმაციის უმეტესი ნაწილი განკუთვნილია იმისათვის, რომ გაანალიზოთ, ქვეყნის ეკონომიკური
კეთილდღეობის ძირითადი მაჩვენებლები. ეწვიეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ
გვერდს (http://www.geostat.ge/) და მოიძიეთ შემდეგი მონაცემები:
1. საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში, 2010 წლიდან 2018 წლამდე (წლების მიხედვით);
2. საქართველოს მშპ მუდმივ ფასებში 2010 წლიდან 2018 წლამდე (წლების მიხედვით);
3. საქართველოს მშპ-ის რეალური ზრდა, პროცენტული ცვლილება 2010 წლიდან 2018 წლამდე (წლების მიხედვით);
4. სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია) საქართველოში 2010 წლიდან 2018 წლამდე (წლების მიხედვით);
5. უმუშევრობის დონე, პროცენტებში საქართველოში 2010 წლიდან 2018 წლამდე (წლების მიხედვით).
6. მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეთ ცხრილის სახით. იმსჯელეთ თუ ეკონომიკური ციკლის რომელ ფაზაში
იმყოფება საქართველოს ეკონომიკა.
2. კრიტიკული აზროვნების განვითარება
საბაზრო ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა კონკურენციაა. მოდით, ვნახოთ, როგორ მუშაობს კონკურენცია, თუ
წარმოვიდგენთ, რომ თქვენ მანქანის ინტერნეტმომსახურების შეძენა გსურთ. დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე:
1. როგორ მოიძიებთ ინფორმაციას საქართველოში ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიების შესახებ?
2. როგორ გადაწყვეტთ, რომელი ინტერნეტპროვაიდერი და როგორი პაკეტი შეიძინოთ?

8
3. რა ტიპის კონკურენციას აქვს ადგილი ამ ბაზარზე? ახსენით მისი ძირითადი მახასიათბელები? ჩაწერეთ თქვენი
პასუხები.
4. შეაჯერეთ და დაწერეთ მთავარი პუნქტები, რომლებიც თქვენ ისწავლეთ ბაზარზე კონკურენციის „მუშაობის“ შესახებ.

3. განიხილეთ მოსაზრება:
1. „კონკურენცია სტიმულს აძლევს წარმოების ეფექტიანობას, რასაც შედეგად
პროდუქტის გაუმჯობესებული ხარისხი მოჰყვება“.
2. მთავრობის ჩარევა/ჩართულობა ბიზნესსში კარგია თუ ცუდი? რომელი ფაქტორებით განამტკიცებთ საკუთარ
პოზიციას?

4. განიხილეთ ქეისი: Nederlander Concerts-სთვის  გართობა ნიშნავს  მოგებას


Nederlander Concerts-ი დაფუძნებულია ლოს ანჯელესში, ამერიკის საკონცერტო ინდუსტრიის ერთ-ერთ უდიდეს
ბაზარზე (მეორე – ნიუ-იორკი). კომპანია ერთ-ერთია დღეს უკვე იშვიათობად ქცეული საოჯახო ტიპის კომპანიებიდან
გასართობ ინდუსტრიაში. ის დასავლეთ ამერიკაში ჩატარებული ღონისძიებებისთვის, ძირითადად, ეწევა ისეთი მუსიკალური
შემსრულებლების ბუქინგსა და პრომოუშენს, როგორებიცაა: Goo Goo Dolls-ი, Maroon 5 და Cyndi Lauper-ი. კომპანია ფლობს ან
მართავს ზოგიერთ თეატრს, ამფითეატრსა და არენას, მათ შორის, Greek Theatre-ს ლოს ანჯელესში, Santa Barbara Bowl-ს და
Grove-ს ანჰაიმში. გარდა ამისა, ის ქირაობს სივრცეს ღონისძიებებისა და კონცერტებისთვის West Coast-ზე მდებარე სხვა
ქალაქებში ჩასატარებლად. Nederlander-ი თანამშრომლობს კალიფორნიის ისეთ დიდ ქალაქებთან, როგორებიცაა: სანტა მონიკა
და სან ხოსე, მათი საქალაქო თეატრების სამართავად და იქ მიმდინარე ღონისძიებების ჩასატარებლად. რადგან Nederlander
Concerts-ი მცირე ან საშუალო სიდიდის ღონისძიებებზეა ორიენტირებული, მას უნიკალური საკონცერტო გამოცდილების
შეთავაზება შეუძლია, რომელიც მსმენელს შემსრულებელთან აახლოებს. სწორედ ამიტომ მას შეუძლია კარგი გამოცდილების
და არა უბრალოდ ადგილების მაღალ ფასად გაყიდვა დიდ თეატრში.
საკონცერტო კომპანიის მთავარი მმართველი დირექტორის აზრით, „კომპანიის დეპარტამენტების მთავარი
მიმართულებები მოიცავს ნიჭიერების შესყიდვასა და მარკეტინგს, ოპერაციებს, ფინანსებს და ბიზნესის განვითარებას... მე
მყავს გუნდი, რომელიც ყიდულობს ნიჭს, მარკეტინგის ჯგუფი, გვყავს შენობის მთავარი მენეჯერი, ჩვენ გვყავს
მნიშვნელოვანი გუნდი, რომელიც ზრუნავს ფანებზე, შემსრულებლებსა და შოუებზე, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ. ჩვენ
კონკურენტულ ბაზარზე ვართ და ძალზე საინტერესოა, რას ვაკეთებთ.“ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საკონცერტო
ბიზნესის კონკურენტულობა უცნაურად ჟღერდეს, ფაქტობრივად, Nederlander Concerts-ი კონკურენციას უწევს სხვა
პრომოუტერებს (როგორიცაა Live Nation-ი) არა თავიანთი ღონისძიებების მსმენელის, არამედ პოპულარული
შემსრულებლების მიერ გაკეთებულ ბუქინგზე. სწორედ ამიტომ მას სურს, გააბედნიეროს მუსიკის მოყვარულებიც და
შემსრულებლებიც. მუსიკოსები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან თავიანთი ფინანსური ანაზღაურებით. Nederlander-
ის მთავარი მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ „კონკურენციის გამო შოუს დადგმა ყოველთვის ადვილი არ არის... ჩვენ
კარგი რეპუტაცია გვაქვს შემსრულებლებთან. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, ეს არის გარიგება, შენი საუკეთესო
შეთავაზების გაკეთება. ეს არის მცდელობა, იფიქრო, რომ აგენტი გეუბნება: თქვენი კონკურენტი მეტს გიხდით, მეტის მიღება
გსურთ. თქვენ თქვენი უნდა მიიღოთ, „მე არ ავცდები ზღვარს" და უნდა შეწყვიტო ფასის შეთავაზება (საჩვენებლად), ან
უნდა უთხრა „კარგი, გადაგიხდით ცოტა მეტს და ცდილობ შოუს მოწყობას“. ასე რომ, ეს არის ნამდვილი თამაშის ხელოვნება
აგენტსა და მყიდველს შორის... გარიგების ხელოვნება ჩვენი ყოვედღიურობის შემადგენელი ნაწილია“. ნიჭიერების
შემთხვევაში, როგორ მიჰყავს Nederlander-ს მუსიკის მოყვარულები საკუთარ ღონისძიებებზე? კომპანიის მარკეტინგის ვიცე-
პრეზიდენტის თქმით, „ეს არის ბაზრის შესწავლა და ყველა ხელმისაწვდომი გაზეთის არჩევა, ყველა შესაძლებელი
რადიოსადგურის მოსმენა, ყველა სატელევიზიო არხის თუ ახალი ამბების ყურება. და კვლავ ვუბრუნდებით კითხვას, ვინ
არის არტისტი/შემსრულებელი და ვინ მსმენელი? როგორ პოულობთ მათ? პირველი მიზეზი იმისა, თუ რატომაც არ მიდის
ხალხი შოუზე, მათი არაინფორმირებულობაა, რაც გამაღიზიანებელია. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, თანდათან შევამციროთ
ასეთი ხალხის რაოდენობა." როცა ყველაფერი კარგადაა, კომპანია მოგებას იღებს. „ჩვენ ვფლობთ და ვამუშავებთ იმ
ადგილებს, სადაც გვსურს ჩვენი ბიზნესის მეტი წილის კეთება და, ფაქტობრივად, ვაკეთებთ მის 90 პროცენტს. ასე რომ,
შოუების რისკპროფილი დაბალია... ჩვენ მეტი შემოსავალი გვაქვს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ შეგვიძლია
ნიჭიერებისა და სხვა ხარჯების დაფარვა და შემდეგ დიდი მოგებით წასვლა".

კითხვები
1. Nederlander Concerts-ი კონკურენციას უწევს სხვა საკონცერტო არენებსა და პრომოუტერებს მუსიკისმოყვარულთა
მოსაზიდად. ფიქრობთ, რომ ის, ამასთანავე, კონკურენციას უწევს ტელევიზიას, ფილმებს, CD და DVD დისკებს და სპორტულ
ღონისძიებებს? თუ ეთანხმებით, დაასახელეთ, რა შედეგები მოაქვს ამ ტიპის კონკურენციას Nederlander-ის ბიზნესისთვის?

2. კიდევ რამდენი ჯგუფის მოთხოვნილებები უნდა დააკმაყოფილოს ამ კომპანიამ ბიზნესში წარმატების


მისაღწევად?
3. მოიყვანეთ მაგალითი, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ არის გამოყენებული Nederlander-ის კონცერტებში წარმოების
ოთხი ფაქტორიდან თითოეული.

You might also like