Professional Documents
Culture Documents
ქურდი
ქურდი
ქურდი
ის ამბავი სულ უბრალოდ მოხდა, და თვითონ ამბავიც ისეთივე უბრალო იყო, როგორც მისი
ჩამდენის დაობლებული ცხვირ-პირი, ჩაჟანგებული კბილები, მიბნედილი თვალები და
დაკონკილი შალვარი, რომელიც პატრონს ისე ედგა ვიწრო თეძოებზე, თითქო შიგ ორი მრუდე
კონკილა ეკიდაო.
გვარიც ზედგამოჭრილი ჰქონდა: სტეფანე ჩირაძე. მისი სახე გადიდებულ ლეღვის ჩირს ჰგავდა -
მორჩილს, გამხმარსა და გამოფიტულს.
ან რაღა ჰქონდა სახალისო! ჩირაძე ნაკაცარია. ერთ დროს ყველაფერი ჰქონდა: ატესტატი,
მუნდირი, დიდი უფლება და ჯამაგირი.
- კაცო, - უთხრა ერთხელ ერთმა ვექილმა დანარჩენებს, - კაცო, მე რომ მკითხოთ, ყველა
პატიმრები კრავები არიან, ეს ოხერი კი მგელია იმათთან შედარებით, მგელი!
- მგელი.
- მგლისა.
- ვინ დაუნიშნეს?
- მგელი.
- მგელმა.
და ჩამოყალიბდა ვითარცა კანონი კანონთა სასახლეში: "მგელი მოდის... მგელმა სთქვა... მგელს
უთხრეს... მგელი შევიდა... მგელი შეხვდა".
მგელმა იცოდა, რა შიშის ზარსა სცემდა მისი სახელი ვექილებსაც და პატიმრებსაც, მაგრამ არა
სწყინდა. გულში უხაროდა და ამაყობდა კიდევაც. ეს შიში სამსახურის ორთაყვირი იყო,
რომელიც სანატრელ ნაპირებზე გასვლის დროს ეხმარებოდა.
მგელი ისე არ ელოდა იმ ამბავს, როგორც მტკვრის აღმა წასვლას. კიდევ კარგი, რომ ჩირაძეს არც
ერთი პოლიტიკური საქმე არ ჰქონდა გარჩეული და არც ერთი მომავალი ხელისუფალი არა
ჰყავდა მომდურებული.
- დაითხოვენ.
- გააგდებენ.
- მშიერი მოკვდება.
მაგრამ ჩირაძე არც დაითხოვეს, არც მშიერი მოკვდა. მიზეზი მხოლოდ შემდეგ გამოჩნდა: თურმე
მგელს მხოლოდ ტყავი, ყურები, კბილები და გული ჰქონდა მგლისა. ის კი არავინ იცოდა, რომ
თავში მელიის ტვინი ედო და კუდიც მელიისა ჰქონდა მობმული.
მგელმა ახალმოსულთა მგლობა და მელიობა მაშინღა დაინახა, როცა ერთ დღეს - ეს დღეც
დასწყევლოს უფალმა ღმერთმა! როცა ერთ დღეს ულუკმოდ და უპორტფელოდ დარჩა.
- უცნაური ხალხია! - იტყოდა ხოლმე მგელი ან გულში, ან ჩურჩულით, სანამ სამსახურში იყო. -
უცნაური ხალხია, ღმერთმანი. ამათი კანონისა ვერაფერი გამიგია.
**
ბევრი არაფერი: ჩირაძე იმ მგელივით ჩამოხმა და დაიმშა, რომელიც იმ ზამთარს შუა ქალაქში
შემოვარდა. მარტო რომ ყოფილიყო, როგორმე სიცივესაც გაუძლებდა და შიმშილსაც. ცოლი
ქმარზე უარესად ჩამოხმა და ლოგინად ჩავარდა. ერთადერთი შვილიც ორმოცი დღის
ნამარხულევს დაემსგავსა. ეხლა ისიც ავად იყო.
ეგონა, ძველი ავეჯი და ქონი ერთ წელიწადს მაინც გამაძლებინებსო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე
მიდგა და ჩირაძე საკომისიო მაღაზიების მუდმივ მუშტრად გადაიქცა, ერთი წელიწადი ორ
თვემდის დავიდა.
მგელმა ეხლაღა მიიხედ-მოიხედა. აღარც გასაყიდი ნივთი შერჩა, არც მეგობარი, არც ნათესავი,
აღარავინ და აღარაფერი, გარდა ორი მშიერი და ლოგინად ჩავარდნილი სულისა.
წამოდგა და კედლებს ეცა. ექვსადლიან ოთახში დარბოდა და ცივ შუბლს ისრესავდა. შვილი და
ცოლი ნაღვლიანად შესცქეროდნენ. ვეღარ გაუძლო სტეფანემ. ჩვრად ნაქცევი ქუდი დაიგდო
თავზე და გამოვიდა, გამოეთრია.
არც კი იცოდა - ვისთან, რისთვის, და რა იმედით მიდიოდა, გარეთ იმიტომ გამოვიდა, რომ შინ
ჯდომა აღარ შეეძლო, რომ დარჩენილიყო, აყვირდებოდა, ატირდებოდა. რამდენჯერმე შხამიანმა
აზრმა გაჰკრა: ორივეს დავხოცავ და მეც გავყვებიო. და რათა არ დაეხოცნა და თვითონ აზრიც კი
ამოეგდო თავიდან, ისევ ქუჩაში ხეტიალი ამჯობინა.
ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და მოდის. ოდნავ ჟინჟღლავს და ცივი ქარი ჰქრის. მობუზული
მგზავრები სწრაფი ნაბიჯით მიდიან. შური ღრღნის ჩირაძეს. "ყველას ელის თბილი ოთახი, -
ჰფიქრობს თავისათვის, - ოთახი და მხიარული ოჯახი. ყველა მაძღარია, ან ეხლა გაძღება, მე კი..."
მაშ სად მიდის ჩირაძე? ვის დაეძებს? რა უნდა ავდარში გარეთ? არ იცის და არც ჰფიქრობს. მის
თავში ერთი აზრიც აღარ ბუდობს, გულში იმედის ნატამალიც აღარ აქვს. თავისთვის მიდის
იქით, საითაც მთრთოლვარე ფეხებს მოჰყავთ. ის ფეხები - ჩხირებივით დამდნარ-დაკრუნჩხული
ფეხები - აღარაფერს ეკითხებიან პატრონს. ხან მარჯვნივ გაუხვევენ, ხან თავდაღმა დაქანდებიან,
ზოგჯერ კი უკანვე გაბრუნდებიან და მერმე ისევ იმავე გზით გამობრუნდებიან.
რაც შემდეგ მოხდა, ესეც ჩირაძის ბრალი არ არის. აღარ არსებობდა სტეფანე იმ ღამეს როგორც
მთლიანი ადამიანი. ის დაირღვა და დაიფანტა. ყველამ თავისკენ გაიწია და სრული
დამოუკიდებლობა მოითხოვა, მოითხოვეს და მოიპოვეს კიდევაც: თვალებმა, ყურებმა, ხელებმა
და გულმაც.
რა უნდოდა მას ჯერში რომ ჩადგა? არ იცის, ვერ იტყვის. ჯიბეში შაურიანიც არ ედო, მაგრამ
თავის თავი მაინც რიგში იპოვნა.
ჩირაძემ თუ არ იცის მიზეზი, სხვამ მაინც უნდა იცოდეს. ეგრეა. უეჭველად ეგრეა, ჰკითხეთ ჯერ
იმის თვალებს და მერმე ფეხებს. იმათ იციან. ნამდვილად იციან, და რომ ჰკითხოთ, თვალები
გეტყვიან.
"აგერ იმ კაცმა, ჩასუქებულმა და სუფთად ჩაცმულმა კაცმა, უბიდან ორი თუმნიანი ამოიღო.
ერთი ხელში დაინარჩუნა, მეორე კი პალტოს ჯიბეში ჩაიდო. ჩვენ, ჩირაძის თვალებმა, ამაზე მეტი
არაფერი ვიცით, დანარჩენი სხვებს ჰკითხეთ".
- მეც ჯიბეში ვიჯექი, უცებ ამოვცურდი, სხვის ჯიბეს მივეპარე და ჩავსრიალდი. ამ დროს სხვისი
ხელი მეცა, ჩამბღუჯა - მჟეჟა, დამამტვრია და აღარ ამომიშვა.
- დაიჭი, არ წავიდეს!
- მისცხე!
- დაჰკა!
ჩირაძე მაგრად უჭირავთ. რა სულელია ეს ხალხი! ისე ჰყავთ ნაკაცარი შებოჭილი, თითქო ვინმე
ავარასავით გაქცევას აპირებდეს. ის კი არ იციან, რომ ქურდი წაიქცევა, თუ ხელი გაუშვეს.
როგორ მოხდა, რად მოხდა, რომ მსაჯულმა სხვის ჯიბეში ჩაჰყო ხელი?! ჩირაძემ არ იცის,
არაფერიც არ იცის. ჰკითხეთ იმის ჩაობებულ თვალებს, მთრთოლვარე მარჯვენა ხელსა და
დალეულ, დაგრეხილ ფეხებს.
**
ეხლა ნამსაჯულევი დიდ დარბაზში დგას, მოაჯირის უკან დგას და თვალების ბლეტით
ათვალიერებს იმ დარბაზს, ისე ათვალიერებს, თითქო პირველად ხედავდეს.
ათვალიერებს და ისე იღიმება, თითქო იმის პირზე გველის წიწილები იკლაკნებიან. მწარედ
ეცინება ნამსაჯულევს. ან განა სასაცილო არ არის? ეს დარბაზი, გრძელი, განიერი, მაღალი და
თეთრი დარბაზი, სწორედ ის დარბაზი, სადაც ჩირაძე ორასჯერ მაინც მსაჯულობდა უწინ,
დღესაც ისე გამოიყურება, როგორც ოდესღაც იყურებოდა. დარბაზის ორი მესამედი მაშინაც
ხალხით იყო ხოლმე გაჭედილი და ეხლაც სავსეა.
ბრალდებულს რომ შემოიყვანდნენ ხოლმე, ასი წყვილი თვალი ისე ათვალიერებდა მას, თითქო
ტანისამოსს ხდიდენო. ეხლაც აშიშვლებენ ტუსაღს.
ოოჰ, ნეტა შეეძლოს ჩირაძეს ყველაფერი სთქვას, ეხლა იცის და პირზე აკერია!
- რაღა დამცველთა კოლეგიის წევრი? - ეხლაღა ეკითხება თავის თავს ბრალდებული. - ერთი
სახელი მაინც დაერქვათ: დამცველი.
აგერ ვიღაც უკრავს თავს და უღიმის. ის შარშან ჩირაძის თანაშემწე იყო, ეხლა კი იმის
თანამდებობას ასრულებს. კეთილი კაცია, ებრალება პატიმარი.
თავი ჩაუქნია, ჩაუღიმა და თვალები მარცხენა კუთხეს მოავლო. მოავლო, შეკრთა, გაიღიმა,
წამოდგა და ისევ დაჯდა. დაჯდა და იმ კუთხეს თვალი ვეღარ მოსწყვიტა.
იქ, უცხო ხალხში, პელაგო ზის, მისი ცოლი - დამდნარი, მიბნედილი, თავდახრილი; ზის და
ჩუმად ტირის. ხელის გული შუბლზე მიუბჯენია. ცრემლს მალავს, დარცხვენილ თვალებს
უცხოსაც და ქმარსაც არიდებს.
"ჩემი დღევანდელი ლუკმა შენა ხარ? ვაი შენი ბრალი! მე შენ გიჩვენებ სეირს".
დღეს კი ნამსაჯულევი თვითონვე ზის იმ მოაჯირის უკან, სადაც ათასმა და ათი ათასმა
გოლგოთის გრძელი გზა განვლო. ეხლა ჩირაძის ჯერიც მოვიდა.
"რა უკუღმა ტრიალებს ქვეყანა"! - თითქო ნააზრევი გაუგო ჩირაძეს დამცველმა და განაგრძო:
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე სრული გაუგებრობაა. ცხადია, რომ იმ კაცმა ფული კარგად
ვერ ჩაიდო ჯიბეში. თუმნიანი გადმოუვარდა, ან უნდა გადმოვარდნოდა. თქვენ ხელი წაატანეთ
იმ ფულს, გინდოდათ იმ ადამიანისთვის მადლი დაგედოთ, მაგრამ... აი სწორედ ამ დროს მოხდა
გაუგებრობა: იმ კაცს თქვენ ქურდი ეგონეთ და ხელი გტაცათ. ასეა თუ არა, მეგობარო?
ჩირაძემ გაიღიმა და სათქმელი გაუგო: ჩვენება ისე გადააკეთე, როგორც ეხლა გითხარიო.
ჩირაძეს რაღაც შორეულმა მოგონებამ გაჰკრა ელვასავით, მაგრამ იგი ისევ ელვასავით ჩაქრა.
"საოცარია - უკვირს ფეხზე მდგომ ბრალდებულს - საოცარი ხალხია, მოუსვენარი ხალხია: ერთ
ალაგზე ერთ წელიწადზე მეტს იშვიათად გასძლებენ. მოვა უმეცარი, თითქოს სკოლაში
მოებარაო. ცოტაოდენს ისწავლის და შემდეგ კოოპერატივში გადადის, იქიდან მასწავლებლობას
დაეძგერება. შემდეგ რკინისგზას შეუდგება და სანამდის დადის ყველგან, მანამ ყველაფერისტი
ან არაფერისტი არ გამოვა. საკვირველი ხალხია! ალბათ ეს ორი ახალი მოსამართლეც ასეთი
ჯიშისა იქნება... საოცარი ხალხია!"
მესამეჯერ? ესეც საკვირველია. რატომ ვერ გაიგო ჩირაძემ? ალბათ გამოყრუვდა. ადგა უპასუხა
და ისევ დაჯდა.
- წლოვანება?
ორმოცდაათისა შესრულდა.
სადღაც და ოდესღაც უნახავს, თითქოს ეცნობება, ტვინში ნემსის ოდენა რაღაც უფართხალებს.
მეხსიერებას იკრებს, თავს ძალას ატანს, იგონებს და ვერ მოუგონია.
- ბრალდებულო , მიპასუხეთ!
- მაშ მიპასუხეთ.
- სასამართლოს მუშაკი.
უპასუხა და აზრი ისევ შორეულში ჩაიკლაკნა: "ჭაღარა წვერი... ალბათ შემდეგ გაუჭაღარავდა...
მაშინ კი..."
როდის "მაშინ?" სად უნახავს ეს კაცი, ეხლა რომ თვალებს უბურღავს და ცალი ტუჩით იღიმება?
"იღიმება, თუ იმუქრება?"
- სად?
- აქ ტფილისში.
- კიდევ სად?
- თელავშიც ვიყავი.
- რამდენჯერმე?
- დიახ, რამდენჯერმე.
თავმჯდომარე ბრალდებულს ისევ წეღანდელივით შესცქერის. თვალი ისევ იმის თვალებში აქვს
ჩარჭობილი, უმზერს და სდუმს, თანაც ოდნავ იშმუშნება. მერე ისევ იმეორებს, თითქო თავის
თავს ეუბნებაო:
უცებ მოგონების ელვამ გაჰკრა. სკამზე დავარდა, წამოდგა. ისევ დაჯდა და გახევდა.
**
მოაგონდა ის საქმე - უბრალო და შორეული საქმე. მას შემდეგ ხუთმეტი წელიწადი გავიდა.
მოსამართლენი თელავში ავიდნენ. ჩირაძეც წაიყვანეს. ხუთიოდე საქმე გაარჩიეს. ყველას მისი
ხვედრი მიუსაჯეს: ზოგი გადაასახლეს, ზოგსაც კატორღა მიაკრეს.
იმის საქმე უბრალოზე უბრლო იყო: თავისთვის ცხოვრობდა კურდღელაურში, ვაზს სხლავდა,
ვენახს ბარავდა, შაბიამანს აყრიდა, ღვინოს აყენებდა, ჰყიდდა და საქორწილოდ ემზადებოდა.
ერთ ღამეს ვიღაცამ კარი დაურახუნა.
გლეხი შეეკამათა, მაგრამ ბევრი აღარ ალაპარაკეს, კიდობანი დაუცალეს, ორი ტიკი გაავსეს, ორ
ბურვაკს ყელი გამოსჭრეს, ცხენებზე აიკიდეს და გაჰქუსლეს. თედო კი ჭრაქის წინ ორ წითელ
თუმნიანს ატრიალებდა და ანგარიშობდა.
რამდენიმე კვირა გავიდა. სადღაც ვიღაც ყაჩაღები დახოცეს. ერთი დასჭრეს და თელავში
ჩამოიყვანეს. მერმე ისიც მოკვდა. ერთ ღამეს ისევ ვიღაცამ დაარახუნა თედოს კარი.
- რომელი ხარ?
გააღო და ბოქაული იცნო. თედო შეჰკრეს და წინ გაიგდეს. დედა მისი ჰკიოდა, ფეხმოტეხილი
ძაღლი წკმუტუნებდა.
- ბრალი არა მაქვს. არხეინად იყავი! - გამოსძახა შვილმა დედას და სიბნელეში დაიმალა.
სამუდამოდ დაიმალა. მას აქეთ დედა-შვილს ერთმანეთი აღარ უნახავს. დედაკაცი ლოგინად
ჩავარდა და მაშინაც ვეღარ ადგა, როცა თედო ჩირაძის თვალწინ დააყენეს.
- არა.
- მუდამ კავშირი გქონდა.
- არა, ღმერთმანი.
- ეხმარებოდი.
- არა მეთქი!
- გირჩევთ, გამოტყდე.
**
აჰა, ის თედო, მაშინ რომ უნდობლად იღიმებოდა. ეხლა აგერ იქა ზის - წითელ მაგიდასთან,
თავმჯდომარის სავარძელში ზის.
მაგრამ ეს ღიმილი, უცნაური დაგრეხილი ღიმილი, ნეტა რა არის შიგ ჩაქსოვილი? რა სწერია იმ
ღიმილში - რისხვა თუ ლმობიერება? მუქარა თუ წყალობა?
ჩირაძეს არ ესმის. ვერ გაუხსნია, იმ ღიმილის გასაღები ვერ უპოვნია. უცებ აზრმა გაჰკრა:
"რა ტუტუცი ვარ! სხვა რა უნდა ჰქონდეს ჩემთვის ამ ადამიანს, შურისძიებისა და შხამის მეტი!
დავღუპე და დამღუპავს, დავსაჯე და მომიზღავს".
ყველაფერი გათავდა. ჩირაძე დაიღუპა. სამართალი რომ იყოს სადმე, ბრალდებული
წამოდგებოდა და იტყოდა: "გთხოვთ საქმე გადასდოთ და თავმჯდომარე შემიცვალოთ,
ვინაიდგან... რადგან".
საჭიროა! სულ ერთია, დაღუპულია. აღარც ვექილისა ესმის რამე. მხოლოდ წვიმის წვეთებივით
ესხმის მისი რადგან... ამიტომ... ვინაიდან... იმიტომ...
რა მოხდა შემდეგ, აღარც ეს ახსოვს. მხოლოდ ერთიღა აგონდება: შვილი და ცოლი მოეხვივნენ,
ატირდნენ და აატირეს.
- მაშ...
1928 წ.