Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

დისკუსიების სერია: თავისუფლება

თავისუფლება, მისი შეფასება, დაფასება და მიღება

თავისუფალი თუთიყუში

ერთი კაცი, დიდი კაცი, თავისუფლების მებრძოლი, მთებში მოგზაურობდა. ერთ ღამეს
ქარვასლაში დარჩა გასათენებლად. მოგზაური გააოცა ერთმა მშვენიერმა თუთიყუშმა,
რომელიც ოქროს გალიაში იჯდა და მუდმივად იმეორებდა: „თავისუფლება! თავისუფლება!.
ეს კი ისეთი ადგილი იყო, რომ თუთიყუშის ნათქვამი სიტყვა „თავისუფლება“ ველებსა და
მთებს ედებოდა ექოდ. კაცმა იფიქრა: „მრავალი თუთიყუში მინახავს და ვფიქრობდი, რომ
მათ უნდა ნდომოდათ, გათავისუფლებულიყვნენ გალიებისგან... მაგრამ არასდროს მინახავს
ასეთი თუთიყუში, რომელიც მთელი დღეს, დილიდან საღამომდე თავისუფლებას ითხოვს.
კაცს აზრი მოუვიდა. შუაღამისას, როცა პატრონი ღრმა ძილში იყო, ის ადგა, გალიის კარი
გააღო და თუთიყუშს უჩურჩულა: „ახლა გამოდი“. მაგრამ ძლიერ გაოცდა, როცა თუთიყუში
გალიის გისოსებს ჩაებღაუჭა. მოგზაური კიდევ და კიდევ უმეორებდა: „ნუთუ დაივიწყე
თავისუფლება? უბრალოდ წადი! კარი ღიაა და პატრონს სძინავს, ვერავინ გაიგებს. შენ
მხოლოდ ცაში აფრინდი, მთელი ზეცა შენია“. მაგრამ თუთიყუში ისე მაგრად ჩაბღაუჭებოდა
გალიის კიდეს, რომ კაცმა ჰკითხა: “ რა მოხდა? ხომ არ გაგიჟდი?“. მან სცადა თუთიყუში
საკუთარი ხელით გამოეყვანა, მაგრამ ის კბენდა და ამავდროულად ყვიროდა:
„თავისუფლება!“. გვიან ღამით ველებს ექოდ ედებოდა მისი ხმა, თუმცა კაციც ჯიუტი იყო. ის
თავისუფლების მებრძოლი გახლდათ. მან გამოიყვანა ფრინველი გალიიდან და ცაში ააფრინა
და ძალიან კმაყოფილიც დარჩა, თუმცა კი ხელი სტკიოდა. თუთიყუში მთელი ძალით
უტევდა, თუმცა კაცი მაინც კმაყოფილი იყო, რომ კიდევ ერთი სული გაათავისუფლა და
დასაძინებლად გაემართა. დილით, როცა გაიღვიძა, თუთიყუშის ხმა გაიგონა:
„თავისუფლება! თავისუფლება!“. კაცმა იფიქრა, თუთიყუში ხეზე ან ქვაზე იქნება
წამომჯდარიო, მაგრამ ის გალიაში იჯდა. გალიის კარი ღია იყო.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა განსაზღვრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია


თავისუფლება და როგორ იღებენ და აფასებენ მას ადამიანები, რაში მდგომარეობს „მონობის“
ფენომენი და არსებობს თუ არა ის რეალურად და თანამედროვეობაში. მოსწავლეებმა
ნაწარმოების მიხედვით უნდა იმსჯელონ, რამდენად შეუძლია ადამიანს, დააფასოს
თავისუფლება და აქვს თუ არა ადამიანების გარკვეულ კატეგორიასა თუ ნაწილს
მიდრეკილება ფსევდოთავისუფლებისა და მონობისაკენ. თუ ასეთი მიდრეკილება არსებობს,
როდის და რა შემთხვევებში იჩენს ის თავს.
გაკვეთილს დისკუსიის სახე აქვს და ითვალისწინებს მცირე დებატებსაც, კერძოდ
ფსევდოთავისუფლებისა და მონობისკენ მიდრეკილების არსებობის შესახებ, მისი
წინაპირობებისა და შედეგების შესახებ.

გაკვეთილის ეტაპებია:

 შესავალი, თემის გაცნობა-5 წთ;


 ნაწარმოების წაკითხვა-10 წთ;
 ნაწარმოების გაგება, გაანალიზება-10 წთ;
 პრობლემის დასმა, მოსწავლეებმა უნდა გამოკვეთონ კონფლიქტის არსი, პრობლემის
ორი მხარე (პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი
მხოლოდ ფასადურად მიელტვის თავისუფლებას, სინამდვილეში კი ამჯობინებს იმ
ჩვეულ გარემოს, სადაც თავისუფლება არ არის, თუმცა მუდმივად აქვს
შესაძლებლობა, ის მოითხოვოს. ამ შემთხვევაში ის აცხადებს პრეტენზიას
თავისუფლებაზე, თუმცა არ სურს მოიპოვოს ან მიიღოს ის, ვინაიდან ეს დააკისრებს
პასუხისმგებლობებს და მიანიჭებს შესაძლებლობებს, რომელთაც ის მიჩვეული არაა,
შესაბამისად მისთვის ეს არაა ნაბიჯი ბედნიერებისკენ, არამედ დიდი და
პრობლემური გამოწვევაა. თუმცა, მეორე მხრივ, მას ეძლევა საშუალება, შანსი
გამოიყენოს მინიჭებული თავისუფლება, გადააფასოს არსებული შეხედულებები,
გადასინჯოს საკუთარი შესაძლებლობები და მსოფლმხედველობა და მიიღოს
გამოწვევა, შესაბამისად შეეგუოს ახალ გარემოს, სადაც ის თავისუფალია)-15 წთ;
 მოსწავლეები უნდა გადანაწილდნენ ჯგუფებში, რომლებიც მიემხრობიან პირობითად
„თუთიყუშის“ და „თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცის“ პოზიციებს, შესაბამისად
განავითარებენ მოსაზრებას, რომ თავისუფლება ყოველთვის პოზიტიური და
აბსოლუტური ღირებულება არაა და გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება პრობლემად
და გამოწვევად იქცეს, რაც ადამიანს მასზე უარს ათქმევინებს; მეორე მხრივ კი უნდა
განავითარონ მოსაზრება, რომ თავისუფლება ნებისმიერი ადამიანისთვის, თუნდაც
„თუთიყუშის“ მსგავსისთვის შანსი და შესაძლებლობაა და გარკვეული დროის შემდეგ
ის შეეგუება ახალ რეალობას; (არგუმენტები: მონის ფსიქოლოგია, თავისუფლების
ფსევდომოთხოვნა ანუ რატომ ითხოვს თუთიყუში თავისუფლებას, თავისუფლებას
ძალით მიცემის გამართლებულობა, თავისუფლების მიღების, როგორც არჩევანის
თავისუფლება და ა.შ);-5 წთ.
 მოსწავლეებმა უნდა შეჯერდნენ საკუთარ პოზიციაზე და ჩამოაყალიბონ ის 3
ძირითადი არგუმენტის სახით-10 წთ;
 მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები-5 წთ;
 მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს:
 რა მიზანი ამოძრავებს თუთიყუშს, როცა ის თავისუფლებას ითხოვს?
 რა მიზანი აქვს თავისუფლებისთვის მებრძოლ კაცს?
 რატომ არ ტოვებს თუთიყუში გალიას და რატო უწევს ასეთ აგრესიულ
წინააღმდეობას კაცს?
 სწორად იქცევა თუ არა კაცი? როგორ მოიქცეოდით თქვენ თავისუფლებისთვის
მებრძოლი კაცის ადგილას?
 ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას? რამდენად წარმატებულია ის?
 რატომ ბრუნდება თუთიყუში გალიაში? როგორ გაგრძელდება მისი ისტორია?
 მოსეს ამბის პარალელი;
 მისაღებია თუ არა თავისუფლების ამგვარი მიცემა (თუ საერთოდ თავისუფლება
უნდა გაიცემოდეს და მოიპოვებოდეს) და რამდენად შედეგიანია ის?
 როდის არის თავისუფლება თავისუფლება ამ სიტყვის თქვენეული გაგებით?
სურვილი, როგორც თავისუფლების წინაპირობა.

You might also like