სასკ-ის 29 და 31 მუხლები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 15

#ბს-734(კს-19) 

                                                                                      12 სექტემბერი, 2019 წელი
                                                                                                                            ქ. თბილისი
 
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
 
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
 
საქმის განხილვის ფორმა  -  ზეპირი მოსმენის გარეშე
 
კერძო საჩივრის ავტორი  -  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
 
მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ე
 
დავის საგანი  -  განჩინების განმარტება
 
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება
 
 
                                  ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი   ნ ა წ ი ლ ი: 
 
2019 წლის 1 აპრილს თ. მ-ის წარმომადგენელმა - პ. შ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის
საქალაქო სასამართლოს და სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების მიღება მოითხოვა. კერძოდ:
შუამდგომლობის ავტორმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის
მართვისა და განვითარების სამსახურის ...ის ...ის დანიშვნის (გარდა მოვალეობის დროებით
შემსრულებლისა) ან ამ თანამდებობაზე ახალი კადრის დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი
მოქმედების განხორციელების (კონკურსის გამოცხადება და სხვა) აკრძალვა მოითხოვა.
შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ განზრახული აქვს სარჩელით მიმართოს ქუთაისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი
სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების ზეპირი მოსმენის #2
სხდომის ოქმის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის #3264 (18/03/2019) დასკვნისა
(დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების
სამსახურის ...ის ...ის, თ. მ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან
გათავისუფლების შეფარდების შესახებ) და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის - ქალაქ
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო
ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ...ის ...ის - თ. მ-ის სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ #კ784 (18/03/2019) ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და
განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, თ. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლება და ასევე მისი
სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ყველა აქტი, არის უკანონო, უსაფუძვლო და
დაუსაბუთებელი, ვინაიდან თ. მ-ის გათავისუფლება მოხდა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის
პერიოდში, რაც ყოვლად დაუშვებელია და კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. შუამდგომლობის
ავტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ქალაქის
მერიას. ამასთან, ზეპირი მოსმენა ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა და დაინტერესებული
მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევით. კერძოდ, ოქმში
მითითებულია, რომ ზეპირ მოსმენას არ ესწრებოდნენ არც დაინტერესებული მხარე და არც მისი
წარმომადგენელი, ხოლო მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ადმინისტრაციული
ორგანოსათვის უცნობი იყო. მაშინ, როდესაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიემართა
შუამდგომლობით, რომელსაც ერთოდა ნოტარიალური წესით დადასტურებული რწმუნებულება თ. მ-
ის სახელით და მოთხოვნა ზეპირი მოსმენის სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობაში
მითითებული მიზეზების გათვალისწინებით.
შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ დისციპლინური წარმოება ეფუძნება პრინციპს, რომ
პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენად, სანამ კანონიერ ძალაში არ შევა
გადაწყვეტილება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე.
ვინაიდან დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენა და
მხოლოდ ამის შემდეგ პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, დისციპლინური წარმოების დაწყება და
განხორციელება თავისთავად არ შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მოხელე მიჩნეულ იქნეს
დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად. მოხელე ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომის არმქონედ მანამ, სანამ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, მიუკერძოებელი და
დამოუკიდებელი წარმოებით არ დადგინდება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.
დისციპლინური წარმოება მოხელის მიმართ შეიძლება დაიწყოს მხოლოდ კანონით
დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში: მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება
დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე
დასაბუთებული ეჭვის არსებობა; საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები.
დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არ შეიძლება გახდეს სუბიექტური მოტივი,
მაგალითად, შურისძიება, კონკრეტული პირის სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი ან სხვა
გარემოება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. დისციპლინური წარმოების დაწყებისას დაუშვებელია
დისკრიმინაცია, როდესაც ერთი და იმავე ქმედების გამო ერთი მოხელის მიმართ დისციპლინური
წარმოება არ დაწყებულა, მეორე მოხელის მიმართ კი დაიწყო და მას დაეკისრა დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომა. მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური წარმოება მისი
პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გასაბათილებლად. ამ შემთხვევაში მოხელის ან
ყოფილი მოხელის განცხადების მიზანია მის შესახებ გავრცელებული, პატივისა და ღირსების
შემლახველი ცნობების გაბათილება.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, დროებითი ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია
სარჩელის აღძვრამდე, რა დროსაც მხარემ უნდა დაასაბუთოს და შეუქმნას სასამართლოს ვარაუდი,
რომ გადაწყვეტილების აღსრულებას მომავალში შეეშლება ხელი. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და
განვითარების სამსახურს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერს წარუდგინოს კანდიდატურა სამსახურის იმ თანამშრომლისა, რომელსაც შესაძლოა დაეკისროს
სამსახურის ...ის ...ის მოვალეობის დროებით შესრულება, რაც, შუამდგომლობის ავტორის
მოსაზრებით, გარანტიაა იმისა, რომ სასამართლო დავის პერიოდში სამსახური არ იქნება ...ის ...ის
გარეშე და სამსახურს ჰყავს, ასევე, თავისი ...იც. თუმცა, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს
ხელმძღვანელობის მხრიდან ნებისმიერ დროს მისი უფლების გამოყენებასა და სადავო
თანამდებობაზე ახალი კადრის დანიშვნას, ან კონკურსის გამოცხადებას და ა.შ., რამაც შესაძლოა
საფუძველი გამოაცალოს წარსადგენი სასარჩელო მოთხოვნის უმთავრეს ნაწილს - სამუშაოზე
აღდგენას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით, მოსარჩელე თ. მ-ის
წარმომადგენელის - პ. შ-ის შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე არ
დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით
გაასაჩივრა თ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე
დროებითი გამოცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება, კერძოდ, ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის
...ის ...ის დანიშვნის (გარდა მოვალეობის დროებით შემსრულებლისა) ან ამ თანამდებობაზე ახალი
კადრის დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელების (კონკურსის
გამოცხადება და სხვა) აკრძალვა მოითხოვა.
2019 წლის 16 აპრილს თ. მ-ემ დაზუსტებული კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის
მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების ზეპირი
მოსმენის #2 სხდომის ოქმის, დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის
მართვისა და განვითარების სამსახურის ...ის ...ის, თ. მ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის #3264 (18/03/2019) დასკვნისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის
...ის ...ის - თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერის #კ784 (18/03/2019) ბრძანების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17
აპრილის განჩინებით თ. მ-ის წარმომადგენლის - პ. შ-ის დაზუსტებული კერძო საჩივარი
დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის განჩინება; თ. მ-ის
წარმომადგენლის - პ. შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. მ-ის სარჩელთან
დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა ქალაქ
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო
ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ...ის ...ის თ. მ-ის სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის
2019 წლის 18 მარტის #კ784 ბრძანების მოქმედება; განჩინების შესრულება დაევალა ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონმდებელმა საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 29 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი დაადგინა იმ მიზნით,
რომ აქტის გასაჩივრების შემთხვევაში არ მოხდეს ნებისმიერი აქტის მოქმედების ავტომატური
შეჩერება და არ დაბრკოლდეს საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-
ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის
მოქმედების შეჩერებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და
განვითარების სამსახურის ...ის ...ის - თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 მარტის #კ784 ბრძანება აღსრულებულია.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი
ავტომატურად არ ჩერდებოდა, ანუ არ ატარებდა სუსპენზიურ ეფექტს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება,
ამავე მუხლის მე-3 ნაწილი არ გამორიცხავს მითითებული აქტების სასამართლოს მიერ შეჩერების
შესაძლებლობას. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი
აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან
ინტერესის დაცვას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა განსახილველ დავის საგანზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დავას
მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტდა, არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგი მექანიზმები: 1. მოხელის იმავე თანამდებობაზე
დაუყოვნებლივ აღდგენა; 2. იმავე თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, იმავე საჯარო
დაწესებულების სისტემაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; 3. საჯარო სამსახურის ბიუროს
მეშვეობით ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიება; 4. გათავისუფლებული მოხელისათვის
განაცდური შრომითი გასამრჯელოს გაცემა; 5.აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეზერვში
ჩარიცხვა და განაცდურის, აგრეთვე კომპენსაციის (ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული
ოდენობით 6 თვის განმავლობაში) ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე
მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის
მოქმედების შეჩერებას. ამასთან, საჯარო დაწესებულება არ არის შეზღუდული ვაკანტურ
თანამდებობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნოს სხვა პირი. უკანონოდ
გათავისუფლებული მოხელის აღდგენა კი თავისთავად არ გამოიწვევს უკვე დანიშნული მოხელის
გათავისუფლებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. მ-ის მიერ წამოწყებული
დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, საფრთხე შექმნოდა კანონიერ
ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც განუხორციელებლად აქცევდა
დარღვეული უფლების აღდგენას.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, ასეთი შემთხვევის გამორიცხვის მიზნით, თუკი
სარჩელის განხილვის ეტაპზე მოხდებოდა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება უფლების
დაცვის დროებითი საშუალების ფარგლებში, ეს შესაძლებლობას იძლეოდა, სარჩელის
დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხელე დაუყოვნებლივ ყოფილიყო აღდგენილი იმავე
თანამდებობაზე, რამდენადაც სადავო თანამდებობაზე არ მოხდებოდა სხვა პირის დანიშვნა. ხოლო
თუ ეს უფლება არ იქნებოდა გამოყენებული და მოხელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე
დანიშნული იქნებოდა სხვა პირი, ასეთ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო სამსახურში აღდგენილი
მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ხოლო ასეთის
არარსებობის შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, დამსაქმებელი ვალდებული იყო მიიღო
შესაბამისი ზომები საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიმართვის გზით, მოხელის საჯარო
სამსახურის სისტემაში ტოლფას ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მიზნით, ხოლო თუ ამ გზითაც
ვერ აღდგებოდა მოხელე სამსახურში, აღნიშნული ეცნობებოდა ბიუროს, რომელიც „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უკანონოდ
გათავისუფლებულ მოხელეს ჩარიცხავდა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით. ამავდროულად,
უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის გადახდის
ვალდებულება ეკისრება იმ საჯარო დაწესებულებას, რომლიდანაც მოხდა პირის უკანონოდ
გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების მიზანი ერთია - დავის საგანზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა,
რომ პირის მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის აუცილებელ პირობას უფლების აღდგენის
საფრთხის არსებობა წარმოადგენდა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და
განვითარების სამსახურის ...ის ...ის თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 მარტის #კ784 ბრძანების
მოქმედების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები და ამ ნაწილში დაზუსტებული კერძო საჩივარი
უნდა დაკმაყოფილებულიყო.
რაც შეეხებოდა დაზუსტებული კერძო საჩივრის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს, სააპელაციო
პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა დაზუსტებული კერძო საჩივრის დაკმაყოფილების
წინაპირობები, ვინაიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული
ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ...ის ...ის - თ. მ-ის
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2019 წლის 18 მარტის #კ784 ბრძანების მოქმედების შეჩერება
საკმარის ღონიძიებას წარმოადგენდა უფლების დროებითი დაცვისათვის და წინმსწრები აქტების
შეჩერების გარეშეც უზრუნველყოფილი იქნებოდა დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების
დაცვა.
2019 წლის 22 აპრილს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადებით მიმართა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ამავე პალატის 2019
წლის 17 აპრილის განჩინების განმარტება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის
განჩინებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების განმარტების
თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე
მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება
აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის
მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე,
გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
ბუნდოვანებაა, გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების
ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ
შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა.
გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი,
გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი და ეს გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ
მისი განმარტებისას პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული
გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
შინაარსის ბუნდოვანება.
სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა
გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების აცილების საპროცესო საშუალებას წარმოადგენდა და
ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში განუხორციელებლად არ
ქცეულიყო გადაწყვეტილებით აღდგენილი უფლება. თავის მხრივ, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების მიზანს წარმოადგენდა დავის
საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც
შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი,
რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის
მართვისა და განვითარების სამსახურის ...ის ...ის - თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 მარტის #კ784
ბრძანების მოქმედება, არ იყო ბუნდოვანი და შესაბამისად, განმარტებას არ საჭიროებდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით თ. მ-ის 2019 წლის 1 აპრილის
შუამდგომლობის, კერძო საჩივრისა და დაზუსტებული კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის
თქმა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე
მუხლზე, რომლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადადება, აგრეთვე, შეგებებული სარჩელის
შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო
სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობით მოთხოვნილი იყო ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული
ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ...ის ...ის დანიშვნით
(გარდა მოვალეობის დროებით შემსრულებლის) ან ამ თანამდებობაზე ახალი კადრის დანიშვნასთან
დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელების (კონკურსის გამოცხადება და სხვა)
აკრძალვა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გასაჩივრებულ განჩინებაში არ
ყოფილა არანაირი მითითება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის
...ის ...ის - თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 მარტის #კ784 ბრძანების მოქმედების შეჩერებაზე,
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით მიიღო 2019 წლის 17 აპრილის განჩინება.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას
უხეშად იქნა დარღვეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე, საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნები, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის
განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31
მაისის განჩინებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა
მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
 
 
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო   ნ ა წ ი ლ ი  :
 
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი
კერძო  საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის
შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი
უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება და საქმე ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების განმარტების
მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის
შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების
განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული
წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს, თუ რა
ფარგლებში იძლევა წარმოდგენილი კერძო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების შემოწმების
შესაძლებლობას. უფრო კონკრეტულად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს არა
მხოლოდ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, არამედ ახალი განჩინების მიღებით თ. მ-ის 2019 წლის
1 აპრილის შუამდგომლობის, კერძო საჩივრისა და დაზუსტებული კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ის განჩინება,
რომლითაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების განმარტებაზე.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით სადავოა არა თ. მ-ის 2019
წლის 1 აპრილის შუამდგომლობის, კერძო საჩივრისა და დაზუსტებული კერძო საჩივრის
საფუძვლიანობა, რომელზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატის 2019 წლის 17 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით პასუხი იქნა გაცემული,
არამედ ის, თუ რამდენად ბუნდოვანია მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და
საჭიროებს თუ არა იგი განმარტებას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო
შეზღუდულია გასაჩივრებული განჩინების ფარგლებით, მისი შინაარსით, ამასთან, ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება
კანონიერ ძალაში არის შესული და იგი გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, საკასაციო სასამართლო
მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ასევე, სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს თ. მ-ის
შუამდგომლობის, კერძო საჩივრისა თუ დაზუსტებული კერძო საჩივრის განხილვის კანონიერებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ის 2019 წლის 1
აპრილის შუამდგომლობის, კერძო საჩივრისა და დაზუსტებული კერძო საჩივრის ნაწილში კერძო
საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რის გამოც კერძო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა
დაკმაყოფილდეს.
ამასთან, კერძო საჩივრის დანარჩენი ნაწილის, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს,
მიმოიხილოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ
პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს
სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებებთან მიმართებით გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად,
„სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების
პრევენცია. იგი ქმნის მხარის მოლოდინს,  რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო
გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება. საკონსტიტუციო
სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული
უფლება, მოიცავს არამხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვას, არამედ სასამართლოს
შესაძლებლობას უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტური რეაგირება. სამართლიანი
სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის
შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ
აღსრულებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის  #2/6/746
გადაწყვეტილება საქმეზე - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის
პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა
ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და
წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის  #3/2/577გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის
უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი
მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის
პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და
მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის
შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის  #3/3/601
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და
ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-9).
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების
ეფექტური რეალიზების უზრუნველყოფისათვის არ არის საკმარისი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა ფორმალური დეკლარირება. გადამწყვეტია, რომ ისეთ
ინსტრუმენტულ კონსტიტუციურ უფლებას, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება,
გააჩნდეს უფლების რეალიზაციის ეფექტური, ქმედითი მექანიზმი. თუმცა სამართლიანი
სასამართლოს უფლების მხოლოდ კონსტიტუციური მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს
ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას. არსებითია, რომ სახელმწიფომ შექმნას ისეთი ლეგიტიმური
მექანიზმი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების პრაქტიკული გამოყენების გზით
შესაძლებელს გახდის პირის მხრიდან დარღვეული უფლების როგორც რეპრესიულ, აგრეთვე,
პრევენციულ დაცვას. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლო
განხილვის უფლება არ წარმოადგენს თეორიულ უფლებას და არ უზრუნველყოფს უფლების
აღიარებას მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების არსებობით. საქმეში „აპოსტოლი საქართველოს
წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსადმი
მიმართვის უფლება, ასევე, შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ
გადაწყვეტილება აღსრულდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების
დაცვის მიზნით სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზაციის პირობების
უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების
როგორც რეპრესიული, აგრეთვე, პრევენციული დაცვის საშუალებებს. უფრო კონკრეტულად,
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის სხვადასხვა ფორმას იცნობს.
კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში სარჩელი შეიძლება აღიძრას
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების
მოთხოვნით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი);
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით (საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი); ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან
თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემას (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე
მუხლი) და აღიარებითი სარჩელი აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი
ინტერესი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეპრესიული ღონისძიებების ადმინისტრაციულ
საპროცესო კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიუხედავად, პირთა უფლებების ეფექტური დაცვა
მთელ რიგ შემთხვევებში, აგრეთვე, უფლების დაცვის დროებითი, პრევენციული საშუალებების
ქმედით გამოყენებას უკავშირდება. ამდენად, ადმინისტრაციულმა საპროცესო კანონმდებლობამ
თითოეულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების
მიზნებისათვის გაითვალისწინა უფლების დაცვის პრევენციული საშუალებებიც, რომელთა მიზანი
დაინტერესებული მხარის ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების დამთავრებამდე
დაცვის უზრუნველყოფაა. მაშასადამე, უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს აქვთ
დარღვეული უფლების აღდგენის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის, გარანტიის  ფუნქცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით
გათვალისწინებულია პრევენციული დაცვის ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა გასაჩივრებული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება და დროებითი
განჩინება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას
აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს
სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები.
ამდენად, პრევენციული ღონისძიებების დანიშნულება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად
აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა. მათი მიზანია ხელი შეუწყოს
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს
გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან
აცილებისკენ  მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების
უზრუნველსაყოფად.
განსახილველ შემთხვევაში, თ. მ-ის მიერ თავდაპირველად დროებითი განჩინების თაობაზე
შუამდგომლობის წარდგენისა და შემდგომში, დაზუსტებული კერძო საჩივრის ფარგლებში,
გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების
მოთხოვნის პირობებში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიმოიხილოს უფლების
დაცვის ზემოხსენებული პრევენციული ღონისძიებები და მათი ურთიერთშედარების გზით,
განსაზღვროს ანალოგიური ან მსგავსი შრომითი კატეგორიის საქმეებზე გამოსაყენებელი უფლების
წინასწარი დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით სარჩელის სუსპენზიური ეფექტის სახით
გათვალისწინებულია უფლების დაცვის ერთ-ერთი პრევენციული საშუალება, რომლის მეშვეობითაც
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, მისი ნამდვილობა ავტომატურად, დროებით
ჩერდება სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. სუსპენზიური ეფექტის მთავარ მიზანს
წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა არასასურველი მმართველობითი
ღონისძიებების განხორციელებისაგან, რაც გულისხმობს იმ მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც სადავო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არსებობდა. გამომდინარე იქიდან, რომ
სუსპენზიური ეფექტის გამოყენებისათვის აუცილებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
არსებობა, მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შეცილებითი სარჩელის (საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი) პირობებში.
თუმცა ზემოხსენებული მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს,
როდესაც სასამართლოში სარჩელის წარდგენა ავტომატურად არ აჩერებს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან
ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ)
აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს
შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის
საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი
აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და
მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს
გათვალისწინებულია კანონით. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით,
სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან
მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს
დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების
თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს
გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების
ვადა. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მითითებული
მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლოს მხარის ინიციატივით შეუძლია შეაჩეროს
გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, განმარტავს, რომ სუსპენზიური ეფექტის ამოქმედებით
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს აქტის
შესასრულებლად სავალდებულო ძალის შეწყვეტას, არამედ იგი დროებით აჩერებს მის აღსრულებას.
ამდენად, სუსპენზიური ეფექტის მოქმედების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ უნდა იყოს აღსრულებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება ერთადერთი გზა - გასაჩივრებული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საჭიროების დადგენისას,
სასამართლომ უნდა გააუქმოს აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
29-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ შეჩერებული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დაადგენს იმ
აღსრულებული აქტის მოქმედების შეჩერების საჭიროებას, რომლის მოქმედებასაც ავტომატურად არ
აჩერებს სარჩელის სასამართლოში წარდგენა, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს აქტის მოქმედების
შეჩერების ფაქტობრივი წინაპირობები, კერძოდ, არსებობს თუ არა აღსრულებული აქტების შეჩერების
შედეგად აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების
ფაქტობრივი შესაძლებლობა. თავის მხრივ, აღსრულებული აქტის მოქმედების შეჩერების საჭიროების
დადგენისა და აღსრულებული აქტის შეჩერების ფაქტობრივი შესაძლებლობის კუმულაციური
დადასტურება სასამართლოს ავალდებულებს, გააუქმოს აღსრულებულ აქტთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილება და აღადგინოს პირვანდელი მდგომაროება. წინააღმდეგ შემთხვევაში,
მარტოოდენ აქტის მოქმედების შეჩერება ხდება არაეფექტური, აზრსმოკლებული, რამდენადაც
გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის გარეშე აღსრულებული
აქტის მოქმედების შეჩერება ვერ უზრუნველყოფს პირის შელახული უფლების პრევენციულ, წინასწარ
დაცვას. ამდენად, მოცემული პროცესუალურ-სამართლებრივი საშუალების
გამოყენებით, სასამართლო, უფლებაშელახული პირის პირვანდელი, გასაჩივრებული აქტის
გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას ახდენს.
რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით
გათვალისწინებულ დროებით განჩინებას, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან
დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული
მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული
მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე
სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება,
უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია
მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში დროებითი განჩინების
ინსტიტუტი უფრო ფართო გამოყენების ფარგლებს ადგენს, ვიდრე აქტის მოქმედების შეჩერების
უზრუნველმყოფი ღონისძიება. იგი არა ავტომატურად, არამედ მხოლოდ სასამართლოს მიერ პირის
შუამდგომლობის საფუძველზე და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების ან სამართლებრივი
ურთიერთობის წინასწარ, დროებითი მოწესრიგების მიზნით გამოიცემა. ამასთან, სასამართლოს
დროებითი განჩინება პირის უფლების დასაცავად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც
გამოირიცხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა.
ამდენად, იგი მოქმედებს მავალდებულებელ (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
23-ე მუხლი), აღიარებით, გარდა არარა აქტებისა (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის 25-ე მუხლი) და ქმედების განხორციელების მოთხოვნის თაობაზე (საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი) სარჩელებთან მიმართებით. საგულისხმოა
ისიც, რომ დროებითი განჩინების მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ დროებით განჩინების
გამოცემის გზით შესაძლებელია როგორც უფლების დარღვევის დროებით შეჩერება - არსებული
მდგომარეობის შენარჩუნება, აგრეთვე, წინასწარი მოწესრიგებაც, რაც პირისათვის სასურველი
ქმედების წინასწარ, დროებით განხორციელებას გულისხმობს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში მოცემულია ის კონკრეტული
შემთხვევა, როდესაც პირს აქვს უფლება მოითხოვოს დროებითი განჩინებით არსებული
მდგომარეობის შენარჩუნება. კერძოდ, როცა განმცხადებელს შეუძლია დასაბუთება, რომ არსებობს
რეალური საფრთხე და სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში,
არსებული მდგომარეობის შეცვლით მას ხელი შეეშლება სუბიექტური უფლების რეალიზებაში ან
აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებას, დაინტერესებული მხარის
მოთხოვნა დროებითი განჩინებით სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების
თაობაზე დაკმაყოფილდება, თუ ეს აუცილებელია გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის
შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. ამდენად,
იმისათვის, რომ პირის მოთხოვნა დასაბუთებული იყოს, აუცილებელია ზემოაღნიშნული
მნიშვნელოვანი წინაპირობების და, რაც მთავარია, რეალური და არა აბსტრაქტული საფრთხის
არსებობა.
ზემოაღნიშნული უფლების დაცვის პრევენციული ღონისძიებების მიმოხილვის ფონზე და იმ
პირობებში, რომ თ. მ-ეს ჯერ კიდევ არ აქვს მიმართული სარჩელით სასამართლოსათვის, საკასაციო
სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამომავლოდ წარმოშობად დავის
საგანზე და განსაზღვროს ამგვარ სადავო სამართალურთიერთობებში შელახული უფლების წინასწარი
დაცვისათვის მიზანშეწონილი და ყველაზე ეფექტური პრევენციული საშუალება.
განსახილველ შემთხვევაში, თ. მ-ეს განზრახული აქვს სარჩელით მიმართოს ქუთაისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი
სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების ზეპირი მოსმენის #2
სხდომის ოქმის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის #3264 (18/03/2019) დასკვნისა
(დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების
სამსახურის ...ის ...ის, თ. მ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან
გათავისუფლების შეფარდების შესახებ) და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის - ქალაქ
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო
ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ....ის ...ის - თ. მ-ის სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ #კ784 (18/03/2019) ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და
განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თ. მ-ის ინტერესს წარმოადგენს, დავის
დასრულებამდე შენარჩუნებულ იქნეს მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა,
რამდენადაც სამომავლოდ წარსადგენი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ გართულდეს ან
შეუძლებელი არ გახდეს თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით მისი სასარჩელო მოთხოვნის
აღსრულება. ამდენად, პოტენციური მოსარჩელის უფლების პრევენციული დაცვის ინტერესი
უკავშირდება და უკავშირდებოდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მის მიერ დაკავებულ
თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის აღკვეთას, რაც მიზანშეწონილი იყო, რომ საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, დროებითი განჩინების
გამოცემის გზით ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამასთან, საგულისხმოა წინამდებარე საქმის
ფაქტობრივი გარემოებებიც, კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის
განჩინებით, მოსარჩელე თ. მ-ის წარმომადგენლის - პ. შ-ის შუამდგომლობა დროებითი განჩინების
მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის
აღძვრამდე დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა. თუმცა
კერძო საჩივრის ავტორმა შემდგომში დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმება და იმ აქტების მოქმედების შეჩერება
მოითხოვა, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზეც იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
სარჩელის წარდგენას აპირებდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო
აღნიშნავს, რომ მართალია, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარე არ არის შეზღუდული,
ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში შეცვალოს
თავდაპირველი შუამდგომლობის შინაარსი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის
17 აპრილის განჩინების გამოცემისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეეხებოდა მარტოოდენ დროებითი განჩინების გამოყენების
საფუძვლიანობის შეფასებას ფაქტობრივი თუ სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით,
ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლო არ მსჯელობდა იმ აქტების შეჩერების საკითხზე, რომლის
გასაჩივრებაც თ. მ-ეს სარჩელის წარდგენის გზით ჰქონდა განზრახული.
თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განსჯის
საგანს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17
აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინების განმარტების საკითხი წარმოადგენს. მიუხედავად
ზემოხსენებული განჩინების მიღებისას დაშვებული ხარვეზებისა,  ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება გასაჩივრებას არ
ექვემდებარება, იგი კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია
შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებულ განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე
მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება
აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის
მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების
შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის
აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება
აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს
ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ
მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული დანაწესის შესაბამისად,
განჩინება/გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი,
გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. ამასთან, გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო
განჩინების/გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს
მიერ განჩინების/გადაწყვეტილების განმარტების მიცემისას პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი,
მოისმინოს მიღებული განჩინების/გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ
გადაწყვეტილებისა თუ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, განმარტავს, რომ განჩინების სიცხადე გულისხმობს მისი
სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი სამართლებრივი შედეგის თავისუფალი, არაორაზროვანი
აღქმისა და მის საფუძველზე სამომავლოდ განსახორციელებელი მოქმედების განჭვრეტის
შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეუძლებელს ხდის იმის
დადგენას, თუ რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ თ. მ-ის
უფლების პრევენციული დაცვისათვის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის
უზრუნველყოფის გამოყენება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ იგი როგორც პრევენციულად,
აგრეთვე, რეპრესიულად უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის/პოტენციური მოსარჩელის უფლების
ეფექტურ, ქმედით დაცვას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ. მ-ის მიმართ გამოცემული
აქტები აღსრულებულია, კერძოდ, პოტენციური მოსარჩელე გათავისუფლებულია დაკავებული
თანამდებობიდან, შესაბამისად, გაურკვეველია, აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული
გადაწყვეტილების დროებითი გაუქმების გარეშე რა სამართლებრივი შედეგების მიღწევას ემსახურება
ამგვარი დავის ფარგლებში აღსრულებული აქტის მოქმედების შეჩერება. ამასთან, საკასაციო
სასამართლო მიუთითებს ანალოგიურ სამართლებრივ საკითხთან მიმართებით საქართველოს
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის #ბს-234-
234(2კ-18) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე, კერძოდ: „საკასაციო სასამართლო, აგრეთვე,
მიუთითებს  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილზე,
რომლის თანახმად, თუ შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
აღსრულებულია, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის
32-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი აღსრულებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის შუამდგომლობით
სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღსრულების გაუქმების წესის შესახებ. საკასაციო
სასამართლო ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ აღსრულებასთან
დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, როგორც უშუალოდ
სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებით, სასამართლო,
უფლებაშელახული პირის პირვანდელი, გასაჩივრებული თუ ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე
არსებული მდგომარეობის აღდგენას ახდენს.  განსახილველ დავასთან მიმართებით კი,
გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობილი ბრძანების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის
აღდგენა გულისხმობს სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის თანამდებობაზე
საბოლოო/დროებით აღდგენას.  ამდენად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის
განხილვისას სასამართლოს აქვს მთელი რიგი პროცესუალურ-სამართლებრივი მექანიზმები,
რომელიც მას უფლებას აძლევს გადაწყვიტოს პირის უფლებაში აღდგენასთან დაკავშირებული
საკითხები.“
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებითია
სააპელაციო სასამართლომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას განუმარტოს, თუ რა
მოქმედებების განხორციელებისკენ არის მიმართული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი,
ავალდებულებს თუ არა იგი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას დავის საბოლოო
გადაწყვეტამდე დროებით დააბრუნოს თ. მ-ე გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და თ.
მ-ის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე
გადაუხადოს მას თანამდებობრივი სარგო. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი
განმარტების მოთხოვნა წარმოადგენს არა მხოლოდ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
თვითმიზანს, არამედ იგი ემსახურება, აგრეთვე, პოტენციური მოსარჩელის - თ. მ-ის შრომითი
უფლებების უზრუნველყოფასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ
გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წანამძღვრებს, რის
გამოც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება და საქმე ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების განმარტების
მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
 
 
 
 
 
 
ს  ა  რ  ე  ზ  ო  ლ  უ  ც  ი  ო     ნ  ა  წ  ი  ლ  ი
 
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე,
420-ე მუხლებით და
 
 
 
 
 
დ ა ა დ გ ი ნ ა:
 

1.    ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.    გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019


წლის 8 მაისის განჩინება და საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების განმარტების მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3.    კერძო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4.    საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 
 
თავმჯდომარე                                                მ. ვაჩაძე
 
 
მოსამართლეები:                                                ნ. სხირტლაძე   
 
 
ვ. როინიშვილი

You might also like