ძალაუფლების ნება ზარათუსტრაში. დაჩი ხონელიძე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ძალაუფლების ნება და შურიძიების სული ფ.

ნიცშეს „ესე იტყოდა


ზარათუტრაში“

დაჩი ხონელიძე

კურსის ხელმძღვანელი: სერგო რატიანი

სიცოცხლის ფილოსოფია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2021
შესავალი

ძალაუფლების ნების კონცეფცია ნიცშეს ნააზრევის ერთ-ერთი ყველაზე


კონტრავერსიალური ნაწილია, რომელიც ბევრი სხვადასხვა ინტერპრეტაციის
საფუძველი გახდა. ნიცშე „ესე იტყოდა ზარათუსტრაში“, ორ სხვადასხვა თავში ეხება
ძალაუფლების ნებას და მის ძირითად პოსტულატებს აყალიბებს. ნიცშე პირველი არ
არის, ვინც სამყაროს საფუძვლად არა რაციონალურ საწყისს, არამედ ირაციონალურ
ნებას მიიჩნევს, არტურ შოპენჰაუერი სწორედ ამ იდეას ავითარებს მის „სამყარო
ვითარცა ნება და წარმოდგენაში“, თუმცა ნიცშე არ პირდაპირ არ მიყვება შოპენჰაუერის
თეორიას სიცოცხლის ნების შესახებ, ის უპირისპირდება სიცოცხლის ნების კონცეფციას,
რაც არ არსებობს მას ვერ ექნება ნება, ხოლო რაც უკვე არსებობს მას ვერ ენდომება
არსებობა, ცოცხალ არსებას აქვს არა არსებობის ნება, არამედ ძალაუფლების ნება. ნიცშე
პირდაპირ აკრიტიკებს შოპენჰაუერს, „ვერ მოახვედრა, ცხადია, ჭეშმარიტებას, ვინც მას
სტყორცნა სიტყვა „ნება არსებობისა“: ნება ესე არ არსებობს! რადგან რაც არ არის მას არც
სურვილი შეუძლია. რაც არსებობოს, ვით შეუძლია მას კვლავ არსებობის სურვილი!“
(ნიცშე 1993, 90)

ძალაუფლების ნება

შოპენჰაუერის კონცეფციისგან განსხვავებით, ძალაუფლების ნება


ოპტიმისტურია, ის არის „უკოდველი“ და „უმარხი“, რომელსაც კლდეების შემუსვრაც
შეუძლია. მრავალ რამეს აფასებს ცოცხალი არსება სიცოცხლეზე მნიშვნელოვნად და ამ
შეფასებიდან ჩანს ძალაუფლების ნება. ძალაუფლების ნება, პირველ რიგში, საკუთარ
თავს მიემართება, თავის თავს იმორჩილებს. ის არის თვითძლევის იარაღი (ნიცშე 1993,
90), შემოქმედებითი და აქტიური, განსხვავებით შოპენჰაუერის პასიური სიცოცხლის
ნებისგან, რომლის მიზანსაც მხოლოდ თვითშენარჩუნება წარმოადგენს. ძალაუფლების
ნება ისწრაფვის ბატონობისა და ზრდისკენ. ზარატუსტრა ძალაუფლების ნების არსს
ეძებს ათასწახნაგიან სარკეში და იქ იპოვის მის სახეს, საიდანაც ის გაიგებს, რომ ყველა
ცოცხალი არსება რაღაცის მორჩილია. სხვის ბრძანებას ემორჩილება ის, ვინც არ იცის
მორჩილება თავისი თავის. ამ სარკეში აღმოაჩენს ზარატუსტრა, რომ ბრძანების გაცემა
უფრო რთულია ვიდრე მორჩილება, ის ვინც გასცემს ბრძანებას, რისკავს სიცოცხლით. ეს
ძალაუფლების ნება ჩანს ყველა ცოცხალ არსებაში, მათ შორის მსახურშიც. უფრო მცირე
ნებდება უფრო დიდის ნებას, რომ ჰქონდეს ძალაუფლება კიდევ უფრო მცირეზე, ხოლო
უდიდესიც ნებდება ძალაუფლების ნებას და ამისთვის რისკავს სიცოცხლით. „ესეა
უდიდესთან თავგანწირვა, რომ იგი გამბედაობაა, და ხიფათი, და სასიკვდილო
კამათლის თამაში“ (ნიცშე 1993, 90).

ძალაუფლების ნება ჩანს ისეთი პროცესიც კი როგორიც აზროვნებაა, რომელიც


დაუინტერესებელ ჭვრეტას უნდა წარმოადგენდეს, ამოდის ძალაუფლების ნებისგან,
სურვილისგან, რომ მოაზრებადი გახდეს სამყარო და ამით დაიმორჩილოს ის ადამიანის
გონებამ, რათა შემდეგ ამ სამყაროს წინაშე მოიდრიკოს მუხლი (ნიცშე 1993, 88).

შურისძიების სული

„სურვილი გვიხსნის, ხოლო რა ეწოდება მას, რაც თვით მხსნელს ხუნდებს


დაადებს? ესე იყო“ (ნიცშე 1993, 110) ნება არაა სრულიად თავისუფალი, ის წარსულის
ტყვეობაშია. ნიცშე თავში „ხსნისთვის“ აღწერს „უკუღმა ხეიბრებს“ (ნიცშე 1993, 109)
რომელთაც ყველაფერი ნაკლები აქვთ და ერთი რამ ზედმეტი. ადამიანს დაკარგული
აქვს მთლიანობა, „ვლი ადამიანთა შორის, ვით ადამიანთა ნამუსრთა და ნამსხვრევთა
შორის!“ (ნიცშე 1993, 109) ამ ადამიანების მთავარი სნეულება შურისძიების სულია.
ჰაიდეგერის თანახმად, (ჰაიდეგერი 2014, 64) შურისძიების სული გამოწვეულია ნების
უუნარობით უკვე მომხდარის წინაშე. ნება წარსულის წინაშე უძლურია, წარსულის
შეცვლა შეუძლებელია და ეს წარმოადგენს ნების მთავარ ტანჯვას. ეს ტანჯვა
გამოსავალს პოულობს შურისძიებაში იმაზე, ვინც მსგავს ტანჯვას არ განიცდის.
შურისძიების სული თავის თავს სასჯელს უწოდებს, რადგან დროის უკან დაბრუნება
შეუძლებელია, ის ტანჯვას სასჯელად აცხადებს სურვებისთვის. აქ ნიცშე კიდევ
ერთხელ უბრუნდება შოპენჰაუერს, რომლისთვისაც ტანჯვა სურვილის ქონის
ლოგიკური შედეგია. შოპენჰაუერთან principio individuationis ანუ ერთეულად გამოყოფა
და ასე არსებობის ნება უკვე დანაშაულია, გამომდინარე აქიდან არსებობით მიღებული
ტანჯვა არის დამსახურებული სასჯელი. ამის გამო შოპენჰაუერთან ხსნას ნების
უარყოფა წარმოადგენს. ნიცშესთვის მსგავსი გამოსავალი მიუღებელია, ამ დილემიდან
გამოსავლად ზარატუსტრა თავის მოსწავლეებს წარსულის განსხვავებულ წარმოდგენას
უსახავს, ზეკაცის მთავარი თვისება სწორედ ეს მიდგომაა. წარსული წარმოადგენს
განხორციელებულ ნებას, „ყოველი „ესე იყო“ ნამუსრია, გამოცანა, საშინელი შემთხვევა -
ვიდრე ნება მქმედი არ იტყვის: „ხომ ასე მსურდა“!“ (ნიცშე, 1993, 110) ეს კონცეფციაა amor
fati. amor fati წარმოადგენს გზას შურისძიების სულის დაძლევის. ამით შურისძიების
სულს ანაცვლებს შერიგების სული, ადამიანი ურიგდება წარსულ ტანჯვას და
დამატებით მას ის თავის სურვილად აცხადებს.

დასკვნა

ძალაუფლების ნება არაა უბრალოდ ნება არსებობისთვის, ის წარმოადგენს


პირველ რიგში თვითძლების ნებას, რადგან ადამიანი არის ის, რაც უნდა გადაილახოს.

მსგავსად შოპენჰაუერისა, ნიცშეც სამყაროს საფუძვლად განიხილავს


ირაციონალურ ნებას, მაგრამ თუ შოპენჰაუერი ხსნას ხედავს ნების უარყოფაში და ამით
ცდილობს ტანჯვის არიდებას, ზარათუსტრას სიზმრის მონაკვეთში, როცა ის თავის
თავს სასაფლაოს მცველად წარმოიდგენს, კარგად ჩანს, რომ ამ ცდუნების წინაშე
ზარათუსტრაც იდგა, თუმცა ის დარჩა სიცოცხლის და მიწის „მქადაგებლად“, რადგან
როგორც მისი მოსწავლე იქვე განმარტავს ასევე ზარათუსტრა იყო ის ქარი და სიცილი
რომელიც დაამსხვრევს იმ კუბოს, რომელსაც იცავდა სიზმრისმიერი ზარათუსტრა.
ნიცშე შოპენჰაუერისგან განსხვავებით არ გაურბის წარსულთან ნების უძლურების
ტანჯვას და გარდაქმნის „ესე იყოს“ თავის სურვილად.
გამოყენებული ლიტერატურა
ნიცშე, ფრიდრიხ. 1993. ესე იტყოდა ზარატუსტრა. მთარგმნ.: ე. ტატიშვილი, რედ.: თ.
ბუაჩიძე, რ. ჩხეიძე. თბილისი: ფილოსოფიური ბიბლიოთეკა.

შოპენჰაუერი, არტურ. 2016. სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა. მთარგმნ. ვ.


რცხილაძე, რედ.: კ. რუსიძე. თბილისი: carpe diem.

ჰაიდეგერი, მარტინ. 2014. ვინ არის ნიცშეს ზარათუსტრა. რედ.: გ. ბარამიძე. თბილისი
carpe diem.

Nietzsche, Friedrich. 1974. Thus Spoke Zarathustra. Trans. R.J. Hollingdale. London: Penguin
Classics.

You might also like