კანტი და ჰეგელი. დაჩი ხონელიძე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

განსხვავებები კანტისა და ჰეგელის ისტორიის ფილოსოფიებს შორის

კანტი და ჰეგელი ორივე თანხმდებიან იმაში, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთიანი


ხაზის დანახვა შესაძლებელია. კანტი იწყებს იმით, რომ როგორც არ უნდა გავიგოთ
ნების თავისუფლება, ის მაინც შეზღუდულია ბუნების კანონით, რადგან მოვლენათა
სამყაროში ხდება. მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით ქორწინებები,
დაბადებები და გარდაცვალებები სრულიად დამოუკიდებელია რაღაც
კანონზომიერებისგან, დიდ ქვეყნებში ჩატარებულ აღრცხვებს თუ მივყვებით
დავინახავთ პატერნებს. მიუხედავად იმისა რომ ადამიანი ცხოველების მსგავსად
ინსტინქტურად არ მოქმედებს და ამის გამო საერთო ადამიანური ისტორიის შექმნა
შეუძლებელი უნდა იყოს ხშირ შემთხვევაში ადამიანთა მოქმედება ბავშვურ
მავნებლობას გავს, ფილოსოფოსმა უნდა სცადოს აქ ბუნების განზრახვის აღმოჩენა.
პირველი დებულება, ადამიანი უნდა იქნას რეალიზებული, რადგან ბუნებაში
ყველაფერი რეალიზებულია.
ადამიანი ყველა ცხოველისგან აზროვნებით გამოირჩევა, ე.ი. მისი მთავარი მიზანი
უნდა იყოს ამ უნარის მაქსიმალურად რეალიზება, რადგან ადამიანი დიდხანს არ
ცხოვრობს, ძალიან ბევრი თაობა უნდა დასჭირდეს ამ ამბავს. ეს უნდა
წარმოადგენდეს კაცობრიობის მიზანს, რადგან თუ ასე არაა ე.ი. ბუნებამ პირველი
წესი მარტო ჩვენ შემთხვევაში დაარღვია.
კაცობრიობის მიზანი უნდა იყოს ისეთი საზოგადოება, სადაც თავისუფლება
მაქსიმალურად იქნება გამოხატული ისე, რომ სხვისი თავისუფლების გამოხატვას არ
შეეშლება ხელი. როგორც ხეები ტყეში ისე აიძულებენ განვითარებას საზოგადოებრივ
ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს განვითარდნენ.
ჰეგელის შემთხვევაში ისტორიასთან ფილოსოფიური მიდგომა დაგვანახებს, რომ
მასში გამოიკვეთება მსოფლიო გონი. მსოფლიო გონის მთავარ „იარაღს“ წარმოადგენს
გმირები, რომლებიც უპირისპირდებიან მანამდე არსებულ წესრიგს თავიანთი
ინტერესების გამო, თუმცა ამ ინტერესებს ემთხვევა მსოფლიო გონის ინტერესები.
ამის მაგალითად ჰეგელის კეისარი მოყავს, რომლის სურვლსაც, შეენარჩუნებინა
თავისი ძალა, მოჰყვა რომის იმპერიაში ერთმმართველობის დამყარება. მსგავსი
დიადი მიზნების ასრულების გზაზე ჰეგელისთვის დასაშვებია „მინდვრის
ყვავილების“ გადათელვა. კანტი მსგავს გმირზე არ საუბრობს, ის აცნობიერებს, რომ
რადგან ადამიანი ცხოველია მას სჭირდება ბატონი, თუმცა რადგან არავინ იქნება
გარანტორი მისი თავისუფლების შეზღუდვისა, ასეთი ბატონის პოვნა წარმოადგენს
კაცობრიობისთვის ურთულეს ამოცანას, რომელიც ალბათ არასდროს გადაიჭრება.
ჰეგელთანაც უმთავრესი თავისუფლებაა, რომელსაც ის ორ ნაწილად ყოფს,
სუბიექტურად და ობიექტურად. სუბიექტურ თავისუფლებას წარმოადგენს კერძო
ვნებები, თვითნებობა, რომელიც საერთოდაც არაა თავისუფლება. თავისუფლება
რეალურად მხოლოდ სახელმწიფოში შეიძლება არსებობდეს, რამდენადაც
სახელმწიფოში არსებობს კანონი, რომელიც გონის მიერაა შექმნილი და კანონების
აღსრულებით გონი საკუთარ თავს ემორჩილება, რითაც აღწევს ჭეშმარიტ
თავისუფლებას. „სამართლიანობა, ზნეობრიობა, სახელმწიფოებრიობა“ წარმოადგენს
ჰეგელისთვის მთავარ მიზანს. ის ღიად აკრიტიკებს კანტის ან მანამდე ჰობსის
მოსაზრებას იმაზე, რომ ადამიანი სახელმწიფოს არსებობის გარეშე თავისუფალია და
სახელმწიფო მას მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით ჭირდება, რათა გამოვიდეს
ბუნებითი მდგომარეობიდან და მოახერხოს თავისი უნარების რეალიზაცია. ჰეგელის
აზრით მსჯელობის ეს მეთოდი მცდარია, რადგან არასდროს არსად არსებულა ეს
ბუნებითი მდგომარეობა და თუ მაგალითად ველურობის ხანას მოვიტანთ,
მართალია აქ ადამიანი სახელმწიფოს მიერ არაა შეზღუდული, მაგრამ ის
შეზღუდულია ჩამოუყალიბებელი სწრაფვებითა და თვითნებობით. თუ კანტთან
სახელმწიფო მეორადია, დამხმარე საშუალებაა ადამიანის უნარების
რეალიზებისთვის, ჰეგელთან სახელმწიფოა ის, სადაც მსოფლიო გონი
გამოვლინდება.
თუ ჰეგელთან სწორედ ეს სახელმწიფო წარმოადგენს მთავარ მიზანს, რომელშიც
ადამიანები თავისუფლები იქნებიან, კანტთან მთავარი მიზანი გაცილებით
შორეულია. სახელმწიფოთა ბუნებითი მდგომარეობა არის მთავარი პრობლემა
ადამიანის თავისუფლების რეალიზაციის გზაზე.
ომებმა და ძალადობამ უნდა აიძულოს მმართველები, რომ სახელმწიფოებმაც
დათმონ ველური თავისუფლება და შექმნან ადამიანთა საზოგადოების მსგავსი
საზოგადოება. ადამიანთა შორის ველური კონფლიქტი ხელს უშლიდა მათი
უნარების განვითარებას, ამის მსგავსად სახელმწიფოთა შორის მუდმივი ომი და
სავალდებულო მზადყოფნა ამ ომისთვის სახელმწიფოებს უშლის ხელს მათი
პოტენციალის სრულად გამოვლინებაში.
მხოლოდ შინაგანად და გარეგანად იდეალურად მოწყობილ სახელმწიფოში
მოახერხებს ბუნება ადამიანს თავისი შესაძლებლობები მთლიანად გამოავლენინოს.
თუ სახელმწიფო შინაგანად არაა მოწესრიგებული, მაშინ ის ჩამორჩება სხვა
სახელმწიფოებს განვითარებაში, ასე რომ ამ ბუნებითმა მდგომარეობამ
სახელმწიფოებს შორის უზრუნველყო გარკვეული წესრიგი მათ შიგნით,
მაგალითისთვის ვაჭრობაში ჩარევისგან დაცვა. თუ მოქალაქეს შევზღუდავთ
განვითარებაში შენელდება ზოგადად ქვეყნის განვითარება. კანტი ვარაუდობს, რომ
მალე ომის შედეგები იმდენად რთული გადასატანი იქნება სახელმწიფოებისთვის,
ირგვლივ მდებარე სხვა სახელმწიფოებიც იგრძნობენ ამ ომების უარყოფით ეფექტებს
რომ ისინი მსაჯები გახდებიან მეომარ სახელმწიფოებს შორის და სწორედ ეს გახდება
მსოფლიო სამოქალაქო მდგომარეობის საფუძველი.
დასკვნისთვის, თუ ერთი მთავარი სხვაობა იქნებოდა გამოსახატი კანტისა და
ჰეგელის ისტორიის ფილოსოფიებს შორის, ეს იქნებოდა მათი დამოკიდებულება
სახელმწიფოს მიმართ, კანტის შემთხვევაში ის მხოლოდ საშუალებაა, ხოლო მიზანს
ადამიანის თავისუფლება და აზროვნების სრულიად რეალიზაცია წარმოადგენს,
ხოლო ჰეგელთან სახელმწიფო თავადაა მიზანი, მსოფლიო გონის გამოვლინება,
რომლის გარეშეც ადამიანის თავისუფლება წარმოუდგენელია.

You might also like