Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 5

აიეტის შვილები

დავითმა ჩვეული სიდარბაისლით შემოიწვია შინ დილაუთენია თავზე


წამომდგარი სტუმრები. ცოტა არ იყოს ეუცხოვა ჭარმაგ პროფესორს ბიჭების
ზომაზე მეტად გადაპრანჭული მოკრძალება. ისე უხერხულად ირჯებოდნენ
ომარი და მისი მეგობრები ლამის თავისი სიყმაწვილე მოაგონდა, როცა
სოფლიდან ქალაქში ჩამოსული ბიჭი ყველაფერს სიმორცხვის საცერში
ატარებდა და ქალიშვილების ამღვრეულ გამოხედვაზე ელეთ-მელეთი
ეყრებოდა. თუმცა მას შემდეგ, როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა და ეს
სოფლელი ტეტია ბიჭიც ისე ლაღად შეერია ქალაქის თავაწყვეტილ
ორომტრიალს, რომ თვით ძველი ქალაქელებისგანაც ვერ გამოარჩევდით.
მასპინძელმა შეგნებულად არ შეიმჩნია უმცროსი კოლეგების დაზაფრული
გამომეტყველება, მხოლოდ წარბები მოიმშვილდა გაოცების ნიშნად.
- როგორ გამახარეთ ბიჭებო მოულოდნელი სტუმრობით, დილით თვალი
მექავებოდა, გუმანით ვარაუდობდი რომ სასიამოვნო სტუმრები მეწვეოდა,
მაგრამ მთლად ასეთს არ ველოდი მაინც, -მოჩვენებითი ეჭვიანობით იკითხა
მასპინძელმა.
-რაღა დაგიმალოთ ბატონო დავით და მირონისებურ ღვინოს დავეძებთ
გუშინდელს აქეთ. სენაკიდან ჩვენმა სოხუმელმა მეგობრებმა შემოგვითვალეს
-თხის ცურის წვადებზე უნდა გაქეიფოთო, მაგრამ მათი მოსაწონებელი ღვინო
ვერსად ვერ მოვიხელთეთ. ისევ თქვენთან მოვედით, მთელს ქუთაისში
საუკეთესო ღვინო ხომ თქვენს მარანში თუხთუხებს, - როგორც იქნა
დაიცალნენ ბიჭები სათქმელისაგან.
- ღვინო ისეთი მაქვს ბიძიკო , ენას ცაზე რომ დაატკლაცუნებ. აგერაა
მარანი, შებრძანდით და თქვენი მოწონებული თავადვე შეარჩიეთ. -
გამომცდელი მზერით ახედა დავითმა ტალავერთან მიყუდებულ კოლეგებს.
ზაალიმ სტუმრისთვის მორგებული რიდით შეაღო ძველებური მარნის
ჭრიალა კარები. ხის თაროებზე წეროსყელიანი სურები და ტუჩებგაშლილი
დოქები ყელყელაობდნენ. ჯამები, თასები და ჭინჭილები ისე გამომწვევად
ელაგა ერთმანეთის მიყოლებით, რომ ყველაზე უჟმურ და უხასიათო კაცსაც
საქეიფოთ განაწყობდა. ახალახდილი ქვევრებიდან ამოფრქვეული ღვინის
ოხშივრაი საამურად ცქმუტავდა მარნის კიდეზე. ზაალიმ ანთებული მზერა
ვერ მოაცილა ფილაქნიან იატაკზე კოხტად ჩამომწკრივებულ ღვინის ბოცებს.
სუნთქვაშეკრული, ბადეში გახლართული თევზივით ასხმარტალდა. არჩევანი
ვერ გაეკეთებინა. ბოლოს ერთ გადაწნულ ათლიტრიანზე შეაჯერა გული.
- ბიჭო, შვილივით რომ ჩაგიხუტებია ეს ათლიტრიანი ღვინის ბოცა, რა
გენაღვლებოდა, საკუთარ სახლში ხომ არა ხარ, ოცლიტრიანს ვერ წაატანე
ხელი - შეიცხადა გულწრფელად პროფესორმა, როცა ხვნეშით მომავალ ზაალს
მოთენთილი მზერა გაუსწორა.
- შემდეგისათვის იყოს ბატონო დავით, ამჯერად ესეც გვეყოფა, -
დაამშვიდეს მასპინძელი ბიჭებმა, ღვინის ბოცა საბარგულში შესაშური
კოპწიაობით მოათავსეს და სენაკისაკენ აიღეს გეზი.
რა ხანია ბიჭები უკვე სიზმარში აგემოვნებდნენ ვაზის ნორჩ ფოთლებზე
გამოზრდილ თიკნის მწვადებს, როგორც იქნა დაადგათ საშველი. ახლა მაინც
ხომ გაიჯეჯილებენ იმერული უნაპირობითა და სილაღით. სოფლის სავალ
გზაზე დილის ცვარით დახუნძლული მინდვრის ხასხასა ყვავილებიც და
შემოდგომის ბარაქით ჩამოზნექილი ხეხილის ბაღებიც ზეიმის სურნელებით
ეგებებოდნენ ბახუსისა და თრობის რაინდებს. ომარის სიმღერა მოეძალა.
ბუნებას ისეთი სუნთქვა გაჰქონდა, რომ საამო ჰანგები ისედაც ხმიანობდნენ
კამკამა ჰაერში. მხოლოდ მცირედი ბანის მიშველება იყო საჭირო. ომარიმაც
თავი გამოიდო და მეგრული „ოდოია“ წამოიწყო.
- ომარ, ეს სიმღერა მაშინ უნდა შემოგვეწყო, როცა თიკნის ხორცით
ჩავიგემრიელებდით პირს, ახლა კი ვგონებ ნაადრევია. - შეაწყვეტინეს ღიღინი
ომარის.
- ნაადრევი და ნაგვიანევი სიმღერა მე არ ვიცი. მემღერება და ვიმღერებ
კიდეც თქვენს ჯინაზე, - გამოაჯავრა ომარიმ მეგობრები და უფრო ომახიანად
შემოუძახა.
ერთმანეთის მოყოლებაზე აღმართული ორსართულიანი, წითელი აგურით
მოპირკეთებული სახლების ფონზე ქვის სვეტებზე შემდგარი გელას ოდა-
სახლი უბრალოდ გამოიყურებოდა, მაგრამ სწორედ ამ უბრალოებით
მოჰქონდა თავი მასპინძელს. გლეხკაცის მადლიანი ხელით გამარგლულ
ყანაში წელში მოხრილი ჩია მოხუცი ისეთი შემართებით მუშაობდა, თითქოს
ერთი კვირის სამუშაო მზის ჩასვლამდე უნდა მოემთავრებინა უთუოდ.
ზაალმა ხარბად გადაავლო თვალი ყვავილოვან მდელოს, ლამის ცეცხლოვანი
მზერით გაბურღა კარ-მიდაბოს ყოველი კუთხე-კუნჭული, თუმცა ბაგაზე
დაბმული, დასაკლავად გამზადებული თიკანი, ( როგორც ეს იციან ხოლმე
სამეგრელოს სოფლებში, როცა წინასწარ ელოდებიან საპატივცემულო
სტუმარს ) ვერსად ვერ შენიშნა. ავად ემცხეთათ ირგვლივ დავანებული სიჩუმე
ბიჭებს.
- დღე მშვიდობისა ბებო, - გულწრფელი სათნოებით გადასძახა ომარიმ
თავსაფრიან მოხუცებულს, - ბიჭები თუ არიან შინ?
წვალებით გაიმართა წელში ძაბა ბებო. შუბლზე გადმომსკდარი ოფლი
დაჭმუჭნილი ხელსახოცით მოიწმინდა. თხემით ტერფამდის ჩაათვალიერა
ალაყაფის კარებთან მომდგარი უცხო სტუმრები, რომელთა სახეებზე უკვე
აღბეჭდილიყო ეჭვი და განცდა იმისა, რომ მოვლენები მათთვის
არასასურველი კუთხით ვითარდებოდა.
- ბიჭები სახლში არ არიან,. გვერდით სოფელში გადავიდნენ სატირალზე.
საღამომდე იქნებ მოაღწიონ კიდეც, - გადაასხა ცივი წყალი მასპინძელმა
ოფლში გაწურულ სტუმრებს და გახუნებული წინსაფარი გულმოდგინედ
გაისწორა.
- ბებო, ბიჭებს თიკანი უნდა დაეხვედრებინათ ჩვენთვის და ეზოში რომ არ
დაბაკუნობს რა იქნა? - ახლა გიამ გამოიდო თავი.
- თიკანი კი იყიდეს, მაგრამ გაექცათ ის სამგლე. ბიჭები ასე იძახიან, -
მოვძებნითო იმ ეშმაკის კერძს, მაგრამ ჯერ სასიკეთო არაფერი ჩანს და ვინ
გეტყვის მართალს? ისე შემოსულიყავით საახლში და თიკანს თუ არა ერთ
წიწილას მაინც წავახრჩობდი მათ მოსვლამდე, - დაიღვარა ძაბა ბებო უანგარო
თავპატიჟით.
ბიჭებს ამაღლებული განწყობა და ქეიფის ხალისი მობერებული
სიყვარულივით გაუნელდათ. დიდსულოვნად იუარეს მოხუცებულის ალალი
მოპატიჟება და გულაცრუებულებმა უკან გამოსწიეს. ისე იყვნენ
დამდუღრებულები, რომ კაი ხანი ხმას არ სცემდნენ ერთმანეთს.
- მაინც რა მარცხენა ფეხზე ავდექით დღეს ყველანი, - დაარღვია როგორც
იქნა დუმილი გიამ, არადა რა ღვთიური ამინდია. რა ჩავა ახლა ქუთაისში
ყელის გასველების გარეშე!
- მერე ვინ გვაძალებს ასე ულაზათოდ ქუთაისში დაბრუნებას, ან ღვინო
სიტყვის გარეშე უკან როგორ წავიღოთ? - შეესიტყვა გიას ზაალი. საღადაო
მიეცემათ ბიჭებს, აქაოდა საქეიფოდ ჩამოტანილი ღვინო ქუთაისელებმა უკან
წაიმძღვანესო. მთელს ქალაქში მოგვეჭრება თავი. ისე გაილესავენ ენას, რომ
საშაყიროდ ერთი თვე მასალა არ გამოელევათ.
- აბა რა უნდა გვექნა. ღვინოს ასე დაუჭაშნიკებლად ხომ არ დაუტოვებდით.
არადა ისეთი თიკანი გაექცათ, რომ ამ ვაზის ცრემლებით ოდნავ მაინც
გაიქარვებდნენ ბოღმას. ისე კურდღელი რომ გაქცეოდათ კიდევ დავიჯერებდი,
მაგრამ თიკნის გაქცევა ვის გაუგია, ვინ ჭამს ახლა ამას?! - სიბრაზისაგან სახეზე
ცეცხლი წაეკიდა გიას.
- ნუ გიყვარს ბიჭო შენ ყველაფრის გაბიაბრუება, - გამოექომაგა სოხუმელ
მეგობრებს ომარი, - იქნებ მართლაც გაექცათ ის წვერცანცარა. შენ ჯობია ის
იკითხე - ახლა რა ვქნათ? მართალია ბიჭებს ღვინო არ დაუტოვეთ, მაგრამ არც
მისი უკან წაღება ივარგებს. აქვე დავაჭაშნიკოთ ეს მადლიანი სითხე, იმ
ფერდობზე შეაჩერე მანქანა. ნახეთ როგორი ხალისით მონავარდობს აქ ლურჯი
ტეხურა.
როცა ნამიან მდელოზე ბიჭებმა მუხლები მოირთხეს ომარიმ ჩვეული
ჯიგრიანობით გაილაღა :
-ბიჭებო, ჩვენ იმ ქალაქიდან ვართ, საიდანაც ღვინო შადრევნებად
მოჩუხჩუხებდა და ადუღებული ოქრო წყაროსავით მოლიკლიკებდა შლამით
მორწყული ნიადაგიდან. ამიტომაც ჩვენს სახეებზე მოწყენის ჩრდილი არ უნდა
იხატებოდეს. ისიც ხომ ცხადია, რომ ამ დალოცვილ მხარეს პოეტური
აღმაფრენითა და ცეცხლოვანი აზარფეშებით ვესტუმრეთ. ჩვენ ხომ მძლე
აიეტის მოუსვენარი მემკვიდრეები ვართ. ამიტომაც გავიფანტოთ უჟმური
აზრები და შევექცეთ მზიან ღვინოს.
ამ სიტყვების შემდეგ უკვე აღარავის ახსოვდა გაქცეული თიკნის ბედი.
მხოლოდ ომარის მიერ ქუთაისური აქცენტით ამღერებული მეგრული ჰანგები
შეახსენებდა დრო და დრო ბიჭებს გულის არეში სათუთად მიჩქმალულ
ხვაშიადს.
„ფახულანს, თხა ქულანს
საბერირიოს - ოჩაგა
შუმილ ვორექ, ჭკუმილ ვორექ,
ასე ყუჩა ვოჩვაგა“ 1

1.) ფახულანში თხა ბაკუნობს


საბერიოს - დიდი ვაცი,
ნასვამი ვარ, ნაჭამი ვარ
ახლა სახლში წავჩანჩალდი

You might also like