დიუი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

მეგი ქარჩავა

ჯონ დიუი

ჯონ დიუი არის ამერიკელი განმანათლებელი, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაშრომს


წარმოადგენს „ გამოცდილება და განათლება“, სადაც მოცემულია განათლების
სისტემის ორი მაგალითი, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ წინააღმდეგობაში
მოდის. ესენია: ტრადიციული და პროგრესული განათლება.

დიუი ეწინააღმდეგება ტრადიციული განათლების იდეებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ


შემთხვევაში მოსწავლეს მიეწოდება წარსულიდან შეგროვებული მზა მასალა,
რომელიც უმეტესად არ არის მორგებული მის სურვილებზე, მიზნებზე თუ
მისწრაფებებზე. მოსწავლეს ძალდატანებით გადაეცემა ცოდნა, რომელსაც არანაირი
კავშირი არ აქვს მის სამომავლო გეგმებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ის
ვალდებულია დაემორჩილოს დადგენილ სტანდარტებს, იზღუდება მისი
ინდივიდუალიზმი, დამოკიდებულებები და თავისუფალი აზრის გამოხატვა, რაც
თავის მხრივ იწვევს მოსწავლის უინტერესო დამოკიდებულებას სხვადასხვა
საკითხის მიმართ. ტრადიციულ განათლებას დიუი უპირისპირებს პროგრესულ
განათლებას, რომელიც წარმატებულ და ეფექტურ იდეებზეა დამყარებული. მსგავსი
სისტემა მთლიანად მორგებულია მოზარდის შესაძლებლობასა და უნარებზე,
ითვალისწინებს მის სურვილებს, ხელს უწყობს, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი და
აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა სასწავლო აქტივობებში. ტრადიციული
განათლებისგან განასხვავებს ისიც, რომ პროგრესული განათლება ეფუძნება აწმყო და
წარსულის გამოცდილებებზე დამყარებულ ცოდნას და არა ძველად ჩამოყალიბებულ
დოგმატურ ცოდნას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პროგრესული განათლება არ
გულისხმობს წარსული ცოდნის სრულიად უარყოფას. პირიქით, იყენებს მას, მაგრამ
გადასცემს მოსწავლეს მისი სუბიექტური სურვილების გათვალისწინების შედეგად
სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებით. რაც ყველაზე მთავარია, ამ
შემთხვევაში ხდება მოსწავლის წახალისება და მისთვის საინტერესო სიახლეების
მიწოდება (დიუი 2018,104-108)

ადამიანი მუდმივად იღებს გამოცდილებებს, რომლებიც მისი მომავლის


განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დიუი მიიჩნევს, რომ პროგრესული
განათლების მამოძრავებელ ძალას გამოცდილება წარმოადგენს, მაგრამ ამის გამო
ყველა სახის გამოცდილება არ შეიძლება საგანმანათლებლო მნიშვნელობების
მატარებლად მივიჩნიოთ, რადგან მცდარი გამოცდილება არასწორი განათლების
წყაროა, ამიტომ, საჭიროა მიღებული გამოცდილებების დიფერენციაცია, რომლის
კრიტერიუმს „გამოცდილების კონტინუუმი“ წარმოადგენს. ნებისმიერი სახის
გამოცდილება გარკვეული სახის ცვლილებას იწვევს ადამიანში, რის შედეგადაც ის
ყოველ მომდევნო გამოცდილებას გარკვეული განსხვავებული თვისებებით ხვდება.
აქედან გამომდინარე, ყოველი მომდევნო გამოცდილება მჭიდრო კავშირში უნდა
იყოს მის წინამორბედ გამოცდილებასთან. ამგვარი თანმიმდევრული გამოცდილება
ხელს უწყობს ადამიანის განათლების დონის ამაღლებასა და მუდმივ ზრდა-
განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფანტული გამოცდილებებიდან
ჩამოყალიბდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი თვისებები და შეუძლებელი
გახდება სამომავლო გამოცდილებების სასარგებლო გამოყენება, რასაც წარსულში
მიღებული გამოცდილებები განაპირობებენ. (დიუი 2018,109-110). დიუი ასევე წერს
თუ რა ევალება გამოცდილ მასწავლებელს: იგი ვალდებულია საკუთარი
გამოცდილების საფუძველზე განსაზღვროს თუ რამდენად სასარგებლო და
წარმატებულია მოსწავლის გამოცდილება და დამოკიდებულება მისი
განვითრებისთვის. მასწავლებელმა ასევე უნდა იცოდეს თუ რა სახის ფაქტორები და
გარემო-პირობები უწყობს ხელს მოსწავლის საგანმანათლებლო ზრდისთვის
ხელშემწყობი გამოცდილების მიღებას. ასევე მან უნდა შექმნას ისეთი პირობები,
რომლებიც შესაბამისობაში იქნება მოსწავლის მოთხოვნილებებთან. ამ ყოველივეს
განხორციელება კი შესაძლებელია პროგრესული განათლების შემთხვევაში, რადგან,
როგორც უკვე აღვნიშნე, მსგავსი სახის განათლება ემყარება გამოცდილებებს და
ასევე, პროგრესული განათლების შემთხვევაში, სრულიად გათვალისწინებულია
ინდივიდის ბუნებრივი უნარები და ხდება მის სუბიექტურ პირობებზე ობიექტური
პირობების დაქვემდებარება. ეს ობიექტური სურვილები კონტროლდება
მასწავლებლის მიერ. პირობებში მოიაზრება, როგორც მასწავლებლის
ვალდებულებები, ისე სწავლისთვის ხელშემწყობი მასალები, როგორიცაა: წიგნი,
ხელსაწყოები და სხვ ( დიუი 2018, 117-124).

როგორც, უკვე ითქვა პროგრესული განათლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს


გამოავლინონ საკუთრი თავი ბოლომდე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი არ
ხდება ქაოსურად და წესრიგის დაუცველად, პირიქით დაცულია დისციპლინა, მაგრამ
ისე მკაცრად და შაბლონურად არა, როგორც ეს ხდებოდა ტრადიციული განათლების
შემთხვევაში, როდესაც მოსწავლეებს არა აზრის გამოხატვა, არამედ ასე რომ ვთქვათ,
ზედმეტი თავის მიბრუნებაც კი ეკრძალებოდათ. პროგრესული განათლება
დამყარებულია სოციალურ კონტროლზე. ამასთან დაკავშირებით დიუი წერს, რომ:
„ჩვეულებრივი კარგი მოქალაქე, როგორც წესი, მოქცეულია სერიოზული სოციალური
კონტროლის ქვეშ, იმგვარად, რომ სულაც ვერ გრძნობს პიროვნული თავისუფლების
შეზღუდვას“ (დიუი 2018,128). ავტორს სოციალური კონტროლის
თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილი აქვს მოზარდების თამაშის მაგალითი. ამ
დროს თამაში მიმდინარეობს დადგენილი წესების შესაბამისად და კონტროლდება
მაგ, მსაჯის მიერ. აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესები კი არ ზღუდავს, არამედ
პირიქით, ხელს უწყობს თამაშის ნორმალურ წარმართვას, რადგან ყველასათვის
ცნობილია, რომ ამ წესები განსაზღვრავს თამაშის „ხასიათს“ და მოთამაშეები
შეუფერხებლად თამაშობენ. ისინი მხოლოდ მაშინ გამოთქვამენ პრეტენზიას, როცა
რაიმე წესის დარღვევა ხდება და უჩნდებათ უსამართლობის გრძნობა (დიუი 2018,
128-129). ასეთივეა პროგრესული განათლების შემთხვევაშიც. თითოეული მოსწავლე
ინდივიდუალურია, ამიტომ, მასწავლებელი ვალდებულია გაითვალისწინოს
თითოეულის შესაძლებლობები, მიუდგეს მათ ინდივიდუალურად და ამის შემდეგ
შეარჩიოს ისეთი სასწავლო მასალა და აქტივობა, რომლის მეშვეობით ყველა
მოსწავლეს თანაბარი წვლილის შეტანა შეეძლება. თუ მოსწავლეები და
მასწავლებლები ერთი გუნდის წევრები იქნებიან, წარმატებით მოხდება განათლების
რეალიზება. ამ შემთხვევაში მასწავლებელს მხოლოდ ის უპირატესობა გააჩნია, რომ
მას ევალება წარმატებულად და შეუფერხებლად წარმართოს ურთიერთქმედება თუ
კავშირები ჯგუფის წევრებს, ერთგვარ საზოგადოებებს შორის. ხოლო რაც შეეხება
ტრადიციულ სკოლებს მოსწავლეები რა თქმა უნდა, იღებენ გამოცდილებებს, მაგრამ
ვერ ახერხებენ მის დაკავშირებას მომავალთან და მათ გარშემო არსებულ მოვლენების
შესაბამისად გამოყენებას.

გონებრივი და პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელია გარკვეული სახის


თავისუფლება, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს განივითაროს უნარები, რის
შედეგად წარმატებით დაისახავს და განახორციელებს მიზნებს. დიუი მიიჩნევს, რომ
ერთადერთი თავისუფლება, რომელიც მუდმივად ღირებული და მნიშვნელოვანია,
არის ინტელექტუალური თავისუფლება, რომელის გარშე შეუძლებელია მუდმივი
ზრდა-განვითარება. მაგრამ, არ უნდა უგულებელვყოთ ფიზიკური თავისუფლება,
რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ავლენს მოსწავლე საკუთარ ნამდვილ ბუნებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მორჩილება და სიჩუმე ხელს შეუშლის მასწავლებელს
გაიცნოს მოსწავლეები. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ფიზიკური და
ინტელექტუალური თავისუფლება ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. დიუი ასევე
აღნიშნავს, რომ ადამიანის მიზნებისა და დამოკიდებულებების გადაკეთების,
შეცვლის გარეშე შეუძლებელია ინტელექტუალური ზრდა. ამ ცვლილებაში კი
მოიაზრება ინდივიდის იმპულსების შეკავება საწყის ვითარებაში. ავტორი
უპირატესობას ანიჭებს ფრაზას „შეჩერდი და დაფიქრდი“. ფიქრი, იგივე გონებრივი
განსჯა იწვევს იმპულსების უშუალო მოქმედების შეზღუდვას, სანამ არ მოხდება
ისეთი დაკვირვებული ქმედებებისა და გეგმების შექმნა, რომლებიც გამოიწვევენ ამ
იმპულსების მიზანდასახულ გამოვლინებას. იმ შემთხვევაში თუ ფიქრის შედეგად არ
მოხდება იმპულსის საწყისი ფორმით გამოვლინების დაყოვნება, ადამიანს მართავს
იმპულსები. ანუ როგორც ავტორი წერს „ ფაქტობრივად, მას ის ძალები მართავს,
რომლებზეც არავითარი კონტროლი არ გააჩნია (დიუი 2018,134-137).

„განათლების იდეალური მიზანი სწორედ თვითკონტროლის უნარის


განვითარებაა.“(დიუი 2018,137). ინტელექტუალური თავისუფლება გარკვეულწილად
თვივითკონტროლს უტოლდება და სწორედ ასეთი თავისუფლება უწყობს ხელს
მიზნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებას, რადგან მიზნის დასახვისთვის
მოსწავლეს უნდა გააჩნდეს განსჯის, დაკვირვების, მიზანმიმართული ქმედებებისა
და აზროვნების უნარი. მოსწავლეს უნდა მიეცეს საშუალება თავად განსაზღვროს
საკუთარი მიზნები, რადგან ეს მიზნებია მისი პირობების საფუძვლები. იმპულსის
მიზანმიმართულ მიზნად გადაკეთებას და საბოლოო შედეგის დანახვას ხელს უწყობს
დაკვირვება. ამას გარდა მნიშვნელოვანია წარსული გამოცდილების შეფასება. ამის
საილუსტრაციოდ დიუის ნაშრომში მოცემულია მაგალითი, სადაც ბავშვს სურვილი
უჩნდება ცეცხლთან მიახლოების, მაგრამ, თუ ის დააკვირდება, აღმოაჩენს, რომ
ცეცხლის შეხება მას საფრთხეს შეუქმნის, ანუ დაკვირვების შედეგად მას
განუვითარდა უნარი, რომლის საშუალებით შეძლო მოვლენების წარმოდგენა, მაგრამ,
თუ ბავშვი არ გამოიჩენს დაკვირვებულობას, ის შეეხება ცეცხლს და დაიწვება. ამის
შემდეგ ბავშვი შეიძენს წარსულ ცოდნას და მსგავსი საფრთხის შემცველი ქმედების
ჩადენის სურვილი გაუქრება. ამ ყოველივედან გამომდინარე შეგვიძლია თამამად
ვთქვათ, რომ თავისუფლება, თვითკონტროლი და მიზნები, ერთმანეთთან მჭიდრო
კავშირშია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლის გონივრულ ზრდა-
განვითარებას, საღი აზრის ჩამოყალიბებასა და თანმიმდევრული გამოცდილებების
მიზანმიმართულ გამოყენებას (დიუი 2018,138).
ბიბლიოგრაფია:

დიუი, ჯონ. 2018. „გამოცდილება და განათლება“. შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2, 104-155. მთარგმნ. ნანა ლებანიძე. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი.

You might also like