ფრიც რიმანი - სიყვარულის უნარი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 54

წინათქმა

«ვერა და ვერ გაგვიგია, რა არის სიყვარული» – საყვედურით ამბობს რილკე თავის ერთ-
ერთ ადრინდელ ლექსში. და, რაკი პარტნიორი წყვილების თერაპევტად ვმუშაობ, მინდა
გითხრათ, რომ ამ საყვედურის მოსმენა თითქმის ყოველდღიურად მიწევს. მართლაც, რა
ხდება იმ დროს, როდესაც ორი ადამიანი ერთად ასრულებს პარტნიორული შეთანხმების
პირობებს? სად შეიძლება ვეძებოთ ამ დროს მათ წინაშე უეცრად წამოჭრილი პრობლემების
მიზეზები? ეს ის საკითხებია, რომლებზეც პარტნიორულ წყვილებს, როგორც წესი, პასუხის
გაცემა უჭირთ. ამიტომაც ვფიქრობ, ნეტავ შემეძლოს ეს წიგნი თითოეულ მათგანს
შევთავაზო და მისი წაკითხვა ვაიძულო-მეთქი.
ამ წიგნის საშუალებით, ნებისმიერი ასაკის ადამიანებს ათობით წლის გამოცდილების
მქონე თერაპევტი ესაუბრება. იგი მარტივად და ნათლად გამოთქვამს აზრებს და თითქმის
არ იყენებს სპეციალურ ტერმინებს; მაგრამ, თუ იშვიათად მაინც მოიშველიებს მათ,
მარტივი სიტყვებით იქვე გაგვიმარტავს მათ მნიშვნელობებს. ავტორი სიყვარულზე
მსჯელობისას არ მოუხმობს სხვადასხვა თეორიას და გულთბილად, გრძნობით,
დროდადრო კი თანაგრძნობითაც გვესაუბრება მასზე და მკითხველი მაშინვე ხვდება, რომ
ავტორი მოხიბლულია სიყვარულით, ამიტომაც გულდასმით იკვლევს მის რთულ,
სიღრმისეულ სფეროებს; ამასთან, იგი დღის სინათლეზე გამოუხმობს იმ პარადოქსებსა და
სიძნელეებს, რომლებსაც შეყვარებული ადამიანი ყოველ ნაბიჯზე აწყდება. ამის გამო წიგნს
შეიძლება «სიყვარულის სახელმძღვანელოც» კი ვუწოდოთ. რა თქმა უნდა, ეს ისე არ უნდა
გავიგოთ, თითქოს, მისი წაკითხვის შემდეგ, სიყვარულთან დაკავშირებულ ყველა
პრობლემას მაშინვე მოვაგვარებთ. სწორედ ამიტომ აღნიშნავს რიმანი ხაზგასმით, რომ
სიყვარული ქმედებაა, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღებისა და ქცევების საკუთარი
სფერო გააჩნიაო. ეს ქმედებები, წიგნის კითხვისას, სიყვარულის იმდენ ასპექტსა და წახნაგს
გამოავლენს ჩვენ წინაშე, რომ საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსიის წყალობით
ვხვდებით, სინათლის ახალ-ახალი სხივები როგორ მოემართება ჩვენკენ.

ჩემთვის წიგნში განსაკუთრებით ფასეულია ის ადგილები, სადაც რიმანი ადგენს, რომ


არსებობს მჭიდრო კავშირი ბავშვობის დროს ოჯახში განცდილ სიყვარულსა და იმ
სიყვარულს შორის, რომელსაც ადამიანი შემდგომ, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე
განიცდის. ამასთან, რიმანი ამ ზრდასრული სიყვარულის შესაძლებლობებსა და
საფრთხეებზეც მიუთითებს. იგი მხოლოდ სიყვარულის განსაკუთრებულ შემთხვევებზე კი
არ გვესაუბრება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ უამრავი სასიყვარულო კავშირების
სახეობებსაც წარმოგვიდგენს, რომლებიც ზრდასრულ სიყვარულს გამოხატავს. ავტორი
გვეუბნება, რომ სიყვარულს მოფრთხილება სჭირდება, რომ სექსუალობა საწყისშივე
შეიცავს სიყვარულის ელემენტს, თუმცა მოგვიანებით ემიჯნება მას. რიმანი იმ გავლენებსაც
აღწერს, რომელთაც განიცდის ქალიშვილი მამასთან, ხოლო ვაჟიშვილი დედასთან
ურთიერთობისას. იგი განმარტავს ასევე, რა პირობებში ხდება პარტნიორის არჩევა
ზრდასრული სიყვარულის დროს, როგორ უწყობს სიყვარული ხელს ადამიანის
პიროვნებად ჩამოყალიბებას. სიყვარულთან დაკავშირებულ კიდევ მრავალ საკითხს უყვება
დამაჯერებლად ავტორი მკითხველს ამ წიგნში. ვისაც რიმანის ბესტსელერი «შიშის
ძირითადი ფორმები» წაუკითხავს, მას განსაკუთრებით გაახარებს ჩვენი წიგნის იმ თავთან
შეხვედრა, რომლის სათაურია «შიში, რომელიც სიყვარულს ამუხრუჭებს». ამ თავში რიმანი
ისევ და ისევ იმეორებს თვალსაზრისს, ზრდასრული სიყვარულის შესახებ რომ გამოთქვა
თავის მთავარ წიგნში. მკითხველისათვის ცხადი ხდება, რომ ავტორი დეფიციტებზე
ორიენტირებულ დაკვირვებებს არ სჯერდება და დიაგნოზის დასმის დროს ადამიანის
ეგზისტენციალური კვლევის მთავარ ორიენტირად სწორედ ტრადიციული, სიღრმისეული
ფსიქოლოგიის კატეგორიები მიაჩნია; ამასთან, მათ ინტერპრეტაციას ახლებურად ახდენს.
სიყვარულის უნარზე დაწერილი ეს წიგნიც სწორედ ამ ნიშნითაა აღბეჭდილი და ამიტომ
თავად რიმანის შემოქმედება პირდაპირ ეხმიანება როგორც რესურსებზე ორიენტირებული
ფსიქოლოგიის საწყისებს, ასევე პარტნიორული წყვილებისა და ოჯახური თერაპიის
პრობლემებს.
ვფიქრობ, წიგნი დიდ სარგებლობას მოუტანს იმ წყვილებს, რომლებიც მას ერთად
წაიკითხავენ. ამით ისინი საკუთარ ურთიერთობებს მხოლოდ გააღრმავებენ და
გაამდიდრებენ.
ჰანს იელუშეკი
ამერბუხი, 2006 წლის ნოემბერი.

***
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცხოვრებაში განვითარებას განვიცდით, და, რაკი წლები
გვემატება, ბოლოს და ბოლოს პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალულ, ზრდასრულ
ადამიანებად ჩამოვყალიბდებით. ამას დიდი დრო სჭირდება, რადგან აღზრდის, სკოლის,
პოლიტიკის, ეკლესიისა თუ კიდევ სხვა მუდმივი ფაქტორების გამო, უმწიფრობის
მდგომარეობას თავს ვერ ვაღწევთ და დამოუკიდებლობის მოპოვება გვიჭირს. და მაინც,
მგონია, ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის მცდელობისას გადამწყვეტ როლს
ნამდვილად სიყვარულის უნარი ასრულებს, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში,
მოგვიანებით კი ადამიანებთან ნებისმიერი ურთიერთობის დროს განვითარებას და
სრულყოფას რომ მოითხოვს.
სიყვარულის უნარი

სიყვარულის უნარი იმ ნიჭის გამოვლინებაა, რომელიც ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება


და მის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე დიდ საოცრებას წარმოადგენს. მართლაც, განა
საოცრება არ არის, რომ ადამიანისთანა პატივმოყვარე, აფექტებითა და ვნებებით
შეპყრობილ, სახიფათო ინსტინქტების მქონე, აგრესიულ არსებას, საერთოდ, გააჩნია
სიყვარულის უნარი? ისიც ხომ გასაკვირია, რომ მას შეუძლია, საკუთარი თავის გარდა,
კიდევ უყვარდეს ვიღაც, თანაც, როგორც ამას ქრისტიანობა მოითხოვს, მან ეს «ვიღაც»
საკუთარი თავივით უნდა შეიყვაროს? რომ არა სიყვარულის უნარი, რომელიც ამ არსებას
ადამიანად აქცევს, კაცობრიობა, ალბათ, დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა. სიყვარული
ადამიანში უამრავი სახით გამოვლინდება, მაგრამ მის საბოლოო არსს მაინც ის უბრალო
სურვილი შეადგენს, რომ მეორე ადამიანს სიხარული და ბედნიერება მიანიჭოს, რის გამოც
სიყვარული სწორედ ქმედებაა და არა გარკვეული მდგომარეობა. ცხოველებთან
მიმართებაში სიტყვა «სიყვარულს» მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც მათი
შეჯვარებისა და შთამომავლობის გაგრძელების ინსტინქტებზე ვსაუბრობთ. ამით ხაზს
ვუსვამთ, რომ სიყვარულის განცდა მხოლოდ ადამიანს შეუძლია და, ამასთან, მისთვის იგი
არ არის მხოლოდ მისი სახეობის შესანარჩუნებლად აუცილებელი, ინსტინქტური ან
სექსუალური ლტოლვა. სიყვარულს ყოველთვის «რაღაც» ისეთი ახლავს, რაც მხოლოდ
ადამიანობის სფეროს განეკუთვნება. ამიტომაც ძალზე ძნელია ამ ცნების რაციონალურობის
ახსნა და ამაოა ყოველგვარი მცდელობა, გავიგოთ და განვმარტოთ «სიყვარული», ან
(როგორც დღესდღეობით ათასნაირი გზით ვცდილობთ) ჩავწვდეთ მის არსს.
აქედან გამომდინარე, უფრო უპრიანი იქნება, თუ სიყვარულზე ლაპარაკსა და წერას თავად
იმ შეყვარებულებსა და პოეტებს მივანდობთ, რომლებიც მთლიანად შეუპყრია ამ გრძნობას;
თუ მეცნიერება სიყვარულის შესწავლას დაიწყებს, მას მხოლოდ სიყვარულის
წარმმართველი ინსტინქტების და რეფლექსების ბიოლოგიური ქცევების, ფსიქოლოგიური
რეაქციებისა და ფიზიოლოგიური, სტატისტიკური მონაცემების კვლევა მოუხდება.
მართალია, ეს ყველაფერი «სიყვარულთანაა» დაკავშირებული, მაგრამ ამგვარი კვლევებით
მას ვერ ჩავწვდებით და მხოლოდ დავაკნინებთ სიყვარულის ფენომენს, რადგან იგი
მთლიანად მოიცავს ჩვენს პიროვნებას, და ამიტომ მისი ახსნა ცალკეული მეცნიერული
თეორიებითა და ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელია. როგორც ვერანაირი
მაღალგანვითარებული ტექნიკა ვერ გახდება დიდი ხელოვნების დაბადების საფუძველი,
ასევე სექსის ილეთების დაუფლება არ ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია მისი საშუალებით
სიყვარული განიცადოს. პარტნიორთან ურთიერთობის წესებით სიყვარულის შესწავლა
შეუძლებელია, რადგან ეს განცდა ჩვენი შინაგანი არსებიდან მოდის. სიყვარულის შესწავლა
და მისი არსის მოხელთება ასე ადვილი რომ იყოს, ადამიანი დიდი ხანია, მოახერხებდა
მისი საიდუმლოს ამოცნობას. არ გამოვრიცხავთ, რომ სიყვარულის სფეროში არსებობს
გარკვეული რეცეპტები, რომელთა გამოყენებაც ხელს უწყობს და ნიადაგს უმზადებს
სიყვარულის ჩასახვას, მაგრამ მცდარია აზრი, როდესაც ფიქრობენ, თითქოს, მათი
დახმარებით ადამიანს შეუძლია სიყვარულის სწავლა. განა ადამიანის რწმენა იმაზეა
დამოკიდებული, რამდენჯერ ლოცულობს დღეში, როგორ ასრულებს რიტუალებს ან რა
სიხშირით დადის ეკლესიაში? უბრალოდ, მას მთელი არსებით სჯერა და სწამს.
სიყვარულის განცდაც მთლიანად პიროვნების გრძნობების სიღრმესა და სიმწიფეზეა
დამოკიდებული და არ უკავშირდება სექსუალური აქტების ან სასიყვარულო
თავგადასავლების სიხშირეს. მიუხედავად ამისა, სიყვარულზე ადამიანებს განსხვავებული
შეხედულებები აქვთ. ერთნი ამ გრძნობაში აღტკინებული ჟინის დაოკებას გულისხმობენ,
მეორენი ფიქრობენ, რომ სიყვარულს ისინი სიამოვნების უმაღლეს მწვერვალზე აჰყავს,
მესამენი კი მასში ხედავენ საკუთარი ცხოვრების არსს. ზოგი ადამიანისათვის სიყვარული
ის გრძნობაა, რომელიც ორი ადამიანის სრულყოფილ ურთიერთობას რაღაც ზედროულში
აღავლენს, ზოგიერთისთვის კი იგი რაღაც ილუზიური გრძნობა ან სულაც ავადმყოფობაა.
სიყვარული ჩვენში, უპირველეს ყოვლისა, განცდის იმ უნარს გულისხმობს, რომლის
საშუალებითაც გარკვეული გრძნობის გამოხატვა შეგვიძლია. სიყვარული, შესაძლოა,
სხვადასხვა ობიექტისადმი იყოს მიმართული და არ უკავშირდებოდეს ადამიანის ასაკს ან
სქესს. ვიცით, რომ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ასაკში განიცადოს ეს გრძნობა. ამასთან,
სიყვარული სხვადასხვა სახით ვლინდება, რადგან დედის სიყვარული შვილის მიმართ
არაფრით ჰგავს ქალსა და მამაკაცს შორის განცდილ სიყვარულს. არსებობს ასევე
ხორციელი, პლატონური, მოწიწებული, გულმოწყალე და ზოგადადამიანური სიყვარული.
ჩვენი სიყვარულის უნარი მხოლოდ ადამიანების მიმართ განცდილი გრძნობით არ
შემოიფარგლება – ასევე შეიძლება გიყვარდეს ბუნება, ცხოველები, ხელოვნება, საკუთარი
პროფესია ან რომელიმე აბსტრაქტული იდეა. გავიხსენოთ თუნდაც სამშობლოს,
ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და ღმერთის, განგების სიყვარული. როდესაც
სიყვარულის სახეობებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენგან
დამოუკიდებლად არსებობს სიყვარულის გარკვეული ადრესატი. ადამიანს ამ დროს
აუცილებლად უნდა გააჩნდეს იმ სიყვარულისადმი მზაობა, რომელსაც იგი საკუთარ
თავში დაიმკვიდრებს. მან ისეთი პირი ან საგანი უნდა მოძებნოს, რომლის მიმართაც მას
სიყვარულის გამოხატვა ძალუძს. ამ დროს ადამიანში ეს უნარი სხვადასხვა სახით
ვლინდება და, თითქოს, ცდილობს სიყვარულის ისეთ ობიექტს გვაზიაროს, ჩვენ მიღმა
სამყაროში რომ არსებობს. ამრიგად, სიყვარულის ნებისმიერი სახეობის დროს
თვითგამოხატვა, ალბათ, იმ ზღვარდაუდებელი ლტოლვის ტრანსცენდენტში გადასვლას
ნიშნავს, რომელიც ცდილობს, გადალახოს ან ნელ-ნელა გააუქმოს «მე»-სა და «შენ»-ს, ან
«ჩვენსა» და იმ «რაღაცას» შორის არსებული საზღვარი, რომელიც «სხვანაირია» ან რაღაცით
აღგვემატება. ამით, ალბათ, ჩავწვდებით ნებისმიერი სასიყვარულო ლტოლვის ღრმა
ფესვებს. ეს არის გრძნობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გადავაბიჯოთ «მე»-ს
«მიმართებას საკუთარ თავთან» და ჩვენი არსებობის მიღმა მოწყვლადი გავხდეთ იმ
«ვიღაცის» ან «რაღაცის» მიმართ, რომლისთვისაც ამ გრძნობას სიყვარულით წყალობასავით
გავიღებთ. ეს წყალობა კი, უპირველეს ყოვლისა, იმ კეთილგანწყობის გამოხატულებაა,
რომელიც ნებისმიერი სიყვარულის საყოველთაოდ აღიარებულ, ქმედით სახეობას
წარმოადგენს.
მთელი ჩვენი ცხოვრება მუდამ და ყველგან ანტინომიებისგან შედგება და მუდმივად
პოლარულ, თუმცა ურთიერთშემავსებელ იმპულსებს შორის მიედინება. ამრიგად,
სიყვარულისათვის მზაობას, რომელიც ჩვენ მიღმა არსებულისკენ ლტოლვას გულისხმობს,
უპირისპირდება თვითგადარჩენის ინსტინქტი. იგი შეგვახსენებს, რომ ადამიანისათვის
მოყვასი შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავი იყოს. საბოლოოდ ჩვენი ცხოვრება ამ ორ
თაურძალას შორის მიედინება.
სიყვარულის ჩვენეული მზაობა ნიშნავს «მე»-სა და «არამე»-ს შორის კომუნიკაციას,
ერთმანეთისადმი ერთგულებას და ტრანსცენდენტურისკენ იმ ზღვარდაუდებელ
სწრაფვას, რომელიც გვავიწყებს საკუთარ თავს. თვითგადარჩენის ინსტინქტი ამ დროს
საკუთარი თავისთვის საზღვრებს ადგენს და ჩვენი პიროვნების დამოუკიდებლობასა და
ავტონომიას, ბოლოს და ბოლოს კი მის თვითრეალიზაციას მოითხოვს. თვითგადარჩენისა
და საკუთარი თავის ერთგულება ჩვენი ცხოვრების ის ორი, ყველაზე ღრმა, თანდაყოლილი
და დამოუკიდებელი იმპულსია, რომლებთანაც ჩვენს ქმედებებს კავშირი არა აქვთ, რადგან
ისინი თავად ავსებენ და განაპირობებენ ერთმანეთს, და ამით ჩვენს ცხოვრებას ქმედითს
ხდიან. ამის დანახვა ყველაზე უკეთ სუნთქვის მაგალითზე შეიძლება: ჩასუნთქვასა და
ამოსუნთქვას შორის რიტმული მონაცვლეობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან
პირობას წარმოადგენს, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იარსებებს. მთელი ჩვენი ცხოვრება
ამგვარ რიტმულ მონაცვლეობაში რომ მიედინება, ამას გულის სისტოლის (შეკუმშვის) და
დიასტოლის (გაფართოების) თუ ნივთიერებათა ცვლის ნებისმიერი პროცესი ადასტურებს.
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ეს პროცესი იმავდროულად თვითგადარჩენისა და საკუთარი
ერთგულებისადმი თაურფორმებს მოიცავს, მაგრამ მასში უჩვეულო თვისებაც შეიძლება
დავინახოთ, რომელსაც საერთოდ არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ამასთან დაკავშირებით
ოსკარ ადლერმა ასეთი შედარება მოიყვანა: ჩასუნთქვის დროს ჩვენში თითქოს კოსმოსის
ამოსუნთქვა ხდება, ხოლო როდესაც ამოვისუნთქავთ, კოსმოსი თითქოს ჩაისუნთქება
ჩვენშიო. ამ ორმხრივ პროცესს კარგად თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნებისმიერ პროცესში მუდმივად სუბიექტსაც წარმოვადგენთ
და ობიექტსაც.
ამ შედარების თანახმად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
პროცესი მრავალ შრეს შეიცავს; იგი ქმედებასა და განცდას, გაცემასა და მიღებას შორის
მუდმივ მონაცვლეობაზე მიუთითებს, რასაც ისევ და ისევ სიყვარულში ვხვდებით, რადგან
აქაც, ერთსა და იმავე დროს, სუბიექტიც ვართ და ობიექტიც. «სიყვარულის ობიექტზე»
ცალმხრივი მსჯელობა, საერთოდ, სჩვევია ფსიქოანალიზს, იგი ყურადღებას არ აქცევს ამ
მრავალშრიან სტრუქტურას, რაც ქმნის ილუზიას, თითქოს მხოლოდ ქმედითი არსებები
ვიყოთ. ამგვარმა თავის მოტყუებამ კი სხვა შემთხვევებშიც საბედისწერო შეცდომები
გამოიწვია, რომელთა მძიმე შედეგებს დღესდღეობით კვლავ ვიმკით. რაკი სამყაროს
ობიექტის როლი ცალმხრივად მივაკუთვნეთ და წარმოვიდგინეთ, რომ მისი ექსპლუატაცია
უპირობოდ შეგვიძლია, ამის წყალობით ჩვენც იმ ქმედებებისა და ქცევების ობიექტად
გადავიქცევით, რომლებიც ბუმერანგივით შემოგვიბრუნდება.
«სექსის ობიექტი», როგორც ფსიქოანალიზი სიყვარულის პარტნიორს უწოდებს, ეტყობა,
მამაკაცური ფსიქიკის გამოგონებაა და ამ მოვლენის უხეშად გამარტივებას ნიშნავს. თუკი
პარტნიორში სიყვარულის ან სექსის ობიექტს ვხედავთ, მაშინ მას იმ არსებად აღვიქვამთ,
რომელზეც რაღაც ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია, ის კი, თავის მხრივ, პასიურია და არ
გვეწინააღმდეგება; მაგრამ ცხოვრების ან ადამიანთაშორისი კომუნიკაციის სფეროში
არსებულა ან არსებობს ასეთი რამ, სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ? ადამიანის
ნებისმიერი ქმედება აუცილებლად სათანადო რეაქციას იწვევს. იმ დროს, როდესაც
ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მოქმედ სუბიექტს წარმოვადგენთ, «ობიექტის» რეაქციის
მეშვეობით უმალ მისი ობიექტიც ვხდებით. სიყვარულის არსიც ალბათ იმაში
მდგომარეობს, რომ ჩვენი კეთილგანწყობილი და მოსიყვარულე ქმედებები პარტნიორის
მიმართ ასეთივე კეთილგანწყობილი რეაქციის სახით შემოგვიბრუნდება; მაგრამ ეს სულაც
არ ნიშნავს იმას, თითქოს სხვა ადამიანს ობიექტად გადავაქცევთ. მას ამ შემთხვევაში იმ
თავისებურ სუბიექტად აღვიქვამთ, რომელიც გვიყვარს, ამასთან, მისი გვესმის და
ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. დედას, რომელიც შვილს საკუთარი სიყვარულის
«ობიექტად» დასახავს და მისი «სუბიექტად» ქცევის ფაქტს არ აღიარებს, შეიძლება ითქვას,
რომ შვილი ჭეშმარიტი სიყვარულით არ უყვარს; იმ შემთხვევაში, თუ დედას «სუბიექტად»
ყოფნა სურს, ცდილობს, ბავშვის ობიექტად დარჩენაც მოახერხოს. სხვაგვარად შვილი მას
ოდესმე ზურგს შეაქცევს და დედაში იმ ობიექტს დაინახავს, რომელმაც მის მიმართ
უმადურობა გამოიჩინა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც შვილი დედაზე დამოკიდებული
ხდება, რადგან მას დედა თავისუფლად განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამ დროს
დედა იმ «ობიექტად» გადაიქცევა, რომელსაც საკუთარი ძალმოსილების წარმოჩენის
სურვილი ან შვილის დაკარგვის შიში ამოძრავებს.
ადამიანში თვითგადარჩენის განცდა ნამდვილად ღრმა, თანდაყოლილი ინსტინქტია და
შესწავლას არ საჭიროებს. სიყვარულის უნარი კი, ზოგიერთი სხვა უნარის მსგავსად,
გაცდენილია ინსტინქტური ქცევის ფარგლებს და ჩვენში შესაძლებლობების სახით
არსებობს. ამ უნარს ადამიანში გამოხმობა და გაღვიძება სჭირდება, ამასთან,
განვითარებისთვის საგანგებო პირობებს მოითხოვს. ამიტომ სიყვარულის უნარს ჩასახვისა
და განვითარების საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც ადამიანის ამქვეყნად
მოვლინებასთან ერთად იწყება. ახლა სწორედ სიყვარულის უნარის განვითარებაზე მინდა
გესაუბროთ. როგორც ნებისმიერი სიახლე, სიყვარულის უნარიც საწყის ეტაპზე
მეტისმეტად მოწყვლადი და მგრძნობიარეა. ამიტომ მისი განვითარების პროცესი
განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს, რადგან მოწყვლადობა
დამახასიათებელია სიყვარულის ნებისმიერი სახეობის საწყისისათვის. მოგვიანებით
სიყვარულის უნარი ადამიანს არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას
აძლევს, მაგრამ ამ უნარის განვითარების საწყის ეტაპზე, თითქოს ბედისწერის ძალით,
გარშემომყოფ ადამიანებზე ვართ მინდობილი, რომლებსაც ჩვენ არ ვირჩევთ. სოციალური
გარემოსადმი დამოკიდებულებას ამ დროს ჩვენი მშობლები და და-ძმები განსაზღვრავენ,
განსაკუთრებულ როლს კი, რა თქმა უნდა, დედა ასრულებს იმ ადრეულ ბავშვობაში,
რომლის წარმოდგენაც შემდგომში საკმაოდ გვიჭირს. მე-20 საუკუნის დამდეგამდე
გავრცელებული იყო აზრი, რომ სიყვარული «კუჭზე გადის», რაც მხოლოდ ადამიანის
მატერიალურ მხარეს გულისხმობდა. დღესდღეობით ვიცით, რომ, მართალია,
მატერიალურ მხარეს ბავშვის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ
ადამიანში სიყვარულის უნარის გაღვიძება მარტო ამ უნარით ვერ მოხდება. ვიცით ისიც,
რომ იმედიანი და მოსიყვარულე გარემოს არსებობა პატარის ცხოვრების ადრეულ წლებში
აუცილებელია, რათა იგი სულიერად და ფიზიკურად განვითარდეს. მატერიალური
კეთილდღეობა, რომელსაც არ ახლავს ადამიანური სითბო და კეთილმოსურნე
ურთიერთობა, ბავშვზე დამთრგუნველად მოქმედებს, შესაძლოა, განვითარება შეუფერხოს
და გამოუსწორებელი ზიანიც მიაყენოს. ამრიგად, სიყვარულის უნარის განვითარების
საწყის ეტაპზე გარემოს მხრივ გამოვლენილ სიყვარულს ბავშვისთვის უფრო დიდი
მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ზრუნვას მის კვებასა ან სხეულის ჰიგიენაზე; ამ ყველაფერთან
ერთად, მას სჭირდება კიდევ «რაღაც», რაც სიყვარულის უნარს ჩაუსახავს და სამომავლოდ
ნებისმიერი სიყვარულის საფუძველი გახდება. განა თავად არ ვიცით, რომ მატერიალური
პირობების გარეშე არსებობას ვერ შევძლებთ, რადგან ჩვენს სხეულს უამრავი
მოთხოვნილება გააჩნია?! მაგრამ აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ სიყვარულის
მიღებისა და გაცემის შემთხვევაში გვეძლევა შანსი, რათა ჩვენი ადამიანური ბუნება
განვავითაროთ. ჰოდა, განა ეს სიყვარულის განუმეორებელ მნიშვნელობაზე არ
მეტყველებს?!
ახლა შევეცდებით, უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ სიყვარულის მნიშვნელობა. სხვა
სულიერ არსებებთან შედარებით, ადამიანი ბევრად უფრო ხანგრძლივი დროით არის
დამოკიდებული ბავშვობისდროინდელი წლების გარემოზე.
თუ ამ გარემოსთან მისი მრავალი წლის ურთიერთობას მხოლოდ ბიოლოგიურ ფაქტად არ
მივიჩნევთ და მასში ჩვენი ცხოვრების არსის ამოცნობასაც შევეცდებით, დავინახავთ, რომ
მხოლოდ იმ გარემოზე ხანგრძლივი, სრული დამოკიდებულებისა და მოსიყვარულე
ადამიანებისადმი ნდობის წყალობით გვეძლევა შანსი, რათა საკუთარ თავში ჭეშმარიტად
ადამიანური თვისებები განვავითაროთ. სიყვარულისადმი მზაობა, ნდობა, იმედი,
მადლიერების გრძნობა – ეს ის თვისებებია, რომლებიც იმავდროულად ჩვენი ამქვეყნად
არსებობისა და სიცოცხლის სიხარულს შეგვაგრძნობინებს. ადრეული წლების
გარემოებებზე ხანგრძლივი დამოკიდებულება იმაზეც მიგვითითებს, რომ სიყვარულის
უნარი თანდაყოლილ, ინსტინქტურ ქცევაზე მეტს ნიშნავს და, ნებისმიერი სხვა უნარის
მსგავსად, განვითარებისთვისაც მეტ დროს მოითხოვს. მოგვიანებით დავინახავთ, რომ ამას,
დროის გარდა, კიდევ სხვა პირობებიც სჭირდება, რაც ასევე სიყვარულის ნებისმიერ
სახეობას ეხება. ამრიგად, სიყვარულის უნარის განვითარება დროს მოითხოვს, რომლის
გარეშეც ვერასოდეს გავცდებით წინა საფეხურებს.
ბუნების ბრძნული კარნახით, პატარა ბავშვის სიყვარული ყოველთვის გვიადვილდება.
მისი უმწეობა ჩვენში ზრუნვის ნაზ ინსტინქტებსა და დიდსულოვნების გრძნობას აღვიძებს,
რადგან ეს უმწეო, საოცარი, მთლიანად ჩვენზე მონდობილი სიცოცხლე ჩვენს მოლოდინს,
იმედს და სურვილს ეხმიანება. ამ დროს ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც
ეს ახალი სიცოცხლე გვაკისრებს, და ამ გრძნობის გამო სიამაყეს და ბედნიერებას
განვიცდით.
ამრიგად, დედაზე შვილის ხანგრძლივი დამოკიდებულების წყალობით, შესაძლებელი
ხდება ჩვენი ადამიანური თვისებების განვითარება. ბევრ სხვა პირობასთან ერთად ისიც
იგულისხმება, რომ დედა ის მგრძნობიარე ადამიანია, რომელიც შვილის გულისთვის დროს
და ენერგიას არ ზოგავს. მშობიარობის შემდეგ დედის დეკრეტული შვებულება რვა კვირას
შეადგენს და ეს, რა თქმა უნდა, მინიმალური დროა. მაგრამ წარსულში არსებულ
პირობებთან შედარებით, ამჟამად იმის გაცნობიერება მაინც ხდება, რომ ჩვილის
განვითარებისთვის მისი სიცოცხლის პირველ კვირებსა და თვეებში აუცილებელია დედის
გვერდით ყოფნა; ამასთან, დედასაც სჭირდება დრო, რათა შეიგრძნოს შვილის სიყვარული,
გაეცნოს მის თვისებებს და ადრეულ პერიოდშივე დაამყაროს მასთან კეთილმოსურნე
ურთიერთობა. დედის ამგვარი დამოკიდებულება საუკეთესო წინაპირობაა ბავშვის
შემდგომი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, დედას ვერავინ დაუწესებს, როგორი
სიყვარულით უნდა უყვარდეს შვილი, მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით, ბევრი რამის
გაკეთება შეიძლება საიმისოდ, რომ ხელი შევუწყოთ მასში ამ გრძნობის განვითარებას. თუ
გავითვალისწინებთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისათვის მისი ცხოვრების ადრეულ
პერიოდს, და დედას შვილის განვითარებისთვის სათანადო პირობებს შევუქმნით, ამით მას
ბევრ სოციალურ პრობლემას მთლიანად თუ ვერ მოვუხსნით, შევუმსუბუქებთ მაინც.
დედის სათნო და თბილი დამოკიდებულება ადრეულ ბავშვობაში, ალბათ, ყველას
უგრძვნია – როდესაც ბავშვი მის მოსიყვარულე თვალებში საკუთარ თავს ხედავს და
უჩნდება იმის შეგრძნება, რომ იგი უყვართ. ეს კი ის აუცილებელი გრძნობაა, რომელსაც
შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე, შევნატრით, დავეძებთ, და მისი კვლავ პოვნის
იმედი გვაქვს. მერე იმის იმედსაც არ ვკარგავთ, რომ მეუღლეშიც დავინახავთ ამ
ადრინდელი, კეთილმოსურნე გრძნობის ანარეკლს, ხოლო ჩვენი სიყვარული მას ისევე
გააბედნიერებს, როგორც იგი ერთ დროს დედას აბედნიერებდა. სიყვარულის სწორედ
ამგვარი «მიღება-გაცემის» დროს ეყრება საფუძველი ადამიანთა შორის კომუნიკაციას და
კეთილსაიმედო ურთიერთობას. ეს ის აუცილებელი გრძნობაა, რომლის მეშვეობითაც
პიროვნება ამქვეყნად არსებობის სიხარულს ეზიარება.
ბავშვობა ის ხანაა, როდესაც ჩვენს ნებისმიერ სურვილს აუცილებელი ასრულება უწერია,
ამასთან, პრეტენზიებს და მოთხოვნებსაც არავინ გვიყენებს; მერე კი
ბავშვობისდროინდელი სამოთხის მონატრებას იქამდე მივყავართ, რომ იქ დაბრუნების
იმედს სიკვდილისშემდგომ ცხოვრებაში ვხედავთ და გულის სიღრმეში დარწმუნებულნი
ვართ, რომ დროის მიღმა არსებული ბედნიერების იმედი არ გაგვიმტყუნდება.
რაკი ტრანსცენდენტურ მდგომარეობაში გადასვლის ნებისმიერი ფორმა ადამიანის მიღმურ
სამყაროსთან ზიარებას გულისხმობს, ამის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ
სიყვარული მუდმივად გარკვეულ თავგანწირვას მოითხოვს. სხვა ადამიანისკენ
შემობრუნების მზაობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას ჩვენთვის განკუთვნილ სივრცეში
შემოსვლის უფლებას ვაძლევთ. ადამიანი იმავდროულად უგულებელყოფს საკუთარ თავს
და სხვისთვის მსხვერპლად გაიღებს იმ უნარს, ერთგულება რომ ჰქვია. როდესაც ადამიანი
საკუთარი პიროვნების «შევსებისა» და «გამთლიანების» იმედს «შენ»-ში ხედავს, იგი
სიმარტოვისა და უმწეობის შიშისაგან გათავისუფლებას გარესამყაროში, ადამიანებთან
ურთიერთობით ცდილობს; ამასთან, სურს, რომ ერთი პარტნიორის ან ერთი
საზოგადოების კუთვნილება იყოს. ამ დროს ადამიანი «ვინმეს» ან «რამეს» საკუთარი თავის
მიღმა დაეძებს. სავარაუდოა, რომ ამ მწველი სურვილის უკან სწორედ საკუთარი თავის
პოვნის მცდელობა იმალება, ეს კი, ფართო მნიშვნელობით, პარტნიორთან ურთიერთობას
გულისხმობს, რომლის გარეშეც ინდივიდუაციის პროცესი წარმოუდგენელია. ამიტომ
საკუთარი თავის პოვნას მით უფრო წარმატებით შევძლებთ, რაც უფრო ადრე დავძლევთ
საკუთარი «მე»-ს შებოჭილობას». მაგრამ მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვას
უეჭველად ახლავს მისი გახანგრძლივების სურვილი. იმავდროულად ვცდილობთ, ეს
გრძნობა იმ პირველქმნილი უშფოთველობითა და ინტენსიობით განვიცადოთ, როგორც ეს
თავდაპირველად ხდებოდა. ჰერმან ჰესე თავის ერთ-ერთ ლექსში სწორედ იმ
«თაურსაწყისის ხიბლზე» წერს, რომლის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებასაც აგრერიგად
ვცდილობთ. ეს ის ხანგრძლიობაა, რომლის აღსრულებაც არც სიყვარულს და, საერთოდ,
არაფერს ძალუძს. რაც უფრო მეტად ვცდილობთ, «ბედნიერება» დროის დინებას
გამოვტაცოთ და ცვლილებებისგან დავიცვათ, მით უფრო სწრაფად გვეცლება ხელიდან.
განვითარების პროცესი ხომ სწორედ ის პარადოქსია, რომელიც დასაბამს დროის
ხანგრძლიობაში იღებს.
ბედნიერების ხიბლი, სულიერი რყევები და მღელვარება, რაც ადამიანს სიყვარულის
დაბადებას აუწყებს და სიცოცხლის სიხარულს აგრძნობინებს, არ შეიძლება გამუდმებით
გაგრძელდეს, რადგან მაშინ დრო უნდა გაჩერდეს, ხოლო ადამიანები არც შინაგანად და
არც გარეგნულად არ უნდა შეიცვალონ. ამიტომ სახეცვლილებას სიყვარულიც უნდა
განიცდიდეს და ამით მორჩილებდეს ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის კანონადქცეულ
დროის დინებას, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება სიყვარულის გახანგრძლივება.
მარადიული ბედნიერების ასეთ სურვილზე შთამბეჭდავად გვიყვება ლეგენდა
ენდიმიონზე: ყმაწვილს დაესიზმრება, რომ ქალღმერთი სელენე მას შუბლზე ეამბორება;
ენდიმიონი ამ ამბორის გამო იმდენად ბედნიერად იგრძნობს თავს, რომ ღმერთმთავარს
შესთხოვს, უკვდავება და მარადიული ახალგაზრდობა აჩუქოს და, ამასთან, მუდმივი ძილი
მოუვლინოს. ზევსი შეუსრულებს თხოვნას ენდიმიონს, რომელიც ჩვენ რაღაცით
ჩამოგვგავს. მაგრამ ლეგენდა იმაზეც დაგვაფიქრებს, რა ფასად დაგვიჯდებოდა ხანგრძლივ
ბედნიერებასა და მარადიულ ახალგაზრდობაზე ოცნება, თუ იგი რეალობად იქცეოდა.
მაშინ ჩვენ, ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარი თავით შემოვიფარგლებოდით და ვერ
შევძლებდით გონებრივ გამოღვიძებას.
ამრიგად, დრო და გონება თითქოს სიყვარულის მტრად გვევლინებიან. დრო არასოდეს
ჩერდება და მისი ამგვარი გახანგრძლივებული დინების პროცესში განვიცდით
ცვლილებებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვბერდებით და მომხიბვლელობას ვკარგავთ.
მაგრამ, გონების წყალობით, კვლავ ვიღვიძებთ, თავს ვაღწევთ ოცნებაზე ფიქრს და
ვაცნობიერებთ, რომ «მე» და «შენ» განცალკევებით არსებობს და ყველაფერი წარმავალია.
აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი ცდილობს ხანგრძლივად შეინარჩუნოს ის
«თაურსაწყისის ხიბლი», მაგრამ იგი ამ გრძნობას მხოლოდ სიყვარულის «თაურსაწყისთან»
მიჰყავს, რადგან მას, «ხიბლის» გარდა, განვითარების, გაღრმავების, მომწიფების უნარი
გააჩნია. სიყვარულის სახეცვლილების წყალობით, იქმნება ხანგრძლიობის ახალი ფორმა,
რომელსაც დრო მეტოქეობას კი არ უწევს, პირიქით, მის განვითარებას უწყობს ხელს. ის,
ვინც მხოლოდ მუდმივი ბედნიერების ძიებაშია, ვერასოდეს იგრძნობს სიმწიფეში შესული
სიყვარულის ხიბლს.
დროის ხანგრძლიობა ყოველთვის გულისხმობს ღრმა სიყვარულის შესაძლებლობას,
ამიტომ, წარმავლობის საშიშროების მიუხედავად, ადამიანს შეუძლია ხანგრძლიობის
ხიბლიც შეიგრძნოს. ჩვენი გონებაც სწორედ ამ წესის მიხედვით იქცევა. თუ
ხანგრძლიობისაკენ სწრაფვას თავდავიწყებით მივეცემით, მაშინ განვითარების
ყოველგვარი შანსი ხელიდან გამოგვეცლება და საქმე ურთიერთობის სტაგნაციამდე მივა. ამ
დროს საკუთარ ცნობიერებაზე უარისთქმა მხოლოდ ერთი წამით ხდება; მერე კი, როდესაც
ჩვენს თავს ვუბრუნდებით, «მე»-სა და «შენ»-ს შორის პოზიტიური დაძაბულობა იქმნება,
რაც ორი ადამიანის ურთიერთობას, შესაძლოა, სასიკეთოდ წაადგეს. უცვლელი
ხანგრძლიობისკენ სწრაფვა სიყვარულისათვის საფრთხის ერთ მხარეს წარმოადგენს.
მაგრამ, ამ სწრაფვასთან ერთად, ადამიანს ცვლილებების, სიახლის, გარდაქმნის სურვილიც
ამოძრავებს. ამ სურვილის გამოხატვა მით უფრო ძლიერად ხდება, რაც უფრო ნაკლებად
გვინდა იმის აღიარება, რომ სასიყვარულო ურთიერთობას განვითარების შანსი აღარ
გააჩნია. ამ დროს ნაკლებად ვზრუნავთ პარტნიორის განვითარების საჭიროებაზე და
ვგრძნობთ, რომ მის სიყვარულზე უარისთქმა მოგვიწევს, რადგან მასში ვეღარ ვხედავთ იმ
არსებას, რომლისთვისაც თავდაპირველად ყველაფერს გავიღებდით.
რაც უფრო ერთფეროვანია სიყვარულის პროცესი, მით უფრო დიდია იმის საფრთხე, რომ
ჩვეულება, გრძნობების დაჩლუნგება ამ სიყვარულს ბოლოს მოუღებს. ამ დროს ადამიანები
უბრალოდ განაგრძობენ ერთმანეთის გვერდით არსებობას, ნაცვლად იმისა, რომ
ერთმანეთს ბედნიერება მიანიჭონ. რაკი ერთმანეთისათვის «აღარაფერი აქვთ სათქმელი»,
მალე პარტნიორებში თავს იჩენს სიძულვილი, უნდობლობა, გულგრილობა, უსულგულო
დამოკიდებულება და მარტოობის გრძნობა. ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ახალი
სიყვარულის წყალობით შეძლებს ხელახლა შეიგრძნოს სანატრელი ხიბლი და
გაიმდიდროს სულიერი სამყარო. მერე ახალი სიყვარული იმდენ ხანს გრძელდება, ვიდრე
ეს გრძნობა ჩვეულებად არ გადაიქცევა, რადგან პარტნიორის ხშირი ცვლით ადამიანი
ვერასდროს მიაღწევს სასურველ მიზანს. ვერავინ დაგვიდგება თავდებად, რომ მუდმივად
შევინარჩუნებთ წრფელ გრძნობას საყვარელი არსების მიმართ, რადგან დროთა
განმავლობაში ორივე მხარე იცვლება. სიყვარულის შენარჩუნება მით უფრო გვიჭირს, რაც
უფრო უკეთ ვიცნობთ პარტნიორის თვისებებს, სურვილებსა და შეხედულებებს.
ნებისმიერი განვითარების პროცესი ტვირთად აწვება ჩვენი სიყვარულის უნარს, რადგან
იგი ახლებური, სხვაგვარი სიყვარულის მოთხოვნილებებს წამოგვიყენებს, ანდა უკან
დაგვაბრუნებს გარდასულ დროში. წარმოდგენას რომანტიკულ, მარადიულ სიყვარულზე,
რომელიც წინ აღუდგება ნებისმიერ საფრთხეს, არათუ არაფერი აქვს საერთო
რეალობასთან, არამედ იმ მოლოდინად გადაიქცევა, რომელშიც უკვე ღვივის
იმედგაცრუების მორჩი. სიყვარული, თავისთავად, იმდენად ღრმა ფენომენს წარმოადგენს,
რომ აღარ საჭიროებს რომანტიკულ გაიდეალებას.
ამრიგად, ნებისმიერი სიყვარული ცვლილებებს განიცდის. ზრდასრული შვილი აღარ
შეიძლება პატარა ბავშვივით უპირობო და უკიდეგანო სიყვარულით გვიყვარდეს, რადგან
ჩვენი სიყვარულის უნარიც მასთან ერთად იზრდება და ვითარდება. ბავშვის სიყვარული,
რომელიც ექოსავით ხმიანებს ჩვენს გულში, და, თავისთავად, ცხად მოვლენას
წარმოადგენს, ბავშვთან ერთად უნდა განვითარდეს, გაიზარდოს და მომწიფდეს.
ნებისმიერი სიყვარულის მსგავსად, მანაც ცვლილებები უნდა განიცადოს, რათა სიცოცხლე
შეინარჩუნოს.
ამგვარად, თითქმის მართლდება ვარაუდი, რომელიც ნებისმიერი სიყვარულის მიმართ
არსებობს და ასევე აძნელებს მის შეცნობას. სიმართლე ასეთია: ის, რაც სხვა ადამიანში
გვიყვარს, უცვლელი არ არის, უფრო მეტიც: თავად ჩვენ აღარა ვართ ისეთები, ადრე რომ
ვიყავით. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო ადვილია გვიყვარდეს ისეთი რამ, რაც
ცვლილებას არ განიცდის. ასეთია, მაგალითად, წარსული, მოგონებები, მიცვალებული ან
რაიმე იდეა. ამასთან, შეიძლება პარტნიორზე მეტად თავად «სიყვარული» გვიყვარდეს,
რადგან იგი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თვით უიღბლო სიყვარულსაც კი
ნაკლებად ემუქრება საფრთხე პარტნიორისა თუ დროის მდინარების მხრივ, რადგან იგი
ჩვენზეა დამოკიდებული და ამიტომ შეიძლება მხოლოდ ჩვენთან ერთად დასრულდეს.
უფრო ადვილი ისეთ სიყვარულზე ითქმის, როდესაც «ვიღაცის» ან «რაღაცის» სიყვარულის
ობიექტად ჩანაცვლება მსგავს, თუმცა ნაკლებად ღრმა და ინდივიდუალურ გრძნობას
მოითხოვს. ამგვარი ჩანაცვლება ადვილად ხდება, თუ პარტნიორისადმი სიყვარული ღრმა
არ იყო.
ამრიგად, სიყვარული იმ ცოცხალ მთლიანობასთან კავშირს მოითხოვს, რომელიც
ვითარდება და იცვლება. სწორედ ამაშია სიყვარულის სიდიადე და იმავდროულად მისგან
მომდინარე საფრთხეც. ჩვენ კვლავ ორ სურვილს შორის ვმერყეობთ: ერთი მხრივ, ეს არის
სურვილი იმისა, რომ, რაც გვიყვარს, უფრო ღრმად და ყოვლისმომცველად გვიყვარდეს,
ხოლო მეორე მხრივ, ვცდილობთ, სიყვარული ახალ ადამიანზე გადავიტანოთ, რათა ეს
გრძნობა ახლებურად განვიცადოთ. ერთ შემთხვევაში სიყვარული ჩვეულებად იქცევა,
ჩლუნგდება და ყოველდღიურობას მსხვერპლად ეწირება, მეორე შემთხვევაში კი კნინდება
და დაუდგრომელ ვნებათა ღელვად გადაიქცევა.
მშობლების სიყვარული

საკომუნიკაციო თეორიის კვლევის ცენტრში ტრადიციულად თავიდანვე დედა იდგა;


დღესდღეობით კი ცნობილია, რომ მამას და სხვა საკომუნიკაციო პარტნიორებს ასევე
შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლის შესრულება ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, როდესაც
შემდგომ დედასა ან დედობრივ სიყვარულზე გვექნება საუბარი, შესაძლოა, იგი მამამ ან
სხვა საკომუნიკაციო პარტნიორმა ჩაანაცვლოს.
როგორც დავინახეთ, ადამიანის ცხოვრებაში ანტინომიები ქმნის დაძაბულობის ველს,
სადაც საპირისპირო და თანაც ურთიერთშემავსებელი ინსტინქტების თანხვედრა ხდება.
ზემოთ უკვე შევეხეთ თვითგადარჩენისა და საკუთარი თავის ერთგულების საკითხს. რაკი
ჩვენი ცხოვრების ორი, ყველაზე ელემენტარული, პოლარული იმპულსი, იმავდროულად,
სხვა ურთიერთშემავსებელ იმპულსებსაც მართავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი
მათგანი ვერ გამოცალკევდება, სისტემიდან ვერ ამოვარდება და უპირატესობას ვერ
მოიპოვებს; ამიტომ აშკარაა, რომ მათ შორის არსებობს წონასწორობა, რაც ნებისმიერი
ჯანსაღი განვითარების საფუძველია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ბავშვის
განვითარების პროცესზე დაკვირვებისას. იგი დაბადებისთანავე ამგვარი ანტინომიების
დაძაბულობის ველში ხვდება და იმ ინსტინქტებთან უხდება ბრძოლა, თვითგადარჩენისა
და საკუთარი თავისადმი ერთგულების ინსტინქტები რომ ჰქვიათ. მათ შეიძლება
თვითდამკვიდრებისა და შემგუებლობის ინსტინქტებიც ვუწოდოთ. სწორედ ეს
პოლარულად ურთიერთდაპირისპირებული, ძლიერი განცდები ქმნის ადრეულ ეტაპზე
კონფლიქტურ სიტუაციებს, რომლებიც დაღს ასვამს ადამიანის შემდგომ ცხოვრებას.
ადრეულ პერიოდში მთლიანად დედაზე დამოკიდებული ჩვილი ნელ-ნელა გამოიმუშავებს
ცხოვრების საკუთარ რიტმს, ჯიუტად წამოაყენებს საკუთარ მოთხოვნებს და ამით
გარესამყაროს უპირისპირდება. ამ დროს ბავშვი ან ეგუება ამ სამყაროს და უარს ამბობს
ახირებებზე, ანდა შემდგომაც დაჟინებით მოითხოვს თავისი სურვილების შესრულებას.
ბავშვის ნორმალური განვითარების პირობებში ამ ორივე პროცესის მშვიდობიანი შერწყმა
ხდება ისე, რომ ეს პატარის განვითარებას საფრთხეს არ უქმნის. ბავშვის ჯანსაღ აღზრდას,
როგორც უკვე ვთქვით, დედობრივი სიყვარული უზრუნველყოფს, რასაც შესაბამისი
სოციალური თუ მატერიალური პირობები უნდა უწყობდეს ხელს. მაგრამ სწორედ ამ
სიყვარულის წყალობით შეიძლება შევიცნოთ, რა შესაძლებლობებსა და საფრთხეებს
შეიცავს ნებისმიერი სხვა სახის სიყვარული. ადამიანთან ნებისმიერი კონტაქტის დროს (არა
აქვს მნიშვნელობა, იგი ბავშვს ბედნიერებას აგრძნობინებს, თუ რაიმე საფრთხეს უქმნის)
გამოვლინდება ის ქმედითი ძალა, რომელიც მას სიყვარულს ჩაუნერგავს. ამიერიდან
სიყვარულისადმი პატარის მიდრეკილება უკვე იმაში გამოიხატება, რომ სურს, საყვარელი
ადამიანი ახლოს იყოლიოს და მისგან სიყვარულს არათუ მოელოდეს, არამედ მოითხოვდეს
კიდეც. ამრიგად, ბავშვი ამ ძალის კარნახით მოქმედებს და საკუთარი განვითარების
პროცესს თავად ვერ წარმართავს.
დედა-შვილის კავშირი, როგორც წესი, პარტნიორული ურთიერთობების საწყისი ეტაპია;
მასში ბევრი რამ არის ისეთი, რამაც ბავშვს მომავალ პარტნიორულ ურთიერთობებში,
შესაძლოა, ბედნიერებაც აგრძნობინოს და საფრთხეც შეუქმნას. იგი საყვარელ არსებაში
სიახლოვეს, თანაგრძნობას ეძებს და სწორედ ამაში ვლინდება ნებისმიერი სასიყვარულო
კავშირის სიკეთეც და ავბედითობაც. სიყვარული მოზარდისათვის სიკეთეს ნიშნავს იმის
გამო, რომ იგი გარესამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობს და ბედნიერებას ანიჭებს
იმის შეგრძნება, რომ თავადაც რაღაცას გასცემს და მისი არსებობა, მისი სიყვარული მეორე
ადამიანისათვის ფასეულია. ცხოვრების საწყის ეტაპზე შვილს ღრმად ჩაებეჭდება გონებაში
დედის სურათ-ხატი და, თუ ეს კეთილი დედის სურათ-ხატია, მაშინ მას, ამ დროიდან
მოყოლებული, მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება იმის რწმენა, რომ სიყვარულს
იმსახურებს და თავად მისი სიყვარულიც სხვებისათვის მნიშვნელოვანია. ადრეული
წლების გამოცდილება ბავშვის სულში გარესამყაროსა და ადამიანების აღქმით მიღებულ
პირველ შთაბეჭდილებებში აირეკლება. შემდეგ ისინი ქვეცნობიერ, ცხოვრების თანმდევ
გრძნობად გადაიქცევა, რომელიც ჩვენი არსებობის საფუძველს შეადგენს. მაგრამ ისე ხდება,
რომ მახსოვრობა ხშირად გვღალატობს, და აღარ გვაძლევს შორეულ წარსულთან
დაბრუნების საშუალებას, რათა ჩავწვდეთ ჩვენი თავდაპირველი არსებობის საწყისს.
მშობლებთან ურთიერთობის ავბედითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი ხშირად
დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებიც მისგან მადლიერებისა და სიყვარულის
გამოხატვას მოითხოვენ, ნაცვლად იმისა, რომ თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა
მისცენ. ზოგჯერ დედას ან მამას ბავშვის სიყვარული თავისთვის სჭირდება და მასზე
პრეტენზიას მხოლოდ იმის გამო აცხადებს, რომ პირადი ცხოვრება ვერ მოიწყო,
პარტნიორთან საერთო ენა ვერ გამონახა ან თავად ვერ გასცდა ბავშვობის ასაკს. ამ დროს
ბავშვი, განვითარების პროცესში, ყოველნაირად ცდილობს თავი დააღწიოს მშობლებთან
მჭიდრო ურთიერთობას და გათავისუფლდეს მათგან; თუმცა მას იმავდროულად
დანაშაულის გრძნობა უჩნდება, რადგან ჰგონია, რომ ამ საქციელით გაანაწყენებს დედას ან
მამას. ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვმა თავისი განვითარების გზა ლაღად განვლოს
და მოპოვებული თავისუფლებითა და თვითდამკვიდრებით გამოწვეული სიხარული
განიცადოს, ხედავს იმედგაცრუებულ მშობელს, რომელიც შვილის დაკარგვის შიშს
შეუპყრია. ამ ვითარებაში ბავშვი, შესაძლოა, ტრაგიკულ სიტუაციაში აღმოჩნდეს და
გადაუჭრელი კონფლიქტის წინაშე დადგეს. მან ან დედას უნდა გაუცრუოს იმედი და მის
სიყვარულთან შებრძოლება გაბედოს, ანდა ამ სიყვარულის გულისთვის, მრავალი
თვალსაზრისით, უარი თქვას საკუთარ განვითარებაზე და ბავშვად დარჩეს.
მსგავსი ტრაგიკული სიტუაცია მეორდება მაშინაც, როცა მშობლები შვილისაგან
სიყვარულს მხოლოდ იმის გამო მოითხოვენ, მისი მშობლები რომ არიან; სულაც არ
ფიქრობენ იმაზე, რომ შვილმა მათ სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხოს. ამიტომ
სავსებით სწორად მიგვაჩნია, როდესაც ბავშვის მიმართ მშობლების ამგვარ
დამოკიდებულებაში ავტორიტარული განწყობის გამოვლინებას ვხედავთ. ასეთი
ურთიერთობის შედეგად გაჩენილი უფსკრულის დროს მშობლები და შვილები,
ჩვეულებრივ, სხვადასხვა ნაპირზე აღმოჩნდებიან ხოლმე.
დედის სიყვარულს შემდგომ ნებისმიერ სიყვარულთან ის საერთო აქვს, რომ ეს გრძნობა,
რატომღაც, მუდმივი გვგონია, რომელიც შეგვიძლია უცვლელად შევინარჩუნოთ; მაგრამ
სწორედ დედის სიყვარული დაგვანახებს, რომ დროთა განმავლობაში ისიც იცვლება.
პატარისათვის მოსიყვარულე, სათნო და მზრუნველი დედის სიყვარული სასიცოცხლო
აუცილებლობას შეადგენს; დედა სანდო არსებაა, რომელიც მის ნებისმიერ სურვილს
ამოიცნობს და ყველა თხოვნას შეუსრულებს. დედასთან ხანგრძლივმა ურთიერთობამ,
მისდამი ნდობამ, შესაძლოა, მოზარდის განვითარება შეაფერხოს, თუ დედას არ გააჩნია
მზაობა და უნარი (მოტივს მნიშვნელობა არ აქვს), ბავშვის ზრდასთან ერთად, საკუთარი
სიყვარულიც განივითაროს და გარდაქმნას. ამის გარეშე ბავშვს აუცილებლად შეექმნება
საფრთხე. თავად ბავშვი ამ საფრთხეს ვერ გრძნობს, რადგან იგი სიყვარულის პირმშოა,
რომელსაც შედარების უნარი არ გააჩნია; ამიტომ მისთვის ყველა დედა ერთნაირია.
მართლაც, საიდან უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ დედები ძალიან განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან? ბავშვი ხომ მხოლოდ მის გარშემო არსებულ რეალობას და საკუთარ
დედას იცნობს, რომელიც მისთვის მთელ სამყაროს და ყოველგვარ დედობრივ გრძნობას
განასახიერებს?! რაკი ვიცით, რომ მოზარდი შთაბეჭდილებებს ადრეულ ასაკშივე ღრმად
ჩაიბეჭდავს გონებაში, ამიტომ საათის ისრებიც სწორედ ამ დროიდან იწყებს ადამიანის
პირადი ცხოვრების ათვლას.
ზრდის პროცესში ბავშვი მშობლებისაგან განსაკუთრებულ სიყვარულს მოითხოვს და,
ამასთან, ამ სიყვარულისადმი მათ მზაობას სხვა თვალით უყურებს. მშობლებს უნდა ეყოთ
კეთილგონიერება, რათა შვილი ნელ-ნელა გაათავისუფლონ თავიანთი სიყვარულისაგან და
მას დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მისცენ. დედის სიყვარული სწორედ იმ დროს
განიცდის ხოლმე მარცხს, როდესაც მოზარდი ცდილობს, მას დამოუკიდებლობის
მოთხოვნა წაუყენოს.
შვილისადმი თავდაპირველი სიყვარულის შენარჩუნებას დედა ეგოისტურად ცდილობს,
რადგან სურს, ბავშვს იგი წინანდებურად უყვარდეს და მასზე იყოს დამოკიდებული.
მშობლები შიშით ადევნებენ თვალს პატარის განვითარებას, მის მიმართ ხშირად
შეუწყნარებლობას იჩენენ ან ყოველნაირად ზღუდავენ, რადგან მისი დაკარგვისა ეშინიათ.
არადა, ისინი ბავშვს რეალურად მაშინ კარგავენ, როდესაც მას აღარ შესწევს მშობლებთან
ბრძოლის უნარი, ან თავს მსხვერპლად მიიჩნევს, რომელსაც მშობლები ავადმყოფობით,
დეპრესიითა და თავის მოკვლითაც კი აშანტაჟებენ. ამ დროს ისინი სწორედ იმ
მნიშვნელოვან გრძნობას ახშობენ ბავშვში, რომელსაც ამქვეყნად არსებობითა და საკუთარი
პიროვნების განვითარებით გამოწვეული სიხარული ჰქვია.
დედის სიყვარულს ხშირად მეტისმეტად მაღალი იდეალები და განუხორციელებელი
მოთხოვნები ახლავს. ზოგიერთი დედა, შვილის სიყვარულით დაბრმავებული,
არარეალურ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს და ხშირად დანაშაულის გრძნობა
იპყრობს იმის გამო, რომ ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ასეთი დედა ფიქრობს, რომ
ამქვეყნად მხოლოდ შვილის სიყვარულით უნდა ცოცხლობდეს და ერთი წუთითაც არ
ივიწყებდეს მას. ამიტომ იგი საშინლად განიცდის, თუ იძულებული ხდება ბავშვის მიმართ
სიმკაცრე გამოიჩინოს, როდესაც იგი უზნეოდ და გამაღიზიანებლად იქცევა. არადა, ბავშვი
სწორედ დედის განცდებით ხვდება, როდის და როგორ შეიძლება გააღიზიანოს იგი.
ნაცვლად იმისა, რომ შვილისადმი გრძნობები თავისი ბუნებისა და ხასიათის შესაბამისად
მართოს, ზოგიერთი დედა საკუთარი თავისაგან მოითხოვს, მის მიმართ იდეალური და
სრულყოფილი იყოს, რაც შეუძლებელია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ დედებს სახარბიელო
დედები ნამდვილად არ ეთქმით, რადგან შვილებს მათთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ;
ამ დროს ზოგი შვილი ასეთი სრულყოფილების მოთხოვნას საკუთარ თავსაც უყენებს და,
«სრულყოფილი» დედის გვერდით, ხშირად უჩნდება საკუთარი არასრულყოფილების
განცდა.
მოსიყვარულე დედამ ბავშვს შესაძლებლობა უნდა მისცეს, რათა მან, დედის სიყვარულის
საფუძველზე, გამოავლინოს მზაობა და გარესამყაროს ნდობით გადაუშალოს გული, მერე
კი ეს სამყარო გაითავისოს და ადამიანებთან ურთიერთობა შეძლოს. ამით დედა პატარას
სიცოცხლის სიყვარულს ასწავლის და შთააგონებს, რომ ცხოვრებაში ნებისმიერი სიძნელის
გადალახვას შეძლებს, დამოუკიდებლობას დანაშაულის გრძნობის გარეშე დაიმკვიდრებს
და ადამიანების მიმართ სიყვარულით განიმსჭვალება.
ადამიანს, რომელსაც სიყვარული ბავშვობაში არასოდეს ან მცირედ თუ უგრძვნია, ძალიან
გაუჭირდება სიყვარულის სწავლა, რადგან მან უნდა გასცეს ის, რაც არასოდეს მიუღია.
ქრისტიანული მცნება, რომლის თანახმადაც, ადამიანმა მოყვასი საკუთარი თავივით უნდა
შეიყვაროს, მისთვის მეტისმეტად მკაცრი მოთხოვნაა. თუ ასეთი ადამიანი ამ მცნებას
საკუთარ თავთან მიმართებაში აღიქვამს, ეს ნიშნავს, რომ მას, როგორც «არასაყვარელ
არსებას», თავისი თავის სიყვარულის უნარი არ გააჩნია. კაცმა რომ თქვას, ამ შემთხვევაში
საკუთარ თავს მხოლოდ ის უნდა მოვთხოვოთ, რომ მოყვასი ისე გვიყვარდეს, როგორც ერთ
დროს ჩვენ ვუყვარდით. რეალურ ცხოვრებაში ასეთი რამ ხშირად ხდება. მით უფრო
მნიშვნელოვანია, გავიაზროთ: სიყვარულის ჩვენეული უნარის გამოსავლენად, ერთხელ
მაინც, თავადაც უნდა ვიგრძნოთ, რომ სიყვარულის ღირსნი ვართ. სიყვარული ხომ
დასაბამიდან იმას მოითხოვს, რომ საკუთარი თავის სიყვარული სხვებზე გადავიტანოთ?!
ბუნებრივია, სიყვარული ყოველთვის საპასუხო სიყვარულს მოითხოვს, ამიტომ საკუთარ
თავს ვერ ვაიძულებთ, ცალმხრივი სიყვარულით დაკმაყოფილდეს, რადგან ეს გრძნობა
ერთსა და იმავე დროს გაცემასაც გულისხმობს და მიღებასაც. მშობლებს იმედი აქვთ, რომ
მათი თავდადება და ზრუნვა ამაოდ არ ჩაივლის და შვილისაგან საპასუხო სიყვარულს
მიიღებენ, მაგრამ მათ ამის მიღწევა მიზნად არ უნდა დაისახონ. ხშირად მიიჩნევენ, რომ
დედობრივი სიყვარული იდეალური გრძნობაა, და მას «წმინდა», თავდადებულ
სიყვარულსაც უწოდებენ. ზოგიერთ ადამიანს, ალბათ, შეუძლია თავდადებული
სიყვარული, მაგრამ, ჩვეულებრივ, გვინდა ხოლმე, რომ სიყვარულზე სიყვარულით
გვიპასუხებდნენ და ისე ვუყვარდეთ, როგორც მაშინ, როდესაც მშობლების როლში
გამოვდივართ. სიყვარულმა ადამიანს ბედნიერება უნდა აგრძნობინოს და მას ყოველთვის
ვაცნობიერებდეთ, როდესაც ამ გრძნობას ადამიანისაგან დაჟინებით მოვითხოვთ.
არამიზანმიმართული, ჩვეულებრივი სიყვარული ის გრძნობაა, რომელსაც ადამიანი
ყველასა და ყველაფრის მიმართ იჩენს. სწორედ ამ უანგარო გრძნობის გამოვლენისას
აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ადამიანები და საგნები თავიანთ საიდუმლოებებს გვანდობენ.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ სიყვარულს ვერ შევხვდებით, რადგან ადამიანი მას
საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ფასად აღწევს. ასეთი სიყვარული არასოდეს ქრება
და მას ყველაზე ნატიფი ფორმით მისტიკოსები ავლენენ.
ასეთი სიყვარულის უნარი ჩვენი პიროვნების განვითარებაზეა დამოკიდებული და იგი
ყველას გააჩნია. მისი რეალიზება უკავშირდება პიროვნების მზაობას – რამდენად
ხელეწიფება, უპასუხო სიყვარულით უყვარდეს. მაგრამ ეს გრძნობა არ ითვალისწინებს
არავითარ მოთხოვნას იდეოლოგიური ან თავდადებული სიყვარულის თაობაზე. ასეთი
სიყვარულის საფუძველი შეიძლება მხოლოდ იმის შეგნება იყოს, რომ თავისუფალი,
არამიზანმიმართული სიყვარულის წყალობით ადამიანის შინაგანი სამყაროს სიმდიდრეს
ვეზიარებით; მერე კი ეს გრძნობა ჩვენში სრულიად ბუნებრივად გაცხადდება.
სიყვარულის ნებისმიერი სახის მსგავსად, მშობლის სიყვარულიც სხვადასხვა ფორმით
ვლინდება. ყველაზე დიდი ბედნიერება ძღვენის სახით მორთმეულ სიყვარულს მოაქვს.
ასეთი სიყვარული უდავოდ ნიჭი და მადლია, რომლის გაცემაც ყველას როდი შეუძლია,
რადგან, ნებისმიერი უნარის მსგავსად, სიყვარულის უნარსაც სხვადასხვა ინტენსიობა
გააჩნია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების აზრს სიყვარულში ხედავენ. ამგვარი
ძღვენის სახით მორთმეული სიყვარული ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როგორიც კი
ადამიანმა შეიძლება განიცადოს. იგი არ მოითხოვს საპასუხო სიყვარულს და მხოლოდ იმის
მოლოდინშია, რომ მისი სიყვარულის ობიექტი ვითარდებოდეს და სრულყოფილი
ხდებოდეს. ამასთან, ეს ობიექტი ვერ უნდა გრძნობდეს, რომ ამ სიყვარულზე რამენაირად
დამოკიდებულია; იგი თავს მხოლოდ სიყვარულის ობიექტად უნდა შეიგრძნობდეს და იმ
შეგნებით ცხოვრობდეს, რომ სიყვარულის დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენს. ეს
გაუცნობიერებელი და ბრმა გრძნობა კი არა, გამორჩეული სიყვარულია, რომელიც
ადამიანს საკუთარი თავისადმი რწმენას უნერგავს. იგი თავს იმ საყვარელ არსებად
შეიგრძნობს, რომელსაც შეუძლია საკუთარი შინაგანი ბუნების შესაბამისად განვითარდეს;
ამგვარად მიძღვნილი სიყვარული აღსრულების მიზანს იმაში ხედავს, რომ მეორე ადამიანს
საშუალება მისცეს, საკუთარი პიროვნება მაქსიმალურად განივითაროს და სრულყოს.
ამიტომ ეს სიყვარული ყოველგვარ პატივმოყვარეობას, ანგარებას, სახელისა თუ
წარმატებისკენ სწრაფვას გამორიცხავს და მხოლოდ პიროვნების სიმწიფის, ადამიანობისა
და ღირსების გამოვლინებას ემსახურება.
ამგვარი სიყვარულის საპირისპიროა გამანებივრებელი სიყვარული, რომელიც,
ჩვეულებრივ, ორი მიზეზით წარმოიშობა; ეს არის გაურკვეველი დანაშაულის გრძნობა,
რომელსაც დედა ან მამა შვილის მიმართ განიცდის, ან ბავშვის სიყვარულის მოპოვების
სურვილი. იმ დროს, როდესაც მშობელი შვილს იმ მიზნით ასაჩუქრებს, რომ მისგან
მადლიერება იგრძნოს და გარკვეული ვალდებულებების შესრულებას მიაღწიოს, ამით
ცდილობს, ბავშვი ამ სიყვარულის ტყვედ აქციოს. ამ შემთხვევაში ეს გრძნობა
ადამიანისადმი არ არის მიმართული და მხოლოდ იმას «გულისხმობს», რომ სიყვარულის
ობიექტი ვალდებულია, მას სიყვარულითვე უპასუხოს. ამ დროს სიყვარულს, თითქოს,
მხოლოდ გაცვლითი ღირებულება აქვს და ამ ადამიანების ცხოვრებაში ეს ფუნქცია უნდა
შეასრულოს. განებივრება ხარკს მოითხოვს და სწორედ ამაში ვლინდება ამ სახის
სიყვარულის მეორე მხარე, რომელიც ბავშვს დიდ პრობლემებს უქმნის.
ნორმალურ მშობლებს, რა თქმა უნდა, დიდი ამაგი აქვთ შვილზე და, როდესაც ბავშვს ამას
გამუდმებით შეახსენებენ, მას მშობლების ეგოისტური საქციელის გაცნობიერება კარგახანს
უჭირს. ასეთი სიყვარულით «დაჯილდოებული» ბავშვი მუდმივად მადლიერებას უნდა
გამოხატავდეს იმის გამო, რაც თავად არასოდეს არავისთვის უთხოვია, და თუ იგი ამ
მადლიერებას ვერ გამოხატავს, დანაშაულის გრძნობა ეუფლება. ასეთი ბავშვი ძნელად თუ
დააღწევს თავს მშობლებს. ამ დროს მასში უმთავრესად შურისძიების გრძნობა იღვიძებს,
მუდმივად განებივრებას მოითხოვს და, ამრიგად, «ეშმაკის წრეში» ექცევა, საიდანაც თავის
დაღწევა ძალიან უჭირს. არის შემთხვევები, როდესაც მოზარდი ცხოვრების ხალისს კარგავს
და საკუთარ თავს მთლიანად მშობლებს მიანდობს; ამ დროს საკუთარი იმპულსები აღარ
გააჩნია და აღარ ვითარდება, რადგან ყველაფერი მზამზარეულად მიერთმევა. ასე იქმნება
დეპრესიისათვის ხელსაყრელი ფსიქოლოგიური ფონი.
მსგავსი შედეგები, შესაძლოა, იმ «კრუხი დედის» საქციელმაც გამოიწვიოს, რომელიც,
შვილის დაკარგვისა თუ, საერთოდ, ცხოვრების წინაშე შიშით, ბავშვის დაცვას ცდილობს
ყველაფრისაგან – იქნება ეს ამინდი, გარკვეული საკვები, სპორტი თუ მეგობრები. იგი
ყველაფერში საფრთხეს ხედავს და ბავშვს სულ მცირე საშუალებასაც არ აძლევს, რომ
თავისუფლად იმოქმედოს და რაიმე ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოს. ასეთი დედა
უჩინარი კედელივით აღიმართება შვილსა და გარესამყაროს შორის და ცდილობს, თავად
აღუდგეს წინ იმ წინააღმდეგობებს, რომელთა გადალახვაც ბავშვისაგან გარკვეულ
ძალისხმევას მოითხოვს. ცხადია, ასეთი დედები განსაკუთრებით დიდ პრობლემებს
ვაჟიშვილებს უქმნიან, უკიდურესად ზღუდავენ მათ და ცდილობენ, მათში ყოველგვარი
ბავშვური სურვილი ჩაკლან.
ამგვარი «აღზრდის» შედეგი განსაკუთრებით მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავს, როდესაც
მშობლები შვილისაგან ისეთი საქმის შესრულებას მოითხოვენ, რაც მისთვის არასოდეს
უსწავლებიათ. ასე გვევლინებიან «დედის კალთას გამოკერებული» ანუ «მარადიული
ბავშვები», რომლებსაც ხანგრძლივი და მძიმე ბავშვობა აქვთ; საბოლოოდ მათ ურჩევნიათ,
ფარ-ხმალი დაყარონ და საკუთარი უძლურება აღიარონ, ვიდრე ამ მდგომარეობიდან
გამოსვლას შეეცადონ. ასეთი ბავშვი მძიმედ ვითარდება. მას მშობლების სიყვარული
საფრთხეს უქმნის, რადგან ისინი თავიანთ გრძნობას საკუთარ მოლოდინებს უკავშირებენ
(წინასწარვე აქვთ წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს ბავშვი, როგორ უნდა
ვითარდებოდეს იგი). ამ დროს მშობლები გარკვეულ სოციალურ როლსაც ასრულებენ,
როდესაც ცდილობენ, მაგალითად, საკუთარი პატივმოყვარეობა შვილის ხარჯზე
დაიკმაყოფილონ. მათ სურთ, ბავშვს საკუთარი ნება მოახვიონ თავს და იმ მიზნების
განხორციელებას აიძულებენ, რაშიც თავად მოეცარათ ხელი. რაკი შვილს მშობლების
სიყვარულის დაკარგვისა ეშინია, ის იძულებულია, მათი სურვილი შეასრულოს. ბავშვს ეს
დიდ საფრთხეს უქმნის, რადგან ამ დროს საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდის და მასზე
ძალადობა უხდება. თუ მოზარდი მოგვიანებით მაინც ვერ მოიკრებს გამბედაობას და ამ
გრძნობისაგან ვერ გათავისუფლდება, იგი ძნელადღა იგრძნობს მეგობრობით გამოწვეულ
სიხარულს, რომელიც ესოდენ სჭირდება ადამიანს.
ამრიგად, შვილები ხშირად მსხვერპლად ეწირებიან მშობლების პრეტენზიებს, ანგარებას,
პატივმოყვარეობას თუ ილუზიებს. ასეთი მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი
ყველა ქმედება შვილის სასიკეთოდაა მიმართული, და დაჟინებით ცდილობენ, ამაში
ბავშვიც დაარწმუნონ. ამ უკანასკნელს კი არ გააჩნია უნარი, ჩასწვდეს საქმის ვითარებას,
მეტადრე მაშინ, თუ მშობლების ინტერესები სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებს
უკავშირდება.
ბუნებრივია, რომ მშობელი შვილის წარმატებით ამაყობდეს; მაგრამ, თუ ბავშვს ამ დროს
ისეთი საქმის კეთებას აიძულებენ, რაც მის შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება, ამან შეიძლება
კატასტროფული შედეგი მოიტანოს. ამ დროს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი
«ამბოხი» ან მოთხოვნაზე უარისთქმა ბავშვისათვის ერთადერთი შესაძლებლობაა, თავი
დააღწიოს სიტუაციას, როდესაც აიძულებენ, წარმატებას იძულების წესით მიაღწიოს.
მაგრამ ამგვარი რეაქციის შემდეგ ბავშვი იმედგაცრუებული და გულგატეხილი რჩება,
რადგან იცის, რომ მისი წინააღმდეგობა მხოლოდ თავსმოხვეულ სურვილს უკავშირდება;
ამიტომ არ შეიძლება მოველოდეთ, რომ ვაშლის ხე მსხალს გამოიბამს.
ახლა სიყვარულის კიდევ ერთ ფორმას შევეხოთ, რომელსაც შეიძლება «გამანადგურებელი
სიყვარული» ვუწოდოთ. ვგულისხმობთ შემთხვევებს, როდესაც მშობლები სიყვარულს
იმაში ავლენენ, რომ ბავშვს ერთი წუთითაც არ ასვენებენ, მუდმივად ერევიან მის
ცხოვრებაში და დამოუკიდებელი არსებობის საშუალებას არ აძლევენ. ასეთი მშობლები
ბავშვს საკუთარი მოთხოვნების შესრულებას აიძულებენ და გამუდმებით რჩევებს აძლევენ
ისე, რომ არ ფიქრობენ, რამდენად შეესაბამება ეს პატარის ნებასურვილს. ამასთან,
გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ მათი მოთხოვნები ბავშვს სიხარულს ანიჭებს. ისინი შვილს
მარტოობას ართმევენ და, ამდენად, მუდმივად ძალადობენ მასზე. დასაწყისში ეს შეიძლება
ეხებოდეს ბავშვის კვებას, მოგვიანებით კი ამგვარი ძალადობა ბავშვის ნებისმიერ ქცევაზე
ვრცელდება. ამ დროს დედას და მამას ჰგონიათ, რომ მათ უკეთ იციან, რა სჭირდება შვილს,
რა ახარებს ან ვისთან შეიძლება მეგობრობდეს. ასეთ ბავშვს ძალიან უჭირს საკუთარი
იდენტობის პოვნა, ის ვერ შესჩვევია აზრს, რომ შეიძლება თავისი სურვილები და
მოთხოვნილებები ჰქონდეს, და მუდმივად ისე ცხოვრობს, თითქოს ვიღაც განაგებს. ასეთმა
ბავშვმა არ იცის, რას წარმოადგენს სინამდვილეში, რადგან მარიონეტია, რომელსაც
მშობლები უხილავი ძაფებით მართავენ.
ბოლოს ის დედებიც უნდა გავიხსენოთ, რომლებიც თავიანთ ვაჟიშვილებს განსაკუთრებით
დიდ საფრთხეს იმით უქმნიან, რომ, დედობრივ სიყვარულთან ერთად, პარტნიორს
მეტოქედ აღიქვამენ. ასეთი დედები თითქოს ცდილობენ, საკუთარ ვაჟიშვილებს საყვარლის
როლი შესთავაზონ. თავდაპირველად, ასეთი ვითარების გამო, შვილს სიამაყის განცდა
ეუფლება, რადგან გრძნობს, რომ დედა გამორჩეული ყურადღებით ექცევა; მაგრამ
თანდათანობით ხვდება, რომ ამ როლის შესრულება ძალიან ძვირი უჯდება, რადგან
მუდმივად «დედის კალთაზეა» გამოკერებული. მართალია, მას დედა განსაკუთრებულ
სიყვარულს აგრძნობინებს, მაგრამ შვილისათვის ასეთი ყოფა დროთა განმავლობაში
გაუსაძლისი ხდება. მას დიდი ხანია, დედის სიყვარულში ეჭვი აღარ ეპარება და
ერთგულად ასრულებს მისი თანმხლები რაინდის, მცველისა და პარტნიორის როლს,
მაგრამ, რაკი ამ სიყვარულს ბუნებრივად დადგენილი საზღვრები გააჩნია, ამიტომ იგი ვერ
გასცდება გარკვეული ნაზი გრძნობების ფარგლებს. დედის ეჭვიანობის გამო ვაჟიშვილს
ნებისმიერ ქალთან ურთიერთობა ეკრძალება. დედის ამგვარი ინცესტური სიყვარული,
შესაძლოა, შვილს დიდხნობით გაჰყვეს, მით უფრო, თუ ოჯახში არის მამა, რომლის
მიმართაც შვილი აშკარად გრძნობს საკუთარ უპირატესობას. თავის მხრივ, დედა შვილს
მამასთან ურთიერთობას უკრძალავს, არადა, მასთან კონფლიქტი ყმაწვილს მამაკაცური
ბუნების დამკვიდრებაში შეუწყობდა ხელს. სიტუაცია უფრო რთულდება, თუ ვაჟიშვილი
მამისადმი კეთილგანწყობილია, დედა კი აიძულებს, მეტოქეობა გაუწიოს მას – ეს ოჯახში
ხშირად ტრაგედიის მიზეზი ხდება. როგორც დავინახავთ, მსგავსი სიტუაცია მეორდება,
როდესაც მამასა და ქალიშვილს შორის ურთიერთობა პარტნიორული სიყვარულის სახით
ვლინდება.
შვილებთან ამგვარ ურთიერთობებს მშობლები სიყვარულად აღიქვამენ და, ამ ფაქტიდან
გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რამხელა მსხვერპლის გაღებას მოითხოვს ჯანსაღი
სიყვარული.
წლების მანძილზე, უპირველეს ყოვლისა, დედას უხდება მსხვერპლის გაღება ამ
სიყვარულის გამო, რადგან, ფეხმძიმობიდან მოყოლებული, უარი უნდა თქვას ბევრ რამეზე
– თუნდაც საკუთარი ცხოვრების წესზე, სურვილსა და თავისუფლებაზე, რომ აღარაფერი
ვთქვათ თავად ფეხმძიმობაზე, მშობიარობაზე, ოჯახურ სიტუაციასა და ეკონომიკურ
პირობებზე, ასევე მამის ხასიათის თავისებურებებზე, მის განწყობაზე ბავშვის მიმართ. ამ
დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რა სიტუაციაში მოხდა ქალის ქორწინება, რა
გამოცდილება მიიღო ბავშვობაში საკუთარი დედისაგან. თუ ქალს შვილი ნამდვილად
უყვარს, იგი მზადაა, ბევრ რამეზე უარი თქვას და მისთვის გაღებული მსხვერპლი არად
ჩააგდოს.
ბევრჯერ გავმხდარვართ მოწმე იმ საოცარი შემთხვევისა, როდესაც დედას შვილის
გულისათვის დიდი მსხვერპლი გაუღია და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია. თუმცა
დედობრივი სიყვარული ყოველთვის უთუოდ და უთუმცაოდ არ გულისხმობს
მსხვერპლის გაღებას – ბავშვების უმრავლესობა სიყვარულის გარემოში იზრდება და
ნორმალურად ვითარდება.
დაბოლოს, კვლავ მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ კეთილგანწყობილი და
მოსიყვარულე დედები, რადგან ადვილი წარმოსადგენია, როგორ მოქმედებენ ბავშვებზე
ძუნწი, გულქვა და მკაცრი დედები, რომლებსაც სიყვარულის უნარი არ გააჩნიათ.
მშობლების სიყვარული ნებისმიერ შემთხვევაში მსხვერპლის გაღებას მოითხოვს, რაც
ბავშვისთვის მნიშვნელოვანია და დიდად წაადგება მის კეთილდღეობას. ამიტომ მშობლებს
აღარ უნდა მოვთხოვოთ, რომ მათ თავიანთი ფუნქციები იდეალურად შეასრულონ, რადგან
ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. ის ვალდებულებები კი, რაც მშობლებს შვილების მიმართ
აწევთ, შეიძლება ასე შევაჯამოთ: ბავშვისათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია
მისი უსაფრთხოების დაცვა და, ემოციურ მოპყრობასთან ერთად, მისი ნდობის მოპოვება,
რაც პატარის არსებობის საიმედო საფუძველია; თავისთავად აუცილებელ, წინასწარ
დადგენილ კვების რეჟიმთან და ჰიგიენასთან ერთად, ბავშვი მშობლების მხრივ სინაზის
ზომიერად გამოვლენასაც საჭიროებს. იგი მშვიდ გარემოში უნდა იზრდებოდეს, რათა მისი
განვითარება ნორმალურ პირობებში მოხდეს. ბავშვები დაბადებიდანვე განსხვავებული
ხასიათითა და ტემპერამენტით გამოირჩევიან და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს,
რათა მოზარდის თვითმყოფადობა მშობლების რაიმე პრინციპს ან ახირებას არ შეეწიროს
მსხვერპლად.
მშობლებმა საკუთარ თავს აუცილებლად უნდა დაუსვან კითხვა – რა როლსა და ფუნქციას
ასრულებს შვილი მათ ცხოვრებაში, რათა გააცნობიერონ, უყვართ იგი ისეთი, როგორიც
არის, თუ საკუთარი მოთხოვნების საფუძველზე სურთ მისი გარდაქმნა, როგორც ეს ზემოთ
იქნა აღნიშნული. ისმის კითხვა: უნდა შექმნან თუ არა მშობლებმა საკუთარი შვილის
სურათ-ხატი, რომელშიც ისინი მათთვის მნიშვნელოვან თვისებებს დაინახავენ? როგორი
წარმოუდგენიათ მათ მომავალში თავიანთი შვილი – ნაზი და დამთმობი, თუ მამაცი და
შეუპოვარი, თვინიერი და მოკრძალებული, თუ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული?
მშობლების სიყვარული, ცხადია, გულისხმობს, რომ მათ, შვილთან დაკავშირებით,
გარკვეული მიზნები ჰქონდეთ, მაგრამ ეს პრობლემა როდია, თუ ეს მიზნები ბავშვის
შინაგან ბუნებას არ ეწინააღმდეგება; პრობლემა მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ მშობლების
შეხედულებები ბავშვის სურვილებს არ ემთხვევა. ამის შედეგია ტრაგიზმამდე მისული
კონფლიქტები, რაც ბავშვს აბნევს და მის დეზორიენტაციას იწვევს. ამ დროს ყველაზე
მნიშვნელოვან როლს დედის სიყვარული ასრულებს.
მძიმე პირობებში, გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვი დედამ ადრევე უნდა გაათავისუფლოს
საკუთარი გავლენისაგან და მისცეს მას გარესამყაროსთან, სხვა ადამიანებთან
ურთიერთობის საშუალება. ამ დროს იგი შვილისათვის მნიშვნელოვანი აღარ არის, მაგრამ,
სამაგიეროდ, დედა თავისი ამგვარი ქმედების საზღაურს იმაში ხედავს, რომ ბავშვი
ნორმალურად იზრდება და ვითარდება. ამასთან, მას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ შვილი
მას მადლიერებითა და სიყვარულით უპასუხებს, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ,
შესაძლოა, ეს მოლოდინი გაუმტყუნდეს კიდეც.
როდესაც შვილის მიმართ დედის და მამის განსხვავებულ სიყვარულზე ვმსჯელობთ, აქვე
ხაზგასმით დავძენთ, რომ ამ სიყვარულის უამრავი ინდივიდუალური სახეობა არსებობს.
მათი რაიმე შაბლონური სქემის მიხედვით დახასიათება შეუძლებელია. განსხვავება იმაში
მდგომარეობს, რომ მამებს ოჯახში ჯერ ისევ სხვადასხვა ფუნქციების შესრულება უხდებათ.
ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს დასავლური კულტურა. ალბათ, ბავშვების
სიყვარული მამების მიმართ ნაკლებად ემოციური, სამაგიეროდ, უფრო მომთხოვნი და
პრეტენზიულია.
უნდა ითქვას, რომ მამებს ადრეულ პერიოდში შვილებთან ნაკლებად აქვთ კავშირი. ბევრი
მათგანი შვილებთან ურთიერთობას მას შემდეგ იწყებს, როცა იგი წამოიზრდება და
«ჭკუაში ჩავარდება». ამასთან, მამებს ამ დროს ვაჟიშვილებთან უფრო უადვილდებათ
ურთიერთობა; ქალიშვილებთან მამის დამოკიდებულება, შესაძლოა, ისეთი ინცესტური
სახით გამოვლინდეს, დედასა და ვაჟიშვილს შორის ზემოთ რომ აღვწერეთ.
მამას ხშირად იმედი აქვს, რომ ვაჟიშვილი მას ნიმუშად გაიხდის, მის სპეციალობას გაჰყვება
და ხასიათით თუ აზროვნებითაც მას დაემსგავსება. ვაჟი მამისათვის «გვარის
გამგრძელებელია», რომელმაც ოჯახური ტრადიციები უნდა დაიცვას. ამრიგად, მამა
ცდილობს, შვილში საკუთარი თავი დაინახოს, რაც ვაჟიშვილისა და მამის ურთიერთობის
ტიპური მაგალითია.
მამას, დედასთან შედარებით, ხშირად უფრო ნაკლები მსხვერპლის გაღება უხდება. ამის
მიზეზი ის არის, რომ მამა უფრო ადვილად აძლევს შვილს განვითარებისათვის საჭირო
თავისუფლებას. აქტიური პროფესიული საქმიანობის გამო, მამას უფრო ხშირად უწევს
ცხოვრების წესის შეცვლა, ვიდრე დედას, რომელიც უმთავრესად «მხოლოდ» დედისა და
მეუღლის მოვალეობას ასრულებს; მამას კი შეუძლია, თავისი საქმიანობის წყალობით,
წარმატებას მიაღწიოს, აღიარება მოიპოვოს და ამით თვითკმაყოფილება განიცადოს. ამას
გარდა, დედებისაგან განსხვავებით, მამები შვილებში საერთოდ სხვა თვისებებს აფასებენ;
თუმცა, შესაძლოა, ეს პირიქითაც მოხდეს, რადგან არ არსებობს დედებისა და მამებისათვის
წინასწარ დადგენილი როლი და ფუნქცია. ეს როლები ხშირად იცვლება ან, საერთოდ, აზრს
კარგავს, რადგან არსებობენ «დედობრივი მამები» და «მამობრივი დედები», ანუ «მეოჯახე
მამები» და «სამსახურში გასული დედები». შეიძლება ასევე ითქვას, რომ მამებს
უმთავრესად საკუთარ წარმოსახვაში, «მომავალში არსებული» შვილები უყვართ, დედებს
კი შვილის სიყვარული ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, მშობლებს შორის ასეთ განსხვავებას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.
ამგვარი შეფასებისას მამის საზოგადოებრივი როლის დადგენა ასე ხდება: «მამები ასეთები
უნდა იყვნენ, თუ უნდათ, რომ მათ ნამდვილი მამები ერქვათ». ემანსიპაციისა და
სტერეოტიპული როლების მზარდი მონაცვლეობის მიუხედავად, საზოგადოება მამებსაც
და დედებსაც გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს ისე, რომ არ ითვალისწინებს მათ
ინდივიდუალურ მონაცემებსა და მიდრეკილებებს. ამიტომ ადამიანები ამ საზოგადოებრივ
ფორმებს ძნელად თუ აღწევენ თავს. ქალიშვილისათვის მამა, ხოლო ვაჟიშვილისათვის
დედა საპირისპირო სქესის პირველი ადამიანები არიან, რომლებსაც ისინი ცხოვრებაში
ხვდებიან. ამრიგად, მამაკაცობრივისა და მამობრივის, ისევე როგორც ქალურობისა და
დედობრივის სურათ-ხატს ბავშვი მშობლების გავლენით იქმნის, რაც მათთან ხანგრძლივი
ცხოვრების დროს, ბუნებრივია, სულ უფრო ღრმად ჩაებეჭდება გონებაში. მშობლები ძალზე
ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პიროვნული თვისებები, ხასიათი თუ ქცევის წესები,
შესაძლოა, შვილებს ბედისწერად ექცეთ. არადა, მათ ეს რომ ესმოდეთ, ძალ-ღონეს არ
დაიშურებდნენ, რათა შვილები ცხოვრებისათვის უკეთ მოემზადებინათ და მათთვის
ბედნიერი მომავალი უზრუნველეყოთ.
სექსუალობა და სიყვარული

სექსუალობასთან სიყვარულის არც გაიგივება და არც დაპირისპირება არ იქნებოდა სწორი;


არც მაშინ მოვიქცეოდით მართებულად, თუ ერთ მათგანს განვიხილავდით, მეორეს კი,
საერთოდ, უგულებელვყოფდით. სექსუალობის საკითხს ამრეზით რომ უყურებენ, ამას
უკვე მივეჩვიეთ. ორივე კონფესიის ეკლესიები დიდი ხნის მანძილზე შეგვაგონებდა, რომ
ხორციელი ლტოლვა, სექსუალობა თუ სხეულთან დაკავშირებული ნებისმიერი
გამოვლინება ცოდვად ითვლება და გაკიცხვას იმსახურებს. საკითხისადმი ასეთმა
მიდგომამ სიყვარულისა და სექსუალობის გახლეჩვამდე მიგვიყვანა. ზოგ შემთხვევაში ამას
მეცნიერებაც უბამდა მხარს, რაც ადამიანში დიდ დაბნეულობას იწვევდა. რაკი
ინსტინქტებს ცხოველების მახასიათებელ ნიშნად მიიჩნევდნენ, ამიტომ ადამიანი
მთლიანად თუ ვერ გათავისუფლდებოდა, მათი დათრგუნვა მაინც უნდა მოეხერხებინა.
ამრიგად, შეიქმნა წარმოდგენა ე. წ. «წმინდა სიყვარულზე», როგორც სიყვარულის უმაღლეს
სახეობაზე, რომელიც მთლიანად უარყოფდა ხორციელ გრძნობას. მერე სკოლა, ეკლესია და
მეცნიერებაც აღიარებდა ამ თვალსაზრისს. შეიქმნა უამრავი ტაბუ, რომელთა დარღვევაც
დანაშაულის ტოლფასი იყო და სასჯელს იმსახურებდა. საზოგადოება ხანგრძლივი დროის
მანძილზე ცდილობდა, აღემართა ზღუდე ადამიანის მომწიფებასა და სექსუალობის
თავისუფალ გამოვლინებას შორის. ამრიგად, ადამიანში ებრძოდნენ იმ სპეციფიკური,
შუალედური სექსუალური ფაზების განვითარებას, რომლებიც ბავშვმა, ადრეული ასაკიდან
მოყოლებული, სქესობრივი მომწიფების ასაკამდე უნდა გაიაროს.
ოჯახი და სკოლა ამ საკითხს თავს არიდებდა და არ ცდილობდა, ახალგაზრდას ამ სფეროში
გონივრული აღზრდა მიეღო, ხოლო ინსტინქტებისადმი საყოველთაო მტრული
დამოკიდებულების გამო, მოზარდისთვის ძნელი იყო, ჯანსაღი თვალით აღექვა საკუთარი
სხეული. ამჟამად ისღა დაგვრჩენია, ამგვარ თვალსაზრისებსა და განწყობებზე გაკვირვება
გამოვთქვათ, თუმცა ჩვენ შორის ჯერაც არიან უფროსი თაობის ადამიანები, რომელთა
აღზრდაც მთლიანად ამ პრინციპების გათვალისწინებით ხდებოდა.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო გზა, რომელიც ადამიანს უფრო ზნეობრივსა და
კეთილშობილს გახდიდა, რადგან ამ დროს მასში დათრგუნული, ვიტალური
ინსტინქტების დაგროვება ხდებოდა და ძალზე სახიფათო სახეს იღებდა. სექსუალური
ინსტინქტების წინააღმდეგ ბრძოლას, რა თქმა უნდა, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია,
რადგან მათი დათრგუნვა, ბუნებრივია, შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, ეს წარუმატებელი
ბრძოლა ადამიანებში დანაშაულისა და სასოწარკვეთილების განცდას იწვევდა და, არცთუ
იშვიათად, თვითმკვლელობით მთავრდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანი ამ
ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიოდა, მაგრამ შემდეგ ამის საფასურს ნევროზითა და
ფსიქიური აშლილობებით იხდიდა. ფსიქოანალიზმა დაადგინა, რომ ამ დაავადების
მიზეზი სწორედ დათრგუნული ინსტინქტები იყო. ორივე შემთხვევაში არა მხოლოდ
ნებისმიერი სიხარულის, ხალისიანი განწყობისა და მგრძნობელობის დათრგუნვა
ხდებოდა, არამედ მთლიანად გასაიდუმლოებული იყო ინსტინქტების სფერო, რაც
აფერხებდა ვიტალური ინსტინქტების ჯანსაღ განვითარებას და მათ გაუკუღმართებას
იწვევდა.
«სქესობრივის» ცნებამ სამარცხვინო ქმედების მნიშვნელობა შეიძინა და შიშის,
დანაშაულის, სირცხვილისა თუ უხერხულობის გრძნობას იწვევდა; დათრგუნული
ინსტინქტები კი ისეთი ძალით იჩენდა თავს, რომ, ამოხეთქვის შემთხვევაში, მათი
კონტროლი შეუძლებელი ხდებოდა. ისინი თითქოს დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და
სახიფათო, დესტრუქციული ფორმით ვლინდებოდნენ. საზოგადოების მიერ გაკიცხული
და დევნილი ინსტინქტები გახდა მიზეზი იმ უამრავი ბოროტმოქმედებისა, რომელთა
ასოციალურ ხასიათსაც სწორედ საზოგადოების ძალისხმევა განსაზღვრავდა. ტაბუ ჰქონდა
დადებული შიშველ სხეულს, მგრძნობელობით სიამოვნებას და ვნებიან ლტოლვას, რაც
ხშირად გროტესკის სახეს იღებდა. გავრცელებული აზრის თანახმად, ადამიანი
დაბრმავდებოდა, თუ საკუთარ მშობლებს შიშვლებს იხილავდა. საზღვაო კურორტებზე
ცალკე ადგილები იყო გამოყოფილი მამაკაცების, ქალებისა და მთელი ოჯახებისთვის.
შიშველ სხეულთან დაკავშირებული ამგვარი სირცხვილის განცდა აძლიერებდა
ცნობისმოყვარეობას და შიშველი სხეულის თვალთვალის სურვილს აღძრავდა. ეს
ყველაფერი ხელს უწყობდა ადამიანების პირმოთნე და ფარისევლურ ურთიერთობებს.
შიშველი ტორსის ხილვა მკრეხელობად ითვლებოდა; მამაკაცთა შეკრებებზე ბილწი და
ორაზროვანი ანეკდოტების მოყოლა კი ის ბარომეტრი იყო, რომელიც ზუსტად აღნუსხავდა
ყველაფერს, რაზეც საზოგადოებას თავისი კონვენციებითა და აკრძალვებით ტაბუ ჰქონდა
დადებული.
საბედნიეროდ, ჩემ მიერ აღწერილი შემთხვევების უმრავლესობა წარსულს ჩაბარდა,
ისტორიის კუთვნილება გახდა. სამაგიეროდ, როგორც ეს ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე,
საზოგადოება ამჯერადაც მეორე უკიდურესობაში ჩავარდა. 1960-იან წლებში მსოფლიოს
«სექსუალური რევოლუციის» ტალღამ გადაუარა. ეს იყო რეაქცია იმ ყალბი ზნეობრივი
მოთხოვნების წინააღმდეგ, რომელთა საშუალებითაც ადამიანებში შიშისა და დანაშაულის
გრძნობის დანერგვას ცდილობდნენ, რაც შემდგომ მათი უმწიფრობისა და დაბეჩავებული
არსებობის მიზეზი ხდებოდა. სიყვარულის უნარისა და მოუმწიფებელი სექსუალობის წინა
საფეხურებზე ჯერჯერობით არ შეიძლება ლაპარაკი სიყვარულსა და სექსუალობაზე ამ
სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან ბავშვობის ასაკში მხოლოდ მათი იმ ჩანასახის
შეცნობა შეგვიძლია, რომლის განვითარებაც თანდათანობით ხდება. ამ დროს საქმე გვაქვს
სიხარულით გამოწვეულ სიამოვნებასთან, რომლის წყალობითაც ბავშვი გარესამყაროსკენ
შემობრუნდება და შეიცნობს მას. სტიმულს, რომელსაც ადამიანი სულიერად და
ვიტალურად შეიგრძნობს როგორც ლტოლვას, ფსიქოანალიზი «ლიბიდოს» უწოდებს,
ლათინური სიტყვის მიხედვით. თუ ამ ცნებას არამეცნიერულად განვმარტავთ, შეიძლება
იგი აღვნიშნოთ ყველაზე შესაფერისი სიტყვათა წყვილით: «გატაცება და სიყვარული». ამ
შემთხვევაში ეს ორი სიტყვა ერთად გაიაზრება და, როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც საქმეს
გატაცებითა და სიყვარულით ვეკიდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი სულითა და
გულით ვართ ჩართული ამ საქმეში, მერე კი, თუ ამ დროს წარმატებას ვაღწევთ, ვფიქრობთ,
რომ ამქვეყნად ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
ბავშვი ამ დროს, უბრალოდ, სიცოცხლის ხალისსა და საკუთარი არსებობის სიხარულს
შეიგრძნობს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი სიცოცხლის დასაწყისში ასეთი ხალისითა და
სიყვარულით იყოს განწყობილი, რადგან ეს აძლევს ძალას, დაძლიოს არასასიამოვნო
შეგრძნებები, შიმშილის, სიცივის ან ტკივილის დროს რომ ეუფლება. მხოლოდ ეს
შეაძლებინებს მას, გამოხატოს მზაობა საკუთარი არსებობისა და სიცოცხლის მიმართ. ასე
თანდათანობით შეიცნობს პატარა გარესამყაროს, გრძნობს, რაოდენ ღირებული და
სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა, ადამიანებისთვის გულის გადაშლა და ამ გზით
სიამოვნებისა და სიყვარულის ერთმანეთთან დაკავშირება.
ბავშვი, რომელიც არაკეთილმოსურნე გარემოში იბადება, შიშს განიცდის,
იმედგაცრუებულია და თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან მის სურვილებს
უგულებელყოფენ. მას გარესამყაროსაგან მიღებული სიამოვნება ნაკლებად სასიამოვნოდ
ეჩვენება და, აქედან გამომდინარე, იძულებულია, ეს სიამოვნება როგორმე თავად
მოიპოვოს. თვითგადარჩენის ამგვარი მცდელობა მისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა,
რათა მან, საერთოდ, გაიგოს, რას ნიშნავს სიამოვნება.
მინდა, ჩემს მსჯელობას ნათელი მოვფინო და ვთქვა: ჩვილი ჯერ ვერ გრძნობს, რომ იგი მის
გარშემომყოფ ადამიანებზეა დამოკიდებული, ამიტომ საკუთარ მოთხოვნებს, აფექტებსა
თუ იმპულსებს სრულიად უდარდელად, ასე ვთქვათ, ანგარიშმიუცემლად გამოხატავს.
ამგვარი ქცევით პატარა მხოლოდ თავის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და
დაძაბულობის მოხსნას ცდილობს; უსიამოვნო შეგრძნებებზე ასეთი რეაქცია კი მხოლოდ
სასიამოვნო განცდების გამოწვევას ემსახურება. ბავშვის ინსტინქტების განვითარების ამ
პირველ ეტაპს, რომელიც წარმოდგენილია საწყისი ინსტინქტებისა და სექსუალობის
ცალკეული კომპონენტების სახით, მოგვიანებით მოჰყვება სპონტანურად
მიზანმიმართული ინსტინქტების შეუფერხებლად გამოხატვის უნარი. თუ პატარა
განვითარების შემდგომ სტადიაზე ვერ ახერხებს ადამიანებთან ურთიერთობას, მისი
ინსტინქტების სტრუქტურის დაფიქსირება ამ პირველ სტადიებზე ხდება. ეს კი იმას
ნიშნავს, რომ იგი თავის ვიტალურ და სექსუალურ ინსტინქტებზე მხოლოდ რეაგირებს და
მათი დაკმაყოფილება მომავალში კონკრეტული, ადამიანთაშორისი კონტაქტების გარეშე
სურს. მისთვის პარტნიორი, სინამდვილეში, ის სექსუალური ობიექტი ხდება, რომლის
მეშვეობითაც იგი მხოლოდ ინსტინქტებს იკმაყოფილებს, შემდეგ კი სულ ადვილად
შეუძლია მიატოვოს იგი. ასეთ შემთხვევაში ადამიანს აღარ სჭირდება პარტნიორის მიმართ
გრძნობების გამოვლინება, ამიტომ ნებისმიერ დროს ჩაანაცვლებს მას სხვა პარტნიორით.
ხანდახან მისთვის პარტნიორი ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი გადაიქცევა, თუ იგი
საკუთარ პრეტენზიებს წამოაყენებს და მისგან სიყვარულს მოითხოვს.
არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რა არის სიყვარული, რადგან
არასოდეს არავინ ჰყვარებიათ. ასეთები არიან უმთავრესად საბავშვო სახლის
აღზრდილები, უდედმამო, არასასურველი და ხანდახან ნაშვილები ბავშვები, რომლებსაც
ვიღაცის მიმართ ლტოლვა კი აქვთ, მაგრამ არ იციან, რა არის სიყვარული, ანუ არ გააჩნიათ
სიყვარულის უნარი, რომელიც ჩანასახოვან მდგომარეობაში დარჩა. ასეთი ადამიანების
პიროვნული განვითარების პროცესში, შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობის ისეთი
ფორმები გამოვლინდეს, რომლებიც მხოლოდ ფუნქციური ქმედებებით შემოიფარგლება.
ისინი, ასე ვთქვათ, ჩარჩენილები არიან სიყვარულისა თუ პარტნიორული ურთიერთობის
წინა ფაზაში, ვერ ბედავენ საპირისპირო სქესთან ფიზიკურ სიახლოვეს და საკუთარი
ლტოლვისა თუ სიყვარულის პარტნიორისათვის გამჟღავნებას. ეს ადამიანები თითქოს
«კარის ზღურბლზე შეჩერებული სტუმრები» არიან, რომლებიც საკუთარ სურვილებს
მხოლოდ შორიდან ავლენენ, რადგან სექსუალური ინსტინქტი ბავშვობისდროინდელი
სახით შემორჩათ.
«ჩვენებისა და ჭვრეტის» სურვილი ბავშვის განვითარების პროცესში იმ პარციალური
ინსტინქტების გამოვლინებაა, რომლებიც შემდგომ შენარჩუნდება, თუმცა სასიყვარულო
ურთიერთობაში უმნიშვნელო როლს ასრულებს და სურვილის დაკმაყოფილების
ერთადერთ მიზანს აღარ წარმოადგენს. ოპტიკური ხიბლი ის საცდურია, რომელსაც ორივე
სქესის წარმომადგენლები შეგნებულად იყენებენ. ამ თვალსაზრისით «მოდა» ის
შემოქმედია, რომელიც გარკვეულწილად იცავს წესიერებასა და ზნეობაზე წარმოდგენებს,
თუმცა «საკუთარი თავის ჩვენებით» მაინც ახერხებს, რომ ადამიანს სიამოვნება
აგრძნობინოს. «ჩვენებითა და ჭვრეტით» გამოწვეული ამგვარი სიამოვნება სექსუალური
თამაშის მსგავს შეგრძნებებს იწვევს. ამიტომ შემთხვევითი როდია, რომ ძველ, სექსუალურ
ტაბუთა გაუქმებასთან ერთად, იმ პარციალური იმპულსების ახლებურად
გამოთავისუფლებაც მოხდა. «ჭვრეტით მისაღები სიამოვნების» რეალიზაციას
პორნოგრაფიის გავრცელებამ შეუწყო ხელი, ხოლო «ჩვენებით გამოწვეული სიამოვნების»
მიღებას სანაპიროებზე შიშველი სხეულის წარმოჩენით მიაღწიეს. 1900 წლიდან ორივე
პარციალურ ინსტინქტზე დაწესებული შეზღუდვები იმ დროისთვის წარმოუდგენელი
თავისუფლებით შეიცვალა. ამით ადამიანებს მოეხსნათ ის არაჯანსაღი, იდუმალი
სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა, რომელიც არათუ ხელს უშლიდა, განეცადათ
საკუთარი სხეულითა თუ სქესით გამოწვეული სიხარული, არამედ ხშირად უზნეო
საქციელისკენაც უბიძგებდა. ოთხიდან ექვს წლამდე ნებისმიერი ბავშვი გადის სქესობრივი
განვითარების ფაზას, როდესაც იგი სქესის საკითხისადმი აშკარა ცნობისმოყვარეობას
იჩენს. მას სურს იცოდეს, საიდან ჩნდებიან ბავშვები, ამასთან ცდილობს სქესებს შორის
განსხვავება საკუთარი თვალით იხილოს. ამ ასაკში «ექიმობანა» ბავშვებში ყველაზე
გავრცელებული თამაშია. ბავშვი მუდამ ავლენდა ასეთ სურვილს, მაგრამ მათ კვლევას
ადრე საჭიროდ არ მიიჩნევდნენ და პატარას ადრეული ასაკიდანვე იდუმალებისა და
ტყუილების გარემოში აცხოვრებდნენ. ამჟამად ისევ არსებობს საფრთხე, რომ ადამიანი
კვლავ უკიდურესობაში გადავარდეს და ბავშვის ინსტინქტების განვითარება ხელოვნურად
დააჩქაროს, რაც, თავისთავად, ისევ არაბუნებრივი საქციელია.
ისევე როგორც არასასურველი, ხშირად საზიანო გავლენის მომხდენი იყო ძველი ტაბუ,
ასევე ეჭვს არ იწვევს ბავშვებში სექსუალური ინტერესის გაღვივების უმართებულობა.
მშობელმა შვილს უნდა მიანდოს, როდის დაინტერესდება იგი ამ საკითხით, გაარკვიოს,
რისი ცოდნა სურს, მოუსმინოს მის შეკითხვებს და, შეძლებისდაგვარად, უპასუხოს კიდეც.
მოზარდისათვის მნიშვნელოვანია, რამდენად სერიოზულად ეკიდება მშობელი მის
შეკითხვებს და, რამდენად გასაგები ენით ესაუბრება მას. მიკიბულ-მოკიბული პასუხების
შედეგად, ბავშვს უჩნდება შეგრძნება, რომ მას არა აქვს ამგვარი შეკითხვების დასმის
უფლება; ამას კი შედეგად ის მოსდევს, რომ ახლის შემეცნების სურვილი უმუხრუჭდება და
თავს უმწიფარ არსებად გრძნობს. თუკი ადრინდელი აღზრდა ბავშვს სექსუალური
აკრძალვისა და უზნეობის საბურველში ჰხვევდა, დღევანდელი აღზრდით მას უკვე
ემუქრება საფრთხე, რომ იგი ამ იდუმალი სექსუალობის საბურველს მთლიანად
შემოიხსნის და შიშველ გრძნობამდე დაიყვანს.
ახლა კვლავ იმ ბავშვებს მივუბრუნდეთ, რომლებმაც ადრეულ ასაკში ახლობელი
ადამიანების მხრივ სითბო და სიყვარული ვერ განიცადეს. ასეთი ბავშვები საკუთარ თავში
იკეტებიან და მოსიყვარულე ადამიანებთან ურთიერთობას ნატრობენ; ამიტომ
იძულებულნი არიან, ეძებონ ობიექტი, რომელიც მათ ამ არარსებულ ურთიერთობებს
ჩაუნაცვლებს; ასეთად კი თვითონ, თავად ბავშვი რჩება. შედეგად იგი საკუთარი თავის
მიმართ ძალზე ძლიერად შეიგრძნობს სიყვარულს, რადგან ირგვლივ საამისო ობიექტს ვერ
ხედავს. ეს კი, ბუნებრივია, მისი სიყვარულის უნარის დაკნინებას და გაღარიბებას იწვევს.
ასეთ დროს პარტნიორად ცხოველებიც გვევლინებიან. ლიბიდო ანუ ჩვენი თანდაყოლილი
ლტოლვა – საკუთარი თავის გარდა, ვიღაც გვიყვარდეს – დაუთრგუნავ ძალას
წარმოადგენს. ეს ლტოლვა, შესაძლოა, ნებისმიერი ობიექტისადმი იყოს მიმართული,
რომელიც სიყვარულისა და ნაზად მოპყრობის საშუალებას მისცემს. ამ სასიყვარულო
ობიექტების მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ, რა წარმოდგენა აქვს ადამიანს
სიყვარულზე.
ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობა ან გრძნობებზე ტაბუს დადება ამცრობს და
აღარიბებს სიყვარულის უნარს. იგი თავდაპირველად ადამიანის სხეულის მხოლოდ იმ
ნაწილებს მოიცავს, რომლებიც ამ მიდრეკილებას ავლენს, ბოლოს კი მისგან მთლიანად
გამოცალკევდება და საგნებზე გადადის. ეს ის საგნებია, რომლებთანაც ამ პიროვნებას
შეხება უხდება. ასეთი დამცრობილი და უმწეო გრძნობების გამოვლენას ფეტიშიზმი
ეწოდება. ფეტიშისტები საგნებს პარტნიორებად აღიქვამენ, ჩვენ კი ამას შეიძლება
«უპარტნიორო სექსუალობა» ვუწოდოთ. ადვილი წარმოსადგენია, რა შემზარავია მსგავსი
«სასიყვარულო ურთიერთობა!» ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, საკუთარი ქმედებების
გულდაგულ დამალვას ცდილობს, რადგან იცის, რომ დაცინვისა და სიძულვილის ობიექტი
გახდება, და მას პერვერსიულ ადამიანად შერაცხავენ. განა ვინმეს შეუძლია, გამოიკვლიოს
ეს ე.წ. პერვერსია, დაადგინოს, რა იწვევს ამგვარ გადახრებს, რა განცდებთან უხდება
ბრძოლა, როგორ აიძულებს დასჯის შიში, დათრგუნოს საკუთარი სურვილები ან
საპირისპირო სქესის სიყვარულზე უარი თქვას?
ფეტიშიზმის ნიშნები ნორმალურ სასიყვარულო ურთიერთობაშიც იჩენს თავს. ასე
მაგალითად, განშორების დროს შეყვარებული წყვილი ერთმანეთს პატარ-პატარა ნივთებით
ასაჩუქრებს – იქნება ეს ავგაროზი, ცხვირსახოცი თუ თმის კულული, რომელმაც
შორსმყოფი პარტნიორი უნდა ჩაანაცვლოს. ეს ის უახლოესი და ინტიმური ნივთებია,
რომელთა დანახვაც საყვარელი ადამიანის ასოციაციას იწვევს. თუ წარმოვიდგენთ, რომ
პიროვნებას შეუძლია ასეთი ნივთი ხანგრძლივად გაიხადოს «პარტნიორად», მივხვდებით
ამგვარი შეზღუდული «სასიყვარულო ურთიერთობის» მთელ უბადრუკებას და
უნუგეშობას. ამ დროს ადამიანი ცდილობს, საკუთარი სხეულის ნაწილებით ან საგნებით
ჩაანაცვლოს ვნებათა ღელვისა თუ სექსუალური ლტოლვის ადრესატი, რომელსაც იგი
სასურველ, მაგრამ იმავდროულად სახიფათო და საშიშ ადამიანად მიიჩნევს.
სიყვარულის გარეშე სიამოვნების გამოწვევა ყოველთვის მხოლოდ წუთიერი ინსტინქტების
დაკმაყოფილებით ხდება. ამ დროს სექსუალობა ხშირად ანონიმური ხასიათისაა; ეს კი იმის
ბრალია, რომ, პარტნიორის ადვილად შეცვლის გამო, იგი საინტერესოა, როგორც მხოლოდ
სექსუალური ობიექტი. ეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის დაკნინებული პირადი
ურთიერთობებისა და სიყვარულის დამცრობილი უნარის გამოხატულებაა, რაც იმაზე
მიანიშნებს, რომ მისი სექსუალური ინსტინქტების განვითარება ბავშვობისდროინდელ
საფეხურზე შეჩერდა.
ადამიანის «სასიყვარულო ურთიერთობის» დროს გამოვლენილი გადახრები, რა თქმა
უნდა, უფრო მრავალფეროვანი სახით იჩენს თავს, ვიდრე ეს ზემოთ აღვწერეთ. ეს კი იმაზე
მიუთითებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ პერიოდში სიყვარულის
უნარის ისეთ აღზრდას, რომელიც ბავშვის გრძნობებს მთლიანად მოიცავს. ადამიანში
ჯერაც არ არის დადგენილი მისი მგრძნობელობის კონკრეტული ფაზა. სამაგიეროდ,
მეცნიერებმა ცხოველებში აღმოაჩინეს, რომ მათი სექსუალური ინსტინქტების
განვითარებას მცირე დრო სჭირდება. მაგრამ ადამიანს ხომ განცდებიც გააჩნია, რომლებიც
ზეგავლენას ახდენს მის სექსუალურ ინსტინქტებზე! ცხოველებისაგან განსხვავებით,
ბავშვისთვის, ბუნებრივია, დიდ როლს ასრულებს აღზრდა, რასაც მისი განვითარების
ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბუნებრივია ისიც, რომ მრავალი
დიფერენციაციისა და სირთულის გამო, მოზარდის განვითარება უაღრესად მოწყვლად
პროცესს წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას პიროვნების «სასიყვარულო
ურთიერთობებზეც». ადამიანს არ გააჩნია ცხოველებისთვის დამახასიათებელი ე.წ.
«მძუვნობის პერიოდი», ამიტომ მისი სქესობრივი ლტოლვისა და სექსუალური
ინსტინქტების განსაზღვრა დროის მიხედვით ვერ ხერხდება. ადამიანში ინსტინქტები
ნებისმიერ დროს გამოვლინდება და, ცხოველებისგან განსხვავებით, ერთმნიშვნელოვანი
ფორმები არ გააჩნია. თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ასევე ქმნის პირობებს
სექსუალური ინსტინქტების არასწორი განვითარებისათვის, ამ დროს ხშირად ხდება
გადახვევა ნაკლებად მკაცრად დადგენილი ნორმებიდან. ადამიანისათვის სექსუალობა
მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების საშუალება აღარ არის; იყო კი დრო, როდესაც
პიროვნების სექსუალურ ქცევას მხოლოდ ეს მიზანი განაპირობებდა. მაგრამ იგი არ
ითვალისწინებდა, რომ სექსუალურ ლტოლვას თან ახლავს ისეთი გრძნობები, როგორიცაა
სიყვარული, სინაზე, თვითგადარჩენა, ერთგულება; ეს კი მოიცავს ქცევის წესების იმ
ვარიანტებს, რომლებიც დადგენილ ნორმებს არ ექვემდებარება. ინსტრუქციების
საშუალებით ქცევის ზუსტი წესების დადგენა ვერც «სასიყვარულო ურთიერთობებში»
ხერხდება, რადგან ადამიანებს ამ შემთხვევაშიც განსხვავებული სასტარტო პირობები
გააჩნიათ.
ძველი სიბრძნის თანახმად, ადამიანი მუდმივად დაეძებს იმას, რამაც მას თუნდაც ერთხელ
ღრმა კმაყოფილება და ბედნიერება განაცდევინა. ფრანგები ამბობენ: «On revient toujours à
ses premiers amours». ეს ნიშნავს: «ადამიანი ყოველთვის თავის პირველ სიყვარულს
უბრუნდება». მართლაც, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ ქალში დედის, ხოლო მამაკაცში
მამის სურათ-ხატს ვეძებთ, რაც ჩვენი პირველი სიყვარულის გამოძახილია. ლტოლვასთან
დაკავშირებითაც იგივე ხდება: რის გამოც ერთ დროს დიდი აღმაფრენა განვიცადეთ,
სულმუდამ იმის პოვნას ვცდილობთ. თუ შინაგანი, სულიერი მზაობა, ემოციურობა და
მგრძნობელობითი ლტოლვა ადამიანის განცდებში გარკვეულწილად ერთმანეთს ემთხვევა,
ამან შეიძლება ადამიანს ის ბედნიერება მოჰგვაროს, რომლის ძიებაც შეადგენს ჩვენს
მიზანს. შინაგანი, სულიერი მზაობისა და გარეგნული ლტოლვის ამგვარი თანმთხვევის
წყალობით, შესაძლებელია ამ განცდის «დაპროგრამება». განცდის გამომწვევი უამრავი
მიზეზი არსებობს – ადამიანი, ბუნება, ხელოვნების ნიმუში და ა.შ. ამაში აშკარად განგების
ხელი ურევია. ადამიანის სურნელმა, ხმამ, სახის გამომეტყველებამ თუ მისი სხეულის
ხილვამ შეიძლება დიდი ბედნიერება მოგვანიჭოს. ამიტომ დავეძებთ მათ და, თუ ვიპოვით,
მოხიბლულნი ვრჩებით. ადამიანის ლტოლვა ბედნიერებისაკენ მით უფრო ძლიერია, რაც
უფრო ინტენსიურად ფლობს იგი სიყვარულის უნარს, რადგან, როგორც ჟორჟ ბერნანოსი
ამბობდა: «ჯოჯოხეთია, თუ არავინ გიყვარს!»
სიყვარულის უნარმოკლებული ადამიანიც კი ვერ ივიწყებს «პირველ სიყვარულს», მაგრამ
მისი ტრაგიკულობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს შეზღუდული სიყვარული მას დარდითა
და წუხილით ავსებს. რაც უფრო დაუცველი იყო ადამიანი ბავშვობაში და ნაკლებად
გრძნობდა სიყვარულს, მით უფრო მცირე გამოცდილება და შესაძლებლობა გააჩნია
სიყვარულის უნარის წარმოსაჩენად. სწორედ ამიტომ მიეცემა ხოლმე იგი მოგვიანებით
შეზღუდულ და ფრაგმენტულ განცდებს. განცდების ფუნქციური თავჩენა მით ძლიერია,
რაც დიდია სექსუალური ლტოლვა, რაც უფრო ადრეულ პერიოდში ხდება მისი
შეზღუდვა. მაგრამ, რაგინდ ღარიბიც უნდა იყოს გრძნობებით ჩვენი პირველი სიყვარული,
მაინც დავეძებთ მას და ვცდილობთ, ვიპოვოთ იგი, რადგან სხვაგვარი სიყვარული არ
გამოგვიცდია.
საბედნიეროდ, სიამოვნებისა და სიყვარულის განცდის უნარი უსაზღვროა. მაგრამ ბავშვის
აღზრდის დროსაც და შემდგომ ცხოვრებაშიც უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ
რატომ არ შეიძლება ლტოლვისა და სიყვარულის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, იზოლაცია.
სწორედ აქ ვხედავ მთავარ საფრთხეს, რომელიც თავს იმ დროს იჩენს, როდესაც ლტოლვას
ანუ წმინდა სექსუალურ განცდას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ; თუ
დავუკვირდებით, სიყვარული არ არსებობს ლტოლვის გარეშე. სიყვარულისა და
სექსუალობის მორალური გამიჯვნის შემდეგ ნებისმიერი ლტოლვა, გამონაკლისის გარეშე,
სექსუალურ ლტოლვასთან გააიგივეს, რის გამოც გაჩნდა აზრი, რომ ყველანაირი ლტოლვა
სექსუალურ ხასიათს ატარებს. ამის საფუძველზე შეიქმნა თეორიები სიყვარულსა და
სექსუალობაზე, რასაც ფსიქოანალიზი საკმაოდ ხშირად იყენებდა პრაქტიკაში. მაგრამ
სექსუალური ლტოლვა ჩვენ მიერ განცდილი ერთადერთი ლტოლვა არაა; ამიტომ
ყოველგვარი ლტოლვის სექსუალობით ახსნა მხოლოდ იმ კონცეფციის შეზღუდულობაზე
მეტყველებს, რომელსაც, აღიარების შემთხვევაში, სამომავლოდ მსხვერპლად შეეწირება
ადამიანის მდიდარი და სისხლსავსე ცხოვრების მთელი ხიბლი.
სიყვარული და პასუხისმგებლობა – უპირობო სიყვარული

უნდა ითქვას, რომ დედას, როგორც ბავშვის პირველ, გამორჩეულ პარტნიორს,


დღესდღეობით დაკარგული აქვს პირვანდელი როლი და ახლა, არცთუ იშვიათად, მამა
იღებს საკუთარ თავზე დედის ფუნქციებს. ამასთან, მშობლები ხშირად ერთმანეთში
ინაწილებენ ამ ფუნქციებს, რაც, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს
ბავშვი ცდილობს, თანდათან გააცნობიეროს საკუთარი დამოკიდებულება მშობლებისადმი,
მათთან თავისი კეთილდღეობისა და დაცულობის დამადასტურებელი პირველი
ადამიანთაშორისი, ასოციაციური კავშირები დაამყაროს. ამრიგად, მისთვის მშობელი
გარესამყაროსთან დამაკავშირებელი კონკრეტული საშუალება და ამ სამყაროს
ცენტრალური ფიგურა ხდება; თუ საკუთარ თავთან მიმართებაში ბავშვი აქამდე იმ წრეში
ტრიალებდა, რომელსაც ერთი ცენტრი ჰქონდა, ახლა ეს წრე ელიფსად გადაიქცევა,
რომელშიც «მე» და «შენ» ორ მთავარ ცენტრში განლაგდებიან.
ეს ნიშნავს, რომ, თუკი ბავშვს თავდაპირველად უმისამართო ინსტინქტური მოთხოვნები
და პრეტენზიები გააჩნდა, რომელთა დაკმაყოფილებასაც დაუყოვნებლივ ითხოვდა,
ამიერიდან იგი მათ გაცნობიერებულად მიმართავს დედის ან აღმზრდელისადმი და მათი
დაკმაყოფილების იმედს ამ ადამიანებზე ამყარებს. პატარამ იცის, რომ ახლა იგი მათზეა
დამოკიდებული და მათ გვერდით თავს დაცულად, მშვიდად გრძნობს. ამიტომ
შეშინებული და დათრგუნულია, თუ ისინი მის სიახლოვეს არ აღმოჩნდებიან. თუ კი ბავშვს
მგრძნობიარე და მოსიყვარულე დედა ჰყავს, მათ შორის შინაგანი ურთიერთობა მყარდება
და გრძნობების ურთიერთგაცვლა ხდება, რაც სცდება უბრალო მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილების ფარგლებს და იმ პირველი, ადამიანური გრძნობის დაბადების მაცნედ
გვევლინება, ორივესათვის ბედნიერება რომ მოაქვს.
თავდაპირველად ამის მიღწევა შესაძლებელი ხდება იმით, რომ დედა ან მზრუნველი პირი
მუდმივად ბავშვის გვერდით უნდა იმყოფებოდეს, რადგან ადამიანის მიმართ გრძნობის
გაჩენის პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, და ეს მოთხოვნა შემდგომაც მუდმივად
ძალაში რჩება. მთავარი პარტნიორის გვერდით დიდი ხნის მანძილზე ყოფნა, ისევე
როგორც მისი კეთილგანწყობილი და ნაზი მოპყრობა, ხელს უწყობს პატარის შემდგომ
სულიერ და ემოციურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარი მოპყრობა ის
საფუძველია, რომელსაც ემყარება ბავშვის ნდობა, მადლიერების გრძნობა და ადამიანებთან
სიახლოვის სურვილი; მან იცის, რომ არ დაჩაგრავენ და ზიანს არ მიაყენებენ. ამავე
საფუძველზე წარმოიშობა ადამიანისადმი ბავშვის დამოკიდებულებისა და სიყვარულის
უნარიც. პატარის ნდობა ასევე ბადებს იმედს, რომ იგი წარმატებით გადალახავს
ფრუსტრაციებითა და მოლოდინებით აღსავსე საწყის პერიოდს. ეს ბავშვს უქმნის
პირობებს, ისწავლოს უარისთქმა საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების
დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე, რადგან მან უკვე შეიძინა და კვლავაც იძენს იმის
გამოცდილებას, რომ არ დაივიწყებენ და არ მიატოვებენ.
ბავშვი წინასწარ განიცდის სიხარულს, როდესაც დარწმუნებულია, რომ დედა მას იმედს არ
გაუცრუებს, და მაშინაც კი არ დაივიწყებს, როდესაც მასთან არ იმყოფება. სწორედ ეს
განცდა ბადებს ბავშვში იმედის გრძნობას. მან იცის, რომ მარტომყოფსაც უშიშრად შეუძლია
აკეთოს რაიმე საქმე, რითაც იგი საკუთარი ცხოვრების რადიუსს ნელ-ნელა იფართოებს.
ამრიგად, დედის გვერდით ბავშვი თავს ბედნიერად გრძნობს და შეუძლია, საკუთარი
უსაფრთხო არსებობის გამო, მადლიერება გამოხატოს. თუ ბავშვს ამგვარი განცდა არა აქვს,
მას უნდობლობა და დაკარგვის შიში იპყრობს, და იმის გამო, რომ დაუცველობის შეგრძნება
მოუთმენელს ხდის, პრეტენზიების დაკმაყოფილებას დაუყოვნებლივ მოითხოვს. ბავშვს ამ
დროს სულ ცოტა ხნითაც არ სურს, მოშორდეს დედას. მას მაშინვე მარტო დარჩენის შიში
იპყრობს, რადგან ვერ ახერხებს იმ გრძნობის გააზრებას, რომელზეც შემდგომაც იქნება
დამოკიდებული. ამის გამო ბავშვი თავს შეზღუდულად გრძნობს, მთელი ინტერესი
დედაზე გადააქვს და მასთან ყოველ დაშორებას სამყაროს დაღუპვად და კატასტროფად
აღიქვამს.
ამრიგად, უსაფრთხოების განცდა და ნდობა ბავშვში საკუთარი თავის დაცულობის რწმენას
ბადებს, რაც მასში უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებების განვითარებას უწყობს
ხელს. ეს არის ადამიანისადმი სინაზის, მადლიერებისა და იმედის გამოვლინება. ამ
თვისებების წყალობით, მას შეუძლია აიტანოს უცილობელი ფრუსტრაციები და
იმედგაცრუება, თავს უფლება მისცეს, გამოხატოს საკუთარი აფექტები, აღშფოთება და
აგრესიები, მაგრამ, ამასთან, არ ეშინოდეს, რომ ამის გამო ადამიანები მოიძულებენ და
სიყვარულზე უარს იტყვიან. საკუთარი დაცულობის შეგრძნება, ალბათ, ყველაზე აშკარად
და თანაც ყველაზე ზუსტად გამოხატავს ბავშვის განწყობას. თავისი არსებობითა და
დედასთან კავშირით იგი იმ გრძნობას გამოხატავს, რომელიც ჩვენი სიყვარულის უნარის
განვითარებას უდევს საფუძვლად.
ადამიანს სურს დაცულად იგრძნოს თავი და, რაკი ეს გრძნობა თავდაპირველად
სიყვარულის წყალობით ეუფლება, ამიტომ გასაკვირი არ არის, მას შემდგომაც სიყვარულში
ეძებდეს. თუ რომელიმე ადამიანის წყალობით, თავს დაცულად ვიგრძნობთ, ეს ამცირებს
ჩვენს შიშს, გვავიწყებს მარტოობაზე ფიქრს, ძალასა და დამაჯერებლობას გვმატებს. რწმენა
იმისა, რომ სიყვარულს შეუძლია აგვამაღლოს, ცხოვრებაში ბევრ ადამიანს აძლევს ძალას; ეს
განსაკუთრებით იმათზე ითქმის, ვისაც ბავშვობაში დიდხანს ან, საერთოდ, არ განუცდია
ამგვარი «ამაღლებული სიყვარული». თუ ბავშვს ბედი გაუღიმებს, იგი მშობლიურ სითბოს
ხშირად ბებიის ან პაპის სიყვარულის წყალობით შეიგრძნობს, ხოლო ზრდასრული
ადამიანის სიყვარული ძიძისადმი კვლავ პირველი პარტნიორის მნიშვნელობაზე
მიგვანიშნებს, რომლის მიმართაც პიროვნება მადლიერებას განიცდის. ეს სიყვარული, რა
თქმა უნდა, ვერ გავრცელდება იმ მშობლებზე, რომლებმაც ბავშვი ადრევე მიატოვეს.
ამრიგად, ბავშვის განვითარების აღნიშნულ ფაზაში უკვე გამოიკვეთება სურვილი და
მზაობა იმისა, რომ სიყვარულით მოექცეს ერთ რომელიმე ადამიანს და მისგან საპასუხო
გრძნობა მიიღოს. მაგრამ, როდესაც დაცულობის შეგრძნებას მოგვიანებით სიყვარულში
ვეძებთ, მას ამით საფრთხის წინაშე ვაყენებთ, რადგან ადამიანთან ურთიერთობასა და
მასზე დამოკიდებულად ყოფნას შორის საზღვარი ძალიან მყიფეა. რაც უფრო მეტად ვართ
დამოკიდებული ვინმეზე, მით ნაკლებია იმის შანსი, რომ თავისუფალ პიროვნებად
ჩამოვყალიბდეთ. ამ დროს გვჭირდება პარტნიორი, რომლის მიმართაც გრძნობებს ისევე
უშუალოდ გამოვხატავთ, როგორც ეს ბავშვობაში ხდებოდა. იმხანად ხომ, პარტნიორის
დაკარგვის შიშით, მასზე მთლიანად მინდობილნი ვიყავით, მასთან სიახლოვეს უმწეოდ
ვცდილობდით, მაგრამ, ამასთან, გვეშინოდა, რომ იგი მიგვატოვებდა.
თუ განვითარების ადრეულ სტადიაში ბავშვს პარტნიორთან ურთიერთობა არა აქვს, ამას
შედეგად ის მოჰყვება, რომ მისი სექსუალური ინსტინქტი სიყვარულისაგან დაიცლება და
ადამიანისთვის პარტნიორი მხოლოდ სექსუალურ ობიექტად გადაიქცევა. ამ დროს იგი
პარტნიორს მეტისმეტად მაღალ შეფასებას აძლევს და მასში უსაფრთხოების ერთადერთ
გარანტიას ხედავს. ამიტომ ცდილობს, რაც შეიძლება, მიეჯაჭვოს მას, რათა თავიდან
აიცილოს პარტნიორის დაკარგვით გამოწვეული შიში.
სიყვარულის ფორმები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, იმით ხასიათდება, რომ ადამიანი
პარტნიორთან ურთიერთობისას კვლავ იმ თავდაპირველი სიმბიოზის შექმნას ცდილობს,
რომელიც მას დედასთან აკავშირებდა. მას სურს, პარტნიორი გამუდმებით გვერდით
ჰყავდეს, რათა არ დაკარგოს იგი. მერე კი, რაც უფრო იზრდება მასში ასეთი სიახლოვისა და
ერთად ყოფნის მოთხოვნილება, მით უფრო დამოკიდებული ხდება პარტნიორზე.
ასე იქმნება «ეშმაკის წრე», რომლის გარღვევასაც ადამიანი მხოლოდ მაშინ ახერხებს, თუ
დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდება. ქალების შემთხვევაში, წინათ ამას
პარტნიორზე ეკონომიკური დამოკიდებულება ემატებოდა და ეს ერთადერთი ფაქტორი
შეადგენდა ცოლქმრული თუ ოჯახური ურთიერთობის არსს. ბუნებრივია, ეს ფაქტი
უკიდურესად ართულებდა ვითარებას, რადგან უმწეო ქალის მიტოვება, შეწყნარება თუ
შეუწყნარებლობა მთლიანად პარტნიორის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ამ დროს
ორივე სქესის პარტნიორები ხშირად ჯეროვნად იყენებდნენ თავიანთ მდგომარეობას:
მეუღლეზე ეკონომიკურად დამოკიდებული ქალი ცდილობდა, ზნეობის შეხსენებით ან
შანტაჟით შეენარჩუნებინა იგი და ეუბნებოდა: «იცოდე, თუ მიმატოვებ, თავს მოვიკლავ.»
ნაცვლად იმისა, რომ ქალს საკუთარი მდგომარეობა შეეცვალა, დამოუკიდებლად ცხოვრება
«ესწავლა» და გარესამყაროსთან ურთიერთობა დაემყარებინა, მას ქმრის გარეშე ცხოვრება
ისევე არ შეეძლო, როგორც ბავშვს – უდედოდ. თავიანთი უმწეობისა და ბავშვური
თვისებების კვალად, ქალი დამაჯერებლად თამაშობდა მეუღლეზე დამოკიდებული
არსების როლს. ჰოდა, განა შეეძლო მამაკაცს, ისეთი სასტიკი და უსულგულო ყოფილიყო,
რომ უმწეო არსება მიეტოვებინა და ამის გამო, სულ მცირე, სინდისის ქენჯნა მაინც არ
ეგრძნო? ამრიგად, ქალს ხელთ ჰქონდა საკმაოდ ძლიერი იარაღი, რათა ქმარი თავის ჭკუაზე
ეტარებინა. ამ შემთხვევაში ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ქორწინებას და ცოლქმრულ
ურთიერთობას პარტნიორობას ვეღარ ვუწოდებდით, რადგან იგი მშობლისა და შვილის
ურთიერთობას თუ ქალის მიერ სიცოცხლის დაზღვევას უფრო ჰგავდა. ქალი ამ დროს ისევ
ახალ-ახალ საშუალებებსა და გზებს ეძებდა, რათა საკუთარ თავში პარტნიორის დაკარგვის
შიში როგორმე დაეთრგუნა.
ამ დროს ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინდივიდუალური და
ფსიქოლოგიური ფაქტორები. ინდივიდუალური ფაქტორი ქალების ბიოგრაფიაში და იმ
მშობლების ქმედებებში უნდა ვეძიოთ, რომლებიც შვილებს პატარა ბავშვებივით
ექცეოდნენ ან მკაცრად ზრდიდნენ. დღესდღეობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ
სოციალური ფაქტორი იმხანად პატრიარქალური პრივილეგიები იყო. მამაკაცი აღიარებდა
ქალის დაქვემდებარებულ როლს, რაც მას ხელს აძლევდა, რადგან ამ გზით შეეძლო
დაეკმაყოფილებინა ძალაუფლებისაკენ სწრაფვის სურვილი, დაეთრგუნა ქალის, როგორც
მეტოქის, წინაშე შიში და საკუთარი «უპირატესობა» საფრთხის წინაშე არ დაეყენებინა.
ზოგიერთი ქალი ოსტატურად იყენებდა მამაკაცის სისუსტეს, აიძულებდა მას, ცოლის
მიმართ მამობრივი მზრუნველობა და კეთილგანწყობა გამოეჩინა. ასეთი ქალები
აღფრთოვანებულნი იყვნენ მამაკაცის სიძლიერითა და ნიჭიერებით, ხოტბას ასხამდნენ მის
გამბედაობასა და სიმამაცეს (ანუ იმ თვისებებს, რომლებიც საკუთარ თავში უნდა
განევითარებინათ, რათა ზრდასრულ ადამიანებად ჩამოყალიბებულიყვნენ). ამ
შემთხვევაში ქალები იყენებდნენ მამაკაცის პატივმოყვარეობას და «პოტენციას», ამ სიტყვის
ფართო მნიშვნელობით, რათა მას «მამაკაცური სიამაყე» განეცადა. ამის სანაცვლოდ, კაცი
პარტნიორ ქალს პარიზის მოდების სახლის ტანსაცმელს, სამკაულებს და მისი «რანგის»
შესაფერ ავტომობილს სთავაზობდა. ამ დროს პიროვნული და სოციალური ფაქტორები
კვლავ ერთმანეთში იყო გადახლართული. ოჯახურ სიტუაციაში ქალის დამოკიდებული
მდგომარეობა ხშირად ორივე პარტნიორის სურვილი იყო. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა
ქალის პიროვნების განვითარებას, თუმცა მამაკაცისთვის, ზოგიერთი პრობლემის
მიუხედავად, მაინც მისაღები იყო. იგი თავს ოჯახის ბატონ-პატრონად გრძნობდა, იქ მის
ნება-სურვილს წინ ვერავინ აღუდგებოდა და მის ავტორიტეტს ეჭვქვეშ ვერ დააყენებდა. ამ
დროს, შესაძლოა, გამოდგეს «მამისა და ქალიშვილის ურთიერთობის» სქემა, როდესაც
ცოლი მამით აღფრთოვანებული ქალიშვილის როლშია, ხოლო ქმარი გამანებივრებელი
მამასავით იქცევა. ცოლ-ქმრის ამგვარი განწყობილება ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს.
მსგავსი ქორწინების მაგალითი მშვენივრადაა აღწერილი იბსენის დრამაში «ნორა»: ქმარს
სურს ბავშვური ცოლი ჰყავდეს, ამიტომ ბავშვივით ანებივრებს, იმავდროულად ხელს
უშლის მის პიროვნებად ჩამოყალიბებას და ამით ებრძვის მისი დაკარგვით გამოწვეულ
შიშს. მამაკაცი ხშირად ბოროტად იყენებდა თავის პატრიარქალურ პრივილეგიებს,
აშანტაჟებდა ქალს და ანგარიშს არ უწევდა მის სურვილებს. ასე მოქცევის საშუალებას მას
ქალის უუფლებო მდგომარეობა აძლევდა. სიყვარული, რომელიც თავდაპირველად,
შესაძლოა, კიდევაც არსებობდა, ასეთი ურთიერთობის შედეგად ისპობოდა და მის
ადგილზე სიძულვილი, ზიზღი, შურისძიების წყურვილი და სიყალბე ისადგურებდა;
საბოლოოდ კი პარტნიორები ერთმანეთის სიკვდილს ნატრობდნენ, რადგან ამ
მდგომარეობიდან სხვა გზით თავის დაღწევა შეუძლებელი იყო.
რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად, დიდ როლს ასრულებდა სექსუალობა, რომელიც
ქალის დამოკიდებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა. იგი სიყვარულის
თავდაპირველ ნაზ გრძნობას ახლა უკვე ბოროტად იყენებდა, რადგან, საკუთარი უუფლებო
მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული იყო, ქმრის სექსუალური მოთხოვნები
დაეკმაყოფილებინა და ამ გზით შეენარჩუნებინა იგი. ამ დროს ქალის სიყვარული
მაზოხისტურ სახეს იღებდა, რადგანაც საკუთარი თავი ამგვარი სიყვარულისთვის
მიჰქონდა მსხვერპლად. ამრიგად, ქალი ქმრის მონა-მორჩილი ხდებოდა და მის სექსუალურ
სურვილებს აკმაყოფილებდა, მამაკაცს კი ცოლის ასეთი მორჩილება და პასიური
მდგომარეობა ახალ-ახალი ქმედებებისაკენ უბიძგებდა, რაც შეიძლებოდა საშინელი
კონფლიქტით დამთავრებულიყო.
გარდა იმ სახის პარტნიორობისა, როდესაც ქალი ბავშვის როლს თამაშობს, ცოლ-ქმარს
შორის ისეთი ურთიერთობაც არსებობს, როდესაც მამაკაცი აღმოჩნდება ხოლმე ბავშვის
მდგომარეობაში და მთლიანად ცოლზე ხდება დამოკიდებული. ამ დროს გამოიკვეთება
გამანებივრებელი დედისა და განებივრებული ვაჟიშვილის ურთიერთობის სქემა, რომლის
თანახმადაც, ქმარი ცოლს ისე განადიდებს, რომ მას ხშირად, ლამის არის, ქალღმერთად
წარმოიდგენს და არაამქვეყნიური არსებასავით ეთაყვანება. მისთვის ცოლი «დედასავით
ქალია» და არა სიყვარულის ობიექტი. ამგვარი კავშირი დედისა და ვაჟიშვილის
ზემოაღწერილ ურთიერთობას მოგვაგონებს, რასაც, არცთუ იშვიათად, დედის ადრე
დაქვრივება უწყობს ხელს.
პრობლემას ქმნის ისეთი ურთიერთობებიც, როდესაც ცოლი არ ცნობს ქმრის
დამოუკიდებლობას და ცდილობს, როგორც თავად ამბობს, «სიყვარულის სახელით»
სრულ მორჩილებაში იყოლიოს და ამგვარი «თავსმოხვეული სიყვარულით» თავის
კუთვნილებად გაიხადოს. ამიტომ მას ყველა უფლებას ართმევს და ქმედუუნაროს ხდის.
ასეთი ქალი ქმარს, უპირველეს ყოვლისა, იმით ანებივრებს, რომ საგანგებოდ ზრუნავს მის
კვებაზე, ცივ ნიავს არ აკარებს და ცდილობს, თავიდან აარიდოს ყოველგვარი უსიამოვნება.
მაგრამ, ამასთანავე, ქმარს მეგობრების წრეში ყოფნას უკრძალავს, მის თავისუფალ დროსაც
და ჯიბის ფულსაც კი საკუთარ ნებაზე განკარგავს. ასეთი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ხშირად
«მამიკო»-»დედიკო»-თი მიმართავს და თითოეული მათგანი ამით აშკარად წარმოაჩენს
საკუთარ როლს.
ამგვარი ურთიერთობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. იგი გამოწვეულია, ერთი
მხრივ, ძლიერი შიშით, ხოლო მეორე მხრივ, იმის მოთხოვნილებით, რომ იგი ვინმეს
უყვარდეს. ზოგიერთი ადამიანი თვითშეფასების საზომად იმას მიიჩნევს, თუ რამდენად
გრძნობს თავს საყვარელ ადამიანად, და ფიქრობს, რომ ამ შეგრძნების გარეშე არავითარი
ღირებულება არ გააჩნია. ასეთ ადამიანებს ძალიან უყვართ და სჭირდებათ პარტნიორი,
სამაგიეროდ, მისგანაც საპასუხო სიყვარულს მოითხოვენ.
როდესაც ბავშვობისდროინდელ განვითარებას იმას ვუმადლით, რომ უნდა გამოვავლინოთ
განსაკუთრებული სიყვარული ადამიანის სულიერების, მისდამი ნდობისა თუ მასთან
ბედნიერი ურთიერთობის მიმართ, ამ დროს დიდი საფრთხეც არსებობს – შესაძლოა,
ვინმეზე ბავშვივით დამოკიდებული გავხდეთ და ამას თავი ვეღარ დავაღწიოთ. საფრთხე,
რომელიც ამ შემთხვევაში სიყვარულს ემუქრება, პარტნიორის დაკარგვით და მარტოობის
შიშითაა გამოწვეული და ვინმესთვის საყვარელ ადამიანად გახდომის ძლიერ სურვილს
გამოხატავს.
პარტნიორის დაკარგვის შიში ნებისმიერ ღრმა სიყვარულს ახლავს თან. ესაა ყველაფერი,
რასაც ადამიანები ერთად განიცდიან – იქნება ეს საერთო მოგონებები, ერთობლივად
გადატანილი კრიზისები, ტანჯვა, სრული ურთიერთგაგება, შვილების სიყვარული და ა.შ.
ეს კი იმის საწინდარია, რომ ისინი ერთმანეთისთვის შეუცვლელნი არიან. აქედან
გამომდინარე, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშს ვერსად გავექცევით და ამ შიშის
მხოლოდ დროებით დავიწყებას ან დათრგუნვას თუ ვახერხებთ, რასაც ზემოაღწერილ
პარტნიორობის ფორმამდე მივყავართ (როდესაც პარტნიორზე დამოკიდებული ვხდებით
ან ვცდილობთ, დავიქვემდებაროთ იგი). ამას შეიძლება ურთიერთობის ერთი ფორმა
დავუმატოთ, რომლის დროსაც პარტნიორს ჩვენზე დამოკიდებულს იმით გავხდით, რომ
მასზე მორალურ ზემოქმედებას მოვახდენთ და მოვითხოვთ, ჩვენი მადლიერი ისეთი
ქმედებებისა თუ საქციელისათვის იყოს, რომელიც ამ ადამიანს ჩვენგან საერთოდ არ
მოუთხოვია. ამ დროს არსებობს ზღვარი უანგარო სიყვარულსა და მადლიერების
მომლოდინე სიყვარულს შორის, რომლისკენაც მით უფრო ადვილად ვიხრებით, რაც უფრო
ნაკლები თვითშეფასების უნარი გაგვაჩნია.
თუ პარტნიორის დაკარგვის შიშს გავაცნობიერებთ და ის მაინც ღრმა სიყვარულით
გვეყვარება, გარკვეული დროის განმავლობაში სისხლსავსე ცხოვრებით შევძლებთ
ცხოვრებას; ჩვეულებრივ, ეს ასეც ხდება. იმ დროს, როდესაც სიკვდილს, უპირველეს
ყოვლისა – საკუთარ სიკვდილს, მუდმივად ვაცნობიერებთ, როგორც შესაძლებელ
მოვლენას, ყოველთვის უფრო სისხლსავსე ცხოვრებით ვცხოვრობთ. პარტნიორის
დაკარგვასთან დაკავშირებული განცდები და საკუთარ სიკვდილზე ფიქრი უფრო ასატანი
ხდება, როდესაც იცი, რომ სიყვარულით იცხოვრე, და, პირიქით, გტანჯავს იმის შეგნება,
თუკი შენმა ცხოვრებამ უსიყვარულოდ ჩაიარა. ნებისმიერი სიყვარული რაღაც საფრთხეს
შეიცავს. მისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ის იქნებოდა, თუ არავის და
არაფერს შევიყვარებდით. თუ ადამიანი სიყვარულისგან უსაფრთხოების გარანტიას
მოითხოვს, საერთოდ ხელი უნდა აიღოს ამ გრძნობაზე, რადგან სიყვარულს ყოველთვის
თავისებური სიმამაცე სჭირდება.
პარტნიორისადმი სპეტაკ სიყვარულსა და ეჭვიან, პრეტენზიულ სიყვარულს შორის
ზღვარი ძალიან მყიფეა. ეჭვიანობა სიყვარულის თვისებაა; მოგვიანებით დავინახავთ, რომ
მას შეიძლება სხვადასხვა მოტივაცია ჰქონდეს. როდესაც ადამიანი პარტნიორს
თავისუფლებას უზღუდავს, მაგრამ არც მას და არც საკუთარ თავს უმხელს, რომ ამას
განსაკუთრებული გრძნობის გამო სჩადის, მაშინ ასეთი ეჭვიანობა უსაზღვრო სიყვარულზე
მიუთითებს, როდესაც მას სურს, პარტნიორთან ერთად ჭირი და ლხინი გაიზიაროს.
როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს საყოველთაო წესი, თუ
როგორ დაიცვას ადამიანმა გამორჩეული სიყვარულის მყიფე საზღვრები, რადგან არ იცის,
როდის იჩენს თავს მისი ბავშვობისდროინდელი განცდები.
გამორჩეული სიყვარულისადმი სწრაფვა ნებისმიერი ღრმა სიყვარულის საწინდარია და
დიდ გამბედაობას მოითხოვს. თუმცა ამ გამბედაობის გამო, შესაძლოა, ადამიანმა
პარტნიორის სრულ მფლობელობაზე განაცხადოს პრეტენზია. ამიტომ გვაქვს საფუძველი
ვიფიქროთ, რომ ერთმანეთის მოსიყვარულე ორ ადამიანს შორის მაშინ იარსებებს მყარი
ურთიერთობა, თუ მათ აკავშირებთ «საერთო ცხოვრებისეული ამბები», გრძნობენ ერთად
ყოფნის აუცილებლობას და მზად არიან, წინ აღუდგნენ ყველაფერს, რაც დაემუქრება მათ
ურთიერთობას. ასეთი კავშირის საფუძველი ძნელი დასადგენია, რადგან ამაზე ზოგადად
ლაპარაკი შეუძლებელია. საერთოდ კი, სიყვარულს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ;
ამ დროს არ უნდა დავიწყოთ განზოგადებული მსჯელობა ისეთ საკითხებზე, რომლებიც
საეჭვო მორალურ მხარეებს ეხება, ანდა სულაც რელიგიურ და პოლიტიკურ
თვალსაზრისებს გამოხატავს.
პრეტენზიული სიყვარული

განვითარების ადრეულ ეტაპზე ბავშვი სავსებით დამოკიდებულია ერთ რომელიმე


ადამიანზე, რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ, პარტნიორის დაკარგვის შიშით, მას ძალიან
მიეჯაჭვება. ამას მოჰყვება განვითარების ის სტადია, როდესაც ბავშვი თანდათან მეტ
დამოუკიდებლობას აღწევს და თვითმყოფადი ხდება. იგი უკეთ ფლობს საკუთარ სხეულს
და, თუ მას აქამდე ყველა სურვილს სხვები უსრულებდნენ, ახლა შეუძლია თავად გავიდეს
გარესამყაროში, მოიპოვოს მისთვის სასურველი ნივთები და აქტიურად მოიხმაროს ისინი.
ბავშვი ივითარებს ნებისყოფას, უპირისპირდება გარესამყაროს და ცდილობს, შეისრულოს
ნებისმიერი სურვილი. სრულიად ახალი შესაძლებლობებისა და თვისებების წყალობით,
იგი უკეთ იწყებს გარესამყაროს შეცნობას. მისი დაპყრობისა და ადამიანებთან თუ
საგნებთან ურთიერთობის დროს იგი ახალ-ახალ უნარებს აღმოაჩენს საკუთარ თავში, რის
შემდეგაც ნელ-ნელა იწყებს რეალობისა და მისი კანონების გათავისებას.
ამ დროს სავარაუდოა, რომ ბავშვს გარესამყაროსთან უფრო ხშირად მოუხდება შეჯახება;
ამიერიდან, შეგონებებისა და აკრძალვების წყალობით, იგი დაადგენს საკუთარი
ნებისყოფისა და შესაძლებლობების საზღვრებს და ამის საფუძველზე მოიპოვებს თავისი
ქმედებებისა თუ ქცევების აღიარების უფლებას. აქ საბოლოოდ მთავრდება ჩვენი
ცხოვრების მოკლე «სამოთხის ხანა», როდესაც ნებისმიერი სურვილის შესრულება ისე
შეგვეძლო, რომ ჩვენგან ამის სანაცვლოდ არაფერს ითხოვდნენ და დანაშაულისა თუ
სასჯელის საშიშროება არ არსებობდა. ამიერიდან ბავშვს სულ უფრო მეტ მოთხოვნებს
უყენებენ. იგი პირველად აცნობიერებს, რომ არსებობს სიკეთე და ბოროტება, და საკუთარი
თავის აღქმას დადებითად ან უარყოფითად იმის მიხედვით იწყებს, თუ როგორ აფასებს მის
საქციელს გარესამყარო – აქებს მას თუ კიცხავს, ასაჩუქრებს თუ სასჯელით ემუქრება. ამ
დროს ბავშვი სრულიად ახალ გარემოში ექცევა; იგი აღარ არის დამოკიდებული და
მიჯაჭვული ერთ პიროვნებაზე და მხოლოდ მისი დაკარგვა კი არ აშინებს, არამედ ახლა
შიში საკუთარი საქციელის გამოც იპყრობს. ბავშვს უკვე ესმის, რომ ადამიანები მას მისივე
ქცევების მიხედვით შეიყვარებენ, და არსებობს პირობები, რომელთა შესრულებაზეც
დამოკიდებულია, ეყვარებათ თუ არა იგი.
ეს ბავშვისთვის სრულიად ახალი გამოცდილებაა, რადგან აქამდე არ იცოდა, რომ მისი
ქცევები გარესამყაროს რეაქციებს უკავშირდებოდა. შეიძლება ვთქვათ: ამ დროს პატარა
პირველად აცნობიერებს, რომ არსებობს კაუზალური კავშირი მოქმედებას, მიზეზსა და
შედეგს შორის. ეს ბავშვის განვითარებაში უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენი
სიყვარულის უნარის მესამე კომპონენტს შეადგენს. ამ დროს ადამიანში პირველად ხდება
თვითდამკვიდრების უნარის ჩამოყალიბება. ბავშვი ეჩვევა თავშეკავებას, ანგარიშს უწევს
სხვებს და გაითავისებს საზოგადოებრივი წესრიგის იმ ნორმებს, რომელთა შესრულებაც
დაბადებიდანვე გვაქვს გადაწყვეტილი. მერე კი ასევე ვსწავლობთ, რომ სიყვარულს
ადვილად ვერ მოვიპოვებთ, რადგან იგი გარკვეული პირობების შესრულებას მოითხოვს.
ამიტომ არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს სიყვარული თავისთავად მოდის და სრულიად
ცხადი და ბუნებრივი მოვლენაა.
აქედან გამომდინარე, სიყვარულის უნარის წყალობით, ორ მნიშვნელოვან შედეგს ვაღწევთ:
აშკარა ხდება, რომ, ერთი მხრივ, თავაზიანად უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ადამიანების
სიყვარული დავიმსახუროთ; მეორე მხრივ, პარტნიორსაც უნდა წავუყენოთ გარკვეული
პირობები, თუ სურს, ჩვენი სიყვარული მოიპოვოს და სამომავლოდაც შეინარჩუნოს.
ცხადია, შეყვარებული თავდაპირველად არავითარ პირობებს არ ცნობს; მას ასევე ნაკლებად
აინტერესებს, ვინ არის, რას წარმოადგენს მისი სიყვარულის ობიექტი. იგი, უბრალოდ, მის
იდეალიზაციას ახდენს და მისგან სასურველ სურათ-ხატს ქმნის, შედეგად ილუზიების
ტყვეობაში აღმოჩნდება; ხანგრძლივი სიყვარული კი მოითხოვს, რომ ადამიანი გარკვეულ
მოლოდინებს ამართლებდეს და სასურველი პარტნიორის სურათ-ხატს შეესაბამებოდეს.
სწორედ ამ დროს ვლინდება ადამიანის ის არსებითი თვისებები, რომლებიც, ერთი მხრივ,
ხელს უწყობს, მეორე მხრივ კი, გარკვეულ საფრთხეებს უქმნის ჩვენი სიყვარულის უნარს.
თუ გვინდა, რომ სიყვარული ნამდვილი იყოს და «სიყვარულობანად» არ გადაიქცეს, მზად
უნდა ვიყოთ გარკვეული მსხვერპლის გასაღებად – შევეცადოთ, გავერკვეთ პარტნიორის
ხასიათში, ანგარიში გავუწიოთ მას და პასუხისმგებლობა ვიკისროთ მის წინაშე.
ჩვენი ქცევის შედეგების გააზრება (თუ რა გავლენას ახდენენ ისინი პარტნიორზე)
საშუალებას გვაძლევს, შევიცნოთ საკუთარი თავიც და სრულიად უცხო ადამიანიც.
პარტნიორზე ზრუნვა, საერთო ჯამში, ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიღონოთ, რათა მან თავი
დაცულად და იმედიანად იგრძნოს. ბუნებრივია, ეს პასუხისმგებლობა ორმხრივი უნდა
იყოს; პარტნიორებს უნდა სწამდეთ, რომ მათ ერთმანეთის კეთილდღეობა სურთ, რაც მათ
ურთიერთობას სასიკეთოდ წაადგება.
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების მზაობა ხელს უწყობს და მნიშვნელოვანს ხდის
წყვილთა ურთიერთობას, რადგან იგი უფრო აზრიანი და მიზანდასახული ხდება. ამ დროს
იქმნება წინაპირობა იმისა, რომ ორივე პარტნიორს შეეძლოს საკუთარი თუ ერთობლივი
კრიზისების დაძლევა. პასუხისმგებლობის გრძნობა მათ წინაშე იმგვარ ამოცანას აყენებს,
რომელიც ხელს უწყობს ორივე პარტნიორის ზრდას და მათ პიროვნულ, ეგოისტურ
ქმედებებს საერთო მიზნისკენ წარმართავს. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების
სურვილი სხვადასხვა ფორმით ვლინდება. იგი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია
წყვილთა წინაშე დასმულ ამოცანებზე და იმ სპეციფიკურ, სექსუალურ როლებზე,
რომლებსაც მათ საზოგადოება უწესებს. ასე მაგალითად, ადრე მამაკაცს ცხოვრების
მატერიალური მხარე ებარა, ქალი კი ბავშვებსა და ოჯახზე ზრუნავდა. ამდენად, ორივე
სქესის წარმომადგენელი ერთმანეთის მიმართ შესაბამის მოლოდინებს განიცდიდა.
დღესდღეობით ეს როლები აღარ არის ასე მკაცრად გამიჯნული; მაგრამ, თუ პარტნიორებს
შორის პასუხისმგებლობის მზაობა არ არსებობს, მაშინ მათ ურთიერთობას არავითარი
საფუძველი არ გააჩნია. სამომავლოდ იგი ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს და, შესაძლოა,
ეს ურთიერთობა ათასნაირ ცდუნებას შეეწიროს მსხვერპლად. ამასთან, მეორე ადამიანზე
ზრუნვა არ უნდა გასცდეს გონიერების ფარგლებს, მან პარტნიორს არ უნდა გაუჩინოს
საკუთარი პასუხისმგებლობის უგულებელყოფის სურვილი; პირიქით, უნდა ისწავლოს
ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, რათა არ აღმოჩნდეს იმ უმწეო ბავშვის
მდგომარეობაში, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისა თუ ვალდებულების შესრულების
დროს სხვის იმედად რჩება.
უზრუნველყოფილ ოჯახებში ხშირად ერთი პარტნიორი მეორის ხარჯზე მუქთახორულ
ცხოვრებას ეწევა. ასევე არის შემთხვევები, როდესაც პიროვნება ცდილობს, მეუღლისადმი
ჭეშმარიტ თანადგომას და პასუხისმგებლობას თავი იმით დააღწიოს, რომ მას
მატერიალურად უზრუნველყოფს და მასთან ურთიერთობას ასეთ სახეს აძლევს:
You sent 18 აპრილი 16:16-ზე
«აბა, მითხარი, რა გაკლია? რასაც ისურვებ, ყველაფერი გაქვს, და სხვა რაღა გინდა?» ასეთი
კაცი თავს უფლებას აძლევს, ცხოვრებაში საკუთარი გზით იაროს. მეუღლე, რომლის
«გამოკვებაც» ამგვარად ხდება, თანდათან მეტ პრეტენზიებს გამოთქვამს და მატერიალური
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას თვითონვე ცდილობს. ამრიგად, იგი მისთვის ძალით
თავსმოხვეული ადამიანის როლს თამაშობს, ნაცვლად იმისა, რომ მოთხოვნები უფრო
მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წამოაყენოს.
აღნიშნულ ეტაპზე პარტნიორის დაკარგვის შიშთან ბრძოლა ახალი საშუალებებით
მიმდინარეობს: პიროვნება აცნობიერებს საკუთარი სურვილების ძალას და ცდილობს,
პარტნიორი თავის ნებაზე ატაროს. ამ დროს საქმე გვაქვს ძალადობის, იძულების,
ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და პარტნიორის დამორჩილების ყველანაირ
მცდელობასთან. ამ მიზნით, პარტნიორს წაუყენებენ პირობებს, როგორი უნდა იყოს,
როგორ მოიქცეს, რათა წასვლის შესაძლებლობა მოესპოს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტნიორი
უყვართ არა როგორც პიროვნება, არამედ მას ეპყრობიან როგორც ადამიანს, რომელიც
გარკვეულ ფუნქციას და პირობებს ასრულებს.
ამიტომ, რაც უფრო ნაკლებ წინააღმდეგობის უნარს ავლენს ამ დროს ადამიანი,
ძალადობაზე შესაბამის რეაქციას არ გამოხატავს, მით უფრო კატასტროფულია ამ
ურთიერთობის შედეგები. ამ დროს გამუდმებით გაისმის მუქარა: «რახან არ მემორჩილები,
იძულებული ვარ, ძალა ვიხმარო!» პატრიარქატი ხელს უწყობდა ამგვარ განწყობას, რასაც
შურისძიების გრძნობით შეპყრობილი ქალი ისტერიით უპასუხებდა. ქალის ამგვარი
ისტერიული მდგომარეობის გამო, მამაკაცი იმ ვითარების წინაშე დგებოდა, რომელიც
მისთვის სრულიად უცნობი იყო.
You sent 18 აპრილი 16:16-ზე
მეცნიერები თავს იმტვრევდნენ ამ მოვლენაზე და ცდილობდნენ, მეცნიერულად აეხსნათ
იგი, მაგრამ საქმის ვითარებაში ვერ გარკვეულიყვნენ და არ იცოდნენ, ქალის ისტერია
მამაკაცის აშკარად არსებულ პრივილეგიებთან როგორ დაეკავშირებინათ. მერე ის მოხდა,
რომ აღნიშნული მდგომარეობა კანონმდებლობაშიც აისახა, რამაც ქალს «საქორწინო
პასუხისმგებლობა» დააკისრა და მოითხოვა, რომ იგი «მამაკაცის ნების აღმსრულებელი»
ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამგვარი მდგომარეობა მამაკაცისთვის ხელსაყრელი ჩანდა,
მაგრამ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის ბოროტად გამოყენება ან დამახინჯებით
შეფასება ხდება, ამას შემდგომ საშინელი შედეგი მოჰყვება ხოლმე. სწორედ ასეთი შედეგი
მივიღეთ ამ შემთხვევაშიც, რადგან მამაკაცმა ამით ბოლო მოუღო ქალის მზაობას
სიყვარულისადმი. ეს კარგად გამოხატეს რუსმა ქალებმა, რომლებმაც თავიანთ მამაკაცებს
განუცხადეს: «ჩემს სულს ვერასოდეს დაეპატრონები». სიყვარული ვერ იტანს ძალადობას
და ყველანაირად ცდილობს, აირიდოს იგი. სწორედ ძალადობის ნიადაგზე აღმოცენდა ის
სადომაზოხისტური ურთიერთობები, რომლებიც პათოლოგიურ ხასიათს ატარებდა.
ამგვარი ძალადობები გახდა შემდგომ მიზეზი იმ ემანსიპაციური მოძრაობებისა, მამაკაცებს
ასე რომ აოცებთ და აშფოთებთ. რატომღაც გულუბრყვილოდ გვგონია, რომ შეგვიძლია
ანგარიში არ გავუწიოთ მეორე ადამიანს და, როგორც მოგვესურვება, ისე მოვექცეთ. არადა,
ჩვენი გულუბრყვილობის წყალობით, ამგვარი ურთიერთობის შედეგი ბუმერანგივით
დღეს თუ ხვალ უკან მოგვიბრუნდება. სამწუხარო კი ის არის, რომ მამების მიერ ჩადენილი
ცოდვები შვილებს მოეკითხებათ.
ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ მიიღებდა ასეთ მასშტაბურ ხასიათს, რომ არა ადამიანის
ბუნება, რომელმაც მხარი აუბა ზემოხსენებულ მოვლენებს. რაკი არსებობს საშიშროება,
რომ, შესაძლოა, ასეთი სავალალო შედეგების მოწმენი გავხდეთ, თავიდანვე სწორად უნდა
წარვმართოთ ბავშვის აღზრდის პროცესი. ამით დავფარავთ ჩვენში არსებულ იმ ცალმხრივ
ინსტინქტებს, რომლებიც მთელი ძალით მხოლოდ საგანგებო სოციალურ გარემოში
(ოჯახურ პირობებში) ასე სახიფათოდ გამოვლინდება ხოლმე. ჩვენს ბუნებაში სუფევს
«ვინმეზე ბატონობის» ან «ვინმეს მსახურების» სურვილი, როგორც ჩვენი არსებობის
შესაძლებლობა, ამიტომ მას ხანდახან მეტისმეტად გადაჭარბებულ მნიშვნელობას
ვანიჭებთ. ყოველთვის არსებობდა მბრძანებელი მამაკაცისა და მონა ქალის, მბრძანებელი
ქალისა და მონა მამაკაცის, მჩაგვრელისა და ჩაგრულის ურთიერთობის უამრავი ვარიანტი,
ადამიანს ყოველთვის ჰქონდა სურვილი, იძულების სუბიექტი ან ობიექტი გამხდარიყო.
თუ რამდენად გააჩნია ინდივიდს ამგვარი ურთიერთობებისადმი მიდრეკილება, ნაკლებად
უნდა იყოს დაკავშირებული სექსუალურ კავშირებთან; როგორც ვარაუდობენ, ამ დროს
საქმე უფრო ინდივიდის განწყობასა თუ სოციალურ გარემოს უნდა ეხებოდეს.
You sent 18 აპრილი 16:17-ზე
ეკონომიკური თუ სხვა სახის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა ზოგადად, განაპირობებს
მორჩილებისადმი მზაობას, ხოლო ძალაუფლება, ისევე როგორც ნებისმიერი უპირატესობა,
ხელს უწყობს საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ამას ემატება კიდევ მეორე,
პარტნიორის განსხვავებული როლები და წარმოდგენები, რომელთა გამოვლინება დროის
გარკვეულ პერიოდში ხდება. ასე მაგალითად, ტრუბადურები და მინეზინგერები
იმავდროულად თავისი ეპოქის კულტურისა და სოციალური წრის სულისკვეთებას
გამოხატავდნენ.
ეპოქალური ცვლილებების დროს, როდესაც ძველის ნაცვლად ახალი ორიენტირების
დამკვიდრება ხდება, გარდაქმნებს განიცდის როგორც სოციალური, მენტალური და
ეკონომიკური სფეროები, ასევე პარტნიორული ურთიერთობებიც. ასეთი გარდაქმნები,
უპირველეს ყოვლისა, არყევს ამ ურთიერთობათა საფუძვლებს და მათ ექსპერიმენტების
ობიექტებად აქცევს. უკვე სულ უფრო იშვიათად ვხვდებით ოჯახურ ძალადობასა და
სისასტიკეს; ასევე შემცირდა მესაკუთრული ინტერესების ბოროტად გამოყენების
შემთხვევებიც. სამაგიეროდ, ადამიანები სულ უფრო მეტად ხდებიან თავიანთ
მატერიალურ სურვილებზე დამოკიდებულნი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკითხს, თუ
«რას სთავაზობენ» პარტნიორს. დიდი ხიბლი ენიჭება სოციალური მდგომარეობის
გამომხატველ სიმბოლოებს, რომელთა არსებობა (და ხშირად მათით ერთად «ტკბობა»)
ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი მოტივი ხდება.

პარტნიორული, სექსუალური ურთიერთობის მძიმე სურათი იქმნება, როდესაც ეს


ურთიერთობები განხორციელებული ფუნქციების მიხედვით ფასდება (მიღწეული
წარმატება, შესრულებული სამუშაოს შედეგი და ა.შ.). მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს
ადამიანური ურთიერთობების ცალკეულ სფეროებში (მაგალითად, სექსუალურ საკითხში)
და ახლა პროპაგანდას ჭეშმარიტი დასკვნების შედეგად მიღებულ თვალსაზრისებს უწევენ,
რომელთაც ნდობით ვეკიდებით. რაკი ნებისმიერი მეცნიერება საყოველთაო და მუდმივი
ნორმების დადგენას ცდილობს, ჩვენ, მეცნიერებისადმი რწმენით განწყობილ ადამიანებს,
სულ უფრო მეტად გვიპყრობს შიში, რომ ასეთი ნორმები ან არასაკმარისად გაგვაჩნია, ან ამ
ნორმებიდან, საერთოდ, ამოვარდნილნი ვართ. ამ საზომის გამოყენების შესაძლებლობა
ცხოვრებაშიც გადაჭარბებულად იქნა შეფასებული. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი
ინდივიდუალური თავისებურებები ვაღიაროთ, მთელი ყურადღება რატომღაც ამ ნორმებს
მივაპყარით, რომლებიც მხოლოდ «საშუალო ადამიანის» ქცევის გამოცდილებაზე
მიგვითითებს.
თუკი წინათ ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობებს ხშირად იდეალურ მოთხოვნებს
უყენებდნენ, დღეს მათი განსაზღვრა რაოდენობის მიხედვით ხდება. ადამიანის
სექსუალური პოტენცია და ორგაზმის უნარი წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობის
მოთხოვნად გადაიქცა. მეცნიერთა მიერ ჩატარებული საგანგებო გამოკვლევები იმ
საფრთხეს შეიცავს, რომ ადამიანზე დაკვირვების დროს უგულებელყოფს მის მთლიან არსს
და ცხოვრებაში სათანადო ადგილს არ მიუჩენს მას. 1900 წლისათვის გამოვლინდა უამრავი
ნევროზი, რომლის წარმოშობაც განდევნილი სექსუალური ინსტინქტებით იყო
განპირობებული.

21-ე საუკუნეში არ შემცირებულა შიშით გამოწვეული იმ ნევროზების ოდენობა, რომლებიც


ვერ აკმაყოფილებს დაწესებულ ნორმებს. ისმის საკითხი – რა აუცილებელი პირობებია
საჭირო ამ ნორმების დასაკმაყოფილებლად? სასწრაფოდ გვჭირდება ისეთი მეცნიერება,
რომელიც სპეციალურ სფეროებში ჩატარებული დაკვირვებების მიღმა, ადამიანის სულიერ
ცხოვრებასთან კავშირსაც დაინახავს და მონაცემებს არა მხოლოდ სტატისტიკურად
დაითვლის, არამედ მათ საფუძველზე გარკვეულ ნორმებსაც შექმნის. რაც უფრო
მატერიალური თვალსაზრისით მივუდგებით ამ საკითხს, მით უფრო დიდია საფრთხე, რომ
ამ დროს პარტნიორულ ურთიერთობებშიც ფეხს მოიკიდებს წარმოდგენები საკუთრებაზე,
გამოხატული ფორმულით: «შენ მე მეკუთვნი» ან «შენ ჩემი საკუთრება ხარ».
«საკუთრებაზე» ამგვარი პრეტენზია პარტნიორის დაკარგვის შიშის დაძლევის ახალ
ფორმას წარმოადგენს. მაგალითად, ქორწინების ლეგიტიმაციამ განაპირობა ამგვარ
«საკუთრებაზე» არსებული წარმოდგენების დაცვა, თუმცა საქორწინო კონტრაქტი ხშირად
ამ საკითხის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა. მასში მოცემული უნდა ყოფილიყო
პირობა, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას აღიარებდნენ;
სინამდვილეში ეს ხელშეკრულება გადაიქცა განსაზღვრული უფლება-მოვალეობის
შემცველ დოკუმენტად, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, როდესაც ურთიერთობებში
ბზარი ჩნდებოდა. ამ დროს უმთავრესი მიზეზი ეჭვიანობა იყო. რაც უფრო დაჟინებით
ცდილობს ადამიანი, რომ პარტნიორის ერთადერთი მფლობელი იყოს, მით უფრო მეტად
ეჭვიანობს, და ამ ეჭვიანობით სულ უფრო ავიწროებს პარტნიორს. ამგვარმა ქმედებებმა,
შესაძლოა, გროტესკული ფორმები მიიღოს, მაგრამ, სავარაუდოა, რომ პარტნიორი,
რომელსაც ასე ექცევიან, უთუოდ გამოამჟღავნებს თავისუფლებისაკენ სწრაფვის სურვილს.
კომპლექსური სიყვარული

ოთხი-ექვსი წლის ასაკიდან პატარა ნელ-ნელა უკან იტოვებს ბავშვობას, პიროვნებად


ჩამოყალიბებას იწყებს და საკუთარ მშობლებს გარკვეულ პრეტენზიებს უყენებს.
განვითარების ამ ფაზაში იგი ადამიანებს შორის სასურველს ეძებს და უწინდებურად აღარ
ემორჩილება მშობლების მოთხოვნებსა თუ აკრძალვებს. ახლა ბავშვს უკვე უჩნდება
სურვილი, რათა მას სერიოზულად აღიქვამდნენ; ამასთან, მოელის, რომ მისი მშობლებიც
სანდო პიროვნებები არიან და არა ავტორიტარული ფუნქციონერები ან ცხოვრებაში
ხელმოცარული ადამიანები. განვითარების ამ სტადიაზე ბავშვი საკუთარ სქესსაც
შეიცნობს. ადრეულ წლებში იგი სქესებს შორის განსხვავებას ვერ აცნობიერებდა და მას
მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მოგვიანებით ბავშვი უკვე დიდ სიფრთხილეს იჩენს
ყველაფრის მიმართ, რაც მის გარშემო ხდება, უფრო მეტად ინტერესდება გარესამყაროთი.
მას შეუძლია დაკვირვება აწარმოოს საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებზე, შეადაროს ისინი
ერთმანეთს და ამ ყველაფრის გამოსახატავად გამოიყენოს ყველაზე დიდი უნარი –
საკუთარი ენა. ეს მას საშუალებას აძლევს, შეიცნოს თავისი შინაგანი განვითარებისა და
გარესამყაროსთან ურთიერთობის პროცესი, რაც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან
ნაბიჯს წარმოადგენს.
როგორც აღინიშნა, ამ წლებში ბავშვი აშკარა ცნობისმოყვარეობას იჩენს სქესის მიმართ;
ამასთან, მის ინტერესს იწვევს ადამიანის ჩასახვისა და დაბადების საიდუმლოება. იგი
ცდილობს გაიგოს, საიდან ჩნდებიან ბავშვები? როგორ აღმოჩნდებიან ისინი დედის
მუცელში? ამ კითხვებს პატარა პირდაპირ ან შენიღბულად სვამს და მათზე პასუხის გაცემას
მოითხოვს. თუ მშობლები თავს არიდებენ მის შეკითხვებს ან მიკიბულ-მოკიბულად
უპასუხებენ, ამით ზიანს აყენებენ პატარაში ეს-ესაა გაღვიძებულ სქესობრივ ინსტინქტს.
იგი ამ დროს გრძნობს, რომ არასასურველ შეკითხვებს სვამს, და მშობლები მათზე პასუხის
გაცემას თავს არიდებენ ან ცრუობენ. შესაძლოა, ბავშვმა, საერთოდ, ვეღარ გაბედოს მსგავსი
შეკითხვების დასმა და საკუთარი «თეორიები» შექმნას. მაგალითად, მას შეუძლია
იფიქროს, რომ ბავშვები ჭიპიდან ან ნაწლავიდან ჩნდებიან; მათ ასევე ხშირად ჰგონიათ,
რომ ისინი კოცნის შედეგად იბადებიან და ა.შ.
ამგვარი მოპყრობის შედეგად, ბავშვი ხშირად გულუბრყვილო იზრდება, რადგან ფერხდება
მისი სწრაფვა თვითგამორკვევისა და ახლის შეცნობისადმი. ამ დროისათვის იგი აღმოაჩენს
სხეულის აკრძალულ ნაწილებს და ისეთ ქმედებებს, რომელთა შესახებ კითხვის დასმას ვერ
ბედავს; მაგრამ, თუ ცნობისმოყვარეობა სძლევს და ამის გაგებას მაინც შეეცდება, ამას
შიშისა და დანაშაულის გრძნობით სჩადის, რადგან იცის, რომ რაღაც ტაბუს არღვევს.
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულებში, ბავშვის აღზრდის დროს, მშობლები,
საერთოდ, არ ეხებოდნენ სქესთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან იმხანად ეს თემა
მკაცრად ტაბუირებული იყო. როგორც ითქვა, გავრცელებული აზრის თანახმად, თუ
ადამიანი თავის მშობლებს შიშვლებს დაინახავდა, აუცილებლად დაბრმავდებოდა. ეს
კურიოზული ფაქტი მოწმობს, თუ რამდენად საშიშია ამგვარი ცრურწმენების არსებობა. ეს
მოზარდს ზღუდავს, იგრძნოს თავისი სხეულის ხილვით გამოწვეული სიხარული.
საკუთარი სქესის გაცნობიერებით მას ექმნება გარკვეული განწყობა სხეულისადმი, ამიტომ
ამ პერიოდში, შესაძლოა, მას ადრევე გაუჩნდეს საკუთარი სქესის მიმართ სიამაყის,
სირცხვილის ან უხერხულობის გრძნობა; ეს კი ნეგატიურად იმოქმედებს ბავშვის
სიყვარულის უნარის განვითარებაზე.
ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე დიდ როლს ასრულებს ინსტინქტები, რომლებიც მის
მომავალ «სასიყვარულო ურთიერთობაში» აუცილებლად გამოვლინდება. ესენია ბავშვის
სწრაფვა – ვიღაცაში რაღაც «დაინახოს» ან ვიღაცას რაღაც «დაანახოს». ბუნებრივია, ბავშვი
ცდილობდეს, დამალულის, დაფარულის მიღმა რაღაცის დანახვას და აღმოჩენას. ასევე
ბუნებრივია მისი საქციელი, როდესაც სურს, სხვას დაანახოს საკუთარი თავი. თუ ბავშვის
ეს მიდრეკილებები მკაცრად ტაბუირებულია, ამან, შესაძლოა, მომავალში დიდი ზიანი
მიაყენოს, უპირველეს ყოვლისა, იმ თვალსაზრისით, რომ გაზვიადებულად შეიგრძნობს
სირცხვილს და დანაშაულის გრძნობა ადვილად დაეუფლება.
ბუნებრივია თუ არა სირცხვილისა და დანაშაულის განცდა და რამდენად საჭიროა იგი
ადამიანისათვის? ამას საზოგადოება დაადგენს, რომელსაც თავისი წესრიგი და ადათ-
წესები გააჩნია. მათგან თავის დაღწევას ხშირად ის პიროვნებებიც ვერ ახერხებენ,
რომლებიც ამ ადათ-წესების საჭიროებას ვერ ხედავენ და ეწინააღმდეგებიან მათ.
მართალია, ამ შემთხვევაში სირცხვილის გრძნობაზე ვლაპარაკობთ, რომელიც უმთავრესად
ჩვენს ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას ეხება და არავითარ აღზრდას არ
საჭიროებს, მაგრამ სხვადასხვა კულტურაში დადგენილი სირცხვილის გრძნობის
საზღვრები მაინც ძალიან განსხვავებულია.
ძნელია თქმა, რა პოზიტიური მხარეები აქვს სექსუალური გრძნობების ტაბუირებას;
სამაგიეროდ, ბევრად უფრო ადვილია მისი ნეგატიური შედეგების დანახვა. ამას არაფერი
აქვს საერთო სექსის სრული თავისუფლების აღიარებასთან, რაც ზოგიერთებს დიდ
სიკეთედ მიაჩნიათ. ძნელია გაიგო, ერთი მხრივ, რას ნიშნავს ადამიანის თავისუფლება,
ხოლო მეორე მხრივ, დაადგინო, რა შედეგები მოჰყვება ტაბუს. ადამიანები თავისუფლებას
ხშირად თვითნებობასთან აიგივებენ, ხოლო ტაბუს ბოროტად იყენებენ ვისიმე სიცოცხლის
ხელყოფისა და ძალადობის მიზნით. მაშ, სად გადის გონივრული ზღვარი თავისუფლებასა
და აუცილებელ შეზღუდვებს შორის? რის საფუძველზე შეგვიძლია ამ დროს
გადაწყვეტილებათა მიღება? რა თქმა უნდა, ამოსავალი არ შეიძლება ინსტინქტები იყოს,
რადგან, ასეთ შემთხვევაში, უკვე დიდი ხანია, ვიპოვნიდით უტყუარ გამოსავალს.
შეუძლებელია გამოცდილებაზე დაყრდნობაც, რამდენადაც იგი სხვადასხვა პირობაზეა
დამოკიდებული და, შესაბამისად, იცვლება. ამ დროს საკუთარ თვალსაზრისსაც ვერ
მოვიშველიებთ, რადგან ის შეზღუდულ არეალს მოიცავს. ამასთან, აუცილებელია,
თავისუფლებისა და ტაბუს ცნებების დადგენა, ვინაიდან მათი გამოყენების საჭიროება
განსაზღვრავს როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე მთელი საზოგადოების განვითარების
გზას.
ნებისმიერი კულტურა თავად ქმნის თავისუფლებისა და ტაბუს გამოყენების მასშტაბებს,
რომლებიც მას თავისი შემდგომი განვითარებისთვის სჭირდება, ან ჰგონია, რომ სჭირდება.
ისტორიის განვითარებას თუ მივადევნებთ თვალს, დავინახავთ, რომ თავისუფლებისა და
ტაბუს საკითხებში უკიდურესობის გამოვლინებას, ჩვეულებისამებრ, სხვა უკიდურესობები
ჩაენაცვლება ხოლმე. ასე და ამგვარად, სექსუალური თავისუფლებისა და ტაბუს
გაუქმებისკენ სწრაფვა უთუოდ იმის შედეგია, რომ წინა თაობების მიერ ეს საკითხი
მკაცრად ტაბუირებული იყო. ჩვენი შეცდომებიდან და ქცევის შედეგებიდან გამომდინარე,
რა თქმა უნდა, ვსწავლობთ, რომ ასე აღარ უნდა მოვიქცეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ვერ
ვაცნობიერებთ, რომ უკეთ მოქცევა ბევრად უფრო ძნელია.
ახლა დავუბრუნდეთ ბავშვის სწრაფვას, როდესაც იგი ცდილობს, «ვიღაცაში რაღაც
დაინახოს» ან «ვიღაცას რაღაც დაანახოს». სად გადის ზღვარი, ერთი მხრივ, «ბუნებრივ»,
ჯანსაღ გრძნობასა და, მეორე მხრივ, მეტისმეტ მორცხვობას შორის? რისი უფლება უნდა
დავრთოთ და რა ავუკრძალოთ აღზრდის პროცესში შვილებს? გონივრული ზნეობრივი
კოდექსით თუ ვიხელმძღვანელებთ, ალბათ, სწორი იქნებოდა, გვეთქვა: ბავშვის სწრაფვა –
«ვიღაცაში რაღაც დაინახოს» ან «ვიღაცას რაღაც დაანახოს» – უნდა აღვიქვათ ისე, როგორც
ამ ასაკისათვის დამახასიათებელი, ადეკვატური მოთხოვნილება (რადგან ამ სწრაფვის
რეგულირება ბუნებრივად ხდება, თუკი მას არ თრგუნავენ ან ხელოვნურად არ იწვევენ). არ
შეიძლება ბავშვში რაიმესაკენ სწრაფვა დავაჩქაროთ, რომელიც თავისთავად უნდა
მომწიფდეს. თუ ამ ინსტინქტების დათრგუნვას ან მათ ძალით გამოხმობას შევეცდებით,
ისინი ფეხს ღრმად მოიკიდებენ და, «აკრძალული ხილის» პრინციპით, უფრო
მიმზიდველნი გახდებიან. ბავშვის განვითარებისათვის საჭირო იმპულსების დაგროვებას
სწორედ მათი დათრგუნვა იწვევს, რის შედეგადაც მოგვიანებით ბევრად უფრო
ინტენსიურად გამოვლინდება ხოლმე. თავში – «სექსუალობა და სიყვარული» უკვე
აღვნიშნეთ, რომ ბავშვის სწრაფვა – «ვიღაცაში რაღაც დაინახოს» ან «ვიღაცას რაღაც
დაანახოს», ეროტიკული ტკბობის სფეროს განეკუთვნება. ჩვენთვის სასურველ საგნებსა და
მოვლენებს განა თავდაპირველად თვალით არ აღვიქვამთ?! მოდების ჩვენების დროს
ამგვარი ტკბობისაკენ სწრაფვა ჩვენში ფარულად იჩენს თავს. ადრეულ ასაკში ამ სწრაფვის
პირველი გამოვლინება ადასტურებს ბავშვის მიკუთვნებულობას რომელიმე სქესისადმი,
რითაც საკუთარი მამაკაცურობის ან ქალურობის განწყობას უქმნის. ფსიქოანალიზმა
მოგვიანებით დაადგინა, რომ პატარა, განვითარების ამ ეტაპზე, თავისებურად ეჯახება
საპირისპირო სქესს. გოგონა ცდილობს მამის ყურადღება მიიპყროს და მეტოქეობა გაუწიოს
დედას, ხოლო ბიჭს დედის გულის მოგება სურს და უპირისპირდება მამას. მსგავსმა
ურთიერთობამ, შესაძლოა, და-ძმებს შორისაც იჩინოს თავი. ამგვარი ოჯახური
კონსტელაციების სწორ გააზრებაზეა დამოკიდებული, რამდენად ჯანსაღად და
დადებითად შეასრულებს შემდგომში ადამიანი საკუთარი სქესით განჩინებულ როლს. ამ
სიტუაციიდან გამომდინარე, დადგინდება, მომავალში ბიჭი ან გოგონა იგრძნობს თუ არა
თავს სიყვარულის ღირსად, მიიჩნევს თუ არა, რომ სიყვარულის უნარი გააჩნია, შეძლებს
თუ არა, ჯანსაღად გამოავლინოს მამაკაცური ან ქალური ბუნება საკუთარი თავისა და სხვა
ადამიანების მიმართ?
ბავშვის შემდგომი განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რა
გამოცდილებას მიიღებს იგი მშობლებთან და და-ძმებთან ურთიერთობისას, რა ნიშნების
მიხედვით შეიგრძნობს თავის მამაკაცობას თუ ქალობას, როგორ მოახდენს საკუთარ
იდენტიფიკაციას ან რამდენად მოახერხებს ამ დროს «მშობლებთან დაახლოებას».
სიმწიფის ასაკში შესვლისას მოზარდი თავს უყრის აქამდე მიღებულ გამოცდილებას და
იყენებს მას პარტნიორებთან ურთიერთობისას. სწორედ პატარის განვითარების აღნიშნულ
ფაზაში ეყრება საფუძველი იმას, თუ როგორ შეარჩევს იგი მომავალში პარტნიორს, რა
განწყობა ექნება მამაკაცის, ქალისა თუ სექსუალობის მიმართ, როგორ გამოავლენს
სიყვარულის უნარს და როგორ მოეკიდება საკუთარ პიროვნულ თვისებებს. განვითარების
სწორედ ამ ეტაპზე გაიდგამს ფესვებს სიყვარულის უნარი, ხდება მისი შემდგომი
კომპონენტის – საკუთარი სქესის შეცნობა და გამოიკვეთება სწრაფვა საპირისპირო
სქესისადმი.
სიყვარულის უნარს ამ დროს ზოგიერთი საფრთხეც ემუქრება. ერთ-ერთია ის, რომ ბავშვი
ძალიან მიჯაჭვულია მშობლებზე და მისი სექსუალური მიდრეკილებები ადრე ვლინდება.
მაგალითად, იგი ამჩნევს, რომ მისი კეკლუცი ან თავხედური საქციელი გარშემომყოფთა
მოწონებას იმსახურებს, ამიტომ სულ უფრო ხშირად იქცევა ასე და იმედი აქვს, რომ ამით
თავისას ყოველთვის გაიტანს. ანდა, ვთქვათ, გოგონა გრძნობს, რომ მამისადმი ალერსიანი
მოპყრობით შეუძლია მის თვალში დაჩრდილოს დედა ან ძმები. ასეთ დროს ვაჟიც
ცდილობს, დედის მიმართ მესაკუთრული უფლებები გამოავლინოს და ამით წამყვანი
ადგილი დაიმკვიდროს. როდესაც გამწვავებული ურთიერთობისას ცოლ-ქმარი ბავშვს
პარტნიორის შემცვლელის ფუნქციას გარდამავალ ასაკში აკისრებს, ამ დროს მისი
გრძნობები ეროტიზირებას განიცდის; შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვაჟიშვილი დედაზე,
ქალიშვილი კი მამაზეა მიჯაჭვული. ასეთი ურთიერთობა განსაკუთრებით თავს იჩენს
პარტნიორთან დაშორების ან მისი სიკვდილის შემთხვევაში. ერთ-ერთი მშობლის
ეგოიზმის გამო, ქალიშვილს ან ვაჟიშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ასეთ
ვითარებაში იზრდებოდა, შიში იპყრობს პარტნიორის წინაშე და მასთან ახლო
ურთიერთობის დამყარებას ვერ ბედავს.
უარესი შედეგები მოჰყვება ისეთ ურთიერთობას, როდესაც განვითარების ამ სტადიაზე
ბავშვს საპირისპირო სქესის მშობელი უარყოფს და არ აღიარებს. ამ შემთხვევაში ბავშვს,
შესაძლოა, არასრულფასოვნების გრძნობა გაუჩნდეს და, თუ მისი უარყოფა გარდამავალ
ასაკშიც განმეორდა, მას საკუთარი სიყვარულის უნარისადმი ნდობა მთლიანად შეერყევა.
დედის მიერ უარყოფილ ვაჟიშვილს ქალების მიმართ უნდობლობისა და შიშის, ხშირად კი
სიძულვილის განცდაც ეუფლება, რაც შემდგომ, შესაძლოა, მისი არაჯანსაღი ქცევის
საფუძველი გახდეს. მამის მიერ უარყოფილ ქალიშვილს საკუთარი ქალურობის მიმართ
არასრულფასოვნების გრძნობა უჩნდება, რაც მამაკაცებისადმი სიძულვილსა და მტრულ
დამოკიდებულებაში გადაეზრდება. არის შემთხვევები, როდესაც მამაზე გაბრაზებული
ქალიშვილი ნებისმიერ მამაკაცთან ურთიერთობაზე თანხმდება; ეს მამაკაცი, შესაძლოა,
მამამისის მეგობარიც იყოს. ქალიშვილი ფიქრობს, რომ ამით შურს იძიებს მასზე. იგი მამის
შერცხვენას და მასზე შურისძიებას ისახავს მიზნად მაშინაც, როდესაც ისეთი სოციალური
ფენის ან კულტურული წრის მამაკაცზე თხოვდება, რომელიც მამისთვის მიუღებელი და
განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია.
მერე მამა, ჩვეულებრივ, მემკვიდრეობის ჩამორთმევით ან ოჯახიდან გაძევებით სჯის
ქალიშვილს.
არის შემთხვევები, როდესაც ვაჟიშვილი ან ქალიშვილი ე.წ. ოჯახური «სამკუთხედის
ურთიერთობაში» ერთვება. ასეთ დროს მამა, ცოლთან შედარებით, ქალიშვილს ანიჭებს
უპირატესობას, ხოლო დედა აშკარად უკეთ ექცევა ვაჟიშვილს, ისე, რომ ეს უკანასკნელი
მამას სერიოზულ მეტოქედ სულაც არ აღიქვამს. ამგვარი ურთიერთობის შედეგები იმაში
იჩენს თავს, რომ მოგვიანებით ვაჟიშვილი ესწრაფვის სხვის ცხოვრებაში შეჭრას და
მეგობრისთვის ცოლის წართმევას. მამისა და ქალიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი შედეგია
მოსალოდნელი – ქალიშვილი ცდილობს, ვინმეს ქმარი წაართვას და ასე დაიბრუნოს
ბავშვობისდროინდელი ოჯახური სიტუაცია, რომელიც მას დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა.
მაგრამ, მიზნის მიღწევის მიუხედავად, ქალი ხშირად ხელმოცარული რჩება: ღმერთი,
ჩვეულებრივ, სამართლიანია და ადამიანი, რასაც დასთესს, იმასვე იმკის ხოლმე.
ცხოვრების მრავალფეროვნების აღწერა ტიპური მაგალითებით შეუძლებელია; მაგრამ
ზემოთქმულის შემდეგ, ალბათ, ცხადი გახდა, თუ რამდენად მჭიდროდ ვართ
დაკავშირებული ჩვენსავე წარსულთან, თუმცა არ ვიცით, როგორ ხდება ჩვენში ამ
ქვეცნობიერის იძულებით განმეორება, რატომ ვცდილობთ, ვიპოვოთ ის, რამაც ერთ დროს
კმაყოფილება მოგვგვარა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილი, მისი სქესიდან
გამომდინარე, არც ძალიან მიიჯაჭვოს საკუთარ თავზე და არც სულ უარი თქვას მასზე.
როდესაც ოჯახში აშკარა უპირატესობას ქალიშვილს ან ვაჟიშვილს ანიჭებენ, ანუ მათგან
ერთ-ერთი უფრო დიდი სიყვარულით სარგებლობს, მშობლები ცდილობენ,
სამართლიანობა დაიცვან და დანარჩენ შვილებს ეს არ აგრძნობინონ. მაგრამ მათი
მცდელობა ამაოა, რადგან მაინც თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ისინი ამ დროს სიყვარულსა და
სიმპათიას არათანაბრად ანაწილებენ. ასე იქცევიან მშობლები და შვილები ერთმანეთის
ბედისწერად. ამგვარად, ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლებს ერთი შვილი სხვებზე
მეტად უყვართ. მაგრამ ამ დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ოჯახი ჩაკეტილ,
ინცესტურ სისტემას არ წარმოადგენს და მშობლები შვილებს აძლევენ შესაძლებლობას,
პარტნიორი ოჯახის გარეთ ეძებონ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადრეული ბავშვობისას მიღებული გამოცდილება და საკუთარი
თავისა თუ საპირისპირო სქესის მიმართ შექმნილი განწყობა გარდამავალ ასაკში კვლავ
იჩენს თავს, მაგრამ ეს განწყობა ახლა უკვე ინტენსიური სექსუალობითა და მზარდი
პრეტენზიებით გამოირჩევა. ამ დროს ზოგიერთი ასეთი გამოვლინება შეიძლება
აღიკვეთოს, ზოგმა კი – მხოლოდ უარესი ფორმა მიიღოს. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდული
ხიბლითა და გულუბრყვილობით გამორჩეული მოზარდი გოგონა დედის ძლიერ მეტოქედ
გვევლინება. დედა ამჩნევს მიზიდულობის ნიშნებს მამასა და ქალიშვილს შორის და მას
მით უფრო აშინებს ქალიშვილის მეტოქეობა, რაც უფრო მეტად ხელმოცარულად გრძნობს
თავს საკუთარ ქორწინებაში. ასეთი დედა შვილში უამრავ უარყოფით თვისებას ხედავს,
ყოველნაირად ცდილობს, შეულახოს ქალური თავმოყვარეობა, ყოველ ნაბიჯზე აკრიტიკებს
და მისი დაჩრდილვა სურს. იგი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რადგან შვილივით
ახალგაზრდულად აღარ გამოიყურება და მასავით მოქცევაც აღარ შეუძლია. ისეთი
დედებიც არსებობენ, რომლებიც ხელს უწყობენ ქალიშვილის ამგვარ ურთიერთობას
მამასთან, რადგან ქმარი ამ დროს ოჯახთან ინტენსიურად დაკავშირებულია და სხვა ქალს
აღარ დაუწყებს ძებნას. ამ დროს ინცესტის ზღვარი იმ გარანტიას იძლევა, რომელიც სხვა
ქალთან მიმართებაში არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში დედა კმაყოფილია იმით, რომ
ქალიშვილის წყალობით საკუთარი ახალგაზრდობის იდენტიფიკაციას ახდენს; ქმარს კი ის
ახარებს, რომ ორი ქალი ერთდროულად ცდილობს მისი გულის მოგებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ მამის მდგომარეობა, არცთუ იშვიათად, არაერთგვაროვანია.
ქალიშვილმა, შესაძლოა, მასში, მართლაც, გამოიწვიოს არამამობრივი გრძნობები, რომელთა
გონივრული გააზრება მამის პიროვნულ სიმწიფეზეა დამოკიდებული. გოგონა საკუთარი
ქალურობის აღიარებად მიიჩნევს, თუ მამა მას მეთვალყურეობას უწესებს და ახალ
პარტნიორებთან ურთიერთობას უკრძალავს. თუ მამას ეშინია, რომ შვილს თავისი
იდუმალი გრძნობა გაანდოს, მაშინ შვილი მის წინააღმდეგ განეწყობა, უგულებელყოფს და
აკრიტიკებს მას. თუკი გოგონა იგრძნობს, რომ მამის მხრივ ეს თავდაცვითი საქციელია,
ამან, შესაძლოა, მძიმედ იმოქმედოს მისი, როგორც ქალის, თვითშეფასების უნარზე. ამ
დროს მას, შურისძიების მიზნით, შეუძლია ისეთი საქციელი ჩაიდინოს, რაც ქალიშვილსა
და მამას შორის დაძაბული ურთიერთობის დასაწყისი გახდება.
მსგავს სიტუაციაში ვაჟიც აღმოჩნდება ხოლმე. დედის ნაზი მოპყრობა მასში, უპირველეს
ყოვლისა, თვითშეფასების განცდას ზრდის. მამის ზურგს უკან მას შეუძლია მიიღოს
ყველაფერი, რასაც მოისურვებს. მაგალითად, დედა მას ჩუმად ასაჩუქრებს ფულით,
სამაგიეროდ, შვილი კალთაზე ჰყავს გამობმული და თანატოლ გოგონებთან ურთიერთობას
უშლის. ამ დროს ვაჟი, ერთი მხრივ, ხელსაყრელ მდგომარეობაშია, რადგან იცის, რომ
დედის საყვარელი შვილია, მეორეს მხრივ, ამ სიყვარულის საფასურად მამასთან
ურთიერთობა უნდა გაიფუჭოს. მამა კი ამ დროს ებრძვის შვილს, როგორც წარმატებულ
მეტოქეს, და მათი ურთიერთობა, შესაძლოა, საბოლოოდ გაფუჭდეს; მით უმეტეს, თუ ქალი,
შვილის თანდასწრებით, უგულებელყოფს მამას, რომელსაც ამ დროს წინააღმდეგობის
გაწევის უნარი არ გააჩნია. თუ ვაჟიშვილი მოგვიანებით მაინც პოულობს პარტნიორ
გოგონას, საერთო ჯამში, იგი მაინც დედაზეა «დაქორწინებული», რადგან ეს უკანასკნელი
მცდელობას არ აკლებს, რათა მომავალშიც წამყვან როლს ასრულებდეს შვილის
ცხოვრებაში. ასეთი დედა ოჯახში მხოლოდ ისეთ რძალს მიიღებს, რომელიც დედამთილს
სრულ მორჩილებას გამოუცხადებს და შვილთან ურთიერთობაში არანაირ საფრთხეს არ
შეუქმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რძალ-დედამთილს შორის იწყება სამკვდრო-
სასიცოცხლო ბრძოლა დევიზით – «ან მე, ან ის».
ქალიშვილს მამა აღმერთებს, ვაჟიშვილს კი – დედა; ეს სიყვარული ორივე შემთხვევაში ის
სახიფათო საჩუქარია, რაშიც შვილები სამომავლოდ დიდ საზღაურს იხდიან ხოლმე. ასეთი
დედა ვერ ეგუება, რომ მისი ვაჟის გვერდით აღმოჩნდება სხვა ქალი, რომელიც შვილთან
ურთიერთობაში ხელს უშლის; იგი შვილისთვის სიამოვნებით შეარჩევდა ისეთ
უმნიშვნელო პიროვნებას, რომელიც დედას მეტოქეობას ვერაფერში გაუწევდა. სწორედ
ამგვარი საქციელი გამოხატავს ყველაზე აშკარად დედის ეგოისტურ ბუნებას. მას ვერ
წარმოუდგენია, რომ, საძულველი ქალის გამო, შეიძლება შვილი დაკარგოს. მამა ამ დროს
ისეთ სასიძოს ეძებს, რომლის მიმართაც მისი ქალიშვილი თუმცა სიმპათიით იქნება
განწყობილი, მაგრამ მაინც იფიქრებს, რომ ვერავინ შეედრება მამას, რომელიც ქალიშვილს
გაცილებით მეტ სიკეთეს სთავაზობს, ვიდრე ამას სხვა ახალგაზრდა კაცი შეძლებდა.
ამასთან, მამა სიძეს აგრძნობინებს: იგი, ასე თუ ისე, მისი შემცვლელია, და უნდა უხაროდეს,
რომ პატივი დასდეს და მიიღეს ოჯახში. ასეთი მამა ყოველდღიურ ცხოვრებაში
მფარველობას უწევს სიძეს, თვითონ ჩრდილში დგომას ამჯობინებს, თუმცა ამ დროს
თავისი ქალიშვილის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ორივე შემთხვევაში შვილებს
უძნელდებათ პარტნიორებთან ურთიერთობა მშობლების მხარდაჭერის გარეშე; ნაცვლად
იმისა, რომ საკუთარ მეუღლეებს სათანადო პარტნიორობა გაუწიონ, «შვილის» როლს ვერ
თმობენ. მათი მეუღლეები კი ამ დროს არასრულფასოვან ადამიანებად გრძნობენ თავს და
მათთვის განკუთვნილი როლის შესრულება ძალიან უმძიმთ.
ამრიგად, განვითარების ამ ორივე ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ან
გარდამავალ ასაკში მყოფმა ახალგაზრდამ ჯანსაღი ურთიერთობა დაამყაროს როგორც
საკუთარ თავთან, ასევე პარტნიორთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაჟმა ან გოგონამ
პარტნიორების სახით ისეთი ადამიანები იპოვონ, რომლებსაც დამატებითი თვისებები
გააჩნიათ და შეუძლიათ, სიყვარულზე მზაობას სიყვარულითვე უპასუხონ. «დადებით
თვისებებში» ამ შემთხვევაში არ იგულისხმება განსაკუთრებული, მაღალგანვითარებული
ინტელექტი ან ცხოვრებაში მიღწეული წარმატებები. ამჯერად განსაკუთრებით დიდ
ღირებულებას ადამიანის სანდო ხასიათი, უპირველეს ყოვლისა კი, მისი გულწრფელი
ბუნება წარმოადგენს.
თუ ადამიანს სურს, რომ მხოლოდ ის კი არ უყვარდეთ, არამედ თავადაც შეეძლოს
შეყვარება, მან უნდა იგრძნოს – მშობლებს იგი სიყვარულის ღირსად მიაჩნიათ და საპასუხო
გრძნობაც რაღაცად უღირთ.
სიყვარულის ძიებაში

ისევე როგორც ყველაფერს, პარტნიორის არჩევასაც საწყისი ფაზა გააჩნია, თუმცა ხშირად
ვერ ვაცნობიერებთ, რომ ამ არჩევანის დროს იმ საათის ისრებს ვემორჩილებით,
პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობის პროცესს რომ აღნუსხავს. ამ დროს, ნებსით თუ
უნებლიედ, მიღებული გადაწყვეტილების მოტივაცია იმ საბედისწერო მომენტს შეიცავს,
რომელიც მით უფრო გაუგებარი და აუხსნელია, რაც უფრო სულმოუთქმელად გვსურს
ჩვენი წამიერი სურვილისა თუ მოთხოვნილების აღსრულება. ამ დროს უამრავი ტიპური
მოტივი არსებობს, რომელთა ახსნაც ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა ვერც ერთი
მათგანი ვერ დაგვეხმარება იმ პარტნიორის მოძებნაში, რამდენადმე რომ შეესაბამებოდეს
ჩვენს წარმოსახვაში შექმნილ სურათ-ხატს. ამ საქმეში ასევე ნაკლებად სავარაუდოა
კომპიუტერული გამოთვლებისა თუ მსგავსი საშუალებების ეფექტურობაც. თუმცა
ზუსტად პარტნიორის არჩევაში იმალება ის მიმზიდველი, ირაციონალური ძალა, რომელიც
არავითარ გამოთვლებსა და ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება. ფილიპ მეტმენი თავის
წიგნში – «მითოსი და ბედისწერა» წერს: «სიყვარულის არსი იმაში მდგომარეობს, რომ,
როგორც კი ეს გრძნობა შეგიპყრობს, უმალ მოჯადოებული ხარ. ამიტომ სიყვარულზე
მსჯელობა მხოლოდ მას შეუძლია, ვისთვისაც მის ჯადო-თილისმას გონება არ აურევია».
თუ როგორ შეარყევს ადამიანის გონებას ამურის ძლევამოსილი ხელის შეხება, ამაზე
პასუხის გაცემა ყველა დროისა და ხალხების სატრფიალო ლირიკის საგანია.
მაგრამ სიყვარულის განცდა ყველა ადამიანის ხვედრი როდია. ამის მრავალი მიზეზი
არსებობს და მათ შორის ისიც, რომ ადამიანს ცხოვრებაში არავინ შეხვდა ისეთი, ვინც მის
«მოჯადოებას» შეძლებდა.
თუ «ერთი ნახვით შეყვარებას» არ ჩავთვლით, რომელიც, ჩვენდა გასაოცრად,
მოულოდნელად გვატყდება ხოლმე თავს, მეტნაკლებად მაინც გამოიკვეთება ის
სასურველი სურათ-ხატი ან აშკარა თუ ბუნდოვანი მოტივაცია, რომელიც პარტნიორის
არჩევის დროს გავლენას ახდენს ჩვენზე და თავისთავად უკვე შეიცავს საბედისწერო
მომენტს. პარტნიორთან სასიყვარულო ურთიერთობის სურვილს არაფერი აქვს საერთო
მეოცნებე სიყვარულთან ან მის ახალგაზრდულ იდეალთან. ეს არჩევანი არც იმაზეა
დამოკიდებული, ადამიანს რეალურად ბევრი პარტნიორი ჰყავდა თუ ცოტა. ამ არჩევანით
იმ სურვილის გამჟღავნება ხდება, რომ ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ, ერთმანეთის
გვერდით გააგრძელონ ცხოვრება; ამ დროს კი დავეძებთ იმას, რაც არის «შენ», რომელიც
შეძლებს ჩვენი პიროვნების შევსებას. ეს ძიება ჩვენს სურვილსაც ეხმიანება, რომ საკუთარ
თავსაც და პარტნიორსაც ურთიერთსიყვარულის რეალიზაციაში ოპტიმალურად
დავეხმაროთ. ასეთი სიყვარული პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს იმ რწმენაზე, რომლის
არსებობასაც ერთმანეთში ვვარაუდობთ და ჩვენი შემდგომი განვითარების საწინდრად
მიგვაჩნია. ეს რწმენა მოთხოვნის ხასიათს ატარებს და მოგვიწოდებს, ყველა საქმეში
ჩავერთოთ, რომლებიც ორივე პარტნიორს მომწიფებულ ქმედებად ესახება და მათში
საუკეთესო გრძნობას გამოავლენს. ამ დროს ისინი გაგებით ეკიდებიან ერთმანეთის
გრძნობას და თანდათან უახლოვდებიან საკუთარი არსების იმ ნაწილს, რომელსაც «შენ»
ჰქვია. სიყვარულის ეს სახეობა პარტნიორების სიმბიოზს არ გულისხმობს; პირიქით, იგი
ქმნის პირობებს, რათა თითოეული მათგანი, რაც შეიძლება, უკეთ განვითარდეს. ესაა
სიყვარულის ის სრულყოფილი სახეობა, რომელიც მთლიანად გამოხატავს სიყვარულის
არსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს პარტნიორები, თავიანთი კეთილგანწყობით, ხელს
უწყობენ ერთმანეთის შემდგომ ზრდა-განვითარებას.
სწორედ ამას გულისხმობდა კარლ გუსტავ იუნგი, როდესაც წერდა: «შინაგანი
ინდივიდუაციისკენ კონკრეტული სწრაფვა თავდაპირველად ფარულად იმ სასიყვარულო
ლტოლვაში ვლინდება, რომელსაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ განიცდის. ამ დროს ეს
გრძნობა გასცდება საპირისპირო სქესისადმი სიმპათიის საზღვრებს და საბოლოოდ
საკუთარი ზღვარდადებული საიდუმლოსკენ მიემართება. ამიტომაცაა, რომ ვნებიანი
სიყვარულით შეპყრობილი ადამიანისათვის საყვარელ არსებასთან შერწყმა მისი
ცხოვრების ერთადერთ მიზანს შეადგენს».
რა თქმა უნდა, პარტნიორის არჩევა იმასაც გულისხმობს, რომ ამ დროს მეორე ადამიანს და
მასთან ურთიერთობას სერიოზულად ვეკიდებით, და, საერთოდაც, იქით მივისწრაფვით,
რომ ამით ჩვენი პიროვნების შემდგომ განვითარებას შევუწყოთ ხელი. ამავე დროს ისიც არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიყვარული და პარტნიორთან თანაცხოვრება ყოველთვის არ
ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ, თუ ეს ორი პირობა ერთდროულად არსებობს, სიყვარულს
უმაღლეს დონეზე შეუძლია აღსრულება. უნდა ითქვას, რომ საძიებელი პარტნიორის
სურათ-ხატს ნებისმიერი ჩვენგანი ატარებს გულში და მის პოვნას მოუთმენლად ელის.
მასთან შეხვედრა ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული და ეს მხოლოდ განგების
განჩინებით ხდება. ჩვენი თანამონაწილეობა ამ პროცესში იმით შემოიფარგლება, რომ
შეგვიძლია პარტნიორის ჩვენად აღიარების გადაწყვეტილება მივიღოთ. ამასთან, ადვილად
გვავიწყდება, რომ სიყვარული ქმედებაა და არა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით.
მერე კი რატომღაც გვგონია, რომ ეს ვითარება მუდმივად გაგრძელდება და მის
შესანარჩუნებლად აღარაფერი უნდა მოვიმოქმედოთ. სიყვარული სრულიად სხვაგვარად
გამოიყურება, როდესაც პარტნიორის შერჩევისას მატერიალური უზრუნველყოფის მოტივი
წამოიწევს წინა პლანზე და საყვარელი ადამიანისადმი წრფელი გრძნობა მნიშვნელოვანი
აღარ არის. ამ დროს მთავარ როლს ასრულებს პარტნიორის ისეთი თვისებები, როგორიცაა
შრომისმოყვარეობა, დამსახურება, შემოსავალი და უზრუნველყოფილი სიბერის
პერსპექტივა. ასეთი პარტნიორის არჩევის პროცესი იმ ხარჯთაღრიცხვის ნუსხას
მოგვაგონებს, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, ერთობლივ ინტერესებს გამოხატავს და
პარტნიორთა კმაყოფილებას იწვევს; უარეს შემთხვევაში ამგვარი მოტივით არჩეული
პარტნიორი «მეწველ ძროხად» გადაიქცევა, რომელსაც ისღა დარჩენია, თავის პარტნიორს
სამომავლოდ უზრუნველი ცხოვრების გარანტია მისცეს.
მაგრამ საძიებელი პარტნიორის სურათ-ხატში, შესაძლოა, იმ საბედისწერო ნიშნებსაც
წავაწყდეთ, სათავეს მის ბიოგრაფიაში რომ იღებს. საპირისპირო სქესის პიროვნებები,
რომლებსაც ყველაზე ადრე ვეცნობით, ჩვენთვის მშობლები, დები და ძმები არიან. ამიტომ
მათგან მიღებული შთაბეჭდილებები და გამოცდილება ხშირად გავლენას ახდენს
მომავალი პარტნიორის არჩევაზე. ამ გავლენამ, შესაძლოა, ორი კუთხით იჩინოს თავი:
ბედნიერი ბავშვობის პერიოდში მიღებული გამოცდილება გვიბიძგებს, იმ ადამიანის
მსგავსი პარტნიორი შევარჩიოთ, რომელთან ურთიერთობაც კარგად გვახსენდება და
სასიამოვნო გამოცდილებაც შეგვძინა. იმედგაცრუებასთან დაკავშირებული გამოცდილებაც
კი ისეთი პარტნიორის ძებნას გვაიძულებს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს
პიროვნებასთან, ვინც ერთ დროს იმედები გაგვიცრუა. და, რაკი საიმისოდ ვართ
განწყობილი, რომ წარსულში მიღებული გამოცდილება ახალ ადამიანებზე გადავიტანოთ,
ჩვენში გაუცნობიერებლად ხდება ამ წარსულის განმეორება. ბედნიერ ბავშვობაში მამის ან
ძმის წყალობით მიღებული გამოცდილება ქალს აიძულებს, პარტნიორში მათი მსგავსი
თვისებები ეძებოს, მამაკაცი კი საძიებელი ქალის თვისებების ინდენტიფიკაციას საკუთარ
დედასთან ან დასთან ახდენს. შესაბამისად, ქალი ან მამაკაცი, რომლებსაც ახლობელმა
ადამიანებმა იმედი გაუცრუეს და ნეგატიური გამოცდილება შესძინეს, ისეთ პარტნიორებს
ეძებენ, იმ ადამიანებს ნაკლებად რომ გაახსენებენ; ისიც კი სურთ, რომ საძიებელი
პარტნიორი სრულიად საპირისპირო ტიპს წარმოადგენდეს.
ამრიგად, საპირისპირო სქესთან ურთიერთობით მიღებული ადრინდელი გამოცდილება
ჩვენს გვიანდელ პარტნიორულ ურთიერთობებზე უმთავრესად ქვეცნობიერად აისახება.
საერთოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვობისდროინდელი ბედნიერი გამოცდილება
აადვილებს პარტნიორის პოვნას, რადგან საკუთარ თავში უკვე გაცხადებული გვაქვს იმ
საძიებელ სურათ-ხატთა ნუსხა, რომლის მიხედვითაც ვცდილობთ გარკვეული
თვისებებისა და ქცევის წესების მქონე პარტნიორის პოვნას. ასე შერჩეულ პარტნიორულ
ურთიერთობას სამომავლოდ კარგი შანსები აქვს, თუკი მშობლების მაგალითზე ადამიანმა
უკვე გამოსცადა ამგვარი პარტნიორული ურთიერთობის სიკეთე.
წარსულში მშობლებთან მძიმე, არასაიმედო ურთიერთობამ და იმედგაცრუებამ, შესაძლოა,
მთლიანად შეარყიოს პარტნიორისადმი ნდობა და მისი ძებნისას აღარ მოხდეს იმ სურათ-
ხატის გამოხმობა, რომლის პოვნის იმედიც უნდა გვქონოდა – ახლა მის ადგილზე ცარიელი
სივრცე დაგვხვდება. ბედნიერი ურთიერთობის კვლავ პოვნის სურვილით, მოგვიანებით,
შესაძლოა, კვლავ დავიწყოთ პარტნიორის შედარება პირველ სურათ-ხატთან და მისი ამ
საზომით შეფასება; შედეგი კი ის იქნება, რომ მისი თვისებები არ დაგვაკმაყოფილებს და
იმედგაცრუებულნი დავრჩებით, რადგან იგი იმ პირველ სურათ-ხატს ჩვენი წარმოსახვის
შესაბამისად ვერ გაიმეორებს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
ყოფილი პარტნიორით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ უფრო ფრთხილი და კრიტიკული
უნდა გაგვხადოს – პარტნიორი მხოლოდ ვიღაცასთან მსგავსების პრინციპით არ
შევარჩიოთ. ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის ჩვენს მზაობას, რათა მასზე
ბავშვობისდროინდელი უარყოფითი გამოცდილების პროეცირება მოვახდინოთ.
პარტნიორის არჩევის დროს უნდა შევეცადოთ აღნიშნული მოტივების კარგად
გაცნობიერებას, რადგან ისინი ამ პროცესს არეგულირებენ და, მათი კარგად გააზრების
შემთხვევაში, შესაძლოა, პარტნიორობა ზოგჯერ ვერც კი შედგეს. როდესაც საპირისპირო
სქესთან დაკავშირება ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე ხდება, ეს, ჩვეულებრივ,
პრობლემებს ქმნის. დღესდღეობით ასეთ შემთხვევებს უფრო იშვიათად ვხვდებით, ვიდრე
წარსულში ხდებოდა, როდესაც ქალის ინტიმური ცხოვრება მხოლოდ ქორწინებით
შემოიფარგლებოდა და იგი მამაკაცთან ურთიერთობას ყოველგვარი წინასწარი
გამოცდილების გარეშე იწყებდა; ამის შედეგი კი ხშირად უკვე ქორწინების პირველი ღამის
შემდეგ განცდილი იმედგაცრუება იყო. მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობის დიდხნობით
ჩახშობილი სურვილი ქალში საქორწინო ღამისადმი გადაჭარბებულ მოლოდინს,
გაურკვევლობის გრძნობას და შიშს აღძრავდა; თუ ამ დროს მამაკაციც გამოუცდელი იყო, ეს
მძიმეს, ან სულაც ტრაგიკულს ხდიდა ქალის მომავალ ცხოვრებას. ადრე დაწყებული
ინტიმური ურთიერთობა შემდგომი პარტნიორობისთვის პრობლემური ხდება
ქორწინებიდან კარგა ხნის შემდეგ. ამ დროს მეუღლეები იმ ასაკში შედიან, როდესაც ახალი,
მძაფრი განცდების მოლოდინი ნელ-ნელა ქრება. ისინი აცნობიერებენ, რომ სიცოცხლის
ბოლომდე ამ პირველ და ერთადერთ პარტნიორთან უნდა იყვნენ დაკავშირებული. ცოლ-
ქმრის ცხოვრების მეორე ნახევარში კრიზისი სწორედ წინა წლებში გამქრალი გრძნობების
ანაზღაურების პრეტენზიით იწყება, რასაც ხშირად განქორწინება მოსდევს.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო მართებულია თვალსაზრისი იმის თაობაზე,
რომ ორივე სქესის ადამიანებს, დასაშვები წარმოდგენების ფარგლებში, მეტი სექსუალური
თავისუფლება მივცეთ; თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარი ცვლილებების
განსახორციელებლად უამრავი სხვა პირობის დაკმაყოფილება იქნება საჭირო. ქალისთვის
წინასაქორწინო, ინტიმური ურთიერთობის აკრძალვის უმთავრესი მოტივი დაორსულების
საფრთხე იყო. იმ დროს ძირითად პრობლემას აბორტი წარმოადგენდა, რომელიც კანონით
მკაცრად ისჯებოდა; ამასთან, იგი ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა და
საზოგადოების, ოჯახის მხრივ გაკიცხვას იმსახურებდა. ამიტომ ორსულობისაგან თავის
დაცვა ბევრად უფრო დიდ პრობლემებს ქმნიდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ჩასახვის
საწინააღმდეგო საშუალებების გამოგონებამ ხელი შეუწყო ქალის სწრაფვას
ემანსიპაციისაკენ, რადგან ამიერიდან იგი თავისუფლდება ძველი შიშებისაგან და შეუძლია
საკუთარი სხეულის ბატონ-პატრონი გახდეს. ბუნებრივია, ქალს ეს ვითარება უფრო
დამოუკიდებელს ხდის, რადგან ამგვარად მოპოვებული თავისუფლება გავლენას
ცხოვრების სხვა სფეროებზეც ახდენს და აიძულებს მამაკაცს, გადახედოს ქალის მიმართ
დამოკიდებულებას, ახლებურად ააწყოს მასთან ურთიერთობა.
«თანასწორუფლებიანობის» ცნება სქესთა თანასწორობის მხოლოდ იურიდიულ მხარეს
გულისხმობს. ამიტომ უფრო სწორი იქნებოდა, თუ მას «თანასწორღირებულებიანობის»
ცნებით შევცვლიდით, რადგან ეს უკანასკნელი თავის თავში «თანასწორუფლებიანობასაც»
მოიცავს. სწორედ ამ ცნების დამკვიდრებამ გამოიწვია სქესთა შორის ურთიერთობის
შეცვლა. მაგრამ რამდენად იყო ემანსიპაციური მოძრაობა ამ ცვლილებათა მიზეზი ან
შედეგი? ეს მოძრაობა გუშინ და დღეს არ დაწყებულა, მაგრამ, ფაქტობრივად, მხოლოდ
ახლა იწყებს უფლებების მოპოვებას. ეს შესაძლებელი, ალბათ, იმის გამოც გახდა, რომ ამ
დროისათვის უამრავმა სხვა ფაქტორმა მოიყარა ერთად თავი. ინდუსტრიულ
საზოგადოებაში მცირერიცხოვანი ოჯახების არსებობა ქალს მეტ დროსა და თავისუფლებას
აძლევს. ადრე ქალს, როგორც წესი, ათი ან მეტი შვილი ჰყავდა, რაც მას ოჯახში დიდ
ვალდებულებებს აკისრებდა; ამავე მიზეზით მისი სიცოცხლე ხშირად მეტად ხანმოკლე
იყო. ინდუსტრიის განვითარება უამრავ მუშახელს მოითხოვდა და ქალები იაფფასიან
სამუშაო ძალას შეადგენდნენ (სამწუხაროდ, ეს ხშირად ახლაც ასეა). მერე ქალებმა
გააცნობიერეს, რომ მამაკაცები მათ უსამართლოდ ექცეოდნენ და ჩაგრავდნენ, ეს კი
ემანსიპაციისათვის კიდევ ერთი მოტივი იყო, რომელიც «სქესთა შორის სიძულვილს»
აღვივებდა.
პარტნიორის ასარჩევად დროის «სწორად» შერჩევა პრობლემას წარმოადგენს. სქესებს
შორის ინტიმური თავისუფლების დაგვიანებით გამოცხადების შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ
პირველი სიყვარული ხანგრძლივი პარტნიორობის საწინდარი უნდა ყოფილიყო, და ამ
დროს ქალწულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საკითხისადმი ასეთი
დამოკიდებულება პარტნიორის თავისუფლად შერჩევას მნიშვნელოვნად ართულებდა,
რადგან «ქალწულობადაკარგული» ქალი საზოგადოებისა და მამაკაცის თვალში
არასრულფასოვნად აღიქმებოდა.
ქალის «უბიწოებაზე» უჩვეულო წარმოდგენებთან ერთად მამაკაცის პატივმოყვარეობამაც
იჩინა თავი. მას გაუჩნდა პრეტენზია, რომ უბიწო ქალზე დაქორწინებულიყო და მისთვის
პირველი მამაკაცი ყოფილიყო. ამას დაერთო მამაკაცის ეჭვიანობა მის წინამორბედებზე,
რაც, არცთუ იშვიათად, დაკავშირებულია შიშთან, რომ მას ვინმეს შეადარებენ და ამიტომ
ერთადერთი და განუმეორებელი ვერ იქნებოდა. საპირისპირო სქესთან ურთიერთობის
პირველი გამოცდილება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდა ამ დროს ჩვეული
გარემოდან თავის დაღწევას ცდილობს. მას შეუძლია, ოჯახის გარეთ იპოვოს სიმპათიური
ადამიანები, რომლებიც მას განვითარების ახალ შანსს მისცემენ. რაკი ქალს, პირველი
ინტიმური შეხვედრისთანავე, ამ ურთიერთობისათვის სერიოზული სახე უნდა მიეცა, იგი
იძულებული იყო, ოჯახიდან წასულიყო. ქალის ამგვარი საქციელი ეჭვქვეშ აყენებდა მის
მტკიცე ურთიერთობას მამაკაცთან, რასაც ხშირად მოჰყვებოდა ხოლმე იმედგაცრუება და
ტრაგიკული დასასრულიც კი, რადგან ქალი, გარკვეული მიზეზების გამო, ამ
ურთიერთობას თავს ვეღარ აღწევდა. ამიტომ შილერის გამონათქვამი – «კარგად აწონ-
დაწონე, ვიდრე თავს სამუდამოდ დაუკავშირებ ვინმეს» – უწინდებურად აქტუალურია,
მაშინაც კი, როდესაც სამუდამო ურთიერთობაზე არ არის საუბარი. მაგრამ, როგორ უნდა
აწონ-დაწონოს წესიერი ოჯახიდან გამოსულმა გოგონამ პარტნიორთან მომავალი
ურთიერთობა, თუ მას მხოლოდ ზედაპირულად იცნობს და მარტო ის იცის, რომ მის
თაყვანისმცემელს კარგი საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობა, ოჯახური
პირობები და პროფესია აქვს? განა ქალს ეს ყველაფერი მამაკაცის სიყვარულზე რამეს
ეუბნება?
მართალია, ზოგიერთ კულტურაში (და ოჯახშიც) არსებობს ტრადიცია, რომლის
თანახმადაც, შვილებისათვის მშობლები ირჩევენ პარტნიორებს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი,
არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენად უკეთესი ან უარესი
შედეგები აქვს ამგვარ პრაქტიკას პარტნიორის თავისუფალ არჩევანთან შედარებით.
ამგვარი სტატისტიკის არსებობის შემთხვევაშიც აღნიშნული მონაცემები მაინც ვერ
გამოხატავდა რეალობას, რადგან ეს უკანასკნელი სოციალურ-კულტურულ ფაქტორებთანაა
დაკავშირებული.
თუ რომელიმე კულტურაში საყოველთაოდ მიღებულია წესი, რომ ქორწინება
ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის საფუძველზე მოხდეს, და პარტნიორის
არჩევის თავისუფლება შეზღუდულია, უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ქორწინება, ავად თუ
კარგად, ერთმანეთს ჰგავს. აქ გამონაკლისი შეიძლება რომეოს და ჯულიეტას წყვილი იყოს,
რომელიც ამ წესს მსხვერპლად შეეწირა. თუკი რომელიმე კულტურაში ინდივიდების მიერ
მიღებული გადაწყვეტილების თავისუფლება ისეთ ღირებულებად იქცევა, რომ მას
საზოგადოებრივ ნორმებზე მაღლა დააყენებენ, ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ. მაგრამ
შევძლებთ კი ამ გზით პარტნიორული ურთიერთობა უფრო კეთილსაიმედო გავხადოთ? ეს
საკითხი კვლავ ღიად რჩება. მყარი ურთიერთობის შემთხვევაში, პარტნიორებს მაინც
ყოველთვის ექნებათ პრობლემები, რადგან როგორებიც ვართ, ისეთები ვართ, და ძალიან
განსხვავებულ სასტარტო პირობებში ვიმყოფებით; ეს კი გვიქმნის ილუზიას, თითქოს
არსებობს ამ პრობლემის დამაკმაყოფილებლად გადაჭრის გზა. ასეა თუ ისე, პარტნიორულ
ურთიერთობას ამოფარება ნამდვილად არ არის გამოსავალი, რადგან ამგვარი ქმედება
მშობლების, ტრადიციის წინააღმდეგ უფროა მიმართული და პარტნიორს ნაკლებად ეხება.
ასეთი პროტესტი არცთუ იშვიათია, მაგრამ ურთიერთობისათვის ცუდ მოტივაციას
წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, როგორი რთულიც უნდა იყოს ზოგადი რჩევებისა და
ინსტრუქციების მიცემა, საკუთარ თავს ერთი რამ მაინც უნდა მოვთხოვოთ:
გავაცნობიეროთ ჩვენი მოტივები პარტნიორის არჩევის დროს. საპირისპირო სქესის მიმართ
ცნობისმოყვარეობის გამოჩენა, შეგრძნება იმისა, რომ ახლა «რაღაც სიახლე უნდა
განიცადო» – იქნება ეს სახლი საოცნებო სანაპიროზე თუ ნანატრი «პორშე» – ის მოტივებია,
რომლებიც თავს მალე გამოავლენს: პარტნიორი იგრძნობს, რომ თავად ის კი არა, ეს
ატრიბუტები შეადგენს ჩვენი ინტერესების სფეროს. რა თქმა უნდა, ამ დროს პარტნიორსაც
თავისი მიეზღვება, რადგან თავადაც ხომ სწორედ ამ ატრიბუტების წყალობით მიაღწია
მიზანს!
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თავის წარმოსახვაში ნებისმიერი ადამიანი მრავალ
პარტნიორს გამოუნახავს ხოლმე ადგილს. მე მგონი, ის ერთადერთი «დიდი სიყვარული»,
რომელთან შეხვედრასაც ასე ველტვით, უფრო ჩვენი ახირებაა, ვიდრე – რეალობა. ამასთან,
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებაში ყველა ადამიანს თავისებური პარტნიორული და
სექსუალური მომხიბვლელობა (და, აქედან გამომდინარე – შანსი) გააჩნია, რათა
თითოეულმა მათგანმა პარტნიორის სიმპათია მოიპოვოს და მისთვის სასურველი გახდეს.
ისიც უნდა ითქვას, რომ სილამაზე დანაელთა ძღვენია, ან შეიძლება ასეთად იქცეს, რადგან
დიდი არჩევანის დროს მოთხოვნებიც, შესაბამისად, უფრო მეტია, ცდუნება კი ამ არჩევანის
შემდეგაც არ ქრება. ბუნებრივია, პარტნიორის ერთგული უფრო ხშირად რჩება ისეთი ქალი,
რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს, ვიდრე ლამაზმანი, რომელიც ყველას იზიდავს; ამ
დროს, რა თქმა უნდა, მათ ადამიანურ ღირსებებზე ლაპარაკიც არ შეიძლება.
«ვარსკვლავებს» შორის თვითმკვლელობისა და უნუგეშო სიბერის ხშირი შემთხვევები ის
პასუხია, რომელსაც მათ ცხოვრება პარტნიორის არჩევის მოტივაციასთან დაკავშირებით
უქმნის; მოტივაცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარ
თვითდამკვიდრებაზე ფიქრობდნენ და ნაკლებად ან სულაც არ გააჩნდათ სიყვარულის
მზაობა, პირადი გადაწყვეტილებების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. მათი
სახელწოდება – «პლეიბოი» და «პლეიგერლიც» ხომ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანები
მამაკაცებად და ქალებად ვერ ჩამოყალიბდნენ და გასართობ «ბიჭებად» და «გოგოებად»
დარჩნენ. ბევრი მათ შურის თვალით უყურებს, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ
Dolche vita-ს (ტკბილი ცხოვრების – მთარგ.) ილუზიებს ვერ ველევით, და არ შეგვწევს
უნარი, სწორად შევაფასოთ ამ ადამიანების ცხოვრება, საერთოდ, რეალობა. რა თქმა უნდა,
ამაში დიდი წვლილი მასმედიას მიუძღვის, რადგან მის მიზანს სწორედ ამგვარი
ილუზიების დამკვიდრება შეადგენს.
ამრიგად, იმ თემას შევეხეთ, რომელსაც ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობისათვის
დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის მიდრეკილება, შევიქმნათ ილუზიები, როდესაც საქმე
მეუღლის არჩევას, ქორწინებას ან სხვა პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება. რა თქმა უნდა,
ხშირად მიუღებელ სინამდვილეში გვიწევს ცხოვრება და, რაც უფრო ძლიერ გვინდა
დავაღწიოთ მას თავი, მით მეტად ვეძლევით ილუზიებს, რატომღაც გვგონია, რომ ისინი
ძალიან წაგვადგება.
გაუზიარებელი სიყვარული

აქამდე შევეცადეთ აგვეწერა, როგორ ჩნდება და ყალიბდება ჩვენში სიყვარულისადმი


მზაობა, რომელიც, ბავშვობის დროიდან მოყოლებული, დედის სიყვარულით არის
გამთბარი. ახლა გვინდა იმ ადამიანების სიყვარულს დავაკვირდეთ, რომლებსაც ეს
იდუმალი და სასიკეთო გრძნობა ხანმოკლე დროით ან, საერთოდ, არ განუცდიათ. ამ
ადამიანებს არასოდეს ჰქონიათ მჭიდრო ურთიერთობა მშობლებთან, ამიტომ ისინი მათ
ცხოვრებაში პირველი პარტნიორები არასოდეს ყოფილან და, აქედან გამომდინარე,
სიყვარულისადმი მზაობაც არასოდეს უგრძვნიათ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მშობელი ან
აღმზრდელი ძალიან ცოტა დროს უთმობს მის აღზრდას, იშვიათად იმყოფება მის
სიახლოვეს და არც ნაზ ემოციებს გამოხატავს მისდამი. დედის ამგვარი საქციელი
სხვადასხვაგვარი მოტივაციით აიხსნება. შესაძლოა, იგი სამუშაოში იყოს ჩაფლული,
ქმართან გამწვავებული ურთიერთობა ჰქონდეს ან ეს დრო მისი ორსულობის თუ
მშობიარობისშემდგომ პერიოდს ემთხვეოდეს, როდესაც მას შვილის სიყვარულისთვის არ
სცალია. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა, პატარა დედისათვის მიუღებელიც კი გახდეს და
მასში დედობრივ გრძნობებს არ აღძრავდეს. დედის ამგვარი განწყობა ხშირად
გამოწვეულია ბავშვის არასასურველი სქესით, სუსტი ჯანმრთელობით ან ფიზიკური
ნაკლით. ბევრ დედას უკანონო შვილები უქმნიან პრობლემებს. ამაში დიდი წვლილი
ოჯახსა და საზოგადოებას მიუძღვის, რადგან ისინი ასეთი ბავშვების მიმართ, სიყვარულის
ნაცვლად, შეუწყნარებლობას იჩენენ. პრობლემას ქმნის ისიც, რომ პატარა ხშირად
იძულებითი ქორწინების მსხვერპლია და ამის გამო თავიდანვე არასასურველი და
მიუღებელია. არცთუ იშვიათად, ნაადრევი დედობა გვევლინება იმის მიზეზად, რომ ქალი
ნაკლებად ავლენს სიყვარულს შვილის მიმართ.
დედას, რომელსაც თავადაც ჯერ ბავშვი ეთქმის, არ შესწევს ჩვილისადმი მზრუნველობას
უნარი. დედა-შვილის ურთიერთობაზე გავლენას გვიანდელი ორსულობაც ახდენს. ამ
დროს გადამწყვეტი როლი მამას ეკუთვნის: ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, თუ რა
განწყობით ხვდება იგი ცოლის ორსულობას ან შვილის დაბადებას; რა აზრისაა, საერთოდ,
ოჯახზე; ხომ არ იყენებს ცოლის მდგომარეობას ახალი თავგადასავლების წამოსაწყებად?
მზად არის თუ არა, გაიღოს მსხვერპლი ოჯახისათვის? ხომ არ ეჭვიანობს ცოლზე შვილთან
დამოკიდებულების გამო ან პატარა მისთვის ტვირთი ხომ არ არის? ამ დროს კვლავ ერთად
იყრის თავს სოციალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ფაქტორები,
რომლებიც ადრეულ პერიოდში ასევე ახდენს გავლენას ბავშვზე. ისიც უნდა ითქვას, რომ
თავად მშობლებსაც ხშირად ექმნებათ ინდივიდუალური, საკომუნიკაციო და საოჯახო
პრობლემები.
არსებობენ მშობლები, რომლებსაც შვილებთან ურთიერთობაში დისტანციის დაცვა
უჭირთ. ისინი ვერ ითვალისწინებენ ბავშვის განწყობას, ვერ გრძნობენ, როდის სჭირდება
მას სიმშვიდე, ძილი და მარტოობა. ასეთი მშობლები შვილს უყურადღებოდ არ ტოვებენ,
ყველგან თან დაჰყავთ და ხშირად ამყოფებენ უფროსების ხმაურიან გარემოცვაში; ეს კი
იწვევს პატარის გაღიზიანებას, მოთენთილობასა და გაუცხოებას. ასეთი ბავშვი მშობლების
მიმართ ვერ განიცდის იმ ნდობას, რომელიც მისთვის სიყვარულისადმი მზაობის
საფუძველი გახდებოდა. ნაცვლად ამისა, იგი თავდაცვაზე გადადის და საკუთარ თავში
იკეტება.
აქ არ განვიხილავთ იმ ექსტრემალურ შემთხვევებს, როდესაც ბავშვს უხეშად
უგულებელყოფენ ან სულაც სასტიკად ეპყრობიან. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები
იშვიათია. ახლა მხოლოდ იმას აღვწერთ, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვზე მშობლების მიერ
გამოვლენილი სიყვარული. ამ გრძნობას მოკლებული ჩვილის განცდებს თავდაპირველად
ის შედეგი მოჰყვება, რომ იგი თავის გარემოცვაში იწყებს იმ ობიექტების ძებნას, რომლებიც
მასში თითქოს ნდობას აღძრავს. ასეთ ბავშვზე გარემომცველი საგნები ძლიერ ემოციურ
გავლენას ახდენს, რასაც ვერ ვიტყვით სიყვარულით გარემოსილ პატარაზე. იგი საგნებზეა
ორიენტირებული, ამიტომ თავის თოჯინებს, ნებისმიერ სხვა სათამაშოს, ხანდახან
ცხოველებსაც კი, უფრო მიიჩნევს პარტნიორებად, ვიდრე – გარშემომყოფ პიროვნებებს.
ასეთი ადამიანები მოგვიანებით წარმოიდგენენ სიყვარულს, როგორც ერთობლივი
ინტერესებით განხორციელებულ ქმედებას, ერთად გატარებულ დროს და ერთობლივ
საქმიანობას. ინტიმურ ურთიერთობაშიც მათთვის სექსუალობა ერთობლივი, მაგრამ
იზოლირებული ქმედებაა, რომელსაც თითოეული ადამიანი პირადად განიცდის, თუმცა
ამისათვის პარტნიორი მაინც სჭირდება. ამ დროს მოწმენი ვხდებით გაუზიარებელი
სიყვარულის უჩვეულო ფორმისა, რომელმაც შეიძლება ახლო ურთიერთობის
შთაბეჭდილება მოახდინოს, თუმცა, სინამდვილეში, ადამიანებს შორის ამ დროს
არავითარი პიროვნული და პარტნიორული სიახლოვე არ არსებობს. ისინი, უბრალოდ,
ერთად დადიან სათხილამუროდ, ესწრებიან სპორტულ და მუსიკალურ ღონისძიებებს ან
პოლიტიკურ თავყრილობებს, ერთად უყურებენ ტელევიზორს, თამაშობენ ბანქოს.
ამრიგად, მათი ურთიერთობა მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით ამოიწურება, რაც მათ
საშუალებას აძლევთ, ერთმანეთის განცდები გაიზიარონ. ესე იგი ამ ადამიანების
ურთიერთობას უფრო მეგობრული სიყვარული ეთქმის. ამ დროს პარტნიორებისათვის
ერთი და იმავე ქმედებების განმეორება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – სიყვარულის
განცდა.
მოზარდს, რომელსაც მშობლები გადაჭარბებული ყურადღებითა და მზრუნველობით
თრგუნავენ, მოგვიანებით ადამიანებთან ნებისმიერი სიახლოვე პრობლემად გადაექცევა,
რადგან ამ სიახლოვეში საფრთხესა და მუქარას ხედავს. ასეთ შემთხვევაში იგი ვეღარ
გამოიყენებს «ჩვენ» ნაცვალსახელს, რომელიც ურთიერთკუთვნილებას გამოხატავს;
პიროვნება თავს არიდებს ადამიანებთან კონტაქტს, რადგან მარტო ყოფნა სიამოვნებს; იგი
ურთიერთობის ნებისმიერ ფორმას დამოუკიდებლობის დაკარგვად და თავისუფლების
შეზღუდვად აღიქვამს, იშვიათად თუ დაამყარებს ვინმესთან ხანმოკლე კონტაქტს და უმალ
უკან იხევს, როგორც კი მეტი სიახლოვის საფრთხეს იგრძნობს. რაკი ასეთ ადამიანს თავად
არ გააჩნია ერთგულების უნარი, პარტნიორის მზაობა ერთგულებისადმი ძალიან აკვირვებს
და საკუთარ თავზე ამ ვალდებულების აღებას მძიმე ტვირთად მიიჩნევს. ასეთი ადამიანი
ინტიმის სფეროს არსებობას, საერთოდ, არ ცნობს და სექსუალობა, დროის გარკვეულ
მონაკვეთებში, მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების
საშუალებად მიაჩნია. მისთვის პრობლემაა შესაფერი პარტნიორის მოძებნა, რომელიც
სიყვარულს, მის მსგავსად, რომანტიკულ და სენტიმენტალურ გრძნობად არ აღიქვამს. მისი
აზრით, ეს მხოლოდ ხელს უშლის და ართულებს ადამიანების ურთიერთობას,
«ერთგულება» კი არ ესმის და სასაცილოდაც არ ყოფნის.
ორივე შემთხვევაში აშკარაა ადამიანის დაბალი ემოციური განვითარების დონე, რამაც,
შესაძლოა, ისეთ ხარისხს მიაღწიოს, რომ, საერთოდ, დაკარგოს კომუნიკაციის უნარი.
მაგრამ ამგვარ უკიდურეს შემთხვევებს იშვიათად ვხვდებით. სამაგიეროდ, გაცილებით
დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი
დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურთ და ამას პარტნიორებისგანაც დაბეჯითებით
მოითხოვენ. სიყვარული ამ ადამიანებისთვის არის ვნებათა ღელვით აღსავსე, ძლიერი
განცდა, რომელიც მათ არაფერს ავალდებულებს, რადგან მისგან გათავისუფლება უმალ
ხდება. იმის შიშით, რომ მსგავსი უხამსი განცდები ჩვევად არ გადაექცეთ და თავი
ადვილად დააღწიონ, ისინი პარტნიორს არ აღიარებენ. ამ ადამიანებს სიყვარული იმისთვის
არ სჭირდებათ, რომ თავი დაცულად იგრძნონ ან მარტოობას გაექცნენ – ეს მათ სრულიად
არ აშინებთ. მათთვის ეს გრძნობა პარტნიორზე ზრუნვას და მასთან ხანგრძლივ,
სასიამოვნო ურთიერთობას არ ნიშნავს და მხოლოდ იმ შეხვედრებით ამოიწურება,
რომელთა ინტენსიობასაც მათივე დროებითი ხასიათი განსაზღვრავს. რაკი ამ ადამიანებმა
იციან, რომ ასეთი დროებითი შეხვედრები ჩვეულებად არ უნდა გაიხადონ, ეს მათში
თავისუფლებისა და სიახლის განცდას ბადებს; ეს განცდა კი ადამიანს მხოლოდ მაშინ
ეუფლება, როდესაც იცის, რომ მისი ქმედება დროებითი და წარმავალია.
რა თქმა უნდა, ამგვარი ურთიერთობა პარტნიორების ხშირი ცვლის მოთხოვნილებას
იწვევს და მათი რაოდენობის ზრდა ამ ურთიერთობის ხარისხზე აისახება. ადამიანს არ
სურს, განიცადოს ღრმა და ინტენსიური გრძნობები; მის მთავარ მიზანს მხოლოდ
მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეადგენს, თანაც ისე, რომ ამ დროს პარტნიორის მიმართ
არავითარი გრძნობა არ უნდა ამოძრავებდეს.
ის გრძნობა, რომელსაც ადამიანი ხანგრძლივ ჩვეულებად არ იქცევს, გარკვეული
თვალსაზრისით, მიზანშეწონილიც კი არის სიყვარულისთვის, რადგან იგი თავისუფალია
იმ გვერდითი მოვლენებისაგან, სიყვარულს ტვირთად რომ აწვება და მის არსებობას
სათუოს ხდის. ეს გულისხმობს პარტნიორის დაცვისა და მისი მატერიალური
უზრუნველყოფის სურვილს. სიყვარულის დროს ასევე თავს იჩენს პარტნიორზე
დამოკიდებულებისა თუ მასზე ბატონობის მოთხოვნილება, შეჩვევის, მარტოობისა თუ
პარტნიორის დაკარგვის შიში, აგრეთვე შიში იმისა, რომ გაძნელდება ახალი პარტნიორის
მოძებნა. რაკი გაუზიარებელი სიყვარული ყველა ამ საფრთხისაგან დაზღვეულია,
შეიძლება მას «განკერძოებული სიყვარული» ვუწოდოთ, რადგან ამ გრძნობისაგან
ცარიელი სიტყვაღა შემორჩება. მიუხედავად ამისა, ასეთ სიყვარულსაც ახლავს
პრობლემები. აქედან ერთი ნაბიჯიღაა ეგოიზმამდე, რადგან ადამიანს არ სურს «თავი
შეიზღუდოს», და ამ გზით «თვითგადარჩენას» ცდილობს; მისთვის დამოუკიდებლობა და
თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე ახლო ურთიერთობით თავის შეზღუდვა. ასეთი
ურთიერთობა ბოლომდე აღიარებას გულისხმობს და ადამიანი საკუთარ თავსაც და
პარტნიორსაც ისეთ პირობებს სთავაზობს, რომელთა შესრულებაც დროებითი
ურთიერთობების პირობებში შეუძლებელია.
ამრიგად, გაუზიარებელი სიყვარული, საბოლოო ჯამში, იმ მარტოსული ადამიანების
ხვედრია, რომლებიც ქორწინებას და ოჯახის შექმნას გაურბიან. არიან ისეთებიც,
რომლებიც ამას ვერ ახერხებენ, რადგან შესაფერისი პარტნიორი ვერ უპოვიათ. მაგრამ, განა
დაბეჯითებით ვინმეს შეუძლია თქმა – ამ ადამიანებს განგების ხელი მართავს თუ
თვითგადარჩენის სურვილი?
შიში, რომელიც სიყვარულს ამუხრუჭებს

შიში ჩვენი ცხოვრების აუცილებელი თანამგზავრია. იგი ყოველთვის იმ დროს


შეგვიპყრობს ხოლმე, როდესაც ვგრძნობთ, რომ რაღაც დაბრკოლების გადალახვას
საკუთარი სისუსტის, უმწეობის ან ვიღაცაზე დამოკიდებულების გამო ვერ ვახერხებთ.
მაგრამ შიში მხოლოდ ნეგატიური მოვლენა არ არის და ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან
ფუნქციებს ასრულებს. იგი საფრთხეების დროს გამაფრთხილებელ სიგნალს, სახელდობრ
შიშის გადალახვის იმპულსს, იძლევა. ნებისმიერი შიში, საფრთხესთან ერთად, იმის
შანსსაც შეიცავს, რომ გამბედაობა გამოვიჩინოთ, გარდავიქმნათ და წინააღმდეგობის
გადასალახად ვიმოქმედოთ. ამრიგად, შიშთან დაპირისპირება გვაძლიერებს და გარკვეულ
ცოდნასაც გვმატებს.
მრავალნაირ შიშთან ერთად, რომლებიც დამოკიდებულია ჩვენს განწყობაზე და ცხოვრების
პირობებზე, ყველასათვის ნაცნობი შიშებიც არსებობს. ისინი ჩვენეული ყოფის და
სამყაროში ჩვენი არსებობის იმ აუცილებელ ნაწილს შეადგენს, ადამიანურ
ურთიერთობებში რომ სუფევს. ამ შიშებს მე «ძირითად შიშებს» ვუწოდებ. ისინი ჩვენს
დაძაბულ ყოფას იმ ოთხი მოთხოვნის სახით წარმოგვიდგენს, რომელთა შესრულებასაც
ცხოვრება გვავალდებულებს. ამ შიშებს ყველაზე უკეთ მაშინ გავიაზრებთ, თუ ბავშვობას
გავიხსენებთ და გავაცნობიერებთ, პირველად როდის შევიგრძენით იგი, რადგან ყველა
ჩვენგანს დამატებითვე დაგვყვება საკუთარი შიშები. ჩვენი განვითარებისათვის ეს შიშები
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მათი დაძლევის მზაობა სამომავლოდ იმაზეა
დამოკიდებული, რა განცდა გვქონდა მათ მიმართ ადრეულ ბავშვობაში. ზრდასრული
ადამიანის შიშების მიზეზსაც გავიგებთ, თუ დავადგენთ, რა დახმარებას გვიწევდა მათთან
ბრძოლაში ჩვენი გარემოცვა, ვინაიდან ადრეული შიშების დაძლევაში განსაკუთრებული
წვლილი გარესამყაროს მიუძღვის.
ახლა განვიხილოთ ის ოთხი მოთხოვნა, რომელთა შესრულებასაც ცხოვრება
გვავალდებულებს. შესაბამისად, მათთან დაკავშირებულ შიშებსაც ცალ-ცალკე
დავახასიათებთ.
პირველი მოთხოვნა, რომელიც დაბადებისთანავე შედის ძალაში, იმაში მდგომარეობს, რომ
გარესამყაროსა და ცხოვრების მიმართ თავიდანვე ნდობით განვიმსჭვალოთ, და, ასე
ვთქვათ, გულითადად «მივესალმოთ» ჩვენს ამქვეყნად მოვლინებას. ცხოვრებაში ხომ
ადამიანი აღარასოდეს არის გარესამყაროსადმი ისე ძლიერ მინდობილი და
დამოკიდებული, როგორც სიცოცხლის პირველ ხანებში! ამასთან, ადამიანს
გარესამყაროსთან შესაგუებლად არასოდეს სჭირდება ისეთი ძალისხმევა, როგორიც –
ადრეულ ბავშვობაში. ამ დროს მას არ ძალუძს, გამოხატოს თავისი მოთხოვნილებები და
სურვილები, ვინმეს რამე გააგებინოს და საკუთარი თავი დაიცვას. ადამიანის ამგვარი
უმწეო მდგომარეობა და სრული ნდობა უცხო გარემოს მიმართ ქმნის ყველაზე ადრეული
და ღრმა შიშის საფუძველს, რომელსაც ეგზისტენციალურ შიშს ვუწოდებთ. ახლა უკვე
მთლიანად გარესამყაროზეა პატარა დამოკიდებული; შეძლებს თუ არა, მისდამი
თანდათანობით მოპოვებული ნდობის წყალობით, პირველად გამონახოს ძალა, რომელიც
წინ აღუდგება ამ ეგზისტენციალურ შიშს? ამისათვის საჭიროა, ბავშვს გაუჩნდეს
სტაბილურობის, საიმედოობის, ადამიანებისა თუ საგნების მუდმივობის განცდა, რათა
ისინი მისთვის თანდათან ახლობელნი გახდნენ. ადამიანებისა და გარესამყაროს მიმართ
ნდობის გამოხატვის უნარი ეგზისტენციალური შიშის დაძლევისა და მისგან თავის დაცვის
საფუძველს წარმოადგენს. მხოლოდ მშობლების სიახლოვე და მათი მხრივ დაცვის იმედი
შეაძლებინებს ბავშვს, დაძლიოს შიში, რათა შემდგომ ამ სამყაროში თავი შინაურულად
იგრძნოს.
თუ ამ დროს ბავშვს ხშირად უხდება საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მის გარშემო
მუდმივად სხვადასხვა პიროვნება ტრიალებს, მეტისმეტად დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ
მოექცევა და მათი გააზრება გაუჭირდება; ანდა, პირიქით: ამ დროს პატარამ, შესაძლოა,
თავი მარტოსულად იგრძნოს და სამყარო დაცარიელებულად მოეჩვენოს. მაშინ ეს ქვეყანა
დიდად მომხიბვლელი აღარ არის მისთვის და მას მომავალშიც აღიქვამს, როგორც სასტიკს,
სახიფათოსა და მტრულს. ნაცვლად იმისა, რომ მიენდოს ამ სამყაროს, მოზარდი ადრეული
ასაკიდანვე ღრმა უნდობლობას განიცდის მის მიმართ, რაც მოგვიანებით მისი ცხოვრების
უმთავრეს განწყობილებად გადაიქცევა. როდესაც ბავშვს გარესამყარო სასტიკად და
სახიფათოდ მიაჩნია, იგი, თავდაცვის მიზნით, მის მიმართ სიფრთხილეს იჩენს და
ცდილობს, მისგან შორს დაიჭიროს თავი. ამ სამყაროსაკენ გადადგმული ნებისმიერი
ნაბიჯი მასში შიშსა და ძრწოლას იწვევს და იძულებულია, ეს შეგრძნებები აგრესიული
თავდაცვითი ქმედებებით ჩაახშოს. ზოგჯერ საქმე იქამდე მიდის, რომ სინამდვილესთან
ყოველგვარ კავშირს ბავშვი საფრთხედ აღიქვამს. მოგვიანებით, ადამიანებთან
ურთიერთობის დროს, მისთვის განსაკუთრებით სახიფათო ხდება ვინმეს მიმართ
სიმპათიის გამოვლენა, რადგან ეს მეორე ადამიანთან დაახლოების საშიშროებას ქმნის.
აქედან გამომდინარე, იგი ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი თავისუფლება მოიპოვოს, რათა
არავისზე იყოს დამოკიდებული, არავინ სჭირდებოდეს. ამას ადამიანი მზარდი
იზოლაციისა და მარტოობისაკენ მიჰყავს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის შიშს;
მარტოსულ ადამიანს ხომ ყოველთვის უფრო ადვილად ეუფლება შიში, ვიდრე იმას, ვინც
სხვების მიმართ ნდობითაა გამსჭვალული, რის შედეგადაც შიშისაგან თავს უფრო
დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში განცდილი შიში გარკვეულწილად დახმარებასაც გვიწევს.


მისთვის თავის არიდებით მხოლოდ ვიძლიერებთ ამ შიშს, რადგან იგი ჩვენში მტკიცედ
დაიბუდებს. შიშს ერთმანეთს თუ გავუზიარებთ, ეს საშუალებას მოგვცემს, მის
გადასალახად მეტ ძალებს მოვუხმოთ; მერე კი, თუ გავბედავთ და შევეცდებით ის
მოვიმოქმედოთ, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, ეს შიშის დაძლევის მისაღები და სწორი
გზა იქნება.
ამრიგად, ადამიანმა, რომელმაც ადრეულ პერიოდში გამოავლინა შიზოიდური ნიშნები,
უნდა ისწავლოს გარესამყაროსა და ადამიანებთან ურთიერთობა; უნდა ეყოს გამბედაობა,
საკუთარი მარტოობის ყინულოვანი ატმოსფერო ადამიანთაშორისი კონტაქტების
სითბოთი ჩაანაცვლოს. მხოლოდ ასე მიიღებს იგი იმ გამოცდილებას, რომლის წყალობითაც
ადრინდელი უნდობლობისა და შიშის გრძნობის დაძლევას შეძლებს.
საკუთარი თავის მთლიანად სხვისთვის მინდობის პერიოდი, საბედნიეროდ, მეტად
ხანმოკლეა და მოზარ დი მალე ავლენს უნარს, თავისი მოთხოვნილებები თანდათან ისე
გამოხატოს, რომ ისინი გარესამყაროსათვის უფრო გასაგები გახადოს. მაგრამ ამ ადრეული,
ეგზისტენციალური შიშის შემდეგ ბავშვი ახალი შიშის წინაშე აღმოჩნდება; მასზე
მზრუნველი პიროვნება საკუთარი დაცულობისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
ობიექტად მიაჩნია და ამიტომ მას პატარის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი
უკავია. მერე და მერე სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ ამ ადამიანზეა
დამოკიდებული, ცდილობს მასთან სიახლოვეს და, თუ იგი გაუჩინარდება, შიში იპყრობს.
ამგვარი ვითარება თავს უყრის ყველა იმ შიშს, განშორების ან პარტნიორის დაკარგვით
გამოწვეულ შიშს რომ ვუწოდებთ. აღნიშნული შიშები პიროვნებას მთელი ცხოვრების
მანძილზე გაჰყვება, თუმცა მათ პირვანდელი ინტენსიობით ვეღარ შეიგრძნობს. რაც უფრო
მეტად უყვარს ვინმე, მით უფრო ძლიერ განიცდის ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიშს,
რომელსაც საბოლოოდ მაინც ვერ აღწევს თავს. არსებობს საპირისპირო ძალა, რომელიც
ახლობელ ადამიანთან განშორებას გვიადვილებს. ეს ძალა იმედია. მაგრამ ჩვენი იმედის
უნარსაც საკუთარი ისტორია აქვს და იმ ბავშვობისდროინდელ გამოცდილებას
უკავშირდება, როდესაც ეს იმედი ხშირად გვიმართლებდა. იმედიანი ლოდინი მხოლოდ
მაშინ შეგვიძლია, თუ ბავშვობაში გამოცდილი გვაქვს, რომ დედა, რომელიც რაღაცა
დროით უჩინარდებოდა, ისევ გვიბრუნდებოდა და, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ
ჩვენთან იყო. ამრიგად, თანდათან გვეუფლებოდა რწმენა იმისა, რომ დედა გაჭირვებაში არ
მიგვატოვებდა, და მისი დროებითი არყოფნაც უშიშრად უნდა აგვეტანა. ამ ადრეული
გამოცდილების წყალობით, მომავალში ადვილად ვიტანთ იმედგაცრუებას, განშორებას და
მარტოობას, რადგან გავითავისეთ, რომ ამ დროს იმედი და რწმენა არ უნდა დავკარგოთ.
სწორედ ეს გვიქმნის იმ მთავარ, ოპტიმისტურ განწყობას, რომელიც შემდგომ ჩვენი
ცხოვრების ფასდაუდებელ საუნჯედ გვექცევა.
მშობლებთან გულითადი ურთიერთობა თავდაჯერებულობას გვმატებს და გვიქმნის იმის
საფუძველს, რომ მეორე მოთხოვნაც შევისრულოთ, რომელსაც ცხოვრება წამოგვიყენებს.
მოთხოვნა კი იმაში მდგომარეობს, რომ დამოუკიდებელ ინდივიდუუმად განვვითარდეთ.
თუ განვითარების გარკვეულ სტადიაზე ვერ შევიძენთ ბედნიერების განცდის
გამოცდილებას, შესაძლოა, მოგვიანებით პარტნიორთან განშორებისა და მისი დაკარგვის
შიშმა უაღრესად მტანჯველი, პანიკური შიშის სახე მიიღოს. ხანმოკლე განშორებებიც კი
მარტო დარჩენის იმ ძველი შიშის გააქტიურებას გამოიწვევს, რომლის დროსაც უიმედო
სასოწარკვეთილება გვიპყრობდა. თუ უკვე იმხანად არ გაგვიჩნდა საჭირო თავდაჯერება,
მაშინ საყვარელ ადამიანთან ყოველი განშორებისას გვექნება განცდა, რომ სამუდამოა და
სამყაროს დასასრულს მოასწავებს; ეს კი აღარ გვიტოვებს იმედს, რომ ამქვეყნად სხვა, ახალი
განცდების უნარიც გაგვაჩნია.
როდესაც საქმე არასაიმედო, გულგრილ მშობელს ეხება, რომელიც ბავშვს ხშირად
საკუთარი თავის ამარა დიდხანს ტოვებს, პატარამ კი არ იცის, როდის ან საერთოდ თუ
დაბრუნდება იგი, მას დედის ყოველ გაუჩინარებაზე მზარდი შიში იპყრობს. ამდენად,
პატარა გამუდმებულ შიშს განიცდის და ყველანაირად ცდილობს, გვერდიდან არ
მოიშოროს მშობელი.
მსგავსი განცდები ხშირად უჩნდებათ იმ მოზარდებსაც, რომლებსაც მშობლები ძალიან
ანებივრებენ, მერე კი მათგან მადლიერებას ითხოვენ. ვინც ბავშვს ანებივრებს, ის მისგან
სიყვარულსაც მოელის, რადგან მას ეს სიყვარული სჭირდება. ასეთი დედები და მამები
ყოველნაირად ცდილობენ, შვილს დამოუკიდებლობა წაართვან და არ მისცენ
განვითარების საშუალება, რადგან მისი დაკარგვისა ეშინიათ. ისინი წინააღმდეგობას
უწევენ შვილის ნებისმიერ დამოუკიდებელ წამოწყებას თუ ქმედებას და ცდილობენ, რაც
შეიძლება, გაუხანგრძლივონ ბავშვობის პერიოდი, რათა დიდხანს ვერ შეძლოს მშობლების
გარეშე არსებობა. ბავშვი ვერ შეიცნობს საკუთარ ძალებს და უნარებს, კვლავაც მშობლების
მეურვეობის ქვეშ რჩება და ვერ გაუგია, როგორ დაამყაროს ურთიერთობა
გარესამყაროსთან; ამ დროს დედა გამუდმებით მასსა და ამ სამყაროს შორის დგას, შვილს
ყოველგვარ ინიციატივას უსპობს და საკუთარ ეგოიზმს მზრუნველობის საფარქვეშ მალავს.
ასეთი ბავშვი თავს ვერ აღწევს მშობლების გავლენას და სრულიად უმწეოა.
თუ მოზარდს ამგვარი შიშების გარემოში ზრდიდნენ, ემოციური თვალსაზრისით,
ადამიანებთან სიახლოვეს იგი მომავალშიც ეძებს. მას სურს, პარტნიორი მუდამ გვერდით
ჰყავდეს, ყველა საქმე მასთან ერთად აკეთოს და ამგვარ სიმბიოზში ისე იცხოვროს, რომ
«მე»-სა და «შენ»-ს შორის არსებული შიშისმომგვრელი ზღვარი მთლიანად წაშალოს.
მართალია, ახლა იგი შიშისაგან თავის დაღწევას და ადამიანებთან სიახლოვეს ცდილობს,
მაგრამ, პარტნიორთან ხანმოკლე განშორების დროს ისევ პანიკური შიში იპყრობს და არ
იცის, როგორ შეეგუოს მარტოობას.
ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: უნდა შეეცადოს, ჯანსაღი
ურთიერთობა დაამყაროს მეორე ადამიანთან, რომელიც საშუალებას მისცემს,
დამოუკიდებელ ინდივიდუუმად ჩამოყალიბდეს; აი, მაშინ აღარ დასჭირდება სხვა
ადამიანში თანადგომის ძებნა. ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს მსხვერპლად ეწირება
სიყვარულს, ამასთან, ჰგონია, რომ მხოლოდ სხვისთვის ცოცხლობს, – როგორც ჩანს,
მშობლებზე ადრეულ, დიდი ხნის დამოკიდებულ არსებობას უკავშირდება. ამ დროს
ადამიანი ისევ ძველი გამოცდილებით ხელმძღვანელობს და ფიქრობს, რომ განშორების
შიშს თავს მხოლოდ მაშინ დააღწევს, თუ თავად რაიმე ღირებულებას წარმოადგენს; აი,
მაშინ მას ასე ადვილად ვეღარ მიატოვებენ! ამ დროს ადამიანი ცდილობს, პარტნიორს
მშობლის როლში მოევლინოს და დამოუკიდებლობა მთლიანად წაართვას, ანდა თავად
ითამაშოს უმწეო ბავშვის როლი და პარტნიორი დაარწმუნოს, რომ მის გარეშე არსებობა არ
შეუძლია.
ის პიროვნება, რომელიც ბავშვობაში მეტისმეტად დამოკიდებული იყო მშობლებზე,
უმეტესწილად დეპრესიული ხასიათით გამოირჩევა. იგი ცხოვრების მიმართ
პესიმისტურადაა განწყობილი, მუდმივად პარტნიორის დაკარგვის შიშს განიცდის და
ფიქრობს, რომ უმალ უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც კი ოდნავ შეასუსტებს
ინტენსიურ ურთიერთობას პარტნიორთან. ასეთი პიროვნება ყოველნაირად
ეწინააღმდეგება მის დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, რადგან მიაჩნია, რომ ეს
საფრთხეს შეუქმნის მათ ურთიერთობას. და მაინც, პარტნიორის დაკარგვის შიშს ადამიანი
მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის მოპოვებით დაძლევს, რადგან, რაც უფრო
ძლიერი და თვითმყოფადია პიროვნება, მით უფრო ნაკლებად განიცდის პარტნიორზე
სრული დამოკიდებულების საჭიროებას.
ბავშვი ზრდასთან ერთად დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვის და ცდილობს, მშობლების
მეურვეობას დააღწიოს თავი. იგი სწავლობს სიარულს, ლაპარაკს და სულ უფრო
თავდაჯერებული ხდება. ამ ახლად განვითარებული უნარების გამო, შესაძლოა, მოზარდს
კონფლიქტი მოუვიდეს გარესამყაროსთან ან მშობლებთან, რომლებიც მას წესრიგისაკენ
მოუწოდებენ და აკრძალვებს უწესებენ. იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ უფროსები
მის ქცევებზე, ბავშვი სწავლობს, რა არის მისთვის ნებადართული და რა – არა. მან იცის,
რომ, თუ დამჯერი იქნება, სასიამოვნო შეგრძნებები დაეუფლება, დაუმორჩილებლობის
შემთხვევაში კი უსიამოვნებები ელის. მას უკვე იპყრობს დანაშაულისა და სასჯელის წინაშე
ახალი შიში, შეიგრძნობს თავის არასწორ საქციელს და ცდილობს, საკუთარ ქმედებებში
მიზეზშედეგობრივი კავშირი დაინახოს. თუ ბავშვი ჯანსაღ გარემოში იზრდება, სადაც მას
გონივრული ქცევის წესებს ასწავლიან, ავტორიტარული მეთოდებით არ აღზრდიან და
სიყვარულს აგრძნობინებენ, იგი თავშეკავებას ეჩვევა; ამასთან, შეუძლია ავტორიტარული
პიროვნების კრიტიკული მოთხოვნები დამოუკიდებლად შეაფასოს და შესაბამისი
გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, გააცნობიეროს გარკვეული
წესრიგის საჭიროება, რაც მომავალში მისი ზნეობრივი ღირებულებების საფუძველი უნდა
გახდეს.
დანაშაულისა და სასჯელის, ანუ, ასე ვთქვათ, სინდისის წინაშე შიშის ინტენსივობა კვლავ
და კვლავ იმაზეა დამოკიდებული, რა სახით განვიცადეთ იგი ბავშვობაში.
მშობლების ძალადობრივი და ავტორიტარული აღზრდის მეთოდების, მკაცრი სასჯელისა
და ძნელად მიღწეული პატიების შედეგად, ბავშვი განიცდის დანაშაულის გრძნობას და
დასჯის შიშს. ამის გამო მან, შესაძლოა, საერთოდ, დაკარგოს გამბედაობა და რისკზე
წასვლის უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს უქრება საკუთარი გადაწყვეტილებების
მიღების სურვილი. ამას უმძიმესი შედეგები იმ შემთხვევაში მოჰყვება, თუ პატარას
ასაკისათვის შეუფერებელ, მეტისმეტად მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებენ. ასეთი ადამიანი
მომავალში ყოველთვის შეეცდება, ნებისმიერ ფასად შეასრულოს ის, რაც დაუწესეს და
ასწავლეს, რადგან საკუთარი საქციელის მოსალოდნელი შედეგები თავზე დამოკლეს
მახვილად ჰკიდია.
ამრიგად, ასეთმა ადამიანმა ცხოვრების მესამე მოთხოვნა, შესაძლოა, ვერ შეასრულოს – ეს
არის გამბედაობა, რომელიც რისკზე წასვლას, ცვლილებებისადმი შეგუებას,
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად
მიღებას სჭირდება. ამ დროს ადამიანი კარგავს გონივრული თავშეკავებისა და
თვითკონტროლის უნარს, სრულ მორჩილებასა და უხერხემლობას ამჟღავნებს, ნაცვლად
იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. იგი არასოდეს
არღვევს დაწესებულ ნორმებს, ყველაფერში სხვებს ჰბაძავს, რათა კონფლიქტი არავისთან
მოუხდეს და მშვიდად იცხოვროს.
ასეთი ადამიანი ხშირად, ერთი მხრივ, კორექტულ და საიმედო შთაბეჭდილებას ტოვებს,
მაგრამ, მეორე მხრივ, მისთვის უცხოა სპონტანურობა, ორიგინალობა, რისკზე წასვლა,
პასუხისმგებლობისა თუ გადაწყვეტილების მიღების უნარი, რაც ობსესიურ ადამიანებს
ახასიათებთ; შეშინებული უკან იხევს ყველაფრის წინაშე, რისი «სისწორეც» მასში ეჭვს
იწვევს. ამიტომ ურჩევნია, მის ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურად დარჩეს; მას ხომ
არასოდეს უსწავლია, ახალ სიტუაციებში როგორ მოიქცეს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს.
ობსესიური ადამიანი ცდილობს, გაექცეს საკუთარ სინდისთან კონფლიქტს და
დანაშაულის გრძნობას. სასჯელის წინაშე შიში აიძულებს, შემგუებელი და მორჩილი იყოს,
არ უღალატოს ძველ გამოცდილებას და არსებული ნორმები საკუთარ თავზე მოირგოს;
ამიტომაც ხელისუფალთა ხელში ყოველთვის მორჩილ იარაღს წარმოადგენს. რაკი თავისი
საქციელით ყოველთვის ამართლებს სხვების მოლოდინს, ამიტომ ასეთი ადამიანი
ფიქრობს, რომ მუდამ სწორად იქცევა; იგი ასე ცხოვრობს და იმ ბავშვს ემსგავსება,
მშობლების ნებისმიერ სურვილს უსიტყვოდ რომ ასრულებს.
ბავშვის შიშებში ხშირად უჩვეულო სახით ვლინდება მშობლებისა და აღმზრდელების
სასტიკი აღმზრდელობითი მეთოდების შედეგი, რომელთა გამოყენებითაც მისგან სრულ
მორჩილებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი მკაცრად სჯიდნენ. ამ
მეთოდების საშუალებით მშობლებმა ჩაუნერგეს პერფექციონიზმის, აუცილებლობისა და
ვალდებულების გრძნობა, რის გამოც მისთვის უცხო გახდა ყოველგვარი რისკი და
ცხოვრებისეული სიხარულის განცდა. ასეთი ადამიანი ნებისმიერ საქმეში ვალდებულებას
და იძულებას ხედავს, ყურადღებით ადევნებს თვალს, რათა უკანონო საქციელი არ
ჩაიდინოს არც თავად მან და არც სხვამ. მოგვიანებით იგი საშინლად შეუწყნარებელი ხდება
ყველას მიმართ, ვინც არ იცავს დადგენილ ნორმებს, რადგან ეჭვი ტანჯავს, რომ, ერთხელაც
იქნება, თავადაც გადაუხვევს საკუთარ პრინციპებს და შიშს წინ ვეღარ აღუდგება. ამიტომ
იგი მკაცრად მოითხოვს მორალის, ადათ-წესებისა და ზნე-ჩვეულებების დაცვას,
შეუწყნარებელია კანონის დამრღვევთა მიმართ და თავს იმედიანად მხოლოდ მაშინ
გრძნობს, თუ მის ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ მკაფიოდ გაწერილია.
საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბავშვს ქცევის მინიმალურ ნორმებს
უწესებენ, და მის აღზრდაზე, ფაქტობრივად, ხელი აქვთ აღებული. მართალია, ასეთი
მოზარდისათვის უცხოა დანაშაულისა და სასჯელის წინაშე შიში, მაგრამ იმის გამო, რომ არ
ასწავლიდნენ წესრიგს და მუდმივად აკლდა აღმზრდელის ხელი, შესაძლოა, მომავალში
იგრძნოს შიში საკუთარი თვითნებური ქმედებების გამო. მეტისმეტი თავისუფლება
ნაკლებად უწყობს ხელს ადამიანის ორიენტირებას გარესამყაროში და მას შიშისგანაც არ
ათავისუფლებს.
ობსესიურ ადამიანს უნდა ეყოს გამბედაობა და შიშის დასაძლევად საკუთარი ნებით თქვას
უარი ისეთ გადაწყვეტილებათა მიღებაზე, რომელთა შესრულების პასუხისმგებლობასაც
თავის თავზე ვერ აიღებს მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი რამ არასოდეს უსწავლია.
მას შემდეგ, რაც ბავშვი უფროსებთან ურთიერთობისას მეტ დამოუკიდებლობას
მოიპოვებს, ამ ახლად მოპოვებული თავისუფლების გამოყენება უნდა ისწავლოს. რაკი იგი
ამ დროს სქესებს შორის განსხვავებას აღმოაჩენს და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას
საკუთარ თავს მათ მეტოქედ იგრძნობს, მასში ახალი შიშები იჩენს თავს. ეს არის შიში მისი
შეზღუდული არსებობის წინაშე, შიში იმისა, რომ სხვა ადამიანებისაგან თავის დაცვა
მოუხდება, შიში მომავლისადმი, რომელიც მას საკუთარ მოთხოვნილებათა და
მოლოდინთა აღსრულების ასპარეზად წარმოუდგენია. ნორმალური განვითარებისათვის
ბავშვს ის სურათ-ხატები სჭირდება, რომლებთანაც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას
მოახდენს. ამ სურათ-ხატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მის მიერ მომავალი
სექსუალური როლის შესრულებისას ენიჭებათ. მშობლებისგან მიღებული
შთაბეჭდილებების წყალობით, შესაძლოა, ბავშვმა ისეთი სურათ-ხატი შექმნას, რომელიც
მას საკუთარი იდენტობის პროცესს გაუადვილებს და თვითშეფასების ჯანსაღ გრძნობას
ჩაუნერგავს. ამიერიდან ბავშვს სურვილი უჩნდება, თავი, საკუთარი სქესის გამო,
სიყვარულის ღირსად იგრძნოს. განვითარების აღნიშნულ სტადიაზე ყმაწვილი
წინანდელზე უფრო პიროვნულად და აშკარად გამოხატავს სიყვარულისადმი ლტოლვას;
იგი იმაშიც უნდა დარწმუნდეს, რომ მისი სიყვარული სხვებსაც რაღაცად უღირთ. ამ დროს
მასში იღვიძებს შიში, რომ თავად არავითარი ღირებულება არ გააჩნია და სიყვარულს არ
იმსახურებს. შემდგომ ეს განცდა სირცხვილის, საკუთარი თავის უარყოფის, უმწეობისა და
არასრულფასოვნების მიმართ შიშად გადაიქცევა, რის გამოც თავს ადამიანებისაგან
გარიყულად გრძნობს. აღნიშნულმა შიშმა სამომავლოდ, შესაძლოა, სცენაზე გამოსვლის,
გამოცდის ჩაბარების, ვინმესადმი ერთგულების, მოსაპოვებელი სიყვარულის ან
მეტოქეობის დროს იჩინოს თავი. ასეთ დროს ძირითადი მაინც საკუთარი
არასრულფასოვნების წინაშე შიშია, რომელსაც ადამიანი რაიმე შეუსრულებელი
მოთხოვნებისა თუ ბრძანებების გამო როდი განიცდის; ეს შიში ახლა მისი თვითშეფასების
საზომი ხდება და მისსავე არსებობას უქმნის საფრთხეს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამგვარ
შიშს ინტენსიურად განიცდიან ისტერიული სტრუქტურის მქონე ადამიანები.
აშკარაა, რომ, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ბავშვს ბედმა უმტყუნა და მშობლების ჯანსაღ
სურათ-ხატთან საკუთარი თავის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხა. მოზარდის განვითარების
წინა სტადიებთან შედარებით, მშობლებს ამ დროს მეტი გონიერება მართებთ, რადგან
სწორედ მათი საქციელის მიხედვით ცდილობს მოზარდი დამაჯერებელი სურათ-ხატების
შექმნას. მისთვის სასიამოვნო უნდა იყოს საკუთარი ზრდის პროცესის განცდა და
ზრდასრული ადამიანების სამყაროში შესვლას ღირსშესანიშნავ და სასიამოვნო მოვლენად
უნდა აღიქვამდეს. ქაოტურ, მძიმე გარემოში მცხოვრები ბავშვი გრძნობს მშობლების ყალბ
ურთიერთობას, იცის, რომ ისინი ორმაგი მორალით ცხოვრობენ, და, რასაც მას უკრძალავენ,
თავად იმას სჩადიან. ამ დროს, შესაძლოა, მოზარდი შიშმა შეიპყროს და ვეღარ გაბედოს
მომწიფებისაკენ ნაბიჯის გადადგმა. იგი მშობლებს სერიოზულად აღარ აღიქვამს და,
თუმცა მათთან იდენტიფიკაციას ახდენს, მაინც არ იცის, გარესამყაროსთან შეხვედრისას რა
შესაძლებლობებს უნდა მოუხმოს საკუთარ თავში.
მართალია, ბავშვს, ასე თუ ისე, ესმის, რომ ის როლი უნდა შეასრულოს, რომელიც მას
ოჯახში დაუწესეს, მაგრამ იმისი აღარაფერი გაეგება, გარესამყაროში ყოფნისას როგორ
უნდა მოიქცეს. ამ დროს მოზარდი ცდილობს, ახალ-ახალი როლები გაითავისოს და
მისთვის სასურველს მოერგოს, თუმცა საამისოდ არავითარი საფუძველი არ გააჩნია.
ამგვარი ქცევა ადამიანს მოგვიანებით კიდევ უფრო უძლიერებს შიშს, რადგან მისი
ცხოვრების საფუძვლად, საბოლოოდ, სიყალბე ჩამოყალიბდება, ამან კი იგი, შესაძლოა,
კატასტროფამდე მიიყვანოს.
სწორედ ამის გამო ვეღარ ასრულებს ადამიანი ცხოვრების მეოთხე მოთხოვნას, რომლის
თანახმადაც, მან საკუთარი თავი რეალურ აუცილებლობებსა და კანონზომიერებებს უნდა
მიუსადაგოს. მათ მიმართ მორჩილების ან მათზე უარისთქმის შიშით, იგი ცდილობს
რეალობას გაექცეს და სურს, ყველაფრისგან მოწყვეტილი, წარმოსახვითი თავისუფლების
განცდას შეაფაროს თავი. ამ დროს ადამიანს, შესაძლოა, კვლავ სწამდეს, რომ მხოლოდ
სურვილი სავსებით საკმარისია, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს, თანაც ისე, რომ
ამისათვის რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირდეს.
ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს – ადამიანმა საკუთარი იდენტობა
უნდა იპოვოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ როლების შესრულებაზე უარი თქვას და აღარ
მიუბრუნდეს მისთვის სასურველ, ბავშვობისდროინდელ სურათ-ხატებს; მან ხომ ისინი
თავადვე შექმნა, შემდეგ კი, კონკრეტულ შესაძლებლობათა ფარგლებში, ამ სურათ-
ხატებთან საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მოახდინა?! ამის გამო მისი სურვილების
წარმოსახვით სამყაროსა და რეალობას შორის ჩნდება უფსკრული, რომელიც თანდათან
ღრმავდება და მისი შიშიც ძლიერდება.
არის შიშები, რომლებსაც სამყაროში ჩვენი არსებობის, ახლობელ ადამიანთან განშორებისა
თუ დაკარგვის, ასევე დანაშაულისა და სასჯელის გამო, მუდმივად განვიცდით. ამას
შემდეგ თვითშეფასებისა და იდენტობის წინაშე შიშიც ემატება. ეს ჩვენი ადამიანური არსის
დამახასიათებელი ძირითადი შიშებია და ბავშვობისდროინდელ წლებში მიღებული
პირველი გამოცდილებებიც სწორედ ამ შიშებს უკავშირდება. ამ გამოცდილებათა
საფუძველზეა შესაძლებელი ზემოხსენებული შიშების ინტენსიობისა და მათი დაძლევის
უნარის დადგენა. ზრდასრული ადამიანი შიშისადმი მიდრეკილებას იმის მიხედვით
ავლენს, თუ რა ხარვეზები ჰქონდა ან რა სიძნელეების გადალახვა მოუხდა მას ცხოვრებაში;
მაგრამ, ბავშვისაგან განსხვავებით, მას გაცილებით მეტი უნარი გააჩნია შიშის დასაძლევად
და დასათრგუნად. მისი ცოდნა და გამოცდილება საკმარისია საიმისოდ, რომ საკუთარი
იმედი, რწმენა თუ პასუხისმგებლობისადმი მზაობა შიშის წინააღმდეგ მიმართოს და
დაამარცხოს კიდეც იგი. თავდაპირველად ადამიანი შიშის დაძლევას გაუბედავად
ცდილობს, მერე კი, როდესაც საკმაოდ მოძლიერდება, უფრო დიდ შიშებსაც შეეჭიდება
ხოლმე.
ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია შიშის გარეშე; ამასთან, შიში მხოლოდ
დამთრგუნველ და მტანჯველ შეგრძნებებს არ იწვევს და პიროვნების მომწიფების
პერიოდში, შესაძლოა, გარკვეული იმპულსის გამომწვევიც გახდეს. როდესაც სიახლესთან
ჭიდილში სათანადო გამბედაობას იჩენენ და ცდილობენ, წინ აღუდგნენ შიშს, ეს
შესაძლებლობას იძლევა, ახალ-ახალი გამოცდილებით წარდგნენ საკუთარი თავისა და
გარესამყაროს წინაშე, რაც ბავშვობისდროინდელი შიშის დაძლევას განაპირობებს.
ამავდროულად, შიში ხშირად ადამიანის განვითარების იმპულსიც ხდება; ამიტომ
მიგვაჩნია, რომ მას რაღაც სასიკეთოც ახლავს, მაშინაც კი, თუ მისი დაძლევა მთლიანად ვერ
ხერხდება.
ზემოთქმულიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ გონივრული აღზრდის
მეშვეობით ბევრნაირი შიშის დაძლევა შეიძლება. ამიტომ მშობლებმა და აღმზრდელებმა
აუცილებლად უნდა იცოდნენ, რა სჭირდება ბავშვს ცხოვრების პირველ წლებში, როგორ
უნდა მოვექცეთ (ან არ მოვექცეთ) მას, რა შეზღუდვებისა და აკრძალვების გამო განიცდის
იგი იმ შიშებს, რომელთა თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. ნამდვილად ბევრს
მოვიგებთ, თუ ამ თავდაპირველ შიშებს წინ აღვუდგებით, რადგან ჯანმრთელ ადამიანს
ყოველთვის შეუძლია გაუმკლავდეს თავისი არსებობისათვის დამახასიათებელ შიშებს.
ადრეულ ბავშვობაში გადატანილი მძიმე კონფლიქტების გამო, შიშებმა, შესაძლოა, ისეთი
აუტანელი ფორმები მიიღოს, რომ ადამიანი მათ მარტო ვეღარ გაუმკლავდეს და
ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდეს. ძალზე სასარგებლოა ამ დროს იმის ცოდნა, რომ
დიდ შიშებს რეალურ სიტუაციებთან კავშირი არა აქვს და სინამდვილეში ბავშვობის
დროიდან მოდის. ისინი ირაციონალობის დონეზე აღარ არსებობს, რადგან მათი
წარმომავლობა სრულიად გასაგები გახდა.
სწორედ ამ ცოდნის წყალობით უნდა ვირწმუნოთ, რომ ის უმწეო ბავშვები აღარა ვართ,
შიშების ტყვეობაში ანგარიშმიუცემლად რომ ვიმყოფებოდით; უშუალოდ ეს რწმენა
მოგვცემს მის დასამარცხებლად საჭირო ძალას.
ბავშვობის დროიდან მოყოლებული, ჩვენ, ადამიანები, ვვითარდებით, ვიკრებთ ძალებს და
ვიძენთ უნარ-ჩვევებს, რათა ამ დამთრგუნველი შიშებისაგან გავთავისუფლდეთ; მერე
ნებისმიერი შიშის დაძლევისას მოპოვებული სულ მცირე გამარჯვებაც კი გვამხნევებს და
გვაძლიერებს. ამიტომ ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ შიშის ბუნება და დავადგინოთ
მისი გამომწვევი მიზეზები, ვინაიდან შიშისაგან გაქცევა ბევრად უფრო დიდ საფრთხეს
გვიქმნის, ვიდრე ჩვენ გვგონია.

You might also like