Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ლაქა კედელზე

ვირჯინია ვულფი

ამა წლის იანვრის შუა რიცხვები იყო, ალბათ, როცა მაღლა ავიხედე და კედელზე ლაქა
დავინახე. ეს დღე ნათლად უნდა წარმოიდგინო. ასე რომ, ახლა მე ვფიქრობ ბუხარზე,
მახსენდება ჩემი წიგნის ფურცლებზე არეკლილი ყვითელი შუქის უცვლელი ფილმი;
ბუხრის თაროზე მოთავსებული სამი ქრიზანთემა მინის მრგვალ ლარნაკში. დიახ, მაშინ
ნამდვილად ზამთარი იყო და ჩვენ ახალი დამთავრებული გვქონდა ჩაის სმა, რადგან
მახსოვს, სიგარეტს ვეწეოდი, როდესაც პირველად დავინახე ის ლაქა. სიგარეტის კვამლით
გაბრუებულმა მაღლა ავიხედე და რამდენიმე წამით თვალი მივაშტერე მბჟუტავ
ნაკვერჩხალს. რატომღაც ისევ ამეკვიატა ჩემი ძველი წარმოსახვა: ციხესიმაგრის კოშკზე
მოფრიალე ალისფერი დროშა და შავი კლდის კიდეზე მოჯირითე წითლით მოსილ
რაინდთა კავალკადა. ჩემდა სასიხარულოდ, ლაქამ შეაჩერა ეს ძველი მირაჟი, უეცარი
ფანტაზია, რომელიც ალბათ დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ ჩამრჩა გონებაში.

ეს იყო პატარა შავი ლაქა თეთრი კედლის ფონზე, დაახლოებით ექვსი ინჩის სიმაღლეზე
ბუხრისთავიდან.
გასაოცარია, როგორი სისხარტით ეჭიდება ხოლმე ჩვენი გონება ფიქრის ახალ საგანს. ცოტა
ხნით აიტაცებს მას ისე, როგორც ჭიანჭველა დაატარებს მონდომებით ჩალის ღერს, და
შემდეგ ტოვებს… თუ ეს ლაქა ლურსმნის ნაკვალევია, იქ სურათი კი არა, უფრო
თეთრპარიკიანი ქალბატონის მინიატიურა იქნებოდა დაკიდებული თეთრად შეპუდრული
ლოყებით და მიხაკისფერი ტუჩებით. ოჰ, თუმცა არა, ხალხი, რომელიც იქ ჩვენამდე
ცხოვრობდა, ზუსტად ამ პრინციპით აირჩევდა სურათებს — ძველ ტილოს ძველი
ოთახისთვის. აი, ასეთი ტიპის ხალხი იყო, ალბათ, ძალიან საინტერესოც. და მე ძალიან
ხშირად ვფიქრობ მათზე ასეთ უცნაურ ადგილებში.
ალბათ, იმიტომაც, რომ მათ ვეღარასოდეს ვერავინ შეხვდება და ვერც იმას გაიგებენ, რა
გადახდათ. ისინი ამ სახლიდან გადასვლას მხოლოდ იმ უბრალო მიზეზის გამო
აპირებდნენ, რომ ავეჯის სტილის შეცვლა სურდათ. ასე ამბობდა ის. და კიდევ ამბობდა,
რომ ხელოვნების არსი მის იდეებში იმალება. და ჩვენ დავშორდით… ისევ გამეფანტა
ფიქრები, თითქოს მატარებელში ვიჯდე, ისე სწრაფად, სწრაფად გავიქროლე წარსულში
და… გამახსენდა, როგორ ასხამდა ჩაის მოხუცი ქალბატონი და როგორ თამაშობდა
ჩოგბურთს გარეუბანში მდებარე რომელიღაც ვილაში პატარა ბიჭი.

ჰო! რაც შეეხება ისევ იმ ლაქას, არა მგონია, ლურსმნისგან იყოს, რადგან ძალიან დიდი და
მრგვალია. ერთი უნდა ავდგე და კარგად შევხედო, მაგრამ შევძლებ კი რაიმეს გარკვევას?
რადგან, როდესაც რაღაც ხდება ამ ქვეყანაზე, კაცმა არ იცის, რისთვის ან ვისთვის ხდება.
ოჰ, ღმერთო ჩემო! აი, რაში მდგომარეობს ცხოვრების საიდუმლო! როგორი გაფანტული
შეიძლება იყოს ფიქრები! კაცობრიობის უვიცობა! სამწუხაროდ, ჩვენი შესაძლებლობების
ძალიან მცირე ნაწილს თუ ვაკონტროლებთ და ცხოვრება ჩვენი ცივილიზაციის შემდეგ
უკვე შემთხვევითობა გახდა. ამას ახლავე დაგიმტკიცებთ: ჩამოვთვალოთ, რამდენ რამეს
ვკარგავთ სიცოცხლის მანძილზე. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე საინტერესოა — კატამ ხომ
არ დაღრღნა ან ვირთხამ ხომ არ შეჭამა, სად გაქრა ნეტავ წიგნების ასაკინძი ხელსაწყოების
ყუთი? შემდეგ გამოიგონეს ჩიტის გალიები, რკინის რგოლები, ფოლადის ციგურები,
დედოფალ ანას დროინდელი ნახშირის ყუთი, ათასი წვრილმანის კალათა, ხელის ორღანი
— ყველაფერი ეს ისტორიას ჩაბარდა; და მათ შორის სამკაულებმაც დაკარგა ფასი. ოპალები
და ზურმუხტები უკვე თალგამის ფესვებქვეშ არის დამარხული. როგორი საქმეა,
ყველაფერი ეს გაათვითცნობიერო! საოცარია ის, რომ დღეს მე ტანსაცმელი მაცვია და
საკმაოდ მასიური, მყარი ავეჯის გარემოცვაში ვზივარ.
რატომაც არა! თუ ვინმეს უნდა, შეადაროს ცხოვრება რამეს, თავი საათში 50 მილით
მოძრავ მეტროს ვაგონში უნდა წარმოიდგინოს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ბოლო
გაჩერებამდე თმაში ერთი სარჭიც კი აღარ შეგრჩება; დედიშობილები მივფრინავთ
მამაზეციერის ფერხთით; მიქრი ასფოდელის მინდვრებში ცხენის ძუასავით თმაგაწეწილი,
როგორც ყავისფერი ქაღალდის ამანათები იყრება ყუთებში. ყველაფერი შემთხვევითია,
ყველაფერი წინასწარგანუსაზღვრელია.
რა არის სიცოცხლის მერე? ალბათ, მისუსტებული ღერო, რომელიც ისევ ივსება
სიცოცხლით, როდესაც ყვავილი ალისფერ და წითელ შუქად დაიღვრება. რატომ არ
შეიძლება, ისევე როგორც აქ, იქაც დაიბადოს მეტყველების უნარს მოკლებული არსება,
რომელსაც არ აქვს ყურადღების გამახვილების უნარი, ებღაუჭება ბალახს და ეჭიდება
ბუმბერაზის ფეხებს? რამეთუ ითქვა: ხალხი ხეებია, და არაფერია იქ შეუძლებელი,
რამდენმა ხანმაც უნდა განვლოს, თუნდაც ნახევარმა საუკუნემ. არაფერი იქნება, გარდა
სქელი ლერწებით გადაკვეთილი სინათლისა და წყვდიადის სივრცეებისა. უფრო მაღლა კი,
ალბათ, არის ვარდის ფორმის განურჩეველი ფერის ლაქები — მკრთალი ვარდისფერი და
ცისფერი, დროთა განმავლობაში რომ უფრო მკაფიო გახდება და ბოლოს გადაიქცევა… ოჰ!
არც ვიცი, რად…
და მაინც, ის ლაქა სულაც არ არის ლურსმნის კვალი.
ის შეიძლება დაეტოვებინა ზაფხულიდან შემორჩენილ პატარა ვარდის ფოთლისმაგვარ
ნივთიერებას. როგორი უყურადღებო დიასახლისი ვარ; ერთი შეხედეთ მტვრის ფენას
ბუხრის თავზე! მტვერი, რომელმაც, როგორც ამბობენ, სამჯერ დამარხა ტროა… მხოლოდ
რამდენიმე ქვაბი თუ გადაურჩა მთლიანად დაფარვას. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.
ფანჯრის მიღმა დარგული ხე ტოტებით ნელ-ნელა უკაკუნებს მინას… მე მინდა, ვიფიქრო
სიჩუმეში, წყნარად და ლაღად, არავინ შემაწყვეტინოს, არასდროს ავდგე ჩემი სკამიდან,
შევძლო, გადავინაცვლო ერთი საგნიდან მეორეზე ყოველგვარი წინააღმდეგობის ან
სიძულვილის გარეშე. მე მინდა, ჩავეფლო ღრმად, შორს ზედაპირისაგან, საიდანაც ძნელია
ჭეშმარიტი, ნამდვილი საგნების გარჩევა, და რომ შევძლო თავის შეკავება, მოდი,
პირველსავე აზრს ჩავეჭიდები, რომელიც თავში მომივა… შექსპირი…
არ ვიცი, რა ვთქვა, მაგრამ სულერთია — ეგეც გამოდგება. კაცი მოხერხებულად
მოკალათებულიყო სავარძელში და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს მიშტერებოდა. და
იდეების დიდი ნაკადი მის გონებაში უწყვეტად მიედინებოდა პირდაპირ ზეციდან. იგი
ხელით თავს ეყრდნობოდა და ხალხი უყურებდა ღია კარიდან… (ეს ალბათ ზაფხულის
ღამეს ხდებოდა). მაგრამ როგორი უაზროა ეს ისტორიული ბელეტრისტიკა! ნეტავ
შევეჯახებოდე ფიქრთა რაიმე სასიამოვნო ნაკადს, რომელიც ასახავდა ჩემს რწმენას
საკუთარ თავში, რადგან ისინი სასიამოვნო ფიქრებია და ხშირია ისეთი თავმდაბალი
ადამიანისათვის, რომელსაც საკუთარი ქების მოსმენაც კი ეუხერხულება. მაგრამ განა ეს
ფიქრები პირდაპირ აქებენ ვინმეს! სწორედ ამაშია მათი სილამაზე.

აი, როგორია ისინი:


ოთახში შევედი. ისინი ბოტანიკაზე საუბრობდნენ და მე ვთქვი, რომკინგსვეიში ყვავილი
ვნახე, ძველი სახლის ნანგრევების გორაკზე საცოდავად ამოსული. ყვავილი, ჩემი აზრით,
შეიძლება ჩარლზ I-ის მეფობის დროს დაითესა. რა ყვავილები ხარობდა ჩარლზ I-ის
მეფობის დროს? — ვიკითხე მე (მაგრამ არ მახსოვს პასუხი). მაღალი ყვავილები ალისფერი
ფუნჯებით. ასე გრძელდება უსასრულოდ. მე მუდმივად ვქმნი ჩემი თავის ხატებას და
ფარული სიყვარულით ვეთაყვანები მას, ისე, ჩემთვის, ქურდულად, მაგრამ ვჩქარობ, რომ
ეს არავინ შენიშნოს და უცბად ვიღებ წიგნს, თითქოს მასში ვეძებ ნუგეშს.
როგორ ინსტინქტურად იცავს ადამიანი თავს საკუთარი თავის თაყვანისცემისგან ან სხვა
ქცევისგან, რომელიც მას სასაცილოდ აქცევდა ან მეტისმეტად დააშორებდა ორიგინალს და
ამით უფრო დაუჯერებელს გახდიდა. განა ასე არ არის? ყველაფერი ეს ძალიან
მნიშვნელოვანია. დავუშვათ, გატყდა სარკე, გამოსახულებაც ხომ გაქრება? და უღრანი
ტყეების მწვანეთი გარშემორტყმული რომანტიკული სურათი აღარ იარსებებდა, ხალხი
პიროვნების მხოლოდ ფუტლარს დაინახავდა. წარმოგიდგენიათ კი, როგორი უსივრცო,
ცარიელი და უსიცოცხლო გახდებოდა დედამიწა? ასეთ დედამიწაზე სიცოცხლე
შეუძლებელი იქნებოდა. როდესაც ერთმანეთს შევყურებთ ომნიბუსებსა და მეტროში, ჩვენ
ხომ სინამდვილეში სარკეში ვიყურებით და სწორედ აქედან ჩანს ჩვენს თვალებში
გაფანტული მზერაც და სიწმინდის ანარეკლიც. მომავალში ამ ანარეკლების მნიშვნელობას
მწერლები უფრო მეტად გააცნობიერებენ, რადგან მხოლოდ ერთი კი არა, უამრავი
ანარეკლი არსებობს.
ეს ის სიღრმეებია, რომლებსაც ისინი ჩასწვდებიან. ეს ის აჩრდილებია, რომლებსაც ისინი
დაედევნებიან.
რა აზრი აქვს იმის წერას, რაც უკვე ბევრჯერ დაწერილა? თუნდაც, ბერძნები და შექსპირი
ავიღოთ — თუმცა რა საჭიროა ასეთი განზოგადება? უაზრობაა. საკმარისია საომარი
შეძახილები და შენ თვალწინ ამოტივტივდებიან მოწინავე სტატიები, მინისტრთა საბჭოს
წევრები — საგანთა მთელი კლასი, რომელიც ბავშვობაში ყველას ყველაზე მთავარის,
უპირველესად არსებულის საზომად და ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა, რომლისგანაც
უკანდახევა არ შეიძლება, რადგან შეჩვენება არ აგცდება. მაგრამ ეს აბსტრაქციები
რატომღაც ლონდონში გატარებულ კვირა დღეებს, სეირნობებს, საუზმეებს გვახსენებს, უკან
გვიბრუნებს საუბრებს გარდაცვლილებზე, სამოსსა და ისეთ ჩვეულებებზე, როგორიც იყო,
მაგალითად, რაღაც განსაზღვრულ დრომდე ერთად ჯდომა ერთ ოთახში, თუმცა ეს არავის
მოსწონდა. ყველაფრისთვის წესი არსებობდა. თქვენ წარმოიდგინეთ,
გადასაფარებლებისთვისაც კი — აუცილებლად ხელით გობელენისა უნდა ყოფილიყო,
თანაც ყვითლად გამოკვეთილი კვადრატებით, როგორიც ალბათ ბევრჯერ გინახავთ სამეფო
დარბაზების დერეფნებში გამოფენილი ხალიჩების ფოტოებზე. სხვანაირად ნაქსოვ
ხალიჩებს კი ფასი არ ჰქონდა. როგორი ელდის მომგვრელი, მაგრამ ამავე დროს მშვენიერია
იმის აღმოჩენა, რომ ის ჭეშმარიტი ფასეულობანი: საკვირაო წვეულებები, სეირნობები,
გარეუბნის სახლები და გადასაფარებლებიც კი — ნახევრად მოჩვენებითი იყო.

და შეჩვენება, რომელიც წილად ხვდებოდა რომელიმე ურწმუნოს, სხვა არაფერი იყო, თუ


არა უკანონო თავისუფლების შეგრძნება. ნეტავ რა არის ახლა იმ სანიმუშო ფასეულობების
ადგილას? ალბათ მამაკაცები, რადგან შენ ქალი ხარ; მამაკაცის შეხედულება, რომელიც
ფაქტობრივად მართავს დღეს ჩვენს ცხოვრებას, რომელიც ადგენს ამ სტანდარტებს,
რომელმაც დააარსა უაიტეკერის იერარქიული ცხრილი, რომელიც ომის შემდეგ ნახევრად
მოჩვენებად იქცა და მალე ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება მაჰაგონის ბუფეტების, ლანდსირის
ტილოების, ღმერთებისა და ეშმაკების, ჯოჯოხეთისა და აჩრდილების მსგავსად, ჩვენ კი
დაგვიტოვებს უკანონო თავისუფლების დამათრობელ შეგრძნებას, თუ თავისუფლება
არსებობს, რა თქმა უნდა…
ხანდახან, როდესაც ლაქას შუქი ეცემა, მეჩვენება, რომ იგი კედლის ჩრდილია. მთლად
მრგვალიც არ არის, თითქოს ოდნავ შესამჩნევ ჩრდილს გამოსცემს და თუ თითით შევეხები
კედლის იმ ადგილს, ვიგრძნობ, როგორ წამოიწევა თითი და პატარა, სამხრეთ დაუნისნაირ
სწორ ბორცვზე დაეშვება, რომელიც, როგორც ამბობენ, საფლავებსა თუ უძველესი ხალხის
სადგომებს წააგავს. ამ ორიდან, მირჩევნია, იყოს საფლავები, რადგან ისინი ჩემში, ისევე
როგორც ბევრი ინგლისელის გულში, მელანქოლიურ განწყობას აღძრავდა; და სეირნობის
შემდეგ, სრულიად ბუნებრივია, თუ ფიქრი დაიწყე ბუხრის ქვეშ მოქცეულ ძვლებზე…
ალბათ ამაზე წიგნიც კი დაიწერა. და ვიღაც არქეოლოგმა ამოთხარა ისინი და სახელებიც კი
დაარქვა.
ნეტავ როგორი ხალხია ეს არქეოლოგები? უმრავლესობა ალბათ სამსახურიდან გადამდგარი
პოლკოვნიკია, რომელთაც ხანში შესული მუშების ჯგუფები მიჰყავთ მწვერვალზე,
აკვირდებიან ბელტებსა და ქვებს, მიმოწერა აქვთ მეზობელ მღვდლებთან და საუზმობის
დროს მათი წერილების გახსნა სიდიადის განცდას ანიჭებთ. ისრის პირების შესადარებლად
მათ ხშირად უხდებათ მოგზაურობა ერთი საგრაფოდან მეორეში, რაც აუცილებლობაა
მათთვის და მათი პატივცემული მეუღლეებისთვის, რომელთაც ქლიავის ჯემი აქვთ
მოსახარში, ანდა კაბინეტი აქვთ დასალაგებელი და ამიტომაც ყველა მიზეზი აქვთ
საიმისოდ, რომ სადგომებისა თუ სამარხების საკითხი რაც შეიძლება დიდხანს
განიხილებოდეს, მაშინ, როცა თვითონ პოლკოვნიკი ფილოსოფიური განწყობით აგროვებს
დამამტკიცებელ საბუთებს ორივე საკითხის ირგვლივ. საბოლოოდ ის უძველესი ხალხის
სადგომის ვერსიას ირჩევს და მოწინააღმდეგეების კრიტიკის შემდეგ წერს პამფლეტს,
რომელიც ადგილობრივი საზოგადოების ტრადიციულ სხდომაზე უნდა წაიკითხოს, მაგრამ
მოულოდნელად წნევა დაარტყამს, და მისი უკანასკნელი ფიქრი ცოლს-შვილს კი არ
დასტრიალებს, არამედ უძველესი ადამიანის საცხოვრებელს და იქ ნაპოვნ ისრის პირს,
რომელიც ამჟამად ადგილობრივ მუზეუმში ინახება ჩინელი მკვლელი ქალის ტერფთან,
ერთ მუჭა ელისაბედისეულ ლურსმნებთან, ტიუდორების დროინდელი თიხის ჩიბუხების
მთელ კოლექციასთან, რომაულ კერამიკასა და ღვინის სასმისთან ერთად, რომლიდანაც
ნელსონი სვამდა — ვინ იცის, ყველაფერი ეს რისი დამამტკიცებელია?
არა, არაფერია დამტკიცებული და ცნობილი. და ახლა რომ ავმდგარიყავი,
დავრწმუნდებოდი, ის ლაქა კედელზე — რა უნდა ყოფილიყო ბოლოს და ბოლოს —
უზარმაზარი ლურსმნის თავი ხომ არ იყო, რომელიც ორასი წლის წინ ჩააჭედეს და ახლა,
როდესაც დიასახლისების მთელი პლეადის წყალობით თავი გამოყო საღებავის ფენიდან და
ახალი ცხოვრების პირველი წუთებით ტკბება ბუხრის ცეცხლით განათებულ ოთახში, —
რას მომცემდა ეს? ცოდნას თუ ახალ თემას შემდეგი განსჯისათვის? მე შემიძლია ვიფიქრო
როგორც ფეხზე მდგომმა, ისევე სადმე მოკალათებულმა.
და რა არის ცოდნა? და ვინ არიან ჩვენი სწავლულები, თუ არა განდეგილებისა და
ალქაჯების შთამომავლები, საცოდავად შეყუჟულნი გამოქვაბულებსა და ტყეებში,
რომლებიც ხარშავდნენ მცენარეებს, თან ელაპარაკებოდნენ ბიგას და იწერდნენ
ვარსკვლავების ენას? და რაც უფრო ნაკლებ პატივს მივაგებთ მათ, მით მეტად
ვთავისუფლდებით ცრურწმენისაგან და ვეთაყვანებით სილამაზეს და საღ აზრს. დიახ!
წარმოიდგინეთ სრულყოფილი სამყარო — წყნარი, ვრცელი, წითელი და ცისფერი
ყვავილებით მოფენილი ფართოდ გაშლილი მინდვრებით. სამყარო, სადაც არ იქნებოდნენ
პროფესორები, სწავლულები, ქალები პოლიციელების პროფილებით, სამყარო, რომელსაც
ფიქრებით დავანაწევრებდით, ზუსტად ისევე, როგორც თევზი აპობს ტალღებს
ფარფლებით და ქვირითის ბუდეებზე დაკიდებული დუმფარას ღეროებს წიწკნის.

რა სიწყნარეა იქ, დაბლა, ზედაპირისგან მოშორებით, სამყაროს შუაგულში და რა


მშვენიერია ნაცრისფერი წყლის ყურება, რომელშიც დროდადრო გამოანათებს ხოლმე
უეცარი სიკაშკაშე შუქისა და მათი ანარეკლები — და რომ არა უაიტეკერის კალენდარი, და
რომ არა უაიტეკერის იერარქიული ცხრილი…
უნდა ავდგე და გავარკვიო, რა არის სინამდვილეში ეს ლაქა — ლურსმანი, ვარდის
ფურცელი თუ ბზარი ხეში.
აქ კიდევ ერთხელ თამაშობს ბუნება თვითგადარჩენის თამაშს. იგი გრძნობს, რომ ფიქრთა
ასეთი ნაკადი სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის უაზრო კარგვა და ხანდახან
სინამდვილესთან შეჯახების საფრთხესაც კი ქმნის, რადგან გაბედავს კი ვინმე
შეეწინააღმდეგოს უაიტეკერის იერარქიულ ცხრილს? კენტერბერიელი არქიეპისკოპოსის
შემდეგ იყო უმაღლესი ლორდ-კანცლერი; უმაღლესი ლორდ-კანცლერის შემდეგ კი —
იორკის არქიეპისკოპოსი. ვიღაც ვიღაცის შემდეგ მოდის — ასეთია უაიტეკერის
ფილოსოფია და დიდებული რამ არის, როცა იცი, ვინ ვის მოსდევს. უაიტეკერმა ეს იცის,
და დაე, ამან დაგამშვიდოთ აღშფოთების მაგიერ, — გვირჩევს ბუნება, — და თუ მაინც ვერ
იგრძნობ თავს მშვიდად და აუცილებლად უნდა დაარღვიო ეს ნეტარი მყუდროების საათი,
მაშინ იფიქრე კედლის ლაქაზე.
ჩემთვის გასაგებია ბუნების თამაში; იგი ყოველთვის მოგვიწოდებს მოქმედებისაკენ, რათა
ბოლო მოვუღოთ მღელვარებისა თუ ტკივილის მომგვრელ ყველა ფიქრს. აქედან მოდის,
ჩემი აზრით, ის მცირედი სიძულვილი იმ ქმედების, რომელთაც, ჩვენი წარმოდგენით, არ
შეუძლიათ განსჯა. და მაინც, მგონი არაფერს დავაშავებ, თუ წერტილს დავუსვამ
არასასურველ ფიქრებს და შევხედავ ლაქას კედელზე.
და ახლა, როცა ჩემი მზერა ლაქაზეა მიჯაჭვული, ასე მგონია, თითქოს ფიცრის ნაჭერს
ჩავეჭიდე ზღვის შუაგულში, რეალობის სასიამოვნო გრძნობა მეუფლება, რომელიც ორივე
ეპისკოპოსს ლორდ-კანცლერთან ერთად წყვდიადის ბნელ ლანდებად აქცევს.
ეს უკვე სინამდვილეა. ღამის კოშმარისაგან გამოღვიძებულები მაშინვე ვანთებთ შუქს და
ჩუმად, ხმაგაკმენდილები ვწევართ და თანაც ვეთაყვანებით კომოდს, ვეთაყვანებით
სიმყარეს, ვეთაყვანებით არსებულს, ვეთაყვანებით იმ უსულო სამყაროს, რომელიც იმის
დასტურია, რომ არის რაღაც სხვა, ჩვენგან განსხვავებული არსებობა. ეს არის ის, რაშიც
ყველას უნდა რომ დარწმუნდეს… ტყეზე ფიქრი სასიამოვნოა. ის ხეებისგან შედგება, ხეები
კი იზრდებიან, თუმცა როგორ — ეს ღმერთმა უწყის! ისინი იზრდებიან წლების
განმავლობაში. იზრდებიან ისე, რომ ჩვენ არც კი გვაქცევენ ყურადღებას, იზრდებიან
მინდვრებში, ტყეებში, მდინარის ნაპირებთან… სასიამოვნოა ყველაფერ ამაზე ფიქრი.

მათ ქვეშ ძროხები კუდებს იქნევენ შუადღის პაპანაქება სიცხეში; ფოთლებისგან მდინარე
იმდენად მწვანე ჩანს, რომ როცა ჭაობის კაკაბი წყალში ყვინთავს, ყველას ჰგონია, ხელახლა
გამოჩენილს ბუმბული სულ მთლად მწვანე ექნება. მე მინდა ვიფიქრო თევზებზე,
რომლებიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენ, როგორც მოფრიალე დროშები და
ხოჭოებზე, რომლებიც ნელ-ნელა გადაადგილდებიან და გუმბათისებრ მრგვალ ნაკვალევს
ტოვებენ შლამში. მე მინდა თვით ხეზე ფიქრი და მინდა, თავი ჯერ მშრალ ხედ
წარმოვიდგინო, შემდეგ შევიგრძნო ქარიშხლის ზუზუნი შემდეგ კი — ცვრის ნელი, საამო
ჟონვა.
მე მინდა, ვიფიქრო ხეზე ზამთრის ღამეებშიც, როცა ის ტრიალ მინდორში ჩამოცვენილი
ფოთლების გარემოცვაში დგას, როგორც შიშველი ანძა დედამიწის ზურგზე, და მთელი
ღამე ბორგავს, შფოთავს; მთვარის რკინისფერ შუქზე კი ყველაფერი უღიმღამო ჩანს. ოოჰ,
როგორი უცნაური და ხმამაღალია ივნისში ჩიტების გალობა ხეებისთვის და როგორი
არასასიამოვნო უნდა იყოს მწერების ცივი შეხება, როცა ისინი დიდი წვალებით ცოცდებიან
ხის მერქანზე, ან როცა ეფიცხებიან მზეს მწვანე ფოთლის ტენტზე და იყურებიან წინ
წითელი ალმასისებრი ფორმის თვალებით… ნელ-ნელა, ერთიმეორის მიყოლებით წყდება
ძაფები დედამიწის ძლიერი, ცივი ზეწოლის შედეგად, შემდეგ მოვარდება უკანასკნელი
ქარიშხალი და იმსხვრევა დიდი ტოტები და კვლავ იმარხება მიწაში, მაგრამ მიუხედავად
ყველაფრისა, ცხოვრება არ მთავრდება; და კიდევ რჩება დედამიწაზე ხეებისათვის
მილიონობით მოთმინებით აღვსილი უძილო სიცოცხლე საძინებელ ოთახებში, გემებში,
ტროტუარებზე, სასტუმრო ოთახებში, სადაც ქალები და კაცები იკრიბებიან ჩაის შემდეგ და
ეწევიან სიგარეტს.
ხეებში დაეხეტებიან მშვიდი, ბედნიერი ფიქრები. მე მინდა, მათზე ცალ-ცალკე ვიფიქრო,
მაგრამ რაღაც მიშლის ხელს…
სად ვიყავი? რა იყო ეს? ხე? მდინარე? ბორცვები? უაიტეკერის ალმანახი? ასფოდელის
მინდვრები? არ მახსოვს. ყველაფერი მოძრაობს, იშლება, ცურდება, ქრება… მატერიის
უსასრულო გარდასახვა. ვიღაცა დამდგომია თავზე და მეუბნება:
— წავალ, გაზეთს ვიყიდი.
— ჰო?
— თუმცა, რა აზრი აქვს გაზეთის ყიდვას… არასდროს არაფერი ხდება საინტერესო.
ღმერთმა დასწყევლოს ეს ომი! ეშმაკსაც წაუღია! და მაინც არ მესმის, საიდან გაჩნდა ეს
ლოკოკინა კედელზე?
აჰ, მართლა! ის ლაქა კედელზე თურმე ლოკოკინა ყოფილა..

You might also like