Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 120

შუაგულ მინდორში ვზივარ. საღამოა.

ვიხედები ირგვლივ, საოცარი სიმშვიდე და სითბო


მსიამოვნებს. ნეტა აქ რას ვაკეთებ?.. რაღაც არ მახსოვს, აქ როგორ მოვხვდი, მაგრამ ეს
სიმშვიდე ისე მსიამოვნებს, რომ გონების დაძაბვა აღარ მინდა!

ჩემი ტვინი ისედაც დაძაბულ რეჟიმში მუშაობს. თვალებს ვხუჭავ და ვტკბები. სულიერად
ვისვენებ. მოსაბეზრებელი ყოველდღიურობა სადღაც, მეხსიერების უკანა ნაწილში
განისვენებს. უცებ ვიგრძენი, როგორ ჩამოჯდა ჩემს გვერდით ვიღაც...

თვალს ვახელ და ჩემს მეზობელს ვხედავ, ქვედა სართულიდან. ერთხელ მისი ცოლი
ამომივარდა, სარეცხს გაუწურავად ფენ და ჩემი ფარდა დასველდაო. არადა, სარეცხი სამი
დღის წინ გავფინე.

გენაცვალე, ჩემს ზევით კიდევ 8 სართულია და სხვა დროს კარგად დააკვირდი, ვისი
სარეცხი წვეთავს-მეთქი!.. არადა, ეს ბიჭი ძალიან ნორმალური, ზრდილობიანი და საოცრად
სიმპათიურია! საკვირველია, ასეთი აშარაშკა ცოლები რატომ მოჰყავთ ხოლმე...

- აქ როგორ მოვხვდით-მეთქი, ვეკითხები... - მიღიმის... არა, მართლა რა სიმპათიურია!

- შენი არ ვიცი და მე ჩემი ცოლისაგან ვისვენებო! - გამიკვირდა! სასწრაფოდ მივატრიალე


თავი. დავფიქრდი, მეც ჩემი ქმრისაგან ხომ არ ვისვენებ-მეთქი... მე უფრო ყველაფრისაგან
ვისვენებდი... საჭმელი, სარეცხი, დაალაგე, ბავშვებს აჭამე, დაბანე, გაასეირნე, სკოლა,
საყიდლები...

ღმერთო ჩემო! რამდენს უძლებენ ქალები! არა, ძეგლი უნდა დაუდგან თითოეულ მათგანს!..
შეხება ვიგრძენი!.. ვაიმე, რეებს ბედავს?.. – ხელი გადამხვია და თავისკენ მიზიდავს...
საკუთარი თავი მაკვირვებს, რატომ არ ვუწევ წინააღმდეგობას?!. გამაჟრიალა... არა, რაღაც
სხვანაირად მაჟრიალებს... ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ეს ჩემი მობილურის ვიბრაციაა...
მაღვიძარა რეკავს.

მინდორი სადღაც იკარგება სიმპათიური მეზობლიანად... მეხსიერების უკანა კუნჭულში


მიმალული ყოველდღიურობა ადგილს სიზმარს უცვლის და...

ბალიშის ქვეშ ხელი შევყავი, რომ მაღვიძარა გამოვრთო. რატომაა ყველაზე ტკბილი ძილი
დილით?.. ჯერ თვალს ვერ ვახელ, მაგრამ ვიცი, რომ რვის ნახევარია! უნდა ავდგე, ჩავიცვა,
ბავშვი გავაღვიძო, ჩავაცვა, წავიყვანო სკოლაში...

მერე მეორე ბავშვიც გაიღვიძებს, ვაჭმევ, სადილი მაქვს გასაკეთებელი. ნიჟარაში ჭურჭელი
დამრჩა დასარეცხი... ამ სისულელეებში ნახევარზე მეტი ცხოვრება გადის. ერთადერთი
ნათელი წერტილი, რაც საწოლიდან ადგომის პატარა სტიმულს მაძლევს, ყავაა! ეს რომ არ
არსებობდეს, რა გვეშველებოდა ქალებს?.. მახსოვს, 18 წლისამ ლექსი დავწერე:

"როდესაც გიყვარს,
როდესაც ელი...
მაგრამ ოცნების გმირი არსად ჩანს,
სულ დაივიწყე შენ ყველაფერი,
დაჯექი სახლში - დალიე ყავა!"

ვდგები, ვიცმევ. არა, ის მეზობელი რა ჯანდაბად დამესიზმრა? თითქოს არასოდეს მიფიქრია


მასზე. მაინც რა არის ეს ქვეცნობიერი... რაღაცნაირი დანაშაულის შეგრძნება მაქვს. ჩემს
ქმარს გადავხედე, სძინავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვუღალატე! თან მეცინება! გაიგოს
ერთი იმ აშარაშკამ, რა დღეშია მისი ქმარი სიზმარში?!.

ისე, თეორიულად ხომ შეიძლება, მასაც იგივე დასიზმრებოდა?.. აპარატში ყავა ჩავყარე.
როგორ მიყვარს, წვეთ-წვეთად რომ წამოვა ხოლმე და საოცარ სურნელს აყენებს. ჩემი ბიჭიც
გავაღვიძე, როგორ უჭირს ადგომა. ჯერ პირველკლასელია. ერთად მივდივართ სკოლაში.
მისი ჩანთა მე დამაქვს, იმიტომ, რომ ისეთი მძიმეა, ორ ნაბიჯს წინ ადგამს, ოთხს უკან.

ლიფტში შევდივართ. დავიძაბე, მეგონა, მეშვიდე სართულზე გაჩერდებოდა და სიზმარში


ნანახი ჩემი მეზობელი შემოვიდოდა. თითქმის ყოველდღე მაგ დროს მიდის სამსახურში.
ამჯერად ავცდი. ბავშვი დავტოვე სკოლაში, მაღაზიაში შევიარე, მერე ისევ ლიფტი
გამოვიძახე.

ლიფტი გაიღო და ის მეზობელი არ გამოვარდა გიჟივით, სიზმარში რომ ვნახე?.. ალბათ,


დაეძინა და აგვიანდებოდა... ისეთი ძალით დამეჯახა, რომ ორივეს ნაპერწკლები
გაგვცვივდა.

- უი... მაპატიე, რა!

- აა-არაუშავს... - ჩავიბურდღუნე მეც და ლიფტში შევედი. გული გამალებით მიცემდა


მოულოდნელობისაგან... რა უცნაურად ამიხდება ხოლმე სიზმრები... და, სხვათა შორის,
რასაც ვწერ, ისიც მიხდება ხოლმე.

ყავის ჭიქა გამათბობელზე დავტოვე, რომ არ გაციებულიყო. ქმარს და მეორე შვილს ისევ
ეძინათ. კომპიუტერი ჩავრთე და ყავა დავიდგი... ეს ჩემი დროა! სანამ საქმეს დავიწყებ, ასე
ვფხიზლდები. ფეისბუქზე შევდივარ. ეს ინტერნეტიც რომ არ მქონდეს, ნამდვილად
გავგიჟდებოდი.

მეგობრებს ვეხმიანები და თქვენ წარმოიდგინეთ, საქმეებსაც ვაწარმოებ! ჟურნალისთვის


ვწერ და, ძირითადად, ინტერნეტით ვეკონტაქტები რედაქტორს. ქალს აუცილებლად უნდა
ჰქონდეს თავისი საქმე! მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე უამრავი საქმეა, მაინც ვახერხებ
წერას.

ძირითადად, ღამით ვმუშაობ. მჯერა, რომ ყველა ქალში არის საოცრად დიდი პოტენციალი.
ქალები კაცებზე გაცილებით ძლიერები ვართ! მთავარია, ეს გავაცნობიეროთ და
მოვინდომოთ, რომ რაღაცა შევცვალოთ - შევცვალოთ სასიკეთოდ! თუ რაღაცას ვერ ეგუები,
მაშინ შეცვლი! რომელი კაცი გაუძლებდა ასეთ დატვირთვას, როგორსაც დიასახლისი, დედა
უძლებს?.. - ვერცერთი! საიდან მათ ამდენი ნებისყოფა!

ჩემს მეუღლეს ყავა მივუტანე... ყოველდღე ასე ვაკეთებ. ყოველ დილით ყავით ვაღვიძებ!
როგორ ვოცნებობ, ერთხელ მეც გამაღვიძონ ყავით – აშკარად გაუმართლა! ერთ საათში
სამსახურში წავა!

ისე, რატომ არიან ასეთი მძიმეები კაცები სახლში?.. რა ემართებათ? შაბათს ან კვირას თუ
ვთხოვ, ბავშვები ეზოში ჩაიყვანოს, ისეთ სახეს მიიღებს ხოლმე, ეგრევე ლიმონი მახსენდება.
არადა, უყვარს.

ოღონდ სახლში არ გააკეთოს რამე და ურჩევნია, ბლოკები ზიდოს. მეც თავმოყვარე ვარ და
ხვეწნა-მუდარა არ შემიძლია. მირჩევნია, ბოლომდე მე დავიტვირთო, ვიდრე
დამადლებულად გამიკეთონ რამე. ამ ზაფხულს კედლები და კარები შევღებე, ერთი არ
დამხმარებია!

ქორწინებამდე იდეალურები ჩანან ხოლმე და მერე უცებ მეორე ნახევარი წამოყოფს თავს და
გეტყვის: "გამარჯობა, ძვირფასო, მე შენი ქმარი ვარ! ნაგავი შენ გადაყარე ხოლმე! რა კაცის
საქმეა ნაგვის გადაყრა? კინო? – არ გეზარება კინოში წასვლა? აგერ ინტერნეტი და
გადმოწერე, რა ფილმიც გინდა! - გავისეირნოთ?.. რა ვიცი, მეზარება" და ა. შ.

შენც ნერვები გეშლება მერე... "რამდენჯერ გთხოვე, გასარეცხი ტანსაცმელი კვატში ჩაყარე-
მეთქი! ვრეცხავ და თურმე დარჩენილია სადღაც გასარეცხი... ასე ძნელია, აიღო ეს ოხერი
შარვალია თუ რაღაცა და კვატში ჩააგდო? სპეციალურად ვიყიდე ეს კვატი!"

"რა ვიცი მე, სად დგას ის კვატი... (მეათასედ) ან ჰოო-ჰოოო..." და მიდის სახლიდან!
დადებითიც ბევრი აქვს ჩემს ქმარს. არასოდეს შევუგინებივარ! - არა, მეც არ ვაპატიებდი, ვერ
ვიტან, ცოლებს რომ აგინებენ! ჩემი მეზობელი (სხვა) აგინებს ხოლმე ცოლს, ბოლო ხმაზე
ყვირის: " წადი შენი"... და როგორც წესი, სულ თვითონ მიდის ხოლმე!... რას გაუგებ ამ
კაცებს?..

ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი. ახლა დროა, ჭურჭელს მივხედო! არადა, რამდენი რამაა
არაჩვეულებრივი, რისი გაკეთებაც შეიძლება! მოგზაურობა... რა მოხდებოდა, ახლა
იტალიაში რომ ვყოფილიყავი? ან სადმე, კუნძულზე.

სიამოვნებით ჩავყვინთავდი კარიბის ზღვაში და ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა მუზეუმს


ვნახავდი. ამის ნაცვლად ჭურჭელი უნდა გავრეცხო, სახლი დავალაგო და... ეჰ, ჩამოთვლაც
აღარ მინდა! ან რა საჭიროა, თქვენ ხომ უსიტყვოდაც გამიგებთ, ძვირფასო სასოწარკვეთილო
დიასახლისებო - მებრძოლი სულით?!

დღეს შაბათია. რა ბედნიერებაა, ცოტას გამოვიძინებ. ეს ბედნიერება ათის ნახევრამდე


გრძელდება. მერე ჩემი პატარა გოგო დამახტება თავზე, საბანში შემომიძვრება და მეტყვის:
"ერთ წუთს, დედა, ნახე, რა მოგივიდეს"... და ლოყაზე მაკოცებს.

მე მის ყელში ჩავრგავ ცხვირს. საოცარი სუნი აქვთ ბავშვებს. როგორც მინიმუმ, მარტო
იმიტომ არ ვნანობ გათხოვებას, რომ ასეთი საყვარელი შვილები მყავს. საერთოდ ასეა, ვისაც
ოჯახი არ ჰყავს და მხოლოდ კარიერა აქვს აწყობილი, ის ოჯახზე ოცნებობს და პირიქით.
ადამიანს რაც არა აქვს, ის უნდა! ორივე ერთად არ გამოდის, ან ერთს უნდა დაუთმო დრო,
ან მეორეს.

მე და ჩემი გოგო უფრო ადრე ვდგებით ხოლმე. ყავას რომ დავისხამ, ეშმაკური
გამომეტყველებით მომიახლოვდება, რომ "ყავის ჩაი" მოსვას. არადა, ჯერ 4 წლისაა.

ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ არ გავთხოვილიყავი, როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება. ამაზე
ალბათ ყველა გათხოვილ ქალს უფიქრია. ნეტა მართლა თუ არსებობს პარალელური
სამყაროები და იქ ჩემი ალტერნატიული "მე"-ები ნეტა როგორები არიან, როგორი
ცხოვრებით ცხოვრობენ? ძალიან ბევრი, უცნაური აზრები მომდის ხოლმე თავში.

ჩემს მოთხრობებშიც, როგორც წესი, ასეთი თემატიკა სჭარბობს: გმირები იღვიძებენ უცნაურ
გარემოში და არაფერი ახსოვთ, ან უცნაურ გარემოებათა მსხვერპლნი ხდებიან. მიყვარს
სიუჟეტის ჩახლართვა.

ალბათ მიხვდით, რომ პროფესიით მწერალი ვარ! ოღონდ ისეთი მწერალი, რომლის კარიერა
არ აეწყო ზემოხსენებული მოსაზრების გამო. სწავლა დავამთავრე თუ არა, გავთხოვდი.
დანარჩენს თვითონაც წარმოიდგენთ.

პატარაობიდანვე ვიგონებდი სცენარებს. ეზოში სხვა ბავშვები შემომეხვეოდნენ გარშემო, მე


წინასწარ ვყვებოდი სცენარს, რაც უნდა გვეთამაშა. ძირითადად, მისტიკა იყო. ალბათ,
დაბადებიდან გამომყვა წერის ნიჭი. ჩემმა ლექტორმა – ექსცენტრიული მიწოდა. ნამდვილი
"ჩუდაკი" ხარო, - ასე მითხრა!

ამ შემოდგომაზე მე და ჩემმა ქმარმა ვიჩხუბეთ.


საერთოდ, იშვიათად ვჩხუბობთ ხოლმე. მან მითხრა, რომ მე საკუთარი პერსონა დავკარგე,
რომ ოდესღაც ფერადი ვიყავი და გავშავთეთრდი! ოდესღაც ჩემს გარშემო ვცვლიდი
ყველაფერს, ახლა ჭაობში ვარ! აღარ ვლაპარაკობთ.

საშინლად გავბრაზდი! რა ჩემი ბრალია, რომ ყოველდღიური საქმით და ორი პატარა


ბავშვით ისე ვიღლები, რომ 12 საათზე მკვდარივით მეძინება?.. რა ჩემი ბრალია, რომ
ბავშვებს დიდი დრო სჭირდებათ, საქმის კეთებაში მთელი დღე გადის და ხანდახან თმის
მოწესრიგებას ვერ ვასწრებ?

მითხრა, რომ შვილები გაიზრდებიან და არ დაგიფასებენ შენს თავგანწირვასო! - მე ამის არ


მჯერა! რა ვქნა, თუ მიმაჩნია, რომ შვილი დედამ უნდა გაზარდოს? მარტო გაზრდა ხომ არ
არის, მთავარი აღზრდაა, თორემ როგორღაც კი იზრდებიან ბავშვები! არც ის მომწონს,
ბავშვებს რომ მიუგდებენ ძიძას და სხვა ქვეყანაში გადაიხვეწებიან კარიერის ასაწყობად.

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი შვილები არცერთი ღამით არ დამიტოვებია. პირველ


ბავშვზე ხომ საერთოდ, მაქსიმუმ 1 საათით თუ გავიდოდი სადმე. ასეც არ შეიძლება! ქალს
რაღაც უნდა ჰქონდეს თავისი. როგორღაც უნდა გამონახოს დრო მეგობრებისთვის. მე
თვითონაც შესანიშნავად ვხვდებოდი, რომ პერსონას ვკარგავდი, მაგრამ საყვარელი
ადამიანი რომ გეტყვის ამას, მტკივნეულია... თან, თუ მხოლოდ შენ გადანაშაულებს.

მე კი მიმაჩნია, რომ ცოლ-ქმარს შორის თუ მსგავსი რამ ხდება, ამაში ორივე მხარეა
დამნაშავე! კიდევ ბევრი რაღაცეები ვუთხარით ერთმანეთს და ყველაფერი იმით
დამთავრდა, რომ მე და ბავშვები დედაჩემთან წავედით.

წინა დღეს ერთი პატარა ნოუთი დავწერე: - "მინდა ავდგე და ისეთ ადგილას წავიდე, სადაც
არასოდეს ვყოფილვარ! მინდა იქ გზა ამებნეს და ძალიან ბევრი ვიარო! მინდა, რომ არავინ
შემხვდეს, რომ უნებურად გზა არ ვკითხო. მინდა მომწყურდეს და სანამ წყაროს არ ვიპოვი,
არ გავჩერდე.

მინდა მომშივდეს და შიმშილმა შემაწუხოს! უცებ გაწვიმდეს და დავსველდე! მერე ქარი


ამოვარდეს და შემცივდეს! პატარა დანა მინდა, რომ ხეებზე ნიშნები დავტოვო... რომ წრეზე
არ ვიარო! მერე სადმე ცეცხლი დავანთო. მიტოვებული შენობა ვიპოვო. მინდა შემეშინდეს,
მაგრამ თავი ძლიერად ვიგრძნო! გათენდეს და გამიკვირდეს, ეს შენობა სიბნელეში ასე
საზარლად რატომ მომეჩვენა!

გზად ვიღაც გადავარჩინო, იმ ვიღაცამ მადლობა გადამიხადოს და ერთად გამოვიდეთ


ტრასაზე! მინდა გამიკვირდეს, თურმე, სად ვყოფილვარ! მინდა ის გზა დავიმახსოვრო და
თუ როდესმე ეჭვი შემეპარება, რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა, ან ჩემი ფანტაზიის ნაყოფი
იყო, - წავიდე და ჩემს მიერ ხეზე ამოტვიფრული ნიშნები ვნახო! რათა დავრწმუნდე, რომ მე
ეს მართლა გავაკეთე!"

ამას წინათ ვახსენე, რომ სიზმრები და ის, რასაც ვწერ, ხშირად მიხდება ხოლმე. ჩხუბის
შემდეგ ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ რაღაცა არაორდინალური რომ არ გამეკეთებინა,
გავგიჟდებოდი. ეს ნოუთი გამახსენდა და გადავწყვიტე, სადმე ტყეში წავსულიყავი.

ზურგჩანთა ავიღე, ბოთლით წყალი და ბუტერბროდები ჩავაწყვე და კოჯორში მიმავალ


ავტობუსზე ავედი. არავინ იცოდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილების შესახებ!

ავტობუსიდან შეცდომით ადრე ჩამოვედი. ერთი საათი სოფელში ვიბოდიალე, კინაღამ


ძაღლებმა დამგლიჯეს. როგორც იქნა, ტყეც გამოჩნდა და გადავუხვიე. პატარა ხევი
გადავჭერი და გზასთან ახლოს გავჩერდი. გვიანი შემოდგომა იყო და საკმაოდ ციოდა.

მე სპეციალურად წამოღებული პატარა დანა ამოვიღე და ხეზე სიმბოლურად ჩემი


ინიციალები ამოვკაწრე. მერე მშრალი ტოტები მოვაგროვე და ცეცხლი დავანთე. მიწა სველი
იყო. ძალიან მსიამოვნებდა აქ ყოფნა.

ბუტერბროდები მივირთვი. ტყეში სამარისებური სიჩუმე იყო. ცეცხლთან ახლოს დავჯექი


და ჩემი დღიური ამოვიღე. დიდი ხანია, აღარაფერი დამიწერია. გადავწყვიტე, მოთხრობის
წერა დამეწყო. თვალები დავხუჭე. მარტოობით ვტკბებოდი. ჩემში ნელ-ნელა ძველი "მე"
იღვიძებდა.

ჩემს პირდაპირ მთა იყო, რომლის წვერზეც დიდი ჯვარი იყო აღმართული. წერაში დრო
შეუმჩნევლად გაიპარა. ხომ იცით, ტყეში რა უცებ ბნელდება. სანამ ცეცხლი ჩავაქრე,
მთლიანად დაბნელდა. მობილურის ფანარი ჩავრთე და წამოვედი. პატარა ხევსაც მალე
მივაგენი. როგორც მახსოვდა, დაბლა ჩავუყევი, მაგრამ ეკლის ბუჩქებმა გზა გადამიჭრა.

მომიწია უკან დაბრუნება. - ნუთუ გზა შემეშალა? ახლა სხვანაირად ვცადე, მაგრამ თქვენც
არ მომიკვდეთ, უარესად ამებნა გზა.

საორიენტაციო წერტილი მთა იყო, რომელზეც ის ჯვარი წითლად ანათებდა. გადავწყვიტე,


მთის მიმართულებით მევლო. ოდესღაც ხომ დამთავრდებოდა ეს ტყე? ბევრი რომ აღარ
გავაგრძელო, ძალიან ბევრი ვიარე.

გაგიკვირდებათ და, არ შემშინებია. ერთი დოკუმენტური ფილმი გამახსენდა. იქ ნათქვამი


იყო, თუ ტყეში დაიკარგები, ხევს უნდა დაუყვეო. მეც ასე მოვიქეცი. თავი მძაფრსიუჟეტიან
ფილმში მეგონა! მობილურის ფანარი რომ არ მქონოდა, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი.

ტყეში სრული სიჩუმე იდგა. დროდადრო რაღაცა გასრიალდებოდა ფოთლებში. თითქოს


სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. ამ დროს ჩემმა ქმარმა დამირეკა, სად ხარო... ტყუილები
არ მიყვარს და პირდაპირ ვუთხარი, - ტყეში ვიყავი და ახლა მოვდივარ-მეთქი. რომ
დავიკარგე, არ მითქვამს, მაინც ვერ მიშველიდა და აზრი არ ჰქონდა.

ლამის ყურმილში გამოძვრა. ძალიან ინერვიულა. არ მოელოდა ჩემგან ასეთ ნაბიჯს. მაგრამ
დამნაშავე ის იყო და არაფერი უთქვამს. მხოლოდ მთხოვა, ფრთხილად ვყოფილიყავი და
მალე მივსულიყავი სახლში.

2 საათი ვიარე და ნათურის მბჟუტავი სინათლე გამოჩნდა. ზუსტად ამ დროს გაწვიმდა.


როგორც იქნა, გზაც გამოჩნდა. ბედზე ყვითელმა ავტობუსმა მოუხვია და გაჩერდა. გიჟივით
მივვარდი და მძღოლს ვკითხე აქოშინებულმა, სად ვარ-მეთქი. გაკვირვებულმა მძღოლმა
მიპასუხა, წყნეთშიო.

გაკვირვებისაგან წამოვიყვირე. 11-ის ნახევარი იყო. ნუთუ ესეც დამთხვევაა, ასე რომ ამიხდა
ჩემი დაწერილი ნოუთი? გზაში მახსენდებოდა, "მინდა ტყეში წავიდე, გზა ამებნეს და
ძალიან ბევრი ვიარო, წვიმა წამოვიდეს და დავსველდე"... საოცარია! ნუთუ ეს ნიშანია?
საოცარი სიამაყის გრძნობით ვიყავი ავსებული! მართლა შემიძლია წავიდე და ჩემი
ინიციალები ვნახო ხეზე.

ხანდახან აუცილებელია ასეთი სიგიჟეების ჩადენა. თითქოს ღრმა ძილიდან გამოვიღვიძე.


თითქოს სხვანაირი გავხდი! 12-ის ნახევარზე სახლში ვიყავი. ბავშვებს ეძინათ. რუკაზე რომ
ვნახე, რამდენი მივლია, გავგიჟდი. წესით, ფეხზე ვეღარ უნდა ვმდგარიყავი, მაგრამ თქვენ
წარმოიდგინეთ, საერთოდ არ ვიყავი დაღლილი.

პირიქით, სულიერად დავისვენე და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ახალ ეტაპზე
გადავედი. გავძლიერდი და გავსხვანაირდი! ნეტა დიდხანს გამყვება ეს შეგრძნება? მარტო
დიასახლისად აღარ ვგრძნობდი თავს, - ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ ჩემში არ მომკვდარა ის
"ჩუდაკი", ექსცენტრიული "მე", რომ ის ისევ ცოცხლობს, მხოლოდ სადღაც ბნელ კუნჭულში
იყო მიმალული და ღრმა ძილით ეძინა.

რომ დავფიქრდი, მივხვდი, მართლა ძალიან შევიცვალე! გათხოვებამ შემცვალა! ვიღაცა


იტყვის, თუ გათხოვება არ გინდოდა, რას თხოვდებოდიო? გაიხსენეთ საკუთარი თავი
გათხოვებამდე. ყველა ქალი ლამაზად წარმოიდგენს თავის ცხოვრებას გათხოვების შემდეგ.

მე იმას არ ვამბობ, რომ გათხოვილმა ქალმა არაფერი აკეთოს. უბრალოდ, მას უნდა ჰქონდეს
საშუალება, ხანდახან მაინც, ძიძას დაუტოვოს ბავშვები და სადმე გაისეირნოს. ან
მეუღლესთან ერთად თეატრში წავიდეს, ვარჯიშზე იაროს და ა. შ.

იცით, ალბათ, ის გამოთქმა: - "რაც ხდება, უკეთესისკენო", ალბათ, ასე იყო საჭირო. კარგია,
რომ ვიჩხუბეთ. ამ ყველაფერმა ჩემზე დენის დარტყმასავით იმოქმედა.
მეორე დღეს ჩემმა ქმარმა მოგვაკითხა და სახლში დავბრუნდით. მითხრა, რომ
სპეციალურად გითხარი ეს საშინელებები, რომ გამომეღვიძებინეო! არ მინდა, პერსონა
დაკარგო, ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა შენში და რაც ყველასგან გამორჩეულს
გხდიდაო.

მოკლედ, შევრიგდით და ჩვენი ურთიერთობაც ბევრად უკეთესი გახდა! ყოველ


შემთხვევაში, მე შევიცვალე! ის კვლავ არ ყრის სარეცხს კვატში, მაგრამ სამაგიეროდ, მე
დამიწყნარდა ნერვები.

მეგობრებსაც უფრო ხშირად ვეკონტაქტები, უკეთესადაც ვწერ და ძველებურად მხიარული


გავხდი.

ვნახოთ რამდენ ხანს გამყვება ეს სტიმული. თუ ისევ მოვეშვები, მაშინვე ტყეში წავალ და
ახალ თავგადასავალს მოვიწყობ! ყველაფერი ჩვენს ხელში არ არის? - გინდა იყო
ბედნიერი?.. მერე, იყავი!

სტუდენტობის პერიოდში ცოტა ხანი სამოდელო სააგენტოში ვმუშაობდი. იქ გავიცანი თიკა


და დავმეგობრდით. ახლაც ვმეგობრობთ და უფრო მეტიც, ის ჩემი პირველი შვილის
ნათლიაა. მე და თიკა თითქმის ერთდროულად გავთხოვდით.

მანაც ორი შვილი მიაყოლა ჩემსავით და გარე სამყაროსაც ერთდროულად მოვწყდით და


ერთმანეთსაც. ერთადერთი გოგო, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია და რომელიც ჩემსავით
ღრუბლებში დაფრინავდა - თიკა იყო.

გუშინ დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.

- გოგო, რაღაც უნდა გითხრა და ზიხარ? - თიკას ხმა ვიცანი.

- მითხარი, იმედია, საწოლიდან არ გადმოვვარდები.

- გუშინ ღამის 12 საათზე მაკომ დამირეკა.

- პოდიუმის მაკომ?

- ჰოო! დღეს რაღაც წვეულება აქვს და მე და შენ დაგვპატიჟა. დამაფიცა, აუცილებლად უნდა
მოხვიდეთო.

აი, სასწაული თუ გინდა! მაკოც ჩვენთან ერთად დადიოდა სტუდიაში. ამბიციები აწუხებდა.
ერთხელ თაყვანისმცემელს გამოუცხადა, თუ ჩემი ცოლად მოყვანა გინდა, ახლავე იცოდე,
რომ ვერც სახლის საქმეს გავაკეთებ, ვერც საჭმელს, - მოსამსახურე უნდა აიყვანოო. თითქმის
10 წელია, რაც მის შესახებ არაფერი გვსმენია. ნეტა, რაში გავახსენდით ამდენი წლის მერე?!

მე და თიკა გამოვიპრანჭეთ და წავედით. სულ სხვა სიტუაციას ველოდით. მისი


ამბიციებიდან გამომდინარე, წესით, ყველაზე მაგარი წვეულება უნდა ყოფილიყო, რაც კი
გვინახავს. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ახალგაზრდები იქნებოდნენ, მაგრამ...
ჩვეულებრივ, ქართულ, ტრადიციულ სუფრაზე აღმოვჩნდით, ღიპიანი თამადისა და მისი
ცოლის პირდაპირ.

საშინლად არ მიყვარს ისეთი ქართული სუფრა, როცა წინასწარ იცი, რა სადღეგრძელოს რა


მოჰყვება, თანაც, სიტყვა-სიტყვით. "დედმამიშვილებს დაგილოცავთ", "რაც მე ვერ
დაგლოცო, მაღალმა ღმერთმა დაგლოცოს", "ჩვენს მოსვლას და თქვენს დახვედრას" და მერე
"ჩვენს წასვლას და თქვენს დარჩენას გაუმარჯოს" და კიდევ ბევრი ასეთი, რაც
დარწმუნებული ვარ, ყველამ ზეპირად იცით.

მერე "განსხვავებულის" დალევა ვაზით. თან უნდა იჯდე და ყველა სადღეგრძელო "აიტაცო",
ან გაღიმებულმა თავი უქნიო თამადას, როცა საერთოდ არ გეღიმება. ბოლოს, სადარბაზოში
ქმრების ლოდინი, როდის მორჩებიან ერთმანეთის პროშტნას. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი
ქმარი არ სვამს და არც მას უყვარს ასეთი სუფრა. ამით მაინც ვარ ბედნიერი.

ახლა მივხვდი, რატომ გავახსენდით მე და თიკა მაკოს. მისი ქმარი დააწინაურეს და


უფროსობისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რა მაგარი "დაქალები" ჰყავს.

ეს წვეულებაც ტრადიციულად - თეფშებზე ჩანგლების კაკუნით დაიწყო. ჩემს წინ, როგორც


უკვე გითხარით, თამადის ცოლი, ხანშიშესული ქალი იჯდა, რომელსაც პირველი 15 წუთის
განმავლობაში თავისი თეფშიდან მზერა არაფერზე გადაუტანია.

- "როგორ ჰგავს სკვინჩას"... - გამეფიქრა და სასწრაფოდ ზეთისხილი ჩავიდე პირში, რომ არ


გამცინებოდა. ჩემს მოძრაობაზე მანაც დააფიქსირა ზეთისხილი და მუჭით გადაიღო.
მარჯვნივ თიკა მეჯდა, მარცხნივ მაკოს ქმრის მეგობარი ბიჭი, რომელიც ერთი შეხედვით,
ნორმალური ჩანდა და შესაძლოა, ისიც ჩვენსავით "გაუგებრობაში აღმოჩნდა".

თიკამ ხელი "ოლივიეს" თეფშისაკენ წაიღო, მაგრამ ქალბატონი სკვინჩა ბლაგვი დანით
ხორცის დაჭრას ცდილობდა, ხელი აუსხლტა, თეფშს ძლიერად დაჰკრა და ნაჭამი
ზეთისხილის კურკები იმ მაიონეზის სალათაში ჩაუცვივდა, რომელიც უკვე თიკას ეჭირა
ხელში და გადაღებას აპირებდა.

საწყალი თიკა დაიბნა. მე ფეხზე ისე ძლიერად ვიჩქმიტე, რომ სისხლი ჩამექცა. თიკამ
თეფშის უკან დაბრუნება დააპირა, მაგრამ სკვინჩამ მაიონეზის სალათაში მსუქანი თითები
ჩაყო და კურკებისაგან გაათავისუფლა.
- გავწმინდე! - წამოიძახა მან და თეფში ისევ თიკას მიუშვირა.

- ააა არა, იყოს...

ერთი იქიდან აწვებოდა თეფშს, მეორე აქედან. მე ვეღარ მოვითმინე, თეფში გამოვტაცე და
მაგიდაზე დავდე. თიკასთვის რომ შემეხედა, სიცილს ვეღარ შევიკავებდი. საერთოდ, როგორ
შევიკავე სიცილი, ჩემი თავის მიკვირს.

ნეტა, ასეთ ცოლებს როგორ უძლებენ სახლში? ალბათ, სადილის გაკეთების დროს სულ
თითებს ილოკავს... რა საშინელებაა!

მის ღიპიან ქმარს გადავხედე. მასაც კაი მადა ჰქონდა. ცოტა საჭმელი რომ "ჩაუფინეს" კუჭში,
ლაპარაკის ხასიათზე მოვიდნენ. ჩემი, თიკას და იმ ბიჭის გარდა, ყველა ჩვენზე უფროსი იყო
ასაკით. პროგრამაში - "საით მივექანებით" და "დღევანდელი გოგოები" იყო.

თამადის ხმამ ყველას ხმა გადაფარა. ღვინომაც იმოქმედა, ეტყობა. ანერვიულდა, გაწითლდა,
ხმასაც აუწია: - სადღა არიან მანდილოსნები??? სად?

-"მონასტერში! " - წამომცდა უნებლიედ.

- ხოდა, მაგაშია საქმე! ქალი ქალს აღარ ჰგავს! აბა, ეკადრება ქალს პაპიროსი? არ ეკადრება!
არც ქამარივით მოკლე კაბა ეკადრება! დედა რომ სკვერში, სკამზე დაჯდება და ბოლო ხმაზე
გაიცინებს...

- სიცილიც თუ დანაშაული იყო, არაფრით არ მეგონა.

- როგორ ფიქრობ, ამათ სექსი აქვთ? - გადავუჩურჩულე თიკას ყურში.

- ძალიან მეეჭვება! თავის ქართველ ცოლს მაგას აკადრებს?

მე და თიკას სიცილი აგვიტყდა.

- ნუ მაცინებ, ორივე დედა ვართ და არ გვეკადრება! - ჩამჩურჩულა თიკამ.


სკვინჩამ უკმაყოფილო მზერით გადმოგვხედა. დაკვირვებული ვარ, 50 წელს
გადაცილებული ქალები, ვისაც წითლად აქვს თმა შეღებილი, ყველა "რაღაცნაირია".

- ეს ქალი პედაგოგია? - ჩურჩულით ვკითხე ჩემს გვერდზე მჯდომ ყმაწვილს.

- როგორ მიხვდი? - გაუკვირდა მას.


- ჩემს მათემატიკის მასწავლებელს ჰგავს ძალიან, ბაკებს რომ ახევდა ხოლმე ბიჭებს.

- ის კაცი ვინაა, იცნობ? - ახლა მან მკითხა. "იმ კაცს" გავხედე, სწორედ ამ დროს გაიცინა და
ღოჯები გადმოყარა. ამათგან, ორ ცალს პატივი ხვდა წილად, ოქროში ყოფილიყო ჩასმული.
მსგავსი არაფერი მინახავს.

- სტომატოლოგი! - ვუთხარი და ისე გადაიხარხარა, კინაღამ სკამიანად ავტრიალდი. მერე


მოიბოდიშა და ცოტა ხნით გავიდა მოსასულიერებლად. თამადამ მზერით განმგმირა და
უფრო დიდი ემოციებით გააგრძელა ჩამოთვლა, რა არ ეკადრებათ ქალებს.

- უნიტაზის ხეხვა ხომ ეკადრებათ? - ისევ წამომცდა და თიკამ ფეხიც გამკრა მაგიდის ქვეშ.
სკვინჩას ქმარმა ჩემი კომენტარი "გაატარა" და ახლა ქართველ მამაკაცებზე გადავიდა. მე
მგონი, ამ თემაზე დისერტაცია ჰქონდა დაცული. ჩამოთვალა, რა არ ეკადრებათ "ქართველ"
კაცებს და აი, ისევ წამომცდა:

- ბაჟეში თავის ჩაყოფა ეკადრებაათ?..

მორჩა, "უზრდელი დაქალის" სახელი გავიჩალიჩე, მაგრამ, იცით რა? - ძალიანაც გავერთე!
აქამდე, როცა ასეთ სუფრაზე მოვხვედრილვარ, მოწყენილობისაგან ვიტანჯებოდი. ახლა
მივხვდი, რომ ნებისმიერ არასახარბიელო სიტუაციაში შეიძლება რაღაცით გაერთო, თუნდაც
გონებაში სასაცილო კომენტარებით გაახმოვანო სიტუაცია. დამიჯერეთ, ძალიან სახალისოა!

მაგიჟებს ისეთი ხალხი, ვინც კი არ ცხოვრობს, არამედ ინსტრუქციებს ასრულებს - ეს არ


შეიძლება, ის არ შეიძლება! ყოველთვის უნდა დაუსვა კითხვა საკუთარ თავს - რატომ
შეიძლება და რატომ არა! გაუცნობიერებლად არ უნდა აიკიდო "დიდი ქართველობა" და
ეროვნული ტვირთი.

საკუთარი პიროვნება ეროვნებაზე კი არ უნდა დააშენო, ჯერ პერსონად უნდა ჩამოყალიბდე


და მერე აიღო გაცნობიერებულად ეროვნული ფასეულობები. ამ თამადის მსგავსად, ვისაც
ბრმად, ზურგზე აკიდებული დააქვს ერის კულტურის სიმძიმე, ის ვერც იმას მიხვდება,
განძი მიაქვს თუ ქვებით სავსე ტომარა.

მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათთან ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. მაინც ვერაფერს შეაგნებინებ
და ტყუილად ნერვებს მოიშლი.

ბოლოს, წამოსვლის წინ, "დიდი და უღრმესი" მადლობების მერე თიკას მივუბრუნდი: -


ახლა ღამის კლუბში წავიდეთ, რაღაც ცეკვა მომენატრა, რამდენი ხანია აღარ გვიცეკვია-
მეთქი.

მაკოს აღარც დაურეკავს. იმ ბიჭმა კი მეორე დღესვე ფეისბუქზე დამიმატა.


13:26 / 11-06-2012

ცოლ-ქმრის ღალატზე ადამიანების აზრი ორად იყოფა. ზოგი თვლის, რომ კაცს
ღალატი ეპატიება (რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია) - "კაცია და რა ქნას"?..
(ნეტა ქალზე რატომ არ ამბობენ, ქალია და რა ქნასო).

ზოგისთვის კი ღალატის პატიება წარმოუდგენელია. ქალის და მამაკაცის ღალატსაც


განასხვავებენ: - ქალი ღალატობს მაშინ, როცა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა
უჩნდება და უკეთესი სურს. კაცს შეუძლია უღალატოს მაშინ, როცა ახალი
მოუნდება. გათხოვებამდე ერთ თაყვანისმცემელს დავემშვიდობე მისი მოსაზრების
გამო.

ვკითხე, რას ფიქრობდა ცოლ-ქმრის ღალატზე და გაკვირვებული სახით მიპასუხა.


"ვუღალატებ, აბა, რა... ეს ხომ დაუწერელი კანონია"... - ამ ადამიანს
გაცნობიერებულიც კი არ ჰქონდა, რატომ უნდა ეღალატა საყვარელი ადამიანისთვის.
რადგან სხვები ღალატობენ, მანაც უნდა იგივე გაიმეოროს.

ასევე, ძალიან ხშირად მინახავს მაგალითი, როდესაც ქმრის საყვარელი "ცოლის


ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს". და კიდევ, რაც ყველაზე მეტად მაგიჟებს: -"ცოლს ხომ
ვერ აკადრებს იმას, რასაც საყვარელს"?..

მოკლედ, ზედმეტი "ფილოსოფოსობა" რომ არ გამომივიდეს, ამბავზე გადავალ.


დილით ნამდვილი საგიჟეთი მქონდა. ერთდროულად სახლსაც ვალაგებდი, სადილს
ვაკეთებდი, შუალედებში სტატიას ვწერდი და თან ბავშვებს ვეთამაშებოდი.

კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა - აი, სტუმრის თავი და დრო ნამდვილად არ მქონდა.
კიდევ კარგი, ჩემი ბიძაშვილი ელენე იყო. კარგა ხანია, არ მინახავს და გამიხარდა,
მაგრამ მის ნამტირალევ თვალებს რომ შევხედე, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა.
სანამ "რა მოხდას" კითხვა მოვასწარი, თვითონ მითხრა:

- ირაკლი მღალატობს!

ასეც ვიცოდი, მაგრამ ელენეს ხომ არ ვეტყოდი ამას? სანამ დაქორწინდებოდნენ, ჯერ
კიდევ მაშინ ვხვდებოდი, რომ მექალთანე იყო. ქორწილის დღეს ვუთხარი: - იცოდე,
ჩემს ბიძაშვილს არაფერი აწყენინო, თორემ საქმე ჩემთან გექნება-მეთქი. ალბათ,
საკმარისად ვერ შევაშინე და ახლა... არადა, რა საშინელებაა, ოჯახი რომ ინგრევა.
ელენე სავარძელში ჩაესვენა.

- ყავა გამიკეთე რა, მთელი ღამე არ მძინებია!

- ახლავე! - ვუთხარი და სანამ ყავას დავასხამდი, ვფიქრობდი, რა მეთქვა. ჩემთან,


ალბათ, რჩევის საკითხავად მოვიდა. მე ვერ ვაპატიებდი ღალატს ჩემს ქმარს. იმის
გაფიქრებაც კი, რომ ის სხვა ქალს ეფერება, გამანადგურებდა, მაგრამ რა ძნელია,
სხვას ურჩიო ოჯახის დანგრევა, როცა თვლი, რომ ოჯახი არ უნდა დაინგრეს. თან,
მათ ორი შვილი ჰყავთ.

- ვინ ოხერია? - ვკითხე ელენეს და გვერდით მივუჯექი. საერთოდ არ ვეთანხმები,


რომ ამბობენ, ქალმა შეაცდინა ჩემი ქმარიო, მაგრამ არც იმ ქალების მესმის, ვინც
ცოლიან კაცს ეჩალიჩება. სიყვარული ფლირტით და მოწონებით იწყება. ჩემთვის
იმხელა ბარიერია "ცოლიანის" სტატუსი, რომ ფლირტამდე არც მივუშვებ საქმეს.
ტვინი რისთვის გაქვს?

- ერთხელ გამოძახება ჰქონდა, ვიღაცეები "ბორშით" მოიწამლნენ. ჰოდა, იქ გაიცნო...


- დაიწყო მოყოლა ელენემ.

- მერე?

- რო შეხედო, სუფთა პუტანკა! ფეისბუკზე უნდა ნახო, რა სურათები უდევს,


გადაფარჩხულია, ბაზრობის ლიფს ამარიაჟებს!

ასეთი გამწარებული ჩემი ბიძაშვილი არასოდეს მინახავს.

- ჰოდა, იმ დღის მერე დაძვრება!

- როგორ გაიგე?

- გახსოვს, ციფრული რომ ვიყიდეთ?.. იმითი გადაუღია სექსი...

- არ გამაგიჟო!

- გაგიჟდი!

- არ მითხრა, რო ნახე...
ელენემ სიგარეტს მოუკიდა და თავი დამიქნია!

- ვნახე! - დაავიწყდა წაშლა კუროს! ნეტა გენახა, რა დღეში იყვნენ! ვსიო! მორჩა!
ფანჯრიდან გადავუყარე ტანსაცმელი და გავაგდე! მაგის დანახვა არ მინდა!

- კარგი, დაწყნარდი! რას აპირებ?

-რა რას ვაპირებ? გავეყრები!

-თვითონ რას ამბობს?

- შემოძრომა უნდა! მერე რა, კაცი ვარ და ყველა კაცი ღალატობს ცოლსო!

- მაგის კაცობა ... - აღარ დავასრულე!

- გუშინ დავადექი თავზე!

- ჰა?.. - ყავა გადამცდა და ხველა ამიტყდა. - დაადექი?

-ჰო! უკან გავყევი და მის ბინაში რომ შევიდა, ცოტა ხანში მივუკაკუნე. იმ ბოზმა
გამიღო კარი და თვალები დააჭყიტა.

-გიცნო?

-კიი... ფეისბუკში ვყავდი ნანახი!

-მერე, რა ქენი? - მგონი, მე უარესად დავაჭყიტე თვალები.

- შევვარდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი. მთელი სადარბაზო ფეხზე დავაყენე. იმ


ბოზანდარამ არ გამოიწია ჩემზე?..

- რაა?.. პატრული ვერ გამოიძახე?.. - უცებ გამახსენდა, რომ მისი ქმარი თვითონაა
პატრული.

- არა, დღეს დილით მივედი ირაკლის უფროსთან და ვიდეო ვანახე! აი, რა დღეში
არიან თქვენი თანამშრომლები-მეთქი!
- ვაიმე... ნამდვილი გიჟი ხარ! მე ვერ ვიზამდი ამას!

- მითხრა, გავანთავისუფლებო! თავში ქვაც უხლია! დამპალი, აფერისტი! ნაძირალა!

- კარგი ახლა! დაწყნარდი! აიყვანე თავი ხელში! ხომ იცი, ძლიერი უნდა იყო!
მთავარია, დეპრესია არ დაგეწყოს!

-დამეწყო და ეგ არის!

-არაა! დეპრესია არ გამაგონო! ყველაფერი ხდება! - ესეც გაივლის!

ეს ჩემი საყვარელი გამონათქვამია - ესეც გაივლის! რთულ მომენტებში ყოველთვის


მახსენდება და წარმოვიდგენ, რომ დრო გავიდა და ეს რაღაც პრობლემა აღარც
გამახსენდება.

ელენე საღამომდე დარჩა ჩემთან. ბევრი ვილაპარაკეთ. ბოლოს გავაცინე კიდეც.


საერთოდ, უნარი მაქვს სხვების დამშვიდების და ხასიათზე მოყვანის. ბოლოს
გავაცილე. უკან დაბრუნებისას ლიფტში გამახსენდა, რომ ხურდა არ წამომიღია.
ჯიბეებში ჩავიყავი ხელი, იქნებ 5-თეთრიანი მეგდოს-მეთქი.

სანამ ხურდას ვეძებდი, ის სიმპათიური მეზობელი არ შემოვიდა, სიზმარში რომ


ვნახე?.. ჯანდაბა, რაღა ახლა, ღალატის თემა რომ მიტრიალებდა თავში. ასეთ
დამთხვევებს ნიშნებად მივიღებ ხოლმე და ვნერვიულობ! ჯერ ის სიზმარი, ახლა
ეს...

- გამარჯობა!

- გამარჯობა!

ხურდა ჩააგდო და მეშვიდე ღილაკს მიაჭირა თითი. დაძაბული ვიდექი. ერთი სული
მქონდა, როდის გაჩერდებოდა ლიფტი.

- ხურდა არ მქონია და მეც აქ გამოვალ! - ვთქვი გაღიმებულმა.

- მოიცადე, ეგ რა პრობლემაა მერე? - ჯიბეზე გაიკრა ხელი.


- არაა, არა უშავს, რა პრობლემაა, ერთ სართულს ფეხით თუ ავალ.

ჯიბიდან ხურდა ამოიღო. 2 ცალი 20-თეთრიანი ჰქონდა და ერთი 50-თეთრიანი. 20


თეთრი არ ეტევა ჩასაგდებში და 50-თეთრიანი ჩააგდო.

- ვაიმე, რა საჭირო იყო შეწუხება... - ჩავიბურდღუნე.

- ეს რა შეწუხებაა! - გამიღიმა და ლიფტიდან გასვლის წინ თითი 8-იანს დააჭირა.


ერთი სართული 50 თეთრი დაუჯდა.

- ნეტა ეს არ ღალატობს თავის აშარაშკას?.. - გავიფიქრე და რომ წარმოვიდგინე მისი


ცოლი, გააფთრებული როგორ მიუვარდებოდა ქმრის საყვარელს, სიცილი ამიტყდა.
კარი ქმარმა გამიღო (სანამ ელენე ტაქსიში ჩავსვი, მოსულიყო). - რა გაცინებსო,
მკითხა!

- არაფერი, ირაკლიმ ელენეს უღალატა და ელენემ სახლიდან გააგდო.

- მერე, ასე გაგიხარდა?.. - ამაზე საერთოდ გადავყირავდი. ერთხანს მიყურა და მერე


ჩაიბურდღუნა:

- კი მინდოდა შენი გამოღვიძება, მაგრამ მთლად ასე თუ გადაირეოდი, რას


ვიფიქრებდიო...

- საწყალი ელე... - გავიფიქრე და ჩემს ქმარს მივაძახე, ყველა კაცი ერთნაირი ხართ-
მეთქი!

"ნაღალატევი" ელენეს ამბის მერე ეჭვები დამჩემდა. მოზარდობის პერიოდში გართულება


მქონდა ღალატზე. ვინმე ცოლ-ქმარს რომ დავინახავდი ერთად, ვფიქრობდი: - "ნეტა ეს ქალი
"ნაღალატევია?"... (მაშინ, როცა ჩემი თანატოლები ფიქრობდნენ: - "ამათ სექსი აქვთ!").
ამოჩემებული მქონდა ეს სიტყვა - "ნაღალატევი".

ჩემი წარმოდგენით, თუ ქალი ნაღალატევი იყო, მაშინ მასზე ზურგსუკან ამბობდნენ: -


"საწყალი"... და ეს ისეთ კატასტროფად მიმაჩნდა, ვერც კი წარმოიდგენთ. კიდევ კარგი, მერე
გადამიარა, თორემ საშინლად ეჭვიანი ცოლი ვიქნებოდი.

საერთოდ, მძულს ეჭვიანობა, ურთიერთობას აფუჭებს. თუ ცოლ-ქმარს შორის ნდობა არ


არის, მაშინ დამთავრებულია იქ ყველაფერი.
არასოდეს შემიმოწმებია ჩემი ქმრის მობილური. ისიც არ მესმის, სხვები როგორ აკეთებენ
ამას. მე იმდენად ვენდობი ჩემს ქმარს, არც გამიფიქრებია, მისი მესიჯები წამეკითხა.

მაგრამ ელენეც ხომ არ ელოდა ღალატს? ახლა, როცა ჩემი ქმარი ჩვეულებისამებრ
კომპიუტერთან ზის ხოლმე, ფეხაკრეფით შევდივარ ოთახში. ამას წინათ მკითხა კიდეც,
კატასავით რატომ დაძვრებიო... მეც არ ვიცი, რისი დანახვა მინდა.

დღეს რაღაცეებს ვიხსენებდი და უცებ ამომიტივტივდა გონებაში, ორი წლის წინ ღამე რომ
გამეღვიძა 3-ის ნახევარზე. ტუალეტში გავედი და ჩატის წკაპუნის ხმა გავიგე. სხვა ჩემს
ადგილას შეუვარდებოდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ ვის ესაუბრებოდა მისი ქმარი
ღამის 3-ის ნახევარზე. მე კი მშვიდად გავაგრძელე ძილი და დილით ვკითხე, გუშინ ღამე ვის
სწერდი-მეთქი?! - კლიენტსო, მიპასუხა და ამით დამთავრდა ჩვენი დიალოგი.

ახლა საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა. რა იდიოტი ვარ! როგორ არ დავინტერესდი, ვის
სწერდა... სამსახურიდან მოსვლა არ ვაცადე, კარებშივე ვეცი.

- შარშანწინ, ივნისის შუა რიცხვებში, ღამის 3-ის ნახევარზე ვინ კლიენტს ელაპარაკებოდი
ჩატში?

- ჯანმრთელად ხარ? - მკითხა გაკვირვებულმა და შუბლზე ხელი დამადო, რათა


დარწმუნებულიყო, რომ სიცხე არ მქონდა და არ ვბოდავდი. - საიდან უნდა მახსოვდეს,
შარშანწინ ვინ კლიენტს ველაპარაკებოდი. გუშინ ვის ველაპარაკე, ის არ მახსოვს!

- ჰო, რაც არ გაწყობს, არ გახსოვს! - მივაძახე გაბრაზებულმა და ბავშვები ეზოში წავიყვანე.

ყოველ საღამოს მე და ჩემი შვილები სასეირნოდ მივდივართ და 9-ის ნახევარზე


ვბრუნდებით. სკვერში მეზობლებთან ლაპარაკით გავერთე და ეჭვიანობის შემოტევამ
გადამიარა. 9-ის ნახევარი ხდებოდა. ის იყო, კორპუსს მოვუახლოვდით, რომ ჩემმა ქმარმა
დამირეკა.

- არ მოდიხართ?

- ჰო, ჰო...

- მიდი რა, ბარემ ლუდებიც ამოაყოლე...

- კაი! - ვთქვი და მობილური გავთიშე, მაგრამ... ჩემი ქმარი ლუდის მოყვარულთა სიაში რომ
არ შედის? ლუდი მე მიყვარს ძალიან და ჩემთვის ამოაქვს ხოლმე, მაგრამ ახლა დაავიწყდა
და მე დამაბარა, რომ ვიყიდო და მერე იმან მითხრას: - "აჰა, ეს ლუდი შენო?" ასე არასოდეს
მოქცეულა და...
თუმცა, როგორ მითხრა? - ლუდები?... - ებიი??? - "ები" რა საჭირო იყო, მე ხომ ერთი
ბოთლიც თავზე გადამდის. იქნებ ფეხბურთი რომ იწყება, თვითონაც დალევს ჩემთან
ერთად... ან, გაბრაზებული რომ წამოვედი, ალბათ რომანტიკულ საღამოს მიმზადებს
ლუდით. მაგრამ მე რომ ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვს არ მივეკუთვნები?

ამ ფიქრებში გართულმა ლუდ-"ები" ვიყიდე და ჩემი თავის შემრცხვა, რა საჭიროა ასეთი


გამოძიება. მოუნდა უცებ კაცს და მორჩა! აქაც შეთქმულების თეორია მელანდება, მგონი...

ბავშვებით და ლუდებით ავედი და კარი ძლივძლივობით გავაღე გასაღებით, რადგან


ტელევიზორის ხმა სადარბაზოშიც გამოდიოდა და ზარს მაინც ვერ გაიგებდა.

- მოვედიიიი!!!

- ჩვენ სტუმარი გვყავს!

ნეტა ვინ სტუმარია ღამის 9 საათზე... ალბათ, ჩემი მაზლი იქნება... აი, ლუდ-"ების"
საიდუმლოც ამოვხსენი... გაღიმებული სახით მისაღები ოთახის კარი შევაღე და...

მოიცა, მოიცა... მოიცაააა... და კიდევ ერთხელ მოიცა.... - თვალები დავხუჭე და ისევ გავაღე.
კინაღამ ლუდის ქილები გამივარდა ხელიდან... შეუძლებელია...

დივანზე ჩემი ქმრის გვერდით იჯდა... იჯდა და ისე მიყურებ-მიღიმოდა, როგორც იმ


ოხერტიალ სიზმარში... მიხვდით ხომ? - ჩემი სიმპათიური მეზობელი ქვედა სართულიდან!
წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. ხომ წარმოიდგინეთ??? საიდანღაციდან ჩემი ქმრის ხმა
ჩამესმასავით:

- მოიტა, მოიტა აქეთ! სანამ ცივია!.. მიდი, ბავშვები დააწვინე უცებ და შემოგვიერთდი,
იწყება!

ზომბივით გადავაწოდე ლუდები და მემგონი, გაღიმება მოვახერხე.

- დღეს მაგარი თამაშია! - მითხრა მეზობელმა.

- აჰაა!.. - ამოვიკნავლე და საძინებელი ოთახისკენ წავბლაყუნდი, ბავშვები რომ დამეწვინა...


ნეტა რასთან დაკავშირებით ამოვიდა? ჩემი ქმარი დღემდე მხოლოდ გამარჯობით იცნობდა
და ახლა კაი ძმაკაცივით უზის გვერდით და მიღიმის...

- Oh my God, what the ....???


ასეთი განცდებით ცხოვრებაში არ მიყურებია ფეხბურთისთვის. ნერვიულობაზე ლუდიც
მომეკიდა (ისედაც ერთჭიქიანი ვარ). მე სავარძელში ვიჯექი, ჩემი ქმარი და მეზობელი -
დივანზე. ერთი სული მქონდა, მალე წასულიყო, რომ გამეგო, "როგორ მოვიდა დივნამდე".

"ნეტა აშარაშკამ თუ იცის, მისი ქმარი რომ ჩემთანაა?" - გავიფიქრე და ლუდი მოვიყუდე.
დროდადრო გამომხედავდა ხოლმე. მის გამოხედვაში იყო რაღაც იდუმალი. "ნუთუ ჩემს
გამო გადაწყვიტა, რომ ჩემს ქმარს დაუახლოვდეს? ნეტა რა ჩაიფიქრა?

არც ისეთი იდიოტი ჩანს, რომ ჩემი საყვარლად გახდომა ჰქონდეს გადაწყვეტილი, მაგრამ
რაღაც მიზანი ხომ ამოძრავებს?"

ჩემს ქმარს გავხედე, - "ნეტა ვერაფერს ხვდება? ან იქნებ არც არაფერია მისახვედრი და ესეც,
უბრალოდ, ჩემი მდიდარი წარმოსახვის ნაწილია? საერთოდ, მას ვერაფერს გამოაპარებ,
ეგრევე ხვდება ყველაფერს, მაგრამ ახლა დივანზე ზის მშვიდად, კომფორტულად და ბალს
მიირთმევს"...

"ტყემალზე ზის და ბალს ჭამს!" - გამეფიქრა და ხმამაღლა გამეცინა.

- მეტი აღარ დალიო! - გადმომძახა ქმარმა.

- რა კარგი სიმთვრალე ჰქონია! ჩემი ცოლი რომ დალევს, ჩხუბის ხასიათზე მოდის ხოლმე! -
გაიცინა მეზობელმა.

"შენი ცოლი არც სიფხიზლეშია კანფეტი!" - გამეფიქრა და ისევ ვიჩქმიტე (ეს ჩქმეტა მშველის
ხოლმე). წარმოვიდგინე, მისი ცოლი მთვრალი როგორ მოდის სახლში, კორიდორში
დადგება და დაიძახებს: -"ჩულქი გამხადე, კაცო!!!" მერე, ეს რომ ტაშტით დარბის მთელი
ღამე (უკვე აღარც ჩქმეტამ მიშველა. სახეზე ბალიში ავიფარე და ვხითხითებდი).

- მიდი, წყალი შეისხი ცოტა! - "მირჩია" ქმარმა.

- არა უშავს, რა მოხდა მერე... იცინოს!

რა ჰუმანურები არიან კაცები, ურთიერთობის დასაწყისში... თუმცა, რომელი


ურთიერთობის? მე ხომ არ ვუბერავ? ჯობია მართლა შევისხა წყალი.
თამაში რომ დამთავრდა, ჩემი მეზობელიც წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.

- დიდი მადლობა! ძალიან კარგი საღამო იყო. ასე არ ჯობია? ვიმეგობროთ!

- აუცილებლად! ხვალაც აქ ხარ, იცოდე! ერთად ვუყუროთ! შენი მეუღლეც ამოიყვანე,


გაერთობიან გოგოები (უცებ ჩემი ქმრის მოკვლა მომინდა)!
- სიამოვნებით ამოვალ! სახლში პრობლემა მაქვს ფეხბურთის ყურებაზე, ჩემი ცოლი ვერ
იტანს... თან ამ დროს ბავშვი იძინებს...

"ნეტა რას იტანს? მთელი სამეზობლო დალანძღული ჰყავს!.."

- მაშინ შენ გელოდებით ხვალ!

მე მხოლოდ გავუღიმე და "ღამე მშვიდობისა" ვუთხარი. როგორც კი კარი მიხურა, ჩემს ქმარს
ვეცი:

- რასთან დაკავშირებით ამოვიდა? ყოველ საღამოს აქ უნდა იაროს? რა ვიცი, აქამდე


ყველაფერი გეზარებოდა, სტუმარიც, ისიც, ესეც...

- შენ კიდე მთვრალი ხარ? რა იყო, რას მეცი? შენ არ იყავი, სულ რომ წუწუნებდი, არცერთი
მეზობელი არ მოდის ჩვენთანო? საქმეზე ამოვიდა კაცი და დარჩენა შევთავაზე, რა მოხდა?

- ის აშარაშკა რაღაზე დამიპატიჟე? მაგის სტუმრობაღა მაკლდა პეროგით ხელში, სრული


ბედნიერებისთვის. რა საქმეზე ამოვიდა? რაო, რა მინდაო? (ავცმუკდი)

- ზრდილობის ამბავია რა. აბაზანა-ტუალეტში მილები უნდა გამოცვალონ და შემომთავაზა,


თქვენც ხომ არ გინდათო, ბარემ ერთად გამოვცვლით და ფასსაც დაგვიკლებენო. დილის 10
საათზე ხელოსანი მოვა.

"დავიჯერო, მილებშია საქმე?.. ნეტა მართლა უნდა გამოეცვალა, თუ ახლა მოიფიქრა?


ყოველ შემთხვევაში, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მესამე ზაფხული მოდის, რაც
მილების გამოცვლაზე ვეჩიჩინები ჩემს ქმარს და თავი ვერ მოაბა".

ხელოსანმა იატაკის და ჩემი ნერვების ბურღვა დილიდანვე დაიწყო. ნაბახუსევს თავი


მისკდებოდა და ასე მეგონა, იმ ბურღით ტვინს მიხვრიტავდნენ. იატაკი რომ გახვრიტა,
დაბლა ჩავიდა. ხელოსნის არყოფნით ვისარგებლებ-მეთქი, ვიფიქრე და ტუალეტში შევედი,
მაგრამ იმ ოხერს იმხელაზე გაეხვრიტა, კინაღამ ფეხი ჩამივარდა.

დავიკუზე და ხვრელში ჩავიხედე. სწორედ ამ დროს ჩემს მეზობელსაც გადაეწყვიტა


ამოხედვა და "სიყვარული ყველას უნდა" ხომ გახსოვთ? - "შემოფეთებისა იყოი" - აი, ეგრე
დაგვემართა. ხვრელს სასწრაფოდ მოვშორდი.

- "არა, მგონი ბედისწერა მეხუმრება... რა უხერხულია!.. მე კიდე ეს მინდოდა? რას


იფიქრებს..."
- როგორ ხარ? - ამომძახა ქვემოდან.

სხვა გზა არ მქონდა, ისევ ხვრელს დავუბრუნდი და ნაძალადევი ღიმილით ჩავიხედე.

- კარგად ვარ, შენ?..

მერჩივნა, მიწა გამხეთქოდა და თან ჩავეტანე... (თუმცა, არა! რომ ჩავეტანე, მასთან არ
აღმოვჩნდებოდი? )

- მეც არა მიშავს! რამხელაზე გაუთხრია არტიომას, ახლა ვეჩხუბე! - რა საჭირო იყო ამხელა
ხვრელი... რა ამოავსებს ამას...

- ჰოო, მართლა რა ფართო ხვრელია, რად უნდოდა ამხელა, ვიწრო არ ჯობდა?

- რა თქმა უნდა, ვიწრო აჯობებდა! იცი, ამ ხვრელზე ახლა "უცნობი ქალის წერილი"
გამახსენდა. გასაღების ხვრელიდან რომ უთვალთვალებდა იმ მწერალს...

- ჰოო, რა უცნაური ასოციაცია გქონია! ტუალეტში გათხრილი ხვრელი და "უცნობი ქალის


წერილი" - გამეცინა. - "მოჩვენებებზე მონადირენი" რომ გაგხსენებოდა, კიდე ხოო... ასეთ
ხვრელში რო ჩასრიალდებოდნენ ხოლმე მილით.

- რომანტიკა ყველაფერში შეიძლება დაინახო!

"შენი ცოლის გარდა" - გამეფიქრა ისევ.

- ხელოსანი აკაკუნებს, წავედი! თან მტვერზე ალერგია მაქვს...

- კარგი, საღამომდე. 9-ზე იწყება თამაში!

ნეტა რომელ თამაშს გულისხმობს? ფეხბურთის თუ "ცხოვრებისეულს?" ყოველ


შემთხვევაში, მაინტერესებს, მოვლენები როგორ განვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ
ჩემი ქმარი მიყვარს და მისი ღალატი არ გამივლია გულში, ეს დაძაბული სიტუაცია მომწონს.
თან, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფილმის გმირი ვარ. მაინტერესებს მოვლენების
განვითარება.

დილით ბავშვები მამაჩემმა წაიყვანა, ცოტა დაისვენეო. სახლი ისე გამოყრუვდა, რომ
რაღაცნაირი სევდა შემომაწვა. თავი ისე მარტოსულად ვიგრძენი, რომ ვინატრე, ცოტა ხნით
პიროვნების გაორება მაინც დამემართოს-მეთქი.

ეს რომ ჯანმრთელი აზრი არ იყო, ამას თავიდანვე მივხვდი და გადავწყვიტე, გოგოებისთვის


დამერეკა და ჩემთან გამოსვლა მეთხოვა.

თიკას არ ეცალა, სოფოს თვალზე "ჯიბლიბო" ამოსვლია და ვერ გამოვიდა. ჩემი ბიძაშვილი
"ნაღალატევი" ელენე გაკაპასებული იყო. მის ყოფილ ქმარს, ირაკლის დაურეკავს და ახალი
პერანგის ყიდვა უთხოვია. მის სითავხედეს საზღვარი აღარ აქვს!

- წავიყვან, პერანგს ვუყიდი და მერე თავზე გადავაფხრიწავ! - რაღას ვიზამდი, მის გეგმებს
ხელს ხომ არ შევუშლიდი.

გული ვერც სამუშაოს დავუდე, არ მეწერინებოდა. ალბათ, ესეც საღამოს ბრალია. მძაბავს ეს
ყოველივე. არტიომა გუშინ გვიანობამდე მუშაობდა და ხვრელიც ამოავსო. აბაზანა-
ტუალეტი დილით დავასუფთავე.

-"მოდი, თევზს ვიყიდი და შევწვავ!" - გადავწყვიტე და მარკეტში ჩავედი. თევზეულის


განყოფილებაში ქალბატონი აშარაშკა დამხვდა. ისიც თევზს არჩევდა. ვერ ვითმენ და მოდი,
აგიღწერთ, როგორი ტიპაჟია. თქვენც ხომ გაინტერესებთ? მოკლედ, დაბალია! თმა ბიჭურად
აქვს შეჭრილი, ძალიან მოკლედ. სიარულის მანერა კი საოცარი...

ნაბიჯებს რომ ადგამს (ამასაც ნერვიულად აკეთებს), გეგონებათ, მუხლებმა წვივებსა და


ტერფებს პროტესტი გამოუცხადა და მისი გაგდება გადაწყვიტაო. ისე ძლიერად გაიქნევს
ხოლმე სახსრის გაშლის დროს, იფიქრებთ, ქვედა კიდური ეს-ესაა, მუხლს მოსწყდებაო... მის
სახეზეც თითქოს ყველა კუნთი დაძაბულ რეჟიმში მუშაობს.

დამინახა და არ მომესალმა. პრინციპში, არც ველოდი. მის უკან დავდექი და ჩემს რიგს
დაველოდე.

- ეს რანაირი თევზი შემაპარე! რატომაა ასე მოღრეცილი?

- რა ვიცი მე, ქალბატონო! ალბათ, "პავაროტში" დაიჭირეს... თქვენ ამოიღეთ რომელიც


მოგწონთ!

- ხელზე სუნი ამივა!

- ეს?

- რა არის ეს? რა დაჭყეტილი აქვს თვალები... აბა, ის ამოიღე!.. უი, არა, არა! პირი რა ძალიან
აქვს დაფჩენილი!..

- ისეთი თევზი არა გაქვთ, ცოტა ლამაზი ნაკვთები რომ ჰქონდეს და აგონიაში
დაკრუნჩხულს არ დაელიოს სული? - შევეკითხე გამყიდველს ლოდინით დაღლილმა.
მივქარე (ეტყობა, დამავიწყდა, ვისთან მქონდა საქმე).

ამ სიტყვებზე მთელი 90 გრადუსით ჩემკენ შემობრუნდა და დასჭექა:

- შენ ხომ არ დაგავიწყდა, ვისთან გაქვს საქმე?.. (ეს ისეთი მზერით მითხრა, ეგრევე
ქვეტექსტი ამოვიკითხე: "შენ გგონია, არ ვიცი, ვისთან იყო ჩემი ქმარი გუშინ საღამოს?).

- შემახსენე...

- გოიმი ეს!.. (თევზების პარკს ხელი დაავლო და ზემოთ რომ აგიღწერეთ, იმ "პახოდკით"
დამტოვა)

- "სტერვა!".. მივაძახე გაბრაზებულმა. მე დახმარება მინდოდა! მაგრამ დამავიწყდა, რომ არც


ხუმრობა გესმის, არც თევზის არჩევა. ალბათ, მარტო სარეცხის კარგად გაწურვა გეხერხება!

შემობრუნდა და ჩემკენ წამოვიდა. მეგონა, იმ გაყინულ თევზს თავში ჩამარტყამდა. ალბათ,


გამყიდველმაც ეს გაიფიქრა და დახლიდან გამოვიდა ჩემს დასაცავად.

- სად არის ჩემი ჩეკი?!!!

- ჰაა?.. ახლავე! - დაფაცურდა გამყიდველი.

- შე საცოდაო, შენ! საწყალი შენი ქმარი! - მომაძახა, ჩეკი მუჭში მოიქცია და წავიდა.

- გაათამაშე, გაათამაშე! ეტყობა, იღბალი გაქვს, ქმარსაც ლატარიაში თუ მოიგებდი, თორე...

- უჰ, გაიხარე ქალბატონო, რაა, როგორ გამაცინეთ! - დამლოცა გამყიდველმა. სანამ


მაღაზიიდან გამოვედი, მისი როხროხა სიცილი მესმოდა.

დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეზობელი აღარ ამოვიდოდა,
მაგრამ ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ცხრის ნახევარზე, ლუდებითა და
ჩიპსებით მომარჯვებულმა დარეკა ზარი.

მე სამუშაო მოვიმიზეზე და საძინებელ ოთახში გავედი ჩემი ლეპტოპით. პირველი ტაიმის


განმავლობაში მეზობლის მობილურმა დაახლოებით 20-ჯერ დარეკა. გული ცუდს
მიგრძნობდა. არც ვცდებოდი. მალე კარზე ზარის ისტერიული რეკვის ხმა გაისმა.
სპეციალურად არ გავედი, კარი ჩემმა ქმარმა გააღო.

- სანდრო აქ არის, ხო? - პასუხს არ დაელოდა, ისე შეიჭრა მისაღებ ოთახში. - წამოდი! -
წამოვხტი და სასწრაფოდ კედელს მივადე ყური.
- რა მოხდა?

- შენ რა, არ იცი, რომ აქ არაფერი გესაქმება? მე რა გითხარი შენ?

- რა დაგემართა? რა სკანდალს აწყობ სხვის სახლში?

- წამოდი მაშინ, შენს სახლში მოგიწყობ სკანდალს!

- ძალიან კარგი! - წავიდეთ! - ამის მერე მეზობელმა მოუბოდიშა ჩემს ქმარს (ყველაფერს
მივცემდი, ჩემი ქმრის სახე რომ დამენახა) და წავიდა.

- რა იყო ეს? - მკითხა ქმარმა, როცა ოთახიდან გამოვედი. - ეგ ვინ ყოფილა!

- აბა, რა გითხარი? რომ დამიპატიჟე იმ დღეს...

უცებ ქვედა სართულიდან ისეთი ლანძღვა და ღრიალი გაისმა, მსგავსი არ გექნებათ


მოსმენილი. მთელი იატაკი აზანზარდა. ისეთი უშვერი სიტყვებით მლანძღავდა ქალბატონი,
თმა ყალყზე დამიდგა (ნეტა რა დავუშავე ამისთანა). ისე გავმწარდი, რომ ჩემში "მეორე მემ"
გამოიღვიძა და შემომძახა: -" აბა, შენ იცი, ისეთი რაღაც უნდა გააკეთო, რაც ყველაზე მეტად
გაამწარებს!"

ჰოდა, გადმოვათრიე ყველაზე დიდი პლედი და სარეცხის მანქანაში შევაგდე (გაწურვის


ფუნქცია გავუთიშე). მერე დაჭუპჭუპებული ძლივს გავათრიე ტაშტით აივანზე და ოთხ
თოკზე ერთად გადავკიდე. ახია მაგაზე.

შემდეგ ეპიზოდს ან "აფეთქება" ერქმევა, ან "პანაშვიდი"... გააჩნია მოვლენები როგორ


წარიმართება და რას გააკეთებს აშარაშკა, მისი ქმარი, ჩემი ქმარი ან მე.

- ესეც შენი ფეხბურთი! ანგარიშის ათვლა დაიწყე! - 1-ით 0 ჩემს სასარგებლოდ "სუჩკა"!!!

ღამის ოთხ საათამდე თვალი ვერ მოვხუჭე, მომხდარზე ვფიქრობდი. როგორ გამოიყვანა
წყობიდან ქმარი, რომ, მგონი, სახლიდან გაიქცა. ნამდვილი მონსტრია. როგორც იქნა,
ჩამთვლიმა. დამესიზმრა, ვითომ სახლის სახურავზე ვიდექი და ქალბატონი აშარაშკა ჩემს
სახურავიდან გადმოგდებას ცდილობდა.
გამეღვიძა. ხუთი ხდებოდა. ეს ღამეც რა გაიწელა სერიალ "სანტა-ბარბარასავით".

დილით ქმარმა მანქანით გამიყვანა ჩემებთან, ბავშვები რომ წამომეყვანა. იქ საღამომდე


დავრჩი და ვფიქრობდი, ნეტა, ჩემი კორპუსი ისე დამხვდება, როგორც დავტოვე-მეთქი?
ექვსი ხდებოდა, მე და ბავშვები რომ მოვედით. ლიფტიდან როგორც კი გამოვედი, თვალწინ
საოცარი სურათი გადამეშალა.

ჩემი სიმპათიური მეზობელი ჩემს კართან იდგა და ჩვრით ცდილობდა კარზე ცარცით
დახატული, უზარმაზარი მამაკაცის სასქესო ორგანოს წაშლას. რომ დამინახა, შეცბა და
დაიბნა. მე ინსტინქტურად ბავშვებს თვალებზე ხელი ავაფარე.

- რა არის ეს? - ვიგრძენი, როგორ მოზღვავდა ჩემში ადრენალინი.

- ეეს? ეს...

- არა, კი ვიცი, ეგ რაც არის... შენი ცოლის შექმნილი შედევრია, ხომ?

- ვერ წარმოიდგენ, როგორ ვწუხვარ და მრცხვენია... მის გამო... ასე არასოდეს მოქცეულა...

ჩემი შვილები პირდაღებულნი შესცქეროდნენ ნახატს.

- დედიკო, რა უშნო ნახატია! მაკრატელია? ვინ დაგვიხატა?

- ჰო, მაკრატელია! ერთმა დეიდამ დაგვიხატა! - ვუთხარი და სასწრაფოდ კარი გავაღე, რომ
ბავშვები ოთახში შემეყვანა.

- ფერიამ დაგვიხატა დედაა?

- ჰო, ოღონდ კუდიანმა ფერიამ!

- "ზლავრეძინამ?" (ბოროტი ჯადოქარი მულტფილმიდან "მძინარე მზეთუნახავი")

- ზუსტად! - გამეცინა. როგორ მიზანში გაარტყამენ ხოლმე ბავშვები. ოთახში შევიყვანე,


მულტფილმი ჩავურთე და მეზობელს გავხედე.

- მომეცი ეგ ჩვარი, დავასველო. მშრალით მაგას ვერ გაწმენდ! უფრო გაიდღაბნება! - ჩვარი
გამოვართვი. ხუთი წუთის შემდეგ ორივე გულმოდგინედ ვწმენდდით მუქ ნაცრისფერ
კარზე თეთრად გამოსახულ... ნუ, ზევით გითხარით რასაც...

არ გეგონოთ, რომ "ზლავრედინა" მხოლოდ კონტურებით შემოიფარგლა, არა! ნახატი


მთლიანად გაუფერადებია.

- რა საჭირო იყო მთელ კარზე დახატვა, ზომას რა მნიშვნელობა ჰქონდა? რა, პატარაზე რომ
დაეხატა, ვერ მივხვდებოდი მის სიმბოლურ დატვირთვას?

- არ ვიცი, რა დაემართა! რაც სამსახურს თავი დაანება, მის მერე სულ ეჭვიანობს ყველაზე და
ყველაფერზე. ისე, რო იცოდე, კეთილი გული აქვს!..

- ჰო, ალბათ, დიდი ხანია, რაც მაგ კეთილ გულში ინახავდა ამხელა "საჩუქარს" ჩემთვის!
ეტყობა, მაქსიმუმი ემეტება, მაგრამ ვერ ვხვდები, რა დავუშავე. ხომ ავუხსენი, რომ ჩემგან არ
დასველებია სარეცხი მაშინ... რომც დასველებოდა, ეგრე უნდა გაველანძღე? არ მესმის და
მომკალი! ახლა სად არის?

- დედამისთან წავიდა! მალე მიხვდება თავის შეცდომას და პატიებას გთხოვს... აი, ნახავ!
წმენდა შევწყვიტე და გაკვირვებულმა შევხედე. შევამჩნიე, რომ ძალიან უჭირდა ჩემთვის
მზერა გაესწორებინა.

- შენ მაგის მართლა გჯერა?

უეცრად ლიფტი გაიღო და ჩემი ქმარი გამოვიდა. მოულოდნელობისაგან კინაღამ ყბა


ჩამოუვარდა (მართლა რა სანახავები ვიქნებოდით).

- რა არის ეს?..

- სამში გრძელია!.. ორი მოკლე უკვე წავშალეთ! - ვუთხარი და სახლში შევედი.

მეზობელმა ჩემს ქმარს დაუწყო ახსნა-განმარტების მიცემა; მე კი ჩემს შვილებს, რომლებსაც


ბევრი კითხვა დაუგროვდათ: "ზლავრედინა" ლიფტით ამოვიდა, კიბით თუ სადარბაზოს
ფანჯრიდან.

რატომ დაგვიხატა კარზე "მაკრატელი"და სხვა მრავალი. კიდევ კარგი, ფანტაზიის უნარი
გამაჩნია. ამ "ამბავში" რომ ვიყავი, ჩემმა რედაქტორმა დამირეკა და შემატყობინა, რომ ხვალ
ყაზბეგში, სოფელ ჯუთაში მაგზავნიდნენ მივლინებით, სამი დღით. საკონკურსო სტატია
უნდა დამეწერა. ესეც მოულოდნელობა! ლაპარაკი რომ დავამთავრე, ჩემი ქმარიც შემოვიდა.

- წავიდა! საწყალი ბიჭი, შემეცოდა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია ცოლის გამო.

- ვისი ბრალია? ნუ გააბედინებს ამდენს და შესაცოდიც აღარ იქნება! მე ხვალ ყაზბეგში


მივდივარ! სამი დღით. დედაჩემს ვეტყვი, რომ გამოვიდეს.

- ვაა, რა მაგარია! ძალიან მიხარია შენი წარმატებები! რაზე უნდა დაწერო?

- ჯუთაში უნდა გამოვკითხო მაცხოვრებლები... - ბავშვებს აჭამე რაა, უნდა მოვემზადო!

ბარგის ჩასალაგებლად გავედი. რა კარგ დროს დაემთხვა, ამ სიტუაციას გავერიდები. თან ეს


ჩემი პირველი მივლინებაა. კარგი სტატია უნდა გამომივიდეს. კონკურსშიც თუ
გავიმარჯვებ, სერთიფიკატსაც მომცემენ...

მაგარია! მეორე მხრივ, ვნერვიულობ, რადგან პირველად ვტოვებ ბავშვებს. მაგრამ ოდესღაც
ხომ უნდა დავტოვო?..

სარკეში ჩავიხედე და ჩემს თავს გავუღიმე. - ახალი თავგადასავლებისთვის მოემზადე,


"კროშკა"!!!

თვალები ძლივს გავახილე. გუშინ ღამე ჩამოვედი. აკლიმატიზაციის ბრალია, ალბათ, ასეთი
გაბრუებული რომ ვარ. საოჯახო სასტუმროში დავბინავდი. პატარა, საყვარელი ოთახი მაქვს.
სახლის პატრონები ახალგაზრდა ცოლ-ქმარია, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და აქ
მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან.

ერთმანეთს ერთ სიტყვასაც არ ეტყვიან ისე, რომ ბოლოს გინება არ დააყოლონ: - წყალი
მომიტანე, შენი ასე და ისე... რას იღრიჭები, შე ასეთო და ისეთო და სხვა. - რა თქმა უნდა
ხუმრობით. თავიდან ყურს მჭრიდა, მაგრამ მერე მივეჩვიე და უკვე მეც მათთან ერთად
მეცინება.

პირსახოცი გადავიკიდე და სააბაზანოსკენ გავემართე. ქეთიმ (ასე ჰქვია დიასახლისს)


დამინახა და ქმარს სააბაზანოს კარზე მიუკაკუნა.

- ლექსო, ჩვენს სტუმარს შემოსვლა უნდა!

- შემოვიდეს მერე! - გამოსძახა ლექსომ სააბაზანოდან. - მე იქვე მდგარ სკივრზე ჩამოვჯექი.


მიხარია ხოლმე, როდესაც ასეთ ხალისიან ცოლ-ქმარს ვხედავ. ორივე ისე ერთ სტილში
ხუმრობს და ისე ბუნებრივად აუწყობენ ხოლმე ერთმანეთს იუმორს, გესიამოვნება.

საუზმის მერე ფოტოაპარატი გადავიკიდე და გარეთ გავედი. გარემო უნდა ამეთვისებინა.


როგორც კი ჭიშკრიდან გამოვედი, ენა ჩამივარდა. უზარმაზარი მთების შემხედვარეს თავი
ჭიანჭველა მეგონა. სამყაროს სიძლიერე შევიგრძენი. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები
დავხუჭე.

ვიგრძენი, როგორ ჩავიდა ფილტვებში. - სუნი? ბალახის, ყვავილების... წარმოიდგინეთ, რომ


ფუნის სუნიც კი უხდებოდა ამ ნაზავს. თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. მომენტალურად
იმხელა ენერგია მომეცა და ისე დავიმუხტე, ათი "რედბული" ერთად ვერ გადაწონიდა.

მთებს ვუყურებდი და ძალიან მომინდა მათთან ახლოს მისვლა. გზაზე მოხუცი კაცი
გამოჩნდა. მივედი და მივესალმე.

- უკაცრავად, აქედან რა მანძილი იქნება "ჭიუხებამდე"?


- რა ვიცი, შვილო! არავის არ გაუზომია ჯერ! (კითხვა სხვანაირად უნდა დამესვა).

- დაახლოებით რამდენ ხანში მივალ ფეხით?

- ასე, ორ საათში, შვილო, მაგრამ მარტომ იქ წასვლა არ გაბედო, ფეხით გაგიჭირდება.

გულდაწყვეტილი ვუყურებდი მთებს. ვინ წამომყვებოდა?.. მე არც მანქანა მყავს და არც


ცხენი. სურათები გადავიღე. მერე ჩემს ქმარს დავურეკე და აღფრთოვანებულმა გავუზიარე
შთაბეჭდილება.

ჩემს პატარა შვილიკოებსაც ველაპარაკე, უკვე როგორ მომენატრა ორივე. მერე რამოდენიმე
მცხოვრებს გავესაუბრე სტატიისთვის და სახლში დავბრუნდი.

მე და ქეთი ბუხართან გვიანობამდე ვისხედით და ვჭორაობდით. უცებ კარი გაიღო და


ლექსო შემოვიდა. უკან ვიღაც მოჰყვებოდა. - არ არსებობს!... ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი
ირაკლი. კურსელები ვიყავით. მე მასზე უშუალო, კეთილი და გულწრფელი ადამიანი არ
შემხვედრია.

სწავლის დროს ვმეგობრობდით. მერე გავთხოვდი და... თქვენც ხომ იცით... ახლა ძალიან
სევდიანი მეჩვენა. რომ დამინახა, ზურგჩანთა მოიხსნა და გახარებული ჩემკენ გამოქანდა.

- შენ აქ რა გინდა, ტო, შენს ნახვას ნაღდად არ ველოდი...

- მივლინებაში ვარ, ჯეკ! (ასე ვეძახდი ხოლმე ხუმრობით). - როგორ ხარ? რაღაც არ მომწონს
შენი სახის გამომეტყველება!

- იცნობთ ერთმანეთს? - გაუკვირდა ლექსოს. - წამოდი, ძმა, ოთახი გაჩვენო!

მეც მათ გავყევი. ლექსომ იკა ოთახში შეიყვანა. მე კი კართან დავდექი.

- შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა, აზრზე არა ხარ, რა დამემართა... განადგურებული ვარ! -
მითხრა, როგორც კი მარტონი დავრჩით.

- რა მოხდა? რა დაგემართა? - ოთახში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი.

- აქ შეყვარებულს ჩამოვაკითხე. ერთი წელია, ერთმანეთი გვიყვარს. არასოდეს გვიჩხუბია


აქამდე... იცი რა ბედნიერები ვიყავით? - თვალებში ცრემლები აუბრჭყვიალდა
(უნივერსიტეტშიც რამე გულისამაჩუყებელ ფილმს რომ გვაყურებინებდნენ ხოლმე,
ყოველთვის ასე მოსდიოდა).
- მერე რა მოხდა?

- აზრზე არა ვარ, ტო... რაც აქ ჩამოვიდა, რაღაც დაემართა. თბილისიდან რომ ვურეკავდი,
ისე უკმეხად მელაპარაკებოდა, თითქოს გამოცვალეს. მეც ავდექი და გუშინ ჩამოვაკითხე. იმ
სახლშივე ვიქირავე ოთახი. დასალაპარაკებლად რომ გამოვედი, სახე მოეღრიცა და ტირილი
დაიწყო. მითხრა, რომ უნდა დავრწმუნდე, მართლა მიყვარხარ თუ არაო!

- აქამდე არ იყო დარწმუნებული?

- რა არ იყო, სულ ერთად ვიყავით. "პახოდებშიც" ერთად დავდიოდით. ყველა "მზეებს"


გვეძახდა... (ყელში ბურთი მოაწვა).

- რაღაც ახსნა ექნება, უმიზეზოდ ასეთი რამ არ ხდება, მოწმენდილ ცაზე!

- არაფერი ახსნა არა აქვს. დილით ისე გავმწარდი, რომ წამოვედი. ვუთხარი, სხვა სოფელში
გადავდივარ-მეთქი. დავაწექი ჭიუხებისკენ. მეთქი, ბოლომდე ვივლი. გზაში სულ ქალივით
მეტირებოდა. დავიწყებდი სლუკუნს, გამოივლიდა მანქანა და გადავიტანდი სტვენაში...
(ორივეს გაგვეცინა).

ეს რა მიქნა, ტო, საკუთარ თავს აღარ ვგავარ! კალაპოტიდან ამომაგდო! მთელი დღე ვიარე.
მერე მოხუცი ქალი გაეძრო, თავს იკლავ შვილოო, მითხრა და თავისი ჯოხი მომცა.
ამოვარდა ქარიშხალი. თვითგადარჩენის ინსტინქტმა მძლია და გამოვბრუნდი. თან
"ბათინკმა" ისე მომიჭირა, კინაღამ დავიბრიდე. კიდევ კარგი, მანქანით გაეძრო ეს ტიპი, რა
ჰქვია?

- ლექსო?

- ჰოო... გამიჩერა, წაგიყვანოო? - მე ვუთხარი, თუ გინდა, გამოგებმები უკან-მეთქი.


წამოვყევი და აქ არ მომიყვანა? ორი სახლის მოშორებით ჩემი შეყვარებული და თავისი
დაქალია. აზრზე მოდი... თან, შენ რო დაგინახე... გზაში ღმერთს ვთხოვე, გამაძლიერე-მეთქი
და შენ არ შეგხვდი? რაღა ამ სახლში მოვხვდი, ასეთი დამთხვევა?..

- ჰო, უნაურია ეს ყველაფერი...

- ახლა სხვა სოფელში ვგონივარ...

- მაგის დედაც, ჯეკ! არ დაურეკო! - ძალიან გავბრაზდი. როგორ შეიძლება, საყვარელ


ადამიანს, მოწმენდილ ცაზე ასეთი რაღაც გაუკეთო... არ მესმის... შეიძლება გადაგიყვარდეს,
მაგრამ მის ზარებს არ უპასუხო და უხეშად ელაპარაკო, რა წესია? არ შეიძლება აუხსნა,
დაელაპარაკო წესიერად?

- ქარმა თვალები გამომიშრო, ამის დედაც... -მოისრისა თვალები იკამ.

- მოიცა, ხელოვნური ცრემლი მაქვს და მოგიტან, ჩაიწვეთე!

- არა, ტოო, მე კიდე ხელოვნური ცრემლი მინდა? ჩემი სად წავიღო, აღარ ვიცი... - ამაზე
ბევრი ვიცინეთ. მერე ძველი ამბებიც გავიხსენეთ. ცოტა გამოვიდა მდგომარეობიდან. თან
ხვალინდელი დღის გეგმაც შევიმუშავეთ. ხომ მინდოდა მთაში წასვლა? ჰოდა, ორ
კურდღელს ერთად დავიჭერ. მეგობარსაც დავეხმარები განტვირთვაში და მეც ვისიამოვნებ.

საბანში კარგად გავეხვიე და ამ ფიქრებში ჩამეძინა. რა ვიცოდი წინასწარ, რა თავგადასავალი


გველოდა ხვალ, მთებში?..

დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. დღეს დიდი დღეა! - მე და ჯეკი მთებში მივდივართ.


ზურგჩანთა გამოვტენე და დავიძარით. იკა მთელი გზა ფიქრობდა, დაერეკა თუ არა
შეყვარებულისათვის.

მე ისევ ვეწინააღმდეგებოდი: - სხვა სოფელში გაგისტუმრა და ერთი არ დაგირეკა,


რომ გაეგო, როგორ ჩახვედი. შენ რატომ უნდა დაურეკო? უკმეხად რომ გიპასუხოს,
აღარ დამირეკო, დამივიწყეო? - ბოლოს დამეთანხმა და პირობა ჩამოვართვი, რომ
დღეს მასზე ერთ სიტყვასაც არ დავძრავდით.

ძალიან ბევრი ვიარეთ. გზაში სულ ვლაპარაკობდით და დაღლა არ გვიგრძვნია.


ვატყობდი, რომ ლაპარაკის დროსაც შეყვარებულზე ფიქრობდა. როგორც ჩანს, ამ
ამბავმა ძალიან დათრგუნა. მისი მესმის, ძნელია, ასეთ სიტუაციაში სხვა რამეზე
ფიქრი.

მთებამდე მივედით. შევისვენეთ, ვჭამეთ, მერე ზევით გავუდექით გზას. კარგა


მაღლა ავედით. ჩემი დასაკეცი ჭილოფი გავშალე და დავჯექი. შეუდარებელი
შეგრძნებაა, როდესაც სამყაროს მაღლიდან უყურებ. ღრუბლებიდან მზის სხივები
ისე ლამაზად მოჩანდა, რომ გული ამიჩუყდა და ნერწყვი გადავყლაპე.

ჯეკს გავხედე, მე მგონი, ისიც ჩემს დღეში იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს
სადღაც, ზღვარს მიღმა ვიყავი...
- ხედავ, რა სხვანაირად ჩანს აქედან ყველაფერი? ამჩნევ?

- რას გულისხმობ?

- შენი პრობლემა არ დაპატარავდა?.. ამ გადმოსახედიდან... გლობალურად არ


დაიწყე ფიქრი?..

- შენი ფიქრები მაინტერესებს!.. რაზე ფიქრობ ახლა? შეგიძლია გაახმოვანო?

- უფრო ვგრძნობ, ვიდრე ვფიქრობ! ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან დიდის ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილაკი ვარ! პატარა, თუმცა ძლიერი ნაწილაკი... - შენც ნაწილაკი
ხარ, ჯეკ! აი, დაფიქრდი... დრო ყველაფერს ცვლის, ხო ასეა? (ფილოსოფიურ
განწყობაზე დავდექი)

- კი!

- ადამიანები ცვლიან ყველაფერს, ადამიანები თავადაც იცვლებიან. ყველაფერი


იცვლება: მსოფლმხედველობა, კანონები, დამოკიდებულებები, გემოვნება,
შეხედულებები, ამბიციები... ყველაფერი იცვლება ერთი რაღაცის გარდა! რა არ
იცვლება, შენ მითხარი!

- აზრზე ვერ მოვდივარ!

- გრძნობები, ჯეკ! გრძნობები არ იცვლება! ყველა ადამიანის პიროვნებას მისი


საქციელები განსაზღვრავს! რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ისტორია არსებობს! -
უინტერესო, ნაკლებ საინტერესო, საინტერესო და განსაკუთრებული. ზოგი თავად
მართავს საკუთარი ისტორიის მსვლელობას, ზოგი კი ამ ისტორიის მსხვერპლი
ხდება, რადგან ბრმად მიჰყვება სიუჟეტურ განვითარებას!.. ტვინს გიბურღავ, ხო?
(გამეცინა)

- არა, არა! ზუსტად ისაა, რაც მჭირდება! გააგრძელე, რაა!

- ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ჩვენი ისტორიები არასოდეს სრულდება! ნუ გგონია,


რომ შენი ისტორია დასრულდა! ისტორია მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა მისი
პატრონი კვდება, მაგრამ, თუ მისი ისტორია განსაკუთრებულია, ის სიკვდილის
შემდეგაც განაგრძობს არსებობას! - ტრანსფორმირდება! (იკას ყელში ისევ ბურთი
გაეჩხირა).
- რაც ახლა მითხარი, დაწერე, ტო!!!

- მე კიდევ მგონია, ჰაერით დავთვერი და რაღაცეებს ვბოდიალობ. - გამეცინა.

იკამ უცებ რაღაცას მოჰკრა თვალი და ფეხზე წამოხტა.

- ვარდისფერი გვირილა! - ისეთი სიხარულით შეჰყვირა, რომ მეც წამოვხტი.

- მერე რა? - ვკითხე გაკვირვებულმა.

- ჩემი შეყვარებულის უსაყვარლესი ყვავილია! ძალიან იშვიათია! იცი, რამდენს


ვეძებდი? ეს რომ მივუტანო, ყველაფერი შეიცვლება! ზუსტად ვიცი!.. - იკა კლდის
პირას იდგა მუხლებით და დაბლა იყურებოდა. მეც მივჩოჩდი და ჩავიხედე.
გამოშვერილ კლდის ნაწილზე ამოსული იყო ვარდისფერი გვირილა.

- ჰო, მაგრამ ვერ მიწვდები! გამორიცხულია! გადავარდები!

- უნდა მოვწყვიტო! - ისე მტკიცედ თქვა, რომ შემეშინდა. მივხვდი, რომ მისი
შეჩერება ძალიან გამიჭირდებოდა!

- ჯეკ! ერთი წუთი მომისმინე! - მხრებში ხელები მოვკიდე და შემოვატრიალე.

- ასეთ ადგილებზე ძრომიალის მეტი რა მიკეთებია! - შემეწინააღმდეგა.

- ერთი ლეგენდა უნდა მოგიყვე! და მერე შენ გადაწყვიტე, გარისკავ თუ არა!

- კაი, მიდი! - გაეცინა იკას და მოსასმენად მოემზადა. მეც მოხერხებულად დავჯექი


და დავიწყე მოყოლა:

- უხსოვარ დროს, როდესაც რაინდები ცხენებს დააჭენებდნენ, ხმლებით იბრძოდნენ


და საგმირო საქმეებს ჩადიოდნენ მიჯნურების გულის მოსაგებად, ერთმა
ქალიშვილმა მასზე შეყვარებულ ყმაწვილს უიშვიათესი ყვავილის პოვნა დაავალა.

ყვავილი ულამაზესი იყო და მხოლოდ მაღალი კლდეების კიდეებზე ხარობდა.


ყმაწვილი დიდხანს ეძებდა ყვავილს, მაგრამ ვერ პოულობდა. გოგონას კი ყვავილი
სჭირდებოდა, რომ დარწმუნებულიყო, რამდენად ძვირფასი იყო მისთვის.
ერთხელ ყმაწვილმა თავისი სიყვარული ყველაზე მაღალი კლდის მწვერვალზე
აიყვანა, საიდანაც ხელის გულივით მოჩანდა ყველაფერი. ცაზე თეთრი და
ფუმფულა ღრუბლები გადაშლილიყო. თითქოს ხელის ერთი გაწვდენა იყო საჭირო,
რომ შეხებოდი...

სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც ყველა ყოფითი რამ სადღაც ბოლო პლანზე
გადადის და გრძნობ, რომ შენს თავს რაღაც განსაკუთრებული ხდება. გრძნობ, რომ
გამორჩეული ხარ და ყველაფერს შეძლებ!

სწორედ ამ დროს დაინახა მან ყვავილი, რომელიც უფსკრულის პირას ამოსულიყო.


ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, ისე გაიწია მოსაწყვეტად...

როდესაც ფეხქვეშ მიწა ჩამოეშალა და ვარდებოდა, ერთი რაღაცის დაყვირება


მოასწრო: "მაპატიე, არ დამივიწყო!" და უფსკრულში გადაიჩეხა.

ხელს უჭერდა ყვავილს, თავისი სიყვარულის დამამტკიცებელ საბუთს და, ალბათ,


იმ წუთებში ბედნიერიც იყო, რადგან შეძლო დაემტკიცებინა თავისი სიყვარული,
თუნდაც სიკვდილის ფასად... ამ ყვავილს "არ დამივიწყო" ჰქვია! მაგრამ შენ მითხარი
ახლა, ღირდა მისი ცალმხრივი სიყვარული სიკვდილის ფასად?

ამ ამბავმა იკა შეძრა. დიდხანს იჯდა ჩუმად, ხმას არ იღებდა და ფიქრობდა.

- შენი აზრით, ის გოგო რას იზამდა? - მკითხა ბოლოს.

- რას იზამდა და ცოტას იტირებდა ან ბევრს, - არ ვიცი... მაგრამ მერე აუცილებლად


შეუყვარდებოდა ვიღაც და გათხოვდებოდა. ასეთია ცხოვრება!
ჩემი მონათხრობის მერე (დამეთანხმეთ, რომ მართლა გულის ამაჩუყებლად
გამომივიდა) იკას აღარ უცდია ყვავილის მოწყვეტა! მერე გავმხიარულდით.

ვიღაც უცხოელ ტურისტებსაც შევხვდით და ბოლოს სახლში წამოვედით. აი, ახლა


კი ვიგრძენი დაღლა. ერთი სული მქონდა, საწოლზე დავგდებულიყავი. სახლს რომ
მივუახლოვდით, იკა მომიბრუნდა და მითხრა:

- რაღაც უნდა გაჩვენო, ოღონდ დამპირდი, რომ არ გაბრაზდები! - ამ სიტყვებზე


ზურგჩანთიდან ვარდისფერი გვირილა ამოიღო.
- ღმერთო ჩემო! გაგიჟდი? როდის მოწყვიტე? მე რომ ბუნებრივი მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად გავედი, ალბათ, მაშინ?!. ეს რა გამიკეთე, ჯეკ, რო
გადავარდნილიყავი? ჩემზე არ იფიქრე, ხომ?

- სხვანაირად არ შემეძლო... მაპატიე რა...

- კარგი რაა, მართლა! - გაბრაზებული სახლში შევედი. მეორე დღეს იკამ ყვავილი
კონვერტში ჩადო, რომ შეყვარებულისთვის მიეტანა. ორივე ეზოში გამოვედით. ქეთი
საცურაო კოსტიუმით მზეს ეფიცხებოდა. უცებ ჭიშკარი გაიღო და იკას შეყვარებული
არ შემოვიდა შამფურების სათხოვნელად?

იკა დაინახა, მერე ნახევრად შიშველ ქეთის შეხედა, ბოლოს მე და გამწარებულმა


წამოიძახა:

- ე.ი. სხვა სოფელში წახვედი, არა?.. რა მალე გიშოვია ჩემი შემცვლელი? შორს
წასვლაც არ დაგჭირვებია! - მიუხედავად იმისა, რომ ქეთი იყო შიშველი და არა მე,
მისი სიტყვების ადრესატი რატომღაც მე აღმოვჩნდი (ალბათ, ასეთი ბედი მაქვს).

ნაცნობი მზერა... ისე მიყურებდა, როგორც... - თქვენც კარგად იცით!

- OMG! Why

ირაკლის შეყვარებულმა ვარდისფერი გვირილა მუჭში მოიქცია და დაჭყლიტა. ირაკლის არც


მოუსმინა, მატყუარა და მსახიობი უწოდა და მათი დაშორება მას გადააბრალა.

- ეს სიტუაცია გამოიყენა, ჯეკ! რომ ლამაზად გამოსულიყო შენთან. მაგას მაინც


გადაწყვეტილი ჰქონდა შენი მიგდება, თავს ნუ დაიდანაშაულებ! პირიქით, მადლობა თქვი,
რომ ახლა დაინახე მისი რეალური სახე. თუ გინდა მივალ და დაველაპარაკები!

- არ ღირს! აზრი არა აქვს, ძალიან ჯიუტია. ყველაფერი დამთავრდა! მაგრამ, იცი, რა? მე
იმითიც ბედნიერი ვარ, რომ შენ შეგხვდი აქ. შენ რომ არ ყოფილიყავი, არ ვიცი, რა
მეშველებოდა! ხვალ რა დროს მიდიხარ თბილისში? მეც შენთან ერთად წამოვალ!

დღეს ჩემი მივლინების ბოლო დღეა. გუშინდელი დღე რომ ჩავაგდე, დღეს ავინაზღაურე და
გვიანობამდე ვიმუშავე, ხალხს გავესაუბრე. რა უცნაურია, ასეთი პატარა სოფელია და
რამდენს ჰქვია კოლია.

მაინც ვერ მოვისვენე, იკას შეყვარებულს პატარა წერილი დავუწერე და მის დაქალს მივეცი.
წერილში "არ დამივიწყოს" ლეგენდა ეწერა, ბოლოს ჩემი რეზიუმე: - " რეალობაში ძალიან
იშვიათად იბადება ადამიანი, რომელიც ამ ყვავილის მოსაწყვეტად წავა და არ შეუშინდება
თავგადასავლებს! ხოლო, თუ კონვერტით მოგიტანს ასეთ ყვავილს, გახსოვდეს, რომ მან
უბრალო ყვავილი არ მოგიტანა - ეს მისი გულია! და ასეთი ადამიანი დაუფასებელია!.. არ
დაივიწყო!"

მეორე დილით თბილისისკენ დავიძარით. სადგურში ჩემი ქმარი დამხვდა. იკას ისიც
იცნობს, უნივერსიტეტში რომ მაკითხავდა ხოლმე, იქიდან. გზაში ყველაფერი მოვუყევი.
ერთი სული მქონდა, სახლში მივსულიყავი და ბავშვებს მოვფერებოდი.

- ჩვენი ნაგიჟარი მეზობლები რას შვრებიან? - ვკითხე ჩემს ქმარს, როცა მოყოლა დავასრულე.

- დედა-შვილი სადღაც გაემგზავრა, დასასვენებლად. გუშინ ალაგებდნენ მანქანაში ბარგს.


სანდრო დარჩა, მუშაობს ალბათ. აღარ ამოსულა იმის მერე. შენ კიდევ აქ ახალი ამბავი
გელოდება!

- რა ხდება?

- დავპირდი, რომ არ გეტყოდი... მაგრამ ვიცი, რომ ვერ მოისვენებ და გეტყვი ბარემ - შენი
დაქალი თხოვდება!

- სოფოო? არ არსებობს! გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს? ე.ი. მეჯვარე ვიქნები...

სოფო ჩემი ერთადერთი გასათხოვარი დაქალია. 2 წელია, რაც შეყვარებული ჰყავს, მაგრამ
საკმარისია, ნიკამ ცოტა დიდხანს გააგრძელოს მისი კოცნა, ან ხელი უადგილო ადგილისკენ
გაეპაროს, რომ მაშინვე სახლში გამორბის. სექსის ხომ საერთოდ, პანიკურად ეშინია. მე და
თიკა მილიონჯერ ვყავართ "დაკითხულები" მაგ თემაზე.

ამას წინათ ისიც კი მითხრა, თმას ვიზრდი იმისთვის, რომ როცა გავთხოვდები,
ღამღამობით, "იმის დროს" მკერდზე ჩამოვიფაროო. ამაზე იმდენჯერ ვეხუმრე, მაკრატლით
ხელში დავდევდი და დავარბენინებდი კივილით.

"პირველი ღამის" კონტრაქტიც კი შეადგინა. პირველ ღამეს ხელჩაკიდებულებმა უნდა


დაიძინონ ერთად და მეტი არაფერი (მაქსიმუმ, კოცნა). ხოლო იმ ღამეს, როცა მოსახდენი
უნდა მოხდეს, სრული სიბნელე უნდა იყოს ოთახში, თვალთან რომ თითს ვერ მიიტანთ, აი,
ისეთი.

ჩემი ჩამოსვლიდან მეხუთე დღეს ქორწილში წავედით. მე მეჯვარე ვიყავი. სოფომ და ნიკამ,
"კონკას" რომ ჰგავს, სასეირნო ღია ავტობუსი იქირავეს და სულ გულებითა და ბუშტებით
მორთეს. უკან დააწერეს: Just married...
ძალიან ორიგინალური ქორწილი ჰქონდათ. სოფო შამპანურით იჭყიპებოდა. სასმელი რომ
მოეკიდა, ჩემსკენ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა:

- გოგო, დაახლოებით რამხელაა "ის"? - დაბნეულმა აქეთ-იქით დავიწყე ყურება, მაგრამ


"იმას" ვერაფერი მივამსგავსე. ბოლოს ჩაფუშულ ბუშტს მოვკარი თვალი და გახარებულმა
ჩამოვწყვიტე.

- აი, ამხელაა! -საქორწინო მაკიაჟის ოცდაოთხსაათიანი გარანტიის მიუხედავად, შევატყვე,


როგორ გადაფითრდა სახეზე. ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.

ახალდაქორწინებულები ბორჯომში გავისტუმრეთ, თაფლობის თვის გასატარებლად.

ღამის ოთხ საათზე სოფოს ზარმა გამაღვიძა.

- გოგო, რაღაც უნდა გითხრა! ვერ მოვითმინე, რომ არ დამერეკა... - ისე ჩურჩულებდა, მის
ქმარს ან ეძინა, ან ისე მირეკავდა, რომ არ გაეგო.

- უკვეე? - წამიერად გამოვფხიზლდი. - აკი, პირველ დღეს არაო?

- არა, რას ამბობ გოგო! უკვე კი არა და ტუზი დამეცა! - ხუთდღიანი ხელშეუხებლობის
გარანტია მაქვს!

- საწყალი ნიკა! - ვუთხარი ჩემს ქმარს, როგორც კი ლაპარაკს მოვრჩი. - ხუთი დღე და-
ძმასავით უნდა ეძინოთ!

- კარგი რაა... - ისეთი სახით წარმოთქვა, რომ პირველად ვნახე მის სახეზე ასეთი
გამომეტყველება.

"გარანტიის" ვადა რომ იწურებოდა, თიკა ჩემთან გამოვიდა, რომ ერთად დაგვერეკა
სოფოსთვის სასტუმროს ნომერში.

- ჰა, რა ქენით? ქენით რამეე? - თითქმის ერთხმად ვკითხეთ მე და თიკამ (თიკას


პარალელური ეჭირა).

-კი, გუშინ!..

- ალილუია!!! - წამოვიძახე. - ნიკა ხოა კარგად?

- ნიკას რა უჭირს, მე ვიკითხო... გუშინ ჯერ ორი ბოთლი ლუდი დავლიე... კარგად
დავთვერი! მერე შუქი ჩავაქრობინე, ფარდებიც გავაფარე.
- ისეთი სიბნელე გამეფდა, შენ რომ გინდოდა? კმაყოფილი ხარ? - ჩავეკითხე სოფოს და
თიკას ფხუკუნიც გაისმა. მეც ძლივს ვიკავებდი სიცილს.

- კი გოგო. ვაიმე, როგორც კი ჩამოვალ, შენ და თიკა უნდა დაგხოცოთ! ეს არის, არაფერი არ
არისოო? რომ მატყუებდიით?.. ტირილისაგან ახლაც დაწითლებული მაქვს თვალები! ეს რა
მიქენით!!!

- ჩვეეენ? ჩვენ გიქენით? (მე და თიკას სიცილისაგან მუცლის კუნთები გვტკიოდა).

- რას ლაპარაკობ, აბა, რა გვეთქვა, მითხარი? გული უნდა გაგვეხეთქა შენთვის? შენ კიდევ ეგ
გინდოდა?

- ალბათ, ერთი თვე აიძულებდი საწყალ ბიჭს და-ძმასავით დაძინებას. კარგი იქნებოდა? -
დამეხმარა თიკა.

- ხო, კარგი, კარგი... გოგოებო, მერე შუაღამისას ეზოში ჩავიდა და წითელი ვარდი
ამომიტანა. რა რომანტიკულია, არაა? დღეს კი ვიცინეთ ბევრი, მაგრამ თავი მისკდება
ტკივილისაგან!

- ერთი ჭიქა კონიაკი "ჩაურტყი", ეს სასმლისაგან გისკდება თავი, რომ გამომთვრალხარ


გუშინ! -უთხრა თიკამ.

- შენს სახელზე ჩვენც დავლევთ ეხლა! წითელი ლენტი გადაჭრილია! ეს ამბავი უნდა
აღვნიშნოთ!

მე და თიკამ კარგად მოვულხინეთ. კარგად კი არა, ზედმეტად. ისე მაგრად დავთვერით,


ტაქსების გაჩერებამდე ძლივს მივედით, ერთმანეთს ვეკიდებოდით.

თან გიჟებივით ვიცინოდით. კორპუსთან რომ დავბრუნდი, შუქი წავიდა. მე კიდევ


მობილურიც კი არ მქონდა, რომ გამენათებინა. ამიტომ კიბეზე ავდიოდი და თან
სართულებს ვითვლიდი. ხელის ცეცებით კარამდე მივაღწიე (როგორ მოვახერხე, მიკვირს)
და გასაღები ამოვიღე. მე მგონი, თხუთმეტი წუთის განმავლობაში ვეძებდი საკეტს, რომ
გასაღები გამეყარა.

უცებ კარი შიგნიდან გაიღო და სანთლის შუქზე ნაცნობი სილუეტი გავარჩიე.

- შენ აქ საიდან? როგორ შემოხვედი?


- ჩემი გასაღებით! მგონი, შენ მოხვდი სხვაგან... - მიპასუხა ჩემმა სიმპათიურმა მეზობელმა
და მე მგონი, გამიღიმა.

14:12 / 13-07-2012

გუშინ ჩემმა ქმარმა ბავშვები თავის მშობლების სახლში წაიყვანა ორი დღით და
თვითონაც დარჩა (ჩემს მამამთილს მანქანა უნდა აყიდინოს). მე კი დილის შვიდ
საათზე გულისრევამ გამაღვიძა.

რამ დამალევინა ამდენი, ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი... საკმარისია, ოდნავ მეტი
დავლიო, რომ მეორე დღეს ღებინება და შაკიკი გარანტირებული მაქვს. თუმცა
სიტყვა "ოდნავ მეტი" მსუბუქი ნათქვამია. არ ვიცი, თიკა როგორ გადარჩა
გუშინდელი ღამის მერე, მაგრამ მე რომ ვერ გადავრჩი, ფაქტია!

ტკივილგამაყუჩებელმა ცოტა თვალებში გამომახედა. საწოლიდან ადგომა შევძელი


და ყავა დავისხი. სასწაულებს ახდენს ეს ყავა! მიკვირს, ყავას ძეგლს რატომ არავინ
უდგამს... ის ხომ ქალების ნუგეში, სტიმული, გამამხნევებელი, სიამოვნების
მომნიჭებელი და ხანდახან თავშესაფარიც არის!..

ღმერთო ჩემო, მეორე ქმარივითაა!.. არა, უკეთესი! განსხვავება ისაა, რომ


სექსუალურად ვერ დაგაკმაყოფილებს. სამაგიეროდ, გასარეცხ ტანსაცმელს არ
დაგიყრის ყველგან... - არა, არა… მგონი, ისევ მთვრალი ვარ! ნეტა ალკოჰოლური
ინტოქსიკაცია თუ რაღაც ჯანდაბა ხომ არ მჭირს?.. რატომ ვგრძნობ თავს ისე,
თითქოს მე - მე კი არა, სხვა ვარ?..

ყავის ჭიქით ხელში ისევ საწოლთან მივლასლასდი და ტილოსავით დავეგდე. ისეთი


შეგრძნება მაქვს, თითქოს საკუთარ სხეულში ვარ ჩაძირული. გუშინდელი დღის
კადრები, ერთმანეთის მიყოლებით, ბუნდოვნად ამოტივტივდა სიღრმიდან. - აი, მე
და თიკა სოფოს ველაპარაკებით, მერე ქმარ-შვილს ვაცილებ, მერე მე და თიკა ვსვამთ
და ვიცინით, მერე კიდევ ვსვამთ მე და თიკა და კიდევ ვიცინით... მერე, გავაცილე...

ტაქსისტის სახე მახსოვს, მისამართს რომ ვეუბნებოდით და თან რომ ვერ


ვეუბნებოდით... ამის მერე რა მოხდა? გამახსენდა, - დენი გაითიშა! ე. ი. ლიფტით
ვერ ამოვიდოდი... გონება დავძაბე... - გამახსენდა, სიბნელეში როგორ მივდივარ
კართან და...

არანორმალურივით წამოვჯექი. - ო, ბლინ! სართული შემეშალა, როგორც იმ


ფილმში, ყოველ ახალ წელს გარანტირებული რომ გვაქვს... რა ჰქვია? ჰო, - "გაამოთ".

- ჩემო თავო! მოგმართავ, როგორც არასდროს! დაუყოვნებლივ გამოფხიზლდი და


დაფქვი ყველაფერი, რაც გუშინ ჩაიდინე! - შემოვუძახე ჩემს თავს... მაგრამ სრული
სიბნელე! ბოლოს, რაც მახსოვს, ისაა, როგორ მიღებს კარს ჩემი მეზობელი სანთლით
ხელში.

- ასეთი დიდი პრობლემის წინაშე ჯერ არ ვმდგარვარ! კატასტროფა! ქვეყნიერების


დასასრული!.. თუ ჩემი სიმთვრალით ისარგებლა, მოვკლავ! - მერე ციხეში ჩავჯდები
და... არა, ჯობია დავიცადო, სანამ მისი ცოლი მოკლავს... მერე მეც მიმაყოლებს ზედ,
მერე ჩემი ქმარი მომკლავს ხელმეორედ... მერე მე თვითონ მოვიკლავ თავს
ხელმესამედ... - ჩიხში ვარ!

საათს შევხედე. ათის ნახევარია. ხვალამდე ყველაფერი უნდა გავარკვიო, თორემ ჩემს
ქმარს თვალებში ვერ შევხედავ! პანიკამ მომიცვა.

წამოვდექი და ახლაღა შევამჩნიე, რომ ისევ ის მაცვია, რაც გუშინ საღამოს მეცვა.
როგორც ჩანს, სახლში მოვედი (ან მომიყვანეს) და ტანსაცმლიანად დავწექი (ან
დამაწვინეს). ეს უკეთესია, ვიდრე შიშველი გაღვიძება. ოდნავ დავწყნარდი, მაგრამ
მაინც უნდა გავიგო, რა მოხდა გუშინ ღამე! ღალატი გამორიცხულია!

მე ხომ ყველაზე პატიოსანი ცოლი ვარ ამქვეყნად? არავისთან მიფლირტავია (არც


ონლაინ რეჟიმში), სხვა რომ არაფერი ვთქვათ. მაშინ, როცა ჩემი გათხოვილი
მეგობრები (და ჩემი გათხოვილი მეგობრების გათხოვილი მეგობრები) "კაკ მინიმუმ",
ფლირტაობენ ონლაინ რეჟიმში, დიახ, ასეა!

მე კიდევ ერთხელ ვნახე სიზმარი და იმაზეც კი ვინერვიულე (ახლა დავფიქრდი,


ნორმალურია ნეტა ეს?).

ცივი წყალი შევისხი, თმა გადავივარცხნე და დაბლა ჩავედი. მთელი შემართებით


მივედი კართან და ზარის დასარეკად რომ ავწიე ხელი, დავფიქრდი, რა უნდა
მეთქვა, როცა კარს გააღებდა?.. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? სულ რომ ენა
ჩამივარდეს, თუ გუშინ რაღაც მოხდა, შევატყობ! ან თვითონ მეტყვის!

ზარი დავრეკე. საკუთარი გულისცემის გარდა, აღარაფერი მესმის. ნაბიჯების ხმა


გავიგე... "ღრმად ისუნთქე!" - ვუთხარი ჩემს თავს. მერე პირში ჰაერიც ჩავიგუბე და
10 თვლაზე გამოვუშვი (ფილმებში რომ აკეთებენ, ისე). კარი გააღო... მისმა ცოლმა
(აკი აგარაკზე წავიდა?)

- ააა, მმმ... იიისს...

კიდევ რამოდენიმე ხმოვნით გავწელე სიტუაცია. თან ვფიქრობდი, ახლა მეტყვის


-"მე ვიცი, რაც ჩაიდინე გუშინ ღამე!"

- რამ შეგაწუხა? - თვალები მოჭუტა და გამომცდელად მომაშტერდა.

- ისა, იცი რა?.. სარეცხის გაფენას ვაპირებ და გაგაფრთხილე (ერთი მხრივ, ფუი,
იფიქრებს, რომ გაიმარჯვა და ცუციკივით მოვედი ნებართვის ასაღებად, მაგრამ
მეორე მხრივ, საღოლ! - ამ სიტუაციაში ამის მოფიქრება რომ შევძელი, ჩემი თავის
ფანი ვარ)!

უცებ რაღაც დაემართა. ყინულის დედოფალივით გალღვა.

- იმ დღეს ცოტა ზედმეტი მომივიდა, გადავაჭარბე! არ უნდა ამოვვარდნილიყავი ასე.


ჩემი თავის მიკვირს, ამ ბოლო დროს ნერვები ცუდ მდგომარეობაში მაქვს. იმის მერე,
რაც გაგიკეთე, კიდევ შენ ჩამოხვედი... ორჯერ მოგაყენე შეურაცხყოფა... ნამდვილი
აშარაშკა ვარ!

- სამჯერ, სამჯერ მომაყენე შეურაცხყოფა, მაგრამ მე მაგას არ ვითვლი... აშარაშკა


არასოდეს მიკადრებია შენთვის (ზურგსუკან თითები გადავაჯვარედინე)! მესმის,
ძნელია დიასახლისის ცხოვრება (ეს ნამეტანი სენტიმენტალური იყო). რაც იყო,
იყო... დავივიწყოთ!

თვალზე ცრემლი მოადგა და გადამეხვია. ამ დროს ოთახიდან მისი ქმარი გამოვიდა


და რომ დაგვინახა, ადგილზე გაქვავდა. ახლა მე მოვჭუტე თვალები და ცოლზე
ჩახუტებული მივაშტერდი, მაგრამ მის სახეზე დაბნეულობის გარდა, ვერაფერი
ამოვიკითხე.

- ჩვენ ახლა ყავა უნდა დავლიოთ! - მტკიცედ წამოიძახა აშარ... (უკვე "მიტყდება" ასე
რომ ვუწოდო იმის მერე, რაც ახლა, ჩვენს შორის მოხდა) ჩემი სიმპათიური
მეზობლის უსიმპათიო ცოლმა.

- არ ვიცი...
- არა, არა! უარი არ გამაგონო! -მითხრა, მკლავში ხელი ჩამავლო და სახლში
შემათრია.

- დაჯექი, ახლავე მოვიტან ყავას! სანდრო, დაელაპარაკე ჩვენს მეზობელს!

მისაღებ ოთახში დავჯექი, ტახტზე. ამ ოთახში პირველად ვარ, მაგრამ "დეჟავიუ"


მაქვს. სანდრო შემოვიდა და ჩემს პირდაპირ, სავარძელზე დაჯდა. მე ოდნავ წინ
გადავიხარე და ტუჩების მოძრაობით, თითქმის უხმოდ ვუთხარი: - გუშინ... ღამით...
ცოტა ზედმეტი მოგვივიდა მეგობრებს და ისა... გაგაღვიძე მგონი, ხო?..

- შაქარი რამდენი ჩაგიყარო? - თავი შემოყო კარში აშარ... უფრო სწორად,


სიმპათიური მეზობლის უსიმპათიო ცოლმა.

- უი, ის ანეკდოტი გამახსენდა, შაქარს რამდენს იყრიო, სტუმარს რომ ეკითხებიან და


რო პასუხობს:

- სახლში ერთს, სტუმრად სამს, არადა, ორი როგორ მიყვარსო! -ვთქვი და


ისტერიული სიცილი ამიტყდა (უხერხულობის და სტრესის ბრალია). მერე ორი
თითით ვანიშნე, ორი კოვზი ჩამიყარე-მეთქი.

როგორც კი სამზარეულოში გაბრუნდა, მომენტით ვისარგებლე და სანდროს


გადავუჩურჩულე: - გუშინდელი ღამიდან არაფერი მახსოვს! კარი რომ შემეშალა,
მერე რა მოხდა?

- ჩემი გამომცხვარი კექსიც უნდა გასინჯო! - კექსით ხელში შემოვიდა სიმპათიური


მეზ... (ძალიან გრძელი გამოდის და ისევ აშარაშკას დავუძახებ) აშარაშკა!

- კექსზეც გეცოდინება ანეკდოტი შენ! - მითხრა სანდრომ და სიმპათიური


მამაკაცისთვის დამახასიათებელი ღიმილით გაიღიმა.

- მთლად ანეკდოტი არა, მაგრამ რაღაც ვიცი! - ვისაც სექსი არა აქვს, იმაზე ამბობენ,
კექსს ჭამსო! - ამ დროს სანდრომ გადაიხარხარა.

- ე.ი. ჩვენ კექსიჭამიები ვართ? - მკითხა აშარაშკამ.

- ოჰ, არა, არა! უბრალოდ, გამახსენდა ეგ შედარება.


- ვიცი, გეხუმრე! - გამიღიმა მან და კექსი მომაწოდა. მე ყოველი შემთხვევისთვის
დავიცადე, სანამ პირველ ლუკმას თვითონ მოკბეჩდა და მერე მეც მოვკბიჩე.

- რა გემრიელია! მერე მეც დაგპატიჟებ ჩემს კექსზე, მე ლიმონის ცედრას ვახეხავ


შიგნით.

- მოუხდება! მოიცა, ყავა ადუღდებოდა! - როგორც კი ოთახიდან გავიდა, სანდრო


ჩემსკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა:

- არაფერი არ მომხდარა, ნუ ნერვიულობ! სახლამდე მიგაცილე, კარი გაგიღე და


საწოლამდე გამოგყევი. შენ ძალიან გინდოდა, ნარდი გვეთამაშა...

- ნარდი? ნარდი ბავშვობის მერე არ მითამაშია! საიდან მოვიტანე...

- მოკლედ, არ ინერვიულო, არაფერი ცუდი არ გითქვამს და არ გაგიკეთებია. -


მომენტალურად ისეთი ბედნიერება შევიგრძენი, მზად ვიყავი, აშარაშკა დამეკოცნა,
მაგრამ უკიდურესობაში გადავარდნაც არ იყო კარგი იდეა. გავმხიარულდი.

ამ დროს მობილურზე თიკამ დამირეკა. ხვალ გოგოები "პეინთბოლის" სათამაშოდ


მიდიან და შემომთავაზეს. - ეს ხომ ჩემი ოცნებაა? რამდენი ხანია, ამაზე ვოცნებობ.
დეტალები შევათანხმეთ. მეზობლებს მოვუბოდიშე, ამდენი ხანი რომ ვილაპარაკე.
მერე კექსი და ყავა მივირთვით. ბოლოს მადლობა გადავუხადე და წამოვედი.

ბედნიერი ვარ, რომ საკუთარ პატიოსნებაში დავრწმუნდი. ყველა ჩვენგანის


ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საკუთარი თავი უნდა გამოსცადო. მთავარია,
სასწორზე რას დებ და რომელი მხარე გადაწონის. ისე, სიმართლე რომ გითხრათ,
ყველაფერს წარმოვიდგენდი, აშარაშკასთან დამეგობრების გარდა.

ჩემს ცხოვრებაში კარგი პერიოდი დგება! - ეტყობა "ნეპტუნის" ეტლი "ვენერას"


სარტყელში შევიდა ან რაღაცაშია საქმე! აი, თუნდაც ახლა! მიუხედავად იმისა, რომ
ეს ეპიზოდი ინტრიგულად არ მთავრდება, თქვენ მაინც მოუთმენლად
დაელოდებით შემდეგს!.. - ასეაა???

მე ჯერ არ მითქვამს თქვენთვის, რომ ყველაზე მაგარი "გეიმერი" ვარ გოგოებს შორის (და არა
მარტო გოგოებს შორის). თხუთმეტამდე კომპიუტერული თამაში მაქვს დახურული.
ვგიჟდები, იარაღით ხელში რომ დადიხარ, იმალები, მოწინააღმდეგეს ანადგურებ.
რაღაც რომ უნდა იპოვო, გამოიძიო საიდუმლოებები და თავსატეხები ამოხსნა. ღამეებიც კი
გამითენებია თამაშში. ჩემი შვილები რაც წამოიზარდნენ, დასხდებიან და უყურებენ, როგორ
ვთამაშობ! მათ რომ ჰკითხოთ, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი მოთამაშე დედა ვარ!

მე ხომ თავგადასავლებზე ვგიჟდები? ჰოდა, გათხოვების მერე, რაც ოჯახის ქალი გავხდი, ამ
თამაშების საშუალებით ცოტა ხნით ვეთიშები რეალობას და ვისვენებ. თუმცა ამისთვის
ბევრი დრო არ მრჩება.

იცით, რამდენი ხანია ვოცნებობ "პეინთბოლზე"? იქ ხომ ყველაფერი რეალურია: გაცვია


კოსტიუმი, გიჭირავს იარაღი და ნამდვილად თამაშობ! გინდა ინტერიერს აირჩევ, სადაც
ყველანაირი დეკორაციაა და მშვენიერი გარემოა შექმნილი; გინდა - ექსტერიერს, ტყეში
შემოღობილ ტერიტორიას.

თამაში რამოდენიმე სცენარით მიმდინარეობს, მოთამაშის სურვილისამებრ. 12 საათზე


გოგოებს შევხვდი. მე, თიკა, ნაღალატევი ელენე (როგორ შერჩა ეს ფსევდონიმი), ელენეს
დაქალი ეკა და ეკას და მარიკა. მოკლედ, ხუთი გოგო ჩავსხედით ეკას ჯიპში და სათამაშოდ
გავწიეთ. რამდენი ხანია, ჩემი "პეინთბოლით" ტვინს ვუბურღავ. ალბათ, იმიტომ
გადაწყვიტეს ახლა, რომ ხვალ ჩემი დაბადების დღეა. ამ ყველაფრის ორგანიზება კი თიკამ
აიღო თავზე.

მსაჯი ახალგაზრდა ბიჭია. მან რამოდენიმე სცენარი შემოგვთავაზა. ჩვენ Counter-Strike-ს


პრინციპით (დახოცე ყველა მოწინააღმდეგე) თამაში ამოვირჩიეთ. კოსტიუმები რომ
ჩავიცვით, მსაჯმა შეგვატყობინა, რომ კიდევ ერთი მოთამაშეთა გუნდი იყო მოსული და
შეგვეძლო, ორ გუნდად გავყოფილიყავით და ერთმანეთის წინააღმდეგ გვეთამაშა.

საოცარია, ისინიც ზუსტად ხუთნი იყვნენ, ჩვენსავით. ხუთი მამაკაცი ხუთი გოგოს
წინააღმდეგ. ეს გაცილებით საინტერესოა.

სათამაშო დარბაზში გამოვედით ხუთი კოსტიუმებში გამოწყობილი გოგო. თავზე


სპეციალური შლემები გვეფარა და მხოლოდ თვალები გვიჩანდა. თავს სხვანაირად
ვგრძნობდი, ძალიან თავდაჯერებულად.

ცოტა ხანში ხუთი ერთნაირი სიმაღლის მამაკაცი შემოვიდა. სახეები არც მათ უჩანდათ.
რადგან ჩვენ პირველად ვთამაშობდით, გადარჩენის შანსიც ნაკლები გვქონდა. გოგოები
შემოვიხვიე გარშემო, გეგმა უნდა დამესახა, როგორც რაზმის მეთაურს. ბიჭებიც ბჭობდნენ.

- გოგოებო, ვაზნებს გაუფრთხილდით, უაზროდ ნუ დახარჯავთ. ეცადეთ, ზედმეტად არ


წამოყოთ თავები. ერთმანეთს უნდა ვხედავდეთ. ნიშნებით ვილაპარაკოთ, მუნჯურად. ღია
და გაშლილ ადგილას არ გავდივართ დაცვის გარეშე. აბა, თქვენ იცით! გავანადგუროთ!
- ადგილები დაიკავეთ! გონგის ხმას რომ გაიგებთ, ე.ი. თამაში დაიწყო. წესი მარტივია:
იმარჯვებს ის გუნდი, რომლის ერთი წევრი მაინც "გადარჩება"! ვისაც საღებავი მოხვდება, ის
მოთამაშე ტოვებს თამაშს! - გამოგვიცხადა მსაჯმა.

შენობაში ყველაფერი ფერადი საღებავებით იყო დასვრილი. ათასნაირი ბარიკადა


მიმოფანტული იყო მთელ მოედანზე. ძველი მანქანაც კი იდგა, ბორბლების გარეშე. ყველამ
ადგილები დავიკავეთ. მე ჩემი იარაღით მუცელზე გავწექი, დიდ ხის ყუთებს ამოვეფარე და
ღრიჭოდან ვხედავდი სათამაშო მოედანს.

გონგის ხმაც გაისმა. ჩემს გასწვრივ გოგოები იყვნენ ჩასაფრებულები. ისეთი სიჩუმე იყო, რომ
ბუზის გაფრენის ხმა გავიგე. კარგა ხნის ლოდინის მერე ფაჩუნი შემომესმა. ბიჭები
გადაადგილდნენ. იარაღის წვერი ყუთებს შორის ღრიჭოში გავყავი და დაველოდე.
ბარიკადებს შორის მამაკაცის კომუფლიაჟიანმა სხეულმა გაიელვა. ერთ-ერთი მარიკას
მხარეს მიიპარებოდა. დავიცადე, სანამ სათანადო მანძილზე მიუახლოვდა და მარიკას
გადავძახე:

- მარიკა, შენგან სამი საათი! - მარიკა ფეხზე წამოდგა და სამი საათის მხარეს დაიწყო სროლა.
მეც ღრიჭოდან გავისროლე და ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ფეხში დავჭერი, მაგრამ
თერთმეტის ნახევრიდან მწვანე საღებავმა მარიკასაც შეუღება მკერდი.

- "სნაიპერი ჰყავთ! უნდა გავიგო, სად იმალება!" - გავიფიქრე და გოგოებს გავხედე. მსაჯმა
მარიკას მოედანი დაატოვებინა და გულშემატკივრების ოთახში გაიყვანა, რომლებიც მინის
კედლიდან უყურებდნენ თამაშს. - მარიკას მგონი გაუხარდა კიდეც, - "უკვე ფეხები
დამიბუჟდაო", თქვა წასვლის წინ.

მოედანი იმ ბიჭმაც დატოვა, ფეხში რომ დავჭერი. მე გოგოებს ვანიშნე, რომ ადგილი უნდა
შეგვეცვალა. ხოხვით დავიწყეთ გადაადგილება. - სამ თვლაზე სროლა დაიწყეთ! - გავეცი
ბრძანება. სამივემ ერთდროულად ატეხა სროლა. ალბათ, არ ელოდნენ ამას, მათი
ყურადღება გოგოებზე გადავიდა. მე შემთხვევით ვისარგებლე და მანქანამდე გავიქეცი.
აქედან სნაიპერი კარგად გამოჩნდებოდა, ვიცოდი.

- ორი გოგონა მკვდარია! - დაიძახა მსაჯმა. დავინახე, მკერდშეღებილი ელენე და თიკა


როგორ გაემართნენ გასასვლელისკენ.

- "ძუძუების მოყვარული სნაიპერი, უნდა ჩამოვაგდო!" - გავიფიქრე და მანქანას


ამოფარებულმა მისი მიმართულებით სამი გასროლა გავაკეთე.

- სნაიპერიც მკვდარია! - გავიგე მსაჯის ხმა.


- ჰოო, ის ვიღაც არ ხუმრობს! - თქვა რომელიღაცამ.

- შეგიძლიათ სტალკერი დამიძახოთ! - დავუყვირე მტერს (მივხვდი, რომ მთელი არსებით


ვიყავი ჩართული თამაშში).

- შენამდეც მოვალთ, სტალკერ! - მომაძახა ერთმა.

-"მაგასაც ვნახავთ", - ჩავილაპარაკე ჩემთვის და იარაღი დავტენე. თიკამ, ელენემ და


სნაიპერმა თამაში დატოვეს. დავრჩით მე და ეკა, რომელსაც ვეღარ ვხედავდი და სამი ბიჭი.
მე მანქანას ვიყავი ამოფარებული.

- კობრა! შენიდან ცხრა საათი აიღე. ეგ მოვიშოროთ და სტალკერი ჩემია! - დაიძახა ისევ
ნაცნობმა ხმამ. მალე სროლის ხმა და ეკას შეკივლება გაისმა. - კობრა შენ და ჯანდაბა...

- მეოთხე გოგო ტოვებს ლოკაციას! - დაიძახა მსაჯმა.

- სტალკერო, აბა, შენ იცი! შენი იმედი გვაქვს! - თქვა ეკამ. დავრჩი მე - სამი მხეცის
წინააღმდეგ. - დავგლეჯ, გავანადგურებ, გავაცამტვერებ! არ შევარჩენ მაგათ ჩემი დაქალების
ამოწყვეტას! - მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და მანქანის ქვეშ შევძვერი. ჩემს გარდა, იქ
ვერავინ შეეტეოდა, მე ხომ თხელი ვარ, ყოფილი მოდელი... მაგრამ მეც კი გამიჭირდა
შეძრომა.

ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე, რომ გავიჭედებოდი, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.
ვიცოდი, რომ ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მე აქ შევეტეოდი. მუცელზე
გართხმული იარაღს ვეწექი ზემოდან. თითი სასხლეტთან მივიტანე და სანამ ეკა დარბაზს
დატოვებდა, დავიძახე.

- ეკა, შარვალი ჩაგძვრა! - სამივემ მაშინვე წამოყო თავები. მეც არ დავაყოვნე და ორს
სკაფანდრი შევუღებე. მესამემ მოასწრო დამალვა.

- საიდან ისვრის, ტო! - ორმა მათგანმა თამაში დატოვა. დავრჩით ორნი.

- ჰეი, სტალკერ! ჩემი ხარ! - დაიძახა ისევ იმ ხმამ, ვინც გოგოების მოშორების ბრძანება გასცა.

ხმა არ უნდა ამოვიღო, თორემ მიხვდება, სადაც ვარ. ძებნა დამიწყო. ისე
გადაადგილდებოდა, რომ ვერ მოვახვედრებდი ტყვიას. რაღაც უნდა მეღონა.

- არც ისეთი მაგარი ხარ, როგორც გგონია! დესერტად მოგიტოვე, სტალკერ! - ვიცი, ესეც
ერთგვარი მეთოდია, მოწინააღმდეგის თავმოყვარეობაზე თამაში.
- კბილების გახეხვა დაგავიწყდა, "ლუზერო"! - გავძახე მანქანის ქვემოდან. ღმერთო ჩემო,
მთელი სხეული დამიბუჟდა.

- განახო, "ლუზერი" როგორ შეუსრულებს სტალკერს? - ხმის მიმართულებით ჩემგან შვიდ


საათზეა, მიახლოვდება. უცებ მანქანის ძირიდან ჩამოვარდნილი რკინის პატარა მილი
დავინახე. მარჯვენა ხელი გავიწვდინე, როგორმე უნდა მივწვდე. მგონი, მართლა გავიჭედე,
დასწყევლოს ღმერთმა!

- შეგეშინდა, პატარავ? - ახლა ვაჩვენებ მე მაგას პატარას! მილს მივწვდი და მთელი ძალით
ჩემგან მარჯვნივ, რკინის დიდი ცისტერნებისკენ გავისროლე. მილი გასრიალდა და
ცისტერნას მიეხეთქა.

- ეს რა ხმა იყო, სტალკერ? რამე ხომ არ იტკინე? - დაიძახა მან დამცინავად და


ცისტერნებისკენ გახოხდა.

- ეს შენი დამარცხების ხმაა, "ლუზერო"! - ვთქვი და დავუშინე მანქანის ქვემოდან. არ


გავჩერდი, სანამ ბოლო ვაზნაც არ გამოილია. მთელი ტანი ავუჭრელე. გოგოების
არანორმალური კივილი მესმოდა მინის მეორე მხრიდან.

- თამაში დამთავრდა! გაიმარჯვა გოგოების გუნდმა!

ყველა მოთამაშე დარბაზში შემოვიდა. ჩემი მოწინააღმდეგე ისევ იწვა, ალბათ, წაგებას ვერ
შეეგუა ჯერ კიდევ. დავინახე მისი ძმაკაცების ფეხები, მასთან რომ მივიდნენ და ფეხზე
წამოაყენეს. მე ისევ მეძებდნენ. ვერაფრით მიხვდნენ, სად ვიყავი, ვიდრე მე თვითონ არ
ვუთხარი. მართლა გაჭედილი ვიყავი. სანამ მანქანა ცოტა არ ასწიეს, ვერ გამოვძვერი.

- საღოლ, სტალკერ, მაგრა ითამაშე! - მითხრეს ბიჭებმა. მხოლოდ ლუზერი იდგა ჩუმად და
ხმას არ იღებდა. არც შლემი მოიხადა. გოგოები ყველა მხრიდან შემომეხვივნენ და აღარ
იცოდნენ, რა ექნათ. მე უკანასკნელი გმირი ვიყავი! ლუზერს ხელი გავუწოდე
ჩამოსართმევად. მანაც ჩამომართვა.

- კარგი თამაში იყო! გილოცავ...

- ვწუხვარ, დესერტი რომ გამაზე! - ვუპასუხე და გასახდელში წავედი გოგოებთან ერთად.

- კიდევ შევხვდებით! - მომაძახა ზურგს უკან.

ასეთი მაგარი დღე არასოდეს მქონია! მანქანაში რომ ვსხდებოდით, ბიჭებმა ჩაგვიარეს
თავიანთი მანქანით. ერთ-ერთი უკან მსხდომთაგან დაიხარა და სახე დამალა. ყოველ
შემთხვევაში, ასე ჩავთვალე. თამაშის შემდეგ არც შლემი მოიხადა. ნეტა ვინ ჯანდაბაა?

ხვალ ჩემი დაბადების დღეა! გადავწყვიტე, "ძევიჩნიკი" მოვაწყო. აშარაშკას დაპატიჟებაც


მომიწევს, სხვანაირად არ გამოდის.

სახლში ქმარი და შვილები დამხვდნენ.

- კარგი იყო? - მკითხა ქმარმა.

- "კარგი" - მსუბუქი ნათქვამია! ყველაზე მაგარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში!

- ასე თუ გინდოდა მაგის თამაში, რატომ არასდროს არ მეუბნებოდი?

- როგორ არ გეუბნებოდი, უბრალოდ, შენ არ გესმოდა! - ვუპასუხე და ცოტა გავბრაზდი


კიდეც. რად უნდა ამას თქმა? არ იცის, რაზე ვგიჟდები?

- უი, შარვალი მაქვს გასარეცხი ხვალისთვის, სად წავიღო?

- ყველგან, კვატის გარდა!

თქვენ წარმოიდგინეთ, შარვალი კვატში ჩააგდო! - პირველად! - რა სულელი ვარ, კაცებს ხომ
ყველაფერი უკუღმა ესმით. ხვალ ჩემი დაბადების დღეა! აფორიაქებული ვარ! როგორ
ჩაივლის ხვალინდელი დღე, არ ვიცი... ლუზერის გარდა, არაფერზე აღარ მეფიქრება. როგორ
მძულს საიდუმლოებები, მაცოფებს თუ რაღაც, არ ვიცი! მანქანის ნომერი კი დავიმახსოვრე,
იქნებ როგორმე გავიგო, ვის სახელზეა რეგისტრირებული.

ახლა ბავშვებს უნდა მივხედო, მერე შარვალი გავრეცხო და ხვალისთვის მოვემზადო. - ასე
გადაიქცა ზღაპარი ყოველდღიურობად. სტალკერმა კი დიასახლისს დაუთმო ასპარეზი.
რამდენად თარსი რიცხვია ჩემთვის - 13, ამას თქვენი კომენტარებიდან შევიტყობ!

11:09 / 20-07-2012

- ყველას გილოცავთ ჩემს დაბადების დღეს! - შამპანურის ჭიქით ხელში ფეხზე


ავდექი. ეს ჩემი ყოველწლიური, ტრადიციული მიმართვაა სტუმრებისადმი. ყოველ
წელს, ჩემს დაბადების დღეზე ამ სიტყვებით ვხსნი სუფრას.

დღეს 30 წლის გავხდი! გულახდილად რომ გითხრათ, თავს ისევ პატარა გოგოდ
ვგრძნობ. არც გარეგნულად მეტყობა ასაკი, მაქსიმუმ, ოცდახუთს თუ მომცემთ (ასაკს
ვგულისხმობ).
თინეიჯერი როცა ვიყავი, 30 წელი - საშინელება მეგონა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან
ვხვდები, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია! მთავარია, როგორ გრძნობ თავს და როგორ
გამოიყურები. მოკლედ, დილა არაჩვეულებრივად დაიწყო. თვალები რომ გავახილე,
მუცელზე iPod-ი მედო. სიხარულისაგან კინაღამ გავგიჟდი.

- iPhone-ს იმსახურებდი, მაგრამ ვერ გავქაჩე. - მითხრა ჩემმა ქმარმა და მაკოცა.


ბავშვებმა "სალოცები" დამიწერეს და გულებით გააფორმეს (მიხვდით, ალბათ,
მისალოც ბარათს ასე ეძახიან). მერე ფული მივეცი, რომ ჩემთვის საჩუქარი ეყიდათ.
უკვე დამოუკიდებლად ჩადიან მაღაზიაში.

ბუშტები ამომიტანეს და მაჩუქეს. იმის ბერვაში ორგანიზმი ჟანგბადისაგან დამეცალა


და თავბრუ დამეხვა. ახია ჩემზე, ვერ ვისწავლე ჭკუა (შარშან ზღვის ლეიბი პირით
გავბერე და პლაჟზე გული წამივიდა). მოკლედ, სახლშიც აღვნიშნეთ ოჯახის
წევრებმა და ხუთ საათზე უკვე სოფოს ქმრის პატარა ბარში ვიყავი.

როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ გოგოები ვქეიფობთ. მართალია, მთლიანად ვერ


დაგვითმეს ბარი, მაგრამ მოყუჩებულ ადგილას დავსხედით.

სუფრის თავში (თუ ბოლოში - გააჩნია რომელი მხრიდან შეხედავთ მაგიდას), მე


წამოვიჭიმე. მარჯვენა და მარცხენა მხარეს ჩემი გოგოები დასხდნენ. სოფოც
ჩამოვიდა საქორწინო მოგზაურობიდან. შეცვლილია, თვალები უბრწყინავს. ჰოდა,
სად ვიყავი, შამპანურის ჭიქა ავიღე, ფეხზე ავდექი და პირველი სიტყვები
წარმოვთქვი:

- ყველას გილოცავთ ჩემს დაბადების დღეს! ამ მაგიდასთან ჩემთვის ყველაზე


საყვარელი ადამიანები სხედხართ (აშარაშკა ჯერ არ მოსულა). დიდი მადლობა
ყველას, რომ მომილოცეთ...

- მოდი, ჯერ დაგვაცადე, მოგილოცოთ და მერე გვიხადე მადლობები! - შემაწყვეტინა


სოფომ. უყურე შენ, ჯერ წესიერად არ გათხოვილა და როგორ გათამამდა.

- რა საყვარელი ხარ, კუსიკ! - მითხრა ქეთიმ. ქეთი ჩემი სამშობიაროს დაქალია.


პირველ ბავშვზე მშობიარობის დროს გავიცანი. მუცლები რომ გვტკიოდა, ხმამაღლა
ვმღეროდით. გინეკოლოგმა გვითხრა, ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს, რა
მაგარი გოგოები ყოფილხართო (უზარმაზარი ხელები ჰქონდა, ნიჩბებივით).
მოკლედ, ჩემი ბიჭი და ქეთის გოგო ერთდროულად დაიბადნენ.
ჩვენი მაგიდიდან კარგად ჩანდა ბარი. ბართან ვიღაც ბიჭები ისხდნენ და
დროდადრო გამოგვხედავდნენ-ხოლმე. მე ისე ხმამაღლა მივულოცე გოგოებს ჩემი
დაბადების დღე, რომ მათაც გაიგეს და გაეცინათ. ყველამ მადღეგრძელა. მერე
დავიწყეთ რაღაცეების გახსენება. ჩვენი მხიარულება, მგონი, ბარში მყოფებსაც
გადაედოთ. ცოტა ხანში ერთ-ერთი ბიჭი მოვიდა ჩვენთან ჭიქით ხელში და ჩემი
დალოცვის ნებართვა ითხოვა.

- როგორც მივხვდი, დღეს ამ ულამაზესი და უმშვენიერესი ქალიშვილის დაბადების


დღეა!

- უუჰ, ბოლოს როდის ვიყავი ქალიშვილი, აღარც კი მახსოვს... - შევაწყვეტინე ისევ


და მარჯვენა ხელის შუა თითი მივუტანე ცხვირთან (მგონი, ერთადერთი ქალი ვარ,
ვისაც საქორწინო რგოლი შუათითზე უკეთია. ვერაფრით შევეგუე არათითს).

- მე, უბრალოდ, მომეწონე და შენი სადღეგრძელოს დალევა მინდოდა! სანაცვლოდ


სამი თითის კომბინაცია მივიღე! - თქვა გულდაწყვეტილმა. როგორც ჩანს, ბეჭედი
ვერ შენიშნა.

- სასიამოვნოა, რომ მოგეწონე, მაგრამ ჩვენ შორის ყველა შესაძლო რაღაც


დასაწყისშივე დამთავრდა, რადგან მე გათხოვილი ვარ. შუა თითი კი იმიტომ
გაჩვენე, რომ "კალიცო" მიკეთია! - ავუხსენი. შემეცოდა რაღაცნაირად. მაინც
მადღეგრძელა და ძმაკაცებთან დაბრუნდა.

უცებ რაღაც დაძაბულობის სიომ დაუბერა. ნაცნობი სიარულის მანერით აშარაშკამ


შემოაბიჯა ბარში. შევამჩნიე, რომ მის ნაბიჯებს სპეციფიკური ტემპო-რიტმი გააჩნია,
ან, უბრალოდ, სასმელი მომეკიდა, არ ვიცი.

წამოვდექი და შევეგებე. დაგვიანებისთვის ბოდიში მომიხადა, გადამკოცნა,


მომილოცა და ქაღალდის პარკით საჩუქარი გადმომცა. მე მისთვის განკუთვნილ
ადგილზე დავაბინავე და მისი საჩუქარი სხვა საჩუქრებთან ერთად დავდე. ნეტა რა
მაჩუქა? როგორ მაინტერესებს... ბოლომდე არ მჯერა მისი ხასიათის ასეთი
მოულოდნელი ცვლილების. გული რაღაცას მიგრძნობს, ან, უბრალოდ, სასმელი
მომეკიდა, არ ვიცი...

- გოგოებო! გაიცანით ჩემი მეზობელი - მაკა! მაკა, ეს სოფოა, ჩემი ბავშვობის


მეგობარი; ეს სამოდელო სააგენტოს თიკა; სამშობიაროს ქეთი; უნივერსიტეტის ანა;
ბიძაშვილი ელენე; მისი დაქალი ეკა და ეკას და - მარიკა! - "სასიამოვნოების" მერე
გავაგრძელეთ ქეიფი. აშარაშკამ ერთი წუთით ყურადღება ითხოვა, რომ ჩემი
სადღეგრძელო ეთქვა:

- მე მინდა ყველაზე სულგრძელი ადამიანის, ყველაზე კეთილშობილი მეზობლის


სადღეგრძელო შევსვა! ამ ადამიანის დამსახურებით მე რაღაცას მივხვდი, რასაც
თქვენ ვერ მიხვდებით და არც არის საჭირო! (მერე მე მომიბრუნდა) - შენ
გაგიმარჯოს! მე ვიცი, რომ შენ მიხვდი, რისი თქმაც მინდა!

- კი, კი... მივხვდი, აბა, რაა! (რაოო???)

- მე მინდა, რომ შენ ძალიან ბედნიერი იყო! შენს ოჯახთან ერთად! და კიდევ, ჩვენს
გაცნობასაც გაუმარჯოს!

"მდაა, მგონი, სარეცხის გაწურვის გარდა მართლა არაფერი ეხერხება. კექსიც დიდი
არაფერი იყო, მაგრამ საკუთარი ქმარი როგორ დაკერა, მოვკვდები, რომ არ გავიგო!" -
უცებ მივხვდი, რომ ახალი მიზანი გამიჩნდა (მიზნების გარეშე რა არის ჩვენი
ცხოვრება?), დღეს უსიკვდილოდ უნდა გავიგო მათი სიყვარულის ისტორია! ოჰ,
თქვენ არ იცით, როგორ ვგიჟდები ამ შეგრძნებაზე, როცა "რაღაც უნდა გაიგო"...

- დღეს ყველა ვსვამთ! არ გავიგო, "მე საჭესთან ვზივარ", "ფეხმძიმედ ვარ" და


ჯანდაბები...

- მე შენთან ვარ, კუსიკ! - მხარი დამიჭირა ქეთიმ.

დღევანდელი მისია აშარაშკას დათრობაა. ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ


გაიხსნას. მოკლედ, თქვენი ნებისყოფის და ამ ეპიზოდის მოცულობის
გათვალისწინებით, დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ და იმ ადგილზე გადავალ,
როცა ყველანი კარგად გამოვთვერით. მე ხერხი ვიხმარე, ჯერ სოფოს მოვაყოლინე
მისი სიყვარულის ისტორია, მერე ვითომ იდეა მომივიდა, რომ საათის ისრის
მიმართულებით, ყველას რიგრიგობით მოგვეყოლა ჩვენი.

მიზნის მისაღწევად მსხვერპლის გაღება მომიწია. მეათასედ მოვისმინე ექვსი უკვე


კარგად ნაცნობი ისტორია: როგორ მოიტაცეს ეკა ზამთარში, რომელიც გასაპარსი
ფეხების გამო უფრო ნერვიულობდა, ვიდრე გათხოვების. როგორ შეუყვარდა თიკას
მისი ჯგუფელის თაყვანისმცემელი და სხვა. როგორც იქნა აშარაშკას ჯერიც დადგა.

- ზღვაზე ვისვენებდი. ერთხელ დიდი ტალღები იყო, მე მაინც შევედი ზღვაში,


ოღონდ კამერით. ცურვა არ ვიცი და რგოლი თუ არ ჩამოვიცვი, ისე არ შევდივარ
ხოლმე. მეც არ ვიცი, რანაირად დამარტყა ტალღამ და რგოლიანად ამომატრიალა.

წელს ქვემოთ წყალში აღმოვჩნდი. ფეხებს გიჟივით ვიქნევდი, მაგრამ ვერაფრით


გავსწორდი (ალბათ, ამის შემდეგ დასჩემდა ასეთი სიარულის მანერა. მიღებული
სტრესის ბრალი იქნება). ბედზე სანდრო ცურავდა ახლოს და დამინახა; უფრო
სწორად, ჩემი ფეხები დაინახა. ჰოდა, ამომატრიალა. მე შოკში ვიყავი, ხმაც ვერ
ამოვიღე. გამომიყვანა, სახლამდე მიმაცილა...

- მერე? რა მოხდა, როცა გამშრალი გნახა, ფეხებით ქვემოთ?

- მეორე დღეს ვნახე და კაფეში დავპატიჟე...

- შენ დაპატიჟე? - გაუკვირდა ელენეს.

- ჰო, მადლობის გადასახდელად. მაშინ სტუდენტი იყო და ცოტა ჰქონდა ფული. მეც
სტუდენტი ვიყავი, მაგრამ მშობლები კარგად მაფინანსებდნენ. მერე კატერზეც
დავპატიჟე, - არ მოვეშვი!

- "ალფონსი!" - გავიფიქრე და "გამიტყდა". რაღაც ნორმალური ტიპი მეგონა, ფულის


გულისთვის თუ მოიყვანდა ცოლს, ვერ წარმოვიდგენდი...

- მოკლედ, ერთმანეთს ვხვდებოდით... ყველანაირი გაგებით! ("ყველანაირ გაგებაში


ალბათ სექსს გულისხმობს"). მერე დავქორწინდით. პატარები ვიყავით, 20
წლისები... მამაჩემმა თავის ფირმაში სამსახური დააწყებინა. მერე საბუნაც გაგვიჩნდა
და ასე...

- "მერე შენმა ქმარმა მეზობლის ცოლების ყურება დაიწყო, შენ კექსის ცხობა და ასე..."
- გავიფიქრე და უცებ შემეცოდა აშარაშკა. მაგრამ იქნებ მართლა შეუყვარდა სანდროს
და სულაც არ არის ალფონსი? ახლა ამაზე საფიქრელად ნამეტანი მთვრალი ვარ!

- ყველა ვცეკვავთ! - წამოვიყვირე უცებ და აშარაშკა საცეკვაოდ წავათრიე. ცეკვის


დროს ნელ-ნელა იმ ბიჭებმაც შემოგვაპარეს თავები, ბართან რომ ისხდნენ. იმდენი
ვიცეკვეთ, ფეხები დაგვაწყდა. მერე ტორტზე დარჭობილი 30 სანთელი ჩავაქრე და
სურვილიც ჩავიფიქრე (რომელიც მერე ვეღარ გავიხსენე ვერაფრით).

ღამის ორ საათზე ქმრებმა მოგვაკითხეს და დავიშალეთ. სიმპათიური მეზობელი


ჩემი ქმრის მანქანაში იჯდა და ერთად წამოვედით ოთხივე. მანაც მომილოცა და ჩემს
ქმარს დაეხმარა საჩუქრების მანქანამდე მიტანაში.

ღამის სამ საათზე უკვე ჩემს საწოლზე ვიჯექი და ყუთებს ერთმანეთის მიყოლებით
ვხსნიდი. აქ იყო სუნამო, მაჯის საათი, პარფიუმერია, მზის სათვალე. აშარაშკას
ყუთს ქაღალდი შემოვაფრცქვენი - victoria"s secret–ის ლიფი, ოღონდ ოთხი ზომა.

დასწყევლოს ღმერთმა, სად მაქვს მე ამხელა ძუძუები? ხომ ვფიქრობდი, არ მჯერა


მისი მოულოდნელი ცვლილების-მეთქი... ეს რა გამიკეთა! ეს ხომ იგივეა, "ფერარიში"
რომ ჩაგსვან და გასაღები არ მოგცენ?! ხასიათი წამიხდა.

უცებ პატარა კოლოფს მოვკარი თვალი. ეს რაღაც არ მახსოვს... ქაღალდი მოვახიე...


ღმერთო დიდებულო! - კომპიუტერული თამაშის დისკი, S.T.A.L.K.E.R. “Call of
Pripiat", ლიცენზირებული... დისკის ჩასადები გავხსენი. შიგ პატარა ბარათი იდო:

" დაბადების დღეს გილოცავ, სტალკერ! მრავალს დაესწარი!"..

დილით მაღაზიაში ჩავედი. ეზოში აშარაშკა შემხვდა, მანქანასთან იდგა. რომ დამინახა,
ხელი დამიქნია.

- როგორ ხარ? - ვკითხე და მანქანასთან მივედი. დაბადების დღის მერე აღარ მინახავს
(მთელი სამი დღე).

- კარგად. ბავშვს უნდა ჩავაკითხო, დედაჩემთან ერთადაა სოფელში. რა მაგარი დაბადების


დღე იყო, კარგა ხანია, ასეთი დრო არ მიტარებია! უი, მართლა, საჩუქარი მოგეწონა? (ვითომ
სპეციალურად გამოიწერა ეს ზომა, თუ მართლა "ამხელა" წარმოდგენა აქვს ჩემს მკერდზე?)

- როგორ არ მომეწონა! ისე მომეწონა, რომ ერთი სული მაქვს, კუზანოვთან როდის მივალ და
ორი ზომით როდის გავიდიდებ მკერდს (გავიცინე).

- დიდი მოგივიდა? - ისეთი შეწუხებული სახე მიიღო, რომ, მგონი, ტყუილად ვაბრალებ
რაღაცას...

- ჰო, ცოტა დიდია, მაგრამ არა უშავს, შენ მაგაზე არ იდარდო! საიდან უნდა გცოდნოდა ჩემი
მკერდის ზომა?..
- როგორ მეწყინა. სანდრომაც კი მითხრა, დიდი მოუვაო... არ დავუჯერე. არადა, კაცები მაგ
საკითხში იშვიათად ცდებიან ხოლმე...

თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. რა სასიამოვნოა, როცა შენი მკერდის ზომაზე ბჭობენ
ვიღაცეები...

- კარგი, წავედი აბა და კეთილი მგზავრობა! ჩვენც მალე წავალთ, დაცხა უკვე ძალიან. -
სასწრაფოდ დავემშვიდობე. არ მინდა, მისი ქმარი შემხვდეს.

მგონი, პარანოია მეწყება. სულ მგონია, რომ ვიღაც მითვალთვალებს, შხაპს რომ ვიღებ,
მაშინაც. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ჩემს ქმარს ვერ
ვუყვები. რომ ვუთხრა, ისიც, სავარაუდოდ, მეზობელზე იფიქრებს და თავს ვერ შეიკავებს...
მერე ამას რაც მოჰყვება, თქვენც კარგად მიხვდებით.

ამიტომ ჯობია, ისევ მე გავიგო, ჩემით. ან საერთოდ, შევეშვა და დავიცადო, სანამ თვითონ
არ გაამხელს თავს. მეყოფა კი ამისთვის ნებისყოფა? მე ხომ ყველაზე სულსწრაფი ვარ. ეს
სულსწრაფობა კიდევ ყოველთვის ხელს მიშლის.

მგონი, ჩემი ქმარი რაღაცას ამჩნევს, სულ მეუბნება, დაბნეული ხარო, გაშტერებულიო...
წადი ენდოკრინოლოგთან, - ჩიყვი ხომ არ გაქვსო. თურმე მაგას სცოდნია
გამოშტერებულობა.

- ჩიყვი არა, ციყვი! ჩიყვიღა მაკლია! - ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. თეფშები ისე ავახმაურე,
რომ საკუთარი "ფიქრების ხმა" აღარ გამეგო. მაინც ვერ მოვისვენე. ქეთის დავურეკე და შუა
ლაპარაკში ვკითხე, რამე საიდუმლო გაქვს, რაც შენმა ქმარმა არ იცის-მეთქი? - რა თქმა
უნდაო! არ შეიძლება ქმარმა ყველაფერი იცოდეს ცოლის შესახებ, ქალს უნდა ჰქონდეს
რაღაც თავისი, საიდუმლოო. თურმე, მის ყველა გათხოვილ დაქალს ჰქონია საიდუმლო.

მე რატომ ვარ ასეთი განსხვავებული მათგან? - ადრეც ასე იყო. ყველას ჰყავდა
თაყვანისმცემლები და დაყვებოდნენ ხან კაფეში, ხან კინოში. მე კიდევ კაფეშიც არ
გავყოლივარ არავის, ყავის დასალევად. - მაინც არ მომწონს და ტყუილად რისთვის
ვახარჯინო ფული-მეთქი, ვფიქრობდი.

ოცდაერთი წლის ვიყავი, როცა პირველად ვაკოცე ბიჭს - უფრო სწორად, ვაკოცნინე. ისიც
ჩემი დაქალების გაუთავებელი წუწუნის გამო. თვითონ კარგა ხნის "დაკოცნილები" იყვნენ.
მე ვიყავი მხოლოდ დარჩენილი, - გოიმი.

რა მექნა? - რომელი "მეკოცნია" გოგო მე ვიყავი, პირველივე შემხვედრს ხომ არ ვეტაკებოდი?


ამათ კიდევ არ ესმოდათ რომანტიკა. მე ყოველ ღამე, ძილის წინ, წარმოვიდგენდი ხოლმე,
როგორი იქნებოდა ჩემი პირველი კოცნა... დაუვიწყარი! - ისე აუხდათ თქვენს მტრებს
ყველაფერი. - ჩემი ჯგუფელის დაბადების დღეზე ერთ ბიჭს მოვეწონე და შემიჩნდნენ, ახლა
ის დროა, რომ აკოცნინოო... მეც უფრო მათი ხათრით ვაკოცნინე - აივანზე.

ხელში ბეზე ეჭირა და ახრამუნებდა. მე კიდევ ტორტი არ მიყვარს და კვერცხის სუნი ხომ
საერთოდ, ჭირივით მეჯავრება. ჰოდა, ლამის გული ამერია (პირდაპირი გაგებით).
ასეთი "დაუვიწყარი" იყო ჩემი პირველი კოცნა.

უცებ მომინდა ვიღაცისთვის მომეყოლა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში დამიგროვდა.


მეზობლისა და ლუზერის შესახებ ჯერ არავისთვის არაფერი მითქვამს. საერთოდაც, ხომ
ძალიან მხიარული და კონტაქტური ვარ, მაგრამ ამავდროულად, ჩაკეტილიც.

ქეთის სიტყვებმაც არ მიშველა. მე ვფიქრობ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთთან გულახდილი


უნდა იყოს. ჩემი მთავარი პრინციპი - სიმართლის თქმაა! ვერ ვიტან ტყუილს. თუმცა ჩემი
ყველაზე საყვარელი პერსონაჟი, ექიმი ჰაუსი, მართალს ამბობს: - "everybody lies"...

უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში. ფეისბუქზე - "პეინთბოლის" გვერდზე შევედი და


მოთამაშეების პოსტების კითხვა დავიწყე. ხომ გაგიგონიათ, "ვინც ეძებს, ის პოულობს"?!..
ერთ-ერთი აქტიური დამპოსტველის წითური თმა მაშინვე თვალში მომხვდა. მისი ავატარი
გავადიდე და გახარებულმა წამოვიყვირე: - კობრა!!! - ერთ-ერთი იმ ოთხიდან.

მის ჟღალ თავს რა დამავიწყებდა... ახლაც სულსწრაფობამ მძლია და პირადში მივწერე. ისე
ვბეჭდავდი კლავიატურაზე, როგორც აშარაშკა ადგამს ნაბიჯებს.

- გამარჯობა! არ ვიცი, მიცნობ თუ არა. ჩვენ ერთად ვითამაშეთ პეინთბოლი, ხუთი გოგო
ვიყავით ხუთი ბიჭის წინააღმდეგ. შენ მაშინ "კობრა" გერქვა.

საათნახევრიანი აუტანელი, მომაკვდინებელი ლოდინის შემდეგ პასუხი მომწერა:


- ვა, სტალკერ, როგორ ვერ გიცანი! როგორ ხარ? როგორ მიპოვე?

-პეინთბოლის გვერდზე, შემთხვევით გნახე! - მისმინე, შეგიძლია მითხრა, ის მეხუთე ვინ


იყო, შლემი რომ არ მოიხსნა?

- რომ ვიცოდე, გეტყოდი, მაგრამ არ ვიცი!

- როგორ არ იცი?

- არ ვიცი და რა ვქნა? არ უთქვამს თავისი სახელი... პეინთბოლის გვერდზე დაპოსტა,


მოთამაშეებს ეძებდა. მეც მივწერე და ჩემი ორი ძმაკაციც წავიყვანე - ოთხი კაცი
სჭირდებოდა. იმან გადაიხადა. ჩვენც ვითამაშეთ, რა გვენაღვლებოდა?
- შეგიძლია დამილინკო, რომელი ექაუნთიდან მოგწერა?

- სად ვიპოვი მაგას ახლა... სურათი არ ეყენა, არც სახელი და გვარი ეწერა, ვაფშე, მგონი,
სპეციალურად შექმნა ახალი ექაუნთი... რაში გაინტერესებს? რახან შლემი არ მოიხსნა,
გგონია, გიცნობს?

- ჰო, ნაცნობი მგონია! კარგი მაშინ, აღარ შეგაწუხებ! დიდი მადლობა!

- რა შეწუხებაა, სათამაშოდ კიდევ თუ წახვალ, გამაგებინე. ერთი სული მაქვს, რევანშს


როდის ავიღებ!

ლეპტოპი გამოვრთე და ხალიჩაზე დავწექი. უნდა განვიტვირთო (შეძლებისდაგვარად). -


როგორ დაუგეგმავს ყველაფერი, კვალიც არ დატოვა. ან მატყუებს ეს წითური კობრა.
პრინციპში, თუ იმის ძმაკაცია, ხომ არ ამხელს? მეც ასე მოვიქცეოდი, ჩემს დაქალს რომ
ეხებოდეს საქმე. არ უნდა დამავიწყდეს, რომ - "everybody lies"...

არა რაა, ბოლოს მომიღებს ეს ლუზერი თუ ვიღაც ჯანდაბა... მართლა ჩიყვი დამემართება...
კვირის ბოლოს დასასვენებლად მივდივართ - მე და ბავშვები. ჩემი ქმარი ვერ ახერხებს
წამოსვლას, სამსახურის გამო. შაბათ-კვირას ჩამოვა ხოლმე. მერამდენე წელია, ერთად არ
დაგვისვენია.

ზღვაც როგორ მენატრება, მაგრამ მარტო, ორი ბავშვით ვერ წავალ ამხელა გზაზე. მე კიდევ
ახლა მინდა, სანამ ახალგაზრდა ვარ და საცურაო კოსტიუმი მიხდება!

საშინელ ხასიათზე დავდექი და ამ ეპიზოდს ჩვეულებრივად დავასრულებ...

დილა ფანტასტიკურად დაიწყო! ჩემი რედაქტორის ზარმა გამაღვიძა. იმის სათქმელად


რეკავდა, რომ ჩემმა სტატიამ, რომელიც ყაზბეგში დავწერე (და რომელიც საკონკურსო იყო),
გაიმარჯვა.

სიხარულისაგან იმხელა ხმაზე ვიყვირე, რომ ჩემი ქმარი შეშინებული წამოჯდა საწოლში.

- რა მოხდა?

- ჩემმა სტატიამ გაიმარჯვა! საღამოს სასტუმრო "მერიოტში" წვეულებასავით რაღაც


გაიმართება და დამაჯილდოვებენ.

- მაგარია! ასეც ვიცოდი! ძალიან მაგარი ხარ! - მგონი, ჩემს ქმარს ჩემზე მეტად გაუხარდა ეს
ამბავი.
- ეგ სერთიფიკატი უკვე სერიოზული რაღაცაა. ოთხ თვეში ძალიან კარგი შედეგი გაქვს! ასე
თუ გააგრძელებ, ბევრს მიაღწევ. მთავარია, ისევ არ მოეშვა.

- მაშინ რომ არ გვეჩხუბა და ტყეში რომ არ გავქცეულიყავი, ჩემს ფეხებს


დამაჯილდოვებდნენ... კარგია, რომ არ მაქებ ხოლმე, ვიღაცამ ხომ უნდა გამაკრიტიკოს
კიდეც...

რასაც დავწერ, პირველ რიგში, ჩემს ქმარს ვაკითხებ. მაქსიმუმ - "ეს, მგონი, ასატანია" გავიგო
მისგან, მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რაც მჭირდება. მისი კრიტიკის მოსმენისას ნერვები მეშლება
და ათასჯერ უკეთ ვწერ.

ოთხივემ ვისაუზმეთ. სახლიდან გასვლის წინ მაკოცა და წარმატება მისურვა. ადრე


ვუთხარი, ქმრები, რომლებიც სამსახურში წასვლის წინ ცოლს კოცნიან, უფრო დიდხანს
ცოცხლობენ-მეთქი. იმის მერე სულ მკოცნის სახლიდან გასვლის წინ (იმიტომ კი არა, რომ
დიდხანს იცოცხლოს; ნუ, მიხვდით ალბათ).

დავრჩი უზარმაზარი ქალური პრობლემის წინაშე - რა ჩავიცვა?! ჩემი გარდერობი კაბებს


ნაკლებად სწყალობს. უფრო ჯინსის და თავისუფალი სტილის მოყვარული ვარ. თან,
წვეულებებზეც იშვიათად დავდივარ. ასე რომ, არჩევანი არც ისე დიდი მაქვს - შავი
გამჭვირვალე კაბა, წვრილი თეთრი წინწკლებით.

ჩავიცვი, - ნამეტანი მოკლე მეჩვენა. თან, შავ ფერზეც არ ვგიჟდები. ლურჯიც კარგად მაქვს,
მაგრამ ფეხსაცმელი რა შევუხამო? მხოლოდ ორი ფეხსაცმელი მაქვს მაღალ ქუსლზე. სულ
გადავეჩვიე მაღლებზე სიარულს. უცებ ის წითელი კაბა გამახსენდა, ჩემმა მამიდაშვილმა
რომ ჩამომიტანა ესპანეთიდან. არასოდეს მცმია.

მოვიზომე და მომეწონა. მუხლზე ოდნავ ზევით მთავრდება სიგრძე. მრჩეველი არავინ


მყავდა და ჩემს შვილებს ვკითხე აზრი. ჩემმა ექვსი წლის ბიჭმა მითხრა, ვარდზე ლამაზი
ხარო. ხუთი წლის გოგომ კი - მთელ დედებზე ლამაზიო. ე.ი. გადაწყდა, - წითელს ვიცვამ!

რომ ვემზადებოდი, ელენემ დამირეკა (ნაღალატევმა). ამას წინათ ვიღაც ბიჭი გაიცნო და
ერთი სული აქვს, "რაღაცას" როდის მომიყვება ("რაღაცაში" ვხვდები, რასაც გულისხმობს).

- გოგო, აქამდე ჩემი ქმრის გარდა, არავისთან მქონია და ძაან რაღაცნაირი შეგრძნებაა!

- როგორი რაღაცნაირი? - დავინტერესდი.

- აი, რაღაცნაირი! ხომ იცი, არაა?..

- საიდან უნდა ვიცოდე (ვითომ არ იცის, რომ არ ვიცი)? როგორი? - უფრო კარგი თუ უფრო
ცუდი?

- ჩემს ქმართან ბოლო პერიოდში როგორიც მქონდა, იმაზე კარგი და თავიდან რომ გვქონდა,
იმაზე ცუდი. მოკლედ, რაღაცნაირი... (ზუსტად რომ ვერ ვხსნით, რისი გამოხატვა გვინდა,
"რაღაცნაირი" როგორ გვშველის ხოლმე).

- მერე, "რაღაცნაირის" გულისთვის ღირდა პირველივე შემხვედრთან? რა ვიცი, რა ვიცი...

- ჰოო, რა ვიცი... რა ვიცი... შენი ნახვა მინდა ძალიან. დაბნეული ვარ. ერთხელ დავრჩები
რაა, ან შენ გამოდი ჩემთან. ან ის მოვაწყოთ, შენ რომ გინდოდა - "პიჟამო-ფართი"...
შევიკრიბოთ გოგოები და მთელი ღამე ვილაპარაკოთ!

ეგ მართლა სულ მინდოდა. ფილმი რომ არის, ხომ იცით? - "რაზე საუბრობენ მამაკაცები". მე
მინდოდა, შემეკრიბა გოგოები და გაგვეკეთებინა - "რაზე საუბრობენ ქალები". მგონია,
საინტერესო იქნება. მერე ამაზე დავწერ კიდეც...

- ეგ კაი გამახსენე. ხვალ, ხვალ ვქნათ ეგ. ახლა წავედი, ნახევრად შიშველი გელაპარაკები,
მოსამზადებელი ვარ. "ყაზბეგის" სტატიამ გაიმარჯვა და სასტუმროში სერთიფიკატი უნდა
გადმომცენ.

ბევრი უცხოელი იქნება. ეს კონკურსი მათი ორგანიზებით ტარდება და სერთიფიკატებსაც


უცხოური კომპანიები გადმომცემენ. მე კიდევ ჩემი ინგლისურის გამო ვნერვიულობ.
დედაჩემისთვისაც არ დამირეკავს ჯერ, ბავშვებთან რომ გამოვიდეს...

- ჩემი მაგარი გოგო ხარ შენ! ვამაყობ შენით! აბა, შენ იცი, ხვალ შემეხმიანე.

ელენეს გავუთიშე ყურმილი და დედაჩემს დავურეკე. ბავშვების პრობლემა მოვაგვარე. მერე


იკასაც გავაგებინე სტატიის ამბავი. მისი დამსახურებაცაა, ასეთი ემოციური რომ გამოვიდა.
ვარდისფერი გვირილას ამბავიც ჩავაქსოვე ლამაზად. ის გოგო აღარც შერიგებია, საბოლოოდ
დაშორდა. ძალიან ბევრიც დაკარგა! კიდევ იპოვის იკასნაირს...

სახლიდან გასვლის წინ კომპიუტერი ჩავრთე, ელექტრონული ფოსტა რომ შემემოწმებინა.


ეტყობა, გამოსვლა დამავიწყდა და პირდაპირ შემომავალ შეტყობინებებში შემიყვანა. ხუთი
თუ ექვსი წერილი იყო მოსული შოთა იმნაძისაგან. ეს როდის გამოგზავნა? ან გახსნილი
რატომაა, როცა მე არ მინახავს?

კობრა მეგობრებში არ დამიმატებია და ჩემი ფოსტა როგორ გაიგო? ბოლოს რომელიც იყო
მოსული, იმ შეტყობინებას დავაჭირე და წავიკითხე:

- "ბიჭო, შენმა ცოლმა მომწერა. პეინთბოლის გვერდზე მიპოვა, ეტყობა, გვეძებდა... გაარკვიე
რა დროზე, შე ჩემა! მკითხა, მეხუთეს რა ერქვაო და ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი. ვითომ შენც
იმ გვერდზე დაპოსტე და მოთამაშეებს ეძებდი... უცებ ეგ მოვიფიქრე. კინაღამ გამშიფრა,
ტო!.. კაროჩე, რამე იჩალიჩე დროზე რაა..."

შოკი მივიღე. მთელი სხეული ამიკანკალდა. მხოლოდ ახლა დავაკვირდი, ჩემი ქმრის
ფოსტაში ვიყავი... ეს მას დაავიწყდა გამოსვლა.

არა, გონებაში არ ჯდება! - ლუზერი და ჩემი ქმარი ერთი და იგივე ადამიანია? რატომ
გააკეთა ეს? რატომ პირდაპირ არ წამიყვანა სათამაშოდ? ან ის დისკი რისთვის ჩააგდო
საჩუქრებში? გამომცადა, რამდენად გულწრფელი ვარ? აინტერესებდა, ვეტყოდი თუ არა?
თუ, უბრალოდ, იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ სინამდვილეში ძალიან კარგად იცოდა,
რაზეც ვოცნებობდი?

ან უნდა, რომ სხვა კუთხიდან დამანახოს თავი?.. ღმერთო კი მომკალი! ეს რა ხდება ჩემს
თავს!.. ეს რა გამოცდას მიწყობს ცხოვრება... ჯერ მეზობელი, ახლა ეს... კიდევ კარგი, რომ
მეზობელს არ დავაბრალე. რას იფიქრებდა?..

ტელეფონმა დარეკა.

- ქალბატონო, ტაქსი კორპუსთან გელოდებათ.

ჯანდაბა, რაღა დღეს... ასე როგორ წავიდე? ინგლისურის გამო ვნერვიულობდი და ახლა
მეშინია, ქართულიც არ დამავიწყდეს.

ჩანთა ავიღე და სახლიდან გამოვედი. დედაჩემმა მითხრა, ისეთი სახე გაქვს, თითქოს ვიღაც
მოკვდა, ასე ნუ ნერვიულობ, შვილოო! - მას ეგონა საღამოს გამო ვნერვიულობდი.
კორპუსიდან რომ გამოვედი, სანდრო შემხვდა.

- არაჩვეულებრივად გამოიყურები! - მითხრა და თვალებით "რენტგენი" გამიკეთა. სიტყვები


თავისით ამომივიდა პირიდან:

- იქ ჩემი წასვლის მიზეზია! - ტაქსისკენ გავიხედე და ჩქარი ნაბიჯით დავშორდი. ზურგიდან


ვგრძნობდი მის გაკვირვებულ მზერას. უცებ ჩემი თავი აშარაშკას სიარულის მანერაში
გამოვიჭირე. ზუსტად ისე ვადგამდი ნაბიჯებს.

- "რა დღეში ჰქონია ნერვები გოგოს, თუ ყოველთვის, როცა ასე დადის, ჩემსავით
ნერვიულობს..." - გავიფიქრე და ტაქსიში ჩავჯექი. მთელი გზა ვფიქრობდი, დამერეკა თუ
არა ქმრისთვის. ერთი-ორჯერ მობილურიც ამოვიღე, მაგრამ ვერ შევძელი. წვეულების მერე
უნდა მომაკითხოს მანქანით, ჰოდა, მერე დაველაპარაკები. ასე ჯობია.
ღრმად ვისუნთქე. მერე პირში ჰაერი ჩავიგუბე და ათ თვლაზე გამოვუშვი (ფილმებში რომ
აკეთებენ და მე რომ ვიცი, ისე). ბოლოს ipod-ში "angry birds"-ის თამაში ჩავრთე და
გამწარებულმა ღორებს დედა ვუტირე. მგონი, მეც მათსავით ვღრუტუნებდი.

ტაქსისტს ფული რომ გადავუხადე, მაშინღა შევამჩნიე, როგორი თვალებით მიყურებდა.


ნამდვილად გიჟი ვეგონე.

სასტუმროს შესასვლელთან რედაქტორს შევხვდი და ერთად შევედით დარბაზში. ყველგან


კამერები იყო. მე მგონი, ყველა არხიდან იყვნენ. ჟურნალისტები მიკროფონით ხელში მიდი-
მოდიოდნენ დარბაზში და რესპონდენტებს არჩევდნენ. აუცილებლად მოინდომებენ
გამარჯვებულის ჩაწერას.

"გამარჯვებული" - ამ სიტყვამ "რაღაცნაირად" იმოქმედა. რა სასაცილოა, მართლა ბედისწერა


მეხუმრება! - "გამარჯვებული" და "ლუზერი" - რა საშინელი ფსევდონიმი დამირქმევია ჩემი
ქმრისთვის. როგორ არ უხდება! დღეიდან ფსევდონიმების შერჩევისას უფრო ფრთხილად
ვიქნები...

- იცი, რა უნდა თქვა? - მკითხა რედაქტორმა.

- ჰაა? - ისე საცოდავად ამოვიკნავლე, რომ ჩემი თავი მე თვითონ შემეცოდა. - რაღაც, არა ვარ
კარგად! - ვთქვი და სკამზე დავეშვი. ამდენ ხალხში მხოლოდ მე მეცვა წითელი კაბა და
ყურადღებას ვიქცევდი. - ლურჯი უნდა ჩამეცვა...

- აიყვანე თავი ხელში! ჟურნალისტი ხარ თუ ვინ? ვერ ხედავ, რამხელა კონკურენცია იყო?
მთელი დარბაზი სავსეა. ასოცდახუთი სტატიიდან შენმა გაიმარჯვა! გესმის, ეს რას
ნიშნავს?.. ყველაზე მაგარი ხარ! ხოდა, ადექი ახლა, მობილიზდი და უჩვენე ყველას, ვინ
არის გამარჯვებული!

მისმა სიტყვებმა სასწაულებრივად იმოქმედა. შამპანურის ჭიქა გამოვცალე და ფეხზე


წამოვდექი.

გაგიკვირდებათ და... ახლა სასტუმროში ვარ! თანაც, ბათუმში. გუშინ ჩამოვედი.


სერთიფიკატთან ერთად, ხუთდღიანი საგზური გადმომცეს, ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ
სასტუმროში.
ამ ხუთი დღის განმავლობაში მედიასემინარებს უნდა დავესწრო. მასტერკლასს
ჟურნალისტიკაში - იტალიელი ჯუზეპე სპანიოლო გვიტარებს. ჩემ გარდა, კიდევ ხუთი
ჟურნალისტია: - რუსი ანდრეი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ძალიან სასაცილოდ
ლაპარაკობს ქართულად;

სამი ქალი, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის (ისინი ყველგან ერთად დადიან), მე და "მაჩო", -
ასე დავარქვი ამ ტიპს (იმ საღამოსაც იყო, დაჯილდოებაზე და ყურადღებას იქცევდა
ნავარჯიშებ სხეულზე შემოტმასნილი, წინ ჩახსნილი ვარდისფერი პერანგით და ზედმეტად
თავდაჯერებული მანერებით).

ჩემზე აშკარად "აკრეფილი" აქვს. ეტყობა, ბოლომდე ვერ შეეგუა "ვიცე მისტერის" სტატუსს.
ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ პირველ ადგილს აიღებდა. ნეტავ მისი სტატია წამაკითხა.
ალბათ, დაწერდა, "როგორ დავკავდი სექსით მთაში", რადგან აგერ უკვე მესამე ღამეა,
საოცარი ხმების მოსმენა მიწევს გვერდითა ნომრიდან.

ჯერ იყო და, პირველ საღამოს, სემინარის მერე, აუზზე რომ ჩავედით, ცოტა დაგვიანებით
გამოცხადდა. იქ მყოფი ხალხი შეგვათვალიერა. მერე დამსვენებელი გოგონებისკენ
შებრუნდა, შორტი გაიხადა და "არმანის" "პლავკით" წამოწვა შეზლონგზე.

მე კარგა ხანს ვიცურავე. ცოტა ხანი ჩავყვინთე და წყლის ქვეშ გავჩერდი. ჩემს ტვინს
"რესტარტი" გავუკეთე და ამოვყვინთე. მაჩო უკვე იმ გოგონებთან იჯდა და სავარაუდოდ,
მოძველებული ხუმრობებით ართობდა.

ვახშამზე, სასადილოში უკვე ერთ-ერთ მათგანთან ერთად გამოცხადდა. ღამით, გვიანობამდე


ბარში სვამდნენ ვისკის. მე ცოტა ხნით იმ ქალებთან მივედი. მერე ანდრეის ველაპარაკე
ჟურნალისტიკაზე. როდესაც ნომერში ავედი დასაძინებლად, გვერდითა ნომრის კართან
მაჩო და ის გოგო იდგნენ. - ნეტავ დაგენახათ, თავისი "ნადავლი" კარზე აეყუდებინა და
ისეთი დათაფლული ხმით "კერავდა", სიცილი ძლივს შევიკავე.

მერე დაიწყო და რა დაიწყო! ასე მეგონა, ჩემს საწოლში აკეთებდნენ "ამას"! ჯანდაბა, რაღა
ჩემს მეზობლად მოხვდა. ბედი უნდა ყველაფერს.

დღეს იგივე ხმებს ვისმენ, უკვე მესამედ! არა, ეს უკვე მეტისმეტია! მესამე ღამეა, არ მძინავს.
ერთი სული მაქვს გათენდეს, რომ საუზმეზე ჩავიდე. მივალ და ვეტყვი! ან ეს გატყეპვა რა
მოდაში შემოვიდა?.. ისეთი გამეტებით უტყლაშუნებს, რომ იმ გოგოს მაგივრად მე მტკივა.

ვეღარ მოვითმინე და კედელზე მივუკაკუნე. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ


მხოლოდ ცოტა ხნით. ბოლოს ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკა ჩავრთე.

თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, საიდან სად გადახტაო. ვიცი, იმ საღამოს ამბები გაინტერესებთ და
მოგიყვებით!

პროგრამის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიოდნენ. ამერიკელმა მარკმა გამარჯვებული


გამოავლინა. მე ისეთი სიტყვა ვთქვი, ყველას ცრემლი მოადგა თვალზე. მერე სერთიფიკატი
გადმომცეს, 3000 ლარი და ეს საგზური. სიხარულისაგან ყველაფერი დამავიწყდა. ჩემმა
ქმარმა რამოდენიმეჯერ დამიმესიჯა, როგორ მიდის საქმეო.
მხოლოდ ბოლო მესიჯზე ვუპასუხე: ნახევარ საათში მომაკითხე-მეთქი. მანქანაში რომ
ჩავჯექი, ჯერ ჩემი "მიღწევები" ვაჩვენე. სიხარულისაგან მეცხრე ცაზე რომ აფრინდა, მერე
უცებ ძირს დავანარცხე და ვუთხარი, რომ ყველაფერი გავიგე. გაჩერებულ მანქანაში
ვისხედით და ვლაპარაკობდით.

მან მითხრა, რომ ჩემს თვალებში ვეღარ ხედავს იმ ნაპერწკალს, რასაც ადრე ხედავდა და
ჰგონია, რომ ძველებურად აღარ მიყვარს... მერე მკითხა, რა ვიგრძენი, როდესაც გავიგე, რომ
ლუზერი ჩემი ქმარია, - გამიხარდა თუ "გამიტყდა". ამაზე დავფიქრდი. აქამდე მეგონა, რომ
"გამიტყდა", მაგრამ ახლა ვხვდები, რომ გამიხარდა.

მართალია! - მე აღარ მაკმაყოფილებს ჩვენი ურთიერთობა ისეთი, როგორიც ახლა არის. მე


უკეთესი მინდა! სინამდვილეში ის "ნაპერწკალი" ორივემ დავკარგეთ! კარგია, რომ ეს
მედიასემინარი დაემთხვა. ხუთი დღით რომ წავალ, ორივეს დრო გვექნება საფიქრელად.
როგორც მუხრან მაჭავარიანის ლექსშია:

"მივდივარ! - რადგან კვლავაც მინდა, რომ ვიყოთ ერთად,


გშორდები! - რადგან მომენატრა შეხვედრა შენთან!"

ქალის და კაცის ურთიერთობა კოცონს ჰგავს: ხან აგიზგიზდება, ხან მინელდება, მაგრამ
აუცილებლად პერიოდულად "შეკეთება" სჭირდება, რომ საერთოდ არ ჩაქრეს.

სახლში რომ დავბრუნდით, ორივე უცნაურად ვგრძნობდით თავს. მე და ჩემი ქმარი ვერ
ვიტანთ ხელოვნურობას და მოვალეობის მიზნით რაღაცის გაკეთებას. იმ ღამის მერე რაღაც
შეიცვალა. მე, შეყვარებულები როცა ვიყავით, ის შეგრძნება დამეუფლა.

შაბათს ბავშვები ჩემს მშობლებთან ერთად, ჩვენს აგარაკზე დავტოვეთ. კვირას მე გამაცილა
სადგურში. მატარებელი რომ დაიძრა, ყელში ბურთი გამეჩხირა.

სასტუმროში რომ დავბინავდი, ცოტა ხასიათზე მოვედი. ყველაზე მეტად იტალიელი


ლექტორი გამიხარდა. მე ხომ ვგიჟდები იტალიელებზე? პირველ კურსზე ვსწავლობდი
კიდეც ენას. მერე ის ლექტორი წავიდა და ახალი ვეღარ მოიყვანეს.

ჯუზეპესაც ესიამოვნა, როდესაც პირველ დღეს მასთან მივედი და - "კომესტა, სონო ლიეტო
დი ვედერლა"- ვუთხარი. მის ლექციებს თარჯიმანი გვითარგმნის. დღეს გვკითხა, როგორ
ფიქრობთ, რატომ ყიდულობს ხალხი ყვითელ პრესასო?! - მაჩო ნახევრად გადაწოლილ
მდგომარეობაში იჯდა სკამზე და ხელში კალამს ათამაშებდა. გასწორებაც არ იკადრა, ისე
გამოთქვა აზრი:

- იმიტომ, რომ ხალხია გოიმი! მასა არის უგემოვნო! ინტელექტის დონე დაბალია და
აინტერესებთ, ვის რა აცვია, ვინ ვისი საყვარელია და მსგავსი იდიოტიზმი!

- აქ დილემაა! - შევაწყვეტინე მე. - დააკვირდით მდგომარეობას: - ჯიხურები


გადაჭრელებულია ყვითელი პრესით! ჟურნალებს გარეკანი არ გააჩნიათ. მხოლოდ
სათაურები, რომლებსაც ხელს თუ მივაფარებთ, ვერც კი მივხვდებით, რომელი რომელი
ჟურნალია. ყველგან ყდაზე გამოტანილი "სელებრითები" და ინტრიგნული სათაურები,
რომლებიც ყველა "რატომ"-ით იწყება! არცერთი ჟურნალი აღარ გამოდის ხელოვნებაზე.

ყველას არ შეუძლია, 5-6-ლარიანი ჟურნალის ყიდვა, რომელიც შედარებით ნორმალური


წასაკითხია. ამიტომ, რაღაც რომ უნდა იკითხონ, იძულებულები ხდებიან, შეიძინონ
ჟურნალი იმ ფასთა კატეგორიიდან, სადაც მდარე ხარისხის სტატიები იბეჭდება! ჩაკეტილი
წრესავითაა...

- და შენ ფიქრობ, რომ თუ გამოუშვებ რაღაც სერიოზულ ჟურნალს იმ ფასად, იყიდიან?

- დარწმუნებული ვარ! ამას დრო დასჭირდება. ტელევიზიებმაც უნდა ამოიღონ დაბალი


დონის სერიალები და მათ ნაცვლად რამე ნორმალური სერიალები აჩვენონ. - ძალიან ბევრი
კარგი სერიალია, რომელიც ძალიან პოპულარულია ევროპაში.

ქვეყნად იმდენი საინტერესო და ამოუწურავი თემაა, რაც ბევრმა არ იცის. ყველა


კომპეტენტური ვერ იქნება ამ საკითხში. ადამიანები არ დებენ კვერცხს, მაგრამ საღის და
ლაყეს გარჩევა შეუძლიათ! რატომ უნდა აეწყო მკითხველის გემოვნებაზე? არ ჯობია,
მკითხველი "გადააწყო" შენს გემოვნებაზე?..

ანდრეი დამეთანხმა. ამ თემაზე ბევრი ვიმსჯელეთ. სემინარის შემდეგ ჩვენი ნომრებისკენ


წავედით. კარს რომ ვაღებდი, ჩემი მეზობელი (უკვე მძულს ეს სიტყვა) მაჩო უკნიდან
მომიახლოვდა და მითხრა:

- შენთან საინტერესო იქნება დებატები. სიამოვნებით გეკამათებოდი...

- თუ სიამოვნებით დამამარცხებდი? - გავუღიმე და ნომერში შევედი. კარი გასაღებით


გადავკეტე (ყოველი შემთხვევისთვის).

მაღვიძარამ 9 საათზე დარეკა. მომკლავს ამდენი უძილობა. ცივი შხაპი მივიღე, რომ
გამოვფხიზლდე. სასაუზმოდ ჩავედი. ქალები უკვე წასულიყვნენ. ანდრეი მარტო იჯდა და
ყავას ამთავრებდა. მეც მასთან დავჯექი და მაჩო დავინახე, თავის ღამის პარტნიორთან
ერთად იჯდა.

სანამ ყავა დავლიე, მან ოთხი კვერცხი, ოთხი სოსისი და ლორიანი ბუტერბროდი მიირთვა.
გენაცვალე, იმდენ ენერგიას ხარჯავს ყოველ ღამე, წესით, სამი კაცის დოზა საკვებს უნდა
იღებდეს.

ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი და მათი მაგიდისკენ გავემართე.

- დილა მშვიდობისა! იმედი მაქვს, კარგად გეძინათ... - მე საშინლად! ბოლო სამი ღამეა, რაც
კოშმარები მაწუხებს. მესიზმრება, ვითომ დემონი შემოფრინდება ჩემს ოთახში და თავის
ცეცხლოვან მათრახს მიტყლაშუნებს (ის გოგო ისე გაწითლდა სახეზე, როგორც, ალბათ, მისი
საჯდომი გუშინ ღამით).

- ამაღამ კიდევ რომ მოფრინდეს და მათრახის ტყლაშუნი გააგრძელოს, ჯერ


ვარდისფერბუმბულებიანი ხელბორკილებით მივაბამ საწოლზე, მერე იმ თავისი
ცეცხლოვანი მათრახით კარგად ნავარჯიშებ სხეულს მთლიანად ავუჭრელებ (ეს ისეთი
სახით ვთქვი, თითქოს ამ წუთებში მართლა მეჭირა მათრახი და ტანს ვუჭრელებდი)!!!

მაჩო არც განძრეულა. გაღიმებულმა თვალები ნახევრად მოჭუტა და მითხრა:

- შენც სცადე, დაელაპარაკე მაგ დემონს, იქნებ რისი თქმა უნდა შენთვის?..

მეოთხე დღეც გათენდა. ერთი დღეღა დამრჩა და თბილისში ვბრუნდები. ძალიან შევეჩვიე
ჯუზეპეს და ამ სიტუაციას. ჩემი სტუდენტობის პერიოდი გამახსენდა. ამაღამ უკვე ველოდი
მეზობელი ნომრიდან ნაცნობ ხმებს. ყურსასმენებიც მოვამზადე, მაგრამ რაღაც დაიგვიანეს.

- ნეტავ რაშია საქმე? ნუთუ ჩემმა ნათქვამმა გაჭრა? - კედელს ყური მივადე. ყრუდ მომესმა
მათი საუბარი, რომელიც ჯერ კამათში, მოგვიანებით კი ხმამაღალ ყვირილში გადაიზარდა.

- შენ არ გაგიგია აქამდე, რომ ქალებს ცოტა მოფერებაც სჭირდებათ? თუ რახან ასეთი
გარეგნობის პატრონი ხარ, გგონია, რომ ყველა შენს ფეხქვეშ გაეგება და შენგან ყველაფერს
აიტანს?

- მე არ ვარ ის ტიპი, თვალებში რომ შესციცინებენ ქალებს და ყვავილებს უგზავნიან.


გრძნობები მაგრად მკიდია! მე თავიდანვე გითხარი, რომ ჩვენ შორის, სექსის გარდა,
არაფერი არ იქნებოდა! დამავიწყდა, ქართველ გოგოსთან რომ მაქვს საქმე... სულ ერთი და
იგივე შეცდომას ვუშვებ! რატომ არ შეგიძლიათ, უბრალოდ, ისიამოვნოთ სექსით და არ
გაართულოთ ყველაფერი?

- ეგ იმას არ ნიშნავს, რომ პირდაპირ ატაკო ქალს შენი "სიამაყე"! შესავალიც საჭიროა, გაიგე?

- მე "ჟისტოკი" მევასება და შენ თუ არ გაწყობს, დაახვიე! (მართლა რა უხეში და აუტანელია).

მეგონა, ამას კარის გაჯახუნების ხმა მოჰყვებოდა, მაგრამ ეტყობა, ის გოგო ძალიან გამწარდა
და სილა გაულაწუნა. ცოტა ხანში კი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. როგორც კი გოგოს
კივილის ხმა გავიგონე, პერანგიანი შევვარდი მეზობელ ნომერში და გავაშველე, - საწყალი,
ერთიანად კანკალებდა. ჩემს ზურგს ამოეფარა და ატირდა.

- შენ რაღა გინდა აქ? - მკითხა მაჩომ და ჯაჯგურისაგან მოღრეცილი მაისური გაისწორა.

- მადლობა მითხარი, სასტუმროს ადმინისტრაცია რომ არ დაგაყენე თავზე!

- მერე, რატომ არ დამაყენე? ჩემი შეგეშინდა?

- უბრალოდ, ვერ მოვასწარი, "ჟისტოკ"! - გოგო ჩემს ნომერში წამოვიყვანე და კარი


გავუჯახუნე. საწყალი, ძლივს დავაწყნარე. მე ხომ სხვების დამშვიდების და ხასიათზე
მოყვანის პროფესიონალი ვარ? მოკლედ, გვიანობამდე ვლაპარაკობდით. ბოლოს თავის
ნომერში გავაცილე. დამშვიდობებისას მომიბრუნდა და მითხრა:

- მგონი, შენ სხვანაირად გიყურებს და ფრთხილად იყავი!

- როგორ "სხვანაირად"? ან რას ნიშნავს, ფრთხილად ვიყო?

- მაგას იმხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, რამე არ გაგიჩალიჩოს! ასე მითხრა
ერთხელ, თავისი გრძელი ფეხების დამსახურებაა, კონკურსში რომ გაიმარჯვაო... ნუ, ხომ
ხვდები, რა კონტექსტში?..

- დეგენერატი! ზუსტად ეგეთები არიან, თავიანთი თავი რაღაც რომ ჰგონიათ და


კონკურენციას ვერ უძლებენ! - ვუპასუხე და ჩემს ნომერში დავბრუნდი. დილით,
სასაუზმოდ რომ ჩავედი, ლიკამ (ასე ჰქვია ამ გოგოს) ხელი დამიქნია. მე ყავა დავისხი და მის
მაგიდასთან დავჯექი. მალე ვაჟბატონიც ჩამოვიდა, ჩვენს მაგიდას ჩაუარა და მომაძახა:

- მიხარია, ახალი დაქალი რომ შეიძინე, გილოცავ!

- მე კიდევ ვწუხვარ, პარტნიორი რომ დაკარგე, ვიზიარებ შენს მწუხარებას! იმედი მაქვს,
როდესმე მომეცემა შესაძლებლობა, შენც მოგილოცო რაღაც...

- მოგეცემა, ძალიან მალე! - მიპასუხა და თავის მაგიდას მიაშურა.

საუზმის მერე ლიკას დავემშვიდობე და სემინარზე ავედი. დღეს ყველაზე საინტერესო


დღეა. ჯუზეპემ დავალება მოგვცა - ჟურნალისტური გამოძიება. ნებისმიერ თემაზე
შეგვიძლია დავწეროთ, მაგრამ აქ, ბათუმში რა უნდა გამოვიძიო?.. შევატყვე, რომ ყველა
დაიბნა. ჯუზეპემ გვირჩია, ადგილობრივი სასამართლოსთვის მიგვემართა და რამოდენიმე
ძველ საქმეს გავცნობოდით.
საშვს დაუშვებდნენ ჩვენთვის. ყველამ შვებით ამოისუნთქა. მე რაღაც ვერ დავკმაყოფილდი.
- რა საინტერესოა, უკვე გამოძიებული და გახსნილი საქმის თავიდან გახსნა? თუმცა, გახსნა
არ იყო ჩვენი მიზანი. ჯუზეპეს ჩვენი აზროვნება, წერის მანერა, ქმედება და მოსაზრებები
აინტერესებდა.

სადილის შემდეგ ყველა სასამართლოში გაემგზავრა.

მე დავრჩი. შეიძლება შეცდომას ვუშვებ, მაგრამ მირჩევნია, ადგილობრივ მცხოვრებლებს


გავესაუბრო, იქნებ აღმოვაჩინო რაიმე საინტერესო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბევრს
ვკითხე, იცოდნენ თუ არა რაიმე საინტერესო ამბავი, უკანონოდ მითვისებული საკუთრების,
ან რაიმე კანონდარღვევის შესახებ. ათასი რაღაც მოვისმინე, მაგრამ ყველაფერი წვრილმანი
იყო.

მევალეების საქმის გარჩევები, მოზარდების ჩხუბი და სხვა. მხოლოდ ერთმა ხანშიშესულმა


ქალმა დამისახელა სოფელი, სადაც დაწყევლილი სახლია. იმ წუთებშივე მივხვდი, რომ ეს
ზუსტად ის იყო, რასაც ვეძებდი.

თურმე, ერთ-ერთ სოფელში (სახელს არ დავასახელებ) არის მიტოვებული სახლი. სახლის


შესახებ კი ასეთი ლეგენდაა: მის პირვანდელ მცხოვრებლებს უბედურება შეემთხვათ.
სხვენში დიასახლისმა თავი ჩამოიხრჩო.

მისმა მეუღლემ გაყიდა სახლი და ბავშვიანად მოსკოვში წავიდა. მას მერე, თურმე, მაგ
სახლში ვერავინ გაიხარა. ბოლოს იმასაც ამბობდნენ, რომ სახლში დიდმა გველმა დაიდო
ბინაო. ახლა სახლი ცარიელია, ავეჯიც ხელუხლებელი, მაგრამ ვერავინ ბედავს შიგნით
შესვლას.

ქალმა ბოლოს დააყოლა, ეს ისე გითხარი, შვილო, შენ ხომ არ გაბედავ იქ წასვლასო? - რას
ვეტყოდი, ვუთხარი, იქ ქუდიც რომ შემიგდონ, მაინც არ შევალ-მეთქი. რისთვის უნდა
მენერვიულებინა?

ამ სახლის შესახებ კიდევ რამოდენიმეს ვკითხე. უმეტესობას გაგონილი ჰქონდა, მაგრამ


ახალი არაფერი დაუმატებიათ.

ის სოფელი აქედან ნახევარი საათის სავალზეა მანქანით. სასტუმროში დავბრუნდი და


ზურგჩანთა ჩავალაგე. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი იმ სახლს. ისე, არ მჯერა ასეთი
რაღაცეების. დაწყევლილი სახლები მხოლოდ ფილმებშია. შეიძლება ადრე მართლაც
ჩამოიხრჩო თავი ვიღაც საცოდავმა, მაგრამ სუიციდის შემთხვევები, სამწუხაროდ, ძალიან
ბევრია. ეს, უბრალოდ, ხალხის ცრურწმენაა და მეტი არაფერი! - ჰოდა, დავამტკიცებ
კიდევაც ამას!
ტაქსისტს მოველაპარაკე ფასზე. აქედან წამიყვანდა. დალოდება საკმაოდ ძვირი დამიფასა,
ამიტომ მხოლოდ წაყვანაზე შევუთანხმდი. გზადაგზა კითხვა-კითხვით იმ სახლსაც
მივაგენით. მძღოლმა რომ გაიგო, სადაც მივდიოდი, შეშინებულმა მითხრა, ცეცხლს
ეთამაშებიო. ვისაც სახლის გზას ვეკითხებოდი, ყველა პირჯვარს იწერდა. რა უცნაურია
ხალხი... რისი ეშინიათ?... რა უნდა დაგიშავოს სახლმა?

ექვსი ხდებოდა, როცა მანქანიდან გადმოვედი და მძღოლს დავემშვიდობე. გზა ფეხით უნდა
გამეგრძელებინა, რადგან სამანქანო გზა იქამდე არ მიდიოდა. სახლი შორიდანვე დავინახე.
მართლა შემზარავი შესახედი იყო. სახურავზე კრამიტი აყრილი, ფანჯრები ალაგ-ალაგ
ფიცრებით იყო აჭედებული. ეზო პატარა ჰქონდა, გარშემო კი ხის ძველი ღობე იყო
შემოვლებული.

ეზოში შევედი თუ არა, სამი კატა დავინახე. კატებზე მსმენია, რომ ისეთი ადგილები
მოსწონთ, სადაც უარყოფითი ველია. გეოპათოგენურ ზონებს ეტანებიან. ასეთი ადგილების
შესახებ მეც მჯერა, მაგრამ დაწყევლილი სახლი რა უბედურებაა?

სახლის კარი მართლა ღია დამხვდა. იატაკი ჭრაჭუნობდა. ოთახები დავიარე. ყველაფერი
აბლაბუდის ქსელში იყო გახვეული. აჭედილი ფანჯრის ღრიჭოებიდან მზის სინათლე
შემოდიოდა და მტვრის ნაწილაკები ჰაერში ტრიალებდა. სახლს სულ სამი ოთახი ჰქონდა.
ძირს ეყარა დამტვრეული სკამები, ემალის ძველი გამურული ქვაბები, ფეხმოტეხილი,
გადაყირავებული მაგიდა, ოთხი ჟანგიანი "კრაოტი". ერთ-ერთზე ძველი თოჯინა ეგდო,
საშინელებათა ფილმებში როა, ისეთი.

ერთი ჭურჭლის პატარა კარადა იდგა, ფერადი შუშებით. მესამე ოთახში ძველი საბურავი
ეგდო და ხის კარადა. კარადაში ქალის ძველი, დაფლეთილ-დაობებული, ჩითის ჭრელი
ხალათი ეკიდა.

საოცარი სუნი იდგა - ნესტის, თაგვის ცურცლის, დამპალი ხის და მტვრის. ყველა კუთხე-
კუნჭულს სურათები გადავუღე. სიმართლე გითხრათ, ცოტათი დავიძაბე კიდეც. მერე
სხვენზე ასასვლელი დამტვრეული კიბე დავინახე და ძალიან ფრთხილად ავედი.

სხვენიც ჩვეულებრივი იყო, ისეთი, როგორც მიტოვებულ, ძველ სახლში უნდა ყოფილიყო.
რამდენიმე დიდი ხის დაწნული გოდორი ეგდო, რომელიც შიგნით აბლაბუდით იყო
ამოვსებული. დაჟანგებული კონსერვის ქილები, ძველი ბოთლები, ნივრის ნარჩენები...
მოკლედ, განსაკუთრებული და საინტერესო არაფერი.

ზევით ავიხედე. ხის ძელები იყო გადებული. ალბათ, რომელიმე მათგანზე ჩამოიხრჩო თავი
იმ ქალმა... ან არც ჩამოიხრჩო, - კაცმა არ იცის!
მზე ჩადიოდა. ჯობდა დავბრუნებულიყავი, სანამ ძალიან არ დაბნელდებოდა. ამ სოფლის
მცხოვრებლებსაც მინდოდა გავსაუბრებოდი. მერე მომიწევდა ღამის გათენება, სტატია რომ
დამეწერა. ნეტა, ტყუილად ხომ არ წამოვედი ამხელა გზაზე?.. რა უნდა დავწერო?.. ისევ
ჯობდა, სასამართლოში წავყოლოდი დანარჩენებს! მაგრამ ამ სახლს ხომ ვერ ვნახავდი?.. მე
კიდევ ახლა ისეთი სიამოვნება მივიღე ამ ყველაფრისაგან, რომ მეტი არ შეიძლება.

კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, რაღაც ხმა შემომესმა. თაგვი იქნება, - გავიფიქრე და ჩანთიდან
ფანარის ამოღება დავიწყე. თან ფეხიც ჩამოვდგი. უცებ საფეხური ჩატყდა და ხელის
მიშველება ვერც მოვასწარი, ისე ჩამოვვარდი. ვიღაცამ დამიჭირა. შიშისაგან იმხელა ხმაზე
დავიყვირე, საკუთარმა ხმამ მე თვითონ შემზარა.

- მე ვარ, მეე... დაწყნარდი!.. - მითხრა და ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა.

- შეენ?.. შენ აქ რას აკეთებ? - რკინის საწოლზე წამოწოლილი უზარმაზარი გველი რომ
დამენახა და ადამიანის ხმით რომ დამლაპარაკებოდა, ასე არ გამიკვირდებოდა, როგორც
მაჩოს დანახვა.

- შენ გამოგყევი! - მითხრა და გამიღიმა.

- მითვალთვალებდი? - მისგან სასწრაფოდ გავინთავისუფლე თავი.

- ასეც შეიძლება ითქვას! უფრო მართალი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჯუზეპეს დავალებას
ვასრულებ!

- ეს ჩემი დავალებაა! არ გაბედო მითვისება!

- არა, შენ მე ვინ გგონივარ? მე, უბრალოდ, ვწერ ახალგაზრდა ჟურნალისტზე, რომელიც
იძიებს რაღაცას.

- ანუ შენ იძიებ იმას, როგორ ვიძიებ მე ამას?

- აჰა...

- უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე?.. - ძირს დავჯექი და ბოთლით წყალი ამოვიღე.

- ნუ წუწუნებ! მე რომ არა, ახლა, მინიმუმ, ფეხებმოტეხილი ეგდებოდი ძირს და იმის შანსი,
რომ ვიღაც გიპოვიდა, ნულის ტოლფასია!

- მობილურის დანიშნულების შესახებ გსმენია რამე?


- ვის დაურეკავდი?.. გაქვს ჩემი ნომერი? ან ანდრეის, ან რომელიმე ჩვენგანის?

- არა...

- ჰოდა, იმის ლოდინში, სანამ ვინმე თბილისიდან ჩამოვიდოდა და გიპოვიდა, შეიძლება


სისხლისაგან დაცლილიყავი! ასე რომ, აღიარე და მადლობა მითხარი, რომ გამოგყევი!

- ჯანდაბას შენი თავი, მადლობა! - ვუთხარი და წყალი მოვსვი.

- დამალევინებ?

- არ მითხრა, რომ წყალიც არ წამოგიღია!

- მაგის დრო არ იყო, თან, არ ვიცოდი, სად მიდიოდი... სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, აქ
მარტო რომ წამოხვედი... თამამი ხარ!

- ჰო! აჰა, დალიე, ოღონდ პირი არ დაადო!

- რატომ? გეშინია სექსუალურობა არ გადაგედოს?

- სექსუალურობა არ მაკლია! თანაც, ვისგან რა უნდა გადამედოს? - ეშტონ კატჩერის


სიარულის მანერა, ბრედ პიტის ღიმილი თუ ჯონი დეპის გამოხედვა? - შენი რა გაქვს?..

- საწყალი შენი ქმარი, მეცოდება წინასწარ!

- რატომ წინასწარ? ქმარი კარგა ხანია, მყავს, ორი შვილიც! ჩემს ხელზე საქორწინო ბეჭედი
არასოდეს შეგიმჩნევია? თუმცა, რას შეამჩნევდი, შენ, ალბათ, ფეხების და მკერდის გარდა,
არც ამჩნევ არაფერს...

- გათხოვილი ხარ? - ეს ისეთი სახით მითხრა, თითქოს მეხი დაეცა. - როგორ ახერხებ ამ
ყველაფერს?.. ასეთ ფორმაში ყოფნას...

- გენეტიკურად ვარ ასეთი... რამდენიც არ უნდა ვჭამო, წონაში არ ვიმატებ! მაგრამ აქ ჩემი
სხეულის ღირსებებზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ! ბნელდება! აქაურებს უნდა გავესაუბრო
სახლზე. თუ გინდა, გამომყევი და ჩაინიშნე რაღაცეები შენთვის!

გარეთ რომ გამოვედით, კარგა მაგრად დაბნელდა. ფანარი ამოვიღე და სოფელში დავეშვით.
საშინლად მომშივდა. ზურგჩანთაში მარტო "სნიკერსი" მედო. ისიც ამ "აგენტს" გავუყავი.
რამოდენიმე სახლი ჩამოვიარეთ. ზოგმა არ ისურვა ამ ამბავზე ლაპარაკი. მე პირველი
მცხოვრებლების სახელები და გვარები მაინტერესებდა და მაინც გავიგე.
ეზოში მხოლოდ ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა შეგვიშვა, რომ წყლით ამევსო ბოთლი. ახლა
ახალი საზრუნავი გაგვიჩნდა - უკან როგორ დავბრუნებულიყავით. მანქანა ცოტას ჰყავდა.
როგორც იქნა, ერთი კაცი დავითანხმეთ წაყვანაზე. ფული გადავუხადეთ და ძველი
"ჟიგულის" უკანა სავარძელზე დავსხედით.

- რომ გავიგე, რომ გათხოვილი ხარ, თავს ძლივს ვიკავებ! ხომ იცი, აკრძალული ხილი რომ
გინდება ადამიანს... რაღაც აზარტში შევედი შენთან...

- წარმომიდგენია! თან, ალბათ, მიჩვეული ხარ, ყველა ფეხქვეშ რომ გეგება! რა ადვილია
ყველაფერი, როცა ასეთი გარეგნობა გაქვს, არა? ერთი ქალის "დაკერვაზე", სხვა ბევრ დროს,
ფინანსებს და ენერგიას რომ ხარჯავს, შენ ერთს გაუღიმებ "დამუღამებული"
მომაჯადოვებელი მზერით, კარგად ნაცად ხუმრობას ან რამეს ეტყვი და მორჩა, შენია!
სინამდვილეში კი ამტკიცებ, რომ გრძნობები "შენი არ არის", რომ არ გაინტერესებს, მაგრამ,
მგონია, ამას იმიტომ ამბობ, რომ გინდა სხვებმა იფიქრონ ასე. სინამდვილეში არ ხარ ისეთი,
როგორიც ადრე მეგონე...

- როგორი გეგონე?

- უტვინო "მაჩო", რომელმაც, ჩემი გრძელი ფეხებისა არ იყოს, ბრედ პიტის ღიმილისა და
ჯონი დეპის გამოხედვის დამსახურებით აიღო მეორე ადგილი. მაგრამ მერე, სემინარებზე
მივხვდი, რომ არ ყოფილხარ ისეთი "ცარიელი", როგორიც მეგონე. საკმაოდ ჭკვიანი ხარ!
შენი სტატიაც მომეწონა.

- "გრძელი ფეხების" გამო ვწუხვარ, მაგრამ რომ იცოდე, არ ვფიქრობ ასე შენზე. შენ
იმსახურებდი პირველ ადგილს, იმიტომ, რომ არ წერ სტანდარტულად. შენი ხედვა გაქვს,
ძალიან საინტერესო. - სხვანაირი ხარ! მიკვირს, აქამდე სად იყავი...

ან ძალიან თავმდაბალი ხარ და შენს შესაძლებლობებს არ იყენებ! მისმინე, - კარგა ხანია


ჟურნალის გამოცემის იდეა მაწუხებს. რამე რო იყოს, რას იტყოდი, რედაქტორის
თანამდებობაზე?

დილით დამეძინა. აბა, რა მომივიდოდა, მთელი ღამე "გუგლში ვსერჩავდი". ჯერ იყო და
გზაში დავიტანჯეთ, ოთხჯერ "ჩაუქრა" მანქანა იმ დალოცვილს. ნახევარი გზა მე და ბაჩო
(არა, არ შემეშალა, ასე ჰქვია სინამდვილეში მაჩოს) უკნიდან ვაწვებოდით. არ გვერჩივნა,
ფეხით წამოვსულიყავით?

მანქანაც ჩვენი სათრევი გახდა, თავისი მძღოლიანად. დასწყევლოს ღმერთმა ის სახლი...


მეორედ არ დამთარსა მართლა?.. როგორც იქნა, მოიფიქრა მერე მძღოლმა, საჭესთან მე
დამსვა და ესენი აწვებოდნენ.
სასტუმრომდე ძლივს მოვაღწიეთ. ლიფტთან ვიდექით და ერთმანეთს ველოდებოდით,
ღილაკზე თითის დაჭერის თავიც კი არ გვქონდა. დაღლილობისაგან ფეხებს ძლივს
ვადგამდით. გამოძინებას არაფერი მერჩივნა, მაგრამ სტატია მქონდა დასაწერი...

- ახლა რომ შენს საწოლზე წამოწოლილი ანჯელინა ჯოლი დაგხვდეს, რას იზამ? - ვკითხე
ბაჩოს, რომელიც დაღლილობისაგან კარს ვერ აღებდა.

- ქალები იღლებით როდისმე? კიდევ რომ ხუმრობის თავი გაქვს! გასაღებს ვერ ვუყრი
საკეტში და ანჯელინა ჯოლის გავუყრი?.. - მიპასუხა და გაღიმების საცოდავი მცდელობა
დასაწყისშივე კრახით დაასრულა.

რა სასაცილოა, მე კიდევ სიცილის თავიც კი არ მაქვს. ხელით ვანიშნე, კარგად იყავი-მეთქი.


იმანაც თავი დამიკანტურა და როგორც იქნა, კარი გააღო. დავრჩი მარტო ჩემს სამუშაოსთან
ერთად.

მე უნდა დავწერო, რა მოხდა სინამდვილეში "დაწყევლილ სახლში", იმან უნდა დაწეროს -


როგორ დავწერე, რა მოხდა სინამდვილეში "დაწყევლილ სახლში". ნეტავ რა გამოუვა?
მთავარია, მე გამომივიდეს. მე თუ არ გამომივა, შესაბამისად, არც მას გამოუვა... ღმერთო კი
მომკალი!!! - უცებ გონება გამინათდა. - ხედავთ, რა გააკეთა? არა, მართლა ჭკვიანია! მე უნდა
ვიწვალო, ვეძებო ინფორმაცია, მთელი ღამე გავათენო, დავწერო. მანამდე ეგ გამოიძინებს.
დილით ჩემს ნაწვალებ სტატიას გადაწერს და ყოველი აბზაცის დასაწყისში ჩემს სახელს
ჩაამატებს.

ჯერ ერთი, საქმე გაიადვილა; მეორეც ერთი, მე ორმაგი პასუხისმგებლობა დამაკისრა.


ჟურნალისტი კი არა, ნამდვილი "გოთვერანია".

გაბრაზებულმა აივნიდან დავუძახე. არ გამოსულა, ოთახიდანვე გამომძახა:

- უკვე დაწერე? მე აბაზანაში შევდივარ და შიშველი ვარ!

- ფურცელზე სახელები და გვარები ამოგიწერე და "დაგუგლეე"!!!

- შენ ვერ იპოვნე?

- ჯერ არ მიცდია! ეს ხომ შენი სტატიაც გამოდის? ჰოდა, მომეხმარე! - (ტონზე შევატყვე,
მიხვდა, რომ ეშმაკობას მივუხვდი).

- ჩემი ლეპტოპი იქ დავტოვე, აუდიტორიაში. თუ გინდა, შემოვალ და ერთად "ვიგუგლაოთ"


(მართლა ეშმაკია, ლუციფერი... როგორ დაუგეგმავს ყველაფერი).
- სად შემოხვალ, ტიტველი... თანაც, ულეპტოპოდ ნულია შენი ფასი, ტყუილად ხელს
შემიშლი. მე თვითონ "დავგუგლავ"! - ვუპასუხე გაბრაზებულმა. ვერ მომინელებია, ჭკუით
როგორ მაჯობა.

- კარგი, ძალას არ დაგატან! იმედია, ჩემი არ შეგეშინდა... (უარესად მომეშალა ნერვები).

- რომელი მოძალადე შენ მყავხარ?.. მიდი, მიდი, დაიძინე! ჩემს მაგივრადაც შენ დაიძინე...
ესაა სამართალი? შენი მიზეზით ხუთი ღამეა, არ მძინავს...

- ნუ წუწუნებ! აბა, რა გეგონა? გამარჯვებულმა მსხვერპლიც უნდა გაიღოს.

- ამხელა გამარჯვება არ დამიმსახურებია! სტატია დავწერე, არჩევნებში კი არ გავიმარჯვე.


ნუღარ მაცდენ... წავედი!

- ძილი ნებისაა! ტკბილ ძილს და ლამაზ სიზმრებს გისურვეებ!

ვატყობ, ხუმრობის ხასიათზეც მოვიდა. ან რატომ არ მოვიდოდა? გაიადვილა საქმე.


ოთახში შემოვედი. იმ კაცის სახელი და გვარით ვერაფერი ვიპოვნე. მერე ბავშვის სახელითა
და გვარით ვეძებე. ყველა ენაზე ვგუგლე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ბოლოს გეგმა "ჭ"-ღა
დამრჩა.

უკიდურეს ზომას მივმართე და "ოდნოში" დავრეგისტრირდი. თოთხმეტ ნოდარ კახიძეს


მივწერე, მაგრამ ყველა გასული იყო ქსელიდან. ლეპტოპი გამოვრთე და ეგრევე გავითიშე.

რვა საათზე ბაჩოს ზარმა გამაღვიძა. აინტერესებდა, რამე თუ ვიპოვე.

- ვერა-მეთქი, ვუპასუხე და რაც დაწერილი მქონდა, ის მივაწოდე აივნიდან. შხაპი მივიღე და


ცოტა ხნით კიდევ წამოვწექი. დამძინებია. საუზმეც გამოვტოვე. რომ გამეღვიძა, უკვე
მაგვიანდებოდა.

სანამ ვიცვამდი, ლეპტოპი ჩავრთე. "ოდნოში" შეტყობინება დამხვდა. მოსკოვში მცხოვრებმა,


24 წლის ნოდარ კახიძემ დამიდასტურა, რომ იმ სოფლიდან არის. გაუკვირდა, როგორ
ვიპოვე ან რაში დამჭირდა მისი პოვნა. ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ და სახლის ლეგენდით
დავინტერესდი-მეთქი. ლეგენდა რომ მოისმინა, სასაცილოდ არ ეყო. თურმე, დედამისი
მოსკოვში სამუშაოდ წასულა, მოგვიანებით ქმარ-შვილიც წაიყვანა. მერე ხალხმა ამ ამბავს
კუდები მოაბა და ასე... როგორც უმეტეს შემთხვევაში იქმნება ხოლმე ლეგენდები.

დილის ცხრა საათზე ლეგენდა დავამსხვრიე. სტატია დავასრულე და აუდიტორიაში


სირბილით გავიქეცი.
სემინარზე 40 წუთით დამაგვიანდა. ჯუზეპე თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო ჩვენს
ნარკვევებს. მე ყველაზე მაღალი შეფასება დავიმსახურე. ჯუზეპემ მითხრა, რომ
თავისუფლად შემიძლია, ჟურნალისტური გამოძიების განხრით წავიდე. ბაჩოს უთხრა, რომ
მისი არჩევნიდან იკვეთება, რომ ხრიკი იხმარა, - "სავალდებულოს" "სასიამოვნო" შეუთავსა,
საქმეც გაიადვილა. ბოლოს დააყოლა - ჟურნალისტისთვის ეს თვისებაც საჭიროა, საკმაოდ
ორიგინალური სვლა იყოო.

ტრენინგის დასრულების მერე გამოსამშვიდობებელი ბანკეტი გაიმართა. ჯუზეპეს


დავემშვიდობეთ და შვიდ საათზე მე, ანდრეი და ბაჩო უკვე მატარებელში ვისხედით.

- მაგის დედა ვატირე, ისე ვბრუნდებით, რომ პლაჟზე ვერცერთხელ ვერ წავედით. - თქვა
ბაჩომ.

- მტელი დგე კურსი იკო, მერე ჩამა და დავალება. "ხარაშო, შტო ბასეინი იკო"...

- მაგრამ ხედი ხომ მაგარი იყო? მთელი ბათუმი ჩანდა! - ჩავერთე მეც. სასტუმრო პლაჟიდან
საკმაოდ მაღლაა.

- კი, ტო! ხედი მაგარია!

- რა უნდა გააკეთონ თქვენ ტბილისი, "რებიატა"?

- მე სამსახური მელოდება. მერე შვებულებაში გავალ და მოვხევ სადმე... ისა, მართლა!


ჟურნალზე რა მოიფიქრე?

- მე რა უნდა მოვიფიქრო? ჯერ სპონსორი არ გიშოვია.

- ეგ არ არის, კაცო, პრობლემა! სპონსორის შოვნას რა უნდა! შენ ის მითხარი, შეძლებ


რედაქტორობას?

- შეძლებით როგორ არ შევძლებ, მაგრამ ჯერ ჩემს ქმარს უნდა დაველაპარაკო.

- გამოგიშვებს თუ არა? - მკითხა და ირონიულად ჩაიცინა.

- გამომიშვებს რა, ბავშვი კი არ ვარ! უბრალოდ...

- ჰო, რაა უბრალოდ?

- მის გარეშე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ ვიღებ ხოლმე!


- შენ რა პატიოსანი ცოლი ყოფილხარ!..

- ეჭვი ხომ არ გეპარებოდა?

- მე არა, შენ?

- არც მე!

- თუ კი?

- არა-მეთქი!

- თუ ხოო? -ანდრეის მოთმინების ფიალა აევსო და ხელების ქნევით წამოდგა.

- "ნუ, შტო ს ვამი, პრიამ კაკ ძეწი"... - თქვა და დერეფანში გავიდა მოსაწევად.

- ეს ანდრეი მურმანის ეკალივითაა! აზრზე ხარ? მატარებლის კუპეში ვარ გოგოსთან და


ვერც ვარ!

- მართლა ვერ ხარ! ანდრეი რომ არ იყოს, რა შეიცვლებოდა?

- უფრო თავისუფლად ვილაპარაკებდით მე და შენ. ახლა კიდე, ეკლებზე უნდა ვიჯდე...

- წადი, ადექი, გაიარ-გამოიარე, იქნებ რომელიმე კუპეში მძინარე მზეთუნახავსაც გადააწყდე


ან სექსუალურ "პრავადნიცას"...

- ატყობ, როგორ ვგავართ ერთმანეთს?

- მე და შენ? - გამიკვირდა. - რაში?

- იუმორში! - სიტყვა-პასუხსაც იდეალურად ავაწყობთ ხოლმე... ინტერესებიც დაახლოებით


ერთი გვაქვს. - პროფესიულს ვგულისხმობ! ერთადერთი მინუსი ის არის, რომ გათხოვილი
ხარ! მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კარგი მეგობრები ან საქმიანი პარტნიორები, არა?

- ალბათ კი... - ანდრეი შემოვიდა და თემა შევცვალეთ.

საკმაოდ გვიანი იყო, მატარებელი სადგურში რომ შევიდა. სავიზიტო ბარათები გავცვალეთ,
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და დავიშალეთ.

ბაქანზე რომ გამოვედი, ნაცნობი სილუეტი დავინახე, რომელიც ხალხის ნაკადს


ათვალიერებდა და მე მეძებდა. რომ დავინახე, უფრო ნათლად გავაცნობიერე, როგორ
საშინლად მომნატრებია...

- ლევან!!! - დავუძახე და მისკენ გავიქეცი.

ვაიმეეე, რა კარგად მაქვს! თან მკერდი განზე რომ მიმდის ხოლმე, რა კარგად მოუყარა თავი,
მკერდის ღარი შეივსო. ანჟელიკა ვარ, რაა... - თქვა ელენემ და victoria’s secret-ის
ბიუსტჰალტერში გამოწყობილი ჩვენს წინ დატრიალდა. ეს აშარაშკას ნაჩუქარი
ბიუსტჰალტერია, რომელიც მე ელენეს გადავაჩუქე.

- შენ უფრო კარგად გაქვს, ვიდრე ქეთის. - ვუთხარი ელენეს და ცივი ლუდი ჩამოვასხი (ქეთი
მოიღუშა).

- რა შენი ზომა ეს იყო, გოგო! დავიჯერო, თვალით ვერ მიხვდა? გაწელე-გაგლიჯე, მაქსიმუმ,
ორს თუ მოგცემს კაცი... ვერ გავიგე, შენს დაბადების დღეზე მოდიოდა თუ ძროხის? - თქვა
სოფომ და მაშინვე ენაზე იკბინა. სამივემ ელენეს გადავხედეთ. ან ვერ გაიგო, ან გაატარა.

- არა, შემოსვლისთანავე შევატყვე, რომ რაღაც ვერ იყო მთლად დალაგებული... - თქვა
ელენემ და ზემოდან საღამური გადაიცვა.

ბიუსტჰალტერი ჯერ ქეთიმ მოიზომა, მერე ელენემ. ქეთისაც დიდი მოუვიდა. კი ფიქრობდა,
შიგნიდან ბამბებით გამოვტენიო, მაგრამ გადავაფიქრებინეთ. სკოლის მოსწავლე ხომ აღარ
არის, ლიფში რაღაცეები რომ ჩაიტენოს?!

უი, მართლა! გამომაშტერეს თავიანთი ძუძუებით და შესავლის დაწერა დამავიწყდა! - -


დიახ, როგორც იქნა, აღსრულდა ჩვენი (ერთ-ერთი) ოცნება: ამაღამ მე, ელენე (უკვე იცით,
როგორიც), ქეთი (სამშობიაროს) და სოფო (ახალ ..... გათხოვილი) წყნეთში, ჩემს აგარაკზე
ვრჩებით.

ამჟამად ოთხივე ჩემი და ლევანის საძინებელში, საწოლზე ვაგდივართ. რა თქმა უნდა,


საღამურები გვაცვია. აბა, ისე რა "პიჟამაფართი" გამოდის. ისე, სიტყვა "საღამური" რაღაც
კოჭებამდე დაშვებულ პერანგთან ასოცირდება ჩემთვის და დავაკონკრეტებ: - ოთხივეს
გვაცვია ბრეტელებიანი მაისურები თავისი მოკლე ("მაიჩნი") შორტებით.

ჩაციებულ ლუდს ვწრუპავთ და ვჭორაობთ. ბათუმის ამბების მოყოლა უკვე მოვასწარი.


ელენეს და ქეთის აზრით, რედაქტორობას უნდა დავთანხმდე, რადგან არ ღირს,
გათხოვილის იარლიყი მივიწებო და ასეთ შანსზე უარი ვთქვა. მათი შეხედულებით,
გათხოვილ ქალსაც აქვს ფლირტის უფლება.

- ფლირტის გარეშე არაფერი არ გამოდის! ცოტა თუ არ იკეკლუცე, ვიღაცის ცოლის და ორი


შვილის დედის სტატუსით არავინ დაგაწინაურებს! - მითხრა ქეთიმ.
-გეგონოს! კონკურსში ისე გავიმარჯვე, რომ არავისთან მიკეკლუცია!

-ეგ სხვა რამეა. შენ როგორ ფიქრობ, რატომ შემოგთავაზა იმ მაჩომ თუ ვიღაცამ
რედაქტორობა? - მარტივია, - იმიტომ, რომ მოეწონე!

-ჰო, მაგრამ მან კარგად იცის ჩემი ოჯახური მდგომარეობა...

-ოჰ, მოიცა რაა! შენ ჯერ კიდევ ვერ გამოხვედი ბავშვობის ასაკიდან. ამას შენი პიჟამაც
მოწმობს (მაისურზე hello kitty მახატია). - დაიკიდე და დათანხმდი!

-მერე ლევანი სულ დაძაბული იქნება. მეც არ მესიამოვნებოდა, ჩემი ქმარი რომ ყოველდღე
სექსბომბასთან ერთად მუშაობდეს. ვიცი, რომ იეჭვიანებს. მერე ეს ჩვენს ურთიერთობაზე
აისახება და მე კიდევ უსიამოვნებები არ მჭირდება! ახლა ყველაზე კარგად ვართ,
ბათუმიდან ჩამოსვლის შემდეგ...

-გითხრა, არ დათანხმდეო?

-არა, მაგას არ მეტყვის. გახსოვს, რომ ვიჩხუბეთ? რა საშინელებები მითხრა იმისთვის, რომ
მე საკუთარ თავზე ზრუნვა დამეწყო. ყოველი ჩემი წარმატება უხარია. ყველანაირად
მეხმარება, რომ ჩემი კარიერა შედგეს. ამიტომ ვერ ამიკრძალავს რედაქტორობას. მითხრა, ეგ
შენ უნდა გადაწყვიტოო...

-მით უმეტეს! იმიტომ არ აგიკრძალა, რომ გენდობა! შენ ძალიან სხვანაირი ხარ -
გულუბრყვილო და სუფთა. ეს ერთი შეხედვითაც ჩანს! - დაასრულა ქეთიმ აზრის გამოთქმა
და გოგოებს გადახედა, მხარს თუ აუბამდნენ.

მართლა გულუბრყვილო ვარ. ეს ჩემი მინუსია. ახლა კიდევ რა მიჭირს, ცოტა გამოვიქექე.
თქვენ ადრე უნდა გენახეთ, ყველას ვენდობოდი და ღმერთმა იცის, რამდენჯერ წავიმტვრიე
ცხვირი ამის გამო.

ჩემმა დრამატურგიის ლექტორმა ზუსტად დამახასიათა, მეორე კურსზე რომ ვსწავლობდი: -


შენ შენივე შექმნილ სამყაროში ცხოვრობ, სადაც ყველა გმირი კეთილიაო. დღემდე ვერ
ვიტან ტყუილს. ალბათ ამიტომაც არ შემიძლია ფლირტი, მერე ხომ უნდა დავმალო ეს?
თანაც, ვის უნდა დავუმალო? - ჩემს საყვარელ ადამიანს?.. არადა, ზუსტად ვიცი, რომ ვისაც
ლავირების უნარი არ გააჩნია, პრაგმატულად თუ არ აზროვნებს და ხანდახან რისკზე წასვლა
თუ არ შეუძლია, მხოლოდ დიასახლისად დარჩება. ვერ მოახდენს საკუთარი თავის
რეალიზაციას.

ელენე ქმარს გაშორდა და მუშაობა დაიწყო იმ ბიჭის ფირმაში, ამას წინათ რომ გაიცნო და მე
რომ მომიყვა (მერე მე რომ თქვენ მოგიყევით). ჰოდა, ხვდებიან ერთმანეთს ასე...
რაღაცნაირად...

- ეს ბავშვობიდან უცნაური იყო! - გააგრძელა ელენემ ჩემზე უნებლიე ფსიქოლოგიური


ზეწოლა. - ბაზალეთის ტბაზე რომ ვისვენებდით, სანატორიუმში, ღამღამობით გამოვიდოდა
ხოლმე სასტუმროს აივანზე, ხელებზე ღამის პეპლებს დაისვამდა და ელაპარაკებოდა
რაღაცებს... თანაც, ეს იმ ასაკში, როცა მე და ჩვენი თანატოლები უკვე გაზეთ "ძინძინს"
ვყიდულობდით და ლეიბის ქვეშ ვმალავდით!

- ფუუუ! - აღმოხდა სოფოს, რომელსაც მწერების მიმართ პანიკური შიში აქვს.

- შენ "ძინძინს" ყიდულობდი, მე კიდევ ლადო გუდიაშვილის ალბომს ვათვალიერებდი,


ყოველთვის, როცა მარტო ვრჩებოდი. იქ სხვა ტიპის ეროტიკაა.

- ჰო, დამავიწყდა შენი სიღრმეებისადმი სწრაფვა! ჩვენ სად შეგვიძლია მაგდენი, უბრალო
მოკვდავთ... - ირონიულად გამომაჯავრა ელენემ.

- არ გიყვართ თქვენ, ქალებს საკითხებში ჩაღრმავება. მარტო კოსმეტიკაზე გალაპარაკათ


საათობით და სისულელეებზე! როცა ამდენი საინტერესო თემაა, თავისუფლად შეგიძლია
აიღო და ამოწურო!

-თქვენ, ქალებსო! კაცივით არ გვეუბნება? - გაეცინა ქეთის.

-ან იმ საშინელ სახლში რამ წაგიყვანა, მომკალი და არ მესმის... მართლა რანაირი ქალი ხარ! -
მითხრა სოფომ. ამ სიტყვებმა დამაფიქრა. მართლა რატომ მიყვარს მიტოვებულ, ძველ,
ცარიელ შენობებში ბოდიალი? იმიტომ ხომ არა, რომ შინაგანად მეც გამოცარიელებული
ვარ, საკუთარ თავში ჩაკეტილი? ადრე ემოციები და გრძნობები მიჩქროლებდნენ გულს,
მერე იმ გოდრებივით დაცარიელდა თითქოს, აბლაბუდით რომ იყო სავსე. ამ ბოლო დროს
სულ ვცდილობ, რომ მარტო არ დავრჩე. თუ სახლში ვარ, ბავშვებს ვეთამაშები. საკუთარ
თავთან მარტო დარჩენას გავურბივარ?..

- ვერ გავიგე, დღეს მე ვარ პროგრამაში? ჩემზე სალაპარაკოდ შეგყარეთ ერთად? ეს ჩემი
ბიძაშვილი კიდევ, სულ მე რომ მარიგებს ჭკუას, თავის თავს მიხედოს!

- რას მივხედო?

- საშინელ გემოვნებას! -კაცებს ვგულისხმობ. შენი არცერთი შეყვარებული არ მომწონდა!


ქმარზე გაგაფრთხილე კიდეც, ბიჭს, რომელსაც ამოსვირინგებული აქვს სამი იქსი, აზაბოჩენი
იქნება-მეთქი! ეგრეც იყო! შენს ქმარს თავში პორნოგრაფიის გარდა არაფერი ეყარა! მაგრამ
სხვა რა არჩევანს გააკეთებდა 18 წლის ასაკში "ძინძინის" მკითხველი გოგო?!
- ყველა კაცის თავში ეგ ყრია! ყველა ღალატობს ცოლს! ყველა კაცი ფიქრობს სხვა ქალებზე
და არ მითხრათ, რომ ასე არ არის! - გამოგვიცხადა ელენემ.

-შენი ყოფილი ქმრის საზომით ნუ ზომავ ყველას. არიან ერთეულები, რომლებიც ცოლის
ერთგულები არიან! - გავაპროტესტე, მაგრამ დავფიქრდი. ჩემი ქმარი სულ სხვანაირი იყო
ადრე (ჩემი არ იყოს). უცებ ძალიან უსიამოვნო გრძნობამ გამიარა გულში. ასე ძალიან რატომ
ცდილობდა ჩემს გამოფხიზლებას? აღარ მოვწონდი ისეთი, როგორიც გავხდი? მე თუ აღარ
მოვწონდი, ვინ მოსწონდა? ან იქნებ ვიღაცის ფონზე აღარ მოვწონდი? თუნდაც ის, რაც
პეინთბოლზე გააკეთა. ეს ხომ მის ხასიათში არ ჯდება... რაღაც ხომ არ გამოვტოვე? ან
ვიღაც... ადამიანებს რისი დანახვაც არ უნდათ, იმას ხომ ვერ ხედავენ... მე კიდევ მაინც
გულუბრყვილო ვარ და მაისურზეც hello kitty მახატია. - უცებ ემოციებმა ნამდვილი
დემონსტრაცია მომიწყვეს...

- მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ქმარს არ უღალატია ჩემთვის. - თქვა ქეთიმ.

-კაი, დავუშვათ ჩემს ქმარში არ შეცდი, მაგრამ ამას რას უწუნებ? - მკითხა ელენემ. ცოტათი
გამოვფხიზლდი და ეჭვებიდან თავის განთავისუფლება ვცადე.

-ეგ ჯერ არ მინახავს. როცა გამაცნობ, მაშინ გეტყვი! ან კიდევ, ისიც მე ვიყავი, პირველ
კურსზე რომ სწავლობდი და ბომჟი რომ მოგწონდა?

-ვიინ? - დააჭყიტა თვალები სოფომ.

- ბომჟობას არაფერი აკლდა, ძალად ჰიპი. ისეთი ბინძური ტანსაცმლით დადიოდა, ლამის
ფეხზე მწვანილი ამოსვლოდა და მხარზე ღოღნოშო! - არ დავინდე ელენე.

-კარგით რა, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, თორემ უკვე გული ამერევა. მწერები, ბომჟები,
პორნოგრაფია... - სოფომ თემის შეცვლა სცადა.

უცებ რაღაცნაირად მომინდა, იმ მოვლენების შესახებ მომეყოლა, რომელსაც ამდენი ხანი


გულში ვინახავდი. - მეზობელს ვგულისხმობ.

ავდექი და... უფრო სწორად, ვიწექი და ისე მოვყევი ყველაფერი - სიზმრიდან დაწყებული,
ყველაფერი, რაც თქვენ ყველამ უკვე კარგად იცით. გაოგნებულები მისმენდნენ. მოყოლა
რომ დავასრულე, შვებით ამოვისუნთქე. პირველად ელენემ ამოიღო ხმა.

- ესე იგი, მე მაგისი ცოლის ნაჩუქარი ლიფი მაცვია? და შენს დაბადების დღეზე რომ იყო, ის
არის აშარაშკა? ისე კი, კარგად დაგირქმევია! - გაეცინა ელენეს.
- აი, შენზეა ნათქვამი, ვ წიხომ ბალოტე ჩერწი ვოდიატსაო...

- მე რა შუაში ვარ? თვითონ ამოვიდა პირველად!

- მე ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, შენთან ყოფნა სიამოვნებს... არა მგონია, რამე განზრახვა
ჰქონდეს. უბრალოდ, ევასები! ეს ფაქტია! - თქვა ქეთიმ.

- იმ ქალის შიშით რას გაბედავს, რას ამბობ! - თქვა სოფომ.

- რა უცნაურები არიან ეს კაცები! - თქვა ელენემ.

- მე კიდევ ლუზერი ეგ მეგონა! - ვუთხარი გოგოებს.

- უი, ისე მართლა, მეც მაგაზე ვიფიქრებდი! არა, რა მაგარი ქმარი გყავს, ჩემი ქმარი მაგას
მოიფიქრებდა? - მითხრა ქეთიმ (აი, კიდევ ერთხელ გამიარა უსიამოვნო ტალღამ).

- აქამდე რატომ არ გვითხარი? ამდენი ხანი როგორ მოითმინე? - მკითხა სოფომ.

- მოიცა, რა გვარია ეგ სანდრო? გარეგნობა რომ აგვიღწერე, ერთ ტიპს მაგონებს... - მკითხა
ქეთიმ. სანდროს გვარი რომ ვუთხარი, სახე შეეცვალა. მერე ლეპტოპი აიღო, "ფეისბუკში"
თავის ექაუნთით შევიდა და მეგობრებში ვიღაც მოძებნა. მერე ეკრანი ჩემკენ შემოატრიალა
და ჩემი სიმპათიური მეზობლის სურათი დამანახა.

- ჰო, ეგ არის!.. რა ხდება????... - საწოლზე წამოვჯექი და მეზობლის სურათს დავაჩერდი.


ქმარზე გაჩენილი უსიამოვნო ფიქრების ჩანაცვლება ვცადე, მაგრამ იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა ჩემი ეჭვი, რომ მეზობლისა და ქეთის კავშირის ინტერესი მთლიანად გადაფარა...

ბავშვობაში ერთი თვისება მქონდა - როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული


ხდებოდა, ეს მომენტი რომ არ დამვიწყებოდა, რამდენიმე წუთით ადგილზე გავშეშდებოდი
ხოლმე - "სტოპ-კადრივით" და ვცდილობდი, გონებაში ჩამებეჭდა.

ჯერ კიდევ მაშინ მჯეროდა, რომ ადამიანებს სიხშირეები გააჩნიათ. სიტყვა "სიხშირე"
მოგვიანებით დავარქვი, ფიზიკა რომ ვისწავლე. ასე იმიტომ მეგონა, რომ სხვა ბავშვებთან
ერთად თამაში მიჭირდა, რადგან "სახლობანას" "უჟასობანა" და "გამომძიებლობანა"
მერჩივნა. თავიდანვე განსხვავებული ინტერესები მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ
ჩემნაირი ინტერესების მქონე არავინ მხვდებოდა, მაინც მჯეროდა, რომ სადღაც
აუცილებლად იარსებებდნენ ჩემი სიხშირის ადამიანები.

მაგალითად, ჩემი სიმპათიური მეზობელი და მისი ცოლი სულ სხვადასხვა სიხშირეზე


არიან. მიუხედავად ამისა, ერთად ცხოვრობენ. - ჩემი ბიძაშვილი ელენე, სოფო, თიკა და
ქეთი... ყველა არანორმალურად მიყვარს, მაგრამ არც ესენი არიან ჩემს სიხშირეზე... არც ჩემი
მეზობელია ჩემს სიხშირეზე და არც ჩემი ქმარი.

ლევანი ყოველთვის რეალისტი იყო. მე კიდევ სულ დავფრინავდი. ვინ იცის, რამდენჯერ
დავენარცხე... ლევანს მტკიცე ხასიათი აქვს. მე დამთმობი ვარ და ამიტომ ნელ-ნელა მის
სიხშირეზე გადავეწყე. ბევრი კარგი თვისება დავკარგე, მაგრამ ბევრი საჭიროც შევიძინე.
ასეთია ცხოვრება! - ასე მგონია, დღემდე სახლობანას ვთამაშობ...

ლევანმაც იცის ჩემი მოსაზრება და მეთანხმება. მისი საქციელი, რაც პეინთბოლის თამაშზე
გააკეთა, ჩემს სიხშირეზე გადმოსვლის მცდელობა იყო.

გუშინ გვიანობამდე ვცდილობდი ჩემი ქმრის "ფეისბუქის" პაროლის გატეხვას. ამის გამო
უფრო ცუდად ვიგრძენი თავი. ეს ჩემს ხასიათს არ შეესაბამება. სხვებს დავცინი, როდესაც
ვიგებ, რომ ქმრის მობილურში ან სოციალურ ქსელში ყოფენ თავიანთ ცნობისმოყვარე
ცხვირებს, მაგრამ ძალიან არ მინდა, "ნაღალატევი" აღმოვჩნდე. ამას ნამდვილად ვერ
გადავიტან.

მიუხედავად ხასიათის სხვადასხვაობისა, მე და ჩემს ქმარს თავიდანვე ძალიან გვიყვარდა


ერთმანეთი. ვერ წარმომიდგენია, სხვამ როგორ უნდა მიითვისოს ის, რაც ყოველთვის ჩემი
იყო. უფრო მეტად კი ის ვერ წარმომიდგენია, ამან როგორ უნდა გაუყოს სხვას ის, რაც
ყოველთვის ჩვენი იყო.

ქეთი მთელი ღამის განმავლობაში მიყვებოდა სანდროზე. თურმე, მისი ძმის, ნიკას
ბავშვობის მეგობარია. რას არ გაიგებ კაცი... იქამდე არ მომასვენა, სანამ არ დამითანხმა, რომ
თავისი ძმისთვის ეთქვა, სანდრო დაეპატიჟებინა ცოლიანად "ბარბექიუზე", რომელიც
საღამოს უნდა მოვაწყოთ. ლევანი და სოფოს ქმარი ერთად ამოვლენ ბავშვებით. ქეთის ძმამ
კიდევ ქეთის ბავშვი უნდა ამოიყვანოს, რადგან ქმარი მივლინებაშია წასული. ვიცი, გიჟური
იდეაა, მაგრამ ისეთი აჟიტირებულია ქეთი, უარს ვერ ვეტყოდი.

სანდრო ქეთის ბავშვობის სიყვარულის ობიექტიც ყოფილა - ოღონდ, ცალმხრივის. იმას


რაიმე გრძნობა რომც ჰქონოდა, მაინც არ გაამხელდა, ხომ იცით, "ძმაკაცის დაიკოსთან" -
ტეხავს.

გამთენიისას ეზოში ჩავედი და ჰამაკში დამეძინა. დილით ელენემ გამაღვიძა ყავით. -


როგორც იქნა! ასრულდა ჩემი ოცნება და მეც ვიღაცამ ყავით გამაღვიძა.

- აი, თურმე სად ყოფილხარ! მე კიდევ მთელი სახლი დავიარე... რა იყო, ხვრინავდა ვინმე? -
მკითხა ელენემ და ჰამაკის მოპირდაპირე მხარეს, ხის დაწნულ სკამზე ჩამოჯდა.

- არა, უბრალოდ, ასე მესიამოვნა. - ვთქვი და წამოვჯექი. - მთელი სხეული


დამტვრეულივით მაქვს.

- კოღოებმა არ შეგჭამეს?

- უფ, კოღოებმა კი არა, ეჭვებმა შემჭამეს! ასე მგონია, რომ ლევანს ვიღაც მოსწონს...

- რას ამბობ, გაგიჟდი? საიდან მოიტანე ეგ სისულელე?! (ეს იმ ქალმა მითხრა, ვინც გუშინ
გვიმტკიცებდა, რომ ყველა კაცი ღალატობს ცოლს).

- რა ვიცი, ასე მგონია! - ვთქვი და ყავა მოვსვი.

- მე კიდევ მგონია, რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობ რაღაცეებზე... უცებ გაითიშები ხოლმე და
სადღაც დაფრინავ! ამას წინათ ეკამაც მითხრა, ქუჩაში ისეთი გათიშული მიდიოდა, ვეძახდი
და ვერ გავაგონეო. - მითხრა ელენემ. აივანზე სოფო გამოვიდა და ჩამოგვძახა:

- ჩაიცვით დროზე! მოვლენ სადაცაა...

აშარაშკას და მისი ქმრის სტუმრობის თავი ნამდვილად არ მაქვს.


ოთხივე მოვწესრიგდით. მალე ლევანი და სოფოს ქმარი მოვიდნენ, თან ბავშვები მოიყვანეს.
ლევანმა აუზი გაბერა და წყალი ჩაუსხა ბავშვებს. მე კართან ვიდექი და თვალს არ
ვაშორებდი. შეამჩნია კიდეც ჩემი დაჟინებული მზერა და ხელის მოძრაობით მანიშნა - რა
არისო. მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოში შევბრუნდი. სოფო და ელენე ფუსფუსებდნენ.

ქეთი აივანს არ მოშორებია, თავისი ძმის მანქანას ელოდებოდა. უცებ გამახსენდა, რომ ჩემი
ქმრისთვის არ მითქვამს მეზობლების სტუმრობის ამბავი და ეზოში გამოვბრუნდი.

- ჩვენი მეზობელი სანდრო ქეთის ძმის ძმაკაცი ყოფილა!

- ვა! მართლა?..

- ჰო და დღეს მოიყვანს აქ ნიკა. მე მგონი, ქალბატონსაც...

- ეუფ! არა, სანდროს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ნორმალური ბიჭია. შენ კი მოგიწევს
მაკას ატანა.

- ეგეთები ამიტანია?!

- რა გჭირს? მოწყენილი მეჩვენები! გუშინ ვერ გაერთეთ?

- კი, როგორ არა! ცოტა მეძინა უბრალოდ... - ვთქვი და ჩემს შვილებს დავუძახე, რომ
მოვფერებოდი. ამ დროს ყველაფერი უარყოფითი მავიწყდება ხოლმე. შვილები საუკეთესო
ანტიდეპრესანტია დედისთვის (თუ ძალიან არ გაბურღავენ ხანდახან ტვინს).

ჭიშკართან მანქანა გაჩერდა და დავინახე, როგორ შევარდა სახლში ქეთი. მაინც რა არის ეს
პირველი სიყვარული, როგორ ააფორიაქა. მთელი დღე 16 წლის ბავშვივით იქცევა. ჭიშკარი
გაიღო და ეზოში ნიკა შემოვიდა. კისერზე დიშვილი ეჯდა. უკან სანდრო მოჰყვებოდა
პარკებით ხელში. ქეთი შეეგება და ჩვენკენ წამოიყვანა. მე და ლევანმაც გადავდგით
რამდენიმე ნაბიჯი. რომ დაგვინახა, პირი დააღო. ქეთიმ სიცილით უთხრა:

- შენი მეზობელი ჩემი დაქალია!

ლევანმაც გაიცინა და ხელი ჩამოართვა.

- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს მეორე ოჯახში!

- ვაახ, საიდან სად, ტო! რა პატარაა თბილისი! აი, მესმის სიურპრიზი! - თქვა ჩემმა
მეზობელმა და გადამკოცნა. ეზოში აშარაშკა შემოვიდა და ჩემს დანახვაზე თვალები
დააჭყიტა. ძალიან სასაცილო სანახავი კი იყო, ღმერთმანი...

აღტაცებების და "არ არსებობს"-ების მერე, გოგოები სახლში შემოვედით. მაკას სანდროსთვის


შორტი და მაისური წამოუღია გამოსაცვლელად, რადგან სანდრო პირდაპირ სამსახურიდან
წამოვიდა. მისი ჩანთა მომცა და მთხოვა, ისეთ ადგილზე შემენახა, რომ ბავშვები არ
მიკარებოდნენ. ჩანთა ქეთის გადავეცი და ვუთხარი, ჩემს ოთახში, კარადაში შეენახა. მე
კიდევ მაკას სახლი დავათვალიერებინე. ნეტა გენახათ, როგორ აკვირდებოდა ყველაფერს.

მგონი, გონებაში ჩვენი ქონების აღწერას აწარმოებდა. არ მესმის, რაში უნდა გაინტერესებდეს
ადამიანს სხვისი ქონება, ესპანური კაფელ-მეტლახი უგია თუ თურქული. ნერვები მეშლება,
სხვის სახლს რომ დაივლიან და ყველაფერს ინტერესით აკვირდებიან. მეტი საქმე არა აქვთ?

- არაჩვეულებრივი წყობაა! - მითხრა აშარაშკამ. მე ამ დროს მექანიკურად დავყვებოდი და


თავს ვუქნევდი. გულში კი იმაზე ვფიქრობდი, როგორ მძაბავს ეს გოგო. ისეთი აურა აქვს,
ძალაუნებურად დაიძაბები. თვალსაც ვერ ვუსწორებ... მე მგონი, ენერგო-ვამპირი, თუ რაღაც
ჯანდაბაცაა...

აშარაშკა და სანდრო ტანსაცმლის გამოსაცვლელად ზემოთ ავიდნენ. მე ქეთიმ მკლავში ხელი


გამომდო და სამზარეულოში შემათრია, გოგოებიც იქ იყვნენ.

- ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდა! ვერ მოვითმინე და სანდროს ჩანთა გავხსენი...

- გაგიჟდი გოგო??? - შევიცხადე.


- გოგო, ზემოდან ფურცელი იდო და ეწერა: "დახურე ჩანთა, დაუნო!!!" - უცებ გული
გამისკდა, მერე მივხვდი! აზრზე ხართ? ეტყობა, მაკა სულ ჩანთას უქექავს! - ამაზე ისეთი
სიცილ-ხარხარი ატეხეს გოგოებმა, რომ მეც შემრცხვა ჩემი საქციელის, პაროლის გამოცნობას
რომ ვცდილობდი...

საღამოს ყველანი გარეთ ვისხედით და ვქეიფობდით. არაჩვეულებრივი საღამო იყო.


ბავშვები დარბოდნენ, ესენი კიდევ ანეკდოტებს ყვებოდნენ და კვდებოდნენ სიცილით.
ელენეს შეყვარებულიც ამოვიდა. სხვათა შორის, მომეწონა. განათლებული ადამიანი ჩანს.
სიმპათიურიც, მხოლოდ ერთი მინუსი აქვს, - "ფეხშიშველა თავი" (ასე ვეძახი მელოტებს),
მაგრამ ეს არაფერია, მთავარია, იმ თავში ეყაროს რაღაც.

წესით, ბედნიერად უნდა მეგრძნო თავი, რადგან ასეთ საღამოზე დიდი ხანია ვოცნებობდი
(რამდენ რამეზე ვოცნებობ), მაგრამ ხელს რაღაც მიშლიდა. ფიქრებში ვიყავი გართული.
უცებ ჩემი სიმპათიური მეზობელი ჩემს ქმარს მიუბრუნდა და უთხრა:

- ლევან, შენს ცოლს არაფერზე ეცინება. იქნებ თვითონ მოგვიყვეს რამე?..

- მაგას ცოტა "სტრანნი" იუმორი აქვს და რა ვიცი... - უპასუხა ჩემმა ქმარმა. უცებ გავბრაზდი.
ჩემი იუმორი ყველას ძალიან მოსწონს და ლევანსაც ყოველთვის მოსწონდა. როდის აქეთ
შეიცვალა აზრი? - ვიღაცის იუმორის ფონზე აღარ მოსწონს, თუ?... (მუცელში ისევ
ამიფუთფუთდა ეჭვები).

- ვიტყვი! - ბეჭებში გავიმართე და არც დავფიქრებულვარ, ისე მოვყევი, რაც პირველი


მომადგა ენაზე:

- "ერთმა კაცმა ისეთ უღრან ტყეში მოისაქმა, რომ განავალი შეევედრა, - კაცურად, აქ მარტო
არ დამტოვოო!.."

სუყველა ახარხარდა. მე კიდევ ისევ ის ოხერი სევდა შემომაწვა და რატომღაც იმ


განავალივით მარტოსულად ვიგრძენი თავი...

მე ცოტა ხნით დაგტოვებთ, გველი უნდა გავასეირნო! - თქვა ჩემმა სიმპათიურმა მეზობელმა
და ტუალეტში წავიდა. საკმაოდ ბევრი დალია, ეტყობა, თავისუფლად იგრძნო თავი და
გაიხსნა.

ღამის თორმეტი საათია. სოფო და თავისი ქმარი წავიდნენ. მე და ქეთიმ ბავშვები კარგა ხნის
წინ დავაძინეთ. დანარჩენები დაშლას არ აპირებენ. მე კიდევ არ ვიცი, სად უნდა დავტიო
ამდენი ხალხი...
ალბათ, აშარაშკა ფიქრობს, რომ ჩემს საძინებელს დავუთმობ, მაგრამ არ ვაპირებ. ჯერ ერთი,
არ მიყვარს, როცა ჩემს საწოლში სხვები წვებიან; მეორეც ერთი, გამოვა, რომ მე და ჩემს
სიმპათიურ მეზობელს ერთ საწოლში გვეძინა, ოღონდ სხვადასხვა დროს. - მე კიდევ ბედის
ირონია მაკლია?

რა სხვანაირად ჩანს ორი ადამიანის ურთიერთობა მესამე პირის თვალით. აშარაშკა დედობას
უფრო უწევს სანდროს, ვიდრე ცოლობას. გამუდმებით ბავშვივით ზრუნავს მასზე და
შენიშვნებს აძლევს. შეიძლება ამიტომაც მოიყვანა ცოლად. როგორც ქეთიმ მითხრა, დედა
ადრე გარდაეცვალა და დამოუკიდებელი ცხოვრება ძალიან ადრე დაიწყო. ალბათ,
მზრუნველობის დეფიციტი მაკამ შეუვსო. ახლა კი ეტყობა, რომ ყელში აქვს ამოსული
ცოლის გამოხტომები და გაღიზიანების მეტს არც არაფერს იწვევს. ასე მგონია, მათი
ურთიერთობა ბეწვზე ჰკიდია.

- რა თქმა იყო სანდრო ის, გველი უნდა გავასეირნოო? ამდენ ხალხში... - ტუალეტიდან
მოსვლა წესიერად არც დააცადა, ისე ეცა ქმარს აშარაშკა.

- რა გინდა, გოგო? ამომასუნთქე ცოტა! - შეუბღვირა სანდრომ.

- მაკა, ქმარს ხანდახან მეტი თავისუფლება უნდა მისცე! სიტყვის თავისუფლება მაინც. კაცია
და ხან გველს გაასეირნებს და ხან დრაკონს! - უთხრა მათ შემყურე
მოთმინებადაკარგულმა ქეთიმ (აშარაშკა ისე დაიძაბა, მგონი, შტორმია მოსალოდნელი).

- გესმის? ჩემი თუ არ გჯერა, ქეთის მოუსმინე! არა რაა, თავისუფლებაზე კარგი არაფერია!
თავისუფალ ურთიერთობებს ჯობია რამე? არ ჯობია! მგონი, უკვე საფეთქელზე ჩემი ცოლის
ფეხსაცმლის ქუსლის ანაბეჭდი მატყვია! ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებს... - თქვა სანდრომ.

ეს ბიჭი ნასვამ მდგომარეობაში უფრო მომწონს. ეტყობა მიხვდა, რომ ცხოვრება მშვენიერია,
ცოლის ფეხსაცმლის ქუსლის ქვემოდან საცოდავად როცა არ იჭვრიტები და როგორც იქნა,
ხმა ამოიღო.

- ქმარი რომ გყავს, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება! გადაეყრება ვიღაც ბოზანდარას და


მერე კარგად მეყოლე... - თავი იმართლა მაკამ.

- ქორწინება ყველა კაცისთვის მუხრუჭია! ბევრი რაღაც უნდა "გამაზო" და ისეთი შეგრძნება
გიჩნდება, თითქოს ცხოვრებამ გვერდით ჩაგიარა. - განაგრძო სანდრომ და რატომღაც მე
შემომხედა.

- ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, ქალებმა? ჩვენთვის არ არის მუხრუჭი ქორწინება? ყურებამდე
გადავეშვებით ოჯახის საქმეებში და ხანდახან საკუთარი თავი გვავიწყდება! - შეეპასუხა
აშარაშკა.

- ყველას გამუდმებით დამუხრუჭება გვიწევს, კაცებსაც და ქალებსაც. უბრალოდ, ქალებს


ოჯახის პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო მეტად გვაქვს გამჯდარი. წინასწარ ვფიქრობთ
შესაძლო შედეგზე და თვითკონტროლის მექანიზმები უკეთ გვიმუშავებს. მალევე
ვხვდებით, როდის დავამუხრუჭოთ, რომ მსუბუქი ფლირტის იქით საქმე არ წავიდეს. -
საუბარში ელენეც ჩაერთო და დაძაბულობის მოხსნას შეეცადა.

- თავისუფლება მაგარია! ეჭვიანობა კი ყველაფერს აფუჭებს. კიდევ კარგი, ჩემი ცოლი არ


არის ეჭვიანი. მე ისეთი ხასიათი მაქვს, რასაც მიკრძალავენ, ჯიბრზე იმის გაკეთება მინდება!
საპირისპირო ეფექტი აქვს ამას... რაც უფრო თავისუფლად ვიგრძნობ თავს, მით უფრო არ
გამიჩნდება ღალატის სურვილი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არ მიღალატია. იმიტომ კი
არა, რომ მორალი მიშლის ხელს, უბრალოდ, არ მინდა! - თქვა ლევანმა და თავზე მაკოცა.

- რანაირად ახერხებ, რომ არ ეჭვიანობ? თუ ფიქრობ, რომ ლევანს შენს გარდა არავინ
მოწონებია? - ვერ მოისვენა აშარაშკამ.

- მაკა, შეიძლება მოწონებია კიდეც. როგორ შეიძლება, ერთი ადამიანის გარდა არავინ
მოგწონდეს? მე, მაგალითად, ადამიანი თუ არ მომეწონა, იმასთან ვერც ვიმეგობრებ.
ყველაფერი მოწონებით იწყება. მთავარია, მოწონება არ გადაიზარდოს სერიოზულ
ურთიერთობაში. ახლა არ მითხრა, რომ შენი ქმრის გარდა არცერთი მამაკაცი არ
მოგწონებია! მსახიობი მაინც... მაგალითად, ჯორჯ ქლუნი. როგორი მამაკაცურია!

- ჯორჯ ქლუნი სხვა საქმეა!

- რატომ? ისიც ხომ მამაკაცია? და თან რეალური! უბრალოდ, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. და
კიდევ, წესით, უნდა გიხაროდეს, თუ შენი ქმარი ან ცოლი სხვებსაც მოსწონთ. ეს იმას
ნიშნავს, რომ კარგი არჩევანი გავაკეთეთ და ამით ჩვენი თვითშეფასების კოეფიციენტიც
უფრო მაღლდება!

- სწორი მსჯელობაა! შენ თავიდანვე მოგეწონა ლევანი? - მკითხა ზურამ.

- კი, მაგრამ თავიდან ორი წელი ვმეგობრობდით.

- რა ვმეგობრობდით? ეს მემეგობრებოდა, მე გამწარებული ვცდილობდი ამის გულის


მოგებას. ანგელოზის სახით რომ იყურება, თქვენ არ იცით, რა მტარვალი იყო! სანამ მანქანა
არ ვიყიდე, იქამდე არ შევუყვარდი! - თქვა ლევანმა სიცილით.

- რა საზიზღარი ხარ! მანქანა რა შუაშია? დაემთხვა უბრალოდ! არ მიყვარდებოდი და რა


მექნა? მიყვარდი, როგორც მეგობარი!
- როგორ გაიცანით ერთმანეთი? - დაინტერესდა სანდრო.

- ორივე ლიკანში ვისვენებდით. ერთხელაც საბილიარდოში ვართ ბიჭები. უცებ სამი გოგო
შემოვიდა სათამაშოდ. ერთ-ერთი ეს იყო. კაბა და თმა სველი ჰქონდა. ვიღაცას დააწყვიტა
ნერვები და იმასაც აუზში გადაუსროლია! - დაიწყო მოყოლა ლევანმა.

- ჰა- ჰა-ჰაა, ვერ იზამდა ამას! - გაიცინა ელენემ.

- რამხელები იყავით? - მკითხა აშარაშკამ.

- მე ცხრამეტი წლის ვიყავი, ლევანი ოცის. - ვუპასუხე და მოყოლა გავაგრძელე:

- გამოსაცვლელად დამეზარა სასტუმროში დაბრუნება და იმიტომ ვიყავი სველი. იქ ოთხი


თუ ხუთი პარტია ვითამაშეთ ერთად. თბილისში რომ წამოვედი, ლევანი მირეკავდა და
ყოველდღე უნივერსიტეტში მაკითხავდა. ზამთარში იჯდა ხოლმე გარეთ, სკამზე და
გაყინული მელოდებოდა.

- თან რისი გულისთვის? გაჩერებამდე რომ მიმეცილებინა! რამდენი ტანჯვა მაქვს


გადატანილი, ბიჭო. ვინც მოეწონებოდა, მე მიყვებოდა ხოლმე. თან მეკითხებოდა, რა
ვქნაო... იმდენი ცოდვა ადევს ჩემი...

- მერე როგორ შეგიყვარდა? - მკითხა ზურამ.

- კაფეში ვისხედით. წვიმდა. ვუყურებდი და წამიერად გავაცნობიერე, რომ რასაც ამდენი


ხნის მანძილზე ვეძებდი, თურმე სულ ჩემს გვერდით ყოფილა! გულში უცებ ნაპერწკალი
ამენთო. მერე ოთხი წელი შეყვარებულები ვიყავით. აი, ასე! - დავასრულე მოყოლა და
ხასიათზე მოვედი. მგონი, ეჭვებმაც გამიარა.

- მაინც ვერ წარმომიდგენია, რომ არ ეჭვიანობ! ყველა ცოლი ეჭვიანობს! - თავისას არ


იშლიდა აშარაშკა.

- არ ვარ ეჭვიანი და რა ვქნა? ძალით ხომ არ ვიეჭვიანებ?

- საბაბი არ მოუცია ალბათ შენს ქმარს და იმიტომ!

- ეჭვიანობას საბაბი არ სჭირდება! ეჭვიანი ადამიანი ისედაც გამოძებნის საბაბს! - არანაირი


შანსი აღარ დავუტოვე აშარაშკას.

- შენ ჩემნაირი ქმარი არ გყოლია და იმიტომ! - მითხრა ელენემ.


- ჩემთვის რომ დაგეჯერებინა თავის დროზე, არც შენ გეყოლებოდა! - ვუთხარი ჩემს
ბიძაშვილს.

აშარაშკას ზოგად დისკუსიაზე რომ გამოელია აზრი, კონკრეტიკაზე გადავიდა და


რაღაცეების გახსენება დაიწყო.

- ამას წინათ, ბავშვი რომ წავიყვანე სურამში და დავბრუნდი, ჩემს სახლში, დივანზე ქალის
თმის სამაგრი ვიპოვნე - სხვა ქალის! ეს ვაჟბატონი კი მიმტკიცებს, რომ ჩემთვის იყიდა.
იდიოტი ვგონივარ, ალბათ... ახლა მითხარით, ასეთ სიტუაციაში არ უნდა მეეჭვიანა?

- როგორი თმის სამაგრი იყო? - ვკითხე შეშფოთებულმა.

- სვაროვსკისთვლებიანი. რა მნიშვნელობა აქვს?

ძალიან ცუდად გავხდი. ეს თმის სამაგრი მაშინ დავკარგე, როცა მთვრალს სართული
შემეშალა... როგორც მაშინ სანდრომ მითხრა, სახლამდე მიმაცილა და კარი გამიღო. მაგრამ,
თუ მის სახლში არ შევსულვარ, მაშინ როგორ აღმოჩნდა ჩემი თმის სამაგრი მათ დივანზე?..

- უნდა გეეჭვიანა! - ვუპასუხე მაკას და სანდროს შევხედე. ჩემს მზერას თავი აარიდა. ცოტა
ხანი კიდევ ვიჯექი მაგიდასთან. მერე რაღაც მოვიმიზეზე და სიტუაციას გამოვერიდე.

სახლის მეორე მხარეს გავედი და პირდაპირ ბალახზე დავჯექი. თვალები დავხუჭე და


ვეცადე, ის ქაოსი, რაც ახლა ჩემს თავში ტრიალებდა, მეხსიერების უკანა ნაწილში გამეშვა.
ვიჯექი ასე კარგა ხანს... სიმშვიდეს მარტო კალიების ხმაური არღვევდა. მე კიდევ ფიქრიც
აღარ მინდოდა.

ცოტა ხნის მერე ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა ვიღაც უკნიდან. თვალი გავახილე და
მივიხედე. სანდრო იყო... უცებ ის სიზმარი გამახსენდა, ადრე რომ ვნახე და შევცბი.
საკუთარი გულისცემის ხმამ კალიების ხმაური გადაფარა.

სანდრო ჩემს გვერდით ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და დაბალი ხმით წარმოთქვა ჩემი
სახელი.

- რომელიც ბერძნულად "ღვთაებას" ნიშნავს, ინგლისურად კი - "ჩაის".

11:21 / 20-08-2012

- თეა! - დაბალი ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი სანდრომ და სიგარეტს მოუკიდა. მე


მის გვერდით ვიჯექი და ჩემს ფეხებთან, ბალახებზე მჯდომ ორ კალიას
მივჩერებოდი, რომლებიც გამრავლების პროცესით იყვნენ დაკავებულნი.
რა სიმბოლურია... როგორ სასაცილოდ და უცნაურად დაემთხვევა ხოლმე
რაღაცეები. ხანდახან ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მაღლიდან ვიღაც
გამუდმებით მეკაიფება...

სანდროს გავხედე. ისიც კალიებს უყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ გულში ქმრის
ღალატი არ გამივლია, მაინც ვნერვიულობდი. ძალიან მთვრალი ვიყავი... სულ
მეშინოდა, ნაღალატევი არ აღმოვჩნდე-მეთქი. ახლა იმის უფრო მეშინია, რომ ჩემი
ქმარი არ აღმოჩნდეს ნაღალატევი. საშინლად არ მოუხდება რქები...

- მოწევ? - მკითხა სანდრომ და სიგარეტი გამომიწოდა.

- მე არ ვეწევი! - ვუპასუხე და სიმართლის მოსასმენად მოვემზადე.

- იცი, გამიხარდა, მეორე დღეს რომ ჩამოხვედი და მითხარი, არაფერი მახსოვსო...


მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ მომეხადა ბოდიში ჩემი საქციელისთვის...

- მაშინ ხომ მითხარი, რომ არ შემოვსულვარ შენს სახლში?

- ჰო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო!..

თავი მუხლებში ჩავრგე. მირჩევნია, მეხი დამეცეს და ის არ გავიგო, რაზეც ახლა


ვფიქრობ და რასაც კალიები წარმატებით ახორციელებენ.

- სანამ მე ფანარს ვეძებდი, შენ დივანზე ჩამოჯექი. თავბრუ მეხვევაო, მითხარი. მე


წყალი მოგიტანე და გვერდით მოგიჯექი...

სანდრომ პაუზა გააკეთა და ნაფაზი დაარტყა.

- მერე? - საცოდავად ამოვიკნავლე.

- წყალი დალიე და თქვი, გული მერევაო...

- ეგ დეტალები გამოტოვე და მითხარი ბოლოს და ბოლოს, რა გავაკეთე! -


მოთმინების ფიალა ამევსო და კალიებს ფეხი გავკარი.

- რა გააკეთე?
- ბუნებრივ პროცესში ჩავერიე...

- არა, ახლა კი არა. მაშინდელზე ვთქვი, - რა გააკეთე-მეთქი...

- უფრო სწორად, შენი ბოლო სიტყვები გავიმეორე... მოკლედ, მაშინ შენ არაფერი
გაგიკეთებია, - მე გავაკეთე! - ჩემი მეზობელი ასეთი დაბნეული არასოდეს მინახავს.

- რა არ გავაკეთე? უფრო სწორად, შენ რა გააკეთე?

- გაკოცე! - როგორც იქნა, ამოღერღა და ისევ ნაფაზი დაარტყა.

- მაკოცე???

- ჰო! შენ წინააღმდეგობა გამიწიე და ალბათ, მაგ დროს მოგძვრა თმის სამაგრი... მერე
იმ სიბნელეში გიჟივით გავარდი სადარბაზოში და დენის მრიცხველების შკაფი როა,
იმას მიარტყი თავი.

- ღმერთო ჩემო! - ვთქვი და დავფიქრდი. - ე.ი. ლევანი ურქოა. მე სიმპათიურმა


მეზობელმა მაკოცა და არ მახსოვს, რადგან თავი დავარტყი! - ნამდვილი
ბრაზილიური სერიალია. ისე, ახია ჩემზე! - "მენშე ნადა პიც"! რადგან ღალატს და
ტვინის შერყევას გადავურჩი, პირობას დავდებ, რომ აღარასოდეს დავლევ იმდენს.

- ვიცი, რასაც მეტყვი! არაკაცი ხარო... და მართალიც იქნები!

სანდროს შევხედე. ძალიან დაღონებული იყო.

- ძალიან მომწონხარ და რა ვქნა? ყოველდღე მარტო იმიტომ მიხაროდა სამსახურში


წასვლა, რომ ლიფტში შეიძლებოდა, შენ შეგხვედროდი. მილების გამოცვლაც შენს
გამო გადავწყვიტე! ვიცი, სულელი ვარ, მაგრამ, უბრალოდ, მინდოდა ცოტათი მაინც
ახლოს მოვსულიყავი შენთან... თავი დამნაშავედ არ იგრძნო ამის გამო, გთხოვ!
ყველაფერი ჩვენს შორის დარჩება და ვერავინ გაიგებს, ხომ? ეს ერთადერთი რაღაც
იქნება, რაც შენთან დამაკავშირებს...

- ეს რომ ჩემს ქმარს ვუთხრა, მინიმუმ, შენი ოჯახი დაინგრევა! - ვუპასუხე და ღრმად
ამოვისუნთქე. სანდრომ გამიღიმა და სიგარეტი მიწაზე დაასრისა.
- ახლა დავბრუნდები, სანამ მაკამ რამე იეჭვა. - თქვა და ფეხზე წამოდგა. მე ცოტა
ხნით კიდევ დავრჩი. მართალია, ჩემი ბრალი არ იყო, რაც მოხდა, მაგრამ მაინც
რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, დანაშაულის.

სუფრასთან რომ დავბრუნდი, გოგოები უკვე მაგიდას ალაგებდნენ.

- სად იყავი? მიდი რა, საწოლები გაშალე! - მითხრა ელენემ.

- ლევანი სად არის?

- შენთან არ წამოვიდა? მე მეგონა, ერთად იყავით სადმე... - დაიბნა ელენე.

- კაი, მოვძებნი! - ვუპასუხე და სახლში შევედი. ლევანი არსად ჩანდა. ყველა ოთახი
დავიარე, ბოლოს ტუალეტისკენ წავედი. უცებ მისი ხმა გავიგონე. ვიღაცას დაბალი
ხმით ელაპარაკებოდა ტელეფონზე. მიკაკუნება დავაპირე, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა.
- "ვის ელაპარაკება ასე გვიან?.. თან ტუალეტიდან". კარებთან შევჩერდი.

- მიხარია, რომ უკეთ ხარ! მაგრამ ჯობია, საერთოდ გავწყვიტოთ ყველანაირი


ურთიერთობა. არ გამოვა ჩვენი მეგობრობა. ორივე თავს ვიტყუებთ და ამით
ჭრილობას ვაწვალებთ. ეს ურთიერთობა დასაწყისშივე განწირული იყო და ეს შენც
ძალიან კარგად იცი!

თითქოს ვიღაცამ გულში დანა ჩამარტყა. ფეხები მომეკეცა და აკანკალებული კართან


ჩავიკეცე. ჩემმა ქმარმა საუბარი გააგრძელა:

- ვიცი, რომ ძალიან გიჭირს! მეც ძალიან ცუდად ვარ... ორმაგად ცუდად. ორ ცეცხლს
შუა ვიწვი. ძალიან განვიცდი იმის გამო, რომ ჩემს ცოლს დავუმალე ყველაფერი.
ძალიან ცუდია, რომ ორივეს დაგვემართა ის, რაც დაგვემართა (პაუზა). მას მერე, რაც
ცოლთან დავალაგე ურთიერთობა, უკეთ ვარ!

მეტი ვეღარ გავძელი და დაბლა ჩამოვედი. როგორღაც სამზარეულომდე მივაღწიე


და ავღრიალდი. არ მახსოვს, როგორ შემომეხვია გარშემო ყველა.

- რა მოხდა?.. ვინ მოკვდა? - მეცა შეშინებული ელენე. ხმაურზე ლევანიც გამოვიდა


და რომ დამინახა, კართან შეჩერდა. ისე შევხედე, რომ მიხვდა, რაშიც იყო საქმე.

- რა ხდება, ხალხო? გამაგებინეთ... - ქეთი დაბნეული მიაჩერდა ჩემს ქმარს.


- ლევან, ხომ მშვიდობაა? - ახლა ზურამ ჰკითხა.

- ლევანმა მიღალატა! - ძლივს ამოვთქვი და ელენეს ჩავეკარი. საკუთარმა სიტყვებმა


ბოლომდე გამანადგურა.

- რეებს როშავ, გოგო! - მითხრა ელენემ. სანდრო გაშტერებული იდგა და არ იცოდა,


რა ექნა. ჩემმა ქმარმა ჩემთან დალაპარაკება სცადა, მაგრამ მისი მოსმენა კი არა,
დანახვაც აღარ მინდოდა! - ყველაფერს წარმოვიდგენდი, ამის გარდა! მიუხედავად
ჩემი ეჭვებისა, არ მეგონა, რომ სხვა ქალთან ექნებოდა ურთიერთობა.

ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რაც კი აქამდე განმიცდია! ენითაუწერელი ტკივილი...


- მე ნაღალატევი ვარ! მეე, მე ვარ ნაღალატევი! თავზე რქები მადგას, ლოსივით...
ღმერთო ჩემო! ამაზე საშინელება რა უნდა მომხდარიყო?..

თან, ამდენ ხალხში შევრცხვი... ყველა სიბრალულით მიყურებს. ყველას ვეცოდები...

- შენც ასე გეტკინა გული, ელენეე? - ვკითხე სლუკუნით ჩემს ბიძაშვილს, ბავშვების
ოთახში რომ შევედით.

- უნდა გამაგრდე!!! ყველაფერი გაირკვევა! მე ვიცი, რომ ლევანს ძალიან უყვარხარ! -


ეს შენც იცი და ყველამ იცის! ხვალ ყველაფერს აგიხსნის! დარწმუნებული ვარ, არ
უღალატია! რაღაც გაუგებრობაა! ალბათ, ფლირტი ჰქონდა ვინმესთან...

- ნეტა მოგესმინა, როგორ ელაპარაკებოდა...

- როგორ?

- თბილად... ადრე მე მელაპარაკებოდა ხოლმე ეგეთი ხმით... - ვთქვი და ისევ


ამომიჯდა გული.

- ყველა კაცი ერთნაირია რაა! - თქვა ქეთიმ.

- თქვენ წადით, დაიძინეთ... მე ვიქნები ასე... - ვთქვი ტირილით.

- რას ამბობ, ასე დაგტოვებ? - გააპროტესტა ელენემ.


- აჰა, ვალერიანის წვეთები გაგიხსენი წყალში და დალიე! - დაგამშვიდებს! -
შემოვიდა ოთახში მაკა.

- არ შეიძლება კაცის უყურადღებოდ დატოვება, არა! - თქვა და ჭიქა პირთან


მომიტანა.

- გახსოვს, შენ რა მითხარი?.. - "ესეც გაივლისო"! მაშინ ძალიან მიშველა მაგ


სიტყვებმა და ახლა შენ გეუბნები: - ესეც გაივლის! - მითხრა ელენემ.

როგორც გოგოებმა მითხრეს, ლევანი გარეთ გავიდა, რომ აზრებს თავი მოუყაროს.
ნიკა, ზურა და სანდრო ნიკას მანქანით წავიდნენ. მალე გათენდება. გოგოები
თითქმის ძალით გავყარე დასაძინებლად და ჩემს შვილებს გვერდით მივუწექი.
ვუყურებდი, როგორ ეძინათ და ჩემთვის გავიფიქრე - ნუთუ ჩემი ოჯახი დაინგრა?
ჩემი პატარა, საყვარელი ოჯახი...

თვალები დავხუჭე და ვეცადე წარმომედგინა ჩემი ცხოვრება ლევანის გარეშე. - ვერ


შევძელი! ეს იგივეა, რომ ნახევარი მხარე ჩამოგაჭრან და წაიღონ. - ნეტა ვინ არის ის
გოგო? როგორია? სად გაიცნო ლევანმა და რა მოხდა მათ შორის?..

ხვალ ყველა გაიგებს. ჩემი და ლევანის მშობლები... ეს ნამდვილი კატასტროფა


იქნება! მთელი ჩვენი სანათესაო, ნაცნობ-მეგობრები, ყველა აღნიშნავს ხოლმე, რომ
ძალიან საყვარელი წყვილი ვართ... ვიყავით!

როგორ უნდა შევეგუო ჩვენზე წარსულის ფორმაში ლაპარაკს?.. ვის გავაღვიძებ


ყოველ დილით ყავით და ვინ მაკოცებს სამსახურში წასვლის წინ?.. ვინ დამიყრის
გასარეცხ ტანსაცმელს ყველგან, კვატის გარდა?.. ნუთუ სულ ეს იყო?..

სუფრაზე რომ თქვა ლევანმა, რამდენი ტანჯვა მაქვს გადატანილი ამის გამოო, ახლა
ჩემი ჯერი დადგა? ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ბალანსდება?.. ნეტა რამდენი ხანი
ჰქონდათ ურთიერთობა და როდის გაწყვიტეს... ალბათ მაშინ, საშინელებები რომ
მითხრა და მე რომ ტყეში გავიქეცი.

ვითომ ჩემზე ზრუნავდა და სინამდვილეში ვიღაცასთან ჰქონდა რაღაც. ვინ იცის,


რამდენჯერ გაუგზავნია იმისთვის ესემესი, როცა მის გვერდით მეძინა... ეს
ყველაფერი როგორ უნდა გადავხარშო თავში? - ჯობია, არ ვიფიქრო ამაზე, სანამ არ
გავიგებ, რა მოხდა სინამდვილეში! ჯობია...

მეზობლის მამალმა იყივლა. მე კიდევ სახე ცრემლებისაგან დასველებულ ბალიშში


ჩავრგე და რამდენიმეჯერ გავიმეორე:

- ესეც გაივლის! ესეც გაივლის! ესეც გაივლის... ესეც... გაივლიის............

თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც არაფერი დამიწერია. ვერ ვწერდი... ამ ერთი თვის
განმავლობაში იმდენი უცნაური რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემი შეხედულება ბევრ
საკითხზე და კონკრეტულად ღალატზე, ძირეულად შეცვალა.

ახლა, "ნაღალატევის" პოზიციიდან ვხვდები, რომ თურმე, აქამდე ღალატზე მხოლოდ


ბუნდოვანი წარმოდგენა მქონია: - "ნაძირალა" ქმარი, "ჩათლახი" საყვარელი და მე...
"არასრულფასოვანი"... მივხვდი, რომ ადამიანი არაა მონოგამი და მიუხედავად
სიყვარულისა, შეიძლება საკუთარ სიხშირესთან შეხვედრისას თავი დაკარგოს. მე ძალიან
ბევრი რამ გადამხდა და ძალიან ბევრი ფიქრი დამჭირდა, რომ ჩავწვდომოდი ღალატის
ანატომიას.

რა კარგი იქნებოდა, იმ რჩევების გამოყენება შემძლებოდა, რომლებსაც სხვებს ვაძლევდი


ხოლმე. რა იოლად ვურჩიე ელენეს, ყველაფერი ფეხებზე დაეკიდა. რა სხვანაირად ჩანს
ყველაფერი, როდესაც საკუთარ თავზე გამოსცდი ღალატის სიმწარეს.. ახლა, ამ
გადმოსახედიდან ვუბრუნდები იმ მოვლენებს და ვეცდები ისე მოგიყვეთ, როგორც ახლა
აღვიქვამ.

ის ღამე, როდესაც ლევანის საუბარი მოვისმინე, ყველაზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში.
სტრესისგან გამოწვეულმა პირველმა ტალღამ მთლიანად მომიცვა. ვიწექი და ვგრძნობდი,
როგორ ვიშლებოდი პატარ-პატარა ნაწილაკებად. მთლიანად ტკივილში ვიყავი ჩაძირული.
თითქოს სუნთქვაც მიჭირდა. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვერ შევძელი ხვალინდელი დღის
წარმოდგენა. თითქოს ყველაფერი დამთავრდა! - მე დავმთავრდი!

რამოდენიმე საათის მერე მთლიანად დავცარიელდი. ვეღარც ტკივილს ვგრძნობდი და


ვეღარც სხვა რამეს. თავში ჩვენი ურთიერთობის ბოლო პერიოდის სურათები მიტრიალებდა:

აი, მოვდივარ მაღაზიიდან, ორივე ხელში პარკები მიჭირავს. ნეკა თითები


გამოვანთავისუფლე, რომ ჩემს ორ შვილს როგორმე ხელი მოვკიდო. ერთი ერთ მხარეს
გარბის, მეორე მეორე მხარეს...

მაცივარზე, მაგნიტის ქვეშ მიკრულ ფურცელზე ჩამოწერილია, რა მაქვს გასაკეთებელი და


"პლუსებს" ვუსვამ.
სადილს ვაკეთებ, ვრეცხავ, ვალაგებ და ცალი ყური და თვალი ბავშვებისკენ მაქვს... მათთან
თამაშსაც ვასწრებ! ბოლო "პლუსი" და დღის მისია შესრულებულია! საღამოს ლევანი მოდის
სამსახურიდან. კარის გაღების წინ სარკეში ვიხედები, რომ თმა მაინც შევისწორო... მერე
ვავახშმებ. ვალაგებ-ვრეცხავ.

ბავშვებს ვაძინებ და ასე მგონია, მალე საკუთარი სხეული პროტესტს გამომიცხადებს...


ლევანთან ორი სიტყვით შემოვიფარგლები. აღარც ის ცდილობს მეტს. კომპიუტერთან ზის
და მეორე დღისთვის წერს რაღაცას, ან საიტებს ათვალიერებს და ტექნიკის სიახლეებს
ეცნობა.

როგორია მისი თვალით დანახული ცოლი? როგორი და ყურებამდე "კვატში"


ჩაყუდებული... ღმერთო ჩემო! - ამ ყველაფრის მერე არ არის გასაკვირი, რომ ვიღაც სხვასთან
ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდეს... ვიღაც მოგეწონოს, რომლის ფონზეც ცოლის
უმნიშვნელო ნაკლიც დიდად მოგეჩვენოს და ძალიან გაგაღიზიანოს...

ნეტა რამდენჯერ დამიბრმავებია და დამიყრუებია თავი? პრობლემის დანახვა რომ არ


მინდოდა... რისი დანახვაც არ გვინდა, იმას ვერ ვხედავთ. ამიტომ ადვილია, ყველაფერი
ქმრის საყვარელს გადააბრალო, რომელმაც საჭირო დროს, საჭირო ადგილას გამოკრა ხელი
დატენილი თოფის ჩახმახს, რომელიც ადრე თუ გვიან, მაინც გაისვრიდა...

ტუალეტში გავედი. ლევანს მობილური იქ დარჩენია. შემომავალი ზარი ვნახე. - მაგდა


ბარათელი... ოჰ, როგორ მეტკინა ეს სახელიც... რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვიდექი
ასე და დავყურებდი მობილურის ეკრანს. მისი ნომერი ჩემს მობილურში გადმოვიწერე. იმ
მომენტში მხოლოდ ემოციები მმართავდა. მესიჯი ავკრიფე:

"არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, შენ რომ გწერ, რადგან ცარიელი ვარ და ფიქრის თავი
აღარ მაქვს. გუშინ ღამით თქვენი საუბარი მოვისმინე... ჩემთვის ლევანის ხმის ტონის
მოსმენაც საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდე, რას გრძნობს შენს მიმართ...

ვიცი, რომ საინტერესო ადამიანი იქნები, რადგან ლევანს მოეწონე... ისიც ვიცი, რომ ეს
მესიჯი გულზე ძალიან მოგხვდება, მაგრამ იცოდე, შენგან პასუხს არ ველოდები... არ ხარ
ვალდებული, რამე მომწერო. ახლა არაადეკვატური ვარ და საკუთარ საქციელს ანალიზს ვერ
ვუკეთებ! უბრალოდ, მინდა, რომ იცოდე, რომ მე ვიცი... ლევანის ცოლი".

ტუალეტიდან რომ გამოვედი, ლევანი დამხვდა. ალბათ, ხმაური გაიგო. საშინლად


გამოიყურება. ალბათ, მეც...

- არ გინდა, ვილაპარაკოთ?..

- მინდა, მაგრამ შენი დანახვა არ შემიძლია! რომ გიყურებ, ცუდად ვხდები!.. ეს როგორ
გააკეთე... - ვუთხარი და სამზარეულოში ჩავედი. ჯერ ყველას სძინავს. უკან გამომყვა.

- ძალით არაფერი გამიკეთებია!

- კარგი რაა... მაშინ, შემოდგომაზე, საშინელებები რომ მითხარი და ყველაფერი მე


დამაბრალე, სინამდვილეში ჩემი თავიდან მოშორება გინდოდა? გინდოდა, სუფთად
გამოსულიყავი, არა?

- როგორ ვიცოდი, რომ მაგას იფიქრებდი... უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ ის, რაც მაშინ
გავაკეთე, მართლა შენთვის გავაკეთე და სხვა ქალი არაფერ შუაშია! ეგეთი გაფუჭებული
ნამდვილად არ ვარ!..

- ჰო, არ ხარ... წარმომიდგენია, როგორ უნდა შეგყვარებოდა ვიღაც, რომ შენ ეს გადალახე. მე
ხომ კარგად გიცნობ! მე რომ მეძინა, ალბათ, იმას სწერდი ან ელაპარაკებოდი...
ლევანმა თავი ჩაღუნა.

მაგიდასთან დავჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. სტრესის შემდეგ საფეხურზე გადავედი,


სიბრაზე დამეუფლა. ეს ის ეტაპია, რომელსაც ძალიან ბევრი "ნაღალატევი" ქალი ვერ ლახავს
და ქმრის საყვარელს თმით ითრევს, სახეს უკაწრავს, ან ცდილობს, მთელ ქვეყანას
გააგებინოს, რომ იმ ქალმა ოჯახი დაუნგრია! რომ ყველაფერში ისაა დამნაშავე...

მიუხედავად იმისა, რომ მე ვერასოდეს მიუვარდები სხვას, ვერც თმით ვითრევ და ვერც
გამოვლანძღავ, მესმის იმ ქალების, რადგან ბუნებრივად, თავისით გიჩნდება სურვილი, რომ
ვინც შენ ძალიან გატკინა, იმასაც ისევე ეტკინოს, დაისაჯოს... ამ დროს ძნელია ობიექტური
იყო, რადგან ტკივილი გადაწონის გონებას.

- ყველაფერი მომიყევი! რა აქვს ისეთი, რაც მე არ მაქვს? მაინტერესებს, რაში გამცვალე!

- მე შენ არავისში არ გამიცვლიხარ! არასოდეს! შენ ჩემს ცხოვრებაში შენი ადგილი გაქვს,
რომელსაც ვერასოდეს ვერავინ დაიკავებს... ისე გაიმარჯვე ბრძოლაში, რომ მონაწილეობაც
კი არ მიგიღია!

- სად გაიცანი?

- ჩემთან, სააგენტოში მოვიდა. მერე, გარკვეული პერიოდი, ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით


ერთმანეთს საქმეზე. მერე "ფეისბუქზე" დამიმატა... არ ვიცი, როგორ... ნელ-ნელა
სამსახურებრივი საუბარი საინტერესო თემებმა ჩაანაცვლა. ერთი სიტყვით, ხვდებოდა, რისი
თქმაც მინდოდა ხოლმე. ვლაპარაკობდით ყველაფერზე! ყველა თემაზე...

- რაზეც ჩემთან ვეღარ ლაპარაკობდი, ხომ? - ვკითხე და ცრემლები წამომივიდა.


- მოკლედ, მე რომ ქალი ვყოფილიყავი, ალბათ, იმისნაირი ვიქნებოდი!

- შენს სიხშირეზეა! - ვუთხარი ლევანს და თითქოს მეორედ ჩამცა ვიღაცამ გულში დანა.

- ჰო, ჩემს სიხშირეზეა! - მიპასუხა და ახლა მან ამოიოხრა.

- დიდი ხანია, ხვდები?...

- მხოლოდ ერთხელ შევხვდი! სამსახურის გარეთ... ფიზიკურად არც შევხებივარ! კაფეში


შევხვდით ერთმანეთს და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით...

- მე სად ვიყავი?

- ყაზბეგში!

- მერე?

- მეორე დღეს ურთიერთობა გავწყვიტე მასთან. მივწერე, რომ ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს და
უნდა დავალაგო ურთიერთობა... მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, რომ ისევ
ვწერდით ერთმანეთს. პირველად ჩემს ცხოვრებაში, არ მინდოდა ფიქრი რაღაცაზე. ორივემ
ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ ექნებოდა, დასაწყისშივე
ვიცოდით, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდით. მინდოდა მიმეწერა და ვწერდი...

- მე როდიდან აღარ გიყვარდი?

- შენ მიყვარხარ ჩვენი გაცნობის პირველივე დღიდან! რომ აღარ მყვარებოდი, დამიჯერე,
ადვილად დავამთავრებდი შენთან ყველაფერს და წავიდოდი. მორალის და
პასუხისმგებლობის გრძნობის გამო არ გამიწყვეტია ურთიერთობა.

უბრალოდ, მასთან რომ წავიდე, ბედნიერი ვერ ვიქნები, იმიტომ, რომ შენ ყოველთვის
იდგები ჩვენს შორის... ყოველ წუთს, ყოველ წამს შენ გამახსენდები და დავიტანჯები!
ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ, თურმე შესაძლებელი ყოფილა ორი ადამიანის
ერთდროულად შეყვარება!

- ლევან, შეიძლება ვიღაც გიყვარდეს და სხვაც მოგწონდეს, მაგრამ თუ მეორე ადამიანი


შეგიყვარდა, ეს იმიტომ მოხდა, რომ პირველთან კოცონი ქრება.

არ შეიძლება ერთდროულად ორივე მხარეს ერთნაირად ენთოს ცეცხლი. ერთი თუ


აბრიალდება, მეორე აუცილებლად სულს უნდა ღაფავდეს...
- მართალი ხარ! თავიდან იმის მხარე ენთო ძლიერად, მერე მინელდა და შენი აინთო ორმაგი
ძალით... იმ ტყის მერე ისე შეიცვალე, უფრო სწორად, ისეთი გახდი, როგორიც იყავი,
სიცოცხლით სავსე და ფერადი... პეინთბოლზე ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო!

მერეც... ბავშვივით ბედნიერი ვიყავი... არის რაღაცეები, რაც არ უნდა გაიგოს მეორე
ნახევარმა. შენ ეს არ უნდა გაგეგო!

- მაგრამ, გავიგე! - ვუპასუხე და წამოვდექი.

- ლევან, მე აქ დავრჩები, ბავშვებთან... შენ თბილისში დაბრუნდი. მერე ჩამოვალ და ჩვენი


სახლიდან ავიბარგები... - ამ სიტყვებმა საბოლოოდ გაანადგურა.

- თეა, შენ ჭკვიანი გოგო ხარ! ახლა ერთადერთი იმედი მაქვს, რომ ნაჩქარევ
გადაწყვეტილებას არ მიიღებ და ისევე ჩაუღრმავდები ამ საკითხს, როგორც იცი ხოლმე.
იმედი მაქვს, რომ ღალატის ცნებას პრიმიტიულად არ შეხედავ... ახლა მხოლოდ ეს,
ერთადერთი იმედიღა დამრჩა! ეს იმედი გამაძლებინებს... რადგან არ ვიცი, რა მეშველება
უთქვენოდ! - დაამთავრა ლევანმა სათქმელი და წავიდა.

არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი ვიჯექი ასე... საათს შევხედე. ცხრა ხდებოდა, ელენე, მაკა და
ქეთი რომ ჩამოვიდნენ.

- ვაიმე, როდის ადექი? - მკითხა მაკამ და გვერდით დამიჯდა.

- არ მახსოვს... - ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე.

- შენ კიდე ტირიხარ, გოგო? - მითხრა ელენემ და მომეხვია.

- ლევანი წავიდა!

- რაო, რა გითხრა? - მკითხა ქეთიმ.

- სექსი არ ჰქონიათ, ისე შეუყვარდა!

- რაა? ვაიმე, გავგიჟდი... ე.ი. არ უღალატია?- წამოიძახა ელენემ და სკამზე ჩამოჯდა.

- ერთხელ შეხვდნენ კაფეში, მაგრამ ესეც ღალატია! უყვარს! ეს იმაზე უარესია, ერთჯერადი
სექსი რომ ჰქონოდა ვინმესთან. სწორედ ეს არის ღალატი! - სიკვდილი მინდა!

- ეგღა გაკლია, ვიღაც ბოზანდარას გულისთვის სიკვდილი ინატრო! - მითხრა მაკამ.


- არ იქნება ბოზანდარა, ბოზანდარა არ შეუყვარდებოდა! ლევანი ვერ იტანს ბოზანდარებს!

- შენ ახლა მაგასაც ანგელოზად ნუ გამოიყვან! ცოტა მოდი აზრზე! ერთი ის იყო ანგელოზი,
ჩემს ქმარს ტვინი რომ აურია და მეორე ეს! - თქვა ელენემ და ყავისთვის წყალი დაადგა.

- შენს ქმარს ტვინი იმ ქალის გარეშეც არეული ჰქონდა! რაღაცის გაკეთება თუ არ გინდა, არ
გააკეთებ და მორჩა! ადამიანები იმითი განვსხვავდებით ცხოველებისაგან, რომ ემოციების
გროვა არ ვართ და ფიქრი მოგვეთხოვება...

- ნეტა ვინ არის... - დაფიქრდა ქეთი.

- მე ვიცი, ვინც არის! ეგ ქალი მონადირეა! - დარწმუნებით თქვა მაკამ.

- რას ამბობ? რაზე ნადირობს?.. - დაიბნა ქეთი.

- კაცებზე!

- უფ, შენ რა გითხარი, მაკა! მე მეგონა, პროფესიას გულისხმობდი... - გაეცინა ქეთის.

- ეგ ქალი სანადიროდ არის გამოსული! გეუბნებით მე თქვენ! - მუშტი დაჰკრა მაგიდაზე


მაკამ.

- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის? გინდა მონადირე დაარქვი, გინდა ოჩოპინტრე! მთავარი
ისაა, რაც მოხდა! - ვთქვი და ელენეს ყავის ჭიქა გამოვართვი.

- რას აპირებ? - მკითხა ელენემ.

- იმ სახლიდან წამოვალ! არ შემიძლია... წეღან, ლევანს რომ ვუყურებდი, სულ იმ ქალზე


ვფიქრობდი... წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ყველაფერთან ერთად.
გამუდმებით გამახსენდება. რაღაც რომ გაიბზარება, ის აღარ გამთელდება, ხომ იცი...

- ჩემთან წამოდი! ბავშვებიც გაერთობიან და შენც მარტო არ იქნები! - შემომთავაზა ელენემ.

- სკოლაში ვერ ვატარებ ბავშვს იმ სიშორეზე. რაღაცას მოვიფიქრებ! სადმე იქვე ვიქირავებ
ბინას დროებით...

- მე, შენს ადგილზე, იმ ქალს ვნახავდი და ერთი კარგად ვითრევდი თმებით! - მითხრა მაკამ.

- მე არ შემიძლია ეგეთი რაღაცეები, მაკა. ჩემს ხასიათს არ შეესაბამება. რაც მოხდა, ალბათ,
ასე იყო საჭირო... ესეც გამოცდაა... თეორიულად, ეს ყველაფერი უნდა გადავლახო და რაღაც
ვისწავლო...

- რა საყვარელი ხარ, შენს თავს რომ ამხნევებ! - მითხრა ქეთიმ და მაკოცა.

კიდევ კარგი, მეგობრებთან ერთად ვარ, რა მეშველებოდა, არ ვიცი... ბავშვებმაც გაიღვიძეს.


ქეთი და მაკა წავიდნენ, ელენე დარჩა. დღეს დედაჩემი ამოვა. ბავშვებს მიხედავს, თორემ ისე
ვარ გამოფიტული, განძრევის თავიც კი არ მაქვს. საწყალი დედაჩემი, გული გაუსკდება, რომ
გაიგებს...

კიდევ ერთი საფეხურით "დავწინაურდი" - ეს უკვე დეპრესიაა! მხოლოდ წოლა და ტირილი


მინდა.

პირი ცივი წყლით დავიბანე. სარკიდან "ნაღალატევი" ორეული მიყურებს. ნუთუ ამ


სტატუსს მივეჩვევი ოდესმე? ნუთუ შევძლებ, რომ კიდევ დავწერო რამე? ახლა მგონია, რომ
ვეღარაფერს შევძლებ... უუნარო გავხდი...

ოთახიდან ყრუდ ჩემი მობილურის წკრიალი გაისმა. მესიჯი მომივიდა...

"მერჩივნა, გაგელანძღე, თმებით გეთრიე, ოღონდ ასეთი ფორმით არ მოგეწერა. მართალი


ხარ, გულზე ძალიან მომხვდა შენი მესიჯი. რაზეც სხვებს ყოველთვის ვეჩხუბებოდი,
სწორედ ის დამემართა.

ეს ურთიერთობა დასაწყისშივე განწირული იყო. ვიცი, რომ ძალიან ცუდად ხარ. შენს
ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ამის გაგებას, მერჩივნა, რომ ჩემს ქმარს ერთჯერადი სექსი
ჰქონოდა ვინმესთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავარი თქვენ ხართ.

მთავარი ისაა, რაც შექმენით. მე ზედმეტი ვარ და ეს ყველაფერი, რაც ჩემსა და ლევანს შორის
მოხდა, არ არის მიზეზი, რომ ოჯახი დაინგრეს. იმედი მაქვს, რასაც გწერ, სიტყვების უაზრო
რახარუხად არ მიიღებ. თუ გინდა, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ."

ამ მესიჯის წაკითხვის შემდეგ ძალიან უცნაური შეგრძნება დამეუფლა. თითქოს ჩემთვის


აკრძალულ რაღაცას შევეხე... რაღაც მნიშვნელოვანს, რაც შეიძლებოდა არასოდეს გამეგო;
გაგრძელებულიყო ჩემი და ლევანის ურთიერთობა ჩვეულ რიტმში. ლევანს ექნებოდა იმის
განცდა, რომ რაღაც "გამაზა".

რეალურად, ყველაზე დიდ ტკივილს შეწყვეტილი ურთიერთობები ტოვებს. ტოვებს დიდ


ემოციას და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. მეუღლესთან ცხოვრების რთულ მომენტებში
სწორედ ეს შეწყვეტილი ურთიერთობები გვახსენდება და ვფიქრობთ, როგორი იქნებოდა
ჩვენი ცხოვრება, თუ ის ურთიერთობა გაგრძელდებოდა და განხორციელდებოდა.
გულისწყვეტას და სინანულს ვგრძნობთ, ვფიქრობთ, რომ სხვა არჩევანი რომ გაგვეკეთებინა,
უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. თუმცა იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებთ, რომ, როგორც
უმეტეს შემთხვევაში ხდება, ოდესღაც ის ურთიერთობაც დაკარგავდა ფერს,
გაჩვეულებრივდებოდა.

ახლა იმიტომ არის ასეთი ძლიერი, რომ განელება არ დასცალდა და უბრალოდ, შეწყდა.
ალბათ, სწორედ ამიტომაც არ გვავიწყდება არავის ჩვენი პირველი სიყვარული, რადგან არ
შედგა, არ გაგრძელდა.

განვითარება ვერ ჰპოვა და უკმარისობის განცდა დაგვიტოვა. ჩვენ კი თავს ვიმშვიდებთ


იმაზე ფიქრით, რომ სადღაც არის ჩვენი მეორე ნახევარი, ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდით.
რეალურად კი, სავსებით შესაძლებელია, რომ იმასთან გაცილებით უარესი ურთიერთობა
გვქონოდა, ვიდრე ჩვენს არსებულ პარტნიორთან გვაქვს.

ლეპტოპი ჩავრთე და "ფეისბუქზე" მოვძებნე მაგდა. დახურული პროფილი აქვს. მივწერე,


რომ არ ვარ მზად მასთან შესახვედრად. პასუხი მაშინვე მომივიდა. მომწერა, რომ ცოლ-
ქმრის ურთიერთობაში უარესებიც ხდება.

შესადარებლად ვიღაცის მაგალითი მომიყვანა, როგორ გაიგო ცოლმა, რომ თურმე, მის ქმარს
რამოდენიმე წლის განმავლობაში საყვარელი ჰყოლია. მესმის მისი. ცდილობს, სიტუაცია
როგორმე "გამოასწოროს". ალბათ, ყველა საღად მოაზროვნე ქალი იგრძნობდა თავს
დამნაშავედ და გამოსწორებას შეეცდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწერილი ყოველი სიტყვა ახალ ტკივილს მაყენებდა, არ
ვიცი, როგორ... რანაირად... საკუთარი თავი მის ადგილას დავაყენე. მერე ჩემი ქმრის
ადგილას ვეცადე, თავი წარმომედგინა. რამდენადაც მტკივნეული უნდა იყოს, ჩვენ
ადამიანები ვართ და შეიძლება ყველაფერი დაგვემართოს.

ჩემი მთავარი პრინციპი ისაა, რომ ყოველთვის მართალი ვიყო საკუთარ თავთან. არ მინდა,
დიდი დრო გავიდეს და გამახსენდეს, რომ რაღაც მომენტში უსამართლოდ მოვექეცი ვინმეს.
თვალები დავხუჭე და თავი მაგდას ადგილზე წარმოვიდგინე.

წარმოვიდგინე, როგორ მივედი ჩემი ქმრის სამსახურში, ვისაუბრეთ, მომეწონა. მერე


წარმოვიდგინე, როგორ მივწერე, როგორ ვსაუბრობთ საინტერესო თემებზე და ეს მოწონება
ფლირტში გადაიზარდა. ფლირტს მოსდევს ცდუნება, რომელმაც ხანდახან შეიძლება თავი
დაგაკარგინოს.

ლევანი რომ ლევანი არ ყოფილიყო, ასე ძალიან არ მეტკინებოდა. ელენეს მსგავსი ქმარი რომ
მყოლოდა, არც ვინერვიულებდი ამდენს. მე ვიცი ჩემი ქმრის შეხედულება ღალატზე. აქედან
გამომდინარე გამომაქვს დასკვნა, რომ იმდენად ძლიერად შეუყვარდა ეს გოგო, რომ თავი
დაკარგა.

მე ახლა ვზივარ და ვწერ ადამიანს, რომელზეც ჩემს ქმარს უოცნებია... თითქოს, ლევანის
ტყავში ვზივარ და იქიდან ვუყურებ მის მონაწერს. ეს ძალიან უცნაური და მტკივნეული
შეგრძნებაა.

რატომ ვაცნობიერებთ რაღაცეებს ადამიანები მაშინ, როცა ვკარგავთ? რატომ ხდება, რომ
ჯანმრთელობას იქამდე არ ვაფასებთ, სანამ ავად არ გავხდებით?

ალბათ, იმიტომ, რომ არ გვინდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება რაღაც დავკარგოთ, ავად
გავხდეთ. გვგონია, რომ ის, რაც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია, ყოველთვის ჩვენთან იქნება.
თავიდან ვიცილებთ იმაზე ფიქრს, რომ შეიძლება გვიღალატონ, გული გვატკინონ. ამაზე
ფიქრიც კი უსიამოვნო და მტკივნეულია.

ათი წლის განმავლობაში, რასაც ნელ-ნელა ვაშენებდით, რასაც ბევრი მსხვერპლის გაღება
დასჭირდა, ერთ წუთში დაინგრა! ზუსტად ერთ წუთში...

ჩემი შეგრძნებები მაგდას მივწერე... არ მკითხოთ, ასე რატომ ვიქცევი... ასე მსიამოვნებს და
იმიტომ! მე ვიცი, რომ ისიც გულწრფელია ამ წუთებში. შეიძლება ისეთი გულწრფელი,
როგორიც არასოდეს არავისთან ყოფილა... ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ.

კიდევ, ვგრძნობ იმას, რომ რაც უფრო მეტს ვწერთ ერთმანეთს, მით უფრო კლებულობს ჩემი
ტკივილი. აქამდე მაგდა და ლევანი იყვნენ დაკავშირებულები და მე განცალკევებით ვიყავი.
ახლა ჩემსა და მაგდას შორის იბმება ძაფები და ნელ-ნელა, უფრო და უფრო მყარდება.

ისიც გაიხსნა და თავის პირად ცხოვრებაზე მომიყვა. მასაც ჰყავს შვილი. განათხოვარია.
სამაგიეროდ, კარიერაში გაუმართლა. უფრო სწორად, ბევრი იშრომა, რომ გამართლებოდა.
მომწერა, რომ პრობლემა საკუთარ თავთან აქვს. ძალიან განიცდის, რადგან სოციუმის
თვალში იქნება "ქალი, რომელმაც ცოლიან კაცთან ფლირტი გააბა".

მივწერე, რომ მე არ ვადანაშაულებდი იმაში, რაც მოხდა. მივწერე, რომ ყველანი ადამიანები
ვართ და შეიძლება ისეთი რაღაც დაგვემართოს, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით. მან
მეგობრებში დამიმატა და მომწერა, რომ ამ გადაწყვეტილებას სხვები ვერ გაიგებენ და არ
მოეწონებათ, მაგრამ მისთვის ეს ამ წუთებში მეათეხარისხოვანია.

ოთახში ელენე შემოვიდა. ლეპტოპი დავხურე. ახლა ისეთი რამ ხდება, რასაც ვერასოდეს
წარმოვიდგენდი, რასაც ვერასოდეს გაიგებს სხვა, ჩვენ ორის გარდა. ალბათ, ჩვენმა გონებამ
თავად იზრუნა თვითგადარჩენის ინსტინქტზე და შვება ამაში დაინახა... ძალიან უცნაურად
ჟღერს, მაგრამ ასეა.
- აბა, როგორ ხარ?

- ელ, მე მაგდას მივწერე!

- რაა? - ახლა ისე დააჭყიტა ელენემ თვალები, როგორც მე დავაჭყიტე მაშინ, როცა ის თავისი
ქმრის საყვარელზე მიყვებოდა.

- ჰო... მივწერე, რომ ყველაფერი გავიგე და მას არ ვადანაშაულებ.

- გოგო, შენ სულ გაგიჟდი? აბა ვის ადანაშაულებ? ამდენი წლის მანძილზე ყველას შენი და
ლევანის ურთიერთობა მოგვყავდა მაგალითად. თქვენზე მაგარი წყვილი მე ჯერ არ
შემხვედრია. როგორ შეიძლება არ ადანაშაულებდე ქალს, რომელმაც იცოდა, რომ ეს კაცი
ცოლიანია, ორი შვილი ჰყავს და მიუხედავად ამისა, სამარცხვინოდ ეფლირტავებოდა, თავს
აწონებდა...

- მაგაზე, პირველ რიგში, ლევანს უნდა ეფიქრა. ლევანი ბავშვი არ არის. ამხელა კაცია და თუ
არ უნდოდა, ძალით ვერავინ აურევდა ტვინს. მე საქმე ლევანთან მაქვს, რატომ დაუდგა
მესამის საჭიროება. აი, ეს არის აქ მთავარი.

- კი, ლევანი მთავარი დამნაშავეა, მაგრამ არც ის გოგოა უდანაშაულო!

- მე მაგას არ ვამბობ, რომ უდანაშაულოა. დამნაშავეა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და


ის ამას გრძნობს და განიცდის.

- რას გწერს?

- რომ ოჯახი არ უნდა დავანგრიო, რომ ლევანს ვუყვარვარ... აბა, სხვა რა უნდა მომწეროს?

- დაანებე თავი საერთოდ მაგ გოგოს. საიდან იცი, სინამდვილეში როგორია? იქნებ შენ
დაგიმეგობრდეს კიდეც, თავიც კი შეგაცოდოს, მერე ადგეს და ქმარი აგახიოს და შენ იქნებ
გზაც დაულოცო ორივეს!

- "ფეისბუქზე" უკვე დამიმეგობრდა!

- რაა?.. თეა, შენ ახლა შოკში ხარ და არ ხარ ადეკვატური! ასე არავინ იქცევა. არავინ
უმეგობრდება ქალს, რომელმაც ამხელა ტკივილი მიაყენა...

დავფიქრდი. ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მეჩვენება ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება. ახლა


მგონია, რომ რამდენჯერაც ლევანს შევხედავ, იმდენჯერ მაგდა გამახსენდება... თუმცა არ
გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეიძლება დრომ ყველაფერი შეცვალოს, რაღაცეები გამოააშკარაოს.
ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ბოლოს და ბოლოს, ყველაფრის პატიება შეიძლება,
მაგრამ დავიწყება არა! მთავარი ისაა, რამდენად გიღირს შენი საყვარელი ადამიანის
დაკარგვა, რას გააკეთებ შენი სიყვარულის დასაცავად.

ამ მომენტში გავაცნობიერე, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩემი სიტუაციიდან - დროა. დრო


მჭირდება, რომ გავერკვე, რისი დადება შემიძლია სასწორზე; შევძლებ თუ არა, რომ ჩემი
სიყვარული "გავუშვა". ამ წუთებში მთავარი პრობლემა საკუთარ თავთან მაქვს. კიდევ
ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ საკუთარი თავი უკეთ
შევიცნოთ. ვინ ვართ სინამდვილეში?

ვინ ვართ იმ ათასი ნიღბის ქვეშ, რომელსაც გამუდმებით ვატარებთ და სიტუაციის


შესაბამისად ვირგებთ... ვინ ვართ და რა გვინდა...

ცხოვრება გამუდმებით გვასწავლის რაღაცას. გამუდმებით გვასწავლის, რომ ჩვენ, ყველამ


უნდა შევძლოთ პრობლემისთვის თვალის გასწორება, პრობლემებისთვის თვალებში
შეხედვა! რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს იმ მომენტში, გავა დრო და მივხვდებით, რომ
თურმე, ტკივილის გარეშე, ბედნიერება არასრულფასოვანი იქნებოდა; ვერასოდეს
გავიზრდებოდით პიროვნულად; ვერ ვისწავლიდით სირთულეების გადალახვას და
პირველივე წინააღმდეგობისას წავიბორძიკებდით და დავეცემოდით.

თანაც, შეიძლება ისე დავცემულიყავით, რომ წამოდგომა ვერ შეგვძლებოდა. ტკივილის


გარეშე არ იქმნება არაფერი ღირებული. ტკივილი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ჩვენს
ცხოვრებაში და ყველაზე დიდი მასწავლებელი.

ჩემს თავში აზრები ქაოსურად ტრიალებდნენ. მე კიდევ ვცდილობდი, რომ მათი მოძრაობის
სისწრაფეს არ ჩამოვრჩენოდი. ელენეს ლაპარაკი აღარ მესმოდა. საკუთარ ფიქრებში
ჩავიძირე.

ცოლქმრობა არ ხდის პარტნიორებს ერთმანეთის საკუთრებად და რეალურად, ყველას


თანაბარი უფლება აქვს, იბრძოლოს თავისი გრძნობებისათვის.

ეს ჩვეულებრივი კონკურენციაა და არა საკუთრებისათვის ბრძოლა. აქ არ არის უკეთესი და


უარესი. სინამდვილეში, "წაგება" ასეთ "ბრძოლაში" არ ნიშნავს რომელიმე მხარის სისუსტეს.

დამსხვრეული და გაბზარული ურთიერთობების დაწებება, შეკოწიწება, გამთელება უკვე


წინასწარ წაგებული ბრძოლაა. ამიტომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ცოლ-ქმარი. ეს მოცემულობა
უნდა გაქრეს. ახლა ვგრძნობ, რომ მე აღარ ვარ "ნაღალატევი" ცოლი. დღეიდან მე ვარ
შეყვარებული ქალი, რომელსაც უყვარს მამაკაცი და უნდა, რომ მასაც უყვარდეს.
სააბაზანოში შევედი და კარი ჩავკეტე. საკუთარ თავს შევხედე სარკეში და მივხვდი, რომ ამ
წუთებში მზად ვიყავი, ცხოვრების დარტყმა ღირსეულად ამეტანა. მზად ვიყავი,
შევჭიდებოდი წინააღმდეგობებს, რომლებიც წინ მელოდა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი...

გადავწყვიტე, რომ ამისთვის ორივემ რაღაც პერიოდი ცალკე ვიცხოვროთ - იქამდე, სანამ
ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა. მხოლოდ ასე მიხვდება ლევანი, ვინ სჭირდება
სინამდვილეში - მე თუ მაგდა.

მხოლოდ ასე მივხვდები მეც, მიღირს თუ არა ახლიდან დაწყება.

პირველ რიგში, ნორმალური სამსახური უნდა ვიშოვო, ნორმალური შემოსავლით. თუ


აქამდე ვახერხებდი ჟურნალისთვის წერას და სახლიდან ვაგზავნიდი სტატიებს, ახლა
ყოველდღე უნდა ვიარო. კარიერაზე უნდა ვიზრუნო.

სააბაზანოდან გამოვედი და ბაჩოს მიერ გამოგზავნილი ბლანკი გადმოვიწერე მეილიდან,


ჟურნალთან დაკავშირებით რომ გამომიგზავნა. მაშინ უარი ვუთხარი. იმედი მაქვს,
რედაქტორად თუ არა, სხვა თანამდებობაზე მაინც დამნიშნავს...

შევსება დავიწყე. ოჯახური მდგომარეობის გრაფამდე მივედი და შევჩერდი. - გათხოვილის


დაწერა არ მინდა. არც განქორწინებული ვარ ჯერჯერობით. ყველაზე იდეალური იქნებოდა
სტატუსი: გაურკვეველი. გამეცინა.

რომ გამეცინა, გამიხარდა, რადგან ისეთი საცოდავი აღარ ვიყავი... ბლანკს რომ ვავსებდი,
მობილურზე ლევანმა დამირეკა. ვუპასუხე.

- თეა, "ფეისბუქზე" მაგდა რატომ დაიმეგობრე? რა ხდება, გამაგებინე...

11:18 / 31-08-2012

- მაგდას რატომ არ ჰკითხე, რა ხდება? - კითხვა შევუბრუნე ლევანს.


- იმიტომ, რომ მასთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე! რა მისწერე? ფაქტია,
რომ რაღაც მისწერე...

- თუ იმაზე ნერვიულობ, რომ თავი დავიმცირე, დამშვიდდი. არ გამილანძღია -


შევატყე, რომ ლევანმა არ დაიჯერა ჩემი ნათქვამი.

- გადაწყვეტილება ხომ არ შეიცვალე სახლიდან წასვლის შესახებ?..

- პირიქით, უფრო გავამყარე!


- რადგან ასე გადაწყვიტე, მაშინ მე წავალ! შენ და ბავშვები დარჩით. მე გადავალ
ჩემებთან...

- ეგრე აჯობებს! დრო მჭირდება, ლევან. ახლა არ შემიძლია შენთან ერთად


ცხოვრება... ვერ შევძლებ! დრო მინდა, რომ გავერკვე, შევძლებ თუ არა ამ
ტკივილთან ცხოვრებას... ან შევძლებ თუ არა შენს გარეშე ცხოვრებას...

- მესმის... ძალიან ვწუხვარ, ასე რომ მოხდა! მე ძალიან მიყვარხარ! მინდა, რომ ეს
ყოველთვის გახსოვდეს... ძალიან ცუდად ვარ უშენოდ. მგონია, რომ ჟანგბადი
გადამიკეტეს...

- იმის მიმართ რას გრძნობ (სახელის წარმოთქმა გამიჭირდა)? - ლევანი გაჩუმდა.

- მე ვფიქრობ, რომ არც შენ ხარ მზად ჩემთან ურთიერთობის გასაგრძელებლად.


დარწმუნებული ხარ, რომ ჩემთან ყოფნისას ის არ გაგახსენდება?

- მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შენს გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდება,


ვისთანაც არ უნდა ვიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ეჭვი
მეპარება იმაში, რომ მაგდა საერთოდ აღარ გამახსენდება. შენ მართალი ხარ! დრო
ორივეს გვჭირდება! რომ დავფიქრდი, სწორი გადაწყვეტილებაა! რაღაც პერიოდი
აჯობებს, რომ ცალ-ცალკე ვიცხოვროთ...

ყურმილი გავუთიშე და დაბლა ჩავედი. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ნეტავ,


იმდენი ძალა მომცეს ღმერთმა, რომ ბავშვებს მივხედო... თითქოს ენერგიისგან
მთლიანად დაცლილი ვარ. მგონია, რომ კი არ დავდივარ, დავლასლასებ! მადაც
დავკარგე. წეღან ელენემ ძალით ჩამიდო პირში რამოდენიმე ლუკმა და ნაბეღლავით
გადამაყლაპინა.

მსუქანი მაინც ვიყო, წამადგებოდა დიეტა. ელენე ცდილობს, რომ მარტო არ


დამტოვოს ფიქრებთან; ან გამაკონტროლოს, რომ სისულელე არ ჩავიდინო. მე კიდევ
მარტოობა მსიამოვნებს. სოფო და თიკაც წარამარა მირეკავენ. მაკამაც კი დამირეკა,
რამე ხომ არ გჭირდებაო. პიტნა გავახმე და ამოგიტან, პიტნის ჩაი სვი,
დაგამშვიდებსო. - რა მეპიტნისჩაება? ისე, მართლა კეთილი გული ჰქონია,
რომელსაც კარგად ნიღბავს "სტერვას" იმიჯით.
- გოგო, ვიღაც მაჩო გირეკავს! - გამომძახა ელენემ და ჩემი აწკრიალებული
მობილურით ხელში სახლიდან გამოვიდა. მეც მის შესახვედრად გავიქეცი და
ტელეფონი გამოვართვი. ელენე ჩემს წინ გაჩერდა და ცნობისმოყვარე მზერით
მომაჩერდა.

- გისმენ! - ვთქვი და ცოტათი ავღელდი. მგონი, ჩემი სამსახურის ამბავი წყდება.

- რაჭველი თუ იყავი, არ ვიცოდი. ამდენ ხანს ფიქრობდი, შეგევსო თუ არა ბლანკი? -


მითხრა ბაჩომ და გაიცინა.

- არა, უბრალოდ, საჭიროებამ მოიტანა. ძალიან მჭირდება სამსახური. შენ როგორ


ხარ?

- შენი ხმა რომ გავიგე, უკვე კარგად! შენ, დემონების ნამუსზე ამგდებო?

- რავი... ისე რა!

- ისე რა?.. ოო, რადგან ჩემი ხუმრობის მცდელობა დასაწყისშივე არ ჩაკალი, ესე იგი,
რაღაც ცუდი მოხდა! თან ოჯახური მდგომარეობის გრაფაც არ შეგივსია. "ზნაჩიტ", ეს
რაღაც ძალიან პირადულია...

- კარგი, მორჩი მაიმუნობას! მე საქმეზე გირეკავ!

- შენ კი არა, მე გირეკავ საქმეზე, მე... - ისევ გაიცინა. - მოკლედ, ჟურნალის


გამოსაცემად ყველაფერი მზადაა. ერთი-ორი ხელმოწერა და ეგაა! ოღონდ
რედაქტორის თანამდებობა დაკავებულია. უარი რომ მტკიცე, სპონსორმა თავისი
კაცი მოიყვანა. "სტაფიც" შევსებულია. რედაქტორის მოადგილის პოსტი რომ
გაგიძრო, რას იტყვი?

- მაგარი იქნება! მითხარი, როდის მოვიდე?

- შენი ნახვა ყოველთვის გამიხარდება! ხვალ და ზეგ შაბათ-კვირაა, ორშაბათს მოდი.


ხალხს გაიცნობ. თერთმეტისთვის აქ იყავი. გამომცემლობის მისამართი გახსოვს? იმ
ბლანკზეც წერია.

- კი, კი... ვიცი, კაცო, სადაც არის. ორშაბათს მოვალ! დიდი მადლობა, ბაჩო! ძალიან
დამეხმარე...
ელენემ ყურმილის გათიშვა არ დამაცადა.

- ვინ მაჩო, გოგო? სად მიდიხარ ორშაბათს?

- მაჩო იმ ტიპს დავარქვი, ბათუმში რომ იყო სემინარებზე, ბაჩო რომ ჰქვია. დაიცა,
ბარემ გადავაკეთებ სახელს მობილურში...

- რაზე დაგირეკა?

- იმ ჟურნალზე, ადრე რომ მოგიყევი. მგონი, სამსახური ვიშოვე! აზრზე ხარ, რა


მაგარია? ჟურნალის რედაქტორის მოადგილე ვიქნები!

- რომელი ჟურნალის?

- ჯერ არ ვიცი!

- მაგარია, მაგრამ მე შენზე და ლევანზე ვფიქრობ. შენ რომ იქ დაიწყო სიარული, ეგ


ბაჩო თუ მაჩო არ დაგიწყებს ვითომ ჩალიჩს?

- იქაც ჰქონდა მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თუ ფიქრობ, რომ ლევანზე


გამწარებული ფეხებს ავიშვერ, ძალიან ცდები! ახლა ყველაზე ნაკლებად კაცები
მჭირდება! მათ გარეშეც ბედნიერი ვიქნები რაა! მთავარია, საქმეზე გადავიტანო
ყურადღება. მერე ვნახოთ, დრო მჭირდება! დარწმუნებული უნდა ვიყო, შევძლებ თუ
არა ამ ტკივილთან ცხოვრებას...

- ჰო, ალბათ, ეგაა ყველაზე კარგი გამოსავალი. - დამეთანხმა ელენე.

რაღაცნაირად გამოვცოცხლდი. ახლა ყველაზე მეტად ეს მჭირდებოდა!


გადავერთვები საქმეზე, დეპრესიაც ნელ-ნელა გაივლის... იმედია. ყოველ
შემთხვევაში, ოცდაოთხი საათის განმავლობაში მაინც აღარ მექნება სახე ბალიშში
ჩარგული.

"ფეისბუქზე" საშინელი, დეპრესიული სტატუსი მედო. ავდექი და წავშალე. დავწერე,


რომ მგონი, ჩემი კარიერის პერსპექტივა გამოჩნდა. ეს სტატუსი მალევე მაგდამ
"დაალაიქა" და კომენტარიც დამიწერა, ძალიან მიხარია ეს ამბავი და აბა, შენ იცი,
იბრძოლეო. რამდენიმე წუთის შემდეგ ლევანმაც დამიწერა კომენტარი - სამწუხაროა,
ამას აქედან რომ ვიგებ, მაგრამ ხომ იცი, რომ ყველაზე მეტად ეს ამბავი მე
გამიხარდებაო. - აი, ისევ! ისევ ის შეგრძნება გამიჩნდა, რომ ბედისწერა მეხუმრება.

დროდადრო ეჭვები შემიპყრობს. ელენე მართალს ხომ არ მეუბნება? იქნებ არ ღირდა


ამ გოგოსთან დაკავშირება? მაგრამ, როგორც კი ერთ სიტყვას მომწერს, მაშინვე
ყოველგვარი ეჭვი მავიწყდება და გამწარებული ვჩატაობთ. ხან ის გამომიგზავნის
რაღაც კლიპს გასამხნევებლად, ხან მე. და ვართ ასე...

არანორმალურ-უცნაურად. ხანდახან მეჩვენება, რომ მელოდრამის ერთ-ერთი გმირი


ვარ, რომელიც გარედან უყურებს ამ სიტუაციას; ხან პირიქით -
საცოდავი+დეგენერატი. ასეთი არეული არასოდეს ვყოფილვარ. იმედია, დრო
ყველაფერს დაალაგებს - მე დამალაგებს.

მაგდამ მომწერა, რომ მე მისთვის ცალკე ისტორია გავხდი. ეს ყველაფერი კარგი,


მაგრამ რას ვაკეთებ მე? - უფრო სწორად, რა მეკეთებინება? დარწმუნებული ვარ,
მაგდას მეგობრები ჩათვლიან, რომ მე ასე სპეციალურად ვიქცევი. მაგდასთან
დაახლოებით მას ნამუსზე ავაგდებ და იმის გარანტიას მოვიპოვებ, რომ ის ჩემს
ქმარს აღარასოდეს მისწერს. - ამაშიც არის ლოგიკა, მაგრამ რამდენად შორსაა ეს
საქციელი მოცემული რეალობისაგან! თან, ცხოვრებაში არასოდეს მიმიმართავს
ხრიკებისათვის. მძულს ასეთი რამ.

მიუხედავად ამისა, არ ვბრაზდები! იმიტომ, რომ რაც ჩვენ სამს შორის ხდება, გარეშე
პირები, რომლებიც ახლა სიტუაციას აკვირდებიან და, სავარაუდოდ, რჩევებს
იძლევიან, თავისი გადმოსახედიდან მიუდგებიან ამ "საკითხს". ეს ბუნებრივიცაა.
მაგდას დაქალები მე გამამტყუნებენ, ჩემი დაქალები - მაგდას.

შაბათს მე და ელენემ ბავშვები ტყეში გავასეირნეთ. უცებ ის დღე გამახსენდა, მარტო


რომ წავედი და თავგადასავალი მოვიწყე. მაშინდელი შეგრძნებები გამახსენდა.
კვირას თიკა ჩამოვიდა და ძალით წამათრია სალონში, თმა მოიწესრიგე, ხვალ გული
ხომ არ უნდა გაუხეთქო იმ ახალ სამსახურში ხალხსო. მართალია! იმიჯის შეცვლა
დეპრესიაზე კარგად მოქმედებს. მაკა რომ ყოფილიყო, ალბათ, მეტყოდა, - თვალები
დახუჭე და წარმოიდგინე, მოჭრილ თმას როგორ გაატან ყველაფერ ცუდსო. ისე,
ძალიან ვნერვიულობ ამ შეხვედრის გამო. არ ვიცი, როგორი ხალხი დამხვდება;
შევძლებ თუ არა წესიერად საკუთარი თავის პრეზენტაციას...

ღამე ვიწექი და ვფიქრობდი. ბოლო პერიოდში რა კარგად მიეწყო მოვლენები.


პროფესიული კუთხით ძალიან გამიმართლა. ამ ექვსი თვის მანძილზე იმდენი რამ
მოხდა, რომ რაღაცნაირად შევივსე. ამიმაღლდა თვითშეფასების კოეფიციენტი.
ნუთუ ეს სამყარო ბალანსზე იმდენადაა დამყარებული, რომ რადგან კარიერის
წარმატების მაჩვენებელმა მაღლა აიწია, პირადი ცხოვრების წარმატების მაჩვენებელი
ასე უნდა ჩამოვარდნილიყო?

დილით თიკამ წამომიყვანა მანქანით. ჩემს სახელზე საშვი იყო გამოწერილი. კიბეზე
ავდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. რკინის კარი შევაღე და გრძელ კორიდორში
მოვხვდი. ერთ-ერთი კარიდან ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა და ღიმილით მკითხა,
ვინ გნებავთო. ბაჩოს სახელი და გვარი რომ ვუთხარი, მითხრა, წამომყევიო. მერე
ერთ კართან გაჩერდა და დააკაკუნა.

- ერთი წუთით დამელოდეთ, მოვახსენებ!

გამიკვირდა. ნეტა რა თანამდებობა უკავია ბაჩოს, რომ საკუთარი მდივანი ჰყავს?..


მხოლოდ ახლა შევამჩნიე, კარზე დირექტორი აწერია.

- ბაჩო ამ გამომცემლობის დირექტორია? - ვკითხე მდივანს, რომელიც მალევე


გამოვიდა ოთახიდან.

- დიახ! არ იცოდით? - ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კიდეც. - შებრძანდით,


გელოდებათ!

კარი შევაღე და ოთახში შევედი. დიდი ოთახი იყო. უფრო სწორად, საკონფერენციო
დარბაზი. შუაში გრძელი მაგიდა იდგა, სკამებშემოწყობილი. მარჯვნივ, კედელთან -
ტყავის სამეული და ჟურნალის მაგიდა; კედელზე - დიდი ტელევიზორი.

ბაჩო არსად ჩანდა. მერეღა შევნიშნე კიდევ ერთი კარი და იქით გავემართე. ეს ბაჩოს
კაბინეტი აღმოჩნდა. უზარმაზარ საწერ მაგიდასთან იჯდა და კომპიუტერის ეკრანს
ჩაჰყურებდა.

რომ დამინახა, ფეხზე წამოდგა და გადამკოცნა.

- რაღაც, მომენატრე, იცი? - მითხრა და გაიცინა. მე მის წინ ჩამოვჯექი.

- რატომ არ მითხარი, დირექტორი რომ ხარ?! არასოდეს გითქვამს...


- რა პონტში მეთქვა? ტრაბახს ხომ არ დავიწყებდი, დირექტორი ვარ-მეთქი?!
მოკლედ, მალე მოვა გოჩა და გაგაცნობ. ოღონდ არ გაგიკვირდეს, ცოტა უცნაური
კაცია. ძაან სერიოზული უჭირავს, გაიგე? ისაა, რა, კაროჩე, რა ჰქვია იმას, - "სტარაია
ძევას" პონტში...

- ბერბიჭა? (რა საშინელი სახელია).

- ჰოო, რა! "ვზროსლი" ტიპია. აწი ეგ ცოლს აღარ მოიყვანს. უფრო სწორად, ვინ
გაჰყვება მაგას, ტოო... ჯერ მუშაობა არ დაუწყია და უკვე გამაგიჟა!

- ამისთანას რას შვება? - გამეცინა.

- ბიჭო, კაბინეტი გამოვუყავი რაა, ჰოდა, მოიტანა რაღაცეები, გეომეტრიული


სიზუსტით დაალაგა. კლავიატურა "ცელოფანში" ჩასვა, მტვერი ჩავაო. ჭიქას
თვითონ რეცხავს, არ ენდობა მაიკოს... კაროჩე რაა... იმენა, მაგარი "წიკები" აქვს!
ეჭვი მეპარება, რომ გეყოს ნერვები. გაგაგიჟებს...

- ავიტან! - ვუთხარი და გავუღიმე.

- რა სევდიანი ხარ, ტოო! არ გიხდება! სულ სხვანაირი ხარ... მოხდა რამე?

- კი, რაღაცეები... მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი...

- კაი, როგორც გინდა! ისე, ჩემი დახმარება თუ დაგჭირდა, ხომ იცი?..

- შენ ხომ უკვე დამეხმარე! - გამეცინა.

- მორალური მხარდაჭერაც... იცი შენ, რასაც ვგულისხმობ!

დარბაზში ნაბიჯების ხმა გაისმა, ვიღაც შემოვიდა.

- შემოდი, გოჩა! - თქვა ბაჩომ და ოთახში შემოსულ ჩემს ახალ, ბერბიჭა რედაქტორს
ხელი ჩამოართვა.

- გოჩა, გაიცანი შენი მოადგილე. - წარმადგინა ბაჩომ. - ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,
ბ-ნო გოჩა! - ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
ბერბიჭა გოჩა თეთრი კაცია და ისეთი შავი თმა და წარბები აქვს, იფიქრებთ, მურით აქვს
შეღებილიო. მაღალი შუბლი აქვს, გამომეტყველება "სპეტაკი" (სხვა სიტყვა ვერ შევურჩიე).
ჩემზე ოდნავ დაბალია. თეთრი, გაპიწკინებული პერანგი და ნაცრისფერი შარვალი აცვია.

თვალი მისი შარვლის ხაზებისკენ გამექცა. საერთოდ, მარტოხელა კაცებს ყველაზე მეტად
პერანგისა და შარვლის დაუთოება უჭირთ. შარვალზე ერთი ხაზის ნაცვლად, რამოდენიმეს
უკეთებენ ხოლმე (ველვეტივით), მაგრამ, როგორც ჩანს, გოჩას ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს.

- ჩემთვისაც სასიამოვნოა! ხელისგულები მშრალი გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არ


გინერვიულიათ. ეგ კი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ თავში დარწმუნებული ხართ! -
მითხრა ძალიან ოფიციალური ტონით და სკამზე ჩამოჯდა. დავჯექი თუ არა, გოჩა უცებ
ისევ ფეხზე წამოდგა, მეც ინსტინქტურად მისი მოძრაობა გავიმეორე და წამოვხტი. არა, ეს
კაცი უკვე მძაბავს და მერე რა იქნება...

- სათათბირო ოთახში ხომ არ გადავინაცვლოთ? - თქვა მან და ჩვენს პასუხს აღარც


დაელოდა, ისე გავიდა დიდ ოთახში. სანამ ოთახს დავტოვებდი, ბაჩომ ჩუმად
გადმომილაპარაკა: ჯერ სადა ხარო.

- მაშ ასე! ჟურნალთან დაკავშირებით, ჩემს მიერ შემუშავებული მასალა წამოგიღეთ და


გაეცანით! - გოჩამ პორტფელი გახსნა და საქაღალდე მომაწოდა.

- აუცილებლად გავეცნობი! სტაფში სულ რამდენი ადამიანია? - ვკითხე მორიდებული ხმით.

- ექვსი ჟურნალისტი გვყავს. ახალგაზრდები არიან. ალბათ, კიდევ დაემატება. თქვენც


შეგიძლიათ დაწეროთ ხოლმე. რადგან რედაქტორის მოადგილე იქნებით, ეს არ ნიშნავს იმას,
რომ მხოლოდ ყავა სვათ და სიგარეტი მოწიოთ. საქმე ბევრი გექნებათ...

- სიგარეტს არ ვეწევი. მეც იმის იმედი მაქვს, რომ ბევრი საქმე მექნება!

შევატყე, რომ ჩემი პასუხით კმაყოფილი დარჩა. ცოტა ხანი დეტალებზე ვისაუბრეთ. უკვე
დავალება მაქვს, ჟურნალი რუბრიკებად უნდა დავყო და პირველი ნომერი ავაწყო.
გოჩა მალე წავიდა. წასვლის წინ კართან ბაჩოს რაღაც გადაულაპარაკა და მე გადმომხედა.
ბაჩომ თავი დაუქნია და ოთახში შემობრუნდა.

მდივანმა ყავა შემოიტანა. მე და ბაჩომ ყავა დავლიეთ და ცოტა ხანს კიდევ გავაგრძელეთ
ჟურნალზე საუბარი. მერე რედაქცია დამათვალიერებინა. დიზაინერი, დამკაბადონებელი,
სტილისტი და კორექტორები გამაცნო. ყველა მომეწონა. ძალიან კარგი ხალხი ჩანს. ნოდარის
კაბინეტი გარედან დამანახა, რადგან გასაღებით იყო დაკეტილი.

ბოლოს სულ პაწაწინა ოთახში შემიყვანა, სადაც პატარა საწერი მაგიდა, კომპიუტერი და
რამდენიმე სკამი იდგა.
- ეს შენი ოთახი იქნება! გარედან შენს სახელს დავაწერთ! - მითხრა ბაჩომ. გული ამიჩქარდა.
ჩემი პირველი კაბინეტი... ღმერთო ჩემო! ვერ ვიჯერებ...

წარმოვიდგინე, როგორ გავახარებდი ლევანს სახლში დაბრუნებისას... როგორ


გავუზიარებდი ჩემს სიხარულს, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს...

გულში რაღაც ჩამწყდა. ბევრი თვისება, რაც ლევანთან მაკავშირებდა, დავიწყებას უნდა
მიეცეს. ეს იცით რას ჰგავს? აი, მაგალითად, მთელი თქვენი ცხოვრება, თქვენს ოთახში
შესვლისას, ხელის მოძრაობით გაუცნობიერებლად რომ ანთებთ ხოლმე სინათლეს.

ერთხელაც, ჩამრთველი სხვა კედელზე რომ გადაიტანონ. თქვენ, გარკვეული პერიოდი, ისევ
იმ ძველი ადგილისაკენ წაიღებთ ხოლმე ხელს. დრო დაგჭირდებათ, რომ ჩამრთველის ახალ
ადგილს შეეჩვიოთ (ცოტა უხეში შედარება გამომივიდა, მაგრამ მიხვდით, ალბათ, რისი
თქმაც მინდოდა).

მე უნდა დავბრუნდე ჩვენს სახლში, ოღონდ ლევანი იქ აღარ იქნება...

- თეა! - ბაჩოს ხმამ გამომაფხიზლა. გაკვირვებული მიყურებდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე,


რომ ცრემლები ჩამომდიოდა.

- უბრალოდ, ავღელდი... - ვთქვი აკანკალებული ხმით და ცრემლები მოვიწმინდე.

- რადგან დაგპირდი, არ გატან ძალას, გინდა თუ არა, მითხარი რა გაწუხებს-მეთქი, მაგრამ


ისე იცოდე, მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილებასაც ვტოვებ გარშემომყოფებზე, სხვისი
პრობლემების მოსმენაც შემიძლია და მეგობრების გვერდში დგომაც ძალიან კარგად ვიცი...

- ოჯახი მენგრევა! - ვუთხარი და ისევ გამეჩხირა ყელში ბურთი.

- გენგრევა? თუ დაგენგრა?.. - ბაჩომ პაუზა გააკეთა. დაფიქრდა. მერე მკითხა: - ვინ დაუშვა
შეცდომები? შენ თუ შენმა ქმარმა?..

- შეცდომები, ალბათ, ორივემ დავუშვით! ან იქნებ ჩვენი ქორწინება იყო ერთი დიდი
შეცდომა?.. არ ვიცი... სახლში ყოფნა აღარ შემიძლია! ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებ და
მეშინია, არ გავგიჟდე!

- არ გაგიჟდები! იქნებ ის რაღაც პრობლემა არც ისეთი სერიოზულია და იქნებ ყველაფერი


გამოსწორებადია... დრო გავა და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამიტომ გამოაგზავნე
ბლანკი, არა?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.


- კარგად მოქცეულხარ. ახლა სწორედ ახალი გარემო, ახალი მეგობრები და ბევრი საქმე
გჭირდება!

- ჰო... - ვუთხარი საცოდავად.

- ისე, თუ შენს ქმარს ერთჯერადი სექსი ჰქონდა ვინმესთან, მაშინ ტრაგედია არ უნდა შექმნა.
კაცისთვის ეს სპორტული ინტერესივითაა.

- არა, სექსი არაფერ შუაშია!

- ვაჰ, აბა რა არის შუაში ტო?.. კაი, არ მეუბნები, ნუ მეუბნები...

- სხვა შეუყვარდა! მითხრა, მიყვარსო. შენც მიყვარხარო. მე კიდევ, ვერ წარმომიდგენია,


როგორ უნდა გიყვარდეს ერთდროულად ორი ადამიანი. მოკლედ, არ მესმის რაა, ვერ ვუგებ.
შენ გყვარებია ერთდროულად ორი ქალი?

- არა ტო! მე სერიოზული ურთიერთობები არ მევასება. "ლაითი" ურთიერთობები მომწონს.


მაქსიმუმ, ერთი ქალი შემიყვარდეს. ორი ერთად, რაღაც ზღაპარია რა... მუსულმანი ხო არ
არის...

- შეიძლება სპეციალურადაც მითხრა, მიყვარხარო. ალბათ, არ უნდა ოჯახის დანგრევა; ან არ


უნდა, რომ გული მეტკინოს. ურთიერთობის გაწყვეტას ცდილობდა იმასთან, მაგრამ მე
გავიგე შემთხვევით და...

- ძალიან რომ ყვარებოდა ის ქალი, ადვილადაც წავიდოდა... ისე, მაგრა მიკვირს, შენნაირი
ცოლი რომ მყავდეს, არ გავკარი ყველას ტოო?..

ისე სასაცილოდ წარმოთქვა ბოლო სიტყვები, რომ სიცილი ვერ შევიკავე.

- ეგრე რა! გიხდება როცა იცინი... უი, კინაღამ დამავიწყდა მეთქვა: ერთ საათში მე, ჩვენი
დიზაინერი ვაკო, ჩემი მდივანი, შენ რომ შემოგიყვანა დღეს - მაიკო და ის ორი კორექტორი
რომ გაგაცანი, მოკლედ, ჩვენი სტაფი ავდივართ გოჩასთან სახლში. რაღაც პატარა სუფრას
აკეთებს და დაგვპატიჟა. წასვლის წინ მითხრა, თეასაც უთხარიო. ჰოდა, შენც წამოდი!

- არაა, უხერხულია!

- თვითონ მითხრა კაცო, ძალით კი არ გტენი! წამოდი, წამოდი... პირველ რიგში, შენ უნდა
იყო იქ, მისი მოადგილე ხარ და...
- კარგი, ოღონდ დავრეკავ. ჩემი ბიძაშვილია ბავშვებთან და გავაფრთხილებ, რომ გვიან
მივალ სახლში.

ელენეს გაუხარდა, ოღონდ შენ მოდი ცოტა ხასიათზე და სადაც გინდა, წადიო. მოკლედ,
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ყველანი ბაჩოს მანქანაში ჩავსხედით - მე, ვაკო, მაიკო და
კორექტორი ლელა. მეორე კორექტორი, ნუნუკა ვერ წამოვიდა.

ვაკო მხიარული ბიჭია. ლელა დაახლოებით ორმოცდახუთ წლამდე იქნება. ისიც საკმაოდ
მხიარული ჩანს.

ბაჩომ კარზე ზარი დარეკა. ნაბიჯების ხმა არ გაგვიგია, ისე გააღო კარი გოჩამ. მეგონა,
კართან იდგა, მაგრამ ქეჩებზე შემდგარი რომ დავინახე, მივხვდი, რატომაც არ ისმოდა
ნაბიჯების ხმა.

- ერთი წუთით მანდ გაჩერდით, ახლავე... -თქვა მან და ქეჩებით მოხერხებულად


გასრიალდა კარადასთან. მალევე უკან მოსრიალდა და ხუთი წყვილი ქეჩა შესასვლელთან
დაალაგა.

- თუ უხერხულობას არ შეგიქმნით, "სუკონკებზე" შედექით, წუხელ მოვუსვი მასტიკა.

- კარგით, ბ-ნო გოჩა, რა პრობლემაა! - თქვა ვაკომ და მხიარულად შედგა ქეჩებზე. რა უნდა
გვექნა? ჩვენც მას მივბაძეთ და მისაღები ოთახისკენ სრიალ-სრიალით გავემართეთ.
გაოცებისაგან კინაღამ პირი დავაღე - სისუფთავისაგან ყველაფერი კრიალებდა. მაგიდა
საოცრად ლამაზად გაეშალა, საჭმელებიც კი გეომეტრიული სიზუსტით დაელაგებინა
თეფშებზე.

- ბატონო გოჩა, ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ? - აღმომხდა უნებლიეთ.

- დიახ, ყველაფერი ჩემი მომზადებულია! მინდა გითხრათ, რომ გურმანი ვარ!

- რა ბედნიერი იქნება თქვენი მეუღლე! - წამოსცდა ლელას.

- რა ვიცი, ჩემო ლელა! ნამდვილი კაცის ფასი არ იციან ამ ქალებმა. კაცი ვბერდები და
ბოლომდე რომ მომეწონოს, ისეთი ქალი ჯერ ვერ ვნახე!

- რა გეჩქარებათ! ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ. - უპასუხა ლელამ და უხერხულობისაგან


თვითონვე გაწითლდა.

ყველანი მაგიდასთან მივსრიალდით და დავსხედით. ისე ვივახშმეთ, რომ მხოლოდ


ჩანგლების კაკუნი ისმოდა. გოჩამ ჩვენი კოლექტივის სადღეგრძელო შესვა. თქვა, რომ ეს
ვახშამი სპეციალურად მოაწყო. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კოლექტივის წევრები
ერთმანეთს კარგად იცნობენ და ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვთ.

ღვინოც არაჩვეულებრივად შეურჩევია. ჭიქა ბოლომდე გამოვცალე, რომ დაძაბულობა


მომხსნოდა.

გოჩას სასმელი რომ მოეკიდა, საოცრად შეიცვალა. ვინმეს რომ მოეყოლა, არაფრით
დავიჯერებდი მის ასეთ გარდასახვას. ნამდვილი ქამელეონი ყოფილა. ანეკდოტებს
გვიყვებოდა, თვითონაც იცინოდა. ბოლოს ადგა, მუსიკალურ ცენტრთან მისრიალდა და
მუსიკა ჩართო.

- სამბაა! - დაიძახა, ქეჩებზე შემდგარი ჩემთან მოსრიალდა და ხელი გამომიწოდა. საოცრად


დავიბენი. სამბა არასოდეს მიცეკვია, მით უმეტეს, ქეჩებზე, მაგრამ უარს ნამდვილად ვერ
ვეტყოდი და ფეხზე ავდექი.

ხელი წელზე მომხვია და ოთახის ცენტრისაკენ გამასრიალა. მერე მარჯვენა ხელით


შემომაბზრიალა და სანამ დავეცემოდი, ოსტატურად დამიჭირა, ნახევრად გადაწოლილ
მდგომარეობაში. თეძოებს საოცრად იქნევდა. როგორც პროფესიონალი მოცეკვავე.

რა მეცეკვებოდა? მაგრამ სხვა გზა არ მქონდა! ახლა, ამ წუთებში, ჩემს უცნაურ


რედაქტორთან ცეკვის გამოცდა უნდა ჩამებარებინა. უნდა დამემტკიცებინა, რომ მის
მოადგილეს ყველაფერი შეუძლია.

ნელ-ნელა მეც "დავამუღამე" ქეჩებით მოძრაობა, მაგრამ ხან ერთი ფეხი გამისრიალდებოდა,
ხან მეორე. რამოდენიმეჯერ კინაღამ "შპაკატშიც" ჩავჯექი, მაგრამ გოჩამ არცერთხელ არ
მომცა წაქცევის საშუალება.

მაგიდას გავხედე. ყველანი ისტერიულად ხარხარებდნენ. წარმოვიდგინე, რა სასაცილო


ვიქნებოდი უბედურსახიანი, "სუკონკებზე" შემდგარი სამბას მოცეკვავე...

გოჩა, ალბათ, მარტოობისას რთავს ხოლმე მუსიკას და ვარჯიშობს. ქეჩებით რომ ასე კარგად
გამოსდის, წარმომიდგენია, მის გარეშე რაღას იზამს.

თმის სამაგრი მოვიძრე და მოვისროლე. თმა მხრებზე ჩამომეშალა. როლში შევედი. იმ


წუთებში ყველაფერი დამავიწყდა და მთლიანად გადავეშვი ცეკვის მორევში, ჩემს ბერბიჭა
რედაქტორთან ერთად. მე მგონი, კლასი ვაჩვენე.

მუსიკა დამთავრდა და "ბრავოს" შეძახილებიც გაისმა. ჩემმა რედაქტორმა ხელზე მაკოცა და


ჩემს ადგილამდე მიმაცილა. შევატყე, კმაყოფილი იყო თავისი მოადგილის მონაცემებით.
- შეუდარებელი იყავი! -მითხრა ბაჩომ. თან სიცილისაგან სულს ძლივს ითქვამდა.

- ბავშვობაში ფიგურულ სრიალზე ვოცნებობდი, თითქმის ამიხდა! - ვუთხარი


აქოშინებულმა და ხელსახოცი დავინიავე. გოჩა გაოფლიანებული პერანგის გამოსაცვლელად
გავიდა. კარგი ვქენი, რომ წამოვედი... მაიკო ბაჩოს გვერდით გადმოჯდა. მგონი მათ შორის
რაღაც ხდება. მე, ვაკომ და ლელამ თანამედროვე ხელოვნებაზე დავიწყეთ საუბარი.

ვიჯექი და ვიღიმოდი. დროდადრო გამეცინებოდა ხოლმე, მაგრამ გულში ჩაბუდებულ


სიცარიელეს ვერაფერს ვუხერხებდი.

როგორ ვაცინებდი ლევანს ამ საღამოზე, ყველაფერი ძველებურად რომ იყოს... რას შვრება
ნეტავ ახლა? რას აკეთებს... მაგდას ხომ არ სწერს რამეს?!.. ალბათ, მისი ისტორიები უფრო
საინტერესოა ლევანისთვის, ვიდრე ჩემი ვახშამი ბერბიჭასთან...

უცებ აქ ყოფნა ვეღარ ავიტანე... ნერვები მომეშალა. დაღლა ვიგრძენი. ერთი სული მქონდა,
სახლში მივსულიყავი და ეს ბედნიერად მომღიმარი ნიღაბი მომეხსნა...

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა იმ მნიშვნელოვან დღეებს შორის,


რომლებიც ცხოვრებაში მქონია. - საღამოს შვიდ საათზე, ჟურნალის პირველი ნომრის
პრეზენტაციასთან დაკავშირებით, დიდი წვეულება გაიმართება.

ამ დღისთვის ერთი თვე ვემზადებოდით. ერთი თვეა, რაც სამსახურში გიჟივით დავდივარ.
ბავშვებიანად თბილისში, ჩვენს სახლში დავბრუნდი, რადგან წყნეთიდან სიარული
მიჭირდა. თან, მალე სკოლაც დაიწყება.

თანამშრომლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მხოლოდ გოჩა ინარჩუნებს


ოფიციალურ დამოკიდებულებას ჩვენთან. პრეზენტაციისთვის ტექსტი დამაწერინა
ფურცელზე, რომლითაც პუბლიკის წინაშე უნდა წარვსდგე.

წითელი კალმით ჩამისწორა რაღაცეები და იმ ადგილებს, რომელიც გამორჩეული


ინტონაციით უნდა წარმოვთქვა, ფოსფორისფერი მარკერით გაუსვა ქვეშ ხაზები.

ესეც არ იკმარა და იძულებული გამხადა, თავის კაბინეტში რეპეტიცია გამევლო. ბოლოს


მხარზე მამაშვილურად დამკრა ხელი და მითხრა:

- კარგი გოგო ხარ! კმაყოფილი ვარ. წადი ახლა და შვიდის ნახევარზე იქ იყავი!

მისი კაბინეტიდან დასჯილი ბავშვივით გამოვედი. სახლში უნდა მივიდე და მოვემზადო.


პრეზენტაციისთვის კაბა რამოდენიმე დღის წინ ვიყიდე, ამჯერად ვარდისფერი.
სავარაუდოდ, ბევრი ხალხი იქნება. ჩემი გოგოებიც მოვლენ.
როგორ შეიცვალა ყველაფერი. ეს ყველაზე ქაოსური ზაფხული იყო ჩემს ცხოვრებაში.
ყველაფერი ერთბაშად დამატყდა თავს. ისეთი რაღაცეები მოხდა, რასაც ვერასოდეს
წარმოვიდგენდი: - ჩემი სიმპათიური მეზობლის "აღსარება", აშარაშკასთან დამეგობრება,
ლუზერის ისტორია, ჩემი გამარჯვება კონკურსში, ბათუმი და ბოლოს ქმრის ორმაგი
სიყვარული. - საოცარი ბუკეტია, ვერაფერს იტყვი... ბოლოს ყველა უცნაურობა მაგდასთან
ურთიერთობამ დააგვირგვინა.

ახლა, როდესაც დეპრესიის ბოლო სტადიაში (შეგუება) გადავედი, ვფიქრობ, რომ ჩემი და
მაგდას ურთიერთობა მხოლოდ მაშინ იყო ბუნებრივი და გულწრფელი, როცა ორივე
სტრესის ქვეშ ვიმყოფებოდით. ეს ურთიერთობა ვერ გაგრძელდებოდა. ან თუ
გაგრძელდებოდა, აღარ იქნებოდა ისეთი გულწრფელი.

ბოლო პერიოდში ხშირად მახსენდება პატარა ნაწყვეტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის
რომანიდან: "ჩვენი გულწრფელობა, როდესაც მას ვავლენთ, ეს, უმეტესწილად, მხოლოდ
ბნელი მაქინაციაა ტყუილთან და სხვა საიდუმლოებების დაზღვევა". ვეთანხმები -
გულწრფელობა ზოგიერთ შემთხვევაში უბრალოდ, იარაღია, რომელსაც გარკვეულ
სიტუაციებში ვიყენებთ, რომ საკუთარი სისუსტე, სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს
ყველაზე გულმოდგინედ ვუმალავთ, კარგად შევნიღბოთ.

მაგდასთვის მე ვარ ქალი, ვის გამოც მან ვერ მიიღო ის, რაც ძალიან უნდოდა; ვისი
მიზეზითაც უარი თქვა თავის ოცნებაზე. ჩვენ, რეალურად, ერთმანეთის ბედნიერების
ბარიერები ვართ. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ტყუილში რომ არ გადაზრდილიყო,
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სავარაუდოდ, სამუდამოდ გავქრით ერთმანეთის
ცხოვრებიდან.

ლევანმა შვებულება აიღო და ჩვენს სახლში დაბრუნდა დროებით, რომ სანამ ძიძას ავიყვანთ,
ან რამეს მოვახერხებთ, ბავშვებთან დარჩეს. ესეც კიდევ ერთი უცნაურობა. მე და ლევანი
ვცხოვრობთ ერთ სახლში, მაგრამ ცალ-ცალკე. მე ბავშვების ოთახში ვიძინებ. ფაქტობრივად,
ოთახის მეზობლები გამოვდივართ. კიდევ ერთი ირონია, - ჩემი ქმარი ახლა ჩემი
მეზობელია!

ლევანმა მითხრა, რომ ვერ წარმოუდგენია ჩემს გარეშე ცხოვრება, მაგრამ ხანდახან ვამჩნევ,
რომ სადღაც, უსასრულობაში იყურება. ძლიერი ემოციები ადვილად არ ქრება; ხშირად
ნაიარევს ტოვებს, რასაც ძნელია, რამე მოუხერხო. რას ვიზამთ... ყველას აქვს წარსული...

მე გამიჩნდა საიდუმლო, რომელსაც ვერასოდეს ვეტყვი ლევანს. ვერ ვეტყვი, რომ მის
მთვრალ ცოლს მეზობელმა აკოცა. ამას მხოლოდ სულელი თუ იზამდა... ამას მოყვება ის,
რომ სავარაუდოდ, ლევანი სცემს სანდროს, მერე მაკაც სცემს... შეიძლება მეც მიმაყოლოს...
სახლში მივედი. ბავშვებთან მთელ დღეს ვეღარ ვატარებ. ამას განვიცდი. სულ მათზე
ვფიქრობ. შესვენების გარეშე ვმუშაობ, რომ სახლში ადრე მოვიდე და მათთან თამაში
მოვასწრო.

შვიდის თხუთმეტ წუთზე ელენემ გამომიარა მანქანით.

- ძალიან გიხდება ეს კაბა! ლამაზი ხარ... - მითხრა ლევანმა, როცა სახლიდან გავდიოდი.

- მადლობა... წავედი, გოგოები მელოდებიან ქვემოთ!

- აბა, შენ იცი, გაერთე!

- კარგი! - გავუღიმე ლევანს. მერე ბავშვებს ვაკოცე... სადმე თუ მივდიოდი ხოლმე, ბავშვებს
ვკოცნიდი და მერე ლევანს... დაუკმაყოფილებლობის გრძნობით გამოვიხურე კარი.

წესით, კარგი საღამო უნდა გამოსულიყო. შესასვლელთან ბევრი ხალხი ირეოდა. უცებ ის
საღამო გამახსენდა, გამწარებული რომ წავედი დაჯილდოების ცერემონიალზე... იმ დღეს
გავიგე, რომ ლუზერი ლევანი იყო... ახლა სულ სხვა განწყობა მაქვს. ძალიან მინდა, რომ
ლევანი აქ იყოს, ჩემთან; მინდა, რომ ისევ ერთად ვიყოთ...

დარბაზში შევედით. ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო მორთული. პატარა, ხუთადგილიანი


მრგვალი მაგიდები იდგა. გოგოები თავიანთ მაგიდასთან მივაცილე და ჩემი ადგილისკენ
გავემართე. თანამშრომლებისთვის სპეციალურად დიდი მაგიდა იყო გამოყოფილი.

მაიკო და ბაჩო საუბრობდნენ, როცა მათთან მივედი.

- ვა, მაგარ "ვიდზე" ხარ! რა ქენი, დაისწავლე სიტყვა? - მითხრა ბაჩომ და გაიცინა.

- სხვა რა გზა მქონდა? - ვუპასუხე და მათთან დავჯექი.

- ხო არ ნერვიულობ? მოდი აბა ერთი, გადაკარი!

- რა არის ეს?

- ვისკი!

ბაჩოს ჭიქა გამოვართვი და დავლიე.

- სად არის გოჩა?

- სპონსორს ელაპარაკება! არ გაინტერესებს ჩვენი სპონსორი? -მკითხა ვაკომ და ჩვენთან


ახლოს გადმოჯდა.

- უი, როგორ არა! აბა, რომელია?

- აი, ქალი რომ დგას, გველის ტყავის ფეხსაცმელებით... ეგ არის... მელია!

- გველის კი არა, ნიანგის! - შეუსწორა მაიკომ. ჩემი მზერა გოჩამაც დააფიქსირა და ხელი
დამიქნია, მოდიო.

- მლიქვნელია? - ვკითხე ვაკოს, რომ ვდგებოდი.

- რატო უნდა იყოს მლიქვნელი? - გაუკვირდა.

- აბა, მელიააო?

- გოგო, გვარად არის მელია! ირინა მელია! არ იცოდი აქამდე ჩვენი სპონსორის გვარი? -
მითხრა ბაჩომ. სამივეს სიცილი აუტყდა. ისე, მართლა რატომ არ ვიცოდი აქამდე, რომ ჩვენს
ჟურნალს მელია აფინანსებდა?..

ჩემი გამოსვლის დროც მოვიდა. პატარა სცენაზე ვიდექი და გოჩას სიტყვის დასრულებას
ვუცდიდი. დარბაზს თვალი მოვავლე. ჩემი ახალი თანამშრომლები... უკვე როგორ მიყვარს
ყველა. ბაჩოც... იმიტომ, რომ კეთილი და კარგი ადამიანია. მატარებელში რომ მითხრა,
ჩვენგან კარგი კომპანიონები გამოვაო, მგონი, მართალი აღმოჩნდა!

მეორე მაგიდასთან ჩემი გოგოები სხედან. რამდენი ხანია, რაც ერთად ვართ! ელენესთან ხომ
საერთოდ, ბავშვობიდან... მერე რა, რომ ჩვენი სიხშირეები არ ემთხვევა? - ჩვენ ძალიან
გვიყვარს ერთმანეთი და ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ... სანდრო და მაკაც ხომ
ერთად არიან...

მათი კავშირი დღემდე მიკვირს! ისე, მაკა და გოჩა კი კარგი დუეტი გამოვიდოდა,
ღმერთმანი...

საკუთარი სახელისა და გვარის გამოცხადებამ გამომაფხიზლა. გოჩამ პუბლიკასთან


წარმადგინა, მიკროფონი დამითმო და სცენიდან ჩავიდა. მე დაზეპირებული ტექსტის თქმა
დავაპირე, მაგრამ პირიდან სულ სხვა სიტყვები ამომივიდა:

- მოგესალმებით ყველას! არ ვიცი, ვისკის ბრალია თუ სხვა რამის, ემოციებმა რომ შემომიტია
და წინასწარ მომზადებული ტექსტიდან გადახვევა მომინდა. ადამიანებს დასაბამიდანვე
ჰქონდათ მოთხოვნილება, რამენაირად გადმოეცათ და დაეტოვათ სხვებისთვის თავიანთი
სათქმელი.
პირველყოფილი ადამიანები ხატავდნენ გამოქვაბულის კედლებზე იმას, რისი გადმოცემაც
უნდოდათ. ყველა ადამიანს აქვს სათქმელი გულში... გადმოცემის ნიჭი და უნარი - მხოლოდ
ზოგიერთ მათგანს. ვისაც შეუძლია და სულიერი მოთხოვნილება აქვს, ის წერს. ვისაც წერა
არ შეუძლია, კითხულობს.

რატომ გაჩნდა პრესა? - იმიტომ, რომ გაჩნდა მოთხოვნილება... ადამიანებს აინტერესებთ,


როგორ უყურებენ ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითხს სხვები; როგორ მოიქცეოდა სხვა მათ
სიტუაციაში... აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც დაუგროვდათ... ამიტომაა ასე
პოპულარული რომანები, რომლებიც ყოველდღიურ ყოფას ასახავს.

ადამიანებს სჭირდებათ სიმართლე! ჩვენ კი შეგვიძლია გავუზიაროთ სხვებს საკუთარი


გამოცდილება! გავუზიაროთ ჩვენი ფიქრები, დავანახოთ, რას და როგორ ვგრძნობთ! ჩვენ
შეგვიძლია ვისაუბროთ მნიშვნელოვან თემებზე! ვისაუბროთ გულწრფელად! არ გავაკეთოთ
აქცენტი მყვირალა სათაურებზე, არ მოგვერიდოს საკუთარ შეცდომებსა და ტკივილზე
ლაპარაკი... იქნებ ჩვენს შეცდომებზე სხვამაც ისწავლოს? დაფიქრდეს და ჩაუღრმავდეს
სხვადასხვა საკითხს... მე მინდა, რომ ვწეროთ ნიღბების გარეშე!

ტაში დამიკრეს. შიშით გოჩას გადავხედე. მეშინოდა, ყველაფერთან ერთად, სამსახურიც არ


დამეკარგა. მგონი, გადავრჩი! გოჩა კმაყოფილი იღიმებოდა. ამოვისუნთქე...

ემოციებით ვარ სავსე! ახლა ის მაქვს, რაზეც ვოცნებობდი - საქმე, რომელიც მიყვარს და
მინდა ვაკეთო!

აქ არიან ჩემი მეგობრები, მაგრამ მთავარი მაკლია. მთავარი, რაც სახლში დავტოვე; რაც
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რის გარეშეც ჩემი ბედნიერება არასოდეს იქნება
სრულფასოვანი. ჩემი უსაყვარლესი შვილები და... ქმარი.

ლევანის სახე გამახსენდა, წამოსვლის წინ რომ მიყურებდა და მივხვდი - მასაც იგივე უნდა,
რაც მე! მასაც უნდა, რომ ჩვენ თავიდან დავიწყოთ... ძველი ურთიერთობის გამთელების
მცდელობას აზრი არა აქვს. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ერთად ცხოვრების
გაგრძელებას, თუ დავიწყებთ თავიდან.

არ ვიცი, მეჩვენება თუ არა, მაგრამ, რაც ლევანი სახლში დაბრუნდა, თითქოს ჩვენი
ურთიერთობა დაემსგავსა იმ პერიოდს, სანამ დავქორწინდებოდით... როცა ჯერ კიდევ
თავისუფლები ვიყავით და არ ვფიქრობდით ვალდებულებებზე ერთმანეთის წინაშე. როცა
ერთმანეთი გვიყვარდა დამატებითი გარანტიების გარეშე... არ ვიცი, დიდხანს გაგვყვება თუ
არა ეს განწყობა, რომელიც ახლა გაგვიჩნდა...

საინტერესოა, იქნებ ეს ურთიერთობა ჯობდეს, ვიდრე ტრადიციული ათასწლოვანი


ქორწინება, რომელიც სიყვარულის გარდა, კიდევ ბევრ რამეზეა დამყარებული: მოვალეობის
გრძნობაზე, ვალდებულებაზე, მორალზე, შეჩვევაზე... რომელიც თითქმის ყველა
შემთხვევაში, იქცევა რუტინად.

არ ვიცი, გამოვა თუ არა, მაგრამ დასაკარგი აღარაფერია! - უნდა გავრისკო!

სცენიდან ჩამოვედი და ხალხის მასას შევერიე. ჩანთა უნდა ამეღო და სახლში


გავქცეულიყავი...

ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ჩემი ისტორია კი მხოლოდ ერთ-ერთია დედამიწაზე
არსებული იმ რამოდენიმე მილიარდი ისტორიიდან, რომელსაც თავადვე ვქმნით.

ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ისტორიის მსვლელობა. შეგვიძლია დავიწყოთ ცხოვრება


ახალი ფურცლიდან... ამისთვის უნდა ვიცოდეთ, თუ რა გვინდა სინამდვილეში... და როგორ
ფინალს ვისურვებდით საკუთარი ისტორიისთვის...

დასასრული

P.S. დადგა დღე - ორშაბათი, როდესაც დაიდო "გათხოვილის დღიურების" ბოლო,


ოცდამერვე ეპიზოდი... ახლა, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, ღამის სამი საათია. მე კიდევ
გული აჩქარებით მიცემს. გამოგიტყდებით, სამ დღეში ერთი ეპიზოდის დაწერა არ იყო
ჩემთვის ადვილი. თუმცა თქვენი თბილი კომენტარები, რომლებშიც გამუდმებით
მამხნევებდით, ძალიან მეხმარებოდა!

ამისთვის დიდი მადლობა! თქვენ ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ!


არ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა, ხვალ წავიკითხო თქვენი კომენტარები, რადგანაც ხვალიდან
თქვენი კომენტარების ადრესატი "ავტორის" ნაცვლად, ვიქნები მე - ჟურნალ "...და ქალის"
ჟურნალისტი... თეა ინასარიძე!

ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემმა მიზანმა გაამართლა და თქვენი გახალისება შევძელი, თუნდაც


იმ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, როდესაც კითხულობდით ჩემს მიერ
შემოთავაზებულ ეპიზოდებს. იმედია, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არ იქნება! კიდევ ერთხელ
დიდი მადლობა ყველას!
პატივისცემით: ავტორი : )

You might also like