Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

,,კინაღამ ხე“

,,საწუთრო ძილია და ჩვენ სიზმრებს ვგავართ,“- გვმოძღვრავს ,,ვისრამიანი.“


ორგემაგე ბუნების წუთისოფელი ზოგს ნებიერი თვლემით აჯილდოებს, ზოგსაც
დასაბამითვე ,,მიწყივ ავისა მქნელ“ ასტამს შემოსცხებს ბეჭებში და იმ
განუქარვებელ საბუდარს აცლის, რომელსაც ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა შობის
მადლით მშობლის კალთა უწოდეს. კალთა, რომელსაც უსასოდ შთენილნი
შევეკედლებით და ვაება-გოდებით ვავსებთ. საფიცრის გულიდან ,,ლურჯი
ფრინველის“ აფრენა ერატოს ზმანებას აძლიერებს და ემპირიული სამყაროს
აღმწერ ავტორსაც ცრემლნარევი მელნით მკითხველის გონებას აპყრობინებს .
ნუთუ დამთხვევაა, რომ ავტორი კაცობრიობის დედის, ,,შეუწველი მაყვლის,“
სახელს ატარებს, რომელიც მადლს ღვენთავს ,,იქ, სადაც სიმშვიდეს ელი.“ ამ
სიტყვებით დაიწყო თხრობა მწერალმა და პირველივე აკორდებით გაახსენა
დაკვირვებულ მკითხველს ნიკოლოზ ბარათაშვილის გაუხუნებელი სიტყვები:
,,ძნელი არის მარტოობა სულისა, მას ელტვიან სიავენი სოფლისა.“ სულით
სიობლე ატყვევებს გოგონას, რომლის წითელი კაბა მეტად იქცევს ყურადღებას
ნაცრისფერ სამყაროში, ვიდრე მისივე არსი და , მაშასადამე, ბუნებრივია
კვნესანარევი მუდარა, დაუოკებელი, თუმცა მიყუჩებული ჟინი: ,,ძალიან მინდოდა,
სახლიდან ჩემი წასვლა შეემჩნიათ და ვინმეს გავეჩერებინე...“ უსასოოს სტკივა
სულიერი კერიის აბსტრაქტულობა, რამეთუ სამშვინველი ისევე დასჩეხია,
როგორც კუზმა კილდას- სახე...
,,ჩვენი სოფელი მთის ძირას არის გაშლილი..“- ღმერთთან უფრო ახლოსაა
მარტოკა. ,,მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად“ ისიც ამჩნევს ,,მერცხლის ბუდეს,“
რადგან ბაბუას ხატებამ გულში იმედის ნაკვერჩხალი გაუღვივა. რატომ
მაინცდამაინც ხე? ისიც ხომ ხმება?- ,,ხმელ წიფელსაც“ იძულებს ოდესღაც გარემო.
იქნებ ვაჟასაც ამის თქმა უნდოდა; იქნებ ,,ხეთა რიგს“ ადამიანური მანკიერება ხრის
რკალად? რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მთხრობელი ელის თავის
მინდიას, ,,გველისმჭამელს, ვინც სიცოცხლის ძალას შთაბერავს მილეულ
,,ხაზარულას.“ და ისიც ჩნდება. ჩნდება და ნაკვერჩხალი მუგუზლად იქცევა.
მოსაღამოვდაო, - აღნიშნა მთხრობელმა, ,,თითქოს მოდის შუაღამე, როცა
ყველამ თავისი ნიღაბი უნდა მოიხსნას ( სიორენ კირკეგორი).“ მიწაში ჩარგულის
გულსაც ეხსნება გვანჯი, როდესაც მას ,,ის ერთადერთი“ უახლოვდება და თბილი
ღიმილით სულში ნათელს უღვრის. ეზოს კარი შეაღო ბედნიერმა გოგონამ. მას
როგორც ტრანსცედენტულ, ისე ემპირიულ სამყაროშიც ჰყავს სულის საჩინო.
საჩინო, ვის გამოც ადამიანობა ღირს და ,,ქვის ჯებირი ვერ შეაჩერებს ( უილიამ
შექსპირი).“ შესაბამისად, შვება იპოვა ერთამ, კონტურები შემოავლო უფერულ
ცხოვრებას და აახასხასა ცხოვრების პალიტრა. მართლაც, ყოველ ,,უძღებ ძეს“
სჭირდება მომლოდინე მამა. თუნდ ,,თავსაფრიანი დედაკაცი,“რომელიც
შვილისთვის უძეგლოდ დაიკარგება და პარციფალივით დაიცავს მას, ვისი აკვანიც
ძილმიუკარებლად არწია. ყველაზე ბოროტიც კი იმსახურებს ჰყავდეს
მშობელი, ,,რვალის ბუმბულმყოფელი.“
რასაკვირველია, გრაფიკული სისადავე მონუმენტურ შინაარს ასე
სიმეტრიულად ვერ შეერწყმებოდა, რომ არა ავტორის სპეციფიკური სამწერლო
მანერა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები. თხრობა
ძირითადად მიმართვებითა და დიალოგებით მიმდიანარეობს, რაც ბუნებრიობას
მატებს ფონთა შორის გაბნეულ ემოციებს. მკითხველიც ანაზდად ივსება
გრძნობებით და ჟრუანტელის კასკადი ჩაუვლის თავიდან ფეხებამდე.
,,მზრუნველად შემომხედე,გაგეღიმა,ისევ ორჯერ შემომიარე...“- მთელი ტექსტი
დინამიკურია, გრადაციული, რამეთუ თხრობა არსად მდორდება, პირიქით, უფრო
და უფრო ღრმავდება და აღრმავებს მკითხველის ინტერესსაც. ავტორი პანორამის
ფონზე საკუთარ სახლს ციცინათელასა და ჭიამაიას წინწკლებთან აიგივებს .
როგორი შთამბეჭდავი შედარებაა, თითქოს ჰესტიას ბოლომდე არ აუყრია გული,
თითქოს ბუნების ციცქნა ქმნილების მსგავსად ანათებს მთქმელის არსება.
პეიზაჟების აპოლოგეტი ავტორი დითირამბებს უმღერს დედაბუნებას, ერისიონზე
აყენებს მთას, სულს, ხეს- ,,კინაღამ ხეს...“

You might also like