Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

შუა საუკუნეების ფილოსოფია

ტერმინი ‘შუა საუკუნეები“ რენესანსის ეპოქაში ჩნდება. ამ პერიოდის მოაზროვნეები, ე.წ.


‘ჰუმანისტები’ (რომელთა დიდი ნაწილიც იტალიურ ქალაქებში მოღვაწეობს) ცდილობენ

‘კავშირის აღდგენას’ ანტიკურ კულტურასთან, იწყებენ ძველი რომაელი ავტორების მიბაძვას1

(მაგალითად, ციცერონის), მათეული ლათინური ენის გამოყენებას მოკლედ, საკუთარ თავს


იმასთან დაპირისპირებაში გაიაზრებენ, რასაც შუა საუკუნეებს არქმევენ, რაც, მათი

შეფასებით, იყო ‘გადაგვარება’ ანტიკური ღირებულებებისა. რათქმაუნდა, მათეული შეფასება


შუა საუკუნეების კულტურისა, როგორც ღირებულების არმქონე პერიოდისა, არაა

სამართლიანი. რენესანსის პერიოდის ადამიანების განცდაც, რომ ანტიკურობა მათთან

ხელახლა იბადება2, არაა მთლად ობიექტური. ბუნებრივია, რომ ამ პერიოდში მიბაძვის


სახელით ახალი იქმნებოდა.

როდის იწყება და მთავრდება შუა საუკუნეები? ამაზე ცალსახა და უნივერსალური პასუხი არ

არსებობს მეცნიერებაში. პირობითად, ჩვენ ანტიკურობის დასასრულად და შუა საუკუნეების


დასაწყისად 529 წელს ვასახელებთ, როდესაც იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით დაიხურა
პლატონის აკადემია. ხოლო შუა საუკუნეების დასასრულად სიმბოლურად ვიღებთ XV

საუკუნეში ფლორენციაში პლატონური აკადემიის გახსნას.3

შუა საუკუნუნეების (რაც, ჩვენეული ათვლით, მეექვსე საუკუნიდან იწყება) ფილოსოფია-

თეოლოგიის ძირითად საკითხებზე საუბრისთვის მნიშვნელოვანია ზოგადი წარმოდგენა


მაინც შევიქმნათ მის საფუძვლადმდებარე და განმსაზღვრელ ზოგიერთ ფაქტორზე.

მართალია, დროითი კლასიფიკაციით ანტიკურობას მიეკუთვნება, მაგრამ შუა საუკუნეების


ფილოსოფია-თეოლოგიაზე საუბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. პატრისტიკა, როგორც

1
შემდეგ, ბერძენი ავტორების მიბაძვასაც დაიწყებენ უშუალოდ, როდესაც ანტიკური ხანის ბერძნულ
ტექსტებს გაეცნობიან (იხ. ქვემოთ მარსილიო ფიჩინოზე ტექსტი).
2
‘რენესანსი’ ხელახლა დაბადებას ნიშნავს. Re-nascor - ხელახლა ვიბადები ß აქედან იტალიური
‘rinascimento’.
3
ცხადია, პირობითია ეს თარიღები. შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი თემატიკა უფრო ადრეც
გვხვდება და ფლორენციის პლატონური აკადემიის გახსნამდეც შეიმჩნევა რენესანსისეული
ტენდენციები. უბრალოდ, სიმბოლურად კარგად ჯდება პლატონის აკადემიის დახურვა-გახსნა.
ბერძნული, ისე ლათინურენოვანი. გავრცელებულია ასეთი ქრონოლოგიური და თემატური

კლასიფიკაცია გვიანანტიკურობიდან (ადრეული შუა საუკუნეებიც შეგვიძია ვუწოდოთ)


რენესანსამდე:

ბერძნული და ლათინური პატრისტიკა - II-VIII საუკუნეები

ადრეული ლათინური სქოლასტიკა4 - IX-XI საუკუნეები

დასავლეთევროპული სქოლასტიკა - XII საუკუნე

მაღალი სქოლასტიკა - XIII საუკუნე

გვიანდელი სქოლასტიკა და რენესანსის დასაწყისი XIV საუკუნე5

ბერძნული პატრისტიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები არიან: ალექსანდრიელები -

კლიმენტი და ორიგენე, კაბადოკიელი მამები - ძმები, ბასილი დიდი და გრიგოლ ნოსელი,


ასევე, მათი მეგობარი, გრიგოლ ნაზიანზელი6, ფსევდო-დიონისე არეოპაგელი.

ალექსანდრიული სკოლისთვის7 ნიშნეულია ბიბლიის ალეგორიული განმარტება. ამ სკოლის


წარმომადგენლებს განათლების მიღებისას ‘პლატონური სკოლა’ ჰქონდათ გავლილი და რაც
შეინიშნება კიდეც მათ ნააზრევში. ქრისტიანული ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემის

4
ტერმინი ‘სქოლასტიკა’ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ‘სქოლე’, რაც მოცალეობას ნიშნავს. შდრ.
არისტოტელეს ‘მეტაფიზიკაში’ ნახსენებ მოცალეობას. ვისაც მოცალეობა არ აქვს, ის ვერ დაკავდებაო
ფილოსოფიით, თეორიული მეცნიერებების სწავლით. ანუ, თავისუფალი დროის ქონა მნიშვნელოვანი
პირობაა. მაგ სიტყვიდან მომდინარეობს ლათინური ‘სქოლა’ (ქართული ‘სკოლა’), რაც სასწავლებელს
ნიშნავს. სასწავლებლებში ვინც არიან, მათ აქვთ თავისუფალი დრო, მოცალეობა. ‘სქოლასტიკოსს ამ
სკოლის მასწავლებლებს ეძახდნენ. ეს მასწავლებლები ძირითადად თეოლოგები იყვნენ (წარმართული
ფილოსოფიური სკოლების აკრძალვა-დახურვის შემდეგ ეკლესია-მონასტრებში არის სასწავლო კერები)
და ფილოსოფიას თეოლოგიის მიზნებისთვის იყენებდნენ, ასე ვთქვათ, ქრისტიანული თეოლოგიის
სამსახურში აყენებდნენ. ამგვარად გაგებულ ფილოსოფიას უწოდებენ სქოლასტიკას და მათ
წარმომადგენლებს - სქოლასტიკოსებს.
5
შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი აქვს არაბულ, ებრაულ და
ბიზანტიურ ფილოსოფიას.
6
‘სამ ვარსკვლავსაც’ უწოდებენ კაბადოკიელ მამებს
7
გაიხსენეთ ფილონ ალექსანდრიელი, რომელიც არ შედის პატრისტიკაში. თუმცა, ‘ნიადაგი’ მისი
მომზადებულია.
შექმნა ალექსანდრიელებთან იწყება (ამ საქმეში ორიგენეს წვლილი ალბათ ყველაზე დიდია).

გარდა ბიბლიისა, ალექსანდრიელები იყენებენ ანტიკური ფილოსოფიის იდეებს და


განმარტავენ ალეგორიულად, ქრისტიანობისთვის შესაბამისი ინტერპრეტაციით. მოკლედ
რომ ვთქვათ, ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა მათთვის სრულებით მიუღებელი არ
ყოფილა, განსხვავებით ლათინურენოვანი პატრისტიკის ზოგიერთი წარმომადგენლისაგან,

მაგალითად, ტერტულიანესგან.

კლიმენტი ალექსანდრიელი (150-215) თვლიდა, რომ ანტიკური ფილოსოფია სასარგებლოა

ჭეშმარიტი რწმენისთვის. იგი ერთგვარი მოსამზადებული საფეხურია ქრისტიანობასთან


საზიარებლად. ჭეშმარიტება ერთია, რომელიც სხვადასხვა ფორმით ყველა

სწავლებაში/მოძღვრებაშია გამოვლენილი, მათ შორის, წარმართულ ბერძნულ ფილოსოფიაში.


ამ ‘ფრაგმენტული ჭეშმარიტებების’ გაერთიანებით შესაძლებელია ‘ლოგოსის’8 მთლიანობაში

ჭვრეტა. ღმერთის (‘ლოგოსის’) ხატად9 შექმნილი ადამიანის მიზანია საკუთარ თავში


აღიდგინოს ღმერთთან მსგავსება10 ეს კი გონიერებითა და სათნო ცხოვრებითაა
შესაძლებელიო.

ორიგენე (182-254) პირველი იყო, ვინც სეპტუაგინტას (ბიბლიის ბერძნული თარგმანის)

შესწავლა დაიწყო. მან შექმნა ცნობილი ჰექსაპლა: ერთმანეთის გვერდით ექვს სვეტად
დაალაგა (1) ებრაული ტექსტი, (2) ებრაული ტექსტის ბერძნული ტრანსკრიფცია და ოთხი

ბერძნულენოვანი თარგმანი - (3) აკვილას, (4) სიმაქოსის, (5) თეოდოტიონის და (6)

სეპტუაგინტა. ორიგენე ამოსავალად ებრაულ ტექსტს იღებდა და მასთან შესაბამისობის


მიხედვით ალაგებდა ბერძნულ თარგმანებს. მონიშნული იყო თარგმანების განსხვავება

8
შდრ. მაგალითად, ფილონთან გამოყენებულ ამ სიტყვას
9
ბიბლიაში, კერძოდ ‘დაბადების’ 1, 25-ში გვხვდება ფრაზა ‘ვქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა’.
ადამიანი რომ ღმერთის ხატადაა შექმნილი, მაგ მონაკვეთის საფუძველზეა დამყარებული
ქრისტიანობაში. ფილონის მსგავსად და პლატონური კონცეფციის შესაბამისად, ალექსანდრიელი
ავტორები, მაგალითად, ორიგენე, თვლიდნენ, რომ მამა-ღმერთის ხატად არის შექმნილი ქრისტე
(‘ლოგოსი’), ხოლო ადამიანი - ხატის ხატად (ადამიანისთვის გონებაა ამ ხატობის მატარებელი). ანუ,
შემოქმედი ღმერთი შექმნილ სამყაროსთან გაშუალებულია ლოგოსით, ძე-ღმერთით, ქრისტეთი,
რომელიც კაცადაც მოდის მიწაზე და ‘ცისა და მიწის’ შემაკავშირებელია. ‘ხატის ხატობის’ მოდელი
სავარაუდოდ პლატონური გავლენა უნდა იყოს.
10
ქრისტიანობა გულისხმობს ქრისტეს მიბაძვას, imitation Christi-ს. ღმერთთაან მიმსგავსების იდეას
ვხვდებით პლატონთანაც, დიალოგ ‘თეეტეტუსში’ (Theaetetus), სადაც ნათქვამია, რომ რამდენადაც
შესაძლებელია ადამიანისთვის, ის უნდა ბაძავდეს/ემსაგავსებოდეს ღმერთს.
ერთმანეთთანაც და ებრაულ ორიგინალთან. ორიგენეს ეკუთვნოდა ტეტრაპლაც, რომელიც

ჰექსაპლას გამარტივებული ვარიანტი იყო. ორიგენეს ამ ორ ნაშრომში ჯამში 6000 ფურცელი


უნდა სჭეროდა და 50 ტომი ყოფილიყო. მოცულობის გამო, ვერ ხდებოდა სრული გადაწერა
და, საბოლოოდ, დაიკარგა კიდეც.

ამ უდიდესი ქრისტიანი თეოლოგის ზოგიერთი შეხედულება უარყოფილია ოფიციალური


ეკლესიის მიერ. ორი საკითხია აქ არსებითი: 1) ორიგენე აყალიბებს სამების შესახებ თეორიას.

მასთან ლოგოსი (ძე, ქრისტე) არ არის თანაარსი მამისა, ერთგვარად დაქვემდებარებულია

მამაზე;11 2) ორიგენე ავითარებს სულების საყოველთაო ‘აპოკატასტასისის’ (აღდგინების)


თეორიას. მისი აზრით, ყველა სულს აქვს ღმერთში დაბრუნების შანსი (მათ შორის, სატანასაც);

ორიგენესთან ერთ-ერთი საინტერესო თემაა ‘ღმერთი და სამყაროს მარადიული შემოქმედება’.


თუ ვიფიქრებთ, რომ სამყაროს შექმნა ერთჯერადი აქტია, ღმერთი შესაქმის მერე უმოქმედოდ

დარჩება, ე.ი. რაღაც დროს მოქმედი, რაღაც დროს კი უმოქმედო გამოვა, რაც მიუღებელია

ღმერთის უცვალებლობიდან გამომდინარე, ამიტომ, სამყაროს შექმნა არაა ერთჯერადი აქტი,


სამყარო ღმერთის მარადიული/მუდმივი შემოქმედებაა.

კაბადოკიელი მამები :

(ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნაზიანზელი - IV საუკუნე)12

მოკლედ ძირითადი შეხედულებები: ღმერთმა სამყარო შექმნა არარადან, დროში,

თავისუფალი ნებით, რაც მისი სიკეთის გამოვლენაა. ადამიანსაც აქვს თავისუფალი ნება -
ღვთის ხატობა ამაში ვლინდება. ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს არასწორი
არჩევანი და ცოდვით დაცემა. გამოხსნა შესაძლებელია ნების სწორად წარმართვით, ასევე,

11
სამების პირთა განსაზღვრა და მათი ურთიერთმიმართების დადგენა შედარებით გვიან მოხდა.
კერძოდ, ნიკეის (325 წ) და კონსტანტინოპოლის (381 წ) საეკლესიო კრებებზე, სადაც შემუშავდა
ქრისტიანული მრწამსის სიმბოლო.
12
კაბადოკიელი მამები ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი ავტორები არიან ფსევდო
დიონისე არეოპაგელთან ერთად. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების, ეფრემ მცირესა და სხვათა
თარგმანები (ძირითადად, X-XIΙΙ საუკუნეების) ხსენებული ავტორების ტექსტებისა და მათზე
დართული კომენტარები უმნიშვნელოვანესი საფუძველი იყო ქართული კულტურის ‘ოქროს
პერიოდისა’.
მადლით,13 რაც ღმერთის საჩუქარია და არაა ჩვენზე დამოკიდებული - მთლიანად ღვთისგანაა.

ფსევდო დიონისე არეოპაგელის (სავ. V-VI სკ) სახელით იხსენიებენ ე.წ. არეოპაგიტული

კორპუსის ავტორს, რომელშიც შესულია რამდენიმე თეოლოგიური შინაარსის ტრაქტატი და

წერილი. ფილოსოფიურად მნიშვნელოვანი ტექსტებია, მაგ. ‘ღმერთის სახელების შესახებ’


(ეფრემ მცირესეული თარგმანით ‘საღმრთოთა სახელთათვის’) და ‘მისტიკური თეოლოგია’

(‘საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათვის);

დასახელებული ტექსტებიდან პირველში აღწერილია ღმერთის შემეცნების საფეხურები,


კერძოდ, პოზიტიური და ნეგატიური მეთოდები, კატაფატიკური და აპოფატიკური თეოლოგია

(ეფრემ მცირესეული თარგმანით, წართქმითი და უკუთქმითი თეოლოგია). კატაფატიკური


გზა დასაწყისშია, უფრო დაბალი ‘საფეხურია’, ამ დროს ღმერთს მიეწერება ყველა ატრიბუტი
(ღმერთი არის სიკეთე, სიყვარული, ჭეშმარიტება, კლდე, ლოდი, ყვავილი. მიქსერი :- )),
აპოფატიკური, ანუ ნეგატიური თეოლოგია შემდგომი საფეხურია, სადაც იმის გააზრება ხდება,

რომ ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი არსებული, ღმერთი ‘შეიმეცნება’ როგორც ყველა
ატრიბუტზე უფრო მაღლა მდგომი რამ (ღმერთი არ არის სიკეთე, სიყვარული, ჭეშმარიტება,
მიქსერი... ); ცხადია, ეს გზაც ვერ ამოწურავს ღმერთის შემეცნებას. არეოპაგიტული კორპუსის
ავტორისთვის ღმერთის შემეცნებისთვის ყველაზე მაღალი საფეხური არის ‘მისტიკური

თეოლოგია’, როდესაც ხდება იმის გააზრება რომ ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე, თუნცად

აპოფატიკურ თეოლოგაში ხდება მისი გააზრება, გაგება, რომ ღმერთი არ არის ‘არცა რაი არა
არსთაგანი, არცა არსთა ამათგანი რაიმე’. მხოლოდ საიდუმლო თეოლოგიაში მიეცემა

განმცდელს წამიერად ‘შეცნობა ღვთისა’.

ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე არსებით განსხვავებას ქრისტიანულ თეოლოგიასა და


ანტიკურ ფილოსოფიას შორის (პლატონ-არისტოტელე-ნეოპლატონიზმს ძირითადად)

• ‘არარადან’ შექმნა ‘არ მოსულა’ ბერძნულ ფილოსოფიაში. ქრისტიან ავტორებთან - კი;

• ღმერთის პიროვნულობა არ გვხვდება ფილოსოფიაში, ქრისტიანობაში - კი;

13
ბერძნულად „ქარის“ / „ხარის“ ß აქედან ‘ქარიზმატული’
• სამყაროს შექმნა/დაბადება აუცილებლობით ხდება ფილოსოფოსების აზრით,

ქრისტიანებთან - ღმერთის თავისუფალი ნებით;


• ხორცით აღდგომა გაუგებარია ძველბერძენ ფილოსოფოსებთან, ქრისტიანობაში -

უმნიშვნელოვანესი კონცეპტია;14

ლათინურენოვანი პატრისტიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია ავგუსტინე (354-430)

(კათოლიკებისთვის წმინდა, და მართლმადიდებლებისთვის - ნეტარი ავგუსტინეა :- ))


მისი ტექსტები „ღვთის ქალაქის შესახებ“ და „აღსარებანი“ დღემდე პოპულარულ ტექსტებად

რჩება არასპეციალისტთა შორისაც. ავგუსტინესთან უკვე მკაფიოდაა გამოთქმული ის, რაც შუა

საუკუნეებისა და შემდგომდროინდელი ფილოსოფიისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად


იქცევა, ვგულისხმობ ცოდნისა და რწმენის15 ურთიერთმიმართებას. ტერტულიანესგან (155-
220) განსხვავებით, რომელსაც მიეწერება ფრაზა credo, quia absurdum - მწამს, რადგან

აბსურდია, ავგუსტინე რაციონალური გზით შემეცნების, ცოდნის როლს მთლიანად არ

აუფასურებს. რათქმაუნდა, მასთანაც რწმენაა უპირატესი, მაგრამ ‘ცოდნასთან

თანამშრომლობაც’ ‘მოსულა’. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ‘ვაზროვნებ, რათა ვიწამო და


მწამს, რათა ვიაზროვნო’.

ავგუსტინეც თვლის, რომ ღმერთი არარადან ქმნის სამყაროს. შესაქმე არის ღმერთის ზე-

სისრულეში არსებული იდეების რეალიზაცია და ღმერთის სიკეთის გამოხატულება.

ბოეციუსი (477-524) რომელიც ქრისტიანია, ‘უკანასკნელ რომაელად’ იწოდება. განათლებით

და წერის სტილით იმდენად ჰგავს კლასიკური პერიოდის რომაელ ავტორებს, რომ მისი
ზოგიერთი ტექსტის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ ქრისტიანია ავტორი

(რაც მაგ პერიოდისთვის უიშვიათეს გამონაკლისად აქცევს ბოეციუსს). მისი სიკვდილით

დასჯის შემდეგ მსგავსი განათლებისა და ცოდნის მქონე ავტორებს მინიმუმ მე-15


საუკუნემდე ვეღარ მოიძიებთ ლათინურენოვან დასავლეთში (ჯონ სკოტუს ერიუგენა (IX სკ)

შეიძლება იყოს გამონაკლისი ამ მხრივ).

14
არასრული ჩამონათვალია, რათქმაუნდა.
15
ფილოსოფია და თეოლოგია, მეცნიერება და რელიგია, ‘ათენი და იერუსალიმი’ მაგ შეპირისპირების
ვარიაციული წყვილებია. შუა საუკუნეებში წამყვანი ხედვაა, რომ ცოდნა უნდა ემსახურებოდეს
რწმენას, ფილოსოფია თეოლოგიის მსახურია.
შუა საუკუნეების დასავლეთევროპული ფილოსოფია-თეოლოგიისთვის ბოეციუსი

უმნიშვნელოვანესი ავტორია. გარდა იმისა, რომ მარციანუს კაპელასთან (V სკ) ერთად


ითვლება septem artes liberales (შვიდი თავისუფალი ხელოვნების, ე.წ. liberal arts-ის)
კონცეფციის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად და სისტემატიზატორად - რომლის (ამ

ხელოვნებების) საფუძველზეც იყო შედგენილი იმ პერიოდის ‘კურიკულუმები’ და რაც


ევროპის პირველ უნივერსიტეტებშიც გადავიდა - მისი თარგმანები ბერძნულიდან ლათინურ

ენაზე და მისეული კომენტარები სახელმძღვანელოებად გამოიყენებოდა შუა საუკუნეების

სასწავლებლებში.16
ბოეციუსმა ლათინურად თარგმნა არისტოტელეს ლოგიკური ტრაქტატები. ასევე,
ნეოპლატინიკოსი ფილოსოფოსის, პორფირიოსის ‘შესავალი არისტოტელეს ‘კატეგორიებზე’17

და მასზე (ამ შესავალზე) დაურთო მცირე შესავალი.18 სწორედ ეს ტექსტები იყო ყველაზე
უფრო ‘მოთხოვნადი’ და ‘ხშირად ხმარებადი’ ტექსტები შუა საუკუნეების სწავლულებში.

ცოდნისა და რწმენის მიმართების გარდა, მეორე უმნიშვნელობანესი საკითხი შსკ-ების


ფილოსოფიაში ე.წ. უნივერსალიების პრობლემაა, რომელიც სათავეს სწორედ პორფირიოსის
‘ისაგოგეზე’ დართულ ბოეციუსეული შესავალიდან იღებს.
ბოეციუსის ნაწერებიდან ასევე მნიშვნელოვანია ‘ნუგეში ფილოსოფიისგან’,19 რომელიც
სიკვდილმისჯილმა დაწერა საპყრობილეში ყოფნისას. ბოეციუსის აზრით, ფილოსოფიის
ფუნქცია იმის ცხადყოფაა, რაც რწმენითაა დადგენილი, ამიტომ ცდილობს რაციონალური

ახსნა-განმარტებების დაძებნას იმ საკითხებისა, რაც რწმენის ობიექტია. ‘ნუგეშში’ მოტანილია


არგუმენტები ღმერთის არსებობაზე, თეოდიკეაზე,20 ღვთაებრივი განგების (ღმერთის

წინასწარცოდნის), ადამიანის თავისუფალი ნებისა და ბედისწერის ურთიერთმიმართება-

თავსებადობაზე და ა.შ.

უნივერსალიების პრობლემა
როგორც ვახსენეთ, ეს საკითხი პორფირიოსის ‘ისაგოგესა’ და ბოეციუსის მასზე დართული
‘შესავლიდან’ მომდინარეობს. ეს საკითხი გულისხმობს იმას, თუ რა ფორმით არსებობენ ზოგადი
ცნებები, იდეები, რასაც ლათინურად უნივერსალიები ეწოდებათ. მაგალითად, ზოგადი ცნება,

16
გავიხსენოთ, რომ 1088 წელს იქმნება ბოლონიის უნივერსიტეტი, რომელიც პირველია ევროპაში. მე-
12-მე-13 საუკუნეებში ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთს, იტალიასა და ა.შ. სხვა უნივესიტეტებიც
დაარსდება.
17
‘ისაგოგეს’ უწოდებენ ამ ტექსტს.
18
ანუ, ‘ისაგოგეს ისაგოგე’, შესავლის შესავალი გამოდის :- )
19
The consolation of Philosophy
20
ღმერთის სამართლიანობა, ღმერთის გამართლება. თეოს - ღმერთი, დიკე - სამართალი.
უნივერსალიაა ‘ცხოველი’. რა ტიპის არსებობა აქვს მას? არსებობენ კონკრეტული ცხოველები,
ცხენი, კატა, თხა, ზოგი ამბობს, რომ ზებრაც. კონკრეტული საგნების, ობიექტების არსებობის
ფორმა გასაგებია, მათი არსებობა ფიზიკურადაა გამოხატული. ზოგადი ცნებების შემთხვევაში
როგორაა?21
ამ შეკითხვაზე პასუხის მიხედვით ორი რადიკალურად დაპირისპირებული მიმდინარეობდა
შეიქმნა - ნომინალისტების და რეალისტების. ნომინალისტები თვლიდნენ, რომ უნივერსალიები
არ არსებობენ არც რეალურად და არც გონებაში. ზოგადი ცნებები მხოლოდ სიტყვებია, რასაც
არაფერი შეესაბამება. ამ ცნებების შესატყვისად რაც წარმოგვიდგენია, ყოველთვის რაღაც
კონკრეტულია და არა ზოგადი. მოკლედ, სიტყვაში არსებობის გარდა სხვა ტიპის არსებობა არ
გააჩნიათ უნივერსალიებსო, ფიქრობდნენ ნომინალისტები, რომელთა შორის უპირველესი არის
ჯოვანი როშელინო. რაც შეეხება მათთან დაპირისპირებულ მხარეს, რეალისტებს, ისინი
თვლიდნენ, რომ უნივერსალიები არსებობენ არა მხოლოდ გონებაში, ცნებების სახით, არამედ მათ
დამოუკიდებელი რეალური არსებობაც გააჩნიათ. ამ მიმდინარეობის ‘მოთავედ’ უილიამ
შამპოელი ითვლება.
ამ ორი რადიკალურად დაპირისპირებული პოზიციების კამათისას ჩამოყალიბდა ე.წ. ზომიერი
ნომინალიზმი, რომელსაც კონცეპტუალიზმსაც უწოდებენ (რომლის მთავარი წარმომადგენელი
პიერ აბელარია22 ) და ზომიერი რეალიზმი, რომლის პოზიციებსაც თომა აქვინელი წარმოადგენს.
კონცეპტუალიზმის თანახმად უნივერსალიები არა მხოლოდ სიტყვაში, გონებაშიც (in intellectu)
არსებობენ, გარკვეული ცნებების, კონცეპტების სახით.

თომა აქვინელი (1225-1274) ითვლება სქოლასტიკური ფილოსოფიის გვირგვინად. მან დაწერა


გრანდიოზული თხზულება Summa Theologiae (თეოლოგიის შეჯამება), რომელშიც სისტემურადაა
ჩამოყალიბებული თითქმის მთელი სამეცნიერო-თეოლოგიურ-ფილოსოფიური ‘ცოდნა’ იმ
პერიოდისა. თომა აქვინელის მთავარი ‘ხაზი’ და მიზანდასახულობა არის, რომ მოახდინოს
ქრისტიანობისა (რომაული კათოლიციზმის) და არისტოტელური ფიზიკის სინთეზი.
უნივერსალიების საკითხთან დაკავშირებით თომა აქვინელისეული პოზიცია, რომელსაც ზომიერ
რეალიზმს უწოდებენ, შემდეგნაირია (არისტოტელური გადაწყვეტაა ერთგვარად): მართალია,
ზოგადი ცნებები არ არსებობენ კონკრეტულ საგნებამდე,23 (ანუ, ante rem24) და დაკონკრეტულ
საგნებში (in re) არიან მოცემულნი, მაგრამ ისე, რომ მათ რაგვარობას განსაზღვრავენ. უფრო
მკაფიოდ ჩამოყალიბებულად ასეა: ზოგადი ცნებები/გვარები/უნივერსალიები არსებობენ (ა)
საგანში in re - როგორც სუბსტანცია25, (ბ) საგნის არსებობის შემდეგაც post rem - როგორც

21
ბუნებრივია, რომ ეს საკითხი პლატონისეული იდეებისა და საგნების მიმართების პრობლემის
გაგრძელებაა, რომელიც არისტოტელესა და პორფირიოსის გავლით წამოჭრა ბოეციუსმა და რა,
განვმეორდები, უმნიშვნელოვანესი თემა იყო სქოლასტიკაში.
22
აბელარი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოაზროვნეა შუა საუკუნეებში. მისი ტექსტი „ჩემი
უბედურებების ისტორია“ არა მხოლოდ ფილოსოფიურად, არამედ ლიტერატურულადაც ძალიან
მაღალი ღირებულებისაა. სხვათა შორის, ჟან-ჟაკ რუსოს ტექსტის სათაურში „ჟიული ანუ ახალი
ელოიზა“ ნახსენები ელოიზა აბელარის ხსენებული ტექსტიდანაა.
23
შდრ. არისტოტელეს ‘მეტაფიზიკას’.
24
‘Res’ ლათინურად საგანს ნიშნავს.
25
რაობის, არსის განმსაზღვრელი. უსია.
გონებისეული ცნება და (გ) საგნის არსებობამდეც ante rem - ღმერთის გონებაში, როგორც ნიმუში,
იდეა, რის მიხედვითაცაა შექმნილი ესა თუ ის კონკრეტული საგანი.

იოანე პეტრიწი (XI (?) - XII სკ)

იოანე პეტრიწმა თარგმნა ნეოპლატონიკოს პროკლე დიადოხოსის (410-485) ტექსტი

“თეოლოგიის საფუძვლები” (‘კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი’)26 და მას ვრცელი


კომენტარი დაურთო. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ფილოსოფიური ტექსტი. იოანე
პეტრიწი, რომელიც მისსავე ტექსტში ‘იოანე პლატონურ ფილოსოფოსადაა’ მოხსენიებული,

ცდილობს აჩვენოს, რომ პლატონური ფილოსოფია ქრისტიანობის საწინააღმდეგო რამეს არ


ასწავლის და მასთან თანხმობაშია.

იოანეს პლატონურ ფილოსოფოსს სურდა, რომ ქართლი ექცია ‘სხვა ათინად და მეორე
იერუსალიმად’, ანუ, შეექმნა სკოლა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა კლასიკური ბერძნული

ფილოსოფიისა და ქრისტიანობის სწავლა/სწავლება.

რენესანსის პერიოდის ფილოსოფია

მეთხუთმეტე საუკუნში, ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებისა და, განსაკუთრებით კი


კონსტანტინოპოლის დაცემის (1453) შემდეგ, ლათინურენოვან ევროპაში (კერძოდ,
იტალიაში) ბიზანტიიდან ჩადიან სწავლულები და ჩააქვთ დიდი რაოდენობის
ბერძნულენოვანი ტექსტები, მათ შორის, პლატონისა და არისტოტელეს ნაშრომები.

ადგილობრივი ინტელექტუალები სწავლობენ ძველ ბერძნულ ენას. იქმნება რამდენიმე


კულტურული პირველ რიგში კი გამოსარჩევია ფლორენციის პლატონური აკადემია, რომელიც

დაარსდა იმ პერიოდში კოზიმო და ლორენცო მედიჩების ‘დაფინანსებით’. ამ აკადემიას

26
იმ პერიოდის ქრისტიანულ ქვეყნებში წარმართი ავტორის თარგმნა არ იყო ადვილი საქმე. მითუფრო
თუ მის გინება-განქიქებას არ მოაყოლებდი ქრისტიანობის სასარგებლოდ. პეტრიწი არათუ არ ‘აგინებს’
ანტიკური ფილოსოფიის მთავარ წარმომადგენლებს, არამედ მათ ახსნა-განმარტებას ქრისტიანობის
დაუხმარებლად ცდილობს, პროკლეს ტექსტს განმარტავს მისივე ფილოსოფიის საფუძველზე,
იმანენტურად. პეტრიწის ეს თარგმანი და კომენტარი მხოლოდ ჩვენთვის, ლოკალურად არაა
ღირებული. იოანე პეტრიწი თავის თანამედროვე არცერთ სწავლულს არაფრით ჩამოუვარდება
განათლებითა და ფილოსოფიური სიღრმით.
ხელმძღვანელობდა იმ დროის (და არა მხოლოდ იმ დროის) გამორჩეული სწავლული
მარსილიო ფიჩინო (1433-1499). ფიჩინომ ბერძნულიდან ლათინურად თარგმნა უამრავი

ტექსტი (პლატონის თხზულებები, პლოტინი, პორფირიოსი...)27 და ბევრ მათგანს


კომენტარებიც დაურთო. მოკლედ რომ ვთქვათ, მარსილიო ფიჩინო იყო მთავარი

‘ამაღორძინებელი’ პლატონური ფილოსოფიისა. გარდა ფლორენციის პლატონური


აკადემიისა, მნიშვნელოვანი კერა იყო პადუაში. თუ ფლორენციაში ფიჩინო და მისი

თანამოაზრენი პლატონის ხაზით ‘აგრძელებდნენ’ ანტიკურობას, პადუაში არისტოტელური


სკოლა იყო, რომლის მთავარი წარმომადგენელიც გახლდათ პიეტრო პომპონაცი.

ჯოვანი პიკო დელლა მირანდოლა (1463-1494) რენესანსის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე

გამორჩეული ფიგურაა. მის ტექსტს „სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ“ (oratio de hominis
dignitate) ‘რენესანსის მანიფესტს’ უწოდებენ.

პატარა ამონარიდი ხსენებული ტექსტიდან: „ღმერთმა ადამიანი სამყაროს ცენტრში დააყენა

და უთხრა: შენ არ მოგეცით არც საიმედო ადგილი, არც საკუთრივი სახე, არც რომელიმე
განსაკუთრებული ვალდებულება, რათა ადგილი, სახე და ვალდებულებები თვითონვე
შეირჩიო იმ სურვილისა და აზრის თანახმად, რომელიც შენ გაქვს. არ შეგქმენით არც ზეციურ,
არც მიწიერ, არც მოკვდავ, არც უკვდავ არსებად, რათა თვითონ გამოძერწო შენი ფორმა.
შეგიძლია გადაგვარდე უფრო დაბალი მყოფობისკენ, როგორც არიან მხეცისმაგვარი არსებები,
შეგიძლია ამაღლდე ამაღლებული მყოფობისკენ, როგორც არიან ღვთაებრივნი.“

27
პლოტინი და მისი მოსწავლე პორფირიოსი (III სკ) პროკლე დიადოხოსთან (V სკ) ერთად
ნეოპლატონური ფილოსოფიის მთავარი წარმომადგენლები არიან.

You might also like