Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ტომას სტერნზ ელიოტი -,,უნაყოფო მიწა’’

ანა მელიქიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: გაგა ნახუცრიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2021
ელიოტის ,, უნაყოფო მიწა ‘’ ანუ ,, ბერწი მიწა ‘’ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი პოემაა, რომლიც უსაზღვროდ მრავლისმომცველი და ღრმა
შინაარსის მატარებელია. აღნიშნული პოემა წარმოადგენს იმ პირველ
ლიტერატურულ შედევრს, რომელშიც ავტორმა ახლებურად გადმოსცა, შეკრა,
გააერთიანა და შესანიშნავად დააკავშირა ერთმანეთთან საუკუნეებით დაშორებული
მწერლებისა და პოეტების შედევრები. რის შედეგადაც, შექმნა რაღაც უფო ღრმა,
უაღრესად მნიშვნელოვანი და სულშიჩამწვდომი შედევრი, რომელსაც ,, უნაყოფო
მიწა ‘’ ჰქვია. პოემის შექმნაზე გავლენა მოახდინა არა მარტო იმ საზოგადოებრივმა
პროცესებმა და გლობალურმა პრობლემებმა, რომლებიც პირველმა მსოფლიო ომმა
გამოიწვია, არამედ უშუალოდ ავტორის მძიმე ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ,
ვინაიდან პოემა დაიწერა პოეტის ცხოვრების ისეთ ეტაპზე, როდესაც მეუღლესთან
პრობლემებმა და განშორებამ გაამწვავა ომის შემდგომი პერიოდით გამოწვეული
მდგომარეობა. ამის შედეგად კი ყველაფერი, რაც სიცოცხლის საწყისთან ასოცირდება,
ელიოტისთვის დასასრულის მომასწავლებელი და აუტანელი ხდება. პოემა შედგება 5
ნაწილისგან. ელიოტისთვის ეს სამყარო არის უწყლო უდაბნო, რომელიც არის
გამომშრალი, მაშინ როცა წესით, წყალმა სიცოცხლე უნდა მოიტანოს. ლექსში
წანამძღვრებულია ციტატა სიბილას შესახებ. საიდანაც მკითხველი ხვდება, რომ
ელიოტისთვის ეს სამყარო ისეთივე უნაყოფოა, როგორც სიბილა. პოემა იწყება
სიტყვებით:

,, დაუნდობელი თვეა აპრილი, ამოზრდის

მკვდარი მიწიდან იასამანს, აურევს

ხსოვნას და სურვილს, აღაგზნებს

გაზაფხულის წვიმებით ფესვებს.

ზამთარი გვათბობდა, ფარავდა

მიწას დავიწყების თოვლით, კვებავდა

გამხმარი ბოლქვებით სიცოცხლის ნამსვრევს. ’’

გაზაფხული წელიწადის ის სეზონია, როცა სამყარო ემშვიდობება ზამთრის სიცივესა


და სუსხს, ხოლო სანაცვლოდ სითბო იწყებს შემოსვლას, მაგრამ პოემაში
პირიქითაა, ,,ზამთარი გვათბობდა’’,-ამბობს ავტორი, რაც პარადოქსულია.
მოცემული ლექსის დასაწყისში გადმოცემულია მოგონებები ბედნიერ დღეებზე,
ლამაზ სუმბულებსა და თავისუფლებაზე, რომლებიც იმის გამო, რომ რეალურად
ჩვენ, ადამიანებმა, არაფერი ვიცით ბედნიერებასა და თავისუფლებაზე, წარსულში
დარჩნენ და ამიტომაც სუმბულებზე მოგონებას წინ უძღვის ნაწყვეტი ‘’ ტრისტანისა
და იზოლდადან ’’. როცა ავტორი ქალბატონ სოზოსტროზე (რომელიც
წინასწარმეტყველებს ფინიკიელი ზღვაოსნის წყლით სიკვდილს) საუბრობს იგი
დასცინის ყველაფერ მისტიკურს და წინასწარმეტყველურს, პოემის ბოლოს კი
ვხედავთ - წინასწარმეტყველება ხდება. პირველი ნაწილის ბოლოს ელიოტი
გვიხატავს დიალოგს მკვდრების ქალაქის ორ ადამიანს შორის, საიდანაც ვიგებთ
რომ ,, დამარხულმა მკვდარმა არ იყვავილა. ’’ ბოლო ციტატა კი ასეთია: “ პირფერო
მკითხველო! – ჩემო მსგავსო – ჩემო ძმაო! ” ავტორი ამით გვეუბნება, რომ ის, რასაც
წერს, გვეხება ყველას და არა მხოლოდ მას, ან ვინმე სხვას.

მეორე ნაწილი გახლავთ ,, ჭადრაკის თამაში ’’ სადაც ერთ-ერთი თითქოსდა


იდეალური ბინის მკვიდრებს ახლოდან ვხედავთ.

,, ქალი სავარძელში, რომელიც, როგორც სამეფო ტახტი,

ელვარებდა მარმარილოს იატაკზე. ’’

ამ სიტყვებით იწყება ,, ჭადრაკის თამაში ‘’ რაც შექსპირის “ ანტონიუსი და


კლეოპატრადანაა ”. სადაც თითქოს მკითხველი ხედავს იდეალურ შეყვარებულ
წყვილს. მაგრამ მათ შორის სიყვარული ისეა ჩამკვდარი, რომ ლამისაა მათ
ერთმანეთიც კი გააგიჟონ, ვინაიდან ერთმანეთისა ვერაფერი გაუგიათ. მათ შორის
არც ჩხუბია და არც სიხარული, მხოლოდ და მხოლოდ სიჩუმე, რომელიც კლავთ მათ.

„ ღამით ნერვებიც მღალატობენ. ცუდად ვარ. დარჩი.

მელაპარაკე. სულ ჩუმად ხარ. მელაპარაკე.

რას ფიქრობ ახლა? რაზე ფიქრობ? მითხარი, რაზე?

არასდროს იტყვი, რა გაფიქრებს. კარგი. იფიქრე. “


სიჩუმე მათ შორის აჩენს ღრმა უფსკრულს, რაც მათი ერთმანეთისადმი გაუცხოვებას
იწვევს. როდესაც კაცს შექსპირი ახსენდება იგი ირონიულად ამბობს:

ოოოო შეშეჰექსპირული ოინები-

რა დახვეწილია

რა ელეგანტური

,, ახლა რაღა ვქნა? რა გავაკეთო?

ავდგები და, როგორცა ვარ, გავვარდები ასე ქუჩაში

თმაგაწეწილი. ხვალ რაღა ვქნათ?

რა ვქნათ საერთოდ? ’’

ამ მონაკვეთიდან მკითხველს ღრმად შეუძლია შეიგრძნოს წყვილის განცდები და


ემოციები, როცა მათ უკვე აღარ იციან, რა მოიმოქმედონ, როცა ვეღარ გაუგიათ, რა
აქვთ საერთო, ვეღარ პოულობენ ერთმანეთში რაიმე ღვთიურს. კაცი თითქოს
დასცინის შექსპირზე უფრო მეტად საკუთარ სურვილს, რომ რეალურად იყოს
შექსპირისეული სიყვარული ნამდვილი. მეორე წყვილი კი ალბერტი და ლილია.
ავტორი ესაუბრება ცოლს, რომელსაც კბილები გაფუჭებია აბორტებისაგან და რაღაც
წამლებისგან. პოეტი სთხოვს, რომ იჩქაროს და რამე მოუხერხოს თავის კბილებს,
სანამ ქმარი დაბრუნებულა. ,, გთხოვთ დაუჩქაროთ, დროა. ’’ ეს ფრაზა რამდენჯერმე
გვესმის ლექსში. ლილი შექსპირის ოფელიასავით ემშვიდობება ყველას. ეს კი იმის
მანიშნებელია, რომ საბოლოო დამშვიდობება თვითმკვლელობით დასრულდება.

მესამე ნაწილი არის ,, ცეცხლოვანი ქადაგება ’’ სადაც ავტორი აგრძელებს უნაყოფო


სიყვარულის თემას, სადაც იგი ბრძენი ტირესიას თვალებით აკვირდება უგულო
წყვილის უგულო ალერსს და მისსავით ხვდება, რაც ტრიალებს ორივეს გულში.
დედოფალი ელიზაბედისა და ლორდ ლესტრის სახეებსაც გვიჩვენებს ავტორი,
როგორც უნაყოფო სიყვარულის ამბავს, რადგანაც სიცარიელეს სიცარიელესთან
დაკავშირება ვერ მოხერხდება.

შემდეგ ავტორი გადადის სატირაზე, მისი დარდი უკვე აუტანელი ხდება. ისმის
ნეტარე ავგუსტინეს სიტყვები, სადაც სასოწარკვეთილი ევედრება ღმერთს. პოეტიც
ასეა, იგი თითქოს კართაგენშია და სული უკვდება. იწვის ჯოჯოხეთში და ღმერთს
ევედრება:

,, ალმოდებული ალმოდებული ალმოდებული

ღმერთო აქედან გამიტაცე

ღმერთო ამიტაცე

ალმოდებული. ‘’

მეოთხე ნაწილი ,, სიკვდილი წყლით ‘’ მკითხავი სოზოსტრისის წინასწარმეტყველება


ხდება. ფინიკიელი ზღვაოსანი უკვე დიდი ხნის მკვდარია. მისთვის წყალი-
სიცოცხლის წყარო, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, სიკვდილის მიზეზად იქცა.

,, ორი კვირის წინ მოკვდა ფლებას ფინიკიელი,

დავიწყებია თოლიების კივილი და ტალღების ღელვა,

ზარალი და სარგებელი. ’’

ამ სიტყვებით ელიოტი გულისხმობს, რომ ყველას საერთო დასასრული აქვს.


შესაბამისად, არც იმას აქვს აზრი იუდეველი იქნები, თუ წარმართი.

„ წარმართო თუ იუდეველო,

შენ, ვინც აბრუნებ საჭევარს და ნატრობ ზურგის ქარს,

გახსოვდეს ფლებას, ვინც შენსავით ლამაზი და მხნე იყო ერთ დროს “.

მეხუთე ნაწილში ,, რა თქვა ქუხილმა ‘’ ავტორს უკვე მეტის მოთმენა, მეტის გაძლება
აღარ შეუძლია და ითხოვს შველას. მისი მოთმინება უკვე ,, ზღვარზეა ’’.

„ ოფლდადენის სახეებზე ჩირაღდნების ალმურის შემდეგ

ხეივნებში სუსხანი სიჩუმის შემდეგ

ქვაღორღიან ხრიოკებში წამების შემდეგ ყვირილისა და ქვითინის შემდეგ

ციხისა და სასახლის და შორეულ მთებში

ექოდ ჩაშლილი გაზაფხულის ქუხილის შემდეგ


ის ვინც ცოცხლობდა ახლა მკვდარია

ის ვინც ვცოცხლობდით ჯერ კიდევ ვკვდებით

და მოთმინებაც უკვე ზღვარზეა “.

იგი აღწერს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მისთვის იმედი უკვე გადაწურულია,


იმედგაცრუებულია. ქუხილიც კი გაცრუებული იმედია მისთვის, ვინაიდან-
უნაყოფოა. პოემაში ვკითხულობთ, რომ ქუხს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ -ვერ
წვიმს.

„ დუმილიც კი არ ისმის მთებში

არამედ მხოლოდ უნაყოფო ქუხილია რომელიც ვერ წვიმს “.

პოემის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე, რაც სიცოცხლის საწყისთან


ასოცირდება, ელიოტისთვის დასასრულის მომასწავლებელი და აუტანელია,
მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ყველაფერი ,, უნაყოფო მიწასთან ’’ ასოცირდება,
იგი მაინც გვისახავს ხსნის გზას, საიდანაც ვიგებთ, რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ
გაცემა და ეგოიზმის დაძლევა. სიმშვიდის მიღწევა თვითგააზრების და
თვითშეგნების გზით. საბოლოოდ, ეს პოემა არაა არც მარტო ელიოტზე და არც მარტო
მის გარშემო მყოფ ხალხზე. ის მთელს მსოფლიოზეა, თითოეული ჩვენგანის
ჩათვლით. ალბათ სწორედ ამიტომაცაა, რომ იგი დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

You might also like