Professional Documents
Culture Documents
გრიგოლ ხანძთელი
გრიგოლ ხანძთელი
ბრძნული საუბარი რომ წმინდა ვერცხლია და დუმილი ოქრო, ეს ჯერ კიდევ სოლომონმა ბრძანა,
მაგრამ ახლა ჩემი არასრულფასოვნება არ მაძლევს დუმილის საშუალებას, უკეთესია,
ღირსეულად გადმოვცე ცხოვრება ღმერთშემოსილი ადამიანების - მამა გრიგოლისა და მისი
მოწაფეების - ღვთის მადლითა და შეწევნით.
შეძლებისამებრ ვაუწყო მსმენელს სარწმუნოდ მონათხრობი გრიგოლის მოწაფეთაგან და
მოწაფეთა მოწაფეთაგან.
ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლით სავსე, სიბრძნით სრულქმნილი, დიდი მღვდელი და
საქმის კარგად განმგებელი, მოღვაწე და დაუსახლებელ ადგილებში მონასტრების აღმშენებელი.
ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი - სანატრელი გრიგოლი, სულიერი მამა და წინამძღვარი და
აღმშენებელი ხანძთისა და შატბერდისა - ამ ორი დიდებული მონასტრის, რომლებიც
სამაგალითოდ ექცათ მეუდაბნოე მამებს ახალ ტაძართა შენებაში.
ეს იყო (გრიგოლი) წარჩინებული და მართლმადიდებელი მშობლების შვილი, აღიზარდა ნერსე
ერისთავის სასახლეში ღვთისმოსავი დედოფლის, ნერსეს ცოლის მიერ, რომელსაც ეშვილა იგი,
რადგან გრიგოლი მისი ძმისწული იყო.
გრიგოლს განსაკუთრებული ათვისების უნარი ჰქონდა, რადგან სწრაფად დაისწავლა დავითნი და
ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი წმინდა წერილის ახსნა-განმარტება.
ისწავლა ყველაფერი, რაც ქართულ ენაზე იყო და მრავალ ენაზე ისწავლა წერა-კითხვა და
საღმრთო წიგნებიც ზეპირად დაისწავლა (ბიბლია დაიზეპირა).
აგრეთვე ფილოსოფოსთა ნააზრევსაც გაეცნო, რასაც კეთილს მიაკვლევდა ფილოსოფოსთა
სწავლებაში, შეითვისებდა, ხოლო ცუდს მოიშორებდა. არაქრისტიანულ სიბრძნეს დასცინოდა.
მისის სრულყოფილების ამბავი მალე ქვეყანას მოედო,
მადლიანი საუბარი იცოდა. ლაპარაკობდა ბრძნულად და მოზომილად. ზრდასთან ერთად,
სათნოებაც ემატებოდა, რადგან არ იყო ქედმაღალი, როგორც ეს ჭაბუკებს სჩვევიათ ხოლმე.
არ იყო ნუგბარი საჭმელების მოყვარე და მხოლოდ ღარიბულ საჭმელს იღებდა სხეულის
მოსაძლიერებლად ნეტარი გრიგოლი - თავმდაბალი და სულიერ საზრდოს მონატრებული,
მშვიდი და გულმოწყალე.
გრიგოლი ფიზიკურად იყო წარმოსადეგი, გამხდარი, ტანსრული, სრულიად კეთილი,
ჯანმრთელი და უმანკო.
მაშინ მთავრებმა, მისმა აღმზრდელებმა, მშობლებმა და ხალხმა გრიგოლის მღვდლად კურთხევა
მოინდომეს და უთხრეს:
- შვილო, ყოველმხრივ კარგო და ქრისტეს ერთგულო მონავ, აჰა მოვიდა დრო დავით
წინასწარმეტყველის ნათქვამის აღსრულებისა, რომელიც ამბობს:
“ვინ ავა უფლის მთაზე, ანდა ვინ დადგება მის წმინდა ადგილას? განა ხელით და გულით წმინდა
არა?” და ახლა შენ გიპოვა ქრისტემ, უცოდველი და უმწიკვლო, რადგან შენ უნდა ახვიდე უფლის
მთაზე და დადგე ამ წმინდა ადგილას უსისხლო მსხვერპლის შესაწირად შენი ღირსებისა და
ჩვენი სულისა და ხორცის მანუგეშებლად.
მართალია, გრიგოლს მღვდლობისკენ გული მიუწევდა, მაგრამ მაინც შეაშინა მათმა საუბარმა,
შეძრწუნდა თავისი ასაკის გამო (რადგან ამ საქმისთვის მეტად ახალგაზრდად მიიჩნევდა თავს)
და უთხრა მათ:
- ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ სასჯელის მეშინია.
მაშინ უპასუხეს ბრძენმა მთავრებმა:
- ქრისტემ სიბრძნით დაგაჯილდოვა და ნუღა გასწევ წინააღმდეგობას, არამედ ქრისტეს სიტყვას
დაემორჩილე და ემსახურე მას შენი მღვდლობით.
ხოლო ნეტარი გრიგოლი დაემორჩილა მათ და ღვთის ნებით მღვდლად ეკურთხა.
მაშინ მთავრებმა მისი ეპისკოპოსობაც განიზრახეს.
ნეტარმა გრიგოლმა ეს ხორციელ პატივად მიიჩნია, შეწუხდა და თავისი კუთხიდან ფარულად
წასვლა გადაწყვიტა ღვთის შთაგონებით, რომელიც მას მამამთავარ აბრაამის მსგავსად წინ
მიუძღოდა.
როგორც აბრაამი განაშორა ღმერთმა თავის ურწმუნო ქვეყანას, ისე გრიგოლი გამოიყვანა
მორწმუნე და ღვთისმოსავი ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ უსახურ უდაბნოში გამობრწყინდეს
დაუშრეტელი სანთელი, რომელიც მაღალ და ბრწყინვალე სასანთლეზე კაშკაშებს, მარადიული
ზეთით, რათა საყვირის ხმაზე გაუძღვეს სულიერი სრულყოფის მაძიებელ თანამოღვაწეებს.
(ბიბლიაში ანგელოზები ადამიანებს ხშირად საყვირით ამცნობენ ღვთის ნებას. იგულისხმება
განკითხვის დღეს მაუწყებელი საყვირი).
ქრისტეს მადლის შეწევნით ნახა მოკეთეები: საბა, თავისი დეიდაშვილი, იშხნის მონასტრის
მეორედ მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი;
თეოდეორე, ნეძვის მონასტრის აღმშენებელი და მისი წინამძღვარი და ქრისტეფორე, კვირიკეთის
მაშენებელი და წინამძღვარი.
ეს ოთხი შეაკავშირა სარწმუნოებამ და საღმრთო სიყვარულმა ერთი მიზნით გააერთიანა, როგორც
ოთხ სხეულში დამკვიდრებული ერთი სული.
მაშინ სიხარულით დაადგნენ გზას, რომელსაც არ იცნობდნენ, მაგრამ უწყოდნენ, რომ უფალი
უძღოდა მათ.
პირველად ისინი ოპიზაში ჩავიდნენ. აქ ორი წელი მკაცრი სამონაზვნო კანონით ცხოვრობდნენ
მამა გრიგოლი და მისი ძმები, როგორც წესად ჰქონდათ იმ დროს ბერებს.
ხოლო მამა გრიგოლს სურდა მარტო დაყუდება, რადგან გაგონილი ჰქონდა უდაბნოში მყოფი
განდეგილი მამებისა ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ (იგულისხმება წმინდა ცხოვრება).
იმ დროს ხანძთაში ცხოვრობდა განდეგილი ბერი ჰუედიოსი, კაცი მართალი და წმინდა. ამ ნეტარმა
ჩვენება იხილა და ხმა ჩაესმა, რომ ამ ადგილებში აშენდება ეკლესია ღვთის კაცის, გრიგოლ მღვდლის
მიერ.
ასევე ჩვენებით აუწყა ღმერთმა სანატრელ მამა გრიგოლს იმ ბერის (იგულისხმება ჰუედიოსი)
სათნოება და ამ ადგილის მიცემა მისთვის.
სულიწმიდის წინამძღვრობით მოვიდა ხანძთას, წმინდა ბერთან ღვთის სასურველი ჩვენი მამა
გრიგოლი. და როდესაც ერთმანეთი ნახეს, ორივემ ძლიერ გაიხარა. მაშინ ნეტარმა ბერმა (ჰუედიოსმა)
თქვა:
“წმიდაო ღმრთისაო, ასაკით უმცროსი ხარ, მაგრამ საქმით ჩემზე უფროსი. შენ უნდა იყო მწყემსი
კეთილი ქრისტიანთა სამწყსოსი და თავად ღვთისგან ხარ წინამძღვრად ცხებული, რომელის წინაშეც
უძლურია ეშმაკის ხრიკები, როგორც ობობის ქსელი ქარში.
განთიადისას დაათვარიელებინა (ხუედიოსმა გრიგოლს) ხანძთის შემოგარენი.
გრიგოლს ძალიან მოეწონა ხანძთის სანახები.
როდესაც ოპიზაში დაბრუნდა, ახარა თავის სულიერ ძმებს წმინდა ბერის ნახვის ამბავი. მივიდნენ
ბერები ხანძთას და მოიკითხეს ის წმინდა ბერი, როგორც ზეცის ანგელოზი .
მაშინ თქვა ბერმა: აღთქმა მიმიცია უფლისთვის, რომ სიკვდილამდე მარტო ვიქნები (იგულისხმება
განდეგილობა), ხოლო სულით კვლავ თქვენთან ვარ და ახლა კი დანაპირების შესრულება მმართებს.
ნეტარო კაცთა შორის (მიმართავს გრიგოლს), აქვე, მახლობლად მცირე გამოქვაბულია, წამიყვანეთ იქ
შენ და შენმა სულიერმა ძმებმა, რადგან დარჩენილი დღეები იქ დავასრულო. იმის პირობა მომეცით,
რომ ჩემს სიკვდილამდე არ მომრავლდებით ამ ადგილას.
გრიგოლმა და მისმა საძმომ ვერ შეჰბედეს შედავება, არამედ მიიყვანეს ბერი გამოქვაბულში და
ილოცეს.
გადაკოცნეს ერთმანეთი დაემშვიდობნენ წმინდანს (ჰუედიოსს) წმინდანნი (ბერები) და ჩამოვიდნენ
ღვთის მიერ მონასტრისთვის გამოჩენილ ადგილას.
ერთად ჯვარი გადასწერეს ამ ადგილს და სენაკების ასაშენებლად მიწის დავაკება დაიწყეს, რადაგან
კლარჯეთის ყველა კლდეზე უფრო უმტკიცესია ხანძთის კლდე.
დიდი შრომით დაავაკეს ეს ადგილი, რადგან არ ჰქონდათ ცული და წერაქვი, არც სხვა მსგავსი
იარაღი. ოპიზელმა მამებმა მისცეს მათ ყველაფერი, რაც ხელთ ჰქონდათ, დაეხმარნენ ყველა საჭირო
ნივთითა და საკვებით, რადგან მაშინ იმ მიდამოებში ოპიზის გარდა სხვა მონასტერი არ იყო.
მათ სიახლოვეს არ იყვნენ არც ერისკაცნი, იმ მხარის ახლად გასაშენებლად, რადგან კლარჯეთსა და
ტაოში, შავშეთსა და მთელს შემოგარენში ცოტანი სახლობდნენ ტყეებში ალაგ-ალაგ.
ნეტარმა მამამ, გრიგოლმა პირველად ააშენა ხის ეკლესია, შემდეგ თავისი სამყოფელი და თითო
მცირე სენაკი ძმათათვის და ერთი დიდი სენაკი საკუჭნაოდ.
ყოველდღიურად იზრდებოდა ძმობა, რადგან ემატებოდა უფალს მეთერთმეტე ჟამის მუშაკები,
რომლებიც უთანასწორდებოდნენ ადრინდელ წმინდანებს (“განთიადის მუშაკებს”) და ხდებოდნენ
წმინდა მოწამეთა ღვაწლის მოზიარენი.
ისინი განმტკიცდებოდნენ ბერული ღვაწლით წმინდა მოწამეთა მსგავსად და მათზე მეტადაც.
მარტვილნი ერთხელ ეწამნენ ქრისტესთვის, ესენი კი განუწყვეტლივ ეწამებოდნენ ქრისტესთვის.
დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “შენთვის მოვწყდებით ყოველდღე”, ხოლო პავლე მოციქული
ამბობს: ”ყოველდღე ქრისტესთვის მოვკვდები”.
იმ დროისთვის ბერი ჰუედიოსი მეტად მოხუცდა და სიკვდილის პირას იყო. გარდაიცვალა იგი და
იქაურობა ნელსურნელებითა და ანგელოზთა გალობით აივსო, რომლებმაც სიხარულით წაიყვანეს
ბერი ჰუედიოსი ქრისტეს წინაშე.
მაშინ უფლის ნებით ქრისტეს მსახურ ძმათა რიცხვი მატულობდა.
გრიგოლი ზარმაცს ძმობაში არ იღებდა, არამედ ჯერ გამოსცდიდა ყოველგვარ სასიკეთო საქმეში და
თუ ნახავდა, რომ ძმობაში მოსული ადამიანი წმინდა, მართალი, თავმდაბალი, ყოველგვარი კეთილი
საქმისთვის მოწადინებული იყო, სიხარულით მიიღებდა.
ამიტომაც მისი ყველა მოწაფე მეტად კეთილშობილი იყო და ითვისებდნენ მის (გრიგოლის)
სათნოებას.
ისინი ისე ემსგავსებოდნენ თავიანთ მოძღვარს, როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა ქრისტეს,
რომელიც ამბობს: “მოწაფისთვის საკმარისია, მოძღვრის მსგავსი თუ იქნება”.
ასე სათნოებით ცხოვრობდნენ ისინი, ხოლო მატერიალურად მეტად უჭირდათ.
იმ დროს აშოტ კურაპალატის კარზე ერთი წარჩინებული კაცი იყო. მას სახელად გაბრიელ
დაფანჩული ერქვა. ეს აზნაური ყოველმხრივ სრულყოფილი ადამიანი იყო - მდიდარი, ბრძენი,
ტანადი, ყველა საქმეში წარმატებული, მას რწმენის ერთგულებას უქებდნენ.
მას ეკუთვნოდა რამდენიმე სოფელი ნეტარი გრიგოლის სავანის მახლობლად. როდესაც გრიგოლმა
თავისი მოწაფეების მატერიალური სიდუხჭირე იხილა, ღვთის ნებით მივიდა გაბრიელ დაფანჩულის
სახლში.
როდესაც გაბრიელმა გრიგოლის მოსვლა შეიტყო, წინ მიეგება მას და თაყვანი სცა. წმინდანმა ჯვარი
გადასახა ყოველივეს და დაჯდა. მაშინ გაბრიელმა უთხრა წმინდა გრიგოლს:
- ღირსო მამაო, ჩვენთან ამქვეყნიური სიმდიდრეა, თქვენთან კი სულიერი სიმდიდრე. ეს ორივე
შევუზავოთ ერთმანეთს. თქვენ ამ ცხოვრებაში და სიკვდილის შემდეგაც მონაწილე გაგვხადეთ
თქვენი წმინდა ლოცვებისა და ჩვენი ძვლები თქვენს წმინდა ძვლებთან დასვენების ღირსი გახადეთ.
მამაკაცთა სამარხად ხანძთა დამიწესებია, ქალების სამარხი იყოს, ახლა რომ შენდება ის მონასტერი.
ხოლო ნეტარმა გრიგოლმა გულმოდგინედ მოიძია და მონახა ადგილი გუნათლეს მახლობლად,
ჯვარი გადასახა იქაურობას და ააშენა დედათა მონასტერი, რომელსაც ახლა გუნათლის ვანი ჰქვია.
ხოლო გაბრიელ დიდებულმა დიდი ძღვენით გამოუშვა მამა გრიგოლი და მისცა კალატოზები
(მშენებლები) და ყოველგვარი საშენი მასალა ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად. ასე დაბრუნდა
გრიგოლი თავის სავანეში და გაიხარეს მისმა მოსწავლეებმა, ღმერთს მადლობა შესწირეს და
ლოცავდნენ ბერებს.
ხოლო გრიგოლმა ეკლესიის ადგილი დაავაკა და სანამ ეკლესიის შენებას დაიწყებდა ეს ლოცვა
თვალცრემლიანმა წარმოსთქვა:
- შენ უფალო, ამიერიდან აკურთხე ეს ადგილი, შენი წმინდა ეკლესიის სამკვიდრებელი, რათა მე,
შენი გლახაკი, ღირსი გავხდე ამ ეკლესიის ბოლომდე აშენებისა დიდი მოწამის, ჯვრის მოიმედე,
საამაყო, მამაცი, შენს წმინდა მარტვილთა და მოწამეთა შორის გამორჩეულად სახელგანთქმული
წმინდა გიორგის სახელზე, რომლის სხეულიც მახვილით იჭრებოდა, მაგრამ რწმენა ვერ შეურყიეს.
გრიგოლმა ჯვარი გადასწერა წმინდა ეკლესიის ადგილს და დაიწყეს მშენებლობა. წმინდა გიორგის
შემწეობით, ნეტარი მამაის გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა, გაბრიელ დიდებულისა და ყველა
მართლმორწმუნე ქრისტიანის მატერიალური დახმარებით წარმატებით დასრულდა ეკლესიის
მშენებლობა.
მას შემდეგ უდაბნოში წმინდა მამებმა მონასტრების შენება იწყეს და ასე გამრავლდა წმინდა სამების
მსახურნი და მარადის მადიდებელნი.
ხოლო სნატრელი და სასწაულმოქმედი დედა ფებრონია სამცხიდან ჩამოვიდა და მერეს მონასტერში
დამკვიდრდა. და უსაზღვრო იყო მისი სათნოებით ცხოვრება და სულიერებაზე ზრუნვა.
თანამოაზრეები და მეგობრები იყვნენ ეს ნეტარი ადამიანები: დედა ფებრონი და მამა გრიგოლი.
ამის შემდეგ ღვთისმსახურ მეფეს აშოტ კურაპალატს აუწყა გაბრიელ ერისმთავარმა სანატრელი მამა
გრიგოლის მოღვაწეობის შესახებ და მოუთხრო გრიგოლის მიერ ეკლესის-მონასტრების მსენებლობის
შესახებ. შეატყობინა მისი მშობლების დიდგვაროვნება, მოწაფეებისგან რომ ჰქონდა გაგებული.
როდესაც ყოველივე შეიტყო კეთილმორწმუნე აშოტ კურაპალატმა, მაშინვე დაწერა წერილი
საკუთარი ხელით და ერთი ღირსეული კარისკაცი და ერთ-ერთი გაბრიელ დაფანჩულის
მსახურთაგანი გააგზავნა მამა გრიგოლთან.
როდესაც გრიგოლმა კურაპალატის მიპატიჟების წერილი წაიკითხა, პატივისცემით მოწერილი, და ამ
კაცებისგან შეიტყო ყოველივე, მაშინვე წავიდა ხელმწიფესთან და როდესაც სასახლესთან მივიდა, მას
შეეგებნენ კურაპალატის შვილები, ხოლო როცა მივიდა მათი სასახლის კართან, თავად კურაპალატი
წამოდგა და მიეგება მამა გრიგოლს. დიდი სიმდაბლით მოიკითხეს ერთმანეთი და დასხდნენ, ხოლო
კურაპალატმა თქვა:
- შენი პირით ღვთის კურთხევა იყოს ჩვენზე (იგულისხმება: დაგვლოცე ყველა).
და მან თქვა:
- დაგლოცოთ ყველა ქრისტემ და ყველა წმინდანმა, რადგანაც ნამდვილად სამართლიანია ეს
ნათქვამი: “ვისაც მთავრობის პატივი აქვს მინიჭებული, ის ღვთის მსგავსია..” რადგან თქვენ,
ხელმწიფეეებს ღმერთმა მოგანიჭათ უფლებამოსილება ქვეყნის მართვისა. ვგრძნობთ ღვთის
კეთილმოსურნეობას ჩვენდამი შენი მეფობით. უფლის მიერ ცხებული დავით წინასწარმეტყველის
შვილად წოდებულო ხელმწიფეო , ქრისტე ღმეღთმა მოგანიჭოს სათნოებანი თავისი, ამიტომაც
მოგახსენებ: ‘ამ მხარეებში ხელმწიფება ნუ მოაკლდება შენს შვილებს და მათ შთამომავლობას
მარადჟამს, უკუნითი უკუნისამდე.
ხოლო ამის შემდეგ, მაცნემ (აშოტ კურაპალატის გაგზავნილმა) წარმოსთქვა ხანძთის მიდამოების
ქება:
- ეს უდაბნო მზიანია და აქ ყოველმხრივ ზომიერი ჰავაა. აქვეა წყალუხვი წყარო. ეს ადგილები
მშვენიერი, გრილი და საამოა, მეტად ტყიანი და საზრდო ყოველგვარი მოიპოვება, რაც კი საერთოდ
შეიძლება უდაბნოში იყოს. სახნავ-სათესი და სათიბი მიწები აქ სრულიად არ არის, რადგან აქაურობა
ოღროჩოღრო, მოუვლელია და ქვა-ღორღიანია.
ეს რომ გაიგო კურაპალატმა. ხანძთას შესწირა შატბერდის მიწები სახნავ-სათესად. მაშინ
კურაპალატის სამმა ძემ - ადარნესემ, ბაგრატმა და გუარამმა - თითოეულმა მათგანმა შესწირა უხვად
ყველაფერი, რაც მონასტერს სჭირდებოდა.
გრიგოლის მოღვაწეობის დასაწყისში მკაცრი იყო კანონი მოწაფეებისთვის, რადგან მათ სენაკებში იყო
პატარა საწოლები და უბრალო ქვეშაგები, თითო ჭურჭელი წყლისთვის, ხოლო სხვა საზრდო არა
ჰქონდათ - არც საჭმელი და არც სასმელი. არამედ ერთად ტრაპეზობდნენ (სადილობდნენ), ასე
ცხოვრობდნენ.
მრავალი მათგანი ღვინოს საერთოდ არ სვამდა, ხოლო ვინც სვამდა მხოლოდ ცოტას იგემებდა.
ბერების სენაკებს საკვამური არ ჰქონდა, რადგან იქ ცეცხლი არასოდეს ინთებოდა და არც ღამით
ინთებოდა სანთელი, არამედ ღამით იყო გალობა და დღისით - წიგნის კითხვა და მუდმივი ლოცვა.
ხოლო გრიგოლის პირველ მოწაფეებს თეოდორესა და ქრისტეფორეს გულში ჰქონდათ საღვთო
ბაძვის წადილი მონასტრის აშენებისა...
მათ არ გაუმხილეს მამა გრიგოლს თავიანთი განზრახვა და ფარულად წავიდნენ აფხაზეთში და თან
რამდენიმე ბერი წაიყვანეს.
როდესაც სამცხეს მივიდნენ, ღვთის ბრძანებით დაიმოწაფეს დიდი აზნაურის, მირიანის ძე, სახელად
არსენი.
ეს ყმაწვილი ასაკით პატარა იყო, დაახლოებით ექვსი წლისა და მამის სახლში იზრდებოდა.
მირიანის სურვილით ბერებმა ყმაწვილს მოწესეს (ბერის) სამოსი ჩააცვეს, თვითონ კი აფხაზეთში
წავიდნენ.
აფხაზეთის მეფემ დიდი პატივით მიიღო ბერები და შესაფერი ადგილიც მიუჩინა მათ.
როდესაც გაიგო ნეტარმა გრიგოლმა თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლის ამბავი, მეტად შეწუხდა
და თან წაიყვანა ოთხი ძმა და წავიდა რჩეული კრავების (იგულისხმება ბერები) საძიებლად.
როცა მწყემსმა კეთილმა (გრიგოლმა) ქართლის სანახებს მიაღწია, ძმების ძიებაში, ღვთის ნებით,
იპოვა ყმაწვილი ეფრემი, ღვთის ღირსი, დაიმოწაფა და ასე უბრძანა:
- აფხაზეთიდან რომ დავბრუნდები, ხანძთაში წაგიყვან.
თვითონ კი აფხაზეთში წავიდა და როდესაც ხელმწიფის წინაშე წარდგა, მეფე წამოდგა, შეეგება და
სიმდაბლით მოიკითხა. ხოლო წმინდანი დიდხანს ლოცავდა მას და აკურთხებდა.
ნეტარმა გრიგოლმა თქვა:
- მეფევ, ღვთისმსახურო და დიდებულო, შენთან მოსულან ჩემი ძმები, წმინდა მამები, და სწორედ
ამის გამო მოვედი აქ. ბრძანოს შენმა ხელმწიფებამ და მოვიდნენ ისინი ჩვენთან.
ხოლო მეფეს გაუჭირდა მათი გამოჩენა და თქვა:
- არ მოსულან აქ ასეთი ბერები, რომელთაც ბრძანებს შენი სიწმინდე.
მაშინ ნეტარი გრიგოლი მეფის ნათქვამის გამო განრისხდა და თქვა:
- მეფეო
, მომეცი ჩემი ძმები, რომლებიც შენთან არიან.
და რადგან მეფეს სიტყვის თქმა აღარ შეეძლო წმინდანის მიერ სამართლიანი მხილების გამო, ბრძანა
ბერების მოყვანა.
და როდესაც ბერებმა იხილეს მამა გრიგოლი, აცრემლებულები დაემხნენ მის ფეხებთან.. ხოლო
წმინდანმა წამოაყენე ისინი და სიყვარულით ჩაიხუტა და უფალს ჰმადლობდა მათი პოვნისთვის.
მეფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს:
- წმიდაო მამაო, აჰა აღსრულდა ნება შენი, ახლა უფალმა შეასრულოს ჩემი სურვილიც, რადგან
მწადია მონასტრის აშენება, ბრძანე და დავათვალიეროთ აფხაზეთის მიდამოები და სადაც შენი
სიწმინდე ინებებს, მონასტერიც იმ ადგილას ავაშენოთ.
მოიარეს სამონასტროდ საგულვებელი მიწები და არ მოეწონა გრიგოლს ეს ადგილები. ძალიან
შეწუხდა მეფე ამის გამო.
მაშინ მამა გრიგოლმა მეფის დაბეჯითებული თხოვნით ააშენა მონასტერი და უწოდა უბეი (უბისი)
და მონასტერს მამასახლისად დაუდგინა იერუსალიმიდან ჩამოსული ილარიონი, სათნო
მოხუცებული, რადგან ის ხანძთაში წაჰყოლოდა თეოდორესა და ქრისტეფორეს. მას თან ჰქონდა
წმინდა წიგნები და მამა გრიგოლმაც თავისი წიგნები დაუტოვა მონასტერს.
გაიხარა ხელმწიფემ და უხვად გაიღო მონასტრის ასაშენებლად შეწირულობა.
ხოლო მათი წამოსვლის დროს მეფე დემეტრემ გამოჰკითხა მამა გრიგოლს, როგორი იყო კლარჯეთის
უდაბნო. მამა გრიგოლმა უთხრა მას:
- ღმრთოსმსახურო მეფეო, ბევრიც რომ ვილაპარაკო, ჩემი გონება ვერ შეძლებს კლარჯეთის უდაბნოს
ყველა სიკეთის აღწერას, რადგან აქა სამონაზვნო ცხოვრება აღორძინებულია და უფრო აყვავდება და
გაძლიერდება მომავალში.
მრავალიდან მხოლოდ მცირედს ვიტყვი: ბუნებით ერთგვარია ეს უდაბნო, მზიანიც არის და
ჰაერიანიც, არც დიდი სიცხე იცის და არც მეტისმეტი სიცივე შეაწუხებს იქ მყოფთ. არ გადასცდება
ზღვარს (ზომიერია), მშრალია, ცხელი ქარებისგან დაცული, უმტვერო, მზიანი.
კარგი წყალი და ხე-ტყე რამდენიც უნდათ, ბერებს უკლებლად აქვთ. ქვიშნარში ურიცხვი ჭალაა და
უამრავი საამო წყალი. სიხარული და შვება ღვთისაგან აქვს მიმადლებული ამ ადგილებს და
სრულიად მიუვალია საერო პირებისთვის.
ერთი მხრივ მთა აკრავს, ხოლო მეორე მხარეს მტკიცე ზღუდესავით ერტყმის შავშეთის დიდ წყალთა
(მდინარეთა) ერთად შერთული ნაკადი. მონასტრის მიდამოებში არ არის სათიბი მიწები, არც სახნავ-
სათესი, არამედ საზრდოს ვირს აჰკიდებენ და დიდი გაჭირვებით ეზიდებიან. პატარა ვენახი
წვალებით ჩაუყრიათ, აგრეთვე - ბაღები. აქ მყოფთ არ ეშინიათ, რომ ურჯულოები და ურწმუნოები
რწმენას შეურყევენ. და ასე, სრულიად მშვიდად არიან და ქრისტეს ადიდებენ.
ღვთის განგებას ეს წესი აქვს, რომ წმინდა მონასტრები უდაბნოში უნდა ააშენოს უპოვართა
(იგულისხმება გლახაკი და მორწმუნე ბერები) ხელით, რომლებიც გათავისუფლდნენ წუთისოფლის
ცდუნებებისაგან.
ღმერთმა მორწმუნე მეფეებს მისცა უფლება საეპისკოპოსო ტაძრების აშენებისა და ისინი ქალაქების,
სოფლებისა და მთელი ხალხის განმგებლად დაადგინა, რათა სამართლიანად განსჯიდნენ მათ
ბრწყინვალე სამოსელით შემკობილნი (ბერ-მონაზვნები), რათა არ მიეჯაჭვოს მათი გონება თვალით
ხილულ საგნებს, არამედ მარადიული სიკეთე შეიცნონ.
ხოლო სანდო და მართალი ბერები ამქვეყნად არავის ემორჩილებიან, რადგან თავისი ნებით
გაერიდნენ ამქვეყნიურ განცხრომას და ირჩიეს ღვთისათვის წუხილი გოდების ადგილას (ბერები
ღმერთთან დაახლოებისთვის მწუხარებას ეძლევიან, რაზეც მიანიშნებს მათი შავი სამოსი).
ნეტარი მამა ჩვენი გრიგოლი პატივცემული იყო ღვთისგან და ვერავინ ეურჩებოდა მის სიტყვას,
მეტადრე კი ამ დროის ხელმწიფენი.
ერთხელ ერთად იყვნენ დიდებული ძმები (აშოტის შვილები) და ნეტარმა გრიგოლმა დაბეჯითებით
უთხრა მათ, რათა მობრძანებულიყვნენ და ენახათ მისი აშენებული მონასტრები და მთელი
კლარჯეთის უდაბნო.
მათ დაიჯერეს გრიგოლის რჩევა, რომელიც წინ წაუძღვა დიდებულებს;
პირველად მიიყვანა შატბერდში, რომელიც ძალიან მოეწონათ და შეუყვარდათ მეფეებს,
დიდებულებს და მათ მხლებლებს.
როდესაც ხელმწიფენი შატბერდიდან წამოვიდნენ, ნეტარი გრიგოლი მათ წინ მიუძღვოდა. მივიდნენ
ჯმერკსა (მონასტერი კლარჯეთში) და ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში, ბერთაში (მონასტერი
კლარჯეთში);
მოილოცეს წმინდა ადგილები და დიდძალი შესაწირი დაუნაწილეს მონასტრებს. სამივე ხელმწიფემ
გაიღო დიდი შესაწირი.
შემდეგ ჩავიდნენ ოპიზაში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში; ამის შემდეგ წავიდნენ
ხანძთაში და იხილეს წმინდა გიორგის სახელზე აგებული ეკლესია.
კიდევ უფრო გაოცდნენ ხელმწიფენი, როდესაც ნახეს, რომ ნეტარი გრიგოლის მოწაფეები უმკაცრესი
ბერმონაზვნური წესით ცხოვრობდნენ, რადგან წმინდა მამები ზეცის ანგელოზებს ჰგავდნენ.
იმ დროს მოვიდა ხანძთაში მიძნაძორის მონასტრის წინამძღვარი, დიდი მამა, სანატრელი დავითი
(დავით მიზნაძორელი), მონასტრების მაშენებელი და მისის მოწაფეები: ნეტარი ილარიონი
წყაროსთავის მამა და მაშენებელი და მამა ზაქარია, ბარეთელთას მაშენებელი.
როდესა იხილეს ხელისუფალთ მეუდაბნოე მამები, რომლებიც უხორცო არსებებს ჰგავდნენ, მეტად
გაიხარეს და თქვეს:
- წმინდა მამებო, როცა გნახეთ, დაგვავიწყდა, რომ მიწაზე ვართ. არამედ გვგონია, რომ ზეცაში,
წმინდანების გვერდით ვიმყოფებით.
ხოლო წმინდა მამებმა დიდი ლოცვით განამტკიცეს ისინი:
- ღვთისმსახურო მეფენო, თქვენი გულები ღვთის ხელთაა, რომელმა ჩვენ სულებს ნუგეში სცა თქვენი
სიტყვით და თქვენი უხვი შემოწირულობით. ეს იცოდეთ, რომ სულიერად შემართული ლაშქარი
მეუდაბნოე მამათა არის მორწმუნე მეფეთა სიმტკიცე და სიძლიერე ბრძოლაში.
ამის შემდეგ წმინდა მამებმა ეპისკოპოსთან მოილაპარაკეს წმინდა გრიგოლის შესახებ, რათა
გრიგოლი კლარჯეთის არქიმანდრიტად (მონასტრების წინამძღვრად) დაედგინათ.
მრავალი წელიწადი, გარდაცვალებამდე განაგებდა წმინდა მამა გრიგოლი მათ წესსა და კანონს.
ახლა ადრე ნათქვამს მივუბრუნდეთ. როდესაც გრიგოლმა სახელი გაითქვა, მისი დიდებულების
ამბავი გრიგოლის დედის ყურამდეც მივიდა. რამეთუ ის ჯანმრთელი იყო და ასაკოვანი. მან
სულიერად გაიხარა და ძალა მოიკრიბა.
იგი გულით იგლოვდა შვილთან განშორებას, მაგრამ გაგონილმა სასიხარულო ამბავმა გააძლიერა.
იგი მაშინვე წამოვიდა სახედრით და მას ახლდნენ მსახურები, ქალები და კაცები. მივიდნენ ისინი
დედა ფებრინიასთან მერეს მონასტერში.
მან სიხარულით მიიღო ისინი და ეს ამბავი სასწრაფოდ წერილით აცნობა გრიგოლს. ხოლო უბიწო ძე
(გრიგოლი) მალე მივიდა დედასთან და თაყვანი სცა მას და ქრისტეს სახელით დალოცა და მიესალმა.
ხოლო დედა სიხარულით მიეგება შვილს, ეამბორებოდა და ეუბნებოდა:
- შვილო, ჩემო ტკბილო, გნახე, ვისი ნახვაც მსურდა, რადგან შენი ნახვით მომშორდა ყველა
ადრინდელი სატკივარი.
ხანგრძლივი და მრავალფეროვანი იყო მათი საუბარი., ხოლო ნეტარმა მამა გრიგოლმა თქვა:
- შემინდე, დედაჩემო, რადგან ჩემი ნებით არ დაგშორებივარ, არამედ ასეთი ენება უფალს, როგორც
მოხდა. შენ ამ წუთიერ ცხოვრებაში დღემდე არაფერი გაკლდა მატერიალურად თუ სულიერად.
მმართებს შენზე ზრუნვა ხერციელად და სულიერად უფლის ნებისამებრ, რომელიც ბრძანებს
მშობლის პატივისცემის შესახებ. სიბრძნის წიგნში წერია (იგულისხმება არაკანონიკური წიგნი):
“შვილო, იზრუნე შენს მშობლებზე ისე, როგორც იზრუნეს მათ შენზე, რადგან მათ გარეშე არც შენ
იქნებოდი.
გრიგოლმა პატივი სცა დედას და აავსო სიკეთით სანატრელი მოხუცებული, რომელმაც პირველად
ღმერთი ადიდა, შემდეგ თავისი ძე და გრიგოლს შეავედრა თავისი თანმხლებნი.
მაშინ გრიგოლმა წესისამებრ მოაგვარა დედამისის ცხოვრება..
მოგვიანებით გრიგოლის სანატრელი მშობელი გარდაიცვალა მერეს მონასტერში. გრიგოლმა მას
სათანადოდ მიაგო პატივი, აუგო წესი და გააცილა უფალთან, რომლის სიახლოვეც დედამისს ასე
სწყუროდა.
როგორც კი კურაპალატი არტანუჯში დაბრუნდა, ქალი მოიკითხა. რომ ვერ ნახა და შეიტყო
ყოველივე მომხდარი, მეტად შეწუხდა. რადგან ხელმწიფე რაიმე ადამიანური ცდუნებით კი არ იყო
ტრფიალების მახეში გაბმული, არამედ ეშმაკის ხრიკებით იყო ძლეული, ამიტომაც თავმოყვარეობა
დაივიწყა და მაშინვე მერეს მონასტერში წავიდა.
ნეტარმა ფებრონიამ დამალა დედაკაცი. როდესაც ღვთისმშობლი სახელობის ეკლესიაში
კურაპალატმა ილოცა და მიიღო დედა ფებრონიასგან კურთხევა, თქვა:
- იცი, დედაო, რისთვის მოვედი?
ხოლო ფებრონიამ თქვა:
- უფალმა იცის, რისთვისაც ბრძანდები აქ.
ხელმწიფემ თქვა:
- იმიტომ მოვედი, რომ ჩვენი სასახლის საგანძურის მცველი ქალი, რომლის ხელთ იყო მთელი
ქონება, მამა გრიგოლს აქ წამოუყვანია, ბევრი განძი დაგვაკლდა, უბრძანე, რომ ერთხელ სასახლეში
მოვიდეს და ყველაფერი თვლით ჩაგვაბაროს და შემდეგ ისევ თქვენთან დაბრუნდეს, როგორც
უნდოდეს.
ხოლო ფებრონიამ უთხრა მეფეს:
- კაცთა ცოდვების მიზეზთა ძიება კვლავ უფრო დიდი ცდუნებაა.
როდესაც კურაპალატმა ეს გაიგო, შერცხვა სამართლიანი საყვედურის გამო და კარგახანს დადუმდა,
როგორც ძლეული, რადგან ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს, სულიერად ძლიერმა ადამიანებმა
სძლიეს, საღმრთო შურით აღჭურვილებმა. ხოლო შეწუხებულმა კურაპალატმა გულისტკივილით
თქვა:
- ნეტა იმ კაცს, ვინც ცოცხალი აღარ არის!
სწრაფად ადგა ხელმწიფე და წასვლა დააპირა, ხოლო დედა ფებრონია მშვიდად ეპატიჟებოდა,
სტუმრად დარჩიო, რადგან არ დაემორჩილა მას.
ნეტარი მამა გრიგოლი - ღვთის ნების სამკვიდრებელი (წმინდანებს უწოდებდნენ ღვთის ნების
სამკვიდრებელს, რადგან მათში დავანებული იყო ღვთის ნება) - საკვირველმოქმედი მეტად დაბერდა,
102 წლის შეიქნა, მაგრამ არ შეცვლილა, არც თვალთ დაკლებია და ჯანმრთელად იყო.
სიკვდილამდე გრიგოლი არ დაუძლურებულა. მეტად უყვარდა შრომა. იგი არა მხოლოდ
ლოცულობდა და მარხულობდა, არამედ იყო კეთილი მასპინძელი და ღარიბთა შემწე.
გრიგოლი დროს მეტწილად შატბერდში ატარებდა, რადგან თავის მონასტრებში მამასახლისები
დაედგინა და ისინი ზრუნავდნენ მათზე და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე იყო, მხოლოდ იმას
აცნობებდნენ ხოლმე გრიგოლს, ღვთის მიერ მონიჭებული სიბრძნის მსგავსად, რომელიც მასთან იყო
დამკვიდრებული მუდამ, ვიდრე აღსასრულამდე.
გრიგოლი მოხუცებულობის ჟამს შატბერდში იმყოფებოდა. საწუხარი ჰქონდათ ხანძთელ ბერებს,
რადგან გაეგოთ, რომ შატბერდში მყოფი მათი სულიერი მამის (გრიგოლის) ამქვეყნიური ცხოვრების
დასასრული მოახლოებულიყო.
მაშინ ყველა ხანძთაში მცხოვრები ბერი, ვისაც კი სიარული შეეძლო, შეიკრიბა და შატბერდში
ჩამოვიდა.
გაიხარეს შატბერდის ბერებმა, ხანძთელი ძმები რომ იხილეს, მაგრამ როგორც კი გაიგეს მათი
მისვლის მიზეზი, სიხარული მწუხარებად გადაექცათ, ბერებმა ილოცეს ღვთისმშობლის ეკლესიაში
და თაყვანი სცეს წმინდა მამა გრიგოლს, რომელიც მონატრებითა და სიყვარულით ყველას ეამბორა
და გულითადად მოიკითხა.