ბერნარდენ დე სენ-პიერი-პოლი და ვირჟინი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 69

ბერნარდენ დე სენ-პიერი

პოლი და ვირჟინი
ავტორის წინასიტყვაობა
ამ პატარა ნაშრომში დიდი მიზნები დავისახე, - ვცადე ამეწერა ევროპისათვის უცხო მიწა და
მცენარეები. ჩვენმა პოეტებმა თავიანთი შეყვარებული ქალ-ვაჟნი საკმაოდ დაასვენეს
ნაკადულების ნაპირას, მდელოებსა და წიფლნარის ჩრდილქვეშ. მე განვიზრახე ისინი ზღვის
ნაპირზე, კლდის ძირას, ქოქოსის, ბანანისა და ლიმონის აყვავებულ ხეების ჩრდილში
გადამეყვანა. მსოფლიოს მეორე ნაწილს მხოლოდ თეოკრიტეები და ვირგილიუსები აკლია,
თორემ ისეთივე საინტერესო სურათები გვექნებოდა მისი, როგორიც ჩვენი ქვეყნისა გვაქვს.
ვიცი, რომ გემოვნებით დაჯილდოებულმა მოგზაურებმა სამხრეთის ზღვის მრავალი კუნძული
მომხიბვლელად აღწერეს, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლების და კიდევ უფრო იქ ჩასული
ევროპელების ზნე-ჩვეულება ხშირად აფუჭებს პეიზაჟს. მე მოვიწადინე ტროპიკების ბუნების
მშვენიერების დაკავშირება პატარა საზოგადოების სულიერ მშვენიერებასთან. მიზნად
დავისახე აგრეთვე, ნათელი გამეხადა ბევრი დიდი ჭეშმარიტება, მათ შორის ესეც: ჩვენი
ბედნიერება ის არის, რომ ვიცოცხლოთ ბუნებისა და სათნოების შესაბამისად. მაგრამ მე
სრულად არ დამჭირვებია რაიმე ამბის გამოგონება იმისათვის, რომ ბედნიერი ოჯახი დამეხატა.
შემიძლია დაგარწმუნოთ, ეს ოჯახები ნამდვილად არსებობდნენ და მათი ცხოვრების მთავარი
მოვლენა უტყუარია, რაც ილ დე ფრანსზე მცხოვრებმა მრავალმა ნაცნობმაც დამიდასტურა.
მათ თავგადასავალს ჩემი პირადი ცხოვრებით შემოწმებული რამდენიმე უმნიშვნელო
გარემოება დავუმატე, მაგრამ ამის გამო ეს გარემოებანი უფრო რეალურნი გახდნენ. რამდენიმე
წლის წინათ, როდესაც ამ ერთგვარი პასტორალის მეტად არასრულყოფილი ესკიზი მოვხაზე,
მე ვთხოვე ერთ მშვენიერ ქალბატონს, რომელიც მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა და
გონებადამჯდარ რამდენიმე მამაკაცს, რომელნიც ამ წრეს დაშორებულნი იყვნენ, მოესმინათ ეს
ნაწარმოები, რათა წინასწარ გამეგო, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა იგი სხვადასხვანაირი
გემოვნების მკითხველზე. მე კმაყოფილი დავრჩი, როცა დავინახე, რომ ყველა ცრემლს ღვრიდა.
ეს იყო ერთადერთი შეფასება, რომელიც ამ კითხვის დროს გამოვიტანე, მე მხოლოდ ამის
გაგება მსურდა. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, პატარა ტალანტს დიდი მანკი სდევს: ამ
წარმატებამ პატივმოყვარეობის გრძნობა გამიღვიძა - ჩემი ნაშრომისათვის სათაურად „ბუნების
სურათი“ მეწოდებინა. საბედნიეროდ, მომაგონდა, რამდენად უცნობი იყო ჩემთვის თვით იმ
ჰავის თავისებურება, სადაც დავიბადე; რამდენად მდიდარია, მრავალფეროვანი, სანუკვარი,
დიდებული და იდუმალი ბუნება იმ ქვეყნებში, სადაც მათი სიკეთე ვიხილე მხოლოდ როგორც
მოგზაურმა, და რამდენად მოკლებული ვარ გამჭრიახობას, გემოვნებასა და მეტყველების
უნარს იმისათვის, რომ ეს ბუნება გავიგო და აღვწერო. მაშინ ღრმად ჩავფიქრდი. მე ეს სუსტი
ნაშრომი მოვათავსე საზოგადოების მიერ გულთბილად მიღებული ჩემი „ბუნების ეტიუდების“
ბოლოში ამავე სახელწოდებით იმისათვის, რომ ამ სათაურმა საზოგადოებას ჩემი უძლურებაც
გაახსენოს და თავისი შემწყნარებლობაც.
***
კუნძულ ილ დე ფრანსის იმ მთის აღმოსავლეთით, პორტ-ლუის უკან რომაა აღმართული,
ოდესღაც დამუშავებულ მიწის ნაკვეთზე ორი პატარა ქოხის ნანგრევი შეიძლება შენიშნოთ.
ქოხები უზარმაზარი კლდეებისაგან წარმოქმნილი ხევის თითქმის შუაზე დგას, ხევს მხოლოდ
ერთი გამოსასვლელი აქვს ჩრდილოეთით. მარცხნივ „აღმოჩენის გორაკად“ წოდებული ბორცვი
გამოჩნდება, იქიდან ნიშანს აძლევენ ხოლმე კუნძულისაკენ მიმავალ გემებს; ამ მთის ძირას
გაშენებულია ქალაქი პორტ-ლუი; მარჯვნივ, პამპელმუსის უბნისაკენ, მიემართება გზა. იმის
იქით, დიდ ვაკეზე აღმართულია ბამბუკის ხეივნებით გარშემორტყმული ამავე სახელწოდების
ეკლესია; უფრო შორს, კუნძულის კიდემდე ტყე გადაჭიმულა; პირდაპირ ზღვის ნაპირისაკენ თუ
გაიხედავ, „საფლავის ყურეს“ დაინახავ, მარჯვნივ, იქვე ახლოს - „უბედურების კონცხსა“ და
გაშლილ ზღვას, სადაც ოდნავ თავი ამოუყვია რამდენიმე დაუსახლებელ პატარა კუნძულს, მათ
შორის ტალღებში ციხე-სიმაგრესავით აღმართულა კუნძული „სამიზნის კუთხე“.

ამ ხევის შესასვლელთან, სადაც ამდენი რამ მოჩანს, მთის გამოძახილი შეუსვენებლად


იმეორებს მახლობელ ტყეებში მონავარდე ქართა გუგუნსა და იმ ტალღების გრიალს, შორს,
ბრაგებზე რომ იმსხვრევიან; მაგრამ ამ ქოხებამდე არავითარი ხმაური არ აღწევს, მათ გარშემო
არაფერი მოჩანს უზარმაზარი ციცაბო კლდეების გარდა; კლდეების ძირას, ნაპრალებში, და
ღრუბლებით დაბურულ თხემებზე თაიგულივით გადაშლილი ხეები იზრდება. ამ ჭიუხების
ხშირი სტუმარი - წვიმა - კლდეების მწვანე და ყავისფერ ფერდობებს ცისარტყელას ფერებით
ხატავს და უხვად ჰკვებავს მთების ძირას მოჩუხჩუხე წყაროებს, ისინი კი ლატანიერის პატარა
მდინარედ იქცევიან. ამ ხევში დიდი დუმილი სუფევს, აქ ყველაფერი მშვიდია: ჰაერი, წყალი,
სინათლე. ძლივს ისმის გამოძახილით მოტანილი ბუტბუტი კლდეთა ზეგანზე ამოსული
კომბოსტოს პალმებისა. მოჩანს პალმების გრძელი ისრისებური კენწეროები, რომელთაც ქარი
შეუსვენებლად არხევს. ნაზი დღეები იცის ამ ხევში, სადაც მზე მხოლოდ შუადღისას ჩაიხედავს,
მაგრამ ირიჟრაჟებს თუ არა, მზის სხივები ჯერ კიდევ დაუძლეველი სიბნელით მოცულ მთის
მწვერვალებს მოავარაყებს და ისინიც ცის ლაჟვარდოვან ფონზე მეწამული და ოქროსფერი
ფერებით იმოსებიან. მიყვარდა ეს ადგილი, სადაც დიდებული სანახაობითა და სრული
მარტოობით ვტკბებოდი. ერთხელ, ამ ქოხებთან რომ ვიჯექი და ნანგრევებს ვუყურებდი, ერთმა
ხანში შესულმა კაცმა ჩამიარა. მას, ამ ადგილების ძველ მკვიდრთა ჩვეულებისამებრ, მოკლე
ქურთუკი და გრძელი შარვალი ეცვა. ფეხშიშველა აბანოზის ხის ჯოხს იბიჯგებდა. ჭაღარა სახე
კეთილშობილი და უბრალო ჰქონდა. მოწიწებით მივესალმე, სალმითვე მიპასუხა; ცოტა ხანს
დამაცქერდა, მერე მომიახლოვდა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა. მისი ნდობით გათამამებული
გამოველაპარაკე.

- ძია, - მივმართე, - არ შეგიძლიათ მითხრათ, ვის ეკუთვნოდა ეს ორი ქოხი?

- ჩემო შვილო, ამ ქოხმახებში, ამ გავერანებულ მიწაზე დაახლოებით ოცი წლის წინათ ორი
ოჯახი ბინადრობდა და თავს ბედნიერად გრძნობდა, - მიპასუხა მოხუცმა, - ამაღელვებელია
მათი ამბავიც, მაგრამ რომელი ევროპელი დაინტერესდება ინდოეთის გზაზე მდებარე
კუნძულზე გადმოკარგული ორიოდე უბრალო ადამიანის თავგადასავალით? ვინ ისურვებდა აქ
ბედნიერად ეცხოვრა, მაგრამ ღარიბი და მიჩქმალული ყოფილიყო? ადამიანებს მხოლოდ
მეფეთა და დიდკაცთა ამბავი აინტერესებთ, რაც არავის არგია.

- ძია, - მივმართე მე, - თქვენი საუბარი და სახის გამომეტყველება კაცს ადვილად მიახვედრებს,
რომ ბევრი რამ გინახავთ ცხოვრებაში. თუ გცალიათ, გთხოვთ, მიამბოთ, რაც იცით ამ
მიტოვებული ადგილის ადრინდელი პატრონობის შესახებ. მერწმუნეთ, ქვეყნის ცრურწმენით
დამახინჯებულ ადამიანსაც უყვარს საუბარის მოსმენა ბუნებისა და სათნოების მიერ
მინიჭებულ ბედნიერებაზე.

მოხუცი შუბლით ხელებს დაეყრდნო, თითქოს რაღაცის გახსენება სურსო, და ცოტა ხნის
შემდეგ, აი, რა მიამბო:

1729 წელს ერთმა ნორმანდიელმა ახალგაზრდა ვაჟმა, გვარად ლატურმა, იმის შემდეგ, რაც
საფრანგეთში სამსახური ვერ იშოვა და დახმარებასაც ვერ ეღირსა თავისი ოჯახისაგან,
გადაწყვიტა, ბედის საძიებლად ამ კუნძულზე გადმოხვეწილიყო, თან თავისი საყვარელი
ახალგაზრდა ცოლიც ჩამოიყვანა. ქალს ქმარი არანაკლებ უყვარდა. ის ნორმანდიის ერთ-ერთი
ძველი და მდიდარი ოჯახისშვილი იყო. ვაჟმა ქალი მალულად, უმზითვოდ შეირთო, რადგან
ცოლის დედ-მამა ამ ქორწინებას წინ აღუდგა ვაჟის საბრალო ჩამომავლობის გამო. დე
ლატურმა მეუღლე ამ კუნძულზე, პორტ-ლუიში, დატოვა, თვითონ კი რამდენიმე ზანგის
საყიდლად მადაგასკარს გაემგზავრა, საიდანაც ჩქარა უნდა დაბრუნებულიყო აქ
დასასახლებლად. ის მადაგასკარში წელიწადის ძალზე ცუდ დროს, ოქტომბრის შუა რიცხვებში
ჩავიდა და იქვე გარდაიცვალა ციებით. ციება ამ კუნძულზე წლის განმავლობაში ექვს თვეს
მძვინვარებს, რაც მუდამ ხელს უშლის ევროპელთა დამკვიდრებას მადაგასკარზე. დე ლატურის
მიერ წაღებული ქონება სიკვდილის შემდეგ გაიბნა, როგორც ხდება

ხოლმე, საერთოდ, როდესაც ადამიანი უცხო მხარეში კვდება. ილ დე ფრანსზე დატოვებული


ფეხმძიმე ქალი ხელცარიელი დარჩა უცნობ ქვეყანაში, სადაც არც ნდობა გააჩნდა და არც
დამხმარე ერთი ზანგი ქალის გარდა. ქვრივს, ერთადერთი საყვარელი ადამიანის
დამკარგველს, არ უნდოდა, რომ ვინმესთვის რაიმე თხოვნით მიემართა. უბედურებამ მხნეობა
შესძინა. ქალბატონმა დე ლატურმა გადაწყვიტა, საზრდოს საშოვნელად მონა ქალის
დახმარებით მიწის პატარა ნაკვეთი დაემუშავებინა.

ამ თითქმის დაუსახლებელ კუნძულზე, სადაც თავისუფალი მიწა ბევრი იყო, ქალბატონი დე


ლატური სრულიად არ ცდილა ყველაზე უნოყიერესი, ან ვაჭრობისათვის ხელსაყრელი ადგილი,
ამოერჩია. ის ეძებდა სადმე მივარდნილ ხეობას, მიმალულ თავშესაფარს, რათა იქ ეცხოვრა
თავისთვის, განმარტოებით, უჩინრად. ქალაქიდან ამ კლდეებს მოაშურა და აქ შეაფარა თავი.
ასე სჩვევია მგრძნობიარე არსებას: როდესაც ისინი იტანჯებიან, ყველაზე უფრო ველური და
უდაბური ადგილებისაკენ მიილტვიან, თითქოს ეს კლდეები უბედურებისაგან თავდასაცავი
სიმაგრე იყოს. თითქოს ბუნების სიმშვიდეს სულის აუტანელი მღელვარების დაწყნარება
შეეძლოს. მაგრამ განგებამ, რომელიც დახმარებას აღმოგვიჩენს ხოლმე, როდესაც ჩვენ
მხოლოდ აუცილებელს ვთხოვთ, ქალბატონ დე ლატურს მრავალი სიკეთიდან შეუნარჩუნა ის,
რაც ადამიანს არც სიმდიდრეს, არც დიდებას არ ანიჭებს: მეგობარი ქალი გაუჩინა.

ამ ხევში ერთი წლით ადრე დასახლდა ერთი მკვირცხლი, კეთილი და მგრძნობიარე ქალი. მას
მარგერიტი ერქვა. მარგერიტი ბრეტანში უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა. მშობლებს ნაზად
უყვარდათ და მისი ბედნიერებისათვის არაფერს დაიშურებდნენ, რომ მას სისუსტე არ
გამოეჩინა და მეზობელი აზნაურის სიყვარულს არ მინდობოდა. აზნაური ცოლად შერთვას
შეჰპირებოდა, მაგრამ ჟინი მოეკლა თუ არა, ფეხმძიმე ქალი მიეტოვებინა და ბავშვის სარჩოზეც
კი უარი უთქვამს. მაშინ მარგერიტს გადაეწყვიტა, სამუდამოდ გასცლოდა მშობლიურ სოფელს,
სადაც დაკარგა საწყალი, პატიოსანი ქალიშვილის ერთადერთი მზითევი - სახლი - და
სამშობლოდან შორს გადმოხვეწილიყო, რათა აქ დაემარხა ჩადენილი ცოდვა. ცოტაოდენი
ნასესხები ფულით მოხუცი ზანგი იყიდა და მისი დახმარებით ამ უბნის ერთ პატარა ნაკვეთს
ამუშავებდა.
ქალბატონი დე ლატური თავის ზანგ ქალთან ერთად ამ ადგილას შეხვდა მარგერიტს, ის ბავშვს
ძუძუს აწოვებდა. იგი აღტაცებული იყო, როგორც მას ეგონა, ერთ ბედქვეშ მყოფ ქალთან
შეხვედრით. მან მოკლედ უამბო თავისი წარსულის და ახლანდელი გაჭირვება. სტუმრის
ნაამბობმა მარგერიტი ააღელვა, სიბრალულით აღავსო და რადგან სურვილი აღეძრა უფრო დე
ლატურის ნდობა დაემსახურებინა, ვიდრე პატივისცემა, გული გადაუშალა: არაფერი
დაუფარავს, მოუთხრო თავისი უგუნური საქციელი, თავისი შეცდომა.

- მე ღირსი ვარ ჩემი ბედისა, მაგრამ თქვენ, ქალბატონო... ასეთი ჭკვიანი და ასეთი უბედური!..

მარგერიტმა ტირილით შესთავაზა თავისი ქოხი და მეგობრობა. ასეთი ნაზი მიღებით


გულაჩუყებულმა ქალბატონმა დე ლატურმა ახალი მეგობარი გულში ჩაიკრა და უთხრა:

- ოჰ! ალბათ ღმერთმა ინება, ჩემს ტანჯვას ბოლო მოეღოს, რადგან ჩემთვის, უცხო
ადამიანისათვის, ისეთი გულკეთილობას იჩენთ, როგორიც ჩემს ნათესავებსაც კი არ
გამოუჩენიათ.

მე ვიცნობდი მარგერიტს, თუმცა აქედან ერთნახევარი ლიეთი ვარ დაშორებული, ტყეში


ვცხოვრობ, „გრძელი მთის“ გადაღმა, მაგრამ თავს მაინც მის მეზობლად ვთვლიდი. ევროპის
ქალაქებში ქუჩა, უბრალო კედლებიც კი ისე აშორებს ერთი და იმავე ოჯახის წევრებსაც, რომ
ისინი წლების განმავლობაში ვერ ხვდებიან ერთმანეთს; ახალ კოლონიებში ტყეებითა და
მთებით დაშორებულებიც კი მეზობლად თვლიან ერთმანეთს. განსაკუთრებით იმ ხანებში,
როდესაც ამ კუნძულს ინდოეთთან მცირე ვაჭრობა ჰქონდა, უბრალო მეზობლობა მეგობრობად
ითვლებოდა, უცხოელების სტუმრად მიღება, პატივისცემა კი - მოვალეობად და სიამოვნებად.
გავიგე თუ არა, რომ ჩემმა მეზობელმა მარგერიტმა ამხანაგი ქალი შეიძინა, ვინახულე, რათა
ორივეს რითიმე დავხმარებოდი. გავიცანი ქალბატონი დე ლატური, მას მიმზიდველი,
კეთილშობილური და სევდიანი სახე ჰქონდა. მაშინ ის მოსალოგინებელი იყო. ქალებს ვურჩიე,
თქვენი ბავშვების მომავლისათვის და იმისათვის, რომ უცხო არავინ ჩაგისახლდეთ, აჯობებს
ხევი შუაზე გაიყოთ-მეთქი. მიწის ფართობი დაახლოებით ოც არპანს უდრიდა. გაყოფა მე
მომანდეს. მიწა დაახლოებით ორ თანაბარ ნაწილად გავყავი: ერთი შეიცავდა ამ ხევის ზემო
ნაწილს ღრუბლებით დაფარული ჭიუხიდან, სადაც მდინარე ლატანიერის სათავეა, იმ ციცაბო
ნაპრალამდე, მთის თხემზე რომ ხედავთ. ამ ადგილს „ამბრაზურას“ ეძახიან, რადგან ის,
მართლაც, ზარბაზნის ტუჩის გასაყოფ ადგილსა ჰგავს. ეს მიწის ნაკვეთი ისეა კლდე-ღრეებით
დასერილი, რომ მეტად ძნელი სასიარულო არის. სამაგიეროდ, აქ იზრდება ძალზე დიდი ხეები
და აუარებელი პატარა წყარო და ნაკადულია.

მეორე ნაკვეთში მოვაქციე მთელი ქვედა ნაწილი - მდინარე ლატანიერის ნაპირები ამ ხევის
გასასვლელამდე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებოდით. აქედან მდინარე ორ გორაკს შორის
გაივლის და ზღვისკენ მიემართება. აქ თქვენ რამდენიმე კორდს ხედავთ, ნიადაგიც საკმაოდ
სწორია, მაგრამ პირველ ნაკვეთზე უკეთესი სრულიადაც არ არის, რადგან წვიმების დროს
ჭაობდება, გვალვის დროს კი ქვასავით მაგრდება: მიწის გასათხრელად აქ ნაჯახს იყენებენ.
გაყოფა რომ დავასრულე, მოვიხმე ქალები; კენჭის ყრით ზემო ნაწილი ქალბატონ დე ლატურის
ერგო, ქვემო კი მარგერიტს. ორივე კმაყოფილი დარჩა; მათ მთხოვეს ბინები არ დაგვიშოროთ,
რომ ყოველ წამს შეგვეძლოს ერთმანეთის ნახვა, დახმარება, გამოსაუბრებაო.

თვითეულ მათგანს საკუთარი კერა მაინც სჭირდებოდა. მარგერიტის ქოხი ხევის შუა ადგილას
იდგა, სწორედ მისი ნაკვეთის მიჯნასთან. მეორე ქოხიც იქვე, სულ ახლოს, ქალბატონ დე
ლატურის ნაკვეთზე ისე ავაშენე, რომ ეს მეგობარი ქალები ერთმანეთის მეზობლადაც იყვნენ
და თავიანთ ნაკვეთებზეც ესახლნენ. ქოხების ასაშენებლად მე თვითონ დავამზადე მთაში ხის
მასალა და ზღვის ნაპირიდან ლატანიის ფოთლები მოვზიდე. ახლა თქვენ ვერც მათ კარებს,
ვერც სახურავს ვეღარ ხედავთ.

ვაი, რომ ჩემთვის ჯერ კიდევ ბევრი დარჩა მოსაგონარი. დრო, რომელიც იმპერიათა
მონუმენტურ ძეგლებს სწრაფად ანადგურებს, ამ უბედურ ადგილას მეგობრობის ძეგლებს
თითქოს სათუთად ეპყრობა, რომ მწუხარება სიცოცხლის დასასრულამდე გამიხანგრძლივოს.

დავამთავრე თუ არა მეორე ქოხის აშენება, ქალბატონ დე ლატურს ქალი შეეძინა. მარგერიტის
ვაჟი, პოლი, ჩემი მონათლული იყო. ქალბატონმა დე ლატურმა მე და თავის მეგობარ ქალს
გვთხოვა, ახალდაბადებულ გოგონასთვის სახელი დაგვერქმია. მარგერიტმა პატარას სახელად
ვირჟინი ამოურჩია.

- გოგონა უმანკო და ბედნიერი იქნება. მე მაშინ გავიუბედურე თავი, როდესაც უმანკოებას


გამოვეთხოვე.

ქალბატონი დე ლატურის მოლოგინების შემდეგ ამ ორ პატარა ახალშენს შემოსავალი გაუჩნდა,


ნაწილობრივად ჩემი დახმარებით და განსაკუთრებით, მათი მონების გულმოდგინეობით.
მარგერიტის ზანგს დომინგო ერქვა. ის თუმცა ხანში შესული, მაგრამ ძალ-ღონით სავსე კაცი
იყო. მას კარგი ბუნებრივი ალღო და საკმაო გამოცდილება ჰქონდა. დომინგო განურჩევლად
ამუშავებდა ორივე ოჯახის მიწის ნაკვეთებს. ყველგან ნიადაგის შესაფერი ნათესები ჰქონდა.
საშუალო ნოყიერების ნიადაგზე ფეტვსა და სიმინდს თესავდა; ცოტა ხორბალს - კარგ
ნაკვეთებზე; ბადრიჯანს - ჭაობიან ადგილებში; კლდეების ძირას - ადგილობრივისა თუ
ანტილიის გოგრას, კიტრს, რომლებიც კლდეებს ზევით მიჰყვებოდა. მშრალ ადგილებში
ბატატი მოჰყავდა, ბატატი აქ ძალიან ტკბილი იცის; მაღლობებზე - ბამბა; ძნელად მოსახნავ
მიწაზე - შაქრის ლერწამი; ყავის ხეებს ბორცვებზე აშენებდა. მდინარის გასწვრივ და ქოხების
გარშემო დომინგომ ბანანები დარგო. ბანანს მთელი წლის განმავლობაში ასხია ნაყოფი და
კარგი ჩრდილიც აქვს. ბოლოს თამბაქოს ნარგავებიც გაიჩინა თავისი და ქალბატონების
დარდის გასაქარვებლად. შეშის საჭრელად დომინგო მთაში დადიოდა. ეზო-მიდამოს გზების
გასასწორებლად აქა-იქ კლდეებს ანგრევდა. ყოველგვარ სამუშაოს ის მოხერხებულად და
მარდად ასრულებდა, რადგან საქმეს გულმოდგინედ ეკიდებოდა; დომინგო ძალიან შეეთვისა
მარგერიტს. ქალბატონ დე ლატურსაც არანაკლებ შეეწყო. მისი ზანგი ქალი ცოლად შეირთო.
დომინგოს თავისი ცოლი მარი, გაგიჟებით უყვარდა. მარი მადაგასკარზე დაიბადა. იქ
რამდენიმე ხელობა ისწავლა. განსაკუთრებით ტყის ბალახისაგან კალათების და „პანად“
წოდებული ქსოვილების გაკეთება იცოდა. მარი მკვირცხლი, სუფთა და ქალბატონების
ერთგული იყო. ის ამზადებდა სადილს, უვლიდა ქათმებს. დროგამოშვებით პორტ-ლუიში
მიდიოდა ზედმეტი პროდუქტების გასაყიდად, თუმცა გასაყიდი ძალიან მცირე რამ ჰქონდათ.
თუ ყველაფერს ამას დაუმატებთ ბავშვებთან ერთად აღზრდილ ორ თხას და დიდ ძაღლს,
კარმიდამოს ღამის დარაჯს, თქვენ სრული წარმოდგენა გექნებათ ამ პატარა ოჯახების
შემადგენლობასა და შემოსავალზე.

მეგობარი ქალები დილიდან საღამომდე ძაფს ართავდნენ. ამ ხელსაქმით ოჯახის საჭიროებას


იკმაყოფილებდნენ. მათ აუცილებელი ნივთები აკლდათ: შინ ფეხშიშველა დადიოდნენ,
ფეხსაცმელს მხოლოდ კვირა დღეს იცვამდნენ, როდესაც დილით ადრე წირვის მოსასმენად
პამპელმუსის საყდარში მიდიოდნენ. აი აქედან მოსჩანს ეს საყდარი, თუმცა პორტ-ლუიზე
უფრო შორს არის. ქალაქს კი იშვიათად ეწვეოდნენ ხოლმე. შიშობდნენ, იქაურ ხალხში ზიზღი
არ გამოეწვიათ, რადგან მათ მონებივით ბენგალური ლურჯი ხამის ტანისამოსი ეცვათ. მაგრამ
ხალხის პატივისცემა შეედრება განა ოჯახურ ბედნიერებას? თუ გარეთ ყოფნა ამ ქალებს მცირე
ტანჯვას აყენებდა, სამაგიეროდ, სასიამოვნო იყო მათთვის შინ დაბრუნება. როგორც კი მარი და
დომინგო ამ მაღლობიდან თვალს მოჰკრავდნენ პამპელმუსის გზაზე მომავალთ, მთას
ჩაირბენდნენ, რომ ქალბატონებს აღმართზე ასვლაში დახმარებოდნენ. შეხვედრის
სიხარულით მონებს თვალები უბრწყინავდათ. ქალებს შინ ხვდებოდათ სისუფთავე,
თავისუფლება, საკუთარი შრომით მოპოვებული ქონება და მოსიყვარულე, გულმოდგინე
მსახურები.

ამ ქალებს აკავშირებდათ ერთი და იგივე გაჭირვება. მათ გადატანილი ჰქონდათ თითქმის


ერთნაირი უბედურება. ერთმანეთს საალერსო სახელებს - დას, მეგობარს და ამხანაგს
ეძახდნენ. ერთნაირი სურვილები, ცხოვრების ერთი მიზანი, საერთო სუფრა, ყველაფერი
გაერთიანებული ჰქონდათ. მაგრამ თუ ძველი გრძნობის ცეცხლი, მეგობრობის ცეცხლზე უფრო
ძლიერი, მათ გულში კვლავ იფეთქებდა, მაშინ სპეტაკი სარწმუნოება და უმანკო ზნეობა
საწყალი ქალების ფიქრებს სხვა ცხოვრებისაკენ იტაცებდა მსგავსად ცეცხლის ალისა, მიწაზე
საზრდომოკლებული ცისკენ რომ მიილტვის.

ბუნების წინაშე ვალის მოხდა კიდევ უფრო ბედნიერს ხდიდა მათ. მეგობრული გრძნობა
ორკეცდებოდა, როცა ისინი შეექცეოდნენ თავიანთ თანაბრად უბედური სიკვდილის ნაყოფს -
ბავშვებს. ბავშვების ერთსა და იმავე აბაზანაში ბანაობა, ერთსა და იმავე აკვანში ჩაწვენა დიდ
სიამოვნებას ჰგვრიდა მეგობარ ქალებს, ხშირად ძუძუს მიცემის დროსაც ბავშვებს ერთმანეთს
უცვლიდნენ.

- ჩემო მეგობარო, - ამბობდა ქალბატონი დე ლატური, - თითოეულ ჩვენგანს ორი ბავშვი ჰყავს,
თითოეულ მათგანს კი - ორი დედა.

როგორც გრიგალისაგან ტოტებდალეწილ ერთსა და იმავე ჯიშის ორ ხეზე შერჩენილი ორი


ყლორტი უფრო ტკბილ ნაყოფს მოგცემს, თუ ერთ მათგანს მეზობელ ხეზე დავამყნობთ, ისე
ნათესავებს მოწყვეტილი ეს ორი პატარა ბავშვი, ერთიმეორის დედის ძუძუნაწოვი, ივსებოდა
და-ძმისა, ან ქალ-ვაჟის სიყვარულზე უფრო ნაზი გრძნობით. ბავშვების აკვნებთან დედები უკვე
ლაპარაკობდნენ მათ დაქორწინებაზე. შვილების მომავლი ცოლქმრული ბედნიერება საკუთარ
მწუხარებას ავიწყებდათ, უფრო ხშირად კი ცრემლს აფრქვევინებდათ. აგონდებოდათ, რომ
უბედურება ერთს ქორწინების უგულვებელყოფამ მოუტანა, მეორეს- ქორწინების კანონის
შესრულებამ. ერთი თავის წოდებაზე უფრო მაღლა ასვლის სურვილმა დაღუპა, მეორე კი -
თავის წოდებაზე უფრო დაბლა დაშვებამ. მაგრამ დედები თავს იმით ინუგეშებდნენ, რომ
დადგება დრო, როცა მშობლებზე უფრო ბედნიერ ბავშვებს, ევროპის სასტიკ ცრურწმენას
მოწყვეტილთ, გაახარებდა სიყვარულის სიტკბოება და თანასწორობის ბედნიერება.

მართლაც, ბავშვები ისე იყვნენ ერთმანეთთან შეჩვეულნი, რომ გაოცებას იწვევდა: თუ პოლი
ატირდებოდა, მას ვირჟინის უჩვენებდნენ, და ისიც იმ წუთში გაიღიმებდა, დამშვიდდებოდა; თუ
ვირჟინის აწუხებდა რამე, ამას პოლის ყვირილით გაიგებდნენ, მაგრამ ეს საყვარელი გოგონა
ცდილობდა დაეფარა თავისი ტკივილი, რათა პოლისთვის წყენა აეცილებინა. ამ ოჯახებს როცა
კი ვწვევივარ, ისინი ყოველთვის ერთად მინახავს- ტიტველი (ამ კუნძულზე ჩვეულებისამებრ),
ხელიხელჩაკიდებული, ახალფეხადგმული ბავშვები ძლივს დაბაჯბაჯებდნენ და ისე
ეკვროდნენ ერთმანეთს, როგორც მარჩვიბის თანავარსკვლავედი გვაქვს წარმოდგენილი. ვერც
ღამე აშორებდა ერთმანეთს: ბინდი ხშირად მიჰპარვია ერთსა და იმავე აკვანში მწოლარე,
ლოყა ლოყაზე, მკერდი მკერდზე მიდებულ, ყელზე ხელებშემოჭდობილ პატარებს, ჩახვეულებს
რომ ჩასძინებოდათ.

როდესაც ენა ამოიდგეს, პირველად სიტყვები - ძმა და და - ისწავლეს. ამ სახელებს ეძახდნენ


ერთმანეთს. უნაზეს ალერს შეჩვეულმა ბავშვობამ ამაზე უფრო ტკბილი სახელები არ იცის.
აღზრდამ მხოლოდ გააორკეცა მათი მეგობრობა, რაც ერთმანეთისთვის ზრუნვაში
გამოიხატებოდა. მომჭირნეობა, სისუფთავის დაცვა, ყანაში წასაღები სადილის დამზადება -
ყველაფერი ეს მალე ვირჟინის დაეკისრა; ამ მუშაობისთვის ძმა ყოველთვის ქებით და კოცნით
აჯილდოვებდა დას. პოლიც სულ მუდამ შრომაში იყო გართული. დომინგოსთან ერთად ან ბაღს
ბარავდა, ან პატარა ნაჯახით ხელში ტყეში დაჰყვებოდა. თუ გზაში მშვენიერ ყვავილს, გემრიელ
ხილს ან ფრინველს ბუდეს გადაეყრებოდა, თუგინდ ხის კენწეროზე ყოფილიყო, აცოცდებოდა,
რომ ყველაფერი ეს დისთვის მოეტანა.

როდესაც ერთ მათგანს სადმე შეხვდებოდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ მეორეც იქვე
იქნებოდა.

ერთხელ ამ მთის მწვერვალიდან ჩამოვდიოდი, კოკისპირულად წვიმდა. ბაღის ბოლოს ვირჟინი


შევნიშნე, თავზე კაბა წამოეხურა წვიმისაგან თავდასაცავად და შინისკენ გარბოდა. შორიდან
მეგონა, მარტო არის-მეთქი და მისაშველებლად გავეშურე. ახლოს რომ მივედი, დავინახე,
ვირჟინის პოლისათვის ხელი მოეხვია და თავზეწამოფარებული კაბის ქვეშ შეეფარებინა.
ორივეს ეცინებოდა, რომ თავის შესაფარებლად ასეთი ქოლგა გამოიგონეს. გამობერილ კაბაში
გამოხვეულმა ამ ორმა მომხიბლავმა თავმა გამახსენა ერთსა და იმავე ნიჟარაში მოქცეული
ლედას ბავშვები.

მთელი მათი ცოდნა ერთმანეთის დახმარებას და სიამოვნებაში გამოიხატებოდა. სხვა მხრივ კი


ისინი კრეოლებივით უვიცნი იყვნენ, წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ. რაც წარსულს ეკუთვნოდა,
მათგან შორს იყო, ბავშვებს არ იზიდავდა. მათი ცნობისმოყვარეობა ამ მთას არ სცილდებოდა.
ეგონათ, ქვეყანა ამ კუნძულის კიდესთან თავდებაო; ვერ წარმოედგინათ, რომ იქ, სადაც
თვითონ არ იყვნენ, კარგი რამ

იქნებოდა. ერთმანეთისა და დედების სიყვარული უვსებდათ სულიერ ცხოვრებას. არასოდეს არ


დაუღვრიათ ცრემლი უსარგებლო მეცნიერების გამო; არც მოსაწყენი ზნეობის გაკვეთილებს
აუვსია ისინი სევდით. ბავშვებმა არ იცოდნენ, რომ არ უნდა ექურდათ, რადგან ყველაფერი
საერთო ჰქონდათ; არც გაუმაძღრობა იცოდნენ რა იყო, რადგან უკლებლად ჰქონდათ უბრალო
საჭმელი; არც არასოდეს ტყუოდნენ, რადგან სიმართლის დაფარვა არ სჭირდებოდათ. უმადურ
შვილებს ღმერთი სასტიკ სასჯელს უმზადებსო, - არც ამით დაუშინებიათ ბავშვები,
დედაშვილური მეგობრობა მათ დედობრივმა სიყვარულმა ჩაუნერგა.

სარწმუნოებისა კი მხოლოდ ის ასწავლეს, რაც ამ სარწმუნოებას გვაყვარებს. თუ ბავშვები


ეკლესიაში გრძელ ლოცვებს ვერ ამბობდნენ, სამაგიეროდ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, შინ,
მინდორში თუ ტყეში, ისინიც ცისკენ აღაპყრობდნენ უმანკო ხელებსა და მშობლების
სიყვარულით ავსებულ გულებს.

ასე გაიარა მათმა ადრეულმა ბავშვობამ, როგორც უმშვენიერესი დღის მაუწყებელმა


განთიადმა. ისინი დედებთან ერთად უკვე ოჯახის ყოველგვარი საქმისთვის ზრუნავდნენ.
როგორც კი მამალი ალიონს ყივილით შეეგებებოდა, ვირჟინი დგებოდა და მახლობელ
წყაროზე მიდიოდა წყლის მოსატანად; იქიდან დაბრუნებული საუზმის მზადებას შეუდგებოდა.
როდესაც მზე ჭიუხებს ოქროსფრად ააფერადებდა, მარგერიტი თავის ვაჟით ქალბატონ დე
ლატურთან მივიდოდა. ერთად ილოცებდნენ და საუზმეს შეუდგებოდნენ. ხშირად ქოხის წინ,
ბანანების თაღებქვეშ, ბალახზე შეექცეოდნენ საუზმეს. ეს ხეები მათ თავის ნოყიერ ნაყოფსაც
სთავაზობდნენ და მათი ფართო, გრძელი გაკრიალებული ფოთლები სუფრის და ხელსახოცის
მაგივრობასაც სწევდა.

საღი და უხვი საჭმელი სწრაფად ავითარებდა ამ ორი ახალგაზრდის სხეულს; ნაზ აღზრდას კი
მათ სახეზე სულის სისპეტაკე და კმაყოფილება აღებეჭდა. ვირჟინი მხოლოდ თორმეტი წლისა
იყო, მაგრამ ზრდადასრულებულ ქალს ჰგავდა. სქელი ქერა თმა უმშვენებდა თავს, ცისფერი
თვალები და მარჯნის ტუჩები უნაზესი ელვარებით უბრწყინდავდნენ ქორფა სახეზე. როდესაც
ვირჟინი ლაპარაკობდა, სახე ყოველთვის უცინოდა. მაგრამ როდესაც დუმდა, მისი თვალები,
ჩვეულებრივ, ცისკენ იყო აპყრობილი, რაც უსაზღვროდ მგრძნობიარე და ამავე დროს სევდიან
გამომეტყველებას აძლევდა. პოლის კი სიყრმიდანვე ეტყობოდა, რომ ნამდვილი ვაჟკაცი
დადგებოდა. პოლი ვირჟინზე მაღალი იყო, კანის ფერი უფრო მუქი ჰქონდა, ცხვირი - ოდნავ
არწივისებური; მის შავ თვალებს ამაყი გამოხედვა ექნებოდა, მათთვის გრძელი წამწამების
ლაშქარს უნაზესი იერი რომ არ მიეცა. სულ მუდამ მოუსვენარი პოლი, როგორც კი დას თვალს
მოჰკრავდა წყნარდებოდა და გვერდით მიუჯდებოდა. ხშირად, ჭამის დროს, ისინი ერთმანეთს
სიტყვას არ ეტყოდნენ. ამ მდუმარე ბავშვებს, თავი ისე ლაღად ეჭირათ, ისეთი მშვენიერი
ტიტველი ფეხები ჰქონდათ, იტყოდით, თეთრი მარმარილოსგან გამოკვეთილი ანტიკური
ჯგუფი - ნიობეს ბავშვები არიანო.

მაგრამ იმავე დროს ის მოზარდები, ერთმანეთის ცქერით რომ ვერ ძღებოდნენ და ერთმანეთს
უნაზეს ღიმილს სთავაზობდნენ, ცის შვილებად, იმ ნეტარ სულებად შეიძლება მიგეჩნიათ,
რომელთა ბუნება ერთმანეთის სიყვარულია და რომლებსაც არ სჭირდებათ ფიქრი გრძნობისა
და სიტყვები მეგობრობის გამოსახატავად.

ქალბატონი დე ლატური თავის ქალიშვილს ასე მომხიბვლელს რომ ხედავდა, გული სინაზით
და ამავე დროს მწუხარებით ევსებოდა.

- მე რომ მოვკვდები, რა მოუვა არაფრის მქონე ვირჟინს?! - მეტყოდა ხოლმე ის.

ქალბატონ დე ლატურს საფრანგეთში მოხუცი მამიდა ჰყავდა დიდგვაროვანი ოჯახის შვილი; ამ


მდიდარმა და ფარისეველმა ქალბატონმა, როცა დე ლატური გათხოვდა, ისე უხეშად უთხრა
უარი დახმარებაზე, რომ მან ფიცი დადო, არასოდეს მიემართა მამიდასათვის, რაგინდ
გამოუვალ მდგომარეობაშიც არ უნდა ჩავარდნილიყო. მაგრამ, როცა დედა გახდა, მის უარის
მიღება აღარ ესირცხვილებოდა. მან მამიდას აცნობა თავისი ქმრის მოულოდნელი სიკვდილი
და ისიც, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა თავის ქვეყანას დაშორებული, დახმარებას
მოკლებული ჩვილბავშვიანი დედა. წერილზე არავითარი პასუხი არ მოსვლია. ქალბატონი დე
ლატური ამაყი ქალი იყო, მაგრამ მას აღარ აშინებდა არც თავის დამცირება და არც მამიდის
საყვედურები, რომ დაბალი წოდების, თუმცა სათნო ადამიანს, გაჰყვა ცოლად. ქალბატონო დე
ლატური ყოველგვარ გარემოებას იყენებდა ბარათის მისაწერად, რათა მამიდის გულში რაიმე
გრძნობა აღეძრა ვირჟინისადმი. მრავალმა წელმა განვლო; მაგრამ მისგან არავითარი პასუხი
არ ისმოდა.

ბოლოს 1738 წელს, ამ კუნძულზე გუბერნატორ დე ლაბურდონეს ჩამოსვლიდან სამი წლის


შემდეგ, ქალბატონ დე ლატურს აცნობეს: გუბერნატორს თქვენთვის მამიდის წერილი აქვს
გადმოსაცემიო. ქალბატონი დე ლატური მაშინვე გაეშურა პორტ-ლუისაკენ. სრულიად

არ წუხდა, რომ ცუდად ჩაცმული მიდიოდა. მოსიყვარულე დედასავით სულ ერთი იყო, რას
იტყოდნენ მასზე. ბატონმა დე ლაბურდონემ მართლაც გადასცა წერილი. წერილში მამიდა
ტუქსავდა ძმისწულს: ღირსი ხარ შენი ბედისა, ვიღაც მოხეტიალეს, თავქარიანს რომ გაჰყევი
ცოლადო. ვნებამ თავის სასჯელი მოგიტანა, შენი ქმრის უდროო სიკვდილი სწორედ ღვთის
სამართლიანი სასჯელი არისო; კარგად მოქცეულხარ, კუნძულზე რომ გადასახლებულხარ და
საფრანგეთში ოჯახს შერცხვენა ააცდინე; კარგ ქვეყანაში ცხოვრობ მანდ, ზარმაცების გარდა,
ყველა ქონებას იძენსო. ქალბატონი დე ლატურის ასე გალანძღვის შემდეგ მამიდა წერილს
თავისი თავის ქებით ამთავრებდა: თავიდან რომ ამეცილებინა ის დამღუპველი შედეგები, რაც
ხშირად მოსდევს ხოლმე ქორწინებას, სამუდამოდ უარი ვთქვი გათხოვებაზე. ნამდვილად კი
მამიდის გაუთხოვრობის მიზეზი პატივმოყვარეობა იყო; მას სურდა, აუცილებლად
დიდგვაროვანს გაჰყოლოდა, მაგრამ მისი სიმდიდრის მიუხედავად, სამეფო კარზე, სადაც
მხოლოდ ქონებას აფასებდნენ, ისეთი არავინ გამოჩნდა, რომ ამ უგვანო და გულქვა ადამიანის
შერთვა მოესურვებინა.

ბარათის მინაწერში ის უმატებდა: ყველაფერი რომ ავწონ-დავწონე, ბატონ დე ლაბურდონეს


მივმართე, განსაკუთრებული ყურადღება მოგაქციოსო. მას მართლაც ეთხოვა ბატონ დე
ლაბურდონესათვის, საერთოდ გავრცელებული ჩვეულების მიხედვით, მაგრამ ასეთი თხოვნა
ხშირად მფარველს აშკარა მტერზე უფრო საშიშს ხდის; რათა მამიდას, გუბერნატორის წინაშე
თავისი უგულობა გაემართლებინა, პირფერობდა, ქალბატონი დე ლატური მეცოდებაო.
ნამდვილად კი მას ცილს წამებდა.

ქალბატონი დე ლატურს ყველა პატივისცემითა და ყურადღებით ეპყრობოდა, მამიდის მიერ


ამხედრებულმა ბატონმა დე ლაბურდონემ კი ცივად მიიღო. როცა ქალბატონმა დე ლატურმა
თავისი ოჯახის მდგომარეობა მოახსენა, მან ცივად და გაურკვევლად უპასუხა:

- ვნახავ... ვნახავ... დროს ვაცალოთ... ბევრია გაჭირვებული. რატომ აწუხებთ ასეთ პატივსაცემ
მამიდას. თქვენი ბრალია ყველაფერი...

ქალბატონი დე ლატური გულმოკლული და გამწარებული დაბრუნდა შინ. სკამზე


მოწყვეტილად დაეშვა, მაგიდაზე მამიდის წერილი დააგდო და თავის მეგობარს მიმართა:

- აი თხუთმეტი წლის მოთმინების ჯილდო!

რადგან მხოლოდ ქალბატონმა დე ლატურმა იცოდა კითხვა, მან წერილი აიღო და წაუკითხა
ერთად შეკრებილ ოჯახის წევრებს. წერილის კითხვის დამთავრებისთანავე გაცხარებულმა
მარგერიტმა თავის მეგობარს უთხრა:

- ნეტავ რაში გჭირდება ნათესავები. განა ღმერთმა მიგატოვა? მხოლოდ ის არის ჩვენი
ნუგეშისმცემელი. განა დღემდე ბედნიერად არ ვცხოვრობდით? მაშ, რამ დაგამწუხრა? ვერ
ყოფილხარ გულადი!

როცა მარგერიტმა დაინახა, ქალბატონი დე ლატური ტირისო, მივიდა და გუში ჩაიკრა.

- ძვირფასო მეგობარო! ძვირფასო მეგობარო! - გაიძახოდა სასოწარკვეთილი და ქვითინისაგან


ხმა უწყდებოდა.

ამის მნახველი ვირჟინი ცრემლად იღვრებოდა. ხან დედას, ხან მარგერიტს ხელებს უკოცნიდა
და გულში იკრავდა; პოლი კი გაცეცხლებული აბრიალებდა თვალებს, ყვიროდა, მუშტებს
კუმშავდა, ფეხებს აბაკუნებდა, არ იცოდა, ჯავრი ვისზე ეყარა; ამ ხმაურობაზე მარიმ და
დომინგომაც მიირბინეს. ახლა ქოხში მხოლოდ ოხვრა-კვნესა და მწუხარე წამოძახილებიღა
ისმოდა.

- ოჰ !. ქალბატონო! კეთილო ქალბატონო! ჩემო დედავ!... ნუ ტირი!...

ასეთმა ნაზმა თანაგრძნობამ ქალბატონ დე ლატურს დარდი გაუფანტა, პოლისა და ვირჟინის


ხელი მოხვია და დამშვიდებულმა უთხრა:

- შვილებო, თქვენ ხართ ჩემი მწუხარების მიზეზი, მაგრამ ჩემი სიხარულიც თქვენ ხართ. ოჰ,
ძვირფასო შვილებო, უბედურება შორიდან მეწვია, ბედნიერება კი ჩვენთანაა.
პოლიმ და ვირჟინმა დედის ნათქვამი ვერ გაიგეს, მაგრამ დედა რომ დამშვიდებული დაინახეს,
გაუღიმეს და ალერსი დაუწყეს. ისევ განაგრძეს ბედნიერი ცხოვრება; ის რაც მოხდა, ჭექა-
ქუხილი იყო მოწმენდილ ცაზე.

ბავშვების კეთილი ბუნება დღითიდღე ვითარდებოდა. ერთ კვირა დღეს, როდესაც დედები
პამპელმუსის ეკლესიაში იყვნენ წასულები, ქოხთან გამოქცეული ზანგი ქალი მივიდა.
სიგამხდრისაგან ჩონჩხად ქცეულს ტანისამოსის მაგივრად წელზე ხამი ტილოს ნაფლეთები
ეკიდა. ზანგი ქალი საუზმის მზადებაში გართულ ვირჟინის ფეხებთან დაეცა და უთხრა:

- ჩემო ახალგაზრდა ქალბატონო, შემიბრალე; ერთი საწყალი მონა ვარ. თითქმის თვეა, რაც ამ
მთებში დავეხეტები, შიმშილისაგან სასომიხდილს მონადირეები ძაღლებით დამსდევენ
დასაჭერად. მე ჩემს მდიდარ ბატონს „შავი მდინარის“ ახალმოშენეს გამოვექეცი. შემხედე,
როგორ მექცეოდა ბატონი! - ამ სიტყვებზე ზანგმა ქალმა ღრმა ჭრილობებით დასერილი,
მათრახით ნაცემი ტანი უჩვენა და დაუმატა: „თავის დახრჩობა განვიზრახე, მაგრამ ვიცოდი,
რომ თქვენ აქ ცხოვრობდით და ვთქვი, რადგან ამ ქვეყანაზე კეთილი თეთრები კიდევ არიან,
ჯერ თავის მოკვლა საჭირო არ არის-მეთქი.“

აღელვებულმა ვირჟინიმ უპასუხა:

- დამშვიდდი, უბედურო არსებავ! აი, აიღე და ჭამე რამდენიც გინდა, - და ვირჟინიმ


ოჯახისათვის დამზადებული საუზმე მიაწოდა მონას. ქალმა ერთბაშად შეჭამა ყველაფერი.

ვირჟინიმ უკვე დანაყრებულ ქალს უთხრა:

- საბრალოვ! მე მინდა, ბატონთან წამოგყვე და შენი პატიება ვთხოვო; რომ დაგინახავს,


შეებრალები. წამიყვან მასთან?

- ციურო ანგელოზო, - მიუგო ზანგმა ქალმა, - თქვენ ყველგან წამოგყვებით, სადაც ინებებთ.

ვირჟინმა ძმას დაუძახა და სთხოვა თან გაჰყოლოდა. ლტოლვილმა ზანგმა ქალმა ისინი ტყის
ბილიკით წაიყვანა; მაღალი მთები გადაატარა. მთაზე ასვლა ძალიან გაუჭირდათ; ფართო
მდინარეებზე ფონით გავიდნენ. ბოლოს, შუადღისას „შავ მდინარესთან“ მდებარე გორაკს
მიაღწიეს. იქ კარგად ნაგები სახლი, პლანტაციები და სხვადასხვა საქმეზე მომუშავე მრავალი
მონა ზანგი დაინახეს. პირში ყალიონგაჩრილი ბატონი კი მათ შორის დასეირნობდა. მას ხელში
ინდური ლერწმის ჯოხი ეჭირა. მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი იყო, შავგვრემანი. ჩაღრმავებული
თვალები და გადაბმული წარბები ჰქონდა. აღელვებულ ვირჟინის პოლისათვის მკლავებში
ჩაევლო ხელი; ასე მიუახლოვდა ახალმოშენეს და სთხოვა, ღვთის გულისათვის, მონა ქალს
აპატიოთო; ზანგი ქალი იქვე, რამდენიმე ნაბიჯზე, იდგა. პირველად ახალმოშენემ ყურადღება
არ მიაქცია ღარიბულად ჩაცმულ ბავშვებს. მაგრამ, როდესაც შენიშნა ვირჟინის მოხდენილი
ტანი და მშვენიერი, ქერა თავი, მოისმინა გოგონას ნაზი ათრთოლებული, აკანკალებული ხმა,
ახალმოშენემ პირიდან ჩიბუხი გამოიღო, ჯოხი ცისკენ აიშვირა და საშინელი ფიცი წარმოსთქვა:
ღვთის გულისათვის კი არა და შენი გულისათვის ვაპატიებო. ვირჟინიმ მაშინვე ანიშნა მონას,
რომ ბატონს მიახლოვებოდა, თვითონ კი გაიქცა, პოლიც თან მიჰყვა.

ბავშვებმა დილას ჩამოვლილი გორაკი აირბინეს, მწვერვალებზე ავიდნენ და დაღლილები,


მშიერ-მწყურვალები ხის ძირას დასხდნენ. მზის ამოსვლიდან მათ ხუთი ლიე გაიარეს
მშივრებმა.
- ჩემო დაო, შუადღე გადასულია. შენ, ალბათ, გშია და გწყურია კიდეც. აქ კი საჭმელს ვერაფერს
ვიშოვით. მოდი გორაკიდან ისევ ძირს ჩავიდეთ და მონების პატრონს ვთხოვოთ საჭმელი, -
უთხრა პოლიმ ვირჟინის.

- ოჰ, არა, ჩემო მეგობარო! - უპასუხა ვირჟინიმ. - იმ კაცმა ძლიერ შემაშინა. მოიგონე, რას
გეუბნება ხოლმე დედა: ბოროტი კაცის პური პირს ხრეშით ავსებსო.

- მაშ, როგორ მოვიქცეთ? -ჰკითხა პოლიმ. - ამ ხეების ნაყოფი არ იჭმევა. აქ არც თაფლინდის,
არც ლიმონის ხე არ არის, რომ ცოტათი მაინც სული მოითქვა.

- ღმერთი შეგვიბრალებს, - უპასუხა ვირჯინიმ, - მას პატარა ჩიტუნების ხმაც კი ესმის, როცა
საკვებს სთხოვენ.

ესა თქვა თუ არა, მახლობელი კლდიდან გადმომჩქეფარე წყაროს ჩხრიალი მოესმათ.


მიირბინეს, ბროლივით გამჭირვალე წყლით წყურვილი მოიკლეს, მერე მის ნაპირზე მოსული
ცოტა წიწმატი დაკრიფეს და ჭამეს.

ბავშვები აქეთ-იქეთ იყურებოდნენ, უფრო ნოყიერ საჭმელს დაეძებდნენ. უცბად ვირჟინიმ


ტყეში, ხეებს შორის ახალგაზრდა კომბოსტოს პალმა შენიშნა. ეს ხე ფოთლებს შორის,
კენწეროზე იკეთებს ნაყოფს, მაგრამ თუ ხის ტანი ადამიანის ფეხზე უმსხოსი არ არის, მისი
სიმაღლე სამოც ფუნტს აღემატება. მართალია, კომბოსტოს პალმის მერქანი ბოჭკოვანია,
მაგრამ ქერქი ისეთი მაგარი აქვს, რომ საუკეთესო ნაჯახიც პირიც კი ვერ მოეკიდება. პოლიმ
გადაწყვიტა, პალმისათვის ძირში ცეცხლი გაეჩინა, მაგრამ მეორე დაბრკოლება წამოიჭრა: კვესი
არ ჰქონდა. სხვათა შორის, ვეჭვობ, რომ ქვებით დაფარულ ამ კუნძულზე ტალის პაწაწინა
ნატეხი მაინც მოიპოვებოდეს. მაგრამ ადამიანს რომ გაუჭირდება, ხერხს მიმართავს ხოლმე.
ხშირად ყველაზე უფრო სასარგებლო გამოგონება ყველაზე გაჭირვებულ ადამიანს ეკუთვნის.
პოლიმ მოისაზრა, შავკანიანების წესის მიხედვით გაეჩინა ცეცხლი: წვეტიანი ქვით გახვრიტა
ხმელი ხის ტოტი და ფეხებქვეშ მოაქცია, მერე ამავე ქვის მახვილი პირით სხვა ჯიშის ხმელ
ტოტს წვერი წაუმახვილა, წამახვილებული წვეტი ფეხებქვეშ ამოდებული ტოტის ნახვრეტში
ჩადო და ხელის გულებით სწრაფად დაატრიალა. ცოტა ხანში იმ ადგილას, სადაც ხის ტოტები
ერთმანეთს ეხახუნებოდა, პოლიმ ბოლი და ნაპერწკლები შენიშნა. მან ხმელი ბალახი, ხის
ტოტები მოაგროვა და პალმის ძირს ცეცხლი შეუნთო. ძირგამომწვარი ხე მალე დაეცა შხუილით.
კომბოსტოს ცეცხლითვე შემოაცალა გრძელი მჩხვლეტავი, მერქანივით მაგარი ფოთლები.
ვირჯინიმ და პოლიმ ნახევარი კომბოსტო უმი შეჭამეს. ნახევარი კი შემწვარი. ორივე
ერთნაირად ეგემრიელათ. ამ ღარიბულ სადილს შეექცეოდნენ, თან სიხარულით იხსენებდნენ
თავიანთ კეთილ საქმეს. მაგრამ სიხარული მწუხარებად შეეცვალათ, როდესაც წარმოიდგინეს,
როგორ შეწუხდებოდნენ მათი დედები შვილების დაგვიანების გამო. ეს ფიქრი არ ასვენებდა
ვირჟინს, პოლი კი არწმუნებდა, რომ დედებს მალე დავამშვიდებთო.

სადილის შემდეგ შინ წასასვლელად რომ მოემზადნენ, ბავშვები მეტად დიდ დაბრკოლებას
წააწყდნენ: აღარ ჰყავდათ შინ მიმყვანი მეგზური. მაგრამ პოლის არაფერი აკრთობდა. მან
ვირჟინს უთხრა:

- ჩვენი ქოხი სამხრეთისკენაა, ხომ ხედავ სამმწვერვალიან მთას, ამ დილას რომ გამოვიარეთ;
ჩვენ ისევ უნდა გადავიდეთ ამ მთაზე. მაშ, გავსწიოთ, ჩემო მეგობარო.

ეს იყო ერთი იმ მთათაგანი, რომელსაც „სამძუძას“ ეძახიან იმიტომ, რომ ამ მთის სამივე
მწვერვალს ძუძუს მოყვანილობა აქვს.
ბავშვები „შავი მდინარის“ განმარტოებული გორაკის ჩრდილოეთ მხარეს დაეშვნენ, ერთი
საათის სიარულის შემდეგ მათ ერთმა განიერმა მდინარემ გადაუღობა გზა. კუნძულის ეს დიდი
ნაწილი, მთლიანად ტყეებით დაფარული, დღესაც არ არის საკმაოდ შესწავლილი; აქ ბევრი
მთასა და მდინარეს ჯერ კიდევ სახელიც არა აქვს შერქმეული. ის მდინარე, ბავშვები რომ
მიადგნენ, აქაფებული მიქროდა ქვის კალაპოტში. მისმა ხმაურმა შიში მოჰგვარა ვირჟინის,
წყალში ფეხის ჩადგმა ვერ გაბედა, რომ ფონს გასულიყო. მაშინ პოლიმ ვირჟინი ზურგზე შეისვა
და აბობოქრებულ, სრიალა ლოდებით მოფენილ მდინარეში შევიდა.

- ნუ გეშინია, - ამხნევებდა ვირჟინს, - როცა შენთან ვარ, თავს ძალიან ძლიერად ვგრძნობ,
შავიმდინარისპირელ ახალმოშენეს შენთვის რომ უარი ეთქვა თავისი მონის პატიებაზე,
აუცილებლად წავეჩხუბებოდი.

- როგორ? - გაუკვირდა ვირჟინის. - ამოდენა კაცს, ასეთ ბოროტს? რა მდგომარეობაში ჩაგაგდე!


ღმერთო ჩემო, რა ძნელია კეთილი საქმის გაკეთება! ავისა - კი რა ადვილი!

პოლი ნაპირზე რომ გამოვიდა, ვირჟინი ზურგიდან არ ჩამოუსვამს, ასე უნდოდა მისი წაყვანა და
„სამძუძა მთაზე“ ასვლა, მათგან ნახევარი ლიეს იძულებული გახდა, ვირჟინი ძირს ჩამოესვა და
თვითონ ის გვერდით მოესვენა. მაშინ ვირჟინიმ პოლის უთხრა:

- ჩემი ძმაო, დღე უკვე ილევა, შენ კიდევ შეგრჩა ძალა, მე კი აღარ. მოდი, მე აქ დამტოვე შენ კი
მარტო დაბრუნდი შინ ჩვენი დედების დასამშვიდებლად.

- ოჰ, არა ! - გააწყვეტინა პოლიმ. - ვერ დაგტოვებ. თუ ტყეში ღამემ მოგვისწრო, ცეცხლს
გავაჩაღებ, კომბოსტოს პალმის ხეებს წამოვაქცევ, მის ნაყოფს შენ გაჭმევ, ფოთლებისაგან კი
თავის შესაფარებელს მოგიქოხებ.

ამ საუბარში ვირჟინიმ ცოტა დაისვენა, მერე ადგა, მდინარის ნაპირზე გადახრილი ბებერი ხის -
სკოლოპენდრის - ტანზე დაკიდებული გრძელი ფოთლები დაკრიფა და ქვებზე სიარულით
დაზიანებულ ფეხებზე ფეხსაცმელის მსგავსი რაღაც შემოიკრა. დილას, სიჩქარეში,
გაჭირვებულს რომ გაჰყვა საშველად, ფეხზე ჩაცმა დაავიწყდა. გრილი ფოთლები ეამა. ბამბუკის
ტოტი მოტეხა და გზას გაუდგა. სიარულის დროს ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობოდა, მეორეთი -
ძმას.

ბავშვები მშვიდად მიაბიჯებდნენ ტყეში, მაგრამ ხშირფოთლიანმა, მაღალმა ხეებმა დაფარეს


„სამძუძა მთაც“, საითკენაც გეზი ეჭირათ და ჩამავალი მზეც. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვები
შეუმჩნევლად ასცდნენ ბილიკს და ხეების, ლიანებისა და კლდეების ლაბირნთში მოექცნენ;
გასავლელი არსად ჩანდა. პოლიმ ვირჟინი დასვა თვითონ გონებაარეული აქეთ-იქით მოჰყვა
სირბილს, მაგრამ ამაოდ, ახალი მაღალი ხის წვერზე აცოცდა, რომ „სამძუძა მთა“ მაინც
დაენახა. გარშემო ჩამავალი მზის სხივებით განთავსებული ხეების კენწეროების გარდა
არაფერი ჩანდა. მთების ჩრდილს დაბლობში უკვე დაეფარა ტყე. ქარი ჩადგა, როგორც ეს მზის
ჩასვლისას იცის ხოლმე; სიჩუმე სუფევდა ამ განმარტოებულ ადგილას, მხოლოდ ირმების
ყვირილიღა ისმოდა, ამ მყუდრო მხარისაკენ მოეშურებოდნენ ისინი. პოლიმ, რაც ძალა და
ღონე ჰქონდა, ყვირილი მორთო იმ იმედით, ვინმე მონადირეს გავაგონებო.

- აქეთ, აქეთ, დაეხმარეთ ვირჟინის!

მაგრამ მხოლოდ ტყის გამოძახილი აძლევდა პასუხს: „ვირჟინი!... ვირჟინი!.. - ზედიზედ გაისმა
შორეთში.
გულდამძიმებული, დაღლილ-დაქანცული პოლი ხიდიდან ჩამოვიდა და ღამის გასათევი
ადგილის ძებნას შეუდგა, მაგრამ ახლომახლო არც წყარო ჩანდა, არც კომბოსტოს პალმა და
არც ხის ხმელი ტოტები ცეცხლის დასანთებად. პოლიმ თავისი უძლურება რომ იგრძნო,
ტირილი დაიწყო. მაშინ ვირჟინიმ უთხრა:

- ნუ ტირი, ჩემო მეგობარო, თუ არ გინდა, რომ გული მატკინო. დედებისა და შენი ტანჯვის
მიზეზი მე ვარ. არაფერი, თუნდაც კარგი, არ უნდა გააკეთო მშობლების უკითხავად. ოჰ, ძალიან
უგუნურად მოვიქეცი.

ვირჟინის ტირლი აუვარდა და ცრემლების ყლაპვით უთხრა პოლის:

- ღმერთს შევევედროთ, ჩემო ძმაო, ის შეგვიბრალებს.

ლოცვა არც კი ჰქონდათ დასრულებული, რომ ძაღლის ყეფა მოესმათ.

- ალბათ, რომელიმე მონადირის ძაღლია, - თქვა პოლიმ, - საღამოთი რომ დადიან ირმებზე
სანადიროდ.

ცოტა ხანში ძაღლის ყეფამ იმატა.

- მე მგონია, - ამოიძახა ვირჟინიმ, - ეს ჩვენი ფიდელია, ჩვენი ძაღლი, დიახ, მისი ყეფა ვიცანი;
ნუთუ ჩვენს მთასთან ასე ახლოს ვართ?

მართლაც, მალე ფიდელი მათთან გაჩნდა; ყეფდა, ყმუოდა, წკმუტუნებდა, ეალერსებოდა


ბავშვებს. ბავშვები გაოცებისაგან ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყვნენ, რომ მათკენ მომავალი
დომინგო დაინახეს. კეთილი ზანგი სიხარულისაგან ტიროდა. მის დანახვაზე ბავშვებმაც
ტირილი მორთეს, სიტყვის თქმაც ვერ მოახერხეს; დომინგო რომ დამშვიდდა, ბავშვებს უამბო:

- ოჰ, ჩემო ახალგაზრდა ბატონებო, როგორ სწუხან თქვენი დედები; როგორ გავოცდით, როცა
წირვიდან დაბრუნებულებს შინ არ დაგვიხვდით. მარიმაც ვერ გვითხრა, სად იყავით წასულები.
ეზო-გარემო შემოვიარე, არ ვიცოდი, სად მეძებნეთ. ბოლოს, თქვენს ძველ

ტანისამოსს წამოვუსვი ხელი და ფიდელს დავაყნოსინე; საბრალო ცხოველი თითქოს მიმიხვდა,


რაც მინდოდა, იმწამსვე თქვენი კვალის ძებნას შეუდგა; ფიდელი კუდის ქნევით სულ წინ
გარბოდა, ბოლოს „შავ მდინარემდე“ მიმიყვანა. იქ მოსახლისაგან გავიგე, რომ ლტოლვილი
ზანგი ქალი მიგიყვანიათ მისთვის და პატიება გითხოვიათ, ისიც შეგპირებიათ, მაგრამ როგორ
შეუწყნარებია თქვენი თხოვნა! მან ჯაჭვით მიბმული, ფეხზე ხუნდდადებული, რკინის
საყელურგაკეთებული მონა ქალი მიჩვენა. იქედან ფიდელი კვალს გამოჰყვა და „შავი
მდინარის“ განმარტოებულ გორაკზე ამიყვანა, შედგა და მთელი ძალით ყეფა დაიწყო. ეს იყო
წყაროს პირას წაქცეული კომბოსტოს პალმის ხესთან, ცეცხლი ჯერ კიდევ ბოლავდა. ბოლოს
ფიდელმა აქ მომიყვანა. ჩვენ „სამძუძა მთის“ ძირას ვართ და სახლამდე კარგი ოთხი ლიე არის
კიდევ. აბა, ჭამეთ და ძალა მოიკრიბეთ.

დომინგომ ბავშვებს ნამცხვარი, ხილი და სასმელით გავსებული ერთი დიდი აყირო მიაწოდა.
შაქრის ჯავზის, ლიმონის წვენის წყლისა და ღვინისაგან შეზავებული ეს სასმელი დედებმა
მოუმზადეს ბავშვებს ღონის აღსადგენად და გასაგრილებლად. ვირჟინიმ საბრალო მონა ქალის
და დედების მწუხარების მოგონებაზე ამოიოხრა და რამდენჯერმე გაიმეორა:

- ოხ, რა ძნელია კეთლი საქმის გაკეთება!


სანამ პოლი და ვირჟინი საჭმელს შეექცეოდნენ, დომინგომ ცეცხლი დაანთო, კლდეებს შორის
მონახა ერთი მრუდე ხე, ამ ხეს სადარაჯოს ეძახიან, ის ნედლად იწვავს და დიდი ალიცა აქვს.
მისგან ჩირაღდანი გააკეთა, რადგან უკვე ღამე იყო და წასვლა გაუძნელდებოდათ. დიდი
გაჭირვება დომინგოს მაშინ დაადგა, როდესაც გზის გაგრძელება დააპირეს: პოლის და
ვირჟინის სიარული აღარ შეეძლოთ; ფეხები დასიებოდათ და დაწითლებოდათ. დომინგომ არ
იცოდა, როგორ მოქცეულიყო. წასულიყო შორს დამხმარეთა საძებნელად, თუ იქვე გაეთია ღამე
ბავშვებთან ერთად.

- სად არის ის დრო. - უთხრა მან ბავშვებს, - როცა ორივეს ხელში აგიყვანდით და ისე
დამყავდით ? ახლა თქვენ უკვე დიდები ხართ, მე კი მოვხუცდი.

ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში რომ იყო დომინგო, ოც ნაბიჯზე მათ მოქცეული ზანგების
ჯგუფი შენიშნეს. ჯგუფის მეთაური პოლისა და ვირჟინის მიუახლოვდა და უთხრა:

- კეთილო თეთრო ბავშვებო, ნუ გეშინიათ, ამ დილას „შავ მდინარესთან“ დაგინახეთ ზანგის


ქალთან ერთად მიმავალი, თქვენ მისი ბოროტი ბატონისათვის იმ საწყალის პატიება უნდა
გეთხოვათ. მადლობის ნიშნად მხარზე შეგისვამთ და ისე წაგიყვანთ.

მეთაურმა თავისიანებს ხელი დაუქნია. ოთხმა ღონიერმა ზანგმა ხის ტოტებისა და


ლიანებისაგან მაშინვე საკაცე გააკეთეს, ზედ პოლი და ვირჟინი დასვეს და საკაცე მხარზე
გაიდვეს, დომინგო ჩირაღდნით წინ გაუძღვა. გზას გაუდგნენ; ზანგები სიხარულით
ყიჟინებდნენ, ბავშვებს ლოცავდნენ. გულაჩვილებულმა ვირჟინიმ პოლის უთხრა:

- ოჰ, ჩემო მეგობარო, მადლისმქმნელს ღმერთი არასოდეს ტოვებს დაუჯილდოვებლად.

შუაღამისას თავიანთ მთას მიუახლოვდნენ. მთის ფერდობები უამრავი კოცონით


გაენათებინათ. აღმართი აიარეს თუ არა, ძახილი მოესმათ:

- თქვენა ხართ, შვილებო?

ბავშვებმა ზანგებთან ერთად უპასუხეს:

- დიახ, ჩვენა ვართ!

პოლიმ და ვირჟინიმ მალე დაინახეს ალმოდებული მუგუზლებით მათკენ მომავალი დედები და


მარი.

- საწყალი ბავშვები, - წამოიძახა ქალბატონმა დე ლატურმა, - სად იყავით? რა სატანჯველში


ჩაგვყარეთ!

- ჩვენ „შავ მდინარიდან“ მოვდივართ - უპასუხა ვირჟინიმ, - იქ ბატონს ერთი საწყალი


ლტოლვილი ზანგი ქალის პატიება ვთხოვეთ. ის მონა ქალი ამ დილას აქ ვასაუზმე, რადგან
შიმშილისაგან სული ხდებოდა; აი, ჩვენ კი ლტოლვილმა ზანგებმა მოგვიყვანეს უკან.

ქალბატონმა დე ლატურმა თავისი გოგონა გულში ჩაიკრა. მას ლაპარაკი აღარ შეეძლო.

თქვენ ამინაზღაურეთ გადატანილი ტანჯვა, - უთხრა დედას მისი ცრემლით სახედანამულმა


ვირჟინიმ.

სიხარულით აღტაცებული მარგერიტა პოლის მკერდში იხუტებდა და ეუბნებოდა:

- შენც, ჩემო შვილო, შენც კეთილი საქმე გააკეთე!


დედებმა ბავშვები შინ მიიყვანეს და ზანგებს პური აჭამეს. ზანგები რომ დანაყრდნენ,
მასპინძლებს ყოველივე სიკეთე უსურვეს და ტყეს დაუბრუნდნენ.

ამ ოჯახებისათვის ყოველ დღეს ბედნიერება სიმშვიდე მოჰქონდა. მათ არ იცოდნენ, რა იყო


შური, პატივმოყვარეობა, ეს ქალები სრულიად არ ცდილობდნენ იმ ცრუ დიდების მოხვეჭას,
ხრიკებით რომ მოიპოვება და ჭორით იკარგება. ისინი იმითაც კმაყოფილდებოდნენ, რომ თვით
იყვნენ მოწმენი და მსაჯულნი თავიანთი ყოფაქცევისა. ამ კუნძულზე, სადაც, როგორც ყველა
ევროპულ ახალშენში, ცნობისმოყვარეობას მხოლოდ ცუდი ამბის მიმართ იჩენენ, მეგობარ
ქალთა სათნოება, სახელებიც კი უცნობი რჩებოდა. პამპელმუსის გზაზე მიმავალი მგზავრი თუ
ჰკითხავდა რომელიმე მოსახლეს: „ვინ ცხოვრობს იქ, მაღლა, იმ პატარა ქოხში?“ - კეთილი
ხალხიო, - უპასუხებდნენ, თუმცა არც პასუხის მიმცემი იცნობდა მათ.

ეკლიანი ბუჩქის ძირას მიმალული უჩინარი იაც ასე აფრქვევს ნაზ სურნელებას თავის გარშემო.

ქალებმა საუბრიდან განდევნეს ავენაობა, რაც, ვითომდა სამართლიანობისათვის


გამოყენებული, ჩვენს გულს აუცილებლად სიძულვილისა და სიყალბისაკენ მიმართავს, რადგან
შეუძლებელია არ გძულდეს ადამიანები, თუ ფიქრობ, რომ ისინი ბოროტები არიან; მაგრამ
შეუძლებელია იცხოვრო ბოროტ ადამიანებთან, თუ ცრუ კეთილგანწყობილების ნიღაბი არ
აიფარე. ამგვარად, ავენაობა გვაიძულებს ცუდად მოვეპყრათ სხვებსაც და ჩვენს თავსაც. ქალები
არ სჯიდნენ ცალკეულ ადამიანებს, ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, თუ რა სიკეთე ექნათ
ადამიანისათვის საერთოდ; ეს თუმცა მათ ძალას აღემატებოდა, მაგრამ კარგის გაკეთების
დაუშრეტელი სურვილი კეთილმოსურნეობით უვსებდათ გულს. ამრიგად, განმარტოებული
ცხოვრებით არათუ არ გაველურდნენ, არამედ ადამიანურნი გახდნენ. თუ საზოგადოების
სამარცხვინო ამბები მათ საუბარში ადგილს ვერ პოულობდა, სამაგიეროდ, ბუნების ამბები არ
აკლებდა მათ სიხარულსა და აღფრთოვანებას, ისინი თავდავიწყებით ადიდებდნენ იმ განგების
ძალას, ამ მწირ კლდეთა შორის მათ ნაშრომს სიუხვე, სილამაზე, მარად ახალი და ახალი
სიამოვნება რომ მოჰფენოდა.

***
თორმეტი წლის პოლიმ, თხუთმეტი წლის ევროპელ ბიჭზე უფრო ღონიერმა და გონიერმა,
გაამშვენიერა, გაალამაზა ის, რასაც ზანი დომინგო მხოლოდ სარჩოს მისაღებად აკეთებდა. ის
დომინგოსთან ერთად მიდიოდა მახლობელ ტყეებში და ძირიანად თხრიდა ლიმონის,
ფორთოხლის, თაფლინდის ნორჩ ხეებს, ასეთი ხასხასა მწვანეთი რომ აქვთ შემოსილი
კენწეროები; თხრიდა ფორთოხლის ყვავილივით სურნელოვან, რძისებური წვენით სავსე
ნაყოფით ფინიკის პალმებს. ამ საკმაოდ მოზრდილ ხეებს ნაკვეთის ირგვლივ რგავდა. იქვე
თესავდა ისეთი ხეების თესლებს, რომლებიც ყვავილს ან ნაყოფს მეორე წლიდან ისხამენ.
ასეთებია: აგატისი, მის გარშემო ხომლის ბროლებივით ჰკიდია თეთრი ყვავილების გრძელი
მტევნები; სპარსული იასამანი, ცისკენ რომ აღუმართავს თავისი იისფერი გირლანდები; ნესვის
ხე, რომლის ბოძის მსგავს, უტოტო ტანს მწვანე ნესვები ბურძგად ასხია, კენწერო კი ლეღვის
ფოთლისებური ფართო ფოთლებით აქვს დაფარული.

კიდევ მრავალი ხე - ჩაგირი, მაგნოლია, ავოკადო, გუიავა, პურის ხე, ქლიავი და სხვა - გააშენა
პოლიმ, ბევრი მათგანი უკვე თავის ახალგაზრდა პატრონს ჩრდილსა და ხილს არ აკლებდა.
პოლის შრომისმოყვარე ხელმა სიუხვე მოჰფინა ამ კუთხის სრულიად უნაყოფო ადგილებსაც კი.
კლდეების გაშვებულ მწვერვალებზე ისე შეფენილიყო სხვადასხვა ჯიშის ალოე,
წითელწიწაკებიანი ყვითელი ყვავილებით დახუნძლული ეკლებიანი კაქტუსი, ინდური ლეღვის
ხეები, თითქოს სურდათ მისწვდომოდნენ ლურჯ და ალისფერყვავილებიან ლიანებს, სულ
კლდეებზე აქა-იქ გრძლად რომ ეშვებოდნენ.

პოლიმ მცენარეები ისე განალაგა, ერთი შეხედვით შეგეძლოთ მათი ხილვით დამტკბარიყავით.
ამ ხევის შუა ადგილას ბალახი ბიბინებდა, მას ბუჩქნარი შემოვლებოდა, შემდეგ საშუალო
ზომის ხეები იყო დარგული და ბოლოს გარს ერტყა დიდი ხეები. თუ ამ განიერ ხევს ცენტრიდან
შეხედავდით, ის ამწვანებული ხილისა და ყვავილების ამფითეატრს მოგაგონებდათ. აქვე იყო
ბოსტნები, ველები, ბრინჯისა და პურის ყანები. თუმცა პოლი ამ მცენარეების გაშენებას თავის
გეგმას უმორჩილებდა, მაგრამ ბუნების თავისებურებებსაც ანგარიშს უწევდა, ამიტომ მაღლობ
ადგილებში დარგო ისეთი მცენარეები, რომელთა თესლი ქარის საშუალებით ვრცელდებოდა;
მდინარის ნაპირას კი ისეთები, რომელთა თესლი წყლის დენით უნდა გავრცელდეს. ამნაირად,
ყოველი მცენარე თავის ბუნებრივ გარემოში იზრდებოდა და ყოველ კუთხეს შესაფერისი
მცენარე ჰქონდა ბუნებრივ სამკაულად.

კლდეთა მწვერვალებიდან ჩამოდენილ წყალთაგან ადგილ-ადგილ პატარ-პატარა აუზები და


ვრცელი წყალსატევები იქმნებოდა. მათს სარკესავით ზედაპირზე ირეკლებოდა მწვანეში
ჩაფლული, აყვავებული ხეები, მაღალი კლდეები და ლაჟვარდოვანი ცა.

მიუხედავად ნიადაგის უსწორმასწორობისა, პოლის თითქმის ყველა ნარგავი ადვილად


დასანახი და მისაწვდომი იყო; ჩვენც, რასაკვირველია, პოლის რჩევა-დარიგებასაც ვაძლევდით
და ხელსაც ვუწყობდით. მან ხევს ბილიკი შემოავლო გარშემო. ამ ბილიკის მრავალი განშტოება
ხევის ცენტრში იყრიდა თავს.

პოლიმ ყველაზე უფრო ოღროჩოღრო ნაკვეთებიც კი გაამშვენიერა და სასეირნო ადგილად


აქცია. აგრეთვე ერთმანეთს შეუგუა ბაღისა და გარეული ჯიშის ხეები. აი ამ აუარებელი,
უზარმაზარი ქვებისგან, ახლა რომ ყოველ ბილიკზე ყრია, როგორც მთელ კუნძულზე, საერთოდ,
მან აქა-იქ პირამიდები აღმართა, ქვებში მიწა ჩაყარა და შიგ კლდეების მოყვარული ვარდის,
ფარშევანგის კუდისა და სხვა ბუჩქნარის ფესვები ჩაატანა. ცოტა ხანში ეს შავი და უშნო
პირამიდები მწვანით შეიმოსა და უმშვენიერესი ყვავილებით მოირთო. ბებერ, დახრილ ხეებს
კლდის ნაპირზე ისეთი თაღები შეეკრათ, რომ შიგ სიცხე ვერ აღწევდა; ეს ოჯახები
გასაგრილებლად იქ მიდიოდნენ. ერთი ბილიკი გარეული ჯიშის ხეების ჭალისაკენ უხვევდა. მის
შუაგულში ქარისგან დაცული, ნაყოფით დახუნძლული ხეხილი იზრდებოდა; იქით ყანა იყო,
აქეთ - ხეხილის ბაღი. ერთი ფართო ხეივნიდან სახლები მოჩანდა, მეორიდან - მთის
მიუდგომელი მწვერვალები.

ლიანებით დახლართული ტატამაკების ხშირ ჭალაში შუადღისითაც ვერაფერს დაინახავდა.


მახლობელი დიდი კლდის მწვერვალიდან კი თვალწინ იშლებოდა მთელი კლდოვანი მიდამო
და ლურჯი ზღვა, სადაც ზოგჯერ ევროპისაკენ მიმავალი ან იქიდან დაბრუნებული გემი
გამოჩნდებოდა. ამ ორ ოჯახს სწორედ ამ კლდეზე უყვარდა შეკრება საღამოობით. გრილ
ჰაერზე, ამ სიჩუმეში, სადაც მხოლოდ წყაროების რაკრაკი ისმოდა, ისინი ტკბებოდნენ
ყვავილთა სურნელებითა და საღამოს ფერების უკანასკნელი თამაშით.

ამ ლაბირინთის მრავალ მომხიბვლელ კუთხეს ყველაზე სასიამოვნო სახელი შეარქვეს. უკვე


ნახსენებ კლდეს, საიდანაც ჩემი მეგობრები მათკენ მიმავალს დამინახავდნენ ხოლმე,
„მეგობრობის აღმოჩენა“ ერქვა. ერთხელ პოლიმ და ვირჟინიმ თამაშობის დროს აქ ბამბუკის ხე
დარგეს. როგორც კი შემნიშნავდნენ, მის კენწეროზე პატარა თეთრ ალამს ააფრიალებდნენ, ისე
როგორც მეზობელ მთაზე აღმართავენ ხოლმე ბაირაღს, როდესაც ზღვაზე გემს მოჰკრავენ
თვალს. აზრად მომივიდა, ამ ბამბუკის ღეროზე წარწერა გამეკეთებინა, ბევრი სასიამოვნო
განმიცდია ჩემი მოგზაურობის დროს გარდასულ ეპოქათა ძეგლებისა და ქანდაკებების ნახვით,
მაგრამ უფრო მეტი სიამოვნება მიგრძვნია, როდესაც კარგი წარწერა წამიკითხავს. მაშინ
მგონებია, რომ ქვებში ადამიანივით ამეტყველებული ხმა საუკუნეთა სიშორიდან ისმის და
უდაბურ მხარეში მოხეტიალე კაცს მიმართავს; ეუბნება, მარტო არ ხარ, ამავე ადგილებში
შენსავით სხვებსაც უფიქრიათ, უგრძვნიათ, უტანჯიათ; თუ ეს წარწერა რომელიმე ძველ,
გადაშენებულ ერს ეკუთვნის, ის ჩვენს სულს უსასრულობის სივრცეს გადაუშლის და უკვდავებას
აგრძნობინებს, რომ აზრი სიცოცხლეს განაგრძობს, მაშინ, როცა მთელი იმპერია კვდება.

პოლისა და ვირჟინის პატარა ანძაზე ჰორაციუსის ეს ლექსი დავაწერე:

...Fratres Hellenae, lucida sidera,

Ventorumque regat pater,

Obstrictis allis, praeter japuga.

„დეე, ელენეს ძმებო, თქვენსავით მომხიბვლელმა ციურმა მნათობებმა და ქართა მამამ


გიწინამძღვრონ, გზა წაგიმართონ მხოლოდ ნიავით“.

ვარგილიუსის ლექსი ამოვკვეთე იმ ტატამაკის ქერქზე, რომლის ჩრდილშიც პოლი იჯდა და


მღელვარე ზღვას გასცქეროდა ხოლმე

Fortunatus et ille de os qui novit agrestes!

„ბედნიერია ის, ვინც მხოლოდ სოფლის ღვთაებებს აღიარებს“.

ქალბატონი დე ლატურის ქოხის კარის თავზე დავაწერე (ამ ქოხში, ჩვეულებრივ, ორი ოჯახის
წევრები იკრიბებოდნენ):

At secura guies et

nescia fallere vita.

„აქ სუფევს მშვიდი სინდისი და სიცოცხლე, რომელმაც სიცრუე არ იცის“.

მაგრამ ვირჟინის ჩემი ლათინური არ მოსწონდა. ერთხელ მითხრა: თქვენ მიერ ანძაზე
წარწერილი მეტად გრძელი და ბრძნული რამ არისო.

- მე ვამჯობინებდი, ასეთ წარწერას, - დაუმატა მან, - „მუდამ მღელვარე მაგრამ უცვლელი.“

- ეს დევიზი, - ვუპასუხე მე, - კიდევ უფრო მეტად შეეფერება სათნოებას. - ჩემმა ნათქვამმა
ვირჟინი გააწითლა.

ამ ბედნიერ ოჯახთა წევრების მგრძნობიარე გული არაფერს ტოვებდა უყურადღებოდ. უნაზესი


სახელები დაარქვეს თითქოსდა უმნიშვნელო საგნებს. ფორთოხლის, ბანანის და ქლიავის
ხეებით გარშემორტყმული იმ პატარა ველობს, სადაც ზოგჯერ პოლი და ვირჟინი საცეკვაოდ
დადიოდნენ, „თანხმობა“ ერქვა. ძველ ხეს, რომლის ჩრდილშიც ქალბატონმა დე ლატურმა და
მარგერიტმა ერთმანეთს თავისი უბედურება უამბეს, „შემშრალი ცრემლი“ დაარქვეს. „ბრეტანი“
და „ნორმანდია“ უწოდეს მიწის პატარ-პატარა ნაკვეთებს, სადაც ხორბალი, მარწყვი და მუხუდო
მოჰყავდათ. დომინგომ და მარიმაც მიჰბაძეს თავიანთ ქალბატონებს და აფრიკაში
მიტოვებული მამა-პაპათა კერის მოსაგონებლად „ანგოლა“ და „ფულპუანტი“ უწოდეს ორ
ადგილს, სადაც კალათების დასაწნავი ბალახი ხარობდა და გოგრას თესავდნენ.

ასე, სამშობლოს მოწყვეტილნი იქაური ჰავის შესაფერ მცენარეებს აშენებდნენ, თითქოს


მშობლიურ მიწა-წყალზე ვცხოვრობთო. ამ უცხო ქვეყანაში ასე ნაზად იტყუებდნენ თავს და
დარდს იქარვებდნენ.

ეჰ, მე მინახავს, როგორ ედგმებოდა სული ამ გავერანებულ ხევში ხეებს, კლდეებსა და წყაროებს
მრავალი მომხიბვლელი სახელის შერქმევით. ახლა მათ „საბერძნეთის მინდორ-ველების
მსგავსად, მხოლოდ ნანგრევები და ამაღელვებელი სახელებიღა შემორჩათ.

მაგრამ ამ მშვენიერ ადგილებში ყველაზე სასიამოვნო „ვირჟინის დასასვენებლად“ წოდებული


კუთხე იყო. „მეგობრობის აღმოჩენის“ კლდის ძირას არის ნაპრალი, საიდანაც პატარა წყარო
მოჩუხჩუხებს. ის სათავესთან, ნორჩი ბალახით მობიბინე კორდის შუაგულში, პატარა ტბას
ქმნის. როცა მარგერიტს პოლი შეეძინა, მას ინდოეთიდან საჩუქრად მიღებული ქოქოსის კაკალი
მივართვი. მარგერიტმა ტბის ნაპირას დარგო ეს კაკალი. ქოქოსის პალმა მისი ვაჟიშვილის
დაბადების დღის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო. ქალბატონმა დე ლატურმაც მიჰბაძა თავის
მეგობარს და, როგორც კი ვირჟინი შეეძინა, იქვე ქოქოსის მეორე კაკალი დარგო. ეს ორი პალმა
ამ ოჯახების არქივს წარმოადგენდა. ერთს ერქვა პოლის, მეორეს ვირჟინის ხე. პალმები
თავიანთი ახალგაზრდა პატრონებივით თანაბრად იზრდებოდა, თუმცა ერთი უფრო მაღალი
იყო მეორეზე. თორმეტი წლის შემდეგ ორივე ქოხებს ასცილდა. მათი ყლორტები თანდათან
ერთმანეთში იხლართებოდა და ტოტებზე ჩამოკიდებული ქოქოსის კაკლის ქორფა მტევნები
წყაროს დასცქეროდა. ამ პალმების გარდა, ეს ნაპირი ისე დატოვეს, როგორც ბუნებამ შეამკო.
ნაპრალის ყავისფერსა და სველ გვერდებზე მწვანე და შავი ვარსკვალვისებური გვიმრანაირები
გადაშლილიყო. ნიავი აფრიალებდა სკოლოპენდრის გრძელ ლენტებივით ჩამოკიდებულ,
მოწითალო ძარღვებიან მწვანე ფერის ფოთლებს. იქვე, მახლობლად წითელ მითოლიას
მსგავსი ყვავილებიანი გველის სურო და მარჯანზე უფრო წითელი, სისხლისფერი ინდური
წიწაკა იზრდებოდა. გარშემო უნაზეს სურნელებას აფრქვევდა გულის მსგავსფოთლიანი
უკადრისა და მიხაკის სურნელის მქონე რეჰანი; ციცაბო კლდის მწვერვალიდან კალთებზე
ფარდასავით მოქანავე მწვანე ლიანები ეშვებოდა. ეს მშვიდი თავშესაფარი ზღვის ფრინველებს
ღამისსათევად იზიდავდა; მზის ჩასვლისას აქედან კარგად მოჩანდა, როგორ იღებდნენ გეზს
ნაპირიდან მეჭვავიები და ზღვის ტოროლები, მაღლა, ცაში როგორ რიალებდნენ შავი
ფრეგატები და ტროპიკის თეთრი ფაეტონები, დღის მნათობთან ერთად რომ ტოვებდნენ
ინდოეთის ოკეანის უსაზღვროებას. ვირჟინის უყვარდა დასვენება ამ წყაროსთან, ამ ველურსა
და თან ბრწყინვალედ მორთულ მიდამოში; ხშირად მოდიოდა აქ, რათა ქოქოსის ორი პალმის
ჩრდილში ოჯახის თეთრეული დაერეცხა. ზოგჯერ თხებიც მოჰყავდა საძოვარზე. მათი რძით
ყველს აკეთებდა, თან ტკბებოდა ციცაბო კლდის ფერდობებზე შეფენილი თხების ცქერით,
ბალახის წიწკნაში გართულნი, კლდის ლავგარდანზე მდგომნი, კვარცხლბეკზე აღმართულ
ქანდაკებებს რომ წააგავდნენ. როცა პოლიმ შენიშნა, ვირჟინის ეს ადგილი უყვარსო,
მახლობელი ტყიდან ფრინველების ბუდეები მოიტანა. პაწია ბარტყებს მშობლებიც თან
გამოჰყვნენ და ამ ახალშენში დამკვიდრდნენ. დროგამოშვებით ვირჟინი ფრინველებს ბრინჯს,
სიმინდსა და ფეტვს უყრიდა. როგორც კი ვირჟინი გამოჩნდებოდა, მგალობელი შაშვები ნაზად
მოჭიკჭიკე ბენგალური სკვინჩები, ცეცხლისფერფრთიანი კარდინალები ბუჩქებიდან
გამოძვრებოდნენ, ზურმუხტივით მწვანე თუთიყუშები ლატანიერებიდან ძირს მოფრინავდნენ.
კაკაბები ბალახში მოგოგმანებდნენ, ყველა ვირჟინისაკენ მიილტვოდა და მის ფეხთან
ქათმებივით ირეოდნენ. აღტაცებულ პოლისა და ვირჟინის ართობდა მათი თამაში, მათი
სასიყვარულო ალერსი.
საყვარელო ბავშვებო ასე უმანკოდ ატარებდით თქვენი სიყმაწვილის დღეებს; კეთილ საქმეს
აკეთებდით! ამ ადგილას თქვენს დედებს მკერდში რამდენჯერ ჩახუტებიხართ და ზეცა
რამდენჯერ დაულოციათ იმ ნუგეშისათვის, თქვენგან სიბერეში რომ მოელოდნენ. მშობლებს
გული ნეტარებით ევსებოდათ, როცა თქვენს მომავალ ბედნიერებას ხედავდნენ. ამ კლდეების
ჩრდილში მათთან ერთად რამდენჯერ მისაუზმია უბრალოდ, ამ საუზმისათვის არც ერთხელ
არაფერი დაკლულა. რძით სავსე აყიროები, ბანანის ფოთლებზე დაწყობილი ახალი კვერცხი,
ბრინჯიანი ნამცხვრები, ფორთოხლით ბროწეულით, ბანანით, ინდის ხურმით, ანანასითა და
მანგოს ხის ნაყოფებით სავსე კალათები - ეს დიდად შესარგი და გემრიელწვნიანი სანოვაგე
ამკობდა სუფრასაც და თვალსაც ახარებდა სასიამოვნო ფერებით.

ამ ოჯახის წევრების საუბარი ისეთივე უბრალო იყო, როგორიც მათი ლხინი. პოლი ხშირად
უყვებოდა თავისიანებს თუ რა გაკეთდა იმ დღეს, ან ხვალ რის გაკეთებას აპირებდა. სულ მუდამ
იმის ფიქრში იყო, თავისი პატარა საზოგადოებისათვის რა ესიამოვნებინა. აქ ბილიკი არ ვარგა
სასიარულოდ, იქ კარგად ვერ სხედანო; აქ ახალგაზრდა ხეების ტალავრებს საკმაო ჩრდილი
არა აქვს, იქ ვირჟინის უკეთ მოვაწყობო.

როდესაც წვიმიანი დღეები დაიწყებოდა, ყველა, ბატონიცა და მსახურიც, ქოხში ერთად


იკრიბებოდნენ, ბამბუკის კალათებსა და ბალახის ჭილობებს წნავდნენ. ქოხში გასაოცარი
წესრიგით ჩამოელაგებინათ ფოცხები, ნაჯახები, ბარები; იქვე, სამიწათმოქმედო იარაღების
მახლობლად, ეწყო მათი ხელით მოყვანილი მოსავალი: ბრინჯით სავსე ტომრები, პურის ძნები
და ბანანის აკიდოები. არც პირის

ჩასაგემრიელებელს ივიწყებდნენ. ვირჟინიმ დედას და მარგერიტისაგან ისწავლა ლიმონის და


შაქრის ლერწმის წვენისაგან შარბათისა და მაგარი სასმელების დამზადება.

შებინდებისას ლამპის შუქზე ვახშმობდნენ. მერე ქალბატონი დე ლატური ან მარგერიტი


ჰყვებოდნენ ავაზაკებით სავსე ევროპის ქვეყნებში გზააბნეული მგზავრების ან ქარიშხალისაგან
უბედურ კუნძულზე გარიყული გემების ამბებს. ეს ამბები ბავშვებს მგრძნობიარე გულს
უნათებდა. ცას შესთხოვდნენ, საშუალება მოგვეცი, ასეთი ბედკრულთ მასპინძლობა
გავუწიოთო. მერე ეს ორი ოჯახი დასასვენებლად მიდიოდა და კვლავ შესახვედრად
მოუთმენლად ელოდნენ მეორე დილას. ზოგჯერ, დაძინებისას, როცა გარეთ კოკისპირული
წვიმა ქოხების სახურავებზე შხუოდა, ან ქარს ზღვის ნაპირზე მინახეთქი ტალღების შორეული
გრიალი მოჰქონდა, ისინი მყუდრო ცხოვრებისათვის ღმერთს ადიდებდნენ, უბედურებისაგან
შორს ყოფნა კი მადლობის გრძნობას უორკეცებდათ.

დროგამოშვებით ქალბატონი დე ლატური ხმამაღლა რაიმე ამაღელვებელ ამბავს


კითხულობდა ძველ ან ახალი აღთქმიდან. საღვთო წიგნებზე ბევრს არ მსჯელობდნენ, რადგან
მათი ღვთისმეტყველება, ისევე როგორც ბუნებისა, გრძნობაში იყო გამოხატული, ხოლო მათი
ზნეობა, ისევე როგორც სახარებისა - მოქმედებაში. სიამოვნებისა და მწუხარებისათვის
მიჩენილი დღეები მათ არ ჰქონდათ. ყოველი დღე მათთვის დღესასწაული იყო და გარშემო
ყველაფერი - ღვთაებრივი ტაძარი, სადაც ისინი მარად ადიდებდნენ ყოფლისშემძლესა და
მოწყალე განგებას. უზენაესი ძილისადმი რწმენა ანუგეშებდა მათ მწარე წარსულის მოგონების
დროს, სიმხნევეს მატებდა აწმყოში და მომავლისთვის იმედს უნერგავდა. ეს ქალები
უბედურებამ აიძულა ბუნების წიაღს დაბრუნებოდნენ; მათ თავიანთ თავსაც და ბავშვებსაც
განუვითარეს ის გრძნობები, უბედურების ასაცდენად ბუნება რომ გვანიჭებს.

მაგრამ ზოგჯერ უაღრესად მშვიდ არსებასაც შემოაწვება ხოლმე გულზე შავი ფიქრები.
როდესაც ოჯახის რომელიმე წევრს მოწყენილობას შეამჩნევდნენ, დანარჩენები მისი მწარე
ფიქრების გასაფანტავად გარს შემოეხვეოდნენ და მიზანს თანაგრძნობის გამოხატვით უფრო
აღწევდნენ, ვიდრე მსჯელობით. თვითეული მათგანი თავისი ხასიათის თავისებურებას
იყენებდა: მარგერიტი - თავის მხიარულებასა და სიმკვირცხლეს; ქალბატონი დე ლატური -
ღვთისმოსაობას; ვირჟინი - ნაზ ალერსს; პოლი გულწრფელობასა და გულითადობას. მარი და
დომინგოც ეშველებოდნენ: დაღონდებოდნენ მათ მოწყენაზე; მათს ტირილზე თვითონაც
ატირდებოდნენ. ასე გადაესკვნებიან ხოლმე ერთმანეთს სუსტი მცენარეები, რომ
გრიგალისაგან თავი დაიცვან.

თუ კარგი ამინდი იდგა, კვირა დღის პამპელმუსის ეკლესიაში დადიოდნენ წირვაზე. იმ


ეკლესიის სამრეკლო, აი, აქედან მოჩანს დაბლობში. იქ სალოცავად მდიდრები ტახტრევანით
მიბრძანდებოდნენ ხოლმე; მათ მრავალჯერ სცადეს ასეთი მეგობრობით დაკავშირებული ამ
ორი ოჯახის გაცნობა, ეპატიჟებოდნენ, ჩვენთან ერთად მიიღეთ მონაწილეობა გართობაშიო,
მაგრამ ქალბატონი დე ლატური და მარგერიტი ამ მიპატიჟებას ყოველთვის თავაზიანად და
პატივისცემით ირიდებდნენ. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი სუსტებს
საპირფეროდ დაეძებდნენ და რომ მათ მაამებლად ვერ გამოდგები, თუ კეთილ საქციელთან
ერთად ცუდიც არ მოუწონე. ქალები არანაკლებ გაურბოდნენ ღარიბ ახალმოშენეებთან
ურთიერთობას, რადგან ისინი, ჩვეულებრივ შურიანი, ავენა და უხეში ადამიანები იყვნენ. ზოგი
ამ კარჩაკეტილობას მათ მოკრძალებას აწერდა, - ზოგი კი - სიამაყეს; მაგრამ ამ მანდილოსნებს
თავი ისე ზრდილობიანად და გულისხმიერად ეჭირათ, განსაკუთრებით, ღარიბების მიმართ,
რომ შეუმჩნევლად მდიდრების პატივისცემა და ღარიბთა ნდობა დაიმსახურეს.

წირვის შემდეგ მათ ხშირად მიმართავდნენ ხოლმე დახმარებისათვის: ან მწუხარე ადამიანი


ჰკითხავდა რჩევა-დარიგებას, ან მახლობელი უბნის ბავშვები თავის ავადმყოფ დედასთან
წაყოლას სთხოვდა. ქალებს ყოველთვის თან დაჰქონდათ ადგილობრივი მცხოვრებთა შორის
გავრცელებულ სნეულებათა სამკურნალოდ გამოსადეგი წამლები; ავადმყოფს ისე სათუთად
ეპყრობოდნენ, რომ ეს პატარა სამსახურის გაწევა ფასდაუდებელი ხდებოდა. განსაკუთრებით
ემარჯვებოდათ დაცხრომა სულიერი ტანჯვისა, რაც ასე ძნელი ასატანია მარტოობაში მყოფი
უძლური ადამიანისათვის. ქალბატონი დე ლატური ღვთისადმი ისეთ რწმენას გამოთქვამდა,
რომ ავადმყოფი მისი საუბრის მოსმენისას ღმერთს თავის გვერდით გრძნობდა. ვირჟინი
ხშირად აცრემლებული, მაგრამ სიხარულით აღვსილი ბრუნდებოდა შინ იმის გამო, რომ
კეთილი საქმის გაკეთების შემთხვევა მიეცა. სამკურნალო წამლებს თვითონ ამზადებდა
წინასწარ და თვითონვე ურიგებდა ავადმყოფებს ალერსით. ამ კეთილ საქმეს რომ
მორჩებოდნენ, ზოგჯერ „გრძელი თმის“ ხეობას გამოჰყვებოდნენ და ჩემთან მოდიოდნენ. მეც
პატარა მდინარის ნაპირას ველოდებოდი მათ სადილად, ამ შემთხვევისათვის რამდენიმე
ბოთლ ძველ ღვინოს მოვიმარაგებდი, რომ ევროპის ტკბილი და სასიამოვნო საჩუქრით ინდური
სუფრის მხიარულება გამეზარდა. ხანდახან პაემანს ერთმანეთთან შესახვედრად ზღვის პირას,
რომელიმე პატარა მდინარის შესართავთან ვნიშნავდით. აქ ხომ მდინარეები ღელისოდენა ხომ
ძლივს არიან. თან მიგვქონდა მცენარეული საჭმელები, რასაც ზღვის მიერ უხვად მოწოდებულ
საჭმელს ვამატებდით. ვიჭერდით კეფალს, ვეძებდით პოლიპებს, პორფირიონს, ზღვის კიბოსა
და ზღარბს, ცხრაფეხას, ხამანწკას და ყველანაირ მოლუსკს. ხშირად ერთი შეხედვით საშიში

ადგილებიც კი გვართობდა. ზოგჯერ კლდეზე, კორპის ხის ჩრდილში დავსხდებოდით და


თვალს ვადევნებდით გაშლილი ზღვის ტალღებს, საშინელი ღრიალით ჩვენს ფეხთით რომ
ეხეთქებოდნენ. ხანდახან თევზივით მოცურავე პოლი ბრაგებიდან წყალში გადახტებოდა და
როცა ქაფმოდებული, აზვირთებული ტალღები აგორდებოდა და ღრიალით მისკენ
წამოვიდოდა, პოლი ნაპირისაკენ გამოცურავდა, ტალღები კი კვალდაკვალ მოსდევდნენ უკან. ამ
დროს ვირჟინი საშინლად კიოდა და ამბობდა. ასეთი თამაშობა მაშინებსო.
ჩვენს სადილს მოჰყვებოდა ბავშვების ცეკვა-სიმღერა. ვირჟინი მღეროდა სოფლის ცხოვრების
ბედნიერებასა და ანგარებით შეპყრობილ მეზღვაურთა უბედურებაზე, ბობოქარ ზღვაზე
ნაოსნობა რომ ურჩევნიათ ამდენი სიკეთის მომცემი მიწის მშვიდად დამუშავებას. ხან პოლი და
ვირჟინი ზანგების წაბაძვით პანტომიმას ასრულებდნენ. თითქმის ყველა ერისათვის ცნობილი
პანტომიმა პირველყოფილი ადამიანის სამეტყველო ენა იყო. ეს თამაშობა ისე ბუნებრივი და
გამომსახველია, რომ თეთრი ბავშვები მაშინვე სწავლობენ ზანგი ბავშვებისგან. ვირჟინი
გაიხსენებდა დედის მიერ ხმამაღლა წაკითხულ რომელიმე ამბავს, რომელიც ყველაზე უფრო
მოხვედროდა მის სათუთ გულს და ამ ამბიდან დიდი გულუბრყვილობით წარმოადგენდა
მთავარ ადგილებს. ზოგჯერ დომინგოს დაკრული ტამ-ტამის ხმაზე თავზე სურაშემოდგმული
ვირჟინი გამოჩნდებოდა კორდზე და მორცხვად მიდიოდა მახლობელი წყაროსაკენ წყლის
მოსატანად. დომინგო და მარი, ვითომდა მწყემსები იყვნენ, ვირჟინის წყაროსთან არ
უშვებდნენ და ხელისკვრით უკუაგდებდნენ. ამ დროს პოლი ვირჟინის სურას უვსებდა და თავზე
შედგმაში შველოდა, თან თავის წითელყვავილებიანი სუროს გვირგვინით უმკობდა. ეს
გვირგვინი მკაფიოდ აჩენდა ვირჟინის სახის სითეთრეს. ბოლოს მეც ჩავერეოდი თამაშში,
ვითომდა რაგუელი ვიყავი და პოლის ჩემს ქალიშვილს, სეფორას მივათხოვებდი.

ზოგჯერ ვირჟინი უბედური რუთი იყო, რომელიც თავის ქვეყანაში ქვრივი და ღარიბი
დაბრუნდა; სამშობლოდან დიდი ხნით მოწყვეტილი თავს უცხოდ გრძნობდა. დომინგო და მარი
მომკელები იყვნენ; ვირჟინი მათ კვალს მისდევდა და პურის თავთავებს კრეფდა. პოლი
პატრიარქის სიდინჯით ვირჟინის კითხვებს აძლევდა, ისიც კანკალით პასუხობდა. ბოლოს
სიბრალულით აღელვებული პატრიარქი სტუმართმოყვარეობას იჩენდა და უმანკოსა და
უბედურ რუთს თავშესაფარს სთავაზობდა; იგი ვირჟინის წინსაფარს ყოველნაირი სანოვაგით
უვსებდა, შემდეგ ჩვენთან, ვითომდა ქალაქის უხუცესებთან, მოჰყავდა და გვიცხადებდა, რუთის
ცოლად ვირთავ, მიუხედავად მისი სიღარიბისაო. ამის მნახველ ქალბატონ დე ლატურს
აგონდებოდა თავისი ბედი - ნათესავებისაგან მიტოვება, დაქვრივება მარგერიტისაგან
გულისხმიერი მიღება, იმედი გულს რომ ეფინებოდა, ბავშვების ბედნიერ დაქორწინებას
მოვესწრებიო - და ტირილს ვერ იკავებდა; თავის გაჭირვება-დალხინების მოგონებით ჩვენც
მწუხარებისა და სიხარულის ცრემლებს გვაფრქვევინებდა.

ეს დრამები ისე დამაჯერებლად იყო შესრულებული, რომ სირიისა და პალესტინის მინდვრებში


გეგონებოდათ თავი. ამ სპექტაკლებისათვის ჩვენ არ გვაკლდა არც დეკორაციები, არც განათება
არც შესაფერი ორკესტრი. სცენად, ჩვეულებრივ ვირჩევდით ტყეში გაჭრილ მებოძირს, სადაც
განაკაფი ჩვენ გარშემო თაღიან ხეივანს ქმნიდა. მის ქვეშ მთელი დღის მანძილზე სიცხე არ
გვაწუხებდა; მაგრამ, როდესაც, მზე ჰორიზონტისაკენ დაეშვებოდა, მისი სხივები ხეების ძირებს
ეცემოდა და ტყის სიბნელეში სინათლის გრძელ კონებად იშლებოდა; დიდებული სანახაობა
იყო! ზოგჯერ ხეივანს ბოლოს მზის დისკო მთლიანად გამოჩნდებოდა და ხეივანი ერთნაირად
სხივთა ფრქვევას იწყებდა. ზაფრანისფერი სხივებით, ქვემოდან განათებული ფოთლები
ბეჟმენდის და ზურმუხტის ცეცხლით ბრწყინავდნენ; ხეების ხავსიანი და ყავისფერი ტანი
თითქოს ანტიკური ბრინჯაოს სვეტებად იქცეოდნენ. უკვე ჩაბნელებული ფოთლების სიჩუმეში
ღამის გასათევად მიმალული ფრინველები, მოულოდნელი მეორე განთიადის ხილვით
გაოცებულნი, დღის მნათობს ერთხმად სალამს აძლევდნენ სიმღერით.

ძალიან ხშირად შემოგვაღამდებოდა ხოლმე ამ სოფლური გართობის დროს. სუფთა ჰაერი,


რბილი ჰავა საშუალებას გვაძლევდა, პალმების ტოტებით გადაჩარდახებულ შუაგულ ტყეში
დაგვეძინა და სრულიად არ გვქონდა ქურდების შიში, რადგან მათი ჭაჭანებაც კი არ იყო არსად.
მეორე დღეს ჩვენს ქოხებში ვბრუნდებოდით, იქ ყველაფერი თავის ადგილას გვხვდებოდა. ამ
კუნძულზე, სადაც ჯერ კიდევ არ მისდევდნენ ვაჭრობას, ისეთი კეთილსინდისიერება სუფევდა,
რომ ბედნიერი სახლის კარი სრულიად არ იკეტებოდა და მრავალი კრეოლისათვის ბოქლომი
ცნობისმოყვარეობის საგანს წარმოადგენდა.

პოლისა და ვირჟინისათვის ყველაზე სასიხარულო დღე მათი დედების დაბადების დღე იყო.
ვირჟინი წინადღითვე დაამზადებდა ცომს, დააცხობდა ნამცხვარს და კუნძულზე დაბადებულ
ღარიბ თეთრკანიანების ოჯახებს უგზავნიდა. ამ თეთრკანიანებს ევროპული პურის გემო
არასოდეს გაუსინჯავთ. მათ მონა ზანგები არ ჰყავდათ, იძულებულნი იყვნენ, შიგ ტყეში
ეცხოვრათ და თავი მანიოკით ერჩინათ. სიღარიბის ასატანად მათ არ ჰქონდათ არც მონობის
შედეგი- გონებაჩლუნგობა, არც გულადობა, რომელსაც განათლება იძლევა. ამ ხალხისათვის
ვირჟინის ძღვნად მხოლოდ ნამცხვრების დამზადება შეეძლო; მაგრამ უბრალო ძღვენს ისე
გულიანად მიართმევდა, რომ ის

ძალზე ძვირფასი ხდებოდა. ამ ოჯახებისათვის ძღვენის მიტანა, მათი მოპატიჟება, დროს


გასატარებლად მეორე დღეს ქალბატონ დე ლატურთან მოსულიყვნენ, პოლის ევალებოდა.
წვეულების დღეს სტუმრად მოვიდოდა რომელიმე ქალი, მას თან ახლდა ორი თუ სამი
საცოდავი, გამხდარი, გაყვითლებული გოგონა. ისინი მორცხვობდნენ, თავს მაღლა ვერ
სწევდნენ. ვირჟინი მალე გაათამამებდა მათ, უმასპინძლდებოდა ხილითა და გამაგრილებელი
სასმელებით; თანაც გამასპინძლება უფრო სასიამოვნო რომ გაეხადა, უამბობდა, თუ როგორ
მოამზადეს ეს ყველაფერი. ეს ნაყენი მარგერიტმა გააკეთა, ის - დედაჩემმა. ეს ხილი კი თვითონ
ჩემმა ძმამ დაკრიფა ხის კენწეროებზეო. ვირჟინი სთხოვდა პოლის, გოგონებთან იცეკვეო და
მანამ არ მოეშვებოდა სტუმრებს, სანამ არ დარწმუნდებოდა, თავს კმაყოფილად გრძნობენო.
ვირჟინის სურდა, რომ ოჯახის მხიარულება სტუმრებსაც გაეზიარებინათ. „ადამიანი მხოლოდ
მაშინ აღწევს თავის ბედნიერებას, თუ სხვების ბედნიერებისათვის ზრუნავს“. -ამბობდა ის.

როდესაც სტუმრები შინ დაბრუნებას დააპირებდნენ, ვირჟინი სთხოვდა, თუ რამე მოგეწონათ,


წაიღეთო. სტუმრებს მათ სიღარიბეს არ ამჩნევინებდნენ და, როდესაც საჩუქრების მიღებას
სთხოვდა, მოიმიზეზებდა, ეს ნივთი ახალი ან იშვიათი რამ არისო. ვირჟინი მეზობლებს ძველ
ტანისამოსს რომ დაუნახავდა, დედის თანხმობით რომელიმე თავის კაბას ამოარჩევდა და
პოლის დაავალებდა, საჩუქარი მიეტანა და ქოხის წინ მალულად დაედო. ღვთის მაგალითით
კეთილ საქმეს ასე აკეთებდა: კეთილი საქმე ჩანდა, მისი გამკეთებელი კი- არა.

თქვენ, ევროპელებს, ბავშვობიდანვე გონება ბედნიერების საზიანოდ იმდენი ცრურწმენით


გევსებათ, რომ არ ძალგიძთ, მიხვდეთ, რამდენი სინათლისა და სიხარულის მინიჭება შეუძლია
ბუნებას. თქვენი სული, ადამიანის ცოდნათა მცირე წრით შემოზღუდული, მალე სწვდება თავის
ხელოვნურ სიამეთა საზღვარს; ბუნება და გული კი დაუშრეტელია.

პოლისა და ვირჟინის არ ჰქონდათ არც საათი, არც კალენდარი, არც ქრონოლოგიის, ისტორიისა
და ფილოსოფიის წიგნები. მათი ცხოვრების დრო წესრიგდებოდა ბუნების დროის
ცვალებადობით. საათს ხის ჩრდილით გებულობდნენ, წელიწადის დროს - ყვავილების
გაფურჩქვნით, ან ხილის დამწიფებით; წლებს მოსავლის მოწევის მიხედვით ანგარიშობდნენ.
ასეთი ფერად-ფერადი, ნაზი სახეები ბუნებისა და მათ საუბარს უდიდესი მომხიბვლელობით
ამკობდა.

- სადილობის დროა, - ეუბნებოდა ვირჟინი თავისიანებს, - ბანანების ჩრდილი უკვე გადადის.

- ღამდება, თაფლინდები ფოთლებს კეცავენ.

- როდის მობრძანდებით ჩვენთან? - ეკითხებოდა ვირჟინის მეზობლად მცხოვრები მეგობრები.

- შაქრის ლერწამის აღების დროს, - უპასუხებდა ვირჟინი.


- თქვენი სტუმრობა უფრო სასიამოვნო და ტკბილი იქნება ჩვენთვის, - ეუბნებოდნენ გოგონები.

როდესაც მის ან პოლის წლოვანებას ეკითხებოდნენ, ვირჟინი უპასუხებდა:

- ჩემი ძმა წყაროსთან დარგული დიდი ქოქოსის პალმის ხნისაა, მე კი - პატარისა. მანგოს ხემ
თორმეტჯერ მოისხა ნაყოფი, ხოლო ფორთოხლის ხე ოცდაოთხჯერ აყვავილდა მას შემდეგ,
რაც ქვეყანაზე გავჩნდი.

მათი ცხოვრება ხეებთან ისე იყო დაკავშირებული, როგორც ფავნების და დრიადებისა, ბავშვები
არ იცნობდნენ ისტორიულ ეპოქებს, იცოდნენ მხოლოდ თავიანთი დედების ამბავი, არც
წელთაღრიცხვისა გაეგებოდათ რამე, მხოლოდ თავიანთი ბაღის წლოვანება იცოდნენ, არც
ფილოსოფიისა ესმოდათ რამე, გარდა იმისა, რომ ყველასათვის სიკეთე ექნათ და ღვთის ნებას
დამორჩილებოდნენ.

ბოლოს და ბოლოს რაში სჭირდებოდათ ამ ახალგაზრდებს ჩვენი სიმდიდრე და სწავლა?


ხელმოკლეობა და უცოდინარობა მათ ნეტარებას კიდევ უფრო ავსებდა. ისეთი დღე არ
გამოერეოდა, რომ ერთმანეთისათვის რაიმე დახმარება ან ცოდნა არ მიეწვდინათ: დიახ,
ცოდნა! თუ რაიმე შეეშლებოდათ, სპეტაკი გულის ადამიანისათვის ეს სრულიად არ იყო
სახიფათო ან საშიში.

ასე იზრდებოდა ეს ორი ბუნების შვილი, არავითარ ზრუნვას მათი შუბლი ნაოჭებით არ
დაუღარავს; თავშეუკავებლობას მათი სისხლი არ აუმღვრევია; დამღუპველ ვნებათა ღელვას
მათი გული არ შეუბღალავს. სიყვარული, უმანკოება და ღვთისმოსაობა დღითიდღე ამშვენებდა
ბავშვების სულს. ამ სულიერ მშვენიერებაზე მეტყველებდა მათი იშვიათი, მომხიბვლელი
სახეები, თავის დაჭერა და მიმოხვრა. ცხოვრების გარიჟრაჟზე ისინი დილის მთელი სიხალისით
იყვნენ შემკულნი.

სწორედ ასეთები მოევლინნენ ედემის ბაღს ჩვენი პირველი წინაპრები; შემოქმედისაგან


სულჩადგმულმა ადამმა და ევამ პირველად ერთმანეთი რომ დაინახეს, და-ძმასავით დაიწყეს
საუბარი. ვირჟინი ევასავით ნაზი, მორცხვი და მიმნდობელი იყო. პოლის კი ადამივით
მამაკაცის შეხედულება და უბრალოება ჰქონდა.

ზოგჯერ სამუშაოდან დაბრუნებული პოლი ვირჟინისთან მარტო დარჩებოდა, ეტყოდა (პოლს ეს


ჩემთვის მრავალჯერ უამბია):

რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, შენი დანახვა ძალას მიბრუნებს. მთის მწვერვალიდან ბარში
თვალს რომ მოგკრავ, ჩვენს ბაღში გაფურჩქვნილ ვარდის კოკორს მაგონებ; როდესაც ქოხისკენ
მიეშურები - თავის ბარტყებისაკენ მოგოგმამე გნოლს. მაგრამ იგი ვერ დაგედარება ვერც თავისი
აგებულებითა და ვერც მსუბუქი რონინით. თუნდ ხეებს მიეფარო, თვალთ დამეკარგო, შენი
ხილვა არ მჭირდება, მაინც გიპოვი, რაღაც უხილავ ანდამატს სტოვებ ჩემთვის ჰაერში იქ, სადაც
გაივლი, ბალახზე, შენ რომ შეეხები; გიახლოვდები და ყველა გრძნობის მპყრობელი ხარ. ცის
ლაჟვარდზე უფრო მშვენიერია შენი თვალების სილურჯე; ჟღერა შენი ხმისა ბენგალური ჩიტის
სიმღერაზე უფრო ნაზი; თითის წვერიც რომ შეგახო, მთელი ტანი სიამოვნებისაგან მითრთის.
ხომ გახსოვს ის დღე, ჩვენ რომ „სამძუძა მთასთან“ მდინარეში გავედით, ქვებზე ფეხები
გვისხლტებოდა. ნაპირს რომ მივადექით უკვე ძალაგამოლეული ვიყავი, მაგრამ ზურგზე შეგისვი
თუ არა, თითქოს ფრთები გამომესხა. მითხარ, რითი მომხიბლე? ჭკუით? მაგრამ ჩვენს დედებს
ხომ ორივეზე მეტი ჭკუა აქვთ. ან იქნებ შენი ალერსით მომაჯადოვე? მაგრამ ისინი ხომ უფრო
ხშირად მკოცნიან, ვიდრე შენ. მე ვფიქრობ, უფრო გულკეთილობით დამატყვევე. არასოდეს
დამავიწყდება, ფეხშიშველი რომ წახვედი „შავ მდინარემდე“ და შეწყნარება ითხოვე
ლტოლვილი საწყალი მონა ქალისა. ჩემო ნანდაურო, აი გამომართვი ლიმონის ხის აყვავებული
ტოტი, შენთვის მოვტეხე ტყეში; ღამე ეს ტოტი ლოგინთან დაიდე. ამ თაფლის გოლეულით
პირი ჩაიტკბარუნე, შენთვის ჩამოვიტანე კლდის მწვერვალიდან; მაგრამ ჯერ მკერდზე
მომეყრდენ, რომ დაღლილობამ გამიაროს.

ვირჟინი უპასუხებდა:

- ოჰ, ჩემო ძმაო, შენი ჩემთან ყოფნა უფრო მეტად მახარებს, ვიდრე კლდის მწვერვალებზე
დილის სხივთა გამოჩენა. ძლიერ მიყვარს დედაჩემი, შენი დედაც ძალიან მიყვარს, მაგრამ
როდესაც ისინი „ჩემო შვილოს“ გეძახიან, კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჩვენი მშობლები;
თითქოს უფრო მსიამოვნებს, როცა ისინი შენ გეალერსებიან, ვიდრე მე. მეკითხები, რატომ
მიყვარხარო, მაგრამ განა ყველას, ვინც ერთად იზრდება, არ უყვარს ერთმანეთი? უყურე ერთსა
და იმავე ბუდეში გაზრდილ ფრინველებს; მათაც ჩვენსავით უყვართ ერთმანეთი, ჩვენსავით
ყოველთვის ერთად არიან. ყური დაუგდე, როგორ უხმობენ და უპასუხებენ ერთმანეთს, განა მეც
შენი სიმღერის კილოს ასევე არ ავაყოლებ ხოლმე სიტყვებს, როცა შენი სალამურის ჰანგები
მაღალი მთის მწვერვალიდან ექოს ბარში ჩამოაქვს ჩვენთან? განსაკუთრებით იმ დღიდან
გახდი ჩემთვის ძვირფასი, როდესაც ჩემი გულისათვის, მონა ქალის ბატონის ცემა განიზრახე.
მას შემდეგ ჩემთვის ძალიან ხშირად მითქვამს: ჩემს ძმას კეთილი გული აქვს; უიმისოდ შიშით
მოვკვდებოდი-მეთქი. მე ყოველდღე ვევედრები ღმერთს დედაჩემისა და დედაშენისათვის,
შენთვისა და ჩვენი საწყალი მსახურებისათვის; მაგრამ, როდესაც შენს სახელს წარმოვთქვამ,
ასე მგონია, ჩემი ლოცვა უფრო მხურვალე ხდება. გულმოდგინედ ვემუდარები ღმერთს,
ფათერაკი არ შეგამთხვიოს. რატომ მიდიხარ ასე შორს ჩემთვის ხილისა და ყვავილების
მოსატანად? ნუთუ ჩვენს ბაღში საკმაოდ არა გვაქვს? როგორი დაღლილი, როგორი ოფლში
გაღვრილი ხარ. - პოლის ქალი თავისი თეთრი ხელმანდილით შუბლსა და ლოყებს
უმშრალებდა და ჰკოცნიდა.

მაგრამ ბოლო ხანს ვირჟინის დროდადრო რაღაც უცნაური სენი აწუხებდა, მშვენიერი ცისფერი
თვალები ამოუღამდებოდა, ფერს დაკარგავდა, სისუსტე აუძლურებდა მის სხეულს.

შუბლს სიმშვიდე და ტუჩებს ღიმილი ეცლებოდა, უეცრად გამხიარულდებოდა, თუმცა


სამხიარულო არა ჰქონდა რა; მერე მოიწყენდა, თუმცა მოსაწყენი არაფერი შეხვედროდა. აღარ
იზიდავდა უმანკო თამაშობანი, ნაზი ხელსაქმე. ოჯახის უსაყვარლეს წევრებსაც კი თავს
არიდებდა. კარ-მიდამოს ყველაზე უფრო განმარტოებულ ადგილებში დაეხეტებოდა, ყველგან
სიმშვიდეს დაეძებდა, მაგრამ ვერსად პოულობდა. ზოგჯერ, როცა პოლის თვალს მოჰკრავდა,
მისკენ ცქრიალით გაეშურებოდა, მაგრამ მიახლოვებისას შემკრთალი უცებ შეჩერდებოდა,
ფერმკრთალ ლოყებზე ცეცხლი მოედებოდა და პოლის თვალს ვეღარ უსწორებდა.

- კლდეები მწვანით იმოსება. ჩვენი ფრინველნი მღერიან, შენ რომ გხედავენ. შენ გარშემო
ყველაფერი მხიარულობს. მხოლოდ შენა ხარ მოწყენილი, - ეტყოდა პილი ვირჟინის.

პოლი ცდილობდა კოცნით გამოეცოცხლებინა ვირჟინი, მაგრამ იგი სახეს მიაბრუნებდა და


დედისაკენ გარბოდა ათრთოლებული. საბრალო ქალიშვილი გრძნობდა, რომ ძმის ალერსი
აღელვებდა, პოლის ვერაფერი გაეგო ამ ახალი უჩვეულო ჭირვეულობისა.

***
ერთ უბედურებას მეორე მოჰყვება ხოლმე.
ერთმა ისეთმა ზაფხულმა, დროგამოშვებით ტროპიკებს შორის მოქცეულ ქვეყნებს რომ
ავერანებს, თავისი გამანადგურებელი ძალა აქაც დაატრიალა. დეკემბრის მიწურული იყო,
როდესაც მზე თხის რქის თანავარსკლავედიდან კუნძულ ილ დე ფრანსს სამი კვირის
განმავლობაში აცხუნებდა ჩვეული ცეცხლოვანი სხივებით. აღარ იძვროდა სამხრეთ-
აღმოსავლეთის ქარი, რომელიც თითქმის მთელი წლის მანძილზე დანავარდობს აქ. გზებზე
ავარდნილი მტვრის ბუღი ჰაერში ტრიალებდა; მიწა დასკდა, ბალახი გადახმა, მთების
ფერდობებს ცხელი ოხშივარი ასდიოდა; წყაროები დაშრა; ზღვის მხარეს ღრუბლის ნაფლეთიც
კი არ ჩანდა. მთელი დღე ველებს მოწითალო-მოსპილენძისფრო ალმური ასდიოდა და მზის
ჩასვლისას ხანძრის ალივით ანთებდა. გავარვარებულ ჰაერს ღამეც კი ვერ აგრილებდა.
მთვარის უზარმაზარი ბურთი ჩაბნელებული ცის ჰორიზონტზე გაწითლებული ეკიდა.
წყურვილით გატანჯული ჯოგები გორაკებზე დაეხეტებოდნენ, თავს ცისკენ სწევდნენ და
ხარბად ისუნთქავდნენ ცხელ ჰაერს. საქონლის სევდიანი ბღავილი ღარტაფებს აყრუებდა.
კაფრიც კი, რომელიც ჯოგს დაჰყვებოდა, მიწაზე წვებოდა გასაგრილებლად, მაგრამ მიწა
ყველგან გახურებული იყო. სულისშემხუთავ ჰაერში მწერთა ბზუილიღა ისმოდა. მწერები
ცდილობდნენ, ადამიანის და საქონლის სისხლით მოეკლათ წყურვილი.

ერთ ასეთ გავარვარებულ ღამეს ვირჟინიმ იგრძნო, რომ ავადმყოფობის ნიშნები გაუორკეცდა.
იტრიალა, იტრიალა, ხან წამოჯდა, ხან ისევ მიწვა, მაგრამ ვერ იქნა და ვერა, ვერ მოისვენა, ვერც
დაიძინა, ბოლოს ადგა და მთვარის შუქზე თავისი პატარა ტბისაკენ გაეშურა; გვალვის
მიუხედავად წყარო ვერცხლის ზონარივით კვლავ მოედინებოდა კლდის ჩაბნელებულ
ფერდობზე. ვირჟინი წყალში ჩავიდა. სიგრილემ მყისვე ხალისი დაუბრუნა და ბევრი
სასიამოვნო ამბავი გაახსენა, მოაგონდა ბავშვობა, როცა დედა და მარგერიტი პოლისა და მას
ერთად აბანავებდნენ ტბაში. მერე პოლიმ ეს საბანაო ვირჟინს დაუტოვა; ფსკერი გააღრმავა,
სილით დაფარა, ნაპირებზე სურნელოვანი ბალახები დათესა. ვირჟინი ხედავდა, როგორ
ლიცლიცებდნენ წყალში, მის შიშველ მკლავებსა და მკერდზე მისი და პოლის დაბადების დროს
დარგული პალმების ჩრდილები, პალმებს მობანავის თავზე მწიფენაყოფიანი მწვანე ტოტები
გადაეხლართათ. ვირჟინი ფიქრობდა პოლისთან მეგობრობაზე, მცენარეთა სურნელებაზე
უფრო ნაზი, წყაროს წყალზე უსპეტაკესი და ერთმანეთს გადაჭდობილ პალმებზე უფრო მტკიცე
რომ იყო, და ოხრავდა. უცებ მისი ფიქრები ღამეზე, მარტოობაზე შეჩერდა და მწველი ცეცხლი
წაეკიდა. სწრაფად ამოვარდა წყლიდან და გაექცა ფოთოლთა შიშისმომგვრელ ჩრდილებს,
ტროპიკულ მზეზე უფრო ცხელ წყალს. ვირჟინი დედისაკენ გაეშურა, რომ საკუთარი თავის
წინააღმდეგ მოეშველებინა. ბევრჯერ სურდა დედისათვის ეამბნა თავისი ტანჯვა. ხელებს
უჭერდა დედას. რამდენჯერმე კინაღამ წარმოთქვა კიდეც პოლის სახელი, მაგრამ დატანჯული
გული ენას უმუნჯებდა და დედის მკერდზე თავმიყრდნობილი ვირჟინი მხოლოდ ცრემლებს
აფრქვევდა, მეტს ვეღარაფერს ახერხებდა.

ქალბატონი დე ლატური თავისი ქალიშვილის ტანჯვის მიზეზს კარგად იყო მიმხვდარი, მაგრამ
ვერ ბედავდა ამ საგანზე თვითონ ჩამოეგდო ლაპარაკი.

- ჩემო ბავშვო, - ეუბნებოდა შვილს, - ღმერთს მიმართე შვებისათვის. ის განაგებს თავის ნებაზე
ჩვენს სიკვდილ-სიცოცხლეს. ღმერთი გცდის დღეს, რათა ხვალ დაგაჯილდოვოს. გახსოვდეს,
მიწაზე იმიტომ ვცხოვრობთ, რომ სათნოების გზით ვიაროთ.

უზომო სიცხისაგან ოკეანეზე ამდგარი ორთქლი კუნძულს უზარმაზარ ქოლგად დაეხურა.


ღრუბლები მოედო მთების მწვერვალებს, სადაც დროგამოშვებით ელვა გრძლად
გაიკლაკნებოდა. მალე საშინელმა ჭექა-ქუხილმა შეძრა ბარი, ტყე, ხევი. ცამ პირი გახსნა.
კოკისპირული წვიმა ჩანჩქერივით დააცხრა მიწას. აქაფებული ნიაღვარი დაეშვა ამ მთებიდან,
ამ ხეობის აუზი ზღვად გადაიქცა, მაღლობი ადგილი, სადაც ქოხები იდგა პატარა კუნძულად,
ხოლო ხევის შესასვლელი საგუბრად, საიდანაც წყალს ღრიალით მოჰქონდა ერთმანეთში
არეული მიწა, ხეები, ქვები.

ქალბატონი დე ლატურის ქოხში თავშეყრილი მთელი ოჯახი კანკალით ევედრებოდა ღმერთს.


ქოხის სახურავი ქარისგან საშინლად ჭრიალებდა. თუმცა კარი და დარაბები კარგად იყო
ჩაკეტილი, ქოხში ყველაფერს გაარჩევდით, ძელურებშუა ისე ხშირად და ძლიერად იჭრებოდა
ელვა. თუმცა ქარიშხალი მძვინვარებდა, გულადი პოლი დომინგოს თანხლებით ერთი ქოხიდან
მეორე ქოხთან მიდიოდა, აქ კედელს ამაგრებდა ბიჯგით, იქ - პალოს ჩაუსობდა. თავისიანებთან
მხოლოდ იმედის მისაცემად თუ შევიდოდა, მალე კარგი ამინდი დადგება, ნუ გეშინიათო,
ანუგეშებდა. მართლაც, დაღამებისას წვიმამ გადაიღო, სამხრეთ-დასავლეთის ქარმა
ჩვეულებრივად იწყო ქროლვა, ქარიშხლის ღრუბლები ჩრდილო-დასავლეთისაკენ გარეკა და
ჰორიზონტზე ჩამავალი მზე გამოჩნდა.

ვირჟინის პირველი სურვილი თავისი დასვენების ადგილის ნახვა იყო. პოლი მორცხვად
მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა, რათა სიარულში დახმარებოდა. ვირჟინიმ ღიმილით ხელი
შეაგება და ისინი ქოხიდან ერთად გავიდნენ. ჰაერი გრილი და თითქოს აჟღერებული იყო.
აქაფებული ნიაღვრებით დასერილ მთების მწვერვალებს თეთრი ნისლი ეხვეოდა.
წყალდიდობას ბაღი მთლიანად დაემარხა. ხეხილის ნაწილი ძირფესვიანად დაეგლიჯა. სილის
უზარმაზარ გროვებს კორდები დაეფარა და ვირჟინის საბანაო ამოევსო. მხოლოდ ორი ქოქოსის
პალმაღა იდგა დაუზიანებლად. მწვანე ფოთლებიც შერჩენოდათ. გარშემო კი აღარ იყო არც
მოლი, არც ტალავრები, არც ფრინველები, გარდა რამდენიმე ბენგალური სკვინჩისა.
მახლობელ კლდეთა მწვერვალებზე ჩამომსხდარი ჩიტები კვნესა-ჭიკჭიკით დასტიროდნენ
თავიანთი პატარების დაღუპვას.

ამის მნახველმა ვირჟინიმ პოლის უთხრა:

- თქვენ აქ ფრინველები მოიყვანეთ, გრიგალმა კი დაგიხოცათ. თქვენ აქ ბაღი გააშენეთ, მაგრამ


ახლა გაოხრებულია. მიწაზე ყველაფერი იღუპება. სრულიად უცვლელი მხოლოდ ზეცა რჩება.

- რად არ შემიძლია, ციური რამ შემოგთავაზოთ! მაგრამ მე მიწაზეც კი არაფერი მაბადია.

- თქვენ გაქვთ წმინდა პავლეს ხატი! - უთხრა ვირჟინიმ და გაწითლდა.

პოლი მაშინვე ქოხისაკენ გაექანა ხატის მოსატანად. ეს ხატი პატარა მინიატურა იყო, იგი პავლე
განდეგილს გამოხატავდა. მარგერიტი ამ ხატს განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა.
ქალიშვილობაში დიდხანს ატარა გულზე. მერე იგი თავის ვაჟს ჩამოჰკიდა. როდესაც მარგერიტი
ფეხმძიმე შეიქმნა, ყველასაგან მიტოვებული, ისე ხშირად დასცქეროდა ნეტარ მეუდაბნოეს,
რომ მისი პოლიც რამდენიმედ ამ განდეგილს დაემსგავსა. ამიტომ მარგერიტმა გადაწყვიტა,
შვილისათვის პოლი დაერქმია და ბავშვის მფარველობაც ამ წმინდანისათვის მიენდო. ამ
წმინდანმაც ხომ მთელი სიცოცხლე მარტოობაში, იმ ადამიანებისაგან მოშორებით გაატარა,
რომლებმაც მარგერიტი ჯერ შეურაცხყვეს, მერე კი მიატოვეს.

ვირჟინიმ პატარა ხატი პოლის გამოართვა და ათრთოლებული ხმით მიმართა:

- ძმაო, სანამ ცოცხალი ვიქნები, ამ ხატს არ მოვიშორებ. არც არასოდეს დავივიწყებ, რომ მომეცი
შენი ერთადერთი ნივთი.

ამ მეგობრულმა კილომ, უშუალობისა და სინაზის მოულოდნელმა დაბრუნებამ, პოლის


ვირჟინის კოცნის სურვილი აღუძრა, მაგრამ ჩიტივით მსუბუქი ვირჟინი დაუსხლტა და
რეტდასხმული დატოვა იგი. პოლიმ ვერაფერი გაუგო ვირჟინის უჩვეულო საქციელს.
ერთხელ მარგერიტმა უთხრა ქალბატონ დე ლატურს:

- რატომ არ დავაქორწინებთ ჩვენს ბავშვებს. მათ ხომ უზომოდ უყვართ ერთმანეთი. თუმცა ჩემი
ბიჭი ამას ჯერ ვერ ამჩნევს, მაგრამ როდესაც მასში ბუნება გაიღვიძებს, ჩვენი თვალყურის
დევნება ამაო იქნება. საშიში მდგომარეობა შეიქმნება.

- ისინი მეტად ახალგაზრდები და მეტად ღარიბნი არიან, - უპასუხა ქალბატონმა დე ლატურმა, -


წარმოიდგინე, რა სადარდო გაგვიჩნდება, როცა ვირჟინის უბედური ბავშვები ეყოლება,
რომელთა აღზრდის საშუალება მათ არ ექნებათ. შენი ზანგი ძალიან მოტეხილია; მარი -
დაუძლურებულია, მეც, ჩემო მეგობარო, ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ძლიერ დავსუსტდი.
ცხელ ქვეყნებში ძალიან სწრაფად ბერდებიან. მწუხარება სიბერეს კიდევ უფრო აჩქარებს.
პოლი არის ჩვენი ერთადერთი იმედი. დავუცადოთ მის დავაჟკაცებას, ხასიათის განმტკიცებას,
რომ თავისი შრომით ჩვენი შენახვა შეძლოს. ამჟამად, შენ იცი, მხოლოდ არსებობისთვის
აუცილებელი რამ გაგვაჩნია, მეტი არაფერი. მაგრამ თუ პოლი ცოტა ხნით ინდოეთში
გაემგზავრება და ვაჭრობით იმდენ ფულს დააგროვებს, რომ რამდენიმე მონა იყიდოს, იქიდან
დაბრუნებისას დავაქორწინოთ ვირჟინზე, რადგან დარწმუნებული ვარ, შენი ვაჟივით ვერავინ
შეძლებს ჩემი საყვარელი ქალიშვილის გაბედნიერებას. ამის შესახებ ჩვენს მეზობელს
მოველაპარაკოთ.

მართლაც, ამ მანდილოსნებმა რჩევა მკითხეს, და მათი აზრი მეც გავიზიარე.

- მშვენიერი ზღვები აკრავს ინდოეთს, - ვუთხარი ქალებს. - კარგ ამინდს თუ შევარჩევთ


ინდოეთს გასამგზავრებლად, გზას, ბევრი-ბევრი, ექვსი კვირა დასჭირდეს, იქიდან
დაბრუნებასაც ამდენივე. პოლისათვის ჩვენს უბანში შევაგროვებთ წასაღებ საქონელს. ჩემს
მეზობლებს ხომ ძალიან უყვართ პოლი. მივცემთ ბამბის ნედლეულს, ბამბის საპენტის
უქონლობის გამო ჩვენ სრულიად ვერ ვიყენებთ მას; აბანოზის ხეს, რომელიც აქ იმდენია, რომ
შეშად ვხმარობთ; ცოტაოდენი გუმფისს, რაც ჩვენს ტყეებში უსარგებლოდ ფუჭდება;
ყველაფერი ეს ინდოეთში კარგად საღდება, ჩვენ კი არაფერში გვარგია.

მე დავივალე ბატონ დე ლაბურდონესაგან გამგზავრების ნებართვის აღება და უწინარეს


ყოვლისა, პოლისათვის ჩვენი განზრახვის გაზიარება. მაგრამ, წარმოიდგინეთ, როგორ გამაოცა
ამ ახალგაზრდა კაცმა თავისი გონივრული მოსაზრებით, რაც მის ასაკს არ შეეფერებოდა.

- არ ვიცი, რატომ გსურთ ოჯახი მიმატოვებინოთ რაღაც გამდიდრების გულისათვის - მითხრა


მან. - განა ამქვეყნად არის რაიმე მიწის დამუშავებაზე უფრო მომგებიანი? ის ერთი-
ორმოცდაათად, ერთი-ასად იძლევა მოსავალს. თუ გსურთ ვივაჭროთ, განა არ შეგვიძლია, აქ
მოვკიდოთ ხელი ვაჭრობას, ქალაქში გავიტანოთ ჩვენი ნამეტი და სადღაც, ინდოეთში კი არ
გამამგზავროთ? ჩვენი დედები მეუბნებიან, დომინგო ძალზე დაბერდაო, მაგრამ მე ხომ
ახალგაზრდა ვარ. ყოველდღე ღონე მემატება. ისღა გვაკლია, რომ ჩემი არყოფნის დროს მათ
რაიმე უბედურება შეემთხვეთ. განსაკუთრებით ვირჟინის, ის ისედაც უკვე ავადმყოფობს. ოჰ !
არა, არა, მათ მიტოვებას ვერ გადავწყვეტ.

პოლის პასუხმა დამაბნია. ქალბატონ დე ლატურს ჩემთვის არ დაუფარავს არც ვირჟინის


მდგომარეობა და არც თავისი სურვილი, რამდენიმე წლით დაეშორებინა ეს ორი ახალგაზრდა,
სანამ ისინი საკმაოდ მომწიფდებოდნენ. ამ მიზეზის შესახებ პოლის ეჭვსაც ვერ ავაღებინებდი.

ამასობაში საფრანგეთიდან მოსულმა გემმა ქალბატონ დე ლატურს მამიდის წერილი


ჩამოუტანა. იგი სიკვდილის შიშს შეეპყრო. გულქვა ადამიანთა მოტეხვა მხოლოდ ასეთ განცდას
შეუძლია. მამიდა ძალიან დაესუსტებინა გადატანილ მძიმე ავადმყოფობას და სიბერეს.
ქალბატონ დე ლატურს საფრანგეთში იწვევდა; თუ სისუსტის გამო თვითონ ვერ შეძლებ ასეთ
ხანგრძლივი მგზავრობის ატანას, მაშინ ვირჟინი გამოგზავნე. კარგ აღზრდას მივცემ, სამეფო
კარზე წარვადგენ და მთელ ჩემს ქონებასაც ვუანდერძებო. ბოლოს ურთავდა, ჩემი გულის
მობრუნება ამ ბრძანების შესრულებაზე ჰკიდიაო.

ამ წერილის წაკითხვამ ოჯახს შიშის ზარი დასცა. დომინგომ და მარიმ ტირილი მორთეს.
გაოცებისაგან გარინდებული პოლი სიბრაზეს ძლივს იკავებდა. ვირჟინის დედასათვის მიეპყრო
თვალი და სიტყვის თქმას ვერ ბედავდა.

- ნუთუ მიგვატოვებთ? - ჰკითხა მარგერიტმა ქალბატონ დე ლატურს.

- არა, ჩემო მეგობარო, არა, ჩემო ბავშვებო, - უპასუხა ქალბატონმა დე ლატურმა, - არასოდეს არ
მიგატოვებთ. თქვენთან მიცხოვრია და თქვენთანვე მინდა მოვკვდე. ბედნიერება მხოლოდ
თქვენს მეგობრობაში ვნახე. თუ ჯანმრთელობა შემერყა, ეს ძველი მწუხარების ბრალია. ჩემი
ნათესავების უგულობამ და ძვირფასი ქმრის დაკარგვამ დამიკოდა გული, მაგრამ შემდეგ
თქვენთან, ამ ჩვენს ღარიბ ქოხებში, იმდენი ნუგეში და ბედნიერება ვპოვე, რომ სამშობლოში
ჩემი ოჯახის სიმდიდრე ამის მსგავსს ვერაფერს მთავაზობს.

ეს სიტყვები რომ მოისმინეს, თვალზე ყველას სიხარულის ცრემლი მოადგა. პოლიმ ქალბატონი
დე ლატური მკერდში ჩაიკრა და უთხრა:

- არც მე მიგატოვებთ, არც მე წავალ ინდოეთში. ჩვენ ყველა თქვენთვის ვიმუშავებთ, ძვირფასო
დედავ, ჩენთან არაფერი მოგაკლდებათ.

მაგრამ ოჯახში ყველაზე ნაკლები სიხარული ვირჟინიმ გამოხატა, თუმცა ამ ამბით ყველაზე
მეტად ის იყო გახარებული. ეს დღე ვირჟინიმ მხიარულად გაატარა. მისი სიმშვიდის
დაბრუნებამ ყველას უზომო კმაყოფილება აგრძნობინა.

მეორე დღეს, მზის ამოსვლისას, მთელ ოჯახს ჯერ კიდევ დილის ლოცვა არ დაესრულებინა
საუზმის წინ, რომ დომინგომ ამბავი მოიტანა: ორი მონის თანხლებით ვიღაც ცხენოსანი
ბატონი უახლოვდება ჩვენს ბინასო. ეს სტუმარი ბატონი დე ლაბურდონე აღმოჩნდა. იგი ქოხში
შევიდა, სადაც მთელი ოჯახის წევრები სუფრას მისხდომოდნენ. ამ კუნძულზე მიღებული
ჩვეულების მიხედვით, ვირჟინის

სუფრაზე ყავა და წყალში მოხარშული ბრინჯი მოეტანა. შემდეგ ცხელი ბატატი და ქორფა
ბანანებიც დაუმატა. ჭურჭლად შუაზე გადაჭრილ აყიროებს იყენებდნენ, ხოლო სუფრის და
ხელსახოცების მაგიერ ბანანის ფოთლებს. მათმა ასეთმა სიღარიბემ გუბერნატორი ჯერ
საკმაოდ შეაცბუნა, მერე ქალბატონ დე ლატურის მიუბრუნდა და უთხრა: თუმცა
საზოგადოებრივი საქმეები ზოგჯერ ხელს მიშლის კერძო პირებზე ვიფიქრო, მაგრამ თქვენ
მაინც გაქვთ უფლება, მომმართოთ ხოლმეო.

- ქალბატონო, თქვენ პარიზში დიდგვაროვანი და ძალიან მდიდარი მამიდა გყავთ - დაუმატა


მან, - მთელ თავის ქონებას მამიდა თქვენ გიტოვებთ და საფრანგეთში თქვენს ჩასვლას
ელოდება.

ქალბატონმა დე ლატურმა გუბერნატორს უპასუხა, ჩემი შელახული ჯანმრთელობით ვერ


შევძლებ ასე შორს გამგზავრებასო.

- ყოველ შემთხვევაში, - შეეპასუხა ბატონი დე ლაბურდონე, - თქვენი ახალგაზრდა და


საყვარელი ქალიშვილის მიმართ დიდ უსამართლობას ჩაიდენთ, ასეთი მემკვიდრეობა რომ
დააკარგვინოთ. არ დაგიფარავთ, მამიდათქვენმა დახმარება მთავრობას სთხოვა, რომ თქვენი
ქალიშვილი აუცილებლად გაამგზავროთ მასთან. სამინისტრომ მომწერა ამის შესახებ და
დამავალა, თუ საჭირო იქნება თქვენი ძალაუფლება გამოიყენოთო, მაგრამ ჩემს ძალაუფლებას
მხოლოდ ახალშენის მცხოვრებთა საკეთილდღეოდ ვიყენებ. მე მგონია, თქვენ ნებაყოფლობით
შესწირავთ მსხვერპლად რამდენიმე წელს, ამაზე არის დამოკიდებული თქვენი ქალიშვილისა
და თქვენი მომავალიც. ბოლოს და ბოლოს, რისთვის ჩამოდიან კუნძულზე? განა იმიტომ არა,
რომ ქონება შეიძინონ? განა უფრო მეტად სასიამოვნო არ იქნება, ეს ქონება შენსავე
სამშობლოში მოიპოვო?

სიტყვა რომ დაასრულა, გუბერნატორმა მაგიდაზე დადო პიასტრებით სავსე ქისა, რომელიც
ერთ-ერთ მის მხლებელ ზანგს მოჰქონდა.

- აი, - თქვა ბატონმა დე ლაბურდონემ, - ეს ფული გამოაგზავნა მამიდამ თქვენი ქალიშვილის


გასამგზავრებლად.

მერე მეგობრულად დატუქსა ქალბატონი დე ლატური, რატომ არც ერთხელ არ მომმართეთ


დახმარებისათვისო, თან შეაქო, გაჭირვებას ასე ვაჟკაცურად რომ იტანდა.

- ბატონო, დედაჩემმა მოგმართათ, მაგრამ თქვენ ის ცუდად მიიღეთ.

- თქვენ მეორე შვილიცა გყავთ, ქალბატონო? - ჰკითხა ბატონმა დე ლაბურდონემ დე ლატურს.

- არა, ბატონო, - უპასუხა მან. - ეს ჩემი მეგობრის ვაჟია, მაგრამ ისა და ვირჟინი ჩემთვის
ერთნაირად ძვირფასი, განუყოფელი შვილები არიან.

- ახალგაზრდავ, - უთხრა პოლის გუბერნატორმა, - როდესაც ცხოვრების გამოცდილებას


მიიღებთ, გაიგებთ უფლებამოსილი ადამიანი ხშირად როგორ ვარდება გამოუვალ
მდგომარეობაში. მიხვდებით, რა ადვილია, მისი ვინმეს წინააღმდეგ განწყობა. ძალიან ხშირად
ის უღირს ოინბაზს ადვილად აძლევს იმას, რაც ღირსეულს, მოკრძალებულ ადამიანს ეკუთვნის.

ქალბატონმა დე ლატურმა ბატონი დე ლაბურდონე სუფრასთან მიიპატიჟა, იგი დიასახლისთან


დაჯდა. გუბერნატორმა კრეოლივით ისაუზმა, ყავა და წყალში მოხარშული ბრინჯი მიირთვა. ის
აღტაცებული იყო პატარა ქოხში დაცული წესრიგით და სისუფთავით, ამ ორი მომხიბვლელი
ოჯახის თანხმობით, მათი მოხუცი მსახურების ერთგულებით.

- ხის უბრალო ავეჯის მეტი აქ არაფერი მოიპოვება, მაგრამ აქ არის ნათელი სახეები და ოქროს
გულები.

გუბერნატორის უბრალოებით მოხიბლულმა პოლიმ უთხრა მას:

- მე მინდა, თქვენი მეგობარი ვიყო, რადგან პატიოსანი ადამიანი ბრძანდებით.

ბატონი დე ლაბურდონე ძალიან ასიამოვნა კუნძულელის გულითადობამ, მან პოლი გულში


ჩაიკრა, ხელი მაგრად ჩამოართვა და დაბეჯითებით უთხრა, რომ შეგიძლიათ ჩემი მეგობრობის
იმედი იქონიოთო.

ნასაუზმევს გუბერნატორმა ქალბატონი დე ლატური ცალკე გაიხმო და უთხრა: კარგი შემთხვევა


გეძლევათ ქალიშვილის საფრანგეთს გასამგზავრებლად, იქით წასასვლელი გემი უკვე მზად
არის. ვირჟინის ერთ ჩემს ნათესავს ჩავაბარებ, ისიც ამ გემით მიემგაზვრებაო. რამდენიმე წლის
განშორებისათვის ამ უდიდეს ქონებაზე უარი არ უნდა თქვათო.

- თქვენი მამიდა, - დაუმატა გუბერნატორმა წასვლისას, - ორ წელს თუ იცოცხლებს, როგორც


მისმა მეგობრებმა მაცნობეს. კარგად დაფიქრდით, ბედი ყოველდღე არ გვწყალობს. კარგად
აწონ-დაწონეთ, ვგონებ ყოველი გონიერი ადამიანი ჩემს აზრს გაიზიარებს.
- ამქვეყნად მხოლოდ ჩემი ქალიშვილის ბედნიერებისთვისღა ვზრუნავ, - უპასუხა ქალბატონმა
დე ლატურმა, - თვითონ გადაწყვიტოს, სურს თუ არა საფრანგეთს გამგზავრება.

ქალბატონ დე ლატურს საწყენად არც ის გარემოება დარჩენია, რომ რამდენიმე ხნით პოლი და
ვირჟინი ერთმანეთს დაშორდებოდნენ. სამაგიეროდ, ეს დაშორება ერთ დღეს მათ
ბედნიერებას უზრუნველყოფდა. ქალბატონმა დე ლატურმა თავისი ქალიშვილის დარწმუნება
გადაწყვიტა, ცალკე გაიხმო და უთხრა:

- ჩემო შვილო, მოსამსახურენი მოგვიხუცდნენ, პოლი ახალგაზრდაა, მარგერიტიც ხანში შევიდა,


მეც დავუძლურდი. რომ მოვკვდე, რა გეშველება უსახსროს ამ უბედურ ადგილას? მარტოდ
დარჩენილს ისეთი არავინ გეყოლება, რომ ნამდვილი დახმარების აღმოჩენა შეეძლოს;
არსებობისათვის იძულებული გახდები, დაქირავებულ მუშასავით თავაუწევლად ჩიჩქნო მიწა.
ამას რომ წარმოვიდგენ ჯავრისაგან აღარა ვარ.

ვირჟინიმ უპასუხა:

- ღმერთმა შრომისათვის გაგვაჩინა. თქვენგან ვისწავლე, რომ უნდა ვიშრომო და ყოველდღე


ღმერთი ვადიდო. მას აქამდე არ მივუტოვებივართ, არც მომავალში მიგვატოვებს. ღმერთი
განსაკუთრებით უბედურებს სწყალობს. ეს თქვენ თვითონ გითქვამთ მრავალჯერ, დედაჩემო!..
თქვენი მიტოვება არ შემიძლია.

აღელვებულმა ქალბატონმა დე ლატურმა უპასუხა:

- ჩემი ერთადერთი მიზანი შენი გაბედნიერებაა. მინდა თავის დროზე მიგათხოვო პოლის.
მართლა შენი ძმა ხომ არ არის, დაფიქრდი, მისი კეთილდღეობა ახლა შენზე ჰკიდია.

შეყვარებულ ახალგაზრდა ქალიშვილს ჰგონია, რომ არავინ იცის მისი სიყვარულის ამბავი.
თვალზე იგივე რიდე აქვს ჩამოფარებული, რაც მის გულს შემოვლებია. მაგრამ როდესაც
მეგობრული ხელი ამ რიდეს ჩამოაცლის, მაშინ სიყვარულის იდუმალ ტანჯვას, თითქოს ჯებირი
გაერღვიაო, გზა ეხსნება და გულჩახვეულობას, თავშეკავებას სცვლის ნაზ გრძნობათა გამხელა,
განდობა. დედის გულკეთილობის ახალი გამოხატულებით აღელვებული ვირჟინი მოუყვა, თუ
რა შეუპოვრად ებრძოდა ამ გრძნობას, მისი ტანჯვის მოწმე ღვთის გარდა არავინ ყოფილა...
ვგრძნობ ეს განგების დახმარებაა, - ამბობდა ვირჟინი, რომ ჩემი ნაზი დედა მშველის, ჩემს
არჩევანს იწონებს და თავისი რჩევა-დარიგებით გზას მიკვლევსო. ახლა, როდესაც დედა მხარში
ამომიდგა, ყველაფერი დედასთან დასარჩენად მომიწოდებს, არც აწმყოსათვის ვწუხვარ და არც
მომავალი მაშინებსო.

ქალბატონმა დე ლატურმა დაინახა, რომ თავისი გულახდილობით არასასურველ,


მოულოდნელ შედეგს მიაღწია.

- შვილო, არ მინდა, ძალა დაგატანო; დამშვიდებით მოიფიქრე, მაგრამ პოლის შენი სიყვარული
მაინც დაუმალე. როდესაც ქალიშვილის გული დაპყრობილია, მის სატრფოს მისაღწევი
აღარაფერი აქვს.

საღამოს, როდესაც ქალბატონი დე ლატური და ვირჟინი მარტონი იყვნენ, მათთან


ლურჯანაფორიანი მაღალი კაცი მოვიდა. ეს კუნძულის მისიონერი, ქალბატონი დე ლატურის
და ვირჟინის მოძღვარი იყო. იგი გუბერნატორს გამოეგზავნა.

- დიდება ღმერთს, ჩემო შვილებო! - მიმართა მათ მისვლისთანავე. - აი, თქვენ უკვე მდიდრები
ხართ. შეგიძლიათ თქვენი კეთილი გულის ხმას მიჰყვეთ. ღარიბებს დახმარება აღმოუჩინოთ.
ვიცი, რაც გითხრათ ბატონმა დე ლაბურდონემ და რა პასუხიც მიეცით თქვენ. კეთილო დედავ,
სისუსტე გაიძულებთ აქ დარჩეთ, მაგრამ თქვენ ახალგაზრდა ქალიშვილო, თავს ვერაფრით
იმართლებთ. უნდა დავემორჩილოთ განგებას, ჩვენს მოხუცს, თუგინდ უსამართლო ნათესავს.
მართალია, ეს მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ასეთია ნება უფლისა. უფალმა ჩვენთვის გასწირა
თავი, ჩვენც, მისი მიბაძვით უნდა გავწიროთ თავი ჩვენი ოჯახის კეთილდღეობისათვის.
საფრანგეთში თქვენს გამგზავრებას ბედნიერი ბოლო ექნება, ნუთუ არ გინდათ წასვლა, ჩემო
ძვირფასო ქალიშვილო?

- თუ ასეთია სურვილი ღვთისა, მე აღარ ვეწინააღმდეგები. დეე, აღსრულდეს ნება უფლისა!

მისიონერი წავიდა და გუბერნატორს მოახსენა, თქვენი დავალება წარმატებით შევასრულეო.

ქალბატონმა დე ლატურმა დომინგო გამომიგზავნა და მთხოვა მასთან მივსულიყავი ვირჟინის


გამგზავრებაზე მოსათათბირებლად. მე არ ვუჭერდი მხარს ვირჟინის საფრანგეთში
გამგზავრებას. ბედნიერებაზე გარკვეული შეხედულება მაქვს. უპირატესობა ბუნებით ბოძებულ
სიკეთეს უნდა მოვანიჭოთ, ვიდრე სიმდიდრით მოპოვებულს. შორს არ უნდა ვეძიოთ ის, რისი
პოვნაც ჩვენს მახლობლად შეგვიძლია. ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ამ წესს მივდევ.
მაგრამ რა შეეძლო ჩემს რჩევა-დარიგებას ზომიერების სასარგებლოდ, როდესაც ამ
ზომიერებას დიდი ქონების მიმზიდველობა უპირისპირდებოდა? რას გახდებოდა ჩემი
ბუნებრივი მოსაზრებები მაღალი წრის ცრურწმენასთან და მოძღვრის ავტორიტეტთან?
ქალბატონი დე ლატური მხოლოდ ზრდილობის წესის დასაცავად მომეთათბირა. თავის
სულიერი მამის გადაწყვეტილების შემდეგ აღარც კი უყოყმანია. მიუხედავად იმისა, რომ
ვირჟინის გამდიდრებით პოლიც გამდიდრდებოდა, მარგერიტი გამგზავრების დიდი
წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა ისიც აღარაფერს ამბობდა.

პოლიმ კი არ იცოდა, რა გადაწყვეტილებას დაადგენენ ქალბატონი დე ლატური და მისი


ქალიშვილი - აოცებდა მათი საიდუმლო თათბირები და მძიმე სევდას შეეპყრო.

„მემალებიან, - ფიქრობდა ის, - ჩანს, ჩემს წინაღმდეგ ეგ რაღაც განუზრახავთ“.

ამასობაში კუნძულზე ხმა დაირხა, ამ კლდეებს ბედმა გაუღიმაო. გაჩდნენ ყოველგვარი


საქონლით მოვაჭრეები. ღარიბი ქოხების წინ გაშალეს ინდოეთის უძვირფასესი ქსოვილები,
დიდებული გუდელურის კანიფასი; პალიაკატური და მაზულიპატანური ხელმანდილები;
დაკური მუსლინები, სადა, ზოლებიანი, მოქარგული და დღესავით გამჭირვალე, იშვიათი
სითეთრის სიურატური ბაპტასი; ყოველნაირი და უიშვიათესი ფერების ჩანთები, აბრეშუმი,
ზოლებიანი, მეწამული ან ბალახის ფერისა, ქათქათა თეთრი, ხასხასა მწვანე და ღაღანა
წითელი ქამხა; ვარდისფერი თამთა; ნაირ-ნაირი ატლასი; მაუდივით რბილი პეკინი; თეთრი და
ყვითელი ნაშური, მადაგასკარული ტილოც კი მოიტანეს.

ქალბატონ დე ლატურს სურდა, მის ქალიშვილს ყველაფერი ეყიდა, რაც კი მოეწონებოდა. დედა
მხოლოდ საქონლის ფასებს და ხარისხს აქცევდა ყურადღებას: ფრთხილობდა, ვაჭრებს
ვირჟინი არ მოეტყუებინათ. ვირჟინი ყველაფერს ისეთს ირჩევდა, რაც მისი ფიქრით, დედას,
მარგერიტსა და მის შვილს აამებდა.

- ეს, - ამბობდა ვირჟინი, - ავეჯისათვის გამოდგება. ამას მარი და დომინგო მოიხმარს.

ბოლოს პიასტრების ქისა ისე დაიცალა, რომ ვირჟინის თავისი თავი არც კი გახსენებია. საჭირო
გახდა, მისთვის გაენაწილებინათ ის საჩუქრები, რომლებიც ოჯახის წევრებს ჩამოურიგა.
ამ მდიდარ საჩუქრებს რომ ხედავდა, პოლის გული უკვდებოდა, რადგან ეს ვირჟინის
გამგზავრებას მოასწავებდა. რამდენიმე დღის შემდეგ პოლი ჩემთან მოვიდა და დაღვრემილმა
მითხრა:

- ჩემი და მიდის, უკვე ემზადება გასამგზავრებლად. გთხოვთ ჩვენსა შემოიაროთ, გამოიყენოთ


თქვენი გავლენა ვირჟინის დედაზე, დედაჩემზე, რომ ვირჟინი არ გაგზავნონ.

პოლის თავგამოდებულ თხოვნას დავემორჩილე და წავედი, თუმცა ვიცოდი, რომ მათ ვერ
გადავარწმუნებდი და ჩემი ცდა ამაო იქნებოდა.

თუ ვირჟინი მომხიბვლელი მეჩვენებოდა ბენგალურ ლურჯ ტილოს კაბაშიც, წითელი


მანდილით თავწაკრული, წარმოიდგინეთ, რა წარმტაცი იქნებოდა ამ კუნძულის მაღალი წრის
მანდილოსანივით მორთული. მას თეთრი მარმაშის კაბა ეცვა ვარდისფერი მერდინის
სარჩულით. წერწეტა ტანი კორსეტს ლამაზად შემოესალტა, უმანკო სახეს ორად დაწნული ქერა
თმა უმშვენებდა. მშვენიერი ცისფერი თვალები სევდით ავსებოდა. დაუოკებელი ვნებით
აღელვებულ გულს მისი სახე აენთო, ხმა კი - მღელვარე ბგერებით აეჟღერებინა. ასე კოხტად
თითქოს უნებურად მორთულიყო, მწუხარება მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდიდა.
აუღელვებლად არავის შეეძლო არც მისი დანახვა და არც მისი მოსმენა. ამიტომ პოლის სევდა
ემატებოდა. თავისი ვაჟის მდგომარეობით დაღონებული მარგერიტი შვილთან ერთად მარტო
რომ დარჩა, უთხრა:

- შვილო, რატომ უნდა იტყუებდე თავს ფუჭი იმედებით; იმედის გაცრუება უფრო მწარე ასატანი
იქნება! დადგა დრო, გაგიმხილო ჩემი და შენი ცხოვრების საიდუმლო. ქალწული დე ლატური
დედით მდიდარსა და დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნის; შენ კი ღარიბი გლეხის შვილი ხარ, კიდევ
უარესი, შენ ნაბიჭვარი ხარ.

სიტყვა „ნაბიჭვარმა“ პოლი ძლიერ გააკვირვა. ეს სიტყვა ჯერ არავისგან გაეგონა. დედას ჰკითხა
მისი მნიშვნელობა. მარგერიტმა უპასუხა:

- კანონიერი მამა შენ არა გყოლია. შეყვარებულმა სისუსტე გამოვიჩინე ქალიშვილობაში, შენა
ხარ ამ სისუსტის ნაყოფი. ჩემმა შეცდომამ მამის ოჯახი დაგაკარგვინა, ჩემმა მონანიებამ კი -
დედა. უბედურო, ჩემ გარდა ამქვეყნად არავინ გყავს ნათესავი! - და მარგერიტს ცრემლები
წასკდა.

პოლიმ დედა მკერდში ჩაიკრა და უთხრა:

- დედაჩემო, რადგან ამქვეყნად შენ გარდა არავინ მყოლია ახლობელი, უფრო მეტად
მეყვარები. მაგრამ ეს რა საიდუმლო გამიმჟღავნე! ახლა კი მესმის, რატომ გამირბის ეს ორი
თვეა, მადმუაზელ დე ლატური და რამ გადააწყვეტინა მას გამგზავრება. ეჰ! ვეზიზღები
ნამდვილად!

ამასობაში ვახშმობის დროც მოვიდა. ყველანი სუფრას მოუსხდნენ. ყოველ მათგანს თავისი
დარდი აღელვებდა. ცოტას ჭამდნენ, ხმას არ იღებდნენ. პირველი ვირჟინი წამოდგა და აი, აქ
დაჯდა, სადაც ახლა ჩვენა ვართ. მალე პოლიც მისკენ გაეშურა და გვერდით მიუჯდა. ერთ ხანს
ერთიცა და მეორეც ღრმა დუმილმა მოიცვა.

წარმტაცი, ტროპიკებისათვის დამახასიათებელი ღამე იდგა. მისი მშვენიერების გადმოცემა


უდიდესი მხატვრის ყალამსაც არ შეუძლია. ცის გუმბათზე ღრუბლები თანდათანობით
იფანტებოდნენ და მათ შორის მთვარის შუქი ნელ-ნელა აპარებდა სხივებს, შეუმჩნევლად
ეფინებოდა კუნძულის მთებს, ახლა მოვერცხლისფრო-მწვანით რომ იმოსებოდნენ. ქარები
სუნთქვას იკავებდნენ. ტყეებიდან, ხეობათა სიღრმეებიდან, კლდეების მწვერვალებიდან
ბუდეებში მოალერსე ფრინველთა ჭუკჭუკი ისმოდა. ისინი ხარობდნენ ნათელი ღამითა და
ჰაერის სიმშვიდით. ძირს, ბალახებში, გაუთავებლად ხმაურობდნენ მისი მობინადრეები,
მწერებიც კი. ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ, სხივებით ზღვის მკერდს ეალერსებოდნენ. ზღვა
კი მოციმციმე ვარსკვლავებს გულზე იხატავდა. ვირჟინი უაზროდ გასცქეროდა ზღვის
ჩაბნელებულ, ვრცელ ჰორიზონტს, რომელიც მეთევზეთა ნავების წითელი შუქის წყალობით
გამოირჩეოდა კუნძულის ნაპირისაგან. ნავსადგურის შესასვლელში ვირჟინიმ სინათლე და
ჩრდილი შენიშნა: ეს ფარანი იყო და იმ გემის სილუეტი, რომლითაც ვირჟინი ევროპაში უნდა
გამგზავრებულიყო. ღუზაჩაშვებული გემი მზად იყო აფრის გასაშლელად, წყნარი ამინდის
დასასრულს ელოდებოდა. გემის დანახვამ ვირჟინი შეაკრთო, სახე მიიბრუნა, რომ პოლის
მტირალი არ დანახვებოდა.

ქალბატონი დე ლატური, მარგერიტი და მე მათგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, ბანანის


ხეებქვეშ ვისხედით და ღამის დუმილში გარკვევით გვესმოდა მათი საუბარი. ეს საუბარი ახლაც
მახსოვს.

პირველად პოლის ხმა გავიგონე:

- ქალბატონო, ამბობენ ამ სამ დღეში მიემგზავრებით. არ გეშინიათ, თავს რომ საფრთხეში


იგდებთ ზღვაზე მგზავრობით?.. ზღვას ხომ ასე უფრთხოდით.

- აუცილებელია, - უპასუხა ვირჟინიმ, - რომ ჩემს ნათესავებს დავემორჩილო, ჩემი მოვალეობა


უნდა შევასრულო.

- თქვენ გვტოვებთ, - განაგრძო პოლიმ, - იმ შორეული ნათესავის გულისათვის, რომელიც


არასოდეს გინახავთ.

- ეჰ, მინდოდა მთელი სიცოცხლე აქ დავრჩენილიყავი, მაგრამ დედაჩემმა არ ისურვა. ჩემმა


მოძღვარმაც მითხრა, შენი გამგზავრება ღმერთმა ინებაო, ცხოვრება ტანჯვა არისო... ოჰ! ეს
საშინელი ტანჯვა ყოფილა!

- როგორ! - შეეკამათა პოლი. - გამგზავრება ამდენმა მოსაზრებამ გადაგაწყვეტინათ და ერთი


მოსაზრება აღარ გამოჩნდა ისეთი, რომ წასვლაზე ხელი აგაღებინოთ? ეჰ, არის კიდევ ერთი
მოსაზრება, რომელსაც არ მეუბნებით: სიმდიდრე დიდი მაცდური რამ არის! სხვა
საზოგადოებაში თქვენ მალე იპოვით ახალ ძმას, მე ხომ უკვე აღარ მეძახით ამ სახელს. ძმას,
ალბათ, წარმოშობითა და სიმდიდრით თქვენი შესაფერი ადამიანებიდან ამოირჩევთ. მე კი არც
ერთისა და არც მეორის შემოთავაზება არ შემიძლია. მაგრამ, განა აქ ყველაზე ბედნიერი არ
იქნებით ? განა თქვენთვის არსებობს იმ მხარეზე ძვირფასი ქვეყანა, სადაც დაიბადეთ? სად
შეიქმნით უფრო საყვარელ საზოგადოებას, ვიდრე ჩვენი წრე არის, აქ ხომ ყველას უყვარხართ.
დედის ალერსს ასე მიჩვეული როგორ იცხოვრებთ, როცა ეს ალერსი მოგაკლდებათ? რა მოუვა
თვითონ დედათქვენს, უკვე ხანში შესულს, რომ ვერც სუფრაზე გიხილავთ თავის გვერდით, ვერც
ქოხში და ვერც სეირნობის დროს დაგეყრდნობათ მხარზე? რა დაემართება დედაჩემს? მას ხომ
დედათქვენზე არანაკლებ უყვარხართ! რა ვუთხრა ან ერთს, ან მეორეს, როდესაც ვნახავ მათ
თქვენგან დაშორების გამო თვალცრემლიანთ? ულმობელო! ჩემს შესახებ აღარ ვიტყვი! რა
მომივა მე, როდესაც დილით ჩვეთან ვერ გნახავთ და ისე დაღამდება, რომ ერთად ვერ
შევიკრიბებით? როდესაც შევხედავ ჩვენი დაბადების დღეს დარგულ ამ ორ ქოქოსის პალმას,
ჩვენი მეგობრობის ამ დიდი ხნის მოწმეებს? ეჰ, თუკი გხიბლავს ახალი ბედი, მშობლიური
ქვეყნის მაგივრად სხვა ქვეყანა გიზიდავს და ჩემი შრომით მონაგარი გეცოტავება, მაშინ, იმის
ნება მაინც მომეცი რომ შენს გემს გამოვყვე. მე დაგამშვიდებ ქარიშხლის დროს, რისაც ასე
გეშინია ხმელეთზეც კი. შენს თავს მკერდზე მივიკრავ და გულს ჩემი გულით გაგითბობ;
საფრანგეთში კი სადაც სიმდიდრის და დიდებისათვის მიეშურები, მონასავით გემსახურები.
გავიხარებ შენი ბედნიერებით და იმ სასახლეში, სადაც ვნახავ, როგორ გევლებიან თავს,
გაღმერთებენ, მე იმდენად კეთილშობილი და დიდსულოვანი ვიქნები, რომ შენთვის უდიდესი
მსხვერპლი გავიღო, - შენს ფერხთით მოვკვდე.

ქვითინმა პოლის ხმა ჩაუწყვიტა. შემდეგ ოხვრით გულდაფლეთილი ვირჟინის სიტყვები


მოგვესმა:

- მე შენი გულისათვის მივემგზავრები... შენთვის, ყოველდღე თავაუღებლივ რომ შრომობ ორი


ოჯახის გამოსაკვებად. თუ მე დავთანხმდი, გამოვიყენო ეს შემთხვევა გასამდიდრებლად,
მხოლოდ იმისათვის, რომ ათასწილად აგინაზღაურო ის სიკეთე, რაც შენგან გვინახავს მაგრამ,
განა არის ისეთი სიმდიდრე, შენს მეგობრობას რომ გაუტოლდეს?! რატომ ლაპარაკობ ჩემს
ჩამომავლობაზე? ოჰ! თუნდაც ხელახლა ამარჩევინონ ძმა, განა ვისურვებდი სხვა ძმას შენ
გარდა? ოო, პოლი, პოლი! შენ ჩემთვის ძმაზე ძვირფასი ხარ! რა აუტანელი იყო ჩემთვის, თავს
რომ გარიდებდი. მინდოდა დამხმარებოდი, რომ ჩემს საკუთარ თავს გავცლოდი იმ დრომდე,
სანამ ზეცა ჩვენ შეკავშირების დალოცვას ინებებდა. ახლა მე დავრჩები, წავალ, ვიცოცხლებ,
მოვკვდები: მიყავ, რაც გენებოს. მე ერთი სუსტი ქალიშვილი ვარ. შემიძლია შენს ალერსს
გავუმკლავდე, მაგრამ შენს მწუხარებას კი ვერ ავიტან.

ეს სიტყვები რომ გაიგონა, პოლიმ ვირჟინის ხელები შემოჰხვია, მკერდში მაგრად ჩაიკრა და
ხმაშეცვლილმა წამოიძახა:

- მე მასთან ერთად გავემგზავრები! ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს!

ყველა პოლისაკენ გავიქეცით. ქალბატონი დე ლატურმა უთხრა:

- შვილო, ორივემ რომ დაგვტოვოთ, ჩვენ რაღა გვეშველება?

პოლიმ ხმის კანკალით გაიმეორა ეს სიტყვები:

- „შვილო...შვილო...!“ თქვენ, ჩემი დედა, ძმას და დას ერთმანეთს აშორებთ. ჩვენ, ორივეს,
თქვენი ძუძუ გვიწოვია, თქვენს კალთაში აღზრდილებმა ვისწავლეთ ერთმანეთის სიყვარული,
ათასჯერ გვითქვამს ეს ერთმანეთისათვის. ახლა კი მას მაშორებთ ! ევროპაში გზავნით, იმ
ბარბაროსულ ქვეყანაში, სადაც უარი გითხრეს თავშესაფარზე, აგზავნით უგულო ნათესავებთან,
რომლებმაც თქვენც მიგატოვეს. მეტყვით: ვირჟინიზე არავითარი უფლება არა გაქვს, იგი შენი
და არ არისო... ვირჟინი ყველაფერია ჩემთვის, ჩემი სიმდიდრე, ჩემი ოჯახი, ჩემი სიცოცხლე,
მთელი ჩემი ღირსება. უამისოდ, ჩემთვის არაფერი აღარ არსებობს. ჩვენ ერთ ჭერქვეშ, ერთ
აკვანში გავიზარდეთ, საფლავიც ერთი გვექნება, თუ იგი მიემგზავრება, მეც უნდა გავყვე.
გუბერნატორი დამიშლის? ზღვაში გადავარდნასაც ხომ ვერ დამიშლის! ცურვით დავედევნები.
ზღვა არ იქნება ჩემთვის მიწაზე უფრო საბედისწერო. თუ აქ მის მახლობლად ვერ ვიცხოვრებ,
მის თვალწინ მაინც მოვკვდები, თქვენგან დაშორებული. თქვენგან, უგულო დედავ!
შეუბრალებელო ქალო! დეე, ეს ოკეანე, რომელსაც ქალიშვილის ანდობთ ნურასოდეს
დაგიბრუნებთ მას, დეე, ზღვის ტალღებმა ამ ნაპირის ქვებზე გამორიყოს ჩემი გვამი მის
გვამთან ერთად. დეე, თქვენი ორი ბავშვის დაკარგვამ უკურნებელი ტანჯვა მოგანიჭოთ!

მე პოლის ხელები მოვხვიე, რადგან შევატყვე, რომ სასოწარკვეთილებისაგან გონებას კარგავდა.


მისი თვალები ნაპერწკლებს ისროდნენ, ალმურმოდებულ სახეზე ოფლის მსხვილი წვეთები
მოგორავდა, მუხლები უკანკალებდა. ვგრძნობდი, როგორ უცემდა გული გავარვარებულ
მკერდში.
შეშინებული ვირჟინი პოლის დამშვიდებას ცდილობდა:

- ოჰ, ჩემო მეგობარო, ვფიცავ, ჩვენი ბავშვობის სასიამოვნო წლებს, შენსა და ჩემს ტანჯვას,
ყოველივეს, რამაც ორი უბედური უნდა შეგვაკავშიროს, თუ დავრჩი, - მხოლოდ შენთვის
ვიცოცხლო თუ გავემგზავრე, - აუცილებლად დავბრუნდე, რომ შენი გავხდე! თქვენ იყავით ჩემი
მოწმენი, თქვენ, ყველანი ჩემო აღმზრდელნო, ვის ხელთაცაა ჩემი ბედი და ვინც ჩემს
ცრემლებს ხედავთ! ვფიცავ, ყოვლისმხილველ ზეცას; ვფიცავ, ჩემგან გადასალახავ ზღვას;
ვფიცავ, ჩემს მაცოცხლებელ ჰაერს, რომელიც არასოდეს ტყუილით არ შემიბღალავს!

როგორც მზით გალხობილი ყინულის ნამსხვრევები მოსხლტება ხოლმე აპენინის


მწვერვალებს, ასე მოსწყდა ამ ახალგაზრდა ვაჟის გულს შმაგი სიბრაზე, როგორც კი საყვარელი
არსების ხმა გაიგონა. ამაყი თავი დახარა და ცრემლები წასკდა. დედამ პოლი უსიტყვოდ ჩაიკრა
მკერდში, მისი ცრემლები შვილის ცრემლებს უერთდებოდა. ძალაწართმეულმა ქალბატონმა
დე ლატურმა მითხრა:

- მეტის ატანა აღარ შემიძლია, გული დამეფლითა. ეს უბედური გამგზავრება აღარ მოხდება.
ჩემო მეზობელო, ეცადეთ, თქვენთან წაიყვანოთ ჩემი პოლი. ერთი კვირა იქნება, არც არავის
გვძინებია.

- ჩემო მეგობარო, თქვენი და რჩება. ხვალ ამას შესახებ გუბერნატორს მოველაპარაკოთ


საშუალება მიეცით თქვენს ოჯახს დაისვენოს. წამოდით, ეს ღამე ჩემთან გაატარეთ. გვიანაა,
უკვე შუაღამემ მოატანა: სამხრეთის ჯვარი პირდაპირ ჰორიზონტზეა.

პოლი უსიტყვოდ წამომყვა. ღამით ძალიან შფოთავდა. როგორც კი ინათა, თავის ბინას
მიაშურა.

მაგრამ რა საჭიროა, ამ ამბით თავი მოგაბეზროთ. ადამიანის ცხოვრებას ერთადერთი ნათელი


მხარე აქვს და მხოლოდ მისი გაცნობა გვსიამოვნებს. დედამიწის სფეროსავით, რომლის
ტრიალსაც მივყვებით, ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების წრებრუნვაც მხოლოდ ერთი დღე-ღამე
გრძელდება. მის ერთ ნაწილს არ შეუძლია სინათლე ისე მიიღოს, თუ მეორე ნაწილი წყვდიადში
არ მოექცა.

- ძია, - ვუთხარი მას, - გემუდარებით დაამთავროთ ეს ამაღელვებელი ამბავი. ბედნიერების


სურათები გვსიამოვნებს, ხოლო უბედურებისა - ჭკუას გვასწავლის. გთხოვთ, მითხრათ იმ
უბედურ პოლის რა დაემართა?

- პოლიმ შინ დაბრუნებისას პირველად ზანგი ქალი, მარი, დაინახა. ის კლდეზე ასულიყო და
გაშლილ ზღვას გასცქეროდა. როგორც კი პოლიმ თვალი მოჰკრა მას, შესძახა:

- სად არის ვირჟინი?

მარი ახალგაზრდა ბატონისაკენ მობრუნდა და ტირილი მორთო.

გონებადაკარგული პოლი უკან დაბრუნდა და ნავსადგურისაკენ გაიქცა. იქ გაიგო, რომ ვირჟინი


გემში ალიონზე ჩამჯდარიყო. გემს აფრა მაშინვე გაეშალა და უკვე აღარ მოჩანდა.

პოლი შინ დაბრუნდა. ბინას გვერდი ისე ჩაუარა სიტყვა არავისათვის უთქვამს.

ეს კლდე, ჩვენ უკან კედელივით რომაა აღმართული მიუვალი გვეჩვენება, მაგრამ მას მთელ
სიმაღლეზე სართულებად ასდევს მწვანე მოედნები; ძნელად გასავლელი ბილიკებით
შეიძლება მოედნიდან მოედანზე ახვიდეთ. ასე მიაღწევთ მიუვალ, კონუსისმაგვარ, დახრილი
მთის ძირს, მას „ცერს“ ეძახიან. ამ კონუსის საძირკველთან დიდი ხეებით დაფარული მაღალი
და ციცაბო მოედანია საშინელი უფსკრულებით გარშემოტყმული. მოედანი ჰაერში
გამოკიდებულივით მოჩანს. „ცერის“ მწვერვალი თავის გარშემო განუწყვეტლივ იზიდავს
მრავალი ნაკადულის მასაზრდოებელ ღრუბლებს. ეს ნაკადულები ამ მთის გადაღმა მდებარე
ხევის უფსკრულში ისე ვარდებიან, რომ მწვერვალამდე მათი ხმაურიც კი აღარ ისმის. იმ
მოედნიდან მოჩანს კუნძულის დიდი ნაწილი, მისი მთები წვეტიანი მწვერვალები, მათ შორის
„პიეტერბოტი“ და „სამძუძა მთა“, ტყეებით დაფარული ხეობები, შემდეგ გაშლილი ზღვა და
დასავლეთით, აქედან ორმოცი ლიეს დაშორებით, ბურბონის კუნძული.

პოლიმ იმ მწვერვალიდან შენიშნა გემი, რომელსაც ვირჟინი მიჰყავდა: გემი ათი ლიეს
მანძილზე იქნებოდა, უფრო შორსაც, ის შავი წერტილივით მოჩანდა ოკეანის შუაგულში. დღის
ნაწილი პოლიმ იქ გაატარა, თვალმოუშორებელივ გასცქეროდა გემს. როდესაც გემი
ჰორიზონტის ნისლში დაიკარგა, პოლი ამ უბედურ ადგილას დარჩა, სადაც მუდამ ქრის ქარი და
განუწყვეტლივ არხევს პალმებისა და ტამტამების კენწეროებს. ამ ხეების ყრუ ბუტბუტი,
შრიალი, შორეული ორღანის გუგუნივით ისმის და ღრმა სევდას იწვევს.

პოლი იქ ვიპოვე. თავი კლდისთვის მიეყრდნო და მიწას დასჩერებოდა. მზის ამოსვლიდან უკან
დავდევდი და ძლივს დავარწმუნე დაბლა ჩამოსულიყო, თავისი ოჯახი ენახა. როგორც იყო, შინ
მივიყვანე. ქალბატონი დე ლატური დაინახა თუ არა, მწარედ უსაყვედურა, რატომ მომატყუეო.
ქალბატონმა დე ლატურმა გვიამბო: დილის სამი საათი იქნებოდა, რომ ქარი ამოვარდა, გემს
ღუზა უნდა აეშვა. ამ დროს გუბერნატორი რამდენიმე პირისა და მისიონერის თანხლებით
მოვიდა, რომ ვირჟინი ტახტრევანით წაეყვანა. თუმცა შვილის გამგზავრებაზე უარი ვუთხარი, მე
და მარგერიტი ცრემლებს ვაფრქვევდით, ისინი მაინც ჩაგვძახოდნენ: ეს ყველას ბედნიერებას
მოგიტანთო და ჩემი ქალიშვილი ცოცხალ-მკვდარი წაიყვანესო.

- გამოვთხოვებოდი მაინც, - თქვა პოლიმ, - უფრო დამშვიდებული ვიქნებოდი, ვეტყოდი:


„ვირჟინი, თუ იმ ხნის მანძილზე, რაც ერთად გვიცხოვრია, თქვენი შეურაცხმყოფელი რაიმე
სიტყვა წამომცდენია, სანამ სამუდამოდ მიმატოვებდეთ, მითხარით, მიპატიებია-თქო“. კიდევ
ვეტყოდი: „რადგან თქვენი ხილვა აღარ მიწერია, მშვიდობით, ჩემო ძვირფასო ვირჟინი,
მშვიდობით! იცხოვრეთ ჩვენგან შორს კმაყოფილმა და ბედნიერმა.“

როდესაც დაინახა დედა და ქალბატონი დე ლატური ტირიანო, მათ უთხრა:

- თვალზე ცრემლის შესაშრობად ახლა სხვა ვინმე მოძებნეთ, მე კი არა!

მერე კვნესით გაშორდა მათ და დაიწყო ხეტიალი. პოლიმ შემოირბინა ვირჟინის ყველა
საყვარელი ადგილი.

- ვის კითხულობთ? - ეუბნებოდა თხებსა და თიკნებს, ბღავილით რომ დასდევდნენ უკან. -


ჩემთან ვეღარ ნახავთ მას, ვინც საკუთარი ხელით გაძლევდათ საჭმელს.

პოლი ვირჟინის დასასვენებელ ადგილას მივიდა. გარშემო ფრინველნი დაფრინავდნენ. პოლიმ


წამოიძახა:

- საბრალო ფრინველებო! ვეღარ გაფრინდებით თქვენი კარგი მომვლელის შესახვედრად.

ფიდელს, მის წინ რომ დარბოდა, მიწას ყნოსავდა და ვირჟინის დაეძებდა, პოლიმ ოხვრით
უთხრა:

- ოჰ! ვერასოდეს ვერ იპოვი ვირჟინის.


ბოლოს იმ კლდეზე ჩამოჯდა, სადაც წასვლის წინადღით ვირჟინის ესაუბრა. ზღვის დანახვაზე
ცრემლები წასკდა. პოლის გვერდიდან არ მოვშორებივართ, ვშიშობდით, გონებადაკარგულს
ცუდი არაფერი შემთხვეოდა. დედა და ქალბატონი დე ლატური უნაზესი სიტყვებით
ემუდარებოდნენ, შენი სასოწარკვეთილებით ნუ ზრდი ჩვენს მწუხარებასო. ბოლოს
ქალბატონმა დე ლატურმა შეძლო პოლის დამშვიდება, ის არ იშურებდა იმედისმიმცემ
სიტყვებს. თავის ძვირფას შვილს, სიძეს, ვირჟინის საქმროს უწოდებდა. ქალბატონი დე
ლატური ეხვეწებოდა, შინ შემოსულიყო და ცოტა რამე ეჭამა. პოლი ჩვენთან ერთად დაჯდა
სუფრასთან, იმ ადგილის გვერდით, სადაც მისი ბავშვობის მეგობარი ჯდებოდა. თითქოს
გვერდით კვლავ ვირჟინი ჰყოლოდეს, ესაუბრებოდა, სთავაზობდა მისთვის ყველაზე უფრო
საყვარელ კერძებს. იცოდა, რა ესიამოვნებოდა. მაგრამ, როგორც კი თავის შეცდომას
შენიშნავდა, ტირილს მოჰყვებოდა.

***
შემდეგ დღეებში პოლიმ შეაგროვა ვირჟინის ნივთები: უკანასკნელი თაიგული, ხელში რომ
ეჭირა, ქოქოსის კაკლის თასი, რომელსაც ჩვეულებრივად, სასმისად იყენებდა. თითქოს ამ
ქვეყანაზე მისი მეგობრის ნივთებზე უძვირფასესი აღარაფერი იყო, ჰკოცნიდა, მკერდში
იხუტებდა. ამბრიც კი არ აფრქვევს ისეთ სურნელებას, როგორსაც საყვარელი ადამიანის
ხელშენახები საგანი.

ბოლოს როდესაც პოლიმ დაინახა, რომ თავისი სევდით კიდევ უფრო ზაფრავდა დედასა და
ქალბატონ დე ლატურს, ხოლო ოჯახის საჭიროება გამუდმებულ შრომას მოითხოვდა,
დომინგოს დახმარებით ბაღის მოვლას შეუდგა.

მალე ამ ახალგაზრდამ, მანამდე რომ ყველაფერს, რაც ქვეყნად ხდებოდა, კრეოლივით


გულგრილად ეკიდებოდა, მთხოვა მისთვის წერა-კითხვა მესწავლებინა, რათა ვირჟნისათვის
წერილის მიწერა შეძლებოდა. მერე გეოგრაფიის სწავლაც მოისურვა, იმ ქვეყნის გასაცნობად,
სადაც ვირჟინი ჩავიდოდა; ისტორიის შესწავლაც მოინდომა, რათა იმ საზოგადოების ზნე-
ჩვეულებანი სცოდნოდა, სადაც ვირჟინი იცხოვრებდა. სიყვარულის ძალამ შეუძლებელი
შეაძლებინა: მიწათმოქმედების ცოდნა გაიღრმავა და ყველაზე ველური ადგილებიც კი
წალკოტად აქცია.

მეცნიერებისა და ხელოვნების უმეტესი ნაწილის შექმნას ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ იმ


ნეტარებას, რომელსაც ეს მგზნებარე და მოუსვენარი ვნება გვაძლევს. ამ გრძნობითვე
გამოწვეულმა ტანჯვამ წარმოშვა ფილოსოფია, რომელიც ყველაფერში გვანუგეშებს. ამრიგად,
ბუნებამ შექმნა სიყვარული ადამიანების შემაკავშირებელ საზოგადოების მამოძრავებელ და
ჩვენი ცოდნის და სიამოვნების შთამაგონებელ ძალად.

პოლის გეოგრაფიის სწავლა დიდად არ სიამოვნებდა იმის ნაცვლად, რომ თვითეული ქვეყნის
ბუნების აღწერა მოგვცეს, გეოგრაფია მხოლოდ მათ პოლიტიკურ დანაწილებას იძლევაო.
ისტორიამ, განსაკუთრებით, უახლესმა ისტორიამ, სრულიად არ დააინტერესა. ისტორიაში
საყოველთაო და პერიოდულ უბედურებათა გარდა ვერაფერს ხედავდა, ამ უბედურებათა
გამომწვევი მიზეზებიც მისთვის გაუგებარი იყო: უშინაარსო და უაზრო ომები, ბნელი
ინტრიგები, თავისებურებას მოკლებული ერი, ქვეყნის უსულგულო მმართველნი. პოლის
ისტორიის წიგნების კითხვას რომანების კითხვა ერჩივნა, სადაც უმთავრესად, ადამიანთა
გრძნობები და ინტერესებია აღწერილი. ამ რომანებში ზოგჯერ პოლი თავის მდგომარეობის
მსგავს ამბებს ხვდებოდა, ამიტომ არც ერთ არ მიუნიჭებია მისთვის იმდენი სიამოვნება,
რამდენიც „ტელემაქმა“ მიანიჭა, რადგან ამ წიგნში სოფლის ცხოვრებისა და ადამიანის გულში
ბუნებრივად აღძრული ვნებითა ღელვის სურათებია დახატული.

პოლი დედასა და ქალბატონ დე ლატურს უკითხავდა იმ ადგილებს, რომლებიც მასზე


განსაკაუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაშინ წარსულის მოგონებით აღელვებულს, ხმა
ჩაუწყდებოდა და ცრემლად იღვრებოდა. პოლიმ ვირჟინიში ჰპოვა ღირსება და სიბრძნე
ანტილოპისა, ტანჯვა და სინაზე ევხარიზისა. თან ძალიან შეაშფოთა ახალგავრცელებული
რომანების წაკითხვამ. მათში ხომ დაწვრილებითაა აღწერილი გარყვნილი ცხოვრება და
აზრები. როდესაც გაიგო, რომ ეს რომანები ევროპის საზოგადოების ნამდვილ სურათს
წარმოადგენდნენ, შეეშინდა, ვირჟინი იქაურ ცხოვრებას არ შეეჩვიოს და არ დამივიწყოსო. ეს
შიში საფუძველს მოკლებული არც იყო.

მართლაც, წელიწად-ნახევარმა ისე განვლო, რომ ქალბატონ დე ლატურს არ მამიდისა და არც


ქალიშვილისაგან არავითარი ამბავი არ მოსვლია. მხოლოდ სხვებისაგან გაიგო, რომ ვირჟინი
პარიზში მშვიდობით ჩავიდაო. ბოლოს, როგორც იქნა ინდოეთში მომავალმა გემმა ქალბატონ
დე ლატურს ჩამოუტანა პატარა ამანათი და ვირჟინის საკუთარი ხელით დაწერილი ბარათი.
თუმცა საყვარელი და სულგრძელი ქალიშვილი დიდ სიფრთხილეს იჩენდა, ქალბატონი დე
ლატური მაინც მიხვდა, რომ ვირჟინი ძალიან უბედური იყო. ეს წერილი ასე კარგად გვიხატავდა
მის მდგომარეობას და ხასიათს, რომ თითქმის სიტყვასიტყვით დავიმახსოვრე.

„ჩემო ძვირფასო, მეტად საყვარელო დედა!

მე უკვე ბევრი ბარათი გამოგიგზავნეთ, საკუთარი ხელით დაწერილი, მაგრამ პასუხი არ


მიმიღია. ვშიშობ, რომ ამ წერილებს თქვენამდე არ მოუღწევია. ეს წერილი კი, იმედი მაქვს
მოგივათ, რადგან დიდი სიფრთხილე გამოვიჩინე, რათა თქვენთვის როგორმე ჩემი ამბავი
მომეწვდინა და თქვენი ამბავიც გამეგო.

ჩვენი დაშორების შემდეგ ბევრი ცრემლი დავღვარე, თუმცა აქამდე სხვის უბედურებას თუ
ავუტირებივარ. პაპიდამ ჩამოსვლისთანავე გამომკითხა ყველაფერი და ძალიან გაოცდა,
როდესაც ვუთხარი, წერა-კითხვა არ ვიცი-მეთქი. მკითხა, მას შემდეგ, რაც ქვეყნად გაჩნდი, რა
ისწავლეო. როდესაც ვუპასუხე, ოჯახის საქმე ვისწავლე და დედას სურვილის შესრულება-მეთქი,
მითხრა, მოსამსახურის აღზრდა მიგიღიაო.

მეორე დღესვე პარიზის მახლობლად ერთი დიდი მონასტრის პანსიონში მიმაბარეს, ყოველ
საგანში მასწავლებელი მყავს: სხვათა შორის, ისინი მასწავლიან ისტორიას, გეოგრაფიას,
გრამატიკასა და ცხენზე ჯდომას; მაგრამ ეს მეცნიერებანი ისე ნაკლებად მიზიდავს, რომ ამ
ბატონებისაგან ბევრს ვერაფერს შევითვისებ. ვგრძნობ, რომ ერთი საწყალი ქმნილება ვარ,
დიდი გონებით დაუჯილდოებელი ვინმე, როგორც მასწავლებლები, მეუბნებიან. მაგრამ პაპიდა
თავის წყალობას არ მაკლებს. წელიწადის ყოველი დროისათვის ახალ-ახალ კაბას მიკერავს.
მან დიდგვროვან მანდილოსნებივით მორთული ორი მოსამსახურე ქალი მომიჩინა. გრაფობის
წოდება მიწყალობა და მაიძულა დე ლატურის გვარი გამომეცვალა. ეს გვარი კი ჩემთვის ისევე
ძვირფასია, როგორც თქვენთვის, რადგან ვიცი, რამდენი გაჭირვება გადაიტანა მამაჩემმა
იმისათვის, რომ ცოლად შეერთეთ. პაპიდამ მამის გვარი შემიცვალა თქვენი ოჯახის გვარით,
მაგრამ ჩემთვის ესეც არანაკლებ ძვირფასია, რადგან ქალიშვილობაში თქვენ ამ გვარს
ატარებდით.
ასეთ ბრწყინვალე მდგომარეობაში რომ მოვხვდი, პაპიდას ვეხვეწებოდი, ჩვენებსაც აღმოუჩინე
ცოტაოდენი დახმარება-მეთქი. როგორ გადმოგცეთ მისი პასუხი? მაგრამ მახსოვს თქვენი
დარიგება - ყოველთვის სიმართლე ვთქვა. პაპიდამ მიპასუხა, მცირე დახმარება არაფერში
გამოგადგებათ, დიდი კი მათ მხოლოდ შეაწუხებს, ისეთ უბრალო ცხოვრებას არიან
მიჩვეულნიო.

ჯერ მინდოდა ჩემი ამბავი სხვისი ხელით მომეწერა, რადგან თვითონ წერა არ ვიცოდი, მაგრამ
ახალჩამოსულს, ისეთი არავინ არ მყავდა, რომ მივნდობოდი, ამიტომ დღე და ღამეს
ვასწორებდი, წერა-კითხვას ვსწავლობდი, ღმერთმა ჩემზე მოწყალება მოიღო და ცოტა ხანში
შევისწავლე კიდეც. პირველი წერილების გამოგზავნა ჩემს მოსამსახურე ქალებს დავავალე,
ვფიქრობ, მათ ეს წერილები პაპიდას გადასცეს. ახლა კი ერთი ჩემი მეგობარი მოსწავლე ქალი
დავიხმარე, გთხოვთ, აქვე დართული მისი მისამართით გამომიზავნით პასუხი. პაპიდამ
მონასტრის გარდა ყველასთან ყველანაირი ურთიერთობა ამიკრძალა, რადგან ამ
ურთიერთობას შეეძლო, მისი აზრით ჩაეშალა ჩემს შესახებ აწყობილი გეგმები. მხოლოდ
პაპიდასა და მის ერთ ხნიერ დედაკაცს აქვს ჩემი ნახვის უფლება, პაპიდა მეუბნება, ამ კაცს
შენდამი განსაკუთრებული სიმპათია აქვსო. მართალი გითხრათ, ამ კაცისადმი არავითარი
სიმპათია არ მექნება იმ შემთხვევაშიც კი, ვინმეს მიმართ სიმპათიის გამომჟღავნება რომ
შემეძლოს.

დიდ სიმდიდრეში ვცხოვრობთ, მაგრამ ერთი სუც არ გამაჩნია. მეუბნებიან, შენ რომ ფული
გქონდეს, ცუდი შედეგი მოჰყვებოდაო. ჩემი კაბებიც კი მოსამსახურე ქალებს ეკუთვნით. ისინი
წინასწარ დაობენ ხოლმე ჩემი ტანისამოსის გამო. ფუფუნებაში მყოფი იმაზე უფრო ღარიბი
ვარ, ვიდრე თქვენთან ვიყავი, ვერავის ვუწევ დახმარებას. როდესაც დავრწმუნდი, რომ ის დიდი
საგნები, რომელსაც მასწავლიდნენ, სულ მცირე კეთილი საქმის გაკეთების საშუალებასაც კი არ
მაძლევდნენ, ხელსაქმეს მოვკიდე ხელი, რაც, საბედნიეროდ, თქვენ მასწავლეთ. ამგვარად,
გიგზავნით ჩემს ნამუშევარს, - წინდებს თქვენთვისა და დედა მარგერიტისათვის ჩაჩს -
დომინგოსათვის და ერთ-ერთ ჩემს წითელ მანდილს - მარისათვის. ამ ამანათს დავუმატე
ვახშამზე ჩემთვის მორთმეული ხილის თესლები და კურკები, დასვენების საათებში მონასტრის
ბაღში მოგროვილი სხვადასხვა ჯიშის ხემცენარეულის თესლი და მინდორში მოგროვილი იის,
ზიზილას, ბაიას, ყაყაჩოს, ღიღილოსა და ფოლიოს თესლები. ამ ქვეყნის ველებზე უფრო
მშვენიერი ყვავილები ხარობს, ვიდრე ჩვენში, მაგრამ მათთვის არავინ ზრუნვას.
დარწმუნებული ვარ, თქვენ და მარგერიტი ამ თესლებიანი ქისით უფრო კმაყოფილი
დარჩებით, ვიდრე იმ პიასტრებიანი ქისით, ჩვენი განშორებისა და ჩემი ცრემლების მიზეზი
რომ გახდა. ჩემთვის დიდად სასიხარულო იქნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ ბანანის ხეებს
გვერდით ნახავთ გახარებულ ვაშლის ხეებს და წიფლისა და ქოქოსის ერთმანეთში
გადახლართულ ფოთლებს. მაშინ თქვენი თავი საყვარელ ნორმანდიაში გეგონებათ.

მახსოვს თქვენი დარიგება, გავიზიაროთ ჩემი მწუხარებაც და სიხარულიც. თქვენგან


დაშორებულს სიხარული აღარ მაქვს. ტანჯვას კი ის მიმსუბუქებს, რომ თავს დიდი ტვირთი
ვიდე ღვთისა და თქვენი ნების შესასრულებლად. მაგრამ ყველაზე უფრო ის მაღონებს, რომ
თქვენზე აქ არავინ მელაპარაკება, არც არავისთან შემიძლია საუბარი. ჩემი მოსამსახურე
ქალები, ჩემი კი არა, პაპიდასი, რადგან ისინი მას უფრო ემორჩილებიან, ვიდრე მე, როდესაც
ლაპარაკს ჩემთვის ძვირფას საგანზე ჩამოვაგდებ, სიტყვას შემაწყვეტინებენ:

- ქალბატონო, გახსოვდეთ, რომ ფრანგი ხართ და ველურთა ქვეყანა უნდა დაივიწყოთ.

ოჰ
! უფრო ადრე საკუთარ თავს დავივიწყებ, ვიდრე იმ მხარეს, სადაც დავიბადე და სადაც თქვენ
მეგულებით. ველურთა ქვეყანა ჩემთვის ეს ქვეყანაა, რადგან აქ მარტო ვცხოვრობ არავინ მყავს
ისეთი, ვისთანაც თქვენი სიყვარულის გაზიარება შემეძლოს. ამ სიყვარულს სამარეში ჩავიტან,
ძვირფასზე უძვირფასესო და საყვარელზე უსაყვარლესო დედა.

თქვენი მორჩილი და მოყვარული ქალიშვილი

ვირჟინი დე ლატური.

თქვენი კეთილი გულისათვის მომინდვია მარი და დომინგო, ისინი ხომ ბავშვობაში ზრუნვას
არასოდეს მაკლებდნენ. მიუალერსეთ ფიდელს, რომელმაც ტყეში დაკარგული მიპოვა“.

პოლი გაოცებული დარჩა, ვირჟინი მას ერთი სიტყვითაც არ ახსენებდა, მაშინ, როცა ძაღლიც კი
არ დავიწყებოდა; მაგრამ პოლიმ არ იცოდა, რომ რაგინდ გრძელიც უნდა იყოს ქალის წერილი,
თავის უძვირფასეს ფიქრს მხოლოდ წერილის ბოლოში მოაქცევს.

ბარათის მონაწერში ვირჟინი პოლის ყურადღებას, განსაკუთრებით, იისა და ფოლიოს


თესლებს მიაქცევდა. ვირჟინი აძლევდა რჩევა-დარიგებას და წერდა, ეს მცენარეები უფრო
კარგად რა ნიადაგზე გაიხარებდნენ.

„ია, მუქ-ლურჯად ყვავის, - წერდა ვირჟინი, - ბუჩქის ძირას უყვარს მიმალვა, მაგრამ ისეთ
წარმტაც სურნელებას აფრქვევს, რომ თავის თავს ადვილად გაპოვნინებს“.

ვირჟინი ავალებდა, ია წყაროს ნაპირას დაეთესა, ქოქოსის პალმებთან.

„ფოლიოს, - განაგრძობდა ის, - ლამაზი, მკრთალი ცისფერი, ან შავი თეთრად მოწინწკლული,


თითქოს ძაძებით შემოსილიაო, ისეთი ყვავილი აქვს. ამიტომ მას ქვრივის ყვავილს ეძახიან. ამ
ყვავილს მშრალი და ქარიანი ადგილი უყვარს“.

ვირჟინი სთხოვდა, ფოლიოს თესლი იმ კლდეზე დათესე, სადაც უკანასკნელ ღამეს ვისაუბრეთ
და სახელად, თუ გიყვარვარ „გათხოვების კლდე“ დაარქვიო.

ყვავილთა თესლები ვირჟინის უბრალო ქსოვილის პატარა ქისაში ჩაეყარა, მაგრამ იგი პოლის
ფასდაუდებლად მოეჩვენა, როდესაც ზედ თმით ამოქარგული, ერთმანეთს გადახლართული პ.
და ვ. შენიშნა. ვირჟინის თმა მისი სიმშვენიერის წყალობით იცნო.

ამ მგრძნობიარე და სათნო ქალიშვილის წერილმა მთელ ოჯახს ცრემლი აფრქვევინა. დედამ


ოჯახის წევრთა სახელით უპასუხა: მანდ დარჩები თუ დაბრუნდები, შენი ნება არისო.
არწმუნებდა ვირჟინის, შენი გამგზავრებით ჩვენს ცხოვრებას შნო და ლაზათი დაეკარგა.
განსაკუთრებით მე ნუგეშს ვერსად ვპოულობო.

პოლიმ ვირჟინის მეტად გრძელი წერილი გაუგზავნა. არწმუნებდა, ბაღს ისე გავამშვენიერებ,
რომ შენი ღირსი გახდესო. ევროპისა და აფრიკის მცენარეებს ერთმანეთში ისე გადავხლართავ,
როგორც შენს ნაქარგში ჩვენი სახელების პირველი ასოები გადახლართეო. გაუგზავნა მის
წყაროსთან დარგული ზრდადასრულებული ქოქოსის პალმის ნაყოფი. პოლიმ კუნძულის არც
ერთი სხვა მცენარის თესლი არ გაუგზავნა. წერდა, იმიტომ არ გიგზავნი, რომ იქნებ ჩვენი
მცენარეების ნაყოფი მოგენატროს და გაიძულოს მალე დაგვიბრუნდეო. პოლი ემუდარებოდა,
რაც შეიძლება მალე შეასრულე შენი ოჯახისა და განსაკუთრებით, ჩემი სურვილი, რადგან შენმა
დაშორებამ სიხარული სულ წამართვაო.
პოლიმ უდიდესი მზრუნველობით დათესა ევროპული თესლები, განსაკუთრებით ფოლიოსი და
იისა. თითქოს ვირჟინის ხასიათსა და ბედთან რაღაც მსგავსება ჰქონდა ამ ყვავილებს,
რომელთა გაშენებასაც ასე გულმოდგინედ ურჩევდა სატრფო. მაგრამ მხოლოდ თესლების
მცირე ნაწილმა გაიხარა. თესლები ან გზაში გამოიფიტა, ან, რაც უფრო შესაძლებელია,
ადგილობრივ ჰავას ვერ შეეგუა. გახარებულმა მცენარეებმა კი ზრდა ვერ დაასრულეს.

ამასობაში შურმა, ყოველთვის წინ რომ ეღობება ადამიანის ბედნიერებას, განსაკუთრებით,


ფრანგთა ახალშენებში, პოლისათვის მეტად შემაწუხებელი ახალი ამბავი გაავრცელა.
ვირჟინის წერილის მომტანი გემის მეზღვაურები ირწმუნებოდნენ, რომ ვირჟინი თხოვდება,
მისი საქმრო დიდგვაროვანი კაცი არისო. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, საქმე გათავებულია,
ამის მოწმენი თვითონა ვართო. პოლი ჯერ ზიზღით ეპყრობოდა სავაჭრო გემის მიერ
გავრცელებულ ხმებს. გემი ხშირად ყალბ ცნობებს მოჰფენს ხოლმე იმ ადგილებში, სადაც
გაივლის. მაგრამ პოლიმ ამ ამბის დაჯერება დაიწყო, როდესაც კუნძულის ბევრმა მოსახლემ
მზაკვრული სიბრალულით გულმოდგინება გამოიჩინა და მას სამძიმარი უთხრა. სხვათა შორის,
პოლიმ რამდენიმე რომანში წაიკითხა, როგორ ხუმრობით მსჯელობდნენ ასეთ ღალატზე. მან
იცოდა, რომ წიგნებში ევროპის ზნე-ჩვეულებები საკმაო სისწორით იყო აღწერილი.
ახალგაზრდა შიშობდა, ქალბატონ დე ლატურის ასულს ხასიათი არ გაფუჭებოდა და თავისი
ძველი ფიცი არ დავიწყებოდა. ამრიგად, შეძენილი ცოდნა პოლის უკვე უბედურს ხდიდა. შიშს
კიდევ უფრო უძლიერებდა ის გარემოება, რომ ექვსი თვის განმავლობაში ევროპიდან მრავალი
გემი მოვიდა, მაგრამ არც ერთს ვირჟინის ამბავი არ მოუტანია.

ამ უბედურ ახალგაზრდას გულს ათასგვარი ეჭვები უღრღნიდა, ის ხშირად მოდიოდა ჩემთან,


რათა ჩემი გამოცდილება გამოეყენებინა თავისი ეჭვების გასაფანტავად, ან
დასადასტურებლად.

მე, როგორც გითხარით, აქედან ერთნახევარი ლიეს მანძილზე, იმ ღელის ნაპირას ვცხოვრობ,
„გრძელ მთას“ რომ მიჰყვება. იქ ვატარებ ჩემს სიცოცხლეს მარტოდმარტო უცოლშვილოდ, არც
მონა მყავს.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ იშვიათ ბედნიერებას, რაც შესაფერი მეგობარი ქალის


პოვნაში გამოიხატება, ყველაზე ნაკლებად უბედური ცხოვრება, რასაკვირველია, მარტოხელა
კაცის ცხოვრებაა. ადამიანებზე გულაცრუებული ყოველი კაცი მარტოობას დაეძებს. მეტად
საყურადღებოა, რომ ყველა ხალხში თავიანთი რწმენის, ზნე-ჩვეულების, ან მმართველობის
წესის გამო გაუბედურებულმა ადამიანებმა წარმოშვეს განდეგილთა და დაუოჯახებელი
მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ფენა. ეს ითქმის დაცემის ეპოქის ეგვიპტელებზე, რომის
იმპერიის ბერძნებზე, ჩვენს ეპოქაში ინდოელებზე, ჩინელებზე, თანამედროვე ბერძნებზე,
იტალიელებზე, აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპის ხალთა უმრავლეს ნაწილზე.
განმარტოება ადამიანს ნაწილობრივ უბრუნებს ბუნებრივ ბედნერებას, არიდებს
საზოგადოებრივ უბედურებას. ამდენი ცრურწმენით დაქსაქსული ჩვენს საზოგადოებათა შორის
მოქცეული ადამიანი მუდმივ მღელვარებაშია. იმის სურვილში განუწყვეტლად ირევა ათასნაირი
შეხედულება, მშფოთვარე და ერთიმეორის საწინააღმდეგო, რითაც უფლებამოყვარე და
საზიზღარი საზოგადოების წევრები ერთმანეთის დამორჩილებას ცდილობენ. მაგრამ
მარტოობაში სული თავის უფლებაშემაშფოთებელი, უცნაური ილუზიებისაგან, იგი კვლავ
თავისი თავის, ბუნებისა და მისი შემოქმედების შეცნობას უბრუნდება. ასევე, როცა თავისი
კალაპოტიდან ამოვარდნილი, მინდორ-ველის გამანადგურებელი ნიაღვარი პატარა აუზში
გადაიღვრება, შლამს ფსკერზე დაიკრეფს და კვლავინდებურად გამჭირვალე ანკარა გახდება,
აუზიდან გამოსვლის შემდეგ მაშინ ნაპირებთან ერთად იხატება მიწის სიმწვანე და ცის
ლაჟვარდი. მარტოობა აღადგენს როგორც სულის, ისე სხეულის ჰარმონიას. ყველაზე უფრო
ხანგრძლივად განდეგილები ცოცხლობენ, როგორც მაგალითად, ინდოეთის ბრამინები.
ბოლოს, ჩემი აზრით, განმარტოება იმდენად აუცილებელი პირობაა ბედნიერებისა, რომ მაღალ
საზოგადოებაში მოტრიალე ადამიანებისთვისაც კი, ამ საზოგადოებაში ყოფნით რომ
პოულობენ სიამოვნებას და სწავლობენ თავდაჭერას, წარმოუდგენელია ცხოვრება, თუ შინაგან
მარტოობას არ შეიქმნიან. იქიდან მათი შეხედულებები ძალიან იშვიათად გამოდის
სააშკარაოზე, სხვებისა კი- ვერასოდეს შეაღწევს. მაგრამ იმის თქმაც არ მინდა, რომ ადამიანმა
მარტო უნდა იცხოვროს: მას კაცობრიობის მოდგმასთან აკავშირებს საერთო მოთხოვნილებები.
მაშასადამე, იგი ვალდებულია იმუშაოს ადამიანებისათვის. ბუნების წინაშე ვალშია ადამიანი.
ღმერთმა ყველას მოგვცა სამყაროს სტიქიონებთან საუკეთესოდ შეგუებული ორგანოები :
ფეხები- მიწაზე სასიარულოდ, ფილტვები- ჰაერის სასუნთქავად, თვალები - სინათლის
სახილველად და ამ ორგანოების დანიშნულების შეცვლა ჩვენთვის შეუძლებელია. მან კი,
სიცოცხლის შემოქმედმა, თავისთვის მხოლოდ გული, სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი ორგანო
დაიტოვა.

ამგვარად ვატარებ ჩემი ცხოვრების დღეებს. მოწყვეტილი ვარ ადამიანებს. მსურდა, მათთვის
მემსახურა, მათ კი დევნით მიპასუხეს. ევროპის დიდ ნაწილს ამერიკისა და აფრიკის ბევრი
ქვეყანა შემოვიარე და ბოლოს ამ თხლად დასახლებულ კუნძულზე დავბინავდი. აქ თბილმა
ჰავამ და განმარტოებულმა ადგილებმა მიმიზიდეს. ტყეში, ხის ძირას ავიშენე ქოხი, საკუთარი
ხელით ვამუშავებ მიწის პატარა ნაკვეთს. ქოხს წინ მდინარე ჩაუდის. ყველაფერი ეს საკმარისია
ჩემი მოთხოვნილებისა და სიამოვნებისათვის. ბუნების მიერ მონიჭებულ სიამეს ვუმატებ
რამდენიმე კარგი წიგნის წაკითხვით მიღებულ სიტკბოებას. ეს წიგნები მასწავლიან, როგორ
გავხდე უკეთესი და ჩემი ბედნიერების სასარგებლოდ იყენებენ კიდევ ქვეყანას, რომელიც
დავტოვე. ამ წიგნებში აღწერილია იქაური ადამიანების გამაუბედურებელი ვნებათა ღელვა.
მათს ბედს ჩემსას რომ ვადარებ, ვმშვიდდები, რადგან არაფერი მაქვს მასთან საერთო.
დაღუპული გემიდან კლდეზე გარიყული, გადარჩენილი ადამიანივით ჩემი მარტოობიდან
გავცქერი ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მძვინვარე

გრიგალებს. ჩემი სიმშვიდე ორკეცდება, როდესაც შორეული ქარიშხლის ხმაურს ვუსმენ. მას
შემდეგ, რაც ადამიანები გზაზე აღარ მეღობებიან და არც მე ვუღობავ მათ გზას, ისინი აღარ
მძულან, მებრალებიან. თუ ვინმე უბედურს შევხვდი, ვცდილობ რჩევა-დარიგებით დახმარება
აღმოვუჩინო ისე, როგორც ნიაღვრის ნაპირზე მყოფი წყალწაღებულ ბედკრულს საშველად
ხელს გაუწვდის ხოლმე. მაგრამ მე მხოლოდ უმანკოება მისმენს. ადამიანთა დანარჩენ ნაწილს
ბუნება ამაოდ უხმობს თავისკენ. თვითეულ მათგანს ბუნებაზე წარმოდგენა საკუთარი ვნებების
მიხედვით ექმნება, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ის ამ მაცდურ მოჩვენებას დასდევს და
მერე ჩადენილი შეცდომისათვის ზეცას უთვლის სამდურავს.

მრავალ უბედურთა შორის, რომელთა დაბრუნებაც ბუნებასთან ზოგჯერ მიცდია, ერთიც კი არ


შემხვედრია ისეთი, თავის საკუთარი ბედუკუღმართობით სასოწარკვეთილი რომ არ
ყოფილიყო. თავიდან ისინი ყურადღებით მისმენდნენ იმის იმედით, სახელსა და სიმდიდრის
მოხვეჭაში დაგვეხმარებაო, მაგრამ, როდესაც გაიგებდნენ, მხოლოდ მათი დარწმუნება
მინდოდა, სიმდიდრეს ნუ გამოეკიდებით, უიმისობაც შეიძლება-მეთქი, ისინი უბედურ
ადამიანად მე თვითონ მთვლიდნენ. მკიცხავდნენ, განდეგილად ცხოვრობო. მარწმუნებდნენ,
ადამიანებს მხოლოდ ჩვენ ვარგივართ და ჩემს ჩათრევასაც ცდილობდნენ თავიანთ მორევში,
მაგრამ, თუმცა ურთიერთობას არავისთან ვწყვეტ, მაინც არავის ვახედებ ჩემი სულის სიღრმეში.
ხშირად ჩემთვის საკმარისია საკუთარი მაგალითი, რომ იგი გაკვეთილად გამოვიყენო. ახლა, ამ
ჩემი სიმშვიდიდან თვალს ვავლებ საკუთარი ცხოვრების მანძილზე გამოვლილი მღელვარების
მიზეზებს, ერთ დროს ასეთ დიდ მნიშვნელობას რომ ვანიჭებდი: სიმდიდრეს, სახელს,
მფარველობის გაწევას, ვნებათა ღელვას, საზოგადოებრივ აზრს, - ყველაფერს, რის გამოც
ერთმანეთს ებრძვიან დედამიწაზე. ამ ქიმერებისათვის ერთმანეთთან მოქიშპე ადამიანებს
ჩემი მდინარის ტალღებს ვადარებ, კალაპოტის კლდეებს რომ ეხეთქებიან და სამუდამოდ,
დაუბრუნებლად ქრებიან. მე კი მშვიდად მივყვები დროთა მდინარებას მომავლის უნაპირო
ოკეანისაკენ. ამ საუცხოოდ მოწყობილ ბუნებას რომ ვჭვრეტ, მისი შემოქმედისაკენ ვისწრაფვი
და იმედი მაქვს, იმქვეყნად უკეთესი ხვედრი მერგოს.

თუმცა ტყის შუაგულში მოქცეული ჩემი სავანიდან არ მოსჩანს ისეთი სანახაობა, როგორიც ამ
მაღლობიდან ჩვენ თვალწინ გადაშლილა, მაგრამ იქ არის მიმზიდველი მიდამოები,
განსაკუთრებით იმ ადამიანისათვის, ვისაც ურჩევნია ჩემსავით განმარტოვდეს, ვიდრე
საზოგადოებაში იცხოვროს. მდინარე ჩემს ქოხს კარის წინ ჩაუდის და ამწვანებული ხეებით
დაჩრდილული ლარივით ჭრის ტყეს; იქ ხარობს ტატამაკი, აბანოზის ხე, ვაშლის ხედ
წოდებული მცენარე, ზეთისხილის და დარიჩინის ხეები. კომბოსტოს პალმების ჭალა; მათი
ტიტველი ღეროები ასი ფუტის სიმაღლეზე სვეტებად არის აღმართული. მათ კენწეროებზე
პალმის ტოტები თაიგულივით გადაშლილა. ეს პალმები სხვა ხეების თავზე ისე მოჩანს,
თითქოს ტყე ტყეზე ამოსულაო. ხიდან ხეზე გადასული ნაირ-ნაირი ლიანები ყვავილთა კამარას
ქმნიან, ან მწვანე, გრძელ ფარდებად ეშვებიან. ამ ხეთა უდიდესი ნაწილი საამო სურნელებას
აფრქვევს. გზად გამვლელის ტანისამოსი ისე იჟღინთება აქაური სურნელებით, რომ ტყიდან
გასვლის შემდეგაც რამდენიმე საათს გაჰყვება ადამიანს. ყვავილობის პერიოდში გეგონებათ, ეს
ხეები თოვლს დაუფარავსო.

ეს ფრინველნი, სხვათა შორის, ნაირ-ნაირი ჯიშის თუთიყუშები და ნაცრისფერი მტრედები


არიან. აქ ამ მტრედებს ჰოლანდიურს ეძახიან. ამ ტყეებში ძველთაძველი ბინადარი მაიმუნები
ხის ხშირ ტოტებში თამაშობენ და ტყის ჩაბნელებული ფონიდან რუხი ან მომწვანო ფერის
ბალნითა და შავი სახით გამოირჩევიან. ერთი კუდით ხეს ეკიდებიან და ჰაერში ქანაობენ;
სხვები ტოტიდან ტოტზე ხტებიან, თან ხელში თავიანთი პატარა შვილები უჭირავთ. ბუნების ეს
უწყინარი შვილნი სიცოცხლის მომსპობი თოფის გრიალს არასოდეს შეუშფოთებია. იქ
მხოლოდ სამხრეთის ქვეყნების ფრინველთა მხიარული ჟივილ-ხივილი, უცხო ჭიკჭიკი და
გალობა ისმის, რაც შორს, ტყეებში გამოძახილად მეორდება. ხეებს შორის კლდოვან
კალაპოტში მოქცეულ, მოჩუხჩუხე მდინარის კრიალა წყალში უხვი სიმწვანე და თამაშით
გართული მისი ბედნიერი მობინადრეები იხატებიან. აქედან ათას ნაბიჯზე მდინარე კლდეთა
არათანაბარ სართულებზე ეშვება, ფართოდ იშლება ბროლის სუფრად და ძირს იმსხვრევა
ქაფად ქცეული. ათასნაირი არეული ხმები ისმის ამ წყალთა ღრიალში. ქარისგან ტყეში
მიმოფანტული ეს ხმები, ხან შორეთში მიჩუმდებიან, ხან მოახლოვებულნი ტაძრის ზარებივით
გამაყრუებლად გუგუნებენ. წყალთა მოძრაობის გამო, ჰაერი აქ მუდამ იცვლება და მდინარის
პირას, მიუხედავად სიცხე-პაპანაქებისა, ისეთი სიმწვანე და სიგრილეა, როგორიც ამ კუნძულის
მთების მწვერვალებზეც კი იშვიათია. წყალავარდნილის ცოტა მოშორებით ერთ კლდე არის, ის
კლდე ჩანჩქერს იმდენადაა დაშორებული, რომ წყალთა ხმაურობა არ გაგაყრუებთ, მაგრამ
იმავე დროს ისე ახლოა მასთან, შეგიძლიათ დატკბეთ მისი ცქერით, მისი ბუტბუტითა და
სიგრილით.

- აქ ხე გაიზრდება და თავისი ნაყოფით რომელიმე მგზავრს ან ფრინველს დაანაყრებს, -


ამბობდა ის.

ერთ დღეს ამ კლდის ძირას ვირჟინიმ ნესვის ხის ნაყოფი შეჭამა და მისი თესლი იქვე დათესა.
მალე ამ ადგილას რამდენიმე ნესვის ხე ამოვიდა, მათ შორის ერთი ნაყოფის მომცემი. ეს ხე
ვირჟინის გამგზავრების დროს მუხლს ვერა სწვდებოდა. მაგრამ, რადგან ნესვის ხე ძალიან
სწრაფად იზრდება, ორი წლის შემდეგ მისმა სიმაღლემ ო ფუტს მიაღწია და ღეროს ბოლოში
რამდენიმე მწკრივი ნაყოფი მოისხა.
ერთხელ პოლი შემთხვევით მოხვდა იქ და სიხარულით ცას ეწია, როდესაც მეგობრის ხელით
დათესილი პატარა თესლისაგან ამოსული უზარმაზარი ხე დაინახა, მაგრამ იმავე დროს ღრმა
სევდამ შეიპყრო: ნესვის ხის ასე გაზრდა იმას მოწმობდა, რომ ვირჟინი დიდი ხნის წასული იყო.
როდესაც ჩვენ ირგვლივ მყოფ საგნებს ყოველდღე ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ, თუ რა შეუმჩნევლად
მიჰქრის ჩვენი სიცოცხლე. ეს საგნები ჩვენთან ერთად შეუმჩნევლად ბერდებიან, მაგრამ,
როდესაც მრავალი წლის უნახავ საგნებს უეცრად წავაწყდებით, მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ
ხოლმე, რომ ელვისებურად გვეთვლება სიცოცხლის დღეები. ნაყოფით დამძიმებული ნესვის
ხის ნახვამ პოლი ისე გააოცა და ააღელვა, როგორც გაოცდება და აღელდება სამშობლოდან
დიდი ხნით გადახვეწილი მგზავრი: შინ დაბრუნებისას ის თავის თანატოლებს ვეღარ
პოულობს, ვეღარ სცნობს მათ შვილებს, რადგან ისინი წასვლისას ძუძუმწოვრები დატოვა, ახლა
კი ოჯახის მამები გამხდარან. პოლის ხან სურვილი შეიპყრობდა მოეჭრა ეს ხე, რადგან მეტად
მძაფრად აგრძნობინებდა, თუ რა დიდი დრო გასულა ვირჟინის გამგზავრების შემდეგ. ხან კი
მას ვირჟინის ქველმოქმედების ძეგლად თვლიდა, ჰკოცნიდა და სიყვარულით, სინანულით
აღსავსე სიტყვებით მიმართავდა.

ოჰ, ხეო! თუმცა შენი ჯიშის ხე მრავლად იზრდება ჩვენს ტყეში, მე უფრო მეტი ინტერესითა და
პატივისცემით მიცქერია შენთვის, ვიდრე რომაელთა საზეიმო თაღებისათვის! დეე, ბუნებამ,
ყოველდღე რომ ანადგურებს მეფეთა პატივმოყვარეობის ძეგლებს, ამრავლოს ჩვენს ტყეში
ახალგაზრდა და საბრალო ქალიშვილის ქველმოქმედების ნაყოფი.

როდესაც პოლი ჩემს უბანში მოდიოდა, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის ამ ნესვის ხის ძირას
იქნებოდა. ერთხელ სევდით ძალაწართმეული პოლი ამ ხესთან ვნახე და საუბარი გავუბი. ამ
საუბარს გადმოგცემთ, თუ თავი არ მოგაბეზრეთ ჩემი გაჭიანურებული თხრობით. ეს ჩემს ასაკს
და მეგობრულ გრძნობებს ეპატიება, ამ საუბარს დიალოგის სახით გადმოგცემთ იმისათვის,
რომ თქვენ ამ ახალგაზრდა ადამიანის ბუნებრივი ნიჭის შეფასება შეძლოთ. მოსაუბრეს
ადვილად გაარჩევთ მისი კითხვებისა და ჩემი პასუხების აზრის მიხედვით. მან მითხრა:

- ძალიან გამწარებული ვარ. ორი წელიწადია და ორი თვეა, რაც დე ლატურის ქალიშვილი
გაემგზავრა. რვა თვე-ნახევარია ვირჟინის არაფერი უცნობებია. ის მდიდარია, მე კი ღარიბი,
დამავიწყდა ნამდვილად. მეც გავემგზავრები საფრანგეთში გემით, ჩავალ, მეფეს ვემსახურები,
ქონებას შევიძენ და როდესაც დიდი კაცი გავხდები, ვირჟინის პაპიდა თავის ძმისწულისშვილს
მომათხოვებს.

მოხუცი

ოჰ, ჩემო მეგობარო!.. განა თქვენ თვითონ არ მითხარით, რომ უგვაროვნო წარმოშობისა ვარო?

პოლი

ეს დედაჩემმა მიამბო, მე კი ისიც ვიცი, თუ რას ნიშნავს უგვაროვნო წარმოშობა. მე არასოდეს


შემინიშნავს, რომ ამის გამო სხვებზე ნაკლები ვიყო რითიმე, ან სხვები მჯობნიდნენ რამეში.

მოხუცი

თქვენი უკანონო წარმოშობა დიდი თანამდებობისაკენ გზას დაგიხშობთ საფრანგეთში. კიდევ


მეტი, თქვენ არც ერთი წესიერი საზოგადოებაც კი არ მიგიღებთ.

პოლი

თქვენ მრავალჯერ გითქვამთ ჩემთვის, საფრანგეთის სიდიადის ერთ-ერთი მიზეზთაგანი ის


არის, რომ იქ უბრალო მოქალაქესაც კი შეუძლია ყველაფერს მიაღწიოსო და ხალხიდან
გამოსული ბევრი სახელგანთქმული ადამიანიც დაგისახელებიათ, რომლებიც შემდეგ თავისი
სამშობლოს სიამაყენი გამხდარან. მაშასადამე, გული რომ არ გამტეხოდა, თქვენ მაშინ
მატყუებდით?

მოხუცი

არასოდეს, ჩემო შვილო. მე სიმართლე გითხარით, მაგრამ ის წარსულ დროს ეხებოდა. ახლა კი
საფრანგეთში ბევრი რამ შეიცვალა: იქ ყველაფერი ფულით იყიდება. დღეს საფრანგეთის
მთელი ავლადიდება ოჯახთა მცირე რიცხვს, ან წარჩინებულ წოდებას ეკუთვნის. მეფე მზე
არის, მას დიდებულნი ღრუბლებივით შემოხვეოდნენ. თითქმის შეუძლებელია, რომ მისი ერთი
სხივიც კი მოგწვდეთ. ძველ დროში, როდესაც ქვეყანას მართვა ნაკლებად რთული იყო, ასეთი
სასწაულები ხდებოდა. ნიჭი და ღირსება ყამირს ჰგავდა, დამუშავების შემდეგ უხვ მოსავალს
რომ იძლევა. მაგრამ ახლა ისეთი დიადი მეფენი, ადამიანთა ცნობა და შერჩევა რომ შეეძლოთ,
იშვიათია. ჩვეულებრივად, მეფენი მხოლოდ თავიანთ გარშემო მყოფ დიდებულთა და
კარისკაცთა ნება-სურვილს მიჰყვებიან.

პოლი

მაგრამ ხომ შეიძლება ვიპოვო ვინმე დიდებული, რომელიც მფარველობას გამიწევს.

მოხუცი

დიდებულებმა მფარველობა რომ გაგიწიონ, საჭიროა ან მათ პატივმოყვარეობას


აკმაყოფილებდე, ანდა მათ სიამოვნებას ცდილობდე. მაგრამ ამ მფარველობას თქვენ
ვერასოდეს ეღირსებით, რადგან უგვაროვნო და პატიოსანი ხართ.

პოლი

მაგრამ ისეთ გმირობას ჩავიდენ, ჩემი სიტყვის ისეთი ერთგული, ჩემი მოვალეობის ისეთი
ზუსტი შემსრულებელი, მეგობრობაში ისეთი თავდადებული და მტკიცე ვიქნები, რომ
დავიმსახურებ, რომელიმე მათგანმა მიშვილოს, მსგავსი ამბები ხომ ხშირადაა აღწერილი იმ
ძველ წიგნებში, თქვენ რომ მომეცით წასაკითხად.

მოხუცი

ოჰ ჩემო მეგობარო! საბერძნეთსა და რომში დაცემის ხანებშიც კი დიდებულნი სათნოებას


პატივს სცემდნენ; ჩვენ ბევრი გვყავს ხალხის წიაღიდან გამოსული, ყოველ დროში
სახელგანთქმული ადამიანი, მაგრამ მათ შორის ერთიც კი არ ვიცი ისეთი, დიდგვაროვან ოჯახს
რომ ეშვილოს. საფრანგეთში მეფეები რომ არ ყოფილიყვნენ, სათნოება მუდამ პლებეური
იქნებოდა. როგორც გითხარით, ზოგჯერ მეფენი სათნოების პატივით ეპყრობიან, თუკი
შენიშნეს, მაგრამ ახალა მხოლოდ ფულსა აქვს ის წარჩინება, რაც წინათ სათნოებას ჰქონდა.

პოლი

თუ დიდგვაროვანთან ვერაფერს გავხდები, ვეცდები, დიდი თანამდებობის კაცს მოვეწონო. მე


გავიზიარებ მის აზრებს, შეხედულებებს და ამით თავს შევაყვარებ.

მოხუცი

მაშინ, თქვენც სხვებივით მოიქცევით, გამდიდრებისათვის სინდისზე ხელს აიღებთ!

პოლი
არა, მე ყოველთვის მხოლოდ ჭეშმარიტების მაძიებელი ვიქნები.

მოხუცი

მაშინ სიყვარულის მაგივრად სიძულვილს დაიმსახურებთ. სხვათა შორის, დიდი მოხელენი


თავს არ იტკიებენ ჭეშმარიტების ძიებით. პატივმოყვარენი ყოველგვარ შეხედულებებს
გულგრილად ეკიდებიან, ოღონდ თვითონ იბატონონ.

პოლი

რა უბედური ვარ! ყველა ხელს მკრავს. ასეთი ყოფილა ჩემი ბედი, ვირჟინისაგან დაშორებულმა
მთელი სიცოცხლე შრომაში უნდა გავატარო.

პოლიმ ღრმად ამოიოხრა.

მოხუცი

დეე, ღმერთი იყოს თქვენი ერთადერთი მფარველი და ადამიანთა მოდგმა - თქვენი წოდება.
მუდმივად ერთგული იყავით როგორც ერთის, ისე მეორის. დიდებულთა ოჯახებს, მოხელეებს,
ხალხს, მეფეებს თავიანთი ცრურწმენანი და ვნებანი აქვთ. ძლიერთა ამა ქვეყნისა რომ
ემსახუროთ, ხშირად მანკიერებას უნდა მიმართოთ. ღმერთი და ადამიანთა მოდგმა კი ჩვენგან
მხოლოდ სათნოებას მოითხოვს.

მაგრამ რად გინდათ, რომ სხვა ადამიანებისაგან გამოირჩეოდეთ? ეს არაბუნებრივი გრძნობაა,


რადგან ყველა რომ ამ გრძნობას დაემორჩილოს, თითოეული ჩვენგანი თავის მახლობლებს
გადაემტერება. დაკმაყოფილდით განგებისაგან მონიჭებული მდგომარეობით, დალოცეთ
თქვენი ბედი, რადგან ის დამოუკიდებელ სინდისს განიჭებთ და არ გაიძულებთ დიდებულივით
პატარა ადამიანთა თაყვანისცემაში ეძიოთ ბედნიერება, არც პატარა ადამიანებივით გხდით
იძულებულს, ლუკმა-პურისათვის დიდებულთა ფერხთით იფორთხოთ. თქვენ ისეთ ქვეყანაში,
ისეთ პირობებში ცხოვრობთ, რომ არსებობისათვის არ გჭირდებათ არც ვინმეს მოტყუება, არც
მლიქვნელობა, არც თავის დამცირება, როგორც ეს უხდება ევროპაში ბედნიერების მაძიებელ
ადამიანთა უმრავლესობას. აქ თქვენი მდგომარეობა არ გიშლით იყოთ სათნო, კეთილი,
სამართლიანი, გულწრფელი, განათლებული, მომთმენი, თავშეკავებული, უმანკო,
შემწყნარებელი ღვთისმოსავი. აქ დაცინვა არ შელახავს თქვენს მოგონებას, რომელიც ჯერ
მხოლოდ იფურჩქნება. ცამ მოგანიჭათ თავისუფლება, ჯანმრთელობა, კარგი სინდისი და
მეგობრები. ასე ბედნიერნი ის მეფენიც კი არ არიან, ვის წყალობასაც თქვენ ნატრულობთ.

პოლი

მაგრამ ვირჟინი მაკლია! უიმისოდ არაფერი მაბადია. მასთან რომ ვიყო, ყველაფერი მექნება.
ჩემი წოდება, ჩემი წოდება და სიმდიდრე მხოლოდ ის არის. მაგრამ მის ნათესავს სურს,
ვირჟინი სახელოვან კაცს მიათხოვოს. სწავლით, წიგნების კითხვით ადამიანი ნასწავლი და
ცნობილი ხდება, მე სწავლას შევუდგები, მეცნიერებას დავეუფლები და ჩემს ცოდნას
სამშობლოს კეთილდღეობას მოვახმარ ისე, რომ არც ვინმეს ვანანო, არც ვინმესგან ვიქნე
დამოკიდებული, გავხდები სახელგანთქმული და დიდებას თვითონვე მოვიპოვებ.

მოხუცი

ჩემო შვილო, ნიჭი უფრო იშვიათია, ვიდრე გვარიშვილობა და სიმდიდრე. ნიჭი, რასაკვირველია,
ყველაფერზე დიდი სიკეთეა, რადგან მას ვერავინ წაგართმევს და ყოველგვარ პატივისცემას
მოგიხვეჭს, მაგრამ ნიჭი ძალიან ძვირად ფასობს. მისი განვითარება მოითხოვს მრავალგვარი
ტანჯვის გადატანას, იშვიათ გრძნობიერებას, რაც თავისთავად გვაუბედურებს. ჩვენს
უბედურებას კიდევ ისა ზრდის, რომ თანამედროვენი გვდევნიან. საფრანგეთში მოსამართლეს
სრულიად არ შეშურდება მხედრის დადება, არც მხედარს მეზღვაურის სახელი, მაგრამ იქ ყველა
გზას გადაგიღობავთ, რადგან ყველას თავისი თავი დიდი ჭკუის პატრონი ჰგონია. თქვენ
ამბობთ, ხალხს ვემსახურებიო, მაგრამ ის გლეხი, რომელიც ერთი ძნით მეტ მოსავალს მოიწევს,
ხალხს უფრო დიდ სამსახურს გაუწევს, ვიდრე წიგნის დამწერი.

პოლი

ვირჟინის ჩვენი ტყეების მცხოვრებთათვის ბიბლიოთეკა რომ ეჩუქებინა, ეს მათთვის ნაკლებად


სასარგებლო და სასიამოვნო იქნებოდა, ვიდრე ამ ნესვის ხის დარგვა!

ეს რომ თქვა, ხეს ჩაეკონა და გაშმაგებით დაუწყო კოცნა.

მოხუცი

საუკეთესო წიგნი წიგნთა შორის - სახარება- მხოლოდ თანასწორობას, მეგობრობას,


ადამიანურობას და თანხმობას რომ ქადაგებს, საუკუნეთა განმავლობაში ევროპელთა სიშმაგის
საბაბი გახდა.

სახარების სახელით კიდევ რამდენიმე ბოროტება ხდება მიწაზე საზოგადოებრივსა და კერძო


ცხოვრებაში! ამის შემდეგ თავს ნურავინ მოიტყუებს, რომ წიგნი ადამიანებს სარგებლობას
მოუტანს, მოიგონეთ, როგორი ბედი ხვდა იმ ფილოსოფოსთა უმრავლესობას, რომელნიც
ხალხს სიბრძნეს უქადაგებდნენ. მშვენიერი ლექსებით სიბრძნის გამომხატველი ჰომეროსი
მთელ თავის სიცოცხლეში მოწყალებას თხოულობდა. სოკრატე, ათენელებს სიბრძნე
სასიამოვნო გაკვეთილებით - საუბრებითა და თავისი საქციელით რომ უქადაგა, სასამართლოს
განაჩენით მოწამლეს. სოკრატეს ბრწყინვალე მოწაფე, პლატონი, მონად გაყიდეს სწორედ მისი
ადრინდელი მფარველის ბრძანებით. მათზე უფრო ადრე პითაგორა, რომლის ჰუმანურობა
პირუტყვსაც არ ივიწყებდა, კროტონელებმა ცოცხლად დაწვეს. ეგ რა არის! სახელოვან
ადამიანთა უმრავლესობის შესახებ ჩვენამდე დამახინჯებულმა ცნობებმა მხოლოდ იმის გამო
მოაღწია, რომ უმადური ადამიანები ასეთ ცნობებს სიამოვნებით ითავისებენ. თუ მრავალი
დიდებული ადამიანთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ზოგიერთის სახელმა მოაღწია წმინდად და
სპეტაკად, ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი თანამედროვეთაგან განცალკავებულად
ცხოვრობდნენ. ამ მხრივ ეს ადამიანები ჰგავდნენ ძველი საბერძნეთისა და იტალიის
ქანდაკებებს, რომელნიც ბარბაროსებს იმით გადაურჩნენ, რომ მიწაში იყვნენ დამარხულნი.

ამრიგად, მეცნიერის მშფოთვარე სახელის მოსახვეჭად საჭიროა გმირობა და თავგანწირვა.


თქვენ ფიქრობთ, რომ საფრანგეთში ამ სახელით მდიდრების ყურადღებას მიიქცევთ? მათ
ნაკლებ აინტერესებთ სწავლულები. ასეთ ხალხს თავიანთ სამშობლოში ცოდნა არც ღირსებას,
არც თანამდებობას, არც მეფის კარზე მოხვედრის საშუალებას არ აძლევს. ჩვენი საუკუნე,
სიმდიდრისა და სიამოვნების გარდა ყველაფერს გულგრილად რომ ეკიდება, ცოტა ვინმეს თუ
სდევნის, მაგრამ მაინც განათლებითა და სათნოებით ვერ შეიქმნი თვალსაჩინო
მდგომარეობას, რადგან სახელმწიფოში ყველაფერი ფულად ფასობს. ოდესღაც ეკლესია,
სასამართლო და ადმინისტრაცია განათლებულ და სათნო ადამიანებს ჯილდოდ სხვადასხვა
თანამდებობას აძლევდნენ. ახლა კი განათლებითა და სათნოებით აღჭურვილი პირნი
მხოლოდ წიგნებს წერენ. მაგრამ მათი შრომის ნაყოფი მაინც ღირსია თავისი ციური
წარმოშობისა, თუმცაღა მაღალი საზოგადოება მას არცთუ ისე აფასებს. სწორედ ამ წიგნებს
ხვდა წილად, ადიდონ მოკრძალებული სათნოება, ნუგეში სცენ უბედურთ, გაანათლონ ხალხები
და მეფეებსაც სიმართლე უთხრან. ეს, უეჭველად, ყველაზე უფრო დიდებული მოწოდებაა,
რითაც კი ცას შეუძლია ადამიანს პატივი დასდოს. ვინ იქნება ისეთი, მდიდრების ზიზღითა და
უსამართლობით დასჯილმა თავი არ ინუგეშოს იმით, რომ მისი ნაშრომი საუკუნეებს
გადალახავს, ხალხთა შორის გავრცელდება და გადაიქცევა შეცდომის დასაძლევ და ტირანების
ამლაგმავ საშუალებად; თავი არ ინუგეშოს იმით, რომ ირგვლივ გამეფებული წყვდიადიდან
მისი სახელი დიდებით აელვარდება? ეს დიდება დაჩრდილავს მეფეთა უმრავლესობის
ხსოვნას, რომელთა ძეგლებს დავიწყების მტვერი ედებათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ძეგლებს
მლიქვნელები უდგამდნენ და ხოტბას ასხამდნენ.

პოლი

ეჰ! დიდებას მხოლოდ იმისათვის ვისურვებდი, რომ ვირჟინისათვის გამენაწილებინა და ამით


ის მსოფლიოსათვის ძვირფასი გამეხადა. თქვენ, ამდენი ცოდნა რომ გაქვთ, მითხარით,
დავქორწინდებით თუ არა მე და ვირჟინი ოდესმე? მე ვისურვებდი, იმისათვის მაინც
ვყოფილიყავი მეცნიერი, რომ მომავალი განმეჭვრიტა.

მოხუცი

ადამიანს თავისი მომავალი რომ სცოდნოდა, სიცოცხლეს ვინ ისურვებდა, შვილო ჩემო?!
წარმოიდგინე, მარტო უბედურების წინათგრძნობა რამდენ ამაო წუხილს გვანიჭებს,
უბედურების მოლოდინი კი მოგვიწამლავდა მთელ სიცოცხლის დღეებს. ის კი არა, აწმყოსაც არ
უნდა ჩავუფიქრდეთ ღრმად. ზეცამ აზრი საჭიროებათა გასათვალისწინებლად მოგვცა და
საჭიროებანიც შეგვიქმნა, რათა ჩვენი აზროვნება შემოეფარგლა.

პოლი

თქვენ ამბობთ, რომ ევროპაში ფულით შეიძლება მაღალი წოდებისა და პატივისცემის


მოპოვება. მაშინ ბენგალიაში გავემგზავრები გასამდიდრებლად, იქიდან კი პარიზს წავალ და
ვირჟინიზე დავქორწინდები, აუცილებლად წავალ!

მოხუცი

როგორ! მიატოვებთ დედათქვენსა და დედამისს?

პოლი

ინდოეთში გამგზავრება აკი თქვენ თვითონ მირჩიეთ?

მოხუცი

ვირჟინი მაშინ აქ იყო. ახლა ოჯახის ერთადერთი ბურჯი თქვენა ხართ.

პოლი

დედებს ვირჟინი დაეხმარება თავისი მდიდარი ნათესავების წყალობით.

მოხუცი

მდიდრები მხოლოდ მაშინ ეხმარებიან სხვებს, როცა ეს დახმარება მათ საზოგადოებაში


გამოაჩენთ. მათ ქალბატონი დე ლატურზე უფრო შესაბრალისი ნათესავები ჰყავთ. დახმარებას
მოკლებული ეს ადამიანები იძულებულნი არიან, ლუკმა-პურისათვის თავისუფლება დათმონ
და მთელი სიცოცხლე მონასტერში კარჩაკეტილად იცხოვრონ.

პოლი
ეს ევროპა რა ქვეყანა ყოფილა?! ოჰ! ვირჟინი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. რად უნდა ის
მდიდარი ნათესავი! ამ ქოხების ჭერქვეშ ვირჟინი ისეთი კმაყოფილი იყო, ისეთი ლამაზი,
როგორ უხდებოდა, წითელი მანდილით თავს კოხტად რომ წაიკრავდა, ან ყვავილებით
შეიმკობდა! დაგვიბრუნდი ვირჟინი! მიატოვე სასახლეები, ნუ გინდა მანდაური დიდება!
დაუბრუნდი ამ კლდეებს, ჩვენი ტყეების ჩრდილს და ქოქოსის პალმებს. ვაითუ, შენ ახლა
უბედური ხარ! - და პოლიმ ტირილი დაიწყო - ჩემო მამავ, არაფერი დამიმალოთ. ამას თუ ვერ
მეტყვით, შევირთავ თუ არა ვირჟინის, ის მაინც გამაგებინეთ, კიდევ ვუყვარვარ თუ არა მას, იმის
შემდეგ, რაც მის სანახავად მეფესთან დაახლოებული დიდებულები დადიან.

მოხუცი

ჩემო მეგობარო! მე დარწმუნებული ვარ, რომ ვირჟინის უყვარხართ, ამას ბევრი გარემოება
ადასტურებს, განსაკუთრებით კი ვირჟინის სათნოება.

ეს რომ ვუთხარი უზომოდ გახარებულმა მკერდში ჩამიკრა.

პოლი

დარწმუნებული ხართ, რომ ევროპელი ქალები ნამდვილად ისეთი თვალთმაქცები არიან,


როგორიც თქვენ მიერ მოცემულ კომედიებსა და წიგნებშია გამოყვანილი?

მოხუცი

ქალები იმ ქვეყანაში არიან თვალთმაქცები, სადაც მამაკაცი ტირანია, ძალმომრეობა ყველგან


ცბიერებას წარმოშობს ხოლმე.

პოლი

რაში გამოიხატება ტირანობა ქალების მიმართ?

მოხუცი

როდესაც ქალს მის დაუკითხავად დააქორწინებენ: ახალგაზრდა ასულს - მოხუცზე,


მგრძნობიარე ასულს - უგულო ადამიანზე.

პოლი

მერე და რატომ ერთმანეთის შესაფერებს არ დააქორწინებენ, ახალგაზრდას - ახალგაზრდაზე,


შეყვარებულ ვაჟს - საყვარელ ქალზე?

მოხუცი

ეს იმიტომ ხდება, რომ საფრანგეთში ახალგაზრდების უმეტესობას საკმაო ქონება არა აქვს,
რომ თავის დროზე დაქორწინდეს და გამდიდრებამდე სიბერეც უსწრებს. ახალგაზრდობაში
მეზობლის ცოლებს აცდენენ, სიბერეში კი თავიანთი ცოლების სიყვარულს ვეღარ იმსახურებენ.
ახალგაზრდობაში სხვებს ატყუებენ, სიბერეში კი თვითონ რჩებიან მოტყუებულნი. ეს
მსოფლიოს მომწესრიგებელი სამართლიანობისაგან სამაგიეროს მიზღვაა. ერთის ურიგო
საქციელს მეორის ურიგო საქციელი აწონასწორებს. ამნაირად ევროპელთა უმრავლესობა
ორმაგ გარყვნილებაში ატარებს თავის ცხოვრებას. ასეთი უწესო ცხოვრება მით უფრო იკიდებს
ფეხს, რაც უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში გროვდება სიმდიდრე. ბაღში პატარა ხეები
ვერ გაიხარებს, თუ მათ დიდი ხეები ჩრდილავს, სახელმწიფო ასეთ ბაღსა ჰგავს. მაგრამ არის
განსხვავებაც, დიდი ხეების მცირე რიცხვს შეუძლია ბაღი გაამშვენიეროს. სახელმწიფოს
კეთილდღეობა კი ემყარება ქვეშევრდომების უმრავლესობას, თანასწორობას და არა
მდიდართა მცირე ჯგუფს.

პოლი

მაგრამ ცოლის შესართავად სიმდიდრე რა საჭიროა?

მოხუცი

იმისათვისაა საჭირო, რომ ფუფუნებაში იცხოვრონ და არაფერი აკეთონ.

პოლი

რად გაურბიან მუშაობას ? მე კი ხალისიანად ვმუშაობ.

მოხუცი

იმიტომ, რომ ევროპაში ფიზიკური შრომა დამამცირებლად ითვლება: ამ შრომას მექანიკურ


შრომას ეძახიან. მიწის დამუშავებას ყველაზე უფრო ზიზღით ეკიდებიან. იქ ხელოსანს უფრო
მეტი პატივისცემა აქვს, ვიდრე გლეხს.

პოლი

როგორ! ადამიანთა გამომკვები საქმიანობა ზიზღს იწვევს ევროპაში?! თქვენი არაფერი მესმის.

მოხუცი

ეჰ! ბუნების წიაღში აღზრდილი ადამიანი ვერ გაიგებს ჩვენი საზოგადოების გარყვნილებას.
შეიძლება ზუსტად წარმოიდგინოს წესრიგი, უწესრიგობას კი ვერ წარმოიდგენს. მშვენიერებას,
სათნოებას, ბედნიერებას გარკვეული ზომა აქვს. სიმახინჯეს, გარყვნილებას და უბედურებას კი
- არავითარი.

პოლი

მაშ, მდიდარი ადამიანები ძალიან ბედნიერები ყოფილან. არავითარი დაბრკოლება წინ არ


ეღობებათ და შეუძლიათ თავიანთ საყვარელ არსებას სიამოვნება არ მოაკლონ.

მოხუცი

მდიდრების უმრავლესობას ყოველგვარი სიამოვნება სწორედ იმიტომ ღლის, რომ არავითარი


დაბრკოლება არ ეღობებათ წინ მის ასრულებაში. განა არ გამოგიცდიათ, რომ დასვენება მაშინ
გსიამოვნებთ, როდესაც დაღლილი ხართ, ჭამა - როცა მშიერი ხართ, და წყლის დალევა,
როდესაც გწყურიათ? ასევე, იმ სიამოვნების მიღწევა, სიყვარული რომ გვანიჭებს, მხოლოდ
ბევრი გაჭირვების გადატანით, მსხვერპლის გაღებით შეიძლება. მდიდრებს ფულები ყველა ამ
სიამოვნებას უკარგავს, რადგან ყოველგვარ სურვილს წინასწარ უკმაყოფილებს. ამას
დავუმატოთ მოწყენა, რომელსაც ყველაფრის მოყირჭება იწვევს, და სიმდიდრით გამოწვეული
ქედმაღლობა. ქედმაღლობა უმცირეს გაჭირვებასაც ვერ იტანს და განუზომელი სიამოვნებითაც
ვეღარ ტკბება. ათასი ვარდის სურნელება ერთ წამს აამებს ადამიანს, ვარდის ეკლის ჩხვლეტით
მიყენებულ ტკივილს კი დიდხანს გრძნობს. მდიდრებისათვის ერთი მწუხარება მრავალ
სიამოვნებას შორის ისეა, როგორც ეკალთა შორის ყვავილი, ამიტომ ღარიბები უფრო მძაფრად
განიცდიან სიამოვნებას. ყოველ შთაბეჭდილებას მისი კონტრასტი ზრდის. ბუნებამ ყველაფერი
გააწონასწორა. თქვენი აზრით, რა სჯობია, არაფერის სურვილი არ გქონდეს და ყველაფრის
გეშინოდეს, თუ არაფრის გეშინოდეს და ყველაფრის სურვილი გქონდეს? პირველი -
მდიდრების ხვედრია, მეორე - ღარიბებისა. მაგრამ ეს ორი უკიდურესობა ადამიანებისათვის
ერთნაირად ძნელი ასატანია, რადგან ბედნიერება ზომიერებასა და სათნოებაშია.

პოლი

თქვენ როგორ გესმით სათნოება?

მოხუცი

ჩემო შვილო, თქვენ, ვინც მშობლებს საკუთარი შრომით არჩენთ, არ გესაჭიროებათ ახსნა იმისა,
თუ რა არის სათნოება. სათნოება სხვისი კეთილდღეობისათვის ზრუნვაა, რათა ამით მხოლოდ
ღმერთს აამო.

პოლი

ოჰ! რა სათნო ყოფილა ვირჟინი. სათნოებამ ასურვებინა გამდიდრება იმისათვის, რომ


ქველმოქმედი გამხდარიყო. სათნოების გამო გაემგზავრა ამ კუნძულიდან. სათნოებავე
დაგვიბრუნებს მას.

***
იმაზე ფიქრი, რომ ვირჟინი ჩქარა დაბრუნდებოდა, ამ ახალგაზრდა ვაჟის ფანტაზიას
აღაგზნებდა და მოუსვენრობას უნელებდა. ვირჟინი იმიტომ არ იწერება, რომ მალე უნდა
ჩამოვიდეს. რა ცოტა დრო დასჭირდება ევროპიდან ჩამოსვლას, თუ ზურგის ქარი ხელს
შეუწყობსო და პოლი ჩამოთვლიდა ხოლმე გემებს, რომლებმაც სამ თვეზე ნაკლები დრო
მოანდომეს ოთხი ათას ხუთასი ლიეს გავლას. გემი, რომლითაც ვირჟინი გამოემგზავრება, ორ
თვეზე მეტს არ მოანდომებს გზას, რადგან გემის ოსტატები დღეს ისე სწავლულები და
მეზღვაურები ისე დახელოვნებულნი არიანო. პოლი გვიყვებოდა, როგორ მოაწყობდა ვირჟინის
შესახვედრად ახალაშენებულ ბინას, რა მოულოდნელი საჩუქრებით გაახარებდა და
ასიამოვნებდა. ყოველდღე, როცა ის მისი ცოლი გახდებოდა. მისი ცოლი!.. ამ ოცნებით
აღტაცებული იყო.

- ჩემო მამავ, - მეუბნებოდა, - მაშინ ისეთს აღარაფერს გაგაკეთებინებთ, რაც თქვენ არ


გესიამოვნებათ. ვირჟინი მდიდარი იქნება, ბევრი ზანგი გვეყოლება და ისინი იმუშავებენ. თქვენ
სულ ჩვენთან იცხოვრებთ. არაფერი გექნებათ საზრუნავი გარდა იმისა, თუ როგორ გაიხაროთ
და გაერთოთ.

და აღფრთოვანებული პოლი შინისაკენ მიეშურებოდა, რომ ოჯახის წევრებისათვის


გაეზიარებინა თავისი დამათრობელი სიხარული.

მაგრამ დიდ იმედს უცბად დიდი შიში ცვლის ხოლმე. შმაგი ვნება ადამიანს ერთიმეორის
საწინაღმდეგოდ უკიდურესობაში აგდებს, შეწუხებული პოლი ხშირად მეორე დღესვე მორბოდა
ჩემთან.
- ვირჟინი არაფერს მწერს! - მეუბნებოდა იგი, - ევროპიდან რომ გამომგზავრებულიყო,
მაცნობებდა! ვირჟინის შესახებ გავრცელებული ხმები არ უნდა იყოს სიმართლეს მოკლებული.
ალბათ, პაპიდამ დიდკაცს მიათხოვა. ვირჟინი, როგორც ბევრი სხვა, სიმდიდრის სიყვარულმა
დაღუპა, იმ წიგნებში, ქალებს ასე კარგად რომ გვიხატავს, სათნოება მხოლოდ მოთხრობის
თემაა. ვირჟინი რომ სათნო ყოფილიყო, თავის საკუთარ დედასა და მე არ მიგვატოვებდა.
მთელი ჩემი სიცოცხლე მასზე ფიქრში ირევა, მან კი დამივიწყა; მე მოწყენილი ვარ, ის კი
ერთობა. ოჰ! ეს ფიქრები სასოწარკვეთილებაში მაგდებს. ვერავითარ სამუშაოს გულს ვერ
ვუდებ; ყოველგვარი საზოგადოება ჩემთვის სევდის მომგვრელია. ნეტავ, ინდოეთში ომი
დაიწყოს, იქით გავეშურებოდი სიკვდილის საძებნელად.

- ჩემო შვილო, - ვუპასუხე, - ისეთი ვაჟკაცობა, რომელიც სიკვდილისაკენ გვიბიძგებს, წუთიერი


ვაჟკაცობაა. ასეთ გულადობაზე ხშირად ადამიანთა ფუჭი ტაშისკვრა გვაქეზებს. მაგრამ
არსებობს ამაზე უფრო იშვიათი, აუცილებელი ვაჟკაცობა, ის ცხოვრების სიდუხჭირეს
შეუქებლად და მოწმეთა დაუსწრებლად გვატანინებს. მას მოთმინება ჰქვია და სხვების
შეხედულებებს, ან ჩვენს ვნებათა ღელვას კი არ ეყრდნობა, არამედ ღვთის ნებას. მოთმინება
სათნოების გულადობაა.

- ოჰ! - წამოიძახა პოლიმ. - მაშ, სათნოება სრულიად არ მქონია, ყველაფერი მაღონებს და იმედს
მაკარგვინებს.

- მუდამ თანაბარი, მტკიცე, უცვლელი სათნოება ადამიანის ხვედრი არ არის, - ვუპასუხე მე. -
ამდენ ვნებათა ღელვაში გონება გვერევა, გვიბნელდება. მაგრამ არსებობს შუქურები, სადაც
შეგვიძლია კვლავ ავანთოთ მათი ჩირაღდანი: ეს არის მწერლობა. წიგნები, ჩემო შვილო, ღვთის
წყალობაა, ხელოვნებით შთაგონებულმა ადამიანმა შეისწავლა ამ სიბრძნის ჩაწერა. მზის
სხივების მსგავსად მეცნიერება და ლიტერატურა გვინათებს, გვახალისებს, გვათბობს. ის
ღვთიური ცეცხლია. მეცნიერება და ლიტერატურა, ამ ცეცხლის მსგავსად, მთელ ბუნებას ჩვენს
მსახურად ხდის. მათი საშუალებით შეგვიძლია ჩვენ გარშემო შემოვიკრიბოთ საგნები,
ადგილები, ადამიანები და ეპოქები. წიგნები მოგვიწოდებენ ადამიანური, წესიერი
ცხოვრებისაკენ, გვიმშვიდებენ ვნებებს, თრგუნავენ ჩვენს მანკს და გვიღვივებენ სათნოებას კარგ
ადამიანთა ბრწყინვალე მაგალითებით, ადიდებენ და მუდამ მოწიწებით გვიხატავენ ამ
ადამიანებს. წიგნები ცის ასულნი არიან და მიწად იმისთვის მოვლენილან, რომ ადამიანებს
უბედურება შეუმსუბუქონ. მათგან ზეშთაგონებული დიდი მწერლები გამოჩენილან
საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო აუტანელ დროში, ბარბაროსობისა და ზნეობის დაცემის
ხანაში. ჩემო შვილო, წიგნს უნუგეშებია მრავალი, თქვენზე უფრო უბედური ადამიანი:
ქსენოფონტე, სამშობლოდან გაძევებული იმის შემდეგ, რაც მან ათი ათასო ბერძენი დააბრუნა
საბერძნეთში. სციპიონ აფრიკელი, რომაელთა ცილისწამებით დაქანცული; ლუკულუსი,
დაღლილი გაუთავებელი დევნით და კატინა - მეფის კარისკაცთა უმადურობით.
გონებამახვილმა ბერძნებმა ლიტერატურისა და მეცნიერების მფარველ მუზებს მიაკუთვნეს
ჩვენი გონების თითოეული ნაწილი, რათა მათ უხელმძღვანელონ. მაშასადამე, ჩვენც ამ მუზებს
უნდა მივანდოთ ჩვენი ბედის წარმართვა მათ დასამორჩილებლად, აღვირის ამოსადებად.
მუზებმა ჩვენს სულიერ ძალთა მიმართ იგივე მოვალეობა უნდა შეასრულონ, რასაც ასრულებენ
ღვთაებანი: ტალო, კარპო, ოქსო, რომლებიც მზის ეტლში ცხენებს აბამდნენ და მართავდნენ.

მაშ, ჩემო შვილო, იკითხეთ წიგნები, ბრძენნი, რომელთაც ჩვენამდე უწერიათ, მოგზაურნი
არიან, მათ ჩვენზე ადრე გავლეს უბედურების ბილიკები. ისინი ხელს გვიწვდიან, გვიხმობენ,
როდესაც ყველა მიგატოვებს, ჩვენ მოგვმართეთო. კარგი წიგნი კარგი მეგობარია.
- ოჰ! - წამოიძახა პოლიმ. - როდესაც ვირჟინი აქ იყო, წერა-კითხვის ცოდნა არ მჭირდებოდა.
ჩემზე მეტი არც მას უსწავლია, მაგრამ შეუძლებელი იყო მომეწყინა, როდესაც ვირჟინი
შემომხედავდა და ჩემო მეგობაროო, მეტყოდა.

- ჭეშმარიტად, არავინ არის სატრფოზე უკეთესი მეგობარი, - ვუთხარი მე. - გარდა ამისა, ქალს
შეუძლია უზრუნველი მხიარულებით მამაკაცის სევდის გაფანტვა. ქალის მომხიბვლელობა
აქრობს ჩვენი ფიქრების შავ აჩრდილებს, სახეზე მას ნდობა და სინაზე აქვს აღბეჭდილი. ქალს
თავისი ქცევით რა სიხარული არ გაუხდია უფრო მძაფრი? რომელ შეჭმუხნილ შუბლს არ
გაშლის ქალის ღიმილი? მის ცრემლებს რა მრისხანება არ ჩაუქრია! ვირჟინი თქვენზე უფრო
გონიერი დაბრუნდება და ძალიან გაოცდება, მოუვლელ ბაღს რომ ნახავს. თავის მახლობლებს
დაშორებული, მხოლოდ ამ ბაღის გამშვენიერებაზე ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ პაპიდის
დევნას განიცდის.

პოლის მხნეობა ემატებოდა, როცა ფიქრობდა, ვირჟინი მალე დაბრუნდებაო. კვლავ მიწის
დამუშავებას მოჰკიდა ხელი და თავს ბედნიერად გრძნობდა, რადგან დარწმუნებული იყო, ამ
გარჯით თავის სასურველ არსებას ასიამოვნებდა.

ერთ დილას, რიჟრაჟზე (ეს 1744 წლის დეკემბრის 24-ს მოხდა), ახალამდგარმა პოლიმ
„აღმოჩენის მთაზე“ აღმართული თეთრი ბაირაღი დაინახა. ეს ბაირაღი იმის მაუწყებელი იყო,
რომ ზღვაზე გემი შენიშნეს.

პოლი ქალაქისაკენ გაიქცა ამბის გასაგებად, გემმა ვირჟინისაგან რაიმე ახალი ცნობა ხომ არ
მოიტანაო. ის იქ დარჩა ნავსადგურის ლოცმანის დაბრუნებამდე. ლოცმანი ჩვეულების
მიხედვით, ნავით გაემგზავრა გემის შესახვედრად, მხოლოდ საღამოს დაბრუნდა და
გუბერნატორს მოახსენა, ზღვაზე გამოჩენილი „სენ ჟერანი“ არის, მისი ტევადობა შვიდას ტონას
უდრის და კაპიტან ობენს მოჰყავსო; გემი ნაპირიდან ოთხი ლიეს მანძილზეა და პორტ-ლუის
მხოლოდ ხვალ შუადღისას მოადგება, თუ ზურგის ქარი ამოვარდაო. მაშინ ქარი სრულიად არ
იძვროდა. ლოცმანმა გუბერნატორს გადასცა საფრანგეთიდან გემის მიერ ჩამოტანილი
წერილები. ერთი წერილი ქალბატონ დე ლატურის სახელზე იყო, ვირჟინის მიერ
გამოგზავნილი. პოლიმ ამ წერილს მაშინვე ხელი სტაცა, თავდავიწყებით დაკოცნა, უბეში
ჩაიდო და შინისაკენ მოკურცხლა. როგორც კი თავისი ოჯახის წევრები შენიშნა, წერილი
შორიდან მაღლა აწია, რადგან ლაპარაკი აღარ შეეძლო. ისინი პოლის დაბრუნებას
„გამომშვიდობების“ კლდეზე უცდიდნენ. მაშინვე ყველა ქალბატონ დე ლატურისას შეიკრიბა
წერილის მოსაძებნად. ვირჟინი დედას ატყობინებდა, პაპიდა ძალიან ცუდად მეპყრობოდა
კინაღამ ძალით გამათხოვა, მერე მემკვიდრეობა ჩამომართვა და ბოლოს, ისეთ დროს
გამომგზავნა შინ, როცა ზღვაზე გრიგალებია მოსალოდნელი. ამაოდ ვცდილობდი თავი
შემებრალებინა, ამეხსნა, რა მევალებოდა დედისა და ჩემი ბავშვობის მეგობრის მიმართ,
პასუხად პაპიდა უგუნურს და რომანების კითხვით გამოტვინებულ ქალიშვილს მეძახდაო. ახლა
კი მხოლოდ ერთი ბედნიერებითა ვარ შეპყრობილი, რომ კვლავ გნახავთ და ჩემი ოჯახის
წევრებს გულში ჩაგიკრავთ. დღესვე შევისრულებდი ამ მგზნებარე სურვილს, კაპიტანს ნება რომ
მოეცა ლოცმანის ნავით წამოვსულიყავი. კუნძული შორს არის და ზღვა ღელვას იწყებს
მიუხედავად იმისა, რომ ქარი არ იძვრისო, მითხრა მან.

წერილის კითხვის დამთავრებისთანავე სიხარულით დამთვრალმა მთელმა ოჯახმა წამოიძახა:

- ვირჟინი ჩამოვიდა!

ბატონი და მსახური ყველა ერთმანეთს ეხვეოდა. ქალბატონმა დე ლატურმა პოლის უთხრა:

- შვილო ჩემო, წადით ჩვენს მეზობელს ვირჟინის ჩამოსვლა აცნობეთ.


დომინგომ მაშინვე ჩირაღდანი აანთო. ის და პოლი მაშინვე ჩემთან წამოვიდნენ.

ღამის ათი საათი იქნებოდა. ის-ის იყო ლამპა ჩავაქრე და დავწექი, რომ ჩემი ქოხის მესერს
იქით, ხეებს შორის შუქი შევნიშნე, მალე პოლის ხმაც გავიგონე, მეძახოდა. ავდექი, ჩაცმაც ვერ
მოვასწარი, რომ აღელვებული პოლი მკერდს ჩამეკონა, სულს ვეღარ ითქვამდა:

- წავიდეთ, წავიდეთ, - მითხრა, ვირჟინი ჩამოვიდა. წავიდეთ ნავსადგურში, როგორც კი


გათენდება, გემი ღუზას ჩაუშვებს.

იმწამსვე გზას გავუდექით „გრძელი მთის“ ტყეს რომ გავცდით და ნავსადგურისკენ მიმავალ
პამპელმუსის გზაზე გავედით, უკან ვიღაცის ფეხის ხმა მოგვესმა. მივიხედეთ და ზანგი
დავინახეთ, სადღაც მიეშურებოდა. დაგვეწია თუ არა, მაშინვე ვკითხე, საიდან მოდიხარ და ასე
გამალებით საით მიიჩქარით მეთქი.

- ამ კუნძულის „ ოქროს სილის“ უბნიდან მოვდივარ, გამოგზავნეს გუბერნატორს ვაცნობო, რომ


საფრანგეთის გემს ღუზა ჩაუშვია ამბრის კუნძულთან, გემიდან ზარბაზნის სროლით
გვანიშნებენ, ზღვა ძალიან ღელვას და დაგვეხმარეთო.

ზანგმა ეს გვითხრა და თავის გზას გაუდგა.

მაშინ მე პოლის ვუთხარი:

- წავიდეთ ოქროს სილის უბნისკენ ვირჟინის შესახვედრად, აქედან სამ ლიეზე მეტი არ იქნება.

კუნძულის ჩრდილოეთისაკენ გავეშურეთ. სულის შემხუთავი სიცხე იდგა. მთვარე ამოვიდა, მის
გარშემო სამი დიდი წრე შემოვლებოდა. ცა საშინელი ბურუსით იფარებოდა. ხშირად ელავდა
და გაელვებისას ბურუსში ღრუბელთა შავი, სქელი გორები მოჩანდა. ისინი დაბლა ეშვებოდნენ
და კუნძულის შუა ადგილას გროვდებოდნენ. ღრუბლები დიდი სისწრაფით მოქროდნენ
ზღვიდან, თუმცა ხმელეთზე ნიავიც კი არ იძროდა. გზას რომ მივყვებოდი, თითქოს ჭექა-
ქუხილი მოგვესმა. კარგად დავაყურადეთ და ზარბაზნების სროლის ხმა გავარჩიეთ. მის
გრგვინვას გამოძახილი იმეორებდა. ზარბაზნების შორეულმა სროლამ და ქარიშხლის
მომასწავებელი ცის დანახვამ კანკალი დამაწყებინა. აღარ ვეჭვობდი, რომ ზარბაზნის სროლით
შველას ითხოვდა დასაღუპავად განწირული გემი. ნახევარი საათის შემდეგ სროლა შეწყდა და
ეს დუმილი კიდევ უფრო საშინლად მომეჩვენა, ვიდრე ის ავის მომასწავებელი საგანგაშო
სროლა.

ენაჩავარდნილი მივიჩქაროდით, შიშის გაზიარებას ერთმანეთს ვერ ვუბედავდით. შუაღამე


იქნებოდა, რომ ოფლში გაწუწულმა ზღვის ნაპირს მივაღწიეთ „ოქროს სილის“ უბანში.
ტალღები საშინელი ღრიალით ეხეთქებოდნენ კლდეებს, თვალისმომჭრელი, სპეტაკი თეთრი
ქაფითა და ცეცხლოვანი ნაპერწკლებით ფარავდნენ კლდეებსა და ქვიშიან ნაპირებს.
მიუხედავად წყვდიადისა, ამ ნაპერწკლებს ფოსფორულ სინათლეზე გავირჩიეთ ზღვიდან
სილაზე შორს გამოთრეული მეთევზეების ნავები.

იქვე ახლოს, ტყის პირას, ცეცხლის გარშემო თავი მოეყარა ბევრ ადგილობრივ მცხოვრებს.
განთიადის მოლოდინში ჩვენც მათთან დავრჩით. ცეცხლთან რომ ვიჯექით, ერთმა
ადგილობრივმა მცხოვრებმა გვიამბო: ნაშუაღამევს გაშლილ ზღვაში გემი დავინახე, გემი ზღვის
დინებას კუნძულისაკენ მოჰქონდა. შემდეგ ის ღამემ შთანთქა. მზის ჩასვლიდან ორი საათის
შემდეგ ზარბაზნის სროლა გავიგონე. გემი შველას ითხოვდა, მაგრამ ზღვა ისე საშინლად
ღელავდა, ვერ შეძლეს ხომალდს მიშველებოდნენ; ამის შემდეგ სულ მალე გემის ანთებული
ფარნები შევნიშნე და ახლა ვშიშობ, ვაითუ ნაპირთან ახლოს მოსული გემი ჩვენს კუნძულსა და
პატარა კუნძულ ამბრას შორის მდებარე ვიწრო სრუტეში შეიჭრა. ამბრა, ალბათ, იმ სანიშნო
სოლად მიიღო, რომლის მახლობლად პორტ-ლუიში მომავალი გემები ჩაივლიან ხოლმე. თუ ეს
ასე მოხდა, რის დარწმუნებით თქმაც არ შემიძლია, გემი დიდ საფრთხეში არისო. საუბარში
მეორე მცხოვრები ჩაერია: ეს სრუტე, კუნძულ ამბრას ჩვენი ნაპირისაგან რომ ჰყოფს,
მრავალჯერ გადამიცურავს, მისი სიღრმეც გამისინჯავს. გემს ღუზაზე დგომა ძალიან კარგად
შეუძლია, იქ, როგორც საუკეთესო ნავსადგურში, არავითარი საფრთხე არ მოელისო.

- ამ გემზე მთელი ჩემი ქონება რომ გადამეტანა, - დაუმატა მან, - ისევე მშვიდად დავიძინებდი,
როგორც ხმელეთზე.

მესამემ თქვა, შეუძლებელია, რომ ამ სრუტეში, სადაც ნავებიც კი გაჭირვებით დაცურავენ, გემი
შევიდესო. იგი გვარწმუნებდა, მე თვითონ დავინახე, კუნძულ ამბრას იქით გემმა ღუზა როგორ
ჩაუშვაო, ასე რომ, თუ დილას ქარი ამოვარდა, გემი გაშლილ ზღვაში გასვლას, ან ნავსადგურში
შესვლას შეძლებსო. დანარჩენებმა სხვა აზრი გამოთქვეს. ისინი რომ ერთმანეთს შორის
დაობდნენ, როგორც ეს უსაქმურ კრეოლებს სჩვევიათ, მე და პოლი ვდუმდით. გარიჟრაჟამდე იქ
დავრჩით. მაგრამ დილა ისეთი ჩამობნელებული დადგა, რომ ნისლით დაფარულ ზღვაზე
რაიმეს გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა. ბოლოს სივრცეში ბნელი ღრუბელი გავარჩიეთ. ეს,
როგორც გვითხრეს, კუნძული ამბრა იყო, ნაპირიდან მეოთხედი ლიეთი დაშორებული.
სიბნელეში მხოლოდ ის კონცხი მოჩანდა, სადაც ჩვენ ვიდექით და კუნძულის ცენტრში
აღმართული მთების ცალკეული მწვერვალები, ხანდახან რომ გადაიყრიდნენ ღრუბლებს.

დილის შვიდი საათი იქნებოდა, როცა ტყიდან დაფდაფის ხმა მოგვესმა. ეს ხმა გუბერნატორის,
ბატონ დე ლაბურდონეს მოსვლას იუწყებოდა.

გუბერნატორი ცხენზე იჯდა, მას თოფიანი ჯარისკაცთა რაზმი, მრავალი ადგილობრივი


მცხოვრები და ზანგები ახლდა. გუბერნატორმა რაზმი ნაპირზე ჩაამწკრივა და უბრძანა,
თოფები ერთად გაესროლათ. თოფები გავარდა თუ არა, ზღვაზე სინათლეს მოვკარით თვალი,
მაშინვე ზარბაზნის სროლაც გაისმა; დავრწმუნდით, რომ გემი ჩვენს მახლობლად იყო და იმ
მხარეს გავიქეცით, საიდანაც ნიშანი მოგვცეს. ნისლში გავარჩიეთ დიდი გემი და ანძა. გემთან
ისე ახლოს ვიყავით, რომ, მიუხედავად ტალღების ხმაურისა, კაპიტანის სასტვენის ხმა
გავიგონეთ, ის ბრძანებას იძლეოდა. თან მეზღვაურების შეძახილიც მოგვესმა სამჯერ: -
გაუმარჯოს მეფეს! - ასეთი შეძახილები ფრანგებმა უკიდურეს გაჭირვებასა და უდიდესი
სიხარულის დროს იციან. თითქოს ისინი ამ განსაცდელის ჟამს თავიანთ მეფეს მოუხმობდნენ,
დაგვეხმარეო, ან თითქოს იმის თქმა უნდოდათ, რომ მზად ვართ მეფისათვის თავი დავდოთო.

იმ წუთიდან, როდესაც „სენ-ჟერანმა“ გაიგო, რომ ჩვენ ასე ახლოს ვიყავით და დახმარება
შეგვეძლო, ზარბაზნების სროლა არ შეუწყვეტია, ყოველ სამ წუთში ისროდა, ბატონმა დე
ლაბურდონემ ზღვის ნაპირზე ერთმანეთის დაშორებით დიდი კოცონები დაანთებინა.
მახლობელ სოფლებში დაგზავნა ხალხი სანოვაგის, ფიცრების, ბაგირებისა და ცარიელი
კასრების მოსატანად. მალე აუარებელი ადგილობრივი მცხოვრები მოგვაწყდა ზანგების
თანხლებით, მათ საჭმელ-სასმელი, სხვადსხვა ხელსაწყო მოჰქონდათ. ესენი „ოქროს სილის“,
ფლანკოს უბნისა და მდინარე რამპირის ხეობის მოსახლენი იყვნენ. ერთი ყველაზე ძველი
მოსახლე გუბერნატორს მოუახლოვდა და უთხრა:

- ბატონო, მთელი ღამე მთაში ყრუ გუგუნი ისმოდა, ტყეში ქარი არ ქროდა, მაგრამ ხის
ფოთლები შრიალებდა, ზღვის ფრინველებმა მიწას მოაშურეს თავის შესაფარებლად;
ყველაფერი ეს იმას მოასწავებს, რომ გრიგალი ამოვარდება.
- მერე რა, ჩემო მეგობარო, - უპასუხა გუბერნატორმა, - ჩვენ ამისათვის მომზადებული ვართ,
გემიც უსათუოდ მზად არის.

მართლაც, ყველაფერი მოსალოდნელ გრიგალს მოასწავებდა. ცის გუმბათზე დაგროვილი


ღრუბლები შუა ადგილას საშინლად შავი იყო, გარშემო კი მოწითალო-სპილენძისფერი
გადაჰკვროდა. ფაეტონების, ფრეგატების, წყალმკვეთელებისა და ზღვის უამრავი ფრინველის
ძახილი ჰაერს აზანზარებდა. სიბნელის მიუხედავად, ფრინველები ჰორიზონტის ყოველი
მხრიდან კუნძულისაკენ მოისწრაფოდნენ, თავშესაფარს დაეძებდნენ.

დილის ცხრა საათი იქნებოდა, რომ ზღვიდან საშინელი ხმაურობა მოისმა, თითქმის მთების
მწვერვალებს ჭექა-ქუხილით დასერილი წყალთა ნიაღვრები მოსწყდაო.

- გრიგალი! - აღმოხდა ყველას.

საზარლად დაიქროლა ქარმა და ერთ წამს გაფანტა ნისლი, რომელიც კუნძულსა და მასთან
მდებარე სრუტეს ფარავდა. მაშინ „სენ-ჟერანი“ მთლიანად გამოჩნდა: გემბანზე ხალხი
შეჯგუფებულიყო; ქანდარები, აფრები აეკეცათ, ბაირაღი დაეშვათ. გემს ხუთი ბაგირი ჰქონდა.
ოთხი ცხვირისაკენ, ერთი კი კიჩოზე, სათადარიგო. „სენ-ჟერანს“ ღუზა ჩაეშვა ამბრის კუნძულის
ახლოს, იმ ბრაგებს აქეთ, რომლებიც ილ დე ფრანსს სარტყლად აკრავს. გემს ისეთი ადგილი
გაევლო, სადაც მანამდე არც ერთი გემი არ შესულა. ცხვირი გაშლილი ზღვიდან გამომავალ
ტალღებისათვის მიეშვირა. არხში ყოველი ზვირთის შემოჭრა გემს ისე იტაცებდა ზევით, რომ
მთელი მისი წყალქვეშა ნაწილი ჩნდებოდა. ამ დროს კიჩო მთლიანად წყლით იფარებოდა,
თითქოს იძირებაო. ქარი და ზღვა გემს მიწაზე მინარცხებას უპირებდა, მას კი არც იმ გზით
გაბრუნება შეეძლო, საიდანაც შევიდა, არც ბაგირების გადაჭერა, რათა ჩვენი კუნძულისაკენ
გამორიყულიყო, რადგან ნაპირს ხშირი ბრაგები აშორებდა. ყოველი ტალღა ღრიალით
ემსხვრეოდა ზღვის ვიწრო უბეების ნაპირებს და ორმოცდაათ ფუტზე ისროდა მსხვილ-მსხვილ
ქვებს, მერე ტალღა უკან მიხრიალებდა საზარელი გრგვინვა-გუგუნით, ამღვრეული წყალი
რიყის ქვებს მიაგორებდა და ზღვის ფსკერი ტიტვლდებოდა დიდ მანძილზე. ქარით
ამთაგორებული ზღვა ყოველ წამს უფრო და უფრო მძვინვარებდა. ჩვენს კუნძულსა და ამბრას
შორის მოქცეული, თეთრ ქაფად ქცეული, ზვირთებით ღრმად დასერილი სრუტე უზარმაზარ
სუდარას წააგავდა. ვიწრო ყურეს სიღრმეში მოგროვილი ქაფის სიმაღლე ექვს ფუტს აჭარბებდა.
ქარი ქაფის ზედა ნაწილს ხვეტდა და კუნძულზე ნახევარი ლიეს მანძილზე ფანტავდა. ქაფის
თეთრი აუარებელი ფანტელი ილ დე ფრანსზე ქარს მთების ძირამდე მოჰქონდა და ისე
მოჩანდა, თითქოს ერთმანეთს შეერწყაო. ჰორიზონტიდან საშინელი მოხაზულობის ღრუბლები
სწყდებოდა და ზენიტზე ფრინველის სისწრაფით გაიქროლებდა ხოლმე. სხვა ღრუბლები კი
უზარმაზარ კლდეებივით უძრავად იყო დაყუდებული. ცის ლაჟვარდი არსად მოჩანდა,
მხოლოდ მუქი მწვანე და მკრთალი სინათლე ეფინებოდა მიწას, ზღვას და ცას.

მოხდა ის, რისაც გვეშინოდა: დიდი რყევის გამო ცხვირის ბაგირები დაწყდა და, რადგან გემს
მხოლოდ ერთი ბაგირიღა იჭერდა, ტალღამ კლდეს მიანარცხა ნაპირიდან დაახლოებით ორას
ნაბიჯზე. გულგახეთქილ ხალხს საშინელი ღრიალი აღმოგვხდა. პოლი ის-ის იყო ზღვაში უნდა
გადამხტარიყო, რომ მკლავში ხელი ვტაცე.

- ჩემო შვილო, - ვუთხარი მას, - გინდა თავი დაიღუპო?

- უნდა ვუშველო, თუნდაც მოვკვდე... - წამოიძახა მან.

უიმედობამ პოლის გონება დაუბნელა. მაშინ მე და დომინგომ ქამარზე თოკი გამოვაბით, მის
მეორე ბოლოს ხელი მაგრად ჩავჭიდეთ და პოლი „სენ-ჟერანისაკენ“ გავუშვით. ის ხან
მიცურავდა, ხან ბრაგებს მიჰყვებოდა. ზოგჯერ იმედი ეძლეოდა, რომ გემს მიაღწევდა, რადგან
წყალი ხან იხევდა უკან, მერე ისევ ცოფდებოდა, მიტოვებულ ადგილებში კვლავ იჭრებოდა და
გემს წყლის უზარმაზარ ტალღებქვეშ აქცევდა. მოვარდნილი ტალღა ზევით ისროდა გემის
წყალქვეშა წინა ნაწილს; საბრალო, ფეხებდასისხლიანებულ, წყალნაყლაპ პოლის ნაპირისაკენ
სტყორცნიდა, მაგრამ როგორც კი პოლი გონს მოვიდოდა, წამოდგებოდა და ახალი სიშმაგით
გემს მიაშურებდა. ზღვის საშინელმა რწევამ გემი დაარღვია. თავის გადარჩენის იმედი რომ
დაკარგა, ებღაუჭებოდნენ ფიცრებს ქათმის გალიებს, მაგიდებს, კასრებს...

მაშინ ვნახე დაუვიწყარი, გულისმომკვლელი სურათი, „სენ-ჟერანის“ კიჩოს გემბანზე


ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა. იგი ხელს უწვდიდა თავგანწირულ ჭაბუკს, განსაცდელში მყოფი
სატრფოსაკენ რომ მიისწრაფოდა. ეს ვირჟინი იყო. ქალმა მეგობარი გულადობით იცნო. ამ
უსაშველო ხიფათში ჩავარდნილი მშვენიერი არსების ხილვამ გული სიმწრითა და უიმედობით
აგვივსო. ვირჟინის კი ღირსეულად და კეთილშობილურად ეჭირა თავი. ხელით ნიშანს
გვაძლევდა, თითქოს სამუდამოდ გვემშვიდობებოდა. ყველა მეზღვაური ზღვაში გადახტა.
გემბანზე მხოლოდ ერთი მათგანიღა დარჩა. ტიტველი, კუნთოვანი ვაჟკაცი ჰერკულესივით
იდგა. მეზღვაური მოწიწებით მოუახლოვდა ვირჟინის, მის ფეხებთან დაეცა და ტანთ გახდა
დაუპირა. ვირჟინიმ მეზღვაური ღირსეულად მოიშორა და პირი იბრუნა მისგან. მაშინ ნაპირზე
გაისმა გაორკეცებული ძახილი:

- უშველეთ, უშველეთ, არ მიატოვოთ!

მაგრამ ამ დროს წყლის ვეებერთელა, შესაზარი მთა შემოიჭრა კუნძულ აბრასა და ჩვენს ნაპირს
შორის და ღრიალით გაექანა გემისკენ, რათა თავს დასტეხოდა თავისი შავი კალთებითა და
ქაფად ქცეული მწვერვალებით.

ამ საბედისწერო წუთს მეზღვაური წყალში მარტო გადახტა. რაკი ვირჟინი დარწმუნდა, რომ
სიკვდილს თავს ვეღარ დააღწევდა, ერთი ხელი კაბის კალთაზე დაიდო, მეორე - გულზე და
ნათელი თვალები ცას მიაპყრო. ამ წუთებში ვირჟინი ცისკენ გასაფრენად გამზადებულ
ანგელოზს ჰგავდა.

ოჰ! შესაზარო დღევ! ყველაფერი წყალში ჩაინთქა. სიბრალულის გრძნობით შეპყრობილი


ხალხის ნაწილი ვირჟინისაკენ გაიქცა. მისაშველებლად, მაგრამ მოვარდნილმა ტალღამ უკან
გამოტყორცნა ყველა. მათ შორის იყო ის მეზღვაურიც, რომელსაც სურდა ვირჟინის ხსნა.
სიკვდილს გადარჩენილმა ვაჟკაცმა სილაზე დაიჩოქა და წამოიძახა:

- ოჰ, ღმერთო ჩემო! სიკვდილს გადამარჩინე. მაგრამ სიცოცხლეს ხალისით შევწირავდი იმ


ღირსეულ ქალიშვილს, რომელმაც არ ინება ტანით გაეხადა ჩემსავით.

მე და დომინგომ უბედური პოლი გულწასული გამოვათრიეთ ზვირთებიდან. პირიდან,


ყურებიდან სისხლი სდიოდა. გუბერნატორმა ის დოსტაქრებს ჩააბარა, ჩვენ კი ნაპირის
გასწვრივ ძებნას შევუდექით, იქნებ ზღვის მიერ გამორიყული ვირჟინის გვამი ვიპოვოთო.

ქარმა უცბად მიმართულება შეიცვალა, რაც გრიგალის დროს ხშირად ხდება და ჩვენ ვწუხდით,
რომ ვერ შევძელით დაკრძალვის წესის შესრულებით მაინც გვეცა პატივი ამ უბედური
ქალიშვილისათვის. გავშორდით ამ ადგილს შეძრწუნებულნი, განადგურებულნი. თუმცა გემის
დაღუპვას მრავალი მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ უდიდესი შთაბეჭდილება ვირჟინის დაღუპვამ
მოახდინა: ასეთი სათნო

ქალიშვილის ცხოვრება ასე საშინლად რომ დასრულდა, ბევრს განგების არსებობაშიც კი


შეეპარა ეჭვი. ზოგიერთი უბედურება იმდენად საზარი და დაუმსახურებელი არის, რომ ყველაზე
ღვთისმოსავ ადამიანსაც კი რწმენას შეურყევს.
პოლის ცნობიერება თანდათან უბრუნდებოდა. სანამ მომჯობინდებოდა და შესაძლებელი
გახდებოდა მისი შინ გადაყვანა, ერთი მეზობლის ქოხში დააწვინეს. მე და დომინგო ვირჟინის
დედასთან და მის მეგობართან წავედით, რომ ამ საზარელი ამბის გასაგებად შეგვემზადებინა.
როდესაც მდინარე ლატანიერის ხევის კარს მივადექით, ზანგებმა გვითხრეს, ზღვამ მახლობელ
ყურეში გემის აუარებელი ნამსხვრევი გამორიყაო. ჩვენც იქით გავეშურეთ და პირველი, რაც
მისვლისთანავე შევნიშნეთ, ვირჟინის გვამი იყო. სილით დაფარული სხეული ისეთივე
მდგომარეობაში იყო, როგორც დაღუპვის წუთებში. სახის გამომეტყველება ოდნავ შესცვლოდა,
თვალები დაეხუჭა, შუბლს კვლავინდებურად ნათელი ადგა. მხოლოდ განცდილი
სირცხვილისაგან ავარდისფრებულ ლოყებს შერეოდა ზაფრანი. ერთ ხელი კაბაზე ედო, მეორე
გულზე, მაგრად მოკუმშული, გაშეშებული. ამ ხელიდან ძლივს გამოვაცალე პატარა კოლოფი.
როგორ გავვოცდი, როდესაც წმინდა პავლეს ის ხატი ვიცანი, პოლიმ რომ აჩუქა და ვირჟინიმ
შეჰფიცა, შენს ნაჩუქარ ხატს სამარემდე არ მოვიშორებო. ამ უბედურ ქალიშვილის ერთგულების
და სიყვარულის გამოხატულებამ მწარედ ამატირა. დომინგო მკერდში მუშტებს იბაგუნებდა,
მისი მოთქმა-წუხილი იქაურობას აყრუებდა.

ვირჟინის გვამი მეთევზეთა ქოხში მივასვენეთ და მოსავლელად საბრალო მალაბარელ ქალებს


ჩავაბარეთ. მიცვალებულის გაბანაც მათ დაივალეს. სანამ ის ქალები ამ სამწუხარო ვალს
მოიხდიდნენ, ჩვენ ბინაში ავედით. ქალბატონი დე ლატური და მარგერიტი ლოცულობდნენ
გემის ამბის მოლოდინში. როგორც კი ქალბატონმა დე ლატურმა თვალი მომკრა, მომაძახა:

- სად არის ჩემი ქალიშვილი, ჩემი ძვირფასი ქალიშვილი, ჩემი ბავშვი?

ჩემი დუმილი და ცრემლი ეჭვს აღარ იწვევდა, თუ რა უბედურება დაატყდა თავს. უეცრად
ქალბატონი დე ლატურს აუტანელი მწუხარებამ სულის ხუთვა აუტეხა, მხოლოდ მისი ოხვრა-
ქვითინიღა ისმოდა. მარგერიტმა კი წამოიძახა:

- სად არის ჩემი ბიჭი ? ჩემ შვილს ვერ ვხედავ - და გული წაუვიდა.

მარგარეტს მივცვივდით. როდესაც მოვასულიერეთ, დავარწმუნეთ, რომ პოლი ცოცხალი იყო და


გუბერნატორი ზრუნავდა მისთვის. გონს მოსულმა მარგერიტმა მაშინვე თავის მეგობარს
მიხედა. ქალბატონ დე ლატურს მალიმალ გული მისდიოდა. მან მთელი ღამე საშინელ
ტანჯვაში გაატარა. მისი ტანჯვა ისეთი დაუსრულებელი იყო, რომ დავრწმუნდი, დედის
მწუხარებას ვერავითარი მწუხარება ვერ შეედრება. როდესაც გონს მოვიდოდა, ჩამქრალ
თვალებს ცას მიაპყრობდა. მე და მისი მეგობარი ამაოდ ვუჭერდით ხელს ხელზე, ამაოდ
ვეუბნებოდით უნაზეს საალერსო სიტყვებს. ქალბატონი დე ლატური თითქოს ვერც გრძნობდა,
რომ კვლავინდებური სიყვარულით თავს ვევლებოდით და გულშეხუთულს მხოლოდ ყრუ გმინვა
აღმოხდებოდა ხოლმე.

მეორე დღეს, დილით, ტახტრევანით მოიყვანეს პოლი. გონს მოსულიყო, მაგრამ სიტყვის თქმა
არ შეეძლო. მისმა შეხვედრამ დედასთან და ქალბატონ დე ლატურთან, რისიც პირველად
ძალიან მეშინოდა, იმაზე უკეთესი შედეგი გამოიღო, ვიდრე ჩემმა მზრუნველობამ. ამ ორი
უბედური დედის სახეზე ნუგეშის სხივი აციმციმდა. ისინი პოლის გვერდით მიუსხდნენ, მკერდში
იკრავდნენ, ჰკოცნიდნენ. ამ წუთამდე უზომო მწუხარებით გამშრალი ქალების თვალებს
ცრემლი გადმოსცვივდა, მათ პოლის ცრემლებიც შეუერთდა. ეს სამი უბედური არსება ცრემლმა
ცოტა დაამშვიდა. შფოთვა-მწუხარებას ხანგძლივი გარინდება და სამარისებური სიჩუმე
სცვლიდა, რაც სიკვდილის შემზარავ მდუმარებას გვაგონებდა.
***
ბატონმა დე ლაბურდონემ საიდუმლოდ მაცნობა, ჩემი განკარგულებით ვირჟინის გვამი
ქალაქში გადაიტანეს, სადაც პამპელმუსის საყდარში გადაასვენებენო. მაშინვე პორტ-ლუისაკენ
დავეშვი, სადაც კუნძულის ყოველი მხრიდან აუარებელი ხალხი მოზღვავებულიყო ვირჟინის
დაკრძალვაზე დასასწრებად. ვირჟინის სიკვდილით ილ დე ფრანსმა თითქოს დაკარგა, რაც რამ
უძვირფასესი მოეპოვებოდა. ნავსადგურში გემებს იალქნები შეეკეცათ, ბაირაღები დაეხარათ.
დიდი ხანდაზმით ზარბაზნებს ისროდნენ. სამგლოვიარო მსვლელობას წინ გრენადერები
მიუძღოდნენ, თოფები ძირს დაეშვათ, გრძელი კრეპით დაფარული მათი დაფდაფები გლოვის
ხმას გამოსცემდა. ამ მეომრებს, სიკვდილს პირისპირ რომ არა ერთხელ შეხვედრიან
ბრძოლებში და წარბიც არ შეუხრიათ, სასოწარკვეთილება აღბეჭდვოდათ სახეზე. კუნძულის
ყველაზე პატივცემულ ოჯახების შვილებს, თეთრებში ჩაცმულ რვა ქალიშვილს, ხელში პალმის
ტოტები ეჭირათ და ასე მოასვენებდნენ სათნო ამხანაგის ყვავილებით დაფარულ ცხედარს. მას
პატარა ბავშვების გუნდი მოჰყვებოდა გალობით. მერე მოდიოდნენ ადგილობრივი
მცხოვრებლებისა და მმართველი წრეების წარჩინებული პირები, ბოლოს - გუბერნატორი
დიდძალი ხალხის თანხლებით.

ყველაფერი ეს კუნძულის ადმინისტრაციის განკარგულებით იყო მოწყობილი, რათა ვირჟინის


სათნოებისათვის პატივი ეცათ. მაგრამ დაკრძალვის მთელი პროცესია აირია, როცა ვირჟინის
ცხედარი ამ მთის ძირში მოასვენეს და გამოჩნდა ქოხები, რომელთა ბედნიერებასაც ვირჟინი
შეადგენდა. გალობა შეწყდა და ოხვრა-ქვითინის მეტი აღარაფერი ისმოდა. მახლობელი
ბინებიდან ქალიშვილები გუნდ-გუნდად მორბოდნენ, რათა ვირჟინის კუბოს შეხებოდნენ
მანდილებით, კრიალოსნებით, ყვავილებით და წმინდანივით ედიდებინათ. დედები ღმერთს
ევედრებოდნენ, რომ ასეთი ქალიშვილი შესძენოდათ, ახალგაზრდა ვაჟები ასეთ ერთგულ
სატრფოს ნატრობდნენ. ღარიბები - ასეთ ნაზ მეგობარს. მონები კი - ასეთ გულკეთილ
ქალბატონს.

როდესაც ცხედარი საფლავთან მიასვენეს, მადაგასკარელმა ზანგმა და მოზამბიკელმა კაფრმა


ქალებმა თავიანთი წესის მიხედვით ვირჟინის გარშემო ხილიანი კალათები დააწყვეს და
მახლობელ ხეებზე ქსოვილთა ნაჭრები ჩამოჰკიდეს. ბენგალიელმა და მალაბარელმა
ინდოელმა ქალებმა ფრინველებით სავსე გალიები მოიტანეს და ეს ფრინველნი ვირჟინის
ცხედართან გაუშვეს. ასეთი საყვარელი არსების დაკარგვა ყველა ერის ყურადღებას იპყრობს
და გაუბედურებულ სათნოებას ისეთი დიდი ძალა აქვს, რომ თავისი სამარის გარშემო ყველა
სარწმუნოების ხალხს იკრებს.

საჭირო გახდა ვირჟინის სამარესთან მცველების დაყენება. რამდენიმე ღარიბი ქალიშვილი


მთელი ძალით მიიწევდა საფლავში ჩასავარდნად. ამ ქვეყანაზე არავითარ ნუგეშს აღარ ველით,
ისღა დაგვრჩენია, მოვკვდეთ იმასთან ერთად, ვინც ჩვენი ერთადერთი კეთილისმყოფელი
იყოო. ძლივს მოაცილეს ისინი საფლავს.

ვირჟინი პამპელმუსის საყდრის დასავლეთ მხარეს, ბამბუკების ძირას დაასაფლავეს. ვირჟინი


თავის დედას და მარგერიტს წირვაზე რომ დაჰყვებოდა, აქ უყვარდა დასვენება. გვერდით
მიუჯდებოდა იმას, ვისაც მაშინ თავის ძმას ეძახდა.

დაკრძალვიდან დაბრუნებული ბატონი დე ლაბურდონე გაუბედურებულ ოჯახს ეწვია. მას


მრავალრიცხოვანი ამალის მხოლოდ ნაწილი ახლდა. ქალბატონი დე ლატურსა და მის
მეგობარს შესთავაზა ყოველგვარი დახმარება, რაც კი შეეძლო. შეუბრალებელი პაპიდის
მიმართ თავისი აღშფოთება გამოთქვა; პოლის კი მიუახლოვდა და უთხრა:

- ღმერთია მოწმე, მე თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერება მსურდა მხოლოდ. ჩემო მეგობარო,
საფრანგეთში გაემგზავრეთ, მე იქ კარგ სამსახურში მოგაწყობთ. თქვენ არყოფნის დროს
დედათქვენს, როგორც ჩემს საკუთარ დედას ისე მივხედავ, - გუბერნატორს ეგონა, ამ სიტყვებით
დაამშვიდებდა ახალგაზრდა ყმაწვილს. მან პოლის ხელი გაუწოდა, მაგრამ პოლიმ თავისი
ხელი მოარიდა და გუბერნატორი რომ არ დაენახა, სახე მიიბრუნა.

მე დავრჩი ჩემი უბედური ქალების ბინაში, რომ მათ და პოლის, რითაც კი შემეძლო,
დავხმარებოდი. პოლიმ სამი კვირის შემდეგ ძლივს მოახერხა წამოდგომა. მაგრამ, რაც უფრო
ძალას იკრებდა მისი სხეული, მით უფრო ემატებოდა მწუხარება. გაქვავდა, თვალები ჩაუქრა,
რაც უნდა გეკითხათ, პასუხს არ მოგცემდათ. მომაკვდავი დე ლატური მას ხშირად ეუბნებოდა:

- ჩემო შვილო, სანამ თქვენ გიყურებთ, მგონია ჩემს ძვირფას ვირჟინის ვხედავ-მეთქი.

ვირჟინის სახელის გაგონებაზე პოლი კანკალებდა და ქალბატონ დე ლატურს შორდებოდა.


უყურადღებოდ ტოვებდა დედის მუდარას, მის მეგობარ ქალთან დაბრუნებულიყო. პოლი
განმარტოვდებოდა ბაღში, ვირჟინის ქოქოსის პალმის ძირას დაჯდებოდა და თავის სატრფოს
წყაროს თვალს არ აშრობდა. გუბერნატორის ექიმი პოლისა და ქალებს უდიდესი
მზრუნველობით უვლიდა. მან გვითხრა, პოლის რაც კი ესიამოვნება, ის გააკეთოს, არავითარი
წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, შავი ზაფრისაგან ამით თუ დავიხსნით. მხოლოდ ეს არის
ერთადერთი საშუალება, ეს ჯიუტი დუმილი რომ გადავალახვინოთო.

გადავწყვიტე, ექიმის რჩევა შემესრულებინა. როგორც კი პოლი ოდნავ მოღონიერდა, იმწამსვე


დატოვა ბინა და სადღაც წავიდა. მეც თან გავყევი, თვალს არ ვაშორებდი. დომინგოს ვუთხარი,
წამომყოლოდა და საჭმელიც წამოეღო. პოლის, მთიდან დაბლა რომ ეშვებოდა, თითქოს
თანდათან ხალისი და ძალ-ღონე უბრუნდებოდა. ჯერ პამპლემუსის გზას გაჰყვა. როდესაც
ეკლესიასთან, ბამბუკის ხეივანთან მივიდა, სწორედ იმ ადგილისაკენ გაეშურა, სადაც ახლად
დაყრილი მიწა დაინახა, დაიჩოქა, თვალები ცისკენ აღაპყრო და დიდხანს ილოცა. ეს საქციელი
კარგ ნიშნად მივიღე, გონზე მოვა-მეთქი, ვიფიქრე. უმაღლესი არსებისათვის რწმენის
გამოხატვა იმას მოასწავებდა, რომ პოლის სულს ბუნებრიობა უბრუნდებოდა. მე და
დომინგომაც დავიჩოქეთ და მასთან ერთად ვილოცეთ. მერე პოლი წამოდგა, კუნძულის
ჩრდილოეთისაკენ გასწია, ჩვენთვის არც მოუქცევია ყურადღება. ვიცოდი, რომ პოლისათვის
არათუ არავის უცნობებია, სად დამარხეს ვირჟინი, მას არც კი გაუგია, რომ ვირჟინი ზღვამ
გამორიყა; ამიტომ ვკითხე, რად ევედრებოდა ღმერთს ამ ბამბუკების ძირას-მეთქი.

- ჩვენ ხშირად ვყოფილვართ აქ, - მიპასუხა.

პოლიმ ტყის პირამდე განაგრძო გზა. ამასობაში დაღამდა კიდეც. როგორც იყო ცოტაოდენი
რაღაც შევაჭამე. მერე ბალახებში დავიძინეთ, ხის ძირას. მეორე დღეს ვიფიქრე, პოლი უკან
დაბრუნდება-მეთქი. მართლაც, ცოტა ხანს პამპელმუსის საყდარს, ბამბუკების გრძელ ხეივანს
ჩააშტერდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კიდეც, თითქოს იმ მხარეს სურს წასვლაო. მაგრამ
ანაზდად შემოტრიალდა და ტყეში მიიმალა. პოლის გეზი ჩრდილოეთისაკენ ეჭირა. განზრახვას
მივუხვდი. ამაოდ ვეცადე მისი ყურადღება სხვა რამისკენ მიმეპყრო. შუადღისას „ოქროს სილის“
უბანს მივაღწიეთ. პოლი სწრაფად დაეშვა ზღვის ნაპირისკენ, ამ ადგილის პირდაპირ, სადაც
„სენ-ჟერანი“ დაიღუპა. ამბრის კუნძული და სარკესავით გაკრიალებული სრუტე რომ დაინახა,
წამოიძახა:

- ვირჯინი! ოჰ, ჩემო ძვირფასო ვირჟინი! - და იმწამსვე გულწასული დაეცა.


მე და დომინგომ პოლი შუაგულ ტყეში გადავიყვანეთ და ძლივს მოვასულიერეთ. როგორც კი
გონს მოვიდა, ისევ ზღვის პირას დაბრუნება მოისურვა, მაგრამ ჩვენმა მუდარამ გაჭრა:
საშინელი მოგონებით ნუ განაახლებ შენსა და ჩვენს მწუხარებასო, ვეხვეწებოდით, პოლიმაც
სხვა მიმართულებით გასწია. ერთი კვირის განმავლობაში შემოიარა ყველა ის ადგილი, სადაც
კი ოდესმე თავისი ბავშვობის მეგობართან ერთად ყოფილა. ის ბილიკიც გაიარა, ვირჟინი
შავმდინარისპირელი მონა ქალის შეწყნარების სათხოვნელად რომ მიდიოდა. მერე ინახულა
„სამძუძა მთის“ მდინარის ნაპირები, სადაც მისი სატრფო დაჯდა, სიარული რომ ვეღარ შეძლო,
და ტყის ის ნაწილი, სადაც გზა დაებნათ. ნახა ყველა ის ადგილი, თავისი მიჯნურის შრომას,
გართობას, შექცევას და ქველმოქმედებას რომ მოაგონებდა. „გრძელი მთის“ მდინარე, ჩემი
პატარა ქოხი, მახლობელი ჩანჩქერი, ვირჟინის დარგული ნესვის ხე, კორდი, სადაც მას
სირბილი უყვარდა, ტყის გზაჯვარედინი, სადაც სიმღერით ერთობოდა, ყველაფერი პოლის
ცრემლს აფრქვევინებდა. იგივე გამოძახილი, რომელსაც არა ერთხელ უპასუხებია მათი საერთო
მხიარულება-ჟრიამულისათვის, ახლა მხოლოდ გულისმომკვლელ სიტყვებს იმეორებდნენ: -
ვირჟინი! ოჰ, ჩემო ძვირფასო ვირჟინი!

ამ გაუთავებელ ხეტიალში თვალები ჩაუცვივდა, სახე გაუყვითლდა, ჯანმრთელობა უფრო და


უფრო გაუუარესდა. განცდილ სიამოვნებათა მოგონება აორკეცებდა მის მწუხარებას.
განმარტოება კი უფრო ზრდიდა ტანჯვას, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი უბედური მეგობარი იმ
ადგილებს მომეშორებინა, რომელიც დაკარგულ სატრფოს მოაგონებდა. ამ მიზნით ვილიამსის
უბნის დასახელებული მაღლობებისაკენ წავიყვანე. იქ პოლი არასოდეს ყოფილა. ვაჭრობამ და
მიწათმოქმედებამ ძალიან გამოაცოცხლა, გაამრავალფეროვნა კუნძულის ეს ნაწილი. აქ
ხუროთა ჯგუფები მორებს თლიდნენ, იქ - ფიცრებს ხერხავდნენ. გზებზე ოთხთვალები და
ურმები მიმოდიოდნენ; გაშლილ საბალახოებზე ხარის ჯოგი და ცხენის რემა ძოვდა. მთელი
მიდამო ხშირად იყო დასახლებული. ნიადაგის მაღალი მდებარეობის გამო აქ ევროპის
სხვადასხვაგვარი მცენარეები ხარობდა, მინდვრებში მწიფე პურის ყანები მოჩანდა. ტყის
ახოებში მარწყვი ნოხებად მოფენილიყო. გზების გასწვრივ ვარდის ბუჩქთა ცოცხალი ღობე
მიჰყვებოდა. იქაური სუფთა ჰაერი თუმცა ნერვებს აღაგზნებს, თეთრების ჯანმრთელობაზე
მაინც კარგად მოქმედებს. დიდი ტყეებით გარშემორტყმული მაღლობებიდან, კუნძულის
შუაგულში რომ იყო მოქცეული, თითქმის არ მოჩანდა არც ზღვა, სან პორტ-ლუი, არც
პამპელმუსის ეკლესია, არც სხვა რამ, რასაც შეეძლო

პოლისათვის ვირჟინი მოეგონებინა. იმ მთებიდანაც, რომლებიც პოტ-ლუის მხრიდან


სხვადასხვა ტოტად არის დაყოფილი, ვილიამსის ზეგანის მიმართულებით არაფერის დანახვა
არ შეიძლება. აქ მოჩანს მხოლოდ მაღალი პერპენდიკულარულად დაყუდებული კონცხი, ზედ
აღმართულ კლდეთა გრძელი პირამიდებით, სადაც ღრუბლები გროვდება.

აი, სწორედ იქ წავიყვანე პოლი. მასთან ერთად დავდიოდი მზესა და წვიმაში, ღამითა თუ
დღისით. განზრახ გზას ვრევდი და ტყეში, მინდორში, ნახნავებში დამყავდა, რომ დაღლას მისი
გონება გაერთო, რომ უცხო ადგილების ნახვას, სადაც ვითომდა დაკარგული გზის ძებნამ
მიგვიყვანა. მისი ფიქრებისათვის სხვა მიმართულება მიეცა, მაგრამ შეყვარებულის სული
ყველგან ჰპოვებს თავისი საყვარელი არსების კვალს. არც დღესა და არც ღამეს, არც მარტოობის
სიმშვიდეს, არც სოფლის ხმაურს, დროსაც კი, ამდენი მოგონებები რომ მიაქვს თან, არაფრით
არ შეუძლია ადამიანს სატრფო დაავიწყებინოს. ასევე, რამდენიც უნდა არხიო დამაგნიტებული
ისარი, წონასწორობის მდგომარეობას დაუბრუნდება თუ არა, კვლავ იმ პოლუსისაკენ
შეტრიალდება, რომელიც მას იზიდავს. როდესაც ვილიამსის ზეგანზე გზააბნეულ პოლის
ვეკითხებოდი:

- ახლა საით წავიდეთ?


ის ჩრდილოეთისაკენ შებრუნდებოდა და მეტყოდა:

- აგერ ჩვენი მთები, იქ დავბრუნდეთ.

ნათლად დავინახე, რომ ყოველგვარი ცდა, გამერთო პოლი, ამაო გამოდგა. სხვა გზა აღარ
დამრჩენოდა, იერიში პირდაპირ თვით პოლის ვნებაზე უნდა მიმეტანა და გამომეყენებინა
მთელი ჩემი სუსტი გონების ძალა.

- მესმის, ეს ხომ ის მთებია, სადაც თქვენი ძვირფასი ვირჯინი ცხოვრობდა, - ვუთხარი პოლის, -
აი, თქვენი ნაჩუქარი ხატი, მას სიკვდილის დროსაც კი გულში ჰქონდა ჩაკრული. მისი გული
უკანასკნელ წუთშიც კი თქვენთვის ძგერდა.

პოლის ვუჩვენე ის პატარა ხატი, მან ვირჟინის ქოქოსის პალმების წყაროსთან რომ მისცა. ხატი
დაინახა თუ არა, ჭაბუკს საბედისწერო სიხარულით აუციმციმდა თვალები, დასუსტებული
ხელები სტაცა და ტუჩებთან მიიტანა. მკერდი შეეკუმშა, ჩასისხლიანებულ თვალებში ცრემლი
ჩაუდგა, ტირილს კი ვეღარ ახერხებდა.

- ჩემო შვილო, - ვუთხარი, - ყური დამიგდეთ თქვენს მეგობარს. მე ხომ ვირჟინის მეგობარიც
ვიყავი. თქვენ რომ იმედების ზღვაში ნავარდობდით, მე ხშირად მიცდია, თქვენი გონება
ცხოვრების მოულოდნელი უბედური შემთხვევისთვის მომეზადებინა. რას დასტირით ასე
მწარედ? თქვენს უბედურებას თუ ვირჟინისას? თქვენს უბედურებას? დიახ, უეჭველად ეს
უბედურება ძალიან დიდია. თქვენ დაკარგეთ ქალთა შორის ყველაზე უფრო საყვარელი არსება;
ის იქნებოდა ყველაზე უფრო ღირსეული ცოლი; თავისი ინტერესები ვირჟინიმ თქვენსას
შესწირა და თქვენთვის დათმო სიმდიდრე. თავისი სათნოების ერთადერთი შესაფერი ჯილდოს
თქვენს სიყვარულში ხედავდა. მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ადამიანი, რომელიც უზადო
ბედნიერებას გიქადდათ, თქვენთვის დაუსრულებელი ტანჯვის წყაროდ არ გადაიქცეოდა? მას
თვითონ არაფერი ებადა, მემკვიდრეობაც დაკარგა, უსახსროდ დარჩა, ამიტომ, იძულებული
გახდებოდით, ერთად გეშრომათ. ვირჟინი უფრო განაზებული დაბრუნდებოდა მიღებული
აღზრდის გამო და უფრო გაბედული - გადატანილი უბედურებებით. ის შეეცდებოდა, მხარში
ამოგდგომოდა ყველაფერში, მისი ქედმოხრილი შრომა უფრო დაგტანჯავდათ, ბავშვების
გაჩენა კი უფრო დაგიმძიმებდათ ცხოვრების ტვირთს. მარტო თქვენ უნდა შეგენახათ მოხუცი
მშობლები და ახალშექმნილი ოჯახი.

თქვენ მეტყვით: გუბერნატორი დაგვეხმარებოდაო. მაგრამ არ იცით, რომ ახალშენში, სადაც


ხშირად იცვლებიან მმართველები, კვლავ გეყოლებოდათ დე ლაბურდონეები? რომ აქ უზნეო,
გარყვნილი მმართველი არ ჩამოგივიდოდათ? რა იცით, რომ ასეთი მმართველებისაგან რაღაც
საცოდავი დახმარების მისაღებად თქვენი მეუღლე იძულებული არ გახდებოდა გაარშიყებოდა
მათ? თუ ვირჟინი სისუსტეს გამოიჩენდა მაშინ თქვენ შესაბრალისი იქნებოდით. თუ
გონივრულად მოიქცეოდა, სიღარიბეს თავს დააღწევდით. თავი ბედნიერად უნდა ჩაგეთვალათ,
თუ ვირჟინის სილამაზის სათნოების გამო დევნას არ განიცდიდით იმათგან, ვისგანაც
დახმარების იმედი გექნებოდათ.

დამრჩებოდა ბედნიერება, ის სიმდიდრეზე არ იქნებოდა დამოკიდებული, - მეტყვით თქვენ. - ეს


ბედნიერება საყვარელ არსებაზე ზრუნვა იქნებოდა, რომელიც მით უფრო გეთვისება, რაც
უფრო სუსტი არის. ჩემი საკუთარი წუხილით ვანუგეშებდი. ჩემი სევდით გავახარებდი და ჩვენს
სიყვარულს საერთო გაჭირვებით გავზრდიდიო.

უეჭველად, სათნოება და სიყვარული ამ მწირე სიამოვნებითაც ტკბებიან. ვირჟინი აღარ არის,


მაგრამ თქვენ დაგვრჩით დედამისი და დედათქვენი, ვინც თქვენს შემდეგ მას ყველაზე უფრო
უყვარდა. თქვენი უნუგეშო მწუხარება საფლავის კარამდე მიიყვანს მათ. საკუთარ ბედნიერებად
მათთვის დახმარება დაისახეთ, როგორც თვითონ ვირჟინი მოიქცა. ჩემო შვილო,
ქველმოქმედება სათნოების ბედნიერება არის. ამაზე დიდი და მტკიცე ბედნიერება მიწაზე არ
არსებობს. გაჭირვება სუსტ ადამიანს, წუთისოფლის სტუმარს, აოცნებებს სიხარულზე,
ბედნიერებაზე, სიტკბოებაზე, სიმდიდრეზე, დიდებაზე. დახეთ, სიმდიდრისაკენ გადადგმულმა
ერთმა ნაბიჯმა როგორ გადაგვისროლა უბედურების უფსკრულში! მართალია, თქვენ ამის
წინააღმდეგი იყავით, მაგრამ მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ვირჟინის გამგზავრება მისი და
თქვენი ბედნიერებით არ დაბოლოვდებოდა? ხნიერი და მდიდარი ნათესავის მიპატიჟებამ,
ჭკვიანი გუბერნატორის რჩევამ, ახალშენის მოწოდებამ, მღვდლის გავლენამ და შთაგონებამ
გამოიწვია ვირჟინის უბედურება. ასე მივისწრაფით ჩვენი დაღუპვისაკენ და მოტყუებული
ვრჩებით იმათი კეთილგონიერებითაც კი, ვინც ჩვენ გვხელმძღვანელობს. რასაკვირველია
უმჯობესი იქნებოდა, მათთვის არ დაგვეჯერებინა, არ მივნდობოდით მატყუარა ქვეყნის ხმას,
არ ავყოლოდით მაცდურ იმედს. ამდენ ხალხში, ვინც დღე და ღამე მინდვრად შრომობს, ვინც
ინდოეთში მიემგზავრება გასამდიდრებლად, ვინც ევროპაში თავის სახლში სხვების შრომის
წყალობით განცხრომით ცხოვრობს, არ მეგულება არც ერთი ადამიანი, რომ ბედად არ ეწეროს
ერთ დღეს ყველაზე უძვირფასესის - დიდკაცობის, სიმდიდრის, ცოლის, შვილების, მეგობრის -
დაკარგვა. მრავალ მათგანს ამ უბედურებასთან ერთად სანანებელი ექნება საკუთარი
უგუნურების მოგონებაც. თქვენ კი, გულში რომ ჩაიხედოთ, თავს არ დაემდურებით. ერთგული
დარჩით თქვენი აღთქმისა; თქვენი ახალგაზრდობის გარიჟრაჟზე ბრძენის კეთილგონიერება
გამოიჩინეთ, ბუნების გზას არ ასცდენიხართ. კანონიერი იყო თქვენი სადა, სპეტაკი, უანგარო
განზრახვა. ვირჟინის მიმართ წმინდა უფლებები გქონდათ, რასაც ვერავითარი სიმდიდრე ვერ
შეედრება. ვირჟინი დაკარგეთ, მაგრამ ეს დაკარგვა არ გამოუწვევია არც თქვენს უგუნურობას,
არც ანგარებას, არც თქვენს ცრუ სიბრძნეს, არამედ თვით ღმერთმა ინება ასე; მან სხვების
ვნებათა ღელვა გამოიყენა იმისათვის, რომ თქვენთვის საყვარელი ადამიანი წაერთმია. ასე
ინება ღმერთმა, მან ყველაფერი მოგცათ, იგი ყველაფერს ხედავს, რაც თქვენ მოგიხდებათ, მისი
სიბრძნე არაფერს გიტოვებთ სანანებელსა და სასოწარმკვეთს, რაც თან ახლავს ჩვენი მიზეზით
გამოწვეულ უბედურებას.

თქვენ უბედურებაზე შეგიძლიათ თქვათ: მე ეს უბედურება არ დამიმსახურებიაო. მაშასადამე,


თქვენ ვირჟინის ცხოვრების ამგვარ დასასრულს, მის ბედს დასტირით? ასეთი ბედი ხშირად
უწერია ცნობილსა და მშვენიერ ადამიანებს, მთელ იმპერიებსაც კი. ადამიანის ცხოვრება
მთელი თავისი გეგმებით პატარა კოშკს გავს, რომელსაც თავს გვირგვინი სიკვდილად ადგას.
დაბადებისთანავე ვირჟინი უკვე სასიკვდილოდ იყო განწირული, ბედნიერია, რომ თავის დედის,
მარგერიტისა და თქვენს სიკვდილამდე განთავისუფლდა ცხოვრების ხლართებისაგან, ესე იგი
ერთხელ და უკანასკნელ სიკვდილამდე მრავალჯერ სიკვდილი არ განუცდია!

სიკვდილი, ჩემო შვილო, ბედნიერებაა ყველა ადამიანისათვის; ის ღამეა და სიცოცხლედ


წოდებულ, მოუსვენარ დღეს მოსდევს. სიკვდილის ძილში საუკუნოდ ყუჩდება სნეულება,
ტანჯვა, მწუხარება, შიში, რაც ბედკრული ცოცხალი ადამიანის ხვედრია. დაუკვირდით, ერთი
შეხედვით, ყველაზე ბედნიერ ადამიანებს და დარწმუნდებით, რა ძვირად დაჯდომიათ მათ ეს
ვითომდა ბედნიერება; საზოგადოებრივი პატივისცემა - ოჯახურ უსიამოვნებად; სიმდიდრე -
ჯანმრთელობის დაკარგვად! სხვისი სიყვარულის მოპოვება, რაც იშვიათ სიამოვნებას
წარმოადგენს, - დაუსრულებელი მსხვერპლის გაღებად. ხშირად სხვისთვის თავგანწირული
სიცოცხლის დასასრულს ისინი თავის გარშემო მხოლოდ თვალთმაქც მეგობრებსა და უმადურ
ნათესავებს ხედავენ. ვირჟინი კი ბედნიერი იყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ჩვენთან ყოფნის
დროს ბუნება არ აკლებდა თავის სიკეთეს. ჩვენგან დაშორებულს სათნოების სიკეთე ამკობდა.
იმ საშინელ წამსაც, როდესაც ვხედავდით, როგორ იღუპებოდა ვირჟინი, ის კვლავ ბედნიერი
იყო: როცა თვალს ავლებდა მის გარშემო საყოველთაო მწუხარებაში ჩავარდნილ ახალშენს,
გიცქეროდათ თქვენ, ასე შეუპოვრად რომ მიისწრაფოდით მის გადასარჩენად, გრძნობდა,
როგორი ძვირფასი იყო ის თვითეული ჩვენთაგანისათვის. საფრთხის მოლოდინში გულს
უმაგრებდა თავისი უმანკო ცხოვრების მოგონება, ვირჟინის ჯილდო მხოლოდ სათნოებისათვის
არის განკუთვნილი. ვირჟინი ნათელი სახით შეხვდა სიკვდილს.

ჩემო შვილო, ცხოვრებაში მრავალ უბედურებას ღმერთი მხოლოდ სათნოებას განაცდევინებს


ხოლმე, რათა დაგვანახოს, რომ მხოლოდ სათნოებას შეუძლია ისინი საკეთილოდ აქციოს,
თვითონ კი ბედნიერება და სახელი მოიპოვოს. როდესაც ღმერთი სათნოებას ბრწყინვალე
სახელს უმზადებს, მას დიდ ასპარეზს მიუჩენს და სიკვდილს პირისპირ შეახვედრებს. მაშინ
სათნოების გულადობა მაგალითია ყველასათვის და მისი ტანჯვის მოგონება შთამომავლობას
ცრემლს აფრქვევინებს სამარადისოდ.

აი, ვირჟინისათვის განკუთვნილი უკვდავი ძეგლი მიწაზე, სადაც ყველაფერი წარმავალია და


სადაც მეფეთა უმრავლესობის ხსოვნაც კი სამუდამო დავიწყებას ეძლევა.

ვირჟინი კვლავ ცოცხალია! ჩემო შვილო, ალბათ შეამჩნიე, რომ ქვეყნად ყველაფერი იცვლება,
მაგრამ უკვალოდ არაფერი იკარგება. ადამიანის ვერავითარი ოსტატობა ვერ შესძლებს
ნივთიერების უმცირესი ნაწილაკის მოსპობასაც კი. მაშ, როგორ შეიძლება მოისპოს ის, რაც
აზროვნებდა, გრძნობდა, უყვარდა, სათნო, მორწმუნე და უკვდავებით მოსილი იყო. ეჰ! თუ
ვირჟინი ჩვენთან ბედნიერი იყო, ახლა იგი უფრო ბედნიერია. ღმერთი არსებობს, ჩემო შვილო,
მთელი ბუნება ამას ღაღადებს, არ მჭირდება, თქვენ ეს გიმტკიცოთ. მხოლოდ ბოროტ
ადამიანებს შეუძლიათ უარყონ ის ჭეშმარიტება, რომლისაც ეშინიათ. თქვენ ღმერთს გულით
გრძნობთ, მისი ნამოქმედარი კი თვალწინ გაქვთ. ნუთუ ფიქრობთ, რომ ღმერთი ვირჟინის,
დაუჯილდოვებელს დატოვებდა? ნუთუ თქვენ ფიქრობთ, ყოვლისშემძლეს არ შეეძლო ეხსნა
იგი ზვირთებისაგან? ყოვლისშემძლეს, რომელმაც ეს კეთილშობილი სული ისეთი მშვენიერი
გარეგნობით შეამკო, რომ მასში ღვთაებრივი ხელოვნება იგრძნობოდა. მას, ვინც ადამიანთა
ახლანდელი ბედნიერება თქვენთვის უცნობ კანონზე დააფუძნა, განა არ შეეძლო თქვენთვის
ისევე უცნობი კანონებით ვირჟინისათვის ბედნიერება განემზადებინა? როდესაც ჩვენ
არარაობაში ვიმყოფებოდით, მაშინ აზროვნება რომ შეგვეძლებოდა, მოვახერხებდით განა
ჩვენი მიწიერი არსებობა წარმოგვედგინა? და ახლა ამ ჩვენს ბნელით მოცულ და წარმავალ
არსებობაში განა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოგველის სიკვდილის შემდეგ? განა ღმერთს
ადამიანივით სჭირდება ჩვენი პატარა დედამიწა, რომ იგი თავისი გონიერებისა და მოწყალების
სარბიელად გამოიყენოს? განა არ შეეძლო ღმერთს ადამიანის ცხოვრების გახანგრძლივება
სიკვდილის სამფლობელოშიც? ოკეანეში წყლის წვეთიც კი არ არის, რომ ცოცხალი არსებებით
სავსე არ იყოს, მაშ ნუთუ ცის თაღზე მოძრავ, უთვალავ მნათობთა შორის არც ერთი არაა ჩვენი
ბედის ვარსკლავი? როგორ! ნუთუ უზენაესი გონება და ღვთიური სიკეთე მხოლოდ აქ
ვრცელდება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ? ნუთუ ამ უთვალავ სხივოსან სფეროებზე, მათ
გარემომცველ უსაზღვრო სივრცეებში, არასოდეს რომ არ იციან, რა არის ღამის სიბნელე და
ქარიშხალი, მხოლოდ სიცარიელე და მარადიული არარაობაა? თუ ჩვენ, უსუსურნი, გავბედავთ
საზღვარი დავუდოთ იმ ყოვლისშემძლის ძლიერებას, რომელმაც ყველაფერი მოგვცა, მაშინ,
შეგვიძლია ვიფიქროთ, ჩვენ აქ ღვთის სამფლობელოს საზღვარზე ვართ, სადაც სიცოცხლე
სიკვდილს ებრძვის და უმანკოება - მტარვალობას!

მაგრამ არა, უეჭველად არის სადმე ადგილი, სადაც სათნოება თავის ჯილდოს იღებს. ვირჟინი
ახლა ბედნიერია. ეჰ! ანგელოზთა სამფლობელოდან მას რომ თქვენთან კავშირის გაბმა
შეძლებოდა, იგი გეტყოდათ, როგორც გამოთხოვებისას: „ოჰ, პოლი! სიცოცხლე ტანჯვაა. მე
ბუნების სიყვარულისა და სათნოების კანონთა ერთგულად ჩამთვალეს. მე გადავლახე ზღვები,
რათა მშობლებს დავმორჩილებოდი. უარვყავი სიმდიდრე, რათა ფიცი არ გამეტეხა,
კდემამოსილების დაკარგვას სიცოცხლის დაკარგვა ვამჯობინე. ზეცამ ჩემი ცხოვრების გზა
დასრულებულად ჩათვალა. მე სამუდამოდ დავაღწიე თავი სიღარიბეს, ჭორებს, სულიერ
ქარიშხალს, სხვების ტანჯვის ცქერას, ამიერიდან აღარც ერთ შიშისმომგვრელ უბედურებას
აღარ შეუძლია შემეხოს, და თქვენ კი ნაღვლობთ ჩემზე! მე სპეტაკი და უხრწნელი ვარ, როგორც
სინათლის ნაწილი; თქვენ კი მიხმობთ, ცხოვრების წყვდიადს დავუბრუნდე. ოჰ, პოლი! ოჰ, ჩემო
მეგობარო! გაიხსენე ბედნიერი დღეები, როდესაც დილიდანვე ციური ნეტარებით ვტკბებოდით.
მზის ამოსვლასთან ერთად კლდეების მწვერვალებზე ავდიოდით და მის სხივებთან ერთად
ჩვენი ტყეების შუაგულში შევიჭრებოდით. ჩვენ განვიცდიდით აღტაცებას, რომლის მიზეზის
გამოცნობა თვითონაც არ შეგვეძლო. უმანკო სურვილებით შეპყრობილნი ვნატრობდით
მხოლოდ მზერად გადაქცევას, რომ რიჟრაჟის ფერთა სიუხვით დავმტკბარიყავით; მთლად
ყნოსვად გადაქცევას, რომ ჩვენი მცენარეების სურნელება გვესუნთქა, მთლად სმენად
გადაქცევას, რომ ჩვენი ფრინველების გალობა მოგვესმინა; მთლად გულად გარდაქმნას, რომ ამ
წყალობისათვის მადლობა გვეთქვა. ახლა მშვენიერების უშუალო წყაროსთან ვარ, აქედან
იღებს სათავეს ყველაფერი ის, რაც კი სასიამოვნოა მიწაზე. ჩემი სული ჭვრეტს, იკვებება,
ტკბება, ისმენს, ეხება ყოველივე იმას, რის შეგრძნებაც ადრე მხოლოდ გრძნობათა სუსტი
ორგანოებით შემეძლო. აჰ! რა ენას ძალუძს ამ უკვდავი მზიური ქვეყნის ნაპირთა აღწერა, სადაც
სამარადისოდ დავბინავდი? აქ ჩვენ მთელი სიწმინდით განვიცდიდით ყველაფერს, რის შექმნაც
შეძლეს უბედური არსების სანუგეშოდ ყოვლად ძლიერმა და ციურმა სიკეთემ, ყველაფერს, რაც
შეუძლია გააკეთოს საერთო აღტაცებაში ჰარმონიის დასამყარებლად ერთი და იმავე
ნეტარებით გამსჭვალულ ურიცხვ, არსებათა მეგობრობას. მაშ, შენც აიტანე წილად ხვდომილი
ტანჯვა, რათა შენი ვირჟინის უბედურება კიდევ უფრო გაიზარდოს მარადი სიყვარულითა და
ჩაუქრობელი ჩირაღდნებით გაბრწყინებული ქორწინებით. მე აქ დავუდებდი საზღვარს შენს
ნაღველს, აქ შეგიშრობ ცრემლს, ოო, ჩემო მეგობარო! ჩემო ახალგაზრდა მეუღლევ! აიმაღლე
სული უსაზღვროებისაკენ და წუთიერი ტანჯვა გადაიტანე“.

საკუთარმა აღელვებამ შემაწყვეტინა სიტყვა. პოლი კი ჯერ გარინდებული მიყურებდა, მერე


სასოწარკვეთით წამოიძახა:

- ვირჟინი აღარ არის! ვირჟინი აღარ არის! - ამ მწუხარე სიტყვების შემდეგ კვლავ მიყუჩდა.

მერე გონს მოეგო და თქვა:

- თუ სიკვდილი სიკეთეა, თუ ვირჟინი ბედნიერია, მეც მინდა მოვკვდე, რომ ვირჟინის


შევუერთდე.

ამრიგად, ჩემმა განზრახვამ - პოლი დამემშვიდებინა - მხოლოდ გააძლიერა მისი


სასოწარკვეთილება. მე იმ ადამიანივით ვიქცეოდი, მდინარეში ჩავარდნილი, დასახრჩობად
განწირული მეგობრის შველას რომ ლამობს, მაგრამ ის მეგობარი თავის გადასარჩენად ხელსაც
არ ანძრევს.

პოლი შინ მივიყვანე. დედამისი და ქალბატონი დე ლატური უფრო დასუსტებულნი დამხვდნენ,


ვიდრე დავტოვე, მარგერიტი ყველაზე უფრო შეწუხებული იყო. თუ პატარა საწყენს ცოცხალი
ხასიათის ადამიანები ადვილად იტანენ, ძლიერ უჭირთ დიდი მწუხარების ატანა.

მარგერიტმა მითხრა:

- ჩემო კეთილო მეზობელო! წუხელ სიზმარში თეთრად მორთული ვირჟინი ვნახე, წარმტაც
ჭალებსა და ბაღებში დასეირნობდა. ვირჟინი ჩემთან მოვიდა და მითხრა: ისეთი ბედნიერი ვარ,
ადამიანს შეშურდებაო. გაღიმებული პოლის მიუახლოვდა და თან გაიტაცა. ჩემი შვილის
დაკავებას ვცდილობდი და ვიგრძენი თვითონაც ვშორდებოდი მიწას, გამოუთქმელი
სიამოვნებით მივყვებოდი პოლის. მაშინ ჩემს მეგობართან გამოთხოვება ვისურვე, მაგრამ
დავინახე, მარისა და დომინგოს თანხლებით ისიც თან მოგვდევდა. უფრო უცნაური ის არის,
რომ ასეთივე სიზმარი წუხელის ქალბატონ დე ლატურისაც უნახავს.

- ჩემო მეგობარო, - ვუთხარი, - მწამს, რომ ღვთის უნებურად ამქვეყნად არაფერი ხდება, ზოგჯერ
სიზმარი ჭეშმარიტების მაუწყებელია.

ქალბატონმა დე ლატურიმაც მიამბო, იმავე ღამეს ნახული ისეთივე სიზმარი. ამ


მანდილოსნებისათვის მანამდე არასოდეს შემინიშნავს ცრურწმენა, ამიტომ გამაოცა მათი
სიზმრების დამთხვევამ. გულის სიღრმეში ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს სიზმარი ახდებოდა. ის
შეხედულება, რომ ხანდახან ჭეშმარიტება ძილში გვეცხადება, ძალიან გავრცელებულია
დედამიწის ყველა ხალხს შორის, ეს ძველი დროის უდიდეს ადამიანებსაც სწამდათ, მათ შორის
ალექსანდრე მაკედონელს, ცეზარს, სციპიონს, ორივე კატონს და ბრუტუსს - ამ დიდი გონების
ადამიანებს. ძველი და ახალი აღთქმა ამხდარი სიზმრის უამრავ მაგალითს იძლევა. ამაში
დასარწმუნებლად ჩემი საკუთარი გამოცდილებაც გამომადგება. არაერთხელ
დავრწმუნებულვარ, რომ სიზმარი წინასწარ გაფრთხილებაა ჩვენთვის მზრუნავი უზენაესი
გონების მიერ მოცემული. თუ ვინმე მოისურვებს მსჯელობით დაამტკიცოს ან უარყოს ისეთი
რამ, რაც ჩვენი გონების ფარგლებს სცილდება, მას შრომა ფუჭად ჩაუვლის. მაგრამ თუ
ადამიანის გონება ღვთიური გონების გამოხატულებაა, და თუ მას შეუძლია თავისი განზრახვა,
ფიქრი დედამიწის ყოველ კუთხემდე მიაწვდინოს, რატომ მსოფლიოს მმართველი გონება
მსგავს საშუალებებს ვერ გამოიყენებს იმავე მიზნებისათვის?

მეგობარი თავის მეგობარს ანუგეშებს წერილით, ეს წერილი უამრავი სახელმწიფოს


გადალახავს, ერთმანეთის მოძულე ერებს გაივლის და მხოლოდ ერთ ადამიანს მიუტანს
სიხარულსა და იმედს. მაშ, უმანკოების უზენაეს მფარველს რატომ არ შეუძლია იდუმალი გზით
დახმარება მიაწვდინოს მის მოიმედე სათნო სულს? განა მას თავისი ნების ასასრულებლად
რაიმე გარეგანი ნიშნის გამოყენება სჭირდება!

მას, რომელიც ყოველთვის უჩინრად მოქმედებს?

რატომ არ უნდა გწამდეს სიზმარი? ბოლოს და ბოლოს ამდენი წარმავალი და ამაო გეგმით
ავსილი ცხოვრება სხვა რა არის, თუ არა სიზმარი?

ასეა თუ ისე, ჩემი უბედური მეგობრების სიზმარი მალე ახდა. პოლი ორ თვეში გარდაიცვალა.
თავისი ძვირფასი ვირჟინის სიკვდილის შემდეგ უკანასკნელ წუთამდე განუწყვეტლად მის
სახელს იმეორებდა. რვა დღეში მარგერიტიც სიხარულით მიჰყვა თავის ვაჟს. ასეთი განცდა
მხოლოდ სათნო ადამიანს ენიჭება. ძლიერ ნაზად გამოეთხოვა ქალბატონ დე ლატურს: იმედი
მაქვს, - უთხრა მეგობარს, - რომ მალე ერთმანეთს შორის ისევ საამო და საუკუნო კავშირს
დავამყარებთო.

- სიკვდილი უდიდესი სიკეთეა, - დაუმატა მან. - მისკენ უნდა ვისწრაფოთ. თუ სიცოცხლე


სასჯელია, მის დასასრულს უნდა ვნატრობდეთ. თუ განსაცდელია, - უნდა ვთხოვოთ, რომ იგი
ხანმოკლე იყოს.

შრომისუნარმოკლებული დომინგოსა და მარის მოკვლა მთავრობამ იკისრა. თავიანთი


ქალბატონების შემდეგ მათ დიდხანს აღარ უცოცხლიათ. ძალაგამოლეული ფიდელი მოკვდა იმ
ხანებში, როცა პატრონი გარდაეცვალა.

ქალბატონი დე ლატური ჩემთან გადავიყვანე. უძვირფასეს ადამიანთა დაკარგვას


წარმოუდგენელი სულიერი სიძლიერით იტანდა. ქალბატონი დე ლატური უკანასკნელ წუთამდე
ანუგეშებდა პოლის და მარგერიტს, თითქოს მხოლოდ მათი უბედურება ჰქონდა გადასატანი.
როდესაც ისინი ამქვეყნად აღარ იყვნენ, მათზე ისე მელაპარაკებოდა ყოველდღე, თითქოს
მეზობლად ეგულებოდა ძვირფასი მეგობრები. ერთ თვეში ისიც მათ მიჰყვა.

ქალბატონი დე ლატური მამიდას სრულიად არ უსაყვედურებდა თავის ტანჯვას, პირიქით,


ღმერთს ევედრებოდა, დაეცხრო მამიდის საშინელი სულიერი მღელვარება, რაც, როგორც
შევიტყვეთ, ვირჟინის ასე შეუბრალებლად გამოსტუმრების შემდეგ დაუფლებოდა.

ამ გულქვა ადამიანს მალე უწია თავისმა ცოდვებმა. იქიდან ჩამოსული გემებიდან გავიგეთ მისი
ამბავი, ეს გადაგვარებული ადამიანი თავის გულქვაობამ დასაჯაო. თურმე გვემულობა მოუვიდა
და ერთნაირად აუტანელს ხდიდა მის სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. ხან თავს ჰგმობდა, რომ
თავისი მშვენიერი ვირჟინი ასე უდროოდ გამოასალმა წუთისოფელს და დედამისიც დაღუპა.
ხან ხარობდა, რომ ეს ორი უბედური მოიცილა, ისინი დაბალი მიდრეკილებებით ჩვენს ოჯახს
სახელს უტეხავდნენო. ზოგჯერ პარიზის უამრავი ღარიბის დანახვა აცოფებდა, რატომ არ
გზავნიან ამ მუქთახორებს კოლონიებშიო დასაღუპავადო, ყვიროდა თურმე.

ამტკიცებდა, ყველა ხალხის მიერ გაზიარებული ჰუმანურობის, სათნოებისა და სარწმუნოების


იდეები მხოლოდ მეფეების მოგონილი ამბავი არისო. ცოტა ხნის შემდეგ უეცრად ამის
საწინააღმდეგო უკიდურესობაში ვარდებოდა, ცრუმორწმუნეობრივ შიშს ეძლეოდა და
მომაკვდინებელი საშინელება იპყრობდა. მაშინ უხვ მოწყალებას აძლევდა თავის მოძღვართ,
მდიდარ ბერებს. ემუდარებოდა მათ, მთელ ჩემს ქონებას ღმერთს შევწირავ, ოღონდ
შემიწყალოსო, თითქოს იმ სიმდიდრით უბედურებისათვის რომ ვერ გაიმეტა, ადამიანთა მამის
გულის მოგებას შეძლებდა. ხშირად ეჩვენებოდა ცეცხლმოკიდებული ველები, აგიზგიზებული
მთები, სადაც საშინელი აჩრდილები დაეხეტებოდნენ და ხმამაღლა უხმობდნენ თავისთან. ამ
დროს თავის მოძღვართ ფერხთ უვარდებოდა და ათასნაირ თვითგვემას ეძლეოდა. ზეცა,
სამართლიანი ზეცა სასტიკი სულის ადამიანს შემაძრწუნებელ მოჩვენებებს მიგზავნისო,
ამბობდა.

ასე გაატარა მან რამდენიმე წელი ღვთის უარყოფისა და ცრუმორწმუნეობას შუა. სიკვდილისა
და სიცოცხლის თანაბრად ეშინოდა. მას ასეთ აუტანელ არსებობას ბოლო მოუღო სწორედ იმ
სიმდიდრემ, რასაც ამ მოხუცმა თავისი ბუნებრივი გრძნობები ანაცვალა. დარწმუნდა,
სიკვდილის შემდეგ, მისდა სამწუხაროდ, ამდენი ქონება სწორედ მის საძულველ ნათესავებს
დარჩებოდათ. შეეცადა თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი სხვებისათვის გადაეცა. მაგრამ
ნათესავებმა ისარგებლეს მისი ავადმყოფობით, გვემულობის შეტევით, და როგორც გიჟი
ჩაკეტეს, ქონებას კი მეურვე მიუჩინეს. ამრიგად, საკუთარმა სიმდიდრემ მოუღო ბოლო, როგორც
ამ სიმდიდრემ გაუქვავა გული მის პატრონს, იმავე სიმდიდრემ გადაუგვარა გული ამ სიმდიდრის
ხელში ჩაგდების მსურველთ. მამიდა მოკვდა. მისი უბედურების საწყაული აღავსო ერთმა
გარემოებამ: მას საკმაო გონება შერჩა იმის გასაგებად, რომ გაძარცვეს და შეიზიზღეს სწორედ
იმ ადამიანებმა, ვის შეხედულებებსაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე აფასებდა.

იმავე ლერწმის ძირას, ვირჟინის გვერდით დაკრძალეს მისი მეგობარი პოლი. მათთან ერთად კი
მათი ნაზი დედები და ერთგული მსახურები დამარხეს. ამ უბრალო საფლავებზე არავის
დაუდგამს მარმარილოს ძეგლები, არც მიცვალებულთა სათნოების შესახებ ამოუკვეთიათ
წარწერები, მაგრამ გარდასული ხსოვნა წარუშლელად დარჩა მათგან დავალებულ ადამიანთა
გულში. ამ კეთილშობილ ადამიანთა აჩრდილნი არ საჭიროებენ ფუჭ ქება-დიდებას, რასაც
სიცოცხლეშივე გაურბოდნენ. მაგრამ თუ მათ აჩრდილებს ჩვენი მიწა კიდევ იზიდავს, მაშინ
ისინი უეჭველად ირჩევენ ჩალით დახურულ ქოხებში შესვლას, სადაც შრომის სათნოება
ცხოვრობს; თავისი ბედით უკმაყოფილო სიღარიბისათვის ნუგეშისცემას; ახალგაზრდა
შეყვარებულთა გულში ჩაუქრობელი ცეცხლის დანთებას; ბუნების სიკეთის, შრომისადმი
სიყვარულის გაღვივებას და სიმდიდრისადმი შიშის ჩანერგვას.
ხალხი მეფეთა სადიდებლად აღმართულ ძეგლებს აღარც ახსენებს, ამ კუნძულის ზოგიერთი
ადგილს კი ვირჟინის უკვდავსაყოფი სახელები შეარქვეს. ამბრის კუნძულის მახლობლად
მეჩეჩებს შორის მდებარე ადგილს, სადაც ვირჟინის გემი დაიღუპა, ამ გემის სახელის მიხედვით
„სენ-ჟერანის გასასვლელი“ დაარქვეს. ნახევრად ზღვით დაფარული მიწის იმ გრძელი ზოლის
ბოლოს ხომ ხედავთ, აქედან სამი ლიეს მანძილზე რომ მოჩანს? იმ ადგილს, რომლის
შემოვლაც გრიგალის დაწყების წინადღით „სენ-ჟარანმა“ ვერ შეძლო, „უბედურების კონცხი“
ჰქვია. პირდაპირ, ჩვენ წინ ხევის ბოლოს „საფლავის ყურეა“, იქ სილაში ჩაფლული ვირჟინი
ვნახეთ, თითქოს

ზღვას მოესურვებინოს ოჯახისათვის ქალწულის ცხედრის დაბრუნება და მისი მორცხვობის


წინაშე უკანასკნელი ვალის მოხდა სწორედ იმ კუნძულზე, სადაც ვირჟინიმ თავისი უმანკოებით
სახელი გაითქვა.

ასე ნაზად შეთვისებულო ახალგაზრდებო! უბედურო დედებო!.. ეს ტყეები, სიცოცხლეში


ჩრდილით რომ გფარავდნენ, ეს წყაროები თქვენთვის რომ ჩუხჩუხებდნენ, ეს გორაკები, სადაც
ერთად ისვენებდით, ახლაც დასტირიან თქვენ დაკარგვას. თქვენს შემდეგ ვერავის გაუბედნია
ამ უპატრონოდ მიტოვებული მიწის დამუშავება, ვერც ამ საბრალო ქოხების აღდგენა. თქვენი
თხები გაველურდნენ. ხილის ბაღი განადგურდა, თქვენი ფრინველნი გადაიხვეწნენ და ქორები
დასტრიალებენ ამ მიტოვებულ ხევს, მხოლოდ მათი წივილიღა ისმის.

მე კი მას შემდეგ, რაც თქვენ ვეღარ გხედავთ, ვგავარ მეგობარს, რომელსაც მეგობრები აღარ
ჰყავს. მამას, რომელმაც თავისი შვილები დაკარგა. მოგზაურს, რომელიც მარტო დარჩენილი
დაეხეტება მიწაზე.

კეთილმა მოხუცმა ეს სიტყვები ცრემლთა ფრქვევით წარმოთქვა და გამშორდა. მეც არა


ერთხელ დავღვარე ცრემლი ამ სამწუხარო ამბის მოსმენის დროს.

You might also like