ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

კორნელი კეკელიძე,

ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია

I ტომი გვ. 505-507


მეათე საუკუნის გასულს აგიოგრაფიაში ახალი ხანა იწყება. ძველი კიმენის რედაქცია, როგორც
ზემოთა ვთქვით, ადრევე შეირყვნა მწვალებელთა მიერ; თან, «ლიტონად და მარტივაd აღწერილი
და ენითა მსოფლელთაითა შეწყობილი», ის ვეღარ აკმაyოფილებდა იმ ლიტერატურულ
მიმდინარეობას, რომელმაც მეცხრე საუკუნეში თავი იჩინა ბიზანტიაში და მეათეში
უმწვერვალესად განვითარდა. ამიტომ საბერძნეთის ეკლესიაში იწყეს ძველი ტექსტების
შესწორება და მათი გავრცობა-შემკობა. ამნაირად, აგიოგრაფიაში წარმოიშვა ახალი,
მეტაფრასული, რედაქცია. «საქმე ესე უპირატეს მოიგონა კაცმან ვინმე ფრიად სიტყვიერმან». ძველ
ცხორებათა «ლექსითა და შეწყობითა პირად-პირადად და ხელოვნად თავისა თვისისა მიერ.
შემამკობელმან და უკეთილსათქუმელად და უმჯობესად აღმწერელმან». ეს იყო ბიზანტიის
გამოჩენილი მწერალი სვიმეონ ლოღოთეტი, მეტაფრასტად წოდებული. საკითხი სვიმეონის
მეტაფრასული მოღვაწეობის ხასიათისა და დროის შესახებ, ამდენ ხანს მეცნიერებაში
საცილობელი, საბოლოოდ გამოირკვა 1910 წელს ქართული მასალების საშუალებით, ჩვენს
ხელნაწერებში აღმოჩნდა ორი დოკუმენტი: ერთი, რომელსაც ეწოდება «მოსახსენებელი მცირე
სვიმეონისათვის ლოღოთეტისა, თხრობაი მიზეზთა ამათ საკითხავთა თარგმანისათვის».
ეკუთვნის ეფრემ მცირეს, ხოლო მეორე - იოანე ქსიფილინოსს. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ
სვიმეონ ლოღოთეტს გადაუმეტაფრასებია შემოდგომა-ზამთრის (სექტემბერი - იანვარი) თვეთა
წმინდანების ცხოვრება-მარტვილობანი და თავისი შრომა 982 წელს დაუწყია. ქართველებს ეს
მსხვილი ლიტერატურული ფაქტი, რასაკვირველია, ვერ გამოეპარებოდათ. ისინი იმთავითვე
შედგომიან მეტაფრასული აგიოგრაფიის თარგმნას, ასე რომ მეათე საუკუნის გასულს ქართულ
აგიოგრაფიაში საფუძველი დადებია მეტაფრასულ ჟანრს ექვთიმე ათონელის ხელით. როგორც
ეფრემ მცირის მოწმობისა და ხელნაწერთა მინაწერებიდან ვგებულობთ, სვიმეონ ლოღოთეტის
მეტაფრასები, ექვთიმეს გარდა, ქართულად უთარგმნიათ: დავით ტბელს, სტეფანე სანანოისძეს,
გიორგი მთაწმიდელს, ეფრემ მცირეს, თეოფილე ხუცესმონაზონს, არსენ ვაჩესძესა და იოანე
პეტრიწს. თუ რა მეტაფრასები თარგმნეს დასახელებულმა პირებმა, ამის შესახებ ლაპარაკი იყო
ზემოთ, მათი სამწერლო მოღვაწეობის მიმოხილვისას; ყველაზე მეტი შრომა ამ შემთხვევაში ეფრემ
მცირეს გაუწევია.

სვიმეონ ლოღოთეტმა თავისი შრომა, როგორც ვთქვით, იანვრის თვით გაათავა. მეცნიერებამ
მეტაფრასული მწერლობის შესახებ მეტი არა იცოდა რა. 1912 წელს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ერთი
ქართული დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს, რომ დანარჩენი შვიდი თვე გადაუმეტაფრასებია
იოანე ქსიფილინოსს, რომელიც თავის შრომას 1081 წელს შედგომია. ეს ცნობა სრულიად
ანაზდეული აღმოჩნდა ბიზანტიის მწერლობის ისტორიაში, ამიტომ მან ერთგვარი სენსაცია
გამოიწვია დაინტერესებულ წრეებში. ყველაზე საყურადღებო შეიქნა ის, რომ ქსიფილინოსის
შრომა, რომელიც ბერძნულ ენაზე არ შენახულა, ქართულად თითქმის მთლიანადაა დაცული, ასე
რომ შესაძლებელი ხდება ბიზანტიის საშუალო საუკუნეების მწერლობის ისტორიის ერთ-ერთი
მსხვილი დეფექტის შევსება. ქართულად ეს მეტაფრასები უთარგმნიათ მეთორმეტე საუკუნეში,
მეფე დიმიტრის დროს (1125-1154 წწ.), საფიქრებელია, გელათის მონასტერში. დანამდვილებით
ვერ ვიტყვით, ვინ გადმოთარგმნა ეს კაპიტალური შრომა, მაგრამ, თუ თარგმანის ხასიათს
გავითვალისწინებთ*, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გამოსულია პეტრიწონის
სალიტერატურო სკოლიდან და იოანე პეტრიწის ერთ-ერთ მახლობელ შეგირდს ეკუთვნის.

* ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მთარგმნელი ამ შრომისა არის იოანე პეტრიწი, მაგრამ ახლა უნდა
უარვყოთ ეს: პეტრიწის დროს ითარგმნებოდა ჩვენში სვიმეონ ლოღოთეტის შრომა, იოანე
ქსიფილინოსი კი ჯერ ცნობილი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში თვის პროლოღს, რომელსაც
საფუძელად სვიმეონის მეტაფრასები უდევს, იოანე პეტრიწი არ შეწყვეტდა იანვარზე,
რომელზედაც შეუწყეტია თავისი მეტაფრასები სვიმეონსაც, არამედ ბოლომდის განაგრძობდა, თან
პეტრიწი დიმიტრის მეფობას არ უნდა მოსწრებოდეს.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ მაკარი მესხის მიერ მეცამეტე საუკუნეში ასურული ენიდან


ნათარგმნ თუ გადმოკეთებულ პეტრე მაიუმელის ცხოვრებას, ანდა XVII-XVIII სს. არქიმანდრიტის
იოაკიმე მთაწმიდლის მიერ ბერძნული ენიდან გადმოღებულ თეოდორე სალოსის (სერბიელის)
ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, ქსიფილინოსის - კრებულით დამთავრდა ქართული ნათარგმნი
აგიოგრაფიის ისტორია. მერე არაფერი მნიშვნელოვანი ამ დარგში ქართულ მწერლობას არ
შესძენია, ვინაიდან თვით ბიზანტიის აგიოგრაფიის ისტორიაც მეტაფრასული პერიოდით
დამთავრდა და XI –- XII საუკუნეების შემდეგ იქაც არაფერი ახალი აღარ გაკეთებულა.

როგორც ყველა ქრისტიან ერებს, ქართველებსაც გამოუჩნდათ თავისი საკუთარი წმინდანები;


ამათი «ცხოვრებანი» და «მოქალაქობანი» აღუწერიათ თვით ქართველებს, აგრეთვე თხრობანი ამა
თუ იმ ქართული დღესასწაულის შესახებ. ასე რომ, ჩვენშიაც შექმნილა ყველა ის პირობა,
რომელმაც ხელი შეუწყო ორიგინალური აგიოგრაფიის აღმოცენებასა და განვითარებას. ეს დარგი
თითქმის თანამედროვეა ქართული საეკლესიო მწერლობის დასაწყისისა, თუმცა არ შეგვიძლია არ
აღვნიშნოთ, რომ ჩვენში საკუთარ ქართველთა წმინდანების ცხოვრების აღწერისათვის, როგორც
ჩანს, თავდაპირველად მაინცდამაინც არ ზრუნავდნენ. ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფი,
გიორგი მერჩული, სწუხდა, რომ კლარჯეთის წმინდა მამათა «სიმხნე მოთმინებისაი და სიწმიდით
შრომაი უფლისა სათნო» და სასწაულთა მათთა სიმრავლენი ქუეყანასა მათ ქართლისასა
აღუწერელობითა დაშჭირდესო» და ამისთვის «სასწაულნი მათნი ჟამთა სიმრავლისაგან მიეცნეს
სიღრმესა დავიწყებისასაო». რაჟდენ პირველმოწამის ცხოვრების ავტორი ამბობს: საქართველოში
იმდენი წმინდანი გამობრწყინდა, რომ «დამაკლებს მე ჟამი აღრიცხვად სიმრავლესა მათსა»; ზოგი
მათგანი «აღწერილ არიან წიგნსა შინა უწყებისა მათისასა”, მაგრამ არიან ისეთნიც, «რომელნი ჩუენ
არა უწყით და ზეცას აღწერილ არიან წიგნსა შინა ცხოველთასაო». უფრო მეტ ცრემლებს ღვრის
აგიოგრაფიული გულგრილობიოსათვის კათოლიკოსი ნიკოლოზ გულაბერიძე (1150 –– 1178).
ბერძენთა შორისო, ამბობს ის, დღესაცა «იხილვების ესევითარი საქმე, რამეთუ რაიცა რაიმე უცხო
და საკვირველი საქმე საცნაურ იქმნეს, მყის მასვე ჟამსა შინა მეყსეულად აღწერენ, და ესრეთ
სიმტკიცედ და სახსენებელად მომავალთა ნათესავთათვის ძეგლად წარუწყმედელად დაუტოებენ.
ხოლო უკუეთუ საღმრთოთა მოქმედებათათვის გინათუ ხატთაგან იქმნეს რაი, ანუ თუ ჯუარისა,
გინათუ ნაწილთაგან წმიდათასა, ანუ თუ სხეულსავე შორის მყოფთა წმიდათა კაცთაგან, რადღა
უკუე სახმარ არს სათქუმელად, თუ ვითარ კნინოდენსაცა არარას დაუტოებენ აღუწერელად და
არცა ვიდრემე მისცემენ უფსკრულსა დავიწყებისასა. ხოლო, ვითარცა მრავალგზის ვთქვი,
ესევითარისა მოქმედებისაგან ყოვლად უცხონი არიან და უმეცარნი ნათესავნი ესე
ქართველთანიო». სვეტიცხოველისაგან იმდენი სასწაულები ქმნილაო, განაგრძობს ის, რომ,
«უკუეთუმცა ვის აღეწერნეს, ვითარცა არს ჩვეულებაი ბერძენთა ნათესავისაი, არამცა უკუე
დაიტია სოფელმან ყოველმან აღწერილი წიგნებიო». მიუხედავად ასეთი მოვლენისა, ქართული
ორიგინალური აგიოგრაფია მეტად საყურადღებო დარგია ჩვენი ძველი მწერლობისა, რომელსაც,
წმინდა აგიოგრაფიულ ინტერესს გარდა, თან ახლავს უაღრესი შემეცნებითი ისტორიული
მნიშვნელობა და მხატვრული თხრობის ზემოქმედება.

You might also like