Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია

სახალხო დიპლომატიის განყოფილება

არაოფიციალური თარგმანი

ნატო-ს ისტორიის მოკლე მიმოხილვა


ხშირად ამბობენ, რომ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)
დაფუძნდა საბჭოთა კავშირის მხრიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ. ეს სიმართლის
მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში, ალიანსის შექმნა იყო უფრო მასშტაბური ძალისხმევის
ნაწილი, რომელიც ემსახურებოდა სამ მიზანს: საბჭოური ექსპანსიის შეკავებას,
ნაციონალისტური მილიტარიზმის აღორძინების აღკვეთას ევროპის კონტინენზე ძლიერი
ჩრდილო-ამერიკული გავლენის მეშვეობით და ევროპის პოლიტიკური ინტეგრაციის
ხელშეწყობას.
ამჟამად მეტად რთული წარმოსადგენია მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი შედეგები
ევროპისთვის. ამ კონფლიქტს შეეწირა დაახლოებით 36.5 მილიონი ევროპელის, მათ
შორის 19 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილთა ბანაკები და
ნორმირებული პროდუქტები ყოველდღიური ცხოვრების დომინანტებად იქცა. ზოგიერთ
რეგიონში ბავშვთა სიკვდილიანობამ საგრძნობლად იმატა, ოთხიდან ერთი გარდაცვლილი
ბავშვი იყო. მილიონობით ობლად დარჩენილი დაეხეტებოდა ყოფილი დედაქალაქების
გადამწვარ ნანგრევებში. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ნახევარი მილიონი ადამიანი
უსახლკაროდ დარჩა.
ამასთანავე, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით მოქმედი კომუნისტები საფრთხეს უქმნიდნენ
არჩეულ მთავრობებს მთელს ევროპაში. 1948 წლის თებერვალში ჩეხოსლოვაკიის
კომუნისტურმა პარტიამ, საბჭოთა კავშირის ფარული მხარდაჭერით, დაამხო ამ ქვეყნის
დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობა. ამის შემდგომ, დასავლეთ გერმანიის
დემოკრატიული კონსოლიდაციის საპასუხოდ, საბჭოთა ჯარებმა ბლოკადაში მოაქციეს
მოკავშირეების მიერ კონტროლირებადი დასავლეთ ბერლინი, რათა შეენარჩუნებინათ
თავიანთი ძალაუფლება გერმანიის დედაქალაქში. ბერლინის საჰაერო ხიდის
გმირული ოპერაცია, მართალია, გარკვეულწილად იმედისმომცემი იყო მომავალი
მოკავშირეებისთვის, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირე კვალავაც რჩებოდა უდიდეს
საფრთხედ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

ჩვენი ეპოქის ხელშეკრულება


საბედნიეროდ, იმ დროისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზურგი აქციეს
დიპლომატიური იზოლაციონიზმის ტრადიციულ პოლიტიკას. აშშ-ს მიერ დაფინანსებული
მარშალის გეგმით აღმოჩენილმა დახმარებამ და სხვა საშუალებებმა ხელი შეუწყო
ეკონომიკური სტაბილიზაციის ზრდას. ევროპულ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ
ესაჭიროებოდათ მათი უსაფრთხოების გარანტიები, განსაკუთრებით მანამდე, სანამ
დაიწყებდნენ ურთიერთშორის მოლაპარაკებებსა და სავაჭრო ურთიერთობებს.
სამხედრო თანამშრომლობა და მისი თანმხლები უსაფრთხოება უნდა განვითარებულიყო
ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის პარალელურად.
სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ დასავლეთ ევროპის დემოკრატები, რათა
განეხორციელებინათ უფრო ფართო სამხედრო თანამშრომლობისა და კოლექტიური
თავდაცვის პროექტები, მათ შორის დასავლური კავშირის შექმნა 1948 წელს, რომელიც
მოგვიანებით, 1954 წელს გადაიქცა დასავლეთ ევროპულ კავშირად. საბოლოოდ ნათელი
გახდა, რომ მხოლოდ ნამდვილ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ხელშეკრულებას
შესწევდა უნარი, შეეკავებინა საბჭოთა აგრესია და ამავდროულად, თანმიმდევრულად
აღეკვეთა ევროპული მილიტარიზმის აღორძინება და საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკური
ინტეგრაციისთვის.
ამგვარად, 1949 წლის 4 აპრილს, ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და დებატების შემდეგ,
ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების საყოველთაოდ
ცნობილ მე-5 მუხლში ახალი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ „შეიარაღებული თავდასხმა
ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე ..... მიიჩნევა თავდასხმად ყველას წინააღმდეგ“ და ამგვარი
თავდასხმის შემთხვევაში თითოეული მოკავშირე საპასუხოდ „განახორციელებს ყველა
საჭირო ქმედებას, მათ შორის შეიარაღებული ძალის გამოყენებას“. აღსანიშნავია, რომ
ხელშეკრულების მე-2 და მე-3 მუხლები შეიცავდა მნიშვნელოვან მიზნებს, რომლებიც
არ იყო უშუალოდ დაკავშირებული თავდასხმის საფრთხესთან. მე-3 მუხლი საფუძველს
უყრიდა მოკავშირეთა თანამშრომლობას საბრძოლო მზადყოფნის სფეროში, ხოლო მე-2
მუხლი უქმნიდა მათ გარკვეულ სივრცეს არა-სამხედრო თანამშრომლობისთვის.

1
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
სახალხო დიპლომატიის განყოფილება

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების გაფორმებამ წარმოშვა


მოკავშირეები, ვერ შეიქმნა ის სამხედრო სტრუქტურა, რომელიც ეფექტურ კოორდინაციას
გაუწევდა მათ ქმედებებს. ეს სიტუაცია შეიცვალა, როცა საბჭოური ზრახვებით გამოწვეულმა
მზარდმა შეშფოთებამ კულმინაციას მიღწია პირველი საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდის
დროს 1949 წელს და კორეის ომის დაწყებისას 1950 წელს. ამ მოვლენებმა დრამატული
გავლენა იქონია მოკავშირეებზე. ნატო-მ მალე შექმნა გაერთიანებული შეიარაღებული
ძალების სტრუქტურა სამხედრო შტაბ-ბინით, რომელიც მდებარეობდა პარიზის გარეუბანში
როკენკურში, ვერსალის მახლობლად. ეს იყო ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი
სარდლობის შტაბ-ბინა ანუ SHAPE, რომლის პირველი უმაღლესი მთავარსარდალი ანუ SA-
CEUR იყო ამერიკელი გენერალი დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერი. ამის შემდეგ მოკავშირეებმა
დაარსეს მუდმივი სამოქალაქო სამდივნო პარიზში და დანიშნეს ნატო–ს პირველი
გენერალური მდივანი - გენერალი ლორდ ისმაი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული
სამეფოდან.
დახმარებისა და უსაფრთხოების ქოლგის პრივილეგიით დასავლეთ ევროპაში თანდათან
აღდგა პოლიტიკური სტაბილურობა და დაიწყო ომის შემდგომი ეკონომიკური სასწაული.
ალიანსში გაწევრიანდნენ ახალი მოკავშირეები: საბერძნეთი და თურქეთი 1952 წელს და
დასავლეთ გერმანია 1955 წელს. ევროპის პოლიტიკური ინტეგრაცია პირველ გაუბედავ
ნაბიჯებს დგამდა. დასავლეთ გერმანიის ნატო–ში გაწევრიანების საპასუხოდ საბჭოთა
კავშირმა და მისმა აღმოსავლეთ ევროპის სატელიტმა სახელმწიფოებმა დაარსეს ვარშავის
პაქტი 1955 წელს. ევროპა აღმოჩნდა რთულ ჩიხში, რომლის სიმბოლოდ იქცა ბერლინის
კედლის აღმართვა 1961 წელს.
ამ ხნის განმავლობაში ნატო-მ მიიღო „მასირებული საპასუხო დარტყმის“ სტრატეგიული
დოქტრინა - საბჭოთა კავშირის თავდასხმის შემთხვევაში ნატო უპასუხებდა ბირთვული
იარაღის გამოყენებით. ეს დოქტრინა მიზნად ისახავდა, შეეჩერებინა რისკის ორივე მხარე,
რადგან ნებისმიერ თავდასხმას, თუნდაც პატარას, შეეძლო გამოეწვია სრულმასშტაბიანი
ბირთვული ომი. ამასთანავე, „მასირებული საპასუხო დარტყმის“ დოქტრინამ საშუალება
მისცა მოკავშირეებს, უფრო მეტი ყურადღება გადაეტანათ ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე
დიდი ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შენახვაზე. ალიანსმა ასევე გადადგა პირველი
ნაბიჯები როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო მისიის შესასრულებლად. ალიანსის
დაფუძნების შემდეგ, განსაკუთრებით პატარა მოკავშირე-ქვეყნები ითხოვდნენ უფრო ფართო
არა–სამხედრო თანამშრომლობას და 1956 წლის შემოდგომის სუეცის კრიზისმა ნათლად
აჩვენა პოლიტიკური კოსნულტაციების ნაკლებობა, რამაც გამოიწვია განხეთქილება
ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას შორის. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის მიერ „სპუტნიკის“
სატელიტის გაშვებამ 1956 წელს, როგორც გამოწვევამ ნატო-ს წევრებისთვის, უდიდესი
ბიძგი მისცა მოკავშირეთა გაძლიერებულ სამეცნიერო თანამშრომლობას. ნორვეგიის,
იტალიისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების - „სამი ბრძენი მამაკაცის“ - მიერ
ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიში რეკომენდაციას უწევდა უფრო
ინტენსიურ კონსულტაციებსა და სამეცნიერო თანამშრომლობას მოკავშირეებს შორის.
ამ ანგარიშის დასკვნებმა, სხვა ყველაფერთან ერთად, განაპირობა ნატო-ს სამეცნიერო
პროგრამის დაფუძნება.

თავდაცვიდან განმუხტვის პოლიტიკაზე


გასული საუკუნის 60-იანი წლებში დაიწყო ამ მძიმე, თუმცა სტაბილური სტატუს-ქვოს
შეცვლის პროცესი. ცივი ომის დაძაბულობამ ახლიდან იჩინა თავი, როდესაც საბჭოთა
კავშირის პრემიერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ძლივს აიცილეს
თავიდან კუბის კონფლიქტი და როდესაც უკიდურესად გამწვავდა ამერიკის ჩართულობა
ვიეტნამში. მიუხედავად ამგვარი არახელსაყრელი დასაწყისისა, თავდაპირველად
თავდაცვაზე დაფუძნებული ორგანიზაცია ათწლეულის დასასრულისთვის განასახიერებდა
ახალ ფენომენს: განმუხტვის პოლიტიკას, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბლოკებს შორის
დაძაბულობის შესუსტებას, რაც განპირობებული იყო სტატუს-ქვოს იძულებითი აღიარებით.

2
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
სახალხო დიპლომატიის განყოფილება

ამ ათი წლის განმავლობაში ნატო-მ და უმაღლესმა მთავარსარდლობამ მოულოდნელად


გამოიცვალეს თავიანთი ადგილსამყოფელი. 1966 წლის მარტში საფრანგეთმა განაცხადა
თავისი განზრახვა ნატო-ს გაერთიანებული სამხედრო სტრუქტურებიდან გამოყოფის
შესახებ და მოითხოვა მოკავშირეების ყველა შტაბ-ბინის გადატანა საფრანგეთის
ტერიტორიიდან. 1967 წლის მარტში უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბ-ბინა დაფუძნდა
ბელგიის ქალაქ კასტოში, ხოლო ნატო-ს შტაბ-ბინა იმავე წლის ოქტომბერში გადავიდა
ბრიუსელში. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი მაინც დარჩა ალიანსის შემადგენლობაში და
თანმიმდევრულად გამოხატავდა თავის განზრახვას, გვერდით დადგომოდა მოკავშირეებს
საომარი მოქმედებების შემთხვევაში. მოგვიანებით განხორციელებულ სამშვიდობო
ოპერაციებში შეტანილი წვლილით საფრანგეთმა ასევე დაამტკიცა, რომ იგი წარმოადგენს
ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას კონტრიბუტორს ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის. მოქნილი
პოლიტიკა ყოველთვის იყო ნატო-ს წარმატების საწინდარი და საფრანგეთის გამოყოფამ
ნატო-ს გაერთიანებული სამხედრო სტრუქტურიდან ცხადყო, რომ ნატო, ვარშავის
პაქტისგან განსხვავებით, შემწყნარებლურობას იჩენს მისი წევრების განსხვავებული
მოსაზრებების მიმართ.
ამასთან დაკავშირებით საკმარისია, გავიხსენოთ საბჭოთა კავშირის შეჭრა
ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის აგვისტოში, რამაც დაასრულა ქვეყნის პოლიტიკური
ლიბერალიზაციის პერიოდი და ისტორიაში შევიდა „პრაღის გაზაფხულის“ სახელით.
ისევე, როგორც მსგავსი შეჭრა უნგრეთში 1956 წელს და სამხედრო რეპრესიები ბერლინში
1953 წელს, საბჭოთა ქმედებები ნათლად აჩვენებდა იმას, რაც ცნობილი გახდა, როგორც
ბრეჟნევის დოქტრინა: აღმოსავლეთ ევროპის სატელიტ სახელმწიფოებზე მოკლევადიან
კონტროლსა და გრძელვადიან პოლიტიკურ - ეკონომიკურ რეფორმებს შორის არჩევანის
შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი ირჩევდა მოკლევადიანი კონტროლის შენარჩუნებას. ამ
პოლიტიკის დასასრული ელოდა საბჭოთა ლიდერს, რომელიც მზად იქნებოდა, აერჩია
გრძელვადიანი პერსპექტივის რეფორმები.
განმუხტვის პოლიტიკა მრავალსახოვანი იყო. დასავლეთ გერმანიის კანცლერის ვილი
ბრანდტის „აღმოსავლური პოლიტიკა“ ესწრაფვოდა ევროპული სტაბილურობის
ხელშეწყობას დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის მჭიდრო ურთიერთობების
დამყარების გზით. აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია
ცდილობდა, შეეცვალა „მასირებული საპასუხო დარტყმის“ მშვიდობის ან ტოტალური
ბირთვული ომის აბსოლუტური დიქოტომია. კარიბის (კუბის) კრიზისის შედეგად მიღებული
„მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია აძლიერებდა ნატო-ს ჩვეულებრივი შეიარაღებული
ძალების პოზიციას, სთავაზობდა რა სამხედრო რეაგირების შესაფერის ვარიანტებს
მანამდე, სანამ გადავიდოდნენ საყოველთაო ბირთვულ დარტყმებზე კონფლიქტის
შემთხვევაში. ამავე დროს, 1967 წლის დეკემბერში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის
პიერ არმელის მიერ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიში
სახელწოდებით „ალიანსის მომავალი ამოცანები“ რეკომენდაციას იძლეოდა, რომ ნატო
უნდა დაადგეს პოლიტიკური ხელშეწყობის კურსს, რომელიც შესაძლებელს გახდის
დიალოგს ნატო-სა და ვარშავის ბლოკის ქვეყნებს შორის და შეასუსტებს დაძაბულობას.
ანუ, ნატო-ს როლი მდგომარეობდა არა მხოლოდ სტატუს-ქვოს შენარჩუნებაში, არამედ
მის შეცვლაში.
არმელის ანგარიშმა წვლილი შეიტანა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის
კონფერენციის დაფუძნებაში, რომელიც მოწვეულ იქნა 1973 წელს. ორი წლის
შემდეგ კონფერენცია დასრულდა ჰელსინკის დასკვნითი აქტით. აქტის ხელმომწერი
სახელმწიფოები, მათ შორის საბჭოთა კავშირი და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნები,
ვალდებულებას იღებდნენ, პატივი ეცათ საკუთარი მოქალაქეების ძირითადი
თავისუფლებებისთვის, მათ შორის აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის
თავისუფლებისთვის. საბჭოთა მმართველებმა მოახდინეს აქტის ამ მუხლების დაკნინება
ქვეყნის შიგნით და უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭეს დასავლეთის მიერ საბჭოთა
როლის აღიარებას აღმოსავლეთ ევროპაში. თუმცა, საბოლოოდ საბჭოთა კავშირმა
გაიგო, რომ ვალდებულება აიღო თავის თავზე, გაეტარებინა მძლავრი და პოტენციურად
დამანგრეველი იდეები.

3
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
სახალხო დიპლომატიის განყოფილება

ცივი ომი განახლდა


1979 წელს საბჭოთა ჯარების შეჭრამ ავღანეთში და ევროპაში საბჭოთა საშუალო
სიშორის ბალისტიკური რაკეტების კომპლექსის „პიონერის“ (SS-20 Saber) განლაგებამ
დროებით შეწყვიტა განმუხტვის პოლიტიკა. საბჭოთა ინტერვენციისთვის წინააღმდეგობის
გაწევის მიზნით მოკავშირეებმა მიიღეს ე.წ. „ორმაგი გადაწყვეტილება“, რომლის
მიხედვით გათვალისწინებული იყო, საბჭოთა კავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების
პარალელურად, მომხდარიყო ბირთვული შესაძლებლობების „პერშინგ 2“ რაკეტებისა და
სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების განთავსება ევროპაში. განლაგება არ იყო
დაგეგმილი 1983 წლამდე. ამ დროში მოკავშირეები იმედოვნებდნენ, რომ მიაღწევდნენ
შეთანხმებას შეიარაღების კონტროლზე, რომელიც აღმოფხვრიდა იარაღის საჭიროებას.
საბჭოთა კავშირთან სასურველი შეთანხმების არარსებობამ გამოიწვია შიდა უთახმოება
ნატო-ს წევრებს შორის, როდესაც 1983 წელს დაიწყო ძალთა განლაგების ოპერაციები.
1985 წელს საბჭოთა ხელისუფლებაში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის გამართული მოლაპარაკებების
შედეგად 1987 წელს დაიდო „ხელშეკრულება საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების
შემცირების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებდა ყველა ბირთვული და საშუალო სიშორის
სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის განადგურებას. ამჟამად ეს
განიხილება, როგორც ცივი ომის დასასრულის პირველი ნიშანი. 1980-იან წლებში ასევე
მოხდა ნატო-ს პირველი გაფართოება 1955 წლის შემდეგ, როდესაც დემოკრატიული
განვითარების გზაზე ახლად შემდგარი ესპანეთი შეუერთდა ტრანსლანტიკურ ალიანსს
1982 წელს.
1980 - იანი წლების შუაში საერთაშორისო დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ
საბჭოთა კომუნიზმმა წააგო ინტელექტუალური ბრძოლა დასავლეთთან. დისიდენტებმა
დაანგრიეს კომუნისტური რეჟიმის იდეოლოგიური საყრდენები. ეს იყო პროცესი,
რომელსაც, რეტროსპექტული თვალსაზრისით, თავად საბჭოთა კავშირმა შეუწყო
ხელი თავისი, ვითომდა იმ ადამიანური უფლებების პრინციპების ერთგულებით, რაც
ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს
პოლონეთის კომუნისტური მთავრობა იძულებული გახდა, მოლაპარაკებები გაემართა
ადრე რეპრესირებულ, დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან „სოლიდარობა“ და
მის ლიდერთან ლეხ ვალენსასთან. მალე აღმოსავლეთ ევროპისა და თავად საბჭოთა
კავშირის სხვა დემოკრატი აქტივისტებიც გამოვიდნენ იგივე უფლებების მოთხოვნით.
ამ დროისთვის ვარშავის პაქტის ქვეყნების გეგმიური ეკონომიკა უკვე დაშლის პირას იყო.
საბჭოთა კავშირის დანახარჯები თავდაცვის სფეროში სამჯერ აღემატებოდა აშშ-ის მიერ
იმავე მიზნით გაწეულ ხარჯებს მაშინ, როცა მისი ეკონომიკა ერთი მესამედით მცირე იყო.
მიხეილ გორბაჩოვი ხელისუფლებაში მოვიდა განზრახვით, ფუნდამენტალურად შეეცვლა
კომუნისტური სისტემა რეფორმირების გზით. როდესაც 1989 წელს დაიწყო აღმოსავლეთ
გერმანიის რეჟიმის ნგრევა, საბჭოთა კავშირი, ბრეჟნევის დოქტრინის საწინააღმდეგოდ,
აღარ ჩარეულა ამ პროცესში. ამჯერად, საბჭოთა კავშირმა გრძელვადიანი რეფორმების
გზა არჩია მოკლევადიან კონტროლს, რომელიც სულ უფრო მეტად სცილდებოდა მისი
შესაძლებლობების ფარგლებს, რითაც მსვლელობა მისცა მოვლენათა განვითარებას,
რომელმაც საბოლოოდ გამოიწვია ვარშავის ბლოკის დაშლა.

სიფრთხილე საკუთარ სურვილებთან


ბერლინის კედლის დაცემამ 1989 წლის 9 ნოემბერს თითქოსდა სათავე დაუდო ღია საბაზრო
ეკონომიკის, დემოკრატიისა და მშვიდობის ახალ ერას და მოკავშირეები სკეპტიკური
სიხარულით შეხვდნენ ფაქტს, როცა გაბედულმა დემონსტრანტებმა დაამხეს აღმოსავლეთ
ევროპის კომუნისტური მთავრობები. თუმცა, არსებობდა სახიფათო გაურკვევლობები.
იქნებოდა თუ არა გაერთიანებული გერმანია ნეიტრალური? რა მოელოდა ყოფილ
საბჭოთა რესპუბლიკებში არსებულ ბირთვულ იარაღს? მიაყენებდა თუ არა ნაციონალიზმი
კიდევ ერთხელ ზიანს ევროპის პოლიტიკას? და ეგზისტენციალური საკითხი ნატოსთვის:
არსებობდა ატლანტიკური ალიანსის საჭიროება მომავალში?

4
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
სახალხო დიპლომატიის განყოფილება

ნატო-მ გაუძლო დროს, რადგან, მაშინ , როცა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა, ალიანსმა
კვლავინდებურად შეინარჩუნა ორი თავდაპირველი, თუნდაც დაუწერელი მანდატი:
მილიტარისტული ნაციონალიზმის შეკავება და კოლექტიური თავდაცვის საფუძვლის
უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობდა ევროპის დემოკრატიზაციასა და ინტეგრაციას.
„ევროპის“ განმარტება უბრალოდ გაფართოვდა აღმოსვლეთ მიმართულებით. სანამ
მშვიდობისა და უსაფრთხოების კონსოლიდაცია დაიწყებოდა, ევროპის პოლიტიკაში
კვლავაც დაძრწოდა ერთი აჩრდილი, რომელიც უნდა განდევნილიყო. საფრანგეთ-პრუსიის
ომიდან მოყოლებული, ევროპა ყველა ღონეს ხმარობდა, შეგუებოდა გაერთიანებული
გერმანიის არსებობას მის შუაგულში. ხელახლა გაერთიანებული გერმანიის ალიანსში
შეყვანამ წერტილი დაუსვა ამ უძველეს და დამანგრეველ დილემას.
1991, ისევე როგორც 1949 წელს, ნატო გახდა დიდი პან-ევროპული უსაფრთხოების
არქიტექტურის ფუნდამენტი. 1991 წლის დეკემბერში მოკავშირეებმა შექმნეს
ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო, რომელიც 1997 წელს ევროატლანტიკური
პარტიონორობის საბჭომ შეცვალა. ამ ფორუმმა შეკრიბა ალიანსის წევრები მათ აღმოსავლეთ
ევროპისა და ცენტრალური აზიის მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად, რათა გაემართათ
ერთობლივი კონსულტაციები. ამ ახლად გათავისუფლებული ქვეყნების ან პარტნიორების,
როგორც მათ მალე უწოდეს, უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ნატოსთან ურთიერთობას
ფუნდამენტალური მნიშვნელობა ქონდა მათი მისწრაფებებისთვის სტაბილურობის,
დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თანამშრომლობა ასევე გავრცელდა
სამხრეთისკენ. 1994 წელს ალიანსმა შექმნა ხმელთაშუა ზღვის დიალოგი ხმელთაშუა
ზღვის რეგიონის ექვს არა-წევრ ქვეყანასთან: ეგვიპტესთან, ისრაელთან, იორდანიასთან,
მავრიტანიასთან, მაროკოსა და ტუნისთან, რომელსაც 2000 წელს შეუერთდა ალჟირი.
დიალოგის მიზანია, წვლილი შეიტანოს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და
სტაბლურობის გაძლიერებაში ურთიერთგაგების გაუმჯობესების გზით.
ეს ახალბედა თანამშრომლობა მალე დადგა გამოცდის წინაშე. კომუნიზმის დანგრევამ
გზა მისცა ნაციონალიზმისა და ეთნიკური ძალადობის ზრდას, განსაკუთრებით ყოფილი
იუგოსლავიის ტერიტორიაზე. თავდაპირველად, მოკავშირეები თავს იკავებდნენ,
ჩარეულიყვნენ კონფლიქტში, რომელიც განიხილებოდა, როგორც იუგოსლავიის სამოქალაქო
ომი. მოგვიანებით, როცა კონფლიქტი გადაიზარდა აღიარებულ აგრესიასა და ეთნიკური
წმენდაში, ალიანსმა მიიღო მოქმედების გადაწყვეტილება. თავდაპირველად ნატო-მ სრული
მხარდაჭერა შესთავაზა გაერთიანებული ერების ძალისხმევას, რათა ბოლო მოღებოდა
ომის დანაშაულებს, მათ შორის საზღვაო ბლოკადის სახით განხორციელებულ პირდაპირ
სამხედრო აქციებს. მალე, ამკრძალავი ზონების შექმნას საჰაერო სივრცეში შედეგად მოყვა
ავიადარტყმები მძიმე შეიარაღებაზე გაეროს რეზოლუციების დარღვევისთვის. საბოლოოდ,
ალიანსმა განახორციელა ცხრადღიანი საჰაერო კამპანია 1995 წლის სექტემბერში, რომელმაც
გადამწყვეტი როლი ითამაშა კონფლიქტის დასრულებაში. იმავე წლის დეკემბერში ნატო-მ,
მოახდინა 60 000 კაციანი მულტინაციონალური ძალების განლაგება გაეროს ეგიდით, რათა
დახმარებოდა დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების განხორციელებაში და შეექმნა
მყარი მშვიდობის პირობები. 2004 წელს ნატო-მ თავისი როლი გადააბარა ევროპის კავშირს.
იუგოსლავიის კონფლიქტმა და სხვა პარალელურად მიმდინარე კონფლიქტებმა მთიან
ყარაბახში, საქართველოსა და სხვა რეგიონებში, ნათლად აჩვენა, რომ ცივი ომის შემდეგ
შექმნილი ენერგიის ვაკუუმი გახდა სახიფათო არასტაბილურობის წყარო. აუცილებელი
იყო პარტნიორობის მექანიზმის გაძლიერება იმ მამართულებით, რომ ნატო-ს არაწევრ
ქვეყნებს საშუალება ქონოდათ, ეთანამშრომლათ ალიანსთან, რათა მოეხდინათ ჯერ კიდევ
განვითარების პროცესში მყოფი დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების რეფორმირება
და გამოეყვანათ ისინი სტრატეგიული იზოლაციიდან. განვითარების ხელშემწყობი
ძალისხმევის ფარგლებში ალიანსმა 1994 წელს შეიმუშავა პროგრამა „პარტნიორობა
მშვიდობისთვის“ (პმპ). ეს პროგრამა საშუალებას აძლევდა ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს
ან „პარტნიორებს“, გაეზიარებინათ ინფორმაცია ნატო-ს წევრებთან და განეახლებინათ
თავიანთ შეიარაღება თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.
პარტნიორებს ქონდათ თავისუფლება, აერჩიათ თავიანთი ჩართულობის დონე ალიანსში.
გზა სრული წევრობისკენ რჩებოდა ღიად იმათთვის, ვინც გადაწვეტდა, გაჰყოლოდა მას.

5
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
სახალხო დიპლომატიის განყოფილება

ამ პროცესმა მნიშვნელოვან საფეხურს მიაღწია 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე, სადაც


სამი ყოფილი პარტნიორი - პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და უნგრეთი-გახდა ალიანსის
სრულუფლებიანი წევრი, მას შემდეგ რაც წარმატებით დაასრულეს პოლიტიკური და სამხედრო
რეფორმების გატარების პროგრამა. ალიანსის გაფართოებით ნატო-მ გადამწყვეტი როლი
ითამაშა ევროპის დემოკრატიისა და სტაბილურობის კონსოლიდაციის საქმეში. თუმცა, ჯერ
კიდევ მანამდე, სანამ ახალი წევრები შეუერთდებოდნენ ნატო–ს ვაშინგტონში, უკვე იფეთქა
ახალმა კრიზისმა.
1998 წლის ბოლოს 300 ათასზე მეტმა კოსოვოელმა ალბანელმა დატოვა თავისი სახლი
ალბანელ სეპარატისტებს, სერბეთის სამხედროებსა და პოლიციას შორის კოსოვოში
მომხდარი კონფლიქტის პერიოდში. კრიზისის გადაჭრის ინტენსიური საერთაშორისო
მცდელობების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ალიანსმა განახორციელა 78 დღიანი საჰაერო
რეიდი 38 000 თვითმფრინავის მონაწილეობით, რათა საშუალება მიეცა მრავალეროვნული
სამშვიდობო ძალებისთვის, შესულიყვნენ კოსოვოში და ბოლო მოეღოთ რეგიონში მიმდინარე
ეთნიკური წმენდისთვის. 1999 წლის 4 ივნისს ნატო-მ შეაჩერა თავისი საჰაერო კამპანია მას
შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ დაიწო სერბეთის ჯარების გაყვანა კოსოვოდან, და რასაც
მალე მოჰყვა ნატო-ს სარდლობის ქვეშ მყოფი კოსოვოს ძალების (KFOR) განლაგება.
კოსოვოს ძალების ჯარები დღემდე განლაგებულია კოსოვოში, რათა ხელი შეუწყოს დაცული
და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას და ყველა მოქალაქის, განურჩევლად მათი ეთნიკური
წარმომავლობისა, თავისუფალ გადაადგილებას.

11 სექტემბრის კატალიზატორი
ნატო-ს გამოცდილებამ ბოსნიასა და კოსოვოში ნათლად აჩვენა, რომ განხილვები იმის შესახებ,
არის თუ არა ნატო ევროპაში მშვიდობის გარანტი, საკამათო იყო: მოვლენებმა აიძულა ალიანსი,
ემოქმედა. ბერლინის კედლის დაცემამდე ნატო იყო სტატიკური ორგანიზაცია, რომლის
მხოლოდ არსებობაც კი საკმარისი იყო საბჭოთა კავშირის შესაჩერებლად. ბალკანეთის
ინტერვენციამ სათავე დაუდო ალიანსის უფრო დინამიურ და რეაგირებად ორგანიზაციად
გარდაქმნას. წარსულს ჩაბარდა ცივი ომის დოქტრინა ბირთვულ ანგარიშსწორებაზე და
მისი ადგილი დაიკავა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებამ,თუ რომელი გამოზომილი
და სიფრთხილით შერჩეული ძალა, კომბინირებული დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ
ძალისხმევასთან, უნდა ყოფილიყო გამოყენებული კონფლიქტის შესაჩერებლად ყველა
უშედეგოდ ჩავლილი მშვიდობიანი მცდელობის შემდეგ და მაშინაც კი, თუ ეს სცილდებოდა
ნატო-ს ტრადიციულ ჩრდილოატლანტიკურ ფარგლებს.
ამის შესაბამისად, ალიანსმა მიიღო ახალი სტრატეგიული კონცეფცია, სადაც აისახა მისი
მიზნები და პრიორიტები. ადრინდელი სტრატეგიული კონცეფციების უმრავლესობას
მიენიჭა საიდუმლოს სტატუსი. საბჭოთა კავშირის დასუსტების შემდეგ, ალიანსმა 1991
წელს პირველად გამოაქვეყნა არაკლასიფიცირებული კონცეფცია. მომდევნო, 1999
წელს მიღებული კონცეფცია აცხადებდა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ სამყარო
დაუპირისპირდა „ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოების ახალ კომპლექსურ
რისკებს, მათ შორის ჩაგვრას, ეთნიკურ კონფლიქტს, ეკონომიკურ გაჭირვებას, პოლიტიკური
წყობის კრახსა და მასობრივი განადგურების იარაღების გავრცელებას“. ეს სიტყვები მალე
წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა თავდასხმებმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა
და პენტაგონზე, ცხადად დაანახა მოკავშირეებს, რომ პოლიტიკურ არეულობას დედამიწის
შორეულ ნაწილებში შეუძლია საშინელი შედეგების მოტანა საკუთარ სახლშიც. რეგიონებში
მოქმედმა პირებმა, ამ შემთხვევაში ალ-კაიდას ტერორისტულმა დაჯგუფებამ -ავღანეთი
გამოიყენეს საექსპორტო ბაზად, საიდანაც მოახერხეს არასტაბილურობის შეტანა
განვითარებულ მსოფლიოში, გამოიყენეს რა გატაცებული ავიალაინერები მასობრივი
განადგურების იმპროვიზირებულ იარაღად, რათა სიცოცხლეს გამოესალმებინათ ათასობით
მშვიდობიანი მოქალაქე. შემდგომმა თავდასხმებმა, მათ შორის აფეთქებებმა მადრიდის
სამგზავრო მატარებელში 2004 წლის 11 მარტში და ლონდონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის
სისტემაში 2005 წლის 7 ივლისს, ნათელი გახადა, რომ მოძალადე ექტრემისტების სამიზნე
ჯგუფს წარმოადგენდა მშვიდობიანი მოსახლეობა.

6
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
სახალხო დიპლომატიის განყოფილება

11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ, ქვეყნების კოალიციამ, ნატო-ს წევრების


უმრავლესობის ჩათვლით, მოახდინა სამხედრო ინტერვენცია ავღანეთში 2001 წლის
შემოდგომაზე. ეს მისია, სახელწოდებით „ოპერაცია ჩამოუშლელი თავისუფლება“, მიზნად
ისახავდა სამხედრო მოქმედებების საწყისი ბაზის ჩამოშორებას ალ-კაიდასთვის და ალ-
კაიდას რაც შეიძლება მეტი ლიდერის დაკავებას. თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ
2001 წლის დეკემბერში, გაეროს უშიშროების საბჭოს 1386 რეზოლუციით უფლებამოსილება
გაიცა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (ISAF) განლაგებაზე. ეს
იქნებოდა მრავალმხრივი ძალა ქაბულსა და მის შემოგარენში, რომელიც ხელს შეუწყობდა
ქვეყნის სტაბილიზაციას და შექმნიდა მდგრადი მშვიდობიანი ცხოვრების პირობებს. 2003
წლის აგვისტოში ნატო-მ თავის თავზე აიღო საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის
ძალების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია.
ამავდროულად ნატო განაგრძობდა ახალი წევრების მიღებას ალიანსში და ახალი
პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას. 2002 წელს დაარსდა ნატო-რუსეთის საბჭო,
რომლის ფარგლებშიც ნატო-ს ინდივიდუალური წევრები და რუსეთი ითანამშრომლებდნენ,
როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორები საერთო ინტერესებში შემავალ უსაფრთხოების
საკითხებზე. 2004 წელს ალიანსმა წამოწია სტამბულის ინიციატივა თამშრომლობის შესახებ,
რომლის მიზანს წარმოადგენდა ორმხრივი პრაქტიკული კოოპერაციის განვითარება
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან.
საბოლოოდ, გაფართოების შემდგომ ეტაპებზე ნატო–ს შემადგენლობაში შევიდა უფრო მეტი
მოკავშირე – რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი
2004 წელს, ხოლო ხორვატია და ალბანეთი – 2009 წელს.

ახლებური მიდგომა ახალ საუკუნეში


ავღანეთში, ისევე როგორც ბოსნიასა და კოსოვოში, მოკავშირეები დარწმუნდნენ, რომ
სამხედრო ძალა აღარ არის საკმარისი რეალური გამარჯვების უზრუნველყოფისთვის.
მშვიდობის შენარჩუნება, სულ მცირე ისევე რთული გახდა, როგორც მშვიდობის დამყარება.
ცივი ომის წლებში ალიანსის უსაფრთხოებას შედეგად მოყვა ჩრდილოატლანტიკური კავშირის
წევრთა თავდაცვა. ახლა „უსაფრთხოების“ განმარტება რადიკალურად გაფართოვდა,
რადგან იგი უკვე მოიცავდა პიროვნების თავისუფლებას ძალადობრივი ექსტრემიზმისგან,
რაც წარმოშვა არასტაბილურობამ და სახელმწიფოებრიობის უკმარისობამ. მაგალითად,
2011 წელს მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ყურადღება ფოკუსირებული იყო ლიბიის
კრიზისზე, სადაც ნატო-მ გადამწყვეტი როლი შეასრულა მშვიდობიანი მოსახლეობის
საკუთარი მთავრობის თავდასხმებისგან დასაცავად. ძალადობის დონე, რომელსაც
ლიბიის უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ პროდემოკრატიულად განწყობილი აქციის
მონაწილეების მიმართ იმდენად მაღალი იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა
შეთანხმდა კოლექტიური აქციის განხორციელებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ნატო-ს მიერ
ჩატარებული ოპერაცია დაეხმარა ლიბიის კრიზისის დასრულებაში და გაჩნდა იმედი იმისა,
რომ შესაძლებელია რეკონსტრუქცია და შერიგება.
მშვიდობის წარმატებულად შენარჩუნება ქმნის არა მარტო უსაფრთხოების საფუძველს,
არამედ ხელს უწყობს თანამედროვეობის შენებას. ეს ამოცანა სცილდება ნატო-ს
პასუხისმგებლობის სფეროს და მოკავშირეებს ეს გათვიცნობიერებული აქვთ. ალიანსი არ
არის და არც შეიძლება იყოს სამოქალაქო შერიგების სააგენტო, მაგრამ ნატო-ს შეუძლია
უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანოს იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს თანმიმდევრული
საერთაშორისო რეაგირების ნაწილს. ამგვარად, ალიანსის ძალისხმევა მხოლოდ იმ
დონეზეა ეფექტური, რამდენადაც მაღალია მისი სხვებთან თანამშრომლობის უნარი
და ნატო-მ უნდა შეასრულოს მეკავშირის როლი იმ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან,
რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ სამოქალაქო აღორძინებისთვის საჭირო რესურსები
და გამოცდილება. იმისთვის, რომ მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას ქაბულში, პრიშტინასა
თუ სარაევოში, ნატო-მ უნდა ითანამშრომლოს სხვა საერთშორისო ორგანიზაციებთან,
რომელთაც, თავიანთი მოწინავე გამოცდილებისა და უნარების გაზიარებით, შეუძლიათ,
დახმარება გაუწიონ რეკონსტრუქციისა და სამოქალაქო საზოგადოების შენების საქმეს.

7
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
სახალხო დიპლომატიის განყოფილება

2010 წელს მიღებულ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ალიანსმა აიღო თავის თავზე
ვალდებულება, რომ იმოქმედებს „კრიზისის ყველა ეტაპზე – მის დაწყებამდე, მისი
მიმდინარეობისას და მას შემდეგ“. ეს არის ყოვლისმომცველი პრინციპი, რომელიც უდიდეს
როლს ასრულებს კოოპერაციული უსაფრთხოების სფეროში. ეს იდეა არის „კომპლექსური
მიდგომის” მამოძრავებელი ნაწილი. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა მოითხოვს
კომპლექსურ საშუალებებს, რომლებიც აერთიანებს სამხედრო ძალას, დიპლომატიასა და
კონფლიქტის შემდგომ სტაბილიზიაციას. მხოლოდ საერთაშორისო აქტორების ყველაზე
ფართო კოალიციას შესწევს ამ სამი ელემენტის უზრუნველყოფის უნარი. შესაბამისად,
ალიანსი არა მარტო ხელს უწობს პარტნიორობის განავითარებას უსაფრთხოების სფეროში
ხმელთაშუა ზღვის, სპარსეთის ყურის და თვით წყნარი ოკეანიის არეალში, არამედ ის ასევე
თანამშრომლობს სხვა თანამოაზრე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან,
რომელთაც აქვთ მანდატები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინსტიტუციების მშენებლობა,
მართვა, განვითარება და სამართლებრივი რეფორმა. მაგალითად, გაეროსა და ნატო–ს
თანამშრომლობამ 2011 წლის ლიბიის კრიზისის დროს ნათლად წარმოაჩინა ინსტიტუციებს
შორის დიალოგისა და კოორდინაციის არსებობა ძირითად სფეროებში. ამ ოპერაციის
დროს, ნატო-მ ასევე უპრეცედენტო კონტაქტები დაამყარა არაბეთის ქვეყნების ლიგასთან,
რომელმაც არსებითი მხარდაჭერა აღმოუჩინა საყოველთაო საერთაშორისო ძალისხმევას.
1949 წელს მისი დაარსების მომენტიდან დღემდე, ტრანსატლანტიკური ალიანსის
მოქნილობა, ასახული მის თავდაპირველ ხელშეკრულებაში, ეხმარებოდა მას, მორგებოდა
სხვადასხვა დროის განსხვავებულ მოთხოვნებს. 1950 –იან წლებში ალიანსი იყო მხოლო და
მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაცია. 1960 –იან წლებში ნატო გახდა განმუხტვის პოლიტიკური
ინსტრუმენტი. 1990 –იან წლებში ალიანსი წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპასა და
ცენტრალურ აზიაში სტაბილიზაციის შენარჩუნების იარაღს ახალი პარტნიორებისა და
მოკავშირეების ჩართვის მეშვეობით. ამჟამად ნატო–ს ახალი მისი აკისრია: მშვიდობის
გახანგრძლივება უსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვით. ეს არის არა არჩევანით,
არამედ აუცილებლობით განპირობებული მისია. მოკავშირეებს იგი არც გამოუგონიათ
და არც უსურვიათ. თავად მოვლენებმა დააკისრა მას ეს მისია. სახელმწიფოებრიობის
უკმარისობა და ძალადობრივი ექსტრემიზმი, შესაძლოა, ნამდვილად გახდეს 21–ე საუკუნის
პირველი ნახევრის განმსაზღვრელი საფრთხეები. მხოლოდ მტკიცედ კოორდინირებულ
საერთაშორისო რეაქციას შეუძლია მათთან გამკლავება. ეს ჩვენი საერთო გამოწვევაა.
ნატო, როგორც ტრანსატლანტიკური მშვიდობის ქვაკუთხედი, მზად უნდა იყოს მასთან
შესახვედრად.

ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება


SH12ENG

1110 ბრიუსელი– ბელგია


www.nato.int
infoproducts@hq.nato.int

© NATO 2012
0526-12 NATO Graphics & Printing

You might also like