უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,
გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად; აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად, ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.
“თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე; სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე; სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”
რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება, კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება. ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.
იტყვის, თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”. კვლა უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების; ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად; ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად; ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი, სად! გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.
“მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე. ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.
ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
“ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.
“მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე, არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე; შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!
“აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები”
მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად; მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?
“ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,
ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”
უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.
“ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა,
სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.
ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;
რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”. ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.
ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა”.
ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,
სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.