Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 27

ლუკას გამთენიისას გაეღვიძა. უეცრად ვერც კი გაიხსენა, სად იმყოფებოდა.

ბოლო რამდენიმე კვირის


განმავლობაში ერთხელაც არ უძინია წესიერად. ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ კონსპირაციულ ბინებსაც
ვერ ენდობოდა. ხან გზისპირა მოტელებში უხდებოდა ღამის გატარება, ხანაც პირდაპირ მანქანის სავარძელზე და
როგორც წესი, თავქვეშ ამოდებული პისტოლეტით. ასეთ მდგომარეობაში ორიოდ საათით თუ ახერხებდა თვალის
მოტყუებას. ახლა კი... რბილ, სურნელოვან ქვეშაგებზე იწვა, მკერდს თხელი ზეწარი უფარავდა, ფანჯრიდან
ადრიანად გამოღვიძებული ფრინველების ჭიკჭიკ-ფუსფუსის ხმა იჭრებოდა და რაც ყველაზე მთავარი იყო,
გვერდით მშვიდად ეძინა ეკას. დიდი ხანია, ასეთ დილაზე იცნებობდა. ოცნება ახდა. მაგრამ მას ჩრდილად სდევდა
წარსულთან დამაკავშირებელი მოგონებები. მას კარგად ესმოდა, რომ წარსულს ასე იოლად ვერ გაემიჯნებოდა.
მასთან დამაკავშირებელი უხილავი ძაფები ძალიან მტკიცე იყო და მხოლოდ კანონიერი ქურდის წოდებაზე უარის
თქმა ვერ დაარღვევდა ამ კავშირს. საქმე მხოლოდ წოდებაც არ იყო. მას გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა
მრავალი ადამიანის წინაშე. პირველ რიგში, ესენი იყვნენ „ვერშინას“ თანამშრომლები და მისი უახლოესი მეგობრები,
რომლებიც კომპანიის დაარსების დღიდან იბრძოდნენ მის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. მისი საქმიდან
გასვლა კი, თავისთავად, გამოაცოცხლებდა ხარკოვის კრიმინალურ დაჯგუფებებს. ხარკოვში რამდენიმე ასეთი
დაჯგუფება მოქმედებდა. წლების განმავლობაში  ლუკა ახერხებდა მათთან ზავის შენარჩუნებას, მაგრამ მალე
მათთვის ცნობილი გახდებოდა, რომ  უარი თქვა კანონიერი ქურდის წოდებაზე. ეს „ვერშინასთვის“, პრაქტიკულად,
არაფერს ცვლიდა, კომპანიას გამოცდილი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მის მიერ წოდებაზე უარის თქმა
აუცილებლად გამოიწვევდა რამდენიმე დაჯგუფების ამოქმედებას. პირველ რიგში, ეს ეხებოდა „სალტოვკის“
დაჯგუფებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალტოვკელებმა გარკვეული კავშირები გაიჩინეს კიევში და
პოზიციები გაიმყარეს. მიუხედავად ამისა, ისინი არასოდეს დაპირისპირებიან ლუკასა და მის ხალხს, მან კარგად
იცოდა, რომ სალტოვკელებს ჯერაც ახსოვდათ, თუ ვისი ხელით დაიღუპა მათი ლიდერი „კლეში“ და როგორ
დააწესა კონტროლი ლუკას ხალხმა მათ ტერიტორიაზე. მთელი ძველი დაპირისპირების მიუხედავად,
სალტოვკელები ანგარიშს უწევდნენ ლუკასა და მის უკან მდგომ ძალას. მათ კარგად ესმოდათ, რომ „ვერშინასთან“
დაპირისპირება მათთვის დამღუპველი იქნებოდა.  მაგრამ ლუკას საქმიდან გასვლისა და უკრაინიდან წასვლის
შემთხვევაში, ისინი უეჭველად მოინდომებდნენ წნეხიდან გათავისუფლებასა და დაკარგულ ტერიტორიაზე
კონტროლის აღდგენას. რაც ამას მოჰყვებოდა, ლუკასთვის წინასწარ იყო ცნობილი. საერთოდ არ ჰქონდა
მნიშვნელობა, იქნებოდა ის უკრაინაში  თუ არა, ან კანონიერი ქურდის წოდებით იცხოვრებდა თუ  არა. „ვერშინა“
ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავდა თავის პოზიციებს. ამას მოჰყვებოდა დაპირისპირება, რომელსაც შემდგომ კიევი
„ვერშინას“ წინააღმდეგ გამოიყენებდა. არც ის იყო გამორიცხული, რომ კიევს თავად წაექეზებინა სალტოვკელები
„ვერშინასთან“ დაპირისპირებაზე. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა – ლუკას
მოვლენებისთვის უნდა გადაესწრო და სალტოვკელებთან იქამდე მოეგვარებინა ყველა საკითხი, ვიდრე ისინი რაიმე
სისულელეს მოიმოქმედებდნენ. მაგრამ ბოლო ხანებში გადატანილი დაძაბულობის შემდეგ არნახულ დაღლილობას
გრძნობდა. სულ მცირე, რამდენიმე დღე მაინც უნდა დაესვენა. ამას კი მხოლოდ ეკასა და ნატოს გვერდით თუ
მოახერხებდა. სიმშვიდეს სხვა ვერაფერი მიანიჭებდა. შემდეგ კი... იმ წუთებში მისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო,
რა იქნებოდა შემდეგ. მაგრამ კარგად იცოდა, თუ რა აღარ იქნებოდა მის ცხოვრებაში – დაუსრულებელი ბრძოლა,
სისხლისღვრა, მიმალვაში ცხოვრება, მუდმივი დაძაბულობა იმის გამო, რომ რომელიმე გაბოროტებული ნაძირალა
მისთვის ძვირფას ადამიანებზე გადმოანთხევდა ბოღმას. ცოტაც და ყოველივე ეს სამუდამოდ ჩაბარდებოდა
წარსულს. ეს განსაკუთრებით ახარებდა ეკას. ლუკას რამე რომც არ ეთქვა, თავადაც გრძნობდა მასში მომხდარ
გარდატეხას. ის სულ სხვანაირი იყო, როდესაც კრაკოვიდან უკრაინაში გაემგზავრა და სრულიად სხვანაირი
დაბრუნდა უკან. ერთადერთი, რაც აფიქრებდა, პირადი მცველები იყვნენ, რომელთა რაოდენობაც ლუკას უკან
დაბრუნებისთანავე ორჯერ გაიზარდა.

– რა საჭიროა ამდენი მცველი? –  დაინტერესდა ეკა, როდესაც მათ შორის ახალი სახეები შენიშნა.

– ნუ მიაქცევ ყურადღებას, – უპასუხა ლუკამ.

- ხშირად მათ ვერც კი ვხედავ. უბრალოდ, ვიცი, რომ ყოველთვის აგარაკის ირგვლივ და ბაღში ტრიალებენ. მაგრამ
მაინც ვერ შევეჩვიე. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ გამუდმებით ვიღაც მითვალთვალებს, – თქვა ეკამ.
– ამდენი ხნის განმავლობაში უნდა შეგუებოდი მათ აქ ყოფნას. შენ რაღაც სხვა გაშფოთებს, – შენიშნა ლუკამ.
– მართალი ხარ. კი არ მაშფოთებს, მაშინებს. რატომ გააორმაგე დაცვა? ჩვენ რამე გვემუქრება?! – პირდაპირ ჰკითხა
ეკამ.
– არა. მაგრამ როგორც ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა!.. ვიღაც შეიძლება, ძალიან გაახაროს ჩემმა
გადაწყვეტი ლებამ. ვიღაც – გაანაწყენოს. მავანმა კი შესაძლოა, ეს თავის უპირატესობად აღიქვას და რაიმე
სისულელე მოიმოქმედოს.
– ასე რთულია შენს საქმიანობაზე უარის თქმა?! – გაიკვირვა ეკამ, – შენი წრის წარმომადგენლები დევნას
დაგიწყებენ?
– რეალობად ნუ მიიღებ „კალინა კრასნაიას“! – გაეცინა ლუკას.

– რას გულისხმობ? – ვასილი შუკშინის ფილმს...

– ჰო... გამახსენდა, – თავი დაუქნია ეკამ, – მაგრამ რა შუაშია შუკშინი და მისი ფილმი?
– შუკშინის პერსონაჟი ავტორიტეტული ქურდია, რომელიც წარსულთან გამიჯვნას ცდილობს. ამისთვის ყოფილი
„პადელნიკები“ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ,  უპასუხა ლუკამ, – მაგრამ ეს მხოლოდ ფილმია, რომელსაც
არაფერი აკავშირებს ცხოვრებისეულ რეალობასთან.

– რეალობაში როგორ ხდება?

– ძალიან მარტივად. ვთქვი ჩემი სათქმელი და წამოვედი.

– სულ ეს არის?! – ეჭვით შეხედა ეკამ.

– შენ წარმოიდგინე, რომ სულ ეს არის. შენ რა გეგონა, კენჭისყრა იმართება და გადაწყვეტილება უმრავლესობის
აზრით გამოაქვთ, რაზეც შემდეგ ოქმი იწერება?! – გაეცინა ლუკას.

– ვხვდები, რომ ასე არ ხდება, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ რაღაც გაშფოთებს. ეს ახალი მცველები შემთხვევით არ
გამოჩნდნენ ჩვენს აგარაკზე. ლუკა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– მე მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვედი. შემდეგ ისევ უკრაინაში უნდა დავბრუნდე. ვიდრე აქ არ ვიქნები,
დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თქვენ სრულიად უსაფრთხოდ ხართ.

– ესე იგი, რაღაც საფრთხე მაინც არსებობს, – შენიშნა ეკამ.

– რაც არ უნდა მოხდეს, ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მაინც დასრულდება.

– რამდენი ხნით უნდა წახვიდე? – მძიმედ ჰკითხა ეკამ.

– არ ვიცი. რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი.

– ქურდებთან?

– მათთანაც. მაგრამ პირველ რიგში, კომპანიის უსაფრთხოების საკითხი უნდა გადავწყვიტო. ახლა არ შემიძლია იმის
თქმა, რამდენი ხანი დავრჩები უკრაინაში. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩემი საქმეების მოსაგვარებლად ორ კვირაზე
მეტი არ დამჭირდება.

– ორი კვირა... წლები გელოდე და იმ ორ კვირასაც გადავიტან, მაგრამ... ახლა სხვანაირად არის საქმე, ლუკა, – ეკამ
მუცელზე მოისვა ხელი, – მეშვიდე თვეა. ძალიან მინდა, რომ მშობიარობის დროს აქ იყო. ვიცი, რომ არაფერი
მომაკლდება, მაგრამ უშენოდ ძალიან გამიჭირდება. რით უნდა იყოს ჩემი გონება დაკავებული – მშობიარობით თუ
იმაზე ფიქრით, თუ სად და რა მდგომარეობაში იქნები შენ იმ დროს?

– ნუ ღელავ. ორი კვირა და არც ერთი წუთი მეტი. რაც არ უნდა მოხდეს, ორი კვირის შემდეგ დავბრუნდები. ყველა
საქმეს მივატოვებ და შენთან ჩამოვალ! – უყოყმანოდ უპასუხა ლუკამ.

– არ მინდა, ხელი შეგიშალო შენი საქმეების მოგვარებაში. მტკივანი კბილი ერთი მოქაჩვით უნდა ამოიღო.
მირჩევნია, ორი თვით გაემგზავრო და ამით დასრულდეს ყველაფერი, ვიდრე ორი კვირის შემდეგ სამომავლოდ
მოსაგვარებელი პრობლემებით დაბრუნდე.

– ორი კვირა, არც მეტი და არც ნაკლები. ამ დროში ჩავეტევი.

– მაშინ, იყოს ორი კვირა, – დაუფარავი კმაყოფილებით დაეთანხმა ეკა. მსუბუქმა ბიძგმა ლუკა ფიქრს მოსწყვიტა.
გაკვირვებული გვერდზე გადაბრუნდა და ეკას დახედა. მასაც გაღვიძებოდა და ღიმილით შემოსცქეროდა.

– შენც იგრძენი?

– ბიძგი? – ჰკითხა ლუკამ.

– ჰო... ძალიან მოუსვენარია. ღამით შედარებით მშვიდად არის. თითქოს ჩემთან ერთად ისვენებს. მაგრამ
გათენებისთანავე იწყებს ცქმუტვას, თითქოს დაბადება ეჩქარებოდეს.

– ესე იგი ეს...

– ჩვენი პატარა იყო. ვანდას ფეხმძიმობისას არ გინახავს ბავშვის მოძრაობა? – გაუკვირდა ეკას.

– არა... მას შემდეგ, რაც ვანდას ფეხმძიმობის შესახებ შევიტყვე, ერთი ღამეც არ გამიტარებია მის გვერდით. თვალწინ
მუდამ მისი გააფთრებული სახე მედგა. მუდამ მახსოვდა, რომ იმ ნაგაზზე უფრო ღელავდა, რომელიც მაშინ
შემომაკვდა, ვიდრე თავის, ჯერაც დაუბადებელ შვილზე. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მძიმე დღე მქონია, მაგრამ ის
დღეები ყველაზე ძნელად ასატანი იყო ჩემთვის. თავს ზედამხედველად ვგრძნობდი. ვანდამ პირობა მომცა, რომ
ბავშვს არ მოიშორებდა, მაგრამ მაინც ვერ ვენდე. ცხოვრებაში არასოდეს შევხვედრივარ ასეთ ჯიუტ და
თავისნათქვამა ქალს. მეშინოდა, რომ მარტოდ დარჩენილი, მაინც აღასრულებდა ჩანაფიქრს. თანაც ძალიან მძიმე
ფეხმძიმობა ჰქონდა. საჭმელს თითქმის ვერ ჭამდა. განუწყვეტლივ ერეოდა გული. მისი მარტო დატოვება ისედაც არ
შემეძლო. შინამოსამსამსახურის დაქირავება ვცადე. მაგრამ ამაოდ. ვერავინ გაუძლო მის ანჩხლ ხასიათს. სამ-ოთხ
დღეზე მეტ ხანს არ ჩერდებოდნენ. ერთმა ერთი კვირა გაქაჩა. ძალიან კარგი ქალი იყო, კლასიკური უკრაინელი
ბებია. ბოლოს ისიც წავიდა. წასვლის წინ კი პირჯვარი გადამწერა: ღმერთმა გაძლება მოგცეს ასეთი ქალის
გვერდითო. ასეთი გამოხტომები ჩემი ქმრისთვის რომ მომეწყო, კნუტივით გამგუდავდაო!..

– შენც ცუდად გექცეოდა?

– არა, – გაეცინა ლუკას, – მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ კარგი დამოკიდებულება გვქონდა. მე მისთვის მისი
შვილის მამა კი არა, „პადელნიკი“ ვიყავი. ასე ვთქვათ, საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა და ორივეს
პროფესიონალების შესაფერისად გვეჭირა თავი. უბრალოდ რომ გითხრა, მე ვჭირდებოდი ვანდას. ჩემ გარეშე  იმ
საქმიდან, რომელიც მან დაგეგმა, არაფერი გამოვიდოდა. მერე კი... ლუკა მოულოდნელად გაჩუმდა და მძიმედ
მოისრისა შუბლი.
– რა მოგივიდა? – საწოლიდან წამოიწია ეკა.

– იმაში, რომ ნატოს ნორმალური ბავშვობა არ ჰქონდა, ვანდასთან ერთად, მეც ვარ დამნაშავე. ძიძები ვერასოდეს
შეუცვლიდნენ დედას და მასწავლებლები, თუნდაც საუკეთესონი, ვერ გაუწევდნენ მამობას. მასთან ერთად მეც
ვწვალობდი. ვერ წარმოიდგენ, როგორ მინდოდა, მისთვის ღირსეული მამობის გაწევა. მასთან ერთად მესეირნა
პარკში, წამეყვანა გასართობად, თუნდაც სახლში ერთად გაგვეტარებინა რამდენიმე დღე. ამაში უკვე ვანდა არ იყო
დამნაშავე. იმის იმედი, რომ ოჯახურ ცხოვრებას ვეღირსებოდი და მამობის გაწევის შესაძლებლობა მომეცემოდა,
ნაინამ გამიჩინა. მაგრამ ის ნაძირლებმა წამართვეს. იმ ნაძირალებმა, რომლებსაც ოდესღაც მეგობრებად ვთვლიდი.
ნაინას დაღუპვის შემდეგ, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ამასობაში ნატოც გაიზარდა. ვერ ვიტყვი, რომ უჩემობას
შეეგუა. უბრალოდ, ჩემს მდგომარეობაშია

– სხვა გზა არა აქვს და ისე ცხოვრობდა, რაც ბედმა არგუნა.

– ახლა?.. ახლა როგორ გრძნობ თავს?

– ახლა?! ახლა ძალიან კარგად. შენ მე სიცოცხლის ინტერესი დამიბრუნე. აქამდე წყალში ჩავარდნილი ხმელი
ფოთოლივით მივუყვებოდი დინებას. ცხოვრება მოქმედების გარკვეულ სცენარს მთავაზობდა და მეც ვმოქმედებდი.
ვმოძრაობდი მხოლოდ ერთი მიმართულებით, იქით, საითაც წამიღებდა დინება. მე არც ძალა მქონდა და არც
სურვილი  რაიმეს შესაცვლელად. შენ გაინტერესებს, რას ვგრძნობ ახლა? იმ ძალას, რომელიც დინების
საწინააღმდეგოდ ცურვის შესაძლებლობას მომცემს. და შენ და ჩვენი პატარა რომ არა, ეს არასოდეს მოხდებოდა!.. –
ამ სიტყვებთან ერთად ლუკამ მკლავები მოხვია ეკას და ძლიერად მიიკრა მკერდზე.

ხარკოვში არაერთმნიშვნელოვნად აღიქვეს ლუკას გადაწყვეტილება, ბევრმა არც კი დაიჯერა, რომ ეს სიმართლე
იყო. პირველ რიგში ეს ეხებოდა ადგილობრივ კანონიერ ქურდებს. ისინი კარგად იცნობდნენ ლუკას და ბევრ
მათგანს, უბრალოდ, ვერც წარმოედგინა, რომ ის საკუთრი სურვილით უარს იტყოდა წოდებაზე. მოგვიანებით
საქმეში „სიომა“ და ოდესელი ქურდები ჩაერთნენ, რომლებიც ბოლო თავყრილობას ესწრებოდნენ. მათ
დაადასტურეს, რომ ლუკამ მართლაც თქვა უარი „ქურდის“ წოდებაზე. თუმცა არაფერი იცოდნენ მისი
გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ. ამ საკითხის გასარკვევად „სიომამ“ ყველა დაინტერესებული ქურდი ოდესაში
მიიწვია. თავყრილობა ოდესის გარეუბანში მდებარე „სიომას“ მეგობრის აგარაკზე შედგა. დღის მიწურულს
აგარაკზე ოცამდე ქურდმა მოიყარა თავი. იქ იყვნენ ხარკოველი, ოდესელი და როსტოველი ქურდები. ცალკე
ჯგუფად ჩამოვიდნენ კიევის წარმომადგენლები. მათ უსიამოვნო შემთხვევის შესახებ აცნობეს თავყრილობას –
კიეველი ქურდი, ზურაბ კოპაძე ოდესაში გამომგზავრების წინა დღეს მოეკლათ.
– როგორ დაიღუპა ზურა, – მოკლედ იკითხა „ვოლინამ“.
– სახლის წინ მანქანაში ჩაჯდომისას ქილერებმა დაცხრილეს, – უპასუხა კიეველმა ქურდმა, დიმიტრი კარპოვმა.
– გაარკვიეთ ვინ შეუკვეთა მისი მკვლელობა? – განაგრძო „სიომამ“.
– გავარკვევთ... ჩვენი ხალხი უკვე მუშაობს ამ საკითხზე... დანარჩენი დროის ამბავია... – თქვა დიმიტრიმ.
– ყველაფერი გაირკვევა. კოპაძის მკვლელი დაუსჯელი არ დარჩება. შემკვეთსაც მოვძებნით და
შემსრულებლებსაც. მაგრამ ჩვენ აქ სხვა საქმეზე ვართ ჩამოსულები! – ცივად ჩაურთო მეორე კიეველმა ქურდმა,
„ბესმა“.
  „ბესის“ ცივი ტონი მოულოდნელი არ იყო „ვოლინასთვის“. მას განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა ჰქონდა
ლუკასთან. „ბესი“ წარმოშობით ხარკოველი იყო და მას თავის ქალაქად თვლიდა. მიუხედავად ამისა, მან
ვერაფერი მოუხერხა სალტოვკელთა დაჯგუფებას. ისინი არაფრად აგდებდნენ ქურდულ ტრადიციებს და ანგარიშს
მხოლოდ ძალას უწევდნენ. მათთან დაპირისპირებას კი „ბესი“ ვერ ბედავდა. ამას ქურდების წრეში მხოლოდ ერთი
გარემოებით ხსნიდა – სალტოვკელებთან დაპირისპირება სისხლისღვრის გარეშე ვერ ჩაივლიდა. ეს კი
სამართალდამცველების ამოქმედებასა და საერთო „პალაჟენიის“ გაფუჭებას გამოიწვევდა. მოგვიანებით ხარკოვში
ლუკამ დაიდო ბინა. ცოტა ხნის შემდეგ კი მასსა და სალტოვკელებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ამ
დაპირისპირებას სალტოვკელების რამდენიმე ლიდერი შეეწირა. დაჯგუფებამ უკან დაიხია და ქალაქის ერთ-ერთი
ყველაზე შემოსავლიანი რაიონი მთლიანად ლუკასა და მისი ხალხის განკარგულებაში აღმოჩნდა. რადგანაც იმ
პერიოდში ლუკა ქურდი არ იყო, „ბესი“ დაუფიქრებლად წაეტანა სალტოვკას, მაგრამ ლუკასგან რაიონის
დათმობაზე ცივი უარი მიიღო და დავის გადაწყვეტა ქურდების წრეში შესთავაზა. იმ თავყრილობას „სიომაც“
ესწრებოდა. ეს მისი და ლუკას პირველი შეხვედრა იყო.
  ლუკამ მოკლედ და გასაგებად აუხსნა ქურდებს უარის მიზეზი. „ბესს“ წლების განმავლობაში არაფერი
მოუმოქმედებია მოძალადე „ბესპრიდელშიკების“ შესაჩერებლად. ის სალტოვკელებისგან „ობშიაკში“ შესატან
ფულსაც ვერ იღებდა და ახლა სხვის მიერ გაშლილი სუფრის თავში მოკალათება სურდა. ეს თავად ქურდებსაც
ესმოდათ, მაგრამ ვიღაც გადამთიელის გამო, რომელიც ამასთან ერთად, მათი წრის წარმომადგენელიც არ იყო,
„ბესთან“ დაპირისპირება არავის უნდოდა. მეორე მხრივ, კი ხვდებოდნენ, რომ „ბეროს“ აღზრდილი ქართველიც არ
იქნებოდა იოლი საკბილო. საბოლოოდ ყველაფრის გადაწყვეტა თავად მოდავეებს მიანდეს. „ბესმა“, როგორც
ადგილობრივმა კანონიერმა ქურდმა, „სალტოვკაზე“ კონტროლი მოითხოვა. ლუკამ ისევ უარით უპასუხა.
– „ობშჩიაკს“ რა პასუხს გასცემ?! – ხმას აუწია „ბესმა“.
– შენ წლების განმავლობაში კაპიკიც არ მიგიღია სალტოვკელებისგან. მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს.
„ობშჩიაკი“ ნებისმიერ შემთხვევაში შეივსება, მაგრამ ამას სხვა კაცი მოაგვარებს, – უპასუხა ლუკამ.
– ვინ?! – დაიძაბა „ბესი“.
– „დადა“... გსმენია მის შესახებ?
„ბესი“ პირადად არ იცნობდა „დადას“, მაგრამ თავყრილობაზე მყოფმა ქურდებმა დაადასტურეს, რომ ის
ნამდვილად ქურდი იყო.
– მაგრამ ის რომ „სროკზეა“, – ჩაურთო „სიომამ“.
– გამოვიდა და ორ დღეში აქ იქნება, – გახედა ლუკამ.
– შენ რა „ავტონომიურ რესპუბლიკას“ ქმნი?! – ცივად წამოისროლა „ბესმა“, – ქალაქში ორ „ობშჩიაკს“ არ
დავუშვებ!
– ეგ შენ და „დადამ“ გადაწყვიტეთ. მე მას ჩავაბარებ „ობშჩიაკის“ წილს, შემდეგ ის თავად მისცემს მიმართულებას.
– საქმოსნებიდან მიღებული წილების საკითხი ჩემთან უნდა შეათანხმო! – მკაცრად მოითხოვა „ბესმა“.
– არა, – თავი გაიქნია ლუკამ, – ვის როგორ შევუთანხმდი და მომავალში შევუთანხმდები, ჩემი პირადი საქმეა. თუ
შენი რჩევა დამჭირდება, მე თვითონ მოგაკითხავ.
– შენ ახალი კაცი ხარ ქალაქში და ყველაფერში ვერ ერკვევი. არასწორი წილი ან „პალაჟენიას“ გააფუჭებს, ან კიდევ
„ობშჩიაკს“ მოაკლებს თანხას!
– სალტოვკელების „ბრიგადამ“ ისე შეაწუხა ბიზნესმენები, რომ კისრისტეხით მორბოდნენ ჩემთან. მე მათ ყველა
საკითხების მშვიდობიანად მოგვარების პირობა მივეცი და დავპირდი, რომ მომავალში ვერავინ შეაწუხებთ. ვინც
ჩემს ნათქვამს არ გაიზიარებს, მოკლედ და გასაგებად „გავუიასნებ“ ყველაფერს! – მზერა გაუსწორა ლუკამ.
– მოიცა... მოიცა... შენ რა, იმის თქმა გინდა, რომ „საძმოს“ „სალტოვკაზე“ გამოჩენას უკრძალავ?! – აღელდა „ბესი“.
– არა... „სალტოვკაზე“ გამოჩენას ვერავის ავუკრძალავ. ამის არც სურვილი მაქვს და არც უფლება. იჩალიჩეთ,
შეაბით, დააგოიმეთ, მოიპარეთ... ეს საქმე მოსულა. მაგრამ ძალადობას, ბიზნესმენების დატერორებას, დაშინებასა
და მით უმეტეს, სისხლისღვრას არ დავუშვებ. სიტყვას სიტყვას დავახვედრებ, ძალას კი – ძალას! მე მგონი,
გასაგებად ვთქვი ყველაფერი! – დაასრულა ლუკამ და „ბესს“ თვალი თვალში გაუყარა.
იმ თავყრილობის შემდეგ „ბესმა“ კიდევ რამდენჯერმე სცადა ლუკას „გვერდზე ჩაჩოჩება“. მაგრამ უშედეგოდ.
„დადას“ ჩამოსვლამ კი მის მცდელობებს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. „ბესი“ მალე მიხვდა, რომ წყვილთან,
რომელიც სწრაფად იკრებდა ძალას, ვერაფერს გააწყობდა. ის საერთოდ გაერიდა ხარკოვს. კიევში გადაბარგდა და
„ბუცას“ „სასტავს: მიეკედლა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. „დადა“ დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ ლუკა
„მგელოს“ სახით მოევლინა „საძმოს“. ახლა კი მან თავად თქვა უარი ქურდის წოდებაზე და „ბესს“ იმედი გაუჩნდა,
რომ ახლა მაინც შეძლებდა ხარკოვული „სასტავების“ თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას.
– აქ ყველამ ვიცით, რა საქმეზეც მოვიყარეთ თავი, მაგრამ ლუკას გარეშე ბაზარს რა აზრი აქვს, – განაგრძო
„სიომამ“, – მან თავად უნდა თქვას სათქმელი. მის გარეშე ვერაფერს გადავწყვეტთ.
„ბესმა“ აუჩქარებლად მოავლო მზერა ოთახში მყოფთ. შემდეგ „სიომას“ მიუბრუნდა, თეატრალურად გაშალა
ხელები და ირონიით თქვა:
– თვალთ ხომ არ დამაკლდა. იქნებ ის აქ არის და მე ვერ ვამჩნევ?!
 – არ გირჩევ ასეთ ბაზარს. წოდება ადამიანს ხასიათს არ უცვლის! – მშვიდად მიუგო „სიომამ“.
– მაგით რისი თქმა გინდა?! – შუბლი შეიკრა „ბესმა“.
– იმის, რომ მხედველობის პრობლემა არ გაქვს. შენ თავად ნახავ, როდესაც მოვა. სათქმელსაც ეტყვი და პასუხსაც
მიიღებ!..
„ბესი“ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და სასტუმრო ოთახში ლუკამ
შემოაბიჯა. მას უკან ჯაბა, ვოვა და ხარკოველი კანონიერი ქურდი, რომან ვეტროვი მოსდევდნენ.
ლუკამ სწრაფი მზერა მოავლო ოთახში მყოფთ. შემდეგ იკითხა:
– ყველა აქ ვართ?
– ჰო... მხოლოდ შენ გელოდებოდით, – თავი დაუქნია „სიომამ.“
– მაშინ დავსხდეთ, თქვა ლუკამ და მაგიდას მიუჯდა.
ქურდებმა აუჩქარებლად დაიკავეს ადგილები. იგივე მოიმოქმედეს ჯაბამ და ვოვამ. ისინი ლუკას გვერდით
მიუსხდნენ მაგიდას.
– მოიცადეთ!.. ამათ რა უნდათ აქ?! – „ბესმა“ ჯაბასა და ვოვაზე მიანიშნა ქურდებს, – ჩვენი ბაზარი არიფების
მოსასმენი არ არის! გარეთ დაელოდონ ჩვენს გადაწყვეტილებას!
ქურდებმა ლუკას გახედეს. ყველა მის რეაქციას ელოდა. მაგრამ მათთვის მოულოდნელად „ბესს“ ვოვამ გასცა
პასუხი:
– შენ არ იცვლები. ძველებურად ენა გონებაზე წინ გაგირბის! ჯერ ვითარება გაარკვიე და შემდეგ გადაწყვიტე, ვინ
უნდა დარჩეს აქ და ვინ გარეთ დაელოდოს ჩვენს გადაწყვეტილებას!
– რაა?! – წამოჭარხლდა „ბესი“, – რამსები ხომ არ აგერია „ჩუმა“?! შეგახსენო, რომ „სხადნიაკზე“ ხარ და ქურდი
გელაპარაკება?!
– „ჩუმა“ „სახელითაა“... ქურდია. ასე გადაწყვიტა ხარკოვის საძმომ! – ჩაურთო რომან ვეტროვმა.
– ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ! – უკმაყოფილოდ ახმაურდნენ ქურდები, – რატომ არ გაგვაგებინეთ?!
– „სხადნიაკი“ გუშინ შედგა, – განაგრძო ვეტროვმა, – „ჩუმას“ ყველა კარგად ვიცნობთ. სათქმელი ითქვა. „ჩუმა“
ქურდია!.. ზონებში „ქსივები“ დაიგზავნა. საძმო საქმის კურსშია. რადგანაც აქ ჩამოსვლას ვაპირებდით, ზედმეტი
„დვიჟენიე“ აღარ დავიწყეთ. ახლა გაგებინებთ ბაზარის შესახებ. თუ ვინმეს პრეტენზია გაქვთ, თქვით!
ქურდებმა დუმილით უპასუხეს. ვოვას ყველა კარგად იცნობდა და მის მიმართ არავის გააჩნდა რაიმე პრეტენზია.
– ეს ყველაფერი არ არის... – საუბარში ლუკა ჩაერთო, – ამიერიდან ხარკოვის „ობშჩიაკიც“ ვოვას აბარია!
– ესე იგი ჩვენს გარეშე, ასე ვთქვათ შინაურულად მოაგვარეთ ეგ საკითხი?! – ირონიით ჰკითხა „ბესმა“.
– ვის გულისხმობ, როდესაც ამბობ, „ჩვენს გარეშე“? – გახედა ლუკამ.
– ქურდებს!
– შენ უკვე გითხრეს, რომ ყველაფერი „სხადნიაკმა“ გადაწყვიტა – ცივად უპასუხა ლუკამ, – აქ ისიც ითქვა, რომ,
ნებისმიერს შეუძლია პრეტენზიის წამოყენება. რახან დაიწყე, ბოლომდე მიიყვანე სათქმელი. თქვი, რა არ
მოგწონს?
– ხარკოვი ჩვენი საერთო საქმისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და...
– და შემოსავლიან ქალაქს წარმოადგენს!.. – დამცინავად ჩაურთო ლუკამ.
– რას ხედავ ამაში სახუმაროს?! – მოიღრუბლა „ბესი“.
– სახუმაროს რომ არ ვხედავ, იმიტომაც ჩაბარდა ღირსეულს!.. რა შეიცვლებოდა, „სხადნიაკი“ შენი მონაწილებით
რომ გამართულიყო?
– აქ ყველამ იცის, რომ ხარკოვში შენ მიგყავდა „პარადი“. რაა საბაზრო?! შენ თქვი და დანარჩენებმაც თავი
დაგიქნიეს.! – ვეტროვს გახედა „ბესმა“, – ბაზარი მოგვარებულია! სახელით თუ მის გარეშე, ხარკოვის „ობშჩიაკი“
ისევ შენს ხელში რჩება!
– „ბეს“!.. სახელით თუ მის გარეშე, მე ისევ იმ კაცად ვრჩები, ვინც აქამდე ვიყავი! ნუ ცდილობ ჩემს ძველ
რელსებზე გადაყვანას, თორემ სხვა ვითარებაში მოგვიწევს ბაზარი!
– მაინც რა ვითარებაში?!
– პირველ რიგში „ჩუმასთვის“ მოგიწევს იმის ახსნა, თუ როგორ მოხვდება, ჩემი ანუ არიფის ხელში „ობშჩიაკი“,
რომელიც ხარკოვის საძმომ მას ანდო!.. შემდეგ მე ამიხსნი, თუ რატომ არ შეიძლება ჩემი „ობშჩიაკის“ საქმეში
ჩახედება!.. იმ „ობშჩიაკისა“, რომლის შესაქმნელად და გასაზრდელად ჩვენ ტონობით ოფლი და სისხლი
დავღვარეთ!.. ხვდები საით მიდის ბაზარი?! – თქვა ლუკამ და „ბესს“ თვალი – თვალში გაუყარა.
„ბესი“ შესანიშნავად ხვდებოდა, რაზეც მიანიშნებდა ლუკა. ამ შემთხვევაში, მის მიერ ქურდის წოდებაზე უარის
თქმა არაფერს ნიშნავდა. ქურდების წრეში მას შეუბღალავი რეპუტაცია ჰქონდა და ეს სრულ უფლებას აძლევდა,
ჩარეულიყო „ობშჩიაკის“ საქმეებში. თუ ვინმე ამ მხრივ მის შეზღუდვას შეეცდებოდა, უნდა დაემტკიცებინა კიდეც
ამის მიზეზი. და თუ ვერ დაამტკიცებდა... „ბესს“ ამაზე ფიქრიც კი არ სურდა. მან ძალიან კარგად იცოდა, თუ რა
დაემართათ მათ, ვინც ლუკასთვის წაყენებული პრეტენზიის დამტკიცება ვერ შეძლეს. მეორეს მხრივ კი,
გასათვალისწინებელი იყო „ჩუმას“ ფაქტორიც. „ბესი“ ხარკოველი იყო და მის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა.
ის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. მის მოთოკვას მხოლოდ ლუკა თუ ახერხებდა და მისი
უსაფუძვლოდ დადანაშაულების შემთხვევაშიც  იგივე შედეგი იქნებოდა. თანაც, ის დარწმუნებული იყო, რომ იქ
მყოფი ქურდებიდან მხოლოდ კიეველთა ნაწილი დაუჭერდა მხარს. ოდესელებსა და როსტოველებზე ხომ
ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ისინი არასოდეს წავიდოდნენ ლუკას წინააღმდეგ, თუნდაც, ის წოდების გარეშე
ყოფილიყო. ასეთ ვითარებაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება უკან დახევა იყო. მაგრამ „ბესს“ აღარ
შეეძლო „სხადნიაკის“ წინაშე ნათქვამის უკან წაღება. მან ხარკოვის „ობშჩიაკის“ თაობაზე წამოიწყო საუბარი და ამ
საკითხის ბოლომდე გაურკვევლად ქურდები არ დაიშლებოდნენ.
– მე პასუხს ველი! – ცივად თქვა „ბესის“ დუმილით გაღიზიანებულმა ლუკამ.
– როგორც ჩანს ერთმანეთს ვერ გავუგეთ. მე, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ შენს შემდეგ „ობშჩიაკი“
გამოცდილი და საქმეში კარგად ჩახედული კაცის ხელში უნდა გადასულიყო.
– ჩვენ ვერასოდეს გავუგებთ ერთმანეთს! – უცვლელი ტონით განაგრძო ლუკამ, – პირდაპირ გეტყვი... არასოდეს
მომწონდი და რამე საქმე რომ დაგრჩენოდა ჩემთან, ულაპარაკოდ გაგახაზირებდი. ამას შენც გრძნობდი და
ამიტომაც გაურბოდი ხარკოვს. ახლა კი უკან დაბრუნება გადაწყვიტე. ოდნავ გონიერი რომ ყოფილიყავი, ამას არ
გააკეთებდი! ერთ კითხვაზე მიპასუხე... როგორ გგონია, ხარკოვიდან „ობშჩიაკში“ რატომ მიდიოდა ამდენი თანხა?
– რამდენიც საჭირო იყო, იმდენი მიდიოდა, – ჩაიბურტყუნა „ბესმა“.
– არა... იმდენი მოდიოდა, რამდენიც მე მსურდა. შენ ხარკოველი ხარ და კარგად იცი, რომ „დადას“ ჩამოსვლის
შემდეგ „ობშჩიაკი“ გაორმაგდა. მერე უფრო გაიზარდა. ახლა კი გკითხავ... შენ, ხარკოველმა ქურდმა რატომ ვერ
მოაბი ამ საქმეს თავი და რატომ დასჭირდა „ობშჩიაკის“ გაზრდას ჩემი და „დადას“ ჩამოსვლა?!
„ბესს“ არაფერი უთქვამს. მზერა აარიდა და სიგარეტს მოუკიდა.
– უშენოდაც ვიცი, რატომაც ვერ აგვარებდი ამ საქმეს, მაგრამ ახლა წარსულის საქმეები არ მაინტერესებს.
მომავალზე ვიფიქროთ.  ის, რომ ხარკოვის „ობშჩიაკის“ მიღების სურვილი გაგიჩნდა, არ მიკვირს. მაგრამ შენ
ახლაც ვერ მოაბამ ამ საქმეს თავს. ახლავე შემიძლია გითხრა, რაც მოხდება, შენ რომ ხარკოვში დაბრუნდე... –
განაგრძო ლუკამ, – მე წოდებაზე ვთქვი უარი. ხარკოვზე კი – არა!. ხარკოვში ჩამოსულს, იქ დაგხვდები და
დარწმუნებული იყავი, რომ შენ გვერდით დგომას არ დავაპირებ! ისე მოგექცევი, როგორც შენ მოექეცი საძმოს,
როცა სალტოვკელებს გაერიდე და კიევში გადაბარგდი. ასე რომ, ვინმეს მხარდაჭერის იმედი არ გქონდეს. ჩვენ
გარეშე კი რაიმეს „პრასვეტი“ არ გაქვს. ხარკოველი საქმოსნები ახლოს არ გაგიკარებენ. უბრალოდ, სამ ასოზე
გაგგზავნიან და რქებით თუ მიაწვები, დაცვისთვის მე მომმართავენ. დანარჩენზე აღარ ღირს ბაზარი. ამაზე მე და
შენ წლების წინ უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი მიპასუხე – მზად ხარ ამ ბაზარის თავიდან დასაწყებად?!
– ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ქურდულად მოგვარდება, – უხალისოდ უპასუხა „ბესმა“.
– ბუნებრივია. მაგრამ შენ მაინც შეეხები იმ საქმოსნებს, რომლებისგან მიღებული თანხებით „ობშჩიაკი“ ივსება. ასე
რომ, ახლავე შემიძლია გითხრა, რომ ხარკოვში არაფერი გესაქმება. იქ შენი ადგილი არ არის! – ლუკამ პაუზა
გააკეთა და შემდეგ ქურდებს მიუბრუნდა, – დღეს მე არიფი ვარ, თქვენ კი ქურდები. ამას ერთხელ ვიტყვი და
აღარ გავიმეორებ. ხარკოვის „ობშჩიაკზე“ ბაზარი დღესა და აქ უნდა დამთავრდეს. „ბესმა“ თავისი სათქმელი თქვა. 
მე ვუპასუხე. ჩვენ შორის ყველაფერი გარკვეულია. ახლა თქვენ გისმენთ. „ობშჩიაკი“ ნებისმიერ შემთხვევაში
ვოვასთან დარჩება. ნათქვამ სიტყვას უკან არ წავიღებ. მაგრამ თქვენი აზრი მაინც მაინტერესებს. ვინმე თვლის,
რომ „ობშჩიაკი“ „ბესს“ არ უნდა ჩაბარდეს?
ქურდებს არაფერი უთქვამთ. ყველა თვლიდა, რომ ვოვა შესაფერისი კანდიდატი იყო საერთო სალაროს
განკარგვისთვის.
– შენც არაფერი გაქვს სათქმელი?! – რომან ვეტროვს გახედა „ბესმა“, – რატომ ხარ ჩუმად?.. იმდენი დამსახურება
არ გაქვთ ხარკოველ ქურდებს, რომ „ობშჩიაკი“ თქვენ ჩაიბაროთ?!
– შენ თუ პრეტენზიის გამოთქმა გსურს, თქვი. ჩემს საქმეს კი მე თვითონ მივხედავ! – გაღიზიანდა ვეტროვი.
„ბესს“ პრეტენზიის გამოსათქმელი არც მიზეზი ჰქონდა და არც სურვილი, ამიტომ ისევ გაჩუმება ამჯობინა.
– ესე იგი, ყველაფერი გარკვეულია. ხარკოვის „ობშჩიაკი“ „ჩუმასთან“ რჩება. მე მხოლოდ ამ საქმის გასარკვევად
ჩამოვედი. თუ თქვენ სხვა არაფერი გაინტერესებთ, დაგემშვიდობებით. ხარკოვში რაღაც საქმეები მაქვს
მოსაგვარებელი, – თქვა ლუკამ.
– მოიცადე!.. – უკმაყოფილოდ წამოისროლა „ბესმა“, – რა გამოდის. წოდებაზე უარი თქვი და მხოლოდ პირადი
საქმეებით ხარ დაკავებული?!
– შენი საქმე არ არ არის, რით ვარ დაკავებული! – მისკენ გაუხედავად თქვა ლუკამ.
– კოპაძეზე არაფერი გაგიგია?
– ვიცი, რაც კიევში მოხდა.
– ჩვენ ამ საქმეზეც ვაპირებთ საუბარს. არ დარჩები? განაგრძო „ბესმა“.
– არა! – თავი გაიქნია ლუკამ.
– ესე იგი, შენ არც გაინტერესებს, ეს საქმე?! – ხმას აუწია „ბესმა“.
– არ მაინტერსებს. კოპაძე ჩემი ძმაკაცი არ იყო და მეც არ ვარ ქურდი. თქვენს საქმეებში ჩარევას არ ვაპირებ. თქვენ
უნდა გაარკვიოთ, ვინ შეუკვეთა კოპაძეს მკვლელობა. მე კი ეს საქმე არ მეხება. კმარა!.. – უპასუხა ლუკამ და
წასასვლელად ადგა.
მანქანასთან მიახლოებისას ლუკას „სიომა“ წამოეწია და ისევ კოპაძის მკვლელობაზე ჩამოუგდო სიტყვა.
– მართლა ასე ფიქრობ, თუ „ბესის“ აგდება გინდოდა?
– შენ როგორ გგონია? – ჰკითხა ლუკამ.
„სიომამ“ პაუზა გააკეთა და შემდეგ უთხრა:
– ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი გზები გაიყო. წეღან ისევ ის ძველი „მგელო“ იყავი. მე არ მჯერა, რომ შენ
საერთოდ არ გაღელვებს ზურას მკვლელობა.
– გააჩნია რომელი მხრიდან შევხედავთ ამას, – უპასუხა ლუკამ, – როგორც ადამიანი, მეცოდება. მაგრამ ის ქურდი
იყო და უნდა სცოდნოდა, რომ მისთვის გამიზნული ტყვია უკვე ჩამოსხმული იყო. „სიომა“ მე წოდებასთან ერთად
სხვისი პრობლემების მოგვარებაზეც ვთქვი უარი და ამ საქმეში არ ჩავერევი. კმარა!
– დახმარებაზე უარს გვეტყვი? შენ ხომ კარგად ხარ ჩახედული კიეველების საქმეებში და ბოლო ხანებში
რამდენჯერმე შეხვდი კიდეც კოპაძეს.
– იმის თქმა გინდა, რომ დამკვეთის ვინაობის გარკვევაც არ გამიჭირდება? – თქვა ლუკამ.
– ჰო... ამის თქმა მინდა.
– მე თავის დროზე ვუთხარი ზურას, რომ ფრთხილად ყოფილიყო და საკუთარ „ახლობლებში“ მოეძებნა ის
ნაბოზარი, რომელიც მისი საქმიდან გაყვანას აპირებდა.
– და ვინ არის ის „ახლობელი“? – დაძაბული მზერა ესროლა „სიომამ“.
– არსებობს მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების თეორია. თუ არ იცი, ვინ დგას საქმის უკან, შეხედე ვინ
დარჩა მოგებული.
– კოპაძის შემდეგ კიევის „ობშჩიაკს“ „ბესი“ ჩაიბარებს, – ჩაილაპარაკა „სიომამ“
– ლოგიკურად მსჯელობ.
– მაგრამ მხოლოდ ამით „სხადნიაკი“ ქურდის მკვლელობაში ვერავის წაუყენებს პრეტენზიას.
– ვიცი. მე მეტის თქმაც შემიძლია, მაგრამ საჭიროდ არ ვთვლი. მიგანიშნე და კმარა. ვინმეს თუ აინტერესებს
ზურას მკვლელის ვინაობა, ეს „ბესთან“ უნდა გაარკვიოს. მაგრამ ეს ბაზარი რომ წამოიწყო, მხარს არავინ
დაგიჭერს. „ბესს“ ყველაფერი მოგვარებული აქვს. მისთვის პრეტენზიის წაყენება ძალიან ძნელი იქნება. „ბესი“
ამისთვისაც მზად არის და ნამდვილ ომს გამოუცხადებს ნებისმიერს, ვინც მას დაუპირისპირდება.
– მაგრამ „ბესმა“ ყველას გვაგრძნობინა, რომ ხარკოვში დაბრუნება სურდა, – შენიშნა „სიომამ“.
– „ტრუხა“ ბაზარია, – თავი გაიქნია ლუკამ, – უბრალოდ, მიგვანიშნებს, რომ ხარკოვი მაინტერესებს და აქედან
გამომდინარე კიევის საქმეებთან არაფერი მაკავშირებსო.
„სიომა“ მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა:
– მე რას მირჩევ? არ ჩავერიო?
– კარგი მოხუცი ხარ, „სიომა“. „ბეროსა“ და „ვოლინას“ მაგონებ. სამართლით ცხოვრობ და ძველ ტრადიციებს
აწვები. შენნაირები თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ. ასე დიდხანს ვერ გაქაჩავ, ადრე თუ გვიან შენ თავსაც
შეუკვეთავს რომელიმე ნაბოზარი. მე უკვე გავაკეთე არჩევანი და უკან მობრუნებას არ ვაპირებ!.. ესაა ჩემი
სათქმელი. დანარჩენი კი შენი გადასაწყვეტია! – ლუკამ მხარზე მოგობრულად დაჰკრა ხელი და იქვე მდგომ
მანქანას მიუბრუნდა.       
***
  შინაგან საქმეთა მინისტრი აუჩქარებლად ფურცლავდა საქაღალდეს, რომელიც თათბირის შემდეგ გადასცა
ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა. აგენტურული მონაცემები კომპანია „ვერშინასა“ და ლუკა გეგეშიძეს
უკავშირდებოდა. ოპერატიული სამსახური წარსულშიც ამარაგებდა „ვერშინასთან“ დაკავშირებული
ინფორმაციით. მაგრამ, როგორც წესი, მათში თითქმის არ იყო თავად ლუკასთან დაკავშირებული მონაცემები. ამას
ობიექტური მიზეზი ჰქონდა – ლუკა არასოდეს ხვდებოდა კომპანიის საშუალო და დაბალი რანგის
თანამშრომლებს. კომპანიის მმართველი რგოლი კი მხოლოდ სანდო ადამიანებისგან შედგებოდა და მათგან რაიმე
ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი იყო. ერთადერთი არხი, რომლიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო
გარკვეულ ინფორმაციას იღებდა, უკრაინის კრიმინალური სამყარო იყო, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს
აგენტურაც მოქმედებდა. ეს მონაცემებიც ამ ქსელიდან იყო მიღებული. აგენტი ხარკოვში ცოტა ხნის წინ შემდგარ
„სხადნიაკზე“ იუწყებოდა, რომელსაც ლუკა გეგეშიძეც ესწრებოდა.
შინგან საქმეთა მინისტრმა საქაღალდე გვერდზე გადადო, ზიბკოს მიუბრუნდა, რომელიც მოთმინებით ელოდა და
უკმაყოფილო იერით წარმოსთქვა:
– ვნანობ, ამ ავანტიურაში რომ მივიღე მონაწილეობა. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას კარგი არაფერი
მოჰყვებოდა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა ზიბკომ.
– გეგეშიძესთან შეთანხმებას. რამდენადაც მახსოვს, შენ პირობა მომეცი, რომ ის პრობლემას აღარ შეგვიქმნიდა!
– და რა პრობლემა შექმნა მან?
– ეს პიროვნება ისე აგრძელებს საქმინობას, თითქოს არაფერი მომხდარა. აწყობს კრიმინალურ თავყრილობებს და
გეგმავს მომავალ დანაშაულებს.
ზიბკო მიხვდა, რასაც გულისხმობდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მისთვის ცნობილი იყო ხარკოვში შემდგარი
თავყრილობის შესახებ, რომელზეც „ჩუმა“ კანონიერ ქურდად აკურთხეს. ზიბკოსთვის ეს რიგითი მოვლენა იყო.
მის მოვალეობებში არ შედიოდა უკრაინის კრიმინალური სამყაროს კონტროლი. მას მხოლოდ გარკვეული
დელიკატური საკითხების მოგვარება ეკისრებოდა. „ჩუმას“ კანონიერ ქურდად კურთხევა კი მას საერთოდ არ
აღელვებდა.
– რატომ გაჩუმდი?! – უკმაყოფილოდ განაგრძო თანამოსაუბრის დუმილით გაღიზიანებულმა შინაგან საქმეთა
მინისტრმა, – არაფერი გაქვს სათქმელი?
– ეს ზოგადი საუბარია. შეგიძლია დააზუსტო, კონკრეტულად რა დააშავა გეგეშიძემ?
– ხომ გითხარი – მისი თაოსნობით შედგა „სხადნიაკი“, რომელმაც კანონიერ ქურდად აკურთხა ვოვა ჩუმაკოვი,
იგივე „ჩუმა“. სხვათა შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩუმაკოვი გეგეშიძის დაჯგუფების ერთ-
ერთი ყველაზე აგრესიული და საშიში წევრია. გეგეშიძემ არათუ უარი თქვა თავის კრიმინალურ საქმიანობაზე,
არამედ მის გაფართოებაზე ზრუნავს. თავად გადახედე ამ მონაცემებს, – მინისტრმა საქაღალე ზიბკოსკენ გააცურა.
– ამის სათქმელად მომიწვიე?! – ზიბკოს არც კი დაუხედავს საქაღალდისთვის.
– შენ ეს უმნიშვნელოდ გეჩვენება?!
– მოდი, ერთი საკითხი გავარკვიოთ. ამ საქმეში მე მხოლოდ შუამავალი ვიყავი. თავადაც ხვდები, რომ
ინიციატივის ავტორი, პირადად ვერ შეხვდებოდა გეგეშიძეს. მე მისი სურვილი შენ გადმოგეცი. რამდენადაც
მახსოვს, შენ საწინააღმდეგო აზრი არ გამოგითქვამს! ასე რომ, მისამართი შეგეშალა. სხვაგან და სხვასთან უნდა
იწუწუნო!
– არ გამომითქვამს, იმიტომ რომ შენ გენდე. თავი მოვიტყუე, რომ გეგეშიძე ცოტა ხნით მაინც შეჩერდებოდა!
– ღმერთო ჩემო, როდის შეწყვეტენ ამ პროფანებით მინისტრობანას თამაშს! – ზიბკომ აუჩქარებლად მოისრისა
შუბლი.
– რა თქვი?! – ადგილიდან წამოიწია მინისტრი.
– ის, რომ არიფი ხარ. პროფანი... ოფიციალური ენით, რომ ვთქვა, თანამდებობისთვის შეუფერებელი!..
– მოკეტე! – მინისტრმა მაგიდას მთელი ძალით დაჰკრა მუშტი.
– ნუ ყვირი! გზაჯვარედინზე დგომისგან ტვინგაწყალებული ავტოინსპექტორი ხომ არ გგონივარ?! – არ შეეპუა
ზიბკო, – ახლა კი მუშტების ბრახუნს მოეშვი და დალაგებით ამიხსენი, რისთვის მომიწვიე აქ?
– ყველაფერი საქაღალდეშია, – მინისტრმა სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
ზიბკომ საქაღალდე გახსნა და სწრაფად გადახედა მოხსენებით ბარათს. ბარათი შეიცავდა მონაცემებს ქურდული
თავყრილობის თაობაზე, რომელზეც ვოვა ჩუმაკოვი კანონიერ ქურდად აკურთხეს.
– რას იტყვი ამაზე? – იკითხა მინისტრმა, როგორც კი ზიბკომ საქაღალდე გვერდზე გადადო.
– საინტერესო არაფერია, – მშვიდად უპასუხა მან.
– დამცინი?! – გაღიზიანდა მინისტრი.
– არა. სრულიად გულწრფელად გეუბნები. შენი მონაცემები არასრულია.
– შენ სხვა მონაცემები გაქვს?
– მაქვს.
– არ გამიზიარებ?
– მე შენი ინფორმატორი არ ვარ. მინისტრის თანამდებობა მხოლოდ კომფორტულ კაბინეტს, პერსონალურ
ავტომობილს, პირად დაცვას, გრძელფეხება მდივანსა და მაღალ ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. ყველა ამ
სიკეთის მისაღებად ტვინი უნდა გაანძრიო. თუ ტვინთან მწყრალად ხარ, უკანალის განძრევა მაინც უნდა
შეგეძლოს! – ცივად უპასუხა ზიბკომ.
გაღიზიანებული მინისტრი უკმეხი პასუხისთვის მოემზადა, მაგრამ უმალ გადაიფიქრა. თავადაც ხვდებოდა, რომ
ზიბკო უცერემონიო გამოძახებით იყო გაღიზიანებული და ასე უხდიდა სამაგიეროს. ახლა რაიმე უსიამოვნო რომ
მოესმინა, შესაძლოა, საერთოდ დაეტოვებინა მისი კაბინეტი. ამიტომაც ტონი შეარბილა და მეგობრულად უთხრა:
– მოდი, ნუ ვიჩხუბებთ. არ დაგავიწყდეს, რომ ერთ საქმეს ვემსახურებით!
ზიბკო წამით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:
– სამომავლოდ გაითვალისწინე, რომ მე ის კაცი არ ვარ, რომელსაც ხელქვეითივით იბარებენ კაბინეტში. თუ
ერთმანეთს გავუგებთ, თანამშრომლობასაც შევძლებთ, თუ ვერა...
– კარგი, კარგი... ყველაფერი გასაგებია. მოდი დავივიწყოთ, რაც მოხდა და საქმეზე ვილაპარაკოთ.
– კეთილი... ესე იგი, გეგეშიძის შესახებ სხვა მონაცემები არ გაგაჩნია?
– არა. მხოლოდ ეს, – საქაღალდეზე მიანიშნა მინისტრმა.
– რაც შეეხება ვოვა ჩუმაკოვის კანონიერ ქურდად კურთხევას, შენი ინფორმატორი არ შემცდარა, ეს სრული
სიმართლეა. ქურდული „სხადნიაკი“ „ვერშინას“ ერთ-ერთ აგარაკზე ერთი კვირის წინ შედგა. ოდესელ და
როსტოველ ქურდებს თავად გეგეშიძე მასპინძლობდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. შენმა ინფორმატორმა
მთავარი არ გაცნობა.
– მაინც რა?
– გეგეშიძემ უარი თქვა ქურდის წოდებაზე!
მინისტრმა ეჭვნარევი მზერა ესროლა.
– ნუ მიყურებ ასე. მე ჰაერზე არასოდეს ვლაპარაკობ. ოდესაში შემდგარ „სხადნიაკზე“ გეგეშიძემ თავად თქვა უარი
წოდებაზე, – თქვა ზიბკომ.
– დაუჯერებელია, – აუჩქარებლად ჩაილაპარაკა მინისტრმა.
– თავიდან მეც არ დავიჯერე. მაგრამ გადამოწმებამ  ინფორმაციის სისწორე დაადასტურა. ასე რომ, სანერვიულო
არაფერი გაქვს. გეგეშიძემ თავის საკითხი თავად მოხსნა დღის წესრიგიდან.
– არა მგონია. წოდებისა თუ მის გარეშე, ის მაინც საშიშ კრიმინალად რჩება. გასათვალისწინებელია ჩუმაკოვის
ფაქტორიც. ის გეგეშიძის დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და საშიში წევრია. ასე რომ, ვითარების
გაუმჯობესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩუმაკოვის კანონიერ ქურდად კურთხევა მხოლოდ ერთ რამეზე
მიანიშნებს – გეგეშიძეს აზრადაც არ გაუვლია კრიმინალურ საქმიანობაზე უარის თქმა. ის, უბრალოდ, ჩვენი
მხრიდან დარტყმას გაერიდა და ჩრდილში გადაინაცვლა. ჩუმაკოვი კი მისთვის მხოლოდ ფარია და სხვა არაფერი.
გეგეშიძე მისი მეშვეობით განაგრძობს თავისი კრიმინალური დაჯგუფების მართვას.
– ვერ დაგეთანხმები, – თავი გაიქნია ზიბკომ, – ბოლო ერთი წლის განმავლობაში გეგეშიძემ უფრო გაიმყარა
პოზიციები. თავის გარემოცვაში მას კონკურენტი არ ჰყავს. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის კრიმინალურ
სამყაროზეც. კრიმინალების უდიდესი ნაწილი მასთან მეგობრობას ამჯობინებს. გარკვეული ნაწილი ნეიტრალურ
პოზიციაზე რჩება და მისგან შორს ყოფნას ცდილობს. არიან მასზე განაწყენებულებიც. ისინი სიამოვნებით
მოუღებდნენ ბოლოს, მაგრამ ამასთან ერთად კარგად ახსოვთ, თუ რა დაემართათ მათ „კოლეგებს“, რომლებმაც
გზა გადაუჭრეს გეგეშიძეს. ასე რომ, ჩვენს საერთო ნაცნობს არ ჰქონდა კანონიერი ქურდის წოდებაზე უარის თქმის
მიზეზი. ჩემი ინფორმაციით, ეს ქურდებისთვისაც მოულოდნელი იყო და რამდენიმე ავტორიტეტი
გადაწყვეტილებაზე უარის თქმას სთხოვდა.
– მესმის, მაგრამ რა იცვლება ამით? ასე თუ ისე, გეგეშიძე მაინც საფრთხეს წარმოადგენს, – შენიშნა მინისტრმა.
– არა. ნათელია, რომ გეგეშიძეს საქმეებიდან ჩამოშორება სურს. ეს მოსალოდნელიც იყო. ის საკმაოდ გონიერი
ადამიანია და კარგად იცის, რომ ასე შეიძლება იცხოვრო ერთი, ხუთი... ათი წელი. მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც
ისევე დაამთავრებს, როგორც მრავალმა სხვამ. ქურდის წოდებაზე უარის თქმა, მხოლოდ ამის მიმანიშნებელია.
ქურდის წოდებით ის ვერასოდეს დაემშვიდობებოდა წარსულს. მოვალეობებზე, რომლებსაც კანონიერი ქურდის
სტატუსი აკისრებს, უარს ვერ იტყოდა. ეს მისი და ქურდების დაპირისპირების მიზეზად იქცეოდა. ამის თავიდან
ასაცილებლად გეგეშიძემ წინდახედულად თქვა უარი წოდებაზე და ამისთვის საუკეთესო დრო შეარჩია. ამჟამად
მისი დაჯგუფება ძლიერების ზენიტშია. დაჯგუფებას კონკურეტებისგან რაიმე საშიშროება არ ემუქრება.
გარკვეულწილად მოგვარებული აქვს ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებიც. პრინციპში, გეგეშიძის
დაჯგუფებასა და კომპანია „ვერშინას“ მიმართ სახელმწიფოს კონკრეტული პრეტენზიები არც გააჩნია. რამდენადაც
ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არავის მიუმართავს საჩივრით გეგეშიძის დაჯგუფების
წევრების წინააღმდეგ.
– მათი, უბრალოდ, ეშენიათ! – სწრაფად თქვა მინისტრმა.
– მე შემიძლია, დაგისახელოთ მრავალი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით
გამოირჩეოდა. ამ დაჯგუფებების არნახულად ეშინოდათ, მაგრამ მაინც არსებობდნენ პიროვნებები, რომლებიც
საჩივრებით მიმართავდნენ სამართალდამცველ უწყებებს. ასე რომ, თქვენს განმარტებას ვერ დავეთანხმები! –
შენიშნა ზიბკომ.
– კეთილი... მაშინ შენ როგორ ახსნი გეგეშიძის დაჯგუფების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მიზეზს?
– ძალიან მარტივად – ეს არ არის კლასიკური კრიმინალური დაჯგუფება. პრაქტიკულად, ისინი ლეგალურ
ბიზნესს ეწევიან. განაგებენ კომპანია „ვერშინას“. „ვერშინის“ კრიმინალური შემადგენელი კი კომპანიას სხვა
კრიმინალების თავდასხმებისგან იცავს. ასევე, ისინი მფარველობენ სხვა ბიზნესმენებს, რომლებიც მათ
დახმარებისთვის მიმართავენ. ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი არ არიან ჩართული ისეთ დანაშაულებში,
როგორებიცაა ძარცვა, ყაჩაღობა, ნარკოვაჭრობა, პროსტიტუცია და ასე შემდეგ. მარტივად რომ ვთქვა, ამ
პიროვნებებს აქვთ ფული და უბრალოდ, ათასი ჯურის ავანტიურისტებისგან და მუქთამჭამელებისგან იცავენ
მას... რასაც აკეთებს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი. არა მგონია, ეს დანაშაული იყოს. ყოველ
შემთხვევაში, ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი ამას არ კრძალავს.
– „ვერშინა“ კრიმინალური ფულით შეიქმნა! – ბრაზით წამოიძახა მინისტრმა.
– ვიცი, – მშვიდად უპასუხა ზიბკომ, – კარგად მახსოვს ოთხმოცდაათიანი წლები. შენ მაშინ საბავშვო ბაღში
დადიოდი. სხვათა შორის, სახსრები, რომლებიც შემდგომ ჩემს ბიზნესში ჩავდე, იმ წლებში იყო მოპოვებული. რას
იზამ? მეც კრიმინალად გამომაცხადებ და გეგეშიძესთან ერთად დამსვამ საბრალდებო სკამზე?!
მინისტრმა ბრაზით აღსავსე მზერა ესროლა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– თავი გაანებე წარსულს. თუ რაიმე მასალები გაქვს „ვერშინას“ წინააღმდეგ, აღძარი საქმე. ზოგადი საუბრებით
შორს ვერ წახვალ. გეგეშიძეს შენზე ბევრად გამოცდილი ადვოკატები ჰყავს. მათთან დაპირისპირებით თავს
შეირცხვენ!
– გეგეშიძის ძლიერების წყარო „ვერშინაა“. ის თუ გამოვაცალეთ ხელიდან, მასაც ადვილად მოვუღებთ ბოლოს!
ზიბკომ ჩაფიქრებულმა გახედა და შემდეგ ჰკითხა.
– ერთი რამ ამიხსენი. შენ გეგეშიძესთან გაქვს რაიმე პრეტენზია, თუ „ვერშინასთან“?
– მე გასაგებად აგიხსენი, რომ უკრაინის გეგეშიძისგან გათავისუფლება მსურს. ეს კი „ვერშინას“ განადგურების
გარეშე არ გამოვა! – უპასუხა მინისტრმა.
– და როგორ წარმოგიდგენია ეს? მაინც რა გზით აპირებ იმ კომპანიის „განადგურებას“, რომელსაც არასოდეს
დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა, რეგულარულად იხდის ყველა გადასახადს და შემოსავლის საკმაოდ
სოლიდურ ნაწილს ქველმოქმედებაზე ხარჯავს?! სიმართლე გითხრა, ძალიან მიჭირს ყოველივე ამის კანონიერების
ჩარჩოებში წარმოდგენა!
– მეც... და ამიტომაც შენ გთხოვ დახმარებას.
– ჩემი იმედი გაქვს?! – გაუკვირდა ზიბკოს, – საინტერესოა. მაინც, რატომ მთვლი ბრიყვად?!
– პირიქით. ძალიან გონიერ ადამიანად გთვლი და ამიტომაც მოგმართე შენ. ვიცი, რომ განსაკუთრებით არ
გიზიდავს ეს საქმე. გამოსავალს შემოგთავაზებ. მე არ მინდა გეგეშიძის ბოლომდე განადგურება. საკმარისი იქნება,
თუ ის უკრაინას დატოვებს.
– ესე იგი, შენ გინდა, რომ ცხვრებიცა და მგლებიც ცოცხლები გადარჩნენ და შემდგომ ყველამ სიამტკბილობაში
იცხოვროს? – ჰკითხა ზიბკომ.
– სწორედ ამის თქმა მინდოდა, – თავი დაუქნია მინისტრმა.
– მაგრამ შენ ერთ რამეს არ ითვალისწინებ.
– რას?
– მგლებიცა და ცხვრებიც ცოცხლები თუ გადარჩნენ, შეჭმული მწყემსი აღმოჩნდება! – აუჩქარებლად ჩაილაპარაკა
ზიბკომ. – მგელი არასოდეს მოითმენს შიმშილს!
– ესე იგი...
– მგონი, გასაგებია, რასაც ვგულისხმობ, – არ დაასრულებინა ზიბკომ.
მინისტრმა აუჩქარებლად მოისრისა შუბლი და შემდეგ თქვა.
– თუ დამეხმარები, სამომავლოდ ყველაფერში გქონდეს ჩემი მხარდაჭერის იმედი!
– შენი მხარდაჭერის იმედი მქონდეს?! – ხმამაღლა გაეცინა ზიბკოს, – ძალიან დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ
თავზე! გაიხსენე, ვინ იყავი, ვიდრე სადღაც ვიღაცას შენი ამ სავარძელზე დასმა არ დასჭირდა? ახლა კი დაფიქრდი
იმაზე, თუ ვინ იქნები, როდესაც სადღაც ვიღაცას ამ სავარძლის შენგან გათავისუფლება დასჭირდება?.. მე კი
მაშინაც იქ ვიქნები, სადაც მუდამ ვიყავი.... არსად! მე რაიმე თანამდებობა არ მაქვს. არც კარიერული ზრდა
მაინტერესებს და არც დაქვეითების მეშინია. ასე რომ, შენი მხარდაჭერაც არაფერში მჭირდება. თანაც, შენ ხომ
რაიმე საინტერესოს შემოთავაზება არ შეგიძლია.
– მაშინ, ერთ კითხვაზე მიპასუხე. რამდენი გადაგიხადა გეგეშიძემ მის ადვოკატობაში?! – ბრაზით ჰკითხა
მინისტრმა.
– რითაც დავიწყეთ, ისევ იმას ვუბრუნდებით, – ამოიოხრა ზიბკომ, – მთელი უბედურება ისაა, რომ შენ არ
შეეფერები ამ თანამდებობას. შენი შესაძლებლობებით განყოფილების ხელმძღვანელობასაც ვერ გაქაჩავდი. მაგრამ
შენდა საბედნიეროდ, მე არ ვწყვეტ ამ საკითხს.
– არა აქვს მნიშვნელობა, დამეხმარები თუ არა. ამ საქმეს უშენოდაც მივიყვან ბოლომდე!
ზიბკო ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდას, წინ გადაიხარა და ხმადაბლა თქვა:
– ამის თქმა ნამდვილად არ მსურს შენთვის. უკეთესი იქნებოდა, გვერდზე გავმდგარიყავი და მშვიდად
დავლოდებოდი, როდის წაიმტვრევდი კისერს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. როგორც ვხედავ, შენზე შეგონება არ
მოქმედებს და შენი სისულელით შეიძლება, სერიოზული ოპერაცია ჩაშალო.
– რას გულისხმობ? – დაბნეული სახით ჰკითხა მინისტრმა.
– გეგეშიძის უკრაინაში ყოფნა მხოლოდ შენ არ გაღელვებს. მაგრამ შენგან განსხვავებით, ის პიროვნებები
ლოზუნგების ყვირილით არ აპირებენ ამ საკითხის მოგვარებას.
– ესე იგი...
– საკმარისია... იმაზე მეტი გითხარი, ვიდრე საჭირო იყო. დანარჩენი თავად გადაწყვიტე. თუ საჭიროდ თვლი,
შეგიძლია, საქმე აღძრა გეგეშიძის წინააღმდეგ. თუ არა, ეგ საქაღალდე შორს შეინახე და საერთოდ დაივიწყე მისი
არსებობის შესახებ! – ამ სიტყვებთან ერთად ზიბკო ადგა, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.
მინისტრმა ჩაფიქრებული მზერით გააცილა სტუმარი და როგორც კი მის ზურგსუკან კარი მიიხურა, მაგიდიდან
საქაღალდე აიღო და სანაგვეში მოისროლა.
ის იყო ლუკა საწოლზე წამოწვა, რომ კარზე დააკაკუნეს. „ვერშინის“ მთავარ ოფისში საფრთხე არ ემუქრებოდა.
ოფისი საიმედოდ იყო დაცული. მცველების შეუმჩნევლად შიგნით ვერავინ შეაღწევდა. მაგრამ ჩვეულებამ მაინც
თავისი გაიტანა. ლუკამ ბალიშის ქვეშიდან პისტოლეტი გამოიღო, დამცველი გახსნა და კარი გააღო. ზღურბლზე
ვასილიჩი იდგა.
  ადვოკატის ღამეული სტუმრობა სრულიად მოულოდნელი იყო. ის „ვერშინის“ ხელმძღვანელობასთან ერთად
ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც ერთი საათის წინ დამთავრდა. შეხვედრისას ვასილიჩი ჩუმად იჯდა. ერთხელაც
არ დაუპირებია თათბირში ჩართვა. ახლა კი მარტო ესტუმრა ლუკას. ჩანს, ისეთ საკითხზე სურდა საუბარი,
რაზედაც სხვისი თანდასწრებით არაფერს იტყოდა.
– შემოდი, – უთხრა ლუკამ და კარს მოშორდა.
ვასილიჩი ოთახში შევიდა, ბარიდან ვისკის ბოთლი გამოიღო, დივანზე ჩამოჯდა და სასმელი ჭიქებში ჩამოასხა.
ლუკა მის პირისპირ დაჯდა და ყურადღებით შეათვალიერა. ვასილიჩს დაღლილობა ეტყობოდა. თვალები
ამღვრეული ჰქონდა. ჩანდა, აქ მოსვლამდეც დაელია სასმელი.
ლუკამ მოიცადა, ვიდრე ვასილიჩმა ჭიქა არ გამოსცალა და შემდეგ უთხრა.
– ცუდად გამოიყურები.
– დავლიე, – ჩაილაპარაკა ვასილიჩმა და ისევ შეავსო ჭიქა.
– მხოლოდ ამისთვის არ მოხვიდოდი აქ, – ვისკის ბოთლზე მიანიშნა ლუკამ.
– რისი თქმაც მინდა, ფხიზელი ვერ გეტყოდი, – ამოიოხრა ვასილიჩმა.
– ადრე არ გქონია ასეთი პრობლება.
– ადრე სხვა იყო. მე და შენ ყოველთვის ერთი პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობდით და ვმუშაობდით. ახლა
კი... – ვასილიჩმა ხელი ჩაიქნია, ვისკი მოსვა და  განაგრძო, – ოდესმე ყველაფერი მთავრდება, კარგიცა და ცუდიც.
სწორედ გამიგე, ლუკა, არც შიში მალაპარაკებს და უმადურიც არ ვარ, მაგრამ „ვერშინაში“ ვეღარ დავრჩები!
– რატომ?
– პირდაპირ გეტყვი. შენ გარეშე კომპანიისთვის რაიმე პერსპექტივას ვეღარ ვხედავ. თავის დროზე ელიამ
იდეალური მექანიზმი შექმნა. მაგრამ მას მაინც აქვს ერთი სუსტი წერტილი. ჯაბას, ვოვას, დირექტორატის, ჩემ
გარეშე მექანიზმი არ მოიშლება. ელიას დაღუპვამაც ვერ შეაფერხა მისი მუშაობა. ყველას შეცვლა-ჩანაცვლება
შეიძლება. მაგრამ მექანიზნი უშენობას ვერ აიტანს. „ვერშინა“ ერთი თვე იმუშავებს, ორი... წელსაც გაქაჩავს, მაგრამ
ადრე თუ გვიან, მაინც მოიშლება და მე ვერ შევაჩერებ ამას!
– მე არასოდეს ჩავრეულვარ „ვერშინის“ საქმიანობაში, – უპასუხა ლუკამ.
– ჰო... პირდაპირ არასოდეს ჩარეულხარ და ეს არც იყო საჭირო. მექანიზმის გამართული მუშაობისთვის შენი
ავტორიტეტიც საკმარისი იყო. ყველამ, დირექტორატიდან დაწყებული – რიგითი თანამშრომლით
დამთავრებული, იცოდა, რომ შენ სადღაც აქ, მათ სიახლოვეს იყავი. და ისიც იცოდნენ, რომ არასწორი
საქციელისთვის ნებისმიერი დაუყონებლივ დაისჯებოდა. ეს ჩვენ მრავალ პრობლემას გვიხსნიდა. იოლად
ვაგვარებდით ურთიერთობას მათთანაც, ვინც ჩვენს ხარჯზე წაბალახებას აპირებდა. ამდენი წლის განმავლობაში
„ვერშინის“ შიგნით ასეთი პრობლემა არ გვქონია. გარედან რამდენჯერმე შემოგვიტიეს, მაგრამ... რად გვინდა
ზედმეტი ბაზარი, შენც კარგად იცი, როგორც მოგვარდა ის პრობლემები.
– „ჩუმას“ იმედი არ გაქვს? – ჰკითხა ლუკამ.
– ვოვა უღალატი კაცია. საერთო საქმისთვის არასოდეს დაიხევს უკან, მაგრამ ვოვა მებრძოლია, რიგითი
ჯარისკაცი. ჩვენ კი სარდალი გვჭირდება!
– ცოტას ამლაშებ, ვასილიჩ – გაეღიმა ლუკას.
– არა... არა... სწორედ იმას ვამბობ, რაც უნდა ვთქვა. ვოვას შეუძლია ურთიერთობა მოაგვაროს ქურდებთან,
გააკონტროლოს „ობშჩიაკი“, რქები დაახერხოს ათასი ჯურის ახვარსა და ნაბოზარს, მაგრამ ის ვერაფერს გააწყობს
კიეველ ჩინოვნიკებთან და არც ხელისუფლების წარმომადგენლები მოინდომებენ მასთან ურთიერთობას.
– ამისთვის შენ ხარ.
– გადაჭარბებით ნუ შეაფასებ ჩემს შესაძლებლობებს. მე მაშინ მიწევდნენ ანგარიშს, როდესაც ჩემ უკან შენ
ეგულებოდი. იგივე აღარ განმეორდება. ვინ ვარ მე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის?! კრიმინალებთან
შეკრული წუწკი ადვოკატი! არა, ლუკა, ხელისუფლება მე კი არა, ძალას უწევდა ანგარიშს. იმ ძალას რომელიც მე
არ გამაჩნია!
– შენ რომ გისმინო, სამყაროს ცენტრი ვყოფილვარ. რა მოხდებოდა, მე რომ დავღუპულიყავი ან ძალიან დიდ
„სროკზე“ გავესტუმრებინე მთავრობას?
– მოხდებოდა ის, რაც მოხდება რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგ. „ვერშინას“ ჯერ ერთი მხრიდან
წაკრავდნენ ხელს. მერე – მეორიდან. მოსინჯავდნენ, კარგად შეისწავლიდნენ, სუსტ წერტილს მოუნახავდნენ,
მთელი ძალით დაჰკრავდნენ და მიწასთან გაასწორებდნენ, – უპასუხა ვასილიჩმა.
– ადვოკატი კი არა, ნაღდი ალფრედ ჰიჩკოკი ხარ! – გაეცინა ლუკას, – რამე კარგი თქვი, თორემ მეც დავიგრუზე.
– კარგს ვერაფერს გეტყვი. საამისო მიზეზი არ მაქვს და ვერც გამოვიგონებ, – ვასილიჩი ჭიქას გადასწვდა, – შენც
დალიე, თორემ რა გამოდის. მარტო ვსვამ, ლოთივით.
– ესე იგი „ვერშინიდან“ წახვალ? – ლუკამ აუჩქარებლად გამოსცალა ჭიქა.
– მხოლოდ კომპანიიდან არა. გარკვეული ხნით საერთოდ გავერიდები უკრაინას. შენი წასვლის ამბავი მალე
გაბაზრდება. შემდეგ კი შეიძლება, ვეღარც გავასწრო აქედან.
– ასე რამ შეგაშინა, ვასილიჩ?!
– ძალიან ბევრი ვიცი, ლუკა, – ვასილიჩმა საფეთქელზე მიიკაკუნა თითი, – იმაში, რაც აქ არის. ზოგიერთი დიდ
მაყუთსაც არ დაინანებს.
– მართლაც ბევრი იცი. იქნებ არც ღირდეს შენი ცოცხლად დატოვება?! – ლუკა მძიმედ წაეტანა პისტოლეტს.
ვასილიჩმა დაბნეული სახით გახედა. შემდეგ კი ხმამაღლა გაეცინა.
– ჩაგეთვალა... კინაღამ ვჭამე. მაგრამ მალე გამახსენდა, ვინც იჯდა ჩემ წინ!
– ნუ გაერთობი. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ქურდი აღარ ვარ და გარკვეული პრინციპები აღარ მბოჭავს. ისიც
გაიხსენე, რომ სისხლისღვრაც არ მაშინებს! შენნაირი მოწმის ცოცხლად დატოვება კი მართლაც არიფის
შესაფერისი შეცდომა იქნებოდა.
– შენი წასვლის შემდეგ „ვერშინაში“ თუ დავრჩი, მართლაც ეგრე დავასრულებ სიცოცხლეს! – ხელი ჩაიქნია
ვასილიჩმა.
– მოდი, სერიოზულად ვისაუბროთ. რა შემოგთავაზო „ვერშინაში“ დასარჩენად? – ჰკითხა ლუკამ.
– მე ვერაფერს შემოგთავაზებ. მაგრამ როგორც მეგობარმა რომ გთხოვო დარჩენა, რას მიპასუხებ? – მზერა
გაუსწორა ვასილიჩმა.
ლუკამ მძიმედ გაიქნია თავი.
– მესმის შენი... არაკაცი ვიყო თუ ყველაფერი არ მესმოდეს. მე პირველი დღეებიდან ვარ „ვერშინაში“. ყველაფერი
კარგად მახსოვს და ისიც ვიცი, რაც შენ გადაიტანე. წასვლისთვის ვერავინ დაგძრახავს. მაგრამ... – ვასილიჩმა
ვისკი მოსვა და ლაპარაკი განაგრძო, – იცი რა მდგომარეობაში ვარ.... ფილმი „კავკასიელი ტყვე ქალი“ გახსოვს?
– მახსოვს, – თავი დაუქნია ლუკამ.
– იქ ერთი პერსონაჟი სადღეგრძელოს ამბობს... მაქვს საშუალება ვიყიდო თხა, მაგრამ არ მაქვს ამის სურვილი.
მაქვს სურვილი ვიყიდო მანქანა, მაგრამ არ მაქვს ამის საშუალება... მოდი, დავლიოთ იმის სადღეგრძელო, რომ
ჩვენი სურვილები ჩვენს შესაძლებლობებს ემთხვეოდეს!
– მოდი, დავლოთ ამის სადღეგრძელო, – უპასუხა ლუკამ და ჭიქები ვისკით შეავსო.
– მოდი, – უმალ დაეთანხმა ვასილიჩი და ჭიქას გადასწვდა.
– სადღეგრძელო სადღეგრძელოდ დარჩა. ჩვენი სურვილები მაინც არ ემთხვევა ჩვენს შესაძლებლობებს, – განაგრძო
ლუკამ, როგორც კი ვასილიჩმა გამოცლილი ჭიქა მაგიდაზე დაუშვა.
– თავი გავანებოთ ოცნებებს. როგორც შენს ძმას, ისე მაინტერესებს. მაინც, რას გეგმავ სამომავლოდ?
– ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია. ეკას მშობიარობას დაველოდები. შემდეგ შევხედავ.
– ერთი თხოვნა მაქვს შენთან.
– მითხარი.
– შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ შენი ყაიდის ადამიანს ადვოკატი მომავალშიც დასჭირდება.
– თავგადასავლებს ეძებ, – გაეღიმა ლუკას.
– ასე გეტყვი. „ფორმულა ერთის“ მრბოლერი კარიერის დასრულების შემდეგ ტრაქტორს ვერ შეეგუება. მინიმუმ,
„ფერარიზე“ მაინც უნდა გადაჯდეს!
– მართებულია, – დაეთანხმა ლუკა.
– ჰოდა, მეც მაგას ვამბობ.
– ესე იგი, სამსახურში აყვანას მთხოვ?
– ძვირი არ დაგიჯდება. შემიძლია, წინა დამქირავებლისგან სარეკომენდაციო წერილი მოგიტანო. თუმცა მალე
დარწმუნდები, რომ ბალასტი არ ვარ და ჩემს წილ ლუკმას მუქთად არ ვჭამ.
– მოსულა... სარეკომენდაციო წერილი კი არ მინდა. სიტყვაზე გენდობი.
– მაშინ სხვა სადღეგრძელოს ვიტყვი, – ვასილიჩმა სწრაფად შეავსო ჭიქები, – ამით სწორ არჩევანს გაუმარჯოს!
სურვილი, სურვილია. არჩევანი – არჩევანი, მაგრამ ყველაფერს მაინც სწორი, უეჭველი გადაწყვეტილება სჯობია!..
***
  დღე მიიწურა. მზე მძიმედ ჩასცდა ხის კენწეროებს და სადღაც შორეთში მიიმალა. ბაღში ბინდი ჩამოწვა.
სიბნელის დადგომისთანავე ჭიშკართან, ღობისა და ბაღში გამავალი ბილიკების გასწვრივ ავტომატურად ჩაირთო
განათება. ეს განათების ჩვეული რეჟიმი იყო. ნათურების მეორე წყება მხოლოდ მათთან მიახლოებისას ინთებოდა.
რაც უფრო ართულებდა ბაღსა და სახლში შეუმჩნევლად შეღწევას. როგორც წესი, საღამოს დადგომისას მცველები
მცირე ხანს კიდევ რჩებოდნენ ბაღში. შემდეგ კი სახლის პირველ სართულზე მოწყობილ ოთახში ინაცვლებდნენ.
იქიდან კამერების მეშვეობით მთელი პერიმეტრის გაკონტროლება იყო შესაძლებელი.
ჯაბა ჩამობნელებისთანავე გავიდა სახლიდან და ბაღის შემოვლას შეუდგა. ყველაფერი რიგზე იყო. მცველები,
ჩვეულებისამებრ, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ღობესა და ბაღს. ჭიშკრის სიახლოვეს დაცვის უფროსი
შეეგება.
– როგორაა საქმე? – მის პირისპირ შედგა ჯაბა.
– როგორც ყოველთვის... სიმშვიდეა,  – უპასუხა მან.
– არ მოეშვათ. ხომ იცი, სიმშვიდე ქალივითაა – გადუნებს და სიფხიზლეს გაკარგვინებს.
– არ მესწავლება. თხუთმეტი წელია, რაც ამ საქმეში ვარ! – გაღიზიანდა დაცვის უფროსი.
– მართლა? – მოჩვენებით გაიკვირვა ჯაბამ, – ნაღდი პროფესიონალი ყოფილხარ. ნაღდად არ გჭირდება ჩემი
რჩევა!
– რაცა ვარ, ესა ვარ, – შემრიგებლური ტონით თქვა დაცვის უფროსმა.
– მე კი ოცდახუთი წელი სხვა საქმეში ვარ!.. და რადგანაც ჯერჯერობით არც „სროკზე“ მოვხვდი და არც საფლავში
ვწევარ, გამოდის, რომ ძალიან კარგად მცოდნია ჩემი საქმე... გაიგე?! – აუჩქარებლად თქვა ჯაბამ.
– გავიგე, – ყრუდ ჩაილაპარაკა დაცვის უფროსმა.
– ჰოდა თუ გაიგე, ზედმეტ ბაზარს შეეშვი და საქმეს მიხედე, – დაასრულა ჯაბამ და სახლისკენ დააპირა წასვლა.
– მაშინ ერთი საკითხის მოგვარებაში დამეხმარე, – დაადევნა დაცვის უფროსმა.
– რა გინდა? – შემობრუნდა ჯაბა.
– ნატოსთან ვერაფრით გამოვნახეთ საერთო ენა. ჯიუტი გოგოა. ყოველ საღამოს იგივე მეორდება, – სახლის მეორე
სართულზე მიანიშნა დაცვის უფროსმა.
ჯაბა მიხვდა, რასაც გულისხმობდა. ბოლო ხანებში ნატომ სახლის მეორე სართულზე, შემინულ მცირე
ორანჟერეაში გადაიტანა თავისი სახელოსნო. ამაში არაფერი იყო უცნაური. გაზაფხული იდგა და მზე კარგად
ანათებდა ორანჟერეას. შუშის კედლებს მიღმა კი კრაკოვის ძველი უბნის შესანიშნავი ხედი იშლებოდა. მაგრამ
ნატოს მოსაზრებას არ ეთანხმებოდა დაცვის უფროსი.  განსაკუთრებით იმიტომ, რომ დროის უდიდეს ნაწილს ეკაც
ორანჟერეაში ატარებდა. იმ შუშის კედლებს მიღმა კი, რომლებიც ასე მოსწონდა ნატოს, ორივე შესანიშნავ სამიზნეს
წარმოადგენდა.
– ახლაც იქ არიან. სუფთა ჰაერზე სვამენ ჩაის. შენ სცადე მათი შეგონება. იქნებ გამოგადგეს შენი ოცდახუთწლიანი
„გამოცდილება“ და მართლაც შეძლო მათი დათანხმება, – ირონიით დაასრულა დაცვის უფროსმა.
– კარგი, კარგი, ვცდი, –  უპაუხა ჯაბამ და აგარაკს მიაშურა.
ეკა ორანჟერეის კუთხეში მცირე ზომის დივანზე იჯდა. მის წინ, ჟურნალის მაგიდაზე ჩაის ფინჯანი და
ნამცხვრიანი თეფში იდო. ნატო ოდნავ მოშორებით, მოლბერტთან იდგა. ის გატაცებით ხატავდა. დროდადრო
მოლბერტს შორდებოდა, ნახატს ყურადღებით აკვირდებოდა და შემდეგ ისევ აგრძელებდა ხატვას.
ჯაბას ორანჟერეაში შესვლისას ეკა ფეხზე ადგა და მაგიდასთან მიიწვია.
– მოდი. ახლავე მოგიმზადებ ჩაის.
– არ მინდა, – თავი გააქნია ჯაბამ.
– ყავა...
– არა.
– მაშინ ჩემი ახალი ნახატი შეაფასე, – გამოხედა ნატომ.
ჯაბა ტილოს მიუახლოვდა. მასზე მთვარით განათებული ძველი კრაკოვი იყო გამოსახული. ლამაზად მოჩანდა
ბინდში ჩაძირული შენობების ზემოთ ასვეტილი კათოლიკური ტაძრების მაღალი და წვეტიანი გუმბათები.
– რას იტყვი? – ჰკითხა ნატომ.
– ხომ იცი, რომ ამაში ვერ ვერკვევი. ისე კი ლამაზია.
– ვერ ვერკვევი!.. – გამოაჯავრა ნატომ, – სილამაზესა და ხელოვნებას ერთმანეთისგან ვერ არჩევ?!
– ხელოვნებაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა სხვა საქმეზე ვარ მოსული, – თქვა ჯაბამ.
– ვიცი... ვიცი... – გაიცინა ნატომ, – აქედან ვხედავდი, როგორ გეწუწუნებოდა ჩვენი დაცვის უფროსი!
– ნატო, ის კაცი კარგად ერკვევა თავის საქმეში. ამისთვის დაიქირავა ლუკამ. თუ ის მოითხოვს, ესე იგი, ასეა
საჭირო!
– თავიდან დაიწყო... არ გისმენ... ხომ ხედავ, არაფერი მესმის! – გოგონამ ყურებზე მიიჭირა ხელები და ზურგი
შეაქცია ჯაბას.
მან ეკას გახედა. თითქოს დახმარებას სთხოვსო.
– ასე არ შეიძლება, ნატო, – ეკა გოგონას მიუახლოვდა და ხელები ჩამოაწევინა, – დაცვა თავის საქმეს აკეთებს და
ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ ამაში.
– შენ მოგწონს ასე ცხოვრება?
– რა თქმა უნდა, არა. მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
– თქვენ არ გესმით ჩემი. სახელოსნო უმიზეზოდ არ შემიცვლია. აქედან ყველაზე კარგად მოჩანს ის უბანი,
რომლის დახატვასაც ვაპირებ. შეხედეთ... შეხედეთ რა სილამაზეა! არავითარი ცათამბჯენები და უფანტაზიო
არქიტექტორის მიერ შექმნილი მართკუთხედი შენობები. თითქოს ეს ყველაფერი შუა საუკუნეებიდან
გადმოუტანიათ. სხვაგან სად ნახავ ასეთ სილამაზეს. მე ვიცი, რომ მალე აქედანაც გავემგზავრებით და მინდა,
მოვასწრო და ვიდრე სადღაც სხვაგან აღმოვჩნდები, დავამთავრო ეს სერია.
– ყველას გვაქვს გეგმები. ჩვენც და მათაც, ვისგანაც  ის ხალხი გიცავთ, – თქვა ჯაბამ, – შენ კი ისე მოჩანხარ ამ
ორანჟერეაში, როგორც ოქროს თევზი აკვარიუმში!
– მაგარი შედარებაა, – გაეცინა ნატოს, – ყოველთვის მომწონდა შენი ორიგინალურობა.
– ნატო, გთხოვ.
– თუ არ დაგიჯერე, რას იზამ?.. ხელბორკილს დამადებ და ოთახში გამომკეტავ?!
– არა, – თავი გაიქნია ჯაბამ.
– მართლა?! – გაუკვირდა ნატოს, – რატომ?!
– იმიტომ, რომ უარს არ მეტყვი.
– უარს როგორ გეტყვი, შენს ხელში გავიზარდე! – გაეღიმა ნატოს.
– მოვილაპარაკეთ?
ნატომ ეკას გახედა. მან სწრაფად დაუქნია თავი.
– კარგი, – ჯაბას მიუბრუნდა ნატო, – მოვილაპარაკეთ. მხოლოდ ერთი პირობით. დღეს აქ დავრჩები. სამუშაო
განწყობაზე ვარ. ხვალ ყველაფერს პირველ სართულზე გადავიტან. მხოლოდ ჩვენ დაბღვერილ მცველებს ახლოს
არ გავიკარებ. გადაბარგებაში შენ მომეხმარები. მოსულა?
– მოსულა. ხვალ დილიდან გაგასახლებ აქედან, – ჯაბა ლოყაზე მოეფერა გოგონას, როგორც მისი ბავშვობისას
სჩვეოდა და კარისკენ წავიდა.
ის იყო ნატო ტილოს მიუბრუნდა, რომ ორანჟერეა გამაყრუებელმა გრიალმა შეაზანზარა. აფეთქების ტალღამ ჯაბა
კარს შეახეთქა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კარი ანჯამებს მოსწყდა და დერეფანში გავარდა.
აფეთქებისგან გაბრუებული ჯაბა წამოდგომას შეეცადა. ამ დროს ორანჟერეაში მეორე აფეთქების ხმა გაისმა. ჰაერის
ცხელი ტალღა დერეფანში შეიჭრა და ისევ წააქცია. ჯაბამ ძალა მოიკრიბა, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და
ორანჟერეისკენ წავიდა.
ორანჟერეა ბინდში იყო ჩაძირული. ირგვლივ სრული ქაოსი სუფევდა. შუშის სახურავი და კედლები
ნამსხვრევებად ქცეულიყო. ლითონის მზიდი კონსტრუქციები დაგრეხილიყო. ნაწილი ისევ კედლებზე ეკიდა.
ნაწილი – შუშის ნამსხვრევებში და მცენარეების ნარჩენებში არეული ეყარა იატაკზე. თუმცა ჯაბას ამისთვის
ყურადღება არ მიუქცევია. იმწამს მისი გონება მხოლოდ ნატოთი და ეკათი იყო დაკავებული.
ეკას იქვე, შესასვლელის სიახლოვეს მიაგნო. ის კუთხეში იწვა. ზემოდან მაგიდა წაფარებოდა. სწორედ მას დაეცვა
ქალი შუშისა და ლითონის ნამსხვრევებისგან. მოშორებით ნატო მოჩანდა. ის ორანჟერიის ფართო თაროს ქვემოთ
იწვა და ზემოდან დაყრილი ყვავილებისგან და ქოთნების ნამსხვრევებისგან გათავისუფლებას ცდილობდა.
– როგორ ხარ? – შეეხმიანა ჯაბა.
– ფეხი... ფეხი მტკივა, – უპასუხა გოგონამ.
ამ დრო ორანჟერეაში მცველები შემოცვივნენ.
– ეკა გაიყვანეთ. ნატოს მე მივხედავ! – უბრძანა მათ ჯაბამ და გოგონასკენ გავარდა.
მცველებმა ეკა ფრთხილად აიყვანეს ხელში და ორანჟერიიდან გაიყვანეს.
ნატო იატაკზე მოკუნტულიყო და ხელით ცდილობდა ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლის შეჩერებას.
ჯაბამ მის გვერდით ჩაიმუხლა და სწრაფად მოუსინჯა ჭრილობა. ჭრილობა ღრმა არ იყო. მაგრამ ამის მიუხედავად
გოგონას მაინც ძლიერი სისხლდენა ჰქონდა.
– არ შეშინდე, ყველაფერი კარგად იქნება! ჭრილობას რაც შეიძლება მაგრად დააჭირე ხელი, – ამ სიტყვებთან
ერთად ჯაბამ გოგონა ხელში აიტაცა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა გასასვლელისკენ.
***
  საბედნიეროდ, ნატოს მსუბუქი ჭრილობა აღმოაჩნდა. მას მხოლოდ რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.
ექიმის შეფასებით, მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად, მას
გარკვეული გამოკვლევების ჩატარება სჭირდებოდა. ექიმს სურდა დარწმუნებულიყო, რომ აფეთქების ტალღამ
ჭრილობასთან ერთად რაიმე ფარული დაზიანებები არ მიაყენა. ეკა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში
იმყოფებოდა. აფეთქების ტალღამ ის კეფით კედელს მიახეთქა. ზემოდან კი მასიური მაგიდა დაეცა. მაგიდამ
შუშისა და რკინის ნატეხებისგან დაიცვა, მაგრამ ეკამ მაშინვე დაკარგა გონება და საავადმყოფოში მიყვანის
შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში უგონოდ იყო. ექიმები დარწმუნებული იყვნენ, რომ ამგვარი ტრავმა
უკვალოდ არ ჩაივლიდა. მაგრამ ყველაფრის პასუხს მხოლოდ საფუძვლიანი გამოკვლევების შემდეგ  მიიღებდნენ.
ამას კი დრო სჭირდებოდა.
– კარგს არაფერს მეტყვი?! – მოიღრუბლა ჯაბა ექიმის განმარტებების მოსმენის შემდეგ.
– სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერს, – თავი გაიქნია მან.
ჯაბა წამით ჩაფიქრდა. მერე ექიმს მზერა გაუსწორა  და თქვა:
– ყურადღებით მომისმენე. არაფერს აქვს მნიშვნელობა. ვითარებას, დროს, მედიკამენტებს, ფულს... ახლა იმ
ქალის სიცოცხლე შენ გაბარია და ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადარჩეს!
– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.
– არა... არა-მეთქი! – ბრაზი მოერია ჯაბას, – უნდა გააკეთო ის, რაც შეგიძლია და ისიც, რაც არ შეგიძლია!.. თუ
ვინმეს დახმარება გჭირდება, თქვი! პროფესორის, აკადემიკოსის მოწვევა. ნებისმიერი პიროვნება, ნებისმიერი
ქვეყნიდან!.. გასაგებია?!
– მესმის თქვენი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია საჭირო. დაველოდოთ გამოკვლევის შედეგებს. შემდეგ კი...
– მე უკვე გითხარი სათქმელი. ახლა კი საქმეს მიხედე, – არ დაასრულებინა ჯაბამ.
– ჰო... რა თქმა უნდა... – ექიმმა შეხედა  და შემდეგ დაამატა, – მე აქ თქვენი ჭრილობების დასამუშავებლად
მოვედი.
– ჭრილობები მოითმენს, – ჯაბამ ფრთხილად მოისინჯა მხარი, რომელიც კედელზე შეხეთქებისას დაიჟეჟა.
– სახე...
ჯაბა პირსაბანის ზემოთ ჩამოკიდებულ სარკეს მიუბრუნდა. მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ შუბლსა და ყვირიმალზე
რამდენიმე სისხლშემხმარი ჭრილობა ჰქონდა.
– ესეც მოითმენს, – ჩაილაპარაკა თავისთვის. შემდეგ ონკანი მოუშვა და შემხმარი სისხლი წყლით ჩამოიბანა.
როგორც კი სახე შეიმშრალა, ექიმმა ჭრილობები სადეზინფექციო ხსნარით დაუმუშავა. შემდეგ ყურადღებით
ჩააცქერდა თვალებში და ხელებით რამდენიმე მარტივი მოძრაობის შესრულებაც სთხოვა.
– კეთილი, – დაასკვნა პროცედურის დასასრულს, – ტვინის შერყევის ნიშნები არ გაქვთ. თავი ხომ არ გტკივათ ან
თავბრუს ხომ არ გრძნობთ?
– კმარა. იმაზე მეტ დროს კარგავ, ვიდრე საჭიროა. ერთი თხოვნა მაქვს შენთან. დერეფანში აგარაკის დაცვის
უფროსი იცდის. აქ მოიწვიე და მარტო დაგვტოვე, – სთხოვა ჯაბამ.
– ახლავე, – უპასუხა ექიმმა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა საორდინატოროდან.
აქამდე ჯაბა მთლიანად ეკათი და ნატოთი იყო დაკავებული და დაცვის უფროსთან გასაუბრების საშუალება არ
ჰქონია. მან დაზუსტებით ისიც კი არ იცოდა, თუ რა ვითარებაში მოხდა აფეთქება და სწორედ ამის გარკვევა
სურდა დაცვის უფროსთან.
– ბევრი დრო არ მაქვს. რისი თქმა შეგიძლია ამ დამპალი საქმის შესახებ? – წამოიწყო ჯაბამ.
– მე გაფრთხილებდი, რომ ორანჟერეა პრაქტიკულად ტირს წარმოადგენდა. შედეგი სახეზეა!
– ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. ახალი მითხარი რამე.
– ყუმბარმტყორცნებით გვესროლეს. როგორც ჩანს, გვითვალთვალებდნენ და დაცვის მუშაობის განრიგსაც კარგად
იცნობდნენ. როგორც კი ხალხი ეზოს შემოსავლელად გავგზავნე, ჭიშკრიდან ოციოდ მეტრში მიკროავტობუსი
შეჩერდა. მოკროავტობუსს სახურავში ლუკი ჰქონდა დამონტაჟებული. ბიჭებმა რეაგირება ვერ მოასწრეს და ეს
შეუძლებელიც იყო. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. ლუკში ორი ტიპი გამოჩნდა. ბიჭების თქმით, ორივე
ნიღბით იყო. ორივეს ყუმბარტყორცნი ჰქონდა. პირველი გასროლა... რამდენიმე წამში – მეორე... კიდევ რამდენიმე
წამი და მიკროავტობუსი მოსახვევში მიიმალა. სულ ეს იყო. რა უნდა გაგვეკეთებინა ასეთ ვითარებაში? ბიჭებმა
იარაღის მომარჯვებაც კი ვერ მოასწრეს!
– თქვენ არავინ გადანაშაულებთ, – დაამშვიდა ჯაბამ, – სხვას რას იტყვი? უცნაურად არ გეჩვენება ეს ყველაფერი?
– ძალიან უცნაურად, – თავი დაუქნია დაცვის უფროსმა, – ქუჩის „შპანას“ ამ საქმესთან არაფერი აკავშირებს. ის
ტიპები ნაღდი პროფესიონალები იყვნენ. გვაკვირდებოდნენ. თანაც ისე, რომ ჩვენ ერთხელაც ვერ შევამჩნიეთ.
მიკროავტობუსი მოამზადეს. ლუკის შეთვალიერება მოვასწარი. ეს საქარხნო ლუკი არ იყო. შეგნებულად
გაადიდეს, რომ ერთბაშად ორ ყუმბარმტყორცნელს შეძლებოდა სროლა... და ყოველივე ამის შემდეგ მათ მხოლოდ
ორანჟერეის მინები დაამსხვრიეს. ასეთი შედეგის მიღწევა რიყის ქვების სროლითაც შეეძლოთ!..
– რა გამოდის? – ჰკითხა ჯაბამ.
– განათებული ორანჟერეის ფონზე სამი სამიზნე, ყუმბარმტყორცნის ორი გასროლა და ყველა იქ მყოფი ცოცხალი
გადარჩა!.. ასეთი რამ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ვინმეს მოკვლა არ გინდა. მე ეზოდან დავინახე ორივე
აფეთქება. ასეთ მანძილზე ორანჟერეისთვის აცილება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ორივე ჭურვი ორანჟერიის
ზემოთ, მესამე სართულის კედლისკენ იყო მიმართული და სწორედ მას მოხვდა, მაგრამ აფეთქების ტალღა
სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ორანჟერეის გასანადგურებლად.
– დიდი ხმაური, მინიმალური ზიანი! – ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– ჰო... ამის თქმა მინდა, – დაუდასტურა დაცვის უფროსმა.
– არც თუ ისე მცირე ზიანით! – ჯაბას გონდაკარგული და გაფითრებული ეკა დაუდგა თვალწინ.
– დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეკა ვერ შენიშნეს. მათი სამიზნე ნატო იყო. იმ ადგილიდან, საიდანაც მათ
ისროლეს, ორანჟერიის ის კუთხე საერთოდ არ მოჩანს. ეკა შემთხვევით დაშავდა. ის უბრალოდ აფეთქების
ტალღის ქვეშ მოჰყვა!
– შენი ხალხი უკვე მუშაობს ამ საკითხზე?
– ჰო... და სხვებიც მუშაობენ.
– სხვები?! ვის გულისხმობ?
– ადგილობრივ პოლიციას, აქ არიან. ვცადე, მაგრამ ვერაფრით მოვიშორე თავიდან. შენთან საუბარი სურთ, –
დაცვის უფროსმა უღონოდ გაშალა ხელები.
პოლიციელების გამოჩენაში არაფერი იყო უცნაური. ისინი უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ მომხდარს. მაგრამ
როგორც წესი, მათთან ურთიერთობას ყოველთვის დაცვის უფროსი აგვარებდა. თავად პოლიციელები არასოდეს
შედიოდნენ აგარაკის ტერიტორიაზე და არც მისი მობინადრეებით ინტერესდებოდნენ. ახლა კი, როგორც ჩანს,
მათ არ აკმაყოფილებდათ დაცვის უფროსის განმარტებები.
– უთხარი, რომ მათი ენა არ მესმის!
– არაფერი გამოვა. თარჯიმანს მოიწვევენ.
– რამე მოიფიქრე. მათთვის არ მცალია!
– არ მოგვეშვებიან. მათი შეფასებით, ტერორისტული აქტი მოხდა. რამდენიმე სიტყვა მაინც უთხარი.
– კარგი, – მცირე ფიქრის შემდეგ დაეთანხმა ჯაბა, – შემოიყვანე.
პოლიციელებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უჩვენეს, მისი ვინაობითაც დაინტერესდნენ და
გამოკითხვას შეუდგნენ. რამდენიმე კითხვის შემდეგ, პოლიციელები აგარაკის მფლობელის ვინაობით
დაინტერესდნენ.
– ამის გარკვევა უჩემოდაც შეგიძლიათ. ჰკითხეთ ჩემს მეგობარს. ის ყველაფერს აგიხსნით, – დაცვის უფროსზე
მიანიშნა ჯაბამ.
– ის აგარაკზე სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულების პროცესში იმყოფებოდა. ხშირად დაცვის სამსახურის
წარმომადგენლებმა არაფერი იციან დამქირავებლის შესახებ. ასე რომ, ჩვენ თქვენგან გვსურს ამის მოსმენა.
– აგარაკის მფლობელს მეც არ ვიცნობ. რამდენადაც ვიცი, ის ვარშავაში ცხოვრობს. აგარაკი კი რამდენიმე წლის წინ
ჩემმა კომპანიამ დაიქირავა, – უპასუხა ჯაბამ.
– რომელმა კომპანიამ? – დაინტერესდა პოლიციელი.
– უკრაინულმა კომპანია „ვერშინამ“. აგარაკს სტუმრების მისაღებად და თანამშრომლების დასასვენებლად
ვიყენებთ.
– ამჟამად ვინ ცხოვრობდნენ აგარაკზე?
– ხომ გითხარით. კომპანიის თანამშრომლები! – გაღიზიანდა ჯაბა.
– კონკრეტულად ვინ? ვინაობა, საქმიანობის სფერო, თანამდებობები... საერთო მონაცემები.
ჯაბამ უკმაყოფილო მზერა ესროლა პოლიციელს, შემდეგ დაცვის უფროსისკენ გადაიხარა და ხმადაბლა უბრძანა:
– შენი ხალხი ნატოს პალატას არ მოშორდეს. ჩემი ნებართვის გარეშე მასთან არავინ უნდა შევიდეს!
– ექიმები?
– არავინ!..
დაცვის უფროსმა უხმოდ დაუქნია თავი და საორდინატოროდან გავიდა. ჯაბა კი ისევ პოლიციელებს მიუბრუნდა.
– ამ შემთხვევაში, მე და თქვენ საერთო მიზანი გვამოძრავებს. ყველას გვაინტერესებს, ვინ მოაწყო თავდასხმა.
მაგრამ ეს თავად უნდა გაარკვიოთ. მე ვერაფერში დაგეხმარებით. რაც შეეხება აგარაკის მობინადრეებთან
დაკავშირებულ მონაცემებს. ბუნებრივია, რომ მე ყოველ მათგანს ვიცნობ. მაგრამ რად გვინდა ზედმეტი კითხვა-
პასუხი. მე საამისოდ არც დრო მაქვს და არც განწყობა. ხვალ ჩვენი მდივანი დაგიკავშირდებათ და აგარაკის ყველა
მობინადრის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს მოგაწვდით. სხვა საკითხებზე შეგიძლიათ, აგარაკის დაცვის
უფროსს მიმართოთ. ის ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.
– მოიცადეთ!.. – აჩქარდა ერთ-ერთი პოლიციელი, – ჩვენ კიდევ რამდენიმე საკითხი გვაქვს გასარკვევი!
– გაარკვიეთ. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, – თქვა ჯაბამ და კარს მიაშურა.
– ვიდრე დაკითხვას არ დავამთავრებთ, აქ დარჩებით! – მკაცრად თქვა პოლიციელმა და წინ გადაუდგა.
ჯაბას არაფერი უთქვამს. პოლიციელი გვერდზე გასწია და გზა განაგრძო.
მისი საქციელით გაღიზიანებული პოლიციელი სწრაფად სწვდა მხარში და თავისკენ მოზიდა. ჯაბამ ხელი აუკრა
და ამასთან ერთად ძლიერად უბიძგა მკერდში. პოლიციელი უკან გადაქანდა, სკამს წამოედო და
წონასწორობადაკარგული იატაკს დაასკდა. მეორე პოლიციელმა უმალ მოიმარჯვა პისტოლეტი, ჯაბა მიზანში
ამოიღო და იყვირა:
– განძრევა არ გაბედო!..
ჯაბამ მოულოდნელად იფეთქა. ერთი ნახტომით ეცა პოლიციელს და ვიდრე ის რამეს მოიმოქმედებდა,
პოსტოლეტი ხელიდან გამოჰგლიჯა. მომხდარით დაზაფრული პოლიციელი უკან გადაქანდა და კედელს აეკრა.
– სხვა დროს დამცველი გახსენი და ისე დაემუქრე ვინმეს! – დამცინავად ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– დაწყნარდი... საქმეს ნუ გაართულებ, ყველაფერი მშვიდად მოვაგვაროთ! – ალაპარაკდა მეორე პოლიციელი,
რომელიც ჯერ ისევ იატაკზე იწვა.
– მოსაგვარებელი არაფერია. მე მხოლოდ ერთი რამ მსურს. თავი გამანებეთ და ვიდრე ექიმები საბოლოო
დიაგნოზს არ დასვამენ, ახლოს არ გამეკაროთ!.. ეს გასაგებია?!
– გასაგებია! – ერთხმად უპასუხეს პოლიციელებმა.
– ახლა გოიმებივით არ ავარდეთ და რაიმე სისულელე არ მოიმოქმედოთ. მეორედ ასეთ შანსი აღარ გექნებათ! – ამ
სიტყვებთან ერთად ჯაბამ პისტოლეტი პოლიციელს გაუწოდა.
პოლიციელმა დაბნეული სახით ჩამოართვა იარაღი და კოლეგას გახედა. მან ოდნავშესამჩნევად გაიქნია თავი და
ფეხზე წამოდგა.
– ესე იგი შევთანხმდით? – იკითხა ჯაბამ.
– შევთანხმდით, – უპასუხა პოლიციელმა და პისტოლეტი ბუდეში შეინახა.
– მაშინ ამით მოვრჩეთ.
– მდივანი?! – სწრაფად შეახსენა პოლიციელმა.
– დილით თავად დაგიკავშირდებათ, – უპასუხა ჯაბამ და კარს მიაშურა.
***
ექიმი აშკარად ღელავდა. თავჩახრილი იდგა და ხელში ნერვიულად ატრიალებდა სანთებელას. ბოლოს სიგარეტს
მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ყრუ ხმით ალაპარაკდა:
– რაიმეს დამალვას აზრი არა აქვს. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა
მივიღოთ.
– რა გადაწყვეტილება? – სწრაფად ჰკითხა ჯაბამ.
– პირველ რიგში, ერთი საკითხი უნდა გავარკვიო... ვინ არის თქვენთვის ქალბატონი ეკა?
– უკვე გითხარით, რომ ერთ კომპანიაში ვმუშაობთ.
– იცით, რომ ის ფეხმძიმედაა?
– რა თქმა უნდა.
– სწორედ ეს ართულებს მისი მკურნალობის საკითხს... – ექიმმა შუბლი მოისრისა და ლაპარაკი განაგრძო, –
მოკლედ აგიხსნით მდგომარეობას. ვითარება საკმაოდ რთულია.  პაციენტს სახესა და სხეულზე რამდენიმე
ჭრილობა აქვს. ეს უმნიშვნელო ტრავმებია. ნაკერების დადებაც კი არ არის საჭირო. ყველაზე რთული თავის
ქალის ტრავმაა. ჩანს აფეთქების ტალღამ ის კედელს მიახეთქა. შედეგად კეფის მიდამოებში გაწყდა რამდენიმე
კაპილარი. თავის მხრივ კი, ამას თავის ქალის შიდა ზედაპირზე სისხლჩაქცევა მოჰყვა.
– როგორ აპირებთ მის მკურნალობას?! – ჰკითხა ჯაბამ.
– ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა არასასურველია. სისხლჩაქცევის მკურნალობა მედიკამენტებითაც
შეიძლება. მაგრამ არის ერთი სირთულე.
– რა? – ჰკითხა ჯაბამ.
– მისი ფეხმძიმობა... ხსენებული მედიკამენტები მკურნალობის ეფექტურ საშუალებად ითვლება, მაგრამ მათი
გამოყენება ერთობ უარყოფითად აისახება ნაყოფზე.
– შეგიძლიათ, უფრო მარტივად ამიხსნათ.
– შემიძლია... უბრალოდ რომ ვთქვა, ჩვილი შეიძლება თანდაყოლილი დეფექტით დაიბადოს.
– არა!.. – დაძაბული მზერა ესროლა ჯაბამ, – ეს არ მოხდება. სხვა რამ მოიფიქრეთ!
– მესმის, – თავი დაუქნია ექიმმა, – მაშინ ერთი საკითხი უნდა გავარკვიოთ... სადაა ბავშვის მამა. ჩემთვის
აუცილებელია მასთან გასაუბრება.
– ის აქ არ იმყოფება.
– უნდა დაუკავშირდეთ. მის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ.
– რა გადაწყვეტილებას? – ჰკითხა ჯაბამ.
– ვინაიდან მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს ვამბობთ, მოგვიწევს საკეისრო კვეთის გაკეთება. მშობიარობა
რთული პროცესია. ასევე რთულია საკეისრო კვეთაც. ჩვენს შემთხვევაში კი ნაყოფი ოცდარვა კვირისაა. დედა
ტრავმირებულია. ასეთ ვითარებაში ოპერაციის წარმატებით დასრულების გარანტიას ვერცერთი ქირურგი ვერ
მოგცემთ. ეს იძულებითი ნაბიჯია. არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის გვიწევს. ასე რომ, ბავშვის მამის ან
პაციენტის ახლო ნათესავების თანხმობის გარეშე ოპერაციას ვერ ჩავატარებთ.
– საკეისრო კვეთაც ხომ ქირურგიული ოპერაციაა! – შენიშნა ჯაბამ.
– რა თქმა უნდა. მაგრამ თავის ქალის ოპერაცია ბევრად რთული და მეტი რისკის შემცველია. საკეისრო კვეთა
ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. თავის ქალის ოპერაცია კი – მხოლოდ ზოგადი ანესთეზიით. ვინაიდან
პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ზოგადი ანესთეზიის გამოყენების შემთხვევაში შედეგის
პროგნოზირება შეუძლებელია. შეიძლება, დედაც დავკარგოთ და შვილიც. მე ასეთ პასუხისმგებლობას თავზე ვერ
ავიღებ. ასე რომ, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ბავშვის მამას.
– თავად დედას არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება? – ჰკითხა ჯაბამ.
– ასეთ შემთხვევებში დედის აზრს ვერ გავითვალისწინებ! – თავი გაიქნია ექიმმა.
– რატომ?
– ყველა დედა თავგამოდებით იცავს თავის შვილს და როგორც წესი, უყოყმანოდ ითხოვს ნაყოფის გადარჩენას. მე
ექიმი ვარ. ემოციებს ვერ ავყვები და საკუთარ კარიერასაც არ შევუქმნი საფრთხეს... გასაგებად აგიხსენით
ყველაფერი?
ჯაბამ უხმოდ დაიქნია თავი. შემდეგ გვერდზე გადგა, მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და სწრაფად აკრიფა
„ვერშინის“ ადვოკატის, ვასილიჩის ნომერი.
ჯაბა დაძაბული მზერით შეეგება მიმღებში შემოსულ ლუკას. მასთან ერთად კრაკოვში ცნობილი უკრაინელი
ქირურგი რაზუმოვსკი და „ვერშინის“ ადვოკატი ვასილიჩიც ჩამოვიდნენ.
– დამშვიდდი… შენ არავინ გადანაშაულებს მომხდარში, –  წამოიწყო ლუკამ, როდესაც ჯაბას მღელვარება შეატყო.
– იოლი სათქმელია, – ყრუდ ჩაილაპარაკა მან, – მე იქ ვიყავი, როდესაც...
– მეც იქ ვიყავი, როდესაც ნაინა მომიკლეს!.. – არ დაასრულებინა ლუკამ.
– იმ ნაბიჭვრებს მე თვითონ მოვძებნი და საკუთარი ხელით გავუთხრი საფლავებს! – ბრაზით ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– ვიდრე ვითარება არ გაირკვევა არაფერს მოვიმოქმედებთ. „ვასილიჩი“ ყველაფერს აგიხსნის, – უპასუხა ლუკამ,
შემდეგ კი რაზუმოვსკის ანიშნა გამომყევიო და საორდინატოროს მიაშურა.
რაზუმოვსკი სწრფად ეცნობოდა გამოკვლევების შედეგებს. საქმიანი იერით სწავლობდა მონაცემებს და
დროდადრო ეკას მკურნალ ექიმს კითხვებს უსვამდა. მისი შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა იმაზე უკეთესი
იყო, ვიდრე თავიდან ელოდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გატარებული რამდენიმე საათისა და გარკვეული
პროცედურების ჩატარების შემდეგ ეკა გონს მოეგო. მართალია, ის ჯერ ისევ სუსტად გრძნობდა თავს, მაგრამ
მკურნალი ექიმის თქმით, ის კონტაქტური იყო და მასთან გასაუბრებაც შესაძლებელი გახდა.
– შეიძლება, ახლავე ვნახო? – ჰკითხა ლუკამ, როდესაც ექიმმა ამის შესახებ აცნობა.
– უფრო მეტიც. ეს აუცილებელიცაა, – უპასუხა მან, – დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სიახლოვე სასიკეთოდ
იმოქმედებს მის მდგომარეობაზე.
– გეთანხმებით, – თავი დაუქნია რაზუმოვსკიმ და ლუკას მიუბრუნდა, – შეეცადეთ, დაამშვიდოთ. შვილის
დაკარგვის საფრთხეზე ნურაფერს ეტყვით. ოპერაციის წინ დაძაბულობა და მღელვარება სრულიად მიუღებელია.
 ეკა პალატის შუაში, მაღალ სამედიცინო საწოლზე იწვა. მის უკან და მარცხენა მხარეს უამრავი ხელსაწყო იყო
განლაგებული, რომლებიც ოდნავ გასაგონად ზუზუნებდნენ.
  ახალგაზრდა მედდამ, რომელიც პაციენტთან მორიგეობდა, ხმადაბლა გადაულაპარაკა პალატაში შესულ ლუკას:
– მარტოს დაგტოვებთ. თუ მისი მდგომარეობა შეიცვალა, დაუყოვნებლივ დამიძახეთ. მე აქვე, გვერდით ოთახში
ვიქნები, – და მაშინვე გავიდა ოთახიდან.
როგორც კი კარი მიიხურა, ლუკა საწოლს მიუახლოვდა და ეკას ხელზე შეეხო. მან მძიმედ გაახილა თვალები და
ლუკას დანისლული მზერა მიაპყრო.
– მე ვარ, – ხმადაბლა თქვა ლუკამ, როდესაც მიხვდა, რომ ეკა მას ვერ სცნობდა.
– ლუკა, – ოდნავგასაგონი ხმით ჩაილაპარაკა მან.
– ჰო, – ლუკა თმაზე მოეფერა ეკას.
– რა მოხდა? – სუსტი ხმით განაგრძო ეკამ, – არაფერი მახსოვს. ორანჟერეაში ჩაის ვსვამდით. ნატო ხატავდა. იქ
იყო ჯაბაც. შემდეგ... – ეკა ჩაფიქრდა, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო, – შემდეგ რაღაცამ დაიგრუხუნა,
იქაურობა განათდა... კი არ განათდა... გაწითლდა და უეცრად ყველაფერი სიბნელეში ჩაიძირა. შემდეგ აღარაფერი
მახსოვს. რა მოხდა იქ ლუკა? ექიმებმა არაფერი იციან. ან არაფერს მეუბნებიან. მხოლოდ ის მითხრეს, რომ სახლში
რაღაც აფეთქდა. რას მიმალავენ? რა უნდა აფეთქებულიყო ჩვენს სახლში?!
– ორანჟერეას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
– ყუმბარმტყორცნი?! – თვალები გაუფართოვდა ეკას, – სად არის ნატო?!
– აქაა... მეზობელ პალატაში. ნე ღელავ. ჯაბაც აქაა. ყველაფერი რიგზეა, – დაამშვიდა ლუკამ.
– ამჯერად გადავრჩით, – ჩაილაპარაკა ეკამ.
– ახლა მხოლოდ შენ ხარ ჩვენი საზრუნავი. ფეხზე წამოგაყენებთ და აქაურობას მოვშორდებით.
– როდემდე... როდემდე გაგვიმართლებს, ლუკა? როდემდე უნდა ვიცხოვროთ შემთხვევის იმედად?! – შიშით
თქვა ეკამ.
– ახლა სხვა რამაა ჩვენი საფიქრალი, ეკა.
– ბავშვი... ჩვენი შვილი... – ეკამ მძიმედ მოისვა ხელი მუცელზე.
ლუკამ შუბლი მოისრისა.
– ექიმებმა შენი დამშვიდება მთხოვეს. მაგრამ მე კარგად გიცნობ და ვიცი, რომ შენთვის რაიმეს დამალვას აზრი
არა აქვს.
– ყველაფერი მითხარი... გთხოვ, – მზერა გაუსწორა ეკამ.
– შენ გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაგიტარდეს. მე უკრაინიდან ექიმი რაზუმოვსკი და მისი ჯგუფი ჩამოვიყვანე.
საოპერაციოს უკვე ამზადებენ. მაგრამ ექიმები ბავშვის გადარჩენის გარანტიას ვერ იძლევიან...
– დედა თუ შვილი?! – ასე დასვეს საკითხი. – ჩაილაპარაკა ეკამ.
– ასე იყო, – დაუდასტურა ლუკამ.
– და რა უპასუხე შენ?
– არაფერი. მე ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. რასაც არ უნდა ვფიქრობდე, სხვის გასაგონად მაინც არაფერს
ვიტყვი.
– მეც არ მეტყვი?
– რისთვის? მე ვიცი, რაზეც ფიქრობ შენ და შენც ხვდები, რაზეც ვფიქრობ მე.
– ვიცი... შენ მუდამ ერთი წესით ცხოვრობდი. „ან ყველაფერი – ან არაფერი“!..
– ასე ვწყვეტდი იმას, რაც მხოლოდ მე მეხებოდა. ახლა სხვა შემთხვევაა, – უპასუხა ლუკამ.
– ჩემგან ელი პასუხს?
– არა... შენი პასუხი არაფერს შეცვლის. მე არასოდეს გავაკეთებ ასეთ არჩევანს. არც კი ვიფიქრებ ამაზე. ვიცი, რომ
რაზუმოვსკი ყველაფერს გააკეთებს თქვენს გადასარჩენად და ჩემი ნათქვამი არაფერს შეცვლის!
ეკა დიდხანს დუმდა. მერე თვალები დახუჭა და ჩუმად თქვა:
– მე ჩემი არჩევანი მაქვს... შენ თავად ხვდები, რასაც ვისურვებდი. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ. არავის მისცე
გადაწყვეტილების მიღების უფლება. რაც  უნდა მოხდეს, ჩვენმა შვილმა უნდა იცოცხლოს. მე თავად გავაკეთე
არჩევანი. ვიცოდი, რომ შენ გვერდით მშვიდი ცხოვრება არ მექნებოდა, მაგრამ მაინც შენთან დავრჩი. ეს ჩემი
არჩევანია. მას კი არ ჰქონია არჩევის შესაძლებლობა. ეს შენი და ჩემი ტვირთია. შესაძლოა, ოდესმე, დიდი ხნის
შემდე,გ მან გადაწყვიტოს, ღირს თუ არა, შენ გვერდით ცხოვრება. მაგრამ დღეს – არა. დღეს მის მაგივრად მე
მივიღებ ამ გადაწყვეტილებას!.. მპირდები ამას?..
– გპირდები, – უპასუხა ლუკამ, შემდეგ კი დაიხარა და ფრთხილად აკოცა ტუჩებში.
***
  ოპერაცია დაიწყო თუ არა, მოსაცდელში ნატოც გამოჩნდა. გოგონას ჯერაც არ განელებოდა გადატანილი
მღელვარება. თავს ისევ სუსტად გრძნობდა, მაგრამ ლუკამ მაინც ვერ აიძულა, დაბრუნებულიყო პალატაში. დრო
წარმოუდგენლად გაიჭიმა. ოპერაცია ორი საათის დაწყებული იყო, მოსაცდელში მყოფმა ლუკამ კი ჯერჯერობით
არაფერი იცოდა მისი მიმდინარეობის შესახებ.
  პირველი ცნობა თავდამსხმელების შესახებ ვასილიჩმა მოიტანა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის, დაცვის
უფროსთან ერთად, კრაკოვის პოლიციასთან ცდილობდა ვითარების გარკვევას.
– არის... – ვასილიჩი ლამის სირბილით შემოვარდა მოსაცდელში და მაშინვე ლუკას მიაშურა, – ბევრი არაფერია,
მაგრამ დასაწყისისთვის ამასაც არა უშავს.
– გარეთ ვისაუბროთ, – ლუკამ ნატოზე მიანიშნა, შემდეგ კი ხელკავი გამოსდო ადვოკატს და ჯაბასთან ერთად
აივანზე გაიყვანა.
– ის ნაბიჭვრები უკვე იპოვეს, – სწრაფად განაგრძო ვასილიჩმა, როგორც კი ჯაბამ კარი მიხურა.
– პოლიციამ აიყვანა? – ჰკითხა ლუკამ.
– საქმე მთლად ასე არ არის, – თავი გაიქნია ვასილიჩმა, – პოლიციამ მხოლოდ გვამებს მიაგნო.
– გასაგებად ამიხსენი.
– დამწვარ მიკროავტობუსს კრაკოვის გარეუბანში ვისლას ნაპირზე გამთენიაზე მიაგნეს... იქ რაღაც ფერმაა. თუ არ
ვცდები მეფრინველეობის. იმ ფერმის დარაჯმა დილით მდინარის სიახლოვეს ცეცხლი შენიშნა და სახანძრო
სამსახური გამოიძახა. ადგილზე მეხანძრეებმა დამწვარი მიკროავტობუსი აღმოაჩინეს. მიკროავტობუსში სამი გვამი
იყო, ორი – სრულიად დამწვარი. მათი ამოცნობა შეუძლებელია. მესამე კი შედარებით ნაკლებად დაზიანდა.
პოლიციელების აზრით, მესამე მიკროავტობუსის აფეთქებისას, აფეთქების ტალღამ გარეთ გამოისროლა. მისი
ვინაობა უკვე დაადგინეს. მაგრამ რად გინდა, ამან საერთოდ აუბნიათ თავგზა.
– რატომ? – ჰკითხა ლუკამ.
– ის ტიპი ავღანელი აღმოჩნდა...
– რაღაც გეშლება, ვასილიჩ. რა საქმე აქვთ ჩვენთან ვიღაც ავღანელებს?! – ჩაურთო ჯაბამ.
– მეც კარგად ვიცი, რომ არაფერი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ის ტიპი ნაღდად ავღანელია და პოლიცია
დარწმუნებულია, რომ დანარჩენი ორიც მისი მოდგმისანი იქნებიან. თავიდან დამწვარი მიკროავტობუსი არავის
დაუკავშირებია ყუმბარმტყორცნების სროლასთან. უბრალო კრიმინალად ჩათვალეს. მაგრამ შემდგომ, მანქანის
დათვალიერებისას, სალონში დამწვარი ყუმბარმტყორცნი აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი ამ თავდასხმაზეც
გავრცელდა ინფორმაცია. პოლიციას მიკროავტობუსის აღწერილობა უკვე ჰქონდა და ეს ორი შემთხვევა
თავისთავად დაუკავშირდა ერთმანეთს. ამჟამად საქმეები უკვე გაერთიანებულია და მასზე ერთი საგამოძიებო
ჯგუფი მუშაობს.
– კიდევ რა გაარკვია პოლიციამ? – ჰკითხა ლუკამ.
– ამ საქმისთვის პოლიციას ჯერჯერობით კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია. მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე,
ყველაფერი იქით მიდის, რომ საქმეს ტერორისტულ აქტად შეაფასებენ და შესაბამისად, გამოძიებაში პოლონეთის
ეროვნული უშიშროების სამსახური ჩაერთვება.
– ეგენიღა გვაკლდნენ, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– თავად განსაჯეთ, – განაგრძო ვასილიჩმა, – ჩვენ მათთვის უცხო ქვეყნის, თანაც არაევროკავშირის მოქალაქეები
ვართ. ის ავღანელი პოლონეთში ლტოლვილის სტატუსით იმყოფებოდა. მეორე მხრივ კი, კარგად ორგანიზებული
და მომზადებული თავდასხმა დაცულ ობიექტზე, თანაც, ყუმბარმტყორცნებით. ეს უკვე ბარში მთვრალების
„რაზბორკა“ და გარტყმა-გამორტყმა არ არის, გაქანებული ტერორიზმია.
– ზედმეტი ხმაური ჩვენც არ გვჭირდება, – შუბლი მოისრისა ლუკამ, – თანაც, ასეთ მდგომარეობაში. პოლონეთში
ყოფნა თავისთავად გვზღუდავს.
– მეც მაგას ვამბობ, – თავი დაუქნია ვასილიჩმა, – პოლონელები ყველანაირად შეზღუდავენ ინფორმაციის
გავრცელებას და ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებთ ვითარების გასარკვევად!
– ეს მინაცემები საიდან გაქვს? – ჰკითხა ლუკამ, – სანდო წყაროა? შეიძლება, ვენდოთ?
– პოლიცია ამ საქმეს ახლოს არავის აკარებს. მაგრამ რადგან საქმე ჩვენ გვეხება, მოკვლევის პროცესში უკრაინის
საელჩოც ჩაერთო. მონაცემები იქიდან მივიღე. გარდა ამისა, არაოფიციალური მოთხოვნაც გადმოგცეს.
– მე გადმომცეს? – ჰკითხა ლუკამ.
– პირადად გეგეშიძეს გადაეციო, არ უთქვამთ, მაგრამ ისედაც გასაგებია, ვინ ჰყავდათ მხედველობაში.
– რას ითხოვენ?
– ჩვენ, უბრალოდ, აკრძალული გვაქვს მოქმედება. საელჩოს წარმომადგენელმა გარკვევით მითხრა, რომ თუ მათ
გაფრთხილებას არ გავითვალისწინებთ, უკრაინაში სერიოზული პრობლემები შეგვექმნება.
– ეშინიათ?
– ჰო... ეს ბუნებრივიცაა. ჯერჯერობით არავინ იცის, ვინ დგას ამ საქმის უკან. ის, რომ სასხლეტი მაინცადამაინც
ავღანელებმა დაუშვეს, არაფერს ცვლის. ნებისმიერი იდიოტისთვის გასაგებია, რომ ისინი დაქირავებული
მსროლელები არიან. ნაბიჭვრები!.. – ბრაზით წამოისროლა ვასილიჩმა, – ამ დაწყევლილი ქვეყნის მოსახლეობის
უდიდესმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცის. სამაგიეროდ ნებისმიერი მათგანი შესანიშნავად ერკვევა „კალაშნიკოვის“
ავტომატში და ყუმბარმტყორცნში. თანაც, ევროპაში ფეხის ყველა ნაბიჯზე ირევიან. ასეთი საქმისთვის მათზე
უკეთესი „ქილერის“ შერჩევა, უბრალოდ, შეუძლებელია. ფული შესთავაზეს. საქმე გააკეთებინეს და შემდეგ
თავიდან მოიშორეს. ახლა მიდი და სცადე გარკვევა, მაინც ვინ დაიქირავა ის ნაბიჭვრები?! ამას საელჩოშიც
ხვდებიან. ავღანელები მათ არ ადარდებთ. ჩვენ გვთვლიან პრობლემად. არ სურთ, რომ ჩვენ ჩვენი არხებით
დავიწყოთ ამ საქმის ძიება და შემკვეთზე გასულებმა ჩვენ არ დავიწყოთ ყუმბარმტყორცნებით სროლა. არავინ
იცის, ამ შემთხვევაში ვინ აღმოჩნდება ჩვენი სამიზნე. ვინ გამორიცხავს, რომ ამაში პოლონეთის მოქალაქეებიც არ
იყვნენ ჩართულები. ვიღაცამ ხომ მოამარაგა ის ავღანელები – მისცა მანქანა, ყუმბარმტყორცნები, ეხმარებოდა
თავდასხმის ობიექტის შესწავლაში. ჩვენს მთავრობას კი ძალიან არ სურს, რომ ამ საქმეში დაღუპულების სია
პოლონეთის მოქალქეებით გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში, უკრაინასა და პოლონეთს შორის...
– ეგ გასაგებია. მაგრამ კონკრეტულად რას მოითხოვენ ჩვენგან? – შეაწყვეტინა ლუკამ.
– ჩვენ საერთოდ უნდა დავტოვოთ პოლონეთის ტერიტორია და თან, რაც შეიძლება, სწრაფად. მათ საერთოდ არ
სურთ, რომ პოლონეთის უშიშროების სამსახურს რაიმე სახით შეხება ჰქონდეს ჩვენთან. არადა, ეს გარდაუვალია.
გამოძიება ყველას დაჰკითხავს, ვინც თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდა, პირველ რიგში, ჯაბას, ნატოს და თავად
ეკას. გასაგებია, რომ ეკას დაკითხვას ჯერჯერობით ვერავინ შეძლებს, მაგრამ ჯაბასა და ნატოს არ მოეშვებიან.
ჯერჯერობით შენ მათთვის ნაკლებად საინტერესო ფიგურა ხარ, მაგრამ მხოლოდ ამ ეტაპზე. როდესაც
პოლონელები შენ შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოიპოვებენ, ეს, თავისთავად, შეცვლის საქმის ვითარებას!
– ისინი ხომ ხვდებიან, რომ ეკას მარტოს არ მივატოვებ!
– ხვდებიან და შემხვედრი ნაბიჯისთვისაც მზად არიან. საელჩოს წარმომადგენელმა პირობა მომცა, რომ ყველა
საკითხს მოაგვარებენ. თვითმფრინავი, ეკას ტრანსპორტირება, საუკეთესო კლინიკა, საუკეთესო ექიმები...
მოკლედ, ყველაფერი გადაწყდება. მხოლოდ ერთი პირობით... ამ წუთიდან და მომავალშიც ჩვენ არაფერს 
მოვიმოქმედებთ და გამოძიების შედეგებს დაველოდებით. აი, ეს არის მათი მთავარი მოთხოვნა, – სწრაფად თქვა
ვასილიჩმა.
– მერედა, ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ უკრაინაში იგივე არ განმეორდება?!
– რა თქმა უნდა, არავინ. მაგრამ უკრაინაში მოქმედების შესაძლებლობა მაინც გვექნება.
– ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ვიდრე ოპერაცია არ... – ლუკამ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო. ჯაბა
მოულოდნელად სწვდა მხარში და მოსაცდელისკენ შეაბრუნა.
  მოსაცდელში ეკას მკურნალი ექიმი ნატოს ელაპარაკებოდა. გოგონამ დაბნეული მზერა ესროლა თანამოსაუბრეს,
შემდეგ კი შებრუნდა და მთელი სისწრაფით გაქანდა აივანისკენ, სადაც ლუკა ეგულებოდა.
თვითმფრინავის ძრავები მონოტონურად ზუზუნებდა. ფიქრებში ჩაძირული ლუკა ილუმინატორიდან
თვითმფრინავის ქვემოთ გაჭიმულ ქათქათა ღრუბლებს გასცქეროდა და გონებაში ბოლო დღეებში მომხდარი
მოვლენების გაანალიზებას ცდილობდა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. კრაკოვში მომხდარი თავდასხმის
შემდეგ მოვლენები ისეთი სისწრაფით ენაცვლებოდა ერთმანეთს, რომ მასზე თვალის მიდევნებაც კი რთული იყო.
ყველაფერი ერთმანეთში აირია... კრაკოვის, უკრაინის საქმეები. შემდეგ ამას საქართველოც დაემატა. გაუთავებელი
შეხვედრები, ხანგრძლივი და დაძაბული საუბრები, საავადმყოფოში გატარებული ღამეები. თვილის მოტყუებას
გამთენიაზე ორიოდ საათით თუ ახერხებდა. შემდეგ კი თენდებოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ახლაც
არნახულ დაღლილობას გრძნობდა, მაგრამ თავს ჩაძინებისა და დასვენების უფლებას ვერ აძლევდა. ერთ საათში
თვითმფრინავი კიევში დაეშვებოდა. იქ უკვე ელოდნენ. ისევ შეხვედრა, ისევ დაძაბული საუბარი და შემდეგ
მომდევნო გადაფრენა – ამჯერად უკვე პოლონეთში, სადაც ჯერაც ისევ იმყოფებოდა ეკა.
ზიბკო – ლუკას თვალწინ გაცრეცილი, ავადმყოფური სახე, თხელი ცხვირი და ღრმად ჩამჯდარი წვრილი, შავი
თვალები დაუდგა. ეს სახე ნებისმიერ ადამიანს ნახვისთანავე უარყოფითად განაწყობდა. პირველი შეხვედრისას
მასაც იგივე განწყობა დაეუფლა, მაგრამ მალევე მიხვდა, თუ რაოდენ მცდარი იყო პირველი შეფასება. ზიბკომ
სწრაფად დაარწმუნა, რომ ის მართლაც საქმის კაცი იყო.
  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული გაფრთხილების შემდეგ ზიბკოს გამოჩენა მოულოდნელი
არ ყოფილა. პირიქით, ლუკასთვის გასაგები იყო, რომ საელჩოს წარმომადგენელი ჩინოვნიკი მხოლოდ კურიერის
როლს ასრულებდა და ვასილიჩის მეშვეობით გადასცა ის გადაწყვეტილება, რომელიც სადღაც ზემოდან ჰქონდა
მიღებული. ამას თავისთავად უნდა მოჰყოლოდა სხვა შეხვედრაც. ლუკას აზრით, ეს ისევ ვასილიჩის მეშვეობით
მოხდებოდა. იმას ნამდვილად არ ელოდა, რომ ზიბკო თავად იკისრებდა კურიერის ფუნქციას და პირადად
შეხვდებოდა.
 ზიბკოს შეხვედრის ადგილი არ დაუთქვამს. უბრალოდ, ტელეფონით დაუკავშირდა და გააფრთხილა: საღამოს
მოგაკითხავ. საათი, საათ-ნახევარი მჭირდება შენთან სასაუბროდ და ნურაფერს დაგეგმავო. შემდეგ კი საღამოს
დადგომისთანავე თავად მიაკითხა საავადმყოფოში.
ზიბკო მარტო იყო. მას არ უყვარდა მოწმეები. თანაც, კარგად იცოდა, რომ ლუკასგან არავითარი საფრთხე არ
ემუქრებოდა.
– სად მივდივართ? – დაინტერესდა ლუკა, როდესაც ზიბკომ მანქანა დაძრა და გეზი კრაკოვის გარეუბნისკენ აიღო.
– აქ ვერ ვისაუბრებთ. საავადმყოფო გაძლიერებული მეთვალყურობის ქვეშაა. შენობაშიც არ მიყვარს საუბარი.
ქალაქგარეთ გავიდეთ. ყველასგან მოშორებით. გავიაროთ, მუხლი გავშალოთ და თან წავისაუბროთ, – უპასუხა
მან.
დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ მანქანა გზატკეცილიდან გადავიდა და მდინარე ვისლას პირას შეჩერდა. ზიბკომ
ძრავა ჩააქრო და უსიტყვოდ გადავიდა. ლუკა უკან მიჰყვა. ამ ადგილას ადრე არასოდეს ყოფილა. კრაკოვში
ყოფნისას იშვიათად გადიოდა სახლიდან, ამიტომაც კარგად არ იცნობდა ქალაქს, მით უმეტეს, მის გარეუბანს.
მაგრამ ეს ადგილი მაინც ნაცნობად ეჩვენა. ამ ადგილას მდინარე მკვეთრად უხვევდა. მაღალი ფლატე მთლიანად
ფარავდა სანაპიროს. მარჯვნივ ხშირი ნაძვნარი მოჩანდა. მარცხენა მხარეს კი რამდენიმე ნაგებობა იდგა. მალე
ცეცხლით დანახშირებული ბუჩქები გამოჩნდა. მიწას აშკარად ემჩნეოდა ნახანძრალი ლაქა. ლუკას უმალ გაახსენდა
ვასილიჩის სიტყვები: „დამწვარი მიკროავტობუსი ვისლას ნაპირას აღმოაჩინეს. იქ მეფრინველეობის ფერმაა.
ფერმის დარაჯმა ცეცხლი შენიშნა და სახანძრო სამსახური გამოიძახა...“
– ადრე არ შემინიშნავს შენთვის მაზოხისტური მიდრეკილებები, – ლუკა ძალიან გააღიზიანა ზიბკოს არჩევანმა.
მან სრულიად გამიზნულად მიიყვანა იქ, სადაც  მის სახლზე თავდამსხმელები დახოცეს. ამას გარკვეული მიზანი
ჰქონდა და ლუკა ხვდებოდა, რაც ზიბკოს სურდა, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მომხდარი თავდასხმა და
ეგრძნობინებინა, რომ იგივეს განმეორებისგან დაზღვეული არ იყო.
– ესე იგი, კარგად ხარ ინფორმირებული, – ზიბკომ აუჩქარებლად მოუკიდა სიგარეტს.
– შენსავით მაინც არა.
– მართალი ხარ. ამ შემთხვევაში ნაღდად შენზე მეტი ვიცი, – განაგრძო ზიბკომ.
– ვაჭრობას აპირებ?!
– არა, – მშვიდად უპასუხა ზიბკომ, – ვიცი, რომ ამას აზრი არა აქვს. შენთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ შენს
გადაწყვეტილებაზე გავლენას მაინც ვერ მოვახდენ.
– მაშინ რისთვის მოვედით აქ?
– ორი მიზეზის გამო... – ზიბკომ ღრმა ნაფაზი დაარტყა და სიგარეტის ნამწვავი მდინარეში მოისროლა, –
პირველი... უბრალოდ, ამ ადგილის მონახულება თავად მსურდა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიაზრო, რა ჯურის
იდიოტებთან მიწევს მუშაობა და როგორ მივუდგე მათ... კრეტინები, წმინდა წყლის იდიოტები!..
ოთხმოცდაათანი წლების „ბრიგადებზე“ გადაღებული ფილმებით გაუწყალდათ ტვინი და ფანტაზია მეტზე არ
ჰყოფნით!.. ესროლეს შენი ოჯახის წევრებს... დახოცეს ქილერები და ამით პოლონურ სპეცსამსახურს პირდაპირ
მიანიშნეს: შემკვეთი უკრაინაში ეძებეთო!.. ახლა კი მე მიწევს ამ ნეხვის გროვასთან მუშაობა!..
– მეორე მიზეზი, – შეაწყვეტინა ლუკამ.
– მინდა, რომ სწორედ შეაფასო ვითარება. თავადაც ხომ ხვდები, რა იდიოტებთანაც გაქვს საქმე. და ამასთან
ერთად, მინდა, იცოდე, რომ მე მათი შეჩერება არ შემიძლია. ამ ბრიყვებმა თავისი გამოხტომით შენთან ერთად მეც
გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენეს. გვერდზე ვერ გავდგები, მაგრამ მათი შეჩერებაც არ შემიძლია!..
– გამოდის, რომ იცი, ვინც დგას ამის უკან, – შენიშნა ლუკამ.
– ვიცი, – ამოიოხრა ზიბკომ.
– ვინ?
– შინაგან საქმეთა სამინისტრო, – ცივად მოსხიპა ზიბკომ.
– მე უფრო მარტივად მეგონა საქმე.
– არც ისე, როგორც გეგონა... – ზიბკომ ისევ მოუკიდა სიგარეტს, – კარგად მიცნობ და იცი, რომ შენთან
ხელცარიელი არ მოვიდოდი. შენ მიმართ ტრადიცია არასოდეს ირღვევა. როგორც წესი, ყოველთვის ორ ფრონტზე
გიწევს ბრძოლა...
ლუკა მიხვდა, რასაც ზიბკო გულისხმობდა. ორი ფრონტი... ეს მუდამ ასე იყო. ხელისუფლება და მისი დაკვეთით
მოქმედი კრიმინალი.
– იმას, რასაც ახლა გეტყვი, გარკვეული დროის შემდეგ თავადაც გაარკვევდი. შენთვის ეს ახალი ამბავი არ იქნება.
უბრალოდ, მოვლენებს დავაჩქარებ და ვიდრე ვასილიჩი თავის არხებით გაარკვევს ყველაფერს, მე გაგარკვევ
მომხდარში... მაშ ასე, ჩემთვის ცნობილია ოდესაში შემდგარი ბოლო „სხადნიაკის“ შესახებ, სადაც შენ „ბესი“
დაგიპირისპირდა. უფრო მეტიც თქვენი საუბრის ჩანაწერიც კი მაქვს მოსმენილი.
– კარგად მუშაობთ, – დამცინავად ისროლა ლუკამ.
– მე არა... შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივარგა, – შენიშნა ზიბკომ, – მე არ ვიცი, რა ურთიერთობა აკავშირებს
„ბესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. აგენტია თუ ამ შემთხვევაში მხოლოდ გარკვეული ინტერესები დაემთხვა
ერთმანეთს. „ბესი“ ძალიან უმნიშვნელო ფიგურაა იმისთვის, რომ მისი საქმიანობით ვინტერესდებოდე. მაგრამ
ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ის ჩანაწერი მისი დამსახურებით მოხვდა შინაგან საქმეთა მინისტრთან და გარდა
ამისა, ისიც ვიცი, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური კვლევა არ მიმდინარეობს.
– ანუ...
– ანუ, ეს ყოველივე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით მოხდა. ამ საკითხზე მეც მქონდა მასთან
საუბარი. შენ მიმართ კიევი არასოდეს იყო კეთილგანწყობილი. უბრალოდ, დროდადრო გარკვეულ საკითხებზე
თვალს ხუჭავდნენ. არავის სურდა ჩამოყალიბებული სისტემის არევა. არსებობს „ვერშინა“ და რა ამით? ქვეყნის
მასშტაბით ეს მხოლოდ ერთი კომპანიაა. მართალია, მსხვილი, გავლენიანი, მდიდარი... მაგრამ მაინც ერთი
კომპანია. და მის სიახლოვეს არსებობს ვინმე გეგეშიძე. მართალია, გავლენიანი კანონიერი ქურდი, გაბედული და
შეუპოვარი ადამიანი, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით რაიმეს შეცვლა არ
შეუძლია.  ახლა კი სრულიად სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, უბრალოდ, ვერ
წარმოუდგენია შენი უკრაინაში ყოფნა. ნაღდად არ ვიცი, რაა ამის მიზეზი. შეიძლება, თავი კრიმინალთან
მებრძოლ შეუპოვარ რაინდად წარმოუდგენია  და უნდა რომ, ისტორიაში შენი უკრაინიდან განდევნით შევიდეს.
შეიძლება, დეტექტივების ყურებამ აუჭრა ტვინი ან, უბრალოდ, ბავშვობაში რომელიმე ჩიხში უბნელმა
„გოპნიკებმა“ ქურთუკი გახადეს... არ ვიცი... მაგრამ ერთი რამ შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა: ის ასეთი
საქმისთვის საკმაოდ ბრიყვია და ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან მიზანდასახულიც. ეს ორი თვსება კი ძალიან
სავალალო კომბინაციას ქმნის. საუბრისას მან პირდაპირ მითხრა, რომ არ მოისვენებს, სანამ უკრაინიდან არ
გაგაძევებს. შენი საპატიმროში გამოკეტვაც კი არ უნდა. იცის, რომ შენი კავშირებით ეს იოლი არ იქნება. არ უნდა,
რომ ვინმემ შეაჩეროს. ეს მისთვის დამარცხების ტოლფასი იქნება. ამიტომაც წავიდა ასეთი გზით. შენი ოჯახის
წევრებზე თავდასხმა გარკვეული გაფრთხილებაა – წადი ან იგივე განმეორდება, მხოლოდ უფრო მძიმე შედეგით!..
დანარჩენი უმნიშვნელო დეტალებია. „ბესის“ კავშირებით სამი აზიელი ლტოლვილის დაქირავება და შეიარაღება
იოლი საქმეა. ეს იდიოტები ას დოლარადაც წავიდოდნენ ასეთ საქმეზე. მე არ ვიცი, როგორ და რა მიმართულებით
განვითარდება პოლონური გამოძიება. მაგრამ შემიძლია, წინასწარ ვთქვა, რომ „ბესზე“ ვერავინ გავა. ამ ისტორიით,
თავისთავად, უკრაინაც არ დაინტერესდება. თუნდაც ვინმე დაინტერესდეს ხელისუფლებიდან, ყველაფერმა მაინც
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა გაიაროს. ერთადერთი ადამიანი ვინც რეალურად შეძლებს მომხდარში
გარკვევას, შენ ხარ. და სწორედ, ამის იმედი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს. მისი აზრით, მოვლენები მხოლოდ
ორი სცენარით უნდა განვითარდეს. შენ სწორედ შეაფასებ ვითარებას და ზედმეტი ხმაურის გარეშე გაეცლები
უკრაინას. შენ გარეშე „ვერშინა“ დაუცველი დარჩება. „ბესი“ მთელი თავისი შესაძლებლობებით დაუყოვნებლივ
გადაერთვება „ჩუმაზე“. ვოვა კარგი ბიჭია. მე მართლა მომწონს ის, მაგრამ „ბესთან“ ბრძოლაში, რომელიც შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით იმოქმედებს, ის დამარცხებისთვისაა განწირული!.. მეორე ვარიანტი – შენ
გაჯიუტდები. გადამალავ ოჯახის წევრებს და შენი არხებით დაიწყებ მომხდარის გარკვევას. ადრე თუ გვიან
გახვალ „ბესზე“. ამას მოჰყვება თქვენ შორის  ომი. მერწმუნე, შენი მხრიდან პირველი ტყვიის გავარდნა შენ მიმართ
შეწყვეტილ ყველა საქმეს გამოაცოცხლებს. მე ვეღარაფერს გავაწყობ. გახსოვს ჩვენი შეთანხმება?! შენ ჩერდები და
ყველა საქმე კვდება. შენ მოქმედებ და ყველა საქმე ცოცხლდება!.. ყველაფერი ძალიან მარტივად არის, ლუკა. შენ
რომ ამოქმედდე კიევი თავად გასცემს შენი თავიდან მოშორების განკარგულებას!..
– ესე იგი, ყველაფერი მაინც „ვერშინას“ უკავშირდება? – ჩაილაპარაკა ლუკამ.
– „ვერშინა“ ამ საქმეს ბონუსად მოჰყვება. ისე კი, თუ დაიჯერებ, შინაგან საქმეთა მინისტრი მიზნად არ ისახავს
„ვერშინას“ განადგურებას. გასაგებია, რომ კომპანიას დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას არ მისცემენ.
გარკვეულ საკითხებში შეზღუდავენ. რაღაც წილს „ბესიც“ მოითხოვს. წასვლის შემთხვევაში, შენ აქტივების
მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნებასაც შეძლებ. მაგრამ იმ ხალხს, რომლებიც წლების განმავლობაში
მუშაობდნენ და ხელმძღვანელობდნენ „ვერშინას“, საქმეს ჩამოაშორებენ.
– ეს შენი ვარაუდია თუ პირდაპირ განაჩენი? – ჰკითხა ლუკამ.
– ეს არც ვარაუდია და არც განაჩენი. ჩათვალე, რომ დროის მანქანა მაქვს და მომავლის ხილვა შემიძლია.
– არსებობს მესამე ვარიანტიც.
– რომელი? – სწრაფად ჰკითხა ზიბკომ.
– შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმება!
– შეთანხმება?! – გაოცებული მზერა ესროლა ზიბკომ, – როგორ უნდა შეუთანხმდე ადამიანს, რომელსაც მხოლოდ
ერთი რამ ამოძრავებს – შენი ეშაფოტზე აყვანის სურვილი?!
– შენ თქვი, რომ მისი თვითმიზანი ჩემი უკრაინიდან განდევნაა.
– ჰო...
– შეიძლება, დავთანხმდე ამას, მაგრამ ჩემი პირობებით.
– ძნელი წარმოსადგენია, რომ მინისტრმა რაიმე პირობა მიიღოს, – შუბლი მოისრისა ზიბკომ, – თანაც, ვინ უნდა
ელაპარაკოს ამაზე?!
– შენ, – მოკლედ მოუჭრა ლუკამ.
– არა... არა... – თავი გაიქნია ზიბკომ, – მე არასოდეს ვარღვევ წესებს!.. შეხვედრისას მან ნათლად მაგრძნობინა,
რომ შენთან ბრძოლაში სურს მოკავშირედ მიხილოს!.. მე უარი ვუთხარი. ასე ვთქვათ, ნეიტრალიტეტი ავირჩიე.
ახლა კი შენი სახელით მასთან საუბარი  დაპირისპირების ტოლფასია. ნაღდად არ მაქვს ამის სურვილი!..
– გეშინია?! – ცივად გაეღიმა ლუკას.
– არა... უბრალოდ, სიტყვის გატეხვა არ მინდა. უკვე ვთქვი, რომ არ ჩავერეოდი ამ საქმეში და არც ჩავერევი!..
გარკვეულ წრეებში მე მხოლოდ იმისთვის მცემენ პატივს, რომ სიტყვის გატეხვა არ მახასიათებს!..
– ეს მანამდე იყო, ვიდრე აქ, ამ ადგილას იმ ავღანელებს არ ჩაცხრილავდნენ, – ლუკამ ხელით მიანიშნა
დანახშირებულ ბუჩქებზე.
– ეს მართლაც ცვლის ვითარებას, მაგრამ მაინც უარს გეტყვი. სხვა ადამიანის მოძებნა მოგიწევს. ისე შორს ძებნაც
არ დაგჭირდება, ამას ვასილიჩი მოახერხებს!
– ვასილიჩს თავისი საქმეებიც ჰყოფნის. თანაც მისი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სამიზნედ ქცევა არ მინდა.
ეს უწყება ისეც ემტერება!
– მაინც, არა!
– ჩემთვის მოცემული პირობა რატომ არ გახსოვს?! – თუ ეს სიტყვის გატეხვად არ მიგაჩნია?!
– რას გულისხმობ?! – სწრაფი გაკვირვებით შეხედა  ზიბკომ.
– თუ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, მაშინვე მოქმედებაზე ნუ გადახვალ. ერთად ვცადოთ საქმის მოგვარება.
დარწმნუბული იყავი, რომ ამ ქვეყანაში ერთი-ორი სიტყვა მეც მეთქმის!.. – სიტყვა–სიტყვით გაიმეორა ლუკამ,
მათი ბოლო შეხვედრისას ზიბკოსგან მოსმენილი ფრაზა, – ახლა სწორედ ის შემთხვევაა!..
ზიბკო მცირე ხანს დუმდა. მერე მზერა გაუსწორა და თქვა:
– კარგი, ვცდი. მითხარი მაინც, რა პირობით ფიქრობ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებას...    
– მინერალურ წყალს ხომ არ ინებებთ, – ლუკა ფიქრს ქალის ხმამ მოსწყვიტა.
– წვენი... – ღიმილით განაგრძო სტიუარდესამ, რომელიც სინით ხელში სავარძლებს შორის, გასასვლელში იდგა.
ლუკამ უსიტყვოდ აიღო ჭიქა, მინერალური წყალი მოსვა და ისევ ფიქრს მიუბრუნდა.
ზიბკოსთან შეხვედრა საინტერესო იყო, მაგრამ ყველაფერი მანაც არ იცოდა. მისი ნაამბობი მხოლოდ ერთი
დეტალი იყო ვრცელ და რთულ მოზაიკაში, რომელიც მთლიანად უკრაინაში მიმდინარე პროცესებს
უკავშირდებოდა. რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობამ ხარკოვი დიდი დაპირისპირების ზონად აქცია.
უფრო სწორედ ხარკოვი კი არა, არამედ ხარკოვის ტანკმშენებელი ქარხანა, უკრაინის ერთ-ერთი სტრატეგიული და
უდიდესი მნიშვნელობის მქონე საწარმო. ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს ტანკმშენებელი ქარხანა თითქმის
უფუნქციოდ იყო დარჩენილი და ეს უზარმაზარი კომპლექსი, საბრძოლო ტექნიკის მაგივრად, ტაფებისა და
ქვაბების მწარმოებელ საამქროდ იყო ქცეული. სწორედ იმ პერიოდში ელიამ საწარმოს აქციების ნაწილი შეიძინა.
„ვერშინის“ დირექტორთა საბჭო ამ გარიგების წინააღმდეგი იყო. საბჭოს წევრების აზრით, რამდენიმე მილიონის
სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოში ჩადება, რომელიც სრული შეჩერების პირას იმყოფებოდა,
გაუმართლებელი რისკი იყო. „ვერშინას“ ბევრად პერსპექტიულ საქმეშიც შეეძლო კაპიტალის დაბანდება.
საბოლოოდ დავა ლუკამ გადაწყვიტა. ის ენდობოდა ელიას და იცოდა, რომ სხვებისგან განსხვავებით, ის წინ
იყურებოდა და ტანკმშენებელ ქარხანაში სამომავლო პერსპექტივას ხედავდა. ელიას ჩანაფიქრმა მხოლოდ წლების
შემდეგ მოიტანა შედეგი. თავად იდეის ავტორი ამ დღეს ვერ მოესწრო. ის უკვე სამი წლის დაღუპული იყო,
როდესაც „ვერშინამ“ საწარმოში ჩადებული კაპიტალიდან პირველი მნიშვნელოვანი მოგება მიიღო. გარკვეული
პერიოდის შემდეგ კი ტანკმშენებელი საწარმო მთელი სიმძლავრით ამუშავდა და ამჟამად „ვერშინასთვის“
მრვალმილიონიანი შემოსავლის წყაროდ ითვლებოდა. ბოლო ხანებში უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და
რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვამ, თავისთავად, იმოქმედა საწარმოზე. ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა,
მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ახლო მომავალში რუსეთსა და უკრაინას შორის ნამდვილი ომი დაიწყებოდა.
ხარკოვი და მისი ტანკმშენებელი ქარხანა კი უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობდა, რაც მას
თავისთავად აქცევდა შეტევის ობიექტად. ამჟამად კი ტანკმშენებელი ქარხნა მძაფრ დაპირისპირებაში იყო
ჩართული. საქმე ეხებოდა ორ მნიშვნელოვან შეკვეთას. პირველი შეკვეთა ტაილანდური იყო. კონტრაქტის
დადების შემთხვევაში, საწარმოს ტაილანდისთვის უნდა მიეწოდებინა უახლესი უკრაინული ტანკების პარტია.
კონტრაქტის ღირებულება იყო ორას ორმოცი მილიონი ამერიკული დოლარი. იგივე ტანკების მიღება სურდა
თავად უკრაინის თავდაცვის სამინისტროსაც. მაგრამ ბიუჯეტის სიმწირის გამო ის თხუთმეტი პროცენტით
ნაკლებს სთავაზობდა საწარმოს, დანარჩენ ნაწილს კი სახელმწიფო ობლიგაციებით დაფარვას აპირებდა. რომელ
შეკვეთას მიიღებდა საწარმო, აქციონერთა საბჭოს უნდა გადაეწყვიტა. საკითხის განხილვისას საბჭო ორ ნაწილად
გაიყო. ერთი ნაწილი, პატრიოტული მოსაზრებებითა და ხელისუფლების ზეწოლით, თავდაცვის სამინისტროს
წინადადებას უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი – ტაილანდის შეკვეთას. საბჭოს წევრების ეს ნაწილი ამტკიცებდა, რომ
ასე საწარმო უფრო მეტ მოგებას მიიღებდა. მაგრამ ყველასთვის გასაგები იყო, რომ ისინი რუსული სახელმწიფოს
დაკვეთას ასრულებდნენ. სწორედ რუსეთის ხელისუფლება იყო დაინტერესებული იმით, რომ უახლესი
უკრაინული ტანკები ახლო მომავალში თავდაცვის სამინისტროს არ გადასცემოდა. საბოლოოდ საბჭოს წევრების
ხმა შუაზე გაიყო. ერთადერთი, ვისაც ამ საკითხზე აზრი არ გამოუთქვამს იყო „ვერშინას“ წარმომადგენელი და
ახლა მთლიანად კომპანიის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, რომელ კონტრაქტს მოაწერდა ხელს
აქციონერთა საბჭო და ვინ მიიღებდა ტანკებს, უკრაინის არმია თუ ტაილანდი. ამ საკითხის გადასაწყვეტად
„ვერშინაში“ დირექტორთა საბჭოს თათბირი შედგა და სრულიად მოულოდნელად, საბჭომ გადაწყვიტა,
ტაილანდის კონტრაქტისთვის დაეჭირა მხარი. ამის შესახებ ვასილიჩმა თავად აცნობა ლუკას და კრებაზე
დაუყოვნებლივ მისვლა სთხოვა.
საბჭოს წევრები გაოცებით შეეგებნენ კრებაზე ლუკას გამოჩენას. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ის პირადად
არასოდეს ერეოდა კომპანიის საქმიანობაში.
ლუკა მაგიდას მიუჯდა, კრების წევრებს აუჩქარებელი მზერა მოავლო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტანკმშენებელი ხვალ ელის „ვერშინის“ გადაწყვეტილებას.
– მართალია... ხვალ ელის, – დაუდასტურა კრების თავმჯდომარემ, – მაგრამ საწარმოსთვის უკვე ცნობილია, რომ
ჩვენ მხარს ტაილანდის კონტრაქტს დავუჭერთ.
– ესე იგი, თქვენთვის ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, – ცივად ისროლა ლუკამ.
– ეს საუკეთესო ვარიანტია, – შეცბა კრების თავმჯდომარე, – ტაილანდის კონტრაქტი „ვერშინას“ მყარ სავალუტო
შემოსავალს მისცემს. რაში უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო ობლიგაციები ან კიდევ უკრაინის ვალუტა, რომელიც
ყოველ წუთას უფასურდება?!
– მაშინ ასე დავსვამ კითხვას, – გახედა ლუკამ, – რაში გამოიყენებთ „მყარ ვალუტას“, როდესაც ხარკოვის ქუჩები
რუსული ტანკებით აივსება?!
კრების თავმჯდომარემ მზერა აარიდა.
– მე არასოდეს ჩავრეულვარ თქვენს საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე შოკოლადის ქარხნის ან სავაჭრო
ცენტრის მშენებლობას არ ეხება და ფულადი მოგება მნიშვნელოვანი აღარ არის, – განაგრძო ლუკამ, – მე აქ თქვენი
აზრის მოსასმენად არ მოვსულვარ. „ვერშინა“ საჭირო გადაწყვეტილებას თქვენ გარეშეც მიიღებს. თქვენ,
უბრალოდ, ხელმოწერით ოფიციალურად დაადასტურებთ ამას! ვინმეს რამე აქვს საწინაარმდეგო?!
– ესე იგი, ჩვენ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტს უნდა დავუჭიროთ მხარი?!
– ჰო... და ეს ჩემი ჩარევის გარეშეც უნდა გაგეკეთებინათ!
– ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ არავინ შეგვზღუდავდა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ ამ პირობით გავხდით
კომპანიის აქციონერები, – გაუბედავად წამოიწყო კრების თავმჯდომარემ.
– კმარა!.. – ბრაზით მიუგდო ლუკამ, – ვერ ვიტან ბალეტსა და უკანალის უადგილო თამაშს. ყოველი თქვენგანი
„ვერშინაში“ მზამზარეულზე მოვიდა. თქვენ არ შესწრებიხართ იმ ომსა და სისხლისღვრას, რომელიც კომპანიის
შექმნისას გადავიტანეთ. თქვენ, უბრალოდ, უკვე მოქმედ, აწყობილ კომპანიაში იყიდეთ აქციების ნაწილი და
წლების განმავლობაში უკანალის გაუნძრევლად ამაში იღებთ არცთუ ისე მცირე შემოსავალს. ხვალ თქვენი
გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო, მონასტერი რომ აირიოს, თქვენ მშვიდად წახვალთ აქედან და სხვა
კომპანიის აქციონერობას შეეცდებით. ჩვენ კი არსად წასვლას არ ვაპირებთ. პირველი დღეებიდან აქ ვიყავით და
მომავალშიც აქ უნდა დავრჩეთ. ამიტომაც მე ვიტყვი ბოლო სიტყვას. „ვერშინა“ თავდაცვის სამინისტროს
კონტრაქტს დაუჭერს მხარს. ეს საკითხი გადაწყვეტილია. ვისაც ამ საქმეში მონაწილეობა არ უნდა, ძალას არ
დავატან. დღესვე შეგიძლიათ განიხილოთ აქციონერობისა და კომპანიიდან თქვენი წილის გატანის საკითხი.
ყველაფერი გასაგებია?!
კრების წევრებმა მდუმარედ დაუქნიეს თავები.
– კრების გადაწყვეტილების ოფიციალურად დადასტურების საკითხს ვასილიჩი მოაგვარებს. თქვენთვის მეტი
არაფერი მაქვს სათქმელი. ასე რომ, დროს ნუღარ დაკარგავთ. საქმეს მიხედეთ!.. – სწრაფად დაამთავრა ლუკამ და
კრება დატოვა.
მომდევნო დღეს „ვერშინას“ წარმომადგენელმა ტანკმშენებელი საწარმოს აქციონერთა კრებაზე თავდაცვის
სამინისტროს კონტრაქტს დაუჭირა მხარი. ეს ყველასთვის მოულოდნელად მოხდა. კრებისთვის
არაოფიციალურად ცნობილი იყო, რომ „ვერშინა“ ტაილანდის კონტრაქტს დაუჭერდა მხარს. ამან მნიშვნელოვანი
არეულობა გამოიწვია. მაგრამ ტაილანდის პროექტის მხარდამჭერებმა ვეღარაფერი მოახერხეს და საკითხი
თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადაწყდა.
ამ ამბებიდან ერთი კვირის თავზე კიევში ზურა კოპაძე მოკლეს, რომელსაც პირდაპირი შეხება ჰქონდა ამ
კონტრაქტთან. შემდეგ კი კრაკოვში მოხდა თავდასხმა.
„ცნობილი იყო თუ არა ყოველივე ამის შესახებ ზიბკოსთვის?! – რა თქმა უნდა, – ლუკამ თავად გასცა პასუხი
საკუთარ კითხვას. შესაძლოა, მას პირადად არაფერი აკავშირებდა ხარკოვის ტანკმშენებელ საწარმოსთან. მაგრამ
გამორიცხული იყო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ არაფერი სცოდნოდა. მით უმეტეს, მაშინ,
როდესაც ეს ისტორია პირდაპირ უკავშირდებოდა „ვერშინას“.
იცოდა, მაგრამ საუბრისას ერთხელაც არ უხსენებია თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტი. ლუკა ამაში უცნაურს
არაფერს ხედავდა. ეს ჩვეული ამბავი იყო ზიბკოსთვის. მას თავისებური მიდგომა ჰქონდა ნებისმიერი
საკითხისადმი. ის ყველა საქმის მინიმალური დანახარჯებით მოგვარებას ცდილობდა. ამ შემთხვევაში, მას
მხოლოდ ერთი ამოცანა ჰქონდა. ლუკა უკრაინიდან წასვლაზე დაეთანხმებინა. ტანკმშენებელ საწარმოზე საუბარი
კი თავისთავად გაართულებდა მის ამოცანას. მაგრამ ამ დაპირისპირებაში ზიბკო მაინც მისი მოკავშირე იყო. ვისაც
არ უნდა მიმხრობოდა და რა პოზიციაც უნდა დაეკავებინა, ის არასოდეს არაფერს გააკეთებდა თავისი ქვეყნის
საზიანოდ. და თუ ამ ბრძოლაში შინაგან საქმეთა მინისტრი მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა, საეჭვო იყო,
რომ დიდი ხანი დარჩენილიყო სავარძელში...
„რაზე ვფიქრობ?! რითაა ჩემი გონება დაკავებული?! – საკუთარ თავზე გაბრაზდა ლუკა. წყალსაც წაუღია
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტანკმშენებელი ქარხანა თავისი კონტრაქტებითა და აქციონერთა
საბჭოებით. ეს ქვეყანა ჩემამდეც არსებობდა და ჩემ მერეც ძალიან დიდი ხანი იარსებებს. ახლა სხვაა ჩემი
საფიქრალი და საზრუნავი – ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ჩემზე, ჩემს სწორ გადაწყვეტილებებზე არიან
დამოკიდებული...
გონებამ თავისთავად გაახსენა კრაკოვის საავადმყოფო. საღამო, რომელმაც ყველაფერი შეცვალა მის ცხოვრებაში...
***
ექიმმა რამდენიმე სიტყვა უთხრა ნატოს და გოგონა ელვის სისწრაფით გაქანდა აივნისკენ, სადაც ლუკა
ეგულებოდა. მისმა გაფართოებულმა თვალებმა თავისთავად მიახვედრა, რომ გოგონას რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი. ამასობაში ნატომ მასთან მიირბინა, მკლავში ჩააფრინდა და აკანკალებული
ხმით წამოიწყო.
– მამა... მამა.. ეკას საკეისრო კვეთა გაუკეთეს და...
ლუკამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. ნატოს უკან ექიმიც მოჰყვა და სწრაფად ალაპარაკდა.
– ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თავისი ასაკის
მიუხედავად შესანიშნავი, ჯანმრთელი ჩვილი დაიბადა... გესმით ჩემი?.. თქვენ ვაჟი შეგეძინათ!..
ლუკას ელვის სისწრაფით დაურბინა მხურვალე ტალღამ. გონება ფონოგრამასავით იმეორებდა ექიმის სიტყვებს...
– თქვენ ვაჟი შეგეძინათ...
მსგავსი შეგრძნება ნატოს დაბადების დროსაც ჰქონდა განცდილი. ელოდა ამ დღეს. მისთვის სავარაუდო თარიღიც
კი იყო ცნობილი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი უნდა მომხდარიყო, ასეთი მოვლენები ხომ მუდამ ხდება
ადამიანების ცხოვრებაში. ახლა კი სრულიად დაბნეული იდგა. თითქოს საერთოდ არ ყოფილა ის მოლოდინი და
ახლა, ამ წუთას პირველად შეიტყო, რომ ვაჟის მამა გახდა.
– დედა?! – ლუკამ გაჭირვებით დაძლია მღელვარება.
– დედაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. პროფესორმა რაზუმოვსკიმ ოპერაციის ახლავე ჩატარების
გადაწყვეტილება მიიღო. ახლა მას ტვინზე ოპერაციისთვის ამზადებენ, – უპასუხა ექიმმა.
– ორი ოპერაცია ზედიზედ?! რაზუმოვსკის არაფერი უთქვამს ამის შესახებ!..
– ეს ჩვენს გეგმებშიც არ შედიოდა, მაგრამ პროფესორი მაინც არ გამორიცხავდა ამის შესაძლებლობას და წინასწარ
გვთხოვა ყველაფრის მომზადება. საბედნიეროდ, საკეისრო კვეთამ გართულებების გარეშე ჩაიარა და პროფესორმა
აღარ ისურვა მეორე ოპერაციის გადადება, – უპასუხა ექიმმა.
– ეს საშიში არ არის?
– პირიქით, სასურველიც კია. ახლა პაციენტის ორგანიზმი მთლიანად მობილიზებულია. ოპერაციის გადადების
შემთხვევაში კი ის მოეშვება და მომდევნო ოპერაციისთვის მომზადება უფრო რთულ ვითარებაში მოგვიწევს. ნუ
ღელავთ. ყველა მონაცემი ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა... ჯერჯერობით სულ ეს არის. რაიმე თუ შეიცვალა,
დაუყოვნებლივ გაცნობებთ, – დაასრულა ექიმმა და წასასვლელად მოემზადა.
– როდის შევძლებ ჩვილის ნახვას? – შეაჩერა ლუკამ.
– ახლა თავი უნდა შეიკავოთ. ჩვილი რეანიმაციაში, სპეციალურ კამერაში იმყოფება. სათავსოში სტერილურობის
საგანგებო რეჟიმია. ასე რომ, ჯერჯერობით უარს გეტყვით, – თქვა ექიმმა და საოპერაციოს მიუბრუნდა.
ოპერაციამ დილამდე გასტანა. მთელი ამ დროის განმავლობაში ლუკა მოუსვენრად სცემდა ბოლთას მიმღებ
განყოფილებაში და დროდადრო სიგარეტის მოსაწევად გადიოდა აივანზე.
გამთენიისას ექიმმა ლუკა საორდინატოროში მიიწვია, სადაც უკვე ელოდა პროფესორი რაზუმოვსკი.
პროფესორი მაგიდაზე დახრილი ათვალიერებდა და ერთმანეთს ადარებდა ძველი და ახალი გამოკვლევების
შედეგებს. ლუკას დანახვაზე საქმიანობა შეწყვიტა და მას მიუბრუნდა.
– სასწაულების გჯერათ?
– ბავშვობაში მჯეროდა, – უპასუხა მან.
– მეც ასე ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ვცდებოდი. სასწაულები ნამდვილად ხდება და დღეს სწორედ
ასეთი სასწაულის მომსწრენი გავხდით, – ღიმილით თქვა პროფესორმა, – გილოცავთ! ოპერაცია შესანიშნავი
შედეგით დასრულდა. სრულ განკურნებაზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ ყველა შედეგი იმას გვიჩვენებს, რომ
რაიმე გართულებას ადგილი არ ექნება... კიდევ ერთხელ გილოცავთ!..
– ესე იგი, მაინც არსებობდა...
– უარყოფითი შედეგის ალბათობა ყოველთვის არსებობს. განსაკუთრებით მიკროქირურგიაში. შესაძლო იყო,
უბრალოდ, კარგი შედეგის მიღება. რაც ასეთ ვითარებაში მოსალოდნელი და სრულიად დამაკმაყოფილებელი
იქნებოდა. მაგრამ ახლა სრულიად სხვა შედეგთან გვაქვს სქმე. ისეთთან, რომელსაც თავადაც არ ველოდი. ასე
რომ, შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ ყველაზე მძიმე უკან დარჩა. ახლა თქვენს ახალშობილ ვაჟს მოვამაგრებთ,
მეუღლეს ფეხზე დავაყენებთ და ორივეს ჩაგაბარებთ... მხოლოდ ერთი პირობით... – პროფესორმა მზერა გაუსწორა
და დინჯად დაამატა, – რაღაც უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. სხვა დროს შეიძლება, ასე აღარ
გაგვიმართლოს. დღეს მართლაც ვირწმუნე სასწაულის, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს, რომ მატერიალიზმს მაინც
ვერსად წაუვალთ!.. იფიქრეთ ამაზე!..
ლუკას კიევში ჩამოსვლამ ერთობ გააოცა ზიბკო. ის რომ გულხელდაკრეფილი არ დაელოდებოდა მოვლენების
განვითარებას და დაუყოვნებლივ დაიწყებდა მოქმედებას, თავიდანაც გასაგები იყო. მაგრამ ზიბკო მაინც არ
ელოდა, რომ ეს მასთან შეხვედრისთანავე მოხდებოდა. მისი აზრით, ასეთ ვითარებაში ლუკა, უბრალოდ,
საავადმყოფოდან გასვლასაც კი ვერ მოახეხებდა. მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. ერთი დღის
განმავლობაში ლუკამ ოდესაში ჩასვლა მოასწრო და ახლა მასთან შესახვედრად კიევში მოფრინავდა. მისი ოდესაში
ვიზიტი ყველაზე ძალიან აფიქრებდა ზიბკოს. მას უკვე მოახსენეს, რომ ოდესაში ლუკა თავის ძველ ნაცნობს,
კანონიერ ქურდს „სიომას“ შეხვდა. შეხვედრაზე დასასწრებად ხარკოვიდან ახლად მონათლული „ჩუმაც“ ჩავიდა.
ამავდროულად კრაკოვიდან უკვალოდ გაქრა ლუკას მარჯვენა ხელი, ჯაბა. მის შესახებ მხოლოდ ერთი რამ იყო
ცნობილი. მან უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. შემდეგ კი უკვალოდ გაუჩინარდა და ამჟამად სად იმყოფებოდა,
არავინ იცოდა.
  ზიბკოს ვარაუდით, „სიომას“ და ლუკას შეხვედრას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლებოდა, ჰქონოდა - „ბესთან“
დაკავშირებული უთანხმოება. ამას შეხვედრაზე „ჩუმას“ ხარკოვიდან ჩასვლაც ადასტურებდა. მაგრამ „ბესთან“
ურთიერთობის მოგვარება ლუკას შემდეგაც შეეძლო. უფრო მეტიც. ზიბკოს აზრით, მათ განსაკუთრებული
არაფერი ჰქონდათ სადავო. მას მოსმენილი ჰქონდა იმ შეხვედრის ჩანაწერი. ლუკამ, უბრალოდ, ქურდების
თანდასწრებით დაადასტურა, რომ წოდებაზე უარი თქვა. შემდეგ ცოტა ხანი „ჩუმასა“ და „ობშჩიაკზე“ ისაუბრეს. ამ
თემაზე შეკამათდნენ ლუკა და „ბესი“, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი თქმულა.
  ამათსას ვერაფერს გაიგებ, – ზიბკომ ბრაზით გაიქნია თავი, – რამდენიც გინდა უსმინე მათ საუბარს, სწორ აზრს
მაინც ვერ გამოიტან. ისინი ხომ სათქმელის ოცდაათ პროცენტზე მეტს არასოდეს ამბობენ. დანარჩენს
თანამოსაუბრე, უბრალოდ, თავისით უნდა მიხვდეს. ზოგჯერ მათი ჰო, არას ნიშნავს და ზოგი არა – ჰოს. და ამ
დროს ყოველ ჟესტს, მიმიკას, ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მთელ წინადადებას. თითქოს
არაფერი მომხდარმა. ერთმა რაღაც თქვა. მეორე გაღიზიანდა. მაგრამ ღრმად აცერთს არ შეუტოპავს. არაფერი...
ჩვეულებრივი ადამიანის გაგებით არაფერი, მაგრამ ამ არაფრის გამო, მოგვიანებით ვიღაცას შუბლგახვრეტილს
პოულობენ გზისპირა თხრილში. დაწყევლილი საზოგადოებაა, ნაღდი სექტა. გვაბოლებს გეგეშიძე, როდესაც
ამბობს, წოდებაზე უარი ვთქვი და ამით ყველაფერი დამთავრდა და დღეიდან მთის ტურიზმით ან კაფეში ნაყინის
ჭამით შეივქცევ თავსო. ამ საზოგადოებას უსისხლოდ ვერ დაშორდება...
  კოპაძე... – ზიბკოს სწრაფად გაუელვა გონებაში ცოტა ხნის წინ კიევში, ბუნდოვან ვითარებაში მოკლული
კანონიერი ქურდის სახელი. – ის ხომ ქართველი იყო. თანაც, ქურდი. გამორიცხულია, რომ ერთმანეთთან
ურთიერთობა არ ჰქონოდათ. ეს ქართველები კი თანამემამულეებს ბოლომდე მხარში უდგანან, თანაც, შურისძიება
და სისხლის აღებაც ახასიათებთ. გეგეშიძე ქურდის წოდებას გაერიდა. მაგრამ თავის ქართულ ტრადიციებზეც ხომ
არ უთქვამს უარი. შესაძლოა, კიევში ამ საქმის გასარკვევად იმყოფებოდა. ნამდვილად ასეა. როგორც ჩანს „ბესს“
რაღაც აკავშირებს მის მკვლელობასთან. მაგრამ ყოველივე ეს გამართლებული იქნებოდა, ახლა მისი ოჯახი
კარიბის ზღვის სანაპიროზე რომ ისვენებდეს. ასეთ ვითარებაში კი ნაღდად ვერ მოიცლიდა „ბესთან“ საქმის
გასარჩევად ან კიდევ კოპაძეს მკვლელების დევნისთვის. ეს, უბრალოდ, არალოგიკურია... მისი ოჯახი?! – ზიბკო
კრაკოვში მომხდარ თავდასხმას მიუბრუნდა, – ეს კი ნამდვილად ჰგავს სიმართლეს. ლოგიკურად, პირველ რიგში,
მის ოჯახზე თავდასხმის ორგანიზატორი უნდა მოეძებნა. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, რა შუაშია ოდესა და
„სიომა“?..
– ოდესის რეისი ჩამოფრინდა... დავხვდე? – მძღოლის ხმამ ზიბკო ფიქრს მოსწყვიტა.
– არ არის საჭირო. იცის, რომ აქ ველოდები. თავად მოგვძებნის, – უპასუხა მან.
ოციოდ წუთის შემდეგ ლუკამ აეროპორტის შენობიდან გამოაბიჯა. მან ყურადღებით მიმოათვალიერა
ავტოსადგომზე მყოფი მანქანები და როგორც კი ზიბკოს „მერსედესი“ შენიშნა, გეზი მისკენ აიღო.
– გამარჯობა, – ლუკა ზიბკოს გვერდით დაეშვა სავარძელზე.
მან უხმოდ დაუქნია თავი და მძღოლს მხარზე ხელის დაკვრით ანიშნა, წავედითო.
მგზავრობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. როგორც კი მანქანა აეროპორტს გასცდა, ლუკამ მძღოლს
შეჩერება უბრძანა.
მძღოლმა მხოლოდ სვლა შეანელა და ზიბკოს გამოხედა, როგორ მოვიქცეო?
– რა მოხდა? – მიუბრუნდა ზიბკო.
– კიევში საქმე არ მაქვს და აქ დიდხანსაც ვერ დავრჩები, – უპასუხა მან, – აქ შენთან სასაუბროდ ჩამოვედი.
ვილაპარაკებთ და მაშინვე უკან უნდა გავბრუნდე.
– ესე იგი, კიევში არაფერი გესაქმება? – გაუკვირდა ზიბკოს.
– ადრე სიტყვის გამეორება არ გჭირდებოდა, – დამცინავად მიუგო ლუკამ.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ზიბკომ და მძღოლს მანქანის გაჩერება უბრძანა.
მძღოლმა უხმოდ შეასრულა განკარგულება. მანქანა გზიდან გადაიყვანა, შეაჩერა და გარეთ გადავიდა.
– მაშ ასე... გისმენ, –  უთხრა ზიბკომ.
– პირიქით... მე გისმენ, – უპასუხა მან, – ჩვენ შევთახმდით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან ურთიერთობას
მოაგვარებდი.
– ამას დრო სჭირდება.
– მიღებაზე ვერ ჩაეწერე? – დამცინავად ისროლა ლუკამ.
ზიბკომ უკმაყოფილოდ გახედა. ის მართლაც შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ. მინისტრს
თავი გამომწვევად ეჭირა. ჩანს, ჯერაც არ განელებოდა მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ შემორჩენილი ბრაზი.
– გეგეშიძის კურიერობაზე გადახვედი? – დამცინავად უთხრა მინისტრმა, როგორც კი ზიბკომ  ლუკაზე საუბრის
წამოწყება სცადა.
– ვითარება შეიცვალა. მაშინ გეგეშიძის წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა. ახლა – მაქვს!
– მაინც რა? – ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
– გეგეშიძე მის ოჯახზე მომხდარმა თავდასხმამ შეაშინა...
– თავდასხმამ?! – გაიკვირვა მინისტრმა, – მე არაფერი ვიცი ამის შესახებ!..
კრეტინი!.. მისი აზრით, ამ ჩლუნგი მსახიობობით დამაგოიმებს, – ბრაზით გაიფიქრა ზიბკომ.
– სად... როდის მოხდა თავდასხმა? – ჰკითხა მინისტრმა.
ზიბკომ ორიოდ სიტყვით აღუწერა კრაკოვში მომხდარი თავდასხმის დეტალები. თუმცა, დარწმუნებული იყო,
რომ თანამოსაუბრემ მის გარეშეც კარგად იცოდა, რაც  კრაკოვში მოხდა.
– ალბათ, პოლონელებსაც მოაბეზრა თავი? – ირონიით წარმოსთქვა მინისტრმა.
– გეგეშიძეს სხვა მოსაზრება აქვს. ის დარწმუნებულია, რომ თავდასხმა თქვენ გიკავშირდებათ! – ფრთხილად
შეაპარა ზიბკომ.
– მეე!.. – ბრაზით წამოიძახა მინისტრმა, – შენ საერთოდ აზრზე ხარ, ვის ელაპარაკები?! შენი აზრით, მე ვიღაც
ავღანელები დავიქირავე გეგეშიძის ოჯახის დასაწიოკებლად?!
ზიბკოს ცივი ღიმილი მოერია. თავდასხმის დეტალების მინისტრისთვის გაცნობისას, მას ერთხელაც არ უხსენებია
ავღანელები.
მინისტრს არ გამოჰპარვია მისი ღიმილი.
– რა ვთქვი სასაცილო?! – ასე თვლის გეგეშიძე, – სერიოზული გამომეტყველებით განაგრძო ზიბკომ, – და ეს
კარგიცაა. მას აღარ სურს დინების წინააღმდეგ ცურვა. თავდასხმამ მისთვის სრულიად გასაგები გახადა, რომ
უკრაინაში მისი ადგილი აღარ არის. ის მზადაა, აქაურობას გაეცალოს. მაგრამ გარანტიას ითხოვს, რომ მისი
წასვლის შემდეგ „ვერშინას“ არავინ შეეხება.
– რუსულ ანდაზას მაგონებს ეს ყველაფერი, – ცივად ჩაიცინა მინისტრმა, – „ი რიბკუ სიესტ, ი ნა ხუი სესტ“!.. თან
საპატიო ყარაულით უნდა გავაცილოთ და მის „მალინასაც“ არ შევეხოთ!..
– მას ასე სურს.
– ადრე თუ გვიან „ვერშინას“ მაინც განადგურება ელის და ეს მთლიანად გეგეშიძის დამსახურებით მოხდება!..
მორჩა... წავიდა მათი დრო... არავითარი პირობები. მისთვის უკეთესი იქნება, თუ საერთოდ აღარასოდეს
გადმოკვეთავს უკრაინის საზღვარს!.. აქ კარგი არაფერი ელის!..
– ჩემი აზრით კი, არ ღირს მისი ძველ გზაზე დაბრუნება. დამიჯერე. მას თავად არ სურს ვინმესთან
დაპირისპირება. ეს შენს ინტერესებში არ შედის! გაუშვი... წავიდეს... მის გარეშე „ვერშინა“ ერთ ჩვეულებრივ
კომპანიად გადაიქცევა. ასეთი ბევრია უკრაინაში. ისინი არავითარ პრობლემებს აღარ შექმნიან. გეგეშიძის პირობა
მისაღებია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მე ველოდი. ის უკრაინას ასე იოლად ვერ დათმობს. თავი გავანებოთ
„ვერშინას“. ზაპოროჟიეში მისი ცოლი და მეგობრები არიან დაკრძალულები. ის იქაურობას არ მოეშვება.
დარწმუნებული იყავი, რომ ის პერიოდულად მაინც ჩამოვა მათი საფლავების მოსანახულებლად. მაგრამ ამას
ვერავინ შეიტყობს.
– ცოლი?! – გახედა მინისტრმა, – მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ!..
– შენ ბევრი რამ არ იცი მის შესახებ... სხვათა შორის, იმ ადამიანებიდან, რომლებიც თავს დაესხნენ მის ოჯახს,
ცოცხალი არავინ გადარჩა!.. – არაერთმნიშვნელოვნად წარმოსთქვა ზიბკომ.
– მაშინებ?! – ბრაზი მოერია მინისტრს.
– არა... უბრალოდ, შენზე მეტი მესმის ამ საქმეში. ერთი რამ იცოდე. დღეს თამაში შენს მოედანზე მიმდინარეობს.
შენ ჯიუტად ცდილობ ამ უპირატესობის დაკარგვას და თამაშის მის მოედანზე გადატანას. ამ მოედანზე კი
გეგეშიძე დაუმარცხებელია. ეს მისი ცხოვრების წესია. მას ვერ შეაშინებ დევნით, ძიებით, მკვლელებით... მისთვის
ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. შენ კი... გაიხსენე ვინ იყავი გუშინ...
– საკუთარ წარსულს მიხედე, – შეუღრინა მინისტრმა. მას განსაკუთრებით აღიზიანებდა საკუთარი წასულის
შეხსენება.
– არა. სწორედ შენი წარსული უნდა შეგახსენო!.. – იფეთქა ზიბკომ, – მე და გეგეშიძე ერთმანეთს ვგავართ. ჩვენ
ერთი მოდგმისანი ვართ. ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ცხოვრებას და ვინმეზე არ ვართ დამოკიდებული!.. შენ
ჩემოდნით შეგიტანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და როგორც ვხედავ, ისე შეეჩვიე ყუთებით ტარებას, რომ
ამჯერად გეგეშიძეს კუბოთი გაატანინებ თავს იქიდან!
მინისტრი ბრაზისგან წამოჭარხლდა. შემდეგ კი მაგიდას მუშტი დაჰკრა და პირზე დუჟმორეული აყვირდა:
– გაეთრიე აქედან, შენი დედაც!.. შეგიძლია იმ ავაზაკთან ერთად აიბარგო უკრაინიდან. აქ მაინც აღარ
გეცხოვრება. გეგეშიძის შემდეგ, შენი ჯერი დადგება!..
– მართლა ასე უთხარი?! – გაეცინა ლუკას, – მე საქმის მოგვარება გთხოვე. შენ კი ამის მაგივრად, ყველაფერი
გააფუჭე!..
– ნაღდად გადავამლაშე. ახლა ვნანობ, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, – ხელი ჩაიქნია ზიბკომ.
– ესე იგი, შეთანხმება ვერ შედგა.
– ჯერჯერობით არაფერი გამოვიდა. მაგრამ უფრო ზევით წავალ. ამ საქმეს მაინც მოვაგვარებ. უბრალოდ,
ზედმეტი ხმაური არ მინდოდა. ასეთ წვრილმანებზე საჭირო არ არის მინისტრზე მაღლა მდგომი ხალხის
შეწუხება. გავა დრო და ამ წვრილმანში ათმაგ ფასს მომთხოვენ.
– ვიცი, ამაზე საუბარი არ გინდა, მაგრამ რა აზრი აქვს ამას. ორივემ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ტანკმშენებელ
ქარხანას უკავშირდება, – განაგრძო ლუკამ.
– ასეა, – დაუდასტურა ზიბკომ.
– კონტრაქტი მაინც აღარ შეიცვლება. რისთვის იბრძვის მინისტრი, – ჰკითხა ლუკამ.
– მიზეზი რამდენიმე აქვს. პირველი და მთავარი. სამომავლო პოზიციებს იმაგრებს. ხვალ იგივეს განმეორებას
აღარავინ დაუშვებს. მეორე – ვიღაცასთან მაგრად ჩაიჭრა და ავტორიტეტის აღდგენაც სურს და მესამე, – ამოიოხრა
ზიბკომ, – ძალიან ძნელია გოიმთან ურთიერთობა. წარმოიდგინე პიროვნება, რომელსაც მთელი ცხოვრება კეფაში
ურტყამდნენ. დღეს ის მინისტრია. შანსი მიეცა, წამოანთხიოს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებული ბოღმა და
პორველივე ასეთი მცდელობის შემდეგ მწარე პანღური მიიღო. დღეს ის შენში ხედავს ყველა იმას, ვინც თავის
დროზე კეფაში ურახუნებდა. ის, უბრალოდ, შურს იძიებს და ჩვენდა სამწუხაროდ, მისი შურისძიების ობიექტი
შენ ხარ. ასეთ გოიმს მხოლოდ შიში თუ შეაჩერებს. მაგრამ ეს, პირველ რიგში, შენთვისაა არასასურველი. ამას
კარგი არაფერი მოჰყვება.
– ჩვენც ისე მოვიქცეთ, რომ არავინ დაზარალდეს.
– მგლებიც გადარჩნენ და ცხვრებიც?! – გაეღიმა ზიბკოს, – ასეთი რამ ზღაპრებშიც არ ხდება.
– ცხვრები არ მადარდებს. გადარჩენილებს შორის მარტო მგლები ვიგულისხმე!.. – ლუკა წამით ჩაფიქრდა და
შემდეგ ჰკითხა, – სოკოლოვის შესახებ რა იცი?
– სოკოლოვის? – ჩაფიქრდა ზიბკო, – ასეთს არავის ვიცნობ.
– ყველაფრის მცოდნე შენც არ ხარ. სამაგიეროდ, მინისტრი იცნობს. თანაც ძალიან კარგად, – ლუკამ ჯიბიდან
„ფლეშკა“ ამოიღო, – ამის შიგთავსი მინისტრმა უნდა ნახოს. მხოლოდ ეს მე არ უნდა მიკავშირდებოდეს და უფრო
მეტიც, ამის შესახებ არავინ უნდა შეიტყოს.. ეტყვი, რომ ეს ჩანაწერი შენი არხებით მიიღე.
– რაზეა საუბარი? – ზიბკომ ინტერესით შეათვალიერა მოწყობილობა.
– მინისტრს ძალიან დააინტერესებს ეს ჩანაწერი. ეტყვი, რომ მისი და სოკოლოვის შეხვედრის ჩანაწერზე გსურს
საუბარი. დარწმუნებული იყავი, მისი პოზიცია უმალ შეიცვლება. შეხვედრის ადგილი წინასწარ შეათანხმე. წყნარი
ადგილი შეარჩიე.
– რისთვისაა საჭირო ასეთი კონსპირაცია? – გაუკვირდა ზიბკოს.
– ალბათ, საჭიროა... ჩანაწერის მინისტრის გარეშე ნახვაზე არც კი იფიქრო. „ფლეშკა“ დაპროგრამებულია.
პროგრამა პირველი ნახვისთანავე წაშლის ჩანაწერს. ჩანაწერი სრულიად არ დაიკარგება. დედანი მე მაქვს. მაგრამ
მე და შენ ნაღდად გაგვიფუჭდება ურთიერთობა!.. – გააფრთხილა ლუკამ.
– ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, – ჩაფიქრებული მზერა ესროლა ზიბკომ.
– არაფერია უცნაური. უჩვენე ჩანაწერი მინისტრს და შემდეგ ისევ გაუმეორე ჩემი მოთხოვნა!.. – უთხრა ლუკამ და
„ფლეშკა“ ხელში ჩაუდო.

You might also like