Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 45

რატომ არ მიყვარს საბჭოთა კავშირი

ბოდიში მინდა მოვუხადო ახალგაზრდა მკითხველს, თუ მათ ჩემი თხრობა ან მისი ნაწილი
ბოდვა ეგონებათ. ჰგავს, მაგრამ მაშინ ასეთი ცხოვრება იყო.

1981წელს, ასპირანტურის შემდეგ, მოსკოვიდან ას კილომეტრში, სპეციალურად


მეცნიერებისათვის აშენებულ პატარა ქალაქ პუშჩინოში დავიწყე მუშაობა – საბჭოთა
მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ინსტიტუტში.

ძალიან ბევრს ვმუშაობდი, დღეში 14 საათი გამომდიოდა. ჩემი ხელმძღვანელი კმაყოფილი


იყო ჩემი მუშაობით, მეც – ნაწილობრივ. სამსახურში მოვდიოდი 11 საათის შემდეგ,
სამაგიეროდ ღამით ვმუშაობდი გვიანობამდე – ხან ორამდე, ხან სამამდე.

მერე მოკვდა ბრეჟნევი, მოვიდა ანდროპოვი.

ანდროპოვმა დაიწყო წესრიგის დამყარება – ინსტიტუტში დაიწყო დისციპლინისთვის


ბრძოლა – ყველა დილაობით რვა საათზე უნდა მოვიდესო. ასე პირველ ჯერზე მივედი, და
მისულმა ლაბორატორიაში ჩავიძინე, მეორე დღეს დავიგვიანე და აღარ შემიშვეს, და მესამე
დღეს ისეთ დროს მივედი, როცა ხალხი უკვე შესვენებაზე გადიოდა. შევედი პარტკომის
მდივანთან და ვუთხარი – მე დილით მუშაობა არ შემიძლია, თუ ჩემი მუშაობა არ მოგწონთ ან
თვლით, რომ ცოტას ვმუშაობ, მითხარით და წავალ, ან თავი გამანებეთ-მეთქი.

ამ კაცმა ცოტა იფიქრა და მითხრა – როცა გინდა მაშინ მოდიო, ეტყობა მიხვდა, რომ ჩემი
დასჯით კარგს ვერაფერს დაიჭერდა: რასაც ვაკეთებდი, ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი
იყო და შეიძლება ამიტომ არ გავეშვით, თან კაი ხასიათით და მოკლე ენით იქამდეც არ
გამოვირჩეოდი, კრებებზე სულ რაღაც კითხვებს ვსვამდი, არ ვეთანხმებოდი უფროსობას და
ვკამათობდი.

ერთი წლის შემდეგ ჩვენთან რამდენიმე დღით ჩამოვიდა პროფესორი იენ მაკინტაირი
ლონდონიდან, ცნობილი მოლეკულური ენდოკრინოლოგი. რამდენიმე საუბრის შემდეგ
შემომთავაზა – ჩემთან ჩამოდი რამდენიმე წლითო.

მე ძალიან გამიხარდა, ეს სულ სხვა დონეზე მუშაობის საშუალებას მიქმნიდა. ამერიკა და


ინგლისი – ორი მთავარი ქვეყანა ჩემი თაობის ბიოლოგისათვის. ჩემს უფროსს ვკითხე, რას
ფიქრობდა. მითხრა, ვიცი და მხარს ვუჭერო, მაგრამ წესი ხომ იციო? წესი კი ისეთი იყო, რომ
სანამ დასავლეთში წახვიდოდი, იქამდე ე.წ. სოციალისტურ ქვეყანაში უნდა გემუშავა. ამ ჩემმა
უფროსმა თავის მეგობარს სთხოვა და ერთი წლით უნგრეთში მიმიწვიეს.

უნგრეთში წასასვლელად პარტკომის რეკომენდაცია იყო საჭირო. მერე რაიკომის. მივედი


პარტკომის (ანუ კომუნისტური პარტიის პირველადი/საინსტიტუტო ორგანიზაციის
კომიტეტის) სხდომაზე. ეგენი რეკომენდაციებს სტანდარტულს წერდნენ. იქ უნდა ყოფილიყო
ჩაწერილი политически грамотен, морально устойчив, в быту выдержан (პოლიტიკურად
განათლებულია, მორალურად მდგრადია, ყოფაში თავშეკავებულია).

დაიწყეს მსჯელობა ჩემზე – ყველაფერი გამიხსენეს – კრებებზე კითხვების დასმაც, კამათიც,


გვიან მისვლაც. მაგრამ ამ ტრიადაში ვერ სვამენ.
პარტიული ბიუროკრატიის ენაზე პოლიტიკურად განათლებული ნიშნავდა, რომ ადამიანს
ლენინის და სხვა კაციჭამიების წიგნები აქვს წაკითხული და გაზეთებს კითხულობს –
რამდენი ნაგავი მედო და მიდევს თავში... იქით ავუხსნიდი.

მორალურად მდგრადი – სექსუალური სკანდალები ძირითადად დაოჯახებულებს ეხებოდა –


ასევე არ გამოდის.

ყოფაცხოვრებაში თავშეკავებული – ლოთობას ეხებოდა და მე მაშინაც არ ვსვამდი.

რა ქნან? ერთს მოუვიდა თავში იდეა – დავწეროთ, რომ ტემპერამენტიანიაო. ამაზე მე


წამოვენთე – ეგ რა სისულელეა, ყველა ადამიანს რაღაც ტემპერამენტი აქვს, მაშინ დაწერეთ
რომელი ტემპერამენტი-მეთქი – ფლეგმატური თუ მელანქოლური, სანგვინური თუ
ქოლერული, ან აღმწერეთ ექსტროვერტ-ინტროვერტის ტერმინებში-მეთქი...

რაღაც მომენტში მეშველა-მეთქი – დისკუსია დაიწყო. მაშინ პოპულარული იყო ფსიქოლოგ


ვლადიმირ ლევის წიგნები. წაკითხული ჰქონდათ და ყველა თავის ფსიქოლოგიურ ცოდნას
ამჟღავნებდა. მეც ჩემსას ვეხმარებოდი.

ერთი ნახევარსაათიანი რია-რიას მერე ყველაზე გამოცდილი და ხნიერი ვინც იყო, თქვა –
ხალხო, ვერ ხედავთ, გვაგიჟებს – რაზე ვკამათობთ, დავწეროთ რასაც ვწერდითო. ასეც
ჩაწერეს:

Политически грамотен, морально устойчив, в быту выдержан.

Темпераментен.

ანუ ისეთი მაინც არ არის, როგორიც საჭიროაო.

ვერ წავედი უნგრეთში, ინგლისში წასვლაზე ვეღარც ვიოცნებებდი.

ერთი ან ორი წლის შემდეგ ზამთარში მოყინულ ქუჩაში მივბაჯბაჯებდი. კლუბიდან სიმღერა
ისმოდა. მომეწონა ჰანგები და გავჩერდი მოსასმენად. ასე მთავრდებოდა:

Гудбай Америка, ооо,

Где я не буду никогда.

Услышу ли песню,

Которую запомню навсегда.

უცბად ისე მკაფიოდ დავინახე, რომ მე ვერასოდეს ვერ გავალ საბჭოთა კავშირიდან და, ამაზე
სიმღერაც კი დაწერა ვიღაცამ, რომ Гудбай Америка, ооо, Где я не буду никогда...

მერე გავიგე, რომ ჯგუფს ნაუტილუს პომპილიუსი ერქვა.

არასოდეს, ვერასოდეს...

იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი.


რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა
პირველი კლასიდან
დიდხანს გული ვერ დავუდე ამ თემაზე სვეტის დაწერას. რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ
ვიფიქრე – ამაზე სერიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება-მეთქი და გავანებე თავი. მაგრამ
რამდენიმე ისეთი აზრი გავიგე, რომ გადავწყვიტე, დამეწერა.

მოდით, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ემუქრება თუ არა ქართულს საფრთხე და საჭიროა თუ არა
მისი დაცვა. ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება, და დაცვასაც საჭიროებს.

მაგრამ...

საფრთხე იმიტომ კი არ ემუქრება, რომ ჩვენ სხვა ენებს ვისწავლით (სპიჩკა, პრისკი და
ტორმუზი რუსულის კარგი ცოდნის შედეგია?), არამედ იმიტომ, რომ ქართული არ ვიცით.
მას ჩვენ დავიცავთ სწორი გამართული გამოყენებით, და არა რაიმე სახელმწიფო
აკრძალვებით. ეს სამოქალაქო საქმეა, და არა სამთავრობო.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ქართული ანბანი გამოვიყენოთ ჩვენს კომპიუტერებში, და


ლათინური ასოებით არ ვწეროთ ელექტრონული წერილები?

ჩვენი საქმე არ არის, რომ გამარჯობა-თ და კარ-ებ-ებ-ი აღარ ვთქვათ? – ამას არც
ავსტრალიელი მასწავლებელი გვაძალებს და ვერც მთავრობა აგვიკრძალავს.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ლაზურის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ? თუ თურქეთის მთავრობის


იმედი გვაქვს?

თურმე პრობლემის თავი და თავი ინგლისურის სწავლა ყოფილა პირველი კლასიდან.

გავიგე რამდენიმე საინტერესო აზრი:

• ორი ენის ცოდნა გამოაშტერებს ბავშვს

• ბავშვი ქართულს ვეღარ ისწავლის

• მასწავლებლები გაგვრყვნიან ან/და გადაგვაიეღოველებენ.

მივხვდი მნიშვნელოვან რამეს – ზოგიერთისთვის ეს იდეები არ არის ფიქრის და მსჯელობის


შედეგი. მათთვის ეს ფანატიკური რწმენის საგანია.

ამიტომ მე მათ არ მივმართავ. ჩემი არგუმენტები იმათთვისაა განკუთვნილი, ვინც ამ


საკითხებზე ფიქრობს.

გამოაშტერებს თუ არა ორი ენის სწავლა სკოლებში ბავშვებს და შეუშლის თუ არა ორი ენის
სწავლა ქართულის ათვისებას? ჯერ ერთი, ბავშვი სკოლაში უკვე ქართულად მოლაპარაკე
მიდის, და ამიტომ ერთდროულად ის ორ ენას არ სწავლობს – ის სწავლობს ინგლისურს
ქართულის მეშვეობით. მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, როდესაც სხვა ენის სწავლა
იმდენად ინტენსიურია, რომ ფაქტობრივად ადამიანი ორენოვანი ხდება – ანუ შეუძლია ორ
ენაზე არა მარტო ლაპარაკი, არამედ ფიქრიც კი. თუ მეორე ენის შესწავლა საფრთხეს მოიცავს,
მაშინ ორ ენაზე თანაბრად მოლაპარაკე ადამიანი ამ საფრთხემ ყველაზე მეტად უნდა
დაზაფროს.

რა ხდება სინამდვილეში?

ეს საკითხი საკმაოდ ბევრი მსჯელობის და შესწავლის საგანი იყო – დაწყებული


ჰუმბოლდტის ჰიპოთეზიდან, რომ ორენოვნობა ცუდია, და დამთავრებული დღევანდელი
კვლევებით. აქ მე არ მოგაცდენთ იმის აღწერით, რანაირად ზომავდა ორენოვნობის ეფექტს
ოციან წლებში საერი უელსში ან ბიალისტოკი დღეს კანადაში. ვისაც უნდა, თვითონ
მოძებნოს და წაიკითხოს. მოკლედ რომ ვთქვათ, შედეგი ასეთია – ორენოვნობას არ მოაქვს
სიშტერე და დაბნეულობა. პირიქით – როგორც წესი, ორენოვანი ბავშვებიც და დიდებიც
უფრო სხარტები არიან, და მოხუცებულობის ჟამსაც კი ცოტათი უფრო დიდხანს
ინარჩუნებენ სისხარტეს. როგორც ჩანს, ეს ტვინისთვის დამატებითი სასარგებლო
სავარჯიშოა, ისეთივე, როგორც კუნთების ვარჯიში ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

მაშ თუ ორი ენის თანაბარ ცოდნას (მათ შორის ერთი წლის ასაკიდან) არ მოაქვს ცუდი
არაფერი, სკოლაში ქართულად უკვე მოლაპარაკე ბავშვის მიერ ინგლისურის კანტიკუნტად
შესწავლას რატომ უნდა მოჰყვეს? ასობით მილიონი ადამიანი ფაქტობრივად ორენოვანია:
ბელგიელები, სინგაპურელები, ჰონგკონგელები, კანადელების და ინდოელების დიდი
ნაწილი, და ა.შ. რა შორს მივდივართ – სამეგრელოში თითქმის ყველა, მეგრულ ენასაც და
ქართულსაც თანაბრად ფლობს (არ დაიჯეროთ, რომ მეგრული ქართულის დიალექტია – იგი
ჩამოყალიბებული ქართველური ენაა). დაბნეულობა და სიშტერე არსად არ არის.

რაც შეეხება გადაგვარებას, რელიგიური მრწამსის შეცვლას, გადაჯიშებას, გამოიეღოველობას


– საქართველოში ყოველთვის იყვნენ გადამთიელები, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობდნენ.
მე ვლაპარაკობ არა მარტო დამპყრობლებზე, არამედ მოსახლე მშვიდობიან ხალხზეც –
ბერძნები, გერმანელები, ესტონელები, ასირიელები, სომხები, პოლონელები, და ასევე
რუსები, თურქები, სპარსელები, არაბები და სხვები. მათ ბევრი სიტყვა დატოვეს ჩვენთან, და
დღევანდელი ქართული მაგ სიტყვებით არის სავსე. მაგრამ მაინც ქართულია, მაინც ჩვენი
ენაა, და მას მოვუაროთ. როგორ? ვწეროთ ქართულად, ვილაპარაკოთ ქართულად, ვიცოდეთ
მისი გამორჩეულობა, ისტორია, გვიყვარდეს ქართული, ვისწავლოთ ქართულად.

P.S. მინდა გამოვტყდე, რომ მეც ინგლისურის სწავლა ადრე დავიწყე – საბავშვო ბაღში. იყო
თბილისში, კავსაძის ქუჩაზე, ინგლისური საბავშვო ბაღი. ამიტომ თუ რამე გაუგებარია ამ
ტექსტში, ჩემს ამ უბედურებას უნდა დააბრალოთ – მე არაფერ შუაში ვარ.
LINGUA FRANCA

გავაგრძელოთ აღზრდა-განათლებაზე საუბარი.

გასაოცარია რეაქცია პირველი კლასიდან ინგლისურის სავალდებულო


შესწავლაზე. აქ კრიტიკის დიაპაზონი ფართოა – ერთი მხრივ – არჩევანის
თავისუფლების შეზღუდვა და მეორე მხრივ – ეროვნულობის დაკარგვა,
ქართველების გადაჯიშება, და ა.შ.

საბედნიეროდ, უცხო ენა რომ საჭიროა, ამას უმრავლესობა ეთანხმება. მაგრამ


რატომ ინგლისური? (ქართველების გადაჯიშებაზე მერე ვიკამათოთ)
ჩინურს სწავლობ ჩინელებთან ურთიერთობისათვის, კორეულს –
კორეელებთან, ნორვეგიულს – ნორვეგიელებთან. ყოველთვის ასეა?
არა. თურქულს თუ ისწავლი, აზერბაიჯანშიც გამოგადგება, შუა აზიაშიც,
რუსეთის ზოგიერთ რეგიონშიც; პორტუგალიური – ზოგიერთ აფრიკულ
ქვეყანასა და ბრაზილიაში, ესპანური – ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.

ასეთ ენებს – რომელთა გამოყენება მათ სამშობლოს სცილდება – ლინგვა


ფრანკა ეწოდება.

ინგლისურსაც მხოლოდ ინგლისელებთან მუსაიფისთვის არ სწავლობენ. 300


მილიონი ინგლისელისა და ამერიკელის გარდა, ინგლისურად შეგიძლია
ელაპარაკო 125 მილიონ ინდოელს, 80 მილიონ ნიგერიელს, 48 მილიონ
ფილიპინელს, 22 მილიონ კანადელს და ა.შ. 53 ქვეყანაში ინგლისურს
ოფიციალური სტატუსი აქვს (სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და
ავსტრალიაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია).

გარდა ამისა, ინგლისურად ლაპარაკობენ ყველგან, სადაც ტურისტს ფეხი


დაედგმება – გინდა ევროპაში, გინდა ჩინეთში, გინდა ეგვიპტეში და გინდა ....
აქ მინდოდა დამეწერა – ბათუმში, ჯერჯერობით თავს შევიკავებ ☺.

ახლა უკვე მესმის ხმები – აი, ხომ ვიძახდით, რომ ქართველები


მოსამსახურეებად უნდა გადააქციონ, მაგენი მეისპენო.

ამიტომ ავმაღლდეთ, ზემო სფეროებში ავიდეთ, ტურიზმს გავერიდოთ და


მეცნიერებას შევხედოთ – მსოფლიოს ათი ყველაზე მნიშვნელოვანი
სამეცნიერო ჟურნალი ინგლისურ ენაზე გამოდის. ნებისმიერ დარგში წამყვანი
ათეული ჟურნალიდან ან ათივე ინგლისურენოვანია, ან ძალიან იშვიათად
ერთი შეიძლება იყოს ორენოვანი. მე დიდი ხნის ძებნის შედეგად ოთხი ასეთი
შემთხვევა ვიპოვე. ის, რომ ინგლისური დღევანდელი მეცნიერების ენაა, თუ
ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩაგვახედოს თავის ტვინში.
კიდევ? ბიზნესს შევხედოთ. მახსოვს ჩემი გაოცება, როდესაც ერთ-ერთ დიდ
ავსტრიულ კომპანიაში ვიზიტისას აღმოვაჩინე, რომ შიდა დოკუმენტაცია
ინგლისურად აქვთ! დიდ საერთაშორისო კომპანიას სხვა გზა არა აქვს,
ფაქტობრივად იძულებულია ინგლისურად იარსებოს.

სხვადასხვა დროს ან სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ლინგვა ფრანკა იყო.


მაგალითად, მეცნიერებაში ლათინური – ნიუტონმა თავისი „ნატურალური
ფილოსოფიის მათემატიკური პრინციპები” გამოაქვეყნა ლათინურად 1687
წელს. ინგლისური თარგმანი მხოლოდ 42 წლის შემდეგ გამოვიდა, მისი
სიკვდილის შემდეგ.

ხმელთაშუა ზღვისპირეთში და დასავლეთ აზიაში არაბული იყო ლინგვა


ფრანკა – და დღემდე ამის კვალად შემორჩა არაბული სიტყვები ევროპულ
ენებში (ქართულშიც, ცხადია) – ადმირალით და ალგორითმით დაწყებული,
aubergine = ‫( ناجنذاب‬al-bādhinjān) = ბადრიჯანით დამთავრებული.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ფრანგულის და გერმანულის ლინგვა


ფრანკობისათვის ბრძოლა ინგლისურის გამარჯვებით დამთავრდა.
ინგლისური გახდა მსოფლიოს მეცნიერების, ვაჭრობის, ფინანსების და
დიპლომატიის ენა.

ამიტომ ნუ მკითხავთ: რომელი ქვეყნის უცხო ენა შევისწავლოთ?


მკითხეთ – რომელი ლინგვა ფრანკა შევისწავლოთ?
მე გეტყვით – გლობალური და თანამედროვე.
რომელია ეს ენა?

მხოლოდ ინგლისური!
ოკუპაციის 200 წელი
ქართველოს სკოლებში – ალბათ მომავალი წლიდან – მასწავლებლები
შეძლებენ გამოიყენონ დამხმარე სახელმძღვანელო „ოკუპაციის 200 წელი”.
პირველად როცა გავიგე ამ ჯერ არარსებული წიგნის შესახებ, ძალიან
შემეშინდა, რომ გამოვიდოდა პრიმიტიული აგიტპროპი, თავისი
შეთქმულების თეორიებით და ქართველობის გაბუქებით.

მერე მივხვდი – შეიძლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი იყოს.


და არა მარტო მოწაფეებისათვის.

რატომ?

თუ თქვენ თვლით, ვერაგმა რუსეთმა უდრეკი ქართველი ხალხი მიიერთა,


მაგრამ ვერ დაიმონა, და 200 წელი ჩვენ ყველა გმირულად ვიბრძოდით
თავისუფლებისათვის, და სრულად შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა,
სარწმუნოება, მთლიანობა, მაშინ ზღაპრების მომყოლი გჭირდებათ, და წიგნი
არც დაიწეროს, უკეთესია.

თუ გინდათ გაიგოთ, როგორ გავფარჩაკდით, დავკარგეთ ბევრი რამ,


შევიძინეთ რაღაც, უფრო სიმახინჯე, ვიდრე სილამაზე, მაინც გადავრჩით, და
ახლა ხელახლა უნდა საკუთარი თავი შევქმნათ, და აგერ ლექსიც ამაზე:

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და
მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი,
მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და
ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი,
გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ
ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

მაშინ სულ სხვანაირი წიგნი გჭირდებათ.

როგორი წიგნი მინდა მე? მე მინდა, რომ ამ წიგნმა:


• დაგვანახოს საქართველო და რუსეთი მსოფლიო ისტორიის ორასწლიან
კონტექსტში
• მოჰყვეს ქართულ კოლაბორაციონიზმზე
• გვაჩვენოს ჩვენში ისეთი საბჭოთა ფენომენების წარმოშობა, როგორიცაა
ინტელიგენცია, ორმაგი მორალი და ვითომ თანაბარი, მაგრამ ღრმად
სტრატიფიცირებული საზოგადოება: ვერა-ვაკე vs სოფლელები
• ახსნას, რატომ იყვნენ სტალინი და ბერია საბჭოთა არაკაცები, და არა საამაყო
ქართველები
• განიხილოს, როგორ გავხდით კანონიერი ქურდების ქვეყანა და რა იყო
ქართული საბჭოთა მილიცია
• გააანალიზოს, როგორ იხრწნებოდა საქართველოს ეკონომიკა და როგორ იყო
კორუფცია მოსკოვში ამის ნაწილი
• დაგვაფიქროს, რატომ უნდოდათ მეოცე საუკუნის დასაწყისში გელათელ
ბერებს და აკაკი წერეთელს ქართველების კათოლიკობაში გადასვლა
• მოჰყვეს, თუ როგორ დაბეჩავდა ქართული სოფელი
• გაგვახსენოს, როგორ გაჩნდნენ ქართველი თერგდალეული ლიბერალები
• გვასწავლოს, ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი
• გვკითხოს, თუ რა ტრადიციაა მართლაც ქართული, და რა არის საბჭოთა
წარმონაქმნი
• აღადგინოს 1832 წლის ამბები
• აღწეროს, რატომა გვაქვს ასეთი საზღვრები
• აღადგინოს ზუსტად ომი რუსეთთან 08.08.08
• კითხვა დაგვისვას ასეთი: რა იცოდა რუსეთმა/ბოლშევიკების პარტიამ, ჩვენ
რომ კისერი მოგვიგრიხა?
• და სხვა მრავალი რამ

თქვენი არ ვიცი და მე არ მაწყენდა ასეთი წიგნის წაკითხვა.


იმასაც მოკლედ უვლია, ვინც
გრძლად ეგონა იარა

ჟურნალის წინა ნომერში ჩემი სვეტი (უფრო მეტსიტყვიანი, ვიდრე სხვა დროს)
იყო სამი წარმოდგენა საქართველოს მომავალზე. სამივე შარჟი ანდა
კარიკატურა იყო. სამივე სხვადასხვანაირი – იმიტომ რომ მე არ ვიცი, რა
მოხდება ზუსტად, და ცხადია სინამდვილე იქნება სხვანაირი. გადაიტანეთ
თქვენი წარმოსახვა 1980 წელს, ან 1990 წელს, ან 2000 წელს, და პატიოსნად
თქვით, თქვენ იცოდით, 2010 წლის სექტემბერი როგორი იქნებოდა?
მე არ ვიცოდი, და იმედია, არც თქვენ. არსებობს მითი, რომ ვიღაც ძალიან
ჭკვიან ხალხს შეუძლია მომავალი განჭვრიტოს. და ამიტომ ეგენი თუ
უხელმძღვანელებენ ქვეყანას, და ყველაფერს კარგად დაგეგმავენ – აწმყო თუ
არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.
მინდა მომავლის წინასწარმეტყველებაზე ვისაუბროთ. დღეს პირველ ამბავს
მოგიყვებით.
მობილური ტელეფონი – მის გარეშე ახლა ცხოვრებას ვერ წარმოიდგენ –
ამერიკელმა მარტინ კუპერმა შექმნა, კორპორაცია AT&T-ის თანამშრომელმა,
1973 წელს.
AT&T (American Telephone & Telegraph Co.) მაშინ მსოფლიოს უდიდესი
სატელეკომუნიკაციო კორპორაცია იყო. მრავალი მიმართულებით მუშაობდა,
მის ლაბორატორიებში იყო შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს
მნიშვნელოვანი ნაწილი – ტრანზისტორი და პროგრამირების ძირითადი ენები,
ლაზერი და ტელეტაიპი, რადიოასტრონომია და სმენის აპარატი, ხმოვანი
ფილმი და ინფორმაციის თეორია, იმ დროისთვის ხუთ თანამშრომელს
ნობელის პრემია ჰქონდა მიღებული. რაც მთავარია – თვით ტელეფონიც
AT&T-ის შვილია – კომპანია ტელეფონის გამომგონებელმა გრემ ბელმა
დააფუძნა.
ამას რატომ გიყვებით? რომ არ იფიქროთ არიფები იყვნენო.
ასე რომ, მობილური ტელეფონი თუ სადმე უნდა გამოეგონებინათ, ეს ალაგი
AT&T უნდა ყოფილიყო.
გადიოდა წლები, კუპერი სულ უფრო და უფრო ხვეწდა გამოგონებას, მაგრამ
მაინც მძიმე იყო ჯერჯერობით მობილური, ძვირი ჯდებოდა, და დაიწყო
კორპორაციაში კამათი, ჰქონდა თუ არა ამ გამოგონებას ბიზნესპერსპექტივა.
მომხრეებიც ჰყავდა მობილურ ტელეფონს, და უფრო მეტნი, რომლებიც
თვლიდნენ – აქედან არაფერი გამოვაო.
1980 წელს მსოფლიოს ყველაზე მაგარმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ
გადაწყვიტა ამაზე პასუხისათვის ყველაზე მაგარი კონსულტანტები მოეწვია.
ეს ძალიან მიღებულია – დამოუკიდებელი ხალხი სხვანაირად შეხედავს საქმეს
და შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რაც შიგნიდან არ ჩანს.
რამდენიმე კომპანია იბრალებს ყველაზე მაგრობას, მაგრამ კომპანია მაკკინსი
(McKinsey) ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია.
ყველაზე მძლავრი ტვინები შეეჭიდნენ პრობლემას.
AT&T-მ საკითხი მათ ასე დაუსვა – როგორი იქნება 20 წლის შემდეგ
მობილური ტელეფონების ბაზარი მსოფლიოში?
მაკკინსის ჭკვიანმა კონსულტანტებმა დიდხანს იფიქრეს, ესაუბრნენ AT&T-ის
გენიოს ინჟინრებს, აკეთეს გამოთვლები, შექმნეს მათემატიკური მოდელები,
გაითვალისწინეს, რომ მობილური აპარატი მომავალში გაიაფდებოდა და
მსუბუქი გახდებოდა.
და უპასუხეს – 2000 წელს გაიყიდება არა უმეტეს 1 მილიონი აპარატისა!
მაშინ რას იზამო, თქვა AT&T-იმ და დახურა პროექტი.
1997 წელს გაიყიდა 107 მილიონი მობილური ტელეფონი.
1998 წელს გაიყიდა 175 მილიონი მობილური ტელეფონი.
1999 წელს გაიყიდა 295 მილიონი მობილური ტელეფონი.
2000 წელს გაიყიდა 415 მილიონი მობილური ტელეფონი.
1994 წელს AT&T-იმ იყიდა კომპანია McCaw Communications 11,5 მილიარდ
დოლარად, რომ თუნდაც დაგვიანებით, მობილური მომსახურების ბაზარზე
შესულიყო.
სულელები! ეს ხომ ყველასთვის ცხადი იყო, რომ მობილურს დიდი მომავალი
ექნებოდა! აგერ, გავიდეთ ქუჩაში და ვისაც გინდა ვკითხოთ – ყველა გეტყვის!
ეძღვნება 1982 წელს
sპეციალური გაფრთხილება პანიკის თავიდან ასაცილებლად: ეს არ არის
მხატვრული ლიტერატურა; ეს არ არის არაფრის იმიტაცია; რაიმე დამთხვევა
არაფერს ნიშნავს; რაიმე არდამთხვევა არაფერს ნიშნავს; საერთოდ, ეს ტექსტი
არაფერს ნიშნავს.

ზემოთ მივდივართ?
პირიქით, ვეშვებით?

ძალიან მღლის ნიუ იორკ-თბილისის რეისი. ეს ბოინგის მესამე თაობის


სუპერსონიკი არც ისე კომფორტულია, როგორც რეკლამაში. საცურაო აუზი
სასაცილოდ პატარაა, რესტორანში არც „უსახელაური გრან-კრიუ” ჰქონდათ,
არც „თაკვერის ხვანჭკარა”. მეტრდოტელმა უშნოდ გაიცინა და მითხრა -
ბატონო, საგაზაფხულო აუქციონზე ყველაფერი თავად ქართველმა სირაჯებმა
ისეთ ფასებში და ისე სწრაფად იყიდეს, რომ ჩვენებმა მხოლოდ დაგეგმილის
მესამედი წამოიღესო და, სანაცვლოდ, იტალიური ბაროლო დი მონტალჩინო
შემომაჩეჩა. ეეჰ, როგორ ფუჭდება სერვისი!

ან რატომ მითხარი, თბილისში ჩავფრინდეთო - მას შემდეგ, რაც მსოფლიო


ეკონომიკური ფორუმი დავოსიდან გუდაურში გადმოვიდა, იანვრის ბოლოს
თბილისში ჩასვლა უაზრობაა - გადაჭედილი სასტუმროები, რესტორნების
წინასწარ შეკვეთა, რუსთაველზე ვერ გაივლი, შატლი თბილისი-გუდაური ხომ
საერთოდ აბსურდულ ფასად იყიდება - რა დრო იყო, მამაჩემმა სკოლის
დამთავრების შემდეგ მოსკოვში წამიყვანა პირველად, 37 მანეთად!
გუდაურამდე ბილეთი კი 700 დოლარი ღირს - თურმე გუდაურის აეროპორტს
არ შეუძლია 300-კაციანი თვითმფრინავების მიღება და ამიტომ პატარა - 100-
იანები დაფრინავენ. თუ არ შეუძლია, მე რატომ უნდა ვიყო ამით შეწუხებული?!

არა, არ წავალთ ჯერ გუდაურში. რა მეჩქარება? წელს არც ავსტრალიის


პრემიერი ჩამოვიდა, არც არგენტინის პრეზიდენტი, არც ომანის სულთანი. ამ
უუფლებო ევროპული ქვეყნების უფროსობასთან საუბარს აზრი არა აქვს -
მაგათ არც ფული აქვთ, არც ძალაუფლება. მთავარ ევროკომისარს რთველის
დროს ხომ ვესტუმრეთ დედულეთში. ეგეც კაი ტიპია - რამ აყიდინა ვანში
ვენახი, როცა შეეძლო კახეთში ეყიდა? „You see, my friend, Vani is the most
interesting place from historic point of view, and I like feeling, that I am in the
Museum, and I like local vine and wine etc.” ისე, გასაგებია, მამა ესტონელი
ჰყავდა და იმერელმა დედამ არ ასწავლა, რომ ვანში ღვინო არ ვარგა - არც
ერთხელ სიღნაღის საერთაშორისო კონკურსზე არც ერთი ღვინო ვანიდან
ათეულში არ მოხვედრილა. არც ასეულში? კი, მჯერა.

გუდაურში ხვალ დილით ჩავიდეთ, ჩემს პანელს წავიყვან და ეგრევე


დავბრუნდები. მერე რა, რომ ანჯელინა ჯოლიმ მთხოვა საღამოზე დასწრება?
ეგეც რა, ქორფა კიტრია? ნახევარი სხეული განახლებული აქვს. მერე რა, რომ
თხილამურებზე სრიალებს. დიახ, რაც ბიოჩიპები და კუნთშემცვლელები
ჩაუდგეს, ძირითადად, ჩვენი გამოშვებულია. ვიცი, რომ იცი. ეს ისე, რომ
გესმოდეს, ვისი ხარ.

კი, მართლა ვეშვებით. რა უბედურებაა, აეროპორტი ფაქტობრივად შუა


ქალაქშია. სად გაგონილა ეგრე. ლილოს ფინანსურ დისტრიქტს, მარტყოფის
ჩაინათაუნს და ფონიჭალის საუნივერსიტეტო კამპუსს ეს ხომ ხელს უშლის!
უკვე სამი წელია, ჭორაობენ სართიჭალაში ნორმალური აეროდრომის
მშენებლობაზე. ეს მართლა ქალაქიდან ცოტა მოშორებული იქნება - კახეთის
შარაგზით, ცენტრიდან ნახევარი საათი გინდა გლაიდერით. არა, ძალიან ნელა
კეთდება ყველაფერი. ან შარაგზა - რა სულელურ სახელებს ამოქექავენ. გვაქვს
დამკვიდრებული ჰაივეი - არა, უნდა თქვა შარაგზა!

ძალიან არ მომწონს ეს ახლანდელი კახეთის ჰაივეი - რა უბედურებაა ამდენი


ცათამბჯენი ორივე მხარეს. მახსოვს, 2002-ში ჩამოვფრინდი - ისეთი მყუდრო
იყო, ჩაბნელებული, ხეების შრიალს გაიგონებდი. ახლა? ყველაფერი
ბრჭყვიალებს, ტრიალებს, ანათებს! განსაკუთრებით ორი შენობა მზარავს -
მაიკროსოფტის ევრაზიული ჰედკვორტერი და დაღესტნის საელჩო. ან რა
ზომებია, ან რა ფერებია, ან რაში სჭირდებათ ამხელა შენობა შუაგულ
თბილისში. ვაი, ვაი, ესენი მეოცე საუკუნეში ჩარჩნენ.

ისე, გაუგებარია, რატომ არის თბილისში ეს საელჩო? 2024 წლის


დეცენტრალიზაციის რეფორმის შემდეგ, როცა 2014 წელს ქუთაისში გადასულ
პარლამენტს მიჰყვა 2024-ში უზენაესი სასამართლო სოხუმში და 2025-ში
პრემიერის ოფისი და შვიდივე სამინისტრო ახალქალაქში, საელჩოს თბილისში
რა უნდა?

არა, წესრიგი არ გვიყვარს ქართველებს და ამიტომაც ვართ ამ დღეში.


რა დღეში?
გოიმების ქვეყანა ვართ.
მერე რა, რომ გავმდიდრდით. ეგრე ჩვენსავით მდიდარი ევროკავშირიცაა!
რაღაც შეზღუდულები ვართ.

მეც? არა, მე არა. მაგრამ ეს ახალი თაობის ბიზნესმენები - კი. მაგალითად, არც
ერთი მათგანი ბიზნესს (დიდ ბიზნესს, თორემ ახლა სახინკლეებსა და
სახაჭაპურეებს - კი) არ აკეთებს არც ზაირში, არც ბირმაში - ხომ გასაგებია, რომ
ეგენი ხვალ დაგვეწევიან. ძალიან ტრადიციულები და ჩაკეტილები ვართ -
ოფისი კახეთში, მამული სამეგრელოში, ქარხანა ჩინეთში, ბანკი ამერიკაში,
ვენახში ფრანგები, ზამთარი ბათუმსა და ბიჭვინთას შორის, ზაფხული ჯავასა
და ამბროლაურს შორის. Примитив! ამიტომ ვართ მესამე ადგილზე
ეკონომიკური ზრდით. რა დრო იყო, ზედიზედ ხუთი წელი პირველზე რომ
ვიყავით, ეეეჰ! შენ მაშინ პროექტშიც არ იყავი. იყავი? ოკ.
არ გინდათ ზაირი და ბირმა - მაშინ სამხრეთ ამერიკაში წადით! მაჩვენე ვინმე
ახალგაზრდა, ვინც რამე ბიზნესი დაიწყო გვატემალაში, კოსტა-რიკაში,
პარაგვაიში, თუნდაც ურუგვაიში - არავინ. არა, არა, მე Georgian-PanAmerican-ს
საერთოდ ქართულ ბიზნესად არც ვთვლი - მოსკოვში დაიბადა, ჰარვარდში
ისწავლა, სან-ფრანცისკოში დაიწყო, ახლა ელეიში ცხოვრობს. მერე გვარი! იყო
ჯუანშერ ტყეშელაშვილი და სახელი და გვარი დაიმოკლო - ვერავინ ვერ
წარმოთქვამსო - რა მარაზმია! Juan Tkeshvili – shame on you. მამამისი ცოცხალი
რომ იყოს, თავს დაიხრჩობდა.

მერე რა, რომ ჩვენებური გვარები უჭირთ - მეორე ცოლი რომ მოვიყვანე,
მამამისს ძალიან უჭირდა ჩემი სახელისა და გვარის წარმოთქმა - ცხრა
იეროგლიფი გამოვიდა და ვერ ხვდებოდა - ზა ალ ოკო რო ჩედ ლი ში ვი ლი -
ამას დღესაც სწორად ვერ იტყვის, მაგრამ მე ზა ლი კი არ გავხდი.
და ესენი ჩემზე ამბობენ, დაბერდაო? შენი ყურით მოგისმენია? ნუ, რაც გაქვს
ყურად მიერთებული! მაგათი... ბებერი ლომი ჯობია ახალგაზრდა ტურასო, -
ნათქვამია. ისე, კარგი ნეიროპიუტერი გამოგიგონეს დიღმელმა ბიჭებმა -
ამდენი ხანია გებაასები, ჯერ ვერ გამაბრაზე.

მეზარება ახლა წალენჯიხაში წასვლა. ორი საათი მანქანაში - ჰილტონ-


ლილოში გავათევ ღამეს. შენც გემოზე დაგტენი.

ცოლმა - რა გინდა, პური თუ კოფეო. პური ავირჩიე, ორივეს არ შემარგებდა.

ამ დროს გაგა შემოვიდა - მამა, მამა, ეს რა არისო, რისენტლი ფაუნდო. ზველი


ტსიგნი იკო - ვეფჰისტკაოსანი. ოლდსტაილზე. ჩემმა ბიჩმა არტს იტსის - თ, ღ,
წ, ჭ, ხ, ც, ჟ, ყ, ქ - ადრე რომ არსებობდნენ. ამიტომ ვერ ტსაიკითხა. როტსა
ვუტჰარი - ვეფჰს ტკავი გააზრო და ჩაიტსვა (დისგასტინგ) ერტმა ტაფ გაიმ-
მეტკი, ვეფჰი რა არისო და ტკავი რა არისო. ვაჩვენე ვირტუალში. მე ბაბუას
ზოოპარკში დავკავდი გმირტა მოედანზე. მერე, ბელგიელი მტსვანეების
მოტკოვნიტ, მივუერტდიტ ტსკოველტა უფლებების ევროპულ კარტიას და
დავჰურეტ რეალში ზოოპარკი. იქ ვეფჰიტს იკო, ბაკაკიც, გველიტს,
ტუტიკუშიტს და ფოტსჰვერიტს. მიკვარდა ზველი ზოოპარკი და ტსოტა გული
დამტსკდა. ინ პრინსიპლ, შეგვედზლო არ მოგვეტსერა ჰელი ამ
კონვენტსიისტვის, მაგრამ მტავრობამ სტსორი კნა - ეჰლა საკარტველოში
ტსჰენზე ან ვირზე ჯდომა არ შეიზლება და ზროკას ადგილობრივი
ანესტეზიიტ ტსველიან. და ყველა ევროპელ მტსვანეს ვუკვარვარტ.

ვჩამტ და ტსოლი მეუბნება - აჰალი მინისტრი გკავტო? ვერაფრიტ ვერ


ავუჰსენი, რომ მე ვარ არა ევროპასტან მჩიდრო ინტეგრატსიის სამინისტროს
ტანამშრომელი, მე ვარ ევროპულ კანონმდებლობასტან გრმა და
კოვლისმომტსველი ჰარმონიზატსიის სამინისტროს სოფლის მეურნეობის
პროდუკტსიის კანონმდებლობის ჰარმონიზატსიის დეპარტამენტის
პროდუკტსიის გადამუშავების სამმარტველოს მტავარი სპეტსიალისტი. ჩემს
ტსოლს კანდაკან სულ არ აინტერესებს დეტალები.

გუშინ დეპარტამენტის უფროსმა გამომიზაჰა და მიტჰრა - „I appreciate what you


are doing for deep and comprehensive harmonization, so I want to promote you as
head of new sammartvelo of competition policies legislative approximation of”-ო. ეგ
ტუ გამოვიდა, კარგია, კელფასიტს მეტი, და ბრიუსელში ვივლი კოველ ტვე. ეს
იმის შედეგია, როცა ჩემი კანონპროეკტი საოჯახო მიზნებისტვის ტკემლისა და
გოგნაშოს ხარშვის უსაფრტკოების რეგულატსიის შესაჰებ მოეწონა.

აჰლა კარგად გავერკვევი ამ ტოპიკში, რიპორტები დავსირჩე, რატს კი


შიდანეტში ეკიდა.

ზველი რიპორტები ოტსდატჰუტმეტი ტსლის ტსინანდელი იკო - ტსოტა


გამიჩირდა ტსაკიტჰვა - ოლდნუსკურიტ იკო დატსერილი. ტვალები მეტკინა.

აგმოვაჩინე - ბევრ სოფელში დგემდე ჰმარობენ ტონეებს - ეს ჰოუმმეიდ


ბეიკინგ ოვენია თურმე ლოკალ სტაილ. ცოტა ტონეა და ერტი ტსისკვილია
რამდენიმე სოფელზე. ანუ ტონეების ოლიგოპოლია და ტსისკვილების
მონოპოლიაა. მე ეგრევე ვიფიკრე - ავაშენოტ მუნიტსიპალური ტონეები.
დავევიდეოვე ტორნიკეს სოფლების განვიტარების და აკვავების
სამინისტროში და მოვუკევი. მიტკრა, ბრილიანტ აიდიააო, მაგრამ
გაკოტრდებიანო. მაგას რა ჯობია, დავასუბსიდიროტ-მეტკი. მეტი
სუბსიდირება - მეტი სტაბილურობა. ეს ტუ გავიტანე, აკალი სამმარტველო
კარგად დაიტსკებს - ლიგალ დრაფტინგიტს ჩემი იკნება, მერე ტენდერები
კონსტრატსტიონ-კომიშონინგზე, მუნიტსიპალური ტრეინინგები კაპასიტი
ბილდინგისტვის, სუბსიდირება ჩაიდება ეროვნული განვიტარების გეგმაში,
ბაჯეტ ეპრუვალი კოველტსლიურად. აუტკამების შეფასების ტსესები.
შეიდზლება ოვეროლ ტსალკე სააგენტოც გაჰდეს შესაკმნელი. და მე უფროსი!
კუუულ!!! სადმე უნდა ვნაჰო, როგორ გამოიკურება ტონე!

საჰლში მივედი, მამაჩემს მოვუკევი. ნეტა არ მომეკოლა - ტიპური


ლიბერტარიანელი ევროსკეპტიკია. დამიტსკო გინება მე და მტავრობას - სულ
დზველასოებიანი სიტკვებიტ. ამდენი ყ, ჭ, ძ და ღ არ გამიგია მას მერე, რატს
ჩავიჩერი მატემატიკის გამოტსდაში. მამაჩემი იზაჰდა - რას ერჩიტ
საკარტველოს, გაანებეტ ტავი, ვერ ჰედავტ, ეკონომიკა არ იზრდება უკვე ოტსი
ტსელია და ასე შემდეგ. ეკონომიკა რატომ უნდა გაიზარდოს, რაში გვჭირდება.
თქვენი ევროპაც კი გაიზარდა ატ ტსელიტსადში რვა პერსენტიტო! ჩვენ რა,
ევროპას ვაჯობოტ? მერე ბრიუსელში ვუტკრატ, ჰარმონიზატსია არ
დამტავრდა და ჩვენ გისტსრებტო? ტკვენი ფული აგარ გვინდა, ისედაც კარგად
ვარტო?
კიდევ კარგი, მტავრობაში ასე არავინ ფიკრობს - მას შემდეგ, რატს
მეტსნიერულად დასაბუტდა, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის მტავარი -
მტავარია ჰარმონიული განვიტარება და სიმშვიდე - ანუ ევროჰარმონიზატსია
და სტაბილურობა. ის ბნელი პერიოდი, როტსა ეკონომიკა იზრდებოდა
სტსრაფად და უკონტროლოდ, ტსარსულს ჩაბარდა. ბლეკ ტენ იარს - 2004-2014.
კველას შეეზლო ეკეტებინა, რატს უნდოდა - სრული კაოსი იკო. ინვესტორები
პულს აბანდებდნენ, ბიზნესებს ხსნიდნენ, როგორც უნდოდატ, მაგაზიები
ვაჩრობდნენ, რიტიტს უნდოდატ, ჩარბ კონკურენტსიას არავინ
არეგულირებდა. ეკონომიკა იზრდებოდა ტავისიტ, ეროვნული გეგმის გარეშე.
რა დროზე ტსაუსტრეს სოციალისტ-ევროოპტიმისტებმა! აჰლა ალბატ
ვიკნებოდიტ სინგაპურივიტ და ჰონკონგივიტ - განვიტარებული ქვეყანა
ევროკავშირში მოჰვედრის შანსის გარეშე. ფულსაც არავინ მოგვტსემდა...

მამაჩემისნაირები რეტროგრადები ბევრნი არიან, მაგრამ დგეს ეგენი არ


ტსკვეტენ საკარტველოს ბედს. კიდევ ოტსდაატი ტსელი და ჩვენც
ევროკავშირში ვიკნებიტ.

გვტსკალობდეს ბრიუსელი!

ვსიო ნარმალნო დღეს.

ჯერ ერთი, შვილს სამუშაო გავუჩალიჩე - მომავალ თვეში სტროიკაზე


პრარაბის პამოშნიკად წავა და 20 000 ლარს მიიღებს ჩისტიმი და უფასო
სპეცოვკას. მაგას ჩემს მაყუთს დავუმატებ და ველოსიპედს გამოვიყვან
პოსლეზე. მერე მთავარია, რასსროჩკა არ გავაცდინო.

მეორე - გუშინწინდელი ხაჭაპურები იყიდებოდა ძალიან იაფად. სამივე ნაჭერი


ვიყიდე, სახლში გავხუხავ კერასინკაზე. ეტყობა, საქონლის ჩამოფასების
საქალაქო სამსახურს რაღაც შეეშალა და დიდი სკიდკა დაუანგარიშა მაღაზიას.
ძაან ვკაიფობ ამეებზე - თვეში ერთი სტო ტისჩ კი შეიძლება დაზოგო, თუ სულ
დადიხარ და ცენნიკებს და ნაკლეიკებს ამოწმებ. გაუმარჯოს ჩამოფასებას!

მესამე - ჩვენი პადიეზდის შეხვედრა იყო აღმასკომის კომუნხოზის უფროსის


ზამთან, ხუთი წლის წინ რომ კრიშაზე ჟეშტი აგძვრათ და გაწვიმდათ,
გეშველათო. პრეზიდენტმა ვნეპლანოვი ჟეშტი გამოგიყოთ 20 მეტრკვადრატაო.
სამ თვეში შემოიტანენ საქართველოში ათ ვაგონ ჟეშტს, მიხვალთ პრომბაზაში
და წამოიღებთო. აჰამც თქვენი ნაკლადნოიო. ვენაცვალე მაგას - როგორც
დაგვპირდნენ შარშანწინ წინასაარჩევნოდ, ისე გააკეთეს. მალადეც!

მეოთხე - ჩემმა ცოლმა კბილი ამოიღო - ორი თვის წინ ასტკივდა, სულ ყმუოდა,
ამოღებაზე ჩავეწერეთ, რიგი ოთხი თვის იყო, მაგრამ მთავრობამ კიდევ სამ
სტომატოლოგს მისცა რაზრეშენიე, რომ ემუშავათ და უცბად რიგი წავიდა.
გაუმარჯოს მთავრობას!
მეხუთე - ჯიშისა და ჯილაგის ლიგის პრეზიდენტი ვოვა უცმაცუნაშვილი
დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. მაგარი კაცია, ჩემ წინ სწავლობდა
პიისიატპიატიში. მაგას დიდი სვიაზები აქვს რუსეთში. ვოვა ჯერ ციმბირში
სეტკით და გლუშიტელებით ვაჭრობდა, მერე პადმასკოვიეში რესტორანი
გახსნა. იქ ერთი სტუდენტი დაუდიოდა, სახინკლაოდ. ახლა ის კაცი გამხდარა
პუტინის პამოშნიკის სეკრეტარიატის მთავარი კამპიუტერშიკი - ჩემი ყურით
მოვისმინე ჯიშჯილაგლიგის სხოდკაზე - დაჭრილი სასისკები უნდა გაეყიდათ,
და მივედი.

ბატონი ვოვა თვითონ მოყვა. ჩერეზ ეგ კაცი, კანალი მაქვს სტაპრაცენტნი


პუტინზეო.

ახლა განაცხადა, დასავლეთ საქართველოს სოფლებისთვის ქალაქ ხაშურს


დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გასაღების ბაზარს. ამიტომ ჩემს თავზე
ავიღებ, რომ ხაშურში დევნილები დაბრუნდნენ და ვაჭრობას ხელი არ
შეეშალოსო! ასევე თიანეთშიო. კანეჩნა, უნდათ დევნილებს იქ წასვლა -
რუსეთის პასპორტებს აძლევენ, პენსიები აქვთ მაღალი - ჩვენ ფულზე 80 000
ლარი - შეგიძლია, ყოველდღე ბუხანკა პური იყიდო, თვეში ერთხელ ტუშონკა
გეკუთვნის. მეც წავიდოდი, მაგრამ სპრავკა არ მაქვს, რომ იქაური პრაპისკა
მქონდა. ყიდვა შეიძლება მაგ სპრავკის, პასპარტისტკა მყავს ნაცნობი, ოთხი
მილიონი და ვსიო. ერთი ჩემი ნაცნობი დაბრუნდა ეგრე ქარელში, ახლა თვეში
ერთხელ სოჩი-ერევნის მატარებლის პრავადნიკს ერთ მეშოკ სუხარს ატანს
ცოლთან.

კიდო ვოვამ თქვა, არ დაგავიწყდეთ, რუსეთი ერთმორწმუნე ქვეყანაა,


ქართველები ისე უყვართ, ვერ წარმოიდგენთო. ჩემი სეხნია, დიდი ვოვა,
ქართულ ღვინოს სვამს და ნაბეღლავს - პახმელიაზე. ამიტომ ამბობს, „без
Грузии не протяну и дня”-ო. პატარა ბიჭი ხომ არ არის, პად ძევიანოსტოა. და,
თურმე, რვა აგვისტოს ქართულ ეკლესიაში დადის. ვოვა ვივა!

მეექვსე - მთავრობამ თქვა, რომ უცხოური ვალუტის შემოსვლისთვის


ბრძოლის გაგრძელების ამბავში, რესტორნებსა და სასტუმროებს შეეძლებათ,
თვითონ დააწესონ ფასები. ხუთივე რესტორანს შეეძლება, მარგარინზე
ერბოკვერცხიც, მაკარონის ხაჭაპურიცა და პურის კატლეტიც გაყიდოს
თავისუფალ ფასში. კანეჩნა, ფასების ცენტრალური საკალკულაციო ბიუროს
ინფორმირებით. სახელმწიფო სასტუმრო „დიადი საქართველო” (ადრე რომ
მარიოტი იყო) და მუნიციპალური სასტუმრო „ერთმორწმუნე მეზობელი”
(ადრე შერატონი) მიიღებენ უფლებას, რომელიც ადრე ჰქონდა მხოლოდ
სასტუმრო „სათნოებას”. ჯერ არ მომეწონა, მაგრამ მერე დიქტორმა თქვა -
სამაგიეროდ, მოსახლეობის სოციალური შეჭირვებულობიდან გამომდინარე,
მცირდება ფასი რესტორნებში პურზეო. აი, ეგრე! ყოჩაღ, მთავრობავ! მაგარი
ჭკვიანები არიან - იქით აწიეს, აქეთ დაწიეს! რავნავესიეა!
მეშვიდე - კუბოს შეკვეთაზე რიგმა მომიწია. შარშანწინ ჩემი სიმამრი მოკვდა
და ლიმიტი ამოგვეწურა. და რომ მოვმკვდარიყავით ვინმე, უკუბოოდ
დაგვმარხავდნენ. ახლა ერთ ბეზრაზმერნი კუბოს შევუკვეთავ, მომავალ წელს
ოსეთიდან ჩამოიტანენ - იქ კი აკეთებენ, მაგრამ რუსული ქარხანაა და მაგარი
კუბოები აქვთ - ნამდვილი რუსული ხარისხი. გინდა მე მოვკვდე, გინდა ჩემი
ცოლი, გინდა შვილი - ყველას მოგვერგება, მაშ! მამენტ, ორნიც ჩავეტევით.

ეგ კარგია, ოსეთთან ზავს რომ მოვაწერეთ ხელი - თორემ იქამდე ძალიან


ჭირდა. იმასთან შედარებით მაგარი აბლეგჩენიაა.

ჩემი მეზობელი მეუბნება, ეგ ოსეთის ზავის გამო კი არ ვართ უკეთესად,


პროსტა, მთავრობა რომ ოცი წლის წინ ეროვნული ეკონომიკური
განვითარების ხუთწლიან გეგმებზე გადავიდა, ფასების კანტროლი დაიწყო და
გაყიდული ქონება ისევ ხალხს დაუბრუნა, ამან მხოლოდ ახლა გამაიღო
შედეგიო.

რატომ-მეთქი, მარტო ახლა?


მაშინ, პროსტა, დიდი კომპიუტერები არ გვქონდა და ახლა გვაჩუქა ჩრდილო
კორეის მთავრობამ ოთხი ცალი. ნახმარია, მაგრამ ყველაფერს ზუსტად
თვლიანო. ისე, ჩვენს ქუჩაზე ერთ შენობას აწერია: „სსიპ „ეროვნული
ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის კვარტალური ჭრილის
მთავარი პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრის რესპუბლიკური სამსახურის
ცენტრალური გამოთვლითი ცენტრი”. პა კრაინეი მერე, ამ ბოლო დროს
შიგნით რაღაც ზუზუნებს.

მაგრამ მე მაინც მგონია, ოსეთთან მირნი დაგავორია პრიჩინა. მაინც დიდი


საქმე გააკეთა წმინდა მეფის, ერეკლე მეორის (ბაგრატიონის) და წმინდა
მოღვაწის, სერგო წამებულის (ორჯონიკიძის) სახალხო-კონსერვატიულმა
ეროვნულ-სამართლიანმა ფორუმმა (ჩემი ქვისლია მანდ დაცვაში).
თან ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია აღდგა ოსეთში. საშვილიშვილო რამ
გაკეთდა. მაგას მაგრა უშველა, რო პუტინი რუსეთის პატრიარქი გახდა.
ზნაჩიტ, შვიდი საქმე გამოვიდა უდაჩნი.

ხვალისთვის ჩავითქვი - მთავრობამ გამოაცხადოს, რომ დენი გვექნება სამი


საათი ყოველდღე. მაშინ ვარკეთილში მშენებარე სასწაულმოქმედი სერაფიმ
საროველის ტაძარს საშვილიშვილოდ გადანახულ ათივე აგურს შევწირავ.
ბლია ბუდუ!

ერთი რამ კი მაგრა მეწყინა - გაზმანოვს ხმა დაუკარგავს.

გაზმანოვის ხმაზე წავალ, პატარა ჭიქას წავაქცევ.


რუსული ცხენი
დღეს დილით რომ გავიღვიძე, გორში სტალინის ძეგლი უკვე აღარ იდგა,
მუზეუმში გადაიტანეს. ყველას გილოცავთ. მთავრობამ კარგი საქმე გააკეთა.
ნებისმიერი საქმის გაკეთებას ფული სჭირდება. ბევრი საქმის კეთებას კი -
ბევრი ფული. მაშინ რა არის უკეთესი - დიდი ბიუჯეტი თუ პატარა?
საგადასახადო განხილვებმა ეს დისკუსია გამოაცოცხლა. და საერთოდ, დიდი
რომ პატარას აჯობებს, ამაზე რას ვკამათობთ?!

დიდ ბიუჯეტს შეიძლება ორნაირად მივაღწიოთ - მაღალი გადასახადები


გვქონდეს ან ყოველწლიურად ვალი ავიღოთ და ასე ვიცხოვროთ. პირველი
გზა იგივეა - შენით ფეხი მოიტეხო, მეორე გზა კი - შენით თავი ჩამოიხრჩო.
ერთ შემთხვევაში შენ ნელა განვითარდები, მეორე შემთხვევაში - ფინანსურ
კატასტროფამდე მიხვალ.

შეიძლება ორივე ერთად გააკეთო - დიდი გადასახადებიც გქონდეს და ბევრი


სესხიც აიღო. ნელაც განვითარდე და ფინანსური კატასტროფის მარყუჟშიც
გაყო თავი. ასე იყო საბერძნეთში და შედეგიც ჩანს - ევროკავშირის წევრი
ქვეყანა გადარჩა მხოლოდ მთელი მსოფლიოს დახმარების ხარჯზე. თუმცა,
საბერძნეთში მუდმივი გაფიცვები და დემონსტრაციებია - შარშანდელი
გალიები სიწყნარის და სიმშვიდის გამოხატულებაა იმასთან შედარებით, რაც
იქ ხდება. ერთ-ერთ ბანკს გარედან ცეცხლი წაუკიდეს და ხუთი ბანკირი
შენობის შიგნით დაწვეს.
მიმიქარავს ბიშკეკი!

მრავალი ქვეყნის ბიუჯეტი და განვითარება (ზრდის ტემპი) 1960-1996 წლის


განმავლობაში გამოიკვლიეს ამერიკელმა ეკონომისტებმა და აღმოაჩინეს
შემდეგი:

ანუ, რაც უფრო მეტია მთავრობის ხარჯების წილი მშპ-ში (რაც უფრო დიდია
ბიუჯეტი), მით უფრო ნელა ვითარდება ეკონომიკა. აღმოჩნდა, რომ
ხანგრძლივად და სტაბილურად ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ხუთი
ეკონომიკა ვითარდებოდა - ჰონგკონგის, ტაივანის, სამხრეთ კორეის,
სინგაპურის და მალაიზიის. და ამ ხუთ ქვეყანას ჰქონდა საშუალო ზრდის
ტემპი 5%-ზე მეტი. და ბიუჯეტი მშპ-ს 25%-ზე ნაკლები. მეტიც - მალაიზიას
ბიუჯეტი სხვებზე მეტი ჰქონდა და, შედეგად, განვითარება - ნაკლები.

ახლა ამ ქვეყნებს ჩინეთიც დაემატა. ცხადია, დაბალი გადასახადებით.

ჩვენ ვართ ჯერჯერობით მეორე სვეტში - 25-30%.

თუ ამბიციები არა გვაქვს, მაშინ არაუშავს.


ჩემი სიმპათია კი უფრო პატარა ბიუჯეტის და უფრო დაბალი გადასახადების
მხარესაა.

აქ ერთი ისტორია უნდა მოვყვე - ძალიან მნიშვნელოვანი.

2008 წლის 26 აგვისტოს პუტინის, ბაღაფშის და კოკოითის ერთობლივი


პრესკონფერენციის დროს, პუტინმა გამოაცხადა, ჩვენ საქართველოსაც
ვეხმარებითო:

“Грузия получает немалые средства через МВФ. Мы являемся активным членом


МВФ и регулярно выделяем этой международной финансовой организации
немалые ресурсы, которые затем распределяются между нуждающимися
странами, в том числе поступают в Грузию”.

რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდში


საქართველოზე მსჯელობისას, ფონდის რუსმა დირექტორმა ალექსეი მოჟინმა
ყველას გასაოცრად თქვა: მივცეთ საქართველოს უფრო მეტი ფული, ვიდრე
ითხოვსო. დახარჯონ მეტი, ნუ დაზოგავენო.

ოღონდ ერთი პატარა პირობით - გადასახადები გაზარდონო!

მაშინ სხვა დირექტორებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება,


შეემცირებინა საშემოსავლო გადასახადი 20%-მდე. ეს ერთ-ერთი მიზეზია
იმისა, რომ ჩვენ ომი+მსოფლიო კრიზისი შედარებით იოლად გადავიტანეთ.

როდესაც ბერძნებმა ხის ცხენი, შიგ დამალული მეომრებით, მიართვეს ტროას,


ლაოკოონი უყვიროდა ტროელებს - „რაც უნდა იყოს, ძღვენიც მოჰქონდეს,
მზარავს შიშით მე დანაელი” - ანუ ბერძნების გეშინოდეთო, თუნდაც საჩუქარი
მოჰქონდეთო.

ჩვენს მტერს უნდა, რომ ჩვენ


• მეტი ფული ვხარჯოთ,
• გადასახადები გავზარდოთ,
• ვალები ავიღოთ.
რა ვქნათ?
ნოხი
ალბათ, ნოხი გადაგიბრუნებიათ და დაგინახავთ - მის პირუკუ მხარეს ისეთივე
სურათი აქვს, როგორც ძირითად მხარეს.

ქვეყნებიც ეგრე არიან.

წარმოიდგინეთ, დიდ ნოხზე გერმანიაა გამოსახული. ხატია პრეზიდენტი,


რომელიც არ წყვეტს თითქმის არაფერს - უკანა მხრიდანაც ასეთივე
პრეზიდენტია, ოღონდ ისე კარგად არ ჩანს. მერე პარლამენტი - პირზეც და
პირუკანაც პარლამენტი იღებს კანონებს, მერე პოლიცია - ის ამ კანონებს იცავს
- აქეთაც, იქითაც. მერე ამოქარგულია ბანდიტები და ქურდები - აქედანაც,
იქიდანაც. პოლიცია მათ იჭერს, ვინაიდან ისინი პარლამენტის მიერ მიღებულ
კანონებს არღვევენ.

შემიძლია ასე გავაგრძელო, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი იქნება - გერმანია-ნოხი


პირის უკანა მხარესაც იგივეა, რაც პირის მხარეს, ოღონდ ცოტა უფრო ბაცი.

ახლა ვნახოთ საქართველო ოთხმოცდაათიან წლებში: უკვე მიხვდით, რა


განსხვავებაა?

წინა მხარეს ქურდები, ბიზნესმენები, მთავრობა, პოლიცია, პარლამენტი ცალ-


ცალკე ხატია, და ვითომ გერმანიასავითაა - პარლამენტი იღებს კანონებს,
მთავრობა ამ კანონებს ახორციელებს, ქურდები არღვევენ კანონებს, ხოლო
პოლიცია მათ იჭერს.

გადავაბრუნოთ ნოხი. ვაი! ვერაფერს ვეღარ ხედავთ? ეს კვანძები არაფერს აღარ


ჰგავს? ეს კაცი ვინ არის, პარლამენტს, ქურდებს და პოლიციას ძაფებით
გამობმული? პარლამენტაროქურდია? ქურდოპოლიციელია?
მინისტრობანდიტია?

და რა გამოდის? თქვენ ცინიკურად იძახით, რომ წინა მხარეს რაც


ამოქარგულია, ის უკანა მხარეს არაფერს ნიშნავს?

სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. მოკლედ, არ ჰგავდა მაშინდელი ნოხის


ორი მხარე ერთმანეთს.

ამაში ვხედავ მე რეალურ პროგრესს - საქართველოს წინა და უკანა მხარე ნელ-


ნელა ერთმანეთს ემსგავსება: უკნიდან რომ ნოხს შეხედავ, უკვე გაარჩევ, რას
უნდა მოელოდე წინიდან. პოლიცია აქეთაც და იქითაც დევნის ბანდიტებს;
პრეზიდენტი აქეთაც და იქითაც ხელმძღვანელობს. მთლად გერმანია არ ვართ
- კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ.
საქსოვი კიდევ ბევრი გვაქვს, წინა და უკანა მხარე ერთნაირი რომ იყოს; რომ
ყველგან - რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობდეთ, რასაც ვაკეთებთ - ის გვერქვას.

რადგან უფრო დიდ ნოხზე, თუ შორიდან საქართველოს ორ მხარეს შორის


რაღაც მსგავსებაა, ახლოს რომ მივალთ, ისევ ავირევით. მაგალითად,
შევხედოთ სკოლებს - განა მათი უმრავლესობა ახერხებს ბავშვების აღზრდას
და კარგი განათლების მიცემას? საავადმყოფოები - ჯანმრთელობის დაცვას?
მედია - სწორი ინფორმაციის გავრცელებას?

და რაც მთავარია, ჩვენ თვითონ?! რამდენი ადამიანი თვლის, კანონი


იმისთვისაა, რომ დაარღვიო? წითელი შუქი ქუჩაში არის იმისათვის, რომ
სწრაფად გაიარო? გადასახადები არის არგადასახდელად, და მოპარული დენი
უკეთესია, ვიდრე ნაყიდი? რომ არაფრისგამკეთებელი ნათესავის სამსახურში
მოწყობა კარგი საქმეა და, ამავე დროს, აღშფოთებულნი ვართ - ამ ქვეყანას
არაფერი ეშველება, ყველგან ნაცნობობააო?

ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ქართული მენტალიტეტი და ჩვენი ჯიში.


ეს სხვების ქვეყანაში ცხოვრების შედეგია. ბოლო ორი საუკუნე ჩვენს თავს არ
ვეკუთვნოდით, იქამდეც ეს ბედნიერება ძალიან ცოტ-ცოტა ხნით გვქონდა
ხოლმე. გავა დრო, და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მოვა დრო და
ნოხის ორივე მხარეს ერთნაირი სურათი იქნება. შორიდანაც და ახლოდანაც.
ვსრიალებთ
ამ ტექსტს ხუთშაბათ ღამით ვწერ. მაზეგ არჩევნებია. არჩევნები მშვიდობიანად
და გამართულად ჩაივლის, ტაბულა კი შემდეგ დღეს გამოვა.

ახლა უკვე მსჯელობა მერობის კანდიდატების პლატფორმებზე


პოლიტიკურად არააქტუალურია, ამიტომ მინდა, ერთი ჩვენებური
ავადმყოფობაზე სალაპარაკოდ გამოვიყენო. ამ ავადმყოფობას მე ზედაპირზე
სრიალს ვეძახი.

რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა აქტიური გამეორება საარჩევნო


დაპირებების, და არავის არ მოსვლია აზრად, საზოგადოებრივ სივრცეში
გაეკეთებინა მარტივი რამ: გ ა ნ ე ხ ი ლ ა, დ ა ე თ ვ ა ლ ა, გ ა ე ა ნ ა ლ ი ზ ე ბ ი
ნ ა ის იდეები, რომლებსაც ასე უხვად გვთავაზობდნენ პოლიტიკოსები.

არც ოჯახში თუ ეზოში მოუკლია არავის თავი ამ ანალიზით. თუმცა კამათი


ბევრი იყო. მაგრამ „მოდი, დავთვალოთ” ხომ არ იტყვი - სირცხვილია. ანუ
ვართ თვლის ძველ სისტემაში - ერთი, ორი, ბევრი. ათი, ხუთი, უფასო.

ანუ მათ ზედაპირულ ლოზუნგებს ჩვენ ვუპასუხეთ სათანადო


ზედაპირულობით. ჩვენ ხომ ორივე - კანდიდატებიც და ამომრჩევლებიც -
ბედკრული საქართველოს შვილები ვართ.

ასეთი მოლიპული საქართველო. ვსრიალებთ ყინულის ზედაპირზე.

მაგალითად ავიღოთ გაზი ხუთ თეთრად, დენი ათ თეთრად, წყალი უფასოდ -


თუ პირიქით? გაზი უფასოდ, დენი 5 თეთრად, წყალი 10 თეთრად? (ისე კარგია,
რომ ასეთი რიცხვებია - ხალხს დათვლა გაუადვილდება. ასე რომ, ძალიან
მზრუნველი ადამიანის მოფიქრებულია).

რომელ ჩვენგანს წასცდა ხელი კალკულატორისკენ? ვინ დაურეკა ნაცნობ


სპეციალისტს - ამიხსენი, ეს გათვლა სწორია თუ არაო?
ან დავასაქმებ თითოეული ოჯახიდან ერთ ადამიანს მაინც! ვის გაუჩნდა
კითხვა - როგორ? თუ საიდუმლო არ არის, ჩვენც გვითხარით.

ვსრიალებთ!

მაშინ რა არის მნიშვნელოვანი? როგორი მერი (დეპუტატი, პრეზიდენტი,


საკრებულოს წევრი) გვინდა? გვაინტერესებს მისი იდეები? რეალისტურ რამეს
გვპირდება თუ არა? შეძლებს გააკეთოს?

თუ უფრო მისი ზომა, წონა, ბოხი ან პირიქით, ნაზი ხმა ან სახის


გამომეტყველება გვაინტერესებს?
მისი წარმომავლობა, სპორტულობა, ჩაცმულობა, სახის გამომეტყველება?

ენების ცოდნა, დედის გვარი, ვაკელია თუ პლეხანოველი?

ერთხელ ნახევრად სახუმარო ინტერნეტ-გამოკითხვა ჩავატარე - როგორი


პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს. ბევრი პროვოკაციული და
არასერიოზული კითხვა იყო. რამდენიმე კითხვაზე აზრები მნიშვნელოვნად
გაიყო.

შეიძლება თუ არა, პრეზიდენტი იყოს ოფლიანი? ამ კითხვამ გახლიჩა


გამოკითხულები ორ თითქმის თანაბარ ნაწილად - 54 % თვლიდა, რომ
შეიძლება, და 46% - რომ არა.

გასაგებია, რომ დემოკრატიას ახლა ვსწავლობთ, ისტორიული გამოცდილება


არ გაგვაჩნია, და, როგორც იყო ნათქვამი, ეს ლობიოს ჭამა არ არის.
მეორე მხრივ, 20 წელი ცოტა დრო არ არის, სრიალის გარდა კიდევ რამის
სასწავლად.

15 წლის წინ რუსეთში ქიმიური საწარმოს აქციების მსხვილი პაკეტი


შევიძინეთ. საწარმო უფულოდ იყო. ჩვენ ბევრს ვთვლიდით - სად იკარგება
თანხები, სად არის არაეფექტურობა. ქარხნის დირექტორს ჟურნალისტმა
ჰკითხა - ახალ აქციონერებზე რას გვეტყვითო. ამანაც - კარგი ბიჭები არიან,
ყველა ბუღალტერიაო. ვკითხე - რატომ ბუღალტერები-მეთქი. მიპასუხა - აბა,
ვინ ხართ, სულ კალკულატორი გიჭირავთ ხელში, და ითვლით, ითვლით,
ითვლით.

მართალია, მიმტკიცებენ, საქართველოში მამაკაცმა რომ კალკულატორი


იხმაროს, სირცხვილია. ანუ იარაღი - კარგია. სიგარეტი - მოსულა,
კალკულატორი - სამარცხვინოა. სრიალი მოსულა, ჩაღრმავება - არა.

ხალხო! ავიღოთ კალკულატორი, გამოგვადგება, რამეს დავთვლით.

თორემ სულ ყინულზე ვისრიალებთ.

წყალი ხომ უფასოა.


და ამიტომ
2004 წლის მაისი, მოსკოვი. მირეკავს ერთი ჩემი ნაცნობი და მეუბნება -
მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა
წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ
გავაგრძელო, ჟვანიასთან ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა
გავმხდარიყავი ეკონომიკის მინისტრი. სადღაც 10 წამი ფიქრის მერე
დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.

რაზე ვფიქრობდი ის 10 წამი? რუსეთში აქტიურ ბიზნესსაქმიანობას


მორჩენილი ვიყავი, ასე რომ, ამაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი თბილისზე,
რომელიც მაშინ უსიამოვნოდ გამოიყურებოდა - მტვრიანი ქალაქი
ოღროჩოღრო ქუჩებით, ლურჯკარტონაფარებული ლტოლვილებიანი ივერიის
შენობით; ვფიქრობდი მინისტრებზე, რომლებიც ვნახე და რომლებმაც
განმაცვიფრეს არასაბჭოთა აზროვნებით; ვფიქრობდი, როგორი კარგი და
ლამაზი შეიძლება იყოს საქართველო, ვფიქრობდი რა უნდა გააკეთოს
ეკონომიკის მინისტრმა. ვფიქრობდი, რომ ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ვერ
გავაკეთებ ვეღარასოდეს, თუ ახლა არ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.

მას შემდეგ გავიდა 6 წელი. რაღაცის გაკეთება მოვახერხე, რაღაცის - ვერა.


რაღაც შემეშალა, რაღაც სხვებს შეეშალათ. რაც გაკეთდა ქვეყანაში, ზოგი რამ
მომწონს, ზოგი რამ - არა.

მე მომწონს
• სინათლე
• გზები
• პოლიცია
• პასპორტი სწრაფად რომ ავიღე
• ეკონომიკა რომ გაიზარდა 40%-ით
• განათლების რეფორმა
• საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა
რომ დავიწყეთ
• ახალი აეროპორტი

მე არ მომწონს
• ბიუროკრატია
• ფულის უაზრო ხარჯვა
• წმინდა გიორგი თავისუფლების მოედანზე
• პოლიეთილენის პარკები ხეებზე
• სკოლებში განათლების დონე
• სულსწრაფობა და მოუთმენლობა
• ზოგიერთი მინისტრი
• შადრევნები
• განათლების რეფორმის ზოგი ნაწილი
• საავადმყოფოები
• ქართული გაზეთები
• ტელევიზიების ახალი ამბები
• სადაზღვევო კომპანიები
• გზისპირა ტუალეტების არარსებობა
• მაღალი უმუშევრობა
• ჯერ კიდევ რომ გვაქვს გაწვევა ჯარში
• ახალი აეროპორტის სახურავი
• დეზერტირების ბაზარი რომ აღარ არის
• ლარიზაცია
• ბიუჯეტის დეფიციტი

მომწონს არმომწონზე ცოტაა. ამის გამო ოპოზიციაში უნდა წავიდე, ექვს მაისს
პოლიციას ქვები დავუშინო? ჩვენი მტრები გავახარო? ებრალიძეს
დავუძმაკაცდე? ხუბუტიასთან ვიქეიფო? გულაშვილს შევუერთდე?
იძულება სამოთხისაკენ
ხშირად მომისმენია - ნახე, მავანმა მთავრობამ რა ჭკვიანურად გააკეთა - ეს
აკრძალა, და ამაზე ნება დართო. კაპიტალის გატანა აკრძალა, შემოტანა კი
პირიქით, წაახალისა. ან ბრინჯის იმპორტი აკრძალა, ადგილობრივ გლეხებს კი
სუბსიდია მისცა. და ასე შემდეგ...
ხანდახან ასეთ მოქმედებას აქვს პოლიტიკური შინაარსი, ხან ეს სუფთა
პოპულიზმია, ხან კი - პოლიტიკური სისულელე.
მაგრამ მათ აქვთ ეკონომიკური შინაარსი? შეიძლება თუ არა აიძულო
ეკონომიკა გაიზარდოს?
არა, პოზიტიური ეკონომიკური შინაარსი ასეთ მოქმედებას არ გააჩნია. კიდევ
ერთხელ - ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია, იშვიათად გააჩნია პოლიტიკური
შინაარსი.
არის ბევრი მიზეზი, რატომაც არ შეუძლია მთავრობას ეკონომიკის
იძულებითი განვითარება. დღეს მხოლოდ ერთ მათგანზე მოგიყვებით.
ინგლისელმა ეკონომისტმა დავიდ რიკარდომ 1817 წელს დაასაბუთა, რომ თუ
თითოეულ ქვეყანაში აწარმოებენ იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით, და
მერე ამ პროდუქტებს გაცვლიან, ორივე ქვეყანა უფრო კარგ შედეგს მიაღწევს.
მისი ცნობილი მაგალითია ინგლისსა და პორტუგალიაში ღვინის და
ტანსაცმლის წარმოება. ამ მაგალითზე რიკარდომ აჩვენა, რომ მაქსიმალური
შედეგი მიიღწევა მაშინ, როცა ქვეყნებს შორის ხდება სპეციალიზაცია, და
როდესაც ინგლისი აწარმოებს მხოლოდ ტანსაცმელს, პორტუგალია კი -
მხოლოდ ღვინოს, და ერთმანეთში ვაჭრობენ.
ამერიკელმა ეკონომისტმა სამუელსონმა, უკვე მეოცე საუკუნეში, დაამატა, რომ
თუ თითოეული ადამიანი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის,
ჯამური შედეგი არის მაქსიმალური. თუ თქვენ ერთდროულად ხართ ყველაზე
კარგი იურისტი და ყველაზე კარგი მდივანი, და იურისტის ანაზღაურება
მეტია, მაშინ ყველაზე კარგი ფინანსური შედეგი გექნებათ, როდესაც თქვენ
მთელ დროს იურისტობას დაახარჯავთ და მდივანს კი დაიქირავებთ.
მდივნისთვისაც ეს იქნება ყველაზე ეფექტური შედეგი.
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს, იურისტი იურისტობდეს
და მდივანი მდივნობდეს.
მრავალი ადამიანის შემთხვევაში - თითოეული ადამიანი ცდილობს მიაღწიოს
თავისთვის ოპტიმალურ შედეგს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში,
მით უფრო ოპტიმალურად გამოიყენებს ადამიანი თავის თავს. რაც უფრო
ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ადვილად გაცვლის (გაყიდის)
ადამიანი თავისი შრომის შედეგს.
რაც უფრო მეტია შეზღუდვა ეკონომიკაში - მით უფრო რთულია ამ
საყოველთაო ოპტიმუმის მიღწევა.
ეკონომიკა, სადაც ყოველგვარი არაძალადობრივი ეკონომიკური საქმიანობა
დაშვებულია, არის თავისუფალი ეკონომიკა. ძალადობრივი საქმიანობისთვის
(ძალადობაში მოტყუებაც შედის) კი არსებობს სასამართლო, ჯარიმა და ციხე.
თუ მთავრობას უნდა ეკონომიკის განვითარება, შეიძლება წარმოვიდგინოთ
ორი გზა: პირველი - ხელი არ შეუშალოს ადამიანს იყოს მაქსიმალურად
ეფექტური, და მეორე - აიძულოს ადამიანი იყოს უფრო ეფექტური. როგორ
წარმოგიდგენიათ, აკრძალვებით, დაშინებით და მოტყუებით შეიძლება
გავზარდოთ თქვენი ეკონომიკური ეფექტურობა? სხვისი? ყველასი?
უნივერსიტეტის მეოთხეკურსელებმა გადავწყვიტეთ სტუდენტური
სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. მცირედი დახმარება გვინდოდა
რექტორატისაგან. მაშინ თსუ-ს პრორექტორი ცნობილი იურისტი სერგო
ჯორბენაძე იყო. მოვუყევით ყველაფერი. მოგვისმინა და გვითხრა: „ძალიან
მომწონს რის გაკეთებასაც აპირებთ, ხელს არ შეგიშლითო”. ჩვენ
გაწბილებულები გამოვედით. ყველანი ვდუღდით - როგორ, რას ნიშნავს ხელს
არ შეგვიშლიან?! ეს დახმარების სანაცვლოდ???
მრავალი წლის შემდეგ მივხვდი, რაოდენ სწორი იყო ჩვენი პრორექტორი.
სწორედ ასე - რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს კარგი - ხელი არ შეუშალოს
არავის.
მონეტარული თავისუფლება და
ვერცხლის აბაზები
ეკონომიკურ განვითარებას ვნებს ინფლაცია. ინფლაცია რომ არ იყოს, საჭიროა
ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკა და შესაბამისად სანდო ვალუტა.
მსოფლიოში, თუ ძალიან მოვინდომებთ, 10 სანდო ვალუტას თუ დავთვლით:
ამერიკული დოლარი, ბრიტანული გირვანქა, კანადური დოლარი,
ავსტრალიური დოლარი, ახალზელანდიური დოლარი, იაპონური იენა,
შვეიცარიული ფრანკი და ევროპული ევრო. დანარჩენები ან არ ვარგა, ან
მიბმულია ამ სანდო ვალუტებზე, ან მთლიანად ჩანაცვლებულია ამ
ვალუტებით.

მონეტარული თავისუფლება ნიშნავს აირჩიოთ გარიგებისას ის ვალუტა,


რომელზეც შეთანხმდით. ვალუტათა კონკურენცია ვალუტის ხარისხს ზრდის.
ბევრი თანამედროვე ეკონომისტი თვლის, რომ კრიზისების შესუსტების გზა
ვალუტათა დენაციონალიზაცია და მათი კონკურენციაა. ამ საკითხს ჩვენ
კიდევ დავუბრუნდებით. მერე.

მინდა მოგიყვეთ ისტორია, თუ როგორ მოისპო მონეტარული თავისუფლება


საქართველოში. ეს იყო რუსეთის ბრძოლა საქართველოსთან, სახელმწიფო
სექტორის ბრძოლა კერძოსთან, შეზღუდვებისა და იძულების ბრძოლა
თავისუფლებასთან.

რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მთავარსარდალმა,


გენერალ-ლეიტენანტმა კნორინგმა გენერალ-მაიორ ლაზარევს დაავალა
შეესწავლა მონეტარული მიმოქცევა ქართლ-კახეთში.

დადგინდა - სპილენძის და ვერცხლის გამოდნობაზე კონცესია ჰქონდათ


ბერძენ მეწარმეებს, რომლებიც ამაში ფულს უხდიდნენ ხაზინას. მონეტის
მოჭრა იყო ლიბერალიზებული - ნებისმიერს, ვინც ვერცხლს მიიტანდა
ზარაფხანაში და გადაიხდიდა გადასახადს, მოუჭრიდნენ მონეტებს.
თავისუფალ მიმოქცევაში იყო ქართული მონეტები - ორმაგი აბაზი, აბაზი,
ნახევარაბაზი, 5, 10 და 20 ფული (1 აბაზი = 200 ფული). ასევე თურქეთის,
სპარსეთის, შემახის, შექის, შუშის, ბაქოს, ლენქორანის, განჯის, ნუხის,
შირვანის, ყარაბაღის და სხვა მონეტები. საქართველოს მოსახლეობა
სარგებლობდა დაახლოებით ისეთივე მონეტარული თავისუფლებით, როგორც
დღეს ფინანსურ ცენტრებში განთავსებულ ბანკებს აქვთ. ამის გარეშე თბილისი
დიდი სავაჭრო ცენტრი ვერ იქნებოდა.
იმპერიამ დაიწყო ამასთან ბრძოლა. „წონითა და სინჯით განსხვავებული
მონეტა საქართველოში ნიშნავს გადახვევას რუსეთში შემოღებული ერთიანი
სამონეტო სისტემისაგან, რითაც საქართველო დადგება რუსეთისაგან
განცალკევებულ სახელმწიფოთა რიცხვში” რუსეთის ფინანსთა სამინისტროს
საბჭო, 1822 წელი

ეს ბრძოლა მრავალი ათწლეული გაგრძელდა. პერიოდულად ვინმე


ცდილობდა, საქართველოში დაეწყო ისეთი აბაზების გამოშვება, როგორიც
რუსულ წესებს შეესაბამებოდა. რამდენჯერმე სცადეს არარუსული მონეტების
მიმოქცევის აკრძალვაც. მერე აბაზების მოჭრა სანკტ-პეტერბურგში დაიწყეს.

ცხადია, დაწესდა პროტექციონისტული შეზღუდვები - აიკრძალა ვერცხლის


გატანა, მონეტის გადაკეთება იუველირულ ნაწარმად, სინჯის გარეშე
ვერცხლის გაყიდვა და ა.შ. ყოველი ახალი ასეთი სისულელე ვაჭრობას და
შესაბამისად, ჯარის მომარაგებას ხელს უშლიდა, ამიტომ სწრაფად
უქმდებოდა.

ძალადობა და აკრძალვა ნდობას არ ჰქმნიდა რუსული ფულის მიმართ.

ასევე ნდობას არ ქმნიდა აბაზების მოჭრის ან მონეტების გაცვლის გამოყენება


ფისკალური ან პოლიტიკური მიზნებით. მაგალითად, 1819 წელს, ზარაფხანის
მორიგი დახურვის შემდეგ, სანამ პეტერბურგიდან ახალი აბაზები
ჩამოვიდოდა, ვერცხლის მონეტის დეფიციტი შეიქმნა. მისი ფასი გაიზარდა,
შესაბამისად, ოქროს ჩერვონცების ფასი შემცირდა. გენერალმა ერმოლოვმა
მოახდინა ჩერვონეცის 5%-იანი დევალვაცია, გარდა ჭარ-ბელაქნისა (ახლა
საინგილო), რათა იქაურ ლეკ ბელადებს ჯანყი არ დაეწყოთ. ადვილი
წარმოსადგენია, როგორ იხეირეს ამ სავალუტო არბიტრაჟზე მაშინდელმა
ფინანსისტებმა, ტფილისში იაფად ნაყიდი ოქროს ჩერვონცების ჭარ-ბელაქანში
ხაზინისთვის ძვირად ჩაბარებით.

რუსებმა რამდენჯერმე ასიგნაციების (ქაღალდის ფულის) შემოღებაც სცადეს.


ასიგნაციები საქართველოში იმდენად არ იწვევდა ნდობას, რომ აქ რუსეთის
ჯარსაც კი ოქროს ჩერვონცებს უხდიდნენ, ევროპაში კი ნაპოლეონის
დამარცხების შემდეგ ჩამდგარ რუსეთის ჯარებს ასიგნაციებით
უსწორდებოდნენ.

1814 წელი. იმპერატორი - რტიშჩევს (მაშინდელ საქართველოს


მთავარმმართებელს)
«К сохранению в государстве золота и серебра, повелеваю употребить по
главному начальству вашему в Грузии меры и особенное попечение, дабы
ассигнации наши имели надлежащий ход, после чего и все без изъятия войска
довольствовать жалованием и ремонтом не иначе как ассигнациями»
რტიშჩევის პასუხიდან:
„ვბედავ მოგახსენოთ, რომ ასიგნაციები ცნობილია და მიიღება მხოლოდ
უმნიშვნელო თანხების გადახდისათვის, მხოლოდ ტფილისსა და ბაქოს ციხე-
სიმაგრეში (ამ უკანასკნელის ასტრახანთან ვაჭრობის გამო), ვინაიდან მთელი
სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან არ აღემატება 250 000 მანეთს. საქართველოს
მთავარი ვაჭრობა კი მიდის თურქეთთან, სპარსეთთან, ინდოეთთან,
ბუხარასთან და ადგილობრივ მთის ტომებთან, თითქმის
ნახევრადველურებთან, რომლებსაც ასიგნაციებზე არაფერი გაუგიათ და ვერც
წარმოიდგენენ, რომ კეთილმოწყობილ სახელმწიფოში ასეთი ფული ცვლის
ოქროს და ვერცხლს”

ისე, ეს ბევრ კარგ ეკონომისტსაც ვერ წარმოუდგენია. ამაზეც მერე.

თანდათან გაიზარდა საქართველოს და რუსეთის სავაჭრო ბრუნვა,


საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთის
ბაზარზე.

1853 წელს, მეფისნაცვალ ვორონცოვის დროს, საბოლოოდ აიკრძალა


არარუსული მონეტების გამოყენება (ორწლიანი გარდამავალი პერიოდით),
1855 წელს ფაქტობრივად დასრულდა მონეტარული თავისუფლება
საქართველოში - არარუსული მონეტები ბრუნვიდან განიდევნა..

საბჭოთა კავშირში ეს აბსურდამდე მივიდა - ვალუტის გადაცვლაზე ჯერ ციხე


იყო, 1961 წლიდან კი - დახვრეტა.
მთლიანი შიდა პროდუქტის
მოსაწყენი გათვლები და
გასაკეთებელი არჩევანი
გაზეთებში შეგიძლიათ ნახოთ, რომ საქართველოს მშპ/სულზე არის 2900
დოლარი, და მეორე დღეს ასევე გაიგოთ, რომ ეს მაჩვენებელი 4400 დოლარია.
იტყუებიან? არა. ეს დათვლის ორი გზაა. პირველი - ითვლიან მშპ-ს საბაზრო
ფასებში - თუ ვაწარმოეთ 10 000 ტონა ვაშლი და დაახლოებით 10 ცენტად
გავყიდეთ - ეს არის 1 მილიონი დოლარის წვლილი მშპ-ში. მეორე გზა - თუ
ვაშლი მსოფლიოში ღირს 30 ცენტი /კილო, მაშინ ჩვენ 3 მილიონი დოლარის
ვაშლი შეგვიჭამია. ასეთ დათვლას ჰქვია PPP (purchase power parity)-based ანუ
მსყიდველობისუნარიანობის თანაბრობაზე დაფუძნებული, და უფრო
რეალურად ასახავს დოვლათს. ასე დათვლილი ჩვენი მშპ/სულზე
დაახლოებით 4400 დოლარია (ყველგან გამოყენებულია დაზვერვის
ცენტრალური სამსახურის მონაცემები).

ბევრია ეს თუ ცოტაა?

ცოტაა. ამ მაჩვენებლით ვართ 149-ე ადგილას მსოფლიოში - დიდი ვერაფერი


შედეგია. ცოტათი ჩამოვრჩებით სირიას და მაროკოს, და ცოტათი ვუსწრებთ
ჰონდურასს და პარაგვაის. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ რამდენიმე ათეულ
ღარიბ და უღარიბეს ქვეყანას. უფრო შეძლებულები ვართ, ვიდრე ინდოელები,
პაკისტანელები, კამერუნელები და მოლდოველები. სამჯერ ვუსწრებთ
გამბიელებს და ჰაიტელებს, ოთხჯერ ბირმელებს, ხუთჯერ ეთიოპიელებს, და
ოცჯერ ზიმბაბველებს. თუმცა ზიმბაბველებს ყველა უსწრებს. საწყლები!

ჩამოვრჩებით 148 ქვეყანას, მაგრამ აქედან დაახლოებით ჩვენს დონეზე ან


ცოტათი წინ არიან ნაურუ და გვატემალა, ალჟირი და ჩინეთი, ალბანეთი და
ეგვიპტე. ჩვენზე სამჯერ უფრო შეძლებულია - ბოტსვანა, მექსიკა, გაბონი, და
ხუთჯერ შეძლებულია ტრინიდადი და ტობაგო, მალტა და ომანი, შვიდჯერ
ტაივანი, ბაჰამა და იტალია, ათჯერ კაიმანის კუნძულები, აშშ, ფარერის
კუნძულები. დიახ, ჩვენგან ფეხბურთში დამარცხებული ფარერის კუნძულები
ერთ სულზე სიმდიდრით მსოფლიოში მეათე ადგილზე არიან და ჩვენ ათჯერ
გვისწრებენ.

მოკლედ, ბოლოში მივჩანჩალებთ. თუმცა წინსვლის შანსი გვაქვს. 2003-2007


წლებში მსოფლიო ეკონომიკა გაიზარდა წლიურად დაახლოებით 5 %-ით,
ქართული კი დაახლოებით 10%-ით. და წინ დაახლოებით 20 ადგილით
წავიწიეთ.
ახალი დანიშნული ვიყავი მინისტრად, და სატელევიზიო გადაცემის შემდეგ
სხვა მონაწილეებთან (პარლამენტის წევრები სხვადასხვა ფრაქციიდან) ერთად
სავახშმოდ წავედით. ჩამოვარდა საუბარი, როდის ვიქნებით ევროპასავით. მე
ვუთხარი, წლევანდელივით თუ 6%-ით გავიზარდეთ, 70 წელი გვჭირდება-
მეთქი. ამან დიდი ალიაქოთი გამოიწვია, და ერთ-ერთმა დეპუტატმა მითხრა -
ვარიანტი არ არის, მაქსიმუმ სამი წელიო.

ამაზე მე გულუბრყვილოდ დავუწყე ახსნა, რომ დათვლა ძალიან მარტივია,


ზრდის სიჩქარეების განსხვავება ხარისხში აგყავს და როგორც კი ეს ვთქვი,
ეგრევე სიჩუმე ჩამოვარდა. ხარისხში აყვანა ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა.
უცბად ერთ-ერთი მათგანი ჩემკენ გადმოიწია, და ჩურჩულით მკითხა:
“ბატონო კახა, პრეზიდენტმა თუ იცის ეს ამბავიო?”

ჩათვალა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოა, რომ სამ წელიწადში ვერ


დავეწევით ევროპას.

მაშ რამდენში?

ბევრი თვლის, რომ რაღაცნაირად შეიძლება გადავხტეთ. ეხლა ვართ ღარიბები,


და მერე უცბად რაღაცნაირად გავმდიდრდით. ალბათ ლატარიაში მოვიგებთ.

მაგრამ მაგ ლატარიას არავინ ატარებს. ასე რომ, მხოლოდ ერთი გზაა - ჩვენ
ყოველწლიურად უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ, ვიდრე სხვა ქვეყნები.
ღვთის წყალობით, შეცდომებს ეკონომიკაში ვუშვებთ არა მარტო ჩვენ, არამედ
სხვა ქვეყნებიც.

იაპონური სასწაული მდგომარეობდა იმაში, რომ დაბალი გადასახადების


პირობებში იაპონია იზრდებოდა 10%-ით 10 წლის განმავლობაში, 5%-ით
შემდეგი 10 წლის განმავლობაში, და 3%-ით - კიდევ ათი წელი. მერე აღარ
იზრდება.

აზიური ვეფხვები - ტაივანი, ჰონკონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა - 25 წელი


იზრდებოდნენ დაახლოებით 7 %-ით წელიწადში.

ომისწინა ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ წლიურ 10%-იან ზრდას.

ჩინეთი ასე იზრდება ბოლო 30 წელი.

რა გამოვა, ჩვენც რომ 30 წელი ასე ვიაროთ. 10%-იანი წლიური ზრდით?


2015 წელს ნამიბიის დღევანდელ დონეს გავუსწრებთ (მაგრამ განა ეს
საკადრისია? რაღაც აფრიკულ ქვეყანას გვადარებენ?).
2017 პალაუს და ბელიზს (ამ მთავრობამ სირცხვილი დაკარგა, პალაუ და
ბელიზი გვინდა?).
2021 კოსტა-რიკას (ბენდუქიძე იუდა!).
2026 - ბარბადოსს და უნგრეთს ( სად იყვნენ მაგენი, ჩვენ რომ უკვე რუსთაველი
გვყავდა).
2029 - ომანს და ჩეხეთს (ისევ არაბები! რისთვის იბრძოდა მაშინ დავით
აღმაშენებელი?).
2034 - ვუსწრებთ დღევანდელ ავსტრიას და ვუახლოვდებით შვეიცარიას (აქ რა
უნდა თქვან, ვერ მოვიფიქრე).
2036 - დღევანდელ სინგაპურზე მდიდრები ვხდებით (გამოტყდა ბენდუქიძე,
რომ ევროპაში არ უნდა. მაგენი ხეებზე ისხდნენ, როცა ჩვენ სახარებას
ვკითხულობდით).

აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:


წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს
ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.
წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც
ქვეყანას შორის
წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.
წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები.
წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით.
არაფერი არ ვიქნებით.

ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
არაფერი
ჩვენი სტერეოტიპები
ალბათ ყველა თქვენგანს მიუღია მონაწილეობა ქართველების და
ქართველობის შესახებ კამათში - სადაც ერთმანეთს გადაეხვევა ყველაფერი,
დაწყებული ბასკებიდან და დამთავრებული შემწვარი გოჭის უპირატესობით
სუშისთან შედარებით. ახალგაზრდობაში პაპუასებმა დამაინტერესეს. საკმაოდ
ბევრი წავიკითხე და დღემდე ინტერესით ვკითხულობ მათზე. მათმა
დილეტანტურმა შესწავლამ დამარწმუნა პირველად ადამიანების და
ეთნოსების თანაბრობაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემი
მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, ალბათ. არსად გამიგია, პაპუასები
ჩვენნაირად კამათობენ თუ არა ნამდვილ პაპუასობაზე ან პაპუასების
უპირატესობაზე სხვა ყველა ადამიანთან შედარებით, მაგრამ, ჩანს, მაგაზე
ნაფიქრი აქვთ. ერთ-ერთ ტომს, რომელიც საკმაოდ კარგად არის შესწავლილი,
ჰქვია მარინდ-ანიმ, რაც ნიშნავს ნამდვილი ადამიანები ან, უფრო ჩვენებურად
- კაცური კაცები. და გასაგებია, რომ სხვა ტომები არ არიან მარინდ-ანიმ, არ
არიან კაცური კაცები. ხომ კარგად გვესმის ჩვენ ჩვენი ძმა პაპუასების?

ჩემი ამოცანა არ არის გაგაცნოთ პაპუასების კულტურა. მინდა მხოლოდ


წარმოვიდგინო, როგორ მსჯელობენ ისინი კაცობაზე და პაპუასობის
უზენაესობაზე. ყველაფერი დაფუძნებულია რეალურად არსებულ წეს-
ჩვეულებებზე (მართალია, სხვადასხვა ტომში).
მაშ ასე, ორი პაპუასის წყნარი საუბარი:
- წარმოგიდგენია, თურმე, ეს თეთრკანიანები იმდენად არ სცემენ პატივს
თავის გარდაცვლილებს, რომ გემოსაც არ უსინჯავენ.
- რას ლაპარაკობ! მშობელი რომ გარდაეცვალოს, იმასაც არ შეჭამენ?
- არა, შეჭამენ კი არა, გეუბნები, გემოსაც არ უსინჯავენ.
- ტვინსაც არ ჭამენ?!!!
პირველი: - ოოოჰ, ჩემი არ გინდა დაიჯერო, გგონიათ რომ ეგენი
ნორმალურები არიან, მომისმინე - არც ტვინს, არც ღვიძლს, არც არაფერს
ჭამენ!!!
- მაგათი ურჯულო დედა ვატირე, ეგ რა ველურობაა! მაგნაირი ხალხი
სიცოცხლის ღირსია? სუფთა ცხოველები არიან. კაი, პროსტო უბნელი რომ
მოკვდეს და არ შეჭამო, მოსულა, მაგრამ მშობლებზე უარი თქვა, რა წესია, რა
ადამიანობაა?!
- მე მაგათზე წიგნი წავიკითხე, იმის შემდეგ ვერ ვიტან.
- ასეთი რა ეწერა, კი მაგრამ?
- რა და, ჯერ ეს, რაც მოვყევი, მერე თითოს თითო ცოლი ჰყავს!
- რა უცნაურია.
- ცოლის მოსაყვანად რომ მიდიან, ყვავილები მიაქვთ.
- ყვავილები? ვარიანტი არ არის, მაშაყირებ!!!
- გეუბნები, რა, სუფთა ქაჯები არიან, იმის მაგივრად, კაცი მოკლან, სასქესო
ორგანოები დააჭრან და საცოლეს აჩუქონ, ყვავილები მიაქვთ.
- მართლა შემზარავია. იმედია, მერე კაცურად ცოლს კეფას სისხლის და
შარდის ნარევით დაუზელენ, სიყვარული ხომ ყველას ერთნაირი უნდა
გვქონდეს.
- მესმის, რომ ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ შარდით საერთოდ არაფერს არ
ზელენ, არც ბებერი ნათესავის ქონით, არც სისხლით. ამიტომ საზარლად სუნი
ასდით.
- ეს რაღაც გოიმობის ჩემპიონატი ყოფილა, რა ცხოვრება აქვთ, რად უნდათ
ეგეთი ცხოვრება, რა სიამოვნებაა. საჭმელად, ალბათ, რამე სისაზიზღრეს ჭამენ,
ვერც კი წარმომიდგენია, იმდენად უცნაურად ცხოვრობენ, რა უნდა ჭამონ.
- ჭამენ შემწვარ გოჭებს, ქათმებს, თევზებს.
- კიდევ კარგი, რაღაც ადამიანური ჰქონიათ. მაინც ჩვენებური შემწვარი გოჭის
გემო ყველგან ესმით. ჩვენებურ შემწვარ გოგოსაც სიამოვნებით მიახრამუნებენ,
გასაგებია.
- მაიცა, ახლა რას გეტყვი - ადამიანის ხორცს საერთოდ არ ჭამენ!!!
- ეგ ხომ თქვი!
- არც კაცის, არც ქალის, არც ბავშვის, არც, დავუშვათ, მტერი მოკლეს, იმასაც
არ ჭამენ.
- რას ამბობ! ეგეთი ხალხი, რომელსაც პირის გემო არ აქვს, უნდა გაანადგურო.
როგორ შეიძლება გოგოს ხორცი არ გიყვარდეს! ჯერ რომ გამოშიგნავ, შიგნით
სურნელოვან ბალახებს ჩაუფენ, ნაცარში ჩაფლავ და ზემოთ კოცონს გააჩაღებ,
მეორე დღეს მიხვალ, კოცონი უკვე ჩამქრალია, ამოიღებ ამ თოთო ხორცს და
შეჭამ - ვისაც ამის გემო არ ესმის - კაცი არ არის!
- გეუბნები, არ არიან ადამიანები, მაგათი ჯიში და ჯილაგი უნდა გაწყდეს,
ველურები არიან, კაცობა არ ესმით, ნათესაობა არ ესმით, ჭამა არ ესმით!
- ნათესაობა არ ესმით? აი, ჩვენთან რომ ნათესავი მოგიკვდება, თითის ერთი
ფალანგა უნდა მოიჭრა. მეორე მოგიკვდება - მეორე ფალანგა და ასე შემდეგ.
ამას ხომ აკეთებენ? რაღაც ადამიანური ხომ შერჩათ?
- ეეჰ, შენ მაინც დაბრადუშნი ტიპი ხარ, გინდა რამე კარგი იპოვო მათში - არა,
ამასაც არ აკეთებენ. ზოგიერთ, უფრო ცივილიზებულ ტომში, ყვირიან და
სახეს იკაწრავენ, მაგრამ უმრავლესობა არაფერს შვება.
- იცი რა? ჯერ მიკვირდა, მერე მეზიზღებოდნენ, ახლა კი მეცოდებიან. ასე,
კაცობა, პირის გემო, სიყვარული, ოჯახი დაკარგო - მართლა ძალიან საცოდავი
ხარ.

აი, ასე, ჩემო ძვირფასებო, ახლა შეგიძლიათ მოქმედების ადგილი სხვაგან


გადაიტანოთ, იქნებ, ახალი რამ დაინახოთ ან ძველზე აზრი შეგეცვალოთ.
ნელ-ნელა წინ, ნელ-ნელა უკან
წინა ჯერზე ტაივანზე გიყვებოდით - რომ გადაიქცა ღარიბი ქვეყნიდან
მდიდარ ქვეყნად - და ვითომ ამისთვის არაფერი ჰქონდა. რამდენიმე ჩემმა
ნაცნობმა მითხრა - ეგ გამონაკლისი ქვეყანააო. ამიტომ გადავწყვიტე დღეს
მოგითხროთ არა იმათზე, ვინც წინ წავიდა, არამედ ვინც უკან ჩაიჩოჩა.

1950 წელს ეს იყო მსოფლიოში 12 ყველაზე მდიდარი ქვეყანა - ზედა მწკრივში


ხედავთ მათ ადგილს მდიდრების სიაში. ქვედა მწკრივში კი ხედავთ, თუ რა
ადგილი უკავიათ მათ 2010 წელს სიმდიდრით (მთლიანი შიდა პროდუქტით
ერთ სულ მოსახლეზე).

როგორც ხედავთ, ამერიკა, კანადა, ევროპის ქვეყნები ინარჩუნებენ თავიანთ


პოზიციებს ასე თუ ისე. 1950 წლიდან ახალი ქვეყნები გაჩნდნენ და მათ
ცოტათი ჩააჩოჩეს 1950 წლის ლიდერები - მაგალითად, სინგაპურმა და
ბერმუდამ გაუსწრეს ყველა ამ ქვეყანას. მაგრამ ეს არ არის დღეს განსახილველი.
შეხედეთ სამ ფავორიტს:
• მესამე ადგილი - ახალი
ზელანდია - ახლა 51-ე ადგილას
• მეოთხე ადგილი - ვენესუელა -
ახლა 84-ე ადგილას
• მეთორმეტე - არგენტინა - ახლა 81 ადგილას
თან ეს ქვეყნები შემთხვევით არ მოხვდნენ 1950 წელს მდიდრების რიცხვში -
1900 წელს, საუკუნის დასაწყისში, ახალი ზელანდია მსოფლიოს ყველაზე
მდიდარი ქვეყანა იყო, არგენტინა ისევ მეათე, ვენესუელა კი ოცდამეათე
ადგილზე იყო.

ასეთი რა დაემართათ ამ ქვეყნებს, ეპიდემია თუ ცუნამი? სამივე ქვეყანა


სხვადასხვანაირია - ახალი ზელანდია ყველაფრისგან შორს, რესურსების
გარეშე ცხოვრობს, ვენესუელას ასკდება ნავთობი, არგენტინას უზარმაზარი
ტერიტორია აქვს, უამრავი რესურსი, ნავთობიდან უზარმაზარ სოფლის
მეურნეობამდე.

რა ჭირი ეტაკათ? სამივეს ერთი და იგივე. სოციალიზმი შეეყარათ. ახალი


ზელანდია მინდა ცალკე გავარჩიოთ შემდგომში. იმიტომ, რომ იმკურნალა და
ახლა გამოკეთდა, მის მკურნალობაზე და მკურნალებზე - როჯერ დაგლასზე
და რუთ რიჩარდსონზე ცალკე მოგიყვებით.
სოციალიზმი კომპარტიის გარეშე - რაც ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული სენია განვითარებად ქვეყნებში. რაში გამოიხატება?
სახე სხვადასხვაა, შინაარსი ერთია - მთავრობას უნდა ეცოდებოდეს ხალხი, არ
სჯეროდეს, რომ ის რამეს გააკეთებს თავისით, უნდა დარწმუნებული იყოს,
რომ მისნაირი (მთავრობისნაირი) ჭკვიანი რომ უხელმძღვანელებს ეკონომიკას,
ეს უფრო კარგია, ვიდრე ვიღაც გაუნათლებელი, ვიგინდარა ანდა სულაც ხარბი
ხალხი შეესიოს ეკონომიკას და ვისაც რა უნდა, ის აკეთოს.

მახსოვს, დაახლოებით 2000 წელს, არგენტინის ფინანსთა მინისტრს ვუსმენდი.


ჩემი ყურით. მან თქვა: ნაციონალიზაციის დიდი გამოცდილება გვაქვს, ბოლო
ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ ჩავატარეთო.

შემდგომში, ისტორიკოსების ნაწერებში, კინოფილმებში, მოგონებებში ეს


ყველაფერი სხვანაირად ჩანს. გახსოვთ ალბათ ალან პარკერის ფილმიდან
„ევიტა”, როდესაც დასაწყისში სულ სხვა სანახაობისთვის გამზადებულ
დარბაზს მოქალაქე ეუბნება: „გარდაიცვალა ევიტა პერონი, არგენტინელი
ხალხის სულიერი ლიდერი” . ისინი ტირიან, ჩვენ ვტირით. მადონა და
ბანდერასი, ვებერის მუსიკა - მიდი და ნუ იტირებ.

რაც ევიტა პერონმა და მისმა ქმარმა უყვეს არგენტინის ეკონომიკას, ის ჯერ


უგო ჩავესსაც კი არ უქნია ვენესუელის ეკონომიკისთვის.

მე ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას - ხომ არ იყო რამე ერთი შეცდომა, რომელიც
ან არგენტინაში, ან ვენესუელაში გახდა მიზეზი უკუსვლის? მე ასეთი ერთი
ცალი შეცდომა ვერ ვიპოვე. ოთხ პატარა მაგალითს მოვიყვანთ, შეგიძლიათ
საკუთარი თავი გამოსცადოთ, ახლობლებიც და მერე დაასკვნათ, ჩვენ უფრო
სინგაპურივით გავუსწრებთ ამერიკას, თუ უფრო ვენესუელასავით დავიმხობთ
თავზე ეკონომიკას.

1. ვენესუელაში მთავრობა ზრუნავს გაჭირვებულ ხალხზე და ასუბსიდირებს


ბენზინს, რის გამოც მსოფლიოში ყველაზე იაფი ბენზინი ვენესუელაში
იყიდება.

2. არგენტინის პრეზიდენტმა კირშნერმა მოახდინა კერძო საპენსიო


დანაგროვების ნაციონალიზაცია, ვინაიდან არ სჯერა, რომ კერძო კომპანიები
კარგად მოუვლიან ამ ფულს.

3. ვენესუელაში ცემენტი ეძვირა უგო ჩავესს. შეუთვალა კომპანიებს -


გააიაფეთო. არ დაუჯერეს. მაშინ ნაციონილიზაცია გაუკეთა ცემენტის
საწარმოებს და ახლა იაფი ცემენტი აქვთ ვენესუელაში.

4. არგენტინის მთავრობამ ხორცის ექსპორტი აკრძალა - ჩვენთან დარჩეს და


გაიაფდესო.

მოგწონთ?
საბჭოთა გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე
ვზივარ და ვფიქრობ, რა დავწერო. იქნებ დავწერო, რომ პანაშვიდების
ტრადიცია, დღევანდელი ფორმით, არის საბჭოთა გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე?! არა, ალბათ რედაქცია და მკითხველებიც იტყვიან - აუფ, სულ
დაუფსტვინა ამ კაცმა, სად პანაშვიდები და სად ეკონომიკაო.

ეს არის საბჭოთა გავლენა - ცხოვრების ნაწილებად დაყოფა - წარმოდგენა


ეკონომიკაზე, როგორც ქარხნებსა და ფაბრიკებზე. მაშ, რა არის ეკონომიკა, განა
რამე სხვა?

დიახ. ეკონომიკა შეისწავლის, თუ როგორ იქცევა ადამიანი, რათა მიაღწიოს


მიზნებს მწირი საშუალებებით, რომელთა სხვანაირი გამოყენებაც
შესაძლებელია და, შესაბამისად, თითქმის ყველაფერი ეხება ეკონომიკას და
ეკონომიკა თითქმის ყველგანაა.

და ამიტომ, ყველანაირი ფრაზა და აზრი რაღაცნაირი, ცალკე აღებული


ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ან ფრაზა - “მაგათ ეკონომიკას მიხედონ” -
საქართველოზე საბჭოთა გავლენის შედეგია. ალბათ, თქვენ ისედაც გრძნობთ,
რომ ჩვენს კეთილდღეობაზე, ბიზნესის განვითარებაზე გავლენას ახდენს
ყველაფერი - როგორი სასამართლო გვაქვს, როგორ ვექცევით ნათესავებს, რისი
გაკეთების გვეშინია და როგორი განათლება გვინდა. ასე რომ ეკონომიკა ყველა
ადამიანის მოქმედების შედეგია და არა ქარხნები თუ ფაბრიკები. მცდარი
წარმოდგენა ეკონომიკაზე საბჭოთა აზროვნების ერთადერთი ნარჩენი არ არის;
მის პატივსაცემად მოგიყვებით პატარა ისტორიას ერთ ქარხანაზე - საბჭოთა
ეკონომიკური აზროვნების თვალსაჩინო ნარჩენზე.

რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, ეს უზარმაზარი ფართობის


(მსოფლიო მასშტაბით) ქარხანა აწარმოებდა ძალიან ცოტა (მსოფლიო
მასშტაბით) ფოლადს და არასოდეს ამას არ აკეთებდა მოგებით. არის ასეთი
ცნობილი ადამიანი, ყველაზე დიდი ფოლადის მწარმოებელი მსოფლიოში,
ლაქშმი მიტალი. მან თავისი ბიზნესი ააგო ძველი, უვარგისი საწარმოების
იაფად შეძენით და შემდეგ მათი გაჯანსაღებით. წელიწადში მისი ფირმა მეტ
ფოლადს აწარმოებს, ვიდრე რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს
უწარმოებია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.

2004 წელს მიტალი საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში გაემგზავრა. ცოტა


ხნით შევხვდით და ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი - ამბობდა,
ეგეთები ამოგვიქაჩავს, პატარა ქარხანაა, უცებ ავამუშავებო. რუსთავიდან
დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდი. კაცმა იმით დაიწყო, ეს ქარხანა
რისთვის ააშენეს, მითხარითო. მე ვუპასუხე - ფოლადის წარმოებისთვის-
მეთქი. არა, არ შეიძლება ამ ქარხანაში ფოლადის წარმოება მოგებიანი
ყოფილიყოო. მე ბევრი ქარხანა მაქვს და კიდევ უფრო მეტი მინახავს, ასე
არავინ აშენებს ქარხანას, ასეთი ქარხანა სულ მუდამ დაკარგავს ფულსო. ჩაჯდა
თვითმფრინავში და გაფრინდა.

რა შეეშალა მიტალს? შეეშალა რამე? დიახ!

მან არ იცოდა, რომ რუსთავის კომბინატი თავიდანვე შეიქმნა როგორც ე.წ.


გეგმიურად წაგებიანი საწარმო - რუსულად планово убыточное предприятие.

საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს საბჭოთა აბსურდი?

ეს არის საწარმო, რომლის ოპერირების ხარჯები აღემატება მის


შემოსავალს.ზოგ შემთხვევაში, ამას იწვევდა ფასების რეგულირება და
ლიბერალიზაცია, რამაც ბევრი ასეთი საწარმო მოარჩინა, მაგრამ რუსთავის
კომბინატი სულ სხვაა - ის შექმნილი იყო წაგებიან საწარმოდ და იმ
ტექნოლოგიურ ფორმატში ფულს ვერასოდეს გააკეთებდა.

ასეც მოხდა. როცა სუბსიდირება შეუწყდა, მისი ბედიც გადაწყდა.

რამდენი ასეთი უკუღმართი რამ გვაქვს საბჭოთა მემკვიდრეობის სიაში!


დაწყებული ზოგიერთი “ქართული“ ტრადიციიდან და დამთავრებული
ზოგიერთი სამინისტროთი.

არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის და მისი ყოფილი


ნაწილების გარდა, არსად არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა
ინტელიგენცია. რომ ტერმინი - შემოქმედებითი ინტელიგენცია - საბჭოთა
ტერმინია, რომ ფრაზა - საავადმყოფოს კოლექტივმა ყველაფერი გააკეთა - არ
ითარგმნება ინგლისურად.

ამ ყველაფრის ამოძირკვას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მთავარია


ჩვენი სულებიდან ამოვიღოთ. ამაზე, ალბათ, ცალკე ვისაუბრებთ. ჩავთვალოთ,
რომ ეს პატარა ნარკვევი უფრო ნივთების სამყაროს ეხება. აქაც ბევრია საბჭოთა
- სტალინის ძეგლი, ნამგალი და ურო საზოგადოებრივ შენობებზე,
საქართველოს რკინიგზაზე მანძილების ათვლა მოსკოვის ცენტრიდან და
მრავალი სხვა...
და სანამ დაგემშვიდობებით, ერთ ასეთ ლამაზ საბჭოთა გადმონაშთზე
მოგიყვებით.

2008 წელს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი რომ გავხდი, გადავწყვიტე


ყველა ქვეგანაყოფის საჭიროება შემესწავლა. შევხვდი ხელმძღვანელებს და
დეტალების გარკვევაც დავიწყე. სია მომიტანეს, ვითომ ყველაფერი გასაგები
იყო, თუ არ ჩავთვლით ფიზკულტურის რამდენიმე ინსტრუქტორს, მასაჟისტს
და კბილის ექიმს (ეს ყველაფერი ასევე ტკბილი საბჭოთა გადმონაყოლია).
რამდენიმე თვის შემდეგ (!) სარდაფში მივაგენი ტიპოგრაფიას. რა ტიპოგრაფია,
რის ტიპოგრაფია, დავიწყე გარკვევა, რაში გვჭირდება და აღმოვაჩინე, რა
პროდუქციას ვუშვებდით - მთავრობის გადაწყვეტილებები თანამდებობებზე
დანიშვნის შესახებ, თვეში ერთხელ, წიგნის სახით. საკმაოდ კარგი ხარისხის
წიგნი იყო. ტირაჟიც დიდი არ ჰქონდა. ერთი რამ იყო საინტერესო - მხოლოდ
რუსულ ენაზე გამოდიოდა.
უგზოდ მვლელნოო,
უსწავლელნოო
განათლების სისტემა, სკოლა, უნივერსიტეტი – ხანდახან ფეხბურთსაც კი
უტოლდებიან პოპულარობით. გუშინწინ ერთი შეხვედრის მერე მეც ბევრი
ვილაპარაკე ამ საკითხზე და თუ ასეა, დაწერეთო, მითხრეს. წერა დავიწყე და
მივხვდი, რომ ერთი სვეტით ვერ შემოვიფარგლები. ასე რომ, მომიწევს
რამდენიმეჯერ შეგაწუხოთ.

ძალიან კი თავს ვარიდებდი ამ თემას – ვინაიდან რაც მინდა ვთქვა, ალბათ


ნაკლებს მოეწონება. და კარგ ხალხს ვაწყენინებ.რა არის სკოლის მიზანი –

აღზრდა? ცოდნის მიცემა? რომელია მთავარი?

ჩემი აზრით, აღზრდა, სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება უფრო


მნიშვნელოვანია.
მაგრამ უსუბ ეუბნება:
„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”

გასაკვირი იქნებოდა, რამე კონკრეტული ცოდნის შესახებ უსუბს იგივე რომ


ეთქვა – სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ ალგებრა ან ორგანული ქიმია ვერ
მისწავლებიაო – და ჩახმახისთვის ხელი გამოეკრა.
დაამთავრო სკოლა, და შეძლო საზოგადოებაში არსებობა, ჩემი აზრით, ნიშნავს:
• გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.
• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება.
• გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.
• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის
შესაძენად.
• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.
• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.
• შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ


შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება – ეგ მთლიანად ამახინჯებს
სასწავლო პროცესს და პიროვნების განვითარების მიზნებს ანაცვლებს
დაზეპირებით და მახსოვრობის ვარჯიშით. მზად ვარ შემდგომში ამაზე ბევრი
ვიმსჯელო და ვიკამათო.

კი მაგრამ, ხომ გაგიგიათ აზრი, ვაი, ვაი, ახლა სკოლაში მეცნიერების ამა თუ იმ
დარგს არ ასწავლიან ღრმად და კარგადო?
ამ აზრის ფესვები საბჭოთა წარსულშია. საბჭოთა კავშირში სკოლა გადაიქცა
უმაღლესი განათლების მოსამზადებელ ეტაპად, ბევრი იყო
საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების საათები, ისწავლებოდა სულ
უფრო რთულად და რთულად. 70-იან-80-იან წლებში სასკოლო
დისციპლინები ისე გართულდა, რომ მშობლებსაც კი უჭირდათ საშინაო
დავალებების ამოხსნა.

საჭირო იყო ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც კარგად ისწავლიდა ფიზიკას,


მათემატიკას, ქიმიას, და შექმნიდა ახალ იარაღს. სწორედ ეს საქმიანობა
ფინანსდებოდა გულუხვად, და ამ გულუხვობის ნამცეცები სხვა მეცნიერებსაც
გადაუვარდებოდა ხოლმე. კარგი იარაღის შემქმნელებს უფლება ჰქონდათ
ცოტათი დისიდენტებიც კი ყოფილიყვნენ.

ფაქტობრივად შეიქმნა ის, რასაც შეიძლება სამხედრო-საგანმანათლებლო


კომპლექსი ვუწოდოთ. და ამ კომპლექსს სჭირდებოდა ახალგაზრდების დიდი
ნაკადი. სასკოლო განათლება კი ამ ნაკადს ქმნიდა.

სკოლის ასეთ ტრანსფორმაციას – უმაღლესი განათლების მოსამზადებელ


საფეხურად – ჰქონდა კერძო ინტერესების მხარდაჭერა – სამხედროები,
რომლებსაც ახალი იარაღი უნდოდათ, აკადემიური წრეები, რომლებიც
დაინტერესებული იყვნენ უკვე საკმაოდ მომზადებული კადრების მოზიდვით,
და მშობლები, რომლებიც შვილს პრივილეგირებულ სამეცნიერო კარიერის
გზაზე აყენებდნენ. თანაც ბიჭი თუ იყო, საბჭოთა ჯარისაგანაც თავს
დაიღწევდა.

ასე სკოლის მიზანი – კომუნისტური საზოგადოების წევრის გაზრდა/აღზრდა –


თანდათან ჩანაცვლდა პრაგმატული მიზნით – მოვამზადოთ ის, ვინც შემდეგ
წარმატებით ჩააბარებს უმაღლესში, შემდეგ განაგრძობს სამეცნიერო
საქმიანობას, გააკეთებს ამის შედეგად კარგ რაკეტას, ტყვიამფრქვევს, ბომბას,
ან რამე მსგავსს, გახდება პროფესორი, აკადემიკოსი, მიიღებს ლენინის პრემიას,
აგარაკს და ოთხოთახიან ბინას საჩუქრად და ნეკროლოგს გაზეთ პრავდაში.

ანუ საბჭოთა განათლების ფაქტობრივი მიზანი გახდა „ბევრი” სამეცნიერო


ცოდნის მიღება. და ეს მაშინ, იმ დროს, კარგი იყო – ნამდვილად უკეთესი,
ვიდრე პატარა მარქსისტ-ლენინელების გამოზრდა. გავიდა დრო, და
არაეფექტურობამ და არაადამიანურობამ საბჭოთა კავშირი დაშალა. ჩვენ
საქართველოში ვცხოვრობთ. ახლა რა გვინდა?

ჩვენც გვინდა ახალგაზრდებმა ბევრი იცოდნენ, სხაპასხუპით პასუხობდნენ


შეკითხვებს, ახსოვდეთ ფორმულები და თარიღები, თუ გვინდა ისინი
ღირსეული ადამიანები იყვნენ? გაიზარდონ თუ განსწავლულდნენ?
ხშირად ხდება – ადამიანს ფეხს მოსჭრიან ექიმები, მას კი კვლავაც მოჭრილი
ფეხის ცერა თითი სტკივა. ამას ფანტომურ ტკივილებს ეძახიან.
ნაწილობრივ ჩვენც ასეთი ფანტომური ტკივილი გვაწუხებს. დღევანდელი
ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა – საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და
თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა. რატომ და რა უნდა ვქნათ – ამაზე
მერე ვილაპარაკებ.

You might also like