Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

წიგნიცხოველი

მოხდა ეს ამბავი გარეჯში, ან ნიქოზში, ან ქვათახევში, ან სულ სხვაგან - ისეთ


ადგილას რომელიც აწი უკვე არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ჰაჯი
ფირუზ თავის თავხოტორა ძმიშვილს უყვებოდა, ზუსტი ადგილი სულაც არ
უხსენებია. ასევე, შესაძლოა რამდენიმე სახელი შეშლოდა. თუმცა ამას იქით
ზუსტად ისე გადმოსცა, როგორც თავადაც გაიგო. ვისგან გაიგო, ეს თავად ჰაჯი
ფირუზმაც არ იცოდა. ჩაიხანა ისპახანისკენ მიმავალ და მომავალ გზაზე იდგა,
ყოველდღე ასობით კაცი შემოდიოდა, ჩერდებოდა საათი, საათნახევარი და
ყვებოდა ამბებს. ზოგი სასაცილო, ზოგი სატირალი, ზოგი მოსაწყენი, ზოგი
დაუსრულებელი, ზოგი უსაწყისო. ჩაიხანის მეპატრონეც ყვებოდა ამბებს, რა თქმა
უნდა. ეგებ ისეც ყოფილიყოს, რომ ოდესღაც უცხო ვინმე მოგზაურის მონაყოლი
ამბავი ჰაჯი ფირუზის მეხსიერებაში სხვანაირად დაღვინებულიყოს და როცა
წლების მერე მოგზაური მეორედ მოაკითხავდა ჩაიხანას, თავისივე ამბავი
მოესმინოს და ვერ ეცნოს, როგორც უკეთეს ხელებს მიბარებული სახედრების
პატრონები ვერ სცნობენ თავიანთ ცხოველებს. ჰაჯი ფირუზ კი ნამდვილად უკეთ
უვლიდა თავის ამბებს, ამკობდა მათ ლაღი ხუმრობებით, აქა-იქ ეგებ ორიოდ
ლექსიც ჩაექსოვა, ზმა თუნდაც. თუმცა, ამბავი რომელიც თავის თავხოტორა
ძმიშვილს, მორთეზას მოუყვა არც საჭიროებდა შემკობას.
“აგერ აღა გელოდება, მიურბინე ჩაი, დაბრუნდი მერე და გავაგრძელებ”
მორთეზაც მირბოდა სტუმრებთან, დაზეპირებულ მისალმებას ჩქარ -ჩქარა
ჩამოარაკრაკებდა და უკან გარბოდა. ჰაჯი ფირუზ გადაწვებოდა მუთაქისკენ ,
თვალებს ნახევრად ხუჭავდა, იყურებოდა სივრცეში და აგრძელებდა.
ხოლო დაიწყო მან აი ასე :

“მოხდა ეს ამბავი გურჯისტანში, აგერ გუშინწინ ნიგოზი და წაბლი საიდანაც


ჩამოგვიტანეს. როდის მოხდა, მაგას ზუსტად ვერ იტყვი, ზოგი იტყვის ართევილის
დაქცევის წელსო, ზოგი იტყვის მანამდეც. მაგრამ დანარჩენზე მისმინე.
იყო იმხანად ერთი მონასტერი ქრისტიანების. ახლა ითქვას და ერთი არ ყოფილა,
ბევრი იყო, მაგრამ მე რომელზეც ვყვები ის ცალკე იდგა, გაშენებული
ქალაქებისგან შორს. ცხოვრობდა ამ მონასტერში საძმო მლოცველების,
შავმოსილი ბერების და წიგნიერი ხალხის. სანამ ვინმე რომ გადავიდოდა ამ
ადგილას საცხოვრებლად, ბევრი წელი უნდა გაეტარებინა წერა-კითხვის
სწავლაში, და ასევე წმინდა წიგნების ზუთხვაში. იმიტომ რომ როცა ამ ხალხს
საძმო იღებდა და ახალ სახელს აძლევდა, მთავარ საქმედ რასაც ავალებდნენ
ისევ ამ წმინდა წიგნების გადაწერა იყო.
ისხდნენ დღითი-დღე თავის პატარა ოთახებში, პატარა ფანჯრებით. ერთი სხივი
ეცემოდა ფანჯრიდან წიგნზე, და მზის მოძრაობასთან ერთად ის სხივიც წიგნის
გვერდზე გადადიოდა. თავისი ნაწერიც იმის მოძრაობაზე უნდა დაემთხვიათ, ასე
ამბობდნენ ღმერთის თითია და გვიჩვენებს, სად უნდა ვწეროთო. მაგრამ
სიმართლე ისიც კი იყო, რომ თუ ჩამორჩებოდნენ, მერე საერთოდაც გაასწრებდათ
შუქი და რჩებოდნენ ბნელ ოთახში დაუმთავრებელი საქმით. ლამფა და ცეცხლი
მაგ ოთახებში აკრძალული იყო, იმიტომ რომ ეშინოდათ ვაი და რამე ნაპერწკალი
გადახტეს უნებლიედ, და მთელი ნაშრომი ცეცხლს გაატანოს.
ჰქონდა მონასტერს ასევე სხვა მიშენება, რომელიც სალოცავად იყო დათქმული.
ზამთარი რომ მოდიოდა, ბერები ხშირ-ხშირად დადიოდნენ სალოცავად.
“სიყვარული შენი გვათბობს უფალო” - ამბობდნენ ხოლმე, და ვინ იტყვის როგორ
იყო, მაგრამ ისიც ითქვას რომ ცეცხლი მარტო ამ სალოცავ დარბაზში იყო
დაშვებული - ყველაზე ცივ დღეებში ყველაზე მეტ სანთელს ანთებდნენ და
ყველაზე დიდხანს ლოცულობდნენ.
მაგრამ იყო მათ შორის ასევე ასეთი ვინმე, სალოსი ანანია რომელსაც რომ
ყველაზე ცივ დღეს ყინულიან ტბაში შეეძლო ჩახტომა და მაინც არ სციოდა.
იქცეოდა კიდეც ამგვარად.
ეს ბერი არ ყოფილა, არც წერა-კითხვა იცოდა, არც თვლა ხუთის ზემოთ და
ხუთამდე კი შეცდომებით. ეს იყო წმინდა კაცი, ღმერთის მიერ არჩეული. ჰქონდა
შემოგდებული ერთი თხელი ნაჭერი, და ეგეც იმიტომ რომ ბერებმა სთხოვეს
სიშიშვლის დაფარვა, განარომ სითბოს გამო. ამბობდნენ ბერები, დახე ანანია
უკვე ღმერთის ბაღში ცხოვრობსო, როცა შივდება პირს აღებს და ზეციდან
ხორბალი ეყრება, როცა წყურდება ნამის წვეთს ალოკავს და მერე მთელი დღე
დადის ასე, საქმის გარეშე.
შურდათ თუ არა, ვერ იტყვი დარწმუნებით, მაგრამ კი შურდათ რა თქმა უნდა,
საღვთო შურით. უბრალოდ თავად ამბობდნენ რო კი არ შურთ, “შენატრიან”. ვის
არ შეშურდებოდა, შენ დღეებს ატარებ ბნელ ცივ ქვებში, მოხრილი, მელნით
ხელში, კუჭი გაწვალებს და თითები გეყინება, ანანია კი დადის ისე თითქო სულზე
აცვია სხეული და რო რამე, ამას გადადებს და სხვას შემოიცვამს.
თუმცა აი ნახე და ანანიასაც შურდა. არ ვიცი ახლა წმინდა კაცზე შურის თქმა
შეიძლება თუ არა, მაგრამ ეს ბერები თავ-თავის საქმეს რო იწყებდნენ, სულ
უტრიალებდა გულში ანანიას, ნეტა რაარი რო ასე ევლებიან თავს, ნეტა რომ მეც
შემეძლოს, ნეტა რომ მეც ვიცოდე წვრილ-წვრილ ასო-მწერთა ამოკითხვა.
თანაც ისიც იყო, რომ როცა ბერები საქმეს უდგებოდნენ, ანანია სალოსი
ტრაპეზამდე მარტო რჩებოდა. ტრაპეზისას კი საძმო ჩუმად ჭამდა, არ
ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ეს ასევდიანებდა ანანიას და ღვთიური ნათელიც
მისი, სულიდან მომავალი ასე აშკარად აღარ ჩანდა. მონასტერს შეფარებული
ჩვეულებრივი უქონელი გეგონებოდა ამ დროს.
და აგერ ერთ დღეს ასეთი რამ მოხდა. ტრაპეზისას, როცა ბერები მაგიდას
მიუსხდნენ, ხოლო ნამუშევარი თავისი ერთ დიდ და ბნელ საცავში შეინახეს,
ანანია მათთან აღარ გამოჩენილა. “ალბათ ეზოში დასეირნობს” იფიქრეს ბერებმა
და ასევე იფიქრეს რომ დღევანდელი გოგრის ფაფა განსაკუთრებით გემრიელი
იყო.
არ დასეირნობდა ეზოში ანანია. საცავის კარს აღებდა ამ დროს. თაროებზე
ქაღალდების გროვები ელაგა, ზოგი მოწერილი, ზოგი მოუწერელი. რაღაც
ნიშნებიც იყო დატანილი ამ გროვებზე, რაც, სალოსს რომ კითხვა სცოდნოდა
აღმოაჩენდა, რომ ბერების სახელებია. მაგრამ ყურადღება მისი სხვა რამემ
მიიპყრო. საცავის შუაგულში წიგნი იდო, გადახსნილი. წიგნი ეს, ანანიაც კი მიხვდა,
რომ დასრულებული, შეკრული და მზა იყო. აგერ ასოები, აგერ მოჭედილობა,
აგერ ყველაფერი. გულისცემა აუჩქარდა ანანია სალოსს, ისეთი ლამაზი იყო
წიგნის კიდეები, ისეთი გადახვეული ვაზის და ვარდკაჭკაჭას მტევნებით. ღვთიური
ნათელი მისი გაიფურჩქნა, მთელ ბნელ საცავს მოსდო სიკაშკაშე.
და მით უფრო, როცა ანანიამ შემდეგ გვერდზე გადაშალა, იმიტომ რომ შემდეგ
გვერდზე ნახატები იყო. შექმნა სამყაროსი, შექმნა ცხოველების, მიწისა და ზეცის,
ქარისა და ზღვის, ვარსკვლავებისა და ყვავილის მტვერის, და ბოლო-ბოლო
თავად ანანიასი. ამ სამყაროთქმნის სურათზე ანანია ძალიან პატარად,
ჩიტისხელად ეხატა სხვა ათასობით არსებას შორის. გაახარა და აღაფრთოვანა
სალოსი ამ სილამაზემ იმდენად, რომ შარავანდედი მისი მხრებამდე გაიზარდა.
დაიხარა წიგნზე, კარგად რომ დაენახა თავი საკუთარი, თუმცა აი აქ დაემართა
რაც არ უნდა დამართნოდა. რა იცოდა ანანიამ, რომ წიგნებს სანიშნები აქვს,
გადაფენილი აბრეშუმის ენად. ვერ შეამჩნია. წაეკიდა სანიშნეს ცეცხლი სალოსის
შარავანდედიდან. შეცბუნდა ანანია, ჩაქრობა უნდოდა. თუმცა საღვთო ცეცხლის
ჩაქრობა ხელის მალმალე დარტყმით შეუძლებელია, ლოცვით უნდა ჩააქრო.
ლოცვები კი, როგორც ვთქვით უკვე, ანანიამ არ იცოდა - აბა საიდან.
როცა ბერები კარში შემოცვივდნენ, აღარაფერი იყო დარჩენილი. არც მოჭედილი
ოთხთავი, არც ფსალმუნების ნაკრები, არც მელანშეუმშრალი ლოცვანი და არც
ცარიელი ქაღალდები - არაფერი.
იდგა ანანია სალოსი ფერფლისა და ნაცრის გროვებს შორის, და მხოლოდ
მომწვარი სანიშნე ეკავა ხელში, გაფრენილი სიმურჰის ბუმბულივით.
ვერაფერი თქვეს ბერებმა. ან რა უნდა ეთქვათ, რა არ იყო გასაგები. ერთადერთი,
მალაქია ზართმრეკავმა ჩაიქნია ხელი და სატრაპეზოსკენ გაბრუნდა - გოგრის
ფაფა ჰქონდა შემორჩენილი.
ანანია სალოსს კი იმდენად შერცხვა, იმდენად შერცხვა რომ თვალებზე ხელები
აიფარა და ცად ამაღლდა.

ჰაჯი ფირუზთან ჩაიხანის სტუმარი მივიდა, ლანგარზე ფული დაუტოვა.


“ დიდი გულისყურით ვისმენდი თქვენს ამბავს აღა ფირუზ, მაგრამ სახედრები
მელიან გარეთ სიცხეში, ვერ გავაჩერებ მეტ ხანს. რითი დამთავრდა ყველაფერი,
ეგებ მითხრა და დავადგები ჩემს გზას”
ლანგარი ქისაში ჩაცალა ჰაჯი ფირუზმა და მიუბრუნდა სტუმარს
“ გეტყოდი აღა ჰოსეინ, განა არ გეტყოდი, უბრალოდ ჯერ არ დამთავრებულა, ჯერ
გზაში ვართ”
ჩაიცინა სტუმარმა, გაბრუნდა და შემოსასვლელში მოფრიალე ფარდას გასცდა.
“მერე მერე რა მოხდა?” - წრიალებდა მორთეზა.
“ აგერ ახალ შემოსულს მიუტანე ჩაი და გავაგრძელებთ მერე” - უპასუხა ჰაჯი
ფირუზმა.
მერე რა მოხდა და იტირეს ბერებმა, ზოგმა ღრმად სულში ზოგმა ჩუმად კელიაში.
ქარმა წაიღო მათი ნაგროვები, ნაშრომი, სამგლოვიარო შავით იყო შემოსილი
მათი გულები.
აწი უკვე სარკმლებიდან შემონანათი სინათლის სხივები უმიზნოდ დაცურავდნენ
კელიებში, თითქოს ერთ შემორჩენილ ფურცელს მაინც ეძებდნენ ღმერთის
თითები.
ძილი გაუტყდა ძმა ზაქარიას. ერთი კვირა იჯდა უტყვად, კედლისკენ
შეტრიალებული. აღარაფერს ეუბნებოდნენ ბერები, ესმოდათ მისი. ერთი კვირის
თავზე კი მიწვა ძილად, იძინა იძინა და აღდგა მესამე დღეს თვალგაბრწყინებული.
მონასტრის წინამძღვარი, მამა ანასტასი ეზოს ბუჩქებს სარეველებს აცილებდა ამ
დროს, როცა მიირბინა ძმა ზაქარიამ მასთან და ახარა თავისი სიზმარი.
სამდღიანი ძილისას ძმა ზაქარიას სამოთხის ბაღი დაესიზმრა, სავსე არსებული და
არარსებული ცხოველებით, ფრინველებით, ნაკადულებით. არ უნდოდა ძმა
ზაქარიას იმ ბაღის მიტოვება, თუმცა ესმა ხმა, რომ მას და მის სულიერ ძმებს
კიდევ მრავალი საქმე აქვთ საკეთებელი ამქვეყნად. “კი მაგრამ, ქაღალდის
მარაგები რაც რომ გვებარა ნაცრადაა ქცეული, საუკუნეებია საძმო ღვთის
წერილებს ამრავლებდა, სადღა იშოვება ამდენი მასალა, რომ გაუტოლდეს
დაკარგულ საქმეს?”
და კვლავაც გაისმა ხმა, ოღონდ სიტყვიერი აღარ, არამედ ფრინველთა. მიხვდა
ძმა ზაქარია, რისთვის მიიპატიჟა ღმერთმა, დაიხსომა გულით სიზმარი და
დაუბრუნდა მონასტერს.
“ - თუთიყუშები უნდა მოვაშენოთ, მამა ანასტასი.”
- თუთიყუშები? - იკითხა მამა ანასტასიმ.
- თუთიყუშები? - იკითხა ძმა მატათამ.
- თუთიყუშები? - იკითხა მორთეზამ და შაქარყინულზე კბილი იტკინა.
- თუთიყუშები. - უპასუხა ჰაჯი ფირუზმა. საქმე ისაა, ჩემო მორთეზ რომ
თუთიყუში, როგორც ცნობილია, იმეორებს რასაც რომ ეტყვი. მამაშენმა რომ
ჩამოგიყვანა ჩიტი ინდოეთიდან გახსოვს?
- კი მახოვს, მაგრამ არაფერს იმეორებდა ის
- ეგ იმიტომ, რომ მოგატყუა, თავრიზში იყო და არა ინდოეთში, და ის ჩიტიც
მწყერის ბარტყი აღმოჩნდა ბოლოს. აი ნამდვილი, ფრთალამაზი თუთიყუში
კი იმახსოვრებს რასაც ასწავლი და იმეორებს უსასრულოდ. ასე, ძმა
ზაქარიამ მოიფიქრა, რომ რაკიღა ნაშრომს ვერ აღადგენდნენ, რამეთუ
იმხანად ქაღალდი ასე მარტივად საშოვნი მასალა არ იყო, მოეყვანათ
საიდანაც შეძლებდნენ ეს უცნაური ფინველები. ესწავლებინათ თითო ხაზი
წმინდა წერილის თითო თუთიყუშისთვის და გაემრავლებინათ ღმერთის
სიტყვა ამგვარად.
ბევრი არ უფიქრია მონასტრის წინამძღვარს. თავად რომ მოეფიქრა რომელიმე
ბერს ალბათ რომ უარს დაახვედრებდა, მკრეხელობად ჩათვლიდა. მაგრამ აგერ ,
დასიზმრებია ძმა ზაქარიას უფლის ხმად. მთლად ალმოდებული ბუჩქი არ იყო,
მაგრამ ხან ისე იქნება ხან ისე.
დაიძრნენ ქვეყნის ყველა კიდეში, ზოგი ბაზარში იპოვეს, ზოგი დიდებულთა
სასახლეებში, ზოგი სად და ზოგი სად. ერთი წელი აგროვეს ფრინველები, შემოსეს
მონასტრის ბაღი მათით, როგორც საპატარძლო სამკაულებით. კიდევ ერთ წელში
გამრავლდნენ ფრინველები, შთამომავლები გააჩინეს, უკვე სრულად
სამონასტრო თუთიყუშებად. ერთი კვირის რომ შეიქმნებოდა ფრინველი,
მიჰყავდათ ძმა მატათასთან. ხოლო ძმა მატათა იყო მასწავლებელი მათი. ჯერ
კიდევ დიდ ხანძრამდე, ყველამ იცოდა მონასტერში, რომ ძმა მატათას მთელი
საღვთო წერილი ზეპირად ახსოვდა. ასეთი მეხსიერება ჰქონდა ნაბოძები.
დახუჭავდა თვალს და ხედავდა წმინდა წიგნს, გონების თითით შლიდა პირველ
გვერდზე და ისე იწყებდა კითხვას, თითქოს წინ ედოს.
სულ თავიდან მონასტრის ეზოში აუტანელი ხმაური იდგა, ჭყაოდნენ ჩიტები, ზოგი,
უგვანი პატრონის ნაქონი ბილწ ლექსებსაც გაყვიროდა. მაგრამ მოთმინება ძმა
მატათასი უსაზღვრო იყო, მეხსიერება კი ქვის სიმტკიცის. ნელ-ნელა ეს გაუგონარი
ალიაქოთი დაიწმინდა, დაიწმინდა და დაიწყეს თუთიყუშებმა წიგნის ლაპარაკი.
ხანძრის მეხუთე წლისთავზე გადაფურცლა ძმა მატათამ მის გონებაში ბოლო
გვერდი, და გამოუშვა ბოლო თუთიყუში ბაღში. შესცქეროდნენ ძმანი ბაღს, და
უხაროდა მათ სულებს. ძმა ზაქარია კი ამბობდა, რომ ეს ყოველი კი კარგია მაგრამ
მის სიზმარში ყველაფერი უფრო ლამაზი იყო და ჟოლოს ბუჩქები ეთესა და ხეებზე
აბრეშუმი ეკიდა და მგონი ერთი ირემიც დასეირნობდა თუმცა სხვებს ძმა ზაქარიას
სიზმარი ხომ არ უნახავთ.
შემდეგ კი მოხდა ასეთი რამ. დიდი მარხვა იდგა მონასტერში, როგორც სჩვევიათ
ხოლმე. წყალსა და ლოცვებზე იყო საძმო, გარდა ერთისა. ამ ერთს ერქვა ძმა
იერემია და უყვარდა ქლიავი. ლამის მილეული იყო მარხვის დღე, როცა ძმა
იერემიამ ხვალისთვის შემონახული ქლიავის ჩირი შეჭამა. როცა მამა ანასტასიმ
ერთად ფრთხილად მილაგებული კურკები აღმოაჩინა, მაშინვე მიხვდა, ვისი
საქციელი იყო, რამეთუ როგორ უკვე ვთქვით, ქლიავი ძმა იერემიას უყვარდა.
გადაწყვიტა მამა ანასტასიმ, რომ ბერის სულსწრაფობა შეუსაბამოა რწმენის
კაცისთვის, მიუახლოვდა მას და შესძახა:
“ძმაო იერემია, სატრაპეზოდ ხომ არ გეჩქარება”
“არა მამა ანასტასი, რას ამბობ. განა მარხვა არაა ჯერაც?”
“ამ ქლიავებმა როგორც ჩანს ეგ არ იციან” - უპასუხა ანასტასიმ და კურკები მიწაზე
დაყარა. დახედა ძმა იერემიამ საბუთს თავისი ცოდვის, ჩადო სახე ხელებში და
დაიწყო ტირილი.
“არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა ,
და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა..” - მოსწვდა მამა
იერემიას თუთიყუშის ძახილი, რომელსაც ერქვა მათე 5:15.
“მართლაც ასეა” - გაიფიქრა მან.”მე თუ არ ვაჩვენე ჭეშმარიტი გზა, განა რომ
გადარჩება იმისი სული, რომელსაც ეშმაკი ქლიავის ჩირითაც კი შეაცდენს?”
დასრულებული არ ჰქონდა ფიქრი მამა ანასტასის, რომ თუთიყუშმა სახელად მათე
7:5 წამოიძახა:
“ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო
აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა..”
და ეს იყო, როცა მუცელში თავად იგრძნო შიმშილი. ძმა იერემია ჯერაც ტიროდა,
და თავის გამართლებებს ლუღლუღებდა. მამა ანასტასი მას აღარ უყურებდა ,
თუთიყუშს ეძებდა თვალებით.
“მართლა თუთიყუშმა უთხრა?” - იკითხა მორთეზამ.
“ასეთი რამეა ახლა, ჩემო მორთეზ, რომ ჩიტების ბაღში თუ ნამყოფი ხარ, კი
გეცოდინება რომ მუდამ ჭიკჭიკებენ ისინი, დღე თუ დგას კარგი. კაცის ყურისთვის
ამდენი ხმაური არასატანია, ამიტომაცაა რომ ცალკე ხმები აღარც გესმის , ერთ
დიდ ხმაურად მოგდის. ისპაჰანის ბაზარში რომ შედიხარ, თავიდან ათასი
შეძახილი გასკდება, და თუ ცოტა ხანს მოითმენ, აღარც გესმის არაფერი, ვინმემ
შენი სახელი თუ არ დაიძახა. აი შენი სახელი ყველაზე უგვანი აურზაურიდანაც კი
მოგდის.”
- სახელით ხო არ ეძახდა?
- მოისმინე, გაინტერესებს რა მოხდა მერე.
- რა მოხდა მერე?
- მაგას კი მაშინ მოგიყვები, როცა აგერ იმ ხალიჩაზე დატოვებულ ფულს
მოიტან და ქისაში ჩაყრი - უთხრა ჰაჯი ფირუზმა და თავადაც დაისხა ჩაი.
სხვა ჯერზე ძმა მატათა, დამმახსოვრებელი მთელი სახარების, საკენკით ავსებდა
ბაღის ჯაგებს როცა შეამჩნია, რომ ძმა ანდრიამ თავისი საქმე არ შეასრულა და
ფრინველების სკორე არ გამოწმინდა. ერთხელ რომ მომხდარიყო კიდევ არ
უშავს, მაგრამ მესამედ უწევდა უკვე ძმა მატათას, დამმახსოვრებელს მთელი
სახარების, სხვა ბერის საქმის შესრულება, თანაც ამგვარი არცთუ
კეთილსურნელოვანი საქმის. გაწყრა გულში, გარედან კი შუბლი შეკრა და წავიდა
ნიჩბის საძიებლად, გზადაგზა იმის ფიქრით რომ მას, დამმახსოვრებელს მთელი
სახარების, მეტი პატივი ეკუთვნოდა ამ განრიგებში, რამეთუ ბოლო-ბოლო
როგორც უკვე არაერთხელ ხაზგაუსვა მისმა გულის ხმამ, დამმახსოვრებელი იყო
მატათა მთელი სახარების და მეხსიერებაში წმინდა წიგნის მატარებელი.
და ამ წყრომაში იყო, როცა მოწვდა დილის ძახილი ბაღიდან “და ჰრქუა ვენაჴის
მოქმედსა მას: ესერა სამი წელი არს, ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა
ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲცა
დაუპყრიეს უქმად, ”
შეჩერდა ძმა მატათა. ზუსტად იცოდა, როგორ გრძელდებოდა ეს იგავი და
მაგიტომაც გულში ჩქმეტა იგრძნო. გრძელდებოდა იგი ასე:
“ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე
მოუთოჴნო მას გარემო და სკორე დაუდვა.
ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი.”
წითელი თუთიყუში იყო, ლურჯი ბუმბულებით გამონარევი. მიუახლოვდა ძმა
მატათა, შეხედა ახლოდან, შეაკვირდა. აღარ ლაპარაკობდა თუთიყუში, ბუმბულს
ისუფთავებდა.
“მე ხომ მხოლოდ ლუსკუმა ვარ უფლის სიტყვის” - იტყოდა ხოლმე ძმა მატათა,
როცა სხვები მისი მეხსიერებით აღფრთოვანდებოდნენ. თავადაც ასეც ეგონა.
ეგონა, რომ გონება მისი იყო მხოლოდ საცავი, თუმცა თუ ძმა იერემიას გონება
ქლიავის სიყვარულის საცავი იყო, ძმა მატათასი საცავი იყო უწმინდესი სიბრძნის,
და როგორც ნაჭედი, მორთული სახარებები, ღირს არს იგიც პატივის.
ამიტომ მოხვდა გულზე ბერწი ლეღვის ხის იგავი. ფიქრობდა მთელი დღე, ძილის
წინ კი, როცა ლოცვა უნდა ეთქვა, სცადა რომ არა გონების საცავის წიგნი
გადაეშალა, არამედ გულიდან გაეხსენებინა. ვერ შეძლო. სახარება არ ახსოვდა ,
ის წიგნი ახსოვდა, სადაც სახარება ეწერა.
და მრავალს მოუვიდა ასე.
აღარ გადიოდნენ ბაღში, აღარ სეირნობდნენ, იმალებოდნენ ბნელ კელიებში და
იქიდან პატიმრებივით უჭვრიტინებდნენ მიწიერ ედემად რაც შეიქმნა. ვისაც უკვე
მოსწვდა წიგნიცხოველის ხმა, ტრაპეზობისას გაარჩევდი მათგან, ვისაც ჯერ არ .
ისხდნენ მხრებშებოჭილები, უყურებდნენ გოგრის ფაფას, თითქოს პასუხს
ეძებდნენ შიგნით - დამთხვევები იყო ეს ყველაფერი, თუ ღმერთის ხმა. ჯერ კი ვერ
ამბობდნენ ერთმანეთთან ვერაფერს, იდო ასე, აუღიარებელი სიჩუმე სატრაპეზოს
მაგიდის შუაგულში, როგორც მკვდარი ჩიტი და ხედავდა მას ყველა.
თუთიყუში შემოჯდა სარკმელში. შეშინდნენ, შეაცქერდნენ. არაფერი თქვა
თუთიყუშმა, გვერდულად დაათვალიერა ბერები და ისევ თავის ხეს დაუბრუნდა.
სამაგიეროდ ძმა მატათამ თქვა:
“და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ
ვარ და დავიმალე.” - და მიხვდა ყველა, რას გულისხმობდა.

საღამოვდებოდა, ხვატი ჩაიწია და ჩაიხანასაც მოაკლდა ხალხი. ქარავნები თავის


გზებს დაადგნენ, ჯიბგირები თავისას და პილიგრიმები თავისას.
მხოლოდ ერთი თავ-პირ შეფუთული სტუმარი არ იცვლიდა ფეხს. ამბის
დაწყებამდე შემოვიდა და აქამდე შემორჩა. ჰაჯი ფირუზმა ლანგარზე ტკბილეული
გადმოალაგა, მიუდგა ჩაიდანი გვერდით და მიაწოდა მორთეზას.
“ - აი წაუღე”
“- არ შეუკვეთავს” - თქვა მორთეზამ. “-თან დახე, არ მგონი გადაიხადოს მეტი”
- წაუღე წაუღე - თქვა ჰაჯი ფირუზმა - ნუ გადაიხდის.
სტუმარმა თავი დაუკრა მეპატრონეს და მოიდგა ჩაი. საღამოს ნიავი აქნევდა
ჩაიხანას ფარდას. ჰაჯი ფირუზ გაიმართა, დაამთქნარა.
- მერე რა მოხდა - მოირბინა მორთეზამ - როგორ დამთავრდა ამბავი?
- ასეც დამთავრდა. - გაიცინა ჰაჯი ფირუზმა.
- რატო? როგორ, მოიცადე მოიცადე. რა მოხდა ბოლოს?
- ხომ მოგიყევი.
- კი მაგრამ.. ეგ არ..
- მერე რა მოხდა მაგისი კითხვა გინდა?
- ჰო მერე რა მოხდა, სად წავიდა ბაღი, სად წავიდნენ ბერები?
- მერე წმინდანი დაბრუნდა ციდან, ჩამოიტანა ახალი სახარება, და სანამ
ეშვებოდა, დაუვარდა. ბაღის გუმბათის შუშები ჩაამსხვრია წიგნმა, დააშინა
ფრინველები და დაიშალნენ აქეთ-იქით
- აჰა, აკი დამთავრდაო?
- მერე ყოველთვის რაღაც ხდება, ყველაფერს ხომ ვერ მოვყვები. განა
სიზმრის დამთავრება და ძილის დამთავრება ერთია?
დაბნეული იჯდა მორთეზა.
- მაგრამ… მაგრამ მაშინ სიმართლე რა იყო ეგ მაინც მითხარი.. ღმერთი
ელაპარაკებოდათ თუ მართლა შემთხვევით ესმოდათ თუ მართლა მარტო
იმას ამჩნევდნენ რაც გულში ჰქონდათ თუ რა იყო, მითხარი!
ჰაჯი ფირუზმა ლანგრები და ჩაიდნები განჯინაში შეალაგა, მოუსვენრობდა
მორთეზა, წრეს არტყამდა.
- მოდი მოდი მომეხმარე. მე აღარ ვიცი, მე მოგიყევი ყველაფერი. აგერ, ჩვენს
სტუმარს ჰკითხე თუ გინდა.
გასასვლელთან იდგა ბოლო სტუმარი. მიაპყრო მორთეზამ მას თვალები პასუხის
მოლოდინში. შეისუსტა პირბადე სტუმარმა
- მე, ტკბილო მასპინძლებო, ჩიტის ჭიკჭიკში დაფარულ სიბრძნეს არ ვეძებ.
უმაგისოდაც საამოა.
გაიცინა ჰაჯი ფირუზმა.
- აგე! თქვა და მორთეზას იქით მიანიშნა, სადაც უკვე ცარიელი გასასვლელში
ფარდა ცეკვავდა საღამოს ნიავისგან.

You might also like