You are on page 1of 24

1

შარლოტ პერკინს გილმანი

მთარგმნელი
ელისო ფანცხავა

2
მე და ჯონი უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და
ჩვენნაირი ხალხი ხშირად როდი ახერხებს საზაფხულოდ მთე-
ლი მამულის დაქირავებას.
კოლონიალური სტილის ნაგებობა, ძველი სამემკვიდრო
საახლი, სადაც, წესით, მოჩვენებებიც უნდა ბინადრობდნენ –
ეს ხომ რომანტიკული ოცნების მწვერვალია, ბედის ასეთ წყა-
ლობას ვერც კი ინატრებ.
და მაინც, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მთელ ამ ამბავს
რაღაც უცნაური იერი დაჰკრავს.
მაშ, რატომ ქირავდებოდა ეს სახლი ასე იაფად? ან ამდენი
ხანი რატომ არავინ შესახლდა იქ?
ბუნებრივია, ჯონს ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის. როგორც
ქმრებს სჩვევიათ ხოლმე.
ჯონი უაღრესად პრაქტიკულია. ვერც რელიგიას იტანს და
ვერც ცრურწმენებით მოგვრილ შიშებს, და ღიად დასცინის ნე-
ბისმიერ მსჯელობას ისეთი საგნებისა და მოვლენების შესა-
ხებ, რასაც ვერ ხედავ, ხელით ვერ ეხები და ვერც რიცხვებში
გამოხატავ.
ჯონი ექიმია, და შესაძლოა – (ამას, რასაკვირველია, არ-
ცერთ სულიერთან არ გავამხელ, მაგრამ უტყვ ფურცელზე ხომ
შემიძლია გულის მოოხება) – შესაძლოა, სწორედ ესაა ერთ-
ერთი მიზეზი, რატომაც ვერ ვახერხებ სწრაფად გამომჯობინე-
ბას.
საქმე ისაა, რომ მას ჩემი ავადმყოფობისა არ სჯერა!
რა გინდა რომ ქნა?!
თუ კარგი რეპუტაციის მქონე, ცნობილი ექიმი, ამასთან შე-
ნი ქმარი, მეგობრებსა და ნათესავებს უმტკიცებს, რომ, უბრა-
ლოდ, მსუბუქი დეპრესია გაქვს, რომელიც მალე გაივლის –
და ოდნავ ისტერიული ბუნებით გამოირჩევი – რა უნდა ქნა ამ
დროს?!
ჩემი ძმაც ექიმია. ისიც ნობილი და ავტორიტეტული. ისიც
ამავეს იმეორებს.

3
ასე რომ, რაღაც ფოსფატებით თუ ფოსფიტებით ვიჭყიპები,
მატონიზირებელ საშუალებებს ვიღებ; მოგზაურობა, და სუფთა
ჰაერი, და ვარჯიში დამინიშნეს; და ყოველგვარი „მუშაობა“
მეკრძალება, სანამ ისევ არ მოვმჯობინდები.
მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი სისულელეა.
მე თუ მკითხავთ, საინტერესო სამუშაო, მღელვარება და
ცვლილებები უფრო მომიხდებოდა.
მაგრამ რა უნდა ვქნა? მე რა შემიძლია შევცვალო?
აკრძალვის მიუხედავად, წერას მაინც ვაგრძელებ, მაგრამ
ისეთი დამღლელია ამის მალულად კეთება, სხვა შემთხვევაში
ხომ ყველანაირად შემიშლიდნენ ხელს.
ზოგჯერ წარმოვიდგენ, რა მოხდებოდა, რომ ამ მდგომა-
რეობაში მყოფს ნაკლებად მეწინააღმდეგებოდნენ და მეტად
მიჭერდნენ მხარს – მაგრამ ჯონის თქმით, ჩემთვის ყველაზე
უარესი საკუთარ მდგომარეობაზე ფიქრია, და ვაღიარებ, რომ
ეს ყოველთვის გულს მტკენს.
ამიტომ, მოდი, ამ თემას შევეშვათ და სახლზე ვილაპარა-
კებ. ულამაზესი ადგილია! განმარტოებით მდგარი, გზას მო-
შორებული, სოფლამდე სადღაც სამი მილი იქნება. იმ ინგლი-
სურ მამულებს მაგონებს, წიგნებში რომ აღწერენ ხოლმე: გარ-
შემორტყმული ცოცხალი ღობე, მთელი ეს კედლები, ურდუ-
ლიანი ჭიშკარი, და მებაღეებისა და მსახურებისთვის განკუთ-
ვნილი პატარ-პატარა სახლები.
და ბაღი რა მშვენიერია! ასეთი წალკოტი არსად მინახავს –
დიდი, დაჩრდილული სივრცეა, უამრავი ხეივნითა და მოგრძო
ფანჩატურით, სადაც ყურძნის ტალავერს ქვემოთ შეგიძლია
მოისვენო.
ერთ დროს აქ სათბურიც ყოფილა, თუმცა ახლა უკვე გაჩა-
ნაგებულია და აღარავინ იყენებს.
როგორც მახსოვს, მგონი სასამართლო დავის გამო მემ-
კვიდრეებს ქონების გაყოფა გაუჭირდათ, თუ რაღაც ამგვარი,
ფაქტია, რომ აქაურობა, წლებია დაცლილია.
ვშიშობ, ამის გამო მოჩვენებების არსებობა მთლად სარ-
წმუნო ვეღარაა, მაგრამ არ დავეძებ – ამ სახლს მაინც რაღაც
უცნაურობა სჭირს – მე ამას ვგრძნობ.

4
კიდეც ვუთხარი ჯონს ამის შესახებ ერთ მთვარიან ღამეს,
მაგრამ მიპასუხა, რასაც შენ გრძნობ, ეგ ორპირი ქარიაო და
ფანჯარა ჩაკეტა.
ჯონზე ზოგჯერ გაუმართლებლად ვბრაზობ. ასეთი მგრძნო-
ბიარე ადრე არასოდეს ვყოფილვარ. ალბათ, ჩემი ნერვული
მდგომარეობითაა გამოწვეული.
თუმცა, ჯონს რომ ჰკითხო, ეს იმიტომ ხდება, რომ უკონ-
ტროლო ემოციებს ავყვები ხოლმე, ამიტომაც ვცდილობ, რაც
შეიძლება, თავი მოვთოკო, – მისი თანდასწრებით მაინც, – და
ეს ძალიან მღლის.
ჩვენი ოთახი ოდნავადაც არ მომწონს. მე ქვედა სართულის
ვერანდაზე გამავალი ოთახი მომივიდა თვალში, ფანჯრის ირ-
გვლივ ხვიარა ვარდებითა და ლამაზი, ძველმოდური, ჭრელი
ჩითის ფარდებით, მაგრამ ჯონმა ამის გაგონებაც კი არ ისურ-
ვა.
ასე თქვა, აქ მხოლოდ ერთი ფანჯარაა, ორ საწოლს ვერ და-
ვატევთ და არც გვერდითაა ისეთი ოთახი, მე რომ დავიკავოო.
ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულეა და დამოუკიდებ-
ლად განძრევის საშუალებასაც კი არ მაძლევს.
დღის ყოველი საათის განაწესი შემიდგინა; ნებისმიერ საზ-
რუნავს მარიდებს და თავი საშინლად უმადური მგონია, რად-
გან ამას მეტად არ ვაფასებ.
ამბობს, რომ აქ მხოლოდ ჩემ გამო ვართ, რომ სრულყოფი-
ლად უნდა დავისვენო და რაც შეიძლება, ბევრი სუფთა ჰაერი
ვისუნთქო.
„ვარჯიში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სუსტად ან
ძლიერად იგრძნობ თავს, საყვარელო“, მითხრა ჯონმა, „კვება
კი იმაზე, თუ როგორი მადა გექნება. მაგრამ სუფთა ჰაერის
სუნთქვა ხომ სულ შეგიძლია“. და ჩვენც საბავშვო ოთახში
დავბინავდით ზედა სართულზე.
დიდი, ვრცელი ოთახია, ლამის მთელი სართული უჭირავს,
ოთხივე კუთხით ფანჯრები აქვს დატანებული, საიდანაც ჭარ-
ბად იღვრება მზის შუქი და ჰაერი. ადრე საბავშვო ოთახი იყო,
შემდეგ კი, ალბათ, სათამაშო და სავარჯიშო ოთახად გადააკე-

5
თეს, რადგან ფანჯრებზე გისოსებია, ბავშვების დასაცავად,
კედლებზე კი – რკინის რგოლები.
ბავშვების ხელი შპალერსაც ეტყობა. აქა-იქ ჩამოხეულია –
ჩემი საწოლის თავთან დიდი, ცარიელი ლაქებია, სადღაც იმ
სიმაღლეზე, მეც რომ მივწვდები და საპირისპირო კედელზეც,
ქვემოთ, დიდი ადგილია მოტიტვლებული. ამაზე უარესი შპა-
ლერი ცხოვრებაში არ მინახავს. აი, იმ ჭყეტელა, გაბარდღნი-
ლი ორნამენტებითაა მორთული, ნებისმიერი ხელოვანის გე-
მოვნებას რომ შეურაცხყოფს.
საკმარისად გაცრეცილია იმისთვის, რომ თვალს ზედმეტად
არ შეეჩხიროს, მაგრამ მაინც იმდენად ეტყობა კედელს, რომ
მუდმივად გაღიზიანებს და შესწავლისაკენ გიბიძგებს და როცა
ამ ბაც, უსწორმასწორო ხვეულებს ცოტა შორიდან აკვირდები,
ხედავ, რა მკვეთრად, კისრისტეხით ეშვება ხაზები დაბლა, უც-
ნაურ კუთხეებს ქმნის, ერთმანეთს ეჯახება და ყლაპავს.
ფერიც გულის ამრევია, საზიზღარი, მქრალი, ჭუჭყნარევი
ყვითელი, მუდმივ მზის შუქზე უცნაურად გამოხუნებული.
ამ მოსაწყენ ფონს აქა-იქ ფორთოხლისფრის გაელვება
აცოცხლებს, მეტწილად კი ავადმყოფური, მომწვანო-მოყვი-
თალო ელფერი დაჰკრავს.
რა გასაკვირია, რომ ბავშვებს აქაურობა ეზიზღებოდათ! მეც
შემძულდებოდა, თუ ამ ოთახში დიდხანს მომიწევდა დარჩენა.
ჯონი მოდის და დღიური უნდა დავმალო – ვერ იტანს, როცა
თუნდაც ერთ სიტყვას ვწერ.
უკვე ორი კვირაა, რაც აქ ვცხოვრობთ და ადრე წერის
მსგავსი სურვილი არასოდეს გამჩენია, იმ პირველი დღიდან
მოყოლებული.
ახლა ამ საშინელ საბავშვო ოთახში, ფანჯარასთან ვზივარ,
და ფიზიკურ სისუსტეს თუ არ ჩავთვლით, ხელს არაფერი მიშ-
ლის, იმდენი ვწერო, რამდენიც გამიხარდება.
ჯონი მთელი დღეები წასულია, ზოგჯერ ღამითაც სამსახურ-
ში რჩება, როცა მძიმე პაციენტები ჰყავს.
კიდევ კარგი, ჩემი მდგომარეობა მძიმე არაა!
მაგრამ ეს ნერვული პრობლემები საშინლად დამთრგუნვე-
ლია.

6
ჯონს წარმოდგენა არ აქვს, სინამდვილეში როგორ ვიტანჯე-
ბი. ის კი იცის, რომ ტანჯვის რეალური მიზეზი არ მაქვს და ეს
მისთვის სავსებით საკმარისია.
რა თქმა უნდა, ყველაფერი მხოლოდ ნერვების ბრალია. და
როგორ მაწუხებს, რომ ჩემს მოვალეობებს თავს ვერაფრით
ვართმევ!
მე ხომ ჯონის დახმარებას ვაპირებდი, მისთვის სიმშვიდისა
და ყოველგვარი კომფორტის შექმნას, ახლა კი უკვე თავად ვი-
ქეცი ტვირთად!
ვერავინ წარმოიდგენს, რა ძალისხმევად მიჯდება ის მცი-
რეც, რის გაკეთებასაც ვახერხებ – ჩაცმა, სტუმრების გართო-
ბა, ნივთების მოწესრიგება.
როგორ გამიმართლა, რომ მერი ასე ჩინებულად უვლის
ბავშვს. რა საყვარელია ეს პატარა!
მე კი მასთან ყოფნა არ შემიძლია, ეს ჩემს ნერვებზე მოქმე-
დებს.
ვფიქრობ, ჯონს ერთხელაც კი არ გამოუცდია ნერვული
შფოთვა. ისე დამცინის ამ შპალერის გამო!
თავიდან თითქოს აპირებდა შპალერის გამოცვლას, მაგრამ
მერე განაცხადა, რომ უბრალოდ, ილუზიების ტყვე ვიყავი, და
რომ არაფერი ისე არ ვნებდა ნერვულ პაციენტს, როგორც ფუ-
ჭი წარმოსახვის აყოლა. თქვა, შპალერის შემდეგ საწოლს
აითვალისწუნებ, მეტისმეტად მაგარი მოგეჩვენება, შემდეგ
ფანჯრებზე გისოსები აღარ მოგეწონება, შემდეგ კიბის თავზე
კარები და ასე უსასრულოდო.
– ხომ ხვდები, რომ ეს ადგილი შენთვის სასარგებლოა, –
სცადა ჩემი დარწმუნება, – და სიმართლე რომ გითხრა, ჩემო
ძვირფასო, რაღაც სამი თვით ნაქირავები სახლის გადაკეთე-
ბას არ ვაპირებ.
– მაშინ ქვემოთა სართულზე გადავიდეთ, — ვთხოვე, – იქ
ხომ ისეთი ლამაზი ოთახებია.
შემდეგ მკლავები მომხვია, პატარა, საყვარელი ბატი მიწო-
და და თქვა, შენ თუ გინდა, სულაც სარდაფში გადავსახლდები
და დამატებით, კირითაც შევათეთრებო.

7
ისე, საწოლების, ფანჯრებისა და სხვა რამეების შესახებაც
მართალი უნდა იყოს.
ოთახი ისეთი ნათელი, ვრცელი და კომფორტულია, უკე-
თესს ვერ ინატრებ და რა თქმა უნდა, ასეთი სულელი არ უნდა
ვიყო და რაღაც ახირების გამო არ უნდა ვაწუხებდე.
ამ დიდ ოთახს ძალიანაც შევეჩვიე, ეს საშინელი შპალერი
რომ არა.
ერთი ფანჯრიდან ბაღს ვხედავ, იდუმალ, დაჩრდილულ ხე-
ივნებს, ირგვლივ მოდებულ ნაცნობ ყვავილებს, ბუჩქებსა და
დაკორძილ ხეებს.
მეორე ფანჯრიდან მშვენიერი ყურე მოჩანს და პატარა კერ-
ძო ნავმისადგომი, რომელიც მამულს ეკუთვნის. იქიდან სახ-
ლამდე კოხტა, დაჩრდილული ბილიკი მოუყვება. ხშირად წარ-
მოვიდგენ ხოლმე, როგორ დასეირნობენ ადამიანები ამ ბი-
ლიკებზე და ხეივნებში, მაგრამ ჯონი მაფრთხილებს, რომ წარ-
მოსახვას გასაქანი არ მივცე. ამბობს, რომ ფანტაზიის უნარი
და სხვადასხვა ამბის გამოგონება ჩემნაირი ავადმყოფის ნერ-
ვულ სისტემას კიდევ უფრო დაასუსტებს და ათასგვარი შფო-
თიანი ილუზიის ტყვედ აქცევს, და რომ ნებისყოფა უნდა მოვიკ-
რიბო და საღ აზრს მოვუხმო თავის გასაკონტროლებლად
რასაც ვცდილობ კიდეც.
ზოგჯერ მგონია, ცოტ-ცოტა წერისთვის ენერგია რომ მყოფ-
ნიდეს, ეს ამ იდეების ტვირთისგან გამათავისუფლებდა და
შვებას მომგვრიდა.
მაგრამ როცა წერას ვცდილობ, ვამჩნევ, რომ ძალიან ვიღ-
ლები.
ხალისს ისიც მიკარგავს, რომ ჩემს ნაშრომს ვერავის ვუზი-
არებ, ვერც რჩევებსა და შენიშვნებს ვისმენ. ჯონი მპირდება,
რომ როცა მართლაც გამოვმჯობინდები, ბიძაშვილ ჰენრისა
და ჯულიას ხანგრძლივად მოიწვევს ჩვენთან; მაგრამ ამბობს,
რომ უმალ ბალიშის პირში ასაფეთქებლებს ჩამილაგებს, ვიდ-
რე ახლა ამ ენერგიულ ხალხთან ურთიერთობის ნებას დამ-
რთავს.
ნეტავ უფრო სწრაფად გამოჯანმრთელება შემეძლოს.

8
მაგრამ ამაზე არ უნდა ვიფიქრო. ეს შპალერი ისე მიყურებს,
თითქოს ზუსტად იცის, რა მავნე გავლენას ახდენს ჩემზე! რამ-
დენჯერმე მეორდება ორნამენტი, რომლის დაღმავალი ხაზე-
ბიც მოტეხილი კისრისა და ორი გადმოკარკლული თვალის
ასოციაციას ქმნიან, თითქოს ქვემოდან ზემოთ რომ ამოგყუ-
რებენ.
ამ სურათის თავხედური იერი ძალიან მაღიზიანებს, მით უფ-
რო, რომ მას ვერსად წაუხვალ. ორნამენტი ზემოდან ქვემოთ,
კიდით კიდემდეა გართხმული და ეს სულელური, გაშეშებული
თვალებიც თითქოს ყველგანაა. ერთ ადგილზე შპალერის პი-
რები ოდნავ აცდენილია და ხაზის გასწვრივ თვალები აცაბაცა-
დაა განლაგებული, ერთი მეორეზე ოდნავ მაღალია.
ასეთი მეტყველი ნივთი არასოდეს მინახავს და ხომ ყველამ
ვიცით, რა გამომსახველობის უნარი აქვთ საგნებს! ბავშვობა-
ში, ძილი რომ გამიფრთხებოდა, ისე მხიბლავდა და თან მაძ-
რწუნებდა ცარიელი კედლებისა და უბრალო ავეჯის თვალიე-
რება, რომ ასე ბავშვთა უმეტესობა სათამაშოების მაღაზიაშიც
კი ვერ გაერთობოდა.
მახსოვს, როგორი კეთილი თვალის ჩაპაჭუნება იცოდნენ
ჩვენი დიდი, ძველი კომოდის ბურთულა სახელურებმა, ერთი
სავარძელი კი ნაცად მეგობრად მყავდა შეგულებული.
როცა სხვა ნივთების მტრული იერი შიშის ზარს დამცემდა,
ყოველთვის შემეძლო ამ სავარძელში ჩახტომა და თავს მაშინ-
ვე დაცულად ვგრძნობდი.
ამ ოთახის ავეჯი საშიშად არ გამოიყურება, უბრალოდ, ნაკ-
ლებად ეხამება ერთმანეთს, რადგან ყველაფერი ქვედა სარ-
თულიდან ამოვზიდეთ. როგორც ჩანს, როცა სათამაშო ოთა-
ხად გადააკეთეს, საბავშვო საძინებლის ავეჯის გარეთ გატანა
მოუხდათ და გასაკვირი არცაა! ასეთი გაჩანაგებული ოთახი
ჯერ არ მინახავს! საინტერესოა, ასეთს რას აკეთებდნენ ის ბავ-
შვები?
როგორც ვთქვი, შპალერი ალაგ-ალაგ ჩამოგლეჯილია და
რადგან სხვაგან ახლაც დუღაბივით ეკვრის კედელს, ჩანს,
რომ ამის გამკეთებელს არც შეუპოვრობა აკლდა და არც სი-
ძულვილი.

9
თან იატაკიც დაკაწრულია, აქა-იქ ატკეჩილი და ამომტვრე-
ული, ბათქაში ამოჩიჩქნილია, დიდი მძიმე საწოლი კი, რომე-
ლიც ერთადერთი ნივთი იყო, რაც ამ ოთახში დაგვხვდა, ომგა-
მო ვლილს ჰგავს.
მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ მაღელვებს – მხოლოდ
შპალერს გამოვყავარ წყობიდან.
აი, ჯონის და გამოჩნდა. რა საყვარელი გოგოა და როგორ
მიფრთხილდება! არ უნდა დამინახოს, რომ ვწერ.
ჩინებული და მონდომებული დიასახლისია და სხვა არც
არაფრის კეთება სურს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ფიქ-
რობს, რომ სწორედ წერა მხდის ცუდად!
თუმცა, შემიძლია ვწერო, როცა გარეთ გადის და უსაფ-
რთხო დისტანციაზეა, ფანჯრებს მოშორებული.
არის ვიღაც, ვინც ამ გზას, მშვენიერ, დაჩრდილულ, მიხვე-
ულ-მოხვეულ ბილიკსა და აქაურობას პატრონობს. მთელ ამ
თვალწარმტაც ადგილს, რომელსაც უზარმაზარი თელის ხეები
და ხავერდოვანი მდელოები არ აკლია.
შპალერის გამოხუნებულ ადგილებში თითქოს ფარულ ორ-
ნამენტს ვხედავ, განსაკუთრებით გამაღიზიანებელს, რადგან
მის გარჩევას ერთგვარი შუქი სჭირდება და მაშინაც გაურკვევ-
ლად მოჩანს.
თუმცა, იქ, სადაც შპალერი სიმკვეთრეს ინარჩუნებს და
მზეც სათანადოდ ეცემა, უცნაურ, გამაღიზიანებელ, უფორმო
ფიგურას ვამჩნევ, ამ სულელური და ჭყეტელა გარსის უკან
რომ ჩამალულა.
ჯონის და კიბეზე ამოდის!
ოთხი ივლისიც დასრულდა! სტუმრები წავიდნენ და გასავა-
თებული ვარ. ჯონმა იფიქრა, რომ მცირე კომპანია არ მაწყენ-
და და ერთი კვირით დედა, ნელი და ბავშვები მოვიპატიჟეთ.
ბუნებრივია თითი არ გამინძრევია, ახლა ყველაფერს ჯენი
აგვარებს.
მაგრამ მაინც ძალიან დავიღალე.
ჯონი ამბობს, რომ თუ სწრაფად არ გამოვკეთდები, შემოდ-
გომაზე უიერ მიტჩელთან გამგზავნის.

10
მაგრამ მასთან მოხვედრა სულაც არ მინდა. ჩემს ერთ მეგო-
ბარს მკურნალობდა და მისი თქმით, მიტჩელი ჯონსა და ჩემს
ძმას ჰგავს და მათზე უარესიც კია.
თან ასე შორს წასვლა გამიძნელდება.
ხელის განძრევადაც არ მიღირს რაიმე, გულს ვერაფერს ვუ-
დებ და თანდათან საშინლად ჭირვეული და წუწუნა ვხდები.
არაფრის გამო ვტირი. მთელ დროს ტირილში ვატარებ.
ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მარტო ვრჩები, როცა ჩემ-
თან არც ჯონია და არც ვინმე სხვა.
და ახლა მარტო ხშირად ვარ. ჯონს ძალიან ბევრჯერ უწევს
ქალაქში შეყოვნება მძიმე პაციენტების გამო, ჯენი კი კეთილია
და მარტო ყოფნის ნებას მრთავს, როცა ამას ვთხოვ.
ასე რომ ცოტ-ცოტას ვსეირნობ ბაღში, თვალწარმტაც ბი-
ლიკს მივუყვები, პარმაღზე ხვიარა ვარდების ქვეშ ვზივარ, ან
ხშირად ოთახში ვარ წამოწოლილი.
თანდათან მართლაც მიყვარდება ეს ოთახი, შპალერის მი-
უხედავად. ან, იქნებ, სწორედ მის გამო.
მან მთლიანად მოიცვა ჩემი გონება!
აქ ვწევარ, ამ უზარმაზარ, უმოძრაო საწოლზე – მგონი ია-
ტაკზეა მილურსმული – და ამ ორნამენტს საათობით ვადევნებ
თვალს. მერწმუნეთ, ეს შესანიშნავი ვარჯიშია. ვთქვათ, ბო-
ლოდან დავიწყებ, აი, იმ კუთხიდან, სადაც კედელი ხელუხლე-
ბელია და მეათასეჯერ გადავწყვეტ, რომ მანამ შევისწავლი ამ
უაზრო ორნამენტს, სანამ რაიმე დასკვნას გამოვიტანდე.
დიზაინის კანონებისა ცოტა კი გამეგება და ვხვდები, რომ ეს
რაღაც არც სხივური პრინციპის, არც ჩანაცვლების, განმეორე-
ბის, ან სიმეტრიის, ან რაიმე, ჩემთვის ცნობილი წესის მიხედ-
ვით არაა შექმნილი.
თავისთავად, ორნამენტი მეორდება, მაგრამ მხოლოდ მო-
ცულობის მხრივ, არა სხვაგვარად.
ერთი მხრივ თუ შეხედავ, ყველა ფიგურა ცალკე დგას, მათი
უცნაური ხვეულები თითქოს განში იზრდება, იბერება და ყვა-
ვის – როგორც ერთგვარი „უხარისხო რომანული სტილისა“
და თეთრი ცხელების ნაჯვარი – ზემოთ და ქვემოთ სულელურ,
იზოლირებულ სვეტად იშლება.

11
თუმცა, მეორე რაკურსით ფიგურები დიაგონალურად უკავ-
შირდება ერთმანეთს, გაწელილი ფორმები კი ოპტიკური კოშ-
მარის გრძელ, დამრეც ტალღებს ქმნის, თითქოს მოტივტივე
წყალმცენარეების გროვაა, მთლიანად რომ დაჰპატრონებია
ზღვას.
ეს მონახაზი ჰორიზონტალურადაც იშლება, ან, ყოველ შემ-
თხვევაში, ასე ჩანს და არაქათგამოცლილი ვცდილობ, ამ მი-
მართულებით რაიმე წესრიგი აღმოვაჩინო.
მსგავს ჰორიზონტალურ მასშტაბს ფრიზების აგებისას მი-
მართავენ, და ეს შესანიშნავად აგვირგვინებს ისედაც გაუგე-
ბარ სიტუაციას.
ოთახის ერთ ბოლოში შპალერი სრულიად ხელუხლებელია
და როდესაც სხვადასხვა ფანჯრიდან შემომავალი მცხუნვარე
შუქი იკლებს, და ჩამავალი მზე პირდაპირ ამ კუთხეს მიანა-
თებს, მგონი, როგორც იქნა, ვახერხებ სიმეტრიულად გაშლი-
ლი განშტოებების დანახვას – საერთო ცენტრიდან გამომავა-
ლი უსასრულოდ გროტესკული ხაზები კისრისტეხით ეშვება
ძირს თანაბარ მონაკვეთებად.
ძალზე მღლის ამ ორნამენტის თვალიერება. აჯობებს, წავუ-
ძინო.
ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვწერდე ამ ყველაფერს.
არ მინდა.
ძალა აღარ მაქვს.
და ვიცი, რომ ჯონი ამას სისულელედ ჩათვლის. მაგრამ რო-
გორღაც უნდა გამოვთქვა, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ – ეს
ისეთ შვებას მგვრის!
თუმცა ახლა უკვე ძალისხმევა აღემატება შვებას.
მეტწილად ყველაფერი საშინლად მეზარება და სულ ვწე-
ვარ.
ჯონის თქმით, ძალებს უნდა მოვუფრთხილდე და ჩემი ქმა-
რი თევზის ქონსა და უამრავ მატონიზირებელ საშუალებას
მასმევს, ელზე, ღვინოსა და ნახევრად უმ ბიფშტექსზე რომ
არაფერი ვთქვა.
ძვირფასი ჯონი! როგორ ვუყვარვარ და როგორ ვერ ეგუება
ჩემს ავადმყოფობას. ამას წინათ ვცადე, სერიოზულად და გო-

12
ნივრულად დავლაპარაკებოდი და ამეხსნა, როგორ მინდა,
რომ გამიშვას და ბიძაშვილ ჰენრისა და ჯულიასთან სტუმრო-
ბის ნება დამრთოს.
მაგრამ ასე თქვა, მგზავრობა გაგიჭირდება და ვერც სტუმ-
რად ყოფნას შეეგუებიო, და მეც ვერ ავუხსენი კარგად, რადგან
საუბრისას ტირილი ამივარდა.
გონივრული მსჯელობა დიდი ძალისხმევის ფასად მიჯდება.
ნერვული სისუსტის ბრალი უნდა იყოს.
ძვირფასმა ჯონმა ხელში ამიტაცა, მეორე სართულზე ამიყ-
ვანა, საწოლზე დამაწვინა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა და მანამდე
მიკითხავდა, სანამ თავი არ ამტკივდა.
თქვა, რომ მისი საყვარელი მეუღლე ვარ, მისი ნუგეში, მისი
ყველაფერი და რომ მის გამო თავს უნდა გავუფრთხილდე და
კარგად ვიყო.
ამბობს, შენი თავის მეტი ვერავინ გიხსნის ამ მდგომარეო-
ბიდანო, რომ ნებისყოფა უნდა მოვიკრიბო, თვითკონტროლი
გავაძლიერო და სულელურ ფანტაზიებს არ უნდა ავყვე.
ერთადერთი რამ მანუგეშებს, ჩვენი პატარა ჯანმრთელი და
ბედნიერია, და ამ საშინელ შპალერიან საბავშვო ოთახში არ
უწევს ცხოვრება.
ეს ოთახი რომ არ დაგვეკავებინა, მაშინ ჩვენს საყვარელ პა-
წიას მოუწევდა აქ ძილი! რა ბედნიერებაა, რომ ასე არ მოხდა!
არაფრის გულისთვის არ დავუშვებდი, რომ ჩემს შვილს,
მგრძნობიარე პატარა არსებას, ასეთ ოთახში ეცხოვრა.
ამაზე ადრე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ კიდევ კარგი, ჯონ-
მა აქ მე შემომასახლა. მე ხომ ყველაფერს ბავშვზე გაცილე-
ბით უკეთ გადავიტან.
თავისთავად, მათთან ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობ – სა-
ამისო გონიერება მყოფნის – მაგრამ შპალერს ძველებური ყუ-
რადღებით ვაკვირდები.
მასში ისეთი რამ იმალება, რასაც ჩემ მეტი ვერავინ ხვდება,
და ვერც ოდესმე გაიგებს.
ბაცი ნახატის უკან ჩამალული ფიგურები დღითიდღე სულ
უფრო მკვეთრად მოჩანს.

13
მოხაზულობა ყოველთვის ერთია, უბრალოდ, მათი რაოდე-
ნობა იზრდება. ფიგურა დაოთხილ ქალს მაგონებს, რომელიც
სწრაფი ფორთხვით გადაადგილდება ორნამენტს ქვემოთ. ეს
სულაც არ მომწონს – მაკვირვებს – მაიძულებს, ვიფიქრო –
ნეტავ ჯონი აქედან წამიყვანდეს!
ქმართან ჩემს მდგომარეობაზე საუბარი იოლი არაა, ის ხომ
ისეთი ჭკვიანია, და თან ასე ძლიერ ვუყვარვარ.
მაგრამ გუშინ ღამით ვცადე.
მთვარიანი ღამე იყო. მზის შუქის მსგავსად, მთვარის შუქიც
მთლიანად ანათებს ამ ოთახს.
ზოგჯერ მძულს მისი დანახვა, ისე ზანტად მოიპარება ხან
ერთი ფანჯრიდან, ხან – მეორიდან.
ჯონს ეძინა და სულაც არ მსურდა მისი გაღვიძება, ამიტომ
უმოძრაოდ ვიწექი და მთვარის შუქს ვადევნებდი თვალს ტალ-
ღისებურ შპალერზე, სანამ შიშმა არ შემიპყრო.
მომეჩვენა, რომ ორნამენტს უკან ჩამალული ფიგურა შპა-
ლერს არხევდა, თითქოს გარეთ სურდა გამოსვლა.
ჩუმად წამოვედი და კედელთან მივედი, რათა ხელით მომე-
სინჯა, მართლა ირხეოდა თუ არა შპალერი, და საწოლში რომ
დავბრუნდი, ჯონს უკვე ეღვიძა.
– რა მოხდა, პატარა? – მკითხა მან, – ღამით ასე ნუ ადგები
ხოლმე, შეიძლება გაცივდე.
ჩავთვალე, რომ სალაპარაკოდ კარგი დრო იყო და ვუთხა-
რი, რომ ამ სახლში თავს უკეთ ნამდვილად არ ვგრძნობდი და
ვთხოვე, აქედან წავეყვანე.
– კი მაგრამ, საყვარელო, – მიპასუხა, – ქირის ვადა სამ კვი-
რაში იწურება და ვერ ვხვდები, მანამდე როგორ უნდა წავი-
დეთ.
ჩვენი სახლი ჯერ არ გაურემონტებიათ, და ამჟამად ვერც ქა-
ლაქის დატოვებას შევძლებ. ბუნებრივია, რაიმე რეალური
საფრთხე რომ გემუქრებოდეს, უმალვე გადავდგამდი ამ ნა-
ბიჯს, მაგრამ შენ მართლა უკეთ ხარ, ძვირფასო, თუნდაც ამას
თავად ვერ ხვდებოდე. ექიმი ვარ და ზუსტად ვიცი, რასაც ვამ-
ბობ. ცოტა წონაში მოიმატე, ფერიც დაგიბრუნდა, მადა გაგი-
უმჯობესდა. შენ გამო ახლა გაცილებით ნაკლებად ვღელავ.

14
– წონაში სულაც არ მომიმატებია, – მივუგე პასუხად, – ყო-
ველ შემთხვევაში, საგრძნობლად არა; და მადა მხოლოდ სა-
ღამოობით თუ მაქვს, როცა შინ ბრუნდები, მაგრამ დილით,
როცა აქ არ ხარ, ძველებურად არაფერს ვჭამ.
– ამ პატარა დიდგულას დამიხედეთ! – თქვა და მაგრად ჩა-
მიხუტა, – უნდა ავად ყოფნა და იქნება კიდეც! მაგრამ მოდი,
დროს ტყუილად ნუ დავკარგავთ, გამოვიძინოთ და დილით ვი-
ლაპარაკოთ.
– სამსახურში არ წახვალ? – ვკითხე სევდიანად.
– აბა, ეგ როგორ იქნება, საყვარელო? მხოლოდ სამი კვირა
მოითმინე და შემდეგ რამდენიმე დღე სამოგზაუროდ წავიდეთ,
სანამ ჯენი ჩვენს სახლს მოაწესრიგებს. მართლა, ძვირფასო,
დამიჯერე, ახლა გაცილებით უკეთ ხარ!
– შესაძლოა ფიზიკურად, მაგრამ... – დავიწყე და უმალვე
დავდუმდი, რადგან წამოჯდა და ისეთი მკაცრი, საყვედურით
სავსე მზერა მომაპყრო, რომ სიტყვაც ვეღარ ვთქვი.
– საყვარელო, – მომმართა, – გთხოვ, ჩემ გამო, ჩვენი პა-
ტარა შვილის გამო და შენი თავის გამოც, ერთი წამითაც არ
გაივლო თავში ეგ აზრი! შენი ტემპერამენტის მქონე ადამიანი-
სათვის ამაზე სახიფათო და მიმზიდველი რამ არ არსებობს. ეს
ყველაფერი კი ფუჭი და სულელური ფანტაზიებია. ხომ შეგიძ-
ლია ჩემი, როგორც ექიმის, სიტყვებს ენდო?
ასე რომ, ბუნებრივია, ამ თემაზე აღარაფერი მითქვამს და
მალე ჩაგვეძინა კიდეც. მას ეგონა, რომ პირველს მე ჩამეძინა,
მაგრამ ასე არ ყოფილა – რამდენიმე საათი ვიწექი თვალღია
და იმაზე ვფიქრობდი, შპალერის წინა და უკანა მხარე ერ-
თდროულად მოძრაობდა თუ ცალ-ცალკე.
დღის შუქზე ჩანს, რომ შპალერის ორნამენტები არათანმიმ-
დევრულია და სიმეტრიის კანონებს არ ემორჩილება, რაც
ნორმალური გონებისათვის მუდმივი გამაღიზიანებელია.
ჯერ მარტო ამაზრზენი ფერი რად ღირს, მხოლოდ ეს კმარა,
რომ ადამიანი ჭკუიდან გადავიდეს, მაგრამ ეს ორნამენტი ნამ-
დვილი ტანჯვაა.
როცა გგონია, უკვე ბოლომდე შეისწავლე და კარგად დააკ-
ვირდი, უცებ თავდაყირა დგება და ყველაფერი თავიდან უნდა

15
დაიწყო. სახეში გირტყამს, ძირს განარცხებს და გადაგივლის.
ნამდვილი ღამის კოშმარია.
გარეთა ორნამენტი მყვირალა, თვალშისაცემი არაბესკე-
ბია, რაღაც სოკოსებრი წარმონაქმნის მსგავსი. თუ შეძლებთ,
ერთმანეთზე გადაბმული ქუდიანი სოკოები წარმოიდგინეთ,
შხამიანი სოკოების მწკრივი, ბოლო რომ არ უჩანს, უსასრუ-
ლოდ რომ ღივდება და მრავლდება – აი, სწორედ ასეთი რა-
მაა.
ოღონდ ყოველთვის არა!
ამ შპალერს ერთი თავისებურება აქვს, გამორჩეული თვი-
სება, რომელსაც ჩემს მეტი ვერავინ ამჩნევს, რაც იმაში მდგო-
მარეობს, რომ იგი შუქის ცვალებადობასთან ერთად იცვლება.
როცა მზე აღმოსავლეთის ფანჯარას სტყორცნის სხივებს –
და მე ყოველთვის ვადევნებ თვალს ამ პირველ, გრძელ, პირ-
დაპირ სხივს – შპალერი ისე სწრაფად იცვლება, რომ თვა-
ლებს ვერასოდეს ვუჯერებ.
ამიტომაც ყოველთვის ვაკვირდები ამ პროცესს.
მთვარის შუქზე – და მთვარიან ღამეს მთვარე მთელი ღამე
ანათებს – ვერც კი ვიტყოდი, რომ ეს იგივე შპალერია.
ღამით, ნებისმიერ შუქზე, ბინდში გამომკრთალი სანთლის,
ლამფის, ან, ყველაზე მეტად, მთვარის შუქზე ორნამენტი გი-
სოსებს ემსგავსება! გარეთა ორნამენტს ვგულისხმობ, მის
მიღმა კი მკაფიოდ იკვეთება ქალის ფიგურა.
კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი, რა იმალებოდა გარე ორნამენ-
ტის უკან – რა იყო ეს მკრთალი შიდა ნახატი, – მაგრამ ახლა
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალის ფიგურაა.
დღის შუქზე წყნარი და თვინიერი ჩანს. ალბათ გარე ორნა-
მენტი არ აძლევს განძრევის საშუალებას. ეს ყველაფერი ისე-
თი უცნაურია, მეც საათობით მაშეშებს ხოლმე.
ახლა მეტწილად სულ ვწევარ. ჯონის თქმით, ეს ჩემთვის
კარგია და რაც შეიძლება, მეტი უნდა ვიძინო.
მართლაც, ეს ჩვევა სწორედ მისი წყალობით გამიჩნდა, რო-
ცა ყოველი ჭამის შემდეგ ერთი საათით წამოწოლას მთხოვდა.
მწამს, რომ ეს ძალიან ცუდი ჩვევაა, რადგან საქმე ისაა, რომ
ამ დროს არ მძინავს.

16
ეს კი სიცრუის დასაბამია, რადგან არავის ვეუბნები, რომ
მღვიძავს, – არა, არავითარ შემთხვევაში!
ფაქტია, რომ ნელ-ნელა ჯონის მიმართ შიში მიპყრობს.
ზოგჯერ ისეთი უცნაური ჩანს. ხანდახან თვით ჯენისაც კი
აუხსნელი გამომეტყველება აქვს.
დროდადრო აზრი მებადება, ერთგვარი სამეცნიერო ჰიპო-
თეზა, რომ შესაძლოა, ეს შპალერის ბრალია!
ჯონს შეუმჩნევლად ვაკვირდებოდი, ისე, რომ თავად ვერც
კი ხვდებოდა, ათასგვარი უცოდველი მიზეზით შევდიოდი
ოთახში და რამდენჯერმე წავასწარი, რომ შპალერს უყურებ-
და. და განა მარტო ის, ჯენიც! ერთხელ ჯენიც გამოვიჭირე.
არ იცოდა, ოთახში რომ ვიყავი და როცა ჩუმად, ძალიან ჩუ-
მად, და მაქსიმალური თავშეკავებით ვკითხე, შპალერით რა-
ტომ დაინტერესდა, ქურდობაზე წასწრებულივით შემოტრი-
ალდა და საკმაოდ გაჯავრებული ტონით მკითხა, ასე რატომ
გავუხეთქე გული!
შემდეგ თქვა, ეს შპალერი ყველაფერს სვრის, რასაც შეეხე-
ბაო, რომ თურმე ჩემი და ჯონის ტანსაცმელზე სულ ყვითელი
ლაქებია და სურს, ცოტა მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ!
განა ეს სავსებით უმანკოდ არ ჟღერს? მაგრამ ზუსტად ვიცი,
ორნამენტს სწავლობდა, მე კი ვერ დავუშვებ, რომ მისი სა-
იდუმლო ჩემ გარდა ვინმემ ამოხსნას!
ცხოვრება ახლა გაცილებით უფრო ამაღელვებელია. გა-
მოჩნდა რაღაც, რასაც მოუთმენლად ველოდები, ვსწავლობ,
ვაკვირდები. მართლა დამიბრუნდა მადა და უფრო წყნარად
ვარ, ვიდრე ადრე.
ჯონს ისე ახარებს ჩემი სასიკეთო ფერისცვალება! ამას წინ
გაიცინა და თქვა, ვარდივით ყვავი, მაგ შენი შპალერის მიუხე-
დავადო.
მეც სიცილით ვუპასუხე. სულაც არ ვაპირებ, ავუხსნა, რომ
ეს სასიკეთო ცვლილებები სწორედ შპალერის დამსახურებაა.
ნამდვილად დამცინებს. შეიძლება აქედან ჩემი წაყვანაც კი
მოინდომოს.
ახლა არსად წასვლა არ მინდა, სანამ ამ საიდუმლოს არ
ამოვხსნი. მგონი, კიდევ ერთი კვირა დამჭირდება. ეს დრო უნ-

17
და მეყოს. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ! ღამით ბევრი არ მძი-
ნავს, რადგან შპალერზე მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვე-
ბა მთლიანად მითრევს, სამაგიეროდ, ძილს დღისით ვინაზღა-
ურებ.
დღისით შპალერი დამღლელი და დამაბნეველია.
სოკოებს მუდმივად ემატება ახალი ამონაყარი. შპალერსაც
ახლებური სიყვითლე გადაჰკრავს. გულმოდგინედ ვითვლი,
მაგრამ სოკოების რაოდენობა მაინც სულ მერევა.
შპალერი რაღაც უცნაურად ყვითელია. ყველა იმ ყვითელ
ნივთს მახსენებს, რაც კი ოდესმე მინახავს – მაგრამ ბაიას ყვა-
ვილებივით ხასხასა ყვითელს კი არა, არამედ ძველი, უვარგი-
სი ნივთების ჭუჭყიან სიყვითლეს.
თუმცა შპალერს კიდევ ერთი თავისებურება აქვს – სუნი! ეს
ოთახში პირველივე შემოსვლისას შევნიშნე, მაგრამ ამდენი
ჰაერისა და მზის ფონზე შემაწუხებელი სულაც არ ჩანდა. ახლა
მთელი კვირაა ნისლიანი და წვიმიანი ამინდი ჩამოწვა და სუ-
ლერთია, ფანჯრებს გავაღებ თუ არა, სუნი მაინც არ გადის.
მთელი სახლი ამ სუნითაა გაჟღენთილი.
სასადილო ოთახში ტრიალებს, სასტუმრო ოთახის კუთხე-
ებში იმალება, კორიდორშია ჩასაფრებული და კიბეებზე მიდა-
რაჯებს. თმაზეც ეს სუნი ამდის.
ცხენით სასეირნოდ გამოსულმა, საკმარისია თავი ოდნავ
გვერდით მივაბრუნო და ისევ ის სუნი მცემს!
თან რა უცნაური სუნია! საათობით ვფიქრობდი, ზუსტად რა
სუნი იყო, რისთვის შემეძლო მისი მიმსგავსება.
ცუდი არაა – თავდაპირველად, და ძალიან ნაზი, ფაქიზი,
მაგრამ ყველაზე გამძლე არომატია, რაც კი ოდესმე შემიყნო-
სავს.
ნოტიო ამინდში ნამდვილი საშინელებაა. ღამით ვიღვიძებ
და ვგრძნობ, როგორ დამტრიალებს თავს მხუთავი ღრუბელი-
ვით.
თავიდან მაშფოთებდა. სახლის გადაწვასაც კი ვფიქრობდი,
ოღონდ ეს სუნი მომეცილებინა თავიდან.
მაგრამ ახლა უკვე მივეჩვიე. ერთადერთი, რაც დანამდვი-
ლებით ვიცი – შპალერის ფერს მაგონებს! ყვითელი სუნია.

18
კედელზე რაღაც სასაცილო ლაქაა, ქვემოთ, პლინთუსთან.
მთელ ოთახს განსხვავებულ ზოლად გასდევს. ლამის ყველა
ავეჯის უკან ჩანს, საწოლის გარდა. გრძელი, სწორი, ცოტა
გადღაბნილი ზოლია, თითქოს ვიღაც კვლავ და კვლავ ეხახუ-
ნებოდა კედელს.
ნეტავ როგორ გაჩნდა აქ, ვინ დატოვა, ან რატომ? ირგვლივ-
ირგვლივ-ირგვლივ მერტყმის, ირგვლივ-ირგვლივ-ირგვლივ
და თავბრუს მახვევს!
როგორც იქნა, რაღაც აღმოვაჩინე.
ამდენი ღამის თვალთვალისა და ცვლილებებზე დაკვირვე-
ბის შემდეგ როგორც იქნა, აღმოვაჩინე.
შპალერის ზედა ნაწილიც ირხევა – ან რა გასაკვირია! ორ-
ნამენტს უკან დამალული ქალი აწვება და არხევს!
ზოგჯერ მგონია, რომ შპალერის უკან ბევრი ქალი იმალება,
ხან კი ვფიქრობ, ერთი უნდა იყოს, უბრალოდ, სწრაფი ფორ-
თხვით გადაადგილდება და ამის გამო შპალერის ზედაპირი
ირხევა.
განათებულ წერტილებში უმოძრაოდაა, დაჩრდილულ ად-
გილებში კი თავის გისოსებს ებღაუჭება და მთელი ძალით ან-
ჯღრევს. და სულ გარეთ გამოძვრომას ცდილობს. მაგრამ ამ
ორნამენტს თავს ვერავინ დააღწევს – ნამდვილი მახრჩობე-
ლაა; მგონი ამიტომაც ჩანს მასზე ამდენი თავი.
როგორც კი შპალერში გამოაღწევენ, ორნამენტი მათ გუ-
დავს, თავუკუღმა ჰკიდებს, თვალებს გადაუთეთრებს!
ეს თავები რომ რაიმეთი დაეფარათ, გაექროთ, შპალერი
ასეთი საშინელი სულაც აღარ იქნებოდა.
მგონი შპალერის ქალი დღისით გარეთ გამოდის!
და იცით რატომ მგონია ასე? – საიდუმლოს გაგიმხელთ –
მე ის დავინახე!
ყველა ჩემი ფანჯრიდან შემიძლია მისი დანახვა! ვიცი, რომ
სწორედ ის ქალია, რადგან ესეც სულ დაფორთხავს, ქალების
უმეტესობა კი დღის შუქზე არ ფორთხავს ხოლმე.
ვხედავ, როგორ მიცოცავს იმ გრძელ, დაჩრდილულ ბილიკ-
ზე. ყურძნის გაბარდნილი ტალავრის ქვემოთ. როგორ და-
ფორთხავს მთელ ბაღში.

19
იმ გრძელ გზაზეც ვხედავ ხოლმე, ხეების ქვემოთ, ხოხვით
მიიწევს წინ, ხოლო ეტლის გამოჩენისთანავე მაყვლის ბუჩქებ-
ში იმალება.
სულაც არ ვადანაშაულებ. ძალიან დამამცირებელი უნდა
იყოს, როცა დღისით-მზისით ფორთხვაში გამოგიჭერენ!
დღისით როცა დავფორთხავ ხოლმე, სულ კარებს ვკეტავ.
ღამით ამის გაკეთება არ შემიძლია, ჯონი მაშინვე რაღაცას
იეჭვებს.
და ჯონი კი ისეთი უცნაურია ამ ბოლო დროს, რომ მისი გა-
ღიზიანება არ მინდა. ნეტავ, სხვა ოთახში ცხოვრობდეს! თან
არ მინდა, რომ ის ქალი ღამით ჩემ გარდა ვინმე სხვამ გამოიყ-
ვანოს შპალერს ქვემოდან.
მაინტერესებს, ერთდროულად ყველა ფანჯრიდან თუ მოვა-
ხერხებ მის დანახვას.
მაგრამ რა სწრაფადაც არ უნდა ვიბზრიალო, ერთ ჯერზე
მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გახედვა შემიძლია.
და მართალია, მას ყოველთვის ვხედავ, მაგრამ იქნებ, იმაზე
სწრაფად შეუძლია ცოცვა, ვიდრე მე- შემობრუნება!
გაშლილ ველზეც მინახავს, ცოტა მოშორებით, ისეთი სის-
წრაფით მიფორთხავდა, როგორც გაპენტილი ღრუბელი, რო-
მელსაც გადარეული ქარი მიერეკება.
იქნებ შევძლო და შპალერს ზედა ორნამენტი ავაცალო! ვა-
პირევ, ცოტ-ცოტა მოვსინჯო, თუ გამომივა.
კიდევ ერთი სასაცილო რამ აღმოვაჩინე, მაგრამ ამჯერად
არ გეტყვით! ადამიანებს მეტისმეტად არ უნდა ენდო, არაა სა-
ჭირო.
მხოლოდ ორი დღე დამრჩა იმისთვის, რომ შპალერს ზედა
ფენა მოვაშორო, და ვატყობ, უკვე ჯონის ყურადღებას ვიქცევ.
მისი მზერა არ მომწონს.
და გავიგონე, როგორ უსვამდა ჯენის ბლომად პროფესიულ
შეკითხვებს ჩემ შესახებ. ჯენის მხოლოდ კარგი ჰქონდა სათ-
ქმელი. უთხრა, დღისით მშვენივრად სძინავსო.
რაც არ უნდა ჩუმად ვიყო, ჯონმა იცის, რომ ღამე კარგად არ
მძინავს.

20
მეც ათასგვარი შეკითხვა დამისვა, თან თავს ძალიან მოსიყ-
ვარულე და კეთილ ვინმედ მაჩვენებდა.
ვითომ ზუსტად არ ვიცოდე, რა შვილიცაა!
მაინც არ მიკვირს, ასე რომ იქცევა, ხუმრობა ხომ არაა სამი
თვე ამ შპალერიან ოთახში ძილი.
შპალერი ჩემთვის მხოლოდ ინტერესის ობიექტია, მაგრამ
ვგრძნობ, როგორ მოქმედებს იგი ფარულად ჯონსა და ჯენიზე.
ვაშა! დღეს ჩვენი ბოლო დღეა ამ სახლში, მაგრამ დრო მე-
ყოფა. ჯონი ღამით ქალაქში რჩება და საღამომდე სამსახური-
დან არ გამოვა.
ჯენის უნდოდა ჩემს ოთახში დაძინება – ამ გაიძვერას! მაგ-
რამ ვუთხარი, მარტო ნამდვილად უკეთ მოვისვენებ-მეთქი.
ჭკვიანურად გამომივიდა, რადგან, რა თქმა უნდა, მარტო
სულაც არ ვყოფილვარ! როგორც კი მთვარე ამოვიდა და იმ
საბრალომ ფორთხვა და ორნამენტებთან ჯაჯგური დაიწყო, მა-
შინვე წამოვხტი და მის დასახმარებლად გავიქეცი.
მე ჩემკენ ვქაჩავდი შპალერს, ის კი ეჯაჯგურებოდა, მე ვეჯაჯ-
გურებოდი და ის კი თავისკენ ქაჩავდა.
ნახევარ ოთახში ჩემს სიმაღლეზე ჩამოვხიე შპალერი.
შემდეგ კი, როცა მზე ამოვიდა და ამ საშინელმა ორნამენ-
ტმა კვლავ მასხრად ამიგდო, დავიფიცე, რომ დღეს ბოლოს
მოვუღებდი!
ხვალ მივდივართ და ავეჯი კვლავ ქვემოთ ჩააქვთ, რომ
ოთახს ძველებური იერი დაუბრუნონ.
ჯენიმ გაოცებით შეხედა კედელს, მაგრამ მხიარულად ვუთ-
ხარი, რომ როგორც იქნა, ამ საზიზღარ შპალერზე შური ვიძიე.
გაიცინა და თქვა, ამაზე მეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ არ
უნდა გადაიღალოო.
აი, როგორ გათქვა საკუთარი თავი!
მაგრამ მე აქ ვარ და ამ შპალერს ჩემ მეტი ვერავინ შეეხება!
არცერთ სულდგმულს არ მივცემ ამის უფლებას.
სცადა ოთახიდან გამოვეტყუებინე – აშკარად ამას ცდი-
ლობდა! მაგრამ ვუთხარი, ახლა აქ ისეთი სიმშვიდე, სიცარიე-
ლე და სისუფთავეა, წამოვწვები და კარგად გამოვიძინებ-მეთ-

21
ქი, და ვთხოვე, სადილისთვისაც არ შევეწუხებინე, თავად ვიხ-
მობდი, როცა გავიღვიძებდი.
ამგვარად, ახლა აქ არც ჯენია, არც მსახურები, არც ნივთე-
ბი, სხვა აღარაფერი დარჩა, გარდა იატაკზე მილურსმული დი-
დი საწოლისა და ტილოს ლეიბისა. ოთახი სწორედ ისეთია,
როგორც თავიდან დაგვხვდა.
ამაღამ ქვემოთ დავიძინებთ, ხვალ კი კატერით გავემგზავ-
რებით შინ.
ახლა, როცა ოთახი ძველებურად ცარიელია, აქაურობა ძა-
ლიან მომწონს.
როგორ გაუჩანაგებიათ ყველაფერი აქ მცხოვრებ ბავშვებს!
საწოლის თავი ლამის სულ დაღრღნილია!
მაგრამ საქმეს უნდა შევუდგე.
კარი ჩავკეტე, გასაღები კი ფანჯრიდან გადავაგდე. წინა ბი-
ლიკზე დაეცა.
არ მინდა გარეთ გასვლა, არც ვინმეს შემოშვება მინდა, ჯო-
ნის მოსვლამდე.
ჩემი ქმარი უნდა გავაოგნო.
ერთი თოკი ისე მივმალე, ჯენიმაც კი ვერ იპოვა. ის ქალი გა-
რეთ თუ გამოძვრება და გაქცევას დააპირებს, ამ თოკით შევ-
კრავ!
მაგრამ დამავიწყდა, რომ მაღლა ვერ შევწვდები, რაიმეზე
თუ არ ავძვერი!
ეს საწოლი ხომ ერთ ადგილზეა მილურსმული!
ვცადე, ოდნავ გადამეადგილებინა და მანამ ვაწვებოდი, სა-
ნამ ფეხი არ ვიტკინე, შემდეგ კი ისე გავბრაზდი, რომ საწოლის
კუთხეს დავუწყე ღრღნა – და კბილები ამტკივდა.
შემდეგ იმ შპალერის ჩამოხევა დავიწყე, რომელსაც ფეხზე
მდგარი ვწვდებოდი. ძალიან მაგრად ეკვროდა კედელს, ორ-
ნამენტი კი აშკარად აბუჩად მიგდებდა! მომხრჩვალ ადამიან-
თა თავები, გადმოკარკლული თვალები, დაბრეცილი სოკოე-
ბის წყება – დამცინავად ხარხარებდნენ!
უკვე იმდენად გავბრაზდი, ნებისმიერ თავზეხელაღებულ
საქციელს ჩავიდენდი. სიამოვნებით გადავხტებოდი ფანჯრი-

22
დან, მაგრამ გისოსები იმდენად მაგარი იყო, არც კი მიცდია
ამის გაკეთება.
თან ამას არც ვიზამდი. რა თქმა უნდა, არა. კარგად ვიცი, რა
შეუფერებელი საქციელია და რა არასწორად გაიგებდნენ.
ფანჯრიდან გახედვაც კი არ მინდა – ბაღი მხოხავი ქალები-
თაა სავსე, თან რა სწრაფად დაცოცავენ.
ნეტავ ისინიც ჩემსავით შპალერიდან გადმოვიდნენ?
მაგრამ ახლა უსაფრთხოდ ვარ შეკრული ჩემი კარგად და-
მალული თოკით – გარეთ, გზაზე ვერ გამიტყუებთ!
ღამით, ალბათ, ისევ მომიწევს ორნამენტს უკან დაბრუნება,
და ეს ძალიან მიმძიმს!
რა სასიამოვნოა ამ დიდ, ცარიელ ოთახში ჩემს გემოზე
ფორთხვა!
გარეთ გასვლა არ მინდა. არ გავალ, რამდენიც არ უნდა
მეხვეწოს ჯენიმ.
რადგან გარეთ მიწაზე ფორთხვა მომიწევს, იქ ყველაფერი
მწვანეა და არა ყვითელი.
აქ კი მშვიდად შემიძლია იატაკზე ვიფორთხო, ჩემი ბეჭი
ზუსტად იმ გრძელ ლაქას მიყვება, მთელ კედელს ზოლად რომ
გასდევს, ასე არ დავიკარგები.
აი, კართან ჯონი დგას!
არაფერი გამოგივა, ყმაწვილო, ვერ გააღებ!
როგორ ყვირის და აბრახუნებს!
ახლა იძახის, ნაჯახი მომიტანეთო.
სირცხვილია ასეთი მშვენიერი კარის დამტვრევა!
– ჯონ, საყვარელო! – უნაზესი ხმით ვეძახი, – გასაღები გა-
რეთ, წინკართანაა, მრავალძარღვას ფოთლებთან!
ამან რამდენიმე წამით დაადუმა.
შემდეგ მითხრა – ჩუმი ხმით შემევედრა:
– საყვარელო, გააღე კარი!
– არ შემიძლია. გასაღები გარეთ წინკართანაა მრავალძარ-
ღვას ფოთლებთან!
და შემდეგ კვლავ და კვლავ ვუმეორებდი იმავეს, უაღრესად
მშვიდად და დამარცვლით, და იმდენად ხშირად, რომ მოუწია,

23
წასულიყო და ენახა, თავისთავად, გასაღებსაც მიაგნო, და
უკან დაბრუნდა. კარში გაშეშდა.
– რა ხდება? – შეჰყვირა ჩემს დანახვაზე, – ღვთის გული-
სათვის, რას აკეთებ!
ფორთხვა არ შემიწყვეტია, ისე გადმოვხედე მხარს ზემო-
დან.
– როგორც იქნა, გამოვაღწიე, – ვუთხარი, – შენი და ჯენის
ხელის შეშლის მიუხედავად! და შპალერი ლამის სულ ჩამოვ-
გლიჯე, ასე რომ, უკან ვეღარ დამაბრუნებთ!
რა დაემართა ამ კაცს, რატომ წაუვიდა გული? იქვე, კედელ-
თან გაიშოტა და გზად გადამეღობა, ასე რომ, ყოველ ჯერზე
მასზე გადაფორთხება მიწევდა!

24

You might also like