ქართული 3

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

4.

ნეტარმა მამამ, გრიგოლმა პირველად ააშენა ხის ეკლესია,


შემდეგ თავისი სამყოფელი და თითო მცირე სენაკი ძმათათვის
და ერთი დიდი სენაკი საკუჭნაოდ. ყოველდღიურად
იზრდებოდა ძმობა, რადგან ემატებოდა უფალს მეთერთმეტე
ჟამის მუშაკები, რომლებიც უთანასწორდებოდნენ ადრინდელ
წმინდანებს (“განთიადის მუშაკებს”) და ხდებოდნენ წმინდა
მოწამეთა ღვაწლის მოზიარენი. ისინი განმტკიცდებოდნენ
ბერული ღვაწლით წმინდა მოწამეთა მსგავსად და მათზე
მეტადაც. მარტვილნი ერთხელ ეწამნენ ქრისტესთვის, ესენი კი
განუწყვეტლივ ეწამებოდნენ ქრისტესთვის. დავით
წინასწარმეტყველი ამბობს: “შენთვის მოვწყდებით
ყოველდღე”, ხოლო პავლე მოციქული ამბობს: ”ყოველდღე
ქრისტესთვის მოვკვდები”. იმ დროისთვის ბერი ჰუედიოსი
მეტად მოხუცდა და სიკვდილის პირას იყო. გარდაიცვალა იგი
და იქაურობა ნელსურნელებითა და ანგელოზთა გალობით
აივსო, რომლებმაც სიხარულით წაიყვანეს ბერი ჰუედიოსი
ქრისტეს წინაშე.მაშინ უფლის ნებით ქრისტეს მსახურ ძმათა
რიცხვი მატულობდა. გრიგოლი ზარმაცს ძმობაში არ იღებდა,
არამედ ჯერ გამოსცდიდა ყოველგვარ სასიკეთო საქმეში და თუ
ნახავდა, რომ ძმობაში მოსული ადამიანი წმინდა, მართალი,
თავმდაბალი, ყოველგვარი კეთილი საქმისთვის
მოწადინებული იყო, სიხარულით მიიღებდა. ამიტომაც მისი
ყველა მოწაფე მეტად კეთილშობილი იყო და ითვისებდნენ მის
(გრიგოლის) სათნოებას. ისინი ისე ემსგავსებოდნენ თავიანთ
მოძღვარს, როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა ქრისტეს,
რომელიც ამბობს: “მოწაფისთვის საკმარისია, მოძღვრის
მსგავსი თუ იქნება”. ასე სათნოებით ცხოვრობდნენ ისინი,
ხოლო მატერიალურად მეტად უჭირდათ.
6. იმ დროს აშოტ კურაპალატის  კარზე ერთი წარჩინებული
კაცი იყო. მას სახელად გაბრიელ დაფანჩული ერქვა. ეს
აზნაური ყოველმხრივ სრულყოფილი ადამიანი იყო - მდიდარი,
ბრძენი, ტანადი, ყველა საქმეში წარმატებული, მას რწმენის
ერთგულებას უქებდნენ. მას ეკუთვნოდა რამდენიმე სოფელი
ნეტარი გრიგოლის სავანის მახლობლად. როდესაც გრიგოლმა
თავისი მოწაფეების მატერიალური სიდუხჭირე იხილა, ღვთის
ნებით მივიდა გაბრიელ დაფანჩულის სახლში. როდესაც
გაბრიელმა გრიგოლის მოსვლა შეიტყო, წინ მიეგება მას და
თაყვანი სცა. წმინდანმა ჯვარი გადასახა ყოველივეს და დაჯდა.
მაშინ გაბრიელმა უთხრა წმინდა გრიგოლს: - ღირსო მამაო,
ჩვენთან ამქვეყნიური სიმდიდრეა, თქვენთან კი სულიერი
სიმდიდრე. ეს ორივე შევუზავოთ ერთმანეთს. თქვენ ამ
ცხოვრებაში და სიკვდილის შემდეგაც მონაწილე გაგვხადეთ
თქვენი წმინდა ლოცვებისა და ჩვენი ძვლები თქვენს წმინდა
ძვლებთან დასვენების ღირსი გახადეთ. მამაკაცთა სამარხად
ხანძთა დამიწესებია, ქალების სამარხი იყოს, ახლა რომ
შენდება ის მონასტერი. ხოლო ნეტარმა გრიგოლმა
გულმოდგინედ მოიძია და მონახა ადგილი გუნათლეს
მახლობლად, ჯვარი გადასახა იქაურობას და ააშენა დედათა
მონასტერი, რომელსაც ახლა გუნათლის ვანი ჰქვია. ხოლო
გაბრიელ დიდებულმა დიდი ძღვენით გამოუშვა მამა გრიგოლი
და მისცა კალატოზები (მშენებლები) და ყოველგვარი საშენი
მასალა ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად. ასე დაბრუნდა
გრიგოლი თავის სავანეში და გაიხარეს მისმა მოსწავლეებმა,
ღმერთს მადლობა შესწირეს და ლოცავდნენ ბერებს.
გრიგოლმა ჯვარი გადასწერა წმინდა ეკლესიის ადგილს და
დაიწყეს მშენებლობა. წმინდა გიორგის შემწეობით, ნეტარი
მამაის გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა, გაბრიელ
დიდებულისა და ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანის
მატერიალური დახმარებით წარმატებით დასრულდა ეკლესიის
მშენებლობა. მას შემდეგ უდაბნოში წმინდა მამებმა
მონასტრების შენება იწყეს და ასე გამრავლდა წმინდა სამების
მსახურნი და მარადის მადიდებელნი. ხოლო სნატრელი და
სასწაულმოქმედი დედა ფებრონია სამცხიდან ჩამოვიდა და
მერეს მონასტერში დამკვიდრდა. და უსაზღვრო იყო მისი
სათნოებით ცხოვრება და სულიერებაზე ზრუნვა.
თანამოაზრეები და მეგობრები იყვნენ ეს ნეტარი ადამიანები:
დედა ფებრონი და მამა გრიგოლი.

You might also like