Á ¡Á Á Á Á Á Á Á 1 3

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

სემინარი 1

ძვირფასო სტუდენტებო, გარდა იმ ლიტერატურისა, რაც სილაბუსში გაქვთ მითითებული, უნდა დაამუშაოთ ეს
ნაწილი წერილობით:
1. პირველ რიგში წაიკითხეთ ბიბლიის ტექსტი სოლომონის შესახებ.

წაიკითხეთ ბიბლია, მე-3 მეფეთა, თავები 3, 6 და 11.

https://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/dzveli/3mepeta/3mepeta-3.htm

2. გამოყავით ბიბლიის ტექსტიდან მთავარი საკითხები.


3. შემდეგ წაიკითხეთ იოსებ ფლავიუსის ისტორიული ტექსტი, ფრაგმენტი ებრაული ფოლკლორული
ტექსტების კრებულიდან და ასევე ქართული ხალხური ტექსტები.
4. დავალება მდგომარეობს შემდეგში: ბიბლიის ტექსტიდან გამოყოფილი უმთავრესი საკითხები უნდა
მოიძიოთ ისტორიულ და ფოლკლორულ ტექსტებში და იმსჯელოთ:
ა) რამდენად ეყრდნობა ებრაელი ისტორიკოსი ბიბლიის ტექსტს, რა გადმოაქვს და როგორ; ბ) როგორ არის
ბიბლიური ეპიზოდი ტრანსფორმირებული ებრაულ ფოლკლორში; გ) როგორ არის წარმოჩენილი ქართულ
ფოლკლორში მეფე სოლომონის სახე, რომელ ბიბლიურ თემას ეხმაურება თითოეული ტექსტი და როგორ? რა
ტიპის ტრანსფორმაციებთან გვაქვს საქმე და რის სიმბოლოდ გვევლინება სოლომონი ქართულ
ზეპირსიტყვიერებაში.
5. ფორმა მისაღებია ნებისმიერი - სქემატური, ანალიტიკური კომენტარი, მსჯელობა, ან რაც თქვენ
გაგიხარდებათ.
6. სემინარის ჩაბარების ბოლო ვადაა მომდევნო ლექციის დღე;
7. გამოგზავნისას წერილს დააწერეთ სემინარი 1.
8. დამატებითი კითხვებისთვის მომწერეთ.

იოსებ ფლავიუსი (იუდეველი ისტორიკოსი, 37-100 წწ.), იუდეური სიძველენი1:

წიგნი VIII , თავი 2.

1. მას შემდეგ, რაც სოლომონმა განიმტკიცა საკუთარი ტახტი და დაამარცხა მოწინააღმდეგეები, ცოლად შეირთო
ეგვიპტის ფარაონის ასული. შემდეგ კიდევ უფრო განამტკიცა იერუსალიმის კედლების მოცულობა და ამის შემდეგ
სრული მშვიდობით მეფობდა. ამასთან, მისი ახალგაზრდული ასაკი ხელს არ უშლიდა, რომ ყოფილიყო
სამართლიანი, ზედმიწევნით დაეცვა კანონები და დაემახსოვრებინა საკუთარი მამის მოთხოვნები, რომ დიდი
სიფრთხილით გადაეწყვიტა ყველა საქმე, თითქოს ის თავის ასაკზე გაცილებით უფროსი იყო და გაცილებით დიდ
გამოცდილებას ფლობდა. ამგვარად მან გადაწყვიტა, გამგზავრებულიყო ქებრონს და უფალი ღმერთისთვის
მსხვერპლი შეეწირა მოსეს მიერ აღმართულ სპილენძის სამსხვერპლოზე; ამ მიზნით მან სრულად დასაწველი
მსხვერპლი შესწირა ღმერთს - 1000 სამსხვერპლო ცხოველი. ამის აღსრულებაც კი ვერ მოასწრო, რომ უკვე შეეძლო
დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მისი მსხვერპლშეწირვა უფალმა შეიწირა. საქმე იმაშია, რომ იმავე ღამით უფალი
გამოეცხადა სოლომონს ძილში და შესთავაზა, დაესახელებინა ჯილდო, რომელსაც ღმერთი მას მიუძღვნიდა მისი
დიადი კეთილდღეობისთვის. მაშინ სოლომონმა უფალს სთხოვა, ეჩუქებინა საუკეთესო და უმაღლესი, რაც
ღმერთისთვის იქნებოდა ყველაზე სასიამოვნო გასაჩუქებელი, ხოლო ადამიანისთვის სასარგებლო მისი მიღება;
კერძოდ: მას არ დაუწყია ეთხოვა არც ოქრო-ვერცხლი და სხვა სიმდიდრე, რასაც მოითხოვდა ნებისმიერი სხვა
ადამიანი და მით უმეტეს, ყმაწვილი. მან უთხრა: „მაჩუქე, უფალო, საღი გონება და ნათელი აზრი, რომ როცა განვსჯი
ჩემს ხალხს, ყოველთვის შევძლო ჩავწვდე ჭეშმარიტებას და მისი საქმენი სრული სამართლით გადავწყვიტო!. ღმერთს
გაუხარდა ასეთი თხოვნა და აუწყა სოლომონს, რომ ის მას აჩუქებს არა მხოლოდ იმას, რაც სოლომონმა სთხოვა,
არამედ იმასაც, რაც არ დაუსახელებელია თავის თხოვნაში, კერძოდ - სიმდიდრე, დიდება, მტერზე გამარჯვება და
უმთავრესად ისეთი ჭკუასა და სიბრძნეს, რომელსაც მანამდე არ ფლობდა არც ერთი ადამიანი - არც მეფე და არც სხვა

1
თარგმანი ჩემია, ნაკლებ მხატვრული, მაგრამ ზუსტი - ეთერ ინწკირველი.
მოკვდავი. ამასთან, ღმერთმა აღუთქვა მას, რომ შეუნარჩუნებდა მის შთამომავლობას მეფობას დიდხანს, თუ ის
დარჩებოდა სამართლიან ადამიანად და ეთაყვანება მას და მამამისის (დავითის) ყველა კეთილ თვისებას გადაიღებდა.
ამ წინასწარმეტყველების მიღებისთანავე სოლომონი მაშინვე წამოდგა თავისი საწოლიდან და ილოცა ღმერთისთვის,
დაბრუნდა იერუსალიმში, სადაც საზეიმო მსხვერპლშეწირვა აღასრულა, რის შემდეგაც ყველა იუდეველს
გაუმასპინძლდა.

2. ამ პერიოდში მას მოუხდა განეხილა ერთი სასამართლო საქმე, რომლის კეთილგონიერი გადაწყვეტა რთულად
წარმოიდგინებოდა. შეჩერება ამ საქმეზე, რომლის გადაწყვეტაც მას მოუხდა, მე აუცილებლად ჩავთვალე იმისთვის,
რომ ნათლად დამენახვებინა ჩემი მკითხველებისთვის ამ პროცესის მთელი სირთულე და რომ თუ ისინი მსგავს
სიტუაციაში აღმოჩნდებიან, სოლომონის მახვილგონიერების მაგალითზე შეძლონ ისწავლონ როგორ მოიქცნენ მსგავს
შემთხვევებში. მეფესთან მოვიდა ორი მეძავი ქალი, რომელთაგან ერთმა, რომელიც თავს წარადგენდა
დაზარალებულად, მიმართა სოლომონს: მეფეო, მე ვცხოვრობ ამ ქალთან ერთ სახლში. და ისე მოხდა, ორივემ
ზუსტად ერთსა და იმავე დღეს და საათს გავაჩინეთ ვაჟები. სამ დღეში, ამ ქალმა ძილში დაახრჩო თავისი შვილი,
შემდეგ ჩემი ბავშვი წაიყვანა თავისთან და მე კი თავისი მკვდარი ბავშვი მომიწვინა, ვიდრე მეძინა. და დილით, როცა
მოვინდომე, ძუძუ მეჭმია ჩემი შვილისთვის, ის ვერ ვიპოვე და ჩემთან ახლოს დავინახე მისი მკვდარი ბავშვი.
ყველაფერი ეს გამოვარკვიე ზუსტი გამოკვლევის გზით. ამიტომ მე ვითხოვ, დამიბრუნდეს ჩემი შვილი და შენი
დახმარება მჭირდება, უფალო: რადგანაც ჩვენ მარტონი ვიყავით სახლში და ამ ქალს არ ემუქრება თავისი ტყუილის
მხილება არავისგან, ის ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე!

ამ ბრალდების შემდეგ მეფემ კითხვით მიმართა მეორე ქალს, რა ჰქონდა ნათქვამის საწინააღმდეგო. მაშინ მან დაიწყო
უარყოფა, ამბობდა, რომ ცოცხალი ბავშვი მისი შვილია, რამდენადაც მოწინააღმდეგის ჩვილი მოკვდა და არავის
დამსწრეთაგან არ შეეძლო ამ კამათის განსჯა. ამბავმა ყველა დააბნია, მხოლოდ მეფე მიხვდა, რა უნდა მოემოქმედა.
გაუშვა ერთი თავისი დაცვის წევრი და მოაყვანინა ცოცხალი ყრმა, ასევე მკვდარი ბავშვის ცხედარიც, შემდეგ უბრძანა,
ორივე გაეკვეთათ შუაზე და ნახევარ-ნახევარი გაენაწილებინათ ორივე. მთელმა ხალხმა გულში დასცინა მეფეს ასეთი
ბავშვური გადაწყვეტილების გამო, მაგრამ იმავე წამს ნამდვილმა დედამ განწირულად იკივლა და მოითხოვა, არ
აღესრულებინათ ეს ბრძანება და თანახმა იყო, თავისი შვილი მეორე ქალისთვის დაეთმო, თითქოს ის მეორე იყო
ნამდვილი დედა (ის კმაყოფილი იყო მხოლოდ იმ აზრითაც კი, რომ ბავშვი ცოცხალი დარჩებოდა და შეძლებდა მის
დანახვას, თუნდაც არ ჩათვლილიყო მის შვილად), მაშინ როცა მეორე ქალი სიხარულით დათანხმდა მოეკლათ ბავშვი,
რომ თავისი მოწინააღმდეგისთვის ნიშანი მოეგო. ორივე ქალის გულის ხმით მეფე მიხვდა მთელ ჭეშმარიტებას და
გადაწყვიტა ბავშვი მიეცა იმ ქალისთვის, ვინც გააპროტესტა ბავშვის მოკვლა, ხოლო მეორე გადაწყვიტა დაესაჯა,
რადგან თავისი შვილი მოკლა და ახლა ცდილობდა, დაეღუპა მეგობრის ჩვილიც. ასეთი გადაწყვეტილების გამო
ხალხი დარწმუნდა, როგორი არაჩვეულებრივი ჭკუის და სიბრძნის მფლობელი იყო ეს მეფე და იმ დღიდან ყველა
განეწყო მის მიმართ, როგორც ღვთაებრივი გონის მქონე ადამიანის მიმართ.

ებრაული ფოლკლორული ტექსტების კრებული - აგადა

XV. სოლომონის სიბრძნე

გაბაონში ღმერთი სიზმარში გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რა მოგცე“.

უბოძე შენს მონას გონიერი გული - უპასუხა სოლომონმა.

რაბი სიმონ ბენ ხალაფტას იგავი: მეფეს ჰყავდა მრჩეველი, რომელიც მეფეს გამორჩეული ჰყავდა. ერთხელ უთხრა
მეფემ მრჩეველს: მთხოვე, რა მოგცე. მაშინ მეფის მრჩეველმა იფიქრა: „თუ ვთხოვ ოქრო-ვერცხლს, მეფე მომცემს,
ძვირფას თვლებსა და მარგალიტებზეც არ მეტყვის უარს. უმჯობესია ვთხოვო ცოლად მეფის ასული. მასთან ერთად
მოვა ყველა დანარჩენი.

აი ასე გადაწყვიტა სოლომონმაც: ჯობია გონება ვთხოვო და გონებით ყველაფერს მივაღწევ.

ღმერთმა უთხრა სოლომონს: იმიტომ, რომ მთხოვე ჭკუა და არა დიდხანს სიცოცხლე, სიმდიდრე, მტერთა ძლევა, მე
მოგცემ იმას, რაც მთხოვე და იმასაც, რაც არ გითხოვია.
ქართული ფოლკლორული ჩანაწერები:

ა) ერთხელ, ეშმაკებმა, რომლებსაც შეშურდათ სოლომონის სიბრძნე, გადაწყვიტეს, უფსკრულში ჩაემწყვდიათ იგი.
მძინარე სოლომონი ორმოში ჩააგდეს. როცა გამოფხიზლდა, სოლომონმა ქვების მოგროვება დაიწყო. ეშმაკები
გაოცდნენ. როდესაც ჰკითხეს, თუ რას აკეთებდა, მან უპასუხა: „დედამიწაზე უამრავი ტაძარი ამიგია. ახლა ისღა
დამრჩენია, ეშმაკებს ავუგოო ქვესკნელში ტაძარი“. ეშმაკებს შეეშინდათ სიწმინდის და გადაწყვიტეს, სოლომონი
მაღლა ამოეყვანათ (პარადოვი).

ბ) „იესო ქრისტე ჩევიდა ჯოჯოხეთში და იქითგან ყველა სამოთხეში გადმოიყვანა, სოლომონ ბრძენიც იქ იყო, მარა
იმას უთხრა: შენ შენმა სიბრძნემ გამოგიყვანოს აქიდანო. შეშინდა სოლომონი და დაიწყო ბალავარის ღება. რას
აკეთებო - უთხრეს ეშმაკებმა. აქანაო ეკლესია უნდა ავაშენო და ვეხვეწოო. ეშმაკებმა კრეს პანღური და
გადმოისროლეს სამოთხეში“ (თსუფა: 25801).

ქართული ხალხური ზღაპარი

საწყალი კაცი

ერთი საწყალი კაცი იყო, ორი ქალი ჰყამდა და ერთი ბიჭი. ღარიბი იყო, რომ იმის ბედობაზე არაფერი
იპოვებოდა – არცა ხარი, არც ნათესი, არც ნახნავი, არც საჭმელი, არც სასმელი. უთხრა ცოლმა, რომაო:
ესე უნდა ვიყოთ ჩვენაო უბედურები? ადგა და იმ კაცმა უთხრა: – სამი წელიწადი დამითხოვეო. სამ
წლამდი თუ მოვიდეო, მოვიდე, თუ არა და სამ წელს იქით გათხოვდიო.

გასწია, წავიდა ეს საწყალი კაცი. ერთი სახენწიფო გაიარა, არაფერი, გადავიდა, მეორეც გადავიდა. ორი
სახენწიფო გაიარა რაღა. მესამეში რო მივიდა, მესამე სახენწიფოში, იქ არსებობდა და უფლობდა სოლომონ
ბრძენი. დაიარა მოჯამაგირეთ ამ კაცმა და იქ ვერსად ვერ დადგა იმ სახენწიფოში, სოლომონ ბრძნის
სახენწიფოში. უთხრეს: თუ დაგიჭერს, სოლომონ ბრძენი დაგიჭერს, თუ არა და არავის უნდაო.

მოვიდა სოლომონ ბრძნის კარებზე, კარისკაცი გამოვიდა და უთხრა: რა გინდაო, შვილოო? – ხენწიფეს
მოახსენეო, მოჯამაგირეთ ვდგები, საწყალი კაცი ვარ, დამიჭირეო. შევიდა და მოახსენა. – მოვიდესო.
უთხრა: სამ თუმან მოგცემ წელიწადშია და, თუ გინდაო, მემსახურე ერთ წელიწადს, თუ გინდა, ერთ
სიტყვას გაჲსწავლი და სამ თუმანს არ მოგცემ. დაიჭირა მაგ პირობით ეს კაცი.

ძალიან კაი მოსამსახურე იყო და გაათავა ერთი წელიწადი. გასხნა ოქროს ყუთი და ამოიღო სამი თუმანი და
დააწყო სტოლზე ოქროს ფული, უთხრა: შვილო, თუ გინდა, ეს სამი თუმანი წაიღე, თუ გინდა, ერთი
სიტყვა რო გითხარი, ის წაიღე. იფიქრა ამ საწყალმა კაცმა: იქნება რამე მაჩუქოს, მოდი და სიტყვას
ვისწავლი და, რასაც მაჩუქებს, წავალ ჩემ ცოლ-შვილთან. უთხრა: მასწავლე ის სიტყვაო. სოლომონ ბრძენმა
უბძანა: შენ რაც ნახო წინაპირველათ, იმის სახელი არ უთხრა, აქე და ადიდე. ამოუსვა და ის ფული
ჩაყარა ყუთში: წადი, მე არაფერს არას მოგცემო, წადი შენ სახლშიო.

ამ კაცმა თქვა საწყალმა: მოდიო, ისევ დამიჭირე მოჯამაგირეთო. ათ თუმან ოქროს ფულს დაჰპირდა
წელიწადში და იმ ერთ სიტყვას: თუ გინდა, ფულს მოგცემ, თუ გინდა, ერთ სიტყვას გასწავლიო. დაიჭირა
მაგ პირობით ის საწყალი კაცი და გაათავა მეორე წელიწადი. ამოიღო ოქროს ყუთიდან ის ათი თუმანი და
დაუწყო სტოლზე, უთხრა: შვილო, აი ეს ათი თუმანი და ერთი სიტყვა, თუ გინდა, ის წაიღე, თუ გინდა,
ათი თუმანი ოქროს ფული. თქვა ამ კაცმა: იქნება დამასაჩუქროსო და ის ერთი სიტყვა მაჲსწავლოსო.
უთხრა: მასწავლე ის სიტყვაო. უთხრა: რასაც შენი ხელით ვერ შესწვდებოდეო, იმასაო ხელი არ
მიაწოდოვო. მოუსვა და ჩაყარა ეს ათი თუმანი თავის ოქროს ყუთში.

დაღონდა ეს გლეხი, რა ქნას, უთხრა: დამიჭირე კიდევ მესამე წელიწადსა. ოცი თუმანი გაურიგდა ოქროს
ფული და ერთი სიტყვა. ბოლო დროში უნდა წამოვიდეს, ცოლი გაუთხოვდება. გავიდა ეს წელიწადი,
ამოიღო და დააწყო ოცი თუმანი ოქროს ფული, უთხრა: შვილო, თუ გინდა, ეს ოქროს ფული წაიღე, თუ
გინდა, ერთ სიტყვას დაგპირდი, ის. ამ კაცმა იფიქრა: იქნება დამასაჩუქროს რამე და მოდი, ის ერთი
სიტყვა მასწავლოს. ასწავლა ის სიტყვა იმანა, რომ: რაც შენის თვალით არ დაინახო და შენის ყურით არ
გაიგონოო, სხვისი სიტყვა არ დაიჯეროო. მოუსვა ის ფული და ჩაყარა ოქროს ყუთში.

გამეემშვიდობა ეს საწყალი კაცი და წავიდა თავის სახლში. არაფერი არ დაასაჩუქრა. ის სახენწიფო გამოიარა
და მეორე სახენწიფოში გადავიდა და იქ იყო უწინდელ დროს კარახტინი შეკრული, სტაცეს ხელი და
დაიჭირეს ეს საწყალი კაცი, უთხრეს, რო შენ ხენწიფე გიბძანებს და წამობრძანდიო. წაიყვანეს იქ, მიიყვანეს
სახლში, შეიყვანეს. სასახლეში არიან მრავალი ხენწიფეები, დიდრონ-დიდრონი ნეფის ჩამომავლები, შუა
ალაგას კრესლა დგა, ერთი ბაყაყი თამაშობს ზედ. ხან გადახტება ბაყაყურათ, ხან გადმოხტება. უთხრეს ამ
კაცს, რო: უნდა გამოიცნო, თუ რა არი. ვინც ეუბნევა ბაყაყია, თავსა ჲჭრის, ვინც ეუბნევა არაო, მაინც
იმასაც სჭრიან თავსა. ამ კაცს ჰკითხეს: შენ თუ ვერ გამოიცანი, შენც მოგჭრით თავსაო. იფიქრა ამ კაცმა და
თქვა ამ კაცმა: მე რო სოლომონ ბრძენთან ვიყავი, რა მასწავლა პირველათ: ის მასწავლა, რო, შენ რაც
ნახო, იმის სახელი არა თქვა, აქე და ადიდე. ქება შეასხა: ღმერთმა აცოცხლოს, მე მაგისი სახელი და
გვარი არ ვიცი, ვხედამ, რომ კაი რამეა. გადმოხტა ის ბაყაყი და გავიდა მეორე კაბინეტში, გაიხადა ბაყაყის
ტანისამოსი და გამოვიდა იქიდან ქალი. არის იმ ხენწიფის ცოლი, რომელიც იმ სახენწიფოს უფლობს.
მივიდა და აკოცა ამ საწყალ კაცს შუბლზე, უთხრა: შენ ძმა და მე დაო და ნახევარი სახენწიფო შენი
იყოსო. ამ საწყალმა კაცმა უთხრა: მე საწყალი ცოლ-შვილი მყავს, მე უნდა მივეპატრონო ჩემს ცოლ-შვილს.
დაუკერეს სახენწიფო ტანისამოსი ცოლსაც, შვილებსაც და თითონაც ჩააცვეს. რამოტელა ოქრო და ვერცხლი
ჯორ-აქლემით გაატანეს თავის ცოლ-შვილში.

იარა იმ დღეს. ერთ შუადღისას ერთ ალაგას ერთი დიდი ნერგი იდგა და მივიდა ჩრდილში და ჩამოხადა
ჯორ-აქლემს ყველაფერი და უნდა ისადილონ. შევხედეთ და ერთი სოვდაგარი მოვიდა იმ ალაგას თავის
ჯორ-აქლემით, უთხრა, რომა: ვინა ბძანდებით თქვენა? – მე სახენწიფო კაცი ვარ, ჩემ ცოლ-შვილს
მივდივარ. უთხრა, რომ: ქაღალდის თამაშობა არ იციო? – არ ვიცი ქაღალდი თამაშობაიო. ამ ლაპარაკში
ერთი დიდი ფრინველი შემოჯდა ამ დიდ ხეზე, უთხრა ამ კაცმა: მოდიო, თუ მე ეს ფრინველი დავიჭირო,
შენ მამეცი ეს ჯორ-აქლემი, რაცა გაქ, და თუ შენ დაიჭერ, ჩემ ჯორ-აქლემს შენ მოგცემ. იფიქრა:
სოლომონ ბრძენთან რო ვიყავი მეორე წელიწადში, რა მასწავლა იმანაო, ის არ მითხრა: რასაც შენი ხელი
არ მისწვდებოდეს, იმაზე ხელი არ მიიღოო. იმ საწყალ კაცმა უთხრა: თუ შენ დაიჭერ, მე მოგცემო და,
თუ ვერ დაიჭერო, შენ მამეციო. ადგა და დაწერეს წერილები, რომა ეს პირობები შესრულებულიყო,
მააწერეს ორივემ ხელი, ფრინველი იქა ზის. დაიწყო დაჭერვა, გავიდა ამ ხეზე, როგორც მივიდა ერთ
ტოტთან, მეორეზე გავიდა ფრინველი. მეორეზე რო გადავიდა ეს კაცი, ის მესამეზე გადავიდა. ასე რომ
წვერამდი სდია და კიდეც გაფრინდა. ჩამოვიდა და ეს ჯორ-აქლემი და სუყველაფერი ამ საწყალმა კაცმა
წაასხა.

მივიდა თავის მინდვრის ალაგას, შეხვდა ერთი ალალი მეზობელი კაცი, ჰკითხა: ჩემი ცოლ-შვილი როგორ
არიო? – სამი წლის გამამავლობა ჰქონდა იმ კაცსა. იმ კაცმა უთხრა, რო: შენი ცოლ-შვილი დაიხოცაო, შენ
ეზოში ჭინჭარი ამოვიდაო. ძალიან ეწყინა იმ საწყალ კაცსა და დაბრუნდა თავი ჯარით, მოვიდა ისევ იმ
ნერგ ქვეშ, სოვდაგარი რო იყო. თქვა, რო მესამე წელიწადი რო ვიყავი სოლომონ ბრძენთან, რა მასწავლა,
ჯორ-აქლემი ჩამოხდილი აქ ძირსა, ისა, რაც შენი თვალით არა ნახო და რაც შენი ყურით არ გაიგონო,
სხვის სიტყვა არ დაიჯერო. უთხრა: ჯორ-აქლემი აჰკიდეთ და გავემგზავროთ ისევ-ისევა. გეემგზავრენ და
მივიდენ თავის სახლში, არც ჭინჭარი იყო და ცოლ-შვილი ისევ-ისევა ჰყამდა. უთხრეს: შენი ქმარი
მოვიდაო და ჯარი და ჯარამათი მორეკაო. ტანისამოსი შეუგზავნა ცოლსაც და შვილებსაც. არ იღებდა: ჩემი
ქმარი საწყალია და ეს საიდან არიო?! არ მივიღებო. უთხრა: მე სახელი ესა მქვიანო, შვილებს ესა ჰქვიანო,
შენა ესაო, და უამბო ყველაფერი. ცოლმა მიიღო. კითხა, რომაო: შენაო რით აცხოვრებდი შენ შვილებსაო?
– ქალებიო ბამბის საწეწავათ იყვნენ და იქ აჭმევდენ პურსაო, ვაჟსაო სამი ჭადი ჰქონდა, თითონ იქა
სჭამდაო და მე სამი მყოფნიდაო. დალოცეს ერთმანეთი.

ჭირი იქ დავაგდეთ, ლხინი აქ მოვიტანეთ, ნაცარი იქ დავტოვეთ, ფქვილი აქ მოვიტანეთ. ელასა-მელასა,


ძილი გაამოთ ყველასა.

ჩამწერი: ვარლამ თოფურია.

ჩაწერის დრო და ადგილი: ქართლი, სოფ. ტყვიავი, 1923.

მთქმლი: სტეფანე გიუნაშვილი.

კახეთში გაგონილი

სოლომან ბძენთან მივიდნენ ორი ქალი, რძლები, რომელიც რო ერთ დეეხჩო ბაშვი აკვანზე და
რძლისათვი მიეგდო და ცოცხალი კიდენ თითონ მიეთვისნა და არ ანებებდა თავი დედას. სოლომან ბძენმა
უთხრა: ბაშვი გაჭერითო, ნახევარი ერთ მიეცით, ნახევარი მეორესაო! მაშინ ნამდვილი დედა რომელიც
იყო: ნუ გაჲჭრითო, მაგას ჰყვანდესო! ხოლოთ მეორე კი ამობდა: გასჭერითო. მაშინ მიხვდნენ ყველა, თუ
ვინ იყო ნამდვილი დედა და შვილი მისცეს იმას.

უპასპორტო ჩანაწერი
თსუფა2 9251:

იყო სოლომან ბრძენი, რომელმაც იცოდა ყველა ფრინველის ენა. ერთხელ მან დაიბარა ფრინველები და უთხრა: ერთი
გამოცანა უნდა გითხრათ, თუ ვერ გამოიცნობთ, ყველას დაგხოცავთ და ციხე-კოშკს ავაშენებო. ფრინველებს
გაუკვირდათ, რა გამოცანა უნდა იყოს ისეთი, რომ ვერ გამოვიდნოთო, სოლომამა ასეთი კითხვა დაუსვა: ქვეყანაზე
კაცი ბევრია თუ ქალიო? სოლომანი ყველა ფრინველს სათითაოდ ეკითხებოდა, მაგრამ ვერ გამოიცნეს. ზოგი მამაკაცს
თვლიდა ბევრად, ზოგი კი ქალს. მხოლოდ ბუ იყო გაჩუმებული და კამათში მონაწილეობას არ იღებდა. როდესაც
მასაც ჰკითხეს, ბუმ უპასუხა, რომ ქალი უფრო ბევრი იყო: რა კაცი ქალის ჭკვას აჰყვება, ისიც დედაკაციაო, სწორეაო,
უთხრა სოლომონმა და გაათავისუფლა ფრინველები.

თსუფა 3595:

იყო სოლომონ ბრძენი. იმას ჰყავდა ერთი ავადმყოფი ცოლი. უთხრა ცოლმა სოლომონს: რაც ქვეყანაზე ფრინველია,
იმას თუ გაწყვეტ და იმათი ბუმბულისგან ლოგინს შემიკრავ, მოვრჩები, თუ არადა მოვკვდებიო.

დაიბარა სოლომონმა ფრინვლები. ყველა მოვიდა ბაიყუშის გარდა. სამჯერ დაუძახა და მეოთხეზე მოვიდა ბაიყუში.
მან კითხვა დაუსვა სოლომონს: ქალი უფრო მეტია ქვეყანაზე თუ კაციო? სოლომონმა უთხრა - კაციო. ბაიყუშმა
უთხრა: ვინც ქალის სიტყვით დადის ისიც ქალი არ არისო? მიხვდა სოლომონ ბრძენი და ბაიყუში გაათავისუფლა.

ჩამწერი: მაყვალა კოჭლავაშვილი

ჩაწერის დრო და ადგილი: 1965, მესხეთ-ჯავახეთი

მთქმელი: ერმონია ლეკიშვილი, 67 წლის.

2
თსუფა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული არქივი.

You might also like