შესაქმისათვის

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

წმიდა გრიგოლ ნოსელი

შესაქმისათვის კაცისა

ძმას, მონას ღმრთისას, პეტრეს სებასტიის


ეპისკოპოსს, გრიგოლი ეპისკოპოსი ნისიისა
...
შეიძლება შინაარსი სიტყვისა ბევრს კადნიერებადაც ეჩვენოს, მაგრამ შეუფერებლად მაინც არ
ჩაითვლება, რადგანაც ქმნილება ღმრთისა ღირსეულად მხოლოდ ბასილიმ, ვინც ჭეშმარიტად ხატად
ღმრთისად დაიბადა და ვინც სული თვისი ხატებითა დამბადებელისათა განამშვენა, ჩვენმა საერთო
მამამ და მასწავლებელმა, მოიაზრა. მან მაღალი წესრიგი სამყაროსი თავისი გამოკვლევით ადვილად
მისაწვდომი გახადა მრავალთათვის და სოფელი, რომელიც ღმრთისაგან ჭეშმარიტი სიბრძნით
შეიქმნა, შესამეცნებლად აქცია მათთვის, ვინც ჭვრეტას მისი სიბრძნით მიეახლა.

ხოლო ჩვენ, რომელნიც იმისთვისაც კი უძლურნი ვართ, რომ მისით ღირსეულად განვცვიფრდეთ,
მაინც განვიზრახეთ დამატება იმისი, რაც დიდ მოაზროვნეს გამოუკვლეველი დარჩა...

პატარა როდია მიზანი, რომელიც ჩვენ განსახილველად დავისახეთ, სამყაროს საკვირველებათაგან


არცერთს არ ჩამორჩება იგი, პირიქით, ყველაზე მეტია იმათგან, რაც შევიცანით, რადგან
არსებულთაგან ღმერთს, გარდა ამ ქმნილების – ადამიანისა, სხვა არავინ ემსგავსება. ამიტომ იმ
შემთხვევაშიც კი, როცა სიტყვა ღირსებაზე ბევრად დაბლა დაეშვება, კეთილგონიერ მსმენელთა
შორის შენდობა ჩვენ მიერ თქმულისათვის უკვე გამზადებული იქნება. ვსაუბრობთ რა ადამიანზე,
ვფიქრობ, იმათგან, რაც მას უკავშირდება, გამოუკვლეველი არცერთი არ უნდა დაგვრჩეს; არც ის,
როგორც ეს გვჯერა, მას უკვე გარდახდა, არც ის, როგორც ამის მოლოდინი გვაქვს, მომავალში
გარდახდება და არც ის, რასაც მასში ახლა ვჭვრეტთ...
 
თავი I
რომელშიც ნაწილობრივ მოცემულია ბუნებისმეტყველება სამყაროსი და რამდენადმე უფრო
დაწვრილებით თხრობა იმათ შესახებ, რომელნიც უწინარეს კაცისა დაიბადნენ

1. “ესე არს წიგნი შესაქმისა ცისა და ქუეყანისა” (დაბ. II, 4), - ამბობს საღმრთო წერილი მას შემდეგ,
რაჟამს სრულიქმნა ყოველი ხილული, დაბადებულთაგან ყოველმა საკუთარი მდგომარეობა დაიკავა
და სხვებს გამოეყო, რაჟამს ზეციურმა სხეულმა ყოველივე გარემოიცვა, ხოლო მძიმე და დაღმა
მსწრაფმა სხეულებმა – მიწამ და წყალმა, რომელნიც ერთმანეთს განამტკიცებენ, ადგილი ყოველივეს
შუაში მოიპოვეს. ურთიერთკავშირი და სიმტკიცე დაბადებისა არსთა ბუნებას ღმრთეებრივი
ხელოვნებისა და ძალისაგან მიეცა, რომელიც ყოველივეს ორკეცი ქმედებით მართავს, რადგან
არაარსთა არსად მოყვანება და არსებულთა ყოფიერება უძრაობითა და მოძრაობით განაგო.

2. ცა უსწრაფესი მოძრაობით გარშემო იმისა, რაც უძრავ ბუნებაში მძიმე და უცვლელია, ვითარცა
ირგვლივ რაღაც მტკიცე ღერძისა, მსგავსად ბორბლისა ტრიალებს და ამგვარად ორივეს – უძრაო-
ბასაც და მოძრაობასაც დაურღვევლად იცავს. წრიულად მბრუნავი ბუნება, სწრაფი მოძრაობის
წყალობით, მიწის სიმკვრივეს წრიულად კუმშავს, ხოლო მყარი და დაუმორჩილებელი თავისი
შეუძვრელი სიმტკიცით მის გარშემო წრიულად მოძრავთა ბრუნვას მოუკლებელად აძლიერებს.
ამასთან, მოქმედებით დაშორებულ არსთა – უძრავი ბუნებისა და დაუდგრომელი ბრუნვის მიერ,
ერთშიც და მეორეშიც თანაბარი გარდამეტებულობა იქმნება, რადგან თავისი საფუძვლიდან არც
დედამიწა იძვრის და მოძრაობის ძალას არც ზეცა ამდოვრებს და ასუსტებს. და ეს პირველნი,
ვითარცა რაღაც საწყისნი არსთა ყოველი მოწყობისა, შემოქმედის სიბრძნით, დაბადებულთაგან
ყველაზე ადრე იქნენ განმზადებულნი. ვფიქრობ, დიდი მოსე ცისა და მიწის პირველად დაბადებას
იმისთვის წარმოაჩენს, რომ ღმრთეებრივი ნებით ყოფიერებაში მოსულ ქმნილებაში ყოველი
1
მოვლენა მოძრაობისა და უძრაობისაგან წარმოიშობა. რამდენადაც საწინააღმდეგო ქმედებათა გამო
ცა და დედამიწა ერთმანეთს სრულიად უპირისპირდება, ქმნილება, რომელიც დაპირისპირებულთა
შორისაა და ნაწილობრივად მეზობლებთანაცაა ნაზიარები, უკიდურესთა შორის შუამავლობას
სწევს; ასე რომ, ამ შუალედურის მიერ კავშირი დაპირისპირებულთა შორის ნათელი ხდება.

3. თუმცაღა ჰაერი ბუნების სიმსუბუქითა და მოძრაობის უნარით რამდენადმე ცეცხლის ბუნების


მარადიულ მოძრაობასა და სიწვრილეს ემსგავსება, მაგრამ არც იმგვარია, რომ მყართან ნათესაობა
საერთოდ არ ჰქონდეს. ამიტომაც იგი არც მარადის უძრავად რჩება და არც მუდმივად მდინარებს და
განიბნევა, არამედ აქვს რა საერთო თვისებები ორივესთან, ვითარცა ერთგვარი ზღვარი დაპირის-
პირებულთა ენერგიებს შორის, ბუნებით დაშორებულებს თავისთავში ერთდროულად კიდევაც
აერთებს და კიდევაც ყოფს.

4. აგრეთვე, ნოტიო ბუნებაც თავისი ორგვარი თვისებებით დაპირისპირებულთაგან ორივესთან


შეწყობილია: სიმძიმითა და დაღმა სწრაფვით დიდი ნათესაობა აქვს მიწასთან, ხოლო დინებისა და
გადაადგილების ენერგიებთან ზიარების გამო, არც მოძრავი ბუნებისგანაა სავსებით გაუცხოებული,
არამედ ერთგვარი ნაზავი და ნაერთია დაპირისპირებულთა – სიმძიმისა, რომელიც ამოძრავდა და
მოძრაობისა, რომელიც სიმძიმით არაა შეფერხებული. ასე ხვდებიან ერთმანეთს ბუნებით დაშორე-
ბული უკიდურესობანი, შუამავლის მიერ შეერთებულნი.

5. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაპირისპირებულთა ბუნება, საკუთარი თვისებების საშუალებით,


სრულიადაც არაა უზიარებელი სხვა ბუნებასთან; ასე რომ, ვფიქრობ, სამყაროს ყველა მოვლენა
ერთმანეთისკენაა მიდრეკილი და ქმნილება, რომელშიც საპირისპირო თვისებებს ვხედავთ,
თავისთავთან ერთი ცხოვრებით ცხოვრობს.

6. მოძრაობად არა მხოლოდ გადაადგილება მოიაზრება, არამედ იგი ცვალებადობასა და გადაქცევა-


შიც იხილვება;

7. და კვლავ, რადგანაც უცვალებელი ბუნება არ უშვებს ცვალებით მოძრაობას, ღმრთის სიბრძნემ,


თვისებანი შეცვალა, შექმნა რა მარადის მოძრავი უცვალებლად, უძრავი კი – ცვალებადად,

8. ხოლო ეს განსაკუთრებული განზრახვით განაგო, რათა არავის, რომელიც რომელიმე ქმნილებაში


ბუნების ისეთ თვისებას იხილავდა, როგორიც გარდაუქცევლობა და უძრაობაა, ქმნილება ღმერთად
არ მიეჩნია, რადგან ღმრთეებრიობის ვარაუდი იქ, სადაც მოძრაობა და ცვალებადობაა, არ შეიძლება.
ამიტომაც დედამიწა თუმცა უძრავია, მაგრამ არა უცვლელი; ზეცას კი, პირიქით, ცვალებადობა არა
აქვს, მაგრამ არც უძრავია, რადგანაც ღმრთეებრივმა ძალამ უძრავ ბუნებასთან ცვალებადობა შეაერ-
თა, ხოლო ცვალებადთან – უძრაობა. ამგვარად, თვისებათა გაცვლით ორივე ბუნება ერთმანეთთან
დაანათესავა, რითაც აზრი მათი ღმრთეებრიობის შესახებ უცხო გახდა, რადგან, როგორც ეს უკვე
ითქვა, არცერთი ამათგანის ღმრთეებრივ ბუნებად მიჩნევა არ შეიძლება, არცა არამყარისა და არცა
ცვალებადისა.

9. ამრიგად, ყოველივემ საკუთარ სისრულეს მიაღწია, ანუ, როგორც მოსე ამბობს: “სრულ იქმნეს ცაი
და ქუეყანა” (დაბ. II, 1) და ყოველივე მათ შორის და თითოეული მათგანი მისთვის შესაფერისი
მშვენებით შეიმკო:

10. ზეცა – მნათობთა ნათელით, ზღვა და ჰაერი – მცურავი და მფრინავი ქმნილებებით, დედამიწა –
ყოველგვარი მცენარეულითა და სხვადასხვა ოთხფეხით, რომელიც მან, ღმრთეებრივი ნებით გაძლი-
ერებულმა, მეყსეულად შობა. აღივსო დედამიწა მშვენებით, ყვავილთა თანა ნაყოფნიც გამოიღო;
მდელოებიც აღივსნენ იმათგან, რომელნიც მდელოებს შეეფერება, ზღვის ციცაბო ნაპირები, მწვერვა-
ლები, ყოველი ფერდობი, ვაკე თუ ხეობები გვირგვინოსან იქმნენ ხასხასა ბალახითა და ხეთა მრა-
2
ვალფეროვანი მშვენიერებით, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ მიწიდან ის-ის იყო აღმოცენდნენ,
მყისვე სრულქმნილ სილამაზეს მიაღწიეს. ალბათ, ღმრთის ბრძანებით ყოფიერებაში მოყვანილი
ყველა ცხოველი, დაბურულ ტყეებში ჯოგებად და სახეობებად დაფანტული, ხარობდა და ხალისით
ხლტოდა. ფრინველთა გალობამ ყოველივე აახმიანა, თვით ყველაზე მივარდნილი და უღრანი
ადგილებიც კი.

11. მაგრამ სანახაობა ზღვისა, რა თქმა უნდა, რამდენადმე მაინც სხვაგვარი იყო: უბეებში შეკრებილი,
იგი მშვიდად და წყნარად იდგა, ღმრთეებრივი ნებით თვითონვე ჩაღრმავდნენ რა სანაპირო ადგი-
ლებში, ნავმისადგომები და ყურეები ზღვას ხმელეთს აჩვევდნენ და ნელი მოძრაობით ტალღებისა
სილამაზეში მდელოებს ეცილებოდნენ, ხოლო მსუბუქნი და უვნებელნი ნიავნი მხოლოდ წყლის
ზედაპირს აქოჩრებდნენ მოხდენილად. ქმნილებათა მთელი სიმდიდრე ხმელეთსა და ზღვაზე უკვე
გამზადებული იყო, მაგრამ მფლობელი მისი ჯერ კიდევ არ არსებობდა.
 
თავი II
რატომ დაიბადა კაცი ქმნილებათაგან ყველაზე ბოლოს

1. ამრიგად, არსთა სამყაროში კაცი – ეს დიდი და პატივდებული ქმნილება – ჯერ კიდევ არ მკვიდ-
რობდა, რადგანაც არა ჯერ იყო ქვეშევრდომთა უწინარესად მმართველის გამოჩენა, არამედ შემოს-
ვლამდე მეფისა, სამეფო უნდა გამზადებულიყო. ამიტომ ყოველთა შემოქმედმა მომავალ მეფეს
ერთგვარი სამეფო სასახლე წინასწარ განუმზადა: ეს იყო დედამიწა და კუნძულები, ზღვა და ზეცა,
რომელიც ამათ ყოველთა ზედა კამარისებრ ჭერად მოდრიკა, და ამ სამეფო სასახლეში მრავალფე-
როვანი სიმდიდრე დააუნჯა. ხოლო სიმდიდრეს მე ვუწოდებ ყველა ქმნილებას, ყველა მცენარესა და
ამონაყარს, ყველას, რასაც შეგრძნება აქვს, ყველას, რაც სუნთქავს და ვისაც სული აქვს. თუ სიმდიდ-
რეს ის ნივთიერებანიც უნდა მივათვალოთ, რომელნიც ფერადოვნებისა გამო, კაცთა თვალში
ძვირფასად მიიჩნევიან, როგორც, მაგალითად, ოქრო და ვერცხლი, ქვებიდან კი ისინი, რომელნიც
ადამიანებს უყვართ, სიუხვე მათი, ვითარცა ერთგვარი სამეფო საუნჯე, მიწის წიაღსა შინა დაფარა,

2. რის შემდეგაც სამყაროში კაცი წარმოაჩინა, რათა იგი მისთა საკვირველებათაგან ზოგის მაყურე-
ბელი ყოფილიყო, ზოლო ზოგისაც – უფალი. ტკბობით მას მომცემელის გულისხმისყოფა უნდა
შეეძინა, ხოლო დაბადებულთა მშვენიერებისა და სიდიდის მიერ შემოქმედის გამოუთქმელი და
გამოუკვლეველი ძლიერება გამოეკვლია. ამიტომ იქნა შემოყვანილი კაცი ქმნილებათაგან ყველაზე
ბოლოს, არა როგორც ვინმე შეურაცხი და ბოლოში მიგდებული, არამედ ვითარცა მეფე ქვეშევრ-
დომთა, რომელსაც მათ ზედა მეუფება დაბადებისთანავე შეეფერებოდა.

3. მსგავსად კეთილი მასპინძლისა, რომელიც სტუმრებს, ვიდრე გამზადებამდე კერძებისა, შინ არ


მიიწევს, არამედ ჯერ განამზადებს რა ყოველივეს, როგორც საჭიროა: სახლსაც დაასუფთავებს და
სანადიმო დარბაზსაც და ტაბლასაც შესაფერისად განამშვენებს, კერძებისათვის სანოვაგესაც მოიმ-
ზადებს და თანამეინახეს შემდგომად ამისა მიიღებს, ასევე მდიდარმა და გულუხვმა მასპინძელმა
ჩვენისა ბუნებისა, ჯერ ეს სახლი ყოველგვარი სილამაზით შეამკო, დიდი და მრავალფეროვანი
ნადიმი განამზადა, ხოლო კაცი შემდეგ შემოიყვანა და საქმედ განუწესა არა მოპოვება იმისა, რაც არ
ჰქონდა, არამედ ტკბობა იმით, რაც ებოძა. მის აგებულებას საფუძველიც ცხოვრებისა ორმაგი
დაუდო, შეაზავა რა ერთმანეთს მიწიერი და ღმრთეებრივი, რათა ტკბობა, რომელიც თითოეულს
ენათესავება და ახასიათებს, ორივეს მიერ ჰქონოდა; ღმრთეებრივი ბუნებით ღმერთითაც
დამტკბარიყო და მათთან ერთგვაროვანი მგრძნობელობით – მიწიერი სიკეთეებითაც.
 
თავი III
იმის თაობაზე, რომ ბუნება კაცისა ყველა ხილულ ქმნილებაზე უპირატესია

1. არა გვერდის ავლის, არამედ ჩვენი განხილვის ღირსია ისიც, რომ შესაქმე ესოდენ ვრცელი

3
სამყაროსი და მისი შემადგენელი ნაწილებისა, რომელნიც, ვითარცა სტიქიები (ელემენტები) ყო-
ველთა აგებულების საფუძვლად იქნენ დაბადებულნი, ღმრთეებრივი ძალით მსწრაფლ აღსრულდა
და იმავდეროულად განმტკიცდა კიდეც მისი ბრძანებით; ხოლო შესაქმეს კაცისა წინ უძღოდა ბჭობა:
ხელოვნის მიერ სიტყვით წინასწარ გამოისახა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი ქმნილება,
რომელი პირველსახის მსგავსება უნდა ეტარებინა, რისთვის უნდა შექმნილიყო, რა უნდა ეკეთებინა
შემდგომად შესაქმისა და ვისზე უნდა ემთავრა. სიტყვამ ყოველივე ეს გაითვალისწინა, რათა
ადამიანს მიეღო უფროსობა, ღირსი მისი დაბადებისა, რადგან ძალაუფლება დაბადებულთა ზედა
უკვე მანამდე ჰქონდა, ვიდრე ყოფაში თავად მოვიდოდა; ნათქვამია ხომ:

2. “თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა


ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა
ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა” (დაბ. I, 26).

3. ჰოი საკვირველება! მზე შეიქმნა და წინ არავითარი ბჭობა არ წასძღომია. ასევე ზეცაც, - რომელსაც
დაბადებულთა შორის ბადალი არ ჰყავს, ეს საოცრებაც მხოლოდ სიტყვით აღიმართა, ხოლო შესახებ
იმისა, თუ საიდან, ან როგორ, ან სხვა რაიმე ამგვარზე, სიტყვა არაფერს შენიშნავს. ასევე, სხვაც
ყველა: ეთერი, ვარსკვლავები, ჰაერი, მათ შორის განფენილი, ზღვა, დედამიწა, ცხოველები თუ
მცენარენი – ყოველივე სიტყვით დაიბადა.

4. ყოველთა შემოქმედი წინდახედულობით, ისე რომ, მისი აგებულებისათვის მასალაც მოემზადები-


ნა, ფორმითაც პირველსახის მშვენეირებისათვის დაემსგავსებინა, მიზანიც დაესახა, რისთვისაც
უნდა დაბადებულიყო და მისი შესატყვისი ბუნებაც შეექმნა, თავისი ქმედებებით ამ მიზნისათვის
გამოსადეგი, მხოლოდ კაცის შესაქმეს მოეკიდა.
 
....... 

თავი XVI
განხილვა ღმრთის სიტყვისა, რომელიც თქვა: “ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსად” (დაბ. 1,26).
აქვე გამოძიება ხატის შინაარსისა და იმისა, ემსგავსება თუ არა ნეტარსა და უვნებელს ვნებული და
წარმავალი, და რატომ იხილვება ხატში მამრობითი და მდედრობითი, მაშინ, როცა პროტოტიპში არ
არის

1. მაგრამ კვლავ ღმრთეებრივ სიტყვას დავუბრუნდეთ: “ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა”
(დაბ. 1,26). როგორც მცირედ და უღირსად წარმოედგინათ ბუნებითი დიდებულება კაცისა
გარეშეთაგან* ზოგიერთებს, განადიდებდნენ რა მას, როგორც თვითონვე ფიქრობდნენ, ამ
სოფელთან შესწორებით და ამბოდნენ, რომ ადამიანი მცირე სამყაროა და იმავე სტიქიათაგან
შედგება, რომელთაგანაც ყოველივეა შედგენილი. ასხამდნენ რა კაცობრივ ბუნებას ამ საქებარი
სახელით სასურველ ხოტბას, თვითონვე ვერ ამჩნევდნენ, რომ ადამიანს პატივს კოღოსა და თაგვის
თვისებებისთვის მიაგებდნენ; ისინიც ხომ ამავე ოთხი სტიქიის ნაზავს წარმოადგენენ, რადგან
არსებულთაგან ყოველის რაღაც ნაწილი მეტ-ნაკლებად ყოველთვის იხილვება სულიერში,
რომელთა გარეშეც გრძნობებთან ზიარებით შედგენილთაგან წარმოშობა არცერთს არ ძალუძს.

2. რა არის იმაში დიადი, რომ ადამიანი სამყაროს სახედ და მსგავსებად იქნეს მიჩნეული, მაშინ, როცა
ცაც წარხდება, მიწაც შეიცვლება და ყოველივეც, რასაც ისინი მოიცავენ, მათთან ერთად წარხდება?
მაგრამ რაში მდგომარეობს ეკლესიის სწავლების მიხედვით სიდიადე ადამიანისა? არა შექმნილი
სამყაროს მსგავსებაში, არამედ იმაში, რომ ხატად შემოქმედის ბუნებისა დაიბადა.

3. და რას ნიშნავს “ხატი”? შეიძლება იკითხო: როგორ ემსგავსება სხეულებრივს უსხეულო?


მარადიულს – წარმავალი? უცვალებელს – ცვალებადი? უვნებელსა და უხრწნელს – ვნებადი და
4
განხრწნადი? უზიარებელს ყოველგვარ ბოროტებასთან – ყოველსავე ბოროტებასა შინა მყოფი და
მასთანვე თანაშეზრდილი? დიდადაა ხომ დაშორებული ის, რაც პირველსახის შესახებ მოიაზრება,
იმისაგან, რაც ხატად დაიბადა.  რადგან ხატად, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, ის იწოდება,
რაც პირველსახეს ემსგავსება. უკეთუ ბაძვა საგანს ბაძვისა დაშორებულია, მაშინ იგი სხვა რამეა და
არა ხატი მისი.

4. მაშინ როგორღა არის ადამიანი, რომელიც მოკვდება, ვნებადი და სწრაფწარმავალია, ხატი


შეურევნელისა, წმინდისა და მარადის არსებულისა ბუნებისა?

5. მაგრამ ჭეშმარიტი სწავლება ამის შესახებ ნათლად და გარკვეულად მხოლოდ თავად


ჭეშმარიტებამ უწყის. ჩვენ კი, რამდენადაც ამის დატევება შეგვიძლია, ვიძიებთ რა ჭეშმარიტებას
მიხვედრილობითა და ვარაუდებით, გამოსაძიებელის შესახებ ასე ვფიქრობთ: არც ღმრთეებრივი
სიტყვა ტყუის, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი ხატად ღმრთისა დაიბადა და არც უბადრუკობა
საწყალობელი კაცობრივი ბუნებისა არაა მსგავსი ნეტარებით უვნებელი ცხოვრებისა.

6. ამიტომ, უკეთუ ვინმე ღმერთთან ჩვენს გათანასწორებას ცდილობს, ორიდან ერთ-ერთი


უცილობლად უნდა აღიაროს: ან ღმრთეება წარმოადგინოს ვნებულად, ან კაცება – უვნებელად, რათა
ცნება მსგავსებისა ორივეს თანაბრად შეესაბამებოდეს. ხოლო უკეთუ არც ღმრთეებაა ვნებული და
არცა კაცებაა გარეშე ვნებისა, მაშინ რჩება, რაღაც სხვა გაგება, რომლითაც ვამტკიცებთ ჭეშმარიტებას
ღმრთეებრივი ხმისა, რომელმაც თქვა, რომ კაცი ხატად ღმრთისა დაიბადა.

7. ასე რომ, ჩვენ ისევ წმინდა წერილს უნდა მივუბრუნდეთ და ვნახოთ, ხომ არ არის მასში, რაც იქ
წერია, რაიმე ისეთი, რომელიც საძიებელი საკითხის გადაწყვეტაში გვიხელმძღვანელებს. თქვა რა
“ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად” და ისიც, თუ რაისათვის “ვქმნეთ”, ნათქვამს დაუმატა: “და შექმნა
ღმერთმან კაცი და ხატად ღმრთისა შექმნა იგი. მამაკაცად და დეკაცად ქმნა იგინი” (დაბ. 1,27).

8. ზემოთ უკვე ითქვა**, რომ ეს სიტყვები მწვალებელთა უსჯულოების დასამხობად წინასწარ


წარმოითქვა, რათა ვისწავლოთ, რომ კაცი მხოლოდშობილმა ღმერთმა ხატად ღმრთისა შექმნა და
ღმრთეება მამისა და ძისა ერთმანეთისაგან არცერთი ნიშნით არ გავყოთ, რადგან წმინდა წერილი
ორივეს თანაბრად უწოდებს ღმერთს: მასაც, ვინც ადამიანი შექმნა და მასაც, ვის ხატადაც შეიქმნა.
მაგრამ, დაე, სიტყვა ამის თაობაზე აქ შეწყდეს და ისევ საძიებელ საკითხს მივუბრუნდეთ:

9. რატომ იწოდება კაცი წმინდა წერილის მიერ მსგავსად ღმრთისა, როცა ღმრთეება ნეტარია, ხოლო
კაცება – საწყალობელი. ამისთვის რაც ითქვა, იმის გამოწვლილვით გამოძიებაა საჭირო, და ვნახავთ,
რომ სხვაა ის, რაც ხატად დაიბადა და სხვა, რომელიც ახლა უბადრუკებად ჩანს. “შექმნა ღმერთმან, -
ამბობს, - კაცი, ხატად ღმრთისა შექმნა იგი”. შესაქმე ხატად დაბადებულისა დასრულდა, მაგრამ
შემდეგ აგებულების საკითხს ისევ უბრუნდება და ამბობს: “მამაკაცად და დედაკაცად ქმნნა იგინი”.
ვფიქრობ ყველასათვის გასაგებია, რომ ეს პირველსახის გარეთ უნდა იქნეს მოაზრებული, რადგან
ქრისტეს მიერ, როგორც მოციქული ამბობს, არც მამაკაცობაა და არცა დედაკაცობა (შდრ. გალატ.
3,28).

10. მაგრამ ამის მიხედვით, როგორც სიტყვა გვეუბნება, ადამიანი იყოფა; ასე რომ, აგებულება ჩვენი
ბუნებისა რამდენადმე ორმაგია: ერთი მსგავსია ღმრთეებისა და მეორე – ამ სხვაობით –
მამაკაცობითა და დედაკაცობით განყოფილი. რაღაც ამდაგვარზე მიგვანიშნებს ხომ დაწერილის
თანმიმდევრულობით სიტყვაც, რადგან ჯერ თქვა: “შექმნა ღმერთმან კაცი, ხატად ღმრთისა შექმნა
იგი”, ხოლო შემდეგ ნათქვამს დაუმატა: “მამაკაცად და დეკაცად ქმნა იგინი”, რაც უცხოა იმისათვის,
რასაც ღმრთის შესახებ მოვიაზრებთ.

5
11. მე ვფიქრობ, საღმრთო წერილის მიერ ამ ნათქვამით დიდი და მაღალი მოძღვრებაა
გადმოცემული და ეს მოძღვრება ასეთია:
12. კაცობრივი ბუნება ორ, ერთმანეთისაგან დაშორებულ უკიდურესობას – ღმრთეებრივსა და
უსხეულო ბუნებასა და პირუტყვულსა და ცხოველურ ცხოვრებას შორის, - შუალედურია.
აგებულებაში კაცისა ხომ დასახელებულ ბუნებათაგან ნაწილობრივ ორივეს ხილვაა შესაძლებელია:
ღმრთეებრივისაგან – მეტყველისა და გონიერისა, რომელიც დაყოფას მამაკაცად და დედაკაცად არ
უშვებს, ხოლო პირუტყვულისაგან – ხორციელი აგებულებისა და განწყობილებისა, რომელიც
მამაკაცებად და დედაკაცებადაა განყოფილი. თითოეული ამათგანი (ამ ბუნებათაგანი) კაცობრივ
ცხოვრებას ყოველმხრივ არის ნაზიარები, მაგრამ, როგორც ეს ჩვენ ადამიანის შესაქმის შესახებ
თანმიმდევრული თხრობიდან შევიცანით, მათგან პირველი გონიერია, ხოლო ზიარება და
ნათესაობა ადამიანისა პირუტყვულთან – მომდევნო, რადგან ჯერ თქვა: “შექმნა კაცი ღმერთმან
ხატად ღმრთისა”, და ამ სიტყვებით გვაჩვენა, რომ, როგორც მოციქული ამბობს, მასში მამაკაცება და
დედაკაცება არ იყო, ხოლო თავისებურებანი კაცობრივ ბუნებას შემდეგ შესძინა, როცა “მამაკაცად და
დედაკაცად” შექმნა იგინი. და რას ვსწავლობთ აქედან? დაე, ნურავინ აღშფოთდება ჩემზე იმის გამო,
რომ წინამდებარე აზრის განსამარტავად სიტყვას შორიდან ვიწყებ.

13. ღმერთი თავისი ბუნებით ყველა ის სიკეთეა, რომლის წვდომაც კი აზრით შეიძლება. უკეთ რომ
ვთქვათ, გონებით მოაზრებულსა და მისაწვდომ სიკეთეზე ამაღლებული, კაცობრივ ცხოვრებას არა
სხვა რამის, არამედ იმის გამო ქმნის, რომ სახიერია. და რადგან ამგვარია და კაცობრივი ბუნების
შექმნაც ამიტომ მოისურვა, ძალა თავისი სახიერებისა ნახევრად კი არ წარმოაჩინა, ისე რომ, იქიდან,
რაც აქვს, რაღაც მიეცა და რაღაცას გაზიარება დანანებოდა, არამედ სახე სრულისა სახიერებისა
სწორედ ისაა, რომ ადამიანი უმყოფობიდან ყოფიერებაში (არარსებისგან არსად) მოიყვანა და
ყოველგვარ სიკეთეგანაც უნაკლულო ჰყო.

14. რამდენადაც ჩამონათვალი სიკეთეთა დიდია და ამდენად აღრიცხვა მათი ძნელი, ამიტომ
სიტყვამ ყოვლისმომცველი ხმით ყოველივე ერთობლივად აღნიშნა, თქვა რა, რომ ხატად ღმრთისა
დაიბადა კაცი. ეს ხომ იგივეობრივია ნათქვამისა: კაცებრივი ბუნება ყოველგვარ სიკეთეს აზიარა,
რადგან, უკეთუ ღმრთეება სახიერებათა სავსებაა და ეს (კაცი) მისი ხატია, ხატი პირველსახეს
სწორედ იმით დაემსგავსება, რომ ყოველგვარი სახიერებით იქნება სავსე. ამრიგად, ჩვენში არის იდეა
ყოველგვარი მშვენიერებისა, ყოველი სათნოება და სიბრძნე და საერთოდ, ყოველივე, რაც კი
საუკეთესოდ მოაიაზრება. ყოველთა მათ სიკეთეთაგან ერთ-ერთია, იყო თავისუფალი იძულებისაგან
და დაუმორჩილებელი რომელიმე ბუნებითი მძლავრებისა, და თვითმფლობელური ნება
გქონდეს***, რადგან თავისუფლება ძალაუფლების ქვეშ არ მყოფი (დამოუკიდებელი) და ნებსითი
სიკეთეა, ხოლო ის, რაც იძულებითი და ძალდატანებითია, არ შეიძლება სათნოება იყოს.

15. ამგვარად, რამდენადაც ხატი პირველსახის სილამაზის ყველა თვისებას ატარებს, მასთან რაიმე
სხვაობა რომ არ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, იგი მსგავსება კი არ იქნებოდა, არამედ ყოვლითურთ
პირველსახის იგივეობრივად წარმოჩნდებოდა, მისგან არაფრით განსხვავებული. ამიტომ თავად
ღმრთეებისა და მას შორის, რაც ღმრთეებას ემსგავსება, რა სხვაობას ვჭვრეტთ? იმას, რომ ერთი
შეუქმნელია, ხოლო მეორემ არსებობა შესაქმით მიიღო. ამგვარმა თვისებრივმა სხვაობამ შედეგად
სხვა თვისებათა სხვაობანიც წარმოშვა. ყველას მიერ უცილობლადაა აღიარებული, რომ შეუქმნელი
ბუნება უქცეველი და მარადის იგივეა, ხოლო შექმნილის ცვლილების გარეშე არსებობა არ შეუძლია,
რადგან თვითონ გადასვლა უმყოფობიდან ყოფიერებაში, არარსებობის არსებობით შეცვლა, უკვე
ერთგვარად მოძრაობაა, რომელიც ღმრთეებრივი ნებით ხდება.
16. ვითარცა სახარება გამოსახულებას დრაჰკანზე კეისრის ხატს უწოდებს, საიდანაც ვსწავლობთ,
რომ თუმცაღა გარეგნული ნაკვთებით გამოსახულება მსგავსი იყო კეისრისა, მაგრამ სინამდვილეში
მისგან განსხვავდებოდა, ასევე აწ თქმული სიტყვის მიხედვითაც, ნაცვლად ნაკვთებისა მოვიაზრებთ
რა მას, რაშიც მსგავსება ღმრთეებრივსა და კაცობრივ ბუნებათა შორის განიჭვრიტება, სინამდვილეში
ვპოულობთ სხვაობას, რომელიც შეუქმნელსა და შექმნილ ბუნებას შორის იხლვება. რამდენადაც
6
ერთი ყოველთვის თავისი თავის იგივეობრივი და მარადიულია, ხოლო მეორე – შესაქმით
დაბადებული – არსებობას ცვლილებისაგან იწყებს და ნათესაობაც ყოფიერების ამ სახესთან აქვს.

17. მან, რომელმაც ყოველნი მანამდე იცოდა, ვიდრე ისინი შეიქმნებოდნენ, ამისდა შესაფერისად,
როგორც წინასწარმეტყველება ამბობს, ან, უფრო სწორად, წინასწარმცნობელი ძალით, წინასწარ
გაიაზრა რა, საით მიდრკებოდა მოძრაობა კაცობრივი თვითმფლობელი და თავისუფალი ნებისა, ე.ი.
იცოდა რა მომავალი, ხატში სხვაობის შეტანა მამაკაცობითა და დედაკაცობით მოიფიქრა, რაც
ღმრთეებრივ პირველსახეში არ იხილვება, ანუ როგორც ითქვა, პირუტყვულ ბუნებას განეკუთვნება.
მიზეზი ამგვარი ჩანაფიქრისა მხოლოდ ჭეშმარიტების თვითმხილველთა და სიტვის მსახურთა
იციან;****
18. ხოლო ჩვენ, რამდენადაც ძალგვიძს, ჭეშმარიტებას ვარაუდებითა და სახეებით წარმოვადგენთ.
გონებაში მოსულს დამტკიცებულად კი არ გადავცემთ, არამედ კეთილგანწყობილ მსმენელებს
საწვრთნელად შევთავაზებთ.
19. და რა არის ის, რაც ჩვენ ამის შესახებ მოვიაზრეთ? თქვა რა სიტყვამ, რომ შექმნა კაცი ღმერთმან,
მნიშვნელობის განუსაზღვრელობით მთელ კაცობრივ ბუნებაზე მიუთითა, რადგან აქ ქმნილება
“ადამად” არ იწოდება, როგორც ეს შემდეგ თხრობაშია, არამედ სახელი დაბადებადი ადამიანისა არა
მხოლოდ კონკრეტულად ვინმესია, არამედ საყოველთაო.*****
20. ამიტომ, ბუნების სახელწოდებიდან გამომდინარე, ჩვენ იმგვარ ვარაუდამდე მივდივართ, რომ
ღმრთეებრივი წინასწარმცნობელობითა და ძალით მთელი კაცობრივი ბუნება პირველსავე
დაბადებასა შინა იქნა შემოსაზღვრული, რადგან უნდა მივიჩნიოთ, რომ ღმრთისათვის მის მიერ
შექმნილთა შორის არაფერია განუსაზღვრელი და ყოველს აქვს რაღაც ზღვარი და საზომი
შემოქმედის სიბრძნით მიზომილი.
21. ვითარცა ერთი კაცის სხეულია შემოსაზღვრული სიდიდით და ამდენად ოდენობა არის საზომი
მისი გვამისა, რომელიც სხეულის ზედაპირითაა დასრულებული, ვფიქრობ, მთელი სისრულე
კაცობრივი ბუნებისა, ყოველთა ღმერთის წინასწარმცნობელი ძალით ასევე თითქოსდა ერთი
სხეულითაა მოცული და ამას გვასწავლის სიტყვაც, რომელი ამბობს: “შექმნა ღმერთმან კაცი და
ხატად ღმრთისა შექმნა იგი”. ამგვარად, არც ხატია ბუნების რომელსამე ნაწილსა შინა და არც
მადლია იმათგან, რომელნიც ცალ-ცალკე იხილვებიან, ერთ რომელიმეში ჩაკეტილი, არამედ მისი ეს
ძალა მთელს მოდგმაზე ერთნაირად ვრცელდება.

22. ამის ნიშანი კი ისაა, რომ გონება ყოველს თანაბრად მიეცა, ყველას აქვს ძალა აზროვნებისა,
წინასწარ განზრახვისა და სხვა დანარჩენიც, რომელთა მიერაც ღმრთეებრივი ბუნება მის მსგავსად
დაბადებულთა შორის გამოისახება. ერთნაირად აქვს ეს როგორც სამყაროს პირველად მოწყობისას
დაბადებულ ადამიანს, ასევე იმასაც, რომელიც აღსასრულის ჟამს დაიბადება. ღმრთეებრივ ხატს
თავიანთ თავში ისინი თანაბრად (ერთნაირად) ატარებენ. ამიტომაც ეწოდა ყოველს სახელი ერთი
ადამიანისა, რადგან ძლიერებისათვის ღმრთისა არც წარსულია და არც მომავალი, არამედ
მოსალოდნელიც თანაბრად ახლანდელისა ყოველივეს მომცველი ენერგიითაა გარემოცული.
ამგვარად, მთელი ბუნება დაუბადებელის ერთი ხატია, პირველიდან უკანასკნელამდე განფენილი.
ხოლო მამრობითი და მდედრობით სქესად დაყოფა ქმნილებას, როგორც ვფიქრობ, ბოლოს შეეძინა
შემდეგი მიზეზით.

-----------------------------------------------------------
* იგულისხმება წარმართი ფილოსოფოსები (მთგ.).
** იხ. თავი VI.
*** აქ ვამჯობინეთ “γνῴμη” “ნებად” გვეთარგმნა და არა “გადაწყვეტილად”, რადგან ეს კონტექსტმა
გვიკარნახა. გადაწყვეტილება მაინც შედარებით ვიწრო ცნებაა და მისი მიღება ცალკეულ
კონკრეტულ შემთხვევაში ხდება. აქ კი, კონტექსტის მიხედვით, წმ. გრიგოლ ნოსელი საერთოდ
ადამიანის თავისუფალ ნებაზე საუბრბს (მთგ.).

7
**** შდრ. ლუკა 1,2. “ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თვით-მხილველ და
მსახურ ყოფილ იყუნეს სიტყვისა მის”.
***** რამდენადაც ებრაულად “ადამი” ადამიანს ნიშნავს, პირველმა ადამიანმა სახელად ჩვენი
ბუნების საერთო სადხელწოდება მიიღო. დაბადებადში აქ იგულისხმება ადამიანი, რომლიც უნდა
შეიქმნას (მთგ.).
 
თავი XVII
რა უნდა ვუპასუხოთ საგონებელში ჩავარდნილებს იმის გამო, რომ უკეთუ შვილიერება შემდგომად
ცოდვისა შემოვიდა, როგორ დაიბადნენ (ჩემის აზრით აქ უნდა იყოს დაიბადებოდნენ) სულები,
როცა თავდაპირველად ადამიანები უცოდველნი იყვნენ

1. ვიდრე წინამდებარე საგანს გამოვეძიებდეთ, შესაძლებელია, უმჯობესი მოწინააღმდეგეთა მიერ


ჩვენთვის შემოთავაზებული საძიებელი საკითხის განმარტება იყოს. ისინი ამბობენ, რომ ცოდვამდე
არაფერია მოთხრობილი არც შობაზე, არც მშობიარობის ტკივილებსა და არც შვილიერებისაკენ
სწრაფვაზე. ხოლო, როცა შემდგომად ცოდვისა, სამოთხიდან გამოდევნილ იქნენ და დედაკაცს
სასჯელად მშობიარობის ტკივილები მიესაჯა, მაშინ მიუდგა ადამი მეუღლეს, ქორწინებით შეიცნო
იგი და შვილიერებასაც დასაბამი მაშინ დაედო.
2. ამიტომ, რადგანაც სამოთხესა შინა არც ქორწინება იყო, არც ტკივილი და არც შობა, აქედან, - ამბო-
ბენ ისინი, - უცილობლად უნდა დავასკვნათ, რომ არც ადამიანთა სულების სიმრავლე იქნებოდა,
მადლი უკვდავებისა მოკვდავობით რომ არ შეცვლილიყო და ბუნება ქორწინებას არ შეენახა ახლად
დაბადებულთა მიერ, რომელნიც ნაცვლად გარდასულთა, ვისგანაც შობილნი იყვნენ, შემოჰყავდა;
ასე რომ, ცოდვა, რომელიც კაცთა ცხოვრებაში შემოვიდა, ერთგვარად სასარგებლოც გამოდგა. კაცთა
მოდგმა პირველქმნილ წყვილად დარჩებოდა, სიკვდილის შიშს რომ ბუნება მემკვიდრეობისათვის
არ აღეძრა.

3. მაგრამ ჭეშმარიტი სწავლება ამის თაობაზეც ისევ და ისევ მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს
ნათელი, რომელნიც პავლეს მსგავსად (II კორ. 12,4) სამოთხის გამოუთქმელთა საიდუმლოთა
ეზიარნენ; ხოლო ჩვენი აზრი ასეთია:
4. ეკამათებოდნენ რა სადუკეველნი მოძღვრებას აღდგომის შესახებ, თავიანთი სწავლების
დასამტკიცებლად მაგალითად მრავალგზის დაქორწინებული დედაკაცი მოიყვანეს, რომელმაც
სათითაოდ შვიდ ძმაზე იქორწინა და იკითხეს, შემდგომად აღდგომისა, რომელი მათგანის ცოლი
იქნებოდა იგი (მათ. 22,28), უფალმა კითხვას პასუხი გასცა, რომლითაც არა მხოლოდ სადუკეველთ
ასწავლა, არამედ საიდუმლო აღდგომის შემდგომი ცხოვრებისა ყველასათვის გააცხადა: "რამეთუ
აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან და არცა განჰქორწინებდენ" (მათ. 22,30); "არცაღა მერმე
სიკუდილად ხელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და ძენი
აღდგომისანი არიან" (ლუკა. 20,36). და მადლი აღდგომისა სხვას არაფერს გვახარებს ჩვენ, თუ არა
დაცემულთა პირვანდელი სახით აღდგენას, რადგანაც ეს მადლი, რომელიც მოგველის,
გარკვეულწილად თავდაპირველ ცხოვრებაში დაბრუნებაა, რადგანაც მას სამოთხიდან
გამოძევებული ისევ სამოთხეში შეჰყავს.
5. უკეთუ აღდგენილთა ცხოვრება ანგელოზთა ცხოვრებას დაემსგავსება, მაშინ, ცხადია, ცხოვრება
მცნების დარღვევამდე ანგელოზური იყო. ამიტომ, ჩვენი თავდაპირველ ცხოვრებაში დაბრუნებაც
ანგელოზთა მსგავსი იქნება.
6. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნათქვამია, მათ შორის ქორწინება არ არსებობს, ანგელოზთა
მხედრობა მაინც აღურაცხელად მრავალია. ამრიგად, ჩვენ რომ არცერთი ის ცვლილება არ
განგვეცადა, რომელიც ცოდვის გამო შეგვემთხვა და ამის გამო არც ანგელოზთა სწორ პატივს
ჩამოვშორებოდით, ქორწინება გამრავლებისათვის არც ჩვენთვის იქნებოდა საჭირო. ხოლო ის, თუ
ანგელოზთა ბუნებაში რა საშუალება არსებობს მათი გამრავლებისა, - გამოუთქმელი და
მიუწვდომელია კაცობრივი ვარაუდებისათვის, გარდა ერთისა, - რომ იგი უცილობლად არსებობს.
შეიძლებოდა იმავე საშუალებას ემოქმედა ადამიანთა შორისაც, რომელნიც "მცირედ რაიმე
8
ანგელოზთა" (ფს. 8,5) დაკლებულ არიან და კაცთა მოდგმა შემოქმედის ნებით დადგენილ ზღვრამდე
გაემრავლებინა.

7. ამიტომ, უკეთუ ვინმეს გამოძიება ადამიანთა წარმოშობის ისეთი საშუალებისა, რომ კაცს
ამისთვის ქორწინების შემწეობა აღარ სჭირდებოდეს, გაუჭირდება, ჩვენი მხრიდან ჩვენც უნდა
ვკითხოთ, ანგელოზური არსებობის (ὺποστἀσις) საშუალებაზე, სახელდობრ, რატომ არიან ისინი
აღურაცხელად მრავალნი და მაშინ, როცა ერთი არსი აქვთ, სიმრავლით როგორ აღირაცხებიან?
აქედან გამომდინარე, შემკითხველს: როგორ იქნებოდა ადამიანი გარეშე ქორწინებისა, შესაფერის
პასუხს გავცემთ და ვეტყვით, რომ ისევე იქნებოდა, როგორც ანგელოზნი არიან ქორწინების გარეშე,
რადგან მცნების დარღვევამდე ადამიანიც მათი მსგავსი იყო, რასაც მისი კვლავ იმავე მსგავსებით
აღდგენაც ამტკიცებს. რაკიღა ამაზე უკვე ვიმსჯელეთ, ისევ პირველსავე სიტყვას მივუბრუნდეთ.
რატომ მოიფიქრა ღმერთმა შემდგომად ხატის შემზადებისა მისი დაყოფა მამაკაცად და დედაკაცად?
ვგონებ, ამისთვის ზემოთ გადმოცემული თეორია გამოდგება.

8. მოიყვანა რა მან ყოველივე ყოფიერებაში და შექმნა რა საკუთარი ნებით კაცი ყოვლითურთ


ღმრთეებრივ ხატად, არ დაელოდა ხილვას, როგორ მიაღწევდა ახალშობილთა მცირედ-მცირედ
შემატებით რიცხვი სულებისა თავის სავსებას, არამედ მყის გაიაზრა რა წინასწარმცნობელითა
ძალითა თვისითა მთელი კაცობრივი ბუნება მისი სისავსით და მიაგო რა მას პატივი მაღალი
ანგელოზებრივი ხვედრის მინიჭებით, მჭვრეტელობითი ძალით წინასწარ იხილა, რომ ნება კაცისა
მშვინიერებისაკენ წრფელი გზით არ წარემართებოდა და ამის გამო, ანგელოზებრივი ცხოვრებისაგან
განშორებული, დაკარგავდა იმ საშუალებას, რომლითაც ანგელოზთა რიცხვი გაიზარდა. ამიტომ,
კაცობრივ სულთა სიმრავლის გაზრდა რომ არ შეწყვეტილიყო, შესაფერისად ცოდვით
დაცემულისათვის, მოიფიქრა და ბუნებაში განამზადა საშუალება გამრავლებისა: ნაცვლად
ანგელოზისებური დიდებული შობისა, კაცებასა შინა შთამომავლობის გასაგრძელებლად
ცხოველური და პირუტყვული შობა დანერგა.

ვფიქრობ, ამიტომაც დასტირის ადამიანის უბედურებით შეწუხებული დიდი დავითი მის ბუნებას:
"კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაყო", გულისხმობს რა პატივში ანგელოზთა სწორ პატივს და
ამბობს: "ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა და მიემსგავსა მათ" (48,20), რამეთუ მართლაც პირუტყვული
გახდა ის, ვინც ნივთიერებისაკენ მიდრეკის გამო ეს ხრწნადი შობა ბუნებით შეიწყნარა.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო


გვანცა კოპლატაძემ

საქართველოს ეკლესიის 2010 წლის კალენდარი

You might also like