Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 94

ლევან ბერძენიშვილი

წმინდა წყვდიადი

*
„წმინდა ნათელში, ამბობს ჰეგელი, წმინდა სინათლის დიად ბადეში
ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში“.
გალაკტიონი
სხვა წიგნებივით ამ წიგნსაც თავისი ბედი აქვს – იგი შეცდომით დაიბადა.
ძველი ბერძენი რეფორმატორისა და პოეტის, სოლონის ერთი ელეგიის მიხედვით, ადამიანის
ცხოვრება შვიდწლიანი პერიოდებისგან შედგება (პირველ შვიდ წელიწადში ბავშვი კბილებს
მოიცვლის, მეორეში სიმწიფეს აღწევს, მესამეში წვერი ამოუვა, მეოთხეში აყვავდება, მეხუთეში
ოჯახს ქმნის, მეექვსეში საქმეს სერიოზულად ეკიდება, მეშვიდესა და მერვეში სრულყოფილია,
მეცხრეში დასუსტება იწყება, მეათეში კი უდროო აღარ იქნება მისი სიკვდილი). საკმაოდ ბევრი
რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების
განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე მეხუთე შვიდწლეულს – დაპატიმრების ოთხწლიან
მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია,
რომ საკმარისია, ვინმე ახალი ადამიანი გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, რამდენიმე
სიტყვის შემდეგ აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.
ახალგაცნობილ კაცთან ჩემი ნებისმიერი საუბარი გარდაუვალი აუცილებლობით შეუხვევს ამ
თემისკენ.
შინაგანად ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს. არ მომწონს ეს ამბავი: რაღაც ძალიან მარტივი კაცი
გამოვდივარ. ჩემი მოქმედების პროგნოზირება და გამოცნობა უიოლესი საქმე ხდება. ვეუბნები
საკუთარ თავს, არ არის საჭირო ამდენი ლაპარაკი კაგებეზე, გულაგზე, ციხესა და უბედურებაზე,
ილაპარაკე ძველ საბერძნეთზე, ჰომეროსზე, არისტოფანეზე, რუსთაველზე, ბარათაშვილზე,
გალაკტიონზე, ფეხბურთზე, პელეზე, გარინჩაზე, რონალდოზე, კომპიუტერზე, ვინდოუსზე,
მაკინტოშზე, აიფონზე, დიეტაზე, ცილებზე, ატკინსზე, ნახშირწყლებზე, არასამთავრობო
სექტორზე, ფონდებზე, განათლებაზე, ისტორიაზე, პოლიტიკაზე, ილიას მკვლელობაზე,
ქართველობაზე, მოგზაურობაზე, ბრაზილიაზე, რაზეც გინდა ილაპარაკე, ლაპარაკი კი იცი, რას
გადაეკიდე ამ ციხეს, ამ ბარაშევოს, ამ დუბრავლაგს, ოცდაათი წლის წინანდელ პატიმრობას?!
ამიტომაც არასოდეს არ ვწერდი არც რესპუბლიკური პარტიის ჩამოყალიბებაზე, არც გამოძიებაზე,
არც თავისუფლების დაკარგვის მოლოდინზე, არც ვეძინის ქუჩაზე დაპატიმრებაზე, არც ჩემი
სახლიდან ას ნაბიჯში მდებარე სუკის იზოლატორზე, სადაც ექვსი თვე ვიჯექი, არც როსტოვის,
რიაზანისა და პოტმის ციხეებზე, არც სტოლიპინად წოდებულ ეტაპზე და არც ბარაშევოზე, სადაც
ჩემი ცხოვრების საუკეთესო სამი წელი გამიტარებია. საუკეთესო წლებს რომ ვამბობ, ორივე
გაგებას ვგულისხმობ, ცხოვრების საუკეთესო წლებიც იყო (ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა
ვიყავი და რა სჯობია ამ ასაკს) და, საერთოდაც, საუკეთესო წლები იყო (ამაზე უკეთესი პერიოდი
არ მქონია, კაგებეს მიერ დიდი რუდუნებით შერჩეულ ასეთ ხალხს შემდგომში ვინღა
მომიგროვებდა).
ბარაშევოზე არაფერი დამიწერია, მაგრამ ახლობლებისთვის, რა თქმა უნდა, მომიყოლია იქაურ
წყალზე, ჰავაზე, სიტუაციაზე, რეჟიმზე, თავისებურებებსა და, რაც მთავარია, ხალხზე – ჩემს
მეგობარ პატიმრებსა და ჩვენს დაუღალავ დარაჯებზე.
საყვარელი მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, შენი პატიმრობის ამბები აუცილებლად უნდა
აღწეროო და მეც ვიცოდი, რომ უნდა აღმეწერა, მაგრამ სულ მეგონა, რომ ამის დრო ჯერ არ
დამდგარა. და როდესაც უცხო ქვეყანაში, სიბლის მემორიალურ ჰოსპიტალში შეწუხებულმა
ექიმმა დაასკვნა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ მეწერა, ხოლო მისი ნაფიქრალი ჩემს იქაურ და
აქაურ ახლობლებს სახეზე ისე ცხადად დაეწერათ, რომ, ორმოცდაორგრადუსიანი ტემპერატურის
მიუხედავად, მეც კი წავიკითხე, მივხვდი, რომ ის დრო დადგა.
ვიცი, რომ პირველი არ ვარ, ვისაც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ხელში კალამი ააღებინა; ჩვენს
რიგებში გრაფომანებიც ბლომად იყვნენ და გენიოსებიც (მარტო მარსელ პრუსტის ხსენება რად

1
ღირს!), მაგრამ მე „კალამი ავიღე“ ანუ კლავიატურა მოვირგე არა მხატვრული წიგნის დასაწერად,
არა დაკარგული დროის დასაბრუნებლად, არამედ დაკარგვადი პერსონაჟის გადასარჩენად, მე
ვიბრძვი არარიგითი არკადი დუდკინის გადასარჩენად. მე რომ არ ვიყო, არკადი დაიკარგება,
ვერავინ გაიგებს, რომ ის იყო ამქვეყნად, რომ მის ყოფნას აზრი ჰქონდა. სხვებმა დიდი ხანია,
დაივიწყეს და ზოგს არც დაჰვიწყებია, რადგან არც ზონაში დაუნახავთ და არც არასდროს
ხსომებიათ. არკადი რომ არ აღვწერო, იგი ჰადესში ისევე დამადგება თავს, როგორც ოდისევსი
დაადგა აქილევსს, და პასუხს მომთხოვს. არკადი რომ დაიკარგება, მეც დავიკარგები და ვიღაცა
შეცდომით იფიქრებს, რომ მართლა მიცნობდა, რაკი ჩემს რომელიმე ლექციას დასწრებია,
ტელევიზიით ჩემი რომელიმე გამოსვლა უნახავს ან ინტერვიუ წაუკითხავს.
ფლობერივით წერა არ შემიძლია, მაგრამ ამ დიდმა კაცმა თუ თქვა, მადამ ბოვარი მე ვარო, მეც
შემიძლია ვთქვა, რომ არკადი დუდკინი მე ვარ.
ცოტა ხნის შემდეგ ექიმმა აღიარა, რომ მისი ყველაზე ცუდი ეჭვი არ გამართლდა და ჰადესში ჩემი
გამგზავრება გაურკვეველი დროით გადაიდო, მაგრამ უკვე გვიანი იყო: არკადი დუდკინი,
როგორც პერსონაჟი, უკვე ქცეული იყო Arial Unicode MS Opentype შრიფტით აწყობილ ტექსტად და
სამი დაბლიუს სივრცეებში ჩემგან დამოუკიდებლად დახეტიალობდა.
დავით წინასწარმეტყველი ორმოცდამეერთე ფსალმუნში ამბობს, რომ „უფსკრული უფსკრულსა
ხადის“ ანუ მოუხმობს და არკადი დუდკინმაც უხმო გრიშა ფელდმანს, გრიშამ ჟორა ხომიზურს,
ჟორამ ჯონი ლაშქარაშვილს, ჯონიმ რაფიკა პაპაიანს, რაფიკამ გენრიხ ალთუნიანს, გენრიხამ მიშა
პოლიაკოვს, მიშამ ბორია მანილოვიჩს, ბორიამ ვადიმ იანკოვს, ვადიმმა ფრედ ანადენკოს, ფრედმა
იური ბაძიოს, ბაძიომ ალექსეი რაზლაცკის, რაზლაცკიმ პეტრე ბუტოვს, ბუტოვმა დაინის
ლისმანისს და ყველა ერთად იყო თოთხმეტი და თოთხმეტივემ ერთად უხმო დათოს და ჩემი
მეხსიერება ისე განათდა, რომ სინათლე სიბნელედ იქცა, წყვდიადი დაიწმინდა და წმინდა
წყვდიადი ალაპარაკდა.
ასე დაიბადა ეს წიგნი შეცდომით, ოღონდ არა განგების, არამედ ექიმის შეცდომით.

სიბლის მემორიალური ჰოსპიტალი


თხელკრისტალური მონიტორები, სქელი მავთულები, შტატივები, კრონშტეინები, მართვის
პულტი, ხალხი თეთრებში, ლურჯებში, შინდისფერებში და სინათლე, სინათლე, ასი ათასი
ლუმენის სინათლე. „წმინდა ნათელში...“ „თითქოს კოსმოსურ ხომალდზე ვარ“, – გავიფიქრე და
გონება დავკარგე. სადღაც გამალებით მივექანებოდი და მიხაროდა. იყო მხოლოდ სინათლე და
სისწრაფე. მივექანებოდი დიდხანს და უეცრად გავჩერდი. სხეული ვიგრძენი. სხეული ვიგრძენი
თუ არა, ქალების საუბარიც გავიგონე. სინათლე ჩაქრა. მოძრაობა იყო სინათლე. გაჩერება არის
სიბნელე. დადგა სრული წყვდიადი. სრულიად სრული წყვდიადი, „წმინდა წყვდიადი“.
წყვდიადში ქალები ლაპარაკობდნენ. შეწუხებულები საუბრობდნენ ძალიან ხმადაბლა. რაღაცას
ამბობდნენ, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რას ამბობდნენ. მაწუხებდა ეს: რატომ ვერ ვხვდები, რას
ლაპარაკობენ? „წმინდა ნათელში, – ამბობს ჰეგელი, – წმინდა სინათლის დიად ბადეში...“ მე ვარ
მე, მესმის ქალების ხმები და არ მესმის აზრი. „...ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ წმინდა
სიწყვდიადეში.“
ბოლოს ბგერებიდან გამოდნა რაღაც, რასაც უნდა ჰქონოდა აზრი. ეს რაღაც იყო სიტყვა.
პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო „ინშურანს“. ამ სიტყვას აქვს აზრი, ვხვდები მე.
არათუ აქვს აზრი, არამედ მე ვიცი კიდეც ეს აზრი. რატომ ვერ ვხვდები ამ აზრს? იმიტომ, რომ ეს არ
არის ქართული სიტყვა. ეს სხვა ენაა. ეს ინგლისური სიტყვაა. ეს ნიშნავს „დაზღვევას“. ეს იმას
ნიშნავს, რომ ქალები ინგლისურად საუბრობენ. რატომ ინგლისურად? სად ვარ მე? რა თქმა უნდა,
ეს კოსმოსური ხომალდი არ არის, ბევრად უფრო მიწიერი ადგილია. ეს საავადმყოფოა და აქ
ინგლისურად ლაპარაკობენ. აქ იმიტომ ვარ, რომ მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი. ჯერ
თვითმფრინავში ოკეანის თავზე გავხდი ცუდად და კანკალმა ამიტანა, მერე მექსიკის საელჩოში
გული წამივიდა. ჩვენს საელჩოსაც ველაპარაკე ტელეფონით. რა მინდოდა მექსიკის საელჩოში?
გამახსენდა, ეს ვაშინგტონია. მე ვაშინგტონში ვარ, აქედან მექსიკაში, კანკუნში უნდა
გავფრენილიყავი, იქიდან კიდევ სადღაც. ბოლოს ირენასთან ვიყავი სახლში, კონექტიკუტზე.
ირენა ლასოტა ჩემი მეგობარია. „შენ ძალიან ცუდად ხარ“, – მითხრა მან და ჩემი ცუდად ყოფნის
ასპროცენტიანი არგუმენტი მომიტანა, შენ ჩემი გაკეთებული იხვი ვერ შეჭამეო. ეს ბოლოა, რაც
მახსოვს. მახსოვს, რომ საოცნებო იხვი ვერ შევჭამე და ეს უტყუარად ნიშნავდა, რომ ძალიან

2
ცუდად ვიყავი.
– დაზღვევა რომ არ აქვს, ეს გვაფიქრებს. ხომ გესმით, ჩვენი ჰოსპიტალი ჯონს ჰოპკინსი არაა,
მაგრამ იაფიანიც არ ეთქმის, – „სწორად მივხვდი, ეს ჰოსპიტალია“, – გავიფიქრე მე. უცნობი ქალის
ხმა განაგრძობდა: – ამოდენა თანხა როგორ უნდა გადაიხადოს?!
– ძვირფასო ექიმო, ეს უბრალო კაცი არ გეგონოთ, პარლამენტის წევრი და ყოფილი პოლიტიკური
პატიმარია, საბჭოთა გულაგში იჯდა, თავის ქვეყანაში ყველა იცნობს, ათასი ჭირისუფალი ჰყავს,
უპატრონო კი არ არის, – ეს ჩემი მეგობარია, ირენა ლასოტა, მის ხმას და ინგლისურში პოლონურ
აქცენტს ათი ათას ხმაში გამოვარჩევ.
– რა უცნაურია, მთელ ამერიკაში ალბათ ასიოდე ექიმია, ვინც საერთოდ იცის, გულაგი რა არის და
ათიოდე თუ იქნება, ვისაც ეს გულაგი აინტერესებს და ჩემი სახით ამ ათიდან თქვენ ერთ-ერთს
გადააწყდით. დედაჩემი გულაგის პატიმარი იყო, მე თვითონაც გულაგში ვარ დაბადებული.
– სად დაიბადეთ? სად იჯდა დედათქვენი? – აღელდა ირენა.
– პოტმაში, დუბრავლაგში, – უპასუხა ქალმა.
– მე ყველაფერს გადავიხდი, – მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვამბობდი.
– ეს არ შეიძლება შემთხვევითობა იყოს, ეს კაციც დუბრავლაგში იჯდა, ბარაშევოში.
– დედაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო...
– ჩვენ სამივენი ვისხედით, – დაასკვნა ირენამ. მთელ ვაშინგტონში გულაგში ნაჯდომი სამი კაცია
და ყველამ ერთად სიბლის ჰოსპიტალში მოვიყარეთ თავი.
„ცოტა ხნით“, – მინდოდა დიალოგში შესვლა, მაგრამ ვერ შევდიოდი.
– უკაცრავად, თქვენი სახელი?
– ირენა. ირენა ლასოტა.
– ქალბატონო ლასოტა, პაციენტი თქვენი რა არის?
– ძველი მეგობარია. ამ დილით ჩამოფრინდა საქართველოდან.
– შევეცდები, დაველაპარაკო პაციენტს. გამარჯობა, – მომმართა უცნობმა თეთრხალათიანმა
ქალმა.
„გამარჯობა, ექიმო“, – მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვამბობდი.
– შეიძლება ესმის კიდეც, მაგრამ ვერ მიპასუხებს. თქვენ მითხარით, რა ჰქვია?
– ლევან ბერძენიშვილი, „ბ“ როგორც „ბორისი“, „ე“ როგორც „ედუარდი“, „რ“ როგორც
„რონალდი“...
– რა რთული გვარია!
– შეგიძლიათ „მისტერ ბი“ უწოდოთ.
– ძალიან კარგი, იყოს მისტერ ბი. მე მისი მკურნალი ექიმი ვარ, ჩემი სახელია პეიჯი, პეიჯ ვან
ვირტი.
– სასიამოვნოა, მისის ვან ვირტ.
– მისის ლასოტა, მისტერ ბის ერთდროულად ორი სერიოზული პრობლემა აქვს: მარცხენა ფეხზე
ეპიდერმისის ინფექცია და თირკმლის ფუნქციის მოშლა. ინფექცია შორს არის წასული და მასთან
ბრძოლაში ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკები უნდა გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, ამით თირკმლების
მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა იცოდეთ, რომ რისკი ძალიან სერიოზულია.
პირველი სამი დღე რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა გაატაროს.
ინფექციას რომ გავუმკლავდებით, თუ თირკმელმა დატვირთვას გაუძლო, მერე მასაც მივხედავთ.
ყველაფერი გაიგეთ?
– ინფექცია აქვს და მასთან ბრძოლას თირკმელმა შეიძლება ვერ გაუძლოს, ყველაზე ცუდისთვის
უნდა ვიყო მზად, მადამ პეიჯ.
– უბრალოდ, პეიჯ, ან თუ მაინცადამაინც მადამ, მაშინ მადამ ვან ვირტ, – სევდიანად შეუსწორა
ექიმმა.

3
– გავიგე, მადამ ვან ვირტ.
– ვიცი, რომ სამგზავრო დაზღვევა აქვს, რომელიც აქ არაფერში გამოადგება. კაცმა რომ თქვას,
ნამდვილი დაზღვევა არ აქვს, მაგრამ ფული აქვს თუ არ აქვს, ჩვენ ახლა მაინც მივხედავთ.
– დიდი მადლობა.
– თქვენ ამბობთ, რომ გულაგის ყოფილი მკვიდრია, ეს მართალია?
– დიახ.
– მაშინ რამდენჯერაც მორიგე ვიქნები, იმდენჯერ მოვთხოვ იქაური ამბების გახსენებას. ლაპარაკი
მისთვის სასარგებლო იქნება, მე კიდევ ღამით მაინც არ მეძინება. ამ ზეპირი მოთხრობების
სანაცვლოდ ერთ სიკეთეს მეც გავუკეთებ, ჩემს ანაზღაურებას არ მოვთხოვ და რამდენიმე ათასი
დოლარი დაეზოგება. როგორ ფიქრობთ, ბატონი ბი თანახმა იქნება?
– როგორ არ იქნება თანახმა?! – თქვა ირენამ, – ოღონდ ახლა გამოძვრეს და, რა თქმა უნდა, თანახმა
იქნება. ეგ ოღონდ ალაპარაკეთ...
– ძალიან კარგი, – ბრძანა ვარ ვირტმა, – სამი დღის შემდეგ დავიწყებთ.
– შეიძლება ჩემი გესმით, – ახლა მე მომმართა ექიმმა, – უნდა მოიკრიბოთ მთელი ძალა, რაც გაქვთ,
და ყურადღებით მომისმინოთ: ინტრავენურად ძლიერმოქმედი წამალი შეგიყვანეთ, ლაპარაკი
ამიტომ არ შეგიძლიათ. სამ დღეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იქნებით. ეს თქვენი ომია და ამ
ომში უნდა გაიმარჯვოთ. ვიღაცა მოვა და წაყოლას მოგთხოვთ. არ გაჰყვეთ. თუკი ამ დროს
ფიქრის უნარი გექნებათ, იფიქრეთ, რომ თქვენი წასვლა არ შეიძლება, რადგან ვალი გაქვთ
გადასახდელი. მოიფიქრეთ, რა ვალი გაქვთ. სხვისი თუ არა, ჩემი ვალი მაინც გექნებათ,
დუბრავლაგზე და პოტმაზე ყველაფერს უნდა მომიყვეთ, ეს ის ადგილია, სადაც მე დავიბადე.
ჩვენ ახლა გტოვებთ, დამშვიდდით, დაიძინეთ.
„Debt, ვალი, – გავიფიქრე მე, – აი, სწორი სიტყვა. ვერსადაც ვერ წავალ, სანამ ვალს არ გადავიხდი.
ეს მართალია. დიახაც, მე ვალი მაქვს, ძალიან დიდი ვალი. ჩემს ვალს სახელიც კი ჰქვია. მას ჰქვია
არკადი დუდკინი“.

არკადი
ორი სიცოცხლე ჰქონდა, უფრო სწორად, ისეთ დაწესებულებაში (ეს სიტყვა საბჭოთა კავშირის
შემდეგ არც უნდა იხმარებოდეს, იმდენად მკვიდრად საბჭოურია და აღიარებს სახელმწიფოს მიერ
ადამიანისთვის დადგენილი წესის უზენაესობას), კერძოდ, ისეთ და-წეს-ებ-ულ-ებ-ა-ში ЖХ 385/3 5
იმყოფებოდა, რომ სიცოცხლე სულ არ ჰქონდა, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცოდა; მან იცოდა, რომ
ის არის არკადი დუდკინი, სამამულო ომის ვეტერანი, ამ ომის გმირი, კაცი, რომელმაც ეკლესიის
თავზე (რა თქმა უნდა, კინოში ნანახ რაიხსტაგს გულისხმობდა, ეტყობა, მისი წარმოდგენით,
გუმბათი მხოლოდ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს) ქანთარიასთან ერთად წითელი დროშა
დაამაგრა, ხოლო გოროხოვი (ამ გვარში არკადი მელიტონ ქანთარიას თანამედროშეს,
სახელგანთქმულ მიხაილ ეგოროვს გულისხმობდა) იქ არც ყოფილა. კიდევ არკადიმ იცოდა, რომ 13
მაისს თავისუფლდებოდა, ოღონდ ან წლების აღრიცხვა შეწყვიტა, ან აღარ ახსოვდა რამდენი
ჰქონდა მისჯილი, ან მისთვის დადგა ერთი საბოლოო და უსასრულო წელიწადი, რომელშიც იგი
ყოველწლიურად უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ბოროტი ადამიანები, მისი სიტყვებით რომ
ვთქვათ, „სუპოსტატები“, არ ათავისუფლებდნენ.
კიდევ ბევრი რამ იცოდა არკადი დუდკინმა, მაგალითად, ვლადიმირის ციხეში საკანში მასთან
ერთად მჯდარმა ლიონია ბრეჟნევმა რომ ომში სისხლითა და ოფლით მოპოვებული მედლები და
ორდენები მოჰპარა, რომ იგი ტანკიდან „გამოაპულტირეს“ (меня пультировали-ო, – უყვარდა თქმა)
და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რაც ავლენდა მის ხაზს, მის გულუბრყვილო, არაპროფესიულად
დამუშავებულ მითოსს, სამძებრო ჟარგონზე „ლეგენდას“, რომელიც დაპატიმრების დღიდან
აირჩია და რომლისთვისაც აღარასოდეს უღალატია: იბრძოდა ომში, მოიპოვა მედლები და
ორდენები, დროშა დაამაგრა, სადაც საჭირო იყო და ვისთან ერთადაც საჭირო იყო. ამის შემდეგ
სულ ტყუილად დააპატიმრეს.
ლეგენდის დამუშავებაში, ეტყობა, მას ეხმარებოდა ის ფაქტი, რომ მისი უფროსი ძმა, ვასილი
დუდკინი მართლა იბრძოდა სამამულო ომში, მართლა გმირი იყო და ქანთარიასთან და

4
ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე დროშა თუ არ დაუმაგრებია, რაიხსტაგის აღების ოპერაციაში
მართლა მონაწილეობდა.
დიახ, არკადიმ იცოდა, რომ გმირი იყო, მაგრამ მისი ცოდნა არ ეთანხმებოდა ზონის
ადმინისტრაციისა და, კაცმა რომ თქვას, მთელი ზონის ცოდნას, ეს უკანასკნელი კი აღიარებდა
მხოლოდ ერთ ფაქტს: ომის დროს არკადი პოლიცაი იყო. როდესაც გერმანელები შევიდნენ მის
ბელორუსულ სოფელში, არკადი 15 წლის იყო და ტყეში არ თუ ვერ გაიქცა, რომ ომის პირველივე
დღეებიდან გმირული პარტიზანობა დაეწყო, ხოლო 17 წლის რომ შესრულდა, არკადის, ამ
უწვერულ და წერა-კითხვასთან მწყრალად მყოფ ცოტა „იმნაირ“ ბიჭს პოლიცაის ფორმა ჩააცვეს,
ხელში „შმაისერი“ მისცეს და სოფელში წესრიგის დამყარება მოსთხოვეს. იარაღის გასასინჯად
ტყისკენ წავიდა და რამდენიმე ჯერი დაცალა (ეს უკანასკნელი საქციელი საბრალდებო დასკვნაში
ასე აისახა: „сделал выстрел в сторону партизан“, ანუ პარტიზანთა მიმართულებით გაისროლაო). ორი
დღის შემდეგ სოფელი პარტიზანებმა დაიკავეს და არკადის პოლიციელობაც დასრულდა.
პარტიზანებს ჭკუასუსტი ბავშვის დასჯაზე არც უფიქრიათ. საბოლოოდ, პოლიცაის ფორმის ჩაცმა
(მეტი დანაშაული საბრალდებო დასკვნაში არ იყო აღწერილი, იმიტომ რომ სოფელში სულ ხუთი
ოჯახი იყო, ებრაელები იქ არ ყოფილან, კომუნისტები არ ყოფილან და რა რეპრესიები უნდა
განეხორციელებინა პოლიცაი დუდკინს თანაც 48 საათის განმავლობაში, უცნობია) არკადის ძვირი
დაუჯდა: ისედაც სუსტი გონება, რომლითაც იგი სამყაროს ბავშვურად აღიქვამდა, კიდევ უფრო
აერია, თავს დაღუპულ ძმად ასაღებდა, ომის ეპიზოდებს თხზავდა და თავის როლს პოულობდა
ყველა ეპიზოდში; ამიტომ იგი ერთდროულად ლენინგრადის ბლოკადასაც არღვევდა,
სტალინგრადშიც იბრძოდა, კურსკის რკალიც გაარღვია და ბერლინი ხომ აიღო და აიღო.
სოფელს ეცოდებოდა, მისი ორდღიანი სასაცილო პოლიციელობაც ახსოვდა და ისიც, რომ არკადი
კაცს კი არა, ჭიანჭველას არ აწყენინებდა, და ეთამაშებოდა ამ თამაშს; ის კი არა, სამოწყალოდ
ინახავდა კიდეც, როგორც შინაურ სულელს და ძველ ეკლესიასთან ერთად მთელი სოფლის
ერთადერთ ღირსშესანიშნაობას.
არკადის წერა-კითხვა აღარ უსწავლია, მაგრამ კინო უყვარდა და ყოველი ახალი ფილმის შემდეგ
თავის პატარა ისტორიას თხზავდა, რომელშიც იგი (და არა სტალინი და ჟუკოვი) გვევლინებოდა
საბჭოთა კავშირის მხრიდან ომის მთავარ მამოძრავებელ ძალად. ცხოვრება ასე გრძელდებოდა
მანამ, სანამ მარადფხიზელმა და ყოვლისმცოდნე ბელორუსმა მზვერავმა პიონერებმა (მათი
საერთო სახელი იყო „კვალისმაძიებლები“ ანუ следопыты), კომკავშირული და პარტიული
ხელმძღვანელობის სრული და განუხრელი მხარდაჭერით არ მიაგნეს, არ ამხილეს და სამართალი
არ აღუსრულეს (ფორმალურად, პიონერებს არ დაუჭერით, მილიციამ „ივაჟკაცა“, მაგრამ
რამდენიმე პიონერის გვარი მაინც აღმოჩნდა არკადი დუდკინის საბრალდებო დასკვნაში).
1972 წლიდან არკადი დუდკინი სასჯელს იხდიდა როგორც სამშობლოს მოღალატე და სამხედრო
დამნაშავე.
ის ამბავი, რომ საბჭოთა კაგებემ სოფლის უწყინარი გიჟისგან სამშობლოს მოღალატე გამოიყვანა,
არავის გაჰკვირვებია, მაგრამ დისიდენტების დაჟინებული მოთხოვნით (ზონაში ჩასვლისთანავე
მე და დათოც შევუერთდით ამ მოთხოვნას) და დაინტერესებული საერთაშორისო
ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად ჩამოდიოდა კომპეტენტური კომისია
მოსკოვიდან, რომელშიც საბჭოთა ფსიქიატრიის ასები შედიოდნენ (აკადემიკოსსა და
პროფესორზე ნაკლებს როგორ შეიყვანდნენ ასეთ კომისიაში, მათ დასკვნებს ხომ მსოფლიო
მეცნიერთა ნდობა უნდა მოეპოვებინათ) და ეს კომისია განუხრელად (კომუნისტების საყვარელი
სიტყვა იყო) ადგენდა შემდეგს: არკადი დუდკინი ფსიქიურად ნორმალურია, დანაშაულის
ჩადენის დროსაც შერაცხადი იყო და ახლაც ასეთია; ასე რომ, ვადამდე მისი განთავისუფლების
მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა, ჩვენი ხალხი ყოველთვის მკაცრად მოჰკითხავს სამშობლოს
მოღალატეებს და იმათაც, ვისაც პირსისხლიანი პოლიცაისგან უწყინარი ყმაწვილის გამოყვანა
სურს.
სწორედ ამიტომ, ყოველი წლის 13 მაისს, როცა ზონელი ქართველები 1981 წლის დიუსელდორფის
სტადიონზე თბილისის „დინამოს“ ისტორიულ საფეხბურთო გამარჯვებას, დარასელიას და
გუცაევის გმირობის წყალობით ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვებას აღვნიშნავდით,
ლიტველი და ლატვიელი კათოლიკეები რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის სახელზე
ლოცულობდნენ, რომელიც იმავე წლის იმავე დღეს სასწაულებრივად გადაურჩა „რუხი მგლის“,
მეჰმედ ალი აგჯას ორ ტყვიას, ყველა ელოდებოდა საღამოს 6 საათს. საღამოს 6 საათისთვის
მთელი ზონა ე.წ. „კურილკასთან“ იდგა მარადიული სპექტაკლის მოლოდინში.
სპექტაკლს ერთადერთი მონაწილე ჰყავდა, ეს იყო ერთი მსახიობის თეატრის ბარაშევული
ვარიაცია: პირველ აქტში ბარაკიდან გამოსული არკადი დაიძვრებოდა ადმინისტრაციის
შენობისაკენ, თავისი ჯოხით მიადგებოდა იმ ოთახის ფანჯრებს, რომელშიც დიდი

5
აკადემიკოსებისგან შემდგარი ფსიქიატრიული კომისია იკრიბებოდა ხოლმე და ანტრაქტის
გარეშე გადადიოდა მეორე აქტზე: გამწარებით ურტყამდა ამ ჯოხს კედელს; ხოლო მესამე აქტში
ბელორუსულად რაღაც უცნობ მონოლოგს კითხულობდა, რომლის შინაარსის გარკვევას ზონის
სახელგანთქმული სლავისტები, მიხაილ პოლიაკოვი და გელი დონსკოიც კი ვერ ახერხებდნენ.
როგორც ჩანს, მშობლიურ ენაზე გათავისუფლებას მოითხოვდა.
არკადის არ აჩერებდნენ, წესრიგისკენ არ მოუწოდებდნენ. ერთი საათი ურტყამდა თავის ჯოხს
კედელს და ადმინისტრაცია დუმდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაღლილი და ვალმოხდილი,
კურილკასთან შეუერთდებოდა დანარჩენებს, გამოჩნდებოდნენ კონტროლიორები და კედლის
დაზიანების დონეს ამოწმებდნენ. მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც 2 მმ სიგრძის თმის
მოშვებისთვის 15 დღიანი შიზო (ШИЗО, т.е. Штрафной ИЗОлятор, სადამსჯელო იზოლატორი) იყო
გარანტირებული, ამ პოლიტიკური აქტისთვის არკადი არასოდეს დაუსჯიათ – ზონის
ადმინისტრაციამ და კონტროლიორებმა მშვენივრად იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, ისინი ხომ
დიდი აკადემიკოსები არ ყოფილან, რომ გიჟი და ნორმალური ვერ გაერჩიათ.
როგორც ზონის მკვიდრთა აბსოლუტური უმრავლესობა, არკადი მწეველი იყო, მაგრამ თამბაქო ან
წეკო არასოდეს არ ჰქონდა, ფარდულით ანუ „ლარიოკით“ (თვეში ერთხელ თითოეულ პატიმარს
ხუთი მანეთის ღირებულების ნივთების შეძენის უფლება ჰქონდა, ოღონდ საკუთრივ ფულის
ერთეულები საქმეში არ მონაწილეობდა) არ სარგებლობდა, ფულს ზოგავდა მომავალი
ცხოვრებისთვის, რომელიც, მისი განმარტებით, რომელიღაც წლის 13 მაისს დაიწყებოდა; ამიტომ
არკადი ჩამოყალიბდა კლასიკურ „მსროლელად“ (სალაპარაკო რუსულში стрелять ზმნას აქვს
ასეთი მნიშვნელობაც: „მოპოვება“, „შოვნა“, „თხოვნა“), ანუ წეკოს მოკრძალებულ
გამომძალველად. ამ ფაქტის გათვალისწინებით მწეველი ზონა ორ არათანასწორ ნაწილად გაიყო:
უმრავლესობაში იყვნენ ისინი, ვინც არკადის წეკოს არ მოაწევინებდა არც ერთ შემთხვევაში,
ხოლო ღრმა უმცირესობაში აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც პრინციპულად შეეძლო გარკვეულ
გარემოებებში არკადისთვის წეკოს მიცემა. გაგება ორივე ნაწილისა შეიძლებოდა, ვინაიდან
ზონაში ყველაფერი დათვლილია და არკადისთვის წეკოს მიცემა საკუთარი თავისთვის
სიამოვნების მოკლებას ანუ პატიმრობის ვადის მომატებას ნიშნავდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ
სიამოვნების ის წუთები, რომელიც წეკოს მოჰქონდა, თავისუფლებასთან იყო ასოცირებული
(პატიმრის გამარტივებული წარმოდგენით, თავისუფლება ის ადგილია, სადაც უთვალავი
სიამოვნება არსებობს), სწორედ ამიტომ ზონაში თამბაქოსთვის თავი არავის დაუნებებია, ხოლო
არამწეველების მწეველებად მოქცევა კი მომხდარა.
არკადიმ იცოდა, რომ უბრალო „მომაწევინეთი“ ერთი-ორი გულუბრყვილო პატიმრის გარდა
ვერავის გამოსძალავდა წეკოს, „მომაწევინე“ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იყო მისი
„გამოსვლისა“, რომელსაც ის „ასრულებდა“ და ასრულებდა ისეთი ოსტატობით, რომ გასაგები
ხდებოდა, გერმანელებმა ფორმა როგორ ჩააცვეს, ან მთელი ცხოვრება გამოგონილ ლეგენდას
როგორ მიჰყვებოდა: არკადი დუდკინი სტიქიურ მსახიობად იყო დაბადებული.
დავუშვათ, არკადიმ დაინახა, რომ „კურილკაში“ დგას რაფაელ პაპაიანი, იგი დაუყოვნებლივ
იწყებდა გამოსვლას და თანდათან „სასროლ“ მანძილზე უახლოვდებოდა პაპაიანს: „ერთხელაც
ვმსახურობდი მარშალ ბაგრამიანის ხელმძღვანელობით.“ აქ უნდა ითქვას, რომ არკადი თავისი
ბელორუსული საქცევებით ხანდახან თავის სიტყვას ძველ სლავურ ანუ თითქმის მითოსურ
განზომილებას ანიჭებდა, მაგალითად, ის ამბობდა არა „служил я как-то“, არამედ „служив я как-то“.
ამასობაში არკადი აგრძელებდა: „აი, ვინ იყო ნამდვილი ხელმძღვანელი! ჩემი ტანკი მოსწონდა
ძალიან. მეხვეწებოდა, გამიცვალეო. რა კაცი იყო! ნამდვილი სამხედრო. სომხები შესანიშნავი
მეომრები არიან, თურქებს კი არ ჰგვანან! მომაწევინე ერთი. მარშალ ბაგრამიანის შთამომავლობა
თუ არსებობს ნეტავ?“ თავდაპირველად რაფაელი უხალისოდ იძლეოდა წეკოს, მაგრამ რაც უფრო
გადიოდა დრო, პაპაიანის გამოჭერა პრიმიტიული სომხური პატრიოტიზმით სულ უფრო ძნელი
ხდებოდა. არკადისდა საუბედუროდ, სახელგანთქმული სომეხი დრამატურგის შვილს და
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, რაფაელ არამაშოტის ძე პაპაიანს, სულ უფრო
ეხვეწებოდა გემოვნება და ეს ჰუმანიტარი კაციც სულ უფრო იხრებოდა სტანისლავსკისეული „არ
მჯერასკენ“, ხანდახან იტყოდა კიდეც „Не верю“ და არკადის წეკოს გარეშე ტოვებდა.
უთვალავი სიკეთიდან, რომელიც არკადის ახასიათებდა, ყველაზე საინტერესო მისი მედგარი
ხასიათი და გაუტეხელობა იყო. ამ კაცმა აშკარად არ იცოდა პაუზა. პაპაიანთან წარუმატებელი
გამოსვლა დამთავრებული არ ჰქონდა, კურილკაში მდგომი რომელიმე ქართველისკენ რომ
გადაიხრებოდა და თითქმის ჰომეროსული ობიექტურობით და მიუკერძოებლობით იწყებდა ახალ
ისტორიას, რომლისთვისაც ჯიბეში მართლა არ ჩაიყოფდა ხელს: ისტორიები ბლომად ჰქონდა და
ერთი და იმავეს განმეორებას ერიდებოდა. ბუბუნებდა თავისი მსუბუქი ბელორუსული
აქცენტით: „მანამდე გენერალ ლესელიძესთან ვმსახურობდი. აი ვინ იყო ნამდვილი სამხედრო,
ჯარისკაცების მამა. ლიონია ბრეჟნევიც იქ გავიცანი, შემდეგში მედლები და ორდენები მომპარა,

6
მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. გენერალი ლესელიძე ჩემი დიდი მეგობარი იყო, მეუბნებოდა,
ბერლინზე დროშა შენ უნდა აგატანინო, გოროხოვს კი არაო. ქართული სიმღერა უყვარდა,
საკვარლის საპლავს... მომაწევინე ერთი... ვეზებდიიი. ნეტავ, ბაქოში არის ლესელიძის ქუჩა?“
მიუხედავად გეოგრაფიაში აშკარა გაურკვევლობისა (ვერაფრით ვარწმუნებდით, რომ
საქართველოს დედაქალაქს თბილისი ჰქვია და არა ბაქო), ჩემზე არკადის ყველა სამსახიობო
გამოსვლა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა, ასე რომ, ჩემი წეკოს ყოველთვიური მარაგის
ნაწილი ულაპარაკოდ მისი იყო. ერთხელ, თეატრალებს შორის მიმდინარე ტრადიციულ ზონურ
კამათში, თუ ვინ უფრო ძლიერად შეასრულა ოტელოს როლი ორმოცდაათიან წლებში, როდესაც
ყველა საბჭოთა სცენაზე არხანგელსკიდან ვლადივოსტოკამდე შექსპირის „ოტელო“ გრგვინავდა
(რა თქმა უნდა, სტალინის ამბები იყო), სსრკ სახალხო არტისტმა აკაკი ხორავამ, თუ ამავე
რეგალიების მქონე, ასევე სსრკ სახალხო არტისტმა ვაგრამ პაპაზიანმა (სხვათა შორის, ვასაძის
იაგოს ყველა ერთხმად აღიარებდა), მე ვიხუმრე, რამდენიც უნდა იკამათოთ, ყველაზე დიდ
მსახიობად მაინც არკადი მიმაჩნია-მეთქი. სწორედ მაშინ ჩვენმა თანაზონელმა, დიდმა
ფსიქოლოგმა ბორის მანილოვიჩმა არკადის, როგორც უკვე აღიარებული ხელოვანის გვარი
ებრაულ ყაიდაზეც გადააკეთა: დუდკინდი (ანტისაბჭოთა პუბლიკაში ფრიად მაღალი
ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული იოსებ ბროდსკის მეგობარს, ლიტერატორ ეფიმ გრიგორის ძე
ეტკინდს).
არკადი, ფაქტობრივად, პოეტი იყო. თანაც, სხვა პოეტებისგან განსხვავებით, მადლიერი პოეტი.
როგორც კი სამსახიობო ოსტატობის წყალობით წეკოს მოიპოვებდა, „იზვესტიიდან“ მოხეულ
ფურცელში გაახვევდა, გააბოლებდა და სამადლობელის სანაცვლოდ სახალისო ამბის მოყოლას
დაიწყებდა: – ერთხელაც ტანკში ვიჯექი. ტანკისტი ვიყავი, ხომ იცი. ჰოდა, ტანკში ვიჯექი და რას
ვხედავ, გერმანელები მოდიან სამი „ტიგრით“. ეს ამბავი ბერლინის მისადგომებთან ხდება, ჩემ
გვერდით ქართველი ლეიტენანტ მახარაშვილის ტანკი მოდიოდა, ხომ იცი, მოხუცის შვილი.
მოდიან გერმანელები სამი „ტიგრით“ და მიყვირიან: „არკადი, ჰენდეხოხ!“ გერმანულად
მიყვირიან. გერმანელები არიან, სამი „ტიგრით“. „ტიგრი“ ტანკია. მე T-34 მყავდა და იმათ
„ტიგრები“, მე ლომი ვიყავი და ისინი ვეფხვები. მოხუცის ბიჭი, საწყალი მახარაშვილი მგელი იყო.
მიყვირიან „ხენდეხოხს“, ესე იგი, ხელები მაღლაო და მე დავუძახე, „იხ ბინ არკადი, იხ ნიხტ
ჰენდეხოხ, იხ ბინ უბივენ ზი, შვაინ ფრიცენ, იავოლ!“, დაგხოცავთ ყველას, გერმანელო ღორებო-
მეთქი. მესროლა გერმანულმა ტანკმა და მომარტყა მარცხნივ და დამიძახა, „ია, ია!“ ვესროლე მე
და მოვკალი ერთი ვეფხვი. მეორე ვეფხვი მახარაშვილმა მოკლა, ულვაშიანი მოხუცის ბიჭმა.
წამოვიდა მესამე „ტიგრი“. ვერ ვაჩერებ, მოდის და მოდის. მოკლა მახარაშვილი. მოდის და უნდა
გადამიაროს თავზე. ვესვრი და ვესვრი, მაგრამ არ კვდება! თურმე ამ ტანკში თვითონ ჰიტლერი
ზის. მივხვდი, რომ არაფერი აღარ მეშველებოდა, დავიძახე, „ზა როდინუ, ზა სტალინა“, გამოვასხი
ჩემს ტანკს ფრთები და ავფრინდი, ძალიან მაღლა ავფრინდი, მზეზე მაღლა ავედი.
არკადი დუდკინი 1987 წლის 13 მაისს უნდა გათავისუფლებულიყო. 12 მაისს გარდაიცვალა.
ადგილობრივი ტრადიციის შესაბამისად, ზონის ადმინისტრაციამ ფეხსაცმელი გახადა და
უსახელო საფლავს მიაბარა, ასე რომ თავის გმირ ძმასთან, რომლის როლსაც მთელი ცხოვრება
წარმატებით ასრულებდა, ფეხშიშველი მივიდა.

გრიშა
გრიშა ფელდმანი ყველაზე ხალისიანი და ცოცხალი კაცი იყო იმ ას ორმოცდაათამდე პატიმარს
შორის, მე რომ მინახავს. 1982 წელს იყო დაპატიმრებული და ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი
ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის. ებრაელი კაცი იყო, საშუალო განათლება ჰქონდა,
ელექტრიკოსად მუშაობდა რკინიგზის საავადმყოფოში უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ
კონოტოპში. რაიმე განსაკუთრებული არ ჩაუდენია, უბრალოდ, ებრაელი იყო და ისრაელს
გულშემატკივრობდა არაბეთთან ომში და სულ ამაზე ლაპარაკობდა დაპატიმრებამდეც და
დაპატიმრებულიც.
როგორა ხარო, რომ ჰკითხავდი, ხალისიანად გიპასუხებდა: ავტომატები არის, ტყვიებს მოიტანენ
და არაბებს და-და-და-და-და! ვირტუალური ავტომატი აშკარად გამოცდილ ხელებს ეჭირა და
არაბების მიმართულებაც იდეურად სწორად იყო შერჩეული, გრიშა უმიზნებდა
ადმინისტრაციული კორპუსის სააგიტაციო ნაწილს, რომელიც სავსე იყო ბრძნული წარწერებით,
მათ შორის – ასეთებითაც: „პური ყველაფრის თავი და თავია“ (Хлеб всему голова, რა შუაში იყო
სახელმწიფო დამნაშავეებთან ეს სიბრძნე, კარგად ვერ იქნა დადგენილი) და „სჯობს იფიქრო

7
მანამდე, ვიდრე შემდეგ – დემოკრიტე“ (Лучше думать до, чем после – Демокрит). როგორც ანტიკური
ლიტერატურის სპეციალისტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დემოკრიტეს მსგავსი
არასდროს არსად არაფერი უთქვამს, თუმცა ზონის ადმინისტრაციას და, კერძოდ, იდეოლოგიის
მამას, პოლკოვნიკ განიჩენკოს თავისი ჩანაფიქრი ჰქონდა, მას მოსწონდა სახელი დემოკრიტე;
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ნებადართული და მატერიალისტური სახელი იყო, მაგალითად, ცუდი
და ბნელი ჰერაკლიტესგან განსხვავებით და, მეორეც, იგი იოლად ასოცირდებოდა
დემოკრატებთან, ეს კი ჩვენი დასაცინი სახელი იყო ზონაში – ანტისაბჭოთა აგიტაციისა და
პროპაგანდისათვის გასამართლებულებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაცინვით სწორედ
„დემოკრატებად“ მოგვიხსენიებდნენ. ავტორიტეტული პატიმარ-ფსიქოლოგის, ბორის
მანილოვიჩის განმარტებით, ამ გამონათქვამით ოცდახუთი საუკუნის წინ დემოკრიტე
გვასწავლიდა, რომ ბოლოს და ბოლოს საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობას თუ აპირებ,
სჯობს ეს აქტი შენს დაპატიმრებამდე განახორციელო, ვიდრე დაპატიმრების შემდეგო.
საღამოს პლაცზე მოწყობისა და სიის ამოკითხვის დროს გრიშა სულ ზემოთ იყურებოდა. როგორც
კი პატიმრები თავს მოიყრიდნენ, ბარაკის სახურავზე მტრედები გროვდებოდნენ და ღუღუნს
იწყებდნენ, გრიშა სწორედ მტრედებს მისჩერებოდა თბილი და წყლიანი თვალებით. მსუნაგი კაცი
იყო – ყველაფრის ჭამა შეეძლო. ამიტომაც, ხმა რომ გავრცელდა, მტრედი მოკლა და შეჭამაო,
არავის გაჰკვირვებია. საინტერესო იყო მხოლოდ ტექნიკური დეტალები, როგორ მიუახლოვდა,
რითი მოკლა, როგორ დაამუშავა და, ბოლოს და ბოლოს, როდის შეწვა ან მოხარშა (და საერთოდ,
შეწვა თუ მოხარშა, თუ ჯერ მოხარშა და მერე შეწვა), არავის რომ არ გაუგია. ზონის ერთმა ნაწილმა
მომხდარი გაიაზრა, როგორც თავის გადარჩენის, სიცოცხლის შენარჩუნების ბუნებრივი
ინსტინქტის მორიგი გამოვლენა, ხოლო მეორე, უფრო ინტელექტუალურმა ნაწილმა, – როგორც
ადამიანის სულიერი დაცემის ერთ-ერთი ახალი ნიშანი. რაც მთავარია, არც ერთ ნაწილს არ
მიუჩნევია, რომ ჩადენილისთვის გრიშა უნდა დაესაჯათ. ასე ეგონა ყველას, სანამ
სახელგანთქმულმა უკრაინელმა სოციალისტმა, ფრიდრიხ (ფრედ) ანადენკომ, ავტორმა ცნობილი
ანტისაბჭოთა წიგნისა „ლენინიდან ბრეჟნევამდე“, საღამოს სასაუბროდ არ დაგვიბარა, მისი
წარმოდგენით, საიმედო შემადგენლობა, ე.წ. „განდობილები“ და ზონის ეზოში წინ და უკან
ჯგუფური სეირნობისას გამოთქმით და სათანადო აქცენტებით არ წაგვიკითხა თავისი წერილი,
რომელიც საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორისთვის მიეწერა: სსრკ გენერალურ
პროკურორს, ალექსანდრ მიხაილის ძე რეკუნკოვს, ამხანაგო საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირის გენერალურო პროკურორო, ალექსანდრ მიხაილის ძევ, მოგახსენებთ,
რომ პატიმარმა გრიგორი ზინობის ძე ფელდმანმა ЖХ 385/3-5 დაწესებულებაში უკანონოდ
მოიტაცა და შეჭამა მტრედი ან მტრედები (მსხვერპლის რაოდენობა დადგენილი არ არის). ეს კი
დაუშვებელია, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ მტრედი მშვიდობის სიმბოლოა.
ზემოქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ შესაბამისი ზომები.
პატივისცემის გარეშე, უსამართლოდ სასჯელმისჯილი პოლიტიკური პატიმარი
ფრიდრიხ ფილიპის ძე ანადენკო.
სასეირო განხილვა გახსნა მიხაილ პოლიაკოვმა, რომელმაც, მართალია, მოიწონა თამამი
„პატივისცემის გარეშე“, მაგრამ შემდეგ დაუფარავი ირონიით განაცხადა, რომ გენერალური
პროკურორი რეკუნკოვი, შესაძლოა, არ ეთანხმებოდეს იმ კონცეფციას, რომ მტრედი მშვიდობის
სიმბოლოა, რადგან აღნიშნული კონცეფცია ბიბლიიდან იღებს სათავეს, ხოლო ამხანაგ რეკუნკოვს,
როგორც ჭეშმარიტ მარქსისტს, კომუნისტს და სოციალისტს (ამ სიტყვაზე პოლიაკოვმა
განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, რადგან ანადენკოს სოციალისტობა როგორც ჭეშმარიტ
ლიბერალს და დემოკრატს გულზე არ ეხატებოდა), ბიბლიასთან კონფლიქტური
დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. მათემატიკოსმა-ტოპოლოგმა, პოლიგლოტმა და, საერთოდ,
ტვინიკოსმა, ანატოლი იანკოვმა განაცხადა, რომ ადამიანები მხოლოდ სიმბოლოებს ჭამენ, რადგან
ძროხას, ღორს, ცხვარს, ფრინველებს და თევზებს სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა
სიმბოლური დატვირთვა აქვთ და აქ იანკოვმა დააპირა თავისი უგზოუკვლო ცოდნის
გამომჟღავნება, მაგრამ ამასობაში ანადენკო გაგვიბრაზდა, აკანკალებული ხელით კონვერტზე
მარკა დააკრა და წერილი დემონსტრაციულად ჩააგდო ადმინისტრაციული კორპუსის კედელზე
ჩამოკიდებულ საფოსტო ყუთში. ჩემი ბოლო კომენტარი იყო, რომ უყურადღებოდ არ უნდა
დაგვეტოვებინა ანადენკოს უანგარო საქციელი, რადგან მან მთელი ახალი კონვერტი და მთელი
ერთი მარკა გაიმეტა საზოგადოებრივი საქმისთვის. ვინაიდან მარკა და კონვერტი პოლიტიკურ
ზონაში უსასტიკესი დეფიციტის საგნებს წარმოადგენდა, ჩემი მოკრძალებული კომენტარი
გამოცდილმა პატიმრებმა დადებითად მიიღეს.
არ ვიცით, მიაღწია თუ არა ანადენკოს წერილმა ადრესატამდე, მაგრამ გრიშა ფელდმანს
მშვიდობის სიმბოლოს შეჭმა ხახვივით შერჩა; თუმცა, ამით გრიშას გასტრო-კულინარიული
ეპოპეა არ დასრულებულა. ფელდმანი პროფესიონალი ელექტრიკოსი იყო და გამუდმებით

8
აკეთებდა ხოლმე ელექტროღუმელს, რომელსაც „კურილკად“ ხმობილ რვაონკანიან პირსაბანის
ბოლოში ამონტაჟებდა და რომლითაც მთელი ზონა სარგებლობდა, სანამ ზონის
ხელმძღვანელობას უცებ თავში რაღაც არ მოუვიდოდა და თანამოსაკნეებზე მზრუნავი
თანამედროვე პრომეთევსის ამ გამოგონებას დიდი ხნით არ გააქრობდა.
ერთხელ, როდესაც ახალი წლის წინა დღეებში ზონაში არსებული ცალკეული კულინარიულ-
გასტრონომიული დაჯგუფებები (პატიმართა არაფორმალური ჯგუფები, რომელთაც საერთო
გასტრონომიული მეურნეობა ჰქონდათ, მათ შორის, ებრაული „ქიბუცი“, „ქრისტფედი“ – სამხრეთ
კავკასიის ხალხთა ქრისტიანული ფედერაცია, ლიტვურ-ლატვიური უნია და უკრაინული
„სხოდსტვო“) თავისი კვებითი რესურსების, უმი და მზა პროდუქციის ინვენტარიზაციას
ახდენდა, ქრისტფედის ერთ-ერთ წევრს, რაფაელ პაპაიანს მეუღლის, ანაჰიტ პაპაიანის მიერ
ბოლო შეხვედრაზე წელიწადნახევრის წინ ჩამოტანილი მთელი ორლიტრიანი ქილა ცხვრის
ყაურმა აღმოაჩნდა. ყაურმა პატიოსნად ინახებოდა საერთო საწყობში, ე.წ. „კაპტიორკაში“ და
თავის რიგს ელოდებოდა. როგორც ჩანს, ეს უსასრულო მოლოდინიც დასრულდა და ყაურმის
დროც დადგა. ფედერაციის წევრები, ბერძენიშვილი, ლაშქარაშვილი, ხომიზური, ალთუნიანი და
პაპაიანი გასტრონომიული სასწაულის მოლოდინში ესწრებოდნენ ყაურმის გახსნის
ცერემონიალს. ორლიტრიან ქილას ხრახნიანი თავსახური ჰქონდა; როგორც კი პაპაიანმა მესამე
მცდელობისას, როგორც იქნა, ბედნიერი სახით მოატრიალა სახურავი, ქილამ ცუდი ბუყბუყი
დაიწყო და მალე ბარაკში ისეთი სუნი დადგა, რომ სამამულო ომის ვეტერანმა, გერმანელმა
პოლიცაიმ და სსრკ სოციალისტური შრომის ყოფილმა გმირმა ვერხოვინმა იყვირა, „Внимание!
Иприт! Газовая атака! Все на выход!“ და მთელი ბარაკი ეზოში გაცვივდა.
უკანასკნელი ბარაკიდან გრიშა გამოვიდა ყაურმიანი ქილით ხელში და კავკასიელებს გვკითხა,
ამას რას უშვრებით, უნდა გადააგდოთო და დადებითი პასუხი რომ მიიღო, ქილიანად
„კურილკას“, ანუ თავის ელექტროღუმელს, მიაშურა; ამას შედეგად მოჰყვა რამდენიმე მწეველი
პატიმრის სწრაფი გამოვარდნა „კურილკიდან“. გრიშამ განაცხადა, ჩემი ღუმელი პლუს ოთხას
გრადუსს უზრუნველყოფს, ყველა ბაქტერიას კლავს და ცხვრის ყაურმა რა უნდა იყოს ასეთიო,
ერთი საათი ადუღა მყრალი ყაურმა, გამოიტანა ქვაბი, ეზოს შუაგულში მაგიდას მიუჯდა და
მთელი ზონის თვალწინ მთელი ქვაბი მეთოდურად და აუღელვებლად შესანსლა. ოცდაათი
მეტრის რადიუსში მომწამლავი სუნის ყაურმას ვერავინ, ვერც ზონის ადმინისტრაცია ვერ მიეკარა.
ამას მოჰყვა რამდენიმე, მათ შორის მკვახე ანტისემიტური კომენტარიც, რისთვისაც გრიშას
ყურადღება არ მიუქცევია. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ყაურმის ეპიზოდთან
დაკავშირებით ფრედ ანადენკო ახალი უპატივცემულო წერილით მიმართავდა გენერალურ
პროკურორს, მაგრამ, რაც მართალი მართალია, ჩვენთვის ამ ახალი საჩივრის გაცნობა მას აღარ
შემოუთავაზებია.
ყაურმის ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა და გრიშა ზონიდან გაიყვანეს. როგორც გავიგეთ,
მორდოვეთის დედაქალაქში, სარანსკში წაუყვანიათ და იქაურ იზოლატორში ჩაუსვამთ. კარგა
ხნის განმავლობაში გრიშას შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვქონია, არავისთვის მოუწერია,
გარედანაც არანაირი ამბავი არ მოსულა. გავიდა ოთხი თვე და ერთ მშვენიერ დღეს გრიშა
დაბრუნდა, თმებმოშვებული, მოსუქებული და უმზეური. სახის კანის ფერის მიხედვით
ჩვენთვის უბრალო საქმე იყო დაგვედგინა, თუ რამდენ ხანს იჯდა ადამიანი იზოლატორის
საკანში, ფელდმანის ფერი გვკარნახობდა, რომ მთელი ოთხი თვე გრიშამ იზოლატორში გაატარა
და მზესთან ერთსაათიანი გასეირნების, ე.წ. „პრაგულკის“ გარდა სხვა კონტაქტი არ ჰქონია.
ზონის ოდესღაც ყველაზე მხიარული და ხმაურიანი ბინადარი რაღაცნაირად ჩაქრა, არაბებზე და
ავტომატებზე აღარ ლაპარაკობდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კულინარიულ ექსცესებსაც შეეშვა,
ის კი არა და თავისი სახელგანთქმული ელექტროღუმლის გამართვაზეც არ უფიქრია. ვიღაც-
ვიღაცეები სათანადო დასკვნებს გვთავაზობდნენ, მაგრამ დამაჯერებელი ინფორმაცია არავის არ
ჰქონია.
უნდა ითქვას, რომ ქართველები კარგი პატიმრები არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართველები
პატიმრობაში არ წუწუნებენ და, რაც მთავარია, ფიზიკურად სამაგალითო გამძლეობის ნიმუშებს
წარმოადგენდნენ. მიუხედავად ჩვენი ასეთი მაღალი რეპუტაციისა, 1986 წლის შემოდგომაზე
ზონაში გრიპის ვირუსი შემოიჭრა და სხვებთან ერთად მეც წამაქცია. მაღალი სიცხით ვიწექი
რამდენიმე დღე ბარაკში და ექიმმა თქვა, კიდევ ორი დღე სიცხე თუ არ დაგიწევს, „ბალნიჩკაში“
გადაგიყვან და დიეტას დაგინიშნავო (დიეტა ზონაში ძალიან კარგი სიტყვაა, იგი აღნიშნავს
კარაქს, თეთრ პურს და არა იმას, რასაც საერთოდ). მოკლედ, ვწევარ ორმოცი გრადუსით ბარაკის
შესასვლელში, საღამოს ცხრა საათია, გრიშას, ჩემს და ორიოდ მოხუც ლიტველს გარდა ბარაკში
თითქმის არავინ არ არის და შემორბის ჟორა ხომიზური სენსაციური განცხადებით, „ვრემიაში“
ჩვენი გრიშა იქნებაო. საბნიან-ლეიბიანად ავდექი და კლუბ-სასადილოში გავეშურე. ტელევიზორი
ძალიან მაღალზე იყო დამონტაჟებული, რომ თორმეტივე გრძელ მაგიდას მიმსხდარ ყველა
პატიმარს დაენახა.

9
საინფორმაციო გადაცემა „ვრემიაში“ ყველაფერი გვითხრეს კომპარტიის პოლიტბიუროს
პლენუმის შესახებ, კალეიდოსკოპურად ჩაიარეს ქარხნებმა, ფაბრიკებმა, კომბაინებმა,
ტრაქტორებმა და კულტურამ. აშკარად მომწიფდა სპორტისა და ამინდის პროგნოზის საკითხები
და სწორედ ამ დროს ეკრანი მთლიანად დაიკავა, როგორც წამყვანმა ბალაშოვმა განაცხადა, ეგრეთ
წოდებულმა პოლიტპატიმარმა, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის
გასამართლებულმა გრიგორი ზინობის ძე ფელდმანმა.
და თქვა გრიშამ: ისრაელი საშინელი სახელმწიფოა, საბრალო არაბებს აწამებენ, შემირცხვენია
ეგენიო. დღე და ღამე ჰოლოკოსტზე საუბრობენ და თვითონ გენოციდს უწყობენ არაბებს და
პალესტინელებს და, საერთოდ, ვერც კი წარმომიდგენია, ამქვეყნად სიონიზმზე დიდი საშინელება
რა შეიძლება იყოსო. რაც შეეხება იმ ბანაკს, რომელშიც ვიმყოფები, ჩემს ეგრეთ წოდებული
თანაპატიმრებზე გული მერევა, ამდენმა გარეწარმა ერთად როგორ მოიყარა თავი, ეს კიდევ რა
უბედურებააო. საბჭოთა ხალხო, მაპატიე, თუმცა ჩემი პატიება არც შეიძლება და არც უნდა
მეპატიოსო.
„ვრემიაში“ გრიშა სპორტმა და ამინდის პროგნოზმა შეცვალა, ხოლო გაოგნებული პატიმრები ნელ-
ნელა დაიძრნენ ბარაკებისკენ. მე ჩემი საბან-ლეიბით სასწრაფოდ დავუბრუნდი ჩემს ლოგინს.
გრიშა ჩემგან სამიოდ მეტრში იყო თავის ლოგინზე ჩაცმულ-დახურული წამოკოტრიალებული.
გარეთ რაღაც პატარა ჩოჩქოლის შემდეგ ბარაკში ე.წ. „სირცხვილის დელეგაცია“ შემოვიდა ფრედ
ანადენკოს ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდნენ მიშა პოლიაკოვი და ჟორა ხომიზური.
ეს სამკაციანი დელეგაცია ფელდმანის ლოგინისკენ დაიძრა. გრიგორი ზინობის ძევ, რით
შეგიძლია იმართლო თავიო, ჰკითხა ჩუმი ხმით ანადენკომ.
– რით შემიძლია ვიმართლო თავი? – გაიმეორა შეკითხვა გრიშამ და მის ხმაში დამცინავმა
უკრაინულმა აქცენტმა გაიელვა, აი ამით: გრიშა გადაბრუნდა, კომისიას უკანალი მიუშვირა და
უკანალმა ისეთი მგრგვინავი ხმა გამოსცა, გარგანტუას და პანტაგრუელის სახელოვან ავტორს,
დიდ ფრანსუა რაბლესაც კი გააკვირვებდა. კაცი არ ყოფილხარო, თქვა გაწბილებულმა ანადენკომ
და კომისიამ ბარაკი დატოვა.
ამ დღის შემდეგ გრიშა პოლიტიკური კეთროვანი გახდა და მას არავინ მიჰკარებია. ძალიან
სწრაფად დაჩაჩანაკდა და ჩაეშვა. მის დაცემას განსაკუთრებით ჩვენი ებრაელები განიცდიდნენ,
თავი მოგვჭრა ამ არაბების მეხოტბემო.
გრიშა შეიწყალეს და გაათავისუფლეს 1987 წლის 9 თებერვალს. ხუთი დღის შემდეგ, 14
თებერვალს ბარაშევოს ზონაში არც ერთი „დემოკრატი“ არ დარჩა, პერესტროიკის ეპოქაში
პოლიტიკური პატიმრების დრო დამთავრდა. ისრაელი დიდხანს ამბობდა უარს ფელდმანის
მიღებაზე. ამბობენ, ამ საქმეში მოსადი ურევიაო. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ყოფილი
თანამოსაკნეებიც არ გულშემატკივრობდნენ მის ალიას. ოცი წლის მანძილზე გრიშა ამაოდ
ცდილობდა განაწყენებული თანამემამულეების გულის მოგებას და მხოლოდ 2006 წელს მიაღწია
საწადელს და აღთქმულ მიწაზე ავიდა სამოცდაათი წლის, მოხუცი, დაღლილი და გამოფიტული.
როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოსულა და ისრაელის მიწისთვის ფეხი დაუდგამს, ხმამაღლა
რუსულად დაუყვირია, მაპატიეთო და იქვე, თელ-ავივის აეროპორტში დაულევია სული.

ჟორა
ჟორა, იგივე გიორგი პავლეს ძე ხომიზური, იგივე ერნესტ გარაევი, იგივე ნეკობა, იგივე აპარეკ
გულაგური, იგივე ოცდაექვსი, დიდი ამერიკელი პოეტის, კარლ სენდბერგის მიერ აღწერილი
სებასტიან ბახისა არ იყოს, რიცხვების კაცი იყო. ზვიად გამსახურდიას თარგმანით რომ ვთქვათ,
იგი იშვა დედამიწაზე რიცხვთა შესაცნობად.
მან შეუფარდა ათიანებს ხუთიანები, დააკავშირა, შეაყვარა მათ ურთიერთი, სარეცელი უქმნა
ზიარი.
ჟორას შეეძლო დღის სამის თხუთმეტ წუთზე შეწუხებულს მოერბინა და მშფოთვარედ ეთქვა,
ერთ წუთში შენ ქრისტეს ასაკამდე დაგრჩება ზუსტად ერთი მილიონი წუთი! მასვე შეეძლო,
ღამით გაეღვიძებინე და ეხარებინა, ზუსტად ორმოცდაოთხ წამში განთავისუფლებამდე დაგრჩება
44 444 444 წამი!
მან გააღვიძა ორიანები, ოთხიანები, განუფრთხო მათ ძილი ყრმობისა, კვლავ შეულოცა და
დააძინა.

10
თითქმის მთელი ზონა ჰყავდა რიცხვების ბუქსირზე აყვანილი და ექვს და ცხრანიშნა რიცხვებით
დარეტიანებული, მოულოდნელი და უცნაური სტატისტიკით გაბრუებული და დატერორებული.
ბუნებრივია, ამოდენა მოცულობის სამუშაოთა შესასრულებლად მუდმივად რაღაცას წერდა და
ანგარიშობდა. არათუ ყველა პატიმრის დაბადების დღე, არამედ მათი მეუღლეებისა და შვილების
დაბადების დღე, ყველა პოლიტიკური პატიმრის (არა მხოლოდ ჩვენი ზონის, არამედ პერმის
პოლიტიკური ზონების პატიმრებისაც) დაპატიმრებისა და განთავისუფლების დღე, ბუნებრივია,
ზეპირად იცოდა. მაგალითად, იცოდა, რომ 21 მაისი არის ანდრეი სახაროვის, მაშა ხომიზურის, მიშა
სკრიპკინისა და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დაბადების დღე, რომ ეს არის
წელიწადის 141-ე (ნაკიან წლებში 142-ე) დღე, რომ ჩვ.წ. 878 წელს სწორედ 21 მაისს სირაკუზი
დაიპყრო მუსლიმმა სულთანმა, რომ 1674 წელს ამ დღეს არისტოკრატებმა იან სობეცკი
პოლონეთის მეფედ და ლიტვის დიდ ჰერცოგად აირჩიეს, რომ 1972 წლის 21 მაისს მიქელანჯელოს
„პიეტა“ რომის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სულიერად აშლილმა უნგრელმა ვანდალმა, სხვათა
შორის, გეოლოგმა (ამას, როგორც გეოლოგი, მაგრამ სულიერად ნორმალური, ხაზს უსვამდა)
ლასლო ტოტმა დააზიანა და ასე შემდეგ; მის უკიდეგანო ცოდნას არც დასაწყისი ჰქონდა, არც
დასასრული. უზარმაზარ გამოთვლით მანქანასავით სულ ჩართული იყო, ანგარიშობდა და
ანგარიშობდა თავდაუზოგავად. რაც მთავარია, ამ ანგარიშში იყო სიზუსტე, ოღონდ რას
ემსახურებოდა ეს ხისტი სიზუსტე, არავინ იცოდა. არავინ უწყოდა, რატომ იყო მნიშვნელოვანი,
რომ ამა თუ იმ მოვლენამდე დარჩა ამდენი ან იმდენი წელი, საათი, წუთი ან წამი. თუმცა, რა
ნათქვამია, რომ არავინ უწყოდა – თვითონ ჟორამ ხომ უწყოდა.
მან უწყოდა სიყვარულის, ბედის რიცხვები, მან უწყოდა, ვით შეიქმნა და შეკავშირდა
ვარსკვლავეთი, ზღვა და ხმელეთი რიცხვთაგან.
ზოგადად რიცხვების კაცი იყო, ყველა რიცხვი შვილივით უყვარდა, მაგრამ ერთი რიცხვი
განსაკუთრებით დაებედა. ეს იყო ოცდაექვსი. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი ოცდაექვსი
ბაქოელი კომისრის საბჭოური მითის გაცამტვერებას მიეძღვნა: ამ მითში აბსოლუტურად
ყველაფერი საბჭოთა პროპაგანდის მიერ შეთხზული ტყუილი აღმოჩნდა და ამან მაშინ სრულიად
ახალგაზრდა და მისტიკისადმი არამედეგ მკვლევარზე, შეიძლება ითქვას, ღრმა და წარუშლელი
შთაბეჭდილება მოახდინა: ჯერ ერთი, ოცდაექვსი ბაქოელი კომისრიდან დახვრეტილი ოცდაშვიდი
აღმოჩნდა, მერეც – მათ შორის მხოლოდ ცხრა ყოფილა კომისარი, საკუთრივ ბაქოელი ყოფილა ორი
და ა.შ. იმდენი იკვლია ოცდაექვსი ბაქოელი კომისრის მითი, იმდენი იძახა შაჰუმიანი-ჯაფარიძე-
აზიზბეკოვი-ფიოლეტოვი (თან თურმე სომეხ-ქართველ-აზერბაიჯანელ-რუს ბოლშევიკთა ყალბი
ლიდერობაც ინტერნაციონალიზმისადმი მიძღვნილი ხარკი და მითი ყოფილა, ნამდვილი
ლიდერები შაუმიან-ჯაფარიძე-კორგანოვ-პეტროვი ყოფილან), რომ ამ მართლა თარს რიცხვს ვეღარ
მოშორდა: ყველგან შავბნელი ოცდაექვსი და მისი პირქუში მოადგილე, საბედისწერო ცამეტი
ელანდებოდა; ხომიზურის ტელეფონის ნომერი ერევანში ხომ 26-ით იწყებოდა, ციფრების ჯამიც
ოცდაექვსი იყო; ნომერი გამოუცვალეს – ციფრების ჯამი 26 დარჩა; კიდევ ერთხელ გამოუცვალეს
და ციფრების ჯამი იგივე დარჩა! („მისტიკა!“ – გულწრფელი მღელვარებით ამბობდა ჟორა). ჩემი
თბილისის ტელეფონის ნომერს ოცდაექვსამდე ერთი დააკლდა! წელიწადი ხომ ორჯერ
ოცდაექვსი კვირისგან შედგებოდა! ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს ხომ სამჯერ ოცდაექვსამდე
ზუსტად სამი წელი დააკლდა! მოკლედ, როგორც რუსები იტყვიან, опять двадцать... шесть!
ბოლოს და ბოლოს ჟორას მოყვარულმა საზოგადოებამ ჩვენს ბანაკში რიცხვ ოცდაექვსისადმი
გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და ერთგულების გამო, ოცდაექვსი გაუტოლდა
ახალ რიცხვით მუდმივას, ერთ ხომიზურს, რომელიც აღნიშნა ლათინური მთავრული ასოთი H,
ხოლო შესანიშნავი პოლიტპატიმრის, მათემატიკოს-ტოპოლოგ ვადიმ ანატოლის ძე იანკოვის
ძალიან რთული დამატების მიხედვით, ერთ მეშვიდედს ეწოდა ერთი ჟორიკი და იგი აღინიშნა
ლათინური ნუსხური h ასოთი (ლათინური ასოების შეთავაზება ჩემგან მომდინარეობდა).
იანკოვის დამატების სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ მან რიცხვ ოცდაექვსში ციფრები
შეკრიბა (მიიღო რვა), შემდეგ მიღებულს ერთი გამოაკლო (მიიღო შვიდი) და შემოიღო ერთი
მეშვიდედი ანუ ჟორიკი. განსაკუთრებული სირთულე ის იყო, რომ კითხვაზე, ის ერთი რატომღა
გამოაკელიო, იანკოვს მოჰქონდა თვითნაკეთი გრიფელის დაფა და უშველებელი სტილუსი, სამი
საათის განმავლობაში წერდა, შლიდა, ჩხუბობდა, ამტკიცებდა და ყვიროდა, ასეც თუ ვერ გაიგეთ,
მე არაპროფესიონალებისთვის მეტი დაღეჭვა აღარ შემიძლიაო. ამის შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ
ბანაკში შედარებით დაბალი საგანმანათლებლო ცენზის მქონე სამხედრო დამნაშავეებმაც კი
იცოდნენ, რომ წელიწადი შედგება ზუსტად ორი ხომიზური და ერთი ჟორიკი (2H1h) კვირისაგან,
რომ ბრეჟნევმა სამ ხომიზურს სამი წელი დააკლო, რომ 1985 წლის პირველი იანვრის
მონაცემებით, ჟორას, ლევან ბერძენიშვილს, ჯონი ლაშქარაშვილს და რაფაელ პაპაიანს თითო
ხომიზური კბილი ჰქონდათ, ხოლო 1986 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, აღნიშნულ პირებს
უკვე ერთად ჰქონდათ ორი ხომიზური კბილი, რომ ცამეტი თარსია, რადგან არა სრული, არამედ
მხოლოდ ნახევარი ხომიზურია, რომ ჩვენს ბანაკში ბილწსიტყვაობის ჭეშმარიტი და

11
საყოველთაოდ აღიარებული ჩემპიონი, საბჭოთა პოლივიტამინების – უნდევიტისა და
დეკამევიტის შემოქმედი, არნოლდ არტურის ძე ანდერსონი ორი ხომიზური წლისა იყო, როცა
ნახევარი ხომიზური მიესაჯა დეკამევიტის ფორმულის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
საკუთარი ძმისთვის გადაცემისათვის, რომ ჩვენს მიერ შესაკერავი ხელთათმანების დღიური
ნორმა იყო სამ-ნახევარ ხომიზურს პლუს ერთი (92 წყვილი) და ა.შ.
ჟორას მტკიცებით, ჩვენი პოლიტიკური ზონის ალფანუმერული გამოსახულებაც ЖХ 385/3-5 უნდა
წაგვეკითხა, როგორც Жора Хомизури 1+1+ (ეს Ж და Х არისო) +3+8+5+3+5 = 26 ანუ ჟორა ხომიზური
ხომიზური, როგორც ჰომო საპიენს საპიენს.
იმ პერიოდში გიორგი ხომიზურს, როგორც დისიდენტს, ჩვენი ზონის გარდა არავინ იცნობდა;
ძალიან ვიწრო გეოლოგიურ სამეცნიერო წრეებში იცნობდნენ, როგორც ნავთობქიმიისა და გაზის
მრეწველობის ინსტიტუტის ვარსკვლავს, ძალიან კარგ გეოლოგს და გეოსინკლინალიების შესახებ
დაწერილი მოზრდილი მონოგრაფიის ავტორს, მაგრამ მთელ საბჭოთა კავშირში დისიდენტი ან
მოდისიდენტო კაცი არ მოიძებნებოდა, ერნესტ გარაევი და მისი წიგნები რომ არ სცოდნოდა.
ერნესტ გარაევი მისი ერთ-ერთი ფსევდონიმი იყო (ფსევდონიმები ბლომად ჰქონდა,
სტალინმოძულე „ნეკობა“ – არა-კობადან დაწყებული და, მისი აზრით, მშობლიურ-ხევსურულად
გაფორმებული „აპარეკ გულაგურით“ დამთავრებული). სწორედ ერნესტ გარაევის ფსევდონიმით
ჰქონდა იატაკქვეშეთში გამოცემული წიგნები „სკკპ ხელმძღვანელობის ისტორია (ფაქტები
კომენტარების გარეშე)“, „მითი ოცდაექვსის შესახებ (ოცდაექვსი ბაქოელი კომისრის ნამდვილი
ისტორია)“, „დიდი ტერორის ქრონოლოგია“. მე ვეხუმრებოდი, სახელ ერნესტს შენ ჰემინგუეის
სიყვარულის გამო არ დაირქმევდი, აშკარად შენი ტროცკისტულ-მემარცხენე წარსულიდან
გამომდინარე, ერნესტო ჩეგევარას სცემდი-მეთქი პატივს, მაგრამ არასოდეს მეთანხმებოდა,
თუმცა დიდ წინააღმდეგობასაც არ მიწევდა.
გიორგი ხომიზური, ქართველი კაცი, ბაქოში დაბადებული, დედის მიერ ბავშვობაში მიტოვებული,
სახალინზე გადასახლებული ამაყი და მარტოხელა ქართველი მამის მიერ გაზრდილი, მოსკოვში
ერთი ხომიზური წელი ნაცხოვრები და ერევანში 1982 წელს დაპატიმრებული, გაუტეხელი
მებრძოლი იყო. იმ ორას ოთხმოცდასამი მილიონ რვაას ოცდაოთხი ათასი წამის განმავლობაში,
რომელიც საბჭოთა კაგებეს გადაწყვეტილებით, ბანაკებსა და გადასახლებაში უნდა გაეტარებინა,
მერყეობისთვის ერთი წამიც არ დაუთმია. ექვსი წელი მკაცრი რეჟიმის ბანაკი და სამი წელი
გადასახლება ჰქონდა მისჯილი. მის თანამოსაქმეს, რაფაელ პაპაიანს, შესაბამისად – ოთხი და
ორი. მათი მესამე თანამოსაქმე საერთოდ საეჭვო გარემოებებში დაუძვრა მართლმსაჯულებას,
მაგრამ ჟორა ედგარს, როგორც განათლებულ კაცს, მაინც პატივისცემით მოიხსენიებდა.
საინტერესო კი იყო, რომ ორი სომეხი და ერთი ქართველი დისიდენტისგან შემდგარი ერევნული
დაჯგუფების ხელმძღვანელად სომეხმა ჩეკისტებმა უყოყმანოდ ქართველი ანტისაბჭოელი
აღიარეს – ჟორა ამბობდა, ჩეკისტი ხალხია, სტალინის ფასი ეცოდინებათ, ქრისტიან
კავკასიელებში ლიდერი ვინ იქნებოდა, კარგად ხვდებიანო.
ქართველებს და სომხებს სამეურნეო-სამეგობრო „სამხრეთ კავკასიის ხალხთა ქრისტიანული
ფედერაცია“ გვქონდა ჩამოყალიბებული (კაცმა რომ თქვას, შეიძლებოდა სიტყვა „ქრისტიანული“
არ დაგვეხარჯა, რომ ძალიან ცუდი კაცი, ჯაშუში და სს-20 რაკეტის ნახაზების იუგოსლავიაში
ამერიკელებისთვის მიმყიდველი ახპერ რაჯაბოვი ასევე სამხრეთ კავკასიელი, აზერბაიჯანელი არ
ყოფილიყო. ასე რომ სიტყვა „ქრისტიანული“ რაჯაბოვისთვის ფედერაციის კარის ჩასარაზად იყო
განკუთვნილი, ხოლო ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით აზერბაიჯანიდან
არავინ ჩაუსვამთ, რომ ცუდი ახპერი კარგი აზერბაიჯანელით შეგვეცვალა). ფედერაციაში
ფედერატების ფინანსური ინტეგრაციის დონე ისეთი მაღალი არ იყო, როგორც ებრაულ ქიბუცში
(თვეში ხუთ მანეთს საკუთარი ჭკუით „ვხარჯავდით“), მაგრამ თვეში ერთხელ „ლარიოკში“
პროდუქტების შეძენისას ფედერაციის წევრებს შორის გარკვეული კოორდინაცია მაინც ხდებოდა.
ფედერაციას თავისი კონსტიტუცია ჰქონდა. კონსტიტუციის მამა და ერთადერთი ავტორი იყო
გიორგი ხომიზური. ბუნებრივია, არსებობდა ამ კონსტიტუციის წერილობითი ტექსტი, დაწერილი
ჟორას მიერ რუსულ ენაზე და თარგმნილი რაფაელ პაპაიანის მიერ სომხურ და ლევან
ბერძენიშვილის მიერ ქართულ ენებზე (ჩემმა იდეამ, ეს ტექსტი ლათინურ და ძველ ბერძნულ
ენებზეც გვეთარგმნა, ჟორა სასტიკად აღაშფოთა, ეს თქვენი სათამაშო არ არის, კონსტიტუცია
სერიოზული დოკუმენტიაო). სამივე ტექსტი მხოლოდ ორიგინალის სახით არსებობდა და
ჟორასთან ინახებოდა, მაგრამ იურიდიული ძალა მხოლოდ რუსულ და ქართულ ვარიანტებს
ჰქონდა, რადგან პაპაიანს რუსული სკოლა და ტარტუს უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული
და ჟორა მის სომხურს არ ენდობოდა. კონსტიტუციის მიხედვით, კონფედერაციას მეთაურობდა
უხუცესი ანუ სტარეიშინა (ჩისტოპოლის ციხიდან გენრიხ ოვანესის ძე ალთუნიანის ჩვენს ბანაკში
გადმოყვანამდე ფედერაციაში ასაკით ყველაზე უფროსი ჟორა იყო) და ამ თანამდებობაზე
შეიძლებოდა არჩეულიყო მხოლოდ გიორგი პავლეს ძე ხომიზური (ასე ეწერა კონსტიტუციაში:

12
„უხუცესის თანამდებობაზე ასარჩევად შეიძლება დასახელდეს მხოლოდ გიორგი პავლეს ძე
ხომიზურის, 1942 წლის 9 თებერვალს დაბადებულის ქ. ბაქოში, ქართველის, კანდიდატურა;
მხოლოდ გიორგი პავლეს ძე ხომიზური, ქართველი, დაბადებული 1942 წელს ქ. ბაქოში, შეიძლება
აირჩიონ უხუცესის თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი პავლეს ძე ხომიზური
აცილებას მისცემს თავის კანდიდატურას, ფედერაციის წევრები ვალდებული არიან, იგი აირჩიონ
ფედერაციის უხუცესად.“ ამ, პირდაპირ რომ თქვათ, არც თუ ისე დემოკრატიული დებულების
დასაბუთებაში მოტანილი იყო: ქართული ხალხური სიმღერის „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“
(ჟორასეულ რუსულ ვარიანტში ეწერა „Грузин, саблю доставай“) ტექსტი, სტალინის ბიოგრაფიის
თბილისური პერიოდის რამდენიმე ეპიზოდი, განსაკუთრებით, კობასა და კამოს ურთიერთობის
ამსახველი მომენტები, რომლებიც ხაზს უსვამდნენ ამ არაკანონმორჩილ მოქალაქეთა შორის
მკაცრი სუბორდინაციის არსებობას და ზოგი სხვა, ასეთივე მყარი და დამაჯერებელი არგუმენტი).
ფედერაციის კონსტიტუციის მიხედვით, უხუცესის არჩევნებს წინ უძღოდა წინასაარჩევნო
პერიოდი, რომლის დროსაც უხუცეს-სტარეიშინას უნდა მოესყიდა ამომრჩევლები თითო ჭიქა
ნამდვილი ჩაით (ერთი ასანთის კოლოფი შავი ბაიხის ჩაი ერთ ლიტრ წყალზე, ყენდება თერმოსში
თხუთმეტი წუთის განმავლობაში, შემდეგ ხდება მისი „დაქორწინება“, ანუ თერმოსიდან ჭიქაში
გადმოსხმა და ისევ თერმოსში ჩასხმა ზუსტად სამჯერ და დანაკარგების გარეშე, სწორედ ამ დროს
იძენს ჩაი ნამდვილ გემოს) და თითო სრული ღერი (როგორც ცნობილია, პატიმრებს ჩვევად აქვთ
სიგარეტის ორად გატეხვა) „პრიმა“ სიგარეტით. ჩვენს ლარიოკში „პრიმა“ ძვირი იყო, თხუთმეტი
კაპიკი ღირდა (ამავე ფასად ერთი კოლოფი წეკო მოდიოდა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე
ფილტვების გაშავების უნარით ბარე ათჯერ აღემატებოდა კოლოფ „პრიმას“ და, ამდენად,
პატიმართა საერთო აღიარებით, უფრო ეფექტიანად, რენტაბელურად და ქმედუნარიანად იყო
მიჩნეული).
არჩევნების დღე კვირა იყო (არჩევნები წელიწადში ორ ხომიზურჯერ ტარდებოდა) და
სტარეიშინას ჩაი ერთი ღერი „პრიმას“ თანხლებით იმართებოდა ყოველ შაბათს, საღამოს 8 საათზე
– შაბათი საერთოდ, სამოთხე იყო, მუშაობა (ცალ ანუ ცერათითა და რეზინის სახელისგულე
„ნალადონნიკიანი“ ხელთათმანების კერვა) თორმეტამდე, შემდეგ აბანო (ტაშტებით, გოვზებით
ანუ აბანოს კუტალებით და გამოზოგილი სარეცხი საპნით, აბა, შხაპი, შამპუნი და მისთანები ხომ
არ იქნებოდა ევროატლანტიკურ ციხესავით?!), შემდეგ კინო (ძირითადად, სტალინზე,
პიონერებზე, კომკავშირელებსა და კომუნისტებზე, თუმცა ერთხელ შეცდომით ბერგმანის
„შემოდგომის სონატა“ შემოეპარათ), შემდეგ სტარეიშინას ჩაი და ბოლოს სავალდებულო
საინფორმაციო გადაცემა „ვრემია“ პოლიტბიუროს დადგენილებით, უთვალავი ტრაქტორით,
კომბაინით, მუდმივი მიწისძვრით იაპონიაში და უსაშველო ტორნადოებით ამერიკაში.
შაბათობათა ეს შესანიშნავი ტრადიცია დროებით შეწყდა 1986 წელს, როდესაც ჟორა რამდენიმე
თანაზონელთან ერთად მორდოვეთის დედაქალაქ სარანსკის იზოლატორში გადაიყვანეს. ამ
გადაყვანის მიზეზი მარტივი იყო, ეს იყო ე.წ. გამოცდა რძით და კვერცხით – ანუ ფუფუნებისა და
განცხრომის ელემენტებით ანტისაბჭოთა ადამიანის ფსიქიკის შერყევა-შემოწმება. ჟორა ვერ
„გამოსცადეს“, რადგან ბავშვობიდან ვერ იტანდა რძეს, ხოლო კვერცხის გულზე ისეთი ალერგია
ჰქონდა, რომ ვერც ერთ ნამცხვარს ვერ ეკარებოდა. პირველ დღეს რომ ჟორას და მის
თანამოსაკნეს, პეტერბურგელ მიხეილ ტოლსტიხს რძე მოუტანეს, ჟორას თავისი ჭიქა უკან
გაუბრუნებია, რძეს არა ვსვამო. ტოლსტიხი თურმე მთელ დღეს საყვედურობდა, შენ არ სვამ,
მაგრამ მე ხომ ვსვამო. ჟორას თავისი შეცდომა უღიარებია, მაგრამ მეორე დღეს კვერცხზე უთქვამს
უარი, ალერგია მაქვსო. ტოლსტიხი ისევ აღელვებულა, მე ხომ არა მაქვს ალერგიაო! აქ ჟორა
გამწარებულა და უთქვამს, ტოლსტიხ, შენი ხათრით შეიძლება რძე „შევიყვარო“, მაგრამ კვერცხზე
ნუ მომაწვები, ჯერ ერთი პრინციპის საკითხია და, მეორეც, ყოველდღე ორი კვერცხი თავისი
ქოლესტერინით ჯანმრთელობას შეგირყევსო. მოკლედ, ვერ გაუგიათ ერთმანეთისთვის ემოციურ
და პრინციპულ ქართველსა და ცივსისხლიან და არც თუ ისე პრინციპულ ნევისპირელს. დიდი
მეგობრები არასოდეს ყოფილან, მაგრამ ზონაში რომ დაბრუნდნენ, გამარჯობის მეტი სიტყვა აღარ
უთქვამთ ერთმანეთისთვის.
სხვათა შორის, ჟორას რომ კვერცხის გულზე ალერგია ჰქონდა, დიდხანს არც მე ვიცოდი ან საიდან
უნდა მცოდნოდა, კვერცხს და ამისთანა ცილოვან საშინელებას ვინ მოგვაშავებდა?! 1986 წელს, 23
ოქტომბერს დიდი დაბადების დღე გადავიხადე – ხუთი სამხრეთკავკასიელი ფედერატის გარდა
„დემოკრატები“ – პიტერელი მიხაილ პოლიაკოვი, მოსკოველი ვადიმ იანკოვი და თვითმფრინავის
გამტაცებელი არენბერგი მოვიწვიე. ზღაპრული სუფრა მქონდა: ცხელი ჩაი კაცზე ხუთ-ხუთი
ძალიან პატარა და მრგვალი კანფეტით, თევზის პაშტეტ „ვოლნას“ ბუტერბროდები (მესამეული
ცხობის შავ პურზე) და, როგორც ზაქარია, იგივე ჯონი ლაშქარაშვილი იტყოდა, „პროგრამის
ლურსმანი“ – აჭარული ხაჭაპური, გამომცხვარი გრიშა ფელდმანის სახელგანთქმულ ღუმელში
(ინგრედიენტებად გამოყენებულ იქნა იმავე წლის 9 მაისს მიღებული თეთრი პური, რომელიც
თვეთა განმავლობაში მეცნიერულად გავახმე, შემდგომ დავფქვი, უფრო სწორად დავნაყე და

13
ცომად მოვზილე, ჯონი ლაშქარაშვილის მიერ ავადმყოფობისას არშეჭმული და უფრო შავი
დღისთვის შენახული კარაქი, ინგა ქარაიას მიერ სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ წელიწადში
ერთხელ რომ გვეკუთვნოდა, იმ ხუთკილოიან ამანათში გამოგზავნილი გამხმარი სულგუნის
ფრაგმენტი და ორ კოლოფ წეკოში გადაცვლილი კვერცხის ფხვნილი). განაწილების დროს ჟორას
კვერცხიანი ნაწილი მოუწია და არენბერგს შესთავაზა, შენს უკვერცხოში გამიცვალეო. როცა ამ
უკანასკნელმა უარი სტკიცა, ხომიზურმა თავხედური ტყუილი იკადრა, ეს საკვები
ტრადიციულად ღორის ხორცით მზადდებაო, და მართლმორწმუნე იუდეველი არენბერგი
სუფრიდან გაგვექცა (რაც მართალია, მართალია, ეს კაცი ჟორას თავიდანვე არ მოსწონდა და მერე
მართლა გარეწარი აღმოჩნდა – ჩვენი თანაზონელის, უპატიოსნესი მიშა რივკინისთვის სასჯელის
დამატებაში მოეხმარა ადმინისტრაციას). სწორედ ამ დროს გავიგეთ ჟორას ალერგიის ამბავიც.
არენბერგის ნაჭერი კი პოლიაკოვმა და იანკოვმა ხუთწუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ
თავაზიანად გაინაწილეს.
საშინელი (სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია) და დაუოკებელი ენთუზიაზმით სწავლობდა
ქართულს, მაგრამ ძალიან უჭირდა. კითხვა ერთ კვირაში ისწავლა, ერთ თვეში მრგლოვანს და
ნუსხურს კითხულობდა. მრგლოვანი ანბანის შესახებ მოცულობითი თეორია შექმნა (რა თქმა
უნდა, ოცდაექვსს აქაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა), გამალებით თარგმნიდა
გალაკტიონს (დარდობდა, არ გამომდისო, ან ვის გამოსვლია, მაგრამ ქართულად დააყოლებდა
„ისევ ვდგებოდი და მივდიოდი“ და ხელახლა თარგმნიდა), საათობით შეეძლო რუსთაველის
ციტირება ზაბოლოცკის თარგმანში – ეს წიგნი ერევნის იზოლატორიდან მოყოლებული ჰქონდა და
არავის ათხოვებდა. ჯერ რუსულად იტყოდა: Что ты вертишь нас и крутишь, бессердечный мир
земной?
Всякий, кто тебе поверит, будет сетовать со мной.
Ты откуда нас приводишь, где сровняешь нас с землей?
Только бог один заступник всем отвергнутым тобой!
მერე ქართულად დააყოლებდა – ვა, სოფელო...
კონსტანტინე ბალმონტის თარგმანს არ ცნობდა, პრიმიტიულად ეგზალტირებულიაო, თვითონ
კარგი პოეტია, მაგრამ რუსთაველს თავის პრეტენციოზულ თარგმანში რაღაცნაირად თავს
უყადრებსო, ბრაზობდა; შალვა ნუცუბიძის თარგმანს საერთოდ არ აღიარებდა, როგორ შეიძლება
ფილოსოფიის ისტორიკოსმა ან თუნდაც ფილოსოფოსმა პოეტი თარგმნოსო, ცხარობდა, ქართული
რუსულითაა დაწერილი, თანაც იმ სატანის (სტალინის) ხელი ურევიაო (ჟორასთვის დეტალურად
მქონდა მოყოლილი ჩემი დიდი მასწავლებლისაგან, სიმონ ყაუხჩიშვილისგან განაგონი ისტორია
შალვა ნუცუბიძის, მისი დის, თავად სიმონ ყაუხჩიშვილის, ვეფხისტყაოსნის, სტალინისა და, რა
თქმა უნდა, ლავრენტი ბერიას შესახებ. ამ ისტორიაში ყველაზე პიკანტური ეპიზოდი ის კი არ იყო,
რომ რუსთაველის ამხანაგ სტალინის მიერ მოწონებულმა რუსულმა თარგმანმა შალვა ნუცუბიძე
და მასთან ერთად სიმონ ყაუხჩიშვილი ციხეს გადაარჩინა; ყველაზე მაგარი ისიც კი არ იყო, რომ
ციხეს გადარჩენილი ქართველი მეცნიერები თავისთან საქეიფოდ ლავრენტი ბერიამ მიიწვია, არა,
ყველაზე „ცხელი“ ამბავი ის იყო, რომ კარგად გამომთვრალ შალვა ნუცუბიძეს ვეფხისტყაოსნის
თავისი თარგმანის ხელნაწერი ბერიასთან დარჩენია და ეს ორი ქართველი აკადემიკოსი ამხ.
ბერიას თავზე რომ დასდგომია, გაოგნებულ ლავრენტი პავლეს ძეს ისტორიული სიტყვა უთქვამს:
ჩემგან სამშვიდობოს წასულები ცოტა მინახავს, მაგრამ სამშვიდობოდან ჩემთან თავისი ფეხით
მოსულებს საერთოდ პირველად ვხედავო). ჟორა წმინდა სისხლის ანტისაბჭოთა კაცი იყო და რა
გასაკვირი იყო, რომ დედამიწის ზურგზე სტალინზე მეტად არავინ ეჯავრებოდა. თამამად
შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროისა და ხალხის უდიდეს ლიდერზე, მსოფლიო პროლეტარიატის
ბელადზე და გენერალისიმუსზე გიორგი ხომიზურს კვერცხზე უფრო დიდი ალერგია ჰქონოდა.
ჩვენს პატიმრობას ერთი დიდი თავისებურება ახასიათებდა. ჩვენ არა საშინელ ოცდაათიან
წლებში, არა ომის დროს, არა დისიდენტური მოძრაობის გარიჟრაჟზე, არა ბრეჟნევის „ზასტოის“
ეპოქაში, არამედ საბჭოთა დემოკრატიის, საჯაროობისა და გარდაქმნების ეპოქაში ვისხედით.
„პრავდაში“ რომ სტალინისტები ერთ ამბავში იყვნენ, „ოგონიოკში“ თევდორე რასკოლნიკოვის
დისიდენტების წრეებში ფრიად სახელგანთქმული „ღია წერილი სტალინისადმი“ ქვეყნდებოდა.
ერთ დღეს რომ ტელევიზიით საბჭოთა საინფორმაციო ბალანდას მოგვართმევდნენ, მეორე დღეს
იმავე ეკრანიდან რონალდ რეიგანი ახალ წელს გვილოცავდა. გამოცდილი ხალხი ამბობდა, ასეთ
დროში ჯდომა ყველაზე აუტანელიაო – მე ვერაფერს ვიტყვი, სხვა დროში არ ვმჯდარვარ, მაგრამ
ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილებს დაეჯერებოდათ.
მოკლედ, ვისხედით გლასნოსტისა და პერესტროიკის ეპოქაში. ამ ეპოქას კი, როგორც ყველა
მნიშვნელოვანსა და გამორჩეულ ეპოქას, თავისი, სრულიად ახალი იმიჯის, განათლებული და
ლიბერალი გმირები ჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი გმირი იყო ვადიმ ვიქტორის ძე ბაკატინი, ცნობილი

14
რეფორმატორი და ლიბერალი, რომელსაც ჩვენ სულ სხვა კუთხით გავეცანით. ჩვენთან კლუბ-
სასადილოში სიტყვით გამოსვლისას იმხანად საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის კიროვის
საოლქო კომიტეტის (ობკომის) პირველმა მდივანმა და შემდგომში შსს მინისტრმა და სუკის
თავმჯდომარემ, ამხანაგმა ბაკატინმა მიწასთან გაასწორა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და
პროპაგანდის მუხლით გასამართლებული დისიდენტები და ცაში აიყვანა ჩვენი მეზობელი
განსაკუთრებული რეჟიმის მესამე ზონის მოსახლეობა – „პალასატნიკები“ ანუ ზოლიანები
(ასეთი, განივზოლიანი „ფორმები“ ეცვათ), იგივე რეციდივისტები: მკვლელები და მძარცველები,
თქვენთან შედარებით წესიერი ხალხიაო, პატრიოტები მაინც არიანო, თავისი ქვეყნის წინააღმდეგ
სიტყვა არ დაუძრავთო.
პერესტროიკის გმირის მიერ წარმოთქმული ამ ტირადის გაგონებაზე, ჩვენი ზონის უფროსს,
ალექსანდრ ალექსეის ძე შალინსაც კი მოეღუშა სახე, მაგრამ თავის სიმართლეში დარწმუნებული
ბაკატინი არ იშლიდა და ისევ ისე აგრძელებდა. ჯერ ჯონი ლაშქარაშვილი წამოდგა და ურჩია, ეგ
პროსტინა (კლუბ-სასადილოს ეკრანს გულისხმობდა) გარეცხე, გენერალური მდივანი შავად
გამოიყურება და სამშობლოს სიყვარულზე მერე ილაპარაკეო, მაგრამ ბაკატინმა ჯონის აქცენტს
სწრაფად ვერ აუღო ალღო და ვერ გავიგეო, ჩაილაპარაკა, მაგრამ შემდეგ ჟორა წამოდგა და მთელი
ხმით დაიძახა: რა თქმა უნდა, თქვენთვის მკვლელები და მძარცველები სოციალურად უფრო
ახლოს არიან, თქვენც ხომ იმავე საქმის ოსტატები ხართ, რისიც ისინიო. სახელგანთქმულ
„ლიბერალს“ სახე შეეცვალა, ფერი დაეკარგა (როგორც შოთა იტყოდა, „ფერმიხდილი“ გახდა და
როგორც ვიქტორ ნოზაძე განმარტავდა, წითელი ფერი გაუთეთრდა), როგორ ბედავთო,
წამოილუღლუღა და მთელი „დემოკრატიული“ ზონის ტაშის გრიალში კლუბ-სასადილოდან
გაიქცა (ჯაშუშები, სამშობლოს მოღალატეები, ტერორისტები და სამხედრო დამნაშავეები, რა თქმა
უნდა, ტაშს არ უკრავდნენ, მაგრამ დემოკრატები საკმარისად ვიყავით, რომ პატარა კლუბი-
სასადილო ოვაციებით დაგვენგრია). ადმინისტრაცია სახელგანთქმული მესამე ზონის
რეციდივისტებზე, მკვლელებსა და მძარცველებზე შეყვარებულ გაქცეულ ლიბერალს კუდში
მისდევდა, მაგრამ ფერმიხდილი და შეურაცხყოფილი სუკის მომავალი ხელმძღვანელი და
გორბაჩოვისეული საბჭოთა დემოკრატიის მომავალი გიგანტი ისე სწრაფად გარბოდა, ზონის
ადმინისტრაცია კი არა, ფეხმარდი აქილევსი ვერ დაეწეოდა.
ვადიმ ბაკატინმა ზონიდან გასვლა ვერ მოასწრო, რომ ДПНК (Дежурный помощник начальника
колонии), კოლონიის უფროსის მორიგე მოადგილემ, ანუ დეპეენკა სურაიკინმა ჟორა ბარაკიდან
გამოიხმო და შიზოსაკენ, საჯარიმო იზოლატორისკენ გაუძღვა. მთელი ზონა გამოეფინა: მიჰყავს
სურაიკინს ჟორა ცუდი ციხიდან კიდევ უფრო ცუდ ციხეში. აქ მე თავი ვერ შევიკავე და
მივუახლოვდი სურაიკინს.
– რა ხდება, სურაიკინ? – ვკითხე გაოგნებულ დეპეენკას (პატიმრისგან კითხვის დასმას, ანუ
გაუგონარ თავხედობას და, მით უმეტეს, ასეთ ფამილარულ მიმართვას ჩვეული არ იყო,
მიმართვის ფორმალური სახე იყო „Гражданин начальник“ – „მოქალაქე უფროსო“). „დემოკრატი“
პატიმრები შემოგვეხვივნენ.
– შიზოში მიმყავს სასჯელმისჯილი ხომიზური გიორგი პავლეს ძე, – წესდების ფორმულებით
მიპასუხა დაბნეულმა მაიორმა სურაიკინმა.
– რისთვის? – ჩავეკითხე მე.
– უხეშობისთვის, – მიპასუხა სურაიკინმა.
– მაიორო სურაიკინ, შენ და ბაკატინმა არ იცით, რა არის ნამდვილი უხეშობა. ყურადღებით იყავი,
აი, ახლა იქნება უხეშობა: სურაიკინ, მე შენი დედა მ...
სურაიკინმა და იქვე აღმოჩენილმა კონტროლიორებმა, კისელიოვმა და ტრიფონოვმა, სასწრაფოდ
მიაბრძანეს ჟორა შიზოში და ჩემთან ისე სწრაფად დაბრუნდნენ, რომ თბილი ტანსაცმლის
გადმოცემაც ვერ მოასწრეს მეგობარმა პატიმრებმა. შიზოში მეტი ადგილი არ იყო და მე და ჟორა
ერთ საკანში მოგვათავსეს, მეორე საკანი მის თითქმის მუდმივ ბინადარს, ვიტაუტას შაბონასს
ჰქონდა დაკავებული. შაბონასთან კი ვერავის შეასახლებდნენ, რადგან იგი უაღრესად საშიში
საქმიანობით იყო დაკავებული: მთელი დღის განმავლობაში ბაკატინის საყვარელ მესამე ზონას
დაუღალავად და ძალზე ხმამაღლა გადასცემდა ინფორმაციას პოლიტიკური პატიმრების შესახებ
და არ ავიწყდებოდა პოლიტიკური მოთხოვნების დაყოლებაც: „თავისუფლება სიმართლისთვის
მებრძოლ ლიტველებს: ალგირდას ანდრეიკას, იანის ბარკანსს, ვიტაუტას სკუოდისს!
თავისუფლება დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქართველებს: ძმებს, დავით და ლევან
ბერძენიშვილებს, ზაქარია ლაშქარაშვილს!“ ასეთ კაცთან რომელიმე ჩვენგანის შეშვება როგორ
შეიძლებოდა, ცუდი პოლიტიკური გავლენა რომ მოგვეხდინა?!
შემდგომში ზონის უფროსმა დიდი ხალისით წამაკითხა მაიორ სურაიკინის მოხსენებითი ბარათი.

15
ზოშჩენკოს და ხარმსს შეშურდებოდათ, ისეთი მარგალიტი იყო. ყველაფერი აღარ მახსოვს, მაგრამ
ჩემი და ჟორას ეპიზოდი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ჩემ მიერ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის
შესრულებისას, კერძოდ, როდესაც ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის
სასჯელმისჯილი ხომიზური გიორგი პავლეს ძე, ქართველი, დაბადებული ქ. ბაქოში 1942 წელს,
მიმყავდა შიზოში, მომიახლოვდა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის
სასჯელმისჯილი ბერძენიშვილი ლევან ვალერიანის ძე, დაბადებული ქ. ბათუმში 1953 წელს, და
მომმართა უხეშად, კერძოდ, შემდეგი სიტყვებით: „სურაიკინ, მე შენი დედა მ...“, მე ჩავთვალე,
რომ ეს მან შეურაცხყოფის მიზნით გააკეთა – ქართველები მხოლოდ ამ მიზნით იგინებიან, რის
გამოც სასჯელმისჯილი ბერძენიშვილი ლევან ვალერიანის ძე, დაბადებული 1953 წელს ქ.
ბათუმში, ქართველი, ჩავსვი შიზოში 15 დღით, რის უფლებასაც მაძლევდა კანონი“. სურაიკინის ეს
მოხსენებითი ბარათი ჟორას წყალობით სიტყვასიტყვით დაისწავლა მთელმა ბანაკმა.
გათავისუფლების შემდეგ ჟორა რამდენჯერმე ჩამოვიდა თბილისში, თავისი ოჯახის წევრები –
მეუღლე ნინა, ქალიშვილი მაშა და ვაჟი პავლიკა ჩამოგვიყვანა; ჩვენი მეგობრობა ჩვენს ოჯახებსაც
სწრაფად გადაედო. თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლას აპირებდნენ. გასაკუთრებით ჟორას
ვაჟი, პავლიკა აქტიურობდა, თბილისი მოსწონდა და ქართველობას იჩემებდა, მაგრამ ამ გეგმას
განხორციელება არ ეწერა: ჟორას ცხოვრებამ კიდევ ერთი სასტიკი დარტყმა მიაყენა: პავლიკა 13
წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ქალიშვილი მარიამი მონაზვნად აღიკვეცა.
ღრმად თავდაჯერებული ათეისტი (მისივე საყვარელი რუსთველის ტერმინით რომ ვთქვათ,
„ჭკვიანი“ ანუ საზეო მიჯნურობას, ზეციურ საქმეს რომ ვერ მიხვდება, ისეთი), სულით ხორცამდე
მატერიალისტი, რიცხვებისა და ფორმულების კაცი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი
პავლეს ძე ხომიზური უკვე ჭარმაგ ასაკში შესული (ორ ხომიზურს პლუს ორი წლისა) თავისი
ბრძოლით მოპოვებული ქართველობის განსამტკიცებლად მართლმადიდებლად მოინათლა
თბილისში, პატარა სამების ეკლესიაში. რიტუალში მონაწილე პირები – ნათლიაც (ამ სტრიქონების
ავტორი) და მომნათვლელი მღვდელიც – მასზე თითქმის ნახევარი ხომიზური წლით უმცროსები
იყვნენ. და ეს ამბავიც, რა თქმა უნდა, ოცდაექვს აგვისტოს (ანუ ხომიზურ აგვისტოს, მერვე ანუ
ოცდამეექვსე თვეს, 2+6=8) მოხდა.

ჯონი
დიდმა რუსმა რეფორმატორმა სტოლიპინმა, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მუდმივად
სასიცოცხლო და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სასჯელაღსრულების სისტემასაც არ მოაკლო
თავისი მზრუნველობა და პატიმართა ციხეებში ეტაპირების საკუთარი სისტემა შემოიღო,
რომელსაც ბარიერს იქით მყოფმა ადამიანებმა მისი სახელი დაარქვეს. სტოლიპინის მიხედვით
შეიქმნა დამაგროვებელი განყოფილებები საეტაპო ციხეებში, სადაც თვეობით იკრიბებოდნენ
ერთი მიმართულებით გასაგზავნი პატიმრები და როდესაც მათი რიცხვი სათანადო რაოდენობის
ვაგონების გასავსებად (საბჭოთა დროში – გადასავსებად) საკმარისი იყო, ეტაპირების შემდეგი
სტადია ხორციელდებოდა. ასე გავიარეთ მე და ჩემმა ძმამ როსტოვის, რიაზანის და პოტმის
ციხეები და თვე-ნახევარი მოგზაურობის შემდეგ ჩავაღწიეთ მორდოვეთში, ბარაშევოს
დასახლებაში.
ზონაში რომ შევედით, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ეს არ არის ზონა, ეს რაღაც
სტოლიპინისეული რეფორმის შემადგენელი საშუალედო ნაწილია. ასე იმიტომ ვიფიქრე, რომ
ეზოში დავინახე რამდენიმე ხე და, რაც მთავარია, პატარა ბაღი, რომელშიც ვარდები ხარობდა.
ვარდები ჩემს წარმოდგენაში ვერაფრით უკავშირდებოდა პოლიტიკურ ბანაკს, ან, საერთოდ,
ბანაკს, თუ იგი პიონერთა ბანაკი არ იყო. ვარდებთან იდგა რამდენიმე პატიმარი – დამხვედრი
კომისია. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ქერა ახალგაზრდამ, რომელსაც თითქოსდა
სლავური იერი კი ჰქონდა, მაგრამ გამოცდილი თვალი ამ იერით არ ტყუვდებოდა, აშკარად ჩანდა,
ქართველი იყო.
ჯონი, ზაქარია კონსტანტინეს ძე ლაშქარაშვილი, დაბადებული 1954 წლის 12 აგვისტოს კასპის
რაიონის სოფელ დოესში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი, საშუალო-ტექნიკური
განათლების მქონე თბილისელი ტაქსის მძღოლი იყო. ეს გახლავთ მეტად იშვიათი მოვლენა არა
მხოლოდ საქართველოს ან თუნდაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით, არამედ მსოფლიო
მასშტაბითაც, ფრანგული წინააღმდეგობის გარდა ტაქსისტი დისიდენტებისა და ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ მოიპოვება.
საბჭოთა ტაქსისტების დიდი ნაწილი (ყველა თუ არა), პირიქით, ორგანოებთან თანამშრომლობაში

16
იყო შემჩნეული. ზაქარია ლაშქარაშვილმა ღრმა იატაკქვეშეთში საქართველოს ეროვნულ-
განმათავისუფლებელი ორგანიზაცია „სეგო“ შექმნა და პატრიოტული საუბრებით ტაქსიში
ჩამსხდარი კლიენტების ორგანიზაციაში გაწევრიანების რთულ და სახიფათო საქმეს შეუდგა.
1983 წელს შევარდნაძეს ძალიან სჭირდებოდა რუსეთისთვის თავისი მორჩილების დამტკიცება და
გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის მომიზეზებით მთელ ქვეყანაში მაამებლური კამპანია
გააჩაღა. გადაიღეს სათანადო ფილმები, დაიდგა შესაბამისი სპექტაკლები, დაიწერა ლექსები,
პოემები, მოთხრობები და რომანები, დაიხატა ფანქრით, ზეთით, პასტელით, მოკლედ
კოლონიალური მორჩილების ასი შესაძლებელი სიგნალიდან მოსკოვს ასოცი გაუგზავნეს.
საბჭოთა ქვეყანა მაშინ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შედიოდა: ხორცის და კარაქის ტალონებს
მალე სრულიად ეგზოტიკური ლობიოს ტალონებიც დაემატა. სწორედ ლობიოს ტალონები მიაკრა
ზაქარია ლაშქარაშვილის იდეის შესაბამისად სეგომ ტრაქტატის წლისთავის აღნიშვნისადმი
პროტესტის ნიშნად ქართლის დედის ქანდაკებას.
1983 წლის 13 ივლისს სეგო აღმოაჩინეს, მისი წევრები დააპატიმრეს და მკაცრადაც დასაჯეს:
ხელმძღვანელს, ზაქარია ლაშქარაშვილს 5 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია და 2 წელი
გადასახლება, ხოლო მის თანამოსაქმეებს, ღვინიაშვილს და ობგაიძეს 4-4 წელი მიუსაჯეს.
ჯონი, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი საუკეთესო ტაქსისტი ყოფილა თბილისის ისტორიაში. მე
მისი ტაქსისტობა არ მინახავს, მხოლოდ მომისმენია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით
შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე ჩემი ხანგრძლივი სამომხმარებლო პრაქტიკის განმავლობაში
(მანქანა გვიან შევიძინე და ოცი წლის განმავლობაში ტაქსის გარდა არც ერთ ტრანსპორტს არ
ვცნობდი) არასოდეს არ შემხვედრია თბილისის გეოგრაფიასა და ტოპონიმიკაში ასე გარკვეული
მძღოლი. ჯონიმ, მაგალითად, არა მხოლოდ ის იცოდა, რომ ჩემი „მშობლიური“ (ბრჭყალებში
იმიტომ ვსვამ, რომ ბათუმელ კაცს ვინმემ ძირძველი თბილისელობის პრეტენზია არ მომაწეროს)
ვეძინის ქუჩიდან სამანქანო გადასასვლელი არსებობს კოტე მესხის ქუჩაზე, არამედ ისიც კი, რომ
ამ ორ ქუჩას ვიწრო გასასვლელიც აკავშირებს, უფრო სწორად ორი ვიწრო გასასვლელი, ერთი
ცოტა ქვემოთ და მეორე ზედ ჩემი სახლიდან ოციოდე მეტრით ქვემოთ. ჩემი მისამართი ჯონიმ,
როგორც ჭეშმარიტმა ტაქსისტმა შორეულ მორდოვეთში ასე აღწერა: ვეძინის 17 – სახლი
მთაწმინდაზე, არსენას მიდამოებში, ვეძინის ქუჩისა და ვეძინის მეოთხე გასასვლელის
გადაკვეთაზე; ზედ ამ სახლთან მთავრდება ასფალტი და მის შემდეგ ვეძინის ქუჩაც და ვეძინის
მეოთხე გასასვლელიც ცუდად დაგებული ქვაფენილით გრძელდება. ასფალტი რომ ჩემს სახლთან
მთავრდებოდა, პირველად მაშინ გავიგე, ადრე ამ ამბავს არ დავკვირვებივარ.
ჯონი გეოგრაფოსად იყო დაბადებული. თბილისი არ იყო მისი გეოგრაფიული მიდრეკილებების
ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი. ზეპირად იცოდა ნებისმიერი ქვეყნის როგორც ფიზიკური,
ისე ეკონომიკური გეოგრაფია. ტაქსისტის დონეზე იცოდა მსოფლიოს დიდი ქალაქები, შეეძლო
მრავალსაათიანი მოხსენება წაეკითხა პარიზის, ლონდონის ან ნიუ-იორკის ცალმხრივ ქუჩებზე,
საავტომობილო მარშრუტებზე და სამგზავრო შეზღუდვებზე. ისეთი ცნობილი ავტორიტეტები,
როგორებიც იყვნენ ყოვლისმცოდნე მათემატიკოსი ვადიმ იანკოვი და ასევე უნივერსალური
გიორგი ხომიზური, ხშირად მიმართავდნენ ჯონის შეკითხვებით ზაირის მოსახლეობის
რელიგიური არჩევანისა თუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზულუსების რაოდენობის შესახებ.
ერთხელ პეტერბურგის წარმომადგენლობას (რომელსაც სახელ ლენინგრადს ვერ
დააცდენინებდი) პოპულარულად აუხსნა არა მხოლოდ როგორ უნდა მოხვდე ამა თუ იმ
ადგილიდან ვასილის კუნძულზე, არამედ დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რა დაჯდებოდა
ასეთი მგზავრობა. სწორედ მაშინ თქვა პიტერელების აღიარებულმა ლიდერმა, მიხაილ
პოლიაკოვმა, ასეთი ტაქსისტი რომ შემხვედროდა პეტერბურგში, ვასილის კუნძულზე კი არა,
ფინეთში გადავაყვანინებდი თავსო.
გეოგრაფიის სიყვარულმა მიიყვანა ზაქარია ლაშქარაშვილი წიგნების სიყვარულამდე.
განსაკუთრებით ისეთი წიგნები უყვარდა, რომლებშიც რუკები ან ნახაზები მაინც იქნებოდა.
წიგნს ხელში რომ აიღებდა, სწრაფად გადაფურცლავდა და მძიმე დიაგნოზს დაუსვამდა:
ფუტურიზმი-დემოკრატია, ე.ი. რუკები არ არისო. ჩვენი მძიმე შრომისთვის კაპიკებს გვიხდიდნენ,
თანაც ამ ფულს არ გვაძლევდნენ, ვირტუალურად არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ
სრულიად არავირტუალურად წიგნების გამოწერა შეიძლებოდა. ზაქარია ლაშქარაშვილიც იწერდა
და იწერდა ატლასებს. ბოლოს საბჭოთა კავშირის დიდი ატლასი გამოიწერა, რომელსაც,
მაშინდელი ფინანსური წარმოდგენით, არნახული ფასი ედო – ოცდაშვიდი მანეთი და ოცი კაპიკი.
ამ უზარმაზარი ქვეყნისთვის შესანიშნავი სისტემა იყო აწყობილი „წიგნი ფოსტით“ და
ჩვენისთანა დაწესებულებაშიც კი ჩამოდიოდა წიგნები. ჩამოვიდა ჯონის ატლასიც, მაგრამ
ადმინისტრაციამ უარი თქვა მის გაცემაზე, ატლასში მორდოვეთის რუკაა და გაქცევისთვის
შეიძლება იყოს გამოყენებულიო. ჯონის ეს ამბავი არ მოეწონა და ადმინისტრაციას შესთავაზა,
მორდოვეთის რუკა ამოვხიოთო, ოღონდ ეს მისი სპეციფიკური რუსულით ასე გამოთქვა, давайте,

17
вырежем Мордовию. ადმინისტრაციამ ჯერ вырежем ვერ გაიგო სათანადოდ და ტერაქტის
კვალიფიკაცია მისცა, ხოლო როცა გაერკვია, რას გულისხმობდა სასჯელმისჯილი ლაშქარაშვილი,
შეიცხადა, წიგნიდან გვერდის ამოხევა როგორ შეიძლება, ჩვენ საბჭოთა ადამიანები ვართ,
ვანდალები კი არაო. ამ დროს შემოვიდა ბიბლიოთეკის გამგის, პროფესორ ანდერსონის
წინადადება, ატლასი ბიბლიოთეკას გადაეცეს და ბიბლიოთეკა გვერდის ამოუხევლად
დაბლოკავს მორდოვეთის რუკის დათვალირების ყველა მცდელობასო. სასაცილო წინადადება
იყო, შეიძლება სწორედ ამიტომაც გაჭრა. წიგნს წაეწერა дар библиотеке ЖХ 385/3-5 от администрации
და პრობლემაც მოგვარდა, ოღონდ როგორც შემდგომში აღმოჩნდა მორდოვეთის გვერდი თითქმის
შეუმჩნევლად ამოუჭრიათ (მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკას
ვხელმძღვანელობდი, ასეთი ფილიგრანული ამოჭრები ბევრი მინახავს).
ზაქარია ლაშქარაშვილი უცოლო იყო. ყვებოდა თავის თბილისურ სიყვარულზე, უნივერსიტეტის
სტუდენტი, ვინმე ქეთევანი ჰყვარებია და სახელებს ხაზს უსვამდა: ზაქრო და ქეთო (ცნობილ
მულტფილმს გულისხმობდა). იმასაც ჰყვებოდა, ამ ქეთევანისთვის ჩათვლის სანაცვლოდ,
რომელიღაც სახელგანთქმულ ლექტორს რომ უღირსი რამ შეუთავაზებია და მომავალ
პოლიტიკურ პატიმარს ვარაზისხევში თავისი შეყვარებულის ღირსება დაუცავს. დარწმუნებული
ვარ, რომ ის ლექტორი ამ ნაწერს აუცილებლად წაიკითხავს და საკუთარ თავს იოლად იცნობს,
რადგან, გარკვეული გაგებით, ისიც უნიკალური მოვლენა ბრძანდებოდა თავის ქვეყანაში.
საბოლოო ჯამში, ქეთევანს ზაქარიასთვის გული კი გაუტეხია, მაგრამ ჯონის ხელი არ ჩაუქნევია
და იმ დღიდან ახალი სიყვარულის ძიებაში იყო. ორ ასეთ სიყვარულს მეც მოვესწარი. პირველი
იყო ზონის ექიმი თამარა, რომელსაც ჩვენ იშვიათად ვხვდებოდით, მაგრამ ჯონის სუსტი
ფილტვები ჰქონდა და ზონის „საავადმყოფოში“ ხშირად ხვდებოდა, განსაკუთრებით ზამთარში;
შესაბამისად, კონტაქტიც ჰქონდა ჩვენს ერთადერთ ექიმთან. სიყვარული აღმოჩნდა, რა თქმა
უნდა, ცალმხრივი და ხანმოკლე, რაიმე სერიოზული გართულებები (ლექსები, პოემები, ველად
გაჭრა) მას არ მოჰყოლია; მაგრამ სხვა იყო სიყვარული უკანასკნელი (მე ვგულისხმობ სიყვარულს
ზონაში): ჯონის შეუყვარდა ყველა პატიმრის კლასობრივი მტერი, ქალბატონი განიჩენკო –
ცენზორი.
ქალბატონი განიჩენკო მართლაც განსაკუთრებული სილამაზის ქალი გახლდათ და შეღავათები,
რომლებიც პოლიტიკური ზონისთვის და საპატიმროებისთვის ბუნებას დაუწესებია, მას არ
სჭირდებოდა. უკრაინული გვარი ქმრისა იყო (ეს კაცი ოდესღაც ჩვენი ზონის უფროსი ყოფილა,
მაგრამ სტალინისტ რაზლაცკის მიმართ, უფრო სწორად, სტალინისტ რაზლაცკის ულვაშების
მიმართ გამოჩენილი სირბილისთვის ამ თანამდებობიდან გაუთავისუფლებიათ და თავის
კარიერას მეზობელ მესამე ზონაში აგრძელებდა), თვითონ ქალბატონი მოლდოველი ყოფილა.
ყველაზე მარტივი აღწერა მას ჯონიმ მოუფიქრა, ნესტან-დარეჯანი არისო: ტანი ალვა, სახე
თეთრი, ტუჩები წითელი, თვალები და თმები შავი.
როდესაც ცენზორი განიჩენკო ზონაში შემოდიოდა, ემოციური ტემპერატურა რამდენიმე
გრადუსით მაღლდებოდა (ჯონი ტარიელ ჭანტურიას კონგენიალობდა, პოეტის სიტყვები „– ვაიმე
ბიჭო, რა გოგოა, რა დიაცია! ასი რენდგენით გაიზარდა რადიაცია“ გაგონილი არ ჰქონდა, მაგრამ
რადიაცია იზრდებაო, მაინც ამბობდა): უმეტესობას მრისხანება იპყრობდა (პოლიტიკურ ბანაკში
კვალიფიციური ცენზორის საქმიანობა კეთილად ვერავის განაწყობს, ამავე დროს თავის შავ საქმეს
ქალბატონი ცენზორი აკეთებდა იმ განწყობით, რომელსაც რუსულად злорадство ჰქვია და რომლის
ქართული სალექსიკონო შესატყვისები „ნიშნის მოგება“ და „ღვარძლიანობა“ ოდნავაც ვერ
აღწერენ იმ სიხარულს, რომლითაც ლამაზი ქალბატონი ცენზორი წერილის გაგზავნის უკანასკნელ
დღეს პატიმარს წერილს მომხიბვლელი და გარკვეული ინტიმის შემცველი ღიმილით უბრუნებდა,
ცენზურის თვალსაზრისით მიუღებელიაო). ზონის მთავარი პატიმარი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი,
ფროიდისტ-იუნგ-ადლერ-ფრომისტი, დოქტორი ბორის ისაკის ძე მანილოვიჩი ამტკიცებდა,
სინამდვილეში გარეგნულად ბოროტი ცენზორი შინაგანად კეთილი ადამიანია, პატიმარს რომ
ახლობლებთან მიწერილ წერილს უკან უბრუნებს, ამ დროს ორგაზმთან მიახლოებულ
იმპულსებს იღებს, ე.ი. პატიმარი უყვარსო. მიხაილ პოლიაკოვი ოსკარ უაილდის სიტყვებს
იმეორებდა, სილამაზე გენიის განსაკუთრებული სახეობაა, რადგან გაგება არ სჭირდებაო, და მერე
თავის შორეულ პიტერში უფრო ღრმად მიდიოდა, ხან თანამოქალაქე პუშკინის ციტირებას
ახდენდა, გენია და ბოროტება შეუთავსებელიაო, ხან სხვა არანაკლებ სახელგანთქმულ
თანამოქალაქეს იმოწმებდა, სილამაზე იხსნის მსოფლიოსო; მაგრამ პეტერბურგელებისა და
ქართველების დაცვა ვერ შველოდა ცენზორ განიჩენკოს, მის სილამაზეს ვერავინ ამჩნევდა,
როდესაც ხელში პატიმრებისთვის უკან დასაბრუნებელი წერილების მთელ დასტას დაუნახავდა.
ერთხელ ცენზორის სილამაზემ მეც ჩამითრია და წამომაცდევინა ფრაზა „Я бы ей отдался“, რამაც
ზონის დემოკრატთა უმრავლესობის ხმაური და მრისხანება გამოიწვია. მე მომიწია
ყოვლისმცოდნე ვადიმ იანკოვის თანხმობით „ილიადიდან“ იმ ადგილის დამოწმება, სადაც

18
ჰომეროსი ისე ოსტატურად აღწერს მშვენიერი ელენეს სილამაზეს, რომ ერთ სიტყვას არ ამბობს
მის ტანზე, სახეზე ან თვალებზე: ტროელი მოხუცები ლანძღავენ ელენეს და როდესაც ეს
ღვთაებრივი სილამაზე მათ წინ ჩაივლის, ნელ-ნელა ცვლიან ტონს და ბოლოს ასკვნიან, რა თქმა
უნდა, ასეთი ქალისთვის ტროას ომის დაწყება შეიძლებოდაო. მიუხედავად იმისა, რომ იანკოვმა
შეაფასა ციტირების სიზუსტე და ბრძანა, მთლიანობაში სწორადაა ჰომეროსი მოტანილიო, ჩემი
„გამოხტომა“ არ მოიწონა სოციალისტმა ფრედ ანადენკომ და შემახსენა მაოს სიბრძნე, ნუ სვამ,
მთვრალი შეიძლება კლასობრივ მტერს ჩაეხუტოო.
ზაქარია ლაშქარაშვილი თავიდან მტრულად იყო განწყობილი განიჩენკოს მიმართ. ეს გასაგებიც
იყო, რადგან ჩემი ძმის, დავით ბერძენიშვილის წინადადებით, ჩვენ, სამმა ქართველმა, როგორც
ზონაში ამბობდნენ, три швили, ბერძენიშვილებმა და ლაშქარაშვილმა ზონაში მოხვედრისთანავე
დავიწყეთ წერილების წერა ქართულ ენაზე (მანამდე ყველა წერილი რუსულად იწერებოდა,
ცენზორი კითხულობდა და ნაწილს უკან აბრუნებდა). სამი თვე გვეომებოდა განიჩენკო, სამი თვე
გვაფრთხილებდა თბილისის სუკი, ამ სულელურ ხუმრობას მოეშვითო, სამი თვე ჩვენმა
ნათესავებმა და ახლობლებმა არაფერი იცოდნენ ჩვენ შესახებ, მაგრამ ინფორმაციამ უცხოეთში
გაჟონა, ხალხს მშობლიურ ენაზე წერას უკრძალავენო, და განიჩენკომ ჩვენთან ომი წააგო. ჩვენი
ქართული წერილები ახლა თბილისის სუკში გადიოდა ცენზურას და განიჩენკოს გვერდს
უვლიდა. ჩვენი პატარა გამარჯვების შემდეგ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ პერმის პოლიტიკურ
ბანაკებშიც დაიწყეს პატიმრებმა მშობლიურ ენებზე წერილების წერა. ბუნებრივია, განიჩენკოს
ამან ქართველებისადმი სიყვარული არ მოუმატა და ახლა ჩვენთან მოსულ წერილებზე დაიწყო
ნადირობა, ახალი წესები შემოიღო, მე ცოლის წერილს არ მაძლევდა და ჯონის – დედისას, სხვა
გვარის ხალხია, ესენი ცოლი და დედა ვერ იქნებიანო. სხვათა შორის, ეს საქმე სერიოზულად
გაირჩა. ჩემთან მოვიდა წერილი, რომელსაც უკანა მისამართზე ეწერა, თბილისი, ვეძინის 17, ინგა
შირავა. ცენზორი წერილს არ მაძლევდა, შირავა ვინ არისო. მე ვეუბნებოდი, რომ შირავა ჩემი
ცოლია, რომ საქართველოში ქალების უმეტესობა ქალიშვილობის გვარს ინარჩუნებს, ამიტომ ჩემი
ცოლის და ლაშქარაშვილის დედის გვარები ჩვენს გვარებს არ ემთხვევა-მეთქი. თქვენო, განაცხადა
განიჩენკომ, თქვენ ქართველები, люди этого племени, ერთმანეთს მოწმედ უდგებით, სანდონი არა
ხართო, და მოწმედ კავკასიურ საქმეთა ექსპერტი რაფაელ პაპაიანი გამოიძახა. პაპაიანმა თამამად
განაცხადა, ჩვენთან ცოლები ქმრის გვარს ატარებენ და საქართველოშიც ასე იქნებაო (ამაზე
გამახსენდა ჩემი ერთი პედაგოგის მონათხრობი, თურმე დიდი რუსი აკადემიკოსი სობოლევსკი
ვერ იჯერებდა, რომ ქართულში ქვემდებარე შეიძლება სამ ბრუნვაში იყოს, ქვემდებარის ბრუნვა
სახელობითიაო, ბრაზობდა). ამას მოჰყვა 1919 წლის შემდეგ არნახული ქართულ-სომხური
დაძაბულობა, საქმეში შევიდა ქართული ანბანის, მცხეთის ჯვრის, რუსთაველის, კონიაკის,
თბილისის „დინამოსა“ და ერევნის „არარატის“ მტკივნეული არგუმენტები და საქმეში ჩაერია
ჩვენი ბანაკის ჭეშმარიტი ბრძენი ნესტორი (ბანაკის ნესტორის, აქილევსის, მშვენიერი ელენეს და
სხვათა დახასიათება ბორის მანილოვიჩმა შემოგვთავაზა), ვადიმ იანკოვი, რომლის სომეხმა
მეუღლემ თურმე თავისი ქალიშვილობის გვარი ორივე ქორწინებაში შეინარჩუნა და რომელმაც, რა
თქმა უნდა, იცოდა არა მხოლოდ ქართველი ქალების მიერ გვარების შენარჩუნების ამბავი, არამედ
ქალის გვარის ურთულესი ლიტვური სისტემაც, როდესაც ქალიშვილს ერთი გვარი აქვს,
გათხოვილს მეორე და ქვრივს მესამე (თანაც ყველგან შენარჩუნებულია თავდაპირველი ფუძე
გვარი). აქ იანკოვს დაემოწმა ვიტაუტას სკუოდისი და განიჩენკომ უხალისოდ გადმომცა
მეუღლის წერილი, მაგრამ ლაშქარაშვილს კიდევ ორი დღე აწვალებდა.
ასეთი ურჩხული შეუყვარდა ჯონის. როგორც კი თვალს მოჰკრავდა პოდიუმის ვარსკვლავივით
მიმორხეულ მაღალ სილუეტს, დაიძახებდა он пришел-ო (он-она საკითხში პრინციპული იყო, ათასი
შენიშვნის შემდეგაც საკუთარ დედასაც он-ით მოიხსენიებდა, გრამატიკულ სქესს პრინციპულად
არ ცნობდა) და შესახვედრად გაემართებოდა. არ ვიცი, რას ფიქრობდა განიჩენკო, როცა ასი კაცის
ცივი ზიზღით სავსე გამოხედვის ფონზე ერთი კაცის შეყვარებულ მზერას ხედავდა, მაგრამ
პოლიტიკური ბანაკი წუხდა, პატიმრები ვერ იჯერებდნენ, რომ სიყვარული კლასობრივ
სიძულვილს ამარცხებდა. საქმეს ვერ უშველა გალაკტიონის „ერთხელ საღამოთი“ (ეს ლექსი
ზეპირად თუ არა, ტექსტთან მიახლოებით მაინც იცის ყველა ნამდვილმა ბათუმელმა, რადგან
მისი მოქმედება მათ ქალაქში ხდება: „ბათუმის მზე ჩასავალად ენთო, მშვიდი ქარი ხმაურობდა
ზღვაზე“ – დენდისა და ვერონიკას ტრაგიკული გრძნობის ამბავი) ჩემი და ჟორა
ხომიზურისეულმა სახელდახელო თარგმანმა, სადაც ქართული
რა თქმა უნდა, მე ვიყავი თეთრი, როს თოფების ატყდა ჭახაჭუხი.
რუსულად ასე ჟღერდა: Я конечно оказался белым, Когда пули просверлили воздух.
მაგრამ ლექსის ფინალმა, სადაც ღვთაებრივი ვერონიკა ბოლოს და ბოლოს სრულიად ბულვარული
რევოლუციონერი და კაცისმკვლელი კალუგელი ვერკა აღმოჩნდა, თავდაპირველი ჩანაფიქრის
წინააღმდეგ ითამაშა. ამას არ დაეთანხმებოდა გალაკტიონი, რომელსაც მანამდე, სხვა ლექსში

19
ვერონიკაზე და, შესაბამისად, განიჩენკოზე სხვა მოსაზრება ჰქონდა გამოთქმული, მაგრამ ფრედ
ანადენკო და დმიტრო მაზური გალაკტიონს კი არა, ხანდახან ფრიდრიხ ენგელსსაც არ სცემდნენ
პატივს (მარქსზე ამას ვერ ვიტყვი, ზონელი სოციალისტების ცოდვას ვერ დავიდებ).
შექმნიდნენ კომისიას (ქართველები მიკერძოებულ მხარედ მიაჩნდათ და განიჩენკომოძულე
ხომიზურიც კი არ შეჰყავდათ კომისიაში), დაიბარებდნენ ჯონის, წაიკითხავდნენ შეყვარებული
მგლის თავზე სახარებას, ჯონიც რაღაც პირობას დადებდა და მეორე დღეს ახალი ძალით იწყებოდა
он пришел. არადა, ОН-მა გამომწვევი ტაქტიკა აირჩია – ჩაცმულობას და მოხატულობას ახალი და
პატიმართ გამანადგურებელი განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, იმდენად, რომ ერთხელ
ანადენკოსაც წამოაცდევინა, ну, красива чертовка-ო. დადგა დრო და ჯონი დაიბარეს
ადმინისტრაციაში, ჰკითხეს, თუ იცი, განიჩენკო ვისი ცოლია ან პოლკოვნიკ განიჩენკოზე თუ
გსმენია რამეო, რაზეც ბავშვობაში კასპელმა ლაშქარაშვილმა კითხვა შეუბრუნა, გიორგი სააკაძე
თუ იცი, ვინ იყოო. არადა, უნდა იცოდე, ანტონოვსკაია უნდა წაგეკითხა ან კინოში მაინც გენახაო.
ბოლოს სიტყვა დაუგდო, это шутка, я его не люблю, у меня грузинский невеста ест-ო და თავი
გაანებეს.
რუსული უჭირდა. თამამად კი ლაპარაკობდა, მაგრამ გამართულ რუსულთან მწყრალად იყო.
დედა ჩამოუვიდა სანახავად და რაკი პირადი შეხვედრა ჯერ არ ეკუთვნოდა (პირადი შეხვედრა
მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმარს ეკუთვნოდა წელიწადში ერთხელ, ერთიდან სამ დღემდე;
ჩვენ, როგორც წესი, გვაძლევდნენ ორს, ჯაშუშებს, სამშობლოს მოღალატეებს, ტერორისტებს და
სამხედრო დამნაშავეებს – სამს), ორსაათიანი შუშიან-ტელეფონიან-ტრიმაზკინიანი (ტრიმაზკინი
ადმინისტრაციის ერთ-ერთი შედარებით უბოროტო ოფიცერი იყო) შეხვედრის უფლება მისცეს.
დედამ რომ „გამარჯობა შვილოო“ თქვა, ტრიმაზკინმა შეიცხადა, მხოლოდ რუსულად
ილაპარაკეთო. და დაიწყო ქართველების ტანჯვა, ჯონი ყვებოდა, მე ხომ მაგარი მერუსულე ვარ,
მაგრამ დედაჩემთან შედარებით რუსულში პუშკინი ვარ, იმან სულ არ იცისო. გადავიდოდა დედა
ქართულზე და ტრიმაზკინი შეუბღვერდა, შეუბღვერდა და მიიღებდა – სიკვდილი და კუბოო.
რუსულადო, რომ შეუსწორებდა ტრიმაზკინი, დედა იტყოდა смерть и гроб, ამდენი იდიომატური
რუსული კი მორდოვური წარმოშობის ტრიმაზკინმაც არ იცოდა. ბოლოს, ჯონის თუ
დავუჯერებთ, დაახლოებით ამგვარი რუსულით ულაპარაკიათ: Натела замуж вишел. Он такой
красивый, ну, ламаз, что твалс вер вашóреб, понимаешь? ტრიმაზკინი ღელავდა, кто красивый-ო,
კითხულობდა. ნათელა, ნათელაა ლამაზიო, ჯონი ეუბნებოდა. მე მგონი, ამ ამბების საჯარო
გადმოცემისას ანუ ოციოდე პატიმრის წინაშე სოლო გამოსვლისას ჯონი, როგორც ჭეშმარიტი
ქართველი მისტიფიკატორი ცოტას აჭარბებდა, საყველპურო რუსული როგორ არ ეცოდინებოდა
დედამისს, მაგრამ წლობით ერთმანეთის უნახავ დედა-შვილს რომ თავის ენაზე არ
ალაპარაკებდნენ, ეს ფაქტი იყო და ამ კაციჭამია სისტემის ერთი აღზევებული ღვიძლი შვილი
დღეს რომ გვიმტკიცებს, საბჭოთა კავშირის დანგრევამ ვისაც გული არ ატკინა, იმას გული არ
ჰქონიაო, ჯონის, დედამისს და მე ვერ გვარწმუნებს, დამაჯერებლობა აკლია, ახალი დროის ამ
მაქსიმის შემოქმედის სამუშაო ენაზე რომ ვთქვათ, Wie bekannt es ist eine unbestrittene Tatsache –
როგორც ცნობილია, ეს უბრალოდ უკამათო ფაქტია.
ხაზანოვის ცნობილი პერსონაჟისა არ იყოს, ჯონისაც კულინარიული ტექნიკუმი ჰქონდა
დამთავრებული. რადგან სუსტი ფილტვების გამო საავადმყოფოში ხშირად ხვდებოდა, დიეტა
ერგებოდა. „დიეტა“ თავისუფლებაზეა ცუდი სიტყვა, თორემ ციხეებსა და ბანაკებში ეს
ბერძნული, კეთილშობილი სიტყვა დატვირთული იყო უაღრესად პოზიტიური შინაარსით: დიეტა,
უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა 1 ც მოხარშულ კვერცხს, 100 გ თეთრ პურს, 200 მლ რძეს, 20 გ
კარაქს, 60 გ ყველს და 120 გ მოხარშულ საქონლის ხორცს (მთელი პატიმრობის განმავლობაში
ბანაკში არც ერთ ჩვენგანს თვალითაც არ უხილავს ეს ღვთაებრივი პროდუქტები). ჯონი
ფილტვებს აკლებდა და გულს უნახავდა კარაქს – წყლიან ქილაში აგროვებდა ახალი წლისთვის.
1986 წელს ზაქარია ლაშქარაშვილმა დაამზადა საახალწლო ტორტი. ფქვილის როლს ასრულებდა
ჩვენი საერთო ტექნოლოგიით მიღებული მასა; 1985 წლის 9 მაისს მიღებული თეთრი პური ჯონიმ
მაშინვე წვრილად დაჭრა და 8 თვის განმავლობაში უმზეურად გაახმო, მერე დაფქვა (უფრო
სწორად, დანაყა) და რაფაელ პაპაიანის პერსონალურ მიკროსაცერში გაცრა, ქატო მოხალა, გააშავა
და ცალკე მოიხმარა ტორტის მოსართავად (ქატოთი გაკეთდა წარწერა 1986). კვერცხის ფხვნილით,
კარაქით, „ფქვილით“ და წყლით მოიზილა ბისკვიტის მასა, რომელიც გამოცხვა გრიშა ფელდმანის
სახელგანთქმულ ღუმელში. კრემის დასამზადებლად გამოყენებულ იქნა კარაქი, მოხარშული
შედედებული რძე (სექტემბერში მიღებული ჩემი ამანათიდან სათუთად შენახული) და
ოქტომბერში მიღებული ჯონის ამანათიდან – ვანილი (ეს სულ ასე იყო, ამანათში მე ვიღებდი
ნიგოზს, ნიორს, გამხმარ წითელ პილპილს, დაფქულ შავ წიწაკას, ხმელ სუნელს, ხმელ ქინძს და
უცხო სუნელს, ხოლო ჯონი – მიხაკ-დარიჩინს, სურნელოვან წიწაკას, დაფნას, ჯანჯაფილს და
ვანილს). ტორტის პრემიერა შედგა 1986 წლის პირველ იანვარს, 00 საათსა და 01 წუთზე,
ჩვენებური სასმელით ახალი წლის შემოსვლის დალოცვის შემდეგ. თეატრალებმა იციან, რა ჰქვია
პრემიერის გრანდიოზულ წარმატებას. მე 1986 წლის პირველი იანვრის პირველ წუთებში

20
განცდილი კულინარიული შოკის აღწერა მხოლოდ ჰომეროსის მიბაძვით შემიძლია: ხომიზურმა
თქვა ერთმარცვლიანი „ვაჰ“, რაფიკამ თქვა ორმარცვლიანი „პახ-პახ“, გენრიხამ თქვა
სამმარცვლიანი „ყარაბაღ“ და მე ვთქვი „лучше Ганиченки“ (უკრაინელების ყაიდაზე უკრაინულ
გვარებს ჩვენც ვაბრუნებდით, სხვათა შორის, თავის დროზე ჩეხოვიც ასე იქცეოდა: თბილისის
იზოლატორში სხვა წიგნები რომ არ ჰქონდათ, ჩეხოვის მრავალტომეულის ბოლო ტომები,
რომლებშიც მწერლის მიმოწერა იყო შეტანილი, თითქმის დავიზეპირე). ჯონი ბედნიერი იყო, ხომ
მცოდნია კულინარობაო!
ჩვენს ბანაკში ერთი ჰოლოგეორგიანული, ანუ ოდენქართული, ინციდენტი მოხდა. იმის თქმა
მინდა, რომ ინციდენტში მხოლოდ ეთნიკური ქართველები მონაწილეობდნენ. გიორგი ხომიზური
რაბლეს აღმერთებდა, მე მიმაჩნდა, რომ ამაში მისი ქართველობა ვლინდებოდა, რადგან მსოფლიო
ლიტერატურაში სულით ხორცამდე ფრანგ ფრანსუა რაბლეზე უფრო „ქართველი“ ავტორი
საერთოდ არ მეგულება. ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ რაბლე არც მორდოვეთისთვის იყო
უცხო: დუბრავლაგსა და სარანსკში გაატარა თავისი პატიმრობის წლები რაბლეს შესანიშნავმა
რუსმა მკვლევარმა ბახტინმა, ასე რომ რაბლე მშობლიური კაცი იყო ჩვენს ბანაკში. ერთხელაც
პირსაბანების ოთახში, ე.წ. „კურილკაში“ ვიდექით მე და ჟორა ხომიზური და ვსაუბრობდით
რაბლეზე. ჟორა დაინტერესდა, ქართულად თუ არის თარგმნილი რაბლეო. მე ვუპასუხე, როგორ
არა, ის კი არა, ორი თარგმანიც კი არსებობს, ქალბატონ ბაგრატიონის არასრული და გოგიაშვილის
სრული-მეთქი. თანაც, გოგიაშვილმა საინტერესო მხატვრულ ხერხს მიმართა, რაღაცეები კახურ
დიალექტზე თარგმნა-მეთქი. ამ საუბარს ზონის კიდევ ერთი ქართველი ბინადარი, არსენა
ლოლაშვილი შემოესწრო, სიტყვა „კახურს“ რომ მოჰკრა ყური, იწყინა, შენ კახელები ცუდად რად
მოიხსენიეო და ჩემკენ გამოიწია. „კურილკაში“ კონფლიქტი ვერ დაეტია და ზონის ეზოში
აღმოვჩნდით: არსენას ჯონი აკავებდა და მე – ჟორა. ЖХ 385/3-5 უჩვეულო მოვლენამ –
შიდაქართულმა კონფლიქტმა, რომელსაც ახლდა ქართული ენის განმარტებით და
ორთოგრაფიულ ლექსიკონებში ვერდატეული ლექსიკური სიმდიდრე, გააოგნა: ვერავინ
გვეკარებოდა.
არსენა ლოლაშვილი კახელი გლეხი იყო. კანონთან თავიდანვე მწყრალად ყოფილა და
პოლიტიკურ სტატიას მხოლოდ მესამე ცდაზე გამოჰკრა ხელი. თურქეთთან საზღვრის დარღვევას
აპირებდა და რაღაც ანტისაბჭოთა ნაწერებიც ჰქონია თან. მისი საბრალდებო დასკვნის მიხედვით,
ვერაფრით ვერ მივხვდი, როგორ და რაში უღალატა სამშობლოს. გაბრაზებული იყო და
საქართველოდან გარბოდა. ისე გაბრაზებული იყო და ისე გარბოდა, რომ არც უფიქრია, წინ
თურქეთი იყო თუ სომხეთი. პოლიტიკაში ვერ ერკვეოდა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია
ძირითადად სოდომის ცოდვაში ერეოდა. ზონაში მოხვედრის პირველ დღეებში არსენას და ჯონის
დავუახლოვდით და კარგი ურთიერთობაც გვქონდა; არსენამ მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძულა,
როდესაც ჟორა ხომიზურს და რაფაელ პაპაიანსაც დავუახლოვდით. ულტიმატუმი წამოგვიყენა,
ან მე, ან ხომიზურიო (ხომიზურის სიძულვილის თავისი, არცთუ ისე ლიბერალური მიზეზებიც
წარმოადგინა). დავშორდით მშვიდობიანად, თუმცა, როგორც ჩანს, გულში წყენა შეუნახავს.
საინტერესო მიზანსცენა იყო: ქართველები ერთმანეთზე მიიწევენ და ქართველებივე აკავებენ.
მოულოდნელად არსენამ დანა დააძრო და დამკავებელ ჯონის მუცელში ჩაარტყა. პატარა დანა
იყო, ყველას გვქონდა ასეთი დანა, საამქროში სამუშაოდ გვჭირდებოდა და ან საამქროში
ვტოვებდით, ან ბარაკში, დანის ტარება თავში არავის მოსვლია აზრად. ჯონი რომ წაიქცა, არსენამ
ჩემკენ გამოიწია, მე ჟორა მოვიცილე და ფეხი ისე მოვიქნიე, რომ არსენას დანა ხელიდან
გავაგდებინე (შემდგომში ზონის აღიარებულმა პოეტმა და მემატიანე მანილოვიჩმა ამ ეპიზოდს
მცირე პოემა მიუძღვნა). უდანოდ დარჩენილ არსენას ნახევარი ზონა თავზე დაახტა და მე და ჟორა
ჯონის მივცვივდით: ჭრილობა ღრმა არ იყო, მაგრამ სისხლი შადრევანივით მოდიოდა. ბალახების
და მჩხიბაობის მამამ, არნოლდ არტურის ძე ანდერსონმა სასწრაფოდ მოჰბანა ჭრილობა,
მრავალძარღვათი და გვირილით დაფარა, შემდეგ ჯონის მაისურისგან ისეთი ოსტატობით
გააკეთა ბინტი, რომ დაზარალებულის ტაშიც კი დაიმსახურა, და ბინტში აბრეშუმის ჭიასავით
შეახვია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია არ ჩანდა.
ჯონი საიდუმლოდ მივიდა არსენასთან და უთხრა, რომ გკითხონ, დანა არ ახსენო, დანა საერთოდ
არ ყოფილაო. ჯაშუშებით და მოღალატეებით სავსე ზონა მართლა ჯაშუშებით აღმოჩნდა სავსე და
ადმინისტრაცია ყველა დეტალში, გარდა ჩხუბის წარმოშობის მიზეზისა, გაერკვა. არავინ
დაუკითხავთ, მხოლოდ არსენა გამოიძახეს. რომ უკითხავთ, დანა თუ გქონდაო, უპასუხია
მქონდაო (შემდეგ თავს იმართლებდა, აბა, ტყუილს ხომ ვერ ვიტყოდიო) და შიზოში წაიყვანეს.
ჯონის რომ ჩაედინა ასეთი რამ, ან – მე, ან – ჟორას, სასჯელისთვის 8 წლის დამატება და
ჩისტოპოლის ციხეში (ჯოჯოხეთის ერთ-ერთი ევფემისტური სახელია) გადაყვანა არ აგვცდებოდა,
არსენა კი იოლად გადარჩა, თუმცა, რომ ეთქვა, დანა არ მქონიაო, შიზოშიც არ მიაბრძანებდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა, დავით ბერძენიშვილი დამოუკიდებელი

21
საქართველოს პირველ პარლამენტში მოხვდა, როგორც ბათუმის მაჟორიტარი და ხელისუფლებას
ოპოზიციაში ჩაუდგა, ვიღაცეებს გაუჩნდათ სურვილი, არსენა ლოლაშვილის კარტი
გაეთამაშებინათ და ამ, მათი აზრით, საიმედო კაცზე დაყრდნობით ჩვენთვის ზონაში ჩადენილი
„ავკაცობები“ დაებრალებინათ. ზვიად გამსახურდიამ გაიგო ქალების მიერ დაგეგმილი ამ
„სასამართლოს“ ამბავი, რომელზეც მოწმე ლოლაშვილი პარლამენტის შენობაში უკვე მოყვანილი
ჰყავდათ, თემურ ქორიძე გამოაგზავნა და ქალები ლოლაშვილიანად იფრინა, პოლიტპატიმრებს
მოფერება სჭირდებათ და არა ცილისწამებაო, სამგზის ნასამართლევი რეციდივისტი ლოლაშვილი,
რომელიც ათი წლის წინ მაგინებდა, უზენაესის შენობაში როგორ შემოუშვითო და ა.შ.
ჯონის პოლიტიკური შეხედულებების დასახასიათებლად ქართულ ენაში სიტყვა არ მოიპოვება.
პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ექსტრემისტული ულტრარადიკალიზმი, მაგრამ ეს მოვლენას
სრულად ვერ აღწერს. ირლანდიის რესპუბლიკური არმია მიაჩნდა იდეალად. ტერორის გარეშე
არაფერი იქნებაო, ამბობდა. ბობოქრობდა და ბრაზობდა ლიბერალური დემოკრატიის ხსენებაზე.
ტერორი, მხოლოდ ტერორი, შეიარაღება და ბრძოლა! ამას ამბობდა კაცი, რომელსაც არც მანამდე
და არც შემდეგ ჭიანჭველასთვისაც არ დაუდგამს ფეხი.
1987 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირში არც ერთ პოლიტიკურ ბანაკში არც ერთი პოლიტიკური
პატიმარი არ დარჩა. არა, დარჩა ორი – ვახტანგ ძაბირაძე და ზაქარია ლაშქარაშვილი. როცა ყველა
პოლიტპატიმარმა ჩათვალა და ერთმანეთთან შეათანხმა, რომ შეცვლილ ისტორიულ ვითარებაში
საკმაოდ მსუბუქ ტექსტზე ხელის მოწერით (ხელის მომწერთა სიას სახაროვი და ორლოვი ედგნენ
სათავეში) შინ წასვლა შეიძლებოდა, ამ ორმა ქართველმა ესეც არ გააკეთა და კიდევ რამდენიმე
თვე დაჰყო გულაგში. ზაქარია ლაშქარაშვილი, ფაქტობრივად, გამოაგდეს ციხიდან 1987 წლის 3
ივლისს.
გათავისუფლების შემდეგ, ეროვნულ მოძრაობაში თავისი თავი ვერ იპოვა (სიტყვით ხომ
რადიკალი და რევოლუციონერი იყო და თანამოძმეების პოვნა მართლა გაუჭირდა). ამას დაერთო
მატერიალური გასაჭირი, მუდმივი უსახსრობა და ჯონი ლაშქარაშვილი ემიგრაციაში წავიდა.
პარიზში დამკვიდრდა და იქაური ქართველების დახმარებით რადიო „თავისუფლებისგან“ რაღაც
გროშებს იღებდა რეპორტაჟებისთვის. ჩვენს აქაურ ლიდერს იუდამ შხამი ჩააწვეთა და მან
ცნობილ დისიდენტს, გინზბურგს, თბილისიდან ინფორმაცია მიაწოდა, ლაშქარაშვილს არ ენდოთ,
კაგებეს აგენტიაო. უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ამ ფაქტობრივად პოლიტიკური
წმინდანის შეურაცხყოფა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უსინდისო და ბინძური იყო. იგი
გათვლილი იყო იმ ფაქტზე, რომ განსწავლული და სასიქადულო ოჯახიშვილის, ნაციის მომავალი
ლიდერის სიტყვა გაცილებით მეტად ფასობდა, ვიდრე საშუალო ტექნიკური განათლების მქონე
ვიღაც ტაქსისტის სიტყვა. გინზბურგმა ქართველ ლიდერს დაუჯერა, ჩვენ არ მოგვისმინა და
ლაშქარაშვილმა პარიზში სიმწრით ნაშოვნი სამსახური დაკარგა. მას შემდეგ უცხო ქალაქში
წვალებით და ყოველდღიური უმძიმესი შრომით ირჩენდა თავს.
პარიზის დათვალიერების უმოკლესი ხერხია სათანადო ორსართულიანი ავტობუსის მეორე
სართულზე ასვლა, ყურსაცვამის დამაგრება, სასურველი ენის შერჩევა (დასავლეთევროპული
ენები, იაპონური, ჩინური, რუსული) და თვალების გაფაციცება. ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლია
ჩახვიდე და ასევე ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლია კვლავ ახვიდე იმავე ფირმის ავტობუსში. და
ასე ორი დღის განმავლობაში. მე გირჩევთ, ტროკადეროდან დაიწყოთ, ხოლო ფირმებიდან
უპირატესობა მიანიჭოთ Les cars rouge – წითელ ავტობუსებს. პარიზის ფართო და ვიწრო ქუჩებში
ავტობუსი იოლად იმოძრავებს, რადგან ამ ფირმას სასტიკგამოცდაგავლილი ექსტრა კლასის
მძღოლები ჰყავს. თუ გაგიმართლებთ და მძღოლის თავაზიან „ანტრე სილ ვუ პლეში“ ძლიერ
ქართულ აქცენტს დაიჭერთ, იცოდეთ, თქვენ წინაშე ზაქარია ლაშქარაშვილია (ტაქსისტობა
უნდოდა, ყველა გამოცდას – ტარებას, ტოპოგრაფიას, მარშრუტიზაციას ათიანზე აბარებდა, მაგრამ
ფრანგულ ენას ვერაფერი მოუხერხა და პარიზის ტაქსისტობა აუსრულებელ ოცნებად დარჩა).
საფრანგეთის დედაქალაქში, სხვას ვის იპოვიდა, და რა თქმა უნდა, ზესტაფონელი ცოლი
მოიყვანა. საუბრობენ ახლა მშობლები ქართულად და ბავშვები ფრანგულად ეჟღურტულებიან.
ესენი მასწავლიან ფრანგულსო, შემოგვჩივლებს ხანდახან.

რაფიკა
დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, რომელთანაც იმდენი მელაპარაკოს ან მეკამათოს,

22
რამდენიც რაფიკასთან მილაპარაკია და მიკამათია. ვერც ვიხსენებ სხვა ადამიანს, რომელთანაც
იმდენი მქონდეს სალაპარაკო და საკამათო, რამდენიც მასთან. ჩვენი პატიმრობა და, საერთოდ,
ჩვენი ურთიერთობაც თითქმის ოცდახუთი წლის წინ დამთავრდა, მაგრამ სალაპარაკო, საკამათო,
საჩხუბარი და საომარი კიდევ დარჩა შემდეგი ოცდახუთი საუკუნისთვის.
რაფიკა, რაფაელ აშოტის ძე პაპაიანი, დაბადებული 1942 წელს, ცოლშვილიანი, ორი შვილის მამა,
1982 წლის 10 ნოემბერს დააპატიმრეს. ოთხი წელი მკაცრი რეჟიმის ბანაკი და ორი წელი
გადასახლება ჰქონდა მისჯილი. რაფიკა სომხეთში ჰელსინკის კავშირის ერთ-ერთი
დამფუძნებელი იყო ედუარდ არუთუნიანთან ერთად 1975 წელს; მოგვიანებით, როდესაც
არუთუნიანი და მისი ჯგუფის ორი წევრი დააპატიმრეს, რაფიკასთან და ედმონ ავეტიანთან
ჩხრეკა ჩატარდა. მაშინ არ დაუჭერიათ, მაგრამ სერიოზულად გააფრთხილეს. ხოლო როცა
გაფრთხილებამ აღარ გაჭრა, ჟორა ხომიზურთან ერთად დააპატიმრეს და გულაგის გზასაც
გაუყენეს.
რაფიკას მამა, აშოტ პაპაიანი (იგივე – არამაშოტ პაპაიანი, ეს მისი სამსახიობო ფსევდონიმი იყო)
სომხეთში ცნობილი კაცი ყოფილა ჯერ როგორც მსახიობი და შემდეგ როგორც რამდენიმე პიესისა
(ძირითადად, კომედიისა) თუ კინოსცენარის ავტორი. სხვათა შორის, აშოტ პაპაიანიც ჩვენებური
ყოფილა, ჩემი და დათოსი არ იყოს, ბათუმში დაბადებული, ასე რომ ისედაც ჩვენი „ზემლიაკი“
რაფიკა „თითქმის“ ბათუმელიც იყო.
რაფაელ პაპაიანი ჩემთვის განსაკუთრებული პატიმარი იყო, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ
ჩემთან ერთად ბარაშევოს პოლიტიკური ზონის ისტორიაში პირველი საერთაშორისო
„კოლმეურნეობის“ თუ ქიბუცის, „სამხრეთ კავკასიის ხალხთა ქრისტიანული ფედერაციის“
შექმნის ინიციატორი იყო (მანამდე პოლიტიკურ პატიმართა საერთო-სამეურნეო დაჯგუფებები
გამოკვეთილად ნაციონალურ ხასიათს არტარებდა) და, მეორეც იმიტომ, რომ ამდენ პატიმარში იგი
ერთადერთი იყო ჩემი „ნამდვილი“ კოლეგა ანუ ფილოლოგი – რაფაელ პაპაიანი ერევნის ვალერი
ბრიუსოვის სახელობის რუსული და უცხო ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებული და
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ბრძანდებოდა (სამწლიანი ასპირანტურა ტარტუს
უნივერიტეტში ჰქონდა გავლილი და დისერტაციაც ესტონეთის ამ შესანიშნავ სამეცნიერო
ცენტრში სახელგანთქმულ იური ლოტმანთან ჰქონდა დაცული).
დიდი დრო არ დამჭირვებია იმის დასადგენად, რომ რაფიკა საკვირველი კაცი იყო. სწორედ
იმიტომ, რომ „საკვირველი“ იყო, მე მასზე პერმანენტულ დაკვირვებას ვაწარმოებდი, პაპაიანი
ჩემთვის შესასწავლი ფენომენი იყო. ეს იყო უაღრესად მრავალმხრივი კაცი: სომხეთისა და, რაც
გასაოცარია, საქართველოს ისტორიის ბრწყინვალედ მცოდნე მეცნიერი, რუსული ენისა და
ლიტერატურის შესანიშნავი სპეციალისტი, დახვეწილი რუსულის მქონე რაფინირებული
სტილისტი, ნიჭიერი პოეტი, ერუდირებული, ტაქტიანი, ფრთხილი, თავისებურად სევდიანი
იუმორის, კოლოსალური შრომისმოყვარეობისა და უდიდესი მოთმინების ადამიანი.
რაფიკას მრავალმხრიობის მიუხედავად, მისი უპირველესი ჰიპოსტასი მაინც ოსტატობა იყო.
როგორც მრავალმხრივი მესროპ მაშტოცისთვის მოიგონეს მადლიერმა თანამემამულეებმა ერთი
სიტყვა „მთარგმნელი“ (ანუ სომხური ანბანის შემქმნელს, განმანათლებელს, მისიონერს და
სომხური სამოციქულო და სომხური კათოლიკური ეკლესიების წმინდანს მთავარ დამსახურებად
ბიბლიის თარგმნა ჩაუთვალეს), ისე რაფიკას დახასიათებაც შეიძლებოდა ერთი სიტყვით და ეს
სიტყვა იქნებოდა „ოსტატი“. სომხების ოსტატობის ამბავი საყოველთაოდ ცნობილია და რაფიკაც
უნიჭიერესი და უხელმარჯვეესი მაისტერი იყო. ბორია მანილოვიჩის სიტყვით რომ ვთქვათ,
მაისტერშაფტის ერთ-ერთი შედევრი, წეკოს 12 სიგარეტის ერთდროულად დამამზადებელი
მანქანა, „ქრისტეს ასაკისა“ რომ შევსრულდი, იმ დაბადების დღეზე მაჩუქა, ოღონდ ამ მანქანით
სიგარეტების დამზადებისთვის საჭირო მოთმინებით ვერ აღმჭურვა და მე წეკოს სიგარეტს ისევ
ხელით ვახვევდი. თავის საკერავ მანქანაზე თვითნაკეთი ორმაგი პროპელერი ჰქონდა
დამაგრებული და ზაფხულში მის მანქანასთან ჯდომას არაფერი სჯობდა. საკერავ მანქანაზე
გაუმჯობესებათა და გაიოლებათა ისეთი წყება ჰქონდა ჩატარებული, რომ დღიური პროდუქცია –
92 წყვილი „ვარიშკა“ (ცერათითა ხელთათმანი) დილის 11 საათისთვის უკვე შექმნილი ჰქონდა და
შემდეგ საათებში მომავალი დღეების ანგარიშში მუშაობდა (ხალხი ამბობდა, რამდენიმე ათასი
წყვილი ხელთათმანის მარაგი აქვს შენახული „შავი დღისთვისო“, თუმცა რა დღეებიც გვედგა,
იმაზე შავს რას ელოდა, არ ვიცი).
სხვადასხვა დროს რაფიკამ მოცალეობის ჟამს შექმნა ნივრის ავტომატური სანაყი მანქანა (ეს
აპარატი ძირითადად უქმად ცდებოდა, სად იყო „სამანქანო“ ნიორი!), ნიგვზის ასევე ავტომატური
საკეპი (ესეც მთლიანობაში საჩვენებელი მოდელი იყო, ნიგოზი იშვიათი ხილი იყო ბანაკში, ჩემ
გარდა არც არავის ჰქონია არასოდეს), თაბახის ქაღალდის მხაზველი აპარატი, შემწვარი თევზის
ნაჭრიდან ძვლების ხორცის სტრუქტურის დაუზიანებლად გამომცლელი მანქანა, ხისგან
დამზადებული ხორცის მექანიკური საკეპი მანქანა (ეს უნიკალური მანქანა კი გვქონდა, მაგრამ

23
ხორცი ბანაკში სამი წელი თვალით არ მინახავს), თვითნაკეთი ზუსტი სასწორი (წონიდა, რა თქმა
უნდა, ერთი მილიგრამის სიზუსტით) და ასე შემდეგ. ყველას ვერც ჩამოვთვლი და ვერც
გავიხსენებ. მრავალრიცხოვანი თეორიებიდან, რომლებიც სხვადასხვა ხალხისა და ეპოქის
გენიოსების სომხურ წარმომავლობას ამტკიცებს (მე პირადად, მართალია, არა რაფიკასგან,
ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში მომისმენია რუსთაველის, შექსპირის, ბაირონის, მოცარტის,
იულიუს კეისრის, ქრისტეს, ბუდას, მუჰამედის, იური დოლგორუკისა და ლევ ტოლსტოის
სომხობის „დამადასტურებელი“ თეორიები), თუკი ისეთიც არსებობს, რომელიც ლეონარდო და
ვინჩისაც ამ უძველეს ეთნოსს მიაკუთვნებს, მე მის გასაძლიერებლად მრავალ არგუმენტს
მოვიტანდი რაფიკას, შეიძლება ითქვას, გენიალური მატერიალურ-ტექნიკური შემოქმედებიდან.
შენახვის, გადანახვის, საგულდაგულოდ გადამალვის, დაკონსერვების, დაზოგვის, თხლად
დაჭრის ტრფიალს რომ იტყვიან, ის იყო. მრავალი თვის წინ საყვარელი მეუღლის, ანაჰიტის მიერ
დამზადებული ყაურმა რომ გაუფუჭდა და მსუნაგმა გრიშა ფელდმანმა შეუჭამა, ეგ ხომ არაფერი.
კიდევ უფრო ხანგრძლივი (სამი წლის!) შენახვის ზუთხის კონსერვი „ბალიკი“ გაგვიხსნა
საახალწლოდ, გაისად ამ დროს აქ აღარ ვიქნები და გადასახლებაში მარტო ხომ არ შევჭამო. ჯონი
ლაშქარაშვილმა რომ ავადმყოფობის დროს გამოზოგილი კარაქით საახალწლო ტორტი დაამზადა,
რაფიკას საყვედური დაიმსახურა, წელს ისედაც უამრავი საჭმელი გვაქვს (აქ, ჩემი წარმოდგენით,
ცოტა გადააჭარბა), ეგ კარაქი გაისისთვის უნდა შეგენახა, რა იცი, გაისად რა იქნებაო.
ბანაკის მაღაზიაში, რომელსაც ზონური ტრადიცია „ლარიოკად“ მოიხსენიებს (აქედანაა, სხვათა
შორის, ცნობილი გამოთქმა, „კარაქია ლარიოკში“, რაც ჩემთვის „შეუძლებელ სიტუაციას“
აღნიშნავს – კარაქი არ შედიოდა „ლარიოკის“ უაღრესად ღარიბ ასორტიმენტში; ისე კი ეს
გამონათქვამი „თავი დამანებეს“ მნიშნელობით გამოიყენება), იყო მაღალი და დაბალი მოთხოვნის
პროდუქტები. მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა ზეთი (ბოთლიანად ღირდა მანეთი და 2 კაპიკი,
20 კაპიკად ღირებული ბოთლი შემდეგ თვეში „ლარიოკობაზე“ ჩაბარებას ექვემდებარებოდა), შავი
ჩაი (90 კაპიკი), წეკო (1 კოლოფი – 15 კაპიკი; მე, მაგალითად, თვეში 20 კოლოფი მჭირდებოდა),
ასანთი (1 კაპიკი; უნდა გქონოდა, არავინ არ მოგცემდა), მრგვალი კანფეტი, რომელსაც შაქრის
ფუნქციის შესრულება შეეძლო (კილო 3 მანეთი ღირდა, ორას გრამზე მეტს ვერ ვყიდულობდით),
საწერი რვეული (კლასიკური საბჭოთა თორმეტფურცლიანი ვერსია 2 კაპიკი ღირდა) და საწერი
კალამი – პასტა (ძვირი იყო, 30 კაპიკი). შედარებით დაბალი მოთხოვნით სარგებლობდა
სხვადასხვა ჯურის ჯემი ანუ „პავიდლო“ (ზუსტად მანეთი ღირდა, ქილა 10 კაპიკად ჩაბარებას
ექვემდებარებოდა), თევზის პაშტეტი „ვოლნა“ (76 კაპიკი), დაუვიწყარი საბჭოთა კონსერვი
Завтрак туриста „ტურისტის საუზმე“ – თევზის, ტომატისა და ბრინჯის განუმეორებელი
კომბინაცია (80 კაპიკი), თამბაქოს ძვირიანი ნაწარმი, მაგალითად, უფილტრო სიგარეტი „პრიმა“
(15 კაპიკი) და რამდენიმე პროდუქტი ფანტასტიკის ან პატიმრების დაცინვის სფეროდან,
მაგალითად მანეთ-ნახევრად ღირებული კიშინიოვის თამბაქოს ფაბრიკის პროდუქცია,
ფილტრიანი სიგარეტი „მალბორო“, რომელიც საერთოდ არ სარგებლობდა არანაირი მოთხოვნით
და ამიტომ „ლარიოკიდან“ „ლარიოკამდე“ იყო და იყო.
რაფიკა 22 დეკემბერს იყო დაბადებული. ჩვენი ზონური ცხოვრების პირველ წელს, როდესაც
შესაბამისი გამოცდილება არ გვქონდა, მე და დათომ გადავწყვიტეთ, სასიამოვნოდ
გაგვეკვირვებინა იუბილარი, „ლარიოკში“ ყოველთვიურად დასახარჯი ჩვენი კუთვნილი 10
მანეთიდან სამი გავიმეტეთ და დაბადების დღეზე არნახული საჩუქარი, ორი კოლოფი „მალბორო“
ვაჩუქეთ. დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი ფინანსური თავგანწირვით მეგობარი
აღფრთოვანებული დარჩებოდა და გულისფანცქალით ველოდებოდით ძვირფასი საჩუქრის
გადაცემის მომენტს. საღამოს, როდესაც რაფიკამ მოკრძალებულ სუფრაზე მიგვიპატიჟა, გაზეთში
საგულდაგულოდ გახვეული საჩუქარი მივართვით. ნელ-ნელა გახსნა გაზეთი და სიგარეტი რომ
დაინახა, იუბილარს, აშშ მაშინდელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანისა არ იყოს, ნაჩუქარი
ცხენისა და მისი კბილის შესახებ ხალხური სიბრძნე დაავიწყდა და მსახიობისა და დრამატურგის
აშოტ თუ არამაშოტ პაპაიანის მხოლოდშობილმა ძემ, რაფაელმა ჭეშმარიტად ტრაგიკული ხმით
შეიცხადა, შეჰღაღადა მამას, შეიძლება ითქვას, ზეცასთან დაგვაბეზღა მეზობელი ხალხი,
ბედკრულო ქართველებო, ეს რა გიქნიათ, სამ მანეთად ხომ მთელი სამი ქილა „პავიდლო“
მოვიდოდაო!
ჩაით შესმულ ერთ-ერთ სადღეგრძელოში „გადანახული დროშების კავალერი“ ვუწოდე და
მოეწონა. ყველაფერი ჰქონდა გადანახული, ჯონი საწყობის გამგეს ეძახდა და მე მუზეუმის
დირექტორს. კომერსანტული ტალანტით ჩვენს ზონაში ვერავინ შეეჯიბრებოდა: ერთხელ ერთ-
ერთ პატიმარს სასწრაფოდ საფოსტო მარკა დასჭირდა, მთელი ზონა შემოიარა და ბოლოს ჩვენთან
მოვიდა, ვიღუპები, წერილს ვერ ვაგზავნი და ამ თვეში წერილის გაგზავნის უფლება მიხუნდება,
მიშველეთო. საშინელი გრძნობაა, როცა სამკაპიკიანი მარკის უქონლობის გამო ორი კვირის ნაწერი
32 გვერდიანი წერილი გიუქმდება, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მხოლოდ ხმის მიწვდენა და
წერილის მიწერა შეგიძლია შენი ახლობლებისთვის და ამასაც ვერ ახერხებ, სულიერი

24
სიცარიელისა და ღალატის მორევში ეშვები, სიცოცხლე აღარ გინდა. ამას მიხსნიდა ჩემი
უკრაინელი თანაზონელი, ხმა უკანკალებდა და ღრმა დეპრესიისკენ მიექანებოდა. დავამშვიდე,
ნუ გეშინია, მარკას გიშოვი-მეთქი და წავედი როგორც რწყილი ან როგორც ავთანდილი. მივადექი,
რა თქმა უნდა, რაფიკას. ვუთხარი, რაფიკ, ახპერჯან, ცავადტანემ, მარკა მჭირდება, კარგი კაცი
იღუპება-მეთქი.
– საფოსტო მარკა იშვიათი ნივთია, – განაცხადა რაფიკამ, – მისი ღირებულება საბაზრო
მოთხოვნასთან ერთად იცვლება. მზად არის კლიენტი, რომ გადაიხადოს?
– რა უნდა გადაიხადოს, სამკაპიკიანი მარკა სჭირდება კაცს, – საქმეში გულუბრყვილო
ჩაუხედაობა გამოვავლინე მე.
– ახპერჯან, ლევანჯან, არ მინდა ახლა ლექცია წაგიკითხო ქართულ უყაირათობაზე. თქვენი
ქონება ხომ გაანიავეთ, ახლა მე მასწავლით, რა ღირს, როგორც შენ ამბობ, „სამკაპიკიანი“ მარკა?
– და რა ღირს სამკაპიკიაანი მარკა, ათი კაპიკი? – რაც შეიძლება საქმიანად ვიკითხე მე.
– ათი კარგი რიცხვია, ოღონდ მე ამ რიცხვს შენსავით უყურადღებოდ არ მოვექცეოდი. შენ ხომ
ხაზს უსვამ, რომ „ლარიოკში“ მარკა სამი კაპიკი ღირს, მე მას გადაუდებელი საჭიროების
კოეფიციენტზე, 10-ზე გავამრავლებ და დავადგენ, როგორც ინგლისელები იტყვიან, ემერჯენსი
პრაისს: 30 კაპიკი, ანუ ორი კოლოფი წეკო.
– ორი კოლოფი წეკო რა ამბავია?! – ვერ დავმალე აღშფოთება მე.
– ვივაჭროთ? – ისეთი სახით იკითხა რაფიკამ, რომ ვაჭრობის ყველანაირი ხალისი დამეკარგა. ამას
ფილოლოგიური არგუმენტიც დაემატა სალიტერატურო კლასიკიდან, – Торг здесь неуместен! –
ოსტაპ-სულეიმან-ბერტა-მარია-ბენდერ-ბეის მსგავსად მკაცრად განაცხადა რაფიკამ და 30 კაპიკის
ღირებულების სხვა პროდუქტების ჩამოთვლა დაიწყო: ორი კოლოფი „პრიმა“, ერთი ასანთის
კოლოფი ჩაი და ა.შ.
წავედი გასაჭირში ჩავარდნილ ჩემს უკრაინელ ძმასთან. ავუხსენი სიტუაცია და ერთი კოლოფი
წეკო მოვთხოვე. გახარებულმა სასწრაფოდ მომირბენინა ერთი კოლოფი წეკო. მე რომ მქონოდა
მარკა, ხომ იცი, რომ გაჩუქებდი-მეთქი. და ვიციო, მითხრა. მეც რომ მქონოდა და შენ
დაგჭირვებოდა, გაჩუქებდიო, მაგრამ ახლა ისე მჭირდება, რომ ერთი კოლოფი წეკო ამ საქმეში
მემეტება, კიდევ კარგი, მარკის პატრონმა ორი ან მეტი რომ არ მოითხოვაო (ტაქტიანი კაცი იყო და
პატრონის ვინაობა არ უკითხავს, თუმცა, რა თქმა უნდა, მიხვდებოდა, ბანაკში კერძოდ ვის
ექნებოდა ასეთი მწვავედ დეფიციტური საქონელი). ჩემი მარაგიდან ერთი კოლოფი წეკო
დავამატე და რაფიკას მივუტანე.
– ხომ ხედავ, რა იოლად დაგვთანხმდა კლიენტი, სამი უნდა მეთქვა, – სინანულით თქვა რაფიკამ.
ის აღარ მითქვამს, ერთი კოლოფი ჩემი რომ იყო, მით უმეტეს, რაფიკამ „მოგება“ ორად გაჰყო და
ჩემი კოლოფი წეკო დამიბრუნა. სიმართლე რომ ვთქვა, უკრაინელ მეგობარს ჩემი კოლოფი
იმიტომ კი არ დავუმატე, რომ განსაკუთრებით კეთილი კაცი ვარ, არა, უბრალოდ, ერთ საცოდავ
მარკაში ორი კოლოფი წეკოს მოთხოვნა მომერიდა, რაფიკამ კი უკვე სერიოზულად გადაწყვიტა,
მომავალ გადაუდებელ შემთხვევაში ემერჯენსის კოეფიციეტი 15-მდე გაეზარდა.
რაფიკა პრინციპული კაცი იყო და ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდა.
პროტესტის ძირითადი ფორმა გაფიცვა იყო. გავიფიცებოდით და საამქროში არ შევდიოდით, არ
ვმუშაობდით. ზოგიერთი პატიმარი ამ პროტესტს სსრკ გენერალური პროკურორის, რეკუნკოვის
სახელზე წერილით „ამაგრებდა“; წერილში ეწერა: სსრკ გენერალურო პროკურორო, ამისა და იმის
გამო პროტესტის ნიშნად ამ რიცხვიდან იმ რიცხვამდე გაფიცვას ვაცხადებ, რაზედაც ხელს ვაწერ
პატიმარი ესა და ეს. წერილი კონვერტში, კონვერტი – საფოსტო ყუთში. ქართველები არც ერთ
ღონისძიებას არ ვაცდენდით, ყველა პროტესტს ვუერთდებოდით, მაგრამ სსრკ გენერალურ
პროკურორს არ ვაღიარებდით და წერილებს არ ვწერდით – ისედაც მშვენივრად ატყობინებდნენ
სადაც ჯერ არს, ვინ მონაწილეობდა გაფიცვაში და ვინ არა. დანარჩენები ამ წერილებს წერდნენ და
საფოსტო ყუთში ყრიდნენ. ჯონი ლაშქარაშვილმა დაიჩემა, რაფიკა კავკასიელი კაცია, გენერალურ
პროკურორს წერილებს არ მისწერსო. ერთხელაც, რაფიკა რომ საფოსტო ყუთში რეკუნკოვისადმი
გასაგზავნ წერილს აგდებდა, ჯონიმ ხელიდან გამოსტაცა, გახსნა და სახე გაებადრა: კონვერტში
მართლა ცარიელი ფურცელი იდო.
რაფიკა, „ვითარცა-იგი ვთქუთ“, წლების მანძილზე იური ლოტმანის მოსწავლე იყო. გაირკვა, რომ
ამ გასაოცარ კაცს მეც შევხვედრივარ, ბორია მანილოვიჩიც და ვადიმ იანკოვიც. ერთხელ
ინტელექტუალურ-სამსახიობო თამაში წამოვიწყეთ, ორ-ორკაციან გუნდებად დავიყავით. გუნდის
ერთ-ერთ წევრს პანტომიმით უნდა გადაეცა მეორესთვის რაიმე სიტყვა ან ფრაზა. ფინალში მე და

25
რაფიკამ (მწვრთნელები ჟორა ხომიზური და გენრიხ ალთუნიანი) პიტერელების უძლიერესი
გუნდი დავამარცხეთ, რომელშიც პოლიაკოვი და მანილოვიჩი შედიოდნენ, ხოლო მწვრთნელებად
დონსკოი და ტოლსტიხი ჰყავდათ: რაფიკამ მოახერხა და ჟესტებით გამაგებინა, რომ პიტერელებს
ჩაფიქრებული ჰქონდათ პოლიტპატიმართა ბიბლია – „ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია“. გამარჯვებულებს დამარცხებულებმა ჩაი მოგვართვეს და სწორედ მაშინ გაიხსენა
რაფიკამ, როგორ აუსხნია ამგვარ თამაშში ლოტმანს პარტნიორისთვის ურთულესი ტერმინი
режим Салазара (რაფიკას ასპირანტობისას ანტონიო დი ოლივეირა სალაზარი ჯერ კიდევ
პორტუგალიის დიქტატორი იყო). იური ლოტმანს მუნჯურად ჯერ კლასიკური დიქტატორი
წარმოუდგენია, შემდეგ კი გადასულა მეორე ნაწილზე: მეუღლეს ზარა ერქვა. მოუყვანია
ლოტმანს ქალბატონი ზარა, აუღია ხელში ვირტუალური „დანა“ და დაუწყია ზარას სხეულის
არავირტუალური ნაწილის „ჩამოჭრა“, შემდეგ ხელებით კითხვაც დაუსვამს, ახლა ნეტავ რას
ვშვრებითო.
რა თქმა უნდა, გვისაუბრია ქართულ ანბანზე. რაფიკას აღიზიანებდა, ჟორა რომ მრგლოვანს
სწავლობდა და მის გრაფიკაში კოსმიურ წესრიგს ეძებდა. რაფიკა მოვსეს ხორენაცის ეყრდნობოდა
და ამტკიცებდა, მესროპმა მთარგმნელ ჯაგას დახმარებით შექმნა ქართული ანბანი, რაშიც ხელს
უწყობდნენ მეფე ბაკური და ქვეყნის არქიეპისკოპოსი მოსეო.
– მართალია თუ არა, რომ მესროპმა ქართული არ იცოდა? – დავსვი მე ჩემი მთავარი შეკითხვა.
– ასე ამბობს კორიუნი, – არ იკადრა ტყუილი რაფიკამ.
– ფილოლოგი კაცი ხარ, შეიძლება ენა არ იცოდე და მისი ფონემები გამოყო? – ვიკითხე მე და
ხანგრძლივი კამათისთვის მოვემზადე. ენა არათუ უნდა იცოდე, არამედ მას უღრმესად უნდა
გრძნობდე, მასში მნიშვნელობის მატარებელი ელემენტები რომ გამოყო.
– რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ქართული ფონემები, როგორც ჩანს, მთარგმნელმა ჯაგამ გამოყო, –
მოულოდნელად აღმოაჩინა უცნობი გენიოსი V საუკუნის საქართველოში რაფიკამ.
– ქართველებს კარგად იცნობ, უმადურობა ქართული ნაციონალური ნიშანია? – მწარედ ვიკითხე
მე.
– განსაკუთრებული უმადურობა ქართველებისთვის არ შემიტყვია, – ფრთხილად აღნიშნა
რაფიკამ.
– ამოდენა საქმე გაუკეთებია მესროპს და ჩვენ ვითომ მადლიერი რატომ არ ვიქნებოდით? – ისე
ვიკითხე, რომ რაფიკას გასჭირვებოდა კორექტული საუბარი.
– შეიძლება იყავით კიდეც, სანამ განხეთქილება არ მოხდა ჩვენს ეკლესიებს შორის, – არ
გადაუხვია კორექტულ საზღვრებს რაფიკამ.
– კარგი, ვთქვათ, განხეთქილება მოხდა და მოამაგე მესროპი დავივიწყეთ. ჯაგამ რაღა დააშავა? –
არ დავივიწყე ახლად აღმოჩენილი გენიალური თანამემამულე მე.
– მოდი, მე გკითხავ. თქვენი ლეონტი მროველი რომ ამბობს, ანბანი ფარნავაზმა შექმნაო, გჯერა? –
ეშმაკურად მკითხა რაფიკამ.
– ჩვენი მრგლოვანი ანბანი ბერძნულის მიხედვითაა შექმნილი და ქრისტიანობის პროდუქტია,
ლეონტი მროველი შეიძლება სხვა ანბანს გულისხმობს ან სხვა პრინციპს (ის ხომ
„მწიგნობრობაზე“ ლაპარაკობს და არა რომელიმე კონკრეტულ ანბანზე), მაგალითად,
ალოგლოტოგრაფიას.
– თუ ფარნავაზმა სხვა ანბანი შექმნა ან სხვა, ვთქვათ, ალოგლოტოგრაფიულ პრინციპს დაუდო
საფუძველი, ვინ შექმნა მრგლოვანი ანბანი, შეგიძლიათ თქვათ? – ჩემი და მთელი საქართველოს
კედელთან მიყენება დააპირა რაფიკამ.
– არ გვაქვს ცნობები, – ფრთხილად შევთავაზე მე.
– თქვენი გამკვირვებია, ბატონო ქართველებო, – განაცხადა კმაყოფილმა რაფიკამ, – უმადურები
არ ვართო და რა დაგიშავათ ანბანის შემოქმედმა, რა უყავით მისი სახელი? ცოტა უცნაურად არ
გეჩვენება, რომ ანბანის შემოქმედის სახელი არ იცით, რუსთაველის ბიოგრაფია არ იცით, თამარ
მეფე სად დამარხეთ, დაგავიწყდათ; რუსთაველი, გურამიშვილი, ბესიკი, ბარათაშვილი რომ
უცხოეთში დაიხოცნენ, ეს ნორმალურია? – გლობალურად შემოგვიტია ისტორიულმა მეზობელმა,
არ შეარჩინა ვარსქენს, თესლ-ტომს რომ აგინებდა დიდი მესროპ მაშტოცის მეგობრის, ვარდან
მამიკონიანის ასულს.
– კომიტას ვარდაპეტი რომ პარიზის ვილჟუიფის ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა ოცი წელი და

26
უპატრონოდ გარდაიცვალა, ნორმალურია? სომხეთის ნამდვილი დედაქალაქი რომ უცხოეთში
გქონდათ და თქვენი სულიერების ცენტრი რომ ჩვენი თბილისი იყო, ნორმალურია? სახელმწიფო
რომ არ გქონდათ და დედაქალაქი გქონდათ, თანაც უცხოეთში, ნორმალურია? – არ შევარჩინე მე.
კომიტასის სულიერი დაავადების ხსენებაზე ფერი ეცვალა რაფიკას, არ ეგონა, თუ ვიცოდი. ის
აღარ ვაკადრე, შიზოფრენია და ვენერიული დაავადება რომ კლავდა და არა გენოციდით
გამოწვეული სულიერი შოკი, რადგან არავინ იცის, რა უფრო კლავს ადამიანს.
– ვინ თქვა, რომ თბილისი სომხეთის დედაქალაქი იყო? – ისე იკითხა რაფიკამ, თითქოს ასეთი
რამეები მართლა არასოდეს გაეგონა.
– თუნდაც აგასი აივაზიანმა, შესანიშნავი ნოველის, „ავლაბრის სახარების“ ავტორმა, სხვათა
შორის, თბილისელმა.
– ესე იგი, არ აღიარებთ, რომ მესროპმა შეგიქმნათ ანბანი? – პირველ სიტყვას დაუბრუნდა რაფიკა,
რადგან საუბარი აშკარად მისთვის არახელსაყრელი მიმართულებით ვითარდებოდა.
– რა თქმა უნდა, არა, – ვუპასუხე მე და მეხუთე საუკუნის შემდეგ დაბადებული და მომავალში
დასაბადებელი ყველა ქართველის სუნთქვა ვიგრძენი.
– მაშინ ბოლო არგუმენტს გეტყვი, – მომახსენა რაფიკამ.
– ვიცოდი, რამე რომ გექნებოდა შენახული, – კიდევ ერთხელ არ ვაპატიე საფოსტო მარკის ამბავი.
– ბერძნული ანბანი როგორ შეიქმნა, პატარა და დიდი ასოები ერთად ჩამოყალიბდა? – ჩემი
ავტორიტეტის აღიარებით დაიწყო რაფიკამ.
– არა, რა თქმა უნდა. შეიქმნა ერთი ბერძნული ანბანი და ეს იყო ის, რასაც ახლა მთავრულ ანუ
დიდ ასოებს ვეძახით. ლათინურიც ასე იყო, კირილიცაც, ქართულიც და სომხურიც. მხოლოდ
საუკუნეების შემდეგ სწრაფი წერისას ჩამოყალიბდა პატარა ასოები, – აკადემიურად და
კომპეტენტურად ჩამოვაყალიბე ფონეტიკური ანბანური სისტემის განვითარების საყოველთაოდ
აღიარებული ჭეშმარიტება მე.
– ქართულის შემთხვევაში ეს ნუსხურია, ანუ ხუცური? – ცბიერად იკითხა რაფიკამ.
– კი ბატონო, – ვაღიარე საკითხში მისი ჩახედულება მე.
– ბერძნებმა, რომაელებმა, სლავებმა, სომხებმა ეს დიდი და პატარა, მთავრული და ნუსხური
ასოები იკმარეს და თქვენ რატომ არ გაჩერდით, ახალი მხედრული რატომ შექმენით? – როგორც
იქნა „დამაჯახა“ თავისი მთავარი შეკითხვა-არგუმენტი რაფიკამ.
– ასეთი დაუოკებელი ხალხი ვართ და იმიტომ, – არც ისე დამაჯერებლად ვუპასუხე მე.
– არა, ლევანჯან. არა ახპერჯან. მხედრული იმიტომ შექმენით, რომ მთავრული მესროპის
ნაჩუქარი იყო და ნუსხური მისგან განვითარებული, მხედრული კი საკუთრივ თქვენი
შემოქმედებაა, ის უკვე არავის და არაფერს არ ჰგავს, რა თქმა უნდა, კუთხოვანი ნუსხურიდან
მომდინარეობს, მაგრამ თაღოვან-რკალოვანია, მას სულ სხვა გრაფიკული ფილოსოფია უდევს
საფუძვლად, მოკლედ, სომხურს აღარ ჰგავს: თქვენ თქვენი ახალი მხედრული ანბანით მოკალით
მესროპ მაშტოცი თქვენში, თქვენ უარი თქვით მის საჩუქარზე. ის ამბავი, რომ თქვენ ახალი ანბანი
შექმენით, ჩემთვის საკმარისი არგუმენტია მესროპის მიერ ქართული მთავრული ანბანის შექმნის
ჰიპოთეზის დასამტკიცებლად.
– შენთან დიდი ბოდიში, ახპერ რაფიკაჯან, მაგრამ თქვენ თუ ასეთი უტყუარი არგუმენტებით
ამტკიცებთ ხოლმე სამეცნიერო თეზებს, მოსე ხორენაცისა და კორიუნს ღირსეული ცვლა
გასჩენიათ, ვერაფერს იტყვი, – დავუწუნე ფინალური არგუმენტი მე.
– მე ჩვენი ისტორიკოსების მჯერა, – უყოყმანოდ განაცხადა რაფიკამ.
– მე ჩვენი ისტორიკოსების მჯერა, – არ მოვიცვალე ფეხი მეც.
– სად გყავთ ისტორიკოსები, თქვენ ხომ პოეტების ქვეყანა ხართ? – ბებიაჩემის, ივლიტა ბერაიას
ტერმინით რომ ვთქვა, „ირონია გამიკეთა“ რაფიკამ.
– პოეტი კაცისგან პოეტების ირონიულად მოხსენიება გამკვირვებია. ქართველი პოეტები თუ არ
მოგწონთ, რუსთაველს რას გადაეკიდეთ? ხელები შორს რუსთაველისგან! – ვისროლე, როგორც
იქნა, დღის ლოზუნგი.
– მე რუსთაველის სომხობაზე არასოდეს მილაპარაკია, ეგეც ქართველების მოფიქრებული და
სომხების მიერ სულელურად ატაცებული პროვოკაციაა. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეში, სულ

27
ცოტა, დედით ქართველი ნიკო მარის ხელი ურევია. ისე რუსთაველისგან თქვენც კარგა შორს
ხართ, როგორც სამართლიანად გამხილათ ასტაფიევმა.
– აპაპაპა, ასტაფიევი და რუსები არ გვინდა, – შეიცხადა მიშა პოლიაკოვმა, – ვიქტორ ასტაფიევს
რაც რუსებზე და სომხებზე აქვს ნათქვამი, არ გამახსენებინოთ, კარგი არაფერი იქნება.
– Hos hoi g’amphiepon taphon Hectoros hippodamoio, Так погребали они конеборного Гектора тело, ასე
დაკრძალეს ცხენების მომთვინიერებელი ჰექტორის გვამი, – განაცხადა ვადიმ იანკოვმა და
„ილიადის“ დასასრულით ხაზი გაუსვა კავკასიური დებატების პირველი რაუნდის ფინალს. მე კი
გამახსენდა რომან მიმინოშვილისეული თარგმანი, „ასე დაკრძალეს იმ დღეს ჰექტორ, გმირი
მხედარი“, არადა, რამდენიმე დისერტაცია მაინც არსებობს, რომლებშიც ხაზგასმულია, რა დიდი
მნიშვნელობა აქვს „ილიადის“ უკანასკნელ სტრიქონში ჰექტორის მოხსენიებას (ამ პოემის
პირველი სტრიქონი აქილევსით და მისი რისხვით იწყება), თანაც სწორედ „ცხენების
მომთვინიერებლად“ მოხსენიებას.
1986 წლის ნოემბერში რაფიკამ ბანაკის სასჯელი მოიხადა და გადასახლებაში წაიყვანეს. ბანაკის
წესების მიხედვით, პატიმარი გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე თმებს მოუშვებდა ხოლმე,
„მოშვება“ ძალიან „ხმამაღალი“ სიტყვაა ამ შემთხვევაში, სრული „ბოქსიდან“ ორ თვეში დიდი თმა
არავის ამოსდიოდა, არავის, რაფიკას გარდა. ერთი თვის თავზე რაფიკას ძალიან დიდი თმა
ამოუვიდა, იმდენად დიდი, რომ ისეთი ერთი პატარა სცენა გათამაშდა კლუბ-სასადილოში,
არკადი რაიკინს შეშურდებოდა. სწორედ რაფიკას თმებზე და, ზოგადად, კავკასიური თმის
საფარზე ვლაპარაკობდით სადილის დროს, როდესაც სასადილოში ნასვამი კონტროლიორი
ტრიფონოვი შემოიჭრა და მთელი ხმით დაიღრიალა: – Снять головные уборы! – ნოემბერი იდგა და
ბევრს ეხურა ქუდი, მაგრამ ყველამ მოიხადა, მათ შორის, რა თქმა უნდა, რაფიკამაც:
გათავისუფლების წინ, თუნდაც გადასახლებაში გამგზავრების წინ პატიმარი განსაკუთრებით
ფრთხილი ხდება და რაფიკა ხომ მანამდეც არ იყო თავზეხელაღებული.
– Сними папаху, Папаян! – შესძახა ტრიფონოვმა და როცა მთელი ბანაკი სიცილით დაიხოცა,
თვითონაც სიცილი აუტყდა და საბოლოო დასკვნაც გამოაცხო: – Вот х... ё... твою мать, у этих армян-
демократов даже волосы по-другому растут.
– სწორედ ამაზე უნდა დავწერო სადოქტორო დისერტაცია, „დემოკრატიის როლი თმის ზრდის
დაჩქარების საქმეში“, – განაცხადა რაფიკამ („დაჩქარება“ – ускорение გორბაჩოვის ეპოქის ერთ-
ერთი მთავარი სიტყვა იყო „გლასნოსტთან“ და „პერესტროიკასთან“ ერთად).
– „სომხურ თავზე დემოკრატიის როლი თმის ზრდის დაჩქარების საქმეში“, – თავაზიანად
შეუსწორა ჯონი ლაშქარაშვილმა და ჩემზე მიუთითა, – ქართულ თავს, როგორც ხედავ, ვერც
დემოკრატია შველის, – და მხოლოდ ქართველებისთვის გასაგები ფრაზაც დაამატა, – ჩვენი ხომ
ჭიანჭველაც არ ვარგა.
რაფაელ პაპაიანი სომხეთის პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს
ხელმძღვანელობდა, ამჟამად სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.
ტრადიციულ ხშირ თმას წვერ-ულვაშიც მიუმატა და ძალიან სოლიდური იერი მიიღო. როგორც
ავტორმა, დაწერა დიდი წიგნი „თანამედროვე სამართლის ქრისტიანული ფესვები“ (Христианские
корни современного права), გამოაქვეყნა სტატია ლოტმანის კრებულში; მოსკოვში გამომცემლობა
„იუნიპრეს სკ“ გამოსცა მისი თარგმანების კრებული „XX საუკუნის სომხური პოეზია. რჩეული
გვერდები“, მასში 16 პოეტის თარგმანი შევიდა ოვანეს თუმანიანით დაწყებული აკოპ მოვსესით
დამთავრებული. პაპაიანის შესავალში წერია, ამ პოეტების თარგმნა მათმა სიყვარულმა
გადამაწყვეტინაო. სხვათა შორის, რაფაელ პაპაიანი მთარგმნელთა საკმაოდ მცირერიცხოვან
ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც ორმხრივად თარგმნა შეუძლია: რუსულიდან სომხურად და
სომხურიდან რუსულად. თუმანიანი, ისააკიანი, ჩარენცი, შირაზი, პარუირ სევაკი, მეწარენცი – ამ
პოეტებზე საათობით ულაპარაკია.
რამდენიმე წლის წინ რაფიკასა და ჟორას ხანგრძლივი მეგობრობა სერიოზული კონფლიქტით
დასრულდა. რაფიკამ ჟორას წინააღმდეგ სტატიაც კი გამოაქვეყნა რამდენიმე გაზეთში. როგორც
ჩანს, ხელისუფლებაში მოსვლა სერიოზულ მსხვერპლშეწირვას მოითხოვს და ის სამკაპიკიანი
საფოსტო მარკა არსად არ დაიკარგა. იმ მარკამ რაფიკას წერილი ცუდ მისამართზე გააგზავნა.
დახვეწილი რუსულით დაწერილი საგაზეთო ოპუსის კითხვას რომ მოვრჩი, იმავ წამს გამახსენდა
რაფიკას ნათქვამი, ქართველებმა რელიგიური განხეთქილების შემდეგ დაივიწყეს მესროპის
ღვაწლიო. რაფიკამ და მისმა მეგობრებმა ძალიან სწრაფად დაივიწყეს გიორგი ხომიზურის
ღვაწლი, რომელიც სომხეთის ისტორიისა და სიმართლის გადასარჩენად იბრძოდა მრავალი წლის
განმავლობაში. მე კიდევ ამ ახალი და ფუნდამენტალური იდეოლოგიური განხეთქილების
შემდეგაც არ მავიწყდება ის ძველი რაფიკა, ნამდვილი ოსტატი, რომელსაც გრძელი თმა და წვერ-

28
ულვაში ჯერ კიდევ არ ჰქონია მოშვებული, თავის „ტუმბოჩკასთან“ იჯდა და დაუსრულებელი
მოთმინებით აღჭურვილი წეკოს 12 სიგარეტის ერთდროულად დამამზადებელ მანქანას
აუჩქარებლად ქმნიდა.

გენრიხა
1969 წლის 20 ივნისის ადრიანი დილა დგას. მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვი ინდუსტრიული
ქალაქია და დღეს პარასკევია, სამუშაო დღე, ქუჩაში მოძრაობა მაინც არ არის, რაც უნდა იყოს,
მაინც ძალიან ადრეა. ამასობაში კოსმონავტების ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სამი
მანქანა ჩერდება. მანქანებიდან სერიოზული იერის ადამიანები აუჩქარებლად გადმოდიან და
საქმიანი ნაბიჯით მიაშურებენ პირველ სადარბაზოს. სულ თერთმეტი ადამიანია – ორი
გამომძიებელი, შვიდი თანამშრომელი და ორი „დამსწრე მოწმე“ ანუ „შემთხვევითი გამვლელი“,
რომელთაც ღამე ამ ცხრასთან ერთად გაათენეს ხარკოვის უშიშროების საოლქო განყოფილებაში.
ორი კაცი ქვემოთ რჩება, დანარჩენები მესამე სართულზე ადიან. მოქმედებენ დინჯად, წყნარად
და აუღელვებლად, ფაციფუცის გარეშე, ეტყობათ, რომ იციან თავიანთი საქმე. თანამშრომლები
პოზიციებს იკავებენ კიბეზე ზემოთ და ქვემოთ. როგორც კი დისპოზიცია გარკვეულია, მთავარი
გამომძიებელი ზარს აძლევს. ბინიდან მოისმის ზარის ხმა, მაგრამ პასუხი არ არის. კიდევ ერთხელ
აძლევენ ზარს. გამომძიებელი იღიმის და კარზე აკაკუნებს, ზომიერად, აჩქარებისა და აღელვების
გარეშე.
– ალთუნიან, გააღეთ! – მუქარის გარეშე ამბობს მთავარი გამომძიებელი. ასი პროცენტით იცის,
რომ შინაა ალთუნიანი. მოსულია სიგნალი. იცის, როდის დაბრუნდა გუშინ სახლში, საიდან
დაბრუნდა და რატომ დაბრუნდა. იცის, რომ ამ დილით არსად არ გასულა და, საერთოდ, ბევრი
რამ იცის. ბინიდან ხმა არ ისმის. – გააღეთ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან ვართ!
მეზობლის კარი იღება და იქიდან შეშინებული მოქალაქე გამოიხედავს. მთავარი გამომძიებელი
ანიშნებს და ერთ-ერთი თანამშრომელი მოქალაქეს საკუთარ ბინაში აბრუნებს, მასთან ერთად
შედის და კარს საიმედოდ ხურავს.
– ალთუნიან, ვიცით, რომ სახლში ხარ! – ახლა უკვე თითქმის მთელი ხმით ამბობს მთავარი
გამომძიებელი. ერთი წამითაც არ ეპარება თავის ცოდნაში ეჭვი. იცის, რომ სახლშია ალთუნიანი, ის
კი არა, ისიც იცის, რომ ნახევარი საათის წინ გაიღვიძა, ადგა, ყავა დალია და რაღაც საქმიანობასაც
შეუდგა. არადა, ბინიდან ხმა არ ისმის.
– ალთუნიან, გირჩევნია, გააღო, კარებს შემოვამტვრევთ! – ახლა უკვე თითქმის ყვირის მთავარი
გამომძიებელი, მაგრამ ზომიერად, ხმაურისა და მრისხანების გარეშე. იცის თავისი ყვირილის
ფასი. შედეგი მაინც არ არის. თვალით ანიშნებს თანაშემწეებს და ისინიც დინჯად ემზადებიან
კარის შესამტვრევად.
ამასობაში კარი მოულოდნელად იღება – ბინიდან შავი კვამლი გამოდის და კვამლში ჩნდება
სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სიმპათიური, ტანმორჩილი მოქალაქე, ულვაშით, სათვალითა
და კეთილი ღიმილით.
– ფანჯრიდან დაგინახეთ, ძვირფასო სტუმრებო. სახლში ერთი-ორი ზედმეტი ქაღალდი მქონდა;
სანამ ყველა დავწვი, ცოტა დრო გავიდა და გალოდინეთ. გულწრფელად ვწუხვარ. ახლა კი
შემობრძანდით, კეთილო ადამიანებო, და ჩხრიკეთ, რამდენიც გაგიხარდებათ! – მთავარმა
გამომძიებელმა ამ არაბუნებრივ ბულგაკოვისეულ „კეთილ ადამიანებს“ განსაკუთრებული
ყურადღება მიაქცია, ანტისაბჭოთა იდიომებზე ყური გამახვილებული ჰქონდა და ცუდად
დაიმახსოვრა.
შებრძანდნენ და საგულდაგულოდ გაჩხრიკეს ბინა. ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინეს, ყოველი
შემთხვევისთვის ხრუშჩოვის ეპოქაში გამოცემული ერთი-ორი წიგნი გააყოლეს ხელს და
წაბრძანდნენ, თუმცა წასვლის წინ მთავარმა გამომძიებელმა სიტყვა დააგდო: – ჩვენ კიდევ
დავბრუნდებით, მაიორო. გარწმუნებთ, იმ საცირკო წარმოდგენით, ამ დილას რომ მოგვიწყვეთ,
არაფერი შეიცვლება. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი ბედი უკვე გადაწყვეტილია.
მთავარმა გამომძიებელმა, ასევე მაიორმა, თავიანთი სიტყვა შეასრულეს: 1969 წლის 11 ივლისს
საბჭოთა არმიის საჰაერო ძალების მაიორი, გენრიხ ოვანესის ძე ალთუნიანი, დაბადებული ქალაქ
თბილისში 1933 წელს, მცხოვრები ქ. ხარკოვში კოსმონავტების ქუჩაზე, სკკპ წევრი 1968 წლამდე,
საბჭოთა უშიშროებამ დააპატიმრა; იმავე წლის 26 ნოემბერს ხარკოვის საოლქო სასამართლომ

29
სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ეს მისი პირველი სასჯელი იყო.
სასჯელი კრასნოდარის მხარეში მოიხადა. პატიოსანი კაცი იყო და არასოდეს მალავდა, რომ იმ
პერიოდში ჯერ კიდევ კომუნისტი, სულ ცოტა, ლენინისტი მაინც იყო. პირველ სასამართლოზე
ამტკიცებდა, რომ ნამდვილი ლენინელი თვითონ იყო და არა ვიღაც ჩეკისტი გამომძიებლები.
ციხეში მთელი ლენინი წაიკითხა, უფრო სწორად, რაც კი იყო იქაურ ბიბლიოთეკებში. თუკი
ლენინის მრავალტომეულს რომელიმე ტომი აკლდა, დიდ სკანდალს ტეხდა და
ხელმძღვანელობას იძულებულს ხდიდა, ლენინის ტომები შეევსოთ. საინტერესო ის აღმოჩნდა,
რომ ლენინიდან მარქსზე გადავიდა და სწორედ მაშინ გაუჩნდა პირველი ეჭვი – მის რწმენას
ბზარი გაუჩნდა. ეს ბზარი, ეს ნაპრალი გაღრმავდა და პირველი სასჯელის მოხდის შემდეგ
ციხიდან ჩამოყალიბებული ანტისაბჭოელი გამოვიდა.
კომუნისტურ პარტიას და საბჭოთა ხელისუფლებას არ გამოეპარა ალთუნიანის მეტამორფოზა.
არც ის დაუვიწყეს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფში შედიოდა, არც ის,
რომ სახაროვის გადასახლებაში გაგზავნას პროტესტით შეხვდა და მეორედ უკვე 70-ე სტატიის
მაქსიმუმი მიუსაჯეს, ე.წ. „შვიდს პლუს ხუთი“ ანუ შვიდი წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და
ხუთი წელი გადასახლება.
გენრიხა, მეგობრებისთვის – „გენჩიკი“ – გენრიხ ოვანესის ძე ალთუნიანი, იყო ყველაზე კეთილი
ადამიანი მათ შორის, ვინც მე ცხოვრებაში შემხვედრია. ჩვენს პოლიტიკურ ბანაკში ჩისტოპოლის
ციხიდან მოხვდა. ბარაშევოს ზონის შემადგენლობის საკუთრივ პოლიტიკური ნაწილის
უმეტესობა მას დაუსწრებლად იცნობდა, როგორც აკადემიკოს ანდრეი სახაროვთან და გენერალ
პეტრე გრიგორენკოსთან დაკავშირებულ პიროვნებას და დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთ
ლეგენდარულ გმირს. თავდაპირველად სასჯელს პერმში იხდიდა, მაგრამ იქაც „დააშავა“ და
სასჯელი კიდევ უფრო გაუმკაცრეს – ჯოჯოხეთის მერვე წრიდან მეცხრეში, ანუ საპყრობილეში
გადაიყვანეს, რომელსაც პატიმრების ენაზე „კრიტი“ ეწოდება.
ზონაში რომ შემოიყვანეს, რამდენიმე კაცი ვიდექით „კურილკასთან“ და წეკოს ვეწეოდით. უცხო
პატიმარი რომ დავინახეთ, ავტომატურად ჩაერთო პოლიტბანაკური ინტელექტუალური თამაში
სახელად „გამოიცანი ვინა ვარ, სად და რამდენ ხანს ვიჯექი“.
– ექვსი თვე სამძებრო იზოლატორში, – გამოთქვა თავისი ვარაუდი სამძებრო იზოლატორების
ნამდვილმა ექსპერტმა ბორია მანილოვიჩმა, რომელსაც პეტერბურგის „კრესტებისა“ და მოსკოვის
ლეფორტოვოს სამძებრო იზოლატორებში ჯდომის დიდი გამოცდილება ჰქონდა.
– ცოტაა, – ეჭვი შეიტანა ასევე გამოცდილმა მჯდომელმა მიშა პოლიაკოვმა, რომელსაც წელიწადი
და რვა თვე მიმალვაში ყოფნის საპასუხოდ თითქმის ამდენივე დრო გაატარებინეს იმავე
„კრესტებში“. – სულ ცოტა ცხრა თვე მაინც იქნება, კანის ფერს შეხედეთ და სიარულს
დააკვირდით.
– კი მაგრამ, ახლა ხომ ცხრა თვეს არავის სვამენ სამძებრო იზოლატორში?! – გავიკვირვე მე
(პერესტროიკის წინა ეპოქაში, რომელიც სკკპ გენერალური მდივნის მიხედვით, „ჩერნენკოს
ეპოქად“ მოიხსენიებოდა, მოსული პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ გამოძიების პროცესი
მაქსიმალურად შემცირდა და სამ თვეზე დავიდა).
– ასეთ სიარულს იაკობსონი მთიელის ბარში სიარულს ადარებს, როდესაც პოეტის პროზაზე
ლაპარაკობს, – წამოიწყო ყოვლისმცოდნე ვადიმ იანკოვმა და საქმეში ჩახედული ხალხი ექიმ
ჟივაგოზე დააფიქრა, – ნეტავ, ექიმი ხომ არ არის?
– არავითარი ექიმი, აშკარად პროფესიონალი სამხედროა, – მყარად თქვა ჟორა ხომიზურმა, – სულ
ცოტა, კაპიტანი ან მაიორი მაინც იქნება.
– დგომა და სიარული მართლაც სამხედროსი აქვს, – დავეთანხმე მე და ჩვენივე თანაზონელი
მაიორი კუცენკო გამახსენდა, რომელიც მუდმივად „ქართულის“ მოცეკვავესავით
წელგამართული დადიოდა.
– ქართველი ხომ არაა? – იკითხა მანილოვიჩმა, – აშკარად კავკასიური იერი აქვს.
– არა, ქართველი არ არის, – თქვა ამ საკითხში ღრმად ჩახედულმა პოლიაკოვმა, – როგორღაც უფრო
მოკრძალებულია.
– სომეხს უფრო ჰგავს, – გამოვთქვი ვარაუდი მე.
– არა მგონია, – განაცხადა რაფიკა პაპაიანმა, – ცოტა დაბალია.
– თუ მზერა არ მატყუებს, შარლ აზნავურზე დაბალი არ უნდა იყოს, – განაცხადა მანილოვიჩმა,
რომელიც რაიმე კვიმატის თქმის შანსს ხელიდან არასოდეს უშვებდა.

30
– თავმდაბალი კი ჩანს, მაგრამ დგომაზე ეტყობა, რომ როგორღაც მნიშვნელოვანი ტიპია... თუ
სამხედროა და სამძებრო იზოლატორში ამდენ ხანს აღარ სვამენ, იქნებ „კრიტიდან“ მოდის, იქნებ
ამდენ ხანს საპყრობილეში იჯდა? – განავითარა თეორია მიშა პოლიაკოვმა.
– ნამდვილად, „კრიტში“ იქნებოდა, სახის ეს ფერი მიიღება მხოლოდ კრიტში, – დარწმუნებით
თქვა მანილოვიჩმა.
– თუ „კრიტიდანაა“ და სამხედროა, მაშინ გვცოდნია კიდეც ვინაა, – ბრძანა ხომიზურმა და უცნობ
პატიმარს დაუძახა: – მაიორო ალთუნიან, „კურილკასთან“ გელოდებიან.
პატიმარი მოგვიახლოვდა, თავი დაგვიკრა და ღიმილით მოგვახსენა: – მაიორი ალთუნიანი გენრიხ
ოვანესის ძე, დაბადებული თბილისში, სამოცდამეათე მუხლი, „შვიდს პლუს ხუთი“, ბოლო
თავგადასავალი – ჩისტოპოლის ციხე, „ადინოჩკა“ (ერთკაციანი საკანი), ცხრა თვე. ყველაფერი
გამოიცანით?
– თბილისში დაბადების გარდა ყველაფერი, – გამოუცხადა ჟორამ. ცოტა ხანში ბარაკიდან
დანაზოგი რაღაც-რაღაცეები გამოვიტანეთ, თერმოსში ასეთი შემთხვევებისთვის გადანახული
„სპეციალური“ და საგანგებო ჩაი მოვამზადეთ და ახალი მეგობრის „ოფიციალური“ მიღება
მოვაწყვეთ.
იმავე საღამოს სამხრეთ კავკასიის ხალხთა ქრისტიანული ფედერაცია კვლავ ხუთამდე შეივსო
(დათოს განთავისუფლების შემდეგ ოთხნი ვიყავით დარჩენილი). როდესაც საკითხი კენჭისყრაზე
დადგა, წევრობის კანდიდატმა სიტყვა მოითხოვა.
– ამდენ ქართველში თბილისში დაბადებული მარტო მე ვყოფილვარ და თბილისელების გარეშე
სამხრეთკავკასიური ფედერაცია შეგიქმნიათ; თქვენ, ფაქტობრივად, აფერისტები ყოფილხართ! მე
რომ არ დავეჭირე მშობლიურ კაგებეს, რა გეშველებოდათ?!
დისიდენტები და დემოკრატები საერთოდ კარგი ხალხია და ინტერესების სფეროებიც
უზარმაზარია, მაგრამ გენრიხას გამოჩენამდე საფეხბურთო-საგულშემატკივრო ფრთა
მოიკოჭლებდა: იანკოვი სტადიონზე არ იყო ნამყოფი, მიშა, როგორც ნამდვილი ჩრდილოელი,
ჰოკეის „აწვებოდა“, ხოლო ჟორა ხომიზური „ნეფთჩისა“ და „პახტაკორს“ ერთმანეთში ურევდა.
გენრიხამ ყველაფერი შეცვალა: ეს თბილისელი კაცი „დინამოს“ გულშემატკივარი და, ამავე დროს,
დიდი „ბრაზილიელი“ აღმოჩნდა. ჩვენმა „ბრაზილიურმა დიალოგებმა“ ნელ-ნელა საჯარო ხასიათი
მიიღო და მათ ხანდახან ათობით ადამიანი ესწრებოდა.
– გახსოვს თუ არა ლევანჯან, 1970 წელი? – იკითხავდა გენრიხა და იწყებოდა.
– როგორ შეიძლება არ მახსოვდეს 1970 წელი, თუკი ამ წელს მაო ძედუნმა სსრკ
ნეოკოლონიალიზმში ამხილა, ბოიგ 747-მა პირველი გაფრენა ჩაატარა, პოლ მაკარტნიმ „ბითლზის“
დაშლა გამოაცხადა, სსრკ-ში პირველი „ვაზები“ ანუ „ფიატები“ გამოვიდა, კამბოჯაში მოვლენები
დაიწყო, პერუში საშინელი მიწისძვრა მოხდა, მამა-შვილმა ბრაზინსკასმა სოხუმი-ბათუმის
თვითმფრინავი გაიტაცა და ბორტგამცილებელი ნადია კურჩენკო შეიწირა, სალვადორ ალიენდე
ჩილეს პრეზიდენტი გახდა, სახაროვმა ჩალიძესთან და ტვერდოხლებოვთან ერთად ადამიანის
უფლებების კომიტეტი გახსნა, ამერიკელებმა მაუსი გამოიგონეს, მე სკოლა დავამთავრე და
„გეპეის“ სტუდენტი გავხდი, ხოლო ბრაზილიის ნაკრებმა მესამედ მოიპოვა მსოფლიოს
ჩემპიონის ტიტული მეხიკოში „აცტეკას“ სტადიონზე და ჟიულ რიმეს თასი სახლში სამუდამოდ
წაიღო?
– ფინალში მგონი იტალიელებს შეხვდნენ, არა? – იოლად და არტისტულად გამოტოვებდა სხვა
მოვლენებს და მრავალმნიშვნელოვნად იკითხავდა გენრიხა, თან შემოხვეულ საზოგადოებას
განუმარტავდა: – იმ მომენტისთვის იტალიის ნაკრებიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო, მაგრამ
ეს ყველაფერი ხდებოდა ომამდე, 1934 და 1938 წლებში, თანაც მუსოლინის სერიოზული ჩარევით
და ხელშეწყობით.
– ბრაზილიის ნაკრებიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო, 1958 და 1962 წლებში, მაგრამ 1966
ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ ბევრი რამ ხელახლა ჰქონდა
დასამტკიცებელი.
– მატჩის თარიღი გახსოვს?
– 1970 წლის 21 ივნისი, აცტეკას სტადიონი, იტევს 100 ათასს, მატჩს ესწრებოდა 108 ათასი
მაყურებელი.
– Красиво говоришь. დავიწყოთ შემადგენლობებით. მე უფროსი ვარ და შეიძლება უკეთ
მახსოვდეს. მაშ ასე, იტალიის ნაკრები: მეკარე ალბერტოზი, მცველები ფაკეტი და ბურგნიჩი

31
(მაშინ ასე ამბობდნენ და ახლა იანკოვმა შემისწორა, ბურნიჩი იქნებოდაო, რბილი ნ-თი), შეტევაში:
რივერა, მაცოლა, რივა, ბონისენია.
– ფეხბურთს შვიდი კაცი თამაშობს?
– რა ვქნა, მეტი არ მახსოვს.
– გავიხსენოთ ბრაზილიელები: მეკარე ფელიქსი, დაცვა: ბრიტო, ევერალდო, კლოდუალდო,
კარლოს ალბერტო, ნახევარდაცვა და შეტევა: ჟერსონი, ჟაირზინიო, რიველინო, ტოსტაო, პელე.
– ერთი კაცი გაკლია, – არ შემარჩინა გენრიხამ.
ასე „საუბარში“ ვამდიდრებდით დანარჩენ ზონას საფეხბურთო განათლებით. ჩვენგან შეიტყვეს
პირველად ჟიულ რიმეს და მისი თასის არსებობის შესახებ, კურტ ჰამრინის, ტოფიკ ბახრამოვის,
მარიო ზაგალოს, ბეკენბაუერის, კრუიფის, ტელე სანტანას, 1982 წლის იტალიური ვენდეტის და
ბევრი საფეხბურთო ტყუილ-მართლის შესახებ.
გენრიხა ბევრი წამოწყების ინიციატორი იყო. ასე მაგალითად, მისი თაოსნობით გაიმართა ზეპირი
მოთხრობების საღამო. თითოეული კონკურსანტი უნდა წარმდგარიყო ავტორიტეტული ჟიურის
წინაშე მოთხრობით, რომელიც სახელდახელოდ, ექსპრომტად უნდა შეექმნა ჟიურის მიერ
მიწოდებულ თემაზე. ჟიურის რომ მეტისმეტი არ მოსვლოდა, სავარაუდო თემები
კონკურსანტებმა თავად შეარჩიეს და თითო კონკურსანტმა თითო თემა მიაწოდა ჟიურის.
ჟიურის უნდა ეზრუნა, რომ კონკურსანტს თავისი თემა არ შეხვედროდა. სულ ეს იყო: კონკურსში
გამარჯვებული ტრადიციულ ჯილდოს იღებდა ერთი ასანთის კოლოფი ჩაის სახით.
ჟიურის თავმჯდომარედ ერთხმად დასახელდა ერუდიციისა და განსწავლულობის სფეროში
ყველას მიერ აღიარებული ავტორიტეტი ვადიმ იანკოვი. იანკოვმა თანაშემწეებად აიყვანა
„ლიტერატურის დიდი მეგობრები“ (მისივე განმარტებით), დიდი ფარმაცევტი არნოლდ
ანდერსონი და ლიტვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვიტაუტას სკუოდისი.
კონკურსი გაიხსნა. წილისყრით პირველი გამოსვლა ერგო ბორის მანილოვიჩს. ანდერსონმა ხელი
ჩაყო პატარა ტომარაში, კოხტად დაჭრილი ფურცლებიდან ერთ-ერთი ამოაძვრინა და ზეპირი
მოთხრობის სათაურიც დასახელდა. ბორიამ პოეტური ჩანახატი გააკეთა კატა „ციგანის“ შესახებ;
ჩანახატმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. სხვათა შორის, შავი კატა „ციგანიც“ იქვე
იჯდა და თავს მძიმედ აქნევდა, აქაოდა, ყველაფერი გავიგეო.
გამოვიდა ჟორა, გამოვედი მე, გამოვიდა ჯონი. ჟორას მოთხრობა აგებული იყო ცნობილ
ანეკდოტზე, რომელშიც საბჭოთა დისიდენტს ამერიკაში გადაცემა „ვრემია“ ესიზმრება (სად იყო
მაშინ ჩვენი „მოამბე“!). მე აკრძალულ ზონაზე მქონდა ჩანახატი, ხოლო ჯონის ექიმი თამარა
მოუწია და ძალიან სამხიარულო რუსულ-ქართული მოთხრობა შეთხზა (რუსული რომ
შემოაკლდებოდა თავხედურად და გაუფრთხილებლად ქართულზე გადადიოდა, რაც
აუდიტორიის აღფრთოვანებას იწვევდა). იყო დიდი სიცილი და მხიარულება.
ბოლოს გამოვიდა გენრიხა. ჩაყო ხელი ტომარაში ანდერსონმა და ამოიღო პატარა ფურცელი და
უაღრესად მნიშვნელოვანი იერით წაიკითხა თემის სახელწოდება: Надзиратель ანუ
ზედამხედველი. გენრიხამ ითხოვა ნახევარი წუთი და დაიწყო თავისი ზეპირი მოთხრობა: –
მოთხრობას ეწოდება „საუკეთესო ადამიანები“. ერთხელ ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი
ზედამხედველი კუთვნილ შვებულებაში გაემგზავრა. ისიც ხომ ადამიანი იყო? დიახაც, ადამიანი
იყო და დედაც კი ჰყავდა. სწორედ ამ დედამ, თავისი დიდი ხნის მონატრებული ძვირფასი შვილი
რომ დაინახა, წვრილად გამოჰკითხა ყველაფერი, იქითური, აქეთური. დიდხანს ისაუბრა დედა-
შვილმა. დაილია ორი ლიტრა არაყი, შეიჭამა ორასი გრამი „სალა“ და ნახევარი შავი პური. ჩვენმა
ზედამხედველმა ბევრი კი დალია, მაგრამ იგი უბრალო კაცი არ იყო, იგი მართლა „ჩვენი
ზედამხედველი“ იყო, ამიტომ საყვარელ დედასაც არ გაუმჟღავნა არც ერთი სახელმწიფო
საიდუმლო და, რა თქმა უნდა, არც ის, თუ როგორ ზონაში მსახურობდა. ხანგრძლივი და
ნაყოფიერი საუბრის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, დედაც მივიდა საბჭოთა სამზარეულოების
საერთო, კლასიკურ ტექსტამდე: „ეს რა ხდება, საით მიდის ყველაფერი, სად არიან ადამიანები,
რომელთაც შეუძლიათ გადაარჩინონ ქვეყანა?“ აქ თურმე ჩვენმა ზედამხედველმა ვეღარ
მოითმინა, ღრმად ამოისუნთქა და საყვარელ დედას მშვიდად უთხრა: „მე ვიცი, სად არიან ეს
ადამიანები. მე მათ ყოველდღე ვხედავ. მე მათი ზედამხედველი ვარ“.
პრემია გენრიხას მიენიჭა. გამარჯვებულმა პრემირებული ჩაი თერმოსში ჩაუშვა, ერთი ასანთის
კოლოფი საკუთარი ჩაი დაამატა, „ტიტანიდან“ მდუღარე დაასხა და მერე თითქმის ნახევარი
საათი „აქორწინებდა“ ჩაის, სანამ სასურველ სიმაგრეს არ მიაღწია. პირველი და ერთადერთი
ჭიქით, ბუნებრივია, შეისვა ნიჭიერი ავტორისა და მის მოთხრობაში ნახსენები კარგი ადამიანების
სადღეგრძელო. სახელდახელო სუფრის თამადა მე ვიყავი და შენიშვნაც მივიღე გამარჯვებულ

32
მოთხრობაზე უფრო გრძელი სადღეგრძელოს წარმოთქმის გამო.
გენრიხა თბილისში, ზემელზე დაბადებული კაცი იყო. ამბობდა, თბილისელიც ვარ და სომეხიც,
მაგრამ „თბილისელი სომეხი“ არ ვარ, ეს სხვა ფენომენია, მაგისთვის ჰავლაბარში უნდა იყო
დაბადებულიო. მისი ოჯახი ყოფილი მოსკოვის, ამჟამინდელ კაკაბაძეების ქუჩაზე ცხოვრობდა და
ბავშვსაც სახელგანთქმულ 51-ე სკოლაში დაუწყია სწავლა, მაგრამ სწორედ ამ დროს მამამისი სხვა
სამხედრო ნაწილში გადაუყვანიათ და ოჯახი თბილისიდან გადასულა. ზემელი შესანიშნავად
იცოდა და ამ თემაზე ჩემთან და ჯონი ლაშქარაშვილთან საინტერესო საუბრები ჰქონდა. პატარ-
პატარა ქუჩების ამბები იცოდა ზედმიწევნით კარგად და ამით გვაოცებდა. მე, მაგალითად, მისგან
გავიგე პირველად, რომ ზემელიდან ჩემს ვეძინის ქუჩაზე მოხვედრა შეიძლება რუსთაველსა და
„ახალ გზაზე“ გაუსვლელად. ციხიდან რომ გავთავისუფლდი, გენრიხას აღწერილი მარშრუტი
შევამოწმე და ხარკოვში დავურეკე, შენი სვლაგეზით ვისარგებლე და შენი ყოფილი სახლიდან
ჩემს სახლამდე ისე მივედი, რუსთაველზე და „ზედა გზაზე“ გასვლა არც მიფიქრია-მეთქი.
ჩემგან გაიგო შესანიშნავი თბილისელი მწერლის, აგასი აივაზიანის სახელი. ის საოცარი
მოთხრობაც, „ავლაბრის სახარებაც“ მე მივეცი წასაკითხად. ორი დღის შემდეგ დამიბრუნა და
მითხრა, აღარ მინდა, ზეპირად ვიციო. დიდი მოთხრობა არ არის, მაგრამ მე, როგორც უკვე საკმაო
გამოცდილების მქონე პედაგოგმა, სიტყვა „ზეპირად“ მაინც „ტექსტთან მიახლოებითის“
სინონიმად აღვიქვი, სანამ არ დაიწყო გენრიხამ: „ავლაბრიდან ყველაფერი ჩანს. მთელი თბილისი
თავისი ქუჩაბანდებით: შაითან-ბაზარი, ერევნის მოედანი, საპნის ქუჩა, ნარიყალა, წმინდა
სარქისის ეკლესია, სიონი, ბერძნული ეკლესია... ავლაბრიდან ჩანს სახლები ბატონების
ხატისოვისა, მელიქ-კაზაროვისა, ქარვასლა თამამშევისა, თეატრები ტერ-ოსიპოვისა და
ზუბალოვისა, გოგირდის აბანოები...“
გენრიხას განსაკუთრებით მოეწონა სარქისოვის ღვინის დუქანი, სადაც „დათრობა ღირს აბაზი“.
ეს იმას ნიშნავსო, წერს აივაზიანი, „ღვინო კი არ ღირს აბაზი, აბაზი ღირს დარდის ღვინოში
ჩახრჩობა. დალიე – რამდენსაც შეძლებ, გადაიხადე მხოლოდ აბაზი“. ეს მოთხრობა მირზა
ასატურიანის უიღბლო სიყვარულზე გენრიხას სხვისთვისაც ხშირად წაუკითხავს იმის
დასადასტურებლად, რომ სიყვარული უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეა, რომ საყვარელმა
ქალმა შეიძლება აგაშენოს და, უბედური ასატუროვისა არ იყოს, შეიძლება საქვეყნოდ მოგჭრას
თავი. არადა, დიდი სახელი ჰქონია მანამდე ასატურ ხანს, ის ყოფილა „ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე
ნასწავლი, მოსიარულე ბიბლიოთეკა იყო, რა! სოლოლაკში სომხურად ლაპარაკობდა, ვერაზე –
ქართულად, ეკლესიის ეზოში – გრაბარზე, სირაჩხანის ოსტატებთან – აშხარაბარზე, სასახლის
მოედანზე – რუსულად, თურქულ მეიდანზე – სპარსულად, აგურის მოედანზე – გერმანულად,
ავლაბრელებთან კი – ავლაბრულ ენაზე“.
აქ ჯონი ლაშქარაშვილი ჩაერთვებოდა და ეტყოდა: – რა ბევრი ენა გაქვთ, კაცო, ეს სომხურიო, ეს
გრაბარიო, ეს აშხარაბარიო, ეს ავლაბრულიო და ამდენ ენაზე სულ ტირითო.
– ეგ ჩემზე არ ვრცელდება, ჯონიჯან, მე მხიარული კაცი ვარ, „ადინოჩკაში“ ნოდარ დუმბაძეს
ქართულად ვკითხულობდი და სიცილით ვკვდებოდიო.
– როგორ, ყველაფერი გესმოდა? – არ ენდობოდა ჯონი.
– რა უნდა ყოფილიყო გაუგებარი? სერაფიონმა რომ გოჭები დაყარა თუ ილარიონმა რომ მურია
გააგორა?
– რაკი ნოდარ დუმბაძე გიყვარს, ამ ჩვენს სამხედრო დამნაშავეებზეც აქვს ერთი ფრაზა დაწერილი
და იქნებ ბარემ ისიც იცოდე, – ვუთხარი მე. – როცა ტყვედ ნამყოფი ქართველი დაკითხვაზე
მიიყვანეს, მან ასეთი განცხადება გააკეთა: „რა ვიცი, ბატონო, რაფერ ჩავვარდი პლენად.
საჯავახოში სამხედრო კომისარმა ევგენია კუტუბიძემ რომ ჩამსვა ვაგონში, მერე გერმანელმა
გამიღო კარი“.
გენრიხა ამ დროს ჩაის სვამდა, გადასცდა ჩაი, შეეკრა სუნთქვა, გადაფიჩინდა და
მოსასულიერებელი გაგვიხდა: სიცილისგან კინაღამ მოგვიკვდა კაცი. შემდეგ ამ ამბავს სამხედრო
დამნაშავეებს უყვებოდა, მაგრამ ვერავინ ვერ გააცინა, ეტყობა, „პლენში“ ჩავარდნაზე სიცილი
მარტო კუტუბიძის გაგზავნილ თუ სახლში დარჩენილ გურულებსა და მხიარულ გენრიხას
შეეძლოთ.
თავისუფლებაზე ყოფნის წლებში „მიმინოს“ ნახვა მოესწრო და შესაბამისი დიალოგები, რა თქმა
უნდა, ზეპირად იცოდა. ასე რომ, მე და გენრიხა ხშირად ვიყენებდით, ამ „კინოენას“.
– Леван-джан, я тебе один умный вещь скажу, только ты не обижайся, – იწყებდა გენრიხა ფრუნზიკას
სტილში და რამე ჭკუის სასწავლებელ და სულის მხსნელ ამბავს მოაყოლებდა. თუკი რაფიკას
რაიმე შეეშლებოდა, გენრიხა ჩასაფრებული იყო და ეტყოდა, შენისთანები არცხვენენ

33
რესპუბლიკასო. ნეტავ ამ ფილმის დიალოგები ვინ დაწერა, წერის დროს ცოცხალი როგორ გადარჩა
და სიცილით როგორ არ გაიგუდაო, უკვირდა. რეზო გაბრიაძეა სცენარის ავტორი-მეთქი რომ
ვუთხარი, გაუხარდა, ეს კაცი მოსკოვიდან ვიციო, მაგრამ საიდან და როგორ იცნობდა, არ უთქვამს.
ასეთი კაცი იყო, ზედმეტს არ იტყოდა. არადა, აშკარად კარგი შემადგენლობიდან იცნობდა
გაბრიაძეს.
ერთხელ კონიაკზე საუბრისას ვკითხე, რატომ გიყვართ სომხებს კონიაკი და, საერთოდ,
ფრანგებისადმი სიმპათია საიდან მოდის-მეთქი. ოღონდ ახლა ჭკვიანურს გეტყვი და არ გეწყინოს,
ზოგიერთებივით „დ’არტანიან, ტრენტინიან“ თეორიები არ განავითარო-მეთქი.
– Обижаешь, ლევანჯან, რაში მჭირდება გასკონელები? არც ისინი და არც ფრანგები ჩვენი სისხლით
ნათესავები არ არიან და რომც იყვნენ, როგორც ინდოევროპელები, ძალიან შორეულები გამოდიან.
უბრალოდ, კონიაკი „სომხური“ ფენომენია, თუმცა მის წარმოშობაში ჩვენი ხელი არ ურევია. XVI
საუკუნის ბოლოს სახელგანთქმული პუატუ-შარანტას ღვინო ჭარბწარმოების გამო გაფუჭებულა
და ტრანსპორტირებას ვერ უძლებდა. ფრანგები გლეხები იყვნენ და ვაჭრებად, ასე ვთქვათ,
„სომხებად“ ჰოლანდიელები ჰყავდათ. ჰოლანდიელებმა, როგორც ვაჭრებმა, გადაწყვიტეს,
ღვინისგან ბრენდი გამოეხადათ და შემდეგ ეს ბრენდი წყალში გაეხსნათ, რომ ისევ ღვინო
მიეღოთ. შედეგი სულ სხვა აღმოჩნდა! პუატუ-შარანტას მთავარი ქალაქი კი კონიაკი იყო, ღვინისა
და მარილის სამშობლო. ტრანსპორტირების ხათრით ფრანგებმაც გამოხადეს ბრენდი და თავისი
ქალაქის სახელი დაარქვეს. ჰოლანდიელებისგან დისტილაცია ისწავლეს და ამ საქმეში
მასწავლებლებს აჯობეს. შემდეგ კი, XVII საუკუნეში, პირველებმა მსოფლიოში ორმაგი
დისტილაცია განახორციელეს. ასე რომ კონიაკი მგზავრობაში შელახულმა, უხარისხო ღვინომ შვა,
თქვენ, ქართველებს ღმერთმა კარგი ღვინო მოგცათ და კონიაკს რა თავში იხლით, კონიაკი
ვაჭრების სასმელია. თან არასდროს არ ფუჭდება, დიდხანს ინახება. ახლა ხომ ხვდები, რატომ
გვიყვარს სომხებს? ჩვენი კონიაკი მეორეა მსოფლიოში. და ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლეს
ვამბობთ.
გენრიხა უამრავ ზონასა თუ „პერესილკაში“ (საეტაპო ციხეში) იყო ნამყოფი, უამრავ პატიმარს
შეხვედროდა, გასაოცარი ამბები იცოდა. იანკოვმა იცოდა, რომელ წიგნში რა ეწერა, ჯონიმ იცოდა,
რომელ ქვეყანაში რამდენი კაცი, ქალი თუ ბავშვი ცხოვრობდა, ხოლო გენრიხამ იცოდა, რომელ
ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, უბანში, რაიონში, რეგიონში თუ კონტინენტზე რა ხდებოდა, რითი
სულდგმულობდა ხალხი. როგორც ნამდვილი კავკასიელი, ბევრ ამბავს ინახავდა, რომ უნიკალურ
სადღეგრძელოში ჩამოეყალიბებინა. რომელიღაც ციხეში შეხვედრია კიევის ყოფილ პროკურორს,
რომლის მოთხოვნითაც მოსამართლეს ისეთი განაჩენი გამოუტანია, რომ მრავლისმნახველი ჩვენი
გენრიხაც კი გაუოგნებია: ერთ ძალიან მშფოთვარე წელს ადამიანს ხუთი წელი მიუსაჯეს
იმისთვის, რომ იგი „საკოლმეურნეო წყობის ავტორიტეტს ძირს უთხრიდა იმით, რომ ახალი
ჩექმები ჰქონდა და მაინც ძველებით დადიოდა“. მაშ შევსვათ, მეგობრებო, ძველი ჩექმებისა და
ლევან ბერძენიშვილის ვალინკების სადღეგრძელოო, დაასრულა გენრიხამ (მალე უნდა
გავთავისუფლებულიყავი და ჩემს ვალინკებს ბევრი შეჰყურებდა მუშტრის თვალით).
დარწმუნებული ვარ, რომ გენრიხა ბრწყინვალე პედაგოგი იქნებოდა. ზღაპრული ახსნა იცოდა და
მეტად ცოცხალი და ხატოვანი „მიწოდება“ ჰქონდა. არასოდეს ართულებდა სათქმელს და
„ბრძნული“ ბუნდოვანება ეზიზღებოდა. ხარკოვის უმაღლესი საავიაციო საინჟინრო
სასწავლებლის მასწავლებელს, ავიაციის მაიორ ალთუნიანს, ფართო დიაპაზონის ლექციები
ექნებოდა. საერთოდ, ფართო ხედვა ჰქონდა, კონტექსტის დამნახავი და დამფასებელი კაცი იყო.
ერთხელ მკითხა, თუ გიფიქრია, რომ რუსთაველი და რიჩარდ ლომგული ერთი ეპოქის ადამიანები
იყვნენ და შეიძლება ერთმანეთს იცნობდნენ კიდეცო, საერთო ნაცნობები ხომ ნაღდად
ეყოლებოდათ, როგორც შენ და აკადემიკოს სახაროვსო (ჩემზე იმდენად მაღალი აზრის იყო, რომ
მისი წიგნის ჩემდამი მიძღვნილი ნაწილის ციტირება მერიდება კიდეც).
ბევრი საშინელება ჰქონდა ნანახი და გამოვლილი, მაგრამ იუმორის გრძნობა არსად არ
დაუკარგავს. ჩემთვის უთქვამს: ჩისტოპოლის ციხის კარცერში მთელი თვე მაქვს გატარებული და
იმაზე სასტიკი რაღა უნდა მენახა ცხოვრებაში, მაგრამ ზიკომ რომ საფრანგეთთან პენალტი
გააფუჭა და იმან რომ სული მომიშხამა, იმასთან შედარებით ჩისტოპოლის ციხის კარცერი
სამოთხედ მომეჩვენაო.
პოლიტიკურ ბანაკში ფორმალურად ყველა თანასწორი იყო, მაგრამ შინაგანი, ფარული იერარქია
მაინც არსებობდა. იერარქიას პატიმრების სულიერი სამყარო და ღირსება განაპირობებდა, მაგრამ
იყო სხვა კრიტერიუმებიც, მათ შორის პირველი ადგილი კი სასჯელის სიდიდეს ეკავა. რა თქმა
უნდა, პატიმარი, რომელსაც სამოცდამეათე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი,
სახელგანთქმული „შვიდს პლუს ხუთი“ ჰქონდა მისჯილი, განსაკუთრებული პატივისცემითა და
მოწიწებით სარგებლობდა. და თუკი ამ შვიდიდან ვინმეს ნაწილი საპყრობილეში ჰქონდა
გატარებული, მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო იზრდებოდა. გენრიხა ყველა ამ ნიშნით იეარარქიის

34
სათავეში უნდა მდგარიყო, მაგრამ არასოდეს არ მდგარა, იერარქიული სიმაღლე არ იტაცებდა,
თავისი მდგომარეობით არ სარგებლობდა და თავს არავისზე მაღლა არ მიიჩნევდა, ერთდროულად
ღირსეულიც იყო და მორიდებულიც, მოკლედ, გენრიხას ჰქონდა ის, რაზეც რუსები ამბობენ, ვერ
დალევო, გენრიხ ალთუნიანს ჰქონდა კლასი: класс не пропёшь!
საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ უკრაინის რადის პირველსავე არჩევნებზე ქალაქმა
ხარკოვმა თბილისში დაბადებული სომეხი კაცი უკრაინის სახალხო რუხის სიით თავის
დეპუტატად აირჩია. მისი მოგონებები – „თავისუფლების ფასი“ ერთ-ერთი საუკეთესო
მემუარული წიგნია, რაც კი ყოფილ საბჭოთა დისიდენტებს დაუწერიათ. და ძალიან კეთილი.
ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა ისიც კი თქვა, ამ წიგნის წაკითხვა შეუძლებელია, მასში ხომ ყველა
კარგი გამოდისო (გენრიხამ გაიხსენა მხოლოდ ის ხალხი, რომელიც უყვარდა და არც ახსენა ისინი,
ვინც ამის ღირსად არ მიიჩნია).
ძალიან ბევრი რამ გააკეთა ყირიმელი თათრებისთვის. არაფერი არ აკავშირებდა მათთან, არც
სისხლი, არც კულტურა, არც აღმსარებლობა, არც ტერიტორია. უბრალოდ, იცოდა, რომ მართალი
იყო ხალხი, რომელიც საქონელივით ვაგონებში შეყარეს და გადაასახლეს. ამ სიმართლისთვის
იბრძოდა და ამიტომ იხსენებენ ასეთი პატივისცემით დღემდე ყირიმში. ყირიმელი თათრების
ლიდერი, სახელგანთქმული დისიდენტი მუსტაფა ჯემილიოვიც მას მუდმივად თავის საუკეთესო
მეგობრად მოიხსენიებს.
უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის დღეებში გენრიხ ალთუნიანმა მეიდანზე შეკრებილებს
სიტყვით მიმართა: „ის მოვლენები, რაც ახლა მიმდინარეობს, ცხოვრებაში ერთხელ ხდება. და
ერთხელ ცხოვრებაში უნდა იყო ადამიანი!“ ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა ამ სიტყვების ავტორს,
რომლისთვისაც, მათგან განსხვავებით, „ერთხელ“ კი არ მოხდა რევოლუცია, არამედ ყოველდღე
ხდებოდა და რომელიც „ერთხელ“ კი არა, მთელი ცხოვრება იყო ადამიანი. ყველაზე კარგი
ადამიანი.
გული ბევრჯერ ატკინეს. როდესაც უკრაინის ჰიმნს იღებდნენ, დისკუსია ყოფილა ტექსტის გამო;
ისეთი ვერსია განიხილებოდა, სადაც ზოგიერთი ხალხი, რომელიც უკრაინაში უკრაინელების
გვერდით ცხოვრობს, არცთუ სახარბიელოდ ყოფილა მოხსენიებული. გენრიხას უთქვამს, ჩემი
აზრით, ასეთი ჰიმნი არ შეიძლება ევროპულ დემოკრატიაზე მეოცნებე ქვეყანას ჰქონდესო და
რომელიღაც „ძირძველ“ უკრაინელ ქალბატონს, ასევე დისიდენტს, უკითხავს, შენ მაინც რაში
გადარდებს ეგ ამბები, შენ რატომ უნდა გეხებოდეს ჩვენი ჰიმნის საქმეო?
გენრიხ ალთუნიანი 2005 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფოდ
ისრაელში გადააფრინეს – ამ საქმეში, ალბათ, მისმა პერმელმა თანაზონელმა და მეგობარმა,
შემდგომში ისრაელის მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა, ნათან შარანსკიმაც შეასრულა თავისი
როლი. თვითონ ოპერაციამ თითქოს წარმატებით ჩაიარა, მაგრამ განვითარებულ სეფსისს პერმის
№36, ბარაშევოს ЖХ 385/3-5 ბანაკში და ჩისტოპოლის საპყრობილის გაყინულ კარცერში
დაუძლურებული ორგანიზმი ვეღარ გაუმკლავდა. მუდმივად ხალხში მოტრიალე გენრიხა,
რომლისთვისაც თბილისიც სახლი იყო და ხარკოვიც, უცხოეთში, მარტოდ დარჩენილი წავიდა
იმქვეყნად.

მიშა
მიშა, მიხაილ ვასილის ძე პოლიაკოვი, მარინა ვლადის (მარინა ვლადიმიროვნა პოლიაკოვა-
ბაიდაროვა) ღვიძლი ბიძაშვილი, ნამდვილი პეტერბურგელი იყო. ჩრდილოური გარეგნობა
ჰქონდა, სახის მკაცრი ნაკვთებით „კოლიმის მოთხრობების“ გენიალურ ავტორს, ვარლამ
შალამოვს წააგავდა, ოღონდ უჩვეულოდ შავგვრემანი იყო.
ზონის უფროსობისთვის „ლენინგრადელები“ და სინამდვილეში პეტერბურგელები ან
პეტროგრადელები (ეს უკვე პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული, პეტრეს ქალაქის
რომელ დასახელებას იხმარდა საბჭოთა ლენინგრადში აყვანილი პოლიტიკური პატიმარი), ანუ
Питерские – „პიტერელები“ ნებისმიერი პოლიტიკური ზონის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს
წარმოადგენდნენ. ჩვენს პოლიტიკურ ბანაკში პეტერბურგის ფრთას ამაგრებდნენ მიხაილ
პოლიაკოვი, გელი დონსკოი, ბორის მანილოვიჩი, ნიკოლაი ტოლსტიხი, ევგენი (იუჯინ)
სოლონჩუკი და მიხაილ კაზაჩკოვი. მუდამ ხუმარა იუჯინის გარდა (ასფალტის დამგები იყო)
ყველას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, ხოლო დონსკოის და მანილოვიჩს სამეცნიერო
ხარისხიც ჰქონდათ.

35
დონსკოი და პოლიაკოვი არა მხოლოდ რუსი ინტელიგენციის წარმომადგენლები, არამედ ძველი
რუსული არისტოკრატიის შთამომავლებიც იყვნენ. გელი დონსკოის, რომელიც კულიკოვოს
ბრძოლის გმირის, მამაის დამმარცხებელი დიმიტრი დონსკოის პირდაპირი შთამომავალი
ბრძანდებოდა, უცნაური იუმორი ახასიათებდა, განსაკუთრებით, სქესობრივ სფეროში. ასე
მაგალითად, ერთხელ გელი დონსკოიმ მიშა პოლიაკოვს ჩვენი თანდასწრებით განუცხადა, მიშა,
შენ ჩემზე ადრე თავისუფლდები და ცოლი გამისინჯე, კმაყოფილი დარჩები, არაა ცუდი ქალიო.
ჩვეულებრივ აუღელვებელი და მშვიდი პოლიაკოვიც კი გამოიყვანა წყობიდან ამ მიმართვამ.
კარგი რა, გელი, კარგი რა! ამ კავკასიელ ხალხს შენი სულელური რუსული იუმორი არ ესმის, გაიგე
ეს! ჯონი ლაშქარაშვილი თავისას ბრაზობდა, ამიხსენით, სად არის აქ იუმორიო! ბორის
მანილოვიჩი ფროიდის გრძლად ციტირებას ახდენდა, დონსკოი კი სიცილით კვდებოდა. შემდეგ
მიშასაც წასკდებოდა სიცილი და ჯონის უხსნიდა, დონსკოის მესამე ცოლი ჰყავს, ძალიან უყვარს,
მაგრამ ციხეში ზის და დარდით კვდება, ეჭვიანობს და თავის სიყვარულს ასეთი სულელური
ხუმრობებით გამოხატავს; შენ კი ცოლი არ გყავს და ვერ გაიგებო. რუსები რომ სიცილით
ბჟირდებოდნენ, მეც გამეცინა და ჯონი ახლა მე ამიხირდა, შენ მაინც რა გაცინებს, შენ ხომ გყავს
ცოლიო.
საბჭოთა კავშირის აკრძალვათა და ნების დართვათა ლაბირინთებში გარკვევა იოლი საქმე არ იყო.
მაგალითად, პოლიტიკურ ზონაში აკრძალული იყო წითელი ფერის პასტის კალამი, ნებისმიერი
ფერის მელნის ავტოკალამი, კბილის პასტა (მხოლოდ კბილის ფხვნილი, რომელსაც ჩვენი ოჯახის
წევრები ვერ შოულობდნენ), დეზოდორი, ოდეკოლონი, ხელთათმანი და ა.შ. თამაშებიდან
აკრძალული იყო ბანქო და ფეხბურთი, მაგრამ ნებადართული იყო ფრენბურთი, მაგიდის
ჩოგბურთი, შაში, ჭადრაკი და ნარდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩეკისტები რომ
კამათელს (ამ, ყოვლისმცოდნე ვადიმ ანატოლის ძე იანკოვის განმარტებით, „შემთხვევით
რიცხვთა გენერატორს“) არ აკრძალავდნენ, ამას ვერ წარმოვიდგენდი და ეს ამბავი, სხვათა შორის,
დღემდე მაკვირვებს – რაღაცას ბოლომდე დღემდეც ვერ ვწვდები ჩეკისტურ ლოგიკაში.
მიშა პოლიაკოვი და გელი დონსკოი ნარდს თამაშობდნენ. რაღაც უცნაური, რაღაც უჩვეულო იყო
ამ თამაშში. დავიწყე უცნაურობათა ჩამოთვლა: უპირველეს ყოვლისა, უჩვეულო იყო, რომ
კამათლის დასმისას გაისმოდა არა ტრადიციული დუ ბეშ, შაშ ბეშ და სე ბაი დუ, არამედ пять и
пять, шесть и пять, три и два. ხუთი და ოთხი, – იტყოდა გელი და გადაითამაშებდა ფანჯი ჩარს, ანუ
ბეშ ოთხს; ორი და ერთი, – იტყოდა მიშა და დუ იაქეს შეასრულებდა. მეორე უცნაურობა ის იყო,
რომ ქვებს უხმაუროდ ამოძრავებდნენ, ნარდის ბუნებრივი ბრახაბრუხი არ ისმოდა. მესამე და
მთავარი უცნაურობა კი ის იყო, რომ ამ ყველაფერს ემოცია არ ახლდა, არ იყო ბედისწერის
გამოწვევა, კამათლის ძაღლის ძვლად მოხსენიება, მოწინააღმდეგის რელიგიური არჩევანის
აბუჩად აგდება, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვის საჯაროდ შეტანა და, რაც
მთავარია, რუსული სასაუბრო ენისთვის ასე ბუნებრივი დედის გინება, ანუ მატი. ვითარებაში
პიტერელი მეგობრები სწრაფად გაერკვნენ, როდესაც ჩემი და ჯონი ლაშქარაშვილის ნარდის
მღერა იხილეს. მე ვცდილობდი მოკლე ნარდში ჩემი იდეალების, მამაჩემის, ჩემი სიმამრისა და
სიდედრისათვის მიმებაძა – და გაიმართა ნამდვილი ასპარეზობა: დუ-იაქე, წადი შენი ძაღლის
ძვალი მ..., დუ-სე! დორტიკო სოსვალდო ოსვალდო პინჯო ვერელი, სე-იაქე! ის უთხარი, ის
დალაქი, მე უთხარი, ის მექისი – ეს ჩემგან და შაში-ჩარი ტ-ში ჩვარი! შაში-ბეში ძ-ის თეფში! – ეს
ჯონისგან. მიშა და გელი კვლავ შეუდგნენ ნარდის მღერას. Шесть и пять ё… твою мать, три-четыре
х… в квартире და მისთანანი. რაც მთავარია, ქვებს ახლა ისეთი ძალით ახეთქებდნენ, რომ აშკარად
ქართველებს აჭარბებდნენ და სპარსი მეფეების ან არაბი ხალიფების დონეზე მაღლდებოდნენ.
თავისივე მოჭარბებული ემოციებით კმაყოფილმა მიხაილ პოლიაკოვმა ქართველებს გაგვიცხადა:
сразу видно, ребята, что вы по культурному обмену.
ბოლოს რუსები კამათლების კომბინაციას სპარსულად მოიხსენიებდნენ: ду шеш, ду бара, яган და
ასე შემდეგ. რაფაელ პაპაიანი მოკლე ნარდს არ აღიარებდა, გრძელის ოსტატი იყო და პიტერელებს
სიგრძისკენ ამაოდ მოუწოდებდა, მაშინ გავიგე პირველად (რა თქმა უნდა, მოსიარულე
ენცილოპედია – ვადიმ იანკოვისგან), რომ მოკლე ნარდის წესები, რომლითაც დღემდე
ვსარგებლობთ, 1743 წელს ინგლისელ ედმონდ ჰოილს შეუმუშავებია.
მიხაილ პოლიაკოვი დღემდე გამორჩეულ მოვლენად რჩება საბჭოთა პოლიტპატიმრობის
ისტორიაში. პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკის ტექნიკურ დეპარტამენტს
ხელმძღვანელობდა და წლების განმავლობაში ამ დეპარტამენტის კუთვნილ ქსეროკოპირების
მანქანებზე ანტისაბჭოთა ლიტერატურის შედევრების გამრავლებით იყო დაკავებული. თავის
თავს დღეში ხუთასი გვერდის ნორმა დაუწესა და ამ ნორმას სტახანოვური შემართებით წლიდან
წლამდე გადაჭარბებით ასრულებდა. მაშინ როცა ერთი ასეთი ფურცელი საკმარისი იყო
ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით ციხეში მოსახვედრად, მან დაახლოებით
ორი ათასი წიგნის ასლი შექმნა და ეს ზღვა ლიტერატურა გაავრცელა მთელ საბჭოთა კავშირში.
საბოლოო ჯამში კაგებემ მხოლოდ ექვსი წიგნი აღმოაჩინა (შესადარებლად ვიტყვი, რომ ჩვენი

36
დაარსებული რესპუბლიკური პარტიის ორგანოს, „სამრეკლოს“ პირველი ნომერი მე და ჩემმა
მეუღლემ სულ 13 ეგზემპლარად მოვუვლინეთ საზოგადოებას და ქართულმა უშიშროებამ ყველა
ვერც იპოვა).
წელიწადი და ცხრა თვე ემალებოდა მსოფლიოში სახელგანთქმულ საბჭოთა უშიშროებას,
რომელიც ერთ სულ მოსახლეზე თანამშრომლებისა და ფარული თუ ღია აგენტების რაოდენობით
მსოფლიოში პოლიტიკური დევნის ნებისმიერ ორგანიზაციას უზარმაზარ ფორას მისცემდა. ამ
ოცდაერთი თვიდან უკანასკნელი თერთმეტი თვის განმავლობაში საკავშირო ძებნაში იყო – ასეთი
მონაცემით ვერც ერთი სხვა საბჭოთა პოლიტიკური პატიმარი ვერ დაიტრაბახებს, არადა მიშა
არასოდეს ტრაბახობდა, ეს ინფორმაცია მისგან წლების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ ძლივს
მოვიპოვე. ამ ხნის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის თავზარდამცემი საბჭოთა
კაგებე тюрьма народов „ხალხთა ციხედ“ ცნობილ მთელს კომუნისტურ იმპერიაში ამაოდ დაეძებდა
„მიმალვაში მყოფ“ მიხაილ პოლიაკოვს, მან მოიარა მთელი საბჭოთა კავშირი, მათ შორის იყო
საქართველოშიც, თბილისში და დასავლეთით გადაადგილებისას მთლად ბათუმამდე არა, მაგრამ
სამტრედიამდე კი ჩაუღწევია. ხალხი, რომლებთანაც ამ დროს კონტაქტი ჰქონდა, ჩვენთვის
არათუ ზონაში, არამედ გათავისუფლებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში უცნობი იყო და
მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ დიდი მოვლენის მოსალოცად ჩამოსულმა
გამაცნო ის ადამიანები, ვისთანაც დაპატიმრებამდე თავს აფარებდა.
პოლიაკოვს ფანჯი-სე (ხუთი წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია და სამი წელი გადასახლება) ჰქონდა
მისჯილი, მაგრამ მისი საქმე დახურული არ იყო და წელიწადში ერთხელ ჩეკისტების დელეგაცია
ჩამოაკითხავდა ხოლმე პიტერიდან იმის ილუზორული იმედით, რომ ანტისაბჭოთა
ლიტერატურის გავრცელების რომელიმე არხზე მიშას რამეს წამოაცდენინებდნენ. ერთხელ ამ
საქმეზე ახალი თაობის ჩეკისტი, ვინმე კოშელევი ჩამოვიდა. ახალი თაობისას რომ ვამბობ, იმას
ვგულისხმობ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი დერჟავნიკი და ცინიკოსი ჩეკისტი იყო და
კომუნისტობაზე თავს აღარ დებდა, მეტიც, კომუნისტურ პარტიას აგდებულადაც კი
მოიხსენიებდა. მიშასთან რომ ვერაფერი გააწყო, დანარჩენებსაც გაგვესაუბრა, მოგვახსენა
საბჭოთა კავშირის მომავლის მისეული ხილვა – Империя без руководящей роли коммунистической
партии. ამაზე გიორგი ხომიზურმა სწრაფად მოუჭრა, კომუნისტური პარტიის მმართველ როლზე
რომ უარს იტყვით, ეგ იმპერია დაგენგრევათ და ნანგრევებში კაგებე მოჰყვებაო (სამწუხაროდ,
როგორც პროგნოზირების პრაქტიკაში ხდება ხოლმე, ჟორას პროგნოზი მხოლოდ ნაწილობრივ
გამართლდა). კოშელევმა რომ დერჟავის უძლეველობაზე ილაპარაკა, მიხაილ პოლიაკოვმა უთხრა,
იმაზე კი ნუ დარდობ, რომ ესენი გარბიან შენი იმპერიიდან, ქვეყანა თუ გვიყვარს, იმაზე
ვიფიქროთ, რუსეთი როგორ გამოვიყვანოთ საბჭოთა კავშირიდანო. გულგატეხილმა კოშელევმა
ხელი ჩაიქნია და ლენინგრადში დაბრუნდა.
ერთხელაც, სახელგანთქმულმა ცენზორმა განიჩენკომ დაიბარა და მეუღლის ტელეგრამა გადასცა
კლასიკური ტექსტით – მაპატიე, ძვირფასო, სხვა ადამიანი ვიპოვეო. საბჭოთა კანონმდებლობით,
როგორც კი პატიმარ მეუღლეზე უარს იტყოდა ადამიანი, იმ წუთიდან მათი ქორწინება
გაუქმებულად ითვლებოდა. ასე რომ, პოლიაკოვი ცენზორთან ცოლიანი შევიდა და იქიდან
უცოლო (ენაკვიმატი მანილოვიჩის ტერმინით, „ფლეიბოი“) გამოვიდა. თუმცა, სიმართლე რომ
ითქვას, ჩვეულებრივ საკმაოდ ჯმუხი და სერიოზული პოლიაკოვი კი არ გამოვიდა, გამოფრინდა
ადმინისტრაციის შენობიდან და სახელდახელოდ შეკრებილ პიტერ-მოსკოვურ-თბილისურ
სამეგობროს გაგვიცხადა, საბრალო გებისტებმა თვითონაც არ იციან, რა სიკეთე მიყვესო. არ
გასულა ერთი კვირა და საყვარელ ადამიანზე, ნადეჟდაზე დაქორწინება მოითხოვა. ზონის
ადმინისტრაციას ასეთი რამის გაგონებაც არ უნდოდა, მით უმეტეს ამის დაშვება არ სურდა
ლენინგრადის ჩეკას, მაგრამ მალე საბჭოთა კავშირის მთელი დისიდენტური სამყარო ფეხზე
დადგა, დასავლეთმა ხმა ამოიღო და პოლიაკოვმა ეს უფლება მოიპოვა. მიხაილ და ნადეჟდა
პოლიაკოვებმა ორ დღემდე შეკვეცილი თაფლობის თვე ЖХ 385-3/5 პირადი შეხვედრის ოთახში
გაატარეს. თავის ქორწილზე პოლიაკოვი პატიმარ ბიბისის მიერ ზონაში გახარებული წითელი
ვარდების თაიგულით ხელში წავიდა.
მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდით თვითნაკეთ მაგიდაზე, რომელიც პროფესიულ მაგიდებს
ძლიერ ჩამორჩებოდა, მაგრამ პინგ-პონგის ბურთი და რაკეტები ნამდვილი იყო. რატომღაც, პინგ-
პონგის მოყვარულები ცოტანი აღმოვჩნდით. საერთოდ, მოთამაშეები ცოტანი იყვნენ, ოთხი
მოჭადრაკე, რომელთაც მანილოვიჩი მეთაურობდა, მონარდეები, აქ ქართველებს გვეპყრა
მოწინავე პოზიციები, ორად ორი საფრენბურთო გუნდი – „დემოკრატები“ (ანტისაბჭოთა
აგიტაციისა და პროპაგანდისათვის გასამართლებულები, რაც მართალია, მართალია, ორიოდე
ჯაშუში და ერთი სამხედრო დამნაშავეც ჰყავდათ შემადგენლობაში) და „აკადემიკოსები“
(პროფესორები, დოცენტები, მეცნიერებათა დოქტორები და კანდიდატები – ჩემს საბრალდებო
დასკვნაში, რომელიც პოლიტიკურ ზონაში, ფაქტობრივად, საჯარო დოკუმენტია, რადგან
მოთხოვნისთანავე უნდა მიაწოდო მომთხოვნ პატიმარს, ეწერა, დაპატიმრების დროს

37
დისერტაცია მიჰქონდა მბეჭდავთანო, დაუცველი დისერტაცია „ჩამითვალეს“, ხარისხი
„მომანიჭეს“ გუნდის „გასაძლიერებლად“, მაგრამ ჩემი საფრენბურთო კარიერა ზინედინ ზიდანის
საფეხბურთო კარიერას მხოლოდ იმით დაემსგავსა, რომ ერთი შეტაკება მეც მომივიდა
მატერაცისავით ენამოუვლელ მოწინააღმდეგესთან).
ყველაზე ნაკლები მოყვარული პინგ-პონგს აღმოაჩნდა და ძირითადად მე და პოლიაკოვს
გვიწევდა შერკინება. ისე ხდებოდა, რომ რაღაც მომენტში ანგარიში ათით შვიდი აუცილებლად
ფიქსირდებოდა, რაც პინგ-პონგის ჟარგონზე ჟღერს როგორც ნოლ-შვიდი, ეს კი საბჭოთა
საალკოჰოლო ბოთლის ძირითადი სტანდარტი იყო და ალკოჰოლთან არამწყრალად მყოფი
პოლიაკოვი ამით ძალიან ხალისობდა. როგორც კი ანგარიში ნოლ-შვიდი გახდებოდა, მოთამაშეები
თერმოსიდან ჩაის ჩამოვასხამდით და პოლიაკოვი სახელდახელო სადღეგრძელოს
ჩამოაყალიბებდა ხოლმე და ქართული სუფრის ტრადიციების საკმაოდ მაღალ ცოდნას
გამოამჟღავნებდა (როდესაც გათავისუფლების შემდეგ ჩემი ძმა დავითი მეუღლესთან ერთად
პეტერბურგში ჩავიდა, მიხაილ პოლიაკოვმა შინ მიიწვია, თამადად დანიშნა, შემდეგ თამადობა
ჩამოართვა და დახვეწილი ქართული თამადობის შესანიშნავი გაკვეთილი პასტერნაკივით
თვითონ ჩაუტარა).
პინგ-პონგს ბარაშევოში თავისი განუმეორებელი ეგზოტიკა ჰქონდა: ორ მოთამაშეს მესამე
აქტიური მოთამაშე თუ დამკვირვებელი ემატებოდა. ამ შესანიშნავ მამრობითი სქესის არსებას
„ციგანი“ ერქვა, რადგან კუნაპეტივით შავი და პოლიტიკური ზონის კატების რაზმის უმრწემესი
წევრი იყო. ზონაში სულ სამი კატა გვყავდა: ძალიან ბებერი ვასკა, ნორჩი ვაჟკაცი ციგანი და ნაზი
არსება ადოჩკა (სრული სახელი ადელაიდა გრიგორიევნა მაზურ-დონსკაია, რაკი მისი მეურვეები
გრიშა ფელდმანი, დმიტრო მაზური და გელი დონსკოი იყვნენ). ციგანი პინგ-პონგის თამაშში
მონაწილეობდა და ბურთის დაჭერას ცდილობდა. ამ მიზნით ბადეს ხან იქით გადაახტებოდა და
ხან აქით. წარმატებას კი მხოლოდ ნოლ-შვიდზე აღწევდა, როცა ბურთს საბოლოოდ
დაეუფლებოდა და პოლიაკოვის ზომიერად მოჩუქურთმებულ სადღეგრძელოებს ისმენდა.
მიშა, როგორც სულით ხორცამდე რაციონალისტი, შეთქმულებების თეორიის დაუძინებელი
მტერი იყო. უპირველეს ყოვლისა, არ სჯეროდა ძლევამოსილი საბჭოთა უშიშროების
ყოვლისშემძლეობის, ყოვლისმომცველობისა და უძლეველობის მითის. როდესაც ჩვენს
საიდუმლო სერობებზე კაგებეს მზაკვრულ ხრიკებსა და ზერთულ კომბინაციებზე
ვლაპარაკობდით, ღიმილიანი პოლიაკოვი თავაზიანად გვაჩერებდა და გვეუბნებოდა: – нет, ребята,
там бардак. და როდესაც უცხოეთში კაგებეს ძალიან სერიოზულ ოპერაციებზე
ავლაპარაკდებოდით, მაგალითად, სახელგანთქმული წიგნის – „გაძლებს თუ არა სსრკ 1984
წლამდე?“ ავტორის, ანდრეი ამალრიკისთვის ესპანეთში ავტოკატასტროფის მოწყობაზე, მიშა
დისიდენტური ფოლკლორის შედევრის ციტირებას იწყებდა: За мной машина едет – это Волга, Но я
же знаю, это ЦРУ!
არ სჯეროდა, რომ კაგებეს ესპანეთში სერიოზული სპეცოპერაციის განხორციელება შეეძლო. ამ
მითებს მათი ერთ-ერთი განყოფილება ქმნის და მრავალრიცხოვანი აგენტურის წყალობით
ხალხში ავრცელებსო. დახვეწილი მეთოდები უცნობია კაგებესთვის, რუსი კაცის იარაღი იყო, არის
და იქნება топор, ნაჯახიო. ნაჯახით ჩატარებულ სპეცოპერაციას კი მთელი მსოფლიო
მიუხვდებათო (მრავალი წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის კაგებეს მემკვიდრე სპეცსამსახურებმა
თავისი ყოფილი აგენტი, ალექსანდრ ლიტვინენკო გაანადგურეს, ინგლისელებმა მალევე იპოვეს
მათი ახალი „ნაჯახი“ პოლონიუმ-210-ის სახით).
მიშას საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ მან გაამრავლა, შეინახა და გაავრცელა ალექსანდრ
სოლჟენიცინის, ანდრეი პლატონოვის, ვარლამ შალამოვის და სხვათა ანტისაბჭოთა წიგნები, ასევე
ანდრეი სახაროვის სტატიები და ხელისუფლებისადმი მიმართვები. გამოხდა ხანი და
პერესტროიკისა და გლასნოსტის დასაწყისში საკავშირო სქელტანიან ჟურნალებში დაიწყო ამ
აკრძალული ლიტერატურის გამოქვეყნება. მიშამ თქვა, სანამ ბულგაკოვის „ძაღლის გულს“ და
პლატონოვის „ორმოს“ (Котлован) არ დაბეჭდავენ, ამათი პერესტროიკისა და გარდაქმნის არ
მჯერაო. თითქმის ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საკავშირო თუ რესპუბლიკური ჟურნალი
და გაზეთი გამოწერილი გვქონდა (ჩვენი შრომით გამომუშავებული ფულის დახარჯვის
ერთადერთი გზა იყო). და 1986 წელს დაიწყო: ჟურნალმა „ზნამიამ“ გამოაქვეყნა მიხაილ
ბულგაკოვის შედევრი Собачье Сердце, ნოვი მირმა – პლატონოვის Котлован, ხოლო ჟურნალმა
„ნევამ“ ანა ახმატოვას REQUIEM. მიშა პოლიაკოვი ამ პუბლიკაციებით შეიარაღებული შევიდა
ზონის უფროსთან, მაიორ შალინთან და ჰკითხა, ამათი უანგაროდ გამრავლებისა და
გავრცელებისთვის ხუთი წლით მკაცრი რეჟიმის ბანაკი და სამი წლით გადასახლება მაქვს
მოსჯილი; ახლა საბჭოთა მთავრობა ამ წიგნებს მილიონიანი ტირაჟებით ბეჭდავს და დიდ ფულს
აკეთებს, ჩვენ რისთვისღა ვზივართო?
შალინმა უპასუხა: – წადი პოლიაკოვ, ისედაც გული მისკდება, „პრავდა“ და „იზვესტია“ ვერ

38
ამიღია შიშით ხელში, იქაც რამე ანტისაბჭოთა არ დაბეჭდონ-მეთქი. რაც შეეხება შენს ჯდომას, მე
ვერაფერს გიშველი და, თუ გინდა, ახალთახალ „ოგონიოკს“ მოგცემ, პოლიკარპოვის წერილია
ფიოდორ რასკოლნიკოვზე და რასკოლნიკოვის ღია წერილია სტალინისადმი, ნამდვილი ბომბი,
ჯერ კიდევ შარშან შვიდს პლუს ხუთს ქაჩავდა და ახლა ყველაზე დიდტირაჟიან ჟურნალებში
ბეჭდავენ.
პოლიაკოვი გამოვიდა, ჟურნალს აფრიალებდა და დისიდენტური ფოლკლორის ცნობილ
სტრიქონებს იმეორებდა: Кто стучится в дверь опять?
Семь плюс пять,
Семь плюс пять.
შვიდს პლუს ხუთი (შვიდი წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია პლუს ხუთი წლით გადასახლება)
რსფსრ სამოცდამეათე სტატიის (შეესატყვისებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
71-ე სტატიას: „ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“) პირველი მუხლით გათვალისწინებული
სასჯელის მაქსიმუმი იყო.
ზეპირად იცოდა ალექსანდრ გალიჩის, ვლადიმირ ვისოცკის, ბულატ ოკუჯავას და ევგენი
კლიაჩკინის სიმღერების ტექსტები და როცა გელი დონსკოი მღეროდა, ტექსტს უსწორებდა
ხოლმე. აიღებდა გელი ზონის ერთადერთ გიტარას და დაამღერებდა ბარდ კლიაჩკინის ცნობილ
ჰიტს: Сигаретой опиши колечко, Спичкой на снегу поставишь точку.
Что-то, что-то надо поберечь бы, А не бережем – уж это точно.
Обернется золотою рыбкой, Захочу – шутя поймаю шапкой.
Кажется вначале просто гибкой, Приглядишься – оказалась шаткой.
ხოლო მიშა გზადაგზა უსწორებდა, вот это точно კი არა, уж это точно, ჩემო ძვირფასო გელი. გელი
არ იშლიდა, კლიაჩკინმა ჩემთან სახლში იმღერა და ძალიანაც კარგად მახსოვს, რაც იმღერაო. მიშა
თვალებს მოჭუტავდა და ისე, სხვათა შორის ჰკითხავდა, რამდენ ბოთლში იჯდა კლიაჩკინიო,
ისიც ეტყოდა სამშიო და მიშა დაასკვნიდა, სამ ბოთლში არც ის იქნებოდა სანდო და, შენ ხომ მით
უმეტესო.
ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელზეც ღვინის ფუნქციას ჩაი ასრულებდა, სამხრეთ კავკასიის
ქრისტიანული კონფედერაციის წევრებს შორის მცირე და მსუბუქი, შეიძლება ითქვას, სალაღობო
კამათი გაიმართა ბულატ ოკუჯავას ეროვნებასთან დაკავშირებით. შალვა ოკუჯავას შვილია,
ქართველია-მეთქი, განვაცხადე. სომეხი დედა ჰყავდა და სომეხიაო, რაფიკამ დაიჩემა. ვადიმ
იანკოვმა სასწრაფოდ მოგვაწოდა საენციკლოპედიო მონაცემები: მამა, შალვა სტეფანეს ძე
ოკუჯავა, რა თქმა უნდა, ქართველი იყო, ხოლო დედა, აშხენ ასევე სტეფანეს ასული ნალბანდიანი
თბილისელი სომეხი იყო; ეს იყო კომუნისტების ოჯახი, რომელიც მოსკოვში პარტიულ სკოლაში
სასწავლებლად ჩამოვიდა; ბულატ შალვას ძეც იქ დაიბადა, არბატზე, 43-ე სახლის მეოთხე
სართულის კომუნალურ ბინაში გაიზარდა და, ქართველია თუ სომეხი, არ ვიცი, მაგრამ
მოსკოველიაო. მამა 1937 წლის 4 აგვისტოს დახვრიტეს და დედა დააპატიმრეს, გადაასახლეს
ყარაგანდაში და პატიმრობიდან მხოლოდ 1955 წელს დაბრუნდა. მიშა პოლიაკოვი სახელდახელო
„სუფრას“ მეთაურობდა და კომპრომისი შემოგვთავაზა: ქართველი მამისა და სომეხი დედისაგან
მიიღება რუსი პოეტი, რომელსაც მამის სიყვარულის გამო სტალინი სძულს და დედის
სიყვარულის გამო კიროვი უყვარს (ოკუჯავას დედა კიროვთან მუშაობდა). როგორც პოეტი,
ოკუჯავა ქართველებს არაფერში გჭირდებათ, პოეტები საკუთარიც გეყოფათ, ხოლო სომხების
დასაშოშმინებლად ვიტყოდი, ოკუჯავა დაგვიტოვეთ და ჩვენ, პიტერელები, სანაცვლოდ
მოსკოვის დამაარსებლის, იური დოლგორუკის სომხობას და მხარგრძელობას ვაღიარებთ, რასაც
ასე დაჟინებით მოითხოვთო (ჩვენი ბედი, რომ სუფრას მოსკოველები არ ესწრებოდნენ).
მიხაილ პოლიაკოვი კინომოყვარული იყო, მშვენივრად იცნობდა მსოფლიო კინოს, მაგრამ ამ
ოკეანეშიც მას თავისი გამორჩეული ხომალდი ჰყავდა, რომლის შემოქმედებას განსაკუთრებული
სიყვარულით მოიხსენიებდა: ეს იყო დიდი ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი. მისი
ფილმები, 1957 წელს მესამეკურსელი იოსელიანის მიერ გადაღებული პირველი სასწავლო
ფილმით, „აკვარელით“ დაწყებული და დიდოსტატი იოსელიანის შედევრებით – 1970 წელს
გადაღებული „იყო შაშვი მგალობელით“ და 1975 წელს გადაღებული „პასტორალით“
დამთავრებული, გასაოცარი დეტალებით იცოდა.
„აკვარელი“ ალექსანდრ გრინის მოთხრობის მიხედვითაა შექმნილი: ქმარი ლოთია და ცოლი
მრეცხავი (ამ სახასიათო როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებდა). ლოთი ცოლის შრომით ნაშოვნ
უკანასკნელ კაპიკებს მოიპარავს, რომ დალიოს, ფანჯრიდან გადახტება და ქალი დაედევნება. ამ

39
დევნაში აღმოჩნდებიან სურათების გალერეაში და შემთხვევით წააწყდებიან აკვარელით
შესრულებულ ნახატს, რომელზეც მათი ძველი სახლია გამოსახული. სურათზე სახლი მყუდრო და
თბილია და არა ისეთი, როგორც მათ წარმოედგინათ. და სევდა შეიპყრობთ. ბოლო კადრებში
მთელი ოჯახი, ცოლ-ქმარი და ოთხი შვილი. სახლის წინ სხედან და მხატვარი მათ პორტრეტს
ქმნის. პოლიაკოვს „აკვარელი“ ძალიან მოსწონდა, განსაკუთრებით იზიდავდა ის, რომ იოსელიანი
თავადაც ჩნდება ამ ფილმში ხელოვნებათმცოდნის ამპლუაში და შესამჩნევი ქართული აქცენტით
ამბობს, შეხედეთ, რა კარგი სურათია, სითბო იღვრება ამ ნახატიდან, тут живут прекрасные, честные,
благородные, чистые люди. „აკვარელი“ მე მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ვნახე და გაოგნებული
დავრჩი, რომ პოლიაკოვს არც ერთი დეტალი, არც ერთი ნიუანსი არ გამოჰპარვია ამ ძველი
ნამუშევრიდან, რომელშიც მართლა შეიძლება მომავალი დიდოსტატის ცნობა.
მიშა პოლიაკოვმა რომ თავისი ცნობილი პირველი ლექცია წაიკითხა ოთარ იოსელიანის თემაზე,
ჩვენი ზონის მთავარმა ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა და პოეტმა, ბორის მანილოვიჩმა აღნიშნა,
ალექსანდრ გრინის რომანტიკული რეალიზმი მშვენიერი მასალაა ქართული
ტემპერამენტისთვისო. შემდეგ ისიც მიაყოლა, გრინი სინამდვილეში გრინევსკი იყო, პოლონელი
არისტოკრატი და პოლიაკოვს ნაციონალურადაც და კლასობრივადაც ენათესავებაო, მაგრამ მიშამ
მკაცრად დაგმო ეს „კლასობრივი“ თეორია და ბრძანა, გრინი არაფერ შუაშია, გრინი ოთარისთვის
მასალა იყო, იოსელიანი გრინისგან კი არა, თუჯისგანაც აკეთებს ფილმებსო (გულისხმობდა ოთარ
იოსელიანის 1964 წელს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გადაღებულ ფილმს, რომელშიც
დომენის ღუმლისა და ადამიანების ერთობლივი დუღილით პროდუქტი იქმნება. იოსელიანი
გვაჩვენებს, რა ლამაზი და პლასტიკურია ადამიანი, როდესაც იგი ცოდნითა და სიყვარულით
აკეთებს თავის საქმეს).
გაივლის მრავალი წელი, გამოიცვლება საუკუნე და ათასწლეული და მიხაილ პოლიაკოვი
მაჩუქებს 19 DVD დისკზე თავმოყრილ ოთარ იოსელიანის მთელ შემოქმედებას, რომელიც იმ
სახელგანთქმული „აკვარელით“ იწყება და 2006 წლის Jardins en automne-ით („შემოდგომის
ბაღები“)სრულდება.
გულწრფელად გულშემატკივრობდა ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს ბრძოლას
დამოუკიდებლობისათვის. თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა 1989 წლის აპრილში, რომ 9
აპრილს დაღუპულებისთვის პატივი მიეგო და თავისი სახელით ბოდიში მოეხადა ქართველი
ხალხისთვის. ასევე ჩავიდა ლიტვაში, რომ თანაგრძნობა გამოეხატა და ვილნიუსის მოვლენების
გამო ბოდიში მოეხადა. ბოლოს განაცხადა, ამ ქვეყანაში ცხოვრება არ შეიძლება, Моя Россия умерла-
ო და შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა.
მეუღლე, ნადეჟდა ტრაგიკულად დაეღუპა და უცხოეთში შვილები მარტომ გაზარდა.
პეტერბურგელებმა საპატიო მოქალაქედ აღიარეს და ქალაქის ენციკლოპედიაში შეიყვანეს.
ხშირად, როდესაც ჩვენთან დამპყრობლებზე და მათ კულტურაზე ლაპარაკობენ და პუტინზე და
რუსეთის სახელმწიფოზე გაბრაზებულები, დოსტოევსკის ერჩიან (ჩვენმა ერთ-ერთმა
განათლების მინისტრმა მწერლობაც კი დაუწუნა), მახსენდება, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ
ადამიანს, რომელსაც ცხოვრებამ შემახვედრა, მიხაილ პოლიაკოვი ჰქვია და იგი სწორედ იმ სახლში
დაიბადა, რომელშიც დოსტოევსკი გარდაიცვალა.

ბორია
ყოველთვის, როდესაც მორდოვეთი, ტენგუშევოს რაიონის დასახლება ბარაშევო და პოლიტიკური
ბანაკი ЖХ-385/3-5 მახსენდება, ავტომატურად მეცხადება ერთი და იგივე ხატი, როგორც
მიქელანჯელო ანტონიონის ან სხვა ძალიან კარგი რეჟისორის მიერ უძრავი კამერით გადაღებული
კადრი: ორნი ვდგავართ აკრძალულ ზონასთან, ზოლებიანი საპატიმრო ქურქები გვაცვია,
თითქმის ვეხებით მავთულხლართს, პირდაპირ აღმართული კოშკიდან შინაგანი ჯარების
ყურადღებიანი ჯარისკაცი და სახელგანთქმული ავტომატის, კალაშნიკოვის ლულა გვიმზერს,
ცივა, თოვს, ბნელა და პოეტი, რომელმაც ახლახან დაამთავრა თავისი უკანასკნელი ლექსის
დეკლამაცია, აღელვებული ხმით მეკითხება, აღიქვიო? – Ты воспринял?
აღარაფერი მახსოვს, არც რითმა, არც რიტმი, არც საზომი და არც ლექსი, მაგრამ მახსოვს, რომ
აღვიქვი. მახსოვს, როგორ ღელავდა ჩემი соýзник, თანაზონელი პეტერბურგელი პოეტი და რა
მნიშვნელოვანი ვინმე ვიყავი იმ წუთას მე, რადგან ზონაში დაწერილი ლექსის პირველმოსმენის
პატივი მარტოს მერგო, მახსოვს, რა დიდი აზრი ჰქონდა პოეტისთვის ჩემს პირველ შეფასებას.

40
პოეტს ბორია ერქვა, ბორის ისააკის ძე მანილოვიჩი; 1940 წელს იყო დაბადებული, იყო ფსიქოლოგი
და, როგორც ყველა ნამდვილი საბჭოთა დისიდენტი და ინტელიგენტი რუსეთში, ფლობდა მეორე,
უფრო „სახალხო“ პროფესიასაც: ელექტრომონტიორადაც იყო ნამუშევარი. ლენინგრადში
დააპატიმრეს 1982 წლის 11 ნოემბერს და ლენინგრადის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისთვის. 4 წელი ჰქონდა მისჯილი სასჯელის მკაცრი რეჟიმის შრომა-
გასწორების კოლონიაში მოხდით და ამ სასჯელის მოხდის შემდეგ ორი წლის გადასახლებაც
ელოდა. გახმაურებული საქმე იყო, მანილოვიჩამდე ამ ჯგუფის სხვა ლიდერები, ჯერ ვიაჩესლავ
დოლინინი და შემდეგ როსტისლავ ევდოკიმოვი დააპატიმრეს. ამ ჯგუფის ბედი ჩვენთვისაც
ცნობილი იყო, რადგან იატაკქვეშეთის გამოცემაში, სამიზდატის ნამდვილი ბიბლიის, „მიმდინარე
მოვლენათა ქრონიკის“ (Хроника текущих событий) ერთ-ერთ ნომერში მოხვდა (სხვათა შორის, ამავე
ნომერში ნახსენები იყო ვადიმ იანკოვის დაპატიმრებაც). ვიაჩესლავ დოლინინი ამჟამად
სახელგანთქმული რუსი ავტორია და თავის მოგონებებში ხშირად კეთილად მოიხსენიებს
თანაზონელ ტარიელ ღვინიაშვილს, ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე, წესიერ, პატიოსანსა და
უხმაურო პოლიტიკურ პატიმარს.
ბორის მანილოვიჩი კალამბურის კაცი იყო. სიტყვათა თამაში იმდენად უყვარდა, რომ საკუთარი
ენამახვილობის ტყვეობაში ექცეოდა და ენის უღრანებში შესულს, ხანდახან სამშვიდობოზე
გამოსვლა უჭირდა. რაკი დაპატიმრებამდე ფსიქიატრად ემუშავა, ზონის მითოსი ამბობდა, რომ
თვითონაც „ვერ იყო“.
ბორია მთელი ცხოვრება ანტისემიტიზმის მსხვერპლი იყო და ამ უბედურებას დემოკრატებითა
და ლიბერალებით სავსე პოლიტიკურ ზონაშიც ვერ გაექცა. გვყავდა ბებერი პატიმარი
პაველსონსი, რომელიც ელაპარაკებოდა მხოლოდ თანამემამულე ლიტველებს, ლატვიელებსა და
ქართველებს. დანარჩენებს ლაპარაკის ღირსად არ თვლიდა. პაველსონსი სამხედრო კაცი იყო,
ლიტვის არმიის ოფიცერი, და ებრძოდა გერმანელებს, როცა ლიტვა ებრძოდა გერმანელებს;
შემდეგ გერმანელებთან ერთად ებრძოდა რუსებს, როცა ლიტვა ებრძოდა რუსებს; შემდეგ
გერმანელების გარეშე ებრძოდა რუსებს, როცა ლიტვა კვლავ ებრძოდა რუსებს. ოფიცერი
პაველსონსი თავისი ქვეყნის ბრძანებებს ასრულებდა და ებრძოდა ყველას, ვისაც მისი სამშობლო
ებრძოდა. ეს პატრიოტიზმი არ დაუფასეს საბჭოთა კავშირში, როდესაც ლიტვა დაიპყრეს და
პატრიოტები მოღალატეებად გამოაცხადეს. პაველსონსი წუხდა, მთელი ცხოვრება სამშობლო
მიყვარდა და სამშობლოს ღალატის მუხლით ვარ გასამართლებულიო. სწორედ ეს სიმპათიური
მოხუცი მუდმივად ბრალს სდებდა მანილოვიჩს, რაღაც მოიპარაო.
პატიმრები ხელთათმანებს ვკერავდით, შემდეგ დღიურ ნორმას, 92 წყვილ ხელთათმანს, ერთად
ვკრავდით და გადმომბრუნებლებს ვაბარებდით (ჩვენი შეკერილი პირუკუღმა იყო და მას
საბოლოო იერის მისაცემად სპეციალურ დანადგარზე გადმობრუნება სჭირდებოდა). პაველსონსმა
თავისი შეკვრა დაკარგა და დაუფიქრებლად მიადგა ბორიას, ჩემი ხელთათმანები როგორც
მოიპარე, ისე დააბრუნეო. მანილოვიჩი ეუბნებოდა, შენი ხელთათმანები არ მომიპარავს და,
საერთოდ, ბავშვობაში დეიდა მუსიას ღვეზელი რომ მოვიპარე, მას შემდეგ არაფერი მომიპარავსო,
მაგრამ პაველსონსი წმინდა სამხედრო სიჯიუტით ავითარებდა თავის შეტევას. ჩვენ რომ
ჩავეძიეთ, მანილოვიჩს რას ერჩი, რატომ გგონია, რომ შენს ხელთათმანებს მაინცდამაინც ის
მოიპარავდაო, დაუფარავი გაკვირვებით გვითხრა: он же жид! ერთი სიტყვით, ებრაელი ამ
საამქროში ეგ არის და სხვა ვინ მოიპარავდა ჩემს ხელთათმანებსო. პაველსონსის შეკვრა მალე
გამოჩნდა, უკრაინელ სტრილცივს წაეღო გადასაბრუნებლად, მაგრამ ლიტვის არმიის ყოფილ
ოფიცერს ბოდიშის მოხდა არც უფიქრია, ალბათ დარწმუნებული იყო, რომ ებრაელმა და
უკრაინელმა საერთო ენა გამონახეს და შეშინებულებმა მოპარული საქონელი უკან დააბრუნეს.
ბორია მანილოვიჩის იუმორის გრძნობა სრულიად მოულოდნელ შედეგებს გამოიღებდა ხოლმე.
ადმინისტრაციის წარმომადგენლებში ერთი ზედამხედველი (надзиратель) გვყავდა, გვარად
კისელიოვი. ზედამხედველებს ჩვენ ვეძახდით, თორემ თვითონ თავს კონტროლიორს
უწოდებდნენ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, კონტროლიორ-ზედამხედველი კისელიოვი
განსაკუთრებული ინტელექტუალური რესურსებით არ გამოირჩეოდა. უბრალო კაცი იყო,
ზედამხედველობასა და სოფლის მეურნეობას უთავსებდა ერთმანეთს.
კისელიოვი ბანაკში ზომიერი სისასტიკის ზედამხედველი იყო და სახლში – ზომიერი სიზარმაცის
გლეხი, ყველაფერი ზომიერი იცოდა ერთის გარდა: სვამდა უზომოდ. იმდენად უზომოდ სვამდა,
რომ წლების განმავლობაში ფხიზელი ან სიფხიზლესთან მიახლოებული არავის უნახავს.
შეიძლება ამანაც იმოქმედა მის გონებაზე და შეიძლება პირიქით, გონებამ უკარნახა, რომ ამდენი
ესვა. სახე ყოველთვის წითლად უღაჟღაჟებდა. ხანდახან ხელი აუკანკალდებოდა და უეცრად
გაქრებოდა. ცოტა ხანში კმაყოფილი დაბრუნდებოდა, ხელი აღარ უკანკალებდა და ლაპარაკის
იშტაზეც მოდიოდა.

41
ერთხელაც, გაზაფხული იდგა, როდესაც კისელიოვი ზომიერად არეული ნაბიჯით მოგვიახლოვდა
მე და ბორის მანილოვიჩს და შემოგვჩივლა, თიბვის დრო დადგა და სათიბს ვერ ავუდივარ,
დამხმარეს კი ვერავის ვპოულობ, ცელი არავინ იცის და ვინც იცის, თავის სათიბს ვერ აუდისო.
ახლა ცვლას რომ მოვრჩები, ცელი უნდა დავჭედო (რუსული ცელი არ ილესება, იჭედება ხოლმე)
და მთელი ღამე უნდა ვთიბო და მარტომ, აბა, რა შედეგი უნდა ვაჩვენოო.
მანილოვიჩმა ეშმაკურად მოწკურა თვალები და დაიწყო: – იცი თუ არა შენ, კისელიოვ, საიდან
მოდის საქართველოს სახელწოდება Грузия?
– მაგას რა დიდი ცოდნა უნდა, რუსეთის ტვირთი (груз) იყო და სახელიც იქიდან მიიღეს.
– მაკვირვებ, კისელიოვ! საქართველოს Грузия და Gეორგია იმიტომ ჰქვია, რომ გლეხების ქვეყანაა,
მიწის ხალხია, გეო-გრაფია და გეო-ლოგია ხომ გაგიგია, გეო-რგიაც და გრუზიაც საქართველოს
გლეხობას უსვამს ხაზს. ამ სასჯელმისჯილ осужденный ბაძაძაშვილს (ასე წარმოთქვამდა ჩემს
რთულ გვარს ბარაშევოს ზედამხედველ-კონტროლიორთა მთელი გილდია) რომ უყურებ,
პირწავარდნილი გლეხია, ცელით ხელშია დაბადებული და მთელი თავისი ცხოვრება თიბვაში აქვს
გატარებული. რაც შემეხება მე, მთელი ჩემი საგვარეულო ქიბუცში ანუ სასოფლო-სამეურნეო
კომუნაში იყო დასაქმებული და ორმეტრიან ცელს ვხმარობ სათამაშოსავით. წაგვიყვანე მე და
ლევანი შენს ნაკვეთში და ერთ ღამეში იმდენს მოვთიბავთ, რომ სამ-სამ ზვინს დაგიდგამთ.
– ეს ძალიან კარგი, ექვსი ზვინი სახუმარო საქმე არ არის – მის ხმაში ენთუზიაზმი შეიმჩნეოდა, –
მაგრამ აქიდან როგორ გაგიყვანოთ? – აშკარად საქმიანი დაინტერესება გამოხატა კისელიოვმა.
– მაგაზე იოლი რა არის, შარშან ხომ გაგვიყვანა ტრიმაზკინმა (ყველამ იცოდა, რომ ტრიმაზკინი და
კისელიოვი დაუძინებელი მტრები იყვნენ და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ), მიდი და ჰკითხე,
კოლეგები არა ხართ?
– ტამბოველი მგელია მაგის კოლეგა! – გაბრაზდა კისეოლიოვი, – რამე უფრო ჭკვიანური უნდა
მოვიფიქროთ.
– ეგ რთულია, – შეწუხდა მანილოვიჩი.
– მეც არაფერი მომდის თავში, – გავიზიარე საერთო წუხილი მეც.
– მოვიფიქრე! – გაუხარდა ბორიას, – მოვიფიქრე! ზონის უფროსთან, შალინთან უნდა მიხვიდე,
უნდა მიხვიდე და უთხრა, თიბვაზე ხალხი მჭირდება, მანილოვიჩი და ბერძენიშვილი მომეცი,
თიბვა იციან, ორი დამატებითი ცელი მაქვს და ხვალ დილას ორივეს თვლით ჩაგაბარებ-თქო. რაც
მთავარია, უთხარი, არაყს არ დავალევინებ-თქო, თორემ, ხომ იცი, პატიმარი და არაყი რთული
თემაა.
– რა თქმა უნდა, ასე ვეტყვი, მაგრამ არაყს მაინც დაგალევინებთ, თქვენ ოღონდ ექვსი ზვინი
დამიდგით, ხუთი მაინც! – გვითხრა კეთილმა კისელიოვმა და ადმინისტრაციული კორპუსისკენ
აიღო გეზი.
ბორია ბარაკში შევარდა და სეირის საყურებლად ნახევარი ზონა გამოიყვანა. არ გასულა ხუთი
წუთი და საუფროსოდან კისელიოვი გამოვარდა და ტრაგიკული ხმით შესძახა: საძაგელო
ებრაელო, რა უბედურებაა არარეალურ ამბებს რომ ლაპარაკობო (თავისუფალი თარგმანია,
ორიგინალის ენაზე ეს ყველაფერი ასე ჟღერდა: Жид моржовый, на кой хуй нереальные вещи говорить!)
– რა დროს არ არის ცოცხალი ესქილე! – დაენანა ესქილეს გარდაცვალებიდან ოცდახუთი საუკუნის
შემდეგ ბორიას, – ნუთუ მრისხანე კისელიოვი აგამემნონს არ ჰგავს, როდესაც მან
კლიტემნესტრასა და ეგისთეს მზაკვრობით დაღუპულმა შესძახა „О горе, мне нанесен смертельный
удар!“ (ჯერჯერობით ერთადერთ ქართულ თარგმანში მეტი პათოსია: „ვაგლახ, ლახვარი
სასიკვდილო გულს დამეძგერა!“) იმ დღეს კისელიოვმა ჩვეულებრივზე მეტი დალია და ერთი-ორი
კვირა მე და მანილოვიჩს სასაუბროდ აღარ მოგვკარებია. ორი კვირის შემდეგ კი ან წყენამ
გადაუარა, ან თიბვა დამთავრდა და კისელიოვმა თავის მწვალებელ ბორიასთან
ინტელექტუალური საუბრები განაახლა.
კისელიოვის შემთხვევა ერთადერთი არ იყო. ბორია მანილოვიჩი, საერთოდ, ჩვენი ხიდი და
გასასვლელი იყო ადმინისტრაციაზე. პატიმართა უმეტესობა ადმინისტრაციასთან კონტაქტს
ერიდებოდა, რადგან ეს თავისი ღირსებისთვის შეუფერებლად მიაჩნდა. ბორია, როგორც
გამოცდილი პატიმარი, ასე არ თვლიდა. მას რაღაცნაირი იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული და
ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში მის ავტორიტეტს არაფერი აკლდებოდა. ამიტომ, როდესაც
აუცილებელი იყო ზონის ხელმძღვანელობასთან კონტაქტი, ბორია მზად იყო, გრძელი სიტყვა
წარმოეთქვა, რომლის პირველი სიტყვები იქნებოდა „მოქალაქე უფროსო“ (гражданин начальник, ეს
იყო ოფიციალური მიმართვა პოლიტიკურ ბანაკში; ამ ფორმას ანტისაბჭოთა აგიტაციისა და

42
პროპაგანდისათვის გასამართლებულთაგან არავინ ხმარობდა მანილოვიჩის გარდა). ერთხელ,
როდესაც წიგნის „სულიერი გენოციდი ლიტვაში“ ავტორს, ვიტაუტას სკუოდისს სიმწრით
დაზოგილი ვირტუალური „ფულით“ ნაყიდი ზეთის ბოთლი ხელიდან გაუვარდა, გაუტყდა,
ზეთიც დაეღვარა და მთავარი სიმდიდრე, მთელი შეკვრა შავი ჩაიც დაუზიანა, ბორია ზონის
უფროსთან შევიდა, „მოქალაქე უფროსოთი“ მიმართა და სახელგანთქმული ლიტველი
ინტელექტუალისთვის თითქოსდა საკანცელარიო ნივთების შესაძენად დამატებითი ორი მანეთი
გამოსტყუა (მანამდე ამ პატივით მარტო ჯაშუშები და სამხედრო დამნაშავეები სარგებლობდნენ).
ბორიას ჭადრაკი უყვარდა. ჭადრაკის სიყვარული მისთვის ნაციონალური სიამაყის საგანი იყო.
იმდროინდელი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის გუნდი იყო ებრაელი გროსმაისტერებით
დაკომპლექტებული და მაშინდელი საბჭოთა ანეკდოტიც ამბობდა: ერთი ებრაელი კომერსანტია,
ორი – მსოფლიო ჩემპიონატია ჭადრაკში, ბევრი – სსრკ მეცნიერებათა აკადემიაო. ჭადრაკი
უყვარდა და მშვენივრადაც თამაშობდა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ბანაკის დემოკრატები
რატომღაც მწყრალად იყვნენ ქალღმერთ კაისაზე და მანილოვიჩი პარტნიორებს სამშობლოს
მოღალატეებსა და ჯაშუშებში ეძებდა. ეძებდა და იპოვა კიდეც საჭადრაკო თვალსაზრისით
ღირსეული მეტოქე, აშშ სასარგებლოდ მოჯაშუშე ახპერ მეხტის ძე რაჯაბოვის სახით, რომელმაც
გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ საშუალო სიშორის სახელგანთქმული რაკეტის სს-20-ის
ნახაზები გადასცა ამერიკელებს იუგოსლავიაში.
თამაშობდნენ და თამაშობდნენ ბორია და რაჯაბოვი ჭადრაკს, მაგრამ ამ ხშირმა თამაშმა კი არ
დააახლოვა ერთმანეთს, არამედ მათ შორის იდეოლოგიური, ნაციონალური და რელიგიური
განსხვავებები კიდევ უფრო გამოკვეთა. როგორც კარგა ხნით ადრე სამართლიანად აღნიშნა
შორსმჭვრეტელმა მიხაილ პოლიაკოვმა, კონფლიქტი მწიფდებოდა. ვითარებას ისიც ამწვავებდა,
რომ ბოლოს მოთამაშეთა შორის ბალანსი დაირღვა და საჭადრაკო ფორტუნა ბორიასკენ
გადაიხარა. რაჯაბოვს სულ უფრო არ მოსწონდა გამარჯვებული მანილოვიჩის ხუმრობები და
ერთხელაც იფეთქა. ჩხუბს და გინებას მოულოდნელი განვითარება მოჰყვა, რაჯაბოვმა
ტუალეტიდან ფეკალიებით მოსვრილი ჯოხი გამოათრია და ბორიას სახეში სდრუზა.
გამწარებული ბორია ჩვენთან მოვიდა და განაცხადა, ამ შეურაცხყოფას პასუხს არ გავცემ, რადგან
ეს აშკარად ადმინისტრაციის პროვოკაციააო, და ჩვენც აგვიკრძალა საპასუხო მოქმედება. არ
მახსოვს, როგორ მოხერხდა ჩემი და დათოს დაკავება, ჩვენ აშკარად გვეგონა, რომ ზოგიერთ
პროვოკაციას უნდა წამოეგო კიდეც, თუკი ღირსების დაცვა სხვაგვარად შეუძლებელია.
კონფლიქტის შემდგომ რეკონსილაციას პიტერელები მეთაურობდნენ და კარგა ხნის შემდეგ
მოხერხდა მხარეების შერიგება, თუმცა ჩვენი პოზიცია არც მაშინ შეცვლილა და ამდენი წლის
შემდეგაც იგივეა, რაჯაბოვს ადეკვატური პასუხი არ გაეცა და ბორიას ღირსება შეიბღალა.
ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ღმერთს ბორიასთვის ჩვენზე გაცილებით მეტი
მოთმინების უნარი მიენიჭებინა. პოგრომებმა და ჰოლოკოსტმა წარუშლელი კვალი დატოვა
ბორიაზე: ამიტომ მასთან ანტისემიტური „ხუმრობებიც“ იოლად გადიოდა. როცა ჩვენი ზონის
კინომექანიკოსი ლისმანისი გოგოლის უკვდავი „მკვდარი სულების“ „სიყვარულით“ მანილოვიჩს
სობაკევიჩს ეძახდა (რაკი მემამულეები მანილოვი და სობაკევიჩი ერთ-ერთი მთავარი „მკვდრები“
არიან გოგოლის ამ შედევრში), ბორიას არ სწყინდა ან წყენას არ იმჩნევდა.
ბორია მანილოვიჩი, როგორც ჭეშმარიტი პეტერბურგელი და „სემიტური წარმომავლობის
დამპალი ინტელიგენტი – гнилой интеллигент семитского происхождения“ (მისი საყვარელი
განსაზღვრება იყო, რომელსაც ხშირად მიმართავდა) შესანიშნავად იცნობდა რუსულ
ლიტერატურას და, განსაკუთრებით, მისივე ტერმინი რომ ვიხმაროთ, რუსული ლიტერატურის
„სემიტურ-ქამიტურ მიმართულებას“ (ტერმინი „ქამიტური“ ამ შემთხვევაში კლასიკური
ენათმეცნიერებისადმი გაღებული ხარკი უფრო იყო; ბორია, რა თქმა უნდა, თავისი
თანამემამულეების წვლილზე საუბრობდა რუსულ ლიტერატურასა და კულტურაში).
ერთხელ მე რომ შენიშვნის სახით ვუთხარი, ამ ტერმინს, „სემიტურ-ქამიტურს“ აღარ ხმარობენ,
სამოცდაათიანი წლებიდან მის ადგილს ამერიკელი მეცნიერის გრინბერგის მიერ შემოღებული
„აფროაზიური“ იკავებს, ახლა სულ უფრო ხშირად ამბობენ „აფროაზიურ ენათა ოჯახი“ -მეთქი,
ბორია აღელდა.
– მაგ გრინბერგს რა ჰქვია, იოსკა ხომ არა? ნიუ-იორკელია?
– კი ნამდვილად, ჯოზეფ გრინბერგი, დაბადებული ბრუკლინში 1915 წელს, მოღვაწეობს
ენათმეცნიერების ორ სფეროში – ლინგვისტურ ტიპოლოგიასა და ენათა გენეალოგიაში, აღმოაჩინა
ენობრივი უნივერსალიები.
– იოსკა ჩემი ნათესავია! ჩვენც თქვენსავით, ქართველებივით სულ ერთმანეთის ნათესავები
ვართ, ოღონდ ისეთი, შენ რომ თქვი, ворона тётя сороки?

43
– კი ბატონო, тётя ოღონდ მამის ხაზით: ყვავი ჩხიკვის მამიდა.
– სიტყვასიტყვით იგივე იდიომა გვაქვს იდიშში.
რუსი მეგობრების გასაგონად უყვარდა ჩამოთვლა (როგორც წესი, ანბანურ რიგზე). რუსული
მწერლობის ვარსკვლავები: ბაბელი ისააკ ემანუელის ძე (დაბადებისას ბობელი); ბაგრიცკი
(ძიუბინი) ედუარდ გიორგის ძე; ილფი (აკრონიმია: იეხიელ-ლეიბ ფაინზილბერგი) ილია
არნოლდის ძე; მანდელშტამი ოსიპ (იოსიფ) ემილის ძე; პასტერნაკი ბორის ლეონიდეს ძე (1920
წლამდე ბორის ისააკის ძე); სვეტლოვი (შეინკმანი) მიხაილ არკადის ძე; ჩუკოვსკი კორნეი ივანეს
ძე (ემანუილ სოლომონის ძე ლევენსონის უკანონო შვილი).
როდესაც ბორია მხატვრებს, ექიმებს, მოჭადრაკეებს, კოსმონავტებს (მათ თემატურად, მისი
განმარტებით, „სახეობრივი გამდიდრების“ მიზნით, რატომღაც ამერიკელ ასტრონავტებსაც
მიაყოლებდა) და მეცნიერებს დაამატებდა (ანბანზე გაწყობილი ცალ-ცალკე ნუსხებით), ეს სია
უსასრულო ხდებოდა.
და ამ უზარმაზარი სიიდან, რუსული საბჭოთა კულტურის „მეექვსე კოლონიდან“ (ესეც ბორიას
შექმნილი ტერმინი იყო; მისი განმარტებით, ეს იგივე მეხუთე კოლონაა, ოღონდ ისეთი კოლონა,
რომელსაც ქვეყანა უყვარს როგორც პირველ ოთხს, მაგრამ თვითონ ქვეყანა მას უცხოდ, მტრად და
მეხუთედ აღიქვამს) ბორია მანილოვიჩს ჰყავდა თავისი რჩეული, მას გაცხადებული ჰქონდა
თავისი ლიტერატურული სიყვარული, მანილოვიჩის ფავორიტი იყო „ოდესური მოთხრობებისა“
და Конармия – „ცხენოსანთა არმიის“ ავტორი, 1940 წლის იანვარში სტალინის პირადი ხელმოწერის
საფუძველზე დახვრეტილი შესანიშნავი მწერალი და ბრწყინვალე სტილისტი ისააკ ბაბელი.
„ოდესურ მოთხრობებში“ ბაბელმა რომანტიკულად აღწერა XX საუკუნის დასაწყისის ოდესა,
ებრაელი კრიმინალებისა და უბრალო ხალხის ცხოვრება, ძეგლი დაუდგა ქურდების,
მძარცველების, ოსტატებისა და წვრილი მოვაჭრეების ეგზოტიკურ და ძლიერ ხასიათებს. ამ
მოთხრობების ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი გმირი იყო ცნობილი მძარცველი ბენია
(ბენციონ) კრიკი, რომლის პროტოტიპი იყო ოდესის რისხვა, ლეგენდარული მიშკა იაპონჩიკი (1919
წელს გარდაცვლილი მოსე ვოლფის ძე ვინიცკი, უაღრესად კოლორიტული კეთილშობილი ყაჩაღი,
რომელიც მკვლელობას ერიდებოდა, არტისტებს და, საერთოდ, ხელოვნების ხალხს
მფარველობდა და რომელსაც „იაპონჩიკი“ დაერქვა თვალების დამახასიათებელი ჭრილის გამო;
ახლახან გარდაცვლილ კანონიერ ქურდ იაპონჩიკს – ვიაჩესლავ კირილეს ძე ივანკოვს მოსე
ვოლფის ძესთან კრიმინალური საქმიანობის გარდა მხოლოდ თვალების მსგავსი ფორმა და სცენის
სიყვარული აკავშირებდა) – ამბობენ, რომ ბენია კრიკის სახეში ბაბელმა განახორციელა თავისი
ოდინდელი ოცნება ებრაელზე, რომელსაც თავის დაცვის უნარი აქვს (ოდესაში ებრაელთა 1905
წლის საშინელ დარბევას ანუ პოგრომს მოლდოვანკაზე დაბადებული და გაზრდილი ცხრა წლის
ისააკი ძლივს გადაურჩა – ქრისტიანულმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა იმ სამას ებრაელს შორის,
რომელიც მაშინ დაიღუპა, ბაბუამისი შოილ ბობელიც აღმოჩნდა).
სწორედ იმ წლებში, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ ბანაკში ვისხედით, ალექსანდრ როზენბაუმი
ქურდულ, ე.წ. „ბლატნოი“ სიმღერებს წერდა და მღეროდა, რომლებშიც მოქმედ გმირთა
სამოღვაწეო ასპარეზად რევოლუციამდელი ოდესა და მთავარ მოქმედ გმირად სწორედ
ბაბელისეული ბენია კრიკი გვევლინებოდა.
ბორიას აღფრთოვანებას ყველა ერთნაირად არ იზიარებდა. განსაკუთრებული და
არალიტერატურული არგუმენტებით იბრძოდა ჟორა ხომიზური: 1917 წლის დეკემბერში ბაბელი
ჩეკაში მუშაობდა, ხოლო პირველ ცხენოსანთა არმიაში კირილ ვასილის ძე ლიუტოვის სახელით
კორესპონდენტად კი გაიგზავნა, მაგრამ იქ პოლიტმუშაკამდე „ამაღლდაო“. ამგვარ თავდასხმას
ბორია შესაშური მოთმინებით პასუხობდა: „კონარმიას“ ყველაზე მეტად ბუდიონი დაესხა თავს,
ეს მოთხრობები პირველ ცხენოსანთა არმიაზე ცილისწამებააო, ხოლო კლიმენტ ვოროშილოვი 1924
წელს ცეკას წევრს და შემდგომში კომინტერნის ხელმძღვანელს, დიმიტრი მანუილსკის
შესჩიოდა, ცხენოსანთა არმიაზე დაწერილი ამ წიგნის სტილი „დაუშვებელიაო“; რაც შეეხება
ამხანაგ სტალინს, ხალხების მამა და ბელადი მიიჩნევდა, ბაბელი „ისეთ რამეებზე წერს, რაც
სრულიად არ ესმისო“.
– გინდა ახლა, ჟორა, ამ შესანიშნავ და წითელ კომპანიაში დარჩენა, ამხანაგებთან, ბუდიონისთან,
ვოროშილოვთან და სტალინთან ერთად? – იკითხავდა ცბიერი მანილოვიჩი და თვალებს მიშკა
იაპონჩიკივით მოჭუტავდა.
– და რა უნდოდა ძერჟინსკის, მენჟინსკის და მედვედის კომპანიაში, თუ კარგი კაცი იყო, თან რა
მწერალია, ეგეც დოსტოევსკი არ მყავდესო, – არ ცხრებოდა ხომიზური.
– რა შუაშია აქ დოსტოევსკი და პუშკინი? თუ შეიძლება ჩემს თანაქალაქელებს თავი დაანებეთ!

44
ისე, ჩეკისტად არა და წითელ კომისრად მარკ ზახაროვიჩ შაგალსაც უმუშავია, მართალია,
ხელოვნების ხაზით, მაგრამ მაინც კომისრად ვიტებსკის ოლქში, – ჩაერეოდა მიშა პოლიაკოვი.
პოლიაკოვი, როგორც ყოველთვის, ზუსტი იყო. ჟორა შაგალს აღმერთებდა დაახლოებით ისე,
როგორც ბაბელს ბორია, შეიძლება, უფრო მეტადაც კი და ამ საქმეში ბევრი მეგობარი ჰყავდა,
რომელთა რიგებში მეც ვიყავი (გაივლის მრავალი წელი და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე
უფრო თავბრუდამხვევ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს პარიზის გრან პალეში
მოწყობილი მარკ შაგალის შემოქმედების თითქმის სრული, გრანდიოზული გამოფენა, რომელზეც
მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი საუკეთესო მეგობარი მიგვიწვევს). ამ ეპიზოდის შემდეგ ხომიზურს
ბაბელის ძვირი არ უთქვამს და ბორია შეუფერხებლად და წარმატებით ეწეოდა მისი მწერლობის
პროპაგანდას.
ბაბელი მანამდეც მომწონდა, თუმცა მხოლოდ რევაზ ჯაფარიძის თარგმნილ „ცხენოსანთა არმიას“
ვიცნობდი. ბორიასთან შეხვედრის შემდეგ მოწონება სიყვარულში გადაიზარდა, ხოლო
მანილოვიჩის გაუთავებელი ლექციების შემდეგ სიყვარული გამიასკეცდა. ბორია ხშირად
მიმართავდა თავისი საყვარელი მწერლის პირდაპირ თუ ფარულ ციტირებას. ჩემი დაკვირვებით,
გარკვეული წესიც კი ჩამოყალიბდა: თუკი მანილოვიჩი ციტირებისას ავტორს არ დაასახელებდა,
ეს აუცილებლად ბაბელი იქნებოდა. ხანდახან ციტატის „გრძნობა“ შეუძლებელი იყო, თუკი
ბაბელის შემოქმედებას, განსაკუთრებით, „ოდესურ მოთხრობებს“, კარგად არ იცნობდი.
მაგალითად, როცა რომელიმე მეცნიერული თეორიის, ვთქვათ, ფსიქოანალიზის რაიმე რთულ
დებულებას წარმოადგენდა, ბორია მოულოდნელად იკითხავდა Мугинштейн, ты меня понял? უნდა
გცოდნოდა, რომ იგულისხმებოდა ეპიზოდი „ოდესური მოთხრობებიდან“, კერძოდ,
მოთხრობიდან „როგორ ხდებოდა ეს ოდესაში“ – Как это делалось в Одессе, სადაც სამ სხვა
ბანდიტთან ერთად საძარცვად მივარდნილი დანაშაულის სამყაროს „მეფედ“ წოდებული Король
ბენია კრიკი მილიონერი ტარტაკოვსკის პრიკაზჩიკს, საცოდავ მუგინშტეინს ამ უკანასკნელის
ტრაგიკული აღსასრულიდან რამდენიმე წუთის წინ მათი „შეხვედრის“ შინაარსს
ფილოსოფიურად უხსნიდა: Свинья со свиньей не встречается, а человек с человеком встречается.
Мугинштейн, ты меня понял?
ბაბელზე საუბარს ბორისი ვალენტინ კატაევის მიერ შემონახული უსახელო ეპიგრამით
ასრულებდა ხოლმე: Под пушек гром, под звоны сабель
от Зощенко родился Бабель.
ბორის მანილოვიჩი ფსიქოანალიტიკოსი იყო და შესანიშნავად ფლობდა მთელ სამეცნიერო
ლიტერატურას ფროიდიდან დაწყებული იუნგ-ადლერ-ფრომით გაგრძელებული და ლაკან-
მელმან-ლე გოფეთი დამთავრებული. იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ასე დიდ პატივს
სცემდა განსხვავებებს სამეცნიერო ნააზრევს შორის: ბორიას საათობით შეეძლო ესაუბრა
ფროიდის ფსიქოანალიზსა და იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიას შორის არსებულ ნიუანსურ
თუ ფუნდამენტურ განსხვავებებზე. როდესაც რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიით საუბარი
მეტისმეტად დამძიმდებოდა, სიტუაციის გასამუხტავად ბორია просторечие-ს მიმართავდა და
ხალხურ მეტყველებაზე, მდაბიურ ენაზე გადადიოდა: – ფროიდი, – ამბობდა ბორია, – შემიძლია
შევადარო ჩვენს ჟორა ხომიზურს, ანუ, სიყვარულით რომ ვთქვა, ზიგმუნდ პავლოვიჩ ხომიზურს,
ერთი სიტყვით, ხომიზიგმუნდს; ისიც მკაცრად და უკომპრომისოდ ფიქრობდა ყველას მაგივრად,
სტალინივით მისთვისაც დამახასიათებელი იყო არა каждому своё, არამედ каждому МОЁ. მისთვის
ყველა ადამიანი ერთნაირი ოიდიპოსი იყო; იგი ფიქრობდა, რომ ყოველ ექიმზე (გურულ
„დოხტურზე“), თუნდაც ფილოსოფიის დოქტორზე, მოდის მიწის არაუმეტეს სამი არშინისაო – на
всякого доктора, будь он даже доктором философии, приходится не более трех аршин земли (რა თქმა
უნდა, ბაბელის ციტატაა). იუნგი უფრო გრიშა ფელდმანს ჰგავს („გრიგორიL Lუნგ“ – ხომ ჟღერს!).
გრიშა იუნგი რელიგიურია და სხვებზე მეტად საკუთარი სულის ხსნაზე ზრუნავს; სული კი მას,
როგორც ცნობილია, – კეთილი ქირქილით იტყოდა ბორია, – სხეულის ყველაზე საკრალურ
ნაწილში, კუჭში აქვს მოთავსებულიო.
– ადლერი? – ვკითხავდი მე.
– ადლერი შენ გგავს, მოსწავლის სიყვარულით გაჟღენთილი ინდივიდუალისტი და
უნივერსალური მასწავლებელია: ლევან ადლერ, ესეც ჟღერს. სამყაროში რომ ნამდვილი წესრიგი
ყოფილიყო, ზიგმუნდ ფროიდი ავსტრიელ ებრაელად კი არა, გერმანელ არისტოკრატად
დაიბადებოდა; ცვინგლიანელი კარლ გუსტავ იუნგი გერმანულენოვანი შვეიცარიელი კი არა –
ფრანგი კალვინისტი შარლ გიუსტავ ჟენგლი იქნებოდა, ავსტრიელი ალფრედ ადლერი კი
აუცილებლად ქართველ ფრიდონ ადლერაშვილად მოგვევლინებოდაო.
ამ დიალოგის შემდეგ ბორისი, განსაკუთრებით, თუკი რაიმეს თხოვნას აპირებდა, „ლევან
ადლერიანოვიჩად“ („ვალერიანოვიჩის ამბავში“) მომიხსენიებდა.

45
ბორია ანეკდოტების ნამდვილი სკივრი იყო. ანეკდოტების უმრავლესობა ან ებრაელებზე იყო, ან
პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, ან კიდევ ებრაელებზეც იყო და პოლიტიკურ ხასიათსაც
ატარებდა. მე ყველაზე მეტად ერთი ანეკდოტი დამამახსოვრდა, რადგან მას მანილოვიჩი კი არ
ჰყვებოდა, არამედ ერთი მსახიობის თეატრივით ასრულებდა.
– მორდუხაისა და სარას სამი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავდათ, ანა, დებორა და ლია. მოვიდა
მოშე და მოიყვანა ცოლად ანა. გადის დრო, მოდის მორდუხაისთან და სარასთან მოშე და ეუბნება,
ცუდი ამბავი შეგვემთხვა, ანა გარდაიცვალაო. იტირეს მშობლებმა ანა და მისი და, დებორა
გააყოლეს მოშეს. გადის ხანი და მოსე ისევ მოდის, არ დაიჯერებთ და დებორაც გარდაიცვალაო.
იტირეს მშობლებმა დებორა და ლია გააყოლეს ცოლად. არ გადის დიდი დრო და მოსე ისევ მოდის
მორდუხაისთან და სარასთან და ეუბნება, თქვენ ახლა სიცილით მოკვდებით, მაგრამ ლიაც
გარდაიცვალაო.
ბორია იცინოდა, ორი ცოლი მყავდა, ორივე ცოცხალია, ორივე ებრაელია და ორივე ინტელექტუალი,
ხან ერთი მაკითხავს ზონაში და ხან მეორე, ორივე მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მაგრამ ისრაელში
წასვლაზე ვერც ერთმა ვერ დამიყოლიაო. სხვათა შორის, ჩემი მეორე, მაღალინტელექტუალური
მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით მაწამებდა, მაგალითად, სექსის დროს წიგნს
კითხულობდაო; ახლა რუს ქალზე მაქვს თვალი დადგმული და მეშინია, მან არ მაიძულოს
ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაო. ხომ იცით, თანამედროვე რუსული ფოლკლორის ჰიტია:
От Рязани до Казани острый ножик точится, Сделай милый обрезание, мне в Израиль хочется.
ბორიამ გამოიცნო: რუსმა მეუღლემ მართლა ისრაელში წააყვანინა თავი. და დაიკარგა ჩვენთვის
ბორის მანილოვიჩი. სად არ ვეძებდით ცალკე მე, ცალკე პოლიაკოვი და ცალკე ხომიზური. ისიც კი
არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ არა, სანამ შარშან ინტერნეტში არ წავაწყდი საუბარს ისრაელის
ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური სამსახურის უფროსთან, ბორის მანილოვიჩთან, სადაც
ჭარმაგი პროფესორი, რომელიც მოხსენიებულია როგორც „დამოკიდებულების ფსიქოლოგიის“
ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ლაპარაკობს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ტყვეობაზე და
(მიაქციეთ ყურადღება, რა თანმიმდევრულია, რა მუდმივია ეს პიროვნება!) განსაკუთრებით ხაზს
უსვამს განსხვავებას ალკოჰოლიკსა და ნარკომანს შორის. მთელი ინტერვიუ აგებულია ამ
განსხვავებაზე, იმაზე, რომ ალკოჰოლიკი ანოზოგნოზიითაა შეპყრობილი – საკუთარ დაავადებას
უარყოფს, საკუთარი დეფექტის კრიტიკული შეფასება არ შეუძლია, ხოლო ნარკომანი ძალიან
მალე ხვდება, რომ ავადაა.
ვერც ამ მასალის მოპოვების შემდეგ მივწვდი ბორიას ელექტრონულად, მაგრამ მაინც გამიხარდა,
რომ ცოცხალია და თავისი თავის ერთგულია.
ბორია ამბობდა, დაპატიმრებამდე სოლჟენიცინს ვკითხულობდი და დიდი მწერალი წერდა,
ბედის მადლიერი ვარ, პატიმრობა რომ მარგუნაო. ამას წერდა დოსტოევსკიც და ამას წერდა
მაჰათმა განდიც. მე მათი არ მჯეროდაო, ამბობდა მანილოვიჩი. სიმართლე რომ ვთქვა, ბორიასი არ
იყოს, არც მე მჯეროდა, სანამ არ დამაპატიმრეს და არ მივხვდი, რომ ამ დიდი ადამიანების
პოზიციას სერიოზული საფუძველი ჰქონია. რა თქმა უნდა, ბედის მადლიერი ვარ, რომ გულაგში
პატიმრობა მერგო და ამ პატიმრობამ სხვებთან ერთად ბორის მანილოვიჩთან მეგობრობა მაჩუქა.

ვადიმი
ვადიმი, ანუ ვადიმ ანატოლის ძე იანკოვი, განათლებით მათემატიკოსი, რეალურ ცხოვრებაში კი
ერთდროულად დიდი ტოპოლოგოსი, ფილოლოგოსი, ფილოსოფოსი, პოლიგლოტოსი,
მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ტვინიკოსი და, უბრალოდ და სიყვარულით და შემოკლებით
– კოსი, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ერუდირებული ადამიანი იყო, ვინც კი ცხოვრებაში
შემხვედრია. „კოსი“ ჩემმა ძმამ, დათომ დაარქვა და ამ საიდუმლო თიკუნით მხოლოდ
ქართველთა შორის მოიხსენიებოდა. დათოს გულწრფელად უყვარდა, მე პოსტნიცშეანელ
ზეადამიანად მიმაჩნდა, ჟორა მუდმივად ეკამათებოდა და ჯონი ჩუმჩუმად დასცინოდა.
1982 წელს დაპატიმრებულ ვადიმ იანკოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 4 წელი და 3 წელი
გადასახლება ჰქონდა მისჯილი. საპატიმრო ვადა სრულად მოიხადა და გადასახლებაში
ბურიატიის ასსრ-ში გაუშვეს.
ტაგანროგში დაბადებული ვადიმ იანკოვი წარმოადგენდა ჩვენი პოლიტიკური ბანაკის ერთ-ერთი
ძირითადი ნაწილის, მოსკოვური კოლონიის ნამდვილ ვარსკვლავს (მაგრამ არა ლიდერს, რადგან

46
პოლიტიკურ პატიმარ მოსკოველებს, ქართველებისა არ იყოს, ერთიანი ლიდერი არც ერთ
პოლიტიკურ ბანაკში არასოდეს ჰყოლიათ) სხვა ინტელექტუალებთან, საშა ჩერნოვთან, ჟორა
ხომიზურთან, მიშა რივკინთან, იაშა ნეფედიევთან ერთად.
იცოდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, ძველი ბერძნული,
ლათინური და ძველი ინდური (სანსკრიტი). შესანიშნავად ერკვეოდა ზოგადი და ინდოევროპული
ლინგვისტიკის, მათ შორის, რომანული ენების საკითხებში, იცნობდა ძველ და ახალ ქართულ
ენათმეცნიერებას, ხშირად ახსენებდა ქართველი ენათმეცნიერების, თამაზ გამყრელიძის, გივი
მაჭავარიანის, ბაქარ გიგინეიშვილის ნაშრომებს, შეეძლო საათობით ესაუბრა აბლაუტსა და
სონანტთა სისტემაზე უძველეს ქართულში. ძველი ბერძნული იმდენად კარგად იცოდა, რომ
ჩვენს ერთობლივ სემინარებზე, რომელსაც მორიგეობით ვატარებდით ხოლმე დაინტერესებულ
პირთათვის, ჰომეროსიდან ციტატებს უნაკლო ჰექსამეტრით კითხულობდა და არ მახსოვს, ერთი
შეცდომა მაინც დაეშვას (კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტები მიმიხვდებიან, ენის რა
დონის ცოდნას აღნიშნავს ეს).
ვადიმი მერაბ მამარდაშვილის მეგობარი და სოკრატიკოსი იყო ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო
გაგებით. სოკრატესავით წერაზე მაღლა მეტყველებას აყენებდა და ხუმრობით ამბობდა, ცნობილი
ლათინური ანდაზა Nulla dies sine linea (არც ერთი დღე სტრიქონის გარეშე, ანუ ერთი სტრიქონი
მაინც უნდა დაწერო დღეში, პროდუქტიულობის ფორმულა) ჩემთვის სხვაგვარად ჟღერს Nulla dies
cum linea (არც ერთი დღე სტრიქონთან ერთად – დღე არ უნდა იყოს, რომ სტრიქონი მაინც დაწერო,
არასდროს არაფერი დაწერო). ამ პრინციპით ყველაზე მეტად მისი მეუღლე ზარალდებოდა,
რომლის მოზრდილ წერილებს ვადიმი პარადოქსებით სავსე უმოკლესი წერილებით პასუხობდა;
ამ სხარტი ფორმით გამოთქმული პარადოქსების მოსაფიქრებლად კი დროს არ იშურებდა.
მრავალგზისი გამოცდის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ვადიმმა პრაქტიკულად
ყველაფერი იცოდა, რაც შეიძლება ჩვენ დაგვჭირვებოდა. ყველა საკამათო საკითხზე მასთან
გარბოდა მთელი ზონა. საბჭოთა მულტივიტამინების მამა, არნოლდ ანდერსონი მასთან გადიოდა
კონსულტაციებს ვიტამინებისა და ბიოლოგიური დანამატების შესახებ; უკრაინული სოციალ-
დემოკრატიის ლიდერი, იური ბაძიო მასთან არკვევდა ისტორიის საზრისის საკითხს; ჩვენი
მთავარი გეოლოგი, გიორგი ხომიზური თავდავიწყებით ეკამათებოდა გეოლოსინკლინალიებზე;
თანამედროვე უკრაინული ნაციონალიზმის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი, დმიტრო მაზური
ებაასებოდა თავისთვის სრულიად მიუღებელ პოზიტივიზმზე; ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, პოეტი
და ფარული სიონისტი ბორია მანილოვიჩი დახურულ ინფორმაციას სთხოვდა ისრაელის არმიის
შეიარაღების შესახებ; იაპონიის ჯაშუში და კორეელი კომუნისტი კან-ჩან-ხო ყვითელი ძაღლის,
როგორც იდეალური კერძის, შესახებ ემასლაათებოდა და ბალყარელი რუსლან კეტენჩიევი
ფუტუროლოგიურ ანალიზს უკვეთავდა ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემებზე. თამამად შემიძლია
ვთქვა, რომ ყოვლისმცოდნე და მუდამ დაუზარელი ვადიმ იანკოვი ჩვენი პოლიტიკური
ბანაკისთვის იყო ინტერნეტამდელი ეპოქის გუგლი, იაჰუ და ვიკიპედია ერთად აღებული.
სომეხი მეუღლე ჰყავდა და სომხებს პატივს სცემდა; ქართველები, როგორც თვითონ ამბობდა,
უანგაროდ უყვარდა; უამრავი ქართველი მეგობარი ჰყავდა როგორც მოსკოვში, ისე თბილისში.
ერთხელ ვკითხე, ამდენი ენა რომ იცი, მეუღლის ხათრით სომხური როგორ არ ისწავლე-მეთქი და
მიპასუხა, სომხური რომ მესწავლა, ქართულიც უნდა მესწავლა, მეგრულიც, სვანურიც, შემდეგ
აფხაზურიც, ოსურიც და ჩრდილოეთ კავკასიის ენებიც და ამდენი, აბა, სად შემეძლოო (არ ვიცი,
მეუღლესაც ასე უპასუხა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ სომხური და ქართული ანბანისადმი
ინტერესი ზონაში გამოავლინა – მე და რაფაელ პაპაიანს მოსწავლედ დაგვიდგა. სამივე ქართული
ანბანი სწრაფად ისწავლა და კითხვაში ჟორა ხომიზურს გაუსწრო).
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას გეგმავდა სპეციალური კომისია (სიტყვა „საბჭოს“
გაგონება არ უნდოდა არავის), რომელშიც ბოლოს მეც შევდიოდი და ყველაზე ახალგაზრდა წევრი
ვიყავი; ამ კომისიას ვადიმი ხელმძღვანელობდა. კომისიამ დამავალა ვაჟა-ფშაველაზე
მოხსენებათა ციკლის მომზადება. გამიხარდა, რა კარგია, ვაჟა რომ იცით-მეთქი და კოსმა
მისაყვედურა, როგორ შეიძლება ვაჟა-ფშაველა არ გვცოდნოდა, ის ხომ კოსმიური მასშტაბის
პოეტი და სკეფსისის თეორეტიკოსი იყო, ხოლო ალუდა ქეთელაური პირველი დისიდენტიო!
რუსულ კულტურაში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმა ვაჟას შემოქმედება როგორ არ უნდა იცოდეს,
როცა მას პასტერნაკი, ზაბოლოცკი და სპასკი თარგმნიდნენო.
როგორც ყველა გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანს, ვადიმ იანკოვსაც უამრავი თავისებურება
ახასიათებდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უცნაურობა, ვადიმს რომ ახლდა, საკუთარი
ეროვნებისადმი დამოკიდებულება იყო. რუსი მამისა და ებრაელი დედის შვილი, კოსი, თავს ხან
რუსად აღიარებდა და ხან ებრაელად. რაც მთავარია, მის საქციელში ლოგიკას ვერ დაიჭერდი,
ვერავინ გამოიცნობდა, როდის გახდებოდა რუსი და როდის – ებრაელი. ავი ენები ავად
ხუმრობდნენ, ებრაელების შევიწროვება რომ იწყება, მაშინ რუსი ხდება და, პირიქით, ებრაელობა

47
რომ სასარგებლოა, მაშინ რუსობაზე უარს ამბობსო. კეთილ ენებს კეთილად ეჩვენებოდათ, რომ
ვადიმ იანკოვი სწორედ მაშინ დებდა ებრაელობაზე თავს, როდესაც მათი შევიწროება იწყებოდა.
ზონის ადმინისტრაცია მებრძოლი ანტისემიტებით იყო დაკომპლექტებული, ნაციონალისტ
პატიმრებშიც ანტისემიტები უმრავლესობას შეადგენდნენ (ამ მხრივ უკრაინელი ბენდერელები
და ბალტიისპირელი სამხედრო დამნაშავეები ლიდერობდნენ) და ებრაელობის თუნდაც ხანდახან
აღიარება გმირობის ტოლფასი იყო.
მე მიყვარდა კოსის დაპატიჟება ჩემს მწირ სუფრაზე, მაგრამ სირთულე მქონდა, სიმწრით ნაშოვნ
ღორის ქონის, რუსული, უკრაინული ან ლიტვური სალის ნახევარ ნაჭერს ხან დამიწუნებდა და
ხან დიდი ოხვრით მოინატრებდა. ბოლოს და ბოლოს, თვითმფრინავის გამტაცებლისა და
სიონიზმის ღიად მქადაგებლის (სინამდვილეში კი ადმინისტრაციისა და კაგებეს აგენტის), მისი
სეხნიის, ვადიმ არენბერგის აქტიური მოღვაწეობის შედეგად ზონაში ებრაული თავსაბურავი, ე.წ.
„ერმოლკა“ გაჩნდა და ვადიმის ეროვნების გამოცნობაც საგრძნობლად გაადვილდა: როცა
ებრაელობდა, შენობაშიც ერმოლკას იხურავდა და როცა რუსობდა, ერმოლკას სადღაც მალავდა.
არენბერგის ზეობის ხანაში სასადილო დარბაზში ერთ მაგიდასთან ისხდნენ ერმოლკიანი ვადიმ
იანკოვი, ვადიმ არენბერგი, იაშა ნეფედიევი და გრიშა ფელდმანი.
ერთხელაც სადილზე შემოიჭრნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონტროლიორ
ტრიფონოვის ხელმძღვანელობით. ტრიფონოვმა დაიღრიალა: Снять головные уборы! ერთი-ორი
მუსლიმი გვყავდა და ქუდი მოიხადეს, ვადიმმა, იაშამ და გრიშამ ერმოლკები მოიხსნეს, ხოლო
არენბერგმა და რივკინმა, ტრიფონოვის განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად ერმოლკა არ
მოიშორეს. პატიმარი მიშა რივკინი დაუმორჩილებლობისთვის ხელახლა დააპატიმრეს,
დამატებით რვა წლის საპყრობილე მიუსაჯეს და ჩვენი ზონიდან წაიყვანეს „კრიტში“, ანუ
საპყრობილეში, ხოლო პროფესიონალი პროვოკატორი არენბერგი ზონაში დაგვიტოვეს, სანამ
საერთო სიძულვილის ატმოსფერომ არ გადააგვარა და თავი პერმის პოლიტიკურ ბანაკში არ
გადააყვანინა. ამ დღის შემდეგ ვადიმ იანკოვს ერმოლკა არ დაუხურავს, მე კი მისთვის სალა აღარ
შემითავაზებია, სანამ ერთხელ თვითონ არ დამპატიჟა შავი პურის ნაჭერზე, ლიტვურ შებოლილ
სალის ერთ ლუკმასა და მეოთხედ კბილ ნიორზე.
ქართველებს და ვადიმ იანკოვს ერთ საკითხზე განსაკუთრებული უთანხმოება გვქონდა. ვადიმი
გაკვირვებული იყო, რატომ ჩქარობთ საბჭოთა კავშირიდან გაქცევას, განა უმჯობესი არ იქნება
კომუნიზმი საერთო ძალებით დავამარცხოთ, ლიბერალური დემოკრატია ავაშენოთ და მერე
უმტკივნეულოდ დავიშალოთო. ჩვენ ვეუბნებოდით, ჩვენი ქვეყანა მოგვეცით და ჩვენს წითლებს
თვითონ მივხედავთო. მიშა პოლიაკოვი თავის ცნობილ გამოსავალს გვთავაზობდა, რუსეთი
გავიყვანოთ საბჭოთა კავშირიდანო, მაგრამ იანკოვისთვის ეს არაფერს ნიშნავდა. თქვენ თუ
საბჭოთა კავშირიდან გახვალთ, რუსეთს დემოკრატიული განვითარების შანსი დაეკარგება,
სათავეში დერჟავნიკები მოვლენ, რუსეთისთვის ერთადერთ გამოსავალს მოძებნიან და,
უბრალოდ, ჩვეულებრივ ომს დაგიწყებენო, ბუნებრივია, ბირთვული იარაღის გარეშე, მხოლოდ
ტანკებით და ავიაციითო, გვაფრთხილებდა. მე ვეუბნებოდი, მაგ დროისთვის საქართველო უკვე
გაეროს და ნატოს წევრი იქნება და ომს ვერავინ დაუწყებს-მეთქი. დიდი პრობლემა გაქვთ,
აფხაზეთიო, მაგრამ ჩვენი ხაზი, ბუნებრივია, უცვლელი იყო.
მიუხედავად სხვადასხვა ფუტუროლოგიური ხედვისა, იანკოვი მუდმივად ცდილობდა
პოზიტიური და მშვიდობიანი საერთო ნიადაგი გამოეძებნა. ამ გზაზე ექსპერიმენტებსაც არ
ერიდებოდა. ბანაკში პოპულარობით სარგებლობდა ვადიმის მიერ ინიცირებული სოკრატული
დიალოგები, რომელშიც მომხსენებელი სოკრატეს როლში გვევლინებოდა და მსმენელები – მის
მეტოქეებად ან მოსწავლეებად. ერთ-ერთი ასეთი სადიალოგო მოხსენება მე წავუკითხე მშიერ
ზონას ქართული კულინარიის მწვერვალის, საცივის შესახებ. ძველი პატიმრები დღესაც
მეუბნებიან ან მწერენ, რომ იმის მსგავსი სპექტაკლი, რაც მე და ვადიმ იანკოვმა დავდგით
საცივის თაობაზე პოლიტიკურ ბანაკში, არასოდეს უნახავთ. ამ დიალოგში მე, ანუ ვითომდა
გულუბრყვილო სოკრატე, კითხვებს ვუსვამდი გამოცდილ სოფისტს, ვადიმ იანკოვს, მსოფლიო
კულინარიის ექსპერტს, რომელიც ბოლოს აღიარებდა, რომ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე
საცივზე უკეთესი. მთლიანად ჩვენი დიალოგის აღდგენა არ შემიძლია, მაგრამ იგი დაახლოებით
ასე მიმდინარეობდა: სოკრატე (მე): როგორ ფიქრობ, ანაქსაგორა, მსოფლიოში რამდენი ნაცია
არსებობს?
ანაქსაგორა (ვადიმ იანკოვი): აბა როგორ გითხრა, ჩემო სოკრატე, სახელმწიფო-ნაციას თუ
გულისხმობ, ორასზე ნაკლებია და ენა-ნაციას თუ გულისხმობ, ხუთი ათასიც კი იქნება.
სოკრატე: სახელმწიფო-ნაციაზე შევჩერდეთ, ესე იგი ორასიაო?
ანაქსაგორა: ახლა ნაკლებია, მაგრამ ზოგიერთი სეპარატისტი რომ გაიმარჯვებს, ორასიც იქნება და
შეიძლება ცოტა გადააჭარბოს კიდეც.

48
სოკრატე: რა ნიშნებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან სახელმწიფო ნაციები?
ანაქსაგორა: ერთი ჯმუხი სოფისტის მიხედვით, ენით, რწმენით, ტერიტორიით, კულტურით.
სოკრატე: არ მეგონა, თუ მაგ სოფისტს დაესესხებოდი, ანაქსაგორა.
ანაქსაგორა: თქვენი ფრატრიიდანაა და კიდევ მე მემართლებით?!
სოკრატე: კულტურაში რას გულისხმობ?
ანაქსაგორა: რაც ადამიანის ხელით ქმნილა, დამუშავებულა. ლათინურია – colo, colui, cultum, colere
ვამუშავებ.
სოკრატე: კულინარია კულტურაა?
ანაქსაგორა: არა მგონია, ჩემო სოკრატე, კულტურა უფრო მაღალ მატერიებს მოიცავს.
სოკრატე: საკვებს ადამიანები ამზადებენ?
ანაქსაგორა: ნამდვილად, სოკრატე.
სოკრატე: ხელით აკეთებენ ამას?
ანაქსაგორა: ძირითადად, ჩემო სოკრატე.
სოკრატე: როგორ თუ ძირითადად?
ანაქსაგორა: ღვინოს ფეხით წურავენ და ზოგიერთი ტომები ხორცსაც ფეხით ბეგვავენ.
სოკრატე: ძირითადად კი ხელით?
ანაქსაგორა: დიახაც, ჩემო ტკბილო სოკრატე.
სოკრატე: მაშ საკვები ადამიანის ხელით ქმნილა და დამზადებულა?
ანაქსაგორა: დიახაც.
სოკრატე: ეგ ხომ კულტურის შენეული განმარტებაა?
ანაქსაგორა: გამოდის, რომ კულინარია კულტურა ყოფილა, ჩემო სოკრატე.
სოკრატე: რამდენი ნაციააო, ჩემო ყოვლისმცოდნე ანაქსაგორა?
ანაქსაგორა: ორასზე ნაკლები.
სოკრატე: რამდენი სამზარეულოა ცნობილი?
ანაქსაგორა: ოცამდე.
სოკრატე: ტაილანდურსა და ჩინურს ერთად ხომ არ ანგარიშობ?
ანაქსაგორა: როგორ გეკადრება, ჩემო სოკრატე!
სოკრატე: იბერიული თუ შეგყავს მაგ ოცეულში?
ანაქსაგორა: ორჯერ, ჩემო სოკრატე. აღმოსავლურიც და დასავლურიც.
სოკრატე: მოსკოვში რამდენი ესპანური რესტორანი გაქვთ?
ანაქსაგორა: არც ერთი, ჩემო სოკრატე.
სოკრატე: არგენტინული?
ანაქსაგორა: არც ერთი.
სოკრატე: აბა, მექსიკური?
ანაქსაგორა: არა, ჩემო სოკრატე.
სოკრატე: აღმოსავლურ იბერიული?
ანაქსაგორა: მაგას ვინ მოთვლის, სოკრატე ბატონო? მარტო „არაგვი“ რად ღირს!
პაპაიანი: „არაგვის“ მთავარი მზარეული სომეხია.
სოკრატე: მით უმეტეს! მსოფლიო სამზარეულოთა ათეულში ქართული შედის?

49
ანაქსაგორა: ულაპარაკოდ, ჩემო სოკრატე.
სოკრატე: ერთი ეს მითხარი, ანაქსაგორა, ათეულის ჩამოთვლა შეგიძლია, ოღონდ ვინმემ რამე რომ
არ დაგვწამოს, ანბანური რიგით?
ანაქსაგორა: მაგაზე იოლი რა უნდა იყოს? ავღანური, ესპანური, ინდური, იაპონური, იტალიური,
მექსიკური, ტაილანდური, ფრანგული, ქართული, ჩინური.
სოკრატე: ქართველები ამბობენ, რომ მათი საუკეთესო კერძი ხაჭაპურსა და საცივს შორის უნდა
ამოვირჩიოთ; დავუშვათ, ეს საცივია, დანარჩენების ჩემპიონ კერძებზე რას იტყოდი, ანაქსაგორა?
ანაქსაგორა: ავღანელებისთვის ესაა კაბობი კუბიდეჰით, ესპანელებისთვის პაელია,
ინდოელებისთვის კარი, იაპონელებისთვის სუში, იტალიელებისთვის პიცა, მექსიკელებისთვის
ტაკო, ტაილანდელებისთვის კრევეტის სუფი ტომ კუმ იანი, ფრანგებისთვის ლოკოკინა,
ჩინელებისთვის ვეფხვისა და დრაკონის შეტაკება.
სოკრატე: ბოლოდან დავიწყოთ. ვეფხვისა და დრაკონის შეტაკებას რომ ამბობ, დრაკონში გველი
ხომ არ იგულისხმება?
ანაქსაგორა: ნამდვილად, ჩემო სოკრატე.
სოკრატე: მსოფლიოში ბევრი იცი ისეთი ხალხი, გველს რომ ეტანებოდეს?
კან-ჩან-ხო: კორეელები ყველაფერს ვჭამთ, რაც ადამიანზე დაბლა დგას, გველსაც და მაიმუნსაც.
ანაქსაგორა: არა, შორეულ აღმოსავლეთს და მითოსურ ქაჯებს თუ არ ჩავთვლით, არა.
სოკრატე: ესე იგი, ეგ მსოფლიო კერძი ვერ იქნება.
ანაქსაგორა: ასე გამოდის, ჩემო სოკრატე.
კან-ჩან-ხო: არ გიჭამიათ და იმიტომ.
სოკრატე: ლოკოკინას ყველა მიირთმევს?
ანაქსაგორა: ვერც ეგ იქნება მსოფლიო საჭმელი.
სოკრატე: უმი ხორცის მოყვარულებზე რას იტყვი, ანაქსაგორა?
ანაქსაგორა: უმცირესობაში არიან.
იაპონიის ჯაშუში ორლოვი: სუში უმი არ არის, მთლად უმი არ არის.
სოკრატე: როგორია სუშის შანსები?
ანაქსაგორა: მინიმალური, ჩემო სოკრატე.
სოკრატე: კრევეტებს ვოლგაში იჭერენ?
ანაქსაგორა: მსოფლიოს ნახევარმა საერთოდ არ იცის, რაა კრევეტი.
სოკრატე: უკრევეტოდ და ქოქოსის რძის გარეშე ტომ კუმ იანი წარმოგიდგენია, დიდო გურმანო
ანაქსაგორა?
ანაქსაგორა: არა, ჩემო სოკრატე.
სოკრატე: კარგად დაფიქრდი, ჩემო ანაქსაგორა და მიპასუხე, ესპანური პაელია სჯობს თუ კარგი
უზბეკური ფლავი?
ანაქსაგორა: რახიმოვის თანდასწრებით ტყუილს ვერ ვიტყვი – უზბეკური პლოვი, რა თქმა უნდა.
სოკრატე: ესე იგი, მსოფლიო კერძად ეგ არ გამოდგება. რაღა დაგვრჩა?
ანაქსაგორა: შესანიშნავი ხუთეული: ავღანური კაბობი კუბიდეჰით, ინდური კარი, იტალიური
პიცა, მექსიკური ტაკო და ქართული საცივი.
სოკრატე: იტალიური პიცა, ქართული ხაჭაპური, რუსული ვატრუშკა ტიპოლოგიურად ერთნაირი
ხომ არ არის?
ანაქსაგორა: შენ იცი, ჩემო სოკრატე ჩემი დამოკიდებულება ხაჭაპურთან; ამოვაგდოთ პიცა, მაინც
არა ვარ დიდი მოყვარული.
სოკრატე: მექსიკური ტაკო რაღაა, „სბორნაია სალიანკა“ არ აჯობებს, რომელიც იგივეა, მაგრამ

50
გაცილებით მეტი კომპონენტით?
დონსკოი: სბორნაია სალიანკა აჯობებს, მარტო მჟავე კიტრი რად ღირს!
სოკრატე: შევჩერდეთ ავღანურ ქაბობზე, იგივე ქართულ მწვადზე, სომხურ ხორევაცსა და
საკავშირო „შაშლიკზე“. შენ შეგიწვავს მწვადი, ჩემო ანაქსაგორა?
ანაქსაგორა: როგორ არა, პერედელკინოში სულ მწვადებს არ ვწვავდით?!
სოკრატე: აბა კუბიდეჰი ქართველები რომ ქაბაბს ვეძახით, ისაა და ეგ აზერბაიჯანელებს რომ
აქვთ, ავღანური იმას ვერ აჯობებს.
ანაქსაგორა: მართალი ხარ, ჩემო სოკრატე, მე რომ კარგად გამომდის, ის ვერ იქნება მსოფლიოს
საუკეთესო კერძი. თან ყველა მწვადს სომხური ხორევაცი სჯობია.
სოკრატე: იწყება ნიგვზიანების კონკურსი. კარი თუ საცივი?
ანაქსაგორა: გაგვიჭირდება არჩევა, ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
სოკრატე: აბა მითხარი, ანაქსაგორა, ხორცად რა აქვს კარის?
ანაქსაგორა: ქათამი.
სოკრატე: საცივს?
ანაქსაგორა: ინდაური.
სოკრატე: რომელი უფრო დიდია?
ანაქსაგორა: ჩემო სოკრატე, ეს რა არგუმენტია?
სოკრატე: რომელი უფრო სქელია, საცივი თუ კარი?
ანაქსაგორა: საცივი.
სოკრატე: რომელშია მეტი ნიგოზი?
ანაქსაგორა: საცივში.
სოკრატე: ერთი ჯამი საცივი მეტად გაგაძღობს თუ ერთი ჯამი კარი?
ანაქსაგორა: საცივი, ჩემო სოკრატე. ვაღიარე, საცივია მსოფლიოს საუკეთესო კერძი და ბარემ
გვითხარი, როგორ მზადდება.
ამას მოჰყვა საცივის რეცეპტი და დამზადების წესის აღწერა. მშიერი ხალხი ტიროდა და
დიალოგის წარმატებას გვილოცავდა. მე და იანკოვმა, ემოციურად დაცლილებმა და მსახიობურად
დაღლილებმა ორი თერმოსი მაგარი ჩაი დავლიეთ და დავიფიცეთ, რომ თავისუფლებას რომ
მივაღწევდით, საუკეთესო ინდოელ და ქართველ მზარეულებს, შესაბამისად, კარისა და საცივს
დავუკვეთავდით და კულინარიული ბრძოლის ველზე გავარკვევდით გამარჯვებულის ვინაობას
(ეს მარტივი გასტროცენტრული ოცნება ჯერაც აუსრულებელი გვაქვს).
როგორც უკვე ვთქვით, ძველი ბერძნულის შესანიშნავი მცოდნე იყო, ოღონდ ეს უფრო
მოყვარულის ცოდნა იყო, ვიდრე პროფესიონალის. მაგალითად, accusativus cum infinitivo
თეორიულად ესმოდა, მაგრამ პრაქტიკაში რომ შეხვედროდა, შეიძლება ვერ ეცნო. ძველი
ბერძნული ენის სობოლევსკისეული სახელმძღვანელო ჰქონდა თან, მაგრამ იქაური ტექსტები
ათასჯერ გადაღეჭილი ჰქონდა. ამასობაში მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა და მე სერიოზულ
საჩუქარს ვუმზადებდი. წიგნი-ფოსტით სისტემაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის
სახელგანთქმული სერია თეუბნერიანა მოხვდა, რომლის წითელი წიგნები ძველი ბერძნული
ლიტერატურის კლასიკას მოიცავს, ხოლო ლურჯი – რომაულისას. ლენინგრადის წიგნის სახლმა,
ჩემი საეჭვო უკანა მისამართის მიუხედავად, შეკვეთა მიიღო და ევრიპიდეს წითელი ტომი
გამოაგზავნა, რომელიც მისი ერთ-ერთი შედევრის, „ალკესტისის“ ძველ ბერძნულ აკადემიურ
გამოცემას წარმოადგენდა. მე არ შემიძლია იმ ემოციის გადმოცემა, რომლითაც იანკოვმა საჩუქარი
მიიღო – აუთენტური და არაადაპტირებული ბერძნული ტექსტი, როცა არსებობს სობოლევსკის
სახელმძღვანელოს მოზრდილი ლექსიკონი და ძველი ბერძნული ენის დიპლომირებული და
ხარისხის მაძიებელი სპეციალისტი! (ეს ფრაგმენტია მისი სამადლობელი სადღეგრძელოდან,
რომელიც, ტრადიციულად, უფრო ხმამაღალ შეფასებებს შეიცავდა, და შეისვა ცხელი ჩაით).
მანამდე ვადიმმა, როგორც თვითონ უწოდებდა, „სიცოცხლის პარადიგმის“ გამოცდა მომიწყო.
მეუბნება, წარმოიდგინე, რომ ღმერთმა მოგცა ზუსტად იმდენი წყალი, რამდენიც უდაბნოს

51
გადასაკვეთად გჭირდება, არც ერთი წვეთით მეტი და არც ერთი წვეთით ნაკლები. მიდიხარ
უდაბნოში. გხვდება მწყურვალე ადამიანი, გთხოვს წყალს, რას შვრები? მე ვუპასუხე, რომ წყალს
ვასმევ და გზას ერთად განვაგრძობთ. ამ შემთხვევაში ორივე დაიღუპებით, წყალი არ გეყოფათ,
უდაბნოდან ვერ გამოხვალთ, არაო, ღმერთმა სიცოცხლე მოგცა წყლის სახით და მას უნდა
გაუფრთხილდე, არ უნდა მისცეო. მე მაინც მივცემ-მეთქი, ვუპასუხე და კამათიც შეწყდა.
წითელი წიგნი რომ ვაჩუქე, მაგრად ჩაუჯდა. მეტად გაიტაცა ალკესტისის იდეამ – თავი გასწირო
საყვარელი ადამიანისათვის, მოკვდე სხვის ნაცვლად. უბრაზდებოდა ევრიპიდეს, რომელიც
მისეულ „სიცოცხლის პარადიგმას“ არ ეთანხმებოდა. ალკესტისი, ანტიგონეს ღვიძლი
ლიტერატურული დედა, თან უცნაური ძალით ხიბლავდა, თან საშინლად აღიზიანებდა. ამბობდა,
ადმეტოსის მოხუცი დედა სწორად მოიქცა, როდესაც შვილის ნაცვლად არ მოკვდა, მოხუცი მამაც
სწორად მოიქცა, როდესაც სიცოცხლის პარადიგმით ისარგებლა და შვილის ნაცვლად არ მოკვდა,
მაგრამ ცოლი, ალკესტისი, ასე ახალგაზრდა, როგორ არ გაუფრთხილდა ღვთის ნაჩუქარ
სიცოცხლეს? არ მესმის, არ მინდა გავიგო! ალბათ ამიტომ ამბობს არისტოტელე, ევრიპიდე
ყველაზე ტრაგიკულია პოეტებიდანო. ეს რამ დააწერინა, ასე როგორ შეიძლება?! და, თუ შეიძლება,
ანტიგონეს ნუ ადარებთ, ანტიგონე იდეისთვის მოკვდაო, და ამას მოაყოლა შესანიშნავი
ფრანგული სიმღერის, ჟორჟ ბრასანსის Mourir pour des idées – „მოკვდე იდეებისთვის“ დასაწყისი:
Mourir pour des idées – l’idée est excellente.
მოკვდე იდეებისთვის – მშვენიერი იდეაა.
ერთხელ ბორის მანილოვიჩის თაოსნობით პოეზიის საღამო მოეწყო, თითოეულ პატიმარს
მხოლოდ ხუთი წუთი ჰქონდა საყვარელი პოეტის წარმოსადგენად: უნდა წაეკითხა ლექსი ან
ფრაგმენტი პოემიდან და რამდენიმე სიტყვით წარმოედგინა მისი შემოქმედება ან საკუთარი
დამოკიდებულება ამ პოეტისადმი. ქრონომეტრაჟისთვის გამოვიყენეთ ბანაკის მთავარი
ხელმარჯვე ოსტატის, რაფაელ პაპაიანის მიერ სახელდახელოდ დამზადებული ქვიშის საათი.
ჟორას და მიშას ცოლ-ქმარი მოუწიათ: ხომიზურმა ნიკოლაი გუმილიოვი წარმოადგინა (შედევრი
მუშაზე, რომელმაც ის ტყვია ჩამოასხა, პოეტს რომ გულს გაუგმირავს) და პოლიაკოვმა ანა
ახმატოვა (რეკვიემი: У меня сегодня много дела...); იდეის ავტორმა მანილოვიჩმა თავისი
უსაყვარლესი ოსიპ მანდელშტამი აირჩია (Кому зима – арак и пунш голубоглазый), მე გალაკტიონი
(დომინო: „მესმის ამ გამძაფრების წამწამების კანკალი“), რაფიკამ პარუირ სევაკი („სამხმიანი
ლიტურგია“), გელი დონსკოიმ ალექსანდრ ბლოკი (თემატური, მაგრამ პესიმისტური: Девушка пела
в церковном хоре), საშა ჩერნოვმა ბორის პასტერნაკი (Ты значил все в моей судьбе) და ვადიმმა მარინა
ცვეტაევა. ამ დღეს ვადიმმა ყველა გაგვაოცა, ჩვეულებრივ ცივმა და ირონიულმა იანკოვმა
უჩვეულო მღელვარებით წაიკითხა რამდენიმე სრულიად გენიალური ფრაგმენტი ცვეტაევას
პოემიდან Поэма конца და თავისი გამოსვლა დაამთავრა დიდი პოეტის ცხოვრების უკანასკნელი
წლის ტრაგიკული მოვლენების გახსენებით, როდესაც სასოწარკვეთილ და მშიერ ცვეტაევას
უკანასკნელმა გულშემატკივრებმა სამსახური უშოვეს მწერალთა სახლში – გენიოსის ხვედრი
აღმოჩნდა დამლაგებლობა, მაგრამ დიდ პოეტს ეს თანამდებობაც ვერ დაუკავებია:
სახელგანთქმულ ილია ერენბურგს უთქვამს, ამ თანამდებობაზე უფრო ღირსეული კანდიდატი
არსებობსო, და მარინა ივანოვნას ბედიც გადაწყვეტილა. ვადიმმა ცვეტაევას უკანასკნელი
ნავსაყუდელი, ტრაგიკული ელაბუგა ახსენა და ბრძანა, რუსული გლუბინკის ეს მანამდე
უსახელო და დღესაც უბადრუკი ადგილი მარინა ცვეტაევამ უკვდავყო მთელ მსოფლიოში ისევე,
როგორც ნაპოლეონმა ვატერლოო, არა მრავალთაგან ერთ-ერთი გამარჯვებით, არამედ
ერთადერთი დამარცხებით. ყველას არ ახსოვს აუსტერლიცი, მარენგო, რივოლი და პირამიდები,
მაგრამ არავის დაავიწყდება ვატერლოო. მოსკოვში, კოქტებელში, ბერლინში, პრაღასა და პარიზში
ცხოვრების გრიალი მთავრდება ჩუმი და ყველას შემარცხვენელი სიკვდილით ელაბუგაში.
This is the way the world ends This is the way the world ends This is the way the world ends Not with a bang but a
whimper.
ასე მთავრდება ეს წუთისოფელი
ასე მთავრდება ეს წუთისოფელი
ასე მთავრდება ეს წუთისოფელი
არა გრიალით, არამედ სლუკუნით.
გამოსვლიდან მხოლოდ ათი წამი რჩებოდა და კოსმა მოასწრო თქმა, რომ ტომას ელიოტის პოემის
„ცარიელი ადამიანების“ დასასრულის ეს სიტყვები კონგენიალურია „დასასრულის პოემის“
დასასრულისა (ორი დასასრული ერთმანეთს თითქოს ერითმება): И в полые волны
Мглы – сгорблен и равн – Бесследно – безмолвно – Как тонет корабль.

52
და პაპაიანის საათში ქვიშის უკანასკნელი მარცვალი ჩამოვარდა.
მარინა ცვეტაევასა და, საერთოდ, პოეზიის სიყვარულმა, რომელიც მანამდე მეცნიერებატევად
(ვადიმის მიმართ ამ ტერმინს – наукоёмкий, რომელიც ტექნოლოგიებს და, საერთოდ, საწარმოო
სფეროს განეკუთვნება და პერესტროიკის ეპოქაში გააქტიურდა, ხმარობდა პოეტი და ფსიქოლოგი
მანილოვიჩი) იანკოვს არასოდეს გამოუვლენია, დიამეტრულად შეცვალა ვადიმისადმი
დამოკიდებულება, ამ მხრივ ცვლილება განსაკუთრებით ჟორას დაეტყო. რუსეთის დედაქალაქთა
საუკუნოვანი კონკურენციის მიუხედავად, მთავარმა პიტერელმა მიშა პოლიაკოვმაც აღნიშნა, Да
уж, Вадим удивил-ო. ერთადერთი კაცი, ვისზეც ცვეტაევაზე საუბრისას ვადიმ იანკოვის თვალზე
მომდგარმა ცრემლმა გავლენა ვერ მოახდინა, ჯონი ლაშქარაშვილი იყო – მსახიობია, რამ
გაგაკვირვა, რა ხართ ეს გურულები, კურცხალი თუ დაინახეთ, ყველაფერს აპატიებთ კაცს, შენ
გირჩევნია ის გაიხსენო, იდიოტური „სიცოცხლის პარადიგმის“ გავლენით უდაბნოში წყალს რომ
არ გაძლევდა და სასიკვდილოდ გიმეტებდაო. მაგათმა სოლჟენიცინმა არ თქვა, ზონაში მთავარი
გმირობა ის კი არ არის, სუფი იშოვო, გმირობა ისაა, ეს სუფი ვინმეს გაუნაწილოო? როგორ ამეხსნა
ურწმუნო ჯონისთვის, რომ „დასასრულის პოემის“ ფინალის ციტირებისას ვადიმმა ყველას
სწორედ თავისი სულის ნაწილი გაგვიზიარა?
ვადიმ იანკოვი ზონიდან 1986 წლის აგვისტოში გაიყვანეს და გადასახლებაში ეტაპით
გადააგზავნეს. წასვლის წინ ბანაკის ტრადიციისამებრ, თავისი ნივთები დაარიგა. მე დამრჩა
მთელი მისი ბიბლიოთეკა – ასამდე წიგნი, მათ შორის სობოლევსკისეული ბერძნული ენის
სახელმძღვანელო და ჩემ მიერ ნაჩუქარი ევრიპიდეს „ალკესტისის“ ტომი მინაწერებით,
შენიშვნებით და ერთ-ერთ გვერდზე ევრიპიდესთან ძველბერძნულ ენაზე წარმოებული ცხარე
პოლემიკით.
დღეს სამოცდათოთხმეტი წლის ვადიმ იანკოვი მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ
უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს ისტორიის ფილოსოფიასა და მათემატიკაში; თავისი
ძველი პრინციპი – Nulla dies cum linea დაივიწყა, თუმცა არც კლასიკურ sine linea-ს დაბრუნებია –
მხოლოდ რამდენიმე სტატია დაწერა და გამოაქვეყნა. ექსპერტები განსაკუთრებით ხშირად
ახსენებენ მის სტატიას „ნივთიერების აგებულება ანაქსაგორასთან“. ელცინის ეპოქაში რუსეთის
პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა სცადა, მაგრამ დუმის არჩევნებში წარმატებას ვერ
მიაღწია, ზიუგანოვის კომუნისტმაც გაუსწრო და ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატმაც. ჩემი
აზრითაც, რუსეთის დუმას ეს სიმაღლე არაფერში სჭირდებოდა. როგორც მარინა ცვეტაევას
ბედისწერაზე საუბრისას ვადიმმა თვითონ გაიხსენა, რუსეთში (მეზობელ ქვეყნებშიც)
ყოველთვის მოიძებნება „უფრო ღირსეული კანდიდატურა“.

ანადენკო
მისი დავიწყება შეუძლებელია. შეიძლება მისი სიყვარული, სიძულვილი, პატივისცემა,
შეურაცხყოფა, იგნორირება, დაცინვა, განდიდება, გაზვიადება, გაღმერთება, მიწაზე დანარცხება,
გასრესა, გაბითურება, განადგურება, მოკლედ, ყველაფერი, რაც კი აზრად მოგივა. არ შეიძლება
მხოლოდ მისი დავიწყება. ვლადიმერ ვისოცკი თავის ერთ-ერთ შედევრში, სპორტულ სახუმარო
სიმღერაში ჭადრაკში არც ისე კარგად გარკვეული საბჭოთა სპორტსმენის სახელით (ეს იყო
ჭადრაკის მსოფლიოს მეათე ჩემპიონის, ბორის სპასკის შარჟი, რომელზეც, რამდენადაც ვიცით,
მაშინ რუსი და შემდგომში ფრანგი დიდოსტატი ნაწყენი არ დარჩენილა) მღეროდა: „говорят, что
Фишер очень ярок“ (ამბობენ, ფიშერი მეტად გამორჩეულიაო), სწორედ ასეთი яркий, როგორც
ინგლისელები იტყოდნენ, bright ანუ ნათელი კაცი იყო ანადენკო. ბობი ფიშერი შემთხვევით არ
მიხსენებია, ჭადრაკში მსოფლიოს მეთერთმეტე და ყველაზე ელვარე ჩემპიონისა არ იყოს,
ანადენკოც მეტად უცნაური და ფხუკიანი კაცი გახლდათ, თანაც პოლიტიკური ბანაკის ЖХ 385/3-
5-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი ბრძანდებოდა ჭადრაკში და ბანაკის ჩემპიონობის მუდმივ
პრეტენდენტებს, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ მოსკოველი არნოლდ ანდერსონი, ბაქოელი
ახპერ რაჯაბოვი და პეტერბურგელი ბორია მანილოვიჩი (დააკვირდით, სულ საჭადრაკო
დედაქალაქებია), არანაირი შანსი არ გააჩნდათ ამ პიედესტალიდან მისი ჩამოგდებისა.
ჩვენ რომ გავიცანით, ფრიდრიხ ანუ ფრედ ფილიპეს ძე ანადენკო ორმოცდაათს იყო მიღწეული.
შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის მხარის ამურის ოლქის ყურე დე-კასტრიში (Бухта де-Кастри)
იყო დაბადებული, სადაც მამამისი სამხედრო სამსახურს გადიოდა. პასპორტის მიხედვით ფრედი
რუსი იყო, თუმცა, როგორც თვითონ ამბობდა, უკრაინული, ბელორუსული და ცოტაოდენი
ბოშური სისხლიც ერია. იოლი მისახვედრია, ამ საერთო-სლავური სისხლის კაცს მშობლებმა

53
ფრიდრიხი როგორ დაარქვეს, ეს მათ, რა თქმა უნდა, ფრიდრიხ ენგელსის პატივსაცემად გააკეთეს
(უფროს ძმას, სხვათა შორის, კარლი ერქვა და უმცროსი ძმები რომ შესძენოდა, აუცილებლად
ვლადიმერი და იოსები ექმეოდათ). შესაბამისად, ჩვენი ანადენკო, თუ შეიძლება ასე ითქვას,
დაბადებით მარქსისტი იყო, თანაც სწორედ ენგელსური აქცენტით, ანუ კლასიკური ცენტრისტი
მარქსისტი ლიბერალიზმის იშვიათი ელემენტებით.
რუსი საბჭოთა ახალგაზრდობისთვის საოცნებო და უმეტესობისთვის მიუწვდომელი
სევასტოპოლის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა 1960 წელს და, როგორც
სარაკეტო ჯარების ინჟინერი, სამუშაოდ გააგზავნეს კოსმოდრომზე, საიდანაც ერთი წლის შემდეგ
კოსმოსში იური გაგარინი გაფრინდა. ახალგაზრდა ანადენკო მაშინ რაკეტების გამოცდაში იღებდა
მონაწილეობას და ასე პირდაპირ და უშუალოდ ჩაერთო მსოფლიო ისტორიაში.
სულაც 19 წლისა ყოფილა, როცა კომუნიზმის არსით დაინტერესებულა და დამოუკიდებლად
დაუწყია მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების გულმოდგინე შესწავლა. სამართლიანობა
მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ საქმეში მართლა დამოუკიდებელი ყოფილა, რადგან ოფიციალურად
ნებადართული მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის გარდა საფუძვლიანად გაეცნო
სრულიად აკრძალული კარლ კაუცკის, ლევ ტროცკისა და თავმჯდომარე მაოს შემოქმედებას.
გულწრფელად სწამდა რა თავისი არჩეული გზისა, გახდა კომუნისტური პარტიის წევრი, ძალიან
მალე მიიღო მაიორის სამხედრო წოდება და ერთი შეხედვით, მის წინაშე შესანიშნავი სამხედრო
კარიერა გადაიშალა. ეს ყველაფერი დასრულდა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის მოვლენების შემდეგ,
როდესაც „მოკავშირეთა“ (ოპერაციაში საბჭოთა კავშირის გარდა მონაწილეობდნენ ე.წ. ვარშავის
ხელშეკრულების სხვა ქვეყნების არმიებიც, რუმინეთის გარდა) ტანკებმა სახელგანთქმული
Pražské jaro „პრაღის გაზაფხულის“ ყვავილები ქალებისა და ბავშვების სისხლით მორწყეს. იმავე
წლის ოქტომბერში მაიორმა ანადენკომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, პროტესტის ნიშნად
უყოყმანოდ დაეტოვებინა კომუნისტების რიგები და საკუთარი ნებით მიეტოვებინა მაშინ ასე
პრესტიჟული სამხედრო სამსახური ელიტურ სარაკეტო ჯარებში.
თავიდან დაიწყო ცხოვრება. თორმეტი წელი მუშაობდა მუშად ჯერ მეტროპოლიტენში და შემდეგ
კიევის ქაღალდის ფაბრიკაში, ამაზე დახარჯა ცხოვრების 12 წელი ყოფილმა მაიორმა და სამხედრო
რაკეტების გამომცდელმა. მისივე თქმით, დრო ფუჭად არ დაუკარგავს: გამალებით მუშაობდა
თავის პირველ პოლიტიკურ წიგნზე „ნორმალური სვლა“, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, 1982
წლის 2 აპრილს განსასჯელის სკამზე დასვა. კიევის საქალაქო სასამართლომ უკრაინის
უშიშროების მაშინდელი სისხლისმსმელი ხელმძღვანელის, სტეპან მუხას მოთხოვნით, 1982
წლის 29 ოქტომბერს ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის სასჯელის მაქსიმუმი,
სახელგანთქმული „შვიდს პლუს ხუთი“ მიუსაჯა. დამახასიათებელია, რომ საბრალდებო
დასკვნაში, რომელიც ფრედმა პირველი მოთხოვნისთანავე მოგვაწოდა ზონაში ახალჩასულ
ქართველებს, ანადენკოს წიგნის ქვესათაური: „От Ленина до Брежнева“ (ლენინიდან ბრეჟნევამდე)
ჩეკისტური დელიკატურობით ასე იყო შეცვლილი „От [имя руководителя] до [имя руководителя]“,
როგორც ჩანს, ისეთ „წმინდა წერილში“, როგორც ზონაში ხუმრობით მოიხსენიებდნენ კაგებეს
წერილობითი შემოქმედების ამ შედევრს, ანუ ისეთ დოკუმენტში, როგორიც განსასჯელის
საბრალდებო დასკვნაა, ლენინისა და ბრეჟნევის უმწიკვლო სახელების უბრალო ხსენებაც კი,
უკრაინელი ჩეკისტების აზრით, წარმოუდგენელ ჩირქს სცხებდა მსოფლიო პროლეტარიატის ამ
დიდ ბელადებს.
როდესაც ზონაში ჩასულ ახალბედებს „ადგილობრივებმა“ თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს,
დამხვედრ კომისიაში ქართველებთან, ჯონი ლაშქარაშვილთან, და ჟორა ხომიზურთან და земляк
ანუ თანაკავკასიელ რაფაელ პაპაიანთან ერთად რუსები ვადიმ იანკოვი და ფრიდრიხ ანადენკოც
შედიოდნენ. ფრედმა დაწვრილებით გამოგვკითხა ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული რესპუბლიკური
პარტიის შესახებ და სიამოვნებით აღნიშნა, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა (ჩვენ, რა თქმა
უნდა, ეკონომიკური პროგრამაც გვქონდა) მის ეკონომიკურ თეორიებს ემთხვეოდა (პატიოსნად
უნდა ვაღიარო, რომ ეკონომიკის სფეროში ჩვენი მაშინდელი „პროგრამა“ დღეს სპეციალისტების
ღიმილს თუ გამოიწვევს და ნებისმიერი ნორმალური უმაღლესი სასწავლებლის პირველი კურსის
სტუდენტებს სასაცილოდაც არ ეყოფათ, უფრო სწორად, არ ეყოფოდათ, მართლა მრავლად რომ
გვქონოდა ასეთი სასწავლებლები და გვყოლოდნენ ასეთი სტუდენტები).
ანადენკო, როგორც თვითონ ამბობდა, სოციალ-დემოკრატი და „უსისხლო“ მარქსისტი იყო.
ლენინის, სტალინისა და მაოს პრაქტიკას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ანტონიო
გრამშის, პალმირო ტოლიატის, მორის ტორეზის, ჟორჟ მარშეს, ალექსანდრ დუბჩეკის და,
განსაკუთრებით, იტალიის კომუნისტური პარტიის მაშინ ახლადგარდაცვლილი ლიდერის,
ენრიკო ბერლინგუერის ცუდად ხსენება მასთან არ შეიძლებოდა. ამ უკანასკნელის მთავარი
დამსახურება, ფრედის აზრით, იმაში მდგომარეობდა, რომ მან იტალიის ტრადიციულად ძალიან
ძლიერი და გავლენიანი კომპარტია მარქსიზმ-ლენინიზმის პოზიციიდან ევროკომუნიზმის

54
პოზიციებზე გადაიყვანა, სხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკოსებთან დაახლოება დაიწყო და
1980 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანის გამო მკვეთრი პროტესტი გამოთქვა, რის გამოც
საბჭოთა კავშირისა და იტალიის კომპარტიებს შორის განხეთქილება მოხდა და ინტურისტის
ქსელის სასტუმროების კიოსკებიდან სამუდამოდ გაქრა იტალიელი კომუნისტების გაზეთი
„უნიტა“, რომლის ბოლო გვერდები ფეხბურთის მოყვარულთათვის ნამდვილი ილუსტრირებული
ბიბლია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინგუერის პოპულარობა უზომოდ გაიზარდა საბჭოთა
კავშირის კრიტიკის შემდეგ, იტალიის კომპარტიამ მაინც ვერ შეძლო ვერც დამოუკიდებლად და
ვერც კოალიციურად ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებაში მოსვლა, თუმცა იტალიის
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები კომუნისტებით გაივსო.
თითქმის ყოველი დილა იწყებოდა ხომიზურ-ანადენკოს ხანმოკლე, მაგრამ გაუთავებელი
კამათით „კეთილშობილი“ კომუნიზმის შესაძლებლობა-შეუძლებლობის შესახებ. ხანმოკლე
კამათი იმიტომ იყო, რომ „პლაცზე“ ანუ მოედანზე მოწყობა-დათვლისას იწყებოდა, სასადილოში
გრძელდებოდა, მაგრამ სამუშაო საამქროში შესვლის წინ მთავრდებოდა – იქ საკერავი
ელექტრომანქანებისგან ისეთი ხმაური იდგა, რომ სამეცნიერო ან პოლიტიკური კამათი
შეუძლებელი ხდებოდა, თითო-ოროლა სიტყვას თუ გადავუძახებდით ერთმანეთს. ამ დილის
შერკინებებში ანადენკო გაუთავებლად „მღეროდა“ ცნობილ სიმღერას სოციალიზმზე
„ადამიანური სახით“, ხოლო ჟორა ამტკიცებდა, რომ სოციალიზმს საერთოდ არ შეიძლება არათუ
ადამიანური, საერთოდ, რამენაირი სახე ჰქონდეს, რადგან მას მუდმივად ჰქონდა, აქვს და ექნება
მგლის оскал, ანუ „სიფათი“. ანადენკო ამტკიცებდა, რომ კომუნიზმს არაფერი აქვს საერთო არც
ლენინის ავადმყოფურ იდეებთან (ნებისმიერი მზარეული რომ უნდა მართავდეს ქვეყანას), არც
ტროცკის პერმანენტული რევოლუციის იდეასთან, არც სტალინის სისასტიკესთან და გულაგთან
და არც მრავალი კომპარტიის მიერ აღიარებულ პროლეტარიატის დიქტატურასთან (რაც
მართალია, მართალია, ამ მარქსისტ კაცს პროლეტარიატი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა).
ხანდახან კამათში სტალინისტი რაზლაცკიც ერთვებოდა და საბრალო ანადენკოს მარჯვნივ და
მარცხნივ, ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა; თუმცა, ყველა კამათს მაინც ადამიანური სახით
ამთავრებდა, არავის შეურაცხყოფდა და რომელიმე უპასუხოდ დარჩენილ არგუმენტზე ამბობდა,
აუცილებლად ვიფიქრებ მაგაზეო. რაღაცას მართლა მოიფიქრებდა და ისევ იწყებოდა ენრიკო
ბერლინგუერი, ანტონიო გრამში, პაბლო პიკასო და პოლ ელუარი.
საღამოს, მუშაობის დამთავრების შემდეგ, კამათის ხასიათი იცვლებოდა და პოლიტიკური
სფეროდან უფრო აკადემიურში გადადიოდა – ახლა ანადენკო და იანკოვი კამათობდნენ მარქსზე,
ენგელსზე, ტროცკიზე, ფროიდზე, ლაკანსა თუ პოპერზე. განსაკუთრებით მწვავე კამათის საგანი
იყო სწორედ კარლ რაიმუნდ პოპერის შემოქმედება, რადგან პოპერი იანკოვისთვის ისეთივე
შეუვალი ავტორიტეტი იყო, როგორც ანადენკოსთვის მარქსი. სხვათა შორის, ამ კამათში
პირველად გავიგე პოპერის არსებობის შესახებ და პირველად გავიგონე მომავალი
საქართველოსთვის ასე საბედისწერო ტერმინი „ღია საზოგადოება“.
ანადენკოსა და იანკოვის, ჩვენი პოლიტიკური ბანაკის ამ ორი კორიფეს კამათი ხშირად იღებდა
საჯარო სოკრატული დიალოგის სახეს, რომელსაც, როგორც წესი, „ათენელი ხალხი“, ანუ ჩვენი
იქაური ელიტა ესწრებოდა.
– ათენელო ხალხო, – მოგვმართავდა ვადიმ ანატოლის ძე სოკრატე, – ჩემთან კამათი ისურვა კარლ
მარქსმა, უკაცრავად აბდერელმა დემოკრიტემ, ატომისტიკის ფუძემდებელმა.
– დიახაც, ვიქნები თუნდაც დემოკრიტე, – აღიარებდა აბდერელობას ფრედ ანადენკო, – როგორც
ცნობილია, მარქსის სადოქტორო დისერტაცია იყო „განსხვავება დემოკრიტეს
ნატურფილოსოფიასა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“. ასე რომ, დემოკრიტე მთლიანად
ჩვენიანია.
– მოგესალმები, ჩემო დემოკრიტე. ვინაიდან შენ ძვ.წ. 460 წელს დაიბადე და 370 წ. გარდაიცვალე,
ხოლო მე შენზე ცხრა წლით უფროსი ვარ, მაგრამ ჩემი საყვარელი ათენელების „დახმარებით“ 399
წელს ავირჩიე სიკვდილი, ჩვენ მართლა შეიძლებოდა შევხვედროდით ერთმანეთს. თუმცა
შევხვდით თუ არა, არ ვიცი; როგორ იყო, ათენელო კაცო, ლევან, შევხვედრივართ მე და
დემოკრიტე ერთმანეთს?
– არაერთგზის, ჩემო სოკრატე. შენი და სოფისტ ფილოლაიოსის მოსასმენად დემოკრიტე
სპეციალურად ჩამოვიდა ათენში, – დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე დიდი ათენელების საუბარში,
როგორც ჩვენს პოლიტიკურ ბანაკში ძველი ბერძნების საქმეთა საუკეთესო ექსპერტად
აღიარებული კაცი.
– მაშ ასე, კარგად შეხედე ამ გარემოს, ჩემო დემოკრიტე, – დაიწყო სოკრატემ, – ყურადღება მიაქციე
მავთულხლართებს, უკაცრავად, ზეთისხილის ხეებს და მაღალ ანძებს, უკაცრავად, ტაძრებს,
საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საყვარელი ჩაფრები, უკაცრავად, ანტიკური ხანის

55
ქურუმები ორგზის სოციალისტური შრომის გმირის, მიხეილ ტიმოთეს ძე კალაშნიკოვის
მსოფლიოში სახელმოხვეჭილ ავტომატურ იარაღს გვიმიზნებენ, უკაცრავად, მე მინდოდა მეთქვა,
რომ ზეთისხილის შტოებით გვლოცავენ, როგორც შავი ჭირით გატანჯული თებელები, Cádmu tú
palái neá trophé („ძველი კადმოსის ახალი მოდგმა“), ლოცავენ თავის მეფე ოიდიპოსს გენიალური
სოფოკლეს უკვდავი „ოიდიპუს ტიურანოსის“ პროლოგში.
– როგორ ვერ ვხედავ, ჩემო სოკრატე, ზეთისხილის ხეებსაც ვხედავ და ქურუმებსაც,
მავთულხლართებსაც და მსოფლიოში საუკეთესო ავტომატებსაც, ოღონდ ვერ გამიგია, რა შუაშია
ეს ყველაფერი, ეს ზეთისხილის შტოები და წარმართული ქურუმები ჩვენს დღევანდელ
კამათთან.
– იმ შუაშია, ჩემო დემოკრიტე, რომ ჩემი საყვარელი პითაგორას მოძღვრების მიხედვით, როდესაც
ჩემი სული, მეტემფსიქოზის წესით, კარლ პოპერის სხეულში განთავსდება, 1945 წელს მე ჩემი
ამჟამინდელი ჩვეულების საწინააღმდეგოდ დავწერ სოციოლოგიის სფეროში აღიარებულ
შედევრს „ღია საზოგადოება და მისი მტრები“, რომელშიც წარმოვჩნდები, როგორც
ტოტალიტარიზმის ყველაზე დაუნდობელი მტერი, გამოვალ დემოკრატიისა და ისეთი ღია
საზოგადოების დასაცავად, რომელშიც წინამავალი პოლიტიკური ელიტის ხელისუფლებიდან
ჩამოშორება შეიძლება სისხლისღვრისა და რევოლუციების გარეშე. მე დავამტკიცებ, რომ რაკი
ადამიანური ცოდნის დაგროვების პროცესის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ამიტომ
სახელმწიფო მართვის იდეალური თეორია არ არსებობს, ამდენად პოლიტიკური სისტემა უნდა
იყოს საკმარისად მოქნილი, რომ მთავრობას შეეძლოს თანადათან ცვალოს თავისი პოლიტიკა.
ამის გამო საზოგადოება ღია უნდა იყოს თვალსაზრისთა და სუბკულტურათა სიმრავლისათვის
(ამას, ჩემო საყვარელო ათენელებო, ეწოდება პლურალიზმი და მულტიკულტურულობა). ხოლო
შენ, ჩემო დემოკრიტე, შენი კარლ მარქსად რეინკარნაციის შემდეგ „დაადგინე“, რომ არსებობს
განვითარების ერთადერთი მექანიზმი, კლასთა ბრძოლა წარმოების საშუალებათა
დასაუფლებლად, რომ არ არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი, რომ კაცობრიობის მთავარი
მონაპოვარია კაცისკვლა და რევოლუცია და, საბოლო ჯამში, მიგვიყვანე ამ ზეთისხილის
მავთულხლართებამდე და კალაშნიკოვის ქურუმებამდე.
– ნება მიბოძე, არ დაგეთანხმო, ჩემო სოკრატე. ჩემს სულიერ შვილს, კარლ მარქსს არსად უთქვამს,
ამხანაგმა სტალინმა ნახევარი მოსახლეობა გულაგად წოდებულ საღორეში დაამწყვდიოს,
პერიმეტრზე ზეთისხილის ხეები დაურგოს და ტაძრებზე მოთვალთვალე ქურუმები
დაუნიშნოსო. როგორც ყველა გენიოსს, მარქსსაც ჰყავდა კარგი და ცუდი მოსწავლეები, კაუცკი
კარგი მოსწავლე იყო, ლენინი – ცუდი, კარგი მოსწავლის მოსწავლეები, მაგალითად ანტონიო
გრამში და ენრიკო ბერლინგუერი, კარგი იყო და ცუდი მოსწავლის მოსწავლეები, ლევ დავითის ძე
ბრონშტეინი, იუდუშკა ტროცკი და დიდი ჯო, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი – მასწავლებელზე
უარესი და მოსწავლის მოსწავლის მოსწავლე მაო ძედუნი – უსაშინლესი.
– მე, ჩემო დემოკრიტე, სახელი საყვარელმა მოსწავლეებმა, პლატონმა და ქსენოფონტმა
გამითქვეს; შენს მარქსსაც საეჭვო მსოფლიო დიდება სწორედ საუკეთესო მოსწავლეებმა,
ლენინმა და სტალინმა მოუტანეს და არა „რევიზიონისტებად“ მონათლულმა ბერნშტეინმა და
კაუცკიმ.
– ჩემო სოკრატე, შენი საუკეთესო მოსწავლე პლატონიც სტიქიური მარქსისტი იყო, რაკი კერძო
საკუთრებას ეჭვის თვალით უყურებდა.
– ვიცი, ვიცი ეს უსაფუძვლო ბრალდებები, პლატონი რომ კომუნისტი იყო და ჰერაკლიტე
დიამატის ფუძემდებელი, ანუ მარქსისტი. პლატონის ბოლო თხზულებები, საიდანაც ეს დასკვნა
გამოაქვთ, ძალიან ზედაპირულად გაქვთ წაკითხული, თანაც არ ითვალისწინებთ, რომ ჩემი
სიკვდილის შემდეგ მასზე დიდი გავლენა არ მქონია, მაგრამ კარლ პოპერად რეინკარნაციის
შემდეგ ჩემი მთავარი სათქმელი მაინც მოვუტანე კაცობრიობას: პლურალისტული იდეები
მართავენ ისტორიას და არა ეკონომიკის ხისტი მარქსისტული სქემები და კლასთა ბრძოლა
ჰეგემონიისთვის.
– არ გამოგვდის საუბარი, ჩემო სოკრატე-პოპერ-იანკოვო. შენ ჩემი სისხლიანი კლასთა ბრძოლის
არ გჯერა და მე შენი ჰაეროვანი პლურალიზმის. ისტორიამ განგვსაჯოს. სიტყვას გაძლევ, თუ
ოდესმე თავისუფლება მეღირსა, კარლ პოპერს ჩავუჯდები და მარქსისტული პოზიციიდან ერთ
კარგ ნარკვევსაც მივუძღვნი.
ჩვენი პოლიტიკური ბანაკის მნიშვნელოვან ნაწილს სამხედრო დამნაშავე მოხუცები
შეადგენდნენ. რაოდენობით ისინი მეორენი იყვნენ „დემოკრატების“ ანუ ანტისაბჭოთა
აგიტაციისა და პროპაგანდისთვის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის
სამოცდამეათე მუხლით გასამართლებულების შემდეგ. მიუხედავად ამისა, „დემოკრატები“ მაინც
უმცირესობაში ვიყავით, რადგან უმრავლესობასა და ადმინისტრაციის სიამაყეს სამშობლოს

56
მოღალატეები, ჯაშუშები, ტერორისტები და სამხედრო დამნაშავეები შეადგენდნენ. ჩვენი
სამხედრო დამნაშავე ბერიკაცების უმეტესობა ომის დასრულებიდან კარგა ხნის გასვლის შემდეგ
აღმოაჩინეს ენთუზიასტმა პიონერებმა, თავდადებულმა კომკავშირელებმა და მუდმივად
მღვიძარე (დაუძინებელმა) ჩეკისტებმა. აღმოაჩინეს და გულაგის გზას დაგვიანებით გაუყენეს,
თანაც დასცინეს, ხომ გაგიგიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო.
ბარაშევოს ზონის ერთ-ერთი სამხედრო დამნაშავე, უკრაინელი ბერიკაცი მიკოლა ვერხოვენსკი
ომის დროს გერმანელთა პოლიცაი ყოფილა, ომის შემდეგ გვარი გადაუკეთებია, ვერხოვინი
გამხდარა, დონბასის ერთ-ერთ მაღაროში ჩამძვრალა, უწვალია, უშრომია და იმდენი ნახშირი
მიუწოდებია საყვარელი სამშობლოსთვის, რომ სოციალისტური შრომის გმირის წოდებისთვის
გამოუკრავს ხელი. როდესაც სკკპ გენერალურმა მდივანმა, ამხანაგმა ლეონიდ ილიას ძე
ბრეჟნევმა, თავადაც მედლებით უხვად მკერდდამშვენებულმა ვერხოვინს სოციალისტური
შრომის გმირის მედალი გადასცა, ეს ფაქტი საბჭოთა კინოქრონიკამ ასახა, ქრონიკა კი „ჟურნალის“
სახით წინ უძღოდა მხატვრული ფილმების დემონსტრირებას კინოთეატრებში. როდესაც
რომელიღაც მხატვრული ფილმი ვერხოვენსკ-ვერხოვინის მშობლიურ სოფელში ჩაუტანიათ, ძველ
მეზობლებს „ჟურნალში“ თანასოფლელი პოლიცაი უცვნიათ, ეს ამბავი პიონერი следопыт-ების,
სანადირო მეკვლეების ანუ კვალმაძიებლების ხელში ჩავარდნილა, უძებნიათ, უპოვიათ და
უკრაინის სახელგანთქმულ უშიშროებას ვერხოვინი ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ
დაუპატიმრებია. იმ დღის შემდეგ ვერხოვინს ეზიზღებოდა კვალისმაძიებელი პიონერებიც,
უბრალო პიონერებიც, ბავშვებიც, ახალგაზრდებიც და, საერთოდ, ადამიანებიც და მათ მიმართ
დამოკიდებულებას მხოლოდ უმდიდრესი რუსული ენის ღრმა წიაღიდან ამოღებული სიტყვების,
წარმოუდგენელი მახვილგონიერების ხალხური იდიომებისა და ურთულესი სექსუალური
მეტაფორების მეშვეობით გამოხატავდა. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ, რა თქმა უნდა,
სოციალისტური შრომის გმირობის წოდებაც ჩამოართვა და დახვრეტაც მიუსაჯა; ეს ყველაფერი
კინოქრონიკას კვლავ აუსახავს, ქრონიკას „ჟურნალის“ სახით ისევ ჩაუღწევია ვერხოვენსკის
მშობლიურ სოფელში და უკვე დაფრთიანებული ანუ დაკომკავშირელებული ყოფილი
პიონერების უზომო და ღრმა კმაყოფილებაც გამოუწვევია. ცალკე საკანში დახვრეტის
მოლოდინში გატარებული ექვსი თვის შემდეგ ვერხოვინი სსრკ უზენაესმა საბჭომ შეიწყალა
(შრომის გმირობამ თუ უშველა) და სასჯელის უმაღლესი ზომა იმდროინდელი მაქსიმუმით,
თხუტმეტწლიანი პატიმრომით შეუცვალა; სწორედ ეს თხუთმეტი წელი გაასრულა ვერხოვინმა
ჩვენს პოლიტიკურ ბანაკში მზარეულის საპატიო თანამდებობაზე (სოციალისტური შრომის
გმირობის უფლება არ ჰქონდა, თორემ მზარეულობის უფლებას ვინ წაართმევდა, თუკი სწორედ
კუჭის სახსნელად და სიმაძღრისათვის იმ ოკუპანტებთან მივიდა, რომლებმაც მანამდე მშობლები
და უფროსი ძმა დაუხოცეს; მივიდა, გერმანელი პოლიცაის ფორმაც ჩაიცვა და საკუთარი სოფელიც
ააწიოკა). ზონიდან გასვლის წინ სოციალისტური შრომის ყოფილმა გმირმა სიტყვა დააგდო, ამ
ქვეყანას ახალგაზრდები დაღუპავენო (სკკპ გენერალური მდივნის პოსტზე „ახალგაზრდა“ ანუ 54
წლის გორბაჩოვის დანიშვნას აპროტესტებდა), მონობა-თავისუფლების საზღვარი გადაკვეთა და
მცირე ზონიდან დიდ ზონაში გადავიდა.
ვერხოვინი ჩვენი ბანაკიდან გავიდა თუ არა, ფრედ ფილიპეს ძე ანადენკო უცნაური წინადადებით
მომადგა. კიეველ რუს ანადენკოს უკრაინული მანერები ახასიათებდა. ერთ-ერთ ასეთ უკრაინულ
და თანდაყოლილ ჩვეულებად ჰქონდა მიმართვისას მამის სახელის არმოშლა მეგობრობისა და
სიახლოვის მიუხედავად; ამიტომ მე მისთვის მუდმივად სხვა რუსებივით „ლივანი“ კი არა Лéван
Валерьянович-ი ვიყავი, ძალიან მკვეთრი მახვილით სახელის პირველ მარცვალზე და აუცილებელი
მამის სახელით. „კურილკაში“ ვიდექით მწეველები და ვერხოვინს ბანაკიდან უკანასკნელი
პატიმრული მზერით ვაცილებდით. მე „იზვესტიის“ ქაღალდში გახვეულ წეკოს უზარმაზარ
самокрутка-ს ანუ თვითნაკეთ სიგარეტს ვეწეოდი, რომელსაც ჯონი ლაშქარაშვილი ქართული ენის
მომავალი აღიარებული მეტრის, გურამ პეტრიაშვილის გავლენით, თუმცა ამ უკანასკნელს ჯერ
კიდევ არ იცნობდა და მისი ენათმეცნიერული შტუდიები არც ჯონისთვის და არც ქართული
საზოგადოებისთვის ჯერ არ იყო ცნობილი, „თვითხვეულას“ უწოდებდა.
აცივდა, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე დაეცა. ანადენკომ სეირნობა და მნიშვნელოვანი
საკითხის განხილვა შემომთავაზა. სეირნობა ჩვენს ბანაკში შიზოდან ალაყაფის კარამდე წინ და
უკან სწრაფ სიარულს ნიშნავდა: როცა ორი კაცი ამ მარშრუტზე მოძრაობდა, ყველამ იცოდა, რომ
ისინი სერიოზულ საკითხს განიხილავდნენ.
პირველი გზა რომ უსიტყვოდ გავიარეთ და ალაყაფის კარიდან უკან მოვბრუნდით, ფრედ
ფილიპეს ძემ მკითხა, ლევან ვალერიანის ძევ, ვერხოვინის განთავისუფლების შემდეგ
სამზარეულოში ვაკანსია გაჩნდა და მზარეულის ადგილს ხომ არ დაიკავებდი, თუკი მთელი
სამოცდამეათე მუხლით გასამართლებული დემოკრატები მხარს დაგიჭერდნენო.
წინადადება ერთდროულად მოულოდნელიც იყო და, კაცმა რომ თქვას, შეურაცხმყოფელიც,

57
რადგან სამზარეულო „ჩვენი“ არ იყო და იქ მხოლოდ ადმინისტრაციასთან დაახლოებული
ჯაშუშები, სამშობლოს მოღალატეები, ტერორისტები და სამხედრო დამნაშავეები მოღვაწეობდნენ
ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კუჭს ივსებდნენ. მეორეს მხრივ, აშკარა იყო, რომ ანადენკოს
რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ჩემს შეურაცხყოფას ან შემოწმებას არ აპირებდა.
– თქვენ ხომ იცით, ფრედ ფილიპეს ძევ (ვუკრაინელობდი მეც), სამზარეულო რომ ჩვენი ადგილი
არ არის. მე თბილისში სამძებრო იზოლატორის უფროსმა, პოლკოვნიკმა ტარიელ
დილიბაზაშვილმა (მომიტევეთ, ფრედ ფილიპეს ძევ, მისი მამის სახელი არ ვიცი) და მისმა
„კეთილმა ხალხმა“ ვერ შემომკადრა обслуга-ში ანუ მომსახურებაში მუშაობა და ამოდენა გზა
იმიტომ გამოვიარე, რომ კუჭის მონობისთვის თავი მორდოვეთის ასსრ, ტენგუშევოს რაიონის
დასახლება ბარაშევოში გამეფუჭებინა?
– ტყუილად ნერვიულობთ, ლევან ვალერიანის ძევ, თავის გაფუჭებას არავინ გაიძულებთ. მე
უბრალოდ, მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება ამათი მრავალწლიანი ტრადიცია დავარღვიოთ და
პატიოსანი ხალხი შევუშვათ სამზარეულოში? ისეთი ხალხი, რომელიც ჩვენს წილ ულუფას არ
მოიპარავს და არც სხვას მისცემს ამის უფლებას?
– თუკი პატიოსანი კაცი გჭირდებათ სამზარეულოში, აგერ არ ბრძანდებით? თქვენს პატიოსნებაში
ეჭვი არავის ეპარება და კოსმოსურ რაკეტებში თუ გაერკვიეთ, რამენაირად სამზარეულოშიც
დაამყარებთ წესრიგს.
– აი, რას ნიშნავს ახალგაზრდა და გამოუცდელი რომ ხართ, ლევან ვალერიანის ძევ! აკი გითხარით,
თქვენს კანდიდატურას სამოცდამეათე მუხლით გასამართლებული ყველა პატიმარი დაუჭერს-
მეთქი მხარს. მე ასეთ ფუფუნებას ვინ მაღირსებს, როცა ყოველ მეორე პატიმარზე საჩივარი მაქვს
დაწერილი და სსრკ გენერალურ პროკურორთან, ამხანაგ ალექსანდრ მიხაილის ძე რეკუნკოვთან
დაგზავნილი, ხოლო ასლი თვით ამ პატიმრებისთვის მაქვს ჩაბარებული?
– მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ გენპროკურორს წერილობით მიმართეთ, ამხანაგო გენერალურო
პროკურორო, გთხოვთ ზომები მიიღოთ, პატიმარმა ფელდმანმა მტრედი შეჭამა და ეს არ
შეიძლებოდა, რადგან მტრედი მშვიდობის სიმბოლო გახლავთო.
– კიდევ წერილი მივწერე ალექსანდრ მიხაილის ძე რეკუნკოვს, იაპონიის ჯაშუშმა, პატიმარმა კან-
ჩან-ხომ ზონაში შემთხვევით შემოსული ყვითელი ძაღლი შეჭამა-მეთქი.
– და ყვითელი ძაღლი რის სიმბოლოა?
– ძაღლის ჭამა როგორ შეიძლება, ის ხომ ადამიანის მეგობარია! – ზომაზე მეტად აღელდა
საერთოდ მშვიდი ანადენკო.
– არ გედავებით, ფრედ ფილიპეს ძევ, მჯერა, რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია და მეგობრების
ჭამა ლამაზი არ არის, მაგრამ, ჯერ ერთი, კანი კორეელია და ძაღლის ხორცითაა გაზრდილი,
მეორეც, ძაღლის მეგობრობის მჯერა, მაგრამ რეკუნკოვისნაირი ქოფაკებისა და ადამიანების
მეგობრობისა რა მოგახსენოთ.
– თქვენ შესანიშნავად იცით, ლევან ვალერიანის ძევ, რომ რეკუნკოვი ჩემი მეგობარი არ არის,
ასეთი მეგობრები რომ მყოლოდა, შვიდს პლუს ხუთს არავინ მომისჯიდა, რეკუნკოვი კანონის
სადარაჯოზე უნდა იდგეს, – ხაზგასმით ცივად და მკაცრად ამიხსნა ანადენკომ.
– მერედა კანონი კრძალავს ძაღლის ხორცის ჭამას? – დავიცავი კორეელი პატიმრის ჩემთვისაც
საეჭვო კულინარიული მიდრეკილებები მე.
– ძაღლის ჭამა უზნეობაა! სხვათა შორის, თქვენი ძმა, დავით ვალერიანის ძე ბორშჩში პურს რომ
ანამცეცებს, ისიც უზნეობაა!
– ჩვენ, ქართველებმა ეს არ ვიცოდით! ბორშჩი ჩვენში იშვიათად კეთდება და დათოს თავში არ
მოსვლია, თქვენს ნაციონალურ გრძნობებს თუ შეურაცხყოფდა ბორშჩში პურის დანამცეცებით,
თუ ეს ბორშჩია და თუ ეს პურია! სხვათა შორის, ამაზე ჯერ არ მიგიწერიათ სსრკ გენერალური
პროკურორისთვის, ამხანაგ ალექსანდრ მიხაილის ძე რეკუნკოვისთვის? – ჭეშმარიტმა გურულმა
იფეთქა ჩემში და ახალი აღტყინებით განვაგრძე: – სხვათა შორის, ამხანაგო ანადენკო, ფრიდრიხ
ფილიპეს ძევ, მე შემიძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ამჟამინდელი გენერალური
მდივნის, პერუელი არაამხანაგის, ხავიერ პერეს დე კუელიარის მისამართიც გიშოვოთ
ნაცნობობით, ეს კაცი 1969-1971 წლებში სსრკ-სა და პოლონეთში პერუს ელჩი იყო, ბორშჩი და მისი
მიღების რთული ტექნოლოგიური პროცესი ათვისებული ექნება, – ხმას ავუწიე მე.
– არ გეკადრებათ, ლევან ვალერიანის ძევ, მე მხოლოდ მზარეულობის თეორიულად შემოთავაზება
მინდოდა. ქვეყანაში გარდაქმნა მიმდინარეობს და ვიფიქრე, ეს პოსტი ჩვენი ასაღებია-მეთქი, –

58
დაიხია უკან მუდმივად თავაზიანმა ანადენკომ.
– მომავალში, ფრედ ფილიპეს ძევ, სანამ თავმოყვარე ქართველებს მზარეულობას
შესთავაზებდეთ, კარგად დაფიქრდით, რადგან ებრაელებს ფრინველები უყვართ, კორეელებს
ყვითელი ძაღლები, რუსებს გენერალური პროკურორები, ქართველებს კი კუდი ყავარზე აქვთ
გადებული, ამაყები არიან. ძალიან! – у Грузин хвост до крыши достает! То ест они гордые. Очень.
– სხვათა შორის, სიამაყე ჩვენშიც იშოვება, ლევან ვალერიანის ძევ, – თქვა ანადენკომ და ცბიერად
გაიღიმა, – თქვენს ნაციონალურ ხასიათს რაც შეეხება, ისტორიულად უკვე გვქონდა საშუალება
სხვა, კიდევ უფრო მსხვილი კალიბრის ეგზემპლარი შეგვესწავლა. არ გვინდა ჩხუბი და
გაუგებრობა, ჩემი წინადადება უაზრო აღმოჩნდა, უკვე მეოთხე პატიოსანი კაცი მეუბნება ამას და
მომიწევს დაჯერება.
– თუ საიდუმლო არ არის, ვინ გითხრათ უკვე უარი?
– ვადიმ ანატოლის ძე იანკოვმა, მიხაილ ვასილის ძე პოლიაკოვმა და პეტრე ალექსეის ძე
ბუტოვმა, – უყოყმანოდ დაასახელა თავისი კანდიდატები ანადენკომ.
– მანილოვიჩს რატომ არ მიმართეთ, ბორის ისაკის ძეს? – ჩავეკითხე, თუმცა მშვენივრად ვიცოდი,
რომ ფრედი ბორიას ასეთ თანამდებობას არასდროს შესთავაზებდა.
– მქონდა ამის მიზეზი, – მნიშვნელოვანი სახით განაცხადა ანადენკომ.
– ვხვდები მაგ მიზეზს და მგონი, არ ბრძანდებით მართალი, – არ შევარჩინე მსუბუქი
ანტისემიტიზმი ანადენკოს, – და ყველაფერ ამის შემდეგ რა მოხდება, თქვენი აზრით?
– ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ძვირფასო ლევან ვალერიანის ძევ, ჩვენი ზონის კორუმპირებული
ადმინისტრაცია მრავალწლიანი ტრადიციის შესაბამისად ჯაშუშებისგან და სამშობლოს
მოღალატეებისგან „ღირსეულ“ კანდიდატს შეარჩევს, მზარეულად თუნდაც საბჭოთა სამხედრო-
სარაკეტო სიამაყის, CC 20-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დოკუმენტაციის ამერიკელებისთვის
სპარსულ ხალიჩასთან ერთად მიმყიდველ ახპერ მეხტის ძე რაჯაბოვს დანიშნავს, ის ჩვენი
ულუფის ნახევარს ზონის უფროს შალინს მიურბენინებს, დარჩენილ ნახევარს უღმერთოდ
მოიპარავს და მე გენერალურ პროკურორს ახალ წერილს მივწერ, – სევდიანი ღიმილით დაასრულა
ჩვენი დიალოგი ფრედმა.
პატიმრები ხელთათმანებს ვკერავდით. კაცმა რომ თქვას, მთლად ხელთათმანი არ იყო, მხოლოდ
ერთი ცერა თითი ჰქონდა, სამაგიეროდ, რეზინის ხელისგულით მოგაწონებდათ თავს. ასეთი,
უკაცრავად და, „პროდუქცია“ მანამდეც და შემდეგაც ბევრი მინახავს მშენებლობებზე,
განსაკუთრებით მეტროს მშენებლობა ასაღებდა გულაგის ამ შედევრებს. ხელთათმანების
დღიური ნორმა 92 წყვილი იყო. როგორც წესი, ყველა 93 წყვილს კერავდა, მაგრამ ერთ მშვენიერ
დღეს ანადენკომ ერთბაშად ორასი წყვილის კერვა დაიწყო.
თავიდან ამას ყურადღება არავინ მიაქცია, მაგრამ როდესაც ანადენკომ სამასი წყვილი
ხელთათმანი ჩააბარა, სამკერვალო საამქროში დრტვინვამ იმატა და პრობლემა „გარეთ გამოვიდა“.
წინააღმდეგობის საიდუმლო კომიტეტმა, რომელშიც იმ მომენტში მეც შევდიოდი და რომელსაც
სწორედ ანადენკო ხელმძღვანელობდა, ღამის სამ საათზე კურილკაში სხდომა დანიშნა.
გამოცხადნენ კომიტეტის წევრები (ანბანის მიხედვით): ალთუნიანი, ანადენკო, ბერძენიშვილი,
ბუტოვი, დონსკოი, იანკოვი, მანილოვიჩი, პოლიაკოვი და ხომიზური. სხდომა თხუთმეტ წუთს
გრძელდებოდა: ანადენკოს განმარტებით, ზონის უფროსმა შალინმა მას მეუღლესთან შეხვედრის
უფლება ჩამოართვა. პატიმარმა განიზრახა, დაესაჯა მოქალაქე უფროსი. თურმე ამდენს იმიტომ
კერავდა, რომ მაიორი შალინი შეცდომაში შეეყვანა და მას დღიური ნორმა გაეორმაგებინა. ორმაგ
ნორმას ვერავინ შეკერავდა, დაიწყებოდა უვადო გაფიცვა. შალინს მოხსნიდნენ და ძველ ნორმას
დააბრუნებდნენ. კომიტეტმა გეგმა დაიწუნა, როგორც უაღრესად რისკიანი და საშიში.
თავმჯდომარე სწრაფად დაგვეთანხმა და გვითხრა, აგაშენათ ღმერთმა, გავწყდი ამდენი
კერვითო.
განთავისუფლებისა და რეაბილიტაციისა შემდეგ ანადენკომ სიტყვა შეასრულა და უზარმაზარი
ნაშრომი დაწერა მარქსსა და პოპერზე.
ამ დღეებში ფრედ ანადენკოს 73 წელი უსრულდება. ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა
მისგან ინტერვიუ აიღო და ამ ინტერვიუს მიაწერა თავისი აზრი რესპოდენტზე: გონების სიღრმე
და კრიტიკულობა, დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა, სიმტკიცე და ტაქტი,
შრომისმოყვარეობა და სიუხვე, მოკრძალება და რაინდობა.
ვერაფერს ვიტყვი, კარგი ჟურნალისტი ყოფილა, თუ ერთ ინტერვიუში ამდენი დაინახა, მე
ანადენკოს დასანახად მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სამწლიანი სიფხიზლე და თავისუფლებით

59
ოცდასამწლიანი თრობა დამჭირდა.

ბაძიო
ამ ცოტა ხნის წინ, ოკეანის თავზე ხანგრძლივი ფრენის დროს ამეკვიატა კითხვები: ვინ იყო
ყველაზე მხიარული ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია? ან კიდევ უფრო საინტერესო: ვინ
იყო ყველაზე სერიოზული კაცი, რომელიც ცხოვრების გზაზე ოდესმე შემხვედრია? არც ისე
მარტივი კითხვები აღმოჩნდა. თუმცა, „მხიარულებში“ ნომინაციებიც შედარებით ადვილად
განაწილდა და გამარჯვებულიც იოლად გამოვლინდა – ფრენის მეორე თუ მესამე საათზე
გაიმარჯვა ჩემმა დაუვიწყარმა პედაგოგმა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ლათინისტმა,
იონა მეუნარგიას შვილიშვილმა, ირაკლი შენგელიამ, რომელსაც ბავშვობა და ახალგაზრდობის
საუკეთესო წლები ყაზახეთის გადასახლებასა და გულაგში ჰქონდა გატარებული და რომლის
ფილოსოფიური ბონვივანობა, განსაკუთრებული, სპეციფიკურად ქართული მხიარულება,
რომელიც, როგორც უჩვეულო და გამორჩეული ფენომენი, ასე კარგად აღწერა ირაკლი შენგელიას
კონკურენტმა ამავე ნომინაციაში დაუვიწყარმა მერაბ მამარდაშვილმა, ცალკე გამოკვლევას
იმსახურებს და საკუთარ თავს სიტყვას ვაძლევ, რომ საყვარელი მასწავლებლის წინაშე ამ
ზნეობრივ ვალს არავითარ შემთხვევაში გადაუხდელს არ დავიტოვებ.
განსაკუთრებული რიგი დადგა „ყველაზე სერიოზულის“ ნომინაციაში. აქ თავისი ადგილები
დაიკავეს, ერთი მხრივ, ჩემმა ერთადერთმა გაუცინარმა პედაგოგმა, გრიგოლ ხანძთელის
სპეციალისტმა და მისმა სულიერმა კლონმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მასწავლებლების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, უკაცრავად, ალუმნაი
შემადგენლობისთვის, იოლად საცნობი პროფესორია); მეორე მხრივ, ჩემმა უსიტყვო პარიკმახერმა,
რომლის ოჯახშიც საუკუნეა, არ გაუცინიათ; მესამე მხრივ, ჩემმა პირქუშმა მეზობელმა, რომელმაც
მეზობელს გამარჯობა უკანასკნელად ოცი წლის წინ უთხრა და, მეოთხე მხრივ, ჩემმა
თანაზონელმა პოლიტიკურ ბანაკში, იური ბაძიომ. და ფრენის მეათე საათზე სერიოზულობის
„გრემი“ და „ოსკარი“ სრულიად დამსახურებულად მიენიჭა იური ვასილის ძე ბაძიოს, მტკიცე
პოლიტპატიმარს, შიმშილობისა და პატიმართა უფლებებისთვის ბრძოლის პრომეთეს, უკრაინის
დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელსა და პირველ თავმჯდომარეს.
იური ბაძიო 1936 წლის 25 აპრილს დაიბადა, 1958 წელს დაამთავრა უჟგოროდის უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1964 წელს კი უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკამედემიის
ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობდა ზაკარპატიეს რამდენიმე სკოლაში
მასწავლებლად. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, იყო შემოქმედებითი
ახალგაზრდობის კლუბის წევრი. ხრუშჩოვისეული „ოტტეპელის“ დროს კომუნისტურ პარტიაში
შევიდა, მაგრამ სხვადასხვა დისიდენტურ აქციაში მონაწილეობის გამო 1965 წელს გარიცხეს
პარტიის რიგებიდან და „ბუნებრივად“ ჩამოართვეს მასწავლებლობის უფლება.
საკუთარი პროფესიით მუშაობის უფლება რომ დაკარგა, მტვირთავად მოეწყო პურის მაღაზიაში.
ამავე პერიოდში დაიწყო იატაკქვეშა მოღვაწეობა, სამიზდატის გავრცელება და ა.შ. 1972 წლიდან
მუშაობდა თავისი ცხოვრების მთავარ წიგნზე – „სიცოცხლის უფლება“. 1977 წელს, როდესაც წიგნი
უკვე პრაქტიკულად დასრულებული იყო, საბჭოთა უშიშროებამ ხელნაწერი მიგზავნილი
„საყვარელი“ ქალის ხელით მოიპარა და ხანგრძლივი დეპრესიის, სასტიკი გულგატეხილობისა და
ფრუსტრაციის შემდეგ ბაძიომ მისი ხელახლა წერა დაიწყო.
დისიდენტური მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს 1979 წელს. სასამართლომ მას 70-ე მუხლის
მაქსიმუმი, შვიდი წელი კოლონია და 5 წელი გადასახლება მიუსაჯა. სასჯელს იხდიდა
დუბრავლაგში, ჩვენს საყვარელ ЖХ 385/3-5 პოლიტიკურ ბანაკში.
ბარაშევოს პოლიტიკურ ბანაკში რომ მოვხვდით, ჩემი და დათოს პირველი შთაბეჭდილება იყო,
რომ რაღაც გარდამავალ სადგურში შევედით (იქნებ ეს იყო საიდუმლოთი მოცული ადგილი,
რომელსაც ეტაპირების შუალედურ, ე.წ. პერესილკის ციხეებში კარანტინად მოიხსენებდნენ
გამოცდილი პატიმრები?). In primo specie, ანუ პირველი შეხედვით, ბარაშევო არანაირად არ
შეესაბამებოდა ჩვენს წარმოდგენებს პოლიტიკურ ზონაზე. პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, იყო
წითელი ვარდები, ე.წ. „დამხვედრი კომისია“ და ძალიან სერიოზული კაცი, რომელსაც ჩვენკენ არც
გამოუხედავს, რომელსაც მერხზე მაგიდის საათი ედო და თავდავიწყებით მუშაობდა: ორი წიგნი
ჰქონდა გადაშლილი და რაღაცას გამალებით წერდა და წერდა.
დამხვედრმა კომისიამ თავისი ტრადიციული კითხვების დასმა დაიწყო. ჩვენც გვქონდა

60
შემხვედრი კითხვა იმ კაცზე, რომელიც თავაუღებლად მუშაობდა. გიორგი ხომიზურმა გვითხრა,
იური ბაძიო ჰქვია, უკრაინელი სოციალ-დემოკრატია, კარგი კაცია, მაგრამ მუშაობის დროს მასთან
დალაპარაკება კი არა, სამ ნაბიჯზე მიახლოებაც კი არ შეიძლებაო. ახლა თავის წიგნზე მუშაობს,
რამდენიმე წუთის შემდეგ შესვენების გარეშე გადავა ინგლისური ენის შესწავლაზე და ზუსტად
45 წუთის შემდეგ ასევე შესვენების გარეშე გადავა გერმანულზეო. დროის მდინარებას კი ამცნობს
მაღვიძარა, რომელსაც საგანგებოდ დაბალ ხმაზე აყენებს ხოლმეო.
– საათი საიდან აქვს, ზონაში საათი შეიძლება? – ვიკითხე მე და გული დამწყდა, ერთი საათი
როგორ არ მაქვს-მეთქი.
– არა, საათი არ შეიძლება. მაგ ერთი საათისთვის ბაძიომ 675 საათი, ანუ ზუსტად ოთხი კვირა და
სამი საათი იშიმშილა. დიდი საქმე გააკეთა, მაღვიძარიანი საათი ბრძოლით მოიპოვა და ისიც
ყოველ 45 წუთში პატიოსნად ატყობინებს, რომ სამუშაო ფრონტი უნდა შეცვალოს: პარტია-
ფილოსოფია-ინგლისური-გერმანული. რომელიღაც მომენტში თუ დაგაინტერესებს, რომელი
საათია, სამი ვარიანტი გაქვს: ან ბაძიოს საათს უნდა შეხედო შორიდან, ან ბარაკში შეხვიდე და
რადიოს დაუგდო ყური (სულ მალე მთელი მაგათი განრიგი ზეპირად გეცოდინება), ან
ანდერსონთან უნდა შეიარო ბიბლიოთეკაში და ის ორიგინალური „ბალახის საათით“ გეტყვის
ზუსტ დროს. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლია არკადი დუდკინს მიმართო, წელიწადს ნუ
ჰკითხავ და საათი, როგორც წესი, არ ეშლება.
ასე „გავიცანით“ შორიდან ზონაში ჩასვლის პირველსავე დღეს იური ვასილის ძე ბაძიო. მის
გამხდარ და ფერმკრთალ სილუეტს ახლაც ვხედავ და ყოველთვის მახსენდება, როდესაც რაიმე
აუცილებლის გაკეთება მეზარება, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა მოვკიდო ხელი.
რუსების შემდეგ პოლიტიკურ ბანაკში ყველაზე ფართოდ უკრაინელები იყვნენ წარმოდგენილი:
უჟგოროდელი სოციალ-დემოკრატი იური ვასილის ძე ბაძიო, ივანო-ფრანკოვსკელი
მასწავლებელი და განათლების სისტემის რეფორმატორი ვასილი სტეფანეს ძე სტრილცივი,
კიეველი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვლადიმერ პეტრეს ძე დელედივკა,
დნეპროპეტროვსკიელი ინჟინერი გრიგორი ფოკას ძე ნიჩიპორენკო, ჟიტომირელი მასწავლებელი
დიმიტრი დიმიტრის ძე მაზური, კიევის ოლქის სოფელ ივანივკელი მაიორი გრიგორი პეტრეს ძე
კუცენკო და ბევრი სხვა.
უკრაინის უშიშროებას იმ პერიოდში თავისი სისასტიკით და უცნაური გვარით სახელგანთქმული
სტეპან ნესტერის ძე მუხა ხელმძღვანელობდა და თანამემამულე დისიდენტებისთვის სასჯელს
არ იშურებდა, ჩემ მიერ ჩამოთვლილ თითქმის ყველა პატიმარს სამოცდამეათე (უკრაინული
სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდამეორე) მუხლით სასჯელის მაქსიმუმი ჰქონდა მისჯილი,
სახელგანთქმული „შვიდს პლუს ხუთი“ (შვიდი წელი კოლონია და ხუთი წელი გადასახლება).
უკრაინელი პატიმრების 100% ნაციონალისტი იყო ანუ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის
იბრძოდა; გამონაკლისს შეადგენდნენ მხოლოდ უკრაინელი რუსები (კიეველი ფრიდრიხ ანუ
ფრედ ფილიპეს ძე ანადენკო და ოდესელი პეტრე ალექსანდრეს ძე ბუტოვი). უკრაინელები
ერთმანეთთან განსაკუთრებით ახლოს იყვნენ, ერთმანეთს პატრონობდნენ, უვლიდნენ და
უკანასკნელ ლუკმას უყოფდნენ. რუსებისგან განსხვავებით, ბარაშევოელ უკრაინელებს აშკარა
და გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ, თითოეული მათგანი აღიარებდა იური ბაძიოს ავტორიტეტს,
რომელიც მას დიდსა და პატარა ზონებში ანუ გარე და შიდა ზონებში (თავისუფლებასა და
პატიმრობაში) გმირულ ბრძოლაში ჰქონდა მოპოვებული.
ზონაში მოხვედრისთანავე ბაძიომ წერილების წერა დაიწყო უკრაინულ ენაზე. ქალბატონი
ცენზორი განიჩენკო, რომელსაც უკრაინელი ქმარი ჰყავდა, ცხოვრების მეტი წილი დასავლეთ
უკრაინაში ჰქონდა გატარებული და უკრაინული ენა მშვენივრად იცოდა, ბაძიოს ყველა წერილს
უკან უბრუნებდა ცინიკური წარწერით, „გაუგებარი ენა“. ბაძიო უკან არ იხევდა და ისევ
უკრაინულად წერდა. ის ამბავი, რომ ბაძიოს ცოლ-შვილს მისი წერილები არ მისდიოდა,
განიჩენკოს არ აღელვებდა, წაიკითხავდა ბაძიოს მოცულობით წერილს, მიაწერდა, გაუგებარი
ენააო და უკან დაუბრუნებდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ უკვე პერესტროიკის ხანაში
ქართველების წამოწყება მშობლიურ ენაზე წერილების წერისა წარმატებით არ დაგვირგვინდა და
ბარაშევოდან დაიწყო უკრაინული, ლიტვური, ლატვიური, ესტონური თუ სომხური წერილების
გმირული სვლა ადრესატებამდე.
როგორც კი ნაციონალურ ენებზე წერის უფლება გამოცხადდა, იური ბაძიო ჩვენთან მოვიდა, ორი
ნაჭერი უკრაინული „სალა“ და კიევიდან გამოგზავნილი ნამდვილი შავი პურის მოზრდილი
ნაჭერი მოგვიტანა, მაგარი ჩაითი ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის სადღეგრძელო
უკრაინულად წარმოთქვა და გვთხოვა, საპასუხო სადღეგრძელო ქართულად გვეთქვა.
სადღეგრძელოს მოსასმენად უკრაინული დელეგაცია სრული შემადგენლობით გამოცხადდა.
ბუნებრივია, ქართველებიც იქვე გაჩნდნენ. ათი წლის ასაკიდან ქართულ სუფრაზე გაზრდილი

61
კაცი ვარ (ათი წლისა რომ ვიყავი, ბიძაჩემი თავის საძმაკაცოში თამადად მნიშნავდა და გრძელ-
გრძელ სადღეგრძელოებს მათქმევინებდა ხოლმე. ბუნებრივია, ბევრი ცუდი, გაცვეთილი,
არაგულწრფელი და მხოლოდ რამდენიმე კარგი სადღეგრძელო მითქვამს, მაგრამ
მჭევრმეტყველებით ბარაშევოში უკრაინელების წინაშე ქართულად ნათქვამ სადღეგრძელოს
ვერც ერთი ვერ შეედრებოდა: იმოდენა სადღეგრძელო იყო, რომ ჩაი გაცივდა, სტრილცივი
აღელვებისგან ცუდად გახდა და ნიჩიპორენკომ ცრემლები მოიწმინდა. იმ დღიდან ვიცოდით, რომ
ბაძიო ჩვენი მეგობარი იყო, თუმცა ამას მისი დღის წესრიგი არ შეუცვლია: პარტია-ფილოსოფია-
ინგლისური-გერმანული ერთმანეთს მისდევდა ბაძიოს სამაგიდო საათის ჟღარუნში და
მეგობრებისთვის დრო ცოტა რჩებოდა.
ბარაშევოს პოლიტიკური ბანაკის სამეცნიერო წრის ხელმძღვანელის, ვადიმ იანკოვის წამოწყება
სტაბილურად დამკვიდრდა: ყოველკვირეული ლექციების ციკლი ხან ეროვნულ კულტურებს
ეხებოდა, ხანაც პოლიტიკურ თეორიებს. ამ სემინარებზე ბაძიომ წაიკითხა მოხსენება პარტიული
მშენებლობის შესახებ, რომელშიც წარმოადგინა კომუნისტური პარტიის ანტიპოდის, მის მიერ
ჩამოსაყალიბებელი უკრაინის დემოკრატიული პარტიის წინასწარი პორტრეტი.
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს „ყოვლისმცოდნე“, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თეორეტიკოსებს
არ აქვთ საშუალება ბაძიოს ამ ზეპირ მოხსენებას გაეცნონ. მოხსენება-მეთქი, ვთქვი, მაგრამ,
სინამდვილეში, ეს იყო იანკოვ-სოკრატული დიალოგი, რომელშიც სოკრატეს როლი ბაძიომ, ხოლო
გულუბრყვილო და თვითდაჯერებული იონის როლი მე შევასრულე.
– საღამო მშვიდობისა, საყვარელო ათენელო ხალხო, საღამო მშვიდობისა, იონ, საღამო მშვიდობისა
ჩვენი სიმშვიდის მცველებო, ბატონო ვერტუხაებო ანუ ზედამხედველებო, უკაცრავად,
კონტროლიორებო, – მშვიდად დაიწყო ბაძიო-სოკრატემ.
– კიდევ კარგი, რომ ჩვენს ზედამხედველებს შენი არ ესმით, ჩემო სოკრატე, – შევაპარე სიტყვა
იონ-ლევანმა ხშირთმიან ბაძიოს, რომელიც თმების ზრდის ტემპით მთელ ზონაში მხოლოდ
რაფიკა პაპაიანს თუ ჩამორჩებოდა და სოკრატეს მელოტობამდე ბევრი უკლდა. როგორც
შემდგომში გაირკვა, ამ სტატუსს ვერც ვერასოდეს მიაღწევდა.
– ჩემი არ ესმით, თუ ჩემი არ ესმით? – ცბიერად იკითხა სოკრატემ და ორ „არ ესმითში“ სრულიად
განსხვავებული ინტონაციები ჩადო.
– არც ესმით და არც ესმით, – არ ჩამორჩა ირონიაში დიდ მასწავლებელს იონი.
– მთავარია, შენ ხომ გესმის, ჩემო იონ. მაშ, შენ ამბობ, რომ მეგობრებთან ერთად ასე ახალგაზრდამ
პოლიტიკური პარტია შექმენი?
– დიახ, ჩემო სოკრატე, ხალხი და „წმინდა წერილი“ ანუ საბრალდებო დასკვნაა მოწმე, რომ
საქართველოს რესპუბლიკური პარტია ოთხმა კაცმა შევქმენით და ამ პარტიის შემოქმედთა
საშუალო ასაკი 22,5 წელი იყო, – სწრაფად ვიანგარიშე ოთხი დამფუძნებელი წევრის საშუალო
ასაკი 1978 წლის 21 მაისისთვის.
– შესანიშნავი ასაკია ფეხბურთის სათამაშოდ, – პირველი კბენა განახორციელა ერთი შეხედვით
უწყინარმა სოკრატემ.
– ვაპროტესტებ, ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში ფეხბურთი არ იყო, – აღელდა ერთ-ერთი „ათენელი“
ჟორა ხომიზური, რომლის ცოდნა ფეხბურთში მგონი სწორედ ამ და იმ ფაქტით ამოიწურებოდა,
რომ ერთხელ თბილისის „დინამომ“ ერევნის „არარატს“ ათი კაცის შემადგენლობით 4:1 მოუგო
გასვლაზე, ერევნის სახელგანთქმულ „რაზდანის“ სტადიონზე.
– სიწყნარე აგორაზე, – მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას სოკრატემ, – ვასწორებ: შესანიშნავი
ასაკია ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის, მაგრამ არა სერიოზული პოლიტიკური
პარტიის შესაქმნელად.
– ასეა თუ ისე, პარტია შევქმენით და სახელმწიფო მანდატურებმა პატივი გვცეს, სასჯელი
სწორედ ამისთვის დაგვადეს, – არც მთლად მოკრძალებულად განაცხადა იონმა.
– რა მიზანს ისახავს თქვენი პარტია? – დაინტერესდა სოკრატე.
– კომუნისტური წყობის დასრულებას, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას და
დემოკრატიის დამკვიდრებას, – თამამად ჩამოაყალიბა თავისი ნორჩი პოლიტიკური პარტიის
მოკრძალებული პროგრამა იონმა.
– ეს ბერძენი კაცი საქართველოსთვის რამ გადაგრია? – იკითხა არაბუნებრივმა და გაუცინარმა
სოკრატემ.

62
– დიდი სოკრატე თუ დიდი უკრაინისთვის იღწვის, პატარა იონმა და პატარა საქართველომ რაღა
დააშავეს? – იკითხა მოცემულ სოკრატეზე, სულ ცოტა, ორჯერ უფრო მძიმე მოცემულმა იონმა.
– მაშ, სამივე, არა? დეკომუნიზაციაც, დამოუკიდებლობაც და დემოკრატიაც? – იკითხა
აუღელვებელმა სოკრატემ.
– დიახაც, ღმერთი სამობითაა, – გული მოეცა იონს.
– ჩვენ, ბერძნებს, სამი კი არა, სამი ათასი ღმერთი გვყავს, მარტო ოლიმპიელი თორმეტი გვყავს,
რომ არაფერი ვთქვათ არაოლიმპიელ და სხვა ღმერთებზე, – მკაცრად აღნიშნა პლურალიზმის
პატრიარქმა სოკრატემ, – ერთარსება სამი ჯერ არ დაბადებულა, უფრო სწორად, ჯერ არავის
უთქვამს, რომ დაიბადა.
– ნუ დავწვრილმანდებით, ჩემო სოკრატე.
– მაგ ნათელ მიზნებს რომ მიაღწევთ, კომუნისტური წყობა რომ დაემხობა, საქართველო
დამოუკიდებელი და დემოკრატიული რომ გახდება, პარტიას გააუქმებთ? – იკითხა სოკრატემ.
– გაიმეორე, ჩემო სოკრატე! – ითხოვა იონმა.
– მშვენივრად გაიგე, რაც გკითხე.
– გაგებით როგორ არ გავიგე, მაგრამ ყურს სიამოვნებს ეს ოქროს სიტყვები თავისუფლებაზე.
– კომუნისტები არ არიან, საქართველო გაეროს წევრია, რეგურალურად ტარდება პატიოსანი
არჩევნები, – პატიოსნად დახატა ფუტურუმი სოკრატემ, – ამ დროს რას შვრება საქართველოს
რესპუბლიკური პარტია? თვითლიკვიდაციას აცხადებს თუ მიზნებს იცვლის? პირდაპირ
მიპასუხე, ჩემო იონ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე.
– მიზნებს იცვლის, – იოლად დაეთანხმა თავისუფლების და დემოკრატიის ციდან ჩამოვარდნის
ნაყოფიერ იდეას გამოუცდელი იონი.
– და ახალ მიზნებს ისახავს? – გულუბრყვილოდ იკითხა სოკრატემ.
– დიახაც, ახალ ვითარებაში ახალ მიზნებს ისახავს, – არ დაიბნა იონი.
– ხომ არ აჯობებდა, თავიდანვე ის „ახალი“, შორეული მიზნები დაგესახათ, იონ? – შეპარვით
იკითხა სოკრატემ.
– დაიჭირა, დაიჭირა, – ვერ დამალა აღფრთოვანება ერთ-ერთმა „ათენელმა კაცმა“, ვადიმ იანკოვმა,
რომელსაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის იდეა თვალში არ მოსდიოდა,
კომუნისტებთან ერთობლივ ბრძოლას და საბჭოთა კავშირის ერთიან დემოკრატიზაციას
ქადაგებდა, რადგან მარტო დარჩენილი რუსეთის აგრესიულობის დაოკების გზებს ვერ ხედავდა.
– პოლიტიკური პარტია არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს უსახავს
სახელმწიფო ძალაუფლების დაუფლების, მისი შენარჩუნებისა და ამა თუ იმ საზოგადოებრივი
ფენის ინტერესებისთვის სახელმწიფო აპარატის გამოყენების ამოცანას. ის მონაწილეობს
საარჩევნო კამპანიებში, ეწევა საგანმანათლებლო-პროგრამულ საქმიანობას, გამოხატავს
პოლიტიკურ პროტესტს. ასე არ არის, ჩემო იონ? – იკითხა სოკრატემ.
– ამომწურავ განმარტებას ჰგავს, ჩემო სოკრატე, სახელგანთქმული „ბრიტანიკის“
რედაქტორებსაც კი შეშურდებოდათ შენი, ოღონდ, ერთი შეხედვით, შენი დეფინიცია ყველა
პოლიტიკურ სისტემას არ შეესაბამება, – გაბედა კრიტიკა იონმა.
– მესმის, ჩემო იონ, შენ ახლა იტყვი, რომ ერთპარტიულ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკური
პარტია პროტესტს არ გამოხატავს. ამის თქმა გსურდა? – თვალების მოჭუტვით იკითხა
უკრაინელმა სოკრატემ.
– ჩემს გულში ზიხარ, საყვარელო სოკრატე, – არ დამალა აღფრთოვანება იონმა.
– მოდი, შევთანხმდეთ, საყვარელო იონ და ათენელო კაცებო, ჰოი ანდრეს ათენაიოი, რომ
ერთპარტიული სისტემა პოლიტიკური სისტემა კი არა, პოლიტიკური საპყრობილეა, რომელშიც
სხვა პარტიები აკრძალული, დაპატიმრებული ან კულტურის მუშაკებად ან კიდევ დოსააფად
გადაღებილები არიან. პრიმიტიული პოლიტიკური სისტემა როგორც ისტორიული დრამა, იწყება
მეორე სრულუფლებიანი პოლიტიკური პარტიის გაჩენით და მთავრდება განვითარებული
პოლიტიკური სისტემის – მრავალპარტიული, პლურალისტური პოლიტიკური გარემოს,
სრულფერადოვანი პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებით.
– კარგია, ზედამხედველებს რომ არც ესმით (ყურს არ გიგდებენ) და არც ესმით შენი (გულთან

63
ახლოს არ მიაქვთ შენი სიტყვები), ძვირფასო სოკრატე. სულ ცოტა, დამატებით რვა წელიწადს
„ქაჩავს“ შენი სახელმწიფო-სამართლებრივი თეორია, – გულუხვად გაიმეტა ახალი განაჩენი
სოკრატესთვის იონმა.
– სულ ხუთი ტიპის იდეალური პარტია არსებობს, – არ ცხრებოდა ტრადიციული ბერძნული
მჭევრმეტყველების ეშხში შესული სოკრატე, – ელიტის პარტია, სახალხო-მასობრივი პარტია,
ეთნიკური მიმართულების პარტია, საარჩევნო გაერთიანება და ამა თუ იმ მოძრაობის პარტია.
თითოეულ მათგანს თავისი განაყოფი აქვს, მაგალითად, საარჩევნო გაერთიანებები იყოფა
ინდივიდუალურ, უმრავლესობის პარტიად (ინგლ. catch-all), ან პროგრამულ გაერთიანებად.
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტია უმრავლესობის პარტიაა, ხოლო
ამერიკის რესპუბლიკური პარტია პროგრამული გაერთიანებაა. ახლა მიპასუხე, ჩემო იონ, თქვენი
პირმშო, საქართველოს რესპუბლიკური პარტია რომელი იდეალური ტიპის პარტიაა?
– ამაზე არასოდეს მიფიქრია, ჩემო სოკრატე, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ არც
სახალხო-მასობრივი პარტიაა, არც ვიწრო ეთნიკური მიმართულებისაა და არც საარჩევნო
გაერთიანებას წარმოადგენს, რადგან შორია არჩევნებამდე საქართველოში. თუ მეტი პარტია არ
არსებობს (როგორ შემიძლია ეჭვი შევიტანო შენს ანალიზში?!) გამოდის, ელიტის პარტია ყოფილა.
– ესე იგი, გესმის, რომ ძნელი გზა გელით, სანამ ნაციონალურ მხარდაჭერას მოიპოვებთ. კარგი
ისაა, რომ სუბსტანციურად პლურალისტული გაერთიანება ჩამოგიყალიბებიათ. ორმოცი წლის
შემდეგ გექნებათ პირველი ნამდვილი წარმატება.
– რა ამბავია, სოკრატე, ცოტა მოუკელი, – სული დაეხუთა ორმოცწლიანი პერსპექტივით იონს.
– თუ კარგად არ მოიქცევი, მოვუკლებ კი არა, მოვუმატებ. მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ გარემოს
ვხედავ ოქტომბრის გაადატრიალების ასი წლისთავისთვის, 2017 წლისთვის. რამდენი წლის
იქნები, იონ, მაგ დროს?
– სამოცდაოთხის, ჩემო სოკრატე. ეს რიცხვი არ მომწონს, დიდო ადამიანო, თავის დროზე ჯონ
ლენონმა იმღერა, მაგდენის ვიქნებიო და იმ ავადმყოფმა მარკ დევიდ ჩეპმენმა გაცილებით უფრო
ახალგაზრდა, 40 წლისა მოკლა.
– უნდა ითქვას, რომ ამბიციებისთვის ჯიბეში არ ჩაიყოფ ხელს, ჩემო იონ, – განაცხადა
თვითაღიარებულმა „ზონის ნომერმა პირველმა ბიტლომანმა“ სოკრატემ, – მაგრამ
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ, ჯერ ერთი, ეს სიმღერა პოლმა დაწერა და არა ჯონმა,
ეს, სხვათა შორის, პოლის პირველი ხუთი სიმღერიდან ერთ-ერთია. რაც შეეხება პოლ მაკარტნის,
მადლობა ღმერთს, ცოცხალია და სამოცდაოთხს კი არა ას ოთხსაც მიაღწევს. შენ თაყვანისმცემელი
არ მოგკლავს. თაყვანისმცემლებმა, თუკი ასეთები გეყოლება, შეიძლება გული გატკინონ, მაგრამ
არ მოგკლავენ. კიდევ გექნება დრო, შენი ქვეყნის სილამაზით, თავისუფლებით და დემოკრატიით
დატკბე, პენსიონერი რომ იქნები.
– მანამდე ძალიან დიდი დროა, ჩემო სოკრატე.
– პარტიის ფინანსებზე მინდა დაგელაპარაკო, ძვირფასო იონ. ამოდენა პარტიას რომ ქმნიდით, ამ
საკითხზეც დაფიქრდებოდით.
– პარტიის დაფინანსება შედგება საწევროსა და თანამგრძნობი მოქალაქეების
შემოწირულობებისგან, – განაცხადა იონმა და გაიხსენა, რა გასაჭირი ადგა ყოველთვის, როცა
საწევრო დისციპლინაზე ალაპარაკდებოდა მშობლიურ პარტიაში.
– სულ რამდენი წევრი გყავთ პარტიაში? – მოითხოვა კონფიდენციალური ინფორმაციის
გასაჯაროება სოკრატემ.
– დავუშვათ, სამასი.
– საწევროსთვის რა თანხა გაქვთ განსაზღვრული?
– დავუშვათ, მანეთი.
– სამასი წელი გავა, სანამ სამასი კაცისგან თითო მანეთის აკრეფას შეძლებთ, ენდე ჩემს მწარე
გამოცდილებას, ახალგაზრდა იონ. რა შემოწირულობების იმედი გაქვს?
– ცალკეული თავისუფალი ბიზნესმენი შემოგვწირავს, ჩემო სოკრატე.
– მაგ ნაწილშიც დიდად იმედიანად ნუ იქნები, ჭაბუკო.
– აბა რა ვქნათ, ამხანაგ სტალინივით ბანკი გავძარცვოთ? – აღელდა პარტიული ფინანსების გარეშე
დარჩენილი იონი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ამხანაგი სტალინი არა მარტო ბანკებს

64
ძარცვავდა, არამედ პოლიტიკურ გადასახლებაში კრიმინალებს ეყრდნობოდა პოლიტიკურ
მეტოქეებთან ბრძოლაში, რაშიც პარტიულმა მეგობრებმა არაერთხელ დასდეს ბრალი.
– და მშობლიურ სახელმწიფოს რატომ ათავისუფლებ ამ პასუხისმგებლობისგან, ძვირფასო იონ?
ამა თუ იმ მეტ-ნაკლებად სერიოზულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არჩევნებში შედეგს
აჩვენებს და გარკვეულ, კანონის მიერ წინასწარ დადგენილ ბარიერს გადალახავს, ვითომ რატომ
არ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ ფული სახელმწიფო ბიუჯეტის სპეციალური მუხლიდან,
რომელიც პლურალიზმის განვითარებას მოხმარდება? – იკითხა სოკრატემ და ათენელი კაცების
სერიოზული მღელვარება გამოიწვია.
– რა უტოპიაა! – გულწრფელად აღელდა ვადიმ იანკოვი, – ასეთ რამეს მე ვერ მოვესწრები!
– მართლაც, რუსეთში ეგ როდის იქნება, ჩემთვისაც უცნობია, მაგრამ უკრაინის და,
განსაკუთრებით, საქართველოს ბიუჯეტს ეს არ დაამძიმებს, ამაში დარწმუნებული ვარ.
პარტიების სტაბილურობა და უცხოეთისგან, მაგალითად, რუსეთისგან, როგორც ყოფილი
მეტროპოლიისგან დამოუკიდებლობა საქართველოს და უკრაინისნაირმა სახელმწიფომ თავისი
ბიუჯეტით უნდა უზრუნველყოს, ეს მის ინტერესებში იქნება და ოდესმე ჩვენს ნიადაგზეც
აღმოცენდება ისეთი სახელწიფო, რომელიც თავის ინტერესებზე იზრუნებს.
ეს სოკრატული დიალოგი დრამატულად განვითარდა, მოცვივდნენ რატომღაც განრისხებული
მთვრალი ზედამხედველები, ტრიმაზკინი, ტრიფონოვი და კისელიოვი, დიალოგის უშუალო
მონაწილეებს, სოკრატესა და იონს, ასევე არბიტრ იანკოვსა და ჟორა ხომიზურს 15-15 დღე
საჯარიმო იზოლატორი გამოუცხადეს (ეტყობა, „შინაგანი წესრიგის საბჭოს“ პროვოკატორებმა
სერიოზულად „წაიმუშავეს“) და სახელგანთქმულ „ბერძნებს“ თავისი სახელმწიფოებრივი თუ
ანტისახელმწიფოებრივი დიალოგის დასრულება უკვე საჯარიმო იზოლატორში, ანუ შიზოში
მოუწიათ.
ამ რამდენიმე ხნის წინ თბილისში ერთ-ერთი პოლიტიკური შიმშილობის დროს მოშიმშილეები
ცუდად რომ გახდნენ, თითქმის მთლიანად აღმიდგა მეხსიერებაში დიდი ხნის დავიწყებული
იური ბაძიოს შესანიშნავი ნაშრომი „პოლიტიკური შიმშილობის პრინციპები“, რომელიც
ხელნაწერში მაქვს წაკითხული (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაწვალებდა უკრაინული ენა და
ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად ხან ვალოდია დელედივკასთან გავრბოდი და
ხანაც გრიშა ნიჩიპორენკოსთან). ამ, მე ვიტყოდი, უკვდავი ნაშრომის, პოლიტიკური პროტესტის
ამ ერთ-ერთი ქმედითი იარაღის სახელმძღვანელოს ძირითადი დებულებები მრავალგზისი და
მრავალდღიანი სველი თუ მშრალი შიმშილობის დიდოსტატ პატიმარს საკუთარ თავზე ჰქონდა
გამოცდილი.
ბაძიოს მიხედვით, შიმშილობა, ანუ როგორც იგი მას ახასიათებდა, „არაძალადობრივი ბრძოლის
დედოფალი“, სულ სამი სახისაა: ჩვეულებრივი (ნებისმიერ საკვებზე უარის თქმა), მშრალი
(საკვებთან ერთად წყალზე უარის თქმაც) და ნაწილობრივი (თითქმის ყველაფერზე უარის თქმა,
მაგალითად, მხოლოდ „ცოტა პურზე და წყალზე“ გადასვლა ან გარკვეულ საკვებზე უარის თქმა,
მაგალითად, „სახელმწიფო პროვიზიაზე“ უარის თქმა და მხოლოდ ნათესავების მიერ
გამოგზავნილი ამანათებით დაკმაყოფილება – შიმშილობის ამ სახეობას ქართულ ციხეებში
წლების განმავლობაში მიმართავდნენ ქართველი პოლიტპატიმრები, ზვიად ძიძიგურს ჩემთვის
არაერთგზის უთქვამს, ციხის საკვების გემო არც ვიცი, არც მე და არც სხვა ზვიადისტები
სახელმწიფო პროვიზიას საერთოდ არ გავკარებივართო).
შიმშილობის მიზეზად ბაძიო ოთხს ასახელებდა: პოლიტიკურს, სოციალურს, ეკონომიკურსა და
პირადს. დაბოლოს, მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით და აღიარებული კლასიფიკაციით,
შიმშილობები შეიძლება იყოს ინდივიდუალური და მასობრივი.
მშრალი შიმშილობის (აბსოლუტური შიმშილობის) სამი დღის შემდეგ ორგანიზმში იწყება
კეტოზის პროცესი (სახელგანთქმული უნახშირწყლო ანუ ატკინსის დიეტის ადეპტებმა კარგად
იციან, რომ ამ შემთხვევაში ენერგეტიკულ საწვავად ორგანიზმი გამოიყენებს არა ღვიძლში
დაგროვილ გლიუკოგენს, არამედ საკუთარ ცხიმს), თუმცა სამი-ოთხი დღის მშრალი შიმშილობა
საშიში არ არის, რადგან ორგანიზმი ისედაც გამოყოფს ყოველდღიურად ერთ ლიტრამდე
ენდოგენურ წყალს ცხიმების დაშლის შედეგად, ხოლო 5 დღის მშრალი შიმშილობის შემდეგ
ორგანიზმში იწყება შეუქცევადი პროცესები, უპირველეს ყოვლისა, დარტყმის ობიექტი ხდება
თირკმელი, ღვიძლი და გული.
ბაძიოს მიხედვით, ხანგრძლივი და „ნაყოფიერი“ პოლიტიკური შიმშილობის უზრუნველსაყოფად
აუცილებელია შიმშილობის პირველი სამი დღე მშრალი იყოს, ხოლო მეოთხე დღიდან დაიწყოს
სასმელი წყლის მიღება.

65
იმისთვის, რომ ორკვირიან შიმშილობას კარგად გაართვა თავი, საჭიროა, მოსამზადებელ
პერიოდში ჩატარებული გქონდეს, ერთ-, სამ- და შვიდდღიანი შიმშილობები. შიმშილობის
მოსამზადებელი ერთთვიანი პერიოდი ყველა პატიმარმა უნდა გაიაროს. იგი იწყება ერთდღიანი
შიმშილობით, მაგალითად, რომელიმე ორშაბათს. შემდეგ კვირაში კვლავ ერთდღიანი შიმშილობა
(ისევ ორშაბათი), მომდევნო კვირას უკვე სამდღიანი (ორშაბათი-ოთხშაბათი), ხოლო კიდევ ერთ
კვირაში – შვიდდღიანი (ორშაბათი-კვირა). მხოლოდ ასეთი მოსამზადებელი ერთი თვის შემდეგ
არის მზად პატიმარი ახალი გამოცდისათვის, სამდღიანი მშრალი შიმშილობისთვის. თუკი
ადამიანს გამოცდილი აქვს შვიდდღიანი შიმშილობა და სამდღიანი მშრალი შიმშილობა, იგი
მორალურად და ფიზიკურად მზადაა ორკვირიანი შიმშილობისთვის, რომლის პირველი სამი დღე
მშრალი იქნება. იური ბაძიოს მიხედვით, ასეთი განსაცდელის შემდეგ ადამიანი მზადაა 45 დღიანი
შიმშილობისთვისაც კი. მისი პირადი რეკორდი 63 დღე იყო და ეს ორთვიანი შიმშილობა მან
საიდუმლოდ, გამოუცხადებლად ჩაატარა, ვინაიდან საბჭოთა პენინტენციალური სისტემა
პოლიტიკურ შიმშილობას არ აღიარებდა და გამოცხადებიდან ერთ კვირაში მოშიმშილის
იძულებით კვებაზე გადადიოდა (ამბობენ, რომ სწორედ ასეთი „კვების“ დროს „შემოაკვდათ“
კაგებეს ჯალათებს 1986 წლის 8 დეკემბერს ჩისტოპოლის ციხეში ადამიანის უფლებებისთვის
დაუცხრომელი მებრძოლი ანატოლი მარჩენკო, რომელსაც ანტისაბჭოთა აგიტაციისა და
პროპაგანდისათვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი. მარჩენკო აღმოჩნდა ყოფილი სისხლის სამართლის
კოდექსის 58-ე და იმ მომენტისთვის 70-ე მუხლით სასჯელმისჯილი მილიონობით ადამიანიდან
უკანასკნელი საბჭოთა პოლიტპატიმარი, რომელიც ციხეში გარდაიცვალა).
1986 წლის 23 სექტემბერს თეთრი სახლის წინ შიმშილობა დაიწყო ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა
ჩარლზ ჰაიდერმა, რომელმაც, საბჭოთა ტელევიზიას თუ დავუჯერებთ, 218 დღე იშიმშილა.
შემდგომში გაირკვა, რომ ეს ჰაიდერის და საბჭოთა ჩეკისტი „ჟურნალისტის“, ვაშინგტონში
გოსტელერადიოს კორესპონდენტის, ვლადიმერ დუნაევის მიერ შექმნილი მითი იყო (ჰაიდერი
იშვიათად ჩნდებოდა თეთრი სახლის წინ, მაგრამ შიმშილობის პერმანენტულობის ილუზიის
შესაქმნელად ჟურნალისტი დუნაევი ამერიკელი მეცნიერის გამოჩენისთანავე რამდენჯერმე
გადაიღებდა ხოლმე რეიგანისგან განიარაღების მომთხოვნ მოპროტესტე ასტროფიზიკოსს და
ამისთვის თავად კოსტიუმებს იცვლიდა ხოლმე. დიდი ხნის შემდეგი მამის აფიორის შესახებ
საზოგადოებას დუნაევის შვილმა ამცნო). ეს საბჭოთა კავშირში იმდენად გახმაურებული პიარ-
აქცია იყო (ამერიკაში მისთვის არავის მიუქცევია ყურადღება), რომ საბჭოთა კავშირის
კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა ამერიკელ „დისიდენტს“
მხარდაჭერის წერილიც კი მისწერა (ამას ხელი არ შეუშლია ამერიკელი პროფესორისთვის
რამდენიმე ხნის შემდეგ მკვეთრი ანტისაბჭოთა პოზიციით გამოსულიყო). ჰაიდერი,
სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ შიმშილობდა, თუმცა, ჭარბი წონის გამო ექიმები ძალიან მკაცრ
დიეტას ურჩევდნენ. ბაძიომ ერთი შეხედა საინფორმაციო გადაცემა „ვრემიაში“ ამერიკელ
„დისიდენტ“ დოქტორ ჰაიდერს და განაცხადა, ეს კაცი არ შიმშილობს, სახეზე აწერია, წვენებსა და
ვიტამინებზე ზისო.
იური ბაძიო 1988 წელს გადასახლებიდან გათავისუფლდა და გადავიდა კიევში, სადაც დაიწყო
კომუნისტური პარტიის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბება.
1990 წლის გაზაფხულისთვის ბაძიომ შეიმუშავა დოკუმენტი „უკრაინის დემოკრატიული
პარტიის მანიფესტი“. 1990 წლის 14 მაისს კიევში ჩატარდა დემპარტიის ჩამომყალიბებელი
კონფერენცია, რომელმაც გადაამუშავა ბაძიოს მანიფესტი და მიიღო როგორც დემოკრატიული
პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტი. 1990 წლის 15-16 დეკემბერს დამფუძნებელ ყრილობაზე
იური ბაძიო აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელად.
როგორც კი თავისი ქვეყნის ისტორიაში მეორე პარტიის ჩამოყალიბების საქმე ბოლომდე მიიყვანა,
1992 წლიდან წავიდა პოლიტიკიდან. უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ
ბაძიოს დაუბრუნეს თავისი წიგნის ხელნაწერი და მან თავისი ცხოვრების მთავარი საქმე, როგორც
იქნა, დაასრულა – „სიცოცხლის უფლება“ გამოსცა 1996 წელს. ეს მეოცე საუკუნის წიგნებიდან
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წიგნია და უკვე თარგმნილია მსოფლიოს ოც ენაზე. 2005 წელს
უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ იური ბაძიოს გადასცა სპეციალური მედალი
დამსახურებისათვის (მართალია, მხოლოდ მესამე ხარისხის, სამაგიეროდ, პირველი ხარისხისა
სულ სხვა ხალხს ერგო).
ამჟამად იური ბაძიო მუშაობს სამეცნიერო თანამშრომლად უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. შესაძლოა, ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა დიდმა
ნაწილმა არც იცოდეს, თუ რა ადამიანის გვერდით უწევთ ცხოვრება და შრომა. ჩვენ, უბრალო
მოკვდავებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, კაცი გამოუცხადებლად 63 დღე რომ იშიმშილებს,
კიდევ რამდენ რამეს გააკეთებს ზედმეტი აფიშირების გარეშე.

66
რაზლაცკი
ბარაშევოს პოლიტიკური ბანაკის ხელმძღვანელი, „მოქალაქე უფროსი“ მაიორი ალექსეი შალინი
ზონაში, როგორც წესი, ადრე დილით, პატიმართა გაღვიძებამდე შემოდიოდა, სანამ დილის 6
საათზე ბოლომდე ხმააწეული რადიო გმირული და საზეიმო ხმით დაიღრიალებდა Соооюз
нерушимый-ს და ყველას არ წამოგვყრიდა ნარებიდან. ეს ტრადიცია იშვიათად ირღვეოდა და თუკი
შალინს დღისით, პატიმრებით სავსე ეზოში გავლა უწევდა, ზონაში შემოსვლისას თავს დახრიდა,
ვინმე რომ არ დაენახა, და სწრაფი ნაბიჯით პირდაპირ მიაშურებდა ხოლმე თავის კაბინეტს.
ბანაკის მკვიდრმა ყველა პატიმარმა იცოდა, რატომ აკეთებდა ამას მაიორი შალინი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიღაც ინსტრუქციაში ეწერა, რომ პატიმრის ხილული თმა
ორმილიმეტრიან ბარიერს არ უნდა ასცდენოდა, თმა იქნებოდა ეს თუ წვერ-ულვაში. ამ
მილიმეტრებს ბევრი პატიმრის დაჩაგვრა და დასჯა მოჰყოლია, „ლარიოკში“ ვაჭრობის უფლების
წაღლეტიდან დაწყებული და ოჯახთან შეხვედრის უფლების ჩამორთმევით ან შიზოში ჩასმით
დამთავრებული. ამ სასტიკი აკრძალვის მიუხედავად, ჩვენი ბანაკის ერთ-ერთი პატიმარი თავისი
ბელადის, მამისა და მასწავლებლის, თავისი ღმერთის მიბაძვით მრავალმილიმეტრიან დიდ,
ნამდვილ, „სტალინურ“ ულვაშს ატარებდა და შალინს არ უნდა დაენახა ულვაშებიანი პატიმარი.
რომ დაენახა, დაუყოვნებლივ უნდა დაესაჯა და რადგან ყველა შედარებით მსუბუქი თუ
არამსუბუქი სასჯელი დიდი ხანია ამოწურული ჰქონდა, შიზოში, საჯარიმო იზოლატორში ჩასმით
ვერ დაკმაყოფილდებოდა; თანაც იმდენჯერ ჰყოლია ჩასმული, რომ განმეორებისაც კი რცხვენოდა.
ამას გარდა, ეჭვი არ იყო, რომ ის ღმერთი, რომლის ულვაშებსაც პატიმარი ატარებდა, მაიორი
შალინისთვისაც არ ყოფილა უბრალო მოკვდავი, მისთვისაც იგი ერთადერთი და განუმეორებელი
ღმერთი იქნებოდა.
ულვაშიანი სტალინისტი პატიმარი გვარად რაზლაცკი იყო. რაზლაცკი, ანუ რუსეთის სიდიდით
მეექვსე ქალაქის, სამარის (1935 წლიდან 1991 წლამდე კუიბიშევის) მკვიდრი ალექსეი ბორისის ძე
რაზლაცკი, მთელ ომისშემდგომი პერიოდის დისიდენტურ მოძრაობაში იშვიათი მოვლენა
გახლდათ, რადგან რსფსრ (რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის)
სისხლის სამართლის კოდექსის იმ დროისთვის უკვე მითოსად ქცეული სამოცდამეათე მუხლით
(ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, შეესაბამებოდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის
კოდექსის სამოცდამეთერთმეტე მუხლს), გასამართლებული იყო როგორც სტალინისტი და ПДП
(Партия Диктатуры Пролетариата) – პროლეტარიატის დიქტატურის პარტიის) დამფუძნებელი.
როგორც უაღრესად საშიში პიროვნება, ბოლშევიკი, რომელიც ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის ეპოქის
საბჭოთა კავშირის მმართველ, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფეოდალურ“ კომუნისტურ
პარტიას უკიდურესად მემარცხენე პოზიციიდან აკრიტიკებდა, გვარიანად შეშინებულმა კაგებემ
და მისმა მონა-მორჩილმა საბჭოთა სასამართლომ მაქსიმალური დროით ჩამოაშორა აქტიურ
მოღვაწეობას – შვიდი წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია და 5 წლით გადასახლება მიუსაჯა.
რაზლაცკიმ სამოცდაათიან წლებში იწინასწარმეტყველა „განვითარებული სოციალიზმის“ კრახი
და საბჭოთა კავშირის მომავალი კატასტროფა.
როგორც მკაცრი იდეოლოგიის მქონე პატიმართა უმრავლესობა, რაზლაცკიც უაღრესად მტკიცე,
მედგარი და გაუტეხელი პატიმარი იყო, რომელიც თავის თავში აერთიანებდა პოეტის,
დისიდენტის, მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის ჰიპოსტასებს.
ჩემთვისაც ცნობილია, რომ სამი პარამეტრიდან: პატიოსნება, ინტელექტი და კომუნისტობა
მხოლოდ ორი იყო თავსებადი: პატიოსანი და ინტელექტუალი კაცი კომუნისტი ვერ იქნებოდა,
ინტელექტუალი კომუნისტი – პატიოსანი და პატიოსანი კომუნისტი – ინტელექტუალი. ეს, რა
თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ყველა ამგვარ თითიდან გამოწოვილ „სიბრძნეს“, უფრო კი
ინტელექტუალურ გასართობს, ცხოვრება მოულოდნელ პასუხს გამოუძებნის ხოლმე. ალექსეი
რაზლაცკი ცხოვრების ერთი ასეთი პასუხთაგანი იყო, მის პატიოსნებაში ეჭვი არავის შეუტანია,
მისი ინტელექტი ობიექტურად დადასტურებულია მის „სამიზდატსა“ თუ „ტამიზდატში“
გამოცემულ საკმაოდ მოზრდილ სამეცნიერო თუ პოლიტიკურ შემოქმედებაში, მისი
კომუნისტობა ჩვენთვის უტყუარი და ასპროცენტიანი იყო და აკი კაგებეს დამოკიდებულებამ და
სასამართლოს განაჩენის სისასტიკემაც დაადასტურა.
რაზლაცკი იმდენად იყო დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში, რამდენადაც ადამიანი
საერთოდ შეიძლება იყოს დარწმუნებული რაიმეში. ჩვენ გამოუსწორებელ ლიბერალებს და
ოპორტუნისტებს გვეძახდა და ღიმილით გვეუბნებოდა, ხელისუფლების სათავეში რომ მოვალ,
ყველას დაგხოცავთო. საყვარელი ვაჟი ჰყავდა, ალექსეი ალექსეის ძე, სულ მასზე საუბრობდა,
სულ მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა, წერილებს სწერდა და თუ მისგან წერილს მიიღებდა,
მეცხრე ცაზე იყო ხოლმე. სწორედ მასზე ჰკითხეს დათომ და ჟორამ, შენს ვაჟს რომ ლიბერალური

67
იდეოლოგია შეეპაროს, ხომ იცი, მეოცე საუკუნის ბოლოა, ოცდამეერთე გვიახლოვდება და
ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მოკლედ, შენმა საკუთარმა შვილმა რომ გამოგიცხადოს, სტალინი
ტირანი იყო და კაცობრიობისთვის, რუსეთისთვის და პირადად შენთვისაც ბოროტების მეტი
არაფერი მოუტანიაო, რას უზამო. დაფიქრდა რაზლაცკი, ისე ღრმად დაფიქრდა, რომ ჩვენ ირგვლივ
ხალხმა დაიწყო შეგროვება. მანილოვიჩი მოკლედ უხსნიდა შემოსწრებულებს დასმული
შეკითხვის არსს. რაზლაცკი კი ისე ღრმა ფიქრებში წავიდა, რომ არც მანილოვიჩის ირონიული
კომენტარები ესმოდა, და არც ჟორას დადებულ სანაძლეოს ან პატიოსანი პოლიაკოვის ხვეწნას
აქცევდა ყურადღებას, თავი დაანებეთ, სტალინისტი კია, მაგრამ ისიც ადამიანია, ხალხი არა
ხართო? დიდი ხნის შემდეგ, როგორც იქნა, რაზლაცკიმ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, ამ კეთილი
იერის კაცს უეცრად სახე მეტალისგან ჩამოესხა და განაჩენიც დაიდო: – იმ შემთხვევაში, თუკი
ჩემი ვაჟი, ალექსეი ალექსეის ძე რაზლაცკი, სტალინის პიროვნებაში ვერ გაერკვევა და
რევიზიონისტული სიცრუის გავრცელებას შეუდგება, მე მას სიკვდილს მივუსჯი და განაჩენს
საკუთარი ხელით აღვასრულებ: დავხვრეტ, როგორც მოღალატეს.
იმედგაცრუებულმა პოლიაკოვმა ხელი ჩაიქნია, გახარებულმა ხომიზურმა სანაძლეო მოუგო
დონსკოის, დათო დიდხანს გაოგნებული იდგა, რაფიკა პაპაიანს თვალზე ცრემლი მოადგა, ხოლო
ჯონიმ რამდენიმე წუთის შემდეგ გულუბრყვილოდ იკითხა, რა მოხდაო.
ერთხელ ბანაკში გიტარა გაჩნდა. როგორ და საიდან, არავინ იცოდა, მაგრამ გაჩნდა. კლასიკური
ექვსსიმიანი გიტარა იყო, მაგრამ იმის მიხედვით, ვის ხელში აღმოჩნდებოდა, ხან ესპანურად
გაეწყობოდა ტერცულ სტილში (ე-ბ-გ-დ-ა-ე მი-სი-სოლ-რე-ლა-მი), ხანაც რუსულად (დ-ბ-გ-დ-ბ-გ-დ
რე-სი-სოლ-რე-სი-სოლ-რე). ჩამოყალიბდნენ „ესპანელები“ და „რუსები“. მე და მანილოვიჩი
„ესპანელები“ ვიყავით, დონსკოი და პაპაიანი კი „რუსები“. როდესაც რომელიმე „ესპანელს“
„რუსის“ ხელში ნამყოფი გიტარა ჩაუვარდებოდა, მეორე, მესამე და მეოთხე სიმებს ხელს არ
ახლებდა, პირველს მეორის მიხედვით გამართავდა, მეექვსეს – პირველის და მეხუთეს – მეექვსეს
მიხედვით. ეს მარტივი პროცედურა იყო და თუკი ვინმესთვის სპილოს ყურზე ფეხი არ ჰქონდა
დაბიჯებული, ამგვარი პროცედურის ჩატარებას ახერხებდა კიდეც, მაგრამ ამდენ აწყობა-
გადაწყობაში სიმები თავდაპირველ მუსიკალურ მნიშვნელობას სცდებოდნენ და ერთმანეთთან
შეფარდებაში კი იყვნენ ტერცეტებად, მაგრამ პირველი და მეექვსე სიმი მართლა მი იყო, თუ უკვე
რემდე ან სულაც დომდე მოეშვა, ძნელი სათქმელი იყო. საჭირო იყო კამერტონი და კამერტონს,
აბა პოლიტიკურ ბანაკში ვინ მოგვაშავებდა.
ერთხელაც, მე და რაფიკა პაპაიანი გიტარისა და კამერტონის საკითხზე ვმსჯელობდით
პირსაბანში, რომელსაც სიყვარულით „კურილკას“ ვეძახდით (დღევანდელი მსოფლიო
აეროპორტების უმრავლესობაში მოწყობილ მოსაწევ ოთახებს მოგვაგონებდა, ოღონდ
სისუფთავესთან და კომფორტთან ცოტა მწყრალად იყო).
– იდეა მაქვს, – განაცხადა პაპაიანმა. – დილას საბჭოთა კავშირის ჰიმნს რომ გვიმღერიან, ის ტონი
დავიმახსოვროთ, მერე როგორმე ჰიმნის ნოტები ვიშოვოთ და გიტარაც იმაზე ავაწყოთ.
– დისიდენტი და გაფუჭებული ხალხი კი ბრძანდებით, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, ასე თუ ისე,
მაინც კანონიერი პატიმრები ხართ და ამდენი რატომ უნდა იწვალოთ? – მოულოდნელად ჩაერია
ჩვენს საუბარში „კურილკაში“ შემოსული რაზლაცკი.
– რამე უკეთესს ხომ არ შემოგვთავაზებთ? – თავაზიანად ჩაეკითხა რაფიკა და ჩუმად თვალი
ჩამიკრა, აქაოდა, ამ სტალინისტმა და პოლიტიკურმა დინოზავრმა კავკასიელ და წინწაწეულ
პოლიტპატიმრებს ისეთი რა უნდა გვითხრას, რომ გამოგვადგესო.
– ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირის ჰიმნის ნოტები არ გჭირდებათ, მე ვარ ცოცხალი ნოტები.
რევიზიონისტებმა და ფსევდოკომუნისტმა ფეოდალებმა სიტყვები შერყვნეს, თორემ მუსიკა და
ტონალობა უცვლელი დატოვეს. თქვენი საძულველი სიტყვა Союз-ის პირველი მარცვალი Со- არის
ნოტი სოლ ანუ გიტარის მესამე სიმი ორივე წყობაში. შემდეგ მოდის დო-სოლ-ლა-სი-მი.
Со- юз не- ру- ши-мый рес-пуб-лик сво- бод- ных
(სოლ)(დო)(სოლ)(ლა)(სი)(მი) (მი)(ლა)(სოლ) (ფა) (სოლ)(დო).
და რაზლაცკიმ აშკარად დიდი სიამოვნებით იმღერა საბჭოთა კავშირის ჰიმნის სრული ვერსია 1943
წლის ვარიანტით; როდესაც სტალინის ხსენებას მიადგა, ხმა გაებზარა და ცრემლი მოადგა,
გვარიანი პაუზა გააკეთა, მაგრამ ბოლოს მთელი ხმით დასჭექა: Нас вырастил Сталин – на верность
народу
На труд и на подвиги нас вдохновил.
– ისე, – განაგრძო საზეიმო სიმღერით აღტყინებულმა რაზლაცკიმ, – ამასაც ნუ იზამთ, დიდი

68
საბჭოთა კავშირის ჰიმნს ამ სულელურ გიტარაზე ნუ დახარჯავთ, ცოცხალი კამერტონი ვარ,
უშეცდომო ლა-ს მოგცემთ და გიტარა ააწყვეთ.
ჩემს შეკითხვაზე, საიდან ასეთი ლა-მეთქი, რაზლაცკიმ მითხრა, ყველა პოლიტიკურ პატიმარს
მეორე პროფესია აქვს; სანამ ქართველები გაუთავებლად სვამდნენ, ლენინგრადული
არისტოკრატია მეეზოვეებად მუშაობდა (პოლიაკოვსა და დონსკოის გულისხმობდა), ბუნდელი
წვრილი ბურჟუაზია – ელექტრომონტიორებად (მანილოვიჩი და ფელდმანი), კუიბიშეველი
პროლეტარიატი წლების მანძილზე ფორტეპიანოს ამწყობად მუშაობდა და დამოუკიდებელი
მომღერალი პოეტების, ეგრეთწოდებული ბარდების კონკურსებზე ჟიურის ხელმძღვანელობდაო.
რაზლაცკის მუსიკალური ისტორიები ამით არ დამთავრებულა; როდესაც „სამხრეთ კავკასიის
ხალხთა ქრისტიანული ფედერაციის“ ინიციტივით ჩატარებულ კავკასიური მუსიკის საღამოებზე
რუსლან კეტენჩიევმა საკმაოდ რთული ბალყარული სიმღერა შეასრულა, რაფაელი პაპაიანი
სახელგანთქმული სომხური სიმღერით, კომიტასის მიერ გადამუშავებული „წიწერნაკით“
(„მერცხალი“) წარდგა, ხოლო მე „სულიკოს“ შესრულება ვიკისრე, სიტყვებიდან „გულამოსკვნილი
ვტიროდი“ რაზლაცკი ამყვა მშვენიერი სასიმღერო ქართულით და ბოლომდე მეორე ხმა ისე
წაიყვანა, რომ პირსაბანი ოთახის, იმავე „კურილკის“ მთელი აუდიტორია მქუხარე ტაშით
დაინგრა და შესანიშნავი პრიზი პირველი ადგილისთვის – ერთი ასანთის კოლოფი შავი ჩაი მე
დავიმსახურე (რაზლაცკიმ გაყოფაზე უარი მითხრა), ხოლო გიორგი ხომიზურმა საბოლოოდ
შეიძულა „სულიკო“ როგორც სტალინიზმის სიმბოლო და ჩემმა კომენტარმა, რომ ეს ლექსი 1895
წელს დაწერა აკაკი წერეთელმა და ვარინკა წერეთელმა მაშინვე შეუწყო მუსიკა, მის რწმენაზე
გავლენა ვერ მოახდინა; სტალინის დროს რადიოში მხოლოდ „სულიკო“ ისმოდა, კაციჭამიას
ფავორიტი სიმღერის შესრულებაში, მით უმეტეს, რაზლაცკისთან დუეტში ბერძენიშვილს ჩაი
როგორ მიეცით, ბატონო ჟიურის თავმჯდომარეო. თავმჯდომარე ვადიმ იანკოვმა ჟორას
გაცხარება გულთან ახლოს არ მიიტანა, მეტიც, ოფიციალური განცხადება გააკეთა, ყველა დროისა
და ხალხის მამას, გენერალისიმუს ამხანაგ სტალინს ღვინოც უყვარდა, მაგრამ თუ ოდესმე
თავისუფლება მეღირსა, შენი და სტალინის შიში არ მექნება, ღვინოსაც შევსვამ და შეიძლება
„სულიკოც“ ვიმღერო, თუ ლევანივით საყვარელ ქართველ კაცს გადავაწყდიო.
როგორც ჭეშმარიტი რუსი და პროლეტარიატის ქომაგი, რაზლაცკი, რა თქმა უნდა, მსმელი კაცი
იყო. ერთხელ, როდესაც საუბარი ხელფასზე ჩამოვარდა, ჩვენმა სტალინისტმა მეგობარმა თავისი
კარიერული სვლა და ხელფასი მოულოდნელი კრიტერიუმით, ნახევარლიტრიანი არყის ბოთლის
ფასით შეაფასა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გაცილებით უფრო ადეკვატურად ასახავდა
საშემოსავლო განაკვეთს, ვიდრე ძველი თუ ახალი მანეთი და კაპიკი.
– თავიდან ძალიან პატარა ხელფასი მქონდა, მხოლოდ 5 ბოთლი. დისერტაცია რომ დავიცავი,
ხელფასი მომემატა და 20 ბოთლი გახდა. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რომ გავხდი, ხელფასმა
იდეალს მიაღწია და 50 ბოთლი გახდა. საჭმელს და კულტურულ ღონისძიებებს თუ
გამოვაკლებთ, 30 ბოთლი რჩებოდა. იდეალს იმიტომ ვამბობ, რომ ყოველდღე თითო ბოთლი
უწევდა და თუ დღე ჩაგივარდებოდა... აი, ლაბორატორიის გამგე რომ გავხდი, ძალიან დიდი
ხელფასი მქონდა, მთელი 72 ბოთლი და კიდევ რამდენიმე ყლუპი.
არაყზე საუბრისას ეტყობოდა, პოეზიასთან ახლოს რომ იყო. გვიხსნიდა, ლენინის დიდი
პატივისცემა მაქვს, მაგრამ ვერ ვივიწყებ, ნიკოლოზ მეორის წამოწყებულ სისულელეს, „მშრალ
კანონს“ რომ მხარი აუბა და არაყი რომ აკრძალაო. 1924 წლამდე აკრძალული იყო დალევა და
როგორც კი ლენინი გარდაიცვალა, სტალინმა ეს აკრძალვა მოხსნა, აბა, ქართველი კაცი, თანაც
კარგი პოეტი, დალევას როგორ აკრძალავდაო! რაზლაცკიმ ზეპირად იცოდა სტალინის რამდენიმე
გამოსვლა, მათ შორის, გამოსვლა პარტიის XIV ყრილობაზე, სადაც დიდ ბელადს არაყი რეზერვის
წყაროდ მოუხსენიებია. აი, რა უთქვამს ამხ. სტალინს სიტყვა-სიტყვით: „ჩვენ ვერ მივიღებთ იმ
კაბალურ პირობებს, რომლებსაც დასავლეთევროპელი კაპიტალისტები გვთავაზობენ და
რომლებიც ჩვენ უარვყავით. რჩება ერთი: ვეძებოთ წყაროები სხვა სფეროებში. ეს მაინც უკეთესია,
ვიდრე დაკაბალება. აქ უნდა ავირჩიოთ კაბალასა და არაყს შორის და ხალხი, რომელსაც ჰგონია,
რომ სოციალიზმის აშენება შეიძლება თეთრი ხელთათმანებით, სასტიკად ცდება“.
როგორც კარგ მოსწავლეს, რაზლაცკის 1951 წელს დაუმსახურებია მთელ საბჭოთა კავშირში
„სტალინურ ადგილებში“ მოგზაურობა. რამდენიმე ბავშვი ყოფილა და სამი მასწავლებელი, მათ
შორის ერთი, შრომის მასწავლებელი, ნაომარი კაცი ყოფილა. ასე მოუვლიათ, სხვა ქალაქებთან
ერთად, თბილისი, გორი და ბათუმი. ბათუმის და თბილისის რა გითხრათ და გორს ჩემზე
გაცილებით უკეთ იცნობდა. ჩემზე კი არა, დოესში გაზრდილ ჯონი ლაშქარაშვილზე უკეთაც.
სტალინის მუზეუმს რაც შეეხება, იქ ხომ ყველა თანამშრომელს სახელით და მამის სახელით
იცნობდა, ოცჯერ მაინც ყოფილა გორში და მუზეუმს როგორ გააცდენდა, ზოგიერთივით ატენის
სიონის სანახავად ხომ არ ჩავიდოდა გორში! სტალინის ძეგლთან დაკავშირებით ზღაპრული
დეტალები იცოდა, ის კი არა, სახელგანთქმული გორული კატლეტის ამბავიც იცოდა და მცხეთური

69
სალობიესიც. ერთხელ ჩემსა და რაფიკას შორის ატენის სიონთან დაკავშირებულ ცხარე კამათს
შეესწრო და განაცხადა, ატენის სიონში არ ვყოფილვარ, ისე გამიგია და ატენური ღვინო კი კარგად
ვიცი, დამილევია, ეგ ნამდვილად ქართული ფენომენიაო.
ალექსეი ბორისის ძე საინტერესო მოსაუბრე იყო. მოსმენა იცოდა და უყვარდა, ყველაზე უფრო კი
კითხვების დასმა უყვარდა. ნებისმიერ კითხვაში მუდამ იგრძნობოდა მისთვის ასე ძვირფასი
ქართული აქცენტი (უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო რუსი საესტრადო კომიკოსებისთვის
დამახასიათებელი „საერთო-კავკასიური“ აქცენტი, რომელიც ქართული, სომხური,
აზერბაიჯანული თუ ჩეჩნური აქცენტების ნარევია, არამედ სწორედ ქართული; ეტყობა მთელი
თავისი ცხოვრება ბელადს არა მხოლოდ კითხულობდა, არამედ საათობითაც უსმენდა). მთავარ
ანტისაბჭოთა დოკუმენტს, რომელიც მან, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, თავის
თანამზრახველ გრიგორი ზინობის ძე ისაევთან ერთად „დაამზადა“ (изготовил), კლასიკური
რუსული რევოლუციური ტრადიციის მიხედვით ერქვა „ვინ უნდა უპასუხოს?“ („Кому отвечать?“)
და შედგებოდა ნაწილებისგან „ვის ვკითხოთ?“ („Кого спросить?“), „საიდან ჩნდება კითხვები?“
(„Откуда берутся вопросы?“), „სად ვეძებოთ პასუხი?“ („Где искать ответ?“), „ვინ სვამს კითხვებს?“
(„Кто задает вопросы?“). საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დოკუმენტი ცილს წამებდა საბჭოთა
სახელმწიფო და საზოგადოებრივ წყობას, სკკპ და საბჭოთა მთავრობის მოღვაწეობას და შეიცავდა
საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლის პროგრამას. კუიბიშეველი ჩეკისტების აზრით, რაზლაცკის
დოკუმენტი წარმოადგენდა პოლონური „კონტრრევოლუციური ორგანიზაციის“,
„სოლიდარობის“, დოკუმენტების გადამღერებას.
ალექსეი რაზლაცკი აღიარებდა, ორი განსხვავებული მასწავლებელი მყავსო – სოკრატე და
სტალინი (ყურადღება მიაქციეთო, ანგლობდა მანილოვიჩი, ორივე „ს“ ასოზე იწყებაო და არც ერთი
არაფერს არ წერდა, პირველი იმიტომ, რომ ასეთი პრინციპი ჰქონდა და მეორე იმიტომ, რომ წერა-
კითხვა არ იცოდაო; ბორიას თეორიით, სტალინის ტომებს მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის
ათასობით თანამშრომელი წერდა ღამღამობით, როცა ბელადს არ ეძინა). ფაქტია, რომ რაზლაცკის,
სოკრატესი არ იყოს, კითხვების დასმა უყვარდა. მე ვამბობდი, რომ იყო რაზლაცკიში რაღაც
ადრეკომუნისტური, წინარეკომუნისტური, მარქსამდელი, პლატონური და, საერთოდ, ანტიკური.
სხვა კომუნისტური პრინციპებისა რა გითხრათ და კერძო საკუთრებას პლატონივით მართლა არ
სცემდა პატივს და ქართველების გარდა ერთადერთი კაცი იყო, რომელიც არკადი დუდკინს წეკოს
აწევინებდა.
მე და რაზლაცკიმ საერთო თემა გამოვძებნეთ: სოკრატეს გასამართლება. საყოველთაოდ
ცნობილია, რომ სოკრატე ძვ.წ. 399 წ. ყველა დემოკრატიული ფორმალობის დაცვით გაასამართლეს
(წარმოდგენილი იყო ორივე მხარე, ბრალდებისა და დაცვის, იყო ორი კენჭისყრა, ხმების
დათვლაში ეჭვი არავის შეუტანია და ა.შ.) და სიკვდილი მიუსაჯეს. რაზლაცკის სოკრატე პირველ
კომუნისტად მიაჩნდა და მის გასამართლებაში ბრალს სდებდა პროტორევიზიონისტებს (მისი
ტერმინი იყო).
– სოკრატეს პროცესმა აჩვენა ე.წ. დასავლური დემოკრატიის არა მხოლოდ სისუსტე, არამედ მისი
სრული უუნარობა, დაენახა ახალი მოძღვრების სიკეთე. პირველი კომუნისტისთვის სასიკვდილო
განაჩენის გამოტანით ანტიკურმა დემოკრატიამ თავი დაისამარა, – განაცხადა რაზლაცკიმ და
თავის სიტყვას სრულიად მოულოდნელი განვითარება მისცა: Демократия похоронила себя, т.е. „тави
даи-САМАРА“, как сказал бы Отец.
– გამოდის, რომ სოკრატე პროტოკომუნისტი იყო და ქართული ენა პროტოკომუნისტური ენაა? –
ვიკითხე მე „გულუბრყვილოდ“.
– სოკრატე პროტო კი არა, უბრალოდ, კომუნისტი იყო: კერძო საკუთრებას უარყოფდა, მაშინდელ
მუშათა კლასს, მონებს გულშემატკივრობდა, მათში ცოდნა შეჰქონდა, მუსიკა უყვარდა, –
განაცხადა რაზლაცკიმ, თუმცა მუსიკა რა შუაში იყო კომუნისტობასთან, არ განმარტა.
– რა თქმა უნდა, ქართულ ენაშიც ყოველთვის იყო კომუნისტური პოტენციალი, – განაგრძო
სამარელმა პოეტმა და დისიდენტმა, – განა თვით რუსთაველმა არ თქვა, მიეცით მუშებს შრომის
საშუალებები და გაათავისუფლეთ პროლეტარიატიო?
– რა გამოდის, შენი თეორიით, რუსთაველიც მარქსისტი იყო? – ვერ დამალა გაოგნება ჟორა
ხომიზურმა, რომელსაც, როგორც ანტიკომუნისტს და რუსთაველის „ფანს“, აშკარად საყვარელ
სათამაშოს ართმევდნენ.
– უბრალო მარქსისტი კი არა, თანმიმდევრული სტალინისტი, – უპასუხა ბორია მანილოვიჩმა. –
შენ რა, არ იცი, რომ „ვინ მოყვარესა არ ეძებს“ პირველი კომუნისტური ინტერნაციონალის
შესახებაა ნათქვამი?

70
– „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“, აი, რა თქვა რუსთაველმა, არანაირი მუშები
და არავითარი პროლეტარიატი „ვეფხისტყაოსანში“ არ არის და არ შეიძლება ყოფილიყო, –
სერიოზულად შევშფოთდი მე.
– ლევან, შენ ამ დემოკრატებში კიდევ პატიოსან კაცს ჰგავხარ, – დაიწყო რაზლაცკიმ.
– მაგრამ სინამდვილეში თვითონაც გესმის, რომ პატიოსანი არ ხარ და რაზლაცკი თუ ჯერ არ
გხვრეტს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანუკვარ ქართველებამდე სხვები ჰყავს დასახვრეტი, – ჩაერთო
მანილოვიჩი.
– მაგალითად, ყველა ჯურის კოსმოპოლიტები, – არ ჩამორჩა რაზლაცკი და ცოტა ხნით დაადუმა
ცუდად აჟიტირებული ბორის ისაკის ძე, – მოკლედ, ლევან, შენ ჯერ მთლიანად არ დაგიკარგავს
კლასობრივი სიმართლის დადგენის შანსი.
– დავუშვათ, ასეა, – დავეთანხმე მე, თუმცა სიტყვა „კლასობრივზე“ ყოველთვის ცუდი რეაქცია
მქონდა.
– რაკი ასეა, მოდი დამეთანხმე, რომ რუსთაველი უაღრესად დაბალი აზრისაა ბურჟუაზიაზე,
წვრილი იქნება ეს თუ მსხვილი. მე მხედველობაში მაქვს „ვეფხისტყაოსნის“ ის ადგილი, როდესაც
ავთანდილი სამხედრო დანაშაულში ამხელს ვაჭართა კლასს.
– ავთანდილი უბრალოდ ამბობს, თქვენ, ვაჭრებს ომი არ გეხერხებათო, – დავიცავი კლასობრივი
თეორიისგან სტალინისა და მისი მოსწავლის საყვარელი რუსთაველი, რომელიც მალე, როგორც
შევატყვე, „სულიკოს“ ბედს გაიზიარებდა: რაკი სტალინს და რაზლაცკის მოსწონდათ, საბოლოო
წუნი დაედებოდა და ვადიმ იანკოვის, სერგეი ავერინცევისა და რაფაელ პაპაიანის მიერ
გაღმერთებული „ვაების სიმღერათა წიგნის“ ავტორის, ვარდაპეტ გრიგოლ ნარეკაცის დონეს
ვეღარ შესწვდებოდა.
– და განა რუსთაველისეული ვაჭრები ბურჟუები არ არიან? – დასვა თავისი შეკითხვა რაზლაცკიმ,
– განა ქართველები დღემდე ანტიბურჟუაზიულად არ არიან განწყობილი და განა საქართველოს
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუშა ან გლეხი არ არის? დიდი საიდუმლოა, რომ ქართველებს
ვაჭრობა სამარცხვინო საქციელად მიაჩნიათ და მოსკოვში ყვავილების გამყიდველ
თანამემამულეებს, როგორც საძულველ ბურჟუებს, ემიჯნებიან?!
– როდის მერე გლეხობისადმი ასეთი ნაზი სიყვარული? – როგორც იქნა, გონს მოვიდა
კოსმოპოლიტიზმში ბრალდებული ბორია მანილოვიჩი.
– შეცდომაა ნამდვილი კომუნისტების მხოლოდ მუშათა ინტერესების დამცველებად
წარმოდგენა. გლეხობა და მუშათა კლასი, ნამგალი და ურო, აი, ეს არის ხალხი. დემოკრატები,
ბურჟუაზია და ინტელიგენცია ხალხი არ არის, ეს წარმოების ნარჩენებია.
– და ვის მორჩა ეს სუბიექტები წარმოებაში? – ვიკითხე მე, – მამა ღმერთს ხომ არა?
– ლევან, შენ ხომ ათეისტი უნდა იყო, ან შენი საყვარელი ბერძნებივით პოლითეისტი, რაც,
პრინციპულად იგივეა, რა ღმერთი, რის ღმერთი, ღმერთი არ არსებობს!
– რა ღირს ოპიუმი ხალხისთვის? – ჩაერთო კიდევ ერთი საეჭვო ათეისტი, ჟორა ხომიზური.
– მღვდლებზე საუბარი არ მინდა ამჟამად, – განაცხადა რაზლაცკიმ.
– ალბათ იმიტომ, რომ ზოგიერთი ბავშვი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, – რაზლაცკის
რელიგიური ტოლერანტობის ახსნის თავისი ვარიანტი შემოგვთავაზა მანილოვიჩმა.
– არა, იმიტომ, რომ სინამდვილეში რელიგია ჩვენი მტერი არ არის, ჩვენი ნამდვილი მტერია
ბურჟუაზია, – მოჭრა რაზლაცკიმ.
– იმიტომ იყო, რომ ომის დროს ამხანაგმა სტალინმა ეკლესიაც დაიხმარა და მისი წმინდანებიც? –
შეაპარა საეჭვო თეზისი ხომიზურმა.
– წმინდანები შინაგანად კომუნისტები იყვნენ, – განაცხადა რაზლაცკიმ.
– ტყუილად კი არ თქვა ჰიტლერმა, ქრისტე კომუნისტი იყო და პეტრე და პავლე პირველი
ბოლშევიკებიო, – მოულოდნელად როზენბერგის იდეების „გაძლიერება“ დაიწყო ამავე იდეების
ერთ-ერთმა მსხვერპლმა მანილოვიჩმა.
– ჰიტლერიც შინაგანი კომუნისტი ხომ არ იყო? – ეშმაკურად იკითხა ხომიზურმა.
– ეგ როლი უფრო ჰიმლერს მოუხდებოდა, – არ დამალა თავისი „სიმპათიები“ მანილოვიჩმა.

71
– თქვენ არაფერი გესმით, თქვენთან არც მაქვს საქმე, – გაბრაზება დაეწყო რაზლაცკის, –
მალაპარაკეთ ჩემს ქართველთან, ამ კაცს ჩემი ესმის.
– მე ასე გავიგე, შენი გაგებით, ყველა კარგი კაცი კომუნისტი ყოფილა სოკრატედან დაწყებული,
წმინდანებით გაგრძელებული და რუსთაველით დამთავრებული, – შევაჯამე რაზლაცკის
მოძღვრება მე.
– ეს გამარტივებული წარმოდგენაა, – განაცხადა რაზლაცკიმ, – მაგრამ სამუშაო ჰიპოთეზად
გამოდგება.
– თუ ღმერთი არ არსებობს, გამოდის, რომ წმინდანები მართლა კომუნისტები ყოფილან, ეს
ლოგიკურია, – დაასკვნა ხომიზურმა.
– ე.ი. ფრანცისკ ასიზელის ცხოვრების შესახებ შეთხზული ფიორეტტი „ყვავილები“ სინამდვილეში
კომუნისტური პარტიის მანიფესტი ყოფილა, – ვერ დამალა თავისი „აღფრთოვანება“
მანილოვიჩმა, რომელიც ვერასოდეს ფარავდა კათოლიციზმის განსაკუთრებულ მიუღებლობას და
ხშირად საუბრობდა ვატიკანისა და ჰიტლერის საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ.
– იცი თუ არა, ლევან, რომ ალექსეი ბორისოვიჩმა სპეციალური ნაშრომი დაწერა სახელად „მეორე
კომუნისტური მანიფესტი“? – იკითხა ჟორამ.
– როგორ არ ვიცი, ალექსეი ბორისის ძის საბრალდებო დასკვნა მაქვს წაკითხული, – განვაცხადე მე,
– ჩემი გაგებით რაზლაცკი მარქსია და მისი თანამზრახველი ისაევი – ენგელსი.
– მარქს ალექსეი ბორისოვიჩ, ენგელს გრიგორიი ზინოვიევიჩ, რუსთაველი შოთა ვისარიონოვიჩ,
პლეხანოვ ფრანცისკ ასიზსკი, ლენინ პიოტრ პავლოვიჩ და სტალინ იისუს იოსიფოვიჩ, – დაიწყო
ჩამოთვლა მანილოვიჩმა.
– მაიმუნები ხართ ყველანი, ყველას კედელთან მიგაყენებთ და დაგხვრეტთ! – საბოლოოდ
გაბრაზდა, როგორც იქნა, რაზლაცკი (ყველაზე მეტად, მე მგონი, ამ პატიოსან ხალხში
„რევიზიონისტი“ პლეხანოვის უაზრო „ჩაჩრამ“ აღაშფოთა).
ყველას სიცილი წაგვსკდა.
– ვერც შენ გიშველის ქართველობა, – არც მე დამამადლა ერთი ტყვია, – თქვენმა ნაციამ მსოფლიოს
საკმარისი და საკმარისზე გაცილებით მეტი უკვე მისცა, დანარჩენები საჭირო აღარა ხართ.
– ეს არის შენი უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლა, – მიუმღერა მანილოვიჩმა.
*
პერესტროიკამ ალექსეი რაზლაცკის თავისუფლება მოუტანა. 1987 წლის თებერვალში
პოლიტიკური ზონებიდან რომ პატიმრები გამოუშვეს, რაზლაცკიც შეიწყალეს (ამ მოვლენას
ხანდახან გორბაჩოვის ამნისტიას უწოდებენ, თუმცა არანაირი ამნისტია არ ყოფილა,
ფორმალურად პოლიტპატიმრებმა თითო-თითო წინადადებით შეწყალება ითხოვეს და სსრკ
უზენაესმა საბჭომ შეიწყალა). კუიბიშევში რომ დაბრუნდა, ძველებურად წერდა ლექსებს და
დღეში 4 კოლოფ პაპიროსსაც ეწეოდა. ხუმრობდა, მანამ ვიცოცხლებ, სანამ კუიბიშევში ჩემი
საყვარელი პაპიროსის, „სევერის“ წარმოება არ შეწყდებაო. ექვსი თვე სამუშაო ვერ იშოვა, ბოლოს
„გიპროვოსტოკნეფტის“ ინსტიტუტის კაპიტალური მშენებლობის ლაბორატორიაში ეკონომისტ
რაზლაცკის ცალკე კაბინეტი გამოუყვეს კიბის ქვეშ, რომ თავისი პაპიროსები ეწია და
თავისუფლად ემუშავა. აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში: აქვეყნებდა სტატიებს,
გამოდიოდა „სახალხო ფრონტის“ ხმაურიან კრებებზე და იმდროინდელ კუიბიშევში
პოპულარულად ქცეულ მრავალათასიან მიტინგებზე. ეჩვენებოდა, რომ კომუნიზმის აღორძინება
ახლოვდებოდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, მისი დრო მოდიოდა...
კომუნისტი ალექსეი რაზლაცკი 1989 წლის 6 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. მე ეს
ამბავი დიდი გულისტკივილით შემატყობინეს დაუძინებელმა ანტიკომუნისტებმა, ცალკე ჟორა
ხომიზურმა და ცალკე ვადიმ იანკოვმა. საშინლად დამწყდა გული. გულწრფელად რომ ვთქვა,
მჯეროდა, მისი ნება რომ ყოფილიყო, მართლა კედელთან მიგვაყენებდა და დაგვხვრეტდა, მაგრამ
გული მაინც საშინლად დამწყდა; უყოყმანოდ დაგვხვრეტდა, მაგრამ გული იმასაც დასწყდებოდა.
ეტყობა, არც ისე მარტივი არსებაა ადამიანი, როგორც ეს კლასობრივი თეორიით დაბრმავებულ
გონებას წარმოუდგენია. სულ მალე, 1991 წლის 25 იანვარს კუიბიშევს სახელი გადაერქვა და
ძველი სახელი, სამარა დაუბრუნდა, ხოლო იმავე წლის 26 დეკემბერს ბევრისთვის ასევე
მოულოდნელად საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. პაპიროსი „სევერის“ წარმოება შეწყდა,
თუმცა მისი ადგილი ამავე დასახელების ფილტრიანმა სიგარეტმა დაიკავა, ხოლო ალექსეი
რაზლაცკის დიდება თითქმის მთლიანად გადავიდა მის ვაჟზე, ალექსეი ალექსეის ძე

72
რაზლაცკიზე, მომღერალ ბარდსა და გიტარისტზე, რომელმაც სამარის სახელგანთქმული
საფეხბურთო კლუბის, „კრილია სოვეტოვის“ ფანკლუბის ჰიმნი „ჩვენი ფრთები“ დაწერა,
რომელიც „კრილუშკებში“ სხვადასხვა ერისა თუ რასის ფეხბურთელების თამაშს აშკარად
ლიბერალური გაგებით ეკიდება და, რომელიც, სხვათა შორის, ულვაშს არ ატარებს.

ბუტოვი
შავი ზღვის მარგალიტი, შესანიშნავი ქალაქი ოდესა XIV საუკუნის ბოლოს დააარსა ლიტვის
დიდმა მთავარმა ვიტოვტმა. მალე ოსმანებმა დაიპყრეს. მაშინ მას ხაჯიბეი ან, პოლონურად,
კოჩუბეი ერქვა. ოსმანებმა ეს დასახლებული პუნქტი ედისანის პროვინციაში შეიტანეს.
მეთვრამეტე საუკუნეში თურქებმა ხაჯიბეიში ციხე-სიმაგრე ხელახლა ააშენეს და მას ენი-დუნია
უწოდეს. ხაჯიბეი მაშინ სილისტრის პროვინციის სანჯაყის ცენტრი იყო. ეკატერინეს
მეცადინეობით, რუსეთმა შემოიერთა ეს ტერიტორიები და ოდესა „ახალი რუსეთის“ ანუ
ნოვოროსიის დიდ საპორტო ქალაქად ჩამოყალიბდა. ერთი საუკუნის განმავლობაში იგი რუსეთის
იმპერიის სიდიდით მეოთხე ქალაქი გახდა პეტერბურგის, მოსკოვისა და ვარშავის შემდეგ.
სხვა ტრადიციებთან ერთად, ოდესა სახელგანთქმული იყო ბაბელის მიერ რომანტიზებული
დამნაშავეთა სამყაროთი, ებრაული სათვისტომოთი, ყველა ეპოქის პოლიტიკური ანეკდოტებით,
მოქალაქეთა ფრონდიორობით, თავისუფლებისადმი შესამჩნევი ლტოლვით და, შესაბამისად,
დისიდენტების მრავალრიცხოვანი სახელებით. ჩვენს ზონაში ამ შესანიშნავ ქალაქს ღირსეულად
წარმოადგენდა თეორეტიკოსი ფიზიკოსი პეტრე ბუტოვი. იგი 1982 წლის 10 თებერვალს იყო
დაპატიმრებული და ოდესის საოლქო სასამართლოს მისთვის 5 წელი ბანაკი და 2 წელი
გადასახლება ჰქონდა მისჯილი.
პეტრე ბუტოვის დამსახურება დისიდენტური ისტორიის წინაშე უზარმაზარია: მან ვიაჩესლავ
იგრუნოვისგან ჩაიბარა, გაზარდა და ისტორიის მონაპოვარი გახადა საბჭოთა იატაკქვეშეთის
საოცრება, სამიზდატისა თუ ტამიზდატის პროდუქტებისგან შემდგარი ანტისაბჭოთა
ლიტერატურის ვეებერთელა ბიბლიოთეკა. რა არ იყო ამ ბიბლიოთეკაში: სოლჟენიცინიდან და
სახაროვიდან დაწყებული ბულგაკოვით, პლატონოვით, ზამიატინითა თუ პასტერნაკით
დამთავრებული, „მიმდინარე მოვლენათა ქრონიკიდან“ დაწყებული და „ლიტვის კათოლიკური
ეკლესიის ქრონიკებით“ დამთავრებული, ორუელის 1984-ით დაწყებული და ამალრიკის „გაძლებს
თუ არა სსრკ 1984 წლამდე“ დამთავრებული, მაქსიმოვისეული ჟურნალ „კონტინენტით“
დაწყებული და რუსი სოლიდარისტების სახალხო-შრომითი კავშირის ჟურნალით,
სახელგანთქმული „პოსევით“ დამთავრებული.
საბჭოთა ისტორიის მანძილზე ასეთი იატაკქვეშა ბიბლიოთეკები სულ სამი ყოფილა: მოსკოვის,
პეტერბურგისა და ოდესის. საერთო აღიარებით, ყველაზე დიდი ყოფილა ოდესის ბიბლიოთეკა,
რომელშიც 20 000-ზე მეტი დასახელების თითქმის 30 000 ბეჭდვითი ერთეული (წიგნი, ჟურნალი,
გაზეთი, პლაკატი და ა.შ.) და 20 000 მიკროფილმი შედიოდა. ბიბლიოთეკას ჰქონდა საკუთარი
გასამრავლებელი აპარატურა, UDC ანუ უნივერსალურ ათობით სისტემაზე აწყობილი
ბიბლიოგრაფია, მიკროფილმების დამამზადებელი ლაბორატორია და საკუთარი ფინანსებიც კი
(ბიბლიოთეკის წევრობა ფასიანი იყო, წლიური ბილეთი მანეთი ღირდა, გარდა ამისა, ბიბლიოთეკა
გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ამზადებდა ასლებს, გამოსცემდა საკუთარ პროდუქციას,
მაგალითად ყოველწლიურ ალმანახ „დერიბასოვსკაიას“).
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამ ბიბლიოთეკის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო
ლუდმილა ალექსეევას წიგნის (История инакомыслия в СССР, განსხვავებულად აზროვნების
ისტორია სსრკ-ში, ვილნიუსი 1992) გამოსვლის შემდეგ; 1999 წელს მეც მქონდა მოხსენება აშშ
კონგრესის ბიბლიოთეკაში მსოფლიოს ეროვნული ბიბლიოთეკების დირექტორების წინაშე
ოდესურ იგრუნოვ-ბუტოვის იატაკქვეშა ბიბლიოთეკაზე. მოხსენებამ განსაკუთრებული
მოწონება დაიმსახურა სამხრეთ ამერიკელ კოლეგებში, პორტუგალიურად და ესპანურად
ითარგმნა და, რამდენადაც ვიცი, კუბაში ანალოგიური იატაკქვეშა ბიბლიოთეკის (უფრო სწორი
იქნება, თუ ვიტყვით, მედიათეკის, რადგან ბეჭდური ერთეულების გარდა კუბურ იატაკქვეშეთში
აკრძალული ვიდეოფილმების სოლიდური მარაგიც შევიდა) დაფუძნებას შეუწყო ხელი.
როგორც ლუდმილა ალექსეევა, რუსული დისენტის სიამაყე და თავისუფლებისთვის მოძრაობის
ნამდვილი დედოფალი, აღნიშნავდა, „სამიზდატის“ სუსტ ტექნიკურ ბაზაში იმალებოდა მისი
მაღალი ხარისხის საიდუმლო. მართლაცდა, ვინ გადაბეჭდავდა რამეს, ვინ გაწევდა სერიოზულ

73
რისკს რაღაც უმნიშვნელო უაზრობის გამო? სტამბურად შეიძლება ყველა სისულელის ბეჭდვა,
განსაკუთრებით, თუ ნაცნობი გყავს ან ფული გეგულება; ხოლო საბეჭდ მანქანაზე იბეჭდება
მხოლოდ ის, რაც ადამიანს აინტერესებს, რისთვისაც ის მზადაა, დროც დახარჯოს და რისკიც
გასწიოს. სწორედ ამიტომ სამიზდატი, თვითგამოცემა იყო – იმდროინდელი მხატვრული,
პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის კვინტესენცია.
იატაკქვეშა ბიბლიოთეკამ ბუტოვის ხელში თითქმის ათი წელი იარსება, იგი ათასობით ადამიანს
ისე მოემსახურა, რომ თავის არსებობას საფრთხე არ შეუქმნა. ბუტოვი შესანიშნავი დირექტორი,
ბრწყინვალე მენეჯერი და ადმინისტრატორი იყო: სანამ თავისუფალი იყო, ბიბლიოთეკა ყვაოდა
და იზრდებოდა. ასევე იზრდებოდა მისი სახელი და დიდება, ოდესის ბიბლიოთეკაზე უკვე
მითები იქმნებოდა და ეს იქნებოდა შესანიშნავი ილუსტრაცია, თუ რის გაკეთება შეუძლიათ
ადამიანებს თუნდაც ბოროტების იმპერიაში. სამწუხაროდ, ოდესის ლეგენდარული ბიბლიოთეკა
ისევე განადგურდა ცეცხლში, როგორც ამავე ქალაქის ლეგენდარული საზაფხულო თეატრი:
ბუტოვის დაპატიმრების შემდეგ უმადურმა ჩეკისტებმა სამხრეებზე თითო ვარსკვლავი
დაიმატეს და მთელი ოდესური ბიბლიოთეკა მოსპეს. ბუტოვი ხუმრობდა, ჩემმა წინამორბედმა
ბიბლიოთეკარებმა ხალხი ჩაუშვეს, მე კი მხოლოდ წიგნები გავიმეტეო. წარმომიდგენია, რა
ბედნიერები იქნებოდნენ ჩეკისტები, როდესაც ოდესის ცენტრში, ბუტოვის მეგობარი ქალის
სახლის საიდუმლო სარდაფიდან ანტისაბჭოთა ლიტერატურის ტომეულები ამოჰქონდათ და
იქვე, სახელდახელოდ მოწყობილ აუტოდაფეზე წვავდნენ მთელი კვირის განმავლობაში. სხვათა
შორის, „ანტისაბჭოთა ლიტერატურის“, ანუ კარგი წიგნების განადგურების ეს სამარცხვინო
პროცესი საბჭოთა პრესამაც გააშუქა და ქართული საბჭოთა პრესის ფლაგმანის, სახელგანთქმული
ქართული „კომუნისტის“ ფურცლებზეც კი მოხვდა.
ბუტოვის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ააწყო ანტისაბჭოთა წიგნების ჩამოტანის
მარშრუტები ევროპიდან და ამერიკიდან ოდესის პორტამდე (შემდგომში მეუბნებოდა, მხოლოდ
მეზღვაურებს ვენდობოდი და არა გემის კაპიტნებს, ზამპოლიტებსა და პომპოლიტებსო).
თითქმის მთელი ანტისაბჭოთა ლიტერატურა აქცია მიკროფილმებად, ხოლო ორიგინალები –
წიგნები – ხელუხლებელ ფონდში შეიტანა. სწორედ ამიტომ მის ბიბლიოთეკას ჩავარდნამდე
რაიმე სერიოზული დანაკარგები არ ჰქონია. ბეჭდვით იშვიათად ბეჭდავდნენ, მაგრამ თუ ამ
საქმეს ხელს მოკიდებდნენ, პაპიროსის ქაღალდს იყენებდნენ, რომელიც შვიდ ასლს იტანდა.
თავის დროზე ჩვენი პარტიის ორგანო, „სამრეკლოც“ ამ უეშმაკო მეთოდით იბეჭდებოდა, ასე რომ,
პეტრე ბუტოვთან, ყველაფერთან ერთად, „ტექნოლოგიური ძმობაც“ მაკავშირებდა. ჩეკისტებმა
სწორედ ხელუხლებელი ფონდი აღმოაჩინეს, მიკროფილმების სახით კი ბუტოვის ბიბლიოთეკამ
დღევანდელობამდეც მოაღწია.
ბუტოვი უკვე პატიმარი იყო და პოლიტიკურ ბანაკშიც იყო გადაყვანილი, როდესაც კორეის
თვითმფრინავის ტრაგედია მოხდა. ეს ამბავი გულთან ისე ახლოს მიიტანა, რომ თავის მუდმივ
საფიქრალად და სამუშაოდ აქცია. ზონაში ყველა ახალმოსულს ეკითხებოდა თვითმფრინავის
ამბავს, აინტერესებდა ყველაფერი: დრო, სტატისტიკა, კონკრეტული თვითმფრინავის ისტორია,
მგზავრები, პოლიტბიუროს რეაქცია, საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ პოზიცია, დასავლეთის
რეაქცია და ა.შ., მოკლედ, ყველაფერი.
რეისი 007-ის ტრაგედია ბუტოვისთვის არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ
ვანდალიზმად, არამედ რაღაც პირად უბედურებად იქცა. 1983 წლის პირველ სექტემბერს საბჭოთა
გამანადგურებლებმა კუნძულ სახალინის დასავლეთით, იაპონიის ზღვის თავზე, „აკრძალულ
სივრცეში“ ჩამოაგდეს კორეის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავი Bოინგ 747, რომელიც
ასრულებდა რეისს ნიუ-იორკი-სეული (ანკორიჯში დაჯდომით და საწვავის შევსებით).
თვითმფრინავის ბორტზე 269 ადამიანი იმყოფებოდა (246 მგზავრი და 23 ეკიპაჟის წევრი). ყველა,
მათ შორის 12 წლამდე ასაკის 22 ბავშვი, დაიღუპა.
საბჭოთა კავშირი თავდაპირველად უარყოფდა, რომ რამე იცოდა ინციდენტის შესახებ, მაგრამ
შემდეგ აღიარა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი და დაიწყო მტკიცება, რომ
ჩამოაგდო ჯაშუში თვითმფრინავი. პოლიტბიურომ განაცხადა, რომ ეს იყო შეერთებული
შტატების განზრახი პროვოკაცია, შეემოწმებინა საბჭოთა კავშირის სამხედრო მზადყოფნა ან ომიც
კი გამოეწვია. შეერთებულმა შტატებმა ბრალი დასდო საბჭოთა კავშირს, რომ ეს უკანასკნელი
ხელს უშლიდა ხსნისა და ძიების ოპერაციასაც კი. უკვე რუსეთმა მომხდარიდან მხოლოდ ცხრა
წლის შემდეგ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ზეწოლით გამოაქვეყნა
ტრაგედიის ზუსტი მონაცემები.
ეს ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი მომენტი იყო ცივი ომის ისტორიაში, რომელმაც
გააძლიერა ანტისაბჭოთა განწყობა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ
შტატებში.

74
ინციდენტის შედეგად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა ალასკიდან გასული რეისების
ტრეკინგის სისტემა, შეიცვალა საავიაციო ხაზების ავტოპილოტის სქემა, ხოლო პრეზიდენტმა
რონალდ რეიგანმა უბრძანა სამხედროებს, რომ გლობალური პოზიციონირების სისტემა (ჯიპიესი)
სამოქალაქო რეისებისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო (უფასოდ) მომავალში მსგავსი
ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად.
ბევრი მკვლევრის აზრით, სწორედ მაშინ დაებადა რონალდ რეიგანს იდეა, საბჭოთა
კავშირისათვის „ბოროტების იმპერია“ ეწოდებინა. აი, რა აქვს ნათქვამი შეერთებული შტატების
პრეზიდენტს: „საბჭოთა კავშირი ქადაგებს სახელმწიფოს უპირატესობას, აცხადებს, რომ
სახელმწიფო პიროვნებაზე და, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ყველა ხალხზე მაღლა დგას და,
ამდენად, სწორედ ამით იგი წარმოადგენს ბოროტების თავშესაფარს თანამედროვე მსოფლიოში.“
მგზავრების მესამედზე მეტი კორეელები იყვნენ, თითქმის მეოთხედი – ამერიკელები (მათ შორის
ჯორჯიის შტატის კონგრესმენი ლოურენს მაკდონალდი), იყვნენ იაპონელები, ჩინელები,
ფილიპინელები, კანადელები, ტაილანდელები, ავსტრალიელები, ინგლისელები და სხვები.
თხუთმეტი წუთის დაგვიანებით მას მიჰყვებოდა იმავე რეისის მეორე თვითმფრინავი, რომელმაც
სეულს მშვიდობიანად მიაღწია.
საიდუმლო შეკრებაზე, რომელსაც ათიოდე პოლიტპატიმარი ესწრებოდა და რომელიც ზონის
ბიბლიოთეკის პატარა ოთახში შედგა, ბუტოვმა წაიკითხა მოხსენება კორეული თვითმფრინავის
შესახებ. მოხსენება მთავრდებოდა სიტყვებით: „არ ვიცი, იცოდა თუ არა ეს სკკპ მაშინდელმა
გენერალურმა მდივანმა, სულით და ხორცით ავადმყოფმა „პოეტმა“ იური ანდროპოვმა (აღარ
ბრძანდება ცოცხალი), თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-იდიოტმა დიმიტრი უსტინოვმა (არც ეს
ბრძანდება) და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მეთაურმა ვიქტორ ჩებრიკოვმა (ამას რა
მოკლავს!), მაგრამ თვითმფრინავი, რომელიც 1983 წლის 30 აგვისტოს აფრინდა ნიუ-იორკის ჯონ
კენედის სახელობის აეროპორტიდან და რომელიც საბჭოთა შუ 15-მა ჩამოაგდო იაპონიის ზღვის
თავზე, არის სიმბოლო სსრკ მომავალი დაცემისა. შორს არ არის ის დღე, როდესაც სსრკ შეწყვეტს
არსებობას და პოლიტბიუროს გამოცდილ წევრებს უამრავ სხვა კითხვასთან ერთად მოუწევთ
პასუხის გაცემა ამ კითხვაზეც: „კიდევ გახსოვთ ბავშვების სისხლის გემო?“
ბუტოვის ზონური ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი ყველას დაამახსოვრდა: ერთხელ ფიზიკოსმა და
სერიოზულმა ბუტოვმა შერლოკ ჰოლმსის როლი შეასრულა, დამნაშავე აღმოაჩინა და
სახელდახელო სასჯელის განსაზღვრაშიც მიიღო მონაწილეობა.
ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და ეს ისტორიაც მოულოდნელად დაიწყო. ქართული ენის
მთელი სიმდიდრე რომ გამოვიყენოთ, ანაზდად წვრილმა რამე-რუმეებმა ანუ რაღაც-რაღაცეებმა
მიყოლებით დაკარგვა დაიწყეს. ასე, თავისით „დაიწყეს“. წლების განმავლობაში არ
იკარგებოდნენ და ახლა დაიწყეს. დაკარგული ნივთების უბრალო ჩამონათვალმა დაადასტურა,
რომ რაიმე სისტემის შემუშავება მათ აღსაწერად ძნელი იქნებოდა. მართლაცდა, რა აკავშირებს
ერთმანეთთან ლევან ბერძენიშვილის ნიგოზს და 1 ქილა შედედებულ რძეს, რაფიკა პაპაიანის 1
თავ ნიორს, სამკურნალო დიეტაზე მყოფი ჯონი ლაშქარაშვილის სიმწრით შეგროვილ 20 გ კარაქს,
გიორგი ხომიზურის 50 გ კვერცხის ფხვნილს, მიშა პოლიაკოვის 100 გ ფქვილს და ა.შ.?
ამ კითხვით მივადექი სახელგანთქმულ ფიზიკოსსა და შერლოკ ჰოლმსის უბადლო მიმდევარს,
ოდესის სიამაყეს, პეტრო ბუტოვს (შერლოკ ჰოლმსთან მას პისტოლეტებისა და ვიოლინოს
სიყვარულიც აკავშირებდა).
– უცნაურ კითხვებს სვამთ, მოქალაქე ქართველო! – სიხარულით მიიღო დავალება ბუტოვმა,
რომელიც, თავისი დიდი წინამორბედის მსგავსად, მუდმივად უჩიოდა დანაშაულის ნაკლებობას
პერესტროიკის პირველ წლებში. – მართლაც და რა საერთო უნდა ჰქონდეს ნიორს და კარაქს? ახლა
წადით, ბატონო ქართველო, და ერთ საათში მობრძანდით, პირველი პასუხი მექნება.
ერთი საათის შემდეგ ჟორა ხომიზურთან და ბორია მანილოვიჩთან ერთად მივადექი. ეს
შემთხვევით არ გამოკეთებია: ჯერ ერთი, პაველსონსიდან დაწყებული და ბობკოვით
დამთავრებული, ყველა ასეთი წვრილმანი ქურდობა ბოლოს მაინც ბორიას ბრალდებოდა, როგორც
ყველაზე უფრო დამახასიათებელ სემიტს, გარდა ამისა, მანილოვიჩი კრიტიკულად იყო
განწყობილი ბუტოვის მიმართ და მის ცალკეულ გამონათქვამებში ანტისემიტიზმის ელემენტებს
ხედავდა. ამავე დროს, თვითონაც ხრიდა ჯოხს თავის მხარეს, როცა ამბობდა, რომ ბუტოვი არ
უნდა წარმოადგენდეს ოდესას, ოდესა რომ წარმოადგინო, ამისთვის, სულ ცოტა, ბუტოვიჩი ან,
კიდევ უკეთესი, ბუტკევიჩი უნდა იყოო.
– მობრძანდით, მობრძანდით, ბატონებო! – გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი დანახვა ბუტოვმა, –
კარგია, დაზარალებულის გარდა უოტსონიც რომ მომიყვანეთ, რადგან მე, პაველსონსის
პრიმიტიული წარმოდგენებისგან და, მით უმეტეს, ბობკოვის ცხოველური ანტისემიტიზმისგან

75
განსხვავებით, ებრაელების და, მით უფრო, ბატონი ექიმი ჟიდაგოს ანუ პროფესორი მანილოვიჩის
ფუნქციას უფრო ფართოდ ვხედავ კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის კონტექსტში.
– ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ბატონო ფიზიკოსო ბუტოვ, ოდესის სიამაყევ, დიდო ბიბლიოთეკარო
და ადამიანო, რომ ამ წვრილ საქმეს იოლად და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გამოიძიებთ, დამნაშავეს
იპოვით და სამართალს აზეიმებთ. დაზარალებულებს შორის არიან სამხრეთ კავკასიის ხალხთა
სწორუპოვარი წარმომადგენლებიც, – ჩამოაყალიბა საერთო სათქმელი მჭევრმეტყველმა გიორგი
ხომიზურმა, სამხრეთ კავკასიის ხალხთა ქრისტიანული ფედერაციის ერთადერთმა და მუდმივმა
თავმჯდომარემ.
– სწორად გაქვთ ჩემი იმედი, ბატონო გეოლოგო ჟორა. მე უკვე გადავდგი ერთი ნაბიჯი
დანაშაულის გახსნის გზაზე. მე აღმოვაჩინე ღრმა კავშირები დაკარგულ ნივთებს შორის.
– ის ხომ არა, რომ კარაქიც და ნიორიც იჭმება? – მოკრძალებულად იკითხა ბორიამ.
– არა, ეგ თქვენი აღმოჩენაა, მე ვერ შეგეცილებით, მე გაცილებით უფრო მოკრძალებული აღმოჩენა
მაქვს.
– ბრძანეთ, ჰოლმს.
– კარაქი ხომ ლაშქარაშვილს მოჰპარეს?
– ნამდვილად. მარჯვენა ფილტვში პროცესი გაეხსნა და ექიმმა ძლივს გაიმეტა დღეში 5 გრამი.
ოთხი დღის კარაქი იყო დაგროვილი, 20 გრამი წაიყო ვიღაც არამზადამ! – აღშფოთდა ჟორა.
– ემოციები ვერ დაგვეხმარება. უბრალოდ, დავიმახსოვროთ, რომ კარაქი ავადმყოფს მოჰპარეს.
თანაც მოჰპარეს ისეთ კაცს, რომელსაც აზრადაც არ მოსვლია მისი დამალვა.
– სრული სიმართლეა, ჰოლმს, – დაუდასტურა ბორია უოტსონმა.
– ხოლო ნიორი მოჰპარეს თვით რაფაელ პაპაიანს, რომელსაც იგი საიდუმლო სეიფში ჰქონდა
ჩაკეტილი?
– საიდან მოიტანდა სეიფს ზონაში? – გაიკვირვა ხომიზურმა. მე მის გაოცებას არ ვიზიარებდი.
– კი ბატონო, არ ვუწოდოთ სეიფი, მაგრამ სპეციალურად გადამალული ხომ იყო ნიორი? თუ
პაპაიანი გამოვიძახო? – ჩუმად იკითხა ბუტოვმა.
– არა, რა საჭიროა გამოძახება, ნიორი კარგად იქნებოდა შენახული.
– ესეც პირველი მიგნება: ქურდისთვის სულერთია, კარგად ინახავს თუ არა თავის ქონებას
პატრონი. ის იპარავს მიყოლებით და ყველაფერს, ის პოულობს პაპაიანის გადამალულ ნიორსაც
კი, როდესაც სამი თვეა, ერთი კბილი ნიორიც კი არ დაუნახავს ვინმეს! ქურდს არ ერიდება,
ავადმყოფი გაძარცვოს, მას სრულიად არ აფერხებს მორალური ან ნაციონალური მიზეზები.
– ამით რის თქმა გსურთ, ჰოლმს? – ვიკითხე მე.
– იმის, რომ ჩვენი ქურდი შესანიშნავი ფსიქოლოგია და კავკასიელი არ არის.
– ფსიქოლოგი მთელ ზონაში მხოლოდ მანილოვიჩია, – შეახსენა ჟორამ.
– თან კავკასიელიც არ არის, – დავამატე მე.
– თქვენ გსურდათ გეთქვათ, რომ ფსიქოლოგის დიპლომი მხოლოდ მანილოვიჩს აქვს, მაგრამ მე
უოტსონი თავიდანვე გამორიცხული მყავს, ის ასეთი წვრილი საქმეებისთვის არ გაუჩენია მამა
იაჰვეს.
– რაში გამოიხატება დამნაშავის ფსიქოლოგიზმი?
– იმაში, რომ ნივრის ქურდობაში ბრალი კი დაედება, მაგრამ ოქროსავით ნივრის გახმობისთვის
არც პაპაიანს მოიხსენიებს ვინმე კეთილად. ლაშქარაშვილიც, იმის მაგივრად, კარაქს ჭამდეს,
ინახავს, ეს ჩვენს ქურდს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. წარმოადგინო მსხვერპლი სასაცილო
მდგომარეობაში – აი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური იარაღი.
– კარაქს რომ იპარავს, მაშინ ღორმუცელაა და ნივრის ქურდობისას დახვეწილი ფსიქოლოგი? –
შევშფოთდი მე.
– რაღაც ხდება და მე არ მეუბნებით? – შემოგვესწრო ვადიმ იანკოვი. ფიზიკოსები და
ფილოლოგები ბჭობენ და საბრალო მათემატიკოსებისთვის ადგილი არ არის? პაპაიანის ნიორი
ნიორია და ჩემი მთელი ქილა ერბო ერბო არ არის?

76
– თქვენც მოგპარეს? – ვერ დავმალე გაკვირვება მე, რადგან კოსი არაფერს არ ინახავდა, ყველა
პროდუქტს ამანათის მიღებისთანავე, უმოკლეს დროში სპობდა.
– ჩემი დაკვირვებით, ჯერჯერობით, იური ბაძიო ერთადერთია, ვისთვისაც არაფერი მოუპარავთ,
რადგან მას ყველაფერი თავისი თან დააქვს: omnia sua secum portat, ასე არაა, ჩემო სოკრატე? (ბაძიოს
მუდმივად თან დაჰქონდა თავისი მაგიდის საათი, რომლის ტარების უფლება რუსეთისა და
უკრაინის კაგებესთან სამწლიანი ომის შემდეგ მოიპოვა).
– ჩვენ არ ვიცოდით, რომ ერბო გქონდათ, – შეაპარა ბუტოვმა.
– მე ხომ ვიცოდი! – არ გაიტეხა იხტიბარი ვადიმმა.
– ქურდს თქვენი შერცხვენა უნდა, ჩუმად რომ ჭამდით ერბოს.
– ხმაურიანად უნდა მეჭამა?
– არა, ჩემთვის უნდა გაგესინჯებინათ, – დაგვიანებით ეწყინა ჟორა ხომიზურს.
– მაპოვნინეთ და ყველას გაგასინჯებთ. თითო კოვზს. ჩაის კოვზი იგულისხმება. ფრანგული
ერბოა.
– ბარემ ჩემი თამბაქოც იპოვეთ, ბლექ კეპტენია, – შემოგვიერთდა პოლიაკოვი.
– ახ, ქურდი კიდეც ჭამს და კიდეც ეწევა! – დაასკვნა ბორია უოტსონმა.
– არა, უოტსონ, არ ეწევა. არც ჭამს. ქურდი ნაქურდალით ვაჭრობს, – მნიშვნელოვანი ტონით
განაცხადა ბუტოვ-ჰოლმსმა.
– ეს როგორ? – მართლა უოტსონივით გაიკვირვა ბორიამ, – თან კავკასიელი არაა, თან ვაჭრობს და
თან ფსიქოლოგია? ქურდი ეს მე ვარ?
– არა, შეგიძლია დამშვიდდე. შენ უფრო დიდი საქმეები გიხმობენ. წარმოიდგინე, რა მოუვა
ადამიანს, რომელიც შეჭამს ერბოს, კარაქს და ნიორს.
– რა უნდა მოუვიდეს?
– დიარეა. მარტივი დიარეა. მისი პოვნა ძალიან იოლი იქნებოდა: ტუალეტიდან ცხვირს ვერ
გამოჰყოფდა. არადა, დიარეა არ აქვს, რამდენი ხანია, იქით ვიყურები და რაზლაცკის გარდა კაცი არ
შესულა ტუალეტში. ესე იგი, ქურდი ხარბად არ ნთქავს ნაშოვნს, თანაც შეუსვენებლად მუშაობს,
აშკარად პროფესიონალია.
– პროფესიონალ ქურდს პოლიტიკურ ზონაში რა უნდა? აგერ არ არის მშობლიური „ტროიკა“?
ქურდებიც არიან, მკვლელებიც და გამაუპატიურებლებიც.
– აქ პროფესიონალი ვაჭარიც ზის, „გულაგს“ რომ ას მანეთად ყიდდა, – შეახსენა თანამოაზრეს
ბუტოვმა (მართლაც, რაც ბარაშევოში თავი მახსოვდა, გაუთავებლად მიმდინარეობდა პოლემიკა,
უნდა ჩაითვალოს თუ არა დისიდენტად ბატონი მელნიკოვი, რომელიც ანტისაბჭოთა
ლიტერატურით კი ვაჭრობდა, მაგრამ საკუთარი „პროდუქტის“ იდეოლოგიას არ იზიარებდა.
თავად მელნიკოვი თავს დისიდენტად არ მიიჩნევდა).
– ამ ბებრებში ვინ იცის, ვინ ვინ იყო თავის დროზე, – გადაიტანა ყურადღება სამხედრო
დამნაშავეებზე ჟორა ხომიზურმა.
– ქურდი ახალგაზრდაა, – მოულოდნელად განაცხადა ბუტოვმა, – და გასამართლებულია
სამოცდამეათე მუხლით.
– საიდან იცი? – აშკარად გავიკვირვეთ ყველამ.
– პაპაიანმა მანახა თავისი სამალავი. იმას რომ შეწვდე, ახალგაზრდა და ფიზიკურად კარგად
მომზადებული უნდა იყო.
– დანარჩენი სტატისტიკის საკითხია, – განაცხადა ჟორამ. ჰეროდოტე ისტორიის მამა იყო,
არისტოფანე – კომედიისა, ხოლო ჟორა სამართლიანად მიიჩნეოდა სტატისტიკის მამად. უყვარდა
გამეორება ნაპოლეონის სიტყვებისა, სტატისტიკა საგანთა ბიუჯეტიაო. – სტატისტიკის
მიხედვით, ამჟამად ზონაში ხუთი კაცია 30 წლამდე ასაკის. ხუთივე მამრობითი სქესისაა (ეს
აშკარად ჭარბი მონაცემია), ხუთივეს სამოცდამეათე სტატია აქვს მინიჭებული, ერთი მათგანი,
მიშა რივკინი, უკვე სამი თვეა ПКТ (Помещение Камерного Типа) ანუ ბურში ზის და გამოირიცხება,
დარჩა ოთხი: შაბონასი, ბარკანსი, მირონოვი და უდაჩინი.

77
– ჩავთვალოთ, რომ ქურდის სახელი დასახელებულია, – ბრძანა ბუტოვმა, – დარჩა მხოლოდ
ეგრეთწოდებული დავიწროება და ოთხიდან ერთის შერჩევა. გთხოვთ, თქვენ-თქვენი
კანდიდატები დაასახელოთ.
– ჩემი აზრით, ძალიან საწყენი შედეგი გვექნება, მე არც ერთი მათგანი არ მემეტება ქურდის
სახელისთვის, – გულწრფელად განაცხადა იანკოვმა.
– ლექსი დაიბადა ჩემში, – განაცხადა მანილოვიჩმა: Нечаянный вор неуслышанных слов
Додумывал их, и попыток число
Росло без конца, ибо снова и снова
Ему не хватало то взгляда, то слова
– არანაირი უნებური ქურდი ჩვენ არ გვყავს, – აღვშფოთდი მე, – სრულიად კონკრეტული ნიგოზი
მოიპარა, რომლისგანაც ხუთი კაცის ბაჟე კეთდებოდა, დაგვხატავდა ხუთივეს ახლავე.
– დაგვხატავდა კი არა, დაგვხატავს, – შემისწორა ბუტოვმა, – ბაჟე იქნება დღესვე. სხვა
ინგრედიენტები ხომ გაქვს?
– ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და წიწაკა მაქვს; პაპაიანის ნიორიც თუ
აღმოჩნდა, ბაჟე უკვე მზადაა.
– მიყვარს ბაჟე ყვითელი ყვავილით, – მეოცნებე ხმით წარმოთქვა ბუტოვმა.
– განსაკუთრებით, თუკი შიგ რამე დევს, – განაგრძო მანილოვიჩმა, – სამი თევზის კუდი ჩემზეა.
– მომკვდარვართ ჭამაში და ეგაა, – აღმოთქვა ხომიზურმა, – ოღონდ ეს მაინტერესებს, ქურდს აღარ
ვეძებთ? თავისით გამოვა ასპარეზზე და იტყვის, მე ვარ ჰამლეტი და სისხლი მეყინებაო?
– შაბონასი უნდა გამოვრიცხოთ, – თქვა ბუტოვმა.
– რის საფუძველზე? – დაინტერესდა იანკოვი.
– ბევრს ლაპარაკობს, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ქურდის პროფაილში არ ჯდება, – დაასკვნა
ბუტოვმა.
– აკი ზონაში ერთი ფსიქოლოგიაო! – ძველი წყენა არ დამალა მანილოვიჩმა. – ესე იგი, ქურდის
პროფაილი არსებობს. როგორია იგი?
– ჩვენი ქურდი არის ახალგაზრდა, ჯანმრთელი მუტრუკი, გამჭრიახი მზერით, ნათელი გონებით,
დახვეწილი მანერებით, სიტყვაძუნწი... – მეტისმეტად თვითდარწმუნებულად დაიწყო ბუტოვმა.
– ... და აქვს ცისფერი თვალები, – დაასრულა მანილოვიჩმა.
– აქილევსის სიმარდე, ოდისევსის გონება, ლინკევსის მზერა, ჰამლეტის სიღრმე, – დაასკვნა
იანკოვმა, – ლამის ვაღიარო, რომ ასეთმა კაცმა უნდა მოიპაროს კიდეც ჩემი ერბო და
ბერძენიშვილის ნიგოზი.
– შენ გავიწყდება, ვადიმ, რომ მან პაპაიანის ნიორიც მოიპარა. არგიშტის სიკვდილისა და 26
კომისრის დახვრეტის შემდეგ სამხრეთი კავკასიისთვის ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.
მიუხედავად იანკოვის აშკარად დამცინავი ტონისა და ხომიზურის საეჭვო ალუზიებისა, ბუტოვი
არ აღელდა.
– ახალგაზრდა და ჯანმრთელი რომაა, ამას ადასტურებს პაპაიანის სამალავი. მოხუცი და
ავადმყოფი იმას ვერ შესწვდებოდა ვერასოდეს. გამჭრიახი გონება რომ არ ჰქონოდა, პაპაიანის
სამალავს ვერ მიაგნებდა. დღისით იმ ადგილს ვერ გაეკარები, ღამით კი მართლა ლინკევსის მზერა
გჭირდება.
– ან ფელდმანის ფარანი, – დავაყოლე მე.
– ან ალადინის ფარანი, – ამყვა მანილოვიჩი.
– სიტყვაძუნწი რომაა, საიდან ვიცით? – დაინტერესდა ჩვენ შორის ყველაზე სიტყვაძუნწი
პოლიაკოვი.
– რაღაც მაინც წამოსცდებოდა, რადგან უაღრესად ამპარტავანი ვინმე ბრძანდება. დარწმუნებული
ვარ, ახლა გვიყურებს და სიცილით კვდება, – განაცხადა ბუტოვმა.

78
– ესე იგი, შაბონასი არ არის. შაბონასი არასოდეს არ იცინის, – ვთქვი მე.
– შაბონასს არაფერი არ შეუძლია, არც ტირილი, არც სიცილი. იგი მუდმივად ლაპარაკობს. ესაა
ლაპარაკის მამა, სიტყვებისა და ფრაზების გენერირების მანქანა, – ბრძანა იანკოვმა.
– ჩვენი ჟორას ნათესავი ყოფილა, – ოდნავ წაკბინა ჟორას მანილოვიჩმა.
– დარჩა სამი: ბარკანსი, მირონოვი და უდაჩინი, – ვთქვი მე.
– ჭეშმარიტად რკინის ლოგიკა გაქვთ ქართველებს, – დამეთანხმა ბუტოვი.
– ოდესელი რუსებისგან ვსწავლობთ, – სიტყვა არ შევარჩინე მე.
– ოდესაში ჩახვიდე და რუსისგან ისწავლო... – გაიკვირვა მანილოვიჩმა.
– ბარკანსი უნდა გამოვრიცხოთ, – ბრძანა შერლოკ ბუტოვმა.
– ვითომ რატომაო, სერ? – გაიკვირვა მანილოვიჩმა. – ხმას არ იღებს და ჯანმრთელობას არ უჩივის.
– უმეგობრო კაცია, თანაც ნიგვზის კომერციულ პოტენციალში დარწმუნებული ვერ იქნება.
– მეგობარი რა შუაშია? – აღელდა პოეტი და, შესაბამისად, მარტოსული მანილოვიჩი.
– ქურდი ამპარტავანია, აუდიტორია უყვარს, ერთი ახლო მეგობარი მაინც ეყოლება. ვიღაცასთან
ხომ უნდა გამოავლინოს, რომ ნიჭიერი და გამჭრიახია.
– ბარკანსს მეგობრები არ ჰყავს?
– არა, რომანტიკოსი პოეტივით სულ მარტო დაიარება.
– და ღამით მკვდარივით სძინავს, – დაასრულა იანკოვმა, ბარაკში ბარკანსის მეზობელმა.
– ეგ საიდან იცი? – იკითხა მანილოვიჩმა.
– მე მძინავს ცუდად, – სევდიანად გაიღიმა იანკოვმა.
– დარჩა ორი: მირონოვი და უდაჩინი, – დავასკვენი მე.
– დაგვიმთავრებია ძიება, ამხანაგებო, – მოგვილოცა ჟორამ. სოლჟენიცინის „პირველ წრეში“
ატომური ბომბის საქმეში ორი ეჭვმიტანილი რომ დარჩა, ორივე დააპატიმრეს.
– ჩვენ სხვა გზით წავალთ, – კლასიკის ციტირებას მოჰყვა ბუტოვმა. ჩვენ არ მოვიქცევით
სიონისტი ლიოვა რუბინივით ანუ მისი პროტოტიპი ლევ კოპელევივით.
– რუბინი სიონისტი კი არა, იდეალისტი კომუნისტი იყო, – ლიტერატურისადმი ზერელე
დამოკიდებულებაში ამხილა მანილოვიჩმა ბუტოვი.
– არ გეწყინოს, ჩემო ბორია, რუბინის და სოლოგდინის კამათში მე ნერჟინისკენ ვარ, ხომ იცი, – არ
დამალა თავისი საყვარელი პერსონაჟისადმი ნაზი დამოკიდებულება ბუტოვმა.
– რუბინის და სოლოგდინის კამათი... ლოდოვიკო სეტემბრინისა და ლეო ნაფტას კამათის
რუსული ვარიანტი, – გამოამჟღავნა თავისი უკიდეგანო ერუდიცია და სოლჟენიცინისადმი
არამოწიწებითი დამოკიდებულება ვადიმ იანკოვმა.
– მირონოვი თუ უდაჩინი? – ვიკითხე მე.
– ორივე ახალგაზრდაა, ორივე მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია, გონიერი ყმაწვილები არიან,
მირონოვს გამოთვლითი ტექნიკა იტაცებს, უდაჩინი ფანტასტიკას ეტანება. მირონოვი ლევანთან
მეგობრობს და უდაჩინი ანდერსონთან, – მოგვაწოდა ინფორმაცია ხომიზურმა.
– იცნობდეთ უდაჩინს, მეგობრებო, როგორც შკოდნიკს, პოლიტიკური ბანაკის ЖХ 385/3-5 შინაურ
ქურდს, – თითქმის საზეიმოდ გამოაცხადა ბუტოვმა, – ამ დილას სახეზე პატარა გამონაყარიც
დავუნახე, ეტყობა ბერძენიშვილის ნიგვზის გასინჯვა მოასწრო ჟუგლანს ღეგია, ეს არ არის
ნიგვზის ლათინური სახელი?
– დამნაშავე ნაპოვნია, ახლა რა ვქნათ? – იკითხა ჟორამ.
– ვერ ვიტან ჩერნიშევსკის, – მოულოდნელად უპასუხა პოლიაკოვმა.
– რა ვქნათ და მის მეგობარს, ანდერსონს ვესტუმროთ ბიბლიოთეკაში, გავესაუბროთ.
მივადექით ანდერსონს. ბუტოვმა მოკლედ გააცნო გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები.

79
ანდერსონი რატომღაც იოლად დარწმუნდა და სამპუნქტიანი გამოსავალი შემოგვთავაზა: 1.
უდაჩინი საჯაროდ აღიარებს დანაშაულს.
2. დააბრუნებს ნაქურდალს.
3. სპეციალურად დააშავებს და ჩაჯდება საჯარიმო იზოლატორში ანუ შიზოში.
წინადადება მიიღეს. ხალხი დაიშალა. ბიბლიოთეკასთან დავრჩით სამნი: მე, ბუტოვი და
ანდერსონი. სამივემ ვიცოდით, რომ ანდერსონი ზონის საკმაოდ მოკრძალებულ, მაგრამ
„იდეურად გამართულ“ ბიბლიოთეკას განაგებდა. ანდერსონმა არ იცოდა, რომ მის წინაშე იდგა
კაცი, რომელმაც იატაკქვეშეთში ანტისაბჭოთა ლიტერატურის ლეგენდარული ბიბლიოთეკა
შექმნა, ისეთი დიდი და სრულყოფილი და, რაც მთავარია, იდეურად ისე გამართული, რომ
რამდენიმე წელი ღამის ძილს უფრთხობდა მთელი სსრკ უშიშროებას. და, რა თქმა უნდა, არც
ერთმა არ ვიცოდით, რომ წლების შემდეგ მე დამეკისრებოდა ყოფილი სსრკ-ის სიდიდით მესამე,
შესანიშნავი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა.
უდაჩინმა დანაშაული თავხედურად აღიარა. საღამოს ექვსეული (გამომძიებლებს პლუს
დაზარალებული პაპაიანი თავის ნივრიანად; ანდერსონმა მკვლევარებთან ერთად „პურის
გატეხვაზე“ უარი განაცხადა) უკვე ბაჟეს მიირთმევდა, ხოლო დეპეენკა სურაიკინს
„დებოშისთვის“ უდაჩინი შიზოში მიჰყავდა თხუთმეტი დღით განსამარტოვებლად და ცხოვრების
საზრისზე დასაფიქრებლად.
განთავისუფლების შემდეგ ბუტოვი ემიგრაციაში წავიდა. ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და
თავისი პროფესიით, ფიზიკოსად მუშაობს. მისი თანამოსაქმე ვიაჩესლავ იგრუნოვი რუსულ
პოლიტიკაშია, მეორე კაცია პარტია „იაბლოკოში“, თუმცა თავად პარტია სერიოზულ კრიზისს
განიცდის. კორეის თვითმფრინავები ავტოპილოტს არ ენდობიან და რუსეთის საზღვრებს
ახლოსაც აღარ ეკარებიან.

ლისმანისი
პოლიტიკურ ზონას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საბჭოთა ზონას, თავისი არისტოკრატია
ჰყავდა: მზარეული, მეკუჭნავე, ბიბლიოთეკარი, ცეცხლფარეში, მეაბანოე, პარიკმახერი, ბარაკის
მორიგე, კინომექანიკოსი, კურიერი და ა.შ. ამაზე წერდნენ სოლჟენიცინი, გინზბურგი, შალამოვი
და სხვა ავტორები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ გულაგს. თუკი ძველ დროში,
ბრეჟნევის ეპოქამდე, როდესაც გულაგის მოსახლეობის ნახევარზე მეტს 58-ე მუხლით
გასამართლებულები შეადგენდნენ, ამ არისტოკრატიულ თანამდებობაზე მხოლოდ ჩვეულებრივი
კრიმინალები, მარქსისტულ-ლენინისტური თეორიის საყოველთაოდ აღიარებული ტერმინი რომ
ვიხმაროთ, „სოციალურად ახლობლები“ (социально близкие – მკვლელები, ქურდები, მძარცველები
და ა.შ.) ხვდებოდნენ, ახალ დროში, როდესაც მსოფლიო ზეწოლით პოლიტიკური პატიმრები
სანახევროდ აღიარეს და მათ ცალკე ბანაკები გაუხსნეს (სულ 4 მთელ საბჭოთა კავშირში, 3 პერმში
და ერთიც მორდოვეთში, სახელგანთქმული „დუბროვლაგი“), ახალ არისტოკრატიას ჯაშუშები,
სამხედრო დამნაშავეები და სამშობლოს მოღალატეები შეადგენდნენ; სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის ძველი 58-ე მუხლის მემკვიდრე ახალი 70-ე
(საქართველოს სსკ 71-ე) მუხლით იყავი გასამართლებული, პარიკმახერობა ან ბიბლიოთეკარობა
არ შეგეძლო, თუნდაც მანამდე სსრკ საუკეთესო პარიკმახერი ან დიდი ბიბლიოთეკის დირექტორი
ყოფილიყავი.
ბუნებრივია, ბარაშევოშიც გვყავდნენ „არისტოკრატები“ (ძველ დროში მათ უპატივცემულოდ,
„პრიდურკებად“ მოიხსენიებდნენ და ჟორა ხომიზური ახალ დროშიც მხოლოდ ამ ტერმინით
აღიარებდა მათ სტატუსს): ბიბლიოთეკარი ანდერსონი, მზარეულები მაქსიმოვიჩი და პეტროვ-
უფროსი, პარიკმახერი კუხარუკი, ცეცხლფარეშები საარი და მუზიკიავიჩუსი, მეაბანოე და
კინომექანიკოსი (შეთავსებით) ლისმანისი, მეკუჭნავე ლეიკუსი, ბარაკის მორიგე კრაინიკი და სხვ.
ლატვიელ ნაციონალისტსა და სოციალ-დემოკრატს, 1980 წლის ნოემბერში დაპატიმრებულ
დაინის ლისმანისს ლატვიის უზენაესი სასამართლოს დახურულ სესიაზე 12 წელი ჰქონდა
მისჯილი „სამშობლოს“ (ანუ საბჭოთა კავშირის) ღალატისთვის. იმ ქვეყნის ღალატისთვის,
რომელშიც იგი არ დაბადებულა, რომელიც ოკუპანტად და მოძალადედ მიაჩნდა და რომლის
წინააღმდეგაც იარაღით ხელში ბრძოლა არც უფიქრია, უბრალოდ, ლატვიის ოკუპაციის შემდეგ
იატაკქვეშეთში გადასული იმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, რომლის სათაო

80
ოფისი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იყო განთავსებული.
დაინის ლისმანისი საკმაოდ პიკანტურ გარემოებებში გავიცანი. ზონაში ჩასვლისთანავე მე და
დათოს ორი სასიხარულო ამბავი დაგვახვედრეს, სადილი და აბანო. სადილს პირველი მოვრჩი და
აბანოში გამაგზავნეს. ზონური „აბანო“ საინტერესო დაწესებულება აღმოჩნდა: ხანგრძლივი
ეტაპის შემდეგ „თავისუფალი“ საპონი რომ დავინახე და გახარებულმა (ჰიგიენა თავისუფლების
განუყოფელი ნაწილია, აბანოში არ „ზიხარ“ ანუ თავს პატიმრად არ გრძნობ) კარგად გავისაპნე
თავი, აღმოვაჩინე, რომ ონკანში წყალი აღარ მოდიოდა. აბანოში არავინ იყო, რომ დამხმარებოდა.
ჩვეულებრივ, აბანო მხოლოდ შაბათობით იყო, ხოლო ჩვენ ხუთშაბათს ჩავედით, სიცხე იყო და
ცხელი წყალი არც გვჭირდებოდა, მაგრამ წყალი ზოგადად გჭირდება, თუ აბანოში ტანის დაბანას
აპირებ. რა გზა მქონდა, რაღაც ნაჭერი შემოვიხვიე წელზე და გარეთ გამოვედი შველის
სათხოვნელად. პირველივე კაცი გავაჩერე და დახმარება ვთხოვე. მანაც ამიხსნა, რომ ონკანში
წყალი არ უნდა იყოს (დიახ!), რომ წყალი არის წინა ოთახში, ე.წ. „პრედბანნიკში“ დიდ კასრში
დაგროვილი და იქიდან უნდა მოვიმარაგო ტაშტში და მერე მომცრო ვედროსხელა ხისგან
დამზადებული წყლის სახაპავით, რომელსაც ჰქვია „შაიკა“, ერთი ხელით ვისხა თავზე, მეორით კი
სხვა ოპერაციები განვახორციელო. მაინცდამაინც მოსახერხებელი არ იყო, მაგრამ საოცნებო
სისუფთავის შეგრძნება ყველაფერს აღემატებოდა. კაცი, რომელმაც დახმარება გამიწია და სანამ
მე დიდ კასრსა და წყალს ვეძებდი, აბანოზე ძალიან სასაცილო ანეკდოტის მოყოლაც მოასწრო
შესამჩნევი ლატვიური აქცენტით, ხმოვნების დაგრძელებით და ხან პირველ და ხან მეორე მორაზე
(გრძელი მარცვლის მოკლე ნაწილზე) მკვეთრი დინამიკური მახვილის დასმით, იყო დაინის
ლისმანისი, სამშობლოს მოღალატე, სოციალ-დემოკრატი, მეაბანოე, კინომექანიკოსი,
ჩრდილოური ტიპი, ჭეშმარიტი არიელი და შესანიშნავი მეოჯახე – тип нордический, истинный ариец
и отличный семянин, როგორც თვითონ ამატებდა ხოლმე თავის დახასიათებას სახელგანთქმული
საბჭოთა ჩეკისტი მწერლის, მისივე წიგნის მიხედვით რეჟისორ ლიოზნოვას მიერ გადაღებული
ყველაზე პოპულარული საბჭოთა სატელევიზიო სერიალის, „გაზაფხულის 17 გაელვების“
სცენარის ავტორის, იულიან სემიონოვის მთხრობელივით, როდესაც ამ უკანასკნელის სახელით
გესტაპოელი და აბვერელი პერსონაჟების პორტრეტიანი ფორმულარის ფონზე შესანიშნავი
ტემბრის მქონე საბჭოთა მსახიობი ეფიმ კოპელიანი მოკლე ანკეტას კითხულობდა.
დაინის ლისმანისი მუდმივად კარგ გუნებაზე იყო. არავინ იცის, როგორ ახერხებდა ამას
პოლიტიკურ ბანაკში, მაგრამ ფაქტია, რომ ახერხებდა: მოღუშული და უგუნებოდ არავის უნახავს.
გარდა იმისა, რომ თვითონ იყო კარგ გუნება-განწყობაზე, თავის ირგვლივაც ასეთ მსუბუქ და
მხიარულ გარემოს ქმნიდა. ჟორას მიაჩნდა, რომ ეს მხოლოდ დასავლელი ადამიანის „საგარეო
იერი“ იყო, რაფიკას მიაჩნდა, რომ ზედაპირული კაცი იყო (ხუმრობით მეუბნებოდა, ასე ხაზგასმით
ევროპული გარეგნობა რომ არ ჰქონდეს, ეჭვი შემეპარებოდა, ლისმანიშვილი, ლისმანიძე ან
ლისმანაური ხომ არ არისო), ჯონის „ჭკუამხიარულად“ მიაჩნდა, გენრიხა „უმისამართოდ
ბედნიერს“ უწოდებდა, ბორია მანილოვიჩი ყველა ბალტიელივით „ბუნებრივ“ და მსუბუქ
ანტისემიტად სახავდა, ხოლო მის სრულ ანტიპოდს, გაუცინარ მიშა პოლიაკოვს მრავალგზის
უთქვამს, დაინისთან „ბოლომდე“ დალევა საინტერესო იქნებოდაო, იანკოვი როგორც
დემოკრატიისთვის საერთო-საკავშირო ბრძოლის უარმყოფელს ეჭვის თვალით უყურებდა,
თუმცა „ფაუსტზე“ საუბარს მასთან არ გაურბოდა (გოეთე ლისმანისის ღმერთი იყო, გერმანული,
რა თქმა უნდა, წყალივით იცოდა და კარგა მოზრდილ ციტატებს „ურტყამდა“ „ფაუსტიდან“;
ხუმრობდა, გოეთე მამაღმერთია, შილერი სულიწმინდა და თომას მანი ძეო). უკრაინელები
გაურბოდნენ ლისმანისს, მისი მუდმივი ღიმილი დამცინავად ეჩვენებოდათ და რუსებისადმი
დაუფარავ ზიზღში ანტისლავურ გამოხტომას ხედავდნენ (მათი საერთო აზრით, რუსების ანუ
„მოსკალების“ ზიზღი მარტო კიევის რუსეთის ერთადერთი კანონიერი შთამომავლების,
ჭეშმარიტი უკრაინელების საქმე იყო).
ჩვენი ზონის ებრაელებისგან განსხვავებით, რომლებიც შაბათობით ყველა ტიპის საქმიანობას
გაურბოდნენ – გრიშა ფელდმანი, მაგალითად, პირში წეკოს თვითნაკეთი სიგარეტით (კვირის
წინა დღეებში შაბათის მარაგს იმზადებდა) და ასანთით ხელში წამოგეწეოდა, გთხოვ, მომიკიდეო
– დაინისის ზეობის დღე სწორედ შაბათს დგებოდა. შაბათს მისი ორმაგი ბატონობა მყარდებოდა,
თავისუფლების ორ კუნძულზე – აბანოსა და კლუბ-სასადილოში, სადაც იგი „ახალი“ ფილმის
დემონსტრირებას ახდენდა (ზონაში შემოტანილი ფილმი სინამდვილეში თითქმის არასოდეს იყო
ახალი, ფილმი ჩვენს პოლიტიკურ გამოსწორებასა და აღზრდას ემსახურებოდა, ამიტომ იდეურად
იყო გამართული და, როგორც წესი, ეხებოდა ან ამხანაგ ლენინს, ან ამხანაგ სტალინს, ან ორივე ამ
ამხანაგს ან ამ ამხანაგების ერთგულ სხვა ამხანაგებს, მაგალითად რკინის ფელიქსს, უცხო ენების
მცოდნე ფრუნზეს ან სულაც საკავშირო „სტაროსტა“ კალინინს).
არ ვიცი, რატომ, მაგრამ კინოს ხალხთან (ხშირ შემთხვევაში სრულიად შემთხვევითი) ახლობლობა
ბედმა მარგუნა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეგობარი კინომცოდნეა (რა თქმა უნდა, არა
შემთხვევით; სხვათა შორის, საქართველოში ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვინ

81
იგულისხმება); მე მოულოდნელად გადავყრივარ თბილისში ქუთაისის ქუჩაზე რობერტ
რედფორდს (ერთი გამაგებინა, იქ რა უნდოდა, მანქანის ნაწილს ხომ არ ეძებდა?); ანჟეში
ბიბლიოთეკართა წვეულებაზე, როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემი მასპინძლის, საფრანგეთის
ეროვნული ბიბლიოთეკის მაშინდელი დირექტორის მეგობარს, ქართული კულტურისა და,
განსაკუთრებით, კულინარიის დამფასებელს ანი ჟირარდოს, რომელსაც ხაჭაპურზე მოკლე,
მაგრამ ყოვლისმომცველი ლექცია წავუკითხე (მახსოვდა, რომ მანამდე, ელდარ რიაზანოვის
გადაცემაში ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა ხაჭაპური რომ ახსენა, საბჭოთა რეჟისორს
რატომღაც ხასიათი წაუხდა); მოსკოვში, სასტუმრო „როსიას“ დერეფანში კინოფესტივალზე
გამარჯვებულ იტალიელ რეჟისორ ეტორე სკოლას და ჟიურის წევრ ჯინა ლოლობრიჯიდას,
რომელიც უკვე ასაკში იყო, მაგრამ მნახველებს მაინც ადგილზე ყინავდა გორგონა მედუზასავით;
მოსკოვი-თბილისის რეისზე დავმგზავრებივარ და დასვენების საშუალება არ მიმიცია ლიდია
ფედოსეევა-შუქშინასთვის, რომელსაც თავხედურად ვუხსნიდი შუკშინის პროზაული
შემოქმედების თავისებურებებს; ტაშკენტ-მოსკოვის მატარებლის საერთაშორისო კუპეში
„დურაკა“ მითამაშია უკვე „შტირლიც“ ვიაჩესლავ ტიხონოვთან; სანტა მონიკაში ლიფტში
შევჯახებივარ „დაუხატავ“ და დაღლილ შერონ სტოუნს, რომელიც „ჰოლანდიისთვის საკმარისი
იყო“ (ასე უპასუხა სსრკ-ის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხაილ გორბაჩოვმა
ჰოლანდიელი ჟურნალისტის შეკითხვას, განიარაღების შემდეგ რამდენი ბირთვული ქობინი
დაგრჩათო); სიგარეტი მომიწევია ანტონიო ბანდერასთან ერთად „უორნერ ბრაზერსის“ სტუდიის
შესასვლელში და ისეთი ქათინაური მითქვამს ქეთრინ ზეტა-ჯონსისთვის, რომელმაც გადასაღებ
ფილმში თავის პარტნიორს მოაკითხა, რომ კინაღამ საფრთხე იყო ან მაიკლ დუგლასს მოვეკალი ან
სახელგანთქმული ამერიკული „სექსუალ ჰარასმენტის“ მუხლისთვის გამომეკრა ხელი,
ბანდერასს რომ არ განემარტა, კავკასიელი კავკასიელია (ერთი „კავკასიელი“ თეთრის რასის
წარმომადგენელს ნიშნავს და ბანდერასმა ამიტომ იხმარა ორმაგი კავკასიელის ტერმინი) და
ლამაზი ქალისთვის ქათინაური მაგისთვის გამარჯობის ანუ თქვენებური „ჰაის“ ტოლფასიაო.
ამ სატრაბახო ამბებიდან მხოლოდ ჯინა ლოლობრიჯიდა და ვიაჩესლავ ტიხონოვი შეადგენდნენ
ჩემს სიმდიდრეს პოლიტიკურ ბანაკში მოხვედრამდე, ყველა სხვა შეხვედრა შემდგომში მოხდა.
ლისმანისს, რა თქმა უნდა, ულამაზეს ჯინაზე ჩამოვუგდე სიტყვა (რუსი მზვერავის, ისაევის,
იმავე შტირლიცის როლის შემსრულებელ ტიხონოვთან სამგზავრო-სამატარებლო ახლობლობით
ტრაბახი არ იქნებოდა კარგი ტონი პატიოსან ლატვიელ ნაციონალისტთან საუბრისას). ლისმანისი
კინოს ნამდვილი პარტიზანი იყო. მაშინ არ ვიცოდით სიტყვა, რომელიც ახლა იოლად აღწერს
დაინისის მდგომარეობას – ლატვიელი სოციალ-დემოკრატი კინოს და, განსაკუთრებით,
იტალიური კინოს ნამდვილი ფანი იყო. როგორც კი ჯინა ლოლობრიჯიდა ვუხსენე, ლისმანისი
აღელდა.
– იცი თუ არა, ჩემო ქართველო მეგობარო, რომ ლოლობრიჯიდა ყველაზე ამერიკული იტალიელი
მსახიობია, სოფი ლორენზე მეტადაც კი? ლოლობრიჯიდა ყველაზე დიდი სახელი იყო
ორმოცდაათიანი წლებისა და სამოციანის დასაწყისის იტალიურ კინოში, თუმცა რა იტალიურ,
მსოფლიო კინოში! და იცი, რა პერიოდი იყო ეს იტალიური კინოსთვის? იცი, რომ მას უთამაშია
ისეთი გიგანტების მხარდამხარ, როგორებიც იყვნენ ბერტ ლანკასტერი, იულ ბრინერი, ფრენკ
სინატრა, სერ ალეკ გინესი?
– მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მსგავსი სილამაზის ქალი პირადად, ასე ვთქვათ, „ცხოვრებაში“
არასოდეს მინახავს, – განვაცხადე მე და მეათასედ დავიწყე მოყოლა, თუ როგორ შევეჩეხე
იტალიელების მთელ ხმაურიან დელეგაციას მოსკოვის სასტუმრო „როსიის“ დერეფანში 1975
წელს, როდესაც ჯინა ლოლობრიჯიდა უკვე 48 წლისა იყო.
– იცი თუ არა, ჩემო ლეევან (Léevan, მახვილით პირველ ე-ზე), რომ 1947 წელს ჯინამ მონაწილეობა
მიიღო „მის იტალიის“ სილამაზის კონკურსში?
– არა, ეს არ ვიცოდი, მაგრამ წარმომიდგენია, რა ტრიუმფით გაიმარჯვებდა, მაშინ ხომ 20 წლისა
იქნებოდა?!
– ვერ გაიმარჯვა! დიახ, ვერ გაიმარჯვა! სხვამ გაიმარჯვა, ლუჩია ბოზემ (ჯუზეპე დე სანტისის „არ
არის მშვიდობა ზეთისხილის ხეების ქვეშ“, ხუან ანტონიო ბარდემის „ველოსიპედისტის
სიკვდილი“) და მეორეზე ჯანა მარია კანალე გავიდა (ამას, სხვათა შორის, ავა გარდნერს
ადარებდნენ), ლოლობრიჯიდა მხოლოდ მესამე იყო! დაუჯერე ახლა სილამაზის კონკურსებს!
ლუჩია ბოზე ჩემი და შენი დასაწუნი ქალი არ იყო, მაგრამ ჯინა?!
ლისმანისი კინოს, ბუნებრივია, კინომექანიკოსის ჯიხურიდან უყურებდა და ხანდახან
მოულოდნელ და ხმამაღალ კომენტარებსაც აკეთებდა, რის გამოც პატიმარ მაყურებელთა ერთი
ნაწილი აღშფოთდებოდა ხოლმე, ხოლო მეორე ნაწილი გვარიანად ხალისობდა. მაგალითად,
საბჭოთა პროპაგანდისტული შედევრის, „დამელოდეს“, ანუ „Жди меня“-ს დემონსტრირებისას,

82
რომელშიც ქალის მთავარ როლს კონსტანტინე სიმონოვის მეუღლე, ვალენტინა სეროვა
ასრულებდა, მსახიობი ქალის პირველი გამოჩენისთანავე ლისმანისმა ფილმის დემონსტრირება
შეაჩერა და ხმამაღალი კომენტარი გააკეთა: – თქვენ წინაშეა საბჭოთა კინოს მერლინ მონროდ
წოდებული ქერათმიანი ლამაზმანი ვალენტინა ვასილის ასული სეროვა, რუსეთის ეკრანის
ოცდაათიან-ორმოციანი წლების სექს-სიმბოლო, სტალინის უსაყვარლესი მსახიობი, რომელსაც
მსოფლიოს ხალხთა ბელადი და კინოს დიდი მეგობარი ჩკალოვის მეუღლესთან ერთად გვერდით
დაისვამდა ხოლმე წვეულებებზე, რადგან ეს ქალბატონი საბჭოთა კავშირის გმირის, ესპანეთის
ომში თავგამოჩენილი პილოტის, ანატოლი სეროვის ქვრივი იყო. შემდგომში არამზადა (პაპაიანო,
არ გეწყინოს!) კონსტანტინე სიმონოვის ცოლი იყო, რასაც ხელი არ შეუშლია ქერათმიანი
მზეთუნახავისთვის რომანი გაება მაშინდელ გენერალ და მომავალ მარშალ კონსტანტინ
კონსტანტინეს ძე როკოსოვსკისთან – ისეთი რომანი, რომ ამხანაგ სტალინს ერთ-ერთ მიღებაზე
უკითხავს გენერალ კ. კ. როკოსოვსკისთვის, ხომ არ იცი, ამხანაგო როკოსოვსკი, ვისი ცოლია
მსახიობი ვალენტინა სეროვაო; როკოსოვსკის ამოუღერღავს, პოეტ სიმონოვისო და ამხანაგ
ბელადს უთქვამს, მეც ასე ვიცოდიო. ამის შემდეგ მომავალი მარშალი თავის გულის სატრფოს
აღარ გაკარებია. მსახიობი ქალი გალოთდა და გარდაიცვალა მარტოობაში 1975 წელს, სამხრეთელმა
და „თბილმა“ სიმონოვმა კისლოვოდსკში დასვენება არ შეწყვიტა და მხოლოდ ვარდების
გამოგზავნით დაკმაყოფილდა. საბჭოთა კინოს ლეგენდა უკანასკნელ გზაზე სამიოდე კაცმა
გააცილა, მათ შორის ქალიშვილმა, მარია სიმონოვამ. ასე რომ, ამხანაგ სტალინს ქერათმიანი
ლამაზმანები იტაცებდა, განსხვავებით მისი თანამემამულე ამჟამად კლუბ-სასადილოს დარბაზში
მყოფ ლევან ბერძენიშვილისგან, რომელსაც გაუგებარი პრეტენზიები აქვს ქერათმიანების
მიმართ. განვაგრძოთ ფილმის ჩვენება, გმადლობთ ყურადღებისთვის, მეგობრებო.
ლისმანისი, როგორც წესი, საშინელ კომენტარებს აკეთებდა ისეთი უკვდავი საბჭოთა
შედევრების, როგორებიც იყო „შეიარაღებული კაცი“ (Человек с ружьем), „ლენინი ოქტომბერში“,
„ლენინი 1918 წელს“ და ლენინიანას სხვა საბჭოთა კლასიკად ქცეული ფილმების
დემონსტრირებისას, მაგრამ ეს კომენტარები ხაზგასმით ლატვიურ ენაზე კეთდებოდა და
ლისმანისს ყოველთვის შეეძლო ეთქვა ლენინის როლის შემსრულებელი მსახიობების
ოსტატობაზე ვაკეთებ კომენტარებსო. ხანდახან ლისმანისს ქართველებიც ეხმაურებოდნენ
დარბაზიდან ქართულ ენაზე წარმოთქმული კომენტარებით, რომელშიც ფიგურირებდა ისეთი
უწყინარი შეფასებები, როგორებიც იყო „გარეწარი“, „არამზადა“, „დამპალი“, „ტვინგაყინული“ და
სხვ. ამ მხრივ არც სომხები ჩამოგვრჩებოდნენ და ერთი-ორ ლამაზ შეფასებას ისროდნენ უკვდავი
გრიგოლ ნარეკაცის ენაზე. ასე რომ, ლისმანისთან ერთად საბჭოთა პროპაგანდის საამაყო
შედევრების, ე.წ. მხატვრული ფილმების დემონსტრირება ხალისიანად მიმდინარეობდა.
ერთხელ წარმოუდგენელი რამ მოხდა: შაბათის კინოჩვენებაზე ნამდვილი კინო მოიტანეს, ინგმარ
ბერგმანის „შემოდგომის სონატა“ ინგრიდ ბერგმანისა და ლივ ულმანის მონაწილეობით. ჩემი
აზრით, ბარაშევოს არაზონურ კინოთეატრში აჩვენეს მაყურებელს, რომელსაც იგი აქტიურად არ
მოეწონა და სასჯელის სახით შემოგვიგდეს ბანაკში – ესეც თქვენი საყვარელი დასავლეთი და
მისი გაუგებარი შედევრიო. დედა-შვილის დრამატულ ურთიერთოებებზე გადაღებული, საკმაოდ
რთული და სივრცეში ჩაკეტილი ფილმი პატიმრებს მაინცდამაინც არ მოეწონათ, მაგრამ
ლისმანისი ხშირად აჩერებდა ჩვენებას და ინგმარ ბერგმანის ოცი ფილმის უცვლელი ოპერატორის,
სვენ ნიუკვისტის ოსტატობაზე ამახვილებდა ჩვენს ყურადღებას. ლისმანისი ნამდვილი მხატვარი
იყო, ისეთ დეტალებს ხედავდა, რომ სახელგანთქმული ნიუკვისტი სიამოვნებით აიყვანდა
თანაოპერატორად თუ არა, მთავარი ოპერატორის ასისტენტად მაინც. თანაც, დარწმუნებული ვარ,
საკმაოდ ცივი და მუდმივად მელანქოლიური, ტოკიოში დაბადებული და კანადაში აღზრდილი
ნორვეგიელი ლივ ულმანის გამხიარულებასაც კი შეძლებდა თავისი უთვალავი ანეკდოტითა და
ხალისიანი მოთხრობით.
ერთხელ ისეთი პატივი გვცეს, რომ რომელიღაც მხატვრული ფილმის გარდა ე.წ. ჟურნალიც
მოგვაწოდეს. ლიმანისმა წინასწარ გაგვაფრთხილა, ეს კინო არ არის, ჟურნალია, კინო კიდევ
იქნებაო. „ჟურნალად“ დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადიოდა, რომელშიც (არ
დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი პერესტროიკისა და გაქანებული საჯაროობის ეპოქაში ხდება)
ნაჩვენები იყო უნიკალური კადრები, რომელსაც ათწლეულობით უმალავდნენ მთელ მსოფლიოს
როგორც საბჭოთა კომუნისტები, ისე დასავლელი დემოკრატები. მოკლედ, დოკუმენტურ ფილმში
ნაჩვენები იყო, თუ როგორ გადასცეს ინგლისელებმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე
საბჭოთა კავშირს მათ საოკუპაციო ზონაში მოხვედრილი ტყვეები. ლისმანისი სწრაფად გაერკვა
სიტუაციაში და გამოაცხადა, ვისაც სუსტი გული გაქვთ, დარბაზიდან გადით, ისე ვატყობ,
საშინელი კადრები გველოდებაო. ამ კომენტარმა ადგილს მიაჯაჭვა ისინიც, ვინც ჟურნალის
გამოტოვებას და წეკოს მოსაწევად გარეთ გასვლას აპირებდა (კლუბი-სასადილო მართლა კლუბი
კი არ იყო, რომ იქ მოწევის ნებართვა მიეცათ ვინმესთვის).
ეკრანზე გამოჩნდა ძალიან მაღალი ხიდი, რომლიდანაც მდინარის ხეობამდე, სულ ცოტა, ასი

83
მეტრი მაინც იქნებოდა. ძალიან შორიდან იყო გადაღებული და თითქმის არაფერი ჩანდა, მაგრამ
როგორც კი კადრის დაახლოება დაიწყო, გამოჩნდა რაღაც წერტილები, რომლებიც ხიდიდან
ქვემოთ მიექანებოდნენ. როდესაც კადრი კიდევ უფრო ახლოს მოვიდა, ცხადი გახდა, რომ ეს
წერტილები ადამიანებია, ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნებით ხტებიან მდინარეში და თავს
იკლავენ. ЖХ 385/3-5-ის კლუბ-სასადილოს მრავლისმნახველ ეკრანზე ხიდიდან ღრმა ხეობაში
ხტებოდნენ საბჭოთა ტყვეები, მათ შორის ქალები და ბავშვებიც, ოღონდ კი „თავისიანების“
ხელში არ მოხვედრილიყვნენ; ძირითადი მასა უკან დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ უკან
მიბრუნებულებს ინგლისელები ცეცხლს უხსნიდნენ და ადგილზე ხოცავდნენ: ხიდზე საშინელი
ტრაგედია ტრიალებდა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ომის დამთავრებიდან
რამდენიმე თვეში უკვე სისხლმონატრებულ სიკვდილს ნამდვილი კალო ჰქონდა გამართული –
ბრიტანელთა საოკუპაციო ზონაში მოხვედრილ საბჭოთა ტყვეებს წინ გულაგი და მასში
სიკვდილი ელოდებოდათ, უკან – მოკავშირეების ტყვიით სიკვდილი და, ქვემოთ, ღრმა ხეობაში –
მიწაზე დახეთქებამდე ჰაერში სიკვდილი. ამ ფონზე გამოჩნდა ერთი პატარა კაცი, რომელიც
ხელებაწეული გარბოდა რუსებისკენ, კამერამ იგი საგანგებოდ მსხვილი პლანით აიღო: პატარა
კაცი გახარებული გარბის თავისიანებისკენ, ხელებს უცნაურად იქნევს და რაღაცას იძახის.
უეცრად კლუბი-სასადილო არაადამიანურმა ღრიალმა შეძრა: – აარაა! აარაა! ლისმანის, გააჩერე
კინო, ლისმანის, გააჩერე!
დაბნეულმა ლისმანისმა მართლა „გააჩერა კინო“ და ჩვენმა თანაზონელმა ტიმინმა, პატარა კაცმა,
რომელსაც მანამდე არასოდეს არაფერზე ხმა არ ამოუღია, არადა ნამდვილი საოპერო ბარიტონი
აღმოაჩნდა, ეკრანზე გაჩერებულ გამოსახულებას მიმართა: – Куда прёшь, дуралей?! საით გარბიხარ,
იდიოტო! ეს ხომ მე ვარ, ბიჭებო! ეს ხომ მე ვარ, სახლში მოვრბივარ ორმოცი წელი გულაგში
ამოსახრჩობად!
ეკრანიდან მას და ყველას ახალგაზრდა ტიმინი გვიყურებდა, გაღიმებულს არ ესმოდა, რა ერჩოდა
მას ორმოცი წლის შემდეგ მისი საკუთარი, გულაგში გატანჯული არსება. ლისმანისმა პროექტორი
გამორთო, ამასობაში ხმა გავარდა, ტიმინია ეკრანზეო და მთელი ზონა კლუბ-სასადილოში
შემოვარდა, მათ შორის იყვნენ ზონის უფროსი მაიორი შალინი, დეპეენკა სურაიკინი,
აღმზრდელობითი სამუშაოების ხელმძღვანელი ლეიტენანტი არაპოვი, ზედამხედველები
ტრიფონოვი, კისილიოვი და ტრიმაზკინი და უკლებლივ ყველა პატიმარი, არკადი დუდკინიც კი,
რომელიც, თუ ბერლინის აღებაზე და რაიხსტაგზე დროშის აღმართვაზე არ იყო კინო, სხვა
ფილმებს არასოდეს არ სწყალობდა.
– ლისმანის, მოიტა ტიმინი, – ბრძანა შალინმა და ლისმანისმა თავიდან გაუშვა ფილმი ზუსტად იმ
ადგილიდან, როდესაც ხიდზე გაჩერებულ მასას გამოეყო პატარა წერტილი, მერე ეს წერტილი
ნელ-ნელა გადიდდა და უტყუარ ტიმინად იქცა. მორბოდა და მორბოდა გახარებული ტიმინი,
მორბოდა თავისი მონატრებული სამშობლოსაკენ, ოცდახუთწლიანი განაჩენისკენ, რომელსაც
კიდევ ოცი უკვე გულაგში დაემატა, მორბოდა, რადგან ეგონა, რომ ბოლოს და ბოლოს, გენერალ
ვლასოვის არმიაში სამსახურს აპატიებდნენ და რუსულად მაინც დაელაპარაკებოდნენ. ზონის
ხელმძღვანელობამ ტიმინი იოლად ამოიცნო და შალინიდან დაწყებული, ტრიფონოვით
დამთავრებული, ყველას ჰომეროსული ხარხარი აუტყდა, მათ ზოგიერთი პატიმარიც აჰყვა. კარგი
სანახავი იყო კლუბი-სასადილო, სადაც მაყურებელთა ერთი ნაწილი გულზე სკდებოდა და მეორე
ნაწილი გულიანად იცინოდა. საცოდავმა ტიმინმა ჯერ სხვებივით გაცინება სცადა, არ გამოუვიდა,
მერე უეცრად გული წაუვიდა და სამხრეთ კავკასიის ქრისტიან ხალხთა ფედერაციის წევრებმა,
ქართველებმა და სომხებმა, გარეთ გამოვიყვანეთ, სადაც ადგილობრივმა ესკულაპუსმა, არნოლდ
ანდერსონმა სასწრაფოდ მოიყვანა გონზე თავისი სახელგანთქმული ნოუჰაუთი, რომელშიც
არასაიდუმლო ინგრედიენტებიდან მრავალძარღვასა და პიტნის ნაყენი შედიოდა, ხოლო
საიდუმლო ინგრედიენტების შემადგენლობას საბჭოთა პოლივიტამინების ავტორი
საგულდაგულოდ მალავდა.
– ესეც ჩვენი სასიქადულო უინსტონ ჩერჩილი! – წამოიძახა ჟორა ხომიზურმა, – კი წერდა ამაზე
ალექსანდრ ისაევიჩი, მაგრამ მე მაინც გადაჭარბებული კრიტიკა მეგონა.
– უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი, – შეუსწორა ყოვლისმცოდნე ვადიმ იანკოვმა, – ნობელის
პრემიის ლაურეატი 1953 წელს, სხვათა შორის, ლიტერატურის დარგში.
– სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი, – ბოლომდე მიიყვანა საქმე მიშა პოლიაკოვმა, –
მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი დემოკრატი, ყველა დროის ბუმბერაზი პოლიტიკოსი (სხვათა
შორის, გამოხდება ხანი და 2002 წელს ბიბისის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი გამოკითხვით,
თანამემამულეები მას ისტორიაში ყველაზე დიდ ბრიტანელად მიიჩნევენ, შექსპირსა და
ნიუტონზე მნიშვნელოვან ინგლისელად ჩათვლიან).
– არა, ბიჭებო, მაგ დროს ჩერჩილი პრემიერი აღარ იყო, კლემენტ რიჩარდ ეტლი იყო,

84
ლეიბორისტებმა ხომ სენსაციურად გაიმარჯვეს 1945 წლის არჩევნებში, – გადაწყვიტა მსოფლიო
ლეგენდის გადარჩენა ბორია მანილოვიჩმა.
– კი მაგრამ, ჩემო ბორია, გადაწყვეტილება ბრიტანულ ზონაში მოხვედრილი საბჭოთა ტყვეების
რუსეთისთვის გადაცემის შესახებ სწორედ ჩერჩილის პრემიერობისას, 1945 წლის თებერვალში,
იალტის კონფერენციაზე მიიღეს, – შეახსენა თანაქალაქელს მწარე სიმართლე მიშა პოლიაკოვმა, –
ასე რომ, ამ თითქმის ორი მილიონი ტიმინისნაირის ტრაგედიაზე უწიგნურ, უხეშ, ბოროტ და
მუტრუკ ძია ჯოსთან ერთად ნობელიანტი პუტკუნა კეთილი ძია ჩერჩილი, არანაკლებ კეთილი
ძია სემი, უკაცრავად, სიმპათიური ფრანკლინ დელანო რუზველტი და კეთილშობილი
დემოკრატიული და კაცთმოყვარე დასავლეთი აგებენ პასუხს.
– თვითონაც რომ ჩაჯდებიან, შემდეგ მიხვდებიან ყველაფერს, – სოლჟენიცინის
წინასწარმეტყველება გაახსენა გულუბრყვილო დასავლეთს ჟორამ.
– პარიზზე რომ წითელ დროშას აუფრიალებენ, – გაიმეტა მსოფლიო დედაქალაქი ბორიამ.
– მაგათ თავისი დროშის ბოლო წითელი ფერიც ეყოფათ, ძალიან ეფერებიან კომუნისტებს, –
დაუწუნა კომუნისტებისადმი ტოლერანტული საქციელი ფრანგებს იანკოვმა.
– რა ქნან, თუ ომის დროს კაცურად მარტო კათოლიკური ეკლესია და კომუნისტები იქცეოდნენ? –
დავიცავი ბავშვობიდან ყველაზე საყვარელი ფრანგები.
– ეკლესია აირჩიონ, – მოითხოვა იანკოვმა.
კლუბ-სასადილოდან ლისმანისი გამოვიდა და განაცხადა: – დღევანდელმა კინოჟურნალმა, მისმა
პოლიტიკურ ზონაში შემოღწევამ, რასაც ბატონი პოლიაკოვი საყოველთაო რუსული „ბარდაგით“
ხსნის, ხოლო მე სულ სხვა რამ მეჩვენება, დამარწმუნა, რომ საბჭოთა კომუნისტებს მაქსიმუმ
სამი-ოთხი წელი დარჩენიათ. ამ იდიოტებს, შალინს და შემადგენლობას, რა აცინებთ, ვერ გამიგია,
მალე ერთმანეთის დარაჯობა მოუწევთ ბარაშევოში. ჯერ საბჭოთა კავშირი დაიშლება, მერე
მთელი მსოფლიოს კომუნისტური მოძრაობა, ყველა კომუნისტური პარტია გაუქმდება მთელ
მსოფლიოში, ყველას ხომ კრემლი აჭმევს და ინახავს.
– აპოკალიპტური სურათია, – მსოფლიო კომუნისტების მოსალოდნელი ტრაგედიით სიამოვნება
ვერ დამალა იანკოვმა, – ინდოეთის სამი კომუნისტური პარტიიდან სამივე გაუქმდება!
– ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას და კუბას არაფერი ემუქრება, შემდეგ ათასწლეულსაც კომუნიზმით
შეხვდებიან, – იწინასწარმეტყველა ჟორამ, – მაგრამ საფრანგეთის და, განსაკუთრებით, იტალიის
კომპარტიებს გაქრობა ემუქრებათ, მალე აღარც „ლ’უმანიტე“ გამოვა და არც „უნიტა“.
– „მორნინგ სტარი“ არ დაგავიწყდეს, ჩემო ჟორა, „პრავდისა“ და „ჟერმინ ჟიბაოს“ შემდეგ მესამე
გაზეთია მსოფლიოში, – ჩაწიხლა ინგლისელი კომუნისტი ამხანაგები დღის გმირის, ტიმინის
ხათრით ვადიმ იანკოვმა.
შემდეგ შაბათს ლისმანისმა აბანოში საგულდაგულოდ გამოგვიცხადა: დღევანდელი ფილმი
არავინ გამოტოვოს, ერთბაშად ორ ყველაზე უფრო სანახაობრივად მომგებიან თემაზეა, ომზე და
სიყვარულზეო და ახალი ფილმის სათაურიც გაგვანდო: „სამხედრო-საველე რომანი“.
ფილმის დემონსტრირება დაიწყო თუ არა, კინოს ნამდვილ მოყვარულებს პირველი კითხვის
ნიშანი გაგვიჩნდა: გაირკვა, რომ ფილმი ოდესის კინოსტუდიაში იყო გადაღებული. პესიმისტების
აზრით, ოდესის კინოსტუდია ნიშნავდა, რომ ფილმი არ ვარგოდა, ხოლო ოპტიმისტების აზრით,
ოდესის კინოსტუდიაში ისეთი რამის გაპარება შეიძლებოდა, რასაც მოსკოვსა და ლენინგრადში
ვერ გააპარებდნენ. არც რეჟისორ ტოდოროვსკის გვარმა გვითხრა რაიმე არსებითი. მართალია,
ლისმანისმა მოგვაწოდა ინფორმაცია, „საქალაქო რომანსი“ აქვს გადაღებული და მსახიობად
უთამაშია 1970 წელს გადაღებულ მარლენ ხუციევის შედევრში „იყო მაისის თვე“ (უფროსი
ლეიტენანტი იაკოვენკო). სხვათა შორის, ქართველებო, ლევან, ჟორა და ჯონი, თქვენი
თანამემამულეა, ხუციშვილია გვარად, დედაც ქართველი ჰყავდა, გვარად უთენელიშვილი,
მარლენი კიდევ კომუნისტმა მამამ დაარქვა, რომელიც თვითონ რეპრესიებმა შეიწირეს.
მარტივი სიუჟეტია (შესამჩნევია, რომ საოცრად ჰგავს „საქალაქო რომანსის“ სიუჟეტს, ეტყობა
რაღაც პირადი იყო ამ სიუჟეტში რეჟისორისთვის): იყო ომი და ომმა ერთმანეთს შეახვედრა
ახალგაზრდები, ალექსანდრე და ლუბა. უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ომმა გაჰყარა. ომის შემდეგ
კაცის ბედი კარგად მოეწყო, საყვარელი სამუშაო აქვს, ჰყავს ოჯახი. ქალის ბედი სხვაგვარად
წარიმართა. ერთ მშვენიერ დღეს, დიდ ქალაქ მოსკოვში ალექსანდრემ ნაცნობი ხმა გაიგონა,
შემობრუნდა და თავისი დაკარგული ლუბა დაინახა, ოღონდ სულ სხვანაირი, ღვეზელის
გამყიდველი, გაუხეშებული და გაუზრდელებული. და იწყებს ალექსანდრე ბრძოლას ლუბას
გადასარჩენად, ადამიანში ადამიანის საპოვნელად, რაც ისეთ ანდერძად დაუტოვა თეოდორ

85
დოსტოევსკიმ რუსებს, რომ წყევლას უფრო ჰგავს.
ლუბას პირველი გამოჩენისთანავე ლისმანისმა კომენტარი გააკეთა, შეხედეთ, რა ტალანტია,
ნატალია ანდრეიჩენკო ამ ფილმში მხოლოდ 27 წლისაა და ამ კადრში, სულ ცოტა, ორმოცდაათი
წლის ქალს არ ჰგავს?
მანილოვიჩი გაგიჟდა. გაგიჟდა ანდრეიჩენკოზე. არა, გულგრილი არც არავინ დარჩენილა, მაგრამ
ბორია მანილოვიჩი აშკარად „გადაირია“ (იმავე წელს, ანდრეიჩენკო ოსკაროსან მსახიობსა და
რეჟისორს, მაქსიმილიან შელს რომ გაჰყვა ცოლად, ბორიამ ამოიოხრა, ჩემს ორივე ცოლს
გავაყოლებდი მაქსიმილიანს, ოღონდ ნატაშა ჩემთვის დაეთმოო). ვამშვიდებდით, რად გინდა
ანდრეიჩენკო, აგერ ცენზორ განიჩენკოს გითმობს ჯონიო, მაგრამ ვერ წყნარდებოდა.
ლისმანისი მოვიდა და მითხრა: – სიმართლე არავის სიამოვნებს, სიმართლე რომ ვთქვა,
მანილოვიჩი ისედაც ანტისემიტად მთვლის და ახლა პირდაპირ როზენბერგად მომნათლავს.
სიმართლე კი ისაა, რომ მაგ ქალბატონის ქმარმა, მაქსიმილიან შელმა, ავსტრიელმა თუ
შვეიცარიელმა, თუ ორივემ ერთად, 1961 წელს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის
ოსკარი იმიტომ დაიმსახურა, რომ სტენლი კრამერის ფილმში „ნიურნბერგის პროცესში“, ნაცისტი
დამნაშავეების ადვოკატის როლი შეასრულა ბრწყინვალედ. იცის ეს მანილოვიჩმა, იცის რა
გადახრები აქვს მის საყვარელ ნატაშას?
– მაქსიმილიან შელი ავსტრიის ანშლუსის შემდეგ შვეიცარიაში გაიქცა, მთელ მის ოჯახს
ნაცისტები ეზიზღებათ, მისმა დამ მაგ ნიადაგზე აურია კიდევაც, – გამოვესარჩლე ოსკაროსან
მსახიობს მე.
– თვითონ რომ ნაცისტი არაა და პირიქითაა, ეგ კი ვიცი, მაგრამ ნაცისტების ადვოკატის როლის
ოსტატურად შესრულებას მანილოვიჩი არ აპატიებს. უთხარი ეს ფაქტი, იქნებ ნატაშა გულიდან
ამოვაგდებინოთ და ოჯახში წერილი გავაგზავნინოთ, – ლისმანისი, როგორც „შესანიშნავი
მეოჯახე“, მართლაც მუდმივად ზრუნავდა ყველა ოჯახის მთლიანობაზე.
ბორიას რომ ვუთხარი, მაქსიმილიან შელს ოსკარი ნაცისტების ადვოკატის როლის ოსტატურად
შესრულებისთვის მიუღიაო, გაეცინა და მითხრა, ხომ ვიცი, ამ ამბავს ლისმანისი მოგიყვებოდა,
მაგის მეტმა ვინ იცის ასე წვრილად კინოს ამბები ჩვენს ბანაკშიო. გადაეცი, ბორია მანილოვიჩის
საშველი არ არის, ანდრეიჩენკოზე 12 ლექსი აქვს დაწერილი, მათ შორის სამი სონეტი, ორი ბალადა
და ერთი მადრიგალი. რაც შეეხება სიყვარულს, ნამდვილი თუ გამოგონილი ფაშისტის ხელში
ჩავარდნილი საბრალო რუსის ქალი კიდევ უფრო უყვარს-თქო.
კინოს საკმაოდ იშვიათი სტუმარი ვარ, ბოლო ხანებში კინოში მხოლოდ ამერიკაში დავდივარ და
საუკეთესო ადგილს ვიკავებ, როგორც წესი, ცარიელ კინოდარბაზებში. გაუთავებელი სარეკლამო
რგოლების შემდეგ ფილმის დემონსტრირება რომ იწყება, სულ მგონია, რომ უკნიდან ლისმანისის
მხიარულ და ენერგიულ ხმას გავიგონებ: – ყურადღებით შეხედეთ, რა ოპერატორული
ნამუშევარია! მაურო ფიორე ნამდვილი გენიოსია, უკანა ფონზე რა ფერები გაშალა!
სხვათა შორის, ჯეიმს ქემერონი თექვსმეტ წელიწადს მუშაობდა „ავატარზე“, პირველი
ოთხმოცგვერდიანი სცენარი 1994 წელს დაწერა. ქართველებო, კლუბ-სასადილოში, იმ
კომპიუტერულ ანიმატორებს შორის, რომელთაც ეს სასწაული შექმნეს, ქართველი კაციც ერია!

დათო
თბილისი. ვეძინის ქუჩა 17. 1983 წელი. 23 ივნისი. დილის ექვსი საათი. სახლში სამნი ვართ, მე,
ჩემი მეუღლე ინგა და დათო. სამივეს გვძინავს. სახლს ორი კიბე აქვს: ერთი ჩვენი და კარის
მეზობელი იაშვილების საერთო ბაქანზე ადის, მეორე – ქოჩორაძეების ბაქანზე. ამ კიბეს ჩვენი
ფანჯარა გადაჰყურებს. რაღაც მოძრაობაა სწორედ ამ ფანჯარასთან და ეს ხმაური მაღვიძებს.
ფანჯრიდან მოჩანს ქოჩორაძეების კიბე და რამდენიმე სერიოზული იერის მამაკაცის სილუეტი ამ
კიბეზე. სასწრაფოდ ვიცვამ და ცოლს ვაღვიძებ. ამასობაში ფრთხილი კაკუნი ისმის ჩვენს კარზეც.
დათოს გაღვიძებას ვცდილობ. არ არის იოლი საქმე. წინა ღამით გვიან მოვიდა, ღრმად სძინავს და,
საერთოდაც, არ არის დილის ექვს საათზე გაღვიძების მოყვარული. თვალს რომ ახელს, „დავით,
ადექიზე“ რეაქცია არ აქვს, მაგრამ ერთ ჯადოსნურ სიტყვას ვეუბნები, მოვიდნენ-მეთქი და
ყველაფერს ხვდება. კარს ვაღებ და ჩვენს ბინაში იჭრება ექვსიოდე კაცი, ერთი ამდენი ორ კიბეს
„ამაგრებს“. ჩემი გაღვიძებიდან ამ შემოჭრამდე გავიდა ოციოდე წამი. სისწრაფეს და ყველაფრის
პროზაულ, საქმიან ხასიათს საგნები და მოვლენები არარეალურ სამყაროში გადაჰყავს. მოხდა ის,

86
რასაც მრავალი წელი სიკვდილივით ველოდით და ამის შემდეგ დაიწყო სიცოცხლე სიკვდილის
შემდეგ. საქართველოს უშიშროებამ დაგვისვა მიჯნა, ჩვენი სიცოცხლე გაკვეთა, გაყო ორ
პერიოდად, 1983 წლის 23 ივნისის დილის ექვს საათამდე და ექვსი საათის შემდეგ.
დაუპატიჟებელ სტუმრებს მეთაურობს პოლკოვნიკი გერსამია, რომელსაც უკვე ვიცნობ,
დაკითხვაზე ვარ მასთან ნამყოფი. მსოფლიო ისტორია იცნობს სახელგანთქმულ ძმებს – ძმები
გაიუს და ტიბერიუს გრაკხუსები, ძმები იაკობ და ვილჰელმ გრიმები, ძმები ოგუსტ მარი ლუი
ნიკოლა და ლუი ჟან ლუმიერები, ძმები ჯორჯ და ანდრია ბალანჩივაძეები, ძმები ჯონ, რობერტ და
ედვარდ კენედები, ძმები კარამაზოვები, როკო და მისი ძმები... ჩვენში კარგად იცნობენ თემურ
გერსამიას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ დაიმსახურა, რომ გაიცნოს მისი ძმაც, სუკის
პოლკოვნიკი გერსამიაც. ამ ძმებს მცირე საოჯახო ბიზნესი ჰქონდათ საბჭოთა საქართველოში:
ერთი ძმა უშიშროების კომიტეტში მუშაობდა და მეორე მოსამართლე ბრძანდებოდა. ერთი ძმა
იჭერდა და მეორე უსჯიდა, დახვრეტების ტრფიალს რომ ეტყოდნენ, სწორედ ეგ იყო. და
არავითარი ინტერესთა კონფლიქტი. ორივე ძმა ვალმოხდილად და ამაყად წავიდა იმქვეყნად და
სიცოცხლის ბოლო წუთამდე ორივე საჯაროდ ტრაბახობდა, რომ სხვებზე გაცილებით მეტი
ადამიანი დაიჭირეს და დახვრიტეს. და რომ კიდევ დაიჭერდნენ და დახვრეტდნენ, შანსი რომ
ჰქონოდათ. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ ამ საქმეში სახელგანთქმული ძმები
მარტონი არ იყვნენ: ოპერატიულ საქმეებს პოლკოვნიკი გერსამია განაგებდა, სამძებროს –
პოლკოვნიკი ალექსანდრე მირიანაშვილი, უშიშროებიდან წამოსულ საქმეებს სასამართლოში
მუდმივად გიორგი სვანიშვილი პროკურორობდა და მოსამართლეც ასევე მუდმივად თემურ
გერსამია იყო. აი, ამ ბოროტების სამი მუშკეტერისა და დ’არტანიანის (პოლკოვნიკი გერსამიას)
მოღვაწეობის მწვერვალებად მოგვევლინა მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების თავზარდამცემი
დახვრეტები.
ასეთი კეთილი სული შემოგვიფრინდა 1983 წლის 23 ივნისის დილას ოჯახში, ჩხრეკის ორდერი
წარმოგვიდგინა და ორი დამსწრე გაგვაცნო (კეთილი სულის განმარტებით, საბურთალოზე
მცხოვრები ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შემთხვევით, თავისთვის
დასეირნობდა დილის 6 საათზე მთაწმინდის მიდამოებში და სუკის ოპერჯგუფმა ჩხრეკაზე
დასწრება სთხოვა, – პოლკოვნიკი გერსამია გარემოებათა ნამდვილი პოეტი იყო).
სწორედ იმის გამო, რომ დაპატიმრებას და დაუპატიჟებელ სტუმრებს სიკვდილივით ველოდით
და მათი სტუმრობის შემდეგ სასიცოცხლო პერსპექტივას ვეღარ ვხედავდით, სტუმრების
მოსვლამ და ჩვენმა ცოცხლად დარჩენამ მეტისმეტად გაგვახალისა მასპინძლები, ელდამ და შიშმა
გადაიარა, ნელ-ნელა მოგვემატა სითამამე და საკუთარი ღირსების შეგრძნება იმ ადამიანების
წინაშე, რომლებიც საკუთარ საქმეს კი აკეთებდნენ, მაგრამ ღირსებისა და სიმართლისაგან ძალიან
შორს იდგნენ, რადგან თვით მათი საქმე იყო უღირსი და ამაზრზენი.
ჩხრეკა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა დათო წაიყვანეს. წიგნებში ორსაათიანმა ხელის
ფათურმა შედეგი ვერ გამოიღო, პასუხისმგებელმა და კომპეტენტურმა ამხანაგებმა ვერაფერი
გამოავლინეს (ოთხი წელი დაპატიმრებას ველოდით და სახლში რა ნივთმტკიცებებს
დავახვედრებდით ძვირფას სტუმრებს?). რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც სახლში „საშინელი“
წიგნები „მაინც“ აღმოაჩინეს (მაგალითად, გრიგოლ რობაქიძის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში
გამოცემული „გველის პერანგი“ და ირაკლი აბაშიძის მიერ აღწერილი ხრუშჩოვის მოგზაურობა
ინდოეთში, ძველ სტალინისტ გერსამიას ალბათ ეს წიგნი ანტისაბჭოთა ეგონა) და მე რომ ამაზე
გამეცინა, პოლკოვნიკი ძალიან გამიბრაზდა.
– რა გაცინებს? სასაცილოდ გაქვთ ძმებს საქმე? – ალბათ გონებაში ჩვენ, უღირს ძმებს, თავის
თავსა და მის ღირსეულ ძმას თუ გვადარებდა.
– რა იყო, სიცილიც არ შეიძლება? ნებართვა უნდა ვითხოვო კაცისგან, რომელსაც ირაკლი აბაშიძის
წიგნი ანტისაბჭოთა ჰგონია? – უკვე გულწრფელად მეცინებოდა მე.
– შენ, სხვათა შორის, ჩაიცვი და წამობრძანდი, – განაცხადა პოლკოვნიკმა ისეთი იერით, რომლის
თარგმნა ძნელი არ იყო, ოცდაათიანი წლებიდან უშიშროების კომიტეტში ნამუშევარი ამ
გამოცდილი ჯალათის სახეზე აშკარად იკითხებოდა მთელი წინადადება, ჟან-პიერ ფლორიანის
იგავ-არაკის მოდერნიზებული ფინალი: „კარგად იცინის, ვინც ბოლოს აპატიმრებს“.
დათო საღამომდე ალექსანდრე მირიანაშვილის კაბინეტში ჰყავდათ: იქ იყვნენ სამძებრო
განყოფილების უფროსი, ალექსანდრე მირიანაშვილი, გამომძიებელი გია ცინცაძე, ვიღაც პერმელი
რუსი ჩეკისტი. საღამოს რვა საათზე ჩაიყვანეს საკანში, სადაც ორი კაცი დახვდა, ერთი მაშინ მთელ
საბჭოთა კავშირში გახმაურებულ „ებრაელების საქმეზე“ დაჭერილი ახალგაზრდა ბიჭი იყო (1983
წლის გაზაფხულზე სსრკ მასშტაბით ებრაელი საქმოსნების მთელი არმია დააპატიმრეს და
ფანტასტიკური ჭორებიც გაუვრცელეს, რომ მთელი საბჭოთა ოქრო ისრაელში გაზიდეს და სხვა
ამგვარი ანტისემიტურ-ჩეკისტური ზეპირმეტყველების მარგალიტებით გაამდიდრეს მაშინდელი

87
საზოგადოების ცნობიერება) და მეორე ვინმე რეციდივისტი, ბოროტმოქმედი, რომელსაც უკვე
ცხრა წელი ჰქონდა მოხდილი და, მისივე განმარტებით, იგი და მისი თანამოსაქმე ერთმანეთს
აბრალებდნენ, მე კი არა, შენ მოაჭერი თავი ჩვენს მესამე თანამზრახველსო. შემდგომში ეს ბატონი
ჯონი ლაშქარაშვილთანაც აღმოჩნდა. მისი ყოფნა სუკის იზოლატორში საერთოდ უცნაურად
გამოიყურებოდა. დათო შეუდგა საკანში ტრადიციულ ქართულ საქმიანობას – მასწავლებლობას,
ლექციების კურსის კითხვა დაიწყო საქართველოს ისტორიაში (მე ანალოგიურ სიტუაციაში
ლათინურ ენისა და ბერძნული მითოლოგიის კურსს ვკითხულობდი).
დაიწყო ყოველდღიურ დაკითხვათა სერია, რომელმაც საბოლოოდ გაამწარა სახელმწიფო
უშიშროების კომიტეტი: გამომძიებელთა მთელმა კოჰორტამ ექვსი თვის განმავლობაში დავით
ბერძენიშვილისგან საქმესთან დაკავშირებულ ერთ კითხვაზე პასუხიც ვერ მიიღო. დათო
თვითნებურად და ვაჟკაცურად სარგებლობდა იმ უფლებით, რომლის პატიმრისთვის მინიჭება
სახელმწიფომ მხოლოდ ოცი წლის შემდეგ ინება, ოღონდ სხვა სახელმწიფომ, სხვა საუკუნესა და
სხვა ათასწლეულში: პატიმარი დავით ბერძენიშვილი სარგებლობდა დუმილის უფლებით,
რომელსაც არც საბჭოთა კავშირი სწყალობდა და არც კანონმორჩილი დისიდენტები აღიარებდნენ.
მე არასოდეს გამიგონია ჩემი უმცროსი ძმისგან ტრაბახი, ვაჟკაცი ვარ და კაგებემ ექვსი თვე
ვერაფერი მათქმევინაო.
არც ერთ დაკითხვაზე გამოცხადებაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ პასუხობდა მხოლოდ ორ
კითხვას: – აპირებთ თუ არა ჩვენების მოცემას? – არა. – მოგვცემთ თუ არა განმარტებას, რატომ არ
აპირებთ ჩვენების მოცემას? – არა. ერთ-ერთ ასეთ დაკითხვაზე, როდესაც უკვე ხელჩაქნეულმა გია
ცინცაძემ ყასიდად ჰკითხა, რამე ახალი ხომ არ არისო, დათომ დადებითად უპასუხა, მაქვს ახალი
ამბავიო. აღელდა ცინცაძე, სიგარეტი მიაწოდა, მაგიდა ფაქიზად გადაწმინდა, კალამი მოიმარჯვა,
„ახალი ამბის“, ანუ ჩვენების ჩასაწერად მოემზადა, როდესაც დათომ გაუმხილა, ახალი ამბავი ისაა,
რომ კბილი მტკივაო. როგორც დათო ამბობს, ამ მომენტში საერთოდ თავაზიანი ცინცაძის
ნამდვილი სახეც უნახავს და ეს სახე ყოფილა დაახლოებით ისეთი, ვიზიტორების დედოფალმა
ანამ რომ გამოავლინა ახალ ამერიკულ სერიალში სახელად „ვი“ (ეს, რა თქმა უნდა, ჩემი
ინტერპრეტაციაა, ძალიან მეეჭვება, დათოს საერთოდ გაგონილი ჰქონდეს ამ ამერიკული
სერიალისა და ანას როლის შემსრულებელ მორენა ბაკარინის არსებობის ამბავი).
დათომ თანამესაკნე კრიმინალს მარტივი ტესტი ჩაუტარა: აშკარა დეზინფორმაცია მიაწოდა,
გამომძიებელთან დაკითხვაზე მიყვანილს ეს ბლეფი წინ დახვდა და სუკის უკვე
გამოაშკარავებული აგენტის საკნიდან გადაყვანა მოუხდათ (სწორედ ასე მოხვდა ეს კაცი ჯონი
ლაშქარაშვილთან). გაშიფრული აგენტის საკნიდან გადაყვანამდე არც მას და არც დათოს ათი დღე
არ უძინიათ. ასე თანაბრად სასტიკად ექცეოდა უშიშროების კომიტეტი პატიმრებსაც და საკუთარ
აგენტურასაც, როდესაც ეს უკანასკნელი (რა ზუსტი სიტყვაა!) რომელიმე გონებამახვილ და
რისკიან ტუსაღს ხელში „შემოეშიფრებოდა“.
ეტაპი ანუ „პერესილკა“ რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლებმა, ვახტანგ ძაბირაძემ, ვახტანგ
შონიამ, ლევან და დავით ბერძენიშვილებმა ერთად გავიარეთ როსტოვის ციხემდე. როსტოვის
შემდეგ დავშორდით ერთმანეთს: ვახტანგები პერმის გზას გაუყენეს, ჩვენ კი დუბრავლაგისკენ,
ანუ მორდოვეთისკენ გვიქნეს პირი. გზაში ბევრი საინტერესო რამ გადაგვხდა, მაგრამ ამ ამბებს
სამომავლოდ შემოვინახავ.
ბარაშევოში რომ ჩავედით, ჩემში უფროსი და პასუხისმგებელი ძმის ფუნქცია გამოიკვეთა. ჩემი
მთავარი ამოცანა იყო ახალგაზრდა და მღელვარე დათოსთვის სახიფათო ინციდენტები თავიდან
ამეცილებინა, მაგრამ ამ საქმეში სერიოზულ წარმატებას ვერ მივაღწიე. ჩემს წარუმატებლობებში
განსაკუთრებით გამოირჩეოდა ანდრეიკასა და ფლორ ვასილის ძესთან დაკავშირებული
ხმაურიანი ეპიზოდები.
ალგიმანტას ანდრეიკა კლაიპედელი ლიტველი იყო. ვილნიუსში ცხოვრობდა და ბარმენად
მუშაობდა, როცა 1981 წლის მაისში დააპატიმრეს და 1982 წელს ოთხს პლუს ხუთი მიუსაჯეს,
რასაც უკვე ზონაში ახალი სასჯელი დაუმატეს („სხეულის განზრახ დაზიანება“, საკუთარ თავს
ავნო და ცოტა ხანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც აყურყუტეს) და, გორბაჩოვი რომ არა,
გულაგში ამოხდებოდა სული (რეაბილიტირებულია 1989 წლის ივნისში ლიტვის სსრ უმაღლესი
სასამართლოს მიერ, ცოტა ხნის შემდეგ კი მოულოდნელად გარდაიცვალა). ანდრეიკა ფეხბურთის
გულშემატკივარი იყო, ვილნიუსის „ჟალგირისი“ მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში
მონაწილეობდა და, ბუნებრივია, ალგიმანტასიც თავის გუნდს გულშემატკივრობდა (1984 წელს
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის „დინამომ“ და ვილნიუსის „ჟალგირისმა“,
შესაბამისად, მეშვიდე და მეცხრე ადგილები დაიკავეს, ჩემპიონი კი ლენინგრადის „ზენიტი“
გახდა, რაც „ჩვენი“ პეტერბურგის მკვიდრებს ერთობ გაუხარდათ).
ამასობაში საბჭოთა გუნდები ევროპულ ტურნირებზე გამოჩნდნენ (ჩემპიონთა თასი, თასების

88
მფლობელთა თასი და ა.შ.) და ახალი ტრადიციაც ჩამოყალიბდა – ვინაიდან ზამთარში მოსკოვში
გაყინულ მოედნებზე თამაშზე ყველა უარს ამბობდა, მოსკოვურმა გუნდებმა სამხრეთის
დედაქალაქები აირჩიეს. ასე გახდა მოსკოვის „სპარტაკი“ ჯერ ბელგიური „ანდერლეხტისა“ და
შემდეგ გერმანული „კიოლნის“ მასპინძელი თბილისში. მოსკოველები თბილისში კი იგებდნენ,
მაგრამ ორი მატჩის შედეგად შემდეგ წრეში გასასვლელად ერთი ბურთი აკლდებოდათ ხოლმე.
1984 წლის ნოემბრის ბოლოს გერმანული „კიოლნი“ თბილისში ჩამოვიდა. ბუნდესლიგის თასის
მფლობელ გუნდში გერმანიის ნაკრების ცნობილი ვარსკვლავები, 1990 წლის მომავალი მსოფლიო
ჩემპიონები, ჰერალდ ანტონიან, უბრალოდ, ტონი შუმახერი და პიერ მიხაელ ლიტბარსკი
თამაშობდნენ, ხოლო მოსკოვის „სპარტაკში“ მაშინ იური გავრილოვის, ფიოდორ ჩერენკოვისა და
სერგეი როდიონოვის ეპოქა იდგა. მოსკოველებს პირველი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით, 1:0
ჰქონდათ კიოლნში მოგებული, ამიტომ თბილისში ხალისიანად და ორი მატჩის შედეგად იოლი
გამარჯვების მოპოვების იმედით ჩავიდნენ და რამდენიმე ხმაურიანი და თავგადაკლული
გულშემატკივარიც ჩაიყვანეს თვითმფრინავის სპეციალური რეისით – მათ რიგებში იმ წელს
გარდაცვლილი იური ანდროპოვის შვილიშვილი გამოირჩეოდა, რომელიც „სპარტაკის“ ფანებს
ხელმძღვანელობდა.
საერთო ჯამში, რუსების გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა და ციხის ადმინისტრაციამ ფეხბურთის
გულშემატკივარ ლეიტენანტ ვიქტორ არაპოვის დაჟინებული მოთხოვნით, პატიმრებს ამ მატჩის
ტელერეპორტაჟის ყურების უფლება მოგვცა. არაპოვი ჩვენს იდეოლოგიურ აღზრდასა და
„გამოსწორებაზე“ აგებდა პასუხს და საბჭოთა იდეოლოგიის გერმანულთან უპირატესობის
საჩვენებლად ამ საფეხბურთო მატჩის გამოყენება სურდა. სახელგანთქმული რუსული სამხედრო
არისტოკრატიის შთამომავალი, ახალგაზრდა ლეიტენანტი არაპოვი რამე განსაკუთრებული
გამჭრიახობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას შესანიშნავი გათვლა ჰქონდა:
საბჭოთა დისიდენტების უმეტესობა გერმანიას არ სწყალობდა ფაშიზმისა და მეორე მსოფლიო
ომის სისასტიკეთა გამო.
როდესაც კლუბ-სასადილოში განვლაგდით, ეს მიკერძოებები გამოიკვეთა, „სპარტაკის“
გულშემატკივრებმა მარცხენა მხარე დაიკავეს (რუსები მინუს მიშა პოლიაკოვი, სომხები
უკლებლივ, ებრაელები სრული შემადგენლობით და ყველას პლუს ჟორა ხომიზური), ხოლო
„გერმანელებმა“ – მარჯვენა. „გერმანელებში“ აღმოვჩნდით მე და დათო (ჯონიმ არ გამოხატა ამ
მატჩისადმი ინტერესი), უკრაინელები სრული შემადგენლობით, ლიტველები (ძველები და
ახლები) და ლატვიელები (მხოლოდ ძველები). ანდრეიკა დათოს გვერდით აღმოჩნდა.
დაიწყო რეპორტაჟი თბილისიდან, რომელიც რუსულად მიჰყავდა კოტე მახარაძეს. დაიწყო
რეპორტაჟი და არაპოვის მიერ სკულპულოზურად აგებულმა იდეოლოგიურმა კონსტრუქციამ
ჯერ რყევა დაიწყო და ბოლოს, ერთი პოსტმოდერნისტი პრეზიდენტის ლექსიკური აგრესიით
გააქტიურებული „მოხდენილი“ სიტყვა რომ მოვიშველიოთ, სამარცხვინოდ „ჩამოიშალა“ კიდეც.
საქმე ის არ იყო, რომ გერმანელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს (განსაკუთრებით
დასამახსოვრებელი იყო მეორე გოლი, რომელიც ლიტბარსკიმ გაიტანა; მოსკოვის „სპარტაკს“
ბოლო წუთამდე ჰქონდა ორი მატჩის შედეგად საერთო გამარჯვების მოპოვების შანსი, ამისთვის
მათ ერთი გოლი უნდა გაეტანათ და საგოლე მომენტები ჰქონდათ – ერთ-ერთ ასეთ მომენტში
ახალგაზრდა ფორვარდმა ოლეგ კუჟლევმა მოახერხა და ორი მეტრიდან ბურთი ცარიელ კარში ვერ
გაიტანა. საყვარელ გუნდს ვერ შველოდა „სპარტაკის“ რამდენიმე ათეული გულშემატკივრის
გულისამაჩუყებელი ავანგარდული პოეზიაც კი, რომელიც საყვარელი გუნდის სახელს კიდევ
უფრო საყვარელი იმპერიის სახელს უკავშირებდა: В Союзе
Нет
Еще,
Пока
Команды
Лучше
„Спар-та-ка!“
Моос-коов-скиий „Спартак“, ТА-ТА-ТА-ТА ТА-ТА!
ამ პოეტურ აღტყინებას არ ჩამოუშლია არაპოვის პატარა ტვინით, მაგრამ დიდი რუდუნებით
ნაგები იდეოლოგიური კონსტრუქცია, ახალგაზრდა ენთუზიასტი ლეიტენანტი თბილისის
ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონმა და მასზე შეკრებილმა ურიცხვმა
ქართველმა გულშემატკივარმა დაღუპა: თამაშობდნენ უცხო „კიოლნი“ და „მშობლიური“

89
„სპარტაკი“, ხალხი კი გაუთავებლად ყვიროდა „დი-ნა-მო, დი-ნა-მოს“.
იმ ფაქტმა, ჩვენმა ძმებმა ქართველებმა რუსეთის კოლონიაში მეტროპოლიის საყვარელ გუნდს
რომ არ უგულშემატკივრეს, მე და დათო სიამაყის გრძნობით აგვავსო (ნეტა ოდესმე კიდევ
მქონდეს ჩემი ქვეყნის დღევანდელობით სიამაყის მიზეზი), მაგრამ და ნარჩენებმა სიხარულში
მხარი ვერ აგვიბეს. განსაკუთრებით გამწარდა „ჩვენიანი“ ანდრეიკა, რომელსაც, როგორც
პატიოსან ლიტველს, კარგად მოეხსენებოდა, რომ საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“
მაიკლ ფარადეის მიერ 1831 წელს შექმნილ ელექტრულ დისკთან და მის საფუძველზე შექმნილ
დინამო-მანქანასთან მეტაფორული კავშირი კი ჰქონდა, მაგრამ მთავარი, რაც ლიტველმა ბარმენმა
იცოდა, ის იყო, რომ „დინამო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან, როგორც ანდრეიკა ამბობდა,
„ენკავედეს“ გუნდია; ამიტომაც მას ვერ გაეგო, ქართველი ხალხი შინაგან საქმეთა სამინისტროს
რატომ უმტკიცებდა სიყვარულს და ერთგულებას „დინამო დინამოს“ ძახილით (სხვათა შორის,
ბევრი მაშინდელი ქართველიც „გაუგებდა“ ალგიმანტასს – ხომ გადაარქვეს ცოტა ხნით „დინამოს
„ სახელი?! ბოლოს სახელი კი დაუბრუნდა, ძველი დიდებისა კი რა მოგახსენოთ).
დათო უხსნიდა ანდრეიკას, რომ ენკავედე და შსს არაფერ შუაში არ იყო, რომ თბილისის „დინამო“
ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრები იყო და სტადიონზე მოსული ხალხი რომელიმე საძულველ
ან საყვარელ სამინისტროს კი არა, საქართველოს, მის დამოუკიდებლობას აძლევდა ხმას, მაგრამ
ლიტველ მეგობარს ამის გაგება არც შეეძლო, არც სურდა და ქართველების შეურაცხყოფაზე
გადადიოდა. როცა მის გაცხარებულ საუბარში სტალინის და ბერიას სახელებმა გაიელვეს, დათომ
მასში კინაღამ მომავლის გიგა ბოკერია დაინახა, რომელიც ამ დროს 12 წლისა იქნებოდა, დიდი
ალბათობით მამასთან ერთად სტადიონზეც იჯდა და „დინამო-დინამოსაც“ გაიძახოდა.
ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კონფლიქტი საშიშ სახეს იღებდა, სანამ მასში უფროსი თაობის
პატიმრები, ანადენკო, იანკოვი და ხომიზური არ ჩაერივნენ და ინციდენტი საფუძვლიანად არ
ამოწურეს. ანდრეიკას მოსთხოვეს ქართულ რეალიებში უკეთ გარკვევა, ხოლო დათოს „შეეწერა“
ორსაათიანი ლექცია თბილისის „დინამოსა“ და ქართველი ხალხის საიდუმლო-გაუმჟღავნებელ და
ცხად-გამჟღავნებულ სიყვარულზე, რომლის წაკითხვაც საბოლოოდ მე მომიხდა.
პოლიტიკური პატიმრები სამკერვალო საამქროში მუშაობას დილის შვიდ საათზე იწყებდნენ და
საღამოს ოთხზე ამთავრებდნენ. პატიმართა უმეტესი ნაწილი ორიენტირებული იყო სადილზე,
რომელსაც კლუბ-სასადილოში პირველ საათზე მიირთმევდნენ. ამის გამო ყველა ცდილობდა, ამ
დროისათვის დღიური ნორმა შეესრულებინა. ეს მათ ჩუქნიდა თავისუფალ დროს სადილის
შემდეგ, ხოლო თავისუფალი დრო გამოიყენებოდა მომავალი თავისუფლების ასაშენებლად –
წერილის დასაწერად, წიგნის წასაკითხად, განმარტოების ილუზიის შესაქმნელად და
დასაფიქრებლად. ზოგიერთი პატიმრისთვის საამქრო ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, რადგან
მოტორისტ-მკერავის პროფესიის დაუფლება გარკვეულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს და იმ
ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთმა ამგვარი ტალანტით არ დააჯილდოვა, საკერავ
მანქანასთან გამკლავება ურთულესი საქმე იყო. ჩვენს ზონაში ასე იტანჯებოდა ჟორა ხომიზური,
რომელსაც საკერავი მანქანაც ეზიზღებოდა, საამქროც და კოლექტიური შრომის პროცესიც. მისი
აზრით, კერვა, ეს გაუგონარი სისასტიკე, ეს უკიდურესი საშინელება ბოროტმა ჩეკისტებმა
განზრახ მოიგონეს, რომ საბეჭდ მანქანასთან გატარებული დღეებისა და წლებისათვის შური
ეძიათ დისიდენტებზე.
– მანქანა მანქანის წილ, ეს არის მათი კარგად გააზრებული და მზაკვრული კონცეფცია, –
გვიმტკიცებდა ჟორა, – ეს ბნელი იდეა ალბათ ბერიას თავში დაიბადა, სტალინიც კი ამას ვერ
მოიფიქრებდა, – არ ინდობდა თანამემამულეებს ხომიზური.
თავდაპირველად დათოს საამქრო და კერვა თვალში არ მოუვიდა და განმიცხადა, მე ამის
მსწავლელი არ ვარ და ჩემს მაგივრადაც შენ მოგიწევს პროდუქციის ჩაბარება, თუ არ გინდა, რომ
მთელი სასჯელი შიზოში მოვიხადოო, მაგრამ შემდეგ გამოცდილ მკერავებს დაუკვირდა,
პოლიაკოვისგან შრომითი დუმილი ისწავლა, პაპაიანისგან სამკერვალო ეშმაკობები,
ანადენკოსგან შრომის ორგანიზაცია, ბუტოვისგან თითის დაკერების საიდუმლო და ნამდვილ
მკერავ-მოტორისტად (швея-моторист) ჩამოყალიბდა.
დათო ძალიან სწრაფად კერავდა. მკერავი ასები (ბუტოვი, ანადენკო, პაპაიანი) თორმეტი
საათისთვის ასწრებდნენ ასამდე წყვილი ხელთათმანის შეკერვას, ხშირად მეც მათ რიგებში
ვიყავი, მაგრამ დათო ყველა რეკორდს ხსნიდა და თერთმეტ საათზე ნორმას აბარებდა. როგორც
თვითონ განმარტავდა, მისი პროდუქცია, შესაძლოა, სამაგალითო ხარისხისა არ იყო („მე ვკერავდი
წუნის ზღვარზე, на грани брака“, – განაცხადა მან ამასწინათ), მაგრამ დასაშვებ ნორმებში
ჯდებოდა. ერთხელაც, როდესაც დათომ საკუთარ თავსაც აჯობა, თავისივე რეკორდი
საგრძნობლად გააუმჯობესა და დილის თერთმეტის თხუთმეტ წუთზე საამქროში შრომას მორჩა,
საამქროს ყოფილმა რეკორდსმენმა, ოდესელმა დისიდენტმა პეტრე ბუტოვმა ეს ვეღარ აიტანა და
ბანაკის ადმინისტრაციაში წერილობითი საჩივარი შეიტანა, უმცროსი ბერძენიშვილი სამკერვალო

90
საამქროში უხარისხო პროდუქციას აბარებსო. ბუტოვი ნამდვილი საბჭოთა დისიდენტი იყო, იგი
საბჭოთა კანონებს აღიარებდა და მისთვის სულერთი არ იყო, ესა თუ ის პოლიტიკური პატიმარი
ხარისხიან პროდუქციას მიაწვდიდა მის მშობლიურ ქვეყანას თუ არა. უნდა ითქვას, რომ სანამ
ჩვენ სამკერვალო საამქროში ვმოღვაწეობდით, ჩვენ გვერდით, ე.წ. „მცირე ზონაში“, ანუ ქალთა
პოლიტიკურ ზონა ЖХ 385/3-4-ში, პატიმარი ქალებიც იმავე საქმით იყვნენ დაკავებული და,
როგორც ჩვენი უხილავი თანაზონელი, ცნობილი რუსი პოეტი და დისიდენტი ირინა
რატუშინსკაია წერს თავის მოგონებათა შესანიშნავ წიგნში „რუხი იმედის ფერია“, პროდუქციის
ხარისხი მათაც აღელვებდათ, რადგან მათ მიერ შეკერილ ხელთათმანებს ჩეკისტები კი არა,
მშენებელი ხალხი მოიხმარდა. როგორც სხვებისა და საკუთარი თავის პატივისმცემელმა
პატიმარმა, პეტრე ბუტოვმა თავისი განცხადების ასლი დათოსაც გადასცა. მომჩივანი პატიმარი
მოქმედებდა ღიად და, როგორც თვითონ მიიჩნევდა, პატიოსნად.
ბუტოვის ამ მოულოდნელმა ნაბიჯმა აშკარად დააბნია ბარაშევოელი პოლიტპატიმრები.
„დემოკრატები“ ანუ სამოცდამეათე მუხლის სუბიექტები ორად გაიყვნენ. ერთი ნაწილი,
რომელთაც ანადენკო მეთაურობდა, ბუტოვს ამართლებდა; მეორე ნაწილი ბუტოვის საქციელს
განმარტავდა, როგორც ერთი პატიმრის მიერ მეორე პატიმრის დაბეზღებას და ამ მოქმედებას
ამორალურად და დაუშვებლად მიიჩნევდა. პატიმრის მორალური კოდექსის სადარაჯოზე მდგომ
ამ ჯგუფს „სამხრეთ კავკასიის ხალხთა ქრისტიანულ ფედერაციის“ უხუცესი ანუ სტარეიშინა,
გიორგი ხომიზური მეთაურობდა. ჟორას საერთოდ ხისტი პოზიციები ჰქონდა. ასეთივე შეუვალი
პოზიცია ჰქონდა თითქმის თანამემამულე მაიაკოვსკის მიმართაც, რომელსაც მხოლოდ საბჭოთა
პოეტად თვლიდა. სწორედ მაიაკოვსკის საბოლოოდ გასანადგურებლად დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდა მის სტრიქონს Поэтом можешь ты не быть, но гражданином быть объязан („პოეტი შეიძლება
არ იყო, მაგრამ ვალდებული ხარ, მოქალაქე იყო“) და ამ შემთხვევისთვის ამ ცნობილი სტრიქონის
პოლიტიკურ-ზონურ-სარკასტული პერიფრაზი გამოიყენა: Чекистом можешь ты не быть, но стукачом
ты быть объязан („ჩეკისტი შეიძლება არ იყო, მაგრამ ვალდებული ხარ, ჩამშვები იყო“). ჩეკისტად და
ჩამშვებად მოხსენიება ბუტოვმა სასტიკ შეურაცხყოფად მიიღო და კავკასიელებს კარგა ხნით
გაგვებუტა. ბარაშევოს ქართულში ამ მოვლენამ სათანადო ასახვა ჰპოვა: სიახლე ენობრივი
ექსპერიმენტების მოყვარულმა ჯონი ლაშქარაშვილმა შემოიტანა, როდესაც ნეოლოგიზმი
„გაგვებუტოვა“ შემოგვთავაზა.
ოდესელმა დისიდენტმა, ყველაზე დიდი იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ბიბლიოთეკის მესვეურმა,
პეტრე ბუტოვმა არც კი იცოდა, რა ნოყიერ ნიადაგში მოხვდა მისი განცხადების დესტრუქციული
თესლი. ზონის ხელმძღვანელობა დათოს ისედაც ალმაცერად უყურებდა, ეს ჩვენ ზონაში
ჩასვლისთანავე ვიგრძენით. ადგილობრივ ადმინისტრაციაზე გავლენას ახდენდა სსრკ
უშიშროების კომიტეტი, რომელსაც მეტად მწარედ დაამახსოვრდა, რომ დავით ბერძენიშვილი
სამძებრო იზოლატორში ექვსი თვე დასცინოდა გამომძიებლებს და ჩვენებას არ აძლევდა მათ.
სხვათა შორის, საქართველოს უშიშროების წარმომადგენლებმა ბარაშევოშიც ჩამოგვაკითხეს,
„თბილადაც მოგვიკითხეს“ და რამე ილუზია რომ არ გვქონოდა, ღიადაც დაგვემუქრნენ, რომ ჩვენი
საქმე „ასე“ არ დამთავრდებოდა („შევარდნაძეები და გორბაჩოვები მიდიან და მოდიან, კაგებე კი
იყო, არის და იქნება,“ – გვაფრთხილებდნენ და თავს იტყუებდნენ ახალდაწყებული
პერესტროიკით შეფუცხუნებული ჩეკისტები). პოლიტიკურ ბანაკში ჩვენმა ფასმა
განსაკუთრებით აიწია, რადგან კაგებეს სტუმრობა ფრიად იშვიათი მოვლენა იყო და მხოლოდ
ერთეულებს ხვდათ წილად ასეთი პატივი (შემდგომში ჩვენ გარდა, კაგებემ თავისი სტუმრობით
პატივი დასდო პეტერბურგელ მიშა პოლიაკოვსაც). სწორედ ჩეკისტებმა განუმარტეს ზონის
უფროს მაიორ შალინს, რომ მიუხედავად შედარებით მოკრძალებული სასჯელისა, საქართველოს
რესპუბლიკური პარტიის ფუძემდებლები („განსაკუთრებით, უმცროსი ძმა“) უაღრესად საშიში
ხალხია, რომლებიც სპეციალურ მკაცრ ზედამხედველობასა და ყურადღებას იმსახურებენ.
ასეთ ვითარებაში მოუხდა ზონის ადმინისტრაციას ბუტოვის უჩვეულო კორესპონდენციაზე
რეაგირება. ამის გამო ვერ დატოვა განცხადება ყურადღების გარეშე, „მიიღო ზომები“ და ამ რთულ
საქმეში ფლორ ვასილის ძე ჩართო.
ფლორ ვასილის ძე თავისუფალი კაცი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დილის ექვსი საათიდან
საღამოს რვა საათამდე პოლიტიკურ ბანაკში პატიოსანი ტუსაღივით სამკერვალო საამქროში
ფეხმოუცვლელად იჯდა წლების განმავლობაში, მას მაინც ჰქონდა თავისი ღვთით ბოძებული,
შეუვალი და ხელშეუხებელი უფლება, რომელიც თანდათანობით მოვალეობაში გადაიზარდა,
ყოველ ბედნიერ საღამოს ზონიდან გასულიყო, ეშოვნა ერთი ბოთლი კარბიდის არაყი, ჩვენი
ბანაკის ალაყაფის კარს გადაღმა მდგომი სახლის ერთოთახიან დილეგში წასულიყო, ნახევარი
ლიტრი არაყი ორ მიღებაზე მარტოს დაელია, ნახევარი მჟავე კიტრი დაეყოლებინა, წუთისოფლის
ამაოებაზე დაფიქრებულიყო, მთავარი შეკითხვა დაესვა საკუთარი თავისთვის, მაინც რაში
მდგომარეობს ცხოვრების საზრისიო (სახელგანთქმული რუსული „в чем смысл жизни“), ეძებნა,
მაგრამ ვერ ეპოვა ამ საბედისწერო კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი, მაგიდასთან ჩასძინებოდა,

91
რომ მეორე დილით სხვა პატიმრებივით უძინარ რადიოს 1943 წელს კომპოზიტორ ალექსანდრ
ალექსანდროვის, პოეტების – სერგეი მიხალკოვისა და გაბრიელ ელ-რეგისტანის ერთობლივი
მეცადინეობით შექმნილი და 1977 წელს ისევ მიხალკოვის მიერ რედაქტირებული (მთელი
რედაქტირება ის იყო, რომ ჰიმნის ტექსტიდან ღვაწლმოსილმა ავტორმა და ორი სახელოვანი
კინორეჟისორის მამამ სტალინის სახელი ამოიღო) სახელგანთქმული შედევრით, ტკბილი
მორფევსის დაუძინებელი მტრით, საბჭოთა კავშირის ზურიკელას ლექსივით ნამეტანი ხმამაღლა
დაწერილი, დაუნდობლად მაჟორული ჰიმნით გაეღვიძებინა.
გაიღვიძებდა ფლორ ვასილის ძე, შეჭამდა წინა ღამით მორჩენილი მჟავე კიტრის მეორე ნახევარს
და პირდაპირ ზონას მიაშურებდა, რათა პირი პატიმრებთან ერთად საერთო პირსაბანში იმავე
„კურილკაში“ დაებანა და შვიდის ნახევარზე ასევე პატიმრებთან ერთად სამთავრობო ანუ
„ნარკომული“ ჩაი ანუ ჩაის ფერმიცემული მდუღარე წყალი დაელია და დილის მუქთა საუზმე არ
გამოეტოვებინა. ჩვენთან ერთად საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა ფლორ ვასილის ძე,
ჩვენი კუთვნილი ტანსაცმელი ეცვა, ჩვენს ჩექმებს და „პორტიანკებს“ ხმარობდა, „დიდი“ ფული
ეზოგებოდა და ამ სახსრებით ყოველდღიური საჭიროების საგნებს (წეკო, ასანთი, არაყი)
ყიდულობდა. რა თქმა უნდა, ფლორ ვასილის ძე ბედნიერი ადამიანი იყო, მან ისე სწორად ააგო
თავისი ცხოვრება, რომ არც საჭმელი აკლდა, არც სასმელი, არც საინტერესო ადამიანებთან
ურთიერთობა, არც სრულიად საკმარისი თავისუფლება და არც მტანჯველი ფიქრი ცხოვრების
საზრისზე.
ფლორ ვასილის ძე ЖХ 385/3-5 ბანაკში ოტეკას (ОТК, Отдел Технического Контроля) ხელმძღვანელი
იყო. მისი მოვალეობა იყო პატიმართა მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
პატიმრები სამშენებლო ხელთათმანებს ვკერავდით და ფლორ ვასილის ძე ხარისხს გვიმოწმებდა.
ამისთვის ფლორი აიღებდა ხელთათმანს და შეამოწმებდა, იყო თუ არა საკერავი მანქანის ნემსის
ბიჯი დასაშვებ მანძილზე (რაც უფრო გრძელია ეს ბიჯი, მით უფრო სწრაფად იკერება თითოეული
ხელთათმანი), იყო თუ არა დალიანდაგებული პირველი ნაკერი გადმოუბრუნებელი
ხელთათმანის კიდიდან აუცილებელ მანძილზე, იყო თუ არა ორ პარალელურ ნაკერს შორის
მანძილი დასაშვებ ნორმებში, სწორად იყო თუ არა დაკერებული რეზინის სახელისგულე ანუ
„ნალადონნიკი“ და მიკერებული ცერა თითი. პატიმრის 93 წყვილიანი შეკვრიდან სამ-ოთხ
ხელთათმანს ამოარჩევდა ფლორ ვასილის ძე, სახაზავით გაზომავდა ყველაფერს, წუნს ვერ
აღმოაჩენდა, დაარტყამდა ბეჭედს და გადადიოდა შემდეგ შეკვრაზე. თუკი შემთხვევით წუნს
გადააწყდებოდა, მთელ შეკვრას დაიწუნებდა და წუნდებულ პროდუქციას არ ჩაიბარებდა. ეს იყო
ფლორ ვასილის ძის მთელი სამუშაო.
ბუტოვის განცხადებიდან მესამე დღეს ფლორ ვასილის ძემ დათოს მიერ ჩაბარებული
პროდუქცია, 93 წყვილი ხელთათმანი საგულდაგულოდ შეისწავლა და წუნი დაადო. მე ჩემი
საკერავი მანქანით საამქროში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი მეკავა, საიდანაც
დათოსაც ვხედავდი, ამოხვევის მანქანის ოსტატ დმიტრო მაზურსაც, სათარგავ საამქროსაც და
ფლორ ვასილის ძესაც. როგორც კი ფლორმა დათოს პროდუქცია დაიწუნა და იატაკზე დაყარა,
იმის შიშით, დათო არ მივარდნოდა და თავშეუკავებელი მოქმედებით შარში არ გახვეულიყო,
პირველი ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში პირველი მე შევედი.
– რაშია საქმე, ფლორ ვასილის ძევ, – რაც შეიძლება წყნარად და თავაზიანად ვიკითხე მე.
– ძალიან კარგია, რომ თქვენ მოხვედით და არა თქვენი ძმა, – გაუხარდა ფლორ ვასილის ძეს,
რომელმაც მშვენივრად იცოდა, რომ დათოსთან იოლი საუბარი არ გამოუვიდოდა.
– რა უნდა მაგას? – იკითხა ახალმოსულმა დათომ. ტექნიკური კონტროლის განყოფილებასთან
პატიმრებმა მოიყარეს თავი.
– შენ არ ჩაერიო, დავით, – გავაფრთხილე მე, – ამ საქმეს მე მივხედავ წყნარად და აუღელვებლად.
– მსჯავრდებული ბერძენიშვილის მიერ შეკერილი ხელთათმანების ხარისხი დადგენილ ნორმებს
არ შეესაბამება, – ჩამოაყალიბა ფლორმა ფორმულა, რომელსაც, როგორც ჩანს, მთელი საღამო
იზეპირებდა, – ამის გამო მე ამ პროდუქციას არ ჩავიბარებ.
ადმინისტრაციის გათვლა მარტივი იყო: ფლორი არ ჩაიბარებდა პროდუქციას არც დღეს, არც ხვალ
და არც არასოდეს. დათოს ნორმის შეუსრულებლობისთვის მოუხსნიდნენ „ლარიოკს“, შემდეგ
წაართმევდნენ ახლობლებთან შეხვედრის უფლებას, ჩასვამდნენ შიზოში, იქიდან გადაიყვანდნენ
ბურში და ბოლოს დაუმატებდნენ ახალ ვადას. არავინ იცის, რამდენად შორს წავიდოდნენ
ჩეკისტები ამ გზაზე, მაგრამ მე მთელი ეს მარშრუტი ნათლად დავინახე ფლორ ვასილის ძის
სახეზე.
– რატომ აკეთებთ ასეთ რამეს, ფლორ ვასილის ძევ, ჩემი ძმა ხომ თითქმის ბავშვია, თქვენ

92
თვითონ შვილები არ გყავთ? – ხმას ავუწიე მე.
– მსჯავრდებული ბერძენიშვილის მიერ შეკერილი ხელთათმანების ხარისხი დადგენილ ნორმებს
არ შეესაბამება, – გაიმეორა უკვდავი ფორმულა ფლორმა აკანკალებული ხმით.
– მე კიდევ ვამბობ, რომ ჩემი ძმის პროდუქცია ნორმებს შეესაბამება, – ვთქვი მე და საკუთარი ხმა
არ მომეწონა, რადგან მასში კავკასიურმა მეტალმა გაიჟღერა.
– აი, შეხედე, – მომაჩეჩა ფლორმა დათოს შეკერილი ხელთათმანი, რომლის ორი ნაკერი მთლად
პარალელურად ვერ მიჰყვებოდა ერთმანეთს.
– რამდენია ამ ლიანდაგებს შორის დასაშვები მანძილი? – ვიკითხე მე და ვიგრძენი, რომ
ქარიშხალი იბადებოდა ჩემში.
– ორიდან ხუთ მილიმეტრამდე, – გამარჯვებული იერით მომახსენა ფლორმა.
– სახაზავი მოსთხოვე, – მიკარნახა დათომ. მე უკვე ვხვდებოდი, რომ ეს ვერაფერს ვერ შეცვლიდა,
ორი ნაკერი ძალიან სცდებოდა ერთმანეთს, ფლორი მართალი იყო.
– მოიტანეთ სახაზავი, ფლორ ვასილის ძევ, – მაინც ვუთხარი მე.
– კი ბატონო, – გაუხარდა ფლორს, რადგან საუბარი შვილებიდან და მორალიდან ტექნიკურ
დეტალებზე გადავიდა, სადაც ის ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში.
მოიტანა ფლორმა სახაზავი. გაზომა. შემდეგ სხვა ხელთათმანი აიღო. კიდევ გაზომა. კიდევ აიღო.
კიდევ გაზომა. ნახევარი საათი ზომავდა ფლორი ხელთათმანებს, ეძებდა აშკარა წუნს. ჩვენ წინაშე
წარმოუდგენელი, დიდი სასწაული ხდებოდა. დათოს დამზადებული ყველა ხელთათმანი,
რომლებიდანაც, ერთი შეხედვით, არც ერთი არ იყო სწორად შეკერილი, დასაშვებ ნორმაში
ჯდებოდა.
უეცრად მომეშვა. ვერ დაუმატებენ დათოს სასჯელს. კაგებე უძლურია. სასამართლოში მამაჩემმა
რომ ბოლო სიტყვა გვითხრა, რითიც მოსამართლის წყრომა დაიმსახურა, „ეცადეთ, სასჯელი არ
დაგიმატონო“, ჩვენ ვისმინეთ და შევეცადეთ. სიტუაცია დაწყნარდა. და როდესაც ყველამ
ჩათვალა, რომ ინციდენტი ამოიწურა, იატაკზე დაყრილი, როგორც გაირკვა, სწორად შეკერილი
ხელთათმანები ერთად მოვაგროვე, უზარმაზარი გუნდა გავაკეთე და ეს კარგა მოზრდილი და
მძიმე შეკვრა ფლორ ვასილის ძეს თავზე დავამხე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,
ყოველგვარი მეტაფორების გარეშე.
საამქროდან პოლიაკოვმა და ხომიზურმა გამომიყვანეს. ფლორ ვასილის ძე ადმინისტრაციაში
გაიქცა და საჩივარი გააშანშალა, უფროსი ბერძენიშვილი შვილების მოკვლით დამემუქრა და
უმცროსი ძმის შეკერილი პროდუქცია თავში ჩამარტყაო.
ინციდენტს მოჰყვა შედეგები: 1. მე ჩამომართვეს „ლარიოკით“ სარგებლობის უფლება ორი თვით.
2. ორივე ძმას სასჯელის აღსრულების ბოლომდე ჩამოგვართვეს საკანცელარიო ნივთების
მოთხოვნის უფლება (თვეში ორი მანეთი, რომლითაც საფოსტო მარკის, კონვერტის, რვეულის,
კალმისტრის, ფანქრისა და საშლელის ყიდვა შეიძლებოდა).
3. ფლორ ვასილის ძეს განუმარტეს, რომ მის შვილებს არაფერი ემუქრება, მით უმეტეს, რომ მას
ისინი არასოდეს არ ჰყოლია.
4. პეტრე ბუტოვი მოვიდა და ერთი ბოთლი ზეთი მაჩუქა, „ლარიოკით“ სარგებლობის უფლება
ჩამორთმეული გაქვს და ჩემგან ეს მოკრძალებული შენატანი მიიღეო. დათოსთვის ბოდიში არ
მოუხდია.
5. ხომიზური და ანადენკო ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ კომპრომისულ შეთანხმებამდე
მივიდნენ: მომავალში პატიმრის მიერ სხვა პატიმარზე დაწერილი საჩივარი ჯერ პატიმართა
საიდუმლო კომიტეტს უნდა განეხილა.
6. დათომ დაიწყო გაუთავებელი ტრაბახი, რომ მაგრად კერავდა ხელთათმანებს და ეს უაღრესად
საკამათო მოსაზრება ხელუხლებლად გადაიტანა შემდეგ ათასწლეულში.
ჩემი ძმა მებრძოლი კაცია. მისი წინადადებით, დავიწყეთ ბრძოლა და ხანგრძლივი ომის შემდეგ
მოვიპოვეთ უფლება, რუსეთიდან წერილები სამშობლოში ქართულად მოგვეწერა. ეს უფლება,
ბუნებრივია სხვებზეც გავრცელდა. ასე დაიბადა პოლიტიკური პატიმრების წერილები
ნაციონალურ ენებზე.
მკაცრი რეჟიმის კოლონიაში შეხვედრების რიცხვი მკაცრად რეგლამენტირებული იყო: წელიწადში

93
ერთი პირადი შეხვედრა (ერთიდან სამ დღემდე) და ორი ორსაათიანი შეხვედრა მაგიდასთან,
ზედამხედველის თანდასწრებით. სწორედ ასეთ შეხვედრაზე ჩამოვიდა ჩემი მეუღლე და ჩვენთან
ორსაათიანი შეხვედრის უფლება მისცეს. დათოს წინადადებით დავიწყეთ ბრძოლა, რომ
ორსაათიანი შეხვედრა ოთხსაათიანად გადაქცეულიყო, რადგან ჩვენ ორნი ვიყავით და თითოს
ორი საათი გვეკუთვნოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ უარს ვამბობდით შეხვედრაზე. ეს
ბრძოლაც მოვიგეთ, თუმცა მე გული მისკდებოდა, სულ არ ჩამოერთმიათ პირისპირ შეხვედრის
უფლება და ბარაშევოში ჩამოსული ინგა უკან არ გაებრუნებინათ, როგორც ეს ჟორა ხომიზურის
მეუღლეს, ნინა მელკუმოვას გაუკეთეს.
სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს არც ერთი შეხვედრა არ გაუცდენია. ჩვენს სანახავად დედაჩემიც იყო
ჩამოსული, ჩემი უფროსი რძალიც, ცოლისდაც და ცოლისძმაც. როგორც წესი, ეს შემადგენლობა
ბარაშევოში ჩემს უფროს ძმას, ფრიდონს ანუ მამუკას ანუ ფორეს ჩამოჰყავდა.
ასევე დათოს წამოწყებული ბრძოლით მოვიპოვეთ უფლება, ცოცხი არ აგვეღო ხელში და ზონის
ტერიტორია არ მოგვეხვეტა, თუმცა პატიმრებისთვის ამგვარი რამის მოთხოვნის უფლება
ადმინისტრაციას ჰქონდა.
ბანაკში თავისი ყოფნის ბოლო დღეც დათომ ბრძოლით აღნიშნა: საამქროდან ჩუმად რომ
გაიყვანეს და თბილისისკენ ეტაპით რომ უშვებდნენ, ჩემთან გამოთხოვების უფლებისთვის იომა
და ამ პრინციპულ ომშიც გაიმარჯვა.
დათოს მიერ ბარაშევოში გატარებული წელიწადი ომებისა და ბრძოლების წელიწადი იყო.
კოლონიის ადმინისტრაციამ დახასიათებაში კლასიკური განმარტება ჩაუწერა, გამოსწორების
გზას არ დაადგაო და გათავისუფლების შემდეგ მილიციის ზედამხედველობა ანუ „ნადზორი“
მოითხოვა. უკვე სასჯელმოხდილს თბილისში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს და ახალ
ბრძოლებში შეუშვეს. სწორედ ამ ბრძოლებში დაიბადა ის ფიგურა, რომელმაც პოლიტიკური
გიგანტების, „მრგვალი მაგიდისა“ და კომუნისტების ეპიკურ ომში დამოუკიდებლად, პატარა
რესპუბლიკური პარტიის სახელით ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში კენჭი იყარა, უთანასწორო
საარჩევნო ბრძოლაში წარმატება მოიპოვა, საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა და
პოლიტიკურ აკმეს მიაღწია, როდესაც სხვა რჩეულებთან ერთად თავისი ქვეყნის
დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა.
ზონიდან მორდოვეთის ასსრ დედაქალაქში, სარანკში ჩაიყვანეს და მოსკოვში სამი ოფიცრის
ესკორტით თვითმფრინავით გადააფრინეს. ლეფორტოვოს ციხეში უზარმაზარ საკანში მარტო
იჯდა. თბილისში უშიშროების კომიტეტის იზოლატორიდან განთავისუფლდა. ამ მომენტისთვის
59 კილო იყო. ისეთი გამხდარი იყო, რომ სახლში მოსულ ჩვენს მეგობარს, ინგა ქარაიას, ვერ უცნია
და მისი თანდასწრებით ჩემი მეუღლისთვის უკითხავს, დათო როდის თავისუფლდებაო.
იმ დღეს, დათო რომ თბილისში გათავისუფლდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის
დამადასტურებელი დოკუმენტი ხელთ არ მქონდა, მაგრამ „ტანით ვგრძნობდი“, რომ ეს მოხდა,
ლიტრიანი თერმოსით მაგარი ჩაი მოვადუღე და ჩაის მთელი მარაგი დავხარჯე, თევზის პაშტეტ
„ვოლნასგან“ ზღაპრული ბუტერბროდები დავამზადე და საზეიმო სუფრაზე ხალხი დავპატიჟე.
სუფრის თამადა ჟორა ხომიზური იყო. სუფრას ამშვენებდნენ მიშა პოლიაკოვი, გელი დონსკოი,
ბორია მანილოვიჩი, ჯონი ლაშქარაშვილი, რაფიკა პაპაიანი და ვადიმ იანკოვი. პეტრე ბუტოვი
დაუპატიჟებლად მოვიდა და ბოდიში მოიხადა. საზეიმო ისიც იყო, რომ იმ დღეს, 1985 წლის 21
ივნისს მეც „გავთავისუფლდი“, თუმცა ამის შემდეგ ბარაშევოს პოლიტიკურ ზონაში კიდევ
წელიწად-ნახევარი გავატარე.

94

You might also like