რიდერი შუა საუკუნეები აღორძინება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

შუა საუკუნეები

შუა საუკუნეების ხანა, რომელიც რომის იმპერიის დაცემასთან ერთად დაიწყო, საკმაოდ
დიდხანს, 10 საუკუნის განმავლობაში, ანუ 1000 წელი გაგრძელდა. ამ პერიოდმა საფუძველი
ჩაუყარა თანამედროვე ევროპულ ერებს, სახელმწიფოებსა და ენებს.
შუა საუკუნეებში შეიცვალა საზოგადოებრივი წყობა, მანამდე არსებული მონათმფლობელობა
ჩაანაცვლა ფეოდალიზმმა. შუა საუკუნეების ადამიანებმა ბევრი რამ შეითვისეს იმ
ცივილიზაციიდან, რომელიც თავად გაანადგურეს. ამასთან ერთად მათ შექმნეს ბევრი ახალი
რამ. ძველ და ახალ კულტურას შორის შემაკავშირებელი აღმოჩნდა ქრისტიანობა, რომელმაც
მოიტანა განათლება. შუა საუკუნეების ეკლესიები რელიგიის გავრცელებასთან ერთად
განათლების უდიდეს კერებად იქცა.
შუა საუკუნეები ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკისთვის, იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდში
საფუძველი ჩაეყარა იმ მუსიკას, რომელსაც პროფესიულ ევროპულ მუსიკას, იგივე კლასიკურ
მუსიკას ვუწოდებთ. უნდა ითქვას, რომ პროფესიულ ევროპულ მუსიკას ეკლესიის წიაღში
ჩაეყარა საფუძველი. შეიძლება ითქვას, რომ შუა საუკუნეების განმავლობაში ეკლესიას ჰქონდა
ერთგვარი „მონოპოლია“ მუსიკის შექმნაზე. ის კარნახობდა წესებსა და კანონებს, თუ რა, როგორ
და რისთვის უნდა დაწერილიყო, სად და რომელ დღეს შესრულებულიყო და ა.შ.
VI-VII საუკუნეებში რომის ეკლესიამ განიზრახა მთელ ევროპულ სამყაროში ღვთისმსახურების
ერთიანი რიტუალი შეექმნა და მუსიკაც ყველგან ერთნაირი ყოფილიყო. ეს უზარმაზარი
სამუშაო ჩაატარა რომის პაპმა გრიგოლ I-მა. მან შეკრიბა ყველა არსებული საგალობელი და
უამრავი საგალობლიდან შეარჩია ისინი, რომლებიც ყველაზე ხშირად სრულდებოდა და
შეესაბამებოდა რელიგიურ სულს. ასე გაჩნდა „ანტიფონარი“- კათოლიკური საგალობლების
სრული ნაკრები, ხოლო თავად საგალობლებს, პაპი გრიგოლის საპატივსაცემოდ
„გრიგორისეული ქორალი“ ეწოდა. „ანტიფონარში“ შესული საგალობლები (იგივე
გრიგორისეული ქორალები) ლათინურ ტექსტზე იყო დაწერილი და მათ სოლისტი ან გუნდი
ასრულებდა ერთ ხმაში. ყველა საგალობელი იყო მდორე, მშვიდი, ეკლესიაში დაუშვებელი იყო,
საგალობლებს რაიმე ემოცია გამოეწვია მორწმუნეებში გარდა სიმშვიდისა. საგალობელს უნდა
შეექმნა მარადიულობასთან შერწყმის შეგრძნება, ყოველდღიური ცხოვრებისგან აბსოლუტური
მოწყვეტილობა.
გრიგორისეული ქორალი კონკრეტულ გამებზე იქმნებოდა, რომელიც ბიზანტიიდან იყო
შემოსული. საინტერესოა, რომ სულ 8 გამა არსებობდა, რომელიც ისევ და ისევ დაკავშირებული
იყო რელიგიასთან. რვა გამის სისტემა შემდეგი ფორმულით შეიძლება გამოვსახოთ: 2X4 =8,
სადაც 2 ასახავს ქრისტეს ორგვაროვან ბუნებას – ღმერთსა და ადამიანს, ხოლო 4 – ჯვრის ოთხ
ბოლოს. ამგვარად, გრიგორისეული გამების სისტემა ჯვარცმული ქრისტეს სიმბოლო იყო. ყველა
საგალობელი აუჩქარებლად ვითარდებოდა იმისთვის, რომ მორწმუნე ადამიანი ერთი და იგივე
მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფილიყო. აქ მთავარი იყო მარადიული და არა
წუთიერი ემოციები და შეგრძნებები.
გრიგორისეული ქორალების კრებული სამი საუკუნის განმავლობაში რჩებოდა ხელუხლებელი,
მასში არანაირი ცვლილებები არ შეულა, თუმცა სამი საუკუნის შემდეგ მაინც დაიწყო
განახლების და ცვლილებების შეტანის პროცესი. IX ს.-დან გრიგორისეულ ქორალთან ერთად,
ღვთისმსახურებაში შემოვიდა ე.წ. ჰიმნები. ჰიმნები ურფო ემოციური იყო და ქონდა პოეტური
ტექსტი. ამის გამო ისინი დიდხანს იდევნებოდა ეკლესიის მიერ, მაგრამ მეცხრე საუკუნიდან
ეკლესიამ მაინც გაუღო მათ კარი. ჰიმნებთან ერთად, ნელ-ნელა ეკლესიაში შემოვიდა ხალხური
მელოდიებიც და მუსიკის ახალი ფორმები შეიქმნა. ცხოვრება ვითარდებოდა და ერთფეროვან
ფორმებს გამოცოცხლება სჭირდებოდა. ამას თავად ეკლესიის მსახურნიც გრძნობდნენ. ამიტომ
გარკვეულ პერიოდში მცირეოდენ დათმობაზე წავიდნენ. დაკანონებული საგალობლის
დასრულების შემდეგ „სოლისტს“ (მგალობელს) უფლება მისცეს შეესრულებინა ნებისმიერი
იმპროვიზაცია სიტყვებზე „ალილუია, ოსანა, ამენ“. მომღერლისთვის ეს წამახალისებელი
სტიმული იყო.
შუა საუკუნეების მუსიკას, მოუხედავად იმისა, რომ ძალიან ნელი ტემპებით ვითარდებოდა,
რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქონდა:
1. მრავალხმიანობის გაჩენა. შუა საუკუნეებამდე მუსიკის უდიდესი ნაწილი იყო მონოდიური
(იგივე ერთხმიანი). ეს ნიშნავდა იმას, რომ რამდენ ადამიანსაც არ უნდა ემღერა ნაწარმოები,
ისინი მღეროდნენ ერთი და იგივე მელოდიას ერთი და იგივე ბგერიდან. მრავალხმიანობა კი
ნიშნავდა იმას, რომ მომღერლები ერთდროულად ასრულებდნენ ან სხვადასხვა მელოდიებს ან
ერთი და იგივე მელოდიას სხვადასხვა ბგერებიდან. სწორედ მრავალხმიანობის გაჩენამ
განაპირობა მუსიკის განვითარება, რომელიც დღემდე გრძელდება ევროპულ თუ ამერიკულ
მუსიკაში.
2. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო სანოტო დამწერლობის შექმნა, რომლის
წყალობითაც ევროპული მუსიკა გახდა უნიკალური. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ
მუსიკა თაობებისთვის შემოენახათ, მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო მელოდიის ჩაწერა.
ჩაწერას სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ახერხებდნენ. ძველ საბერძნეთში მუსიკალურ
ბგერებს ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავდნენ, შუა საუკუნეებში, ევროპაში იყენებდნენ
დამხმარე ნიშნებს - ნევმებს. ისინი მოგვაგონებს პატარა ხაზებს, წერტილებსა და მძიმეებს
(სხვათაშორის ნევმებს საქართველოშიც, მაგრამ ქართული ნევმები ჯერ არაა გაშიფრული).
ნევმები იწერებოდა სიტყვიერი ტექსტის ზემოდან. ნევმები აღნიშნავდა ან ცალკეულ ბგერას ან
ბგერების მცირე ჯგუფს და მხოლოდ დაახლოებით წარმოდგენას უქმნიდა მომღერალს რა
მიმართულებით მოძრაობდა მელოდია. ის ეხმარებოდა მომღერალს მხოლოდ მაშინ, თუ
მელოდია ზეპირად იცოდა, მაგრამ უცნობ მუსიკას ნევმებით ვერ წაიკითხავდა. მას შემდეგ რაც
მუსიკა გახდა მრავალხმიანი და გართულდა, უფრო რთული გახდა მისი ზეპირად
დამახსოვრებაც, ამიტომ საჭირო გადხა ახალი სისტემის შექმნა. როგორც ცნობილია, შუა
საუკუნეებში მუსიკას ბერები და ღვთისმსახურები ასწავლიდნენ ეკლესიაში. ერთ-ერთმა ბერმა
გენიალური ხერხი გამოიგონა – მან ფურცელზე გაავლო ხაზი, რომელზედაც ერთი სიმაღლის
ნევმები დახატა. ეს ხაზი წითელი იყო. მერე სხვამ ამ ერთ ხაზს დაამატა II – ამჯერად ყვითელი
ხაზი, რომელიც სხვა სიმაღლის ბგერას აღნიშნავდა. III და IV ხაზი კი იტალიელმა მუსიკოსმა
გვიდო არეცომ (გვიდო არეცოდან), გაავლო. მართალია სრულყოფილი სანოტო დამწერლობის
შემქნას საუკუნეები დაჭირდა, თუმცა ეს პროცესი სწორედ შუა საუკუნეებში დაიწყო და
მხოლოდ სანოტო დამწერლობის შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი რომ ადამიანებს
დაეწერათ ძალიან დიდი ნაწარმოები, მთელი ორკესტრისთვის, გუნდისთვის, რომელიმე
საკრავისთვის, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე საათსაც გრძელდებოდა.
3. მესამე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო პროფესია კომპოზიტორის შექმნა. მუსიკას
რასაკვირველია მანამდეც წერდნენ, მაგრამ არავინ იწერდა მას ნოტებზე და მითუმეტეს არავინ
აწერდა საკუთარ სახელს და გვარს, იმიტომ რომ არ ითვლებოდა, რომ მუსიკის შექმნა რაიმე
განსაკუთრებულს წარმოადგენდა და ის სწორედ ისე უნდა შესრულებულიყო, როგორც ავტორმა
ჩაიფიქრა. პირველი კომპოზიტორები, სწორედ შუა საუკუნეებში გაჩნდნენ. ამ პედიოდიდან
დაიწყო განვითარება საავტორო მუსიკამ, რადგან თითოეული კომპოზიტორი თვლიდა, რომ
მისი ნამუშევარი უნიკალური და სხვებისგან განსხვავებული იყო. შუა საუკუნეების
კომპოზიტორები იყვნენ გერმანელი მონაზონი, ტაძრის წინამძღვარი, მხატვარი პოეტი და
კომპოზიტორი ჰილდეგარდ ბინგენელი და ფრანგი კომპოზიტორები ლეონინი და პეროტინი.
აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების საეკლესიო მუსიკა მთლიანად ვოკალური იყო, რადგან იმ
პერიოდში ეკლესიაში იკრძალებოდა რომელიმე საკრავის გამოყენება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
რომ საკრავები არ იყო, არ იწერებოდა მუსიკა საკრავებისთვის და მუსიკა არ ჟღერდა ეკლესიის
გარეთ. მუსიკას, რომელიც ეკლესიის ფარგლებს გარეთ სრულდებოდა საერო მუსიკა
ეწოდებოდა. საერო მუსიკა თავად-აზნაურთა სასახლეებში წარმოიშვა. ეს იყო სადიდებელი
სიმღერები, სუფრული, იუმორისტული, გასართობი, ნადირობისას შესასრულებელი მუსიკა.
ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში არსებობდნენ მოხეტიალე მუსიკოსებიც - ტრუბადურები და
ტრუვერები. ჩვენამდე მოღწეულია 2 ტრუბადურის 260 სიმღერა. ტრუბადურები მღერიან
სიყვარულზე, გვიამბობენ სოფლის ცხოვრებაზე, საგმირო საქმეებზე და რაინდთა
გამარჯვებებზე ჯვაროსნულ ომებში. მათ შემოქმედებას ბევრი ბაძავდა. ისინი მღეროდნენ
არფის ან ვიელას (ვიოლინოს წინაპარი) თანხლებით. თუმცა, რადგან მათი მუსიკა არ
იწერებოდა ნოტებზე, ჩვენ მხოლოდ ძალიან ზოგადი წარმოდგენა შეიძლება გვქონდეს იმის
შესახებ, თუ როგორ ჟღერდა ეს მუსიკა.

აღორძინების ეპოქის მუსიკა

აღორძინების ხანა ერთ-ერთი საუკეთესოა კაცობრიობის ისტორიაში. მან შეცვალა შუა


საუკუნეების 1000 წლიანი ეპოქა და ახალი ძალით განავითარა საზოგადოების ცხოვრების ყველა
სფერო, მათ შორის კულტურა ხელოვნება და მუსიკა. ევროპაში აღორძინება დაიწყო XIV
საუკუნეში, მწვერვალს კი XVI საუკუნეში მიაღწია. რენესანსის იგივე აღორძინების ეპოქაში
ადამიანებს სურდათ ანტიკური სამყაროს იდეალების აღორძინება, რომელიც გამსჭვალული იყო
სილამაზის, მშვენიერების იდეალებით, მოქალაქეობრივი პათოსით. აღორძინების ეპოქის
ადამიანებისთვის საინტერესო იყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ იყო შეზღუდული დოგმებით,
მშვენიერი იყო როგორც სხეულით, ასევე მდიდარი იყო სულიერად. რენესანსის ეპოქამ
უდიდესი ოსტატების სახელები შემოგვინახა: ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, მიქელანჯელო,
ბოტიჩელი, ტიციანი, სერვანტესი, შექსპირი და მრავალი სხვა.
რენესანსის ეპოქაში საოცრად განვითარდა მუსიკაც. პირველ რიგში შეიქმნა ძალიან რთული
მრავალხმიანობა, შეიქმნა მუსიკის ახალი ჟანრები, განვითარდა ინსტრუმენტული მუსიკა. ის
კომპოზიტორები, რომლებიც ადრე მხოლოდ ეკლესიისთვის წერდნენ მუსიკას, რენესანსის
ეპოქაში თანაბრად წერდნენ, როგორც სასულიერო, ისე საერო ნაწარმოებებს.
რენესანსის ეპოქაში გაძლიერდა ინტერესი ხალხური სასიმღერო-საცეკვაო, კეთილხმოვანი და
ბუნებრივი მელოდიებისადმი. სწორედ აღორძინების ხანაში იძენს სრულ დამოუკიდებლობას
ინსტრუმენტული მუსიკა, იგი უკავშირდება ბარბითის (ლიუტნას), ორგანის, კლავესინისა და
მისი ნაირსახეობების ფართოდ გავრცელებასა და პოპულარობას, ვრცელდება ინსტრუმენტული
მუსიკის საოჯახო ფორმები. XVI საუკუნის ბოლოს კი სავიოლინო ნაწარმოებები ჩნდება.
განვითარდა მუსიკის თეორია, შეიქმნა ტრაქტატები მუსიკის შესახებ, დაიხვეწა სანოტო
დამწერლობა. რენესანსის ეპოქის კომპოზიტორები იქვნენ ორლანდო ლასო, ჟოსკენ დეპრე,
ჯოვანი პალესტრინა.

You might also like