Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 4

ღრმა ბავშვობიდან ხასიათში უცნაური შტრიხები იგრძნობოდა ჩემში.

სულმუდამ
მიპრობლემდებოდა თანატოლებთან ურთიერთობის მცდელობა,მაგრამ ცხოვრების რთულ გზაზე
ვისწავლე არა თანატოლებთან,არა უფროს თაობასთან,არამედ ზოგადად,მასასთან
ურთიერთობა.ვინაიდან, საზოგადოებაში არ არსებობს დამოუკიდებელი აზრი. აქ,ამ ბედკრულ
ქვეყანაზე აღარ არსებობს პიროვნება,პერსონა,რომელიც საკუთარ ვნებას დაჰყოლია და
გულისხმას მიჰყვება.და თუ ასეთი ადამიანი გამოჩნდება აღფრთოვანებისა და პატივისცემის
გამოხატვის სანაცვლოდ შესაძლოა ზურგი აქციონ,უარყონ და მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის
სურვილის გამო დაწვან,ვით სუადი. ზოგი მასსავით გადაურჩება სისასტიკესა და ენით
გამოუთქმელ ავხორცობას, ზოგი კი მოკვდება,ვით იესო,უფალი ჩვენი. რა თქმა უნდა, მეც
გავიკიცხები,იმისათვის რომ უკვე აღიარებული და სტერეოტიპულად ამაღლებული მაცხოვარი
შევადარე ბიწიერს და თანაც “მეძავს”. თუმცა,ჩემთვის, სიყვარული სიყვარულია. უფალი
ადამიანთა სიყვარულს შეეწირა,სუადი კი ერთი ადამიანის სიყვარულს... და ვინ ვარ მე?!
ვინ ხარ შენ?! ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები?! რომ ერთმანეთს გამოვუტანოთ განაჩენი?..
მართალია არავინ დამიწვავს და ჩამიქოლავს,მაგრამ მეც მითქვამს და უტიფტრად
გამიკიცხავს ადამიანი საქციელის,ჩემთვის მიუღებელი აზრის ქონის და ალბათ, კიდევ ბევრი
რამის გამო. ამით მე მათ კი არა საკუთარ თავს ვაკნინებდი,ვქოლავდი,ვწვავდი. ჩემი
ცოდვების მრავალფეროვნების მიუხედავად,მინდა გითხრათ,რომ ეს მიმაჩნია ყველაზე მძიმე
დანაშაულად, რადგან არ შეიძლება მოკვდავმა მოირგოს უკვდავის როლი და განსაჯოს სხვა...
მე მწამს ჭეშმარიტების არსებობისა, მას არ აქვს სახე,ხმა,მოყვანილობა, მაგრამ გააჩნია
უდიდესი ძალა,რითაც ჩვენ გვიხსნის საფრთხისგან,რომლისკენაც ასე ვისწრაფვით. არც ამ
საფრთხეს აქვს სახე,ხმა,მოყვანილობა,მაგრამ მასაც გააჩნია უდიდესი ძალა. მათ ჭიდილში
ე.ი ბოროტისა და კეთილის ჭიდილში, გონიერი ადამიანი იღებს უდიდეს გამოცდილებას და
ყოფიერების არსში ჩაწვდომის პატივიც ხვდება წილად,უგუნური კი გაურკვევლობის მორევში
იძირება და დინების მიმართულებით მიდის,ბედს მიენდობა. თუ გაუმართლებს,რაც უიშვიათესი
მოვლენა გახლავთ,კეთილი გაიმარჯვებს,თუ არა ბოროტი გაბატონდება მასზე.
მეგობრებო,მორწმუნეებო და ურწმუნოებო, ეს მიმართვა გეხებათ ყველას,ვისაც მხოლოდ
ღმერთის გწამთ და ვისაც არც მისი გწამთ, გავიხსენოთ ლიტერატურაში ეშმაკის სახით
მოვლენილი პერსონაჟი,რომელიც თანამოსაუბრეებს რამდენადაც ეშმაკის რწმენას მოუწოდებს,
ზუსტად იმდენადმე უფლისას...
ეს ნააზრევი წინაპირობაა იმ ამბისა,რომლის მოყოლასაც ვაპირებ... ჩემო მკითხველო,გთხოვ
ყველა წვრილმანი ფილოსოფიური თვალსაზრისით განსაზღვრო,რადგან ის რაც შემემთხვა ძალიან
ფსიქოლოგიურია(ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით).
ჩემი ფსიქიკური პრობლემები,ალბათ,თანდაყოლილია,რადგან ბავშვობიდანვე მეტად ემოციური
და პრობლემური ვიყავი.. პირველი სკოლის შეცვლა ძალიან გამიჭირდა, ვფიქრობდი,რომ
ძალიან სერიოზულ ნაბიჯს ვდგამდი. ეს დამოკიდებულება მეორე,მესამე,მეოთხე და მეთორმეტე
სკოლის შეცვლის დროს ჩაიფერფლა. მაშინ ვფიქრობდი,რომ მასწავლებლისთვის სათვალის სროლა
და გაკვეთილიდან გაქცევა მისი შეცდომიდან გამომდინარეობდა. მერე ვფიქრობდი ,რომ ეს
ჩემი ბრალიც იყო. მერე კი მივხვდი,რომ ეს არც ჩემი ბრალი ყოფილა. ეს ასე მოხდა,ასე
უნდა მომხდარიყო,რომ მივმხვდარიყავი და მიზეზები მეძებნა, რატომ მივედი იმ
მდგომარეობდე,რომ ადამიანისთვის რაიმე მესროლა... მაგრამ მე გამოვტოვე ჩემს
ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენა. დღე,როდესაც ჩემში წერტილი დასვა ჩემმა ძმამ. ეს
ამბავი ბევრი წლის წინ მოხდა,მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო ტკივილი სულისა.
მშვენიერი დარი იდგა, სასკოლო დღე იყო და რვა საათზე გაგვაღვიძა დედამ,რათა არ
დაგვგვიანებოდა. წინააღმდეგობა არცერთს გაგვიწევია და არც საწუწუნო რეპლიკებით
გაგვიბეზრებია დედა. ავდექით,მოვწესრიგდით,ვისაუზმეთ, გაკვეთილები გადავიმეორეთ(რაც
უპირობო ნაწილი იყო დილისა) და გავუდექით გზას სკოლისაკენ. რეზი მაღალი კლასის
მოსწავლე იყო, მე კი მხოლოდ მეოთხე კლასში ვიყავი. ჩემი საკლასო ოთახი მეორე სართულზე
იყო,მისი კი მეოთხეზე, ერთმანეთს დავშორდით და ეს იყო ჩემი და მისი ბოლოჯერ ნათქვამი
“დროებით”,მას შემდეგ მე ის აღარ მინახავს. ეს რომ მცოდნოდა რამდენს ვეტყოდი. არ
იფიქროთ,რომ სიტყვებით დახუნძლული იქნებოდა ჩემი გამომშვიდობება. ზუსტად ისე
დავემშვიდობებოდი,როგორც ის წინა ღამით მე.
საღამო იყო,დაახლოებით ცხრა საათი,როცა რეზი მოულოდნელად კომპიუტერიდან ადგა,ჩემთან
მოვიდა,თვალცრემლიანი გვერდით მომიჯდა,გადამეხვია და მითხრა საუკეთესო რამ
გამომშვიდობებისას. ეს არ იყო თხუთმეტი წლის ბავშვის საქციელი,რომელსაც ვერ
გაუაზრებია რას აკეთებს,რატომ აკეთებს და რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. ამას
დროთაგანმავლობაში მივხვდი,როცა ბრაზმა გამიარა,ბრაზმა,რომელიც მახრჩობდა....
მივდიოდი მის საფლავზე და მწუხარების გარდა ყველანაირ ემოციას გამოვხატავდი. რატომ?!
ამ კითხვას ბევრი,ძალიან ბევრი პასუხი აქვს, ეს თქვენზეა დამოკიდებული როგორ აღიქვამთ
ჩემს პიროვნებას.... სინამდვილეში მინდოდა მეკივლა,მეღრიალა,მერბინა,ის დაუშრეტელი
ენერგია რაც მქონდა დამეცალა,მაგრამ რამდენადაც ამის სურვილი მქონდა,იმდენადვე
საპირისპიროდ ვიქცეოდი..მერე მასთან სიარულიც შევწყვიტე.. მერე ეკლესიაში შესულს
აღარც მახსენდებოდა ჯვარცმასთან მიახლოება.. მერე მივხვდი,რომ მისი ღირსი აღარ ვიყავი
და უფლებაც არ მქონდა მასზე მეზრუნა.მრცხვენოდა და აღარც ვიხსენებდი. მან თავი
მოიკლა, მე კი დავმარხე,როგორც ფიზიკურად ისე სულიერად,რადგან მისი ხსოვნა ჩემში
შეწყდა. ასეთი რადიკალური საკუთარი თავის მიმართ ვარ,რადგან მისი გარდაცვალების
შემდეგ არც ერთ სიტუაციაში არ მიფიქრია მასზე. გამოდის რომ მისი შიში მქონდა და არა
რიდი. შიში სიკვდილის მერე გაქრა და ვინაიდან ზემოაღნიშნული რიდი არ მქონია,
თავქარიან ცხოვრებას მივყავი ხელი... აქამდე წარჩინებულ მოსწავლეს სკოლაში სიარულის
სურვილი გამიქრა.ვერ ვიტყვი რომ ამის მიზეზი მხოლოდ მისი სიკვდილი იყო,მასთან ერთად
ხომ დედაც მოკვდა. დიახ, იმ დღეს მე მომიკვდა ორი უსაყვარლესი ადამიანი! ერთი
დავმარხე,მეორე კი დღესაც ჩემთან ერთად დაიარება. მის სიკვდილში რეზის ვადანაშაულებდი
და ვერც ვხვდებოდი მე რამდენჯერ დავასამარე! ვკიცხავდი სხვას და თავად საშინელებას
ვაკეთებდი... ოჯახში დაძაბულობა მატულობდა. ნერვული სისტემა თანდათან ყველა წევრს
დაგვენგრა. ნელ-ნელა ვაანალიზებდით იმ დღეს,როცა წერტილი დაესვა ჩვენში ბედნიერებას.
ვიხსენებდით იმ წუთს,როდესაც ტელეფონის ზარმა ცხოვრება შეცვალა. ექვსის წუთები
იყო,როცა მამას შეატყობინეს საზარელი ამბავი. ერთ-ერთი კორპუსის ძირას ჩემი ძმა
გაუნძრევლად ეგდო.გული უცემდა,მაგრამ ვერ მეტყველებდა. გაშეშებული აჰყურდებდა ცას.
ადგილზე მისულ მამას უკვე მკვდარი დახვდა შვილი,შვილი,რომელიც მეცხრე სართულიდან
გადმოხტა. ქურთუკის ჯიბეში წერილი ედო. ეს იყო აბსოლუტურად გასაგებად და მკაფიოდ
დაწერილი გამოსამშვიდობებელი სიტყვა,სადაც არ იყო არც ერთი საყვედური,წუწუნი. თითქოს
ის ბოდიშს და მადლობას ერთად იხდიდა.წერილის დასასრულს საუკეთესო სიტყვები
იკითხებოდა: “დედა, მამა, თქვენს ადგილას მეც ზუსტად ისე მოვიქცეოდი,როგორც თქვენ
ჩემთან მიმართებაში”.ის თავს იკლავდა მაგრამ არ ადანაშაულებდა ამაში სხვას.. მე ასეთი
სულგრძელი ვერასდროს ვიქნებოდი.წარმოიდგინეთ რამდენად უნდა უჭირდეს ადამიანს იმ
მოცემულობაში ყოფნა,რომელშიც უწევს ცხოვრება,რომ თავს იკლავდეს,მაგრამ ამაში სხვას არ
სდებდეს ბრალს.
ალბათ,დაინტერესდებით რა გახდა თხუთმეტი წლის ბავშვის სიცოცხლის ამგვარი დასასრულის
მიზეზი. ეს სწორედ იმ ტიპის ადამიანი იყო,რომელსაც საზოგადოებასთან ინტეგრირება
უჭირს..რეზის ცხოვრებას წერტილი დაუსვა
მისმა გულუბრყვილობამ.ის ზედმეტად ლოიალური იყო სხვების შეფასების დროს.მახსოვს როგორ
მარიგებდა ჭკუას ვისთან ღირდა მეგობრობა და თავი შორს რა ტიპის ხალხისგან უნდა
დამეჭირა,ამ ყველაფერს მე მეუბნებოდა,მაგრამ თავად ვერ შეძლო ამ აზრისთვის ფრთების
შესხმა. მან მხოლოდ მას შემდეგ იცნო თავისი ვაიმეგობრები,როცა ღიად უღალატეს.
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო,დაახლოებით სამი საათი,როცა რეზი ეზოში ჩავიდა. რამდენიმე
საათის შემდეგ,როცა მოსაღამოვდა მისი ძებნა დავიწყეთ,ვინაიდან ტელეფონი არ ჰქონდა,ეს
პროცესი გართულდა. მე და დედა ქუჩა-ქუჩა დავეხეტებოდით და უცხოებს შორის ძალიან
ახლობელ,ლამაზ და დაბნეულ თვალებს ვეძებდით. მრავალსაათიანი ხეტიალის შემდეგ სახლში
გულდამძიმებულნი დავბრუნდით. საღამოს,მაშინ, როცა იმედგადაწურულნი პოლიციაში
დარეკვაზე ვფიქრობდით,კარზე კაკუნი გაისმა. დედა სკამიდან წამოხტა,კარი გააღო და
სხარტად დარჩა. სადარბაზოში ათამდე ბიჭი იყო,ყველა ფხიზელი, გარდა ერთისა.ამ ერთს
სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.თვალები გაფართოვებული და გუგები გათეთრებული
ჰქონდა,ტანთ მოუწესრიგებლად ეცვა,თავს ძლივს იმაგრებდა და საკუთარ დედასაც ვერ
სცნობდა. დიახ,ეს რეზის თვალები იყო,რომელიც ძლივს ვიცანი. საკუთარი ძმა მიყურებდა და
ვერ მაგებინებდა რა სჭირდა, რა დაემართა. სახლში ძლივს შემოიყვანეს და ბიჭებიც
წავიდნენ.რეზისთან პირისპირ დავრჩით მხოლოდ ოჯახის წევრები. სიმართლე გითხრათ,არ
მახსოვს როგორ წაიყვანეს საავადმყოფოში და როგორ დააბრუნეს შინ,მაგრამ მახსოვს ჩემი
განცდები,რაოდენ დაცემული ვიყავი სულიერადაც და მორალურადაც. ათი წლის ასაკში
მიღებულმა იმდღევანდელმა გამოცდილებამ დასაბამი დაუდო ჩემს მომავალს. როცა გავიგე,
სინამდვილეში რა მოხდა გამიკვირდა,რადგან ჯერ კიდევ მჯეროდა ადამიანთა ჰუმანურობის.
რეზის ზემოაღნიშნულმა ვაიმეგობრებმა რაღაც აბები შესთავაზეს და მანაც უარი არ თქვა ამ
ბრწყინვალე იდეაზე. სხვებმა თავიანთი დოზა მიიღეს,ხოლო ჩემი ძმისთვის ეს დებიუტი იყო
და არ იცოდა რამდენი დაელია. თავიდან იმდენი დალია,რამდენიც
სხვებმა,შემდეგ ,ალბათ,სატრაბახოდ კიდევ გაზარდა დოზა და სწორედ ამ გაზრდილმა დოზამ
დაგვღუპა. რეზი გაითიშა. სხვებს შეეშინდათ და მარტივი გამოსავალი მოძებნეს,რაც
გაქცევას გულისხმობდა.ბავშვი ბედისანაბარა ქუჩაში მარტო დატოვეს და გაიქცნენ.ლაჩრები
ლაჩრულად მოიქცნენ,სულელი-სულელურად. არ ვიცი რამდენ ხანს იყო მარტო,გათიშული
ქუჩაში,მაგრამ გამვლელმა ბიჭებმა,რომლებიც რეზის მეგობრები იყვნენ,შეამჩნიეს ის და
სახლში მოიყვანეს.
მახსოვს როგორი დათრგუნული იყო მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ. როგორ ერიდებოდა
ნაცნობებს ქუჩაში,რადგან ესირცხვილებოდა თავისი სისულელე.
ეს დღე რეზისთვის საბედისწერო იყო,ამ დღეს მოკვდა ჩემი ძმა და არა 2013წლის ცამეტ
მარტს, ექვსის ცამეტ წუთზე. არ იფიქროთ რომ ცამეტზე ვკონცეტრირდები და ამ რიცხვთან
დაკავშირებით ცრუმორწმუნეობითი დამოკიდებულება მაქვს,მე უბრალოდ გიყვებით იმას,რაც
თავს გადამხდა,ლოგიკური დასკვნა თქვენთვის მომინდვია.
და მაინც, რა კომიკური იქნებოდა მეც იგივე შეცდომის გამო რომ “დავღუპულიყავი”. ეს
დაღუპვა იქნებოდა სულიერი და არა ხორციელი,რადგან მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი
გაბედული,როგორიც რეზი. თვითმკვლელობის იმიტირებას მხოლოდ სასურველი მიზნის
მისაღწევად ვახდენდი. ბავშვობიდან მაინტერესებდა და მიზიდავდა ის,რაც უცხო და უცნაური
იყო. მერჩივნა ცუდი ვყოფილიყავი და უცნაური,ვიდრე ჩვეულებრივი და მასისთვის მისაღები.
ჩემი იდეაფიქსი იყო, ხალხს ჩემზე ელაპარაკა, ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი. თუ ყურს
მოვკრავდი ჩემთან მიმართებაში ნათქვამ სიტყვას- “უცნაურია”, ძალიან ამაყი ვიყავი და
იმაზე არც ვფიქრობდი ეს ჩემი უცნაურობა კარგად გამოიყურებოდა თუ ცუდად. მკაფიოდ
მქონდა ჩამოყალიბებული აზრი იმასთან დაკავშირებით თუ როგორი მინდოდა ვყოფილიყავი და
მნიშვნელობა არ ჰქონდა სინამდვილეში როგორი ვიყავი. არ ჰქონდა აზრი ჩემს რეალურ
შეხედულებებს,ემოციებს,გემოვნებას. ჩემში მე არ ვიყავი მთავარი. იმას ვამბობდი,ისე
ვიცვამდი,ისე ვიქცეოდი,რომ ელაპარაკათ ჩემს უცნაურობასა და განსხვავებულობაზე. და
ბოლოს იმდენი ვწურე საკუთარი თავი,რომ მასაში ჩავიკარგე და სხვებისთვის კიარა,
საკუთარი თავისთვისაც კი შეუმჩნეველი გავხდი. როგორც წესი ასეთი ადამიანები სულმუდამ
ამტკიცებენ,რომ საზოგადოების აზრი მათთვის არაფერს წარმოადგენს,მე არც ამაში ვიყავი
გამონაკლისი. დიახ, მუდმივად ვიმეორებდი რომ მე თავისუფალი ადამიანი ვარ და საკუთარი
თავის ფლობის უნარი მაქვს. სასაცილოა არა?! არა მეგობრებო, სატირალია. დიახ,
სატირალია,რადგან ასეთი ადამიანები ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან და ისევე სჭირდებათ
ფსიქოლოგიური დახმარება,როგორც მე-მაშინ.
ყოველ ღამე ბალიშში თავჩარგულს მტანჯავდა აზრი, რატომ მაინც და მაინც მე, რატომ?!
რატომ?! რატომ?! 11წლის ასაკში დავრჩი მარტო ძმის და მშობლების ყურადღების მიღმა.
სახლში ყოფნა გაუსაძლის ტანჯვად იქცა, ვერც სკოლაში ვიყავი მშვიდად, რადგან
პედაგოგები და ბავშვებიც კი ამრეზად მექცეოდნენ. გამოსავლის ძიების დროს ერთი-ორჯერ
სკოლა ფარულად გავაცდინე და გაგიკვირდებათ,მაგრამ სკვერში გაყინულ სკამზე ჯდომა უფრო
მომეწონა,ვიდრე იმ დაწყევლილ სკოლაში,სადაც მე ერთი ფსიქიკურად შეშლილი,თვითმკვლელი
ბიჭის და ვიყავი. ასე გრძელდებოდა იმ ერთ-ერთ დაწყევლილ დღემდე სანამ დედა ბოღმისგან
გათავისუფლებას გადაწყვეტდა. დილით,იმ დროს,როცა დედა ჩვეულებრივ სასაფლაოზე რეზისთან
მიდიდოდა ხოლმე,სახლიდან წავიდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა გზად სკოლაში შეუვლია და
ალბათ, რთული მისახვედრი არ არის რას მოიმოქმედებდა. დიახ,ხუთ წუთში დირექტორის
კაბინეტი თავდაყირა დადგა. იყო ყვირილი,ლანძღვა,ნივთების მტვრევა.როცა ეს ამბავი
გავიგე ვერ მივხვდი ასეთი მდაბიო საქციელი დედაჩემმა როგორ ჩაიდინა,მაგრამ დროთა
განმავლობაში მივხვდი,რომ უბედური,დაჩაგრული და სასოწარკვეთილი ადამიანისგან
ყველაფერია მოსალოდნელი. გაგიკვირდებათ,მაგრამ დედაჩემმა მანამდე და მას შემდეგ
ყველანაირ სიტუაციაში მოახერხა ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე. ადეკვატურად მიეღო და
გადაელახა ყველა განსაცდელი,რომელიც ღმერთმა კი არა მე მოვუვლინე. მე წავედი უფლის
ნების და განგების წინააღმდეგ,რადგან მჯერა რომ თუ ამ ქვეყნად არსებობს ის მარადიული
ძალა,რაზეც უკვე ვისაუბრე,ასე მწარედ არ დასჯიდა უდანაშაულო ადამიანს.
სკოლაში დედას სკანდალური შეჭრის შემდეგ ჩემი სკოლიდან გადაყვანის საკითხი დადგა.
გადამიყვანეს ერთ-ერთ კერძო სკოლაში,მაგრამ პრობლემებმა აქაც არ დააყოვნა. კონფლიქტი
მომდიოდა ყველასთან ბავშვებთან, მასწავლებლებთან, დირექტორთან, მანდატურებთან. მოკლედ
ყველა იმ ადამიანთან, ვინც განსაკუთრებულად გულთან ახლოს არ მიიტანდა ჩემს პრობლემას.
საკვირველია, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანებს ვავალდებულებდი ჩემი მდგომარეობისთვის
ანგარიში გაეწიათ და არ ჰქონოდათ რეაქცია ჩემს უხეშ პასუხებზე, მოუმზადებელ
დავალებებსა და არაადეკვატურ გამოხტომებზე. თუ სკოლაში მივდიოდი მაქსიმუმ მესამე
გაკვეთილამდე დავრჩენილიყავი ჩემთვის საშინლად აუტანელ გარემოში,მერე ან
ვიპარებოდი,ან ექიმთან ჩავდიოდი და მუცლის,თავის ტკივილს ვიმიზეზებდი და ისიც სახლში
მიშვებდა. სკოლიდან თავისუფალს სახლში ასვლაც აღარ მინდოდა. იქ უამრავი პრობლემა და
ცრემლი მელოდა მეკი შვება მინდოდა მეგრძნო, ვინმეს ჩემთვისაც მოესმინა და ბავშვური,
პრიმიტიული, მაგრამ აშკარად პრობლემატური საკითხების გადაჭრაში მომხმარებოდა.
ერთხელ მახსოვს, სკოლაში გამისტუმრეს მეკი არც დავალებები მეწერა და არც არაფერი
მქონდა ნასწავლი,მასწავლებლების საყვედურის მოსმენის თავი კი არ მქონდა და ძალიან
დასაფიქრებელი გადაწყვეტილება მივიღე. გზიდან დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ სკოლაში
ვერ წავიდოდი, რადგან შარდი ვერ მოვითმინე. წარმოიდგინეთ რამხელა პრობლემამ უნდა
აიძულოს ბავშვი, რომ მსგავსი ტყუილი თქვას. სახლში სრულიად სველი ავედი.
ამ და სხვა ბევრი მსგავსი არაადეკვატური საქციელის გამო ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს
ფსიქიატრთან მივეყვანე. ჩემს მდგომარეობას ყოველთვის კარგად ვფუთავდი და ვერასდროს
ვერ ხვდებოდნენ,რომ რაღაც მიჭირდა. სხვების თვალში უბრალოდ თავგასულ გოგოდ
ვჩანდი,რომელსაც ვერ გაუგია რა უნდა. არც ეს “ფსიქიატრი” იყო გამონაკლისი,რომელმაც
დიაგნოზიც ვერ დასვა და სრულიად ჯანმრთელად შემაფასა. მისი თქმით მხოლოდ ფსიქოლოგის
კონსულტაცია მჭირდებოდა და თვითონვე გვირჩია ბავშვთა ფსიქოლოგი,რომელთანაც მეორე
დღესვე წამიყვანეს. ეს ქალი,რომელიც თავს ფსიქოლოგად ასაღებდა აუტანელი იყო. დაცინვა
და კრიტიკა ისედაც არ მაკლდა საზოგადოებისგან, ეს ქალი კი უფრო დამცინოდა ვიდრე
მაკრიტიკებდა და უფრო მაკრიტიკებდა ვიდე მეხმარებოდა. კრიტიკა ჯანსაღი ადამიანისთვის
ყოველთვის მისაღებია მე კი მაშინ ცხოვრებისგან დაჩაგრული და საზოგადოებისგან გარიყული
ვიყავი. აბა წარმოიდგინეთ ამ მდგომარეობაში მყოფს კრიტიკის მოსმენა მოგინდებოდათ? მე
მხოლოდ თანაგრძნობა და გამხნევება მჭირდებოდა.

You might also like